The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მოვიტანე

ვიტანე

- მაშ რას ვიზამთ, შვილო, აბა რას ვიზამთ, თუ როგორმე ხელი არ მოვინაცვლეთ! ე მანდ - ე ნიკოი პერანგის ამარა დაიარება; ჩვენმა მარიკელამ ხომ გააჭირა საქმე.

- მერე მე ხომ უარს არ ვამბობ და! წავიღებ მაშ რას ვიზამ?

- ჰო, გენაცვალოს, შვილო, დედა, ჰო! აი ბიძაშენს გაჰყვები, მეზობლებიც მოდიან...

აღარ დაათავა სიტყვა შიოს დედამ მაიამ და თითქოს რაღაც მოაგონდაო, გარეთ გაეშურა.

შიო კი სახლის ფანჯარასთან მიმჯდარი მარდად უყრიდა კოპს1 საქალმედ გამოჭრილ ძროხის ტყავს, და თან რაღაც თათბირში იყო ფიქრებით; მისი თვალები ხან კითხვას გამოთქვამდნენ, ხან პასუხს.

- ჩემო მაზლო, ჩემო მაზლო, ერთი გარეთ გამოიხედეე!

მოისმა პატარა ხანს შემდეგ გარედან მაიას რიხიანი ხმა.

- რა იყო, ადამიანო, რა ამბავია? ისე ჰკივი, თითქოს ას ვერსზედ მეძახოდე, - გამოეხმაურა სახლიდან მაიას მისი მაზლი ივანე და ახალუხის სწორებით გარეთ გამოვიდა პატარასახიანი და ტანდალეული შუახნის კაცი, რომელსაც მეტ სახელად “ნალევას” ეძახდნენ.

- იი, შენ კი გენაცვალე, ჩემო მაზლო, რა საწყენია, რომ ადამიანს დაუძახოს!

- მე მაგას კი არ ვამბობ, ადამიანო! მე იმას ვამბობ, ტყვილ-უბრალოდ ყვირილი ნუ იცი მეთქი. შენს ხმას რომ გავიგონებ, ასე მგონია ერთი რამ უბედურება მოხდა მეთქი... გულგახეთქილი გამოვეშვები ხოლმე ისარივით!

მართლაც და არა სტყუოდა ივანე: მაიას არამც თუ ჯავრობა, უბრალოდ ლაპარაკიც კი სოფლის ერთი კუთხიდან მეორეში ისმოდა ხოლმე, მაგრამ რაც შეეხება ივანეს “ისარივით გამოშვებას” ეს კი იმდენად მართალი იყო, რამდენადაც კამეჩის მერცხალივით გაფრენა.

- ჰოდა, აბა ერთი მითხარი, რა გინდა? - შეეკითხა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ივანე და იქვე ეზოში ისე მოიკეცა, თითქოს სამუდამოდ აქ აპირებს დაბინავებასო.

- აი, ჩემო მაზლო, რა სათხოვარი მაქვს, - ჩაიკეცა მაიამაც ივანეს წინ მუხლებზედ - შენ ხომ ამაღამ შეშა უნდა წაიღო ქალაქში გასაყიდად და ე ჩემ შიოლასაც გამოგაყოლებ. გენაცვალე! გზა არ იცის და კვალი, არც გაყიდვა და ყიდვა: აბა რა შეუძლიან თხუთმეტი წლის ბიჭს... რა უნახავს... სხვა არა იყოს რა, ქალაქის ქუჩებზედ დაიკარგება. ჰოდა, აი გენაცვალე, ჩემო მაზლო, ისე უპატრონე შიოლას, როგორც შენ შვილს; შენი იმედი მექნება!..

- რატომ არ უნდა გქონდეს. ქალაქი ისე ვიცი, როგორც ჩემი ხუთი თითი; იმის გზაზედ დავბერდი კაცი.

- აიქ, გენაცვალე, ხათაბალაში არაში გაებას, - შეეხვეწა კიდევ მაია.

- ჰაი-ჰაი, - დაჰკრა პასუხის მაგიერ ივანემ ტაში, - მე რომ იქ ერთხელ საქმე დამემართა, ჩემს დღეში არ დამავიწყდება!

- ჰოდა, მეც მაგისი მეფიქრება, - მოიჩივლა კიდევ მაიამ.

- ერთხელა, ადამიანო, ი ჩემი ძმა ცოცხალი იყო, აი, მამულების დავა რომ გვქონდა...

მაიამ თავისი გარდაცვალებული ქმრის მოგონებაზედ მწუხარებით ჩაიქნია რამდენჯერმე თავი და ამოიოხრა.

- ჰოდა, ერთხელა, - განაგრძო ივანემ, - ჩემი ძმა შემომიჩნდა: ბიჭო “ნალევა” შენ უფრო გამოცდილი კაცი ხარ, ერთი “სუდში” წადი და “პროკლოვი”1 ნახეო; აბა მე რაღა უარს ვეტყოდი და ჩაველი ქალაქში. ჩაველ თუ არა-და, გავეშურე “სუდისაკენ”. მივუხვიე თუ არა ქუჩის კუთხეს, უცებ სამმა-ოთხმა სალდათმა ზედიზედ მომაძახა: “ნალევა, ნალევაო! ” ტუსაღები მოჰყავდათ. მეც პირდაპირ იმათკენ გავქანდი - ალბათ, ნაცნობები არიან-მეთქი. გამარჯობის თქმა ვერც კი მოვასწარი, რომ კინაღამ ოთხი თოფის შუბი გულში ჩამერჭო. გავჩერდი... ვიფიქრე: “თუ მიცნობენ, რა დავაშავე, რისთვის მცემენ მეთქი, თუ არ მიცნობენ და არ იციან, რომ “ნალევა” მქვიან-მეთქი”. თურმე, ადამიანო, “ნალევა” რუსულად მარცხენა მხარეს ჰქვიან, და “ნაპრავა” კი მარჯვენას. აბა ეს მე მაშინ რა ვიცოდი! როგორც იყო, გადავრჩი საფრთხეს... ერთი-ორი დუგლუგი მითავაზეს და ქუჩის ნაპირისაკენ მიმაგდეს. ახლა კი, ღვთის წყალობა გაქვს, დავინახავ თუ არა რუსს, მაშინვე მარცხნივ გავრბივარ. - დაათავა ივანემ და ჩაიცინა თავის პატარა აბურძგნულ ულვაშებში.

- ჰოდა, გენაცვალე, მეც იმიტომ გეხვეწები, რომ გამოცდილი კაცი ხარ, თან აიყოლებ, გვერდზედ გეყოლება...

- ცოტა გაიჭერა ბიჭი კი არი: არ იცის უფროსის გაგონება.

- პატარაა, გენაცვალე. პატარაობით მოსდის! - მოხადა ბოდიში შიოს მაიამ და დაარხეინებული, რომ ივანეს გააყოლებდა ხვალ ქალაქში, გასწია შინისაკენ.

- პაჰ, პაჰ, აჰა! რა ამბავი იქნება ახლა ქალაქში! რა ორომტრიალი! - ჩაილაპარაკა თავისთვის ივანემაც და, თითქოს ბერკეტით აყენებს თავის თავსო, მარჯვენა ხელი მიწას დააბჯინა, მძიმე-მძიმედ წამოდგა ზეზე და ზლაზვნით გასწია იმანაც სახლისაკენ.

- დედიჯან, რა კარგი იქნება შაქრის ბატკანი, - შესძახა სახლში შემოსულ მაიას ხუთი წლის ნიკომ და კალთებზედ მოეხვია: - მგონი სულ ქალაქურად ბღავის! შიო დამპირდა, გიყიდიო, - ტიტინებდა პატარა ნიკო.

- ბიჭო, შე გასაგლეჯო. მე რაღა დაგიშავე, ჰა? მე რაღა დავაშავე! - დასძახოდა შიოს თავზედ მისი გაჯავრებული და მარიკელა.

- რა იყო გოგო რა ამბავია? გასაგლეჯიც იყავი და დასამიწებელიც! რად მიწყევლი ბიჭს! - შეტუქსა მაიამ გაკაპასებული მარიკელა.

- როგორ არ დავწყევლო, ქა, დილას აქეთია ვეხვეწები - ერთი “ბუზიკა” მიყიდე მეთქი და მაგას “ჰო” ვერ ვათქმევინე! - მოიჩივლა ახლა კი თვალზედ ცრემლებმომდგარმა მარიკელამ.

- უყიდე, გენაცვალოს დედა, შვილო, უყიდე! დანიშნული ქალი მყავს! ქორწილში მაინც დაუკრავენ!..

- ემანდ - ე, ჰი, ახლაც უარს იტყვი? - მიუგო ნიშანი შიოს დედის სიტყვებით გახარებულმა მარიკელამ და გაბრწყინვებულ თვალებზედ ცრემლი დილის ნამებად აუთამაშდა.

- მაგ საქვეს რაღა “ბუზიკა” უნდა, ისე კი ცოტას ტლინკავს? სოფლის ბოლოში რომ დაირას უკრავდნენ, ეგ აქა პროწიალობს!

- რა ჰქნას, შვილო, ჯეილია, გული ეხალისება! - გაამართლა მაიამ მარიკელა.

- ჯეილია! - ჩაიდუდუნა ბერიკაცივით შიომ და სახენაღვლიანმა კვლავ ქალამნებს დაუწყო ამოქნა.

მართლაც და, ოჯახის უდროოდ, პატარაობიდანვე, თავზედ მოხვევამ თითქოს დააბერა თხუთმეტი წლის შიო. ის მარად სახედაღვრემილი, გულჩათხრობილი იყო. მისი ფიქრი ოჯახის ათასგვარ გაჭირვებას დასტრიალებდა.

- არა უშავს-რა, შვილო, მალე ნიკოც მხარში ამოგიდგება და ჩვენც წინ წამოვიწევით.

- ბეეე... ბეე! - დაიბღავლა თავის სახელის გაგონებაზე ნიკომ, დარწმუნებულმა, რომ სწორედ იმ ქალაქურ შაქრის ბატკანივით ბღავის, რომელსაც შიო დაჰპირდა.

- გაზაფხულსაც კაი პირი უჩანს... - ლაპარაკობდა თავისთვის მაია და თან თაროდან ძირს ალაგებდა პურს, მწვანილს და ზამთრის ბოლოკს.

- ცოტა წავივახშმოთ, შვილო! ამაღამ ადრიანად მოგინდება ადგომა, - მიიწვია მაიამ შიო და თვითონ მარიკელასთან ერთად მოუჯდა ხონჩას. შიომაც უკანასკნელად ამოუბნია ქალამანს კოპი და ისა და ნიკაც ვახშამს შეუდგნენ.

ჯერ შუაღამე არც კი იყო გადასული, როდესაც გარედან ივანეს ძახილი მოისმა.

- აიწიე! აიწიე, შევაბათ ჩქარა! - აჩქარებდა ივანე შიოს და თვითონაც წინა დღით გამზადებულ შეშის ურემს გარს უვლიდა: უსინჯავდა დაჭიმულ წნელებს, ასწორებდა უღელს, ტაბიკებს...

- ახლავ, გენაცვალე, ჩემო მაზლო, ახლავ! - გამოეხმაურა შიოს მაგიერ ივანეს მაია ნამძინარევი ხმით და მართლაც არ გასულა სულ ათიოდე წუთი, რომ შიო უკვე მეორე ხარს აბამდა ურემში.

- რა უყო ყურები ამ სავერნემ, ამან! - ბუტბუტებდა ივანე და თან ნიკორა ხარს ხელს უფათურებდა კისერზედ.

- რას უზამდა, ჩემო მაზლო, თავზევე ექნება! - უპასუხა თავისი ეზოდან მაიამ გაჯავრებულ ივანეს. - საცოდავი კარგად ვეღარას ხედავს და ხარს უჩივის: ყურები რა უყოო! - ჩაილაპარაკა პასუხის შემდეგ თავისთვის მაიამ.

როგორც იყო, ივანემაც ამოაყოფინა ნიკორას თავი უღელში, შეცოცდა კოფოზედ და გამარჯვებული გმირივით გადასძახა შიოს:

- აბა, მზადა ვარ, მომაყოლე!

- გაუჯავრდი; - უპასუხა შიომაც და შეშით დატვირთული ორი ურემი ქალაქისაკენ გაემართა.

მთვარიანი ღამე იყო, ჩუმი და წყნარი. მაგრამ ამ სიჩუმეში ხანდახან მოისმოდა ხოლმე ტყიდან რაღაც საიდუმლო ჩურჩული, ტკბილი და საამო ბაასი. კოკორაშლილი ხეები, ამწვანებული შინდი და თეთრკაბა ტყემალი ერთმანეთს ემუსაიფებოდნენ. აქ, ტყის წიაღში, ხეების ტოტებში ემზადებოდა გაზაფხული, ფრთებს ჰშლიდა, ფერადდებოდა, ირთვებოდა მთვარის სხივებზედ, რომ დილის მზეს კოხტად და კოპწიად დახვედროდა.

- შრრრ...- გაუვლიდა სიჩუმეში ტყეს ნიავი, გაიჭრებოდა ნაპირას და წყნარადვე მიარხევ-მოარხევდა მწვანე ჯეჯილს, თითქოს აღვიძებდა განთიადის დასახვედრად.

არაგვი კი, ცელქი არაგვი, არც ამ მყუდრო ღამეში ისვენებდა. ის ხან ჩხრიალით გადადიოდა ქვიდან ქვაზედ, ხან ლიკლიკებდა, ხან კი აწკრიალდებოდა ნაზად, თითქოს ნიავმა შეარხია ჩანგის სიმებიო, და უგალობდა, ტკბილ საგალობელს დილის ცისკარს.

“აფრინდა ქორი, აფრინდა,
არაგვი ჩაინადირა,
მცხეთას დაეცა დედალსა,
ავჭალას მტვერი ადინააა დააა...
ჰალი - ჰალალეეეე.... დაააა...

გაისმა ამ ჯადოსნურ ღამეში ივანეს ნაღვლიანი ხმა და ნელ-ნელა, ზარმაცად, მაგრამ ტკბილად მისწყდა კოდორის მთის ნაკვთებში.

შრრრ... გააცილა უკანასკნელი ჰანგი ნიავმაც და კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.

“ალალო, დილის ნიავო,
მე შენთვის მიტირნიაო.
- შენ ჩემთვის რა გატირებდა:
რა სიკეთე მიქნიაო! ”

დაარღვია სიჩუმე ახლა შიოს ურმულმა. ეს ხმა ამოდიოდა გულის წიაღიდან, თან ამოჰქონდა იქ შეგუბებული ცრემლები და წყაროს შხეფებივით აბნევდა მთვარის სხივებზედ; თან ამოჰქონდა პატარა ტანჯული გულის ნაღველი და მიჰქონდა ზეცისაკენ, თითქოს დედამიწაზედ ვერ ეპოვა თავის თანამგრძნობი.

ობოლი სულ ქვითინებდა ურმულის ჰანგებში...

ჰეი! რა ასატირებლად მღერის ჩვენი შიოლაი! - წაიდუდუნა ივანემ და მთლად სმენად გადაიქცა. მას გაუკვირდა კიდეც შიოს სიმღერა, რადგანაც, მართლაც და შიოს, რაც ის ხარივით შეება ოჯახის უღელში, არ დაუღიღინია: მასაც ხარივით წაერთვა ენა...

ღამის სიბნელე თანდათან იწურებოდა, აღმოსავლეთიდან ბინდ-ბუნდში ნელ-ნელა მოიპარებოდა განთიადის შუქი. ნიავმაც თანდათან მოუხშირა; მოუხშირა შრიალი ტყე-მინდორმაც, თითქოს ერთმანეთს ატყობინებდნენ განთიადის მოახლოვებას. მეურმეებმა გადაიარეს არაგვი, გამოვიდნენ მცხეთის გზაზედ და გაუდგნენ დიღმის მინდვრით ქალაქისაკენ.

- როგორღაც იკბინება მზე, ავდარს აპირებს, ავჩქარდეთ! - გადასძახა ივანემ ურმის კოფოდან შიოს და მოუქნია სახრე ხარებს.

- მგონი! - ჩაილაპარაკა შიომ პასუხად და იმანაც მარდად მიაყოლა ურემი ივანეს. აშურდნენ ხარებიც; ისინიც გრძნობდნენ, რომ შინისკენ მიდიოდნენ, სადაც დასვენება და საკვები ელოდათ, ახლა ტვირთიც აღარ ამძიმებდათ: შეშა გაყიდეს.

იყიდა შიომ დაპირებული შაქრის ბატკანი, “ბუზიკა”, დანარჩენი ფული მაგრა გამოჰკრა ხელსახოცის ყურში და მიეშურებოდა, რომ გაეხარებინა და-ძმა და დედა მაია.

ივანე არა სტყუოდა. მზე თუმცა უკანასკნელ სხივებს ესროდა დედამიწას, მაგრამ ისე ცხარედ, რომ თითქოს სურდა დაეწვა იგი, თითქოს ცეცხლის კოცონი უნდა აენთო. არ გაუვლიათ ჩვენს მგზავრებს სულ ერთი საათის მანძილი, რომ უცებ აქეთ-იქიდან ცის გუმბათისაკენ შავი ღრუბლები წამოვიდა. აქამდე სადღაც მიმალულნი, ახლა სწრაფად მოსდევდნენ ერთმანეთს. ცის კიდურზედ ხან ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, თითქოს სათათბიროდ, ხან შორდებოდნენ ერთმანეთს და ქარავანივით აქეთ-იქით მიიზლაზნებოდნენ.

ცა ჩაშავდა, ჩამობნელდა. არაგვის გაღმა-გამოღმა მთები ხომ შავ, უზარმაზარ გველეშაპებს დაემსგავსნენ. ძლიერმა ქარმა წამოუბერა რამდენჯერმე, საიდანღაც მოაყარა თითო-ოროლა წვიმის ცვარები და უცებ შედგა. მაგრამ სიჩუმე მალე დაარღვია გრგვინვამ და შორს, კოდორის მთის მწვერვალზედ, შავ ღრუბლებში გაიკლაკნა წითელი გველი. აგრგვინდა ცა; გრგვინვამ ჭექის ტალღები გასტყორცნა აქეთ-იქით და წყვდიადით მოცულ დედამიწას დაუთქაფუნა კოკისპირული წვიმა.

აქუხდა არაგვიც. ორივე მხრიდან ორმა ნიანგმა მთამ დააქანა თავისი ნაკადულები ქვევით, ააგუგუნა ხევები და მიუსია არაგვს ელვასავით გამოქანებული ნიაღვარი. არაგვი კი შფოთავდა, ღრიალებდა, ხეთქდა კიდეებს და გაცოფებული გამორბოდა ქვევით, რომ გადაეთელა ყოველივე, რაც კი გზაში შეხვდებოდა.

- ჰაი, შიოლავ, ჰაჰააჰიი!

ძლივსძლიობით ისმოდა ამ აურზაურში ივანეს ხმა. ის ეძახოდა შიოს, რადგან მათ სიბნელეში დაჰკარგეს ერთმანეთი, მაგრამ პასუხს არავინ სცემდა: შიოს არ ესმოდა მისი ხმა.

***

გათენდა კვირა დილა. თითქოს ბრძოლაში გამარჯვებული გმირი - დედამიწა ლიტანიობდა. ცა დამშვიდებული იყო. მზის პირველმა სხივებმაც მალე გაფანტეს აქეთ-იქით უკანასკნელი ღრუბლები და მხოლოდ სველი, ნამებაციმციმებული მინდორ-ველი და ყვითლად შეღებილი არაგვი, რომელიც ჯერ კიდევ ბუტბუტებდა, გვაგონებდა წუხანდელ ჭექა-ქუხილს.

სოფელ №-ის მცხოვრებნიც გარეთ გამოფანტულიყვნენ. აქა-იქ სოფლის გოგოებს თამაშობა უკვე გაემართათ. დასრიალებდა მათ შორის მარიკელაც ახალი “ბუზიკის” მოლოდინში. ნიკოც, ვიდრე შაქრის ბატკანი მოუვიდოდა, ქალაქურ ბატკნის “ბეეე”-სა სწავლობდა. მხოლოდ მოუსვენრად ჰგრძნობდა თავს მაია. ის მალი-მალ მიიდებდა ხოლმე შუბლზედ ხელს და გახედავდა სოფლისაკენ მომავალ გზას. მალი-მალ პირჯვარს იწერდა და რაღაცას ჩურჩულობდა ტუჩებით. წუხანდელმა საშინელმა ღამემ ის შეაფიქრიანა.

“მოდიან! მოდიან!” - დაიძახა უცებ ვიღამაც და გზისაკენ თითი გაიშვირა. მართლაც, იმ მხარეს ურემი გამოჩნდა, ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა მეორე, მესამე და ამგვარად რამდენიმე ურემი მოიზლაზნებოდა სოფლისაკენ. წყვდიად ღამეს მეურმეები შეეჩერებინა და ერთად შეეგროვებინა მეზობლები.

მაიამ მათ დანახვაზე ისეთი შვებით ამოიოხრა, თითქოს რაღაც მძიმე მოსწყდა მის გულსაო.

ცოტა ხნის შემდეგ ურმები სოფლებში შემოვიდნენ. მაია, მარიკელა და ნიკო შიოსაკენ გაეშურნენ. “მოიტანა! მოიტანა!” - იძახდა ნიკო და ყველაზედ წინ გარბოდა. არც მარიკელა იყო ნაკლებ სიხარულში...

“მოვიტანე! მოვიტანე!” - ჩაიქვითინა ივანემ წინა ურემზედ და გადახადა ფარაჯა სამუდამოდ თვალებდახუჭულ შიოს.

მაიას ჩამოგლეჯილი თმები ეფინებოდა სველ დედამიწას; მარიკელას დაღარული ლოყები წითლად ღებავდნენ მისივე გულ-მკერდს. ქვითინებდა საშინელი ამბით შეწუხებული მთელი სოფელი. “ბნელაში ერთმანეთი დავკარგეთ, ფონს ასცდენოდა... მხოლოდ დილითღა ვიპოვე არაგვის პირს გამორიყული!” - მოსთქვამდა ივანე შიოს უბედურ ამბავს.

1913 წ.

1 კოპი - წვრილად და გრძლად დაჭრილი ტყავია ქალამნის ამოსასხამად.

1 “პროკლოვი” - “პროკურორი”.