The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ქინაქინა

ქინაქინა

I

მშვენიერი ზაფხულის დილა იყო. მზეს თუმცა უხვად მოეფინა დედამიწაზე თავისი სხივები, მაგრამ ჯერ კიდევ გრილოდა. ხანდახან ქროდა საამო ნიავი და ჰფენდა გარშემო ბაღებიდან ტკბილ სურნელებას სხვადასხვა ყვავილებისას. დიდი სიმხიარულე იყო ყოველგან: სულიერი თუ უსულო სიამოვნებით შეჰხაროდა ამ ბედნიერ დილას.

არც კ-ის სასოფლო სკოლის პაწაწა შეგირდებით მოფენილი ეზო იყო მოწყენილი ამ დილას: ბავშვები უკან არ ჩამორჩენოდნენ საერთო მხიარულებაში სიცოცხლით სავსე ბუნებას და მასთან ერთად დღესასწაულობდნენ ათასნაირ თამაშობაში გართულნი: სულ პატარები ჭრელ პეპლებს დასდევდნენ დასაჭერად, უფრო მოზრდილები რიკტაფელას თამაშობდნენ, ყველაზე უფროსები ბურთს გაეტაცნა და იქით დარბოდნენ თავდავიწყებულნი. სკოლის აივანი სავსე იყო პატარა გოგოებით. ესენი რაღაცეებს აკეთებდნენ - ალბათ თავიანთი ტიკინებისათვის და მხიარულად იცინოდნენ.

აგერ გამოვიდა აივანზე ახალგაზრდა, ცოტათ გამხდარი კაცი, ღიმილით გაიარ-გამოიარა გოგოებში, ზოგიერთებს კიდეც დაელაპარაკა და მივიდა სვეტთან, სადაც ზარი ეკიდა. გოგოებმა იცოდნენ, რომ ზარის დარეკა იყო საჭირო და თვალებში შესცქეროდნენ მასწავლებელს: არა მე დამარეკინე, არა მეო.

- დარო, მოდი დარეკე! - დაუძახა მასწავლებელმა ყველაზე უფრო პატარა გოგოს, რომელიც კუთხეში იჯდა მარტოდ. გოგოს აქამდის მოწყენილი სახე გაუბრწყინდა, ლოყები გაუწითლდა, თვალები გაუცოცხლდა, ტუჩებმა გაუღიმა. თვალის დახამხამებაზე მიირბინა სვეტთან, ძლივს მოჰკიდა ზარის თოკს ხელი და რამდენჯერმე ჩამოაწკარუნა.

გაიგონეს თუ არა ბავშვებმა ზარის ხმა, მაშინვე მიატოვეს თამაშობა და ყვირილით გაიქცნენ სკოლისაკენ. გოგოები დაროსთან ერთად ბიჭებზე უმალ შევიდნენ სკოლაში. სკოლის კარებთან იდგა მასწავლებელი და უცინოდა მოწაფეებს, რომელნიც მხიარულად მოხტოდნენ მის წინ.

- ბევრი ითამაშე? - ჰკითხა მასწავლებელმა ერთ შეგირდს.

- ბევრი, - მიუგო მან.

- როცა სახლში მიხვიდე, არ დაგავიწყდეს, გააკერინე სახელო, დაგგლეჯია.

ბავშვმა დახედა ჩამოხეულ სახელოს, გაწითლდა და შევიდა სკოლაში.

- სიკო, რად კოჭლობ? - ჰკითხა მეორე შეგირდს მასწავლებელმა.

- ეკალი შემესო ფეხში, - უპასუხა ბავშვმა და აჩვენა გამოგლეჯილ წუღიდან გამოყოფილი ტიტველი ქუსლი.

- მერე ვერ გამოიღე?

- ვერა.

- მოდი ჩემთან, მე გამოგიღებ.

მასწავლებელი და ბავშვი შევიდნენ იქვე ოთახში. პატარა ხანს უკან ბავშვი გახარებული გამოვიდა ოთახიდან და თამაშობით შევიდა სკოლაში.

როცა ყველანი მივიდნენ და დასხდნენ თავთავიანთ ადგილზე, მასწავლებელიც შევიდა; შეგირდები მაშინვე ადგნენ და ერთმა მათგანმა წაიკითხა სწავლის დაწყების წინ სათქმელი ლოცვა.

- დაჯექით! - უთხრა მასწავლებელმა შეგირდებს, როცა ლოცვა გათავდა.

შეგირდები დასხდნენ, მასწავლებელი გაჩერდა შუა ადგილზე. შეგირდებმა ხმა გაკმინდეს. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ბუზის ფრენასაც გაიგონებდა ადამიანი.

- დღეს ჩვენ გვეწვევა ერთი სტუმარი, - ღიმილით დაიწყო მასწავლებელმა: - როცა აქ შემოვიდეს, ყველანი ადექით და, სანამ არ გითხრათ, ნუ დაჯდებით. როცა გკითხოთ რამე, პასუხი თამამად უთხარით, ხმამაღლა გარკვევით. არ შეგეშინდეთ! ის ერთობ კეთილი კაცია და ბავშვები ძლიერ უყვარს. გკითხავსთ მხოლოდ იმას, რაც იცით. ცოდნა კი უნდა მოიხმაროთ, როცა საჭიროება მოიტანს, და დღეს სწორედ საჭირო იქნება მისი მოხმარება, რაც გისწავლიათ. აბა თქვენ იცით!..

გაათავა ეს სიტყვები, მივიდა კედელთან, სადაც გამოკიდებული იყო შეგირდების სახელი და გვარები, და ჩამოიკითხა, რომ გაეგო, ვინ არ იყო დღეს სკოლაში. აღმოჩნდა, რომ ერთი პაწაწა ბავშვის, მიხას, გარდა ყველა იყო.

- ავად ხომ არ არის მიხა, თუ იცით ვინმემ? - იკითხა მასწავლებელმა. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს და პასუხი კი ვერავინ უთხრა.

II

პაწაწა მიხა ავად არ იყო, მაგრამ სკოლაში წასასვლელად მაინც არ ეცალა. მიხას დედას აციებდა და იმ დილასაც საშინლად გააცივა. მიხას მამა ყანაში იყო წასული და ავადმყოფს მიხას მეტი პატრონი არავინა ჰყავდა. ჯერ ვითომ გაუძალდა მიხას დედა სენს და სადილის კეთებას მიჰყო ხელი, მაგრამ ფეხებმა და ხელებმა უსუსტეს და იძულებული შეიქნა დაწოლილიყო. დაწვა საწყალი, მოატანია მიხას, რაც რამ ქვეშაგების მაგვარი მოიპოვებოდა მათ სახლში; მოატანია აგრეთვე, რაც რამ კონკები ებადათ, და დაიყარა ყველაფერი თავზე, მაგრამ არაფერი ეშველა, ვერ გათბა.

- მოდი, შვილო, შენც დამაწევი, თორემ მოვკვდი სიცივით, - უთხრა შვილს აკანკალებულმა დედამ.

მიხა მაშინვე მივიდა და ჩაეკრა დედას. რამდენსამე ხანს ასე იყვნენ დედა-შვილი. გათბა როგორც იქნა მიხას დედა და მიხაც ძირს ჩამოვიდა. ნელ-ნელა სიცხემ უმატა ავადმყოფს და პატარა ხანს უკან ისეთი ბორგვა დაიწყო, რომ რაც ეხურა, ყველაფერი გადაყარა.

- წყალი, წყალი!.. - იძახოდა ყოველ წამს ავადმყოფი და მიხაც აწოდებდა პატარა ხელადით წყალს.

ამასობაში შუადღემ მოატანა, ავადმყოფს ოფლი მოედინა და დაწყნარდა. მიხა თავით უჯდა და ფიქრებში იყო გართული.

“ახლა რა ამბავია სკოლაში? - ფიქრობდა მიხა: - იქნება, კარგი რამ არის და მე კი წასვლა არ შემიძლია”...

მიხა არ ტყუვდებოდა; სკოლაში მართლა კარგი ამბავი იყო. სტუმარი, რომელზედაც მასწავლებელი ეუბნებოდა შეგირდებს, მართლაც ეწვია სკოლას. იგი დაესწრო გაკვეთილებს და შეგირდების ცოდნით კმაყოფილი დარჩა. ბევრმა შეგირდმა საჩუქარიც მიიღო მისგან კარგი სწავლისათვის და მთელმა სკოლამ მასწავლებელთან ერთად მადლობა დაიმსახურა.

“ნეტა ახლა მამა მოვიდოდეს, - ფიქრობდა მიხა, - რომ მე სკოლაში წავიდე!”

მიხამ იცოდა, რომ ახლა გვიანღა იყო, მაგრამ მაინც უნდოდა სკოლაში მისვლა. დიდი ხანი არ იყო, რაც მიხა სკოლაში შეიყვანეს, მაგრამ ისე შეუყვარდა სკოლაში სიარული, მასწავლებლის ყურისგდება, სასიამოვნო ამბების კითხვა ახალ წიგნში, რომელიც ანბანს შემდეგ დააწყებინეს, რომ ის დღე, რა დღესაც სკოლაში ვერ წავიდოდა, დღეთ არ მიაჩნდა.

ამ დროს მიხას მამა სიმინდს მარგლავდა ყანაში. სადილობის დრომ მოატანა და ამისთვის-კი სადილი კაცს არ მოჰქონდა.

“ალბათ კიდევ გააცივა დედაკაცს”, - იფიქრა მან, როცა ნახა, რომ აღარავინ მოდის, და მწარედ დაღონებული წავიდა შინისაკენ.

“რა ვქნა, რა მოვახერხო, რომ არ ვიცი? - ფიქრობდა გზაზე: - ავადმყოფს მოვუარო, სადილი ვაკეთო, თუ ვთოხნო? დაგელოცა, ღმერთო, სამართალი!.. მარტოხელი კაცი ვარ და ამდენი საქმე კისერზე მაწევს. რა ვქნა, რომელ ერთს გავუძღვე? ამ დღეებში “ბორჩიკიც” მომადგება კარებზე ფოსტის ფულისათვის და მე კი ორი გროშიც ვერ მიშოვნია, ქინაქინა ვიყიდო, იქნება, დედაკაცს ციებამ თავი დაანებოს”...

ამ მწარე ფიქრებში იყო გართული უბედური მიხას მამა, მაგრამ შევიდა თუ არა თავის სახლში, სადაც ავადმყოფი ცოლი დახვდა, მაშინვე ალერსიანად დაეკითხა: როგორა ხარო.

- რაღა როგორა ვარ, საშინლად გამაცია, - ძლივს უპასუხა ცოლმა.

- არაფერია, - ღიმილით უთხრა ქმარმა, - დღეს ან ხვალ საიდანმე ფულს ვიშოვი, ერთი ორჯერ ქინაქინას გადაგაშუშხვინებ და სულ კუდით ქვას ვასროლინებ შენს ციებას.

- ქინაქინა კი არა, ნეტავი, რაც საჭიროა, იმისთვის ვიშოვიდეთ ფულს, - თქვა ავადმყოფმა.

- ვიშოვით, ვიშოვით!.. აბა ხომ ჩვენზე არ შეიკვრის ქვეყანა, - ამბობდა მიხას მამა.

- მამი, რა არის ქინაქინა? - იკითხა მიხამ, ცნობისმოყვრეობით გატაცებულმა.

- წამალია, შვილო, მერე რა წამალი? - დედაშენმა ახლა ერთი წვეთი რომ დალიოს, მაშინვე ფეხზე წამოდგება, - უთხრა მამამ.

მიხა ჩაფიქრდა და გაიტაცა დედის მორჩენის სურვილმა.

“ნეტა ერთი ფულს ვიპოვნიდე დღეს, რომ დედისათვის ქინაქინა ვაყიდინო მამასაო”, - ფიქრობდა მიხა.

- მიხა, შვილო, თუ გინდა, წადი სკოლაში! - უთხრა დედამ მიხას, რადგან იცოდა, რომ სკოლაში წასვლა მიხას არ ეწყინებოდა.

- წადი, შვილო, წადი, - უთხრა მამამაც. - წადი, იქნება ისწავლო რამე და გამოიყენო, თორემ ხომ ხედავ ჩვენს გაჭირვებას? წადი, მე სადილს დაგახვედრებ...

მიხასაც ეს უნდოდა, მაშინვე წამოხტა ზეზე, ჩაიწყო ჩანთაში წიგნები და მხიარული გაექანა სკოლისაკენ.

III

როცა მიხა სკოლაში შევიდა, დაინახა თავისი ამხანაგების გაბრწყინებული სახე, ბედნიერი მასწავლებელი, კმაყოფილი სტუმარი; დაინახა, რომ მთელ სკოლას რაღაც სადღესასწაულო ფერი დასდებია, - აღარ იცოდა რა ექნა, შემკრთალი გაჩერდა ერთ ადგილზე და მიაჩერდა მასწავლებელს, თითქო თვალებით შესთხოვს, გამაგებინე, რა ამბავია აქაო.

- მიხას გაუმარჯოს! - დაუძახა მასწავლებელმა ღიმილით: - სად იყავი ამდენ ხანს?

მიხა არაფერს არ ამბობდა და გაშტერებული იდგა.

- სხვა დროს არ დაგიგვიანია და დღეს როგორ დაგემართა, რომ ამისთანა დღეს გამოგვაკლდი? დღეს ჩვენ გვეწვია სტუმარი, ყველანი შეძლებისდაგვარად დავხვდით და მადლობა დავიმსახურეთ, შენ კი ასე გვიან მოხვედი... აგრე უნდა მასპინძლობა?..

მიხას თვალები ძირს დაეშვა და ცრემლებით ავსებოდა. რამდენიმე სიტყვა რომ ეთქვა კიდევ, ის ტირილს დაიწყებდა; მაგრამ ამ დროს მიიხმო სტუმარმა მასწავლებელი და ცოტა ხანს ჩუმად ელაპარაკებოდა. ლაპარაკის დროს ორივენი მიხას უყურებდნენ; მერე მივიდა მასწავლებელი მიხასთან, გადაუსვა თავზე ხელი და უთხრა:

- არა უშავს რა! კიდევ კარგ დროს მოხვედი!

- მოდი, პაწაწავ! - უთხრა სტუმარმა ალერსიანად. მიხას იამა მასწავლებლისა და სტუმრის სიტყვების კილო და თამამად მივიდა.

- აბა, დაიწყე აქედან! - უთხრა სტუმარმა და აჩვენა გადაშლილ წიგნზე ადგილი. მიხა ჯერ ხმის კანკალით შეუდგა კითხვას, მერე და მერე კი გათამამდა და ჩინებულად დაიწყო კითხვა. წაკითხვის მერე სტუმარმა ათქმევია წანაკითხი და მიხამაც მშვენივრად უამბო ყველაფერი, რაც წაიკითხა. მერე ლექსები ათქმევინეს ზეპირად, მერე საანგარიშო მისცეს. მიხამ თავი გამოიჩინა, ისე კარგად უთხრა ყველაფერი.

- ყოჩაღ, ყოჩაღ! - იძახოდა სტუმარი. მასწავლებელი გახარებული იყო მიხას პასუხებით, სტუმარი გაკვირვებული.

გაათავეს მიხას გამოკითხვა.

- საჩუქარი რომ აღარ მაქვს შენთვის! - გულდაწყვეტილი ეუბნებოდა მიხას სტუმარი, - რაც მქონდა, ყველა დავარიგე დღეს.

- ნუ შეწუხდებით, მე მივცემ საჩუქარს თქვენ მაგიერ, - უთხრა სტუმარს მასწავლებელმა.

- თქვენ კი მისცემთ, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემგანაც ჰქონდეს რამე. მე მოგცემთ ფულს და გთხოვთ, ჩემ მაგიერ უყიდოთ, რაც თვითონ სურს.

ამ სიტყვებზე ამოიღო სტუმარმა რამდენიმე თეთრი ფული და მისცა. მასწავლებელმა გამოართვა და მიუბრუნდა მიხას.

- მიხა, ბარემ ახლავე მითხარი, რა გიყიდო ამ ფულით?

- “ქინაქინა”! - წამოიძახა უცებ გახარებულმა მიხამ. ყველამ ყურები ცქვიტა და გაოცებულებმა შეხედეს.

- რა? - დაეკითხა მეორედ მასწავლებელი, რომელსაც ეგონა, რომ ყურმა მომატყუაო.

- “ქინაქინა”! - განიმეორა ბავშვმა.

- იცი მერე, რა არის ქინაქინა? - ღიმილით ჰკითხა სტუმარმა.

- წამალია, - მიუგო ბავშვმა.

- მერე რად გინდა შენ ეგ წამალი? - ჰკითხა მასწავლებელმა.

- დედას აციებს და მამა სწუხს: უფულობას რა ვუყო, თორემ “ქინაქინას” ვიყიდდი და მოვარჩენდიო.

სტუმარმა და მასწავლებელმა ერთმანეთს შეხედეს…

იმ საღამოს მასწავლებელი და ფერშალი მახლობელ დაბიდან მივიდნენ მიხას სახლში. ფერშალმა ნახა ავადმყოფი, საჭირო წამლები (რასაკვირველია “ქინაქინაც”) დაუტოვა და დარიგებაც მისცა, როგორ მოქცეულიყო. მასწავლებელმა კი პატარა სურათებიანი წიგნი მოუტანა მიხას. აუწერელია ის სიხარული, რომელსაც გრძნობდნენ, როგორც მიხას მშობლები, ისე თვითონ მიხა; ამისი მხოლოდ გრძნობა შეიძლება და არა გამოთქმა!