ქეთევან გოჩიტაშვილი, გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
არგუმენტირებული ესეს აუცილებელი პირობაა, რომ ნებისმიერი მოსაზრება, ვარაუდი, მსჯელობა განმტკიცებული იყოს შესაბამისი არგუმენტებით. ზოგადად, არგუმენტი არის ლოგიკურად დაკავშირებული მიზეზების, ფაქტების, დებულებების ჯაჭვი, რომელიც გამოყენებულია იდეის ან თვალსაზრისის მხარდასაჭერად, დასადგენად ან დასამტკიცებლად. Aარგუმენტის მიზანია, დაარწმუნოს მკითხველი, რომ მიიღოს წამოყენებული მტკიცებულება, როგორც ჭეშმარიტება და/ან განახორციელოს მითითებული ქმედება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცნება “კრიტიკული” გულისხმობს იდეებისა და ფაქტების შეფასებასა და ანალიზს და არა გაუაზრებლად მიღებას. არგუმენტი არის ერთგვარი იარაღი, რომელიც გვეხმარება რთული პრობლემების გადაჭრაში. კრიტიკული არგუმენტი საშუალებას იძლევა, განვსაზღვროთ და განვსაჯოთ პრობლემის, თემატიკის, დებულების და ა. შ. სუსტი და ძლიერი მხარეები. კრიტიკული არგუმენტად არ შეიძლება განვიხილოთ დებულებები, რომელთა დამტკიცება შეუძლებელია. მაგალითად: შეუძლებელია მსჯელობა შემდეგ საკითხზე, რომ ფარმაცია საუკეთესო პროფესიაა მსოფლიოში, ვინაიდან შეუძლებელია მისი დამტკიცება სათანადო არგუმენტებით. ამ ტიპის დებულებაში აისახება ავტორის პირადი დამოკიდებულება, მისეული წარმოდგენა საუკეთესო პროფესიაზე, რეალურად კი არ არსებობს ფაქტები, რომლებიც ამ მოსაზრებას დაამტკიცებდა. მეორე მხრივ, ფარმაცევტები არიან სამედიცინო საზოგადოების მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, შესაძლებელია ამ ტიპის დებულებაზე მსჯელობა, რადგან ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რის მიხედვით და ვისთვის არიან ამ პროფესიის წარმომადგენლები სამედიცინო საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები და შეგვიძლია მოვიყვანოთ სათანადო მხარდამჭერი მაგალითები, დებულებები.
ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ: დედუქციურად - დავიწყოთ ზოგადი მოსაზრებიდან და შემდეგ დავაკონკრეტოთ; ინდუქციურად – დავიწყოთ კონკრეტული ფაქტის ან სიტუაციის აღწერით და მივიდეთ ზოგად მოსაზრებამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედუქციური არგუმენტის შემთხვევაში ჯერ წამოვაყენებთ იდეას, ხოლო შემდეგ ვასაბუთებთ მას კონკრეტული ფაქტებითა და მაგალითებით.
ფინანსური პრობლემები ოჯახის დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამის დასამტკიცებლად შეგვიძლია მივმართოთ სტატისტიკურ მონაცემებს. მაგალითად, ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი წყვილთა გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ოჯახების 30% ინგრევა სწორედ ამ ფაქტორის გამო.
ინდუქციური არგუმენტის შემთხვევაში ჩვენ ვიწყებთ ფაქტის ან კონკრეტული მაგალითების აღწერით, ვახდენთ მის ინტერპრეტაციას და ანალიზის მეშვეობით მივდივართ მის განზოგადებამდე.
სტატისტიკური გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ განქორწინებათა 30% ეკონომიკური ფაქტორით არის გამოწვეული. ეს ნიშნავს, რომ ოჯახის ნგრევის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი მატერიალური პრობლემაა, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი.
ანალიტიკური წერის პრინციპებით შექმნილი ნებისმიერი ტექსტი შეიცავს არგუმენტებს, რომლებიც ლოგიკურადაა აგებული, თანიმდევრულია და ურთიერთდაკავშირებული. ამგვარი არგუმენტების მეშვეობით შექმნილ ტექსტში ყოველთვის შეიძლება ცალკეული ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული ნაწილების გამოყოფა, მისი დანაწევრება და დაშლა. გთავაზობთ ნიმუშს, რომელშიც წარმოდგენილია მაგისტრანტის მიერ სასწავლო გრანტის გაგრძელების განაცხადი. იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რამდენად ადეკვატურია მოცემული ტექსტი, დავანაწევროთ იგი და გამოვყოთ განსხვავებული ფუნქციური დატვირთვის მქონე აბზაცები, რაც დაგვეხმარება, უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას ნაშრომის სტრუქტურაზე. ამ ტიპის აქტივობით კარგად გავიაზრებთ ტექსტის ცალკეული ნაწილის ფუნქციასა და მნიშვნელობას. ეს საშუალებას მოგვცემს, გავაანალიზოთ არგუმენტირებული მსჯელობის ფორმა და თანმიმდევრობა. ბოლოს საუბარი იქნება მოყვანილი არგუმენტების ადეკვატურობასა და დანიშნულებაზე. მოყვანილი ტექსტის ანალიზის პროცესზე დაკვირვება საშუალებას მოგცემთ, გახდეთ მსჯელობითი და არგუმენტირებული ნაშრომის შექმნის უშუალო თანამონაწილე. ეს კი, თავის მხრივ, დაგეხმარებათ ამ ტიპის წერილობითი ტექსტის თანმიმდევრობის გააზრებაში, აგრეთვე, გამოგიმუშავებთ უნარს, ყოველთვის კრიტიკული თვალით შეხედოთ საკუთარ ნაწერს, გამოყოთ ძლიერი და სუსტი მხარეები და სათანადო არგუმენტების მოშველიებით წერისას გაითვალისწინოთ ანალიტიკური წერის ყველა აუცილებელი პრინციპი და მოთხოვნა.
ჩემი პროექტის მიზანია საზოგადოებრივ პროცესებში მედიის როლის შესწავლა. კერძოდ, მე განვსაზღვრავ მედიის, როგორც სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორის, როლს ღია საზოგადოების ფორმირების პროცესში. ცხადია, რომ როგორც ბეჭდვითი, ისე სამაუწყებლო მედიის ჩართულობა მიმდინარე პროცესებში სამოქალაქო ცნობიერების შექმნის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, თუმცა მეცნიერული თვალსაზრისით თანამედროვე ვითარება ნაკლებად არის შესწავლილი. ამდენად, მისი კვლევა მნიშვნელოვანია როგორც თანამედროვეობის, ისე პერსპექტივისა და პროგნოზების გაკეთების თვალსაზრისით. კვლევა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ რიგში, პროექტის ფარგლებში გამოვიკვლევ, თუ რამდენად უწყობს ტელევიზია ხელს ყველა მოქალაქის თანასწორობის, არადისკრიმინაციული გარემოს შექმნისა და ტოლერანტობის ტრადიციის განმტკიცებას. გარდა ამისა, შევისწავლი, თუ რამდენად ეხმარება მედია მოქალაქეებს, გააცნობიერონ თავიანთი უფლება, ისარგებლონ თანაბარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით. მნიშვნელოვანია, ასევე, იმ ფაქტორის დადგენა, თუ რამდენად უწყობს ხელს მედია მოქალაქეების, ერთი მხრივ, საერთაშორისო თვალსაწიერის ამაღლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების პროცესს. ნაშრომის მეორე ნაწილი ეხება კონკრეტულ კვლევას საქართველოს რეალობის მაგალითზე. ამისათვის შეირჩევა სხვადასხვა ფოკუსჯგუფი, რომლებიც შეავსებენ საგანგებოდ მომზადებულ კითხვარებს. ჩაიწერება, აგრეთვე, ინტერვიუები. ნაშრომში გამოყენებულია სოციოლოგიური კვლევისა და ანალიტიკური მეთოდები, რომლებსაც საფუძვლიანად გავეცანი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში და რომლებიც საშუალებას მომცემს, ამომწურავი პასუხი გავცე დასმულ შეკითხვებს და მივიღო სათანადო შედეგები. იმედი მაქვს, დაგაინტერესათ ჩემმა ანოტაციამ, მომავალმა კვლევამ და მხარს დამიჭერთ დაფინანსების გაგრძელებაში.
I. შესავალი:
1. ჩემი პროექტის მიზანია საზოგადოებრივ პროცესებში მედიის როლის შესწავლა. 1.1. უფრო კონკრეტულად, მე განვსაზღვრავ მედიის, როგორც სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორის, როლს ღია საზოგადოების ფორმირების პროცესში.
2. ცხადია, რომ როგორც ბეჭდვითი, ისე სამაუწყებლო მედიის ჩართულობა სამოქალაქო ცნობიერების შექმნის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, თუმცა მეცნიერული თვალსაზრისით თანამედროვე ვითარება ნაკლებად არის შესწავლილი. 2.2. ამდენად, მისი კვლევა მნიშვნელოვანია როგორც თანამედროვეობის, ისე პერსპექტივის და სამომავლო პროგნოზების გაკეთების თვალსაზრისით.
II. ძირითადი მსჯელობა
1. კვლევა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ რიგში, პროექტის ფარგლებში გამოვიკვლევ, თუ რამდენად უწყობს ტელევიზია ხელს ყველა მოქალაქის თანასწორობის, არადისკრიმინაციული გარემოს შექმნისა და ტოლერანტობის ტრადიციის განმტკიცებას. 1.1. გარდა ამისა, შევისწავლი, თუ რამდენად უწყობს მედია ხელს მოქალაქეებს, გააცნობიერონ საკუთარი უფლება, ისარგებლონ თანაბარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით. 1.2. მნიშვნელოვანია, ასევე, იმ ფაქტორის დადგენა, თუ რამდენად უწყობს ხელს მედია მოქალაქეების, ერთი მხრივ, საერთაშორისო თვალსაწიერის ამაღლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების პროცესს. 2. ნაშრომის მეორე ნაწილი ეხება კონკრეტულ კვლევას საქართველოს რეალობის მაგალითზე. 2.1. ამისათვის შეირჩევა სხვადასხვა ფოკუსჯგუფი, რომლებიც შეავსებენ საგანგებოდ მომზადებულ კითხვარებს. ჩაიწერება, აგრეთვე, ინტერვიუები.
III. მეთოდი: ნაშრომში გამოყენებულია სოციოლოგიური კვლევისა და ანალიტიკური მეთოდები, რომლებსაც საფუძვლიანად გავეცანი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში და რომლებიც საშუალებას მომცემს, ამომწურავი პასუხი გავცე დასმულ შეკითხვებს და მივიღო სათანადო შედეგები.
IV. დასკვნა: იმედი მაქვს, დაგაინტერესათ ჩემმა ანოტაციამ, მომავალმა კვლევამ და მხარს დამიჭერთ დაფინანსების გაგრძელებაში.
მაშასადამე, მოცემული ტექსტი არის არგუმენტირებული მსჯელობის მაგალითი, ვინაიდან აქ არის დასაბუთება იმისა, თუ რატომ უნდა მიიღოს სპონსორმა მაგისტრანტის დაფინანსების გადაწყვეტილება. ამიტომ აპლიკანტი წარმოადგენს: ა) კვლევის მნიშვნელობას: განვსაზღვრავ მედიის, როგორც სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორის, როლს ღია საზოგადოების ფორმირების პროცესში. ცხადია, რომ როგორც ბეჭდვითი, ისე სამაუწყებლო მედიის ჩართულობა სამოქალაქო ცნობიერების შექმნის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, თუმცა მეცნიერული თვალსაზრისით თანამედროვე ვითარება ნაკლებად არის შესწავლილი. ამდენად, მისი კვლევა მნიშვნელოვანია როგორც თანამედროვეობის, ისე პერსპექტივის და პროგნოზების გაკეთების თვალსაზრისით. ბ) კვლევის მიზნებს: პროექტის ფარგლებში გამოვიკვლევ, თუ რამდენად უწყობს ტელევიზია ხელს ყველა მოქალაქის თანასწორობის, არადისკრიმინაციული გარემოს შექმნისა და ტოლერანტობის ტრადიციის განმტკიცებას. გარდა ამისა, შევისწავლი, თუ რამდენად უწყობს მედია ხელს მოქალაქეებს, გააცნობიერონ საკუთარი უფლება, ისარგებლონ თანაბარი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით. გ) მოსალოდნელ შედეგებს: მნიშვნელოვანია, ასევე, იმ ფაქტორის დადგენა, თუ რამდენად უწყობს ხელს მედია მოქალაქეების, ერთი მხრივ, საერთაშორისო თვალსაწიერის ამაღლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ეროვნული კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების პროცესს. დ) გამოცდილებას: ნაშრომში გამოყენებულია სოციოლოგიური კვლევისა და ანალიტიკური მეთოდები, რომლებსაც საფუძვლიანად გავეცანი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში და რომლებიც საშუალებას მომცემს, ამომწურავი პასუხი გავცე დასმულ შეკითხვებს და მივიღო სათანადო შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ მოყვანილი პუნქტები, გარკვეულწილად, არგუმენტის ფუნქციას ასრულებს, ქმნის არგუმენტირებულ მსჯელობას, რათა ადვილად, ნათლად დაარწმუნოს სპონსორი მიიღოს გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, არგუმენტს შეიძლება სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდეს და სტრუქტურულადაც სხვადასხვა ტიპისა იყოს. შეიძლება დავასკვნათ, რომ ტექსტში არგუმენტის განსაზღვრა და მოძიება ანალიტიკური აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
კარგ არგუმენტს აქვს მტკიცების ფუნქცია და მხარს უჭერს მთავარ დებულებას.
დებულება: სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერიმენტებისათვის ცხოველთა გამოყენება ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ნებადართული. არგუმენტი: ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტი საბოლოოდ ადამიანის კეთილდღეობისკენაა მიმართული.
ისმის კითხვა, უპასუხებს თუ არა პირველ მოთხოვნას მოყვანილი არგუმენტი? რა თქმა უნდა, არა, რადგან მოყვანილ მაგალითს არ აქვს მტკიცებითი ხასიათი, არის ძალიან ზოგადი, არაინფორმატიული, არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას და, შესაბამისად, ჰგავს თეზისს, ვიდრე თეზისის დასაბუთებას. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი:
დებულება: სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერიმენტებისათვის ცხოველთა გამოყენება ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ნებადართული. არგუმენტი: კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ სამეცნიერო ლაბორატორიაში ღვიძლის პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია განხორციელდა ვირთხებზე. ამას მოჰყვა ანალოგიური ოპერაციის ფართოდ დანერგვა სამედიცინო პრაქტიკაში და დღეს უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაა შესაძლებელი.
მოცემული არგუმენტი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ასაბუთებს და მხარს უჭერს მთავარ დებულებას, რომ ცხოველებზე ექსპერიმენტის ჩატარება ნებადართული უნდა იყოს, რადგან ის წარმატებულ შედეგებს იძლევა და ემსახურება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.
დებულება: სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერიმენტებისათვის ცხოველთა გამოყენება ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ნებადართული.
არგუმენტი: კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ სამეცნიერო ლაბორატორიაში ღვიძლის პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია განხორციელდა ვირთხებზე. ამას მოჰყვა ანალოგიური ოპერაციის ფართოდ დანერგვა სამედიცინო პრაქტიკაში და დღეს უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ცხოველების გამოყენება ექსპერიმენტის მიზნით გამართლებულია, რადგან სამედიცინო ექსპერიმენტისათვის კონკრეტული შედეგების მისაღებად აუცილებელია ცდის ჩატარება ცოცხალ ორგანიზმზე. ცდის პირად კი საგანგებოდ გამოყვანილი ცხოველების არჩევა ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალია. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება არ იყოს გამართლებული, მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერიმენტი ჩაიშლება და ბევრი სამედიცინო აღმოჩენის გაკეთება და, შესაბამისად, პროგრესი მედიცინაში შეუძლებელი გახდება.
როგორც ვხედავთ, კარგი არგუმენტი არ არის მშრალი, ზოგადი ან ძალიან ვიწრო ინფორმაცია. კარგი არგუმენტის შემთხვევაში თანაბრად არის წარმოდგენილი იდეა და კონკრეტული მაგალითები. მან აუცილებლად უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი კითხვაზე რატომ? არგუმენტის სახით მიწოდებული ინფორმაცია იმდენად ამომწურავი უნდა იყოს, რომ მკითხველს არ დარჩეს უკმარისობის გრძნობა ან არ გაუჩნდეს დამატებითი შეკითხვები და საბოლოოდ დაგეთანხმოთ. კარგი არგუმენტი ითვალისწინებს მოსალოდნელ წინააღმდეგობას მკითხველის მხრიდან. ამის თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მკითხველის მოსალოდნელი ეჭვი ან კონტრარგუმენტი თავადვე წინასწარ წარმოადგინოთ ტექსტში. ამით მკითხველი რწმუნდება, რომ ტექსტის ავტორს ეს პრობლემა კარგად აქვს შესწავლილი, დამუშავებული, გაანალიზებული, ყველა კუთხით გააზრებული. ამით საბოლოოდ შესაძლებელია აუდიტორიის ნდობის მოპოვება. გარდა ამისა, მსჯელობის დროს შესაძლებელია კონტრარგუმენტის გაბათილებაც, რაც კიდევ უფრო არწმუნებს მკითხველს ავტორის სიმართლეში და აძლიერებს მის პოზიციას. მოსალოდნელი წინააღმდეგობების გაბათილებით ავტორს საშუალება ეძლევა, კიდევ უფრო განავრცოს მსჯელობა, უფრო მეტი მაგალითი მოიხმოს და უფრო დამაჯერებელი და სანდო გახადოს იგი.
ამისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ შემდეგი ენობრივი კლიშეები:
დებულება: სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერიმენტებისათვის ცხოველთა გამოყენება ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ნებადართული. არგუმენტი: კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ სამეცნიერო ლაბორატორიაში ღვიძლის პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია განხორციელდა ვირთხებზე. ამას მოჰყვა ანალოგიური ოპერაციის ფართოდ დანერგვა სამედიცინო პრაქტიკაში და დღეს უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაა შესაძლებელი. თუმცა, საექსპერიმენტოდ ცხოველთა გამოყენებას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. ცხოველთა დამცველები ფიქრობენ, რომ არავის აქვს უფლება, ხელყოს ცოცხალი არსების, თუნდაც ცხოველის, სიცოცხლე, ვინაიდან ამით ირღვევა ბუნების კანონზომიერება. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ეს არგუმენტი მიუღებელია, რადგან საექსპერიმენტოდ, როგორც წესი, გამოიყენება სპეციალურად გამოყვანილი ცხოველები, რომელთა არსებობაც ეკოსისტემის ბალანსის დაცვაში არავითარ როლს არ თამაშობს. გარდა ამისა, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხება, ერთგვარი მსხვერპლის გაღება, გარკვეულწილად, მისაღები და გარდაუვალია.
კარგი არგუმენტის მთავარი მიზანია, საზოგადოებამ ის ნათლად და ადვილად აღიქვას, მიიღოს სრულ ჭეშმარიტებად და სანდო ინფორმაციად. ამ მიზნის მისაღწევად არგუმენტად შეიძლება გამოვიყენოთ:
დებულება: სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერიმენტებისთვის ცხოველთა გამოყენება საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს ნებადართული. არგუმენტი: ბრიტანეთის სამეცნიერო საზოგადოებაში ამტკიცებენ, რომ მეოცე საუკუნის ყველა დიდი აღმოჩენა ეფუძნებოდა ცხოველებზე განსხვავებული მიზნებით ჩატარებულ ცდებს. ამერიკის ნაციონალური აკადემიის ცხოველთა კვლევის ლაბორატორიაში მიიჩნევენ, რომ ყველაზე უფრო დახვეწილი კომპიუტერებიც კი ვერ იძლევიან მოლეკულების, უჯრედების, მიკროორგანიზმების, მათი ურთიერთქმედებისა და გარემოს მოდელირების შესაძლებლობას.
როგორც ვხედავთ, მოყვანილი არგუმენტი ეყრდნობა იმ ორგანიზაციების მოსაზრებას, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში, საჭიროების მიხედვით, მიმართავენ ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს. არგუმენტის ფორმულირების ერთ-ერთი მიღებული და გავრცელებული საშუალებაა ციტირება, ცნობილი გამონათქვამების გამოყენება.
დებულება: სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერიმენტებისთვის ცხოველთა გამოყენება საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს ნებადართული.
არგუმენტი: მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ეს მოვლენა საზოგადოებრივი განსჯის საგანია. ამ ფაქტს ჰყავს როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მომხრეები, ზოგ შემთხვევაში კი პოზიცია გაურკვეველია. ამ უკანასკნელის მაგალითია პროფესორ ჩარლზ რ. რიგელის მოსაზრება. იგი აცხადებს, თუკი ექსპერიმანტატორებს დაუსვამთ შეკითხვას, თუ რატომ ატარებენ ისინი ექსპერიმენტს ცხოველებზე, გიპასუხებენ: ცხოველები ჩვენ, ადამიანებს, გვგვანან. თუკი იმავე ექსპერიმენტატორებს დაუსვამთ შკითხვას, რატომ მიაჩნიათ მორალურად მისაღებად ცხოველებზე ექსპერიმენტის ჩატარება, გიპასუხებენ: ცხოველები ჩვენგან, ადამიანებისაგან, განსხვავდებიან. ცხოველებზე ექსპერიმენტი ემყარება შინაგან ლოგიკურ წინააღმდეგობას. როგორც ვხედავთ, დღეს ცხოველებზე ესპერიმენტების ჩატარება იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ მეცნიერებისათვის მისი უარყოფა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ამ ფაქტის მოწინააღდეგეების არუმენტი მხოლოდ მორალურ ასპექტებს ემყარება. მაგალითად, ცნობილი მწერალი, ბერნარ შოუ, თვლის, რომ ცხოველებზე ექსპერიმენტი სოციალური მანკია. ის, მართალია, სრულყოფს და ამაღლებს ადამიანის ცოდნას, მაგრამ ანგრევს მის პიროვნებას. თუმცა, შეიძლება არ დავეთანხმოთ ამ მოსაზრებას, რადგან ადამიანები, რომლებიც ატარებენ ამ ცდებს, არიან სპეციალისტები, რომლებიც ამისთვის მზად არიან როგორც ფსიქოლოგიურად, ისე პროფესიონალურად. გარდა ამისა, ექსპერიმენტებისათვის ცხოველთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, ისინი იყენებენ ცხოველების მინიმალურ, შეზღუდულ და მხოლოდ საჭირო რაოდენობას. ყოველი ექსპერიმენტი არის წინასწარ გააზრებული, დაგეგმილი, ლიცენზირებული და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათთვის მთავარი ამოსავალია ის, რომ ექსპერიმენტების შედეგები ხმარდება კაცობრიობას.
(პროფესორი ჩარლზ. რ. რიგელი)
კრიტიკული ანალიზი გამორიცხავს არგუმენტების უბრალო ჩამონათვალს ან ერთმანეთში არევას. პრაქტიკაში მიჩნეულია, რომ ეს ყველაზე რთული ამოცანაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ძნელია არგუმენტების ერთმანეთისაგან გამიჯნვა. ეს, ბუნებრივია, არ გამორიცხავს იმას, რომ არგუმენტები ერთმანეთთან ლოგიკურად უნდა იყოს დაკავშირებული და, საბოლოო ჯამში, ემსახურებოდეს ერთი იდეის გაშლასა და განვითარებას.
დებულება: სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერიმენტებისათვის ცხოველთა გამოყენება საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს ნებადართული.
არგუმენტი: ცხოველებზე ექსპერიმენტის ჩატარება ემსახურება ჰუმანურ მიზნებს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, რაც კაცობრიობის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს. ცხოველებზე ექსპერიმენტი პირველად ჩატარდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე-მესამე საუკუნეებში. მეთორმეტე საუკუნეში არაბი ექიმებიც იყენებდნენ ცხოველებს ქირურგიული ოპერაციების მიზნით, სანამ ადამიანებს გაუკეთებდნენ სათანადო ოპერაციას. მეოცე საუკუნეში აღნიშნული ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს ტოქსიკური, გენეტიკური, ბიოლოგიური, კოსმეტიკური, ბიოსამედიცინო და ა. შ. მიზნებით.
მოყვანილი აბზაცი ორი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას შეიცავს:
1. ცხოველებზე ექსპერიმენტი ემსახურება ჰუმანურ მიზნებს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, რაც კაცობრიობის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს. 2. ცხოველებზე ექსპერიმენტი პირველად ჩატარდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე-მესამე საუკუნეებში. მეთორმეტე საუკუნეში არაბი ექიმებიც იყენებდნენ ცხოველებს ქირურგიული ოპერაციების მიზნით, სანამ ადამიანებს გაუკეთებდნენ სათანადო ოპერაციას. მეოცე საუკუნეში აღნიშნული ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს ტოქსიკური, გენეტიკური, ბიოლოგიური, კოსმეტიკური, ბიოსამედიცინო და ა. შ. მიზნებით. თავისთავად ორივე ინფორმაცია მნიშვნელოვანია, ორივე შეიძლება გამოვიყენოთ ძირითადი იდეის განსავითარებლად. თუმცა, ისმის კითხვა, რამდენად ეფექტურია ამ ორი განსხვავებული ინფორმაციის აღრევა და ერთ აბზაცში გაერთიანება? შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის სრულყოფილი კრიტიკული ანალიზი, აქვს ჩამონათვალის სახე და არავითარი ლოგიკური ბმა ამ ეტაპზე მათ შორის არ არსებობს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? რა გამოსავალი არსებობს? უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე ინფორმაცია და არც ერთი მათგანის დაკარგვა ამ შემთხვევაში არ არის ხელსაყრელი. თითოეული ინფორმაცია უნდა ვაქციოთ დამოუკიდებელ არგუმენტად და უნდა განვავრცოთ მსჯელობა. ამდენად, მივიღებთ ორ დამოუკიდებელ აბზაცს, რომლებიც მხარს დაუჭერს ჩვენს ძირითად სათქმელს.
დებულება: სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერიმენტებისთვის ცხოველთა გამოყენება საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს ნებადართული.
არგუმენტი: ამ მოვლენას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ცხოველებზე ექსპერიმენტი პირველად ჩატარდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე-მესამე საუკუნეებში. მეთორმეტე საუკუნეში არაბი ექიმებიც იყენებდნენ ცხოველებს ქირურგიული ოპერაციების მიზნით, სანამ ადამიანებს გაუკეთებდნენ სათანადო ოპერაციას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უძველეს დროში მეცნიერება, ძირითადად, პრაგმატულ ფუნქციას ატარებდა, ნათელი ხდება, რომ ცხოველებზე ექსპერიმენტს უაღრესად პარაქტიკული მნიშვნელობა აქვს. თანამედროვე მეცნიერებამ ცხოველებზე ექსპერიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი მიზნებისათვის გამოიყენა. მეოცე საუკუნეში აღნიშნული ცდების ჩატარება დაიწყეს ტოქსიკური, გენეტიკური, ბიოლოგიური, კოსმეტიკური, ბიოსამედიცინო, კლონირების და ა. შ. მიზნით. შედეგად, მიღებული არაერთი რევოლუციური აღმოჩენა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ემსახურება. შეიძლება ითქვას, რომ ცხოველებზე ექსპერიმენტი ემსახურება ჰუმანურ მიზნებს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, რაც კაცობრიობის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს.
არგუმენტი უნდა იყოს ცხადი, ადვილად გასაგები, ფოკუსირებული ძირითად სათქმელზე, მიბმული ძირითად იდეასთან და ენობრივად გამართული.
არგუმენტის შექმნისას არ უნდა იყოთ ზედმეტად კატეგორიულები. მოერიდეთ შემდეგ ფრაზებს: უეჭველია... ცხადია... ცალსახაა, რომ... სრულიად აშკარაა... ყველასათვის მისაღები უნდა იყოს... ეჭვი არ უნდა შევიტანოთ იმაში, რომ... და ა. შ. მათ ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ: დიდი ალბათობაა იმისა, რომ... ნათელი უნდა იყოს, რომ... ჩვენი მსჯელობა ემყარება შემდეგს... ფაქტია, რომ... ცნობილია რომ... აქედან გამომდინარე... შესაბამისად... მაგრამ... ზემოთ მოყვანილი, ამტკიცებს, რომ... ზემოთ მოყვანილი აჩვენებს, რომ... სავარაუდოდ... ყველაზე მისაღები განმარტება შეიძლება ის იყოს, რომ... ჩვენ შეიძლება დავასკვნათ, რომ... გაითვალისწინეთ, რელიგიის, გემოვნების, რწმენის საკითხები არგუმენტად არ გამოგვადება.
მოყვანილი არგუმენტებიდან რომელია არაადეკვატური? ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით, „დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან, სავარაუდოდ, განპირობებულია ადამიანის მიერ ატმოსფეროს დაბინძურებით. ჩვენ არ ვუფრთხილდებით თბილისს, საკუთარ გარემოს, ქუჩაში ვყრით ნაგავს, შედეგად კი ჩვენი ქალაქი კარგავს იერსახეს და შეიძლება არამიმზიდველიც კი იყოს ტურისტებისათვის. გარდა ამისა, სითბური აირების დაგროვებით ძლიერდება ატმოსფეროს სითბური ეფექტი, რაც ატმოსფეროს გახურებას იწვევს. ამავე დროს, გარემოს აბინძურებს ატომური ნარჩენები და რადიოაქტიული ნივთიერებები. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, გლობალური დათბობა გამოწვეულია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის, CO2-ის, მომატებით, რაც ასუსტებს ატმოფეროს ზედა შრეს, ფენას. ამას შედეგად მოსდევს დათბობა დედამიწაზე. ამის გამო 21-ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C-ით.
მოყვანილი არგუმენტებიდან რომელია არაადეკვატური?
თემა: უნდა გაიწვიონ თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახურში უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები? ქმედითუნარიანი და ეფექტური არმიის შექმნა ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფო დიდ თანხას, მატერიალურ და ადამიანურ რესურსს ხარჯავს თანამედროვე ეფექტური, სათანადოდ აღჭურვილი და სტანდარტების მიხედვით მომზადებული საჯარისო ფორმირებების შესაქმნელად. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკითხს, თუ რა თვისებებისა და კვალიფიკაციის ადამიანებმა უნდა იმსახურონ არმიაში. სხვადასხვა ქვეყანაში ინდივიდუალური მიდგომა არსებობს ამ საკითხის მიმართ. იმ ქვეყნებში, სადაც არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაა, სამხედრო სამსახური სავალდებულოა და გაწვევას ექვემდებარება ყველა ადამიანი, რომელსაც სათანადო ფსიქიკური, მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა აქვს, ზოგ შემთხვევაში ქალებიც კი, მაგალითად, ისრაელში. ზოგ ქვეყანაში, ძირითადად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, სამხედრო სამსახური არის პიროვნების არჩევანი სათანადო ანაზღაურებით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოებას ემსახურება კარგად გაწვრთნილი დაქირავებული არმია. არის კიდევ ერთი ტიპის გამოცდილება, როდესაც ქვეყანას ჰყავს როგორც დაქირავებული, მაღალანაზღაურებადი სამხედრო მოსამსახურეები, ისე სავალდებულო სამხედრო პირები. ამ უკანასკნელთა შორის არიან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ერთ-ერთი აქტუალური თემაა: უნდა იხდიდნენ თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა. მიიჩნევენ, რომ სტუდენტებმა ისევე უნდა გაიარონ სამხედრო სამსახური, როგორც საზოგადოების სხვა ფენების წარმომადგენლებმა. ამის არგუმენტებად მოჰყავთ შემდეგი: ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა თითოეული ქმედითუნარიანი მოქალაქის მოვალეობაა, მიუხედავად მისი ეროვნული, სოციალური და რელიგიური კუთვნილებისა. გარდა ამისა, სამხედრო სამსახური ადამიანს უვითარებს პიროვნულ უნარებს, მაგალითად, დისციპლინას, პასუხისმგებლობის გაზიარების, ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარს და ა. შ., რომლებიც მას ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოადგება. ჯარში ახალგაზრდები, ასევე, ეუფლებიან დახვეწილ მანერებს, რაც საბოლოოდ მათ პიროვნულ კაპიტალად იქცევა. ამავე დროს, სამხედრო სამსახური ადამიანს ფიზიკურად აძლიერებს და წვრთნის. პარალელურად, ჯარში სამსახური მას უვითარებს ეთიკურ კატეგორიებს, საზოგადოებაში ქცევის წესებს, აგრეთვე ახდენს დადებით ზემოქმედებას ახალგაზრდების ესთეტიკურ ღირებულებებზე. მოყვანილი მოსაზრებების შემდეგ მოკლედ განვიხილოთ საზოგადოების იმ ნაწილის არგუმენტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის სამხედრო სამსახურში გაწვევა არ უნდა იყოს სავალდებულო. უპირველეს ყოვლისა, ჯარისკაცობა არის სრულფასოვანი პროფესია, რომელიც საჭიროებს საფუძვლიან შესწავლას, საგანგებო მომზადებას და მოითხოვს სრულ პასუხისმგებლობას, პიროვნულ დაინტერესებასა და სათანადო პიროვნულ და ფიზიკურ მონაცემებს. იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა ვერ აკმაყოფილებს ყველა ზემოაღნიშნულ პირობას, არ აქვს სათანადო ინტერესი, სამხედრო სამსახური მისთვის სადამსჯელო ღონისძიებას უფრო ემსგავსება, ვიდრე მოვალეობის ღირსეულად მოხდას. სტუდენტობის პერიოდში ახალგაზრდა მოტივირებულია, ისწავლოს, შეიძინოს ცოდნა, ეს კი, თავის მხრივ, უწყვეტი პროცესი უნდა იყოს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტა დადებითად არ აისახება სტუდენტის აკადემიურ წარმატებასა და მასალის დაუფლებაზე. ამდენად, სამხედრო სამსახურში გაწვევა იწვევს სტუდენტის მოწყვეტას გარემოდან, მოტივაციის შესუსტებასა და მომავალი წარმატების შესაძლებლობის შემცირებას. უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას სტუდენტს უმუშავდება პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და წინსვლის ერთგვარი მოტივაცია. სწავლის შეწყვეტისა და სამხედრო სამსახურში ვალდებულების მოხდისას ისინი ამ უნარებს კარგავენ. ამდენად, ამ ტიპის სამხედრო სამსახური გაუმართლებელი და მიუღებელია. როგორც წესი, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუდენტობის პერიოდში სამხედრო სამსახურში ამგვარი წესით გაწვეული პირები არ მიჰყვებიან სამხედრო კარიერას. უფრო მეტიც, სამხედრო სფეროში მათი ცოდნა არის მინიმალური, საჭიროების შემთხვევაში მიღებული ცოდნის გამოყენების ალბათობაც ნაკლებია, ისინი ივიწყებენ შეძენილ სამხედრო ცოდნასა და უნარებს, ვინაიდან ამ ტიპის აქტივობა მუდმივ წვრთნასა და ტრენაჟს მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ იძულებითი სამხედრო სამსახური, კერძოდ, სტუდენტების ჯარში გაწვევა, ფუჭ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ახალგზარდები არ არიან მიჩვეულები მკაცრ გარემოს, კვების სპეციალურ რეჟიმს. ამდენად, სამხედრო ყაზარმაში არსებულ ექსტრემალურ სიტუაციაში ისინი იბნევიან, პიროვნულად ითრგუნებიან, რაც აისახება მათ მენტალურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. როგორც ვხედავთ, ორივე პოზიციის მომხრეებს აქვთ საკმაოდ მკაფიო და დამაჯერებლი არგუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ისინი ამყარებენ თავიანთ თვალსაზრისს. თუმცა, რეალურად ყოველი სახელმწიფო თვითონ არეგულირებს თავისი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ჯარის სათანადო წესით ფორმირებას სამხედრო ექსპერტებისა და არსებული ვითარების გათვალისწინებით.
მოყვანილი არგუმენტებიდან რომელია არაადეკვატური? ყველა კულტურას აქვს თავისი წარმოდგენა წარმატებული ადამიანის პიროვნულ თვისებებსა და პროფესიულ სტანდარტზე. თუმცა, არსებობს უნივერსალური მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც ხელს უწყობს ადამიანს წარმატების მიღწევასა და საზოგადოების მხრიდან აღიარებაში. რა განაპირობებს ადამიანის წარმატებას, რა ეხმარება მას პროფესიული და პიროვნული წარმატების მიღწევაში? ეს საკითხი არაერთი კვლევისა და პუბლიკაციის საგანი გამხდარა. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგი კულტურისათვის ადამიანი წარმატებულია, როდესაც მას აქვს კარგი პროფესიული კარიერა. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მაღალი თანამდებობა, არამედ მნიშვნელოვანია ადამიანი თავის საქმიანობაში იყოს კარგი პროფესიონალი, სათანადოდ ასრულებდეს მასზე დამოკიდებულ მოვალეობებს და ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება. მეორე მხრივ, რიგითი ადამიანის პირადი ცხოვრება არ არის საზოგადოებრივი განხილვის საგანი და მისი წარმატების საზომი. მასმედიამ, ინტერნეტმა, სოციალურმა ქსელებმა და პიარსაშუალებებმა დაამკვიდრეს ერთგვარი სტანდარტი, რომ ცნობადი პიროვნება არის თავის პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული. შეიძებლება ითქვას, რომ რიგითი ადამიანის ცნობიერებაში ცნობადობა და წარმატება გაიგივდა და პირდაპირ დაუკავშირდა პროფესიონალიზმს. წარმატებულ ადამიანს ყველანაირი პიროვნული ნაკლი მიეტევება. ესეც მასმედიის მიერ დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპია. ამიტომაც რიგითმა ადამიანებმა დაინახეს უპირატესობა ცნობილ ადამიანთა მაგალითზე და გაუჩნდათ მათი მიბაძვისა და ცხოვრებისეული ფასეულობების გაზიარების სურვილი.
თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანი იმდენად დაკავებულია, რომ მას არ აქვს პირადი კონტაქტების დრო. პროფესიული წარმატების მოპოვება დიდ დროს, ძალისხმევას, დისციპლინასა და საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს. თანამედროვე სუპერკონკურენტულ გარემოში პიროვნებას მუდმივად უხდება (ნებით თუ უნებლიეთ) საკუთარი უპირატესობის დასაბუთება, ამიტომ ზედმეტი სოციალური კავშირებისა და პირადი ურთიერთობებისათის სულ უფრო ნაკლები დრო და ენერგია რჩება. თანამედროვე სამყაროში ადამიანები გულგრილები გახდნენ. თანაზიარება, თანადგომა, ურთიერთგაგება და დახმარება დღეს აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვან და ძირითად ღირებულებებს. პრაგმატული ადამიანები მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ფიქრობენ. მათ მხოლოდ წარმატების მიღწევის სურვილი ამოძრავებთ. „დრო ფულია“ - ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა მთელი კაპიტალისტური სამყაროს სლოგანად იქცა, ხოლო ფული, მატერიალური კეთილდღეობისა და გავლენის მოპოვების მძლავრი საშუალება, ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებად. ამდენად, პრაგმატიზმმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ოდინდელი ადამიანური ფასეულობები. მაშასადამე, მატერიალური კეთილდღეობა პირდაპირ დაუკავშირდა წარმატებული ადამიანის ცნებას და ამიტომაც ადამიანები ყველანაირად ცდილობენ ამ „უმთავრესი“ მიზნის მიღწევას. კარიერაზე ორიენტირებული ადამიანები მიიჩნევენ, რომ სოციალური კავშირები დროებითი და არამყარია, ამიტომ არ ღირს ბევრი დროისა და ენერგიის ხარჯვა ისეთ რამეზე, რაც მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული. სოციალური ინტერაქცია სხვა ადამიანების ჩართულობასაც გულისხმობს, ამდენად, მისი კონტროლი და ბოლომდე მართვა შეუძლებელია. ამ იდეის მხარდამჭერები ცდილობენ საკუთარი თავისა და ძალების მხოლოდ პროფესიულ კარიერაში გამყარებას. დროის მენეჯმენტი წარმატებული კარიერის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, ცნობილ კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ წამყვან სპეციალისტთა გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათი 80 % წინასწარ გეგმავს თავის სამუშაო დროს, რაც ხელს უწყობს მათ ეფექტურ საქმიანობას. ამიტომაცაა, რომ ცნობილი უნივერსიტეტები დროის მენეჯმენტს ცაკლე კურსად სთავაზობენ სტუდენტებს. ზოგ სოციუმში ადამიანი წარმატებულად მიიჩნევა, თუ ის თანაბრად არის რეალიზებული როგორც სამსახურებრივ, ისე სოციალურ და პირად ცხოვრებაში. ადამიანი სოციალური არსებაა და სოციუმისგან დეზინტეგრაცია, ბუნებრივია, იწვევს მის პიროვნულ, ემოციურ და მენტალურ პრობლემებს, რაც, საბოლოოდ, ღრმა დეპრესიის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს, ეს კი, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მის პროფესიულ საქმიანობაზე. მიიჩნევა, რომ სრულყოფილად რეალიზებული ადამიანები უფრო რეზისტენტულები არიან სხვადასხვა დაავადების მიმართ, საშუალოდ უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე მხოლოდ ცალკეულ სფეროში წარმატებული პირები. ამდენად, ადამიანის ჰარმონიული ცხოვრება მისი ჯანმრთელობისა და დიდხანს სიცოცხლის ერთგვარი გარანტიაც შეიძლება იყოს. როდესაც ადამიანი თანაბრად არის რეალიზებული როგორც სამსახურებრივ, ისე პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ერთ რომელიმე სფეროში წარუმატებლობას აბალანსებს სხვა სფეროები. მაგალითად, სამსახურში წარმოქმნილი პრობლემა შეიძლება განეიტრალდეს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას. მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები ადამიანისთვის ძლიერი მხარდაჭერაა. მარგინალი, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანებისთვის დასავლეთის სამყაროში არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც ცდილობენ, კომფორტული და ბუნებრივი გარემო შეუქმნან მათ. პროფესიონალები ეხმარებიან სოციალური პრობლემების მქონე პირებს სპეციალური მეთოდების გამოყენებით. რეაბილიტირებული ადამიანები კი, შესაძლოა, კვლავ აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ და პროფესიონალურ საქმიანობაში. გარდა ამისა, მარგინალური და ცალმხრივად რეალიზებულ ადამიანი ბოლომდე მისაღები არც საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს. თანამედროვე საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გუნდური მუშაობის წესია, ხოლო სოციალურ უნარ-ჩვევებს მოკლებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ასოციალური, თუნდაც ძალიან ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანი, საზოგადოებისთვის მიუღებელია. პიროვნული და სოციალური უნარები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ CV-ში ცალკე გრაფა ეთმობა და სამოტივაციო წერილში საგანგებოდ აღინიშნება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ბევრი შეიძლება ვიმსჯელოთ და მრავალი არგუმენტი ან კონტრარგუმენტი მოვძებნოთ როგორც ისტორიიდან, ისე თანამედროვეობიდან. საზოგადოების ნებისმიერ ფორმაციაში, ნებისმიერ დროში არსებობს წარმატებული ადამიანის სტერეოტიპი, მაგრამ ჩვენთვის ერთი რამ უდავოა, ადამიანური ურთიერთობები ადამიანის წარმატებული კარიერის საფუძვლად და წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ.
დააკავშირეთ თეზისები/დებულებები და სათანადო არგუმენტები. იმსჯელეთ, რომელი არგუმენტი მიესადაგება კონკრეტულ დებულებას და რატომ:
დებულება: ადამიანის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენენ ოჯახი და ის ადამიანები, რომლებიც მისი აღზრდის პროცესში მონაწილეობენ.
არგუმენტები:
დებულება: არსებობს კითხვები, რომლებიც მუდმივად კამათის საგანია და მათზე ცალსახა პასუხის გაცემა ხშირად შეუძლებელია. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა: უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა შვილის ცუდი საქციელის გამო მშობელს.
არგუმენტები:
დებულება: ძალადობის შემცველი ვიდეოთამაშები მოზარდის ქცევის პრობლემებს იწვევს.
არგუმენტი:
მოცემული დებულებისა და არგუმენტების მეშვეობით განავრცეთ მსჯელობა:
წყალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო რესურსია, ამდენად, წყლის დაბინძურება საფრთხეს უქმნის ყველა ცოცხალ ორგანიზმს. წყალი ბინძურდება:
შედეგად:
მოცემული დებულებისა და არგუმენტების მეშვეობით განავრცეთ მსჯელობა: ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას ლატარეის გათამაშებაში. ამის მიზეზებია:
მოცემული დებულებისა და არგუმენტების მეშვეობით განავრცეთ მსჯელობა: ბოლო ხანებში მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა ელექტრონული/დისტანციური განათლება. დისტანციურ სტუდენტთა რაოდენობამ მილიონებს გადააჭარბა და ბევრი უნივერსიტეტის შემოსავლის ძირითადი წყარო გახდა. ეს განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
ხელმისაწვდომობა;
ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი. გამოყავით არგუმენტები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები და შედეგები. იმსჯელეთ, რამდენად ლოგიკურადაა დაკავშირებული მოყვანილი არგუმენტები ტექსტის ძირითად სათქმელთან, რამდენად უკავშირდება სათაური, შესავალი და დასკვნითი ნაწილი ერთმანეთს. რა აკლია ტექსტის სტრუქტურას, რომელი აბზაცია ზედმეტი, რას შეცვლიდით ან დაამატებდით და რატომ? პასუხები წერილობითად დაასაბუთეთ. რა საფრთხეს შეიცავს სოციალური ქსელები? თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის 23% იყენებს ინტერნეტს, ზოგი საქმისთვის, ზოგი ცოდნის მისაღებად, ზოგიც - გასართობად. რამდენიმე ათეული წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ შეიქმნებოდა ისეთი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა სახლიდან გაუსვლელად არაერთი საქმის მოგვარება. ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება, ბილეთების დაჯავშნა, სხვადასხვა ქვეყანაში უფასოდ საუბარი, თანაც ვიდეოთვალის მეშვეობით და ა. შ. ნათქვამია: მედალს ორი მხარე აქვსო. თუ, ერთი მხრივ, კომპიუტერი ინფორმაციის კარგი წყაროა, მეორე მხრივ, მასთან გადაჭარბებული მეგობრობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. ბოლო დროს საზოგადოებაში მეტად აქტუალურია სოციალური ქსელები, ე. წ. ფეისბუქი, სკაიპი და ა. შ. დღევანდელი ადამიანის ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია მათ გარეშე. პოპულარობით სარგებლობს კომპიუტერული თამაშები, მათ შორის ე. წ. „ფერმა“, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფლორიდის შტატში მკვლელობის მიზეზიც გახდა. დედამ საკუთარი შვილი მხოლოდ იმის გამო მოკლა, რომ ხელს უშლიდა „ფერმის“ თამაშში. დამეთანხმებით, ამ გარემოების შემდეგ აუცილებელია თითოეული მოქალაქე დაფიქრდეს: რამდენად რაციონალურად იყენებს კომპიუტერს? მეცნიერები საუბრობენ იმაზე, რომ სოციალური ქსელების გადაჭარბებული მოხმარება უარყოფითად მოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. სოციალური ქსელები, რომლებითაც ინტერნეტის მომხმარებლები სარგებლობენ, შესაძლებელია ჯანმრთელობისთვისაც საზიანო აღმოჩნდეს რეალურ ადამიანებთან მათი კონტაქტის შემცირების გამო. ფეისბუქის მსგავსი საიტების ჯანმრთელობაზე მოქმედების შედეგები ბიოლოგმა, არიკ სიგმანმა, ბრიტანეთის ბიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა. მეცნიერეის თქმით, ცოცხალ ადამიანებთან არასაკმარისმა ურთიერთობამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იმოქმედოს იმუნური სისტემის მუშაობაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, სამომავლოდ კი ეს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს აამაღლებს, რომელთა შორის გულსისძარღვთა დაავადებები და სიმსივნეა. იგულისხმება, რომ სოციალური ქსელები ხელს უნდა უწყობდეს სოციალურ აქტიურობას, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა რეალობის მომსწრე ვხდებით. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელის ნეგატიური გავლენა საზოგადოებაზე თვალსაჩინოა. ადამიანებს ეკარგებათ სინამდვილესა და ვირტუალურ რეალობას შორის ზღვარი, რაც იწვევს საკუთარ თავში ჩაკეტვას, რეალური სოციალური კონტაქტების შემცირებას და, უკიდურეს შემთხვევაში, ფსიქიკურ აშლილობასაც კი. თუმცა, ეს ყველაფერი პიროვნების ინდივიდუალურ თვისებებზეც არის დამოკიდებული და აბსოლუტური განზოგადება შესაძლებელია არ იყოს ბოლომდე გამართლებული.
ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი. გამოყავით არგუმენტები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები და შედეგები. იმსჯელეთ, რამდენად ლოგიკურადაა დაკავშირებული მოყვანილი არგუმენტები ტექსტის ძირითად სათქმელთან, რამდენად უკავშირდება სათაური, შესავალი და დასკვნითი ნაწილი ერთმანეთს. რა აკლია ტექსტის სტრუქტურას, რომელი აბზაცია ზედმეტი, რას შეცვლიდით ან დაამატებდით და რატომ? პასუხები წერილობითად დაასაბუთეთ. დიდი სავაჭრო ცენტრების დადებითი და უარყოფითი მხარეები დიდი სავაჭრო ცენტრების არსებობა თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის ცენტრები შუასაუკუნეების ბაზრობების თანამედროვე ვარიანტია. აქ ყველაფერი ერთად იყიდება. მყიდველს, რომელიც მთელი დღე სამსახურშია, აქვს დროის დეფიციტი, საშუალება აქვს ერთ დღესა და ერთ სივრცეში შეიძინოს მისთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი, დაწყებული პირველადი მოხმარების საგნებიდან ძვირფასი ნივთებით დამთავრებული. მყიდველი ამით კმაყოფილი რჩება. გარდა ამისა, ამ ტიპის სავაჭრო ცენტები მომხმარებელს დამატებით სერვისს სთავაზობს, რათა მყიდველს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და, აგრეთვე, მისცეს განტვირთვისა და დასვენების საშუალება. აქ არის საბავშვო ოთახები. სავაჭროდ წასული მშობლები ბავშვებს აბარებენ გამოცდილ მომვლელებს. ამგვარ ოთახებში პატარებს აქვთ გართობისა და თამაშის საშუალება, მშობელი კი მშვიდად იძენს სასურველ ნივთებს. კვების პრობლემა ამ ტიპის ცენტრებში აბსოლუტურად მოგვარებულია. აქ ნებისმიერი გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების მყიდველის ინტერესებია გათვალისწინებული. მათ შეუძლიათ შევიდნენ კაფეში, სული მოითქვან და დააგემოვნონ სხვადასხვა საჭმელი. დიდ სავაჭრო ცენტრებში შეგიძლიათ შეიაროთ კინოთეატრში, ივარჯიშოთ ფიტნესცენტრში, საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან სილამაზის სალონის მომსახურება. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ის, რომ ამ ტიპის დაწესებულებებში ფასები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ქალაქის ცენტრში განთავსებულ პატარ-პატარა მაღაზიებში. ეს, რა თქმა უნდა, ზოგავს მომხმარებლის ბიუჯეტს. ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ დიდი სავაჭრო ცენტრები ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის ძალიან მიმზიდველი, მომგებიანი და საინტერესო ადგილია. დასავლეთში შოპინგმოლები უკვე რამდენიმე ათეული წლის ისტორიას ითვლის, თუმცა კამათი იმის შესახებ, უნდა წავახალისოთ თუ არა ამგვარი ცენტრების მშენებლობა, დღემდე აქტუალურია. დიდი სავაჭრო ცენტრის მშენებლობისა და ფუნქციონირების მოწინააღმდეგეებს კონკრეტული მაგალითი მოჰყავთ არგუმენტად. აშშ–ს ერთ-ერთი პატარა ქალაქის ცენტრში აშენებულმა დიდმა სავაჭრო ცენტრმა, ერთი მხრივ, გამოიწვია წვრილი ბიზნესის მოშლა, მეწარმეების გაკოტრება, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირების პრობლემის შექმნა, მაწანწალებისა და კრიმინალების ქალაქის ცენტრში კონცენტრირება, ქალაქის დაბინძურება, რამაც, საბოლოო ჯამში, სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. ბუნებრივად ისმის კითხვა, არის თუ არა ზემოთ მოყვანილი არგუმენტები საკმარისი და დამაჯერებელი, რომ ნებისმიერი ქალაქის მუნიციპალიტეტმა მიიღოს გადაწყვეტილება, ააშენოს თუ არა დიდი სავაჭრო ცენტრი. ამ იდეის მოწინააღმდეგეთა დასკვნა გამოტანილია არასაკმარის და გაუაზრებელ ფაქტებზე დაყრდნობით. შესაძლებელია, სავაჭრო ცენტრის არსებობა პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს, მაგრამ ალოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ის ერთადერთი მიზეზია კრიმინალისა და მაწანწალათა რიცხვის ზრდისა, ასევე ქალაქის დაბინძურებისა და პარკირების პრობლემისა. უპირველეს ყოვლისა, არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ დიდი სავაჭრო ცენტრები ხდება ადგილობრივი, ტრადიციული, წვრილი მეწარმეების გაკოტრების მიზეზი. მათ უნდა გამოეჩინათ დროსთან და სიტუაციასთან ადაპტირების უნარი, მყიდველისათვის უნდა შეეთავაზებინათ კარგი და განსხვავებული პროდუქცია (თუნდაც ხელნაკეთი და ორიგინალური) შედარებით დაბალ ფასებში. ეს წვრილი ბიზნესის ერთ-ერთი გადარჩენის საშუალება იქნებოდა, რადგან ჯანსაღი კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია. მეორე არგუმენტი, რომელსაც სავაჭრო ცენტრის მოწინაღმდეგეები მიმართავენ, კრიმინალებისა და მაწანწალების თავმოყრაა სავაჭრო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა ამ არგუმენტის გაბათილების მიზნით უნდა ითქვას, რომ კრიმინალის პრობლემა უფრო ზოგადი და რთული საკითხია და უკავშირდება ეკონომიკურ, დასაქმების, კანონმდებლობის პრობლემებს. გარდა ამისა, კრიმინალების ქალაქის სხვადასხვა უბანში გაფანტვა ან კონცენტრირება არ ცვლის ზოგად სურათს და პრობლემის არსს. რაც შეეხება პარკირების პრობლემას, ეს ზოგადად უკავშირდება ქალაქდაგეგმარების საკითხებს, სათანადო ადგილების არარსებობას. გარდა ამისა, ეს არა კონკრეტული ტერიტორიის, არამედ, ზოგადად, ყველა ქვეყნის პრობლემაა. ამისათვის საჭიროა არქიტექტორებისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან ალტერნატიული გზების ძიება და პარკირების ახალი სისტემის შემოღება. დასკვინის სახით უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო ცენტრები თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, წარმოადგენს საჭიროებას და დავა იმაზე, არის თუ არა ამ ტიპის დაწესებულებები აუცილებელი, აზრს მოკლებულია. მთავარია, განისაზღვროს კონკრეტული რეგიონის საჭიროება, რამდენად აუცილებელია ასეთი ცენტრების არსებობა და ეკონომიკურად რამდენად მომგებიანი იქნება ის როგორც მომხარებლისთვის, ისე დასაქმებული პერსონალის, ბიზნესის მფლობელებისა და რეგიონის ეკონომიკისათვის.
ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ტექსტი. გამოყავით არგუმენტები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები და შედეგები. იმსჯელეთ, რამდენად ლოგიკურადაა დაკავშირებული მოყვანილი არგუმენტები ტექსტის ძირითად სათქმელთან, რამდენად უკავშირდება სათაური, შესავალი და დასკვნითი ნაწილი ერთმანეთს. რა აკლია ტექსტის სტრუქტურას, რომელი აბზაცია ზედმეტი, რას შეცვლიდით ან დაამატებდით და რატომ? პასუხები წერილობითად დაასაბუთეთ. საქართველო გლობალური გამოწვევების წინაშე იაპონელებს აქვთ ასეთი წყევლა - საინტერესო დროში გეცხოვროსო. საქართველოს, ისევე როგორც გარდამავალ საფეხურზე მყოფ უამრავ სხვა ქვეყანას, ეს წყევლა სრული სიმწვავით აუხდა. საინტერესო დრომ, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დადგა, უამრავი პრობლემა, თავსატეხი, სისხლი, ცრემლი და მანამდე არარსებული გამოწვევა მოიტანა. და თითქოს ყველა ამ სირთულეს ჯერ კიდევ არ უჩანს ბოლო, რადგან ყველა მათგანის გადაწყვეტა დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორთან: ეკონომიკური პრობლემები; განათლების დონე; საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ახალშექმნილ დამოუკიდებელ ქვეყნებთან მიმართებით; ქვეყნის პოლიტიკური არჩევანი; ბუნებრივი რესურსების არსებობა, რომლითაც საქართველო არც ისე მდიდარია და მრავალი სხვა. ბუნებრივად ისმის კითხვა, საბოლოოდ როდის გადაილახება გარდამავალი ფაზისათვის დამახასიათებელი ყველა გაუგებრობა და შეუსაბამობა, ორაზროვნება და, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი ცნებების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი რთული და ზოგჯერ სავალალო რეალობა. საქართველო არაერთი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მათგან უპირველესი და ყველაზე მწვავე დაკარგული ტერიტორიებია. გარდა ამისა, არანაკლებ მტკივნეულია სოციალური პრობლემები: სამედიცინო მომსახურების არახელმისაწვდომობა; დაბალი პენსიები და ხელფასები; უმუშევრობის მაღალი დონე და ა. შ. სხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით დღეს წარმატებულ და მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ანალოგიური პრობლემების დაძლევისათვის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდათ, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოსაც მოუწევს ყველა საფეხურის გავლა და სირთულეების გადალახვა, რასაც რამდენიმე ათწლეული დასჭირდება. პირველ რიგში, აუცილებელია, საზოგადოების მენტალობის შეცვლა. პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს ყველამ, დაწყებული რიგითი მოქალაქიდან დამთავრებული ქვეყნის სამთავრობო სექტორით. რაც შეეხება საქართველოს და მის მსგავს ქვეყნებს, როგორც არსებულმა ვითარებამ არაერთხელ დაადასტურა, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა სახის რეფორმების პარალელურად არ მომხდარა ყველაზე არსებითი - ღირებულებათა ტრანსფორმირება და მესამე ათასწლეულის პირობებში ღირსეული და წარმატებული ცხოვრებისათვის აუცილებელი, თუნდაც ყველაზე მოკრძალებული, პირობების წარმოქმნა. ეს, ერთი მხრივ, ალბათ, საზოგადოების ნაკლები აქტიურობისა და ინოვაციურობის შედეგია. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ქრონოლოგიური რეალობაც, რომელიც ძალიან ულმობლად მიუთითებს, რომ წინა ფორმაციის რღვევიდან ჯერ ორი ათეული წელიც არ გასულა და, შესაბამისად, დროის ასეთ მოკლე პერიოდში ძირეული გარდატეხის მოლოდინი არათუ გულუბრყვილობაზე, არამედ არარეალური მოლოდინების არსებობაზე მიუთითებს, რადგან ისტორიისათვის ოცი წელი ძალიან მოკლე დროა და ძირეული ცვლილებებისათვის არასაკმარისი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 76,3 წელია, გასაგები გახდება, თუ რატომ გვეჩვენება, რომ ცვვლილებების ხანა ძალიან გაჭიანურდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული გარემოს გლობალური კონკურენტული სივრცის ნაწილად გადაქცევას, ალბათ, კიდევ არაერთი ათწლეული დასჭირდება, ცხადი გახდება, რომ ეს არა ერთი, არამედ რამდენიმე თაობის მხრებზე სოლიდარულად გადანაწილებული ტვირთია, ტვირთი, რომელიც არასდროს შემსუბუქდება, თუ პირიქით, არ დამძიმდა. თუნდაც მსოფლიოში ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებული საფრთხეების არსებობის გამო. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გლობალური გამოწვევების წინაშე მდგარმა ქვეყანამ უნდა გაითვალიწინოს, ერთი მრივ, საერთაშორისო გამოცდილება, მეორე მხრივ, ეთნიკური თავისებურებები და, რაც მთავარია, ქვეყნის წინსწვლის სურვილი, რათა გააკეთოს სწორი არჩევანი და იპოვოს პრობლემების შედარებით უმტკივნეულოდ გადასალახი გზა.
მოცემულ თემებთან დაკავშირებით ჩამოწერეთ თქვენი არგუმენტები:
თემა: ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს წესრიგს, რადგან/რათა: 1. 2. 3. 4. 5.
თემა: სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იზრუნონ დევნილების პრობლემის გადაჭრაზე, რადგან/რათა: 1. 2. 3. 4. 5. თემა: პირველადი სამედიცინო დახმარების წესები ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რადგან/რათა:
1. 2. 3. 4. 5.
თემა: მოზარდებს უნდა აუკრძალონ/არ უნდა აუკრძალონ ალკოჰოლისა და თამაქოს შეძენა რადგან/რათა:
1. 2. 3. 4. 5.
ქვემოთ წარმოდგენილია აბზაცი, რომელშიც მოცემულია კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული რამდენიმე არგუმენტის ჩამონათვალი. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, არგუმენტების ჩამონათვალი არ არის საკმარისი ანალიტიკური ტექტის შესაქმნელად, თითოეული მათგანი მოითხოვს განვრცობას და სათანადო ფორმულირებას. გაითვალისწინეთ და განავრცეთ არგუმენტები თქვენთვის უკვე ნაცნობი საშუალებებითა და ხერხებით. 1. თანამედროვე მედიცინაში დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი მომაკვდინებელი დაავადების შესახებ, რადგან მას აქვს უფლება, სწორად დაგეგმოს, გააანალიზოს თავისი ცხოვრება, გააკეთოს გარკვეული არჩევანი, გაუფრთხილდეს და სათანადოდ იზრუნოს ჯანმრთელობაზე, იზრუნოს ოჯახის წევრების ემოციურ მდგომარეობაზე, იყოს მობილიზებული და აამოქმედოს დარჩენილი სასიცოცხლო რესურსები. 2. პიროვნების სრულყოფილად და ჰარმონიულად განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოგზაურობა, რადგან ამ დროს ადამიანი იღებს სიამოვნებას, ისვენებს. ამავე დროს, იგი ეცნობა მისთვის უცხო კულტურას, იღებს ახალ ინფორმაციას, ადარებს ახალ და მისთვის უკვე ნაცნობ კულტურას, აანალიზებს, იფართოვებს თვალსაწიერს და ხდება შემწყნარებელი განსხვავებული ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ. 3. ისტორიული ჟანრის ეკრანიზაცია ხშირად უწყობს ხელს კონკრეტული ისტორიული მოვლენისა და ფაქტის პოპულარიზაციას, რადგან ფილმს უფრო ფართო აუდიტორია ჰყავს, თანამედროვე პრაგმატულ საზოგადოებაში დროის სიმცირის გამო ბევრი ვერ ახერხებს სათანადო ლიტერატურის გაცნობას და ის მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაა ცნობილი, ფაქტები რომანტიზებული და შელამაზებულია, რაც უფრო საინტერესოა ფართო მასებისათვის.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||