The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
განთიადი

განთიადი

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,

შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;

მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს

თავდადებულის საფლავსა.

დადუმებულა მთაწმინდა,

ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:

მდინარე ნანას უმღერის

რაინდსა, ურჩსა მტრისასა

მთაწმინდა გულში იხუტებს

საშვილიშვილო სამარეს,

მამადავითსა ავედრებს,

აბარებს ქვეყნის მოვარეს...

მგოსანი გრძნობამორევით

თვალს ავლებს არმარესა.

და გულის-პასუხს ნარნარად

უმღერის ტურფა მხარესა:

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

სნეული დავბრუნებულვარ,

მკურნალად შემეყარეო!...

ავიტანე ობლობა,

სისხლის ცრემლები ვღვარეო;

წამძლია სულმა და გულმა,

შენს ნახვას დავეჩქარეო.

წინ მომეგებენ ღიმილით

შენი მზე, შენი მთვარეო,

გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,

მოკაშკაშ-მოელვარეო.

გულში იფეთქა სიამემ,

სევდები უკუვარეო, -

ია და ვარდი დამჭკნარი

ხელახლად გამიხარეო!...

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

სულის ჩამდგმელო მხარეო,

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,

შენზედვე მგლოვიარეო!...

ნურც მკვდარს გამწირავ, ნურ ცოცხალს,

ზე კალთა დამაფარეო...

და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,

ანდერძი დავიბარეო:

დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:

შენს მიწას მიმაბარეო!...

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო!

1892 .