ქეთევან გოჩიტაშვილი,  გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

3. როგორ დავიწყოთ წერა?

შინაარსი

 როგორც აღვნიშნეთ, კრიტიკული/ანალიტიკური აზროვნების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა არის კრიტიკული წერა. ანალიტიკური წერისას მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ტექსტის დანიშნულება არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება. ანალიტიკური წერა შეფასების ერთგვარი ფორმაა, რომელიც წარმოადგენს ავტორის პოზიციას, დაფუძნებულს როგორც ტექსტში მოცემულ კონკრეტულ ფაქტებზე, ასევე თქვენ მიერ ჩატარებულ ანალიზზე.  კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტექსტი კრიტიკული თვალსაზრისით უნდა წაიკითხოთ, ანუ განსაზღვროთ:

 

  • რა ტიპის ტექსტთან გვაქვს საქმე;

  • რა ძირითადი იდეებია წამოჭრილი ტექსტში;

  •  რა გავლენას ახდენს მკითხველზე;

  • გამოკვეთილია თუ არა ავტორის პოზიცია;

  • რა გზებით მიიღწევა ეს ეფექტი;

  • რა მიზანი ჰქონდა ავტორს და მიაღწია თუ არა თავის ამოცანას;

  • იმ შემთხვევაში, თუკი ავტორმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, რამ შეუშალა მას ამაში ხელი;

  • ტექსტი არგუმენტირებულია თუ არა (საკმარისი რაოდენობისა და სიძლიერის არგუმენტებია ჩამოალიბებული თუ არა; მრავალფეროვანია თუ არ არგუმენტები);

  • მოცემულია თუ არა კონკრეტული დასკვნები ან თუ იძლევა საშუალებას, ჩვენ თვითონ მივიდეთ დასკვნამდე;

  • ტექსტში ინფორმაცია პირდაპირ, ღიად ჩანს თუ ქვეტექსტურადაა ნაგულისხმევი;

  • რა ინფორმაციაა ტექსტში და რა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლევა იგი? უნდა გაიმიჯნოს ტექსტის ინფორმაცია და თქვენეული ანალიზი;

  • როგორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ტექსტი;

  • რამდენად გამართულია ტექსტი ლოგიკური თანამიმდევრობის თვალსზრისით.

 

შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემისა და მათი წერილობითი ფიქსაციის შედეგად ვიღებთ ანალიტიკურ ტექსტს.

იმისათვის, რომ ტექსტმა ანალიტიკური მსჯელობის სახე მიიღოს, გამოიყენეთ ენობრივი კლიშეები ცალკეული წინადადებებისა და აბზაცების დასაკავშირებლად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

!

 

ენობრივი კლიშეები:

 

ტექსტის ეკუთვნის...

ტექსტის ავტორია...

ტექსტი ეხება აქტუალურ პრობლემებს...

ტექსტში აღწერილი საკითხი მნიშვნელოვანია.... თვალსაზრისით...

ტექსტში გადმოცემული პრობლემატიკა საინტერესოა...

ჩვენი აზრით, ავტორმა დამაჯერებლად გადმოგვცა...

ვფიქრობთ, ავტორის მიზანი ცალსახაა...

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი საინტერესოა, ბოლომდე არაა გამოკვეთილი ავტორის მიზანი...

მართალია, ტექსტი საინტერესოდ იკითხება, მაგრამ ლოგიკური მსჯელობა ხანდახან ბუნდოვანია...

პრობლემა აქტუალურია და საჭიროებს მეტ ყურადღებას...

პრობლემის გასაანალიზებლად აუცილებელია...

საკითხის დასმას სათანადო მიდგომა სჭირდება...

ავტორი სათქმელს პირდაპირ გადმოგვცემს...

ავტორი თავს არიდებს თავისი სათქმელის ღიად გადმოცემას..

ავტორი არჩევს სათქმელის არაპირდაპირ გადმოცემას...

ავტორს მკითხველი ნელ-ნელა მიჰყავს დასკვნამდე...

გულდასმით წაკითხვის შემდეგ შეიძლება მივიდეთ შემდეგ დასკვნამდე...

განხილული პროცესები/მოვლენები საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას/ძალისხმევას მოითხოვს...

ამ შედეგებამდე მივყავართ შემდეგ ფაქტორებს...

 

გთავაზობთ ტექსტისა და მისი მოკლე ანალიზის ნიმუშს ანალიტიკური წერის პრინციპების გათვალისწინებით (ზემოთ მოყვანილი კითხვების მიხედვით):

 

  მაგალითი:

 

 

 

ტექსტი:წიგნი თუ კომპიუტერი? 

 

პლატონს ფედროსის დასასრულს ასეთი მაგალითი მოჰყავს: დამწერლობის სავარაუდო გამომგონებელი, ჰერმესი, ფარაონს უჩვენებს თავის აღმოჩენას: ეს გამოგონება ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, დაიხსომონ ის, რაც სხვაგვარად დავიწყებას მიეცემოდა. ფარაონი უკმაყოფილოა: მოხერხებულო ტოტ, მეხსიერება საოცარი ნიჭია, მას შენარჩუნება უნდა. შენი გამოგონების წყალობით ადამიანებს მეხსიერება დაუჩლუნგდებათ.

ამაში დავეთანხმოთ ფარაონს. როგორც ყველა ახალი ტექნიკური საშუალება, წერაც ადუნებს ადამიანს. მაგალითად, ავტომობილი ვნებს ფეხით სიარულს, წერა სახიფათოა, რადგან ადამიანებს სთავაზობს გაქვავებულ სულს, მინერალურ მეხსიერებას.

ცხადია, დეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის, რადგან ადამიანები დარწმუნდნენ, რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს, არამედ აწრთობს, ძალას მატებს. მე-15 საუკუნეში, როცა ვიქტორ ჰიუგოს პარიზის ღვთისმობლის” ტაძარში მოთხრობილი ამბები ხდებოდა, წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო. მაშინ ადამიანთა სულიერი აღზრდისათვის ძირიადად ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ. წიგნს კი შედარებით უნდობლობით ეკიდებოდნენ. ადამიანი ღმერთს არ დააშოროს, ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ გაუღვივოსო. ამიტომაც მიუთითა ჰიუგოს რომანის პერსონაჟმა, აბატმა კლოდ ფროლომ, ჯერ წიგნზე, შემდეგ ტაძარზე და ბრძანა: ეს (წიგნი) მოკლავს ამას (რწმენას).

ახლა უკვე ვითარება შეიცვალა და თვით წიგნს გამოუჩნდნენ კონკურენტები. ჯერ ფოტოგრაფიული გამოსახულება ამოძრავდა და კინოხელოვნება გაჩნდა, შემდეგ კი ტელევიზორმა დაიპყრო ქვეყანა. ამიტომაც ახლა ადამიანთა შიში წიგნის მომავალს დაუკავშირდა. დღეს ჯერ კომპიუტერზე მიუთითებენ, შემდეგ წიგნზე და კვლავ იმ ფრაზას იმეორებენ: ეს მოკლავს ამას! ნუთუ მართლა ასე უნდა მოხდეს?

აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: არსებობს ორგვარი წიგნი: საკითხავი და საცნობარო. პირველს, ჩვეულებისამებრ, თავიდან ბოლომდე მიყოლებით კითხულობენ და იკვლევენ. მეორეს (ცნობარებს, ენციკლო­პედიებს) ხანგამოშვებით მიაკითხავენ, რათა იქიდან საჭირო ცნობები ამოკრიბონ. კომპიუტერს შეუძლია მეორე სახის წიგნი შეცვალოს, მაგრამ პირველს ვერ შეცვლის. როცა ადამიანი 10-12 საათის განმავლობაში უზის კომპიუტერს და დაღლილობისაგან ლამის თვალები გადმოსცვივდეს, ბუნებრივია, სავარძელში მოხერხებულად მოკალათებისა და საყვარელი ლექსის ან მოთხრობის გადაკითხვის სურვილი გაუჩნდეს.

კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა. კომპიუტერს შეუძლია ათასგვარი ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ წიგნის შეცვლა მას არ შეუძლია.

არსებობს ერთი საგულისხმო დაკვირვება. ძველი ებრაული კულტურა წიგნს ეფუძნებოდა. ეს იმიტომ, რომ იმ დროს ებრაელები მომთაბარეები იყვნენ და თავიანთი წიგნიერი ცოდნა თან უნდა ეტარებინათ. მათგან განსხვავებით, ეგვიპტელნი საკუთარ ისტორიას ქვის ობელისკებზე კვეთდნენ. ბიბლიურ მოსეს ეს არ შეეძლო. ვისაც უდაბნოში დიდი გზა აქვს გასავლელი, მან თავისი სიბრძნე ნაწერის სახით უნდა წაიღოს.

კომპიუტერის გამოგონებით ადამიანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა. მას შეუძლია სურვილისამებრ ცვალოს და შეავსოს ტექსტები, მაგრამ მთავარი მანქანა, რომელიც ურიცხვი ტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა, ათასწლეულების წინ არის გამოგონილი და მას ანბანი ეწოდება.

ჭეშმარიტი თავისუფლების მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა გამოიაროს სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული გაკვეთილები. ამ არაჩვეულებრივ ცოდნას კი მხოლოდ წიგნები იძლევა.

 

 

ანალიზი:

  

  • ეს არის ცნობილი იტალიელი მეცნიერისა და ესეისტის, თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნის, უმბერტო ეკოს, ესე, პუბლიცისტური ტექსტი და ეხება დღევანდელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ საკითხს: შეცვლის თუ არა კომპიუტერი წიგნს.

  • ·ტექსტში წამოჭრილია რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა:

 

1.  ადამიანების შიში სიახლეების მიმართ;

2.  წიგნი და მისი მნიშვნელობა;

3.  კომპიუტერი, როგორც კაცობრიობის უახლესი აღმოჩენა და მისი მნივნელობა;

4.  წიგნიერების გაქრობის უსაფუძვლო შიში.

 

  • ავტორის პოზიცია ცალსახად არის გამოკვეთილი. ის აცნობიერებს კომპიუტერის მნიშვნელოვან როლს თანამედროვე სამყროში, თუმცა კარგად აქვს გააზრებული, რომ წიგნის სრულ ალტერნატივად ის არ შეიძლეა იქცეს.

  • ავტორი ცდილობს თავისი მსჯელობა წარმართოს ცნობილ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით და, ამავე დროს, თანამედროვე საზოგადოების გამოცდილებასაც გვიზიარებს, რაც დამაჯერებელს და ადვილად აღსაქმელს ხდის როგორც მის მსჯელობას, ისე მთლიანად ტექსტს.

  • ავტორის მსჯელობა გამყარებულია არგუმენტებით. ამ თვალსაზრისით უკმარისობის გრძნობა მკითხველს არ რჩება.

  • კონკრეტულ შემთხვევაში ავტორის მიზანი არის, გააბათილოს საზოგადოების შიში, რომ წიგნი, უდიდესი კულტურული ფასეულობა, ვერ შეინარჩუნებს თავის ადგილს კაცობრიობის განვითარებაში.

  • შეიძლება ითქვას, რომ ავტორმა მიაღწია თავის მიზანს, ნათლად და მკაფიოდ გადმოგვცა თავის პოზიცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უმბერტო ეკოს პოზიციას ყველა გაიზიარებს, შესაძლებელია საპირისპიროს მტკიცებაც.

  •  როგორც აღვნიშნეთ, ლოგიკური გამართულობის თვალსაზრისით, ტექსტი თანმიმდევრულია, აბზაცები აზრობრივად უკავშირდება ერთმანეთს, დასკვნები ადეკვატურია და გამომდინარეობს მსჯელობიდან.  

 

 

 რა თქმა უნდა, ეს არ არის კრიტიკლი ესეს საბოლოო სახე. მას აქვს მონახაზის ფორმა, ხოლო როგორ ვაქციოთ თქვენი პირველი ვარიანტი დასრულებულ წერილობით ნაშრომად, ამას ეტაპობრივად ვისწავლით.

 

ანალიტიკური წერის ეტაპები

 ანალიტიკური წერისას ეფექტური წერილობითი ნამუშევრის მისაღებად აუცილებელია რამდენიმე ეტაპის გავლა. თითოეული მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და ავტორისაგან მოითხოვს გულდასმით დამუშავებასა და სათანადო ყურადღებას. გთავაზობთ ზოგად სქემას, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით წერის პროცესის თანმიმდევრობაზე:

                   

                

 დავალება:

 

 ქვემოთ მოცემულია ადამიანის სხვადასხვა კომუნიკაციური ტიპისათვისთვის დამახასიათებელი თვისებები K(დოქტორ ტონი ალესანდრასა და დოქტორ მაიკლ Oო კონერის პლატინის წესების” მიხედვით). მოყვანილი ნიმუშის მიხედვით, რომელიც მოაზროვნის კომუნიკაციურ ტიპს აღწერს, თქვენ თვითონ შექმენით ჩამოთვლილი თვისებების გამოყენებით პერსონაჟების სათანადო პორტრეტები.  

 

 

მოაზროვნე

 

  • შემფასებელი;

  • აფასებს დეტალებს და მისთვის მნიშვნელოვანია, იყოს მართალი;

  • დაწვრილებით გეგმავს ყველაფერს მოქმედების დაწყებამდე;

  • ურჩევნია მარტო მუშაობა;

  • ინტროვენტია. სწრაფად ფიქრობს და დინჯად გამოთქვამს აზრებს;

  • პირადი საკითხები სააშკარაოზე არ გამოაქვს;

  • კარგად ორგანიზებულია, მაშინაც კი, თუ სპონტანურად გეგმავს რამეს!

  • ახასიათებს მშვიდი, ლოგიკური მიდგომები;

  • ახასიათებს განსჯის უნარი. მისი აზრით, არ არსებობს  საკითხი, რომელიც დაფიქრებად არ ღირდეს;

  •  იდეაზე ორიენტირებულია.

 

ანა სიტუაციას კრიტიკულად აკვირდება, არ ჩქარობს დასკვნების გამოტანას და წვრილმანი დეტალებიც არ რჩება ყურადღების მიღმა. აც არ უნდა რთული იყოს მის მიერ შესასრულებელი სამუშაო, ის არ კარგავს ონტროლს, მოთმინების უნარს და ყოველთვის რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს. Nანა საკმაოდ დიდ კომპანიაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს. მას ავალია ბაზრის შესწავლა, ანალიზი და სამუაო სტრატეგიების დასახვა რისკფაქტორების გათვალისწინებით. ანას ხშირად უდება შეზუდულ დროში გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამ ვიარებაშიც კი ობიექტურია და სწორად სახავს სამუშაო გეგმას. Nანა უპირატესობას ანიებს ინდივიდუალურ მუშაობას, თუმცა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია, რომ  გუნდური მუშაობის უნარებიც გამოემუშავებინა.   

 

მხარდამჭერი/დამაკავშირებელი

 

  • ამყარებს ჰარმონიას ურთიერთობებში;

  • აფასებს სტაბილურ ვითარებასა და ურთიერთობებს;

  • რთულად იღებს გადაწყვეტილებეს; არ უყვარს ცვლილებები;

  • ქმნის მეგობრების ქსელებს (მეგობრულ კავშირებს) სამუშაოს შესასრულებლად;

  • კარგი მსმენელია; შემწყნარებელია განსხვავებული აზრის მიმართ; ანგარიშს უწევს სხვების გრძნობებს;

  • იოლი საურთიერთო და დინჯია;

  • მეგობრული და მგრძნობიარეა. ყველა უყვარს;

  • ურთიერთობებზეა  ორიენტირებული.

 

პრომოუტერი/სოციალური ურთიერთობების შემქმნელი

 

  • შეუძლია სხვების გართობა;

  • აფასებს  სხვებისთვის  სიამოვნების მინიჭებასა და დახმარებას;

  • სავსეა იდეებით და იმპულსურად ახორციელებს მათ;

  • ცდილობს, რომ ყველას ასიამოვნოს;

  • კარგი მოსაუბრეა და გახსნილი; აინტერესებს სხვების აზრები;  ხშირად მიმართავს ბრეინტორმინგს;

  • მოქნილია. არ უყვარს რუტინა;

  • ახასიათებს ინტუიციური, შემოქმედებითი, სპონტანური, ცხადი  მიდგომები;

  • ოპტიმისტია. მისი აზრით, არ არსებობს უიმედო მდგომარეობა;

  • დღესასწაულებზე ორიენტირებული.

 

კონტროლიორი/დირექტორი

 

  • მბრძანებელი;

  • აფასებს სამუშაოს შესრულებას;

  • შეუძლია მნიშვნელოვანი რისკის გაწევა;

  • შეუძლია სამუშაოს დელეგირება(გადანაწილება);

  • მორცხვი არ არის, მაგრამ პირადი საკითხების გამოაშკარავება არ უყვარს. საუბრობს მკაცრად;

  • უყვარს იქ ყოფნა, სადაც მოქმედებაა;

  • იღებს პასუხისმგებლობას, ინიციატივიანია, კონკურენტუნარიანი, ახასიათებს ეფექტური მიდგომები;

  • უშიშარი. არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც არ შეიძლება;

  • შედეგზე ორიენტირებულია.

 

 

 დავალება:

 

თქვენ წინაშე მოცემულია, ერთი მხრივ, სამსჯელო საკითხები, რომლებიც ავითარებს ერთ მოსაზრებას, მეორე მხრივ, წარმოდგენილია მინიშნებები, რომლებიც გამომდინარეობს ამ აბზაცებიდან და დაგეხმარებათ მსჯელობის განვითარებაში.

 

1.      დავალება:  მოცემული მინიშნებების მიხედვით შექმენით ტექსტი, დაუკავშირეთ სამსჯელო საკითხებში მოცემულ ინფორმაციას.

2.    დავალება: გააერთიანეთ ცალკეული ნაწილები და მიეცით ტექსტს ერთიანი სახე.

 

 

სამსჯელო საკითხი:

 საზოგადოება ზოგჯერ თავის თავზე იღებს მისი ცალკეული წევრების პრობლემების გადაჭრას და ართმევს პიროვნებას უფლებას, იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე, გადაწყვეტილებებზე, თავად დაგეგმოს თავისი მომავალი და მიჰყვეს თავის ინიციატივებს კვალდაკვალ.

 

მინიშნება:

  • მაგალითები პირადი გამოცდილებიდან;

  • მაგალითები ოჯახური გარემოდან;

  • მაგალითები მხატვრული ლიტერატურიდან/კინოფილმებიდან;

  • მაგალითები ისტორიიდან და ა. შ.

 

სამსჯელო საკითხი:

 კაცობრიობის გამოცდილება გვასწავლის, რომ სჯობს ადამიანს „თევზის ჭერა ასწავლო, ვიდრე პირდაპირ თევზი მისცე და ერთხელ დააპურო“.

 

მინიშნება:

 რა პიროვნული თვისებები და უნარები უყალიბდება ადამიანს, როდესაც თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და თვითონ არის თავის პატრონი.

 

სამსჯელო საკითხი:

 პაპიუს  XI თავის ენციკლიკაში აცხადებს: „სოციალური ფილოსოფიის ქვაკუთხედი, პრინციპი, რომელიც უცვლელი  და მარადიულია, ისაა, რომ ადამიანს არ უნდა წაართვა უფლება და არ უნდა მისცე საზოგადოებას იმის საშუალება, რომ  გააკეთოს ის, რის გაკეთებაც თავად ამ ადამიანს, ანუ ინდივიდს, შეუძლია  თავისი შრომისმოყვარეობისა თუ ნიჭის წყალობით.

 

მინიშნება:

 წინააღმდეგ შემთხვევაში რა შეიძლება დაკარგოს ადამიანმა?

 

 

 დავალება:

 მოცემულია, ერთი მხრივ, სამსჯელო საკითხები, რომლებიც ავითარებს ერთ მოსაზრებას, მეორე მხრივ, წარმოდგენილია მინიშნებები, რომლებიც გამომდინარეობს ამ აბზაცებიდან და დაგეხმარებათ მსჯელობის განვითარებაში.

 

დავალება: მოცემული მინიშნებების მიხედვით შექმენით ტექსტი, დაუკავშირეთ სამსჯელო საკითხებში მოცემულ ინფორმაციას.

დავალება: გააერთიანეთ ცალკეული ნაწილები და მიეცით ტექსტს ერთიანი სახე.

 

სამსჯელო საკითხი:

 

მე-19 საუკუნის დასაწყისამდე მსოფლიოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით  მძიმე ვითარება იყო. ადამიანებს რთულ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. მსოფლიო არ იყო უსაფრთხო ადგილი და ადამიანებს ყოველდღიურად სჭირდებოდათ ბრძოლა გადარჩენისათვის. დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ისეთივე ღარიბი იყო, როგორიც ამჟამად სამხრეთის ყველაზე ღარიბ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაა. იმხანად ადამიანების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების იდეა არ არსებობდა.

 

 

მინიშნება:

 

  • მაგალითები ისტორიიდან:

  • მაგალითები ლიტერატურიდან/კინოფილმებიდან: და ა. შ.


 

სამსჯელო საკითხი:

 განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის იდეა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ წარმოიქმნა ეკონომიკურად დაწინაურებულ დასავლურ ქვეყნებში.

 

მინიშნება:

 

  • სოციალური თანასწორობის იდეა;

  • ადამიანების უფლებების დაცვის იდეის წინ წამოწევა;

  • გენდერული/რასობრივი თანასწორობის იდეა;

  • ღარიბი ქვეყნების დახმარების სურვილი და ა. შ.

 

სამსჯელო საკითხი:

 

დაბოლოს, შეძლებული მოსახლეობის რაოდენობა მსოფლიოს ისტორიაში ამჟამად ყველაზე მაღალია.

 

მინიშნება:

 

  • პოზიტიური ასპექტები;

  • ქველმოქმედება;

  • კულტურული/სოციალური პროგრამების დაფინანსება;

  • ქვეყნის განვითარება.

 

სამსჯელო საკითხი:

 

კაცობრიობის ეკონომიკურმა განვითარებამ პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, ბევრი უარყოფითი ტენდენციაც წარმოშვა.

 

 

მინიშნება:

 

  • უარყოფითი ასპექტები;

  • გარემოს დაბინძურება;

  • ჭარბწონიანობა;

  • პრაგმატული, მომხმარებლური მენტალიტეტი და ა. შ.

შინაარსი

2. ანალიტიკური/კრიტიკული კითხვა

4. ანალიტიკური მსჯელობა