The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გაზაფხული

გაზაფხული

იელვა ცამა, იჭექა,

ბურჯღუმ - წინწელი ჰყარაო,

მოჰყვა ქვითინს და ტირილსა,

ცრემლები ჩამოღვარაო.

მიწამ საკინძი გაიხსნა...

გულ-მკერდი მოიბანაო,

მოჰყვა რთვასა და კაზმვასა,

კეკლუცს ქალს დაეგვანაო.

მთამ გაიღვიძა და ერთი

გმირულად გაიზმარაო.

გადიყრევინა თოვლ-ჭირხლი,

ხევ-ხუვებს მიაბარაო,

ზედაც იმაზე ქუჩქუჩად

ლუსუმამ გამოჰყარაო,

და დაიძახა: “გაიგეთ,

ზამთარი გაიპარაო!”

ჭალები ფრინვლით ივსება,

ცხვარ-ძროხის ძუძუ რძითაო,

ტყე და მინდორი - მწვანითა

ბექ-ბუქი ბალახითაო!

1891 წ.