ქეთევან გოჩიტაშვილი,  გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

 

   5. კონკრეტული და განზოგადებული ინფორმაცია

შინაარსი

   
 

თქვენ ხელთ არსებული მასალა ძირითადად რამდენიმე ტიპისაა:

 

  • შეიცავს კონკრეტულ ამბებს, ფაქტებს, მოვლენებს, ისტორიებს, სიტუაციის აღწერას და ა. შ.;

  •  შეიცავს ზოგად ინფორმაციას ან ვინმეს მოსაზრებას, ვარაუდს (კონკრეტული ფაქტების, ამბების და ა. შ. გარეშე);

  • ან ორივეს ერთად.

 

რას ნიშნავს კონკრეტული და განზოგადებული ინფორმაცია   და რით განსხვავდება ისინი?

  

ანალიტიკურ/კრიტიკულ წერის პროცესში ორივე ტიპის ინფორმაცია თანაბრად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ხშირად ხდება საჭირო კონკრეტული ინფორმაციის განზოგადება ან, პირიქით, განზოგადებული ინფორმაციის დავიწროვება და კონკრეტული ფაქტებით გამყარება.

განზოგადებულ ინფორმაციის კონკრეტული ფაქტებით გან­მტკიცება და დასაბუთება შედარებით იოლი ამოცანაა. ამისთვის საჭიროა თქვენთვის საინტერესო პრობლემის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მოძიება. ეს შეიძლება იყოს სტატისტიკური მონაცემები, საზოგადოებრივი, სოციალური, ისტორიული და. ა. შ. ფაქტები, კონკრეტული ისტორიები, თუნდაც თქვენი პირადი ცხოვრებიდან, პერსონალური გამოცდილება, ამა თუ იმ სიტუაციის აღწერა და ა. შ.

გაცილებით რთულია ინფორმაციის განზოგადება. რით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ შემთხვევაში?

უპირველეს ყოვლისა, ეს პროცესი გულისხმობს თქვენ ხელთ არსებული კონკრეტული მონაცემების მიხედვით კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე ერთგვარი ზოგადი დასკვნის გაკეთებას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის არა საკუთარი სუბიექტური ვარაუდის (ობიექტური მსჯელობის გარეშე) წარმოჩენა, არამედ არსებულზე დამყარებული ზოგადი დებულების/დებულებების კონსტატაცია, გამოთქმა.

 

 

მაგალითი:

 

 

 

კონკრეტული ინფორმაცია:

 ცნობილია, რომ ქალები თავიანთი ფინანსების დიდ ნაწილს ხარჯავენ ლამაზ სამოსში, პარფიუმერიასა და სილამაზის ცენტრებში.

 

განზოგადებული ინფორმაცია:

 ქალები ყოველთვის ზრუნავენ გარეგნულ ეფექტებზე და ამისთვის არ იშურებენ ფინანსურ დანახარჯებს.


 

როგორ უნდა განვაზოგადოთ კონკრეტული ინფორმცია?

  

რჩევები:

  • კონკრეტული ფაქტიდან უნდა გამოვიყვანოთ ზოგადი ფართო დებულება, მტკიცება, დასკვნა.

 

  • ფაქტობრივად, ეს არის ერთგვარი აზრობრივი ფორმულა, რომელიც ავტორის მიერ არის ჩამოყალიბებული.

 

  • ზოგადი დებულება უნდა გადმოვცეთ  მტკიცებითი წინადადების მეშვეობით.

 

  • იშვიათად, მიზნიდან და ტექსტის ჟანრიდან გამომდინარე, შესაძლებელია ერთგვარი რიტორიკული კითხვის დასმითაც ჩამოაყალიბოთ თქვენი სათქმელი: ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ.... იქნებ ეს იმის ნიშანია, რომ... მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ხომ არ შეიძლება დავასკვნათ, რომ...

 

  • თუმცა, როგორც ყოველთვის, აქაც თავი უნდა ავარიდოთ კატეგორიულობასა და მენტორულ ტონს.

 

 


 

 

მაგალითი:

 

 

 

კონკრეტული ინფორმაცია:

 

ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიჭვნარში, შესწავლილია სამარხები, რომლებიც ეთნიკური თვალსაზრისით არ მიეკუთვნება ადგილობრივ, კოლხურ გარემოს. აქ ბერძნულ სამარხთა რაოდენობა იმდენად თვალშისაცემია, რომ არავინ უარყოფს ბერძნული დასახლების არსებობას. ფიჭვნარი სამაროვანი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბერძნული  გვერდით გვხვდება ადგილობრივი, კოლხური სამარხებიც.

 

 ზემოთ მოყვანილ აბზაცში მოცემულია კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული ინფორმაცია. საჭიროებისამებრ და მიზნის შესაბამისად, შესაძლებელია, ეს ინფორმაცია წარმოვადგინოთ განზოგადებული სახით, ფაქტობრივად, ემპირიული დასკვნის გამოყვანის მეშვეობით.

 

განზოგადებული ინფორმაცია:

 საქართველო ოდითგანვე პოლიეთნიკური, ანუ მრავალეროვანი, სახელმწიფო იყო და ერები ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ. ამას მოწმობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხებიც, რომლებშიც გვერდიგვერდ განისვენებენ სხვადასხვა ერის მიცვალებულები.

 

 

დავალება:

 

განსაზღვრეთ, რომელია ზოგადი და რომელი კონკრეტული ინფორმაცია და დაასაბუთეთ, რატომ:

1. აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში ქალებს დღემდე არა აქვთ უფლება, იარონ ჩადრის გარეშე, დაიკავონ მნიშვნელოვანი თანამდებობა, თავიანთი სურვილით შექმნან ოჯახი ან განქორწინდნენ.

 

2. სქესობრივი ნიშნით ადამიანის ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია მისი უფლებების შელახვას იწვევს, რადგან ადამიანი ვერ ახერხებ თავისი სურვილებისა და შესაძლებლობების სრულად რეალიზაციას.

  

 

დავალება:

 

რომელი განზოგადებული ინფორმაცია მიესადაგება უფრო მეტად წარმოდგენილ კონკრეტულ ინფორმაციას:

 

გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ. კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია. შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავი იყო დარჩენილი, რომ ხმა ამომეღო.

(მარტინ ნიიმიოლერი, პასტორი, გერმანიის ევანგელურ-ლუთე­რანული ეკლესია)

 

დებულებები:

1. ყველა ადამიანმა უნდა აიმაღლოს ხმა კომუნისტების, ებრაელების, კათოლიკეების და პროფკავშირების დასაცავად.

 

2. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თავისი ღირსებითა და უფლებებით თანასწორი. ადამიანებს მომადლებული აქვთ გონება და სინდისი და ისინი ერთმანეთს ძმობის სულისკვეთებით უნდა ეპყრობოდნენ.

 

3. ადამიანის მოქალაქეობრივი და ზნეობრივი მოვალეობაა, თვალი არ დახუჭოს გარშემო არსებულ უსამართლობაზე, აიმაღლოს ხმა სხვათა დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

 

4. ადამიანის ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სხვა სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის მიუხედავად. 

 

 

დავალება:

  

რომელი განზოგადებული ინფორმაცია მიესადაგება უფრო მეტად წარმოდგენილ კონკრეტულ ინფორმაციას:

 გაბრიელ გარსია მარკესი, ბოლო სიტყვა

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ, ვიტყოდი იმას, რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ... დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას... ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის, რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს. ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი, როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!!! თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც... ღმერთო, თუ გული მექნებოდა, მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას, ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს... ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა..

ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა...არ გავიყვანდი არც ერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს, დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული...

ადამიანებს დავუმტკიცებდი, თუ რაოდენ ცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ, როცა ბერდებია. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როცა კარგავენ შეყვარების უნარს... პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის ფრთებს მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი, რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თგვენგან, ხალხო... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასდროს გაუშვებს მას.

ვივლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლება შეიძლება თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ, მე უკვე მომაკვდავი ვიქნები...

რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინერეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს, რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ, როგორ გადიხარ სახლდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ," თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...

ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებ გვაძლევს, რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ხლა მე ვცდები და დღეს მეტი არაფერი დაგრჩენია, მინდა გითხრა, თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ...

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი, ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეასრულე შენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელი სურვილი.

გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმა ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა: ვწუხვარ, მაპატიე, გეთაყვა, გმადლობთ და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, ომლები იცით.

შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსათხოვებლად. უჩვენე შენს მეგობრებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.

 

დებულებები:

 

1. პიროვნების ზნეობრივი ვალია, დაეხმაროს წაქცეულ ადამიანს, წამოაყენოს იგი, ხელი გაუწოდოს გაჭირვებულს, დაეხმაროს მას.

2. ყველა ადამიანი ღვთის შექმნილია, ყველა ადამიანი თანასწორია, ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება.

3. არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, ფეხქვეშ გათელოს სხვისი ღირსება და აგრძნობინოს, რომ მასზე აღმატებულია.

4.    თავმდაბლობა ადამიანის უდიდესი ღირსებაა, თუმცა ამ თვისებით ყველა არ არის დაჯილდოებული.

5.    ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, რომ იყოს ბედნიერი და, ამავე დროს, სხვებსაც მიანიჭოს ბედნიერების განცდა.

 

 

 

დავალება:

 

დააკონკრეტეთ განზოგადებული ინფორმაცია:

 

1. ყოფითი კულტურის თავისებურება კარგად წარმოჩნდება იმ ფენომენებში, რომლებიც მეტ-ნაკლები რეგულარობით ვლინდება და, ფაქტობრივად, აშენებს ამ კულტურას. ქართველი ადამიანის ყოფაში მნიშვნელოვანი დრო და ადგილი უჭირავს სუფრას, როგორც ეროვნული ყოფიერების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს.

 

 2. ქართულ საზოგადოებაში უკანასკნელ ხანებში დამკვიდრდა ტენდენცია, რომ მშობლებმა მეტი მონაწილეობა უნდა მიიღონ შვილების განათლების საქმეში.

3. ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია ხანგრძლივი, სრულფასოვანი და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის.

 

 

დავალება:

 

გგანაზოგადეთ კონკრეტული ინფორმაცია: 

1. მოზარდი თაობა დღესდღეობით დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, ტელევიზორთან, გასართობ ცენტრებსა და დისკოტეკებზე და სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობს კითხვას, რაც, გარკვეულწილად, აისახება ახალგაზრდების აკადემიურ წარმატებაზე.

 

2. საზოგადოების ნაწილი, როგორც ქალები, ისე მამაკაცები, სისტემატურად ყიდულობს იმ ტანსაცმელს, აქსესუარებს, პარფიუმერიას, რომლებსაც მოდების ცნობილ ჟურნალებში და სპეციალურ არხებზე ხედავენ.

 

3. როგორც V-VI, ასევე XI-XIII საუკუნეებში საქართველოს ქალაქები გაცხოველებულ ვაჭრობას ეწეოდნენ მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებთან. მარკო პოლო საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საქართველოში აბრეშუმის ძაფისაგან ძვირფასი ოქროქსოვილი მზადდებოდა. XVII-XVIII საუკუნეებში აბრეშუმით ვაჭრობის დიდ პოტენციალზე მიუთითებდნენ არქანჯელო ლამბერტი, გიულდენშტედტი, ეისონელი და სხვები.

 

 

დავალება:

 

გამოიყვანეთ  ცნება შემდეგი დებულებიდან:

 

პაციფიზმი (ლათ. pacificus — მშვიდობისმყოფელი, სიტყვებისგან pax — მშვიდობა და facio — ვაკეთებ), არის ომისსაწინააღმდეგო მოძრაობა, რომელიც გმობს ყოველგვარ ძალადობას. ამ მოძრაობის მთავარი პრინციპია სამშვიდობო მოლაპარაკებისა და მანიფესტაციების გზით ომის აღკვეთა.

აქედან გამომდინარე, პაცეფისტი არის 

 

 

კონფორმისტი არის ადამიანი, რომელიც  ეგუება და პასიურად, ყოველგვარი შინაგანი პროტესტის გარეშე იღებს საზოგადოებაში გამეფებულ წესებსა და სტერეოტიპებს. ამისგან განსხვავებით, ნონკომფორმისტი არის ადამიანი, რომელიც  

 

 

რადიკალი არის ადამიანი, რომელიც უკიდურეს, გადამწყვეტ ღონისძიებათა მომხრე. შესაბამისად, რადიკალიზმი არის

 

 

უტილიტარიზმი არის ადამიანის მისწრაფება იმისაკენ, რომ ყველაფერში ნახო საგებლობა, გამორჩენა. აქედან გამომდინარე, უტილიტარისტი არის  

 

უტოპისტი არის მეოცნებე, ფანტაზიორი ადამიანი, რომლის ოცნებების საგანი განუხორციელებელი და არარეალურია. ამდენად, უტოპია არის

   
 

შინაარსი 

4. ანალიტიკური მსჯელობა

6. პრობლემის ანალიზი