ქეთევან გოჩიტაშვილი: ქართული ენის მართლწერისა და პუნქტუაციის საკითხები

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


8. ზმნისწინთა მართლწერა

შინაარსი
     


დაიმახსოვრეთ:

აღ-, გან- ზმნისწინების გამოყენებისას:

1) ზმნისწინი ზმნის თავში დართული ნაწილია, მისი გათიშვა არ შეიძლება. არასწორია: ავღნუსხე, ავღწერე, ავღრიცხე, ავღშფოთდი... უნდა ვთქვათ და ვწეროთ:

აღ-ვ-ნუსხე, აღ-მი-ნიშნავს, აღ-ვ-წერე,
აღ-ვ-რიცხე, აღ-ვ-ზარდე, აღ-ვ-შფოთდი.


2) გან- ზმნისწინი არ უნდა გავთიშოთ: სწორი ფორმაა გან-მათავისუფლეთ (და არა: გა-მა-ნ-თავისუფლეთ).

ასე რომ, მართებული ფორმებია:

გან-ათავისუფლებს (ან გა-ათავისუფლებს), გან-ასხვავებს, გან-ავითარებს, გან-აზოგადებს, გან-ამტკიცებს.

წარსულ დროში: გან-ათავისუფლა (ან გა-ათავისუფლა), გან-ასხვავა, გან-ავითარა, გან-აზოგადა, გან-ამტკიცა.
აწმყო დროში: ასახიერებს, ათავისუფლებს, ასხვავებს, ავითარებს, აზოგადებს, ამტკიცებს (და არა: ანსახიერებს, ანთავისუფლებს, ანსხვავებს, ანვითარებს)...
რა მიქნია? გან-მი-სახიერებია, გან-მი-თავისუფლებია, გან-მი-სხვავებია, გან-მი-ზოგადებია...


სავარჯიშოები:

I. გაასწორეთ შეცდომები:

1. ის ყველა მოვალეობისაგან გაანთავისუფლეს.
2. როგორც ავღნიშნეთ, პრობლემა სერიოზულია.
3. ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა XX საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დაიწყო.
4. ჩვენ ვანხორციელებთ ამ გეგმას.
5. ბევრი დაავადება, სამწუხაროდ, დღესაც ვერ ინკურნება,
მედიცინა უძლურია მათ წინაშე.
6. ის ანზოგადებდა სათქმელს.
7. გთხოვთ, გამანთავისუფლოთ გაკვეთილებიდან ობიექტური მიზეზების გამო.
8. ჩვილები სიყვარულით ავღზარდეთ.
9. ქალბატონი ელენე გამოცდილი პედაგოგია და დღემდე არაერთ თაობას ღზრდის
10. ვერ ვანსხვავებთ ერთმანეთისაგან.
11. ამ სტატიაში ჩემი შთაბეჭდილებები ავღწერე.
12. მეცნიერი წარმატებით ანზოგადებს კონკრეტულ ფაქტებს და საგულისხმო დასკვნები გამოაქვს.
13. ამ როლს სოფიკო ჭიაურელი ანსახიერებდა.
14. ყველამ ავღნიშნეთ, რომ თქვენი ორგანიზაციის პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა.
15. ახალი ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად ანვითარებს თავის სტრატეგიულ გეგმას.
16. ლიამ ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელა და საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა.
17. ჩვენი ფირმა ინტენსიურად ანახლებს თავის ტექნიკას.
18. ეს საგანი ბევრ უნარს ანვითარებს.


II. აწარმოეთ პირველი პირის ფორმები:
 

აღნიშვნა

 აღვნიშნე

განვითარება
განცვიფრება
აღნუსხვა
განზოგადება
განმეორება
განმარტება
წარმოდგენა
აღწერა
აღრიცხვა
განხორციელება
განზრახვა
განკურნება
აღდგენა
წარმოდგენა
აღფრთოვანება

 

 

 

 

შინაარსი

7. ზმნის პირის ნიშანთა მართლწერა

9. ზმნის უღლებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები