The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
შადრევანი

შადრევან

ესკიზი

ღრუბლიანი, მაგრამ წყნარი დღე იყო. სამეცეცხლურეებისა და სახელოსნოების კომლი, ორთქლთან ერთად ჯანყივით შემოჰხვეოდა ჭაბურღილების კოშკურებს, და ამ ნისლში ბალახანა შორიდან რაღაც ზღაპრულს ტყეს მოგაგონებდათ. აქა-იქ ისმოდა ტუმბოების ტკაცანი, ორთქლის ქვაბებისა და მანქანების ხმაური. ქუჩებში ფაცაფუცით მოძრაობდნენ შავი, მაზუთში მოსვრილი, ადამიანის მსგავსი ფიგურები. ჯაგვები ზედა მანებამდის ეფლობოდა მტვერში. ჰაერი გაჟღენთილი იყო მაზუთის აირით და რაღაცნაირ განსაკუთრებულ მყრალი სუნით, რომელიც ყაზარმის ღია კარებიდან და ირგვლივ დაყრილ დამპალი ნაგავიდან მოდიოდა.

მალე საღამოს ექვსი საათი შესრულდა. სახელოსნოებიდან და ჭაბურღილების კოშკებიდან წამდაუწუმ გამოჰყოფენ თავს მუშები და სამეცეცხლურეს შეჰხედავენ - მეცეცხლური ხომ არ მისულა საყვირთანო, რომელმაც უნდა ამცნოს დღიური ვახტის გათავება. როგორც იქნა გავიდა უკანასკნელი მწარე წუთებიც, სამეცეცხლურეში კედლის საათმა ექვსი დარეკა, და მაშინვე გაისმა სასიგნალო საყვირების ხმა. ერთ წუთში გარდაიქმნა ყველაფერი. ბალახანა ამოძრავდა. ზოგიერთები დასასვენებლად მიიჩქარიან, ზოგნი კი სამუშაოდ. გაისმის სხვადასხვაგვარი შეძახილი, სიცილი, ხუმრობა, გინება. ერთმა ხუმრობით ფეხი დაუდო დასევდიანებულ ამხანაგს, მეორე მოუღლელად განაგრძობს ყაზარმაში დაწყებულ რაღაცა ეპიზოდის თხრობას თავისი ოხრული თავგადასავლიდან; იქ უსტვენენ ვიღაც პარაშას, რომელმაც ქუჩის მეორე მხარეს გადაირბინა, ის უკან იხედება და, ვითომდა განაწყენებული ჯანდაბაში გზავნის მათ. ზოგიერთები შეუმჩნევლად ჩამორჩნენ ამხანაგებს, იქვე ქუჩაში მაცდურად მდგარ სამიკიტნოში შეირბინეს და ერთი წუთის შემდეგ კიდევ თავის ამხანაგებს წამოეწივნენ.

სარეწაოებზე რაღაც სასწრაფო სამზადისში იყვნენ. ორმოციოდე მუშა მიწის ზვინულს აკეთებდა და “ამბარს” წმენდდა მაზუთისათვის. მხოლოდ მოძრაობასა და ლაპარაკზე თუ შეატყობდიო, რომ ესენი ადამიანები იყვნენ, თორემ მიწისაგან გამოძერწილ ადამიანების მსგავს ფიგურებს უფრო ჰგავდნენ. მათგან დაშორებით ათი კაცი მილებს მილებზე ამაგრებდნენ ნავთსადენისათვის, ერთი რაღაც მორთან ცოდვილობდა, მეორე მიირბენდა, რაღაცას გადასცემდა და უკან ბრუნდებოდა. მთელ ამ მოძრაობას თვალს ადევნებდა სარეწაოს მმართველი, ჩასუქებული და ნებიერი, რომელიც მტკიცედ იძლეოდა ბრძანებებს და აჩქარებდა ისედაც სწრაფად მომუშავე ადამიანებს. დროგამოშვებით ის განზე იხედებოდა, საიდანაც ისმოდა რაღაც ხმაურობა და სადაც ჭაბურღებზედ მაზუთი იღვრებოდა. ეს იყო შადრევანი, რომელსაც მალე უნდა ამოეხეთქნა, და ეს სამზადისიც იმისათვის იყო. ხედავდა, რა ნავთის ჭავრილს, მმართველს განსაკუთრებით საზეიმო გამომეტყველება ეძლეოდა, შეყრილი წარბები იშლებოდა, თვალები ოდნავ უცინოდა, და მთელი მისი ფიგურა ამაყად სწორდებოდა... “ოჰ, ის ჯავრით გასკდება” - ფიქრობდა მმართველი, როდესაც აგონდებოდა თავისი მეზობელი სარეწაოს მმართველი.

შადრევანი პერიოდულად სჩქეფდა, და ამიტომ მედგრად ეწეოდნენ ამოკასვრას, რომ აირისათვის შეემსუბუქებინათ ნავთის ამოფრქვევა. ყველა მოუთმენლად ელოდა იმ მომენტს, როდესაც შადრევანი მთელი ძალ-ღონით ამოხეთქავდა. ჯერ კიდევ დილით შეატყობინა ტელეფონით მმართველმა თავის პატრონს სასიხარულო ამბავი, რომლის მოლოდინიც ჰქონდათ, და გონებაში წინასწარვე ტკბებოდა მომავალი ბედნიერებით, როდესაც პატრონი ბეჭებზედ დაჰკრავდა ხელს და მთელი სარეწაოს პერსონალის თანდასწრებით, “უბადლოს” უწოდებდა.

დაღამდა. მოქუშულ ცაზედ აქა-იქ ჩანდა ვარსკვლავები, მთვარე კი ღრუბლებიდან მკრთალად ანათებდა ბალახანის რაიონს. ქუჩებში მოძრაობა შესწყდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გაისმოდა მანქანების დაგადუგი და ორთქლის ქვაბების ხმაური. საცხოვრებელი ბინებიდან და სამიკიტნოებიდან მოისმოდა ხმაჩახლეჩილი მთვრალების სიმღერა, ხანდახან სამეცეცხლურეებიდან და ჭაბურღილების კოშკურებიდან გაისმოდა ხმამაღალი თათრული სევდიანი სიმღერა, რომლის მწუხარე კვნესა როგორღაც არ შეეხამებოდა გარემოცულ სარეწაოს გაცხოველებულ საქმიანობას. მღეროდა ან მეცეცხლური, რომელიც ორთქლის ქვაბებთან იხრაკებოდა, ან მძიმე მუშაობით გაწამებული ამომკასრველი.

მმართველი, როდესაც დაინახა, რომ შადრევანი ჭირვეულობდა და არ სურდა რიგიანად ამოეხეთქა, იმედგაცრუებული წავიდა შინ, საქმის გაძღოლა კი ღამის ნოქარს და მემანქანეს მიანდო. შადრევანი მართლაც ჭირვეულობდა, რაც უფრო აძლიერებდნენ მოსამზადებელ მუშაობას, ის თანდათანობით წყნარდებოდა და დაღამებისას იმდენად მიწყნარდა, რომ, როგორც ეტყობოდა, არავითარ იმედს აღარ იძლეოდა. ტყუილუბრალოდ ამოჰქონდა საბრალო ამომკასრველ აბდულას სილითა და ქვებით სავსე “ჟელონკები”. უკვე ოთხი საათია, რაც ის თვალს არ აშორებს ბაგირს, რომელიც ხან ზევით ამოდის, ხან ძირს ჩადის მასზედ მიბმულ ამომკასრველ “ჟელონკიანად”. დაღლილობისაგან თვალები დაუვიწროვდა და ნაკვერჩხალივით აენთო; განუწყვეტელი მოძრაობისაგან ხელ-ფეხი თითქოს წაერთვა და სხეულს მოსცილდა; მთელ სხეულში ძვლები აუტანლად სტკიოდა. “წყეულიმც იყავ შადრევანო! - ჩურჩულებდა ის. - რას მომცემს მე ეს შადრევანი?! არა, ავდგები და ისევ შინ წავალ”... და გაახსენდა მას თავისი ლეილა, რომელიც უკვე ნახევარი წელიწადია არ უნახავს, გაახსენდა იგი, და მასთან ერთად თვალწინ დაუდგა თავისი ღარიბი, მშობლიური კერის სურათი: მოხუცი მამა, ბებერი დედა და ნახევრად დანგრეული ქოხი. მწარე იყო აბდულასათვის ეს წუთები. ერთ წუთში გაირბინა მის წარმოდგენაში მთელმა რიგმა გულშემაღონებელმა სურათებმა. აზრი უცებ გაფაციცებით ამუშავდა, და აბდულს სხვა სურათებიც გაახსენდა. მას თვალწინ წარმოუდგა კავკასიის მთების თვალწარმტაცი მწვერვალები, უღრანი ტყეები მათ ძირში და ხავერდოვანი მინდვრები, სადაც ის ქურციკივით ხტოდა ლაღ მეგობრებში. ჰო, მაშინ სულ სხვა იყო; მას ცხვრის ფარა ჰყავდა, მას კიდევ შეეძლო გუთნის გაძღოლა, ხოლო დედა და და კიდევაც ჰყიდდნენ მათ მიერ მოქსოვილ ზედმეტ შალს. მერე კი მთელი ეს კეთილდღეობა როგორღაც მოულოდნელად გაქრა. დაღლილ აბდულას გაუწყდა მოგონებათა ძაფი; მის დამძიმებულ თავში ერთი-მეორეს უცებ სცვლიდა დაუმთავრებელი აზრები და ბუნდოვანი სურათები. მას რაღაც საშინელი კოშმარი დაეუფლა. მისი ხელები უნებურად დაეშვა მუხლებზე, და ჯიხურს მიეყრდნო თავით. უეცრად მის ზევით გაისმა რაღაც უჩვეულო ხმაურობა: ამომკასრველი “ჟელონკა”, რომელსაც უკვე არ მართავდა აბდულა, ბორბალს მოხვდა.

ნაკბენივით წამოხტა აბდულა, უცებ მოისაზრა რაშიაც იყო საქმე, ხელი დაავლო ჩაქუჩს და გარეთ გავარდა. მას ეშინოდა ნოქარი ან მემანქანე არ მოვიდესო, რომელნიც არ აპატიებდნენ ასეთ გაუფრთხილებლობას, და აბდულა უცებ აცოცდა კიბეზე. ერთი წუთის შემდეგ ათი საჟენის სიმაღლიდან გაისმა ჩაქუჩის კაკუნი, ის ცდილობდა გაენთავისუფლებინა გაჩხირული “ჟელონკა”.

ჭირვეული შადრევანი კი ამ დროს შხეფს ისროდა ღრუბლიდან, და ნავთი, რომელიც შიგნით გუგუნებდა ყოველ წუთში ამოდიოდა ზევით და მილებს თავზე გადასდიოდა. როგორც ეტყობოდა, დუღილი ახალი ძალით განახლებულიყო, და “პროპკას” (ქვებიან სილას) არ შეეძლო ქვევიდან მოწოლილი აირების შეკავება.

უცბად გაისმა საშინელი მიწისქვეშა გუგუნი, ათრთოლდა ჭაბურღილის კოშკურა და ერთ წუთში ნავთის სვეტზე, როგორც გაცოფებული ლომი, ხმაური ამოვარდა ღრულიდან. ერთი წუთის შემდეგ აღარ ჩანდა ჭაბურღილის კოშკურის ზედა ნაწილები, და დამტვრეული ფიცრები ხორცის რაღაც ნაჭრებიანად წამოვიდა ძირს. გრანდიოზულმა შადრევანმა ამოხეთქა, ასე დიდხანს რომ ელოდნენ და ნატრობდნენ და დაიწყო მილიონების ამოფრქვევა…

დილის მზის სხივები თამაშობდნენ ნავთის მტვერში, რომელიც ამოხეთქილი შადრევნის ირგვლივ იდგა დიდ მანძილზე.

ჭაბურღილის ირგვლივ ფუსფუსობდნენ ასეულობით მუშები. აქვე მოეყარათ თავი ცნობისმოყვარეებს, რომელნიც უსაქმოობის გამო ამთქნარებდნენ და შადრევანს მისჩერებოდნენ. მმართველი და პატრონი საკმაოდ შორს იდგნენ და იქიდან იძლეოდნენ განკარგულებებს. “ამბარი” სავსე იყო, და ტუმბო ენერგიულად ტუმბავდა ნავთს, ნავთის სადგურში. მაგრამ ტუმბო უეცრად გაჩერდა. მემანქანემ მიირბინა, დაათვალიერა ის და სარქველი მოატრიალა, ტუმბო მაინც არ ინძრეოდა. “ასწიეთ მიმღები!” - გაისმა მმართველის ხმა, რომელსაც ეგონა მიმღები სილას დაებჯინაო. მუშებმა ასწიეს მიმღები. ერთი მათგანი ჯოჯგინებზე გადაძვრა და “ამბარში” ჩავიდა, ხელით მოძებნა მილი, იქიდან ამოათრია მრგვალი და მაგარი რაღაცა და მიწაზე გადაისროლა. ეს იყო საბრალო აბდულას თავი...

მუშებს თვალები დაეჭყიტათ და შეძრწუნებული უმზერდნენ დამახინჯებულ თავის ქალას. “სულელი” - წაიბურტყუნა მმართველმა, თითონაც არ იცოდა რატომ, ბრძანა მიწაში ჩაემარხათ თავის ქალა და განზედ გადგა.

ტუმბომ კვლავ დაიწყო ტკაცანი, მოსული უსაქმური ბრბო კი შურით უმზერდა მძლავრ შადრევანს.

1898 წ.