The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ორი ობოლი

ორი ობოლ

(ამბავი)

ზამთარია... შუადღე გადასულა. სუსტი მზე ოდნავ ეკარება მთის თეთრ მწვერვალებს. ცივმა ნიავმა დაჰბერა, თოვლმაც შრიალით მისცა პასუხი, მაგრამ მალე გატრუნა სული და ქვებუდანად ჰგზავნიდა სიცივის ნაპერწკლებს ჰაერში. ქუჩებზე ფეხოსანთ ნაბიჯს უმატეს, ეტლები გააჩქარეს. კომლი ბურჯღლ-ბურჯლად ამოდიოდა ბუხრებიდან. სწორედ ამ დროს ორი ძონძებში გახვეული არსება იდგა სამსართულიან სახლის აივნის ქვეშ. ეტყობოდათ რაღაც თათბირში იყვნენ.

- არა გოგო! - სთქვა ერთმა მათგანმა, - ამ სახლთან ტყუილად გავჩერდით, აქ ნუ შევალთ.

- რატო? - მიუგო ცაცამ, - ამ სახლში, როგორც ეტყობა, მდიდრები უნდა სცხოვრობდნენ და...

- ეგ მართალია, - ჩამოართვა სიტყვა პირველმა ცაცას, მაგრამ გუშინ ხომ ჰნახე, სწორედ ამისთანა სახლი იყო, ბიჭებმა რომ გამოგვყარეს.

აბრანძულ-დაბრანძულებმა დაათვალიერეს სახლი, რომელიც მედიდურად გადმოჰყურებდა განიერს ქუჩას და რომლის მცხოვრებნიც რაღაცნაირ ზღაპრულ არსებად წარმოიდგინეს.

- მგონი თვითონ ეს სახლი იყო...

კვლავ არ დასცალდა ცაცას სიტყვის დათავება, რომ აივნიდან მოისმა მრისხანე ხმა.

- ეი, თქვე მაწანწალანო, კიდევ მოეთრიენით? დაიკარგეთ აქედან, თორემ რაც გუშინ დაგაკლდათ, ახლა შეგისრულებთ!

აივანზე გადმომდგარიყო მოსამსახურე ბიჭი, ცოცხი ხელში ეჭირა და აივანსა ჰგვიდა. მეორემ, რომელიც შემდგარიყო ფანჯარაზე და შუშებს სწმენდავდა, ბანი მისცა თავისს ამხანაგს.

- ჯოხი მაგათ, თევდორე, ჯოხი! აპა, მაგათ შიშით კაცს ვერა გაუშვია-რა ეზოში. ეგენი მოიპარავდნენ გუშინ ტაშტს, თვარა სხვა ვინ იქნებოდა.

- და ჩვენ კი გვაზღვევინა “ხაზეინმა?” - სთქვა თევდორემ; მოიმარჯვა ხელში გრძელი ცოცხის ტარი და კიბეზე დაეშვა. უბედურებმა ერთის ფეხით გაასწრეს გადმოქნეულს ჯოხსა და მუხლამდის თოვლში გადაერივნენ. ბიჭიც აღარ გამოეკიდა და ლანძღვა-გინებით ავიდა ისევ აივანზე.

აქ ცოტა ხანს შევსწყვიტავთ ჩვენს მოთხრობას და მოკლედ გაუწყებთ ამ გოგო-ბიჭის წარსულსა.

ცაცა და ვანო და-ძმანი იყვნენ. პირველი იყო შვიდის წლისა, მეორე ორის წლით უფროსი იმაზე.

მამა მათი ზალიკო და დედა მარიამი ს. ყორეთის მცხოვრებელნი იყვნენ.

გამრჯელმა ზალიკომ ყაირათიანის ცოლისა და უფროსი ვაჟის - ლექსოს შემწეობით, უკან წასული ოჯახი წინ წამოსწია. სცხოვრობდნენ ისე, როგორც უმამულო გლეხს შეეფერებოდა; რადგანაც, ზალიკო ჯერ ისევ გამოუცდელი იყო, როდესაც მამა მოუკვდა და ერთი დღის ვენახი მედუქნემ ვალში ჩამოართვა, დიდ ხანს იყო შევიწროებაში. “გული მიკვდებაო, - იტყოდა ხოლმე ზალიკო, - როდესაც მედუქნეს ცოლ-შვილს ვხედავ ჩვენ შინა-ვენახშია”.

- ედვას შენი ცოდვა, ვინც შენ ეგ ხელიდან გამოგაცალა. აბა სად გაიხარონ ჩემმა შვილებმა? კიწს ვერსად ასწყვეტავენ, რო უნდოდეთ კიწს! ტაბარუკი კაცი სოფელში გასაჩენი არ არის. აბა შენი ჭირიმე, ხვალე რომ გადავბრუნდეთ და დავიხოცნეთ, რა უნდა დარჩეთ ჩვენ შვილებსა? რით უნდა შეინახონ თავი? შენსავით სხვის კარზე უნდა გამოიზარდნენ წვითა და დაგვით და თავისი დღენი სხვის სამსახურში დალიონ! ან ვინ იცის, ორი ძმა ერთად აღარა დგება ამ დროში, ღმერთმა კი დღე მისცეს ჩემს ლექსოსა და ვანოს, ხვალე რომ დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი ქოხის მეტი რა გააჩნიათ? ერთი რომ აქ დაფუძნდეს, მეორე საითღა წავიდეს, გეთაყვანე? არა, არა, უნდა წელებზე ფეხი დავიდგათ, ჯანი უნდა გავიგდებინოთ და ჩვენს შვილებს კი ერთი-ორი ადლი მამული შევძინოთ როგორც იყოს.

- “დავწვრილშვილდი - დავიწიე, დამეზარდნენ - ავიწივეო.'' უპასუხებდა ამაზე ზალიკო იმედიანად. - ვენაცვალე ღმერთს, ლექსო მომესწრო, მალე ვანოც შესძლებს სახრის აღებას და სასახლესაც შევიძენთ და სავენახესაც.

თითქმის ყოველს საღამოს, როდესაც დამაშვრალი ზალიკო წამოწვებოდა დარაკრაკებულს ეზოში, ცოლსა და ქმარს ამისთანა მუსაიფი ჰქონდათ ხოლმე. მერე შეუდგებოდნენ ამის ფიქრს, როდის დავაქორწინებთ ლექსოსაო, როგორი ქალი ვითხოვოთ და სხვა ამისთანები. მაგრამ ნათქვამია: “კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო!” სწორედ ასე დაემართათ მომავლით აღფრთოვანებულთ ჩვენს ზალიკოსა და მარიამს.

ქ-ს მხარეს უბედურება ეწვია. ოთხს წელიწადს ზედიზედ მოსავალი არ მოვიდა. დაიმშა აგრეთვე ს. ყორეთიც. საწყალი ზალიკო სრულიად მოუმზადებელი დახვდა ამგვარ შემთხვევას. დღიური მუშა იყო და, ერთს დღეს თუ ხელს არ გაიქნევდა, მისი ცოლ-შვილი მშიერი უნდა დარჩენილიყო. ახლა რაღა ქნას? სამკალი არავისა აქვს და სათოხიო. პურის ჭამისათვისაც კი აღარავინ იშველიებდა! ყველას თავისი თავი გასჭირებოდა. მაგრამ ეს არ აკმარა ბედმა ზალიკოს. ლექსო, ეს “ოჯახის დედაბოძი” ლექსო, სალდათად წაიყვანეს. მერე რა დროს! მაშინ, როდესაც “დანა ყელთან ჰქონდა მიბჯენილი!”

- ვაი, რა უდრო-უდროდ ჩამომაცალეს მარჯვენა! ვამბობდი, ერთ-ერთი სახლში დავტრიალდებით, მეორე ან ქალაქისკენ წავა, ან ლეკში, ეგებ ერთი-ორი გროში ვიშოვოთ-მეთქი და დახე, დახე რა მოგვივიდა! ვის მივატანო? რა წყალში ჩავარდე? წავიდე საითმე სამუშაოდ, აქ ცოლ-შვილი ვის ანაბარას დავტოვო, მერე მაშინ, როცა მუჭაზე დაყრა არა აქვთ-რა! ან ხელი როგორ მოვაწვდინო იქიდან, ან ხმა? კაცს ჯანი მთელი ჰქონდეს, მკლავში - ძალა, მუხლში - ღონე და შინ ცოლ-შვილი კი მშიერი ეხოცებოდეს! გაგონილა?! არა, არა! ყველაფერი მინახავს, ყველაფერი. ერთი წისქვილის ბორბალი არ დატრიალებულა ჩემს თავზე, თორემ სხვაფრივ ყველა ტანჯვა გამომივლია და ესეთი კი არას დროს. ოჰ, ღმერთო! რათ აიღე ჩვენზე ხელი? რათ გაგვიწყვიტე ვარცლში სეფისკვერი?

ასე მოსთქვამდა გულდაკოდილი, გულხელდაკრეფილი ზალიკო და მიაპყრობდა ცრემლიან თვალებს სახლის პირდაპირ, პატარა მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას.

შემოესმოდა ზალიკოს ამ დროს ტირილი პატარებისა, რომელნიც შეჰღნაოდნენ დედას და სთხოვდნენ პურს. თითქოს ლახვარი დაუტარეს ზალიკოს გულ-ღვიძლსაო, ისე დაეპრანჭებოდა ხოლმე სახე, დააშტერებდა თვალებს პატარებსა, მაგრამ ისევ მალე მოარიდებდა პირსა და მოჰყვებოდა ჩუმად ქვითინსა. რასაკვირველია, არც მარიამი იყო ამ დროს მოსვენებაში. დევივით დედაკაცი, რომელზედაც მეზობლები იტყოდნენ ხოლმე: “კაი ვაჟკაცს შეეჭიდებაო” - ჩამოლხვა, თვალები ჩაუცვივდა და ოდესღაც ღაჟღაჟა ლოყებს სიყვითლე გადაეფარა. დარდისაგან გონება დაუჩლუნგდა და მკვირცხლი, ყველაფერში მოაზრებული მარიამი, ახლა ძლივსღა დალახლახებდა დანით ხელში და ბოღჩით იღლიაში სოფლის ორღობეებსა და ბაღჩებში ჭინჭარ-მხალ-ხაჭიჭორას საკრეფად და ამგვარად ორი-სამი დღის მშივრები უმარილო წყალში მოთუთქულ ბალახით იბრუნებდნენ სულს. თანდათან ამისთანა კვების საღსარიც ილეოდა და დიდით პატარამდე მოჩვენებას დაემსგავსნენ. საწყალმა ზალიკომ მხოლოდ ეხლა გამოიმეტა თავის ერთადერთი ოთხფეხი პატარა ხბო, ორ მანათად მიჰყიდა მედუქნე ივანეს. შვილივით გაზარდა ზალიკომ ეს ხბო და მომავალში დიდი იმედი ჰქონდა მისი, ისევე შესტრფოდა თითქმის, როგორც თავის ღვიძლ შვილს ვანოს. თვით ცაცასა და ვანოს ამ ხბოს გაყიდვით მოსწყდათ გულიდან უსაყვარლესი ამხანაგი და ისეც ნაღვლიანი მათი გული მწარედ მოიწამლა. ოჰ, რა ხუჭუჭი ბალანი ჰქონდა! რა ალერსიანი თვალები, რა საყელურით იყო მორთული მისი კისერი! როგორ გვილოკავდა ხელებს სიყვარულის ნიშნადაო!

მედუქნე ივანემ წაიყვანა მათი “კუდვარდა”! მაგრამ ამ ორის მანათით რა მანძილი უნდა გაევლოთ ზალიკოს ცოლ-შვილს. დუქნის კარებზევე უკანვე მისცა ივანეს ეს ფული და სამაგიეროდ ნახევარი კოდი პური გამოართვა. ეს დღესა ჰყოფნოდა, ხვალა, ხვალზევითა, ერთი კვირა, მერე? მერე ისევ ან შიმშილით დავიხოცებით ან მხალ-ხაჭიჭორ-ღოლოცოფა გადაგვიტანსო. დიდხანს ებრძოდა ზალიკო ამ აზრს: წავიდე თუ არა ქალაქისაკენაო. და ახლა კი გადასწყვიტა, მაგრამ, მაინც გული სხვას ეუბნებოდა: “სად მიხვალ, რომ მიხვალ? - ეუბნებოდა ერთი გული, - შენს სოფელში სიკვდილი გერჩივნოსო”. ტკბილი ყოფილა სული, ტკბილი! ბოლოს მაინც მიატოვა ზალიკომ თავისი კოპწია ქოხი, საყვარელი სოფელი და მეზობლის ქირაზე მიმავალ ურმით ქალაქში ჩამოვიდა ცოლ-შვილით; მაგრამ სწორედ აქა ჰპოვა ზალიკომ ის, რასაც სოფლიდან გამოექცა. რკინიგზაზე, საცა ის მუშაობდა, ორთქლის მატარებელმა იმსხვერპლა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისი, რომ დღეს ვანო და ცაცა სამათხოვროდ დადიოდნენ ქუჩა-ქუჩა; ესევე იყო მიზეზი, რომ ამდენ დარდ-ბოროტისაგან ისეც ჯანგატეხილი მარიამი ლოგინად ჩავარდა.

- რა უნდათ, ვანო, იმ ბიჭებს ჩვენგან? - ჰკითხა ვანოს ცაცამ, როდესაც ისინი შესდგნენ და დაინახეს, რომ ბიჭი აღარ მისდევდა.

- ისა, ცაცა, რომ ნუ მათხოვრობთო.

- მაშ რა ვსჭამოთ, რომ არ ვითხოვოთ? არა, მაგისთვის არა. განა დედამ მოგვატყუა, რომ გვითხრა: წადით, შვილებო, ითხოვეთ, ღვთისნიერი კაცი არსად არ დაილევა, ლუკმა პურს მოგაწვდიანო? - ჰკითხა კვლავ ცაცამ.

- რა ვიცი, - უპასუხა ვანომ, - ჩვენ კი ვერაფერი ვიშოვეთ-რა და...

- იქნება მაგათ ასე ჰგონიათ, რომ ტყუილად ვთხოულობთ?

- როგორ თუ ტყუილად? - დაეკითხა თავის მხრივ ვანო.

- ისე რომ, გახსოვს მე, შენა და ნენე რომ “მათხოვრობიას” ვთამაშობდით ხოლმე?

- მაშინ, ცაცა, ვხუმრობდით, ეხლა კი მართლა ვთხოულობთ, მაშინ რად გვინდოდა, რომ გვეთხოვნა: მამა ცოცხალი გვყვანდა და დედაც ავად არ იყო.

ორივენი ჩააფიქრა ამ მოგონებამ. მერე შეჰხედეს ერთმანეთს და ცრემლებით აემღვრათ თვალები.

- საწყალი დედა! - წარმოსთქვა ცაცამ ტირილმორეულის ხმით: - წუხელის გამომეღვიძა და ისეთი კვნესოდა, ისეთი, რომ ჰა! მერე რაღაც ლაპარაკი დაიწყო. მამას ელაპარაკებოდა; ასე ეგონა, მამა ისევ ცოცხალიაო, მე შემეშინდა და საბანში გავეხვიე.

- სიცხეში იქნებოდა, ცაცა, შარშან შენც რომ ავად იყავ, ძილში რაღაცეებს ლაპარაკობდი. გუშინ და დღეს არა უჭამია-რა, წამო ჩქარა, ვიშოვოთ რამე და წავუღოთ! - ცრემლების წმენდითა სთქვა ვანომ.

- არა, ვანო, დილას ვკითხე: დედი, ხომ არა გშიან-მეთქი - და არაო, წყალი კი ბევრი, ბევრი დალია, - უპასუხა ცაცამ.

- როგორ არ ეშივება, წამო, წავიდეთ, როდემდის უნდა ვიდგეთ აქა!

- აბა, საით წავიდეთ? - დაეკითხა ცაცა.

- აგერ იმ ქუჩას დავყვეთ, - სთქვა ვანომ და გაიწოდა ხელი ერთს ვიწრო ქუჩისაკენ. ორივენი გავიდნენ იმ ქუჩაზე და გაჩერდნენ ერთი სახლის წინა. ჰხედავენ: ცაცას ტოლა ქალი შემჯდარა ფანჯარაზე, მარჯვნივ მოუსვამს ერთი მუჭა ძაღლი, პატარა ფინია, მარცხნივ - ბოხვერა კატა, რომელნიც რძეში ჩამტვრეულს პურს შეექცევიან. ვანომ ერთი ჩაახველა, პატარა ქალბატონმა გადმოიხედა ძირს და დაუწყო ამაყად ყურება, თითქოს ეუბნება: “მე გიშერაცა მყავს და ციცუნიაცა, ჰხედავთ ვაძღობ რძითაო!” მერე მიუტია გიშერა, რათა ეჩვენებინა მათთვის მისი უნარი, გიშერამ უფრო დაიწკმუტუნა, ვიდრე დაჰყეფა.

- წამო აქეთ, წამო, ძაღლმა არ დაგვგლიჯოს! - გამოსწია ხელით შეშინებულმა ცაცამ ვანოსა.

- ნუ გეშინიან, ცაცა, ფანჯარას ხომ ვერ გამოამტვრევს? - მიუგო ვანომ და შემდეგ დარცხვენით მიჰმართა პატარა ქალბატონს: - გვაჩუქეთ რამე, ობლები ვართ!

- დედა შინ ავათა გვყავს! - დაუმატა ცაცამ, მაგრამ პატარა ქალბატონს არც კი გაუგონია მათი სიტყვები. ის იცინოდა, უხაროდა გიშერას ყეფა და უფრო ასისიანებდა. ამ დროს მეორე ოთახიდან გამოვიდა შუახნის ქალი, ძილისაგან თვალებშეშუპებული. ეტყობოდა, მოსვენება დაეფრთხოთ მისთვის, ქალმა სამდურავით მიჰმართა პატარა ქალბატონს, რომელიც ტაშის ცემით ახალისებდა გიშერას.

- არა გცხვენიან, ნინიჩკა, რა ხმაურობაა? “მამაშა” და “პაპაშა” გამოაღვიძე!

- მერე რა, რა ჩემი ბრალია? - იცრუვა ნინიჩკამ. - აგერ იმათ ააყეფეს გიშერა!

- აბა, ვინა? - ჰკითხა ქალმა.

- აგერ, გადიხედე ფანჯარას ქვეშ ვინა დგანან? - უპასუხა ნინიჩკამ და თანაც ვანოსა და ცაცაზე მიუთითა. ქალმა გადიხედა და მართლაც ჩვენი მათხოვრები დაინახა, რომელნიც ელოდებოდნენ: ან ახლა გადმოჰყოფენ მოწყალე ხელს, ან ახლა, მაგრამ, მათდა საუბედუროდ, მოწყალე ხელის მაგიერ გადმოეყუდა თმააბურძგვნილი თავი განრისხებული თვალებით.

- ჰაი თქვე მხეცებო, მხეცის შვილებო, როგორ გაბედეთ ამისთანა თავხედობა? თქვე ქუჩა-ქუჩა მათრევლებო! დაიკარგენით აქედან, თორემ დავუძახებ ბიჭებს და სულ კისერში ცემით გავარეკვინებთ!

ვანომ და ცაცამ განაბეს სული და ცივად მოშორდნენ იმ სახლს. მიდიან თავჩაღუნულები, გულდაწყვეტილები. უცებ უკანიდან მოესმათ სიცილ-ხარხარი. მიიხედეს და დაინახეს ორი ყმაწვილი და ორი ქალი: მათ ცაცასა და ვანოს ახლო გაუარეს, მაგრამ ბედნიერებას დაებრმავებინა მათი თვალები და ცაცასა და ვანოს სამოწყალოდ გაწვდილი ხელი ვერ შეჰნიშნეს. იქავ რამდენსამე ნაბიჯის სიახლოვეს ეკლესია იყო, და ჩვენი პატარები მივიდნენ და მიეყუდნენ მის გალავანს უიმედოდ. სხვა დროს უშოვნიათ ცოტა რამ მაინცა და დღეს კი სრულებით ბედი არა სწყალობთ. იდგნენ პირმოკუმულები, ხმაგაკმედილები. ორივენი ფიქრმა წაიღო, ვინ იცის, რა ბალღამი სწიწკნიდა მათ ნორჩ გულს! მალი-მალ დაეპრანჭებოდათ სახე და ისეთსა ამოიოხრებდნენ, თითქო ქვა ედვათ გულში და მის ამოგდებას ცდილობენო. უცებ ჰაერში გაიზრიალა მედგარმა ხმამ. ვანო და ცაცა შეკრთნენ. ეს საღამოს ლოცვის ნიშანი იყო. ზარის რეკა იწვევდა ქრისტეანთ ტაძარში სალოცავად. აგერ ერთი ქურქოსანი გადმოხტა კიდეც ეტლიდან, მიბრუნდა აღმოსავლეთისაკენ და რამდენჯერმე დაიწერა პირჯვარი, მერე გაემართა ტაძრისკენ. ვანომ გადადგა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი და ხელი გაუწოდა მოწყალებისათვის. ქურქოსანმა შუბლი შეიკრა, ჩასისხლიანებული თვალები გადმოაბრიალა და ჯოხი, რომელსაც აქნობამდის მიათრევდა, ახლა ხელში მოიმარჯვა. “წყეულები გზასაც აღარ აძლევენ მლოცველებს!” წაიბუტბუტა მან და შევიდა ტაძარში. ვანო კვლავ აეყუდა კედელს ცაცას გვერდით და ორივენი კარგახანს იყვნენ გაჩუმებულნი. სიცივემ აიტანა მალე ორივენი. მალი-მალ იორთქლებდნენ ხელებზე და ნახევრად ტიტველა ფეხებს გაყინულ თოვლზე აფხაკუნებდნენ. ხმის ამოღება ვერც ერთს ვერ გაებედნა, თითქოს თვით იყვნენ მიზეზნი თვისის უბედურებისაო. სუსხიანმა ნიავმა მათი პირისახე ჯერ ააწითლა, მერე გაალურჯა. მათს ლოყებზე აქნობამდის შეუმჩნეველი ბუსუსები ახლა ყალყზე შედგა. კბილებმა ძაგძაგი დაუწყეს. თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდათ სიცივის სიმწარითა, აგერ ერთი ცრემლი ცაცას თვალებიდან თოვლს დაეცა, მას მოჰყვა მეორე, მესამე. ახლა კი ვეღარ შეიკავა თავი ცაცამ და ქვითინი დაიწყო. ვანოს, რომლის თვალებიდანაც არა ნაკლებ გადმოდიოდა ცრემლი, უნდოდა შეეყენებინა უკვე ყელში მობჯენილი გმინვა, მაგრამ ვეღარ დასძლია და ტირილითვე თანაუგრძნო დას. სტირიან ორივენი. ცრემლებიც თითქო ეშურებიან ჩქარა შეუერთდნენ ცივ ჰაერს და მოგორავენ ლოყებზე შეუწყვეტლივ. ვანომ ერთს წუთს, როგორც იყო, შეიმაგრა თავი, წაავლო ცაცას მკლავებზე ხელები და მუდარა დაუწყო:

- სუ, ცაცა, ნუ სტირი, შენი ჭირიმე, გოგო, დაჩუმდი...

ცაცას უფრო გული ამოუჯდა. ვანოს უნდოდა რითიმე ენუგეშებინა ცაცა, მაგრამ, რო ვერა მოიგონა-რა, თვითონაც ისევ ტირილი დაიწყო. მუშებს სამუშაო აეშვათ და ფეხაკრეფით მოდიოდნენ. ვანოსა და ცაცას ახლოს გამოიარეს. ერთი მათგანი, რომელსაც, როგორც ემჩნეოდა სიარულზე, ფეხი უნდა სტკიებოდა, ხანხალით მიეყუდა მათს ახლოს და, რა გაიგონა ბავშვების ტირილი, დაეკითხა:

- რათა სტირით, პატარებო?

პასუხი არ იყო.

- გცემათ ვინმემ? - კვლავ ჰკითხა მუშამ. მისი ალერსიანი კილო იამა ცაცასა და ვანოს. იმისთანა თვალებით შეჰხედეს მუშას, რომ აშკარად ეუბნებოდნენ: “გვკითხე, კიდევ გვკითხე რამე, გვიამა შენი ლაპარაკიო”. იმანაც თითქოს მიჰხვდაო, ხელი გადაუსვა ვანოს თავზე და კვლავ ჰკითხა ტირილის მიზეზი. ვანომ ახლა კი უამბო თავიანთი უბედურება.

- ღმერთო, ღმერთო მოწყალეო! - ამოიოხრა მუშამ და თავი ჩაჰკიდა.

ლოცვა უკვე გათავებულიყო, ხალხი გარეთ გამოვიდა. მუშამ ხანხალით გასწია მათკენ, მოიხადა ქუდი და თან მობუზულ ბავშვებზე ანიშნებდა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. “ოჰ, რამ გაუქვავა ამ ხალხს გული!” წარმოსთქვა კვნესით მუშამ და კვლავ აეყუდა ვანოს გვერდით. ცოტახანს შემდეგ ჩაიყო ჯიბეში ხელი, რაღაც ძონძი ამოიღო და ჩხრეკვა დაუწყო; მერე გაიქნია თავი და უიმედოდ გადაჰხედა ბავშვებს.

- ამაშიაც არა გდია-რა, ამ ტიალში! - მწარედ წაიდუდუნა მან და ჩაჭყუნა დახუხულის ხელებით ძონძი ისევ ჯიბეში. ახლა ისე ეს ბავშვები არ იტანჯებოდნენ, როგორც ეს მუშა, რომელსაც უნდოდა ენუგეშებინა ისინი, მაგრამ ქისამ უმტყუნა.

- წადით, წადით შინ, დედასთან! - უთხრა გულდაწყვეტილმა მუშამ და ხანხალით გაუდგა თავის გზას.

ცაცა და ვანო ისევ მარტონი დარჩნენ. ტირილმა სევდა შეუმსუბუქა; შიმშილი გადაუვარდათ, მაგრამ დედასთან მაინც ხელცარიელთ არ უნდოდათ მისვლა.

- კიდევ ვიაროთ, ცაცა, ეგებ ვიშოვოთ რამე! - უთხრა ვანომ.

- წავიდეთ! - უპასუხა ცაცამ და ჩვენი მგზავრები მეორე ქუჩას მიეფარნენ.

შებინდდა... ქუჩაში ფარნები აანთეს. ზოგმა დუქანს ნახევრად დარაბები აუყარა, ზოგი კი ისევ გაჰკიოდა და აქეზებდა თვისის საქონლის ღირსებას. ერთი დუქნიდან თარის წკრიალი გამოდიოდა, იქ ტვინის ნიშადურს უკვე ციხე აეღო, რადგანაც ერთმანეთში ურევდნენ: “შენ რა გინდა, მე რომ ვლოთობ, ძმობილო”... “სიცივე ვერას დაგვაკლებს, თუ თავში ღვინო ბრწყინავდეს...” აგერ სამთ ხელგადახვეულთ შეაჯახუნეს ტრაქტირის კარები, საიდანაც ხშირი ორთქლი გამოვარდა და ჰაერში გაიბნა ზლაზვნითა. აგერ კიდევ ორნი გაჩერებულან შუა ქუჩაში და, დილით ერთმანეთის მტერნი, ძმად იფიცებიან ახლა, თუმცა ენა აღარ ემორჩილებათ და ფეხებსაც ძლივსღა იმორჩილებენ. მეორე უფრო განათებულს ქუჩაზე, ერთს სახლის კარებთან, დიდი ფაცაფუცია. მარდად შერბიან და გამორბიან მოსამსახურენი. ქალბატონი და ბატონი სადღაც ემზადებიან. დიდი ხანია, რაც ეტლი უცდით. ამ დროს ორი პატარა არსება გამოვიდა ქუჩის ცერიდან და ეტლისკენ მიიმართნენ. ეს ვანო იყო თავისი დით. ვანომ ქუდი მოიხადა და მიჰმართა მეეტლეს.

- გვაჩუქე რამე, აგრემც ღმერთი შეგეწევა!

მეეტლემ გვერდზე გადმოიხედა და, რა დაინახა სამოწყალოდ გამოწვდილი ხელი, დაეკითხა.

- რაღა დროს საშოვარზე სიარულია ამ შუაღამისას?

- რა ვქნათ, რომ შუადღეს აქეთ დავდივართ და ვერა ვიშოვეთ-რა!

- რატომ დილიდანვე არ გამოსულხართ? - კვლავ დაეკითხა ვანოს მეეტლე.

- დედა შინ ავად არის და თავი ვერ დავანებეთ, - უპასუხა ვანომ.

- მამა არა გყავთ? - ჰკითხა კიდევ მეეტლემ და თან ხელი წაიღო ჯიბისაკენ.

- არა, - უპასუხა ნაღვლიანის ხმით ცაცამ.

- ახლო მოდი, - უთხრა მეეტლემ ვანოს და ჩაუგდო გამოწვდილ ხელში შაური, თანაც დაატანა: - აქ მოიცადეთ, საცაა ქალბატონი გამოვა და გაჩუქებთ რასმე.

ვანო და ცაცამ არ იცოდნენ, როგორ გადაეხადნათ ამ კეთილის კაცისათვის მადლობა. მაგრამ მათი თვალები აშკარად ამბობდა იმას, რაც მათს გაუწვრთნელს ენას ვერ გამოეთქვა. საწყლები ვერ იშვნევდნენ ახლად დაწყებულს ხელობას და მათხოვრის ლაპარაკი ჯერ არ შეესწავლათ. დიდხანს არ მოუხდათ აქ მოცდა: კარები გაიღო და ქალბატონი გამობრძანდა, რომელსაც უკან ბატონი მოსდევდა.

ქალბატონმა კაბის სწორებაში წინ დაიხედა და თვალი მოჰკრა პაწია ძაღლს.

- უი, დამიდგა თვალები, - ისე შეჰკივლა, გეგონებოდათ, დიდი რამ უბედურება მოხდაო, - აგერ, აგერ შენი გამგონი ბიჭები! რამდენჯერ გთხოვე, ესენი დაითხოვე, სხვები დაიჭირე-მეთქი და არა, არ იქნა, შენ ყურიც არ შეიბერტყე? ერთი ბეწო ხათრი არა გაქვს ჩემი, ეჰ, უბედური ვარ, უბედური!..

- საკვირველია, ღმერთმანი, აბა რა გატირებს, ქალო! მაშ ვიღასი ხათრი მაქვს თუ არ შენი?

ქალბატონი თავისას იმეორებდა: - უბედური ვარ უბედურიო!

განრისხებული ბატონი მოსამსახურეებს მიუბრუნდა:

- თქვენ ჭამის მეტი არა ხართ-რა! არა, ეს ერთი პაწია ძაღლი ვერ შეგინახამთ? ნაბრძანები არა გქონდათ, გარეთ ნუ გამოუშვებთო! იცოდეთ, ამ თვის ჯამაგირს შუაზე გაგიყოფთ! - და განკარგულების შემდეგ, რომ ძაღლი შინ შეეყვანათ, გეეთბოთ, ეჭმიათ, მოესვენებინათ, გაუყარა თავის სიცოცხლეს მკლავში ხელი და ეტლს მიუახლოვდნენ.

- ესენი რას გაჩერებულან აქ? - იკითხა ქალბატონმა, როდესაც ვანო და ცაცა შენიშნა ეტლის გვერდით.

- მოწყალებას თხოულობენ, - მიუგო მეეტლემ.

- დაიკარგენით აქედან, მოწყალებას კი ნუ თხოულობენ, შრომით იშოვნონ ლუკმა, მაგრამ რომ ზარმაცნი და მატანტალანი არიან! უშრომოთ არავის არ მოსდის, ჩვენ თუ გვაქვს, კიდეცა ვშრომობთ! - და აქ შეხედა თავის ვაჟბატონს, რომელმაც სახის მეტყველებით აგრძნობინა, შენი ნათქვამი ხალასი ჭეშმარიტებააო.

ეტლი დაიძრა თეატრისკენ.

- დრამა “ორი ობოლი”, ვნახოთ რა იქნება, სათაური კი მაგდენი არაფერია! ჰა, შენ რას იტყვი, ჩემო იულია? - ისეთის კილოთი დაეკითხა ვაჟბატონი თავის იულიას, თითქოს ემუდარება: “შენი ჭირიმე, აქ მაინც მელაპარაკე, თუ თეატრში ხმას არ გამცემო”, მაგრამ მის იულიას არც კი გაუგონია მისი ლაპარაკი. ის უკვე თეატრში იყო, ანტრაქტზე, ფიქრით, და იმ ყმაწვილს, რომელზედაც გული შეჰვარდნოდა, ტკბილად ემუსაიფებოდა. მართლაც ამ დროს რომ მისთვის შეგეხედნათ ახლოდან, შეატყობდით, უკვე “როლში იყო შესული”, ლოყები ასწითლებოდა, თვალები ხან მაცდურად ეხუჭებოდა, ხან აღგზნებული ტრფობის ნაპერწკლებს ისვროდა, ტუჩები უთრთოლავდა. დღესაც, როგორც ყოველთვის, ეს ქალბატონი დიდხანს იდგა სარკის წინა და ვარჯიშობდა, როგორ დავიჭირო თავი, როგორ მოვიხმარო თვალები, რომ მიჯნურს გულს ისარი გავუწონო ტრფობისაო. ახლა უყურეთ, როგორ თავბრუ დაჰხვიოს იმ ყმაწვილს, რომელსაც უეჭველად “პრედლოჟენიეს” გაუკეთებდა, ქმრიანი რომ არ ყოფილიყო.

ვანომ ზიზღით თვალი გააყოლა ეტლს და მერე ცაცას მიუბრუნდა.

- წამო, ცაცა, ამ შაურისა პური ვიყიდოთ და შინ წავიდეთ, ახლა თხოვნის დროც აღარ არის, დაღამდა.

- არა, მაშ... ისეთი მეშინიან, რომ ჰა? გახსოვს, ცოფიანმა ძაღლმა თინა რომ დაგლიჯა? - სთქვა ცაცამ და აქეთ-იქით მიიხედა შეშინებულმა.

- ცოფიან ძაღლს რა უნდა აქ, ქალაქია, განა სოფელია-რა?

ასე ლაპარაკით მივიდნენ პურის მცხობელთან, იყიდეს შაურის პური და გაეშურნენ შინისკენ. მიისწრაფიან ხმაამოუღებლივ და მხოლოდ იმასღა ფიქრობენ: როგორ გავახარებთ დედას, პურს რომ მივუტანთო. მაგრამ უცებ შესდგნენ და თითქმის ერთხმად წამოიძახეს:

- გზა კი არ აგვერიოს-და...

- მართლა ეს ქუჩა სრულებით არ მენიშნება, აბა ჩვენი სახლი საით უნდა იყოს? - დაეკითხა ცაცა ვანოს.

- აბა, რა ვიცი, აგერ ხიდი მგონი იმ მხარეს არის და ჩვენ ხომ ხიდზე უნდა გავიაროთ?

- არა, ვანო, იქით კი არა, აი აქეთ უნდა იყოს ხიდი, - მიუგო ცაცამ და გაიწოდა ხელი, - მაგრამ რომელ გზით გავალთ იმ მხარეს? ეს წყეული ქუჩები სულ ერთმანეთს ჰგვანან!

- ვკითხოთ ვისმე. - სთქვა ვანომ.

- ვკითხოთ, მაგრამ რუსული რომ არ ვიცით! - უპასუხა სასოწარკვეთილებით ცაცამ.

- ჩოხიანი გამოივლის ვინმე და იმასა ვკითხოთ.

- ჰო, ჩოხიანი ქართველი იქნება!

მათს ბედზედ მართლაც ვიღაც ჩოხიანმა გამოიარა.

- ხიდი, არ იცი, საით არი? - დაეკითხა ვანო.

- რომელი ხიდი?

- აი მოაჯირი არ აქვს, ის ხიდი.

- არ ვიცი ძამია, აქ სულ მოაჯირიანი ხიდებია. რად გინდათ ხიდი?

- სახლისაკენ გზა ვეღარ გაგვიგნია და, თუ ხიდი ვიპოვეთ, მერე მივაგნებთ, - მიუგო ვანომ.

- რომელი ხიდი გენდომებათ თქვენ: კუკიისა, ვერისა, ავლაბრისა?

- არ ვიცი სახელი, - კვლავ მიუგო ვანომ ჩოხიანს, რომელმაც არხეინად განაგრძო თავისი გზა.

ექვსი თვე იყო, რაც ვანო და ცაცა ქალაქში სცხოვრობდნენ და მხოლოდ ერთი ქუჩა იცოდნენ, ისიც იმიტომ რომ ამ ქუჩაზე დადიოდნენ მამასთან იქ, საცა მუშაობდა სიცოცხლეში. თვითონ ვერ გადიოდნენ ქალაქში, რადგანაც დედა აფრთხილებდა, ეტლმა არ გაგჭყლიტოთო და მას კიდევ სადა ჰქონდა იმდენი მოცლა, რომ ისინი ეტარებინა. იმიტომ მოხდა, რომ დღეს ასე უცებ აერივათ გზა.

- მაშ, რა ვქნათ, ვანო? - დაეკითხა უიმედო და გულდაწყვეტილი ცაცა.

- ვიაროთ, როგორმე მივაგნებთ ხიდს და მერე ხომ მალე ვიპოვით სახლსაც.

- კარგი, - მიუგო ცაცამ, - ჩქარა კი ვიაროთ, თორემ დედა ძაან იწუხებს.

გაუდგნენ გზას. ერთის ქუჩიდან მეორეში გადადიან. მეორიდან მესამეში, ხან ერთსა და იმავე ქუჩაზე რამდენჯერმე უხდებათ გავლა, მაგრამ ვერ ამჩნევენ. ერთის სიტყვით, დაებნათ გზა და მაინც მიდიან, მიისწრაფიან დაუსვენებლივ.

შუაღამე გადასული იყო. ქუჩებზე ხმაურობა აღარ ისმოდა, მხოლოდ ხანდისხან ასასი თუ დაახველებდა სადმე მაღაზიის წინ მიწოლილი. თოვლი ნელ-ნელა ჰბარდნიდა არემარეს. ამ დროს ორი პატარა არსება გამოჩნდა ელექტრონით განათებულ ქუჩაზე. შესდგნენ, რაღაც ითათბირეს, მერე მიიმართნენ იქავ მაღაზიისაკენ და ჩაიჩოქეს კედლის ძირას საფარ ქვეშ.

- ასე ვიყოთ, - წარმოსთქვა ერთმა მათგანმა. - ცოტა შევისვენოთ და მერე წავიდეთ ისევ.

- ჰო, ჰო! ამაღამ თუ დედასთან არ მივედით, არ იქნება!

მიუგო მეორემ აკანკალებულის ხმით.

რასაკვირველია, მიხვდებოდით, ვინ იყვნენ ეს მოსაუბრენი. ცაცა და ვანო დიდხანს ისხდნენ გაჩუმებულნი. დაღლილებს ძილი ერეოდათ. ძილს უმაგრდებოდნენ. მაგრამ, თავისდა უნებურად, მძიმე-მძიმედ იშლებოდნენ ცივს ქვაზე. ბოლოს მოიკრუნჩხეს ტანი, გადაჰხვიეს ერთმანეთს მკლავები და წუთს შემდეგ ხვრინვა ამოუშვეს, სძინავთ... მაგრამ ვაი ამისთანა ძილს: ხან ერთი შეხტება და წამოიძახებს “ვაი, ვიშ”, ხან მეორე. როგორც იყო, დამშვიდდნენ და საზარელი სიზმრების მაგიერ ახლა სასიამოვნო ეჯარებოდათ; ჰხედავენ, ვითომ სოფელში არიან. საღამოა. თავიანთი ქოხ წინ “ცხენაობას” თამაშობენ. გარბიან და გამორბიან. ხან ერთის ცხენი გაასწრობს, ხან მეორისა; უხარიანთ, იცინიან, იცინიან! აგერ მათი დედა, რომელმაც შეჭამადით კოჭობი შემოსდგა ცეცხლზე, მოდგა კარებზე და ეუბნება: “გეყოფათ, შვილო, თამაშობა, ცოტახანს ჯოხები დაჰყარეთ და “ცივცივადან” წყალი გადმოარბენინეთ, მამათქვენი მოვა დაღლილი და ცივი წყალი ეამება”, ისინი შეცვივდნენ სახლში ჭურჭლებისათვის.

- ეს კოკურა მე უნდა წავიღო! - შეეცილა ცაცა ვანოს.

- არა, ცაცა, შენ ვერ მოერევი, გასტეხამ. მაგას მე ავიკიდებ!

- დიაღ, დიაღ, ვერ დავძრამ! შენ კი დასძრამ და მე კი ვერა? -- თავმომწონედ უპასუხა ცაცამ. როგორც იყო მოშველდნენ. მიდიან წყალზე; “ბროლიაც” თან დაედევნათ. ბოსტნის გვერდზე ჩაიარეს. აქ დედამ ერთი კვალი დაუთმო. ბევრი რამ დასთესეს ვანომა და ცაცამ ამ კვალში, აგერ იმათ მზესუჭვრეტას როგორ ამოუყვია თავი; პირდაპირ ამათ უყურებს! აგერ აკაკის ხესთანაც მივიდნენ.

- ცაცა, - უთხრა ვანომ: - შარშან ხომ აგერ იქითა ტოტზე გვება საქანელა, წელს აქეთ ჩამოვაბათ. ეს ტოტი სჯობია.

- არა, ვანო, - მიუგო ისეთის კილოთი ცაცამ, თითქო დიდი მცოდნეაო,- ისევ ისა სჯობია!

აი, ორღობეშიაც ჩავიდნენ. აქ ცაცა მიუბრუნდა ვანოს:

- ვანო, გახსომს, დედამ რომ “ქადა-ქადა”1 გაგვაქცევინა?

- როგორ არ მახსოვს, - მიუგო ვანომ. - მე აიმ კუნლის ძირში დავაწყე.

- მე კიდევ აექ, სწორედ აქ იყო, ი ასკილის ტოტი, რომელზედაც ავასხი ყველი, ერბო, ქადა. - სთქვა ცაცამ. მიდიან ასე ლაპარაკით. ყოველ საგნის დანახვაზე აგონდებათ რამ შემთხვევა. ყოველს ხესთან, ქვასთან, კედლის ნანგრევთან უეჭველად რამ ერთობა აქვთ ორთავეს. აი წყალზედაც მივიდნენ. ეცილებიან ერთმანეთს, არა მე უნდა ავავსო წინ, არა მეო. აავსეს ორთავ და ჰერი შინისკენ, ვინ წინა და ვინ უკანა! “ნელათ, შვილო, ნელათ, ჭურჭელი არ დაამტვრიოთ”, უძახით დედა, რომელსაც ხელში ცოცხი უჭირავს და ეზოს აკრიალებს. მიცვივდნენ ქასქასით ეზოში, მამა მოსულიყო, გული გადაეღეღნა და შუბლზე ოფლს იწმენდავდა. ორთავ მიურბენინეს მამას წყალი; ორთავეს უნდათ თავის მიტანილი წყალი დაალევინონ. მამაც არცერთს არ იმდურებს, ორივეს ჭურჭლიდან სვამს. მთვარეც ამოვიდა. დედამ ვახშამი გამოიტანა. მოუსხდნენ ხონჩას. მოიდგეს ჯამები და გულიანად შეექცევიან. ვანო თავის “ბროლიას” არ ივიწყებს, ცაცა თავის ღრუტუნა “მაშკას”. ერთს ლუკმას თვითონ შესჭამენ, მეორეს იმათ მიაწვდიან, პირში შესცქერიან, და თან იცინიან, ხარხარებენ. დედ-მამაზე ადრე გაათავეს ჭამა. დედამ ქვეშაგები გამოიტანა და ეზოში გაშალა. ბავშვები გაგორდნენ ქვეშაგებზე, მაგრამ არ ეძინებათ. “ბროლია” და განაყოფიანთ “ცუგია” ერთმანეთს ეთამაშებიან. თვითონ იცინიან, ტლინკებს ისვრიან, სცემენ ერთმანეთს ფეხებსა. როგორც იყო, ძილმა აჯობა ცელქებს. სძინავთ ყველას. მთვარემაც აიმაღლაურა და ბედნიერ ოჯახს პირდაპირ დააშუქა თავის მკრთალი ნათელი. ამისთანა სიზმრებში არიან ვანო და ცაცა. თოვლი კი თანდათან ძლიერდებოდა და თეთრი საბანი მალე გადაჰხურა, ქარი გულსაკლავის ხმით ნანას ეუბნებოდა მძინარეთა.

უცებ ზემო სართულში მოისმა ტაშის ცემა და ვაშას ძახილი. ეს ამბავი თეატრში იყო. სცენაზე “ორი ობოლის” წარმოდგენა იყო და მაყურებელნი ტაშითა და “ვაშას” ძახილით მსახიობთ ასაჩუქრებდნენ. ბევრ მაყურებელს მოულბო გული სცენაზე წარმოდგენილმა დრამამ და ორის ობლის უბედურებამ ბევრს მოჰგვარა თვალზედ ცრემლი. “ოჰ, საწყლები”! იძახიან ერთნი, “ოჰ რა უბედურებაა”! - იძახიან მეორენი. თვით იმ ქალბატონს, რომელმაც ვანოსა და ცაცას “ზარმაცები” უწოდა, ყველაზე ძლიერ ჩამოსდიოდა ცრემლები, ყველაზე მეტსა სწუხდა და “კავალერს” რომ არ დაეგურგულებინა, როგორც პაწია ბალღი უგურგულებს ხოლმე წითელ ვაშლს, რომელიც წუთის შემდეგ პირში უნდა გააქანოს, უეჭველად ისტერიკა დაემართებოდა. აგერ მოვიდა ერთი ობოლთაგანი წყლის პირას, საცაა გადავარდება თავის დასახრჩობად! მსახიობმა ისეთის ხელოვნებით წარმოადგინა ეს სურათი, რომ მაყურებელთ ტანში ჟრუანტელმა დაუარა, სკამებიდან წამოიწიეს და წესიერების დარღვევისა რომ არ შეჰშინებოდათ, სცენაზედაც კი გადაიჭრებოდნენ.

მესამე დღეს გაზეთში გამოჭიმული იყო მეთაური წერილი და ქებითა და დიდებით იხსენიებდნენ მსახიობთ, მჭერმეტყველებით იყო აგრეთვე აწერილი ეფექტი წარმოდგენისა. ამავე გაზეთში, ახალ ამბავთა შორის, მოთავსებული იყო შემდეგი: “გუშინ Х-ის ქუჩაზე, თეატრის ქვემო სართულის კედელთან, იპოვეს ქალ-ვაჟი ერთმანეთს გადახვეულნი, პაწია პარკით; როგორც ემჩნეოდათ, მათხოვარნი უნდა ყოფილიყვნენ. უბედურნი გარეთ დარჩენილიყვნენ და თოვლს დაერჩო. ამავე ღამეს ძალათუბნის ერთს ქოხში გარდაიცვალა უპატრონო ქალი, რომელსაც შემდეგი მოწმობა აღმოაჩნდა: მე, სოფელ ყორეთის მამასახლისი, ვაძლევ ამ მოწმობას ამავე სოფლის მცხოვრებელს ზალიკო სახრიშვილს თავის მეუღლე მარიამითურთ და მცირე წლოვანის ქალ-ვაჟითურთ, რათა ჩემი მხრიდან არაფერი დაბრკოლება არა აქვთ ქალაქში ყოფნისა სამუშაოდ ერთის წლის ვადით, რომელზედაც ხელს ვაწერ. ს. ყორეთის მამასახლისი ივანე ჭაჭუნაშვილი 189 . . . “ როგორც აღმოჩნდა, ორი ზემოხსენებული, თოვლში გაყინული ყმაწვილი ამ დედაკაცის ყოფილა, ასე დაიღუპა უბედური ოჯახი სულ ერთიანად!” - დასძენდა გულშემატკივარი მოამბე გაზეთისა.

1893 წ.

1 ყველიერში იციან, ბალღებს გააქცევენ სახლიდან ყველ-ერბო-ქადით, ვითომ თაგვებიც თან გაჰყვებიანო.