ქეთევან გოჩიტაშვილი,  გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

 

 2. ანალიტიკური/კრიტიკული კითხვა

შინაარსი

 

კითხვა, ზოგადად, საინტერესო პროცესია. კითხვის დროს  სიამოვნებასთან ერთად ვიღებთ გარკვეულ ინფორმაციასაც. ანალიტი­კური/კრიტიკული კითხვა არის  განსაკუთრებული უნარი, რომლის გამომუშავებასაც გარკვეული მომზადება სჭირდება.

 კრიტიკული/ანალიტიკური კითხვა გულისხმობს წაკითხული ტექსტის თქვენეულ შეფასებას ობიექტურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით.

კრიტიკული კითხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

1.  კითხვის მოსამზადებელი ეტაპი:

 

კითხვის დაწყებამდე აუცილებელია განვსაზღვროთ ჩვენი კონკრეტული მიზნები. კონკრეტული მოტივაციიდან გამომდინარე, წიგნი შეიძლება წავიკითხოთ სხვადასხვა დანიშნულებით:

 

  • ვკითხულობთ მხოლოდ ინფორმაციის მიღებისათვის ან გასართობად;

  •  გვაინტერესებთ ტექსტის ძირითადი იდეები;

  • გვსურს ცოდნის გარკვეული სფეროს სრულყოფა;

  • დეტალურად ვაანალიზებთ ტექსტს ან ვადარებთ მას სხვა ინფორმაციას.

 

მაგალითად, როდესაც ვეცნობით სარეკლამო ტექსტს, ყვითელ პრესას ან სათავგადასავლო რომანს, ბუნებრივია, გვაინტერესებს მხოლოდ ინფორმაცია და გართობა, ხოლო როდესაც ვკითხულობთ სამეცნიერო ან სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომს, ესეს და ა. შ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტექსტის ძირითადი იდეა, ცოდნის შევსება. ლიტე­რა­ტურული ნაწარმოების კითხვისას ტექსტის ანალიზისა და მსჯელობის აგების საშუალება გვეძლევა. ამდენად, როდესაც ვიღებთ წერილობით ტექსტს, წინასწარ უნდა გავიაზროთ მისი დანიშნულება, ჩვენი მიზანი და ამის შესაბამისად დავამუშავოთ იგი.

 

2. ტექსტის შინაარსისა და მიზნების მიმოხილვა:

 

  • ტექსტის შინაარსის განხილვისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ სათაურს. უნდა გავიაზროთ, თუ რა ინფორმაციას იძლევა იგი და, აქედან გამომდინარე, რა ტიპის ტექსტთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

  • შემდეგ ეტაპზე ვეცადოთ, ვუპასუხოთ ტექსტის ანალიზისათვის მნიშვნელოვან, აუცილებელ და, ამავე დროს, მარტივ შეკითხვებს: როდის და სად ხდება მოქმედება? ვინ არის მთავარი მოქმედი პირი? რატომ, რის გამო და რა მიზნით ვითარდება ესა თუ ის მოვლენა ან პროცესი? რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი?

  •  რა თავებად ან ნაწილებად არის დაყოფილი ტექსტი?

  • ნათლად არის თუ არა გამოკვეთილი შესავალი და დასკვნა?

  • გამოკვეთილია თუ არა ტექსტის ძირითადი ნაწილი და მისი შემადგენელი ნაწილები? რას ეხება თითეული მათგანი? რა მიზანს ისახავს ავტორი თითოეულ ნაწილში თითეული იდეის განვითარებისას?

  • ყველა ნაწილი ლოგიკურად უკავშირდება თუ არა ერთმანეთს და, შესაბამისად, ძირითად იდეას? ხომ არ არის რომელიმე აბზაცი კონტექსტიდან ამოვარდნილი, არაადეკვატური ან ხელოვნური?

  • არის თუ არა საკვანძო სიტყვები და ფრაზები გამოკვეთილი ტექსტში? ამახვილებს თუ არა ავტორი შეგნებულად ყურადღებას ძირითად სათქმელზე?

  • რომელ დეტალებს მიაქცევდით განსაკუთრებულ ყურადღებას?

  • შეიცავს თუ არა ტექსტი სტატისტიკას? ცხრილებს? სურათებს თუ მოცემულია მხოლოდ ნარატივი / თხრობა, ანუ გაბმული ტექსტი?

  • მეორდება თუ არა ხშირად, თუნდაც სხვადასხვა ვარიაციით, ავტორების, მოქმედი გმირების, სიტუაციებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ან შედეგების ნათლად და ხელშესახებად აღწერა ინფორმაციის უკეთ აღქმის მიზნით?

 

 

3. ტექსტის დამუშავება / შენიშვნები

 ტექსტის ანალიტიკური/კრიტიკული კითხვისას რამდენიმე არსებით ფაქტორზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება:

  •  გამოვკევეთოთ ავტორის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხედულებები და  მოსაზრებები;

  •   გავიაზროთ, როგორ აკავშირებს ავტორი თავის მოსაზრებებს ერთმანეთთან;

  •  რა დამოკიდებულება გიჩნდებათ ავტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე ან ტექსტში მოცემულ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციაზე, იქნება ეს ინსტრუქცია, ამა თუ იმ ნივთის, მოვლენის აღწერა, რეკლამა და ა. შ.

  • ტექსტის უკეთ გასააზრებლად  ეფექტური საშუალებაა ტექსზე გარკვეული მინაწერების გაკეთება, რაც ძალიან დაგეხმარებათ შემდგომი მუშაობის პროცესში. მაგალითად: გახაზეთ ის ფრაზა, რომელიც შეიძლება თქვენი მსჯელობის მთავარი დასაყრდენი გახდეს. მიაწერეთ კიდეებზე თქვენი შენიშვნა, კომენტარი, მოსაზრება, კონტრარგუმენტი და ა. შ. მონიშნეთ ის მაგალითები და დეტალები, რომლებმაც თქვენი ყურადღება მიიქცია. შეგიძლიათ შეიმუშავოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მონიშვნის სისტემა. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მონიშნეთ სხვადასხვა ფერით.

  • დაიმახსოვრეთ, რომ კარგად დამუშავებული ტექსტი (სწორი მონიშვნებით) საგრძნობლად დაგიზოგავთ დროს.

 

დაიმახსოვრეთ:

  •  კიდევ ერთხელ გაიაზრეთ თქვენი მიზანი, რათა მიზნის შესაბამისად მონიშნოთ მხოლოდ პირველხარისხოვანი ინფორმაცია;

  • გაიაზრეთ, თუ როგორ გამოიყენებთ მონიშნულ ინფორმაციას;

  •  მონიშნეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია;

  • დაუსვით კითხვის ნიშნები იმ პასაჟებს, რომლებშიც არის მოცემული თქვენთვის საკმარისი ინფორმაცია ამოწურულად;

  •  ენდეთ თქვენს ემოციებს, ინტუიციას და კითხვის პროცესშივე გაააკეთეთ მინიშნება, თუ როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია და იფიქრეთ, თუ როგორ გამოიყენებთ თავდაპირველ  შეფასებებს.

 

 

 

 

 

 

 

 

4. მიმოხილვა: ორგანიზება, ანალიზი, შეფასება  და მკითხველის რეაქციები

 

ანალიტიკური/კრიტიკული კითხვის შემდეგი ეტაპია ტექსტის შინაარსის, სტრუქტურისა და მისი სტილის დეტალურად გააზრება და შეფასება.

სწორედ ამ ეტაპზე უნდა გამოიკვეთოს და ჩამოყალიბდეს თქვენი პირადი შეხედულება ავტორის მიზანზე და შეფასდეს, თუ რამდენად მიაღწია მას ინფორმაციის გადმოცემისას.

შეფასებას ხშირად იწყებენ იმის აღნიშვნით, თუ რამდენად სწორად და ნათლად არის მოხმობილი და წარმოდგენილი არგუმენტები. შემდეგ უნდა განვიხილოთ ის ხერხები, რომელთა მეშვეობითაცაა განვრცობილი ავტორის მოსაზრებები. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ავტორისეული სტილის შეფასება.

 

 

გაითვალისწინეთ:

არ შეგაშინოთ სიტყვამ კრიტიკული!

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტექსტს უარყოფითად აფასებთ. კრიტიკული კითხვა არის მოცემული ტექსტის შეფასება, ავტორის ძირითადი სათქმე­ლის გამოყოფა და ამასთან და­კავშირებით თქვენი პოზიციის დაფიქსირება.

 

 

 

დავალება:

 

ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:

 

პოსტმოდერნისტული საზოგადოება გულისხმობს აქტიურ, მრავალ­ფეროვან საზოგადოებას, რომელიც თავისი თავის გამგებელი თავადაა. ასევე, აღსანიშნავია პოსტმოდერნიზმის არსებობა ფილოსოფიაში. პირველი ფილოსოფოსი, რომელმაც დაწერა ,,პოსტმოდერნის სიტუაცია“ და ამით ფილოსოფიაში ამ მიმდინარეობის არსებობა დაამტკიცა, იყო ჟან-ფრანსუა ლიოტარი. ის პოსტმოდერნსა და მოდერნს შორის ურთიერთობას ასე აყალიბებს: ,,პოსტმოდერნი განთავსდება არა მოდერნის შემდგომ, არამედ მის პირისპირ. მას უკვე შეიცავდა მოდერნი, მხოლოდ ფარულად“. ნუგზარ მუზაშვილი წერილში ,,ანალოგიები“ განიხილავს  პოსტმოდერნიზმის ეპოქას. მას 2000 წლის წინანდელ ელინიზმს ადარებს და ამბობს: ,,დიდად გასაოცარია, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ორი ათასი წლის წინ უკვე მოხდა.


ისევე როგორც ოცი საუკუნის წინ, დღესაც ადამიანებმა მოულოდნელად ცხოვრების ორიენტირი დაკარგეს, რაღაც საერთო მიზანი, რომელიც ჩვეულებრივ აზრსა და მნიშვნელობას ანიჭებს ხოლმე სიცოცხლეს, თვალსა და ხელს შუა გაქრა. ფასეულობები, რომელთა აბსოლუტური და მარადიული ხასიათი ადრე არავითარ ეჭვს არ იწვევდა და ადამიანებს აერთიანებდა, სრულიად გაუფასურდა. ყველაფერი შეფარდებითი გახდა. ავტორიტეტებს ყავლი გაუვიდათ.

 

სამყარომ ორიენტირი დაკარგა. ცენტრდაკარგული სამყარო ისეთივე ქაოსური გახდა, როგორც მაშინ, როცა ყველაფერი იწყებოდა, მაშინ იწყებოდა, მაგრამ ახლა, ალბათ, სწორედ ესაა დასასრულის დასაწყისი. რწმენა იკარგება ყველასა და ყველაფრის მიმართ, ირგვლივ უნდობლობა ისადგურებს, რაც ნიჰილიზმის წარმოშობის საფუძველია. იწყება ჰარმონიის რღვევა, ,,სამყარო რაღაც ძალამ ადამიანთა ცნობიერებაში შინაგანად ააფეთქა და მრავალ მცირე, ერთმანეთთან შეუთავსებელ ნაწილებად დააქუცმაცა. ცხოვრებაში იკარგება ყოველგვარი ფასეულობები, უმთავრესი ხდება თვითგადარჩენაზე ფიქრი, ყოველგვარი აღმატებული და ზემატერიალური იცვლება და უფასურდება.

 

 

შეკითხვები:

 

  • გამოყავით ტექსტის მიხედვით პოსტმოდერნიზმის ძირითადი მახასიათებლები;

  • ტექსტის მიხედვით, რა შეიცვალა ადამიანთა ცხოვრებაში და, თქვენი აზრით, რატომ?

  • რა არის ამ ტექსტის უმთავრესი სათქმელი და რატომ ფიქრობთ ასე?

 

შესაძლებელია კითხვების პასუხები ნაწილობრივ დაემთხვეს.


 

 

დავალება:

 

 ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:

 

ერთენოვანი განათლებიდან ორენოვან განათლებამდე

 სამოქალაქო ინტეგრაცია ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. მნიშვნელოვანია სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანმიმართული პოლიტიკის შემუშავება, მისი საკანონმდებლო და პროგრამული უზრუნველყოფა და ადეკვატური ღონისძიებების დროული განხორციელება.

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. უდავოა განათლების პოლიტიკის როლი ამ პრობლემების მოგვარების საქმეში და ის კონკრეტული საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელთა ეფექტურად წარმართვა ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. 

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკის მართებულად დაგეგმვისათვის აუცილებელია, კარგად იქნეს გააზრებული ინტეგრაციის მთავარი მიზანი და პრინციპი - ჩართულობა. ეს გულისხმობს ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელიც ინფორმირებულია სახელმწიფოში არსებულ მდგომარეობაზე, მონაწილეობს მიმდინარე პროცესებში (სახელმწიფოს მართვა, ეკონომიკური და კულტურული დოვლათის შექმნა და სხვა).  ამასთანავე, უნდა განვასხვავოთ ინტეგრაცია ასიმილაციისაგან. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია  არ უნდა ნიშნავდეს მათს ძალისმიერ ასიმილაციას. ლოიალობა ქართული სახელმწიფოს, ენის და კულტურის მიმართ ორგანულად უნდა იყოს შეხამებული ეროვნულ უმცირესობათა ენის, კულტურის და თვითმყოფადობის დაცვასთან. ამასთანავე, ზემოაღნიშნული ჩართულობა” მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს უნდა ატარებდეს.

ამ გარემოებების ფონზე მნიშვნელოვანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი განვითარდეს ჰარმონიულად ორი კომპონენტის ურთიერთ­შეთანხმებით:

1. სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება;

2. ეთნიკური ჯგუფების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და დაცვა.

* * *

საქართველო მრავალენოვანი და პოლიეთნიკური ქვეყანაა. ბოლო აღწერით (გასათვალისწინებელია, რომ ობიექტური მიზეზების გამო  აღწერაში არ შესულა მონაცემები ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებიდან) საქართველოს მოსახლეობის 13 პროცენტისთვის სახელმწიფო ენა - ქართული - არ არის პირველი (მშობლიური) ენა. ორი უმთავრესი ეთნიკური ჯგუფია კომპაქტურად განსახლებული სამცხე-ჯავახეთისა (სომხები) და ქვემო ქართლის (აზერბაიჯანელები) რეგიონებში. ამ რეგიონებში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების არე უკიდურესად შეზღუდულია, რაც, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორია და აშკარად უშლის ხელს მოქალაქეობის საერთო განცდისა და ერთიანი კუთვნილების გრძნობის ჩამოყალიბებას.

არსებული სიტუაცია რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. პირველი და უმთავრესი - მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოდის და დღემდე გრძელდება: ფაქტობრივად, ერთაშორის ურთიერთობისა და საქმისწარმოების ენა საქართველოში იყო რუსული; ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ვერ ხედავდა საჭიროებას, ესწავლა ქართული და შედეგიც სახეზეა - დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი სახელმწიფო ენაზე კომუნიკაციის ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს.

დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შემდეგ შეუდარებლად გაიზარდა ამ ენის ფუნქციონირების სფერო: უპირველეს ყოვლისა, ის იქცა საქმისწარ­მოების ოფიციალურ და, ფაქტობრივად, ერთადერთ ენად. შესაბამისად, ამაღლდა მისი, როგორც დასაქმებისა და სახელმწიფო ცხოვრებაში აქტიური დამკვიდრებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტის საჭიროება.

სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის ქვაკუთხედი, რასაკვირველია, სკოლაა. თუმცა, საბჭოურ ეპოქაში (ინერციით - ბოლო დრომდე) ქართული ენის სწავლება, პრაქტიკულად, არ ხდებოდა...

ქართული, როგორც სახელმწიფო ენა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის მეორე ენაა. მეორე ენა კი სხვა სოციოლინგვისტური კატეგორიაა, ამდენად, სწავლების სხვა მეთოდიკასა და განსხვავებულ მიდგომას გულისხმობს. ამ მხრივ კი ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში: პედაგოგთა უმრავლესობა აღჭურვილია საბჭოური სწავლების ტრაფარეტული მეთოდოლოგიით, რაც დღესდღეობით სტატიკური და გამოუყენებელი ცოდნის მხოლოდ მწირი მარაგის მიწოდებას იძლევა შედეგად. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ, სამწუხაროდ, თვით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებში ქართულის ცოდნის დონე ძალიან დაბალია. არადა, ქართული ენის ურთულესი სტრუქტურის კარგად ფლობის გარეშე შეუძლებელია, შევასწავლოთ სასაუბრო ენა სასკოლო ასაკის მოზარდებს. ერთი მხრივ, გრამატიკული სტრუქტურის სირთულე, მეორე მხრივ, კი ამ სირთულის მარტივად მიწოდების მექანიზმის შემუშავება გადაულახავი დაბრკოლება ხდება სკოლის მასწავლებელთათვის.

ამავე დროს, გადასახედია სასწავლო რესურსები (სახელმძღვანელოები, თვალსაჩინოება და ა. შ.): გართულებული და არასათანადოდ შერჩეული სასწავლო მასალა მეტწილად ეთნიკური უმცირესობებისთვის მიუწვდომელი და უინტერესოა. ისინი ვერ სწავლობენ სახელმწიფო ენას (სურვილის არსებობის პირობებშიც კი)

* * *

მულტიკულტურულ საზოგადოებაში ყველა წევრი უნდა იყოს თანასწორუფლებიანი - ყველას (მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი სხვაობისა) უნდა მიეცეს კონკურენტუნარიან, თანასწორ გარემოში არსებობის უფლება. ამ მიზნის მიღწევის გზებისა და საშუალებების ძიება სახელმწიფო სტრუქტურების (მათ შორის - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს) პრეროგატივაა.

დღესდღეობით საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სწავლების ერთადერთ ფორმად მონოლინგვური მოდელი რჩება: მონოლინგვურია როგორც დომინანტ (სახელმწიფო) ენაზე მიმდინარე სწავლება, ასევე, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ენებზე მიმდინარე სწავლების ფორმა: ქართულ სკოლებში სწავლების ენა ერთია (ქართული); უცხო ენა ისწავლება, როგორც საგანი; ასევე, მხოლოდ ერთ ენაზე მიმდინარეობს სწავლება რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ სკოლებში - სახელმწიფო ენა ისწავლება როგორც საგანი, ისევე, როგორც სხვა (უცხო) ენები.

ეს იყო (და დღემდე რჩება) საბჭოური მოდელი. რა თქმა უნდა, სათანადო პირობების შექმნით (გარემო, ოჯახში სალაპარაკო ენა, მეთოდიკურად მომზადებული პედაგოგები და სხვა) შესაძლებელია მოსწავლემ გარკვეულ დონეზე აითვისოს ესა თუ ის ენა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ასეთი პირობები გვაქვს (განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში) და ამოცანაც (იგულისხმება კონკურენციის გაწევა ერთიან ეროვნულ გამოცდებში - ქართულ ენაში) არაადეკვატურია. მაშინ, როდესაც განათლების სისტემის რეფორმა მოწოდებულია, საერთოდ აღმოფხვრას რეპეტიტორობის ინსტიტუტი, ამ პრობლემის არსებობა ძალაუნებურად ხელს უწყობს (მეტიც - ერთადერთ შესაძლებლობად ტოვებს) სოციალური თვალსაზრისით გაუმართლებელ მოვლენას.

შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე - მოდელზე, რომელიც პრინციპულად შეცვლის მიდგომას სასკოლო სივრცეში ენობრივი განათლების თვალსაზრისით.

 

შეკითხვები: 

  • ტექსტის მიხედვით, რა პირობების შესრულებაა აუცილებელი სრულყოფილი სამოქალაქო ინტეგრაციის მისაღწევად?

  • რა განსხვავებაა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ასიმილაციას შორის?

  • რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?

  • არის თუ არა მოცემულ ტექსტში პრობლემის გადაჭრის გზები?

  • რა გამოსავალი ესახებათ ავტორებს?

  • რაში ეთანხმებით ავტორებს და რატომ?

  • რაში არ ეთანხმებით ავტორებს და რატომ?

  • ქვეყნისათვის სასიციცხლო მნიშვნელობისაა თუ არა სტატიაში აღწერილი პრობლემა და რატომ ფიქრობთ ასე?

 

 

დავალება:

წაიკითხეთ მოყვანილი ტექსტები და პასუხი გაეცით შემდეგ შეკითხვებს:

1.   პიროვნების ხასიათის რა თვისებები ჩანს თითოეულ ტექსტში?

2.   პერსონაჟების რომელი დადებითი თვისებების გამოყოფა შეიძლება?

3.   თქვენი აზრით, ყველაზე ადვილად რომელი პერსონაჟი იღებს გადაწყვეტილებებს?

4.   რომელი პერსონაჟებს აქვთ ყველაზე მერყევი ხასიათი?

5.   რომელი პერსონაჟები არიან ყველაზე ატიურები და თამამები და საიდან ჩანს?

6.   რა საერთო თვისებები აქვ ამ პერსონაჟებს?

7.   რით განსხვავდებიან ეს პერსონაჟები ერთმანეთისაგან?

8.   ომელი პერსონაჟი იმსახურებს თქვენს სიმპათიას და რატომ?

9.   ომელი პერსონაჟის ქცევა თქვენთვის მიუღებელი და რატომ?

 

1.      გიორგის სწრაფად შეუძლია ნებისმიერი სიტუაციის ანალიზი, გამოსავლის მოძებნა და  არ ეშინია საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმა. ის არ იცვამს უკანასკნელ მოდაზე. მისი ტანსაცმელი პრაქტიკულია. გიორგისთან პირველივე შეხვედრის შემდეგ ხვდებით, რომ მეგობრული ადამიანია. გაცნობობიდან ცოტა ხი შენიშნავთ, რომ თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრს არაფერს ამბობს. წარმოიდგინეთ, თქვენ მასთან ერთად მიდიხართ სადილად. ის უკვეთს ცვრიან მწვადს, მაგრამ მწვადი თითქმის უმი მოაქვთ. ამ  დროს გიორგი ხმამაღლა ეძახის ოფიციანტს და საყვედურებსაც ხმამაღლა გამოთქვამს. ოფიციანტი ბოდიშს უხდის და უკან მიაქვს კერძი, რათა შეასრულოს მისი სურვილი და კარგად შემწვარი მწვადი მიართვას. მაგრამ გიორგის მოცდა არ უნდაითხოვს მენეჯერთან შეხვედრას და ეუბნება, რომ სხვა დროს აღარ აპირებს მათ დაწესებულებაში მოსვლას. ამის შემდეგ თქვენ სწრაფი კვების ობიექტში ყიდულობთ სადილს და გიორგის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე დროულად ბრუნდებით ოფისში.

 

2.    დათო ძალიან კარგი ბიჭია. ის ყოველთვის მზად არის მოუსმინოს სხვას. მის მაგიდაზე ოჯახის წევრებისა და მეგობრების ბევრი ფოტოა. ფოტოების დიდი ნაწილი ბათუმის ბულვარშია გადაღებული. დათოს აცვია სადა, თბილი ფერის სამოსი. არ უყვარს პალტოსა და ჰალსტუხის ტარება. წარმოიდგინეთ, რომ მასთან ერთად სადილობთ. დათო უკვეთს კარგად შემწვარ მწვადს, ხოლო როდესაც დაჭრას იწყებს, აღმოჩნდება, რომ ხორცი ზედმეტად შემწვარი და უხეშია. ის ამას არ ამბობს და აგრძელებს ჭამას. ოფიციანტი მოდის და ეკითხება, თუ როგორ მოსწონს მწვადი. დათო ყოყმანისა და ბოდიშის მოხდის შემდეგ ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, ოდნავ უფრო რბილი ყოფილიყო. გინდათ, უკან წავიღო?” - ეკითხება ოფიციანტი. დათო კი პასუხობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის.

3.   ლელა საკმაოდ რთული პიროვნებაა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე. ხანდახან ის გულგრილია სხვების გრძნობების მიმართ. ამდენად, ერთდროულად მგრძნობიარეც არის და გულგრილიც, ეს კი შეიძლება დამაბნეველი იყოს მისი პიროვნების შეცნობისას. სამაგიეროდ, ერთი რამ ცხადია  - ის ძალიან კარგად გეგმავს სამუშაოს. ლელა აგროვებს მონაცემებს და წინასწარ შეუძლია მოსალოდნელი პრობლემების დანახვა. ის იკვლევს გზებს ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად კომპანიისათვის ნაკლები დანახარჯებით. თავის მაგიდაზე  ლელას უწყვია ჩარჩოში ჩასმული უნივერსიტეტის დიპლომი და კომპანიის გეგმების ჩამონათვალი. თქვენ მასთან ერთად მიდიხართ სადილზე. ლელა უკვეთს საშუალოდ შემწვარ მწვადს.  მას ეჩვენება, რომ ხორცი კარგად არ არის მომზადებული. როგორ იქცევა ლელა? ის მკაცრი ტონით  მოითხოვს, რომ შეფმზარეული ზუსტად 2, 5 წუთში მოვიდეს  მასთან.

4.         ნესტანი პოპულარული პიროვნებაა და დიდი ეგო აქვს. სწორედ ის აგვარებს პრობლემებს  ბევრ კონფლიქტურ სიტუაციაში, რადგან საამისო ცოდნაცა აქვს და ინტუციაც.  ნესტანი თამამად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს და არც სხვების აზრების უგულებელყოფა უყვარს. ასე რომ, ის ყოველთვის ცდილობს, სხვებ კომფორტულად იყვნენ და თვითონაც კარგად იგრძნოს თავი. ნესტანს დიდი გარდერობი აქვს, რომელიც სავსეა სხვადასხვა ფერის, ტექსტურისა და  თამამი დიზაინის ტანსაცმლით. მის მაგიდაზე დევს დიდი ზომის სურათი, რომელზეც  ჩანს, თუ როგორ ერთობიან  წინა წლის საშობაო წვეულებაზე ის და კომპანიის პრეზიდენტი. თქვენ მასთან ერთად მიდიხართ სადილად.  ნესტანი უკვეთს მწვადს, მაგრამ მორთმეული საჭმელი არ მოსწონს. ის ეძახის ოფიციანტს და სთხოვს, ახალი მოუტანოს. შემდეგ მოულოდნელად იცვლის გადაწყეტილებას და სხვა კერძის გასინჯვას გადაწყვეტს: მომიტანეთ შემწვარი კალმახი ამის ნაცვლად, თუ შეიძლება.”

 

 

დავალება:

 

წაიკითხეთ ტექსტი და დასვით შეკითხვები:

გველის პერანგის“ წინასიტყვაობა   

 სტეფან ცვაიგი

 

ცივილიზებული სამყარო ემორჩილება უნიფიკაციისა და გათანაბრების კანონს. ზნე-ჩვეულებანი და ეროვნული სამოსელი, ადათ-წესები და ხალხური ცეკვები თანდათანობით ქრება ან, სამუზეუმო ნიმუშის მსგავსად, ხელოვნურად არსებობს, როგორც ისტორიული გამონაკლისები. ევროპა ერთ ნაციონალურ იერს იღებს და თანამედროვე ქუჩაზე იქნებ ვეღარც კი ვიგრძნოთ, თუ რომელ განედზე ვიმყოფებით. საგნებთან ერთად გათანაბრდა ერების სულიერი მახასიათებლებიც, ოდესღაც ძლიერად რომ გამოსახავდნენ ეროვნულ ხასიათს.

 

ცვლილებებისა და მრავალგვაროვნებისადმი ცნობისმოყვარეობით გამსჭვალული გონიერი ადამიანის წადილი მსოფლიოს ამ გარეგანი ერთფეროვნების წინააღმდეგ ილაშქრებს და რაც უფრო ფეხს იკიდებს ერთიანი ცივილიზაცია, მით უფრო ფართოდ შლის ფრთებს ეს წადილი. ადამიანს იზიდავს არა მეზობელი ქვეყნების კულტურა, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებს, არამედ ეგზოტიკური მხარე. ჩვენ წინაშე იბადება ლიტერატურა, რომლის გმირები და სიუჟეტები უცხო კუთხეებიდან, ტროპიკული და ანტარქტიკული ქვეყნებიდანაა ნასესხები. ეს სამყაროები, ცხადია, უმთავრესად დანახულია მსოფლიოს ქვეყნებში მოგზაურობისას: გემთსადგომიდან ანდა სწრაფი მატარებლის ფანჯრებიდან. აქ მარტოოდენ შეფერადებული, გარეგნული სახე მოჩანს ამ ქვეყნებისა. ასეთ ლიტერატურულ რეპორტაჟებს იშვიათად შემოაქვთ უცხო ერების ჭეშმარიტი, პირვანდელი სურნელება. კიდევ უფრო იშვიათად კი მათი სულიერი განწყობილება. ამის შესაგრძნობად და გამოსახატავად საჭიროა ღრმა კავშირი, მონათესაობა და დაუფარავი აღფრთოვანება, რომელიც სამშობლოს სიყვარულის ელემენტარული გრძნობითაა გამოწვეული. მხატვრულ ლიტერატურაში ჭეშმარიტი ეგზოტიკის გადმოცემა მხოლოდ იქაურ, თავის ხალხთან სულიერად შეზრდილ მწერალს ძალუძს.

 

ესკიმოსები, იაპონელები და ჩინელები თავიანთ კულტურაზე გვიამბობენ. თაგორისა და განდის მეშვეობით თანამედროვე ძალზე ცოცხალი ინდოეთი დავინახეთ. ახლა კი გრიგოლ რობაქიძის ამ რომანით, ვფიქრობ, პირველად, ჩვენ წინაშე წარმოდგა უცნობი ერი ქართველები. ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე შეხვედრია თავის ლაშქრობებში. თავისდა საბედნიეროდ, არ მოქცეულა თურქული თუ სპარსული გავლენის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხალხი ნაყოფიერად შერეულა მასში. ეს ერი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ გარემოშია ჩარგული, სახელი გაუთქვამს თავისი სიმღერებითა თუ ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისთვის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ წიგნიდან შევიტყვე, თუ რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით, რა სავსეა ჰეროიზმით და, ამავე დროს, რაოდენ გატაცებულია თანამედროვე იდეებით. ამ წიგნით ახალგაზრდა ავტორმა ჩვენც და თავის სამშობლოსაც დიდი სარგებლობა მოუტანა.

 

ახლა მისი აღწერის მეშვეობით ჩვენი ცნობისმოყვარეობის სულიერ სფეროში სრულიად ახალი და საოცრად მიმზიდველი სამყარო წარმოდგა, რამეთუ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა, რომელიმე ერი მხოლოდ მაშინ არსებობს ნამდვილად, როდესაც თავის აღწერას და თავის შესახებ მოყოლას იწყებს. ამ წიგნის შესავალშიც, ისევე, როგორც ყველა იმ ნაწარმოებში, რომელშიც ლიტერატურა ახალ სახეს ღებულობს, არის რაღაც ქაოტური. ძველისძველი ბალადებიდან და დაკარგული ლეგენდებიდან ამოკრეფილი ცეცხლოვანი ზოლები ორნამენტულად არის ჩაქსოვილი მოთხრობილი ამბების ხალიჩაში. ისინი ხანდახან გვაფრთხილებენ, რომ სპარსული საგმირო სიმღერები და აღმოსავლეთის აღვირახსნილი რომანტიკა გაზვიადებულია. შემდეგ ისევ თანამედროვეობის შუქი გამოანათებს. ჩვენ ხან ალექსანდრეს ქუჩაზე სწრაფად მიმავალ საბჭოების მანქანებს ვხედავთ, ხანაც ბოდლერის ციტატებს ვხვდებით. ძველი და ახალი სამყარო, მაგიური და რეალური სფეროები, უჩვეულოდ, ჩვენთვის არაბუნებრივად ირევიან ერთმანეთში. და მხოლოდ მათ ასეთ შერწყმას ძალუძს ამ ეპიკური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი, ხშირად არაბუნებრივი პოეტურობის გამართლება. მაგრამ რაოდენ მხურვალე ცეცხლი იფრქვევა ამ აღწერებიდან! ხანდახან გწადია, რომელიმე გვერდი ამოჭრა და ლექსად დაწერო, თუმცა ისინი უკვე ლექსებია. ზოგიერთი თავი კი გინდა იმ მეზღაპრემ წაგიკითხოს, უკვე ცივილიზებული აღმოსავლეთის ბაზარზე (თუმცა ახლა იშვიათად) მაინც კიდევ რომ გვხვდება. ყოველ ფურცელზე სრულიად უცხო მშვენიერებით აღწერილ ცეცხლოვან, ბალადურ მომენტებს ვხვდებით. და მართალია, გრძნობა ზუსტად ვერ ასხვავებს, თუ ვის უნდა უმადლოდეს ამ ეგზოტიკურ, ვარდის ზეთივით და ჰაშიშივით დამათრობელ სურნელებას მწერალ რობაქიძესა თუ თვით ქართველებს,  ის მაინც სიამოვნებით ექცევა ამ ახლებური სტილის გავლენის ქვეშ. მე ამ წიგნმა მსოფლმხედველობა გამიფართოვა, ბედნიერად გამინათა ჰორიზონტი ეგზოტიკისაკენ და შემაგრძნობინა კიდევ ერთი უცხო სახეობა ეპიკური პოეზიისა. მას შემდეგ, რაც ეს არაჩვეულებრივი, ყოველგვარ კატეგორიას დაუქვემდებარებელი წიგნი წავიკითხე, ფანტაზიას უფრო და უფრო მეტად იზიდავს აღმოსავლეთის მეწამული რიჟრაჟით გაშუქებული ტაშკენტი და თბილისი ქარავნებისა და ბაზრების სამყარო. ეს არის წიგნი, რომელიც ძლევამოსილად ამტკიცებს, რომ ჩვენს მატერიალიზებულ, სულ უფრო და უფრო განსწავლულ და მეცნიერულ სამყაროში მითოსის შემოქმედებითი არსებობა ისევ და ისევ გრძელდება.

 

 

 

დავალება:

 

წაიკითხეთ ტექსტი და დასვით კითხვები:

 

ანდრო ბუაჩიძე, მოჯადოებული წრე

რატი ამაღლობელი, წრე (ლექსები). თბ. სიესტა”, 2006.

 

ჩემი აზრით, არიან პოეტები, რომელთა ლექსები იბადება, ანუ საქმე გვაქვს თავისებურ ზეპირსიტყვიერებასთან. იბადება, უკვე გამზადე­ბულია და მხოლოდ ჩაწერას საჭიროებს და არიან, აგრეთვე, პოეტები, რომელთა ლექსებიც სანამ წერილობით სახეს არ მიიღებს, მანამდე დაბადებულად ვერ მიიჩნევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ კატეგორიის ლექსები წერის პროცესში განაგრძობს დაბადებას და სანამ პოეტი საბოლოო წერტილს არ დასვამს, მანამდე გრძელდება მისი თხზვა”.  ჩემი აზრით, რატი ამაღლობელი ამ უკანასკნელთა შორისაა. ზემონახსენებ ტექნიკას აქ ლექსწერის ცნებით ჩავანაცვლებ, ვინაიდან სწორედ ლექსწერის თავისებურება თუ მთლიანად არ ქმნის, ასრულებს და ასხვაფერებს სათქმელს.

 

ბუნებრივია, ამ კატეგორიის პოეტებს, რომელთათვისაც თვითონ წერის პროცესია შთაგონების აქტივობის თანამდევი, მხოლოდ რატი ამაღლობელი არ მიეკუთვნება. ეს ის შემთხვევაა, როცა ლექსი ლიტერატურული კულტურის წიაღში იქმნება. როცა ზოგჯერ უკვე არსებული მხატვრული ინვენტარი რიტმულ-ინტონაციური სტრუქტურა, რითმა, კომპოზიცია –  მეორდება პოეტის მიერ, მხოლოდ არა დადგენილი და კლიშედქცეული მნიშვნელობით, არამედ პროფანაციის მიზნით. სხვაგვარადაც შეიძლება თქმა: რატი ამაღლობელი პროვოცირებას უკეთებს მკითხველს, როცა ტრადიციულ ინვენტარს იყენებს. მოულოდნელად ის ისეთ აკორდს იღებს, რომ აშკარაა, თამაშობს ამ ტრადიციულობით (რაც, თავისთავად, ანტიტრადიციულობაა) და თავის სათქმელს (რაღა თქმა უნდა, სერიოზულს) თამაშითაც ამბობს. ეს თამაში ნარატივის თავისებური ნაირსახეობაა, რომელიც მაინცდამაინც ღიმილზე ან ირონიულ შტრიხზე კი არ მიგვითითებს, არამედ უკვე მრავალგზის გამოყენებული ტრადიციული ფორმის გაცვეთილობაზე მიგვანიშნებს და ამით სიახლეს სძენს მას, ახალ ინტონაციურ და სტილურ ელფერს ანიჭებს.

 

ასეთია რატი ამაღლობელის ლექსების კრებული წრე, რომელშიც  თავისებურ ნარატივს (სხვა კომპონენტებთან ერთად) ორიგინალური რითმაც ქმნის. რითმა, როგორც კომპოზიციის მომწესრიგებელი, აქ მაპროვოცირებული კომპონენტიცაა. მისი ჟღერა დისონანსად ჩაესმის ტრადიციული ლექსის სმენით ნაპატივებ მკითხველს. აქ სარითმო სიტყვები არა მხოლოდ კომპოზიციურად კრავს სათქმელს, არამედ სტილიზაციის ყველაზე მკაფიო შტრიხებსაც ანიჭებს. იგივე შეიძლება ითქვას ანჟამბემანის შესახებაც. სტრიქონიდან სტრიქონზე გადასვლის ეს ხერხი თუმცა კი არ არის ახალი, მაგრამ თანამედროვე პოეზიაში (და აქედან გამომდინარე, რატი ამაღლობელთანაც) განსხვავებულ სახეს ქმნის. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ითქვას, რომ რატი ამაღლობელთან ანჟამბემანი ერთი ლექსის სივრცეში შემთხვევითობას არ წარმოადგენს, პირიქით მუდმივად მეორდება და სწორედ ეს მუდმივობა ქმნის ტექსტის სპეციფიკურ წყობას. პოეზიის პროზაიზაციის პროცესიც უკვე ტრადიციაა, ოღონდ მუდმივად განმეორებადი ანჟამბემანის მეშვეობით ლექსის არა მხოლოდ ტრადიციული „პოეტურობისგან განძარცვა ხდება, არამედ, იმავდროულად, მისი შემოსვაც ახალი პოეტური საბურველით. ლექსს ენიჭება სრულიად თავისებური დინამიურობა, მკითხველს კი უცნაური ლირიკული დენადობის შეგრძნება უჩნდება (ამ ლირიკული დინების ზემოქმედებას აშკარად გრძნობ, როცა იოსიფ ბროდსკის წამღერებით წარმოთქმულ ლექსებს ისმენ, განსაკუთრებით ჯონ დონისადმი მიძღვნილი ელეგია ტოვებს ამ შთაბეჭდილებას, რადგან ანჟამბემანთან ერთად საგანთა ჩამოთვლა ქმნის უჩვეულო ინტონაციურ ნახაზს). ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ რატი ამაღლობელი ძალზე ფრთხილად ეკიდება ლექსის გაპროზაულების პროცესს. ერთ შესანიშნავ ლექსსი (მე მინდა გულზე შენი ხელი მედოს და მოდი), რომელიც ბროდსკის სწორედ ჯონ დონისადმი მიძღვნილი ელეგიის შორეულ რემინისცენციას წარმოადგენს, რატი ცდილობს ლირიზმის სიხალასე, პირველქმნილება, იქნება ნაივობაც, შეინარჩუნოს. მისი მიზანია (ცნობიერი ან არაცნობიერი) არა იმპერსონალურობისკენ მიდრეკილი ლირიკული სუბიექტის გულგრილობის დემონსტრირება, არამედ მგრძნობიარე წერტილების მოძიება, მძაფრი გრძნობით აღძრული სათქმელის წარმოთქმა. აქ ბუნებრივად ძევს პოეტის ის მსოფლმხედველობა, რომელიც ერთმანეთთან არიგებს პოეზიაში გამოხატვის თანამედროვე ხერხებს და ტრადიციულ პოეტურ იმპულსებს. იქნებ ეს ერთგვარი გარდამავალი ეტაპია რატი ამაღლობელის პოეზიაში და მომავალში მან აღქმის და ხედვის რაკურსი შეცვალოს, მაგრამ ეს უკვე მომავლის საქმეა. ყოველ შემთხვევაში, რატი ამაღლობელის პოეტური კრებული წრ ორი თითქოს და შეურიგებელი კომპონენტის შერიგებით ქმნის განსხვავებულ შთაბეჭდილებას და სწორედ ამით არის საინტერესო.

 

თუმცა, კრებულში შესულ ლექსებს შორის არის გამონაკლისიც. ჩემი აზრით, ეს ლექსია წრე. სწორედ ამ ლექსმა მაფიქრებინა, რომ შემდეგი ეტაპი რატი ამაღლობელის შემოქმედებაში შეიძლება გამოხატვის არატრადიციული ხერხების (რომელიც უკვე არის მასთან) და უჩვეულო, არატრადიციული, ღრმა პიროვნული გამოცდილების მქონე სათქმელის დამთხვევით იყოს ნიშანდებული. ეს ლექსი პოეტური თვითრეფლექსიის უაღრესად საინტერესო ცდაა. ცდა იმ თვალ­საზრისით, რომ ამ მიმართულებით კიდევ და კიდევ შეიძლება განვითარება. ცალკეული სტროფების მოყვანას ამ ლექსიდან აზრი არ აქვს, ვინაიდან ეს ერთი მთლიანობაა, რეალობის და ფანტასმაგორიის შემზარავი ნაზავია, სადაც სახარებისეული რეალიებიც წარმოსახვის შუქით არის განათებული. ბოლოს კი ერთი რამ შეიძლება ითქვას. საერთო ტენდენციების ფონზე, ახალგაზრდა ქართველი პოეტები საკუთარ პოეტურ სახეს ძერწავენ. დღევანდელი ქართული ლექსი განსხვავებულია გუშინდელისაგან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ლექსის რეფორმა სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. ამავე პროცესის მონაწილეა პოეტი რატი ამაღლობელიც.

 

შინაარსი

1. ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება

3. როგორ დავიწყოთ წერა?