The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გველების ყორე

გველების ყორე

სოფლის შუაგულში იყო ტბა აშმორებული და გახრწნილი. ზევიდან დამპალი, მწვანე წიკვლი ჰქონდა გადაკრული, მის ქვეშ დასისინებდნენ გველები, ირეოდნენ ბაყაყები, იგრიხებოდნენ წურბლები. ხანდახან რომელიმე ჯოჯო ამოჰყოფდა თავს და ამით ატყობინებდა არემარეს, რომ ტბის ძირშიაც იყო სიცოცხლე, რომ იქ, ტბის ძირშიაც, ათასგვარ ქვემძრომს მოეყარა თავი და ცხოვრობდნენ ტკბილად, შეუშფოთებლად.

ჰაერი კი იწამლებოდა და მთელი სოფელი დაავადებული, ავადმყოფი კვნესოდა და შესჩიოდა ღმერთს თავის მწუხარებას, ხალხს ფიქრშიაც არ მოსდიოდა ტბისთვის ხელი შეეხო, ან კი როგორ წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა მისი თავიდან მოშორება, მისი ამოშრობა.

“მამა-პაპიდან ასე ყოფილა, - არიგებდნენ ახალგაზრდებს ბერიკაცები. - ალბათ ღვთისაგან არის ასე გაჩენილიო” და სხვა... მოჰყავდათ მოხუცებს ათასგვარი საბუთი ახალგაზრდების დასარწმუნებლად, რომელთაც ვეღარ აეტანათ სულშემხუთავი მოწამლული ჰაერი. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ხშირად იკრიბებოდნენ სოფელში და თათბირობდნენ იმაზედ, თუ როგორ და რანაირად შეიძლებოდა ტბის დამარხვა და სოფლის სიკვდილისაგან გადარჩენა.

ბევრმა მათგანმა სცადა გაეწმინდა ტბა სიბინძურისაგან, მაგრამ თითოეული ცალკე ვერ ერეოდა მძიმე საქმეს და შხამიანი გველების მსხვერპლი ხდებოდა. ბევრმა, ძალიან ბევრმა თავგამოდებულმა შესწირა სოფელს თავი! ამხანაგები სჭიროდნენ მათ, მოხუცები ხელებაპყრობილნი ევედრებოდნენ ზენას, ეპატიებინა თავხედთათვის ცოდვა...

სოფელი კი გაყვითლებული, დასნეულებული, მოშხამული, შეგუბებული ჰაერის სუდარაში შეხვეულიყო.

ამგვარად გაატარა რამდენიმე საუკუნე უბედურმა ხალხმა, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ტბასაც დაუდგა უკანასკნელთ წუთი. მისმა გახრწნილმა წიაღმა მთლად შეუხუთა სული მცხოვრებლებს, სუნთქვა შეუძლებელი იყო, მეტის ატანა აღარ იქნებოდა: ან სოფლის სიკვდილი, ან ტბის დამარხვა, მისი ამოშრობა, სამუდამოდ თავიდან მოშორება, ორში ერთი უნდა გადაეწყვიტათ და მათ ირჩიეს ისევ ტბის ჩაქოლვა და თავის სიცოცხლე. სწუხდნენ მოხუცნი ამ გადაწყვეტილებაზედ, სამაგიეროდ ახალგაზრდები იმზადებდნენ წერაქვსა და ნიჩაბს, რომ ტბისათვის მიწა მოეყარათ.

დადგა ეს დღეც. დილა-ადრიან გაისმა სოფელში განგაშის ხმა და ვისაც კი ცოტაოდენი ღონე ჰქონდა მკლავში, ვისაც ცოტაოდენი გული შერჩენოდა, - ყველამ ერთად ნიჩბითა და წერაქვით მიაშურა ტბას. ათიათასმა ხელმა დაიწყო მუშაობა.

შეტოკდა აშმორებული წყალი, აყაყანდნენ ბაყაყები, ამოძრავდნენ გამძღარი წურბელები, ასისინდნენ გველები, შედგნენ ყალყზე ბინძური ჯოჯოები. იგრძნეს, რომ უდგებათ უკანასკნელი წუთი, ირღვევა მათი მყუდროება, რომ სოფელმა გადაწყვიტა მათი სიკვდილი, თავიდან მოშორება.

შესაზარი სანახავი იყო ამ დროს ეს საუკუნოებში სიკვდილივით წყნარი და გვამივით გახრწნილი წუმპე, ზოგი ქვემძრომი აქა-იქ სოროში იმალებოდა, ზოგი უკანასკნელ ძალას იკრებდა და იკბინებოდა საშინელის სიმწრით. ტბა იღებებოდა სისხლით, ბევრმა მუშამ, გველის ისრით გაბასრულმა, უკანასკნელად დაიკვნესა, მაგრამ ათიათასი წერაქვ-ნიჩაბი ელვის სისწრაფით ავსებდნენ სამარეს და იმარხებოდა სოფლის ჭირი, სოფლის გამათახსირებელი ტბა.

მალე ამ საშინელ ადგილზედ აიმართა ყორე. მის ქვეშ დაიმარხა სიბინძურე, შხამი და გესლი, გაიწმინდა ჰაერი, მოისვენა სოფელმა, ჩაჩუმდა ტირილი და გოდება. ხალხს ფერი ეცვალა, ის განიკურნა და ძალ-ღონე მოცემული შეუდგა თავისუფალ შრომას თავის საბედნიეროდ. მას ეხლა აღარ ეშინიან აღარც სულშემხუთავი ჰაერისა, აღარც შხამიანი გველებისა.

იმ ადგილას, სადაც ეს ტბა იყო, ხალხი ეხლა “გველების ყორეს” ეძახის, ხოლო სოფლის ერთს მშვენიერ კორდზე, სადაც თავ-განწირულ ძმათა საფლავია, ამართულ ნიჩაბ-წერაქვზე დააწერეს: “წერაქვმა და ნიჩაბმა დამარხა ტბა, რომელიც საუკუნოების განმავლობაში შხამავდა სოფელს”.

1905 წ.