ეროვნული ბიბლიოთეკისა და ლიბერთის ახალი სოციალური პროექტი
დამატების თარიღი: 2018-11-01 16:53:00

1 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის „ლიბერთი დარბაზში" (Liberty Digital Hall) ლიბერთი ბანკისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი სოციალური პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები კომპიუტერისა და ინტერნეტის შემსწავლელ ერთთვიან უფასო კურსს გაივლიან.

პროექტი უფროს თაობას შესაძლებლობას მისცემს, შეისწავლონ კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება და იყვნენ უფრო მეტად ინტეგრირებულნი თანამედროვე ცხოვრებაში.

კურსის მონაწილეები კომპიუტერის ზოგად შესაძლებლობებს, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და  სმარტფონების ფუნქციების გამოყენებას სრულიად უფასოდ შეისწავლიან.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა სულ 338 ადამიანი. მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად დაიყოფიან. პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელდება. შეხვედრები ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში (გუდიაშვილის 7), ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall - გაიმართება.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე: „ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც აზრით საეტაპო პროექტია. ერთგვარი ხიდია თაობებს შორის ტექნოლოგიების მეშვეობით. სასიხარულოა, რომ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე გულისხმობს სერიოზულ პერსპექტივას, რაც სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების კარგი თანამშრომლობის შედეგია".   


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ