ქეთევან გოჩიტაშვილი,  გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

4. ანალიტიკური მსჯელობა

შინაარსი

ექსტი შეიძლება იყოს როგორც ინფორმატიული, ისე მსჯელობის შემცველი. ინფორმატიულ ტექსტში წარმოდგენილია ესა თუ ის ინფორმაცია და აქვს თხრობითი, ნარატიული ან აღწერითი, დამარწმუნებელი ხასიათი. აქ ნაკლებად ჩანს შეფასებები, ავტორისეული დამოკიდებულება, საკითხის ანალიზი და ლოგიკური განვითარება. მსჯელობის შემცველ ტექსტში კი, ინფორმაციასთან ერთად, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს მსჯელობა, შეფასება, ანალიზი, საკითხის განვითარება, დასკვნა, შედარება, ანალოგები, პერსპექტივა, მოსალოდნელი შედეგები, პრობლემის გადაჭრის გზები და ა. შ. აუცილებელია ნებისმიერი ელემენტის ჩართვა, რომელიც მსჯელობის განვითარებას წარმოაჩენს.

ინფორმაციის მსჯელობის სახით წარმოდგენისათვის დაგეხმარებათ კონკრეტული ენობრივი კლიშეები. გარდა ამისა, ტექსტში შესაძლოა ჩაემატოს გარდამავალი აბზაცები ან წინადადებები, რომლებიც აზრებს ლოგიკურად დააკავშირებს ერთანეთს. ამავე დროს, შესაძლებელია დაუკავშიროთ ერთმანეთს მარტივი წინადადებები და მიიღოთ რთული წინადადება.

 

 

 

 

 

!

 

ენობრივი კლიშეები:

ფაქტის დადასტურება, პოზიტიური ვარაუდის გამოთქმა:

ამგვარად...  აქედან გამომდინარე... თუმცა...  მიუხედავად იმისა, რომ..., შესაბამისად... შედეგად... დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ... ამ არგუმენტების გათვალისწინებით... ზემოთქმულის მიხედვით... როგორც მოვლენები განვითარება მიგვანიშნებს... ლოგიკურად მივდივართ შემდეგ დასკვნამდე... წინასწარი დაკვირვება გვაფიქრებინებს... მოსამზადებელი სამუშაოები შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა... როგორც ცნობილია... გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით... საყოველთაოდ ცნობილია... ეჭვგარეშეა, რომ... მიჩნეულია, რომ...

 

ფაქტის უარყოფა, ეჭვების გამოთქმა:

საეჭვოა, რომ...  კამათი მიმდინარეობს... საკამათოა... არ არის დაზუსტებული... აღნიშნული ინფორმაცია ალოგიკურია... არაადეკვატურადაა შეჯამებული საკითხი, რადგან...  ვერ გავიზიარებთ, რადგან... არ არის ლოგიკური კავშირი ტექსტში მოყვანილ მოსაზრებებს შორის... სადავოა, რადგან... მოცემული ინფორმაცია წინააღმდეგობრივია, რადგან...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  მაგალითი:

 

 

პირველ შემთხვევაში მოცეულია ინფორმატიული ტექსტი. თუ მას დავუმატებთ სპეციალურ მაკავშირებულ სიტყვებს, გამოთქმებს, წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტი ანალიტიკური მსჯელობის სახეს მიიღებს. თვალსაჩინოებისათვის მეორე ტექსტში ამგვარი სიტყვები და წინადადებები მუქი შრიფტით არის წარმოდგენილი.

ინფორმაციული ტექსტი:

 

არსებობენ თუ არა კონფლიქტური ადამიანები? რაში ეხმარება ადამიანს კონფლიქტი და როდის უნდა ჩაერიოს კონფლიქტში მესამე პირი?

კონფლიქტი არის ინტერესთა და პოზიციათა დაპირისპირება. კონფლიქტი მიმდინარეობს ცნობიერად ან არაცნობიერად ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე. კონფლიქტი ყველა ჩვენგანის თანამდევია. ყველაზე უკონფლიქტო ადამიანიც კი, შესაძლოა, აღმოჩნდეს დაპირისპირების მონაწილე. ადამიანმა უნდა შეძლოს კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავება, ემოციების კონტროლი და კონფლიქტების მართვა.  კონფლიქტი ყოველთვის არ ნიშნავს ნეგატიურს და, შესაძლოა, მას დადებითი შედეგიც ჰქონდეს. ადამიანი ძლიერდება, იძენს გამოცდილებას და მზად არის, გაუმკლავდეს შემდგომ წინააღმდეგობებს.

 

მსჯელობითი ტექსტი:

 

პირველ რიგში, კარგად უნდა გავიაზროთ პრობლემა და ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: არსებობენ თუ არა კონფლიქტური ადამიანები? რაში ეხმარება ადამიანს კონფლიქტი და როდის უნდა ჩაერიოს კონფლიქტში მესამე პირი? ეს არის საკითხი, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია. უნდა განვსაზღვროთ, თუ რა იგულისხმება ცნებაში კონფლიქტი. ტრადიციული განმარტების თანახმად, კონფლიქტი არის ინტერესთა და პოზიციათა დაპირისპირება, რომელიც მიმდინარეობს ცნობიერად ან არაცნობიერად ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე. კონფლიქტი ყველა ჩვენგანის თანამდევია, რადგან ყველაზე უკონფლიქტო ადამიანიც კი, შესაძლოა, აღმოჩნდეს დაპირისპირების მონაწილე. აქედან გამომდინარე, ადამიანმა უნდა შეძლოს კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავება, ემოციების კონტროლი და კონფლიქტების მართვა.  გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი ყოველთვის არ ნიშნავს ნეგატიურს და, შესაძლოა, მას დადებითი შედეგიც ჰქონდეს. რაში გამოიხატება ეს? ადამიანი ძლიერდება, იძენს გამოცდილებას და მზად არის, გაუმკლავდეს შემდგომ წინააღმდეგობებს. შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანისათვის ნებისმიერი პოზიტიური თუ ნეგატიური გამოცდილება მისი ბიოგრაფიის განუყრელი ნაწილია, ამდენად, ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ  მიღებულ გაკვეთილებს მომავალში. 

 

 შეადარეთ ზემოთ მოყვანილი ერთი და იმავე შინაარსის ორი ტექსტი და იპოვეთ განსხვავებები. პირველ შემთხვევაში ტექსტს აქვს თხრობითი, ნარატიული სახე და უბრალოდ გვაწვდის ინფორმაციას, მეორე შემთხვევაში კი წარმოდგენილია მსჯელობა, პრობლემის ანალიზი.

 

 

დავალება:

 

დახვეწეთ მოცემული ტექსტი. საჭიროების შემთხვევაში ჩაამატეთ გარდამავალი ფრაზები, აბზაცები, მოკლე  შესავალი, დასკვნა. გადააბით წინადადებები დამხმარე ენობრივი საშუალებებით. ტექსტი დაასათაურეთ.

ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ენით, კულტურითა და რელიგიით. ადამიანები განსხვავდებიან ფიზიკურად (სხეულებრივად). ფიზიკურად (სხეულებრივად) ორი ერთმანეთის სავსებით მსგავსი ადამიანი არ არსებობს და არც შეიძლება იყოს.  ადამიანის ფიზიკურ ტიპს, მის ცვლილებებს, ან, როგორც მას უწოდებენ, ფიზიკური ტიპის ვარიაციებს, სწავლობს მეცნიერება ანთროპოლოგია. ადამიანთა განსხვავებულ ფიზიკურ ტიპებს რასები ეწოდება.

ადამიანთა რასები არის ხალხთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფები. ეს ჯგუფები ერთმანეთთან დაკავშრებულები არიან წარმომავლობით. ეს გამოიხატება მემკვიდრეობითი და ფიზიოლო­გიური ნიშნებით.  ყველა ძირითადი მორფოლოგიური, ფიზი­ოლო­გიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით ადამიანთა რასებს შორის მსგავსება დიდია, განსხვავება კი გამოხატულია შედარებით მცირე ნიშნებით. ნებისმიერი რასის ქორწინების შედეგად იბადება სრულიად სიცოცხლისუნარიანი და ნაყოფიერი შთამომავლობა. ანთროპოლოგიის, პრიმატოლოგიისა და პალეონტოლოგიის მონაცემები ადასტურებს, რომ ადამიანთა ყველა რასა მომდინარეობს ერთი ან რამდენიმე ახლოს მდგომი ნამარხი ჰომინიიდან.

ნეგროიდებისთვის დამახასიათებელია ხუჭუჭი შავი თმა, თაფლისფერი თვალები, სუსტად ან საშუალოდ განვითარებული მესამეული თმის საფარი, ზომიერად გამოწეული ღაწვის ძვალი. ნეგროიდებს აქვთ ძალიან მუქი კანი. სახე აქვთ ვიწრო და დაბალი. ნეგროიდული ტიპი გამოირჩევა საკმაოდ განიერი ცხვირით, ზოგჯერ სიგანე სიმაღლის ტოლია. თვალები აქვთ ფართოდ გახსნილი, განლაგებული ჰორიზონტალურად, როგორც ევროპელებს.

ევროპეიდები გამოირჩევიან სხვადასხვა შეფერილობის ტალღოვანი და სწორი რბილი თმებით. აქვთ ღია ან შავგვრემანი კანი. ევროპეიდებს მესამეული თმის საფარი ძლიერ განვითარებული აქვთ, კერძოდ, მამაკაცებში – წვერი. დამახასიათებელია ღაწვის ძვლის სუსტად ან საშუალოდ გამოწევა, ყბაც უმნიშვნელოდაა წინ წამოწეული.

ზოგიერთი ანთროპოლოგი ამ ორ რასას ერთ – ურალოლაპონოიდურ – რასაში აერთიანებს, რომლის თავისებურებანი უფრო იშვიათი ფორმებით გამოხატულია უდმურტებში, მარიელებში, მორდოველთა ზოგიერთ ჯგუფში. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ურალური რასის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღო ძველი მონგოლოიდური რასის დეპიგმენტირებულმა პოპულაციამ.

მონგოლოიდებისათვის დამახასიათებელია სწორი, ხშირად უხეში მუქი თმა და მესამეული თმის საფარის სუსტად განვითარება, კანის მოყვითალო შეფერილობა, თაფლისფერი თვალები, შემჭიდროებული სახე ძლიერად გამოწეული ღაწვის ძვლებით, დაბალი და საშუალო სიგანის ცხვირი.

ევროპის მოსახლეობა, საამების გამოკლებით, მთლიანად მიეკუთვნება ევროპეიდულ რასას. ევროპის მოსახლეობის 17% მიეკუთვნება ჩრდილო ევოპეიდულს, 32% – სამხრეთულს და ნახევარზე ოდნავ მეტი –  გარდამავალ და შავევროპულ ფორმებს.

 

 

დავალება:

 

დახვეწეთ მოცემული ტექსტი. საჭიროების შემთხვევაში ჩაამატეთ გარდამავალი ფრაზები, აბზაცები, მოკლე  შესავალი, დასკვნა. გადააბით წინადადებები დამხმარე ენობრივი საშუალებებით. ტექსტი დაასათაურეთ.

 

ჯერ კიდევ თხუთმეტიოდე წლის წინ ახალგაზრდა ქალის დახასიათებისას გაბატონებული წარმოდგენა ასეთი იყო: ოჯახური კავშირი, დამოკიდებულება მეუღლეზე, შვილებზე ზრუნვა, სახლის მოვლა. კოლექტიური ცნობიერებისათვის ჩვეული იყო ოცნების მამაკაცის ლოდინში მყოფი ახალგაზრდა ქალის ხატი.

სამსახურებრივი თუ საზოგადოებრივი აქტივობა მეორად დატვირთვას ატარებდა. დიასახლისის მოვალეობები პირველადი მნიშვნელობისა იყო. გამონაკლისს წარმოადგენდა დამოუკიდებელი, აქტიური ქალი, ლიდერის თვისებებით.

თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ პორტრეტმა მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა.   ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ქალის სრულიად განსხვავებული სოციალური როლი. ამ როლში წამყვანი მნიშვნელობა ფინანსურ დამოუკიდებლობას ენიჭება. სამსახურებრივი მდგომარეობა და შემოსავალი მისი ფასეულობების ქვაკუთხედია და ამ უკანასკნელთან მჭიდროდაა დაკავშირებული ყოველდღიური დაძაბული საქმიანობა. რა გახდა ამის მიზეზი? უმუშევრობამ და შემოსავლის დაკარგვამ მამაკაცის თვითშეფასებასა და რეპუტაციას მძიმე დარტყმა მიაყენა. ამან ქალს საშუალება მისცა, ოჯახზე პასუხისმგებლობა და ლიდერის როლი ეტვირთა. ქალისათვის ადაპტაციის განსხვავებული მანერაა დამახასიათებელი და საქმიანობის მკვეთრად შეცვლილ პირობებში მან უფრო იოლად შეძლო საკუთარი ადგილის პოვნა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისეთი ტიპის სამუშაო ადგილების შექმნამ, რომლებიც ადრე არ არსებობდა, ოფისის მენეჯერი, ბანკის ან სადაზღვეო კომპანიის ოპერატორი, ცხელი ხაზის თანამშრომელი, თარჯიმანი და სხვა. ქალისთვის ამგვარი დასაქმება უფრო მისაღები გახდა. მუშაობის პროცესში ქალები შესაბამის უნარ-ჩვევებს იძენდნენ, უცხო ენას ეუფლებოდნენ, სწავლას აგრძელებდნენ და ახალ პროფესიებს იძენდნენ. მრავალმა მათგანმა წარმატებული კარიერა შეიქმნა. დიდ კომპანიებში ახალგაზრდა ქალების კარიერის მრავალი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. მომხდარ გარდაქმნას და ახალი სოციალური როლის ჩამოყალიბებას მრავალი მიზეზი ჰქონდა. რადიკალურად შეიცვალა ქალის ადგილი სოციალურ სტრუქტურებში.

 

 

 

დავალება:

 

დახვეწეთ მოცემული ტექსტი. საჭიროების შემთხვევაში ჩაამატეთ გარდამავალი ფრაზები, აბზაცები, მოკლე  შესავალი, დასკვნა. გადააბით წინადადებები დამხმარე ენობრივი საშუალებებით. ტექსტი დაასათაურეთ.

 

ონლაინ სასურსათო მაღაზიას, როგორც საოჯახო შესყიდვების ახალ შესაძლებლობას, თანამედროვე საქმიანი ადამიანებისა და მოვაჭრეებისათვისაც ბევრი უპირატესობა აქვს. მომხმარებლისათვის ონლაინ მაღაზია ყიდვის ადვილი და მოსახერხებელი საშუალებაა. შესაძლებელია პროდუქტის იოლად მოძებნა, სხვადასხვა მომწოდებლის პროდუქტის შედარება, პროდუქტის სახლში მიღება. შეიძლება, დაზოგოთ დრო და ენერგია. საცალო მოვაჭრეებისათვის გაყიდვის ეს სახე მომხმარებლის მოპოვების და ფართო ასორტიმენტის შეთავაზების ახალი და მოხერხებული საშუალებაა. მიუხედავად ბაზარზე შესვლის სირთულისა, სულ უფრო მეტი მოვაჭრე მიმართავს ამ ფორმას.

 

 

დავალება:

 

Lპროფ. ვარენ ბენისმა 1951 წელს თავის კვლევაში წარმოადგინა თანამედროვე მმართველის  ექვსი თვისება. წარმოგიდგენთ ამ თვისებების ჩამონათვალს და ვრცელ ინფორმაციას თითოეული მათგანის შესახებ. აქციეთ მოყვანილი ინფორმაცია მსჯელობით ტექსტად თქვენთვის ნაცნობი ენობრივი კლიშეების მეშვეობით:

 

1.   წესიერება;

2.   ერთგულება;

3.   კეთილშობილება;

4.   ჰუმანურობა;

5.   ღიაობა;

6.   შემოქმედებითობა.

 

 

წესიერება:

 წესიერება იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ნათქვამი და ქმედებები ერთმანეთს შეესაბამება. ეს გულისხმობს ღირებულებების ერთგულებას, მაშინაც კი, როცა ალტერნატიული გზა უფრო იოლია ან სარგებლის მომტანი.

 ამ თვისების მქონე ხელმძღვანელი ძალიან საიმედოა და მისი ერთგულება ღირებულებების მიმართ დასაფასებელია. ისინი ხდებიან მიბაძვის ობიექტები ხალხისათვის.

 

ერთგულება:

 ერთგულება გულისხმობს იმას, რომ პიროვნება მზად არის, განუსაზღვრელი დრო და ენერგია დაუთმოს სამუშაოს შესრულებას, უფრო ზუსტად, მთელი თავისი დრო სამსახურს მოახმაროს.

ხელმძღვანელი თანამდებობის პირისათვის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით ცნება, თუკი ამის დრო გაქვთ,  არ არსებობს. მან მთელი თავისი არსება უნდა მიუძღვნას სამუშაოს, წარმატების მოპოვებას და სხვებსაც მისცეს მაგალითი.

 

კეთილშობილება:

კეთილშობილი პიროვნება ამჟღავნებას ნდობას იქ, სადაც ეს საჭიროა. კეთილშობილება ნიშნავს იმას, რომ პიროვნება სულგრძელია დამარცხების შემთხვევაშიც კი და იმათაც, ვინც დამარცხებულია, აძლევს ღირსების შენარჩუნების საშუალებას.

კეთილშობილება ხელმძღვანელობაში გულისხმობს წარმატების დროს ადამიანების პატივისცემას, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში - პასუხისმგებლობის გაზიარებას.

 

ჰუმანურობა:

 ჰუმანურობა ქედმაღლობისა და ნარცისიზმის საწინააღმდეგო ცნებაა. ეს იმის გაცნობიერებაა, რომ არსობრივად თქვენ სხვაზე უპირატესი არა ხართ და, შესაბამისად, სხვებიც არ არიან თქვენზე უარესები. ეს არ ნიშნავს, რომ თავი უნდა დაიმციროთ ან გადამეტებულად შეაფასოთ.

ჰუმანური ხელმძღვანელები არ ამცირებენ საკუთარ შესაძლებლობებს არც ტყუილით და არაზუსტი შეფასებით და არც საკუთარი თავის უპატივცემულობით. ისინი ყველა ადამიანს მიიჩნევენ თანასწორად და აცნობიერებენ, რომ თანამდებობა არ განაპირობებს მათ ღირსებას.

 

ღიაობა:

ღიაობა ნიშნავს იმას, რომ პიროვნება მზად არის, მოისმინოს სხვისი მოსაზრებები, იმის მიუხედავად, რომ ისინი განსხვავდება მისი შეხედულებისაგან.

ღია მმართველები უსმენენ თავიანთ ხელქვეითებს და არ აჩერებენ მათ დროზე ადრე, რაც, სულ მცირე, გამოხატავს მოსაუბრის მიმართ პატივისცემას და ხელს უწყობს ნდობის გაჩენას. ღია ხელმძღვანელები სხვების მოსაზრებებს განიხილავენ, როგორც პოტენციურად საკუთარ იდეებზე უკეთესს. ალტერნატივას კი მოიაზრებენ, როგორც უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას.

 

შემოქმედებითობა

 შემოქმედებითობა ნიშნავს განსხვავებულად აზროვნების უნარს, შესაძლებლობას, რომ გახვიდე შემოსაზღვრული ფარგლების გარეთ და მიიღო ამა თუ იმ მოვლენასა და ფაქტთან დაკავშირებული განსხვავებული თვალსაზრისი. შემოქმედებითი ადამიანები ხედავენ ახალ მომავალს, პერსპექტივებს და მიუძღვებიან სხვებს ამ მომავლისაკენ. შემოქმედებითობა საშუალებას აძლევს ადამიანებს,  დაინახომოვლენები განსხვავებულ ჭრილში, მიიღონ გამოწვევები და, ამავე დროს, სხვებსაც გაუღვივონ მოტივაცია, აიყოლიონ და ჩართონ კონკრეტულ განსხვავებულ აქტივობებში.

 

შინაარსი 

3. როგორ დავიწყოთ წერა?

5. კონკრეტული და განზოგადებული ინფორმაცია