ქეთევან გოჩიტაშვილი,  გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

   6. პრობლემის ანალიზი

შინაარსი

თქვენი ნაშრომი შესაძლებელია იყოს რაიმე პროცესის (საზოგადოებრივი, ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა. შ.), პროდუქტის (არსებული მიღწევის, ჩატარებული სამუშაოს, კვლევის შედეგის, გარკვეული პროცესის დასრულების შედეგად მიღებული ვითარების და ა. შ.), ლიტერატურული, სამეცნიერო, პუბლიცისტური და ა. შ. ნაშრომის, აგრეთვე ხელოვნების სხვა დარგის ნაწარმოების (ფილმის, სპექტაკლის) შეფასება. მიზნის შესაბამისად ავტორმა შეიძლება შეაფასოს როგორც უშუალოდ პროცესი, ისე გარკვეული პროცესის განხორციელების, მიმდინარეობის გზები ან ტექსტში გადმოცემული ამბავი, ფაქტები, მოვლენები, ტექსტის ავტორის პოზიცია და შეფასებები. ეს მიიღწევა შემდეგი საშუალებებით:

პირველ ეტაპზე განვიხილოთ, თუ როგორ უნდა დაიწეროს კრიტიკული ნაშრომი ამა თუ იმ აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემის, პროცესის, ფაქტის შესახებ.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ შევქმნათ სრულყოფილი ანალიტიკური / კრიტიკული ნაშრომი?

 

პირველი ეტაპი

 

  პირველ რიგში, ავტორმა მოკლედ უნდა გააცნოს მკითხველს ის საკითხი, რომელზეც იგი ისაუბრებს და განიხილავს თავის ნაშრომში. მან მოკლედ უნდა აღწეროს ფაქტი, მოვლენა ან გადმოსცეს განსახილველი პრობლემის არსი. ამაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოყვანილი დამხმარე შეკითხვები და ენობრივი კლიშეები.

 

 დამხმარე კითხვები: 

  • რა პროცესის, მოვლენის, ფაქტის ან პრობლემის ანალიზს ეხება თქვენი ნაშრომი?

  • რა არის თქვენი მიზანი?

  • რამდენად მნიშვნელოვანია განსახილველი საკითხი?

  • რამდენად აქტუალურია განსახილველი საკითხი?

 

 ენობრივი კლიშეები:

 

სანამ უშუალოდ ანალიზზე გადავიდოდეთ, წარმოგიდგენთ...;

გაგაცნობთ საკითხის არსს...;

მოკლედ გავეცნოთ იმ პროცესს/ვითარებას, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ...;

როგორც ცნობილია...;

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა საკითხი...;

ამ ნაშრომში განვიხილავთ...;

ჩვენი მიზნია, განვიხილოთ...;

ჩვენი მიზანია, საზოგადოებას გავაცნოთ...;

წინამდებარე ნაშრომში ვისაუბრებთ...

 

 

 

მაგალითი:

 

 

21-ე საუკუნის დასაწყისის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა უკავშირდება გლობალურ ფინანსურ კრიზისს, რომელმაც მოიცვა არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები, არამედ წამყვანი სახელმწიფოების ეკონომიკასაც მიაყენა დიდი ზარალი. შედეგად, დაიხურა ასწლეულების ისტორიის მქონე უამრავი კომპანია, საწარმო, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სიმბოლოდ მიჩნეული კომპანია „ჯენერალ მოტორსი.“ უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი. დასავლური საბანკო სისტემა, რომელიც ემყარება საკრედიტო პოლიტიკას, თავის მხრივ, აღმოჩნდა პრობლემის წინაშე, რადგან კრედიტორები იქცნენ გადახდის უუნაროებად. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია, ერთი მხრივ,  საბანკო სისტემის ფინანსური რყევა, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობის ფსიქოლოგიური პრობლემები. ამ ნიადაგზე გაიზარდა თვითმკვლელობებისა და სულიერ ავადმყოფთა რაოცენობაც.

 

მეორე ეტაპი:

 

შემდეგ ავტორი იწყებს შეფასების პროცესს. პირველ რიგში, ავტორი წარმოადგენს განსახილველ საკითხთან, მოვლენასთან ან ფაქტთან დაკავშირებულ არსებულ შეხედულებებსა და მოსაზრებებს. ეს შეიძლება იყოს ექსპერტების, დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტების, მეცნიერების, საზოგადოების წარმომადგენლების, რესპოდენტთა პოზიცია, თვალსაზრისი, მტკიცება, ვარაუდი და ა.შ.

 

 

 დამხმარე კითხვები:

 

  • რა მოსაზრებები იცით ამ მოვლენის / ფაქტის / პროცესის შეფასებასთან დაკავშირებით?

  •  ცალსახაა თუ არა ექსპერტთა დამოკიდებულება მოვლენის / ფაქტის / პროცესის ექსპერტთა შეფასებისას?

  •  რაში თანხმდებიან ან ვერ თანხმდებიან მკვლევრები?

 

 

 

ენობრივი კლიშეები:

 

პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს...;

პრობლემის სირთულის გამო ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებსაც ვხვდებით...;

ექსპერტები თანხმდებიან / ვერ თანხმდებიან რომ...;

არსებული უამრავი თვალსაზრისიდან წარმოვადგენთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს...;

მკვლევრები ფიქრობენ, რომ...;

მკვლევართა შეფასებით...;

 წარმოგიდგენთ იმ მოსაზრებებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველაზე აქტუალურია...;

...ამ ნაშრომში განვიხილავთ...;

ჩვენი მიზნია, განვიხილოთ...;

ჩვენი მიზანია, საზოგადოებას გავაცნოთ...;

წინამდებარე ნაშრომში ვისაუბრებთ...

 

 

 

მაგალითი:

 

 

საკითხის აღწერის შემდეგ წარმოგიდგენთ იმ მოსაზრებებს, რომ­ლე­ბიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სამეცნიერო გამოცემებში გავრცელდა გლობალურ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით.

ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფინანსური კრიზისის წინაპირობად იქცა აშშ ბანკების მიერ არასწორად განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რაც გულისხმობდა, რომ ყოველგვარი გირაოს გარეშე აშშ-ს ნებისმიერი მოქალაქე იღებდა კრედიტს დაბალი საპროცენტო განაკვეთით, რამაც გამოიწვია ფულის დიდი მასების გადინება საზოგადოებასა და, ზოგადად, ქვეყნის გარეთ.

საკითხის მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი ხელოვნურად არის პროვოცირებული და ემსახურება  ბიზნეს და ფინანსური ელიტის კერძო ინტერესებს.

არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი, რომელიც, მართალია, არ არის საყოველთაოდ გაზიარებული, მაგრამ წინამდებარე ნაშრომში მაინც შევეხებით. ექსპერტთა მცირე ნაწილის აზრით, საფინანსო კრიზისის საფუძველი გახდა დაუგეგმავი და უკონტროლო სამშენობლო პოლიტიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. რეალურად გასაყიდი ფართის რაოდენობამ გადააჭარბა მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნილებას,  ანუ გასაყიდი ფართი მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მყიდველი. ამას მოჰყვა ფართის გაიაფება, რაც ვერ ფარავდა მშენებლობაზე გაღებულ ხარჯებს. სამშენებლო ბიზნესით დაკავებული ადამიანები მიმართავდნენ ბანკებს კრედიტისათვის, რათა გადაერჩნათ თავიანთი ბიზნესი. კრიზისის გამო კი ვალის გადახდა შეუძლებელი აღმოჩნდა. შედეგად, დაზარალდა ორი დიდი ბიზნესი: სამშენებლო და საბანკო. ეს განსაკუთრებით შეეხო განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს.

 

მესამე ეტაპი:

 

პრობლემის ანალიზის შემდეგი ეტაპია ექსპერტების, დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტების, მეცნიერების, საზოგადოების წარმომადგენლების, რესპოდენტთა მოსაზრებების, ვარაუდის, პერსპექტივების დასახვის, პრობლემის გადაჭრის გზების ჩვენება. ამ პუნქტში პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:

 

 

 დამხმარე კითხვები:

  •  რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს, მოვლენას, ფაქტს?

  • შესაძლებელი იყო თუ არა თავიდან აგვეცილებინა აღნიშნული პრობლემა?

  • რა პოზიტიური და ნეგატიური მხარეები აქვს პროცესს, მოვლენას, ფაქტს?

  • როგორია პროცესის, მოვლენის, ფაქტის ზეგავლენა საზოგადოებასა და მის კონკრეტულ წევრებზე?

  • როგორია პროცესის, მოვლენის, ფაქტის ზეგავლენა პოლიტიკაზე / ეკონომიკაზე  და ა. შ.?

  • რა სოციალური და კულტურული ღირებულებები უკავშირდება აღნიშნულ პროცესს, მოვლენას, ფაქტს?

  • რა გამოსავალს ხედავენ თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალისტები?

 

შენიშვნა: ბუნებრივია, შესაძლებელია პასუხი გაეცეს მხოლოდ რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილ კითხვას ან, პირიქით, ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე, გაჩნდეს სხვა ტიპის შეკითხვები. ეს არის საბაზო კითხვები, რომლებიც კრიტიკული, ანალიტიკური წერის დროს გამოგადგებათ საკითხის გაშლის დროს.

 

 

 

 

 ენობრივი კლიშეები:

 ამ პროცესს ბუნებრივად მოჰყვება...;

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ...;

როგორც ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება...;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ...;

მკვლევართა ნაწილი აღნიშნავს, რომ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში შესაძლებელი იყო აღნიშნული პროცესის თავიდან აცილება..;.

ბუნებრივია, ასეთ მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი მოვლენა თავის გავლენას ახდენს საზოგადოებაზე/ ადამიანებზე/საზოგადოებრივ ურთერთობებზე და ა. შ....;

აღნიშნული პროცესის დროს, ბუნებრივია, ხდება ღრებულებების გადაფასება/ახალი სტერეოტიპების ჩამოყალიბება /...;

ამ მოვლენამ პოზიტიური გავლენა იქონია...;

ეს ფაქტი ნეგატიურად აისახება...

 

 

 

 

მაგალითი:

 

 

 

თუ გლობალური ფინანსური კრიზისის პროცესი დროულად არ შეჩერდა, ის დამანგრეველ ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკაზე, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებსაც ბუნებრივად დააზარალებს. კერძოდ, სულ უფრო და უფრო გაჭირდება თანხების მოძიება მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის, ტურიზმის, საზოგადოებრივი ღონისძებების დასაფინანსებლად. ექსპერტთა ნაწილი ამაში დარწმუნებულია.

ლოგიკურია, რომ ფინანსური კრიზისი უარყოფითად აისახება ისეთ ბიზნესებზე, როგორებიცაა ტურიზმი, სატრანსპორტო, საავიაციო საქმიანობა, წარმოება, სპორტი, მოდა და ა. შ; რადგან ფინანსური კრიზისის დროს ადამიანები ორიენტირებულნი არიან პირველადი მოხმარების საგნების შეძენაზე და სულ უფრო ნაკლებ თანხებს ხარჯავენ გასართობად და სამოგზაუროდ. ადამიანი უარს ამბობს თითქმის ყოველგვარ ფუფუნებაზე, რის უფლებასაც აძლევდა თავს სტაბილური ეკონომიკის პირობებში.

აქედან გამომდინარე, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ფინანსური კრიზისის დროს მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის ცხოვრებისა და ქცევის წესები, საზოგადოებრივი ურთიერთობები და სტერეოტიპები.

 

მეოთხე ეტაპი:

 

ანალიტიკური /კრიტიკული ესეს წერის დროს, სასურველია, ავტორმა მოიხმოს პარალელები, მკითხველს გააცნოს მსგავსი  ვითარება, პროცესი, მოვლენა, გამოცდილება. ოღონდ, ამას არ უნდა ჰქონდეს თხრობის ან უბრალო ჩამონათვალის სახე, აუცილებელია ავტორმა შეადაროს, შეაფასოს და დაძებნოს მსგავსება-განსხვავებები მათ შორის.

 

 

 დამხმარე კითხვები: 

  • რა დამატებითი ინფორმაცია იცით მსგავსი მოვლენის, ფაქტის, პროცესის შესახებ?

  • რა არის მათ შორის საერთო?

  • რა არის მათ შორის განმასხვავებელი?

  • რა მოჰყვა შედეგად ანალოგიურ პროცესს, მოვლენას, ფაქტს?

  • რაში შეიძლება გამოგვადგეს წარსული/მსგავსი გამოცდილება?

 

 

ენობრივი კლიშეები:

 მსგავსი მოვლენა იყო...

ანალოგიური ვითარება იყო...

შესაძლებელია პარალელი გავავლოთ...

ექსპერტები აკავშირებენ...

მკვლევრები მიუთითებენ, რომ მსგავსი სიტუაცია იყო...

ამ ორ მოვლენას / ფაქტს / პროცესს შორის შეიძლება მოვძებნოთ როგორც მსგავსი, ისე განმასხვავებელი ნიშნები...

ამ ორ მოვლენას აერთიანებს / განასხვავებს ის, რომ...

წარსულის გამოცდილების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ...

თუ გადავხედავთ წინა პროცესებს, აღმოვაჩენთ / დავრწმუნდებით, რომ...

 

 

 

 

 

 

მაგალითი:

 

 

 

 

 

მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზის ანალიზისას ექსპერტები ხშრად იხსენებენ მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების კრიზისს, რომელიც „დიდი დეპრესიის“ სახელითაა ცნობილი. ეს იყო უკიდურესად მძიმე წლები აშშ-ს ცხოვრებაში, თუმცა ის პროცესი დღევანდელი ვითარებისაგან განსხვავებულია.

 

მეხუთე ეტაპი:

 იმისათვის, რომ თქვენი წერილობითი ტექსტი არ დაემსგავსოს მხოლოდ სხვათა მოსაზრებების გადმოცემას, სასურველი და აუცილებელია თქვენი პოზიციის წარმოჩენა, იმის ჩვენება, თუ რას იზიარებთ, რას ეთანხმებით არსებული პრობლემის შეფასებისას, რას არ ეთანხმებით და რატომ. გამოიყენეთ როგორც არგუმენტები, ისე კონტრარგუმენტები (ამ საკითხს ცალკე თავში შევეხებით). გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პოზიცია აუცილებლად უნდა დაასაბუთოთ სათანადო არგუმენტებით. თუმცა მოერიდეთ ყოველგვარ კატეგორიულობას, მენტორულ ტონს და თქვენი მოსაზრებები წარმოაჩინეთ ნათლად და სხვებისათვის ადვილად აღსაქმელად.

 

დამხმარე კითხვები: 

  • რაში ეთანხმებით წარმოდგენილ თეორიებს?

  • რაში არ ეთანხმებით წარმოდგენილ თეორიებს და რატომ?

  • რატომ ფიქრობთ ასე?

  • რა არგუმენტი გაქვთ თქვენი პოზიციის გასამყარებლად?

  • გაქვთ თუ არა განსხვავებული მოსაზრება?

  • საკითხთან დაკავშირებული რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება გსურთ მკითხველისათვის?

 

 ენობრივი კლიშეები:

 არსებულ თვალსაზრისთაგან ჩვენთვის მისაღებია...

ჩვენ ვიზიარებთ შემდეგ პოზიციას...

ეს მოსაზრება შესაძლოა ეჭვქვეშ დავაყენოთ, რადგან...

ზოგ შემთხვევაში ავტორის პოზიცია სადავოა...

ვფიქრობთ, აუცილებელია შევეხოთ მკვლევრის/ ექსპერტის და ა. შ. შეხედულებას, რომლის თანახმადაც...

არადამაჯერებელი ჩანს...

საკითხს აკლია დამაჯერებლობა/ არგუმენტაცია...

არგუმენტაცია არასაკმარისია...

თუ ამ პოზიციას გავიზიარებთ, მაშინ ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ...

 

 

 

 

მაგალითი:

 

 

ვფიქრობთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ანალიზისას ექსპერტთა ნაწილის შეფასება გარკვეულ შემთხვევებში გაზვიადებულია და რეალობას ბოლომდე არ ასახავს. კერძოდ, არადამაჯერებელი ჩანს კრიზისის ხელოვნურად გამოწვევა, რადგან ვერ ვიტყვით, რომ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა დამოკიდებულია რამდენიმე კონკრეტულ ადამიანზე და ამ პიროვნებებს შეუძლიათ მათთვის   სასურველი პროცესის გამოწვევა და შემდეგ მისი გაკონტროლება. პირიქით, ვფიქრობთ, თანამედროვე ეკონომიკა საკმაოდ ლიბერალურია და აგებულია თანასწორობის, თანამშრომლობის პრინციპზე, რაც გამორიცხავს რამდენიმე ადამიანის მონოპოლიას.

 

 

მეექვსე ეტაპი:

 

ნებისმიერი ანალიტიკური ნაშრომის ფინალური ნაწილი, როგორც წესი, გვთავაზობს ძირითად ნაწილში განვითარებული ლოგიკური მსჯელობის შეჯამებასა და ავტორის პოზიციის გამოკვეთას.

 

 

 რჩევები

 

  • დასკვნით ნაწილში კიდევ ერთხელ შეაჯამეთ მოკლედ (ორი-სამი წინადადებით) ძირითად ნაწილში გადმოცემული მთავარი სათქმელი.

  •  მსჯელობისას მოერიდეთ კატეგორიულობას.

  • დასკვნითი ნაწილი არ უნდა იყოს ძალიან ზოგადი, გაფანტული, სხვადასხვა თეორიით ან შეხედულებით გაჯერებული. ავტორი კონცენტრირებული უნდა იყოს კონკრეტულ საკითხებზე და მკითხველისათვის მარტივი, ნათელი და გასაგები ენით წარმოაჩინოს თავისი მოსაზრებები.

  • დასკვნაში ავტორმა უნდა შეაჯამოს ძირითად ნაწილში განვითარებული მსჯელობის ხაზი, მთავარი პოსტულატები, რათა მკითხველს გაუადვილოს ნაშრომის საბოლოოდ და სწორად აღქმა.

 

 

 

 

დამხმარე კითხვები:

 

  • მსჯელობისა და პრობლემის ანალიზის შემდეგ რა პოზიცია ჩამოგიყალიბდათ და რატომ?

  • როგორ გესახებათ პროცესის/ მოვლენის / ფაქტის / პრობლემის შემდგომი განვითარება?

  • რაში ხედავთ პროცესის/ მოვლენის / ფაქტის / პრობლემის გადაჭრის გზებს?

  • შესაძლოა თუ არა გრძელვადიანი პერსპექ­ტივების დასახვა?

  • შესაძლოა თუ არა არსებული გამოცდილების სამომავლოდ გამოყენება პრობლემის თავიდან აცილების მიზნით?

 

 

 

ენობრივი კლიშეები:

 დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ...

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ...

ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ...

ყველა მოსაზრების შეჯერების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ...

მსჯელობიდან ლოგიკურად გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა...

შევეცდებით, მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი საბოლოო პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით...

ამდენად, პროცესი / მოვლენა/  პრობლემა შეიძლება შემდეგნაირად განვითარდეს...

შეიძლება დაისახოს შემდეგი პერსპექეტივები...

 

 

 

მაგალითი:

 

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის გლობალური ეკონომიკური კრიზისი ნეგატიური მოვლენაა, რომელიც პრობლემას უქმნის კაცობრიობის მომავალს და მის გადასაჭრელად საჭიროა ქმედითი ზომების მიღება. ცალკეული ქვეყნების ძალისხმევა არ შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს, მთელი მსოფლიო თანამეგობრობა უნდა ჩაერთოს კრიზისის დაძლევის პროცესში, უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნების სპეციფიკა, მოთხოვნები და, ამავდროულად, უნდა შემუშავდეს კრიზისის შემდგომში თავიდან აცილების ერთიანი გლობალური სტრატეგია.

 

 

დავალება:

 

რომელი აბზაცი არ უკავშირდება ლოგიკურად მოცემულ თემას და რატომ? პასუხი დაასაბუთეთ წერილობით.

 

რა არის ბლოგი?

1. თქვენი მომხმარებელი ლაპარაკობს, თქვენი თანამშრომელი ლაპარაკობს, თქვენი პარტნიორები და მომწოდებლები ლაპარაკობენ. ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება, იცოდნენ, თუ რა ხდება და სხვებსაც გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები. როდესაც ეს ვებგვერდის მეშვეობით ხდება, ამას ბლოგინგი ეწოდება.

2. ამა თუ იმ კომპანიისათვის ბლოგის შექმნა, შესაძლოა, რისკ-ფაქტორთანაც იყოს დაკავშირებული. რისკების კონცენტრაცია, თავისთავად, ცუდი მოვლენა არაა. ყველაფერს კომპანიის რისკისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს. მაგრამ, სამწუხაროდ, კომპანიათა უმეტესობას არ გააჩნია რისკის სტრატეგია.  თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ მის არსებობაზეა დამოკიდებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების სისწორე და ეფექტიანობა.

3. ბუნებრივია, რომ ბიზნესმა და კორპორაციულმა სამყარომ ბლოგების აქტიური გამოყენება დაიწყო. კომპანიას შეიძლება არ ჰყავს მილიონი ან, თუნდაც, ათასი მომხმარებელი, მაგრამ ბლოგინგის სამყაროში მას თანაბარი ხმა ეძლევა. ბიზნესის ზომისა თუ მომხმარებელთა რაოდენობის მიუხედავად, ბლოგინგი იძლევა უნიკალურ საშუალებას, ესაუბროთ პოტენციურ მყიდველს, რომელიც ქსელშია და მზად არის, გესაუბროთ თქვენ.

 4. გარდა ზემოთ აღნიშნული ფაქტორებისა, ბლოგების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კომენტარები ბლოგზე, როგორც წესი, მოკლეა, ისინი წერილობითი მეტყველების შედეგია. ზეპირსიტყვიერებისაგან განსხვავებით, წერილობით გადმოცემული მოსაზრება ყოველთვის უფრო აწონილია, უფრო ღრმაა, უფრო გააზრებულია.

5. მაშასადამე, რისკის სტრატეგიის შემუშავება ნებისმიერი ორგანიზაციისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. თუნდაც ეს ბლოგინგის მარკეტინგულ სისტემასთან იყოს დაკავშირებული.

 

 

დავალება:

 

რომელი აბზაცი არ უკავშირდება ლოგიკურად მოცემულ თემას და რატომ? პასუხი დაასაბუთეთ.

 თემა: კონფლიქტი და მისი გადაჭრის გზები

 1. კონფლიქტი დაპირისპირება ან აზრთა სხვადასხვაობა, კამათი და პოლემიკაა. კონფლიქტი სერიოზული და ძლიერი პროცესია და, როგორც საყოველთაოდ  ცნობილია, ის აუარესებს პიროვნებათშორის ურთიერთობებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს არაპროდუქტიულსა და არაეკონომიურს ხდის. ცხადია, რომ ზოგიერთი კონფლიქტის თავიდან არიდება შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ წინაშე ორი ამოცანა დგას - უნდა გავიაზროთ, თუ როგორ

  • შევამცირებთ კონფლიქტების საერთო რაოდენობას;

  • გადავჭრით იმ კონფლიქტებს, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია.

 2. ყველა ორგანიზაციაში არსებობს წესები და ნებისმიერი საფეხურის მენეჯერი პასუხისმგებელია, რომ მისმა თანამშრომლებმა ეს წესები დაიცვან. რა უნდა მოიმოქმედოს მეჯენერმა, როდესაც მისი თანამშრომლები წესებს არღვევენ? ამისათვის სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ.

 3. ზოგიერთი მეჯენერი კონფლიქტის გადაჭრას თავს არიდებს იმ იმედით, რომ ის თავისთავად მოგვარდება. როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ ბედნიერი ოჯახივით ვართ და კონფლიქტები არ გვაქვს, ან ოცი წელია, დაქორწინებულები ვართ და ჯერ კონფლიქტი არ გვქონია, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ კონფლიქტს არ აძლევენ ზედაპირზე ამოსვლის საშუალებას, არ უპირისპირდებიან მას. საზოგადოების ერთი ნაწილი კონფლიქტის დაფარვის გზით ცდილობს „მშვიდობის“  შენარჩუნებას. როგორც წესი, ამგვარი ქცევა გაუმართლებელია, რადგან დამალული კონფლიქტის შედეგად აღმოცენდება მტრული დამოკიდებულება, ნეგატიური გრძნობები სხვა ადამიანებსა და საგნებზე გადადის და საერთო უკმაყოფილება ჩნდება.

 4.     ამდენად, კონფლიქტი კი არ უნდა დაიფაროს, არამედ უნდა გადაიჭრას.


 

 

დავალება:

 გადმოეცით 3-4 წინადადებით ტექსტის შინაარსი. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა. გაითვალისწინეთ, რომ შემოკლებულ ტექსტში უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მთავარი, ძირითადი ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მასთან დაკავშირებული არგუმენტები.

 

წარმატებული ლიდერების ბიოგრაფიას ხშირად მოვყავართ აღტაცებაში. გვამხნევებს მათი შეუპოვრობა, მათი თამამი ნაბიჯები ზოგჯერ საინტერესო მოთხრობის სიუჟეტს წააგავს, მაგრამ იმ გაკვეთილების მისაღებად, რომლებსაც ჩვენს კარიერაში გამოვიყენებდით, უფრო მნიშვნელოვანი მათი ქმედებების საფუძვლის კვლევაა. ლიდერთა ქმედებები ხშირად ალოგიკურია, მათი ნაბიჯები ერთ შემთხვევაში გონივრული, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, საღ აზრს მოკლებული იყოს. უფრო პროდუქტიული, თუმცა უფრო რთულია გავერკვეთ, თუ როგორ აზროვნებენ ლიდერები, შევისწავლოთ მათი ქმედებების წინამორბედი გარემოებები, რომელთა საფუძველზე წარმოიშვა მათ ქმედებები.

 

 

დავალება:

 

გადმოეცით 3-4 წინადადებით ტექსტის შინაარსი:

 

1954 წელს კომპანია „მოტოროლაში“ ინჟინერმა მარტინ კუპერმა დაიწყო მუშაობა. რამდენიმე წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ იგი დაწინაურდა და პორტატიული მოწყობილობების განყოფილების უფროსის პოსტი დაიკავა. 1967 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა პირველი პორტატიული რადიოსადგურები, რამაც მობილური ტელეფონების შექმნის იდეას მისცა ბიძგი. მოტოროლასაგან დამოუკიდებლად Bell Laboratories-შიც ცდილობდნენ საკუთარი მობილური კავშირის სისტემა შეექმნათ, თუმცა უშედეგოდ. მოტოროლას 15 წელი და ასი მილიონი ამერიკული დოლარი დასჭირდა პირველი მობილური ქსელის ასამუშავებლად. 1973 წლის 3 აპრილს ნიუ-იორკში, 50-სართულიანი შენობის სახურავზე კომპანიის თანამშრომლებმა პირველი საბაზო სადგური დაამონტაჟეს, რომელიც ერთდროულად 30 მომხმარებელს ემსახურებოდა და ქალაქის ქსელის აბონენტებთანაც შეეძლო დაკავშირება. პროექტის ხელმძღვანელმა, მარტინ კუპერმა, პირველად დარეკა მობილური ტელეფონიდან: კონკურენტი ფირმის Bell Laboratories-ის კვლევითი განყოფილების უფროსს დაურეკა და „კომპანიის წარმატება ახარა“. პირველი ტელეფონის წონა 1,5 კგ.-ს შეადგენდა. აკუმულატორების მუხტი საუბარს ნახევარი საათის განმავლობაში უზრუნველყოფდა. მის დატენას კი 10 საათი სჭირდებოდა. სამი ათეული წლის შემდეგ მობილური ტელეფონების შესაძლებლობები გაიზრდა, ხოლო მოცულობა, პირიქით, შემცირდა. თანამედროვე აპარატი, რომლის შესაძლებლობები თითქმის კომპიუტერს გაუთანაბრდა, მრავალგვარ სერვისს სთავაზობს მომხარებელს, არის მოხერხებული, მინიატურული, ვიზუალურად დახვეწილი და ადამიანის პრესტიჟის ერთგვარი გამომხატველიც. თუკი 1978 წლისათვის მობილური კავშირით სულ 545 ადამიანი სარგებლობდა, დღეს ფიჭურ კავშრგაბმულობას დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი იყენებს.

 

 

 

დავალება:

 გადმოეცით 3-4 წინადადებით ტექსტის შინაარსი:

 დიდი ქონების მოსახვეჭად განსაკუთრებული ჭკუაა საჭირო. აქ არ იგულისხმება არც მახვილი, არც ძლიერი გონება, არც ღრმა და არც დახვეწილი, სახელდობრ, როგორი უნდა იყოს, არ ვიცი და ველოდები, იქნებ ვინმემ გამაგებინოს. ჭკუა იმდენად საჭირო შეიძლება არც იყოს, რამდენადაც ჩვევა და გამოცდილება. ადამიანი ამას გვიან ხვდება და საქმეს იწყებს შეცდომებით, რის გამოსასწორებლადაც მეტწილად დრო არ ჰყოფნის. იქნებ, ამის გამოც არის, რომ დიდი სიმდიდრის პატრონი ესოდენ იშვიათად გვხვდება. არც თუ დიდი ჭკუის კაცი დილიდან საღამომდე იმაზე ფიქრობს, წინ როგორ გავძვრეო. ძალიან ადრე, ყრმობიდანვე გამდიდრების გზას ადგება, თუ რაიმე დაბრკოლებას წააწყდება, გადაუხვევს მარჯვნივ ან მარცხნივ, იმისდა მიხედვით, თუ საიდან მოჩანს შუქი და გასაძრომი. და თუ კვლავ აღიმართება კედელი მის წინაშე, დაუბრუნდება ბილიკს, რომელსაც აქამდე მიჰყვებოდა. გაითვალისწინებს, რანაირი სიძნელე უშლის ხელს, ხან პირდაპირ ეკვეთება, ხან ხრიკებს მოიშველიებს. ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა აძლევს ბიძგს - გამორჩენა თუ შექმნილი ვითარება? ეს ჰგავს იმ მოგზაურის გადაწყვეტილებას, რომელიც მიჰყვება შარაგზას და თუ იგი ძალიან სავსეა და გადახერგილი, გადაუხვევს, მინდორ-მინდორ დადის და მერე ისევ უბრუნდება შარას, რათა დანიშნულ ადგილამდე ჩააღწიოს.

 

 

 

დავალება:

 გაეცანით მოცემულ თემებს, გაიაზრეთ და წარმოდგენილი შეკით­ხვების მიხედვით შექმენით ანალიტიკური ტექსტი (გაითვალისწინეთ, აუცილებელი არაა, ყველა შეკითხვაზე პასუხების გაცემა, თუმცა საკვანძო შეკითხვების უგულებელყოფა  რეკომენდებული არ არის):

 

თემა: მშობელმა მკაცრად უნდა აღზარდოს თუ არა შვილი?

თემა: უნდა ისწავლებოდეს თუ არა ეკოლოგია სკოლაში?

თემა: უნდა დააძალოს თუ არა მშობელმა მცირეწლოვან შვილს წიგნების კითხვა?

თემა: უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სპორტის გაკვეთილები სკოლაში?

თემა: უნდა აიკრძალოს თუ არა ემიგრანტებისათვის ტრადიციული სამოსის (მაგალითად, თავსაფრის) ტარება იმ ქვეყნებში, სადაც ამის კულტურა არ არსებობს?

თემა: უნდა იყოს თუ არა ნებადართული არასწრულწლოვანთა შრომითი დასაქმება?

თემა: უნდა იყოს თუ არა შემწყნარებელი კანონი არასრულწლოვანი დამნაშავის მიმართ თუ იგი იმავე სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ზრდასრული?

 

დამხმარე შეკითხვები:

  •  რა პროცესს, მოვლენას, ფაქტს ან პრობლემას ეხება თქვენი ნაშრომი?

  • რა არის თქვენი მიზანი?

  • რამდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განსახილველი საკითხი?

  • რა მოსაზრებები იცით ამ მოვლენის / ფაქტის / პროცესის შეფასებასთან დაკავშირებით?

  • ცალსახაა თუ არა ექსპერტთა დამოკიდებულება მოვლენის / ფაქტის / პროცესის  შეფასებისას?

  • რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს, მოვლენას, ფაქტს?

  • შესაძლებელი იყო თუ არა თავიდან აგვეცილებინა აღნიშნული პრობლემა?

  • რა პოზიტიური და ნეგატიური მხარეები აქვს პროცესს, მოვლენას, ფაქტს?

  •  როგორია პროცესის, მოვლენის, ფაქტის ზეგავლენა საზოგადოებასა და მის კონკრეტულ წევრებზე?

  •  როგორია პროცესის, მოვლენის, ფაქტის ზეგავლენა პოლიტიკაზე / ეკონომიკაზე  და ა. შ.?

  • რა სოციალური და კულტურული ღირებულებები უკავშირდება აღნიშნულ პროცესს, მოვლენას, ფაქტს?

  • რა გამოსავალს ხედავენ თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი მკვლევრები?

  • რა დამატებითი ინფორმაცია იცით მსგავსი მოვლენის, ფაქტის, პროცესის შესახებ?

  • რა არის მათ შორის საერთო?

  • რა არის მათ შორის განმასხვავებელი?

  • რა მოჰყვა შედეგად ანალოგიურ პროცესს, მოვლენას, ფაქტს?

  • რაში შეიძლება გამოგვადგეს წარსული / მსგავსი გამოცდილება?

  • რა დასკვნამდე მიხვედით და როგორ?

  • რა დაგეხმარათ კონკრეტული დასკვნების გამოტანაში?

  • რაში ეთანხმებით წარმოდგენილ თეორიებს?

  • რაში არ ეთანხმებით წარმოდგენილ თეორიებს და რატომ?

  • რატომ ფიქრობთ ასე?

  • რა არგუმენტი გაქვთ თქვენი პოზიციის გასამყარებლად?

  • გაქვთ თუ არა განსხვავებული მოსაზრება?

  • საკითხთან დაკავშირებული რა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება გსურთ მკითხველისათვის?

  •  მსჯელობისა და პრობლემის ანალიზის შემდეგ რა პოზიცია ჩამოგიყალიბდათ და რატომ?

  •  როგორ გესახებათ პროცესის/ მოვლენის / ფაქტის / პრობლემის შემდგომი განვითარება?

  •  რაში ხედავთ პროცესის/ მოვლენის / ფაქტის / პრობლემის გადაჭრის გზებს?

  • შესაძლოა თუ არა გრძელვადიანი პერსპექტივების დასახვა?

  • შესაძლოა თუ არა არსებული გამოცდილების სამომავლოდ გამოყენება პრობლემის თავიდან აცილების მიზნით?

 

შინაარსი 

5. კონკრეტული და განზოგადებული ინფორმაცია

7. კრიტიკული აზროვნებიდან კრიტიკულ არგუმენტამდე