The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გაზაფხულის მაყრები

გაზაფხულის მაყრები

მიიპარება ზამთარი,

ძალ-ღონე გამოელია,

და თვალს არიდებს გაზაფხულს!..

რა ცუდი მასპინძელია!

კარის-კაცები თან მიჰყავს:

ანთება, სურდო და ელა:

წინ წყალი, უკან მეწყერი!..

წყალმა წაიღო სუყველა!..

მის ნაცვლად ველით გაზაფხულს:

ჟუჟუნა, მშვენიერია!..

იმისი ტანისამოსი

უცხო და მრავალფერია!

წინ მოუძღვიან ჩიტები

მაყრულით საამურითა,

ბულბული ჩანგით დახვდება

და შაშვი სალამურითა.

მერცხალი მახარობელი

ჭიკჭიკით მონავარდეა

და სუნნელების მფრქვეველად

მზად ზამბახ, ია, ვარდია.

ქვეყანა მაჯას გაიხსნის,

გული დაწყებს ძგერასა

და საიდუმლო სიმებით

იწყებს ბუნება ჟღერასა.

1893 .