The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
უბედური ქორბუდა

უბედური ქორბუდ

წავიდეთ, გავშორდეთ ამ ოხერ ქედებსა და ტყეს, თორემ, ვიცი ცოცხალი არცერთი არ გადავრჩებით ამ ზამთარს! - მირჩევდა ჩემი მეგობარი, ჩემი განუყრელი ამხანაგი ქორბუდა, რომელსაც ეს სახელი ირმებმა დიდი რქების გამო დაარქვეს.

მირჩევდა და მართალიც იყო. საშინელი ზამთარი დაგვიდგა; ისეთი დიდი თოვლი მოვიდა, რომ მთლად დაფარა ჯაგები, ჩირგვები: დიდრონ ხეებს ნახევრად ასწვდა; ზოგი მათგანი ისე დაიტვირთა ზევიდან, რომ მოხუცივით წელში მოიხარა, ზოგიც თოვლზე წამოიქცა. აღარსად სჩანდა გზა და კვალი, არ გაირჩეოდა, სად იყო ნაპრალი, სად იყო კლდე და ღრე. სიცივისაგან ყვავიც კი ვეღარ აღებდა პირს, რომ დაეჩხავლა. ვინ იცის, რამდენჯერ გადავიჩეხეთ ნაპრალებში, რამდენგან შევღებეთ თეთრი თოვლი ჩვენი სისხლით! საჭმელიც მთლად გამოილია. ნეკერი აღარსად ჩანდა, ზამთრის ბალახზედ ხომ ლაპარაკიც კი მეტი იყო. ძირს დედამიწას ვეღარ ვაწვდენდით პირს და მაღლა - ხეებს. ერთი სიტყვით, აღარ გვედგომებოდა მთაში. ძალაუნებურად უნდა მოგვეძებნა სხვა რამ მხარე, სხვა რამ ადგილი და საით წავსულიყავით, თუ არა ბარისაკენ. ბარში, რასაკვირველია ნაკლებად იქნებოდა თოვლი, სიცივე და საჭმელსაც იქ უფრო ვიშოვიდით.

ერთ საღამოს ქორბუდამ რქები მხრებზედ გადაიწყო, შემომხედა და გაიშვირა წინ ცხვირი: “იქით, იქითო”. ბატონი ხარ მეთქი, დავუკარ მეც თავი თანხმობის ნიშნად, და გავწიეთ ბარისაკენ. ის წინ მიდიოდა, მე უკან მივდევდი; მივდიოდით ფრთხილად; მართალია, არა ბნელოდა, მთვარიანი ღამე იყო, მაგრამ სხვა ათასი საფრთხე გველოდა, გვეშინოდა, მტერს არსად წავწყვეტოდით. მშივრებმა, დაღლილ-დაქანცულებმა, როგორც იყო, გათენებამდე მივაღწიეთ ბარს. ოჰ, რომ იცოდეთ, როგორ გამეხარდა! მთას შემდეგ ბარის ჰავა გაზაფხულად მეჩვენა. ჭალაში კარგა გულიანად ვისაუზმეთ და მივაგენით პატარა ფშანსაც, სადაც წყლით გული ვიჯერეთ. შემდეგ ქორბუდამ მიათვალ-მოათვალიერა იქაურობა და, რომ დავრწმუნდით, ჩვენს ახლოს არავინ იყო, წამოვწექით. მეგობარმა კისერზედ ხელი გადამადვა, მივეთბუნეთ ერთმანეთს და ვისვენებდით ასე. მომაგონდა მთა, მომაგონდა, რა საშინელი შიმშილი და სიცივე გამოვიარეთ: მადლობის ნიშნად ვეალერსებოდი ქორბუდას; მადლიერი ვიყავით ორივე ჩვენი ბედისა, გადავრჩით შიმშილით და სიცივით სიკვდილს.

მაგრამ ვაი, რომ დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი ბედნიერება! უცებ რაღაც ხმაურობა მოგვესმა. ჩვენ, ირმები, ენით არ ვლაპარაკობთ, არამედ თვალებით. მე და ქორბუდამაც ერთმანეთს შევხედეთ: “ნეტა რა ამბავი იქნება, საფრთხე რამ ხომ არ მოგველის?” - ვეკითხებოდით ერთმანეთს. “მგონი ვიღაცეები გვიახლოვდებიან” - მითხრა ქორბუდამ და ზეზე წამოიჭრა, გადახტა ჭალის პირისაკენ და გახედა მინდორს.

“ჰაფ! ჰაფ! ჰაფ!” შემოგვესმა ძაღლის ყეფა; დავინახეთ, რომ ძაღლი ჩვენსკენ მორბოდა, მორბოდა კი არა, თითქმის მოფრინავდა და თან “ჰაფ-ჰაფს” იძახდა.

“ირმის კვალია, ირმის, აბა, ქორისჯან, ქორის, უჰ, შენ კი გენაცვალე მაგ ნახტომში!” - ისმოდა აქეთ-იქიდან. ეჭვი არ იყო, “ქორისას” იმ შავბეწვა ძაღლს ეძახდნენ, რომელიც ჩვენსკენ მოფრინავდა, რადგან წახალისებულმა უფრო უმატა კამარას.

“მტერია, თავს ვუშველოთ” - მანიშნა ქორბუდამ და გადახტა ფიჩხიანებში. რქები მხრებზედ გადაიწყო და ისე მიარღვევდა ხშირს, აყრილ ჭალას. მე უკან მივდევდი, მალე სულ ახლოს მოგვესმა ქორისას ხმა. მაგრამ ის ახლა მარტო აღარ იყო, იმას ბანს სხვა ძაღლებიც აძლევდნენ. ეჭვი არ იყო, მტერი ბევრად უფრო მეტი გვესეოდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა.

“ჰაუ! ყურშა, ჰაუ! ჰაი, ჰაჰაი!” - გვესმოდა აქეთ-იქიდან. ჩვენ თავქვე მივაშურეთ, ქორისა სულ ახლოს მოგვდევდა, მაგრამ რა გვექნა, რით შევბრძოლებოდით? ბუნებას ჩვენთვის არაფერი საბრძოლველი იარაღი არ მოუცია და, ვერიდებით კიდეც სისხლის ღვრას. ჰო, თავქვე დავეშვით, გაველით კიდეც ჭალას, მაგრამ დახეთ ჩვენს უბედურებას: გზა გადაეჭრათ, წინიდან მონადირეები შეგვეფეთნენ.

“ბუჰ, ბუჰ, ზუუ... წუუ!..” - დაიგრიალა თოფებმა და ტყვიამ ყურებში გამიწივლა. მე შიშით წავიქეცი, ქორბუდა ყალხზედ შედგა და უკან გადაქანდა. “ყოჩაღ, გაბრო, შიგ გულში გაუარა შენმა ტყვიამა,” - დაიძახა ვიღამაც. ერთ წუთს თავბრუ დამესხა, სიკვდილმა ელვასავით წინ გამიქროლა, მაგრამ ისევ მალე წამოვიჭერ ზეზე და დავედევნე ქორბუდას, რომელიც გაშმაგებული გარბოდა ჭალაში. ერთი-ორი კამარა - და წამოვეწიე ამხანაგს. გაბროს ტყვია ამცდენოდა, დაჭრილი არ ვიყავ. შუა ჭალას რომ მივაღწიეთ, ქარი ამოვიღეთ და ყური დავუგდეთ, საიდან მოდიოდა ხმაურობა. ჩამი-ჩუმი არსაიდან არ ისმოდა, მხოლოდ ქორისა გვიახლოვდებოდა თანდათან ყეფით.

“მთისკენ, ისევ მთისაკენ! - მანიშნა ქორბუდამ და ერთი ისეთი კამარა შეჰკრა, მეგონა, ძირს აღარ დაეშვება და სულ ასე იფრენს მეთქი. “ჰაფ! პაფ! ჰაფ!” - შემოგვეფეთა წინიდან ქორიას ამხანაგი. ძაღლებს ამ მხრიდანაც მოევლოთ. მეტი ილაჯი არ იყო, გვერდი ავუქციეთ, გამოვტრიალდით მარჯვნივ და ისრებივით გავქანდით იქით, საიდანაც არაფერი ხმა არ მოისმოდა.

აჰა, კიდეც მივაღწიეთ ჭალის პირს, გავალთ, გავატანთ მახეს, გავარღვევთ ალყას და ისევ მთისკენ მოუსვამთ. სულ ორი-სამი ხეღა გვაფარია წინ. ქორბუდამ მთისკენ მიიღერა კისერი, შევხედეთ ჩვენს სამშობლო ქედებს და გაგვიხარდა.

“ბუჰ, ბუჰ” - დაიგრიალა ამ დროს თოფებმა და ქორბუდა მოსხლეტილი ოთხივე ფეხით დაეცა ძირს. მხოლოდ ერთიღა შემომხედა გამწარებულმა. “მშვიდობით, მშვიდობითო” - მეუბნებოდა მისი თვალები. შემდეგ აღარაფერი დამინახავს, თვალთ დამიბნელდა, მივხვდი, რომ ქორბუდას თავს საშინელი უბედურება დატრიალდა.

“ბუჰ, ბუჰ, ზუუ!” - თოფი თოფზე გრიალებდა და ტყვია ხან თავს გადმომივლიდა ზუზუნით, ხან ყურებში გამიწივლებდა. მივრბოდი და თვითონაც არ გამეგებოდა, საით; ვგრძნობდი კი, რომ ქორბუდა აღარ მომდევდა თან. ხოლო ქორისას ხმაღა მესმოდა ყრუდ; აგერ ცოტაღა დამრჩა მთის ქედამდე. აღარც თოფების ხმა ისმის. მივაღწიე კიდეც ქედს. გონება დაბნეულმა, თვალებარეულმა ავირბინე აღმართი და იქავე ხშირ ბარდებში დავეცი, მეტი აღარ შემეძლო, სული შემიგუბდა სირბილით, გული კინაღამ ამომვარდა; ფერდს ფერდსა ვცემდი. რა მექნა? თავსაც რომ წამომდგომოდნენ, ვეღარსად წავიდოდი; დეე მეც მომკლან იმ ბოროტებმა მეთქი, - ვამბობდი გამწარებული გულში და თვალებიდან ცრემლები წვიმასავით წამომივიდა. ოჰ, რატომ თქვენი ტირილი არ გაგონდებათ მაშინ, ადამიანებო, როცა ჩვენ ასე გვატირებთ!

ქვითინი ვეღარ შევიმაგრე. უეჭველად მოკლეს ამხანაგი, ვფიქრობდი მარტოდ-მარტო ბუჩქნარებზედ თავმიდებული. მერე რადა, ვის რა დავუშავეთ?! რა უყავით ჩემი ქორბუდა, ჩემი საყვარელი მეგობარი?! ვაიმე, ვაიმე, ჩემო ქორბუდავ! ვინ იცის, როგორ ჰგლეჯენ ძაღლები ახლა შენს მშვენიერ ტყავს! როგორ დაშვებულა ძირს შენი მშვენიერი რქები! გულმა აღარ მომითმინა, წამოვიჭერ ზეზე და ჭალისაკენ გავიხედე, სადაც ქორბუდა წაიქცა. მე უბედურს კიდევ რაღაც იმედი მქონდა. გულს არ უნდოდა დაეჯერებინა თვისი სიობლე. მაგრამ, ვაი ჩემს სიბედკრულეს! დავღუპულიყავ! ქორბუდას რამდენიმე მონადირე აჯდა ზედ, ძაღლები გარს შემოხვეოდნენ. ჯერ არ მომკვდარიყო, არ დაცლილიყო სისხლით და ფართხალობდა. “რა გიშველო, როგორ მოგეხმარო, ჩემო სიცოცხლევ, რა შემიძლია მე, უმწეოს?” - ველაპარაკებოდი შორიდან ქორბუდას და გული მიდნებოდა. ტანში სიმწრის ჟრუანტელი მივლიდა. მონადირეები ზეზე წამოდგნენ, ქორბუდამ კი უკანასკნელად გადააგდო კისერი, დაანარცხა დედამიწაზედ რქები და აღარც კი განძრეულა. მოჰკლეს, მოკვდა...

ირემო მთასა მყვირალო,
რამ ჩამოგაგდო ბარადა!
მეუღლე მტერმა მომიკლა,
დავეხეტები ცალადა!

შემომესმა ამ დროს ჭალის პირიდან სიმღერა. მხიარულობდნენ, იცინოდნენ.

ქორბუდა კი... ეჰ!..

“ეგ სიმღერა იყოს შენი სამგლოვიარო და ჩემი დაობლების ზარი, ჩემო ქორბუდავ! მშვიდობით, ჩემო საყვარელო! არ დაგივიწყებ ვიდრე ასე მარტოდ-მარტო ვიხეტიალებ მთაში!” გამოველაპარაკე შორიდან უკანასკნელად ქორბუდას და შევუდექ გზას დაობლებული. შორიდან კი ისევ მოისმოდა მხიარულება და სიმღერა: “ირემო მთასა მყვირალო”...

- მშვიდობით, მშვიდობით, ჩემო უბედურო ქორბუდავ!

ახლა, ყმაწვილებო, დავდივარ, დავხეტიალობ მარტოდ-მარტო მთა-ბარად; ჩემი სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა! დავდივარ დაობლებული და ყოველ წუთს თვალწინ მიდგას ჭალის პირას ტყვიით განგმირული ქორბუდა, ვხედავ იმის დახუჭულ ლამაზ თვალებს და თანაც მესმის ჩვენი მტრების მხიარული სიმღერა:

ირემო, მთასა მყვირალო,
რამ ჩამოგაგდო ბარადა?
მეუღლე მტერმა მომიკლა,
დავეხეტები ცალადა!

დიახ, მომიკლეს, გამოასალმეს წუთისოფელს ჩემი საწყალი, უბედური ქორბუდა.

1911 წ.