ქეთევან გოჩიტაშვილი,  გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

 

   1. ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება

შინაარსი

 

ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება აზროვნების ფორმაა, რომელიც გულისხმობს სამყაროს შესახებ არსებული ნებისმიერი ცოდნის არა მხოლოდ დაგროვებას, არამედ ობიექტური მსჯელობის საფუძველზე თქვენ ხელთ არსებული ინფორმაციის შეფასებას თქვენი გამოცდილების, ცოდნის, შეხედულებისა და რწმენის თვალსაზრისით.

ანალიტიკურ/კრიტიკულ აზროვნებაში გულისხმობენ არა ფაქტების/ არსებული რეალობის უპირობოდ, აპრიორულად მიღებას, არამედ მის ობიექტურ, არგუმენტირებულ შეფასებას. შეფასების პროცესში კი მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

 

  • რაციონალური მიდგომა:

 რაციონალური მიდგომის პრინციპიდან გამომდინარე, ნებისმიერი მოვლენა, ფაქტი უნდა შევაფასოთ გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების გათვალისწინებით პრაგმატულ, რაციონალურ და არა ემოციურ დონეზე. უნდა მოვძებნოთ ნათელი დამამტკიცებელი საბუთები, უარვყოთ არარეალური, არარსებული ინფორმაცია ან ცრუ დებულებები და თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთების საფუძველზე ავაგოთ ჩვენი შეხედულებები, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია. უნდა ვეძებოთ  საუკეთესო ახსნა, მიდგომა, რათა გავაკეთოთ სწორი ანალიზი და, შესაბამისად, მართებული დასკვნები. ამავე დროს, უნდა დავსვათ ლოგიკური, ადეკვატური შეკითხვები საკითხის ირგვლივ.

 

  • გააზრება:

ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის, ფაქტებისა და მოვლენების შეფასებისას აუცილებელია განვსაზღვროთ ამა თუ იმ ქმედების წინაპირობები, მოტივაცია და გავიაზროთ კონკრეტული, ხელშესახები და მნიშვნელოვანი ფაქტორების გავლენა ამა თუ იმ შეხედულებების ჩამოყალიბებაზე, საზოგადოებრივი პროცესების მიმდინარეობაზე, ფაქტებზე, პრობლემებზე და ა. შ. ამავე დროს, კრიტიკული აზროვნების პროცესში ჩვენ ვსაზღვრავთ,  ვაცნობიერებთ და ვაანალიზებთ საკუთარ წარმოდგენებს, კლიშეებს, შეხედულებებს, დამოკიდებულებებსა და თვალსაზრისს. შედეგად ვადარებთ არსებულსა და საკუთარ ცოდნას, შეხედულებებს და ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს.

 

  • კეთილსინდისიერი  დამოკიდებულება:

 ჩვენ ვაზროვნებთ ანალიტიკურად, როცა გვაქვს უნარი, გავმიჯნოთ ობიექტური ვითარების ამსახველი ფაქტორები და ჩვენი ემოციური მიდგომა, სუბიექტური დამოკიდებულება, პირადი სურვილები და საკუთარი მოტივები. ჩვენი შეფასებები უნდა ეფუძნებოდეს არა ემოციურ, ექსპრესიულ დამოკიდებულებასა და  განცდებს, არამედ ობიექტურ, არგუმენტირებულ მსჯელობას.

 

  • ფართო თვალსაწიერი

 

ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ არსებული ყველა მნიშვნელოვანი დასკვნის შეფასება, ყველა შესაძლო თვალსაზრისის გათვალისწინება, ალტერნატიული ობიექტური ინტერპრეტაციის მიღება. გვაქვს ახალი ახსნის, მოდელის, პარადიგმის გაზიარების უნარი, თუ ეს უკანასკნელი უფრო მარტივად, მკაფიოდ, უკეთესად და ნათლად ხსნის შესაფასებელ მოვლენას, ცნებას და ა. შ. ან შეიცავს უფრო მეტ მონაცემს.

 ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება არ გულისხმობს ფაქტების/ მოვლენების მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი ელემენტების გამოვლენას.  იგი მოიცავს შეფასების პროცესს, სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენის ჩათვლით, მთელ სისტემას, აგებულს ლოგიკურ მსჯელობაზე. კრიტიკულ მოაზროვნეებს არ ეშინიათ სირთულეებისა და კონკრეტული არგუმენტების ნაკლებობისა. პირიქით, ეძებენ არგუმენტებს და მზად არიან დახვეწონ თავიანთი ცოდნა და გაიფართოვონ თვალსაწიერი.  

  

დაიმახსოვრეთ:

ანალიტიკუ-შემოქმედებითი აზროვნების უნარის გამომუშავება შესაძლებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • მოვლენის/ფაქტის/ტექსტის ელემენტების სათანადო თანმიმდევრობით გააზრება, იდენტიფიკაცია: მიზეზები, შედეგები;

  • ვარაუდების იდენტიფიკაცია და შეფასება;

  • იდეებისა და ფრაზების გაცხრილვა და ინტერპრეტაცია, გააზრება;

  • მსჯელობა, რამდენად მისაღებია ესა თუ ის დებლება;

  • სხვადასხვა სახის არგუმენტის შეფასება;

  • ახსნა-განმარტებების ანალიზი, შეფასება და შექმნა;

  • ანალიზი, შეფასება და გადაწყვეტილების მიღება;

  • დასკვნის გამოტანა;

  • არგუმენტების შექმნა;

  • ობიექტური კრიტიკა;

  • ობიექტური შენიშვნების გაზიარების უნარი.

 ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების უნარების ჩამოყალიბე­ბისათვის არსებობს რამდენიმე წინაპირობა და ეტაპი, რომელთა გათვალისწინება და მათ განვითარებაზე მუშაობა აუცილებელია. გთავაზობთ ზოგად სქემას, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შეგვექმნას წარმოდგენა ამ აქტიური პროცესის განმაპირობებელ აუცილებელ  ფაქტორებზე.

 

 

ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება არის აქტიური პროცესი, რომელიც იწყება ინფორმაციის მოძიებით, მისი დახარისხებითა და რანჟირებით, ხოლო საბოლოო ეტაპი არის მოძიებული და მიღებული ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავება, დასკვნების გაკეთება, განზოგადება და კომუნიკაციაში ჩართვა. გარდა ამისა, საწყისიდან საბოლოო ეტაპამდე არსებობს რამდენიმე შუალედური აქტოვობა, რომელთაც გთავაზობთ სქემის სახით:


 

ინფორმაციის მოძიება

აქტიური პროცესი

ინფორმაციის მიღება

მასზე დაკვირვება

ინფორმაციის დახარისხება, რანჟირება

პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის განსაზღვრა

ტექსტში ღიად, ცხადად, ზედაპირზე მოცემული ინფორმაციისა და დაფარული, ქვეტექსტური ინფორმაციის გამოვლენა, განსაზღვრა, გამიჯვნა.

შეფასება და გაცხრილვა

ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა

სანდოობის ხარისხის განსაზღვრა

ეჭვებისა და ვარაუდების გამოთქმა

არგუმენტირება - გამოთქმული იდეების მხარდაჭერა

კრიტიკა - მოყვანილი არგუმენტების უარყოფა

შედარება სხვა მოვლენებთან, ფაქტებთან

დასკვნის გამოტანა

 


არსებობს კრიტიკული აზროვნების რეალიზების რამდენიმე გზა: ინფორმაციის კრიტიკულად, ანუ გარკვეული შეფასების საფუძველზე მიღება, გააზრება (კრიტიკული/ანალიტიკური კითხვა) და ანალიტი­კური ნააზრევის საფუძველზე სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნა (კრიტიკული/ანალიტიკური წერა).

 

დავალება:

კითხვები მსჯელობისათვის:

  • თქვენი აზრით, რა არის ქართული ხასიათის ყველაზე გამოკვეთილი თვისება და რატომ მიიჩნევთ ასე?

  • თქვენი აზრით, რომელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი (ტრაგიკული ან წარმატებული) მოვლენა? რატომ ფიქრობთ ასე?

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ხასიათის ცვლილება და რატომ მიიჩნევთ ასე?

  • არის თუ არა თანამედროვე საზოგადოების სოციალურ ფენებს შორის მკვეთრი სხვაობა ჩვენს ქვეყანაში და რატომ მიიჩნევთ ასე?

  • რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოაქვს აქტიურ მიგრაციულ პროცესებს მსოფლიოში და რატომ მიიჩნევთ ასე?

  • არის თუ არა მაღალი საჯარიმო ტარიფი წესრიგის დამყარების საუკეთესო საშუალება და რატომ ფიქრობთ ასე?

  • არის თუ არა მატერიალური მდგომარეობა ადამიანის ბედნიერების ხარისხის განმსაზღვრელი და რატომ მიგაჩნიათ ასე?

  • არის თუ არა ადამიანის მომხიბვლელი გარეგნობა მისი წარმატების განსაზღვრელი და რატომ ფიქრობთ ასე

 

შინაარსი 

2. ანალიტიკური/კრიტიკული კითხვა