ალექსანდრე მანველიშვილის უნიკალური არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა
დამატების თარიღი: 2019-01-28 13:41:00

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ლევან თაქთაქიშვილი და მაია სიმონიშვილი, 27 იანვარს კოლორადოს შტატში (აშშ), დენვერის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ავრორას ესტუმრნენ, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ალექსანდრე მანველიშვილის შთამომავლებს, პოლ და პიტერ მანველებს, შეხვდნენ.

წინასწარი მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მიხედვით პოლ და პიტერ მანველებმა მამის, ალექსანდრე მანველიშვილის, უდიდესი და უნიკალური არქივი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს. არქივი სულ მალე საქართველოში იქნება, ის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში (დარბაზის მხარდამჭერია TBC ბანკი) დაიდებს ბინას  და ისტორიკოსებისთვის, მკვლევრებისთვის, ამ ეპოქით დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი გახდება.

„სუპერმოციური და ისტორიული დღე. გუშინ ვაშინგტონიდან დასავლეთ ამერიკაში გამოვეშურეთ. კოლორადო. დენვერის მახლობელი პატარა ქალაქი ავრორა. და აი, მანველიშვილის უდიდესი არქივი, რომლის საქართველოში ჩამოტანაზე არაერთი მკვლევარი ოცნებობდა, სულ მალე საქართველოში ჩამოვა. პოლ და პიტერ მანველებმა, მოლაპარაკების შემდეგ, უნიკალური მასალები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოსცეს. არქივში დაცულია: ალექსანდრე მანველიშვილის მემუარები, მიმოწერა, გამომცემები, ფოტო-ალბომები (სტამბოლის, პარიზისა და ამერიკის პერიოდები  ემიგრაციის არაერთი წევრის ფოტოებით), გამომცემლობის სასტამბო აღჭურვილობა. ვიქტორ ნოზაძის, გიორგი წერეთლის, ლეო კერესელიძის პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი"- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.  



 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2019
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ