The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მუხამბაზი

მუხამბაზი

ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,

სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.

არ მშორდება მწუხარება და ჭირი,

მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი.

რას მიქვიან პირადი მწუხარება?

- მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!

ვიღას სოვს თავისი სატკივარი,

თუ სატრფოც ჰყავს იმ დროს მას ცოცხალ-მკვდარი?

მაგრამ იცით, ჩემი სატრფო ვინ არი?

- ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი!

ფეხშიშველა, თავზე ლეჩაქმოხდილი,

უგრძნობლად ჰხდის საწყალს საღათას ძილი!

თავს ვადგივარ მისი ჭირისუფალი;

თუმცა გულს მწვავს მწუხარების მე ალი,

მაგრამ მაინც ვიცინი სხვანაირად,

და მჭვრეტელთაც ესა აქვთ გასაკვირად:

ჭირისუფალს მხოლოდ ცრემლი შვენისო!

ეს იცინის!.. როგორ არა რცხვენისო?!

რა იციან, რომ ეს გული მკვდარია!...

რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზე მწარია!...

1872