The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ილია ჭავჭავაძე თხზულებანი (ტომი X, პუბლიცისტური წერილები)

ილია ჭავჭავაძე თხზულებანი (ტომი X, პუბლიცისტური წერილები)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჭავჭავაძე ილია
თარიღი: 2007
აღწერა: 1888 ცისანა ყიფშიძე, ლამარა შავგულიძე ილია ჭავჭავაძე თხზულებათა აკადემიური გამოცემის (ანოტაცია) ილია ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის X ტომში შედის 1888 წელს გაზ. „ივერიაში“ გამოქვეყნებული პუბლიცისტური წერილები და ქართული სათავადაზნაურო ბანკის სხდომებზე წარმოთქმული სიტყვები. ტომს ახლავს როგორც სამეცნიერო აპარატი, ასევე თემატური, პიროვნებათა, გეოგრაფიულ სახელთა და პერიოდულ გამოცემათა ანოტირებული საძიებლები. წინამდებარე ტომში შემავალი წერილები იანვრიდან აპრილამდე მომზადებულია ცისანა ყიფშიძის მიერ, ხოლო აპრილიდან წლის ბოლომდე – ლამარა შავგულიძის მიერ. წელს ეს ორივე ნაწილი შეერწყა ერთმანეთს და მთელ ტომზე ჩატარდა სარედაქციო სამუშაოები. გამომცემლობის რედაქტორები: ივანე ამირხანაშვილი, უჩა შერაზადაშვილი. კორექტორი: ტექსტი ააწყო: ლევან ბუკია დააკაბადონა: ლევან ბუკია



1 ევროპის პოლიტიკის დაუდგრომელობა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 4 იანვარი

ძველმა წელიწადმა იჭინჭყლა, იჭინჭყლა და ბოლოს სულის ამოხდომაზე რომ მივიდა, გვითხრა: ნუ გეშინიანთ, ტყუილი ფართიფურთობა იყოვო, პოლიტიკის ცაზედ თუ ნისლი და ბურუსია, მაინც ფიქრი ნურაფრისა გაქვთო, არსაიდამ არ დაიჭექავსო. ახალი წელიწადი ბაშვია ჯერ და საკვირველიც არ არის მოსტყუვდეს. განა კაი ნიშანი კია, რომ ახალი წელიწადი მოტყუებით დაწყებულ იქმნას? მშვიდობიანობა, რა თქმა უნდა, ფრიად სასურველია და რაც სასურველია, იმას კაცი ადვილად იჯერებს, მაგრამ ტყუილის დაკვებება ვერაფერი ნუგეშია ახალის წლისათვის: მთელი წელიწადი სულ ტყუილით ივლის. თვითონ ამ 1888 წელს ამით არა დააკლდება რა, და ჩვენ კი, ადამიანებს, ჩვენი დაგვემართება.

ამ ნისლსა და ბურუსში მცირეოდენი შუქი და ნათელი რომ წინ გავიმძღვაროთ, იქნება ძველის წელიწადის სიცრუეს და ორპირობას ცოტაოდენი კბილი მოვსჭრათ და მის მიერ სამკვიდროდ დატოვებულს ტყუილს თამასუქებს ძალიანაც არ მივენდნეთ. ჯერ ყველაზედ უწინარეს ეს უნდა ვთქვათ, რომ მშვიდობიანობის დაურღვევლობის მიზეზი ის კი არ არის, ვითომც შინაგანი გარემოება სამშვიდობოდ იყოს ყველგან მოწყობილი და ციხე შიგნიდამ არა ჰტყდებოდეს. ამ მხრით, არა გვგონია, კაცი ტყუილს იმედებს მიენდოს. შინაგანი მიზეზები ბევრია საქმის აშლისა და აწეწვისათვის და ამ წყლულის გასამთელებლად მალამოს შედგენა თვით იმისთანა მკურნალსაც კი ვერ მოუხერხებია, როგორიც თ. ბისმარკია.

ევროპის შიგნეულობაში დიდი მოუსვენარი ბუღი ჰტრიალებს და ყველამ იცის შიგნით დატრიალებულს ბუღს რა ბოლოც მოსდევს. მართალია, ჰცდილობენ ამ ბუღს სარქვეველი არ ახადონ, მაგრამ ესეც იციან, რომ განგებ დაგუბებული ბუღი რის მოქმედი და მომავლინებელია. დიდხანს საქმის ასე დატოვება შეუძლებელია, საშიშარია, ხოლო ამ ხვალინდელს შიშს უფრო ჰრჩეობენ, ვიდრე დღევანდელის დღის აშლასა და ხელის გამოღებასა. რადა? იმიტომ, რომ დღევანდელი დღე მოუმზადებელია და არავინ დაჯერებული არ არის, ბედი ვის მიაწვდის ხელს ბურთის გამოსატანად მოედნიდამ. ამიტომაც დიდნი მომქმედნი ევროპის პოლიტიკაში მარტო იმის ცდაში არიან, რომ ძალი და ღონე გარედამაც მოიკრიბონ, სხვისითაც გაიმაგრონ ზურგი მაშინ, როდესაც არაფერს არა ჰზოგვენ თავისითაც გაძლიერებულნი დაჰხვდნენ უეცარს სვე-ბედსა.

შესდგა ამის გამო ეგრედწოდებული სამთა კავშირი გერმანიისა, ავსტრიისა და იტალიისა და თ. ბისმარკი ყველას ეფიცებოდა, რომ ამ სამთა კავშირს სხვა არა აქვს რა აზრად, გარდა მშვიდობიანობის დაურღვევლობისა. ამასვე იძახოდა ავსტრია და ნამეტნავად იტალია. ამ ბოლო ხანებში იტალიამ როგორღაც გული გაუგრილა სამთა კავშირსა და სთქვა, რომ მე არც ჯიბე და არც ხელი არ მომდევს სხვისათვის ან ფული ვხარჯო, ან კაციო. ამ სახით ეს სამთა კავშირი შიგნიდამვე მოჰდუნდა და აბლანდული გამოდგა და არა გვირისტით ნაკერი.

თუნდ ეგეც არ იყოს, განა მართლა ევროპა მარტო ამ სამს სახელმწიფოზეა დანდობილი და სხვა არავინ არის? თ. ბისმარკმა ეს კარგად იცოდა და რადგანაც დანარჩენებში ინგლისი ყველაზედ უფრო სანატრელი იყო გერმანიისათვის, ამიტომაც თ. ბისმარკმა ინგლისს დაუწყო ლაქუცი და მეოთხე მეკავშირედ მოიწვია. ხოლო ინგლისი ეგრე ადვილად არ აეთრევა ხოლმე სხვის სურვილსა. ინგლისი მინამ ერთხელ გამოსჭრის, ჯერ ათასჯერ გაჰზომავს ხოლმე. ინგლისმა შეუთვალა, რომ დიდად საპატიოა ჩემთვის თქვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ, უკაცრაოდ, მე ჩვეულსა ვარ ყოველ შემთხვევაში ჩემს საკუთარს ინტერესებს ვეკითხებოდე და მარტო იმ ინტერესების მიხედვით ვმოქმედობდეო, თქვენი კავშირი კი თავზედ მომახვევს თქვენს ინტერესებსაც და ამით ხელ-ფეხს ვერ შევიკრავო.

ჩვენა გვგონია, რომ ამისთანა პასუხმა ძალიან უკან დასწია საქმე აშლისა. ესეთი პასუხი იმასა ჰნიშნავს, რომ ხვალისა ხვალემ იცისო და მე დღეს ხელ-ფეხში ბორკილს არ გავიყრი; რასაც ხვალე ჰმაგონებს, ისე მოვიქცევიო. შიშიც ბისმარკისა აქ არის: ხვალემ რომ საფრანგეთის მომხრეობა აგონოს იმისთანა ღონიერს სახელმწიფოს, როგორიც ინგლისია, მაშინ სასწორი გამარჯვებისა ვინ იცის საით გადიწევს. ეს შიში უმიზეზო არ არის, თუ გავიხსენებთ ლორდ ჩერჩილის ყოფნას რუსეთში და საფრანგეთისა და ინგლისის დაახლოებას ერთმანეთში მორიგებითა. ერთსა და მეორეზედაც ხვალ დაწვრილებით მოვილაპარაკებთ და ეხლა კი ამას ვიტყვით, რომ დღევანდელი ჰოარაობა პოლიტიკისა, ტოკვა და ნძრევა სასწორის უღლისა უფრო იმაზეა დამოკიდებული, თუ ვისკენა იქმს პირსა ინგლისი. ინგლისი, როგორცა ვსთქვით, ჯერხანად ისე იქცევა, რომ ორად გაყოფილ ევროპის შუა სდგას და სამოქმედოდ არც ერთს მხარეს არ ემხრობა, რადგანაც თვითვეული მხარე ცალკე გამოელის მის გადმობირებას. ამასთან თვითონ ინგლისიც არც ერთს მხარეს იმედს არ უწყვეტს, და ინგლისის მომხრეობა ხომ თვითვეულის მხარესათვის მეტად სახარბიელო და სანატრელია, ამიტომაც, ჩვენა გვგონია, რომ მიზეზი ეხლანდელის პოლიტიკის წაჯეგ-უკუჯეგობისა ამაში უნდა მოინახოს და მოიჩხრიკოს.

ევროპის პოლიტიკის დაუდგრომელობა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №2, 5 იანვარი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არცერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიისა“ ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი წინამდებარე ტომში პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - შესდგა... ეგრედწოდებული სამთა კავშირი... - გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის და იტალიის სამხედროპოლიტიკური ბლოკი, სამთა კავშირი, ჩამოყალიბდა 1879-1882 წლებში. ავსტრია-გერმანიის ხელშეკრულების (1879წ.) დადების შემდეგ, გერმანიამ გამოიყენა იტალიასაფრანგეთის კონფლიქტის გამწვავება, და იტალია დაითანხმა ხელი მოეწერა გარმანიასა და ავსტრიაუნგრეთთან საიდუმლო სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე 1882 წლის 20 მაისს ვენაში. ხელშეკრულება მიმართული იყო საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ.

2 ჩერჩილის ვიზიტი რუსეთში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 5 იანვარი

ლორდ ჩერჩილის მოსვლა რუსეთში, ჩვენის ფიქრით, უმიზეზო არ არის, თუმცა ევროპის ჟურნალგაზეთობა კი ირწმუნება, რომ ლორდ ჩერჩილი თავისით წავიდა რუსეთში და არავითარი დიპლომატიური მინდობილობა არა ჰქონიაო. ჩვენა გვგონია, რომ ლორდ ჩერჩილის მისვლა პირდაპირი ნიშანია ინგლისისა და რუსეთის დაახლოებისა იმ ზომამდე მაინც, რომ მოსარიგებელს ლაპარაკს გზა გაეხსნას.

მარტო ჩვენ არა ვფიქრობთ ესე. გაზეთი „Indenpendance Belge“-ი ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთის მთავრობამ ეს შემთხვევა გამოიყენოს და შესაფერი ღონისძიება იხმაროს, რომ ინგლისი გადაუყენოს სამთა კავშირსაო. მეორე მხრით, ისიც საფიქრებელიაო, რომ ლორდ ჩერჩილის წასვლა რუსეთში ინგლისმა მოიწადინა იმისთვის, რომ ორში ერთი ამოირჩიოს: ან მიუდგეს სამთა კავშირსა, ან რუსეთსა და საფრანგეთსაო, იმისდა მიხედვით, რომელი მხარე უფრო სასარგებლოდ ეჩვენება ინგლისსაო. ვინ იცის, იქნება ინგლისმა უკვე იცის, რას დაჰპირებია გერმანიაო და ეხლა კი ჰსურს შეიტყოს, რას დაჰპირდება რუსეთი, თუ ვინცობაა მას მიემხრობა ინგლისიო.

ინგლისის და რუსეთის ერთმანეთთან დაახლოვება დიდი მუქარაა ოსმალეთისათვის. რუსეთი ძალიან ემდურება ოსმალეთს, რადგანაც ბოლგარიის საქმეში ოსმალეთი მეტად ორჭობად იქცევა და ვინ იცის, ოსმალეთს რომ რუსეთთან ერთად თავი გამოედო და გულახდილად ემოქმედნა, იქნება ბოლგარიის საქმე ასე არ აწეწილიყო და ამ აწეწვას ბოლო მოჰღებოდა. ინგლისიც გულამღვრეულია ოსმალეთზედ ამ ბოლოს ხანებში, ჯერ იმიტომ, რომ ეგვიპტის კონვენცია ოსმალეთმა თითქმის თავზე დაახია ინგლისსა და მერე სტამბოლში რაღაც ქსელი გააბა, რომ დღევანდელი ჰედიფი ეგვიპტისა ტეფიკ-ფაშა, კაცი ინგლისისაგან დაყენებული და ინგლისის საამური, ტახტიდამ გადმოაბძანოს და მის მაგიერ წინანდელი, ინგლისისაგან გადაყენებული ჰედიფი ისმაილ-ფაშა, მამა ტაფიკ-ფაშისა, დასვას. ამ ქსელის გაბმისათვის სულთანმა ისმაილ-ფაშას ნება მისცა სტამბოლში დაბინავებულიყო იმისდა მიუხედავად, რომ ინგლისი დიდს უარზედ იდგა და უთვლიდა სულთანს, მაგის ნება არ მისცეო. ეხლა ვინ იცის, იქნება ამ ორგზით გულნატკენმა ინგლისმა ოსმალოს ჯავრის ამოყრა მოიწადინა და ამისათვის სხვას უკეთეს რას იპოვიდა ევროპაში, თუ არ რუსეთთან დაახლოვებას. ესეც ერთი მიზეზია, რომ ინგლისს რუსეთში ჩერჩილისავით სანდო კაცი გამოეგზავნა მოსალაპარაკებლად.

საფრანგეთსა და ინგლისს შორის დღეს არც ერთი იმისთანა თვალსაჩინო მიზეზი არ არის, რომ დაახლოვებას დაეშალოს. ერთი სუეზის არხის საქმე იყო, რომელმაც საკმაოდ დიდი შუღლი ჩამოაგდო საფრანგეთსა და ინგლისს შორის. ჯერ კიდევ 1885 წ. პარიჟში გამართეს ამ ორ სახელმწიფოთა ლაპარაკი მოსარიგებლად, მაგრამ ვერ მოჰშველდნენ. ამ საგანზედ ლაპარაკი დაიწყეს ხელახლად 1887 წლის იანვარში და 21 ოქტომბერს 1887 წლისას გაათავეს მორიგებითა ისე, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. ჰებრიდისა და ტაიტის კუნძულებზედ ჰქონდათ კიდევ ინგლისსა და საფრანგეთს ერთმანერთზედ სამდურავი და ესეც მორიგებით და მშვიდობიანად გაათავეს 16-ს ნოემბერს 1887 წლისას და ეხლა ეს ორნი სახელმწიფონი ერმანერთის კეთილის მსურველნი უფრო არიან, ვიდრე მტრობისა. გარდა ამისა, ესეც უნდა სახეში ვიქონიოთ, რომ გაძლიერებამ გერმანიისამ ამოდენა ჯარების შენახვა მოიტანა მთელს ევროპაში და გერმანიის ბძანებლობა მეტად მძიმე ტვირთად დაედვა ყველას. ამას ყველანი ჰგრძნობენ და ნამეტნავად ინგლისი, რომელსაც კარგა ხანია ჭკვაში არ მოსდის გერმანიის ფარფაშობა ევროპაში.

ყველა ზემოხსენებული რომ ერთად შევკრიბოთ, ადვილად მივაგნებთ, რა ატოკებს დღევანდელის პოლიტიკის სასწორსა ხან იქით და ხან აქეთ. ჩვენის ფიქრით, სასწორის უღლის მაქანებელი დღეს ინგლისია, რომელმაც კარგად იცის თავისის თავის ყადრი და ამიტომაც ჯერ არც ერთს მხარეს მისდგომია და არც მეორეს, ვნახოთ სად უფრო სამჯობინარი იქმნებაო. რომ დღეს ინგლისი უფრო იმ მხრივ არის მიდრეკილი, რა მხარეც თ. ბისმარკს არ ემხრობა და ჭკვაში არ მოსდის, ეს ჯერ იმითი მტკიცდება, რომ თ. ბისმარკი თვითონ ეკურკურება იმ მხარეს, იქნება მეც თვითონ გავხდე რასმეო, და მერე იმით, რომ ჟურნალ-გაზეთობა გერმანიისა რაც ძალი და ღონე აქვს, იჭაჭება და ავად იხსენიებს ინგლისსა ლორდ ჩერჩილის რუსეთში წასვლის გამო, თითქო ალღო აღებული აქვთ, რომ ინგლისი შორს არ არის მიუდგეს რუსეთსა და საფრანგეთსაო.

ჩერჩილის ვიზიტი რუსეთში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №3, 6 იანვარი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად ხელმოუწერლად და უსათაუროდ. იგი ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ არც ერთ წინა გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიისა“ ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება ამ გამოცემაში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

3 ინგლისისა და გერმანიის ინტერესების შეჯახება პოლიტიკურ სარბიელზე

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 7 იანვარი

გერმანია დღეს ინგლისსა სწამებს ორპირობას და ორგულობას. ინგლისი, მას აქეთ, რაც გერმანია ასე გაჰბატონდა ევროპაში, სულ ალმაცერად უყურებდა გერმანიის ფარფაშობას. ამას ცხადად ამბობდა ინგლისი, როცა მის სახელმწიფო საქმეებს განაგებდა ლიბერალთა დასი გლადსტონის მეთაურობით. აკი კინკლაობაც მოუვიდათ მაშინ გლადსტონსა და ბისმარკსა. მას აქეთ, რაც ინგლისის საქმეები ჩაუვარდა ხელში კონსერვატორებს, ესენიც კი თუმცა გულში ჰგრძნობდნენ ტკივილსა გერმანიის გაბატონების გამო, მაგრამ თ. ბისმარკს ხათრს უნახავდნენ და, რაც გულში ჰქონდათ, იმის თქმას ცხადად ვერა ჰბედავდნენ.

გერმანიის გაძლიერება რად უნდა აფრთხობდეს ინგლისსა? სხვა ყველაფერს, ევროპისათვის საერთო მიზეზებს რომ თავი დავანებოთ და მარტო საკუთარი ინტერესი ინგლისისა ვიქონიოთ სახეში, ესეც კი საკმაო საბუთს აძლევს ინგლისსა გერმანიას ერიდოს. გერმანია ვეღარ იტევს ხალხსა, მეტისმეტი ვიწროობაა მკვიდრთათვის და იძულებულ ხდის გერმანიას ხალხს სადმე გარედ აუჩინოს ბინა, წელიწადში, სულ ცოტა რომ ვსთქვათ, გერმანიიდამ, ვიწროობისა და უმიწობის გამო, ორასი ათასი კაცი მაინც იხიზნება და გარედ გადის. ეს ამოდენა ხალხი შესაძლოა მთლად დაეკარგოს გერმანიას, თუ კოლონიები არ დაიჭირა სხვა ქვეყნებში და იქ არ დააბინავა გახიზნულები.

შორმხედველობა თ. ბისმარკისა ამას ჰგრძნობს და ამიტომაც გერმანია ამ ხუთ-ექვს წელიწადის განმავლობაში არა ერთხელ წაეტანა სხვადასხვა ადგილებს სხვადასხვა ქვეყნებში დასაჭერად. ამის გამო შუღლიც ჩამოუვარდა ისპანიასთან და კინაღამ ომამდე არ მიაღწია ამ შუღლმა. ამასთან ხომ ესეც ეჭვგარედ არის, რომ გერმანიამ აფრიკაში მოიწადინა კოლონიების გამართვა და აქ ფეხის მოკიდება. იმას აღარ ვახსენებთ, რომ სხვაგანაც ხელი წაიწვდინა და ინგლისმა და საფრანგეთმა ჯიბრი გაუწიეს და გძლად წაწვდენილი ხელი დაუმოკლეს.

თუ თავადი ბისმარკი შორმხედველია, არც ინგლისის სახელმწიფო კაცნი არიან თვალმოკლენი და ბეცნი, ამათ ძალიან კარგად იციან, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, გერმანია საკოლონიო პოლიტიკას უნდა აჰყვეს და უამისოდ მისი ხსნა და ცხოვრება ძნელია. ამას გერმანია დღესაც იქმოდა, რომ შინ, ევროპაში, ბევრი საშიში და საფრთხე საქმე არა ჰქონდეს აწეწილი და დაულაგებელი. რაკი გერმანია საკოლონიო პოლიტიკისათვის მოიცლის და ისე ძლიერი იქმნება, რომ ამ მხრითაც ღონე ჰქონდეს გაიწივ-გამოიწიოს, უეჭველია, წინ უნდა შეეფეთოს ინგლისსა, რომელიც ზღვათა მფლობელად ცნობილია, კოლონიებითა სულდგმულობს, იკვებება და ცხოვრობს და რომელსაც კოლონიების შემწეობით დღეს დიდი ბაზარი უჭირავს თავის აუარებელ საქონლის გასასაღებლად.

აი მოედანი, საცა ინგლისი და გერმანია უსათუოდ უნდა ერთმანეთს დაეჯახნენ, თუ გერმანია დღეისზედ მეტად გაძლიერდა, დღეისზედ მეტად გაჰბატონდა და დღეისზე მეტად ღონე მოიცა. ინგლისი მოჰკვდება და საკოლონიო პოლიტიკაში ბატონობას და უპირატესობას არამცთუ არ დაუთმობს გერმანიას, წილსაც კი არ დაუდებს. ინგლისი რომ განზედ უდგება გერმანიას და ალმაცერად უყურებს მის განდიდებას და გაძლიერებას, ამისი მიზეზი ეს მოსალოდნელი დაჯახებაა ევროპის გარედ და, რასაკვირველია, რომ ინგლისი სამჯობინაროდ ჰხედავს მის სამერმისო მტერს დიდი ღონე არ მიჰყვეს სამერმისო ბრძოლისათვის.

დღეს ინგლისს ამცნევენ, რომ უფრო გერმანიის წინააღმდეგობას ჰრჩეობს და არა ჰსურს, რომ თავისის მიმხრობით გააძლიეროს ეგრედწოდებული „ლიგა მშვიდობიანობისა“, ანუ სამთა კავშირი, რომლის შედგენისათვის თ. ბისმარკი ისე ძლიერ იღვწოდა. ჯერ დღესაც ინგლისში გამოვიდა ერთი წიგნი, დაწერილი ჩარლზ დარვინის მიერ და ამ წიგნში ეს შიში მერმისისა ინგლისისათვის ცხადად გამოთქმულია. ავტორი ამ წიგნისა ეხლავ ურჩევს ინგლისსა, შენ თავს უპატრონეო, გერმანიას დღესვე გულდაგულ დაუხვდი და აფრიკაში ფეხს ნუ მოაკიდებინებო, თორემ მერე იქნება გვიანღა იყოსო.

ერთი სიტყვით, ინგლისს მიზეზი აქვს და საბუთიანი მიზეზიც, ზურგი შეუქციოს გერმანიას და თუ სამტროდ არ გამოეკიდოს, მეშველად მაინც არ მიეკედლოს. არავინ იცის, იქნება ამ მიზეზმა იმოდენადაც გასჭრას, რომ ინგლისმა თუ მხარი არ მისცა, პირი მაინც იბრუნოს იმათკენ, ვისაც გული ნატკენი აქვს გერმანიისაგან. ესეთი ყოფა და ქცევა ინგლისისა შემძლებელია სულ მთლად შესცვალოს ევროპის პოლიტიკა და სახელმწიფონი ერთმანერთში სხვარიგად მოაწყოს. ჩვენის ფიქრით, დღეს ევროპიის პოლიტიკა ამ ხაზსა და ლარზედა სდგას და იმის მაყურებელია, თუ ინგლისი რას გამოამჟღავნებს თავის შემდეგის პოლიტიკითა. მინამ ინგლისი თავის ჰოსა თუ არას საქვეყნოდ და ცხადად არ იტყვის, ევროპა ისე მეტნაკლებლობით გაყოფილია დღეს, რომ არც ერთი მხარე ომის ატეხას ვერ გაჰბედავს.

ინგლისისა და გერმანიის ინტერესების შეჯახება პოლიტიკურ სარბიელზე

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №4, 8 იანვარი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. იგი ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ არც ერთ წინა გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიისა“ ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - დღეს ინგლისს ამცნევენ, რომ... არა ჰსურს თავისის მომხრობით გააძლიეროს ეგრედწოდებული ლიგა მშვიდობიანობისა ანუ სამთა კავშირი... - იხ. შენიშვნა გვ.

4 გერმანიისა და ავსტრიის ურთიერთობა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 11 იანვარი

ჩვენა ვნახეთ, რომ ინგლისი ვერაფერი საიმედო სახელმწიფოა გერმანიისათვის, რადგანაც გერმანიის გაბატონებას და უშიშრად ყოფნას ევროპაში აუცილებლად უნდა მოჰყვეს გარედაც გაწევ-გამოწევა და ეს გარედ გაწევ-გამოწევა უსათუოდ დააჯახებს ინგლისსა. არის ევროპაში მეორე სახელმწიფოც, რომელთანაც კავშირი დიდად სანატრელია გერმანიისათვის და ურომლისოდ სვე-ბედი გერმანიისა თითქმის ბეწვზედ უნდა ეკიდოს. ეს სახელმწიფო ავსტრი-ვენგრიაა.

ჩვენს მკითხველებს უკვე მოეხსენებათ, რომ რაკი პრუსიამ ავსტრიას ხელი დააბანინა გერმანიაზედ და გამოდევნა იქიდამ, მერე შეერთებულმა გერმანიამ ავსტრიას სხვა მოედანი ანიშნა გასაძლიერებლად და სამაგიეროს ასაღებად. ეს სხვა მოედანი ბალკანიის ნახევარკუნძულია და აქ გერმანია, ცხადლივ თუ მალულად, ძლიერ ხელს უწყობდა და ხელს უწყობს ავსტრიასა. ამით გერმანიას ჰსურდა და ჰსურს ავტრიას გერმანიის დაკარგვის მწვავი ტკივილი დაუამოს და დანაკარგის სამაგიეროთი გულიც მოუგოს.

ავსტრიას, დამარცხებულს და დაუძლურებულს გერმანიისაგან სხვა აღარა დარჩა რა, გარდა იმისა, რომ უნდა ასთრევოდა გერმანიის პოლიტიკას და იმის ნებაზედ ეარნა. ესეც მოჰხდა, 1866 წლიდამ დღევანდლამდე ავსტრია მარტო გერმანიის მაყურებელია და თითქმის მისის ბრძანების მომლოდინე. ავსტრიის პოლიტიკა დღეისამდე ამ ყოფაშია.

ეს ასეთი ყოფა ავსტრიისა ძალაუნებურია, გარემოებისაგან გამოწვეული და გარემოებაზედვე დამოკიდებული. თუმცა ამ ყოფამ ავსტრიას პირი ბალკანიის ნახევარკუნძულისაკენ აქმნევინა, მაგრამ ავსტრიას ცალი თვალი მაინც ისევ გერმანიაზედა აქვს დარჩენილი და გულში ინახავს იმედს ისევ გერმანიაში დაბრუნებისას. ავსტრიამ კარგად იცის, რომ ერთი დრო არავის შერჩენია და მახვილით გაძლიერებული შესაძლოა მახვილითვე დაუძლურდეს და მაშინ, ვინ იცის, იქნება გზაც გაიხსნას დაკარგულის დაბრუნებისათვის.

ამ სახით ავსტრია, მინამ გერმანია ძლიერია, იძულებულია ბალკანიის ნახევარკუნძულზედ მიიქცეს მთელის თავის ღონითა და თუ ვინიცობაა გარემოებამ ეგ ძლიერება გერმანიისა როგორმე შეარყია, მაშინ ბედნიერს შემთხვევას არ დაჰკარგავს და გერმანიის ისევ ხელში ჩაგდებას უსათუოდ მოიწადინებს.

ამიტომაც ავსტრიის წინაშე ორნაირნი მცდელნი არიან დღეს. ერთის მხრით თ. ბისმარკი, რომელმაც იცის, რომ უავსტრიოდ ევროპაში ბატონობა ყოვლად შეუძლებელია და ყოველს ღონისძიებას ჰხმარობს, ავსტრია ისე მაგრად ჩააბას აღმოსავლეთის საქმეში, რომ არც ანგარიში და არც მოცლა აღარა ჰქონდეს ოდესმე გერმანიისაკენ გამოიწიოს გასაბატონებლად.

რაკი ავსტრია ეგრე ჩაებმის აღმოსავლეთის საქმეში და გერმანიაში გაბატონების სურვილს ამ საქმეს ანაცვალებს, მაშინ არავითარი მიზეზი არ ექნება გერმანიასთან ხელი-ხელს გადაბმული არ იყოს და იმასთან ერთად და თანხმად არ იაროს. ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ყოვლად უსაბუთოდ დაჭერა ავსტრიისაგან თ. ბისმარკის საქმეა და კარგი მოზდილი ნახტომიც არის, რომ ავსტრიას აღმოსავლეთის საქმეში კარგად შეატოპინოს. დღეს ყველანი კარგადა ჰხედვენ, რომ თ. ბისმარკს ჯერხანად ანგარიშმა არ უმტყუნა.

მეორეს მხრით მეცადინეობენ, რომ ავსტრიას გერმანიაში ხელახლად შესვლის იმედი არ მოუკვეთონ და დაარწმუნონ, რომ თუ ევროპაში აშლა რამ მოჰხდება და ეხლანდელი იმპერია გერმანიისა დამარცხდება, შესაძლოა ავსტრიამ თავისი უწინდელი ადგილი დაიჭიროს გერმაინიაში, თუ აღმოსავლეთს თავს დაანებებს და აქ სხვას დაუთმობს მოედანსა.

რა თქმა უნდა, რომ არც ერთი მხარე არაფერს არა ჰზოგავს თანხების მიცემისა და დაპირებისათვის. ჭკვიანი დიპლომატია ავსტრიისა ამას კარგადა ჰხედავს და ბოლოს გამოაჩენს, როგორ გამოიყენებს ავსტრია ამ ორპირს გარემოებას. დღეს ავსტრიას ორივე მხარე ერთსა და იმავე დროს ელაპარაკება, როგორცა სჩანს. არ ვიცით, რომელის თანხები უფრო საიმედოდ ეჩვენება და ეს კია, რომ ავსტრია თითქო ცოტაოდნად გაუცივდა გერმანიას და მეორე მხარესაკენ გადიხარა. ამისი ზოგიერთი ნიშნებია. მართალია, შესაძლოა ნიშნები ნიშნად დაჰრჩეს და პოლიტიკის ქარავანი კი თავის გზაზედ წავიდეს, მაგრამ გერმანიისათვის ეგ ნიშნებიც დიდად ჩასაფიქრებელია. გერმანია, რომელსაც ორი დიდი სახელმწიფო, რუსეთი და საფრანგეთი, ამრეზილი უყურებს, ამ ბოლოს ხანებში სულ იმის ცდაში იყო, რომ ხან ერთი და ხან მეორე გაეცალკევებინა და გაემარტოვებინა. მაგრამ კოჭი ალჩუდ ვერ დაუჯდა. არავინ იცის: იქნება საქმე ისე წავიდეს, რომ თვით გერმანია დაჰრჩეს მარტოდ და ცალკედ. ამისათვის ბევრი მიზეზია და საბუთი ევროპაში. დიდებს ემძიმებათ გერმანია და პატარები ხომ სულაც ჰთრითიან, ვეშაპმა არ გადაგვყლაპოსო.

გერმანიისა და ავსტრიის ურთიერთობა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №7, 12 იანვარი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. იგი ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ წინა გამოცემებში აღარ შესულა

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

5 ქართველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 13 იანვარი

14 იანვარი ყოვლად სადიდებელი დღეა ყოველის ქართველისათვის. ამ დღესა უქმობს, ამ დღესა დღესასწაულობს საქართველოს ერი და ეს დღეა დღე მიცვალებისა ჩვენის განმანათლებელის, მოციქულთა სწორის წმინდა ნინოსი. ამ ჩვენს, ღვთისმშობლის წილად ხდომილს ქვეყანას ღვთისმშობლისავე ლოცვით და კურთხევით მოევლინა ზეგარდამო შთაგონებული წმინდა ქალწული, გადმოლახა თავისის უძლურის ფეხითა მთანი და კლდენი, მოვიდა იქ, „სადაც ღმერთნი ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ“, პირქვე დაამხო სალოცავნი კერპთმსახურებისანი და მათს ადგილას აღმართა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი პატიოსანი.

საქართველოს ერმა გადიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი ჯვარცმულის ღმერთისა და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ ხუთმეტი საუკუნეა და მთელი ეს ხუთმეტი საუკუნე გულში ჯვარით და ხელში ხმალით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა.

ჩვენის ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულთმომქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათელით არის განსხივებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზედ სხივოსანის ასოებით ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია, უძლიერესია ყოველს სხვა მცნებაზედ: გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი.

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა; იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღესაქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, ამას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, ხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავპირდასისხლიანებულმა, ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა და ტანჯულმა და წამებულმა ჩვენ - შვილებს გადმოქვცა, ეხლა თქვენ იცითო.

ეკლის გვირგვინია, მაგრამ თვალმარგალიტით მორთულს გვირგვინს რითი ჩამოჰრჩება? გვირგვინი წამებისა ჭეშმარიტებისათვის, კაცთმოყვარებისათვის, გვირგვინი წამების მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ნუგეშისათვის, გვირგვინი წამებისა ერთმანერთის ძმურად და სიყვარულით განკითხვისათვის, მშიერთა, მწყურვალთა, სნეულთა, საპყართა და პატიმართა შველისა და ხსნისათვის, ობოლთა, ქვრივთა, უპატრონოთა შეწყნარებისათვის - ნუთუ ყოველივე ეს იგივ თვალმარგალიტები და უფრო უკეთესნიც არ არიან?

დიდი წამება დიდბუნებოვანობის ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილობა. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჰხვდება ხოლმე დიდბუნებოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი უნათებს.

ამიტომაც ეკლიანი გვირგვინი წამებულისა უფრო უანგაროა, უფრო მიმზიდველია, უფრო საგულმტკივნეულოა და, მაშასადამე, უფრო მშვენიერი, სასახელო და სადიდებელი. მარტო ამ წამებულთა ჰლოცულობს კაცობრიობა, მარტო ამ წამებულთა აღიარებს იგი წმინდანებად და თაყვანსა სცემს ლოცვითა და კურთხევითა.

ეკლიანი გვირგვინი, ჩვენს დღემდე მოტანილი ჩვენთა წინაპართაგან, ამ მშვენიერებითა ჰშვენის, ამ სახელითა სახელოვანობს, ამ დიდებით ჰდიდებულობს. თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა.

ამ სამართლიან ქება-დიდებისათვის სხვა უკეთესს დღეს ვერ ამოირჩევს ქართველი, თუ არ დღეს, ჩვენის განმანათლებელის სახსოვრად დაწესებულს. მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავა ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალს აღთქმას შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც კი რამ ძვირფასია ადამიანისთვის და რაც თავის დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი ადამიანობს: შეუერთა მამული და ეროვნობა. ეს სამი ერთმანერთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანერთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდიქმნა და მიწაწყლის დაცვა - რჯულის დაცვად. რჯული ჩვენის მამულის, ჩვენის ეროვნობის ხმლად იქცა ზედმისევისათვის და ფარად - ზედმოსეულთათვის.

ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავე მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან, გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნობა, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორცთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარი მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას სულ იმაზედ მიაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნობა რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდესს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგაწირვით ამოქმედოს.

აი სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი რით გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტესი ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი რამ მოაგერებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნობა მიაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული - მამულსა და ეროვნობასა და ეგრედ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაიმძღვარა წინ, ათას ხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.

ამ სამთა უწმინდაესთა საგანთა შეერთებამ ასწია ჩვენი სამღვდელოება და დააყენა იმ მაღალ ხარისხზედ, სადაც ყოველი ბიჯი ღვაწლია და სამსახური ქვეყნის წინაშე. მოღვაწეს და მოსამსახურეს ყოველთვის დიდი პატივი და სახელი აქვს და ამიტომაც უწინ სასულიერო წოდებაში შესვლა და ყოფნა დიდ პატივად და დიდ ღირსებად მიაჩნდათ. დიდნი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც კი ბედნიერად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს, თუკი ეღირსებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიერობაში შესვლას და სამსახურსა. ყველამ იცოდა, რა მძიმეა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი მამულისა და ეროვნობისა და სახელიც მოღვაწისა ამ სიმძიმეში იყო, ეს სიმძიმე აპატიოსნებდა ღვაწლსა, ეს ტვირთი ასხივოსნებდა სამსახურსა და ამ პატიოსნებასა და სხივოსნობაში იყო თავმოწონებაც და ჯილდოც მოღვაწისა.

ამ სახით წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნობას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა და აი ათას ხუთასი წელიწადია ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შეგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა.

ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თვითონ ცალკედ, თავისთავად დიდი ღვაწლია და, რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიძღვა მამულისა და ეროვნობის შერჩენისა და ხსნისათვის, ღვაწლი იგი გვიორკეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება. ეგ გაორკეცებული, ეგ განდიდებული ღვაწლი დაგვდო ჩვენ ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ნინომ. აი რით არის მართლა სადიდებელი, მართლა სადიდდღესასწაულო იგი დღე, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებით იხსენიებს ამ მოციქულთა სწორს ქალწულსა. ამა ღვთაებურის მადლით მოსილმა მოციქულმა დაგვაწაფა დაუშრობელს წყაროს ღვთაებურის ჭეშმარიტებისას და მოგვივლინა იგი მოძღვრება, რომელმაც იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნობა და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე.

კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის! დიდება შენდა, დიდება!..

ქართველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი

ხელნაწერი: ასლი, U №1052, გვ. 788-791.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №9, 14 იანვარი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ.ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს - ილიას ნაწერების სრული კრებულის VIII ტომში. ზემომითითებული სათაურით.

6 გაზეთი „მეურნე“

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 16 იანვარი

ჩვენში სალიტერატურო მოღვაწეობა საერთოდ და ჟურნალ-გაზეთობის საქმე საკუთრივ, ჯერ კიდევ სხვერპლს ითხოვს მოღვაწისაგან. ჟურნალ-მეგაზეთე, გარდა იმისა, რომ უწყალო შრომას უნდა დაეტყვევინოს, დრო და ჟამი უნდა შესწიროს და თვალები გაიწყალოს აუარებელ ჯაფისგან, ხშირად იძულებულია ყოველს ამას თავისი ცოტად თუ ბევრად შეძლებული ჯიბეც ზედ დააბერტყოს. ამნაირად ორგზითვე უნდა გაიჭიროს საქმე და გაიორკეცოს უამისოდაც მძიმე და რთული საქმე მწერლობის და მოღვაწეობისა. ჩვენ აქ იმას აღარ ვახსენებთ, რომ კოღო-ბუზების ბზუილსაც უნდა გაუძლოს და ჭიაღუების უკბილო კბენასაცა.

ამიტომაც, როცა ჩვენში კაცი ვინმე თავს იმეტებს და ჟურნალ-გაზეთობას ხელსა ჰკიდებს, დიდის პატივისცემით სახსენებელია, და უმადურობად მიგვაჩნია, თუ ვინმე გულისტკივილით და სიყვარულით არ მოექცა ამისთანა ცოტად თუ ბევრად თავგანწირულს კაცსა.

რა თქმა უნდა, რომ ყველგან და ნამეტნავად ჩვენთან ყოველგვარს ჟურნალ-გაზეთობას პირველ ხანებში ბევრი ნაკლი, ბევრი უძლურება და უღონობა ზედ დაჰყვება ხოლმე, მაგრამ ამას კი აღარავინ ჰკითხულობს, რა ძნელია, რომ პირველ ხანშივე ახალი საქმე, ახალი დაწყობილება, ნამეტნავად ახალი სალიტერატურო ორგანო, მთელის სავსებით, მთელის სისრულით გამოგვიჩნდეს და დაგვენახოს. ამის არგამკითხველი, ამის არშეუგნებელი დიდის ჭკუის პატრონი არ უნდა იყოს, როგორც ის, რომელიც მოითხოვს, რომ დღევანდელ დღეს დარგულმა ვაზმა დღესვე, დარგვისავე უმალ, ყურძენი დაისხას. ჩვენა გვგონია, რომ ამისთანა დამწუნებელი კაცი არც კარგის გულისა უნდა იყოს, იმიტომ რომ კარგი და პატიოსანი გული არ დაავალებს კაცს, შეუძლებელი შესძელიო, და არც უსაყვედურებს, რატომ არ შესძელიო.

ყველას თავისი დრო აქვს, თავისი ჟამი, თავისი გარემოება და მიზეზი, და ამაებს თავზედ ვერავინ ვერ გადაახტება, იმიტომ, რომ ამ ქვეყნიერობაზედ არაფერი ჰჩნდება, არაფერი იბადება სავსებით, სისრულით და დამთავრებით. ყველაფერს თავისი ასაკი აქვს ზრდისა, წარმატებისა და დამთავრებისა და ეს ხშირად ავიწყდებათ წარამარად მოლაქლაქეთა, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაკი მამალსავით ჰყივიან და ბოთვერასავით იყეფებიან, სოფელი თავისთავად უეცრად აშენდებაო. ყივილით და ყეფით სოფლები რომ შენდებოდეს, მაშინ ტყუილუბრალო ლაქლაქსაც ფასი დაედებოდა და არა გვგონია მაშინ ეგ ეხლა უფასური ლაქლაქი ვისმე სულელებისათვის და ჭკვაპარიებისათვის დაეთმო. ეგრედწოდებული ჭიდილი არსებობისათვის ამის ნებას არ მისცემდა.

ყბედს მუნჯი დააჩუმებსო, ნათქვამია. ჩვენც ამ წარამარად მოლაქლაქეებს დავუმუნჯდეთ და მივმართოთ იმ საგანს, რამაც ზემოხსენებული გვათქმევინა.

ახალმა წელიწადმა მოგვივლინა ახალი მოძმე. დაიბადა „მეურნე“. სახელი და დიდება იმ კაცს, ვინც ეგ ფრიად საჭირო საქმე ითავა და არ შეუშინდა არც ჯაფას, არც ხარჯს, არც გულღვარძლობას ზოგიერთისას, რომელსაც ჩვენში წესად აქვს კიცხვა კიცხვით პირველ ხანშივე გული მოუკლას საქმის დამწყებსა, ხალისი გაუფუჭოს და უმადურობის შხამი გადაასხას წმინდა საქმეს. ჩვენ ამითი იმისი თქმა არ გვინდა, რომ თუ რამ ნაკლი ექმნება ამ ახალს გაზეთს, ამაზედ ხმა არავინ ამოიღოს. „მეურნეს“ რედაქცია იმოდენად მიხვედრილია, რომ თვითონაც არ იკადრებს ეს მოსთხოვოს ჩვენს საზოგადოებას და ამასთან ძალიან კარგადაც იცის, რა ძნელი და რთული საქმე აქვს ნატვირთი, და აქ ყველას გულის მოგება, ყოველისფრით სავსეობა, ყოვლად შეუძლებელია. ამიტომაც ყოველს კეთილმყოფელს ჩვენის ქვეყნისას ფართო გზა აქვს გახსნილი თავისი რჩევა ამცნოს რედაქციას, თავისი აზრი გაუზიაროს, ხოლო „მეურნის“ რედაქციას სრული საბუთი და სრული სიმართლე აქვს, ყველას ჩვენგანს მოსთხოვოს პატივისცემით მოქცევა, გულწრფელი და გულმტკივნეული რჩევა და აზრი.

ჩვენი ზნე ლიტერატურული მეტად გარყვნილია და ზოგიერთების მოწყალებით ჯერ კარგა ხანი გაივლის, ვიდრე თავის ბაზარს დაჰკარგავს ტყუილი სისინი, ტყუილი ბზუილი უკბილო მტრობისა და შურისა, ავყიაობის და კაპარჩხიანობის უღონო ზედმოსევა კბენისათვის და დაბახანური პირწყლიანობა ლანძღვისა და თრევისათვის. ჩვენი გულითადი სურვილი, ჩვენი გულწრფელი რჩევა ყოველთ უწინარეს ის არის, რომ ჩვენმა მოძმემ „მეურნემ“ არასფერს ამისთანას ყური არ ათხოვოს, თვისი მხურვალე მეცადინეობა არ მოაკლოს თავის საქმესა, არ გაუნელდეს, არ გაუგრილდეს თავის მძიმე მოვალეობას და სულმდაბლობის ჩირქიანი უმადურობა სულმდაბლობასვე მიანებოს. ჩვენ ვიცით, რა ძნელს საქმეს მოჰკიდა „მეურნის“ რედაქციამ ხელი, ჩვენ ვიცით, რა სიძნელეს უნდა შეეჭიდოს ყოველისფრით და ყოველის მხრით, ჩვენ ვიცით, რამოდენად უნდა გაიჭიროს თავი შრომისათვის, რამოდენად უნდა გამოიმეტოს ჯიბე ხარჯისათვის. და მარტო ამ საბუთით შეგვიძლიან უტყუარად ვსთქვათ, რომ „მეურნის“ დაარსება, გაძღოლა და წარმართვა სხვერპლია, თავის გაწირვაა.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ამისთანაებში გულგრილი საზოგადოება დღეს იქნება თუ ხვალ დაინახავს ამ სხვერპლს, ამ უანგარო სამსახურს „მეურნისას“, იმედი გვაქვს, რომ თვითონ „მეურნეც“ თავისის სიკეთით და წარმატებით თავს მოაწონებს მამულის პატრონებს და მომვლელებს და „მეურნე“ თავის დროზედ საყვარელ გაზეთად შეიქმნება და აუცილებელ საჭიროებად ყოველის ოჯახისათვის სოფელში. მაგრამ მინამ პეტრე მოვიდაო, პავლეს ტყავი გასძვრაო, ნათქნამია, და აი ჩვენი გულგრილი საზოგადოება რას უნდა ჩაუფიქრდეს დღესვე: სირცხვილია, სირცხვილი, კაცმა უანგაროდ იშრომოს, უსასყიდლოდ ჯაფა გასწიოს ჩვენთვის და ჩვენ იმოდენად დაუნახავნი ვიყვნეთ, რომ ხარჯის გასასტუმრებელი ღონსაც კი არ ვაძლიოთ.

გაზეთიმეურნე

ხელნაწერი: ასლი, U №1052, გვ. 792-794

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №11, 17 იანვარი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

წერილი ილიასეულად მიიჩნია და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანა პ. ინგოროყვამ 1957 წელს - ილიას ნაწერების სრული კრებულის VIII ტომში. ზემომითითებული სათაურით.

გვ. - „ახალმა წელიწადმა მოგვივლინა ახალი მოძმე; დაიბადა „მეურნე“ - ერთ-ერთი ძველი სასოფლო-სამეურნეო გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა 1888 წლის 7 იანვარს. იგი გამოდიოდა 1888-1894 წლებში თბილისში, კვირაში ერთხელ (პარასკეობით), ხოლო 1895-1898 წლებში - ქუთაისში. თბილისში გაზთის რედაქტორ-გამომცემელი იყო ვასილ სულხანიშვილი, ხოლო ქუთაისში - ილია ჭყონია.

7 სტატისტიკის საკითხებზე

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 18 იანვარი

კავკასიის სასტატისტიკო კომიტეტმა შარშან ერთი კარგი სამეცნიერო განძი შესძინა კავკასიას საერთოდა და ჩვენს ქვეყანას საკუთრივ. მან განიზრახა ყოველი სასტატისტიკო ცნობანი ამოეკრიბნა ეგრედწოდებულ „საოჯახო სიებიდამ“, რომელნიც შედგენილ იქმნენ იმისათვის, რომ უტყუარი ანგარიში ჰქონოდა მთავრობას მკვიდრთა რიცხვისა სამხედრო ბეგარისათვის მოსაწოდებლად და ამასთანავე იმის საცნობლად, თუ რამდენი ოჯახია იმისთანა, რომელსაც უნდა გაეწეროს საკომლო გარდასახადი.

კავკასიის სასტატისტიკო კომიტეტმა მიანდო ბ-ნს ზეიდლიცსა, როგორც მთავარს რედაქტორს, ამოკრება ამ სასტატისტიკო ცნობებისა, მათი განხილვა და შემუშავება და მერე დაბეჭდვა იმისდა მიხედვით რამოდენადაც ეს საინტერესო მასალა მეცნიერებისა მზად იქნება დაბეჭდვისათვის. ამასვე, ბ-ნს ზეიდლიცს, დაავალა კომიტეტმა სამეცნიერო თვალით განიხილოს ყოველისფერი და სამეცნიეროდ შეიმუშავოს.

დღეს აქამომდე ბ-ნმა ზეიდლიცმა დაჰბეჭდა ოთხი რვეული. პირველი რვეული, რომელიც იპყრობს 115 გვერდსა, ზაქათალის ოლქს ეკუთვნის, მეორე - ახალქალაქის მაზრას, მესამე - შავი ზღვის ოლქს (черноморский округ) და მეოთხე - დარღოს ოლქს დაღისტანში. სიღნაღის მაზრის ცნობანიც მზად არის, ხოლო ჯერ იბეჭდება და არ გამოსულა სტამბიდამ.

ჩვენ ეს ოთხი რვეული დღეს მოგვივიდა და მარტო მოვასწარით ხელდახელ გადათვალიერება. რვეულები რიგიანად და ლამაზად არის დაბეჭდილი და სავსეა საინტერესო ცნობებით, რომელნიც საკმაო ცოდნით თავ-თავის ადგილას რიგზეა დალაგებული. ჩვენ დღეს მარტო ერთს ფრიად საყურადღებო საგანს შევნიშნავთ და ამ საგანზედ გავუწევთ საუბარს ჩვენს მკითხველებს. ეს საგანი მით არის შესანიშნავი, რომ იმისთანა ცნობას გვაძლევს, რომელიც პირდაპირ ეპირისპირება და არ ეთანხმება სასტატისტიკო მეცნიერების საზოგადო დასკვნასა.

სასტატისტიკო მეცნიერებას გამორკვეული აქვს, რომ თითქმის ყველგან ევროპაში დედაკაცთა რიცხვი სჭარბობს მამაკაცთა რიცხვსა. მართალია, მეცნიერება ამასთან იმასაც ამბობს, რომ ეს მეტნაკლებობა ზოგჯერ ჰმატულობს, ზოგჯერ ჰკლებულობს, მაგრამ არასოდეს ისე არ იცვლება, რომ მამაკაცთა რიცხვმა გადააჭარბოს. ეს ამბავი მით უფრო შესანიშნავია, რომ დაბადებით მამაკაცთა რიცხვი ყოველთვის მეტია დედაკაცთა რიცხვზედ და მაშასადამე მამაკაცნი უნდა რიცხვით აღემატებოდნენ დედაკაცთა. საქმით კი ესე არ გამოდის. მეცნიერებას გამოცნობილი აქვს, რომ ხუთმეტის წლის ასაკამდე ამ ორისავე სქესის რიცხვი თანასწორია და ამ ასაკს შემდეგ კი მთელს დანარჩენს ასაკობაში დედათა როცხვი მეტია.

ყველგან და ყოველთვისაო, ამბობს მეცნიერება, ვაჟი უფრო ბევრი იბადება, ვიდრე ქალიო, მაგრამ ესეც კი შენიშნულია, რომ ყრმობაშივე სიკვდილითაც ვაჟი მეტი იხოცება ვიდრე ქალიო. ეს არის მიზეზი, რომელიც ჰმოქმედობს ამ ორის სქესთა მეტნაკლებობაზედ, ჯერ როცა ასაკსრული არ არის არც ვაჟი და არც ქალი. როცა ასაკი ემატებათ და სისრულეში შედიან, მამაკაცთა ცხოვრება უფრო ბევრს სხვერპლს იწირავს, რადგანაც ცხოვრებას მამაკაცისას უფრო ბევრი ფათერაკი და განსაცდელი სდევსო, მაგალითებრ, ომები, მოგზაურობა, ზღვაში მიმავლობა, მძიმე მუშაობა მადნების ხაროებსა და თხრილებში და სხვანი ამისთანანი.

ეს ფათერაკიანი და განსაცდელიანი ცხოვრება მამაკაცისა მოჰყვანდათ ძველს მეცნიერებს იმის მიზეზად, რომ დედაკაცთა რიცხვი ყველგან მეტია მამაკაცთა რიცხვზედ. ხოლო ამ უკანასკნელ ხანებში მეცნიერებამ ეჭვი შეიტანა და ამბობს, რომ ამ მეტნაკლებობის მიზეზი სულ სხვა უნდა იყოს და მაინცდამაინც ეს მიზეზები უფრო ღრმად მიმალულნი და შორს არიან იმათზედ, რაც აქამომდე ეგონათო. ამ სახით დედაკაცთა მამაკაცზედ ნამეტნობა თუმცა მეცნიერებისაგან აღიარებულია და დამტკიცებული, მაგრამ ამისი მიზეზი კი ჯერ აქამომდე გამორკვეული და ნაპოვნი არ არის და ელის მეცნიერების საბუთიანს სიტყვას.

ამ საზოგადო მოვლენას არ ექვემდებარება ევროპაში მხოლოდ ბელგია, იტალია, საბერძნეთი, სერბია და რუმინია და იქნება ოსმალეთიცა. ამ ქვეყნებში ას მამაკაცზედ სულ ცოტა რომ ვსთქვათ 93 1/10 დედაკაცი მოდის, სულ ბევრი - 99 4/5. რა თქმა უნდა, რომ ევროპიის სხვა დიდ ქვეყნებშიაც არის იმისთანა ცალკე ადგილები, საცა მამაკაცნი რიცხვით სჭარბობენ დედაკაცთა, მაგრამ თვითვეული ესეთი ქვეყანა, ერთად აღებული, მაინც დედაკაცთა ნამეტანობას წარმოადგენს. მეცნიერებამ ჯერ ზედმიწევნით არ იცის, რა მიზეზია დედაკაცთა ნამეტანობისა, საყოველთაოდ შენიშნულისა, და რა მიზეზია მამაკაცთა ნამეტანობისა, განსაკუთრებით ზოგიერთგან ცალკედ აღმოჩენილისა, თუმცა ზოგიერთს მიზეზს კი გვისახელებს მგონიაობით.

ერთის სიტყვით, მეცნიერებას უეჭველ ჭეშმარიტებად მიღებული აქვს, რომ რიცხვი დედათა სქესისა თითქმის ყოველთვის მეტია მამაკაცთა რიცხვზედ და ორთაშუა რიცხვი მეტობისა ისეა, რომ 21-ს დედაკაცზედ მოდის 20-ი მამაკაცი.

ჩვენში სულ სხვა აღმოჩენილა. ზაქათალის ოლქში, ახალქალაქის მაზრაში და შავი ზღვის ოლქში (черноморский округ) ყველგან დედაკაცთა რიცხვი ნაკლებია მამაკაცთა რიცხვზედ, ხოლო დარღოს ოლქაშიღა სჭარბობს. ზაქათალის ოლქში 53 2/3 მამაკაცზედ მოდის 46 1/3 დედაკაცი, ახალქალაქისაში - 52 1/2 მამაკაცზედ მოდის 47 1/2 დედაკაცი, შავი ზღვისაში - 54 2/3-ზედ 45 1/3-ი, ხოლო დარღოსაში - 49 3/4 მამაკაცზედ მოდის 50 1/4-ი დედაკაცი.

მეტად ღირსშესანიშნავი საგანია ეს ამბავი მეცნიერების მკვლევარისათვის როგორც ზოგადიდამ გამორჩეული და გამოსათვლელი. რასაკვირველია, ჯერ მინამ კავკავსიის თაობაზედ საერთოდ და ამიერკავკასიაზედ საკუთრად სრული ცნობანი არ დაიბეჭდება, ადრეა რაიმე გადაწყვეტილი ითქვას ამ საგანზედ. ხოლო თუ დანარჩენ ადგილებშიაც ასეთი ჭარბობა აღმოჩნდება მამათა სქესისა დედათა სქესზედ, ეს ამბავი მეტისმეტად ჩააფიქრებს მეცნიერებს და ამის მიზეზის პოვნა და ახსნა ბევრს გაუძლიერებს წყურვილს ძიებისას და კვლევისას. მართლადა რა მიზეზი უნდა იყოს, რომ მკვიდრთ მრიცხველობა ჩვენში სქესობის მიხედვითა არამცთუ ემოწმება, ასე პირდაპირ ეწინააღმდეგება კიდეც მეცნიერებისაგან მიღებულ დასკვნასა? ნუთუ საინტერესო არ არის ჯერ ამის ახსნა და გამოკვლევა და მერე იმის გამორკვევა, თუ რას ჰნიშნავს და რას მოასწავებს ეს ასეთი განსაკუთრებული ამბავი?

სტატისტიკის საკითხებზე

ხელნაწერი: ასლი, U №1052, გვ. 794-796.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №12, 19 იანვარი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. წერილი ილიასეულად მიიჩნია და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანა პ. ინგოროყვამ 1957 წელს - ილიას ნაწერების სრული კრებულის VIII ტომში ზემოაღნიშნული სათაურით.

8 არ გათეთრდება ყორანი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 19 იანვარი

არის ქვეყანაზედ ბევრი იმისთანა საგანი, რომლის გამოც ჰოც ითქმის და არაცა, რადგანაც საგანი ან გამოძიებული არ არის ჯერ მთლად ან მეტად რთულია და დახლართული და ჯერ კაცის თვალი ვერ მიმწვდარა მრავალგვარის ხლართის ერთ კრებულად დანახვისათვის. აქ ამისთანა საგანზედ ბევრი საბუთი აქვს კაცს გააბას საუბარი, თავისიც სთქვას და სხვასაც მისი ათქმევინოს. ხოლო ქვეყნიერობაზედ ბევრი იმისთანა საგნებიც არის, რომელთ ვითარებაც ცხადია, როგორც ორჯელ ორი - ოთხი. აქ საუბარის გაბმა და ერთმანერთთან ლაპარაკი, საგნის ვითარების გადატრიალ-გადმოტრიალება, წაღმა-უკუღმად თრევა და წეწვა, მეტი ბარგია. ამისთანაებზე ლაპარაკი სულგრძელობაა იმის მხრით, ვინც იძულებულია ეჩიჩინოს მეორეს, რომ ორჯელ ორი ოთხიაო, და იმის მხრით კი, ვინც ამ ჩიჩინისათვის ვისმე იძულებულჰყოფს, მეტისმეტი სიბრიყვეა და გონების დახშულობა.

მაგრამ რას იზამ, რომ დღე არ გავა, იმისთანა კაცს არ შეხვდე, რომელსაც ბევრი კვერიც რომ ურახუნო თავში, ვერ გააგონებ, ვერ დაანახვებ ორჯელ ორის ოთხობას, შესდგება გაქირ სახედარსავით ერთს უარზედ და, რაც გინდ ბევრი ნიშადური მოსცხო, წინ ბიჯსაც ვერ გადაადგმევინებ, არას ჰოზედ ვერ შეაცვლევინებ. ზოგს ეს გაქირი დაბადებითვე აქვს თითქო დაყოლილი და ზნედ გადაჰქცევია, ზოგმა კი გაქირი განგებ იცის, იმიტომ რომ სარფაა, გაქირს გამორჩომაც მოსდევს, და სარფა და გამორჩომა ხომ დღევანდელის დღის მაცხოვრებელი სულია. ამ უკანასკნელის ჯურის გაქირები მეტისმეტად გამრავლდნენ და ფეხს ისე არ გადასდგამს კაცი ჩვენში, რომ მთელს ამისთანა ჯგუფს არ წამოჰკრას.

აბა იმაზედ ცხადი და უცილობელი რა არის, რომ მოსამართლეს მოჩივარის ენა უნდა უსათუოდ ესმოდეს იმიტომ, რომ თავის ყურით გაგონილი, თავის ყურით სმენილი უფრო უტყუარია, უფრო ზედმიწევნილია, უფრო მართალია და, რადგანაც მართალია, უფრო შეუცდომელს საბუთს აძლევს შეუცდომელის განკითხვისა და განაჩენისათვის. მოსამართლე და მოჩივარი, რომელთაც ერთმანერთისა არ ესმით, ერთმანერთის ენა არ იციან, ერთმანერთისათვის მუნჯებიც არიან და ყრუნიცა. ამისთანა მოსამართლე და მოჩივარი ერთმანერთისათვის აღარ არიან და ამათი ერთად შეჰყრა სწორედ იმასა ჰგავს, რომ მკვდარი მკვდარს აეკიდა, საფლავამდე წამიღეო.

ჩვენში დიდი ხანია ნათქვამი, რომ „საცა გაგება არ არის, კარგვაა სამართლისაო“. აბა ჭკვათამყოფელმა კაცმა ამ უბრალოს და მარტივად თქმულს ჭეშმარიტებას საიდამაც ჰნებავს მოუაროს, თუ ერთი იოტის-ოდენა იმისთანა რამ უპოვოს, რომ იმ ნაპოვნის მეოხებით ამ ჭეშ-მარიტებას მცირეოდენი ჩრდილი უარყოფისა ჭკვაზედ ხელაუღებლად მიაყენოს. ამას რა დიდი ლარი და ხაზი უნდა, რომ მთქმელს გამგონი უნდა და კარგი გამგონიცა, და თუ მთქმელს და გამგონს ერთმანერთის ენა არ ესმით, იქ არც თქმაა და არც გაგონება, მაშასადამე, არც გან-კითხვაა და არც სამართალი.

«Новое Обозрение»-მ თავის მეთაურს წერილებში საჭიროდ დაინახა ზოგიერთ პუბლიცისტისათვის ყურებიდამ ბამბა გამოეცალა და ეს ორჯელ ორი - ოთხი როგორმე ჩაეწვეთნა. თქვენც არ მომიკვდეთ, დაიწყეს ბღავილი უპატრონო ძროხასავით იმ ზოგიერთებმა: ვის გაუგონია, რომ მთქმელს გამგონი უნდაო, და თუ უნდა, მთქმელმა ისწავლოს გამგონის ენაო. ჩვენო ჭკუის კოლოფნო ბატონებოო, უპასუხა «Новое Обозрение»-მ: - მთქმელნი ათასნი და ათი ათასნი არიან და გამგონები კი თითო-ოროლა, და თუ სწავლაა, ამ თითო-ოროლას სწავლება უფრო ადვილი არ არის, ვიდრე ათასებისა და ათი ათასებისაო: სამართალი იმისთანა რამ არის ადამიანისათვის, რომ მარტო თავის დანიშნულებას უნდა ემსახურებოდეს, და, თუ სამარა-თალი ორს კურდღელს გამოუდგა, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო.

გაიბა ამაზედ ლაპარაკი და ჩვენ მარტო სულგრძელება «Новое Обозрение»-სი გვიკვირდა, რომ ცერცვს კედელს ამაოდ აყრიდა. რაკი «Кавказ»-ის პუბლიცისტებმა არ იმორცხვეს და კაცთა ნათესაობას ტანისამოსით არჩევენ, რაკი ქვეყნის სასაცილოდ თავმოწონებით გამოაცხადეს, რომ ჩვენ ნუ გვეხუმრებით, ამიერკავკასიის ავკარგიანობა ზედმიწევნით გვისწავლია იმისთანა ავტორიტეტებისაგან, როგორც ლაქიები და მზარეულები არიანო, აბა ამის შემდეგ როგორღა გაუყად-რა თავი «Новое Обозрение»-მ და არ მოერიდა იმათთან ლაპარაკსა. ნუთუ «Новое Обозрение»-ს დაჰვიწყებია, რომ მკვდარი არ გაცოცხლდება და ყორანი არ გათეთრდება, რაც გინდა ჰხეხო ქვიშითა. ან რა საჭიროა? რწმენასთან რომ ჰქონდეს კაცს საქმე, კიდევ ჰო, მაშინ თქმასა და ლაპარაკს საბუთი აქვს, ჩააგონებ რასმე, დააჯერებ რასმე. აქ ხომ სულ სხვა მიზეზი იღვწის და ჰმოქმედობს. აბა ერთი სხვა ალალმა დაჰქროლოს ამ უარმყოფელ ვაჟბატონებს, თუ სულ სხვა ჰანგზედ არ დაიწყონ გალობა და სულ სხვანაირად არ ჩაჰბუქნონ. არიან ქვეყანაზედ იმისთანა ჯურის ფალავნები, რომ რასაც დღეს მოსაკლავად სდევენ, იმას ხვალ ფეხქვეშ გაეშლებიან ფიანდაზად, და რა გულმოდგინებითაც ეხლა სდევნიან სამტროდ, ხვალ იმავ გულ-მოდგინებით გალობას ეტყვიან:

უი შენ კი ჩაგეგრიხე
უსურვაზის წნელივითაო.

არ გათეთრდება ყორანი

ხელნაწერი: ასლი, U №1052, გვ. 797-798.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №13, 20 იანვარი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს - ილიას ნაწერების სრული კრებულის IX ტომში უსათაუროდ. შემდეგ, პ. ინგოროყვას რედაქციით გამოცემულ ილიას თხზულებათ ათტომეულში 1956 წელს VIII ტომში წერილი დაიბეჭდა ზემოაღნიშნული სათაურით.

გვ. - რაკი «Кавказ»-ის პუბლიცისტებმა არ იმორცხვეს და კაცთა ნათესაობას ტანისმოსით არჩევენ...“ - ილიას მხედველობაში აქვს გაზეთ «Кавказ»-ის 1887 წლის 15 დეკემბრის №332-ში გამოქვეყნებული ერთი ხელმოუწერელი სტატია, რომლის ავტორი ტანსაცმლის მიხედვით მსჯელობს ქართველური ტომების ნათესაობა-არანათესაობის შესახებ.

9 ვაზის ავადმყოფობა მილდიუ

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 20 იანვარი

ჩვენს ვენახებს შარშანდელ წელს ეწვია ახალი ჭირი, რომელსაც მილდიუ დაარქვეს მეცნიერებმა. ეს ჭირი საშინელი ჭირია და შეუძლიან ორ-სამს დღეს მთელის ვენახის მოსავალი სრულად გაანადგუროს და ვენახის პატრონი ცარიელაზედ დასვას. ამ ჭირისაგან ყურძნის მარცვალი ჰხმება, სცვივა და ამ სახით ან სრულად ჰღუპავს მოსავალსა, თუ გაძლიერებულია, ან არადა ბევრს აკლებს. საშინელი უფრო მით არის, რომ ეგ ჭირი შესაძლოა უეცრად მოევლინოს და როცა ვენახი დასაკრებად მოწეულია, ორი-სამის დღის წინად გასჩნდეს და გააფუჭოს.

ეს მილდიუ სხვადასხვა დროს ეწვევა ხოლმე ვაზს. მაშინაც, ჯერ როცა კვირტი არ გამოსულა, კვირტის გამოსვლის დროსაც, მარცვლის გამოტანისასაც, თვალშესვლაშიაც, მოწევისა და დამწიფების ჟამსაც, ერთის სიტყვით, არ არის იმისთანა ხანა გაზაფხულიდამ წლის ბოლომდე, რომ ეს სენი არ გაუჩნდეს ვენახსა. თუ მილდიუ ყურძნის მოწევამდე აუჩნდა ვენახს, ვაზს ფოთოლს უჭკნობს და აყრევინებს და მზე უჩრდილო ვაზზედ ახმობს და ჰშუშავს ყურძენსა. გარდა ამისა, მარცვალი არა ჰსრულდება, წვენი ყურძნისა მჟავეა, რადგანაც უფოთლობის გამო ყურძენს საზრდოება აღარა აქვს და შაქარს ვეღარ იკეთებს. მილდიუთი დასნეულებულ ვაზის ყურძენი გემრიელი ვეღარ არის და ღვინოც ფერით მცქრალია, გემოთი მჟავე და ისე დაბალია, რომ გასასყიდად აღარ ჰვარგობს, სუნი და არომატი ღვინოს სრულად ეკარგება.

თუ მილდიუ შეეყარა ვენახს მაშინ, როცა ყურძენი მოწეულია, ბევრს აღარაფერს აკლებს იმიტომ, რომ თუმცა ფოთოლს აყრევინებს, მაგრამ დამწიფებულს ყურძენს ფოთოლი ბევრს აღარას ჰშველის, თუ მილდიუ რამდენიმე წელიწადი ზედაზედ ეწვია ვენახს, ვაზის ზრდა დაყოვნდება ხოლმე, გაზაფხულზედ ცოტა რქას იკეთებს და იმასაც უღონოს, და თვითონ ფოთოლიც მოყვითანოა და სნეული. მილდიუთი სნეულს ვაზს ზამთრის სიცივე ძალიან ჰვნებს იმიტომ, რომ ღონეგამოცლილი ვაზი სიცივეს ვეღარ იტანს. ამბობენ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ძალიანა ჰრგებს ვაზს ბარვა და სასუქის დაყრაო.

ყოველს ამაზედ ჩვენ დღესა თუ ხვალ ვრცლად მოვილაპარაკებთ, ეხლა კი გვსურს ყურადღება ვენახის პატრონებისა იმაზედ მივაქციოთ, რომ არის თურმე ზოგიერთი გვარი ყურძნისა, რომელსაც ეს მილდიუ ბევრსა არას აკლებს და თამამად უძლებს ამ სენსა. გარდა ამისა შენიშნულია, რომ გოლვას და ნოტიობას, სიცხეს და სიგრილეს დიდი ზედმოქმედება აქვს ამ სენის მეტნაკლებობაზედ და თვითონ ვენახის მდებიარობასაც, მაღლობზეა, თუ დაბლობზე, დიდი მნიშვნელობა აქვს თურმე. სასურველია, ჩვენმა ვენახის პატრონებმა, თვალ-ყური ადევნონ თავიანთ ვენახებს და შეჰნიშნონ: ა) სად, რა დროს და რა სახით გამოჩნდება ხოლმე ეს სენი; ბ) რაგვარს ვაზს უფრო მალე და ადრე აჩნდება; გ) რაგვარი ვაზი უფრო უძლებს და არ ეჩაგვრინება; დ) სად რა უფრო ხელს უწყობს ამ სენის გაძლიერებას; გოლვა, თუ ნოტიობა, სიცხე თუ სიგრილე; ე) ზენა და ქვენა ქარი როგორ მოჰქმედობს ამ სენის მეტნაკლებობაზედ; ვ) მაღლობს ვენახს უფრო ეტანება ეს სენი თუ დაბლობსა; ზ) ურწყული ვენახი უფრო უძლებს თუ მორწყული და სხვა ამისთანანი, რაც კი ასე თუ ისე გამოსადეგია, რომ ამ საშინელს მტერს მიზეზი, ძალ-ღონე შევუტყოთ და წამალიც რამ ვუპოვოთ.

დიდის ყურადღების ღირსია ეს სამწუხარო ამბავი და ამ შემთხვევაში არავინ არ უნდა დაიზაროს თვალყურის დევნა და ნახულისა და შენიშნულის ანუსხვა, რომ მით კაცს სახსარი მიეცეს ყოვლის მხრით გამოირკვიოს ეს სენი და თუ რამ ეშველება, ეშველოს.

რაც ამ სენზედ სადმე ცნობაა სხვა ქვეყანაში. ჩვენ ვეცდებით თავის დროზედ ყველაფერი ვაუწყოთ ჩვენს მკითხველებს და ამ ცნობებს რომ ჩვენის ქვეყნის საკუთარი ცნობანიც ზედ დაემატოს, უფრო დიდს ღონეს მოგვცემს ამ სენთან ბრძოლისას.

ტფილისი, 26 იანვარი

ის საშინელი ჭირი ვენახებისა, რომელიც ამას წინად ჩვენს მეთაურში მოვიხსენიეთ და რომელსაც „მილდიუ“-ს ეძახიან, დიდი ხანი არ არის, რაც ევროპაში გაჩნდა. 1878 წლამდე ეს ჭირი არავის არა სცოდნია ევროპაში, ხოლო ამერიკაში კი დიდი ხანია, რაც ყოფილა და არის. პირველად მილდიუ გამოჩენილა საფრანგეთში და 1880 წ. რამდენისამე მილიონის ვენახები გაუფუჭებია. როგორ გადმოსულა ეს ჭირი ამერიკიდამ, არავინ იცის, ხოლო საფრანგეთსა სწვევია 1878 წ. და აქედამ მოსდებია მთელს ევროპას, გადასულა ისპანიასა, შვეიცარიასა, ავსტრიასა და გერმანიაში, 1881 წ. მისულა სამხრეთს რუსეთში, ოსმალეთსა და საბერძნეთში და შარშან ზაფხულში ხომ ჩვენს ქვეყანასაც ეწვია, ნამეტნავად კახეთსა.

თუ ეხლავ არა ეშველარა ამ ჭირს, აუცილებელია, რომ ჩვენს ვენახის პატრონებს ცარილეზედ დასხამს და ეს ძალოვანი სიმდიდრე ხელიდამ გამოგვეცლება, როგორც ეს მოხდა სამხრეთს საფრანგეთში და ჩრდილო ისპანიაში. ჩვენდა სანუგეშოდ, მეცნიერებმა ამ ჭირს წამალიც უპოვეს იმოდენად ადვილად მოსახერხებელი და იეფი, რომ თითქმის არავის გაუჭირდება იხმაროს და ვენახი დიდს განსაცდელს გადაარჩინოს. მინამ ჩვენ ამ წამალზედ ვიტყოდეთ რასმე, საჭიროა ჯერ შევიტყოთ მიზეზი ამ საშინელის სენისა, რა სახის სენია და რა ნიშნებით იცნობება. უამისოდ კაცი ადვილად მოსტყუვდება და სხვაგვარს რასმე სენს მილდიუმად მიიჩნევს.

მილდიუს მოვლენის მიზეზი პაწია სოკოა, ანუ ობი, რომელიც პირველში მწვანე ნაწილს ვაზისას შიგ აგებულებაში უჩნდება, სწოვს ამ ნაწილის წვენსა, ამ წვენით იკვებება, თვითონ მწვანე ნაწილს კი აუძლურებს, სჩაგრავს და ბოლოს ჰკლავს კიდეც1. ამ სოკოს, როგორც სხვა ყოველგვარს მცენარეს, თავისი თესლი აქვს. ეს თესლი შტოებიან ღეროზედა სხედს და ეს ღერო გარედ გამოდის და თვალად სჩანს. აი ეს ღეროები, რომელსაც ზედ თესლი ასხია, უეჭველია, უტყუარი ნიშანია, რომ ვაზს მილდიუ სწვევია. ეს თესლიანი ღეროები სოკოსი გარედ გამოჰყოფენ თავს სნეულის ფოთლიდამ და ფოთლის ქვედა პირზედ რძის ფერად, თეთრად დაეყრება ხოლმე თოთქო პატარპატარა ხვავებიაო. ეს თეთრი ხვავები ერთმანერთს არ გადაებმიან ხოლმე და უფრო ხშირად ცალ-ცალკე არიან და კარგად გაერჩევიან ერთმანერთისაგან, ზოგჯერ კი ერთად ჰგროვდებიან. როცა სოკო თავის სისრულეში მოდის, მაშინ თესლის ხვავები დახვიშრებულ მარილის ხვავსა ჰგავს, ან თითქო ფხვნილის შაქრის ჯგუფიაო. შემოდგომაზედ და ნამეტნავად, როცა ფოთოლი ცვივნას დაიწყებს, ეგ თეთრი ხვავები ისე აღარ ბრწყინავენ, როგორც წინად, და მოლურჯო ფერი სცემს. როცა ეს თეთრი ხვავები ჯერ ცოტანი არიან და ჰაოში, რომელიც ფოთოლს ქვემოთა პირზედ აქვს ხოლმე, ვერ გამოირჩევა, მაშინ გამადიდებელის მინით უნდა გაისინჯოს და ადვილად დასანახი იქნება, ჰაოს ქვეშ არის თუ არა თერთი სოკოს თესლის ხვავი.

ერთი ფრანგი ტერრელ-დე-შენი სწერს, რომ ყველაზედ უწინარეს მილდიუ აჩნდება ხოლმე იმ ფოთლებს ვაზისას, რომელიც ვაზის ძირზედ უფრო ახლო არიან. ეს ამბავი უეჭველი მართალიაო და მაშასადამე, პირველ ხანში მილდიუ უნდა ეძიონ იმ ფოთლებზედ, რომელნიც მიწაზედ ახლონი არიან. ეს მეტად დიდმნიშვნელობიანი ამბავია, რადგანაც პირდაპირ აჩვენებს ჭირის ადგილს და იმასაც თუ, ჭირის გამოჩენის უმალ სად უნდა მიაშველოს კაცმა წამალი. იგივე ტერრელ-დე-შენი ამბობს, რომ ვაზი, რაც ახალია, უფრო ძლიერ ეურჩება ამ ჭირსა და არ ეჩაგვრინებაო, ხნიერი ვაზი კი ვერ უძლებსო და მალე შეიყრის ხოლმე ჭირსაო. ესეც მეორე სახელმძღვანელო ცნობაა, რომელიც პირველ ხანში ძალიან გაუადვილებს კაცს ჭირიან ვაზის პოვნას: მილდიუ ახალზედ არ უნდა ეძებოს, არამედ უფრო ძველს ვაზზედა.

ამის შემდეგ ჩვენ ვაცოდინებთ ჩვენს მკითხველს, რა ნაწილს ვაზისას ერჩის ეს ჭირი და რა სახის ნიშნები წარმოგვიდგენს თვითონ ჭირს გამოსაცნობლად.

____________

1. ყოველივე, რასაც მოუთხრობთ ჩვენს მკითხველებს მილდიუზედ, ამოღებულია ჟურნალიდამ «Русский Винодел»

ტფილისი, 27 იანვარი

ჩვენა ვსთქვით წინა წერილში, რომ მილდიუ ყველაზედ უწინარეს შეეყრება ხოლმე მიწასთან მახლობელს ნაწილებს ვაზისას. საზოგადოდ ესეც უნდა ითქვას, რომ მარტო იმისთანა ნაწილებს აუჩნდება ხოლმე, რომელნიც მწვანენი არიან, სახელდობრ, ფოთოლს, ნედლს ყლორტსა, ჯერ არდარქავებულს, ყვავილს ყურძნისას და თვითონ ყურძნის მარცვალს ჯერ როცა ისვრიმია და მწვანე.

ფოთოლზედ ამ სახით გამოიჩენს ხოლმე თავს ეს საშინელი სენი. იგი გამოაჩნდება ხოლმე ფოთოლს ქვემო პირზედ და ყოველთვის იმ ადგილებში, რომელიც ფოთლის ძარღვებ შუაა. ამ ადგილებში სოკო ქულა-ქულად აჩნევია. ძალიან იშვიათი ამბავია, რომ სოკო ზემო პირს ფოთლისასაც გამოაჩნდეს, ან ფოთლის ძარღვსა და ან ღეროს, რომლითაც ფოთოლი მიკრულია რქაზედ. მაშასადამე, უეჭველი ნიშნები მილდიუსი უნდა მოიძებნოს ფოთლის ქვედა პირზედ, სადაც უფრო ხშირად გამოჩნდება თეთრი ხვავები სოკოს თესლისა, თითქო ობია მოკიდებულიო. ესეც უნდა არ დავივიწყოთ, რომ ეს თეთრი ხვავები მარტო მაშინ გამოაჩნდება ხოლმე ფოთოლს, როცა სოკო დამთავრდება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, სრულად მომწიფდება. პირველ ხანში კი, როცა ვაზი ავად ჰხდება და როცა სოკო ფოთლის შინაგანს აგებულებაშია, მაშინ გარედ თეთრი ხვავი არ ეტყობა, ამიტომაც თუ სენი ახლად სწვევია ვაზსა, ქვემო პირს ფოთლისას ვერას შეამცნევს კაცი. ამ შემთხვევაში კაცმა ზემო პირი ფოთლისა უნდა გასინჯოს. თუ ვაზს შეჰყრია სენი, მაშინ ზემო პირს ფოთლისას უსათუოდ უნდა აჩნდეს წინწკლები, ანუ ლაქები და ფოთლის ფერიც შეცვლილი უნდა იყოს. ეს წინწკლები, ანუ ლაქები ჯერ მოყვითანონი არიან, მერე დროთა მიმავლობაში ღია დარიჩინის ფრად იქცევიან და ბოლოს მთლად მუქ დარიჩინის ფერი შეიქმნებიან.

ზოგჯერ მოყვითანო ლაქები გამოაჩნდება ხოლმე ვაზის ფოთოლს სხვა მიზეზითაც და არა მილდიუსაგან. იმის შესატყობრად თუ, მიზეზი მილდიუ არის, თუ სხვა რამ, აი რა ღონეს ჰხმარობენ: ლაქებიანი ფოთოლი უნდა დასდოთ თბილსა და ნამიან ადგილს და თუ ვაზს მილდიუ შეჰყრია, მაშინვე ფოთლის ქვედაპირზედ თეთრი ხვავები გამოჩნდება, როგორც ზემოდ ავწერეთ. ამისთანა ხერხი სენის გამოსაცნობად მეტად ადვილია და სასწრაფოცა. ლაქები ზემო პირს ფოთოლზედ რგვლებია, ცალ-ცალკედ აჩნდებიან ჯერ და მერე როცა იზრდებიან, ერთმანერთში გაებმიან და გაერთდებიან ხოლმე. თუ ეს ლაქები ხშირია, შეიძლება კაცმა სთქვას, რომ მილდიუ არის მიზეზი და თუ ცოტაა, მაშინ კი ძნელად გამოსაცნობია, იმიტომ, რომ ამისთანა ლაქები სხვა მიზეზითაც შესაძლოა დაეყაროს ვაზსა.

თუ მილდიუს გარემოება ჰშველის და იზრდება, მაშინ ფოთოლი ვაზისა შავდება, ქვედაპირს გაბმით ეკიდება ობი, ბოლოს ფოთოლი ხმება და ჩამოდის ძირს, სცვივა. თუ ნამიანი დარია, ჩამოცვივნულს ფოთოლზედაც კიდევ ჰხეირობს მილდიუ. მაშინ ფოთოლს მოლურჯო ფერი ედება და სამუდამოდ ჰკვდება. მაშინ, როცა გოლვიანი დარია, ანუ როცა მილდიუ შემოდგომაზე გამოაჩნდება ვაზს, სოკო მძიმედ იზრდება და მოყვითანო ლაქებიც არა დიდდებიან. ზოგჯერ ფოთლის ძარღვებ შუა ადგილები, მილდიუსაგან გაფუჭებულები, გამოჰხმება ხოლმე და გამოსცვივა და ფოთოლი იმ სახით ჰრჩება, თითქო დაჩითულია და განგებ დახვრეტილიო. შემოდგომაზედ მილდიუსაგან გაფუჭებულ ფოთოლზედ მრავალი ლაქა გამოჩნდება ხოლმე, რომელნიც ღიაფერ ყვითლიდამ მუქყვითლამდე ბევრს სხვადასხვაობას წარმოადგენენ.

ჩვენა ვსთქვით, რომ ნედლს ყლორტსაც ვაზისას გამოაჩნდება ხოლმე მილდიუ. თეთრ-თეთრი ქულა მილდიუსი ნედლს ყლორტს მარტო წვერებში აუჩნდება. ზოგჯერ ეს წვერები უხმება ყლორტსა და მოატყდება ხოლმე. რქასა და ეგრედწოდებულ შავვაზსა თავის დღეში ეგ თეთრი ქულა არ გამოაჩნდება ხოლმე. ყლორტი, რომელსაც სჭირებია მილდიუ, ალაგალაგ ჩაშავდება ხოლმე და ეს ჩაშავებული ადგილები ჩადრეკილი აქვს. საცა ფოთოლი ჰზის რქაზედ, იქიდამ ვრცელდება სენი, ყლორტს ციაგი ლურჯი ფერი ედება და ამის შემდეგ მალე კვდება კიდეც. თუ ამისთანა ყლორტზედ თეთრი ობი არა სჩანს, მაშინ საკმარისია ყლორტი ცოტას ხანს ნამიან ადგილას დასდოთ და მილდიუს თეთრი ქულა მაშინვე გამოაჩნდება მკვდარს ნაწილს ყლორტისას. ყურძნის ყვავილს კი ძალიან იშვიათად ეწვევა ხოლმე მილდიუ. თუმცა ასეა, მაგრამ აქაც კი შეუმჩნევიათ თეთრი ობი სნეულებისა 1885 და 1886 წლებში.

ყურძნის მარცვალზედ, როგორცა ვსთქვით, მაშინ აჩნდება მილდიუ, როცა მარცვალი ჯერ თვალშესული არ არის და მწვანეა. თუ მოუწევარს მტევანს ეწვია სოკო იმოდენად, რომ ჰთეთრდება მთელი მტევანი სოკოს თესლიან ღეროებისაგან, მაშინ მარცვალი ამოიშრიტება და სცვივა. ეს იშვიათად მოჰხდება ხოლმე და უფრო ხშირად შიგადაშიგ უჩნდება მტევანს და შიგადაშიგ აფუჭებს მარცვალსა.

ზოგჯერ მტევანი ისე ჰხმება, რომ გარედამ არც კი ეტყობა ის თეთრი ნიშანი სნეულებისა. ვისაც ჰსურს შეიტყოს, მილდიუსაგან ჰხმება მტევანი, თუ სხვა მიზეზისაგან, გამხმარი მტევანი ნამიანს ადგილას დასდოს და თუ მილდიუ არის, მაშინვე თეთრად ობს მოიკიდებს. ძალიან ხშირად ეს თეთრი ობი ააჩნდება ხოლმე ყუნწებს, რაზედაც მარცვალნი სხედან, მაშინ, როდესაც სხვაგან არსად არ გამოჩნდება ხოლმე. მარცვალს, რა ადგილასაც თეთრი ობი აქვს მოკიდებული, ტყავი უფუჭდება, უნაოჭდება და ბოლოს მუქ-ლურჯის ფერად გაუხდება და გაუმაგრდება ხოლმე. თუ სოკო ძლიერდება, მარცვალი სულ ძირს ჩამოდის, სცვივა და მთელი მოსავალი იღუპება.

აი, რამოდენადაც შევიძელით, ჩამოვთვალეთ მიზეზები და ნიშნები მილდიუსი. ამის შემდეგ მოვიხსენიებთ, რა უწყობს ხელს ამ საშინელს ჭირს, რას გადააქვს ერთის ადგილიდამ მეორეში, რა დროსა სჩნდება და რა ადგილებში უფრო ჰხეირობს და ბოლოს ვიტყვით, რა საშველი მოუპოვეს მეცნიერებმა.

ტფილისი, 28 იანვარი

ამერიკაში, საცა პირველ გამოჩნდა მილდიუ, შეუმცნევიათ, რომ მილდიუ უფრო ჰხეირობს დაბლობებსა და ნესტიან ადგილებში, ნამეტნავად თუ ბურუსების და უხვის ნამის შემდეგ თბილი დარი შეჰხვდება. შეუნიშნავთ, რომ ის ვენახები, რომელიც დიდს მდინარეებზედ ახლოა, ან დიდს ტბებზედ, ყველაზედ ძალიან გაფუჭებულა მილდიუსაგან. ეგევე შეუმცნევიათ საფრანგეთშიაც, რომელიც ყველაზედ ძლიერ დაჰზარალდა ევროპაში ამ ჭირისაგან. ამ სახით უეჭველად მიღებულია ყველასაგან, რომ ზღვის პირას, მდინარეებს და ჭაობებს ახლოს და დაბლობ ვაკეებში და ნესტიან ადგილებში ძალიანა ჰხეირობს მილდიუ. მაღლობებზედ, მთის ფერდობებზედ, ანუ გორებზედ, რომელთაც მშრალი ქარი ჰხვდებათ, ნაკლებ ერჩის ეს სენი ვენახებსა, ხოლო თუ მაღლობები ზღვის პირთან ახლოა, აქაც არ ინდობს და ძლიერ აფუჭებს.

ესეც შენიშნულია, რომ წვიმების შემდეგ, თუ სითბო 20 და 25 გრადუსზედ ნაკლები არ არის, მილდიუ გამოჩნდება ხოლმე. იგი თავს იჩენს მაშინაც, როცა დილის ნამი დიდი იცის, ან ბურუსიანი, ნოტიო დღეებია. მილდიუს სახეირებლად, როგორც წინად ვსთქვით, საჭიროა ნესტიანობა და სითბო. როცა ეს ორივე გარემოება ხელს უწყობს, სოკო იზრდება, ჰმატულობს და ვაზს ზედ აჩნდება. პატარა თუ აგრილდა, ან მშრალობა ჩამოვარდა, მისი ზრდა შეჰფერხდება ხოლმე და ხან სრულადაც შესდგება. რადგანაც იმ ადგილებში, საცა ყურძენი მოდის, მაისიდამ ღვინობისთთვემდე საკმაო სითბოა, ამიტომაც მილდიუ მაისიდამ დაწყებული ღვინობისთთვემდე შესაძლოა გაჩნდეს და მიესიოს ვენახსა. არა ერთი და ორი მაგალითი ყოფილა, რომ ამ ხანში, მაისიდამ ღვინობისთთვემდე, ერთსა და იმავე ვენახს მილდიუ სწვევია ექვსჯერ და ზოგს ხუთმეტჯერაც.

ბევრს უდევნებია თვალი და ამტკიცებენ, რომ თუ რომელსამე ადგილას თბილი დღეები მოჰყოლია წვიმებს, მილდიუ უთუოდ და აუცილებლად გაჩნდება და გაძლიერდება უმალვეო. აი მაგალითი, რა სისწრაფით მოედება ხოლმე ეს ჭირი ვენახსა, ერთი მეცნიერი საფრანგეთისა მოგვითხრობს:

„კვირა დღეს ერთგვარს ყურძენზედ, რომელსაც ჟაკე ჰქვიან, არაფერი არ ემცნევოდა, ორშაბათს გამოაჩნდა ყვითელი ლაქები ზემო პირს ფოთლისას და იმავე ფერის ხვეულები. სამშაბათს ეს ლაქები გაშავდა და ოთხშაბათს დილით ქვედა პირს ფოთლისას დაეფინა თეთრი ქულა თესლიანის სოკოსი. ამ სახით ორმოცდარვა საათში მილდიუმ ძალიან იმატა და სოკო არამცთუ მომწიფდა სრულად, არამედ თესლიც დაჰყარა და ამ თესლისგან ჭირი ადვილად გადაედებოდა სხვა ვაზებსა და ვენახებსა.“

მშრალი ქარი ძალიან ჰვნებს ამ ჭირსა და არამცთუ იმის გაძლიერებას აბრკოლებს, სრულადაც ჰსპობს ზოგჯერ. ეს ვნება მშრალის ქარისაგან შეუმცნევიათ 1881 წ. ალჟირში, საცა ეს ჭირი სრულად მოუსპია ერთნაირს მშრალს ქარს, რომელსაც სიროკკოს ეძახიან. 1886 წ. სამხრეთ საფრანგეთში იმედგადაწყვეტილს პატრონებს ვენახებისას მოსავალი ცოტად თუ ბევრად შეჰრჩენიათ მარტო იმის გამო, რომ იმ წელს ზოგიერთ ადგილებში მშრალს ქარს უდენია. ამერიკაში უცდიათ და ვაზისათვის ზემოდამ საფარავები ჩარდახებსავით გაუკეთებიათ და ამ საფარავებქვეშ სნეულება ვეღარ გაძლიერებულა. ამავე მიზეზით ხეებზედ აშვებული ვაზი, თუ ძალიან შეფოთლილი ხე ყოფილა, ისე არ გაფუჭებულა ამ სენისაგან, როგორც გარედ უსაფარავოდ დარჩენილი ვაზი. ვაზის რქებს, რომელიც საფარავის გარედ გამოსულა, წვერებში მთლად დასდებია თეთრი ობი მილდიუსისა და იმ ნაწილს, რომელიც საფარველქვეშ დაჰრჩენილა, სრულად არაფერი არა დასტყობია-რა. ამ ამბავს იმითი ჰხსნიან, რომ ვაზის ფოთოლს, რომელიც საფარველქვეშ არის, ცვარი არა ჰხვდება და თუ ცვარი არ დაჰდგა ფოთოლზედ, სოკო, თუნდაც გაჩენილი იყოს, ვერა ჰხეირობს უწყლოდა. აქედამა სჩანს, რომ მილდიუს სახეირებლად არამცთუ მარტო ჰაერის ნესტია საჭირო, არამედ ისიც, რომ ეს ნესტი, ცვარად ქცეული ფოთოლზედ, დაგუბდეს, რადგანაც თესლისოკოსი მარტო წყალში ჰხეირობს კარგად.

ჩვენა ვსთქვით, რომ როცა ფოთლის შიგნით სოკო მომწიფდება და გარედ გამოდის თავის შტოიან-ღეროებითა, ამ ღეროებს თესლის პარკები ასხია ერთმანერთზედ შეკუნწლული. თითო ამისთანა პარკი ქინძისთავის ოდენა ძლივს იქნება. ამ პარკებს თავისი ყუნწები აქვს, რომლითაც მიმაგრებულია ღეროზედ. როცა თესლი გაივსება და დასრულდება, ეს პაწია პარკი მოსწყდება ხოლმე ყუნწსა და ერთი ბეწო ნიავი საკმაოა, რომ თესლი ათს და ასს ვერსტზედ წაიღოს. ამისთანა პარკები თითო ვაზზედ აუარებელია ხოლმე, მარტო ერთს ფოთოლზედ თურმე ნახევარ მილიონამდეა.

ქარისაგან მოტაცებული მილიონები თესლისა წვიმასავით უჩინარად დაედინება ხოლმე ვაზის ფოთოლსა და თუ წვიმის წვეთი, ანუ ცვარი შეჰხვდა, მაშინვე ჰღვივდება, გამოუშვებს ხოლმე ისარს, დაესობა ფოთოლს, გაებნევა შიგ, შევა შიგნით და ასნეულებს. მშრალი ჰაერი, აგრეთვე სიცივეც ძალიან სწყინს თესლსა, ესე რომ სნეულებით ვეღარ ჰღვივდება და ისარს ვერ იკეთებს ფოთოლში შესასვლელად. ამიტომაც ცხადია, რომ ეს თესლის პარკი ზამთარს ვერ უძლებს და სნეულებაც ვეღარა ჰჩნდება იმ თესლისაგან, რომელიც ზაფხულშივე დასრულებულა. თუ ეგრეა, ზაფხულში დაყრილ თესლისგან აღარ უნდა გაჩნდეს მილდიუ მეორე წელს? ეს დამტკიცებულია, რომ ზაფხულში დაყრილ თესლისგან მაინც კიდევ სჩნდება ეგ სენი და ამიტომაც ჰფიქრობენ, რომ ხსენებულ პარკს გარდა მილდიუ იმისთანა თესლსაცა ჰყრის ზაფხულში, რომელიც გარშემო მაგარს კანს იკეთებს და ამით ეურჩება ზამთარსაო.

გარდა ამისა, რომ მშრალი ჰაერი თუ ქარი და სიცივე ხელს უშლის მილდიუს გაძლიერებას, არის თურმე იმისთანა გვარის ვაზი, რომელიც ან სრულად არ იკარებს ამ სენსა, ან ძლიერ არ ეჩაგვრინება. იმ წიგნში, საიდამაც მთელი ეს ცნობები ამოვიღეთ ჩვენ, დასახელებულია ამისთანა გვარის ვაზები და, ჩვენდა სამწუხაროდ, მაგ სახელებში არც ერთის ჩვენებურის ვაზის ჩვენებური სახელი ვერ ვიპოვეთ გარდა ერთისა, რომელსაც ავტორი ეძახის „სირაჯულს“. ამიტომაც სასურველია, რომ ჩვენმა ვენახის პატრონებმა ამ მხრით თვალი ადევნონ და გამოარკვიონ, რაგვარი ვაზი არ იკარებს ამ სენს და რაგვარი ეჩაგვრინება.

ტფილისი, 29 იანვარი

ჩვენა ვსთქვით, რომ მეცნიერებმა წამალი უპოვეს მილდიუსა და გვარწმუნებენ, რომ უებარი წამალიაო. ხოლო ამას გვირჩევენ, რომ სენის გაძლიერებას კი არ უნდა ვუცადოთ, არამედ მაშინვე მივყოთ ხელი წამლობას, რა წამსაც სადმე ვაზს, თუნდაც შიგადაშიგ, აჩნდება სენი. ნიშნები ხომ, რაც შევიძელით, ვრცლად ჩამოვთვალეთ და თუ კაცმა ბეჯითობა იქონია, ამ ნიშნებით ადვილად შეატყობს სენის გამოჩენას და მოვლენას. ამასთან ამასაც გვავალებენ, რომ თუ ვენახის პატრონმა ერთს ვაზს მაინც შეამცნია ავადმყოფობა, მაშინვე მთელს ვენახს უნდა დაუწყოს წამლობა და არა მარტო სნეულს ვაზსაო. გარდა ამისა ახლომახლო ვენახის პატრონებიც, თუნდაც სნეულების ნიშანი იმათს ვენახებში არ იყოს, უნდა შეუდგნენ თავის ვენახების წამლობას. ჩვენ უკვე ვიცით, რა უეცრად და რა სისწრაფით ვრცელდება ეს საშინელი ჭირი ვენახისა და ამიტომაც უსნეულო ვენახების წამლობა მარტო მეტისმეტი სიფრთხილე კი არ არის, არამედ აუცილებელი საჭიროებაა.

სენს ყოველგან მალე უნდა მისწრება, დასაწყისშივე უნდა შველა, ნამეტნავად ამისთანა ჭირს, როგორიც მილდიუა, რომელსაც, თუ გაძლიერდა, აღარა წამალი არ ეკიდება და კაცმა ვენახზედ ხელი უნდა აიღოს.

წამალი მილდიუსი სპილენძის შაბიამანია (Медный купорос). ამისათვის მთლად ლურჯი შაბიამანია სპილენძისა გამოსადეგი: არამცდაარამც თეთრი ლაქები არა ჰქონდეს, ან მწვანეფრად არა სცემდეს, ერთნაირად ლურჯი უნდა იყოს. რამოდენადაც წმინდაა სპილენძის შაბიამანი, იმდენად უებარი წამალია. რკინის შაბიამანიც არის (Железный купорос), მაგრამ ეს წამლად სულ არ ვარგა, უსათუოდ წმინდა და შეურეველ სპილენძისა უნდა.

ერთს თიხის ჭურჭელში, ან სპილენძისა ან თუჯის ქვაბში სამ გირვანქანახევარი წმინდა სპილენძის შაბიამანი უნდა ჩაჰყაროთ და ზედ დაასხათ ოთხი ბოთლი ცხელი წყალი. შაბიამანი გაიხსნება წყალში და ლურჯი წვენი დადგება. ეს კარგად უნდა აირიოს ხის ჯოხითა და არევის შემდეგ დაუცადოთ ვიდრე გაცივდება. როცა გაცივდება, უნდა ჩაასხათ ორი ბოთლი ნიშადურის წყალი (Нашатырный спирт). რა წამსაც ნიშადურის წყალი დაესხმის, მაშინვე აიჭრება წვენი, შედედდება სოსანისფრად, და როცა სულ ორს ბოთლს დაასხამთ, ისევ მალე გაიშლება, გაიხსნება. მერე ძალიან კარგად უნდა მოურიოთ. მორევის შემდეგ მშვენიერ მუქი ლურჯი წვენი დადგება წყაროსავით ანკარა.

ამის შემდეგ უნდა ან ბოჭკა, ან სხვა რამ მაგარი ჭურჭელი აიღოთ ორმოცდათოთხმეტთუნგიანი, შიგ ჩაასხით ორმოცდათერთმეტი თუნგი წყალი და ზემოხსენებული მუქი ლურჯი წყალი დაასხით და კარგად მოურიეთ. ეს არის სრული წამალი, რომელსაც მეცნიერებმა „ლურჯი წყალი“ დაარქვეს და ჩვენც ამ სახელს ვიხმარებთ.

„ლურჯი წყალი“ ძალიან დიდხანს შეინახება კარგად დაცმულ ბოჭკაში, მაგრამ სჯობია კი, რომ კაცმა მზად ზემოხსენებული მუქი ლურჯი წვენი იქონიოს, იმიტომ რომ ცოტა ჭურჭელს, ცოტა ადგილს ახაფრებს და სწრაფად შეიძლება „ლურჯ წყლად“ გადაკეთდეს. ამისათვის ის მუქი ლურჯი წვენი თუნგნახევრიანს მინის ჭურჭელში უნდა ჩაასხათ, კარგად დაუცოთ პრობკით, ქაღალდი მიაკრათ ზედ და დააწეროთ: „6-ი ბოთლი მუქი ლურჯი წვენია, ლურჯის წყლის მოსამზადებელი“.

ამისთანა ჭურჭელს თუნდა 5-ს, 10-ს აავსებთ ამ წვენითა, იმისდა მიხედვით თუ რამოდენა ვენახი გაქვთ, და შეინახავთ, მინამ დაგჭირდებათ. წინად მომზადება ამისთანა უებარის წამლისა და ქონვა დიდი რამ არის ვენახის პატრონისათვის. როცა ჭირი გაუჩნდება ვენახს, თითო ამისთანა ჭურჭელს პირს მოხსნის კაცი, ორმოცდათოთხმეტსთუნგიანს ბოჭკაში ორმოცდათერთმეტ თუნგს წყალს დაასხამს, ერთის მინის ჭურჭლის მუქ ლურჯს წვენს ჩაუმატებს, აურევს და წამალიც მზად არის. საცა მილდიუ უკვე არის, ან ყოფილა, იქ ყველგან ვენახის პატრონს ეს ლურჯი წვენი წინადვე მომზადებული უნდა ჰქონდეს და ამასთან ისიც უსათუოდ საჭიროა, რომ ზემოხსენებულის ზომით ჰქონდეს მიცემული სპილენძის შაბიამანი, ნიშადურის წყალი და ისე წყალი.

არის სხვა უებარი წამალიც, რომელსაც „ბორდოსის წვენს“ ეძახიან. ამისთვის კაცს ორი ჭურჭელი უნდა ჰქონდეს. ერთს ჭურჭელში, ოცდაათ თუნგიანში, ჰყრიან სპილენძის შაბიამანს და ოცდაოთხს თუნგს წყალს ასხმენ, მეორეში ყრიან ქვა-კირსა, წყალდაუსხმელს, ოცდაშვიდმეტ გირვანქას და ნახევარს და ზედ ასხმენ შვიდ თუნგს და ნახევარს წყალსა. კირი უნდა მთლად გაიშალოს წყალში და ცომსავით გასქელდეს. ძალიან კარგად უნდა დაერიოს კირსა, რომ შიგადაშიგ დაგუნდებული არა დარჩეს რა. როცა გაცივდება კირი, უნდა თითებშუა სინჯოს გახსნილი კირი, იმის შესატყობლად თუ, ხომ არა დარჩა-რა გაუშლელად და გაუხსნელად. თუ აღმოჩნდა ამისთანა რამ, კიდევ კარგად უნდა აურიოს კაცმა.

როცა სპილენძის შაბიამანი გაიხსნება წყალში და კირიც სულ მთლად გახსნილი იქნება და ცივი, მაშინ კირი და შაბიამანი ერთს დიდს ჭურჭელში, 45-თუნგიანში, ერთად უნდა მოაქციოს კაცმა. გამოვა ლამაზი სოსანის ფერი თხლე, მაგრამ ისეთი სქელი კი აღარა, როგორც კირი იყო. ამ თხლესა ჰქვიან „ბორდოსის წვენი“. ეს წვენი რომ დადგათ, ძირს სქელს სოსანის ფერს ლექს გაიკეთებს და ზემოდამ ანკარა წყალი იქნება. როცა წამლად უნდა იხმაროს კაცმა, უნდა უსათუოდ კარგად დაურიოს.

როცა სენი გამოჩნდება, მაშინვე უნდა ეს წამალი შეასხა თვითვეულს ვაზსა მთელს ვენახში. ამისათვის, რასაკვირველია, კარგი იქნება, რომ უქარო და მშრალი დღე იყოს, რომ წამალი შერჩეს ვაზის ფოთოლსა. ზაფხულის განმავალობაში რამდენჯერმე უნდა ასხუროს ვაზს ეს წამალი, მაშინ უფრო საიმედოა და უებარი. ეს კი უნდა დავიხსომოთ, რომ ორის კვირის წინად დაკრებამდე წამალი აღარ უნდა იხმაროს და აღარ უკეთოს ვაზსა. მეტად ცუდი რამ არის, თუ ეს კაცმა დაივიწყა და უსათუოდ არ აასრულა.

15 მაისიდამ დაწყებული მთელის ზაფხულის განმავალობაში ოთხჯერ მაინც ეს „ლურჯი წყალი“ უნდა შეასხას კაცმა ვაზებს და მთელი ვენახი ამ ყოფით უნდა შემოიაროს. ამ ლურჯს წყალს დიდს ბადიებში ასხმენ, შიგ ცოცხს ასველებენ და ამით ასხურებენ ხოლმე ვაზს. ჩვენებური კაცი, მინამ ამას ყოველსავე სცდის, წინასწარვე გაიტეხს გულსა და იტყვის: ერიჰა!.. მოდი და შენ თვითვეულს ვაზს ცალკე ეს წამალი გაუკეთეო.

ტყუილად გაიტეხს გულს და ყოველს ამაში ძნელი არ არის რა. არის ერთი მაშინა, რომელიც ძალიან სახერხოა ვაზის გაწუწვისა და სხურებისათვის. ამ მაშინას ვერმორელის მაშინა ჰქვიან და შვიდმეტმანათიანიც არის და ოცდახუთმანათიანიც. ამ მაშინით ერთს კაცს დღეში ორის დღის ვენახის სხურება შეუძლიან თურმე.

ამ სახით არც წამალია ძნელად გასაკეთებელი და არც ძვირია, არც მაშინაა ძვირი და არც ბევრი ხარჯი უნდა ვაზის წამლით გაწუწვას და მხოლოდ სურვილი და ბეჯითობაღაა საჭირო, რომ ვენახის პატრონმა ვენახიც და მოსავალიც გადაირჩინოს ამ საშინელის ჭირისაგან.

ჩვენ ამ საქმეს თვალყურს ავადევნებთ და თუ რამე სანუგეშოს შევხვდით, ჩვენს მკითხველებს თავის დროზედ ვაცნობებთ. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენებურმა ვენახის პატრონმა გვაცნობოს თავისი ნახული, ნაცადი თუ გაგონილი იმ საკითხავების თაობაზედ, რომელნიც ჩვენ ჩვენს წერილში ჩამოვთვალეთ ეხლახან ჩვენის გაზეთის მე-14 ნომერში.

ვაზის ავადმყოფობა მილდიუ

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №14, 21 იანვარი, გვ. 1., №19, 27 იანვარი, გვ. 1., №20, 28 იანვარი, გვ. 1-2., №21, 29 იანვარი, გვ. 1-2., №22, 30 იანვარი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილებად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ წინა გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

10 ინგლისის პოლიტიკური აზრის ახალი მიმართულება

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 21 იანვარი

ლორდ ჩერჩილი რომ რუსეთში წავიდა, ჩვენმა გაზეთმა ამ იანვრის დასაწყისის ნომრებში (№№3,4) შეჰნიშნა, რომ ეს ამბავი ახალს მიმართულებას მოასწავებს ინგლისის პოლიტიკისას, რომელსაც დღევანდელ დღისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გაზეთი ამბობდა:

დღეს ინგლისს ამცნევენ, რომ უფრო გერმანიის წინააღმდეგობას ჰრჩეობს და არა ჰსურს თავისის მიმხრობით გააძლიეროს ეგრედწოდებული „ლიგა მშვიდობიანობისა“, ანუ სამთა კავშირი, რომლის შედგენისათვის თ-დი ბისმარკი ასე ძლიერ იღვწოდა. ერთის სიტყვითა, ვამბობდით ჩვენ შემდეგ: ინგლისს მიზეზი აქვს და საბუთიანი მიზეზიც რომ ზურგი შეუქციოს გერმანიას და თუ სამტროდ არა, მეშველად მაინც არ მიეკედლოს. არავინ იცის, იქნება ამ მიზეზმა იმოდენადაც გასჭრას, რომ ინგლისმა თუ მხარი არ მისცა, პირი მაინც იბრუნოს იმათკენ, ვისაც გული ნატკენი აქვს გერმანიისაგან.

გუშინდელმა და გუშინწინდელმა გაზეთებმა მოგვიტანეს ამბავი და ეს ამბავი ემოწმება ჩვენის გაზეთის ნათქვამსა ამ ორის კვირის წინად, მერე ისე ემოწმება, რომ თითქმის სიტყვასიტყვით იმასვე ამბობს, რაც ჩვენა ვსთქვით.

კორრესპონდენტი ერთის გაზეთისა იწერება ლონდონიდამ, რომ გერმანიის წინააღმდეგი მიმართულება თანდათან ფეხს იკიდებს ინგლიასშია და ჰლამის მთელი ერი ინგლისისა ამ მიმართულებას აჰყვესო. კორრესპონდენტს მოჰყავს სიტყვა ერთის გამოჩენილის კაცისა, რომლის სახელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, არ გვატყობინებს და უმატებს კი, რომ ეს ერთი იმისთანა საპოლიტიკო მოედნის კაციაო, რომლის აზრიც ინგლისში მიღებულია, როგორც საზოგადო არზრი იმ დიდის დასისაო, ვის სახელითაც იგი ჰლაპარაკობს ხოლმეო. ამ კაცს აუწერია რა ორპირი და მატყუარა პოლიტიკა თ-დის ბისმარკისა, ბოლოს უთქვამს: „ინგლისის ერმა ზურგი უნდა შეაქციოს გერმანიასთან კავშირსა და სიხარულით გაუწოდოს ხელი ყველას, ვის წინააღმდეგაც მიმართულია შეერთებული ღონე „მშვიდობიანობის ლიგისაო“.

გარდა ამისა კორრესპონდენტს მოჰყავს სიტყვა გამოჩენილის ეკონომისტისა, ბარონ არჩიბალდ ბერდეტისა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტია ერთის თვალსაჩინო საზოგადოებისა და რომელსაც ამ საზოგადოების უშველებელს კრებაზედ წარმოუთქვამს, რომ „მოვალეობაა ჩვენის მთავრობისა, ჩვენის საზოგადოებისა, ჩვენის დაწინაურებულის კაცებისა, ერთის სიტყვით, თვითვეულ ჩვენგანისა, ვეცადნეთ, კისრიდამ გადვიგდოთ მძიმე და დიდის ხნის უღელი გერმანიისაო... დროა, ეს ყველამ ვიცოდეთ და კარგად ჩავიჭდიოთ გულშიაო“.

ყოველს ამას კორრესპონდენტი თავისით უმატებს, რომ ეს ამისთანა აზრები დადის ეხლა ინგლისის ერის ყოველს წოდებაში და იმოდენად ძლიერია, რომ იძულებულჰყო სალუსბერი გადაწყვეტილი უარი შეეთვალა ბისმარკისათვის, თქვენთან ერთად კავშირში მონაწილეობას არ მივიღებთო. „ამავე დროს - ამბობს კორრესპონდენტი: როცა ამისთანა წინააღმდეგობა არის გერმანიის მიმართ, ინგლისმა, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება მიაქცია იმათ, ვინც სამერმისოდ თავის მოკავშირედ ეგულება და ვის შემწეობითაც გამოელის თავის დონეზედ დააყენოს უღელი ევროპის სასწორისა, რომელიც ასე ძლიერ გადაჰხარა თავისაკენ გერმანიამო. ამ მხრით ინგლისს დიდი იმედი აქვს თავის ეხლანდელის ელჩის საფრანგეთში, რომლის სადიპლომატო ნიჭი და გამოცდილება ცნობილია თვალსაჩინოდ და აგრეთვე პეტერბურგში ლორდ რანდოლფ ჩერჩილისაო, რომელსაც ინგლისის მთავრობამ დიდი საპოლიტიკო საქმე დაავალაო“.

ჩვენ ეს ყოველი მოგვყავს იმისათვის, რომ ამ ახალს მიმართულებას ინგლისის პოლიტიკისას დიდად დიდი მნიშვნელობა აქვს მთელის ქვეყნის პოლიტიკურ ავკარგიანობაზედ. ეს იმისთანა ამბავია, რომ შემძლებელია სვე-ბედი ევროპიისა სულ ახალს გზაზედ წარმართოს და ვინ არ იცის, რომ დღეს მარტო ევროპაა გამგებელი ქვეყნისა. მარტო ბრმანი არა ჰხედვენ, რომ ორგვარი რეჟიმი იბრძვის დღეს საპოლიტიკო მოედანზედ და ვის დარჩება ბურთი და მოედანი, ამაზეა დამოკიდებული მერმისი ყველასი გამოუკლებლად. ამიტომაც თვალ-ყურის დევნა, ძიება, გამორკვევა, მისი თუ ბისმარკის რეჟიმი გაიმარჯვებს თუ მის წინააღმდეგებისა, ჩხირკედელობა არ არის, როგორც ზოგიერთს ბრმასა ჰგონია და იქნება იმაზედ მეტი და მძიმე საგანიც იყოს, რაც წინდაუხედავებს შინაურის საქმეების სახელით ხელზედ დაუხვევიათ და პოლიტიკის საქმეების აყოლას და მეთვალყურობას უვიცობის დიდგულობით ცხვირ-ზევით იცილებენ და ჩალის ფასადაც არ აგდებენ. რას იზამ? ბრმა იმისათვის არის ბრმა, რომ არა დაინახოს რა, ყრუ კიდევ იმისათვის, რომ არა გაიგონოს რა. რაც ვისთვის ბუნებას არ გამოუმეტნია, დაუკლია, იმას ვერაკაცი ვერ შეავსებს.

ინგლისის პოლიტიკური აზრის ახალი მიმართულება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №15, 22 იანვარი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ არც ერთ წინა გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

დღეს ინგლისს ამცნევენ, რომ... არა ჰსურს თავისის მიმხრობით გააძლიეროს ეგრედწოდებულილიგა მშვიდობიანობისაანუ სამთა კავშირი...“ - იხ. შენიშვნა გვ.

11 ისევ გაზეთ „კავკაზის“ გამოლაშქრების გამო

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 22 იანვარი

ქვეყანაზედ მრავალგვარი ავკაცობაა, მრავალგვარი სულდაბლობა და სალახანაობა, ხოლო ყველაზედ უარესი, ყველაზედ საზიზღარი, ყველაზედ ჩირქიანი, - ურცხვობაა. ქურდს, მაგალითებრ, ზოგჯერ ქურდობა ეპატიება, ავაზაკს ავაზაკობა, ზოგჯერ მკვლელს კაცისკვლასაც კი შეუნდობენ ხოლმე, ამისი არა ერთი და ორი მაგალითია. ამ შემთხვევაში ქურდსა თუ ავაზაკს ზოგჯერ იმისთანა მიზეზები მოეპოვება, რომ ადამიანის გულშემატკივარობას გამოიწვევს ხოლმე და ავკაცობას დამნაშავისას ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებლადა ჰხდის და ზოგჯერ სრულად მისატევებლადაც.

ურცხვობა კი იმისთანა რამ არის, რომ არასოდეს ადამიანის გულს თავისაკენ სიბრალულით ვერ მოახედებს. იგი იმოდენად მყრალია, იმოდენად ბიწიერია, იმოდენად საზიზღარი, რომ კაცს, ურცხვობის მნახავს, ვერასგზით ვერ მოინადირებს და ვერ შეირიგებს. იგი მძოვრსა ჰგავს და რამოდენადაც ახლო მიუხვალ, უფრო ჰყარს, და თუ ხელიც ახელი, უფრო ასეთს სუნს ამოუშვებს, რომ ცხვირის დაცობა თუ უშველის ადამიანს, თორემ სხვა ვერაფერი.

ბიწს ურცხვობისას საზღვარი არა აქვს. რაკი ერთხელ კაცმა ურცხვობისათვის პირი გაიხია, იმას აღარა დააყენებს რა, თუნდა ათასი ალაყი გაუკეთო და ათასი ნალო გამოაბა. ნუ გგონიათ კი, რომ ურცხვობა უღონო რამ იყოს. არა, იგი ძლიერია მარტო მით, რომ ურცხვობაა, და რაკი ურცხვობაა, იმის ხელთ ბარაქიანი ტყუილიც არის, ზორბა უნამუსობაც, სამარცხვინო სულელობაც, საზიზღარი ცილისწამებაც, ერთის სიტყვით - ყოველივე თავსლაფგადასასხმელი უწმინდურობა ადამიანისა.

პატიოსანს, ნამუსიანს კაცს ხელთა აქვს მარტო პატიოსანი და ნამუსიანი სახსარი მტრის მოგერებისა და გაძღოლისათვის. თუ არ ამისთანა სახსარს, იგი ხელს არა ჰკიდებს, თუ არ ამისთანა იარაღს, იგი სხვას არას ჰკადრულობს, და ამის გამო უფრო ჰრჩეობს დამარცხებულ იქმნას უნამუსო მტრისაგან, ვიდრე უწმინდურის იარაღით ეჭიდოს და გაიმარჯვოს. ურცხვს და უნამუსო კაცს კი ამისი დარდი არა აქვს: ოღონდ თავისი გაიტანოს და ყოველგვარს საძაგლობას ჰკადრულობს, ყოველგვარს უკადრის იარაღს ხელსა ჰკიდებს. რას უნდა ეკრძალებოდეს და ერიდებოდეს!

ყოველ ამით ურცხვი კაცი უფრო ღონიერია, უფრო შემძლებელია პატიოსან და მოცრხვს კაცზედ, რომელიც მარტო შეუგინებელ და პატიოსანს ფარხმალს ჰკადრულობს სახმარებლად მტერთან და სხვა ყოველი სამართლიანად ეთაკილება, ეზიზღება. ურცხვი კაცი ღონიერიაო, რომ ვსთქვით, ეგ იმას არა ჰნიშნავს, რომ გამარჯვებულიც იგია, და თუნდ გამარჯვებულიც იყოს, სამარცხვინო გამარჯვებას ისევ პატიოსანი დამარცხება სჯობია, როგორც ნაძრახს სიცოცხლეს - სახელოვანი სიკვდილი.

ვიცით, რომ ამ სახარებას მგლის თავზედ ვკითხულობთ და ამიტომ ამ საგანზედ გრძლად ლაპარაკი სჯობია შევწყვიტოთ და ჩვენი სიტყვა დარბაისელ «Кавказ»-ს მივმართოთ.

წაიკითხეთ ამ სასაცილო გაზეთის მეთაური წერილი, დათარიღებული 21-ს იანვრითა? ჩვენ წავიკითხეთ და უნებლიედ წამოვიძახეთ გაოცებულებმა: ერიჰაა!.. აი, დაუშტვინეს რომ იტყვიან, სწორედ ეს არის. თქვენ ვინა ჰყრიხართო, ჰყროყინებს «Кавказ»-ი თავმოწონებულის ყროყინითა: მართალია, ივერია ძველისძველადგანვე ცნობილია კაცობრიობის ისტორიისაგან, მაგრამ თქვენ, ქართველებს, ამით რაო? თქვენ ვინა ხართო? გუშინდელი მოსულები, საიდღანაც მოთრეულხართ და იძახით ორი ათასი წლის ისტორია გვაქვსო? სადა გაქვთ თქვენ ისტორიაო? თქვენი ისტორია სულ გუშინდელი ამბავია და ტყუილად მოგაქვთ თავიო.

როგორ გგონიათ? ყოველ ამის ლაღად მთქმელს სად უნდა ამოაყოფინოთ თავი, თუ ქვეყანაზედ სამართალია? განა ჭკვათამყოფელმა კაცმა, მინამ ამას იტყოდეს, ყველაზედ უწინარეს თავის ადამიანობაზე ხელი არ უნდა აიღოს!.. განა ყოველივე მოვალეობა თავის ქვეყნის წინაშე არ უნდა დაივიწყოს და ქვემძრომსავით მარტო მიწა არ უნდა ჰლოკოს!

გაგიგონიათ ვისმე ისეთი პირმოხეული ურცხვობა, რომ კაცმა თავის უწმინდურის სიტყვის გასაყვანად განძრახ უარჰყოს საჯაროდ, საქვეყნოდ, მეცნიერებაც, ისტორიის უეჭველნი ნაშთნიც, სამღთო და საერო მატიანეთა მოწმობაც, თავის თავიც და სხვაცა! თუ კაცს ღმერთი გასწყრომია და ყური დახშული აქვს სმენისათვის, თვალთახედვის უნარი სად ჯანაბაშიღა დაჰკარგვია, რომ თავის გარეშემო ვეღარა ჰხედავს ათასის წლების ნაშენებს და ნაკეთებსა. ჩვენში ხომ ისე ფეხსაც არ გადასდგამთ, რომ ამისთანა უტყუარნი მოწმენი თვალწინ არ აღგემართონ თავისის დიდებითა და სახელოვანებითა. ჩვენში ქვებიც, ქვებიც კი ჰღაღადებენ, რომ საქმე ისე არ არის, როგორც «Кавказ»-ს მოსწყურებია. ჩვენში ეგ მკვდარი, უსულო, უგულო და უენო მოწმენიც კი მოგვითხრობენ ათასის წლების ამბებსა, მაგრამ პირმეტყველი, სულოვანი და გულოვანი «Кавказ»-ი ქვაზედ უფრო ქვა ყოფილა.

ერთი ვიკითხოთ, რა აკაკანებს ეგრე ლაღად, ეგრე ურცხვად?

თვითონ «Кавказ»-იც მიმხვდარა, თვითონ «Кавказ»-საც კი უგრძვნია, რომ სტყუის და აშკარადაც სტყუის, სტყუის ისე სამარცხვინოდ, როგორც ქვეყანაზე არავის არ უმტყუვნია, არ უცრუვნია. თვითონვე გაჰკვირვებია თავისი ტყუილი: კაცო, ეს რა წამოვროშეო, და წამოროშვილის ჩასაფუჩეჩებლად ამბობს: ჩემს ნათქვამს მევე ვერ ვიკისრებო; რაცა ვსთქვი, იმის პასუხისგებას ჩემს თავზედ ვერ მივიღებო.

მოდი და ამისთანა თავში დაკრულს და დამთხვეულს სულიერს ეშხზედ ელაპარაკე! მაშ რა ეშმაკი და ქაჯი გალაპარაკებს, თუ შენს ნათქვამს შენვე არა ჰკისრულობ და იმის გამო პასუხისგებას თავიდამ იცილებ? განა სადმე გაგონილა, ესე სასაცილოდ აგდება ბეჭდვისა, სიტყვისა, ადამიანისა და ქვეყნისა, გაგონილა, კაცმა ისე დაიბრიყვოს თავისი მსმენელები, რომ დილიდამ საღამომდე ატყუოს და ბოლოს უთხრას: რაც გითხარით, მე მაგის პასუხისგებას არა ვკისრულობ, ეს იცოდეთო! ისეთი რა შესცოდეს «Кавказ»-ის მკითხველებმა თავის საყვარელს გაზეთს, რომ ეს ოინები «Кавказ»-ისა უნდა აიტანონ და პასუხისგებაც არ მოსთხოვონ? ნუთუ ეს აბები ხმაამოუღებლივ უნდა გადაჰყლაპონ? «Кавказ»-ი ამისთანა მალაყებს რომ გადადის თავის მკითხველების წინაშე, ნუთუ ჰგონია, რომ მის მკითხველებს გრძნობა ადამიანურის ღირსებისა დაკარგული აქვთ და ვერ იგრძნობენ, რომ «Кавказ»-ი სასაცილოდ იგდებს ყველას ერთად და თვითვეულსა ცალკე. განა უტვინო კაცად არ უნდა მყვანდეს მიჩნეული ის, ვისაც გავუბედავ და ვეტყვი: მე ვსთქვი და ჩემის ნათქვამის გამო პასუხისგებას არა ვკისრულობო.

სხვა ქვეყანაში რომ გაზეთი ასე გაბრიყვდეს და ასე გაუკადნიერდეს მკითხველს, მეორე დღესვე გულნაწყენი მკითხველი შეუთვლის ბარათითა: შენმა მყრალმა სუნმა ლამის დამარჩოსო და ჩემს სახლში ნუღარ გაიჭაჭანებო, ფულზედ ნუ ინაღვლი, შენთვის მიჩუქებიაო. ეს სხვა ქვეყანაში და ჩვენში? ჩვენში, ღვთისა და თქვენის წყალობით, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.

ისევ გაზეთკავკაზისგამოლაშქრების გამო

ხელნაწერი: ასლი, U №1052, გვ. 799-801.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №16, 23 იანვარი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს - ილიას ნაწერების სრული კრებულის IX ტომში, უსათაუროდ.

შემდეგში, 1956 წელს პ. ინგოროყვას რედაქციით დაბეჭდილ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა VIII ტომში წერილი გამოქვეყნდა ზემომითითებული სათაურით.

გვ. -წაიკითხეთ ამ სასაცილო გაზეთის მეთაური წერილი, დათარიღებული 21- იანვრითა?“ - ილიას მხედველობაში აქვს გაზ. «Кавказ»-ის 1888 წლის 21 იანვრის №19-ის მეთაური წერილი. სტატია ხელმოუწერელია. წერილის ავტორი აკრიტიკებს «Новое Обозрение»-ს 1888 წლის 8 იანვარს №1398-ში დაბეჭდილ წერილს, საქართველოს ისტორიის საკითხების ვითომდა არასწორად გაშუქების გამო.

12 დავით აღმაშენებელი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 23 იანვარი

არ ვიცით, სხვა როგორ ჰფიქრობს და ჩვენ კი ისე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს, ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულისფიცარზედ იჭდევს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაჭდევითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისათვის და გაძლიერებისათვის.

უკეთესნი და უდიდესნი მომქმედნი ერისა ხომ სხვა არა არიან რა, თუ არ ერის გულისნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოჰქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მომქმედნი, ვამბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამათი, საკუთარის ვინაობის დავიწყებაა, და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავის მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენწინა. ისინი ცხოველი მაგალითები არიან მისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლიან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენადაც დიდბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდბუნებოვანობა ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლებლობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემის სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებითა და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთვნელსა, თავის ღონეს და შემძლებელობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს. ზოგს დიდბუნებოვანობის შარავანდედითა და თაყვანსა სცემს სასოებითა და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.

„ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, - ამბობს ბრძენი სენეკა, - იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნით გვწურთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო.“

ამისთანა ბედნიერი დავით აღმაშენებელია საქართველოს ერისათვის. მის მიცვალების დღე 26 იანვარია. ხოლო საქართველოს ეკკლესია, რომელიც ყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვანს დავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა განაჩენმა ერისამ, ეკკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებელის სახელი დაარქვა საუკუნო სახსენებლად. ამ მართლადა დიდებულმა მეფემ ერთად მოუყარა თავი ქართველობას. აოხრებული ქვეყანა ააშენა, მტერი გაუფრთხო და გაუფანტა, და დღეს თუ ჩვენ ჩვენს ბინაზედ ვართ, ეს იქნება იმისი ღვაწლი, იმისი სამსახურიც უფრო იყოს. დიდება სახელსა მისსა!..

ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნობისა და მართლმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნობისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლადშემძლებელ მბრძანებელად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების ერისა, ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა, ამისთნა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვის ეროვნობისა, სხვის სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან!

მეტიღა დიდბუნებოვანობა მოეთხოვება განა მეთორმეტე საუკუნის კაცს მაშინ, როცა დღეს, მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს საკვირველებად მიგვაჩნია გლადსტონი რომ ირლანდიის ეროვნობას და სარწმუნოებას ესარჩლება იმავე კაცთმოყვარეობით, რა კაცთმოყვარეობითაც დავით აღმაშენებელი სხვა ერს პატივსა სცემდა! ჩვენს მატიანებს თავი დავანებოთ და ვიმოწმოთ სხვა ერის მემატიანენი. ისინიც კი აღტაცებით იხსენიებენ დავით აღმაშენებელს, როგორც კაცს, პატივისმცემელს და შემწყნარებელს სხვა ერისას და სხვა რჯულისას.

სომეხი მათე ედესელი ამბობს:

„დავით იყო წმინდა, კეთილმსახური, სავსე ქველმოქმედებით და მართლმსაჯული. დავითის გარშემო იკრიბებოდა დანარჩენი სომეხთა ნათესავი, რომელთათვის მან დააფუძნა საქართველოში ქალაქი კორი (გორი), სადაც მრავალი ეკკლესია და მონასტერი ააშენა. მიაგო ჩვენს ნათესავს ყოველგვარი ნუგეშის ცემა და შვება“.

ვარდან დიდი სწერს:

„დავითს არავითარი სიძულვილი არა ჰქონდა სომხურის წირვა-ლოცვისა და ეკკლესიისა: იგი ხშირად იდრეკდა თავს ჩვენს ხელქვეშ და ითხოვდა ჩევნს ლოცვა-კურთხევას“.

ეგ კიდევ არაფერი, რომ დავით აღმაშენებელი ასე ექცეოდა სომხებს, რომელნიც, რაც უნდა იყოს, ქრისტიანები იყვნენ და არიან. დიდბუნებოვანი კაცთმოყვარეობა დავით მეფისა მაჰმადიანებსაც მიეფინათ, და მით უფრო ბრწყინვალეა ეს ამბავი, რომ მაჰმადიანები თვით დავით მეფისა და მისის ერის სარწმუნოებას ერჩოდნენ აღმოსაფხვრელად. მაჰმადიანთა მწერალი ალ-აინი აი რასა სწერს;

„დავითს სთხოვეს მუსულმანებმა, რომ ქრისტიანეთ არა ჰქონოდათ ნება მუსულმანებთან ერთად შესვლისა აბანოში და აღეკრძალნა გიაურებისათვის მათი ავად ხსენება. დავითმა ყოველივე ეს თხოვნა აუსრულა. დავითი თავის შვილის დიმიტრითურთ ყოველდღე დადიოდა უმთავრესს მეჩითში, ისმენდა სამეფო ლოცვას და თვით ყორანის კითხვას. დავითი უხვად აძლევდა ფულს ქათიბს და მუაძინებს. მან ააშენა უცხო ტომთათვის ქარვასლები და სადგომი სახლები მოქალაქეთა, სუდიებთა და პოეტთათვის, რომელთაც ულუფას უნიშნავდა. თუ ვინმე ისურვებდა ტფილისის დატევებას, გულსავსებით ხელს უპყრობდა და მგზავრობის ღონისძიებას აძლევდა ფულით. დავითი უფრო მეტს პატივსა სცემდა მუსულმანთა, ვიდრე მთავარნი მუსულმანთანი“.1

ყოველივე ეს დიდსულოვანება და სულგრძელება დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა ძლევამოსილი იგი მეფე სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო იმის დიდბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თვითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად.

აი ეს დიდებული მეფე რა დიდებულ კაცურ კაცის სახესაც მოგვივლენს თვალწინ და რა თავმოსაწონებელს საბუთს გვაძლევს ხელთა. აი ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და ამისთანა კაცის არხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ერსა, რომელმაც იგი ჰშვა და თავის ძუძუთი გამოჰზარდა. ჩვენმა დამცველმა ეკკლესიამ ეს კარგად იცოდა და ამიტომაც 26 იანვარი დაგვინიშნა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გავიხსენოთ ეს ქართველისათვის თავმოსაწონებელი დიდებული მეფე, დიდებული კაცი.

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებელის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ როგორც დიდბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

_________________

1. როგორც ეს ციტატა, ისეც ზემოყვანილნი, ბ-ნ დ. ბაქრაძის შენიშვნიდამ არის ამოღებული.

დავით აღმაშენებლი

ხელნაწერი: ასლი, U №1052, გვ. 802-805.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №17, 24 იანვარი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1927 წელს - ილიას ნაწერების სრული კრებულის V ტომში ზემომითითებული სათაურით.

13 ხელობის სწავლების სიკეთე სოფლის სკოლებში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 25 იანვარი

რაც უფრო მეტი ხანი გადის, მით უფრო ცხადდება, რომ ეხლანდელი პირველდაწყებითი სასოფლო სკოლები ბევრს არას ჰმატებენ სოფელსა ცალკედ და ერსა საერთოდ. მეტისმეტად ვიწროზედ ჰტრიალებენ მისი პროგრამმები, რომელნიც თითქმის მარტო იმაზე არიან მიჩერებულნი, რომ წერა-კითხვა ასწავლონ, წაკითხულის გაგების ღონე მიანიჭონ და შესძინონ ცოტაოდენი იმისთანა ცოდნაც, რაც გონების გამართვას და გახსნას ჰშველის, თქმა არ უნდა, რომ არარაობაში ესეც კარგია. ხოლო ეხლა მთავრობაც და თვითონ საზოგადოება რუსეთისაც ჰხედავს, რომ ყოველივე ეს საკმაო არ არის ერის მოზარდის თაობისათვის, ჰხედავს, რომ გლეხობას და ერთობ მდაბიო ხალხს სასწავლებელი იმისთანა რასმესაც უნდა ასწავლიდეს, რაც ხელს შეუწყობს და უშველის, რომ დღე მუდამი გარჯა და შრომა ერისა უფრო ნაყოფიერი ჰქმნას, უფრო მომეტებულის ცოდნით და ზედმიწევნით წარმართულ იყოს.

ამიტომაც რუსეთში ეხლა ძალიან გაძლიერებულია ის აზრი, რომ ამისთანა სასოფლო სკოლებში რაიმე ხელობის სწავლებაც შემოღებულ უნდა იქნას იმოდენად ვრცლად და სავსებით, რამოდენადაც საჭიროა მდაბიო ხალხისათვის. რა თქმა უნდა, რომ უდიდესი ნაწილი რუსეთისა მიწის მოსავლით ინახავს თავსა და უძღვება ყოველგვარს სახელმწიფო, საერო და სასოფლო ხარჯსა. ამ სახით, რაკი უმთავრესი ღონე იქაურ მკვიდრთა მიწათმოქმედებაა, მთავრობას განუზრახავს ამ ხელობის საქმის სწავლებაც დაავალოს სასოფლო სკოლას და მით მოუმართოს სოფელს ხელი რიგიანის ცოდნით წარიმართოს თავისის ცხოვრების გზა.

პეტერბურგისა და მოსკოვის გაზეთებმა მოგვიტანეს ამბავი, რომ სწავლა-განათლების სამინისტროს, დაუნახავს რა ერთის მხრით უღონობა და ხელმოკლეობა ეხლანდელის სასოფლო სკოლისა და მეორეს მხრით აუცილებელი საჭიროება მიწათმოქმედების სწავლებისა, უთხოვნია სახელმწიფო ქონებათა სამინისტროსათვის, რომოდენიმე სახელმწიფო მიწა მოუჭრას სკოლებს მუქთად. სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს ეს შესაძლებლად უცვნია და თანახმა გაჰხდომია.

რუსეთის გაზეთები დიდის სიხარულით მიეგებნენ ამ ამბავსა და ჰნატრობენ, რომ ამ დიდად სასარგებლო გადაწყვეტილებას წინ არა ამოუჩნდეს რა დასაბრკოლებლად. ეს საქმე მეტად რთულია და ჩვენ კი დღეს გაზეთებიდამ მარტო ის ვიცით, რომ ორსავ სამინისტროს მარტო დედააზრობით გადუწყვეტია ეს საქმე და გაზეთები დაწვრილებით არას გვატყობინებენ, როგორ უპირობენ ამ დედააზრის განხორციელებას და გამოყენებას. ზოგიერთი გაზეთები, აცხადებენ რა თავის სიხარულს ამ დედააზრის გამო, ამბობენ, რომ ორი მეტად ძნელი მიზეზი წინ აღუდგება ამ კეთილს განზრახვასა სწავლა-განათლების სამინისტროსას. ერთი ისა, რომ პირველ ხანებში ძნელად საშოვარნი იქმნებიან მასწავლებელნი, აგრონომიის იმოდენად მცოდნენი, რომ იმ სიმოკლით მაინც გაუძღვენ სწავლებას, რაც საჭიროა გლეხობისათვის და მეორე ისა, რომ სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს, თუმცა აუარებელი სახელმწიფო მიწები აქვს, მაგრამ ისეთს ადგილებში, რომ სკოლებზედ ძალიან შორს არიან და არ ემხრობიან. პირველს მიზეზს, როგორც იქნება, თავის დროზედ ბოლო მოეღება, რადგანაც შესაძლოა მასწავლებელთ ისწავლონ საკმაოდ მიწისმოქმედების საქმე, ხოლო მეორე მიზეზი კი, თითქმის აუცილებელია იქ მაინც, საცა სოფლის სკოლის ახლომახლო სახელმწიფო მიწები არ მოიპოვება.

რა თქმა უნდა, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაშიაც შესაძლოა საქმეს ეშველოს რამ. ხოლო სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს მოუნდება სოფლის სკოლის ახლო მიწები კერძო კაცთაც ჩამოართვას და მის სამაგიეროდ შორი მიწები მისცეს. რასაკვირველია, აქ სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს სართის დადება მოუნდება და ეს საქმე იმოდენად დიდი რამ არის, რომ სახელმწიფო ამ სართის გაღებას არ უნდა შეუშინდეს. ამ გზით ეს მეორე მიზეზი თუ სრულად არ მოისპობა, დიდად შესუსტდება მაინც.

ხელობის სწავლების სიკეთე სოფლის სკოლებში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №18, 26 იანვარი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

14 საიდუმლო შეთანხმების გამომზეურება

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 1 თებერვალი

ახალმა წელიწადმა დიდი სამშვიდობო იმედი მოგვცა. საითაც კი მიიხედავთ, ყოველგან იმის მეტი არა ისმოდა რა, რომ ღმერთმა დამიფაროს ომის ატეხის ფიქრი გავიტარო გულშიო. ბევრს ეს ფიცი სწამდა და ბოლო კი აკვირვებდა, იმიტომ რომ ამ ფიცთან იარაღის მზადების ჩხარა-ჩხურიც ისმოდა. მართალია, ყოველთვის ხერხიანი დიპლომატია იმას იძახოდა, რომ თვით მაგ ჩხარა-ჩხურშია იმედი მშვიდობიანობისა, რადგანაც ათადამ ბაბადამ ისე ყოფილა, რომ ვისაც მშვიდობით ცხოვრება ჰსურს, მუშტი მოღერებული უნდა ეჭიროსო.

ესეა თუ არა, პირველნი დღენი ამ ახალ წელიწადისანი სამშვიდობო იმედით მოგვევლინა და, ვინ იცის, იქნება ეს პირველი თთვე მაინც ახალის წლისა ისე გაგვეტარებინა, რომ გული არ შეგვშინებოდა რითიმე. ხოლო ბედმა ესეც შეიშურა კაცობრიობისათვის და ამ იანვრის ბოლოს ხანებში გამოატყვრინა ერთი იმისთანა ამბავი, რომ დიდი და პატარა შეაფუცხუნა. ბერლინმა და ვენამ საჭიროდ დაინახეს გამოექვეყნებინათ აქამდე მითამდა საიდუმლოდ შენახული პირშეკრულობა 1879 წლისა, რომლის ძალითაც გერმანია და ავსტრია ერთმანერთს დაჰპირებიან მიეშველნენ, თუ ვინიცობაა ან ერთსა და ან მეორეს რაიმე განსაცდელი მოევლინება რუსეთის მხრით. ამბობენ, ამისთანავე პირშეკრულობა დაუდვიათ გერმანიასა და იტალიასა საფრანგეთის წინააღმდეგ.

გერმანიის გაზეთები ფიცით იჭაჭებიან, რომ ამ გამოქვეყნებას 1879 წლის პირშეკრულობისას სხვა აზრი არა აქვს რა, გარდა სამშვიდობო იმედის გაძლიერებისაო. ამ პირშეკრულობამ უნდა დაარწმუნოს ყველანიო, რომ გერმანიასა და ავსტრიას თვითონ არავისთან ჩხუბი არა ჰსურთ და არც გულში აქვთ ჩხუბის ატეხა თავისის მხრით და თუ ერთმანერთს ჰშველას დაჰპირდებიან, მარტო მაშინ, როცა სხვას მოუვა სურვილი ამათთან ჩხუბის ატეხისაო. ამ სახით გერმანია და ავსტრია მტრის მოგერებისათვის შეჰკვრიან ერთმანერთსაო და არა მტრის თავზედ დასხმისათვისაო. აქედამ ცხადიაო, ჰფიცულობენ ვენისა და გერმანიის გაზეთები, თუ სხვა სამტროდ არ წამოატანს ამათ ხელსა, მშვიდობიანობა დაურღვეველი იქნებაო.

საფრანგეთის გაზეთები სხვა თვალით უყურებენ ამ ამბავსა. ესენი იძახიან, რომ ხსენებულ პირშეკრულობის გამოცხადებას უეჭველად მოჰყვება უფრო მტკიცე დაახლოვება რუსეთსა და საფრანგეთს შორისო. მაშასადამე, ეს გაზეთები ჰხედვენ, რომ აქ რაღაც სხვა სული ჰტრიალებს და არა სამშვიდობო განზრახვა, თორემ თუ მართლა გარს მშვიდობიანობაა, მაშინ საშველად ერთმანერთისკენ მიწევ-მოწევას რა საბუთი და მიზეზი უნდა ჰქონდეს.

იტალიის გაზეთები უფრო გულახდილად ჰლაპარაკობენ და იძახიან, რომ ამისთანა სიგელის გამოქვეყნება თავისთავადაც დიდი ნიშანია ჟამთა ვითარებისაო და რაკი გამოქვეყნდა, სჩანს პოლიტიკური მდგომარეობა მეტად გაძნელდა და დამძიმდაო. ზოგნი იქამდენაც მიდიან, რომ ამ სიგელის გამოქვეყნებაში ულტიმატუმს ჰხედვენ მხოლოდ თავაზიანად და რიდით გამოთქმულს.

სად არის მართალი, ეგ ჯერ ღმერთმა იცის, ხოლო საკითხავი ეს არის: თუ ამ რვა-ცხრა წელიწადს საჭიროდ ჰხედავდნენ საიდუმლოდ შენახვას ამ სიგელისას, დღეს რაღამ აიძულა მისი გამოქვეყნება? ან აქამომდე ვის უმალავდნენ, ან დღეს ვის ასმენენ?

ამის პასუხს თვითონ სიგელი იძლევა და სახელდობრ, იმისი მესამე მუხლი. ეს მუხლი ვალად სდებს პირობის დამდებთა, რომ ეს სიგელი და მასში მოხსენებული პირობანი საიდუმლოდ იყოს და მარტო მაშინ გამოქვეყნდეს, როცა ორივე მხარე ამაზედ ცალკე მოილაპარაკებენ და გამოქვეყნებას საჭიროდ დაინახვენ.

თუ მართლა ამ სიგელს სხვა აზრი არა აქვს რა, გარდა სამშვიდობო იმედის გაძლიერებისა ამისთანა კეთილის განზრახვის დამალვა რად დაუნახავთ საჭიროდ. თუ ეს კეთილი განზრახვაა შიგ და სხვა არაფერი, რა დასამალავი იყო ასეთი ყველასათვის სასურველი და სასიამოვნო ამბავი? სჩანს, აქ სხვა აზრი ჰქონიათ, სჩანს, აქ ისარის სროლაა და მარტო მშვილდის მალვა. თუნდ ამასაც თავი დავანებოთ და ერთი ეს ვიკითხოთ: თუ საჭიროდ ჰხედავდნენ საიდუმლოდ შეენახათ ეს სიგელი, 1879 წელს, როცა შედარებით ევროპა უფრო მოსვენებული იყო და ცეცხლმოსაკიდებელი მუგუზრები ასე ბევრი არ იყო, როგორც დღეს, ეხლა, ამჟამად რაღამ აიძულა ორივე მხარე სიგელის გამოქვეყნებისათვის? აშკარაა, ორსავე პირობის დამდებს შიში რამ უგრძვნიათ და ვიღაცას მუქარას უთვლიან, თუმცა კი შორიდამ, გადაკვრით.

რომ ამ აზრს თავისი საბუთი აქვს, ამას სხვათა შორის იქიდამაცა ვხედავთ, რომ ევროპაში ლამის მეორე კავშირიც შესდგეს ამ გერმანია-ავსტრიაიტალიის საპირისპიროდ. საფრანგეთის გაზეთები უკვე ურჩევენ, ვისაც ჯერ არს, ინგლის-რუსეთ-საფრანგეთის კავშირი შექმნან და ამითი მოიგერიონ თვითნებობა და ბატონობა გერმანიისა, რომლის მანქანები და ხლართები მოსვენებას არ აძლევს ევროპასა, ამის გამო თავიდამ ფეხამდე შეიარაღებულს და მხედრობის შენახვის ხარჯისაგან ქანცგაწყვეტილსა. აი დღევანდელის დღის დიდი მნიშვნელობა იმაშია თუ ამ დღის ვითარებამ გამოიწვია ეს ახალი კავშირი ინგლის-რუსეთ-საფრანგეთისა და პირისპირ დაუყენა გერმანიის, იტალიის და ავსტრიის კავშირსა. იქნება ამ ახალმა კავშირმა უფრო შეუძლებელჰყოს ომი, რადგანაც ორივე მხარე ისე ძალოვანი იქნება, რომ ეგერე ადვილად ერთმანერთს ვერ შეჰბედავენ, მაგრამ ეს ახალი კავშირი რომ დღევანდელს რეჟიმს შესცვლის, ეგ კი, ჩვენის ფიქრით, უეჭველია და მეტად საგულისხმიერო დიდისა თუ პატარისათვის.

საიდუმლო შეთანხმების გამომზეურება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №24, 2 თებერვალი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

15 ფლოკეს მოსალოდნელი გამინისტრება

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 6 თებერვალი

მთელი ქვეყანაა და თ-ის ბისმარკის სიტყვა, წარმოთქმული გერმანიის პარლამენტში ამ უკანასკნელ დროს, რაც კი სადმე ჟურნალია, ან გაზეთი,ყველა ერთად და თვითვეული ცალკე ამ სიტყვის გამო ჰლაპარაკობს, ამ სიტყვასა სჯის და ჰხსნის. ეს სჯა და ხსნა მით უფრო ადვილად შესაძლებელია, რომ თვითონ სიტყვა თ. ბისმარკისა ჰოც არის და არაცა, არაცა და ჰოც ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე საგანზედ. ორს საათზედ მეტი ილაპარაკა თურმე „რკინის კანცლერმა“ და ისე ოსტატურად, რომ თავიდამ ბოლომდე ყველა მაყურებელი სმენად გადააქცია და მაინც არა სთქვა რა, არა სთქვა რა იმისთანა, რომ ეხლანდელს დახლართულს საქმეებს ევროპიისას შუქი მოჰფენოდა და საიდუმლოდ მომქმედნი მართულები ეხლანდელის პოლიტიკისა ცოტად თუ ბევრად მზეზედ გამოფენილიყო.

ვამბობთ „არა სთქვა რა“, მაგრამ, თუ გნებავთ, იმდენი რამ სთქვა, რომ თვითვეულს ცალკე შეუძლიან, რაც ჰსურს, ის ამოიკითხოს თ. ბისმარკის სიტყვისაგან. ამ შემთხვევაში თ. ბისმარკის სიტყვა ქვევრსა ჰგავს და რასაც ჩასძახებ, იმას ამოიძახებს. ამიტომაც არ არის არც ერთი ჟურნალ-გაზეთი, რომ მეორეს ეთანხმებოდეს ამ სიტყვის გამო და თვითვეულს ცალკე რაც აგონდება, ის ესიზმრება, როცა ამ სიტყვის კვანძის გამოხსნას წაატანს ხოლმე ხელს.

ერთის სიტყვით თ. ბისმარკის სიტყვა ჭურჭელია ისე ოსტატურად გაკეთებული, რომ თვითვეული ჩვენგანი, საიდაც ჰსურს, ყურს იქიდამ გამოაბამს. ამ სიტყვაში მუქარაც არის და დაყვავებაც, სამდურავიც და მადლობაც, წყრომაცა და თავაზაც, თავმოწონებაც და თავმდაბლობაც, კიცხვაც და პირფერობაც და ბოლოს თქმაც და არათქმაცა. ამიტომაც მშვიდობისმოყვარენიც აღტაცებაში მოდიან ამ სიტყვისაგან და ომის მონატრენიცა, ყველას საბუთი მისცა თ. ბისმარკმა მისი სიტყვა ისე გამოიყენონ, როგორც ჰსურთ.

იმ ხანებში, როცა თ. ბისმარკი ამნაირს ამბავს უმზადებდა ევროპას და როცა თვით ევროპა დიდის გულისფანცქალით მოელოდდა, აცა, თ. ბისმარკი რას იტყვის პარლამენტშიო, მოჰხდა ერთი სხვა საქმე ევროპაში იმისთანა, რომ სხვა დროს ბევრს ყალხზედ დააყენებდა და დიპლომატიას დიდად ააყაყანებდა. ეხლა კი ყველანი დაატყვევა თ. ბისმარკის სიტყვამ და ჯეროვანი ყურადღება არავინ მიაქცია. მით, რასაკვირველია, ხსენებულს საქმეს თავისი მნიშვნელობა არ დაჰკარგვია ეხლანდელის დროისათვის და ამ მხრით იგი შენიშნულია გერმანიისა და ავსტრიის ჟურნალ-გაზეთებისაგანაც.

აი საქმე რაშია: საფრანგეთში მას აქეთ, რაც დაემხო გობლეს სამინისტრო, არც ერთმა სხვა სამინისტრომ თავი ვერ დაიჭირა დიდხანს. დაემხო მას შემდეგ რუვიეს სამინისტროც, რომელმაც თან გადიტანა თვით გრევის პრეზიდენტობაც. გაპრეზიდენტდა სადი-კარნო და ამასაც გაუძნელდა სამინისტროს შედგენა, მთავარ-მინისტრობას არავინ ჰკისრულობდა, რადგანაც არავინ იყო იმისთანა, რომელსაც პარლამენტის მომხრეობის იმედი ჰქონოდა. მხოლოდ ერთი კაცი ფლოკე იყო, ეხლანდელი პრეზიდენტი პალატისა, რომელსაც შეეძლო პალატის უმრავლესობის მომხრეობა ჰქონიყო და რომლის მეთაურობას პალატა სხვაზედ უფრო მეტად ხელს შეუწყობდა და, მაშასადამე, თუ შესაძლო იყო მკვიდრი და ხანგრძელი სამინისტრო შემდგარიყო, ამის შემძლებელი მარტო ფლოკე ეგონათ.

სამინისტროების დღემოკლეობა ახალი ამბავი არ არის საფრანგეთისათვის: იქ სამინისტროები პანტაზედ უფრო ადვილად ჰცვივიან, მაგრამ ეხლა, როცა ევროპა დღე ყოველ მოელის დიდს განსაცდელსა და ეს განსაცდელი საფრანგეთსაც უეჭველად მოიმწყვდევს, საჭიროა იმისთანა სამინისტრო, რომელსაც უნდა ხანგრძლიობის და ფეხმაგრობის იმედი ჰქონდეს როგორც შიგნით, ისე გარედაც. ამას ითხოვს დრო და თვით მფარველობა საფრანგეთისა. სამინისტრო, რომელიც თვის დღემოკლეობას თავის გულშივე ატარებს, შინაც უტეხს კაცს გულსა და გარედ ხომ მტერს აქეზებს და აქეზებს. გარდა ამისა, დღემოკლე სამინისტროს სამეგობროდაც ხელს არავინ აწვდის გაბედულად იმის შიშით, რომ ვაითუ ხვალ სხვა მოვიდეს და პირი გვიბრუნოსო. ამიტომაც კარგა ხანია საფრანგეთი იმის ცდაშია, რომ ერთი იმისთანა სამინისტრო შესდგეს, რომელსაც ზურგი მაგარი ექმნება პარლამენტისა და საფრანგეთისაგანაო. როგორც მოგახსენეთ, ამისთანა სამინისტრო კაცი ფლოკეა დღეს ყველასაგან ამ მხრით მიჩნეული.

ხოლო ფლოკეს გამინისტრებას ერთი დასაბრკოლებელი მიზეზი ჰქონდა დღეს აქამომდე. 1867 წელსა, როცა განსვენებული ხელმწიფე იმპერატორი ალექსანდრე II პარიჟში ბძანდებოდა, ფლოკეს, მაშინ ჯერ ყმაწვილკაცს, სადღაც საჯაროდ წამოუძახნია: „გაუმარჯოს პოლშასაო!“ რასაკვირველია, ეს ამისთანა სიტყვა საწყენად დარჩენია რუსეთსა და მას აქეთ თუმცა ბევრმა ხანმა გაიარა და ფლოკემაც სახელმწიფო კაცთა შორის დიდად თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა, მაგრამ რუსეთის ელჩი საფრანგეთში არამცთუ ახლო არ იკარებდა ფლოკეს, არამედ გასაცნობლადაც ერიდებოდა. როგორღა უნდა მოეწვიათ მთავარ-მინისტრად ის კაცი, როცა იგი ამოდენად უსიამოვნო იყო რუსეთისათვის. დღეს ხომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც თავის ძლიერებით ასე თუ ისე ჰლაგმავს თვითნებობას გერმანიისას, ამ საფრანგეთის დაუძინებელ მტრისას. დღეს ხომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც კარგის თვალით უყურებს საფრანგეთსა და იმის წახდენას და გაქელვას არას გზით არ შეიწყნარებს გერმანიისაგან.

აი ამ ანგარიშმა, ამ გარემოებამ დაუშალა, რომ საფრანგეთმა არ მოიწვია მთავარ მინისტრად ფლოკე. საფრანგეთს რუსეთის რიდი და თავაზა ჰქონდა და დაეკრძალა იმის წყენას. ხოლო ამ ბოლოს ხანებში უეჭველი ხმა გაისმა, რომ რუსეთის ელჩმა ერთს წვეულობაში ნება მისცა ფლოკეს გასაცნობლად წარსდგენოდაო. ეხლა დამტკიცებულია, რომ ფლოკე მართლა წარუდგენიათ გასაცნობლად რუსეთის ელჩისათვის, ელჩი კარგად დაჰხვედრია ფლოკეს და მთელი ნახევარ საათი ერთმანერთთან უსაუბრნიათ. ბოლოს ფლოკეს დიდი სადილიც გაუმართავს და მიუწვევია რუსეთის ელჩი. ელჩიც სწვევია და ამით დიდის ხნის სამდურავი რუსეთისა ფლოკეს თავიდამ ახსნია:

„ღირსშესანიშნავიაო, - ამბობს ერთი გერმანული გაზეთი: რომ რუსეთის წარმომადგენელმა ეს დღევანდელი დღე აირჩია ფლოკესთან დაახლოვებისათვის, რასაკვირველია, თავისის მთავრობის ნებართვითაო“.

მართლა რომ შესანიშნავია. ყველამ იცის, ფლოკე რა ბანაკის კაცია და ადვილად მოსალოდნელია, რომ საგარეო პოლიტიკა საფრანგეთისა ფლოკეს გამინისტრებისვე უმალ უფრო გაბედულად და ფხიანად დაიწყებს მოქმედებას, რომ მისი გამინისტრება მოახლოებულია, ეგ აშკარაა. დეპეშამ უკვე მოგვიტანა ამბავი, რომ ეხლანდელი სამინირტრო ტირრარისა ჰლამის გადადგომასაო. ამაში დაუჯერებელი არა არის რა: ფლოკეს გამინისტრება ყველასათვის სასურველია საფრანგეთში და რაკი ეხლა ამას დასაბრკოლებელი მიზეზი აღარა აქვს რა, რაკი რუსეთმა შეირიგა ფლოკე, ბევრად დასაჯერია, რომ ტირრარს დაითხოვენ და ფლოკეს ჩააბარებენ სამინისტროსა. რაკი ტირრარის გადადგომის ამბავი ზედ მოჰყვა ფლოკეს შერიგებას, აშკარაა, რომ ფლოკეს მალე ვნახავთ მთავარ მინისტრად საფრანგეთში და ეს ვერაფერი სამახარობლო ამბავი იქნება გერმანიისათვის.

ფლოკეს მოსალოდნელი გამინისტრება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №28, 7 თებერვალი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

16 გერმანიის გავლენის შესუსტება ევროპაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 9 თებერვალი

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ინგლისმა ცოტად თუ ბევრად შორს დაიჭირა გერმანიასთან ერთად ჩაბმა საპოლიტიკო საქმეში და ეგრედწოდებული „სამთა კავშირი“ ვერ გადაიქცა „ოთხთა კავშირად“, თუმცა თ. ბისმარკი ამისათვის ძალიან მოწადინებული იყო და ძალიან ეკურკურებოდა ინგლისსა. სალუსბერის სიტყვა ამ საგანზედ, თუმცა მეტად ფრთხილად არის წარმოთქმული, მაგრამ მაინც გვატყობინებს, რომ გული ცოტად თუ ბევრად მოუკეთდა რუსეთის მიმართ იმ დასსაც ინგლისის ერისას, რომელიც დღეს აქამომდე რუსეთს ეწინააღმდეგებოდა და ეს წინააღმდეგობა თითქმის ისტორიულ ანდერძადა ჰქონდა. ამ გზაზედ დგომას და სვლას უწონებს ეხლანდელს სამინისტროს თვით ლიბერალთა დასი, რომელსაც ჰმეთაურობს გლადსტონი და გლადსტონი ხომ ცნობილია, ვითარცა ალმაცერად მაყურებელი გერმანიაზედ და ნამეტნავად ავსტრიაზედ. კონსერვატორთა დასმა ამ მოწონებისათვის მადლობა უთხრა გლადსტონს საჯაროდ. სჩანს, თ. ბისმარკს ჯერ ხანად მაინც ვერაფერი იმედი უნდა ჰქონდეს ინგლისისა, პირიქით, უნდა შიშიც მისცემოდეს, ვაი თუ სხვებს მიემხროსო.

ამის გამო და უფრო მეტის სიფრთხილისათვის თ. ბისმარკი შეეცადა სხვა მეორე და მესამეხარისხოვან სახელმწიფოებში მოეპოვნა მომხრეობა და სხვათაშორის ისპანიას გაუბა ამაზედ ლაპარაკი. როგორც ეტყობა, ვერც აქ უჯდება ალჩუ გერმანიასა. გაზეთები გვაუწყებენ, რომ 7-ს თებერვალს მჭევრმეტყველობით სახელგანთქმულს ორატორს ისპანიისას, კასტელარს წარმოუთქვამს სიტყვა კორტესში ეხლანდელს საპოლიტიკო მდგომარეობაზედ. კასტელარს უთქვამს, რომ ეხლანდელი ევროპა წარმოადგენს მშვიდობიანობას, თავიდამ ფეხებამდე კი საომრად შეიარაღებულსაო. ეს ყოფა აუძლურებს ევროპასა, სწოვს იმის კეთილდღეობას, მის სარჩოსაბადებელს პირქვე ამხობს და ამასთანავე სამარცხვინო ჩირქსა სცხებს ევროპის სახელსაო. ყოველ ამ უბედურების მიზეზად კასტელარი ჰხადის გერმანიას, რომელიც დიდად შესცდა, რომ საფრანგეთი გადაიმტერაო და ჩამოართვა ელზას-ლოტარენიო. ისპანიას ურჩევს ორატორი არამცდაარამც არავინ ჩაგიტყუოს ომშია, თუ ვინიცობაა ომი რამ ასტყდა დიდთა სახელმწიფოთა შორისო. პირიქით, ისპანიის ერმა უნდა მოითხოვოს, რომ ევროპამ საომარი იარაღი დაჰყაროს და საფრანგეთს მისი ელზას-ლოტარენი დაუბრუნდეს, ესოდენის უსამართლობით, ძალად წართმეულიო.

ცხადია, რომ ეს გამოჩენილი კაცი ისპანიისა უფრო საფრანგეთისკენ არის, ვიდრე გერმანიისკენ. მართალია, ამნაირს მიდრეკილებას დიდი მანძილი და მნიშვნელობა არა აქვს, თუ სახეში მივიღებთ, რომ ეგ მიდრეკილება მარტო ცალკე კაცისაა, თუნდ იმისთანა გამოჩენილისაც, როგორიც კასტელარია. საქმე ის არის, რომ აქ კასტელარს საზოგადო აზრისათვის მიუგნია და იგი მხოლოდ გამოსულა საჯარო სარბიელზედ იმა აზრის მჭევრმეტყველ გამომთქმელად. ეს იქიდამა სჩანს, რომ მთელი პალატა ისპანიისა აღტაცებით მიჰგებებია კასტელარის სიტყვას. „თავის დღეშიო, ამბობს იქაური კორრესპოდენტი ერთის გაზეთისა: თავის დღეში ისპანიის საერო წარმომადგენლობას არ მიუღია კასტელარი ეგრეთის აღტაცებულის ერთსულობითა, როგორც ამ ხანადაო. მინისტრები, რესპუბლიკანელნი დეპუტატები და კონსერვატორებიც კი გარს შემოეხვივნენ კასტელარს და ყველანი ერთად და თვითვეული ცალკე ულოცავდა და ხელს ართმევდაო“. რაკი ესეთის ერთსულობით დახვდა ისპანიის ერის წარმომადგენლობა ამ სახელოვანს ორატორს, მაშინ მის მიერ თქმულს აზრს დიდი ძალი და ღონე ეძლევა, როგორც აზრს მთელის ერისაგან აღიარებულს. რაკი ესრეა, ევროპის პოლიტიკოსებმა ამ აზრს ცოტად თუ ბევრად ანგარიში უნდა გაუწიონ. მრავალგვარი მანქანები ერთმანერთში გასვლა-გამოსვლისათვის ასე თუ ისე უნდა შესცვალონ და ამ გარემოებას იმოდენად შეუწონონ, რამოდენადაც ღონე ისპანიისა სათვალავში მიღებული ჰქონდა აქამდე ერთსა თუ მეორესა.

ეს ამბავი იმით უფროა შესანიშნავი ჩვენის ფიქრით, რომ შიში და ზარი გერმანიისა, რომელიც აქამომდე ყველას ენას უბამდა ევროპაში, ეხლა როგორღაც ჰნელდება და თუ ყველგან არა, ზოგიერთგან მაინც კანტიკუნტად გერმანიაზედ გაბედული სიტყვა ისმის. ვგონებთ, ეს ვითარება დღევანდელის დღისა თვითონ თ. ბისმარკსაც არ გამოჰპარვია და რომ იმ შიშსა და ზარს კიდევ თავისი ავალა მისცეს და უწინდელი მჭრელი ფხა შეარჩინოს, თ. ბისმარკმა საჭიროდ დაინახა საქვეყნოდ პარლამენტში დაექადნა, რომ გერმანია ძლიერია და მარტო ღვთის შიში აქვს და სხვისა არავისო. გერმანია ძლიერია, მაგრამ მართლად უშიშარი არ იკადრებს ტყუილუბრალოდ ქადილსა. სჩანს გერმანიას გულში ცოტა რამ ფიქრი შეჰპარვია, ვაითუ ჩემი შიში, ჩემი ზარი ევროპაში განელდეს, დიდი და პატარა გამილაღდეს და გაბედვით რამე შემომბედოსო.

გერმანიის გავლენის შესუსტება ევროპაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №30, 10 თებერვალი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

17 სალისბერის სიტყვა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 10 თებერვალი

სალისბერის უკანასკნელმა სიტყვამ სრულიად ერთიანად შეიპყრო ევროპის მწერლობის ყურადღება. გერმანიასა, ავსტრიასა და საფრანგეთში ეხლა გაცხარებული ლაპარაკია იმ სიტყვის გამო, რადგანაც იგი ეხება ისეთს საგანს, რომელზედაც დამყარებულია ევროპის საქმეთა ავად თუ კარგად მიმდინარეობა. გერმანიასა და ავსტრიაში ხსენებულმა სიტყვამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და საფრანგეთი კი, როგორც გაზეთებიდგანა სჩანს, ძალიან დააფიქრა.

საქმე ის არის, თუ ვის მიემხრობა ინგლისი და ვისკენ დასწევს პოლიტიკის სასწორს. თუ დღემდის გაძნელებულს მდგომარეობას ევროპისას ბოლო არ მოეღო, ამის მიზეზი ის არის, რომ ნამდვილად არ იციან, თუ ინგლისი რა გზას დაადგება. როდესაც ნამდვილად გამოცხადდება ინგლისის განზრახვა, მაშინ გამოჩნდება, თუ რა მიმართულება უნდა მიიღოს ევროპის პოლიტიკამ.

როგორც ვსთქვით, ავსტრიის მმართველობასა და მწერლობაზე კარგი შთაბეჭდილება იქონია იმ ადგილმა სალისბერის სიტყვიდამ, რომელშიაც ნათქვამია, რომ რუსეთს არავითარი უკანონო განზრახვა არა აქვს ბოლგარიის შესახებაო. ამაზე უფრო სასიამოვნოდ ის მიუჩნევიათ, რომ სალისბერის უთქვამს: ინგლისის აღმოსავლეთის პოლიტიკა სრულიად ეთანხმება ავსტრიისასაო. ზოგიერთთა აზრით, სალისბერიმ რუსეთს ამით ანიშნა, რომ ბოლგარიის საქმეში ნუ ჩაერევიო. ზოგნი იმ აზრისანიც არიან, ვითომ სალისბერის სიტყვიდგანა სჩანსო, რომ ინგლისსა, იტალიასა და ავსტრიას შორის კავშირი უკვე დამყარებულიაო. ბერლინში ამბობენ, ვითომ სალისბერის სიტყვა იმის ნიშანია, რომ ინგლისი ამ გზობითაც არ უმტყუნებს იმ ისტორიულს პროგრამას, რომელსაც დღემდის მისდევდა აღმოსავლეთის საქმეებშიო. როგორც გაზეთ „შტანდარდ“-ის კორრესპონდენტი იუწყება, ბისმარკის აზრით ინგლისსა და გერმანიას შორის კარგი, ძმური განწყობილება ჩამოვარდაო და გერმანია ყოველთვის მზად არის ინგლისს მხარი მისცეს, როცა კი საჭირო იქნებაო.

პირიქით, საფრანგეთის მწერლობაზე სალისბერის სიტყვამ ცუდი შთაბეჭდილება იქონია. საფრანგეთის გაზეთები თითქმის ერთხმად იმას ჰღაღადებენ, რომ ინგლისი თავისის ინტერესების დასაცველად უნდა მიემხროს საფრანგეთსა და რუსეთსა და არა ავსტრიაგერმანიასაო. გერმანიის გამარჯვება ინგლისის სიკვდილს მოასწავებსო, რადგანაც ამ ორთა ინტერესები ერთმანერთის წინააღმდეგნი არიანო. ინგლისმა ხელი უნდა გაუწოდოს რუსეთსა და საფრანგეთსაო, თუ რომ ჰსურს მერმისში ძლიერს, მოურიგებელს მოპირდაპირეს არ შეჰხვდესო.

ბისმარკის სიტყვამ, რომელმაც ამას წინად აალაპარაკა მთელი ევროპა, დიდი თანაგრძნობა გამოიწვია გერმანიასა და ავსტრიაში. არავის არაფერი არ უთქვამს ბისმარკის წინააღმდეგ, იმოდენად ძლიერი შთაბეჭდილება იქონია იმის სიტყვამ. მაგრამ ამ უკანასკნელს დღეებში გაისმა ხმა ბისმარკის წინააღმდეგაც. პროფესორმა შტეინმა დაჰბეჭდა ერთი წერილი, რომელშიაც დაწვრილებით განხილულია ბისმარკის სიტყვა. შტეინი ამბობს: იმედი გვქონდა, რომ ბისმარკის სიტყვა რაიმე სხივს მოჰფენდა დღევანდელს გაჭირვებულს მდგომარეობას ევროპისას, ხოლო ეხლაც დაფარულია, თუ რას აპირებს გერმანია. არ ვიცით, თუ რა მოვალეობას ჰკისრულობს გერმანია ავსტრიის შესახებ. ბისმარკის სიტყვა, შესაძლოა, კაცმა სხვადახვა რიგად გაიგოსო.

ბისმარკის სიტყვაში ბუნდად ნათქვამი იყო, რომ გერმანიას, გარდა ავსტრიისა და იტალიისა, სხვა სახელმწიფოებიც მიუმხრიაო. ამ ამბავმა დიდი ლაპარაკი გამოიწვია, თუ რომელი სახელმწიფოა იტალიასა და ავსტრიას გარდა, რომელსაც გერმანიის მხარე უჭირავსო. ზოგიერთთა აზრით, ეს სახელმწიფო უნდა იყოს რუმინია, რომელსაც საკმაო სამხედრო ძალ-ღონეც აქვსო.

სალისბერის სიტყვა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №31, 11 თებერვალი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

18 ინგლისის ორჭოფული პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 11 თებერვალი

ყველანი იძახოდნენ, რომ ინგლისი ანგარიშში მისაღები სახელმწიფო არ არისო, რადგანაც არც საკმაო ჯარი ჰყავს და არც საომრად მომზადებულიაო და ვერც მოემზადება იმის გამოო, რომ მისის მხედრობის ძალ-ღონე სულ სხვა წესზეა აგებული და დღეს ის წესი არასფერში გამოსაყენი არ არისო.

ამას იძახოდნენ, მაგრამ საქმეთა გარემოებამ და საპოლიტიკო ხლართმა ინგლისს დიდი მნიშვნელობა მისცა დღევანდელის დღისათვის. ეხლა ის, უწინ მითამდა დაწუნებული სახელმწიფო, ის მითამდა უღონო ინგლისი იმ ყოფაშია, რომ ორად გაყოფილი დღევანდელი ევროპა თითქმის მარტო ინგლისღა შესცქერის, აბა რას იტყვის და პირს საითა იქმსო. დღეს ინგლისზეა თითქმის დამოკიდებული ომიცა და უომრობაცა იმისდა მიხედვით თუ საით გაიწევს და ვის ჩაუდგება მხარში საშველად. ამიტომაც დიდი და პატარა დღეს იმაზედ ჰლაპარაკობს, იმის გამოცნობაშია თუ ინგლისი რას ჰფიქრობს, რას აპირობს და რა გზას დაადგება.

საგარეო პოლიტიკას ინგლისისას დღეს აქამომდე ორი სხვადასხვაგვარი მიმართულება აძლევდა ფერსა, ამათში ხან ერთი მიმართულება იმარჯვებდა, ხან მეორე იმისდა მიხედვით თუ ორს უმთავრესს დასში რომელს ჩაუვარდებოდა ხოლმე გამგეობა და მთავრობა. ლიბერალთა და რადიკალთა დასი, რომელთაც ჰწინამძღვრობს გლადსტონი, ყოველთვის იმაზედ იდგა, რომ ინგლისი არასოდეს არ უნდა გაერიოს ევროპის დავიდარაბაში, თუ პირდაპირს ინტერესს ინგლისისას არა ემუქრის რა და არავინ ეტანებაო. ჩვენ რა ხელი გვაქვსო, როცა ევროპიის სახელმწიფონი ერთმანერთს სამტროდ ეკიდებიან და ზოგი სიხარბით, ზოგი შურისძიებით, ზოგი ცუდმედიდობით ერთმანერთს ორმოს უთხრიანო. ჩვენ ცალკედა ვართ, ოთხკუთხივ ზღვით შემოზღუდული, და მინამ ჩვენს სახელს, ჩვენს პატივს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ინტერესს არავინ შეეხარბება, ჩვენ ჩვენთვის ვიყვნეთ და ჩვენი შინაური საქმეები რიგზედ დავაწყოთო. შინაც ბევრი რამ გვიტირისო და ჩვენს ტაბლას გარედ რა უნდაო.

კონსერვატორთა დასი, რომელთ მეთაურად დღეს სალისბერია, სულ სხვა ანდერძს ემსახურებოდა დღეს აქამომდე. იგი იძახოდა, რომ როცა ევროპაში საქმე აიშლება ხოლმე და იწეწება, ჩვენ გულხელი არ უნდა დავიკრიბოთო. ჩვენს ხმაამოუღებლობას ის მოჰყვება, რომ ევროპაში ჩვენს ქვეყანას შესაბამი პატივი აღარ ექმნებაო, ისინი არაფერში არ ერევიანო, იტყვიან, და იმათ რაღა უნდა ეკითხებოდესო. ევროპიის კრებულიდამ გამოკლებულნი შევიქმნებით და აღარავინ ჩვენ აღარაფერს დაგვეკითხებაო. ეგრედ ყოფნა და თავზედ ხელის აღება ერთი იქმნებაო. გარდა ამისა, ინგლისი ერთი დიდთა სახელმწიფოთაგანია ევროპაში მისის მოქმედების მოედანი თითქმის მთელი ქვეყანაა, ზღვასა თუ ხმელეთზედ ერთი იმისთანა კუნჭულიც არ არის, საცა ცოტად თუ ბევრად ჩვენი ინტერესი არ იყოსო და რა საქმე უნდა მოჰხდეს ევროპაში იმისთანა, რომ ცოტად თუ ბევრად ჩვენც არა გვტკენდეს, ჩვენც არ შეგვეხებოდესო. მაშ როგორ უნდა დავიკრიბოთ გულზედ ხელი, როცა ევროპას საკამათო და სადავიდარაბო საქმე რამ აუტყდებაო?

ამ სახით, ერთი მმართველი დასი ინგლისისა იძახოდა და იძახის, ნუ გავერევით ევროპიის საქმეებში და შინაურს საქმეებს მივხედოთო, მეორე ამბობდა, რომ გაურევლობა არ იქნებაო და უსათუოდ ჩვენც მონაწილეობა უნდა მივიღოთ ასე თუ ისეო. დღეს კი სულ სხვასა ვხედავთ. დღეს, როცა საქმეთა მსვლელობამ ევროპა თითქმის ორად გაჰყო, როცა გერმანია ასე აკვიატებულია და ამრეზილი იყურება აღმოსავლეთისაკენაც და დასავლეთისაკენაც და ყველგან მომხრეობას ეძებს, ინგლისიც დამძიმებულია ფიქრისაგან, როგორ გამოვიყენო ეს გაჭირებული მდგომარეობა ევროპიისაო. კონსერვატორების გაზეთები ერთხმობილად იძახიან, რომ აბა ეხლა გვმართებს ჭკუა გამოვიჩინოთ და წინადვე არავის პირობა არ მივცეთ, არავის არ მივუდგეთ და თუ ევროპაში ერთმანეთს დაეჯახებიან, ჩვენთვის უფრო კარგი იქმნებაო. თუ ომი ასტყდა, ხომ ძლიერი ომი იქნება და ვინც გინდა გაიმარჯვოს, ჩვენ ჩვენი ლუკმა არ დაგვეკარგებაო, პირიქით, მეომარნი ერთმანერთს შეალევენ თავიანთს ძალ-ღონეს და ომისაგან დაქანცულ-დაღალულებს მეტი რა გზა ექმნებათ, რომ რაც მოვითხოვოთ, არ მოგვცენ ჩვენ, რომელნიც შეულახველის ღონით დაუღალველნი და დაუქანცველნი კარზედ მივადგებითო. ევროპა ახალის ომისათვის ილაჯგაწყვეტილი იქმნება და ჩვენ კი მთელის ჩვენის ღონით წინ წარვუდგებითო.

იქნება ეს ანგარიში კონსერვატორებისა მართალიც გამოდგეს, ხოლო საქმე ამაში არ არის. საქმე ის არის, რომ ორივ დიდი დასი, რომელიც ასე თუ ისე წინ უძღვის ინგლისსა, დღეს თითქმის თანახმანი არიან, შორიდამ უყურონ ევროპიის სეირსა. ამის მაყურებელთ ერთმანერთში ამრეზილთ სახელმწიფოებს იმისი კი არ ეშინიანთ, რომ ინგლისი მოვა და მზამზარეულს სუფრაზედ მოიკეცავს და უკეთეს კერძს წაატანს ხელსაო, არამედ იმისი, რომ ვაითუ გაჭირების დღეს ჩემს მოპირისპირეს მიაწოდოს ინგლისმა ხელი საშველად და მე, თუნდაც გამარჯვებული დავრჩე, აუარებელი ხარჯი კაცით თუ ფულით ფუჭად ჩამიტაროსო. აი ორჭობად ყოფნა ინგლისისა დღეს ამით აშინებს ყველას და ამიტომაც დღეს, ვისაც რა სწყურიან, ის წყურვილი ვერ მოუკლავს, ხელი ვერ გამოუღია, დამალული შვილდი ვერ გამოუჩენია, თუმცა ისარი კი ჰლამის გამოტყორცნას, რადგანაც მშვილდი იმოდენად მოზიდულია.

ჩვენა გვგონია, რომ მინამ ეს ორჭობობა და ჰოარაობა ინგლისისა არ გათავდება, მინამ ამ მხრით არა გამომჟღავნდება რა, არა გამოჰშუქდება რა, იმ დრომდე ხვალინდელ დღისათვის ევროპას არც ჰო ეთქმის და არც არა. ამ გამოშუქების იმედით, დღევანდელი პოლიტიკოსები, რასაკვირველია, იმას შეეცდებიან, რომ აწეწილი საქმე ევროპიისა დიპლომატიას ჩაუგდოს საცოხნელად და დიპლომატია ხომ იცით რა დიდი ოსტატია. იმ დრომდე გააჭიანურებს საქმეს, ვიდრე დრო მოაწევს, რომ ბედისწერის საათმა დაჰკრას.

აკი გაზეთები გვაუწყებენ კიდეც, რომ ერთი გამწვავებული საქმე, სახელდობრ, საქმე ბოლგარიისა კვლავ სადიპლომატო გზაზედ ჰლამის წასვლასაო. თუ ეს საქმე მართლა ამ გზაზედ დასდგა, დიპლომატებმა იციან თავს საით უზმენ, ვიდრე დრო და ჟამი სხვას რასმე მოითხოვს.

ინგლისის ორჭოფული პოლიტიკა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №32, 12 თებერვალი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

19 მოსალოდნელი ცვლილება საფრანგეთის მთავრობაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 15 თებერვალი

მთელი ევროპა მიქცეულია ეხლა იმაზედ, რომ შეიტყოს შესდგება თუ არა მეორე კავშირი წინააღმდეგ „სამთა კავშირისა“, რომელიც თ. ბისმარკმა შეჰქმნა ვითომდა თავმდებად მშვიდობიანობისა. ეს თავმდებობა ჯერ მარტო იმაში სჩანს, რომ დიდი და პატარა ჰლესავს ხმალს და ამზადბს აბჯარსა. ეს მეორე კავშირი შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა, საფრანგეთსა და ინგლისს შორის, რადგანაც ჯერ არც ერთი ამათგანი ხელშეკრული არ არის არავისთან რაიმე პირობითა და აღთქმითა და ამ მხრით სრულად თავისუფალნი არიან, როგორცა ჰსურთ და მოუხდებათ, ისე მოაწყონ თავიანთი საქმეები.

რომ საქმეთა ვითარებამ და პოლიტიკის გარემოებამ საფრანგეთი და რუსეთი ერთმანერთს დაუახლოვა, ამაში ეჭვი აღარავისა აქვს დღეს, თუმცა ყველანი ირწმუნებიან, რომ ჯერ ამათ შორის არავითარი ხელშეკრულობა არ არისო. ვენიდამ ინგლისის გაზეთს „Standart“-ს სწერენ, რომ რუსთ-ფრანგთა კავშირის შესადგენად გამართული ლაპარაკი ჰლამის საქმედ გადიქცესო და კავშირი განხორციელდესო. „ამბობენო, - იწერება კორრესპოდენტი: რომ ამ ორთა სახელმწიფოთა შორის ყოველივე სალაპარაკო მიზეზი თავიდამ მოშორებულია და კავშირის დედააზრი და საგანი თანხმობით გამორკევულიაო. ხოლო საფრანგეთს ჯერ ვადა არ დაუნიშნავს მისი თუ, როდის უნდა თავის ძალაში შევიდეს უკვე შეკრული კავშირიო“. კორრესპონდენციიდამ სჩანს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ფლურანსი დღეს აქამომდე არა ნდომულობდა თურმე ამ კავშირსა.

მას შემდეგ კი, რაკი ყოველთვის თავდაჭერილმა და სიტყვაფრთხილმა ფლურანსმა ბრიანსონში საჯაროდ სიტყვა წარმოსთქვა და მით იტალიას გადაჰკრა: ძალიანაც ნუ მოგაქვს თავიო, ფლურანსმა არ შეიძლება აზრი არ გამოიცვალოს და კიდევ ურჩობა გაუწიოს კავშირის შედგენასაო, ამბობს კორრესპონდენტი და უმატებს, რომ ამის გამო უნდა ვიფიქროთ, რომ ტირარის სამინისტროს დღენი დათვლილნი აქვს და ფხიანის ფლოკეს გამინისტრება მოახლოებულიაო.

პრეზიდენტი სადი-კარნო ამ დღეს დიდი ხანია მოელოდინება და, რა თქმა უნდა, ფლოკეც უწყებულია, რომ დღესა თუ ხვალ მიწვეულ იქმნება მთავარმინისტრად. ერთი ბერლინის გაზეთი ამ საგანზედ ამბობს, რომ ფლოკეს მოლაპარაკება აქვს ფერრისთან, რომელსაც ვითომ ფლოკე იწვევს ახალს სამინისტროში შესასვლელად. რა თქმა უნდა, რომ თუ ეს მოუხერხდა ფლოკეს, მაშინ დასი რესპუბლიკელთა, რომელიც დიდს უმრავლესობას შეადგენს პარლამენტში, ამისთანა შერევნილს სამინისტროს დიდს მხარს მისცემს იმიტომ, რომ რადიკალებს ეყოლებათ თავის წარმომადგენელად სამინისტროში თვითონ ფლოკე და ოპორტუნისტებს - ფერრი. რაკი ამ გზით ეს ორი უდიდესი დასი ეხლანდელის პარლამენტისა ერთად შეერთებული იქმნება, მაშინ სამინისტრო იმოდენად მკვიდრი და ზურგმაგარი იქმნება, რამოდენადაც დღევანდელი გაჭირვებული დღე ჰთხოულობს.

ფერრი ცნობილია როგორც კაცი, რომელსაც, როცა მინისტრად იყო, დედააზრად ჰქონდა დაახლოება და მორიგება გერმანიასთან და ამიტომაც ბევრნი ჰშიშობენ საფრანგეთში, ვაითუ იმისმა მოწვევამ სამინისტროში საქმე წაგვიხდინოს რუსეთთანაო. ოპორტუნისტების გაზეთი „საფრანგეთის რესპუბლიკა“ ამბობს, რომ ეგ ტყუილი შიშიაო იმიტომ, რომ დიპლომატური განწყობილება საფრანგეთსა და რუსეთს შორის თავის დღეში ისე გულითადი არა ყოფილა, როგორც ფერრის მინისტრობის დროსაო.

თუ მართლა ფერრიმ რაიმე ადგილი დაიჭირა ახალს სამინისტროში, ვინ იცის, მაშინ საითა იქმს პირსა საფრანგეთის პოლიტიკა. მაინცდამაინც შეუძლებელია, რომ დღევანდელს მიდრეკილებას საფრანგეთისას ცოტად თუ ბევრად მხარი არ ეცვალოს. პოლიტიკაში ხშირად ისეთი უეცარი გარემოება გამოტყვრება ხოლმე, რომ ზოგჯერ მტრობას მეგობრობად გარდაჰქმნის და მეგობრობას მტრობად. „დრონი მეფობენო“, რომ იტყვიან, სწორედ ზედგამოჭრილია პოლიტიკაზედ, ისე არასფერს გაუმართლდება ხოლმე ეს სიტყვა, როგორც პოლიტიკას, რომელსაც, თუ გვკითხავთ, სურვილი კი არა, გარემოება ატრიალებს.

განა დროთა ნიშანი არ არის ეპისკოპოზ ფრეპპელის სიტყვა წარმოთქმული 1-ს თებერვლს, საფრანგეთის პარლამენტში!.. ეპისკოპოზმა აღნიშნა რა მტრობა გერმანიისა საფრანგეთის მიმართ, დაუმატა:

„ჩვენც ჩვენის მხრით ბოლომოუღებელ მტრობას ხომ არ ვიქონიებთ გერმანელებთან. გაბედვით დაგარწმუნებთ, რომ დრო მოვა და ჩვენი გრძნობა მათდამი ძირეულად შეიცვლება მას შემდეგ, რაკი ისინი ნებაყოფლობით და მშვიდობიანის გზით დაგვიბრუნებენ ელზას-ლოტარენსა, რასაკვირველია, შესაფერის სასყიდელითა, რაც უნდა სთქვან და ამ გაუთავებელ კრიზისის მოსასპობლად ეს სახსარი ადვილად შესაძლებელია და მთლად ეთანხმება საქმეთა მსვლელობის ლოღიკასა. ის, რაც კასტელიარმა მჭევრმეტყველობით გამოსთქვა, დღეს იქნება თუ ხვალ, ყველას ჭკუაში დაუჯდება და მაშინ ევროპაში დაიღაღადებს საზოგადო ხმა, რომელსაც სახელმწიფოთა მართებლობამ ანგარიში უნდა გაუწიოს“.

თუ ფერრის ოდესმე დაახლოვება ჰსურვებია გერმანიასთან, დავიჯეროთ, რომ ელზას-ლოტარენის ასე თუ ისე დაბრუნებას ამ სურვილში ადგილი არა სჭერია! ხომ ცოცხლად ჩააქვავებდა ფერრის საფრანგეთი, თუ გაბრიყვდებოდა და უამისოდ მოჰშველდებოდა გერმანიას. ფერრი მეტად ჭკვიანი კაცია, და ასე თავის დღეში არ გაბრიყვდებოდა არც მაშინ და არც არასოდეს. ხომ არ მომწიფდა საამისოდ საქმე, რომ იქ, პარლამენტში ეპისკოპოზმა ელზასლოტარენის დაბრუნებაზედ სიტყვა გაუტარა საფრანგეთსა და აქ საჭიროდ დაუნახავთ მოიწვიონ სამინისტროდ ერთი იმისთანა კაცი, რომელიც საგარეო საქმეში გერმანიასთან დაახლოვების მსურველია მაშინ, როდესაც დაახლოვება უელზას-ლოტარენოდ ყოვლად შეუძლებელია.

მოსალოდნელი ცვლილება საფრანგეთის მთავრობაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №35, 16 თებერვალი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

20 მოსალოდნელ ახალ კავშირში ინგლისის მონაწილეობის მიზეზები

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 16 თებერვალი

გუშინ ჩვენ ჩამოვაგდეთ სიტყვა მასზედ, რომ ევროპაში ზოგიერთგან მდინარეობს აზრი მეორე კავშირის შედგენისა წინააღმდეგ „სამთა კავშირისა“. ამ ახალ კავშირისათვის იგულისხმება, როგორც უკვე მოგეხსენებათ, სამი დიდი სახელმწიფო: რუსეთი, საფრანგეთი და ინგლისი. რუსეთსა და საფრანგეთზედ რაც სათქმელი იყო, გუშინ უკვე ვაუწყეთ ჩვენს მკითხველებს. დღეს მოგვიხდება ლაპარაკი მარტო იმაზედ თუ, რა იმედია ინგლისის მხრით, რომ მიუდგეს რუსეთსა და საფრანგეთსა და მათთან ერთად მეორე კავშირი შეადგინოს ევროპაში.

ინგლისის მომხრეობაზედ ლაპარაკი დაიწყო ჯერ იმ დღიდამ, როცა ლორდი ჩერჩილი ეწვია რუსეთსა და აქედამ საფრანგეთსაც ესტუმრა. ეს ლაპარაკი გაძლიერდა, როცა შეიტყეს, რომ პრინცი უელსისა, ინგლისის ტახტის მემკვიდრე, პარიჟში მივიდა და პრეზიდენტი სადი-კარნო ინახულაო. ამ ამბავს საფრანგეთის გაზეთებმა ყურადღება მიაქციეს და იცნეს ნიშნად დაახლოვებისა. აქ დაუჯერებელი და შეუძლებელი არა იყო რა. მტრობა საფრანგეთისა და გერმანიისა დიდის ხნიდამ მოდის. სლავიანები და გერმანელებიც არ ითქმის, რომ ძალიან კარგად იყვნენ მოთავსებულნი ერთმანერთთან და ნამეტნავად უკანასკნელ დროთა პოლიტიკა გერმანიისა მეტად გამწარდა სლავიანებისათვის. ამ ბოლოს ხანებში გაძლიერებული საკოლონიო პოლიტიკა გერმანიისა ვერაფერს დღეს უქადის ინგლისის საკოლონიო პოლიტიკას. აი ეს გარემოება იძლევინება იმ საბუთს, რომელიც შესაძლებელად ჰხდის რუსთ-ფრანგთინგლისის კავშირსა.

ამას დაუმატეთ ისიც, რომ ინგლისი დიდის ნდობით ვერ მიენდობა გერმანიას, რომელიც მეგობრის გაცემაზედაც ისე მარდია, როგორც მტერთან გამეგობრებაზედ იმისდა მიხედვით თუ, როდის რა უჯობს. აი თუნდა მაგალითი. საფრანგეთის გაზეთი „გოლუა“ აი, რარიგად ამხილებს თ. ბისმარკსა. 1880 წ. თ. ბისმარკმა უთხრაო საფრანგეთის ელჩს ბერლინში, გრაფ სენ-ვალლიეს, ზავი შევკრათ გერმანიამ, ავსტრიამ და საფრანგეთმაო და საბუთად ის მოიყვანაო, რომ რაც კი ამ სახელმწიფოთა შორის ომები ყოფილა, სარგებლობა დარჩენიათ მარტო ინგლისსა და რუსეთსაო. საფუძვლად ამ ზავს ის უნდა დაედოსო, რომ ერთი მტკაველი მიწაც არ დაეთმოს არც ინგლისს, არც რუსეთს ბალკანის ნახევარკუნძულზეო. იმისთვის, რომ საფრანგეთის ელჩი მოემხრო საზაოდ, თ. ბისმარკს მითომ ეთქვას, რომ ნაწილს ელზას-ლოტარენისას დავუბრუნებ საფრანგეთსაო.

თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, რომ იმედი ინგლისის მომხრეობისა უნდა გაუძლიერდეს გერმანიის მოპირისპირეთა. გარდა ამისა ესეც ცნობილია, რომ რაკი ინგლისი და რუსეთი მოჰშველდნენ ერთმანერთს ავღანისტანის გამო, მათ შორის ჯერხანად არავითარი სადავო აღარა არის რა, მით უფრო, რომ ინგლისის სახელმწიფო კაცებს იმედი მისცემიათ რუსეთისაგან, ინდოეთისაკენ არ გავიწევო და ავღანისტანს ჩემს ზედმოქმედების გარედ ვამყოფებო. ეს თვითონ სალისბერიმ წარმოსთქვა ზედა პალატაში და ქვედა პალატაში ფორგიუსონმა განიმეორა.

ყოველ ამან განაცხოველა იმედი ინგლისის დაზავებისა რუსეთთან და საფრანგეთთან. ასეთმა მიმართულებამ საქმისამ ძალიან შეაფუცხუნა გერმანია და გერმანიის გაზეთები დაფითა და ნაღარით გაიძახიან, რომ ეგ ამბავი დაუჯერებელია, თავის დღეში არ მოხდებაო. განა დასაჯერებელიაო, ამბობენ გერმანიის გაზეთები: რასაც საფრანგეთიდამ იწერებიანო? ლორდ ჩერჩილს ვითომ ეთქვას რუსეთისათვის, რომ ინგლისი ხელს არაფერში შეგიშლის ევროპაში, ოღონდ ფორმალური პირობა მოგვეცი, რომ შუა აზიაში არ გაიწევ-გამოიწევ და მით ინდოეთის საზღვარზედ საომრად საქმეს არ გაგვიხდიო. განა ეს შესაძლებელიაო! ჰკითხულობენ გაოცებით გაზეთები. ნუთუ ინგლისი, რომელიც აი ეს სამი-ოთხი თაობა სამხრეთ-აღმოსავლეთს ევროპიისას ზედ ალევს თავის პოლიტიკის შემძლებელობას, ნუთუ ეხლა ხელს აიღებს და სამხრეთ-აღმოსავლეთს ევროპიისას თავის ბედს მიაჩემებსო?

ეს არაფერი, რომ ამ ზავს ცეცხლსავით ეკიდებიან გერმანიის გაზეთები, უამისობა იმათ არ შეუძლიანთ იმიტომ, რომ თუ ინგლისი მართლა მიემხრო რუსეთსა და საფრანგეთსა, გერმანიას ცუდი დღე დაადგება და იქნება დღევანდელი მოზავენიც შემოეფანტნონ, ნამეტნავად იტალია, რომელსაც უინგლისოდ საფრანგეთი ცხვირიდამ ძმარს წაადენს თავისის ძლიერის ფლოტითა. საქმე ის არის, რომ განვლენიანი გაზეთი ინგლისისა „Times“-ი ძალიან ცხარედ ეურჩება და უარჰყოფს ყოველს იმედს ინგლისის დაახლოვებისას რუსეთთან და საფრანგეთთან. ეს გაზეთი ამბობს, რომ ინგლისი ხომ ისე ვერ დაჰზავდება რუსეთს, თუ ხელი არ აიღო თავის აღმოსავლეთის პოლიტიკაზედ რუსეთის სასარგებლოდაო. ამას ინგლისი თავის დღეში არ ინდომებსო. ინგლისს ავსტრიასა და იტალიასთან ერთად დიდი ინტერესები აქვს ბალკანიის ნახევარკუნძულზედ და ნამეტნავად ბოლგარიის საქმეშიო. ამიტომაც ინგლისი გულგრილად ვერ დაუწყებს ყურებას იმას, ვინც აქ შეეცდება გაწევგამოწევასა და თავის ბძანებლობის გაძლიერებასაო. თუ ბისმარკი, თავის დაპირებისამებრ, ხელს არ გასძრავს, თუ ვინიცობაა ვინმე შეესია ბოლგარიასა, ინგლისი, ავსტრია და იტალია უკან არ დაიხევენ და უსათუოდ ჩაერევიან საქმეშიო. რაკი საქმე ამ წრეზედა სდგას, ამბობს „Times“, ზავი და კავშირი რუსეთსა და ინგლისს შორის შეუძლებელია და ის იმედები, რომლის მიზეზად ლორდი ჩერჩილი შეიქმნა, არავითარის ყურადღების ღირსი არ არისო.

ეს ხომ ასეა, მაგრამ, ჩვენის ფიქრით, ინგლისის გადადგომის ფიქრი თ. ბისმარკს, როგორც ეტყობა, გულიდამ ამოღებული არა აქვს. ამას ამტკიცებს იტალიის ყოფა დღევანდელ დღეს. იტალია მეტად გაუმწვავდა საფრანგეთსა. ასე, რომ ევროპას ფიქრი მიეცა, თოფი ხომ აქედამ არ ჰლამის დაჭექასაო. იტალია, გერმანიისაგან გულმოცემული, ძალიან აუპილპილდა დღეს საფრანგეთსა. ეს თ. ბისმარკის წაუქეზებლად არ უნდა მომხდარიყო და აი რა ანგარიში უნდა ჰქონდეს თ. ბისმარკსა: იტალიას და საფრანგეთს რომ ომი აუტყდეს, საფრანგეთი მთელს ზღვის პირს იტალიისას მიუსევს თავის ძლიერ ფლოტსა და შეჰკრავს მთლად. ეს საფრანგეთის ფლოტის ყოფნა ხმელთაშუა ზღვაში საფრანგეთის გაძლიერებას მოასწავებს ამ ზღვაზედ და საფრანგეთის აქ გაძლიერება დიდად შეჰხუთავს ინგლისის ინტერესებსა. აშკარაა, ინგლისი ამას ძალიან იუარებს და საფრანგეთი და ინგლისი ერთმანერთს წაეჭიდებიან. თ. ბისმარკის სურვილიც ეს არის, იტალიის დღევანდელს აშლას წინააღმდეგ საფრანგეთისა შესაძლოა, რომ სწორედ ეს სარჩული ედოს და რაკი ვიცით ეს ამბავი სადა სცემს, მეტისმეტი არ იქნება ვიგულისხმოთ, რომ თ. ბისმარკს ინგლისისა და საფრანგეთის დაახლოვების სუნი მისდენია და თუ არ ამ გზით, სხვა ვერაფერი მოუხერხებია დაახლოვებულნი ერთმანერთს დააშოროს.

რასაკვირველია, მერმისის გამოცნობა დღეს ძნელია. არვინ იცის ხვალინდელი დღე რას მოიტანს. ჰოსაც იმოდენად საკმაო საბუთი აქვს დღეს, რამოდენადაც არას. პოლიტიკა საზოგადოდ და ნამეტნავად ეხლანდელი სწორედ გაქანებულს საქანელასა ჰგავს, ხან ერთი მხარე ადის მაღლა, ხან მეორე იმისდა მიხედვით თუ, ვინ უფრო უკედ და ძლიერ იბუქნება საქანელის ფიცარზედ და რომელის მხრიდამ. ჩვენ აქ მარტო სახეში ისა გვქონდა, რომ დღევანდელის დღის აზრთა მდინარეობა ევროპიისა წარმოგვედგინა ზავთა შედგენის შესახებ და დანარჩენს ხომ დრო გამოარკვევს.

მინამ ეს ზავთა შედგენის საქმე ასე თუ ისე გადასწყდება, რა თქმა უნდა, დროს მოითხოვს და რომ ეს დრო ხელთ ჰქონდეთ, პოლიტიკამ ბოლგარიის საქმე დიპლომატებს ჩაუგდო გასაჭიანურებლად და გაჭიანურება ხომ დიპლომატების საქმეა. ჩვენა გვგონია, ეს ახალი ხანა ბოლგარიის საქმისა იმის მეტს არას მოასწავებს, რომ ვიღასაც ჰსურს დრო იქონიოს საპოლიტიკო მართულების სხვაფრივ ასატრიალებლად და სახელმწიფოების ერთმანერთში სხვაფრივ გასაყვანგამოსაყვანად. ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია, და რაკი საცდელად დროც ეხლა საკმაოა, მოხერხებული კაცი არ იუარებს და შემთხვევას ცდისას არ დაჰკარგავს.

მოსალოდნელ ახალ კავშირში ინგლისის მონაწილეობის მიზეზები

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №36, 17 თებერვალი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

21 შავი ზღვისპირეთის დასახლების საკითხი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 17 თებერვალი

ამიერკავკასიისათვის ერთი მეტისმეტად ფრიად საყურადღებო საქმეა, რომელიც დიდი ხანია აფიქრებს აქაურს მთავრობას და რომელსაც დღეს აქამომდე ბოლო არ უჩანს. ეს საქმე დასახლებაა შავი ზღვის პირებისა, საიდამაც წინანდელი მკვიდრნი გაიკრიბნენ და ადგილები მას შემდეგ დაცარიელდა... ამ დასახლებაზედ დიდი ხანია ჰზრუნავს და ჰღონობს მთავრობა და დღეს აქამომდე გათავებული არ არის, რა თესლის ხალხს გაუხსნას გზა ამ დასახლებისათვის. ბევრი აზრი გამოითქვა ამ საგანზედ, ბევრი პროექტი დაიწერა და არც ერთმა იმოდენად არ იხეირა, რომ საქმეს ბოლო მოჰღებოდა.

ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ ამ უკანასკნელ ხანებში კამისიაც შესდგა და მიენდო, რომ ამ საგანზედ ყოველივე შესაბამი ცნობა შეეკრიბა და გადაწყვეტილი რამ ეთქვა. კამისიამ, სამის საზოგადოების წარმომადგენელთაგან შემდგარმა, თავისი აზრი უკვე გამოსთქვა და იმაზედ დაჰდგა, რომ ყველაზედ უფრო სახერხოა ყაზახები დაასახლოს შავი ზღვის პირებზე მთავრობამა და ყაზახების წესწყობილება საფუძვლად დაუდვას ახალშენებსაო.

იმ საზოგადოების კრებაში, რომელსაც ეძახიან «Императорское вольно-экономическое общество»-ს 4-ს თებერვალს დიდი ბაასი გამართულა ამ საგანზედ. თავმჯდომარეს კრებისას ბ-ნს სოვეტოვს, მოუხსენებია რა ისტორია ამ საქმისა და გადაწყვეტილება ზემოხსენებულის კამისიისა, ნება მიუცია ამ საგანზედ ლაპარაკისა ჯერ ბბ-ნთ დუკმასოვისათვის, იურევიჩისა და ეროპკინისათვის, როგორც შავი ზღვის პირებზე ადგილ-მამულის მოღვაწეთათვის.

ბ-ნს დუკმასოვს წაუმძღვარებია რა პოლიტიკური აზრი, უთქვამს, რომ იმ ადგილებზედ უცილობელად და უეჭველად ყაზახები უნდა დაასახლოს მთავრობამაო და მთლად დაუჭერია მხარი ზემოხსენებულ კამისიისათვის. ბ-ნს იურევიჩს სულ სხვა აზრი წარმოუთქვამს: ყაზახებს არავითარი უნარი არა აქვთ ახალშენობის მისიის აღსრულებისათვისაო, იგინი ამისათვის ყოვლად გამოუსადეგარნი არიანო, რადგანაც, არც ჩვეულება, არც მათის ცხოვრების წესწყობილება არ ეშესაბამება ამისთანა საკულტურო საქმესაო. შავი ზღვის პირების ადგილები ჰავით და მიწის მომცემლობით იმისთანანი არიან, რომ ყურძენი, თამბაქო და სხვა ამგვარი სამეურნეო საგანი ჰხეირობსო და ამიტომაც უკეთესი იქნებოდა, რომ მთავრობამ მოიწვიოს დასასახლებლად ქართველები, იმერლები და მეგრელები იმ ადგილებიდამ, საცა ვენახების ხელი იციან და ბერძნები იქიდამ, საცა თამბაქოს მოყვანა გავრცელებულიაო. ბ-ნი ეროპკინი დაეთანხმა ბ-ნს იურევიჩს, რომ ყაზახები ამ საქმისათვის არ ვარგანან და დაუმატებია, რომ სხვა რუსები კი ძალიან კარგად გამოდგებიანო.

ამათ შემდეგ ულაპარაკნია ბ-ნს ეგუნოვს. ამას ვრცლად მოუყვანია ყოველივე, რაც ამ საგანზე ჰო და არა თქმულა ოდესმე. ბოლოს თავის საკუთარი აზრი ასე დაუსკვნია, რომ, რასაკვირველია, თუ სახეში მივიღებთ მარტო პოლიტიკურ საჭიროებასაო, სასურველია აბხაზეთი განსაკუთრებით რუსებით იყოს დასახლებულიო. ხოლო თუ ჰავისა და ეკონომიურის მხრით დავუწყებთ ყურებას ამ საქმეს, ეს აზრი და ნამეტნავად კამისიისა, ყაზახები დავასახლოთო, მცირეოდენს კრიტიკასაც ვერ გაუმკლავდება და ვერ გაუძლებსო. ყაზახების წინააღმდეგ ილაპარაკეს ბევრმა სხვებმაც და სხვათა შორის ბ-მა კოტელნიკოვმაცა.

ბ-მა ა.ს. ერმოლოვმა, რომელსაც, თუ არა ვცდებით, სახელმწიფოთა ქონების სამინისტროში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, შეჰნიშნა, რომ ამ საქმეში ორი აზრია ერთმანერთში არეული და გადაბმულიო: პოლიტიკური და ეკონომიურიო. ამასთან ესეც სათქმელია, რომ პირველს საგანს უპირატესობა და უფრო დიდი მნიშვნელობა ეძლევაო. ეგ პოლიტიკური აზრი მთლად უნდა ჩამოეცალოს ამ საქმესა, რადგანაც პოლიტიკის თვალით საქმის გასინჯვა ჩვენის საზოგადოების საქმე არ არისო. ჩვენ ამ საქმეს უნდა მოვეკიდნეთ მარტო ეკონომიურის მხრით და მარტო ამ მხრით უნდა გამოვარკვიოთო.

შესდგომია რა ამ მხრით საქმის გამორკვევას, ბ-ნს ერმოლოვს უთქვამს, რომ მე თვითონ მინახავს და მისინჯავს ყაზახების მეურნეობა და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ესენი შავი ზღვის პირებზე რაშიმე გამოსადეგნი იყვნენო სამეურნეოდ და მიწის სამოქმედოდაო. ერთობ ეჭვი მაქვს, რომ ცარიელ ადგილების დასაშენებლად იმათ ივარგონო და ჩვენმა ახალშენობის საქმემ ამათის დასახლებით იმარჯვოს და იხეიროსო.

თავმჯდომარეს, ბ-ნს სოვეტოვს, მოუსმენია რა ესე ყოველი, წარმოუთქვამს, რომ ყაზახების უვარგისობა შავი ზღვის პირის დასახლებისათვის წინადვეც არის დანახულიო, ამაზედ ეჭვი გამოითქვა ჯერ კიდევ 1870 წლის შემდეგს ხანებშიო; რაც შეეხება მას, რომ რუს კაცს ერთობ ნიჭი და უნარი აქვს ახალშენობისა, ამას მოჰწმობს მთელი ჩვენი ისტორია, თუმცა ზოგიერთნი ამ ნიჭსა და უნარს დღესაც უარჰყოფენ. ამისი ცხოველი და ბრწყინვალე საბუთი ახალი ათონი არის, საცა რუსთა კრებულმა მოკლე ხანში ვერანა ადგილები გააცოცხლა და ააყვავაო. კამისია მეტად ცალკერძ მოეკიდა ამ საქმესა, რაკი მარტო ყაზახები იცნა და არა მთელი რუსობა გამოსადეგად ზღვის პირების დასახლებისათვისაო. ეს ნაკლი კამისიისა შევავსოთ და ეგრედ შევსებული დასკვნა კამისიისა ჩვენც მივიღოთო. მთელი კრება უკლებლად ამ აზრზედ დათანხმებულა.

რა თქმა უნდა, ამისთანა გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო კრებულისაგან და თუ ჩვენ ეს ამბავი ასე ვრცლად ამოვწერეთ რუსულ გაზეთებიდამ, მარტო იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად გაიკვირვოს მკითხველმა: სად დაიკარგა ხმა ბ-ნ იურევიჩისა, ეროპკინისა, კოტელნიკოვისა, ეგუნოვისა და სხვათა?

შავი ზღვისპირეთის დასახლების საკითხი

ხელნაწერი: ასლი, U №1052, გვ. 805-807.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №37, 18 თებერვალი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ილიას ავტორობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ წერილი შეტანილია ხელნაწერ კრებულში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ივერიის“ სარედაქციო კომპლექტში წერილს მიწერილი აქვს ილიას ინიციალი „ი“.

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

22 არსებული სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების აუცილებლობა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 22 თებერვალი

კარგა ხანია ჩვენს საზოგადოებაში ჰტრიალებს აზრი, რომ ჩვენი სათავადაზნაურო სკოლა ვერ უძღვება ჩვენს თავად-აზნაურთა საჭიროებასაო. ამის მიზეზს ჰხედავენ არა იმასში, რომ ვითომ გამგეობა სკოლისა გულმოდგინედ არ ეკიდებოდეს თავის საქმესა. ამ მხრით სამართალი ითხოვს ვსთქვათ, რომ ჩვენს სკოლას თითქმის წუნი არა აქვს. გამგეობა ძალიან ჰბეჯითობს, ძალიან გულდადებით ასრულებს თავის მოვალეობას საზოგადოების წინაშე და სკოლას ისე უვლის, რომ ცოდვაა კაცმა ამ მხრით რაიმე უსაყვედუროს გამგეობას სკოლისას. ყმაწვილებს კარგად ინახვენ, გონებაგახსნილობით, ცოდნით და ზნეხასიათით ჩვენის სკოლის ყმაწვილები სხვაზედ მეტნი თუ არ არიან, ნაკლები ხომ არა და არა. მართლა რომ სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ ყმაწვილების მკვირცხლგონიერება, აზრიანი სიტყვა-პასუხი და ზედმიწევნით ცნობიერად შეთვისებული ყოველივე ცოდნა, რაც კი სკოლას თავისის პროგრამის მიხედვით მოუწვდია მოსწავლეთათვის. ყველანი ამას ამბობენ, ვისაც კი ამ მხრით უსინჯავს სიკეთე სკოლისა. ფაქიზობა და სიკეთე ტანთსაცმელისა, ქვეშაგებისა, საჭმელ-სასმელისა და ერთობ მოწყობილობა პანსიონისა ისეთია, რომ მეტის ნატვრა ბედოვლათობაღა იქნება.

ეს ყველამ იცის, ვისაც კი სკოლა უნახავს და დაუთვალიერებია. ამიტომაც ყოველ ამ მხრით არავინ ემდურება სკოლას, პირიქით, მოსწონთ კიდეც და მადლობის მეტს არავინ არას ჰგრძნობს სკოლის გამგეობის მიმართ. საზოგადოება თუ ამაზედ ჰლაპარაკობს რასმე, სალაპარაკო მხოლოდ ის არის, რომ ეხლანდელი პროგრამა სკოლისა თავს არ მოდის და ჩვენს თავადაზნაურთა საჭიროებას ვერ უხდებაო. დღევანდელი პროგრამა სკოლისა ისეთია, რომ ჩვენს სკოლას თითქო ორი საგანი აქვს მისაღწევადაო. მოსამზადებელი კლასები სკოლისა ამზადებენ ყმაწვილებს სახელმწიფო სკოლებში შესასვლელად და თუ იქ ვერ მოუხდათ შესვლა, ამისათვის კიდევ ეგრედწოდებული პროგიმნაზიის კლასებია თვითონ სკოლაში, რომელშიაც სახელმწიფო სკოლებში ვერშესული ყმაწვილები განაგრძობენ სწავლასა. ამ კლასებში ყმაწვილებს ამზადებენ ეგრედწოდებულ კლასიკურ სწავლა-განათლების პროგრამითა.

რა თქმა უნდა, რომ ამასაც თავისი საბუთიანი აზრი და მიზეზი აქვს. ყმაწვილებს ამ პროგიმნაზიის კლასებიდამ შეუძლიანთ კლასიკურ გიმნაზიებში გადავიდნენ შესაფერ კლასში, რასაკვირველია, თუ ეგზამენს დაიჭერენ. ხოლო უბედურება ეს არის, რომ მას აქეთ, რაც საკონკურსო ეგზამენები დაიდვა, თითოოროლა ყმაწვილს ძლივს შეხვდება ხოლმე ეს ბედნიერება, დანარჩენნი კი სწავლა-განათლების შეუმთავრებლად უნდა დაუბრუნდეს შინ თავის დედმამასა. ამ სახით გამოდის, რომ ჩვენს სკოლას ყოვლთ უწინარეს საგნად აქვს სხვა სასწავლებელისათვის ამზადოს ყმაწვილები და მერე, თუ ეს ვერ მოუხერხდა, ყმაწვილს აკმაროს პროგიმნაზიის კურსი. მართალია, სულ არარაობას კიდევ ესა სჯობია: ცოტა რამ გაგებული მაინც ექმნება პროგიმნაზიაში კურსშესრულებულს ყმაწვილს, რიგიანი წერა-კითხვა მაინც ეცოდინება, სხვა არა იყოს რა. მაგრამ საქმე იმაშია: რის გამოსადეგია ამისთანა ნახევარ გზაზედ თავმინებებული ყმაწვილი? რა ადგილს დაიჭერს ცხოვრებაში და რაში გამოიყენებს თავის არ შემთავრებულს სწავლა-განათლებასა?

აი დღეს ამაზეა ლაპარაკი საზოგადოებაში და ყველა ამას ჰკითხულობს: რაზედ ილახება ჩვენი შვილი ბერძნულისა და ლათინურის სწავლებითა მთელი ოთხი წელიწადი? ნუთუ უფრო უკეთესი არ იქნებოდა ეს აუარებელი დრო, მკვდარ ენებზე დაკარგული, სხვარიგად გამოეყენებინათ ჩვენის შვილებისათვის და ერთი იმისთანა რამ ესწავლებინათ, რომ სკოლიდამ გამოსულს რაიმე საქმის უნარი ჰქონოდა და მაშასადამე, სახსარიც ცხოვრებისა? თუ ამისათვის ოთხი წელიწადი მოსამზადებელ კლასებისა და ოთხიც პროგიმნაზიისა საკმაო არ არის, ის არა სჯობია, ორი თუ სამი წელიწადი კიდევ წავუმატოთ და ერთი იმისთანა სასწავლებელი გავმართოთ, რომ ჩვენი შვილები გამოდიოდნენ იქიდამ იმისთანა და იმოდენად შემთავრებულის ცოდნით, რომელიც პირდაპირ ცხოვრებაში გამოსადეგია და გამოსაყენებელიო? კლასიკურის სწავლა-ცოდნით მომზადება ყმაწვილისა იმ დედ-მამისათვის არის საჭირო, ვისაც შეძლება და ღონე აქვს შვილები ჰგზავნოს უნივერსიტეტსა და სხვა ამისთანა მაღალ სასწავლებელში. რაკი დღევანდელი სკოლა ამ აზრს ადგია, სჩანს, იგი ბოლოს და ბოლოს მდიდართათვის არის გამართულიო და მდიდარი ხომ უჩვენსკოლოდაც თავის შვილს გაზდის და მოამზადებს, რადგანაც ამისათვის შეძლება აქვსო. ჩვენმა სკოლამ სახეში უნდა იქონიოს მარტო ჩვენი ღარიბი და შეუძლებელი თავადაზნაურობა, რომელიც თავის შვილისათვის მარტო არსებითს პურსა ჰნატრულობს და, მაშასადამე, ამ დიდ ნაწილ თავადაზნაურობისათვის იმისთანა სკოლაა საჭირო, რომ იქიდამ კურსშესრულებულს ყმაწვილს საკმაო ცოდნა ჰქონდეს არსებითის პურის შოვნისა, რომ პირდაპირ ცხოვრებაში გამოიყენოს და ცხოვრების სუფრაზედ თავისის ცოდნით მონაგარი კერძი იქონიოს.

აი ეს აზრები ჰტრიალებს ჩვენს საზოგადოებაში და არ შეიძლება კაცმა ამათ ანგარიში არ გაუწიოს. თვითონ სკოლის გამგეობასაცა აქვს დანახული ნაკლებულობა დღევანდელის სკოლისა და კარგა ხანია ჰზრუნავს და ჰფიქრობს როგორ და რა სახედ გადააკეთოს სათავადაზნაურო სკოლა, რომ მართალს და უფრო მწვავს საჭიროებას თავადაზნაურობისას შეუფეროს. გამგეობის სასახელოდ ამას ვიტყვით, რომ იგი ამ მეტად მძიმე და რთულს საქმეში მარტო თავის საკუთარს ცოდნას და გამოცდილებას არ დამყარებია და საჭიროდ დაუნახავს დაჰკითხებოდა სხვა გარეშე კაცთაც, რომელნიც ამისთანა საქმეში ცოტად თუ ბევრად მცოდნე კაცებად ცნობილნი არიან, წარსულს პარასკევს, 19 თებერვალს, სკოლის გამგეობის მოწვევით შესდგა თვითონ სკოლის დარბაზში კრება ამ საგანზედ. ჩვენის გაზეთის მკითხველებმა უკვე იციან, გარდა გამგეობის წევრთა და სკოლის მასწავლებელთა სხვა გარეშენი ვინ იყვნენ მიწვეულნი. ამ კრებაზედ წაკითხულ იქმნა მოხსენება თ. ლევან ვაჩნაძისა, საკმაოდ ვრცელი და გულდადებით შემდგარი. ამ მოხსენებაში ნაჩვენებია, რაგვარ სკოლად უნდა გადაკეთდეს ეხლანდელი სათავადაზნაურო სკოლა. რა საუბარი გამოიწვია ამ მოხსენებამ, ამას შემდეგში ვაუწყებთ ჩვენს მკითხველებსა.

ტფილისი, 24 თებერვალი

თ-დი ლევან ვაჩნაძის მოხსენება ჩვენის სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების თაობაზედ, მეტად ვრცელია და რთული და ამოტომაც ჩვენ მარტო მის დედააზრს აღვნიშნავთ და დაწვრილებითს გამოძიებას კი თავს დავანებებთ. ჯერ იმიტომ, საქმე დედააზრშია ყველაზედ უწინარეს და მერე იმიტომ, რომ დაწვრილებით გამოძიებისათვის მარტო ჩვენს ხსოვნას ვერ დავენდობით და სხვა საბუთი ხელთ არა გვაქვს.

ბ-ნს ვაჩნაძეს დედააზრად ისა აქვს დაყენებული, რომ თავადაზნაურობისათვის საჭიროა იმისთანა სკოლა, რომელიც უსათუოდ, ცოტად თუ ბევრად, შემთავრებულს სწავლა-ცოდნას აძლევდეს მოსწავლესა და ის სწავლა-ცოდნა პირდაპირ გამოსაყენებელი და მოსახერხებელი იყოს ცხოვრებაში. აქ ბ-ნს ვაჩნაძესმხარი დაუჭერია იმ აზრისათვის, რომელიც მართლა ჩვენს საზოგადოებაში ჰტრიალებს და რომელიც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ჩვენს მეთაურს წერილში („ივერია“ №41).

რაკი ეს აზრი წაუმძღვარებია, ბ-ნს ვაჩნაძეს, რასაკვირველია, იმის პასუხიც უნდა მოეცა თუ, რაგვარი სკოლაა განმახორციელებელი ხსენებულის აზრისა. ჩვენი თავადაზნაურობა სოფელში მცხოვრებელი მიწათმფლობელი და მიწათმომქმედი წოდებაა. ერთადერთი სახსარი მისის ეკონომიურის ცხოვრებისა სოფლის მეურნეობაა. ესევეა თითქმის ერთადერთი სახსარი დანარჩენის ხალხისაც ჩვენში. ბ-ნს ვაჩნაძეს მის მიერ განზრახული სკოლა სწორედ ამ გარემოების და საჭიროების კვალობაზედ გამოუჭრია.

ბ-ნ ვაჩნაძის აზრით, ჩვენთვის საჭიროა ეგრედწოდებული სპეციალური სასწავლებელი და, სახელდობრ, სამეურნო, საცა უნდა ისწავლებოდეს ყოველგვარი ხელობა სასოფლო მეურნეობისა. ამისთანა სასწავლებელი სხვადასხვა ხარისხისაა. არის იმისთანა სასწავლებელი, რომელიც მარტო გაწურთნილს და მიხვედრილს მუშაკაცს იძლევა; არის მეორის ხარისხისა, რომელიც იძლევა იმოდენად მცოდნე კაცს, რომ შეუძლიან მამულის მოვლა, თავმდგომელობა, ცოდნით და ხერხიანად გაძღოლა, თავდარიგობა და თაოსნობა სოფლის მეურნეობის ასე თუ ისე მიმართვასა და წაყვანაში. არის მესამე ხარისხის სასწავლებელიც, ეგრედწოდებული უმაღლესი სამეურნო სასწავლებელი, მაგრამ რადგანაც ეს ჩვენთვის დღეს მიუწვდომელია, ამაზედ არას ვიტყვით.

ბ-ნს ვაჩნაძეს მეორე ხარისხის სასწავლებელი ამოურჩევია ჩვენთვის. სრული კურსი ამ სასწავლებელისა იპყრობს ათს წელიწადსა. პირველი ოთხი წელიწადი ჰხმარდება მოსამზადებელ კლასებს, მეორე ოთხი წელიწადი ორგვარ საგნების სწავლებას. ერთგვარი საგნები ზოგადის განათლებისანი არიან და მეორე გვარნი იმისთანა სწავლა-ცოდნისანი, ურომლისაოდაც სამეურნო მეცნიერებას კაცი ვერ ისწავლის. ორი დანარჩენი წელიწადი გადადებულია განსაკუთრებით სამეურნეო ხელობების სასწავლებლად თეორიით და საქმით. რასაკვირველია, ძველი ენები ლათინური და ბერძნული გამოდევნილია სასწავლებლიდამ და სამაგიეროდ ამისა დანიშნულია გაძლიერებული სწავლება ფრანგულისა იმოდენად, რომ კურსშესრულებულთ ღონე ჰქონდეთ ანგარიშები მეურნეობისა ფრანგულს ენაზედ შეადგინონ ხოლმე.

მოსამზადებელს კლასებს ის დანიშნულებაცა აქვთ, რომ ყმაწვილებს აქედამ შეეძლოთ სხვა სახელმწიფო სასწავლებელში შესვლა, თუ მშობლები ამას მოიწადინებენ. მათზედ მიმყოლს ოთხს კლასს საგნადა აქვს ზოგად განათლებასაც ხელი შეუწყონ და ამასთან მოსწავლეს იმოდენად შესძინონ სწავლა-ცოდნა ბუნებისმეტყველების სხვადასხვა მეცნიერებისა, რამოდენადაც საჭიროა მეურნეობის სწავლაცოდნისათვის საკუთრად. ფრანგულის ენის გაძლიერებული სწავლება იმითია დასაბუთებული, რომ ჩვენს სასწავლებელში კურსშესრულებულს შეეძლოს, თუ დრო ხელს მისცემს, საზღვარგარედ უფრო ვრცლად და ზედმიწევნით შეიმთავროს სამეურნეო სწავლა-ცოდნა, ესე იგი, აქაური ნაკლი იქ შეისრულოს.

თუმცა ბ-ნს ვაჩნაძეს, შეუწონია ჩვენი საჭიროება ჩვენის დღევანდელ ჯიბისათვის და საშუალო პროგრამის სამეურნო სკოლა ამოურჩევია ჩვენთვის, მაგრამ ესეც კი უნდა ვსთქვათ, რომ იგი ჰცდილობს ამ სკოლაში შეძენილი სწავლა-ცოდნა და ხერხი ამ სწავლა-ცოდნის საქმეში გამოყენებისა საკმაოდ შემთავრებული და სრული იყოს საქმისათვის. ეგ სწავლა-ცოდნა და ხერხი იმ ზომამდე უნდა იყოს უსათუოდ მიღწეული, რომ იქ კურსშესრულებულს ეთქმოდეს: რაც ვიცი, იმოდენად საკმაოდ და რიგიანად ვიცი, თეორიით და საქმით, რომ შემიძლიან ვისაქმო, ვიწარმოვო და ვიმოქმედოო.

აი დედააზრი ბ-ნ ვაჩნაძის მოხსენებისა და მისი უმთავრესი მოწყობილობა, რომელიც ავტორს დაუნიშნავს იმ დედააზრის განხორციელებისათვის. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ან ხსოვნამ გვიღალატა, ან საქმის უცოდინარობამ იმოდენად არ გააჭრევინა ჩვენს თვალს, რომ სხვა არსებითი მხარეებიც ამ მოხსენებისა შეგვენიშნა და დაგვხსომებოდა.

ყოველივე წვლილი, რაც ამ დედააზრს ან შედეგად მოსდევს, ან განსახორციელებლად ესაჭიროება, ჩვენ განგებ არ მოვიხსენიეთ აქ, რადგანაც კრებაში უმთავრესი ბაასი გამოიწვია თვითონ დედააზრმა და ზოგიერთმა არსებითმა მხარემ მოხსენებისამ, წვლილნი კი ან მთლად გაურჩევლად დარჩნენ, ან მარტო გზადაგზად ხელშეხებულ იქმნენ.

ეს წერილიც გაგვიგძელდა და ამიტომაც იძულებულ ვართ ბაასი და საუბარი, ამ საგანზედ აღძრული კრებაში, შემდეგისათვის გადავდოთ.

ტფილისი, 25 თებერვალი

19-ს თებერვალს, როცა ჩვენის სათავადაზნაურო სკოლის თაობაზედ თავისი მოხსენება წაიკითხა ბ-ნმა ვაჩნაძემ, ყველამ მართალი მიუწყო ამ მოხსენებას, როგორც გულდასმით, კეთილსინდისიერად და გულდადებით ნაშრომსა და შემუშავებულსა. ბაასი გაიმართა იმის თაობაზედ, რომ შესაფერია თუ არა სამეურნეო სკოლისათვის იმისთანა პროგრამა, რომელსაც სახეში აქვს ზოგადი განათლებაც და განსაკუთრებული სპეციალური სწავლა-ცოდნაცა. ბ-ნ ვაჩნაძის აზრით, მის მიერ განზრახული სკოლა ამ ორს საგანს უნდა ერთსა და იმავე დროს ემსახურებოდეს. მაგალითებრ, ოთხი მოსამზადებელი კლასი უფრო იმისათვის არის საჭიროდ დანახული ბ-ნ ვაჩნაძისაგან, რომ ყმაწვილები ამზადოს სხვადასხვა სახელმწიფო სასწავლებელში შესასვლელად და ვისაც ეს ვერ მოუხერხდება, დანარჩენი კლასებია განზრახულის სკოლისა, რომელთაც ამისთანა ყმაწვილის სწავლა ბოლომდე უნდა მიიყვანონ. გარდა ამისა თვითონ ის შემდეგი ოთხი კლასი, რომელიც საკუთრივ სპეციალურ სასწავლებლის გულს უნდა შეადგენდეს, ზოგადის განათლებისათვისაც ცოტად თუ ბევრად გაანგარიშებულია.

კრებამ ყველაზედ უწინარეს ამ თითქმის ორკეცს დანიშნულებას ახალის სასწავლებლისას ყურადღება მიაქცია და სთქვა, რომ ეს ორკეცობა ტყუილუბრალოდ დაამძიმებს განზრახულს სკოლას, ორის კურდღელის დევნა იქნება ერთსა და იმავ დროს და არც ერთი ხელში არ ჩაუარდება სასწავლებელსაო. თუნდ ეგეც არ იყოსო, განა იგი ბუნებისმეტყველების საგნები, რომელნიც ესაჭიროება სპეციალურს სამეურნეო სწავლა-ცოდნასაო, არ არიან შემძლებელნი, რომ ყმაწვილს ზოგადი განათლება და გონებაგახსნილობა შესძინონო? კარგად მომართულს, რიგიანად აგებულს სამეურნეო სასწავლებელს, რომელსაც ბუნებისმეტყველების საგნების ცოდნა გზადა აქვს თავის დანიშნულების მისაღწევად, სხვა სასწავლებელზედ არა ნაკლებ შეუძლიან ყმაწვილს გონება გაუხსნას და ზოგადი განათლება მისცესო. ამიტომაც ნამეტანობაა ჩვენს სამეურნეო სკოლას კისერზედ მოვახვიოთ ორი საგანი, ორი ტვირთი, როგორც ცალ-ცალკედ საზიდარნი ერთისა და იმავე სასწავლებლისაგანაო.

სამეურნეო სკოლაო, როგორც განსაკუთრებული, სპეციალური სასწავლებელი, პორველ კლასიდამ უკანასკნელამდე მარტო ერთს საგანს უნდა ემსახურებოდეს, სახელდობრ, იმასაო, რომ ყმაწვილს სამეურნეო მეცნიერების სწავლა-ცოდნა მისცეს და ხერხიც ამ სწავლა-ცოდნის საქმეში გამოყენებისაო. ამისთანა სკოლა თავისთავად ზოგადგანმანათლებელიც არისო და ამიტომაც კაცმა ამ სკოლას თავისი საკუთარი საგნები უნდა აკმაროს და სხვადასხვა საგნები არ ჩაურიოს და პროგრამა არ ააჭრელოსო იმ ცდომილის აზრით, ვითომდა ბუნებისმეტყველების საგნები, თუნდა იმოდენად, რამოდენადაც აუცილებლად საჭიროა სამეურნეო მეცნიერებისათვის, ზოგად განათლებას არ იძლევიანო. კრებამ დაინახა საჭიროდ, რომ პროგრამა სამერმისო სასწავლებლისა ამ მხრით იყოს კარგად მოფიქრებული და შედგენილი, ანუ უკედ ვსთქვათ, პირველ კლასიდამ უკანასკნელამდე ერთი აზრი უნდა ჰქონდეს აღსასრულებლად, ესე იგი, ისა, რომ სწავლა-ცოდნა სამეურნეო მეცნიერებისა შესძინოს მოსწავლესაო თეორიით და საქმით იმოდენად, რამოდენადაც საჭიროა პირდაპირ საქმეში გონიერად და ცოდნით ჩაბმისათვისაო.

მერე გაიმართა ლაპარაკი იმაზედ, რომ იმ პროგრამას, რომელიც დანიშნულია ბ-ნ ვაჩნაძისაგან, ვერ აასრულებს სამეურნეო სასწავლებელიო; ამისათვის მეტად მოკლე ხანია დადებული, სულ მოსამზადებელ კლასებ გარდა ექვსი წელიწადია და ეს მეტად ცოტაა, რომ სასწავლებელი თავის მრავალგვარ საგნების სწავლებას გაუძღვესო, ნამეტნავად ფრანგულს ენას ხუთ-ექვს წელიწადში იმოდენად ვერ ისწავლიან ყმაწვილები, რომ ანგარიშები სწერონო. გარდა ამისა შეჰნიშნეს, რომ ბ-ნ ვაჩნაძის მოხსენებაში გადამეტებული ადგილი აქვს მიცემული თეორიას და პრაქტიკა ამ მხრით ჩამორჩენილიაო.

აი უმთავრესი საუბარი რაზედ ასტყდა კრებაში. რადგანაც ამ კრებას აზრად არა ჰქონია გადაწყვეტილება რაიმე დაედგინა და მარტო რჩევისათვის და ამ საგანზედ აზრის აღებმიცემობისათვის იყო მოწვეული, ამიტომაც ჯერხანად საკმაოდ დანახულ იქმნა ეს ერთმანერთის აზრების შეტყობა... ბოლოს ბ-ნმა თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ უკანასკნელ სიტყვისათვის კვლავ იქმნება მოწვეული ამისთანავე კრება და სთხოვა კრებულსა არ დაიზარონ და ერთხელ კიდევ შეიყარნენ ამ რთულის და ძნელის საქმის შესრულებისათვის. ამასთან ბ-ნმა თავმჯდომარემ აუწყა კრებას, რომ ერთი წევრი სათავადაზნაურო კამიტეტისა აპირობს ამ საგანზედ თავის პროექტის წარმოდგენას და ამ პროექტის წარმოდგენისვე უმალ დანიშნულ იქმნება ახალი კრებაო.

ჩვენც მოვუცდით ამ ახალს პროექტს და მერე ვეცდებით ამ საგანზედ ჩვენი აზრიც წარმოვსთქვათ.

არსებული სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების აუცილებლობა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №41, 23 თებერვალი, გვ. 1-2., №43, 25 თებერვალი, გვ. 1., №44,

26 თებერვალი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილებად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

23 ომის საწინააღმდეგო მოძრაობის გაძლიერება ევროპაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 23 თებერვალი

დღეს ევროპაში აქეთ მიიხედავ, თოფ-იარაღის ხმა ისმის, იქით მიიხედავ - აბჯრის ჩხარა-ჩხური. ყველგან რაღაც გაძლიერებული ფაცაფუცია, რაღაც მზადებაა და ერთი დავიდარაბა. ყოველს ერს ევროპისას, რომელსაც მარტო მშვიდობიანობა და მყუდროდ ყოფნა სწყურიან, ხვალინდელი დღე აშინებს, აკანკალებს. იმას აღარ ვიტყვით ეს ვაი-ვაგლახი, ეს შეთოფიარაღება, ეს მზადება რამოდენად უღირს თვითვეულს ერს ცალკე და ყველას ერთად. მიდის აუარებელი სარჩოსაბადებელი და ის გაუმაძღარი ვეშაპი ჰყლაპავს, რომელსაც სულად ტყვია-წამლის ბოლი ამოსდის პირიდამ, ხელებად თოფი და ხმალი აქვს, მუცლად უზარმაზარი ზარბაზანი და ნაყოფად ათიათასობით მკვდარი კაცი. სულ რისთვის? მარტო იმისთვის, რომ თ. ბისმარკს და სხვას ამისთანებს საბუთი ჰქონდეს სთქვას, რომ ღვთის მეტი ჩვენ არავინ შეგვაშინებსო. მოდით და ნუ იტყვით, რომ ამ დღის მნახველი და დამსწრე კაცობრიობა საცოდავი და შესაბრალისი არ არის თქო.

ეს შეთოფიარაღებული მშვიდობიანობა, თავიდამ ფეხებამდე საომარ აბჯარში ჩამჯდარი და საომრადვე დამკლავებული, თვით ომზე უარესია. ომი, რაც უნდა იყოს, ან ჰო და ან არაა. ესეთი მშვიდობიანობა კი არც ერთია და არც მეორე და ამით არის ადამიანის სულისა და ხორცის შემჭმელი და დამლევი.

თავმოწონებული საუკუნე კია ეს მეცხრამეტე საუკუნე!.. ნუთუ ეს დღევანდელი ყოფა ევროპიისა შეეფერება, ეშესაბამება ყოველს იმას, რაც კაცობრიობას შესძინა ამ საუკუნემ უკეთესთა და უდიდესთა კაცთა მეოხებითა, ღვაწლითა და თავდადებითა!.. მეცნიერება და ხელობნება, რომელნიც ღვთაებურს ნიჭს ადამიანისას იმისთვის გაუჩენია, რომ შეგვიურვონ და გვითხრან: მოდით, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და ჩვენ განგისვენოთ თქვენ, ნუთუ ეს ღვთაებურნი მადლნი დღეს კაცობრიობას შემოსწყრომია? მაშ რა არის, რომ ერთიც და მეორეც დღეს მიწვეულნი არიან ადამიანის საჟლეტად გარჯისათვის! დიაღ, ესენიც კი ჰშველიან კაცის ხარბს და გამგელებულს გულს იმისთანა იარაღი მისცენ ხელში, რომ ერთს წამს მთელი ლაშკარი, მთელი მხედრობა მოსთიბოს, როგორც ბალახის ღერო, არც მეცნიერება, არც ხელოვნება ამისთანა უკადრისს სამსახურს არა ჰთაკილობს და როდის? მეცხრამეტე საუკუნეში. იმ საუკუნეში, რომლსაც მართალის თავმოწონებით შეუძლიან დაიქადოს აქამდის უნახავი აღმატება ადამიანის გონებისა და მრავალგვარი წარმატება.

ნუთუ ეს აღმატება გონებისა, ეს მრავალგვარი წარმატება, ასე ძვირად ნაშოვნი, ასეთის თავგაწირვით შეძინებული, უნდა მართლა მარტო იმას მოჰხმარდეს, რომ ერთმანერთი ვხოცოთ და ვჟლიტოთ? ჩვენდა საბედნიეროდ, ადამიანს ჯერ ქანცი აქამდე არ გასწყვეტია, აქამდე ჯერ ძირს არ დაუწევია და სულით და გულით არ გათახსირებულა. ქვეყანაზე კიდევ მოიპოვებიან იმისთანა დიდსულოვანნი კაცნი, რომელთაც ეს სამარცხვინო ყოფა ევროპიისა ამძიმებთ და რომელნიც ამის წინააღმდეგ ჰღაღადებენ და იღვწიან დაუძინებლად. ამათი ღვაწლი და ღაღადება ჯერ კანტიკუნტად არის აქა-იქა, მაგრამ მერმისი კი სრულს გამარჯვებას ამათ უქადის.

ყოველი ახალი მოძღვრება, ნამეტნავად დიდი, ადვილად და მალე არ დაიჭერს ხოლმე ცხოვრების მოედანზედ ადგილსა. რამოდენადაც მოძღვრება ახალია და დიდი, იმოდენად დიდი მანძილია მის დასაწყისიდამ მის განხორციელებამდე. სწორედ ამ კანონს ექვემდებარება იგი კაცთმოყვარული მოძღვრება, რომელიც დღეს ჰლამის კაცთაგან ომებით ერთმანერთის ჟლეტა და ხოცვა სრულად მოსპოს და აღგავოს დედამიწის ზურგიდამ. დღეს ტაატით დადის ეს მოძღვრება, მაგრამ დღედადღე მომხრე ემატება და, მაშასადამე, ღონეც და მხნეობაც ეძლევა დაუღალავად სვლისათვის.

ამ უკანასკნელ დღეებში გაზეთებმა მოგვიტანეს ამბავი, რომ რომის პაპი ლეონ XIII მიჰმხრობია ამ მოძღვრებასა. ერთის გაზეთის კორრესპონდენტი რომიდამ იწერება, რომ პაპი აპირობს ორს მარტს სიტყვის თქმასა და ჰსურს გამოაცხადოს, რომ აუცილებლად საჭიროა შუაკაცთა (третейским судом) სამართლით ჰთავდებოდეს ყოველგვარი ერთაშორისი სადაო საქმეებიო. თუ ეს მისი აზრი შეწყნარებულ და მიღებულ იქმნება სახელმწიფოთაგან. პაპს იმედი აქვს, რომ სახელმწიფონი მაშინვე აჰყრიან თავიანთ მხედრობას თოფ-იარაღს და ამით ყოველივე მოლოდინი განსაცდელისა ქვეყანას თავიდამ მოშორდებაო.

თუ ეს განზრახვა რომის მღვდელმთავრისა მართალია, პაპი ლეონ XIII საუკუნოდ მადლობით სახსენებელი იქმნება კაცობრიობისაგან იმისდა მიუხედავად, გასჭრის თუ არა მისი განზრახული სიტყვა სახელმწიფოთა წინაშე, იმიტომ, რომ ზოგჯერ თქმაც საქმეა, ნამეტნავად იმისთანა გვამისაგან, რომელსაც აუარებელი ხალხი თაყვანისცემით და სასოებით უსმენს. პაპს დღეს მთელი კათოლიკენი მთელს ქვეყნიერობაზედ თავის დამრიგებლად, მწვრთნელად, გზის მაჩვენებლად და წინამძღვარად ჰხადიან და ამიტომაც მრავალთათვის მისი სიტყვაც საქმეა და როგორც თესლი ნაყოფის გამომღებია. რასაკვირველია, ძნელი დასაჯერებელია, რომ სახელმწიფოებმა დღესვე აასრულონ სურვილი პაპისა, მაგრამ მის მიერ მარტო თქმაც იმისთანა სახელოვანი ღვაწლია, რომელიც პაპის ლეონ XIII-ის სახელს დაამშვენებს ისტორიაში.

ომის საწინააღმდეგო მოძრაობის გაძლიერება ევროპაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №42, 24 თებერვალი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

24 იმპერატორ ვილჰელმის პიროვნების მნიშვნელობა გერმანიისათვის

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 29 თებერვალი

აწ გარდაცვალებული იმპერატორი გერმანიისა ვილჰელმი დიდად საყვარელი კაცი შეიქნა გერმანიელთათვის მას შემდეგ, რაკი დანიას ჩამოართვა შლეზვიგ-გოლსტეინი, ავსტრია განდევნა გერმანიიდამ და ბოლოს დაამარცხა საფრანგეთი. მინამ საფრანგეთი გამგებელი იყო ევროპიის სვე-ბედისა, ძლიერ უშლიდა გერმანიის გაერთიანებას იმ მიზეზით, რომ გაერთიანებული და მით გაძლიერებული გერმანია საშიშარ მეზობლად ეყოლებოდა და უპირატესობასაც ჩამოართმევდა ევროპაში. როცა ვილჰელმმა, თავისის გენიოს თანაშემწეებით ბისმარკით და მოლტკეთი, ეს დიდის ხნის გულითადი წადილი გაერთებისა აღსრულებაში მოიყვანა, მისდამი სიყვარულს და პატივისცემას გერმანიაში საზღვარი არა ჰქონდა.

წინად კი, სახელდობრ, 1848 წ., როცა პრუსიაში არეულობა და აშლილობა მოხდა, ვილჰელმმა, მაშინ ჯერ პრუსიის ტახტის მემკვიდრედ ყოფილმა, ვერაფრად მოაწონა თავი ერსა. ერმა იგი იცნა რეაქციონერად და იმოდენად აითვალწუნა, რომ მაშინდელმა პრუსიის მეფემ ვილჰელმის ძმამ ფრიდრიხ-ვილჰელმ IV და მისმა მინისტრებმა ურჩიეს პრუსიიდამ სადმე გადახვეწილიყო და მომდურავს ერს მოჰშორებოდა. ვილჰელმი გაიხიზნა დრომდე ინგლისში. მერე, როცა ისევ გერმანიაში დაბრუნდა, დანიშნულ იქმნა მთავარ სპასპეტად მხედრობისა, რომელიც გაგზავნილ იყო ბადენში რევოლუციონერების წინააღმდეგ. 1858 წ. მიიღო რეგენტობა, რადგანაც ძმა მისი, მეფე პრუსიისა ავად იყო და იმის სიკვდილის შემდეგ 1861 წ. გამეფდა კიდეც.

გამეფების უმალვე დაიბარა პეტერბურგში ელჩად გაგზავნილი გრაფი ბისმარკი, რომელიც ცნობილი იყო ვითარცა მოთავე კაცი მემარჯვენეთა 1847 წ. ლანდტაგში. გრაფი ბისმარკი დაიბარა იმისათვის, რომ როგორმე მოეხერხებინა და წესწყობილება შეეცვალა პარლამენტისა, რომელიც მაშინ ძლიერ ეპირისპირებოდა პრუსიის მართებლობასა.

თვითონ ვილჰელმი თავისთავად არ იყო იმოდენად დიდი, როგორც ბოლოს დროს გარემოებამ გამოიყვანა. იგი სახელოვანი საქმეები, რომელთაც პრუსია დიდ და ძლიერ გერმანიად შეჰქმნეს, გერმანიას იმოდენად ვილჰელმისაგან არ ემადლება, რამოდენადაც იმ კაცებისაგან, რომელნიც ვილჰელმმა მოიწვია, დაიახლოვა სარჩევად და სამოქმედოდ. ვილჰელმის ღვაწლი გერმანიის წინაშე ის არის, რომ დიდი ნიჭი ჰქონდა კაცების ამორჩევისა თვისდა თანაშემწედ. კაცების ამორჩევაც იცოდა და იმათი პატივიცა. თ. ბისმარკი და გრაფი მოლტკე მან იცნა მრავალთა შორის და მოიშველია იმისთანა ძნელ საქმეში, როგორც გამგეობაა სახელმწიფოსში. შეტყობის ნიჭმა არ უღალატა და თვითონაც იმოდენად სულგრძელი იყო, რომ მათს რჩევას, მათს წინდახედულობას და შორსმჭვრეტელობას სრულის ნდობით მხარი მისცა. თუმცა ადრინდელი მიდრეკილება რეაქციონური ბოლომდე შერჩა იმპერატორს ვილჰელმსა და ასე თუ ისე ჰცდილობდა ჯერ პრუსიის და მერე გერმანიის პარლამენტის ფრთების შეკვეცას, მაგრამ თვითონ თ. ბისმარკიც ამავე მიდრეკილების კაცია, ნამეტნავად შინაურს პოლიტიკაში და ამიტომაც ვილჰელმისა და მისმარკის ერთმანერთში განწყობილებას ძლიერი და მაგარი საფუძველი ჰქონდა ამ მხრით.

არ ითქმის, რომ საგარეო პოლიტიკაში ესეთივე თანხმობა ყოფილიყო მათ შორის. იმპერატორს ვილჰელმს უყვარდა სახლობა რუსეთის იმპერატორისა და თვით ხელმწიფე იმპერატორიცა, ვითარცა თავისი მახლობელი ნათესავი. ამიტომაც ყოველს საქციელს ბისმარკისას, რუსეთისათვის საწყენს, იმპერატორი ვილჰელმი გულით ვერ მოიწონებდა ხოლმე და ზოგჯერ უთანხმოებაც მოსდიოდა ბისმარკთან. ამისდა მიუხედავად, თ. ბისმარკი მაინც ყოვლად შემძლებელი კაცი იყო და ძალიან შესული თავის იმპერატორთან, რომელიც ბევრს არ უხირდებოდა ხოლმე თ. ბისმარკს, რადგანაც იცოდა და სწამდა მისი დიდგონიერება და თითქმის უტყუარი შორმხედველობა.

ეხლა დეპეშებმა გვაცნობეს, რომ გერმანიის საიმპერატორო ტახტზედ ასასვლელად მემკვიდრე ვილჰელმისა ფრიდრიხი წავიდა სენ-რემოდამო. ფრიდრიხი მეტად მძიმე ავადმყოფია და, როგორც მკურნალნი ამბობენ, იმისი მორჩენა ძნელად საგულვებელიაო. მაინც ამ მძიმე ავადმყოფს გაუბედნია ბერლინში წასვლა სენ-რემოდამ, საცა იგი იმყოფებოდა მოსარჩენად, როგორც ჰავით კარგად შეზავებულს ადგილსა. მისი გაიმპერატორება გერმანიაში დიდს და მრავალგვარს საქმეებს მოასწავებს, თუ დავუჯერებთ იმ ხმებს, რაც ამ ახალს იმპერატორზედ წინად ისმოდა, როცა ჯერ მემკვიდრედ ირიცხებოდა. ამბობენ, რომ იგი ლიბერალების მომხრეა და ვერაფრად მოსწონს თ. ბისმარკი და იმისი პოლიტიკა, ნამეტნავად შინაურიო. ახალ იმპერატორის მეუღლეს ხომ თვალის დასანახავად ეჯავრებაო თ. ბისმარკი. ამასაც ამბობენ, ვითომც ახალი იმპერატორი უფრო იმისი მომხრეა, რომ საფრანგეთს როგორმე მოჰშველდეს და მოურიგდესო.

თუ ყოველივე ეს ჭორი არ არის, რა თქმა უნდა, რომ ახალი იმპერატორი ბევრს ცვლილებას და დიდის მნიშვნელობის ცვლილებასაც მოახდენს გერმანიაში და, მაშასადამე, ევროპაშიაც, რადგანაც დღეს ევროპაში ჰბძანებლობს გერმანია.

რასაკვირველია, ყოველივე ეს ჯერ უფრო მითქმამოთქმაა, ვიდრე დასაბუთებული ამბავი და ამიტომაც ამ მითქმა-მოთქმაზედ დამყარებული წინადთქმა რისამე დაბეჯითებით ჯერ შეუძლებელია. ორი კვირაც არ გაივლის დღეის შემდეგ და ყველაფერი ცხადი იქნება. ყოველ ამის მიუხედავად, მაინც დიდის მნიშვნელობის ამბავია გარდაცვალება იმპერატორის ვილჰელმისა იმიტომ, რომ ამ უკანასკნელ ხანებში ამბობდნენ, ვოთომც მოხუცებულს იმპერატორს დიდად ჰსურდა, მინამ ცოცხალია, ომი არ ატეხილიყო და სული ამით არ დაემძიმებინაო.

იმპერატორ ვილჰელმის პიროვნების მნიშვნელობა გერმანიისათვის

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №46, 1 მარტი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

25 გერმანიის ახალი იმპერატორი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 7 მარტი

2-ს მარტს დეპეშა მოვიდა ბერლინიდამ და გვაცნობა, რომ ახალ იმპერატორის ფრიდრიხ III-ის მანიფესტმა ყველგან ძლიერ კარგად იმოქმედა, ნამეტნავად იმ სიტყვებმაო, რომ მე ყოველ ღონისძიებას ვიხმარებო ძლევამოსილს ომებსაც კი მოვერიდო და მარტო მშვიდობიანის გზით ვეცდები სახელმწიფოს კეთილდღეობისათვისაო. მართალია, ძნელია ეხლანდელს განათლებულს დროში კაცმა, იმპერატორის ტახტზედ ახლად ასულმა, გამოტეხილად სთქვას, ომებს ავსტეხო, თუნდაც გულში ეგ ედვას, მაგრამ იმპერატორ ფრიდრიხის მანიფესტში ეგ არსურვილი ომისა მეტად ძლიერის სიტყვებით არის გამოთქმული და საგულისხმიეროდ გამოთქმულია სამშვიდობო სიტყვები უფრო მეტის ყურადღების მისაქცევად.

ამ მანიფესტს რომ ზედ დავურთოთ რესკრიპტი, თ. ბისმარკთან მიწერილი ახალის იმპერატორისაგან, მაშინ, ხომ უფრო ცხადად დავინახავთ, რა ჰსურს და რა გზაზედ ჰდგება ახალი იმპერატორი გერმანიისა. ჩვენის ფიქრით, ეს რესკრიპტი უფრო დიდმნიშვნელობიანია გერმანიისათვის, ვიდრე მანიფესტი. დეპეშები გვარწმუნებენ, რომ ამ რესკრიპტში იმპერატორი ფრიდრიხი გულითადს მადლობას უთვლის თ. ბისმარკს დაუძინებელ შრომისათვის და აცხადებს, რომ მე იმპერიის გამგეობამსურსო კონსტიტუციისა და კანონების თანახმად და ამ გზით ნივთიერს და სულიერს წარმატებას ერისას გულდადებით შევუდგებიო.

გერმანიის იმპერიას არც აქამდე აკლდა მზრუნველობა მთავრობისა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ თ. ბისმარკის შინაური პოლიტიკა, რომელსაც საგნადა აქვს ეგ ნივთიერი და სულიერი წარმატება ერისა, როგორღაც ჰკოჭლობდა და აგებული იყო უფრო ძველს მოძღვრებაზედ, ვიდრე ახალის დროის წესსა და რიგზედ. ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, ისიც საკმაოა საბუთად მოვიყვანოთ, რომ თ. ბისმარკს თვალში ეკლად ჰქონდა გერმანიის პარლამენტი, ესე იგი, კანონმდებელი კრებული გერმანიის ერის წარმომადგენელობისა. ამიტომაც თ. ბისმარკი არც ერთს შემთხვევას არ დაჰკარგავდა ხოლმე, რომ არ გაჰმკლავებოდა პარლამენტს, როცა პარლამენტი იმის სურვილისამებრ არ იქცევოდა და არა ერთხელ უკადრისადაც ზურგი შეუქცევია თავის მოპირისპირე პარლამენტისათვის. ჩვენ ადრევეცა ვსთქვით, რომ აწ განსვენებული იმპერატორი ვილჰელმი თ. ბისმარკის თვითნებობას უფრო მხარს აძლევდა, ვიდრე გერმანიის ერის წარმომადგენელობას. არც იმპერატორი ვილჰელმი იყო დიდი მომხრე პარლამენტობისა.

ეხლა კი ახალი იმპერატორი ფრიდრიხი, ტახტზედ ასვლის უმალვე, თავაზით და ტკბილად ეუბნება თვითონ თ. ბისმარკს, მე მსურს კონსტიტუციისა და კანონების თანახმად ვმართო ჩემი სახელმწიფოვო. ეს იმასა ჰნიშნავს, რომ მე ვერ ვუმხრობ იმას, ვინც პარლამენტს, კონსტიტუციის და კანონების ძალით არსებულს, აუხირდება და წინ გადაეღობება თვითნებობითა და ძალმომრეობითაო. ჩვენა გვგონია, რომ ზემოხსენებულ სიტყვებს რესკრიპტისას სხვა მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ნამეტნავად თუ სახეში ვიქონიებთ, რომ იგი სიტყვები საკუთრად თ. ბისმარკის მიმართ არის მიქცეული. ჩვენ ესეცა გვგონია, რომ თ. ბისმარკი უგემურად შეიკრავდა წარბს, როცა ამ სიტყვებს თვალს მოჰკრავდა.

ძლიერება მთავრობისა კანონების თანახმად ქცევაა, ეგევე ქცევაა უტყუარი და საიმედო თავმდები ერის კეთილდღეობისა ყოველ მხრით, ხორციელად თუ სულიერად. აი გერმანიას რა მოსწონს და რა უხარიან ახალის იმპერატორისა, რომელიც ქვეყანას უქადის მშვიდობიანობას და გერმანიას კონსტიტუციისა და კანონების თანახმად გამგეობას და მართვასა. გარედ მშვიდობიანობა და შინ კანონიერება - აი ეს ორი საგანი დაუდვია ვალად თვისად იმპერატორს ფრიდრიხს და თუ თავისი მზრუნველბა ამას მიაქცია აღთქმისამებრ, მაშინ უტყუარი განაჩენი ერისა უკეთესს ხელმწიფეთა შორის ჩასთვლის ამ ახალს ხელმწიფესაც.

ასეა თუ ისე, ფრიდრიხი იმპერატორად შეიქმნა თუ არა, ცოტად დასცხრა და განელდა ის გაძლიერებული შიში ხვალისა, რომელიც ასე ძლიერ უხუთავდა დღევანდლამდე სულს მთელს ევროპასა. ხომ არც ძველს იმპერატორს სურდა ომისა და ჩხუბის ატეხა და რატომ მაშინ არა სცხრებოდა და არა ჰნელდებოდა ეს შიში? იმიტომ, რომ შიშის მიზეზი თ. ბისმარკი იყო და ვილჰელმის დროს ხომ თ. ბისმარკი ყოვლად შემძლებელი კაცი იყო და მარტო თ. ბისმარკის ძლიერი მარჯვენა ატრიალებდა სვე-ბედს ქვეყნისას. თ. ბისმარკი ხომ ეხლაც არის ისევ იმ უმაღლეს თანამდებობაზედ, რომელიც ეპყრა წინად, და რად ჰნელდება და სცხრება შიში დღეს? აშკარაა, ქვეყანას გული დაუჯერებია, რომ თ. ბისმარკს ეხლანდელის იმპერატორის წინაშე ის ხმა და ფხა აღარ ექმნება, რაც უწინ, და რაკი შიშის მიზეზმა იკლო, რა თქმა უნდა, შიშიც იკლებდა.

ეს შიშის კლება დაეტყო ბირჟასაც, საცა ყოველგვარმა საფასურმა ქაღალდმა ამ უკანასკნელ დღეებში საგრძნობლად აიწია, ანუ, უკედ ვსთქვათ, ოქრო გაიეფდა. ბირჟა პოლიტიკის ავკარგიანობის სასწორია და ისეთი მგრძნობიერი უღელი აქვს, რომ მცირეოდენი ცვლილება, საკეთილო თუ საბოროტო, მაშინვე აატოკებს ხოლმე და მაშინვე გვაცნობებს შიშიანობის ნიავი ჰქრის პოლიტიკაში თუ მშვიდობიანობისა. დღეს ბირჟა ამ უკანასკნელს გვაჩვენებს და იმისი ნაჩვენები ჯერ მინამ ჩვენც დავიჯეროთ.

გერმანიის ახალი იმპერატორი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №49, 8 მარტი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

26 გერმანიის და საფრანგეთის ურთიერთობის მოგვარების გზები

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 8 მარტი

მართალია, სამშვიდობო ნიავმა დაუბერა დღეს ევროპასა და ახალმა იმპერატორმა გერმანიისამ დიდი იმედები მისცა, მაგრამ კაცს უნებლიედ წინ ეხიდება ეს საკითხავი: საიდამ და როგორ ჩამოვარდება ეს ყველასათვის სასურველი მშვიდობიანობა? ეს საკითხავი იმიტომ უფრო საბუთიანია, რომ ყოველივე დიდი საისტორიო შემთხვევა, როგორც, მაგალითებრ, ომის ატეხაა დიდთა სახელმწიფოთა შორის, იმოდენად ცალკე კაცზედ არ არის დამოკიდებული, რამოდენადაც ერთად მოგუბებულ გარემოებათა კრებულზედა. რაც უნდა ძლიერი კაცი იყოს, იგი უფრო მონაა, ტყვეა ამ გარემოებათა კრებულისა, ვიდრე ბძანებელი და ამიტომაც ზემოხსენებულს საკითხავს თავისი საბუთი აქვს.

გერმანია ძლიერი სახელმწიფოა. მისმა საოცრად მოწყობილმა მხედრობამ თითქმის უძლეველობის სახელი მოიპოვა ევროპაში. რასაკვირველია, ამისი მცოდნე კაცი დიდს მნიშვნელობას მისცემს გულისთქმას და სურვილს ამ სახელმწიფოს გამგებელისას. სამშვიდობო სურვილი მის ეხლანდელის იმპერატორისა ყველას ეუწყა თვით იმპერატორისაგან და შეშინებული გული ევროპიისა, ცოტა არ იყოს, დაწყნარდა. ხოლო საფიქრებელად მაინც ჰრჩება: როგორ უნდა აისრულოს თავის სულგრძელი და კაცთმოყვარე სურვილი იმპერატორმა ფრიდრიხმა, რაკი ვიცით, რომ ამისთანაებში ცალკე კაცის წადილი ხშირად უღონოა ხოლმე საქმეთა ცვლილებისათვის.

ამ თვრამეტ და ცხრამეტ წელიწადის განმავლობაში ბევრი იმისთანა ბარაქიანი მიზეზი მიზეზს ზედ შეეკეცა, ბევრი იმისთანა ნასკვი შეიკრა, რომ ამ მიზეზების დაშლას, ამ ნასკვის გამოხსნას არა ჰყოფნის მარტო ერთი სურვილი თუნდ იმისთანა ძლიერის კაცისა, როგორიც დღეს იმპერატორი ფრიდრიხია. მინამ საფრანგეთი გულიდამ არ ამოიღებს წყურვილს სამაგიეროს გადახდისას და ელზას-ლორენის დაკარგვის სიმწვავეს არ დაინელებს, იმ დრომდე ძნელია სთქვას კაცმა, რომ ევროპას ცა გადაეწმინდაო. შესაძლოა დავიჯეროთ გულწრფელობა იმპერატორის ფრიდრიხისა, შესაძლოა ვიწამოთ მისი გულითადი სურვილი, რომ ქვეყანაზედ მშვიდობიანობა იყოს, მაგრამ საფრანგეთის მაყურებელი გერმანია ძნელად თუ იარაღს აიყრის და თავის ფარ-ხმალს ძირს დასდებს და თუ გერმანიამ იარაღი არ აიყარა, რა ხელსაყრელია იგი მშვიდობიანობა, რომელიც თავიდამ ფეხამდე თოფიარაღში ჰზის და დამკლავებულია საომრად.

ცხადია, რომ მინამ საფრანგეთს ხმლის ვადაზედ ხელი უვლია, გერმანია ვერ გაჰბედავს იარაღის აყრას. მაშასადამე, ორში ერთი უნდა მოახდინოს იმპერატორმა ფრიდრიხმა თავის სურვილის აღსასრულებლად: ან საფრანგეთზედ იმოქმედოს იმოდენად, რომ მუქარაზედ ხელი ააღებინოს, ან საფრანგეთს უნდა დაუამოს ტკივილი ელზას-ლორენის დაკარგვისა. პირველი შეუძლებელია. თავმომწონე საფრანგეთი თავის აბრუს გატეხას ევროპაში თავის დღეში არ შეარჩენს გერმანიას, თუ გერმანიამ იმისთანა რამ არ იხერხა, რომ საფრანგეთის თავმომწონეობას კმაყოფილება მისცეს. საქმე ამაშია. ეს ბოლგარიის საქმე, ჩვენის ფიქრით, ადვილად გასათავებელია, თუ გერმანიამ მოინდომა. აქედამ შიშის მოლოდინი ტყუილი მოლოდინია იმიტომ, რომ აქ გერმანიის ერთი სიტყვა ჭირადაც ეყოფა ამ საქმესა და ლხინადაც. ჩვენა გვგონია, რომ ბოლგარიის საქმე მარქაფაა იმ დიდ საქმისა, რომელიც დასავლეთს ევროპაში ცეცხლს ინახავს. ეს ბოლგარიის საქმე, ვგონებთ, უფრო იმისათვის არის განგებ ატეხილი თ. ბისმარკისაგან, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ამ საქმეს მოახვიოს და აღარ მოაცალოს საფრანგეთისათვის ხელის მისაწდომად.

ამ სახით მშვიდობიანობის დასამყარებლად საჭიროა დღეს ყველა სახელმწიფომ იარაღი აიყაროს. საფრანგეთი თავის ტკივილის დაუყუჩებლად ამას არა იქმს. მაშასადამე, ან იმპერატორმა ფრიდრიხმა ეს ტკივილი უნდა დაუამოს საფრანგეთსა, ან შემოიკრებოს მთელი ევროპა, მშვიდობიანობის წყურვილით ძალდატანებული და ზნეობრივის ზედმოქმედებით ურჩს საფრანგეთს ძირს დაადებინოს იარაღი. ერთიცა და მეორეც იმოდენად იმპერატორ ფრიდრიხის ხელში არ არის, რამოდენაც გარემოებათა მძლეობაშია.

გერმანიისა და საფრანგეთის ურთიერთობის მოგვარების გზები

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №50, 9 მარტი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

27 იმპერატორ ფრიდრიხის პიროვნული ღირსებები

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 9 მარტი

რამდენიმე დღე რუსეთიდამ ფოსტა არ იყო და გაზეთები არ მოეტანა, ეხლა გზა გაიხსნა და გაზეთები რამდენისამე დღისა ერთად მოგვივიდა. მთელი გაზეთები, რასაკვირველია, სულ იმპერატორის ვილჰელმის გარდაცვალების გამო ჰლაპარაკობენ და ვისაც რა აგონდება, ის ესიზმრება ხვალინდელის დღისა. ყველანი კი იმაზე ერთნაირად თანახმანი არიან, რომ მიცვალება იმპერატორის ვილჰელმისა დიდი ამბავია ისტორიისათვის. ძლევამოსილი და ევროპაში გაბატონებული ძლიერი გერმანია დღეს აქამომდე სათავეში უდგა ევროპიის პოლიტიკასა, რომელიც უგერმანიოდ თითქმის ეს ოცი წელიწადია წკირსაც ხელს ვერა ჰკიდებს გადასაბრუნებლად. მაშასადამე, ადვილად მისახვედრია, რომ იმისთანა კაცის არყოფნა, რომელსაც სვე-ბედი გერმანიისა სახელოვანად ხელთ ეპყრა და ამ კაცის მაგიერ სხვა ახალის კაცის ჩადგომა, დიდად საგრძნობელი და საფიქრებელია არა მარტო გერმანიისათვის, არამედ მთელის ევროპიისათვისაც.

ამიტომაც დღეს ყველანი იმის გამოცნობასა და მკითხაობაში არიან თუ, რა იქნება ხვალ. ამ გამოცნობისათვის, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს ახალის იმპერატორის ზნესა, გრძნობა-ხასიათსა, მიმართულებას და მიდრეკილებასა. ამის გამო ერთი გაზეთიც არ არის, რომ იმპერატორ ფრიდრიხის თვისების და ღირსების გამორკვევას არა ჰცდილობდეს. სამართალი ითხოვს ვსთქვათ, რომ ამ შემთხვევაში გაზეთები ერთმანერთის თანახმანი არიან. ყველანი ამბობენ, რომ ახალი იმპერატორი მშვიდობისმოყვარეა, ომები, ჩხუბი და სისხლისღვრა ეჯავრება, ძალმომრეობას, უძლურის ჩაგვრას ჰთაკილობს, სხვა ქვეყნების დაპყრობის სიხარბე არა აქვს, დიდი მორჩილია კანონიერობისა და სამართლიანობისა და დიდი პატივისმცემელი ერის წარმომადგენელობისაო. ყოველ ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ იმპერატორი ფრიდრიხი კარგად ნასწავლი, კარგად განათლებული და მომზადებული კაცია. ყოველივე ეს ღირსება იმისთანა კაცში, რომელსაც ღმერთმა არგუნა გამგეობა ერთის უძლიერესის სახელმწიფოსი, დიდი საბუთია, რომ ხვალინდელი დღე უფრო მეტის ნუგეშით, მეტის სასოებით მოილოდინოს გულგატეხილმა ადამიანმა, იმოდენად მაინც, რამოდენადაც ქვეყნის საქმეთა რთული მდინარეობა ერთს კაცზეა დამოკიდებული, თუნდაც იმისთანა ძლიერზედ, როგორიც დღეს იმპერატორი ფრიდრიხია.

ამ ნუგეშს იძლევიან უფროს-ერთი გაზეთები. ხოლო ესეც კარგად იციან ყველამ, რომ დღევანდელი ყოფა ევროპიისა, ამდენი აწეწილი და აშლილი საქმეები, რომელთ გამოც გული ემღვრევათ ერთმანეთზედ დიდთა და წვრილთა სახელმწიფოებს, იმოდენად მძლავრნი არიან, რომ არა ცალკე კაცის სურვილსა მათზედ ბძანებლობა არ გაუვა. აი ეს გარემოება ცოტად თუ ბევრად აძნელებს ხვალინდელის დღის სანუგეშო ნათელსა. ეხლა ჯერ მინამ გერმანიას ვერ მოუცლია მგლოვიარობისაგან, პოლიტიკა ევროპიისა მიყრუებულია, ხოლო საქმენი ისეთს მდგომარეობაში არიან, რომ დიდხანს ყურის მიყრუება შეუძლებელია და მალე მოითხოვენ თავისას. დადგება ეს დღე თუ არა, მაშინ გამომჟღავნდება, გარემოება რამდენად შეუწყობს ხელს იმპერატორს ფრიდრიხს თავისის კეთილის სურვილის მისაღწევად. ამ დღის ლოდინში არიან ყველა გაზეთები, რომელნიც დღეს ხელთა გვაქვს და ყველა სახელმწიფონი, რომელთაც დღევანდელი დღე უჭირთ.

იმპერატორ ფრიდრიხის პიროვნული ღირსებები

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №51, 10 მარტი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

28 საფრანგეთის უღონობისა და უძლურების მიზეზი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 14 მარტი

საკვირველი ქვეყანაა ეს საფრანგეთი. კვალში რომ ჩავუდგეთ, დავინახავთ, რომ ყოვლისფრით აღსავსე ქვეყანაა: ერი დიდად ნიჭიერი, ბეჯითი და გამრჯელი, მეცნიერება გინდათ, ხელოვნება, მრეწველობა, ყოველგვარი ვაჭრობა, აღებმიცემობა, სიმდიდრე, ლიტერატურა, რა გინდათ, რომ იქ არა სდუღდეს და არ გადმოდიოდეს. ყოველივე, რაც ქვეყნიერობის მადლად არის მიჩნეული კაცთაგან, ყოველივე ცალკე და ერთად უხვად მინიჭებული და გაფენილი აქვს საფრანგეთსა. ღმერთს თითქო არაფერი არ დაუზოგავს ამ ერისათვის და მარტო ერთი რამ არ მიუმადლებია. საფრანგეთი ყველაფერს სახელოვანად უძღვება, ყველაფერი იცის და მარტო თავის თავის მოვლას ვერ უძღვება, თავის თავის მოვლა არ იცის.

თვრამეტი წელიწადია, რაც რესპუბლიკაა საფრანგეთში და ამ თვრამეტს წელიწადში რესპუბლიკის მომეტებული ძალ-ღონე და დრო შეელია მარტო იმას, რომ ათას შინაურ მტერთაგან თავი დაიცვას, თავი შეინახოს. რესპუბლიკა დაუძინებელ დარაჯად ედგა თავის თავს, აცა, არავინ ქურდულად არ მომეპაროს და პირქვე არ დამცესო. ბევრი დრო აღარა ჰქონდა რესპუბლიკას თავისი სიკეთე გამოეჩინა და რაც შეეძლო, ის მიემადლებინა საფრანგეთისათვის ამ თვრამეტ წელიწადში. ვერც ერთმა სამინისტრომ ვერ მოიმაგრა იმოდენად ფეხი, რომ კაცს ეთქვა, აი ფეხმაგარი, გულმაგარი და ზურგმაგარი მთავრობა დაიდგინა საფრანგეთმაო. ამ დაუდგრომელობამ აბრუ გაუტეხა საფრანგეთსა ქვეყნიერობის თვალში და საფრანგეთი, თვითონ ბუნებითად ძლიერი და ღონიერი, უღონოდ და უძლურად გამოდიოდა ქვეყნის წინაშე მარტო მთავრობის უღონობისა და უძლურობის გამო. დაუდგრომელს მმართველობას ძნელად ენდობა კაცი და ამიტომაც საფრანგეთმა ვერ მოიპოვა პირდაპირი მომხრეობა ევროპაში, თუმცა ამ მომხრეობისათვის არა ერთი და ორი საბუთიანი მიზეზი იყო, საქმეთა გარემოებისაგან წარმომდგარი.

აი დღესაც, როცა საფრანგეთი აპირობს ერთი ძლიერი და საიმედო სამინისტრო იქონიოს ფლოკეს წინამძღოლობითა, გამოტყვრა ერთი იმისთანა ამბავი, რომელმაც არ შეიძლება არ ჩააფიქროს ადამიანი. გენერალი ბულანჟე, სამხედრო კანონების დარღვევის გამო, მთავრობამ გადააყენა სამსახურისაგან. ასტყდა ერთი ალიაქოთი. გენერალს ბულანჟეს დიდი ხმა აქვს საფრანგეთში, ბევრი მომხრეები ჰყავს პარიჟში და ამბობენ, მხედრობაშიაცო. ამ მომხრეებმა თითქმის ომი გამოუცხადეს ეხლანდელს მთავრობას საფრანგეთისას. საცა კი პალატის დეპუტატის არჩევანი ინიშნება, მისნი მომხრენი ყველგან გენერალ ბულანჟეზედ თითს იშვერენ, აი დეპუტატად ამოსარჩევი კაცი ეს არისო. ეს კიდევ არაფერი. ცალკე გაზეთი დააარსეს, რომელსაც სხვა არავითარი საგანი არა აქვს გარდა იმისა, რომ გენერალ ბულანჟეს გზა გაუხსნას უმაღლესის თანამდებობის დასაჭერად საფრანგეთში.

ეს გაზეთი ამასაც არა ჰკმარობს და ჰლამის თვით პარლამენტარობა საფრანგეთში გააუქმოს და საფრანგეთის სვე-ბედის გამგეობა მარტო ერთის კაცის ხელში ჩააგდოს და ეს ერთი კაცი, რასაკვირველია, გენერალი ბულანჟეა. იგი გაზეთი ამბობს, რომ საფრანგეთის წესწყობილება, კონსტიტუცია უნდა შეიცვალოსო, საფრანგეთის ერმა თვითონ უნდა მოუაროს თავის თავსა ერთის კაცის ხელითაო, რომელიც ერის ბრძანების ამსრულებლად უნდა იქმნასო და სხვანი და სხვანი. აბა ერთი გვიბძანეთ, საფრანგეთს რომ თავის თავის მოვლისა და პატრონობის უნარი და მადლი ქონდეს, ამისთანა ამბები შესაძლებელი იქმნებოდა, ნამეტნავად ამისთანა გაჭირვებულ დროს, როცა ხსნა საფრანგეთისა ერთსულად და ერთგულად მოქმედებაშია? ნუთუ ჭეშმარიტი მამულისშვილობა ამისთანა ამბავს სადმე გაჰბედავდა? მაშ, რის ნიშანია ეს ამბავი? დასაწყისია დასასრულისა, თუ დასასრული დასაწყისისა?

საფრანგეთის უღონობისა და უძლურების მიზეზები

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №55, 15 მარტი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

29 თავადაზნაურობის ფერისცვალება

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 15 მარტი

მართლად არის ნათქვამი, დრონი მეფობენო. ამ ათის თუ ცამეტის წლის წინად რომ დასწრებოდით ჩვენს თავადაზნაურთა საგუბერნიო კრებასა, სხვას ვერასფერს შეჰნიშნავდით, რომ შეყრილან თავადაზნაურნი მარშლებისა და სხვათა კანონით აღნიშნულ მოხელეთა ამოსარჩევად. ამის გარდა თითქმის არავითარი სარჩიელი საგანი, არავითარი განსასჯელი და მოსაფიქრებელი საჭიროება არ გამოდიოდა თავადაზნაურთა კრების მოედანზედ. თუ რამ მოხელეთა არჩევანის გარდა გამოტყვრებოდა, ისიც მარტო ის იყო, რომ მთავრობასა ვთხოვოთ დანაშაულობა აპატიოს ამა და ამ კაცსაო, ან თავადობა თუ აზნაურობა დაუკარგავს სხვადასხვა მიზეზით ამასა და ამასა და ვიშუამდგომელოთ, მთავრობამ დაუბრუნოსო. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, გულმტკივნეულობის მოძრაობის საქმეა და გულმტკივნეულობით მოქმედება არავის ეკიჟინება. მაგრამ ყველანი დაგვეთანხმებიან, რომ ამისთანა საქმეებს არავითარი ზოგადი მნიშვნელობა არა აქვს საყოველთაოდ მთელ თავადაზნაურობისათვის, თუმცა კი თხოვნაც არის და თხოვნაც და საგანი თხოვნისა მანიშნებელია ადამიანის წარმატებულობისა და ამ წარმატების მეტნაკლებობისა.

ევროპაში ანდაზად არის, რომ მითხარ ვის იცნობ, გეტყვი რა კაცი ხარო. სიმართლე ამ ანდაზისა უფრო ცხადი იქნება, რომ ვსთქვათ: მითხარ რას ითხოვ და გეტყვი რა კაცი ხარო. თუ გნებავთ ამ მხრით, წინანდელ ჩვენს სათხოვარებს ზოგადი მნიშვნელობა ჰქონდა, მხოლოდ როგორც საწყაოს ჩვენის წარმატებულობის მეტნაკლებობისას და თვითონ თხოვნა კი შესრულდებოდა, თუ არ შესრულდებოდა, ამით არც რამ დააკლდებოდა თავადაზნაურობას, არც მოემატებოდა: საგანი თხოვნისა ამისთანა იყო.

რადგანაც ჩვენი საგუბერნიო კრებანი წინად ამ ვიწრო წრეში ჰტრიალებდნენ, ამიტომაც თვითონ კრებას არც გონების გამრჯელობა ეტყობოდა, არც მხნეობა მოქმედებისა, დუნედ და უგემურად გაიმართებოდა კრება და ისევ დუნედ და უგემურად დაიშლებოდა ხოლმე. ეს იყო მიზეზი, რომ კრებაზედ დასწრება, მონაწილეობის მიღება ბევრს არავის ეხარბებოდა, ბევრს არავის ეხალისებოდა. თვით მარშლებისა და მოხელეთა ამორჩევას თუ ყურს ათხოვებდა ვინმე, მარტო იმისათვის, რომ მახლობელს თუ მეგობარს გზა მისცენ პატივისა და ხარისხის მოპოებისა. ამომრჩეველებს სხვა არავითარი აზრი არ მიუძღოდა წინ, როცა ხელში კენჭით მიდიოდნენ არჩევანის ყუთისაკენ.

ეხლა დრო გამოიცვალა. ამ ბოლოს ხანებში ჩვენმა თავადაზნაურობამ თავის ყოფა-ცხოვრებაზედ ცოტად თუ ბევრად თვალი აახილა. იგი ჰხედავს, რომ ზოგიერთი უსწორმასწორობა, ზოგიერთი ნაკლი შეიძლება შესწორდეს, შეივსოს ზოგი მთავრობის შემწეობითა, ზოგი კანონით ნებადართულ თვითმოქმედობისაგან. ამ ორტოტმა მდინარეობამ მიმართულებისამ თვისი კვალი უკვე დააჩნია ჩვენს თავადაზნაურთა საგუბერნიო კრებას. რაც ხანი გადის, ჩვენა ვხედავთ, რომ საგუბერნიო კრებაზედ თავადაზნაურობას სხვადასხვა სარჩიელი, სხვადასხვა საჭიროება შეაქვს გასარჩევად და გამოსარკვევად. ზოგი იმისთანაა, რომ მარტო მთავრობის შემწეობით შესაძლოა ეშველოს რამე და ზოგი იმისთანა, რომ თვითონ თავადაზნაურობა ჰლამის თავისთავის ჰშველასა, რასაკვირველია, იმოდენად, რამოდენადაც თვითონ კანონი ამის ნებას იძლევა.

ამ მხრით მეტად შესანიშნავნი არიან განაჩენები საგუბერნიო კრებისა 1882 წლისა, თუმცა კი დღეს აქამომდე არავინ იცის, რა მოჰყვა ამ განაჩენებს. ჩვენ აქ ვერ ჩამოვთვლით ყოველს იმ საგანს, რომელიც ამ წლის განაჩენებშია მოხსენებული. საკმაოა დავასახელოთ თუნდა მარტო სასკოლოდ ფულის გაწერის საქმე, რომ დავინახოთ დღეს ცხოვრება რა მძიმე და რთულს საქმეს გვაძლევს ჩვენ ხელში ასე თუ ისე გასაძღოლად. ამ საქმით თავადაზნაურობამ იცნა ერთი თავისი უდიდესი საჭიროება და თავის სასახელოდ არა სხვერპლს არ მოერიდა, რომ ამ საჭიროებას უშველოს რამე საკუთარის ღონითა და შეძლებითა.

რაკი ამისთანა საქმეებზედ ჩვენს თავადაზნაურობას, ღვთის მადლით, თვალი აეხილა, რაკი თავადაზნაურობას გულში დაეძრა ყოვლად მხსნელი აზრი თავისთავის შველისა, მოხელეთა არჩევანსაც სულ სხვა რიგის თვალით უნდა დაუწყოს ყურება დღეის იქით: ასარჩევნი კაცნი უნდა შეურჩიოს იმ საჭიროების გაძღოლის სიმძიმეს და სიძნელეს, რომელსაც დღევანდელი დღე თავადაზნაურობას ამცნებს და ავალებს. ამომრჩეველმა მარტო ამ საჭიროების გაძღოლის საწყაო უნდა დაიჭიროს ხელში და იმ საწყაოთი შეუდგეს კაცი ამორჩევას. უამისოდ სარჩიელი ბევრი იქმნება და საქმის გამკეთებელი კი არც ერთი და საქებურნი განაჩენები თავადაზნაურობის კრებისანი უქმად ჩაივლიან. ამისი მაგალითი არა ერთი და ორია.

დღეს არჩევანები მოახლოებულნი არიან. ჩვენ თავადაზნაურობას ჰმართებს წინადვე დაუფიქრდეს ამ არჩევანების საქმეს. წავიდა ის უზრუნველი დრო, როცა ვიძახოდით: ეს კაცი ამოვირჩიოთ, დეე, ეხლა ამან მიიღოს ხარისხი და პატივიო. ამ აზრით ამორჩევა ახლა ცოდვაა და დიდი ცოდვაც. ეხლა თავადაზნაურობას გაგებულნი, მიხვედრილნი, საქმის კაცები სჭირია, თუ უნდა, რომ თავისი ყოფა-ცხოვრება წარმართოს რიგიანად და დროს შესაფერად. ამას კაცები უნდა შეერჩიოს, კაცები, რომელთაც ცოდნა, ბეჯითობა, მხნეობა და განათლება აქვთ, რომ მრავალგვარი საჭიროება თავადაზნაურობისა იცნონ თვითონაც, თვითონაც გაიგონ და ამ ცნობით და გაგებით მათდამი მინდობილს საქმეს ბოლომდე ჯეროვანად მიჰყვნენ და ღირსეულად ემსახურონ.

თავადაზნაურობის ფერისცვალება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №56, 16 მარტი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

30 სკოლების ერთი დიდი ნაკლი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 16 მარტი

ჩვენ მოგვივიდა გუშინ პატარა წიგნაკი, საცა დაბეჭდილია სიტყვა თქმული პროგიმნაზიის ინსპექტორის ბ-ნ მარტინოვსკის მიერ წლიურ აქტის დროს 13 დეკემბერს 1887 წ. ამ წიგნაკში ბევრი რამ მეტად საყურადღებოა და სამართალი ითხოვს ვსთქვათ, რომ ბ-ნი მარტინოვსკი საკმაო გულმოდგინებით და სიყვარულით დაკვირვებია და კარგა ვრცლად გაურჩევია და გაურკვევია თავისის სიტყვის საგანი, სიტყვის საგნად აუღია მთელის 1887 წლის მოქმედება და მოღვაწეობა ტფილისის პროგიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოსი. ვინც ამ პატარა წიგნაკს კვალში ჩაუდგება, იგი მთელს მრავალგვარობას ამ საბჭოს მოქმედებისას ცხადად წარმოიდგენს, ისე ხერხიანად, ისე განვითარებით არის შედგენილი ეს წიგნაკი. მეტად რთული საქმეა ყმაწვილების სწავლის და წვრთნის საქმე, მეტად მრავალკეცია, მეტად მრავალი საგანი და სარჩიელია ამ საქმის მსვლელობის გზაზედ, თუნდ იმისთანა გზამოკლე და მცირეოდენი სასწავლებელი იყოს, როგორიც პროგიმნაზიაა. წიგნაკიდამა სჩანს, რომ პროგიმნაზიის პედაგოგიურს საბჭოს ბეჯითად უდევნებია ამ მრავალგვარობისათვის თვალი და მეცადინეობა არ დაუზოგავს, რომ კეთილად განწყობილის სასწავლებლის მოვალეობა პროგიმნაზიას თავისის მხრით წარმატებით შეესრულებინა.

ჩვენ ყოველ იმ საგანზედ ვერ გავმართავთ საუბარს, რაიც ჩამოთვლილია ბ-ნ მარტინოვსკის მიერ თქმულ სიტყვაში. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ მარტო ერთს საგანს, რომლის გამოც ბ-ნს მარტინოვსკის ბევრი რიგიანი და შესაფერი აზრი წარმოუთქვამს და რომელიც დღეს რუსეთსა თუ ევროპაში ყველას - მშობლებს, თუ პედაგოგებს ძლიერ ალაპარაკებს და აფიქრებს. ამ საგანმა თავისი საკუთარი სახელიც დაირქვა და ეხლა პედაგოგიაში ცნობილია „დაქანცვად“ (переутомление). ეხლანდელი სასწავლებელიო ქანცს აცლის ყმაწვილსა და სულიერად თუ ხორციელად მეტისმეტად ჰღალავს და ადუნებსო. ამაშია თვით ბუნება საგნისა, რომელსაც დაქანცვას ეძახიან. ეხლანდელნი პედაგოგები ამ საგანზედ დღეს ყველგან ჰლაპარაკობენ და ამ ლაპარაკმა მთავრობის ყურამდინაც მიაღწია. როგორც რუსეთსა, ისეც სხვაგან ევროპაში მთავრობა იმის ზრუნვას შეუდგა, რომ შეიტყოს საქმე სწორედ ესეა თუ არა და თუ ესეა, წამალი რამ მოუპოვოს.

რა თქმა უნდა, ესრე გაძლიერებული ლაპარაკი ამ „დაქანცვაზედ“ შეუნიშნავად არ დაჰრჩებოდა პროგიმნაზიის პედაგოგიურს საბჭოს და ბ-ნი მარტინოვსკი გვაუწყებს, რომ საბჭოს უყურადღებოდ არც ეს ფრიად დიდის მნიშვნელობის საგანი დაუგდია. იგი ამბობს: საზოგადოებასა და ჟურნალ-გაზეთობაში უჩივიან დაქანცვას ყმაწვილებისას სკოლებში. ეს ჩივილი ისმის როგორც რუსეთში, ისეც საზღვარგარედ. შაზოგადოებაც და ჟურნალ-გაზეთობაც ამის მიზეზს ჰხედავს უფრო იმაში, რომ ვითომ მეტად ვრცელი პროგრამაასწავლებისა. ხსენებული ჩივილი უსაფუძვლო არ არის, ხოლო მიზეზი კი სწორედ არ არის ნაჩვენებიო.

ბ-ნ მარტინოვსკის მოჰყავს საბუთები და ამბობს, რომ პროგრამის სივრცელეს კი არ უნდა დაებრალოს ეგ დაქანცვა ყმაწვილებისა, არამედ უხერხობას, გულგრილობას ოსტატისასაო. პროგრამაო, ამბობს იგი, ოსტატს მარტო ანიშნებს გზასა, რომელსაც იგი უნდა დაადგეს, და სრულებითაც არ ავალებს, რომ სიბევრე ცოდნა უნდა სთესოს ამ გზაზედაო. ბ-ნი მარტინოვსკი მაგალითებით სცდილობს დაამტკიცოს, რომ აწ არსებული პროგრამა ვრცელი არ არის. რამოდენად მართალია ამაში ბ-ნი მარტინოვსკი, ეს პედაგოგებს გავარჩევინოთ, ხოლო იგი ამის შემდეგ ამბობს, რომ რაკი პროგრამა ვრცელი არ არის, მაშ, მიზეზად ყმაწვილების დაქანცვასა სკოლაში სხვა უნდა მოვუძებნოთო. მიზეზი ის არისო, რომ თვითონ კურსს საგნებისას სკოლაში ხშირად მეტისმეტად აგანიერებენ, ადიდებენ ასე, რომ ყმაწვილის ღონე ვეღარ იტანსო. ამას ის მოსდევსო, რომ ყმაწვილები თვით სკოლაში ვეღარას ასწრობენ და ოსტატებისაგან იძულებულნი არიან შინაც გასაკვეთები გაიკვეთონო. ეს საშინაოდ გასაკვეთების მიცემა კანონისაგან არ არის დადგენილი და მარტო ჩვეულებისაგან არის ერთხელ და ერთხელ შემოღებულიო.

ბ-ნი მარტინოვსკი პირდაპირ ამბობს, რომ როცა სწავლება კლასში რიგიანად არ მიჰყავს ოსტატს, მაშინ, რასაკვირველია, საშინაოდ უნდა მისცეს შეგირდს გასაკვეთი სასწავლებლადაო. ხოლო თუ მასწავლებელი სინდისიერად გაანაწილებს მთელის წლისათვის სწავლების საგანს, შეუწონავს სწავლების საგნის სიდიდეს რიცხვს მთელის წლის გასაკვეთებისას, თუ ყოველ ამის მოსაზრებით განსაზღვრავს მეტნაკლებობას ცოდნისას, რომელიც მან უნდა გადასცეს შეგირდს, თუ ტყუილუბრალოდ წვრილმანებს არ გამოუდგება და მარტო საქმის ძარღვს ჩაჰკიდებს ხელსა და თუ ყოველ ამასთან საკმაოდ მხნედ ეკიდება საქმეს, მაშინ საშინაოდ მიცემა გასაკვეთისა მეტიაო.

ბ-ნი მარტინოვსკი სამართლიანად ემდურება და არ იწყნარებს იმ ძველისძველ ჩვეულებას, რომ ბაშვს საშინაოდ გასაკვეთი მიეცეს. ყმაწვილი ხუთ-ექვსს საათამდე ჰრჩება სკოლაში, ყოველ დღე იქ თითქმის ხუთი გასაკვეთი აქვს. როგორ გაუძლოს ყმაწვილმა ამოდენა ჯაფას, თუ შინაც გასაკვეთი რამ მიეცემა? გონებითი ჯაფა და შრომაო, ამბობს ბ-ნი მარტინოვსკი: ყველაზედ მეტად ჰსწყინს და ჰვნებს ბაშვსა და ყველაზედ მეტად შეუფერებელია მის ბუნებისათვის, რომელიც ცოცხლობას, მოძრაობას ჰთხოულობს და ჰსაჭიროებსო. თუ ესეა, მაშ მეტისმეტად დატვირთვა ბაშვისა ამნაირის ჯაფითა და შრომით რაღა უნდა იყოს?

მართალია, ამბობს ბ-ნი მარტინოვსკი, რომ სკოლა ამიტომა სძულთ ბაშვებსაო, სძულთო, როგორც თავისი მჩაგვრელი, აუტანელის შრომის დამდები და ქანცის გამწყვეტიო. რაკი გასაკვეთის გაკვეთა დილიდამ საღამოზედ გადადისო და სკოლიდამ სახლში, ბაშვებს და თვით მოზდილ ყმაწვილებსაც კი სკოლის მნიშვნელობა აღარ ესმითო. იგი სასწავლებლად კი აღარ მიაჩნიათ, საცა ცოდნა და სწავლა უნდა შეიძინონ, არამედ იმისთანა ადგილად, საცა მარტო ამოწმებენ, გამოჰკითხვენ ხოლმა - აბა, შინ რა ისწავლეთო. ამის საბუთად ბ-ნ მარტინოვსკის მოჰყავს ბ-ნ სწავლა-განათლების მზრუნველის 1879 წ. ცირ-კულიარის სიტყვები.

ამ სახით გამოდის, რომ „დაქანცვა“ შეგირდებისა ეხლანდელს სკოლაში უეჭველი ამბავია, რადგანაც ამას თვით სწავლა-განათლების გამგებელნი იმოწმებიან. მაშასადამე, ლაპარაკი საზოგადოებისა და ჟურნალგაზეთობისა ამ დაქანცვაზედ ტყუილად მოჭორებული ლაპარაკი არ არის. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ზოგი იძახის ამის მიზეზი პროგრამის ვრცელობა არისო და ზოგი - ოსტატების თავის საქმის არცოდნა და გულგრილობით ქცევაო. ჩვენ მარტო სიხარული გვმართებს, რომ თვითონ მთავრობას შეუნიშნავს ეს ერთი უდიდესი ნაკლი სკოლებისა და რაკი ეს შეუნიშნავს, პროგრამა არის ამ სატკივარის მიზეზი თუ ოსტატების ავკარგიანობა, ორსავ შემთხვევაში წამალსაც ადვილად მოიპოვებს.

სკოლების ერთი დიდი ნაკლი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №57, 17 მარტი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

31 გერმანიის გაურკვეველი მომავალი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 21 მარტი

მას შემდეგ, რაკი იმპერატორი ვილჰელმი გადაიცვალა და ტახტზედ ავიდა იმისი მემკვიდრე ფრიდრიხი, ევროპიის პოლიტიკა მიჩუმდა და მიჩუმებულმა თვალები მიაშტერა ახალს იმპერატორს - აბა, რას იტყვის და რას ინებებსო. საკვირველიც არ არის. გერმანია პირველის ხმის მთქმელია ეხლანდელ ევროპიის კონცერტში და რაკი პირველი ხმა ჰდუმილებს, კონცერტიც გაჩუმებულია. ჯერ თვითონ გერმანელებსაც კი ვერ გამოურკვევიათ, რას ნიშნავს დღევანდელი დღე და რას მოასწავებს ხვალინდელი.

ყველანი ამაზედ თანახმანი არიან, რომ ეხლანდელი იმპერატორი მშვიდობისმოყვარე კაცია და ევროპიის მშვიდობას ტყუილუბრალოდ განსაცდელში არ გააბამს. ხოლო ამას არა ჰკმარობს ერთხელ და ერთხელ გულგახეთქილი ევროპა. ევროპას ჯერ კიდევ გული გულის ადგილას არა აქვს, თუმცა იმპერატორ ფრიდრიხის სიბრძნე და მშვიდობისმოყვარეობა სწამს. რადგანაც ასეა, გაზეთები მაინც თავისას არ იშლიან, დღევანდელს დღეს თირკმელებს უსინჯვენ და ჰსურთ გამოიცნონ ამ ბინდბუნდში, ვინ საით მიიწევს. ყველაზედ უწინარეს ყველას თვალი მიქცეულია მასზედ თუ, ეგრედ ცნობილი „სამთა კავშირი“ გერმანიისა, ავსტრიისა და იტალიისა დარჩება ხელუხლებლად, რაშიმე შეცვლას მოითხოვს თუ სრულად დაირღვევა და ახალი რამ შესდგება. ამაზედ იხარჯება დღეს ჟურნალ-გაზეთების სიტყვა და საუბარი.

თუ გაზეთების მიერ მოტანილ ამბებს დავუჯერებთ, გამოდის, რომ ეგ „სამთა კავშირი“ დღეს დიდს განსაცდელშია, რადგანაც ნიშნებია, რომ ავსტრიას დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონდეს გერმანიის შველისა, თუ ვინიცობაა ბოლგარიაში საქმე წაუხდა და რუსეთმა წინანდებულად ჩასდგა ფეხი. იმის გამო, თუ ვინ უფრო გაიძლიერებს გავლენას ბოლგარიაში, ავსტრია თუ რუსეთი, იმპერატორი ფრიდრიხიო, ამბობენ გაზეთები, ერთს უბრალო ჯარისკაცსაც არ გამოიმეტებსო. ეს ადვილად დასაჯერებელია, რადგანაც იმპერატორი ფრიდრიხი მართლადა მშვიდობისმოყვარეა და ბალკანის ნახევარკუნძულზედ არავითარს დიდს ინტერესს გერმანიისას არა ჰსცნობს.

ამას გარდა ამბობენ, რომ იმპერატორი ფრიდრიხი სიმართლისმოყვარე კაცია და ყოველგვარის ხელშეკრულობის პატივისმცემელიო. აქედამ გამოჰყავთ, რომ იგი უფრო რუსეთს დაუჭერს ბოლგარიაში მხარსა იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი იმაზედ მეტს არ მოითხოვს, რაც ბერლინის ხელშეკრულობით დადგენილიაო. აქედამა სჩანს, რომ ავსტრია ცოტა უკან არის დღეს მიყენებული გერმანიისაგან, რადგანაც ვიცით, რომ რუსეთის მაგიერობა ბოლგარიაში თვითონ ავსტრიას ჰსურდა ხელთ ეგდო. თუ მართლა საქმე ასეა დღეს დაყენებული, უეჭველია ავსტრიამ ცოტად თუ ბევრად ხმა უნდა დაიმდაბლოს ბოლგარიის საქმეთა გამო და ბევრს არას იმედოვნებდეს გერმანიისაგან. თუ ამ გზაზედ დამდგარმა ევროპიის პოლიტიკამ ბოლგარიის შესახებ ფერი არ იცვალა სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო, ავსტრიას ფიქრი უნდა მიეცეს განმარტოებისა, ცალკედ, მარტოდ დარჩენისა. ამის ნიშნები დღესაც არის. აქამდე ხომ პრინც ფერდინანდის დათხოვნის გამო მარტო საფრანგეთი და გერმანია ემხრობოდა რუსეთს და ინგლისი, იტალია და ავსტრია კი ეურჩებოდნენ, ეხლა კი გაზეთები ამბობენ, რომ ინგლისი და იტალია წინ აღარ აღუდგებიან რუსეთსა და ფერდინანდის მთავრობას ბოლგარიაში უკანონოდ აღიარებენო. ავსტრიისათვის ეს მეტისმეტად გულსატკენი უნდა იყოს არა მარტო იმით, რომ სურვილი უქმად ჰრჩება გულში, არამედ იმითაც, რომ ეს ამბავი ანიშნებს სხვა უფრო საშიშარს საქმეს, ესე იგი, იმას, რომ შესაძლოა განმარტოვდეს და მტრისა თუ მოყვარის წინაშე მარტოდმარტო დარჩეს. ჩვენის ფიქრით, დღეს ავსტრია ამის საფიქრებელშია.

გერმანიის გაურკვეველი მომავალი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №61, 22 მარტი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - სამთა კავშირიდღეს დიდს განსაცდელშია - იხ. შენიშვნა გვ. იქვე, - „იმპერატორი ფრიდრიხი... უფრო რუსეთს დაუჭერს ბოლგარიაში მხარსა იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი იმაზედ მეტს არ მოითხოვს, რაც ბერლინის ხელშეკრულებით დადგენილიაო“ - ბერლინის ხელშეკრულებაში ილია გულისხმობს ბერლინის ტრაქტატს, რომელიც ხელმოწერილ იქნა 1878 წლის 13 ივლისს ბერლინის კონგრესზე. იგი მოიწვიეს 1877-78 წ.წ. რუსეთოსმალეთის ომის შემდეგ დადებული სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) პირობების გადასასინჯად.

32 თავადაზნაურობის უქმობით ჩვენი მიწა-წყალის დაკარგვა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 22 მარტი

ჩვენ ერთხელაც გვითქვამს და ეხლაც კიდევ მიზეზი გვაქვს ვსთქვათ, რომ ქვეყანა და მისნი მადლნი ყოველთვის და ყოველგან მარტო მშრომელისა და გამრჯელისა ყოფილა და არის. სხვას ყველაფერს თავი დავანებოთ და მარტო რომ ეკონომიურს ცხოვრებას დავაკვირდეთ, ამაზედ არავითარს ეჭვს ვერ შევიტანთ: გამრჯელი და მშრომელი არის შემქმნელი და მომქმედი ამ ცხოვრებისა და თავის კერძსაც ცხოვრების სუფრაზედ მარტო იგი ჰშოულობს სხვის დაუყვედრებლად, სხვის უმუნათოდ. სხვა ყველანი ნალოები არიან ამ გამრჯელსა და მშრომელზედ, ათასნაირ ხვანჯებით გამობმულნი. ესენი გამრჯელსაც ამძიმებენ და თვითონაც არ იციან, სად და როდის გაუწყდებათ წნელი, რომელსაც ხელი უკიდიათ, და სად დაჰრჩებიან უმწეოდ, უნუგეშოდ, შიმშილით სულის ამოსახდომად, და როცა ეს უბედურობა შეემთხვევათ, ჰყვირიან, გვიშველეთო. უქმი, გაურჯელი კაცი, სხვის სამადლოდ დარჩენილი, ამ აუცილებელს ბედს ვერ წაუვა, თუნდაც ზედ ოქროს ზოდზედ დასვათ. არავითარი სიმდიდრე დაუსრულებელი არ არის. ოქროს ზოდიც, რაც უნდა დიდი იყოს, თავის დროზედ ყინულისავით დაუდნება უქმს კაცსა და თუ თვითონ არა, მის შვილს, ან შვილიშვილს მაინც აგრძნობინებს აუცილებლობას შრომისას და გარჯისას და სიმწვავეს უქმობისას და გაურჯელობისას.

ადამიანის ცხოვრება, და ნამეტნავად ეკონომიური, გაუწყვეტელი ჭიდილია და გამარჯვებული მარტო იგია, ვინც მხნეა, საქმის კაცია და ხელიდამ რამ გამოსდის. ვისაც ეს ზნე არა სჭირს, იმას ამ ჭიდილში ფეხზედ არა დააყენებს რა, რაც უნდა ულოლაოთ და უაროთ. კაცი, რომელიც მარტო მჭამელი და შთანმთქმელია და არა მომქმედი და მოამაგე, გადადებულია დედამიწის ზურგიდამ ასაგველად. იგი ყოველთვის უღონოა ჭიდილისათვის არსებობისათვის ბრძოლაში და ამიტომაც მარტო ერთი უბრალო შემთხვევა ჰკმარის ხოლმე ძირს დასცეს და პირქვე დაამხოს.

მაგისთანა კაცს, როგორც უძირო ქვევრს, რაც გინდა ბევრი ჩააყაროთ, ვერა სიმდიდრე ვერ გაუძლებს. სიმდიდრე იმისთანა ბუნებისაა, რომ ყოველთვის მიურბის ხელიდამ უუნაროს და უქმს და მიეზიდება უნარიან და საქმიან კაცისკენ. ეს ეკონომიური რკინის კანონია და ისე გარდაუვალი, აუცილებელი, დაურღვეველი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი. ვინც ამ რკინის კანონს ეჭიდება გადასატეხად, ის უფრო ადრე თვითონ გადატყდება ამაო ბღაუჭობაში; ის ტყუილადა სცდება, ტყუილად აცდენს სხვასაცა და ტყუილად აფერხებს, აყოვნებს სვლას წარმატების გზაზედ, რადგანაც მართალს გზას თვალს არიდებს და ტყუილს ღობე-ყორეს კი ეტანება. მართალია, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო, მაგრამ საკითხავი ეს არის: წყალს რად წააღებინა თავი, და თუ წააღებინა, რა სიმაგრეა ხავსი? ხავსი ხომ ტყუილი ნუგეშია და ტყუილი ნუგეში რის მაქნისია გამრუდებულის, გაფუჭებულის საქმის გამოსასწორებლად, გამოსაკეთებლად?

ვჩივით, რომ მამულები ხელიდამ მიგვდისო და ვიძახით გვიშველეთო. ვინ იტყვის, შველა კარგი რამ არის. ვსთქვათ, დღეს გვიშველეს და მამულების ხელიდამ ხელში გადასვლა გააჩერეს. როდემდის? რა საბუთი გვაქვს ხელთა, რომ ხვალ ამავე დღეში არ ჩავცვივით, თუ ის მიზეზნი, რომელთაც ამ „გვიშველემდე“ მიგვიყვანეს, ისევ ისე ხელუხლებელნი დარჩნენ? კიდევ იმას ვიტყვით: ვინც უქმია, ვინც არ ირჯება მამულში, ვინც არ უვლის, არა ჰპატრონობს რიგიანის შრომითა, მხნეობითა და გამჭრიახობითა, იმას მამული ხელში არ დაუდგება, არა და არა. შველით შეიძლება მამულის ხელიდამ წასვლა ორისსამის დღით, თუნდ ხუთის-ექვსის წლით შეჰფერხდეს. მერე? მერე ხომ ისევ ის დღე დაგვადგა, თუ მამულს, როგორც სიმდიდრეს, იმის ეკონომიურ ბუნებისამებრ არ მოვექცევით. შველა ამ შემთხვევაში წყლულის გარედამ გამთელებასა ჰგავს მაშინ, როდესაც ჩირქი წყლულისა შიგვე აგებულებაშია ჩაბრუნებული და ჩაგუბებული. განა ამისთანა მორჩენა მორჩენაა? წყლული ძირიდამ, შიგნიდამ უნდა იყოს გამთელებული და მორჩენილი. მადლი ამასა აქვს და მორჩენაც ამასა ჰქვიან, თორემ გარედამ შველა უქმის კაცისათვის, იგივ ხავსია წყალწაღებულისათვის.

მამულები ხელიდამ მიგვდისო, ვისგან ისმის ეს ჩივილი? აბა ამ ჩივილში გამოარკვიეთ თუნდ ერთადერთი ხმა იმისთანა წოდების კაცისა, რომელიც თავის შრომასა და გამრჯელობაზეა დამყარებული? გლეხი სჩივის ამას? არა; ვაჭარი, აღებ-მიცემის კაცი სჩივის ამას? არა. მღვდელი, დიაკვანი ჰყვირის: გვიშველეთო? არა. ხომ ვერ დავუფიცავთ, რომ ამათში ან ერთს, ან მეორეს, ან მესამეს მამული არა ჰქონდეს. რატომ ესენი არა სჩივიან, მამულები ხელიდამ მიგვდისო? იმიტომ, რომ მამულის ყადრი მის ეკონომიურ ბუნებისამებრ ამათ კარგად იციან, იმიტომ რომ ყველა ესენი თვითონ ირჯებიან, თვითონ მხნეობენ, იმიტომ რომ მამულს უყვარს გამრჯელი ხელი და გამრჯელის ხელში დარჩენა და ყოფნა მამულის ეკონომიური ბუნებაა, იმისი დანიშნულებაა. ჩვენ კიდევ ცოტა ვსთქვით: ამათი მამულები არამცთუ მარტო დარჩენასა ჰკმარობენ ამათ ხელში, არამედ სხვის მამულებიც კი ამათს ხელში ჩასაცვივნელად მიეზიდებიან ყოველის უქმის კაცის ხელიდამ. ეს აუცილებელი შედეგია, გაუტეხელი ბუნებაა ყოველგვარის სიმდიდრისა, რომელიც ყოველთვის უქმს მიურბის, რომ საქმიანს კაცს მიეცეს.

მაშ ვიღა სჩივის მამულების ხელიდამ გაცლასა? მარტო თავადაზნაურობა. მაშასადამე, ჭირიც უქმობისა აქ არის დაბუდებული და დაბინავებული. ამ ჭირს შიგნიდამ წამლობა უნდა. ის წყლული უქმობისა უნდა გამოირწყას და აგებულებისაგან გამოდევნილ იქმნას. ხსნა იმაშია, თუ თავადაზნაურობას ფიქრად ის არა აქვს, ოღონდ დღეს კი კუჭი როგორმე გარედამ შველით გავიძღოვო და ხვალ კი თუნდა ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო. საქმე ანდრიას და პეტრეს დღევანდელი კუჭი კი არ არის სავალალო და სანაღვლელი თავადაზნაურობისათვის, არამედ მთელი თავადაზნაურობა მთელის მისის აწმყოთი და მერმისითა. ამიტომაც მიზეზი მამულების ხელიდამ წასვლისა იქ უნდა მოინახოს, სადაც თვით ეკონომიური ბუნება მამულებისა უტყუარად ხელს გვიშვერს და გვანიშნებს. მიზეზი ჩვენი საკუთარი უქმობაა, ჩვენი საკუთარი გაურჯელობაა და ამ მიზეზს იქ უნდა მოწყვეტა, საიდამაც მომდინარეობს. თუ ეს მიზეზი ისევ იბატონებს ჩვენში, მილიონებიც რომ ჩაგვაყარონ, დრო მოვა და მაინც იმავე დღეში ჩავცვივით, რაც მილიონებამდე ვიყავით. რომელს უქმს და გაურჯელს კაცს დაუდგა ხელში მილიონები, აბა ერთი მიიხედ-მოიხედეთ და ისე განიკითხეთ აქ გამოთქმული აზრი! ან განა არ არიან იმისთანა თავადნი, თუ აზნაურნი, რომელნიც მხნეობენ, ირჯებიან, ყაირათობენ და რიგიანად ჰპატრონობენ და უვლიან მამულებსა. რატომ ამათ არ მიურბით ხელიდამ მამული? აბა ერთი ამისთანა თავადი, თუ აზნაური გვიჩვენეთ, რომ სჩიოდეს და ჰყვიროდეს, მამული ხელიდამ მიმდისო? ამისთანა კაცს რად წაუვა მამული ხელიდამ? პირიქით, სხვაც მოუვა, თორემ თავისი ხომ შერჩება და შერჩება. კიდევ ვიტყვით: ხსნა მხნეობასა და გარჯაშია. ესე უნდა მოიქცეს ყველა, ვისაც ჰსურს

ფეხი მთებრ დასდგას ქვეყანად,
ტინურად დამტკიცებული,
ვითა ქარქვეტი ქართაგან,
არ იქმნას მოტაცებული.

თავადაზნაურობის უქმობით ჩვენი მიწაწყლის დაკარგვა

ხელნაწერი: ასლი, U №1052, გვ. 807-810.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №62, 23 მარტი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

წერილი ილიასეულად მიიჩნია და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანა პ. ინგოროყვამ 1957 წელს - ილიას ნაწერების სრული კრებულის VIII ტომში ზემომითითებული სათაურით.

33 საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია თავიანთ შინაურ საქმეებს მიუბრუნდნენ

▲ზევით დაბრუნება


ტფილსი, 28 მარტი

ძალიან ამბებია ამ ბოლოს დროს ევროპაში და, ჩვენის ფიქრით, დიდად საყურადღებონიც, როგორც ნიშანნი დროებისა. სამს დიდს სახელმწიფოს, საფრანგეთს, ინგლისს, გერმანიას თითქო დაეღალა თვალი გარედ ყურებითა, თითქო გარედამ და გარედ აღარაფერი არ აწუხებთ, თითქო საქმეები ისე მოეწყო და დაჰლაგდა, რომ სახელმწიფომ თავისი აქამდე გაბოროტებული და სამტროდ მაყურებელი თვალი თავის შინაობაზედ მიაქციოს მშვიდობიანად და ყოვლად უშიშარად.

საფრანგეთში გამოიცვალა სამინისტრო. მთავარმინისტრი ტირარი იძულებულ გაჰხდა გადამდგარიყო მთელის თავის სამინისტროთი. მართალია, დღეგრძელობა ამ სამინისტროსი პირველ დღიდგანვე არავისა სწამდა და იმის გადაყენებას დღედღეზედ მოელოდნენ, ხოლო საყურადღებო აქ ის არის, თუ რა საგანზედ მოასხლეტინა საფრანგეთმა ამ სამინისტროს თავისი უამისოდაც მოუმაგრებელი ფეხი. ბულანჟეს მომხრე დეპუტატმა პალატისამ ლაგერმა სარჩიელი შეიტანა პალატაში, რომ აწ არსებული კონსტიტუცია, მართველობის წეს-წყობილება შეცვლილ უნდა იქმნასო და ითხოვა დაუყოვნებლად გარჩევა ამ სარჩიელისა. სამინისტრომ ეს დაუყოვნებლობა იუარა და გამოაცხადა, რომ თუ პალატა შეიწყნარებს ლაგერის სარჩიელსა, სამინისტრო იძულებულ იქმნება სამსახურს თავი დაანებოს და სხვა კაცებს დაუთმოს გამგეობა საფრანგეთისა. პალატა ამ მუქარას არ შეუშინდა, სარჩიელი ლაგერისა შეიწყნარა და სამინისტრომაც თავისი მუქარა შეასრულა, აიღო და გადადგა.

ამ სახით საფრანგეთის პალატამ აღიარა საჭიროება და დაუყოვნებლობა კონსტიტუციის ხელახლად გადასინჯვისა და შეცვლისა. აზრი კონსტიტუციის ხელახლად გასინჯვისა და შეცვლისა კარგა ხანია ჰტრიალებდა საფრანგეთში, ხოლო საფრანგეთი, საგარეო საქმეთა გამო, თუ სხვა რაიმე მიზეზითა, ვერა ჰბედავდა დღეს-აქამომდე მაგ აზრისათვის გზა გაეხსნა. რაკი ეხლა მაგ აზრს გზა მისცა, უნდა ვიფიქროთ, რომ საფრანგეთს გული დამშვიდებული აქვს და საგარეო საქმეების მდგომარეობა ნებას აძლევს დიდს და ძნელს საქმეს კონსტიტუციის გადასინჯვისას შეუდგეს. ეს კია, რომ ბევრს არა სჯერა, ვითომ საქმეთა მდგომარეობამ ნება მისცეს საფრანგეთს მაგ რთულს და მძიმე შინაურს საქმეს ხელი მოჰკიდოს. ამბობენ, ეგ მარტო საბაბად დაიხვია ხელზედ პალა-ტამაო, რომ ტირარს ადგილი დააცლევინოს და ფლო-კეს სამინისტროს დააჭერინოს ეგ დაცლილი ადგილიო. ასეა თუ ისე, მაინც შესანიშნავია ეს ამბავი საფ-რანგეთისათვის იმ მხრით, რომ ამისთანა აწეწილს დროს მაგ საგანზედ წამოაკვრევინა ფეხი ყოფილს სამინისტროს.

ინგლისი უფრო ცხადად, გადაწყვეტილად და გაბედულად დაუბრუნდა თავის შინაურს საქმეს. სალუსბერის სამინისტრომ შეიტანა პალატაში ერთი იმისთანა რადიკალური კანონპროექტი შესახებ ადგილობრივის თვითმართველობისა, რომ ქვეყანას უკვირს და მართლადაც საკვირველია, ნამეტნავად თუ სახეში ვიქონიებთ, რომ კონსერვატორების სამინისტრომ ითავა ეს მართლადა დიდი და უზარმაზარი საქმე. ამ პროექტით ადგილობრივ თვითმართველობას დიდი მოედანი უკეთდება, ყოველგვარი ღონისძიება ეძლევა ადგილობრივს საჭიროებას დაუბრკოლებლად გაუძღვეს და ამ სფერაში არავისაგან არარა დაშლა არა ჰქონდეს. წარმოიდგინეთ, დედათა სქესსაც კი მიენიჭა ამ პროექტით უფლება მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ საქმეთა წარმოებაში. ეს კანონპროექტი ისეთი კარგი რამ არის, რომ თვით სალუსბერის სამინისტროს მოპირისპირენიც კი ქებას უთვლიან ამ პროექტის მოთავეებს და ჰპირდებიან მომხრეობას.

ამავე დროს გერმანიაც აწყობს და ალაგებს თავის შინაურს საქმეებს. იმპერატორმა ფრიდრიხმა უკვე წარმოსთქვა ტახტზედ ასვლის უმალვე თავისი აზრი შინაურ საქმეთა შესახებ. სახელოვანს მანიფესტში და უფრო სახელოვანს რესკროპტში თ. ბისმარკის სახელზედ მან ცხადად აუწყა ქვეყანას, რომ მე კონსტიტუციისა და კანონების თანახმად მსურს ვიმეფოვო. ეს სიტყვები ცარიელი ქადილი არ გამოდგა, როგორც ბევრს ეგონა.

გერმანიაში თ. ბისმარკის და განსვენებულ იმპერატორის მეოხებით დღეს აქამომდე ისეთი წესი იყო, რომ თვითოეული ცალკე მინისტრი პასუხისმგებელი იყო მარტო იმ საქმეების გამო, რომელიც ჰქონდა მინდობილი. ამ წესის გამო რაც უნდა მოეხდინა ცალკე მინისტრს, სხვანი ყურსაც არ იბერტყავდნენ და ამიტომაც მინისტრი გერმანიისა უფრო ხელქვევითი იყო თ. ბისმარკისა, მისის ნების აღმასრულებელი, ვიდრე მთელის სამინისტროს წევრი, რომელიც ვალდებული უნდა ჰყოფილიყო ცალკე, სხვათა მინისტრთა დაუკითხავად არ ესაქმა. ესეთის გარემოების გამო ყოველი ცალკე მინისტრი დამორჩილებული ჰყვანდა თ. ბისმარკსა, რომლის თვითნებობაზედ იყო დამოკიდებული დარჩენა და განდევნა თვითვეულის ცალკე მინისტრისა. ამ სფერაში თ. ბისმარკი თითქმის თავისუფალი ბატონი იყო და პარლამენტი კი გერმანიისა ჰდუმილებდა. ამიტომაც გამოცვლა ერთის მინისტრისა და იმის ადგილას ჩაყენება მეორისა დანარჩენს მინის ტრებს არც სციოდათ, არც სცხელოდათ: იმათთვის სულ ერთი იყო, ვის დასვამდა თ. ბისმარკი მინისტრად.

ეხლა კი იმპერატორს ფრიდრიხს უბძანებია, რომ მთელი სამინისტრო ერთიანად პასუხისმგებელი იყოს როგორც შინაურთა, ისე საგარეოთა საქმეთა გამო. ამისათვის შეუქმნია ეგრედწოდებული „სამეფო საბჭო“, საცა თვითვეული მინისტრი თანასწორი წევრია ყველასი. რაც მძიმე და დიდი საქმე აღმოჩნდება, შინაური თუ საგარეო, ეთისა თუ მეორის მინისტრის კუთვნილი, საერთოდ ყველა მინისტრებმა ერთად უნდა გასინჯონ და ერთად უნდა განაგონ. თვით იმპერატორია თავმჯდომარე ამ საბჭოსი. ამ სახით დღეის ამას იქით პასუხისგება დაედება მთელს კრებულს მინისტრებისას ერთად, ვისიც კუთვნილი საქმეც გინდა იყოს.

ეს ამბავი ვერაფრად მოსწონებია თ. ბისმარკს, რომლის თვითნებობასაც ამით ფრთა ეკვეცება, მაგრამ მაინც დაჰმორჩილებია და როცა სამეფო საბჭოს პირველი კრება ჰქონია, ამ საბჭოსათვის ვრცლად მოუხსენებია დღევანდელ საგარეო საქმეთა ვითარება. იმპერატორი ფრიდრიხი კმაყოფილი დარჩენილა ამ მოხსენებისა.

ამ სახით ერთი დიდი ნაწილი იმპერატორ ფრიდრიხის მანიფესტისა და რესკრიპტისა განხორციელებულ იქმნა და ამით დღეის ამას იქით ფეხმოკიდებულად უნდა ჩაითვალოს პასუხისმგებლობა მთელის სამინისტროსი გერმანიის პარლამენტის წინაშე და თვით სამინისტროც პარლამენტის აზრის დენას და სვლას უნდა შეერჩიოს ხოლმე.

საშიშარს რასმეს რომ მოელოდდეს ევროპა, არც საფრანგეთი აიჩენდა, ჩვენის ფიქრით, კონსტიტუციის ხელახლად გადასინჯვის ტკივილსა, არც ინგლისი შეუდგებოდა ხსენებულს დიდს საქმეს თვითმართველობისას და არც გერმანია - პარლამენტის გზაზედ დადგომას. სჩანს, გარეთა საქმეთა მდგომარეობა ყოველ ამის ნებას იძლევა და ნუთუ ეს დროთა ნიშანი არ არის?

საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია თავიანთ შინაურ საქმეებს მიუბრუნდნენ

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №66, 29 მარტი, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

34 მამულების გამიჯვნა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 29 მარტი

ჩვენ გადავათვალიერეთ გამოცხადებული აქაურს ოფიციალურს გაზეთში „გეგმა გამიჯვნისა“, ამ წლისათვის დანიშნულისა. ჩვენ შევნიშნეთ, რომ ზოგიერთი ის ადგილები, საცა შარშან იყო დაწყებული გამიჯვნა, წელს აღარ არის გეგმაში მოხსენებული. ამ სახით, რასაკვირველია, უკვე დაწყებული გამიჯვნა იმ ადგილებში გაჩერდება და ვინ იცის, ხელახლად როდისღა მოუბრუნდებიან დაწყებულის და მერე შეჩერებულის გამიჯვნის განგრძობასა.

ჩვენის ფიქრით, ასეთი სვლა გამიჯვნისა მეტად უხერხულია და საზიანო მამულის პატრონებისათვის. ან რა წესი და რიგია, რომ ჯერ ერთს ალაგას დაიწყებენ გამიჯვნას, არ გაათავებენ და მერე ადგებიან და სხვა ადგილას გადადიან. რა აზრი უნდა ჰქონდეს ასეთს გადასვლა-გადმოსვლას? ვინც იცის და თავის თავზედ გამოუცდია რა არის გამიჯვნის დაწყება მამულში და შუა გზაზედ გაუთავებელად დატოვება, ის ადვილად იგრძნობს მთელს უხერხულობას ამგვარის წესისას.

რაკი გასამიჯვნელად მიწათმზომელი შევა ხოლმე მამულში, იმ ადგილას მთელი რიგი და წყობილება მამულის მფლობელობისა უსათუოდ აირევა და მამული, ანუ იმისი ნაწილები, რომელნიც პატრონებს მანამდე უდავოდა სჭერია, სადავოდ გახდება ხოლმე. ამას მოსდევს ჩხუბები, ცემა-ტყეპა და ვაი-ვაგლახი. ჩვენებურს გამიჯვნას როგორღაც დაეკვება ერთი უცნაური ზნე: იმის მაგიერად, რომ ხელი მოუმართოს სადავო მამულების უდავოდ გარდაქმნას, იგი უდავოს სადავოდა ჰქმნის ხოლმე. ეს ყველგან შენიშნულია და დღეს აქამომდე საშველი ვერავის უპოვნია და იქნება არც უძებნია. რაკი ეს საოცარი ზნე თანა სდევს გამიჯვნასა, რაკი იქაც კი დავას აჩენს, საცა მანამდე არა ყოფილა არც დავა და არც დარაბა, ლოღიკა საქმისა იმას ითხოვს, რომ ერთს მამულში დაწყებული გამიჯვნა გაუწყვეტლივ განგრძომილი იყოს, ვიდრე სრულად დამთავრდებოდეს და გათავდებოდეს.

უამისოდ გამიჯვნა, აშლის რა ხოლმე მამულის მფლობელობის დიდის ხნის რიგსა, ეგრე აშლილად სტოვებს რამდენისამე წლით. გამოცხადებული გამიჯვნის დროს დავა ამ წელთა განმავალობაში ძლიერდება თანდათან, სადავო მამულებს მოდავენი ერთმანეთს აღარ ანებებენ სახმარად, რათა მფლობელობა მამულისა ხმარებით დაისაბუთონ, და ესეთი ყოფა იქამდე მიდის, რომ ჩხუბი, კეტების ტრიალი და ზოგჯერ დაჭრა და კვლაც თავს იჩენს ხოლმე იქ, საცა გამიჯვნამდე ცოტად თუ ბევრად მშვიდობიანობა იყო. ჩვენ იმას აღარ ვიტყვით, თუ რარიგად აყოვნებს და აზიანებს ესეთი ყოფა ეკონომიურს წინსვლასა და წარმატებასა იმიტომ, რომ ერთს მამულს ორი და სამი მოცილე პატრონი უჩნდება და თვითვეული იმასა სცდილობს, რომ ერთმანეთს ფეხი არ შეადგმევინონ მამულში.

ამ გამიჯვნის გეგმის შემადგენელთ უსათუოდ პატივსადები მიზეზი რამ ექმნებათ, რომ ერთს ადგილს დაწყებლს გამიჯვნას აჩერებენ და მეორე ადგილას გადააქვთ, ხოლო ის ვნება, რაც ამ გადატანგადმოტანას გამიჯვნისას მოაქვს, იმოდენად ძლიერია, იმოდენად სამძიმოა, რომ ყოველივე ამ ვნების თავიდამ აცილებას უნდა ექვემდებარებოდეს. საქმე უსათუოდ ისე უნდა მოეწყოს, ყოველისფერი ისე უნდა შეერჩიოს და შეეფეროს, რომ ერთგან დაწყებული გამიჯვნა განუწყვეტელი იყოს, ვიდრე გათავდება. რაც ამ მხრით აბრკოლებს ეხლადნელს წესს გამიჯვნისას, ყოველივე იგი აცილებულ უნდა იქმნას, თუნდაც ძნელად ასაცილებელიც იყოს. ისა სჯობია, ერთგან მაინც გათავდეს ხოლმე საქმე, ვიდრე ათასგან დაწყებულ იქმნას გაუთავებლად.

მამულების გამიჯვნა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №67, 30 მარტი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

35 ახალი ხანა გერმანიის ცხოვრებაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 30 მარტი

გერმანიას დაუდგა ახალი ხანა ცხოვრებისა. თ. ბისმარკის შინაურს პოლიტიკას დიდი განსაცდელი მოელის, როგორც ეტყობა უკანასკნელს დეპეშებს. ყველანი მოელოდნენ, რომ იმპერატორი ფრიდრიხი და თ. ბისმარკი ერთმანეთთან ვემ მოვლენ ნამეტნავად შინაურ საქმეთა გამო და აი ეხლა ამის თაობაზედ ვერაფერი ხმები ისმის თ. ბისმარკის სანუგეშოდ. უკანასკნელმა დეპეშებმა მოიტანეს ამბავი, რომ იმპერატორი ფრიდრიხი ბევრში არ ეთანხმება თ. ბისმარკს და ამის გამო თ. ბისმარკს ფეხი შეუტოკდა და იქნება სამსახურსაც დაეთხოვოსო.

თუმცა თ. ბისმარკის ჩვეულებრივი მუქარა ყოველთვის ისა ჰყოფილა, რომ თუ ჩემი სიტყვა არ გავა, სამსახურზედ ხელს ავიღებო, მაგრამ ეს მუქარა სჭრიდა განსვენებული იმპერატორის დროს. იმპერატორი ვილჰელმი ყოველთვის უფრთხოდა ამ მუქარასა და ბოლოსდაბოლოს იძულებულ შეიქმნებოდა ხოლმე დაუთმოს თ. ბისმარკსა, რომელსაც ის დიდი ღვაწლი მიუძღვოდა, რომ გაბზარული და წვრილწვრილად დარღვეული გერმანია გააერთა და ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ გარდააქცია. გასჭრის ეს ახალი მუქარა თ. ბისმარკისა იმპერატორ ფრიდრიხის დროსაც თუ არა, ეგ ჯერ კიდევ გამოსაცნობია.

რომ იმპერატორი ფრიდრიხი გულით მოწადინებულია თ. ბისმარკს როგორმე მშვიდობიანად განშორდეს, ამაზედ ეჭვი არავისა აქვს. ნამეტნავად ახალი იმპერატრიცა ვიქტორია ხელს მოუმართავს ამაში იმპერატორს ფრიდრიხს და ვინ იცის, იქნება აქეზებს კიდეც. მაგრამ თ. ბისმარკი სხვა კაცია. დიდი სახელი აქვს გერმანიაში, იმიტომ რომ გერმანიას დიდი სამსახური გაუწია. ეს თითქმის ოცი წელიწადია, თ. ბისმარკმა ისე მაღლა ასწია მანამდე უღონო და უჯანო გერმანია, რომ ევროპაში ბრძანებლად გაჰხადა და გააბატონა. ამისთანა კაცის სამსახურიდან გადაყენება სახუმარი საქმე არ არის და არა გვგონია, ადვილად გასაბედიც იყოს. გერმანიას სწამს თ. ბისმარკი, რომელსაც დღეს აქამომდე ბედმა არც ერთხელ არ უმტყუნა და რაც მოიწადინა, ყველგან ბურთი მოედნიდამ გაატანინა გამარჯვებით. ეს გერმანიამ კარგად იცის და ძნელად თუ მოიწადინებს, რომ გერმანიის სვე-ბედის გამგებელად სხვა კაცი შეიშვნიოს და შეიფეროს, ვიდრე თვითონ თ. ბისმარკი ცოცხალია და გარჯა შეუძლიან.

ეს გარემოება არ შეიძლება სახეში არ მიიღოს იმპერატორმა ფრიდრიხმა და მინამ თვისდა სურვილისამებრ მოაწყობს საქმეს, არ შეიძლება ასჯერ არ დაუფიქრდეს და ანგარიში არ გაუწიოს. მართალია, ეხლანდელს გერმანიაში ბევრი იმისთანა ელემენტია, რომელიც სულით და გულით მიემხრობა იმპერატორს ფრიდრიხს, როცა იგი შინაურს რეფორმებს შეუდგება. მართალია, მთელი დაწინაურებული გერმანია, დღეს აქამომდე დიდად ემდუროდა თ. ბისმარკს, რომელიც შინაურს საქმეებში ცოტად თუ ბევრად ჰკოჭლობდა და უიმისოც არ იყო, რომ ჰხუთავდა გერმანიას და ჰბაწრავდა ასე თუ ისე. მაგრამ საგარეო საქმეებში ძლევამოსილობა და გამარჯვება თ. ბისმარკისა ისეთი ცხადად დიდებული რამ იყო, რომ ამ დიდებულობის წინაშე ყოველივე სამდურავი მდუმარებდა და თუ ხმას ზოგიერთჯერ იღებდა, იმასაც უღონოდ, რიდით და უიმედოდ.

ბევრი ამ მომდურავთაგანი დარწმუნებული იყო, რომ გერმანიის ეხლანდელ მდგომარეობაში უბისმარკოდ ყოფნა შეუძლებელია; კარგია თუ ცუდი თ. ბისმარკი, იგია ერთადერთი კაცი, რომელსაც შეუძლიან მძიმე ტვირთი გერმანიის სვე-ბედისა დიდის იმედით და ნუგეშით ჰზიდოს. აი ყოვლად შემძლებელობა თ. ბისმარკისა რაში იყო და რაშია დღესაც. გარდა ამისა ბევრი წილი მომდურავთაგანი ამასაცა ჰფიქრობს, რომ თ. ბისმარკისაგან შექმნილი ერთობა გერმანიისა ჯერ მარტო ერთმანეთზედ მიბლანდული საქმეა და არა ქვითკირით შედუღებული და შეხორცებული. ეს მიბლანდულობაა შიგნეული სენი ეხლანდელის გერმანიისა და ეს სენი იმდენად ძლიერია, რომ შესაძლებელია თავის დროზედ თავი იჩინოს და ის დიდებული შენობა თ. ბისმარკისა ნაბლანდებზედ ჩაირღვას და დააფრაკდეს. ამ სენით სნეულს გერმანიას რომ ეხლა თ. ბისმარკი მოაშორონ, მაშინ გერმანიის უბედურებას სენს კი აღარ დააბრალებენ, არამედ იმ გარემოებას, რომ თ. ბისმარკი დაითხოვეს და სვე-ბედი გერმანიისა მდარე კაცებს ჩაუგდეს ხელშიო. ამ სახით რასაც თ. ბისმარკისაგან შეყრილი სენი თავისთავად უზამს გერმანიას, ის დაჰბრალდება იმათ, ვინც თ. ბისმარკის ადგილას ჩასდგებიან.

რაც უნდა სთქვით და ამ ბრალს ვერავინ იტვირთებს გერმანიის წინაშე. ამ ბრალის შიში უსათუოდ შეაფერხებს იმპერატორს ფრიდრიხს, როცა იძულებულ იქმნება რომელსამე გარკვეულს გზას დაადგეს თ. ბისმარკის გამო. მეტისმეტად საფრთხილოა თ. ბისმარკის შერყევა და შეტოკება. დიდი გაბედულობა უნდა, რომ კაცმა ეს მოახდინოს დღევანდელს დღეს გერმანიაში. ამიტომაც გვგონია, რომ იმპერატორი ფრიდრიხი ყოველ ღონეს იხმარებს საქმე ამ განწირულობამდე არ მივიდეს. რაც უნდა საქმე გამწვავდეს, მაინცადამაინც დაუჯერებელია, რომ თ. ბისმარკს გერმანიის იმპერიის კანცლერობა არ შერჩეს და ჩამოერთვას. ბევრი-ბევრი ეს შესაძლოა მოჰხდეს, რომ პრუსიის მთავარ-მინისტრობაზედ ხელი ააღებინონ და მარტო გერმანიის იმპერიის კანცლერობაღა დაუტევონ.

ახალი ხანა გერმანიის ცხოვრებაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №68, 31 მარტი, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

36 პოლიტიკურ დასთა სიმრავლე საფრანგეთში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 4 აპრილი

ჯერ გობლეს სამინისტრო ფეხზედ იდგა საფრანგეთში, რომ ყოველის კაცის თვალი ამ ქვეყანაში მიქცეული იყო ფლოკეზედ, რომელიც დღეს აქამომდე პალატაში თავმჯდომარეობდა. ამბობდნენ, რომ ფლოკე ერთადერთი კაციაო დღეს, რომელსაც შეუძლიან დღეგრძელი, მკვიდრი და ძლიერი სამინისტრო შეადგინოსო. ამისთანა სამინისტრო დიდი ხანია სანატრელად გაჰხდომია საფრანგეთსა, რადგანაც სხვადასხვა დასების ერთმანეთთან მტრობა და შუღლი არც ერთს სამინისტროს დიდხანს არ აყენებდა ფეხზედ და ამისთანა დაუდგრომელობა და უხანობა მართებლობისა შინაც უბრკოლებდა საქმეებს საფრანგეთსა და გარედაც აბრუს უტეხდა.

ტირარის სამინისტრო რომ შესდგა, ყველანი ამას იძახოდნენ, მკვდრად დაბადებული სამინისტროა, სადღეხვალიოდ მხოლოდ დანიშნულიო და იმ დრომდე გასძლებსო, ვიდრე ფლოკეს გარემოება ხელს შეუწყობს და ზოგიერთი დამაბრკოლებელი მიზეზი გზიდამ ჩამოეცლებაო. მომწიფდა საქმე ფლოკეს გამინისტრებად თუ არა, ტირარის სამინისტროს ფეხი მოასხლეტინეს და ფლოკეს გაუხსნეს გზა. გაჰხდა ფლოკე მთავარ მინისტრად საფრანგეთში, შეადგინა სამინისტრო და თავისი პროგრამა წარუდგინა კიდეც პალატასა.

ყოველ ამის დამსწრე კაცს უნდა ეფიქრა, რომ აი ეხლა აუსრულდა საფრანგეთს სანატრელი, მთავარ მინისტრად დაჰდგა იმისთანა კაცი, რომლისაგანაც მოელოდებოდნენ მკვიდრს, შეურყეველს და ხანგრძლივს სამინისტროსა და მაშასადამე იმასაც, რომ გამჭრიახობასთან და მხნეობასთან ერთად დრო და ხანიც ექმნება ამ სამინისტროს საფრანგეთისაგან მოწადინებული რეფორმები მოახდინოს. ეგრე კი არ გამოვიდა, ეს ფიქრი ცარიელ ფიქრად დაჰრჩა და ახალს სამინისტროს ფლოკესას პირველ ფეხის გადადგაზედვე აეშალნენ. საკვირველი ერია ეს საფრანგეთის ერი: დაუცხრომელია და დაუდგრომელი! დღე მუდამ სდუღს და გადმოდის. ესეთი ამბავი, - რა თქმა უნდა, - ცოცხლობის ნიშანიც არის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამისი სათავე თვითონ სიცოცხლეა და არა ჭირვეულობა „მე თუ შენაობისა“, არა ჯაბრი და ჯავრი თავთავისობისა.

საფრანგეთს გვამში ერთი საზარელი სენი ჩასდგომია და ის სენი არ აძლევს მოსვენებასა, რომ თავის ნამდვილს ავკარგიანობას ბეჯითად და მოცალეობით დაუკვირდეს, გასასწორებელი გაასწოროს და უკვე გასწორებულს და კარგს უფრო დიდი ავალა და დიდი გზა მისცეს მისის შტოების დაუბრკოლებლად ყოველ მხრივ გადაშლისათვის. აქ იბრძვიან, სდუღან, იმღვრევიან და სხვასაც ამღვრევენ მარტო სხვადასხვა დასნი, ჭირვეულად დამდგარნი ერთხელ და ერთხელ დაჩემებულ აზრზედ, რომ თუ მე მოვექცევი მართებლობის კენწეროზედ, თუ მე შევხტები ქანდარაზედ და სვე-ბედს საფრანგეთისას მე ჩავიგდებ ხელში, მაშინ ცხონდება ქვეყანაცაო, მაშინ ვიხსნით საფრანგეთსა ყოველის უსწორმასწორობისა და უბედურებისაგანაო. აი ეს „მე თუ შენაობაა“ იგი ჭია, რომელიც შიგნიდამვე ჰღრღნის ამ ღვთისაგან ყოველ სხვა მხრით დალოცვილს ქვეყანასა და ერსა.

ამის გამო ყოველი დასი თვითვეულად ცალკე თავის საკუთარს თავს ემსახურება და თვითონ საფრანგეთი კი თითქმის დავიწყებული აქვთ. ერთი იძახის, რომ ბონაპარტობაა მხსნელი საფრანგეთისა და რაც ბონაპარტობას არ მოასწავებს, იმას დაუძინებელ მტრად უხდება; მეორე იძახის, - ბონაპარტობა რის მაქნისია, ორლეანობაა იმედი ხსნისაო; მესამე ჰყვირის, შორს რად მისდიხართ, აი ბულანჟე, რომელიც ბედმა ხელთ მოგვცა ქვეყნის გასაბედნიერებლად და ამას უნდა გზა მივცეთო, და ბევრი სხვა ამისთანა. ყველაფერს ამას რომ გული მოვუჩხრიკოთ, გამოვა, რომ ერთს ბონაპარტობა უნდა, მეორეს ორლეანობა, მესამეს ბულანჟეობა მარტო იმისათვის, რომ თვითონაც მაღლა ასახტომად კიბე გამართოს. განა თვითვეული ეგ სახსარი ხსნისა არ გამოუცდიათ? ბონაპარტობამ რა ხეირი დააყარა საფრანგეთსა? მიწასთან გაასწორებინა გერმანიას, ორი მოზრდილი და ძვირფასი პროვინცია დააკარგვინა და ყოველ ამასთან სირცხვილი დამარცხებისა აჭამა ქვეყანას, რომელსაც მანამდე უძლეველობის სახელით თავი მოჰქონდა და რომელიც ამის გამო ბძანებლობდა ევროპაში. ორლეანებმა რაღა სიკეთე მოუტანეს? იქამდე მიიყვანეს საფრანგეთი, რომ სასოწარკვეთილმა ქვეყანამ 1848 წ. რევოლუცია მოახდინა და ილაჯგაწყვეტილმა, არეულობით დაღალულმა და დაქანცულმა ქვეყანამ თავის ნებითვე წაიჭირა ყელში საბელი და ორივე წვერი საბლისა ხელში მისცა იმისთანა კაცს, როგორიც იყო ნაპოლეონი III.

თითქმის ყველა დასს საფრანგეთისას თავისი დრო და ჟამი ჰქონია თუ რამ შეეძლო დაენახვებინა საფრანგეთისათვის. ვერც ერთმა იმოდენად ვერ ახეირა საფრანგეთი, რამოდენადაც თვითონ საფრანგეთი ჰნატრულობდა და ჰნატრულობს. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ამ „მე თუ შენაობის“ დასთა შორის იმისთანანიც არ ჰყოფილიყვნენ, რომელთაც ამოქმედებდა საქვეყნო სარბიელზედ მარტო ერთი ჭეშმარიტი მამულიშვილობა და გულითადი სიყვარული საფრანგეთისა. მაგრამ ამათგანაც ბევრი არა გამოდნა რა სწორედ იმ მიზეზით, რომ სხვა დასები, მარტო თავის თავისათვის მზრუნველნი, მოცალეობას არ აძლევდნენ საფრანგეთის საქმეს დაჰბრუნებოდნენ. მთელს დღეს იმაში აღამებდნენ და ღამეს იმაში ათენებდნენ, რომ ცხადად თუ ქურდულად სხვა დასები არ დაგვეცნენ, არ დაგვამხონ და საფრანგეთი თავის ყმად არ გაიხადონო. ამ სახით საფრანგეთის ჭეშმარიტად მოყვარენი დასნი თავისის ქვეყნის ბედის კარს მცველებად და დარაჯებადღა ედგნენ და დრო და მოცალეობა აღარა ჰქონდათ შინ ხვნისა და თესვისათვის.

მაშ რა არის თუ არ „მე თუ შენაობის“ ჟინი და ჭირვეულობა დღევანდელი ამბავი საფრანგეთისა. ტირარის სამინისტრო დაამხო პალატამ იმის გამო, რომ ამ სამინისტრომ არ შეიწყნარა დაუყოვნებლივ გარჩევა იმ სარჩიელისა, რომელიც კონსტიტუციის ხელახლად გადასინჯვას ჰთხოულობდა. შესდგა ახალი სამინისტრო ფლოკესი და ამ სამინისტრომ, სხვათა შორის, თავის პროგრამაში დაასახელა ხელახლად გადასინჯვა კონსტიტუციისა. ერთი კაი მოზდილი ნაწილი პალატისა, ოპორტუნისტობის სახელით ცნობილი, მთლად გადაუდგა ფლოკეს ამის მიზეზით და ამბობენ, რაკი ეს მოჰხდაო, ფლოკეს სამინისტრო დიდხანს თავს ვეღარ დაიჭერსო. ეს ამბავი და ტირარის სამინისტროსი რომ ერთმანეთს შევუფარდოთ, ჩვენი ქართული მდაბიური ანდაზა გამოვა: „გავიქცევი ქარიანი მქვიან, დავდგები - ლაჯიანიო“, ანუ „მიზეზ-მიზეზ და დოს მარილი აკლიაო“.

მოდით და სთქვით, რომ აქ საქმე და სიყვარული ქვეყნისა ჰმოქმედებს და არა ჟინი და ჭირვეუობა „მე თუ შენაობისა“. გუშინ დაიწუნეს კაცი იმისთვის, რომ მე კონსტიტუციის ხელახლად გადასინჯვას ვერ ვიკისრებო, დღეს იწუნებენ კაცს იმისთვის, რომ მე კონსტიტუციის ხელახლად გადასინჯვას ვკისრულობო და ემუქრებიან კიდეც, რაკი ეგრეა, დიდხანს ვერ გახეირებთო. მოდით და აქ ან თავი გაიგეთ და ან ბოლო.

ხვალ ვაცნობებთ მკითხველს - როგორ მიეგებნენ ფლოკეს სამინისტროს მისდა პროგრამის მიხედვით შინა თუ გარედ. ეს მით უფრო საყურადრებო და საგულისხმიეროა, რომ ამაზედ არის დამოკიდებული ფლოკეს სამინისტროს ხანგრძლიობა, რომლის შემდეგ ადვილად საფიქრებელია კლემანსოს გაეხსნას გზა მთავარმინისტრობისა. კლემანსოს გამინისტრება კიდევ ბევრს ახალს მოასწავებს საშინაო და საგარეო პოლიტიკისათვის.

პოლიტიკურ დასთა სიმრაველე საფრანგეთში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №72, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - „...ერთი იძახის... ბონაპარტობაა მხსნელი საფრანგეთისა... მეორე იძახის... ორლეანობაა იმედი ხსნისაო...“ - ბონაპარტისტები, პოლიტიკური პარტია საფრანგეთში, რომელიც იცავდა ბონაპარტების ოჯახის უფლებებს საფრანგეთის ტახტზე.

ორლეანობა, ორლეანელები, ასე ეძახდნენ საფრანგეთში მეფის დინასტიის, ბურბონების მომხრეებს.

37 პოლიტიკურ დასთა ბრძოლა საფრანგეთში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 5 აპრილი

ყველას მოეხსენება გაზეთებიდამ, რომ ფლოკე გამთავარმინისტრდა თუ არა, შეუდგა იმ პროგრამის შედგენას, რომელიც ჩვეულებრივად უნდა წარედგინოს ხოლმე პალატას ყოველ ახალ სამინისტროსაგან და რომელიც აღსაარებაა იმის თუ, - რას ჰპირდება ახალი სამინსტრო ქვეყანას და რა აქვს საგნად თავისის მოქმედებისათვის სამერმისოდ. პროგრამის შედგენა ცოტად თუ ბევრად დაუყოვნდა ფლოკესა. მიზეზი ამისი ის იყო, რომ ფლოკეს ჰსურდა იმისთანა პროგრამა შეედგინა, რომ ყველა გავლენიანს დასს სანუგეშო რამე ჰქონოდა პროგრამაში მოხსენებული. ეს იმისათვის იყო საჭირო, რომ ყველა გავლენიანს დასს პალატისას მონაწილეობა მიეღო სამინისტროში და ამით უმრავლესობა პალატისა მომხრედ გაჰხდომოდა ახალს სამინისტროს. ხოლო ფლოკეს ვერ მოუხერხდა თავისი დაწყობილება. რადიკალთა აზრთა სძლიეს და პროგრამაში ჩართულ იქმნა ორი მუხლი: ერთი შესახებ კონსტიტუციის ხელახლად გადასინჯვისა და მეორე განცალკევება ეკკლესიისა სახელმწიფოსაგან.

ამ ორმა მუხლმა შეუძლებელ ჰყო ერთს სამინისტროში მოთავსება სხვადასხვა გავლენიან დასისა. ოპორტუნისტებმა უარი უთხრეს ფლოკეს და ეგრეთწოდებულმა „მემარცხენეთა კავშირმაც“ იუარა ეგრეთი პროგრამა და დღეს ეს გავლენიანი ნაწილი პალატისა მტრად გაჰხდომია ფლოკეს. ფლოკე ყოველ ამის გამო იძულებულ შეიქმნა შეედგინა თავისი სამინისტრო განსაკუთრებით რადიკალთა დასის წარმომადგენელთაგან. ამან უფრო გაამწვავა მომდურავნი პროგრამისა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ფლოკეს კიცხვა დაუწყეს უშვერისა და უმართებულო სიტყვითა.

ყველაზედ უშვერის სიტყვით იხსენიებს ფლოკეს გაზეთი „მემარცხენეთა კავშირისა“ “Journal des Debatas“ სწორედ მიწასთან ასწორებს იგი ამ კაცს, რომელსაც ამოდენა ხანი საფრანგეთი იწვევდა სამინისტროდ და რომელიც დღეს მთავარმინისტრია. ამ გაზეთზედ ცოტად თუ ბევრად დაწინაურებული გაზეთი „Temps“-იც ჰკიცხავს ახალს სამინისტროს, თუმცა კი ისე არ იგინება, როგორც „Debats“-ი. თუ ფლოკეს მართლა ჰსურდა ერთად მოთავსება ყოველის გავლენიანის დასისაო, ამბობს „Temps“-ი, ჯერ უნდა ეფიქრნა მასზედ, რომ გაეუქმებინა იგი მუხლნი პროგრამისა, რომელნიც მიზეზნი არიან განხეთქილებისაო. ეგ მუხლნი განცალკევებაა ეკკლესიისა სახელმწიფოსაგან და კონსტიტუციის ხელახლად გადასინჯვაო.

გაზ. „Republique Francaise“ ამბობს, რომ ამ საგნების გამო ლაპარაკის ატეხა დღეს, როცა რესპუბლიკას ყოველ მხრიდამ საშინელს მტრობას უქადიან, რესპუბლიკის დაცვას კი არ მოასწავებს, არამედ საზოგადოებურ წესის დარღვევასა. ეგ იმასა ჰნიშნავს, რომ უფრო ღრმად მოჰსურვებიათ ამღვრევა ქვეყნისა, რომელსაც მოელის ქუჩის ანარხია და ცეზარიული დემაგოგიაო. გაზეთის „Siecle“-ის აზრით ახალი სამინისტრო მკვდრად დაბადებული ბავშვია.

რეაქციონური გაზეთები ხომ ამაზე შორსაც მიდიან და იქამდე თავს გადიან, რომ ამბობენ: „საფრანგეთი თავის დღეში ამისთანა სამარცხვინო ხელში არ ჩავარდნილაო“. ერთის სიტყვით, როგორც რეაქციონური გაზეთები, ისეც ზომიერ-ლიბერალურები აეშალნენ სამტროდ ახალს სამინისტროს და მალე დამხობას უქადიან.

უცხო ქვეყნების გაზეთები უფრო აუტაცებლივ და ჭკვადასმით საუბრობენ და სჯიან ფლოკეს მინისტრობის თაობაზედ და ცოტად თუ ბევრად თანაგრძნობით და მოწონებით იხსენიებენ, ნამეტნავად გერმანული გაზეთები. რა თქმა უნდა, რომ აუტაცებელი, ჭკვადამჯდარი სიტყვა უცხო ქვეყნელთა დიდს სამსახურს ვერ გაუწევს ფლოკესა. საქმე შიგნიდამ ციხის გატეხის შიშში არის. აქ გაკაპასებული ჭირვეულობა სხვადასხვა დასებისა შემძლებელია იმოდენად აწეწოს საქმე, რომ ქვეყანა აშალოს და აამღვრიოს და ფლოკეს სამინისტროს ფეხი მოასხლეტინოს. ორში ერთი დარჩენია ფლოკეს: ან ყოველს განსაცდელს დასთა ბრძოლისას მიეცეს, - რაც გამოვა, გამოვიდესო; ან ეხლანდელი პალატა დაითხოვოს და ახალი არჩევანები დაჰნიშნოს, ესე იგი, დაეკითხოს საფრანგეთის ერსა. ორივე ძნელი გასაბედია, პირველი იმიტომ, რომ პალატა უსათუოდ ფეხს წამოაკვრევინებს, რადგანაც შესაძლოა, ოპორტუნისტებმა და მემარცხენეთა კავშირმა მხარი მისცენ მემარჯვენეთა, და ყოვლად უძლეველი უმრავლესობა პალატისა შესდგეს წინააღმდეგ ახალის სამინისტროსი და მაშინ ხომ ერთს დღესაც ვეღარ იხეირებს ახალი სამინისტრო, დათხოვნა პალატისაც და ახალის არჩევანების დანიშვნაც დიდად საშიშია, თუ კაცი დაუკვირდება იმ ამბებს, რაც ბულანჟეს გამო მოჰხდა ამ ბოლოს ხანს საფრანგეთში. რადგანაც ეხლანდელ წესების ძალით ერთსა და იმავე კაცს შეუძლიან კენჭი ჩამოატაროს ერთსა და იმავე დროს ყველა დეპარტამენტში, ამიტომაც საშიშია, რომ ბულანჟეს კენჭის ყრა პლებისციტად არ გადაექცეს და მაშინ ვინ იცის რა მოჰხდეს საფრანგეთში. ამ გაჭირებულ მდგომარეობისაგან როგორ დაიხსნის თავს ახალი სამინისტრო ამას დრო გამოაჩენს.

პოლიტიკურ დასთა ბრძოლა საფრანგეთში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №73, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

38 ბისმარკის კრიზისი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 6 აპრილი

მაშინ, როდესაც საფრანგეთი საფალავნოდ გამკლავებულს ბულანჟეს მიერ ატეხილს ხათაბალაშია, არც გერმანიას ეთქმის მშვიდობით და მოსვენებით ყოფნა. აქაც აიმღვრა და აიშალა საქმე, მიზეზი ამისი ის არის, რომ აქ ფეხი შეუტოკდა კაცს, რომელიც დღეს აქამომდე კლდესავით მაგრად იდგა და სვე-ბედს გერმანიისას საითაც უნდოდა, თავს იქით უზამდა. თ. ბისმარკს საკმაოდ აგრძნობინა ახალმა იმპერატორმა, რომ, მართალია, ძვირფასი, ღვაწლდამდები და გენიოსი კაცი ხარო, მაგრამ მარტო შენს ნებაყოფლობაზედ ვერ ვამყოფებ გერმანიას, რომელსაც თავისის ნებისა და სურვილის გამომთქმელი პარლამენტი ჰყავს და თავის ფარ-ხმლად კიდევ თავისი კანონები აქვსო; ყოველივე შენი მოქმედება ამ ორს ღონეს გერმანიისას, პარლამენტსა და კანონებს უნდა ექვემდებარებოდესო.

ეს, განა თქმაღა უნდა, ტყვიასავით მოჰხვდებოდა გულში იმისთანა თვითნება რკინის კაცს, როგორც თ. ბისმარკია, რომელსაც თავის სიცოცხლეში სხვა კანონი არა სცოდნია, გარდა თავისის ნებისა, და რომელსაც თავის ხანგრძლივ ცხოვრების მიმდინარეობაში რაც კი წინ დაჰხვედრია და გადაჰღობია, მტვერსავით გაუტანია. ეხლა ამ კაცს ეუბნებიან: არა, ჩვენო კარგო, დღეისამასიქით შენი ნება უსათუოდ უნდა შეეწონოს სხვის ნებასაცაო. აი სწორედ აქ არის იგი მიზეზი, რომელმაც გააჩინა ეგრეთწოდებული „კრიზისი კანცლერისა“. ეგ არის თავდაპირველი მიზეზი, რომელმაც იძულებულ ჰყო თ. ბისმარკი სამსახურიდამ გადადგომის თხოვნა მიერთმია იმპერატორისათვის. ეს მიზეზი აღმოჩნდა თითქმის პირველ დღესვე, როცა ფრიდრიხი იმპერატორად გაჰხდა. ხოლო აქამდე ეს მიზეზი თავს არ იჩენდა ესე ცხადად, როგორც დღეს და თ. ბისმარკი ტკივილს გულში ინახავდა დრომდე. იკითხავთ, რისთვისაო? არ რისთვის:

პირველ ხანშივე თ. ბისმარკს რომ მოენდომებინა სამსახურიდამ გადადგომა, რას იფიქრებდა გერმანია? განა არ იტყოდნენ: აი თავისი თვითნებობა უნდოდა პარლამენტსა და კანონებზედ მაღლა დაეყენებინა, იმპერატორმა ეს არ ინდომა და ამის გამო თ. ბისმარკი სამსახურიდგან გადადგაო. ეგრე დაყენებული საქმე თითქმის მთელს თანაგრძნობას გერმანიისას და ევროპიისასაც გადიტანდა იმპერატორ ფრიდრიხზედ და მთელს წუნს დასდებდა თ. ბისმარკს, ვითარცა კაცს, რომელმაც ამდვენი ღვაწლი დასდო გერმანიას, ამდვენი ერთგულება გაუწია და თვითნებობა თვისი კი ვერ დაუთმო და ვერ შესწირა. თ. ბისმარკი, ეს მართლა დიდებული და სახელოვანი კაცი ამისთანა ბრალს ვერ დაიდებს ისტორიის წინაშე, ამისთანა საბუთს კიცხვისას ვერ ჩაუგდებს ხელში თავის მოპირდაპირეებს. გულში თუმცა ეს დაუთმობლობა ჰქონდა და აქვს, მაგრამ საქვეყნოდ კი ამის გამომჟღავნებას უნდა მოჰრიდებიყო. ასეცა ჰქმნა. სხვა მიზეზს მოუცადა, იმისთანა მიზეზს, რომლის გამოც სამსახურიდამ გადადგომამდეც მიეყვანა საქმე და თანაგრძნობაც გერმანიისა და ევროპიისა შეჰრჩენოდა. ამისთანა მიზეზად შეექმნა შინაური, საოჯახო საქმე იმპერატორის სახლეულობისა.

ჯერ 1884 წ. ლაპარაკი იყო, რომ ეხლანდელი იმპერატორი და მაშინდელი მემკვიდრე ფრიდრიხი თავის ქალს ვიქტორიას ათხოვებს და აძლევს ყოფილს ბოლგარიის მთავარს ალექსანდრე ბატენბერგელსაო. მას აქეთ ეს ხმა მისწყდა და ამ ბოლოს ხანებში თ. ბისმარკმა ხელახლად შეიტყო, რომ ეს ძველი ამბავი ჰლამის განახლებასა. იმპერატორმა პირდაპირ აუწყა თ. ბისმარკს, რომ ჩემს ქალს ვიქტორიას ალექსანდრე ბატენბერგელსა ვრთამო. თ. ბისმარკმა დიდად იუარა, შორს დაიჭირა და თამამად მოახსენა თავის ხელმწიფეს, რომ შეუძლებელია ეგ საქმე მოჰხდეს, ვიდრე მე გერმანიის პოლიტიკის გამგებელი ვარო. ეგ იმპერატრიცას ნება არისო, უბრძანა თურმე იმპერატორმა: და მე ვერ დავუშლი ჩემს ქალს ბედნიერებასაო. თ. ბისმარკმა ნება ითხოვა მოელაპარაკოს იმპერატრიცას. ამის ნებადართულმა თ. ბისმარკმა ვერა გააწყო რა და იმპერატრიცამ უბრძანა, თქვენი საბუთები საკმაონი არ არიან, რომ ვითომ მაგ გათხოვებამ ჩემის ქალისამ ვნება რამ მოუტანოს გერმანიასა და ამიტომ თქვენ ვერ დაგეთანხმებით და ჩემის ქალის ბედნიერებას ვერ გავწირავო. თ. ბისმარკმა ეს ამბავი დაიხვია ხელზედ, მიზეზად გაიხადა და სამსახურიდგან გადადგომის თხოვნა მიართვა იმპერატორს. თ. ბისმარკის მომხრეებმა კაცებმა ცალკე და გაზეთებმა ცალკე დაფი და ნაღარა დაჰკრეს ამაზედ მთელს გერმანიაში და დიდს და პატარას ყურში ჩააწვეთეს, რომ თ. ბისმარკი ასეთი თავგამოდებულია გერმანიისათვის, რომ იმპერატორის ქალის ბედის გაწირვასაც კი არ შეუშინდა გერმანიის ბედნიერებისათვისაო.

ეს ოსტატობა შეუმჩნევლად ვერ დარჩებოდა ვისგანაც ჯერ არს და აი ამ ოსტატობას წინ რა დაუყენეს: გათხოვება იმპერატორის ქალისა უკეთესს დრომდე გადადებულ იქმნა და თ. ბისმარკსაც, რასაკვირველია, სამსახურიდამ გადადგომა უნდა გადაედო. დღეს ეს საქმე ამ წრეში ჰტრიალებს. ამ სახით უხერხეს თ. ბისმარკს და ეს მისდა სასახელო და სხვისთვის კი მოსამდურებელი მიზეზი ხელიდამ გამოაცალეს. ჩვენის ფიქრით, ეგრეთწოდებული „კრიზისი კანცლერისა“ ჯერხანად შეფერხებულია და თავიდამ მოშორებული კი არა. თუ კრიზისის ჭაპანი გასაწყდომია, სწორედ იქ გააწყვეტინებენ თ. ბისმარკსა, საცა მართლად წვრილია: თვითნებობა თ. ბისმარკისა არის იგი წვლილი და თუ ფეხატოკებულს კანცლერს გაწყვეტა უნდა, არა გვგონია, სხვაგან სადმე გააწყვეტინონ და მით თავისი მუქარაც აასრულებინონ და გერმანიის გულიც მოაგებინონ.

ეგრე ხსნიან ეხლანდელს კრიზისს დეპეშები ბერლინიდამ ვენაში გაგზავნილნი. ამ სახით გამოდის, რომ საპირედ კრიზისისა არის ვითომდა თავგამოდება თ. ბისმარკისა გერმანიის ბედნიერებისათვის, სარჩულად კი ის არის, რომ თ. ბისმარკი ჰთაკილობს თავისი თვითნებობა დაუმორჩილოს გერმანიის იმპერატორის სურვილს, რომ გერმანიაში მარტო გერმანია განაგებდეს თვისთა საქმეთა და არა ცალკე კაცი, თუნდ იმისთანა სახელგანთქმული, როგორიც თ. ბისმარკია.

ბისმარკის კრიზისი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №74, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - . ბისმარკს საკმაოდ აგრძნობინა ახალმა იმპერატორმა...“ - იგულისხმება ფრიდრიხ III. ნაციონალლიბერალები დიდ იმედებს ამყარებდნენ ფრიდრიხზე. იგი დაინტერესებული იყო მეცნიერებით, ლიტერატურითა და ხელოვნებით, გარემოსილი იყო მწერლებით და მეცნიერებით (მომზენი, ვირხოვი, ჰელმჰოლცი და სხვ.). იგი თავისუფლად გამოთქვამდა თავის აზრებს და ასევე თავისუფლად კიცხავდა ბისმარკის პოლიტიკას.

39 გერმანიის იმპერატორის ფრიდრიხ III ავადმყოფობა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 13 აპრილი

დღევანდელს დღეს ევროპაში პოლიტიკის ძარღვის ცემა თითქო შემდგარია. აქამდე გამწვავებულნი საქმენი დღეს თითქმის მიჰნელდნენ და უკან მიჰდგნენ. დღეს ბევრს აღარავის ახსოვს ბოლგარია, ეგვიპტე, ავღანისტანი, საფრანგეთისა და გერმანიის დაუძინებელი მტრობა და ერთმანეთის მუქარა და ქადილი. ყოველი ეს მიჰჩუმდა იმ ამბების წინაშე, რაც მოისმა ამ ბოლოს კვირაში შარლოტენბურგიდამ შესახებ იმპერატორ ფრიდრიხის ავადმყოფობისა. შიში ამ ამბებისა დაეცა მთელს გერმანიას და თითქმის მთელი კაცობრიობაც, შეპყრობილი და დატყვევებული ამ ამბებით, მარტო იმაზეა მიქცეული თუ, - როგორ გადურჩება გერმანიის იმპერატორი თავის უკანასკნელს განსაცდელს, რომელიც ამ ხანებში მეტად გაძლიერდა. იმპერატორს ფრიდრიხს გაუძნელდა ავადმყოფობა და ერთხანად საფიქრებელიც გაჰხადა მისი სიცოცხლეო, გვაუწყეს გაზეთებმა და დეპეშებმა, და თუმცა ეხლა უკეთობაშია თურმე იმპერატორი, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც შიში სრულად არ არის გაფანტულიო.

ღმერთმა ჰქმნას, მოლოდინი ქვეყნიერობის გულშემატკივართა არ გამტყუნდეს და იმპერატორი ფრიდრიხი, თუ სრულად არა, ხანგრძლივად მაინც გამოკეთდეს. ჯერხანად ჩვენც სასოება ვიქონიოთ, რომ დღეგრძელობა მისი ასე უდროვოდ არ მოისპოს, რათა მის მიერ აღნიშნულ კაცთმოყვარულ პოლიტიკას, ჭკუით განვითარებულს და გულით გამთბარს სურვილსა და განზრახვას ფესვი მაგრად მოეკიდებინოს იმ სახელმწიფოში, რომელიც თითქმის ჰწინამძღვრობს ეხლანდელს ქვეყნიერობასა და რომელსაც მთელი ევროპა უყურებს როგორც ძლიერს მომქმედს საქვეყნო ასპარეზზედ.

რაც უნდა იყოს, მაინცდამაინც ხელმწიფება იმპერატორის ფრიდრიხისა კვალდაუჩნეველად არ ჩაუვლის გერმანიას და მის მიერ მთელს ევროპასაც. სულ შვიდი კვირაა, რაც იმპერატორი ფრიდრიხი ჩაჰდგა გერმანიის სვე-ბედის სათავეში და ეს ხანმოკლე ხელმწიფებაც კი გერმანიის ისტორიაში დაიჭერს დიდად შესანიშნავს ადგილსა და შთამომავლობას გულითადის მადლობით მოახედებს იმპერატორს ფრიდრიხზედ. იმისმა მაღალმა კაცთმოყვარეობამ, რომელმაც შვიდობიანი, ხმაამოუღებელი, ჩუმი წარმატება თავის ერისა არჩია ყოველს ხმაურობასა და ქება-დიდებას ომებში გამარჯვებისას, არ შეიძლება თავისი დვრიტა არ დასდოს და გერმანია არ გამოაცოცხლოს ამ დიდებულ მოძღვრებისათვის.

დღეს აქამომდენაც იყვნენ გერმანიაში იმისთანა წარჩინებულნი კაცნი, რომელთაც გული მარტო ამისთანა მოძღვრებისათვის უცემდათ, მაგრამ ყოვლად შემძლებელი მოძღვრება ძალმომრეობისა, ბისმარკის მიერ ფეხგადგმულისა, ხმას არ აღებინებდა ამისთანა კაცებს და ესენიც გულხელდაკრებილნი და ხმაამოუღებელნი ელოდნენ უკეთეს დღეებს. ეს უკეთესნი დღენი დაუდგათ, რაკი ფრიდრიხი გახელმწიფდა, და დღეს ამ მოძღვრებამ ძალი და ღონე მოიცა და გულისნადები უკეთესთა კაცთა გაღვივდა ვითარცა თესლი, რომელსაც მოხვდა გამაცოცხლებელი ნამი ნოყიერს მიწაში. ამ თესლს წინ ვეღარა დაუდგებარა, იგი თავის ძირს, ღეროს და შტოებს გაიკეთებს, როგორც ყოველი, რასაც კი ერთხელ და ერთხელ სიცოცხლე დაეძვრის ხოლმე. ამიტომაც გვგონია, რომ იმპერატორ ფრიდრიხის შემდეგ სისტემას ბისმარკისას ისეთი გაბედული, კადნიერი და მოურიდებელი სვლა აღარ ექმნება, როგორც აქამომდე ჰქონია და მუხას ვაშლი ასხიაო, ამას თ. ბისმარკი ისე ხშირად ვეღარ გაიგონებს გერმანიაში, იმიტომ რომ ყურმოჭრილი ყმობა, თუ დღეს ჯერ კიდევ ბოლო მოღებული არ არის, ძლიერ მაინც შერყეულია იმ კაცის შვიდის კვირის ხელმწიფებითა, რომლის ცოტად თუ ბევრად ხანგრძლივად სიცოცხლეს ჰნატრულობს ყოველი პატიოსანი და თვალახილებული კაცი.

ამ შვიდის კვირის ხელმწიფებამ შეარყია დიდის ხნის სისტემა თ. ბისმარკისა და რადგანაც მერმისიც ამ მოკლე ხნის ხელმწიფების დედააზრთა ეკუთვნის, ამიტომაც ადვილად გამოსაცნობია, რომ დღეის ამას იქით თ. ბისმარკმა დიდი ანგარიში უნდა გაუწიოს ამ უკვე გაღვიებულ დედააზრთა, რომელთაც იმედი გამარჯვებისა თავის სიმართლესა და ბუნებაშივე აქვთ. ამ აზრებს შესაძლოა გამარჯვება დაუყოვნდეს და არ შეიძლება კი, რომ გამარჯვება ბოლოსდაბოლოს მაინც ამათ არ დაჰრჩეს. ამიტომაც ვსთქვით, რომ იმპერატორ ფრიდრიხის ხანმოკლე ხელმწიფებაც კი კვალდაუჩნეველად არ ჩაუვლის გერმანიასაო, იმიტომ რომ მის მიერ დაძრული და გაღვიებული აზრი, ვითარცა მართალი და ჭეშმარიტი, თანთან სულ მატებაში შევა და გაძლიერდება.

გერმანიის იმპერატორის ფრიდრიხ III ავადმყოფობა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №80, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - ყოველი მიჰჩუმდა იმ ამბების წინაშე, რაც მოისმა... შესახებ იმპერატორ ფრიდრიხის ავადმყოფობისა...“ - 1887

წლიდან იმპერატორი ფრიდრიხ III ავად იყო ყელის კიბოთი.

40 გენერალი ბულანჟე - საფრანგეთის „მხსნელი“

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 14 აპრილი

ერთის გაზეთის კორრესპონდენტი საფრანგეთის შესახებ ამბობს: „ჩვენს თვალწინ ერთი უცნაური და დიდისდიდად საინტერესო ამბავია დღესა. ორიოდე კაცმა, მართალია, მხნეებმა და ნიჭიერებმა, მაგრამ სხვაფრივ კი ღონემოკლებულებმა, ამართეს დროშა ხალხში სახელგათქმულის გენერლისა, მთელი იერიში მიიტანეს მესამე რესპუბლიკის პარლამენტარობის სისტემაზედ და მთელი ომი გამართეს სასარგებლოდ თავის არჩეულ გენერლისა... ამ ორიოდე კაცისაგან ატეხილი მოძრაობა ლამის ერთ უშველებელ ნიაღვარად გადაიქცეს და თან წაიღოს ყოველისფერი, რაც წინ დახვდებაო. ამიტომაც საშინელი შიში და კრძალვა შეუდგათ მის მოპირდაპირეებსაო“.

ვინ არის იგი კაცი, რომლის სახელით ასე შესძრეს თითქმის მთელი საფრანგეთი? ის კაცი გახლავთ გენერალი ბულანჟე, რომელსაც ოპორტუნისტების დასმა ჯერ სამხედრო მინისტრობა ჩამოართვა და ბოლოს ხომ სრულადაც გადააყენა სამხედრო სამსახურიდამ. აბა თუ ესეა, და ახლა მე ვიციო, დაიქადა ამ ბედნიერმა გენერალმა და აი დღეს ლამის ქადილი შეუსრულდეს.

რა კაცია ეს გენერალი ბულანჟე? ამის პასუხს დაბეჯითებით თვითონ მისნი ახლობელნიც ვერ იტყვიან. რა უნდა ამ კაცს? ამაზედ თვითონ ბულანჟესაც კი პასუხი ვერ მიუცია. ვერ მიუცია იმიტომ რომ ის, რასაც ეხლა ბულანჟე ამბობს, პასუხი არ არის. იგი ამბობს, რომ მე მინდა დღევანდელი ენაჭარტალა და ყბედი პარლამენტი გადავაყენო, სხვა ახალი პარლამენტი ამოვარჩევინო, საფრანგეთის ერისა და კონსტიტუციის წესი ხელახლად გადავასინჯვინო და გადავაკეთებინოვო. ამაზედ ეუბნებიან, ეგ ხომ მარტო გზაა, ეგ ხომ მარტო ღონეა რისამე მისაღწევად და გვითხარით, მაგ გზით და ღონით რის მიღწევა გსურთო. რის მიღწევა მსურს, მე მაგაზედ ჩემი საკუთარი პლანები მაქვსო, და ჯერ ვერავის ვეტყვიო, უპასუხნია თურმე ბულანჟეს.

თუ ბულანჟე კაცობითაც გამოუცნობელია და მოძღვრებითაც გამოურკვეველი, მაშ მისმა სახელმა რა მანქანებითღა აწეწა მთელი საფრანგეთი იმოდენად, რომ ლამის ყველაფერი ერთმანეთს ახალოს და დააჯახოს? ამისი მოზეზი იმოდენად მისის სახელის ღირსება და შარავანდედი არ არის, რამოდენადაც თვითონ საფრანგეთის დღევანდელი ავკარგიანობა. მას აქეთ, რაც რესპუბლიკა დაარსდა საფრანგეთში, ერი შინაური ყოფაცხოვრების განკარგებას ჰნატრობდა ყოველდღე. პარლამენტმა, რომელიც დასთა სიმრავლემ ერთმანეთში ანგარიშების გასასწორებელ სალაყბოდ გადააქცია, მოაწყინა თავი საფრანგეთსა თავისის უხეირობით და უქმობით. ამ ლაქლაქა და თითქმის ყოვლად უქმ პარლამენტის ხელში ვერც ერთმა სამინისტრომ თავი ვერ დაიჭირა იმოდენად, რომ დასთა ბრძოლისაგან მოცლის დრო ჰქონოდა გაეკეთებინა რამე. ამიტომაც ერთს დროს, როცა ოპორტუნისტების დასს გავლენიანი ხმა ჰქონდა, ეს დასი ჰქადაგებდა პარლამენტის დათხოვნასა და სხვა საპარლამენტო კაცთა არჩევანსა, რადგანაც ეგონა, რომ საფრანგეთის ერი ამოირჩევდა ოპორტუნისტების დასის კაცებს და მით გაძლიერებულნი და მხარმოცემულნი ხელთ ჩაიგდებდნენ ხანგრძლივად საფრანგეთის სვე-ბედის გამგეობას. ოპორტუნისტების მხრით, ამგვარის აზრის დენა იყო საფრანგეთში. მეორეს მხრით რადიკალთა დასი ჰთხოულობდა რეფორმებს შინაურ ყოფაცხოვრების განსაკარგებლად. დღეს ეს ორი უდიდესი დასია პარლამენტში. სხვაგვარ დასებსაც, რომელსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყვანდათ, თავისი საკუთარი ტკივილი და წყურვილი ჰქონდათ და ამ მიზეზით ერთი მეორეს არ აცლიდა საქმის კეთებას და ტყუილუბრალოზედ ეხარჯებოდათ ტყუილუბრალო მჭევრმეტყველობა. საქმე არა გამოდიოდა რა, ფრაზების მეტი. დაიღალა საფრანგეთი ლოდინითა, დაეღალა თვალი, დაეღალა გული, ბევრმა აითვალწუნა ეხლანდელი პარლამენტი, როგორც ვერ შემძლებელი საქმისა რისამე და ვერც დამდგინებელი იმისთანა მთავრობისა, რომელსაც ხანგრძლივად გაეძლო და, მაშასადამე, დრო ჰქონდა მოქმედებისათვის.

ხშირად ამისთანა გულნაკლულობის და გულდაწყვეტილობის დროს ერი წყალწაღებულსავით ხავსს ეჭიდება, რაკი მეტი გზა არ არის. ამისთანა დროს სამდურავი და უკმაყოფილება არის ხოლმე იგი მღვრიე წყალი, რომელშიაც ყოველი პატივმოყვარე კაცი თევზის ჭერას ჰნდომობს. აქ თვითონ ღირსება კაცისა, რომელიც ხელთ იგდებს ხოლმე ბადესა, არაფერს შუაშია და მარტო უღირსობა ჟამთა ვითარებისა მოქმედებს. ამისთანა დროს, მუთაქაც რომ დასვათ, შესაძლოა, ხალხის თვალი მიზიდულ იქმნას და მოტყუებული.

აი, სწორედ ეს დრო იხელთა ორიოდე გამჭრიახმა კაცმა და გამოატყვრინა გენერალი ბულანჟე საფრანგეთის მხსნელად. აი კაციო, უთხრეს საფრანგეთს: რომელიც ამ უქმს და უხეირო პარლამენტსაც თავიდამ მოგაშორებთ და უკანონოდ შემდგარს უღონო კონსტიტუციასაც გადაგიკეთებთო, ესე იგი, რეფორმებს მოახდენსო. ბულანჟემაც ეს დაიხვია ხელზედ და დღეს პირში ბურთს უდებს ცალკე ოპორტუნისტებს, რომელთაც ეხლანდელის პარლამენტის დათხოვნა ჰსურდათ, ცალკე რადიკალებს, რომელთაც რეფორმები უნდოდათ. ერთსაც და მეორესაც მე ვკისრულობ და მოვახდენ თუ თვითვეულის თქვეგანის სურვილი ტყვილი მიდებმოდება არ არის ერის თვალის ასახვევად, წინ რაღად მეღობებითო? ამ სახით ამ ორის გავლენიან დასის იარაღითვე იბრძვის დღეს ბულანჟე.

ბევრს არა სჯერა, რომ ბულანჟე რისამე შემძლებელი იყოს, მაგრამ გულდაწყვეტილს და გულნაკლულს ყოველიგვარი ქადილი და დაპირება ადვილადა სწამს ხოლმე და რასაკვირველია, რომ ქადილი და დაპირება ლაღის გენერლისა ზოგიერთმა ნაწილმა დაიჯერა საფრანგეთშიაც. დღეს, თუ ბულანჟეს სახელი მოქმედობს საფრანგეთში, ერის გულდაწყვეტილად და გულნაკლულად ყოფნის წყალობით მოქმედობს და არა იმით, რომ იგი მართლა ღირსებით შენიშნული და საიმედო კაცია.

იქნება ყოველის ღირსებითაც შემკული იყოს, მაგრამ ჯერ არავითარი საბუთი არ არის, არავითარი მაგალითი, რომ რომელიმე ღირსება მისი გამოჩენილიყოს. საფრანგეთისათვის მას არავითარი საქებელ-სადიდებელი სამსახური არ გაუწევია. დღევანდელის ყოფაცხოვრების მომდურავებმა თუ გენერალ ბულანჟეს ჩაჰკიდეს ხელი თავისის განზრახვის განსახორციელებლად, მარტო იმისათვის, რომ ამ გენერალს სახელი აქვს გავარდნილი საფრანგეთში, რადგანაც მინისტრობის დროს, ცხვირიც რომ დაეცემინა, დაფა-ნაღარას დაჰკრავდა ხოლმე, ვითომდა დიდი რამ საქმე გავაკეთე და მიყურეთ რა კაცი ვარო. ამისთანა შუშხუნა და ფართი-ფურთის კაცი ზოგჯერ გზას გაიკაფავს ხოლმე საფრანგეთში, მაგრამ შუშხუნასავით მალე იცის როგორც ალაპლაპება, ისეც ჩაქრობა. ხოლო უბედურება ეს არის, რომ ხშირად ეს შუშხუნობა მეტად ძვირად უჯდება ხოლმე საფრანგეთსა.

დღეს საფრანგეთს ამის შიში აქვს და ამას სწუხან მით უფრო, რომ ამ შიშის გამო საფრანგეთს ევროპიის მწყობრში თავისი შესაფერი ხმა არ ექნება, რადგანაც ციხე მისი შიგნიდამვე ირყევა და ბევრნაირად განსაცდელში გამოვლილს საფრანგეთს ზარი რყევის ღონესაც უბათილებს და ხალისსაც უკლავს საგარეო მოქმედებისათვის იმ ანდაზისა არ იყოს, რომ როცა შინ ბალღები გიტირიან, გარეთ ტაბლას რა უნდაო.

გენერალი ბულანჟე - საფრანგეთის „მხსნელი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №81, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

41 მედიატორთა სამუდამო სასამართლოს დაწესება ჩრდოლოამერიკაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 19 აპრილი

ევროპამ რაც გინდ ძლიერად იღვაწოს კაცობრიობის საბედნიეროდ თავის უკეთესთა შვილთა მეოხებით, რაც გინდ მისთა დაწინაურებულთა და წარჩინებულთა შვილთა საკვირველებანი აღმოაჩინონ ცივილიზაციის და კულტურის წინ საბიჯებლად და წარსამატებლად, მაინც ევროპა ძველი ქვეყანაა, ტანსა და ერთობ აგებულებაში ბევრი რამ ძველი ჩასჭედვია და ამის გამო ძნელად ითვისებს ახალსა ცხოვრებაში განსახორციელებლად.

რამდენი დიდნი ჭეშმარიტებანი და მაღალნი მოძღვრებანი ჰღაღადებენ დღეს ევროპაში უდიდესთა მკვლევართა და მოძღვართაგან, მაგრამ ერნი ევრო-პისანი ჯერ კიდევ ბრმანი და ყრუნი არიან ერთისაცა და მეორისათვისაც.

რადა? იმიტომ რომ აქ ახალმა რომ გზა გაიკვლიოს და ადგილი დაიჭიროს ცხოვრების მოედანზედ, ჯერ უნდა ძველი ჩამოიცალოს გზისაგან და მოედანზე ადგილი დააცლევინოს. განდევნა ძველისა და ჩაყენება ახალისა ორკეცი საქმეა, ორკეცად, ორმხრივად საომარია. ორმხრივი, ორკეცი ომი ძნელია და გამარჯვებისათვის ორკეცს მხნეობას და ვაჟკაცობას ითხოვს და დიდს დროსაც ჰნდომულობს.

ევროპა ამ მხრით ახოგამოსაღებელს ადგილსა ჰგავს: ჯერ ძეძვები, ბარდები ძველისანი უნდა ამოიჭრას, მათი ჯირკვები, ფესვები დალპეს და ამოყრილ იქმნას და მერე მოიხნას და დაითესოს დასათესითა. ამას კარგა ხნით გამუდმებული ჯაფა უნდა და ამიტომაც აუარებელი დრო გადის ხოლმე ჭეშმარიტების აღმოჩენიდამ და მოძღვრების მოვლენიდამ მათთა განხორციელებამდე.

აბა რამდენი ხანია მას აქეთ, რაც კაცობრიობის საბედნიეროდ ადამიანის გულშემატკივართა კაცთა უმოძღვრეს ქვეყნიერობას, რომ კაცი კაცისათვის მჭამელი მგელი არ უნდა იყოსო; რომ ომი, სისხლისღვრა და ერთმანეთის ჟლეტა სამარცხვინო რამ არის იმ სულიერისათვის, რომელიც ღვთის სახით და მგზავსებით მოვლენილია ქვეყანაზედაო: რომ ერთმანეთის ჟლეტა მარტო პირუტყვს, მხეცსა და ნადირს ეპატივება და არა პირმეტყველს ადამიანს, რომელსაც მიმადლებული აქვს უტკბილესი და უმაღლესი ღვთაებური ნიჭი სიყვარულისა, სიბრალულისა და სიმართლისაო. რა არის ქვეყანაზედ იმისთანა, სიყვარულმა, სიბრალულმა, სიმართლემ არა სძლიოს და გულნატკენობა არ გაამრთელოსო? თუ ცალკე კაცნი ერთმანერთს უსისხლოდ ჰშველდებიან, როცა სადავო რამ, ან შუღლი, ანუ მტრობა ჩამოუვარდებათ, რატომ სახელმწიფონი კი ვერ მოჰშველდებიან ერთმანერთში უსისხლოდვეო? განა კაცი მაშინ სხვაა, როცა ცალკეა და მაშინ სხვა, როცა თავის მგზავსთა კრებულშიაო?

ამის მქადაგებელთა დიდი ხანია იწამეს, რომ შესაძლოა ყოველგვარი მიზეზიანი საქმე, რომელიც ეხლა სათავეა ხოლმე ომებისა სახელმწიფოთა შორის, იმავე გზით გაიწმინდოს და დასრულდეს, რა გზითაც ჰთავდება ხოლმე ცალკე კაცთა შორის. მოძღვართა, მქადაგებელთა და უკეთესთა კაცთა იწამეს ეს შესაძლისობა და არ იწამა ევროპიის ერმა, თუმცა არა ერთი და ორი მაგალითი ჰქონია თვალწინ ამ შესაძლისობის დასამოწმებელი. ასეთია ძველი ევროპა, რომელსაც ძველისძველთაგან დასჩემებია ერთმანერთის სრვა და ჟლეტა, როცა სახელმწიფოთა შორის რაიმე მიზეზიანი საქმე აჩნდება და რასაკვირველია, რომ შეჩვეულს ჭირსა ჰრჩეობს, ვიდრე შეუჩვეველს ლხინსა.

სულ სხვაა ჩრდილო-ამერიკის შტატები: იქ ახალს წინ არ შეეჯახება ხოლმე ძველი, იმიტომ რომ თვითონ ახალი სახელმწიფოა, ახალი ერია, იმისი სიტორია სულ ასის წლის საქმე არ არის და აგებულებაში არა აქვს გაბნეული ეკალი და ხიჭი ძველის ცხოვრების ძეძვებისა და ბარდებისა. იქ გუშინი არ არის, იქ მარტო დღევანდელი დღეა და ხვალინდელი და ამიტომ რაც დღეს მოაქვს სადღეისოდ თუ სახვალიოდ, ის ანგარიშს არ უწევს გუშინდელსა, რომელსაც უხანობით ძნელად ამოსაყრელი ჯირკვი და ფესვი ჯერ არ გაუკეთებია.

ეს არის მიზეზი, რომ ზემოხსენებული მოძღვრება, ევროპაში დაბადებული და გაჩენილი, ამერიკაში გაუძნელებლად გაიზარდა იმოდენად, რომ დღეს ცხოვრებაში თავის სამკვიდრო და სამოქმედო ადგილს ჰთხოულობს. გაზეთები გვაუწყებენ, რომ ამ უკანასკნელს ხანებში შეერთებულ შტატების სენატში ერთს მის წევრს სარჩიელი შეუტანია იმის თაობაზედ, რომ დაწესებულ იქმნას მედიატორეთა სამუდამო სასამართლო, რომელმაც უნდა გაასამართლოს და მოარიგოს ერთმანერთში შეერთებული შტატები, ინგლისი და საფრანგეთი თუ ვინიცობაა ამ სახელმწიფოთა შორის რაიმე ჩხუბი და განხეთქილება ასტყდა. ეს სარჩიელი ავალებს პრეზიდენტს შტატე-ბისას გამოელაპარაკოს ამ საგანზედ საფრანგეთსა და ინგლისსა და სახარჯოდ ამისა დანიშნულ იქმნას 80000 დოლარი. თუ ეს მოხერხდა, შეერთებულს შტატებს ინგლისთან და საფრანგეთთან თავის დღეში ომი არ აუტყდება.

1889 წელს დიდი დღესასწაულობა უნდა გაიმართოს ამერიკის შტატებში იმის გამო, რომ ამ წელს უსრულდება შტატებს ასი წელიწადი მას აქეთ, რაც ინგლისისაგან თავი დაიხსნეს და ჩრდილო-ამერიკა თავისუფალ სახელმწიფოდ შეიქმნა. რადგანაც ამ დღესასწაულობის გამო ვაშინგტონში თავს მოიყრიან დელეგაციები მთელის ამერიკის რესპუბლიკებისა, ამიტომაც ემზადებიან, რომ ზემოხსენებული სარჩიელი მაშინ განხორციელდეს და მედიატორეთა სამართალი დაწესდესო.

საფრანგეთის გაზეთი „Temps“-ი აბმობს, რომ მედიატორეთა სასამართლო ადვილად დასაწესებელია და მოსახერხებელი ამერიკის შტატებისათვის ერთის მხრით და მეორეს მხრით ინგლისისა და საფრანგეთისათვისა, ხოლო მარტო იმ საქმეთა გამო, რომელიც შესახებელი იქმნება ამერიკისაო. ევროპაში კი შეუძლებელია ეგ მოხერხდესო, რადგანაც ევროპა ჯერ უმიწაწყლობით შეხუთულია ასე, რომ ძლივს იტევს ხალხსა და გაწევ-გამოწევაში, რა თქმა უნდა, ერთმანერთის ზიანს არ მოერიდებიან, და მერე ერთმანერთის მტრობა და ჯაბრი, ძველისძველიდგან ნაანდერძევი და ძვალ-რბილში გაბნეული ისე ძლიერია, რომ ევროპა მაგ სამშვიდობო დაწესებულებას ვერ მოიხდენსო.

ჩვენც მაგას ვამბობთ და სხვას არაფერს. ეგ ძულება, მტრობა და ჯაბრი ევროპიის ერთა შორის რა არის, თუ არა ჟანგი ძველის ცხოვრებისა? სწორედ ეგ ჟანგია მიზეზი, რომ იმ კაცთმოყვარულს და ყოვლად პატიოსანს მოძღვრებას არ იკარებს დღევადელი ევროპა მაშინ, როდესაც ერი ახალი, ახალი ქვეყანა, ძველთა ჩვეულებათა და ანდერძთაგან დამოუკიდებელი და დაუჩაგვრელი, ხელგაშლით და გულგაშლით ითვისებს კაცთა საბედნიეროდ.

თუ ღმერთმა ჰქმნა და კაცობრიობის სასახელოდ ამერიკამ ამ მხრით თვისი საწადელი აისრულა, ეს დიდი მაგალითი იქმნება ევროპიისათვისაც. მაშინ ევროპა თვალით მაინც დაინახავს იმას, რასაც ძველისაგან ჟანგმოკიდებული გონება და გული ვერა ჰხედავდა.

მედიატორთა სასამართლოს დაწესება ჩრდილო-ამერიკაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №85, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

42 ლიბერალთა და კონსერვატორთა დასები ინგლისში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 20 აპრილი

ინგლისის სვე-ბედის გამგეობას და ასე თუ ისე სვლასა ძველ დროთაგან საყევარში უდგას ორი დიდი, სხვადასხვა მოძღვრების დასი. ერთს ვიგების დასს ეძახიან და მეორეს ტორიებისას. ეს სახელები დაერქვათ 1679 წ., როცა უშვილო მეფის კარლოს II-ისათვის მემკვიდრე უნდა ამოერჩიათ. მას დღეს აქეთია ინგლისის გამგეობა, გარედ თუ შიგნით, ხან ერთს დასს ჩაუვარდებოდა ხოლმე ხელში, ხან მეორეს იმისდა მიხედვით თუ, - რა დროს რომლის დასის მიძღვრება ჰპოულობდა ინგლისის ერში მომხრეობას. მოძღვრება ვიგებისა ის იყო თავდაპირველადვე, რომ დაძველებული კანონები, საფუძვლად დადებულნი სახელმწიფოსათვის, შეცვლილ იქმნან დროთა და ჭკუა-გონების წარმატების მიხედვითა, ტორიები კი გულმოდგინე მოსარჩლენი იყვნენ ძველის ინგლისის წესწყობილებისა.

როცა დრო მოითხოვდა ხოლმე რომელსამე ცვლილებას, მაშინ ინგლისის ერი თავის სვე-ბედს ჩააბარებდა ხოლმე ვიგებსა, და როცა ინგლისის ერი დაინახავდა, რომ ცვლილებანი ჯერ ხანად საკმაონი არიან და ახლად შემოღებულს წესს დრო უნდა ფესვის გადგმისა და დამკვიდრებისათვის, მაშინ გამგეობისათვის მოიწვევდა ხოლმე ტორიებსა. მთელი ისტორია საშინაო და საგარეო პოლიტიკისა ინგლისში ამ ორთა დასთა მოღვაწეობისაგან არის წარმომდგარი. ევროპიულის სიტყვით რომ მოვნათლოთ ეს დასები, ვიგები ლიბერალთა დასის კაცნი არიან და ტორიები - კონსერვატორთა დასისანი.

დროთა განმავლობაში უწინდელი სახელები - ვიგები და ტორიები როგორღაც დავიწყებას მიეცნენ და თანდათან ამ დასთა აღსანიშნავად ევროპიულს სახელებსღა ჰხმარობენ. დღეს ხმარებაშია სახელსაწოდებლად უფრო ლიბერალები და კონსერვატორები, ვიდრე ვიგები და ტორიები. გლადსტონის სახელოვან პროექტის შემდეგ ირლანდიის თვითმართველობის შესახებ, ერთი დიდი ნაწილი მოსწყდა ლიბერალთა დასს, რომლის მოთავედ დარჩა გლადსტონი და მიერივა კონსერვატორების დასსა, რომელსაც ჰწინამძღვრობს დღეს მარკიზი სალუსბერი. ამ გადამდგართ ლიბერალთა მაინც კიდევ შეირჩინეს დედააზრნი უწინდელის ლიბერალობისა ყოველგვარ საშინაო და საგარეო საქმეში და თავის ამხანაგებს გაეყარნენ მხოლოდ ირლანდიის გამო, რადგანაც სახელმწიფოს ერთობის დარღვევად მიიჩნიეს მინიჭება ირლანდიისათვის ცალკე პარლამენტისა, როგორც გლადსტონი და იმისი დასი ჰთხოულობს. რა თქმა უნდა, ამ გადამდგართა ლიბერალთა, რომელსაც წინ უძღვებიან გარტინგტონი და რადიკალი ჩამბერლენი, კონსერვატორთა დასში შეიტანეს ახალი სიო და შეარყიეს იმისი უწინდელნი დედააზრნი. ამ ახალმა სიომ და შერყევამ უკვე თავი იჩინა დღეს. დღევანდელი პროექტი კონსერვატორთა დასისა შესახებ ინგლისის თვითმმართველობისა ისეთი ძირეული ცვლილებაა შინაურ პოლიტიკისა, რომ თვით გლადსტნელნი ლიბერალები გაკვირვებულნი არიან და სიხარულით ტაშს უკვრენ თავის მოპირისპირე კონსერვატორებს.

ამიტომაც ჩამბერლენსა და სხვათ იმის მგზავსთა საბუთი აქვთ სთქვან დღეს, რომ ინგლისში აღარ არის უწინდელი ვიგობა და ტორიობა, ამ სახელებმა და დასთა მნიშვნელობამ თავისი დრო-ჟამი მოიჭამა და დღეს ინგლისის ბედი ხელთ უპყრია ერთის მხრით ერთს ნაწილს ინგლისის ერისას, რომელსაც ჰსურს ცალკე პარლამენტი მიანიჭოს ირლანდიელებს და მეორეს მხრით მეორე ნაწილს, რომელსაც ეგ არა ჰსურს. ვინ გაიტანს თავისას ამ ორ ნაწილში - ამის პასუხის მთქმელი და გადამწყვეტელი თვით ინგლისის ერია, ხოლო კონსერვატორებს რომ ფეხთა ქვეშ მიწა გამოეცალათ, რომ მათთა უწინდელ დედააზრთა საფუძველი შეერყათ და ფერი და მიმართულება ეცვალათ ეს ყოვლად შესანიშნავი ამბავია. რომ კონსერვატორთა დასმა, თუ სრულად არა, ბევრში მაინც, დაივიწყა თავისი ძველნი ანდერძნი, ბევრი დასთმო თავის ძველ დედააზრთაგან და ბევრში დაჰყვა ლიბერალთა დედააზრთა, - ამისი დიდი და უტყუარი საბუთი ინგლისის თვითმმართველობის პროექტია, რომელიც სალუსბერიმ ამ კონსერვატორთა მეთაურმა - შეიტანა ამ ბოლოს დროს პარლამენტში და რომელმაც მეორეჯელ წაკითხვის დროს გამოიწვია ერთიანი ტაში და სიხარული მოწონებისა.

ლიბერალთა და კონსერვატორთა დასები ინგლისში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №86, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.490

43 აღდგომის მადლი და ჭეშმარიტება

▲ზევით დაბრუნება


ტფილსი, 24 აპრილი

რა მოიტანა ქვეყნად მკვდრეთით დღეს აღდგენილმა ძემან ღვთისა და კაცისამან? რა მოავლინა კაცთა ნათესავის სახსნელად და საცხოვნებლად? მან მოიტანა, მან მოავლინა „მართალი“, ესე იგი, მადლი და ჭეშმარიტება. „რჯული მოსესაგან მოეცა, - ამბობს იოანე ნათლისმცემელი, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტეს მიერ იქმნა“.

რა არის იგი „მადლი და ჭეშმარიტება“, რომელსაც „მართალი“ ჰქვიან და რომლის აღდგენასაც დღეს სიხარულით ჰგალობს მთელი ქრისტიანობა? „მართალი“ თვითვე გვამცნევს თავის თავსა. იგი გვეუბნება სახარების სიტყვით:

„მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება, მე ვარ პური ცხოვრებისა. რომელი მოვიდეს ჩემდა, არა ჰშიოდეს და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არა სადა სწყუროდეს. მე ვარ პური ცხოვრებისა. მამათა თქვენთა სჭამეს მანანაი უდაბნოსა და მოსწყდეს. მე ვარ პური, რომელი ზეცით გარდამოჰხდა - უკეთუ ვინმე სჭამოს, არა მოჰკვდეს.

„მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქვნდეს ნათელი ცხოვრებისა. მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი. დაადგერით თქვენ ჩემთანა და მე თქვენთანა. ვითარცა იგი ნასხლევსა ვერ ხელეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, აგრედვე თქვენ, უკეთუ არა დადგრეთ ჩემთანა. „ამას გეტყვით თქვენ, რათა სიხარული ჩემი თქვენთანა ეგოს და სიხარული თქვენი სავსებით იყოს. რამეთუ ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ. უფროსი ამისა სიყვარული არავის აქვს, რათა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის.

„მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ. წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“.

„მართალი“ არის აღთქმა ურთიერთობისა, სიყვარულისა, ერთმანერთისათვის სულის დადებისა, ერთმანერთის შენდობით განკითხვისა. ეს არის ხსნა და ცხოვრება კაცთა ნათესავისა. ამის გარედ ყოველივე ფუჭია, ყოველივე უქმია. „მართალს ერთადერთი მცნება აქვს, ერთადერთი კანონი:

„ყოველი რომელი გინდეს თქვენ, რათა გიყონ კაცთა, ეგრედცა თქვენ ჰყავთ მათდა მიმართ“.

ამაშია მთელი არსება, მთელი ბუნება ყოვლად მხსნელის „მართალის“, ამაშია თვითონ ცხოველ-მყოფელი „მართალი“. სხვა საწყაო არ არის „მართალის“ მიწყვისათვის, „მართალის“ აღხსნისათვის, „მართალის“ ცოდნისა და გაგებისათვის. რაც გინდოდეს შენთვის, ის მოინდომე სხვისთვის და მთელი „მართალი“ აღსრულებულ გექმნება. ძნელია ამის ქმნა და მარტო ძნელად საქმნელია საქებ-სადიდებელი მოქმედისათვის. ვიწროა გზა „მართლისა“, მაგრამ მიჰყავს საცხოვნებლად, საცოცხლებლად. „მართალივე“ გვიბ-ძანებს - „შევედით იწროსაგან ბჭისა, რამეთუ, ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზა, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად“.

„მართალი“ კლდეა, რომელზედაც შესაძლისია მხოლოდ აგება და აშენება კაცთა ნათესავის ბედნიერებისა, სიხარულისა, შვებისა და ლხენისა, ამიტომაც იგი უნდა უყვარდეს ყველას თავის თავზედ უფრო.

„რომელსა უყვარდეს მამა, ანუ დედა უფროს ჩემსა, ბრძანებს „მართალი“, - არა არს ჩემდა ღირს და, რომელსა უყვარდეს ძე, ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და არ შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“.

„მართალი“ ერთადერთი უკვდავი წყაროა ცხოვრებისა და ვისაც ჰსურს დაეწაფოს ამ უკვდავ წყაროს ცხოვრებისას, მან უნდა დასთმოს ყოველის-ფერი და შეუდგეს მას. ყოვლად შემძლებელია „მართალი“. ბრმათა თვალს უხელს, ყრუთა სმენას აძლევს, მშიერს აჭმევს, მწყურვალს ასმევს, შიშველს ჰმოსავს, საპყარსა, სნეულს ჰკურნებს. უბედურთ ნუგეშს ცემს, ცოდვილთ მოწყალებით განიკითხავს და მტერთათვისაც კი ჰლოცულობს. წყალობა ჰნებავს მას და არა მსხვერპლი, სინანული და არა მსჯავრი, მშვიდობა და არა შფოთი, სიყვარული და არა ძულება, ძმობა და არა მტრობა, სიცოცხლე და არა სიკვდილი.

იწამეთ და შეუდეგით „მართალსა“, რამეთუ იგი მართლა უკვდავი წყაროა კაცთა ცხოვრებისა და ყოვლად შემძლებელია ხსნად და ცხოვრებათ კაცთა, ყოვლად შემძლებელობას „მართლისას“ - ამ ცხოვრების წყაროსას - ასე გვიხატავს ჩვენი დიდგონებიანი, სიტყვამოსწრებული სასიქადულო პოეტი, დ. გურამიშვილი:

ცხოვრების წყარომ დაჰშრიტა
ჯოჯოხეთს ცეცხლის ალები,
ზედ მიესხურა, დაჰმოსა
ხორცითვე მკვდართა ძვალები,
ჩაუდგა სული უკვდავი,
მისცა აღდგომის ძალები,
ეშმაკთ დაულპო წერილი,
ადამს გადუწყდა ვალები.

ერთი ახალი ევროპიელი მწერალი თითქმის ამასვე ამბობს ქრისტეს მიერ მოვლინებულს „მართალზედ“.

„აღთქმამ მართალისამ და სიყვარულისამ, - ამბობს იგი: დაარღვია საფლავი, კაცთა ბოროტებისა და კაცთა უმართლობისაგან გათხრილი: ბნელი გაანათა თავისის ნათელითა. შეიტკბო, შეივრდომა სული ადამიანისა, იმის სინდისს, იმის ფიქრს, იმის ძარღვს ჰშთაბერა თავისი დიდი და ძლიერი ღონე. სიტყვამ „მართალისამ“ სძლია ბოროტსა. იგი თვით ჯოჯოხეთში ჩავიდა ცოდვათაგან გამოსახსნელად“.

ესევე მწერალი მეორე ადგილას ასე ჰლაპარაკობს ქვეყნის ხსნად ქრისტეს მიერ მოძღვრებულს, „მართალზედა“:

„მართალი უკვდავია, ცოცხალია საუკუნოდ, დაუსრულებლად. იმას ვერა ღონე კაცთა ნათესავისა ვერ შეჰმუსრავს, თვითონ სიკვდილიც კი უღონოა იმის წინაშე, „მართალი“ გასცეს, გამცემელი შეიმუსრა და „მართალი“ კი კვლავაც არის. იგი აწამეს და უვნებელი დარჩა. შეაგინეს და იგი კი მაინც ჰლოცავდა მგინებელთა და შეუნდობდა. ეკლის გვირგვინი დაადგეს და იგი კი მაინც ჰბრწყინავდა.

მოაკვდინეს და იგი კვლავ აღზდგა მკვდრეთით, მომავლინებელი მისი ამაღლდა ცად და თვითონ იგი კი დარჩა ქვეყანადაო!“

უფრო უკეთესად ჰგლოვობს კაცთა უმადურობას ჩვენი დ. გურამიშვილი, უფრო ცხოვლად გვიხატავს მას, თუ როგორის მტრობით მოექცა კაცთა ნათესავი მისდა მაცხოვრად მოვლინებულს „მართალსა“:

„ვაი რა კარგი საჩინო
რა ავად მიგიჩნიესო!
მაცხოვნებელი შენ მათი
წამწყმენდლად მიგიჩნიესო.
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს,
გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს
ისიც კი დანაბნიესო.
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი,
საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები
უფალსა არა გთნიესო.
ავაზაკზედა გაგცვალეს,
ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს,
გაგლანძღეს, გაგათრიესო.
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი,
ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებაკრულსა,
გკითხეს: ვინ გცემა, სთქვი, ესო?
ხელდაბანილთა შოლტით გცეს,
მსხვერპლს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი,
გოლგოთად მიგიწვიესო.
შესამოსელი გაგხადეს,
ქლამიდნი მოგახვიესო;
ჯვარზედ გაგაკრეს, ხელ-ფეხთა
ლურსმანი გაგიწიესო.
მოგკლეს უბრალო ბრალითა
ქვეყანა შეარყიესო,
მზე დანაბნელეს, მთვარეცა,
ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
ჯვარით გადმოგხსნეს, წაგრაგგნეს,
ტილოში წაგახვიესო,
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდნენ,
გარს მცველნი შემოგხვიესო.

ასე მოექცნენ იმ „მართალს“, რომელიც მოევლინა კაცთა ნათესავს ხსნად და ცხოვნებად. იგივე დიდგონებიანი და სიტყვამოსწრებული პოეტი ამ სახით ჰკვირობს კაცთა სიბოროტეს და უმადურობას „მართალის“ მიმართ:

არ ვიცი, რად ჰქმნეს უგბილთა,
ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, ჰკურნავდი
კეთროვანს, წყალმანიკიერსო,
ბრმას თვალს უხელდი, ცის-ცისად
არჩენდი ეშმაკიერსო,
უტყვს ენა სძღვნიდი, ყრუს სმენას,
საპყართა სვლას მშვენიერსო.
ამის მეტს არას ეტყოდი:
ესევდით ღმერთს ზეციერსო,
მშვიდად სცხოვრობდით, ნუ უზამთ
ერთმანეთს თქვენ უდიერსო;
გაიკითხევდით გლახაკთა,
ასმევ-აჭმევდით მშიერსო...
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ
მოგაგებთ მის მაგიერსო.
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი
ხორციელს და სულიერსო,
ამის სანუქფოდ შენ მათა
სიკვდილსა შეგამთხვიესო.

აი ამასვე როგორ მოგვითხრობს ზემოხსენებული ევროპიელი მწერალი, საგულისხმოა შესადარებლად:

„გაისმა მისი (იესო ქრისტესი) ძლიერი სტყვა მართლისა და სიყვარულისა და ბრმათ აეხილათ თვალნი, კეთროვანნი განიკურნენ, კაცნი უბრალონი სულითა და გულით შეუდგნენ დიდებულს მოძღვარს „მართლისას“... ჯვარაკიდებული და მის ქვეშ ტანჩადრეკილი, გვემული, ნერწყვული, შეგინებული, გაუპატიურებული ვიდოდა იგი ღვთივ მოვლინებული მახარობელი „მართალისა“ გოლგოთაზედ ჯვართსაცმელად და წამებისათვის.

... განვლო მთელი იგი გზა წამებისა უდრტვინველად, შეურისხავად, მიუტევა მწამებელთა თვისთა, ჯვარცმულ იქმნა ჯვარზედ ხელფეხდალურსმული, და მოჰკვდა წყურვილისაგან ღონემიხდილი და ეკლის გვირგვინით მოსილი... მოკვდა, რომ სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნოს და საფლავების შინადა ცხოვრება მიანიჭოს“.

შეამთხვიეს სიკვდილს ქვეყნის ხსნად მოვლინებული „მართალი“, მოჰკვდა იგი, მაგრამ კვლავ აღზდგა...

ქრისტე აღზდგა! აღზდგა მასთან ერთად „მართალიცა“. ვინ მიემთხვიოს, ვინ ეზიაროს, ვინ შეუდგეს „მართალსა“? ვინა აღვიდეს მაღალსა მას მთასა წმინდასა?

სულითა წრფელი, მშვიდი გულით
ფიქრით განწმენდილ,
ვის არ შეეხო ზაკვის გესლი
ძმისა განკითხვად,
და სიყვარულით შეიწყალა
ცდომილი ვნებით...
ვინცა ამ სოფლის დიდებასა,
მზეებრ მნათობსა,
მონებრ არ მისდევს, სცნობს რა მის შუქს
ფუჭ წარმავალსა.
ვინც ძლიერებას ხმითა მაღლით
ამცნო სიმართლე
და ძმას დაცემულს მისცა ხელი
და აღადგინა...1

___________________

1. გრ. ორბელიანის ლექსია.

აღდგომის მადლი და ჭეშმარიტება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №87, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - ცხოვრების წყარომ დაჰშრიტა... ადამს გადუწყდა ვალები- სტროფი 131 დ. გურამიშვილის პოემა „დავითიანიდან“. თავი V. უკვდავების წყაროს იგავთ ახსნა. იქვე, - „ვაი რა კარგი საჩინო... გარს მცველნი შემოგხვიესო“ - სტროფები 116-120; 122-123; 125-129 დავით გურამიშვილის პოემიდან „დავითიანი“. ქვეთავი ზ. მოთქმა ხმითა თავბოლო ერთი.

გვ. - სულითა წრფელი, მშვიდი გულით... და აღადგინა - სტროფები მოტანილია გრ. ორბელიანის ლექსიდან „ფსალმუნი“.

44 პედაგოგიის საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 3 მაისი

გაზეთებმა მოგვიტანეს ამას წინათ ამბავი და ჩვენს „ივერიაშიც“ თავის დროზედ მოვიხსენიეთ, რომ პრუსიაში დედათა სასწავლებლებში შეუნიშნავთ დაქანცვა გონებისა მოსწავლეთა ქალთათვის მეტისმეტის სწავლებისა გამო. ამის გამო ზოგიერთი ახალი წესები დაუდგენიათ, რომ მოსწავლეთა ქალთა გარჯა და შრომა შემსუბუქებულ ექმნათ. თუ არ მეტი, ესეთივე ქანცგაწყვეტა სულითა და ხორცითა დიდი ხანია შეჰნიშნეს ევროპაში მოსწავლე ვაჟებსაცა და ამის გამო თითქმის მთელი ლიტერატურა შესდგა, ნამეტნავად გერმანიასა და საფრანგეთში, საცა ამ ამბავმა უფრო ძლიერ თავი იჩინა, - და დაანაღვლა, როგორც იქაურნი გამგებელნი სწავლა-განათლების საქმისანი, აგრეთვე დედ-მამანიცა.

ჩვენა გვგონია მეტი არ იყოს, გამოვარკვიოთ, ჩვენის შეძლებისამებრ, მიზეზნი ამისთანა სამწუხარო ამბისა იმ თხზულებათაგან, რომელთა ავტორნიც მოეკიდნენ ამ საქმეს შესაფერის გულმტკივნეულობითა.

ამ უკანასკნელ ხანებში საპედაგოგიო ლიტერატურაში გახშირდა ხმამაღლად ღაღადება, რომ ეხლადნელის სკოლის ყოფა-მდგომარეობა ევროპაში თავს არ მოდის და ახალს მოზარდს თაობას სჩაგრავს, რადგანაც ცალმხრივია და ცალკერძოო. ყველანი ამაზედ თანახმანი არიან, რომ ეხლანდელი სკოლა უფრო იმაზეა მიმართული, რომ, რაც შესაძლოა, ბევრი ცოდნა აძლიოს მოსწავლესა და ზნე-ხასიათის წვრთვნა, სწორება და გამართვა კი მთლად უყურადღებოდ არის დატოვებულიო. ამ ცალკერძოდ სკოლის მომართვის შედეგზე აი რას ამბობს ერთი ავტორი:

„სამწუხარო სურათი წარმოუდგება თვალწინ ყველას, ვისაც არ ეშინიან პირდაპირ შეხედოს მართალს და თვალი თვალში გაუყაროს. თითო-ოროლა მაგალითს გარდა, ეხლანდელი ყმაწვილი კაცი ჯანით მეტად უძლურია, საშინლად ძარღვმოშლილი და მოდუნებული, თითქო სნეულიაო. საკმაოა მცირე რამ დაბრკოლება დახვდეს და მაშინვე უღონობისაგან ხელებს ჩამოჰყრის; გულს უხეთქავს, ხალისს უკლავს ყოველი საქმე, რომელიც კი ცოტად თუ ბევრად მხნედ, მედგრად ხელის მოკიდებას ჰთხოულობს, ხანგრძლივს, დაჟინებულს, გულგაუტეხელს ბეჯითობას და გარჯას. არ არის იგი ჩვეული თავით თვისით ისაზროს, იფიქროს და ამის გამო ადვილად ეძლევა უარყოფას ძველისას და სრულიადაც არა ჰნაღვლობს უარჰყოფილის სანაცვლოდ ახალი რამ ჩააყენოს. ყოველ ამის გამო ეხლანდელნი ყმაწვილკაცობა დიდად უბედურია და ძალიან იშვიათად შემძლებელია, რომ გონიერად, ჭკვადასმით და სასარგებლოდ თავით თვისით გააკეთოს რამ და იღვაწოს. იგი უღონოა თვითმოქმედებისა და მოღვაწეობისათვის.

„ზოგნი ამათგანი, - ამბობს შემდეგ იგივე ავტორი, - და ეს ზოგნი საკმაოდ ბლომად არიან, ნამეტნავად ცოტაოდნად შემძლებელ ოჯახისანი - მთელს თავის სიცოცხლეს იმას ანდომებენ, რომ პროტექციით ლუკმა პური იშოვნონ და სცხოვრებენ პირუტყვსავით დღედღეურად, თვითონაც არ იციან, რისთვის არიან და სად მიდიან: სჭამენ, სმენ, თამაშობენ ქაღალდს, ჰტანციობენ, არშიყობენ, ჰმსახურობენ იმდენად, რომ ჯამაგირები იღონ. ეს ჯურა ხალხი მთლად ხელასაღებელი ხალხია, ყოვლად უვარგისი, უხეირო, არარაის მაქნისი. ამათ მკვდარი აქვთ ყოველივე ფანტაზია, ყოველივე აზრი, ყოველივე გრძნობა, ნაძირალ გრძნობის გარდა. ცოდნა, სკოლაში მიღებული, ზოგჯერ საკმაოდ ბევრიცა, ამათთვის მეტი ბარგია და მალე დაებღერტებათ, გაეფანტებათ ხოლმე ცხოვრების გზაზედ.

„სხვანი უფრო ნიჭიერნი - ხელგამომავალნი არიან და ჯერ სკოლაშივე გამოარკვევენ ხოლმე, - რა საქონელსა აქვს გასავალი საზოგადოების ბაზარში ამა და ამ დროს. ამათი ფანტაზია, აღფრთოვანებული ადვილად გამდიდრების ცოცხალ მაგალითებითა, წინ გადუფენს ხოლმე სარჩოიანს გზას ვექილისას, მკურნალისას, ინჟინერისას, არხიტექტორისას, მზითვიან ცოლის, თუ შემძლებელ ქმრის შერთვისას - ერთის სიტყვით, უხატავს იმ გამორკვეულს იდეალს ხერხიან კაცისას, რომელსაც საგნადა აქვს ადვილად გამდიდრება და მერე მაძღარი განცხრომა გაურჯელად და უშრომელად. ამ ჯურის ხალხი ყველაზედ უარესნი, ყველაზედ მავნებელნი მუქთამჭამელნი არიან და მეტისმეტად საშიშარნი თავის ქვეყნისათვის, რადგანაც ყოველ წუთს მზად არიან მიჰყიდონ იმისი სვე-ბედი იმას, ვინც მეტს მისცემს“.

რა თქმა უნდა, რომ ავტორი აქ ჰლაპარაკობს უფროსერთზე, უმრავლესობაზედ. ვინ იტყვის, რომ თითო-ოროლა სასიხარულო მაგალითიც არ იყოს ეხლანდელს ყმაწვილკაცობაში. უამისობა ხომ ქვეყნის უკუქცევა იქნებოდა. ავტორი მარტო უმრავლესობის, უფროს-ერთის უფერულობას, უღონობას, უხეირობას გვანიშნებს და ამაში არა გვგონია იგი გაამყტყუნოს ვინმემ. იგი ამბობს, რომ:

„ბევრმა ყმაწვილკაცმა არ იცის, რა გზას დაადგეს და საით წავიდეს; ამის გამო ყმაწვილი კაცი სასოწარკვეთილებას ეძლევა, გული უტყდება, აღარაფრისათვის ერჩის. ეს სასოწარკვეთილება და გულის გატეხა ჭკვას უშრობს, გრძნობას უხშობს, უკლავს ყოველს ხალისს მოქმედებისას, რომელსაც მისგან მოელის იმისი სამშობლო და რომლისათვისაც ამ სამშობლოს გაუწევია ღვაწლი იმ იმედით, რომ ჩემის შვილის მოქმედება ოდესმე გამომადგება და ერთიორად მაინც მიზღავს ჩემის ღვაწლის სამაგიეროსაო“.

ეს მართლადა სამწუხარო სურათი ყმაწვილკაცობისა ბევრს უდგა თვალწინ, მაგრამ - ერთის მწერალისა არ იყოს - ეს ბევრნი ან არ ჰხედვენ ამას, ან ჰხედვენ და მარტო ჰკიცხვენ და ჰკილვენ თვითონ ყმაწვილკაცობას, აბეზღებენ საზოგადოების წინაშე, სდევნიან და აბრუს უტეხენ, იმის მაგიერ, რომ გულდასმით ჩაუკვირდნენ თვითონ მიზეზს, თვითონ სათავეს ამ მართლადა სამწუხარო და მერმისისათვის საშიშარ მოვლენისას. მეცნიერნი, რომელთაც მართალის გულმტკივნეულობით მიუქცევიათ ყურადღება ამ უნუგეშო სურათისათვის, მიზეზს ჰხედვენ ყოველთ უწინარეს იმ საზოგადო წრის უფერულობასა და უვარგისობაში, საცა ნორჩი სული ბაშვისა პირველ იღვიძებს და მერე ზრდაში შედის. რასაკვირველია, რომ იმ წრეს, საცა ბაშვი პირველ ხანიდამვე ჰტრიალებს, დიდი გავლენა აქვს მთელს ადამიანის მერმისზედ. ბაშვის ნორჩი სული და გული მეტად მგრძნობიერია და მალე დამჩნევი ავისა და კარგისა, და ამიტომაც წრე, საცა ბაშვი და მოზარდი სულს იბრუნებს, თავის ბეჭედს ავისას და კარგისას აუცილებლად ზედ დაასვამს ხოლმე. ამ სახით, არავითარი ეჭვია, რომ თვითონ წრეს ცხოვრებისას დიდი ზედმოქმედება აქვს მოზარდის თაობის მერმისზედ. ხოლო არის მეორე საგანიც, რომელსაც, თუ არა მეტი, ნაკლები ზედმოქმედება არა აქვს ადამიანის ავ-კარგიანად გამოსვლაზედ. ეგ მეორე საგანი სკოლაა. ევროპაში ამ მხრით გამოიძიეს ეს ეხლანდელის სკოლის ყოფა-მდგომარეობა და ერთს დიდს ბრალს იმ სამწუხარო ამბისას, რომელიც ჩვენ ზევით მოვიხსენიეთ, თვითონ სკოლის ეხლანდელს ყოფა-წყობილებასა სდებენ.

რაგვარია ეს ბრალი და რამოდენად საბუთიანია - ამას შემდეგს ნომერში ვაცნობებთ ჩვენს მკითხველებს.

ტფილისი, 4 მაისი

ჩვენ წინა წერილში იმაზედ შევწყვიტეთ სიტყვა, თუ, - მეცნიერნი რაგვარს ბრალსა სდებენ ეხლანდელს სკოლას და რამდენად საბუთიანად უკიჟინებენ, რომ თავის დანიშნულებას არ ასრულებსო. ვიდრე ამ ბრალსა და საბუთების ჩამოთვლას შევუდგებოდეთ, ჯერ პირველად საჭიროა ვიცოდეთ, - რა უნდა მოეთხოვებოდეს სკოლას. ამის პასუხად ბევრს გამოუთქვამს აზრი და ყველა ეს აზრი, სხვადასხვაფერად გამოთქმული, ერთს საფუძველზეა აგებული, ერთის სათავიდამ წარმომდინარებს. ეს საფუძველი, ეს სათავე ის არის, რომ სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწურთვნიდეს კიდეც ბაშვსა და ასწავლიდეს კიდეც. წურთვნა და სწავლა ხელიხელს გადაბმული უნდა ვიდოდეს სკოლაში.

წურთვნა სხვაა და სწავლა სხვა. ერთს ერთი საგანი აქვს და მეორეს - სხვა. წურთვნა მიმართულია ზნე-ხასიათის ზრდასა და განვითარებაზე და სწავლა კი - გონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე. საკმაო არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, დიდი სწავლა მიეღოს, ბევრი ცოდნა შეეძინოს. ამასთანავე იგი კაი კაციც უნდა იყოს და კაიკაცობის შემძლებელობაც ჰქონდეს. ეს კაიკაცობა და კაიკაცობის შემძლებელობა მარტო ზნე-ხასიათისაგან ეძლევა ადამიანს. ავი კაცი რამოდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშარია, უფრო დიდად მავნებელია. ეს ყველამ იცის და, გვგონია, ბევრსაც თავის თვალით უნახავს და გამოუცდია. რად უნდა იყოს კაცი ავი, როცა მხოლოდ სწავლულია და არა ზნე-ხასიათ გაწურთვნილიცა?

სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულობას შეწონილ ჰქონდეს აღმატებულობა ზნე-ხასიათისაცა. საჭიროა ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებითა, ნამუსიანობითა, კაცთმოყვარეობითა და სამართლიანობის გრძნობითა. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფაქცევა ერთმანეთს გადუდგება, ერთმანეთს არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფაქცევა სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას აქმნევინებს. უზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობითა და უხასიათობით არის ავი ზნეუწრთვნელი სწავლული კაცი.

ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონება განვითარებული და ზნეხასიათ გაუწვრთვნელი. ხოლო ზნე-ხასიათის წურთვნა დიდად დამოკიდებულია საწავლასა და ცოდნაზედა, და ამიტომაც ჩვენა გვგონია, რომ თუ სკოლას უნდა თავის დანიშნულება შეასრულოს, ეგ სწავლა-ცოდნა ზნეხასიათის წურთვნასაც უნდა შეურჩიოს, ესე იგი იმ თვისების სწავლა-ცოდნა უნდა აძლიოს, რაც გონების გახსნილობასაცა ჰშველის და ზნე-ხასიათის წურთვნასა და დამთავრებასაც უხდება და ჰრგებს.

რასაკვირველია, ზნე-ხასიათის წარსამატებლად წურთვნას სკოლაში თავისი საკუთარი გზაცა აქვს, თავისი საკუთარი სახსარიცა. ამ შემთხვევაში დიდად დიდი მნიშვნელობა აქვს მთელს გამგეობას სკოლისას საერთოდ და ოსტატს და მოხელეს ცალკე. ამ შემთხვევაში დიდი რამ არის ოსტატის მოხერხებულობა, ყოფაქცევა, მაგალითი, სიფრთხილე, წინდახედულობა. ერთს მშვენიერს ამბავს გვიამბობს ერთი მწერალი მასზედ თუ, - წინდახედულად და გონიერად მოქცევა ოსტატისა რის შემძლებელია ზნეხასიათის წურთვნისათვის. თუმცა გძელია ეს ამბავი, მაგრამ ისე კარგი რამ არის, რომ გვსურს სულ ამოვწეროთ და მით ვასიამოვნოთ ჩვენს მკითხველსა. აი ეს ამბავი:

„იმის დასამტკიცებლად თუ, - რარიგად ლბილია ბუნება ბაშვისა და რა ადვილად შესაძლოა ბაშვს შთააგონოს კეთილი, თუ გონებაგახსნილი კაცი ხელსა ჰკიდებს საქმეს და სიყვარულით ეძლევა თავის დანიშნულებას, შემდეგი მომხდარი ამბავია. ამ რამდენისამე წლის წინათ ერთმა ყმაწვილმა კაცმა, გაათავა უნივერსიტეტი თუ არა, ოსტატის თანამდებობა მიიღო ერთს სასწავლებელში. პირველი გასაკვეთი ერგო საშუალო კლასში, საცა უფრო მოზრდილნი შეგირდები არიან, ესე იგი, ბაშვობიდამ ყრმობაში გადამდგარნი. ამ ხანში ყმაწვილები უფრო ცელქები და მოუსვენარნი არიან. დირექტორმა აუწყა ბაშვებს ახალის ოსტატის ვინაობა, თვითონ ოსტატმაც ორიოდე ტკბილი სიტყვა უთხრა ყმაწვილებს და დაუყოვნებლივ შეუდგა სწავლების საქმეს. გასაკვეთის ახსნის დროს დასჭირდა კლასის დაფაზედ წერა. როცა წერა დაიწყო, რა თქმა უნდა, ზურგშექცეული იქმნებოდა და შეგირდებს ვერა ჰხედავდა. ამ დროს დაფას მოხვდა და ზედ დააჯდა დაღეჭილი ქაღალდი, რასაკვირველია, ერთ-ერთის შეგირდისაგან ნასროლი. ოსტატმა უკან არც კი მოიხედა და განაგრძო წერა, მითამ-და საყურადღებო არა მოხდა-რაო. როცა გაათავა წერა, მიუბრუნდა შეგირდებს და უთხრა: „ყმაწვილებო, დღეს ჩემი პირველი გასაკვეთია, პირველი ნაბიჯია ოსტატობის სარბიელზედ. სამართალსა ვსთხოვ თქვენს პატიოსნებას, თქვენს სინიდისსა. აბა იფიქრეთ, - მას შემდეგ, რა უპატიურებაც მომაყენა ერთმა თქვენგანმა, - რა გამწარებული გრძნობა უნდა გამყვეს მე თან თქვენის კლასიდამ, საცა ჩემს სიცოცხლეში პირველად დავიწყე სწავლება შეგირდებისა. მე არ მინდა ვიცოდე, მე არ მინდა შევიტყო, ვინ არის დამნაშავე ამ ჩემს გაუპატიურებაში. რა საჭიროა!.. დეე განიკითხოს ის იმისმავე სინდისმა. მე მით უფრო ვერ გამიგია ჩემის გამაუპატიურებელის საქციელი, რომ მან ჯერ არ იცის, როგორი ოსტატი ვარ და როგორი კაცი.

„იქნება, თქვენის სიყვარულის ღირსი გამოვდგე. ჯერ გამიცანით, გამომცადეთ და მერე გამიკითხეთ. დიაღ, ბატონებო, სამწუხაროა, რომ ჩემი პირველი გამოსვლა საპედაგოგიო სარბიელზედ ამისთანა ამბით დაიწყო. ხელმეორედ მოგახსენებთ, რომ მე არ მინდა შევიტყო ვინ არის ამ უკადრისის ცელქობის მომქმედი. დამნაშავის სახელი რომ შევიტყო, - ვინ იცის, მეც კაცი ვარ - იქნება გულში იმისი ჯავრი ჩავიყოლიო და ჯავრმა ცოტად თუ ბევრად იმაზე გული ამაყრევინოს“.

„როცა ოსტატმა გაათავა ლაპარაკი, შეგირდებში ჩუმი ჩოჩქოლი ასტყდა. დაიწყეს აქეთ-იქით ჩურჩული, ერთი მეორეს რაღაცას ეუბნებოდა, მეორე მესამეს და ეგრე მთელს კლასს აცნობეს ერთმანეთის გულისპასუხი. ბოლოს წამოდგა ფეხზედ ერთი მათგანი და უთხრა ოსტატს: „ნება მომეცით მე მოვითხოვო თქვენთან ბოდიში ყველას მაგიერ: ყველა ჩემი ამხანაგები გთხოვენ გვაპატიოთ ეგ მეტად ცუდი საქციელი ერთის ჩვენგანისა“. ოსტატმა სიხარულით მიიღო ბოდიში და გამოუცხადა, რომ სამუდამოდ დავიწყებას მივეცი ეს ამბავი და გულიდამ ამოვიღეო. ამ დღის შემდეგ ამ ახალგაზრდა ოსტატის საქმე ისე კარგად გაიმართა, რომ უკეთესი არ უნდოდა: ძალიან მალე მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა თავის შეგირდებისაგან მთელს ხუთსავე კლასში, რომლებშიაც იგი ასწავლიდა“.

ერთი ასეთი ჭკვიანური, გულთბილი საქციელი ოსტატისა უფრო ძლიერ მოქმედობს ბაშვის გაადამიანებაზედ, ვიდრე სამისა და ოთხის წლის ზეპირება გრამატიკისა, თუ სხვა რისამე ამისთანისა.

ჩვენ ამ ამბავმა მეტად გაგვიგძელა წერილი და რაც სათქმელი გვქონდა, იმასაც გადაგვახვევინა. ჩვენა გვგონია, რომ ამით ბევრი არა დაშავდა რა და თუ დაშავდა, ვეცდებით, შემდეგში დანაშაული ვიპატივოთ.

ტფილისი, 5 მაისი

ჩვენ წინა წერილში ლაპარაკი გვქონდა ზნეხასიათის წრთვნაზედ. ხოლო რა არის ეს ზნეხასიათის წრთვნა, ეს კი ვერ ავხსენით. ამის ახსნას დიდი გამოძიება უნდა და ჩვენთვის კი ამჟამად საკმარისი იქნება ვსთქვათ, რომ ზნე-ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის. რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე, წრთვნა ზნე-ხასიათისა ზრდაა, გარკვევაა მისის სულიერის ვინაობისა, სულიერის ბუნებისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა. ამიტომაც ზნე-ხასიათის წრთვნა ერთი უდიდესი, უაღრესი საგანია სკოლისა, რადგანაც გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველგვარის წრთვნისა, ზრდისა და განათლებისა.

სხვანი ამაზე უფრო შორს მიდიან და, - სწორედ მოგახსენოთ, - არც უსაბუთოდ. ეს სხვანი ამბობენ, რომ ზნე-ხასიათის წრთვნა არამც თუ უდიდესი, არამედ ერთადერთი საგანია სკოლისა, მისი პირველი და უკანასკნელი დანიშნულებააო. სკოლას ამის მეტი სხვა არავითარი საგანი არ უნდა ჰქონდეს და ყოველი ღონე ამას უნდა მიჰმართოს და მოახმაროსო. კაცს თუ ღონე აქვს გამოირკვიოს პატიოსანი საგანი ცხოვრებისა და, ვითარცა გამორკვეულის საგნის კაცი, ქვეყანაში იყოს ერთი რამ კეთილი თავით თვისით, მისი სულიერი ვინაობა სასურველად დადგენილია და გამართული. აი სწორედ ეს ღონე და ხერხი გამორკვევისა, პატიოსანი წყურვილი და ხერხი ქვეყანაში ერთ რამედ ყოფნისა უნდა კაცს შესძინოს სკოლამ. ამისათვის უნდა იწრთვნებოდეს კაცი სკოლაში. უამისოდ იგი არაფრის მაქნისია, რაც უნდა ბევრი სწავლა და ცოდნა ჰქონდეს, იმიტომ რომ უამისოდ იმისი სწავლა-ცოდნა უქმი საუნჯეა და თვითონ კაცი დაკეტილი ზანდუკია უქმად მდებარე საუნჯისა.

ამიტომაც თვითონ სწავლა და ცოდნა, რომელსაც სკოლა იძლევა, ისე უნდა იყოს გაანგარიშებული და შერჩეული, რომ ზნე-ხასიათის წრთვნას, ამ ერთადერთს საგანს თვისას, გაუძღვეს და ემსახურებოდეს. სწავლა-ცოდნის ძლევა მარტო იმ აზრით, რომ კაცი სწავლული და მცოდნე იყოსო, ამაო და ბოლომოუბმელი წადილია სკოლისა.

დღეს ყველასაგან ცხადად დანახულია, რომ ვერც ერთი სკოლა, თუნდაც უნივერსიტეტი, იმოდენა სავსებით ცოდნას ვერ იძლევა, რომ კაცი მართლა მეცნიერი და სწავლული იყოს, ამ სწავლა-ცოდნაზე შეყენებული და გაჩერებული. ეს ამბავი მით უფრო საბუთად სახმარია, რომ ეხლანდელი სკოლა, თუნდა უნივერსიტეტი, მარტო სწავლა-ცოდნის შეძენაზეა მიმართული და აგებული და სხვა არაფრისათვის არ აცლის არც მასწავლებელს, არც მოსწავლესა.

თუმცა ესეა, მაგრამ ჩვენ არც ერთი კაცი არ გვახსოვს, რომ უნივერსიტეტიდამ, თუ სხვა სკოლიდამ გამოსვლის უმალ თავი ეჩინოს მეცნიერებასა და სწავლა-ცოდნაში. ვისაც თავი უჩენია, იმას სკოლის, უნივერსიტეტის შემდეგ უშრომია და ეს შრომა იმით ჰქონია გაადვილებული, რომ სკოლას, უნივერსიტეტს, - ჰქონია ფიქრად, თუ არ ჰქონია, - მაინც ასე თუ ისე უცოდინებია, სად და როგორ გაიგნოს სწავლაცოდნის, მეცნიერების გზა. ამ სახით, თუმცა ეხლანდელს სკოლას განსაკუთრებულ საგნად სწავლაცოდნის შეძენა აქვს, მაგრამ ამ საგანს ამაოდ ებღაუჭება და ვერა გზით ვერა სწვდება. ვიმეორებთ, თუ დღეს მეცნიერნი და სწავლულნი არიან, მარტო იმით, რომ სკოლისა და უნივერსიტეტის შემდეგ თვითონ თავით თვისით შეუძენიათ სწავლა და ცოდნა.

მაშასადამე, სკოლამ ისე უნდა ამზადოს და სწურთვნოს, რომ კაცს ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს ერთ რადმე ყოფნისა ქვეყნის სასარგებლოდ; ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს, პატიოსანი რამ საგანი ცხოვრებისა იქონიოს; ღონე, ხერხი და წყურვილი ჰქონდეს, ყოველ ამისათვის მოიპოვოს შესაფერი სწავლა-ცოდნა. ეგრე მოწყურებული, გაღონიერებული და ხერხიანი კაცი არავითარს სიძნელეს საქმისას არ შეუშინდება, არ შეუდრკება და ზნე-ხასიათობაც ეს არის.

ეხლანდელი სკოლა კი სულ სხვა საგანს მისდევს და ეს ზნე-ხასიათის წრთვნა თავმინებებულია. ეხლანდელი სკოლა მარტო იმის ცდაშია, რომ პატარა ბაშვის თავში, რაც შესაძლოა, ბევრი ცოდნა დასტიოს, ყმაწვილს ბევრი რამ ასწავლოს მარტო ცოდნისა და სწავლისათვის და არა კაცის გაადამიანებისათვის. ამიტომაც არც კაცად-ღა ვარგობენ ეხლანდელი ყმაწვილები და არც იმათის სწავლა-ცოდნიდამ გამოდის რამ. ამიტომაც სკოლაში მიღებული სწავლა-ცოდნა მეტი ბარგია იმათთვის და არც კი ენანებათ, რომ ცხოვრების გზაზედ ეს ბარგი დღედადღე ეკარგებათ, როგორც მეტი რამ.

„ესეთი ყოფა და მიმართულება ეხლანდელის სკოლისა, - ამბობს ერთი მეცნიერი: - ერთი უსაშინელესი და უდიდესი ცდომაა ადამიანის ყოველ სხვათა ცდომათა შორის. ყმაწვილის ნორჩს გონებას ვტვირთავთ, საბარგულედა ვხდით რიცხვით აუარებელ და მრავალფერ ცოდნისათვის, იმისდა გამოურკვევლად თუ, - რა აზრით ვშვრებით ამასა. იმის მაგიერ, რომ ბუნებისამებრ ვზარდოთ, ვწურთვნოთ სული, ჩვენ მარტო იმასა ვსცდილობთ, რომ ბაშვს გავუგეშოთ მხოლოდ ნიჭი გონებისა და ხსოვნა ციფირებისა, სახელებისა, წელიწადებისა, სამათემატიკო ფიგურებისა, საგრამატიკო ფორმებისა. ამას ჩვენ ისეთის ახირებითა ვსცდილობთ, იმოდენად რიცხვით ბევრს და დიდის საწყაოთი ვუწყავთ, რომ ბაშვი მთლად იქანცება ხორცით, აღარა აქვს დრო არც თავის ბუნებურ თბისების თავისთავად გახსნისა და წარმატებისათვის, არც იმისათვის, რომ ამ აუარებელ სასწავლებელ საგნებ შორის გამოარკვიოს, გაიგნოს რამ. შესვენებისათვისაც კი აღარა ჰრჩება დრო თავისუფლად მიეცეს ფიქრა უიმისოდ, რომ ზედ არ დასქეროდეს დაუძინებელი გულის ასარევამდე მოძულებული ოსტატი, ანუ ზედამხედველი“.

„ასწავლიან გრამატიკას, არითმეტიკას, გეოგრაფიას, ისტორიას, - ამბობს სხვა მწერალი: - და უმთავრესს აზრს, უმთავრესს საგანს სკოლისას კი ივიწყებენ, სახელდობრ, იმას, რომ სკოლამ უნდა უშველოს, ღონე მისცეს შეგირდის ზნე-ხასიათს თავესთავობა იჩინოს და გაიწურთვნოს წარსამატებლად და განსავითარებლად“.

„თუ ამ გზით არა ჰშველის სკოლა შეგირდსაო, - ამბობს იგივე: - მაშინ აღარც იდეალია, აღარც ღონეა თავდამჭერი ავში და წამახალისებელი კარგში და საკუთრივ ამაებისაგან კი დაიწვნის ხოლმე უკეთესნი თვისებანი ადამიანის ზნე-ხასიათისანი, სახელდობრ: კაცთმოყვარეობა და სამართლიანობაო“.

მართალიც არის. კაცურის კაცობის თავიდათავი ღირსება ეს ორი გრძნობაა. თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თვითვეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილისმომქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, - სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა, და სკოლამ სწორედ ამისთანა შვილი უნდა გაუზარდოს ქვეყანას, ამისათვის გაუხსნას გონება, ამისათვის გაუღოს გული.

ეს ამისთანა აზრი სკოლის მოვალეობაზედ ახალი ამბავი არ არის. ამის სათავეს საშუალო საუკუნოებში ვპოვულობთ და მაშინდელ დიდბუნებოვან კაცებს არაერთხელ წარმოუთქვამთ, თუ რა ახირებულია კაცობრიობა ყოველ იმაში, რაც ერთხელ დაუჩემებია, ამას გვიმტკიცებს ამ აზრის ისტორია: აბა, ამ ჯერ კიდევ საშუალ საუკუნოებში გაღვიძებულს აზრს ამ მეცხრამეტე საუკუნეშიაც თავისი კუთვნილი ადგილი ვერ დაუჭერია.

შემდეგს ნომერში ამ ისტორიას ვუამბობთ ჩვენს მკითხველებსა.

ტფილისი, 7 მაისი

მოკლედ რომ მოვსჭრათ, რაც გძლადა ვსთქვით ეხლანდელს სკოლაზედ, გამოვა, რომ დღევანდელს სკოლას სახეში აქვს მარტო ჭკვა-გონების წარმატება და გაძლიერება, თუმცა ბევრს შემთხვევაში საქმე ისე მიჰყავს, რომ ვერც ერთსა სწვდება და ვერც მეორეს. ეხლანდელი სწავლა-ცოდნა სკოლისა თუმცა ჰშველის კაცს გონების თვალით დაანახვოს და გონებისავე ყურით გააგებინოს, რაც კაცის გარეშემო არსებობს და თავს იჩენს, მაგრამ ადამიანის საქციელზედ კი თითქმის სრულებით არა ჰმოქმედობს. ამიტომაც დღევანდელს დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, - კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი სრულებით სხვა. ეს იმიტომ არის, რომ დედააზრნი, სკოლაში სწავლა-ცოდნით გამორკვეულნი, მარტო ფორმალურად არიან მიღებულნი და არა მათის შინაგანის აზრითა, არა მათის ბუნებურის შინაარსითა.

ამას ნათლად გვიხატავს მეცნიერი ვესსიო, რომელიც ამბობს:

„ბერძნებსა და რომაელებს ფილოსოფოსი ასწავლიდა, - ასე რომ ვსთქვათ - ქუჩაში, ყველგან ეჩვენებოდა მთელის თავის შეგირდების კრებულითა, ცხოვრებას ცხოვრებაშივე აკვირდებოდა, უხსნიდა და განუმარტებდა მისთა მოვლენათა, ესაუბრებოდა და ეკამათებოდა ხალხსა, ერთის სიტყვით, საზოგადო, საყოველთავო მოღვაწე იყო. ეხლა ფილოსოფოსი განსაკუთრებულად მწიგნობარი კაცია, უფრო ხშირად მეთეორიეა. ჩვენ იშვიათად შეგვხვდება ხოლმე მოსმენა მისის ცოცხალის სიტყვისა, უფრო იშვიათი შემთხვევაა მისი საუბარი ჩვენთან. უფროს-ერთი მარტო იმათს თხზულებას ჰკითხულობს, ისიც მაშინ, თუ ფილოსოფოსმა გვაღირსა და საქვეყნოდ გამოამჟღავნა თავისი სისტემა. ძველთა ფილოსოფოსთა მიმდევარი შესაძლო იყო გეცნათ მისის ცხოვრებისაგან, იმიტომ რომ სტოიკად, თუ სოფისტად ყოფნა ჰნიშნავდა, რომ ცხოვრებითაც სტოიკია, ანუ სოფისტი. ეხლანდელს დროში კი არამცთუ მე, ან თქვენ გამოვიცნობთ, რომ ჩვენი ნაცნობი პოზიტივისტია, არამედ შესაძლოა თვითონ ორმა პოზიტივისტმა, რაც უნდა ხშირად ინახულონ ერთმანეთი, ერთმანეთსვე ვერ გაუგონ, რომ ერთისა და იმავე ფილოსოფიურ სისტემის მიმდევარნი არიან. ეხლანდელს ფილოსოფიას აქვს საქმე მარტო ჭკვა-გონებასთან და ცხოვრების მოვლენათა გაგებასთან ადამიანის მიერ, არც ადამიანის საქციელზედღა მოჰქმედობს, არც არკვევს და წინ უძღვის ადამიანის თვითმოღვაწეობას“.

ამ სახით, ჯერ ძველ დროშივე სცოდნიათ, რომ სწავლა-ციდნა სკოლაში ზნე-ხასიათის საწურთვნელ ღონედ უნდა იხმარებოდეს და არა იქმნას მარტო თავისთავად სანუგბარი რამ, თავისთავად სანატრელი. ამ აზრმა ძველის დროიდამ უფრო მეტის გარკვევით, უფრო მეტის სიცხადით თავი გამოიჩინა საშუალო საუკუნოებში, საკუთრივ მაშინ, როცა ეგრეთწოდებულს სქოლასტიკას საძირკველი შეერყა და მოძღვრება „ჰუმანობისა“ წამოდგა ფეხზედ. ეს ხანა ისტორიისა გამოჩენილია მით, რომ ადამიანის ჭკვა-გონება დიდად გაძლიერდა, მრავალი რამ შეიგნო და ისწავლა ბერძნებისა და რომაელების მწერალთა ნაწერებისაგან და მრავალი რამ აღმოაჩინა. ყველაზედ უდიდესი აღმონაჩენი ამ დროისა, - მიშლესი არ იყოს, - ადამიანია, ესე იგი, ამ საუკუნემ ახალის თვალით მიახედა კაცობრიობა ადამიანის ღირსებაზედ და იმის არსებობის საგანზედა.

„ჰუმანობის მოძღვრება იმაში მდგომარეობსო, - ამბობს ერთი მწერალი: - რომ ადამიანი შეჰხაროდეს ცხოვრებას, ელინებრ სიხარულის თვალით უყურებდეს; იმაში მდგომარეობს, რომ კაცის ადამიანური ღირსება ღრმად პატივცემულ იყოს და არანაკლებ ღრმადვე ჩანერგული რწმენა გვქონდეს, რომ ყოველი ღონე და ნიჭი ადამიანის ბუნებისა აუცილებლად საჭიროა განვითარებულ და წარმატებულ იქმნას ერთიანად და გამოუკლებლივ“.

ეს პატივისცემა ადამიანის ღირსებისა დაიწერა თავის დროშაზედ ჰუმანობის მოძღვრებამ და ეს მოძღვრება გარკვევით გამოსთქვა მაშინ ერთმა იტალიელმა ჰუმანისტმა პიკოდელა-მირანდოლმა 1486 წელსა. ამ პიკოს სიტყვით, - აი რას უბრძანებს ღმერთი პირველს კაცს ადამსა:

„მე შენთვის, ადამო, არავითარი სამუდამო ბინა და სადგური არ მომიცია, არავითარი სამუდამო და უცვალებელი საქმე არ ამიჩენია. ეს იმისთვის, რომ საცა შენ გიამოს, იქ იცხოვრო, რაც გინდოდეს, ის საქმე აიჩინო. მე შენ არც სასიკვდილოდ გამიჩენიხარ, არც უკვდავად დამინიშვნიხარ. ეს იმისთვის, რომ შენ თვითონ იყო შენის თავის მკეთებელი და ისეთი სახე მიიღო, როგორიც შენ თვითონა გსურს: შენ შეგიძლიან პირუტყვამდინაც ძირს ჩამოხვიდე და ანგელოზამდინაც ზე ახვიდე“.

კაცმა რომ ჩაიხედოს ამ სტრიქონებში და ამასთან უნარიცა ჰქონდეს, გამოსარკვევი გამოარკვიოს და დასანახავი დაინახოს, ჩვენთან ერთად იტყვის, რომ ამაზედ მარტივად და ამაზედ ნათლად ძნელია კაცმა გამოსთქვასღა, როგორც ადამიანის არსებობის საგანი, ისეც ადამიანის ღირსება.

ჯერ ეს პიკოს სიტყვა არ იყო თქმული, როცა იტალიაში დაიძრა აზრი, რომ სკოლა აგებულ იქმნას ჰუმანობის მოძღვრების მიხედვითა. ამისი პირველი მესვეური იყო პადუელი ჰუმანისტი ვიტტორინო დაფელტრე, რომელიც ახალის პედაგოგიის მამად ითვლება დღესაც.

ამისი ამბავი და სხვაც დანარჩენი შემდეგისათვის გადიდვას.

ტფილისი, 10 მაისი

ვიტტორინო და-ფელტრე1, რომელიც, - როგორც წინადა ვსთქვით, - პედაგოგიის მამად ითვლება, ერთის ღარიბის ოჯახის შვილი იყო ვენეტიკის სამფლობელოში და დაიბადა 1378 წელსა. იმის ყრმობის დროს ერთი აქა-იქ მოარული ოსტატი იყო რიტორიკისა და ლათინურის ენისა, მეტად სახელგანთქმული. ეს იყო ჯიოვანნი დე-რავენნა. პირველდაწყებითი სწავლა-განათლება ვიტტორინომ ამისაგან მიიღო, მერე პადუის უნივერსიტეტში გადავიდა და საოცარი წყურვილი ჰქონდა მათემატიკა ესწავლა. ხოლო გროში არა ჰქონდა ფული ეძლია მათემატიკის ერთადერთ მასწავლებელისათვის პადუაში, ბიაჯიო პელაკანისათვის, აიღო და მოსამსახურედ დაუდგა და მოსამსახურობით გასამრჯელოს უხდიდა თავის ოსტატსა.

მალე შეატყო ვიტტორინომ, რომ ბიაჯიო ვერაფერი ოსტატია და ამისაგან ვერას გამორჩება. დიდის ნიჭის პატრონი და ამასთან ცოტაოდენ სწავლა-განათლებით გზაკვალგახსნილიც, ვიტტორინო განშორდა ოსტატს და თვითონ მარტოკა შეუდგა საყვარელის მეცნიერების სწავლასა. მალე ისე გაიმართა და ისე ისწავლა, რომ თვითვე შეეძლო ესწავლებინა მათემატიკა სხვისათვის. 1414 წელს ვიტტორინომ ვენეტიკაში ოსტატობა დაიწყო: აიყვანა რამდენისამე დიდკაცის შვილი სასწავლებლად ფულით და ღარიბებს კი მუქთად ასწავლიდა. 1418 წ. რიტორიკის პროფესორადაც შეიქმნა. ამ პროფესორობაში ისე გაითქვა სახელი, რომ მანტუანის ჰერცოგმა ჯიან ფრანჩესკო ჰონზაგომ მიიწვია თავის შვილების აღმზრდელად. ჰერცოგმა მშვენიერი სადგური მისცა ტბის პირას, ქალაქზედ მოშორებით, და 1425 წ. ვიტტორინო აქ დაბინავდა ჰერცოგის შვილებითა და მათის ტოლ-ამხანაგებითა დიდკაცთა შვილთაგან. თუმცა ეს სკოლა მარტო ჰერცოგის და მის დარბაისელთა შვილთათვის დანიშნული იყო, მაგრამ ვიტტორინომ ეს არ შეიწყნარა და იგი მანტუის სკოლა საყოველთაო სკოლად გადააქცია. ამ სახით, სკოლის კარი გაიღო ყველა წოდების შვილთათვის, როგორც მდიდართა, ესეც ღარიბთათვის. ხოლო ღარიბთათვის სკოლის მახლობლად გაჰმართა ცალკე სადგური, საცა იგი აჭმევდა, ასმევდა, აცმევდა და აძლევდა ყოველისფერს, რაც სკოლაში სახმარად საჭირო იყო.

ჩვენ ეს მანტუანის სკოლის მოკლე ისტორია იმიტომ მოვიხსენიეთ აქ, რომ იგი ერთი უძველესი საშუალო სასწავლებელი იყო ევროპაში, რომელმაც ყველაზედ უწინ საფუძვლად და სათავედ დაიდო ახალი მოძღვრება ჰუმანობისა, ვიტტორინოს მეთაურობითა. ვიტტორინოს იდეალად, ანუ მაგალითად, ჰქონდა ათინური „გიმნასიი“, საცა ერთნაირი და თანასწორი ყურადღება იყო მიქცეული, როგორც ყმაწვილის ჭკვაგონების განვითარებასა და გაძლიერებაზედ, ისეც ძვალ-ხორც-ჯანის გამაგრებასა და გაღონიერებაზედ. ხოლო მისაღწევი საგანი კი ვიტტორინოს სკოლისა ზნე-ხასიათის გაწვრთვნა, დამთავრება და დადგენა იყო. ამიტომაც სკოლაში სწავლება და გარეთ ჰაერზედ ვარჯიშობა ერთი-ერთმანეთს რიგ-რიგად მოსდევდა. ყოველ დღეს, დანიშნულს საათს, რაც გინდ ტაროსი ყოფილიყო, ყმაწვილები ვარჯიშობდნენ სრბოლასა, ჭიდაობასა, ცურვასა, ბურთაობასა და შვილდოსნობაში, ზოგჯერ ნადირობის და თევზობის ნებასაც აძლევდა. ზაფხულობით ოსტატების თანახლებით ყმაწვილებს სამგზავროდ ისტუმრებდა და კარგა შორს, ზოგჯერ ალპიის მთებშიაც.

თუმცა სწავლების სახსრად ძველი ენები იყო, ბერძნული და ლათინური, რომელთაც თვითონ ვიტტორინო ასწავლიდა უფროსს კლასებში, მაგრამ მარტო იმისთანა კლასსიკებს აკითხებდა, რომელთაც შეეძლოთ ემოქმედნათ ყმაწვილების ზნე-ხასიათის გაწრთვნასა და გამართვაზედ. ამ კლასსიკების სწავლებასთან ერთად მხარდამხარ ასწავლიდა მათემატიკას, რომელიც ვიტტორინოს მიაჩნდა გონებისათვის უკეთესს სავარჯიშოდ.

ვიტტორინო სულითა და გულით მიეცა თავის სკოლას და ყმაწვილებს ისე ექცეოდა, როგორც მამა შვილებსა. სკოლას შესწირა თავისი საკუთარი ბედნიერება: არ მოეკიდა არც ოჯახს, არც ცოლ-შვილიანობას. როცა მეგობრებმა ურჩიეს, ცოლი შეირთე და შენისთანა შვილები დაუტოვე შენს ქვეყანასაო, იმან უპასუხა, რომ უმაგისოდაც საკმაო შვილები მყვანან სკოლაშიო.

მაგრად იდგა რა პლატონ ფილოსოფოსის თქმულზედ, რომ თავისუფალი არსება თავისუფლად უნდა იზრდებოდესო უტყეპ-უცემლად, ვიტტორინო უძღვებოდა თავის შეგირდების წრთვნას მაგალითითა და ჩაგონებითა და მარტო ძალიან იშვიათს შემთხვევაში ჰხმარობდა ხორცთა სასჯელსა. როცა ამ გზით საქმის სვლამ დაანახვა, რომ საქმე კარგად მიდის, მან სამუდამოდ და უკუდაუბრუნებლად განაძევა თავის სკოლიდამ ხორცთა სასჯელი. სკოლის რიგი და წესი მარტო თავის თავის ზნეობურს გავლენაზედ დაამყარა ამ საკვირველმა კაცმა, რომელზედაც მისი თანამედროვე ამბობს, რომ იგი იყო ზეგარდმო ღვთაებურის მადლით ცხებულიო. მხიარულად და ხალისიანად მიდიოდა სკოლის საქმე, ასე რომ თვითონ სკოლას „მხიარული სახლი“ დაერქვა სახელად.

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვიტტორინოს სკოლა უნაკლულო იყო. ბევრი რამ აკლდა და ვრცლად რომ აგვეწერა, იქნება დაგვენახა ზოგი რამ მეტიც, ხოლო ჩვენ თუ ეს ამბავი მოგვყავს, მარტო იმისთვის, რომ ვიტტორინოს აზრი, მაშინდელის სკოლის საფუძვლად დადებული, მხოლოდ დასაწყისია, ფეხის ადგმაა ახალის საპედაგოგიო თეორიისა. მაშასადამე, ვიტტორინოს მოქმედებას სასკოლო სარბიელზედ ისე უნდა ვუყუროთ, როგორც დვრიტას, რომელიც მერე და მერე გაღვივდა, როგორც კვირტს, რომელიც მერე და მერე გაიშალა და გადაიხსნა სხვათა მეცნიერთა შემწეობითა.

______________________

1. ეს ცნობები თითქმის სიტყვასიტყვით ამოვსწერეთ, ცოტა კი შემოკლებით, თხზულებიდამ: „პედაგოგიური თეორიები განახლების ეპოქისა“.

ტფილისი, 7 ივლისი

„ივერიის №№92-96 მეთაურების საგნად1 ავიღეთ ეხლანდელის სკოლის ვითარება საზოგადოდ და ჩვენ ვსთქვით, რომ ერთი უდიდესი ნაკლულოვანება ის არის, რომ ეხლანდელს სკოლას აზრადა აქვს, რაც შეიძლება ბევრი სწავლა-ცოდნა შესძინოს მოსწავლესა და ზნე-ხასიათის წურთვნას კი თითქმის სრულიად უყურადღებოდ სტოვებს. ამ სწავლა-ცოდნასაც ისეთის დიდის საწყაოთი იძლევა, რომ მოსწავლე ძლივ-ძლიობით ასდის, სულით და ხორცით იქანცება, არაქათი უწყდება და ბოლოს გამრჯელ, მხნე, სულითა და ხორცით ღონიერ ადამიანის მაგიერ უძლური, უღონო და ჯანგალეული კაცი გამოდის სკოლიდამა. ამ სახით, ეხლანდელი სკოლა მიმართულია მარტო გონების აღმატებაზედ და სხვა მხარეს ადამიანის ბუნებისას არამც თუ ჰშველის, არამედ სჩაგრავს და ჰხუთავს.

ეს შეჰნიშნეს მცნიერთა და კაცთმოყვარეობით გამსჭვალულებმა ამ დიდის შეცდომის გასწორება მოისურვეს. დედააზრი ეხლანდელის პედაგოგიის მიმართულებისა იგია, რომ ადამიანი უნდა იწურთვნებოდეს სკოლაში ყოველ მხრით: გონებით, ზნე-ხასიათით, სულით და ხორცით და არც ერთი ამათგანი არ უნდა შეეწიროს მეორეს. ეს დედააზრი, რომელსაც ეხლანდელნი მეცნიერნი ჰლამობენ დაუდვან სკოლას, ახალი ამბავი არ არის. მაგ დედააზრის სათავე ჯერ კიდევ საშუალ საუკუნოებში მოიპოვება, სახელდობრ, ეგრეტწოდებულ „განახლების ეპოქაში“, როცა თავი იჩინა ჰუმანობის მოძღვრებამა. პირველი კაცი, რომელმაც ჰუმანობის მოძღვრებაზე ააგო სკოლა, იყო იტალიელი ვიტტორინო და-ფელტრე. ამ კაცის მოკლე ისტორია და იმისი საპედაგოგიო საფუძველი უკვე მოვახსენეთ მკითხველს „ივერიის“ №96-ში.

ეს მამამთავარი პედაგოგიისა ისე აღსრულდა, რომ ერთი სტრიქონიც არ დაუწერია ახალ პედაგოგიის შესახებ. იგი მარტო საქმით მოქმედობდა და ამბობდა, რომ კარგად მოქმედება სჯობს კარგად წერასაო. ხოლო იმისი საქმით მოძღვრება უნაყოფოდ არ დარჩა. იმის დროს სცხოვრობდა ორი სხვა მეცნიერი, პადუის პროფესორი პაოლო ვერჟერიო და რომის პედაგოგი მატტეო ვეჯიო. ვიტტორინოსაგან საქმით მოძღვრებულნი საფუძველნი ახალის პედაგოგიისა ამათ სამეცნიერო წესსა და რიგში ჩააგდეს და თვითეულმა მათგანმა საკმაოდ გამოჩენილი თხზულება დასწერა. ამ სახით, ეს ორი კაცი შეიქმნა მეცნიერულად დამფუძნებელი ახალის პედაგოგიისა. ამათი ნაშრომი იმითია გამორჩეული, რომ თვალსაჩინოდ, თვალნათლად გამოთქმულია დედააზრნი ახალის საპედაგოგიო სისტემისა, წარმომდგარნი ჰუმანობის მოძღვრებისაგან.

ვერჟერიო თავის თხზულებაში სკოლის საფუძვლად სდებდა ამ ოთხს დედააზრსა: ა) საგანი აღზრდისა ის არის, რომ თავის რიგსა და წესზედ წარმატებულ იქმნას ყოველნი ძალნი და ნიჭნი ადამიანისა, როგორც გონებითნი, ისე ზნეობითნი, როგორც სულიერნი, ისე ხორციელნი. ბ) სწავლებაში უნდა სახეში მიღებულ იქმნას არა მარტო ასაკი და წლოვანება მოწაფისა, არამედ მისნი განსაკუთრებულნი ზნენი და თვისებანი. გ) რადგანაც ბაშვის ცოცხალსა, მკვირცხლსა და ადვილად აღმბეჭდავ ბუნებაზედ ცოცხალი მაგალითი უფრო ძლიერ მოქმედობს, ვიდრე მკვდარი წესი და დარიგება, ამიტომაც ყველაზედ უკეთესი ღონე ის არის, რომ მოწაფეს წინ გადუშალოს ოსტატმა ცხოვრება დიდ-ბუნებოვანთა კაცთა, რომელნიც ასე ბევრნი მოიპოვებიან ძველს დროში. დ) სწავლა-ცოდნა და ერთობ განათლება უნდა დაფუძნებული იყოს თავისუფალთა მეცნიერებათა შესწავლაზედ. ამ მეცნიერებათა სათავეში სდგას ფილოსოფია, რომელიც ადამიანს გონებითად თავისუფალ ჰხდის. მას მოსდევს მეცნიერება მჭევრმეტყველებისა, რომელიც ასწავლის კაცს აზრის ნათლადა და ლამაზად გამოთქმას. მერე მოდის ბუნებისმეტყველება, რომელიც გვაგებინებს ჰარმონიას ყოველ მისას, რაც არსებობს, და ბოლოს ისტორია, რომელიც მოგვითხრობს სვლას და განვითარებას მეცნიერებისას და მრავალს სასარგებლო მაგალითს თვალწინ გვიყენებს.

როცა ვერჟერიო ამაებზედ ჰლაპარაკობს, ბევრს ეხლანდელ დროისათვისაც სასურველს აზრსა და ჭეშმარიტებას ამბობს. მაგალითებრ, იგი ამბობს, რომ ჭკუა-გონება მოწაფისა უფრო წარმატებაში შედის მაშინ, როცა ერთს რომელსამე თხზულებას საფუძვლიანად ისწავლის, ვიდრე მაშინ, როცა ხელდახელ და გაკვრით გადააბულბულებს მრავალსაო. გადამეტებული ცოდნა წვრილმანებისა მეტისმეტად ამძიმებს მოწაფის გონებასა, ჰქანცავს და ჰღალავს ყმაწვილსა იქამდე, რომ ბოლოსდაბოლოს სამუდამოდ აუძლურებს და ასუსტებს. როგორც უწესურობა, ისე მეტისმეტი მკაცრი წესიერება (დისციპლინა) სკოლაში ერთნაირად მავნებელიაო. პირველ შემთხვევაში სული და გული, ერთობ ბუნება და გუნება მოწაფისა აღვირაშვებულია, გაქსუებულია, მოწაფეს ეკარგება ღონე თავდაჭერისა და უნარი, ხალისი გარჯისა და შრომისაო; მეორე შემთხვევაში გატანჯული და დაშინებული მოწაფე ყოველს მხნეობასა ჰკარგავს, ნიჭი თაოსნობისა და თვითმოქმედობისა უკვდება, იმიტომ რომ ვისაც ყველაფრისა ეშინიან, ის უღონოა რაიმე საქმეს შეუდგეს თავისითაო.

უფრო მეტის საბუთიანობით და სისტემით გამოჩენილია მეორე მეცნიერის ვეჯიოს თხზულებაო, ამბობს ავტორი, რომლის თხზულებიდამაც ამოვკრიბეთ ჩვენ როგორც ეს ცნობანი, ისეც წინანდელნი. ეს მისი თხზულება ახალი პედაგოგია არისო, - ამბობს იგი ავტორი, - და ბაშვის აღზრდას დაბადების დღიდგანვე თანა სდევსო. ვეჯიო მთელის თავის ძალღონით ეწინააღმდეგება იმ ჩვეულებას, რომ შვილებს ძიძას აზრდევინებენ და ცხარედ იღვწის, რომ დედამ თვითონ აწოვოს შვილსა. წესიერად და მართალის გზით განვითარება და წარმატება სულისა და ხორცისა, ჩანერგვა ბაშვის გულში კარგის მაგალითების შემწეობით კეთილმომქმედის ზნისა და ხასიათისა უნდა იყოს, ვეჯიოს აზრით, ერთადერთი საგანი აღზრდისა. ვეჯიოც, როგორც ვერჟერიო, იმ აზრზედ სდგას, რომ აღზრდაში სახეში უნდა იქონიონ არამც თუ მარტო ასაკი მოწაფისა, არამედ მისნი განსაკუთრებულნი ზნენი და თვისებანი. ხოლო ვეჯიო ამ საგანზედ უფრო ვრცლად ჰლაპარაკობს. იგი ამბობს, რომ სხვადასხვაა ბუნება სხვადასხვა ბაშვისაო. ეს სხვადასხვაობა ბაშვთა ბუნებისა იმოდენად ძლიერია, რომ უფრო ადვიალია მზეს შეაცვლევინონ გზა, ვიდრე დაბადებით თანდაყოლილნი მიდრეკილებანი ბაშვისა შეიცვალოსო. ამ სხვადასხვაობას უნდა შეეფეროს სხვადასხვა ღონისძიებაც აღზრდისაო. მკვირცხლს და თამამს ბაშვს სხვარიგად უნდა მოექცნენ, ვიდრე მკდემარეს, მორცხვსა და აზიზს ყმაწვილსაო. ესევე უნდა იქონიონ სახეში ჭკუა-გონების აღზრდაშიაცაო.

ამიტომაც ვეჯიო დედ-მამებს არ ურჩევს, შვილები იმისთანა სკოლაში აძლიონ, საცა ბევრი ყმაწვილები არიან, იმიტომ რომ თვით უკეთესი ოსტატიც კი ამ შემთხვევაში უღონო იქნება თვითვეულს ბაშვს ცალკე ადევნოს თვალი და თვითვეულის განსაკუთრებულს ბუნებას და გუნებას ცალკე შეურჩიოს გზა გონების გახსნისა და ზნე-ხასიათის წურთვნისა.

აი ეს სამნი - ვიტტორინო, ვერჟერიო და ვეჯიო, არიან პირველნი მესვეურნი ახალის პედაგოგიისა და ამ სახით, იგი დედააზრნი, რომელნიც დღეს გაღვიძებულნი არიან მეცნიერთაგან, მომდინარეობენ ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნიდამ. განსხვავება მარტო იმაშია, რომ ეხლა ეგ აზრნი უფრო მეტის სავსებით, მეტის გარკვევით, მეტის მეცნიერებით და გამოცდილებით შემუშავებულნი, განვითარებულნი არიან და დასაბუთებულნიცა.

________________

1. ბოდიშს ვიხდით მკითხველის წინაშე, რომ დღეს ისევ ძველს ამბავს უნდა დავუბრუნდეთ. მაშინ დავიწყეთ და ვეღარ შევასრულეთ სხვადასხვა მიზეზებისა გამო და რაც დაგვაკლდა, ეხლა გვსურს შევავსოთ. (იხ. „ივერია“ №96)

ტფილისი, 8 ივლისი

ვიტტორინომ, ვერჟერიომ და ვეჯიომ, ამ - როგორცა ვსთქვით, - სამმა მესვეურმა ახალის პედაგოგიისამ, გზა გაუხსნა პედაგოგიასა და მათმა თეორიამ ახალის მოძღვრებისამ დიდი ზედმოქმედება იქონია შემდგომებზედ. სახელოვანი დიზიდერი ერაზმი როტტერდამელი, რომელიც დაიბადა 1467 წელსა და გარდაიცვალა 1536 წელს, ერთი იმათგანი იყო, რომელთაც ბოლოსდაბოლოს სრულად დაჰფუშეს ძველი სქოლასტიკური სისტემა სკოლისა და ახალი საფუძველი დაუდვეს, ჰუმანობის მოძღვრებაზედ აგებული. საპედაგოგიო აზრნი ერაზმისა იმითი არიან განსაკუთრებით შესანიშნავნი, რომ ერაზმი აღმატებულის სასოებით თაყვანსა სცემს ბაშვსა და ამ სასოებისაგან შეპყრობილი იძლევა სარჩიელს ბაშვის წურთვნისას და აღზრდისას. ბაშვიო, ამბობს იგი, წმინდა ტაძარია სულისწმინდისა და სიფრთხილითა და სიყვარულით უნდა მოექცნენო. იგი არ ეთანხმება ვეჯიოს, რომელიც ბაშვის ბუნებურს მიდრეკილებას მეტისმეტს მნიშვნელობას აძლევდა. ერაზმი, პირიქით, ამტკიცებს, რომ აღზრდას და წურთვნას შეუძლიან სრულად გარდაჰქმნას ბაშვიო. საქმე იმაშიაო, რომ ამ აღზრდამა და წურთვნამ ბაშვი ჩაიგდოს ხელში პირველ ხანშივე, ნორჩობაშივე და ყოველს მის ფეხის გადადგმას უწინამძღვროსო.

ერაზმის აზრით, ბაშვმა შემდეგი კიბე უნდა აიაროს აღზრდისა და წურთვნის დროსაო: ჯერ პირველად ყმაწვილის ნორჩს და მალე შემთვისებელს გულში უნდა ჩანერგილ იქმნას ფესვი სათნოებისა, სიყვარული შემოქმედისა და რწმენა მისი, რომ ღვთისათვის საცნაურია არამც თუ საქმენი ადამიანისა, არამედ გულის ზრახვანიცა. როცა ამ გზით სული და გული მოწაფისა საკმაოდ მომზადებული იქმნება, მაშინ მეცნიერების სწავლებასაც უნდა შეუდგნენ და ბოლოს ხომ უნდა განუვითარონ გრძნობა მოვალეობისა და ასწავლონ, როგორ უნდა მოექცეს და მოეპყრას თავის მსგავს ადამიანსაო. ყმაწვილის სწავლება უნდა დაიწყონ, ერაზმის აზრით, შვიდ, ანუ რვა წლიდამ იმისდა მიხედვით, თუ სულით და ხორცით რა ღონისაა ყმაწვილი. რადგანაც ამ ხანში ბაშვს გართობა და თამაშობა უყვარს, ამიტომ საჭიროა სწავლა - წურთვნა ისე მოეწყოსო, რომ ბაშვმა სწავლება წვალებად არ მიიჩნიოსო. იმაზედ უარესი არა არის რა, რომ ბაშვმა მოიძულოს სწავლა-ცოდნა, ვიდრე შეიგნებდეს ერთისა თუ მეორის სიკეთესაო.

ერაზმი ოსტატისაგან ბევრს რასმე ჰთხოულობს. თუ ოსტატს ჰსურსო, რომ საქმე ემარჯვოს და კეთილად იმოქმედოს ბაშვზედა, აუარებელი ცოდნა უნდა ჰქონდესო, ოსტატმა თითქმის ყველაფერი უნდა ზედმიწევნით იცოდესო. „თქვენ მეტყვითო, ამბობს ერაზმი, რომ მე დიდს ტვირთსა ვსდებ ოსტატსაო. მართალია ეგ, მაგრამ ერთს რომ დიდს ტვირთსა ვკიდებ ამით სხვა მრავალს ვუსუბუქებ ტვირთსაო. მე მსურსო, რომ ოსტატს გავლილი ჰქონდეს მთელი სივრცე კაცთა მეცნიერებისა, იმიტომ რომ მოწაფეებს აღარ დასჭირდეს თვითონ ჰქმნან ეგევეო“. ხოლო ესეც საკმაო არ არის, ერაზმის აზრით, ოსტატისათვის: იგი უნდა იყოს მაღალის ზნეობის კაცი, უნდა იცოდეს, როგორ მოექცეს ბაშვსა, უნდა შემძლებელი იყოს მოიპოვოს სიყვარული და პატივისცემა ყმაწვილისაო „პირველი თავმდები ბაშვის აღზრდის მარჯვედ მსვლელობისა - სიყვარულია მოწაფისა ოსტატის მიმართო“ - ამბობს ერაზმი.

ერაზმი ძალიან ეურჩება, ძალიან ჰკიცხავს, თუ გასაკვეთი ხანგრძლივია სასწავლებელში. ხანგრძლივად სვლა გასაკვეთებისა ჰღალავსო შეგირდის გულისყურს, ქანცს ულევს ყმაწვილსა და სულიერად თუ ხორციელად სჩაგრავსო. ამიტომ რჩევას იძლევა, რომ რაც შეიძლება მალ-მალე უნდა იცვლებოდეს ხოლმე საშრომელი ბაშვისაო: სწავლა, შესვენება, სეირნობა და გართობა ერთმანეთში რიგ-რიგად ჩართული უნდა იქმნასო.

ვეჯიოსებრ, ერაზმი სამჯობინარად ჰხედავს იმისთანა სკოლას, საცა მოწაფენი ბევრნი არ არიან. ცოტა შეგირდებიანი სკოლა სჯობია, როგორც შინ აღზრდასა, ისე ბევრ შეგირდებიან სკოლასაო. შინ რომ იზრდება ყმაწვილი, თვალწინ არავინა ჰყავსო, რომ უპირატესობისა და ჯობნობისათვის შეეჯიბროს ვისმეს და შეჯიბრება კი ამ შემთხვევაში დიდი ღონეა ბაშვის წარმატებისათვისაო. ბევრ შეგირდებიან სკოლაში ხომ ოსტატი უღონოა თვითვეულ ბაშვის ბუნებას ცალკე ადევნოს თვალყურიო.

ტფილისი, 9 ივლისი

ამაოდ არ ჩაიარა საპედაგოგიო მეცნიერებისათვის ვიტტორინოს, ვერჟერიოს, ვეჯიოს და ბოლოს ერაზმის ღვაწლმა და მეცადინეობამ. ამათმა საბუთიანმა და მართალმა მოძღვრებამ თანდათან ფეხი გაიდგა და მომხრენი მოიპოვა ჯერ კიდევ „განახლების“ ეპოქაშივე სხვა ქვეყნებშიაც. მაშინდელს საფრანგეთში გზა გაიკვალა ახალმა საპედაგოგიო თეორიამ გამოჩენილის და სახელგანთქმულის ფრანსუა რაბლეს მეოხებითა. ფრანსუა რაბლე იყო ფრანგი. იგი დაიბადა 1483 წელს და გარდაიცვალა 1558 წელსა. თუმცა პირველ ხანში რაბლე ბერ-მონაზონი იყო, მაგრამ მერე შეიქმნა სახელოვან რომანისტად და უფრო სახელოვან სატირიკოსად. ამან სრულიად შეითვისა ახალი საპედაგოგიო მოძღვრება ერაზმისა და მის წინამყოფთა, ხოლო ისე კი, როგორც დიდბუნებოვანს კაცს შეჰფერის. რაც კარგი იყო ახალის პედაგოგიის მესვეურთა ნამოქმედარსა, თუ ნაწერებში, ყოველივე იგი მიიღო და ამ მიღებულზედ ფეხმოკიდებულმა უფრო წინ წასწივა საპედაგოგიო მოძღვრება და გაუმატა. ამის გამო მეტი არ იქნება ვსთქვათ, რომ მან შეჰქმნა საკუთარი თეორია აღზრდისა და ამაში, დიდი გამჭრიახობა, დიდი ცოდნა და დიდი ჭკვა-გონება გამოიჩინა.

რაბლეს არ დაუწერია განსაკუთრებული საპედაგოგიო თხზულება, არც თვითონ ჰქონია სკოლა. ერაზმისებრ რაბლესაც თავის თავზედ ჰქონდა გამოცდილი მთელი სიმძიმე სქოლასტიურის სწავლებისა, რომელიც უფრო წვალება და წამები იყო ბაშვისა, ვიდრე წრთვნა და ზრდა, და რომელსაც აზრადა ჰქონდა, მარტო წყალსავით დასწავლება წიგნისა და არა გაგება საგნისა და ქვეყნიერობისა, ამიტომაც, როცა დრო მოეცა, მთელის თავის მწვავის ენით სასაცილოდ აიგდო სქოლასტიური წესი სწავლებისა და დასწერა მწვავი სატირა-რომანი, რომელსაც „გარგანტუა“ ჰქვიან. ამ სატირაში ერთის მხრით სასაცილოდ აგდებულია ძველი სქოლასტიური წესი სწავლებისა და მეორეს მხრით გამოხატულია იდეალი ახალის ჰუმანიურის სწავლა-წურთვნისა. ერთიც და მეორეც ნაჩვენებია ორის ყმაწვილის გამოსახვითა. ამ ორ ყმაწვილში ერთი ძველის წესით იზრდება და მეორე ახალის წესითა.

ახალი წესი, რაბლეს მიერ მოძღვრებული, იმაში მდგომარეობს, რომ ბაშვი რაც შეიძლება ნაკლებ იყოს მომწყვდეული ოთხ კედელს შუა, რადგანაც დახშული და დაბუღებული ჰაერი ოთახისა და უმოძრაობოდ ყაფნა სჩაგრავს ყმაწვილსა. ყმაწვილი დღეში უფრო ბევრი წილი გარეთ უნდა იყოს, ჰაერზედ. არც ერთმა საათმა დღისამ უქმად არ უნდა ჩაუაროს ბაშვსა: ოსტატმა საცოდნელი და საწურთვნელი ყოველთვის უნდა მოუპოვოს ბაშვსა და ერთს წუთსაც უსაქმურად არ უნდა ამყოფოს. წიგნის კითხვისათვის და კლასში სასწავლებლად საკამოა სადილის წინ სამი საათი და სადილის უკანაც სამი. სხვა დრო კი შიგადაშიგ და რიგ-რიგად უნდა მოხმარდეს იმას, რომ შეგირდს გაეხსნას ნიჭი დაკვირვებისა, გამორკვევისა და ამიტომაც საჭიროა ბაშვმა თავის საკუთარის დანახვითა, საკუთარის მოაზრებითა და განსჯითა იცოდინოს ბუნება და ცხოვრება. სეირნობს ბაშვი, თუ ჰთამაშობს, თუ ტანის და აგებულობის წარსამატებლად ვარჯიშობს, სჭამს თუ სვამს, ოსტატმა ბაშვის თვალი და გონება უნდა მიახედოს ყველაფერზედ, რაც კი საცოდნელად და საწურთვნელად გამოსადეგია.

რაბლეს სისტემაში ტანის და აგებულების ვარჯიშობას დიდი ადგილი უჭირავს: ბურთაობა, კენჭაობა, ცხენზედ ჯდომა, ცურვა, ჭიდაობა, - ყოველივე ეს საჭიროდ დანახულია რაბლესაგან. რაბლეს აზრით, მოზარდმა თავის თვალით უნდა გაიცნოს ცხოვრება და მისი ავკარგიანობა თავის ყურით გაიგონოს. ამიტომაც ოსტატი უნდა ატარებდეს ყმაწვილსა ფაბრიკებში, სამსჯავროში, სახელოსნოებში და ეკლესიებში ქადაგების სასმენლადაო და, რაც საჭიროა და შესამჩნევი, შეამჩნევინოს და გააგებინოსო.

ასე გაჩნდა და ასე გაივსო ახალი მიმართულება პედაგოგიისა „განახლების“ ეპოქაში, რომელიც საშუალო საუკუნოებს ეკუთვნის. რა თქმა უნდ ეხლანდელს სკოლას ბევრში ჩამორჩება სკოლა „განახლების“ დროებისა. ერთი დიდი უპირატესობა ეხლანდელის სკოლისა ის არის, რომ იგი მარტო დიდკაცთათვის აღარ არის და საყოველთაოა, როგორც დიდისა, ისე პატარისათვის, როგორც მდიდრისა, ისეც ღარიბისათვის. არც იმასა აქვს ეჭვი, რომ ეხლანდელს სკოლაში თვითონ ხერხი სწავლებისა ბევრად უკეთესია უწინდელზედ, მაგრამ ესეც კი უნდა ითქვას, რომ ეხლანდელი სკოლა ბევრში უკან ჩამორჩომილია უწინდელზედ. დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიცა აქვს, რომელსაც კაიკაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა; დავიწყებულია, რომ კაცს ტანი და აგებულებაცა აქვს, რომელიც წურთვნითა და ვარჯიშობით უნდა გაღონიერდეს, გაჯანიანდეს, გამაგრდეს, რადგანაც ჯანმრთელობა უდიდესი მადლია, რომელსაც კი ღმერთი მიანიჭებს ხოლმე თვისთა რჩეულთა. ამ მხრით ეხლანდელი სკოლა ბევრში ჩამოუვარდება „განახლების“ დროების სკოლებს, რომელთაც საგნადა ჰქონდათ თანასწორი წარმატება ადამიანის სულისა და ხორცისა. ეხლანდელი სკოლა, მართალია, ბევრს ცოდნას აწვდის მოსწავლესა, მაგრამ ცალმხრივ მოქმედობს, ხასიათის წურთვნას თითქმის თავს ანებებს და ტანაგებულებას ადამიანისას არამც თუ ჰშველის, არამედ ჰღალავს.

იგი ავტორი, რომელმაც ყოველივე ზემოხსენებული გვაუწყა, ამბობს: „ყველამ იცის ეხლანდელის სკოლის ნაკლულევანება და საკულაოდ არა ერთი და ორი ცვლილება და შევსება მოელის ეხლანდელს სკოლასა“. ვინატრით, რომ შემცვლელთა და შემავსებელთა ხანდისხან ყური ათხოვონ ისტორიას, ზოგჯერ უკანაც მიიხედონ და ზოგიერთი რამ შეითვისონ იმ დიდბუნებოვან ჰუმანისტებ-პედაგოგთაგან, რომელთაც უმოძღვრეს კაცობრიობას ბევრი რამ მოზარდის თაობის საკეთილდღეოდ და საბედნიეროდ.

პედაგოგიის საფუძვლები

ხელნაწერი: ასლი U №1052, გვ. 811-832

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №92-96; №142-144

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილებად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წელს - ი. ჭავჭავაძის თხზუებათა ცხრატომეულში - ტ. VIII, გვ. 145-170; 1945 წ. პ. ინგოროყვას რედაქტორობით გამოცემულ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ხუთტომეულში - ტ. V, გვ. 90-115 და 1954 წ. პ. ინგოროყვას რედაქტორობით გამოცემულ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულში - ტ. IV, გვ. 289-314 ზემოთ მითითებული სათაურით.

გვ. - „...ჩვენსივერიაშიცთავის დროზე მოვიხსენეთ...“ - იგულისხმება გაზ. „ივერიაში“ 1888 წ. №57 (გვ. 1-2), №58 (გვ. 1) დაბეჭდილი მეთაური წერილი ა. ს-ის (ალ. სარაჯიშვილი) ხელმოწერით.

გვ. - მოძღვრებაჰუმანობისა - ჰუმანიზმი, მიმდინარეობა აღორძინების ეპოქის დასავლეთევროპულ კულტურაში, რომელმაც ფეოდალურ-ეკლესიურ იდეოლოგიას დაუპირისპირა ადამიანის კულტი. ჰუმანიზმი ჩამოყალიბდა იტალიაში XV საუკუნეში. შემდეგ განვითარება ჰპოვა ევროპის სხვა ქვეყნებში.

იქვე, - პედაგოგიური თეორიები განახლების ეპოქისა - იგულისხმება მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორის, დასავლეთ ევროპის ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ცნობილი მკვლევრის ნიკოლოზ ილიას ძე სტოროჟენკოს წიგნი «Педагогические теории эпохи возрождения», გამოცემული 1888 წელს.

გვ. - „... დასწერა მწვავი სატირა - რომანი, რომელსაც „გარგანტუა“ ჰქვიან“ - იგულისხმება ფრანსუა რაბლეს რომანი „გარგანტუა და პანტაგრუელი“. (5 წიგნი, გამოიცა 1532-1564 წლებში). ფრანგული აღორძინების ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლი. რომანი მიმართულია კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ: სატირის მახვილით თავს ესხმის პაპის კარის გამომძალველობას, რელიგიურ ფანატიზმს და სქოლასტიკური პედაგოგიკის დოგმატებს, იბრძვის ჰუმანისტური კულტურისათვის, ადამიანის პიროვნების ყოველმხრივი განვითარებისათვის.

45 ევროპის შეშფოთება იმპერატორ ფრიდრიხის ავადმყოფობის გამო

▲ზევით დაბრუნება


ტფილსი, 11 მაისი

მას აქეთ, რაც გერმანიის ტახტზე ავიდა იმპერატორი ფრიდრიხი, რომელიც შეებრძოლა ბისმარკის დაურიდებელსა და თავგასულს პოლიტიკას, ევროპას მშვიდობიანობის ნიავმა დაჰბერა და ცოტად თუ ბევრად მოასვენა ყველა, ვინც ომიანობის მოლოდინმა დაჰქანცა. მართლაც, ფრიდრიხის წინად საპოლიტიკო საქმე ისეთის ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა წინ, რომ ყველანი დღე-დღეზე მოველოდით სახელმწიფოთა შეტაკებას, მაგრამ ავიდა თუ არა გერმანიის ტახტზე მოსარჩლე მშვიდობიანობისა და კონსტიტუციისა, იმწამსვე ყველას ცოტაოდენი იმედი მაინც მიეცა, რომ სანამ ფრიდრიხი იქნება გერმანიის სვე-ბედის განმგებელად, თოფ-იარაღში ჩამსხდარი გერმანია მშვიდობიანობას არ დაარღვევსო. მართლაცდა დროებით მაინც შესწყდა ლაპარაკი საერთო შეტაკების შესახებ, მაგრამ როგორც ეხლა სჩანს, ესეთი იმედი მშვიდობიანობის მსურველთა და მოსარჩლეთა დღეგრძელი არ არის, იმიტომ რომ ის ისტორიული ნასკვი, რომელიც უნდა გაეხსნა ან გაეპო ბისმარკს, დიდის ხნის გამონასკვული არის და ყველანი იმას მოელიან, რომ ადრე თუ გვიან გერმანიის მეთაურობა წილად ჰხვდება მხედრობის მოსარჩლე მემკვიდრეს ფრიდრიხისას და გერმანიის განმგებლობა ხელში ჩაუვარდება თავ. ბისმარკსო.

ამ ორიოდე თვის განმავლობაში მთელი ევროპა თვალყურს ადევნებს ფრიდრიხის ავადმყოფობას, რადგანაც იცის, რომ იმის ავადმყოფობაზეა დამოკიდებული ევროპის დღევანდელი მშვიდობიანობა. ყველასა სწამს, რომ თუ არ ფრიდრიხი, მშვიდობიანობაზე ლაპარაკი უქმი იქნებოდა... ამ ხნის განმავლობაში ცოტათი არ იყოს, შემცირდა პირველი შთაბეჭდილება სამშვიდობო იმედისა და ევროპის მწერლობამ ისევ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი საომრად მზადების თაობაზე. უცხოელი გაზეთები ამბობენ, რომ ესა და ეს სახელმწიფო ამზადებს თოფ-იარაღს და ჯარებსა, რათა თავისი პოლიტიკური წადილი შეისრულოსო და პირდაპირ შეხვდეს ყოველნაირს განსაცდელსაო. ინგლისში დიდი ლაპარაკი აქვსთ ჯარების შევსებისა და შეთოფიარაღების შესახებ; გაიძახიან, რომ ინგლისის სამხედრო ძალღონე იმდენად უძლური და მოუმზადებელია, რომ თვით ლონდონის დაცვაც გასჭირდება, თუ ვინიცობაა საქმე ომიანობამდე მივიდაო. ამიტომაც შესაფერი კანონპროექტია შეტანილი ინგლისის პარლამენტში. გერმანია ხომ მუდამ მზად არის საომრად, იმისი სამხედრო ძალღონე ამ თექვსმეტიოდე წელიწადში თანდათან წარმატებაში შედის, და რა თქმა უნდა, რომ ყოველს შემთხვევას პირნათლად მიეგებება. ავსტრიასაც არ შეუწყვეტია საომრად მზადება და ჯარები გადაჰყავს-გადმოჰყავს. ეხლა ვნახოთ, რას სჩადიან პატარ-პატარა სახელმწიფოები. სერბიას განზრახვა აქვს ჯარების მობილიზაცია მოახდინოს. როგორც ამბობენ, სერბიასა, რუმინიასა და ბოლგარიას შორის მორიგება არსებობს იმ შემთხვევისათვის, თუ ვინიცობაა ომი ატყდა. აგრეთვე ისიც ვიცით, რომ ბალკანის სლავიანთა სახელმწიფოებში მიშაობს უცხო გავლენა. ერთის სიტყვით, ყველგან დიდი მზადებაა. რასაკვირველია, ამ გარემოებათა შემხედვარეს რუსეთს არ შეუძლიან უყურადღებოდ დასტოვოს თავისი ძალ-ღონე, მით უფრო, რომ უცხოელი მწერლობა ამბობს, ვითომ რუსეთს განზრახვა აქვს ვისმე შეემკლავოს, თუმცა რუსეთმა უკვე დაამტკიცა, რომ ომიანობა იმისათვის საჭირო არ არის და მშვიდობიანობა უსაჭიროესი სახსარია საკუთარის ძლიერების შესამატებლად და წარსამატებლად. მართლაც, რუსეთს რომ ომი უნდოდეს, დიდი ხანია შეეძლო ბრძოლის ველზე გამოსულიყო. საბაბი ომიანობისა ხომ დიდი ხანია არსებობს, თუნდაც იგივე ბოლგარია აიღეთ, რომლის მდგომარეობას ყოველთვის შეუძლიან სახელმწიფოები შეაბრძოლოს.

ყოველივე ზემოთ მოხსენებული იმის საბუთია, რომ დღევანდელი მშვიდობიანობა მხოლოდ დროებითია, რომ საპოლიტიკო საქმე უწინდებურად იწარმოებს, რაკი გერმანიის მდგომარეობა შეიცვლება.

ევროპის შეშფოთება იმპერატორ ფრიდრიხის ავადმყოფობის გამო

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №97, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

46 ებრაელთა საკითხზე

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 12 მაისი

არც ერთს ერს არ გამოუვლია იმდენი სატანჯველი და წამება, რამდენიც ებრაელთა ერს თავს გადაჰხდენია. ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულს ერს ბედმა ხელიდგან გამოსხლიტა სამშობლო და თვითმყოფელობა და განაბნია იგი მთელის დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება. აზიასა და ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში, ყველგან ერთი და იგივე ბედი სდევნიდა უბედურს ერსა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის ყოველნაირის საშუალებით, რათა თავი დაიცვას და არ გახდეს მსხვერპლი ძულებისა და წამებისა. ამდენი ხანია ეს ერი მოგზაურობს მთელს დედამიწის ზურგზე და ამ ხნის გნმავლობაში არა ყოფილა ისეთი სატანჯველი, რომელიც ებრაელებს არ გამოეცადოს. აბა რომელი საბუთი არ უხმარიათ და ხელზე არ დაუხვევიათ ებრაელთა სადევნელად და საწვალებლად? არ მოიპოვება ისეთი ისტორიული უსამართლოება, რომელსაც ებრაელები არ დაეჩაგროს. სდევნიდნენ ებრაელებს - ვითარცა ერს, სდევნიდნენ - ვითარცა თავისებურისა და განსაკუთრებულის რჯულის მაღიარებელთ, სდევნიდნენ - ვითარცა უსამართლო ეკონომიურის წესწყობილების წარმომადგენელთ და სხვა ერთა ეკონომიურ მჩაგვრელებს. მდევნელები ხან ერთს საბუთს აძლევდნენ უპირატესობას, ხან მეორეს და არასოდეს არ დამცხრალა სიძულილი ებრაელთადმი.

ეხლაც კი, როდესაც ეგოდენს ჰღაღადებენ კაცთმოყვარეობაზე, იმავე საბუთების ძალით სდევნიან იმათ იქაც კი, სადაც თითქოს ადგილი არ უნდა ჰქონდეს სიძულილსა და დაუნდობლობას. ეს რამდენი ხანია ევროპაში არსებობს ეგრეთწოდებული ანტისემიტიური, ესე იგი ებრაელთა მოწინააღმდეგე მოძრაობა, რომელიც სცდილობს რაც შეიძლება მეტად შეავიწროვოს და დასჩაგროს ებრაელნი. ნამეტნავად ავსტრიასა და გერმანიაშია ძლიერი იგი მოძრაობა, ისეთ წრეშიაც კი, რომლისაგანაც ნაკლებად მოსალოდნელი და საფიქრებელი იყო. ჩვენ ვამბობთ ავსტრიისა და გერმანიის მწერლობისა და განათლებულის საზოგადოების ერთს ნაწილზე. ზოგი გაზეთი მუდმივ ებრაელთა წინააღმდეგ იბრძვის; სტუდენტებიც კი, რომლებისაგანაც საფიქრებელიც არ უნდა იყოს რომლისამე ერისადმი სიძულილი, საქვეყნოდ ღაღადებენ და მოქმედებენ ებრაელთა წინააღმდეგ. ამას წინათ ვენაში აკურთხეს ძეგლი გლაზერისა, იუსტიციის მინისტრად ნამყოფისა. გლაზერი გვარტომობით ებრაელი ყოფილა და ამიტომაც, როცა უნივერსიტეტის რექტორმა ფოკელმა დაიწყო ლაპარაკი განსვენებულის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, სტუდენტებმა შეჰქმნეს ისეთი ხმაურობა, რომ უნივერსიტეტის მთავრობა იძულებული გახდა შეეჩერებინა დღესასწაული. სტუდენტები გამოვიდნენ უნივერსიტეტის დარბაზიდგან და, როგორც აღმოჩნდა, უფროს-ერთი ანტისემიტურის მიმართულებისა ყოფილა. ასე გასინჯეთ, ანტისემიტური გრძნობა არ დაცხრა არც მეცნიერების ტაძარში განსვენებულის სახელის წინაშე. გარდა ამისა, ამას წინათ, როცა ასამართლებდნენ შენერერს, ამ უკანასკნელის მომხრეებმა საუკუნოდ აღიარეს, შენერერს რომ ებრძანებინა ჩვენთვის, ებრაელებს თავს დაეცით და ამოსწყვიტეთო, ჩვენ ხმაამოუღებლივ შევასრულებდით იმის ბრძანებასაო.

ანტისემიტიურს მოძრაობას ძალიან დაუფიქრებია გერმანიის მმართველობაცა, ამასა ჰმოწმობენ ზოგიერთი გაზეთები, რომელნიც ლაპარაკობენ ებრაელთა ყოფამდგომარეობაზე. ეს გაზეთები ამბობენ, რომ სხვა ქვეყნებშიაც თანდათან ძლიერდება ანტისემიტიური მოძრაობაო. ამის მიზეზი ეროვნული სიძულილი და რელიგიური ფანატიზმი კი არ არის, არამედ ეკონომიური ძლიერება ებრაელთა კაპიტალისტებისა, რომლების ხელში გროვდება აუარებელი სიმდიდრე საფრანგეთისა, გერმანიისა და სხვა სახელმწიფოებისაო. ამ გარემოებას არა მარტო ეკონომიური მნიშვნელობა აქვს, არამედ პოლიტიკურიცაო, და თუ ებრაელთა ეკონომიურს გაძლიერებას თავის დროზედ არ შევებრძოლენით, კაპიტალი შეიქმნება ყველა სახელმწიფოებზე უფრო ძლიერი და საშიშიო. კაპიტალის ხელში მოიქცევა ბედი და უბედობა ერთა და მეფეთაო. ყველანი იმასა სჩივიან, რომ ანტისემიტიური მიმართულება თანდათან უფრო და უფრო ძლიერდება, ნამეტნავად განათლებულს საზოგადოებაშიო.

რასაკვირველია, ეს გარემოება მეტად საფიქრებელია, რადგანაც განათლებულს საზოგადოებას დიდი გავლენა აქვს ევროპის ყოფა-ცხოვრებაზე. ამ ნაწილს საზოგადოებისას შეუძლიან თავისი კვალი დააჩნიოს ებრაელთა ბედსა და უბედობას.

ებრაელთა საკითხზე

ხელნაწერი: ასლი U №1052, გვ. 833-834

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №98, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1928 წ. გამოცემულ ი. ჭავჭავაძის ცხრატომეულში - ტ. IX, გვ. 192-194; პ. ინგოროყვას რედაქტორობით 1945 წ. გამოცემულ ხუთტომეულში - ტ. V, გვ. 187-189 და 1950წ. პ. ინგოროყვას რედაქტორობით გამოცემულ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულში - ტ. IX, გვ. 248-250. ყველგან წერილი დაიბეჭდა ზემოთ აღნიშნული სათაურით.

47 გერმანიის პოლიტიკის შეფასება რუსულ პრესაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 13 მაისი

როგორც გუშინწინა ვსთქვით, პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მოახდინა ფრიდრიხის გამეფებამ, თანდათან მცირდება. გერმანიელი გაზეთები წინანდებურად თამამად და მედიდურად ლაპარაკობენ რუსეთის შესახებ. ამის მიზეზი, სხვათაშორის, ის არის, რომ, როგორც გაზეთები გვაცნობებენ, გერმანიამ ხელ-ფეხი ვერ შეუკრა რუსეთის ვაჭრობასა და მრეწველობასა. ამასწინათ, ერთმა გერმანიელმა ოფიციოზურმა გაზეთმა საქვეყნოდ აღიარა, რომ გერმანიისათვის ძალიან სასურველია, რუსეთის ეკონომიური ყოფა-მდგომარეობა დაიჩაგროსო. მეორე ოფიციოზური გაზეთი ამბობს: ამ ორის დღის განმავლობაში რუსეთიდგან მოვიდა 348 ვაგონი ხორბალი. ეს ამბავი და აგრეთვე ის გარემოებაც, რომ რუსეთის ფულის ფასმა აიწია, გვიმტკიცებს, რომ სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც გერმანიამ იხმარა თავისის მეურნეობის დასაცველად, უქმი ყოფილა. ჩვენ იმედი გვაქვს, ამბობს გაზეთი, რომ გერმანიის მთავრობა შეებრძოლება ამ გარემოებას და გზას შეუკრავს რუსეთის ხორბალსა, რომელიც ეგრე უხვად შემოაქვთ გერმანიაშიო.

როგორც ჰხედავს მკითხველი, გერმანიას ეშინიან, რომ რუსეთი ეკონომიურად არ გაძლიერდეს; რუსეთის გაძლიერება საკუთარ უბედურებად მიაჩნიათ. ასე ჰფიქრობენ ოფიციოზური გაზეთები, რომლებიც მმართებლობის მიმართულებისანი არიან. ერთის სიტყვით, იმავე ამბის მოწამე ვართ, რომელიც ამ სამიოდე თთვის წინად საყოველთაო სალაპარაკო იყო მწერლობასა და დიპლომატიაში.

ამ ძველის ამბის განმეორებას, რასაკვირველია, ძალიან უნდა ჩაეფიქრებინა რუსეთის მწერლობა; მართლადაც ზოგი რუსული გაზეთი ამხედრებულა გერმანიელ გაზეთების წინააღმდეგ. „გერმანიელი გაზეთები მუქარას გვითვლიანო, ამბობს ერთი რუსული გაზეთი: და დროა ჩვენც შესაფერი პასუხი გავსცეთო.განა ჩვენ შეგვიძლიან, ხმაამოუღებლივ შევსცქეროდეთ ამ ამბავს? არა, ეს ყოვლად შეუძლებელია, რადგანაც ხმის ამოუღებლობა ამ შემთხვევაში არ შეჰშვენის პოლიტიკურად თვითცნობიერსა და დამოუკიდებელს სახელმწიფოსაო“.

„გერმანია ერთს რომელსამე ღონისძიებას კი არა ჰხმარობს ჩვენს წინააღმდეგა, არამედ სისტემატიურად სდევნის ჩვენს ვაჭრობასა და მრეწველობასაო. რუსეთმაც იგივე ღონისძიება უნდა იხმაროს გერმანიის წინააღმდეგ, ესე იგი, უნდა შეავიწროვოს გერმანიის ვაჭრობისა და მრეწველობის გავრცელება რუსეთში; ამის შემდეგ შესაძლოა შევამციროთ გერმანიელ ქვეშევრდომთა უფლებანი ჩვენს სამფლობელოშიო“.

სამართლიანად ჰკითხულობენ რუსეთის გაზეთები: „რის იმედსა და ნუგეშს გვაძლევს ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკაო? ყოველი ჩვენი ცდა მშვიდობიანობისა და მეგობრობის დასაცველად სრულიად უქმი გამოდგა. როგორც სჩანს, ამგვარი საქციელი დამამცირებელია ჩვენის ღირსებისა და სრულიად ხელს არ გვიწყობსო“.

ნამეტნავად აწუხებს რუსულს გაზეთებს ის გარემოება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ღაღადებენ მშვიდობიანობის მოსარჩლე იმპერატორის მეფობის დროს. მართლაც, ავიდა თუ არა ტახტზე ფრიდრიხი, რუსეთის მწერლობას იმედი მიეცა, რომ რუსეთისა და გერმანიის განწყობილება უსათუოდ განკარგდებაო. საკვირველი საქმეა, ამბობს ერთი რუსული გაზეთი, - რომ მშვიდობიანობის მოსარჩლე იმპერატორის მეფობის დროს ოფიციოზური გაზეთები, რომელნიც სრულიად დამოკიდებულნი არიან მმართველობაზე, ეგეთის მედგრობით იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. თითქო განგებ, როცა დეპეშა გვაცნობებს, რომ ფრიდრიხი თანდათან უკეთ არისო, მოგვდის მუქარის დეპეშა; ოფიციოზური გაზეთები არას ცხრებიან და ბისმარკის პოლიტიკურს სისტემასა ჰქადაგებენო.

დასასრულ, გაზეთები იმას ამბობენ, რომ გერმანიის მეთაურებისაგან ჩვენ არ უნდა მოველოდეთ ჩვენის ინტერესების დაცვასაო. ისინი მხოლოდ გერმანიის ინტერესებისა და საჭიროების მიხედვით მოქმედებენ და ეს სრულიად შესაწყნარებელია. ხოლო ჩვენს ინტერესსა და საჭიროებას ჩვენვე უნდა გამოვესარჩლნეთ, გავიხსენოთ ბისმარკის სიტყვა ბერლინის კონგრესზე წარმოთქმული: „მე არშემიძლიან რუსზე უფრო რუსობა გავწიოვო“, ამ სიტვების აზრი ხომ ის არის, რომ ბისმარკისათვის გერმანიის საჭიროებისა და კეთილდღეობის გარდა არავითარი მოსაზრება არ არსებობსო.

გერმანიის პოლიტიკის შეფასება რუსულ პრესაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №99, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა. ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება თხზულებათა კრებულში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - „...შთაბეჭდილება, რომელიც მოახდინა ფრიდრიხის გამეფებამ...“ - იგულისხმება ფრიდრიხ III გამეფება გერმანიის ტახტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1888 წლის 12 მარტს.494

გვ. - ბერლინის კონგრესი - 1878 წ. საერთაშორისო კონგრესი, რომელიც მოწვეულ იქნა ავსტრია-უნგრეთის და ინგლისის მოთხოვნითა და გერმანიის მხარდაჭერით რუსეთოსმალეთის 1877-78 წ.წ. ომის შემდგომ დადებული სანსტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) პირობების გადასასინჯად.

48 კავთისხევის სასოფლო სკოლის 10 წლისთავი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 14 მაისი

26-ს აპრილს კავთისხევის სასოფლო სკოლამ გადაიხადა თავისის არსებობის ათის წლის დღესასწაული; სკოლამ მოიგონა ათის წლის მოღვაწეობა. საზოგადოებამაც თვალი გადაავლო სკოლის ვითარებასა და ისტორიას და იმ დღეს სრულიად უნდა დარწმუნებულიყო, რომ სკოლა იმის ცხოვრებაში ლამპარია განათლებისა; რომ სკოლამ შესძინა სოფელს მციერე დროის განმავლობაში დიდძალი მხნე და მცოდნე წევრი, რომელთაც შეუძლიანთ პირნათლად გაუძღვნენ ჭირსა და ლხინსა. ათი წელიწადი მაინცდამაინც დიდი არაფერია საზოგადოების ცხოვრებაში, მაგრამ დახედეთ რა მოუმოქმედნია სკოლას ამ მცირე დროის განმავლობაში, რა შეუძენია სოფლისათვის. დღითიდღე რომ თვალი ადევნო კაცმა რომელსამე საქმეს, დიდს წარმატებას ვერას შენიშნავს, რადგანაც თითო დღე მეტად მცირე წვლილს უმატებს საქმეს და თვით წვლილი კი დიდს შრომასა და მეცადინეობას მოითხოვს ხოლმე. მაგრამ როდესაც დიდს გზას გაივლით და გაიხსენებთ თვით გზასა და ყოველსავე, რაც შეგმთხვევიათ და თავს გადაგხედიათ, მაშინ კი დარწმუნდებით, რომ ძნელად სავლელი და ძნელი გზა შეგიმოკლებიათ და შეგიძლიანთ დააფასოთ, ასწონ-დასწონოთ და სიმართლის თვალით შეხედოთ თქვენს წარსულს. დღითიდღე კაცს არ შეუძლიან დიდი წარმატება შენიშნოს თავისს თავს ან რომელსამე საქმეს, მაგრამ როდესაც თვით კაცი ან საქმე მომწიფდება, მაშინ კი უფრო უტყუარად შესაძლოა დავაფასოთ ერთისა და მეორის ავი და კარგი; შეგიძლიანთ შესაფერად და სამართლიანად ასწონ-დასწონოთ საკუთარი ან სხვისი ვითარება მაშინ, როდესაც რამდენსამე წელიწადს ერთბაშად თვალს გარდაავლებთ. დრო უკეთესი და უფრო სამართლიანი მსაჯულია კაცთა მოქმედებისა და მოღვაწეობისა. აბა, მოიგონეთ, მაგალითად, რომელიმე საზოგადო საქმე, რომელიც დიდის წვალებით და ვაებით ატარებს ამ წუთისოფელს. თუ დღე-დღე მიზდიეთ კვალში ამ საქმეს, ზოგჯერ სასოწარკვეთილება და უიმედობა შეგიპყრობთ; ამისათვის არავინ გასაკიცხი და საგინებელი არ არის, მაგრამ როცა იმ საქმეს ისტორიულად გადაავლებთ თვალსა, მაშინ კი უფრო ადვილად წარმოიდგენთ ყოველს დაბრკოლებას, რომელიც თვით საქმეს შემთხვევია, უფრო რიგიანად და უტყუარად დააფასებთ თვით საქმის მნიშვნელობას, უფრო უტყუარად გაჰზომავთ გავლილს გზასა. დიაღ, დრო საუკეთესო და უფრო უტყუარი მსაჯულია ყოველისავე საქმისა, გარემოებისა.

ავიღოთ, მაგალითად, სოფლის სკოლა. რა არის სკოლა, ვინა და რა არის ოსტატი? სოფლის სკოლა ხომ სრულიად მყუდრო და მშვიდი დაწესებულებაა, უმეტეს ნაწილად ხელმოკლე, რომლის უფროსერთი მოწამე სიღარიბესა და უმეცრებაში შობილია; ოსტატი ხომ სრულიად უცნობი და მუდმივ შრომაში გართული და თან ნივთიერად ხელმოკლე მუშაკია, რომელსაც კისრად ადევს მძიმე და რთული მოვალეობა. თუ ყველა იმ დაბრკოლებას გაიხსენიებთ, რომელიც გზაზედ ეღობება ყოველს ახალს საქმეს, დაწესებულებას, აზრსა, თქვენ იმასაც ადვილად წარმოიდგენთ, რომ სასოფლო სკოლის და ოსტატის სავლელი გზა იათი და ვარდით მოფენილი არ არის. ამისდა მიუხედავად კეთილი საქმე, აზრი ბრძოლიდგან გამარჯვებული გამოდის, გზა უადვილდება და ყველანი, ვინც გულგრილად და ცუდის, ან იჭვნეულის თვალით შეჰყურებდნენ წინათ, გზას უთმობენ და თვითონვე ხელს უწყობენ. ამგვარივეა კავთისხევის სკოლის ვითარება და ისტორია. წინათ მასწავლებელი თითქმის ერთადერთი მოსარჩლე იყო სწავლა-განათლებისა, ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც სხვებზე უფრო ნათლადა ჰქონდა წარმოდგენილი სწავლის სარგებლობა და მნიშვნელობა; თვით მასწავლებელი ეუბნება საზოგადოებას, რომ მე თავდაპირველად მარტო ვიყავიო, არც მეგობარი და არც თანამგრძნობი არა მყავდაო, მაგრამ დღეს კი დარწმუნებული ვარ ვუყვარვარ ჩემს შეგირდებს და არის ისეთი საზოგადოება, რომელიც მუდამ მზად არის ხელი მომიმართოს და წამახალისოსო. დიაღ, სრულიად მართალსა ბრძანებს ბ-ნი მასწავლებელი. თუ თავდაპირველადვე ერთი სამიოდე კაცი თანაუგრძნობდა სკოლას, სამაგიეროდ ეხლა კი სამასზე მეტი შეგირდი მშობლებითა და ნათესავებითურთ სწავლა-განათლების თანამგრძნობელია და ხელის შემწყობელი. დღეის იქით სოფლის საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმტკიცდა ის აზრი, რომ სკოლა ადამიანთა ცხოვრების გზის მანათობელია. კავთისხევის შეგირდებს გზა გაუკვალავთ ზოგს სხვა სასწავლებლებისაკენ, ზოგი ხელოსნობას მოჰკიდებია, ზოგი სამსახურში შესულა, ზოგი მამაპაპის საქმეს დასდგომია, ერთის სიტყვით, ვისაც სკოლაში უსწავლია, ცხოვრების სარბიელზე ადგილი დაუმკვიდრებია და ასე თუ ისე ეწევა თავისს უღელს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მთელს საზოგადოებას შეემატა სამასის უმეცრის წევრის მაგიერ ამდენივე ცოტათი მაინც ნასწავლი წევრი, რომლებიც ცხოვრებაში შეიტანენ თავ-თავიანთს წვლილს სინათლისას. გაიხსენიეთ, რომ სკოლის შეგირდებს მცირედი მაინც გაგება აქვსთ სამშობლო ქვეყნის ვითარებისა და აწმყოსი, რომ ისინი სტკბებიან არა რომლისამე პირუტყვულის სიამოვნებითა და გრძნობითა, არამედ მწერლობის ნაწარმოებითა და თანაუგრძნობენ ყოველს კეთილ საქმეს, და თქვენ ნათლად წარმოიდგენთ, თუ რის შემძლეა მყუდრო სასოფლო სკოლა და იმისი ოსტატი, რომელსაც სოფლის მასწავლებლობა არც სიმდიდრეს უქადის და არც დიდკაცობას. აი, ეს არის იმის მიზეზი, რომ მთელი კავთისხევის საზოგადოება ეგეთის კეთილის გძნობით მოეპყრა საკუთარს სკოლას და იდღესასწაულა იმისი დაარსების დღე; ეს არის იმის მიზეზი, რომ საზოგადოებამ მოისურვა, იმავე სასწავლებლის შეგირდის თავოსნობით, სასოფლო ბიბლიოთეკის გამართვა და ამ საგნისათვის არ დაიშურა შესაწირავი, და აი რარიგად მატულობს და იზრდება კეთილი აზრი და საქმე, რარიგად მატულობს რიცხვი კეთილის საქმის მოსარჩლეთა და მომხრეთა.

კავთისხევის სკოლა ხომ იგეთივე სკოლაა, როგორიც სხვა სოფლებშიაც მოიპოვება; ბედს იმისთვის არავითარი უპირატესობა არ მიუნიჭებია და ამიტომაც ამ სკოლის მაგალითი, იმედია, გულში ჩაეჭდევა სხვა სკოლების მოღვაწეთაც, რომლებსაც საბუთი ეძლევათ ჩაუკვირდნენ თავიანთს წარსულს და ასწონ-დასწონონ იგი.

კავთისხევის სასოფლო სკოლის 10 წლისთავი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №100, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება თხზულებათა კრებულში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

49 კრება ტფილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა (16 მაისს)

▲ზევით დაბრუნება


მას აქეთ, რაც ბანკი დაარსებულა ეს მეცამეტე წელიწადია. ეს მეცამეტედჯერ ბანკის გამგეობა სდგას თქვენს წინაშე განსაკითხავად. ხოლო განკითხვა არც ერთხელ ამ ცამეტს წელიწადში ასეთის გულისწყრომით და რისხვით არ მოგვსევია როგოც დღეს, და, სწორედ მოგახსენოთ, არც ამისთანა მარჯვე ხელჩასაჭიდებელი მიზეზი ჰქონია დღემდე. რას ბრძანებთ? დახე, გამგეობამ ბანკისამ რა ჩაიდინა? ვიძახით დღეს მარჯვნივ და მარცხნივ, შინა და გარედ; ჩვენ, ბანკის პატრონებმა, ჩვენს მოჯამაგირეებს გადაუწყვიტეთ, რომ ამა და ამ საქმეზედ სამი ათასი თუმანი დახარჯეთო, იმათ კი აუღიათ და ჯერ პირველ იანვრამდე ათი ათასზედ მეტი თუმანი დაუხარჯავთ და თანაც გვეუბნებიან, ოთხი ათასამდე კიდევ მოუნდებაო. ვის არ აეშლება თავზედ თმა ამ საშინელების გამგონსა!

„საქმე მართლა დღეს ასეა: სწორედ სამი ათასი თუმანი გადაგვიწყვიტეთ და ჩვენ კი ათი ათასი დავხარჯეთ და ამასთანავე მოგახსენებთ, ოთხი ათასამდე კიდევ მოუნდებაო. აქ რისხვას და წყრომას დიდი საბუთი აქვს მარტო ამ სიტყვებზედ რომ დავდგეთ და აღარასფერს სხვას ყური არ ვათხოვოთ, იმიტომ რომ, თვითნებობა არა საქმეში არ ვარგა და ნამეტნავად ბანკისაში, ხოლო ერთი ეს ვიკითხოთ: მართლის სამართლის ქმნა იქმნება, რომ სხვას აღარასფერს ყური არ ვათხოვოთ, ესე იგი, არ გამოვიძიოთ, რადა ჰქმნა გამგეობამ ესა, რა აუცილებელმა საჭიროებამ აქმნევინა ეს ამოდენა ფული აიღო და გადაყარა უსარგებლოდ, თუ ეს ფული დაკარგული არ არის და მოგება და სარგებლობა მოგვიტანა რამ.

კაცის მკვლელსაც კი ჰკითხვენ ხოლმე, რად მოჰკალი კაციო. თუ შესაწყნარებელს მიზეზს ჰნახვენ, შეიწყნარებენ ცოტად თუ ბევრად მიზეზის მიხედვით და ბევრი მაგალითიც ყოფილა, არის და იქნება, რომ სულაც შეუნდობენ და აპატიებენ. აი ამგვარს განიკითხვას ვითხოვთ თქვენგან და ამგვარის სამართლით მოჭრილი ხელიც კი არა სტკივა ადამიანსა. მე იმას კი არ მოგახსენებთ, უსათუოდ გაგვამართლეთ-მეთქი. მე მარტო გთხოვთ, გასამართლებელი ვართ თუ გასამტყუვნებელი, მართალი სამართალი მოგვეცით.

„ჩვენ ამისი იმედი გვაქვს, რომ ეს იმედი არა გვქონდეს, არც კი ვემსახურებოდით თქვენს საქმეს და თვითონ საქმეც კი თხილის ნაჭუჭად არ ეღირებოდა. კიდევ მოგახსენებთ, ჩვენ გვაქვს ამისი სასოება, იმიტომ რომ ამ თორმეტს წელიწადში არც ერთი უსამართლობა ხშირად ჩვენზედ ხმალამოღებით მოსეული, თქვენგან აქედამ დაუმარცხებელი არ წასულა“. აი ამით ნუგეშცემულნი შევუდგებით საქმის გამოძიებას. ჩვენი მოპირისპირენი, რომელთაც, უეჭველია, მარტო ბანკის სიკეთის წყურვილი ალაპარაკებს, მოგახსენებენ, რომ ჩვენ აღარასფერს გამოძიებაში შევდივართ. ჩვენ მარტო ეს ვიცით და მარტო ეს კმარა ვიცოდეთ, რომ სამი ათასის თუმნის ნება მოგეცით და თქვენ კი ოთხი და ხუთი იმოდენა დაჰხარჯეთ ჩვენდა დაუკითხავად. აქ პრინციპია, დედააზრია საქმისა დარღვეულიო.

„მართალია, ჩვენ ამას არა ვმალავთ. ჩვენი დანაშაული ეს არის. ეხლა ვიკითხოთ: რა პრინციპიდავარღვიეთ? ის, რომ პატრონის დაუკითხავად მისმა რწმუნებულმა კაცმა არასფერი არ უნდა ჰხარჯოს. კარგი და პატიოსანი. ჩვენც დიდი პატივისმცემელნი ვართ ყოველგვარ პრინციპისა. მაგრამ განა არ არის იმისთანა გარემოება, რომ ამ ორ ცეცხლშუა დააყენოს კაცი: ან პრინციპი დაიხსენ და საქმე გასწირე, ან საქმე დაიხსენ და გასწირე პრინციპიო. ამ შემთხვევაში რა გვიჯობს: საქმის გადარჩენა, თუ პრინციპისა? თქვენი „ჰო“ თუ „არა“ ამ საკითხზედ „ჰო“ და „არა“ იქნება იმისი თუ, - პრინციპია საქმისათვის გაჩენილი ქვეყანაზედ, თუ საქმე პრინციპისათვის.

„მე ნებასა გთხოვთ ერთი მაგალითი მოვიყვანო. ვსთქვათ, ღმერთმა კი დაგვიფაროს და, ცეცხლი წაეკიდა ბანკს. ბანკში ერთი იმისთანა კასა დგას, რომელშიაც ინახება მთელი ავლადიდება ბანკისა და რომელსაც სამოცი კაცი ადგილიდამ ძლივს დასძრავს. ვსთქვათ, გამოვდივარ და ვუძახი ხალხს: გვიშველეთ, კასა გადაგვირჩინეთ! არავინა გვშველის, რადგანაც ცეცხლი გარშემორტყმულია და კასსის გადარჩენა არ შეიძლება თუ არ თავგამომეტებით. ვხედავ რა, რომ მთელი ქონება იკარგება, ვიძახი: ვინც გადაარჩენს, აი ათასი თუმანი მიიღოს. ამ დროს მოდის ივანე თუ პეტრე და მეუბნება; კაცო, რო აძლევ, ვის ფულს აძლევ? ჯერ საზოგადო კრება შეჰყარე და მერე მიეციო. მინამდე რომ კასსა დაიწვას? - დეე დაიწვას, ოღონდ პრინციპი ნუ დაიწვებაო. როგორ გგონიათ, კასსის გადარჩენას უფრო მოიწონებდით, თუ პრინციპისას?

„ეს მაგალითი სრულებით არა ჰგავს იმას, რამაც ჩვენ იძულებული გაგვხადა ის დაგვეხარჯა, რის ნებაც არა გვქონდა. ცეცხლი, ღვთის მადლით, არას ეკიდებოდა, თუმცა კი დავალებულ და საქმის გულმტკინვეულ კაცისათვის ისიც ცეცხლის მოკიდებაა, როცა თუ დაყოვნდა, დაახანა, სიჩქარეს სიჩქარით არ მოექცა, მიბარებული საქმე არ წაუხდება, ან იმ სარგებელს, იმ ხეირს არ მოუტანს პატრონს, რისთვისაც თვითონ საქმეა დანიშნული. ამასაც თავი დავანებოთ. მე ეს მაგალითი მოვიყვნე იმისთვის, რათა ნათლად გვენიშნებინა, რომ ყოფილა, არის და იქნება კვლავაც იმისთანა შემთხვევა, როცა საქმეს უნდა შეეწიროს ყოველივე ფორმა, ყოველივე პრინციპი, იმიტომ რომ თვითონ ფორმა, თუ პრინციპი საქმის სიკეთისათვის არის და არა საქმის სიკეთე ფორმისა და პრინციპისათვის.

„ბევრნი იმისთანანი არიან, რომ ჩემს ნათქვამს სოფიზმს დაარქმევენ ხოლმე. ეხლაც იტყვიან, რომ ყოველი, რაცა ვსთქვი, სოფიზმიაო. სახელი საქმის ბუნებას ვერ შესცვლის: მე რომ პეტრე დამარქვან, მაინც ილია ჭავჭავაძე ვიქნები. თუ ეს ჩვენი თქმული სოფიზმია, დეე, იყოს სოფიზმი. მხოლოდ იმას კი ვიტყვი, რომ სწორედ ამ ყბადაღებულს სოფიზმზედ არის დამყარებული მეათე ტომის მე-2197 მუხლი1 საზოგადო კანონების, რომელნიც ჩვენთვისაც სავალდებულოა. მინამ ეს კანონი კანონად არის, ვინც რამ უნდა სთქვას და რა სახელიც უნდა დაარქვას, ამის ჭკვიანურს წინდახედულს და მართლის მართალს ერთს ბეწვსაც ვერავინ ვერ დააკლებს. ამიტომაც, როცა გვეუბნებიან, აქ პრინციპია, დედააზრია დარღვეულიო, ისიც უსათუოდ უნდა დაუმატონ, რომ დარღვეულია გაუჭირებლად, ესე იგი, როცა აუცილებელი შემთხვევა და საქმის სიკეთე ამას არ ითხოვსო. სრული პრინციპი სწორედ ასეთია. აი, ამ პრინციპის ძალით უპასუხა იესო ქრისტემ, როცა უსაყვედურეს, რომ შაბათს, ესე იგი, უქმე დღეს სნეულს რადა ჰკურნავო, აკრძალულია, ჩვენი პრინციპიაო. ეს იმიტომაო, უპასუხა იესო ქრისტემ, რომ კურნება სნეულისა კეთილი საქმეა და კეთილს საქმეს შაბათი ვერავის ვერ დაუშლისო, რადგანაც შაბათი კაცისათვის არის გაჩენილი და არა კაცი შაბათისათვისაო.

„ჩვენი ნუგეში იმაშია, თუ ეს ერთადერთი უწვალებელი და ყოველ შემთხვევაში შეურყეველი პრინციპი ჩვენკენ აღმოჩნდება. ეხლა ვიკითხოთ: იყო რამ ჩვენ წინ იმისთანა გარემოება, რომელიც ითხოვდა საქმის სარგებლობა გვერჩივნა სხვა ყოველ იმისთანა პრინციპის უკვდავებასა, რომელიც, თუნდ ძალიან იშვიათად, - უნდა ემორჩილებოდეს საქმეს, - თუ შესაძლო იყო არც მწვადი დამწვარიყო, არც შამფური, ესე იგი, საქმეც არ წამხდარიყო და პრინციპიც შენახულიყო. ჩვენს მოხსენებაში, რომელიც დღეს ხელმეორედ წაკითხულ იყო თქვენს წინაშე, საკმაოდ ვრცლად ჩამოთვლილია იგი საბუთები, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ სწორედ აუცილებელი გაჭირება დაგვაწყდა თავზედ, თუ ამ საბუთებს ვინმე თქვენგანი არა სჯერდება, გვიბძანეთ, და მოგახსენებთ კიდევ უფრო ვრცლად.

„დიაღ, ბატონებო, მე მგონია ცხადია, რომ ჩვენ ორ წყალშუა ვიყავით: ან ფორმას და ფრიად საჭირო ფორმასაც უნდა ავყოლოდით და საქმეზედ ხელი აგვეღო, ან საქმე გაგვეკეთებინა და ფორმაზე აგვეღო ხელი. ჩვენ უკანასკნელი ვირჩიეთ და ჩვენი დანაშაული თქვენს წინაშე ეს არის. ვსთქვათ, დავაშავეთ, ახლა აღარ ვიკითხავთ რა წახდა ამით? ის წახდა, რომ ჩვენი ათი ათასი თუმანი რომელსამე ბანკში უნდა დებულიყო სამას თუმნად, ან ხუთას თუმნად, თუ სარგებლიან ქაღალდებს ვიყიდდით, და ეხლა კი თქვენს საკუთარს ქონებაში სდევს და ათას სამას თუმანზედ მეტი სარგებელი მოაქვს. თუ ეს საქმე ის წახდენაა, დეე, ჩვენც ამისთანა საქმესთან თანაწავხდეთ. ხოლო ამას კი ნუ დავივიწყებთ, რომ, როცა საქმის პატრონს არ ესმის წანახდენი რა არის და სარგებლობა და ხეირი რა, ამისთანა კაცის საქმეს ქვეყანაზედ ვერავინ ვერ ენდობა, სული და გული ბანკისა კი ქვეყნის ნდობაა, უამისოდ ბანკი ერთს დღესაც ვერ იჭაჭანებს.

„დასასრულ, ჩემს საუბარს იმით გავათავებ, რითაც დავიწყე. ეს სწორედ ცამეტი წლიწადია, რაც ჩვენ ამ ბანკის საქმეს ვემსახურებით, და ამ ცამეტს წელიწადში თორმეტჯერ განვკითხულვართ თქვენგან. ეს უკანასკნელი განკითხვა მეცამეტეა და რადგანაც მეცამეტეა, ცუდი ნიშანია იმისთვის, ვინც ამ წელს ბეწვის ხიდზედ უნდა გაიაროს. მე შემხვდა დღეს რიგი ამ ბეწვის ხიდზედ გავლისა იმიტომ, რომ ამ ავთვალა და ავნიშანა წელს მე ან უნდა ხელახლად ჩამოვიტარო კენჭი, - ან წინადვე უარი ვთქვა. ამ ორში რას მოვიწადინებ - ეგ ჩემი საქმეა. მე მხოლოდ ამასა გთხოვთ, ჩემს ბანკში ყოფნას, თუ არყოფნას ნუ გადაახრევინებთ ნურც იქით, ნურც აქეთ. არ მოგწონვართ, არ ვარგივარ, ღმერთმა ისე ადვილად ბანკის ვალები მოგაშოროთ, როგორც ადვილად თავიდამ მე მომიშორებთ. ყოვლად უმიზეზოდაც. აქ არავინ სამდურავსაც არ გაკადრებთ, ხოლო ბანკს გაუფრთხილდით.

„ერთი დიდი და ძლიერი ძარღვი გაფრთხილებისა განკითხვაა პატრონისაგან დავალებულის კაცისა და იმის მოქმედებისა. როცა ქვეყანა ჰხედავს, რომ იგი უმაღლესი ინსტანცია, რომელსაც საზოგადო კრება ჰქვიან, საქმეს ფხიზლის და მართლის თვალით დასტრიალებს, წრფელის გულისტკივილით უვლის, ყოველს ნაბიჯს საქმის მსვლელობისას ცოდნის თვალით და მართლის განკითხვით სინჯავს, ნდობაც ბევრია: ნდობაა-მეთქი, მარტო ნდობაა დედაბოძი ყოვლის ბანკისა და ნამეტნავად ჩვენისა, რომელიც დიდსა და პატარას თავის გაჩენის დღიდამვე დღეს აქამომდე ნიშანში აქვს ამოღებული და თავში უფაჩუნებს, არ ვიცით კი რად. ამიტომაც სამართლიანი განკითხვა არავისათვის სათაკილო არ არის, პირიქით, უამისობა სიკვდილია ბანკისათვის, დედაბოძის გამოცლაა შენობისათვის.

„ამ მხრით განკითხვას დიდი მნიშვნელობა აქვს ყოვლისფერში საზოგადოდ და ბანკის საქმეში საკუთრივ და ჩვენ თავს უნდა მივულოცოთ, რომ ეს განკითხვა ჩვეულებად გაგვიხდა და თანდათან ძლიერდება და ჰმატულობს. დიაღ, ბატონებო, არავითარს საქმეს, ნამეტნავად საზოგადოს, განუკითხველად არ უნდა მივეკიდნეთ, ხოლო სამართლიანად კი. მე აქ განგებ გავიმეორე „სამართლიანად“-მეთქი. ეგ იმასა ჰნიშნავს, რომ კაცმა არც „ჰო“ უნდა სთქვას, არც „არა“ რომელსამე საგანზე, თუ საგნის ვითარება არ გამოუძიებია, არ უცვნია, არ გამოურკვევია, ერთის სიტყვით, თუ „ჰოსა“ ან „არა“-სათვის მართალი, უტყუარი საბუთი არა აქვს. ყველა ეს აუცილებელი საჭიროებაა, მაგრამ საკმაო არ არის მართლის სამართლის ქმნისათვის. თვითონ განაჩენი ზედ მართალზედ უნდა იყოს გამოჭრილი და არა გულში ჩახვეულ რაღაც ხვანჯზედ. უამისოდ განკითხვა განკითხვა კი არ არის, ჭორიკანაობაა და ჭორიკანაობა ხომ კუდიან მელასა ჰგავს, რომელსაც რაც აგონდება, ის ესიზმრება ხოლმე. აი ამგვარი განკითხვაა იგი ფონი, რომელიც არჩობს ნდობასა და ჰღუპავს საქმესა.

„ჩვენი ნუგეში, ჩვენი სასოება ის არის, რომ არც თქვენ იკადრებთ ამისთანა განკითხვას და არც ჩვენ დაგვამდაბლეთ იმოდენად, რომ ამისთანა განკითხვას შეგვჭიდოთ. ჩვენ ბევრი საბუთი გვაქვს ეს სასიხარულო და სასიქადულო ნუგეში ვიქონიოთ თქვენზედა. აკი მოგახსენეთ ამ ცამეტს წელიწადში თორმეტჯერ განგიკითხავთ თქვენგან ამორჩეული კაცები და თორმეტჯერვე მართალს თავისი გაუტანია და არც ერთხელ არ შეჰბღალულა „ქმნა მართლისა სამართლისა“, რომელიც შოთას სიტყვით, „ხესაც შეიქმს ხმელსა ნედლად“, ესე იგი, მკვდარსაც გააცოცხლებს. ეს ყოვლის კაცის მაცოცხლებელი ღვთაებური მადლი მართალის სამართლის ქმნისა თუ თქვენი ხმალია, ჩვენი ფარიც ეს არის.“ ამ მართალის სამართლის ქმნის ღვთაებურ მადლისათვის მიგვინდვია თქვენი განაჩენი მასზე თუ წაგიხდინეთ თქვენი მონდობილი საქმე, თუ გაგიკეთეთ.

______________

1. აქ თვითონ ეს მუხლი კანონისა წაკითხულ იქმნა, აი იგი კანონიც: обстоятельства не терпящих отлагательства, правлению может быть предоставлено право решать дела своею властию и свыше суммы, в уставе предназначенной, но стем чтобы за необходимость и последствя таких решений члены правления сами уж ответствовали перед общим собранием акшионеров.

აქ შეჰნიშნეს, რომ მაგ კანონით თავს ვერ იმართლებს გამგეობაო, რადგანაც მაგ კანონის ძალით თვითონ კრებამ უნდა მიანიჭოს ეგ ნებაო. ამაზედ ი. ჭავჭავაძემ უპასუხა, რომ მე ამით კი არ ვმართლულობ თავსა, არამედ ამით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩემი სიტყვა სოფიზმი არ არის, პირიქით, საფუძვლადაც უდევს კანონსა-მეთქი.

კრება ტფილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა (16 მაისს)

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №103, გვ. 1-2.

ეს არის ი. ჭავჭავაძის სიტყვა ბანკის წევრთა სხდომაზე. დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად, სათაურით. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება ი. ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში.

გვ. - მას აქეთ, რაც ბანკი დაარსებულია, ეს მეცამეტე წელიწადია- თბილისის სათავადაზნაურო ბანკი დაარსდა 1875 წელს.

გვ. - „...ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად - („ვეფხისტყაოსანი“, თბ., 1966წ., სტროფი 535).

50 სამეურნეო იარაღი მრეწველობისათვის

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 27 მაისი

რამდენად დამაბრკოლებელია წარმოებისა და მრეწველობისათვის სამეურნეო იარაღების სიძვირე და მათზე ბაჟის დადება, ამას აშკარად მოგვითხრობს „მაცნე“. მე-17 №-ში, გაზეთი ამბობს: ყოველთვის, ყოველგვარ წარმოებაში, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც იმ მასალის სიკარგეს, რომლისაგანაც იარაღია გაკეთებული, აგრეთვე იმასაც, თუ ეს იარაღი რამდენად კარგად და დანიშნულების მიხედვით არის მოწყობილი. იგი მუშა, რომელიც უკეთესის იარაღით, ან მანქანით მუშაობს, რასაკვირველია, ყოველთვის აჯობებს იმას, რომელიც უფრო დაბალის ღირსების მასალით და უფრო ცუდად მოწყობილის იარაღით ან მანქანით მუშაობს, რადგან უფრო მეტს და უკეთესს ნაწარმოებს მიიღებს, ვიდრე მეორე. ამის შესახებ ბ-ნ ვერეშჩაგინს კარგი მაგალითი მოჰყავს: დანიაში დამზადებული კარაქის სადღვები იარაღი, ან გასანიავებელი მანქანა ავიღოთ: მათი დატრიალება, ამ იარაღით მუშაობა სიამოვნებაა, დროს გატარებააო! ფინლიანდიაში დამზადებული კარაქის სადღვებით მომუშავეს კი იმოდენა ძალა ადგას, რომ სულ ოფლში უნდა გაიწუროს, ვიდრე ერთ-ორ გირვანქა კარაქს ამოიღებს.

მაგრამ ეს არაფერიაო, ამბობენ: ჩვენ ყოველთვის შეგვიძლიან დავიქირაოთ მუშა და მუშის დაქირავება უფრო იაფად დაგვიჯდება, ვიდრე ჩვენებურზედ უკეთესის იარაღის ყიდვაო. მაგრამ ნუთუ ეს მართალი არისო, ამბობს ბ-ნი ვერეშჩაგინი. სრულიადაც არა, ცხოვრებაში სწორედ ამის წინააღმდეგს ვხედავთ. რამდენადაც ხალხი ერთს რომელსამე ადგილას, ან ქვეყანაში ნაკლებია, რამდენადაც ხალხს კულტურა ნაკლებად დასტყობია და მიწები შეუმუშავებელი აქვს,იმდენად საჭიროა გაუფრთხილდეთ მუშახელს და ეს ხელი უფრო გამოსადეგ და საჭირო საგანზედ ვამუშაოთ. ხოლო გაუმჯობესებული და ბევრჯელ ძალიან უხერხო იარაღების და მანქანების ხმარების დროს ხალხი მეტად ნელა გადასდგამს ხოლმე წინ ფეხს და იქნებ სხვა ერმა, რომელიც იმაზედ უკეთეს გარემოებაში იქნება, უკანაც დასწიოს და ეკონომიურად მთლად დასცეს კიდეც, და, რაღა თქმა უნდა, იმ ხალხის შრომას, რომელიც ძველის, უხერხო იარაღებით იმუშავებს, ნაკლები ნაყოფი ექმნება და ნაკლებადაც დაჯილდოვდება, ვიდრე იმ ხალხისას, რომელიც არა თუ უკეთეს გარემოებაში აწარმოებს თავისს მეურნეობას, არამედ ბევრად უკეთეს იარაღებითაც. რომ ამ ქვეყნებს და მათ მკვიდრთ არ ჩამოვურჩეთ და მათზედ გაშორებით ნაკლებს სარგებლობას არ ვიღებდეთ ჩვენს შრომაში, საჭიროა ჩვენც იმისთანავე გაუმჯობესებულის იარაღებით ვიმუშაოთ, როგორითაც ისინი მუშაობენ. ძალიან სამართლიანად ამბობს ბ-ნი ვერეშჩაგინი, რომ, თუ გვსურს მომავალში მაინც ჩვენში იმისთანავე გაუმჯობესებული იარაღები და მანქანები გვქონდეს, როგორიც, მაგალითად, საზღვარგარეთ აქვსთ, საჭიროა ყველა ღონისძიება ვიხმაროთ, რომ საზღვარგარეთ, იქ, სადაც უკეთესის იარაღით მუშაობენ და სადაც ამ იარაღებს ამზადებენ, შევისწავლოთ ამ იარაღების დამზადება და დავაარსოთ ჩვენში იმისთანა ქარხნები, სადაც შეგვეძლოს საზღვარგარეთ შესწავლულის წესებით დავამზადოთ ჩვენთვის საჭირო და გამოსადეგი იარაღები და მანქანები. მაგრამ, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ამ გაუმჯობესებული სამუშაო იარაღების დამზადების საქმე სულ სხვა გზას ადგაო. ჩვენში ასე ჰფიქრობენ: გაუმჯობესებული იარაღები საჭიროა ხალხისათვის, ეს იარაღები უცხო ქვეყნებიდან შემოაქვსთ და ამგვარად ის ფული, რომელსაც უცხოელებს ვაძლევთ ამ იარაღებში, ტყუილუბრალოდ გადის ჩვენის ქვეყნიდგან, ხოლო თუ ამ იარაღების შემოტანა გაძნელდება, „მაშინ მომუშავე ხალხი იძულებული იქნება თავისი მოთხოვნილება შინაურ მრეწველობის იარაღებით დაიკმაყოფილოს და ამგვარად ჩვენი ფული ჩვენივე დარჩებაო. ამას გარდაც ჩვენი შინაური მრეწველობა, ე.ი. სამუშაო იარაღებისა და მანქანების წარმოება წარმატებაში მოვაო“. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი ფული ჩვენშივე დარჩენილიყო, წარმოებაც განვითარებულიყო და საჭირო იარაღების შეძენა უფრო გაადვილებულიყო და გაიაფებულიყო, მაგრამ საქმე ჯერჯერობით ასე არ არის. შინაური, სამშობლო წარმოება იმ იარაღებისა, რომელზედაცა გვაქვს ეხლა ლაპარაკი, თუმცა ყოველგვარ მფარველობის ქვეშ არის, მაინც შესამჩნევს წარმატებაში არ შედის და, სიაფის მაგივრად, რუსეთში დამზადებული იარაღი მომეტებულს შემთხვევაში უფრო ძვირადაც ჯდება, ვიდრე საზღვარგარედგან შემოტანილი, და ამ უკანასკნელზედ კი გაცილებით დაბალის ღირსებისაა, ასე რომ ბაჟის დადებით და ამ გზით უცხოეთიდგან იარაღების შემოტანის გაძნელებით, სამშობლო წარმოება სამუშაო იარაღების წარმატებაში ძალიან და ძალიან ნელ-ნელა შედის. თვით მომუშავე ხალხიც ამით დიდს ზარალშია და, როგორც უკვე ვსთქვით, უცხო ქვეყნების ხალხი მუდამ გვჯაბნის ეკონომიურს ასპარეზზედ. რამდენადაც საჭირო და სასურველია, რომ შინაური წარმოება სამუშაო იარაღებისა და მანქანებისა წარმატებაში შევიდეს, იმდენადვე, და უფრო მეტადაც, საჭიროა ჩვენს ხალხს გაუადვილდეს ახალისა და გაუმჯობესებულის იარაღებისა და მანქანების შეძენა, რომლების ხმარებით მას გაუადვილდება მუშაობა, უფრო მეტს აწარმოებს და კეთილდღეობაც უფრო მალე დაეტყობა.

სამეურნეო იარაღი მრეწველობისათვის

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №109, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება ილიას თხზულებათა კრებულში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

51 გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 4 ივნისი

გერმანიას ეწვია ძლიერი ისტორიული განსაცდელი, რომელიც გადასწყვეტს არა მარტო გერმანიის თავგადასავალს, არამედ მთელის ევროპისას. დღეს დეპეშამ გვაცნობა, რომ იმპერატორი ფრიდრიხი სამის თთვისა და ერთის კვირის მეფობის შემდეგ გარდაიცვალა დიდს ტანჯვასა და წვალებაში 3-ს ივნისს, დილის 11 საათზე. ეს სამწუხარო ამბავი, თუმცა ამას ყველანი ელოდებოდნენ ამ სამის თთვის განმავლობაში, თავს ზარს დასცემს ყველას, ვინც კაცთმოყვარეობისა და მშვიდობიანობის მომხრე და მოსარჩლეა.

ფრიდრიხის სიცოცხლე და სიკვდილი - ორივე ტრაგიკულია, რადგანაც ამ კაცს არ დასცალდა თავისის აზრისა და გულის წადილის შესრულება, იმისი სიცოცხლე გამუდმებული ბრძოლა იყო იმ პოლიტიკასთან, რომლის გამო მთელი ევროპა და გერმანია თოფ-იარაღში ჩამჯდარია და საომრად გამკლავებული. ის გზა, რომლითაც ფრიდრიხი მსვლელობდა გამეფებამდე, ხანმოკლე მეფობის დროს კიდევ უფრო გაუძნელდა. გერმანიის სვე-იღბალი ბედმა მაშინ არგუნა, როცა იგი შეპყრობილი იყო მძიმე ავადმყოფობით, რომელმაც გამოჩენილ მეცნიერ ექიმთა ხელოვნებაც კი სძლია. აი, ამგვარ ავადმყოფობის დროს ფრიდრიხი იძულებული იყო თავისის აზრის განხორციელებას შესდგომოდა და თან წინააღმდეგობა უნდა გაეწია იმ პოლიტიკისათვის, რომელიც გერმანიაში დიდი ხანია, რაც დამკვიდრებულა. ისტორიაში იშვიათია ისეთი მეფე, რომლის თავგადასავალმა და სიკვდილმა იმდენი მწუხარება გამოიწვიოს, რამდენსაც ფრიდრიხის სიცოცხლე და სიკვდილი გამოიწვევს. ყველამ იცოდა, რომ ფრიდრიხის მეფობა დღეგრძელი არ იქნებოდა, რომ, როცა იქნება, ევროპის პოლიტიკის სათავეში ისევ ძველი დასი ჩადგებოდა, რომელსაც მთელმა ევროპამ გზა ვერ შეაცვლევინა, მაგრამ კაცთმოყვარეთა გული და გრძნობა ფრიდრიხისაკენ იწევდა. სამი თთვე სრულიად არაფერია ერთა ცხოვრებაში, მაგრამ ამ მცირე დროს განმავალობაშიაც ფრიდრიხმა სამუდამოდ აღბეჭდა თავისი კვალი ისტორიაში და ამ კვალს ანგარიში უნდა გაუწიონ ფრიდრიხის მიმართულების მოწინააღმდეგეთა. თუმცა უეჭველია, რომ დღეის იქით ფრიდრიხის მიმართულება დამარცხებული იქნება, მაგრამ იმისმა დედააზრმა მაინც ფრთა შეისხა.

პრინც ფრიდრიხ-ვილჰელმ-ნიკოლოზ-კარლი, ძე იმპერატორის ვილჰელმისა, დაიბადა 1831 წელს 18-ს ოქტომბერს. განსვენებული სწავლობდა გამოჩენილის მეცნიერ-ისტორიკოს ერნესტ კურციუსის ხელმძღვანელობით. 1850 წელს ფრიდრიხი შევიდა ბონის უნივერსიტეტში, სადაც განსაკუთრებულის გულმოდგინებით სწავლობდა ისტორიას. მხედრობაში ფრიდრიხი გამოიცადა შლეზვიგში 1864-ს წელსა. 1866-ს წელს რამდენჯერმე დაამარცხა ავსტრიის ჯარები. ფრიდრიხი არასდროს არ თანაუგრძნობდა ბისმარკის პოლიტიკას და ამიტომაც არ იღებდა პირდაპირს მონაწილეობას გერმანიის სახელმწიფო საქმეებში და ხშირად დევნილიც იყო. თუმცა თვითონ წარჩინებული სარდალი იყო, მაგრამ ომი ძალიანა სძაგდა. პირველს პრეზიდენტს რეიხსტაგისას, სამსონს, უთხრა: თქვენ არ გინახავთ და არ იცით, რა არის ომი. მე კი გამოვსცადე ომიანობა და უნდა გითხრათ, რომ უდიდესი მოვალეობა ადამიანისა ის არის, რომ როგორმე თავიდგან აიცილოს სისხლისღვრაო.

ფრიდრიხი ყოველთვის სამშვიდობო მიმართულებისა და აზრის კაცი იყო და აი, სად არის იმის მიზეზი, რომ ეგოდენი უკმაყოფილება ჩამოვარდა ფრიდრიხსა და ბისმარკს შუა. ფრიდრიხს არა სწამდა თავგასული და მედიდური პოლიტიკა ბისმარკისა, კონსტიტუციის მოსარჩლე იყო და რამდენჯერმე დიდი განსაცდელი მიაყენა ბისმარკის ძლიერებასაც კი. ჩვენ რამდენიმე წერილი ვუძღვენით ფრიდრიხის პოლიტიკას და ბისმარკთან შეტაკებას, და ამიტომ აქ ნათქვამს არ განვიმეორებთ. მემკვიდრე ფრიდრიხისა იმისი შვილი ვილჰელმია, რომელიც ამ დღეებში უნდა ეკურთხოს და ავიდეს ტახტზე.

გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №117, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება ილიას თხზულებათა კრებულში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - ბონის უნივერსიტეტი - 1777 წ. ბონში კელნის კურფიურსტებმა დააარსეს აკადემია, რომელიც 1786 წ. გადაკეთდა უნივერსიტეტად.

იქვე, - შლეზვიგი - XI ს-დან საჰერცოგო. ცნობილია შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწა, რომელიც ამჟამად შედის გერმანიის შემადგენლობაში. XIX ს. შუაში დაიწყო შლეზვიგ-ჰოლშტაინის გერმანული მოსახლეობის ეროვნულგანმათავისუფლებელი ბრძოლა. 1864 წ. დანიასთან ომის შედეგად ჰოლშტაინი გადავიდა ავსტრიის მმართველობაში, შლეზვიგი - პრუსიისა. ავსტრია-პრუსიის 1866 წ. ომის შემდეგ შლეზვიგ-ჰოლშტაინი პრუსიის პროვინციად გამოცხადდა.

52 გერმანიის ახალი იმპერატორი ვილჰელმ II

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 15 ივნისი

დიდი ხანია, რაც ევროპის პოლიტიკის სათავეში ჩადგა გერმანია და მთელის ევროპის ყურადღება მიპყრობილია ბერლინისაკენ, მაგრამ, ვგონებთ, ეს ყურადღება ისე ძლიერი არასოდეს არა ყოფილა, როგორც ამ ოთხიოდე თთვის განმავლობაში, როცა გერმანიამ დაასაფლავა ორი იმპერატორი, სხვადასხვა მიმართულების მიმდევარნი, და როცა ისტორიამ გერმანიის სვე-ბედი არგუნა ახალს და ახალგაზრდა იმპერატორს ვილჰელმს მეორეს. ეს ყურადღება იმდენად ძლიერია, რომ ევროპა ლოდინით სრულიად დაიქანცა და ლამის გულის ფრიალი აუვარდეს პოლიტიკურის მდგომარეობის გამოურკვევლობისა გამო. მთელმა ევროპამ იცის, რომ დღეს თუ ხვალ ისეთი რამ ამბავი უნდა მოხდეს, რომელმაც ავად თუ კარგად უნდა გადასწყვიტოს ევროპის თავგადასავალი. ყველამ უწყის, რომ დიდი ხანია, რაც ის ნასკვი გამოიკვანძა, რომელიც ევროპამ ბერლინში უნდა გამოხსნას; ყველამ იცის, რომ ეს საქმე მეტად რთული და საშიშია, მაგრამ არც ის ავიწყდებათ, რომ ევროპა, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერსად წაუვა ანდერძს ისტორიისას; რომ, ადრე თუ გვიან, ევროპამ ანგარიში უნდა გაუწიოს ძველის პოლიტიკის მიმართულებას. ჯერ კიდევ ვილჰალმ პირველის მეფობის უკანასკნელს ხანებში ევროპის სახელმწიფოთა ურთიერთობა მეტად გამწვავებული იყო და საქმის გადასაწყვეტად სახელმწიფონი კინაღამ ბრძოლის ველზედ არ გამოვიდნენ. ვილჰელმისავე დროს შესდგა სამთა სახელმწიფოთა კავშირი, რომელსაც უნდა ეწარმოებინა ევროპის ბედი და უბედობა. მაშინ საპოლიტიკო საქმეთა მსვლელობა მეტად ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა წინ და ევროპა დღე-დღეზე მოელოდა სისხლისღვრას, თუმცა სახელმწიფონი ერთხმად გაიძახოდნენ, რომ ევროპას მშვიდობიანობა უნდა დავუმკვიდროთ და ომიანობა არავისათვის არ არის სასურველიო.

მაგრამ გარდაიცვალა თუ არა მოხუცი ვილჰელმი, საქმე სხვარიგად დატრიალდა, სამეფო ტახტზე ავიდა ფრიდრიხ მესამე. გულწრფელი და ერთგული მოსარჩლე მშვიდობიანობისა. მართლაცდა სასიკვდილოდ განწირულმა ფრიდრიხმა, რომელსაც დიდი ხანია ფეხი სამარეში ედგა, უარჰყო წინანდელი თავგასული, დაურიდებელი პოლიტიკა ბისმარკისა და საქვეყნოდ აღიარა, რომ მშვიდობიანობა და ერის უფლებათა პატივისცემა ბურჯი და საძირკველია ადამიანთა კეთილდღეობისაო. როცა ფრიდრიხი გერმანიისათვის არაჩვეულებრივს პოლიტიკას დაადგა, მშვიდობიანობის მომხრეთა და მოსარჩლეთა ცოტაოდენი იმედი მიეცათ და ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა, თუმცა დღემოკლეობა ახალის იმპერატორისა ეჭვს გარეშე იყო. ფრიდრიხის მხნეობამ და სიმტკიცემ თვით შეუპოვარი და ყოვლად შემძლე ბისმარკიც კი დააფიქრა და დაანაღვლიანა და, ვგონებთ, ფრიდრიხის ხანმოკლე მეფობის დროს ბისმარკმა პირველად აიღო ეჭვი თავისს ძლიერებაზე. მაგრამ ამგვარს მიმდინარეობას საქმისას ბოლო მოუღო მძიმემ, უძლეველმა სენმა ფრიდრიხისამ. ოთხმოცდაცხრამეტის დღის მეფობის შემდეგ ფრიდრიხიც გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა სიცოცხლით და მხნეობით სავსე, სულით და ხორცით ჯანმრთელი ჭაბუკი - ვილჰელმ მეორე.

ამ ამბავმა კიდევ უფრო შეიპყრო ევროპის ყურადღება და ეხლა ყველანი იმას კითხულობენ, თუ რას მოუტანს გერმანიას და ევროპას ახალი იმპერატორი, საითკენ გამოაბამს ყურს ევროპის პოლიტიკას, რა აზრისა და მიმართულების კაციაო? ყველანი ელოდებიან იმ დროს, როცა გამოირკვევა ვილჰელმის პოლიტიკა. ვილჰელმი ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცია და ნამდვილად არავინ იცის, რაოდენს პოლიტიკურს გამჭრიახობას, შორსმხედველობას და გამბედაობას გამოიჩენს. რამდენადაც გამორკვეული და ცნობილი იყო ფრიდრიხ მესამის წარსული და ცხოვრება, იმდენად გამოურკვეველი და უცნობია ვილჰელმისა.

სანამ ფრიდრიხი ტახტზე ავიდოდა, ყველას გაზომილი ჰქონდა იმისი ძალღონე; ყველა იცნობდა იმას, ვითარცა წარჩინებულს სარდალს, მაგრამ ომიანობის მოწინააღმდეგეს, კონსტიტუციისა და მშვიდობიანობის მოსარჩლეს. იმის შვილს ვილჰელმს კი ჯერ-ჯერობით დრო და საშუალება არ ჰქონია თავისი ძალღონე ეჩვენებინა ქვეყნისათვის ან ბრძოლის ველზე, ან შინაურს თუ გარეშე პოლიტიკაში. ერთიღა ვიცით დაბეჯითებით, რომ იგი მხედრობის მოყვარულია და ბისმარკის პოლიტიკის მომხრე. ფრიდრიხმა, როცა ტახტზე ავიდა, საქვეყნოდ აღიარა თავისი მშვიდობიანი პოლიტიკა და ზრდილობიანად გაჰკიცხა ბისმარკისა, ვილჰელმმა კი ჯერ მიჰმართა გერმანიის ჯარს და მერე ერსა, მაგრამ იმის ნამდვილის აზრის ამოკითხვა მანიფესტიდგან დიდად საძნელო საქმეა. ვილჰელმი ამბობს საქვეყნოდ, რომ მხედრობა არის საძირკველი გერმანიის ძლიერებისაო; რომ მე პაპიჩემის და მამიჩემის გზა-კვალს არ დავაგდებო. როგორც მკითხველი ჰხედავს, ამ სიტყვებიდგან ძნელად გამოსაცნობია, თუ რა გზას დაადგება ახალი იმპერატორი - პაპისას თუ მამისას.

აი, ის საკითხავი, რომელზედაც დღეს თავს იმტვრევენ ევროპის ჟურნალ-გაზეთები. ზოგი ხმამაღლად ამბობს, რომ ვილჰელმი დაადგება თავისის პაპისა და ბისმარკის პოლიტიკასაო; ზოგნი კი იმ აზრისანი არიან, რომ შეუძლებელი საქმეა ახალმა იმპერატორმა ანგარიში არ გაუწიოს თავისის მამის ანდერძს და მიმართულებასა, რომელმაც დღეის იქით საპატიო ადგილი დაიჭირა გერმანიის საზოგადოებაშიო. აბა ვნახოთ, დრო რას მოგვიტანს და ვის წინასწარმეტყველებას გაამართლებს.

გერმანიის ახალი იმპერატორი ვილჰელმ II

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №124, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება ი. ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - გერმანიამ დაასაფლავა ორი იმპერატორი - გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ I გარდაიცვალა 1888 წ. 9 მარტს, ხოლო მისი მემკვიდრე, იმპერატორი ფრიდრიხ III, გარდაიცვალა 1888 წლის 3 ივნისს.

იქვე, - „...ისტორიამ გერმანიის სვე-ბედი არგუნა ახალს... იმპერატორს ვილჰელმს მეორეს - ახალი იმპერატორი იყო გერმანიის აგრესიული იუნკრულ-ბურჟუაზიული იმპერიალიზმის წარმომადგენელი. მან მალე დაკარგა მოპოვებული პოპულარობა (ბისმარკის გადაყენება, თანხმობა სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ კანონის გაუქმებისა და საერთაშორისო მუშათა კონფერენციის მოწვევა) საზოგადოების ფართო მასებში. ხშირად ცვლიდა პოლიტიკურ მიმართულებას, რამაც საბაბი მისცა ზოგიერთებს ეწოდებინათ მისი პოლიტიკური კურსისათვის „ზიგზაგების“ კურსი.

იქვე, - „...სამთა სახელმწიფოთა კავშირი - იგივე „სამთა იმპერატორთა კავშირი“, 1873-1884 წ.წ. რუსეთის გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის შეთანხმება. თავდაპირველად ითვალისწინებდა სამხედრო დახმარებას მეოთხე სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში. 1885-1886 წ.წ. დაკარგა თავისი ძალა.

53 გერმანიის პოლიტიკა რუსეთისა და საფრანგეთის მიმართ

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 16 ივნისი

გუშინდელს მეთაურში ის აზრი წარმოვსთქვით, რომ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა ევროპისა გამორკვეული არ არის და დაბეჯითებით არავინ იცის, საითკენ გამოაბამს ყურს პოლიტიკას ახალი იმპერატორი გერმანიისაო. სხვადასხვა მწერლობა და სხვადასხვა დასი სულ სხვადასხვას ამბობენ და ერთს გადაწყვეტილს აზრზე ვერ დამდგარან, და ეს გარემოება კიდევ უფრო აძნელებს ევროპიულ საზოგადოების მდგომარეობას, რადგანაც ევროპის თავგადასავალი ამჟამად იმაზეა დამოკიდებული, თუ საითკენ დასწევს ვილჰელმ მეორე სასწორს პოლიტიკისას. ფრიდრიხის გამეფებამდე ევროპა ორ ბანაკად იყო გაყოფილი. გერმანია, ავსტრია და იტალია ერთსა და იმავე პოლიტიკას მისდევდნენ, რომელიც სრულიად ეთანხმებოდა რუსეთისასა და საფრანგეთისას. ის სამთა კავშირი მოწადინებული იყო აელაგმა საფრანგეთი და რუსეთისათვის გზა შეეკრა ბალკანის ნახევარკუნძულზე. ამიტომაც იმ სამთა კავშირისათვის წინააღმდეგობა უნდა გაეწია ორს ძლიერს სახელმწიფოს: რუსეთსა და საფრანგეთს. გერმანიამა და ავსტრიამ კარგად იცოდნენ და კიდევაც იციან, რომ რუსეთი და საფრანგეთი იმდენად ძლიერნი არიან, რომ სამთა კავშირსაც არ შეუშინდებიან, თუ ვინიცობაა საქმე ძალაზე მიდგა. აგრეთვე ისიც იცოდნენ, რომ კავშირი რუსეთსა და საფრანგეთს შორის მოსახერხებელია, თუ რომ ერთი, ან მეორე როგორმე არ დააკმაყოფილეს და რომ უამისოდ სახელმწიფოთა შებრძოლება ყოვლად უეჭველი და აუცილებელია. თუ როგორმე რუსეთი, ან საფრანგეთი დააკმაყოფილეს, მაშინ არც ერთი მათგანი საომრად თავს არ გაიწირავდა, სამთა ძლიერ სახელმწიფოთა შემხედვარე. ამ შემთხვევაში, რაკი საქმეს თავიანთი სასარგებლოდ მოაგვარებდნენ, გერმანია და ავსტრია ომიანობას არ ისურვებდა, რადგანაც საგანი იმათის პოლიტიკისა მიღწეული იქნებოდა მშვიდობიანის საშუალებით.

ეხლა უნდა ვიკითხოთ, ვისი დაკმაყოფილება უფრო უნდა ეადვილებოდეს გერმანიას, რუსეთისა თუ საფრანგეთისა? ეჭვს გარეშეა, რომ დღევანდელს მმართებლობას გერმანიისას აზრადაც არ მოუვა საფრანგეთის დაკმაყოფილება, რადგანაც საფრანგეთის დაკმაყოფილება გერმანიას შეუძლიან მხოლოდ ერთისღა საშუალებით, სახელდობრ ელზას-ლორენის დათმობით. მაშასადამე, გერმანიას ისევ რუსეთის იმედი უნდა ჰქონოდა იმ ანგარიშით რომ რუსეთი და ავსტრია მოერიგებინა და ამ ორ სახელმწიფოს ერთმანეთისათვის ანგარიში გაეწმინდათ. ეს საქმე რომ ამ რიგად მოაწყოს გერმანიამ, მაშინ ომი სრულიად საჭირო არ იქმნება, რადგანაც მარტო საფრანგეთი ვერ იკისრებს ბრძოლის ველზე გამოსვლას, იმიტომ რომ თითქმის მთელი ევროპა იმისი მოწინააღმდეგე იქნება. მართალია, ეს საქმე მეტად რთულია, მაგრამ გერმანიას ყოველივე ღონისძიება უნდა ეხმარნა, რომ როგორმე რუსეთის გული მოეგო. ამიტომაც იმპერატორმა ვილჰელმ მეორემ, ავიდა თუ არა სამეფო ტახტზე, დიდს მთავარს ვლადიმერ ალექსანდრეს-ძეს უთხრა, რომ „მე მსურს რუსეთთან მეგობრობა დავიცვა და შემთხვევას ვეძებ, რომ ხელმწიფე იმპერატორს ჩემი გულითადი წადილი გამოვუცხადოვო“. ამ ამბავმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა რუსულს მწერლობაზე, რადგანაც რაკი გერმანია რუსეთთან კავშირს და მეგობრობას განამტკიცებდა, მაშინ საფრანგეთი კრინტსაც ვერ დასძრავდა გერმანიის წინააღმდეგ და, მაშასადამე, მშვიდობიანობაც დაცული იქმნებოდა. რამდენადაც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ამბავმა რუსეთის მწერლობაზე, იმდენად ცუდი ზედმოქმედება იქონია საფრანგეთში. საფრანგეთის გაზეთები თითქმის ერთხმად გაიძახიან, რომ ვილჰელმის გამეფება კარგს არაფერს მოუტანს საფრანგეთსაო. მართლაცდა არც ერთის სახელმწიფოსათვის ისეთი საძნელო არ არის დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, როგორც საფრანგეთისათვის. თუ ომი ასტყდა, ძნელი სათქმელია, ვინ გაიმარჯვებს და შეუსრულდება თუ არა საფრანგეთს დიდის ხნის წადილი და განზრახვა. თუ გერმანია რუსეთს მოურიგდა, მაშინ ევროპა ომს დიდის ხნით თავიდგან აიცილებს და საფრანგეთი იძულებული იქნება დიდის ხნით მაინც გულში ჩაიკლას თავისი მტკიცე განზრახვა. ორსავე შემთხვევაში საფრანგეთის მდგომარეობა მეტად ძნელი და მძიმე იქმნება.

საქმე, მაშასადამე, ის არის, შეისრულებს თუ არა გერმანია თავისს გულის წადილს, ესე იგი დააკმაყოფილებს თუ არა რუსეთსა, რომელმაც ეგოდენი მეცადინეობა იხმარა მშვიდობიანობის დასაცველად. ჯერ ამ საქმის შესახებ დაბეჯითებით არა ვიცით რა, გარდა იმისა, რაც იმპერატორმა ვილჰელმმა აღიარა დიდის მთავრის ვლადიმერ ალექსანდრეს ძის წინაშე და რაც გუშინდელმა დეპეშამ გვაცნობა პეტერბურგიდგან. დეპეშამ ამბავი მოგვიტანა, რომ ხელმწიფე იმპერატორმა ინახულა იმპერატორ ვილჰელმის ელჩი გენერალი პაპეო. ამასთანავე დეპეშამ გვაცნობა, რომ დიდი მთავარი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე უმაღლესის ბრძანებით წავიდა მოსკოვის, ვარშავის და ვილნოს სამხედრო ოლქების ჯარებისა და ციხესიმაგრეთა დასათვალიერებლადაო. ამ ამბის გამოისობითაც გადაწყვეტილს ვერაფერს ვიტყვით, რადგანაც არ ვიცით, აქვს თუ არა რაიმე კავშირი გერმანიის ელჩის მოსვლას პეტერბურგში და დიდის მთავრის ვლადიმერის მოგზაურობას, ხოლო უეჭველია, რომ ხსენებული ამბავი ცოტად თუ ბევრად იმ გზის მაჩვენებელია, რომელსაც დღეს პოლიტიკა დასდგომია.

გერმანიის პოლიტიკა რუსეთისა და საფრანგეთის მიმართ

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №125, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება ი. ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

54 მოძრავი სკოლები და ბიბლიოთეკები სოფლად

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 18 ივნისი

ბ-ნი პ. უმიკაშვილი გუშინდელს წერილში შეეხო ისეთს სახსარს სწავლა-განათლების წარმატებისას საქართველოთი, რომელიც ღირსია საზოგადოების განსაკუთრებულის ყურადღებისა. ავტორმა აღნიშნა ისეთი საჭიროება, რომელიც უეჭველი და ყველასათვის ადვილად შესამჩნევია. ბ-ნი უმიკაშვილი მოგვითხრობს, რომ დრო იყო, როცა რამდენიმე სკოლა იმართებოდა ხოლმე თითო წელიწადში, მაშინ, როდესაც ეხლა იმის ნახევარიც არ იმართება, და ამის მიზეზი ის კი არ არის, ვითომ ხალხს გაჰქრობოდეს ერთხელვე აღძრული აზრი სწავლა-განათლების საჭიროებაზე, არამედ ისა, რომ პატარა და ღარიბს სოფელს არ შეუძლიან შეინახოს საკუთარი სკოლა. თითქმის ყველა დიდს სოფლებში გამართულია სკოლები, რომელნიც მართლა რომ ხეირობენ; ხოლო დარჩნენ პატარ-პატარა სოფლები, რომელთაც ძალიან უჭირსთ საკუთარის სკოლების გამართვა. რასაკვირველია, შეუძლებელია ეს სოფლები უსკოლოდ დარჩნენ მარტო იმისთვის, რომ ღარიბნი არიან. ამ სოფლებისათვის ერთადერთი სახსარი სწავლა-განათლებისა მოძრავი სკოლაა, რომელიც დიდს ხარჯს არ მოითხოვს და, მაშასადამე, რამდენსამე პატარა სოფელს ერთად იმისი შენახვა და გაძღოლა არ გაუჭირდება. ჩვენში დიდძალი პატარა სოფელია, რომელიც სწორედ ამ გაჭირებულს მდგომარეობაშია, და დღემდის იმაზე, ვგონებთ, არა უფიქრნიათ რა. ამას წინათ ქსნის ხეობიდგან გვწერდნენ, რომ ახალგორის სკოლას ინახავს შვიდი სამამასახლისო და სკოლაში კი დღემდე ოთხიოდე ყმაწვილის მეტი არავინა სწავლობსო. ამისი მიზეზი, რასაკვირველია, ის არის, რომ სოფლელებს, რომლებიც სასკოლო გადასახადს იხდიან, სკოლა არ ემხრობათ სიშორის გამო და ამიტომაც ყმაწვილებს ვერ ატარებენ სკოლაში.

როგორც ჰხედავთ, თუ მარტო მუდმივის სკოლის გამართვაზე ვიფიქრეთ, მაშინ პატარ-პატარა სოფლები უსკოლოდ დარჩება. ერთადერთი სახსარი ბ-ნის უმიკაშვილის აზრით, მოძრავის სკოლების გამართვაა და ამ აზრს შეუძლებელია არ დავეთანხმოთ, თუ ჩვენის სოფლების ვითარებას ჩავუკვირდებით. ამიტომაც უნდა ვისურვოთ, რომ უმიკაშვილის აზრი მარტო აზრად არ დარჩეს, არამედ საქმედ იქცეს. როგორც უმიკაშვილივე ამბობს; მოძრავის სკოლების გამართვა მაინცადამაინც საძნელო საქმე არ არის, და თუ რაიმე დაბრკოლება შეემთხვია ამ აზრის განხორციელებას, ეს ისევ ჩვენივე მოუხერხებლობა იქნება და თვით საქმის სიახლე.

ამგვარია პატარ-პატარა, ღარიბის სოფლების მდგომარეობა, რომელიც ჯერჯერობით მართლა რომ უნუგეშოა, მაგრამ არც იმ დიდის სოფლების მდგომარეობაა მაინცადამაინც სანატრელი, რომელთაც საკუთარი სკოლები აქვსთ. შენიშნულია, რომ სოფლის სკოლაში სწავლადამთავრებულები რამდენისამე წლის განმავლობაში ივიწყებენ ნასწავლსა. სოფლის კაცის ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ყმაწვილს ყოველდღიური განუწყვეტელი შრომა აკარგვინებს სწავლის ხალისს და ცნობისმოყვარეობას და, მაშასადამე, სკოლას ის სარგებლობა არ მოაქვს ხალხისათვის, რომლის მოტანაც შეუძლიან. ეს საგანი ჩვენ თითქმის უყურადღებოდ დაგვიგდია და სისტემატიურად არა გაგვიკეთებია რა, რომ სკოლის საქმეს ხელი შევუწყოთ. აწ არსებულს სკოლებს შეგვიძლიან დავეხმაროთ, სხვათაშორის, სასოფლო ბიბლიოთეკების გამართვითაც. რამდენსამე სოფელში თვით მასწავლებელთა და ზოგიერთ მოკეთეთა მეთაურობით კიდევაც გაიმართა სასოფლო ბიბლიოთეკები, მაგრამ უფროს-ერთს სოფელს ჯერ კიდევ არა აქვს ბიბლიოთეკა. აი, ამ გარემოებასაც ყურადღება უნდა ვათხოვოთ და ხელი უნდა მივაწოდოთ დიდს სოფლებსაც, რომელთაც კარგადა აქვსთ შეგნებული სწავლა-განათლების მნიშვნელობა. ვისაც სოფლის სკოლაში უსწავლია, ის, უეჭველია, დიდად მოხარული იქნება სასოფლო ბიბლიოთეკის დაარსებისა. მივიგონოთ თუნდაც კავთისხევის სკოლის ათის წლის დღესასწაული, რომელზედაც სოფლელებმა დიდი სიხარული და თანაგრძნობა გამოიჩინეს, როცა ერთმა სკოლის მოსწავლეთაგანმა აღძრა აზრი ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ. მთელმა საზოგადოებამ თანაგრძნობით მიიღო ეს აზრი და ცოტაოდენი ფულიც შეაგროვა ბიბლიოთეკისათვის.

ჩვენი „წერა-კითხვის საზოგადოება“ მოვალეა ამ ორს საგანს ათხოვოს ყურადღება და დააკმაყოფილოს უეჭველი საჭიროება ჩვენის ერისა...

მოძრავი სკოლები და ბიბლიოთეკები სოფლად

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №127, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება ი. ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

55 ახალი ასიგნაციების შემოღება

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 20 ივნისი

დიდი ხანია ისმოდა ხმა, რომ უმაღლესი მთავრობა რუსეთში შესდგომია ეხლანდელი ასიგნაციები მოსპოს და ახალის სახის ასიგნაციები გამოსცეს ეხლანდელის სანაცვლოდ. ეს ხმა დღეს გამართლდა: 28 მაისს ხელმწიფე იმპერატორს კეთილ უნებებია ბძანება ებოძებინა სენატისათვის ამ საქმის შესახებ. ეს უმაღლესი ბძანება უკვე დაბაჭდილია „კანონების და მთავრობის განკარგულებათა კრებულში“ №53.

დღევანდელი ასიგნაციები რომ შემოღებულ იქმნა უწინდელის სამაგიეროდ, რასაკვირველია, ვადა იყო დანიშნული ძველის ასიგნაციების ახალზედ გადასაცვლელად და ვინც ამ ვადაზედ არ გადასცვლიდა, იმას უნდა დაჰკარგოდა ფული. ჩვენ გვახსოვს თითო-ოროლა მაგალითი, რომ ჩვენში ზოგმა გლეხკაცობამ, ნამეტნავად ფშავ-ხევსურეთში, არ დაიჯერა ეს განკარგულება მთავრობისა ძველის ასიგნაციების ახალზედ გარდაცვლის შესახებ, რადგანაც უმეცარ ხალხში ხმა დაჰყარეს სოფლის წურბელებმა, რომ ეგ ხმა ტყუილია, უნდათო გაგაბრიყვონო, ფული გამოგაჩენინონო და სხვა ამისთანა. რა ანგარიში ჰქონდათ სოფლის წურბელებს ამისთანა ხმების დაყრაში, არ ვიცით, ხოლო ეს კი აშკარაა, რო ამისთანა ხმებმა შეაშინა გლეხკაცობა და ძველი ასიგნაციები, იმის მაგიერ რომ ახალზედ გადაცვალონ, ქილებში დაამალვინა. ამასობაში გადაცვლისათვის მთავრობის მიერ დანიშნული ვადა გადავიდა და როცა ძველის სახის ასიგნაციებს აღარ იღებდნენ, მხოლოდ მაშინ მიხვდა გლეხკაცობა, რომ საშინლად მოტყუებული იყო თავის კეთილმყოფელთაგან.

რომ ეს ასე არ მოჰხდეს ეხლაც, როცა ხელმწიფე იმპერატორის უმაღლესი ბძანება უკვე გადაცემულია სენატისათვის აღსასრულებლად, ჩვენ საჭიროდა ვხედავთ ამ ბძანებისაგან იგი მუხლნი ამოვიღოთ საყოველთავო საცნობელად, რომელნიც ამ საქმეში სახელმძღვანელონი არიან ხალხისათვის.

ბძანების სიტყვისამებრ, გადასაცვლელად დანიშნულია ასიგნაციები მხოლოდ ოცდახუთმანათიანი, ერთ თუმნიანი, ხუთმანათიანი, სამმანათიანი და თითო მანათიანი. გადაცვლა ყველა ამ ხარისხის ასიგნაციებისა რიგ-რიგად არის დანიშნული. ყველაზედ უწინარეს გადასაცვლელად დანიშნულია ოცდახუთმანათიანი ასიგნაცია, მერე ერთ თუმნიანი და ეგრე რიგ-რიგად გადავა უმდაბლეს ხარისხის ასიგნაციებზე.

ასიგნაციების გადაცვლა შესაძლოა ჯერ მხოლოდ სახელმწიფო ბანკსა და მის კანტორებში და მერე კი, ფინანსთა მინისტრის ნებართვით, თანდათან ნება მიეცემათ ასიგნაციების გადაცვლისა ბანკების განყოფილებათა და ხაზინებსა.

რა დროს უნდა დაიწყოს ოცდახუთმანათიანის ცვლა და აგრეთვე სხვა ღირსეულობის ასიგნაციებისა, - ეგ მინდობილი აქვს ფინანსთა მინისტრსა, იმ პირობით კი, რომ ცვლა დაწყებულ იქმნას ამ 1888 წლის განმავლობაში და 1890 წლის პირველს იანვრამდე ყველა ღირებულობის ასიგნაციებისთვისაც უკვე გზა იქმნას გახსნილი გადასაცვლელად. რომ ყველამ წინადვე შეიტყოს და იცოდეს რა სახისაა ახალი ასიგნაციები. სახელმწიფო ბანკი და მისი კანტორები, აგრედვე ხაზინები დავალებულნი არიან ახალ ასიგნაციების ნიმუშები გამოჰკიდონ იმისთანა ადგილებზე, საცა ხალხი ჰხვდება.

სავალდებულო ვადა ძველის ასიგნაციების ახალზედ გამოცვლისათვის დანიშნულია სამი წელიწადი, სახელდობრ, 1890 წლის პირველ იანვრიდამ 1893 წლის პრიველ იანვრამდე. ვინც ამ ვადას გადააცილებს, ძველი ასიგნაციები გაუბათილდება და, მაშასადამე, ფული დაეკარგება.

მეტი არ იქნება, რომ ჩვენმა გუბერნიის მმართველობამ ძველის ასიგნაციების ახალზედ გადაცვლის წესი და რიგი გადაათარგმნინოს აქაურს ენებზედ და ყველა სოფლის ცალკე მართველობას გაუგზავნოს ხალხში გამოსაცხადებლად და გასავრცელებლად. ამით ბევრს უმეცარს ხალხს დაიხსნის ზარალისაგან, თორემ, - ვინ იცის, - სიხარბემ ზოგიერთის კაცისამ იქნება აქაც გამოაბას რაიმე კუდი იმ იმედით, რომ გამოვრჩე რასმე უვიცობას და უმეცრებასაო.

ახალი ასიგნაციების შემოღება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №128, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება ი. ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

56 სალუსბერისა და გლადსტონის დასთა დაპირისპირება

▲ზევით დაბრუნება


ტფილსი, 21 ივნისი

მაშინ, როდესაც მთელის ევროპიის გაზეთები იმაზედ არიან შემდგარნი თუ - რას მოასწავებს გაიმპერატორება ვილჰელმ II-სა გერმანიაში, რა რიგად შესცვლის ეს ამბავი ან საშინაო, ან საგარეო პოლიტიკას გერმანიისას და, მაშასადამე, მთელის ევროპიისასაც. სწორედ ამ დროს ერთს დიდს სახელმწიფოში საშინაო და საგარეო პოლიტიკამ ჰლამის ფერი და მიმართულება იცვალოს. ეს სახელმწიფო ინგლისია.

კონსერვატორთა პოლიტიკა, რომელსაც დღეს სალუსბერის მეთაურობით ხელთ უპყრია ყოველგვარ საქმეთა მართვა და გამგეობა ინგლისში, ცუდს ნიშნებსა ჰხედავს თავის დღეგრძელობისათვის. სალუსბერი და მისი დასი ძლიერ ჩაფიქრებულია, რადგანაც შიში შეჰპარვია და ჰხედავს, რომ მომხრეობა ინგლისისა და მის პარლამენტისა დღედადღე უსუსტდება და ამსთანავე გლადსტონსა და მის მომხრეებს ღონე და რიცხვი ემატებათ და უძლიერდებათ. ირლანდიის პოლიტიკა ეხლანდელის მთავრობისა, რომელიც არავითარს ღონისძიებას არ ერიდება ირლანდიის გულის ასამღვრევად, აღარ მოსწონთ ინგლისელებს და როგორც ჟურნალ-გაზეთობაში, აგრეთვე საზოგადოებაში საყვედური და კიცხვა მთავრობისა დღითიდღეEუფრო ხშირდება და ჰმატულობს. გამარჯვება გლადსტონელებისა ცალცალკე არჩევანებზედ მეტისმეტად ცხადი ნიშანია, რომ აწინდელ მთავრობაზედ ინგლისის ერს გული აღარ მიუწვს და ამ მთავრობას აბრუ უტყდება და უფუჭდება.

ეს ამბავი თვით გლადსტონელებმაც კარგად შეჰნიშნეს და გულში გაეღვიძათ იმედი, რომ კონსერვატორებს სიმაგრე ფეხთა ქვეშეთიდამ ეცლებათ და, დღეს იქნება თუ ხვალ, უფლება საქმეთა გამგეობისა ინგლისში გლადსტონელებს ჩაუვარდებათ ხელში. ამის საცდელად გლადსტონელებმა ერთი ღონე იღონეს. განიზრახეს პარლამენტში შეიტანონ სარჩიელი მასზედ, რომ მთავრობას პარლამენტმა საყვედური გამოუცხადოს ირლანდიის საქმეთა გამო. ამ საყვედურის გამოცხადება და სალუსბერის მინისტრობიდამ გადადგომა მთელის თავის დასითა ერთი იქნება.

ბევრი გულთმისნობა არ უნდა, კაცმა წინადვე გამოიცნოს, რომ ეხლანდელი პარლამენტი არასგზით არ დაჰყვება გლადსტონელების სურვილსა და ხსნებულს სარჩიელს უარჰყოფს, ეს გლადსტონელებმაც კარგად იციან, რაკი ესეა, რაღად შეაქვთ ეს სარჩიელი პარლამენტშიო? იკითხავს მკითხველი. იმიტომ შეაქვთ, რომ ეს საგანი კენჭუყრელად არ ჩაივლის და კენჭისყრა კიდევ გამოაჩენს რამოდენად არის გადახრილი პარლამენტი ან ერთისა და ან მეორის მხარისაკენ. ათიოდე ხმით რომ აჯობოს ამ შემთხვევაში სალუსბერის დასმა და მომხრეებმა გლადსტონის დასსა და მომხრეებსა, ეს თითქმის გამარჯვებად ჩაეთვლებათ გლადსტონელებს, იმიტომ რომ მაშინ სალუსბერი ამ მცირე უმეტესობით აღარ ინდომებს ინგლისის მართვასა და იძულებულ იქმნება ეს დღევანდელი პარლამენტი დაითხოვოს და ახალი არჩევანები დაჰნიშნოს ახალის პარლამენტისათვის. ეს იმასა ჰნიშნავს, რომ სალუსბერი ინგლისის ერს მიმართავს და იმას დაეკითხება - რას ჰფიქრობო.

რაკი საქმე ამ ზომამდე მივა, გლადსტონელები წინადვე დაიმედებულები არიან, რომ ინგლისის ერი მათს სასარგებლო პასუხს იტყვის და ახალს პარლამენტში მათს მომხრე დეპუტატებს აირჩევს და გამოჰგზავნის. ამისთანა ბოლო ახალის არჩევანებისა ბოლოს მოუღებს სალუსბერის სამინისტროს, სალუსბერი თავისის დასით ჩამოეცლება და გლადსტონს და მის დასს დაუთმობს ადგილსა. ეს ანგარიში გლადსტონელებისა უსაბუთო არ არის და ჭკუას ახლოა.

ამ დაწყობილობის აღსასრულებლად გლადსტონელებმა უკვე საქმეც დაიწყეს. 10-ს ივნისს ერთმა უკეთესმა მომხრემ გლადსტონისამ ჯონ მორლეიმ უკვე შეიტანა პარლამენტში ხსენებულის აზრით სარჩიელი და ითხოვა მაგ სარჩიელის გარჩევა. მთავრობამ ამ სარჩიელის გასარჩევად დღეც უკვე დაჰნიშნა და დღეს მთელი ინგლისი გულისფანცქალით ელის, - რით გათავდება საქმე.

ჩვენ ეს ამბავი მოვიყვანეთ იმისთვის, რომ დღევანდელ პოლიტიკისათვის ამ ამბავს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველამ იცის, რომ, რაკი გერმანიაში ვილჰელმ II გაიმპერატორდა, ბისმარკს შეესხა ფრთები, ერთხანად ახლად განსვენებულის იმპერატორისაგან ცოტად თუ ბევრად შეკვეცილი. ახალი იმპერატორი დიდი მომხრეა ბისმარკისა და, მაშასადამე, თ. ბისმარკის პოლიტიკის გაბატონება გერმანიასა და ევროპაში უეჭველია ჯერ ხანად მაინც. გლადსტონი და მისი დასი კი ვერაფრად ეწყობა თ. ბისმარკის პოლიტიკას. თ. ბისმარკის ძლიერებისათვის ევროპაში სალუსბერი უფრო სასურველი და სამხრო კაცია. ამიტომაც ინგლისში სალუსბერის გადადგომა სამინისტროდამ და გლადსტონის გამინისტრება თ. ბისმარკის სასურველს პოლიტიკას ცოტად თუ ბევრად საქმეს სვლას გაუძნელებს და აი აქ არის დიდი მნიშვნელობა ევროპიისათვის იმ ამბავისა, რომელსაც დღეს ინგლისში თავი გამოუჩენია და სასწორს გამარჯვებისას ერთისა თუ მეორის დასისას ასე შესანიშნავად სძრავს და ატოკებს.

იქნება აქ იყოს იგი ფარული მიზეზი, რომ ახალს იმპერატორს გერმანიისას გარკვევით ვერ გამოუცხადებია პროგრამმა თვისის საგარეო პოლიტიკისა და ჯერხანად სჯერდება მარტო ჰოარაობით ლაპარაკსა ამ საგანზედ. საკვირველიც არ არის, რომ ასე ვიფიქროთ, იმიტომ რომ გერმანიის ეხლანდელ პოლიტიკისათვის სულერთი არ არის, - ვინ იქნება გამგებელი და წინამძღომელი ინგლისში, - სალუსბერი, რომელსაც ფეხთა ქვეშ მიწა ერყევა, თუ გლადსტონი, რომელიც თანდათან უფრო ფეხს იკიდებს და თანაგრძნობას ჰპოულობს. ჯერ მინამ ეს საქმე ასე თუ ისე არ გათავდება, არა გვგონია გერმანიის პოლიტიკამ გულახდილობა გამოიჩინოს და გამორკვეული რამ ან სიტყვით სთქვას ან საქმით იმოქმედოს.

სალუსბერისა და გლადსტონის დასთა დაპირისპირება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №129, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა. ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

57 ტფილისის და ქუთაისის ქართული საადგილმამულო ბანკების შეერთების საკითხებზე

▲ზევით დაბრუნება


ტფილსის, 22 ივნისი

«Новое Обозрение»-ს გუშინდელს ნომერში (№1553) ერთი წერილი იყო დაბეჭდილი, ქუთაისიდამ მოწერილი, შესახებ ჩვენთა საადგილმამულო ბანკების შეერთებისა. პატივცემული ავტორი თვითონ საგნის ბუნებასა და ვითარებაზედ არაფერს ჰლაპარაკობს, ერთი სიტყვითაც არ იხსენიებს მას, თუ რა გზით, რა პირობით უნდა გაიდოს ამ ორთა ბანკთა შორის ხიდი შეერთებისა, ერთის სიტყვით, თვითონ საგნის შიგნეულობას და თირკმელსა გვერდს უქცევს, თითქო ამ საქმეში ეს მხარე საგნისა არ შეადგენდეს არასფერს საგულისხმიეროსა. მთელის წერილიდამ მარტო ისა სჩანს გარკვევით და ხაზგასმით, რომ იგი იმდურება და სამდურავის მიზეზად გვითითებს ბ-ნ ავალიშვილის მართლადა წინდაუხედავ სიტყვაზედ, ტფილისის ბანკის საზოგადო კრებაში წარმოთქმულსზედ ამ საგნის შესახებ.

ეს სამდურავი რომ პატივცემულს ავტორს მარტო ბ-ნ ავალიშვილზედ შეეყენებინა, ჩვენ არას ვიტყოდით და მის წერილს დღეს სალაპარაკო საგნად არ გავხდიდით, რადგანაც, ბ-ნი ავალიშვილი, თუ დაინახავდა საჭიროდ, თვითონ გასცემდა ასე თუ ისე პასუხს. ჩვენ თუ დღეს ამ საგანზედ ჩამოვაგდეთ სიტყვა, მარტო იმისთვის, რომ ავტორი ისე ბ-ნს ავალიშვილს არ ემდურება, როგორც თვით ტფილისის ბანკის საზოგადო კრებას, საცა ვითომ არც ერთს კაცს ხმა არ ამოეღოს და სიტყვა არ შეებრუნებინოს ბ-ნ ავალიშვილისათვის, რომელმაც ცოტა წინდაუხედავად და მოუფიქრებლად ახსენა ჩვენი იმიერნი მოძმენი.

ჩვენის საზოგადო კრების ხმის ამოუღებლობას ბ-ნ ავალიშვილის ნათქვამზედ ავტორი ამყარებს «Новое Обозрение»-ს წერილებზედ და კრებაზე დამსწრე კაცების მოწმობაზე. «Новое Обозрение»-ს წერილები არ წაგვიკითხავს ჩვენ და დამსწრე კაცების მოწმობაზედ კი ამას ვიტყვით, რომ იმათ ის არ გადაუციათ ავტორისათვის, რაც მართლა კრებაზედ მოჰხდა. ჩვენ ბევრი საგანი არ ვიცით იმისთანა, რომელსაც ისეთის გულმხურვალებით და გულისტკივილით მოჰკიდებოდეს კრება, როგორც ამ შეერთების საგანსა. ათ თუ თორმეტ კაცზედ მეტმა და მათ შორის ორმა გამგეობის წევრმაც ილაპარაკა ამ შეერთების გამო და არც ერთს მათგანს დიდის სიხარულის და სიამოვნების გარდა არა გამოუთქვამს-რა ამ შეერთების გამო.

თუ არც ერთმა კრების წევრმა საჭიროდ არ დაინახა სიტყვა შეებრუნებინა ბ-ნ ავალიშვილისათვის, ეგ ჩვენის კრების გულგრილობას კი არ უნდა დაებრალოს, არამედ თვითონ ბ-ნ ავალიშვილის სიტყვას, რომელსაც არავითარი საყურადღებო ღირსება არა სჭირდა და იმისთანაებზე ლაპარაკი წყალის ნაყვა გამოვიდოდა, ჩვენს კრებას ამისათვის არც ხალისი ჰქონდა და არც მოცალეობა. უკეთესი პასუხი ბ-ნ ავალიშვილის თქმულისა ის იყო, რომ არავინ ყური არ ათხოვა, რადგანაც ამ შემთხვევაში ყურის თხოება დაუმსახურებელი ჯილდო იქნებოდა.

ამას იმითი ვამტკიცებთ, რომ ბ-ნ ავალიშვილის გარდა სხვა ყველამ, კრებაში ამ საგანზედ მოლაპარაკემ, აღტაცებით და დიდის სიხარულით მიიღო აზრი ორთა ბანკთა შეერთებისა და ამ შეერთების გამო ბევრი გულმხურვალე სიტყვაც ითქვა. ამ სახით ბ-ნი ავალიშვილი სულ მარტოდმარტო დარჩა თავის შეუფერებელ ნათქვამითა. ასს კაცზედ მეტი იყო იმ კრებაზედ და არც ერთმა მათგანმა არ მოიწადინა არამც თუ მომხრეობა ბ-ნ ავალიშვილისა, არამედ ხმა, კრინტი არ დასძრა იმის შესახებ, რაც ბ-ნ ავალიშვილმა სთქვა, და ამ სახით იმისი ნათქვამი თითქო ერთს ყურში შეუშვა და მეორიდამ გაუშვა. ამაზედ მეტი სიტყვის შებრუნებაღა იქნება ქვეყანაზედ? ამაზედ ძლიერი განაჩენი დაიდგინებაღა ვისიმე ნათქვამზედ?

ასში ერთის ცდომა და ასში ერთის დანაშაული განა საბუთია, რომ დანარჩვენს ოთხმოცდაცხრამეტს კაცს სამდურავი შეუთვალონ? აი, ჩვენის აზრით, რა მხრით არის შესანიშნავი წერილი, რომლის გამოც დღეს ჩვენ სიტყვა ჩამოვაგდეთ. უმართლოდ, უსაბუთოდ, ტყუილად დასჯილი იქნება ჩვენი საზოგადოება, რომ ეს სამდურავი სამდურავად დარჩეს, და ვიმედოვნებთ, ავტორი ხსენებულის წერილისა დაგვიმადლებს, რომ საბუთი მივეცით შეცდომით გამოწვეული სამდურავი ჩვენს საზოგადოებას ააცილოს. რომ ყველა პირუთვნელს და გულწრფელს კაცს სწორედ ჩვენ მიერ ზემოდ თქმული აზრი უნდა გამოეტანა იმ ჩვენის კრებისაგან, საცა წინადადება შეერთებისა გარჩეულ იქმნა, ამას ამტკიცებს თვით განაჩენი კრებისა, ერთხმად დადგენილი. თუ ეს საკმაო არ არის, ვიმოწმებთ მთელს ასს კაცს კრებისას და თვითონ რედაქციას «Новое Обозрение»-სას, რომლის ზოგიერთნი წევრნიც დაესწრნენ ხსენებულს კრებაზედ.

სასურველია, რომ ჩვენთა იმიერ და ამიერ მოძმეთა თავის დღეში არ იფიქრონ, რომ ძმურად გამოწვდილი ხელი ძმურადვე გულმხურვალებით ჩამორთმეული არ იქნება. ღმერთმა გვიხსნას ამისთანა ფიქრისაგან!..

ტფილისის და ქუთაისის საადგილმამულო ბანკების შეერთების საკითხი

ხელნაწერი: ასლი U №1052, გვ. 844-846.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №130, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

ილიას ავტორობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ წერილი შეტანილია ხელნაწერ კრებულში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ივერიის“ სარედაქციო კომპლექტში წერილს მიწერილი აქვს ილიას ინიციალი „ი“.

წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1925 წ. ილიას თხზულებათა ცხრატომეულის IX ტომში (გვ. 117-118), შემდეგ 1946 წ. პ. ინგოროყვას რედაქტორობით გამოცემულ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ხუთტომეულში (ტ. IV, გვ. 321-322) და პ. ინგოროყვას რედაქტორობით 1950 წ. გამოცემულ ათტომეულში (ტ. VIII, გვ. 419-420) წერილის დასათაურება ეკუთვნით მათ პირველ გამომცემლებს.

გვ. - «Новое Обозрение»- გუშინდელს ნომერში... - იგულისხმება გაზ. «Новое Обозрение»-ს 1888 წ. №1553, გვ. 1-2. დაბეჭდილი წერილი «Описание земельных банков» (письмо в редакцию), ხელმოწერილია «Кутаис Д.Д.»

58 მოსამზადებელი კლასები გიმნაზიებსა და პროგიმნაზიებში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 24 ივნისი

წარსულს წელს საერო განათლების სამინისტრომ დაადგინა, რომ გაუქმებულ იქმნას მოსამზადებელი კლასები გიმნაზიებსა და პროგიმნაზიებში. თავის დროზე ამ განკარგულების შესახებ დიდი ლაპარაკი იყო მწერლობაში, საქმე ყოველის მხრით გასჩხრიკეს. ბევრი ითქვა როგორც იმის სასარგებლოდ, ისე წინააღმდეგაც. სხვადასხვა საზოგადოებამ, ერობამ, ქალაქებმა თავიანთი აზრი წარუდგინეს მთავრობას, რომელმაც სამინისტროს განკარგულება განიხილა მწერლობისა და საზოგადოების აზრის მიხედვით. უმთავრესად ის აზრი იყო წარმოთქმული, რომ მოსამზადებელი კლასები მეტად საჭიროა, რომ იმათი გაუქმება სასურველი არ არისო. ამ აზრის დასამტკიცებლად შესაფერი და შესაწყნარებელი საბუთიც იყო მოხსენებული. ამიტომაც სამინისტროს განკარგულება მთავრობამ განიხილა კანონმდებლობითის წესით და რიგით და საჭიროდ იცნო ზოგი რამ ცვლილება შეეტანა სამინისტროს განკარგულებაში. სამინისტროს აზრით, მოსამზადებელი კლასები სრულიად უნდა გაეუქმებინათ, ხოლო ეხლა, როგორც სჩანს „მართებლობის დებულებათა და განკარგულებათა კრებულიდგან“ («Собрание узаконений и распоряжений правительства», დადგენილია, რომ სახელმწიფომ თავისის ხარჯით არ უნდა შეინახოს მოსამზადებელი კლასებიო. ეს განკარგულებაც არ შეეხება ყველა გიმნაზიებსა და პროგიმნაზიებსა. იმ ადგილებში, სადაც მკვიდრნი რუსის ტომისანი არ არიან და რუსულს ენაზე არა ლაპარაკობენ, იქ სახელმწიფო თავის ხარჯით შეინახავს მოსამზადებელს კლასებს. შუაგულ რუსეთში მოსამზადებელ კლასების არსებობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ესაჭიროება საზოგადოებას ეს კლასები. თუ საჭიროება დიდი და ძლიერია, მაშინ სხვადასხვა საზოგადო დაწესებულებათა უნდა გამოიღონ ფული მოსამზადებელ კლასების შესანახად, ვინიცობაა სწავლის ფული, რომელსაც შეგირდები იხდიან საკმაო არ იქმნას კლასების გასაძღოლად, ამნაირად, სადაც მოსამზადებელი კლასები საჭიროა მთავრობის აზრით, იქ თვით საზოგადოებამ უნდა იკისროს იმათი შენახვა; სადაც საჭირო არ არის, იქ სრულიად გაუქმებული იქნება. ხოლო იქ კი, სადაც მკვიდრნი რუსულის ტომისანი არ არიან და რუსულს არა ლაპარაკობენ, იქ თვით სახელმწიფო კისრულობს ხარჯს.

როგორცა სჩანს წინანდელი განკარგულება სამინისტროსი შესამჩნევად შეცვლილია. საზოგადოება, რომელიც ჰგრძნობს სწავლა-განათლების საჭიროებას, უეჭველია ხარჯსაც არ დაერიდება და მართებლობას შეუმსუბუქებს ხარჯსა და შრომას, და იმედიც არის, რომ საზოგადოება რაკი ხარჯს იკისრებს, საქმესაც უფრო ფხიზლად და გონივრულად მოეკიდება.

ჩვენში, როგორც მართებლობის განკარგულებიდგანა სჩანს, მოსამზადებელ კლასების შენახვას ისევ მთავრობა კისრულობს, რადგანაც აქაურნი მკვიდრნი უმეტეს ნაწილად არც რუსის ტომისანი არიან, არც რუსულს ლაპარაკობენ და არც საკმაოდ ბევრი სასწავლებლები აქვსთ...

ერთი სხვა ცვლილებაც შემოაქვს ახალს კანონს სწავლა-განათლების საქმეში. დღემდის მოსამზადებელ კლასებიდგან პირველს კლასში გადაჰყავთ ყველა ყმაწვილები, რომლებიც ეგზამენს დაიჭერდნენ; ეხლა კი ეგზამენი საკამათო (საკონკურსო) უნდა იყოს, რაიცა მეტად ძნელი იქნება ნორჩ ბავშვებისათვის. ამიერიდგან მხოლოდ იმ ყმაწვილს გადაიყვანენ, რომელიც საუკეთესოდ დაიჭერს ეგზამენს; სხვები კი იძულებულნი იქმნებიან სასწავლებელი მიატოვონ. მაშასადამე, მოსამზადებელ კლასების შეგირდები და გარედგან მოყვანილები გათანაბრებულნი იქმნებიან თავიანთს უფლებაში.

რა მოუვათ იმ ყმაწვილებს, რომლებიც საკამათო ეგზამენს ვერ დაიჭერენ? მშობლებმა და ნათესავებმა ისინი ან სხვა სასწავლებელში უნდა გადაიყვანონ და ან სრულიად უნდა გამოასალმონ სწავლა-განათლებასა. რადგანაც ეს გარემოება სასურველი არ არის არც მშობლებისა და არც ყმაწვილებისათვის, ამიტომაც აუცილებელი იქმნება პირველ პარალელურ კლასების დაარსება. მეტი გზა არ არის, ამ კლასების შენახვა ისევ მშობლებმა და საზოგადოებათ უნდა იკისრონ. თუ ეს აზრი განხორციელებულ იქმნა, მაშინ საკამათო ეგზამენი მაინცადამაინც საძნელო და საფრთხო არ იქნება ყმაწვილებისათვის. ვინც საუკეთესოდ ვერ დაიჭერს ეგზამენს, ის შესაძლოა გადიყვანონ პარალელურს პირველს კლასში და ამნაირად იძულებული არ იქმნება სასწავლებელი მიატოვოს, ან სხვა რომელსამე სასწავლებელში გადავიდეს. ეს პარალელური კლასები იმდენად საჭიროა, რომ, ვგონებთ, საზოგადოება იმის ხარჯს არ შეუშინდება...

მოსამზადებელი კლასები გიმნაზიებსა და პროგიმნაზიებში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №132, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

59 გერმანიის მიერ რუსეთთან კავშირის ძიება და ინგლის-საფრანგეთის იგნორირება

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 2 ივლისი

ვილჰელმ მეორის გაიმპერატორებას გერმანიაში ბევრს რასმე სწამებდნენ ევროპაში გულსწრაფნი დიპლომატები და გაზეთები. ეგონათ, რომ გაიმპერატორდება თუ არა ახალგაზრდა ვილჰელმ II, ერთი ალიანქოთი ასტყდება ევროპაშიო და საშინელის ჭექა-ქუხილისათვის პოლიტიკური ცა ღრუბლებით შეიკვრისო. ყოველივე ეს გამტყუნდა: ვილჰელმ II გაიმპერატორებამ დღევანდელი პოლიტიკური ავკარგიანობა ვერ გამოარკვია იმოდენად მაინც, რომ კაცმა სთქვას რას მოასწავებს დღევანდელი დღე და რას მოიტანს ხვალინდელი.

გამორკვევას ვიღა სჩივის. ჩვენის ფიქრით, დღევანდელი პოლიტიკური მოძრაობა ისევ ის წაჯეგუკუჯეგობაა, რაც ვილჰელმ I-ის დროს იყო. ცოტა ხნობით ფრიდრიხ III-ის იმპერატორობამ როგორღაც სხვანაირად აატოკა უღელი პოლიტიკის სასწორისა და ბოლოს, რომ ხანი დასცალებოდა, ისიც იძულებულ იქმნებოდა ისევ ის ეძებნა, რასაც ეხლა ეძებს გერმანია და რასაც ვილჰელმ I-ის დროს ეძებდა. გერმანიის ყოფა-მდგომარეობა დღეს იმისთანაა, რომ ასე უნდა მოიქცეს, თუ თავის საქმის ადრე და მალე წახდენა არა ჰსურს.

ვილჰელმ I-ის დროს უკანასკნელი წელიწადნი გერმანიამ იმას შეალია, რომ თავის საკუთარის სიმაგრისათვის შემძლებელთა სახელმწიფოთაგან კავშირი შეედგინა, რადგანაც ხმლის ვადაზედ ხელდადებული საფრანგეთი გაბოროტებულის თვალით უყურებდა გერმანიას და ჯავრის ამოყრას სცდილობდა და დღესაცა სცდილობს. მაშინ მოუხერხდა გერმანიას ზავის შეკვრა ავსტრიასთან და რუსეთთან და შეჰქმნა ეგრეთწოდებული „სამთა იმპერატორთა კავშირი“. გატყვრა უეცრად ბოლგარიის საქმე და ავსტრიასა და რუსეთს ერთმანეთის საცილობელი საქმე ჩამოუვარდათ. სამთა იმპერატორთა კავშირი შეუძლებელიღა გახდა და დაიშალა. გერმანია ორ წყალს შუა იყო. ან უნდა ფონი დაედო რუსეთისაკენ, ან ავსტრიისაკენ. სხვა გზა არ იყო. გაჭირება გერმანიისა იმაში მდგომარეობდა, რომ ერთისა თუ მეორის წყენა საშიში იყო და ორისავე ამება კი არასგზით არ მოხერხდებოდა.

მაშინ გერმანიამ დაუწყო კურკური ჯერ ინგლისსა, ამავე დროს დიდად და დიდად მოუტკბილდა იტალიას. ინგლისთან ვერას გაჰხდა და იტალია კი დაიყოლია და შესდგა ისევ სამთა კავშირი, - გერმანიისა, ავსტრიისა და იტალიისა. ეს გაუადვილდა გერმანიას იმით, რომ ავსტრიას და იტალიას ბალკანეთის ნახევარკუნძულზედ ერთმანეთთან ადვილად მოსარიგებელი ანგარიშები აქვთ. რაკი ეს ასე მოხდა, რუსეთმა და საფრანგეთმა ერთმანეთს ხმა მისცეს და ერთმანეთს დაუახლოვდნენ. გერმანიას ეს დაახლოვება ვერ ეჭაშნიკა. ადვილად მოსაანდოვებელია რადაც: გერმანია ამ ორ დიდთა და ძლიერ სახელმწიფოთა შუაა და ძნელია წინა და უკანით მოსეულს ომს კაცი გაუძღვეს, თუ ომი ასტყდა.

აი მიზეზი, რომელმაც დღეს აიძულა გერმანია ხელახლად შეუდგეს მოკავშირეთა ძებნას ევროპაში. აშკარაა, გერმანიას უგრძვნია, რომ ავსტრია და იტალია ან საიმედონი არ არიან, ან იმოდენად უღონონი, რომ სასურველს მხარს ვერ მისცემენ, თუ ევროპის აშლილობამ გერმანია ომში ჩაითრია. თუ ესეა, რა თქმა უნდა, რომ გერმანია იძულებულია რუსეთს როგორმე გული მოუგოს და თავის მომხრედ გაიხადოს. დღეს გერმანია ამის ცდაშია და მისი იმპერატორი ხომ აპირობს კიდეც პეტერბურგში წასვლას ხელმწიფე იმპერატორის სანახავად.

ამ ამბავს ჟურნალ-გაზეთები დიდს მნიშვნელობას აძლევენ ევროპიის პოლიტიკისათვის იმ მხრით, ვითომ იმპერატორი ვილჰელმი II იმედოვნებს მოარიგოს ავსტრია და რუსეთი ბალკანეთის საქმეში და ისევ უწინდელი სამთა იმპერატორთა კავშირი შეჰკრას. ჩვენ არ ვიცით რამოდენად გაჰმართლდება ეს იმედი, ჟურნალ-გაზეთებისაგან წინასწარად გამოთქმული. ჩვენ დღეს მარტო იმასა ვხედავთ, რომ ერთის მხრით გერმანია იძულებულია რუსეთის მომხრეობა ეძიოს და მეორის მხრით ვხედავთ, რომ საფრანგეთი და ინგლისი გერმანიის ანგარიშებისაგან გამორიცხულია. დღეს ეს ორი დიდი და შემძლებელი სახელმწიფო გარიყულია და გაცალკევებული.

ჩვენ არა გვგონია, რომ ამისთანა მიმართულებას პოლიტიკისას გაუყუჩდეს და გაუჩუმდეს ან საფრანგეთი, ან ინგლისი. გერმანიის გაზეთები სწამებენ კიდეც საფრანგეთსა, რომ იგი იტალიასა და ბელგიაში რაღაცა ქსელსა ჰქსოვსო საფრანგეთის სასარგებლოდაო და საქმე ისე მიჰყავსო, რომ ლამის თავისი გაიყვანოს და, თუ მთავრობა არა, იტალიისა და ბელგიის ერნი მაინც გადიბიროს და მიიმხროსო. შეუძლებელი აქ არა არის რა და რამოდენად კი მართალია ეს ამბავი, - ჩვენ არ ვიცით. ამას კი ყურის თხოვება უნდა, რომ გერმანია დღეს არსად და არასფერში არც კი იხსენიებს არც საფრანგეთსა და არც ინგლისსა, თითქო ეს ორი ძლიერი სახელმწიფო ქვეყანაზედ არც კი არსებობსო. ესეც შესანიშნავია, რომ იმპერატორმა ვილჰელმ II, როცა თავისი სიტყვა მიჰმართა გერმანიის პარლამენტს, ავსტრია, იტალია, რუსეთი ტკბილის სიტყვით მოიხსენა და საფრანგეთსა და ინგლისზე კი ერთი სიტყვაც არ დაჰხარჯა. საფრანგეთის არხსენება ადვილად აღსახსნელია და ინგლისის არხსენება კი ყველას აკვირვებს და აოცებს. ინგლისის გაზეთები ამ საგანზედ წყენით ჰლაპარაკობენ.

გერმანიის მიერ რუსეთთან კავშირის ძიება და ინგლის-საფრანგეთის იგნორირება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №137, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

60 დედათა ემანსიპაციის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 3 ივლისი

ერთს დროს დიდი და გაცხარებული ლაპარაკი ჰქონდა ევროპიის ლიტერატურას და ნამეტნავად რუსეთისას ეგრეთწოდებულ „დედათა ემანსიპაციის“ თაობაზედ. მომხრენი ამ საქმისა ჰხედავდნენ, რომ ეხლანდელი ურთიერთობა მამათა და დედათა სქესისა ვერ არის სამართლიანად მოწყობილი და აშენებულია უმართლო მოძღვრებაზედ, ვითომ დედაკაცი მამაკაცთა ტყვე და მონა არისო და ამის გამო ბევრში უფლებას თავისუფალის ადამიანისას მოკლებულიაო. ამის მიხედვით დაჩაგრულთა დედათა მომხრენი სწერდნენ და ჰქადაგობდნენ, რომ ქალებს უნდა მიენიჭოთ ყოველივე უფლება, რაც მამაკაცთა აქვთ მინიჭებული, ასე რომ ამ ორ სქესთა შორის ურთიერთობა სამართლიანის თანასწორობით დადგენილ იქმნას კაცთა ცხოვრებაშიო.

ბევრი კარგი რამ ითქვა ამაზედ, ბევრი საბუთიანი „ჰო“ და „არა“ გამომჟღავნდა და ბევრიც უქმი, წინდაუხედავი სიტყვა დაიხარჯა. მაინცდამაინც საბუთი აქვს კაცს სთქვას, რომ ეს საგანი საკმაოდ გამორკვეულია დღეს და თეორიულად მრავალკეცად და გონებადასმით გარჩეული და გაჩხრეკილი. ჩვენ ეს ბუნება და ისტორია ამ ფრიად საყურადღებო საქმისა აქ დღეს ორიოდე სიტყვით მოვიხსენიეთ, იმიტომ რომ აზრად არა გვაქვს ამ საგნის ბუნება და ისტორია დაწვრილებით გამოვიკვლიოთ.

ჩვენ მარტო ის გვინდა ვსთქვათ, რომ ამ თეორიულად საკმაოდ კარგად გარჩეულმა საქმემ საზოგადოების ყურამდე სრულის სავსებით ვერ მიაღწია. ბევრს კაცსა, თუ ქალსა ჰგონია დღესაც რომ აქ მარტო იმაზეა ლაპარაკი, ვითომც ამ ემანსიპაციის საქმეში სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ ქალთა, თუ დედათა მხოლოდ უფლება მიენიჭოთ და იმას კი აღარავინა ჰფიქრობს, რომ არ არის არც ერთი იმისთან უფლება კაცთა ურთიერთობაში, რომელსაც არ მოსდევდეს მოვალეობაცა. მართალია, მამაკაცს ეხლანდელს ცხოვრებაში ბევრი იმისთანა უფლება აქვს, რომელიც სამართლიანად ქალსაც ეკუთვნის, მაგრამ მამაკაცი ამასთანავე მსახურია სახელმწიფოსი, ქვეყნისა, საზოგადოებისა, ოჯახისა და ყოველგვარი მძიმე ტვირთი ადამიანთა რთულის ცხოვრებისა კისრად ადევს. დღეს ქალები რომ იძახიან, - მოგვეცით უფლებაო, ეს ძახილი თუმცა სამართლიანია, მაგრამ ჰრჩება ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა: იმიტომ რომ ყველანი ჰხედვენ, რომ ქალები ბევრწილად უქმნი და უვარგისნი არიან იმ მოკლედ შემოხაზულ წრეშიაც კი, რომელშიაც დღეს იმყოფებიან, და იმ მცირეოდენს მოვალეობასაც ვერ უძღვებიან, რაც დღეს მიზომილი აქვთ საზოგადოებასა, თუ ოჯახობაში.

ეს დღევანდელი უქმობა და უვარგისობა ქალებისა ხელზედ დახვეული აქვთ ყველას, ვინც კი დედათა ემანსიპაციას არ ემხრობა და ეწინააღმდეგება. თითოოროლა მაგალითი საქმითა და გამჭრიახობით გამოჩენილ ქალებისა ამ წინააღმდეგობის საბუთს ბევრს არას არღვევს. ამ მაგალითებს მარტო ბედნიერ შემთხვევად სთვლიან და უფროს-ერთს ქალზედ კი ისევ ის უვარგისობის აზრი ჰრჩება.

ამერიკაში იგრძნეს ქალებმა, რომ ეს ასეა და სამართლიანის ემანსიპაციის მოსაპოვებლად იმას აღარა სჯერდებიან, რომ იძახონ: უფლება მოგვეცითო. იმათ უფრო უკეთესი სახსარი, უკეთესი გზა ამოურჩევიათ. იმათ უფიქრნიათ, რომ ქვეყანას უნდა დავანახვოთ, რომ ჩვენც შეგვიძლიან რადმე ყოფნა ქვეყანაზედ, ჩვენც შეგვიძლიან ყველა მოვალეობას ადამიანისას გავუძღვეთ, ჩვენც შეგვიძლიან არამც თუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც ერთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოვუვარდებითო. ამ პატიოსანს გაზრახვას შესდგომიან და, როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილობითაც შეუსრულებიათ.

ამის დასამტკიცებლად ჩვენ მოვიყვანთ საოცარს ამბებს, ერთის გერმანულის ჟურნალიდამ ამოკრებილს. ამ ამბების მიხედვით უტყუარად გამოარკვევს კაცი თუ, რის შემძლებელი არის ქალი და რა მონაწილეობას ჰღებულობს იგი ამერიკაში საზოგადო ცხოვრების წარსამატებლად და რარიგად ეცილება მამაკაცს ცხოვრების მოედანზედ, სატეხნიკო სარბიელზედაც კი. ეს ამბები მით უფრო საკვირველია, რომ ქალის გამჭრიახობასა და შემძლებელობას იმისთანა საქმეში გვიჩვენებს, რომელიც დღეს აქამომდე ქალისათვის უფრო ხელმიუწვდომელი ეგონა ადამიანს.

იგი გერმანული ჟურნალი ამბობს: ჩრდილოამერიკის არხივებიდამ ამოკრებილიაო ცნობანი, რომ ქალებს ამერიკაში 1900 პატენტი მიუღიათ მათ მიერ მოგონილ სხვადასხვა მაშინების გამო. ერთი ამ საქმის მცოდნე ამერიკელი უმატებს: ის კი ანგარიშში არ მოგვყავს, რომ ბევრი ქალი დაჰხმარებია მამაკაცს ამისთანა საქმეშიო. ეს ხომ საოცარია და საოცარი, უფრო საკვირველი ის არის, რომ იქაურ ქალებს იმისთანა საქმეშიც გამოუჩენიათ თავი, რომელიც ქალის ცხოვრებაზედ ერთობ შორს არის და ქალის ბუნებას უნდა ეუცხოვებოდეს. მაგალითებრ, ერთს ქალს, გვარად მატერს, ნიუიორკში მოუგონია ტელესკოპი მიწის ქვეშეთისათვის (подземный телескоп), ქალს გვარად მონტგომერს - ფოლადის ჯავშანი საომარ ხომალდისათვის, ქალს გოშამს - ახალგვარი ზარბაზანი, ქალს ბიზელს - წყლისაგან გადასარჩენი ნავი, ქალს ტანნეის - მაშინა ზღვაში დაღუპულ ხომალდების ამოსაღებად და სხვანი. საქალო საქმეშიაც გამოუჩენიათ თავი. მაგალითებრ, ქალს როზენტალს უფრო უკეთესი საკერავი მაშინა მოუგონია, ვიდრე აქამომდე იყო.

ყოველივე ეს, რასაკვირველია, ძლიერი საბუთია „დედათა ემანსიპაციის“ მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის.

დედათა ემანსიპაციის შესახებ

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №138, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

61 რუსეთის ნათელღების ცხრაასი წელი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 14 ივლისი

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისტორია ერთადერთი მტკიცე და შეუშლელი სიგელია, რკინის ფიცარზედ რკინის ასოებით ამოჭრილი ოქმია, რომელიც ჰმოწმობს ერს, ვინ ყოფილა და რა ყოფილა გუშინ, ვინ არის და რა არის დღეს!..

ამ სიგელს, ამ მოწმობას ერის ვინაობისას და შემძლებელობისას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვითარცა დიდს ტაძარს, საცა ასვენია დიდნი სახსოვარნი, დიდნი ხატნი წარსულისა და ყოფილისა.

ამისთანა დიდს სახსოვარს, დიდს ხატს წარსულისას დღეს დღესასწაულობს მთელი მართლმადიდებლობა რუსეთის იმპერიისა. 15 ივლისს ამ ცხრაასის წლის წინად რუსეთმა მიიღო ნათელი ქრისტეს სარწმუნოებისა და დღეს რუსეთი დიდის ზარით და დიდებით დღესასწაულობს ამ დიდებულს დღეს თავის ისტორიისას.

ნათელღება რუსეთისა მოჰხდა 988 წ. 15 ივლისს კიევში, მაშინდელ რუსეთის დედაქალაქში, მოციქულთა სწორის წმინდა ვლადიმირის მიერ. ჯერ მინამ წმ. ვლადიმირი გამთავრდებოდა და მის მიერ რუსეთი მიიღებდა ქრისტეს სარწმუნოებას, ქრისტიანობის გამავრცელებელნი მოძღვარნი საბერძნეთიდამ ხშირად ჰქადაგობდნენ ქრისტეს რჯულს რუსთა შორის. იმათის ღვაწლით ქრისტიანობა შიგადაშიგ ზოგიერთს ალაგას რუსეთში ფეხმოკიდებული იყო ჯერ კიდევ იგორის დროს, რომელიც ოლეგის მერმედ გამთავრდა და გადაიცვალა 945 წ. კიევში იყო ქრისტიანთა ეკკლესია წმინდა ილიას სახელობაზე და თვით იგორის მხედრობაში იყო არა ერთი და ორი გაქრისტიანებული მხედარი რუსთაგანი. იგორის მეუღლემ, წმინდა ოლგამ, ხომ თვითონაც მიიღო ქრისტიანობა და იმის დროს ცოტად თუ ბევრად გაძლიერდა რუსეთში ქრისტიანობა, რადგანაც წმინდა ოლგა, თვით ქრისტიანე, სწყალობდა ქრისტიანეთა.

ხოლო სახელი და დიდება რუსეთის ნათელღებისა დაინარჩუნა იგორის და ოლგას შვილიშვილმა ვლადიმირმა, რომელმაც დაიჭირა კიევი 960 წელსა და ერთმთავრობა რუსეთისა დააფუძნა. მოციქულთსწორი წმინდა ვლადიმირი ჯერ პირველ ხანში წარმართი იყო. წარმართობის დროს რუსეთი თაყვანს სცემდა სხვადასხვა ღმერთებს, რომლეთ შორის პირველი ადგილი ეჭირა პერუნს, ღმერთს ცეცხლისას, და უფრო ჭექა-ქუხილისას და ელვისას; მეორე იყო ვოლოსი, ღმერთი საქონლისა და პირუტყვისა, სტრაბოგი, ბძანებელი ქარისა, დაჟბოგი და ხორსა, რომელთ სახელთა თაყვანს სცემდნენ მზესა. ამ უმთავრესთა ღმერთთა გარდა თაყვანსა სცემდნენ მრავალს სხვა მეორეხარისხოვან ღმერთებს, მაგალითებრ, წყალისას, ტყეებისას და მებრვე სხვათა.

ქრისტეს რჯულის მოძღვართა, საბერძნეთიდამ მოსულთა, შეურყიეს ვლადიმირს წარმართობა და შთააგონეს სარწმუნოება ქრისტესი იქამდე, რომ მოიწადინა გაქრისტიანება. ეს წადილი განუცხადა თავის კარისკაცთა და მხედრობასაცა. ამასობაში ვლადიმირს მოუხდა წასვლა ტავრიდაში საომრად და როცა იქაურს ქალაქს კორსუნს ალყა შემოარტყა და აღება გაუძნელდა, მაშინ აღთქმა დასდვა, თუ ავიღებ, მოვინათლებიო. კორსუნმა ბოლოსდაბოლოს ვეღარ გაუძლო ვლადიმირის მხედრობას და კარი გაუღო. როცა კორსუნი დაჰმორჩილდა, მაშინვე ვლადიმირმა გაუგზავნა მოციქული საბერძნეთის იმპერატორებს ვასილისს და კონსტანტინეს, ითხოვა ცოლად მათი და ანნა და შეუთვალა თვისი სურვილი გაქრისტიანებისა. გახარებულმა იმპერატორებმა მაშინვე გამოჰგზავნეს თავიანთი და ანნა, თან გამოატანეს მღვდლები, რომელთაც ნათელსცეს რუსის მთავარს, მის შვილებს და მხედრობასა 988 წელსა.

კიევში ვლადიმირმა უბძანა შეჰმუსრონ სამსხვეპლონი და პირქვე დაამხონ ბუთნი. პერუნი გამოაბმევინა ცხენის კუდს და ჯოხის ცემით ჩაათრევინა და გადააგდებინა დნეპრის მდინარეში. საბერძნეთიდამ გამოგზავნილი მღვდლები დაიარებოდნენ სხვა ქალაქებსა და დაბებში და ჰქადაგობდნენ ქრისტიანობას. ხალხი, რომელიც საზოგადოდ ეგრე ადვილად ვერა სტოვებს ხოლმე ძველსა, ურჩობდა და სანატრელის სისწრაფით არ ეძლევოდა ახალს რჯულსა. რა ნახა ეს ვლადიმირმა, უბძანა კიეველებს, რომ დედაბუდიანად მოგროვილიყვნენ დნეპრის მდინარის კიდეზედ. აქ დიდის ყოფით და ამბით ნათელიღო ხალხმა. ეს მოჰხდა 15 ივლისს 988 წელსა და მას აქეთ ცხრაასი წელიწადია. ამ ცხრაასწლოვანობას რუსეთის ნათელღებისას დღესასწაულობს დღეს მთელი რუსეთი კიევში, ესე იგი, იმ ძველს ქალაქში, საცა პირველ მოინათლა რუსეთის ერი და თანაზიარ ეყო მართლმადიდებელს ქრისტიანობას.

გაზეთები გვაუწყებენ, რომ დიდძალი სამზადისია მთელს რუსეთში და ნამეტნავად კიევში ამ დიდებულის დღის დიდებულად დახვედრისათვის. თითქმის მთელის რუსეთის სამღდველოებისაგან წარგზავნილნი არიან წარმომადგენელნი, რათა დაესწრნენ ამ სახალხო დღესასწაულსა და პატივი სცენ სადღესასწაულო დღეს. ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ საქართველოს საექზარხოსოდამაც წარგზავნილია ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოზი ალექსანდრე.

რუსეთის ნათელღების ცხრაასი წელი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №148, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

62 წოდებათა თანასწორობა არჩევანებში სოფლად

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 16 ივლისი

წელს დანიშნულია და ამ ცოტას ხანში აღსრულებაშიაც უნდა მოვიდეს არჩევანები სოფლის სამმართველოს მოხელეებისა. ჩვენ შევიტყეთ, რომ ერთს ტფილისის ახლოს მყოფს სამამასახლისოს მოუწადინებია მამასახლისად ამოირჩიოს სასულიერო წოდების კაცის შვილი, რომელსაც საკმაო სწავლაცოდნა მიუღია და იმ სამამასახლისოში სოფლური მდგომარეობა აქვს და მამულ-დედულიცა.

ამასთანავე შევიტყეთ, რომ მაზრის უფროსის თანაშემწე, რომელსაც მინდობილი აქვს ხსენებულს სამამასახლისოში არჩევანები მოახდინოს, ჰბრკოლდება იმ მიზეზით, ვითომც, თუ არ გლეხის წოდების კაცს, სხვას არავის კანონით ნება არა აქვს არჩეულ იქნას სოფლის მართველობის მოხელედაო. მართალია, ჩვენში, თუ ხსოვნა არ გვღალატობს, ჯერ მაგალითი არ ყოფილა, რომ სოფლის მოხელედ სხვა ვინმე არჩეულ ყოფილიყოს, თუ არ გლეხის წოდების კაცი, მაგრამ უმაგალითობა იმისთანა საქმეში, საცა ცხადი კანონია, მოსატანი არ არის. მით უფრო, რომ თავისთავადაც დიდად სასურველია, საარჩევანო წრე მომწყვდეული არ იყოს მარტო გლეხობის ვიწრო ფარგალში და უფრო ფართო გზა ჰქონდეს უკეთესთა კაცთა საშოვრად და ასარჩევად, თუნდა გლეხობის წრის გარედაც.

თუნდა ამასაც თავი დავანებოთ და მარტო ის ვიქონიოთ სახეში, რომ გლეხობის წრის გარედ უფრო ადვილად მოიპოვება გონებაგახსნილი კაცი, ცოტად თუ ბევრად მცოდნე და განათლებული. ამისთანა კაცი სოფლის მოხელეობაში მეტად სასურველია და სანატრელი, როგორც თვით გლეხობისათვის, ისეც მთავრობისათვისაც. გლეხობისათვის იმიტომ, რომ ცუდ-უბრალოდ არავის არ დააჩაგვრინებს თავის სახელოს კაცსა, რადგანაც ეცოდინება თავისი უფლებაც გლეხთა გამოსასარჩლებლად, საცა კანონი ნებას აძლევს და თავისი მოვალეობაც მთავრობისა და თავის საზოგადოების წინაშე. ამისთანა კაცი თავის მოხელეობას იმ საპატიო ხარისხზედ დააყენებს, რომელიც განზრახულია თვით კანონმდებლობისაგან და რომელიც დღეს თვით მოხელეთა უმეცრებით და გაუგებრობით მეტად დაბლა დაწეულია და პატივაყრილი.

მთავრობისათვისაც სასურველია სოფლის მოხელეობაში იმისთანა კაცი, რომელიც შემძლებელი იქმნება განკარგულება მთავრობისა რიგიანად, წესიერად გაიგოს და რიგიანად და ჭკვადასმით აასრულოს. თორემ ეხლა უფროს-ერთგან სოფლის მოხელენი სოფლის მწერლის ხელში არიან და რაც მწერალსა ჰსურს, იმაზედ მოაწერინებს ხელს მამასახლისს, თუ სხვა მოხელეს, ანუ როგორც მწერალსა ჰსურს, ისე გააგებინებს მთავრობის მოწერილობას, თუ განკარგულებას და იმას კი აღარ ვიტყვით, რომ ხშირად თვითონ კანონსაც კი გადაუსხვაფერებს ხოლმე მოხერხებული მწერალი, რადგანაც წიგნის არმცოდნე და სრულად უვიცი კაცი ამ შემთხვევაში მალე მოტყუვდება ხოლმე თუნდ იმისთანა ცოტაოდენად მცოდნისაგან, როგორიც სოფლის მწერალია, ეხლანდელ მოხელეთა უვიცობისა და უმეცრების გამო ეხლა სოფელში ჰმოხელეობს ჯამაგირით დაყენებული მწერალი და არა საზოგადოებისაგან ამორჩეულნი მოხელენი. ამას, რასაკვირველია, დიდი ვნება მოაქვს ყველასათვის.

რა საჭიროა აქ ვრცლად ჩამოთვლა საბუთებისა, რომელნიც ასე აშკარად ჰლაპარაკობენ იმაზედ, რომ სახეიროა სოფლის სამართველოს მოხელეებად ნება ჰქონდეთ ამორჩეულ იქმნან ყველა წოდების კაცნი, თუკი თვითონ სოფლის საზოგადოება მოიწადინებს და ღირსად დაინახავს. რა საჭიროაო, იმიტომ ვამბობთ, რომ თვითონ კანონს ყოველივე ეს საბუთი ჩვენზედ უკედ დანახული აქვს, რადგანაც კანონი ნებას იძლევა სოფლის მოხელეებად ამორჩეულ იქმნან ყველა წოდების კაცნი. სოფლის სამმართველოს დებულება პირდაპირ ბძანებს ამასა. მე-88 მუხლი ამ დებულებისა, განმარტებული მთავრობისაგან, ამბობს, რომ შესაძლოა „საპატიო წოდების“ (привилегированное сословие) კაცნიც ამოირჩიოს სოფლის საზოგადოებამ თავის მოხელეთა, თუ ამისთანა კაცს სოფლური მდგომარეობა აქვსო.

ჩვენდა სამწუხაროდ, ამჟამად ხელთ არა გვაქვს ხსენებულის დებულების წიგნი, თორემ სიტყვასიტყვით ამოვწერდით ამ განმარტებას კანონისას უჯეროთა დასაჯერებლად. ხოლო რაცა ვსთქვით, ისიც საკმარისია ვაღიაროთ, რომ არავის კანონიერი მიზეზი და საბუთი არა აქვს დაუშალოს სასულიეროს თუ სხვა წოდების კაცის შვილს ამორჩეულ იქმნას სოფლის მოხელედ, თუ სოფლური მდგომარეობა აქვს და თვითონ სოფელი ღირსად სცნობს და ამოირჩევს. ამის ნებას იძლევა თვითონ კანონი და, მაშასადამე, წინ ვერავინ აეღობება.

წოდებათა თანასწორობა არჩევანებში სოფლად

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №149, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

63 დაცოფიანების შემცირების ღონისძიებათა პროექტი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 2 აგვისტო

არც ერთი სენი ადამიანისა იმისთანა საზარელი და საშინელი არ არის, როგორც ცოფი. მართალია, მეცნიერებამ სახელოვან პასტერის ღვაწლით იქამდე მიაღწია, რომ ეს საშინელი ჭირი ცოტად თუ ბევრად შეუმსუბუქა ისეც ტანჯულს კაცობრიობას, მაგრამ უებარ წამლობამდე კი ჯერ კიდევ შორს არიან კაცთმოყვარე მიცნიერნი, ბევრს იძახიან, ბევრს ირწმუნებიან, რომ ვითომც ამა და ამ კაცმა საკვირველი წამალი იცის და დაცოფიანებულს არჩენსო, მაგრამ დაბეჯითებით თქმა არ შეიძლება, რომ ცოფის წამალი უებარად ნაპოვნი იყოს. ადამიანის გონებას ბევრი რამ შეუძლიან და მის ყოვლად შემძლებლობის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დღესა თუ ხვალე მეცნიერება მაგ წამალსაც მიაგნებს და დაიხსნის ადამიანს იმ საშინელის ჭირისაგან, რომელსაც ცოფი ჰქვიან. მინამ კი ეს მოხდება, ადამიანს სხვა არა დარჩენია რა, რომ რაც შეიძლება შეაცოტავოს შემთხვევა დაცოფიანებისა, ანუ უკეთ ვსთქვათ, მიზეზი დაცოფიანებისა ცოტად თუ ბევრად თავიდამ აიცილოს.

ცოფი, როგორც მოეხსნება მკითხველს, არ აუჩნდება ხოლმე ადამიანს უიმისოდ, თუ კაცი ნაკბენი არ არის ცოფიანის პირუტყვისაგან. პირუტყვთა შორის ზოგი შინაურია, მაგალითებრ ძაღლი და კატა, რომელთა აუჩნდებათ ხოლმე ცოფი და ზოგი გარეული, მაგალითებრ მგელი. მგელი, რომელსაც ისე ხშირად არ ჰხვდება კაცი, იშვიათად შეიქმნება ხოლმე მიზეზად ადამინის გაცოფიანებისა. ნამეტნავად ქალაქებში მცხვრებნი ამ მიზეზს მოცილებულნი არიან. ძაღლი და კატა კი, რომელიც თითქმის ყოველს მოსახლესა ჰყავს სახლში, სოფელსა, თუ ქალაქებში, უმთავრესნი მიზეზნი არიან საშინელის სენის მოდებისა და გავრცელებისა. მაშასადამე, თუ მიზეზის მორიდება და აცილება აქ საქმეს უშველის რასმე, კაცმა აქ უნდა ეძიოს წამალი, ესე იგი, ამ მხრით უნდა ეცადოს რამოდენად შესაძლოა გააბათილოს ცოტად თუ ბევრად მიზეზი გაცოფიანებისა.

რუსეთის გაზეთები გვაუწყებენ, რომ მთავრობას სწორედ ამ მხრით მიუქცევია ყურადღება ამ საქმისათვის. სამკურნალო დეპარტამენტს შინაურთა საქმეთა სამინისტროსას ეხლახან შეუდგენია ვრცელი პროექტი და ამ პროექტში ჩამოთვლილია ღონისძიებანი, მიმართულნი მასზედ, რომ რაც შეიძლება შეუცოტავოს ადამიანს შემთხვევა ცოფიანის პირუტყვისაგან დაკბენისა. ამ ღონისძიებათა შორის მოხსენებულია შემდეგი: ა) აკრძალულ იქმნას ქუჩაში გამოშვება ძაღლისა, თუ პირაკრული არ იქნება, ისე კი, რომ წყალის სმა შეეძლოს. ბ) უპატრონო მაწანწალა ძაღლი და კატა, საცა შეჰხვდეთ, დაჰხოცონ. გ) ძაღლის პატრონებს გადასახადი დაედოთ და ამ გზით მოგროვილის ფულით ეძლიოს გასამრჯელო საკუთრად ამ საქმისათვის დანიშნულს ზედამხედველს კომიტეტსა, ანუ მოხელეებსა. ზომა გადასახადისა, იმაზედ იქმნება დამოკიდებული, თუ, - რა საჭიროებისათვის ჰყავთ პატრონებს ძაღლები. მაგალითებრ, ძაღლის პატრონებს ფულებში შეღავათი ექმნებათ ქალაქში მცხოვრებთა წინაშე, რადგანაც მოქალაქეებს ძაღლი უფრო ქეიფისა და სიამოვნებისათვისა ჰყავთ, ვიდრე საჭიროებისათვის, და დ) თითო მოკლულს მგელზედ ჯილდოდ საფასურია დადებული.

ამჟამადაო, ამბობენ გაზეთები, ეს პროექტი სამკურნალო დეპარტამენტმა გაუგზავნა ყველა გუბერნატორებს და აზრი მოსთხოვა. როცა ეს აზრები მოიკრიბება, გადისინჯება და ეგრე მომზადებული პროექტი წარდგენილ იქმნება დასამტკიცებლად კანონმდებლობის წესითა.

აზრნი და განზრახვა ამ პროექტისა მეტად მოსაწონია და თანასაგრძნობი. ეს კია, რომ კარგად გაწყობილ ქალაქში ძაღლი მართლა მარტო ქეიფისა და სიამოვნების საგანია და აქ არავითარი ხელშეკრულობა არ უნდა ემძიმოს ქალაქში მცხოვრებსა. სოფელი კი უძაღლოდ ვერ გასძლებს, სოფელში ძაღლი ყარაულია, პატრონია სოფლელის ავლადიდებისა. იგი უდგა სოფელში სახლს დარაჯად, იგი უვლის ცხვარს, ძროხას, ღორს, ცხენს და უიმისოდ არც ერთს სოფლელს ერთის ფეხის გადადგმაც არ შეუძლიან. ეს განსხვავება სოფლისა და ქალაქისა მართალია წინად დანახულია სამკურნალო დეპარტამენტისაგან. ჩვენის ფიქრით, ძაღლის პატრონი სოფლელი სრულად ამოშვებული უნდა იყოს გადასახადისაგან. ეს მით უფრო ადვილი საქმეა სოფლისათვის, რომ იქ ამის ზედამხედველი მოხელე, შესაძლოა, მუქთიც იყოს იმ გზით, რომ ეს ზედამხედველობა ჩაჰბარდეს სოფლის ნაცვალს, რომელსაც არავითარი გასამრჯელო არ ეძლევა და არც იმოდენა საქმე აქვს თავის ნაცვლობისა, რომ ამ მხრითაც არ გაუძღვეს სოფელსა და იმის საჭიროებას.

დაცოფიანების შემცირების ღონისძიებათა პროექტი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №162, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

64 ვაზის სენი მილდიუ და მასთან ბრძოლა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 3 აგვისტო

მთელი კახეთი მოდებულია თურმე მილდიუთი, რომელიც ახლადგამოჩენილი სენია ვაზისა და საშინელი სენიც. ამბობენ, რომ ამ სენის გემო წელს კახეთში რთველს თითქმის რაც კი მოელიანო, ვაზს ფოთოლი და მტევანი სცვივა და ამ სახით მოსავალი, სულ მთლად თუ არა, ბევრი და ძალიან ბევრი წილი ხელიდამ ეცლება ვენახების პატრონებსაო. ამ სენზედ ჩვენ გრძლად ლაპარაკი გვქონდა ჩვენს გაზეთში: აწერილი იყო მისი ნიშნები, მისი ვითარება, გავრცელება და ნაჩვენებიც იყო მისი წამალიცა. წამალი ნაპოვნია და უებარი წამალიცა და ეხლა მარტო ისღა დარჩენია ვენახების პატრონებს, რომ ამ წამალს ხელი ჩაჰკიდონ და დაიხსნან თავიანთი თავი დიდის ზარალისა და ზიანისაგან.

ხოლო ამ წამლობამ რომ უარარაოდ არ ჩაუაროს მცდელს პატრონსა ვენახისას, ჩვენ ამ საგანზედ ზოგიერთს ჩვენს აზრს განვუზიარებთ ჩენს მკითხველს. ცნობილია, რომ მილდიუ გადამდები სენია და იგი გადააქვს ადგილიდამ ადგილზედ ნიავს და ამრიგად გადატანილს მტვერს, ანუ, უკეთ ვსთქვათ, თესლს სენისას შეუძლიან მთელი ვენახი სამ-ოთხს დღეს დაასნეულოს. რაკი სენი ამ გზით ვრცელდება, ამიტომაც მარტო ერთს ვენახში წამლობა მაგდენს ვერაფერსა იქმს, რადგანაც შესაძლოა ახლომახლო ვენახებიდამ იგივე სენი ხელახლად გამოიტანოს ნიავმა და ხელახლად გააჩინოს მილდიუ. ამ სახით წამლობა ტყუილუბრალოდ ჩაუვლის ნაწამლს ვენახსა. ამ გარემოებას ყური უსათუოდ უნდა ათხოვოს კაცმა, თუ სურს, რომ ვენახის წამლობამ უქმად არ ჩაუაროს. ესეც უნდა ვიქონიოთ სახეში, რომ ოცს ვერსზედ ნიავსა და ქარს გადააქვს თესლი სენისა. მაშასადამე, ვენახების გადარჩენისათვის აუცილებლად საჭიროა, რომ წამლობა ვენახისა ყველა ვენახის პატრონებმა ერთს დროს დაიწყონ მთელს იმ ადგილებში, საცა ვენახებია. ეს მით უფრო ადვილია, რომ წამალი ამისი იეფია და თვითონ წამლობა ვაზისა ისეთი მარტივია და ურთულო, რომ ხარჯი ბევრი არა არის რა. ამბობენ, ერთს კაცს დღეში შეუძლიან ორის დღის ვენახის ვაზს თვითვეულად ცალკე შეასხას წამალიო და წამალიც ისეთი უებარია, რომ სენისაგან გადარჩენა ყოველს ეჭვს გარეშეა.

თუმცა ამ გზით შესაძლოა ვენახის პატრონებმა გადაარჩინონ ვენახები სენისაგან, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ ჩვენი დაუდევრობა, ყველანი არ დაუდებენ თავს ამ საქმესა და ზოგი უწამლებს ვენახებს და ზოგი კი არა. რომ ეს ასე არ მოხდეს, საჭიროა მთავრობამ სავალდებულოდ გაჰხადოს ვენახის წამლობა და ვინც ამ ვალდებულებას თავის დროზედ არ აასრულებს, მაშინ ჯერ პირველად ჯარიმა გადაახდევინონ და ამავე დროს ამის მეთვალყურე მოხელეს ნება ჰქონდეს ვენახის პატრონის ხარჯზედ თვითონ შეუდგეს წამლობას და ხარჯი თავის დროზედ აზღვევინოს ურჩს პატრონსა

რასაკვირველია, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა ვენახის პატრონებს ხელთმძღვანელი მცოდნე კაცი ჰყვანდეს და ასწავლიდეს როგორ უნდა წამლის ხმარება. გარდა ამისა, ადგილობრივვე საჭიროა მცოდნე კაცისაგან წამალი კეთდებოდეს და ამისათვის საჭირო მასალა იქვე ახლოს იყოს საშოვარი. თვით იგი ჭურჭელი, რომელიც წამლის ვაზზედ შესასხავად უკვე არის მოგონილი, ადგილობრივვე უნდა იყოს მიტანილი გასასყიდად, თორემ იმისი შორიდამ დაბარება მეტად გაუძნელებს საქმეს ვენახის პატრონსა.

ყოველივე ეს არავითარს სიძნელეს არ წარმოადგენს. დიდი საქმე არ არის, რომ სავენახე ადგილებში თითო-ოროლა მცოდნე კაცი გაგზავნოს მთავრობამ, თუნდა მევენახეების ხარჯით, და ამათ დაავალოს ხელმძღვანელობა გაუწიოს ვენახის პატრონებსა, თვალყური ადევნონ სოფლის მოხელეების შემწეობით, რომ ყველა ვენახის პატრონმა თავის დროზედ უწამლოს ვენახსა, წამალიც და წამლის შესასხმელი ჭურჭელი იქავ ადგილას იქონიონ გასასყიდად.

აქ არავითარს ხარჯს არ უნდა შეუშინდნენ ვენახის პატრონები, რადგანაც ხარჯი ამისი მაგდენს არაფერს შეადგენს და მოგება კი დიდი იქნება, იმიტომ რომ პატრონს ვენახისიას მთელი მისი ნაამაგარი ვენახში უკლებლად შერჩება და ამით გადურჩება უშველებელს ზარალს ამ საშინელის სენისას.

მეტი არ იქნება, რომ თელავ-სიღნაღის თავადაზნაურობამ ამისათვის საგანგებო კრება შეჰყაროს, შეადგინოს ამ საგანზედ ვრცელი წესწყობილება და იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა იგი წესწყობილება დამტკიცებულ იქმნას საყოველთაო სავალდებულოდ. მთავრობა არ დაიშურებს ორიოდე მცოდნე კაცი მიაშუროს ხელთმძღვანელად ვენახის პატრონებსა და არც გაუჭირდება მთავრობას წამალი და წამლის შესასხმელი ჭურჭელი მიატანინოს გასასყიდად იქ, საცა საჭიროებაა. ჩვენის ფიქრით, ეს ერთადერთიგზაა, რომ კახეთი და ერთობ ის ადგილები, საცა მილდიუა გაჩენილი, გადაარჩინონ დიდს ზარალსა და ზიანსა. აქ ერთობით უნდა ბრძოლა, თვითვეულად ცალკე კაცი ვერ გაემკლავება ამ სენს და ვერას დააკლებს: შეერთებული ღონე და მცდელობაა საჭირო.

ვაზის სენი მილდიუ და მასთან ბრძოლა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №163, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - მთელი კახეთი მოდებულია თურმე მილდიუთი, რომელიც ახლადგამოჩენილი სენია ვაზისა...“ - იგულისხმება ვაზის სოკოვანი დაავადება, რომელიც შეისწავლა და სრულად აღწერა 1863 წ. ცნობილმა გერმანელმა ბოტანიკოსმა ჰენრი ანტონ დე ბარიმ (1831-1888), მას ეკუთვნის ნაშრომები გიკოლოგიაში.

65 ვაზის დასენიანებასთან დაკავშირებით სხვა სარჩო-საბადებლის ძიება

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 23 აგვისტო

ვერაფერი სანატრელია ის დღე, რა დღეშიაც ჩააგდო ვენახის პატრონები კახეთისა ცალკე წყეულმა ნაცარმა და ცალკე უფრო წყეულმა მილდიუმა. მთელი ვენახები თურმე მოდებულია ამ ორგვარის სენითა და ლამის წლევანდელს მოსავალზედ სულ მთლად ხელი ააღებინოს. ნაცარიო, ამბობენ, ბევრგან სხვაგანაც არისო, მაგალითებრ, ქართლში, იმერეთში, სომხეთში, მაგრამ ისე გაბმით კი არა, როგორც კახეთშია თურმე. კახეთში ხელაღებით შეუყრია ნაცარი და თანაც ეს შეჩვენებული მილდიუც ზედ დართვია. ეს მილდიუ ჯერ მარტო კახეთშია გახშირებული და სხვა ადგილებში ჯერ არავითარი ნიშანი ამ საშინელის სენისა არ აღმოუჩენიათ.

1854 წლიდამ საქართველოში გაჩნდა ეგრეთწოდებული „ნაცარი“ და მას აქეთია ვენახების პატრონებს ძლიერ აზარალებს. არ იქნა ეს საძაგელი სენი არ გაეცალა ჩვენებურს ვენახებს! თუმცა ამ ბოლოს ხანებში თითქო ამ ავადმყოფობამ იკლო, ზოგიერთს ადგილას ზოგჯერ სულაც აღარ გამოჩენილა ასე, რომ თითქმის იმედიც მიეცათ სრულად გადავარდება და მოგვშორდება თავიდამაო, მაგრამ წელს კი ისევ თავი იჩინა წინანდელის ძლიერებით და ზედ დაემატა კიდევ მილდიუცა. ამ ბოლოს ხანებში ვაზს ზედაზედ სხვადასხვა ახალი მტერი უჩნდება, ერთიმეორეზედ იმოდენად უარესი და ხელშეუვალი, რომ კაცს უნებლიედ ფიქრად მოსდის ვაზს ხომ არ დაუდგა ხანა გადაშენებისა, ან მთლად ამოვარდნისა დედამიწის ზურგიდამაო. მაგალითი მცენარეთა გადაშენებისა, თუ ამოვარდნისა არა ერთი და ორია ქვეყნიერობაზედ. მეცნიერთა რამდენი ნაშთი ამოუჩენიათ მცენარისა თუ ცხოველისა დედამიწაში, რომელნიც ერთ დროს ყოფილან და ეხლა კი აღარ არიან.

რასაკვირველია, ამისი თქმა ვაზზედ მეტისმეტია, მაგრამ რა იფიქროს კაცმა, როცა ჰხედავს, რომ ფილოქსერა, ნაცარი, მილდიუ, კიდევ სხვა რაღაც ახალი სენი, რომელსაც „ვაზის ყვავილს“ ეძახიან და სხვა ბევრი ამისთანა ასე ზედაზედ დაატყდა თავს ვაზსა და კაცი თავის მხრით მთელის მეცნიერების ძალღონით ებრძვის და თითქმის ვერა გაუწყვია რა.

ვაზის ამ დღეებში ჩავარდნამ, - რა თქმა უნდა, იმ სასოწარკვეთილებამდე არ უნდა მიიყვანოს კაცი, რომ სრულად იმედი გადაიწყვიტოს ვაზის მოსავლის გამობრუნებაზედ, ხოლო დღეს კი მთელს ერთს მდიდარს მხარეს ჩვენის ქვეყნისას თითქმის ერთადერთს წყაროს ცხოვრებისას ხელიდამ ასე უწყალოდ აცლის. მემამულენი კახეთისა დიდად შეწუხებულნი არიან და არ იციან რით ირჩინონ და გამოიკვებონ თავი ამ უმადურს წელიწადსა. კახეთში, როგოც მოგეხსენებათ, უმთავრესი და უპირველესი ეკონომიური ღონე ღვინოა. სხვა ყოველი მიწის მოსავალი თუ მოჰყავთ, თავის სამყოფი მოჰყავთ და ძალიან იშვიათია, რომ ბაზარში გასატანად კახელმა სხვას რასმე მოსჭიდოს ხელი, გარდა ღვინისა. ერთადერთი საგანი ღვინოა, რომელსაც კახეთი ჰყიდის და ამით უძღვება ყოველგვარს ხარჯსა შინა თუ გარეთ.

დღეს კი, როგორც ვსთქვით, ამ ერთადერთს წყაროს გამოაკლდა ვენახის პატრონი კახეთისა და თავის წამხდარის ვენახის მაყურებელმა აღარ იცის რით გაუძღვეს თავის თავსა და თავის ოჯახს. რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდება კახეთს წლევანდელს წელს რამ მოაგვაროს, სამერმისოდ კი მეტი არ იქნება ერთს ჩვენს სარჩიელს ყურადღება მიაქციოს.

რაკი ვენახი ასე საეჭვო წყაროდ გახდა და ამოდენა განსაცდელი თავს დასტრიალებს, მარტო ვენახზედ ნუღარ დავამყარებთ ჩვენს ავლადიდებასა და სარჩო-საბადებელის მოხვეჭას: სხვა რამ საწარმოებელიც მოვიშველიოთ, სხვას რასმესაც მოვკიდოთ ხელი. რა თქმა უნდა, უგზოობის გამო იმისთანა რასმე ვერ მოვკიდებთ ხელსა, რაც ვერ აიტანს ბაზარში გადატანის ხარჯს. პური, ქერი, სიმინდი და სხვა ამგვარი სახმარი მარცვლეულობა ვერ აიტანს ბაზარში გადატანის ხარჯსა, რადგანაც ამგვარი საქონელი საპალნად დიდია და ფასად კი ცოტა ფასი აქვს. მაშასადამე, ყოველივე ამისთანა საწარმოებელი იმოდენად არის მოსაყვანი, რამოდენადაც შიგნით კახეთშივე საჭიროა. ამაზედ მეტი კახეთგარეთ ვერ გაიტანება და თუ გაიტანება, იმოდენა დაჯდება მისი წაღება, რომ თვითონ გადატანილის ფასი ძლივს მოიშორებს გადატანის ხარჯს. მაშასადამე, კახეთმა თავის სამეურნეოდ იმისთანა რამ უნდა მოიგვაროს, რომ ფასად ძვირად ჰღირდეს და საპალნადაც დიდი საზიდი და მძიმე გადასატანი არ იყოს. ღვინოც, მართალია, დიდი და მძიმე საზიდია, მაგრამ იმოდენად კაი ფასშია, რომ გადატანის ხარჯსაც ჰფარავს და თავის საღირალსაც ცოტად თუ ბევრად საკმაოდ ჰშოულობს.

ამისთანა საწარმოებელისათვის კახეთი თავისის ჰავითა, თუ მიწა-წყლითა ძალიან გამოსაყენებელია გამრჯელის კაცისათვის. რა არ გნებავთ, რომ არ მოვიდეს კახეთში! აბრეშუმი, რომელიც ჩვენს ხსოვნაშიაც კი დიდად ნაქები იყო ქალაქის ბაზარში, ბამბა, თამბაქო, ალისარჩული, ზაფრანა, ეგრედწოდებული ჩინური ჭინჭარი, სვია, სხვა მცენარენი, რომელთაგანაც ზეთი იხდება, საფერადო საღებავად კეთდება და სხვა ბევრი ამისთანა ადვილად მოსაყვანია კახეთში და დიდს ხელსაც მისცემს მუშაკსა და მწარმოებელსა. ყოველს ამას დიდი ბაზარი აქვს ზოგს ჩვენშივე, მაგალითებრ, ტფილისში, ზოგს საზღვარგარეთაც.

რასაკვირველია, ჩვენ ამ მოკლე წერილში ბევრს ვერას ვიტყოდით მასზედ თუ, რა და რა არის მოსაყვანი და ხელმოსაკიდებელი კახეთისათვის და თუ ჩვენ ასე გაკვრით დავასახელეთ ზოგიერთი მცენარე, მარტო იმისათვის, რომ აგვენიშნა იგი აზრი, რომლის მიმართ უნდა მიიქცეს ყურადღება კახელებისა, რათა ამ გზით აღმოიჩინონ სხვა რამ საგანი მეურნეობისა სარჩოსაბადებელის მოსაპოვებლად და, რაკი ვენახი ამდენს განსაცდელშია, მარტო ვენახებზედ არ აიშენონ იმედი ცხოვრებისა და თავის რჩენისა.

ვაზის დასენიანებასთან დაკავშირებით სხვა სარჩო-საბადებლის ძიება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №178, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

66 ხოლერის აცრის სახსარი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 24 აგვისტო

ქვეყანაზედ რომ მარტო ბ-ნნი შავროვები იყვნენ, რომელთათვისაც ორასი ათასის კაცის ერთად, ერთს დღეს გაწყვეტა არაფერს თაბაუთს შეადგენს, მაშინ ეს ქვეყანა, ადამიანის ცხოვრებისათვის გამოსაყენი, ადამიანისავე ყასაბ-ხანად გადაიქცევოდა და თვით ადამიანი საკლავ პირუტყვადა. ღვთის მადლით, ჯერ კიდევ კაცობრიობა იქამდე არ მისულა, რომ ადამიანი დასაკეპ ხორცად იგულისხმოს ბ-ნ შავროვისამებრ და არც თვითონ ქვეყანას დაუთმია თავისი თავი ბ-ნ შავროვებისათვის საბურთაოდ და სამეიდნოდ. ბ-ნ შავროვების გარდა არიან ქვეყნად, ჩვენდა სანუგეშოდ, იმისთანა კაცნიც, რომელნიც იმას კი არ ფიქრობენ, როგორ და რა გზით აჟლეტინონ ხალხი, არამედ იმას, რომ როგორმე აცოცხლონ და ადღეგრძელონ.

ამისთანა კაცნი ბუკითა და ნაღარით არა ჰყვირიან, რომ ჩვენ ასეთი და ისეთები ვართო. ისინი მშიდობიანის გულით სხედან თავის ოთხ კედელ შუა და დღედაღამ ათიებენ იმაზედ, რომ ადამიანს მძიმე ტვირთი ცხოვრებისა შეუმსუბუქონ, დაიხსნან მრავალგვარ ჭირისა და სენისაგან, წვალება და ტკივილი დაუამონ, სიმწარე და სიმოკლე ცხოვრებისა ცოტად თუ ბევრად გაუტკბილონ, გაუგრძელონ სიამოვნებისა და ბედნიერებისათვის. ეს ჩუმნი მუშაკნი, ადამიანის ბედნიერებისათვის თავმდაბლად თავგანწირულნი და თავდადებულნი, უბუკნაღაროდ მცხოვრებნი ქვეყანაზედ, თავის დროზედ უფრო დიდის ქებითა და დიდებით მოიხსენებიან მადლობელ კაცობრიობისაგან, ვიდრე ადამიანის ჟლეტაში გამოჩენილნი ნაპოლეონები და სხვა ამისთანაები, რომელთაც დღეს ადიდებენ დიდნი და პატარანი.

ეს ამისთანა კაცნი მეცნიერობის მსახურნი არიან და მეცნიერობის ყოვლადშემძლებელობას იწვევენ ბედნიერების მოსაფენად ქვეყანაზედ ადამიანთა სასიხარულოდ და სადღეგრძელოდ. მართალია, ამ მეცნიერობის მსახურთა შორის იმისთანანიც არიან, რომ მადლით სავსე ღონიერობა მეცნიერებისა იმაზედ მიუქცევიათ, რომ რაც შეიძლება უებარი და უკეთესი სახსარი მისცენ ადამიანს ადამიანისავე საჟლეტსახოცავად, ხოლო ჩვენდა სასიხარულოდ, იმისთანანიც ბევრნი არიან, რომელნიც დღედაღამ დაუძინებლად ირჯებიან კაცთა სახსნელად ჭირისა და ვაგლახისაგან და ამისათვის არასფერს არა ჰზოგავენ, ზოგჯერ სიცოცხლესაცა.

ერთი ამისთანა მაგალითი დღეს თვალწინ გვიდგა. 8-ს აგვისტოს საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიაში სახელოვანმა პასტერმა გამოაცხადა, რომ ოდესის საბაქტერიოლოგო სადგურში დოქტორმა გამალეიმ აღმოაჩინა სახსარი ხოლერის აცრისაო. დოქტორს გამალეის უპოვნია, ანუ, უკედ ვსთქვათ, აღმოუჩენია ხოლერის გესლი, რომლის ძალ-ღონეც უცდია მტრედსა და ზღვის ღორზედა. ამ გესლს ისე უმოქმედნია, რომ ერთი თუ ორი წვეთი სისხლი მტრედისა, მოწამლულისა ამ ხოლერის გესლით, საკმაოდ აღმოჩნდა, რომ მთლად საღი მტრედი, ანუ ზღვის ღორი რვა და თორმეტის საათის განმავლობაში დაეხოცნა. დოქტორს გამალეის სიტყვით ეს მის მიერ აღმოჩენილი ხოლერის გესლი რომ აუცრას საღს ცხოველს, ხოლერის შეყრის შიში აღარ ექნებაო. ხოლო ასაცრელად ეს გესლი პირდაპირ არ იხმარება. ჯერ ერთს რომელსამე ცხოველს უნდა აუცრას, ამისაგან მეორეს, მეორისაგან მესამეს და ამ სახით გესლი თანდათან ჰნელდება და ბოლოს მომაკვდინებელი ძალა ეკარგება. ამ გზით მომზადებული გესლი აღარაფერს ავნებს თურმე აცრილსა, ხოლო იმ სიკეთეს კი სძენს, რომ აცრილს აღარ ეკარება ხოლერა და ხოლერისაგან აღარაფერი შიში აქვსო.

თუ ეს გამართლდა, დოქტორ გამალეის სახელი საუკუნოდ სახსენებელი იქება კაცობრიობისათვის. დოქტორი გამალეი მტკიცედ გულდაჯერებულია, რომ ეს მის მიერ აღმოჩენილი სახსარი ხოლერისაგან ხსნისა უებარია. ამის დასამტკიცებლად იგი სწერს დოქტორს პასტერს, რომ მე მზადა ვარ ჩემ მიერ აღმოჩენილი ხოლერისაგან გადასარჩენი აცრა თქვენს ლაბორატორიაში თქვენ თვალწინ მოვახდინოვო სამეცნიერო აკადემიის თანადასწრებითაო. რომ აქ არაფრის შიშია და აცრა ხოლერისა მავნებელი არ არის და ამასთანაც უებარია ხოლერისაგან გადასარჩენად, დოქტორი გამალეი თავის თავს არა ჰზოგავს და სწერს პასტერს, მე თვითონ ავიცრი ხოლერის გესლსა თქვენს წინაშე და მერე წავალ იქ, საცა გაძლიერებული ხოლერაა და ამით დაგიმტკიცებთ, რომ ჩემი სახსარი, ხოლერისაგან გადასარჩენი, უვნებელია და უებარიცაო.

აქ მარტო ის კი არ არის სასახელოდ დოქტორის გამალეისა, რომ ეგ სახსარი აღმოაჩინა, არამედ ისიცა, რომ არა ჰშიშობს, არ იზოგავს თავს ადამიანის საბედნიერო სახსარის აღმოსაჩენად შესწიროს და გაიმეტოს თავი. მართალია, იტყვიან, რაკი დარწმუნებულია უვნებელობასა და უებარობაზედ, რა თავის გაწირვაღაა მაგისთანა საქციელი გამალეისათვისაო, მაგრამ ეგ აცრა ადამინაზედ ჯერ ნაცადი არ არის და სიცოცხლეც კაცისათვის ისეთი ტკბილია, რომ დიდად გასაბედია კაცმა თავი იმისთანა საცდელს მისცეს, რომელსაც, ადვილად შესაძლებელია, სიკვდილიც მოჰყვეს: სულ რისთვის? სხვის სახსნელად.

ადამიანს რომ ამ ჭირ-ვაგლახიანს ქვეყანაზედ ნუგეშად და სასიხარულოდ ამისთანა კაცები არა ჰყვანდეს, - ეს ცხოვრება ცხოვრებად არ ეღირებოდა და დიდება და სახელიც ადამიანობისა ცარიელი ფართი-ფურთობა იქმნებოდა. ამისთანა კაცებით ჰშვენის ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად კერძო ღვთისაადამიანიცა.

როცა ბ-ნთ შავროვებისთანა კაცები თავაღებულად საქვეყნოდ გაიძახიან, რომ ორასი ათასის კაცის ერთს დღეს გაწყვეტა ჩემთვის არაფერს ანგარიშს შეადგენსო, ასე რომ, წარბსაც არ შევიხრიო და ამ საშინელს კლებას კლებადაც არ ჩავთვლიო, მაშინ დიდად სანუგეშოა იმისთანა კაცის ნახვა, რომელიც თავსა სწირავს სხვის სახსნელად სიკვდილისაგან. ეს ამისთანა კაცი ვერაფრად დაუმშვენებს მხარს ბ-ნთ შავროვებს, თუ ვინმე გაკადნიერდება და უსახელო შავროვებს გვერდთ მოუყენებს სახელოვან გამალეიებსა.

ხოლერის აცრის სახსარი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №179, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს.(იხ. „ტექსტისათვის“). ამას ემატება აგრეთვე ცნობილი ბიბლიოგრაფის, თამარ მაჭავარიანის აზრი, რომ ეს წერილი ი. ჭავჭავაძისაა (ი. ჭავჭავაძის უცნობი წერილები გაზ. „ივერიიდან“, რვეული 1, ნაწ. 3 - ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ცალები).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - ქვეყნად რომ მარტო -ნნი შავროვები იყვნენ, რომელთათვისაც ორასი ათასის კაცის ერთად, ერთს დღეს გაწყვეტა არაფერს თაბაუთს შეადგენს...“ - იგულისხმება რუსი მოხელე საქართველოში ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე შავროვი, 80-90-იან წლებში გაზეთ «Кавказ»-ის მთავარი თანამშრომელი.

67 სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 31 აგვისტო

ჯერ შარშანვე ასტყდა ჩვენში ლაპარაკი, რომ ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა სკოლა ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ეხლანდელს მოთხოვნილებასა. მეტად დიდი ფული სჭირდება, დიდი ხარჯი უნდება და ჩვენს ხელმოკლე შეძლებას მძიმე ტვირთად აწევსო. ამის გამო შესდგა აზრი, სკოლას სხვაგვარი გზა და მიმართულება მისცენ იმისდა მიხედვით, რომ თუ ხარჯი არ იკლებს, სარგებლობამ მაინც უფრო მეტი ნაყოფი მოიტანოსო. ეს აზრები თვითონ სკოლის გამგეობას დაებადა და ამ გამგეობამ შარშანვე არა ერთი და ორი კრება მოახდინა, თვისთა წევრთა და გარეშე მცოდნე კაცთაგან შემდგარი იმ განზრახვით, რომ ამ ტკივილს რაიმე წამალი დასდონ და თითონ სკოლა გადააკეთონ ისე, რომ უფრო უკედ შეეფერებოდეს ჩვენს დღევანდელს საჭიროებასა და მოთხოვნილებას.

დაიწერა და გასინჯულ-გადაჩხრეკილ იქმნა რამდენიმე პროექტი და, როგორც გვახსოვს, გამგეობამ სკოლისამ ვერც ერთი პროექტი ვერ იცნა საკმაოდ და საბოლოვოდ არავითარი გადაწყვეტილება არ დაადგინა. ჩვენ ჩვენს გაზეთში ამ საგანზედ ჩვენი აზრი წარმოვსთქვით თავის დროზედ და, როგორც ვიცით, არც ეს ჩვენი აზრი იქმნა მოწონებულ სკოლის გამგეობისაგან. რა თქმა უნდა, სკოლის გამგეობა უფრო ზედმიწევნით მცოდნეა ყოველ იმისი, რაც სკოლას და იმის გადაკეთებას შეეხება და ამიტომაც მეტისმეტი კადნიერება იქმნებოდა სამდურავი რამ ვიქონიოთ ჩვენის აზრის დაწუნების გამო. ხოლო სასურველია ამ ერთხელ აძრულს საჭიროებას სკოლის ასე თუ ისე გადაკეთებისას თავისი დასასრული მისცემოდა მით უფრო, რომ თვითონ სკოლის გამგეობას ყველაზედ უკეთ უცვნია ეს საჭიროება და ამისთანა საქმეში დაყოვნება და დახანება თუ არ ავნებს, არას არგებს საქმესა.

ჩვენ ამ ფრიად რთულსა და საყურადღებო საგანზედ იმიტომ ჩამოვაგდეთ დღეს სიტყვა, რომ გვეცნობებინა მკითხველთათვის იგი აზრი, რომელიც დღეს კანტიკუნტად ჰტირალებს ჩვენს საზოგადოებაში და რომელსაც საბუთიანობა ეტყობა. ეს აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ეხლანდელი სკოლა მარტო მოსამზადებელკლასიან სკოლად გადაიქცეს ოთხის განყოფილებით; სხვა დანარჩენი კლასები გაუქმდეს იმ დრომდე, ვიდრე ღონე და შეძლება ხელს შეგვიწყობდეს. ამ გზით, ამბობენ, ხარჯი სკოლისა ეხლანდელ ორი ათას ხუთას თუმნიდამ ათასს, ანუ ათას ორას თუმანზედ ჩამოხდებაო. ამ მოსამზადებელ კლასებს ის განსაკუთრებული საგანი უნდა ჰქონდესო, რომ ბაშვები სახელმწიფო სასწავლებლებში შესასვლელად ამზადოსო. თუ ვინიცობაა, აქ კურსგათავებული რომელიმე ყმაწვილი ვერ დაიჭერს ეგზამენს სახელმწიფო სასწავლებელში შესასვლელად, ანუ სხვა რაიმე მიზეზით ვერ შევა, იგი გადავიდეს წინამძღვრიანთკარის სკოლაში. ამისათვის წინამძღვრიანთკარის სკოლას მიეცეს შესაფერი შემწეობა იმ ფულიდამ, რაც ეხლანდელს ხარჯს სკოლისას გადარჩებაო. ამ სახით, ჩვენის სათავადაზნაურო სკოლის ყმაწვილს ორი გზა ექმნება გახსნილი: ერთი სახელმწიფო სასწავლებელი და მეორე სამეურნეო სკოლა წინამძღვრიანთკარისა. ამ სახით ჩვენს სათავადაზნაურო მოსამზადებელს სკოლაში კურსშესრულებული, უნუგეშოდ არ იქმნება დარჩენილი, როგრც ეხლაა.

ჩვენ, რასაკვირველია, მარტო ძარღვი აზრისა აღვნიშნეთ აქა, დაწვრილებით და ყოველის მხრით გარკვევა აზრისა ჩვენზედ უკედ მცოდნესათვის მიგვინდვია. ჩვენ მხოლოდ ამას ვიტყვით, რომ ზემოხსენებული აზრი უსაბუთო არ არის და მეტი არ იქნება სკოლის გამგეობამ ამ მხრითაც გამოიკვლიოს ეხლანდელის ჩვენის სკოლის საქმე და მის გამო თავისი განაჩენი სთქვას. ჩვენის ფიქრით, ჯერ ხანად, როცა შეძლებით ასე უღონონი ვართ, უკეთესს ვერას მოვაგვარებთ. ვინ იცის, იქნება ამგვარად შეცვლამ სკოლისამ იმოდენა ფული გადაგვინარჩუნოს ეხლანდელის ხარჯისაგან, რომ იმ ფულით უკეთესნი შეგირდნი და მოსწავლენი სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიაც გაგვაზარდინოს შინა თუ გარეთ. ყოველივე ეს ადვილად მოსალოდნელია და ამიტომაც ზემოხსენებული აზრი ამ მხრითაც დიდად შესაწყნარებელია, თუ სხვაფრივ არავითარი დაბრკოლება არ აღმოუჩნდა. სასურველი მხოლოდ ის არის, რომ ეს აზრი რაც შეიძლება მალე გამოიძიოს და გამოირკვიოს სკოლის გამგეობამ, რადგანაც ხანა სწავლებისა, საცა არის უნდა დაწყებულ იქმნას და თუ ცვლილება რამ მოელის სკოლას, ეს ცვლილება ეხლავ მოხდეს.

სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების შესახებ

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №182, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - წინამძღვრიანთკარის სკოლა - სამეურნეო სკოლა, რომელიც დაარსდა 1883 წ. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია წინამძღვრიშვილის მიერ.

68 ვილჰელმ II სურვილი ალაგმოს სამინისტროებისა და ბისმარკის თვითნებობა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 6 სექტემბერი

იმპერატორი გერმანიისა ფრიდრიხი რომ გარდაიცვალა, ჩვენა ვსთქვით, რომ თუმცა ხელმწიფება იმის ხანმოკლე იყო, სულ სამი თთვე, მაგრამ ამ აწ განსვენებულის იმპერატორის მიერ აღძრული აზრები თავის ადგილს მოიპოვებენ გერმანიაში და ამიტომაც საფიქრებელი არ არის, რომ კეთილგანზრახვანი ამ კეთილისა და კაცთმოყვარე იმპერატორისა ამაოდ და უქმად ჩაივლიანო. ამ წინათქმას დიდი ნიჭი წინასწარმეტყველობისა არ უნდოდა, თუ რომ კაცს ცოტად თუ ბევრად გაგებული ექმნებოდა გერმანიის წინა კაცთა აზრის მოძრაობა და ვითარება. გერმანიაში ყოფილან და არიან კიდეც იმისთანა კაცები, რომელთათვისაც ცხოვრება ცხოვრებად არ არის, თუ რომ ყოველი ბიჯი, თუნდ იმისთანა ნიჭიერისა და ძლიერის კაცისა, როგორიც ბისმარკია, საზოგადო განკითხვას არ ექვემდებარება და პასუხისგებისაგნ ახსნილი და თავისუფალი იქმნება.

გერმანიაში, თუმცა კარგახანია პარლამენტი, ესე იგი ერის წარმომადგენელთა კრებული არსებობს, მაგრამ სამინისტროები პასუხისმგებელნი არ არიან ამ კრებულის წინაშე. იგინი ყურმოჭრილ ყმასავით ექვემდებარებიან მარტო თ. ბისმარკსა და თითქმის მარტო იმისაგან განიკითხებიან. პარლამენტმა, რაც გინდ აზრი და მიმართულება იცვალოს, ეს ცვლილება არაფრით დაეტყობა ხოლმე სამინისტროებს და ამ სახით ერის წარმომადგენელობა გერმანიაში ისე ყოვლად შემძლებელი არ არის, როგორც მაგალითებრ, საფრანგეთსა, ინგლისსა და სხვა ამისთანაებში. ამიტომაც გერმანიაში მინისტრები ისე მალმალ არ იცვლებიან პარლამენტის მიმართულების მიხედვით, როგორც სხვაგან და რაკი ფეხს მოიკიდებენ სამინისტროში, იქამდე არიან მინისტრებად, ვიდრე თ. ბისმარკს ეხერხება და ეამება.

ეს ამისთანა მდგომარეობა გერმანიისა ჭკუაში არ მოუვიდა იმპერატორს ფრიდრიხს და ტახტზედ ასვლის უმალვე თავისი გონიერი თვალი ამ ტკივილს გერმანიისას მიაპყრა. მან მოისურვა ჩამოეგდო გერმანიაში სამინისტროების იმ წესზედ დაყენება, რომ პასუხისმგებლობა მათი გაძლიერებულიყო და მით თვითნებობა სამინისტროებისა და მათთან ერთად თ. ბისმარკისა ალაგმულიყო. იმპერატორს ფრიდრიხს არ დასცალდა ამ წესის დადგინება, მაგრამ მის მიერ ფრთაშესხმულმა აზრმა თავისი არ დაიშალა და, როგორც ეტყობა, ლამის თავისი გაიტანოს კიდეც.

დღეს გერმანიაში, რაც კი დამოუკიდებელი კაცია თუ გაზეთი, სულ იმას გაიძახიან, რომ აწინდელ წესზედ დარჩენა სამინისტროებისა შეუძლებელია: სამინისტროები პარლამენტის განკითხვას და პარლამენტის წინაშე პასუხისგებას უნდა ექვემდებარებოდესო. ამ აზრისაა თურმე თვით ახალი იმპერატორიც ვილჰელმი და ეს ყველას უკვირს და ეოცება. უკვირს და ეოცება იმიტომ, რომ დღეს აქამომდე ეგონათ, ვითომ ახალი იმპერატორი ყველაფერში თ. ბისმარკის დამყოლია და მის უნებურს არაფერს მოახდენსო. რომ ამ სახით სამინისტროების გადაკეთება და გარდაცვლა ვერაფრად საამურია თ. ბისმარკისათვის, ეს აშკარაა. თ. ბისმარკი ჯერ იმპერატორ ფრიდრიხის დროს ეურჩებოდა ამგვარს განზრახვასა და ეხლაც მისი მომხრე გაზეთები არაფერს არა ჰზოგავენ, რომ ყოველის თავისის ძალღონით წინააღუდგნენ ამ ახალს სურვილსა. თ. ბისმარკის მხრით ესეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც, ეს განზრახული ცვლილება ყველაზედ უწინარეს ჩამოაცლის ფხას იმის ბატონობასა და თვითნება მძლავრობას.

თუმცა ამ ცვლილების მოპირდაპირედ იმისთანა შემძლებელი კაცია გერმანიაში, როგორც ბისმარკი, მაგრამ მეიდნიდამ ბურთს მაინც ამ ცვლილების მომხრენი გაიტანენ დღეს იქნება თუ ხვალ, რადგანაც მართალი ამათკენ არის ამ შემთხვევაში. დღეს გერმანიაში ბერვნი არიან, რომელთაც სამოქმედო საგნად ამ ცვლილების მოხდენა აუღიათ და ამისათვის იღვწიან და ირჯებიან და რაკი იმპერატორი ვილჰელმიც მოწადინებული იქმნება, თ. ბისმარკიც იძულებულ გახდება უკეთესთა სურვილს დაემორჩილოს, ან არა და გადადგეს სამსახურიდამ. იმისი გადადგომა, არა გვგონია, იმპერატორმა ვილჰელმმა ინებოს და ამიტომაც უფრო საფიქრებელია, რომ თ. ბისმარკი ტკივილით გულში დაემორჩილება თავის უნებურს საქმესა, როცა მეტი გზა აღარ ექმნება.

ვილჰელმ II სურვილი ალაგმოს სამინისტროებისა და ბისმარკის თვითნებობა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №187, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

69 გერმანიის პოლიტიკა ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართ

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 7 სექტემბერი

ამ მოკლე ხანში გერმანიამ ორი იმპერატორი დამარხა და მესამეს, ახალს ჩააბარა თავისი სვე-ბედი. ამ ზედაზედ ცვლამ იმპერატორებისამ იმისთანა ქვეყანაში, რომელიც დღეს თითქმის მარტო ჰბატონობს ევროპაში და საქვეყნო პოლიტიკას ციბრუტივით ატრიალებს, ენა მუცელში ჩაუგდო სიტყვამოყვარულს დიპლომატიას, ხმა გააკმენდინა და მარტო ყურები ააცქვეტინა - აცა, რა გამოვა რისაგანაო. მას აქეთია დიპლომატია კუდმეძებარივით დაჰრბის ბარდებში, ხან იქა ჰსუნავს, ხან აქა და მაინც თ. ბისმარკის ნასკვებს ვერც თავი უპოვნა და ვერც ბოლო.

გერმანიის ახალმა იმპერატორმა დაიმკვიდრა მამაპაპათა სამკვიდრებელი თუ არა, დარბაზობა დაიწყო ევროპაში. ჯერ ხელმწიფე იმპერატორს ეწვია პეტერგოფში, აქედამ შვეციისა და დანიის ხელმწიფენიც ინახულა, ახლა აპირებს ნახვას ავსტრიის იმპერატორისას და იტალიის მეფისას. ვერავის გაუგია ეს სიარული რას მოასწავებს. ზოგი ამბობს, რომ გერმანიის იმპერატორს ეს თავაზით მოსდისო, ჰსურსო თავისებრ გვირგვინოსნებს პატივი სცეს და სალამი მისცეს მათსავე ქვეყანაშიო. იქნება ესეც იყოს, მაგრამ ამისთანა ამბავი და ეს სალამის სურვილი, ვგონებთ, პირველი გაგონებაა ევროპაში. თუ ხსოვნა არა გვღალატობს, არც ერთს ახლადგამეფებულს გვირგვინოსანს ესე ერთმანეთზედ მიყოლებული დარბაზობა არ მოუხდენია. აქედამ ის გამოჰყავთ, რომ, სჩანს, სხვა მიზეზი რამ უნდა იყოს ამ მისვლა-მოსვლისაო. რა მიზეზი უნდა იყოს ამისთანა? აი ამოცანა, რომელსაც ზედ შეეჭრა მახვილგონიერება დიპლომატიისა, როგორც ნამგალს ფხა ყანისა. ეს მიზეზი დაბეჯითებით ვერავის აუხსნია ჯერხანად.

კარგა ხანია კია ანდე აუღეს თ. ბისმარკის პოლიტიკას. ორს დიდსა და ძლიერ სახელმწიფოთა, რუსეთსა და საფრანგეთს შუა მომწყვდეული გერმანია მოსვენებული არ უნდა იყოს. ამათ რომ ერთმანეთს ხელი მიაწვდინონ, გერმანიის ძლიერება, გერმანიის სვე-ბედი დიდს ფათერაკსა და განსაცდელში ჩავარდება, რა თქმა უნდა, რომ შორსმჭვრეტელი მჭრელი თვალი ბისმარკისა ამ ვითარებაზეა გაშტერებული და ყოველი მისი ოსტატობა და ხერხიანობა იმას უნდა შეელიოს, რომ ეს ხელის მიწვდენა არ მოხდეს და რუსეთსა და საფრანგეთს შუა ხიდი ჩასტეხოს. საფრანგეთის განშორება რუსეთისაგან ყოვლად მოუფიქრებელია, იმიტომ რომ საფრანგეთი მარტო ელზას-ლოტარენის დაბრუნებით დაიმშვიდებს გერმანიაზედ გაბოროტებულს გულსა. გერმანიამ კიდევ თავისის იმპერატორის პირით ამას წინათ საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ ერთს მტკაველს მიწასაც არავის დავუთმობო, ვიდრე გერმანიას ერთი ჯარისკაცი მაინც კიდევ ეყოლებაო. მაშ აქედამ თ. ბისმარკის ტკივილს არაფერი წამალი მოეპოვება, იგი საფრანგეთის გულს ვერასგზით ვერ მოიგერიებს და, მაშასადამე, ვერც დაიყოლიებს რუსეთისაგან განზე გადგომისათვის.

ამ სახით გერმანიას თავის გაჭირებისაგან დახსნისათვის ერთი გზაღა აქვს ამ შემთხვევაში: რუსეთს უნდა დაუახლოვდეს და აი, ამბობენ, ვითომც ამ დაახლოვებისათვის წავიდა იმპერატორი ვილჰელმი რუსეთშიო. მაგრამ აქაც ერთი ხიფათია. რუსეთის დაახლოვება მოიპოვება მარტო მაშინ, თუ გერმანია ბალკანეთის პოლიტიკას რუსეთისას ხელს შეუწყობს და მომხრეობას გაუწევს. ეს საქმე იტალიისთვის და ნამეტნავად ავსტრიისათვის მეტად უამური იქნება და მით უფრო მოუხერხებელი გერმანიისაგან, რომ იტალია და ავსტრია გერმანიასთან ზავშეკრულნი არიან და დღეს კუდიკუდზე აქვსთ გადაბმული. ამ სახით, თუ ავსტრია მოიმდურვა, შესაძლოა, რომ ახლა ავსტრიამ გაუწვდინოს ხელი საფრანგეთსა და მაშინ ისევ ხომ ის გამოვა: ვაის გავეყარე და უის შევეყარეო.

თავიდამ ბოლომდე რაც ბოლგარიის საქმემ თავი წამოჰყო, მას აქეთ ეს გარემოება აბრკოლებს მოქმედებას გერმანიისას და იძულებულ ჰხდის ამ ორ კლდეთ შუა თავისი ნავი ისე ატაროს, რომ არც ერთს კლდეს მოხვდეს და არც მეორეს შეეხალოს. ესეთი ტარება შეუძლებელია და ამ ყოფაშია დღევანდელი ნაღველი თ. ბისმარკისა და ამავე ნაღველში იყო თავდაპირველადვე. ბალკანეთის საქმე ამის გამო თითქო თავმინებებულია დღეს და ყველა ერიდება ხელის ხლებას, რომ არაფერი ასტყდეს აქედამა. ის წყურვილი კი, რომ საფრანგეთი ცალკე გაიყვანოს, მარტო დააგდოს, მეშველი და მომხრე მოაცალოს, გერმანიას დღე და ღამ მოსვენებას არ აძლევს. ეხლა ამბობენ, რომ გერმანია ამ წყურვილის მოკვლას იტალიიდამ მოელისო.

ამ ბოლოს ხანებში თ. ბისმარკმა იმდენი იხერხა, რომ იტალია და საფრანგეთი ერთმანეთს გადაჰკიდა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ კინაღამ ომი არ აატეხინა ერთმანეთს შორის. აფრიკაში მფლობელობა, ხმელთაშუა ზღვის პირებზე, დიდად სახარბიელოა საფრანგეთისა და იტალიისათვის, რადგანაც ამ ნაპირების მფლობელი, მფლობელი იქმნება იმ დიდის გზისა, რომელსაც ეს ხმელთაშუა ზღვა წარმოადგენს. თ. ბისმარკმა აქ შორიდამ დააწყებინა იტალიას აურზაური საფრანგეთის წინააღმდეგ და მასსოვაში, მეწამულის ზღვის პირას, შეაყრევინა საფრანგეთის ინტერესი. თ. ბისმარკმა კარგად იცოდა, რაკი აქ დავა აუტყდებოდა იტალიასა და საფრანგეთსა, ტუნისსა და ტრიპოლისზედ ადვილად გადავიდოდა და ტრიპოლისისა და ტუნისის საქმე ხომ უომრად არ გადარჩებოდა, რადგანაც იტალია და საფრანგეთი ორივე ერთნაირად ეტანებიან ერთსაცა და მეორესაც. ეს საქმე აშლიდა ეგვიპტის საქმესაც, სუეცის არხისასაც, საცა ინგლისიც დიდად გარეულია ამ სახით ეს სახელმწიფონი ერთმანეთში დაერევოდნენ, ერთმანეთს დაეჯახებოდნენ, საფრანგეთი ომებში გაებმოდა და მაშინ თუ რამ გულში ჯავრი აქვს გერმანიას საფრანგეთზედ, ამ ჯავრს თავისუფლად ამოიყრიდა.

საფრანგეთმა გაუგო ეს ოსტატობა და მასსოვის გამო აშლილი საქმე თავიდამ აიცილა დიდის სიფრთხილითა და წინდახედულობით ასე, რომ ამ საქმემ ის მახვილი არ გალესა, რითაც თ. ბისმარკს ჰსურდა გაეგმირა საფრანგეთი. ინგლისიც თითქმის მიუხვდა, რომ აქ თ. ბისმარკს ჰსურს პოლიტიკის გახურებულ თონეში ჩაცვივნული კუტები სხვის ხელით ამოიღოს და სხვის დაუძლურებით თვითონ გაძლიერდეს, მაშინ როდესაც უამისოდაც მისი ძლიერება ეხამუშება ინგლისსა. ამის გამო ინგლისმა თითქმის სამეგობროდ პირი იბრუნა საფრანგეთისაკენ და ამან ყურები აცქვეტინა თ. ბისმარკს. ერთს დროს ამ ბოლოს ხანებში ხმებიც იყო, ვითომ საფრანგეთი, ინგლისი და რუსეთი ერთმანეთს მოუტკბილდნენო. ამის მნახველმა თ. ბისმარკმა იტალიას ურჩია, მეტისმეტად ნუ გაიზვიადებ თავსა და განგებ გაფიცხებული მასსოვის საქმე როგორმე გაანელეო. ეს საქმე დღეს არამც თუ განელდა, მთლად ჩაჰქრა კიდეც ასე, რომ ჯერ ხანად აქედამ საფრანგეთს არავითარი განსაცდელი არ მოელის და, მაშასადამე, ევროპაც ჯერ ხანად აქედამ უშიშარია.

ეს ხომ ასეა, ხოლო საკვირველი ის არის, როცა თ. ბისმარკს ევროპაში კოჭი ალჩუდ არ დაუჯდება ხოლმე, მაშინვე შუა აზიაში, საცა ინგლისი და რუსეთი ერთმანეთში მოსარგებლენი არიან, საქმეები აიწეწება და საწყალი აბდურახმანი, ემირი ავღანისტანისა, ბეწვზედ დაეკიდება ხოლმე. ვისი ხელი ატოკებს იქ მართულებს, გულახდილად არავინ ამბობს, ხოლო ვის არა ჰსურს, რომ ინგლისსა და რუსეთს შუა სადავიდარაბო და სამტრო საგანი არ არსებობდეს, ეს ყველამ კარგად იცის. დღესაც შუა აზიაში, სახელდობრ ავღანისტანში, არეულობაა და ტახტს ემირისას ეხლანდელს ემირს ეცილებიან აჯანყებულნი. ამ აშლილობას არ შეიძლება რუსეთმა და ინგლისმა ყური არ ათხოვონ, რადგანაც ორივესათვის დიდი ინტერესია ორ მოცილეთა შორის ვინ გაიმარჯვებს და ამიტომაც ინგლისისა და რუსეთის იქ ერთმანეთზედ გადაკიდება, ჯერ ერთი, რომ ევროპიის საქმეთათვის იმოდენად ვერ მოაცლის ვერც ერთსა, - და მეორე ისა, რომ ამ ორთა სახელმწიფოთა შორის განხეთქილება მოხდება. ერთიცა და მეორეც ხელთშემწყობია გერმანიისათვის და იმის მომხრეთათვის.

ამ სახით ჯერ ხანად ევროპა მიჩუმებულია, ყოველივე მწვავი საქმე, როგორც, მაგალითებრ, ბალკანეთისა და სხვა ამისთანისა, მიძინებულია და ესეც იქნება, ვიდრე თ. ბისმარკს ალჩუ დაუჯდებოდეს. სხვა სახელმწიფონი რაც გინდ ერთმანეთზე გულამღვრეულნი იყვნენ, რაც გინდ მოწადინებულნი იყვნენ ერთმანეთს ცხვირპირი დააკაწროს, ომის ატეხას ვერ გაბედვენ, თუ გერმანიამ არ მოიწადინა, გერმანია კი არ მოიწადინებს ომს იმ დრომდე, ვიდრე თავის საქმეს ისე არ გასჩარხავს, რომ გამარჯვება უეჭველი იყოს ნიშანში ამოღებულ მტერზედა და რომ სამტროდ ნიშანში ამოღებული ჰყავს გერმანიას ევროპაში ორში ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო, ამას ეჭვი არ უნდა. ამ ორში ერთის ამორჩევა იმდენად გერმანიის სურვილზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც გარემოებაზედ: სადაც წვრილი გამოაჩნდება დღევანდელს გაჭიმულს თოკს პოლიტიკისას, იქ ეცდება გერმანია თოკის გაწყვეტას.

ამ დრომდე, რასაკვირველია, თ. ბისმარკი სულ იმას იძახებს და იძახის კიდეც, რომ ყოველი ჩემი მეცადინეობა მშვიდობიანობას მოასწავებსო და ეს ძახილი დასაჯერიც არის იმ დრომდე, ვიდრე ომი შესაძლებელი იქნება გერმანიისათვის.

გერმანიის პოლიტიკა ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართ

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №188, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - „...გერმანიამ ორი იმპერატორი დამარხა და მესამეს, ახალს ჩააბარა თავის სვე-ბედი“ - იგულისხმება ვილჰელმ I და ფრიდრიხ III გარდაცვალება, ხოლო ვილჰელმ II გამეფება.

70 უმაღლესი სასწავლებლის უქონლობა ამიერკავკასიაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 13 სექტემბერი

ერთი დიდი დანაკლისი ამიერკავკასიისა ის არის, რომ ამოდენა მხარეში ერთი არავითარი უმაღლესი სასწავლებელი არ არის. მოზარდი თაობა ამის გამო იძულებულია ან მარტო გიმნაზიების კურსი იკმაროს, რადგანაც ბევრს უქონლობისა გამო არ შეუძლიან რუსეთში წასვლა და იქ დამთავრება სწავლისა; ან, თუ შეძლება აქვს, მიდის და ხშირად ეძლევა ყოველგვარ განსაცდელს ჩვენთვის შეუწყნარებელ ჰავისას, გარემოებისას და წაღმა-უკუღმა ტრიალისას. ეს ნაკლი ეხლანდელს დროში, როცა პური არსობისა ასე ძნელი საშოვარია თვით უმაღლეს სასწავლებელში კურსშესრულებულისათვის, ერთს უმთავრესს ტკივილს ჩვენის ქვეყნისას შეადგენს, რადგანაც მის გამო ჩვენი შვილები იძულებულ არიან ცხოვრების მოედანზედ სხვას, უფრო მეტად ნასწავლს, მეტად მცოდნეს, დაუთმონ ადგილი და თვითონ კი ხელცარიელნი დარჩნენ უსაქმოდ და, მაშასადამე, უღონოდ ცხოვრებისათვის სახსარის მოსაპოვებლად. ამ სახით შვილი, რომელიც უნდა მიეშველოს ოჯახს, დედ-მამას, სახლ-კარს, ქვეყანას, შეიქმნება ხოლმე უფრო ოჯახისა, დედ-მამისა და ქვეყნის ბარგად, ვიდრე მწედ და მეშველად.

ეხლა, ვინც ცოდნის ფარ-ხმალით არ არის შეჭურვილი და ისე არა სდგას ცხოვრების მოედანზედ საჭიდაოდ, იმან უღონო და უხელფეხო კაცსავით მარტო სხვას უნდა შეჰყუროს, აცა, ვინ რას გადმომიგდებს, ან ვის რა გადარჩება, რომ სხვის ნასუფრალით მაინც თავი ვიკვებოვო. ამისთანა ცხოვრებას მგლის ტანტალი სჯობია ტყეში, იმიტომ რომ ტყე ისე უნუგეშო არ არის მგლისთვის, როგორც ეხლანდელი ცხოვრება იმ კაცისათვის, რომელმაც არა იცის რა, რომელსაც უცოდინარობით ხელ-ფეხი შეკურული აქვს საჭიდაოდ და მოქმედებისათვის და, მაშასადამე, იძულებულია უქმად იყოს და ხელგაუნძრევად. ეკონომიური ჭიდილი, რომელმაც დღეს ასე ყოველმხრივ ჩაითრია და გააბა მთელი ქვეყანა და რომლის გარე დღეს ადამიანს აღარა დარჩენია რა სულის ამოხდომის მეტი, მეტად შეუბრალებელი და შეუწყნარებელი და საპყარს გონებითა თუ ხელფეხითა ყოველ სასოებას ართმევს ცხოვრებისას, პირიდამ ლუკმას აცლის და ტანჯულს და ჯვარცმულს შიმშილითა საფლავსაც კი არ აღირსებს ხოლმე მუქთად და უსასყიდლოდ. ასეთია დღევანდელი დღე ადამიანისა და მარტო ცოდნაა და გამრჯელობა ერთადერთი სახსარი, რომ შეუბრალებელს ეკონომიურს ჭიდილში კაცი არ განადგურდეს და ის მაინც იშოვოს თავის სარჩენად, რაც პირუტყვსა და ნადირს თითქმის მუქთად ეძლევა ბუნებისაგან.

ამ ჭიდილში იგია გამარჯვებული, ვინც მცოდნეა და, მაშასადამე უფრო ხერხიანი. რასაც უცოდინარი ერთს დღეს შეჰქმნის და გააკეთებს, იმას მცოდნე და ხერხიანი, იქნება, ერთს საათსაც არ მოუნდეს. ერთისა და იმავ საქმისაგან უცოდინარმა რომ ორნი მარცვალი გამოიტანოს, მცოდნე ოთხსა და ხუთს გამოიტანს. და რადგანაც ეკონომიურს ჭიდილში სიმარდე, ანუ სიადვილე კეთებისა და სიმრავლე ნაკეთებისა ორადორი ფანდია გამარჯვებისათვის, ამიტომაც დღეს ბურთი და მოედანი იმისია, ვინც ერთსა და იმავე დროს მარდად, ადვილად აკეთებს და ბევრს. ეს ორი სიკეთე უცოდინარობით არ მოიპოვება. ამ სიკეთების ერთადერთი ამჩენი და გამჩარხავი მარტო ცოდნაა და სხვა არაფერი. რა თქმა უნდა, რომ ამ ცოდნისათვის გიმნაზიები და სხვა ამისთანები დასაწყისი ბიჯია, მარტო გზაა და მზადება. აქ საჭიროა უმაღლესი სასწავლებელიც, რომ კაცი მარტო სამზადისზედ არ გაჩერდეს, რომ დასაწყისს დასასრულიც მოეცეს.

მართალია, უმაღლესი სასწავლებლები ბევრია შიგნითს რუსეთში, მაგრამ, როგორც ვსთქვით, იქამდე ბევრს ჩვენგანს ხელი არ მიუწვდება, თითო-ოროლას თუ მიუწვდება, ისიც, ვინ იცის, რამოდენი ფათერაკი და განსაცდელი უნდა გამოიაროს, რომ შინ მშვიდობით მოვიდეს. ამიტომაც კარგა ხანია, რაც უმაღლეს სასწავლებლის უქონლობა ამიერკავკასიელთ დარდსა და ნაღველს შეადგენს. ჯერ 1880 წელს ასტყდა ჩვენში ლაპარაკი უნივერსიტეტის გამართვის თაობაზე ტფილისში. ამ ხმებისა და ლაპარაკის საქმედ სათავადაზნაურო ბანკმა გადასწყვიტა მაშინ ორმოცი ათასი მანათი შეაწიოს, თუ ვინიცობაა ტფილისში უნივერსიტეტი გაიმართება. ამისავე შესაწევრად ტფილისის საქალაქო გამგეობამ ასი ათასი მანათი დაჰნიშნა და გარდა ამისა აღუთქვა მუქთად დაუთმოს მიწა უნივერსიტეტის საჭირო შენობებისათვის, მას აქეთია ეს საქმე ასე დარჩა და დღეს ტფილისში არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ არის. უნივერსიტეტი, თუმცა სანატრელია ტფილისისათვის, მაგრამ ამის გამართვას დიდი ლარი და ხაზი უნდა, ეს ისაო, ეს ესაო და ათასი სხვა მიზეზია იმისი, რომ უნივერსიტეტზედ იმედი არ ვიქონიოთ. ხოლო ადვილად მოსალოდნელია გაიმართოს ჩვენში სხვა რამ უმაღლესი სასწავლებელი, თუნდა ეგრეთწოდებული „უმაღლესი სასწავლებელი მრეწველობისა“ (высшее промышленное училище) იმისთანა ფაკულტეტებით, რომელნიც ჩვენს საჭიროებას ასე თუ ისე გამოადგებიან და უშველიან. ეს მით უფრო ადვილად მოსალოდნელია დღეს, რომ უმაღლესმა მთავრობამ თვითონ განიზრახა ამისთანა სასწავლებლები დამართოს იქ, საცა ამ მხრით ნაკლებულობაა. უკვე დაარსებულია პეტერბურგში უმაღლესად დამტკიცებული კომისია ამნაირ სასწავლებლების დასაარსებლად რუსეთში და ჩვენც რომ მთავრობას ამ მხრით შევაბრალოთ თავი, მეტი არ იქნება.

უმაღლესი სასწავლებლის უქონლობა ამიერკავკასიაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №192, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

71 ბისმარკის მდგომარეობის შერყევა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 20 სექტემბერი

საფრანგეთს, რომელიც არ აძლევს მოსვენებას თ. ბისმარკსა, ჯერ აქამომდე შინაური ანგარიშები ვერ გაუსწორებია. ერთის მხრით ამ გარემოებამა და მეორეს მხრით თ. ბისმარკის მეცადინეობამ, საფრანგეთი თითქმის გარიყა ევროპიის პოლიტიკისაგან და განამარტოვა. საფრანგეთს ვერ მოუცლია შინაურ აშლილობისა გამო საგარეო საქმეებისათვის და მაშინ, როდესაც თ. ბისმარკი გარედამ გზებს უხლართავს, საფრანგეთი შინაც მოსვენებული და დაწყნარებული არ არის. საფრანგეთს რომ რუსეთის იმედიც გაუბათილოს თ. ბისმარკმა, მაშინ ხომ საფრანგეთი სულ ხელცარიელი დარჩება, ხელცარიელი ისე, რომ მარტო თავისის თავის შემძლებელობასღა უნდა დაენდოს. თ. ბისმარკს მარტო ეს უნდა და მთელი დღევანდელი კურკური და ჩურჩული გერმანიისა ამაზეა მიქცეული და სხვა არაფერზედ.

მართალია, თვითვეულს დიდსა თუ პატარა სახელმწიფოს ევროპაში დღეს ბევრი სხვადასხვა საკუთარი ტკივილები აქვს ათასნაირად აწეწილ საქმეთა გამო პოლიტიკის მოედანზედ, მაგრამ გერმანია, რომელსაც 1870 წლის გამარჯვებამ არგუნა ბატონობა ევროპაში, მარტო თავისასა სცდილობს, თავისის თავის გატანა ჰსურს და ამიტომაც მთელს პოლიტიკას თავის საკუთარის ინტერესისათვის ამოქმედებს და ატრიალებს. გერმანიას სხვის დარდი არცა აქვს და არც აწუხებს. თვითვეული სახელმწიფო ცალკე და ყოველნი ერთად ჰგრძნობენ, რომ თ. ბისმარკი გახურებულ თონეში პურს გერმანიისათვის აცხობინებს ყველას ერთად და თვითოეულს ცალკე, მაგრამ ვერა გაუწყვიათ რა თავის თავისათვის და ვერა უშველიათ რა. მართლადაც თ. ბისმარკის ქსელში ისე არიან გაბმულნი, ისე არიან შეხვლანჭულ-შებოჭვილნი, რომ თავის საკუთარ ინტერესებისათვის მოძრაობა არა აქვსთ და მეტი გზა არ არის მარტო გერმანიას უნდა უკეთონ საქმე.

ამ გზით გერმანია მთელს ევროპას ყურმოჭრილ ყმასავით გაიხდიდა და როგორც უნდა, ისე ათამაშებდა უფრო მოურიდებლად, უფრო კადნიერად, რომ ერთის მხრით საფრანგეთი და მეორეს მხრით რუსეთი არ აფიქრიანებდეს. ეს ორი ძლიერი სახელმწიფო თუ არ უდრის გერმანიის, იტალიის და ავსტრიის ერთად შეკრებილს ძალ-ღონეს, ბევრით ნაკლები ხომ მაინც არ არის და არა.

ამათი ერთმანეთზედ დაშორება და დაუბრკოლებელი ბატონობა გერმანიისა ევროპაში ერთი იქნება. ეს ყველამ იცის. თ. ბისმარკს აქ უძნელდება საქმე და, როგორც ეტყობა, მთელს თავის გამოცდილსა და არაერთხელ გამარჯვებულს ხერხსა დაუძინებლივ ჰხმარობს, მაგრამ ალჩუ როგორღაც ვერ უჯდება.

ამასთან არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ თ. ბისმარკს ამ ბოლოს დროს სხვაფრივადაც ვერ ემარჯვება. საქმეთა გარემოების გამო დაყენებული იმ მდგომარეობაში, რომ უნდა ჰმალოს თავისი გულის ნადები, უნდა იორპიროს, ზოგჯერ იტყუოს და თვალები აუბას ან ერთს, ან მეორეს, თ. ბისმარკი, რა თქმა უნდა, არც ერთს ამისთანა სახსარს არ იუკადრისებდა და არ მოერიდებოდა, ოღონდ კი თავისი გაეყვანა. დღეს აქამომდე ყოველივე ამისთანა საქციელი თ. ბისმარკისა გულდაჯერებით არავინ იცოდა, თუმცა კი ეჭვი ბევრსა ჰქონდა. ეხლა ამ ცოტას ხანში კი გამომჟღავნდა წერილობითი საბუთები მისი, რომ თ. ბისმარკი ამაებში ხელს ვერ დაიბანს. ჯერ ყველაზედ უწინარესს გამომჟღავნდა თ. ბისმარკის მიწერ-მოწერა ბოლგარიის საქმეთა შესახებ და აშკარად დამტკიცდა, რომ ერთის მხრით რუსეთს ასიამოვნებდა და მეორეს მხრით ბოლგარებს აქეზებდა რუსეთის წინააღმდეგ. მერე გამომჟღავნდა საკუთარი წერილი, რომელიც თ. ბისმარკს მიერთმია განსვენებულის იმპერატორ ფრიდრიხისათვის. ამ წერილში ორპირობა და ცბიერობა თ. ბისმარკისა რუსეთის წინააღმდეგ ცხადზედ ცხადია. ამ ბოლოს ხანებში დაიბეჭდა „დღიური“ იმპერატორის ფრიდრიხისა, რომელიც „ტკბილ აბებად“ არ ეჩვენება თ. ბისმარკსაო, ამბობენ გაზეთები. ყოველს ამაებზედ თ. ბისმარკს ერთი და იგივე პასუხი აქვს მიცემული: ყალბი, ტყუილი ქაღალდებიაო.

არ ვიცით, ეს ქაღალდები რამოდენად გასჭრის, რამოდენად მიაყენებს შუქს ეხლანდელს პოლიტიკას და, მაშასადამე, რამოდენად სხვა თვალით დაანახვებს ევროპას თ. ბისმარკის გაქანებას, ეს კი ვიცით, რომ ცარიელი ჰაშას კვრა ვერაფერი სახსარი და ღონეა თავის გამართლებისათვის იქ, საცა ამისთანა საბუთებია წამოყენებული.

ბისმარკის მდგომარეობის შერყევა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №197, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - „...გერმანია, რომელსაც 1870 წლის გამარჯვებამ არგუნა ბატონობა ევროპაში...“ - იგულისხმება 1870-1871 წ.წ. საფრანგეთ-პრუსიის ომი. აქ პრუსია გამოდიოდა მთელ რიგ გერმანულ სახელმწიფოებთან კავშირში. ამ ომში გაიმარჯვა პრუსიამ, რის შედეგადაც ხელთ იგდო საფრანგეთის ოლქები: ელზასი და აღმ. ლოთარინგია, მიიღო 5 მლრდ. (ფრანკი) კონტრიბუცია.

გვ. - „...ამ ბოლოს ხანებში დაიბეჭდადღიურიიმპერატორის ფრიდრიხისა, რომელიცტკბილ აბებათარ ეჩვენება . ბისმარკსაო...“ - იგულისხმება იმპერატორ ფრიდრიხ III სიკვდილის შემდეგ, 1888 წ. ჟურნალ „Deutsche Rundschau“-ში გამოქვეყნებული ნაწყვეტები მისი დღიურიდან. დღიურის გამოქვეყნებამ გამოიწვია ბისმარკის განრისხება. მან არ დააყოვნა, საქმე აღეძრა სასამართლოში, იგი ბრალს დებდა ფრიდრიხ III სახელმწიფოებრივ საიდუმლოებათა გამჟღავნებაში.

72 იმპერატორ ფრიდრიხ III დღიურის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 21 სექტემბერი

გუშინ გავიხსენეთ, რომ ამ ბოლოს ხანებში ერთმა გაზეთმა სამზღვარგარეთ დაჰბეჭდა დღიური აწ მიცვალებულის გერმანიის იმპერატორის ფრიდრიხისა. ეხლა ამ დღიურის წაკითხვის შემდეგ უფრო ცხადია, რა კაცი დაჰკარგა გერმანიამ ცალკე და მთელმა ევროპამ საზოგადოდ, როცა გადაიცვალა ცხონებული იმპერატორი, რომელმაც იხელმწიფა მარტო სამი თთვე და ამ მოკლე ხანში მოიპოვა სიყვარული თითქმის მთელის ქვეყნისა.

ამ დღიურიდამა სჩანს, რომ გერმანიის გაერთება და იმპერიად შექმნა, ვისი უნარი უფრო ყოფილა. 1870 წელს, როცა გერმანიამ ისე საოცრად და საშინლად გაიმარჯვა საფრანგეთზედ, რასაკვირველია, ყველას სურვილი იყო გერმანია გაეერთებინა და იმპერია შეექმნა. მაგრამ მამა ფრიდრიხისა იმპერატორი ველჰელმ I, ამ დიდის საქმის გულითადი მოწადინე, ვერა ჰბედავდა ეს ექმნა. თურმე ეშინოდათ, ვაი თუ სამხრეთმა გერმანიისამ და განსაკუთრებით ბავარიამ ეს არ იყაბულოსო, ხელი მიაწოდოს ავსტრიასა, რომელიც სიხარულით მიეგებებოდა ამ ხელის გამოწვდენასა, ვითარცა მოცილე პრუსიისა, ამ გზით, თითქმის მთელი ნახევარი გერმანიისა, მოსწყდეს პრუსიასა და ერთი უშველებელი ალიანქოთი და განხეთქილება მოხდესო. ადვილად შეეძლო ამ განხეთქილებას სრულად გაებათილებინა, გაეუქმებინა მთელი ის 1866 წლის ღვაწლი პრუსიისა, რომლის შედეგიც იყო ავსტრიის გამოგდება გერმანიიდამ.

თვითონ დღეს, ყოვლად გამბედავი ბისმარკი, უფრთხოდა თურმე მაშინ ამ გარემოებას და ვერა ჰბედავდა პირდაპირ და ცხადად შესდგომოდა ამ გერმანიის გაერთების საქმეს იმის შიშით, რომ სამხრეთი გერმანია გაგვიდგება და ავსტრიასთან ერთად ხელახლად აგვიშლის 1866 წელშივე გათავებულ საქმესაო. განსვენებული ფრიდრიხი, მაშინ ჯერ ტახტის მემკვიდრედ ყოფილი, უფრო შორსმჭვრეტელი გამომდგარა, ვიდრე მისი მამა ვილჰელმი და ქებული ბისმარკი. დღიურიდამა სჩანს, რომ ამას გაუბედვინებია როგორც თავის მამისათვის, ისეც თ. ბისმარკისათვის ამ საქმის მოხდენა და გერმანიის იმპერიად გადაქცევა. თუ ამას ვიქმთ, დროც ეხლა არისო, როცა ასე ძლევამოსილნი ვართო, უთქვამს თურმე ფრიდრიხსა, თორემ მერე გვიანღა იქნებაო. კარგა ხანს ეჭიდა თურმე ფრიდრიხი თავის მამასა და ბისმარკსა, ვიდრე ამას გააბედვინებდა. გააბედვინა, და დღეს თუ გერმანია გაერთებულია და იმპერიად ქცეული, ეს ფრიდრიხს უფრო უნდა მიეწეროს, ვიდრე სხვას ვისმეს, იმიტომ რომ, თუმცა 1870 წლის გამარჯვებამ მოიტანა ეს საქმე ასე თუ ისე გადასაწყვეტად, მაგრამ გადამწყვეტელი თითქმის ფრიდრიხი ყოფილა. გაზეთები ამბობენ, რომ თუ მართლა ესე ყოფილა საქმე, მაშინ თ. ბისმარკის დიდების გვირგვინს ერთი უკეთესი ალმასი უნდა ამოეცალოსო და იმპერატორ ფრიდრიხის სახსოვარს გაუკეთდესო.

აქედამ ცხადია, რად არ ეჭაშნიკათ თ. ბისმარკის მომხრე გაზეთებს ამ დღიურის გამოქვეყნება: თ. ბისმარკის შარავანდედს ცოტა არ იყოს ბრწყინვალება უნდა მოაკლდეს. ამიტომაც ეს გაზეთები დღეს იძახიან, რომ ეგ დღიური ტყუილია, განგებ შეთხზულია, მოგონილია ვისიმე, რომ თ. ბისმარკს უმტრონო და ავნონო გერმანელების თვალში. ხოლო ჩვენ თუ ეს ამბავი მოვიტანეთ აქ, იმიტომ კი არა, რომ თ. ბისმარკის დიდებას ნათელი მოვაკლოთ, ეგ ჩვენი საქმე არ არის. ყველას გამკითხველი ისტორიაა და იგი თავის დროზედ დაადგენს თავისს უტყუარს განაჩენს ამ საგანზედ. ესეც რომ არ იყოს, ჩვენთვის დიდი არაფერია თ. ბისმარკია თუ ფრიდრიხი გამახორციელებელი გერმანიის გაერთებისა და იმპერიად გარდაქმნისა. ჩვენთვის საკმაოა ვიცოდეთ, რომ დღეს ეგ მართლა დიდი საქმე შესრულებულია გერმანიაში.

ჩვენ ამ დღიურზედ ჩამოვაგდეთ ლაპარაკი მარტო იმიტომ, რომ იგი დღიური ნათლად გვიხატავს, რა სდებია გულში იმპერატორს ფრიდრიხს და, რა სიკეთე მოევლინებოდა ქვეყანას, რომ დასცალებოდა და აგრე უდროოდ არ გამოსალმებოდა წუთისოფელსა ჩვენ ვამბობთ „ქვეყანას“ იმ საბუთით, რომ გერმანია დღეს ქვეყნის წინამძღოლია პოლიტიკაში და რაც აქ მოხდებოდა და მოხდება, ურარაოდ არ ჩაუვლიდა და არ ჩაუვლის არავისა. გაერთებულ გერმანიის წესების გამო ტახტის მემკვიდრე ფრიდრიხი ერთს ადგილას ამბობს:

„მე არა მწამს, რომ გულითადის სურვილით თავისუფალი აგებულება მიეცეს გერმანიას და მგონია, რომ ეს განხორციელდება მარტო შემდეგში, როცა მე ვიქნები. იგი, რაც მე ამ ათს წელიწადში ვნახე და გამოვცადე, კვალდაუმჩნეველად არ ჩაივლის, გაერთებულს ერში მე ვიპოვი ძლიერს მომხრეობას ჩემთა სურვილთა აღსრულებისათვის, მით უფრო, რომ მე ვიქნები გერმანიის პირველი ხელმწიფე, რომელიც წარუდგება ერს მთელის გულწრფელობით და უანგარობით საკონსტიტუციო დაწესებულებათა ერთგულებისათვის“.

მეორე ადგილას, თავის დაბადების დღეობის გამო, განსვენებული ფრიდრიხი ამბობს:

„დღევანდელი დღესასწაულობა ჩემის დაბადების დღისა მაიძულებს განსაკუთრებულ გულმოდგინებით და გულდასმით ჩავუკვირდე იმ დიდს საქმეს, რომლის გადაწყვეტა თავის დროზედ მე შემხვდება გერმანიის საპოლიტიკო სარბიელზე. იმედი მაქვს, რომ მერმისს საომრად საქმე აღარ გამიხდეს და ეხლანდელი ომი უკანასკნელი ომი იქნება ჩემს სიცოცხლეში. უეჭველია, ბევრი დიდის იმედით უყურებს იმ საქმეს, რომელიც, თუ ღმერთი ინებებს, თავის დროზედ ჩემ ხელთ იქნება. მეც იმედი მაქვს არ გავამტყუნო ეს მათი მოლოდინი, რადგანაც ვიცი, რომ ღირსი ვიქნები იმა ნდობისა, რომელსაც ჩემდამი ჰგრძნობენ“.

აი რა გულტკბილი და გულთბილი კაცი ყოფილა იგი, რომელიც ასე უდროოდ ხელიდამ გამოეცალა გერმანიას. გულტკბილობისა და გულთბილობის გარდა, აქ ისიც სჩანს თუ, რა დიდად საფიქრებელი ყოფილა განსვენებულისათვის იგი საქმე, რომელიც ბედს მის ხელთ უნდა ჩაეგდო. ამ საქმის სიმძიმე, სიდიდე ღრმად და ზედმიწევნით ცნობილი და გაგებული ჰქონია და ყოველ შემთხვევაში ამ სიმძიმეს, ამ სიდიდეს საქმისას ჰგრძნობს და გონების თვალს აკვირვებს. მას არც დიდი და სახელოვანი გამარჯვება გერმანიისა საფრანგეთზედ თვალს უბამს და აბრუებს, როგორც ბევრს სხვას გერმანიაში, არც იგი, რომ თავის დროზედ ერთის უუძლიერესის ქვეყნის მპყრობელი შეიქმნება. იგი ყოველგან და ყოველ შემთხვევაში მარტო იმასა ჰნაღვლობს, იმასა ჰნატრობს, რომ თავის ერს იმედი არ გაუმტყუნოს, თავისი სახელი ალოცვინოს და მადლობითა და კურთხევით მოახსენებიოს, ამ სახელს იგი ეძებს არა სისხლისმღრელ ომებში, არამედ თავისის ქვეყნის და ერის მშვიდობიანსა და ბედნიერს ცხოვრებაში.

იმპერატორ ფრიდრიხ III დღიურის შესახებ

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №198, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - „...ერთმა გაზეთმა სამზღვარგარეთ დაჰბეჭდა დღიური აწ მიცვალებულის გერმანიის იმპერატორის ფრიდრიხისა - 1888 წ. ჟურნალ „Deutsche Rundschau“-ში გამოქვეყნდა ნაწყვეტები „Tagebuch Kaizer F-ს 1870-71: („იმპერატორის დღიური“-დან), რომელშიც იმპერატორი ფრიდრიხ III, გერმანიის გაერთიანების მომხრე, უკმაყოფილებას გამოთქვამს იმპერატორ ვილჰელმ I სიფრთხილისა და მისი ძველპრუსიული ტრადიციების მიმართ და კიდევ უფრო უკმაყოფილოა ბისმარკის თვითმმართველობით.

დღიური გამოაქვეყნა ფრიდრიხ III მეგობარმა, პუბლიცისტმა და საერთაშორისო სამართლის პროფესორმა, საიდუმლო მრჩეველმა ჰეკფენმა.

გვ. - „...1866 წლის ღვაწლი პრუსიისა...“ - იგულისხმება ავსტრია-პრუსიის ომი გერმანიაში ჰეგემონობისათვის. ავსტრიელები დამარცხდნენ. ომის მთავარი პოლიტიკური შედეგი იყო მილიტარისტული პრუსიის მეთაურობით ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის შექმნა (ავსტრია კავშირის გარეშე დარჩა) და პრუსიის საზღვრების გაფართოება პატარ-პატარა გერმანული სახელმწიფოების ხარჯზე. ეს ომი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო იუნკრულ-ბურჟუაზიული პრუსიის მიერ გერმანიის „ზემოდან“ გაერთიანების გზაზე.

73 მოუსავლიანობა და პურ-ხორბალეულის გაძვირება

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 22 სექტემბერი

პური და ერთობ ხორბალეულობა დღედადღე ფასში ჰმატულობს და დღეს რუსეთში პურისა და ხორბალეულობის აღაბ-მიცემობა გაჩაღებულია და იმოდენად გაძლიერებული, რამოდენადაც ამ შვიდ-რვა წელიწადში არა ყოფილა. ეს გარემოება კვალდაუჩნეველად არ ჩაივლის ქვეყნისათვისაც, რომელიც თუმცა მსოფლიო ბაზრისათვის არაფერს ანგარიშშია ჩასაგდები, რადგანაც აქედამ მაგდენი არაფერი გადის გასასყიდად, მაგრამ მაინც შინაურ ბაზარში ფასს საკმაოდ საგრძნობელად ასწევს პურსა და ხორბალეულობაზედ. ეს ფასის აწევა მით უფრო ადვილად მოსალოდნელია ჩვენში, რომ თვითონ ჩვენს ქვეყანაში წლევანდელი პურის მოსავალი ბევრად ნაკლებია წინა წლებისაზედ. საქართველოში მოსავალს ბევრგან ემდურებიან და მარტო თითო-ოროლა ადგილს ასახელებენ, საცა სამყოფი პური მოსულა. განჯა, ყარაბაღი და ქვემო ქვეყნები, რომელნიც პურის მოსავლის ბოღაზად ითველბიან ჩვენში, იმ მდგომარეობაში არიან თურმე, რომ ლამის თვითონ გაუხდეთ წელს პური სასყიდლად. მაშასადამე, შინაურო ბაზარი პურითა და ხორბალეულობით ხელნაკლები იქმნება, რადგანაც შინაური მოსავალი წელს მაგდენს ვერაფერს მოაწვდის გასასყიდად, რომ ეს ასეა, დღესვე ეტყობა აქაურს ბაზრებს, საცა პურმა, ქერმა, სიმინდმა ამ მოსავლის პირველ ხანებშივე კარგა საგრძნობლად აიწია. საფიქრებელია, რომ დღედადღე ფასები უფრო მატებაში უნდა შევიდეს, რადგანაც დღეს ბაზარში გამოდის ჯერ შარშანდელი წლისაგან დარჩენილი პური და მერმე მცირეოდენი ჭარბი წლევანდელის მოსავლისა. ეს ნარჩენი წინა წლებისა და მცირეოდენი ჭარბი წლევანდელისა გამოილევა თუ არა, ბაზარს პური მოაკლდება და ეს კლება უფრო დააძვირებს.

ამისთანა შემთხვევაში ბევრსა ჰშველოდა ხოლმე ჩვენს შინაურს ბაზარს რუსეთი: როცა გაუჭირდებოდა, პური შესაძლებელის იეფობით მოჰქონდა ხოლმე რუსეთიდამ. წელს კი პურმა და ხორბალეულობამ იქაც საკმაოდ აიწია და ვინ იცის რა სიმაღლეზედ დასდგეს. ამისი მიზეზი ის არის, რომ საზღვარგარედაც წელს მოუსავლიანობას უჩივიან და პურის ნაკლებობას ერთობ მსოფლიო ბაზარში. ჟურნალი «Вестник финансов» გვაუწყებს, რომ ოთხი დიდი ქვეყანა, რომელიც გარედამ შემოტანილის პურით იოლად მიდისო, სახელდობრ, ინგლისი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი წელს იმოდენად ნაკლებად არიან, რომ თითქმის ნახევარ მილიარდს (488.000) ფუთს პურს მოითხოვენო და ამ სახით შარშანდელზედ 120 მილიონი ფუთი პური მეტი მოუნდებათო. რუსეთის კონსული მარსელში იწერება, რომ აქ პურის ვაჭრობა ძლიერ გაძლიერებულიაო და მთელი აგვისტო ფასები ყოველს ცისამარა დღეს მატებაში იყოვო. მარსელის ვაჭრები პურისა დიდძალს პურს ჰყიდულობენ თურმე რუსეთში, მხოლოდ დიდის სიფრთხილით კი იქცევიან, რომ ერთბაშად სავაჭროდ მისევამ ფასები ძალიან არ ასწიოს. დიდძალი პურის საპალნეები გააქვთ თურმე ოდესიდამ ლონდონის ბაზრისათვის. ყველა გაზეთები რუსეთისა იმოწმებიან, რომ დღეს პურისა და ერთობ ხორბალეულობის აღებ-მიცემობა რუსეთში კარგა გაჩაღებული და გაძლიერებულიაო. ამ სახით სჩანს, რომ წელს იეფ ფასად პურის მოზიდვა რუსეთიდამ საიმედო არ არის და რადგანაც ამის გამო ჩვენი შინაური ბაზარი იძულებულ იქმნება თავისის მეტნაკლებობით გაუძღვეს წლევანდელის წლის საჭიროებას, ამიტომაც საფიქრებელია, რომ პური, ქერი, სიმინდი და სხვა ხორბალეულობა ჩვენში საკმაოდ დიდს ფასს დაიდებს, რაც უფრო მეტი ხანი გავა. ჩვენებური ვაჭრები კი, რომელთაც ფასების დაწევა ძალიანა ჰსურთ, იძახიან, რომ ხორბალეულობის ფასის აწევის მიზეზი დროებითიაო, რაკი ჯარები, რომელნიც თიანეთში და სხვაგან ბანაკებში მოგროვილნი არიან, დაიშლება, ფასებიც მაშინვე დაიწევსო. იქნება ამ სიტყვას ცოტაოდენი საბუთი ჰქონდეს, მაგრამ ბევრში კი დიდად საეჭვოა, რომ მარტო ჯარების დაშლამ პურის ფასი დასწიოს წლევანდელს წელსა, როცა პური ციტა მოვიდა ჩვენში და ჩვენს გარეთ კი მთხოვნელი და მყიდველი უჩვენოდაც გამრავლდა.

მოუსავლიანობა და პურ-ხორბალეულის გაძვირება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №199, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

74 გერმანიის იმპერატორის ვიზიტი იტალიასა და ავსტრიაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 4 ოქტომბერი

მთელი ჟურნალ გაზეთობაა და იმპერატორ ვილჰელმის სტუმრად წასვლა იტალიასა და ავსტრიაში საიდუმლოება, რომელიც ჯერხანად თანა სდევს ამ უცნაურს მისვლა-მოსვლას, ვერავის აუხსნია, ვერავის გაუგია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საიდუმლოებაზედ, როგორც სალესავს ჩარხზედ, რაც ძალი და ღონე აქვს იჩარხება ჟურნალ-გაზეთების საღერღელაშლილი ენა. ზოგი ამბობს, რომ გერმანიის იმპერატორმა პეტერგოფში ყოფნის დროს იკისრა როგორმე მოარიგოს ერთმანეთში რუსეთი და ავსტრია ბალკანეთის საქმისა გამო და ამიტომაც ნახვა მოისურვა ავსტრიის იმპერატორისა და იტალიის მეფისა, ურომელთოთაც ეს მორიგება მოულოდნელი და მოუფიქრებელია. ეს შუაკაცობა იმიტომ იკისრა გერმანიის იმპერატორმაო, უმატებენ გაზეთები, რომ ჯერ გული მოიგოს რუსეთის იმპერატორისა და მერე ბოლგარიის საქმის მშვიდობიანად გათავებით ერთი მწვავი მიზეზი აშლილობისა ევროპას თავიდამ მოაცილოსო. ორივე განზრახვა ფრიად მოსაწონია, თუ მართალია.

მეორე ჯურის გაზეთები კი სულ სხვას ამბობენ, ესენი იძახიან, რომ ავსტრიისა და რუსეთის მორიგება შეუძლებელია უიმისოდ, თუ ამ ორმა სახელმწიფომ ერთმანეთს არა დაუთმეს რაო და, რადგანაც ამ მხრით ორივენი მაგარზედ სდგანან, გერმანიის იმპერატორს ყოველივე იმედი მორიგებისა უნდა დაჰკარგოდაო. თუ ეს ასეა, რაღად იკისრებდა იმისთანა საქმეს, რომლის გატანის იმედი წინადვე გადაწყვეტილი უნდა ჰქონოდაო. არც ეს სიტყვაა უსაბუთო და ჭკუაზედ შორს. მაშ რიღასთვის არის საჭიროდ დანახული ავსტრიის იმპერატორისა და იტალიის მეფის ნახვა გერმანიის იმპერატორისაგან? ნუთუ მარტო თავაზმა და პატიცისცემამ მიიწვია იმპერატორი ვილჰელმი ამათ სანახავად? არიან იმისთანა გაზეთებიც, რომელნიც ამას იძახიან, მაგრამ არავინ კი უჯერებს. ხოლო უფრო ჭკუადამჯდარი გაზეთები კი ამბობენ, რომ ამ გვირგვინოსანთა სტუმარ-მასპინძლობას სხვა სარჩული უდევსო. გერმანიის იმპერატორს ჰსურს პირდაპირ მოლაპარაკება ეხლანდელ საპოლიტიკო საქმეებზე თავისს გვირგვინოსან მეგობრებთა და მომხრეებთანაო. ამ პირდაპირის ნახვითა და საუბარით ჰსურსო უფრო გააძლიეროს ამათ უკვე არსებული კავშირი და მომხრეობა. გერმანია უთავდებებს ერთის მხრით იტალიას შველას, თუ ვინიცობაა საფრანგეთთან იტალიას ომი აუტყდება, ან სხვა განხეთქილება რამ ჩამოუვარდება, და მეორის მხრით ავსტრიას, თუ ვინიცობაა ბალკანეთის საქმე საიმისოდ აიშლება და აიწეწებაო. თვითონ კი გერმანია ამათგან ამისთანავე შველასა და მომხრეობას მოითხოვს, თუ ვინიცობაა საფრანგეთთან დაჯახება მოუხდება. ესეთი თავდებობა ურთიერთისთვის წინადაც იყო ამ სამთა სახელმწიფოთა შორის და საფიქრებელია, რომ ეხლანდელთა დროთა ვითარებამ ამ თავდებობის განახლება და გაძლიერება მოანდომა გერმანიის იმპერატორსაო.

მართლადაც, კაცი რომ დაუკვირდეს იმ სიტყვებს, რაც ერთმანეთს უთხრეს სადილზედ ავსტრიისა და გერმანიის იმპერატორებმა, უეჭველია, რომ აქ უკვე არსებულის კავშირისა და მომხრეობის გაძლიერება უფრო ჰსურვებიათ, ვიდრე სხვა რამე. ავსტრიის იმპერატორმა ადღეგრძელა იმპერატორი ვილჰელმი და მთელი იმისი სახლობა, მას მერმედ დალია სადღეგრძელო პრუსიისა და ერთობ გერმანიის „სამაგალითო“ მხედრობისა, რომელიც თავისის მხედრობის „ამხანაგად“ მოიხსენია. იმპერატორმა ვილჰელმმაც ახსენა ავსტრიის მხედრობა თავისი მხედრობის „ამხანაგადვე“. ესეთს ხსენებას მხედრობისას დიდს მნიშვნელობას სწამებენ გაზეთები. მართალიც არის. მშვიდობის მსურველთ ამისთანა შემთხვევაში ძნელად თუ მოაგონდებათ თოფი და იარაღი, ესე იგი მხედრობა, და თუ მოაგონდებათ, ამხანაგად ხსენებას ხომ უნდა მოჰრიდებოდნენ და მოჰრიდებოდნენ ნამეტნავად დღევანდელს დღეს, როცა ყოველივე ამისთანა სიტყვა ყუმბარასავით მოხვდება ხოლმე უამისოდაც შეშინებულს ყურს ევროპიისას. რაკი ეს „ამხანაგობა“ ითქვა, ცოტად თუ ბევრად აეხადა ფარდა იმპერატორ ვილჰელმის სტუმრად წასვლასაც ავსტრიის იმპერატორთან.

გერმანიის იმპერატორის ვიზიტი იტალიასა და ავსტრიაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №207, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - „...გერმანიის იმპერატორმა... ნახვა მოისურვა ავსტრიის იმპერატორისა და იტალიის მეფისა...“ - იგულისხმებიან ავსტრიის იმპერატორი ფრანც იოსებ I (1830-1916) და იტალიის მეფე ვიქტორ-ემანუილ III (1869-1947).

გვ. - „...ჰსურსო უფრო გააძლიეროს ამათ უკვე არსებული კავშირი...“ - აქ იგულისხმება გერმანიის, ავსტრიაუნგრეთისა და იტალიის სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება, დადებული 1882 წ., ე.წ. „სამთა კავშირი“.

75 მიწათმოქმედების გასაჭირი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 5 ოქტომბერი

ამ უკანასკნელს წლებში უმაღლესმა მთვრობამ გააძლიერა თავისი ყურადღება და ზრუნვა, მიმართული მასზედ, რომ მიწათმოქმედებას ხელი შეუწყოს და რაც შეიძლება უკეთეს გზაზედ დააყენოს წარსამატებლად. ამისათვის იძიეს და იკვლიეს ეხლანდელი ყოფა მიწათმოქმედებისა, საცა კი საჭიროდ დაინახეს და ყოველის მხრიდამ ის ამბავი მოვიდა, რომ მიწათმოქმედება და მიწათმომქმედნი დიდს გაჭირებაში არიან და ძლივძლიობით იოლად მიდიანო. ეს ამბავი დიდი რამ არის რუსეთისათვის, რომელიც თითქმის მარტო მიწათმოქმედებით სცხოვრობს, რადგანაც ესგვარი მრეწველობა ერთი უმთავრესი და უპირველესი წყაროა მკვიდრთა კეთილდღეობისა და ქონებისა.

რაკი გაჭირებაში დაინახეს ესგვარი მრეწველობა, რასაკვირველია, შეუდგნენ მიზეზთა აღმოჩენასა. ბევრგვარ მიზეზთა შორის აღმოჩნდა, რომ მრეწველობა მიწათმოქმედებისა ხელფეხშეკრულია ან მით, რომ რკინისგზების რიგი და წესი, აგრეთვე გადასატანი ფასი ვერ არის შეფერებული მიწათმოქმედების საჭიროებასთან, ან მიწათმოქმედობას სრულებით არავითარი გზა არა აქვს თავისი საქონელი ადგილიდამ ბაზარში გაიტანოს გასასყიდად. ეს უგზოუკვლობა, ეს ურიგობა და უწესობა რკინისგზებისა და დიდი ქირა საქონლის გადატან-გადმოტანისა, რასაკვირველია, დიდი დაბრკოლებაა ყოველგვარ მრეწველობისათვის საერთოდ და მიწათმოქმედებისათვის ცალკედ. ყველამ იცის, თუ მომქმედს თავის ნამოქმედარ საქონლის ბაზარში გატანის სახსარი და გზა არა აქვს, იგი ვერც გაიმრავლებს საქონელსა, ვერც გამორჩება რასმე. ამ მიზეზით იგი ძალაუნებურად იძულებულია იკმაროს მარტო ის, რაც შინ სახმარისია და ბევრის კეთებასა და მოყვანაზედ ხელი აიღოს. ეს დიდი კლებაა ჯერ თვითონ მომქმედისათვის და მერე მთელ მის ქვეყნისათვის, რომლის საერთო სიმდიდრეს იმოდენა აკლდება, რამოდენადაც მომქმედი ნამოქმედარის გაბევრებაზედ ხელს იღებს ძალაუნებურად.

შეჰნიშნა რა მთავრობამ, რომ ეს მიზეზი, სახელდობრ, უგზოუკვალობა ბევრს აბრკოლებს მიწათმოქმედობის მრეწველობას, შეუდგა ამ მიზეზის მოსპობას. დანიშნული იქმნა კამისია შინაგანთა საქმეთა მინისტრის ამხანაგის სენატორ პლევოს თავმჯდომარეობით და დაავალა აღმოაჩინოს სახსარი საშველად მიწათმოქმედობის მრეწველობისა, მის აღსადგენად და წარსამატებლად. ამ კამისიას მიუცილებელ საჭიროებად დაუნახავს განაკარგოს ეხლანდელი გარემოებანი სასოფლო მეურნეობის საქონლის გადატან-გადმოტანისა არამც თუ მარტო რკინისგზებზედ, არამედ გზატკეცილებსა და სასოფლო გზებზედაც. ამისათვის ჰფიქრობენ თურმე, რომ დიდს რკინისგზებს სოფლებიდამ მოსავალი რკინისგზებივე, საცა შესაძლოა, დაუკეთდეს, საქონლის ადვილად მოსაზიდად და ამის შესახებ უკვე არსებულს წესდებას ხელახლად უპირობენ გადასინჯვას. გარდა ამისა, სენატორ პლევოს მოუთხოვნია ერობათაგან საჭირო ცნობანი მასზედ თუ, როგორ მდგომარეობაში არიან დღეს გზატკეცილები და სასოფლო გზები. ამ გზების შესახებ ჰფიქრობენ, რომ გზის ბაჟის თაობაზედ აწ არსებული წესები განაკარგონ და გააშეღავათიანონ. გზათა სამინისტროს მხრით მიღებულ იქმნება ყოველივე ზომიერება, რომ აწ არსებული გზები უკეთესს მდგომარეობაში ჩააყენოს და ახალი გზატკეცილები გაიყვანოს, საცა საჭიროდ დანახულ იქმნება.

სანატრელია, რომ ამ მხრით ჩვენს ქვეყანასაც ყური ეთხოვოს. არა გვგონია, რუსეთის იმპერიაში ბევრი ჩვენის ქვეყნისთანა მომცემი და მდიდარი მხარე იყოს და უგზოობისა გამო კი ასე უკან დარჩენილია და ასე ხელმოშლილი. არა ერთხელ მოვსწრებივართ იმისთანა შემთხვევას, რომ, მაგალითად, ტფილისში ფუთი პური მანათი ყოფილიყოს და ოთხმოც რაღაცა ვერსტზედ ამავე წონის პური ათ შაურადაც არავის მიჰქონებოდეს უგზოუკვალობის გამო. რა პური და რა სხვა ამგვარი! ყოველი ჩვენი ნაწარმოები თითქმის ამ ყოფაშია, რადგანაც ადგილიდამ გამოტანა მეტი ჯდება უგზოობის გამო, ვიდრე თვითონ გამოსატანი საქონელი ჰღირს. სხვათა შორის, ამიტომაც ჩვენი მიწათმოქმედება არა ჰძლიერდება, არ შედის წარმატებაში და ძლივ-ძლივად ჰსანსალებს.

მიწათმოქმედების გასაჭირი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №208, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

76 არყის გამოხდის წესების შეცვლის აუცილებლობა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 11 ოქტომბერი

ჩვენ არა ერთხელ გვილაპარაკნია მასზედ, რომ ჩვენს სოფლის მეურნეობას ერთი საგრძნობელი წყარო შემოსავლისა მოაკლდა მას აქეთ, რაც არაყის ხდაზედ ბაჟი დაიდვა და ეგრედწოდებული „აქციზობა“ ჩამოვარდა, ამ ბაჟმა და აქციზობამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ წვრილ-წვრილად ხდა არყისა შეუძლებელიღა გახდა და ჭაჭა-თხლის პატრონი გლეხკაცი თუ თავადაზნაური იძულებულ გახდა ან ჭაჭა-თხლიდან არას გამორჩომილიყო, ან იმ ფასად გადაეყარა, რასაც ინებებდა და შეაძლევდა დიდის ქარხანის პატრონი. ქვაბებით ხდა არაყისა წვრილ-წვრილად დიდს ხელს აძლევდა ერთობ ყველას, საცა კი ვენახები აქვთ, და ამგვარმა ხდამ ბაჟსა და აქციზობას ვეღარ გაუძლო და სრულიად მოისპო. გაჰქრა ამ სახით ერთი იმისთანა გამოსარჩომი ხელსაქმე, საცა მომყვანი და გადამკეთებელი ერთი და იგივე კაცი იყო. რაკი წვრილმა არაყის მხდელებმა თავი ვერ დაიჭირეს და არაყის ხდას მაინც ბაზარი ჰთხოულობდა, გაჩნდა თითო-ოროლა დიდი ქარხანა არაყის ხდისა იქ, საცა მანამდე ოცი და ორმოცი წვრილი იყო. ფულმა ჩაიგდო ხელში ეს მრეწველობა, რომელიც აქამომდე თვით მიწათმომქმედს ხელთ ჰქონდა და ხომ მოგეხსენებათ ფულის საქებარი თვისება, რომ ეჩოსავით სულ თავისაკენ ითლის და თვითმოქმედს კი პირში ჩალას გამოავლებს ხოლმე.

მთავრობამ ყურადღება მიაქცია ამისთანა გარემოებას სოფლის მეურნეობისას არაყის ხდის შესახებ როგორც შიგნით რუსეთში, ისეც ჩვენშიაც და მოისურვა როგორმე შესაძლებელ გახადოს ეს წყარო შემოსავლისა არ დაუშრეს სოფლის მეურნეობას. კარგა ხანს იძიეს ამ საქმის ვითარება და იმაზედ დასდგნენ, რომ მემამულეებს ზოგიერთი შეღავათი და უპირატესობა მიენიჭათ არაყის ხდისათვის. ხოლო ამან იმოდენად არ უშველა ამგვარს მრეწველობას, რამოდენაც საჭირო იყო. მაგალითებრ, რუსეთში 1886-1871 წლამდე, ესე იგი, ხუთის წლის განმავალობაში არაყის ხდისათვის მუშაობდა 5011 ქარხანა და 1880-1885 წლამდე, ესე იგი, ხუთ წელიწადში ქარხნებმა იკლო და ჩამოხდა 2449-ზე, სხვა სულ გაუქმდა და ამ სახით 2562 ქარხანა მოისპო. ეს კლება არ შემდგარა არც ამ უკანასკნელს ათს წელიწადში. მაგალითებრ, 1875 წლის წინათ მოქმედობდა 2966 ქარხანა და ამ წლიდამ 1884 წლამდე ეს რიცხვი ჩამოხდა 2377. დღესაც რიცხვი წვრილ ქარხანებისა ჰკლებულობს და სხვილისა კი ჰმატულობს ასე კი, რომ ოცისა და ორმოცის მაგიერ ერთი სხვილი ქარხანა იმართება. სამწუხაროდ, ხელთ არა გვაქვს არავითარი ცნობა ჩვენის ქვეყნის შესახებ ამ საგნის თაობაზედ და გვგონია კი, რომ ეგ კლება ჩვენში უფრო ძლიერია და დიდი. მაგალითებრ, კახეთში, საცა უწინ ისეთი სოფელი არ იყო, რომ ათიოდე ქვაბი მაინც არა ყოფილიყო, ეხლა მთელს ორს მაზრაში ორის დიდის ქარხნის მეტი თითქმის არა მოიპოვება რა.

რასაკვირველია, წვრილ ქარხნების დაკლებით თვით არაყის სიბევრეს არა დაჰკლებია რა, პირიქით, რუსეთში უმატნია და ჰმატულობს კვლავაც. მაგალითებრ, 1875/6 წელს გამოუხდიათ სულ 27.625.000 ვედრა უწყლო სპირტი და 1885/6 წელს კი 33.633.000. საქმე მარტო იმაშია, რომ წვრილი მეურნეობა სოფლისა ამ წყაროს შემოსავლისას გამოაკლდა და ახალნი წესნი აქციზისა მარტო ფულის პატრონთა და დიდთა მემამულეთა გამოადგა. ეს ძალიან დაეჩნივა სოფლის მეურნეობას საერთოდ, რადგანაც დიდმამულიანობა თითო-ოროლობით არის და წვრილი მეურნეობა კი ასი ათასობით და მეტითაც. მთავრობამ ამ უკანასკნელს დროს ყურადღება მიაქცია ამ უნუგეშო ყოფას და განიზრახა ამ მხრით რაიმე შემწეობა აღმოუჩინოს სოფლის მეურნეობას. ეხლა ყველანი ერთხმად აღიარებენ, რომ არაყის ხდა კარგა დიდი ძარღვია წვრილ მეურნეობისათვის, თუკი შესაძლებელ იქმნება და ამ მეურნეობამ უწინდელებ ხელთ იგდოს. ამისათვის საჭიროდ დანახულია განსაკუთრებულის ზომების მიღება, რომ წვრილი ქარხანები ფეხზედ წამოსდგეს და მხარი მიეცეს სოფლის მეურნეობას ამ მხრით გაძლიერებისათვის.

მართალია, 1863 წელს რუსეთში შემოღებულმა წესმა აქციზისამ ბევრი შეჰმატა ხაზინას, მაგრამ მას დღეს აქეთ მთავრობას აუარებელი საჩივრები შემოსდის მასზედ, რომე ეგ წესი სოფლის მეურნეობას ბევრს აკლებს. მთავრობას ყოველივე ეს საჩივარი განხილული აქვს თურმე და დაუნახავს, რომ ეს საჩივრები ხშირად ერთიერთმანეთს ეწინააღმდეგებიან როგორც საბუთებითა, ისეც სურვილითა, ესე იგი, რაც ერთს რომელსამე მხარეს რუსეთისას კარგად მიაჩნია, ის მეორეს მხარეს - ავად. რასაკვირველია, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც რუსეთი თვალს გადუწვდენელი ქვეყანაა და ამ დიდ მანძილზე დიდი სხვადასხვაობაა ჰავისა და მიწისა, რომელთზედაც დამოკიდებულია სხვადასხვაობა მერუნეობისაცა. ამის გამო რაც ერთს ადგილს მოუხდება, ის შესაძლოა არ მოუხდეს მეორესა. ამ გზით ფინანსთა სამინისტროს გაუჭირდა საქმის გამორკვევა და ამ საჩივრებისაგან ერთისა რისამე აზრის გამოყვანა. ხოლო სამინისტრომ ამ მრავალგვარ და სხვადასხვა საჩივრებისაგან ის საბუთი დაინახა, რომ არყის ხდის თაობაზედ წესნი უნდა შეეწონოს და შეეფეროს ადგილის სხვადასხვაობას, რომ უამისოდ ერთის ადგილისათვის სასარგებლო წესი, შესაძლოა მავნებელი იყოს მეორესათვის.

ამის მისაღწევად 1883 წელს სამინისტრომ ქაღალდით მიჰმართა სხვდასხვა დაწესებულებათა, სოფლის მეურნეობის საზოგადოებათა, მექარხნეებთა და ცალკე კაცთა, რომელნიც ამ საქმეში არიან და მოსთხოვა საჭირო ცნობანი. აქაურს სოფლის მეურნეობის საზოგადოებასაც მოუვიდა სამინისტროსაგან ქაღალდი ამ ცნობების შესახებ. სამინისტროში ამ გზით მოჰგროვდა მრავალი ცნობა და აზრი და ყოველი ეს განხილულ იქმნა განსაკუთრებულს კომისიაში, საცა მოწვეულ იქმნენ ადგილის კაცნიცა, სხვათაშორის, ჩვენის ქვეყნიდამაც, აღმოჩნდა, რომ ამ გზით შეგროვილი ცნობანიც საკმარისნი არ არიან საქმის ყოველ მხრით გამოსარკვევად და გამონარკვევის შესაწონად სხვადასხვა ადგილის საჭიროებისათვის. რუსეთის გაზეთები ამბობენ, ვითომც პროექტი ახალის წესებისა, ამ ცნობებზედ აგებული, უკვე შეადგინა კიდეც სამინისტრომაო და წარუდგინა სახელმწიფო რჩევას განსახილველადაო. მაგრამ ბოლოს მაინც საჭიროდ დაუნახავთ შევსებაო იმ გზით, რომ ადგილზევე იყოს გამოძიებული ყოველივე ვითარება ამ საქმისა და გამოძიებისათვის მოწვეულ იქმნენ ადგილის კაცნიო, რომელთაც დაწვრილებით იციან თავისის მხარის საქმე არაყის ხდის შესახებო.

როგორც ისმის, ახალს წესებს აქციზისას აზრად უნდა ჰქონდეს სოფლის მეურნეობას ხელი შეუწყოს, რომ არაყის ხდის საქმე ხელიდამ არ წაუვიდეს და ამით ქონების ღონე მოიპოვოს. ყველა წვრილ ქარხანას, - ეკუთვნება იგი მემამულეს, მოიჯარადრეს, ცალკე გლეხს, თუ გლეხთა კრებულს, გზა და შეღავათი უნდა მიეცეს წარმატებისა და გაძლიერებისათვის, ოღონდ კი ამგვარს ქარხანას სოფლის მეურნეობისა ეცხოს რამე, ესე იგი, ადგილის ნაწარმოები იხმაროს და არაყის ნახადი საქონლის საჭმელად გამოიყენოს. რუსეთის გაზეთები თანაუგრძნობენ ამგვარს განზრახულებას მთავრობისას.

თქმა არ უნდა, რომ უმაღლესი მთავრობა ჩვენც მოგვხედავს ამ მხრით და ჩვენშიაც მოიწადინებს არაყის ხდის საქმის უკეთ მოწყობას. თქმა არ უნდა, რომ ჩვენს ქვეყანაშიაც იქმნება გამოძიებული ყოველივე ვითარება არაყის ხდისა, იმისი ავი და კარგი და ყოველ ამისათვის მიწვეულ იქმნებიან აქაურნი მცოდნენი საქმისა. ჩვენ მხოლოდ სიხარულით მიგებება გვმართებს და რომ ეს სიხარული ცარიელ სიხარულად არ დარჩეს, არ იქნება ურიგო წინადვე მივიხედმოვიხედოთ, მოვემზადნეთ, შესაფერი და საბუთიანი ცნობები ჩვენის ქვეყნისა ხელთ ვიგდოთ და ყველაზედ საჭირო უფრო ის არის, წინადვე შევიგულოთ იმისთანა კაცები, რომელნიც ღირს იყვნენ მთავრობის მიერ მისაწვევად საქმის გამოძიების დროს, თორემ ცარიელი კითხვა ლექციებისა, გაჭიანურებული ლაპარაკი და ზოგადის ფრაზების გაპრტყელება შორს არ წაგვიყვანს. აქ საქმიანი სიტყვა უნდა, საქმიანი საბუთი და ყოველისავე ამის შეძლება გვექნება, თუ რომ რიგიანად მოვემზადებით და რიგიანს, ადგილის მცოდნე კაცებს დავავალებთ ჩვენის საჭიროების გამოთქმასა და გარკვევას.

ჩვენა გვგონია, მეტი არ იქნება, რომ ეს სამზადისი იკისრონ ჩვენმა მარშლებმა. ამისათვის საჭიროა თვითვეულმა მაზრამ თავადაზნაურთა კრება მოახდინოს, ამოირჩიოს სამი-ოთხი მიხვედრილი კაცი და არაყის ხდის შესახები ცნობები მოაკრებინოს როგორც თავადაზნაურობაში, ისეც გლეხობაშია. ყოველივე ეს შეჰმოწმდება და განიხილება საერთო კრებაში და შემუშავებული წარსდგება მთავრობის წინაშე. ამ გზით ბევრი საყურადღებო და საბუთიანი ავ-კარგიანობა აღმოჩნდება და ღირებულობაც ამას ექმნება მთავრობის თვალში. ჩვენი გაზეთი სიხარულით ადგილს მისცემს ყოველს, ვისაც კი არაყის ხდის საქმის ჩვენში უკეთ მოწყობისათვის სათქმელი რამ აქვს.

არყის გამოხდის წესების შეცვლის აუცილებლობა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №213, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

77 საფრანგეთის კონსტიტუციის ხელახლა „გადასინჯვის“ მომხრენი და უარმყოფელნი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 12 ოქტომბერი

საფრანგეთი დღეს დიდს ჭაპან-წყვეტასა და გაჭირებაშია. მას აქეთ, რაც ეს მესამე რესპუბლიკა დაარსებულა, არა გვგონია, ამისთანა განსაცდელიანი დღე სხვა დასდგომოდეს საფრანგეთსა, თუ ანგარიშში არ ჩავაგდებთ პარიჟის არეულობას რესპუბლიკის პირველ ხანებში. აწ არსებული და მომქმედი კონსტიტუცია დაწუნებულია ეხლანდელ სამინისტროსაგან მაშინ, როდესაც ჯერ კარგად გამორკვეული არ არის ამის შესახებ თვით ერის აზრი. მართალია, კარგა ხანია ზოგიერთი დასები ჰთხოულობდნენ კონსტიტუციის ხელახლად გადასინჯვას, რადგანაც ბევრნაირად წუნსა სდებდნენ, მაგრამ წარმომადგენლობამ ერისამ ამაზედ უარი სთქვა. ამ ბოლოს ხანებში ამ „გადასინჯვის“ საქმემ ხელახლად იჩინა თავი ბულანჟეს სახელითა და ვიდრე ბულანჟემ სამს დეპარტამენტში არ გაიმარჯვა არჩევანებში, ყური არ ათხოვეს ამ საქმესა, თუმცა „გადასინჯვა“ კონსტიტუციისა სხვა მხრიდამ უნდა წამომდგარიყო ფეხზედ, სახელდობრ, იქიდამ, რომ დღეს საფრანგეთს განაგებს სამინისტრო რადიკალთა დასისა და ამ სამინისტროს უფრო ეკუთვნოდა „გადასინჯვის“ საქმის წამოყენება, ვიდრე სხვას ვისმე.

„გადასინჯვა“ კონსტიტუციისა, ესე იგი, შეცვლა, ან სხვა ახალის მუხლების შეტანა ბუნებითად საშიში არ არის და ამისთანა საქმეს ინგლისი სრულიადაც არ უფრთხის ხოლმე. ჩვენს დროში ინგლისმა არა ერთხელ შეიტანა თავის კონსტიტუციაში ძირეული ცვლილება და ყველა ამან ინგლისის ერს მშვიდობიანად ჩაუარა, საფრანგეთი კი ამ მხრით სულ სხვა ქვეყანაა. მისი უბედურობა მეტად დიდი მრავალდასიანობა არის და ამ მრავალდასიანობაში ამისთანა მძიმე საქმის გადატარება მშვიდობიანის გზით მეტისმეტად ძნელია და საეჭვო. შიში არეულობისა, შიში იმისი, რომ შესაძლოა თვითონ რესპუბლიკის არსებობა განსაცდელში ჩავარდეს, რაკი ერთხელ შემთხვევა მიეცემათ კონსტიტუციის შეცვლაზედ სიტყვა დასძრან, ეს ორგვარი შიში მოსვენებას არ აძლევს იმათაც, ვინც სხვა დროსა და სხვა გარემოებაში ამ გადასინჯვისა და შეცვლის გულითადი მომხრენი იქნებოდნენ და ამავე დროს იმათ კი აქეზებს, ვისაც აშლა და არეულობა ქვეყნისა სათავისთავოდ სარგებლობას რასმე უქადის. დღეს საფრანგეთში მომხრენიცა და უარმყოფელნიც ამ ორგვარის შიშის თვალით უყურებენ მთავარ-მინისტრის ფლოკეს პროექტს „გადასინჯვისას“. მომხრენი იძახიან, რომ სწორედ მაგ შიშის აღსახოცად და სამუდამოდ თავიდამ ასაცილებლად საჭიროა გადასინჯვაო და უარმყოფელნი კიდევ ამტკიცებენ, რომ ეგ „გადასინჯვა“, მაგ შიშს უფრო აძლიერებს, რადგანაც მტრებს რესპუბლიკისას საბუთსა და შემთხვევას აძლევს თვით რესპუბლიკის არსებობაზედ სიტყვა ჩამოაგდონ, ძირი გამოუთხარონ და ეს ამბავი მშვიდობიანად არ ჩაუვლის საფრანგეთსა, უსისხლოდ ერთი მხარე მეორეს არ დაუთმობს აქ არაფერსაო.

ამ სახით ორივე მხარენი აღიარებენ შიშსა, დღევანდელ დღის ავკარგიანობისაგან წარმომდგარსა, ხოლო განსხვავება ის არის, რომ ერთისა და იმავ წამლისაგან ერთნი მოელიან განკურნებასა შიშისაგან და მეორენი კი შიშის უფრო გაძლიერებასა და განდიდებასა. ეს ითქმის მხოლოდ იმათზედ, ვინც გულწრფელად ეძლევა კონსტიტუციის „გადასინჯვის“ საქმეს და სახეში აქვს მარტო საფრანგეთის ბედნიერება და სიკეთე. ხოლო საფრანგეთის საუბედუროდ ბევრნი იმისთანა ცალკე კაცნი, თუ დასნი არიან, რომელთაც საფრანგეთის განსაცდელში ჩაგდება არაფრად მიაჩნიათ, ოღონდ თვითონ კი სარგებლობას რასმე გამორჩნენ. ესენი თავისის ჰოთი, ან არათი ეტანებიან ამ საქმეს იმისდა მიხედვით თუ, შიშის აღმოხოცვა, ან გაძლიერება რა ხელს მისცემს მათს საკუთარს სარგებლობას და საფრანგეთის სიკეთე კი უკან დაყენებული აქვთ, ანუ სრულად დავიწყებული.

კონსტიტუციის ხელახლად „გადასინჯვა“ საფრანგეთში დროთა მოთხოვნილებაა, მით უფრო, რომ აწ არსებული კონსტიტუცია კონსერვატორთაგან არის შედგენილი ამ შვიდმეტ-თვრამეტის წლის წინად და ბევრში აბრკოლებს ეხლანდელს რესპუბლიკას. რადიკალთა დასს ყოველთვის ჰქონია პროგრამმაში აზრი და სურვილი „გადასინჯვისა“. ამიტომაც მოსალოდნელი იყო, რომ ამ საქმის ატეხის დროს მთელი ლიბერალობა საფრანგეთისა „გადასინჯვას“ მოუდგებოდა და მთელი კონსერვატორობა უარზედ დასდგებოდა. ხოლო დღეს საფრანგეთი იმისთანა მდგომარეობაშია, რომ ამ საქმემ ერთმანეთში დაჰრია ამ ორგვარის მიმართულების კაცნი. ეხლა ამ „გადასიჯვის“ საქმეში ბევრს ლიბერალსა და რადიკალს წინააღმდეგთა რაზმში ვხედავთ და ბევრს კონსერვატორს და რეაქციონერს - მომხრეთა შორის. კარგია, თუ ამ გასვლა-გამოსვლაში ადგილი რამე აქვს საფრანგეთის სიყვარულს. უეჭველი კია, რომ გულწრფელი და პატიოსანი კაცი ორსავე რაზმში მოიპოვება, ხოლო საქმე ის არის, სად რამდენია ამისთანა კაცი. თუ მეტობა დაიკუთვნეს იმათ, ვისაც მღვრიე წყალში თევზის ჭერას თავის საკუთარ სარგებლობისათვის გამოელიან, მაშინ არავინ იცის აწ დაწყებული საქმე „გადასინჯვისა“ რა ბოლოს და დასასრულს იქონიებს, იმიტომ რომ ეს საქმე მეტად მიზეზიანია, ნამეტნავად დღევანდელს დღეს. ეს ამძიმებს და აწუხებს ჭეშმარიტს მამულიშვილებს საფრანგეთისას, ესე იგი, იმათაც, ვისაც წრფელის გულითა ჰსურთ გადასინჯვა კონსტიტუციისა და იმათაც, ვინც წრფელის გულითვე ამ „გადასინჯვას“ უფრთხიან.

საფრანგეთის კონსტიტუციის ხელახლა გადასინჯვის მომხრენი და უარმყოფელნი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №214, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - მას აქეთ, რაც ეს მესამე რესპუბლიკა დაარსებულა...“ - იგულისხმება ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რეჟიმი საფრანგეთში 1870-1888 და მერე შემდგომი წლები, როცა სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი იყო.

78 სამკურნალო ღონისძიებათა შესახებ რუსეთის გუბერნიებში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 19 ოქტომბერი

მკვიდრთა ჯანის სიმრთელე ერთი უდიდესი საზრუნველი და სანაღვლელი რამ არის როგორც საზოგადოებისათვის, ისეც სახელმწიფოსათვის. იგი საზოგადოება, რომელიც ამაზედ არასა ჰფიქრობს, არა სახსარს და ღონეს არ ეძიებს, რომ მმუსვრელი ხელი ავადმყოფობისა და სნეულებისა რითიმე შეჰკრას შეძლებისამებრ, იგი საზოგადოება-მეთქი თავისს ჯანმრთელობაზედ ხელაღებულია და, მაშასადამე, თავისი დღეგრძელობაც არაფრად მიაჩნია.

ამ საერთო უზრუნველობისა და უნაღვლელობისაგან, რასაკვირველია, მდიდარი და შეძლებული ისე არა ჰზარალობს, როგორც ღარიბი და უქონელი. მდიდარს და შეძლებულს ყოველთვის სახსარი აქვს მოიშველიოს გაჭირების დროს მკურნალი და მოიპოვოს წამალი სენისაგან გადარჩენისა, თუკი ეგ გადარჩენა შესაძლოა. ხოლო ამისთანანი ყველგან და ყოველთვის ისეთი ცოტანი არიან სხვა უღონო მკვიდრთა შორის, რომ ამათი ხსნა ავადმყოფობისაგან ბევრს არასფერს შეადგენს დანარჩენ მცხოვრებთა ნამეტნაობაში: ესენი თითქმის წვეთნი არიან ზღვაში. ბევრი წილი კი ერისა, მაგალითებრ გლეხკაცობა, ნამეტნავად სოფლისა ამ მხრით სრულად უპატრონონი და უნუგეშონი არიან. ამათ თუნდაც სახსარი ჰქონდეთ და შეძლება, მაინც გახდებიან ავად თუ არა, თავს ვერაფრით უშველიან, რადგანაც მთელს მათ მიერ მისაწდომ არემარეში ერთი მკურნალი თუა, ისიც დიდი ღვთის წყალობაა, ხანდისხან და ზოგან ერთიც არ არის ხოლმე. ამ მიზეზით მთელი ეს შედარებით აუარებელი ერი მკითხავებისა და სხვა ტყუილაექიმების ანაბრად ჰრჩებიან და რასაც თვითონ სნეულება და ავადმყოფობა აკლებთ, იმას ეს მკითხავები და ტყუილა-ექიმები უსრულებენ ხოლმე.

ამ სახით გლეხკაცობა სოფლისა ორგვარს განსაცდელშია: ერთი განსაცდელი ავადმყოფობაა და მეორე ავად წამლობა ტყუილ-ექიმებისა და მკითხავებისაგან. თუ ერთს გადურჩება, მეორეს კი ძნელად წაუვა ხელიდამ და ხშირად მოსარჩენს კაცს სიკვდილი შეიწირავს ხოლმე, ამ გზით კარგა ხალხი აკლდება ქვეყანასა და იმუსრება ტყუილუბრალოდ და თითქმის ყოვლად უმიზეზოდ. უმიზეზოდ ვამბობთ, იმიტომ რომ სახეში გვყავს ბევრი წილი იმისთანანი, რომელნიც იხოცებიან სენისაგან მარტო იმის გამო, რომ მკურნალი და წამალი არ ეშოვებათ. ეს უწამლობა და უმკურნალობა უფრო დიდს ზარალს იძლევა მაშინ, როცა რაიმე გადამდები სენი ქვეყნის ჭირად გამოჩნდება ხოლმე. მაშინ სიკვდილი ხომ როგორც სათიბელი ისე სთიბავს დიდსა და პატარასა და არავითარი ხსნა აღარ არის ხოლმე უმკურნალობისა და უწამლობის მიზეზითა.

რა თქმა უნდა, გაძლიერება და გაბოროტება ავადმყოფობისა, გადამდების ჭირისა და სხვა ამისთანისა ბევრ სხვა მიზეზზედაც არის დამოკიდეგბული, მაგალითებრ შინაურს მოწყობილობასა, ფარეზობასა, გაფრთხილებასა, სითბოსიცივესა, სადგურის სიავკარგესა და ბევრს სხვაზედ, მაგრამ ერთის ტყუილუბრალოდ სასიკვდილოდ გაწირვაში უმკურნალობას და უწამლობას უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს. ეს ყველამ კარგად იცის და ესეც უნდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ჯანმრთელობა ჩემს გარემოში ჩემი საკუთარი ჯანმრთელობაა და სნეულება - ჩემი საკუთარი სნეულებაა, თუნდ მდიდარი ვიყო, თუნდ ღარიბი. ამიტომაც ერთობ ჯანმრთელობა მკვიდრთა ყველასათვის ერთიანად საზრუნველია და სანაღვლელი.

ამას კარგა ხანია მიჰხვდნენ შიდა რუსეთში და იქ დღეს ერთი იმისთანა ერობაც არ არის, რომ ამისათვის გულმტკივნეული თვალი არ მიექციოს და გულმტკივნეული და ბეჯითი მზრუნველობა არ გაეწიოს. საცა კი ერობა არის, ყველგან მოიწვიეს საერო ხარჯით მკურნალები, დამართეს აფთიაქები, სამკურნალოები და ხალხს ამ მხრით დიდი შეღავათი და შემწეობა აღმოუჩინეს. გაზეთებმა მოგვიტანეს ამბავი, რომ ეხლა თვით სახელმწიფომაც მიაქცია მკვიდრთა ჯანმრთელობის საქმეს თავისი მზრუნველი თვალი და განუზრახავს ამ მხრით მიეშველოს ხალხსა.

გაზეთები გვაუწყებენ, რომ შინა საქმეთა სამინისტრო შესდგომია პროექტის შედგენას იმის თაობაზედ, რომ სასოფლო მკურნალობა უკეთესს გზაზედ დააყენოს და გუბერნიებში, საცა ერობა ჯერ არ არის შეტანილი, მთავრობას დაუნახავს, რომ დღეს ეს საქმე სოფლის ჯანმრთელობისა ვერ არის კარგად და შესაფერად მოწყობილი და აგებული და ამის გამო სოფლის მცხოვრებნი მკითხავებისა და ტყუილ-ექიმების ხელში სცვივიან. რომ სამერმისოდ ეს აღარ იყოს, სამინისტროს განუზრახავს მკურნალების რიცხვი და სამკურნალო ღონისძიებანი გააბევროს და გააძლიეროს. ამისათვის დაუდგენიათ მაზრებში რამდენიმე მკურნალი გაამრავლონ, აგრეთვე მათი თანაშემწენი და ფერშალები. რადგანაც მკურნალების ნაკლებობა უფრო აღმოსავლეთის გუბერნიებში შეუნიშნავთ, ჯერ ამ გუბერნიებში მოხდება ეს ცვლილება და მერე სხვა გუბერნიებშიაც.

არ არის რუსეთში თითიქმის სხვა იმისთანა გუბერნია, საცა ასეთი ნაკლებულობა იყოს სასოფლო მკურნალებისა და სამკურნალო ღონისძიებისა, როგორც ჩვენში. ამ მხრით ჩვენ ძალიან უკან ჩამორჩენილნი ვართ სხვა რუსეთის გუბერნიებზედ და ამის გამო აქაურ მკვიდრთ დიდი ზარალი ეძლევათ ყოველგვარ ავადმყოფობისა და სნეულებისაგან. ჩვენში ერობა არ არის, რომ ეს დიდი საქმე მკვიდრთა ჯანმრთელობისა კისრად იდოს, ვითარცა თვისი უწმინდაესი ვალი. და რადგანაც თვითონ უმაღლესს მთავრობას უნებებია ამ მხრით მიეშველოს იმისთანა გუბერნიებს, საცა ერობა არ არის, ჩვენც იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენის სოფლების ჯანმრთელობის საქმესაც ეშველება რამ. რასაკვირველია, ამას ჩვენ მიერაც უნდა ცდა და შუამდგომელობა და ეს ცდა და შუამდგომელობა ვალად ადევთ იმათ, ვისაც ამაზედ ხმა ამოეღებათ თავისის თანამდებობითა და მოხელეობით.

სამკურნალო ღონისძიებათა შესახებ რუსეთის გუბერნიებში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №219, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - „...რუსეთში... საცა კი ერობა არის...“ - აქ იგულისხმება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ევროპულ რუსეთში. საერობო 1864 წ. რეფორმით შეიქმნა, მიზნად ისახავდა თვითმპყრობელური წყობის შერწყმას კაპიტალიზმის განვითარების მოთხოვნებთან. ერობას არ ეძლეოდა სახელმწიფო სახსრები, მის შემოსავალს შეადგენდა გადასახადები უძრავი ქონებიდან (მიწები, სახლები, საწარმოები და სხვ.). მისი ხარჯები იყოფოდა „სავალდებულო“ და „არასავალდებულო“ ხარჯებად. ეს უკანასკნელი გულისხმობდა სახალხო განათლებისა და ჯანმრთელობის ხარჯებს.

79 ევროპის შეშფოთება გერმანიის შეიარაღების გამო

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 20 ოქტომბერი

ბევრი ლაპარაკია, მაგრამ ჯერ არავის გამოუცვნია რა იდუმალი აზრი აქვს გერმანიის ახალს იმპერატორს, რომ ტახტზედ ასვლის უმალ მოიწადინა სამეუფო კარნი ევროპიის სახელმწიფოებისა დაიაროს და თვითვეული მფლობელი დიდის სახელმწიფოსი პირისპირ ინახულოს. რასაკვირველია, პირველ შეხედვით ადვილად გამოსახსნელია ეს ამოცანა, თუ მარტო საპირეს გავუსინჯავთ და სარჩულს ყურს არ ვათხოვებთ. საპირის ასახსნელად ისიც საკმარისია ვსთქვათ, რომ გერმანიის ახალი იმპერატორი მშვიდობისმოყვარე კაცია და ჰსურს ყველანი მშვიდობიანობაზე დაიყოლიოს, რომ არსაიდამ ომმა არ იფეთქოს.

განა ასეთი პასუხი ამ ძნელად გამოსაცნობის ამოცანისა საკმარისია ჭეშმარიტად ცნობისმოყვარე კაცისათვის? თუ ახალი იმპერატორი მართლა მოწადინებულია მშვიდობიანობისათვის, ეს დღედაღამ მზადება ჯარებისა რაღა არის? მართალია, ნათქვამია, რომ თუ მშვიდობიანად ყოფნა გსურს, ომისათვის კარგად მომზადებული უნდა იყოვო, მაგრამ ნუთუ ადამიანისათვის აუცილებელია მშვიდობიანობინად ყოფნისათვის დღემუდამ ხელში კომბალი ეჭიროს, სხვის საცემლად მოღერებული? ეს განა ბუნებური წესი და რიგია კაცთა ცხოვრებისათვის და ასე უნდა იყოს დღეს, ხვალ და მუდამ? აქ როგორღაც თავი ბოლოს არ ებმის და ამიტომაც ძნელად დასაჯერებელია, რომ მშვიდობის მოყვარეობა ატარებდეს გერმანიის იმპერატორს ევროპიის კარდაკარ. აქ სხვა მიზეზი უნდა იყოს.

განა არა, კიდეც ამბობენ სხვასა. მაგალითებრ, იძახიან, რომ ეს კარდაკარ სიარული მარტო იმისათვის არისო, რომ გერმანიას სურსო ისეთი ზავი შეჰკრას ევროპაში სხვადასხვა ადვილად მოსაბირებელ სახელმწიფოებთან, რომ ამ ზავს გარედ დარჩენილთა სახელმწიფოთა ვერაფერი გაჰბედონ მოზავეთა ძლიერების შიშითაო. თვითონ გერმანიაც თუ ჯარების მოწყობასა და მზადებაშია, ეგ იმისთვის, რომ ძლიერი და შემძლებელი, მოზავეს უფრო ადვილად იშოვის, ვიდრე უძლური და უღონოო.

ჩვენის ფიქრით, არც ასეთი ახსნაა ამოცანისა ჭკუაზედ ახლო. მაინცადამაინც რა მშვიდობიანობაა, როცა ადამიანი, ანუ უკედ ვსთქვათ, მთელი ევროპა ერთ უშველებელ საომარ ბანაკად არის გადაქცეული და იძულებულია თავიდამ ფეხებამდე შეიარაღებული და ხმალამოღებული იდგეს. არც ახალი იმპერატორია გერმანიისა ისეთი თვალაუხილებელი კაცი და არც იმისი პირველი ვეზირი თ. ბისმარკია ისეთი ბრმა, რომ არა ჰხედავდნენ ამისთანა უცნაურის ყოფის უთავბოლობასა და ხელფეხმოკლეობას. როდემდის უნდა ეწიოს ეს ჭაპანი ევროპამ შეთოფიარაღებული მშვიდობიანობისა? როდემდის უნდა გაუძლოს ამოდენა ხარჯს, ამოდენა გულისხეთქას ხვალინდელის დღის საშიშარ მოლოდინისას?

ამიტომაც ჩვენა გვგონია, რომ ეს მშვიდობიანობა, რომელიც დღეს გერმანიის პოლიტიკის მომხრეებს ენაზედ აკერიათ, მარტო ფერუმარილია შავის ფიქრების გალამაზებისათვის. აქ გერმანიას სულ სხვა ტკივილი აწუხებს: თვითონ გერმანიაა დიდს განსაცდელში, განსაცდელისათვის ხიდს იკეთებს, რომ თავი გაიტანოს და იგი დიდის ღვაწლითა და თავგანწირვით მოპოებული ერთობა და ძლიერება შარშანდელის თოვლივით არ დაუდნეს ხელში.

ავსტრია და იტალია, რომელთა გვირგვინოსანნი მფლობელნი უკვე პირისპირ ინახულა გერმანიის იმპერატორმა, ერთის მხრით ჰხედვენ, რომ გერმანია თვითვეულ მათგანს ხიდად იდებს და ამიტომ ზავი გერმანიასთან როგორღაც ეხამუშებათ და მეორეს მხრით, ისე გაბაზრულნი არიან თ. ბისმარკის ოსტატურს ხლართებში, რომ თავისი საკუთარი მოძრაობა აღარა აქვსთ და თუ რჩენა უნდათ, თ. ბისმარკს უნდა სდიონ უკან. ეს ორ მხარეზედ ყურება იტალიისა და ავსტრიისა არ შეიძლება შენიშნული არა ჰქონდეს იმისთანა გულთმისანს კაცს, როგორც თ. ბისმარკია. ამიტომაც ადვილად მისაღებია ისიც, რომ თ. ბისმარკი დიდის იმედით ვერ დაემყარება ამათს მეგობრობას. ჯერხანად, რასაკვირველია, პირობით შეკრულნი არიან, მაგრამ ეს პირობა თ. ბისმარკისათვის იმდენად საიმედო არ უნდა იყოს, ჩვენის ფიქრით, რომ ხელი გამოიღოს და თავისი პირდაპირი განზრახულობა აისრულოს, ესი იგი, საფრანგეთს მიესიოს.

ეს „ჰო“ და „არა“ სამთა კავშირის მოზავეობისა არის მიზეზი დღევანდელის პოლიტიკის უძრაობისა და თუ ეს არ იყოს, ნუთუ თ. ბისმარკი, თავადაც ძლიერი და უფრო გაძლიერებული ავსტრიისა და იტალიის მომხრეობით, ან ერთს დღეს გაჩერდებოდა და არ დაეცემოდა თავზედ საფრანგეთსა, რომლის დაუძინებელი მტრობა გულში ეკლად ურჭვია გერმანიას და მოსვენებას არ აძლევს ხვალინდელის დღის განსაცდელის მოლოდინითა!..

ეს მოზავეთა ჰოარაობავეა, ჩვენის ფიქრით, ის მიზეზი, რომელმაც აიძულა გერმანიის ახალი იმპერატორი სხვადასხვა ხელმწიფეებთან მისვლად. მან თავის საკუთარის თვალით და ყურით მოისურვა შეამოწმოს სიმტკიცე და გამტყუვნებლობა იმ იმედისა, რომელსაც მისნი მოზავენი სიტყვით იძლეოდნენ. ამ მხრით რომ მას იმედი გასძლიერებოდა, ერთს დღესაც არ დააღამებდა, რომ საფრანგეთისათვის ომი არ გამოეცხადებინა. ჯერ, როცა მემკვიდრედ იყო, განა მართლა ტყუილადა ჰქონდა ხმა დაგდებული, რომ იგი ომის მოყვარე კაცია და გამბედავი. ეგრე მალე რა გამოუცვლიდა ხასიათს? იგი დღესაც იმავე ხასიათისაა, მხოლოდ გარემოებამ ცოტა არ იყოს ფრთა შეაკვეცა და ომის ხალისი და გამბედაობა გაუნელა.

ეს განელება, იქნება, სასურველი იყოს მთელის ევროპიისათვის, ხოლო გერმანიისათვის კი ვერაფერი ნუგეშია, იმიტომ რომ, ყველამ იცის, გერმანია უომრად ვერ გადაურჩება ეხლანდელს მდგომარეობას ევროპიისას: ომი და მერე გამარჯვებული ომი ისე საჭიროა მისთვის, რომ უამისოდ იმისი ძლიერება და თვითონ ერთიანობაცა ბეწვზედ ეკიდება, დღე ყოველ გასაცდელში იქნება. ეს ასეთი ყოფა მეტად მძიმეა და აუტანელი ყოველის სახელმწიფოსათვის და ნამეტნავად გერმანიისათვის, რომელიც ორ დიდ სახელმწიფოს შუაა მომწყვდეული და რომლის ჯავრი თვით გერმანიის ერთს ძლიერს მომხრეს - ავსტრიას, ჯერ კიდევ გულში აქვს შენახული.

ამ სახით გერმანიამ, დღეს იქნება თუ ხვალ, უსათუოდ ომი უნდა ატეხოს და ამ ომშიაც უსათუოდ უნდა გაიმარჯვოს. ამას ითხოვს მისი არსებობა, მისი მდგომარეობა და ხსნა. რადგანაც გერმანიამ კარგად იცის ეს, ამიტომაც მისს იმპერატორს გული უნდა შეეჯერებინა და იმედი იტალიისა და ავსტრიის მომხრეობისა გაეძლიერებინა და გაემტკიცებინა, რადგანაც უამისოდ მის მიერ ძნელი გასაბედია ომი. ამ გულის შეჯერებისათვის გერმანიის იმპერატორმა ინახულა პირისპირ სხვადასხვა ხელმწიფენი და ეხლა საქმე იმაზეა მიმდგარი, რა ნუგეშით დაჰბრუნდა იგი თავისის მოგზაურობისაგან. თუ იმედი და ნუგეში გაუმტკიცდა, მოსალოდნელია, რომ დღესა თუ ხვალ შევიტყობთ საქმეთა აწეწვას, აშლასა და გამწვავებას, თუ არა და, საქმე ისევ თ. ბისმარკის თვალმაქცობაზე მივარდება, რომ ევროპიის პოლიტიკაში ისევ თვალხუჭანობა გამართოს, ვიდრე სასურველი დარი დაუდგებათ. ასე იქნება თუ ისე, ამ მოკლე ხანში ორში ერთი უნდა გამომჟღავნდეს და მზეზე გამოიფინოს.

ევროპის შეშფოთება გერმანიის შეიარაღების გამო

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №220, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

80 პოლიტიკური ვნებათაღელვა ევროპაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 23 ოქტომბერი

თუმცა ყველგან და ყოველის მხრით იძახიან, რომ მშვიდობა და მორიგება ჩამოვარდა ევროპაშიო, მაგრამ ევროპას მაინც გული გულის ალაგას ვერ დაუყენებია და დღესა ჰფრთხის ხვალინდელის დღის შიშითა. ან როგორ დაიმშვიდოს გული, როცა ჰხედავს, რომ საფრანგეთი თითქმის ერთს მილიარდს ფულს ითხოვს ჯარების გაძლიერებისათვის, რამდენსამე მილიონს ავსტრია და ეგრედვე სხვანიცა. მშვიდობაო, მშვიდობა და ყველას კი მუქარით ხელი ხმალზედ უკიდია და შინიდამ გარედ გამოიყურებიან, აცა, უეცრად თავზედ არავინ დაგვესხასო.

თუმცა დღეს ყველანი ამ ყოფაში არიან, მაგრამ დღეს არც ერთი იმისთანა დიდი სახელმწიფო არ არის ევროპაში, რომ, გარედამ შიშის გარდა, შინაური დიდი ტკივილიც არ აწუხებდეს. ავსტრია დიდს საფიქრებელშია ეხლა ჩეხების საქმისა გამო და ჰლამის ეს ორთავიანი სახელმწიფო სამთავა სახელმწიფოდ გადაიქცეს. ეს ამბავი ავსტრიისათვის დიდი საგონებელია და მერმისი ავსტრიისა იქნება ამ ჩეხების საქმის ასე თუ ისე დაბოლოვებაზედ უფრო იყოს დამოკიდებული, ვიდრე რომლისამე ძლიერის მტერის დამარცხებაზედ, გერმანიაში ატეხილია გარდაჰქმნა, ანუ უკედ ვსთქვათ, შეკეთება კონსტიტუციისა იმ მხრით, რომ პასუხუგებელ სამინისტროს მაგიერ პასუხისმგებელი საიმპერიო სამინისტრო დაფუძნებულ იქმნას და მით ერის წარმომადგენელობას, რომელსაც ეკუთვნის განკითხვა მინისტრებისა, ღონე ზედმოქმედებისა გაუძლიერდეს საშინაო თუ საგარეო საქმეთა მსვლელობაზედ. ინგლისისა და ირლანდიის საქმე ჯერ გაუთავებელი აქვს და ესეც იმოდენად დიდი საქმეა, რომ მისი ასე თუ ისე გათავება შემძლებელია ინგლისის ერის ბედზედ დიდი და ძლიერი გავლენა იქონიოს. იტალია კიდევ დღევანდლამდე ზედ გადაგებულია იმაზედ, რომ საერო მფლობელობას იტალიის ხელმწიფისას აღარ ეტანებოდეს და იჩემებდეს საეკკლესიო უფლებას რომის პაპისა, რომელსაც დღესაც ვერ შეუწყნარებია იტალიის გაერთიანება და რომის ქალაქის დაპყრობა და გადაქცევა გაერთიანებული იტალიის სატახტო ქალაქად.

ხოლო ყველაზედ მწვავი შინაური საქმე საფრანგეთსა აქვს და ყველაზედ დიდს განსაცდელშიაც არის დღეს ამის გამო ეს ქვეყანა. ეს განსაცდელი მით უფრო საყურადღებოა, რომ ჩვენის ფიქრით, შემძლებელია ზედმოქმედება იქონიოს მთელის ევროპიის საერთო პოლიტიკაზედ. საქმე ის არის, რომ მთავარ-მინისტრმა საფრანგეთისამ ბ-ნმა ფლოკემ შეიტანა, საცა ჯერ არს, პროექტი კონსტიტუციის ხელახლად გადასინჯვისა. ამის გამო დღეს მთელი საფრანგეთი ფეხზედ დადგა და გაცხარებული ლაპარაკობს. ზოგი „ჰოს“ ამბობს ამ გადასინჯვაზედ, ზოგი „არას“, და არის ერთი საშინელი ბაასი და კამათობა მომხრეთა და არამომხრეთა შორის. ხმა ისმის ვითომც თვითონ პრეზიდენტს რესპუბლიკისას სადი-კარნოს ჭკუაში არ მოსდის ეს გადასინჯვაო და დღესაც ცოტა არ იყოს ამ გადასინჯვას ეურჩებაო.

ჩვენ არ გამოვუდგებით იმის ჩამოთვლას თუ რით არი მოსაწონი ეს პროექტი ფლოკესი და რით დასაწუნი. ამას პროექტში შიგ ჩახედვა უნდა და ჩვენ საგნად დღეს ეს არა გვაქვს. ჩვენ მარტო იმ ამბავს მივაქცევთ ყურადღებას, რომელიც დღეს გულწრფელ მოყვარეებს საფრანგეთისას ორ დიდს ბანაკადა ჰყოფს ეს გადასინჯვის საქმე. სხვანი კი ამ საქმეში მარტო წყალის ამღვრევას მოელიან თავიანთ ბადეების სასროლად, რომ პირი ჩაიმტკბარუნონ დაჭერილის თევზითა.

იგი ნაწილი საფრანგეთისა, რომელიც დღეს გულწრფელად ეურჩება ამ გადასინჯვის საქმეს, იძახის, რომ ეგ საქმე თუმცა სასურველია, მაგრამ მაგისი დრო არ არის ეხლა, როცა სხვადსხვა დასთა შორის ასეთი გამწარებული და გაწიწმატებული მტრობა და შუღლიაო. უეჭველია, ეგ გადასინჯვის საქმე მოითხოვს მოწვევას დამაფუძნებლის კრებულისას. ამ კრებულზედ მტრენი რესპუბლიკისანი - ბონაპარტისტები და მონარქისტები შემთხვევას არ დაჰკარგვენ არ ჩამოაგდონ სიტყვა მასზედ თუ - იყოს რესპუბლიკა კვლავაც თუ რესპუბლიკის მაგიერ მონარქია დაიფუძნოსო. არავინ იცისო დასთა ოსტატური ხერხი და ხერხიანი ოსტატობა რა პასუხს ათქმევინებს კრებულსაო. საარვინიცოდ რად გავიხადოთ უკვე დალაგებული და ჩვენ მიერ ერთხელ შეწყნარებული არსებობა რესპუბლიკისაო? თუნდ ეგეც არ იყოს, ვინ გვითავდებებს, რომ რაკი საქმე ამ მძიმე საკითხავზედ მივარდება, ერთი საშინელი არევ-დარევა ერთმანეთში არ მოჰხდეს, როცა კრებული თავისს ჰოს, ანუ არას იტყვის? რესპუბლიკელნი ხომ უსისხლოდ არ გასწირავენ რესპუბლიკას და მონარქიელებს არ დაულოცვენო და არც მონარქიელნი, კამათობით და უარის თქმით გამწარებულნი, უჩხუბრად ჩამოეცლებიან რესპუბლიკელებს გზიდამაო. განა ეხლა იმისთანა დრო არის, რომ საამისოდ საქმე გავიხადოთო? გარედ მტრის მუქარას ძლივს ვუძლებთ და განა ჭკუა იქნება შინაც ერთმანეთში შფოთი ავიტეხოთო?

ამ შფოთისა და ამბოხის ატეხის შიშით თვითონ გადასინჯვის მოთავე ფლოკე იმ აზრისაა, რომ ამ საქმეში დამაფუძნებელ კრებულს მოწვევა არ უნდაო. ეს საქმე ექვემდებარება მარტო კონგრესსა, რომელიც შესდგება პალატისა და სენატისაგანაო. ამაზედ პასუხად ეუბნებიან, რომ ვინიცობაა თვითონ კონგრესზედ ჩამოვარდეს ლაპარაკი დამაფუძნებელ კრებულის მოწვევის თაობაზედ, მაშინ რაღა ვუშველოთ საქმესაო? ეგ არ შეიძლებაო, ამბობს თურმე ფლოკე. რასაკვირველია, „არ შეიძლებას“ თქმა დიდი საბუთი არ არის იმსთანა თვითნება ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, მით უფრო, რომ დამაფუძნებელ კრებულის მოწვევას მხარს აძლევენ რადიკალები კლემანსოს წინამძღოლობით და კლემანსო ხომ თავისის დასით ძალიან გავლენიანი და შემძლებელი კაცია დღეს საფრანგეთში.

ესენი იძახიან, რომ დამაფუძნებელ კრებულის მოწვევას არაფერი შიში არ მოსდევსო, რადგანაც კრებული მოწვეულ იქმნება მარტო კონსტიტუციის გადასასინჯავად და არა იმისათვის, რომ საფრანგეთს ფორმა მმართველობისა და გამგეობისა შეუცვალოსო. რაკი ერი კრებულისათვის ამოირჩევს კაცებს და მიანდობს მარტო კონსტიტუციის გადასინჯვის საქმეს, კრებულს რა უფლება და ნება ექმნება დავალებულ საქმეს გვერდი აუქციოს და არმინდობილს ხელი ჩასჭიდოსო. რა თქმა უნდა, არც ამისთანა იმედია უეჭველი საბუთი, რომ ზემოაღნიშნული შიში გაუქარდეს საფრანგეთსა. საფრანგეთს განა ერთი და ორი მაგალითი ჰქონია თვალწინ, რომ მინდობილს კაცს თუ კრებულს არამინდობილი დაუჩემებია, თვითნებობა გამოუჩენია და საქმე თავის ნებაზედ წაუყვანია.

ესეა თუ ისე, დღევანდელი დღე დიდი და მძიმე დღეა საფრანგეთისათვის იგი საფრანგეთს საგარეო საქმეთათვის იმოდენად უღონოდა ჰხდის, რომ დღეს საფრანგეთი ერთს გარიყულსა და წრის გარედ დარჩენილს სახელმწიფოსა ჰგავს. რა თქმა უნდა, ეს გადასინჯვის საქმე, ამ უდროო დროს ბულანჟესაგან ატეხილი, რაკი ასტყდა, უნდა როგორმე გათავდეს კიდეც. ხოლო საფრანგეთის მტრები სიხარულით ხელებს იფშვნეტენ, იმიტომ რომ გათავდება თუ გაგრძელდება ეს გადასინჯვის საქმე, შინაური შფოთი მრავალგვარ დასთა შორის საფრანგეთს მოსვენებას არ მისცემს, საგარეო საქმეთათვის დააუძლურებს და გერმანიას ამაზედ მეტი სხვა არა უნდარა. ეს მიზეზიანი გარემოება საფრანგეთისა ორსავე წვერს საპოლიტიკო საბელისას ხელთ აძლევს უამისოდაც თავგაზვიადებულს გერმანიას და დღეს გერმანია, საფრანგეთისაგან ცოტად თუ ბევრად უშიშარი, რასაც მოიწადინებს, იმას იზამს. მოსაწადინებელი კიდევ გერმანიას ისა აქვს, რომ აღმოსავლეთის და ხმლთაშუა ზღვის საქმეში ავსტრიისა და იტალიის საამური ამბავი რამ მოახდინოს და მით დავალებულ და დამუნათებულ ჰყოს ერთიცა და მეორეც საშველად, თუ ვინიცობაა დრო იხელთა და საფრანგეთთან ანგარიშების გასწორება მოინდომა.

ჩვენის ფიქრით, კონსტიტუციის გადასინჯვას საფრანგეთში დღეს ეს მნიშვნელობა აქვს მთელის ევროპიის საერთო პოლიტიკისათვის. არა გვგონია, ბევრი ხანი გავიდეს და არ შევიტყოთ გაზეთებისაგან, რომ გერმანიის ფარულ მანქანებით აღმოსავლეთის საქმე აიწეწაო და ბოლგარიამ აურზაური დაიწყოვო. ჯერ ეხლავ მაკედონიაში რაღასაც ეშმაკობენ და ჭორადაც გაისმა, ვითომ გერმანიამ შთააგონა ოსმალეთსა, რომ დროა პრინცი კობურგელი ბოლგარიის მთავრად დამტკიცებულ იქმნასო. არც სერბიის მეფის მილანის ყოფაქცევაა ამ მხრით უმნიშვნელო: მივიდა ბელგრადში და ძალად განექორწინა თავის გვირგვინოსანს მეუღლეს ნატალიას, რომლის დედოფლობა ავსტრიას თვალში ეკლადა ჰქონდა და ავსტრიის გამო გერმანიასაც ვერაფრად მოსწონდა.

პოლიტიკური ვნებათაღელვა ევროპაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №222, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

81 რომის პაპის უკმოყაფილება გერმანიის მთავრობით

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 27 ოქტომბერი

იტალიაში მისვლა მეტად ძნელ და მძიმე საქმედ არის მიჩნეული ხელმწიფეთათვის. მართალია, ხელმწიფეების ერთმანეთის შეხვედრა და ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა ყოველთ უწინარეს ჯერ დიპლომატების გასარიგებელი საქმე ყოფილა ყოველთვის, მაგრამ იტალიაში რომელისამე ხელმწიფის მისვლას ერთი განსაკუთრებითი გარემოება აბრკოლებს. საქმე ის არის, რომ იტალიას დღეს ორი ხელმწიფე ჰყავს, ორნივე ერთსა და იმავე ქალაქში არიან და ერთსა და იმავე ქალაქს თავის სატახტო ქალაქად ჰხადიან. ერთი ამთგანი მეფე ჰუმბერტია, მართალი და ჭეშმარიტი ხელმწიფე იტალიისა და მეორე კი არის პაპი ლეონ XIII, რომელიც არ უთმობს ხელმწიფობას, რომში მაინც ჰუმბერტს, არ სჩადის, ეურჩება დღემდე და ჰჩემობს საერო ხელმწიფებას, თუმცა დიდი ხანია ამ საერო ხელმწიფებაზედ ხელი მთლად დააბანინეს.

ეს კიდევ არაფერი, როცა ერთი არხეინად ხელმწიფობს და მეორე კი იმავე დროს იძახის, არა, ხელმწიფე მე ვარო და არავინ კი უჯერებს. საქმე ის არის, რომ ერთი მართალი ხელმწიფეა, რომელსაც კარგა დიდი ჯარი ჰყავს ხმელეთისა თუ ზღვისა და შემძლებელია მტერს უმტროს თავისის ღონითა და მოყვარეს უმოყვროს, მეორე კიდევ უპირველესი სასულიერო გვამია, რომელსაც თუმცა ჯარი არა ჰყავს და უთოფიარაღოა, მაგრამ მთელის ქვეყნიერობის კეთილმორწმუნე კათოლიკენი მისი გულმოდგინე თაყვანისმცემელნი და მორჩილნი არიან. პაპს, როგორც ერთადერთს და უპირველესს მღვდელმთავარს კათოლიკეთა სარწმუნეობისას, ყველგან, საცა კი კათოლიკენი არიან, დიდი გავლენა, დიდი ხმა და სახელი აქვს. ნუ დავივიწყებთ, რომ, სხვათა შორის, ავსტრია, გერმანია თითქმის სავსენი არიან კათოლიკეთა სარწმუნოების მკვიდრთაგან. აი, ასეთი გარემოებაა თავი და თავი მიზეზი დაბრკოლებისა, როცა იტალიაში წასვლას მოისურვებს ხოლმე რომელიმე ხელმწიფე.

ჯერ კიდევ გერმანიის ეხლანდელ იმპერატორის პაპას ვილჰელმს I ჰსურდა სწვეოდა იტალიის მეფეს ჰუმბერტს, მაგრამ სურვილი ზედ შეელია დიპლომატების მითქმა-მოთქმას მასზედ თუ, როდის, სად და როგორ მოხდეს ეს მისვლა და ნახვა. სწორედ ესევე ემართება ავსტრიის იმპერატორსაცა, რომელსაც დიდი ხანია ჰმართებს ვიზიტი იტალიის მეფისა და ჯერ ვერ გადაუხდია ზემოხსენებულ გარემოების გამო. ეხლანდელმა იმპერატორმა გერმანიისამ მინამ წასვლა გაჰბედა იტალიაში, ჯერ ცხრაჯერ გააზომინა და ააწონინა დიპლომატიას ამ წასვლის ვითარება.

ამ მოკლედ ნათქვამისაგან ცხადია, რად უნდა ემძიმებოდეთ ან ავსტრიის, ან გერმანიის იმპერატორს წასვლა იტალიაში. აშკარაა, გარემოება ისეთია, რომ თუ წავა ვინმე მათგანი იტალიაში, იმ აზრით უნდა წავიდეს, რომ ან არც მწვადი დასწვას, არც შამფური ან არა და ორში ერთი გასწიროს. შეუძლებელია ამ შემთხვევაში, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური, შეუძლებალია, რომ ორში ერთი არ გაიწიროს. სხვა რომ არა იყოს რა, ჯერ ერთი, ეს ვიკითხოთ, ვის უნდა ეწვივნენ, ვისთან უნდა მივიდნენ იტალიაში ხელმწიფენი? თუ მეფე ჰუმბერტთან, პაპი იწყენს, თუ პაპთან - მეფე ჰუმბერტი. იტყვიან ორივენი ინახულონო? ძალიან კარგი, მაგრამ რომელი ინახულონ ხელმწიფურის პატივით და რომელი არა. გვირგვინოსანი სტუმარი როგორ მოექცეს ან ერთსა ან მეორეს? ორსავე ხელმწიფურის პატივით მოექცეს? მაშ ამ შემთხვევაში ორივე ხელმწიფედ უნდა აღიაროს, ისიც, ვინც მართალი ხელმწიფეა და ისიც, ვინც ხელმწიფობას ჰჩემობს. ეს ხომ ორივესათვის ერთნაირად საწყენია?

თუნდა ამაებს ყველას თავი დავანებოთ და მარტო ეს ვიკითხოთ: რომელს ქალაქში ეწვიონ ჰუმბერტსა? რომში? რომში ხომ პაპიც არის და იძახის, რომი ჩემიაო. მივიდნენ რომში და არ ინახულონ პაპი? ეგ ხომ უკადრისობა იქმნება პაპისათვის და ამას როგორ ჩაიდენენ? მაშ ეწვიონ იტალიის მეფეს სხვა რომელსამე ქალაქში და არა რომში? არც ეს შეიძლება, იმიტომ რომ იტალიის მეფე იწყენს და იტყვის: რაკი რომს ერიდებით პაპის გამოისობით, მაშ ამ ქალაქს ჩემს სატახტო ქალაქად არა ჰხადითო! მაშ ხელს უწყობთ პაპს დაიჩემოს რომი საკუთრადო!

აი ესენი და ბევრი სხვა ამისთანა მიზეზი უშლიან დღესაც ზოგიერთს ხელმწიფეებს იტალიაში მისვლას ჰუმბერტის სანახავად. ცხადია, რომ ვისაც იქ მისვლა უნდა და ამასთან პაპის ამებაც და ჰუმბერტისაც, სჯობია არ მივიდეს, იმიტომ, რომ აქ ორში ერთია უსათუოდ გასაწირი. ვერც ვილჰელმ I, ვერც ავსტრიის იმპერატორმა ამ ორში ერთის რომელისამე გაწირვა ვერ გაჰბედეს და ამჯობინეს იტალიაში წასვლაზედ ხელი აეღოთ. ხოლო ახალმა იმპერატორმა გერმანიისამ, რაკი ნახა, საჭიროაო იტალიაში წასვლა და ჰუმბერტის პირისპირ ნახვა, არ შეუშინდა იმას, რომ აქ არ შეიძლება ან მწვადი არ დაიწვას, ან შამფური და რომში მისვლითა ორში ერთი ან მეფე ჰუმბერტი ან პაპი უნდა გაეწირა. უამისობა არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, პაპს გასწირავდა, რადგანაც ულაშქრო, უჯარო, უთოფიარაღო პაპი არაფერი ნუგეშია ომში და იტალიის მეფე კი ამ მხრით დიდი ზურგია გერმანიისათვის.

პაპს რამდენჯერაც ჩამოუგდია იმპერატორ ვილჰელმისათვის ლაპარაკი თავის უნუგეშოდ ყოფნაზედ, იმდენჯერვე იმპერატორს თითქმის ბანზე აუგდია სიტყვა და შორს დაუჭერია. ერთის სიტყვით, პაპს არამც თუ იმედი რამ გამოუტანია გერმანიის იმპერატორის ლაპარაკისაგან, არამედ გული დაუჯერებია, რომ ამისაგან თავის დღეში არა გამოდნებარა საჩემოდაო. გამწყრალა ამაზედ პაპი და, რასაკვირველია, მახლობელნიც აძლიერებენ ამ წყრომას, რადგანაც ამათაც იმედი მთლად გადასწყვეტიათ გერმანიაზედ. ამბობენ, წინდახედულს ბისმარკს ეს ამბავი მეტისმეტად სწყენიაო: პაპი, მართალია, ულაშქრო, უჯარო, უთოფიარაღო სულიერი გვამი ბძანდება, მაგრამ მაინც დიდი ხმა აქვს, დიდი სახელი, დიდი პატივი მთელის ქვეყნიერობის კათოლიკეთა შორის საზოგადოდ და გერმანიაში კერძოდ. თუ გერმანიაში პაპმა მომხრეობა არ გაუწია ეხლანდელის იმპერატორის პოლიტიკას, გზა და კვალი ძალიან აირევა, რადგანაც კათოლიკეთა დასი გერმანიაში კარგა მოზრდილი დასია და მორჩილია პაპისა. თ. ბისმარკმა ძალიან კარგად იცის, რა ძალა აქვს პაპის სიტყვას და დარიგებას გერმანიის კათოლიკეებზედ, და ამიტომაც ადვილად მისახვედრია - რადა სწყენია შემოწყრომა პაპისა ეხლა, როცა პრუსიის ლანდტაგისათვის არჩევანებია დანიშნული და გაცხარებული ბრძოლაა დასთა შორის. თქმა არ უნდა, რომ პაპი რომის არ შეარჩენს გერმანიას თავის ჯავრსა.

ჯერ ეხლავ, როცა იმპერატორი თითქმის ორი დღეა არ არის, რაც დაბრუნდა თავის ქვეყანაში, გაზეთები ამბობენ, რომ პაპი ძალიან მოუტკბილდა საფრანგეთსა და გერმანიის ჯაბრით ჰლამის საფრანგეთთან დაახლოვებასაო. ერთი იტალიის გაზეთი კიდევ იუწყება, ვითომც პაპს ზოგიერთი გავლენიანი ეპისკოპოზები გერმანიისა დაუბარებია რომში დარიგების მისაცემად მასზედ, თუ რაგვარ უნდა იმოქმედონ პაპის საერთმფლობელობის აღსადგენად. ზოგიერთნი წარმომადგენელნი საეკკლესიო დასისანიც მოვლენო გერმანიიდამ რომში, რათა ვალად იდვან პრუსიისა და გერმანიის პარლამენტებშიაც მხარი მისცენ ეპისკოპოზების ცდას საერო მფლობელობის აღდგენისათვისაო.

არა გვგონია, ამ ცდამ საერო მფლობელობის აღდგენისათვის თავი დაიჭიროს. ხოლო გერმანიას კი რომ ცოტად თუ ბევრად მოუწამლავს პაპი მოსვენების დღეებსა, ამაში ეჭვი არვის არ უნდა ჰქონდეს. გერმანიაში ბლომად არიან ერთგულნი კათოლიკენი, რომის პაპის თავდადებულად მომხრენი. ესენი მაინც ეურჩებიან და ეურჩებიან პრუსიის ბატონობას გერმანიაში და ეხლა თუ ამ ურჩობაში რომის პაპიც წინ წაუძღვება თავის ლოცვა-კურთხევით, შესაძლოა გერმანიას იმოდენად აეწეწოს შიანური საქმენი, რომ ამაში გაებას და საკმაოდ ვეღარ მოიცალოს საგარეოთათვის, და მაშასადამე, ვერც ასე თვგაზვიადებულად იბატონოს ევროპაში. საფრანგეთი, ჯერ გულნატკენი იტალიის ეხლანდელ სამინისტროსაგან და მერე გერმანიისაგან დღეყოველ უკადრისად ხსენებული, რასაკვირველია, მაგრად ჩამოჰკიდებს ხელს პაპის სურვილს საფრანგეთთან დაახლოვებისას და ეცდება ეს ვითარება დღევანდელის დღისა რაც შეიძლება კარგად გამოიყენოს.

შემოწყრომა პაპისა თვალად, იქნება, ვინმემ არაფრად მიიჩნიოს, მაგრამ მაგ ამბავს გული შიგნიდამა აქვს და შემძლებელია ბევრი უსიამოვნობა და ვნება მიაყენოს ვილჰელმ II და თ. ბისმარკის პოლიტიკას გერმანიაში, საცა უამისოდაც არა ერთი და ორი მომდურავია ამ პოლიტიკისა. ამ სახით, თუ გერმანიას აქამდე სხვაზე უხაროდა თვალი, რომ შინ საქმეები აშლილი აქვს და ვერ გასძღოლიაო, იქნება დღეის ამას იქით გერმანიაზედაც ესე გაახარონ სხვებმა თვალი.

რომის პაპის უკმაყოფილება გერმანიის მთავრობით

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №226, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

82 ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება საფრაგეთისადმი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 28 ოქტომბერი

ნუთუ მართლა საფრანგეთი ისე განმარტოებულია, ისე ყველასაგან განზე გაყენებულია, ისე ყველასაგან ხელაღებული და გაწირული, როგორც იძახიან გერმანიის გაზეთები თავისის თავის სანუგეშოდ? არა გვგონია.

ჩვენ ამასწინადა ვსთქვით, რომ გერმანია თუმცა ბევრს ჰფართიფურთობს თავისის მეგობრებითა, ავსტრიით და იტალიით, მაგრამ გულში კი, არა გვგონია ამათი დიდი იმედი ჰქონედეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ვერც ავსტრია, ვერც იტალია ისე ვერ დაუმოყვრდება გერმანიას, რომ ცალი თვალი სხვისაკენაც არ ეჭიროს ერთსაცა და მეორესაც. ტყუილად იძახიან საფრანგეთი განვამარტოეთო, საფრანგეთს მომხრე და მეშველი არა ჰყავს ევროპაშიო. სიყვარული, მეგობრობა, მოყვრობა და სხვა ამისთანა თბილ-თბილი და ტკბილ-ტკბილი გრძნობა პოლიტიკაში ხომ თხილის ნაჭუჭის ფასადაც არ გადის და ამ მხრით ანუსხვა იმისი, თუ ვის შესტკივა გული საფრანგეთისათვის, მეტი იქნება და არაფრად ღირებული. საქმე ის არის, საჭიროა საფრანგეთი ევროპიისათვის თუ არა; რომ საჭიროა, ამაზედ ეჭვი არავისა აქვს და, თუ საჭიროა, საფრანგეთი თავის დღეში მარტო არ იქნება ევროპაში.

საფრანგეთმა თვითონაც რომ მოინდომოს მარტოდ და ცალკედ ყოფნა, ევროპა ამას არ უყაბულებს. ეს აშკარაა, იმიტომ რომ მარტოხელი, განცალკევებული, უმწეოდ, უმომხრეოდ დარჩენილი საფრანგეთი ადვილად გასაქელი იქმნება და გაქელვა მისი და თავგასული, საზღვარდაუდებელი ბატონობა გერმანიისა ევროპაში ერთი იქმნება. ამას თავის დღეში ევროპა არ მოინდომებს. პირიქით, ევროპისათვის სასურველია, რომ საცა ძლიერი გერმანიაა, იქ ძლიერი საფრანგეთიც იყოს, რომ ერთმანეთი დაჰლაგმონ და ამ ორში ერთმა სხვაზედ არ იბატონოს ევროპაში, იმიტომ რომ ბატონობის მადა და სიხარბე მარტო ამ ორმა სახელმწიფომ გამოიჩინა ჯერხანად, საფრანგეთმა ნაპოლეონ III დროს და გერმანიამ მას აქეთ, რაც საფრანგეთზედ გაიმარჯვა.

ავსტრიისათვის და იტალიისათვის ამ მხრით საფრანგეთი დიდი რამ არის და ძნელად გამოსამეტებელია. ამიტომაც არც ერთის ამათის მეგობრობას და მომხრეობას საფრანგეთის წინააღმდეგ გერმანია მთლად ვერ მიენდობა. აი აქ არის მიზეზი, რომ გერმანიას ჯერხანად ომი ვერ გაუბედნია საფრანგეთისათვის, თუმცა სული კბილით ძლივს უჭირავს, ისე მოწადინებულია. ევროპა ნებას არ მისცემს გერმანიას გაანადგუროს საფრანგეთი და თუ ამას წინათ არ წაექომაგა საფრანგეთსა, მარტო იმისთვის, რომ ნაპოლეონის საფრანგეთი მეტად თავგაზვიადებული იყო ევროპაში და ამიტომ საჭიროდ შეიქმნა ფრთა ცოტად თუ ბევრად მოჰკვეცოდა. როცა გერმანიამ ეგ ფრთა შეაკვეცა, ახლა თვითონ გაზვიადდა და თავს გავიდა და ამაზედ მეტს გაზვიადებას კი ევროპა ვეღარ შეიშვნევს. აი გერმანიის ასალაგმებლად ამ გაზვიადების გზაზედ დიდად საჭიროა ძლიერი საფრანგეთი და თუ დღეს რუსეთი მხარს აძლევს საფრანგეთსა, სწორედ იმ მიზეზით, რომ უსაფრანგეთოდ გერმანიის მძლავრობასა და გაუმაძღრობას ძნელად გაუძლებს ევროპა.

ეხლა თუ საფრანგეთის წინააღმდეგ იქცევიან ზოგიერთნი სახელმწიფონი და ეკურკურებიან გერმანიას, ეს ამბავი სახვალიოდ ბევრს არას ჰნიშნავს. აი თუნდა იტალია ავიღოთ. ეს ხომ გერმანიის სასიამოვნოდ და სამეგობროდ არის თავდადებული და საფრანგეთთან დიდი კინკლაობა, წყრომა და კრულვა აქვს, მაგრამ თუ მართლა ომი ასტყდა, არავინ იცის, იტალია გაიმეტებს საფრანგეთსა თუ არა. ჯერ დღესაც იტალიის უკეთესთა შვილთა გული საფრანგეთისაკენ უფრო აქვსთ, ვიდრე სხვისაკენ, ზოგიერთნი კიდევ ჰფიქრობენ და არწმუნებენ სხვას, რომ იტალიისა და საფრანგეთის შერიგება ადვილი საქმეაო.

გამოჩენილი ორატორი იტალიისა და დეპუტატი არბიბი სწერს გაზეთებში, რომ იტალიაში ერთი კაციც არ არის საფრანგეთთან ომის მოსურნეო. ყველანი, ვინც კი საპოლიტიკო სარბიელზედ მოქმედობენ, - და მთავარ-მინისტრი კრისპი ხომ ყველაზედ უწინარეს, - იმ აზრისანი არიან, რომ ღონიერი და შეძლებული საფრანგეთი საჭიროა ევროპიის სასწორისათვისაო და ამათში უფრო გავლენიანი და სახელიანი კაცები ძალიან იწყენენ, თუ საფრანგეთი ხელახლად დაჰმარცხდა ან ჩამოერთვა კიდევ რამეო.

მაშ თუ ეგრეა, იტალია რად მიემხრო გერმანიას და შველა დაჰპირდა, თუ ვინიცობაა ომი აუტყდა საფრანგეთთანაო, იტყვიან. ეგ იმიტომაო, ამბობს დეპუტატი არბიბი, რომ გადიდგულებული საფრანგეთი 1870 წლამდე არაფრად იჩნევდა იტალიას, თითქო სახსენებლადაც არა ღირსო, მაშინ, როდესაც გერმანიასთან ომში იტალიას შეეძლო კარგი ზურგი მიეცა საფრანგეთისათვისაო. ხოლო ყოველივე ეს დღევანდელი უკმაყოფილება იტალიისა და საფრანგეთ შორის დიდი არაფერია და მალე დავიწყებას მიეცემაო. ამიტომაც იტალიის დეპუტატი არბიბი ურჩევს საფრანგეთსა, ნუ აუჩქარდები გერმანიას და სამაგიეროს გადახდას თავი დაანებე დრომდე, ვიდრე „სამთა კავშირს“ ვადა გაუვაო.

ვადა ამ სამთა კავშირს გაუვა 1892 წელსა და არბიბი ურჩევს იტალიასაცა და საფრანგეთსაც ისე მოიქცნენ, რომ ეს „სამთა კავშირი“ ხელმესამედ აღარ შესდგეს და იტალია და საფრანგეთი, როგორც ერთისა და იმავე ნათესავობის ერნი, ერთმანერთს შეუერთდნენ. თუ საფრანგეთი მოურბილდება და მოუტკბილდება იტალიას და ტყუილუბრალოზედ აღარ აუტეხს რაღაც დავიდარაბასაო, უეჭველია 1892 წელს გერმანიასთან იტალია ერთად აღარ იქნებაო.

ეს კიდევ არაფერი, რომ იტალიაში ეს ამისთანა გერმანიისათვის უსიამოვნო აზრი ჰმუშაობს და ჰტრიალებს, თუმცა კი ესეც ცოტად თუ ბევრად იმისა მომასწავებელია, რომ გერმანიას ევროპაში აბრუ უტყდება, ლილახანა უფუჭდება. აბა ეხლა უყურეთ რას იძახის დღეს პატარა ბელგია, რომელიც გერმანიას აქამომდე თითქმის თავის ყურმოჭრილ ყმად ეგულებოდა და გამოელოდა, რომ თუ ვინიცობაა საფრანგეთს მივესიე და გზა მომინდა, უღონო ბელგია გზას ვერ დამიჭერსო და თავის ქვეყანაზედ გამატარებს საფრანგეთში შესასევადაო.

ეხლა კი სახელგანთქმული ემილ ლაველე „Independance Belge“-ში სულ სხვას მოგვითხრობს. იგი იმოწმება, რომ ბელგიის გული საფრანგეთისაკენ არისო და ამბობს: მინისტრმა ბრიალმონმა ნება დამრთო გამოვაცხადო, რომ, თუ ვინიცობაა გერმანიასა და საფრანგეთს შორის ომი ასტყდა, ბელგიის მხედრობა უკანასკნელს წვეთს სისხლისას არ დაჰზოგავს, რომ არავინ გამოატაროს ბელგიას გზებსა და მიწაწყალზედაო. ხათრიჯამი იყოს ამაზედ საფრანგეთიო.

ეს ამბები, არა უმნიშვნელო დღევანდელის დღისათვის, იმიტომ მოვიყვანეთ, რომ ბევრი საბუთი არა აქვს იმ ყვირილს, ვითომც საფრანგეთი დღეს განცალკევებულია და გარიყული. ტყუილად ატყუებენ გერმანელი გაზეთები თავიანთს თავსაცა და სხვასაც. საფრანგეთს თავისი მომხრენი და შემწენი ყვანან ევროპაში, იმიტომ რომ უსაფრანგეთოდ ევროპა გერმანიის სათამაშო ბურთად შეიქმნება. ევროპა ამას თავის დღეში არ იკადრებს, თავის დღეში არ მოინდომებს. ეს გერმანიამ კარგად იცის და ვერა შეუბედნია რა საფრანგეთისათვის. დღევანდელი ჭირი გერმანიისა ეს არის და იმაზედ ჰტრიალებს მისი პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება გვიან დაანახვოს სხვებსა ეს თავისი ჭირი, ან თვით ჭირმა გვიან იჩინოს თავი. იმიტომაც დღეს გერმანიის პოლიტიკა სახვალიოდ გადადებაა დღევანდელის ჭირისა და სხვა არაფერი.

ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება საფრანგეთისადმი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №227, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - ბატონობის მადა და სიხარბე... გამოიჩინა საფრანგეთმა ნაპოლეონ III დროს...“ - ჯერ კიდევ 1848 წელს ბურჟუაზიის დახმარებით ნაპოლეონ III პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ ეს არ იკმარა. 1851 წ. მოაწყო კონტრრევოლუციური გადატრიალება. დაითხოვეს საკანონმდებლო კრება და ლუი-ნაპოლეონი გამოცხადდა იმპერატორად - ნაპოლეონ III სახელით. მის დროს საფრანგეთი მონაწილეობდა 1853-1856 წ.წ. ყირიმის ომში, ავსტრიის წინააღმდეგ ომში 1859 წ., ინტერვენციებში ინდოჩინეთში 1858-62 წ.წ., სირიაში 1860-61 წ.წ., მექსიკაში 1862-67 წ.წ., საფრანგეთ-პრუსიის (1870-1871) ომის დროს, ნაპოლეონ III 1870 წ. 100-ათასიანი არმიით ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს სედანთან.

83 მეურნეობის სიკეთე სოფლად ყველას საქმეა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 31 ოქტომბერი

ამ ბოლოს ხანებში ჩვენმა კავკასიამ მოიზიდა ყურადღება ქვეყნისა. ყველამ დაინახა, რომ ამ პატარას, მაგრამ ყოველისფრით მომადლებულს მხარეს შეუძლიან დიდი და მრავალგვარი სიმდიდრე შესძინოს როგორც თავის თავს, ისეც რუსეთსა. ამის გამო თვით რუსეთის უმაღლესი მთვრობაც შეუდგა იმისთანა ღონისძიებანი აღმოაჩინოს და იხმაროს, რომ ეს მშვენიერი „კუთხე ქვეყნისა“ ფეხზედ დადგეს და გასამდიდრებლად წარმატებას მიეცეს.

აი ეხლაც რუსეთის გაზეთები1 გვაუწყებენ, რომ აზრადა აქვსთო მომავალს წელს მხნედ მოეკიდნენ სასოფლო მეურნეობის საქმეს კავკასიაში და მრავალგვარი შტო ამ მეურნეობისა შეძლებისამებრ ააღორძინონ და წაახალისონო. კავკასიის თავადაზნაურობამაო იშუამდგომლა უმაღლესის მთავრობის წინაშე, რომ რაც შეიძლება მალე შეუდგნენ იმ ღონისძიებათა განხორციელებას, რომელიც ესე საჭიროა აქაურ სასოფლო მეურნეობის ასაღორძინებლადა და წასახალისებლადაო.

არ ვიცით, რამოდენად მართალია ეს სასიხარულო ამბავი და თუ მართალია, სასურველია ვიცოდეთ რომელს თავადაზნაურობას გაუწევია თავის სასახელოდ ასეთი მართებული და ღირსეული შუამდგომელობა მთავრობის წინაშე. სამწუხაროდ, გაზეთები ნიშნობლივ არ გვაუწყებენ რომელი თავადაზნაურობაა ასეთი გულშემატკივარი ქვეყნისა და იხსენიებენ იმ თავადაზნაურობას მთელის კავკასიის სახელით ზოგადად და არა სახელდობრ ცალკე.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი საქართველოს თავადაზნაურობა ამისთანა შუამდგომელობაზედ არ მოსცდებოდა. ეს შუამდგომელობა საქვეყნო საქმეს შეეხება და სად ჩვენი თავადაზნაურობა და სად საქვეყნო საქმე!.. ჩვენს თავადაზნაურობას თავისი საკუთარი დარდი და ნაღველი აქვს და სხვისთვის სადა აქვს მოცდა, რომ იზრუნოს და ინაღვლოს? ჩვენი თავადაზნაურობა, ანუ უკედ ვსთქვათ, მისი წარმომადგენელნი ქვეყნის საკეთილოდ ყველაზედ უწინარეს იმასა ჰხედვენ, რომ პრიკაზის ვალი როგორმე აღსნან და ამის გარედ თუნდ ქვა ქვაზედაც ნუღარ დარჩება, ბევრს არას ინაღვლიან.

მართალია, ჩვენმა თავადაზნაურობამ ამ უკანასკნელ საგუბერნიო კრებაში ერთხმად განაჩენი დაადგინა, რომ გვეყოფა ამდენი სათაკილო ღიჯინი: „გვაპატიე, გვაჩუქეო“, სხვა არა იყოს რა, სირცხვილია ამდენი მათხოვარობა და ამიტომაც ნუღარ ვახსენებთ პრიკაზის საქმეს მთელ სათავადაზნაურო საქმედაო და მთავრობასაც ნუღარ შევაწუხებთ ასიოდე კაცის გულისათვის მთელის თავადაზნაურობის სახელითაო, მაგრამ... მაგრამ რა? მაგრამ ის, რომ მაინცდამაინც ამ პრიკაზის საქმეს ვეპოტინებით თავადაზნაურობის სახელითა და გვსურს მთელმა ჩვენმა ქვეყანამ ეს პრიკაზის ვალის პატიება გულზედ დასადებ მალამოდ იწამოს.

იმისთანა საქმეები კი, როგორც, მაგალითად, ზემოხსენებული შუამდგომლობაა სასოფლო მეურნეობის განკარგებისა და გავარჯიშებისათვის და ბევრი მისებრივე, ჩვენს თავადაზნაურობას არაფრად მიაჩნია და მაშინ, როცა სხვანი საქმეს ირიგებენ, ჩვენ წრეს გარეთა ვრჩებით. ესევე, რასაკვირველია, შესაძლოა, დაგვემართოს დღესაც, როცა თვითონ მთავრობას მოუწადინებია მომავალ წელს შეუდგეს კავკასიაში სასოფლო მეურნეობის საქმის განკარგებას და გაძლიერებას. საფიქრებელია, რომ აქ სახეში აქვთ მეურნეობა იმიერკავკასიის მხარისა, და ვინ იცის, ეგ კეთილი განზრახვა ჩვენც გაგვეზიარება, თუ არა? თუ გაგვეზიარება ჩვენდა სასიხარულოდ, მთავრობის გულმტკივნეულობის მადლობელნი უნდა ვიყვნენ და არა ჩვენის თავადაზნაურობისა, რომელსაც ამისთანაებში ყველას დარდი და ნაღველი თავის დარდად და ნაღველად არ მიაჩნია ხოლმე. ადვილად საფიქრებელია, რომ მარტო იმიერკავკასიის თავადაზნაურობა ჰცდილა იმიერკავკასიის სასოფლო მეურნეობა შეებრალებინა მთავრობისათვის და ამ მხრით შველა და შემწეობა ეთხოვნა მთელის თავის მხარის საკეთილდღეოდ. ჩვენებურნი კი, აბა, რად ამოიღებდნენ ამაზედ ხმას და რად გაირჯებოდნენ!.. პრიკაზის ვალის პატიება იყოს, კიდეც ჰო, თორემ სასოფლო მეურნეობის სიკეთე ყველას საქმეა და თავადაზნაურობა საყოველთაო საქმისათვის რად შეიწუხებს თავსა.

________________

1. Рус. Кур. № 296.

მეურნეობის სიკეთე სოფლად ყველას საქმეა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №229, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

84 წოდებათა თანასწორობა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 2 ნოემბერი

ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდპატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ჰცდილობს ცხოვრების გზა გაიკვლიოს და ბურთი ბედისა გაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალ-ცალკე ხვნა და მკა, ცალცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავის თავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან.

ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს რომელმამე წოდებამ ცალკე ბინა გაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღობოს, შემოიფარგლოს და ამით რაიმე ხეირი და სიკეთე ჰნახოს საბოლოოდ. ამისთანა წყობა და აგებულობა საზოგადოებისა, თუ ერისა, დიდხანს თავს ვერ დაიჭერს და, ვითარცა ქვიშაზედ აგებული სახლი, პირველ ქარის შებერვაზედვე დაიფუშება. ამისი მაგალითი და საბუთი ისტორიაში ერთი და ორი არ არის. ქვეყანაზედ მარტო იმ ერს გაუძლია, მარტო იმ ერს გამოუტანია თავი ათასგვარ განსაცდელისაგან, მარტო იმ ერს წარუმატნია და გაძლიერებულა, რომელსაც თავის დროზედ შეუტყვია და მიუგნია, რომ ერთის რომელისამე წოდების წინ წაწევა არაფრის მაქნისია, თუ დანარჩენი ერიც წინ არ წაწეულა, პირიქით, ერთის წოდების წინ წაწევას დანარჩენის უკან დაწევა მოჰყოლია.

ვერც ერთი ცალკე წოდება ერისა ვერ დაიქადებს, რომ თუ მე კარგადა ვარ, სხვანიც კარგად იქნებიანო. ეს ტყუილი ქადილი იქნება და ამ ტყუილმა ქადილმა ბევრსაც ჩასცხო კიდეც თავში ყველგან, სადაც ამისთანა თავგასულს ტყუილს ადგილი ჰქონია. თუ უწინ ამისთანა ტყუილს ქადილს, ჩვენში თუ სხვაგან, გასავალი ჰქონდა ცოტა თუ ბევრი, ეხლა ამას მაზანდა ძალიან წამხდარი აქვს და სიცილის მეტს კაცს არას მოჰგვრის. ეხლა სულ სხვა დროა და ამ სხვა დრომ სხვა მოძღვრებაც მოიტანა, მოძღვრება მართალი და ჭეშმარიტი. ეხლა ცალკე კაცია, თუ ცალკე წოდება, მარტო ამას უნდა იძახდეს და მარტო იმისათვის უნდა ერჯოდეს გული, რომ თუ სხვანი კარგად არიან, მეც კარგად ვიქნებიო. ვინც დღეს ამას ივიწყებს, ის ივიწყებს საკუთარს თავსა, საკუთარს ბედნიერებას სულიერსა და ხორციელს.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი თავადაზნაურობა ჯერ ამ მოძღვრებას ვერ მისწვდომია და, როგორც ერთი ცალკე წოდება ჩვენის ერისა, ხშირად ცალკე იწევს და ცალკე ითლის. ჩვენ კი ვიტყვით, რომ მისი დღეგრძელობა, კეთილდღეობა, ბედნიერება, სახელი და დიდება სწორედ და მთლად იმაშია, რომ ეს მოძღვრება გულში ჩაიჭდიოს და ერთს წუთსაც გონებიდამ არ მოიშოროს, რომ თუ სხვანი კარგად იქნებიან, მარტო მაშინ იგიც კარგად იქნება. ჭეშმარიტსა და საბოლოვო წარმატებას სათავე აქა აქვს და თუ ჩვენი თავადაზნაურობა ყოველს თავის მეცადინეობას და მოქმედებას ამ მოძღვრებას შეუფერებს და ქვეშ დაუყენებს, სასახელო მიზეზს თავის არსებობისასაც აქ იპოვის. ეხლანდელს დროში მხოლოობითი გზა წარმატებისა თავადაზნაურობისათვის ის არის, რომ ყველას ერთად, გამოურჩევლად, გამოუკლებლად, მოზიარე ექმნას ჭირსა და ლხინში და თავისი ქონებრივი და გონებრივი ღონე არ შეალიოს ამაო ცდას, რომ ცალკე ვიყო და ცალკე ვბედნიერობდეო. ეს ცალკე ყოფნა და ცალკე ბედნიერება შეუძლებელია და ამიტომაც ამაოა ამისათვის ცდაცა. არც ერთს თავადაზნაურობას საბოლოვოდ თავი არ დაუჭერია არსად, საცა კი ამ ცალკე ყოფნასა და ცალკე ბედნიერებას გაჰყოლია. ყველამ ერთად და თვითეულმა ცალკე უნდა იცოდნენ, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელის ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელის ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე. არა გონიერმა კაცმა, რა წოდებისაც გინდ იყოს, ეს არ უნდა დაივიწყოს, თუ უნდა თავისი სიკეთე მკვიდრს საფუძველზე დაამყაროს.

წოდებათა თანასწორობა

ხელნაწერი: ასლი U №1052, გვ. 846-848.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №231, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

ილიას ავტორობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ წერილი შეტანილია ხელნაწერ კრებულში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ივერიის“ სარედაქციო კომპლექტში წერილს მიწერილი აქვს ილიას ინიციალი „ი“.

წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1925 წ. გამოცემულ ცხრატომეულში: ტ. VIII, გვ. 112-114, შემდეგ იგი შევიდა პ. ინგოროყვას რედაქტორობით 1945 წ. გამოცემულ ხუთტომეულში: ტ. V, გვ. 79-81; და პ. ინგოროყვას რედაქტორობით 1950 წ. გამოცემულ ი. ჭავჭავაძის ათტომეულში: ტ. VIII, გვ. 312-314. ყველა გამოცემაში წერილს აქვს ზემოთ მითითებული სათაური.

85 თეატრის მშენებლობის შეჩერება

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 3 ნოემბერი

ქალაქში ეხლა ზოგიერთ შორის, რომელთაც ტფილისის ავკარგიანობისათვის გული შესტკივათ, დიდი ლაპარაკია საქალაქო თეატრის თაობაზედ. ეს საგანი იმისთანა უმნიშვნელო არ არის, რომ ყველასათვისაც ცოტად თუ ბევრად საყურადღებო არ იყოს. ამიტომაც საჭიროდ დავინახეთ, რაც შესაძლოა, მოკლედ გამოვარკვიოთ ამ საქმის ვითარება და მით ღონისძიება მივცეთ ჩვენს საზოგადოებას ამ საგანზედ თავისი საკუთარი დასკვნა და აზრი შეადგინოს.

ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენს ტფილისს თავისი საკუთარი თეატრი ჰქონდა ეგრეთწოდებულ თამამშოვის ქარვასლაში. იქ, საცა ეხლა თამამშოვის ქარვასლა სდგას, დიდი მოედანი იყო წოდებული გარეთუბნის მოედნად და მთლად ეკუთვნოდა ქალაქს. თამამშოვებმა ეს ადგილი გამოსთხოვეს მთავრობის ნებადართვით ქალაქსა და ზედ ააშენეს ეხლანდელი ქარვასლა. ეს ამბავი მოხდა თ. ვარანცოვის დროს. რასაკვირველია, ქალაქმა ეს ძვირფასი ადგილი მუქთად არ დაუთმო თამამშოვებს და 1846 წელს პირობა ჩამოართვა, რომ დასათმობის ადგილის სამაგიეროდ თამამშოვებმა თეატრი უნდა აუშენონ ქალაქსა და რაც სავაჭრო შენობები გარს შემოერტყმის ამ თეატრს, ის საკუთრად უნდა დარჩეს თამამშოვებს. ამ პირობის ძალით თვითონ შიგ ქარვასლაში მოყოლილი თეატრი კი ქალაქს უნდა დაჰკუთნებოდა სამუდამოდ.

ამ პირობის ძალით გარეთუბნის მოედანზედ წამოიჭიმა ქარვასლა თამამშოვისა და შიგ ქარვასლის შუაგულში აშენდა ქალაქის თეატრიცა. 1874 წლამდე არც თამამშოვებს და არც ქალაქს ამ საგნის გამო არავითარი ლაპარაკი და დავიდარაბა არა ჰქონიათ: თამამშოვები დაეპატრონნენ თეატრის გარშემო დუქნებსა და მაღაზიებს და ქალაქი კიდევ თავის თეატრსა. ხოლო 1874 წელს თეატრში ცეცხლი გაჩნდა და გადაიწვა. თამამშოვებს პირობის ძალით ხელახლა უნდა აეშენებინათ თეატრი ისე, როგორც წინად იყო. თამამშოვები არც ამის უარზედ იყვნენ, ხოლო ითხოვეს ქალაქისაგან თუ შესაძლოა თეატრის მაგიერ ჩვენგან ფული მიიღეთ და ქარვასლა გაგვინთავისუფლეთო. ქალაქს ეს თხოვნა ჭკუაში დაუჯდა და მთავარმართებლის ნებართვით თამამშოვები და ქალაქი მოჰრიგდნენ ისე, რომ ქალაქს უნდა მიეღო თეატრის სამაგიეროდ ხუთმეტი ათასი თუმანი. თამამშოვებმა ეს ფული გადაუხადეს ქალაქსა და ქარვასლა გაინთავისუფლეს მთლად. ამ დროს მთავრობამ წინადადება მისცა ქალაქსა, რომ ეგ ფული გადმომეცითო და მე ავაშენებ ახალს თეატრსა ახალს ადგილზედაო. ქალაქი ამაზედ დაეთანხმა მთავრობას და თამამშოვებისაგან მიღებული ფული სრულად გადასცა მთავრობას. ამ საგანზედ ქალაქი პირობით შეეკრა აქაურ უმაღლესს მთავრობას 1876 წ.

პირობისამებრ, მთავრობა შეუდგა თეატრის აშენებასა და ეხლა კედლები ამოყვანილია, თეატრი დახურულია და შავად თითქმის სულ მზად არის. ხოლო დამთავრებაღა აკლია, ესე იგი შინაგანის მორთვა და მოკაზმულობა, ამ მორთვასა და მოკაზმულობას, ერთის სიტყვით, დამთავრებას მთავრობის ანგარიშითვე მოუნდება კიდევ 232945 მანეთი და 34 კაპ. შინაგანთა საქმეთა სამინისტროს ამ ზომით დაუმტკიცებია მოსანდომი ხარჯი.

1886 წლის 5 ნოემბერს ტფილისის გუბერნატორს უცნობებია ქალაქის თავისათვის კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარმართველის წინადადება იმის თაობაზედ, რომ ქალაქმა მიიღოს თავის თავზედ ზემოხსენებული ხარჯი თეატრის დამთავრებისათვის, რადგანაც კავკასიის მთავრობას ყოველივე ღონისძიება გამოელიაო, რაც თეატრის აშენებისათვის ხელთა ჰქონდაო. ეს წინადადება გამოწვეული იქმნა სახელმწიფო საბჭოს განაჩენისაგან, რომელიც დადგენილია 19 ნოემბერს 1885 წ. და რომელშიაც, სხვათა შორის, მოხსენებულია, რომ სახელმწიფო ხაზინისაგან შეუძლებელიღაა თეატრის დამთავრებისათვის ხარჯი გასწიოს და თუ ქალაქი საჭიროდ ჰხედავს თეატრის ქონას, თვითონ მოიპოვოს ამისათვის საჭირო ფულიო.

ამ საგანზედ ქალაქის გამგეობამ იქონია ბჭობა და იმაზედ დადგა, რომ ქალაქი ვერ იკისრებს შეუძლებლობის გამო თეატრის დამთავრების ხარჯსა, თუ მთავრობა შემწეობას არ მისცემს და არ დაეხმარებაო. ქალაქის გამგეობამ გამოარკვია რაგვარი შემწეობა და დახმარებაა საჭირო მთავრობისაგან, რომ ქალაქმა იკისროს თავისის ფულით თეატრის დამთავრება და ყოველივე ესე მოახსენა ქალაქის საბჭოსა. 10-ს ნოემბერს 1886 წ. ქალაქის საბჭომ მოისმინა ეს მოხსენება და დაადგინა, რომ ეს საქმე გადაეცეს ცალკე კომისიას გამოსაკვლევად. რა ჰქნა კომისიამ, ამას შემდეგ ვიტყვით.

თეატრის მშენებლობის შეჩერება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №232, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - გარეთუბანი - გარეთუბანს ეკავა ტერიტორია, რომელიც დღეს მოქცეულია თავისუფლების მოედნის მიდამოებში, (ბარათაშვილის ქუჩას, რუსთაველის პროსპექტს, ჯორჯიაშვილის ქუჩასა და მტკვარს შორის).

86 კვლავ თეატრის მშენებლობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 4 ნოემბერი

ქალაქის საბჭოსაგან ამორჩეულმა კომისიამ ორჯელ იქონია მსჯელობა თეატრის დამთავრების საქმის თაობაზედ1. პირველი მოხსენება კომისიისა ქალაქის საბჭომ არ შეიწყნარა და ამიტომაც ჩვენ საჭიროდ არა ვრაცხთ მოვიყვანოთ, - რაში მდგომარეობდა კომისიის პირველი მოხსენება. საბჭომ ხელმეორედ დაავალა პირვანდელ კომისიასვე ხელახლად გადასინჯვა საქმისა. კომისიამ გადასინჯა და 4-ს დეკემბერს 1886 წელს თავისი ახალი მოხსენება წარუდგინა ქალაქის საბჭოსა და საბჭომ შეიწყნარა ეს ახლად შემუშავებული აზრი კომისიისა.

კიმისიის აზრი, საბჭოს მიერ შეწყნარებული და მიღებული, ის იყო, რომ ქალაქს ეკისრნა თავისის ხარჯით დამთვრება თეატრისა, ხოლო შემდეგის პირობით კი:

1) ტფილისის თეატრს ეძლეოდეს შემდეგაც ყოველწლიური სუბსიდია მთავრობისა რიცხვით 42195 მან., რომელიც მოხმარდება განსაკუთრებით თეატრის საქმეს.

2) ამ სუბსიდიიდამ მიეცეს ქალაქს წინადვე ხაზინიდამ სამის წლის ფული ერთად, ესე იგი, 126585 მანეთი.

3) დანარჩენს ფულს, რაც მოუნდება თეატრის დამთავრებას, სახელდობრ, 105760 მანეთს თვითონ ქალაქი იშოვის იმ პირობით, რომ ეგ ვალი სუბსიდიის ფულიდამ გადასწყვიტოს.

4) რადგანაც ქალაქს სუბსიდიის ფული სამის წლისა ერთად წინადვე აღებულ ექმნება, ამის გადასახდელად მთვრობამ უკან დაიჭიროს სუბსიდიის ფულიდამ ყოველ წლივ 5505 მანეთი 23 წლის განმავლობაში და დანარჩენი კი 36690 მანეთი ყოველ წლივ აძლიოს ხოლმე ქალაქს.

5) 1891 წლამდე, ესე იგი, ოთხ წელიწადს ქალაქს კიდევ ეძლეოდეს თავისი ხვედრი წილი ბაჟის ფულისა წელიწადში ექვსასი თუმანი, რომელიც მოხმარდება სხვდასხვა საგანს, თეატრის ხარჯის ანგარიშში არ მოქცეულს.

6) თეატრი გარდაეცეს ქალაქს სრულ საკუთრებად და ქალაქსავე ჰქონდეს გამგეობა თვით თეატრის საქმისა.

7) ქალაქი ჰკისრულობს რუსულს დრამატიულს ხელოვნებას შეეწიროს ფულითა და აძლიოს ანტრეპრიზას ყოველი ღონისძიება მაგ ხელოვნების სასურველ სიმაღლეზედ დაყენებისათვის.

8) 23 წლის შემდეგ მათავრობის მიერ დანიშნული სუბსიდია შეიძლება 9520 მანათზე ჩამოხდეს, თუ გარემოება ამაში ხელს შეუწყობს ქალაქს.

ეს პირობანი დაამტკიცა ქალაქის საბჭომ და ქალაქისთავის მიერ 9 დეკემბერს 1886 წლისას წარედგინა მის ბრწყინვალებას მთავარმართველს, რომელმაც თავისის მხრით გადასცა შინაგანთა საქმეთა მინისტრს გასაბჭობლად. 16 ოქტომბერს 1887 წ. მინისტრმა მოიწერა, რომ თუმცა ქალაქის საბჭო უარს არ არის იკისროს დამთავრება თეატრისა, მაგრამ ასეთს პირობებსა სდებს, რომ ამ პირობების მიღება ყოვლად შეუძლებელიაო. გარდა ამისა მინისტრი იწერება, რომ ეგ გადაწყვეტილება ქალაქის საბჭოსი იმისთანა რამ არ არის, რომ მისი შეცვლა და სხვა გადაწყვეტილების დადგენა შეუძლებელიღა იყოსო და ამიტომაც სთხოვა თავადს მთავარმართველს, თუ საჭიროდ დაინახოს, დაიყოლიოს ქალაქის საბჭო იმისთანა გადაწყვეტილებაზედ, რომელიც უფრო შეეფერება როგორც თვით საქმის ბუნებას, ისეც მის ეხლანდელს ვითარებას.

ამის მიხედვით მისმა ბრწყინვალებამ მთავარმართველმა ურჩია ქალაქის საბჭოს ამ თეატრის დამთავრების საქმე ხელმეორედ გადასინჯოს და ამასთან სასარგებლოდ სცნა თავისი აზრიც ამ საგანზედ ეუწყებინა. მისი ბრწყინვალება მთავარმართველი ბრძანებს, რომ ქალაქს, თუკი მოიწადინებს, შეუძლიან თავისის ხარჯით დაამთავროს თეატრი, რომელზედაც მთავრობამ ამოდენი ხარჯი და შრომა გასწია; მთავრობაზედ კი ამას იქით ნურავითარს იმედს ნუ იქონიებთო, რადგანაც მთავრობა ვერაფერს შემწეობას ფულითა, თუ სესხით ვეღარ აღმოგიჩენთო. ხოლო თუ თეატრს თქვენის ხარჯით დაამთავრებთ, მაშინ თეატრის საქმე ასე ვფიქრობ მოვაწყოვო სამერმისოდ;

1) თეატრის საქმის გამგეობა და პირდაპირი ზედამხედველობა დაევალება მთავრობის დირექციას, რომელშიაც ერთი, ან ორი წარმომადგენელი ქალაქისაც იქნება.

2) ამ დირექციას მიეცემა მთავრობის მიერ დანიშნული სუბსიდია თეატრის შესაწევრად, ხოლო ზომა ამ სუბსიდიისა წინადვე არ იქნება განსაზღვრული.

3) მთვრობის მიერ დანიშნულ დირექტორს დაევალება განაგოს და გაუძღვეს სცენის საქმეს თეატრისას, ხოლო სამეურნეო საქმე კი საკუთრივ დაექვემდებარება ქალაქის წარმომადგენელსა და რაც საზოგადო საქმე იქმნება, იგი გაიბჭობა კოლეჟიის წესით.

4) მთავრობის მიერ დანიშნული სუბსიდია მთლად უნდა მოხმარდეს მხოლოდ დრამატიულს და ოპერის წარმოდგენას და ყოველს მას, რაც შეეხება სცენისა და დეკორაციის საჭიროებას და პირდაპირი ანგარიში ყოველ ამისი მთავრობის მიერ დანიშნულ დირექტორის ხელთ იქნება.

5) თუმცა მთავრობის წარმომადგენელს პირდაპირ არ ექვემდებარება სამეურნეო ნაწილი თეატრის საქმისა, მაგრამ ყოველი ანგარიში ამ ნაწილისა დაუბრკოლებრივ უნდა წარედგინოს მას გასაჩხრეკად.

6) ყოველივე სარჩიელი, რაც კი შეეხება წარმოდგენების გამართვას სეზონში, ანუ თეატრის მიცემას ანტრეპრენიორისათვის, უნდა წარდგენილ ექმნას მთავარმართველს ნებადასართველად.

ეს პირობანი და სარჩიელნი ბ-მა გუბერნატორმა გადასცა ქალაქის თავსა და სთხოვა ყოველივე ეს გაასინჯოს ქალაქის საბჭოს. ქალაქის გამგეობამ 17 ღვინობისთთვეს 1888 წელს გადასინჯა რა ეს ახალი ვითარება და გარემოება საქმისა, დაადგინა, რომ ქალაქს არავითარი ღონისძიება არა აქვს იკისროს დამთავრება თეატრისა, თუ არ იმ პირობით, რაც 4 დეკემბერს 1886 წლის განაჩენშია მოხსენებული. ეს განაჩენი გამგეობამ წარუდგინა ქალაქის საბჭოს გასაბჭოებლად.

რითი დაბოლოვდა ეს საქმე, უკვე იციან ჩვენმა მკითხველებმა „ივერიის“ №230, საცა ამ საგანზედ ბჭობა ქალაქის საბჭოსი საკმაოდ ვრცლად არის მოხსენებული.

ჩვენ მარტო იმ ამბების ჩამოთვლას ვიკმარებთ, რაც ამ თეატრის საქმის თაობაზედ მოხდა. ჩვენ ჩვენს ლარსა და ხაზს არ გავაბამთ ამა საქმის ზოგიერთს საკვირველს ვითარებაზედ, რადგანაც ეგ „ზოგიერთი ვითარებანი“ იმისთანანი არინ, რომ თვითონ ჩვენზედ უკეთ ჰლაპარაკობენ. მხოლოდ ეს კია, რომ კარგს მთქმელს კაი გამგონიც უნდაო. და თუ ამ კარგს მთქმელს „ზოგიერთს ვითარებას“ კარგი გამგონიც შეხვდება, ის ჩვენთან ერთად დაიძახებს გაოცებული: ვა, ეს რა ამბავია, თქვენი ჭირიმეო!

კვლავ თეატრის მშენებლობის შესახებ

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №233, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

87 წარსულის ნაშტთა შეურაცხყოფა ბარბაროსობაა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 8 ნოემბერი

კვირანდელის ნომრის მეთაურში ჩვენ შევეხენით ჩვენს უთაურობას, ჩვენს დაუდევნელობას და, ვიტყვით, ჩვენს ბარბაროსობას იმის თაობაზედ, რომ ყოველ იმ ნაშთს ჩვენის წარსულისას, რომელიც გადაურჩა ჩვენის მძვინვარე და დაუძინებელ მტრების სრვასა და აოხრებას, ჩვენ უფრო უგულოდ, უწყალოდ და შეუბრალებლად ვექცევით, ვიდრე ჩვენნი ამაოხრებელნი წინანდელნი მტრები. ისინი, ასე თუ ისე ჩვენზედ გულმოსულნი, ჯავრს მაინც იყრიდნენ ჩვენზედ, მტრადა გვსახავდნენ და მტრულად გვექცევოდნენ, როცა პირქვე ამხობდნენ ჩვენს დიდებულსა და სახელოვანს ნაღვაწ-ნამოქმედარს და ჩვენ კი, როცა მათგან გადარჩენილს საუნჯეს ჩვენის ხელითვე ვმუსრავთ, ამაებითაც ვერ გავიმართლებთ თავს, ამაებითაც ვერ შევიმსუბუქებთ ცოდვას. ამ ჩვენს საოცარს მოქმედებაში წარსულის ნაშთის შესახებ არავითარი შესაწყნარებელი და მიზეზი და საბუთი არ არის. ამისთანაც კი, რაც ჩვენს მტერს აიძულებდა ჩვენდა აოხრებად და ჩვენთა ნაშთთა განადგურებლად.

აქ სხვა საფიქრებელი არა არის რა, გარდა იმისა, რომ ყოვლად უმეცარნი ვართ, არ გვესმის რა განძია, რა საუნჯეა შენახული და შეფარებული ჩვენთა მამა პაპათაგან დატოვებულ ნაშთში. ამგვარებში უმეცრება, არ ცოდნა, არ გაგება ბარბაროსის ზნე და წესია, თორემ ცოტაოდნად მიხვედრილი კაცი, ცოტაოდნად გულახილებული და თვალახილებული, ასე უწყალოდ ვერ მოექცეოდა წარსულის მოწამეს სახსოვარს და ვერ შეუბედავდა ხელს შესამუსვრელად და დედამიწის ზურგიდამ ასაგველად.

ეს ამბავი მით უფრო გასაკვირველია, რომ ამისთანა შემუსვრას, განადგურებას წარსულის ნაშთისას, წარსულის სახსოვრისას არ მოჰრიდებია ჩვენში ვინ? ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობა, რომელსაც ჩვენის დიდებულის ბაგრატის ტაძრის ქვები მიუცია იჯარადრისათვის, რომ იხმაროს ახალის ეკკლესიის აშენებისათვის.

დიაღ, ბატონებო, ეს ყოვლად აუხსნელი ამბავი მოუხდენია სასწავლებელის გამგეობას, ესე იგი, იმ კრებულს, რომლის ხელშიაც არის ჩვენი განათლება, ჩვენის შვილების წრთვნა და სწავლა და რომელსაც ყველაზედ მეტად უნდა გაგებული ჰქონდეს რას ჰნიშნავს, რად ღირს ქვეყნისათვის, რის მომასწავებელია იმისთანა დიდებული სახსოვარი წარსულისა, როგორიც არის ბაგრატის ტაძარი ქუთაისში. მისი ყოველივე ცალკე ქვა, ცალკე ნატეხი ქვისა, მცირეოდენი ნამტვრევი და ნამსხვრევი ისე უნდა ჰქონდეს შენახული და ნაპატრონები, როგორც თავისი ორი თვალი. ამის სამაგიეროდ რა გვესმის და რასა ვხედავთ? იჯარადარმა ყოველივე ეს როგორც უნდა, ისე მოიხმაროსო. ამაზედ უარესად სასაცილოდ აგდება ქვეყნისა, ამაზედ უარესად შეგინება წარსულისა, ამაზედ უარესად შებღალვა ქვეყნის სახელისა ჩვენ სხვა ბევრი არა გაგვიგონია რა.

კიდევ კარგია, რომ კანონი ნებას არ მისცემს ამისთანა ბარბაროსობა მოახდინონ საჯაროდ, საქვეყნოდ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონი აქ თავს გამოიდებს და თავის სიტყვას არავის გააქელვინებს. მეთორმეტე ტომის შენობათა წესდების 181 მუხლი (том 12-ий, №.I, 181 строительнаго устава1) უსასტიკესად უკრძალავს ყოველს იმისთანა მოქმედებას, რაც, სამწუხაროდ ჩვენდა, განუზრახავს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობას. ჩვენ იმედი გვაქვს, იგი, ვისაც ეკუთვნის, მიახედებს ხსენებულს გამგეობას ამ კანონზედ და არ გააძარცვინებს არავის იმ დიდებულს ნაშთს წარსულისას, რომელსაც ასე უკადრისად შეჰბედა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობამ.

_____________

1 აი იგი მუხლი რას ამბობს: «Строжайше воспрещается разрушать остатки древных замков, крепостей, памятников и др., зданий древности, под ответственностью за нарушение сего начальников губерний и местних полиций».

წარსულის ნაშტთა შეურაცხყობფა ბარბაროსობაა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №236, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - ბაგრატის ტაძარი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“, აგებულია X-XI ს.ს. მიჯნაზე, ბაგრატ III მეფობაში.

88 ერი და ისტორია

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 9 ნოემბერი

ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა. წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება, კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი.

ბევრს ერს ქვეყანაზედ სულაც არა ჰქონია წარსული, სულაც არა ჰქონია ისტორია, ესე იგი, იმისთანა ცნობიერი ცხოვრება, რომელიც გამოსახავს ხოლმე სულიერს და ხორციელს ვინაობას ერთიანის კრებულისას, მის მიზიდულებას, მის აზრს და საგანს არსებობისას, მის წმინდათა-წმიდას, და რომელიცა მკის თავის დროებისათვის და ამასთანავე სთესს მერმისისათვის. ამისთანა ხალხნი დღესაც ბევრნი არიან ქვეყანაზედ. ამისთანა ხალხი უბინაო კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის. ამიტომაც ესეთი ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვთაგან და იქნება ბევრში უკანაც ჩამოურჩება. ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელს დროში, და სხვა უფრო ძლიერის ისტორიის მქონე ერი დაეძგერება თუ არა, თანაც გაიტანს და შეიწირავს ხოლმე ამისთანა ხალხსა.

თუ ესეთი არა, ბევრი მეტი აღარ არის იგი ერი, რომელსაც ისტორია ჰქონია და იგი ისტორია დაუვიწყნია; აღარც ამისთანა ერსა აქვს მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისათვის საჭიდაოდ, იმიტომ რომ, რა იყო - ის დავიწყებული აქვს და, მაშასადამე, რა არის - არც ის იცის. არ იცის რა გაიმაგროს, რისთვის გაიწიროს თავი, რას გამოესარჩლოს და რას არა. ფეხქვეშეთიდამ გამოცლილი აქვს ის მაგარი მიწა, იგი ტანი თავის ვინაობისა, რომელსაც ისტორია შეადუღებს ხოლმე მამა-პაპათა ნაღვაწნამოქმედარისაგან საშვილიშვილოდ ფეხმოსაკიდებლად და მოსამაგრებლად. იგი დიდება, იგი სახელი, რომელსაც ამისთანა ერი ჩაინარჩუნებს ხოლმე წარსულისაგან თავის გულში, თავის სამღერალსა და საგალობელში, თავის ზღაპრებსა და მოთხრობებში, მართალია, ბევრს ანუგეშებს ხოლმე ჭირსა და ლხინში, მაგრამ, რაც დრო მიდის, ეგ ნუგეშიც, ისტორიის დავიწყებასთან ერთად, ნელდება და თანდათან ჰქრება. იმიტომ რომ სამღერალსა და საგალობელში, ზღაპრებსა და მოთხრობებში ჩარჩენილნი სახსოვარნი, ისტორიის დავიწყების გამო, მართალს აღარა ჰგვანან და უაზრო და უსაგნო ზღაპრადღა გარდაიქცევიან, როგორც მთქმელის, აგრეთვე გამგონის თვალშიაც. ამის გამო ამ სახსოვრებში ის ცეცხლმოსაკიდებელი ძალ-ღონე აღარ არის, რომელიც კაცს ააფეთქებს ხოლმე მოქმედებისა და გარჯისათვის, და რაკი ეს არ არის, ყოველი ეს განძი და საუნჯეც კი, წარსულისაგან გადმოლოცვილი, ამაო და ფუჭია ერის გამხნევებისათვის, ერის დღეგრძელობისათვის.

თუნდ ეგეც არ იყოს, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი - ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თვითონ შვილი, რაც გინდ მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება. დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.

ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუდვია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ესეა, ამის საბუთი თვალწინ გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორიათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის. რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა. ეს ერთის მხრით, მეორეს მხრით - რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა ან განათლებასა, ან გამდიდრებაში, თუ ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად უუარგისი და ფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას.

რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ახსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ მასეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? არ არის არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისისაც, რომ რაიმე წარსულის ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ აღარა გაგვეგება რა, ვიმეორებთ, იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და გამმარტებელი ისტორია. ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა, არაფერი საქმე არ გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავსბრუდახვეულ კაცსავით და ვერა გამოგვიტანია რა. ეს უქმად წარმავალი გარჯა ჩვენი, უქმად წარხდომილი მხნეობა და ცდა, ქანცს უწყვეტავს გამრჯელს და მის მაყურებელს ერს ხომ გული უტყდება, თავის თავზედ სასოება და იმედი ეკარგება, და აქედამ განა დიდი მანძილიღაა სრულად განადგურებამდე!

გარდა ყოველ ამისა, ბევრჯელ გვითქვამს და ეხლაც განვიმეორებთ, რომ ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიანს სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებული და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდაესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის დიდბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვნდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის. იღვწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში.

დიდბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის, და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქეზებენ, ამხნევებენ, თუ ნამეტნავად ის მაგალითები ერის საკუთარის ისტორიისანი არიან. ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს და აგრეც არის, საცა ერი ერობს. აბა შეხედეთ სხვა ქვეყნებს, ერთი იმისთანა სახელოვანი კაცი არა ჰყოლიათ, რომ მის სახსოვრად ძეგლი არა ჰქონდეთ აღმართული? რისთვის? სულ იმისთვის, რომ დიდმა თუ პატარამ დაიხსომოს თავისი სახელოვანი კაცი, სულ მუდამ თვალწინ იყოლიოს და მის მიბაძვას ეცადოს.

ეს მრავალგვარი მნიშვნელობა ისტორიისა ერის გამოცოცხლებისათვის კარგად იცოდნენ თავის ერის გულშემატკივართა სხვა ქვეყნებში. იგი სახელოვანნი მამულიშვილნი, ყველაზედ უწინარეს, ერის გამოკეთებისათვის დავიწყებულის ისტორიის აღდგენას შეეცადნენ. გამოღვიძებამ ერისამ უგემურის ძილისაგან ყველგან აქედამ დაიწყო თავისი დასაწყისი, და ამ გზით გამოფხიზლებულ ერის კეთილდღეობასა და ხელახლად აღორძინებას დღეს ბევრგან ჩვენის თვალითა ვხედავთ.

ჩვენ გვწამს ესეთი სასწაულმოქმედება ისტორიისა და ამიტომაც დიდის სიხარულით ვეგებებით იმ ამბავს, რომ ჩვენს დაუღალავს მოღვაწეს ბ-ნს დ. ბაქრაძეს განუზრახავს ჩვენის დავიწყებულის ისტორიის აღდგენა და გახსენება. „ივერიაში“ დაბეჭდილის პროგრამისაგან სჩანს, რომ ბ-ნ ბაქრაძეს სანატრელის სიდიდით შემოუფარგლავს თავისი საგანი ასე, რომ თუ პროგრამა შესრულდა, ჩვენ, ქართველებს, ხელთ გვექნება მთელი დიდი და ვრცელი სურათი ჩვენის აწ დავიწყებულის წარსულისა. ვისაც კი გაეგება რამ, სიხარულით აღტაცებულნი მოუთმენლად მოელიან იმ დღეს, როცა დაიბეჭდება ეს ისტორია, ვითარცა დიდს დღესასწაულს რასმე. მართალნიც არიან.

ზემოხსენებულისაგან ცხადად დაინახავს ჩვენი მკითხველი, თუ რა დიდსა და სახელოვანს ღვაწლსა და სამსახურს სდებს ბ-ნი ბაქრაძე ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანასა. კიდევ ვიტყვით, აღდგენა ისტორიისა - ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისაგან. ყოველ ამ დიდ სიკეთის მომნიჭებელი იქნება ჩვენი პატივცემული ბ-ნი ბაქრაძე, რომელსაც მადლობელი ერი და დავალებული ქვეყანა თავის დღეში არ დაივიწყებს თვისთა სახელოვანთა კაცთა შორის. ღმერთმა ისე კეთილად შეასრულებინოს ეს სასახელო განზრახვა, როგორც თვითონ ბ-ნ ბაქრაძეს და მისთა კეთილმყოფელთა ჰსურდეს და, სხვათა შორის, ჩვენცა.

ერი და ისტორია

ხელნაწერი: ასლი U №1052, გვ. 848-852.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №237, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

ილიას ავტორობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ წერილი შეტანილია ხელნაწერ კრებულში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ივერიის“ სარედაქციო კომპლექტში წერილს მიწერილი აქვს ილიას ინიციალი „ი“.

წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1925 წ. გამოცემულ ცხრატომეულში: ტ.IX, გვ. 124-128, პ. ინგოროყვამ 1945 წ. გამოცემულ ხუთტომეულში: ტ. V, გვ. 119-123, აგრეთვე პ. ინგოროყვამ 1950 წ. გამოცემულ ათტომეულში: ტ. IV, გვ. 200-204.

ყველა გამოცემაში წერილი დაიბეჭდა ზემოაღნიშნული სათაურით.

გვ. - „...არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო...“ - აფორიზმი ეკუთვნის ჰოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცს (1646-1716), გერმანელ ფილოსოფოს-იდეალისტს.

ამ აფორიზმის თაობაზე აზრი გამოთქვეს: პროფ ს. დანელიამ (იხ. ლეიბნიცი, მონოლოგია, თარგმნა და შენიშვნები გაუკეთა ს. დანელიამ, თსუ, 1940 წ., გვ. 27); პროფ. შ. რევიშვილმა (იხ. ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობანი, თბ., 1969 წ., გვ. 85); პროფ. დ. ლაშქარაძემ (იხ. „გერმანული კლასიკური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“, თბ., 1981 წ., გვ. 7);

პროფ. დ. გამეზარდაშვილმა (იხ. გაზ. „კომუნისტი“, №195, 12 ივნისი, 1983 წ., გვ. 4. - „ილია ჭავჭავაძის აკადემიური გამოცემისათვის“).

გვ. - „...უხორთუმო სპილოს ეგვანება. დავით გურამიშვილისა არ იყოს...“ - პერიფრაზა დ. გურამიშვილის ცნობილი სტრიქონისა - „ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია“. (იხ. დავით გურამიშვილი, თხზ. სრული კრებული, თბ., 1980 წ., გვ. 66, სტროფი 34-ე).

გვ. - ივერიაშიდაბეჭდილის პროგრამისაგან სჩანს...“ - 1888 წლის გაზეთ „ივერიის“ №231-235 დაიბეჭდა დ. ბაქრაძის წიგნის „ახალი ისტორია საქართველოსი“ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ისტორიის აღწერას უძველეს დროიდან X საუკუნის დასასრულამდე.

89 კაცი ჯერ კაცი უნდა იყოს

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 16 ნოემბერი

კვირა დღეს, ამ 13-ს ნოემბერს, მთელი უბანი სასახლიდამ დაწყებული თამამშოვის ქარვასლემდე თითქმის სავსე იყო ხალხითა. ქალსა და კაცსა, დიდსა და პატარას თავი მოეყარა ქამოანთ სომხის ეკკლესიასთან, რომელიც სასახლის ქუჩის დასაწყისშია, და იქ რომ ვერ დატეულიყო, მთელი ქუჩა გაევსო. ამ ეკკლესიაში ანდერძს უგებდა სომხის სამღვდელოება უბედურს მანის, რომელმაც თავისის ხელით თავი მოიკლა. ვინ იყო ეს მანი? იგი იყოვო, ამბობენ, ერთი პატიოსანი ვაჭარი სომეხი, უცხოეთიდამმოსული ჩვენს ქვეყანაში სავაჭროდ... იგი ასე თუ ისე ჩავარდნია ხელში აქაურს სომეხსვე, რომლის ბევრი თუ ცოტა ვალი დასდებია და აქაურს იქაურისთვის ისე წაუჭირებია ყელში თოკი, რომ უბედურს სხვა გზა ხსნისა არა ჰქონია, ან „ნაძრახი სიცოცხლე“ უნდა აერჩია, ან სიკვდილი. სჯობს სიკვდილიო, უთქვამს და მოუკლავს კიდეც თავი.

ხოლო მინამ ამ თავის გაწირვამდე მივიდოდა, ბევრი კაცი შეუყენებია თავისის მოძმესათვის და უთხოვნია, მადროვე და როგორმე შემაძლებინე შენის ვალის გადახდაო. მოვალეს არავითარი თხოვნა არ შეუწყნარებია და იმასაც აუღია და დაუცია თავის თავისთვის დამბაჩა. ესე გათავებულა სომხისაგან სომეხი კაცი, მამა, როგორც ამბობენ, ხუთის შვილისა. ეს ამისთანა ამბავი ჩვენში „არ ახალია, ძველია“. არა გვგონია ამ ჩვენს ბედნიერს ქვეყანაში დღე ისე გავიდეს, რომ სადმე ჩვენდა უხილავად, ჩვენდა შეუტყობრად არ მოხდეს ან ამისთანა საქმე, ან ამისი მსგავსი რამ, რომელიც სიკვდილთან თანასწორია, ბევრი კაცია, თუ არ ესე წუთისოფელს გამოსალმებული, მიწასთან მაინც გასწორებული, ოჯახდამხობილი, გაწყალებული და გათახსირებული ადამიანის სიხარბისა და გულქვაობისაგან. ვის რად უკვირს ეს უბედურის მანის ამბავი? საცა კაცს ერთადერთი საგალობელიღა აქვს: „ფული, ფული და ფულის მეტი სხვა არარა“, იქ რად უნდა გვიკვირდეს ან ის, რომ გამგელებული სიხარბე კაცის გამწირავია, კაცს არა ჰზოგავს, არ ინდობს; ან ის, რომ სიცოცხლე სიკვდილზე უარესია, განა ეს ასე არ უნდა იყოს იმათ შორის, რომელნიც კაცურკაცობას მარტო ფულის შოვნაში ჰხედავენ და ერთადერთ საგნად ცხოვრებისად მარტო ეს შოვნა აქვსთ მიჩნეული და სხვა არარა.

ამ გაუპატიურებას, გაბიაბრუებას კაცურკაცობისას, ადამიანი კიდევ როგორმე გაუძლებდა, როგორმე აიტანდა, რომ თვითონ გზანი ფულის შოვნისანი ერთნაირად პატივდებულნი და შეწყნარებულნი არ იყვნენ: ცუდია თუ კარგი, საძრახია თუ უძრახი, ნამუსიანია თუ ნამუსახდილი, სულ ერთია, ოღონდ ფული კი აშოვნინოს, ფულიანი კაციაო, იტყვიან და გათავდა!.. მისი კაცური ღირსება დამყარებულია, საქებსადიდებელია. ვიმეორებთ, მაშ რად გვიკვირს, რომ ადამიანი ადამიანს სასიკვდილოდაც არა ჰზოგავს გროშისათვის? ფულის შოვნის სიხარბისაგან გააფრებულს კაცს განა მოეთხოვება იმისთანა გრძნობა, როგორც, მაგალითებრ, კაცთმოყვარებაა, სიბრალულია, გულშემატკივარობაა და სხვა ამისთანა პატიოსანი სითბო სულისა და გულისა? ფულის შოვნის სიხარბე ისეთს ჟანგს მოჰკიდებს ხოლმე სულსაცა და გულსაც, რომ არავითარი გრძნობა ვეღარ ისადგურებს ადამიანში. „ცოტა მაქვს, მაგრამ ყოველგან სიკეთე მიუწდომელი“ - დღეს ჩვენში თავმოსაწონებელი თემა აღარ არის. ამის მთქმელს დღეს ჩვენში სასაცილოდ აიგდებენ: თუ ცოტა აქვს მაგ სულელს, თავი რიღათი მოაქვსო, იტყვიან.

ამიტომაც იმაში, რომ მოვალემ თავისი სხვერპლი სიკვდილამდე მიიყვანა და თავი მოაკვლევინა, ჩვენ ახალს არასა ვხედავთ: ეს ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენდა სავალალოდ და სავაგლახოდ ესე ყოფილა ჩვენში და იქნება კიდეც, ვიდრე ჩვენებურს კაცს ძვალრბილში არ გაუჯდება, რომ კაცობა ადამიანისა ფული არ არის და სიღარიბე, უფულობა არაკაცობას არა ჰნიშნავს. ბევრი ღარიბია, რომელსაც კაცური ღირსება ნებას აძლევს თამამად და სამართლიანად სთქვას: „მდიდარო, ჩამოდექი, ღარიბი მობძანდება“.

მით, რომ ხარბობამ კაცი შეიწირა, კვირანდელი დღე ახალის რისამე მომასწავებელი არ არის. აკი ვამბობთ, კაცის კაცისაგან გაწირვა ფულის გულისათვის ჩვენში შეჩვეული ჭირია და ამ ჭირს ვერ გამოვაცლით ვაითა და ვიშითა იმ ერთსგვარს წრეს, რომელსაც ფულისათვის ფეხთა ქვეშ გაუშლია ყოველი ადამიანური ღირსება და რომელიც ფულს გარედ კაცს კაცად არ ახსენებს და არ იმცნევს. კვირანდელს დღეს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს ჩვენს თვალში. მან გვაუწყა, რომ ქვეყანას თავისი ყავარჯენი მარტო იმ ერთსგვარს წრეზედ არ მიუყუდებია. ის გულმტკივნეულობა, ის პატივი, რომლითაც ჩვენებური ხალხი მოუძღვა ეკკლესიამდე მდიდრისაგან გაწირულს ღარიბს კაცს აქ, ჩვენში უთვისტომოს, და აქედამ წაასვენა საფლავის კარამდინა, ცხადი მაგალითია იმისი, რომ ყოფილა ჩვენშიც იმისთანა ნაწილი ერისა და დიდი ნაწილიც, რომელსაც კარგი ღარიბი კაცად სწამებია და ავი მდიდარი არაკაცად.

ეს კვირანდელი დღე უტყუარი განაჩენია, ხალხისაგან უტყვად დადგენილი, იმაზედ, კაცი უნდა ჯერ კაცი იყოს და მერე თუნდა ფულიანი, თუნდა უფულო. ამ განაჩენმა სამარცხვინო დაღი დაასვა ავ მდიდარს კარგის კაცობის სახელითა და მით კაცობა ფულიანობაზედ წინ დააყენა. თუ სამწუხაროა რითიმე ეს სამართლიანი განაჩენი, მარტო იმით, რომ მინამ კაცმა სიცოცხლე არ გაიწირა საჯაროდ, მინამ ყელში წაჭირებულმა თავი არ მოიკლა ჩვენს თვალწინ, მინამ ადამიანის დანთხეულმა სისხლმა არ დაიღაღადა საშინელის ღაღადითა, იმ დრომდე გული არა გვტკენია, თუმცა დღე ყოველ ადამიანის გაუმაძღარს სიხარბეს ფულის შოვნისას ათასი კაცი ჩვენს თვალწინვე მიწასთან გაუსწორებია, ძირიანად ამოუთხრია ათასის კაცის ბედნიერება, შეუსვამს და შეუჭამია ათასის კაცის ცოლ-შვილი, პირქვე დაუმხია ათასის კაცის ოჯახი. სხვერპლი ამ გამუდმებულის ჭირისა, რომელსაც სიხარბე ჰქვიან, დღეყოველ ათასია ჩვენში, დღეყოველ ათასი კაცი ჰკვნესის ამ საზიზღარისა და შეუბრალებელის ჭირისაგან სოფლებსა თუ ქალაქებში, მაგრამ „აგრძნოს ვისსა სმენას?“ პირიქით, იგი სიხარბე, ეგ ჭირთა ჭირი, თავმოწონებულად და დაუსჯელად ჰფარფაშობს ჩვენში და ჭკუისა და მხნეობის სახელით ყურებს უჭედავს გამვლელსა და გამომვლელსა. დიაღ, ამოდენად ჰთამამობს და ურცხვობს კიდეც, რომ ჭკუისა და მხნეობის სახელს იჩემებს! კვირანდელმა დღემ ბევრს უნდა აუხილოს თვალები, თუ საუკუნოდ თვალის ჩინი გაჰქრობიათ, და იგი რაც ჰნახეს, გულში უნდა ჩაირჩინონ და სთქვან: სჯობნებია ცოტა მქონდეს და კარგი ვიყო, ვიდრე ბევრი და ავი ვიყო.

კაცი ჯერ კაცი უნდა იყოს

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №241, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. ამას ემატება აგრეთვე ცნობილი ბიბლიოგრაფის, თამარ მაჭავარიანის აზრი, რომ ეს წერილი ი. ჭავჭავაძისაა (ი. ჭავჭავაძის უცნობი წერილება გაზ. „ივერიიდან“, რვეული 1, ნაწ. 3 - ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ცალები). (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - სასახლიდამ დაწყებული...“ - იგულისხმება კავკასიის მეფისნაცვლის რეზიდენცია (ამჟამად თბილისის მოსწავლეთა სასახლე თავისუფლების მოედანზე).

იქვე, - „...თამამშოვის ქარვასლამდე...“ - ვაჭარმა გაბრიელ თამამშოვმა ქარვასლისათვის სავაჭრო სადგომი ავანაანთ ხევში (დღევანდელი თავისუფლების სახელობის მოედანი თბილისში) ქართველი თავადის ესტატე ციციშვილისაგან შეიძინა.

1847-1851 წ.წ. იქ ააგეს შენობა, რომლის პირველ სართულზე იყო ქარვასლა, ხოლო მეორე-მესამეზე მოთავსდა თეატრი.

იქვე, - „...ქამოანთ სომხის ეკლესიასთან...“ - იგულისხმება სომხურ-გრიგორიანული ეკლესია „ქამოანთი“. იგი იდგა ამჟამინდელ რუსთაველის პროსპექტზე მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედნის“ პირდაპირ.

90 «Новое Время» - ავენიანი და მეჭორე გაზეთი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 22 ნოემბერი

რარიგად აერია ადამიანს გზა-კვალი ყოველსფერში! ეჩოსავით სულ მუდამ თავისაკენ მთლელი გონება ადამიანისა ამ არეულობასა და ბაბილონის გოდოლის აშენებაში იქამდე მივიდა, რომ ლამის ცხადი ბოროტება, აშკარა ავკაცობა დიდ სათნოებად და დიდ მადლად გადააქციოს და საქვეყნოდ იქადაგოს კიდეც, ვითარცა მოძღვრება ყოვლად მხსნელი.

განა მოიფიქრებდა ვინმე, რომ ყოვლად შემაზრზენს, თავლაფდასხმულს, ყველასაგან გალანძღულს, გაკიცხულს და შეგინებულს „ავენაობას“, ანუ „ჭორს“ მწამქებარი და მაქებ-მადიდებელი გამოუჩნდებოდა! დღეს აქამომდე თვითონ „ავენა“, ანუ „მეჭორე“ იმოდენად სირცხვილდაკარგული არ იყო, რომ ეს თავისი სამარცხვინო ხელობა თვითონვე არა ჰქონოდა სათაკილოდ მიჩნეული და არა ჰცდილიყო, რომ ისარი თავისის ჭუჭყიანის ენისა არავისათვის აშკარად არ დაენახვებინა. დიაღ, დღეს აქამომდე იმოდენად სამარაცხვინო იყო ეგ ავენაობა და მეჭორობა, რომ თვით მისნი პატრონებიც კი ყველას უმალავდნენ ამ თავიანთს ქონებასა და ჩუმად, ფარულად ასაღებდნენ, ოღონდ არავინ კი გაგვიგოს, არავინ კი შეგვიტყოსო. ქურდი ხშირად თავისს ხელობას დანაშაულობად არა სთვლის, ავაზაკი ავაზაკობას და აგრეთვე ბევრი სხვა ცოდვა და დანაშაულია, რომელიც ცოდვილსა და დამნაშავეს დანაშაულად არ მიაჩნია. ხოლო არა გვგონია ქვეყანაზედ იმისთანა ავენა, ანუ მეჭორე კაცი იყოს, რომ ავენობა და მეჭორობა ცუდკაცობად თვითონვე თავის პირით არ აღირსოს, ამისთანა გაურეცხელი სახელი ჰქონდა დღეს აქამომდე ავენაობასა და მეჭორობას ყველგან და ჩვენშიაც კი, საცა ამ ვაჟბატონებს უფრო ხალვათი სარბიელი აქვსთ.

თურმე ნუ იტყვით, ამ ყველასაგან გაკიცხულს ჭირს ადამიანისას თავისი საბუთი არსებობისა ჰქონია და განგებას დიდი სამსახურიც დაუვალებია ადამიანის საბედნიეროდ. არის ქვეყანაზედ ერთი გაზეთი, რომელსაც «новое время» ჰქვიან და რომელიც გათქმულია ქვეყანაზედვე, ვითარცა ავენა და მეჭორე გაზეთი. აი სწორედ ეს გაზეთი დღეს გამოვიდა მოედანზედ და გვარწმუნებს, რომ ტყუილად აგიგდიათ აბუჩად ყველასაგან შეძულებული ავენაობა და მეჭორობა. თქვენ რა იცით, ხურმა რა ხილიაო. თქვენ რა იცით, რომ თუ ქვეყანაზედ ავენაობა და მეჭორობა არ იყოს, არც თქვენი ზნეობა იქნებოდა, არც თქვენი მართებულობა, არც თქვენი სათნოება, არც თქვენი კაიკაცობა და ყოველივე ის, რის სახელითაც დღეს აქამომდე სდევნიდით ჭორსა და ავენაობასა, უპატრონოდ და მოუვლელად ეგდებოდა სადმე მჩვარში გახვეულიო. ავენაობა და ჭორი ყარაულები არინ, მერე დაუძინებელნი ყარაულები, რომ არავის ზნეობა, მართებულობა, ღირსება თქვენი არ შეალახვინოს და არ დაარღვევინოსო.

მარტო თვითონ გაზეთი რომ ამბობდეს ამას, ეგ კიდევ ადვილი გასაგები იქნებოდა. თავისს სიცოცხლეს იგი სულ ავენაობასა და ჭორში ატარებს და აქ რომ ცოტად თვალი აუხვიოს თავისს მკითხველსა და შავი თეთრად აჩვენოს, დიდად გასაკვირველი არ არის. რომელი ვაჭარი არა ჰშვრება ამას, როცა დამპალ საქონელს უპირებს გასაღებას? საქმე ის არის, რომ ამ ავენაობისა და მეჭორობის საქებ-სადიდებლად გაზეთმა მოიშველია ერთი გერმანელი მეცნიერი იერინგი. ამასაც არა ჰკმარობს გაზეთი, ერთი ისპანელი პოეტიც უმოწმებია და სცდილობს ამ ორის გამოჩენილის კაცის ხელით დაადგას ავენაობასა და ჭორს სათნოების გვირგვინი.

ჩვენს გაზეთში (№№243, 244) ეს ამბავი მოვახსენეთ ჩვენს მკითხველებს და საკამაოდ ვრცლად ამოვწერეთ წერილი «новое время»-სი ამის თაობაზედ. ამიტომაც ხელახლად მოხსენებას იმისას, თუ რას ჰბოდავს იგი გაზეთი ჭორისა და ავენაობის გამო, ჩვენ თავს დავანებებთ. ჩვენ ამ ჭორის ქება-დიდებაში მარტო ორი რამ გვაკვირვებს: ერთი კადნიერება გაზეთისა, რომ იმისთანა საძაგელს რასმეს წაესარჩლა, როგორიც ჭორია და ავენაობა და მეორე, რარიგად ჰცუღლუტობს გაზეთი, რარიგად გველსავით კუდს იქნევს, რარიგად ეშმაკობს, რომ არა მოწმობა გერმანელ მეცნიერისა და ისპანელ პოეტისა მართალ მოწმობად გადააქციოს. არა გვგონია, კაცმა გამთბარი წმინდა სანთელი ისე მოჰქნას ხელში, როგორც იგი გაზეთი თავისებურადა ჰქმნის სხვის ნათქვამსა, რომ თავისი ყალბი გაიყვანოს გმოჩენილთა კაცთა მოწმობითა და სახელითა.

ჩვენ არც იერინგი წაგვიკითხავს, არც ისპანელი პოეტი ეჩეგარაი, მაგრამ რაკი ესენი მოჰყავს გაზეთს თავის მოწმად, უნდა ვიგულვოთ, რომ არასფერს თავის სამხროს და გამოსაყენს არ დააგდებდა ამოუწერლად ამათის ნათქვამისაგან. ახლა უყურეთ რარიგად ათამაშებს გაზეთი ამათს სიტყვებს და იქ, საცა იერინგი საზოგადოების ხმასა, საზოგადოების ზნესა და მორალზედ ჰლაპარაკობს, გაზეთი რა უხერხულად ჩააკერებს ხოლმე ავენაობას ან ჭორსა თავისის აზრის გასაყვანად. მაგალითებრ, გაზეთი ერთგან გვაუწყებს იერინგის აზრს ასე:

«Общественное мнение, т.е. то, что иные называют сплетнями - имеет такое же право на внимание к себе, как и совевть».

ნუთუ აქ სიტყვები: «то что иные называют сплетнями» განგებ ჩაკერებული არ არის გაოსტატებულ გაზეთისაგან? ან თუნდა ეს სიტყვები აიღეთ, რომლითაც გაზეთს თავისი დასკვნა გამოჰყავს იერინგის ნათქვამისაგან: «Стало быть, общественный обычай есть именно то, что всего сильнее охраняет человека от его собственного демона. Кто не желает принимать эту охрану, кто не хочет слушать предосторожения «злых языков», кто с легким сердцем или с гордрю самоуверенностью в своих силах нарушает этот обычай (обычай злых языков?!), тот делает первый шаг к нарушению морали».

აბა აქ რა ადგილია სიტყვებისათვის «злых языков», თუ გაზეთის ეშმაკობა და ოსტატობა არ არის. აქ რომ «злых языков» განგებ ჩაჩხირულია, აშკარაა იმიტომ, რომ შემდეგი ფრაზა «кто нарушает этот обычай» ვერსაგზით ვერ მიედგმის ამ «злых языков»-ს. ყველაფერს ამას თავის დაანებეთ და დააკვირდით მარტო ამ დასკვნას გაზეთისას, გამოყვანილს იერინგის ნათქვამისაგან:

«В глазах современного общества нет большего преступления, которое, казалось бы, более жестоко, чем сопративление требованиям общественного мнения. Таковы новые мысли, возвещанные с учёной кафедры известним немецким юристом»

ჩვენ ვიცით, რომ «таковы» მაგრამ გაზეთმა ეგ «таковы» «не таковы» გამოიყვანა და თავისი სამარცხვინო ავზნეობა და ჭორი ერთს სიმაღლეზედ დააყენა იერინგის საზოგადოების ხმასთან, ანუ, უკეთ ვსთქვათ, ჭორი და ავენაობა შეუტოლა ხმას ერისას და ხმას ღვთისას.

ესე მოექცა გაზეთი საწყალ ისპანელ პოეტს ეჩეგარაისაც. ამან თავისს დრამაში გამოსახა ზედმოქმედებაავენაობისა და ჭორისა, რომელთაც მთელი პატიოსანი ოჯახი პირქვე დაამხეს და გაზეთმა აიღო და აქედამ ის გამოიყვანა, რომ აქ პოეტი ავანაობასა და ჭორს ზნეობის მფარველად და პატ-რონად გვიხატავსო. საიდამ სადა?

ვინ იცის, იქნება ეგრეც იყოს, ვითომც იერინგი და ეჩეგარაი მართლაც ჰმოწმობენ თავგასულს გაზეთს იმაში, რომ ჭორი და ავენაობა ერთი ღვთის წყალობა რამ არის, რომ ერთიც და მეორეც ზნეობისა და სათნოების მფარველი და პატრონია კაცთა შორის. რა გამოდის აქედამ? მარტო ისა, რომ საწყალი იერინგიცა და საცოდავი ეჩეგარაიც უდროოდ ჭკვაზედ შემცდარან და საგიჟეთში გასაგზავნი არიან. ვინც გინდ იმოწმოს ხსენებულმა გაზეთმა, განა შესაძლოა ეგ შავი ჭირი ადამიანისა გაათეთროს კაცმა! ჭკვათამყოფელი კაცი განა იტყვის, რომ ბოროტი მფარველია და პატრონი კეთილისაო? განა ზნეობა ადამიანისა თავისთავად უღონოა და მარტო ჭორისა და ავენაობის შიშითღა უნდა სუფევდეს კაცთა შორის? ნუთუ მართლა ეგ შიში რომ არ იყოს, ზნეობა, მართებულობა, სათნოება თავისს თავს ვერ დაიფარავს, ვერ უპატრონებს, ვერ გაიტანს! თუ ჭორი და ავენაობა, ხსენებულ გაზეთის სიტყვით, მფარველია და პატრონი კეთილზნეობისა, რადგანაც აფრთხილებს კაცსა ავი საქმე არ ჩაიდინოს, მაშ ქურდობაც მფარველია და პატრონი ადამიანის ქონებისა, რადგანაც იგიც აფრთხილებს ყოველ ცალკე კაცს კარგად შეინახოს თავისი ქონება.

ესღა აკლდათ ჩვენს მეჭორეებს, თუ ხსენებულის გაზეთის მოძღვრება ხელზედ დაიხვიეს და გაჰლესეს თავისი ენები. აქამდე, ცოტა არ იყოს, სირცხვილი უდუნებდათ ენას და ეხლა ჯილდოსაც მოითხოვენ, მაშ! ზნეობასა და მართებულობას ვემსახურებითო!..

ტყუილად გარჯილა «Новое время» და სცდილობს შავი გაათეთროს. ნათქვამია:

არ გათეთრდება ყორანი,
რაც გინდ რომ ჰხეხო ქვიშითა.

«Новое Время» - ავენიანი და მეჭორე გაზეთი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №246, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

91 „სამთა კავშირი“ ფანფალებს უღონობითა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 23 ნოემბერი

ჯერ არა ყოფილა ქვეყანაზედ სახელმწიფო საქმეებში მომქმედი კაცი, რომ საჯაროდ სათქმელი სიტყვა ეთქვას და არ დაეფიცნოს: შიში არაფრისააო, ყველგან და ყველას ენაზედ მარტო მშვიდობიანობა აკერია და თუ ჩვენ ხმალს ხელსა ვკიდებთ და თოფიარაღს ვიმარჯვებთ, სულ იმისთვის, რომ ქვეყანაზედ სანატრელი მშვიდობიანობა არავისაგან ხელშეხებულ არ იქმნასო. ხვალ რომ ომის გამოცხადება ჰსურვებიათ, დღეს უფიცნიათ: მშვიდობიანობის მეტი გულში არა გვიდევსრაო. თუმცა ესეა, მაგრამ ამ ათასჯერ გატეხილ ფიცს, რომელიც ისარს ისვრის და შვილდს კი ჰმალავს, მაინც რაღაცა ჯადო აქვს და ყველანი იჯერებენ ხოლმე, ანუ უკეთ ვსთქვათ, იჯერებენ კი არა, ჰსურთ დაიჯერონ და თავიანთი თავი მოატყუონ.

ესე მოსდით დღევანდელს დიპლომატებს. საცა არა გნებავთ, გვეფიცებიან: პოლიტიკის ცა გადაიწმინდა, წინანდელი ღრუბელი გადაიყარა და მშვიდობიანობის მზე ამობრწყინდა და ჰკაშკაშებსო. ესევე ბძანა გერმანიის იმპერატორმა გერმანიის პარლამენტში. უფროს-ერთმა გაზეთმა და მსმენელმა სიხარულით გული აივსო, რომ ასეთი ძლიერი ხელმწიფე მშვიდობიანობას გვიქადისო და, მაშასადამე, ყოველი შიში გულიდამ უნდა მოვიშოროთო. ძალიან ცოტა ნაწილს კი ესე არ ემალამოა გერმანიის იმპერატორის სიტყვები. მაგალითებრ, ოფიციოზური ბერლინის გაზეთი „Post“-ი იძახის: „ჩვენ ამ სიტყვებში ვერა ვხედავთ, რომ მთქმელი მართლა გულდაჯერებული იყოს მშვიდობიანობის დაურღვევლობაზედაო. ამ სიტყვებში მარტო ის ისმის, რომ ყველაფერი განგებაზეა დამოკიდებულიო“. რა თქმა უნდა, რომამისთანა გულდაუჯერებელ გაზეთს ბევრნი აუყაყანდნენ, მაგრამ დღევანდელს საპოლიტიკო საქმეებს რომ გულში ჩავხედოთ, დავინახავთ, რომ ამ გულდაუჯერებლობას თავისი საბუთი აქვს. მეორე გაზეთიც „Kölnis He Zeitung“-იც თითქმის იმასვე ამბობს, რასაც „Post“-ი, მხოლოდ თავისს სიტყვას ცოტად ატკბილებს. იგი იძახის, ვითომც იმპერატორის სიტყვებისაგან სჩანს, რომ რაც შეეხება თვითონ გერმანიას, იგი მწყურვალეა მშვიდობიანობისათვისაო,ხოლო რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, აქ კი რა მოგახსენოთო, გერმანიის ხელთ არ არის სხვის პოლიტიკა თავის ნებაზედ ატაროსო. ჩვენზედაც სწორედ ამისთანა ზედმოქმედება იქონია იმპერატორის ვილჰელმის სიტყვამ და გვიკვირს უწინდელებრ რატომ მაღალ ფარდებზედ აღარ ლაპარაკობს გერმანიის იმპერატორი? ეგრე რად დაუმდაბლა ხმას? რა გამოიცვალა გერმანიის გარეშემო?

აი საკითხავი, რომელსაც დღეს ვუპირებთ პასუხი მივცეთ. ადრევაც გვითქვამს და კიდევ ვიტყვით, რომ იგი სახელოვანი „სამთა კავშირი“ იტალიისა, ავსტრიისა და გერმანიისა საიმედო თავისს დღეში არა ყოფილა და დღეს კი იმისთანა ნიშნებმა წამოჰყო თავი, რომ ეს „სამთა კავშირი“ თუ ბეწვზედ არა ჰკიდია, ფანფალებს მაინც საკუთარის უღონობითა. გერმანია წელებზედ ფეხს იდგამდა, რომ საფრანგეთი როგორმე გაენაპირებინა და ევროპაში მარტო დაეგდო უმწეოდ და უნუგეშოდ. ამისათვის გადმოიბირა რა იტალია და ავსტრია, სხვაგანაც შეეცადა, იქნება სხვანიც ჩავითრიოვო. ინგლისს მიადგა ამ აზრით და ინგლისმა შორს დაიჭირა, ისპანიას გადაუგდო თ. ბისმარკმა თავისი ქამანდი, ვერც იქ გახდა რასმე, რუსეთს გაუგორდ-გამოუგორდა და ვერც იქ გაირიგა რამ.

როცა გერმანია ამის ცდაში იყო, ჩვენ თავდაპირველადვე ვსთქვით, რომ როგორ დავიჯეროთ ვითომც საფრანგეთი, ყოველ ამის მხედავი გაჩუმებული გულხელდაკრეფილი იყოს და არსად არასფერს ჩუმად მაინც არა სცდილობდესო. რასაც მაშინ ვეჭვობდით, დღეს ის თითქმის გამართლდა. გამოდის, რომ საფრანგეთს ისპანიასთან ჩუმად საქმე ჰქონია და დღეს გაზეთები გვარწმუნებენ, რომ ისპანია და საფრანგეთი ერთმანეთს გაუტკბილდნენ და ჰმეგობრობენო. ამბობენ, ვითომც საფრანგეთის სასიამოვნოდ ისპანიამ თურმე თავისი ელჩი, გერმანიაში დანიშნული, გამოცვალა, რადგანაც გერმანიის მომხრე იყოვო, და იმისთანა კაცი გაგზავნა, რომელსაც გული უფრო საფრანგეთისკენა აქვსო. ეს ისპანია.

ახლა უყურეთ პატარა ბელგიას, რომელსაც დღეს აქამომდე გერმანიის შიშით ხმა ვერ ამოეღო და რომელიც გერმანიას ეგულებოდა საფრანგეთში შესასევ გზად, რა თამამად ლაპარაკობს დღეს და იძახის, რომ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ და ჩვენი ქვეყანა გზად არავის არ უნდა გადავალახვინოთო. ისპანიის დამეგობრება საფრანგეთთან, ეს ბელგიის გათამამება ვერაფერი ნიშნებია გერმანიისათვის, რომლის ძლიერების ზარი დღეს აქამომდე ყველას ხმას აკმენდინებდა და თუ ათქმევინებდა რასმე, მარტო „ბალი, აღაო“.

ეს კიდევ არაფერი. ეს სულ გერმანიის თვალში წვრილფეხობაა. საქმე ის არის, რომ თვით სხვილსხვილი მეგობრებიც როგორღაც გაუგრილდნენ გერმანიას. „სამთა კავშირი“, მართალია, ისევ არსებობს, მაგრამ ჭია ამასაც შეჰპარვია და ძირს უღრღნის. ამას წინად ხმა გავარდა გაზეთებში, იტალიის საგარეო მინისტრი კრისპი და საფრანგეთისა - გობლე ერთმანეთს გამოელაპარაკნენ დეპეშებით და მეგობრულადაც გამოელაპარაკნენ და იმედიაო, ეს ორნი ნათესავობით ერთნი ერნი კვლავ აღადგენენ მეგობრობასაო. ვისაც ახსოვს, რა გამწარებული მტრობა ჰქონდათ ერთმანეთში ამ ზაფხულს იტალიას და საფრანგეთსა, იმისთვის ეს ეხლანდელი ტკბილად გამოლაპარაკება ამ ორ სახელმწიფოთა შორის უმნიშვნელო არ არის. რომ იტალიისა და საფრანგეთს შორის მტრობა მართლა განელდა და სამშვიდობო გზაზედ არის ეხლა ეს ორი სახელმწიფო, ამისი ნიშანი ის არის, რომ საფრანგეთმა თავისი ელჩი იტალიაში გრაფი მუა გამოცვალა და იმის მაგიერად მარიანი დანიშნა. ეს მარიანი თვითონ ჩამომავლობით იტალიელია და დიდი საყვარელი კაცი როგორც იტალიის მეფის სასახლეში, აგრეთვე იტალიელთათვისაც, ამბობენ, მთავარ-მინისტრმა კრისპიმ მადლობაც გადუხადა ამ დანიშვნისათვის საფრანგეთსაო.

თითონ კრისპის პოლიტიკა, რომელიც ასე ხელს უწყობდა გერმანიას, დღეს როგორღაც შეტოკდა იტალიაში. ამბობენ, თვითონ სამინისტროშიაც ამის თაობაზედ ცოტა არ იყოს განხეთქილება ჩამოვარდაო. თუნდ ეგეც არ იყოს, ხალხში უკმაყოფილების ხმა დღედადღე ძლიერდება იმის გამო, რომ იტალია ემხრობა გერმანიას და არა საფრანგეთსა. ამ ცოტა ხანში ხალხი შეიყარა მილანში და დაადგინა: „ჩვენის ქვეყნის წყურვილი ის უნდა იყოს, რომ მხარი მისცეს მშვიდობიანობასა და არ შეაკვდეს დიდის სახელის ძებნასაო. თუ ოფიციალური იტალია წინდაუხედავად ეძლევა რაღაც საომარს განსაცდელსა, იტალია, მშრომელი და ტანჯული, მხურვალედ ჰნატრობს მშვიდობიანობას, ნამეტნავად საფრანგეთთანაო, რომელიც ჩვენი სისხლი და ხორციაო. ჩვენი კრებული შეჰღაღადებს იტალიის ერსა, რომ წინ წაუყენოს თავისი ხმა და თავისი გონიერება მინისტრებისა და პარლამენტის ხმასა, რომელიც დღეს გამომთქმელი აღარ არის არც ქვეყნის საჭიროებისა, არც იტალიელების გრძნობისაო“. თითქმის ამასვე ჰქადაგებს მეთაური პარლამენტის ოპოზიციისა ბაკკარინი, რომელმაც ამას წინად რომში სთქვა: „ჩვენ იმისთვის კი არ შემოვიერთეთ ჩვენი ქვეყნები, რომ ბოლოს თოფიარაღის სიმძიმის ქვეშ გავიჭყლიტნეთო?..“

ავსტრიაშიაც ისმის ეხლა და დღედადღე ძლიერდება ხმა გერმანიის წინააღმდეგ. აქამდე თუ გერმანიის წინააღმდეგ ჰლაპარაკობდნენ თითო-ოროლა გაზეთები და მათ შორის ყველაზედ ნამეტანად Wiener Tagblatt ეხლა ამათ მოემატა ახალი გაზეთიც Schwarz Qelb-ი. ეს გაზეთი ძლიერ მიესია გერმანიას და რაც ძალი და ღონე აქვს არა ჰზოგავს, რომ სახელი გაუტეხოს ავსტრიაში. გერმანიის და ნამეტნავად პრუსიის გაბატონება ევროპაში დიდი უბედურება არისო: გერმანიის გაძლიერებამ თავისაკენ გადახარა უღელი ევროპის სასწორისა და მთელი ევროპა შეჰხუთა და ლამის თოფ-იარაღის ქვეშ სული ამოართოსო. ავსტრიამ ხელი უნდა მიაწოდოს საფრანგეთსა საშველად, ცოტად თუ ბევრად მიემხროს რუსეთსაც, რომ გერმანიას ფრთა შეეკვეცოსო. დღევანდელი მწუხარება და გატყავება ევროპისა მაშინ მოიღებს ბოლოსაო, როცა სამხრეთს გერმანიას თავის სურვილისამებრ გაურიგდება საქმე და ელზას-ლორენი ხელახლად მიეცემა საფრანგეთსაო. თუ თ. ბისმარკისათვის ბოლგარია არაფრადა ჰღირს, არც ჩვენთვისა ჰღირს ჩალად ელზას-ლორენიო.

გაზეთები მოგვითხრობენ: ამ ხმებთან ერთად პარიჟის გაზეთებიცაო დიდს სიყვარულს უცხადებენ თურმე ავსტრიის მთავარ-მინისტრს ტააფს და ნამეტნავად ტახტის მემკვიდრეს რუდოლფს, პარიჟის გაზეთი „Figaro“ უქებს რა ავსტრიის ტახტის მემკვიდრეს გულსა და საპოლიტიკო ჭკუას, ამბობს, რომ იმისი ნატვრა არისო ავსტრიას დაუბრუნოს იგი სახელი და დიდება, რომელიც მას ჰქონდა მარიატერეზიის დროსა და, მაშასადამე, რაკი გამეფდა ავსტრიაში, გერმანიასთან გაწყობილება შეიცვლებაო, მით უფრო, რომ თვითონაც როგორღაც კარგად ვერ არის იმპერატორ ვილჰელმთანაო. ერთი გაზეთი Deutsch Tagblatt-ი პირდაპირ და გულახდილად აცხადებს, ავსტრიისა და საფრანგეთს შორის დაახლოვება მას აქეთ დაიწყოვო, როცა უწყებულ იქმნა, რომ ერთი მეტად უმაღლესის ხარისხის კაცი არა ჰმალავს, რომ გერმანიის იმპერატორი თვალში არ მოსდისო.

სჩანს, საფრანგეთს ხელი გულზედ დაკრებილი არა ჰქონია, სჩანს, თავისთვის ჩუმად უსაქმია, რომ საქმე ასე გამობრუნებულა დღეს ევროპაში ჯერ, რასაკვირველია, კიდევ შორს არის დარღვევა „სამთა კავშირისა“, მაგრამ საფრანგეთიც რომ დღეს მარტო არ არის, ეგეც აშკარაა. რასაკვირველია, რომ ყველა ამ ამბების მსმენელს გერმანიას დღეს იგი თამამი ენა მუცელში ჩავარდნია. ვინ იცის, იქნება იმ ორმოში, რომელსაც გერმანია საფრანგეთს უთხრიდა, თვითონ გერმანია ჩავარდეს. ამიტომ არის ნათქვამი: „სხვას რომ ორმოს უთხრიდე, შენს ტანზედ გამოზომეო“.

სამთა კავშირი ფანფალებს უღონობითა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №247, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - ავსტრიის... ტახტის მემკვიდრე რუდოლფი...“ - იგულისხმება რუდოლფ-ფრანც-კარლ იოზეფი, იხ. კომ. გვ.

92 მოზარდი თაობა - ადამიანის თვალი და მერმისის იმედი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 25 ნოემბერი

მოზარდ თაობის გონებითს დაქანცვაზე ბევრი ლაპარაკი ყოფილა რუსულსა და ევროპურლს პედაგოგიურს მწერლობაში: „ივერიაშიაც“ იყო რამდენიმე წერილი ამ საგნის შესახებ, მაგრამ მეტი არ იქნება კიდევ ერთხელ ჩამოვაგდოთ საუბარი ამ საგულისხმო საგანზე. ეს საგანი საგულისხმოა იმიტომ, რომ ეხება ერთს უმთავრესს კაცობრიობის საჭიროებას; ეს ისეთი საჭიროებაა, რომ თუ იგი დაუკმაყოფილებელი დარჩენილიყო, კაცობრიობა წინ ფეხს ვერ წასდგამდა და სამუდამოდ ნადირი დარჩებოდა. ეს საჭიროება არის სწავლა-განათლება და სკოლა. გაიხსენეთ ძველი სპარტელებისა და ახალი პრუსიელების კანონი სწავლა-განათლების შესახებ. ამ კანონის ძალით, სრულ ასაკამდე შვილი დედ-მამას არ ეკუთვნოდა, უკეთუ ჯანმრთელი იყო, და თუ არა, ნებით თუ უნებლიედ, უნდა გამოსალმებოდა წუთისოფელს, როგორც მეტი ბარგი სახელმწიფოსი და ერისა. როგორც სახელმწიფო მოლარეს უფლება არა ჰქონდა სალაროს საუნჯე-სიმდიდრე გაეფლანგა, უგზო-უკვალოდ დაებნია, ისე სკოლას არა ჰქონდა და არა აქვს ნება მისდამი რწმუნებული ბაშვი გარყვნას, ზნეობით და გონებით დაამახინჯოს. ამიტომ ადამიანი ისე უნდა გაუფრთხილდეს მოზარდ თაობას, როგორც თვალს და მერმისის იმედს. როგორც ჭკვიანი და გამჭრიახი კაცი სცდილობს ათ-თხუთმეტის წლის განმავლობაში თავისი საუნჯე, თანხა ერთიორად აქციოს, აგრეთვე კარგი სკოლის საგანიც ის არის, ან უნდა იყოს, რომ მოზარდი თაობა გონებითად და ზნეობითად გადააკეთოს და გააპატიოსნოს.. „სიმდიდრე და წარმოება ხალხთა - ჰბრძანებს ფიხტე, პირველად და უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იძლევა სკოლაო“. მართლადაც, სკოლაში იზრდება და ვაჟკაცდება ახალი თაობა, მზადდება მოქალაქე და ადამიანი, იქ უმაგრდება ძვალი და რბილი, ხორცი და სული, იქ ვარჯიშობს ფიზიკურადა და სულიერად.

რაკი ეს არის სკოლის დანიშნულება, ამიტომ სკოლა მუდამ საზრუნველი და სავალალო საგანია. საქვეყნოდ დამტკიცებულია, რომ თანამედროვე სკოლა ისე ვერ არის მოწყობილი, რომ თავისი დანიშნულება პირნათლად აღასრულოს. ერთი უმთავრესი სენი დღევანდელის სკოლისა ის არის, რომ მოზარდი თაობა გონებითად იქანცება. ეხლა ვიკითხოთ, რა არის გონებითი დაქანცვა, სიუძლურე (переутомление) და რა ღონისძიებას უნდა მივმართოთ, რომ მოზარდი თაობა გადავარჩინოთ ამ უბედურებას. ამის თაობაზე ზოგი პედაგოგი მივარდა პროგრამას და გაიძახის: „პროგრამა მეტად ვრცელია და ამ პროგრამის დაკმაყოფილება ყოვლად შეუძლებელიაო“. სწორედ ამაზე არის ნათქვამი: „კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“. ზოგი ამბობდა: „მუდამ სწავლა და სწავლა, ისიც გრამატიკისა, ხომ წამებაა, მოდი, შემოვიღოთ სკოლებში სხვადასხვაგვარი ხელობა მოსწავლეთა ძალღონის გასავარჯიშებლად“. ზოგი კიდევ ჰქადაგებდა: „შევამოკლოთ სწავლის დრო და ან რამდენიმე საათი შუადღემდე ვასწავლოთ და რამდენიმეც ნაშუადღესაო.

აქვე უნდა ვსთქვათ, რომ არც ერთი ამ ხერხთაგანი არ არის უებარი წამალი ეგრეთწოდებულის „გონებითის დაქანცვისა“. შესაძლოა მცირე პროგრამის შესწავლითაც მოსწავლე გონებითად დაიქანცოს, დაუძლურდეს, შესაძლოა აგრეთვე ვრცელი პროგრამა შეასწავლოთ და არ დაქანცოთ.

ვიდრე თვით ამ საგანს გამოვიკვლევდეთ, მეტი არ იქნება მოვიხსენიოთ, თუ რა მოზდევს გონებითს დაქანცვას.

ზოგიერთმა ევროპიელმა ფიზიოლოგმა საფუძვლიანად გამოიკვლია შედეგი გონებითის დაქანცვისა. შესანიშნავი ოკულისტი (თვალის ექიმი) კონი ამტკიცებს, რომ ბეცობა ძლიერ გახშირებულია საშუალო სასწავლებლებში, ასე რომ ორთა შუა რიცხვით 40-60% ყმაწვილი ბეცია; აგრეთვე ხშირია კბილების ფამფალი, რყევა, გაფუჭება, დაკლება, თმების დაცვივა, მელოტობა და სხვა, ასე რომ 27-ის წლის კაცს ხშირად ჰნახავთ სრულიად მელოტს. კონისავე სიტყვით, უმეტესი ნაწილი მოსწავლეთა დამახინჯებულია სხვადასხვაგვარად: ზოგს ზურგის ხერხემალი აქვს გამრუდებული, ზოგს სუსტი და უშნო სხეულის აგებულება აქვს, ასე რომ სიგრძე და სიგანე მკერდისა არ ეთანაბრება მთელს აგებულებას; ზოგს კუჭი აქვს გაფუჭებული, ზოგს ყაბზობა სჭირს, ზოგს რა და ზოგს რა. ვირხოვის გამოკვლევით, სიჭლექეც ძლიერ ხშირი მოვლენაა მოსწავლეთა შორის, ასში კვდება: 5-10 წლამდე - 4,81%, 10-15 წლამდე - 12,96%, 15-20 წლამდე - 31,88%. გარდა ამისა თავის ტკივილი, ცხვირიდგან სისხლის დენა, გულის რევა ხომ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით იქ, სადაც მყრალი, შმორიანი, ნესტიანი კლასებია. ამის შემდეგ გასაკვირველი არ არის, რომ მოსწავლეთა შორის ძლიერ გახშირდა თავის მოკვლა.

გამოჩენილის პროფესორის (ფრანგია) გოტიეს გამოკვლევიდგანა სჩანს, რომ გერმანიასა, საფრანგეთსა და ინგლისში ამ უკანასკნელ 15-20 წლამდე მოსწავლეთა გონებითი ზრდა, განვითარება ძლიერ შეფერხდა, „ახალგაზრდა ვაჟები თუ ქალები, რომლებსაც გიმნაზია დაუმთავრებიათ, სულ უკან-უკან მიდიან სწავლაში. ეს ყმაწვილები, რომლებიც უფრო მუყაითად ემზადებიან გამოცდისათვის, მეტს გონების სისუსტეს იჩენენ“. ამასვე ამბობს გამოჩენილი სულისა და ნერვების მკურნალი შარკო.

ჩვენ ჯერჯერობით მოვიხსენიეთ „გონებითის დაქანცვის“ შედეგი, მაგრამ საქმე მარტო ეს არ არის. საქმე ისაა, თუ რა არის ამ საშინელის სენის უებარი წამალი?.

მოზარდი თაობა - ადამიანის თვალი და მერმისის იმედი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №249, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიისა“ ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

93 კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრება

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 28 ნოემბერი

გუშინწინ, 26 ნოემბერს, კრება ჰქონდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას. ამ კრებაზედ გასარჩევ საგნად დანიშნული იყო ის, თუ რა ზომიერება საჭიროა იხმაროს საზოგადოებამ, რომ კავკასიის ვენახები გადაარჩინოს ორის საშინელის სენისაგან, - ნაცრისა და მილდიუსაგან. რადგანაც ეს საგანი მეტად საგულისხმოა ჩვენებურ ვენახთა პატრონებისათვის, ამისათვის საზოგადოებას მოეწვივნა ჩვენებურნი მიწათმფლობელნი, რათა ამათაც დაეკითხონ და ამათი რჩევაც მოისმინონ. ამათგანნი თუმცა იყვნენ კრებაზედ, მაგრამ არა იმდენი, რამოდენიც სანატრელია მათთვის, ვისაც ამისთანა მძიმე საქმისათვის გული შესტკივა.

კრებას მოხსენდა, რომ ამ 1888 წელს ნაცარი ყველგან ძალიან გაძლიერებული იყო და ბევრს ადგილას, ნამეტნავად კახეთში, ნაცარს მილდიუც მოემატაო და ძლიერ დააზარალა ვენახის პატრონებიო. დიდი ხანია რაც ნაცარსაც და მილდიუსაც ევროპამ წამალი უპოვა და თითქმის უებარიცა. თითქმის ვამბობთ, იმიტომ რომ თუ კაცი წინასწარვე შეუდგა შესაფერის ცოდნით ვენახის წამლობასა, იშვიათი შემთხვევა იქნება ვერ გადაარჩინოს ვენახი წახდენისაგან. ამას ამტკიცებს როგორც გამოცდილება, ისეც მეცნიერება. გარდა ამისა ისიც დამტკიცებულია და ჭეშმარიტებით გამოანგარიშებული, რომ ეს წამლობა დიდს ხარჯს არ ითხოვს და ადვილად გასამეტებელია და მოსახერხებელი ყველასათვის. ესეც რომ არ იყოს, ვენახი, სენისაგან გადარჩენილი, იმოდენის ზომით უბრუნებს მოსავლითა დანახარჯს, რომ რაოდენობა ხარჯისა ამ ზომასთან სათქმელიც არ არის.

რომ ნაცარსაც და მილდიუსაც უებარი წამალი აქვს და თვითონ წამლობაც ბევრს ხარჯს არ თხოულობს, ეს იმდენად გამორკვეულია, რომ კრებაზედ ამის შესახებ თითქმის ლაპარაკიც არა ყოფილა. კრების ყურადღება საკუთრად იმაზედ მიიქცა, თუ, რა გზით მიეშველოს სამეურნეო საზოგადოება ხალხსა, რომ ვენახების წამლობა გაუადვილოს. ამ საგანზედ ბევრი ილაპარაკეს კრებაზედ და, სხვათაშორის, გამოჩნდა, რომ სამეურნეო საზოგადოების ხელთ არის ხუთი გუნდი საფილოქსერო კომიტეტისა. ამ ხუთის გუნდისაგან ორი ისევ საჭიროა გაგზავნილ იქმნას ფილოქსერის საბრძოლველად იქ, საცა ფილოქსერის შიშია, და სამი კი შესაძლოა მოხმარდეს ნაცრისა და მილდიუს საქმესა. ამათ უპირებენ გაჰგზავნონ სხვადასხვა ადგილებში და დაავალონ ადგილზევე უჩვენონ ხალხს როგორ უნდა უწამლონ ვენახებსა.

გარდა ამისა გამოირკვა, რომ სამეურნეო საზოგადოებამ უნდა წინათვე შეამზადოს ყოველისფერი, რაც კი საჭიროა ნაცრისა და მილდიუს წამლობისათვის და ყოველივე ასე შემზადებული იარაღი, თუ წამლის მასალა იქ იქონიოს, საცა ვენახის პატრონებს ეადვილებათ მისვლა ან სასყიდლად, ანუ რომელისამე პირობით გამოსართმევად. ამ სარჩიელის გამო გამოირკვა, რომ რაც კი შეძლება ექმნება სამეურნეო საზოგადოებას, იმის კვალობაზედ ყველაფერს ამას წინადვე შეამზადებს, ხოლო საქმე ის არის, რომ თვითონ ვენახის პატრონებმაც მხურვალე მონაწილეობა მიიღონ და რაიმე თვითმოქმედება გამოიჩინონ თავიანთ ვენახების გადასარჩენად, თორემ თუ ისინი არ მოინდომებენ ვენახების წამლობას, ყველა ჩვენი ცდა და ხარჯი თითქმის ამაოდ ჩაივლისო. ჩვენ შეგვიძლიანო რაც შეიძლება იეფად და ადვილად მივაწოდოთ ყოველი საჭირო იარაღი და წამალი ვენახების წამლობისათვის, შესაძლოა შეღავათიანი პირობებიც დაუდვათ, თუ ვინიცობაა პირველ ხანში ფული არ შეხვდათ ყოველ ამის სყიდვისათვის. ხოლო თვითონ ვენახის პატრონს წამლობის სურვილი და ხალისი უნდა ჰქონდესო. როგორ გამოვიწვიოთ ეს სურვილი და ხალისიო?

ამ უკანასკნელ საკითხზედ ხანგრძლივი ლაპარაკი გაიმართა. ყველამ საჭიროდ კი სცნა, რომ უსათუოდ უნდა გამოვიწვიოთ სურვილი და ხალისი ვენახების წამლობისა თვით ვენახების პატრონთა შორისო. ხოლო ამისათვის ზოგი ერთს გზას აჩვენებდა, ზოგი მეორეს. ბოლოს იმაზედ დადგა კრება, რომ რომელისამე გზით მივმართოთ ადგილობრივთ ვენახის პატრონთა შეადგინონ ადგილ-ადგილ ამხანაგობა იმათგან, ვისაც ჰსურს და ესმის ვენახების წამლობის საჭიროება, მოიპოვონ რაც შესაძლოა მომეტებულნი ამხანაგნი, წინადვე შემოუკვეთონ სამეურნეო საზოგადოებას ვის რამდენი იარაღი და წამალი უნდათ, თვითონ ამხანაგნი შეეცადნენ ისწავლონ როგორ იხმარონ წამლობისათვის საჭირო იარაღი, როგორ აკეთონ და შეაზავონ თვით წამალი და აგრე მომზადებულნი შეუდგნენ წამლობასა თავთავის ვენახებისას, ვინც ამისთანა ამხანაგობაში ჩაეწერება, იმას სამეურნეო საზოგადოება უპირატესობას მისცემს ყოველ იმაში, რაც საზოგადოების მიერ საშეღავათოდ დადგენილ იქნება. წამლობის შესასწავლებლად და ამისათვის საჭირო დარიგების მისაცემად, სამეურნეო საზოგადოება ჰფიქრობს თავის სააკლიმატიზაციო ბაღში, რომელიც ტფილისში იმყოფება, გაჰმართოს იანვარსა თუ თებერვალში ლექციები და გარდა ამისა მცოდნე კაცებმა აქ თვალად აჩვენონ მსურველთ, როგორ იხმარება იარაღი წამლობისა და როგორ კეთდება თვითონ წამალიცა. რა თქმა უნდა, ამ წამლობის სურვილისა და ხალისის გამოსაწვევად, საჭიროდ დანახულ იქმნა ბროშიურების დაბეჭდვა აქაურ ენაზედ ამ წამლობის თაობაზედ და ამ გზით ხალხში წამლობის ცოდნის მოფენა და გავრცელება.

ამ სახით კრებაზედ აღმოჩნდა, რომ სამეურნეო საზოგადოება ამ ნაცრისა და მილდიუს საქმეში ჰკისრულობს ორს მოვალეობას: ერთს იმას, რომ ხალხს გაუადვილოს იეფად შოვნა წამლობის იარაღისა და წამლისა და მეორეს იმას, რომ გამოიწვიოს ვენახების პატრონთა შორის თვითმოქმედება და ხალისი მისავე ვენახების გადასარჩენად. ორსავ ამ საგნის დაწვრილებით გამორკვევისა და განწესიერებისათვის კრებამ ამოირჩია კომისია და დაავალა, რაც შესაძლოა მალე შეამზადოს სარჩიელი მასზედ, თუ რა გზით შეასრულოს სამეურნეო საზოგადოებამ ეს ორნაირი მოვალეობა თავისი.

ჩვენის აზრით, ხსენებული კრება სამეურნეო საზოგადოებისა ძალიან კარგად მოიქცა, რომ აღიარა თავისი უღონობა იმისთანა საქმეში, როგორიც არის ნაცარისა და მილდიუსაგან ვენახების დახსნა და გადარჩენა. ეს კიდევ არაფერი იქნებოდა, თუ ამასთანავე არ ეღიარებინა, რომ აქ საჭიროა მოიშველიოს თვით ვენახების პატრონებიცა, ესე იგი, სცნა, რომ ყოველივე ცდა სამეურნეო საზოგადოებისა თითქმის ამაოა, თუ საზოგადოებას კავშირი არა აქვს სოფლის მეურნეებთან, თუ მათ შორის ფესვი არა აქვს გადგმული, თუ მათსა ხმასა, საჭიროებას, მათს სარჩიელს ყურს არ ათხოვებს და მათთან ერთად არ შეუდგება სამეურნეო საქმის წინ წაწევასა და წარმატებასა. ხსენებულს კრებას, ჩვენის აზრით, მხოლოდ ამ აზრით ჰქონდა საზოგადოებური მნიშვნელობა. ჩვენ დიდად მოხარულნი ვართ, რომ სამეურნეო საზოგადოებამ ამ ბოლოს ხანებში საჭიროდ დაინახა დაუახლოვდეს სოფლის მეურნეებს და მათთან კავშირი იქონიოს. უამისობა დღეს აქამომდე ბევრსა ჰვნებდა თვით საზოგადოებასა და მეურნეებსაცა, იმიტომ რომ ის სასარგებლო აზრი, რომელიც საძირკვლად უდევს ამ საზოგადოებას, თითქმის უქმად იყო მეურნეთათვის, რომელთ შორისაც ბევრმა არც კი იცოდა არის სადმე ეს საზოგადოება თუ არა და თუ არის, რის მოხელეა. ამისი მაგალითი სთქვა კიდეც კრებაზედ ერთმა წევრმა საზოგადოებისამ.

თუ საზოგადოებას უნდა სიკეთე რამ დაავალოს სოფლის მეურნეობას, სოფლის მეურნეებს უნდა ჩახედოს გულში და მათი ჭირი და ლხინი იცნას და გამოირკვიოს. ეს მარტო მაშინ არის შესაძლებელი, როცა საზოგადოებისა და მეურნეთა შორის ადვილად გასავლელი ხიდი იდება და საქმის შესაფერი კავშირი გაიბმება. საქმე ის არის, რომ მეურნეთა ხმა სწვდებოდეს საზოგადოების ყურსა და ყურნიც გამზადებულ იყვნენ სასმენლად. ამნაირ საზოგადოებას, ჩვენის აზრით, სხვა მნიშვნელობა არა აქვს, თუ არ ისა, რომ შუამდგომელ იყვეს მთავრობისა და სოფლის მეურნეობის შორის. მან უნდა ამცნოს მთავრობას გაჭირვება სოფლის მეირნეობისა და ამ უკანასკნელს კიდევ მოაშველოს შემწეობა მთავრობისა, საცა და როცა საჭიროა. ამიტომაც არ შევცდებით ვსთქვათ, რომ სამეურნეო საზოგადოება ერთის მხრით ყური და ენაა სოფლის მეურნეობისა, რათა თვითონ ისმინოს და მთავრობას ასმინოს რა უჭირს მეურნეობას, და მეორეს მხრით ხელია მთავრობისა, რათა მთავრობის შემწეობა მოაშველოს და მოახმაროს მეურნეობას მისდა საჭიროებისამებრ. ამ აზრზეა აგებული ყოველივე ამისთანა საზოგადოება ევროპაში და ეს აზრი ვერასდროს ვერ ისაქმებს, თუ სამეურნეო საზოგადოებას მკვიდრთა თანა არა აქვს ურთიერთობა და მუდმივი კავშირი.

ხსენებულმა კრებამ ჩვენს თვალში იმითი უფრო იჩინა თავი, რომ ეს ურთიერთობა საზოგედოებისა და მეურნეებისა არამც თუ საჭიროდ დაინახა, არამედ იმისათვის ცდასაც შეუდგა. თუმცა სასურველია, რომ ამ ურთიერთობის დამყარებისათვის ცდა ყველაფერში საჭიროდ იყოს დანახული და არა მარტო იმისთანა ცალკე საქმეში, როგორც ნაცრისა და მილდიუს საქმეა, მაგრამ ეს პირველი მაგალითიც კაი ნიშანია, სამერმისოდაც ნუგეშს იძლევა. ჩვენც ჩვენის მხრით უნდა შევეცადნეთ, რომ ამ პირველს ცდას საზოგადოებისას რიგიანად მივეგებნეთ. ხოლო როგორ და რა გზით? ამაზედ შემდეგ მოვილაპარაკებთ.

კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრება

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №251, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიისა“ ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

კავკასიის სამეურნეო საზოგადოება - იგივე კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება. დაარსდა 1850 წ.

94 სამეურნეო საზოგადოების კავშირი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 29 ნოემბერი

ჩვენ წინა წერილში ჩვენი სიხარული გამოვაცხადეთ, რომ სამეურნეო საზოგადოებამ საჭიროდ დაინახა სოფლის მეურნეებთან კავშირის გაბმა და დაახლოვება და ამისათვის ცდასაც შეუდგა. ეს სამეურნეო საზოგადოების მხრით თითქმის პირველი ბიჯია, მიმართული მასზედ, რომ სოფლის სამეურნეო საქმეში თვით სოფლის მეურნენი მონაწილედ გაიხადოს, იმათი გამოცდილება და საქმის ცოდნაც მოიშველიოს. ეხლა ჩვენს მეურნეებზეა დამოკიდებული, რომ ხალისიანად მიეგებნენ ამ ბიჯსა და თავისი გულმხურვალეობა და გულმოდგინეობა იჩინონ იმისთანა მძიმე საქმეში, რომელიც მარტო მათთავე სარგებლობაზეა მიმართული.

თქმა არ უნდა, რომ ჩვენს ქვეყანას დიდს ვნებასა და ზარალს უქადის ნაცარი და ნამეტნავად მილდიუ. შესაძლოა ერთიცა და მეორეც ისე გაგვიძლიერდეს - ნამეტნავად საშიშარია მილდიუ, - რომ ვენახებზე მთალად ხელი აგვაღებინოს. სიდიდე ზარალისა წარმოუდგენელია და დაუთვალავი. კაცობრიობამ, ჩვენდა სახსნელად, ერთსაც და მეორესაც წამალი უპოვნა, წამალი უებარი, იეფი და ადვილი. რატომ არ უნდა ვუშველოთ ჩვენს თავს და არ დავიხსნათ ამ საშინელ ჭირთაგან ჩვენი ვენახები, - ეს თითქმის ერთადერთი დიდი წყარო ჩვენის ცხოვრებისა და ავლადიდებისა. აქ გულგრილობა დიდი დანაშაულია ჯერ წინაშე ქვეყნისა და მერე საკუთარის თავისა.

აქ გულგრილობის სათავე და მიზეზი მარტო უვიცობა და უმეცრება თუ იქნება, თორემ გაგებულმა კაცმა როგორ უნდა დაიზაროს თავის თავის შველა, თავის თავის დახსნა გაღარიბებისაგან. ამიტომაც ვისაცა ჰსურს ამ გულგრილობის სანაცვლოდ გულმხურვალეობა, გულმოდგინეობა და ხალისი ხალხისა გამოიწვიოს, ამ მიზეზს უნდა შეეჭიდოს და არგაგებულს გააგებინოს საიდამ და როგორ მოევლება იმ ჭირს, რომელიც, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენს ვენახებს გამოაჩნდა.

რითი შეიძლება ეს მოხდეს? ჯერ, რასაკვირველია, კარგის ბროშიურებითა, რომელნიც მდაბიო და ადვილად გასაგების ენით უნდა იყვნენ დაწერილნი და იმაზედ მიმართულნი, რომ რაღაც თეორიებით არ იყვნენ გართულებულნი და მარტო საქმიანი, პირდაპირ საქმეში გამოსაყენი ცნობანი და დარიგებანი ცხადად და გაუძნელებლად დაენახვებოდნენ ყოველს, ვინც კი შიგ ჩახედვას მოიწადინებს. ამ მხრით შველას გვპირდება თითონ სამეურნეო საზოგადოება: იგი აპირობს ამისთანა წიგნაკების დაბეჭდვას. ეს გზა კარგია ნამეტნავად იქ, საცა წიგნის კითხვა გაძლიერებულია და არა ისეთი იშვიათი ამბავია, როგორც ჩვენში, მაგრამ საკმაო კი არ არის. ჩვენში ვენახების წამლობისათვის სურვილისა და ხალისის გამოსაწვევად უფრო უებარია ცხოველი სიტყვა, ხშირი აღაბ-მიცემობა აზრისა პირდაპირ სიტყვით და არა მარტო წიგნით. ამაში დიდი სამსახურის გაწევა შეუძლიანთ მაზრის მარშლებს, სოფლის მასწავლებლებს და იმ ცოტად თუ ბევრად ნასწავლ ყმაწვილკაცებს, რომელნიც სოფლად გასულნი არიან და სოფლებში სცხოვრობენ.

ჩვენმა მაზრის მარშლებმა რომ აქ თავი გამოიდვან, მოიწვიონ ვენახის პატრონები - თავადია, აზნაურია, თუ გლეხი - აიღონ, დაიღონ და გამოარკვიონ რა გზით შესაძლოა საერთო ძალით გაემკლავონ ამ ორს საშინელს ჭირს ვენახებისას, რა გზით და რა ზომით თითონ შეუძლიანთ შველა და რა გზით და რა ზომით საჭიროა მოიშველიონ სამეურნეო საზოგადოება, რომელსაც დიდი სურვილი აქვს ეს შველა გაუწიოს შეძლებისამებრ ყველას, ვინც კი მიჰმართავს, - ეს ყოველი რომ თავს იდვან მარშლებმა, ნუთუ ეს საქმის კეთება არ იქნება? ნუთუ ეს სამსახური არ იქნება კრებანი, თუ რიგიანი ხელთმძღვანელი ეყოლებათ, ვერ შესძლებენ გამოიწვიონ იგი სასურველი თვითმოქმედება და გულმოდგინეობა, რომელიც ასე საჭიროა ამ შემთხვევაში!

არ ვიცით, ჩვენი მარშლები ითავებენ ამ საქმეს თუ არა, ვინ იცის? ამისთანა საჩხირკედელო საქმე იქნება ზოგმა არ იკადროს. ხოლო იმათ გარეითად სხვანიც არიან. ჩვენი ქვეყანა ამ მხრით უკაცური არა გვგონია. ყველგან არიან თითო-ოროლა კაცნი, რომელთაც გული სტკივათ ამგვარებში. ესენი არიან სოფლის სკოლის მასწავლებელნი და სოფლის ინტელიგენცია. ამათ შევავედრებთ ამ მძიმე საქმეს და იმედია არ დაიზარებენ ქვეყანას სამსახური გაუწიონ, ხალხს მიეშველონ თავისის ცოდნითა, თავისის სიტყვითა, რომ ვენახების ჭირთან ბრძოლისათვის ხალხის სულიერი და ნივთიერი ღონე გამოიწვიონ. აკი ვამბობთ, ეს ქვეყნის წინაშეა სამსახური და ამით ინუგეშონ ყველამ, ვინც ამ საქმეში თავისს გარჯასა და შრომას არ დაჰზოგავს. ამ ყმაწვილ კაცობისათვის დიდი არაფერია ყოველივე ვითარება ვენახების წამლობისა ზედმიწევნით შეისწავლონ და თავისი ცოდნა ქვეყანას მოახმარონ.

რა თქმა უნდა, ცარიელი სურვილი და ხალისი ბევრს არაფერს გვიშველის. სურვილი და ხალისი მაშინ არის კარგი, როცა გზაც წინადვე გარკვეულია სურვილის განხორციელებისათვის და ხალისის საქმეში ჩაყენებისათვის. ჩვენში დიდძალი იმისთანა ვენახის პატრონები არიან, რომელთაც დიდი სურვილი და ხალისიც რომ ჰქონდეს, ერთიცა და მეორეც შეუძლებლობის გამო გულში უქმად უნდა დარჩეთ. დიდძალს ჩვენგანს ცალკედ გარჯისათვის ვერც ხელი გაუწვდება, ვერც ჯიბე. ხოლო რაც შესაძლებელი არ არის ცალკე კაცისათვის, ის ადვილად საქმნელია ხუთისა და ათისათვის, თუ შეერთდებიან და ერთმანეთობას გასწევენ. ამისათვის საჭიროა, რომ ვისაცა ცალკე ბრძოლა არ შეუძლიან ნაცრისა და მილდიუსაგან ვენახის გადარჩენისათვის, სხვაც მოიამხანაგოს, მოიშველიოს და ერთიანის ღონით შეეჭიდნენ ამ ვენახების ჭირსა. აი ამისთანა ამხანაგობანი, ხუთ-ხუთის, თუ ათ-ათის კაცისაგან შემდგარნი, თვითვეულნი თავ-თავის ადგილას დიდს საქმეს იქმოდნენ.

ამისთანა გუნდების შედგენას უნდა შეეცადნენ ყველანი, ვისაც ხალხის შველა და სამსახური უნდა ამ საქმეში. „ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი დაიჭერსო“, ტყუილად კი არ არის ნათქვამი. როგორც ადგილის კაცი გაუძღვება ამგვარს საქმეს, ისე სხვა ვერავინ. რაკი ადგილის კაცთაგან ამისთანა გუნდები თუ ამხანაგობა შესდგება, მაშინ ადვილად გამოარკვევენ საიდამ რა მოევლება და ეწამლება ამ ვენახების ჭირს, კავშირს გააბმენ სამეურნეო საზოგადოებასთან, რაშიაც საჭიროა მოიშველიებენ ამ საზოგადოებას, რაც იციან, საერთოდ გამოიყენებენ, რაც არ იციან, სხვისაგან ისწავლიან, სხვას გამოჰკითხვენ, მიდგებიან-მოდგებიან, ურთიერთის ღონით გაღონიერდებიან და ისე შეეჭიდებიან საქმეს, რომელიც ცოდნითა, გარჯითა, მხნეობით და ერთიანის ძალით ადვილად საძლევია.

კიდევ ვიტყვით, იმედი გვაქვს ჩვენის სოფლის სკოლების მასწავლებლებისა და სოფლის განათლებულ ყმაწვილკაცობისა, რომ ამ საქვეყნო საქმეს გულმხურვალედ ხელს ჩასჭიდებენ და ადგილის ღონესა, სულიერს თუ ნივთიერს, გამოიწვევენ ვენახების ჭირის საძლეველად.

სამეურნეო საზოგადოების კავშირი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №252, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიისა“ ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

95 ზეთისხილის ხე კავკასიაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 30 ნოემბერი

რუსეთის გაზეთები გვაუწყებენ, რომ სახელმწიფო ქონებათა სამინისტრო 1889 წელს, გაზაფხულზე, შეუდგება ცდას - ივარგებს თუ არა კავკასიაში ზეთისხილის ხე. სამინისტროს აზრით, ზეთისხილის მოყვანა კავკასიაში ძალიან სასარგებლო იქნება როგორც სახელმწიფოსათვის, ისეც მკვიდრთათვისა, თუკი ზეთისხილის ხე კარგად იხეირებსო. თუ მართლა ზეთისხილმა კარგად იგვარა, მაშინ სამინისტრო შეეცდება ამ ხის გამრავლებას და სახელმწიფო ხარჯითა და ზედამხედველობით მრავალს ზეთისხილის ბაღებს დაჰმართავს სახელმწიფოს სასარგებლოდ.

უკვე უწყებულია, რომ ზეთისხილი კარგადა ჰგვარობს მცირე აზიაში, საბერძნეთის კუნძულებზე და დიდძალს მოგებასაც იძლევა. იმედიაო, ამბობენ გაზეთები, რომ კავკასიაშიაც იგვარებსო, რადგანაც ზეთისხილის ჯიშის მაგვარი ხეები დღესაც კარგად ჰგვარობენ კავკასიაშიო. ეს იმედი მით უფრო უეჭველიაო, რომ ის ადგილები კავკასიაში, საცა ჰსურთ ზეთისხილის გამრავლება და მოყვანა, თითქმის იმავე გარემოებაში არიან, როგორც საბერძნეთის კუნძულები და განსხვავება მარტო იმაშია, რომ კავკასიის ადგილები უფრო დასავლეთის მხრივ არიანო. ხოლო ეს გარემოება, უმატებენ გაზეთები, არაფერს ცუდს ზედმოქმედებას არ იქონიებს ზეთისხილის მოყვანაზეო.

ჩვენ ამაზე უტყუარი საბუთი გვაქვს ვსთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ცდაც საჭირო არ არის, რადგანაც ზეთისხილის გვარება ჩვენში დიდი ხანია ნაცადია, მაგალითებრ კახეთში და ამ ცდას ძალიან კარგი შედეგიც მოჰყოლია. სოფელს კარდანეხს დასავლეთით ერთი ხევი ჩამოუდის. ამ ხევის მარჯვენა ნაპირას წმინდა საბას ეკკლესიაა მთის კალთაზე. ამ ეკკლესიის გარემოში დიდი ხანია მშვენიერი ხე სდგას ზეთისხილისა. იქაურ მკვიდრთა არც კი ახსოვთ როდის და ვის დაურგავს ეს ხე. ამ ხის ნერგი ერთმა იქაურმა მემამულემ თ. დ. აფხაზმა გადარგო თავის სახელგანთქმულ ვენახში, რომელიც ბოლოს ბ-ნმა შერემეტიევმა იყიდა და ეხლა იმის ხელშია. გადარგულმა ზეთისხილმა ძალიან კარგად იხეირა, გამრავლდა, გაკეთდა და ისეთი მსხვილი და გემრიელი ხილი მოისხა, რომ მნახველთ უკვირდათ. ეს ხეხილი ისე გაძლიერდა და გაბევრდა, რომ საჭიროდაც დაინახეს გადაჩეხა, რადგანაც მეტად გაება და ვაზისათვის ადგილი ცოტად თუ ბევრად დაჰფარა. თუ ბ-ნ შერემეტიევის ხელში სულ არ გადაიკაფა ეს ზეთისხილის ხე, დღესაც შესაძლო იქნება კაცმა საკუთარის თვალით ინახულოს შედეგი დიდის ხნის ნაცადისა.

თითო-ოროლა სხვა მემამულეებმაც დაჰრგეს თავის მამულში ზეთისხილი და თითქმის ყველგან იხეირა. ამასთან ისიც უნდა ვსთქვათ, რომ თ. დ. აფხაზის დროს და მერმეც ზეთისხილს ისე ამზადებდნენ საშინაოდ, როგორც ბაზარში იყიდება ხოლმე, და გემოთი და სიმსხოთი ბევრად სჯობდა ბაზარში ნაყიდსა.

სასურველია, ვისიც ჯერ არს, იმან ამ ჩვენ მიერ ნაუწყებს ამბავს ყური ათხოვოს და ეს უეჭველი საბუთი ზეთისხილის ჩვენში ხეირობისა შეამოწმოს როგორც რიგია და რაც უკვე დიდის ხნის ნაცადია, ხელმეორედ აღარ გაუხადოს მთავრობას საცდელად, ამითი დიდი დრო და ხარჯი შეინახება და ამისთანაებში ერთიც და მეორეც სანატრელი უნდა იყოს ყველასათვის, ვისაც მართლა საქმე უნდა და არა ტყუილუბრალო ფართი-ფურთი. ჩვენის ფიქრით, კახეთის შესახებ ზეთისხილის ხეირობის ცდას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს, რადგანაც იქ, კარდანეხში მაინც, უკვე ნაცადია, რომ კარგად ჰხეირობს. ამიტომაც მთავრობას საბუთი აქვს აქ პირდაპირ შეუდგეს ზეთისხილიხ ხის მოშენებას ან თითონ, ან ვისმე ცალკე კაცს მიეშველოს და ეგ სასარგებლო ხე გაამრავლებინოს ქვეყნისა და სახელმწიფო სასარგებლოდ.

ამ ამბავს რომ იქაურმა მემამულეებმაც შესაფერი ყურადღება მიაქციონ და ამ ზეთისხილის ხის მოშენებას და გამრავლებას შეუდგნენ, ერთი კაი მოზრდილი წყარო საზრდოებისა კიდევ მოემატება მათს კეთილდღეობას. ნამეტნავად საჭიროა ხელი მოჰკიდონ ამ საქმეს ეხლა, როცა ჩვენმა ვენახებმა იკლო და იმოდენას აღარ იძლევა, რომ კაცმა მარტო ვენახების მოსავალს წლითიწლობამდე შეჰყუროს. ზეთისხილს დიდი გასავალი აქვს და კაი ფასიცა.

ზეთისხილის ხე კავკასიაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №253, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიისა“ ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

96 ობლებზე ზრუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 8 დეკემბერი

ერთი დიდი და ფრიად მძიმე ვალდებულება სახელმწიფოსი ის არის, რომ მზრუნველობა, მფარველობა და პატრონობა გაუწიოს იმას, რომელსაც ან ბუნებითად, ან მცირეწლოვანებით, ან უთაურობით მოვლა და პატრონობა თავის თავისა და თავის ქონებისა არ შეუძლიან. ამათ შორის ყველაზედ მეტად გულშესატკივარნი არიან მცირეწლოვანი ობლები, რომელნიც იმ ასაკში არიან, რომ ვერასგზით ვერ გაუძღვებიან ვერც თავიანთს ზნეობითს საჭიროებას, ვერც ქონების მოვლასა და პატრონობას. ამათი უპატრონოდ დაგდება ორნაირს ვნებას უქადის სახელმწიფოს და საზოგადოებას. ჯერ ერთი იმას, რომ, შესაძლოა, კაცი კაცად ვერ დამთავრდეს და სასარგებლო კაცის მაგიერ გაიზარდოს ავი კაცი, უზნეო, უხეირო და ზოგჯერ ავაზაკიცა და ამით გაძლიერდეს ავზნეთა კაცთა რაზმი, რომელსაც დღე და ღამ ებრძვის სახელმწიფო და საზოგადოება წესისა და მშვიდობიანობისათვის. მეორე იმას, რომ ცალკე სიმდიდრე ობლისა, რომელიც საზოგადო ერის სიმდიდრის ნაწილია, შესაძლოა, გაიფლანგოს, გაქარწყლდეს უპატრონობით და ამ გზით ავალა მიეცეს ღარიბთა გამრავლებას, რომელთა შენახვა და გამოკვება ბოლოს სამძიმოდ უხდება სახელმწიფოსაცა და საზოგადოებასაც. ამას აღარ ვიტყვით, რომ ხშირად ეგ სიღარიბე სათავედ უხდება ათასნაირს ავკაცობასა და წარამარობას.

სახელმწიფოს ყველგან საჭიროდ დანახული აქვს და თავის ვალდებულებადაც ცნობილი, პატრონობა მცირეწლოვან ობლებისა და ამისათვის მთელი ნაწილია კანონებისა ამ საჭიროებაზედ გამოჭრილი და მიქცეული. ჩვენშიაც ეგრეა, მხოლოდ არ შეგვიძლიან არ ვაღიაროთ, რომ ამ ნაწილის კანონები ვერა სწვდებიან იმ კეთილს განზრახვას, იმ საქვეყნოდ სასარგებლო სურვილს, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წინ მიუძღვის. ეგ ნაწილი კანონებისა მთელს რუსეთში დაწუნებულია იმ მხრით, რომ კეთილს განზრახვას სახელმწიფოსას საკმაოდ ვერ ემსახურებაო. თუ ეს ასეა შიგნით რუსეთში, საცა ამ კანონთა გამგებელი დაწესებულება, რაც უნდა იყოს, უფრო რიგსა და წესშია ჩაყენებული, მაშ რაღა უნდა ითქვას ჩვენში, საცა არც ეგ რიგია და წესი თავის გზაზედ დაყენებული და საცა ამგვარებში თვითნებობა „აპეკუნებისა“ უფრო მეუფობს, ვიდრე წესი და კანონი. ჩვენში „აპეკაში“ მიღება ობლისა და მისის ქონებისა მომასწავებელია ვაისა და ვაგლახისა და არა სიხარულისა, რომ ობოლს და მის ქონებას პატრონი აუჩინესო, აპეკუნი დაუნიშნესო და აბა სწორედ ეხლა დაიღუპა საწყალი ობოლიო! ამას იტყვიან ხოლმე მართლად გულშესატკივარნი კაცნი.

ამ სახით ეს მშვენიერი და გულშემატკივარი კანონები ობლების მოვლისა და პატრონობისა არამც თუ უქმად არიან ჩვენში, არამედ ხშირად და ძალიან ხშირადაც ვნება მოაქვთ იმათთვის, ვის სასარგებლოდაც დადგენილან. დღეს რუსეთში მთავრობა შესდგომია ამ კანონების შეკეთებას და ისეთის წესების შემოღებას, რომ „აპეკუნები“ მართლა მფარველად და პატრონად ექმნენ ობლებსა და არა მძარცველად და მყვლეფავ-მგლეჯავად. რაკი დღეს ეს საქმე შეცვლისა და შეკეთების გზაზედ სდგას რუსეთში მთავრობის თაოსნობით, ნუთუ მეტი იქნება, რომ ჩვენც ჩვენის მხრით გვეზრუნა, მოგვეფიქრნა რამ ამ საქმის შესახებ. ერთი ჩვენის ქვეყნის საჭიროებაზედ გამოჭრილი პროექტი გამოგვერკვია და წარგვედგინა მთავრობისთვის ყურადღების მისაქცევლად. მთავრობაც დაგვიმადლებდა, თუ საკეთილოდ რასმე ვიტყოდით და ქვეყანაც.

ამ საქმეს რომ თაოსნობა გაუწიონ ჩვენმა მარშლებმა, არა გვგონია მათ მიერ წამოდგენილმა პროექტმა ყურადღება არ მიიქციოს მთავრობისა, მით უფრო, რომ ამგვარებში ადგილის კაცია ყოველგვარი რჩევა და აზრი მთავრობისათვის დიდად სასურველი. მარშლებს იმიტომ ვავალებთ ამას, რომ „აპეკის“ უწესობით ისე არავინა ჰზარალობს, როგორც თავადაზნაურობა, რომელსაც ცალკე თვისთა წევრთა ობლობის გამო და ცალკე სხვადასხვა მიზეზთაგან უფრო ხშირადა ჰხვდება ხოლმე „აპეკის“ ხელში ჩავარდნა და თუ „აპეკის“ საქმეთა უხეირობისაგან ვნება ეძლევა ვისმე, თავადაზნაურობას ყველაზედ მეტი.

ობლებზე ზრუნვა დიდი და მძიმე ვალდებულებაა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №259, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიისა“ ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

97 დედათა საქმე

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 12 დეკემბერი

დედათა საქმე, რომელიც ჩვენში მონათლულია ქალების საქმედ დღითიდღე წინ მიდის განათლებულს ქვეყნებში, დღითიდღე მომხრეებსა ჰპოულობს, ძლიერდება და კუთვნილს ადგილს იჭერს ადამიანის ცხოვრებაში. დედათა მხნეობა, სამართლიანის უფლების მოპოვებაზედ მიმართული, აღარა ჰრჩება „ხმად მღაღადებელად უდაბნოსა შინა“ და დღე თითქმის ისე არ გადის, რომ საქმე - რასაკვირველია, განათლებულს ქვეყნებში-კი - ცოტად თუ ბევრად დედათა საქმე ფეხს არ იმაგრებდეს და ცხოვრების სარბიელზედ ცოტცოტაობით მაინც ადგილს არ იპყრობდეს შემდეგის წარმატებისათვის. დედათა სქესმა კაცობრიობის უკეთესთა წარმომადგენელთა თაოსნობით, ღვაწლით და გარჯით უკვე დაიმტკიცა უფლება უმაღლესის სწავლისა და განათლების მიღებისა და ეხლა მარტო ბრმანი და თვალახვეულნიღა ეურჩებიან ამ უფლებას. დედათა სქესმა დაიპყრა ამასთანავე ზოგიერთს სფერაში უფლება სახელმწიფო, თუ საზოგადო სამსახურისა და თუმცა აქ ბევრი რამ კიდევ დაჰრჩენია დასაპყრობად, მაგრამ ეს პირველდაწყებითი ბიჯიც უმნიშვნელო არ არის შემდეგისათვის. იგი უსამართლობა, რომელიც დღეს აქამომდე დედათა სქესს, ამ ნახევარს მთელის კაცობრიობისას, საძიძაოდამ და სამზარეულოდამ გარეთ არ უშვებდა და ამათ გარე არავითარს საქმეში მონაწილედ არა ჰხდიდა, ასე რომ ლუკმაპურის საშოვარის გზასაც არ აძლევდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებს ერთხელ ფეხადგმულს მოძრაობას.

რომ უფრო დიდი ავალა მისცენ ამ მოძრაობას და დედათა სქესს მისი სამართლიანი ადგილი მიეზომოს კაცთა ცხოვრებაში, დედათა საქმე ამ ბოლოს ხანებში იმაზედ მიიმართა, რომ ქვეყნის საქმეთა გამგეობაში და კანონმდებლობაში ხმა მიანიჭოს დედათაცა, როგორც მამაკაცთა აქვსთ მინიჭებული. ამ მხრით ამერიკამ ჯერხანად ყველა ქვეყნებს წინ გაუსწრო და იქ დღეს არამცთუ ვისმე ეხამუშება, რომ მოხელეთა და ქვეყნის საქმეთა გამგებელთა საარჩევნოდ მამაკაცებთან ერთად დედათაც კენჭი იქონიონ, არამედ თითონ დედანიც კი რომ ამორჩეულ იქმნან თუნდ რესპუბლიკის პრეზიდენტადაც, არავინ გაიკვირვებს და იოცებს.

ამ ხანებში ამერიკის ქალაქში, რომელსაც ბოსტონი ჰქვიან, ქალაქის გამგეობის არჩევანები იყო. თუმცა როგორც აქ, ისე სხვაგანაც ამერიკაში, დედათა აქვსთ უფლება არჩევანში მონაწილეობისა, მაგრამ დღეს აქამომდე დედანი ამ უფლებას ბევრს არაფერს დასდევდნენ და არ ერეოდნენ არჩევანებში. ეხლა კი, ამ ბოლოს არჩევანში, თითქმის ყველანი მოსულან და დედათა კენჭის წყალობით დემოკრატები, რომელთაც აქამომდე ხელთ ეპყრათ გამგეობა ქალაქისა, დამარცხებულან და რესპუბლიკელებს გაუმარჯვნიათ. 22.000 დედაკაცი ჩაწერილა, საარჩევანოდ მოსული. ამათ თავისი საკუთარი კომიტეტი ჰქონიათ „ასთა დედათა“. ამ „ასთა დედათა“ კომიტეტს ისე ხერხიანად წაუყვანია არჩევანის საქმე, რომ სწავლა-განათლების საბჭოში და ქალაქის გამგეობაში სულ თავისი მომხრე რესპუბლიკანელები გამოურჩევიათ.

თუმცა ევროპაში ესე საქმეში გამოყენებული უფლება დედათა სქესისა თითქმის არსად მაგალითს არ წარმოგვიდგენს, მაგრამ დედათა სანუგეშოდ უნდა ვსთქვათ, რომ აქაც კი არჩევანის საქმეში აზრი მათკენ არის გადახრილი და ლამის დღესა თუ ხვალ საქმითაც განხორციელდეს. კონსერვატორთა მეთაური სალუსბერი, რომელიც დღეს მთავარმინისტრია ინგლისში, მომხრეა იმისი, რომ დედათა მიენიჭოთ საარჩევანო უფლება. ამას წინათ ლორდი სალუსბერი ყოფილა შოტლანდიაში. ეს მომხრეობა გამოუცხადებია და ყველანი გაუოცებია, რადგანაც კონსერვატორთა მეთაურისაგან არავინ არ მოელოდა დედათა უფლებისათვის გამოსარჩლებას. ედინბურგში უთქვამს, რომ მე ჩემთავად არ ვეურჩები ამ მხრით დედათა ემანსიპაციასაო და „შორს არ არის ის დრო, როცა დედათაც ექმნებათ ხმა ამორჩევისა, როცა ისინიც მიიღებენ მონაწილეობას როგორც ჩვენის ქვეყნის საპოლიტიკო საქმეთა მსვლელობასა და მიმართულებაში, ისეც საპოლიტიკო კაცთა ამორჩევაშიო“. ამისათვის არავითარს დაბრკოლებას არა ჰხედავს მთავარმინისტრი ინგლისისა.

თუ კონსერვატორთა მეთაური ასე ძლეულა დედათა საქმის სამართლიანობითა და ასეთის აზრით გამსჭვალულა ამ საქმის სასარგებლოდ და გასამარჯვებლად, სხვას ვისღა არა აქვს საბუთი სთქვას, რომ შორს არ არის ის დრო, როცა დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისის კუთვნილის ადგილის დასაჭერად. რაკი დედანი კანონმდებლობაში ხმას მოიპოვებენ მისთა მომხრე კაცთა წარმომადგენლობით და ქვეყნის საქმისა გამგებლობის ამორჩევაშიაც მონაწილენი იქნებიან, ამ გზით დიდს ზედმოქმედებას იქონიებენ თვით კანონებ-ზედ, რომელნიც დღეს სჩაგვრენ და ჰხუთვენ დედათა სამართლიანს უფლებას. ამ ზედმოქმედების სიმძიმის ქვეშ შეიცვლებიან ის კანონები და დედათა საქმე წარიმატებს იმოდენად, რამოდენაც შესაძლოა თვით ამ საქმის ბუნებისაგან, იმიტომ რომ განგებ მოგონილი ბორკილი აღარ შეუშლის ფეხს, ამ ბორკილისაგან დახსნილი იქნება და მარტო თავის ბუნებაზედღა დამოკიდებული.

დედათა საქმე

ხელნაწერი: ასლი U №1052, გვ. 859-861.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №262, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

ილიას ავტორობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ წერილი შეტანილია ხელნაწერ კრებულში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ივერიის“ სარედაქციო კომპლექტში წერილს მიწერილი აქვს ილიას ინიციალი „ი“.

წერილი ილიასეულად მიიჩნია და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანა პ. ინგოროყვამ 1946 წ. გამოცემულ ი. ჭავჭავაძის ხუთტომეულში: ტ. III, გვ. 541-542; 1950 წ. გამოცემულ ათტომეულში პ. ინგოროყვას რედაქტორობით: ტ. IX, გვ. 190-192. წერილი გამოცემებში შევიდა ზემოთ მითითებული სათაურით.

98 კვალად თვითმოქმედების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 14 დეკემბერი

საითაც კი მიიხედავთ ჩვენში, ყველგან ჩივილი და საყვედურია, რომ არა გვაქვს რა, ღარიბნი ვართ და ამიტომაც უძლურნი და უღონონიო. ამ ჩივილსა და საყვედურს სათავე რომ მოუნახოთ, იქ მივალთ, რომ ფული არა გვაქვსო. ყველა ჩივილი და საყვედურიაქედამ გამოდის და აქ მიდის. მართლა კი ესეა? მართლა ფულის უქონლობაა დედამიზეზი ჩვენის ერის უძლურებისა და უღონობისა? ამას რომ პასუხი გავცეთ, უნდა ვიცოდეთ - კაცობრიობის ისტორიაში ფულმა შეჰქმნა ღონე და ძლიერება ადამიანისა, თუ ღონემა და ძლიერებამ შეჰქმნა ფული, ანუ, უკეთ ვსთქვათ, კაცი ჰქმნის ფულსა, თუ ფული კაცსა? რადგანაც უეჭველია რომ, ყოფილა დრო, როცა ფულის ხსენებაც არ არსებულა ქვეყანაზედ და კაცს კი მაინც თავი გაუტანია და იმ სიმაღლეზედ დამდგარა, საცა დღეს ჩვენა ვხედავთ, ისიც უეჭველი უნდა იყოს, რომ ღონისა და ძლიერების მიზეზი სხვა რამ არის და არამც და არამც ფული.

მაშ ჩვენი უღონობა და უძლურება რად უნდა დავაბრალოთ ფულის უქონლობას? მართალია, ფულის უქონლობა ეხლანდელს დროში ნაკლებულობაა, მაგრამ ეს ნაკლებულობა თავისთავად იმისთანა რამ არ არის, რომ ავიღოთ და ჩვენი უღონობა ამას მოვახვიოთ კისერზედ. ჩვენის ფიქრით, უფულობა შედეგია და არა მიზეზი უძლურებისა და უღონობისა და ამიტომაც ტყუილი ნუგეშია, ვინც თავის უღონობასა და უძლურებას ფულის უქონლობას აბრალებს. ფული და ერთობ სიმდიდრე თავისთავად არავის უვარდება ხელში და ვინც ჰფიქრობს, მე პირს დავაღებ, გულხელ დავიკრებ და ფული თვისთავად მომივა და გამაღონიერებსო, ის ფულითაცა და უფულოდაც უძლურია და უღონო. ამიტომაც მართალზედ მართალია, ვისაც უთქვამს, რომ „ზოგი მდიდარია, თუნდ ერთის დღის მიწა ჰქონდეს, ზოგი ღარიბია, თუნდ თავიდამ ფეხებამდე ოქროში იჯდესო“.

საქმე გარჯა და მხნეობაა. ღონეც ამაშია ადამიანისა და ძლიერებაც. უამისოდ არც ფულია ღონის მიმცემი, არც უფულობაა ღონის დამკლები. აქ ფული და უფულობა არაფერ შუაშია. ტყუილად კი არ გვიმოძღვრებს ჩვენი ბრძენი დ. გურამიშვილი:

მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან,
განხეთქოს მთა და გორია,
მხნე იყავ და გაძლიერდი,
დავითს რაც უთქვამს სწორია.

აი ძლიერების, ღონიერების სათავე სად არის. ფული აქ რა სახსენებელია! ფული და სხვა სიკეთე, თუ სიმდიდრე, მხნეობისა და გარჯის შვილია და არა დედა. მხნეობა, გარჯა აჩენს ფულსა და სხვა ყოველსგვარს სიკეთეს და ვისაც ეს არა სჯერა, იმას ის უნდა, რომ შვილმა დედა ჰშვას. ვინც ფულს ახვევს კისერზედ თავის უძლურობას, უღონობას, იგი თავის თავსაც ატყუებს და სხვასაც. იგი ამ ხავსს ეჭიდება, რომ თავი დაიხსნას უქმად ყოფნის სირცხვილისაგან და გაექცეს „გარჯას, რომელიც ბუნებამ საჭიროებად გაგვიხადა, საზოგადოებამ - მოვალეობად და ჩვეულებამ - სიამოვნებად“.

მხნე იყავ და გაძლიერდი. აი ერთადერთი გზა, რომელიც კაცს მთა და გორას გაარღვევინებს ხოლმე, აი ერთადერთი სახსარი უღონობისა და უძლურებისაგან გამომხსნელი, აი ერთადერთი გზა, რომელმაც ადამიანი ღვთის სახედ გაჰხადა და ძლევამოსილ ჰყო ქვეყნიერობაზედ. საცა ეგ მხნეობა გაქარწყლებულია, საცა გარჯა, ჯაფა, შრომა დავიწყებულია, იქ ერი უღონოა და უძლური, თუნდა სულ თავიდამ ფეხამდე ოქროში ჩასვა. ვოლტერმა სთქვა, რომ „ფულის უქონლობა კი არა, ნიჭიერთა და მხნე კაცთა უყოლობა ჰქმნის ერს უღონოდაო“. სწორედ მოგახსენოთ, ჩვენი დრევანდელი ტკივილიც ეს არის. ჩვენ მხნეობა და გამრჯელობა გვაკლია და აი სათავე, საიდამაც უნდა მოსწყდეს ჩვენის უძლურებისა და უღონობის მომდინარეობა.

კვალად თვითმოქმედების შესახებ

ხელნაწერი: ასლი U №1052, გვ. 861-862.

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №264, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად.

ილიას ავტორობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ წერილი შეტანილია ხელნაწერ კრებულში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ივერიის“ სარედაქციო კომპლექტში მას მიწერილი აქვს ილიას ინიციალი „ი“.

წერილი ილიასეულად მიიჩნიეს და მწერლის თხზულებათა გამოცემაში პირველად შეიტანეს პ. ინგოროყვამ და ალ. აბაშელმა 1925 წ. გამოცემულ ცხრატომეულში: ტ. IX, გვ. 311-312, პ. ინგოროყვას რედაქტორობით 1945 წ. გამოცემულ ხუთტომეულში: ტ. V, გვ. 111-112; პ. ინგოროყვას რედაქტორობით 1950 წ. გამოცემულ ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ათტომეულში: ტ. VIII, გვ. 319-320.

ყველგან გამოცემებში წერილი ზემოთ მითითებული სათაურით დაიბეჭდა.

გვ. - მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან,
განხეთქოს მთა და გორია,
მხნე იყავ და გაძლიერდი,
დავითს რაც უთქვამს, სწორია.“ - სტროფი აღებულია დ. გურამიშვილის პოემიდან „დავითიანი“. (იხ. დ. გურამიშვილი, თხზულებათა სრული კრებული, თბ., 1980 წ., გვ. 117).

99 საადგილმამულო გადასახადი ამიერკავკასიაში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 19 დეკემბერი

უმაღლესად დამტკიცებულია და კანონად მიღებული რომ, სხვათა შორის, ამიერკავკასიაშიც საადგილმამულო გადასახადი უნდა დაიდვას. გადასახადის გამორთმევა უკვე ნაბძანებია და უნდა გამოერთვას 1887 წლიდამ დაწყებული, ასე რომ დღეს ესგვარი გადასახადი ორის წლისა ერთად არის მოსაკრები. ეხლა ლაპარაკი იმაზეა მარტო, - ვის რამდენი შეხვდება გადასახდელად და დღეს აქაურს მთავრობას ცალკე კომიტეტი ჰყავს გამორჩეული, რომელიც დავალებულია აღრიცხოს, ვის რამდენი უნდა გამოერთვას ადგილ-მამულის კვალობაზედ.

აქაურმა მთავრობამ ამ ორის წლის განმავლობაში არაერთხელ აცნობა ადგილ-მამულის პატრონებს, რომ ცნობა მოგვეცით - ვის რამდენი მიწა გაქვთო და თუ არ მოგვცემთ, ჩვენ თითონ მოვკრებთო და ბოლოს თუ ვისმე მეტი მამული აღმოუჩნდა, იმ მეტისა ერთიორად გადახდებაო. რა თქმა უნდა, ჩვენს ტფილისის გუბერნიაში ყურიც არავინ შეიბერტყა თითქმის და თითქმის არავინ არ აასრულა სარჩიელი მთავრობისა, იმათაც კი, ვისაც ადგილ-მამული დიდი ხანია გამიჯვნული აქვს და, მაშასადამე, ადვილად შეეძლოთ ნამდვილი ეჩვენებინათ.

რაკი მთავრობამ შეამჩნია ამისთანა დაუდევრობა აქაურ მემამულეთა, ბძანება მისცა მაზრის უფროსებს შეეკრიბათ თავ-თავის მაზრაში ცნობები მასზედ თუ, ვის რამდენი მიწა აქვს მაზრაში. მაზრის უფროსებს შეძლებისამებრ შეუკრებიათ ეს ცნობები და წარუდგენიათ საგუბერნიო სამართველოში სიები. დღეს მთავრობა იძულებულია ამ სიებს დაემყაროს და ამ სიებში მოხსენებულ მიწების რაოდენობაზედ გაანაწილოს გადასახადი. ვიდრე მოვიხსენიებდეთ ამ სიების ძალით დღიურს რამდენი ჰხვდება გადასახადი, საჭიროა ვიცოდეთ სულ გადასახადი რამდენია, რა ანგარიშით არის ეს გადასახადი აღრიცხული და ვინ არის ამ გადასახადისაგან ამოშვებული და ვინ არა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამისი შესახები ცნობები მარტო ტფილისის გუბერნიისა გვაქვს და ამიტომაც მარტო ამ გუბერნიის თაობაზედ ვილაპარაკებთ.

ტფილისის გუბერნიაზედ აღრიცხულია საადგილმამულო გადასახადი წელიწადში ორი ათას ხუთასი თუმანზე ცოტა მეტი, რადგანაც ეს გადასახადი 1887 წლიდამ ითვლება ტფილისის გუბერნიაზედ, ამიტომაც წელს ორის წლის გადასახადი ერთად მოეთხოვება ამ გუბერნიას, ესე იგი ხუთი ათასი თუმანი და ცოტა მეტი. ამ აღრიცხვის საფუძვლად მიღებულია კომლზედ ხუთი მანეთი და ჩვიდმეტი შაური, ესე იგი, ის ფული, რომელიც თითოეულ კომლს, ხარჯის მხდელისას, ერთმევა ეხლა ფოსტის ფულად. რამდენიც ადგილ-მამულის მეპატრონეთა კომლია, იმდენჯერ რომ აიღოთ ეგ ხუთი მანეთი და ჩვიდმეტი შაური, გამოვა ორი ათას ხუთასი თუმანი და ცოტა მეტი. სულ ოთხი ათას ოთხას ორმოცდაათი თუ ცოტა მეტ-ნაკლები კომლია თურმე იმისთანა მემამულე, რომელთაც უნდა იხადონ საადგილმამულო გადასახადი. აი აქედამ არის გამოყვანილი ორი ათას ხუთასი თუმანი გადასახადი.

ეს ფული უნდა განაწილდეს ადგილ-მამულის რაოდენობის კვალობაზედ. მაზრის უფროსთაგან წარმოდგენილ სიებისაგან სჩანს იმოდენა ადგილმამული, რომ თითო დღიურს ჰხვდება ამ ორი ათას ხუთას თუმნიდამ ერთი კაპეიკი და ხუთი მერვედი, ანუ დესეტინას 3 ¼ კაპეიკი. ამ მამულის პატრონებმა უნდა იხადონ ყოველ სახმარ და გამოსაყენ დესეტინაზედ 3 ¼ კაპეიკი ყოველ წლივ. ეს გადასახადი დადებულია მხოლოდ იმისთანა მამულის პატრონებზედ, რომელნიც კომლეულს ფოსტის ფულს არ იხდიან და ამის გამო გლეხკაცობა სრულიად თავისულფალია ამ გადასახადისაგან, თუნდა საკუთრებაც ჰქონდეს. რადგანაც ეხლა ორის წლისა ერთად უნდა გამოერთვას ეს გადასახადი, ამიტომაც ამ ერთს წელიწადს თითო დესეტინას შეხვდება 6 ½ კაპეიკი.

ცნობილია, რომ მაზრის უფროსთაგან წარმოდგენილი სიები მართალზედ ძალიან შორს არიან და მიწები ბევრით ნაკლებია ნაჩვენები იმაზედ, რაც მართლა არის. ამბობენ, სულ ცოტა რომ ვსთქვათო, ერთი მესამედი მამულები აკლია ამ სიებსაო. ეს ერთი მესამედი თითქმის 300000 დესეტინამდე ადის თურმე. ამ დაკლებაში ვერც მაზრის უფროსებს ეთქმის საყვედური, რადგანაც არავითარი ღონისძიება არა აქვთ ამ შემთხვევაში მართალი აღმოაჩინონ და ვერც მთავრობას დავემდურებით, რომ ამისთანა დანაკლისით შემდგარს სიებს იძულებულია დაემყაროს. ბრალი თითონ მემამულეებს ედებათ. ჩვენი მემამულენი რომ ტყუილს იმედებს არ აჰყოლოდნენ და ყველას წარმოედგინა თავისის ადგილ-მამულის შესახები ცნობები თავის დროზედ, როცა მთავრობამ მოიკითხა, მაშინ ორგვარს ზიანს გადარჩებოდნენ. ჯერ იმას გადარჩებოდნენ, რომ 300000 დესეტინის გადასახადი არ დააწვებოდა დანარჩენს ორ მესამედს ადგილმამულისას და მემამულე დესეტინაზედ 3 ¼ კაპ. მაგიერ გადიხდიდა მარტო 2 ¼ კაპიკსა და ცოტა მეტნაკლებსა და მეორე იმას, რომ ეგ გადასახადისათვის არგამოჩენილი 300000 დესეტინა არ გადაიხდიდა ერთიორად გადასახადს იმიტომ, რომ ვისაც არ გამოუჩენია და შეაჩნდება ეგ არგამოჩენა, იმან გადასახადი ერთიორად უნდა ჰზღოს, იმდენის ხნისა, რამდენ წელსაც გამოუჩენელი იქნება.

იტყვიან, საიდამ მიგვეწვდია მთავრობისათვის მოთხოვნილი ცნობები, რომ ჩვენც არ ვიცით რამდენი მიწა და მამული გვაქვსო. თუ გული ჰგულობს ქადა ორის ხელით იჭმევაო. ჯერ ერთი ეს, რომ იმათაც არ უცნობებიათ მთავრობისათვის, ვისაც დიდი ხანია უკვე გამიჯნული აქვს ადგილ-მამული. ამათ გასამართლებელი არა აქვთ რა, გარდა დაუდევრობისა და თავის თავის უპატრონობისა. ბევრი კიდევ იმისთანაა, რომელთაც ან ნასყიდლობით ან ანდერძით ან სამართლით, ან მემკვიდრეობით დამტკიცებული აქვთ მამული და ამათ არ შეიძლება სიგელში არა ჰქონდეთ მოხსენებული რაოდენობა მამულისა თუ ნამდვილი არა, ვარაუდობით მაინც. ესეც საკმარისი იყო მთავრობისათვის, რომ ეცნობებინათ ბევრი კიდევ იმისთანაა, რომელთაც თუმცა გამიჯნული არა აქვთ მამულები ან რომელისამე სიგელით შეძინებული, მაგრამ იციან დაახლოვებული მართალი თავისის მამულის რაოდენობისა. მაშასადამე, არც ამ ჯურის მემამულენი არიან მოკლებულნი ღონისძიებას აცნობონ მთავრობას რამდენი ეგულებათ თავისი მამული.

მართალია, ყველაზედ ცუდ ყოფაში არიან ისინი, ვინც არ იცის, სად, რა და რამდენი აქვს. მაგრამ ამათაც რომ იმდენი ეჩვენებინათ, რაც ეგულებათ, ჩვენ იმედი გვაქვს, მთავრობა ბოლოს შეიწყნარებდა თუ მეტი აღმოუჩნდებოდა, რაკი დარწმუნდებოდა, რომ ამ შემთხვევაში შეუცდომელად ჩვენება შეუძლებელია. ძნელია მარტო იმათი მდგომარეობა, ვისაც დღეს მამული სადავოდ აქვს გახდომილი და საცა მამულის კუთვნილობის საბუთად მარტო მფლობელობაა და, მაშასადამე, საცა სადავოდ არის გამხდარი თვითმფლობელობა და ხმარება მამულისა. სხვაგვარ სადავო მამულზედ ადვილად გასარჩევია ვინ უნდა იხადოს საადგილმამულო გადასახადი, იმიტომ რომ უნდა იხადოს იმან, ვინცა ჰხმარობს და ჰსარგებლობს მამულს. ხოლო, საცა თვითონ ხმარება და სარგებლობა მამულისა სადავოა, საცა ერთიც იძახის მე ვხმარობ და ვსარგებლობო და მეორეც, და საცა სამართალი ამის გამოძიებაშია, აქ მინამ დავაა, იმ ხნის გადასახადი ვინ უნდა იხადოს?

ჯერ არ ვიცით როგორ მოექცევა მთავრობა ამგვარს მამულს ამ შემთხვევაში, ხოლო, ჩვენის ფიქრით, ესგვარი მამული ჯერ ხანად არ უნდა იხდიდეს გადასახადსა და როცა მამული დაეკუთვნება ვისმე, მაშინ იმან უნდა ჰზღოს გადასახადი მთელი იმ წლებისა, ვიდრე დავა სწარმოებდა. ეს სამართლიანი იქნებოდა ჯერ იმიტომ, რომ მომგები მამულისა მის პატრონად აღმოჩნდა სამართლით და მეორე იმიტომ, რომ თვითონ ამტკიცებდა მე ვხმარობდიო.

ყოველივე ეს საჭიროდ დავინახეთ გვეცნობებინა ყველასათვის და გვერჩია: მინამ გადასახადის მოკრებას შეუდგებოდნენ, რაც შეიძლება მალე აცნობონ საგუბერნიო მართველობას რაოდენობა ადგილმამულისა, თორემ მერე ზიანის მეტს არასა ჰნახვენ. ნურავინ ნუ იფიქრებს და ნუ ინუგეშებს, რომ ამ გადასახადისაგან როგორმე თავს იხსნის. გადასახადი უკვე არსებობს, რადგანაც უმაღლესად დამტკიცებულია და ასე თუ ისე უსათუოდ გამოერთმევა ყველას. ისა სჯობს ეხლავ მოვუაროთ ჩვენს თავს, რაც შეიძლება ნამდვილი ცნობები ვაუწყოთ მთავრობას, თორემ მერე ბევრს ვინანებთ და გვიანღა იქნება. საცა სხვა გზა არ არის, სჯობია ვარაუდობით მაინც აჩვენონ. ვარაუდით ნაჩვენებში შეცდომას, იმედია, შეიწყნარებს მთავრობა და სულ არჩვენება კი შეუწყნარებელი იქმნება და ერთიორად საზღაური გაუხდება მამაულის პატრონსა.

საადგილმამულო გადასახადი ამიერკავკასიაში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №268, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ი. ჭავჭავაძეს ეკუთვნის (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

100 სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების დაარსება ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 20 დეკემბერი

სახელმწიფი სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების დაარსება ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიაში დღეს გადაწყვეტილი საქმეა. ტფილისში მოსულია ამ მოკლე ხანში ქაღალდი ბ-ნ ფინანასთა მინისტრისა, რომელიც აუწყებს, ბ-ნს მთავარმართებელს, რომ ხელმწიფე იმპერატორმა მოწყალედ ინება, ამიერკავკასიაში დაარსებული იქმნას ხსენებულის ბანკების განყოფილებანი, თანახმად მის ბრწყინვალების თ. დონდუკოვ-კორსაკოვის წარდგენილებისაო. ხოლო სესხად გატანა ამ ბანკიდამ ფულებისა შეუძლიანთ მარტო იმათ, ვისაც მამულები კანონიერად გამიჯვნული ექმნებათ, რადგანაც გაუმიჯვნავ მამულებზედ ეს ბანკები სესხს არ გასცემენო. რომ ამ ბანკების მეოხებით აქაურ თავადაზნაურობას შველა და შემწეობა მოეცეს, საჭიროაო, იწერება თურმე ბ-ნი მინისტრი, რომ ამიერკავკასიაში აჩქარებულ და გაძლიერებულ იქმნას მამულების გამიჯვნაო. ამისათვის ბ-ნს ფინანასთა მინისტრს უცნობებია ბ-ნ იუსტიციის მინისტრისათვის, რომ 1889 წლის სახელმწიფო ხარჯთა აღრიცხვაში შეტანილ იქმნას ის ფულიც, რაც საჭიროა ამიერკავკასიის გასამიჯნავ საქმის აჩქარების და გაძლიერებისათვისაო.

რადგანაც ხსენებულ ბანკების მოქმედებისათვის საჭირონი არიან ცნობები იმის თაობაზედ თუ - რა მდგომარეობაში არის აქაური მიწათმფლობელობა, რამოდენა ვალი აწევთ მამულებს სხვადსხვა საკრედიტო დაწესებულებისა, რაგვარი მეურნეობაა აქ გავრცელებული და სხვა ამისთანა და რადგანაც ესგვარი ცნობანი ძალიან ნაკლებადა აქვს სამინისტროსა და რაცა აქვს, ისიც ბუნდი და განუსაზღვრელია, ამიტომაც ბ-ნს ფინანასთა მინისტრს საჭიროდ დაუნახავს ეს ცნობანი შეკრებილ იქმნას. აქაურს მთავრობას მოსვლია მთელი სია იმ ცნობებისა, რომელნიც წინასწარ უნდა მოიკრიბოს და საცა ჯერ არს წარდგენილ იქმნას. დღეს ეს საქმე სახელმწიფო ბანკებისა ამაზედა სდგას ჩვენში.

ჩვენ, ყოველ ამის გამგონს, სიხარულის მეტი არა გვმართებს რა. ხოლო ეს კი უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკები ჩვენში სულ სხვა გარემოებით და სხვა წესით უნდა მოირთას, ვიდრე რუსეთშია. აქაური ადგილ-მამულობა, მეურნეობა, მოცემა და გაცემა სოფლის მეურნეობის მოსავლისა, რომელიც ერთადერთი წყაროა საადგილმამულო კრედიტის გადახდისათვის, ბევრში განსხვავებულია და თუ ამ განსხვავების მიუხედავად სახელმწიფო ბანკები დაიწყებენ ჩვენში მოქმედებას, სანატრელს შემწეობას ვერ აღმოუჩენენ ვერც თავადაზნაურობას, ვერც გლეხობას. ამიტომაც, ჩვენის აზრით, ზოგიერთი რუსეთის წესი ამ ბანკებისა ჩვენში უნდა შეცვლილ იქმნას ადგილის გარემოების მიხედვითა და რომ ეს ცვლილებანი საბუთიანი და წინდახედულნი გამოდგნენ, საჭიროა ადგილის გარემოების კარგად მცოდნე კაცნი მიიწვიოს მთავრობამ და მათი აზრი, თუ სარჩიელი მოსმენილ და სახეში მიღებულ იქმნას. ესევე უნდა ითქვას გამიჯვნის საქმის თაობაზედაც.

გამიჯვნა ჩვენში დიდი ხანია არსებობს და ბევრს ჩვენში საქმეშივე აქვს დანახული, რა ნაკლი სდევს ამ საქმესა და რა სიკეთე მიუძღვის. ამ მხრით, ადგილის მცოდნე კაცნი, ბევრს საპრაქტიკო ცნობებს აუწყებენ მთავრობას, რომელიც დღეს ეგრე ძლიერ მოწადინებულია, რომ გამიჯვნის საქმემ ჩქარის ფეხით იაროს ჩვენში. რა აბრკოლებს ამ სიჩქარით სვლასა, ადგილის კაცებმა უფრო კარგად უნდა იცოდნენ, რადგანაც თვითონ, ვითარცა გასამიჯნავ მამულების პატრონები, დღე ყოველ ამ საქმეში არიან და დანახული უნდა ჰქონდეთ თითქმის ყოველივე მიზეზი ბრკოლებისა და დაყოვნებისა. მაინცდამაინც ადგილის მცოდნე კაცთა სარჩიელად მოწვევისაგან თუ არა მოგვემატება რა, ხომ არა დაგავაკლდება რა და ამიტომაც უამისობა სასურველი არ უნდა იყოს, ნამეტნავად იმისთანა საქმეში, რომელიც პირდაპირ ადგილის კაცთა დიდს ინტერესებს შეეხება.

სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების დაარსება
ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №269, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ი. ჭავჭავაძეს ეკუთვნის (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

სახელმწიფო სათავადაზნაურო ბანკი - ამიერკავკასიის განყოფილება ამ ბანკისა გაიხსნა თბილისში, 1890 წელს.

საგლეხო ბანკი - საგლეხო საადგილმამულო ბანკი, დაარსდა 1882 წ., როგორც რუსეთის სახელმწიფო საიპოთეკო ბანკი, რომლის ამიერკავკასიის განყოფილება გაიხსნა თბილისში, 1906 წ.

გვ. - ხელმწიფე იმპერატორი - იგულისხმება ალექსანდრე III (1845-1894), რუსეთის იმპერატორი 1881-1894 წ.წ.

101 სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების უმთავრესნი საფუძველნი

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 22 დეკემბერი

სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკები დღეს არა, ხვალ დაარსებულ იქმნება ჩვენში. ამიტომაც მეტი არ იქნება ვაცოდინოთ ჩვენს მკითხველს უმთავრესნი საფუძველნი ამ ბანკებისა იმ მხრით, თუ რითი განსხვავდებიან ჩვენის სათავადაზნაურო ბანკებისაგან, რა უპირატესობა მიუძღვით და რა შეღავათს იძლევიან. დავიწყოთ ჯერ სახელმწიფო სათავადაზნაურო ბანკიდამ.

ეს ბანკი დაარსებულია რუსეთში მარტო თავადაზნაურთათვის და ჩვენშიაც ასე იქნება. ამ ბანკიდამ, თუ არ თავადსა და აზნაურს, სხვას არავის ექმნება ნება ფულის გატანისა სესხად. გირაოდ მიიღება მარტო სოფლის მამული, ასე რომ ქალაქის მამულზედ თავადნი და აზნაურნი ამ ბანკიდამ ფულს ვერ ისესხებენ. ეს ერთი განსხვავებაა აქაურ საადგილმამულო ბანკებისაგან, რომელნიც სესხს აძლევენ ყველას როგორც სოფლის მამულზედ, ისეც ქალაქებისაზედ წოდების მიუხედავად.

თუ ვინიცობაა ამ ბანკში დაგირავებული მამული სხვა გზით რითიმე და არა მემკვიდრეობით გადავა იმ კაცზედ, რომელიც თავადაზნაურობას არ ეკუთვნის, იგი, ახლადშემძენი მამულისა, მოვალეა ხუთის წლის განმავლობაში გაიხსნას მამული გირაობისაგან მთელის ვალის გადახდით, თორემ მამული გაიყიდება საჯაროდ, რათა ბანკმა თავისი ფული აიღოს. ეს მეორე განსხვავებაა ჩვენებურის ბანკებისაგან, რომელთაც წესად ეს არა აქვთ და ამ ბანკებში დაგირავებული მამულები, შესაძლოა, გადავიდეს ყველა წოდების კაცზედ დაუბრკოლებლად.

სესხად მიეცემა 60% იქიდამ, რამოდენადაც დაფასებულ იქმნება მამული, ასე რომ დაფასების მანეთზედ სამი აბაზი გამოდის. შეიძლება მეტიც მიეცეს, მაგალითებრ, დაფასების მანეთზედ ხუთმეტი შაური, მხოლოდ მაშინ კი, თუ ორი მესამედი წევრი ბანკის საბჭოში ამისი თანახმა იქმნება და ფინანსთა მინისტრიც დაამტკიცებს, ისიც მარტო იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ სესხს იღებენ სხვა კერძო ბანკისა თუ კაცის ვალის გადასახდელად, როცა მამული გირაოდა აქვთ და როცა 60% ანგარიშით ფული საკმაო არ არის კერძო ვალის მოსაშორებლად. ესეც მესამე განსხვავება აქაურ ბანკისაგან, რომელიც დაფასების კვალობაზედ, იძლევა სესხად მარტო ნახევარს, ესე იგი 50%-ს და ამაზედ მეტი სიტყვა არა აქვს მისცეს არავითარს შემთხვევაში. ეს სახელმწიფო ბანკისაგან თავადაზნაურთა შეღავათისათვის არის დადგენილი და მართლაც შეღავათია ცოტად თუ ბევრად.

სახელმწიფო ბანკისაგან საფასურში არ ჩავარდება ფაბრიკები, ქარხნები და მადნები. ტყე კი, შესაძლოა, მიღებულ იქმნას საფასურში მარტო იმ შემთხვევაში, თუ ვინიცობაა ტყიდამ ხე-ტყისა და შეშის ზიდვა განსაზღვრული იქნება სატყეო სამეურნეო გეგმის (პლანის) კვალობაზედ და ტყის პატრონი ხელწერილს დასდებს არ გადუდგეს ამ გეგმას ბანკის დაუკითხავად. ეს მეოთხე განსხვავებაა აქაურ ბანკებისაგან, რომელთაც ნება აქვთ ტყეც ფასად მიიღონ, მხოლოდ როგორც საძოვარი კი, და არა როგორც ტყე, ესე იგი როგორც ხე-ტყისა და შეშის ადგილი.

გირავნობის ფურცელს სახელმწიფო ბანკისას თითონ იგი ბანკივე ანაღდებს. შესაძლოა თითონ მსესხებელსვე ხელთ მიეცეს მისი გირავნობის ფურცელნი, მხოლოდ საფინანსო მინისტრის ნებართვით კი, ორსავე შემთხვევაში, ვალი იმდენი დაეწერება, რამდენიც გირავნობის ფურცელზეა დანიშნული. ეს მეხუთე განსხვავებაა აქაურ ბანკებისაგან, რომელთაც ნება აქვთ გირავნობის ფურცელნი აძლიონ მსესხებელსა ფინანსთა მინისტრის დაუკითხავად. ეს მუხლი სახელმწიფო ბანკისა იმიტომ არის შეტანილი წესდებაში, რომ ბირჟის მეტნაკლებობაზედ არ იყოს დამოკიდებული მეტ-ნაკლებობა გირავნობის ფურცლის ფასისა და ამ ფასის მეტ-ნაკლებობა თითონ სახელმწიფო ბანკის ხელთ იყოს. ამგვარი წესი თავმდებია, რომ გირავნობის ფურცლის ფასი ძლიერ არ დაიწევს არასდროს, რადგანაც როცა უფასობაა, მაშინ თითონ ბანკი იქონიებს ამ ფურცლებს და არ გახდის ბირჟაზედ გასატანად. ეს, რასაკვირველია, შეუძლიან მარტო სახელმწიფო ბანკს, რადგანაც ამისთვის აუარებელი ღონისძიება აქვს.

სახელმწიფო ბანკისაგან აღებულ სესხზედ მსესხებელნი იხდიან წელიწადში 5 ¾ %-ს თავნსა და სარგებელში, თუ სესხი 48 წლის ვადისაა, და თუ 36 წლისაა, იხდიან 6 ¼ %-სა. ამას გარდა ერთხანად ერთმევათ კიდევ 1/4%-ი. ეს მეექვსე განსხვავებაა აქაურ ბანკისაგან, რომელიც წელიწადში ახდევინებს 8%-სა და გარდა ამისა ერთხანად 3/4%-სა. ეს დიდი შეღავათია თავადაზნაურთათვის და არა მამულისათვის, თუ სახელმწიფო ბანკისაგან იეფად აღებული ფული მამულის შემოსავალის მოსამატებლად არის ხმარებული. თუ აქედამ აღებული ფული მამულს არ მოჰხმარდება და ამ გზით მამულების მოსავალმა არ წარიმატა, ჩვენს თავადაზნაურობას იმოდენადვე გაუძნელდება სახელმწიფო ბანკის გაძღოლა, რამოდენადაც ჩვენის ბანკისა უმძიმს, რატომაო? იკითხავენ. ამისი პასუხი შემდეგისათვის იყოს.

სახელმწიფო სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკების უმთავრესნი საფუძველნი

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №271, გვ. 1.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი გაზ. „ივერიისა“ ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება ი. ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

სათავადაზნაურო ბანკი - მემამულეთა და კრედიტების სახელმწიფო ორგანო, რუსეთის პირველი ბანკი. დაარსდა 1885 წელს.

102 ბანკის სესხის თაობაზე

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 23 დეკემბერი

ჩვენა ვსთქვით წინა წერილში, რომ თუ სახელმწიფო ბანკისაგან აღებული ფული მამულს არ მოჰხმარდა შემოსავლის მომატებისათვის, იეფობა სახელმწიფო კრედიტისა იმოდენა ტვირთივე იქნება ჩვენის ადგილ-მამულისათვის, რამოდენად სიძვირე ჩვენის ბანკის კრედიტისაა. საქმე ის არის, რომ სახელმწიფო ბანკიდამ ერთსა და იმავე მამულზედ შეიძლება კაცმა მეტი ვალი აიღოს, ვიდრე ჩვენის ბანკიდამ. აი ეს ნამეტნაობა ვალისა ასწორებს სასწორს ვალის სიმძიმისას, ანუ, უკედ ვსთქვათ, ერთნაირად სამძიმოდ უხდის მამულს ვალის გადახდასა. აი ამისი ანგარიში.

ავიღოთ მაგალითად ოცთუმნიანი მამული და ორისავე ბანკის ანგარიშში გავატაროთ. ოცთუმნიანს მამულზედ ჩვენი ბანკი აძლევს სესხად ათს თუმანს და მამული ათ თუმანზედ თავნსა და სარგებელში იხდის რვა მანეთს წელიწადში, ანუ 4%-ს თავის ღირებულობის კვალობაზედ, იმიტომ რომ რვა მანეთი ოც თუმანზე ოთხს პროცენტს შეადგენს. ამავე მამულზედ სახელმწიფო ბანკი იძლევა თორმეტიდამ ხუთმეტ თუმანს სესხს და თუ ვადა სესხისა 48 წელიწადია და სესხი თორმეტი თუმანი, მამულს ახდევინებს წელიწადში შვიდ მანეთს ორ შაურ ნაკლებ, თუ ხუთმეტი თუმანია - რვა მანეთს და 62 ½ კაპ. ამ სახით, პირველ შემთხვევაში, მამულის ღირებულობის კვალობაზედ მოდის 3 45/100 პროცენტი და მეორე შემთხვევაში - 4 31/124 %. თუ კაცი სესხს აიღებს სახელმწიფო ბანკისაგან 36 წლის ვადითა და თუ სესხი თორმეტი თუმანია, მაშინ მამულმა უნდა იხადოს წელიწადში რვა მანეთი ექვს შაურ ნაკლებ და თუ ხუთმეტია - ცხრა მანეთი და 37 1/2 კაპ. აქ კი პირველ შემთხვევაში მამულის ღირებულობის კვალობაზედ გამოდის 38 5/100 % და მეორე შემთხვევაში 41 7/25% და ცოტა მეტიც. რომ ეს ანგარიში უფრო ცხადად დანახულ იქმნას, ჩვენ წარმოვუდგენთ შემდეგს სქემას, თუ რა შეხვდება ერთსა და იმავე მამულს მის ღირებულობის კვალობაზედ სახდელად ტფილისის ბანკისა და სახელმწიფო ბანკისათვის:

სახელმწიფო ბანკი:

ვადა - სესხი - პროცენტი ოცთუმნიან მამულის ღირებულობაზედ.

48 - 120 - 3 45/100

48 - 150 - 4 31/124

36 - 120 - 3 85/100

36 - 150 - 4 17/25

ტფილისის ბანკი.

ვადა - სესხი - პროცენტი ოცთუმნიან მამულის ღირებულობაზედ.

43 1/2 - 100 - 4.

ცოტად შესანიშნავი შეღავათი სახელმწიფო ბანკის სქემის პირველ ხაზის ციფირშია. ხოლო თუ სახეში ვიქონიეთ, რომ სახელმწიფო ბანკის ვალი მაგ. 34 5/100%-ით ჰშორდება 48 წელიწადს და ტფილისის ბანკისას 4% იხდის 43 1/2 წელიწადში, - ეგ შეღავათი უფრო მცირედ წარმოგვიდგება ასე, რომ თითქმის არაფრად ჩასაგდებია.

მესამე ხაზის ციფირიც საშეღავათოა იმოდენად, რამოდენადაც 38 5/100 ნაკლებია 4-ზედ და აქ ვადაც ნაკლებია ტფილისის ბანკისაზედ 7 1/2 წელიწადით. მაგრამ პირველ 36 წელიწადში აქ ისეთი მცირედი მეტ-ნაკლებობაა, რომ მამული, რომელსაც ემძიმება ეხლა 4%-ის ხდა, ვერ იგრძნობს დიდს შვებას 38 5/100%-ის ხდითა. დანარჩენს შემთხვევებში კი სიმძიმე მამულისათვის სახელმწიფო ბანკის კრედიტისა აშკარაა. ჩვენ ვამბობთ, რომ მარტო მაშინ დაემძიმება მამულს ეს კრედიტი, თუ სახელმწიფო ბანკისაგან აღებული ფული არ მოხმარდება მამულს შემოსავლის გასაძლიერებლად და მამული ისევ იმ ღონით დარჩა, რა ღონითაცა და შეძლებითაც დღეს არის და თუ მართლა დღევანდელის ღონითა და შეძლებით ვერ იტანს 4%-ის ხდასა, როგორც ყველანი სჩივიან.

აქ მარტო ერთი საბუთი ჰლაპარაკობს სახელმწიფო ბანკის სასარგებლოდ და დიდად საყურადღებო საბუთიც არის. ეს საბუთი იმაშია, რომ სახელმწიფო ბანკი მეტს სესხს იძლევა, და ამ შემთხვევაში თუნდ ყოველ წლივ იმოდენა ართვას მამულს, რამოდენასაც ტფილისის ბანკი ართმევს ნაკლებ ფულზედ, მაინც სახელმწიფო ბანკი წინ იქნება. ეს სრული მართალია, იმიტომ რომ 120 მანეთზედ თუნდ 4 მანეთის ხდა და არამც თუ ნაკლებისა, უფრო სასარგებლოა, ვიდრე იმავ 4 მანეთის ხდა ასს მანეთზედ. ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ თუ მამული უღონოა ოთხის მანეთის ხდისათვის, მაინც უღონო იქნება გინდა ასი თუმანი ვალი დააწერე, გინდა ერთი თუმანი, თუ ორსავე შემთხვევაში ოთხი მანეთი უნდა იხადოს წელიწადში მთელს ორმოცდარვა წლის განმავლობაში. ჩვენ ვშიშობთ, რომ ჩვენ არა გვეშაღავათება რა თორმეტს თუმანს ჩავიჩხრიალებთ ჯიბეში, თუ ათს თუმანს, თუ ეს ფული მამულის წარსამატებლად და განსაკარგებლად არ არის მოხმარებული და თუ ტყუილუბრალოდ გაფლანგულია. გაფლანგვას, ასი თუმანი იქნება თუ ერთი, იგივე ბოლო აქვს. ორივესაგან ერთი და იგივე ნამწვი რჩება: მამულზედ აღებული ვალი მარტო მამულმავე უნდა ჰზღოს და იხადოს. მემამულეს სხვა რა წყარო აქვს ვალის სახდელი, თუ არ შემოსავალი მამულისავე? თუნდ რომ ჰქონდეს, რა ჭკუა იქნება მამულზედ აღებული ვალი სხვა ქონებიდამ, სხვა წყაროდამ იხადოს, როცა მამული ვერ უძღვება თავის ვალსა. უბრალო, სადა ანგარიში იძულებულ ჰყოფს ამისთანა მამული დაუგდოს ბანკსა და ამ გზით მეტი მჭამელი მოაკლოს თავის სხვა ქონებასა. ეს აშკარაა.

თუ მამულმა უნდა იხადოს თავისი ვალი, თუ თავის ღირებულობის კვალობაზედ 4%-ის ხდა, როგორც ამბობენ, დღეს ემძიმება და თუ აღებულის ვალით ამ მამულის ღირებულობამ არ იმატა განკარგებითა და შემოსავლით, აქ რა შვებაა მამულის პატრონისათვის თორმეტი თუმანი აწევს მამულს, თუ ათი, როცა ორსავ შემთხვევაში სახდელი 4%-ია ან ამაზე ცოტად ნაკლები მამულის ღირებულობის კვალობაზედ?

შვება საგრძნობელი და საკმაოდ დიდიც მხოლოდ იმ პატრონს მამულისას მიეცემა, რომელიც სახელმწიფო ბანკისაგან აღებულს ფულს მამულს ჩააყრის განსაკარგებლად და შემოსავლის წარსამატებლად. თუ ეს არ იქმნა, სახელმწიფო ბანკის ვალიც ისეთივე ყელში წაჭერილი თოკი იქნება, რაც ტფილისის ბანკის ვალია, იმიტომ რომ წყარო ვალის მოშორებისა ერთი და იგივე უღონო მამული იქმნება, თითქმის ერთისა და იმავე ზომისად მხდელი. თუ მამული თავის ღირებულობის კვალობაზედ დღეს ვერ იხდის 4%-სა ტფილისის ბანკისას, განა დიდი იმედია იხადოს 345/100% სახელმწიფო ბანკისა? რა ბევრი თაბაუთია ამ ორ ციფირს შორის?

შვება მარტო თავდაჭერილ მამულის პატრონს მიეცემა სახელმწიფო ბანკისაგან. სახელდობრ, იმას, ვინც ბევრის ფულის შოვნის საცდურს არ გაეტაცებინება, ვინც ფრთხილის ანგარიშით გამოირკვევს საჭირო ვალის ზომიერებას, არა გვგონია, ამისთანა კაცი ბევრი იყოს ჩვენს თავადაზნაურობაში. თუ უანგარიშოდ თავს დავესხმით სახელმწიფო ბანკსა, რომელსაც ნება აქვს ოც თუმნიან მამულზედ ხუთმეტი თუმანი ასესხოს, თუ მარტო ამას დავხარბდით და ოცთუმნიან მამულზედ ხუთმეტი თუმანი ვალი ვიღეთ, მაშინ მშვიდობით და გამარჯვებით. მაშინ ოც თუმნიან მამულმა 4%-კი არ უნდა იხადოს თავის ღირებულობის კვალობაზედ, არამედ 4 1/5% ზედაც ცოტა მეტი და თუ მამულს დღეს 4%-ის უღონობას უჩივიან, რაღა ეთქმით მეტზედ, სახელდობრ, 4 1/4-ზედ?

ეხლა ვიკითხოთ: ბევრნი არიან ჩვენში იმისთანანი, რომ მეტის ფულის შოვნის სიხარბემ არ წაიტყუოს? ჩვენებური კაცი, ნამეტნავად თუ თავადია, ან აზნაური, თუნდა მილიონს აიღებს ვალად, თუ ადგილს შეიგულებს. ვითომ ბევრი იტყვის უარს დიდი ფული ისესხოს, თუკი შესაძლებელია და გააბრიყვებს ვისმე მოსაცემად?

ჩვენში თითო-ოროლა კანტი-კუნტად თუ სადმეა იმისთანა კაცი, რომელიც ჯერ ასჯერ გაზომავს, ვიდრე ვალს აიღებს და თუ აიღებს, იმ ზომით და იმ თადარიგით, რომ ვალის ხდა შესაძლო იყოს მამულისათვის და მამულიც მეტი შემოსავლიანი გაჰხადოს.

ამიტომაც ჩვენ ვიტყვით, რომ სახელმწიფო ბანკი მარტო იმათ გამოადგებათ, ვინც თავის მამულის ღირებულობის ნახვარს აიღებს ვალად და არა სამს მეხუთედს ან სამს მეოთხედსა, რადგანაც სახელმწიფო ბანკს ნება აქვს ამ ზომით სესხის ძლევისა, და ამასთან ვინც აღებულის ვალით შეაკეთებს მამულსა და შემოსავალს მოამატებინებს. ყოველ ამ შემთხვევაში, ვალი სახელმწიფო ბანკისა ბევრით სუბუქი იქნება ტფილისის ბანკის ვალზედ, ჯერ იმიტომ, რომ ყოველს 100 მანეთს ვალზედ თავნსა და სარგებელში შესატანი იქნება წელიწადში ხუთი მანეთი და ხუთმეტი შაური და არა რვა მანეთი, როგორც ტფილისის ბანკშია, და გარდა ამისა გაღონიერებული, შეკეთებული, მოსავალგაძლიერებული მამული არამც თუ სუბუქად გადიხდის ასზედ 5 მანეთს 75 კაპ. წელიწადში, არამედ არ გაუჭირდება რვა მანეთის ხდაცა. დიდი შეღავათი იქნება იმათთვისაც, ვინც მარტო იმოდენა ვალს აიღებს სახელმწიფო ბანკისაგან, რამოდენადაც მამულს დღეს აწევს ტფილისის თუ ქუთაისის ბანკის ვალი, ან კერძო კაცისა, და არა მეტსა, იმიტომ რომ ყოველივე მეტი თუ არ მოჰხმარდა მამულსავე, ვალის ხდას დაამძიმებს.

ბანკის სესხის თაობაზე

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №272, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ი. ჭავჭავაძეს. ეკუთვნის (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

103 ვალი მაინც ვალია

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 28 დეკემბერი

სხვაგან, საცა სიფრთხილე, წინდახედულობა, ყაირათი აქვს კაცს დადებული საფუძვლად თავისის ცხოვრებისა და ქონებისა, ვალს ისე ერიდებიან, როგორც ჭირსა და თუ დანა ყელზედ არ მოადგა, თუ მეტი გზა და ღონე არ არის, ძნელად გაჰბედვენ ვალის აღებასა, იმიტომ რომ ვალი, რაც უნდა სუბუქი იყოს, უბედურებაა ყოველს შემთხვევაში. ჩვენში კი ეგრე არ არის, ჩვენდა სამწუხაროდ. ჩვენში ვალს ეტანებიან იმიტომ კი არა, რომ უჭირთ და სხვა გზა არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ვალის აღება შესაძლებელია. ოღონდ ჩვენებურმა კაცმა შეიგულოს სადმე სასესხებელი ფული და მარტო ეს ამბავი კმარა, რომ ხელი წაატანოს ვალის ასაღებად. ჩვენებურს გლეხკაცობას ეს ჭირი არა სჭირს. გლეხკაცი ამისთანაებში უფრო ფრთხილია და მორიდებული, იმიტომ რომ მშრომელია, გამრჯელია და იცის ფასი მონაგარისა და ნაჭირნახულევისა. გლეხკაცი გაუჭირებლად არ ისესხებს და ამ გზით თავის მონაგარიდამ, ნაჭირნახულევიდამ, ამაგიდამ წილს არ დაუდებს ფულის პატრონსა სარგებლის სახითა.

ესევე არ ითქმის ჩვენს თავადაზნაურობაზე, რომელთა შორის ბევრი არ გვეგულება იმისთანა, რომ უქმი არ იყოს და უქმის კაცისათვის არაფერს ქვეყნიერობაზედ ფასი არა აქვს და ამიტომაც ამისთანისათვის ვალის აღება მარტო ფულის შოვნის გზაა და სხვა არაფერი. კაცი თვითონ უნდა ირჯებოდეს, თვითონ უნდა შოობდეს ქონებასა, რომ ნაშოვარისა და ნაამაგარის ყადრი იცოდეს და ყოველივე გროში ეძნელებოდეს ტყუილუბრალოდ გადასაგდებლად და თუნდა სარგებელში მისაცემადაც. ამიტომაც ჩვენს თავადაზნაურობაში ბევრს ვერა ჰნახავთ იმისთანას, რომ შეიგულოს სადმე სასესხებლად ფული და არ ისესხოს მარტო იმის გამო, რომ სესხი შესაძლებელია. ამისთანა კაცის ნაღველი მარტო ის არის, რომ ვალის აღება ადვილი იყოს, ბევრი დავიდარაბა არ მოუნდეს. მეორე ისა, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული ისესხოს და მესამე ისა, რომ ვალის გამორთმევა დააცალონ, თუ ვადაზედ არ გადაიხდის, ეს წინადვე გადაწყვეტილი აქვს.

ჩვენი თავადაზნაურობა სახელმწიფო ბანკისაგან ამ სამს სიკეთეს მოელის და ამიტომაც ასე ჰნატრობს სახელმწიფო ბანკსა. ზოგის იმედი იქამდეა გაჭიმული, რომ ჰგონიათ სახელმწიფო ბანკი იმისთანა ბანკი იქნება, რომელსაც ჩვენებურად „ავიღე და აღარ მოგეც“ ჰქვიან. ბევრს ეს ტყუილი იმედი ჩაუდვია გულში და სხვა ყოველი დარდი ამოუღია გულიდამ. ჩვენა ვსთქვით, რომ სახელმწიფო ბანკი გამოსადეგია მარტო იმათთვის, ვინც იქიდამ აღებულს ფულსა მამულს მოახმარებს შემოსავლის გასაძლიერებლად და ვინც ამასთანავე იმოდენა ვალს აიღებს, რაც მართლა უჭირს და რაც უდრის მამულის ღირებულობის ნახევარსა. ამათთვის, იგი ცოტა სარგებელი, რომელსაც სახელმწიფო ბანკი იღებს ნასესხებ ფულზედ, დიდი შეღავათია.

რაც შეეხება სახელმწიფო ბანკისაგან დაცლასა და დახანებას ვალის გადახდაში, აქ კი დიდს იმედს ნუ იქონიებენ, იმიტომ, რომ ის ვალის გადამხდელი არ არის, ვინც ვალს იღებს იმ იმედით, რომ დამაცლიანო გადახდას, მეორე იმიტომ, რომ სახელმწიფო ბანკის დღევანდელ წესდებაში ამის შესახებ ბევრი ნუგეში არ არის. სახელმწიფო ბანკი აცლის ვადაზედ შესატან ფულს მარტო იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა დაგირავებულ მამაულს დიდი რამ უბედურება ეწვია, მაგალითებრ, ცეცხლი, სეტყვა და მებრვე სხვა. ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოვალემ არზა უნდა შეიტანოს 1-ს ოქტომბრამდე ბანკში და დაცლა სთხოვოს. ბანკს ნება აქვს დააცალოს მარტო ერთის წლის შესატანი ფული და არასოდეს მეტი. ეს დაცლილი შესატანი უნდა ზედ დაეყაროს შემდეგის ვადის შესატანს ასე, რომ მთელს შემდეგს წელიწადს მთლად გადახდილ იქმნას. ეს დაცლილი ფული უსარგებლოდ არ იქმნება და რაც ხანს დაჰყოფს მოვალეს ხელში, მოვალემ უნდა იხადოს სარგებელი ასზედ ექვსი წელიწადში.

ამაზედ მეტი შეღავათი არავის და არასგზით არ ექმნებათ სახელმწიფო ბანკისაგან. ჩვენს ბანკებს ამ დაცლის ნება არა აქვთ არარა შემთხვევაში, რაც უნდა დიდი ზარალი ნახოს დაგირავებულმა სხვადასხვა მიზეზთაგან.

ჩვენ სახელმწიფო სათავადაზნაურო ბანკის არსებითი სხვაობა სულ თითქმის მოვიხსენიეთ, დაგვრჩა კიდევ სათქმელად ის, რომ შესატანის ვადები სახელმწიფო ბანკს სხვა აქვს, ვიდრე ჩვენს ბანკებს. ჩვენს ბანკებში ვადა დანიშნულა არა უგვიანეს 1 მკათათვისა და 31 დეკემბრისა, სახელმწიფო ბანკისა კი არის არა უგვიანეს 1 მაისისა და 1 ნოემბრისა. ამით ვათავებთ, რაც სათქმელი გვქონდა სახელმწიფო ბანკის თაობაზედ და დასასრულ ზედ დავუმატებთ ერთს ჩვენს რჩევას.

ვალი, რაც უნდა მცირე სარგებლიანი იყოს, მაინც ვალია და ნურავინ იფიქრებს, რომ იგი კაცისათვის თუ მამულისათვის დიდი ბარგი, დიდი ტვირთი არ იყოს.ბუნება ვალისა ის არის, რომ ყოველთვის და ყველგან იგი სამძიმოა, თუნდა უსარგებლოდაც იყოს აღებული. რასაკვირველია, ამ სიმძიმის მეტ-ნაკლებობას ბევრი თაბაუთი აქვს ეკონომიურ ცხოვრებაში, მაგრამ უქმის კაცისათვის ეს თაბაუთიც თითქმის არ არსებობს. კაცი, რომელიც ვალს იღებს მარტო იმისათვის, რომ გამოუყენებლად მოიხმაროს, გაჰფლანგოს, ქეიფსა და ლხინში გადააგოს, იმისათვის ვალის შოვნის გზა ხსნა კი არ არის, არამედ გზაა დაღუპვისა და განადგურებისა. კრედიტი, რომელსაც ფული მოაქვს, ორპირი დანაა. ამ დანით კაცი გაჭირების იარასაც მოითლის და გასაღდება და ყელსაც გამოიჭრის იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოიხმარა შემწეობა კრედიტისა. ნურავის ნუ ჰგონია, რომ ვალი, თუნდა ძალიან სუბუქიც, თავისთავად რისიმე წამალი იყოს. ადამიანის გამრჯელი ხელი, გაგებული შრომა, ცნობიერი მოქმედება მიანიჭებს ხოლმე ვალს იმ უნარს, რომელიც კაცს გაჭირებისაგან იხსნის და ახეირებს. ვალის აღებით კაცმა უნდა ქონება, შეიძლება მოიმატოს, და ამისთანა კაცისათვის არავითარი ვალი საშიშარი არ არის, იმიტომ რომ იგი ვალად აღებულს ფულს თვითონაც გამორჩება და ვალსაც გაუძღვება, რაკი მამულს, თუ სხვა რამ საქმიანობას გაიძლიერებს, გაიმატებს.

ამიტომაც ვიტყვით, რომ სახელმწიფო სათავადაზნაურო ბანკი უხაროდეთ მარტო იმათ, ვისაც შრომისა და გარჯის უნარი და სურვილი აქვს. სხვათათვის კი, არამც თუ სახელმწიფო ბანკის სუბუქი სესხი, მუქთად, უსარგებლოდ ნაშოვნი თავნი, ვალიც კი წამწყმედელი და დამღუპველია. ვალის აღებაში ეს არ უნდა დაივიწყონ, რომ ვალი მარტო „გაჭირებამ უნდა იღოს და მარტო შრომამ იხადოს“. ამის გარეთ ხსნა არ არის ვალისაგან, რაც უნდა შეღავათიანი იყოს.

ვალი მაინც ვალია

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1888 წ., №274, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

თხზულებათა კრებულში წერილი პირველად იბეჭდება. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

104 საახალწლო მილოცვა

▲ზევით დაბრუნება


ტფილისი, 31 დეკემბერი

დადგა ახალი წელიწადი და ნება გვიბოძეთ, ასე გიკვლიოთ:

ღმერთმა ხანგრძლივი დრო მოგცეთ სიცოცხლისათვის, ხოლო იცოდეთ კი, რომ „დრო ხანგრძლივია მისთვის, ვინც კარგადა ჰხმარობს, ვინც ირჯება, აზროვნობს და ჰფიქრობს, იგი დროთა საზღვარს შორს გასდგამს ხოლმე“.

ღემრთმა გაგაძლიეროთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ „ადამიანი ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა მცოდნეა და განათლებული“.

ღმერთმა დიდი კაცობა მოგცეთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ „ვინც კარგად ემსახურება თავის სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდკაცობროდაც დიდია“.

ღმერთმა გაგაბედნიეროთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ თუ გნებავთ ბედნიერი იყვეთ, „უნდა ერთის ხელით უმანკოებას ჰშველოდეთ და მეორით სვრიდეთ ავკაცობასა“.

ღმერთმა წყენა გაშოროთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ

„სხვისა წყენისა დაკლებით
თქვენიცა განჰქარდებიან“.

ღმერთმა ყოველი საქმე კარგად წაგიმართოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ საქმეს კარგად წარმართავს მარტო ჭკვიანი გული და გულიანი ჭკუა.

ღმერთმა ყოველი მწუხარება აგაცილოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ „უკეთესი წამალი მწუხარებისა იგია, როცა სხვას მწუხარებისაგან დაიხსნით“.

ღმერთმა უბედურებისაგან გიხსნათ, ხოლო იცოდეთ კი, რომ „ვისაც თავის დღეში არავინ გაუუბედურებია, იმას იმედი უნდა ჰქონდეს, რომ თვითონაც თავის დღეში უბედური არ იქნება“.

ღმერთმა იმოდენა უნარი მოგცეთ, რომ თქვენს ძალ-ღონეს დაენდოთ, სხვის იმედზედ არ იყვნეთ, იმიტომ რომ „იგი ჭკვიანი არ არის, ვინც არ იცის თავს როგორ უშველოს“.

ღმერთმა ჯანმრთელი გამყოფოთ, ხოლო იცოდეთ, რომ „თუ გნებავთ სიმრთელე შეჰრჩეს თქვენს სულსა და ხორცსა, გულის ნებას და მადას გაძღომამდე ნუ მიიყვანთ“.

ღმერთმა მოგცეთ სიყვარული მართლისა და იცოდეთ, რომ „თუ ბოროტი ხართ, შეგიძულებენ, თუ კეთილი ხართ, ზოგჯერ მოგატყუებენ და თუ მართლის მოყვარე ხართ, თაყვანსა გცემენ“.

ღმერთმა სიბრძნე და სათნოება მოგანიჭოთ და იცოდეთ, რომ „სიტურფე, ნიჭიერება, ჭკუა და სხვა ყოველივე სცვდება, გარდა სიბრძნისა და სათნოებისა“.

ღმერთმა უმაღლესს ღირსებამდე მიგახწევინოთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ „ყველაზედ უტყუარი ნიშანი უმაღლესის ღირსებისა შურის არქონაა“.

ღმერთმა ნუ მოგაკლოთ პატიოსნება და იცოდეთ, რომ „ვაჟკაცს გმირს მარტო იმის უნარი აქვს, დიდბუნებიანს ყოველაფრისა, ხოლო ერთიცა და მეორეც ვერ აიწონენ ერთად, რასაც ერთი პატიოსანი კაცი იწონს“.

ღმერთმა არც მფლანგავი გქმნას, არც ძუნწი და იცოდე, რომ „ვინცა ჰფლანგავს, იგი თავის მემკვიდრესა ჰპარავს, ვინცა ჰძუნწობს, იგი ჰპარავს თავის თავსა“.

ღმერთმა გიხსნათ სიღარიბისაგან, ხოლო იცოდეთ კი, რომ „კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონესა და როცა წადილი მეტი აქვს ქონებაზედ“.

ღმერთმა ღონე მოგცეთ და გაგაძლიეროთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ „ღონე იმისთვის მოუნიჭებია

ჩვენთვის ღმერთს, რომ ჩვენი ქონება შევინახოთ და არა იმისათვის, რომ სხვისა დავიჩემოთ და დავისაკუთროთ“.

ღმერთმა ბევრი ფული მოგცეთ, ხოლო იცოდეთ კი, რომ „ფული ბატონად ძალიან ცუდი ბატონია და მოსამსახურედ კი მეტად კარგი მოსამსახურეა. არც კი ეს დაივიწყოთ, რომ „ყოველთვის, როცა კაცს ბუზმენტებით მორთულსა ჰხედავთ, იცოდეთ, რომ მის მახლობლად სხვა კაცი ძონძშია გახვეული“.

ღმერთმა მაგარი ხასიათი მოგცეთ და იცოდეთ, რომ „ჭკვიანი კაცი კი მალე წახდება, თუ ჭკუასთან ერთად სიმაგრე ხასიათისა არა აქვს. ვისაც დიოგენის ფარანი აქვს, იმას მისი ყავარჯენიც უნდა ჰქონდეს“.

ღმერთმა მშვიდობა და მოსვენება მოგცეთ, ხოლო იცოდეთ, რომ „ყველაზედ ტკბილი მოსვენება იგია, რომელიც შრომით არის ნასყიდი“.

ღმერთმა ერთმანეთის ძმობა, ერთობა მოგმადლოთ და იცოდეთ, რომ „დიდად ძალოვანი კაციც კი უღონოა, თუ მოძმენი მხარს არ მისცემენ“. არც ეს დაივიწყოთ, რომ „როცა ჭკვიანები და პატიოსნები ერთად მოქმედობენ, მაშინ სულელნი და ფლიდნი უღონონი არიან“.

ღმერთმა გიმრავლოთ და გიდღეგრძელოთ შვილები, ხოლო იცოდეთ კი, რომ

სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა
უწვრთელის შვილის ყოლასა.

დასასრულს გისურვებთ, ღმერთმა თქვენის ქვეყნის სიყვარული გაგიძლიეროთ და იცოდეთ, რომ „რაც უნდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსანს გულში მაინც ყველაზედ დიდი ადგილი უჭირავს“.

ამინ და კირილეისონ!..

საახალწლო მილოცვა

ნაბეჭდი: გაზ. „ივერია“, 1889 წ., №1, გვ. 1-2.

დაიბეჭდა გაზეთის მეთაურ წერილად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. ავტორისდროინდელი ნაბეჭდის შემდეგ იგი არც ერთ გამოცემაში არ შესულა.

ამ ხასიათის წერილების ატრიბუციის საკითხი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის დროს დაისვა და დადგინდა, რომ გაზ. „ივერიის“ ყველა ხელმოუწერელი მეთაური წერილი ეკუთვნის ი. ჭავჭავაძეს. (იხ. „ტექსტისათვის“).

წერილი პირველად იბეჭდება წინამდებარე ტომში. იგი დასათაურებულია ჩვენ მიერ.

გვ. - დიოგენის ფარანი - დაკავშირებულია ძველი ბერძენი ფილოსოფოსის დიოგენე სინოპელის (გარდ. 323 წ.) სახელთან. იგი გმობდა ადამიანთა შორის გავრცელებულ ბიწიერებას და თვლიდა, რომ სათნო კაცი სანთლით იყო საძებარი. გადმოცემით, დიოგენე დღისით ფარნით დადიოდა და ამბობდა - ადამიანს ვეძებო.

იქვე, - სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა უწვრთელის შვილის ყოლასა“. - სტრიქონები აღებულია დ. გურამიშვილის პოემიდან „დავითიანი“.

105 შენიშვნები და კომენტარები ტექსტისათვის

▲ზევით დაბრუნება


ი. ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიური გამოცემის X ტომში მათავსებულია 1888 წლის გაზ. „ივერიაში“ გამოქვეყნებული პუბლიცისტური წერილები და ქართული სათავადაზნაურო ბანკის სხდომებზე წარმოთქმული სიტყვები.

სტატიები იბეჭდებოდა გაზეთის მეთაურ წერილებად უსათაუროდ და ხელმოუწერლად. წერილების ნაწილი ცნობილი იყო, როგორც ილიას ნაღვაწი და წლების განმავლობაში ისტამბებოდა კიდეც წინა გამოცემებში. მაგრამ წერილთა უმრავლესობა კვლავ მოითხოვდა მუშაობის გაგრძელებას მათი ავტორობის დასადგენად.

ამ მიმართულებით ბევრი მკველვარი მუშაობდა და თვალსაჩინო შედეგსაც მიაღწიეს. მკვლევრებმა პ. ინგოროყვამ, თ. მაჭავარიანმა, პლ. კეშელავამ, ალ. კალანდაძემ, შ. გოზალიშვილმა, ნ. შალუტაშვილმა, ნ. ტაბიძემ, ლ. ჭრელაშვილმა და სხვ. მნიშვნელოვნად გაამდიდრეს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური მემკვიდრეობა. ეს მუშაობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა მწერლის თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემის მომზადება. ახალი საარქივო მასალების გამოვლენამ, ხელნაწერი კრებულებისა და ავტორისდროინდელი გამოცემების შესწვლამ, შესაძლებელი გახადა საბოლოოდ დადგენილიყო ილია ჭავჭავაძის იმ წერილების ატრიბუციის საკითხი, რომლებიც ხელმოუწერლად ან ფსევდონიმებით ქვეყნდებოდა გაზ. „ივერიასა“ და „დროებაში“.

ამ საკითხების გარკვევასა და დაზუსტებაში დიდი წვლილი მიუძღვის მკვლევარ ლევან ჭრელაშვილს, რომელმაც ზომოაღნიშნულ პრობლემას რამდენიმე წერილი მიუძღვნა.1 ახლადმიკვლეულ მასალებზე დაყრდნობით, მკვლევარმა შეადგინა გაზ. „ივერიასა“ და „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ ხელმოუწერლად დაბეჭდილი წერილების ბიბლიოგრაფია, რის შედეგადაც ილიას პუბლიცისტური წერილების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა, მან რამდენიმე ტომი შეადგინა. ლ. ჭრელაშვილმა ახლადმოპოვებული საბუთებით დაამტკიცა, რომ მწერალი უშუალოდ მონაწილეობდა თავისი წერილების ჟურნალ-გაზეთების ფურცლებიდან გადმოწერაში, რაც საფუძვლად უნდა დასდებოდა ი. ჭავჭავაძის პუბლიცისტური ნაშრომების გამოცემას.

ჩვენს ტომში ბევრი რამ შესწორდა უკანასკნელი წლების გამოცემებთან შედარებით. პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის გამოცემებში ზოგან სიტყვა იყო გამოტოვებული, ზოგან მთელი წინადადება შეცვლილი ან გამოტოვებული. წინამდებარე ტომში ყველაფერი აღდგა ისე, როგორც ავტორისეულ ტექსტშია.

ძირითად ტექსტად აღებულია გაზეთ „ივერიის“ ტექსტი. იგი შეჯერებულია ყველა ნაბეჭდ წყაროსთან. გათვალისწინებულია ავტორის ბოლო ნება და აღდგენილია მწერლის მართლწერა. ჩასწორდა მხოლოდ პუნქტუაცია და კომპოზიტთა დაწერილობა, დანარჩენი სიტყვათა ფორმები უცვლელად არის დატოვებული, გარდა ერთისა: „აქეთ“, ნაცვლად ავტორისეული ფორმისა „აქედ“ (ეს გაკეთდა სარედაქციო კოლეგიის დადგენილებით).

წერილები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უსათაუროა (ერთი წერილის გარდა), ამიტომ წინა გამომცემლების მსგავსად, ის რაც ტომში პირველად იბეჭდება, ჩვენ დავასათაურეთ, ხოლო წინა გამომცემელთაგან მიცემული სათაურები უცვლელად დავტოვეთ და ჩავსვით ისრისებრ ფრჩხილებში.

ტომში შემავალი მასალა უთარიღოა, აქ წარმოდგენილია მხოლოდ 1888 წელს დაბეჭდილი წერილები. ამიტომ თითოეული წერილის ბოლოს თარიღს არ ვუთითებთ.

სამეცნიერო აპარატში, პასპორტისა და შენიშვნების შემდეგ, წერილებს, რომელთა ტექსტის გაგება ამას მოითხოვს, ერთვის ისტორიულ-ლიტერეტურული ხასიათის კომენტარები, ტექსტის გვერდის მითითებით.

ტომს ახლავს თემატური, პიროვნებათა, გეოგრაფიულ სახელთა და პერიოდულ გამოცემათა ანოტირებული საძიებლები.

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ხელნაწერი კრებულები პასპორტში აღნიშნულია U ლიტერით.

წინამდებარე ტომში დაბეჭდილი წერილები გამოსაცემად მოამზადეს ცისანა ყიფშიძემ (იანვარი-მარტი) და ლამარა შავგულიძემ (აპრილიდან წლის ბოლომდე).

_______________

1. იხ. „ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ატრიბუციისა და გამოცემის ისტორიის საკითხები“ (ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1981, №2-3).

106 სახელთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


1) პირთა საძიებელი

აბდურაჰმანი - (1844-1901), ავღანეთის ამირა 1880 წდან. თავისი პაპის დოსთ მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ მონაწილეობდა ტახტისათვის გამართულ შინაფეოდალურ ბრძოლებში. დამარცხდა და 1869 წელს შუა აზიას შეაფარა თავი. 1879 წ. დაბრუნდა სამშობლოში და 1880 წ. გაბატონდა ჩრდ. ავღანეთში. 1880 წლის 31 ივლისს ინგლისმა ა. მთელი ავღანეთის ამირად ცნო, ხოლო ავღანეთის საგარეო პოლიტიკა დაუქვემდებარა თავის კონტროლს.

ავალიშვილი დავით - თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი.

ალ-აინი - მაჰმადიანი მწერალი.

ალექსანდრე ეპისკოპოსი

ალექსანდრე II - (1818-1881), რუსეთის იმპერატორი (1855-1881), ნიკოლოზ I-ის უფროსი შვილი. პოლიტიკური შეხედულებით კონსერვატორი იყო. მოკლეს 1881 წლის 1 მარტს, „ნაროდნაია ვოლიას“ აღმასრულებელი კომიტეტის განაჩენით.

ანნა - კიევის დიდი მთავრის, ვლადიმირის მეუღლე

არბიბი

აფხაზი .

ბაგრატ III - (975-1014), ქართველი მეფე, გააერთიანა დასავლეთი და დიდი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოსი, ებრძოდა მსხვილ ფეოდალებს და არაბ დამპყრობლებს.

ბაკკარინი

ბატენბერგელი (ბატენბერგი) - ალექსანდრე (1857-1893), გერმანელი პრინცი, ბულგარეთის თავადი (მმართველი) 1879-1886 წ.წ. უკიდურესი რეაქციონერი. ცდილობდა, რომ ბულგარეთი ყოფილიყო ბალკანეთზე ავსტრია-გერმანიის დასაყრდენი. ბულგარელ ოფიცერრუსოფილთა დაჟინებით, იძულებული გახდა უარი ეთქვა ტახტზე.

ბაქრაძე - დიმიტრი ზაქარიას ძე (1827-1890), ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი. 1889 წ. გამოაქვეყნა ნაშრომი „ისტორია საქართველოსი“ (უძველესი დროიდან X ს. დასასრულამდე). პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1879).

ბერდეტი არჩიბალდ - ინგლისელი ეკონომისტი.

ბიზელი

ბისმარკი - ოტო-ედუარდ-ლეოპოლდ ფონ შონჰაუზენი (1815-1898), გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი (1871-1890), იუნკრულ-ბურჟუაზიული გერმანიის დამაარსებელი, დინასტიური ომების საშუალებით „რკინისა და სისხლის“ მეთოდით გააერთიანა გერმანია პრუსიის მეთაურობით. რეპრესიების გზით (საგანგებო კანონი სოციალისტების წინააღმდეგ) (1878-1890). აგრეთვე დემაგოგიით ცდილობდა ჩაეხშო მუშათა მოძრაობა გერმანიაში. იგი იყო „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ბრიალმონი

ბულანჟე - ჟორჟ-ერნესტ-ჟან-მარია (1837-1891), ფრანგი გენერალი, პოლიტიკური მოღვაწე, მონაწილეობდა პარიზის კომუნის ჩახშობაში. 1886-1887 წ.წ. - საფრანგეთის სამხედრო მინისტრი. 1887-90 წ.წ. მოხერხებულად გამოიყენა ნაციონალისტური დემაგოგია და სათავეში ჩაუდგა შოვინისტურ მოძრაობას. მონარქისტებთან მისი ურთიერთობის გამომჟღავნების შემდეგ, ბელგიაში გაიქცა, სადაც თავი მოიკლა.

გამალეი (გამალეია) - ნიკოლოზ თევდორეს ძე (1859-1949), რუსი მიკრობიოლოგი და ეპიდემიოლოგი.

გარტინგტონი - ჰარტინგტონი სპენსერ კავენდიშ (1833-?), ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე. გლადსტონის პირველ მთავრობაში იყო გენერალ-ფოსტმაისტერი და ირლანდიის პირველი მდივანი. გლადსტონის მეორე მთავრობაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები, მაგრამ ირლანდიის პოლიტიკის ირგვლივ უთანხმოების გამო, დაცილდა გლადსტონს და მონაწილეობა მიიღო მესამე მთავრობის დამხობაში.

გლადსტონი - უილიამ იუარტ (1809-1898), ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე. 1832 წ. იგი პარლამენტში აირჩიეს ტორების პარტიიდან. მალე დარწმუნდა ტორიზმის უპერსპექტივობაში და მიემხრო ლიბერალებს. 1843-45 წ.წ. იყო ვაჭრობის მინისტრი, 1845-47 წ.წ. - კოლონიების მინისტრი, 1852-55 წ.წ., 1859-66 წ.წ. - ფინანსთა მინისტრი. 1868 წ-დან ლიბერალური პარტიის ლიდერია. 1868-74 წ.წ. - პრემიერ-მინისტრი. 1880-1885 წ.წ. კვლავ პრემიერ-მინისტრია და აგრძელებს კონსერვატორების ექსპანსიონისტურ საგარეო პოლიტიკას. 1882 წ. ჯარი გაგზავნა ეგვიპტის დასაპყრობად. სასტიკად ახშობდა ირლანდიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ამასთან, ირლანდიელებს ზოგი რამ დაუთმო კიდეც. 1892-94 წ.წ. კვლავ პრემიერ-მინისტრია, ხოლო 1894 წ. საბოლოოდ გადადგა და ჩამოსცილდა პოლიტიკურ მოღვაწეობას.

გლაზერი - იულიუს (1831-1885), ცნობილი მინისტრი და სახელმწიფო მოღვაწე. 1871-1879 წ.წ. იყო ავსტრიის იუსტიციის მინისტრი.

გონზაგა - ჯიან ფრანჩესკო II, მანტუის ჰერცოგი. მის სახელთან არის დაკავშირებული ახალი დროის პირველი გიმნასიის დაარსება.

გობლე - რენე (1828-?), ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე. 1882 წ. იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, 1885 წ. - სახალხო განათლების მინისტრი. 1888 წ. აპრილიდან 1889 წ. თებერვლამდე ფლოკეს კაბინეტში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.

გოტიე

გოშამ

გრევი - ჟიულ (1807-1891), საფრანგეთის პრეზიდენტი 1879-1887 წლებში, ზომიერ რესპუბლიკელთა ლიდერი.

გურამიშვილი - დავით (1705-1722).

დავით აღმაშენებელი - დავით IV (1073-1125) საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში.

დაჟბოგი, დამბოგი - სლავურ მითოლოგიაში მზის, რუსულ-სლავურში - მზისა და ცეცხლის ღმერთი.

დარვინი - ჩარლზ (1809-1880), გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი, ბუნებისმეტყველი.

დიმიტრი - დავით აღმაშენებლის ვაჟი, დემეტრე I.

დონდუკოვ-კორსაკოვი - ალექსანდრე მიხეილის ძე (1820-1893), თავადი, გენერალ-ადიუტანტი. 1882-1890 წ.წ. კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებელი და კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი.

დუკმასოვი

ეგუნოვი

ერმოლოვი ..

ეროპკინი

ეჩეგარაი - ი-ეისაგირე ხოსე (1832-1916), ესპანელი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი 1904 წ.

ვასილისი - ვასილი II (958-1025), ბიზანტიის იმპერატორი 976 წ. თავისი და ანა გაათხოვა კიევის თავად ვლადიმირზე.

ვაჩნაძე ლევან

ვერეშჩაგინი - ნიკოლოზ ვასილის ძე (1839-?), რძისა და ყველის მრეწველობის სპეციალისტი რუსეთში.

ვერმორელი

ვერჯერიო - პიეტრო პაოლო (1350-1444), ფლორენციის, ბოლონიისა და პადუის უნივერსიტეტების პროფესორი.

ვეჯიო - მატეო (1406-1458), აღორძინების ხანის იტალიელი პოეტი ლომბარდიიდან.

ვილჰელმ I - ჰოჰენცოლერნი (1797-1888), პრუსიის მეფე 1861 წ. და გერმანიის იმპერატორი 1871 წ; ქვეყანას ფაქტიურად ო. ბისმარკი მართავდა.

ვილჰელმ II - ჰოჰენცოლერნი (1859-1941), გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წ.წ., ვილჰელმ I შვილიშვილი, გერმანიის აგრესიული იუნკრულბურჟუაზიული იმპერიალიზმის წარმომადგენელი.

ვლადიმირ I - (?- 1015), ნოვგოროდის თავადი 969 წლიდან, კიევისა 980 წ-დან. 1886-1888 წ.წ. სახელმწიფო რელიგიად შემოიღო ქრისტიანობა.

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე - (1847-?), იმპერატრორ ალექსანდრე II მესამე ვაჟიშვილი. ინფანტერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, სენატორი, სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი, გვარდიელთა და პეტერბურგის სამხედრო ოლქის მთავარსარდალი.

ვოლტერი - მარი ფრანსუა არუე (1694-1778).

ვოლოსი

ვიქტორია - ფრიდრიხ III ქალიშვილი.

ვიქტორია-ფრიდრიხი - ვიქტორია-ადელაიდა-მარია ლუიზა (1840-1901), იგივე ფრიდრიხი, სახელი, რომელიც ქვრივობაში მიიღო გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ III მეუღლემ, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას ქალიშვილმა.

ზეიდლიცი - კავკასიის სასტატისტიკო კომიტეტის მთავარი რედაქტორი.

თამამშოვი - გაბრიელ, თბილისელი ვაჭარი.

იგორი - (?-945), კიევის დიდი მთავარი 912 წ-დან. რიურიკოვიჩთა დინასტიის ფაქტიური დამაარსებელი.

ილია (წმ.)

იოანე ნათლისმცემელი - სახარების თანახმად (მათე, მარკოზი) იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე ქრისტე.

ისმაილ-ფაშა - (1830-1895), ეგვიპტის გამგებელი 1863-1879 წლებში. 1867 წელს ოსმალეთის სულთნისაგან მიიღო ხედიფის ტიტული. მან გააფართოვა ეგვიპტის ავტონომია.

იურიევიჩი

კარლოს II - (1630-1685), ინგლისის მეფე 1660 წლიდან, სტიუარტების დინასტიიდან.

კასტელარი - ესპანეთის სახელგანთქმული ორატორი.

კლემანსო - ჟორჟ ბენჟამენ (1841-1929), საფრანგეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მეორე იმპერიის დროს მონაწილეობდა რადიკალურ-რესპუბლიკურ მოძრაობაში. 80-იანი წლებიდან ბურჟუაზიული რადიკალების ლიდერია. მომხრე იყო გერმანიის წინააღმდეგ რევანშისტული ომისა. განსაკუთრებული როლი ითამაშა გამბეტასა და ფერის კაბინეტების დამხობაში (1882 წ. იანვარი) და ბულანჟიზმთან ბრძოლაში.

კონსტანტინე VII - (905-959), ბიზანტიის იმპერატორი 913 წ-დან.

კონი

კოტელნიკოვი

კურციუს ერნსტ - (1814-1896), ანტიკური პერიოდის გერმანელი ისტორიკოსი, არქეოლოგი, გათხრების ხელმძღვანელი ოლიმპიაში ( 1875-1881).

ლაგერი - საფრანგეთის პალატის დეპუტატი.

ლაველე - ემილ-ლუი-ვიქტორ (1822-1892), ბელგიელი მეცნიერი და პუბლიცისტი.

ლეონ XIII - ლეო XIII, ერისკაცობაში ვინჩენცო ჯოაკინო პეჩი (1810-1903), რომის პაპი 1878 წლიდან.

მათე ედესელი - სომეხი სწავლული.

მარიანი

მარია-ტერეზია - (1717-1780), ავსტრიის ერცჰერცოგი 1740 წლიდან. მისი უფლებები ჰაბსბურგთა მონარქიის მიწებზე ევროპელმა სახელმწიფოებმა მხოლოდ ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის (1740-1748) შემდეგ ცნეს. განამტკიცა აბსოლუტიზმი.

მარვინი ჩარლზ, - ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე.

მარტინოვსკი - თბილისის პროგიმნაზიის ინსპექტორი.

მატერსი

მილანი - (1854-1901), სერბიის მთავარი 1868-1882 წ.წ. მეფე მილან I 1882-1889 წ.წ. ობრენოვიჩების დინასტიიდან. ცდილობდა დაემყარებინა თვითმპყრობელური რეჟიმი, ატარებდა ავანტიურისტულ საგარეო პოლიტიკას.

მირანდოლი - მირანდოლა პიკო დელა (1463-1494), აღორძინების პერიოდის იტალიელი ფილოსოფოსი, უარყოფდა კათოლიკური ეკლესიის დოგმატებს.

მიშლე - ჟიულ (1798-1874), ფრანგი ისტორიკოსი. წვრილი ბურჟუაზიის იდეოლოგი.

მოლტკე უფროსი, ჰელმუთ კარლ ბერნჰარდ (1800-1891), პრუსიისა და გერმანიის სამხედრო მოღვაწე, გრაფი (1870), გენფელ-მარშალი (1871), სამხედრო თეორეტიკოსი.

მონტგომერი

მორლეი ჯონ (1838-?), ინგლისელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე.

მუა

ნაპოლეონ III - ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი (1808-1873), საფრანგეთის იმპერატორი 1852-1870 წ.წ. საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს (1870-71 წ.წ.), 100-ათასიანი არმიით ჩაბარდა ტყვედ ავსტრიელებს სედანთან.

ნატალია - (1859-?), სერბიის დედოფალი, მეფე მილან I ობერნოვიჩის მეუღლე; რუსი პოლკოვნიკ კეშკოს ქალიშვილი.

ოლეგი - (?-912), კიევის რუსეთის პირველი ისტორიულად სარწმუნო თავადი. მართავდა 879 წ-დან ნოვგოროდში, ხოლო 882-დან კიევში.

პაპეო

პასტერი ლუი - (1822-1895), ფრანგი მეცნიერი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ფუძემდებელი.

პელაკინი ბიაჯიო (ვიაჯიო)

პერუნი - ინდოევროპულსა და სლავურ-რუსულ მითოლოგიაში ჭექა-ქუხილის ღმერთი. IX-X ს.ს. რუსეთში მთავრისა და მის მეომართა მფარველი.

პლატონი - (427-347 ჩვ. ერამდე)

პლევო, პლევე ვიაჩესლავ კონსტანტინეს ძე (1846-1904), რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. ჟანდარმთა ცალკე კორპუსის შეფი (1902-1904), უკიდურესი რეაქციონერი, მოკლეს ესერებმა.

რაბლე - ფრანსუა (დაახლ. 1494-1553), ფრანგი მწერალი.

რავენა ჯიოვინი და - რიტორიკის პროფესორი ვენეტის ოლქში, კითხულობდა ლექციებს ციცერონსა და რომაელ პოეტებზე.

როტერდამელი ერაზმ (1466-1536), აღორძინების ეპოქის გამოჩენილი ჰუმანისტი.

რუდოლფი ფრანც-კარლ-იოზეფი (1858-1889), ერცჰერცოგი და კრონპრინცი, ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოზეფ I შვილი.

რუვიე - ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე.

როზენტალი

სადი-კარნო მარი ფრანსუა სადი (1837-1894), საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, 1887-1894 წ.წ. საფრანგეთის პრეზიდენტი.

სალისბერი, - სოლუსბერი, რობერტ არტურ ტალბოტ გასკონ სესილ (1830-1903), ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1885-1892 წ.წ.

სამსონი

სენეკა ლუციუს ანეუს (დაახლ. ძვ. წ. 4 - ახ. წ. 65), რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოლიტიკური მოღვაწე.

სენ-ვალლიე, საფრანგეთის ელჩი გერმანიაში.

სოვეტოვი

სტრაბოგი, სტრიბოგი, სლავურ მითოლოგიაში ქარის ღმერთი.

ტანნეი

ტააფი, ტააფე ედუარდ (1833-1895), ავსტრიის მინისტრი-პრეზიდენტი 1868-1870 წ.წ. და 1879-1893 წ.წ.

ტაფიკ-ფაშა, ტეფიკ-ფაშა, ეგვიპტის მეფე.

ტერრელ-დე-შენი, ფრანგი მეცნიერი.

ტირარი პიერ ემანუელ (1827-1893), ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, 1868 წლიდან ხშირად გამოდიოდა სახალხო კრებებზე, როგორც იმპერიის მტერი.

1870 წ. 4 სექტემბრის რევოლუციის შემდეგ არჩეულ იქნა პარიზის მეორე ოლქის მერად; 1871 წ. 8 თებერვალს სენის დეპარტამენტის მიერ არჩეულ იქნა ნაციონალური კრების წევრად. 26 მარტს იგი კომუნაში აირჩიეს, მაგრამ მალე პროტესტი გამოთქვა კომუნის ძირითადი მიმართულების წინააღმდეგ და ჩამოიხსნა თავისი უფლებები, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ, თავის გადარჩენის მიზნით, იძულებული იყო გაქცეულიყო რევოლუციური პარიზიდან ვერსალში. 1887 წ. დეკემბრიდან 1888 წ. აპრილამდე და 1889 წ. თებერვლიდან 1890 წ. თებერვლამდე, ტირარი იყო ჯერ ფინანსთა მინისტრი, ხოლო შემდეგ ვაჭრობის მინისტრი.

უმბერტო, ჰუმბერტ I (1844-1900), იტალიის მეფე 1878 წლიდან.

უმიკაშვილი - პეტრე იოსების ძე (1834-1904), ქართველი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე.

ფერდინანდ კობურგელი, ფერდინანდ I კობურგელი (1861-1948), 1887 წლიდან თავადი, 1908-1918 წ.წ. ბულგარეთის მეფე გერმანელ თავადთა გვარიდან. კობურგელთა დინასტიის დამაარსებელი. გააძლიერა ბულგარეთში გერმანული გავლენა.

ფელტრე ვიტორინო დი რამბალდინი (1397-1442), ჰუმანიზმის ეპოქის დიდი იტალიელი პედაგოგი.

ფერრი, ჟიულ (1832-1893), საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, ადვოკატი, პუბლიცისტი, 1879-1883 წ.წ. დროდადრო განათლების მინისტრი.

ფიხტე იოჰან გოტლიბ (1762-1814), გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური იდეალიზმის წარმომადგენელი.

ფლოკე შარლ თომას (1828-1896), ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე. აქტიურად მონაწილეობდა ბარიკადულ ბრძოლებში 1848 წლის რევოლუციის დროს. 1885 წლიდან 1888 წლამდე ფლოკე იყო დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი. 1883 წ. 3 აპრილს ფლოკემ რადიკალური პარტიის წევრებისაგან შეადგინა კაბინეტი და თვითონ დაიკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი.

ფლურანსი, ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე.

ფოკელი

ფორგიუსონი, ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე.

ფრეპპელი, ფრანგი ეპისკოპოსი.

ფრიდრიხ-ვილჰელმ IV (1795-1861), პრუსიის მეფე 1840-1857წ.წ. ფსიქიური აშლილობის გამო, იგი ჩამოშორდა სახელმწიფო საქმეებს.

ფრიდრიხ III ფრიდრიხ-ვილჰელმ-ნიკოლოზ-კარლოსი (1831-1888), პრუსიის მეფე და გერმანიის იმპერატორი, ვილჰელმ I ვაჟიშვილი.

შავროვი - ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1826-1899), ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. 1884 წ-დან 1891 წმდე იყო გაზეთ «Кавказ»-ის მთავარი თანამშრომელი.

შარკო - ჟან მარტენ (1825-1893), ექიმი, ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის ფუძემდებელი, კლინიკური სკოლის დამაარსებელი.

შენერერი

შერემეტიევი

შტეინი - გერმანელი მეცნიერი.

ჩამბერლენი, ჩემბერლენი ჯოზეფ (1836-1914), დიდი ბრიტანეთის კოლონიების მინისტრი 1895-1903 წ.წ., 1880-1886 წ,წ. (პერიოდულად) შედიოდა მთავრობაში. კარიერის დასაწყისში ლიბერალია, 90-იანი წლების დასაწყისში - კონსერვატორი. ინგლისის კოლონიური ექსპანსიის ერთერთი იდეოლოგთაგანი.

ჩერჩილი - რანდოლფ, ლორდი, კონსერვატორთა ლიდერი.

წმინდა ილია

წმინდა ოლგა

წმინდა საბა

ხორსა

2) გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი

აბხაზეთი, აფხაზეთი

ავსტრია

ავსტრია-ვენგრია - ავსტრია-უნგრეთი

ავღანისტანი, ავღანეთი

ალპები

ალჟირი

ამერიკა

ამიერკავკასია

აფრიკა

ახალგორი

ახალი ათონი

ახალქალაქის მაზრა

ბადენი

ბავარია

ბალკანი, ბალკანეთი, ბალკანიის (ბალკანის) ბალკანეთის

ნახევარკუნძული

ბელგია

ბელგრადი

ბერლინი

ბოლგარია, ბოლგარეთი, ბულგარეთი

ბონი

ბოსნია

ბოსტონი

განჯა - 1804 წლამდე. 1804 წ-დან 1919 წ-მდე - ელიზავეტპოლი. 1935 წ-დან 1991 წ-მდე კვლავ განჯა. ქალაქი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მდ. განჯაჩაის ნაპირზე

გერმანია

გერმანიის იმპერია

გოლგოთა

დანია

დარღოს ოლქი

დაღისტანი

დნეპრი

ეგვიპტე

ედინბურგი

ევროპა

ელზას-ლოტარენი - ელზას-ლოთარინგია, გერმანიის „საიმპერიო“ მიწა. ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეული, შექმნილი ელზასისა და ლოთარინგიისაგან 1871-1918 და 1940-1944 წ.წ.

ვარშავა

ვაშინგტონი

ვენა

ვენგრია, უნგრეთი

ვენეტიკა, ვენეტო, ოლქი ჩრდ-აღმ. იტალიაში, ვენეციის ყურის (ადრიატიკის ზღვა) სანაპიროზე.

ვილნო, ახლანდელი ქ. ვილნიუსის სახელწოდება 1939 წლამდე.

ზაქათალის ოლქი

თელავი

თიანეთი - დაბა (1960 წ-დან) აღმ. საქართველოში, მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე.

ინგლისი

ინდოეთი

ირლანდია

ისპანია, ესპანეთი

იტალია

კავთისხევი

კავკასია

კარდანეხი

კახეთი

კიევი

კორი, გორი

კორსუნი - კიევის რუსეთის უძველესი ქალაქი, მდებარეობს მდ. კორსუნისა და მდ. როსის შესართავთან. ახლანდელი ქალაქი კორსუნ-შევჩენკოვსკი.

ლონდონი

მაკედონია - ისტორიული ოლქი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში.

მანტუა - ქალაქი იტალიაში, ლომბარდიაში.

მასოვა, მასსოვა, მასუა (მასაკა), ქალაქი ეთიოპიის ჩრდ-ში, პორტი წითელ ზღვაზე.

მარსელი

მილანი

მოსკოვი

მეწამული ზღვა

მცირე აზია

ნიუ-იორკი

ოდესა

ოსმალეთი, ოსმალო

პადუა ქალაქი ჩრდ. იტალიაში, ვენეციის ოლქში.

პარიჟი, პარიზი

პეტერბურგი - სანკტ-პეტერბურგი

პეტერგოფი

პრუსია

რომი

რუმინია, რუმინეთი

რუსეთი

საბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულები

საფრანგეთი

საქართველო

სენ-რემო, სან-რემო

სერბია

სიღნაღი

სიღნაღის მაზრა

სტამბული, სტამბოლი

სუეცის არხი

ტავრიდა - ყირიმის ნახევარკუნძულის ძველი დასახელება.

ტაიტის კუნძულები

ტრიაპოლისი, ტრიპოლისი, ტრიაპოლი (ტარაბულუსელ-ჰარბ), ლიბიის დედაქალაქი, პორტი ხმელთაშუა ზღვაზე

ტფილისი, თბილისი

უელსი

ფინლანდია, ფინეთი

ფშავ-ხევსურეთი

ქსნის ხეობა

ქუთაისი

ყარაბაღი

შავი ზღვა

შავი ზღვის ოლქი

შარლოტენბურგი, ქალაქი ბერლინის მახლობლად, მდ. შპრეეზე

შვეიცარია

შვეცია, შვედეთი

შეერთებული შტატები

შლეზვიგ-გოლშტეინი

შლეზვიგი - XI ს-დან საჰერცოგო. ცნობილია შლეზვიგ-ჰოლშტაინის (შლეზვიგ-გოლსტეინის) მიწა. XIX ს. შუაში დაიწყო შლეზვიგ-ჰოლშტაინის გერმანული მოსახლეობის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა. 1864 წ. დანიასთან ომის შედეგად ჰოლშტაინი გადავიდა ავსტრიის მმართველობაში, შლეზვიგი - პრუსიისა. ავსტრია-პრუსიის 1866 წლის ომის შემდეგ შლეზვიგჰოლშტაინი პრუსიის პროვინციად გამოცხადდა.

შოტლანდია

შუა აზია

ჩრდილო ამერიკა

ჩეხია, ჩეხეთი

ხმელთაშუა ზღვა

წინამძღვრიანთკარი

ჰებრიდის კუნძულები, დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში. სულ 500-მდე კუნძულია.

ჰერცოგოვინა

107 ჟურნალ-გაზეთების, წიგნების და ცალკეულ გამოცემათა საძიებლები

▲ზევით დაბრუნება


გარგანტუა - ფ. რაბლე „გარგანტუა და პანტაგრუელი“

პედაგოგიური თეორიები განახლების ეპოქისა - ნ. ი. სტოროჟენკოს წიგნი.

) ქართული პერიოდული გამოცემები

„ივერია“ - ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1877 წ. 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად. 1879-1885 წლებში ჟურნალის სახით, 1886 წლიდან ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე. თანარედაქტორები - ს. მესხი (1881 წ. „დროებისა“ და „ივერიის“ რედაქციების გაერთიანებისას), ი. მაჩაბელი (1882-1884), ა. სარაჯიშვილი (1901 წლის 4 დეკემბრიდან), გ. ყიფშიძე (1903-1905), შემდეგ, გაზეთის დახურვამდე (1906 წ. 27. VIII) ფ. გოგიჩაიშვილი.

მეურნე - ქართული ყოველკვირეული სასოფლოსამეურნეო გაზეთი; გამოდიოდა 1888-1894 წლებში თბილისში (რედაქტორგამომცემელი ვასილ სულხანიშვილი) და 1895-1898 წლებში - ქუთაისში (რედაქტორ-გამომცემელი ილია ჭყონია).

მაცნე (გაზ.)

) რუსული პერიოდული გამოცემები

«Вестник финансов» - ჟურნალის სრული სახელწოდებაა «Вестник финансов, промышленности и торговли», რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ყოველკვირეული ჟურნალი, გამოდიოდა 1885-1917 წ.წ.

«Кавказ» - ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი; გამოდიოდა თბილისში 1846-1918 წლებში რუსულ ენაზე. თავდაპირველად კერძო, არაოფიციალური გამოცემა იყო, 1850 წლიდან კი კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარია გამოსცემდა.

«Новое Обозрение» - გაზეთი გამოდიოდა თბილისში რუსულ ენაზე, 1883-1904 წ.წ. იგი იყო ბურჟუაზიულპროგრესული მიმართულების ორგანო. 1887-1891 წლებში გაზეთს ხელმძღვანელობდა ნ. ნიკოლაძე.

«Русский Винодел»

«Рус.-Кур» - «Русский Курьер», ყოველდღიური გაზეთი გამოდიოდა მოსკოვში 1879-1889 წ.წ.

) უცხოური პერიოდული გამოცემები

Debats

Deutsch Tageblatt

Independence Belge

„Figaro, Le Figaro“ - უძველესი ფრანგული ყოველდღიური გაზეთი, დაარსებულია პარიზში 1826 წ.

„Journal des Debatas“

Siecle

„Schwarz Qelb“

Standart“ - ინგლისური გაზეთი

Standard“ - გერმანული გაზეთი

„Kölnis he Zeitung“ - ნაციონალურ-ლიბერალური მიმართულების გერმანული გაზეთი

„Republique Francaise“

„Temps“

Times“ - ინგლისური გაზეთი

Post“ - კონსერვატული მიმართულების გერმანული გაზეთი

„გოლუა“ - ფრანგული გაზეთი

„საფრანგეთის რესპუბლიკა“ - ფრანგული გაზეთი

„Wiener Tagblatt“ - სრულად „News Wiener Tagblatt“ ლიბერალური მიმართულების ავსტრიული გაზეთი.

108 თემატური საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


I პოლიტიკა

დედათა საქმე

ანტისემიტური მოძრაობა ავსტრიაში

წოდებათა თანასწორობა

ევროპის ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები:

1) ავსტრია

ა) საშინაო პოლიტიკა

ბ) ავსტრია-გერმანიის ურთიერთობა

2) ბელგია

ა) ბელგიის საშინაო პოლიტიკა

3) ბულგარეთი

ა) საშინაო მდგომარეობა

ბ) რუსეთ-ბულგარეთის პოლიტიკური ურთიერთობა

4) გერმანია

ა) ბისმარკის პოლიტიკის შესახებ

ბ) ბისმარკისა და ფრიდრიხ III ურთიერთობის შესახებ

გ) საშინაო მდგომარეობა

დ) რუსეთ-გერმანიის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობა

ე) საფრანგეთ-გერმანიის პოლიტიკური ურთიერთობა

ვ) გერმანია-იტალიის პოლიტიკური ურთიერთობა

ზ) რუსეთ-გერმანიის პოლიტიკური ურთიერთობა

თ) გერმანია-ავსტრიის პოლიტიკური ურთიერთობა

5) ინგლისი

ა) ინგლისის საშინაო მდგომარეობა

ბ) ინგლის-ირლანდიის ურთიერთობა

გ) ინგლის-გერმანიის პოლიტიკური ურთიერთობა

6) ირლანდია

ა) ირლანდია-ინგლისის პოლიტიკური ურთიერთობა

7) იტალია

ა) იტალიის საშინაო მდგომარეობა

ბ) იტალია-გერმანიის პოლიტიკური ურთიერთობა

გ) იტალია-საფრანგეთის პოლიტიკური ურთიერთობა

8) რუმინეთი

ა) რუმინეთის საშინაო მდგომარეობა

9) რუსეთი

ა) რუსეთის საშინაო მდგომარეობა

ბ) რუსეთ-გერმანიის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობა

გ) რუსეთ-გერმანიის პოლიტიკური ურთიერთობა

დ) რუსეთ-ინგლის-ავღანეთის პოლიტიკური ურთიერთობა

ე) რუსეთ-ინგლისის ურთიერთობა

10) საფრანგეთი

ა) საფრანგეთის საშინაო მდგომარეობა

ბ) საფრანგეთ-ავსტრიის პოლიტიკური ურთიერთობა

გ) საფრანგეთ-იტალიის პოლიტიკური ურთიერთობა

11) სერბია

ა) სერბიის საშინაო მდგომარეობა

12) ჩრდილოეთ-ამერიკის შეერთებული შტატები

ა) ამერიკის საშინაო მდგომარეობა

ბ) ამერიკელი გამომგონებელი ქალები

II ეკონომიკა

ხელობის სწავლების სიკეთე სოფლის სკოლებში

შავი ზღვისპირეთის დასახლების საკითხი

თავადაზნაურობის უქმობით ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა მამულების გამიჯვნა

სახელმწიფო - სათავადაზნაურო და საგლეხო ბანკები

თბილისის საადგილმამულო ბანკი

თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკების შეერთება

ფული და მისი ფუნქცია საზოგადოებაში

ახალი ასიგნაციების გამოშვება

საადგილმამულო გადასახადების შესახებ

მანქანებისა და იარაღების გაუმჯობესება მრეწველობაში

მამულების გამიჯვნის შესახებ

რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა

რკინიგზებისა და გზატკეცილების გაყვანა

III ისტორია და რელიგია

საერთოდ ერისა და კერძოდ ქართველი ერის შესახებ

კაცობრიობის ისტორიის შესახებ

ებრაელი ერი

ქართველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი

რელიგიური დღესასწაულების შესახებ

თვითმოქმედების შესახებ

IV სახელმწიფო, ეთიკა და სამართალი

გაზეთ „კავკაზის“ გამოლაშქრების გამო

დავით აღმაშენებელი

იმპერატორ ფრიდრიხის პიროვნული ღირსებები

საზოგადოებრივი ზნეობის შესახებ

V ადმინისტრაცია, ადგილობრივი

მმართველობა

სოფლის მოხელეთა საქმიანობა

ქართული თეატრის მშენებლობის შესახებ

VI აღზრდა, განათლება, კულტურა

არსებული სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების აუცილებლობა

სკოლების ერთი დიდი ნაკლი

პედაგოგიკა და საპედაგოგიო თეორია

ცოდნის შესახებ

გონებრივი მუშაობა

მოსწავლეთა ზნე-ხასიათის წვრთვნა

სწავლების პრინციპები ძველ საბერძნეთსა და რომში

შუა საუკუნეების მოძღვრება ადამიანის განვითარების შესახებ

სკოლის მოვალეობა საშუალო საუკუნეებში

ოსტატი და მოწაფე ჩვენში და შუა საუკუნეების ევროპაში

სწავლა-განათლება ჩვენში და უცხოეთში

ახლანდელი სკოლა

მოძრავი სკოლებისა და ბიბლიოთეკების დაარსება

წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით

თბილისში უნივერსიტეტის გახსნის შესახებ

ობლების მოვლა-პატრონობა

ბაგრატის ტაძრის შესახებ

VII მწერლობა და მეცნიერება

ევროპის მწერლობა და მეცნიერება

VIII მედიცინა

ხოლერის აცრა

ცოფი

ჯანმრთელობის საკითხი სოფლად

IX სოფლის ყოფა, სოფლის მეურნეობა

ვაზის ავადმყოფობა - მილდიუ

ვაზის დაავადება და ვაზის მოვლა

ზეთისხილის გაშენების შესახებ

ბაჟი არყის გამოხდაზე

მეურნეობის გაუმჯობესებისათვის კავკასიაში

X ბეჭდვითი საქმე, პრესა

პრესის მიმოხილვა

XI სტატისტიკა

სტატისტიკის საკითხებზე

XII სხვადასხვა საკითხები

საახალწლო მილოცვა