The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბედის ტრიალი

ბედის ტრიალი

ნაწილი პირველი

I

ცივი, სულის შემხუთავი ქარი უწყალოდ დაჰკვნესოდა სუდარა-მოსხმულ მინდვრებს, თავგადაკლული ეძებდა დასასვენებელ კუთხეს, იერიში მიჰქონდა შენობის კარ-სარკმლებზე, მედგრად ეხეთქებოდა კედლებს, რომ შეენგრია და შიგ შეჭრილიყო, მაგრამ ამაოდ: წინ უდგებოდა აგიზგიზებული ბუხარი, ყუჩს უტეხავდა და უკან აგდებდა. ცეცხლის ნაპერწკლები საკვამლეში თვალის მომჭრელ ზოლებად ადიოდნენ. ოთახში გრძელი ტახტი იდგა, ტახტზე მოეკეცა მოხუცებულ დიდედას, ფუნთუშა ხელებით აბზრიალებდა თითისტარს, რომელზედაც სრიალით ეხვეოდა აბრეშუმის ძაფი. თეთრ სახეს ჯიღად დასდგომოდა ბრტყელი, ძველებური ჩიხტი, ღაწვებზე დაკონებული კავები დანდობოდნენ ნიკაპ ქვეშ ამოტარებულ ლეჩაქის ყურს; წარბებ ქვეშიდან იყურებოდნენ ფართე წაბლისფერი ხშირ-წამწამიანი თვალები, რომელნიც ამ ჟამად ხატავდნენ გაოცებას. სახე აქა-იქ დაღაროდა ცხოვრების საგრძნობ წუთებისაგან, მოხრილი ბეჭები შემკრთალიყო საწუთრის მძიმე ბორბლის ტრიალისგან. მოხუცებულმა ხელი დაუსვა ძაფს, ნასკვები დაუსწორა, მოხედა იქვე მოკეცილ პატარა ცხრა წლის გოგონას, რომელსაც ახლო დაედგა ლამპარი, მუხლებზე მოზრდილი წიგნი გადაეშალა და გულმოდგინედ ჩასცეცებოდა.

- აბა, ციცო, მერე რა იყო, შვილო? - ჰკითხა დიდედამ.

გაიგონა თუ არა ეს ბავშვმა, კმაყოფილებით გაიღიმა, გააპო ბაგე და წუთს ოთახში ნაკადულსავით იწყეს ჩქერა უმანკო ხმაზე რაინდულმა სიტყვებმა. რა არ ისმოდა აქ? ყარამანის ვაჟკაცობა, გარდანქეშანის ვერაგობა, ფარმანბარყუშის ერთგულობა და ფერიათა ფრიალი ცაში. ყველაზე მეტად ციცოს იტაცებდნენ ეს უკანასკნელნი. გრძნობა-მორეული დრო და დრო შესწყვეტდა კითხვას, სულს მოითქვამდა, დაკვირვებით მიაჩერდებოდა დიდედას, ალმაცერად გახედავდა თითიკას, რომელიც ბუხართან ჩაცუცქულიყო, ნიკაპზე თითი მიებჯინა და ისე შესცეცებოდა ბავშვს, რომ არც ერთი სიტყვა არ დასცდენოდა; მარტო ხანდისხან, როდესაც ყარამანის გასაშტერებელი მოქმედება მოთმინებას დაუკარგავდა, შესძახებდა:

- ჰო, ჰო, ჰო? რა ყოფილა ი დალოცვილი! ქალბატონო, ნეტა თუ მართალია?

- ვაჟკაცობა მართალი უნდა იყვეს, ჩემო თითიკა, თუმცა ზოგ-ზოგი გადამეტებულია! - უპასუხებდა ღიმილით ქეთევანი, რომელსაც თითქო სჯეროდა, მაგრამ თავმოყვარეობა ნებას არ აძლევდა გამოტეხილიყო და თითიკასთან მაინც ეჭვს აცხადებდა.

- აქ ყველაფერი მართალია, თითიკა! - შესძახებდა ღტაცებული ციცო და კვალად განაგრძობდა კითხვას.

აგერა, ყარამანმა ერთხელ კიდევ მარჯვენა ხელი მარცხნივ შემოივლო, მარცხენა მარჯვნივ, ერთი საშინლად შესძახა და უსულოდ ქცეულ მდევებისგან თავისი ჯარი იხსნა. ციცომ დაკეცა წიგნი. ლოყები გასწითლებოდა, თვალები ცეცხლებს აბნევდნენ. ქეთევანმა კმაყოფილებით შეაბზრიალა თითისტარი, თითიკა წამოიწია, ანგარიშ-მიუცემლად დაიბერტყა კალთა, თითქო მოიშორა თავისი უძლურებაო... ბუხარში შეშამ გაიტკაცუნა, გარედგან ქარმაც შემოჰკივლ-შემოიკვნესა... ოთახში ყოველივეს თავს დასთამაშებდა გამარჯვება-კმაყოფილება!..

- თითიკა, გეთაყვა, ლოგინი გაშალე! ეხლა ძილის დროა, - მოუბრუნდა ქეთევანი დედაკაცს და ხელსაქმეს დაუწყო ლაგება. ციცომაც წიგნი დასდო მაგიდაზე, მიუჯდა ბუხარს და ზარმაცად თვალი გააყოლა ნუგუზლების ბრწკიალს. ქეთევანიც ტახტიდან ჩამოვიდა. თითიკამ წუთს გაშალა ლოგინი, მის ფეხთით მიაგო პატარა ნაალი და ზედ ფარჩის ალისფერი საბანი გადააფინა.

- ამაღამ ძალიანა ჰყინავს, ქალბატონო, თბილად დაიხურეთ! ცეცხლი განელდება თუ არა, ოთახში სითბო იკლებს, - წარმოსთქვა მზრუნველობით თითიკამ, გამობრუნდა და თავისთვისაც იქვე ბუხრის ახლო, კუთხეში დაიგო.

ქეთევანმა წინ გაიშალა ბოხჩა და დაიწყო თავის ხდა, დაკეცა ლეჩაქი, ჩიხტიკოპთან ერთად სიფრთხილით ჩასდო ბოხჩაში, რომ არ დასრესილიყო, თავზე მოიხვა თეთრი ქალაღაია. ციცომ მოუტანა ლოცვანი, თვითონაც მის წინ გაჩერდა, თვალები ამართა ზევით, გულხელი დაიკრიფა და წუთს ოთახში გაისმა ვედრება მაცხოვრისადმი, რომელიც კუთხეში ესვენა.

რავდენისამე წამის შემდეგ საბანში გახვეულმა ციცომ მალე დაიძინა. ქეთევანი კი ტრიალებდა ლოგინში, ეტყობოდა ფიქრები არ ასვენებდნენ. თითიკასაც თავზე საბანი წაეფარებინა და ჩუმად ბურნუთის კოლოფს თავსა ხდიდა, რომ ძილის წინ ერთი კიდევ მოეწია, მაგრამ ხელი დაუცდა და გაწკრიალდა თავსახურავი.

- ოჰი, გატიელება და გაოხრება შენა, აჰანდე!.. ნეტაი რას ჩხიკინებ?.. - წაიბურტყუნა გაგულისებულმა თითიკამ, ხელი გამოყო საბანქვეშიდგან და მიითრია. დაიკმაყოფილა თუ არა სურვილი, მაშინვე ხვრინვაც მოაყოლა.

ქეთევანს კი არ ეძინა: ფიქრობდა, ხვალ როგორ გაეგზავნა სოლო ცხენებით სადგურზე პავლეს მოსაყვანად. გულში ჯავრად ჩასჭროდა დღევანდელი კორიანტელი და ღმერთს სთხოვდა ხვალ მაინც კაი დღე გამოსულიყო, სანამ ამისი ძვირფასი მეუღლე სახლამდის მოაღწევდა.

ქეთევანი ფიქრისაგან მოიქანცა, მისუსტდა, ძლივს ძილმაც თავი წაართვა. ოთახში ისმოდა ზომიერი სუნთქვა, ბუხარშიაც ნაკვერჩხლებმა გადაიკრეს ფერფლი, მაგრამ მაინც კიდევ სამყოფ სითბოს გზავნიდნენ.

II

მეორე დღეს ლაჟვარდი ცა ღიმილით დაჰყურებდა დედამიწას, რომელზედაც თოვლი ათასფრად ენთებოდა.

სარკმელში შემოსულმა მზის სხივმა გაავსო ოთახი სინათლით, ციცოს ძილი გაუკრთო, წამოიწია ზეზე და გაიღიმა.

- კიდევა თოვს, დიდედა? - იკითხა თვალების ფშვნეტით.

- არა, შვილო, შეხე რა კარგი დღე მოდის! - უპასუხა მან და გადასწია სარკმელზე ჩამოფარებული თეთრი მიტკლის ფარდა.

სარკმელს გარედან ხელის სისქედ გარშემო რკლად შემოხვეოდა თოვლის ფიფქი. აივნიდგან ბეღურების ჟივილ-ხივილი მოისმოდა. ბავშვს მოეწონა დილა, იწყო საჩქაროდ ჩაცმა. დიდედა კი დიდი ხანია თავის ლოგინში კითხულობდა “დაუჯდომელს”. თითიკა ოთახში ფუსფუსებდა. მალე სოლომაც ამოარბეინა აქაფქაფებული სამოვარი, ჭიქებს დაუწყო წკარუნი, მოწიწებით მიართვა ქალბატონს ჩაიდანი, რათა ჩაი ჩაეყარა და ქეთევანმაც მედიდურად შეასრულა. დანარჩენი კი სოლოს უნდა დაებოლოვებინა და მზამზარეულად მოერთმია. ქეთევანმა და ციცომ დალიეს ჩაი, შემდეგ ქეთევანმა განკარგულება მისცა სადილად თეთრი დედალი ჩაეხოხბა და მეორე წვნით მოეტანა.

- აბა, თითიკა, ვინძლო შენებურად გემრიელი სადილი გააკეთო, ხომ იცი დღეს ბატონი უნდა მოვიდეს! სოლო, შენც თავის დროზე ცხენები წაგვარე და ეცადე, რომ გაუჭირვებლად მოიყვანო. - სოლო იდგა გაჩუმებული და მორჩილებით უსმენდა ბრძანებას. დიდედა ჩაუჯდა ხელსაქმეს, ციცოს კი გული აღარ გაუჩერდა ოთახში და კარზე გამოხტა, თუმცა უკანიდგან დიდედა მოსძახოდა შინ დაბრუნებულიყო. სახლს გრძელი აივანი ჰქონდა, მთელ სოფელს გადაჰყურებდა. ციცო გადაეყუდა მოაჯირს და დაუწყო თოვლით შელესილ სახლებს ყურება. სოლომ თავლიდან გამოიყვანა ორი ცხენი, შეკაზმა, ერთს ზურგზე მოახტა, მეორეს აღვირი ხელში გამოიმარყუჟა და გასწია. თითიკა კი სამზარეულოში დარჩა, შეუდგა სადილის მზადებას. ციცო ისევ განაგრძობდა ყურებას, რაკი აივნის ქვევით ჩასვლა თოვლისა და სიცივის გამო არა ღირდა. მალე შემოვიდა ოთახში, აიღო დედოფლები, მიჯდა ტახტის ბოლოს და იწყო თავის შექცევა.

- დილა მშვიდობისათ! - მოისმა ამ დროს მოკრძალებული სალამი. კარებში გამოჩნდა შავებში მოსილი მაღალ-მაღალი შუა ხნის ქალი, რომელსაც წინ პატარა გოგო მოუძღოდა.

- ოჰ, ანანო, მობრძანდი! როგორ აგრე გვაინ-გვიან დაგვხედავ ხოლმე? - უპასუხა ღიმილით ქეთევანმა. ეტყობოდა, მოსწყენოდა მარტოდ ყოფნა და რა დაინახა ანანო, ხმის გამცემი, იამა. ანანო მივიდა ცეცხლთან, ბუხარს ხელები მიუფიცხა და თითების ფშვნეტა დაიწყო. პატარა კატო კი მაშინვე მიტრიალდა ციცოსკენ, რომელმაც აგრეთვე გაუღიმა. ბავშვები დედოფლების ფერაობაში მალე გაერთნენ. ანანომაც ტახტის წინ ფეხთ დაიხადა, ავიდა ზემოთ ქეთევანთან და ცოტა მოშორებით მოიკეცა.

- ღმერთმა გიშველოს, რომ მოხვედი! გული გაილია ამ ზამთრისგან. ახალს რას იტყვი? - წარმოსთქვა ქეთევანმა და თითისტარი შეაბზრიალა.

- თქვენ რომ მაგას ბრძანებთ, ქალბატონო, მე რაღა უნდა ვთქვა? ჩემს ჭდეულში რომ შემოგეხედათ, სწორედ შემიბრალებდით. კიწაწი შეშა არ გაგვაჩნდა, ორივ დედა-შვილი ჩავწვებოდით ლოგინში და ერთმანეთს ისე ვათბობდით. ლოგინში რომ მოგვწყინდებოდა, მივაშურებდით რომელსამე მეზობელს.

- თუ კი აგრეც არის, რატო აქ არ მოდიხართ ხოლმე ხშირად? მეც მარტო ვარ და არა სჯობიან ერთად ვიყვეთ? - უთხრა თანაგრძნობით ქეთევანმა.

- უი, გენაცვალე, სვინდისიც კაი საქონელია, როგორ უნდა შეგაწუხოთ და თავი მოგაბეზროთ? თქვენს წყალობას ისედაც ნახევარს არა ვღირვარ, დიდ მადლობას მოგახსენებ, ქალბატონო, შეშის ბოძებისათვის, ძლივს ძვლები გავითბეთ. ოჰი, ისემც გაგახაროთ თქვენის ქმრით და შვილი-შვილით ღმერთმა, როგორც მე გავიხარე! - დაუმატა ანანომ და მაცხოვრის ხატისკენ ხელები ააპყრო.

- სოფელიც ღმერთმა ააშენოს, ისიც ხელს მიმართავს, ცოდოს ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც მეტი დრო უცეცხლოთა ვყრივართ ხოლმე. სიღარიბეს დიდი პირი ჰქონია და განა ჩემთან თქვენც ზამთარზე უნდა სჩიოდეთ?

- ეჰ, რა ზამთარი, რა ზაფხული, ჩემო ანანო? წუთისოფელს ცოტასთვის გაუცინია, შენის გაჭირვებით ვერ გამაკვირვებ. ყველას თვითო მოუნელებელი ვარამი დაგვწოლია გულზე და მოსვენებას გვიკარგავს. მივათრევთ დღეებს რაღა! - ამ პასუხს მოჰყვა საშინელი ოხვრა ორივ მხრივ. ანანო დააშტერდა ქეთევანს და უსიტყვოდ თავი გააქნ-გამოაქნია. ქეთევანს სახეზე რაღაც ტანჯვა ეხატებოდა.

- მართალი ბრძანებაა! იკურთხოს ნება უფლისა! - ანანომ პირჯვარი გადიწერა და მორჩილებით მიაჩერდა სივრცეს.

- მაგრამ ეჰ, ღმერთმა რაც უნდა შემრისხოს, რაც უნდა გამანადგუროს, მაინც კიდევ ღვთის მოწყალებად მივიღებ. რა ვართ მასთან? ერთი მუჭა მტვერი და სხვა არაფერი. მაგრამ, როდესაც ადამიანი, ჩემისთანა შემცოდე, ჩემი სისხლი და ხორცი მევე ფეხს მაჭერს და მანადგურებს, ეს კი მოუნელებელი ცეცხლია. ოჰი, ჩემი კაბით დაჯდეს ჩემი მაზლის ცოლი ბარბარე!.. როგორც მე მისმა ქმარმა გამასაწყლა და უბედური ჩემი ქმრის ცოლ-შვილი ააწიოკა, ისეც აწიოკებულა ის, - ანანომ თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და დაუმატა:

- სიკვდილმა არ დამინდო და ისინიც ფეხს მაჭერენ. აბა სამართალი სად არის?

- ხომ გამოეცალე სახლიდგან და რაღა ღმერთი გაუწყრათ?

- ეს ერთი ბავშვი რომ მიგდია, ამაზედაც თვალი უდგებათ. ასე მეუბნებიან, არც მაგითი გაიხარებო.

- რა საძაგელი ყოფილა! რა იცის მერე? იმის უბეში ზიხარ თუ?

- მეც ეგა მკლავს და მაგიჟებს!

ანანომ წინ გაშალა ბოხჩა, რომელიც გადმოუგდო ქეთევანმა, აირჩია საკერავი და გულმოდგინედ შეუდგა საქმეს. შუადღემ გადიწია. ქეთევანი მალმალ გადიხედავდა ხოლმე სარკმელში, ხომ არ მოსულანო, მაგრამ ცხენები ჯერ არსადა სჩანდნენ. მოლოდინსაც ბოლო მოეღო, მოისმა ხვიხვინი. ციცომ სწრაფლ ხელი უშვა დედოფლებს, წამოვარდა და კარზე გავიდა. ქეთევანს სახეზე აღელვება დაეტყო. მარტო ანანო წინანდელზე უფრო აიბუზა და წარბებ-აკრეხილი გალურსული ჰკერავდა, რავდენიმე წამი და კარიც გაიღო. ოთახში შემოვიდა წელში ცოტა მოხრილი, მაგრამ მაინც კიდევ ვაჟკაცურად გამომყურე თავადი პავლე. ის შეფუთნული იყო ბეწვდადებულ ქურქში და თავ-პირი ყაბალახით ჰქონდა შეხვეული, თვალებზედაც ლურჯი სათვალეები გაეკეთებინა.

- ოჰ, მოხვედი? ეგ სათვალეები რაღაა? - დაუმატა შეშფოთებით ქეთევანმა და ტახტიდგან ძირს ჩამოვიდა.

- ექიმმა მომცა: როდესაც დიდი ქარი იყვეს, მზე და თოვლი, - ატარეო, - უპასუხა პავლემ და ყველას ხელი ჩამოართვა.

- თვალები როგორ-ღა გაქვს? - მიატანა კვალად ქეთევანმა და სახეზე შიში გამოუკრთა.

- ისევ ისე, როგორცა მქონდა, ხანდისხან მტკივა. ექიმმა მითხრა, დიდი გაფრთხილება გინდაო, ნურც სანთელზე წაიკითხავ, ნურც მაგარ სასმელებს დალევ და გაივლისო.

- მადლობა ღმერთსა! - შვებით ამოისუნთქა ქეთევანმა და პირზე ისევ ღიმილი მოუვიდა.

- სხვა, რასა იქთ და როგორა ხართ? - განაგრძო პავლემ და დაიწყო ქურქის ხდა.

- როგორც გვხედავ, - უპასუხა წყნარად ცოლმა, რომელიც თვალს არ აშორებდა ქმრის თვითეულ მოძრაობას.

კატო მიეკრა დედას და ალმაცერად გამოჰყურებდა სოლოს, როგორ ალაგებდა ხურჯინიდგან სხვადასხვა ახალ ნივთებს. აგერ ამოიღო ორი წყვილი დოში, ზურგიელი, ჩაი-შაქარი; თან მოჰყვა პატარა ქაღალდში შეხვეული რაღაც.

- ეგ ციცოს ფეხსაცმელებია! აბა, გოგო, გაიშინჯე, როგორ მოგივა, - წარმოსთქვა პავლემ და ქაღალდიდგან გამოხსნა სხვადასხვაფერ ძაფებით მოქარგული ფეხსაცმელები. ციცოს სახე აღტაცებისგან აენთო, ფეხსაცმელები უცბად მოიტაცა და ჩასაცმელად მეორე ოთახში გაიქცა, თან გული უძიგძიგებდა: ვაი თუ კარგად ვერ მომივიდესო.

- შენც საკაბე მოგიტანე, ქალო, თუ გამოგადგება, - დაურთო პავლემ და ცოლს გადაუდო მიხაკის ფერი შალი. ქეთევანმა გადაშალა და გულში იამა; ამან მოტანას უფრო ყურადღება მიაქცია, ვიდრე ნავაჭრის ღირსებას. შეეძლო თვითონ უფრო ძვირფასი აერჩია, მაგრამ სულ სხვა მინშვნელობა ჰქონდა ამ საჩუქარს. მალე მაგიდა გაივსო მოტანილებით. ეტყობოდა, პავლეს პირის პატივი უყვარდა.

- ეგ კარგა ხანს გვეყოფა, თუ გამოვიზოგებთ, - სთქვა პავლემ, როდესაც სოლომ ხუთი-ექვსიოდ ყუთი ხიზილალა ამოიღო.

- გეთაყვა, სოლო, დროზე დააბინავე ყველა ეს მარანში და სუფრაც გაშალე, - პავლემ წაღები დაიხადა და ტახტზე მოიკეცა.

- სხვა, ნათლიდედ, როგორა ხართ?

- დიდ მადლობას მოგახსენებთ, გახლავართ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს გაჭირვებას.- მოუბრუნდა ეს ანანოს, რომელიც გაწითლდა, მორცხვად თავი ძირს დახარა და ჩაილაპარაკა:

ამ დროს შემოვარდა ციცო ბაკაბუკით.

- შეხე, პაპა, რა მშვენივრად მარგო ფეხებზე! ეს პრიალა რაღაა?

- ეგ, შვილო, ლაიკაა, ხარაზმა საგანგებოდ აარჩია! ვუთხარი ახალი მოდნისა მომეცით-მეთქი.

კატო ხარბად უყურებდა ციცოს და გულში შენატროდა, რომ ისეთი ბედნიერი იყო. ანანომ გადახედა ბავშვებს და მძიმედ ამოიოხრა. ქეთევანს არ გამოჰპარვია ეს ფარული ნაღველი, ალერსით გაუღიმა კატოს, თითქოს უსიტყვოდ ჰპირდებოდა: მოიცა, არც შენ გაგისტუმრებ დაუკმაყოფილებელსაო... პავლეს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, უფრო მეტი ხანი გაჩუმებული იჯდა ხოლმე ტახტზე და თავისთვის ღიღინებდა.

- რას გაჩუმდი? ქალაქიდან მოდიხარ და დავიჯერო არა იცი რა? - ჰკითხა ღიმილით ცოლმა.

- უჰ დავიღალე, ქეთე, ამ ოხერმა ცხენმა მეტად მაწვალა. ეტყობა, გადაჩვეულა სიარულს. შენ, სოლო, მგონი სულ ბოსელში გება და კარზე არ გაგიყვანია? - მოუბრუნდა სოლოს, რომელიც ტახტზე სუფრას შლიდა.

- თქვენი რისხვა არა მქონდეს, ბატონო, დღეში ორჯერ ჩამყავდა წყალზე, - უპასუხა მან.

- მამა გიცხონდება, ჩქარა მოიტა! - მიატანა პავლემ. ამას მონატრებოდა სოფლის გემრიელი, უხვი სუფრა და ეხლა ხარბად უყურებდა მას.

- დაილოცა სოფელი! სოფლის ჭირიმე! რა არის ქალაქი? მჭამელი და ამასთანავე მშიერი, - სთქვა მან, პირჯვარი გადიწერა და გადატეხა ცხელი პური, რომელსაც ოშხივარი ასდიოდა.

- იფ, აცხონა ამის გამომცხობის მამა!

სოლომაც შემოარბეინა საწვნე. სუფრის თავში იჯდა ქეთევანი, შემდეგ ციცო, ანანო და კატო; სულ ბოლოს თვითონ პავლეს მოეკეცა. ანანო კრძალვით იღებდა საჭმელს, კატოს ხომ შიშისგან ლუკმა ყელში უჩერდებოდა. ციცო კი თამამად იყურებოდა და გემრიელად ილუკმებოდა.

სადილსაც მალე მოეღო ბოლო. პავლე იქვე მხართეძოზე წამოწვა, მაგრამ დაღალვამ დასძლია და გავიდა მეორე ოთახში, სადაც ბუხარში ცეცხლი გრიალებდა; ტახტზედაც საბან-ბალიში ელოდა.

III

თავადი პავლე პარპაშვილი ოჯახში ერთხელვე დაყენებულ წესებს არა სცვლიდა; ცდილობდა არ დაერღვია თავის სახლში დამყარებული ბრძანებლობა. თუმცა სამოც წლამდის მიხწეულიყო, მაგრამ უკან არ ჩამორჩებოდა თანამედროვე ახალგაზრდებს როგორადაც მსჯელობაში, ისე ყოფა-ქცევაში, არც აბრუს იტეხდა, ფეხდაფეხ მისდევდა, კვალში უდგა ცხოვრებას. შეძლება კარგი ჰქონდა და თავს არას აკლებდა. ორასი თუმანი შემოსავალი ხელგაშლით აცხოვრებდა.

პავლესა და ქეთევანს ერთად ერთი ქალის მეტი არ გააჩნდათ. ეს იყო ციცოს დედა, რომელიც პირველ ლოგინობასვე თან გადაჰყვა; მისი ქმარიც მეორე წელს მოკვდა. დარჩათ პაპასა და დიდედას ობოლი, რავდენისამე დღის ციცო, რომელიც აიყვანეს გასაზრდელად.

საშინელი თავზარდამცემი დანაკარგი იყო მშობლებისათვის, მაგრამ ბუნებამ თავისი შეასრულა. მოხუცებულებმა დიდი მწუხარებისა და ჯავრის შემდეგ მორჩილად თავი დაუხარეს განგებას. ქეთევანს ეხლაც უკვირს, თუ როგორ გადურჩა იმ ელდას, როგორ არ დაუბრმავდნენ თვალები ნატალიას გაყინულ უსიცოცხლო სახის შეხედვაზე, მაგრამ დღესაც კი განაგრძობენ მზის ყურებას. ქეთევანი მაინც იმედით შეჰყურებდა პატარა ციცოს.

- იქნებ ამისმა მშვენიერმა და კარგმა ქალობამ რაიმე ნუგეში მომიტანოს ცხოვრებაშიო, - ფიქრობდა ეს და ეფერებოდა.

დიდი წვალება და მზრუნველობა დაატყდა ქეთევანს თავზე, ვიდრე რავდენიმე დღის ციცოს ცხრა წლამდის მოჰყრიდა. სოფლის დედაკაცები რიგრიგობით აწოვებდნენ ძუძუს, სანამ საკუთარი ძიძა არ მოუყვანა. ბევრჯერ მივარდნილა სიკვდილის პირამდის ბავშვი, მაგრამ ქეთევანს თავისის მოვლით, თავგანწირულებით გამოუბრუნებია.

- ვინ დაჰკარგა და რას შეჰყურებს?! მაგისას როდის რას უნდა მოესწროს? - გაიძახოდნენ გარშემო მეზობლები, მაგრამ ქეთევანი მათ ლაპარაკს ყურს არ უგდებდა.

- ღმერთი დიდია! თავისი ლუკმა დარჩება და ბედიც არ დააკლდება! - ამ გახსენებაზე მწარე ღიმილი გადაჰკრავდა ხოლმე, როდესაც წარმოიდგენდა ციცოს დაქალებას და ქმარშვილში ჩავარდნას.

- ნუ თუ ასე იქნება? მაშ როგორ? ეს ხომ გარდუვალი მომავალია ყველა ქალისთვის!

მთელი მისი არსება იგრძნობდა რაღაც განუსაზღვრელ სიბრალულს ბავშვისადმი და შეუკავებელის ლტოლვით გონება გაუჩერდებოდა ნატვრაზე, მიუწვდომელ ოცნებაზე, რომ ციცოს მაგიერი ყოფილიყო პაწაწა ბიჭი! მაგრამ წუთს გუნება შეეცვლებოდა, აიტაცებდა პატარას, გულში ჩაიკრავდა, თითქოს იცავს საშინელ შეურაცხყოფისგანაო და ცრემლებმორეული ჩაჰკოცნიდა, თან ჩურჩულებდა:

- ნეტაი რა მოგელის ცხოვრებაში, შვილო? - ძუძუ ნაწყენი, მისუსტებული ბავშვი გამოყოფდა პაწაწა თათს და ცინდალივით დაიკნავლებდა.

- ციცო, ციცო, შე საბრალო! - მიეფერებოდა დიდედა.

მას თითქო მოეწონა ეს სახელწოდებაო და სიდონიად მონათლული ბავშვი სახლში მყოფებისთვის გარდიქცა პატარა ციცოდ, რომელიც მას აქეთ იზრდებოდა მოხუცებულების ფარეზობაში. პაპა, როცა კი სახლში იყო, ძალიან ეფერებოდა, მაგრამ იშვიათად ბრუნდებოდა შინ; მოიგონებდა რაიმე მიზეზს, გაიჩენდა საქმეს და გასწევდა ქალაქში, სადაც თვისთვეობამდის ატარებდა.

პურმარილით განთქმულმა პავლემ დახურა სახლის კარები და აღარავის იწვევდა; სამაგიეროდ ცდილობდა მუდამ კარზე ყოფილიყო და კარზედვე გამასპინძლებოდა თავის კარგ ნაცნობ-ამხანაგებს. ამისი ყარაბაღული, სიმღერა და თარი ზღაპრულად იყო დარჩენილი, მაგრამ რაც ქალი მოუკვდა, ცოტა ხანს ხელი უშვა ყველაფერს მწუხარებისგან დაძლეულმა, მერე კი თანდათან გაუმკლავდა სასოწარკვეთილებას. პავლე არც შვილის სიკვდილამდე იყო კმაყოფილი თავის ბედისა. დარწმუნდა თუ არა, რომ მემკვიდრე არ გაუჩნდებოდა, ყოველივე უნარი, ყოველივე ნატვრა ოჯახის გაფართოებისა და შეძენისა გაუქრა სამუდამოდ. მისი მკვირცხლი ბუნება არ ჯერდებოდა ქეთევანისთანა მორჩილს, განუვითარებელ არსებას; მას არ აკმაყოფილებდა ბედისწერისგან მიცემული სურვილებით სუსტი ამხანაგი, რომელთანაც საერთოს ვერას ხედავდა, მაგრამ მაინც პირველში, იმ იმედით გამსჭვალული რომ ვაჟი შეეძინებოდა, ურიგდებოდა აწმყოს. ეს იმედიც გაუქრა და ხელში დარჩა უფერული, უაზრო ცხოვრება. პავლემ ნელნელა ჩამოიშორა საშინელი სევდა და წინანდელზე მეტად მიეცა თავდავიწყებას, რომ უკან აღარ მოეხედნა.

“მოკვდება, თავს მოუკვდება,

ცოცხალი ღონიერია”-ო,

იტყოდნენ ხოლმე, როდესაც დაინახავდნენ ყურთ-მაჯებ გაშლილს, თითის წვერებზე შემდგარ პავლეს და მოისმენდნენ მის ვაჟკაცურ ხმაზე შემოძახილ ჩარგას.

“წუთისოფლის სტუმრები ვართ,

ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება,

კარგი ვსვათ და კარგად ვჭამოთ,

ამის მეტი რა შეგვრჩება!..”

ამით ინუგეშებდა თავს პავლე, მაგრამ სახლში რომ ბრუნდებოდა, თითქო მიძინებული სევდა ისევ აეშლებოდა, აიღებდა თარს და მის ნაზ ჰაეროვან სიმებს გააყოლებდა გულის ბოღმას, თან ასე მოსთქვმდა:

გულო, აგრე რად მღელვარებ?

რისთვისა სძგერ აგრე ჩქარად?

რა გაქვს აგრე სამწუხარო?

რას მოელი სამძიმარად?

ნუ თუ ძვირფასს რასმეს ჰკარგავ,

გახსოვს და გაქვს საჩივარად?

წარსულს ნუღარ მოიგონებ,

შეგექნება სატირალად.

გულო, ნუ სწუხარ, დამშვიდდი,

ისევ შენს ადგილს დამკვიდრდი,

დრო იყო, რომ ვარდსა ჰკრეფდი,

ეკლისაგან არ იშლიდი!

რაც იყავ, ის აღარა ხარ,

ყოველს კარგსა გადასცილდი,

მაგრამ სხვასაც არ შერჩება,

ეს სოფელი არის ფლიდი!

გულო, ნუ სწუხარ, ნუღარა,

თორემ თვალმა ცრემლი ღვარა!

სანამ ვიცოცხლოთ, ნუ მოვშლით

რაც გვინახავს და რაც არა!

ნუ მივყვებით მწუხარებას,

ვინც მიჰყოლია - შემცდარა,

თორემ სოფლისგან გატანჯულს

მარტოღა გვრჩება სუდარა!

გარდა სიმღერა-თარისა და ლექსების წერისა, პავლეს წიგნების კითხვაც უყვარდა. თუმცა მხედველობა ბოლოს და ბოლოს დღითიდღე უსუსტდებოდა, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ექიმების დარიგებას, ღვინოს ხარბად სვამდა და ცხარე საჭმელებსაც ეტანებოდა.

- ისემც მამა უცხონდებათ, ღვინომ და არაყმა თვალებს რამე დააკლონ! ან როგორ უნდა შეველიო, როდესაც ღვინით აღვზრდილვარ? - იტყოდა ხოლმე პავლე; მაგრამ, როდესაც თვალებმა ტკივილიც დაუწყო, მაშინ კი ჩაფიქრდა და ხშირად ეწვეოდა ხოლმე მკურნალს, რომელიც დასამშვიდებელ წამლებს აძლევდა.

პავლე ოჯახს საგანგებოდ განაგებდა. მეტად სასიამოვნო სანახავი იყო მარანი. კუთხე არ დარჩენილიყო, რომ სხვადასხვა სანოვაგით არ აევსოთ. ქვევრებით ღვინო, სხვადასხვა მუჟუჟებით გალიცლიცებული ჭურჭლები, შაშხები, ხილეულობა და ბოსტნეულობა, ერთის სიტყვით დოვლათი სდუღდა და გადმოდიოდა. პავლე ქეთევანს არა რევდა საქმეში, ყველაფერს თვითონ აკეთებდა, ცოლს აივან ქვევით არ უშვებდა; მისი საქმე იყო მარტო ციცოს აღზრდა, საკერავი და აბრეშუმის რთვა განიერ ტახტზე. ქეთევანის ასპარეზს ეს ტახტი შეადგენდა და მის გარეთ ხელი არ მიუწვდებოდა.

- რა შენი საქმეა, ქალო, საკუჭნაოში სიარული? თითიკა რისთვის გყავს? იმას ვერ ჩაგზავნი? - ეტყოდა პავლე ცოლს.

მამულის შემოსავალ-გასავალიც ხომ, რასაკვირველია, მარტო პავლემ და იმისმა მოურავმა იცოდნენ. პავლე ხანდახან მისცემდა ხოლმე ქეთევანს ფულს სხვადასხვა საჭიროებისათვის, დანარჩენს კი, როგორც თვითონ ამბობდა, “პრიკაზში” ეზიდებოდა. ქეთევანი მზად იყო, ეს მონაცემები სახარჯოც უკანვე დაებრუნებინა, ოღონდ პავლეს მამული გაეწმინდა ვალისგან და პატარა ციცო მდიდარ საპატარძლოდ გამოეზარდა. მარტო დარისპან მოურავი ულვაშებში იცინოდა, როდესაც ქეთევანი დაიწყებდა ლაპარაკს იმაზე, თუ ხვალ-ზეგ როგორ განთავისუფლდებოდნენ ვალებისგან.

- გაიგონე, დედაკაცო, ჩვენ ბატონს სულ წაუგია ბანქოში ის ასი თუმანი შალბაშის ფული და კიდევ ზედ ორმოცი თუმანიც ვალი დაუდვია, რომ არა ჰყოფნია ქეიფებში, - ეუბნებოდა დარისპანი თავის ცოლს სწორედ მაშინ, როდესაც პავლე სახლში იჯდა და თარის სიმებს აწკრიალებდა.

ქეთევანმა ციცოს კითხვა დააწყებინა და სამ წელიწადში ეს მშვენივრად კითხულობდა ყველა ქართულ ნაწერს. პაპასაც მოჰქონდა სხვადასხვა საყურადღებო შინაარსის წიგნები. ციცო უმეტეს დროს ატარებდა დიდედასთან, რომელიც არავისთან არ უშვებდა: ეშინოდა ცუდი არავისგან ესწავლა, ან არა გაეგონა რა.

- ქვეყანა გარყვნილ-გასაძაგლებულია, ციცო კი ქალია და კაი პატრონობა უნდა, - იტყოდა ქეთევანი.

ოღონდ ბავშვს კარზე არ გაეწია და სახლში ყოველ მხრივ აკმაყოფილებდა მის სურვილებს, მაგრამ ციცოს გული გარედ მიჰფრინავდა, თუმცა უჯერებდა დიდედას და რჩებოდა სახლში.

ამრიგად ზაფხული ზამთარს სცვლიდა, ზამთარი ზაფხულს, ქეთევანი და პავლე თანდათან ბერდებოდნენ, ციცოც იზრდებოდა.

ქეთევანს თავიდგანვე არ შორდებოდა ეჭვი, მუდამ მოუსვენრად იყო და ხანდახან ალმაცერად გახედავდა ხოლმე თავის მეუღლეს, როდესაც დაინახავდა უკანასკნელის ატკრციალებულ სახეს, ანთებულ თვალებს, რომელნიც ფარულ ვნებას ხატავდნენ. ქეთევანი მიუხვდებოდა საიდუმლოს და გულში იტანჯებოდა.

თუმცა პავლე დიდ პატივსა სცემდა ქეთევანს, მაგრამ სხვა ქალებშიაც უყვარდა ქეიფი. მთელმა სოფელმა იცოდა ამისი ეს ჩვეულება და თავიანთ დედაკაცებს აფრთხილებდნენ, მაგრამ პავლე მოურავის წყალობით მაინც ჩაიგდებდა ხოლმე ხელში რომელსამე თვალჟუჟუნას.

ქეთევანი არა ერთხელ წასწრებია ქმარს და უკან გამობრუნებულა შეურაცხყოფილი, თვის-თვეობამდის კიდეც დაუბრებია, მაგრამ პავლეს მოუბრუნებია მისი გული იმ დაპირებით, რომ შემდეგში აღარ გაიმეორებდა.

ქეთევანიც რწმუნდებოდა მის ფიცზე, აპატიებდა შეცოდებას და პავლე კი გადასწყვეტავდა უფრო მოხერხებით და ფრთხილად დაეჭირა თავი.

სოფელს მაინც უყვარდა მებატონე, რომელიც მათი მწყალობელი იყო და გაჭირვებაში ყოველ მხრივ ხელს უმართავდა. გლეხები სასტიკად არა სჯიდნენ პავლეს ქალების სიყვარულში.

“კაცის გული ისეთია,

ვით მორევი შავი ზღვისაო,

რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,

მაინც მოუნდება სხვისა”-ო!

- თვთითონ დედაკაცმა უნდა დაიცვას ნამუსი, თორემ კაცი რასა ჰკარგავს? - იტყოდნენ ხოლმე დარბაისლები.

- მართალი ბრძანებაა, მამამთილო! ქალმა ლეჩაქი სუფთად უნდა ატაროს, - უპასუხებდნენ რძლები, რომ სახლში მყოფების გული მოეგოთ და ეჩვენებინათ თავიანთი ფაქიზი ზნეობა.

პავლე უფრო და უფრო გაგარეულდა და რაც კი შეეძლო ქალაქისკენ ფულს ეზიდებოდა. თუმცა არც სახლში ბრუნდებოდა ხელცარიელი. საშობოდ ციცოს მოუტანა ხარაზის ექვს-აბაზიანი ფეხსაცმელები და ცოლის გულიც მოიგო. იქ, ქალაქში, ორას თუმნამდე მიფლანგა და ამ ჟამად კი რბილ ბალიშებზე უზრუნველად ხვრინავდა.

IV

მალე მზეც მიიმალა და სუსხმა იმატა. ბუხარში კვლავ აპრიალდა ცეცხლი. ქეთევანი და ანანო ისევ განაგრძობდნენ საქმეს, სარკმლებზე ფარდებიც ჩამოაფარეს; გაისმა ოთახში ჭიქების წკრიალი; საღამოს ჩაისთვის ემზადებოდნენ. ანანომ შეახვია ბოხჩა და მოხედა პატარა კატოს, რომელიც ამ დროს ეჩურჩულებოდა ციცოს.

- შვილო, კატო! წავიდეთ, თორემ მერე გზას ვეღარც კი გავიგნებთ. - კატოს ამ სიტყვებზე რაღაც ნაღველი დაეტყო.

- რა მიგაჩქარებს?.. პატარა მოიცა! - უთხრა ქეთევანმა, გადმოვიდა ტახტიდან და კარი შეაღო მომცრო ოთახში, სადაც სხვადასხვა ავეჯი ჰქონდათ შენახული.

ქეთევანმა ახადა თავი თეთრ ყუთს და დაუწყო რაღაცეებს ძებნა. რავდენისამე წუთის შემდეგ გამოიტანა გამოხვეული. ეტყობოდა, ციცოსი უნდა ყოფილიყო. ანანომ დაინახა თუ არა, სიხარბისგან თვალები გაუგანიერდა, ეჩქარებოდა ხელი წაევლო, რომ დროზე თავის საკუთრებად გაეხადა, მაგრამ თავი შეიმაგრა.

- იქნება კატოსთვის გამოგადგეს? - ამ სიტყვებით ქეთევანმა გადაუწყო ორი-სამი ხელი ტანისამოსი. ანანომ სიხარულის ცრემლები ვეღარ შეიმაგრა და გატკრციალებული დედა და შვილი კმაყოფილებით გაემართნენ თავიანთ ღარიბ ცივ-კედლებიან ჭდეულისკენ.

ციცო ისევ მარტო დარჩა და მოიწყინა. ქეთევანიც წაიღეს ფიქრებმა. გარედგან ისევ მოისმა ქარის ზუზუნი.

- შენს მგზავრობას პატივი სცა ამინდმა და ახლა კი ისევ შეურია, - უთხრა ქეთევანმა ქმარს, რომელიც ძილით გამაძღარი, დაწითლებულის თვალებით შემოვიდა ოთახში.

- თავში იცეს! ეხლა რაღას დამაკლებს? ამ კორიანტელში გზაში ყოფნა კი ძნელი იქნებოდა, - უპასუხა პავლემ, ზარმაცად დაამთქნარა და მიუჯდა ბუხარს.

- ჩემი ბიძაშვილი როსტომი რაღას შვრება? ან ძალუა ნატალია? - იკითხა პავლემ კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ.

- რა უშავთ? ამ ორი დღის წინათ აქ იყო ნატალია, როსტომი კი თავისებურად კრუხივითა ზის და ოჯახს დასტრიალებს. ნეტაი იმას, რომ ისეთი დოვლათიანია!

- ჰმ! დიახაც რომ დოვლათიანი უნდა იყვეს!.. ხალისი არ მოსდევს თუ? იმისი ლევანი ერთ ოჯახათა ღირს... მართლაც, ნეტაი იმას! - წარმოსთქვა პავლემ და ნაღვლიანად ამოიოხრა.

- ჩვენსავით კარ-გამოხურული კი არ არის, - განაგრძო ამან, - ვისთვის უნდა იშრომო, ვისთვის უნდა იდგამდე წელებზე ფეხსა?..

- როგორ თუ ვისთვის? უთუოდ ვაჟი რომ არ იყვეს, ქალი კი შვილი არ არის?.. - ჰკითხა ქეთევანმა საყვედურით და მიაჩერდა ქმარს.

- ქალი?.. ქალის ყოლა ამოწყვეტაა! ჩვენთვის ხომ მაინც ყველაფერი დაკარგულია... სმა-ჭამის გარდა რაღა მიზანი დაგვრჩენია ცხოვრებაში?.. ღმერთმა მეტად დაგვსაჯა, მეტად, იმ დალოცვილმა! - პავლეს სახეზე გამოიხატა ნაღველი, შუბლშეკრული დაშტერებით მიაჩერდა ბუხარს.

ქეთევანმა ცხადად დაინახა, თუ რა მწვავედ ხვდებოდა პავლეს ამ საგანზე ლაპარაკი და არჩია შემდეგისთვის აღარ აეშალა მისთვის ძველი იარა.

- იცი, ძალუა ნატალია დიდი გახარებულია. ამ მაისში ათავებს თურმე სწავლას იმისი ელენე, - დაიწყო კარგა სიჩუმის შემდეგ ქეთევანმა, რომ როგორმე გაექარვებინა პავლესთვის ნაღველი.

- ოჰო! - წაიზმუკუნა პავლემ და ჯოხი შეუჩიჩხინა ბუხარს.

- ჩემი ციცო უნდა მივაბარო ელენეს: ეგების რუსული წერა-კითხვა მაინც ასწავლოს!

- იქნება, ინტიტუტისთვისაც ამზადებინებ? - დამცინავის კილოთი ჰკითხა პავლემ.

- ეგრეც რომ იყვეს, მერე რა უშავს?

- სწორედ ეგ-ღა მაკლია!.. ღვთის წინაშე, წერა-კითხვა მეტი არ იქნება, მაგრამ ინტიტუტებს თავი დავანებოთ, ეგ ჩვენი საქმე არ არის. ქალი სახლში უნდა იჯდეს და ქმარშვილს უყურებდეს... სწორედ ამისთვის არის გაჩენილი. ეგ ინტიტუტები სამეტიჩროდ არის მოგონილი. იქ, თუ მკითხავ, სრულებით რყვნიან და ამახინჯებენ ჩვენ შვილებს. სადღაა ქართველი ქალი? აბა მიიხედ-მოიხედე! არა, ციცოს კარზე ვერ გავიყვან: მოხუცებულები ვართ, ჩვენი პატრონი ეგ არის, გარეთ გასული ჩვენ რაღას გამოგვადგება?..

ციცო ყურს უგდებდა ამათ ლაპარაკს და გულში უხაროდა, რომ ამ ზაფხულს ელენესთან დაიწყებდა სიარულს. ამას დიდი ხანია შეჰყვარებოდა მისი ლურჯი, ლამაზი თვალები. ელენეს წრფელი სახე რაღაც ანდამატსავით იზიდავდა ციცოს თავისკენ; შორს წასვლა, მოშორება დიდედა და პაპასი თვითონ ციცოსაც ეზარებოდა.

- განა ელენე კი ვერ ასწავლის ყველაფერს? დიდედასთანაც ახლო იქნება და ციცო პატარა კატოსაც გაუზიარებს თავის ცოდნას, - ასე ფიქრობდა ციცო და თვალები კმაყოფილებით უბრწყინავდნენ.

- როდის უნდა გავიდეს ახლა ეს ზამთარი?.. ოხ, შორს არის...შორს!.. დღეს ხომ ოცი ქრისტეშობისთვეა, მაისამდის კი ჯერ ბევრი დროა! ოთხი დღის უკან შობა უნდა გათენდეს! - ფიქრობდა ციცო.

ციცოს ძალიან მოსწონდა ეს დღესასწაულები. ახალ წლის ღამეს თეთრის თვალით ათენებდა, რადგან სახლში ამზადებდნენ გოზინაყს და ჰალვას. მთელი სოფელი ცოცხლდებოდა მაშინ, ცოცხლდებოდა მათთან პატარა ციცოც.

მაგრამ მაინც ზაფხული სჯობიან ამ ზამთარს! რა საყვარლად მოიფინებიან ხოლმე ველ-მინდვრები სხვადასხვა კეკლუცებით! მაგრამ... მაგრამ დიდედა არსად უშვებს... წაიქცევი, ტანისამოსს დაიხევ, ხარ-კამეჩი გერჩისო... ათასი მიზეზი ეღობება წინ. ციცო ჯერ კიდევ პატარაა, რომ ყველა ამ დამაბრკოლებელ მიზეზებს არ შეუშინდეს და გაუმკლავდეს, მაგრამ არა აუშავს რა. ეხლა ელენე მოვა, მის მზრუნველობის ქვეშ იქნება და დიდედაც ელენეს ხათრით აღარსად დაუშლის წასვლას. ელენე კი ისეთი კეთილია! იმისი ხათრი ყველას აქვს... მანამ დიდიც გაიზრდება და შეიქნება თავისუფალი! ამ ფიქრების მორევში სცურავდა ციცო, ვეღარ ამჩნევდა, დრო როგორ მიდიოდა და ყველა საძილედ ემზადებოდა.

ციცო ძილშიაც ნაგრძნობ-გაგონილს ხედავდა, მიჰქროდა შორს, კედლებს არღვევდა და დაფრიალებდა ბიძია როსტომის სახლში, რომლის სახურავიც მოსჩანდა ამათ სარკმლიდან, ახალგაზრდა ელენეს წკრიალა ხმაც სიმების ჟღერად შეესმოდა; ელენე მოვიდა ციცოსთან და ალერსით ხელი დაუსვა ხუჭუჭა თმაზე.

- გამარჯვება, ციცო! შენ ჩემთან იქნები და ყველგან გატარებ!.. - მძინარე ციცოს ტუჩები იღიმებიან...

V

სოფელი სიცივეს ყურს არ უგდებდა და ემზადებოდა სახვალიოდ დღესასწაულისათვის. საღორეებიდგან მოისმოდა ღორების ჭყვიტინი.

ყველა, ვისაც კი წლითი-წლობამდის სველი ლუკმა არ ეგემა, სახვალიოდ იმზადებდნენ პირის გასაგემრიელებელს. პავლეს ოხშიაც დიდი ფაცა-ფუცი იყო. დედაკაცებს თავი მოეყარათ სათონეში და ცხელ-ცხელ ლავაშებს იღებდნენ. სოლოს დაეკლა დიდი კურატი, ლანგარზე დაედო და აკეთებდა.

- აბა, მამა გიცხონდება, მაგას დროზე მორჩი და კუთხეში რომ სამ-კოკიანი ზედაშეა, ფრთხილად მოხადე! ვინძლო მიწა არ ჩაგიცვინდეს, - ეუბნებოდა პავლე და სამზარეულოში ტრიალებდა, ყველაფერს ათვალიერებდა.

- ხვალ კაცები ქათმებს მოიტანენ და იმათ დასამარილებლად ჭურჭელი მოამზადე!

- ბატონი ბრძანდებით, - მორჩილებით უპასუხა სოლომ და ხელი ააჩქარა. მას ეხმარებოდა სტუმრად მოსული მეზობლის ბიჭი. ზევით სართულში დიდედა გაფაციცებით ჰკერავდა ციცოს ახალ კაბას, რომ ხვალისთვის მოესწრო. ყველას დღეის არსებობა დავიწყებოდა და ხვალით ცოცხლობდნენ.

- ხვალ მეც წამიყვან, დიდედა, წირვაზე?.. - ეკითხებოდა ციცო და ეფერებოდა. დიდედაც თანხმობის ნიშნად უღიმოდა.

- ვინც ხვალ ეკლესიაში არ წავა, შვილო, რაღა ქრისტიანია? - წარმოსთქვა ქეთევანმა, უკანასკნელად ამოუგდო ნემსი და გაათავა კიდევაც კერვა. შემდეგ ჩამოიღო მიხაკის ფერი ფარჩის კაბა და დაუწყო თვალიერება. მთელი დღე მომზადებაში დააღამეს.

მეორე დღეს კი ჯერ არ იყო ნანათლი, რომ ქეთევანი და პავლე ჩვეულებრივად ფეხზე იდგნენ. ციცომაც ადრე აიწია.

გაისმა ზარის რეკა, რომელსაც გულის ძგერით ელოდა ყოველი ნამარხულევი. ხალხმა დაიწყო ეკლესიისკენ დენა. მორთულ-მოკაზმულ, ლეჩაქ-ყურგადაგდებულ ქალებს დაეკარწახებინათ და მისდევდნენ თოვლზე გაყვანილ ბილიკს.

ურემიც მოჭრიალდა სახლის წინ. პავლემ უშველა ქეთევანს ურემში ჩაჯდომა, შემდეგ თვითონ ავიდა და გვერდზე მოისვა ციცო.

ეკლესია შორს არ იყო, მალე ურემმა მიატანა; მას მოეწია მეორეც, რომელშიაც ისხდნენ კნეინა ნატალია და როსტომი. პავლემ ყურადღება არ მიაქცია მათ, უნდოდა შეესწრო ეკლესიაში და არ მისალმებოდა წირვის გამოსვლამდე, რომ სალამს უფრო დიადი მნიშვნელობა შერჩენოდა, მაგრამ ნატალიამ აღარ დააცალა და პირველი წავიდა წინ.

საყდარში შეიქნა ჩურჩული, მიწევ-მოწევა. ნატალიამ გაარღვია ქალები, რომელნიც უკან დამდგარიყვნენ, შემდეგ კაცებმაც გზა მისცეს და ამოუდგა ქმარს გვერდით ხატების წინ.

პავლეს დიდი ხანია დაჩემებული ჰქონდა საწიგნობელის წინ დგომა და გადავიდა იქით. ქეთევანი კი გაჩერდა კარების ახლო კუთხეში და წინ დაიყენა ციცო. მის გარშემო კარგი ადგილი იყო დარჩენილი, მაგრამ მის დაჭერას ვერავინ ბედავდა, თუმცა კი იქით ვერ დატეულიყვნენ. ქეთევანი ხედავდა ამას, მაგრამ მაინც განაგრძობდა მდუმარებას: თავმოყვარეობა ნებას არ აძლევდა თავი შეევიწროებინა და ცხვირწინ დაეყენებინა ვინმე.

გაისმა დიდებული ღაღადისი. ყველა გამსჭვალულიყო დღესასწაულით, თუმცა კი ხანდისხან მლოცველების თვალები უნებურად გადადიოდნენ გვერდზე მდგარ მეზობლებზე და დაკვირვებით სინჯავდნენ. მრავალი ახალი ტანისამოსი უსიტყვოდ ეკამათებოდნენ ერთმანეთს. ციცო, პირისფერ შალის კაბაში გამოწყობილი, გრძნობდა, რომ ყველას სჭარბობდა, თუმცა კი გარედგან არა სჩანდა და შეფუთვნილიყო სათბუნებელში.

კატო და ანანოც იქვე იდგნენ ახლო; კატოც ციცოს ნაცვამ კაბით თავს იწონებდა. მღვდელმა გამოიტანა ჯვარი, მლოცველები დაამწყალობა. ხალხმა კარზე დაიწყო დენა.

ნატალია დაუპირდაპირდა ქეთევანს და თავი დაუკრა, ქეთევანმაც პასუხი მისცა. ეს ორი არსება თითქო ცდილობდა, ხალხის წინ ერთიმეორეზე მაღლა მდგარიყო; ამასთანვე არ უნდოდათ ერთმანეთისთვის შეემჩნევინებინათ ეს ფარული გრძნობა.

ნატალია უფრო ყმაწვილი სჩანდა. მაღალი, შავგვრემანი მისი გაწყობილი სახე რაღაც სიმტკიცეს ხატავდა და თვალები პირდაპირ გაბედვით იყურებოდნენ. ქეთევანს კი უფრო მოკრძალება ემჩნეოდა, ყოველ საგანს, ყოველ არსებას თითქო ანგარიშს აძლევდა თვითეულ მიხვრა-მოხვრაში მაშინ, როდესაც ნატალია ყურადღებას არ აქცევდა.

- მოგვილოცავს ქრისტეს შობა! - გაისმა ამ დროს. ქეთევანმა მოიხედა; მის წინ იდგა მორთული როსტომი; მას აქა-იქ ჭაღარა უელვარებდა წაბლისფერ თმაში.

- თქვენც დაესწარით მრავალს ამ დღეს! - უპასუხა ქეთევანმა. როსტომმა ხელზე აკოცა; პავლეც გამოვიდა და მიესალმა ნატალიას, რომელიც მოეხვია ქეთევანს. ხალხი ამათ თავს უკრავდა და მიდიოდა თავის გზაზე.

- ნახვამდის! - მისცეს კვალად სალამი ერთმანეთს და თავთავიანთ ურმებში ჩასხდნენ.

დღევანდელ დღეს ყველა ელოდა თავის ოჯახში მოძღვარს, რომელსაც უნდა მიელოცა ქრისტეს შობა.

ის იყო პავლე და ქეთევანი ამოვიდნენ სახლის კიბეზე, რომ უკან მოჰყვათ შემოსილი მამა ზაქარია ჯვარით ხელში, პავლემ მაშინვე კარი გაუღო და მოწიწებით ემთხვია ჯვარცმას.

- შობამან ქრისტესმა გამოაჩინა ნათელი!.. - გაისმა ოთახში ზაქარიას ხმა. მაცხოვრის წინ ლაპლაპებდა კელეპტარი; ქეთევანი იდგა ხელი-ხელ დაჭდობილი და სასოებით პირჯვარს ისახავდა. გათავებისას მამა ზაქარიას ხელში შრიალი დაიწყო ახალმა სამ-მანეთიანმა, რომელიც საჩქაროდ ჯიბისკენ გაჰქანდა.

- გაცოცხლოთ! გადღეგრძელოთ! - ამ სიტყვებით კარი შემოაღო ხონჩით ხელში ნინიკამ, მას სახე ალეწოდა და ძლივას ფეხზე იდგა.

- აგაშენა ღმერთმა! - უპასუხა თავგამოდებით პავლემ და თანაც მიაჩერდა მსუქან დედალს და მომცრო ბოთლით არაყს. ნინიკას მოჰყვა მეორე გლეხი, მესამე, მეოთხე...

- ქვევით ჩადით! - უთხრა მოწყალედ ბატონმა. გლეხები მიხვდნენ, რასაც ნიშნავდა ეს ქვევით ჩასვლა და მაშინვე კმაყოფილებით გატრიალდნენ. ესენი თავს იყრიდნენ ბოსელში, სადაც ელოდათ უხვი სუფრა.

- მოგვილოცავს, ქალბატონო, ღმერთმა ქმარშვილი გიცოცხლოთ! - ოთახში შემოვიდა რავდენიმე დედაკაცი, მათ შორის ანანო და კატოც. დედაკაცებსაც თვალები უციმციმებდნენ და პირზე ღიმილ-სიცილი არ შორდებოდათ.

ქეთევანი მიეგება მათ და სათითაოდ გადაჰკოცნა.

პავლემ გასწია ქვევით ბოსლისაკენ. ციცოსა და კატოს აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა. მალე ბოსლიდგან მოისმა “მრავალჟამიერი”, ოთახშიაც ორპირად გაიშალა სუფრა, რომელსაც შემოუსხდნენ ქალები.

- მართა, რასა პატარძლობ? რატომ არა სჭამ? ანანო, დაუსხი ღვინო ნინოს! - ღიმილით უმასპინძლდებოდა ქეთევანი ქალებს. ესენიც მხიარულად შეექცეოდნენ სადილს.

პავლეს კარგა ძღვენი შემოუვიდა და თვითონაც არ დაიშურა სტუმრებისთვის სასმელი.

როცა სადილი გათავდა, გაბრუჟული სტუმრები ბარბაცით ძლივს იკვლევდნენ გზას; ზოგი ხელით ეჭირათ, რომ ფეხის გადადგმის არაქათი აღარ ჰქონდათ.

- რა ღვინო იყო, რა ღვინო! - გაიძახოდნენ კმაყოფილი გლეხები.

პავლეს სხვა სოფლებიდგანაც მოუვიდნენ ნაყმევები ძღვნით და მის დიდებას დღეს დასასრული არა ჰქონდა.

VI

გავიდა ზამთარი. გულის შემღონებელი გრძელი ღამეები დამოკლდნენ; მარტმა თოვლი წყლად აქცია, აპრილმა მინდვრები აამწვანა, შიგ ჩააქსოვა სხვადასხვა კეკლუცნი, რომელნიც მომხიბვლელად ირხეოდნენ. ხალხი გამოიშალა კარზე, ხარბად შეისუნთქა მაცოცხლებელი გამჭვირვალო ჰაერი; გაისმა ათასი ხმები... გალაღებული ფრინველები სრიალებდნენ, ჰფრენდნენ, მიილტვოდნენ შორს, სადღაც. თავისუფლება, სიფართოვე და სიმჩატე მოჰქროდა ყოველმხრივ.

სოფელსაც სამხატვრო ელფერი დასდებოდა. მწვანე მცენარეებში გახვეული შენობები დიდებულად იყურებოდნენ შორიდგან.

ბოსტნებს მოსდებოდა ხალხი, მზის ბრწყინვალე სხივებზე აელვარებდნენ თოხებს. წკრიალებდა რკინა, მას თან მოსდევდა სევდიანი ღიღინი.

თავად პავლეს გრძელი აივანი ავსილი იყო მზის სხივებით. სარკმლები დაეღოთ და მათში თავისუფლად დაფრიალობდა წმინდა ჰაერი, რომელსაც ახალი სიცოცხლე შეჰქონდა ოთახებში.

სახლში მყოფები დღის შესაფერად მორთულიყვნენ: ქეთევანი და ციცო გამოწყობილიყვნენ საზაფხულო სუბუქ ტანისამოსში.

ციცო აღტაცებული დახტოდა აივანზე და მალ-მალ იხედებოდა შორს ცნობის მოყვარეობით. ქეთევანი ჩვეულებრივად ტახტზე იჯდა. მას გარეთ არაფერი არ იწვევდა, თითქო ყოველივე უკვე მობეზრებოდა, ციცო კი გაოცებული შეჰყურებდა ბუნების სიდიადე-საკვირველებას. ეს თითქო ცაში ჰფრენდა, გადადიოდა ფერიათა სამფლობელოში. წუთს ოთახში შემოვარდებოდა, მიმოიხედავდა, მისი წარბები მოიხუშებოდნენ; არა კმაყოფილდებოდა ამ პატარა ოთახებით. აქ ყოველივე დაძველებულიყო. თვითეული ავეჯი, რომელსაც კი ეხლა ხედავდა ციცო, ამავე წესრიგით დახვედრია პირველსავე დღეს, როდესაც ქვეყნად გაჩენილა. თვალებმა მათით გაიგეს საგნების მნიშვნელობა, ხელებმა შეხება. ციცო კი დღეს ათის წლისაა და მოსწყინდა ერთი და იგივე. სხვა სანახავი უნდა, მობეზრდა ეს მომცრო მაგიდა, რომელზედაც გადაფარებულია ქეთევანისგან მოქსოვილი თეთრის ძაფის სუფრა, ან გრძელი ტახტი. მეორე ოთახშიაც ძველი, პირგადაძენძილი დივანი დაღვრემილი შეჰყურებს ციცოს. მისი მსგავსი სავარძლები და ისევ ტახტი ახალს არას ეუბნებიან. ციცო გარბის ისევ კარზე და ხარბად ისუნთქავს ჰაერს. ხანდისხან დაეშვება კიბეზე. შეიხედავს სამზარეულოში. აქ სოლო სდგას ცეცხლა პირას და სადილს ამზადებს.

სოლოს ძალიან უყვარს ციცო, რადგან იმისი გაზრდილია. თვითონ ციცომაც იცის და უნებიერდება: ხარბად შეჰყურებს ხლებში, როდესაც სოლო ტაფაში ბრაწავს კარტოფილს, ან ვარიას ხოხბავს. რავდენიმე წუთი და ციცოს კბილებში გააქვს ხრამა-ხრუმი გემრიელ სასუსნავს. სოლო გადმოუბრუნებს როდინს და ეუბნება:

- აბა როდინზე დაჯექი, ციცო, მიამბე ყარამანის ამბავი.

ესეც უჯერებს, გულდასმით მოუყვება. სოლოს სახე უცოცხლდება და კეთილ თვალებში გაოცება ეხატება. ციცო გათავების შემდეგაც საჩუქრად იღებს სოლოსგან ჩურჩხელებს ან ვაშლს, რომელიც სოლოს გამოულეველად აქვს ამისთვის შენახული.

ციცოს რომ მოსწყინდება სოლოსთან ყოფნა, გარბის სახაბაზოსკენ. იქ თითიკა წაჩოქილია თონეზე, ხანდისხან ფეხის თითებით ეკიდება გავარვარებულ ცეცხლში. ციცოს ცხვირში უღიტინებს ახალი ნამცხვარის სუნი; თითიკაც წაუტეხავს საუკეთესო პურს ან ლავაშს და ციცოც მადლიანათ ილუკმება. სახაბაზოდგან გოგონა გასწევს ბაღისკენ, რომელიც იქვე სახლის წინ გაჭიმულა. აქ ამას ფეხებ ქვეშ ეგება რბილად მწვანე მოლი, ყვავილით შეფოთქილი ხეები ნაზად თავს უხრიან.

- სტეფანე, მაგას რათა სთოხნი, ჰა? - ეკითხება მუშას ციცო...

- ეს ხახვია, ბატონიშვილო, ეს კიტრი... - ეუბნება სტეფანე და განაგრძობს ღიღინით მუშაობას.

- ციცო, ციცო, მანდ სად ჩასულხარ, ქალო? - მოესმის ამ დროს ძახილი. ბავშვი იხედება, ქეთევანი სდგას აივანზე და ხელს უქნევს. ციცოს ეძნელება მშვენიერ ბუნების მოშორება, მაგრამ მეტი ღონე არ არის, უნდა დაბრუნდეს და ესეც ნელ-ნელა მოდის, თან გული ევსება საყვედურით.

- როგორ შეიძლება, შვილო, მუშებთან ჯიღჯიღი? ქალბიჭა ხომ არა ხარ? - ეუბნება დიდედა. ციცო მზად არის ცრემლები გადმოღვაროს.

ქალბიჭა და ციცო!.. ეს სახელწოდება არაფერი სანატრელია მისთვის.

ციცო ხმას არა სცემს დიდედას და დაღონებული გაიყურება აივნიდგან. გზაზე გამოჩნდა ეტლი. ციცომ იცნო, რომ ეს ბიძია როსტომისაა, სადგურზე გზავნიან. წუთს ბავშვს თვალები გაუბრწყინდნენ, გახარებულმა დაჰკრა ტაში და მოუბრუნდა დიდედას:

- ეტლი მიაქვთ, დიდედა, ეტლი!

- ჰო, შვილო, დღეს სადილათ მიწვეულები ვართ ძალუა ნატალიასგან. ელენეს მოელიან... - უპასუხა ქეთევანმა და შებრუნდა ოთახში.

შუადღე მოვიდა, წასვლის დრო იყო. ციცომ ჩაიცვა ჩითის ახალი კაბა და გვერდში ამოუდგა დიდედას.

ქეთევანი სიხარულისგან ძლივს მიდიოდა, მალ-მალ ისვენებდა. ამათ უკან მიჰყვებოდა დიდის სახრით სოლო, რომ მოსეული ძაღლები მოეგერიებინა ქალბატონისთვის. ციცოც მიდიოდა გულის ძგერით და რაც უფრო უახლოვდებოდა ძალუა ნატალიას სახლს, აღტაცება უორკეცდებოდა.

კარგა მანძილი ჰქონდათ გასავლელი. სოფლის თავში გზა ბოლოვდებოდა და მოსჩანდა დიდი უზარმაზარი ჭიშკარი, რომელშიაც უნდა შესულიყვნენ.

ქეთევანმა როდის როდის მიაღწია და შედგა შესასვენებლად; დაღალვისგან გული ასდი-დასდიოდა, სულს ძლივს ითქვამდა. ციცო უცდიდა დიდედას დასვენებას და პირდაპირ გაიყურებოდა.

VII

თვალგადუწვდენელი ეზო დაენილიყო მწვანე ხავერდით; ერთ გვერდზე გაევლოთ მესერი, რომელსაც იქვე ჩამოუდიოდა ჩანჩქარით პატარა რუ. მასში, პაწაწა ნავებსავით, სცურავდნენ ბატები. ქვითკირის კედელზე ასულიყო ფარშევანგი, გაეშალა მარაო-ბოლო და რაღას გაჰკიოდა, თითქო მასპინძლებს აუწყებდა სტუმრების მოსვლას. ძირს, დედემიწაზე, რუს პირად მოლს დაჰკროდნენ მწვანე ჭუკები, რომელნიც ის-ის იყო ამოსულიყვნენ წყლიდგან, თავს ილამაზებდნენ მზის სხივებზე. მეორე მხრივ პაწია სოფლელი ბიჭი ბოხოხა ქუდით დაბჯენოდა ჯოხს და შუბლ ქვეშ იბღვირებოდა. ხანდისხან მიაჩერდებოდა სახაბაზოს კარებს, საიდგანაც გამოდიოდა დედაკაების ხითხით-კისკისი. ერთსართულიანი ქვითკირის სასახლე კარგა დიდ მანძილზე მედიდურად გაჭიმულიყო; ცალ მხრივ ხეხილის ბაღს სატრფოსავით მკლავები შემოეხვია კედლებისთვის, საუკუნოდ ჩაჰკონებოდა. მეორეს მხრივ სარკმლები გაიყურებოდნენ გაშლილ მინდორზე, საიდგანაც მოსისინებდა ცელქი მაგრილებელი ნიავი და კეკლუცთა სუნნელებას აფრქვევდა ჰაერში. სასახლის მაღალი, გადაყვანილი თაღები ძველებურ საზღაპრო მხარეში იტაცებდნენ ციცოს.

დიდედამ მოიკრიბა ღონე და კვლავ გასწია.

ამათ შეიარეს ეზო, მიუახლოვდნენ აივანს, სადაც გრძელი მაგიდა იდგა. მის წინ ტახტზე მხართეძოზე წამოწოლილიყო როსტომი და ცისფერი თვალები მიემართა სივრცისთვის, მაგრამ, დაინახა თუ არა მომავალი ქეთევანი, საჩქაროდ წამოვარდა და წინ მოეგება.

- მობრძანდი, ძალუა! - წარმოსთქვა მან და მოიხედა ოთახებისკენ, საიდგანაც ნატალია უნდა გამოსულიყო.

ქეთევანი ჩამოჯდა ტახტზე დასასვენებლად, ციცოც მას მიეყუჟა. ნატალიამ დიდხანს არ ალოდინა, გამოვიდა ბოდიშებით, რომ დაიგვიანა, მიუჯდა ქეთევანს.

- ჩემი მაზლი როდის მობრძანდება? - ჰკითხა მან.

- მწერს, საქმეების გამო ამ თვის გასვლამდის ვერ მოვალო, - მიუგო ქეთევანმა და ნაღვლიანის თვალებით შეხედა ორივ ცოლ-ქმარს, რომელნიც კმაყოფილებით იყურებოდნენ.

- დღეს ჩემ ლევანსა და ელენეს მოველი. მინდოდა მე თვითონ წავსულიყავ მოსაყვანად, მაგრამ ვერ მოვახერხე და ლევანს მივწერე ქალაქში, რომ ამომიყვანოს; ერთ დღეს მოახერხებს ამორბენას. შენა, ციცო, რატომ აგრე გვიან-გვიან მნახავ ხოლმე? - მოუბრუნდა ნატალია ციცოს, რომელიც იღიმებოდა.

- ეჰ, ძალუა, ქალაქი კარგია. მაგრამ ფულიც ბევრი სჭირდება. რაც უნდა თავი შეიმაგროს კაცმა, მაინც სული წასძლევს ხოლმე. ჩემთვის კი ყოველი გროში დასაფასებელია, სახლში გასათხოვარი ქალი მყავს, - დაიწყო როსტომმა.

ქეთევანმა ამოიოხრა: მას მოაგონდა ქმრის ამ მხრივ უდარდელობა.

- გასათხოვარის გარდა ვაჟი-კაცი შვილიც დასაბინავებელი გყავთ, ჩემო მაზლო, - უპასუხა როსტომს ქეთევანმა.

- დიახ, მაგრამ ლევანი სამსახურშია, გზაზედა სდგას, არა უშავს რა, იქავე რო დარჩეს და იშრომოს. მე ელენეზე ფიქრი მაწუხებს... სანამ ახალგაზრდაა, დედ-მამამ უნდა დააბინავოს, თორემ მერე, ხანში რომ შევა, აღარასა გვკითხავს.

ჯერ არ გაეთავებინა როსტომს ეს სიტყვები, რომ კარებზე მოგრიალდა ეტლი, საიდგანაც გადმოხტა სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა, რომელმაც ხელი მიაწოდა ყმაწვილ ქალს.

- ელენე! - შეჰკივლა ნატალიამ და მივარდა შვილს.

ელენე ჩაეკრა დედას გულში, შემდეგ მამას მოეხვია და ბოლოს ქეთევანს გულზე აკოცა.

- ციცო, გამარჯვება! - გაისმა წკრიალა ხმა ელენესი და აღტაცებით დაეკონა პატარა ქალს.

ყველა კმაყოფილი იყურებოდა. ელენე ჩაისვეს დედ-მამამ შუაში და დაწვრილებით ჰკითხავდნენ. ბედნიერი ელენე სიამოვნებით უგებდა პასუხს.

ლევანი ქალაქში მსახურობდა. მალ-მალ ამოდიოდა მშობლებთან, ნახავდა მათ და მალე უკანვე ბრუნდებოდა. ნატალია თვითონაც ხშირად ჩადიოდა შვილთან. ლევანი გარეგნობით დედას წააგავდა. მისი ცოცხალი, მოძრავი სახე ყოველ წუთს მოუსვენრობას ხატავდა. აი გადმოალაგებინა ამან ელენეს ნივთები, ყველას მიესალმა, აკოცა ციცოს და დედას მოუბრუნდა:

- შენი ჭირიმე, დედა, მალე სადილი მაჭამე, რომ საღამოს მატარებელს მივუსწრო...

- დღესვე მიდიხარ თუ?.. - გაოცებით ჰკითხა ნატალიამ.

- უსათუოდ... ხვალ აღლუმი გვეწყობა და იქ უნდა ვიყვე.

- დალოცვილო, თუ კი ეგრე იყო, რატომ არ მოიწერე? მე თვითონ ჩამოვიდოდი, - უთხრა საყვედურით როსტომმა, რომელსაც არ მოსწონდა, როდესაც კაცი თავის მოვალეობას წესიერად არ ასრულებდა.

- რა უშავს, მამა, თქვენი შეწუხებაც არ მინდოდა... ამაღამვე იქ ჩავალ და ვერც კი არავინ გაიგებს თუ ქალაქიდგან გამოვედი.

- ნატალია, ხომ გეყურება, ქალო! ნუ დავაგვიანებთ, მართლაც ხუმრობა კი არ არის, შენიშვნა არ მიიღოს უფროსებისაგან, - უთხრა როსტომმა ნატალიას, რომელიც გაემართა სამზარეულოსკენ, რომ სადილი დაეჩქარებინა.

ელენე მამასა ჰგავდა. ისეთივე მშვენიერი ლურჯი თვალები ჰქონდა, თეთრ-ყირმიზი ნაკვთები. თავისებური ქალური ნაზი ფერი კიდევ უფრო იზიდავდა მნახველს. მის შუა ტანს მოხდენით გამოწყობოდა ცისფერი კაბა, რომელიც მომხიბვლელად აჩენდა მის მაღალ ყელს.

ციცოც აღტაცებით შეჰყურებდა ბროლ კბილებს, რომელნიც გამოსჭვივოდნენ ალისფერ ტუჩებიდგან ლაპარაკის დროს.

ელენემ შემოირბინა მთელი ოჯახი, ნახა მოსამსახურეები, სალამი მისცა ყველას და კმაყოფილი დაბრუნდა უკანვე.

- ელო, ნახე შენი ოთახი? - ჰკითხა ღიმილით მამამ.

- ვნახე! რა მშვენიერი სავარძლებია! როდის გააკეთებინე?

- არა თუ! ჩვენ ივანე დურგალს კარგად აქვს შესწავლილი თავისი ხელობა. შენს მოსვლამდე ყველაფერი დავამზადებინეთ. ძალუა, მგონი, არც თქვენ გინახავთ ჩვენი ელენეს ახლად მოწყობილი ოთახი? - მოუბრუნდა ნატალია ქეთევანს, - თუ გნებავთ, მობრძანდით და დაათვალიერეთ!

- ძალიან კარგი, - უპასუხა ქეთევანმა. ამას აღეძრა ცნობის მოყვარეობა და ნახვა მოინდომა.

ნატალია ამაყად წელში გასწორებული მიუძღოდა წინ. გაიარეს დიდი ოთახი, ბოლოს კარი შეაღეს ლამაზ კოხტა ოთახში, რომლის სარკმლები ბაღში გაიყურებოდნენ.

მთელ ოთახს ცისფერი შუქი მისდგომოდა ცისფერ ძვირფას ფარჩაგადაკრულ ავეჯისგან. ამავე ფერის ფარდები ამშვენებდნენ სარკმელ-კარებს. მარმარილოს პირსაბანი და ძვირფასი საწოლი, ტანისამოსის შკაფი, პატარა სამწერლო და ხელსაქმის მაგიდები, ყველა ეს ბრწყინავდა სიახლისგან, თავისკენ იწვევდა ელოს.

ციცოს თვალები გაუბრწყინდნენ. ეს გრძნობდა, რომ სწორედ ამისთანა მომხიბლავი მოწყობილობა ოთახისა მოითხოვდა თავის დედოფალ ფერიად ელოსთანა ცისფერ-თვალება არსებას.

ნატალიას გემოვნება შეუდარებელი იყო და ქეთევანი აღტაცებაში მოვიდა.

- საუცხოვოა! - შესძახა ამან.

- ღმერთმა ბედნიერებაში მოგახმაროს, შვილო! - მოუბრუნდა ელოს, რომელიც ღიმილით შეჰყურებდა.

სადილი გაიშალა აივანზე. ელენემ გვერდზე მოისვა ციცო და განუწყვეტლად უალერსებდა. ლევანიც გათამამდა და დაიწყო ხუმრობა ელოსა და ციცოსთან.

სადილის შემდეგ ლევანს კარებზე მოადგა ეტლი, რომელმაც საჩქაროდ გააგრიალა ყმაწვილი კაცი სადგურისკენ.

ელომ კი ხელი მოჰკიდა ციცოს და წაიყვანა ბაღში, ჩაჯდა ხეებ შუა გაბმულ ბადეში და იწყო ოდნავად რხევა. ციცოც იქვე ახლო ჩამოცუცქდა დაბალ ხის ტოტზე და შესცეცებოდა ელენეს.

- ციცო, მაშ სულ ამ სოფელში ხარ? არსად წასულხარ?.. ნუ თუ არა გწყინდება ერთ ადგილს ყოფნა? - ეკითხებოდა ელენე.

- არა, მე აქ ძალიან კარგადა ვარ, პატარა კატოსთან ვთამაშობ, წიგნებს ვკითხულობ, ზაფხულში ხანდისხან დავდივარ მინდვრებსა და ბაღებში, თუმცა კი... - აქ შესწყვიტა ციცომ ლაპარაკი და ნაღვლიანად გაიხედა გვერდზე.

- თუმცა რა?.. - მიატანა ელომ და მოუმატა რხევას.

- დიდედა არსად მიშვებს.

- რატომ? ჰაერზე ყოფნა ძალიან სასარგებლოა... მეტადრე სოფელში...

- დიდედა კი ასე ამბობს, სახლში უნდა იყვეო... ქალი ხარო... - ელენეს გაოცება დაეტყო სახეზე.

- ქალი რა არის და კაცი? განა ბუნებისთვის სულ ერთი არ არის? ჰაერი ყველასათვის საჭიროა, ჩემო პატარა გოგონავ! აი ეხლა მე მოვედი და სულ ჩემთან გამყოფებ. მე გაჩუქებ სხვადასხვა ნახატებიან წიგნებს. რუსული იცი?

- არა... დიდედამ რუსული არ იცის და სხვა ვინ მასწავლიდა? მაგრამ დიდედამ მითხრა, როცა ელო მოვა, იმას მიგაბარებო.

ელენემ ალერსით დაუსვა თავზე ხელი.

- ძალიან კარგი, მე გასწავლი რუსულს, ფრანგულს... ძალიან მომწონხარ, - უთხრა ელომ.

- მეც მომწონხარ... კიდევაც მიყვარხარ!.. - დაიჩურჩულა ოდნავ ციცომ, ყურებამდის გაწითლდა და დარცხვენით თავი დახარა ძირს.

VIII

მას აქეთ ციცოს ცხოვრება შეიცვალა. გათენდებოდა თუ არა დილა, მოგონება აღარ უნდოდა, საჩქაროდ ჩაიცვამდა, პირს დაიბანდა, ჩაის დალევდა და გასწევდა ელენესაკენ, კმაყოფილი.

დიდედასაც გულში შვება ეძლეოდა, რომ ამისი ციცო გაუნათლებელთა სიაში არ მოექცეოდა და ხელს უმართავდა ბავშვს, რომელიც დღე და ღამ, ელენეთი მოხიბლული, სულ იმის ხსენებაში იყო.

რაც ელენე მოვიდა, ქეთევანი გრძნობდა, მას აღარ ეკუთვნოდა შვილიშვილი, რომელიც თითქო გაურბოდა განზე. პავლეც აგვიანებდა სახლში დაბრუნებას და მოხუცებული რჩებოდა მთელი დღეები თავის აბრეშუმსა და თითიკასთან ერთად.

ციცო ყურადღებას არ აქცევდა ამ გარემოებას და მიისწრაფებოდა ელენესკენ. ელენეც ყოველთვის ალერსით უხვდებოდა, შეიყვანდა თავის ოთახში, მიუჯდებოდა გვერდზე და ასწავლიდა. ხანდისხან, როდესაც ნატალია დიასახლისობაში იყო გართული, როსტომი მინდვრად წასულიყო ბულულების დასათვალიერებლად, ელენე აივანზე გამოიყვანდა ბავშვს; დასხდებოდნენ მაგიდასთან და მეცადინეობდნენ. მოხდებოდა ხოლმე, რომ ელენე და ნატალია კვირის-კვირობამდის წავიდოდნენ სადმე სტუმრად, მაშინ ციცო ბრუნდებოდა ისევ სახლში და პატარა კატოს ასწავლიდა.

როსტომისას მუდამ სტუმრიანობა იყო. ახალგაზრდა ქალ-ვაჟნი ბუზებსავით ეხვეოდნენ ამათ ოჯახს. თვითონ ნატალია მხიარულად და გულუხვად უხვდებოდა ყველა მომსვლელს, ისინიც ეტანებოდნენ ელენეს, როგორც მშვენიერ ახალგაზრდა ქალს. ამისი მიმზიდველობა უფრო ცხოველდებოდა პირად ღირსების გარდა მით, რომ ათასი თუმანი ფული მზამზარეულად ბანკში ჩადებული ჰქონდა.

ამავე ზაფხულში ბევრმა სთხოვა ხელი, მაგრამ ელენე ღიმილით, თავაზიანის უარით თავიდგან იშორებდა უდროვო მოტრფიალეთ.

ელენე დიდ მუყაითობას იჩენდა სახლში. ცდილობდა ნატალიას უკან არ ჩამორჩენოდა და არას დროს უსაქმურად არ ჩერდებოდა.

ციცო გაფაციცებით უყურებდა თავის მასწავლებელს, თვითეულ მის მოქმედებას და მის გავლენის ქვეშ ესეც შეუმჩნევლად ვარდის კოკორსავით იფურჩქნებოდა.

ორ წელიწადში ციცომ დაიწყო რუსულად თავისუფლად კითხვა და ცოტა ლაპარაკიც. ეს მეტად მხიარულადა გრძნობდა თავს როსტომისას. მშვენიერი, შავთვალწარბა, მიმზიდველი თანდათან ყურადღებას იქცევდა თავისკენ; ყმაწვილი კაცები აღტაცებით უყურებდნენ ლამაზ გოგონას.

- რა ეშხიანი იქნება! დააცათ ორი წელიწადი კიდე და...

- არა მგონია ელენეს დაემჯობინოს.

- ეგ გემოვნებაზეა: ის თეთრ-ყირმიზაა, ეგ შავთვალწარბა!.. - ხშირად ასეთი ლაპარაკი ჰქონდათ ხოლმე საცოლო ყმაწვილებს როსტომისას, მაგრამ მათი ყურადღება უფრო ელენესკენ იხრებოდა, რადგან ეს დაქალებული, გასათხოვრად გამოწყობილი უფრო სახეიროდ მოსჩანდა.

ციცოს გარემოება ბინდბუნდში იმალებოდა. ყველამ იცოდა, რომ ერთად-ერთი მემკვიდრე პავლესი ციცო იყო, მაგრამ აგრეთვე ისიც იცოდნენ, თუ რა ნიავს მიჰქონდა მისი შეძლება. ამაზე აზრი ორად იყოფოდა.

- კაცო, სანამ ეგ გათხოვდებოდეს, პავლე ქვაქვაზედაც არას დასტოვებს...

- სვავი ხომ არ არის, რომ გადაყლაპოს! მაგისი სამყოფი კიდევ დარჩება, - ამბობდნენ ყმაწვილები.

ციცო ბუნებით მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო. გულუბრყვილო სულ კისკისებდა და თავისუფლად ფრთებსა შლიდა. როსტომს და ნატალიას ძალიან უყვარდათ ეს უმანკო არსება და შვილებში არ არჩევდნენ.

მაგრამ აგერა ციცოს უზრუნველობა თითქო დაიჩრდილა. მიზეზი იყოს ის, რომ ელენეს ატყობდა რაღაც მოუსვენრობას. ცხადად ხედავდა, ელენე როგორ ეძებდა მარტოობას, ჩაფიქრებული ბაღში დადიოდა და, როდესაც დაინახავდა ხოლმე ციცოს, ბევრჯერ თითქო თვალსაც არიდებდა.

- ნეტა რას ნიშნავს? - ფიქრობდა დაღონებული ციცო.

- თუ მოვბეზრდი... შევძაგდი? - ეს წინანდელზე მეტად თვალს ადევნებდა ელენეს, რომელიც ბოლოს და ბოლოს უარსაც ეუბნებოდა სწავლებაზე.

- იცი, ციცო, დღეს საშინლად მტკივა თავი, ხვალ გასწავლი, - ეტყოდა ელენე ნაღვლიანად, მაგრამ ამასთანავე ცდილობდა ალერსით ყოფილიყო.

თავმოყვარე ციცო მაშინვე ცივად გაბრუნდებოდა წიგნებით, სხვა ოთახებში არც კი შეიხედავდა და გასწევდა სახლისკენ, სადაც ელოდა მოწყენილობა, ერთფერი ცხოვრება.

მალე ელენეს უცნაური მდგომარეობაც გამოირკვა, უცბად დაიძახეს:

“როსტომის ქალი დაინიშნა ძალვანიშვილზეო” და ეხლა კი მიხვდა ციცო, რად დადიოდა ისე გარეგარე ელენე.

სვიმონ ძალვანიშვილი ხშირად მოდიოდა მათთან, მუდამ ელენეს თავს ევლებოდა, მაგრამ ციცოს თავში არ მოსვლია, რომ ასე დაბოლოვდებოდა საქმე. ციცო ხედავდა სახე-გაბრწყინებულ, მაგრამ ამასთანავე ცოტა გამხდარ ელენეს. როსტომი და ნატალიაც სიხარულისაგან ფეხზე აღარ იდგნენ.

სვიმონ ძალვანიშვილი სახარბიელო სასიძო იყო: ნასწავლი, კარგ სამსახურში, დიდი ხანია ცდილობდა ელენეს გულის მოგებას და ძლივს რავდენისამე თვის შემდეგ გაიმარჯვა.

ელენე თუმცა უღიმოდა, ეფერებოდა ციცოს, მაგრამ ეს ცხადად ატყობდა, მისი ყურადღება, აზრები გამსჭვალულიყვნენ ერთსა და იმავე საგანზე ფიქრით.

ციცომ დღითი-დღე კიდევაც უკლო მათთან სიარულს, რადგან თავს კმაყოფილად არა გრძნობდა, როდესაც ხედავდა ელენეს საქმროსთან ხელი-ხელ გადაჭდობილს და მათან მოსიარულეს.

ციცოსთვის აღარავის სცალოდა. ყველა საქორწილოდ ემზადებოდა. ეს დაუბრუნდა დიდედას, რომელმაც კმაყოფილებით გაუღიმა, და ჩაუჯდა წიგნების კითხვას. კითხულობდა ხარბად და თავს ძალას ატანდა დავიწყებას მისცემოდა. მარტო ისევ კატო იყო მისი მოწყენილობის გამქარვებელი, რომელიც ხშირად მოდიოდა და ცდილობდა გაერთო.

- ოხ, დიდედა! ნუ თუ აქედგან სამუდამოდ უნდა წავიდეს ელენე?! რა მენანება? ვერ გამომიმეტებია, - შესძახა ერთხელ თვალცრემლიანმა ციცომ და მოეხვაი მოხუცებულს.

- რა ვუყოთ, შვილო? თვითონ ხომ ბედნიერია, კმაყოფილი... ქალი, რომ გაიზრდება, უნდა გათხოვდეს.

- მერე ელენე უნდა მოშორდეს დედ-მამას? მეგობრებს? უცხო კაცს გაჰყვეს?!. ოხ, არა, არა, ელენეს ვერ დავთმობ, ვერა!.. - ქვითინებდა ციცო სწორედ იმ დროს, როდესაც ელენე იდგა თავის ოთახში სარკის წინ და თავზე ყვავილების გვირგვინს ადგამდნენ, სადედოფლოდ აწყობდნენ. მთელი ეზო და სახლი სავსე იყო სტუმრებით. ციცოც უნდა ყოფილიყო ქორწილში, მაგრამ გული უკვნესოდა. დიდედასაც თვალებში ცრემლები მორეოდნენ, თავზე ხელს უსვამდა შვილიშვილს და თანაც სახეზე უკრთოდა ჩვეულებრივი ფარული სევდა.

IX

დრო მიდიოდა. ციცოს სიბავშვე, უზრუნველობა თანდათან შორდებოდა; მის ადგილს იჭერდა ფარული უკმაყოფილება. გული რაღაზედაც შემოჰკვნესოდა, თითქო ჰაერი ეცოტავებოდა, არა ჰყოფნიდა. ცის დასავალი ვიწრო იყო და მისი თვალები ნატრობდნენ შორს გადაფრენას, უმჯობესი ადგილები კი გაეცნო მარტო წიგნებიდგან.

- ღმერთო!.. - შესძახებდა ეს და მთრთოლვარე ხელს გადისვამდა წაბლისფერ ხუჭუჭ თმაზე, რომელიც ბეჭებზე გრძელ ნაწნავად დაშვებოდა.

- რა საშინელი სიცოცხლეა! ელენე წავიდა, როსტომისას არავინ დადის, ყველა სადღაც მიისწრაფვის, ეს კი ფეხმოუცვლელად ზის აქ, ამ პატარა სოფელში. მარტო ხანდისხან ახლო-მახლო თუ გაისეირნებდნენ დიდედა და ეს, ისიც მაშინ, როდესაც ციცო უფრო პატარა იყო, ეხლა კი, როდესაც დაქალდა და ენატრება ტოლ-ამხანაგი, ყმაწვილი სული, მასთან ფერაობა, ხუმრობა, ეს ვერავის ხედავს. ნუ თუ დიდედასავით მთელი თავისი სიცოცხლე აქ უნდა გალიოს? თუმცა კატოსთან მეგობრობა ახალისებდა, მაგრამ თითქო ისიც ამ ბოლო დროს ნაკლებად აკმაყოფილებდა. მასთან ეს ყოველთვის უნდა დახრილიყო, აზრებით დახურდავებულიყო. მისი გონება კი ეძებდა მაღალ აზროვნებას, მაღალ მსჯელობას, რომლისთვისაც თვითონაც ყური უნდა ეგდო და მოესმინა. მაგრამ ვაი რომ ვერსად ვერავინა ხედავდა, წიგნები კი უსულონი იყვნენ.

ციცოს ყველაფერი მოსწყინდა. სხვადასხვა ყვავილებით ნაქარგი მინდვრები, ყოველივე საგანი ამის თვალში ხავს-მოკიდებული იყო. მაგრამ, როდესაც შეხედავდა ძალზე მოხუცებულ სახე-დაღარულ დიდედას, რომელიც განაგრძობდა ტახტზე ჯდომას, უცბად გული შეეკუმშებოდა რაღაც სიბრალულით, თითქო შიშითაც.

- ღმერთო ჩემო, დღეს გაფითრებულია! რარიგად მოხუცდა, მოუძლურდა! ნუ თუ ისეთი წუთები უნდა დადგეს, რომ დიდედა აღარ იყვეს? - უცბად გაუელვებდა ეს აზრი, შეკრთებოდა, გულის ძგერით შეუბღვერდა წინანდელს უსაზღვრო სურვილებს, თითქო უბრძანებდა ჩამალვა-გაქრობას, მივარდებოდა დიდედას და დაუწყებდა ალერსს.

- რათა ხარ, დიდედა, მოწყენილი? - ჩაეკითხებოდა.

- ისე, შვილო... - უპასუხებდა ნაღვლიანის ღიმილით მოხუცებული და ალერსით თავზე ხელს დაუსვამდა.

პავლე თითქო მოიქანცა გარე-გარე სიარულით, ბოლო ხანებში უფრო ხშირად რჩებოდა სახლში. ამას დღითი-დღე თვალის სინათლე აკლდებოდა. ექიმებმაც, თითქო მობეზრდათ ამისი წამლობაო, მისცეს კვალად დარიგება და ურჩიეს სოფლად წმინდა ჰაერზე ყოფნა.

შეწყდნენ პავლეს სიამოვნების წუთებიც. აი დაბრუნდა ერთხელ ქალაქიდგან და შემდეგ ვეღარ შესძლო წასვლა სადმე. სანამ ძალიან ახლო არ მოვიდოდა ვინმე, ვეღარავის სცნობდა.

ეს მდგომარეობა საშინლად აწუხებდა როგორადაც თვითონ პავლეს, ისე მასზე მეტად ქეთევანს, რომელიც ჩუმჩუმად ცრემლით იმდუღრებოდა.

წელში მოხრილი, ჩაბერებული, თმაგათეთრებული პავლე საცოდავი სანახავი იყო, მეტადრე მაშინ, როდესაც ნელ-ნელა წამოდგებოდა ყოველ დაძინების დროს, პირს იბრუნებდა ხატებისკენ და იწყებდა “მამაო ჩვენოს”-ს, რომელსაც თან მიადევნებდა თავისგანვე შედგენილ ვედრებას.

“ღმერთო, გმადლობ შენსა მოწყალებასა,

ყოვლთვის ვცდილობ ჩემსა მოთმინებასა,

დამიფარე ბოროტ მოვლინებასა

ა ნუ მიმცემ ეშმაკთ მაცდუნებასა!

ვევედრები ღვთის მშობელსა დედასა,

ან მაღირსოს შენგან შეწყალებასა;

ამარიდე ყოველსავე ვნებასა,

არ მომაკლო სასუფევლის ლხენასა!”

პავლე აგრეთვე ხშირად იჯდა ხოლმე აივანზე, ყურს უგდებდა ქეთევანს ან ციცოს, მეტადრე უკანასკნელს, რომელიც აღარ შორდებოდა.

- ციცო, შვილო, აქა ხარ? არსად წახვიდე, გენაცვალოს პაპა, აბა ჩაი მომიტანე! აბა საყდარში წამიყვანე! ლოგინი გამისწორე! - განუწყვეტლად შეესმოდა ციცოს, რომელიც ხმა-ამოუღებლად ასრულებდა ყოველსავე ბრძანებას, მაგრამ მასთანვე გრძნობდა, რომ მისი არსება იქანცებოდა.

მიდიოდნენ დღეები, თვეები. პავლეს უარესობა დაეტყო. სინათლე სრულიად დაჰკარგა და ტკივილებიც აუტყდა. შუაღამისას, როდესაც ღრმა ძილში იყო წასული ციცო და მისი ყმაწვილი ბუნება სახვალიოდ სასიცოცხლოდ იკრებდა ღონეს, მეორე ოთახიდგან უეცრად შემოესმოდა საშინელი კვნესა. ეს მსწრაფლ თვალებგახელილი წამოვარდებოდა ზეზე, გამოიხედავდა პაპას ლოგინისკენ, სადაც წამომჯდარიყო მოხუცი, თავი დაენდო ხელებზე და გმინავდა.

- გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, ნახევარსაც არ ვღირვარ შენს მოწყალებასა! ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა! ღმერთო, მილხინე! - მალი-მალ პირჯვარს იწერდა პავლე. ეს დღითი-დღე სუსტდებოდა; საჭმელსაც უკლო.

ქეთევანი ეხლა აღარ იჯდა ტახტზე. თავდადებული უვლიდა უსინათლო ამხანაგს, რომელიც პატარა ბავშვსავით ჟინიანობდა.

- სიბრმავე კიდევ მადლობა უფალსა! აკი კიკოლაანთ მათეც ბრმა არის, მაგრამ ასეთი საშინელი ტკივილები კი არ აქვს, გენაცვალეთ! - გაიძახოდნენ სოფლის დედაკაცები, რომელნიც მოდიოდნენ სანახავად.

- სწორედ ცოდომ უწია.

- წედისი დაიწვაო და რაც იმას ბერვა ჰქონდა, მა რა იქნებოდაო? რასაც ეგ ქეიფებს ეძლეოდა. შვილონიასა, ადვილი ასატანი კი არ იყო!

- ღმერთს ნუ სცოდებ, ნინიკა! ვინ იცის, სიკვდილამდი ვის რა გვიწერია! - ასეთი მითქმა-მოთქმა იყო სოფელში პავლეზე.

ნატალია და როსტომი ხშირად მოდიოდნენ ავადმყოფთან, ანუგეშებდნენ. მარტო ციცოს გულს აღარა ეკარებოდა რა. პავლეს თვითეული კვნესა ძარღვებში სისხლს უყინავდა, სასოწარკვეთილებაში აგდებდა.

ერთის მხრივ საშინელმა ტკივილებმა, მეორეს მხრივ სიბერე-სისუსტემ, ღამის უძილობამ მეტად დასძლიეს ოდესმე ლომი ვაჟკაცი და ჩააგდეს ლოგინში. როგორც იყო ზაფხული გააღონღიალა, მაგრამ მკაცრ ზამთარს კი ვეღარ გაუძლო; ზედ სურდო-ხველა დაერთო და სიცხემ მწვავად გაჰკრა უძლურ ძვლებში. პავლე უკანასკნელ წუთების მოახლოვებას კარგადა გრძნობდა, მაგრამ არას ამბობდა, მარტო ხელებს აფათურებდა, ეძებდა, არსად არ წასულიყვნენ ციცო და ქეთევანი.

- მომიტანე ჩემი ახალოხი და ყურთ-მაჯებიანი კაბა, ქეთე! - წარმოსთქვა მან და წამოჯდა ზეზე. უსინათლო თვალებს ფართედ ახელდა, ხელები მალ-მალ მიჰქონდა ახლო, თითქო თითებს იშინჯავდა. სახეზე წითელი ალმური ასდიოდა.

- ქალბატონო, ვაზიაროთ! - წასჩურჩულა ამ დროს თითიკამ ქეთევანს.

- ბატონი საჩვენოში აღარ არის... - განაგრძობდა ეს.

ქეთევანი მთელი სხეულითა თრთოდა და ცრემლები ჩამოსდიოდა დამჭკნარ, გაყვითლებულ ლოყებზე. თითიკამ პასუხს არ დაუცადა და ოთახიდგან გაძვრა.

- ქალო, არ გესმის? მოიტა კაბა! - კვალად გაიმეორა მოხუცმა...

- მცხელა ამ პერანგში! ეს არ მინდა, ჩემებურად უნდა მოვირთო...

- სად მიხვალ, პავლე? - ნაზად და სიყვარულით ეკითხებოდა ქეთევანი.

- სადაც მინდა... მომწყინდა აქ... უნდა წავიდე... გესმის?.. - შესძახა პავლემ და უცბად გადავარდა ბალიშებზე. ამან თვალები გადაატრიალა, ყელში დაიწყო ხრიალი. ის იყო მღვდელმაც კარი შემოაღო.

პავლემ ძლივს მოასწრო წმინდა საიდუმლოს ჩაყლაპვა, რომ სულიც დალია. თითიკამ ხელი ჰკრა ციცოს, რომელიც ზედ დაეკონა უსულო გვამს.

- პაპა! - გაისმა საშინელი კივილი ოთახში.

- პაპა!.. ჩემო პაპა!.. - წუთს ოთახი გაივსო ხალხით.

როგორც იყო, ციცო ძალით ააგლიჯეს მიცვალებულს; გრძნობადაკარგული ქეთევანი მოშორებით დასვეს და ძმრით აბრუნებდნენ.

როსტომი და ნატალია იყვნენ ჭირისუფლების ნუგეშის მცემელნი, თავს არ ზოგავდნენ.

- ქალო, გულს ნუ იხეთქავ! ცას ხომ არ შეაბერდებოდა? მაგას სიკვდილიც ერჩივნა მაგისთანა სიცოცხლეს... მაგდენ ხანს შენც იცოცხლე და მეტი ნუ გინდა! - შესძახოდნენ ყოველ მხრივ მწუხარე ციცოს.

- გიჯობს დიდედას მიხედო და ანუგეშო.

ქეთევანი მოსთქვამდა, მუხლებზე ხელებს ირტყავდა და მარტო ხანდისხან, როდესაც ხმა მიუწყდებოდა, ხმას ჩაკმინდავდა და მიესვენებოდა კედელს. ციცო ძალით მიიყვანეს დიდედასთან, რომელმაც გულში ჩაიკრა.

- შვილო, მეტის-მეტად ნუ სწუხარ, - წარმოსთქვა მან და შეხედა შვილიშვილს.

- ღმერთმა სატირალისაგან გიხსნას... ყმაწვილი ხარ, ცხოვრებაში გაუხარელი... სატირელი მე მაქვს, შვილო, რომ ყოველივე მომესპო და დავრჩი ასე უძლური, ოხერტიელი, - დაუმატა ქეთევანმა, კვალად გულში ჩაიკრა ციცო და აქვითინდა.

პავლე დიდის ამბით დაასაფლავეს. როგორც მთელი ხეობა, ისე ქალაქიდგანაც ბევრი ნაცნობები მოუვიდნენ პატივსაცემად.

ციცო გაკავებული მიჰყავდათ კუბოს ახლო, იქვე ძლივს ფეხს მიადგამდა ქეთევანი, თავზე სახურავ-მოხდილი, თეთრ თმაგაშლილი; ამისი მოთქმა ყველას თვალებზე ცრემლსა გვრიდა. ციცოს არა ესმოდა რა. ამის წინ ბუნდად კრთებოდნენ სახეები, რაღასაც ეუბნებოდნენ.

წესს ბოლო მოეღო, სახლში დაბრუნდნენ.

ოთახებში მაგიდები გაეშალათ. სუფრაზე აყვავებულიყო სხვადასხვა საჭმელები.

ციცოს თითქო ეუცხოვა ეს სანახავი; უფრო მეტად იგრძნო სიცარიელე. აქ აღარ იყო პაპა; აღარ არსებობდა არაფერი, გარდა მოხუცებულ დიდედასი, რომლის სიცოცხლე აგრეთვე ბეწვზე ეკიდა. მთელი დღე პირში საჭმლის ნაწილი არ მიუკარებია. მეორე ოთახში პირქვე იწვა ტახტზე და ტიროდა.

- ციცო, მეც ხომ არა მყავს მამა... მეც შენსავით ობოლი ვარ, მაგრამ ვუყურებ დედაჩემს, მისთვის ვფიქრობ, მინდა დიდხანს იცოცხლოს და თავზე პატრონათ მადგეს, - შეესმა აქვე გვერდით ტკბილი მეგობრული სიტყვები. ციცომ შეხედა. მის წინ იდგა თვალებ-დაწითლებული კატო, რომლის სახე წრფელ თანაგრძნობას ხატავდა.

- მე ხომ ლუკმა მენატრება, ციცო, შენ კი ამ მხრივ ბედნიერი ხარ... - განაგრძობდა მეგობარი. ციცოს შვება აგრძნობინეს ამ სიტყვებმა.

- ოხ, კატო, შენ არ გამოგიცდია ძვირფასი არსების დაკარგვა!.. განა მეც არ დამხოცია დედ-მამა, მაგრამ მაშინ არაფრის გაგება არა მქონია, ეხლა კი საშინელებაა!.. - ოდნავ ჩურჩულებდნენ ციცოს ტუჩები.

- როგორც დედა იტყვის ხოლმე, ცრემლიც არ ჩამოვარდნია მამაჩემის სიკვდილზე, ისე გაქვავებულა, მისთვის არა სცალოდა, უნდა ეზრუნა, რომ შიმშილით არ დავხოცილიყავით, სიცივეს არ გავეყინეთ. აი რას გაუკლდევებია დედაჩემი, შენ კი საფიქრებელი ძალიან ცოტა გაქვს. მართალია, პაპა მოგიკვდა, მაგიერად დიდედას შეჰყურებ. დაგრჩა სიმდიდრე, მშვენიერი სახლკრი, სადაც ქალბატონი იქნები... სიკვდილი კი ყველას თავს არის.

ციცო ხმას არ იღებდა, ხარბად ისმენდა ამ სიტყვებს.

კატოს სახე გაუბრწყინდა, შავი თვალები მიაშტერდნენ მეგობარს, რომელიც ფარულის ალერსით უყურებდა. კატოს ტუჩები უთრთოდნენ აღელვებისაგან. ახლად შეთქვირებული გულ-მკერდი ასდიდასდიოდა.

ციცო წამოდგა. ზურგი მიჰყუდა კედელს და მიაჩერდა სივრცეს. მის წინ იშლებოდა თითქო სულ სხვა ცხოვრება. კატო მართალს ეუბნება, ტირილი, თავშიცემა რა ხელსაყრელია? არა, დღეის იქით ციცო აღარ იტირებს, რაც უნდა ავი წაეკიდოს ცხოვრებაში. კატოს სიტყვები მწვავად მოხვდნენ გულში.

- დიახ, სწორედ ციცომ უნდა უპატრონოს დიდედას, მამულს, ოჯახს, - ფიქრობდა ეს და ამ მოსაზრებაზე მედიდური ღიმილი მოსდიოდა.

კატო მიხვდა, რომ გაიმარჯვა და აღტაცებული გამოჰყვა მეორე ოთახში.

ციცო მივიდა სასოწარკვეთილებაში შესულ დიდედასთან და გვერდით მოუჯდა.

პურის ჭამის შემდეგ ხალხი დაიშალა. ყველამ უკანასკნელი ნუგეში სცა ჭირისუფლებს და წავიდნენ თავთავიანთ გზაზე.

დარჩნენ მარტოდ ციცო და დიდედა შეწუხებულნი.

მესამე დღეს ქეთევანი ეწვია პავლეს საფლავს, რომლის წინ გაეშალათ ხალიჩა, რათა ჭირისუფალს შეესვენა.

ქეთევანი გარინდებული მიჰყავდათ დედაკაცებს, მაგრამ როდესაც მიახლოვდა საფლავს, თავი გაინთავისუფლა ყველასგან, მოიკეცა საფლავის წინ და მიაჩერდა ახლად მიყრილ მიწას, რომელიც მდუმარედ შემოჰყურებდა.

- აი, მოვედი შენთან, რომ გკითხო მანდ როგორ დაბინავდი? - ჩასძახა ქეთევანმა ქმარს საფლავში.

- მეტყვი? ეხლა მაინც გამიხსენ გული! ეხლა მაინც იყავი წრფელი! მაგრამ ვაი! მთელი შენი სიცოცხლე მდუმარებდი ჩემთან და ეხლა უფრო რაღას იტყვი?.. ვაი თუ გიჭირს?.. ვაი თუ გინდა დახმარება და მე კი არ მეყურება, არ ვიცი... - ქეთევანი აღარ სტიროდა, მარტო უცრემლოდ მოსთქვამდა.

- ჰა? მაშ მარტოდ დამტოვე საპყარი, სნეული?.. ვინ მომიჩინე პატრონად? ნუ თუ ციცო, ეს უსუსური ბავშვი? ვაი ვერა ყოფილხარ ცოლ-შვილის კაი დამბინავებელი და დღემდის კი არ ვიცოდი!!. - ქეთევანის გულიდგან დრო და დრო ამოდიოდა მძიმე კვნესა.

როგორც იყო, დედაკაცებმა დაიყოლიეს და ააყენეს სახლში წასაყვანად, მაგრამ კიდევ უფრო დასუსტებული ვეღარ ახერხებდა ფეხის გადადგმას და თითქმის ძალით მიათრევდნენ.

X

გავიდა ერთი კვირა. საღამო მოახლოვებული იყო, რომ უცბად მოისმა ცხენების ფეხის ხმა.

ციცო და კატო ისხდნენ ოთახში და წიგნს კითხულობდნენ, მაგრამ ციცომ, გაიგონა თუ არა ხმაურობა, საჩქაროდ წამოვარდა და გამოვიდა კარზე. კატოც უკან დაედევნა. სოლოს ცხენის აღვირი ხელში ეჭირა, კიბეზე ამოდიოდა ვიღაც კაკარდიანი მოხელე და უკან მოჰყვებოდა ორი უცნობი კაცი. ციცო მათ პირველად ხედავდა და ამის გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა. მოხელემ დაინახა თუ არა ახალგაზრდა ქალები, რომელნიც თვალსა სტაცებდნენ, ულვაშები გადიგრიხა და თავაზიანად ქუდი მოუხადა.

- კნეინა ქეთევანი პარპაშვილისა აქა სცხოვრობს? - იკითხა ამან.

- დიახ, რა გნებავთ? - მედიდურად უპასუხა ციცომ.

- თქვენ ვიღა ბრძანდებით? - კვალად ჰკითხა მოხელემ.

- მე მისი შვილიშვილი ვარ.

- მემკვიდრე?

- დიახ,

- შეიძლება კნეინა ვნახო?

- რატომ? მობრძანდით!..

ციცო საჩქაროდ გამობრუნდა, უკან მოჰყვებოდნენ სტუმრები.

ქეთევანი იჯდა ძირს გაშლილს ხალიჩაზე, მის გვერდით მოეკეცა ანანოს; ეტყობოდა, რაღაც საყურადღებო ამბავს უამბობდა, რომ მოხუცებული უსმენდა, მაგრამ, როდესაც ოთახში შემოსული უცხო პირები დაინახა, შეკრთა, მიაჩერდა და მისმა ისედაც მისუსტებულმა გულმა მოუსვენრად იწყო ძალზე ძგერა.

ღმერთო ჩემო, აქ რა უნდა ბოქაულს?! თითქო ეს კაცებიც უნახავს ქეთევანს, პავლესთან მოდიოდნენ ხოლმე.

ბოქაულმა თავი დაუკრა ქეთევანს და გაშალა რაღაც ქაღალდი.

- მაპატიეთ, ბატონო, რომ თქვენ მყუდროებას ვარღვევ, მაგრამ, სამწუხაროდ, ნება არა მაქვს არ შევასრულო, რაც ჩემთის კანონს დაუვალებია. თქვენის განსვენებულის მეუღლის დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ ნება მიბოძეთ მოგახსენოთ საქმის გარემოება.

- ბრძანეთ! - უთხრა ქეთევანმა და მის თვალებში გამოკრთა გაოცება.

- თქვენს მეუღლეს მართებია ამ კაცების ვალი, ბევრჯერ უთხოვიათ, მაგრამ განსვენებულს არ მიუცია. ამათაც უჩივლიათ სასამართლოში, მაგრამ თქვენი მეუღლე არ გამოცხადებულა და სასამართლოსაც მიუსჯია ამათთვის, რასაც სჩიოდნენ. ახლა მომანდეს ავწერო თქვენი მეუღლის ყოველივე უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც საჯაროდ უნდა გაიყიდოს.

- რავდენში? - ყრუდ გაისმა ათრთოლებული ხმა ქეთევანისა.

- ორი ათას თუმანში.

ქეთევანმა აღარა სთქვა რა, დაკუმშა ცხვირსახოცი და მიიფარა თვალებზე. ყელში უჭერდნენ ცრემლები. ელდა-განწირულებას საზღვარი დაჰკარგოდა. ანანოც გაოცებული შეჰყურებდა იქ მყოფთ და დიდხანს თავს აქნევდა შეწუხებული. მოურავი დარისპან, რომელიც აგრეთვე შემოსულიყო, ზურგით მიჰყუდებოდა კედელს და თვალები ჭერისთვის მიემართა. სოლო და თითიკაც კარებთან იდგნენ გულხელდაკრეფილები და თვალს არ აშორებდნენ ქალბატონს.

- აქამდის რატომ არ ვიცოდი, რომ მაგდენი ვალი ჰქონდა? ან როდის აიღო იმ საცოდავმა! რაში დასჭირდა? - ამ სიტყვებით მიმართა ქეთევანმა დარისპანს.

- მართალი გახლავთ, შენი ჭირიმე. ბატონი ისე არ მოვიდოდა ქალაქიდგან, რომ ახალი ვალი არ მოჰყოლოდა, წინანდელიც ხომ სულ იზრდებოდა და იზრდებოდა და ახალი კი კიდევ ზედ ემატებოდა, - უპასუხა დარცხვენით მოურავმა.

- შემოსავალს რაღას უშვრებოდა? აკი ისიც თან მიჰქონდა ხოლმე, ბანკში უნდა შევიტანოვო?

- მარტო შემოსავალი რას ეყოფოდა, დალოცვილო? რაც იმას ქალაქში ამბები ჰქონდა, თქვენი მამული რა ზღვა იყო, რომ ასვლოდა?

- შენც იცოდი დ არ მეუბნებოდი? - შესძახა მთრთოლვარე ხმით ქეთევანმა, რომლის არსება აღშფოთებას მოეცვა.

- კაი ბიჭი კი ვიქნებოდი, რომ რამე მეთქვა. ბატონის რისხვას სადღა წაუვიდოდი? დამემუქრა: გაგათავებ, თუ კრინტი დაგიძრავსო. ან კი რა ჩემი საქმე იყო უპრაგონო ტიტინი? ერთხელაც კინაღამ მომკლა, როცა ვუთხარი, ბატონო, სიკვდილ-სიცოცხლე ღვთის ხელთ არის, თქვენ რომ მოკვდეთ, ხომ ყველაფერს მოვალეები წაიღებენ და რა ეშველებათ ქალბატონსა და ციცოს-მეთქი! მე თუ მოვკვდები, რაც უნდა ისა ქნანო, განრისხებით მიპასუხა: მე რომ მემკვიდრეები მრჩებიან, ვისთვის უნდა ვიზრუნოვო? ერთი გოგო გდია, იმაზე განა ღირს ფიქრიო?

- უბედური! - შესძახა ზიზღით ქეთევანმა და თანაგრძნობით გადახედა ციცოს, რომელიც გაქვავებულსავით იდგა ერთ დგილს.

- კნეინა, მეტს ვეღარ მოვიცდი, კანონი აღსრულებაში უნდა მოვიყვანო, - გაისმა ბოქაულის ხმა.

- ეხ, შვილო, რაღა ნებას თხოულობ? რაც გინდოდეთ, ისა ქენით, აბა ამ ამბების მომსწრეს ვინ რაღასა ჰკითხავს! - წარმოსთქვა ღონე-მიხდილმა ქეთევანმა.

ბოქაული შეუდგა თავის საქმეს.

- დღეის იქით თქვენ ნება აღარა გაქვთ ისარგებლოთ მამულის შემოსავლით, ყველაფერი ამ კაცების ხელში უნდა იყვეს, ვიდრე მამული არ გაიყიდება, - უთხრა კვალად ბოქაულმა და წინ წამოაყენა ერთ-ერთი მოსულთაგანი, რომელიც თავჩაღუნული იდგა; მარტო ხანდისხან ალმაცერად გახედავდა ხოლმე გაფითრებულ ციცოს.

ძლივს უსიამოვნო სტუმრები გავიდნენ ოთახიდგან, მაგრამ დანარჩენთ შვება არ უგრძვნიათ. ქეთევანმა თვალი მოავლო ოთახს, შეხედა ციცოს და მისმა გაფითრებულმა ტუჩებმა ოდნავად ჩაილაპარაკეს:

- ციცო, შვილო, მაშ გაგვცარცვეს? გაგვასაწყლეს? უბინაოდ დაგვტოვეს? - გულიდგან ამოხდა სუსტი კვნესა და გონება დაკარგული მიესვენა კედელს.

ციცოს ხმა არ გაუღია. ამან, როგორც იყო, მოაბრუნა დიდედა. თვითონაც კრიჭა შეჰკროდა.

- რა მოხდა? რა მეხი დაეცათ? ოხ, ღმერთო! - უსიტყვოდ გულში იმეორებდა ციცო.

ერთი საათიც არ გასულა, რომ დიდედა აიტანა საშინელმა კანკალმა, კბილს კბილზე ვეღარ აჭერდა, მთელის სხეულით თრთოდა.

თითიკამ დაუგო ლოგინი, მოხუცებული კვნესით მივიდა და დაიწყო ტანისამოსის ხდა, მაგრამ ხელები არ ნებდებოდნენ, თითებს მგრძნობელობა დაჰკარგოდათ. ციცომ უშველა გახდა, ლოგინში ჩააწვინა და საბანი დაახურა, მაგრამ ქეთევანი ვეღარ თბებოდა.

- გაგაცია, დიდედა? რა გიშავს?.. მალე გაგივლის... - ეუბნებოდა მზრუნველობით ციცო და თან ხელს უსვამდე შუბლზე. მოხუცებულმა ნაღვლიანად შეხედა შვილიშვილს.

ანანო კარზე გავიდა, დაუწყო თითიკას რაღაც ჩურჩული. კატომაც თავი მეტად ჩასთვალა ოთახში, დედას უკან დაედევნა.

- ჩემ ხელზე დადე თავი, დიდედა! - ეუბნებოდა ალერსით ციცო. - თბილი მაქვს და გაგათბობს.

- შვილო, - წარმოსთქვა ქეთევანმა, რომელსაც სახე გაფითრებოდა, - თითიკას უთხარი მღვდელი მომიყვანოს.

- გაციებამ აგრე როგორ შეგაშინა? ეხლავე ოფლს დაგასხამს და მორჩები!

- რა ვუყოთ, დედავ, ზიარება მაინც არ მომკლავს, - უპასუხა ქეთევანმა და ოთახს თვალი მოავლო, თითქო ვიღასაც ეძებსო.

- აქ ხომ არავინ არის? - იკითხა მან.

- არა, მარტო მე ვარ, დიდედა!

- ოხ, შენა, რა დამშვიდებით მოვკვდებოდი, შვილო, რომ მოვსწრებოდი შენს გათხოვებას, მაგრამ ეტყობა, ღმერთმა ღირსი არ გამხადა.

ქეთევანი შუბლზე ხელს ისვამდა და ცდილობდა თავისთვის ძალა დაეტანებინა. აღელვებული, შეშინებული ციცო მისჩერებოდა მას.

- ან კი სხვა რაში მქონდა ბედი, რომ ამაში მქონოდა? - დაიწყო ქეთევანმა.

- უბედურობა მაშინვე დამეტყო, როცა ვაჟიშვილი არ გამიჩნდა, ღმერთმა დამაჯერა მარტო დედაშენს და ისიც ბოლომდის არ შემარჩინა. ოხ, რა მშვენიერი იყო ჩემი ნატო! ვინ არ თხოულობდა მას? წარჩინებული პირები მისთვის გიჟდებოდნენ, მაგრამ ბედმა სხვარიგად იმუშავა. თავისივე სურვილით, ჩვენს დაუკითხავად წაჰყვა მამაშენს, რომელიც განთქმული იყო ბედოვლათობით და მისი მცირე შეძლება ვალებს არც კი აუვიდა. დედაშენი მოხიბლა მისმა თვალ-ტანადობამ და სიმღერა-თარმა, სხვა ღირსება არა უჩნდა რა. ჩვენც შევურიგდით ბედს. რაც იყო, იყო. მეორე წელიწადს სახლში მოვიყვანე დასალოგინებლად და საცოდავი მუცელს გადაჰყვა... მამაშენი კი სწორზე ნადიმში დაეპატიჟნათ, იქ შექეიფიანებულს ვიღასთანაც მოსვლოდა უსიამოვნობა და ხანჯლით აეკაფათ... შენ ჩვენს ამარა დარჩი... პაპაშენმა ყოველი კავშირი მოსპო მამიშენის ნათესავებთან. “ოხ, რო დავინახავ, ქეთე, ციცოს მამიდას, გულზე ბოღმები მაწვებიან, სწორედ თავისი ძმაა: ისევ ის დიდრაჯი, ისევ ის ბედოვლათი. კაცს ცოლშვილი ჰყავდეს, ან ქალს ოჯახი ჰქონდეს და მარტო თავის სიამოვნებას ცდილობდეს? ეს მიუტევებელია! მიუტევებელია!” აი რას ამბობდა პაპაშენი, რომელმაც დღეს თვითონ ასეთს გარემოებაში ჩაგვაყენა! მეც უჯერებდი! ვაი უბედურო, ჩემო თავო!.. შენ გყავს, შვილო, მამიდა; იმისი შვილები ეხლა დაბინავებულები არიან, ნუ დარჩები ამ საშინელ უკიდურესობაში და შეეხმიანე მათ.

ქეთევანს სახე წამოუწითლდა. ეტყობოდა, ეძნელებოდა ლაპარაკი, მაგრამ მაინც არ უტყდებოდა თავს და განაგრძობდა აჩქარებით, თითქო უნდა ვალი მოიხადოსო. ეს არ უყურებდა ციცოს, მისჩერებოდა სივრცეს და დრო და დრო დასასვენებლად შეჩერდებოდა, შემდეგ კვალად განაგრძობდა:

- ყური მიგდე, შვილო. შენ ეხლა ბავშვი არა ხარ... არ შეგეშინდეს... - დაიწყო მან და გახედა ახალგაზრდა ქალს, რომელიც სტიროდა.

- მე ეს არის ვკვდები და იმიტომ გეუბნები ყველა ამას, რომ იცოდე! დღემდის მეცოდებოდი, არ გიმეტებდი, რომ ეს უსიამოვნო წარსული შენის მშობლებისა დაწვრილებით გცოდნოდა, მაგრამ არც ის ივარგებდა, რომ მოტყუებული ყოფილიყავი ჩემ მხრივ მაინც.

ქეთევანმა ათრთოლებული ხელი წაიღო ბალიშისკენ, გამოიღო გასაღები, ციცოს გაუწოდა და თანაც მიაჩერდა:

- აი ეს... თეთრი ყუთი გააღე... იქ შენახული მქონდა შავი დღისთვის შეგროვილი ორიოდ გროში და აი შავი დღეც ხომ დამიდგა!.. იქიდგან ცოტა მე დამახარჯე და დანარჩენი შენა გქონდეს. სანამ... სანამ ღმერთი რაიმე ნუგეშს გაგიჩენდეს... - ძლივს დაუმატა ქეთევანმა და თვალებიდგან ცრემლები გადმოღვარა. ამან ვეღარ შესძლო ლაპარაკი და ხმა ჩაკმინდა. შუბლზე წამომდგარი ოფლი ხელსახოცით მოსწმინდა ციცომ. ეს ცხადად ატყობდა, მართლაც ქეთევანი თანდათან სუსტდებოდა და სიცხე კი არა სჩანდა.

- არას მიირთმევ, ქალბატონო? - შემოვიდა ამ დროს თითიკა, მაგრამ როდესაც დაინახა სულთმობრძავი ქეთევანი, მუხლებზე ხელი დაიკრა, გააღო კარი და ხმამაღლა გადაჰყვირა სოლოს:

- წადი, კაცო ჩქარა მღვდელი მოიყვანე!

თითიკა საჩქაროდ შემოტრიალდა უკანვე, ანანოც თან შემოჰყვა.

ქეთევანს ლოყა დაენდო ციცოს ხელზე და თითქმის ნახევრად თვალებ-დაკარგული უაზროდ იხედებოდა.

- იქითა, ქალო, ერთი-და! - შესძახა თითიკამ, მივიდა ქეთევანთან, რომელმაც ოდნავ გაუღიმა, თითიკამ გულაღმა დააწვინა მომაკვდავი, გამობრუნდა და დაუწყო საცვლებს ლაგება...

- მობრძანდი, მამაო!.. - შესძახა გახარებულმა დედაკაცმა, როდესაც მღვდელი შემოვიდა.

ქეთევანი თითქო გონებაზე მოვიდა, გადმოხედა მამა ზაქარიას და თვალ-ცრემლიანმა დაიჩურჩულა:

- მაზიარე, მამაო... შემცოდე ვარ, როგორადაც სიკვდილის შვილი.

მღვდელმა შეატყო, დრო ცოტა იყო და აღარ დაუწყო გამოკითხვა. წმინდა საიდუმლოთი სავსე კოვზი მიეკარა თუ არა მომაკვდავის ტუჩებს, ერთი კიდევ გადაატრიალა თვალები და სამუდამოდ გონება დაჰკარგა.

- ასე უეცრად რა იყო ამ საცოდავის თავს?.. - იკითხა დაღონებულმა მამა ზაქარიამ და გადახედა ციცოს, რომელიც მწარედ ქვითინებდა.

- რა იყო და გული გაუხეთქეს იმ გულგასახეთქებმა. გენაცვალეთ, ხუმრობა ელდა გამოიარა?.. პრიჰტავი რომ შემოვიდა და ისე ტყვიასავით მიარტყა სიტყვები იმ თავმკვდარმა!.. სასიხარულოსაც არ ეტყვიან ასე მოუმზადებლად, თორემ ასეთი უბედურობაი!.. იმ გასაჟუჟავებს სულ აუწერიათ მთელი მამული და სახლ-კარი! - გაბრაზებით ლაპარაკობდა თითიკა და ფუსფუსებდა მიცვალებულის ახლო.

- მღვდელი მივიდა ციცოსთან, გამოართვა ხელი და გაჩერდა მის წინ.

- გამაგრდით!.. თქვენ თავს გაუფრთხილდით!.. მერწმუნეთ, ამ სოფლად ღირსი არავინ არის, რომ მისთვის შეწუხდეს კაცი!..

XI

ციცომ კარგა ტირილის შემდეგ თავი შეიმაგრა, წამოდგა ზეზე, მიუახლოვდა მიცვალებულს და გაჩერდა მის წინ. დიდედა დამშვიდებული იყურებოდა, ყოველივე მისი სახის მოხაზულობა გაყინულ-გაჩერებულიყო.

ოხ, რა შემზარავი განსხვავებაა მძინარესა და ამ თვალებდახუჭულ არსებას შორის!.. ნუ თუ ეს ის ძვირფასი დიდედაა, რომელიც სიყვარულით, ალერსით ეფერებოდა ციცოს! დიდედა აღარ იყო; მასთან გამქრალიყო ეს სახლიც, სადაც სტუმრად დარჩებოდა რადენიმე დღე, მერე კი სამუდამოდ ჩაესვენებოდა ცივ სამარეში. ეხლა, ამ წუთებში მაინც ხედავდა მის სახის ხატებას, შემდეგ ესეც გაჰქრებოდა, გაჰქრებოდა საუკუნოდ, როგორადაც გაჰქრა პაპა. ციცოს გული შეეკუმშა, სხეულში ჟრუანტელმა დაუარა...

- მაშ, ქვეყანა დაცარიელდა? ვიღა იზრუნებს ციცოსთვის? გაჭირვების დროს ვინ გაუწვდენს საშველად ხელსა?.. რა საზარლად დაიგრგვინა ცამ, უწყალო ბედმა მედგრად გადაატრიალა ბორბალი, თან გადაიტანა ციცოს მყუდრო, უზრუნველი ცხოვრება? დღეს ყველგან წყვდიადია, სიცარიელე! რაღაც შეცდომით დარჩენილა მარტო ციცო ობლად, უთვისტომოდ!.. ციცომ მიიფარა სახეზე ხელები და კვლავ აქვითინდა.

- შე ქალო, როგორ ასე მიგიგდია? შეინახე, ვერ ხედავ რამოდენა ხალხი ირევა, რო დაგეკარგოს, პასუხს ვიღას მოსთხოვ? - წასჩურჩულა ამ დროს თითიკამ და ხელში ჩაუდო გასაღები.

ციცო შეკრთა, მოიხედა. მარტო ეხლა გაახსენდა, რა დაუბარა მომაკვდავმა დიდედამ.

- სანთლები საჭიროა! ასე როგორ შეიძლება?.. მიცვალებულს პატრონობა უნდა... - ბურტყუნებდა თითიკა. ამ სიტყვებმა ხომ სრულიად გამოაფხიზლეს ციცო. ეს ხმა-ამოუღებლად გამობრუნდა, მაგრამ მუხლები უთრთოდნენ, ეკეცებოდნენ. მაინც, როგორც იყო, შევიდა დანიშნულ ოთახში, შიგნიდან ჩაიკეტა კარები და მიუახლოვდა სკივრს. აქაც ღონემ უმტყუნა, აღელდა და პატარა ხანს მიეყუდა კედელს, რომ როგორმე გული მოებრუნებინა.

მეტად სატანჯავი იყო ციცოსთვის ამ ჟამად ყუთის გაღება, მაგრამ, რადგან საჭიროება მოითხოვდა, - თავს ძალა დაატანა და მთრთოლვარე ხელი წაიღო ყუთისკენ.

თეთრეულის ქვეშ ხელს მაგრა მოხვდა რაღაც. გადასწია თეთრეულს და ციცოს თვალებში შეანათა ბრჭყვიალა პატარა ყუთმა.

კლიტემ გაიწკარუნა, ციცომ დაინახა ყუთში ჩაწყობილი ოცდახუთმანეთიანები, რომლებითაც პირამდის გალიცლიცებულიყო. ქალი კარგა ბლომა ფულს ხედავდა ყუთში, მაგრამ გული არა ჰქონდა კარგად გაესინჯა მისი რაოდენობა. საჩქაროდ ამოიღო ქაღალდი, დანარჩენი ისევ დაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.

- თითიკა მართალს ამბობს, მიცვალებულს პატრონობა უნდა, - გაიფიქრა და გამოვიდა ისევ ოთახში, სადაც ელოდა მღვდელი, რომელიც შემოსილი იდგა დიაკვანთან ერთად.

დიდედა უკვე დაესვენებინათ გრძელ მაგიდაზე. ციცო მის დანახვაზე გაფითრდა, გულმა ღონება დაუწყო და დაეშვა სკამზე.

მღვდელი დაკვირვებით უყურებდა ხან მიცვალებულს, ხან ციცოს და სიბრალულით თვალებში ცრემლები ერეოდა.

როსტომი და ნატალია წყლებზე წასულიყვნენ საწამლებლად და საბრალო ციცოს პატრონი არავინა სჩანდა, გარდა გლეხებისა, რომლებითაც სავსე იყო სახლი.

- ნუ მომეხათრებით, იქნება ფული არა გაქვთ? - წასჩურჩულა მამა ზაქარიამ ციცოს.

- არა, მამაო, გახლავს... დიდედამ თავისი სამარხი დამიტოვა. რაც საჭიროა, არა დააკლოთ რა, სხვა სოფლებიდგანაც მოიწვიეთ მღვდლები! - ეუბნებოდა ციცო და თანაც დაწითლებულ თვალებს ხშირად იწმენდავდა.

მღვდელმა ანიშნა დიაკვანს და იმანაც დაიწყო კითხვა. მამა ზაქარია კი გამოვიდა მეორე ოთახში და სთხოვა ციცოსაც გაჰყოლოდა.

მოძღვარმა ციცო მიიყვანა სკამთან, თითონაც ახლო დაჯდა და გადისვა აღელვებულმა თმაზე ხელი, წვერები ჩამოისწორა, კეთილი თვალები მიმართა ახალგაზდა ჭირისუფალს და რავდენჯერმე ჩაახველა. ეტყობოდა, ეძნელებოდა დალაპარაკება.

ციცო გარინდებული იჯდა უძრავად და თვალები მიეშტერებინა იატაკისთვის.

- კნიაჟნა! წინადაც მოგახსენეთ თავს გაუფრთხილდით-მეთქი, - დაიწყო თანაგრძნობით მამა ზაქარიამ.

- მოხუცებულებს მეტი დრო აღარა ჰქონდათ სასიცოცხლოდ. თქვენ კი ახალგაზრდა ხართ და თავს გაუფრთხილდით - დაუმატა მან.

- რისთვის? - ყრუდ გაისმა ათრთოლებული კითხვა.

- მომავალ ცხოვრებისთვის...

ციცომ ხმა არ გაიღო. მარტო დაკვირვებით და ამასთანავე გაოცებით შეხედა მოძღვარს, რომელიც ძლიერ კეთილი მოსჩანდა.

- გამიგონია, თქვენ თურმე გყავთ მამიდა. ცუდი არ იქნება, შევატყობინოთ თქვენი ასეთი მდგომარეობა. რაც უნდა იყვეს, თავისიანი დიდი რამ არის კაცისთვის, - ამბობდა მამა ზაქარია. ციცოს გაახსენდა დიდედას რჩევაც და მასთან ერთად მოძღვარის სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, თუმცა კი თითქო თავმოყვარეობა ნებას არ აძლევდა დათანხმებულიყო.

- თუ ნებას მომცემთ, დღესვე გავუგზავნი დეპეშას! - არ ეშვებოდა მამა ზაქარია.

- როგორცა სჯობდეს... თქვენ უკეთ იცით... - უპასუხა ანგარიშ-მიუცემლად ციცომ.

მღვდელმა მიიღო თუ არა ქალისგან ჯეროვანი პასუხი, მაგიდასთან დასვა ვიღაც ყმაწვილი, წინ დაუწყო რავდენიმე თაბახი ქაღალდი და დააწყებინა მოსაწვევ ბარათების და დეპეშების წერა.

როსტომს და ნატალიასაც გაუგზავნეს, მაგრამ მათგან მოუვიდათ პასუხი, რომ როსტომი მძიმე ავადმყოფი იყო და ვერ ახერხებდნენ ამოსვლას, მარტო შორიდგან უცხადებდნენ ციცოს თანაგრძნობას მწუხარებაში და ამხნევებდნენ.

მოაწია დიდედას დასაფლავების დღემაც.

ციცოს გული ძალზედა სძგერდა; საშინელის მოუსვენრობით, დაკვირვებით თვალებს აცეცებდა ყოველ მომსვლელს, უსიტყვოდ, ეძებდა ვიღასაც. კარებში გამოჩნდა მაღალ-მაღალი, ჩასხმული, შავგვრემანი, მედიდური ქალი, რომელიც ამაყად აქეთ-იქით იყურებოდა. ეტყობოდა, ყველა ამისი უცნობი იყო. ციცომ შეხედა თუ არა, გულმა წასჩურჩულა, რომ უსათუოდ მამიდა უნდა ყოფილიყო. მისმა სახის ცივმა, უთანაზიარო მეტყველებამ ერთ ადგილსვე მილურსმა, ღონე არ ჰქონდა მისულიყო მასთან. თვითონ მამიდამ შენიშნა და წამოვიდა.

ციცომ დაიწყო ქვითინი. მამიდამ ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა. ამას უკან მოჰყვებოდა ჩერქეზულად გამოწყობილი ახალგადა; ეტყობოდა, მამიდას შვილი უნდა ყოფილიყო.

- რამოდენა ქალი გამხდარხარ და დღემდის კი არ გიცნობდი, ჩემო ძმისწულო! - წარმოსთქვა კნეინა თებრონიამ, ხელსახოცით გაიქარვა სახეში მოწოლილი სიცხე და ჩამოჯდა ციცოს გვერდით სკამზე.

- ღმერთმა აცხონოთ! მაგათი ბრალი იყო ჩვენი ასე მოშორება. ეხლაც შენ რომ არ შეგეტყობინებინა, ვერაფერს გავიგებდით და შენც უნდა დარჩენილიყავი ოხრათ. - თებრონია ტუჩ-აბზეკით იყურებოდა გარშემო, ათვალიერებდა ყოველსავე საგანს. ამას უკვე შეეტყო, რომ პავლესთვის ვალში აეწერათ მისი ქონება და თითქო გულში ფარულად ნიშნს უგებდა ციცოს. დამცინავი ღიმილი უკრთოდა სახეზე, როდესაც უყურებდა თავისს უბედურ ძმისწულს: მისი მშვენიერი სახე არ ახარებდა.

- ჰმ! მემკვიდრე! მდიდარი საპატარძლო! -- ფიქრობდა, თანაც ცდილობდა თავის გულის თქმა გულშივე ჩაემალა.

ეს წამოსულიყო უფრო ცნობის მოყვარეობის გამო, რომ დაეხედნა პავლეს სახლკარისთვის, მის შეძლებისთვის, რომელიც დღეს ხელიდგან წასვლოდა და რომლითაც ოდესმე თავს იწონებდა ამის წინ. აგრეთვე უნდოდა ენახა ძმისწული, რაიმე დახმარება აღმოეჩინა, მაგრამ მისმა მშვენიერებამ ჩააფიქრა.

- როგორ წაიყვანოს თავისთან? ციცოს მშვენიერებასთან რაღა უნდა გამოჩნდნენ ამისი შვილები?

დამარხეს დიდედა. ციცოს მწუხარებას საზღვარი დაეკარგა. თავ-პირში იცემდა ხელებს და გულსაკლავად მისტიროდა თავის ერთად ერთ გულშემატკივარს, რომელიც მიწას ეფარებოდა.

- დამშვიდდი, ქალო, მწუხარებით ვეღარას მოუმატებ, ეხლა შენ თავს ყური უნდა უგდო!.. აქ რაღას გააკეთებ, შვილო? შენი აღარაფერია, გირჩევ ბარგი ჩაალაგო და ჩვენთან წამოხვიდე! მე მაინც მჭირდება ოჯახში შენისთანა ერთგული ვინმე. ჩვენ ყველანი ამ ზამთარს ქალაქში მივდივართ, შენ კი დარჩები სავსე ოჯახში, სადაც გახლდებიან მოურავი, დედაკაცები და შენც ყველაფერზე თვალყურს დაიჭერ! - ეუბნებოდა მამიდა ციცოს დასაფლავების მეორე დღეს, როდესაც ყველანი წავიდ-წამოვიდნენ და ეს კი განგებ დარჩა, რომ ობოლი ძმისწული მადლის გულისთვის თავისთან წაეყვანა.

- თქვენ ყველაფერი უხვად გექნებათ, არა დაგაკლდებთ რა, - დაურთო მედიდურად მამიდაშვილმა.

ციცომ მსწრაფლ შესწყვიტა ტირილი, წელში ამაყად გასწორდა და პირდაპირ თვალი თვალში გაუყარა მამიდას.

- გმადლობთ! მე ამ სოფლიდგან სადმე წავლა არ შემიძლიან. დიდედას წესები უნდა გადავუხადო, მის საფლავს მოვუარო, - უპასუხა მან თებრონიას, რომელსაც ეწყინა ძმისწულის ასეთი კადნიერი პასუხი.

- შენ იცი, მაგრამ აქ ყოფნა უბინაოდ ყმაწვილი ქალისა ძალიან ძნელია!.. - დაუმატა მამიდამ.

ციცო ძლივს იმაგრებდა მღელვარებას.

თებრონიას დიდხანს აღარ დაუცდია. ცივად გამოეთხოვა ძმისწულს და წავიდა.

ციცო დარჩა თითიკასა და სოლოს ამარა. მოურავი დარისპან, რადგან წინადვე იცოდა, რაც მოხდებოდა პავლეს ოჯახში, ბატონის სიკვდილის შემდეგ, შეუდგა ჩუმ-ჩუმად ადგილის ძებნას.

- უკაცო ოჯახში ღმერთმა ერთ დღესაც ნუ დამაყენოს! კაცო, აქ რაღა სიკეთეა? ქალებთან რა საქმე მაქვს, - უთხრა ერთხელ ამან სოლოს, როდესაც გახარებული მოვიდა საიდგანღაც.

- რო იცოდე, რა ადგილი ვიშოვნე... ჩემი ბატონი სულ ახალგაზდაა, გამოუცდელი და ჩემს მეტი უფროსი იმ სახლში არავინ იქნება. - დარისპანი სიხარულისგან ფეხზე აღარ იდგა, თუმცა პავლეს დროს საკმაოდ ითბობდა ხელსა, მაგრამ დღეს იმ გამორჩენას აღარ ჯერდებოდა და სწყუროდა მეტი შემოსავალი. დღითი-დღე ელოდა როდის მოეღებოდა ბოლო ამ საჯარო ვაჭრობას, რათა გაეგო შედეგი. დიდხანსაც არ მოუხდა ცდა. ქეთევანის სიკვდილმა მოასწრაფა ამის სურვილების შესრულება და ქალბატონის დასაფლავების მეორე დღესვე გამოეთხოვა ციცოს, მიიღო თავისი გასამრჯელო და გასწია უდარდელად, დაუნანებლად. ამას არც კი ახსოვდა ციცო, ფიქრობდა, ოცნებობდა ახალ ადგილზე. არც ციცო შესწუხდა დარისპანის წასვლაზე. ამას თითქმის ეჯავრებოდა კიდეც, როდესაც ხედავდა მუდამ გაჩუმებულს, ჩუმ-ჩუმად როგორ დაძვრებოდა აქა-იქ და ქეთევანსა და ციცოს არად აგდებდა.

- დიდი ეშმაკი მელაა, ვინც მაგას არ იცნობს! - იტყოდა ხოლმე უკმაყოფილოდ თითიკა და ალმაცერად გახედავდა მის მუდამ ღვინისგან გაწითლებულ სახეს.

- წავიდეს, დაიღუპოს, განა ეგ სახლში შესაშვებია? კაცი ათი-თხუთმეტი წელიწადი იყვეს ერთ სახლში და იმ სახლის ხათრი და სიყვარული არ დარჩეს, რა ადამიანია?!.

- ეშმაკის კერძს რომ იტყვიან, აბა სწორედ მაგაზე იტყვიან აი... აჰ, არც იქ მოიდგამს დიდხანს ფეხს, ღმერთი ხელს არ მოუმართავს მაგ უკეთურობაზე, -უპასუხებდა სოლო ნაღვლიანად და თანაც ჩიბუხის ბოლს გამოუშვებდა პირიდგან.

- ჭირი მომჭამოს, რას დაეძებ? მაგრამ მაგისთანა უფრო გამარჯვებულია. ვერ გაიჩინა სათავნოები მაგისმა ცოლმა თუ?.. აბა შენი სიალალმართლე ბევრსა გშველის, ვერ დაგიდის ტიტველ-შიშველი ცოლ-შვილი?.. - მიატანა თითიკამ და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაეძალა ცხვირით ბურნუთს.

- არა უშავს რა! ღმერთი ხომ დაინახავს ჩემ სიალალმართლეს? გამიგონია: მადლი და ცოდო შვილითშვილამდეო. ცხრა შვილში ის ერთი ლექსუა მიგდია და იქნება ღმერთმა ის მაინც გამიძლიეროს.

- უფალმა გისმინოს, შვილო! - მიატანა თითიკამ და გამოტრიალდა ზემოთ ოთახებში ასასვლელად,

XII

ციცო ყოველ დღე მიდიოდა საფლავზე და ცრემლებით ალბობდა დედამიწას. კატო წუთს არ შორდებოდა, ყოველ ღონეს ხმარობდა, როგორმე შეემსუბუქებინა მწუხარება, მაგრამ ამაოდ; რაც უფრო დრო მიდიოდა, უბედური მდგომარეობა თანდათან ხელსა რევდა და გულჩათხრობილი, გარინდებული ლანდსავით მოძრაობდა.

ნატალია და როსტომიც დაბრუნდნენ სახლში. ეხვეწებოდნენ მათთან მაინც გადასულიყო ციცო, მაგრამ თავმოყვარე ქალი ახლო არ იკარებდა მათ წინადადებას.

გავიდა რამდენიმე კვირა: ციცო თითქოს შეეჩვია თავის მდგომარეობას, უფრო მეტ დროს სულ საფლავზე ატარებდა, მეტად გაამშვენიერა ეკლესიის ეზო, მნათეს დაარგვეინა საჩრდილობელი ცაცხვები და მათ ქვეშ ხის სკამები დაადგმევინა. საფლავებს გარს შემოურიგა ბზის ბუჩქები, რომელშიაც შიგა და შიგ მორცხვად იყურებოდნენ ყვავილები. ქალს მოთხოვნილებად გარდაექცა ამ ადგილს მოსვლა.

გათენდებოდა თუ არა, გული დაუწყებდა ღონებას. ესეც დაუძახებდა კატოს და მასთან ერთად გასწევდა. ციცო ვეღარა სძლებდა სახლში. ოხ, რა ძვირფასი იყო წინათ თვითეული კუთხე, დღეს კი ვიღაც ტარტაროზი დაჰპატრონებოდა ყველაფერს. დღითი-დღე ელოდა ვიღასაც, რომელიც უბრძანებდა აქედან გასვლას. ციცო თვალით აღარ განიცდიდა ამ არე-მარეს, ოღონდ კი ჰქონოდა სხვა თავშესაფარი, მაგრამ სად წასულიყო, ვერ მოეაზრებინა. აკი დიდედამ დაუტოვა ფული!

ოცი თუმანი მის დამარხვას მოანდომა, თვითონაც რჩებოდა ბარე სამოც თუმნამდე, მაგრამ როდემდის ეყოფოდა? ბევრი-ბევრი ერთი წელიწადი! მერე რიღათი იცხოვროს? ვინ რას მისცემს! არა, არა! ციცო ჯერ ვერსად წავა აქედგან წლის შესრულებამდე. მერე გარემოება როგორც უჩვენებს, ისე მოიქცევა, მაგრამ სახლი ხომ უნდა დასცალოს? ეს საკითხები არ შორდებოდნენ ციცოს და დღე და ღამ მოსვენებას არ აძლევდნენ.

აგერა გამოჩნდა წინანდელი მოვალე, რომელიც გაუთენებლივ მოსულიყო და ელოდა ციცოს ადგომას. ციცო გავიდა აივანზე, რომ სოლოსთვის დაეძახა და ფერმა გადაჰკრა, როდესაც მის წინ გამოიჭიმა უსიამოვნო სტუმარი.

- რა გნებავთ? - უკმაყოფილოდ ჰკითხა ციცომ.

- უკაცრავად, ბარიშნა, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მეტი ღონე არ არის, უნდა მოგახსენოთ: ეს სახლი დღეს ჩემი გახლავთ და უნდა დასცალოთ! როგორც სახლი, ისე მამული მე მეკუთვნის... საჯარო ვაჭრობით დამრჩა ყველაფერი, რაც რამ ებადა პაპა თქვენს.

- ეგ დიდი ხანია გაგებული გვაქვს, - უპასუხა ციცომ.

- ჰო-და მეც იმისთვის მოვედი, რომ გთხოვოთ, დამიცალოთ სახლი, მეორეთ ნუღარ მომიყვანთ, თქვენც შეურაცხყოფა არ მიიყენოთ და მეც არ შემაწუხოთ! - დაუმატა ცოტა არა მკვახედ ახალმა მებატონემ.

წუთს ელვასავით მოედო სოფელს ეს ამბავი და ხალხმა თავი მოიყარა ციცოსთან. ყველანი დაღონებულები შეჰყურებდნენ უბინაოდ დატოვებულ ქალს.

- ეს რა გვიყო, ბატონიშვილო, იმ სულგანათლებულმა? რაზე დაგვჭრა ყელები? ვის ხელში ჩაგვყარა? - ამბობდნენ გლეხები, რომელთაც მამა-პაპიდგან ხელში ეჭირათ პავლეს მიწები.

- ჩვენ აქ საცხოვრებელი პირი აღარ გვიჩანს, - უმატებდნენ ისინი.

ციცო გაფითრებული იჯდა აივანზე და იყურებოდა პირდაპირ, მაგრა ტუჩებ-მოკუმული.

- შენ კი გაიხარე, შვილო, შეაფურთხე ამ სახლსაც და კარსაც!.. დასანანი რო ყოფილიყო, არც ასე მოხდებოდა. თავში მიაწყვიტე და გაეცალე! მოდი, აი ჩემი ჭდეული, ისე დაგიკრიალო, კატოს მზემა, რომ მოგეწონოს! წაიღოს მაგ სატიელომ, ოხრადაც დარჩენია! - გაიძახოდა გაგულისებული ანანო, რომელსაც სიბრაზისაგან პირში ნერწყვი უშრებოდა.

- თუ კი ჩვენთან იკადრებს ცხოვრებას, ქალო, ვინ ოხერი დაიშურებს მაგისთვის რასმეს? - გაისმა ხალხში ხმაურობა.

- ჩვენთან, ციცო, ჩვენთან გირჩევნიან! - ეჩურჩულებოდა კატო, თანაც ეშინოდა უარი არ მიეღო მეგობრისგან.

ციცო გაქვავებულივით იყო, ხმას არ იღებდა. ამის არსებაში საშინელი ბრძოლა ატეხილიყო, თითქო ჯიბრზე ამ წუთებში მეტად ემძიმებოდა ამ სახლიდგან გასვლა. გუშინ თვითონვე, თავისით დიდის სიხარულით გაეცლებოდა, მაგრამ დღეს კი მზად იყო მაგრა ჩასჭიდებოდა.

სტიროდა ციცო, სტიროდნენ მასთან გლეხებიც; მარტო დღეს გაიგეს მათ ქეთევანის და პავლეს სიკვდილი, მარტო დღეს ეთხოვებოდნენ სამუდამოდ. დასაფლავების დღეს თითქო სასეიროთ მოსულიყვნენ, მაგრამ დღეს გადაქცეულიყვნენ გულშემატკივარ ჭირისუფლად.

- რა ხალხი ვართ, რომ ემაგ წუწკს მაგდენი ნება მივცეთ? მაგას ვემსახუროთ? - დაიძახა ერთმა მწყრალად.

- ბატონ როსტომს შევეხვეწოთ, იქნება იმან შეიყიდოს!..

- ფული არა აქვს თუ?

ახალმა მემამულემ დაინახა თუ არა ხალხი მოსული, ჩუმად სადღაც გაიპარა.

- იი, თქვენც კი ხართ აი! ემაგ წუწკს როგორ შემოვუშვებ სოფელში? განა იქამდისაც უნდა მივიდეს მაგისი სიბრიყვე, რომ ბატონიშვილი კარზე გაგვიგდოს? - დაიძახა ხანში შესულმა ქალმა, წელში გასწორდა და თავშლის ყურები უკან გაიკეცა.

- მარტო მე ვეყოფი მაგას, არ მომიკვდეს ჩემი სანდრა, - დაუმატა მან.

- მე და ჩემმა ღმერთმა, მართალს ამბობს.

- ჰო-და რა არის: შევიწყვდიოთ, კაცო, ე ბოსელში და ერთი ისეთი დავბეჟოთ, რომ მეორე მოხედვა დაზარდეს! - გაისმა ხალხში ყაყანი.

- ვიიშ, მაგ ქადილით ვერას გახდებით, ბიჭებო! - წაიზუზუნა ვიღამაც.

- კანოლი მაგისკენ რომ არის? პირიქით, თქვენ ამოყოფთ ციხეში თავსა და ეგ კი ისევ ის თომა იქნება. მაგას ისეთი ცხვირპირი უჩანს, რომ ხამი არ იქნება მიტყეპას. მერე უფრო ცუდ საქმეს დაგმართებთ! გადაგეკიდებათ და არ მოგცემთ საშველს, - დაუმატა ნაღვლიანად მეორემ.

- ე ჯავრს ხომ ამოვიყრი! მე მაინც არ გადამრჩება, დაიცადოს, მაგისი სალავათი კი დაიქცა, მაგ ბღუნძიასი!.. - შესძახა შავგვრემანმა სვიმონამ და გაგულისებულმა მუშტი ჩაირტყა გულში.

ამასობაში ციცომ გონება შემოიკრიფა. დაგვიანება აღარ შეიძლებოდა. უნდა წასულიყო, სანამ ბოქაული ძალით არ გააგდებდა.

- რაღას უყურებ, დედა? უბრძანე ბიჭებს, ბარგის შეკვრა გიშველონ, ტყუილად ჩაფიქრებულხარ! - დაუძახა კვალად ანანომ.

ციცომ თავი აიღო მაღლა, შეხედა ანანოს ნაღვლიანის ღიმილით; ეტყობოდა, თითქო უსიტყვოდ თანხმდებოდა და მადლობას ხატავდა ცქერაში.

- გენაცვალეთ, ეს რა უბედურობა მოგვევლინა? - გაიძახოდა თითიკა, მუხლებს ითქვეფდა და მოუსვენრად დადიოდა აქეთ-იქით, თითქო რაღასაც ეძებსო.

- ნეტაი ემანდ მუგუზლებს არ უმატებდე!.. გირჩევნიან ბარგი ჩაალაგო და ბარე საქმე გავათავოთ. რაღას უყურებთ გამოსაშვები სისხლი უნდა გამოიშვას და ეს არის! - სთქვა ანანომ.

- რას გვიბრძანებ, ბატონიშვილო? გვიმსახურე, რაშიაც დაგჭირდეთ! - შესძახეს ერთხმად გლეხებმა.

ციცოს გული აუჩუყდა და დაიწყო ტირილი. ანანო და კატო შევიდნენ ოთახში, მათ უკან მიჰყვნენ რავდენიმე ახალგაზდა ბიჭები, დანარჩენი კი ნელ-ნელა დაიშალნენ. ციცო შემობრუნდა ოთახში და დაუწყო ხელებს ფათური, ვითომც ჩალაგებაში შველოდა.

- მე რაღას მიბრძანებ, ბატონიშვილო? - წარმოსთქვა ამ დროს კარებთან გაჩერებულმა სოლომ. - ეხლა საჭირო აღარა ვარ თქვენთვის: დამითხოვე, მივხედო ჩემ ოხერ ცოლ-შვილს, - დაუმატა მან და ჩოხის კალთით მოიწმინდა ცრემლები. ამას თითქო ეძნელებოდა ციცოს მოშორება, ნაამაგარ ოჯახის დათმობა. ციცოს ხელები აუცახცახდა და კინაღამ გააგდო ლამპარი, რომელიც მოჰქონდა კარზე. ამან ნაღვლიანად შეხედა სოლოს.

- აბა რა გითხრა, ჩემო სოლო? მე თვითონაც არ ვიცი, რით განუგეშო, ან შენ და ან ჩემი თავი, რა იმედით გავამხნევო? ხომ მხედავ, ცის ქვეშ დავრჩი და ჩემი პატრონი ქვეყანაზე არავინაა!.. - უპასუხა მან.

- ჰო-და აგრე, შენი ჭირიმე, დღესვე დამითხოვე! არ შემიძლიან დღეის იქით ამ სახლის ყურება. მე ჩემი დამემართება და ჩემი საწყალი ცოლ-შვილის ცოდო ნუ გინდა.

სოლოს წლის ჯამაგირი წაღებული ჰქონდა წინდაწინვე, მაგრამ ციცომ კიდევ მისცა ფული. სოლომ ხელზე აკოცა და ქვითინით გამოვიდა კარზე.

- შენ კი შემოგევლე, რაც უნდა გამაგდო, ამ შენ ფეხის წინ გამოვიჭრი ყელსა და ის იქნება, სანამ აქა ხარ, არ მოგშორდები, აგრემც წამლად დაგენაყება ჩემი თავი, შენთან ვეგდები, სანამ შენ თავზე გვირგვინს არ ვნახავ, მერე კი მეც წავალ ჩემ საწყალ ბიჭ სიკუასთან, - უთხრა თითიკამ ღიმილით ციცოს, როცა სოლო წავიდა.

ციცომ თანხმობის ნიშნად ცრემლებ ქვეშ გაუღიმა თითიკას.

მალე ჩალაგებასაც ბოლო მოეღო. წუთს ყველაფერი კარზე გამოიტანეს ბიჭებმა და სახლი დასცალეს. ციცოც უნდა გამოსულიყო.

ეს უკანასკნელად გაჩერდა, თვალი მოავლო ყოველივეს და მიაშტერდა იმ ადგილს, სადაც დიდედას ტახტი იდგა და გაწამდა. განძრევას ვერ ახერხებდა, თითქო ყოველ კუთხიდგან ეყურებოდა რაღაც საყვედურის ჩურჩული, რაღაც ხვეწნა, მუდარა.

- წავიდეთ, ციცო! - მოესმა ამ დროს კატოს ხმა და ხელი შეეხო მის გაყინულ თითებს, რომლებიც მაგრა ჩაეჭირა ერთმანეთისათვის, თითქო ლამობდა მათ დამტვრევ-დალეწვას.

ციცოს გააკანკალა, მუხლები ჩაეკეცა და ვეღარ გადადგა ფეხი. სახეზე სიკვდილის ფერი დასდებოდა, თვალები უაზროდ გაშტერებულიყვნენ.

- წავიდეთ, ციცო! - კვალად ეუბნებოდა ამხანაგი. კატომ მაგრა შემოხვია მკლავები, არ წაქცეულიყო. ციცომ თავი მიანდო მეგობარს მხარზე, თვალები დახუჭა და გაწამდა.

ოთახში გაისმა მოთქმა-ტირილი. გონება დაკარგული ციცო ანანოს და კატოს ნელ-ნელა ჩაჰყავდათ კიბეზე...

ნაწილი მეორე

I

სოფლის განაპირას მდინარე შეუპოვრად ზვირთს ზვირთზე მოისროდა; ზოგან გაგანიერებულ, გაშლილ ტოტებს იკრებდა, ზოგან მდორედ ტბორდებოდა; აქ უხვდებოდნენ წისქვილის ღარები; მათზე დაქანებული ბორბლებს ეჯახებოდა, ღრმა მორევში ასრიალებდა, თეთრ ქაფად ქცეულ ზვირთებს ბურთბურთად მაღლა ისროდა.

ბორბლებს თავს გადასდგომოდა პატარა ხის შენობა. მასში წისქვილის ქვები ხმაურობდნენ. ხვიმირი ავსებულიყო მარცვლით; დოლაბში ფქვილი თეთრად იცრებ-იფანტებოდა. იატაკზე ტომრები დაელაგებინათ. ყოველგან თეთრი მტვერი იდგა. მეწისქვილე სვიმონა სარეკელას გულდინჯად შეჰყურებდა, რომელიც ქვებზე დაფდაფსა სცემდა. ხალხს საფქვავი მოჰქონდა. ხმაურობა, შხივილ-ხრიალი შორს გაისმოდა და სადღაც იკარგებოდა. განუსაზღვრელი გრგვინვა იდგა გარშემო. მდინარეში იხვები ფრთებს აფრიალებდნენ, ბრწყინვალე წინწკლებს აქეთ-იქით ისროდნენ.

მდინარის ნაპირზე მწვანე, ხასხასა ბალახი პირს იბანდა, ხალისდებოდა.

სწორედ ამ მდინარის ნაპირზე ანანოს ჭდეული წამომდგარიყო. ცოტა მოშორებით იდგა უფრო დიდი დარბაზი, რომლშიაც ცხოვრობდნენ ანანოს მაზლისწულები. მათ გამოინაპირეს თავიანთი ქვრივი ძალუა და თავშესაფარად მიუგდეს ჭდეული; შუაზე მესერი გაივლეს; მასთან ყოველივე ერთობა შესწყვიტეს.

ანანოს ბოხჩის ტოლა ეზო წისქვილს, გზას და მთელ სოფელს გაჰყურებდა. ჭდეულს ჰქონდა დერეფანი, სადაც ავდრიან ამინდში ანანო იჯდა ხოლმე და საქმეს აკეთებდა.

დღეს ანანოს ჭდეული შესაბრალისად აღარ იყურებოდა. ტახტები ხალებით დაეფინათ. ციცოს ავეჯი სადღესასწაულო ფერს აძლევდა მთელ შენობას და ბევრიც შურის თვალით შეჰყურებდა ანანოს სახლში შეტანილ დოვლათს.

ორივ დედა-შვილი თავს ევლებოდნენ, თვალებში შესცეცებოდნენ გაფითრებულ, გამხდარ ციცოს, რომელიც მუდამ გარინდებულ-გაშტერებულიყო; თითქო შესწყვიტა სიცოცხლეო, მუდამ სადღაც გაიყურებოდა. უცხო სახლ-კარს, უცხო ადგილს, წისქვილის გაბმულ ერთგვარ გრიალს, მდინარის შხუილს იდუმალად ბანს აძლევდა მისი გულის უწყალო კვნესაც. ხანდისხან თვალებს მოხუჭავდა, თითქო არ უნდა სიცხადის ხილვაო. საშინელი მძიმე წუთები მაინც დაჟინებით თვალწინ უდგებოდნენ და აწამებდა. გულხელ დაკრეფილი, დაღონებული შედი-გამოდიოდა, დაფროტიალებდა ეზოში; მიუახლოვდებოდა მდინარეს, მიიდებდა ხელებს საფეთქლებზე და განწირულებით ჩააჩერდებოდა მის სარკეს; ხარბად გაჰყურებდა მჭევლს, რომელიც ტრიალებდა მორევში.

წისქვილი საშინლად გრიალებდა.

- ნაუ!.. ნაუ!.. - ყრუდ გაისმოდა ამ დროს ზარის რეკა. ჰაერი იკვეთებოდა წკრიალა ხმით. ციცო უარესად ფითრდებოდა, ნაბიჯს გადადგავდა ოთახისკენ, დაეძახა კატოსთვის, წასულიყო იქ... იქ, ბზის ბუჩქებისკენ, მაგრამ წუთს ისევ შეჩერდებოდა, ხელს მიიტანდა გულთან, საშინლად ამოიკვნესებდა.

- არა! იქ ეხლა სიცივეა! სიცარიელეა! ყველაფერი გაჰქრა!.. წავიდა მაღლა ჰაერში, გაიფანტ-დაიღვარა!..

თვალს კი კვალად ეხატებოდა ორი საფლავი, ქვიტკირის შენობა. ამ გახსენებაზე გააჟრჟოლებდა. წვრილი ზარები ისევა რეკდნენ ეძახოდნენ.

ერთი კვირეც იყო, რაც ციცოს საფლავები აღარ ენახა. ბევრჯერ დააპირა იქ წასვლა, მაგრამ შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა უკან აყენებდა, უბრძანებდა უთანაგრძნობოდ დახვედროდა ამ ძახილს. ციცოც ანგარიშმიუცემლად ემორჩილებოდა.

ანანო და კატო იშვიათადა სტოვებდნენ ციცოს მარტოდ, თითიკა კი იდგა ცეცხლაპირას, სადილს ამზადებდა. ციცო დაწვებოდა ტახტზე, დაიფარებდა შუბლზე მკლავებს და ნაღვლიანად იყურებოდა; თვალს ადევნებდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა. ტახტის ბოლოზე ჩამომსხდარიყვნენ დედაკაცები, ზუზუნ-წუწუნით შესჩიოდნენ ერთმანეთს თავიანთ ნაღველს. მარტო კატო არ იღებდა მათ ლაპარაკში მონაწილეობას; მეგობრის მწუხარებით გამსჭვალული, გულდასმით ჩაფიქრებოდა გონებას, ჩაჰკითხოდა, თუ რა მხრივ ეშველა ციცოსთვის, რომ ეს საშინელი გარემოება გასაძლისად დაენახვებინა? ატყობდა, ციცოს ეჯავრებოდა ლაპარაკი და ესეც ჩუმად იყო: ეშინოდა, თავი არ მოებეზრებინა.

- ერთი ჰკითხე იმ ჩემი ცოდვით სავსესა, რას მერჩის და რას მემართლება? -შესძახა ანანომ, თანაც ფრჩხილი დაუსვა საკერავის ნამორს, რომ ძაფი კარგა ჩასჯდომოდა.

- ე ხომ გამოვეცალე, ე ხომ აღარაფერს ვაწუხებ! მე ჩემთვის ვარ მოკუნტული, ჩემის შრომითა ვცხოვრობ. ალბათ, თვალი უდგებათ, ჩემი კატო რომ ჩაცმულ-დახურული გამომყავს. მერე იმათ რა ეხარჯებათ? შურთ განა?.. ვის რა დავა აქვს? თვითონ შრომობს და საფასურით თავს ილაზათებს!

- ასე კი სთქვა პელაგიამ-და! მეც გამიოცდა და გამიკვირდა. ჩემი მიხოს დაბერებამა. შენთან ტყუილი აბა რას გამომადგება? ასე ვუთხარი: შენ იმას თავი დაანებე-მეთქი, შენი ცუდი სიტყვები შენვე წინ დაგხვდება-მეთქი, იმისი ბედი კალთაში არ გიხვევია და რას დააკლებ-მეთქი?..

- ჯერ მოიცადოს და თუ იმისი კატუა არ დავამჟაო და დავაბერო, მაშ ქალი არ ვიქნები; განა დამავიწყდება, იმი დედ-მამამ რომ ოჯახი გაფხიკეს და გაცარცვესო? - ტიტინებდა თებრო, რომელსაც კალთაში ჩაესვა ბავშვი და ატირებულს მალ-მალ ძუძუს უდებდა პირში, რომ ლაპარაკში არ დაეშალა.

- ისემც უკვნესია იმასა და ჩემ ქმარსაც ადრე და მალე მოსწევია, სანამ ეგ მართალი იყვეს! გენაცვალეთ, რა მოუჭორებია?! ჩემი არ გითხრა, გული რით დაგწვაო, აბა ეგ არის აი! იქნება, ეგონოთ, - რაკი ქმარი მომიკვდა, ჩემ ლუკმას და ობლის წილს შევარჩენდი? გოგო რო იყო, იმისი იმედი ხომ არა ჰქონდათ? ბარემ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩემ მხრივაც ერთი ვაჟკაცი დატრიალებულიყო, მაგრამ რა ვქნათ?.. - იკურთხოს ღვთის ნება, ჩემი ვაჟიც და ქალიც ეხლა ჩემი კატოა. ორი დღის სიცოცხლე დამრჩენია, მინდა ორიოდ გროშს თავი მოვუყარო და დროზე გავაბინავო.

- ნუ კი გამამხელ, ბატონო, და მეტად ცუდად ლაპარაკობენ ე შენ კატოზე. მეტად ალაშაა, მაღლა-მაღლა იწევსო; ბატონიშვილს გატოლებია და უხეიროდ თავს იგდებსო, - განაგრძობდა დედაკაცი.

ანანო მეტად ცხარობდა და რაც შეეძლო მაგრადა სწევდა საკერავის ძაფს, თითქო იმაზე უნდა ჯავრი იყაროსო. კიდევ უნდოდა რიღასიც თქმა, მაგრამ გაახსენდა, ციცო აქავე იწვა და მისი ხათრით არჩია გაჩუმება.

- დილა მშვიდობისათ... ეს დედაჩემმა მოგართვა, იქნება ისიამოვნოსო!.. - წარმოსთქვა ამ დროს ოთახში შემოსულმა ფეხშიშველა გოგომ, რომელსაც აქა-იქ კაბის ნაგლეჯები ბაწრებსავით დაჰკიდებოდა და დაუვარცხნელი თმა აბუწოდა. ამ სიტყვებით ტახტზე დასდგა გოგომ კოჭბით მაწონი, ციცომ შეხედა ბავშვს ნაღვლიანის ღიმილით და უთხრა:

- მადლობელი ვარ, ჩემო ნუცა!.. დედას უთხარი, ჩვენთან შემოვიდეს, როცა დრო ჰქონდეს.

- ბატონი ბრძანდები: - ტუჩების აპრუწვით უპასუხა ნუცამ და გავარდა კარზე.

დღე ისე როგორ გავიდოდა, ციცოსთვის არ შემოეტანათ ცხელ-ცხელი მჭადები, ნაზუქები, მოხარშული დედალი, კვერცხები? სოფელი პატივსა სცემდა, თანაუგრძნობდა უბედურებაში. საყვედურით აღვსილი გლეხები პავლესა და ქეთევანის მიმართ, ცდილობდნენ ციცოსადმი ყურადღება გაეორკეცებიათ, თითქო ამით პირველებს ნიშნს უგებდნენ. ციცო მადლობელი იყო მათი, საჭმელ-სასმელში არა ეხარჯებოდა რა და უნდა სხვაფრივ გადაეხადნა პატივისცემა, მაგრამ ჯერჯერობით მწუხარება გაბატონებოდა და ნებას არ აძლევდა გარეშე აზრები ახლო მიეკარებინა.

- ანანოს ერთი პატარა ოთახი აქვს, ნახევარი მას დაუჭერია, მასპინძლები ერთ კუთხეში მიუკუნჭავს, როდემდის უნდა იცხოვროს ასე? რაფერად შეურიგდეს იმ ხალხს, რომელთანაც საერთოს ვერასა ხედავს?.. ასე კი საშინელი შევიწროებაა ორივე მხრივ, - ფიქრობდა ციცო.

- ღმერთო ჩემო, რა მოვიგონო? - კვნესოდა, გმინავდა და დღითი-დღე თანდათან ხდებოდა, სუსტდებოდა.

- რისთვის არ დავიბადე გლეხად? მუშად? მეც ეხლა იმთში ჩარეული აღარ ვიგრძნობდი ობლობა-მარტოობასა! - ფიქრობდა ციცო.

კატოც თითქო ჩამოშორდა; ციცოსთან საერთო ცოტა-ღა ჰქონდა. მუდამ გაღიმული, მუდამ მხიარული ღიღინით მიდი-მოდიოდა, ხშირ-ხშირად სარკმელშიაც იხედებოდა, თავს ილამაზებდა, რაღაც ძალა იწვევდა გარეთ. ციცო ცხადად ატყობდა, რომ ბედნიერი იყო, თუმცა ხშირად, როგორც თვითონაც უთქვამს, ხმელ ლუკმაზე დღე დაუღამებია, კერაზე ცეცხლი არ გაუჩენია. მისი შეთქვირებული, გაჟინჟღილებული სხეული არაფრად ეპუვებოდა არც სიცივეს, არც შიმშილს; თავისუფალი, ბედნიერი იყო.

- მე ამ მშრომელ ხალხს სახლში ნაღველი და დარდი შევუტანე, ეს ხომ მიუტევებელი თავმოყვარეობაა! - ფიქრობდა ყმაწვილი ქალი ამ ჟამად, როდესაც იწვა გულაღმა და უყურებდა მოლაპარაკეთ.

- ის ხომ ჩვენებურ ბიჭს არ იკადრებს; უეჭველად მომინდომებს ქალაქელ გამოკოხტავებულ ახალგაზდას! - არა ჩუმდებოდა თებრო.

- შენ მიხა ნუ მოგიკვდება, სწორეთა სთქვი, განა საძრახისია, რომ ჩემმა კატომ და ან იმისმა დედამ უკეთესი ბედი ინატროს? მე რა სიკეთე ვნახე ამ ოხერ სოფელში, რომ ეგეც აქ არ ჩავაბა, კევრზე დგომით წელი არ მოვწყვიტო? - მღელვარებდა ანანო.

- სწორეთ მართალი ხარ... - კვერი დაუკრა მობაასემ.

- ჰო-და აგრე, ჩემო თებრო, თუ კიდევ რამე სთქვას, შენც ასე უთხარი ჩემ მაგივრად: გასკდი ჯავრისგან-თქო, ჩემი კატოს მთხოვნელები კიდევაც მომდიან-თქო... ასე უთხარი, შენ გენაცვალე!

- რატომაც არ ვეტყვი... ვითომ რაში დავერიდები?..

- ჰო-და ეგრე, გაუხეთქე გული, - დაუმატა ხვნეშით ანანომ, ძალზე ამოიოხრა და თან გულის ბოღმები ამოადევნა.

II

ღამის მნათობი გამოცურებულიყო გაკრიალებულ ლაჟვარდზე, დედამიწაზე ვერცხლებრივ სხივებს გზავნიდა, თვითონ მორცხვად იხედებოდა მდინარის სარკეში და კეკლუცობდა. ზოგან წამოსული ჩრდილები შავ ზოლებად სჭრიდნენ გაკაშკაშებულ ადგილებს და რაღაც იდუმალებით ავსებდნენ. წისქვილი ისევ გრიალებდა, ბორბლები ისევ ბრუნავდნენ. და აი ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ ბილიკზე, გამოჩნდა რაღაც მოძრავი ჩრდილი. ჩრდილმა გაუხვია მდინარისკენ, გაჩერდა მორევის ახლო. გამოცურდა ცნობის მოყვარე მთვარე, დაადგა მას ზემოდამ. ჩრდილი შეინძრა, თავიდგან გადააგდო შავი შალი; გამოკრთნენ ფართო თვალები, რომელნიც დაკვირვებით იხედებოდნენ. მეტად მომხიბვლელი მოსჩანდა ახალგაზდა ქალი; ამან რავდენჯერმე მოისვა თვალებზე ხელი და კვლავ მიაჩერდა რაღაც განუსაზღვრელ ტანჯვით ბორბლებს.

- გრრრ... შრრ... - გაისმოდა ყოველ მხრივ.

- წკრრრ... - ისმოდა ფეხთ ახლო. ქალმა დაიხედა; წყალი მეტად გამჭვირვალე იყო; ნაპირებზე მოსჩანდნენ წვრილი კენჭები, რომლებზედაც მისრიალებდნენ პატარა ტალღები, თან მთვარის შუქზე ბრწყინავდნენ.

- მომყევით! - თითქო მოსძახოდა მოწინავე მეორეს.

- ნუ რჩები უკან! დასუსტდები! - ხმას აძლევდა მეორე მესამეს.

- ხვალ მზე დაგხედავს, ორთქლად გაქცევს და გაგაქრობს. ერთად! ერთად ჩავეშვათ მორევში!

ციცო გაშტერებული იდგა.

- ბატონიშვილო! - მოისმა იმ დროს ფრთხილი ძახილი, რომელშიაც იხატებოდა რაღაც ვედრება.

- ბატონიშვილო! - ძახილი განმეორდა. ციცოს ტანში გაარიალა, მოჩვენებად დასახა. მოიხედა და ნახა, მის წინ იდგა თავდახრილი, გულხელდაკრეფილი სვიმონა.

- სვიმონა, შენა?.. რა საქმე გაქვს? - ჰკითხა ციცომ, შალი წამოიფარა თავზე, თითქო ღამის სუსხმა გამსჭვალაო.

- ბატონიშვილო, შემეწიე! შენთან სახვეწარი, სავედრებელი მაქვს და მეც, რაც კი შემიძლიან თავს არ დავზოგავ შენთვის, ოღონდ კი დამეხმარე!

ციცოს იამა სვიმონას ასეთი კილო და გაიღიმა. "როგორ? ნუ თუ ციცოს შეუძლიან კიდევ ვისმეს შემწეობა აღმოუჩინოს? ნუ თუ ეს ვიედმე მაღლა სდგას გარემოებით და არის ვინმე, რომელიც საჭიროებს ამისგან შველას?.." ციცო გამობრუნდა, უკან სვიმონა მოჰყვებოდა მორჩილებით. ქალი შეჩერდა და მოუბრუნდა.

- სახლში წამო, სვიმონა, იქ მითხარი, - სთქვა ქალმა.

- არა, შენი ჭირიმე, იქ ვერ გიახლები! ნება მიბოძე, აქვე სადმე მოგახსენო. დიდი ხანია თვალს გადევნებ და ძლივს დრო ჩავიგდე ხელში. წისქვილიდან დაგინახე თუ არა, გამოვიწიე შენსკენ. რ მინდა ეს საიდუმლო შენ გარდა ვინმე სხვამ იცოდეს, - დაურთო სვიმონამ და თვალები დედამიწას დააჩერა.

ციცოს ცნობის მოყვარეობა გაუორკეცდ, მიიხედ-მოიხედა, წისქვილს კარებთან გრძელი ხის სკამი იდგა.

- მაშ აქ მოდი, - უთხრა ამან და გასწია. ციცო დაეშვა სკამზე, სვიმონა კი ცოტა მოშორებით გაჩერდა. ციცო ღონემიხდილი სისუსტესა გრძნობდა, მშვენიერ ღამეს რაღაც ბურანში შეჰყავდა.

- ბატონიშვილო!.. - გაისმა სუსტი ხმა სვიმონასი. ციცო შეკრთა, ფიქრებიდგან გამოვიდა და კვლავ მოხედა სვიმონას.

- რათ აგვიანებ, სვიმონა? რატომ არ იტყვი, რაც სათქმელი გაქვს?..

- ზიარების მადლმა, მეძნელება, ბატონიშვილო, შენთან ლაპარაკი, მაგრამ ვეღარ შევძელ, მეშინიან, სისხლში არ შევიდე, ცოდო არ დავატრიალო, დამეხმარე!.. - ციცო მიაშტერდა სვიმონას, რომელიც მთვარის შუქზე გაფითრებული მოჩანდა, თვალები უბრწყინავდნენ რაღაც ბოროტის ცეცხლით.

- ჩემი თავი ხელთ არა მაქვს, ფანდურაანთ მიხაკას გავაქრობ, თუ ის... ისევ ისე შეხედავს...

- ვის? - იკითხა გაოცებით ციცომ.

- თუ ის კატოს მუშტრის თვალით დაუწყებს ყურებას, - ძლივს წარმოსთქვა სვიმონამ, რომელსაც სახე ასწითლებოდა და სიბრაზისგან ხშირ-ხშირად სუნთქავდა.

- ორი წელიწადია, ბატონიშვილო, რაც ამ წისქვილში დავდექი მარტო იმიტომ, რომ ახლო ვიყო და იმას ვუყურო, ის წუწკი კი ხელს მიშლის, წინ მეღობება... გავაქრობ!.. მოვკლავ!.. - დაუმატა განწირულებით სვიმონამ.

ციცომ ეხლა კი გაიგო, საქმე რაშიაც იყო, და არ იამა. სვიმონას უყვარდა ამისი მეგობარი კატო, რომელსაც სხვა თავს ევლებოდა: შუამდგომლობას სთხოვდა მაშინ, როდესაც თვითონ ციცო ხედავდა ამათს ერთმანეთის შეუფერებლობას.

- მერე თვითონ კატო კი გიყურებს, სვიმონა? - ჰკითხა ციცომ.

- ჰმ! ის რომ მიყურებდეს, რაღა მიშავს? მაშინ ვიღას რად ჩავაგდებ? აკი იმიტომ გევედრები, რომ დამეხმარო, ჩემზე შემოახედო.

ციცომ ხმა არ გაიღო, გაჩუმებული დაკვირვებით შეჰყურებდა სვიმონას, რომელიც ცდილობდა დამშვიდებულიყო.

- შე კაი კაცო, და რაღა კატოზე გააჩერე თვალები? სხვა ვეღარავინ ნახე?..

- გულმა ის ამოირჩია.

- გონებამ რაღა გითხრა?.. რაში გამოგადგება ნებივრობაში აღზრდილი, სუსტი, თავის ნება ქალი? შენ უნდა აგერჩია ღონიერი, მშრომელი, რომ ფეხზე დაეყენებინე.

- დალოცვილო, შენ ეხლავე იმედს მიკარგავ და მერე რაღა იქნება? - დაღონებით წარმოსთქვა სვიმონამ. - ოღონდა კი წამომყვეს და მე იმისი გაკეთებული არა მინდა რა, ტახტზე დავსვამ, ისე ვემსახურები, - განაგრძო მან.

ციცოს დამცინავმა ღიმილმა შეუთამაშა ტუჩებზე.

- მე კი ამას გეტყვი, რომ ძალიან გაგიჭირდებათ და ახლა შენ იცი. თვითნ კატომაც რომ მოინდომოს, ანანო არ იზამს, აქაურობა თვითონაც შესძაგებია.

- ანანოს ვიღა ჰკითხავს? შენ კატო დააჯერე და ანანო ვერც კი გაიგებს, ისე წავიყვან.

- კიდეც იტაცებ? ეგ როგორ შეიძლება? - შესძახა უკმაყოფილოდ ციცომ.

- ეგ აზრები არ მომწონს, სვიმონა! შენ და კატო არა ხართ ერთმანეთის შესაფერები, მაგრამ რაკი დახმარებასა მთხოვ, მე ჩემის მხრივ მოველაპარაკები კატოს და შენც შენს გონებას ჩაუფიქრდი, გულს ყურს ნუ უგდებ!.. გამიგონია, ბევრჯერ თურმე ტყუვდება გულის მიმყოლი კაცი, - დაურთო ციცომ. ამის ხმაში ბრძანებაც იხატებოდა.

- მაინცა ჰკითხე და ურჩიე, შენი ჭირიმე, ბატონიშვილო! - არ ეშვებოდა სვიმონა და თან უკან მოსდევდა ციცოს, რომელიც წამოვიდა აჩქარებულის ნაბიჯით სახლისკენ.

- კარგი.

- პასუხს საროდოით მიბრძანებ?

- ამ ცოტა ხანში, - მოსძახა ქალმა და ეზოში შევიდა.

III

დღეები მიდიოდნენ. ციცო ფიქრობდა, რანაირად ჩამოეგდო კატოსთვის ლაპარაკი, მაგრამ დროს და შემთხვევას ვერ პოულობდა. გონებიდგან არ შორდებოდა სვიმონას ტანჯული სახე, მავედრებელი თვალები. ციცოს გულით უნდოდა ეშველა, მეორე მხრივ მტკიცედ სჯეროდა, ესენი ერთმანეთის შეუსაბამონი იყვნენ და კატო არ ემეტებოდა სვიმონასთვის. ამ ფიქრებში გართულ ციცოს დღითიდღე ჩამოშორდა საკუთარი ნაღველი და სახლში მყოფებმაც შეატყეს, რომ აღარ იყო წინანდებურად დაკარგული, უფრო დამშვიდებით იყურებოდა. მარტო დრო და დრო მოაგონდებოდა ის საშინელი ღამე, როდესაც სიცოცხლის მოსპობას ლამობდა და ტანში გააზრიალებდა, მაგრამ რაკი ამ გარემოებას თან მოჰყვებოდა ხოლმე სვიმონას ხვეწნა-მუდარა, მეორე პირველს უკან აგდებდა თავისის საშინელებით.

ციცომ ხელი მიჰყო საქმეს: ჰკერავდა, ოთახს ალაგებდა, ასუფთავებდა; ხანდისხან ანანოს და თითიკასაც ეხმარებოდა საჭმლის მზადებაში.

- ხელი დაგეწვის, ქალო! შენ რომ არ გადმოდგა ეს ქვაბი, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ? - მიატანდა მზრუნველობით ანანო.

- ხალისობს, თავს ირთობს! - იძახოდნენ დედაკაცები. ციცოს ძალიან უყვარდა, კოჭბით ცეცხლზე მიდგმული ლობიო როგორ ცხარე დუღილისგან ბურთებს მაღლა ისროდა.

- მარცვალი ჩაითვალოს თუ არა, ხახვი უნდა ჩავაჭრა არა, თითიკა? - დაეკითხებოდა ერთგულ მოსამსახურეს.

- უნდა, მაშ! - საჩქაროდ მიუგებდა მოხუცებული და თანაც გულში სიამოვნებდა, როდესაც ხედავდა, ციცო საჩვენოში გამობრუნებულიყო. აღარც კატო ფრთხებოდა წინანდებურად და მეგობარს ელაპარაკებოდა. ციცომ ძლივს მოხერხებული დრო ჩაიგდო ხელში, გადასწყვიტა მით ესარგებლა. ეს იჯდა ცეცხლაპირას, ხონჩაზე დაყრილ სახალიფაფე მარცვალს არჩევდა. კატოც შეჭამანდისთვის ნიგოზს ნაყავდა. კარგა ხანს იყვნენ ორივენი ჩუმად.

- ამ ორი დღის წინათ სად იყავი, კატო? - ჰკითხა ბოლოს ციცომ, მაღლა აიღო თავი და მიაჩერდა.

კატოს იამა. ეს პირველი შემთხვევა იყო მას აქეთ, რაც ციცო მწუხარებას შეეპყრო, და როგორც მეგობარი შესულიყო ამის ცხოვრების ვითარებაში. დღემდის თითქო თვალსაც კი არიდებდა.

- როდის? - იკითხა ამანაც სიფრთხილით.

- გუშინწინ, ახალი კაბა რომ ჩაიცვი?..

- ჰო, პეპიკაანთ თებროს ლხინი ჰქონდა და იქ წავედი.

- რაღა თქმა უნდა, ბევრს იცეკვავდით?

- უმაგისოდ ლხინიც არ იქნება. ყველანი, ვინც კი მოსულიყო ახალგაზდა ბიჭებში, ყველამ სათითაოდ გამიყვანეს.

- მაინც ვინ იყვნენ? სვიმონა არ იყო?

- რომელი სვიმონა?

- აი, ეს ჩვენი მეწისქვილე.

- როგორ არა. ისე გამოიბღვირებოდა, თითქო ბუღა კამეჩიაო.

- ხომ არა სწყინდა, სხვებს რო მიჰყვებოდი სათამაშოდ?

- მერე იმას რა აკვნესებს?

- ალბათ უყვარხარ და ეჭვიანობს.

- თვალებიც გამოსკდომია იმასაც და მის სიყვარულსაც.

- რას ერჩი, ბეჩა? ვითომ ფანდურაანთ მიხა რითი სჯობიან? - არ ეშვებოდა ციცო, რომელსაც თვალები ისევ ხონჩისთვის დაეკერებინა. კატო გაოცებული უყურებდა ციცოს და ვერ მიმხვდარიყო, თუ რა ნიშნავდა ამის ასეთი ჩაციება.

- შენ ხომ სვიმონაზე მაგას ამბობ, მე კი ყველაზე ის უფრო მომწონს. მშრომელი და თავდაჭერილი ახალგაზდაა, - დაიწყო ისევ ღიმილით ციცომ. კატომ ჩაიცინა და ხმა არ გაიღო.

- მაშ მიხა ტრაბახა და თავგასული არ არის? - ჰკითხა კარგა ფიქრის შემდეგ ციცომ.

- არა, - მოისმა მოკლე პასუხი. ციცომ შეხედა დაკვირვებით კატოს, მას ხელში შერჩენოდა როდინის ქვა და გაშტერებული ცეცხლს უყურებდა.

- იმ ორში, როგორც გეტყობა, მიხოს უფრო ირჩევ?

ამ კითხვაზე კატო შეინძრა, თვალები რავდენჯერმე დაახამხამა და მოიხედა ამხანაგისკენ, რომელიც კვლავ იღიმებოდა.

- არც ერთს, - უპასუხა კატომ.

კატო, რისთვის მიმალავ? ხომ ყოველისფერი ვიცი და განა ჩემთან აგრე გულდახურული უნდა იყო?

კატო შეკრთა ამ საყვედურზე, ვედრებით მიაჩერდა მეგობარს.

- მიხო გიყვარს, ძალიან კარგად ვიცი, - განაგრძობდა ციცო.

- მართალია... - ძლივს დაიჩურჩულა ქალმა.

- მაშ რატომ არ მიჰყვები?..

- დედაჩემს არ უნდა ამ სოფელში გავთხოვდე.

- სვიმონასაც რო თურმე უყვარხარ?..

- რა ვუყოთ მერე?.. იმას ვუყვარვარ, მე კი არ მომწონს, - სთქვა გულდაწყვეტით კატომ. სვიმონაზე ლაპარაკის გაგრძობა მეტი იქნებოდა და ციცომაც არჩია გაჩუმებულიყო.

სადილობამ მოაწია. ანანომ და თითიკამ ტახტზე სუფრა გაშალეს. ციცომ გემრიელად შეჭამა ერთი მათლაფა ლობიო, რომელიც თვითონ გაეკეთებინა.

ნასადილევს მოინდომა ეკლესიისკენ წასვლა და თავისი სურვილი შეატყობინა კატოს. ესეც მაშინვე დაეთანხმა. ანანოს და თითიკას არ იამათ, როდესაც დაინახეს, როგორ ღელავდა და ისევ ნაღველით იმსჭვალებოდა ციცო.

ციცო მიდიოდა, მთელი სხეულით თრთოდა. რაც უფრო უახლოვდებოდა ეკლესიის ეზოს, თითქო სული ეხუთებოდა, მეტადრე, როდესაც დაინახა ორ-სართულიან სახლის აივანზე ვიღაც უცხო პირები, ხელი ჩასჭიდა კატოს, არ წაქცეულიყო.

- ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა ჩემთვის ამ სახლის დანახვა! - წარმოსთქვა მან, კვალად მიაჩერდა სახლს, თითქო უნდოდა შესჩვეოდა, რათა შემდეგში მის დანახვაზე აღარ ეგრძნო მტანჯველი წამება. სახლი თვალს მიეფარა, გამოჩნდა ეკლესიის ეზო. ციცო გაფითრებული წავიდა საფლავებისკენ, რომელთ შორის ამაღლებული პაწაწა გორა შორიდგანვე მოსჩანდა. ქალმა მოუმატა ნაბიჯს, თითქმის მირბოდა; კატოც ძლივს მიჰყვებოდა. ციცო დაემხო ერთ საფლავზე და დარჩა ისე რავდენიმე წუთს.

- დიდედა! - შესძახა ამან, მაგრამ ცრემლებმა აღარა ათქმევინეს რა და დაიწყო ქვითინი. ამ ქვითინში იხატებოდა ალერსი, სინანული, ვედრება, ჩივილი. კატოც მეგობრის მწუხარებაზე იცრემლებოდა. ციცომ ნელ-ნელა გონება მოიკრიბა, წამოდგა ზეზე, ჩამოჯდა იქვე მახლობლად დადგმულ ხის სკამზე და ტირილისაგან დაწითლებულ თვალებს იწმენდდა ხელსახოცით, გულში კი ისევ ქვითინებდა, ჯერ ვერ დამშვიდებულიყო. კარგა ხნის შემდეგ ამან დაიწყო ნაღვლიანად გარშემო ყურება.

- ოხ, რა უსაგნოა ცხოვრება!.. - ამოიკვნესა ციცომ.

- ნეტა გამაგებინა, როდემდის უნდა იყვე აგრე? - უსაყვედურა კატომ, რომელიც იქვე გვერდით მოსჯდომოდა.

- დღეს განგებ მოვედი, კატო, რომ... რომ... როგორმე შევეჩვიო ჩემ გარემოებას, - სლოკინით ძლივს დააბოლოვა სიტყვა ციცომ.

მართლაც ამის შემდეგ ესენი ყოველ საღამოს მოდიოდნენ სასაფლაოზე და ციცოც დღითი-დღე მშვიდდებოდა. მეტადრე მაშინ სრულიად ივიწყებდა თავის დარდს, როცა გლეხები შემოეხვეოდნენ შესჩიოდნენ თავიანთ გაჭირვებას და კატოც თავის გულის საიდუმლოს წინ უშლიდა.

მთელს სოფელს ეცოდებოდა ეს ობლად დატოვებული ქალი, მაგრამ ამასთანავე უკვირდათ, როგორ არჩია ანანოსთან ცხოვრება მაშინ, როდესაც როსტომმა და ნატალიამ არერთხელ სთხოვეს თავიანთთან გადასვლა.

- დალოცვილს ეს ვერაფერი ჭკუა მოუვიდა, რომ ბატონიანთ არ გაჰყვა, იქ რასაც ერთ დღეს ნახავდა, მაგ წუპაკა დედაკაცთან მთელ წელიწადს ვერ ეღირსება! - უმატებდნენ გლეხები, რომელთაც შურდათ ანანოსთვის მისი ასე გატოლება.

- მერე რა არის მაგასთან როა? შენი ჭირიმე, იმის ლუკმაზეა! პირიქით ეგ აჭმევს და ასმევს მთელ სახლსა. შენმა მზემ, კაი მეხი დაატყდა იმ ჯადოიანს! - კვერს უკრავდნენ დედაკაცები.

არც თვითონ როსტომი იყო კმაყოფილი ციცოსი.

- დიდი თავგასვლაა ქალისგან! მამისული გაეშვაო, პაპისულსა ფიცულობდაო, აბა ეგ არის აი! ვეჟო, ჩვენი ოჯახი მუდამ მაგისი პატივისმცემელი ყოფილა, დღეს კიდევ გვინდა ხელი გავუმართოთ, და ეგ კიდევაც გვიდიდგულდება და ტუჩს გვიბზუებს? - გაიძახოდა გულმოსული როსტომი.

- მერე რა ვუყოთ? იქნება გვეხათრება? ჩვენგან რომ დავალებულია, იმიტომაც არის რომ არ უნდა შეგვაწუხოს, - უპასუხებდა ნატალია. ეს მაინც ნახავდა ხოლმე ციცოს და სთხოვდა, გადასულიყო მათთან, მაგრამ ის დიდის მადლობით უარს ეუბნებოდა.

- რისთვის? იმათ სახლში რა უნდა მერქვას? არა, აქ, ანანოსთან უფრო თავისუფალი ვარ, ჩემი თავის ბატონი, - ფიქრობდა ახალგაზდა ქალი.

ციცომ ძლივს აღირსა პასუხი სვიმონას, მაგრამ სვიმონას რომ არ გაეგო, ერჩია.

- დამიჯერე, სვიმონა, თავი დაანებე კატოს, ის შენზე სრულებითაც არა ფიქრობს და, ხომ იცი, ნაძალადევად არა იქნება რა. მიდექ-მოდექ, შრომით თავი გაირთე, გული გადააყოლე, შენი გრძნობაც თან გაჰყვება, - უთხრა, როდესაც დაინახა სასოწარკვეთილი სვიმონა. სვიმონას მას აქეთ აღარა გაუხსენებია რა, წისქვილსაც თავი დაანება და სადღაც გადავარდა.

კატო და მიხა კი დღითი-დღე უახლოვდებოდნენ ერთმანეთს; თითქო არც ანანო ეწინააღმდეგებოდა ამათ დაახლოვებას.

ციცოც თანდათან ფხიზლდებოდა, მშვიდდებოდა, ღიმილით უყურებდა კატოს, რომელიც გულახდით უამბობდა ყველაფერს.

- წარსულ კვირას აი რა მაჩუქა მიხამ, - უთხრა ერთხელ კატომ და თან დარცხვენილის სახით გამოუწოდა ჭრელი ხელსახოცი.

- თქვენ აღარა ხუმრობთ! როგორც გეტყობათ, შემოდგომაზე ქორწილსაც გააჩაღებთ! - კატომ თავი დახარა და მხრები აიწია. ციცოს არა შურდა მეგობრის ბედნიერება, არამედ მზად იყო ხელი მიეშველებინა, ოღონდ ყოველ მხრივ გაუმჯობესებულიყო მისი ცხოვრება. მიხას კარგი ოჯახი ჰქონდა: სახნავი, ნაფუზრები, ვენახი და ოღონდაც რო ანანო არ დაიწუნებდა.

- ე ჩემ კატოს გავათხოვებ და მერე შენ დაგენაცვლები, - ეუბნებოდა ხოლმე ანანო ციცოს.

ციცომ დაიწყ კარზე სიარულიც; თავი დაანება ჩაკეტილ ცხოვრებას; ხშირად მახლობელ მინდვრებზედაც გაისეირნებდა მეგობართან ერთად. დაუბრუნდა ისევ წიგნებსაც და ცდილობდა გართულიყო.

IV

ერთხელ მოქანცულ-დაღალული ციცო მიადგა ჭდეულის კარებს; ამ დროს მოესმა ვიღასიც ფეხის ხმა. კატო და ანანო სტუმრად წასულიყვნენ, სახლში დაეტოვებინათ თითიკა. ციცომ მოიხედა, მის წინ იდგა როსტომიანთ ბიჭი.

- საღამო მშვიდობისათ! - უთხრა ბესომ და მდაბლად თავი დაუკრა. ციცომ გაუღიმა და ცნობის მოყვარეობით მიაჩერდა.

- თქვენთან წერილი გახლავთ; ბატონიშვილ ელენეს გამოუგზავნია ქალბატონისთვის და მოგართვათ. - ელენეს ხსენებაზე ციცოს სახე გაუბრწყინდა და მთრთოლვარე ხელი წაიღო გამოსართმევად. ბესომ გადაცა კარგა სქელი კონვერტი. ქალი მსწრაფლ შემობრუნდა ოთახში, რომ ჩქარა წაეკითხა ძვირფასი არსების ნაწერი.

"ძვირფასო, ციცო!" - სწერდა ელენე: "ალბათ მემდურები და გიკვირს, რომ აქამდის ხმა არ მოგაწვდინე და არ გიკითხე, ნუ მიაწერ დავიწყება-დაუდევრობას! უეჭველია, ფიქრობ: ბედნიერ ადამიანს აღარავინ არ ახსოვსო, მაგრამ, მერწმუნე, ტყუვდები. მე შენ მიყვარდი და ეხლაც გულწრფელად მიყვარხარ. წამოვედი თუ არა მანდედან, გავწიეთ საზღვარგარეთ. დედაჩემი რაკი მშვიდობის ამბავს მწერდა, მეც პირველხანებში, ახალ-ახალ შთაბეჭდილებებით გართული, ვზარობდი წერილის მოწერას, დროს ვერ ვპოულობდი. ამასობაში დამჩემდა ავადმყოფობა და ექიმები მირჩევდნენ, რაც შეიძლებოდა დამშვიდებით ვყოფილვიყავი, ჩემს გულს საწყენი არა მოხვედროდა რა და ამის გამო ყველანი მიმალავდნენ მანდაურ ამბებს, დრო კი მიდიოდა. შემდეგ ბევრჯერ მოვინდომე წერილის მოწერა, მაგრამ მარწმუნებდნენ, შენ უკვე მამიდას წაეყვანე და შენი ბინა არც კი იცოდნენ. ასე და ამგვარად ჩამოგრჩი, ჩემო ძვირფასო გოგონავ! ღვთით მორჩენაში შევედი, მერე კი მითხრეს შენი ყოველივე უბედურება. ბევრი ვიტირე, ბევრი ვიწუხე, რომ მე იმ დროს შენს გვერდით არ ვიყავი, მაგრამ რას გავხდებოდი? ეხლა კი წერილსა გწერ, ჩემო კარგო! ჩვენ ამ ზაფხულს №-ში ვართ წყლებზე. თუმცა მინდოდა წრეულს მოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე და ზამთარში კი არ ღირს მანდ ყოფნა, შემდეგ ზაფხულში, თუ კარგად ვიქენი, უეჭველად მოვალ. მანამ, ჯერ თუმცა დიდი ხანია, მაინც იმედია, მშვიდობით შევხვდებით ერთმანეთს, მაშინ უპატრონობას აღარ გაგრძნობინებ, ერთად ვიფიქროთ, მოვილაპარაკოთ და შენი ცხოვრება ისე მოვაწყოთ, როგორცა სჯობდეს... ოჯახური მოვალეობა მეტად რთული ყოფილა ქალისთვის და წუთი დრო აღარ არის, რაიმე გარეშე საგანზე ვიფიქრო. უნდა გითხრა, დიდი ბედნიერი ვარ ქმარ-შვილში და ვისურვებ შენც მხიარულად შეგცვლოდეს ცხოვრება. წარმოდგენილი მყევხარ, რა რიგად დაქალდი, დადარბაისლდი. ეს ეტყობა შენს მოქმედებას, რომელსაც დაწვრილებითა მწერს დედა. ჩემი მშობლები გულნაკლულად არიან, რომ არ მიიღე მათი წინადადება, მაგრამ მე კი მივხვდი რისთვისაც და კიდევაც მოვწერე მიზეზი, რომელმაც დაამშვიდა როგორც დედაჩემი, ისე მამა. ასე, ჩემო ციცო, გაკოცებ ლამაზ თვალებში, წერილი მომწერე მალე! შენი საუკუნოდ ელენე ძალვანაშვილისა".

ციცო კითხულობდა ამ წერილს, თან ცხარე ცრემლებს ღვრიდა. ძვირფასი ნაწერი აგონებდა იმ ნეტარ დროს, როდესაც მხიარულად მიბაკუნებდა ელენესკენ.

- მაშ, ელენე მოვა!.. - იმედმა გაამხნევა ციცო, გადაწყვიტა ისევ ხშირად ევლო როსტომისას. როგორც იქნებოდა ზამთარს გაატარებდა, ზაფხულში კი ელენეს დახმარებით სულ სხვა ცხოვრება ელოდა.

ელენეს წერილმა დიდი ცვლილება მოახდინა ციცოზე; ამან გაუღიმა ბუნებას; სისხლმა იწყო ყმაწვილური სიჩქარით მოძრაობა, ლოყები შეუწითლდნენ, თვალები გაუცოცხლდნენ, ქალი წამოდგა ზეზე, დაღალვას აღარა გრძნობდა და დააპირა კარზე გამოსვლა, რომ ამ დროს კარებში შეხვდა პავლიაანთ თალალა, უკან მოსდევდა ანანო, რომელსაც სახეზე რაღაც ცნობის მოყვარეობა აღძროდა.

- აქ მოდი, დედავ და თვალო, მე შენთან ტყუილად არა ვარ დანათლიავებული. აქ მო, რაღაც გითხრა, - ეუბნებოდა თალალა.

ციცომ პირველში დააპირა მორიდებოდა, მაგრამ შემდეგ გადასწყვიტა მოესმინა ეს საყურადღებო ბაასი, დაბრუნდა, აიღო წიგნი და ჩამოჯდა სკამზე. თალალა და ანანოც შემოვიდნენ. თალალამ, რო დაინახა ციცო, მდაბლად თავი დაუკრა, შემდეგ გამობრუნდა, თვალით ანიშნა ანანოს ისევ გარეთ გასულიყვნენ, მაგრამ ანანომ უარი უთხრა.

- დაბრძანდი, თალალი, ამ ტახტზე და ბრძანე, რაც გინდოდეს! აქ უცხო არავინ არის. ამ ქალს თუ ხედავ, მაგასთან დასამალი არა მაქვს რა, ჩემი შვილის ტოლია.

- უი, გენაცვალე, არც მე მოვერიდები. ქალბატონ ქეთევანს, ისემც განათლებულა იმისი სული სასუფეველში, ძაან მიღებული ვყავდი და იმის შვილიშვილს რო ვუყურებ, ასე მგონია ქალბატონი გამიცოცხლდა-მეთქი. უი, უი, დამიდგეს თვალები, იმი სიკვდილის დღეს რო სხვაგან შევესწარი და ცრემლი ვერ დავაყარე! - დაუმატა წუწუნით თალალამ. ციცომ მძიმედ ამოიოხრა.

- თალალი, შენთან ნურას უკაცრავად, რომ აქამდის დაგიგვიანე პურის სესხი. რავდენჯერაც ჩემი კატო გამოვგზავნე, ის არ მოუკვდეს დედას, იმდენჯერ კარებ-გადარაზული დახვედრია შენი სახლი; მას აქეთ დარჩა და დარჩა, - უთხრა ანანომ, რომ ლაპარაკის საგანი შეეცვალა.

- სიკვდილსაც დავიწყებიხარ, შე ქალო! ეგ კი არა, ანანო, ყური მიგდე: ეს სამი დღეა მაგდანა გადამკიდებია და საშველს არ მაძლევს. იმ დღეს უგრეხლის გლეჯაში ვეხმარებოდი ბაბედას და იქ მომეჭრა, შვილები დამაფიცა, ასე და ასე მოგივიდეს, თუ დამზარდე და არ გამეგზავნოო. სწორეთ გითხრა, ვერიდები ადამიანის წყენასა. რათაო, ორი დღის სიცოცხლე მაქვს და რითვინ მოვინდურო ვინმე?

- რაიო?

- ჰო, ქა, სიტყვას გადავცდი, რაიო, ქალო, და ეგ გასაწყვეტი მაგდანა ხომ ქასქანჯიელია, პირდაპირ ხმალ და ხმალ დაადგება კაცსა და აღარ დაირცხვენს. მეც ასე მიყო. სწორედ ასე ჩამაცივდა: თალალი, აგრემც სამოთხეში გასპეტაკებულა შენი სული, წადი ჩემ მაგიერ ანანოსთან და უთხარი: მე და შენ რა აქეთ-იქით ღობეყორეს ვედებით, ჩემო დაო-თქო, შენი ქალიშვილი შეგთქვირებია, მეც ბუღასავით ბიჭი დამიდის, მოდი ერთმანეთს შევყაროთ ღვთით და დავასახლოთ ამ ჩვენ თვალწინა-თქო, ვერც შენი ქალი წაჰყვება უკეთესს და ვერც ჩემი მიხო ნახავს მაგისთანას-თქო. წორეთ ასე უთხარი და, თუ თანხმობა გამოაცხადოს, ამ დღეებში ნიშნობა გავაჩაღოთ-თქო. სწორეთ ასე შემოგითვალა ი მაგდანამა და ახლა შენ იცი! წლეულს იმ ოჯახ აშენებულებს კაი ორმოცი კოკა გამოუვათ ი ვენახსა; ისეთია, ისეთი, რომ ვაზები თავს ვეღარ იმაგრებენ, მტევნები სულ ძირსა ცვივა. ჰაი ბეჩა, ბევრ გოგოს არ აუძიგძიგდება შურით გული, ი ვენახში რომ აივლ-ჩაივლის და თვითვეულ ვაზს მოიმცვრევს! - დაუმატა თავის მხრივ თალალამ და გვერდზე გაიხედა.

ანანოს არ გაოცებია თალალას მოციქულობა; ეს კიდევაც ელოდა, რომ ამ ცოტა ხანში ასე მოხდებოდა.

- მაგდანა კანოლივრად ლაპარაკობს, ხედავს ი ბიჭს, რო გონება ეკარგება ჩემი კატოსთვის და იმი მეტი ვიღა გააჩნია იმ თვალდამდგარსა, რომ იმი ოხტში არ მოვიდეს. მე კი ჩემ ფიქრში ჯერ არ მინდა კატო გავათხოვო. მეცოდება, ბავშვია.

- იი, შენც თავი გამომიდე!.. ე ბედს ნუ გაუბრუნებ, მირჩევია, ჩვიდმეტი წლის გოგო რაღა ბავშვია? თორმეტის წლისას ორი თვე მიკლდა, მღვდელმა რომ ჯვარი გადამწერა. მაგდანაც იმითვინ ეხარბება, რომ მოვლილია და ყველაფერი იცის, შენ კი იძახი ბავშვიაო. აბა ჩემ ხანად მოჰყარე და მერე სულ რუზრუზით დაეხვევიან ბიჭები.

ანანო ჩაფიქრდა. დიდი ხანია ამასაც ჩავარდნოდა გულში მიხა; თითქმის ნატრობდა კიდეც, ნელ-ნელა აგროვებდა სათავნოებს, რომელიც დაეფანტა სოფელში, რომ მოემზადებინა ქალი. იქნება კიდევაც შეხვეწნოდა; რაკი მაგდანამ დაასწრო, ესეც გაინაზა და ფეხი მაგრა დაადგა.

- წორე პასუხი მომე! ის ასე ამბობს, თუ კატოზე არ მოხდა, მაშინ შიოანთ პეპელაზე გადავწერ ჯვარსაო და ამ შემოდგომაზე კი აღარ დავაყენებო.

- უი აფსუს!.. თვალი მაშინ დაუდგება მაგდანას, ზოგი მაშინა ნახოს პეპელას დედის ლექსაობა. ისე გამობესტამს, კატოს სიცოცხლემა, რომ, მგონი, მთელი სოფელი თავს დაიხვიოს! აფსუს!.. კატო და პეპელა სწორედ ერთნაირი სახეირო არ არიან ოჯახისთვის? როგორ არა!

- მაშ, რა ქნას, ქალო? ქვეყანა ხომ ე შენ კატოზე არ აშენებულა, დედავ და თვალო? თუ კი არ მისცემ, მოძალე ვინ არის? ან პეპელა იქნება, ან სიკლიკიტა...

ანანოს შეეშინდა ხელიდგან არ წამივიდეს იმისთანა სასიძოო.

- თქვი რაღა! რა პირი დაგიმუწია? - არ ეშვებოდა თალალა.

- იშ, რა ვიცი... ყველაფერი ბედის საქმე ყოფილა. მიხა ჩემგან დასაწუნი არ არის, მაგრამ კატოსაც უნდა ვკითხოთ, თუნდ ი ბიჭსა... იქნება, ჩვენ ჩვენი თვალი გვატყუებს და ისინი არაფერ ბანას არიან.

- იი, შენ კიდევ ბავშვი ყოფილხარ, ჩემო ანანო, და კი არ ვიცოდი. ი შენ კატოსა და მიხას გუშინ ერთმანეთისათვის ფიცი მიუცით; მიხა დედას გამოტეხია კიდეც და ი მაგდანაც იმიტომ ითვლევინება ასე გადაწყვეტით.

ანანოს სისხლი აუვარდა თავპირში, არ მოელოდა კატოსაგან ასეთს საქციელს. სიბრაზის ნაპერწკლები გააბნია თვალებიდგან...

- ეს რა მესმის, გენაცვალეთ? - შესძახა ამან.

- მაშ, მაშ!.. არ გეტყოდი, მაგრამ ი ძალიან რომ გამენაზე, იმითვინ მეც აღარ მოგერიდე; გოგოსა და ბიჭს სულ ერთადა ხედავენ, თავს ნუ შეირცხვენ, სჯობს ჯვარი გადასწეროთ.

- თუ კი საქამე მანდამდისაც მისულა, მე რაღას მეკითხები, ჩემო თალალო? იცეს თავში ქვა ი ჩემმა გომბიომ და თუ რამ ისე არ მოუხდეს ცხოვრებაში, როგორც უნდოდეს, თავს დააბრალოს! უთხარი მაგდანას, თანახმა ვარ დამოყვრებაზე-თქო, და როცა გნებავდეს, მობრძანდი-თქო.

გადწყდა კატოს ბედი. თალალა კმაყოფილი წავიდა. ციცომ წიგნის კითხვას თავი დაანება და გაღიმული მიაჩერდა სივრცეს. თვალწინ დაიყენა დანიშნული კატო და უკვირდა, რომ ასე ადვილად და მალე მოხდა ყველაფერი. ამ გარემოებაში მყოფი მახლობლები ჯერ არ ენახა. თუმცა ელენეც ამის თვალწინ გათხოვდა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ბავშვს ვერ შეეგნო მისი ვითარება; თვითონ ელენეც ერიდებოდა, არ უზიარებდა გულის პასუხს, რადგან მათ შორის ხნოვანებაში დიდი განსხვავება იყო; დღეს კი სულ სხვა შემთხვევა უდგებოდა თვალწინ: ამისივე ტოლი, მეგობარი კატო თხოვდებოდა და ესეც თავისუფლად დანავარდობდა მეგობრის სურვილთა და ოცნებ-მისწრაფებათა სამეფოში. კატო ამ ჟამად მეზობლიანთსა წასულიყო; მან იცოდა, დღეს ასე მოხდებოდა და განგებ თავი მოარიდა.

- კატოს მომზადება უნდა, ანანო! საროდიოდ უპირებ ჯვარის დაწერას? - ჰკითხა ციცომ ანანოს, რომელიც ოთახში ფუსფუსებდა და იქაურობას ალაგებდა.

- რაღას მოვუცდი, გენაცვალე? ერთი იმ ორიოდ გროშს უნდა თავი მოვუყარო და წავიდე ს-ში, ეგება სკივრი და მაფრაშა ვიყიდო.

- მეც ხუთი თუმნით დაგადგები, მეტი არა მაქვს ეხლა, და მერე, თუ კიდევ საიდგანმე ღმერთმა მომცა, მაგას არ დაგაჯერებ. - ანანო არ მოელოდა ამ წყალობას.

- უი დამიდგეს თვალები! რას მეუბნები მაგას? შენ რაღა ფული გეთხოვება!.. თვითონ შენ გასათხოვარი ხარ და, ვინ იცის, როგორ დაგჭირდეს? განა ეს კი არა კმარა, რომ შენი ხარჯით გვინახავ ამდენ ხალხს? - ციცო თავის გარემოების გახსენებაზე დაღონდა.

- ხუთი თუმნით შორს ვერ წავალ, ჩემო ანანო, თუნდ მქონია, თუნდ არა. ჯერ კიდევ მეგულება ორიოდე გროში და მერე რასაც დრო მოიტანს, ის იქნება, - დაუმატა ნაღვლიანად ქალმა.

- ოჰი, ჩემმა სალოცავმა, წმინდა გიორგიმ გაღირსოს, შვილო, ყოველი სიკეთე და გაგაბედნიეროს! - გააპყრო დედაკაცმა ხელები.

კატოს ნიშნობა ნახევარ სოფელსაც არ გაუგია. რაკი ნეფიანი აქავე იყვნენ, უცბად მოვიდნენ ანანოსთან, რომელიც, რასაკვირველია, მომზადებულიყო გემრიელი ვახშმით.

ციცომ კატო მორთო. მოხდენილი საპატარძლო მოუსვეს მიხას გვერდით. სუფრის თავში, საპატიო ადგილზე, გადიწვიეს ციცო.

კატო იღიმებოდა, ყველას ალერსით უყურებდა, მაგდანა და ანანო კი გათამამებით ხანდისხან ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ღვინის სმაში. საპატარძლოს წინ სადედამთილომ დააწყო საკაბე, ლეჩაქი და აბრეშუმის მოსახვევი, თვითონ თავზე მოიხვია წითელი ბაღდადი, წინ წამოდგა და თავის კოწმაწით დალოცა შვილი და რძალი. მაგდანას თავში ასვლოდა ღვინო. სოფლიდგან დაეძახათ აგრეთვე ორიოდ საპატიო კაცისთვის, რომელნიც პირველში ციცოს ხათრით ვერა ბედავდნენ სიმღერას. ციცო მიხვდა და გაუწყრა ამ მოხათრებაზე.

- როგორ? ასეთი ბედნიერება მოსდგომია ანანოს სახლს და განა კიდევაც არ უნდა იმღეროთ? ეგ როგორ შეიძლება? - წარმოსთქვა ციცომ.

იქ მყოფთ იამათ ახალგაზდა ქალის ასეთი სიტყვები და წუთს გაისმა სიმღერა, მაყრული, რომელმაც ბევრი სოფლელი გოგო და ბიჭი მოაგროვა ანანოს ჭდეულთან. მათ შორის მანდილოსნებიც იყვნენ და სარკმლებიდგან და ჯიჯიტანებიდგან უჭვრეტდნენ დანიშნულებს.

ვახშამმა გათენებამდის გასტანა. მარტო მამლიყივილისას დაიშალნენ სტუმრები.

V

შემოდგომის სუსხმა დაჰბერა, ბუნებას ელფერი შეუცვალა, ბალახმა ზაფრა იკრა, ხეები დაღონდნენ, ზამთრის მოლოდინით სასოწარკვეთილნი ირხეოდნენ, ძირს ისროდნენ გაყვითლებულ ფოთლებს. მდინარემ მოუმატა შხუილს და ისედაც კამკამა წყალი კიდევ უფრო დაიწმინდა-გამჭვირვალდა. თევზები ფართხალებდნენ ქვებსა და ქვებს შუა, ბაყაყებს ხმა ჩაეკმინდათ, თითქო სადღაც მიმალულიყვნენ. წისქვილის ქვები მეტად გრიალებდნენ, ხმამაღლა ეძახოდნენ ხალხს, აჩქარებდნენ მოეტანათ ზამთრის საზრდო დასაფქვავად. ვისაც კი ვენახი ჰქონდა, ყველა მოსდებოდა ვაზებს და მხიარულის სიცილ-ხუმრობით ავსებდნენ გოდრებს ყურძნითა.

მაგდანასაც რთველი გაეჩაღებინა, მიეწვია მძახლიანი. ციცო არ წასულა, გული არ მისწევდა სამხიარულოდ; შემოდგომის დაყურუსებული, ღრუბლიანი დღე სევდებს უმრავლებდა. ანანოს ჭდეული ცივი და უფერული მოსჩანდა. ორი კვირის შემდეგ კატოც წავა თავის ოჯახში, ციცო კი დარჩება მარტოდ, კარზე სიარულიც აღარ შეეძლება, თოვლ-ნამქერი ჩაჰკეტავს ოთახში.

დგებოდა სუსხიანი ზამთარი და აგონებდა ციცოს იმ დროს, როდესაც დიდედას და პაპასთან ცხოვრობდა, თვალწინ უდგებოდა აგიზგიზებული ბუხარი და ყარამან ყათილის რაინდული მოქმედებანი.

- ღმერთო! რაღას ველი შემდეგში? ნუ თუ ყოველივე უკვე არ ჩაინთქა და არ გაჰქრა?.. - შესძახა ციცომ კვნესით და ცრემლით დანამული თვალები მოიწმინდა, მაგრამ ამ დროს გაახსენდა ელენეს წერილი, რომელიც მაშინვე ამოიღო ყუთიდგან და დაიწყო ხარბად კითხვა; მისმა შინაარსმა კვალად დაამშვიდა, კვალად დააიმედიანა; წელში ამაყად გასწორდა, თითქო მოემზადა აწმყოსთან საბრძოლველად. ციცო ჩაუჯდა საკერავს; კატოს მზითვის მომზადებაში ჩაერია; გადასწყვიტა აღარ ჩაფიქრებოდა გარემოებას, არამედ ეკერა, ეშრომა და წიგნები ეკითხა. ფულად ორმოც თუმნამდე დარჩა. სოფელში ბევრი არა დასჭირდება რა, გაზაფხულამდის ეყოფა, მერე კი ელენე მოვა და სხვანაირად შესცვლის ცხოვრებას. შემდეგის მოსაზრებით ხშირ-ხშირად ინუგეშებდა თავს ახალგაზდა ქალი. გადასწყვიტა გამოეწერა ჟურნალები, გაზეთები და ასე გაექარვებინა დრო.

დადგა გიორგობისთვეც. მაჭარი ადუღდა ქვევრებში და ხალხმაც შეჰქმნა ჟრიამული. ზოგი წირვას ემზადებოდა, ზოგიც ქორწილს. ხშირად გაუთენებლივ გზიდგან მოისმოდა მაყრული.

ანანო და მაგდანაც ფაცა-ფუცში იყვნენ. ანანომ ოცდაათ თუმნამდის მოუყარა ფულს თავი, ოცი თუმანი დაკუჭა სიძისთვის და დანარჩენით ქალს მზითევი გამოუწყო.

ციცოს მეტად ეხალისებოდა კატოს მორთვა და მართლაც ძალიან შვენოდა პატარძალი. თეთრი ფარჩის კაბა მეტად უხდებოდა, დაბასმული ლეჩაქი გადაჰფარებოდა ბეჭებზე და პირველად თავდახურული ძალიან ლამაზი მოსჩანდა. ციცო საყდარშიაც წაჰყვა კატოს, ჯვარის წერის დროს გვერდით ამოუდგა. მწყობრი გალობა, გაჩაღებული ეკლესია და ნეფე-პატარძლის აღტაცებული სახეები მეტად მიმზიდველად აჩენდნენ ქორწინებას ციცოს თვალში. ესეც იღიმებოდა და ოცნებით გადადიოდა განუსაზღვრელ მომავალში, რომელიც, ვინ იცის, რას უმზადებდა?

- გაკურთხოთ უფალმა! - უთხრა მოძღვარმა ახალ ჯვარდაწერილებს, ხალხი მიინძრ-მოინძრა.

- ჩამო! ჩამო! - იძახოდნენ აქეთ-იქით.

კარის ბჭეში გაპრიალდა წყვილი ხანჯალი, რომლებიც ჯვრად გახიდულიყვნენ. როგორც იყო სივიწროვეს თავი დაახწია ხალხმა და კარებთან შემოსძახეს მაყრული. დამბაჩაც დაიცალა.

ნეფე-პატარძალი დაბრუნდნენ სახლში, სადაც ელოდათ გაშლილი სუფრა; გაგრძელდა ისევ მხიარულება, სიმღერა, ცეკვა და თამაში.

პურის ჭამის შემდეგ წაიყვანეს კატო, ანანოც გაიწვიეს. ციცოს თუმცა ეხვეწნენ, მაგრამ არ წაჰყვა. აქ, ანანოს სახლში, თავს მოვალედა სთვლიდა მხიარულებაში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ იქ, სხვაგან კი გარემოება ნებას არ აძლევდა. ღვთის მადლით კატო შორს არ წასულიყო და მოასწრობდა მის ნახვას.

გაილია გიორგობისთვე, გაბატონდა ზამთარი. ბუნება თეთრ სუდარაში გაეხვია, ასტყდა კორიანტელი და მუხლამდის დადებული თოვლი მარტო ხანდისხან გაჭირვებით იტკეპნებოდა ტყავში გახვეულ მგზავრისგან.

ანანოს ჭდეულს სარკმელებამდის მისდგომოდა ნამქერისგან მიყრილი თოვლი და მაგრა მოკეტილი კარი მარტო ხანდისხან იღებოდა წელში მოხრილ თითიკასგან.

ბუხარში ცეცხლი ენთო, მას მისჯდომოდა ციცო და გაჩქარებული ჰკერავდა; თითქო ეშინოდა მარტოდ დარჩენისა, დამძიმებულის გულით ხანდისხან გამოიხედავდა სარკმელში და გარეთ ერთგვარ ჩამოტირებულ ბუნების მნახველი, უფრო მეტად ღონდებოდა. ოთახში ქალებს არ ილევდა, ყოველ მხრივ ცდილობდა მიეზიდნა ისინი, მიზეზად მოიდებდა ბუმბულის რჩევას, ან სხვას რასმე და მიიწვევდა; ქალებიც მოუსხდებოდნენ ბუხარს და მოჰყვებოდნენ აქეთურ-იქითურს.

კატოც ხშირად მოდიოდა; ეს მეტად კმაყოფილი სჩანდა. ოჯახს შესტყობოდა ამის შესვლა, მაგდანა აფასებდა კატოს გემოვნებას და თვითონაც რძლის სურვილების შესაფერად იქცეოდა.

- გენაცვალეთ, ტყუილად კი არ გაიზარდა ბატონიანთ სახლში... რაც იქ უნახავს და უსწავლია, სულ თავის სახლში შეიტანა იმ დედმამა-განათლებულმა.

- ვინ იტყოდა, რომ გოგოობაში ისეთი გაპეწენიკებული, ასეთს სარისტს გამოიჩენდა!.. - ისმოდა სოფელში კატოზე აღტაცებული ლაპარაკი; თვითონ მაგდანასაც პირში ეუბნებოდნენ.

ციცომ კატოს გარდა სხვაგანაც დაიწყო სიარული და აღტაცებაში მოიყვანა სოფელი, ყველა თვალებში შესცეცებოდა, ყველას სანატრელი სტუმარი შეიქმნა. ზამთრისთვის ბეგარად დაიდვეს, კომლს თვითო ურემი შეშა მოეტანა უფასოდ და, როდესაც ციცომ საფასური შეაძლია, იწყინეს.

- დალოცვილო, ჩვენი მამა-პაპა თქვენი ოჯახის სამსახურში დახოცილა და რა დიდი რამ მოხდება, რომ თითო ურემი შეშა ჩვენ თვითონ გითავაზოთ?

არც ციცო რჩებოდა დავალებული: ბავშვებს ასწავლიდა წერა-კითხვას, ბიჭებს უკერავდა ახალოხებს, გოგოებს კაბებს უჭრიდა და ისე იმადლიერებდა ხალხსა.

ამის მხრივ მცირე სამსახურს ისინი გარდამეტებულად იღებდნენ, უმადლიდნენ. ციცო წიგნებსაც გულმოდგინედ კითხულობდა. მათში ამოკითხული გმირები გარს ეხვეოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. მათ შენატროდა ციცო, უნდოდა თვითონაც ერთ-ერთი მათგანი გამხდარიყო, დასდგომოდა ხალხს სათავეში და გაჭირვებულთათვის ცრემლი მოეწმინდა, მაგრამ როგორ? ვაი, რომ ყოველ მხრივ ფრთები შეჰკვეცოდა, პირიქით სხვისი შესაბრალებელი გამხდარიყო, თუმცა სურვილები და მისწრაფებანი კი ბუმბერაზ მთას ზედ წვეროზე ევლებოდნენ.

VI

გაზაფხულმა კვალად შესცინა მათ, ვინც გულით თანაუგრძნობდა. ციცოც გამოვიდა კარზე, იყნოსა ჰაერში დატრიალებულ სითბო, გაფაციცებით დაუწყო ცქერა მწვანე მოლს. ტრიალებდა ცხოვრების ჩარხი, წუთს არ ჩერდებოდა და მას მიჰქონდა ავი და კარგი. ბევრმა ცრემლი შეიშრო, ბევრმა სიხარულის ფიალა შესვა, მრავალი კიდევ ეპირებოდა პეპელასავით ფრთების ფრიალს, მაგრამ ამათ აღარ ეკუთვნოდა ციცო, რომელსაც ფრთები შეტრუსოდა და დაუღონოებოდა, თუმცა ახალგაზდა გულმკერდი მაინც ანგარიშ-მიუცემლად უძგერდა.

მშვენიერი სანახავი იყო გაზაფხულზე სოფელი. ერთის მხრივ თითქმის შემალულიყო ხშირ მუხის ტყეში რომლის თვითვეული ხე თავისებურ არსებობას თამამად იცავდა გამჭვირვალო მჩატე ჰაერში და მკაფიოდ, ცხოვლად იხატებოდა. ტყეში აქა-იქ მიდიოდა დაქნილი ბილიკები, ზოგან განიერდებოდა, აჩენდა კეკლუცებით მოქარგულ ვაკეებს; შემდეგ კი ხეები ისევ უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და თაღებად იკვროდნენ. ადგილ-ადგილ მაჯის სიმსხო წყარო მოსჩქეფდა და უმასპინძლდებოდა გულგახურებულ მუშას. მეორეს მხრივ მინდვრები იწვევდნენ მშრომელ მარჯვენას და ფიანდაზად წინ ეშლებოდნენ, რათა წლიური საზრდო არ დაეშურათ მათთვის. ჯეჯილზე დაჰქროდა ცივი ნიავი; მზე ზოლებად შლიდა სხივებს; დრო და დრო ცაც მოიხუშებოდა და აპკურებდა დედამიწაზე გამაცოცხლებელ ცვარებს, რომ ღვთის თვალი შიგ ჩაესახა.

ციცო გაგარეულდა, მთელ დღეებს ტყის ბილიკებზე ატარებდა; დადიოდა და ოცნებაში შესული, იღიმებოდა; უნდოდა მუდამ ბუნებასთან ყოფილიყო, თავი პატარა ცხოველებში გაერია.

- ღმერთო, მართლადაც რა კარგია სიცოცხლე! - შესძახა ქალმა, რომელიც მაღლობიდგან ძირს ბილიკზე ჩამოდიოდა, ხელში წიგნი ეჭირა. როდესაც მიუახლოვდა კლდეს, საიდგანაც ცვარებად გროვდებოდა ფოთლებზე წყარო და შემდეგ ისევ წვეთ-წვეთად ძირს ჩამოდიოდა, თითქო ცრემლად იღვრებოდა, ქალი შედგა და მიაჩერდა.

- ამბობენ, აქ ერთმა ახალგაზდამ თავი მოიკლა უიმედო სიყვარულისგანო, თავი შესწირა ერთ არსებას მაშინ, როდესაც აღსავსე იყო სიცოცხლით, გონიერებით, ღონით? ეს ხომ შეცოდებაა ბუნების წინაშე? ეს ხომ სისუსტეა ადამიანისაგან?

ქალმა კვალად თვალი მოავლო გარემოს. ბუნებაში ასე არა ხდება: ერთი საგანი მეორეს ასაზრდოებს, ღონეს აძლევს; შეერთებული, გაძლიერებული წარმოადგენს ძალას, რომელიც იმონებს და კი არ ანადგურებს.

ქალის სახეზე გამოკრთა ზიზღი წარსულის მიმართ. მწყრალად გადაატრიალა თვალები, თითქო უეცრად განიცადა ყოველივე: კერძო, არავისთვის გამოსადეგი ცხოვრება, შევიწროებული დიდედა, უღონო, უფლებებს მოკლებული, მეტად შეეცოდა, მაგრამ ეს მოგონებანი მწვავედ აღარ მოხვდნენ გულს და კვალად გონება შეაჩერა სიყვარულის საკითხზე.

ეს გრძნობა რაღაც უცხო ძალა იყო ციცოსთვის და უნდოდა აქვე, ამ წყაროსთან, გაერჩია და მიხწეოდა მის მნიშვნელობას.

- სიყვარული სიგიჟეა! სისულელეა! ვნებაა! - ბევრჯერ გაუგონია ციცოს. რაც უნდა ყოფილიყო, დანამდვილებით კი იცოდა, რომ ეს გრძნობა ბევრ მსხვერპლს თხოულობდა და იწირავდა. ქალს თვალწინ წარმოუდგა სიყვარულისგან გატანჯული სვიმონა, ელენე, კატო, რომლის გაბრწყინვებული თვალები ფარულად ეთაყვანებოდნენ მიხას.

ციცომ მოიხსნა ბეჭებიდგან შალი, გაშალა იქვე ხის ქვეშ და დაჯდა. უნდოდა დაესვენა და შემდეგ წასულიყო შინისკენ. ოცნება კვალად მოეჯარა, სიომ დაუბერა, ფოთლებმა გაიშრიალეს, ტყემ გაიხმაურა, შორს სადღაც, თითქოს ხის ტოტებმა შეჰქნეს ლაწა-ლუწი... ქალმა მოიხედა და დაინახა ორი ახალგაზდა ყმაწვილი კაცი, რომელთაც ცხენები ფრთხილად მოჰყავდათ ვიწრო ბილიკზე, ქალი შეკრთა, უნდოდა მორიდებოდა მათ, მაგრამ გვიანი იყო ადგილიდგან დაძვრა. მან ვითომ ვერც კი დაინახა მომავალნი, გაშალა წიგნი და ჩააჩერდა.

მგზავრები მივიდნენ წყაროსთან, გააჩერეს ცხენები. ეტყობოდათ, თვალი მოსტაცათ მარგალიტების ელვარებამ. ერთი მათგანი ჩამოხტა ცხენიდგან, მივიდა წყაროსთან და პეშვი მიუშვირა, მეორემაც მიბაძა; გაჩერდა ერთ ადგილს და ხანდისხან ალმაცერად იხედებოდა შავებში მოსილი ქალისკენ, რომელსაც ლოყები შეუწითლდნენ და ტყის ფერიად მოსჩანდა. შემდეგ ხელი წაჰკრა ამხანაგს, მან მოიხედა და გაიღიმა. ამათ კარგა ხანს იტრიალეს, თითქო აქაობას ათვალიერებდნენ.

- რა ადგილია! - აღტაცებით შესძახა ერთმა და გრძელ ულვაშებზე ხელი გადაისვა.

- სამოთხეა! -იუგო მეორემ, როდესაც გული იჯერა წყლით, მოტრიალდა და ორივენი ისევ შესხდნენ ცხენებზე. ესენი გამოწყობილიყვნენ ევროპულად, პალტოები მხარზე გადაეკიდათ; მაღალი, მუხლებამდის გამტვერიანებული წაღები ამტკიცებდნენ, რომ შორიდგან მოდიოდნენ. ციცომაც ფარულად გახედა მგზავრებს და ისევ თავი ძირს დახარა. ერთხანს იტორტმანეს კიდევ ახლად მოსულებმა და გასწიეს თავიანთ გზაზე. ესენი თვალს მიემალნენ, როდესაც ციცო წამოდგა, გაიბერტყა კაბა, წამოისხა შალი და დაეშვა ძირს. თან ფიქრობდა, თუ ვინ იყვნენ და საიდგან მოდიოდნენ ეს ახალგაზდანი. ერთი მათგანი მეტად მიმზიდველი მოსჩანდა, მისი ფერმიტეტკილი სახე, ცეცხლით სავსე თვალები შეუმჩნეველნი არ დარჩნენ ქალს.

ციცო კარგა ფიქრების შემდეგ ისევ გადავიდა თავის საკუთარ ოცნებაზე და სოფელშიაც შევიდა, რომ ამის სახეს კვალად გაოცება დაეტყო; ახალგაზრდები ცხენებიდგან გადმომხტარიყვნენ და გაცხარებით რაღასაც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

ქალი მიუახლოვდა მგზავრებს. ამ დროს ერთი მათგანი დაწინაურდა და წამოვიდა.

- უკაცრავად, ქალბატონო! ცოტა მოითმინეთ! თქვენთან ერთი სათხოვარი გვაქვს, - წარმოსთქვა მან კრძალვით და გაჩერდა ქალის წინ ქუდმოხდილი.

ციცო შედგა და გაოცებით შეხედა.

- რა გნებავთ? - ჰკითხა.

- უეჭველია, თქვენ აქა ცხოვრობთ?

- დიახ.

- შეიძლება გვიბრძანოთ, სადა სდგას თავადი როსტომი?

- აი აგერ იმის სახლის სახურავი, მარჯვნივ რო იყურება! იქ მიბრძანდით! - უთხრა ქალმა და თითით ანიშნა.

- გმადლობთ!

- არაფერს, - უპასუხა ციცომ და წავიდა. ყმაწვილი კაცები დიდხანს იდგნენ და შეჰყურებდნენ მიმავალს.

- რა ქალია! - შესძახა ილარიონმა და მივიდა ამხანაგთან, რომელიც ხმას არ იღებდა. მისი სახე რაღაც თრთოლვას აეტანა და თვალებში წყალი ჩასდგომოდა, მოუსვენრად იყურებოდა იმ მხარეს, საითაც გაუხვია ქალმა.

- რაღას უყურებ, გენო? წავიდეთ რაღა! - მოისმა ამხანაგის ხმა. გენო არ იძროდა.

- რა დაგემართა, კაცო, დამუნჯდი, თუ რა არის? რა ქალების ხამი შენა ხარ, რო აგრე შეკრთი? ეგ ერთი და სხვა ხომ ათასი ყოფილა? - გაიმეორა ილარიონმა ღიმილით და თვალი უყო ამხანაგს, რომელსაც სახე გაუბრწყინდა. ესენი გაემართნენ როსტომისკენ.

VII

მეორე დღეს ციცომ კვლავინდელზე გვიან აიწია ლოგინიდგან. ფიქრები არ ასვენებდნენ. რავდენჯერმე ესიზმრა გუშინდელი მგზავრები, რომელთა სახის მეტყველება, გარეგნობა კარგად ჩარჩა თვალში.

დღეს ისინი როსტომისას არიან. თითიკამ ამბავი შემოუტანა, როსტომს დიდი კაცები ეწვივნენ სტუმრად, მასპინძელს ძალიან გახარებია მათი მოსვლა და დეკეული დაუკლავსო.

ციცომ იცოდა, როსტომი ადვილად არ გაიმეტებდა დეკეულს და ცნობის მოყვარეობა გაუორკეცდა. ძალიან მოუნდა ამ ჟამად როსტომისას ყოფნა, მაგრამ რაგვარად? მეტად უხერხულად ეჩვენა ამ აზრის შესრულება მეტადრე მაშინ, როდესაც რამდენი ხანი იყო, რაც იმათ ეზოში ფეხი არ შეედგა. ციცო წამოდგა ზეზე და ზარმაცად დაიწყო ტანისამოსის ჩაცმა, უგულოდ უყურებდა გარშემო ყველაფერს და თითქო კიდევაც ეზარებოდა ცხოვრება, მაგრამ უეცრად სახე გაუბრწყინდა, თვალებმა მაცდურად გაიელვეს; ახალგახდა ქალმა შიშველი ფეხი დადგა დედამიწაზე, მიუახლოვდა სარკეს და ჩაიხედა. გაშლილი თმა ხუჭუჭებად ჩამოსწეწოდა. ციცომ კვალად გაუღიმა სარკეში თავის თავს, ამაყად გასწორდა, უკან გადააგდო თავი და სარკეზე თვალები გააჩერა; პატარა სარკმლიდგან შემომდგარი მზის შუქი შარავანდედად თავზე დასდგომოდა. ქალმა მკლავები გაიწვდინა და იწყო ნაზად ზმორება; მის თვალებს მაინც არ აკლდებოდა ელვარება, თავს ღონივრად გრძნობდა, მარტო ამ წუთებში შეიგნო, რომ ესეც არსებობდა ქვეყნად.

- კნიაჟნა შინა ბრძანდება? - შემოესმა ამ დროს გარედგან ნაცნობი ხმა. ამ ხმაზე ციცო შეკრთა და სახეში ალმა აჰკრა.

ოთახში შემოვიდა ბარათით ხელში თითიკა. ციცომ გამოართვა და საჩქაროდ ჩაიკითხა:

“ციცო, დღეს უეჭველად მოდი მთელის დღით ჩვენთან. სტუმრები მყვანან, მარტო ვერას გავხდი და იმედი მაქვს, ხელს მომაშველებ საქმეში. შენმა სიცოცხლემ, ძალიან, მაწყენინებ, თუ უარს მეტყვი. გელი. შენი ძალუა ნატალია”. ციცომ თვალები მიაშტერა სივრცეს.

- ბიჭი პასუხს ელის, - მოაგონა ამ დროს თითიკამ.

- გეახლებით-თქო ,- ოდნავად ჩაილაპარაკა ციცომ.

ქალის არსებაში თითქო რაღაც ბრძოლა ატეხილიყო. ერთის მხრივ ეძნელებოდა სტუმრებში ჩარევა, მეორეს მხრივ ძალიან უნდოდა გაეცნო ახლად მოსულები.

ციცომ ამოიოხრა; ტუჩებზე შეუთამაშა ღიმილმა, რომელიც არა ჰგვანდა წინანდელ კმაყოფილ, ამაყ ღიმილს, არამედ ხატავდა უფრო დაცინვას, სიმკრთალეს. ციცო იტანჯებოდა სხვადასხვა ფიქრებით, ვიდრე როსტომისას წასვლის დრო არ მოვიდა. ქალმა გასწია. კვალად თვალწინ გადაეშალა მშვენიერი ეზო, მჩქეფარე რუ. ისევ ის წინანდელი სურათი, ისევ ის ტურფა ხატება! ცვლილება მარტო თვით ციცოშია; ამისი შავებში მოსილი ჰაეროვანი ტანი და დინჯად გამომყურე სახე არა ჰგავს ამ მოლზე ოდესმე მორბენალ გოგონას, რომელიც წინ მიუხტოდა ხოლმე მოხუცებულ დიდედას. მაგრამ თითქოს როსტომის ეზოც დაყურუსებულა და აღარ ისმის ელენეს ზარიანი, წკრიალა ხმა. მარტო ხანდისხან გრგვინავს ომახიანად შემოძახილი ბრძანება როსტომისა და მოსამსახურეები შერბი-გარბიან. ციცო შორიდგანვე არჩევს აივანზე გუშინდელ მგზავრებს. ნატალიამ დაინახა თუ არა მიმავალი ქალი, გამოეგება ეზოში მხიარულის სახით და მოეხვია.

- მადლობა ღმერთსა! გაბედე და მოხვედი... მეგონა, კვლავინდებურად უარს შემოთვლიდი! - ამ სიტყვებით ნატალიამ ხელი მოჰკიდა და აიყვანა აივანზე.

- გთხოვ იცნობდე: თავადი ევგენი ბაზიანი, ჩემი ბიძაშვილი, ესეც ამისი ამხანაგი ილარიონ ფანდურაძე. კნიაჟნა სიდონია სარიდანიშვილი - წარმოსთქვა ნატალიამ და გააცნო ერთმანეთს ახალგაზდანი. ყმაწვილმა კაცებმა მოწიწებით თავი დაუკრეს, ციცომ ხელი ჩამოართვა ორივეს და ხმა-ამოუღებლად დაჯდა დივანზე, თან ღელავდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო. ამის ბედზე როსტომი რაღაც საყურადღებო ამბავს უამბობდა სტუმრებს, რომელნიც გულმოდგინედ უსმენდნენ და ქალიც თანდათან გონებას იკრებდა.

მალე დიასახლისმა აცნობა, სადილი მზად იყო. ციცოს გვერდით მოუხდა ჯდომა გენოს. ქალმა ვითომ არ შეიმჩნია, ღიმილით პასუხს აძლევდა ყმაწვილ კაცს, რომელიც ცდილობდა მასთან ბაასს და თანაც სთავაზობდა საჭმელს. ციცო თანდათან იშორებდა მორცხვობას და თავისუფლად სუნთქავდა. გენო აკვირდებოდა ციცოს მშვენიერ სახეს და ეშხში მოდიოდა; ძალას ატანდა ღვინოს. ამისი გაცრეცილი ფერი, მაგრამ სახის გაწყობილი ნაკვთები და ქვეშ-ქვეშ გამომყურე შავი თვალები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ ციცოზე; ილარიონს კი უფრო, გულუბრყვილობა ეტყობოდა; ამისი გაჟინჟღილებული სახე უფრო მეტ სიცოცხლეს აჩენდა, მაგრამ ციცოს პირველი უფრო მოსწონდა.

ციცომ გაიგო, გენო გამოჩენილ, დამსახურებულ გენერლის შვილი იყო; ამის მამას რევაზს არაერთხელ დაასახელებდა ხოლმე პაპა. ბევრი ვაჟკაცობა და გულადობა გაუგონია იმისი, და როსტომიც დიდის პატივისცემით ექცეოდა გენოს; ცდილობდა მთელი თავისი მჭერმეტყველება თუ მასპინძლობა დღეს გამოეჩინა.

- გამხიარულდით, თქვენი ჭირიმეთ, გამხიარულდით! - გაიძახოდა როსტომი და უხვად აზიდვინებდა წითელ ლალივით ღვინოს. ნატალია თვალს არ აშორებდა გენოს და ციცოს. ცხადად ატყობდა თავის ბიძაშვილს, რომ მოხიბლულიყო ახალგაზდა ქალით და გულში უხაროდა. კარგად ახსოვს გუშინ როგორის გულმოდგინებით უსმენდა, როდესაც ნატალია უამბობდა ციცოს ცხოვრების ამბავს.

- საოცარი ქალი ყოფილა! მაგ მშვენიერებასთან მაგისთანა მორჩილი ხასიათი და მტკიცე! - გაიძახოდნენ ერთხმად გენო და ილარიონი. ნატალიამ აღუთქვა, ხვალ მოეყვანა ციცო და გაეცნო მათთვის. გენოს აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა.

- სწორედ ღვთის წყალობა იქნება ციცოსთვის იმდენ ტანჯვის შემდეგ, რომ ეს მოხდეს! - ფიქრობდა ნატალია, მაგრამ მეორე მხრივ, რომ წარმოიდგენდა რევაზის მედიდურად გამომყურე სახეს, ეს ფიქრები უსუსტდებოდნენ.

- ბუნების შვილია, მაგას ჯერ არ მიჰკარებია ცხოვრების ხელი. რა საშინელი განსხვავებაა ქალაქელ გაქსუებულ ქალებსა და ამის შორის? - ეუბნებოდა აღტაცებული გენო ილარიონს სადილის შემდეგ, როდესაც სუფრიდგან წამოიშალნენ და გამოვიდნენ ეზოში.

- გენო, დამიჯერე, შემთხვევას ნუ დაჰკარგავ! ეგ ქალი ასლი საშენოა და ხელი ჩასჭიდე! სხვა რა გინდა? ლამაზი, უმანკო, გონიერი! შეძლება ხომ შენა გაქვს და მშვენივრად მოხვალთ!

- არა თუ! - ჩაილაპარაკა გენომ და კმაყოფილებით ხელი გადისვა ულვაშებზე.

- ბევრი ქალი მინახავს, მაგრამ მაგისთანა კი არც ერთი. რაღაც უმანკოება და იშვიათი სათნოება ეხატება თვალებში, - განაგრძო მან.

- გეუბნები და...

გენო გაჩუმდა. შემდეგ მოიხედა და დაინახა ციცო, რომელიც ჩაფიქრებული იდგა პატარა ხესთან. ამან საჩქაროდ გასწია მისკენ.

- რას სინჯავთ, კნიაჟნა? - ჰკითხა თავაზიანად ყმაწვილმა კაცმა და ალერსით მიაჩერდა ქალის ჟუჟუნა თვალებს.

- ძალიან მომეწონა ეს ხე... მინდა მის დაყვავილებულ ტოტს მივწვდე, - უპასუხა ღიმილით ციცომ.

- მშვენიერია, განმარტოებული რომ არ იყვეს, - განაგრძო გენომ.

- მეც იმიტომ ვეტანები. ეს უფრო თავისუფლად სარგებლობს წმინდა ჰაერით, ვიდრე ის პატარა, ვიწრო-ტანიანი ცაცხვები, რომლებიც ერთი-მეორეს ჩრდილავენ.

- როგორც გეტყობათ, თქვენ გიყვართ მარტოობა?

- ძალიან.

- ჩვენი ქალაქის ქალები კი ისწრაფვიან იქ, სადაც მრავალფეროვანი სანახაობანი თვალებს უჭრიალებენ. თეატრი, ბალი, დარბაზობა და სტუმრობა მათი მოთხოვნილებაა.

- მე კი მალე მომწყინდებოდა ყველა ეგ, - ჩაილაპარაკა ქალმა და მოსწყვიტა ფოთოლი. გენო აღტაცებაში მოდიოდა ციცოს ლაპარაკით. მზად იყო, ამ წუთსვე მუხლზე დაცემულიყო, წარმოეთქვა მხურვალე, მწვავი სიტყვები სიყვარულისა, მაგრამ ქალის თავშეკავებული მედიდურობა ვერ აბედვინებდა, აფრთხილებდა. ამიტომ არჩია, მოეცადა. აჩქარებით საქმე არ წაეხდინა. ილარიონიც ასე ურჩევდა.

VIII

აღტაცებული გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა გენოს. თვალი მოჰკრა თუ არა ციცოს, მაშინვე მოიხიბლა. როგორც კი მივიდა გუშინ როსტომისას, მაშინვე დაუწყო ნატალიას ლაპარაკი ამ სოფლის შესახებ და სხვათა შორის უამბო, როგორ ნახეს ამან და ილარიონმა წყაროსთან ტყის მშვენიერი ფერია. ნატალია იცინოდა; მაშინვე მიხვდა, ეს ფერიად დასახული არსება ციცო უნდა ყოფილიყო და თვითონაც ერთი-ორად გაუზვიადა მისი ღირსებანი. გენოსთვის საჭირო აღარ იყო ციცოს ქება, თვითონაც კარგა ხედავდა. პირველსავე შეხვედრაზე ალღო აეღო და თავისი გრძნობანი მისთვის გაეწონებინა. გენოს ხშირად მოუხდებოდა ხოლმე ლამაზ ქალებთან შეხვედრა, მათთან დაახლოვება, მეგობრობა, მაგრამ წინათ ყველა ეს ხდებოდა ადვილად, შეუმჩნევლად, დაუბრკოლებლივ. გენო თვრებოდა ცხოვრების სიტკბოებით და ერთს ვარდს მეორეზე მალ-მალ სცვლიდა. ამის მიმზიდველ სანახაობას, შეძლებას, მოხერხებულ სიტყვა-პასუხს, ტკბილი ვნებით აღსავსე ჩურჩულს არა ერთი ქალი გაუბრუებია, მაგრამ გენო თავს არ იწუხებდა ერთგვარობით და ცდილობდა შთაბეჭდილებანი გაესხვაფერებინა. ბავშვობიდგანვე ბედი სწყალობდა. თუმცა დედა ადრე დაჰკარგა, მაგრამ მზრუნველი, მოსიყვარულე მამა არ აგრძნობინებდა უდედობას, დაუჭერდა მომვლელ ქალებს. მასწავლებლები გენოს თავს ევლებოდნენ და ცდილობდნენ ყოველ მხრივ უზრუნველ ეყოთ.

გალაღებული გენო, თანდათან იჩენდა თავნებობას და გარშემო ყველას იმონებდა. თუმცა სწავლა არ ეძნელებოდა, მაგრამ, როდესაც ტოლ-ამხანაგებში დროს ატარებდა, მაშინ უფრო კმაყოფილი იყო. გენოს სასწავლებელში შესვლა არ გასჭირებია, თუმცა ამისი გაკვეთილები სიზარმაცის გამო უხეიროდ მიღონღიალებდნენ. საკმაო იყო სასწავლებლის უფროსს, ან თვით მასწავლებლებს სჩვენებოდათ თავადი ბაზიშვილი გულზე გამწკრივებულის ჯვრებით და ფულით სავსე ქისით, რომ მსწრაფლ შესცვლოდათ გუნება გენოზე და თითქმის მოწიწებითაც დაეწყოთ მისთვის თვალებში ცქერა. მაგრამ გენოს სწავლა მალე მობეზრდა. როგორც იყო, ძლივს მიახწია მეხუთე კლასამდის და გადასწყვიტა, როგორმე მოეშორებინა თავიდგან ეს თავმომაბეზრებელი ჯიჯინი. გული მიუხაროდა იქით, სადაც მხიარულად გრიალებდა მუსიკა და მშვენიერი ქალ-ვაჟნი ხელიხელ ჩაკიდებულნი ღიმილით შეჰყურებდნენ ერთმანეთს. არაერთხელ მოიავადმყოფა თავი, სთხოვა მამას, გამოეყვანა სასწავლებლიდგან, მაგრამ მამა გაჯიუტდა და ნება არ მისცა.

- რა ბევრი ხანი დაგრჩენია, ბიჭო, რომ აღარ იცდი?.. ბარემ გაათავე და აფიცერი გამოხვალ! - ეუბნებოდა მშობელი. რა თავში შემოსახლელად უნდოდა სწავლის გათავება, - ვერ მოეაზრებინა გენოს; მეცნიერად ყოფნა არ ესაჭიროებოდა, თუმცა აფიცრობა კი ეხალისებოდა. მეტი ღონე არ იყო, უნდა აესრულებინა მშობლების ბრძანება და კიდევაც შეასრულა.

გენო თავმოწონებული, მუნდირში გამოწყობილ თეთრ ხელთათმანებით ხშირ-ხშირად ამაყად გაათამაშებდა ხოლმე ქუჩაში თავის შავ მერანს. ხალხი ჩერდებოდა და უყურებდა თავმომწონე ახალგაზდას, რომელსაც შვენოდა ახალი ტანისამოსი. წამება იყო გენოსთვის, როდესაც სამსახურის გამო უნდა წარდგომოდა რომელსამე გენერალს, თვით იმ დაბალ აფიცერსაც კი, რომელიც ცოტაოდენის ჩინით მაზე მაღლა იდგა, და დამორჩილებოდა.

გენო აღტაცებული იყო, როდესაც ტოლებთან ერთად ღამეებს ათენებდა რომელსამე სასტუმროში, ბაღებში, ან სადმე საზოგადო სახლში, სადაც გენო პირველი გმირი იყო. ბევრ ტკბილ წუთებს გაუვლიათ, ბევრი უცელქია გენოს, მაგრამ აქაც დიდხანს არ გაუჩერდა გული. დანიშნულ ვადაზე მისვლამ სამსახურში, ზოგიერთი მოვალეობის ასრულება-მორჩილებამ, ზოგჯერ შევიწროებამ, თავი მოაბეზრა. უნდა ეკანკალა სადმე თეთრ მიტკლის კარავში, რომელშიაც არაერთხელ ჩასვლია წვიმა და დასველებულა; უგემური საჭმელი, ყველა ეს ხშირად შეაყენებდა გენოს შემდეგ საკითხებხე:

- რა საჭიროა? რად უნდა ეწვალოს ასე მაშინ, როდესაც იქ, საკუთარ სახლში, ელის უხვი საზრდო, რჩეული სააგარაკო ადგილები მკლავებს უშლიან თავიანთ ერთად-ერთ პატრონს? - ამ საკითხებს ამაოდ არ ჩაუვლიათ და ერთ დღეს ნაყოფიც გამოიღეს. გენომ ქაღალდი მისცა მთავრობას, სამსახურისაგან გაენთავისუფლებინათ ავადმყოფობის გამო. მართლადაც გენოს თანდათან ფერი ეკარგებოდა, ხდებოდა; მამაც შეფიქრიანდა, ვაი თუ მართლა ვერ შესძლოს ჩემმა შვილმა სამხედრო სამსახურიო და ნება დართო განთავისუფლებულიყო ყოველ შემაწუხებელ გარემოებისგან.

გენოს ამით არა დაჰკლებია რა საზოგადოების თვალში; უფრო ხელი-ხელ სატაცებელიც გახდა და ერთის დარბაზიდგან მეორეში გულითადი სანატრელი სტუმარი შეიქნა.

გენომ მოინდომა საზღვარგარეთ წასვლა; მამამაც არ დაუშალა და თავის გულითად მეგობარ ილარიონთან ერთად გაემგზავრა. ილარიონი, ღარიბი ახალგაზდა, ესეც ამხანაგსავით დარდიმანდი, უკან არა რჩებოდა გენოს არაფერში და ამასთანავე ემორჩილებოდა მის ყოველსავე სურვილს, თუმცა მის მეგობრულ რჩევას არაერთხელ დაუხსნია განსაცდელისგან გენო.

ილარიონი უფრო პირდაპირ უყურებდა ცხოვრებას. მუდამ ჯიბესუბუქი კვალში ჩასდგომოდა ყოველდღიურ მოთხოვნილებას; ნებაუნებლიედ უნდა ეზრუნა სახვალიოდ ლუკმა პურისთვის. ეს დაბალი მოხელე იყო ერთ-ერთ დაწესებულებისა, სადაც შვიდ-რვა თუმანს ძლივს იღებდა, მაგრამ, რაც გენოს დაუახლოვდა და დაუმეგობრდა, ჯიბე ყოველთვის სავსე ჰქონდა. გენოს წყალობით არაერთხელ მიუღია უფროსებისაგან შენიშვნა, კიდევაც დამუქრებიან სამსახურიდგან დაეთხოვათ, მაგრამ გენოს მამის დახმარებით თავი დაუჭერია ადგილზე. ილარიონსაც უყვარდა ღვინო, ქალები. საზღვარგარეთ წასასვლელად რავდენისამე თვით სამსახურიდგან გაანთავისუფლებინა გენომ და უცხოეთში მეგობრებმა მრავალი გამოცდილება შეიძინეს. მათ გარეგნობას სულ სხვა ელფერი დაედო: მოხდენილი, გემოვნებაზე ჩაცმული გენო ყველას მოსწონდა; ქალაქში ბევრი წამბაძავი აღმოუჩნდა კიდევაც, მაგრამ გენო თავისებურობით მაინც დიდად განსხვავდებოდა სხვებისგან.

- მშვენიერი ვაჟკაცია! ზრდილობიანი, ჭკვიანი! - გაიძახოდნენ ყმაწვილი ქალები და მოხდენით, კეკლუცად თვალებსა ჟუტავდნენ გენოს გახსენებაზე, თითქო უსიტყვოდ ეძახოდნენ თავისკენ, ეჩურჩულებოდნენ:

- “რას უყურებ, ყმაწვილო? მოდი და დაგატკბობთო”, მაგრამ გენო არა ჩქარობდა, თითქო ყველა ესენი კიდეც მობეზრებოდნენ. გენოს მოთხოვნილებად გადაექცა მოგზაურობა. ქალაქში დიდხანს ვეღარ ჩერდებოდა, სწყინდებოდა; მოიგონებდა ნადირობას, ან წვეულობას და გასწევდა სოფლებში, ან სხვა ქალაქებში, სწყუროდა ახალ-ახალი ადგილი და ახალი ხალხი... დასათვალიერებელიც ბევრი იყო, თუ კი გენოს ყურადღება მიიქცეოდა მათკენ. ქართლ-კახეთში და იმერეთში მისი ნათესაობა იყო და ყველგან საყვარელი, სასურველი სტუმარი იქნებოდა. აგერა სხვათა შორის გენომ მოინდომა თავისი ბიძაშვილის ნატალიას ნახვაც, მისი გარემოების დათვალიერებაც. გენო ესტუმრა ნატალიას; იამა ამ სოფლის ნახვა; მაგრამ არას დროს არ მოელოდა ამ მიყრუებულ ადგილში ციცოსთანა მშვენიერ არსების შეხვედრას. აქ დახვდა ნაპერწკალი სიყვარულისა, რომელმაც მსწრაფლ იფეთქა მის გულში. გენოს არც ერთ ქალის წინ არ უგრძვნია ასეთი მოწიწება, კრძალვა და თაყვანისცემა, როგორიც იგრძნო ციცოს მიმართ, თუმცა ყოფილან უფრო მშვენიერნიც, აქ რაღაც ბუნებრივი უმანკოება გამოსჭვიოდა ციცოს ყოველ ნაკვთიდგან და იმონებდა ყმაწვილ კაცს; გენოს დამონება და დამორჩილება კი საკვირველებად უნდა ჩათვლილიყო და ილარიონსაც უკვირდა.

გენომ მოუსვენრად გაატარა ეს ორი ღამე, მზად იყო მუდამ ციცოზე ელაპარაკნა ნატალიასთან, რომელმაც დაწვრილებით შეატყობინა ქალის გარემოება და განვლილი საშინელი განწირულება.

IX

მეორე დღეს თვითონ ნატალია მოვიდა ციცოს წასაყვანად.

- შვილო, შენთვის გადარეულია ის ყმაწვილი, სულ შენ ხსენებაშია. თუ რამე გითხრას, ხუმრობა არ არი, უკმეხად არ დახვდე, დიდი კაცის შვილია, მდიდარი; ქალაში მაგის მამას პირველი ადგილი უჭირავს. მაგათ სახლში რომ შეხვიდე, იტყვი, მეფე სცხოვრობსო. ოხ, რა ბედნიერი იქნები!.. მაგის მეტი შვილი არ გააჩნია მაგის მშობლებს და, რასაკვირველია, შენც გადედოფლებს.

ნატალია განუწყვეტლად ელაპარაკებოდა ციცოს, როცა სახლისკენ მიდიოდნენ.

- ჩემ ელენეს კი არ გაეხარდება, აბა! - განაგრძობდა ნატალია.

"მდიდარი, დიდი კაცი, ქალაქებში გაჩვეული, ნუ თუ ყურადღებას აქცევს ციცოს?" ციცოს გონება ბინდ-ბუნდით იბურებოდა; თვითონაც მოსწონდა გენო, მაგრამ როდესაც ჩაუფიქრდებოდა თავის მდგომარეობას და თავის თავს იმ მეფურ გარემოებაში ჩააყენებდა, სიზმარი ეგონა და მალი-მალ თვალებზე ხელს ისვამდა, გამორკვეულიყო. ამასობაში სახლთან მივიდნენ კიდევაც და გენო ღიმილით მოეგებათ. ციცო ცხადად ატყობდა გენოს თავისადმი აღტაცებას და კმაყოფილებას გრძნობდა.

- წუხელის ჩემს თვალებს ძილი არ მოსვლიათ, გონებით თქვენთან ვიყავი და ოცნებით თავს გევლებოდით! - ეუბნებოდა ყმაწვილი კაცი ციცოს, როდესაც ესენი ბაღის პატარა ბილიკზე გაჩერებულიყვნენ. ციცოს თავი ძირს დაეხარა, ხელი გაეწვდინა ბუჩქებისკენ, რომელზედაც აქა-იქ მწვანე კოკრებში გამორეოდნენ გაშლილი ვარდები.

- თქვენ იღიმებით, დამცინით!.. რა შეუბრალებელი ყოფილხართ! - განაგრძობდა გენო, თან სახე მთლად გაფითრებოდა და თრთოდა...

- სრულებითაც არა! - შესძახა ქალმა და მიიხ-მოიხედა.

- არ დამცინით?! მაშ რა არის ეგ ღიმილი, რომელიც უსიტყვოდ ბევრს რასმეს ამბობს? - ქალმა გონება მოიკრიბა, მოსწყვიტა ვარდი, მიიტანა ცხვირთან და იყნოსა მასი დამათრობელი სუნნელება. შემდეგ თავი ასწია მაღლა, დაკვირვებით მიაჩერდა ყმაწვილ კაცს.

ქალის თვალებში იხატებოდა რაღაც სიამაყე, სიდიადე.

- მართალსა ბრძანებთ, კნიაზო, მე ვიღიმები და ამ ღიმილში თქვენ შეგიძლიანთ ამოიკითხოთ მარტო გაოცება, - უპასუხა ციცომ.

- რის შესახებ?

- თქვენ გუშინ არც კი მიცნობდით, არ იცოდით ვინ ვიყავი, დღეს კი ჩემდამი სიყვარული გაწვალებთ ასე უეცრად? ნუ თუ საოცარი არ არის?

- სულაც არა! სიყვარული არ თხოულობს დიდ დროს, სიყვარული ციური ნაპერწკალია, რომელიც ელვასავით გაჰკრავს გულში კაცსა. არამც თუ წუთები, შეგიძლიანთ მთელი წელიწადები, თუნდ საუკუნეები გაატაროთ ვისთანმე და ეს გრძნობა კი არ მოგეკაროთ, მაგრამ თუ სიყვარულმა ნაპერწკალი გამოაკვესა, გულს მეტად მწვავედ, მოხვდება. დღემდის რაღაც უფერული იყო ჩემი ცხოვრება, დღეს კი თითქო სულ ხელახლა დავიბადე და ვიცანი სიცოცხლის ფასი. - ციცოს მომჯადოებლად შეესმოდა ეს ზეაღმაფრენი სიტყვები, ეს ტკბილი მუსიკა და, თითქო ანგარიშ-მიუცემლად ისვენებდა ამისი განაბული გრძნობა, ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა.

- მითხარით, შეგიძლიათ მიიღოთ ჩემი წრფელი თაყვანისცემა, თუ უწყალოდ ხელსა მკრავთ?

ციცომ ხელი მიიდო საფეთქელზე.

- მჯერა, კნიაზო, რომ მოგწონვართ, მაგრამ... - ძლივს დაილაპარაკა მან.

- მაგრამ?..

- ხვალ თქვენს გზას გაუდგებით და სიყვარულიც თან წაგყვებათ, განელდება, დაიჩრდილება ახალის შთაბეჭდილებებით, რიღასთვის იწვევთ ჩემის მხრივ თანაგრძნობას, რომელიც მალე საჭირო აღარ იქნება თქვენთვის? ჩვენს შორის საერთო ძალიან ცოტაა. თქვენ ბრძანდებით ნასწავლი, განვითარებული, ცხოვრებისგან გალაღებული, მე კი ყველა ამას მოკლებული ვარ; დღემდის ამ სოფლის იქით ჩემთვის ყოველივე უცნობი და უცხოა. აბა რას გამოგადგებათ უვიცი სოფლელი ქალი? სჯობს, ისევ დავრჩეთ კარგი ნაცნობები, თქვენც თქვენს გრძნობას ჩაუფიქრდით და დარწმუნდებით, რომ მარტო წუთიერი აფეთქებაა წუმწუმისა, რომელიც მალევე ჩაქრება.

- კიდევ და კიდევ ეჭვები?.. მე დიდი ხანია გავიგე თქვენი გარემოება, კნიაჟნა, გთხოვთ, გევედრებით, მითხარით ერთად-ერთი სიტყვა, რომ შეგიძლიანთ ჩემი გახდეთ და მთლად ჩემი არსება თქვენ ფერხთ წინ გაიშლება საუკუნოდ დასამონებლად.

ციცო უყურებდა გენოს და კვალად იღიმებოდა.

- თქვენი გავხდე?.. მე ხომ ერთი ობოლი, ღარიბი ქალი ვარ?.. - წარმოსთქვა კვალად ციცომ, სახე დაუნაღვლიანდა და გვერდზე გაიხედა.

- კმარათ! - შესძახა გენომ, - ჩემთვის საჭირო არა არის რა თქვენის მხრივ: არც განათლება, არც სიმდიდრე, თქვენ ყველა მაგ ღირსების მქონებელ ქალებზე უფრო მაღლა სდგეხართ ჩემს თვალში და გთხოვთ მაგიერი პასუხი გასცეთ ჩემს გულს!.. შემიბრალეთ!.. - დაუმატა გენომ ვედრებით, ხელი ხელს გადააჭდო და ქალის წინ დაეშვა მუხლებზე.

- ღმერთო ჩემო, რას შვრებით, კნიაზო, ადექით ზეზე!.. - შესძახა მთრთოლვარე ხმით ციცომ.

- შემიბრალეთ, სიდონი! - ჩურჩულებდნენ გენოს გაფითრებული ტუჩები.

- მჯერა, რომ გიყვარვართ, მაგრამ გაიხსენეთ ის უძლეველი კედელი, რომელიც ამართულა ჩვენს შორის! - უთხრა ქალმა. - მამა თქვენი არას დროს ნებას არ მოგცემთ, მე მითხოვოთ და ეს უთანხმოება ხომ ანგარიშის გაწევას თხოულობს?! - დაუმატა მან.

- არა! არა! ოღონდ თქვენ დათანხმდით და მამაჩემს მალე დავიყოლიებ. მას ჩემს მეტი შვილი არა ჰყავს... ენატრება ჩემი ცოლის შერთვა. მე კი მიძნელდებოდა დღემდის, დღეს კი დიდის სიხარულით დავდგებოდი თქვენს გვერდთ გვირგვინ ქვეშ.

ციცო დარწმუნდა, გენო მარტო სიტყვით არა მჭერმეტყველობდა. ქალს მზის შუქმა ჩახედა გულში და შეუმჩნევლად სასიამოვნო ტკბილი ნექტარის ნაკადი ჩაუშვა; ძარღვები მოუდუნდნენ; ამაყი შეხედულობა თანდათან ჩამოშორდა; თვალებში გამოუკრთა ალერსი, მიმართული გენოსკენ, რომელიც დაჩოქილი ვედრებით ხელებს უწვდენდა.

- სიდონი, მითხარით, რომ თქვენი გული ჩემი გახდება, რომ თქვენ იქნებით ჩემი საუნჯე, ჩემი საკუთრება!.. - ოდნავ-ღა ჩურჩულებდა გენო.

ციცომ ხმა არ გაიღო. მარტო მთრთოლვარე ხელი, რომელიც ძირს დაშვებულიყო, აღარ გაუძალიანდა გენოს, ამანაც საჩქაროდ მიიტანა ტუჩებთან და ზედ დაეკონა.

- ჩემი ხართ?! ჩემი?! - მღელვარებდა ბედნიერი გენო და განაგრძობდა ორივ ხელებზე კოცნას. ახალგაზრდა ქალიც ალერსით უყურებდა ყმაწვილ კაცს. გენო ისევ მალე გამოერკვა, წამოდგა, ხელი დაუჭირა ქალს და გასწია სახლისკენ; შედგა თუ არა აივანზე ფეხი, აღტაცებით შესძახა:

- მოგვილოცეთ!

ილარიონი მაშინვე წამოხტა ზეზე და გაღიმული მოეგება ციცოს.

- რა უნდა მოგილოცოთ?! - გაოცებით შესძახა როსტომმა, რომელიც ამ დროს, ზურგ-შემოქცეული, რაღასაც ელაპარაკებოდა მოურავს.

ნატომ გაშალა ხელები და ჩაიკრა ბედნიერი ციცო, რომელიც ნატალიას გულზე რაღაც მშობლიურ თანაგრძნობას ჰპოვებდა.

როსტომი გაჩერდა, გაოცებული; ვერ მოეაზრა, თუ რა მომხდარიყო? ერთის მხრივ უხაროდა ციცოს ბედნიერება, მაგრამ ამასთანავე თითქო მის სახეს რაღაც მოუსვენრობა დაეტყო, მეტადრე მაშინ, როდესაც გაითვალისწინა გენოს მამა წარბშეკრული.

- "ეს რა მიყავი, კაცო? ვინ გადაჰკიდე ამ ჩემს შვილს? სირცხვილით სადღა გამოვყო თავი?" - ჩაესმოდა ყურში მისი საყვედურით სავსე სიტყვები.

- "ჩემს სახლში მაინც არ მომხდარიყო და გადასწყვეტოდა!" - გაიფიქრა როსტომმა, მაგრამ ეს უსიამოვნო აზრები დიდხანს აღარ გაჩერებულან როსტომის თავში.

- მამა შენი? მამაშენს რაღას ეუბნები, გენო? - ჰკითხა ამან და მიაჩერდა.

- მამა ჩემს ხვალ გავაგებინებ, - უპასუხა დაუდევრად გენომ.

- ამ ორ კვირაში ჯვარიც უნდა დავიწეროთ! - დაურთო მან.

როსტომი დამშვიდდა და ისევ გამხიარულა.

წუთს მთელ სოფელს მოედო, ციცო დაინიშნაო. ყველა ღმერთს ახვეწებდა.

- კეთილი იყო და კეთილად წაუმართოს ხელი ღვთისმშობელმა დედამ! - გაიძახოდნენ დედაკაცები.

- რაც მაგას ამბები გადახდა თავზე, ღმერთს სამართალი აღარ ექნებოდა, რომ საბოლოოდ მაინც სიკეთე არ მიეცა?.. - უმატებდნენ დარბაისლები.

ნატალიამ სთხოვა ციცოს, ეხლა მაინც გადასულიყო მათთან, მაგრამ ქალმა არჩია უკანასკნელ დღემდის, ვიდრე ჯვარს დაიწერდა, დარჩენილიყო ანანოს ჭდეულში და ასეც მოიქცა.

X

გენოს წასვლის შემდეგ ციცოს მოსვენება მოენატრა; ღამე ძილი არ ეკარებოდა; გონება ექანცებოდა ერთსა და იმავე საგანზე ფიქრით, გახდა, ფერი მიეტეტკა, მაგრამ მაინც ლამაზი იყო.

ყოველ ხმაურობაზე გამოვარდებოდა გარეთ; ზარების წკარუნი, ცხენის ფეხის ხმა სახეს უფითრებდა. გულზე ხელებს მიიდებდა, თითქო ძალათი იმაგრებდა, რომ როგორმე დაემშვიდებინა, გენოსგან წერილი უნდა მიეღო, მაგრამ ის თითქო აგვიანებდა.

- ღმერთო ჩემო, რას ნიშნავს! ნუ თუ ყოველივე მოჩვენება იყო და გაჰქრა? ნუ თუ ბედი დამცინის! - ფიქრობდა ციცო და იტანჯებოდა. ციცოს თითქო კიდევაც შეჰყვარებოდა გენო, მისი მწვავი შავი თვალები გონებიდგან არ შორდებოდნენ.

- მამა თუ არ უშვებს? ციცოს კარგად ახსოვს გენოს მტკიცე პასუხი:

"ყოველი სურვილი ამისრულებია და ეხლაც იმედი მაქვს გამარჯვებისა. ჩემი წინააღმდეგი ჯერ არავინ ყოფილაო".

ციცოს გული ისვენებდა ამ გახსენებაზე. საშინელი აზრები უკან იწევდნენ. არაერთხელ მისულა მოხუცებულების საფლავთან, ჩამომჯდარა სკამზე და თვალი გაუწვდნია შორს, დაქნილ შარა გზისთვის, რომელიც იშლებოდა კარგა მანძილზე და შემდეგ გორაკის იქითა ჰქრებოდა. ეს შარა გზა უვარჯიშებდა დაკვირვებას; მაზე დარჩენილ წერტილს, ან ცხენის ფეხისგან სვეტად ამდგარ მტვერს წარუტაცია ამისი თვალები, ვიდრე არ გაფანტულა და მგზავრიც არ მიმალულა. ციცოს მეტად შეუყვარდა ეს გზა, რომელიც დღემდის არც კი შეუმჩნევია.

ერთი კვირა კიდევ და ციცო გახდება მდიდარი კნეინა, დედოფალი, მფლობელი უზომო საუნჯისა, მფლობელი გენოს ლამაზი თვალებისა; მთელს თავის სიცოცხლეს გალევს სიყვარულის სიტკბოებაში!

"ჩვენი ცხოვრება უნდა განირჩეოდეს თავისებურობით. ჩვენ უნდა მაგალითი ვუჩვენოთ ყველას. ჩემს ქონებას ფიანდაზად გაგიფენ ფეხქვეშ და, როგორც გინდოდეს, ისე მოიქეცი, ისე მოიხმარე!" რა უზომო მსხვერპლი, რა უზომო გრძნობა იხატებოდა ამ სიტყვებში და გენოს აგზნებულ თვალებში, რომელნიც მწვავე ნაპერწკლებს ისროდნენ, როგორ დაავიწყდება ის წუთი ციცოს, როდესაც გენო ცხენზე ჯდებოდა? რა ალერსით და ვედრებით შემოჰყურებდა!

- მალე მოვალ, სიდონი, ამ დღეებში აქა ვარ!.. - შემოსძახა გენომ და მათრახი გადაუჭირა ცხენს. რარიგად გაგრძელდა დღეები?.. სად არის ძვირფასი არსება? ისევ ისე მარტოა ციცო... ქალი სასოწარკვეთილებით ხელის თითებს იმტვრევდა.

გავიდა ერთი კვირა. მეორეც თან გაჰყვა, ციცო ჩვეულებრივად გაირინდა; დაუბრუნდნენ განვლილი მწვავე წუთები. დღითი-დღე თვალი აარიდა შარა გზასაც; უგულოდ უყურებდა გარემო მშვენიერებას და როსტომისას სიარულსაც უკლო. გადასწვიტა, ეხლა კი ჩამოშორებოდა ყველა იმ საგნებსა და პირებს, რომელნიც აგონებდნენ უცხო ზმანებას.

ერთ საღამოს ციცო მისჯდომოდა ანთებულ ლამპარს, გულმოდგინედ ჩასცეცებოდა წიგნის სტრიქონებს. ეტყობოდა, რაღაც საყურადღებო რამ აღმოეჩინა, რომ მეტად გართულიყო მის შინაარსით. თითიკა კარებთან იჯდა და თითისტარს აბზრიალებდა, ანანო სახლში არა სჩანდა. გარეთ მკრთალ ნათელს ჰფენდა მთვარე, საოცნებოდ მართავდა კაცის გონებას, ციცო კი ყურს არ უგდებდა არაფერს, თვალები ჩაეცეცებინა წიგნის ფურცლებისთვის. ოთახში სრული სიჩუმე იყო. სადღაც კედელში ჭრიჭინა მხიარულად უკრავდა თავის საკრავზე და აღარ ათავებდა ერთხელვე დაწყობილ ჰანგს. მაგრამ აგერა გარედგან მოისმა რაღაც წკრიალი. ციცომ ყურადღება არ მიაქცია; უიმისოთაც წისქვილის ბორბლების გრიალი ჩვეულებრივად არ შორდებოდა სმენას, მყუდრო ღამეში უფრო ცხოველდებოდა. მაგრამ არა! წკრიალი განმეორდა, მას მოჰყვა ცხენის ფრუტუნი; ციცოს გულმა შეიფანცქალა, თუმცა თვალები ისევ დაჟინებით ჩასჩერებოდნენ წიგნს. ხმაურობა განმეორდა უფრო ცხოვლად, საგრძნობლად.

- სიდონი! - მკაფიოდ შემოესმა ძვირფასი ხმა. ციცო შეკრთა, აიღო თავი მაღლა და ფერმიხდილმა ზურგი მიაყრდნო კედელს; თვალები გაშტერებით მიაჩერდნენ კარის ბჭეს და გაწამდნენ. ოთახში შემოსულიყო გენო, ჩერქეზულად ჩაცმული; წელზე უპრიალებდა ქამარ-ხანჯალი, სახეზე დაღალვა და აღელვება ეტყობოდა.

- სიდონი, ვეღარ მიცანი? - წარმოსთქვა გენომ და ფეხი წინ გადმოდგა.

- გენო, შენა? - შესძახა მთრთოლვარე ხმით ციცომ.

- ამ შუაღამისას სად გივლია? - დაუმატა მან მზრუნველობით და ხელი გადისვა თვალებზე.

- მე თვითონ არ ვიცი სად... ეს კი ვიცი, რომ ეხლა შენთანა ვარ და შენ გიყურებ, - მოისმა ტკბილი ალერსიანი ხმა. გენომ ხელი გამოართვა ციცოს და აკოცა.

- რატომ წერილი არ მომწერე? რად დაიგვიანე? - უსაყვედურა ქალმა.

- ღმერთს მადლი შესწირე, სიდონი, რომ ეხლა მაინც აქა ვარ, სრულიად არ დამკარგე.

- მე კიდევაც აგრე მეგონა, - დაიჩურჩულა ციცომ. გენო წამოდგა ზეზე, დაიწყო წინ და უკან სიარული.

- ოხ, სიდონი, ვერ წარმოიდგენ, რა წამება გამოვიარე მას აქეთ, რაც აქედგან წავედი. სწორედ მოულოდნელი და უჩვეულო იყო ჩემთვის და მეტად დავისაჯე, - დაუმატა ნაღვლიანად გენომ და სიარულს მოუმატა.

- ჩავედი თუ არა, მამაჩემს გამოვუცხადე ჩვენი დანიშვნა. ის გამიწყრა და დამემუქრა, - თუ შენზე ჯვარს დავიწერ, შვილობიდგან გამომრიცხავს. ესეც იცოდე, რომ სულს აქეთ იმის ხელში ვარ. ოხ, რა საშინელი რისხვა იყო... იქამდის მიმიყვანა, რომ პირობა დამადებინა, ჩემ ბავშვურ საქციელს ზურგი ვუჩვენო და შევირთო ის, ვისაც მიბრძანებს.

- მერე? - შესძახა ქალმა და სახეზე მწარე ღიმილი აღუჩნდა.

- მეტი ღონე არ იყო, უნდა პირობა მიმეცა, რომ დამეჯერებინა. უნდა გენახა, როგორ გაიხარა, რა ფაცა-ფუცით შეუდგა საცოლოს არჩევას! მამაჩემი აღტაცებული იყო და ამ აღტაცებით მეც ვისარგებლე, გამოვთხოვე სამოც თუმნამდის, საჭირო ტანისამოსი შემეკერა. საჩქაროდ ამისრულა თხოვნა. ილარიონმაც ხელი მომიმართა და მამაჩემთან ერთად დავაწყეთ პირობა, ვითომ ერთი ორი დღით წავსულიყავით საქეიფოდ სადმე და მეც სიხარულით გამოვწიე შენკენ. ილარიონმა თავი არ დამანება და ისიც გამომყვა; რაკი აქ უდროოდ ჩასთვალა მოსვლა, წავიდა პირდაპირ როსტომისას. დრო ცოტა მაქვს, სიდონი, ორი დღის შემდეგ ისევ იქ უნდა დავბრუნდე.

- რიღასთვის მოდიოდი? - შესძახა ქალმა და წარბები შეიკრა, თან თვალები უბრწყინავდნენ.

- შენთვის, სიდონი, რომ თან წაგიყვანო.

- წამიყვანო? - გაოცებით გაიმეორა ქალმა. ეს არ მოელოდა ამ პასუხს.

- რად მიჯავრდები? დაგპირდი და აკი კიდევაც ავასრულე, დღეს შენთანა ვარ, ხვალ ჯვარი დავიწეროთ და ზეგ წავიდეთ.

- მერე მამა? - მოესმა ეხლა კი ალერსიანი, მაგრამ ნაღვლიანი სუსტი ხმა.

- შენ რას დაეძებ? სადაც მე ვიყვე, იქ შენც დასჯერდი! ხომ თანახმა ხარ? - გენო მივიდა ახლო, თვალებში ჩახედა ციცოს, რომელიც უსიტყვოდ თანხმდებოდა.

- ხვალ ჯვარი დავიწეროთ და ზეგ წავიდეთ...

ქალს ტანში გააზრიალა.

- არა! - შესძახა ციცომ, - ეგ ხომ საშინელება იქნება! უცბად კარებზე მივადგეთ? მერე რა მოუვა მამაშენს? ხომ ჯავრისაგან გაგიჟდა? ვინ იცს რა ქნას? არა, აქ დავრჩები, ისევ ამ ჭდეულში მიჯობს ცხოვრება, ვიდრე მისგან შეურაცხყოფას მივიღებდე.

- სხვა გზა არ არი. თუ ჯვარის წერა დავაგვიანე, მაშინ სხვას შემრთამს. მამაჩემს ხუმრობა არ უყვარს, ჯიუტია.

- ჰო-და შენც დაუჯერე! მიჰყევ ნებასა და უფრო ბედნიერი იქნები, - ეუბნებოდა ციცო.

- არა, სიდონი, მაგ სიტყვებს ნუღარ მეუბნები! ჩვენი უერთმანეთობა აღარ შეიძლება.

- სიტყვა თუ მიეცი?

- შენი გულისთვის ყველაფერს ვიკისრებ, ოღონდ შენ ჩემი გახდი და შევშლი ჩემს დაპირებასაც. ამითი არა წახდება რა. ნუ მაწვალებ! ისეც საკმაოდ ვიტანჯე და დავიღალე. ეხლა გთხოვ, დამასვენო!.. ხომ ჩემი ხარ? - დაუმატა მან და მოხვია ხელი, მიიზიდა, მაგრამ ქალმა მსწრაფლ თავი გაინთავისუფლა, თითქო დასწვეს მისმა ანთებულმა მკლავებმაო.

- შეუბრალებელო! - სუსტად დაიკვნესა გენომ და გაფითრებულმა დაიწია უკან. მთელი სხეულით თრთოდა. ქალის ამაყი, შუბლშეკრული სახე რაღასაც უსიტყვოდ უბრძანებდა. გენოს ღონე მიეხადა.

- ეხლა თუ ჯვარი არ დავიწერეთ, უნდა გამოვეთხოვოთ ერთმანეთს!.. რას უცდი? რისა გეშინიან? - წარმოსთქვა კარგა სიჩუმის შემდეგ გენომ, როდესაც გონება მოიკრიბა და ცოტათი დამშვიდდა.

- ასე უეცრად?.. არა, ცოტა მაცალე! - შესძახა ციცომ.

- თუ ჩემი დაკარგვა არ გინდა, მოიქეცი ისე, როგორც გეუბნები. თუ არა და უნდა ერთმანეთს მოვშორდეთ! - უპასუხა, ცოტა არა, წყენით გენომ.

ქალი ჩაჩუმდა. გენო მართალს ეუბნებოდა. ჯვარის წერა საშური იყო, უამისოდ გენო უნდა დაეკარგა და ეს ხომ აუტანელი უბედურობა იქნებოდა ციცოსთვის? ჯვარის წერაც რაღაც შიშს უნერგავდა და ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.

XI

თუმცა ციცომ რამდენიმე დღე გამოსთხოვა ვადად, ეფიქრა თავის გარემოებაზე, მაგრამ გენო არ ეშვებოდა, ევედრებოდა მალე დათანხმებულიყო, შეუჩინა როსტომი, ნატალია, ილარიონი და მოუთმენლად ელოდა თანხმობას.

- რას აგვიანებ, შვილო? რისა გეშინიან? რას უფრთხი? - ეუბნებოდა ნატალია, რომელსაც შეეყვანა ციცო თავის ოთახში, რომ მოლაპარაკებოდა. ციცო ნაღვლიანად იღიმებოდა.

- იქნება იწუნებ? - არ ეშვებოდა ნატალია.

- ოხ, არა, ძალუა! მე თვითონ არა ვარ მაგისი ღირსი, მაგრამ მეძნელება... მეშინიან... ცოტათი ვიცნობ, მარტო ორი დღე და მთელი სიცოცხლე კი უნდა დავუკავშირო. ნუ თუ საფიქრებელი არ არის?

- რა ბავშვი ხარ? მერე თავს ვინ გაგაცნობს? გირჩევ, პირჯვარი დაიწერო და მიენდო შენ ბედისწერას. მერწმუნე, წაგებული არ იქნები. შენ რომ აგრე ლაპარაკობ, ის კი გიცნობს? რატომ იმას კი არ მოსდის თავში ეგ აზრი? მზად არის თავი შემოგწიროს და ნეტაი სხვა რაღა გინდა?..

- მამა რომ უარზეა? - იკითხა ციცომ, თითქოს საიმედო მოსაჭიდებელი საგანი იპოვაო.

- რა ვუყოთ? პირველში აგრე იქნება, მერე შეგირიგებს. აბა სხვას რას იზამს? ეგ ერთი შვილი აბადია და განა საუკუნოდ გამოიმეტებს? შენ კი, უარი რომ უთხრა, დაჰკარგავ უღირს ბედს. მერე რის იმედით? რის პატრონი?

ნატალიას უკანასკნელ სიტყვებში გამოკრთა საყვედურიც. ციცომ თვალწინ დაიყენა ის წუთები, როდესაც გენოს მოელოდა, იტანჯებოდა, პირისპირ უდგა ერთფერი, უსაგნო ცხოვრება. როდემდის? მაგრამ იმაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს, რაც ციცომ გამოსცადა? ამ მოსაზრებით უცბად შვება მიეცა, თითქო მომავალმა ქორწინებამ მოიშორა გარშემოხვეული ბნელი ღრუბელი, გამოკრთა განსპეტაკებული. ათრთოლებული ხელი გაუწოდა ნატალიას, დაიჩურჩულა:

- ნუ ჯავრობთ, ძალუა, თანახმა ვარ... - ამ გადაწყვეტილ პასუხის შემდეგ ციცოს არსება მოიცვა რაღაც უჩვეულო გრძნობამ. გარინდებული, იდუმალ ბურუსში გაეხვია. გენო კი წუთს გამოცოცხლდა.

- სიდონი, ჩვენ ხვალ პირდაპირ სასტუმროში მივალთ, იქ დაგაბინავებ, სანამ მამა ნებას მომცემდეს შენს გადაყვანაზე. ეს კი ვიცი, რომ მალე იქნება, მამას არ შეუძლიან დიდხანს უჩემოდ ყოფნა, მეტადრე ეხლა შეუძლოდ არის და თუ ახლო არავინა ჰყავს, ჯავრისგან უფრო ავად გახდება, - ეუბნებოდა გენო.

ციცოს იამა, რაკი პირდაპირ იმ სასტიკ მოხუცს არ მიადგებოდა კარზე და ცოტათი დამშვიდდა. ეხლა უფრო მეტად მოუნდა უკანასკნელი წუთები ქალიშვილობისა გაეტარებინა ანანოს ჭდეულში, ენახა თავისი მეგობარი კატო, გამოსთხოვებოდა და უკანასკნელი სალამი მიეცა დიდედის და პაპის საფლავებისთვისაც.

გენომ უარი არ უთხრა ამ სურვილზე და ციცოც წავიდა აჩქარებით. ჭდეულში გაღიმებული სახით დახვდა ანანო.

- შენ კი გენაცვალე, რომ ამისთანა ბედნიერებაში ჩავარდი! ჩემი კატოს დაბერებამა, გონებაზე ვეღარ მოვსულვარ სიხარულისგან! - შესძახა ანანომ და მოეხვია.

- რასაც იმ ყმაწვილს აქებენ, თუ ნახევარიც მართალია, ბევრი ლაპარაკი რა საჭიროა, სწორედ ღვთის უბეში ზიხარ და ეს არის! ჩემ კატოს უნდოდა მოსვლა, მაგრამ ვერ დაითავხელა დრო, ქმარი შინ არა ჰყავს, სახლი მარტო ვერ დაუტოვებია. ნატრობდა, ნეტამც კი ჩემსკენ ჩამოივლიდესო.

- მაინც ვაპირებდი იმასთან წასვლას, ერთად წავიდეთ, თუ საქმე არა გაქვს რა.

- ვიშ, რა საქმე უნდა იყვეს ისეთი, რომ ეხლა ის იქით არ მივაგდო? როგორ არ წამოვალ შენმა დაბერებამა, - მიატანა საჩქაროდ ანანომ და თავზე შალი მოიხვია, თითიკა კი დაღონებული მისჩერებოდა ციცოს.

- ვაი ჩემი ბრალიცა! ეხლა ვინ იქნება ჩემი პატრონი?.. - წაიზუზუნა და კურცხალ-კურცხალი ცრემლი გადმოღვარა.

- ნეტა არ გამოსულელებულიყავ, შე საცოდავო! რაკი ეს გაბედნიერდა, კიდევ შენ თავზე ფიქრობ? მოესწარი იმ დღეს, შენი გაზრდილი ასეთს ბედს ეწია და შენ კიდევ წუწუნებ? ეჰ, ჩემო თითიკა, მე და შენ აღარავის ვუნდივართ. შავი მიწისაკენ გვაქვს პირი წაღებული და ეს არის, ჩემო დაო, - უპასუხა ანანომ, უკმაყოფილოდ გადახედა მოხუცებულს, რომელიც ჩაჯდა კარებთან და სიმწარისაგან ჯიბიდან ბურნუთის კოლოფი ამოიღო.

- შენ რაღას ტიტინებ აგრე უხეიროდ? - წაიბუზღუნა თითიკამ, მიიდო ტუჩებზე თითი და დააჩერდა დედამიწას. ციცო მივიდა თითიკასთან, ხელი მოხვია, ჩახედა თვალებში.

- თითიკა, ტირი? განა ეგრე გენანება ჩემი მოშორება? - ჩაეკითხა ღიმილით. თითიკამ გამოართვა ხელი და აკოცა.

- შენ შემოგევლოს ჩემი თავი, განა კიდევაც გიკვირს ჩემი წუხილი? შენს მეტი ნუგეში ვიღა მყავდა? ოჰი, ყოვლად შემძლებელმა უფალმა გაკურთხოს და აგაცილოს ყოველი გაჭირება, მაგრამ მე ჩემ ბედსა ვტირი, შვილო, ჩემს მოხუცებულობას, უძლურობას. ვიცი, ჩემი რძალი და შვილი სახლში აღარც კი შემიშვებენ, მეტყვიან, აქამდის სადაც გიწანწალია, ისევ იქ წადი, ეხლა ჭამის ფასად არა ღირხარო.

- ნუ გეშინიან, ჩემო თითიკა, რაც კი შემეძლება, შორიდგანაც გიგდებ ყურს. ამ პირველში იმდენს მოგცემ, რომ გეყოს, ვიდრე ხელმეორედ მოვიდოდე. წაყვანით ვერ წაგიყვან, რადგან მე თვითონაც არ ვიცი, სად მივდივარ. არა გიშავს რა, როცა შენთვის ფული გექნება, შვილიც კარგად შემოგხედავს.

ციცოს ოცი თუმანი კიდევ დარჩენოდა თავის ფულიდგან და გადასწყვიტა, თითიკასა და ანანოსთვის გაეყო. მთელი თავისი ავეჯი ანანოს დაუტოვა და უთხრა აქედგან კატოსთვის მიეცა, რაც კი მოეწონებოდა.

თითიკა დამშვიდდა, თვალები მოიწმინდა და ხელგაპყრობილი ილოცებოდა. ციცო და ანანო წავიდნენ კატოსკენ, რომლის სახლი კარგა მოშორებით იყო. კატო იმ დროს სახლის დერეფანში იდგა და თვალი მოჰკრა თუ არა თავის მეგობარს, საჩქაროდ გამოვარდა და მოეხვია.

- მომილოცავს, ციცოჯან, ბედნიერება! - შესძახა აღტაცებით და მიაჩერდა. ესენი დაბრუნდნენ დერეფანში, სადაც იდგა აკვანი. ციცომ ახადა ბავშვს პირსახურავი და ჩჩვილის უმანკო სახის დანახვაზე ტკბილი გრძნობა მოერია და აკოცა პატარას.

- ამაზე დაჯექ! - უთხრა კატომ ციცოს, როდესაც გამოუტანა ხის სამფეხა. ანანომ თავი მეტად ჩასთვალა და არჩია ორი მეგობარი მარტოდ დაეტოვებინა.

"ჯეელები არიან, ვინ იცის, რის თქმა უნდათ და მე კი აქ ყარყუმივით მივჩერებივარ", გაიფიქრა.

- შვილო, ვინძლო არ მოაწყინო ე შენი მეგობარი, სანამ მოვიდოდე, ფეფენასთან საქმე მაქვს, მინდა ხვალისთვის სამტკიცი ვითხოვო, ეგება სამგზავროდ ნაზუქები გამოვუცხო ციცოს, - მოუბრუნდა ანანო შვილს და წამოდგა ზეზე. ციცომ და კატომ კმაყოფილებით გაუღიმეს ერთმანეთს.

- მაშ მალე მოგვშორდები, ციცოჯან? მე კი მეშინოდა, ჩემ უნახავად არ წასულიყავ.

- მაგას როგორ ვიზამდი? რა მადლობის მაგიერი იქნებოდა? შენს მეტი ვინა მყავდა ნუგეში, მაგრამ ამ ბოლოს თითქო დამიძვირე ნახვა.

- იიშ, ნუ გამამტყუნებ... აი ეხლა შენც გამოსცდი ქმარ-შვილობას, ჩემი ილიას გაზდამა, წუთს მოსვენება არა მაქვს, ოჯახი ბევრს შრომას თხოულობს, ყველაფერი ჩემს კისერზეა და რა ვქნა? დროს ვეღარ ვიხელებ, რომ მეც წუთისოფელში გავერიო.

- შენი დედამთილი არა გშველის?

- როცა სახლშია, ისიც ფუსფუსებს, მაგრამ კარგახანია თავის დასთან წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა. როცა ის შინ არის, კიდევ არა მიშავს რა. ეხ, რაც უნდა იყვეს, საწყალი ხალხის ცხოვრებას გემო არა აქვს!.. მეტად ძნელი ყოფილა ქმარშვილიანობა. აბა შენც იტყვი გავთხოვდიო და მეც. სადაც შეძლება და დიდებაა, იქ სიცოცხლე არი, - დაუმატა უკმაყოფილოდ კატომ და მიწას დაუწყო ჯოხით თხრა.

ციცო მიაჩერდა კატოს. მართლადაც გამხდარიყო, სახე მოღალვოდა, თვალები წინანდებურად აღარ უელვარებდნენ; სამაგიეროდ მისი ფერხორცი და სილამაზე გადასულიყო პაწაწა არსებაში, რომელსაც უზრუნველად აკვანში ეძინა... წუთს რაღაც შიში გამოკრთა ციცოს სახეზე.

- მაშ გათხოვება ძნელი და დიდი მოვალეობაა? ბედნიერი არა ხარ?

- აბა რა გითხრა?.. ბედნიერი როგორ არა ვარ, ჩემო ციცო, ქმარ-შვილი თავს მირჩევნიან, მაგრამ ჯანი ვერ უძლებს ამდენ ჯაფას, იღალება და ხალისი იკარგება საცხოვრებლად. შენ ჩემი გათხოვებიდგან ვერას გაიგებ, გაჭირებაში ხომ არ იქნები?.. დედოფალს ათასი ჩემისთანა მოახლე გახლდება, - დაუმატა კატომ და გადაარწია აკვანი.

- წავიდეთ ეკლესიისკენ, - უთხრა ნაღვლიანად ციცომ.

- ბავშვს რა უყო, თორემ არ დაგზარდები, დედაჩემი მაინც არ წასულიყო, - დაუმატა კატომ და მოიხედა, თითქო ვიღასაც ეძებსო. ამან თვალი მოჰკრა პატარა გოგოს, მიიფარა შუბლზე ხელი და გამოხედა.

- პეპელა! პეპელა! - დაუძახა ბავშვს.

- აგრემც დიდ ქალს გაგზდის ღმერთი, გაირბინე ფეფენაანთა, იქ დედაჩემია, უთხარი, აქ მოვიდეს, აბა დროზე! - კატო კვალად გამობრუნდა ციცოსკენ და განაგრძეს ლაპარაკი.

- დედა, ცოტახანს ილაზე თვალი დაიჭირე, ციცოს საყდრისკენ გავლა უნდა და მარტო ვერ წასულა, - უთხრა კატომ ანანოს, რომელიც ის იყო შემოვიდა.

- წადით, შვილო, ბავშვიც რომ არ გამოგეგზავნა, მე მაინც ვაპირებდი მოსვლას, - უპასუხა ანანომ და ჩაჯდა აკვანთან.

კატო და ციცო გაჩუმებული მიდიოდნენ. ციცო ხარბად აჩერდებოდა ყოველივე საგანს, თითქო უნდოდა უკანასკნელად გამაძღარიყო მათი ყურებით და გონებაში წარუშლელად აღებეჭდა.

გამოჩნდა ეკლესიის ეზოც. ციცოს ჩვეულებრივად დაუწყო გულმა ძგერა, მაინც ყური არ უგდო და საჩქაროდ გასწია.

საფლავებთან მივიდა, გულხელი დაიკრიფა და დააჩერდა დედამიწას, რომელიც მის წინ მდუმარებდა. ციცოს გული უსიტყვოდ, იდუმალად უერთდებოდა დიდედას ნაშთს. საფლავების გარშემო დარგული მშვენიერი ყვავილები, ცაცხვები დამათრობელ სუნნელებას გზავნიდნენ, მათზე შემომსხდარი ფრინველები განუწყვეტლად ჭიკჭიკ ფრიალებდნენ. ჰაერში იდგა ჟრიამული, ჟღერდა რაღაც ტკბილი ხმა.

ციცომ მუხლი მოიდრიკა, ხელის თითები ერთმანეთს გადააჭდო, მიიდო შუბლზე და კარგა ხანს დარჩა ასე, თვალები აღეპყრო ზევით, გონება სადღაც გატაცებულიყო, თითქო ეპოვნა ძვირფასი სხეული და მასთან საუბრობდა.

- ღმერთმა გაკურთხოს, შვილო! უფალი წინ გიძღოდეს! - თითქო ჩურჩულებდნენ დიდედას დადუმებული ტუჩები; დახშულ თვალებში ჩამდგარიყო სინათლე სიცოცხლისა, გაცისკროვნებული; დიდედა კმაყოფილია, ნეტარებს, რადგან ციცო აღარ ეგულება უპატრონოდ.

- მშვიდობით, დიდედა! - წარმოსთქვა ამ დროს ქალმა და თავისი ხმის გაგონებაზე თვითონვე შეკრთა.

"როგორ? კიდევ გამოთხოვება? კიდევ უფრო მეტად უნდა დაშორდეს? დღეის იქით ვეღარ ნახავს ამ საფლავებსაც". ციცოს თვალებიდგან ცრემლები გადმოსკდა.

- მშვიდობით, პაპა! - ქვითინით მიმართა ახლა მეორე საფლავს.

- რასა შვრები, ქალო? ხვალ ჯვარს იწერ და დღეს ტირი? - შემოესმა კატოს ხმა და მეგობრის ხელი შეეხო ასაყენებლად. ციცო მაშინვე დანებდა კატოს, წამოდგა ზეზე და დაიწყო ცრემლების წმენდა. მოუნდა ცოტათი დაესვენა აქვე სკამზე. კატოს ლაპარაკმა მალე გულიც მოუბრუნა.

- ბატონიშვილი ადღეგრძელა ღმერთმა!

- მოგვილოცავს, ბატონიშვილო! - მოისმა ამ დროს.

ციცომ მოიხედა. ეკლესიის ეზოში შემოსულიყვნენ რამდენიმე დარბაისელი გლეხები და დედაკაცები. ციცომ გაუღიმა და მადლობა გადუხადა.

- ბატონიშვილო, ხვალ თქვენ ქორწილში ისე გავიბრუჟები, ისე, რომ გონება დავკარგო, - წარმოსთქვა უღვინოთაც თავპირშეწითლებულმა პეტრემ.

- ბატონ როსტომს მთელი სოფელი ჰყავს თურმე მიწვეული და აბა ვინძლო თავი მოვიმხიარულოთ!

- სიბერის დროს ერთს კიდევ წავკვანწავ ხელებს და მერე რას დავეძებ, ვინც უნდა დამძრახოს! - წარმოსთქვა სიცილით ბურთსავით დარგვალებულმა მოხუცებულმა მართამ.

- გამხიარულება ჩვენ თავზე იყვეს. ისეთს დაირასა და ბუზიკას გავაჩაღებ იმ მშვენიერ ეზოში, რომ სულ თვალები დასწყდეთ ყველასა, - დაუმატა მათიკომ, მართას ახალგადა რძალმა.

- იქნება ი შენ სასახლეშიაც გეწვიო? რას იტყვი, რომ ე ჩემი აძონძილი კაბით მოვცოცდე? იქნება, სახლშიაც არ შემიშვა? - წარმოსთქვა ფეფენამ და ღიმილით შეაჩერდა ციცოს.

- შენთვის ერთი კაი ფერხული შემომიწევია, მიტრო, - მიუბრუნდა მართა ახალგაზდა ბიჭს, რომელსაც ქამარში ხელი ჩაეყო და შემოჰყურებდა.

კაცები ჩიბუხს სწევდნენ და ხვალინდელ ქეიფის მომლოდინენი ულვაშებში იღიმებოდნენ, ციცოს თავმოყვარეობა დაკმაყოფილებული იყო.

ამასობაში საღომომაც მოატანა და ციცომ წასვლა დააპირა. ხალხი გარს შემოეხვია, ლაპარაკით მიაცილეს როსტომის ეზომდის, კატო დაჰპირდა, ხვალ მთელი დღე მასთან ყოფილიყო და გულაჩუყებული ციცო შევიდა ეზოში, სადაც მოუთმენლად ელოდა გენო. მან რომ დაინახა ნამტირალევი სატრფო, სახეზე უკმაყოფილება დაეტყო.

- გიტირნია, სიდონი? ეს რა ამბავია? - უსაყვედურა და მაგრა მოუჭირა ხელზე ხელი. სიდონიამ გაიღიმა, ვედრებით შეხედა გენოს, თითქო უსიტყვოდ სთხოვდა მოტევებას.

XII

გენომ და ილარიონმა მალე გამოაწყეს საქმე ჯვარის დასაწერად. მეორე დღეს მღვდელი მოუთმენლად ელოდა ნეფე-პატარძალს ეკლესიაში.

ეკლესია გაივსო ხალხით, მათ შორის ყველაზე წინ დამდგარიყო მორთული კატო, რომ კარგად დაენახა თავისი საყვარელი ციცო. უცებ ხალხმა დაიწყო რყევა, გაისმა ჩურჩული:

- გზა! გზა! მოჰყავთ! - ეკლესიაში შემოვიდნენ როსტომი, გენო და ილარიონი. გენოს თვალები უბრწყინავდა, თეთრ ხელთათმანებს აღელვებისგან ჭმუჭნიდა და თანაც ათვალიერებდა იქ მყოფთ.

- გენაცვალეთ, ეს რა დავინახე? პატარძალი სადღაა?

- გაგონილა ნეფის აგრე მარტოდ მოსვლა? - ჩურჩულებდნენ დედაკაცები.

- თავადებმა ეგრე იციან. ელენეს რო ჯვარი დასწერეს, მაშინდელი მაინც აღარ გახსოვთ?

- დაჩუმდით ერთი და... რას აწრიალდით? ყურები გამომიჭედეთ ჯიჯინით! - წაჰკრა ერთმა ქალმა ქიმუნჯი მოლაპრაკეთ.

- მოიყვანეს! მოიყვანეს! - გაისმა ისევ.

ეკლესიაში შემოვიდა თეთრებში ჩაცმული ციცო. ნატალიას მოერთო ელენეს ნაქონ კაბაში და თავზედაც თავისი უხმარებელი ლეჩაქი გაეკეთებინა.

- რა ვუყოთ, შვილო? ისიც შენი დაა, ამ ხელად სანამ სადედოფლოდ გამოგაწყობდი, ძალიან დაგვიანდებოდა. კაბას ყოველთვის იშოვნი, მაგრამ ამისთანა ბედს კი ვეღარ, - ეუბნებოდა ნატალია ციცოს, რომელსაც რთავდა.

ციცო მომხიბვლელი სჩანდა, თუმცა ფერი აღარ ჰქონდა.

გენო წინ მიეგება, ხელი მოჰკიდა და გვერდით მოიყენა.

პატარა ეკლესიას სადღესასწაულო შეხედულობა მიეღო, სანთლებს პრიალი გაჰქონდათ. ციცო იდგა ერთ ადგილს, თავი ძირს დაეხარა და მიშტერებოდა ანთებულ კელეპტარს, რომელიც ხელში ეჭირა; თანაც ისმენდა მღვდლისაგან წარმოთქმულ სიტყვებს, რომელნიც ღრმად იბეჭდებოდნენ გულში. სიდონია ჯვარს იწერდა. დამდგარიყო დიდებული წუთი ცხოვრების განახლებისა. მას ცნობისმოყვარეობა და შიში არ შორდებოდა თავიდგან. გენო კი უფრო თამამად იყურებოდა. პირდაპირ მოუსვენრობა ეტყობოდა, უნდოდა მალე მოღებოდა ბოლო ყველა ამას და თავისუფლად დარჩენილიყო ძვირფას არსებასთან მარტოდ. არავითარი საეჭვო აზრი თავში არ მოსდიოდა, არამედ უკვე წინდაწინ ჰქონდა წარმოდგენილი და იცოდა, რის შემდეგ რა უნდა ყოფილიყო. ილარიონიც გვერდით მოსდგომოდა ნეფე-პატარძალს, ელოდა, ბეჭდები შეეცვალა მათთვის.

- უფალმა გაკურთხოთ! - მოისმა ყოველ მხრივ, როდესაც მღვდელმა ლოცვა გაათავა და შებრუნდა საკურთხეველში. ნეფე-დედოფალს მოეხვია ხალხი და ულოცავდნენ. დედაკაცები გულში იკრავდნენ ციცოს და სიხარულის ცრემლი სდიოდათ თვალთაგან.

- ღმერთმა გაგაბედნიეროთ, მაგრამ გული კი გვწყდება, ყმაწვილო, რომ ამ ქალსა გვტაცებ, - წინ წამოდგა ერთი მანდილოსანი და უთხრა გენოს. გენომ გაიღიმა. ციცოს გარს ეხვეოდნენ კატო, ანანო, თითიკა და ერთმანეთს ლაპარაკს აღარ აცლიდნენ. ციცო მოიქანც-მოიღალა. გენომ შეატყო და ხელი მოჰკიდა.

- მოითმინეთ! თუ გნებავთ კიდევ რისამე თქმა, იქ წამოდით და იქა სთქვით! - უთხრა მანდილოსნებს დაცინვით ილარიონმა. გენომ, როგორც იყო, გამოიყვანა ეკლესიიდგან ციცო. ახლად ჯვარდაწერილნი დაბრუნდნენ როსტომისას. კარებზე ტკბილი შაქრით და პურ-მარილით დახვდნენ როსტომი და ნატალია და დალოცეს. როსტომს მთელი სოფელი მიწვეული ჰყავდა. ეზოში ბუზებსავით ირეოდნენ. ერთის მხრიდგან მოისმოდა დაირის ხმა, მეორეს მხრივ ვაჟკაცებს ფერხული დაებათ და გაისმოდა სასიამოვნო გუგუნი. როსტომი თავს მოვალედ რაცხდა ქორწილი გადეხადა ბიძაშვილისთვის; დააპირა მთელი ხეობა მოეწვია, მაგრამ გენომ არ მისცა ნება: არ უნდოდა მეტად გაეხმიანებინა ვადამდის თავისი ამბავი, მამის ყურამდის არ მისულიყო, ვიდრე თვითონ არ ჩავიდოდა.

ციცოს კიდევ ორიოდ საათი დარჩენოდა, რომ გამოსთხოვებოდა იმ ძვირფას არსებათ, რომელნიც აქვე ახლო იყვნენ და შეჰყურებდნენ. სადილის შემდეგ გამოვიდა მათთან, ყველა გარს შემოეხვია.

- ვინძლო არ დამივიწყო, გენაცვალე, - ეუბნებოდა თვალცრემლიანი კატო და ჰკოცნიდა გაფითრებულ ციცოს.

თითიკა და ანანოც წუწუნებდნენ და აღარ იცოდნენ, რითი და რაგვარად გამოეცხადებინათ თავიანთი თანაგრძნობა.

გენო იდგა უკმაყოფილოდ, ელოდა, როდის მოეღებოდა ბოლო ამ უსიამოვნო სანახავს. სთხოვა ილარიონს მალე ეტლი დაემზადებინათ, აქედან დროზე გასულიყვნენ, რადგან ციცოზე ყველა ეს მეტად მოქმედობდა. ციცო ქვითინებდა გულამომჯდარი, როდესაც ეთხოვებოდნენ. აგერ ჩაეკრა ნატალიას გულში და კარგა ხანს დარჩა ისე. გარშემო ისმოდა თავშემაგრებული ტირილი.

- რა დაგემართათ, ვეჟო? ხომ არ გაგიჟებულხართ? - შესძახა ამ დროს გაგულისებულმა როსტომმა.

- განა ნეფე-პატარძალს ცრემლით აცილებენ? აბა, ბიჭებო, თქვენებურად შემოსძახეთ! - წუთს ჰაერში გაიწკრიალა სიმღერის ხმამ და ქვითინი გააყრუა. როსტომმა დაჰკოცნა ციცო და უშველა ეტლში ჩაჯდომა.

- აბა, შვილო, ვინძლო გვასახელო! იკურთხოს შენი გვირგვინი და ახალი გზა ცხოვრებისა! იმედი მაქვს ღირსეულად შეინახავ როგორც ოჯახს, ისე სახელს და გვარსა! - დალოცა თუ არა როსტომმა, ეტლიც დაიძრა. თვალცრემლიანი ციცო უყურებდა, ქუდს როგორ უხდიდნენ გლეხები, დედაკაცებს კი გულხელი დაეკრიფათ და ნაღვლიანად მისჩერებოდნენ.

ციცოს თვალწინ კრთებოდნენ ძვირფასი ადგილები, რომელთაც შორდებოდა და ცდილობდა გულში სამუდამოდ ჩაესახ-ჩაეხატა ყოველივე.

სოფელსაც გასცდნენ. გაიჭიმა თვალუწვდენელი მინდვრები. შეწყდა წარსული ცხოვრება. ციცო დარჩა გენოსა და ილარიონის ამარა. ქალს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა; ღონემიხდილი, მიენდო ეტლის საზურგეს...

ნაწილი მესამე

ქალაქის ერთ პირველხარისხოვან სასტუმროს მდიდრულად მორთულ ოთახში დივანისთვის ზურგი მიეყუდა სიდონიას; თვალები მორღვეოდნენ, ტუჩებთან აქა-იქ ღაწვებზე ლურჯი ფოლაქები დასჩნეოდა; ჩამოშორებოდა წინანდელი უმანკო იერი, ცხოვრებისთვის პირდაპირ თვალებში შეეხედა, შინდისფერი კაბა ცოტათი უფერიანებდა გაცრეცილ, მოღალულ სახეს.

უცხო იყო ეს ოთახი და მისი მოწყობილობა, სადაც რაღაც მოუხერხებლობას გრძნობდა ქალი. თვალები ამაოდ ეძებდნენ დასასვენებელ მყუდრო კუთხეს. მაღალი კედლები, ძვირფასი ფარდებით გაწყობილი ფართე სარკმელი, საიდგანაც მოსჩანდა მწვანე ხეებით დაჩრდილული ბაღი, ჟრიამული, ხრიალი, ყველა ეს ღალავდა ქალის გონებას.

რა მოხდა გუშინდელს აქეთ? სიდონიას ეხლაც ყურში უდგას მატარებლის ქშენა, ქოთქოთი. ის მოჰქროდა, გველეშაპივით მოაპობდა ჰაერს, იტაცებდა შორს, აცალკევებდა, კავშირს აწყვეტინებდა ყველაფერთან, რასაც შეეძლო წარსულის გახსენება, მაგრამ სიდონია არ ეშვებოდა გავლილ ცხოვრებას, ითვალისწინებდა თითეულ წვლილს, თვით იმ მწვავე წუთებსაც კი, რომელნიც ოდესმე ცხარე ცრემლს აღვრევინებდნენ, რადგან დღეს ისინიც მიმზიდველად მოსჩანდნენ.

რისთვის? ნუ თუ სიდონია არ იყო კმაყოფილი დღევანდელის დღით? ამ საკითხზე გონება ერეოდა და სწორ პასუხს ვერ არკვევდა. დარწმუნებული იყო, რომ დღევანდელი კნეინა სიდონია მარტო აჩრდილად მოსჩანდა გუშინდელ ახალგაზდა ქალთან, რომელიც გენოსთან ხელი-ხელ გადაჭდობილი მატარებლის სარკმელთან იდგა და დაკვირვებით უყურებდა თვალწინ გამომკრთალ ბუნების სურათებს, ყურში შეესმოდა გენოს ტკბილი ალერსი; ვერც კი გაიგო, როგორ მოვიდნენ დანიშნულ ადგილს. ეტლმა წუთს გააჩერა დიდებულ სასტუმროსთან; ის ღიმილით უყურებდა გენოს, რომელიც ამაყად ბრძანებლობდა გარშემო და მის წინ ყველანი თავს ხრიდნენ.

სიდონია დარჩა გენოსთან მარტოდ ოთახში. აქ ქალს გააზრიალა და თვალებზე ხელები მიიფარა. ყველაფერი მსწრაფლ შეიცვალა. სიდონიას მთელმა არსებამ იგრძნო რაღაც საშინელი დამცირება, თითქმის შეურაცხყოფა, გარდიქცა უსულო საგნად. გენოს ჩამოშორდა წინანდელი მოწიწება და ვნებისგან გატაცებულმა თავის საქციელს სამზღვარი დაუკარგა.

დღეს სიდონია გარეგნობით დიდებული მოსჩანდა, მაგრამ გულში გაწბილებას გრძნობდა. სიდონია თავის თვალში არარა გამხდარიყო, გამქრალიყო მისი საუთარი არსებობა, სახელი, სურვილი, - ყველა ეს სხვის ხელში გადასულიყო.

- რად დაღონდი, სიდონია? - მოესმა ამ დროს კვალად ალერსიანი ხმა. სიდონია შეკრთა, მოიხედა. გენოს პირი დაებანა და პირსახოცით იმშრალებდა.

- ხომ არ მოგეწყინა? აი ეხლავე დავლიოთ ჩაი! შენ ჩემი ცოლი ხარ და აბა ვინძლო შენი მოვალეობა კარგად შეასრულო, დაიწყე დღეიდან!

სიდონიამ ხმა არ გასცა, ნაღვლიანად გაიღიმა, წამოდგა და მივიდა მოთუხთუხე სამოვართან. გენოც სერთუკში გამოეწყო და ალერსით დაუკოცნა ციცოს თვალები.

"გენო ისევ ის არის, რაც იყო წინათ, ეს კი?.." ამ გახსენებაზე ქალი კვალად შეკრთა და თვალები ძირს დახარა.

- იცი რას გეტყვი, სიდონი? მე ეხლა წავალ ილარიონთან. უნდა მოველაპარაკო, როგორ გავუმჟღავნო მამაჩემს ჩვენი ჯვარის დაწერის ამბავი.

სიდონია გაფითრდა. შეშინებული თვალები მიაშტერა ქმარს.

- რა იყო?.. რაზე შეშინდი?.. მე მალე მოვალ... აქ ყველა მიცნობს, ფულიც რომ შემომაკლდეს, მენდობიან და არაფერს მოგაკლებ, ჩემო ძვირფასო! ბევრი-ბევრი ერთი კვირა დაიჭიროს თავი მამაჩემმა, მერე ვეღარ შესძლებს და გადაგვიყვანს ჩვენს სახლში. შენც უნდა გამოეწყო. ეს ორი დღე მოვიცადოთ და მერე წავიდეთ სავაჭროდ. ხომ კმაყოფილი ხარ? - ჩაეკითხა კვალად გენო.

სიდონიამ გაიღიმა. თითქო თანდათან მშვიდდებოდა. სიდონია დარჩა მარტოდ, მაგრამ შემაწუხებელ ფიქრებს აღარ მისცემია. წუთს ჩამოიშორა საშინელი შთაბეჭდილებანი და თვალწინ დაიყენა გენოს თავშეწირული გრძნობა.

- გენოს ვუყვარვარ! გენო ჩემია და მე მისი... ნეტა სხვა რაღაა საჭირო? ოხ, რა უმადურია სიდონია! სიყვარული ხომ მსხვერპლს ითხოვს და ნუ თუ სიდონიასთვის ძნელია მთელი თავისი არსება შესწიროს საყვარელ არსებას, რომელიც ასე ზრუნავს და ფიქრობს მისთვის? მაშ რად ეწინააღმდეგება ბუნებისგან დაწესებულ ხვედრს? რისთვის უნდა თავისი თავი, არსებობა, თუ კი მარტოდმარტო იქნება და საზრუნავი არავინ ეყოლება?

სიდონია, თითქო გამოფხიზლდა. ლოყები შეუწითლდნენ, მივიდა საწოლთან და მისდო ბალიშებზე თავი, შევიდა ოცნებაში; ახალ მომავალ ცხოვრებას ია-ვარდით ამკობდა და საყვარელ გენოს ფიანდაზად უფენდა. შუადღე გადაწეული იყო, როდესაც გენო დაბრუნდა ილარიონთან ერთად. გენო დაღონებული იყურებოდა, რადგან მამა არამც თუ გასწყრომოდა, არამედ სახლიდგანაც გამოეგდო. ამას არ მოელოდა ნებიერი შვილი. ეგონა, როგორც კვლავ, ისე ეხლაც შერჩებოდა თავისებური სიცელქე, მაგრამ მოტყუვდა. მამა ამისი მეტის სიბრაზისგან ცოფებსა ჰყრიდა პირიდგან.

- იქით შე უმსგავსო, უმადურო! აღარ მომეკარო! თავი დამანებე, წაეთრიე ი შენ ცოლთან და უკან აღარ მოიხედო! - აი რა სიტყვებით გამოისტუმრა მამამ გენო. მაგრამ ილარიონმა, როგორც იყო დაამშვიდა და დაარწმუნა, რომ ჭექა-ქუხილი მალე დაწყნარდებოდა და გამარჯვებული ისევ გენო დარჩებოდა.

გენო გამოეშურა სიდონიასკენ, რომელიც მარტოდ ეგულებოდა სასტუმროში. სიდონიამ, შეხედა თუ არა ქმარს, მიხვდა კარგი არა მომხდარიყო რა. არჩია აღარ შეჰკითხებოდა; მხოლოდ თანაგრძნობით უყურებდა თვალებში და უსიტყვოდ ეხვეწებოდა:

- მაპატიე, ჩემო ძვირფასო, რომ ასე გაწვალებ! სამაგიეროდ თავს შემოგევლები!

გენომ, როგორც იყო გული მოიბრუნა; გადასწყვიტა აღარ შეეწუხებინა მოხუცი მშობელი, ვიდრე თვითონ არ მოაკითხავდა. ილარიონი აღარ გაუშვა უსადილოდ და სადილის შემდეგ თვითონაც, მეგობართან ერთად, გაისეირნა ჰაერზე ჯავრის გასაქარვებლად.

სიდონიას არა სწყინდა, რომ მთელი დღე თითქმის მარტო რჩებოდა; შედიოდა ქმრის მდგომარეობაში და ეცოდებოდა.

- ღმერთო, როდის გათავდება ყველა ეს, რომ თავისუფლად ამოისუნთქოს გენომ? - წარმოსთქვა გრძნობით და გამობრუნდა კარებიდგან, როდესაც გენო და ილარიონი გავიდნენ.

გავიდა ორი დღე. სიდონიას ნელ-ნელა ჩამოშორდა მოღალულობა, ფერი მოუვიდა და ერთი-ორად დამშვენდა. მარტო გენოს ვერ მოესვენა; მისი თვალები აღარა ხატავდნენ აღტაცებას სიდონიასადმი და ავსილიყვნენ გაუგებარის ნაღველით. სიდონია ქმრის უკმაყოფილებას აწერდა მამა-შვილში ატეხილ უსიამოვნობას.

- გენო! გენო! - მოისმა მოულოდნელად კარებთან ძახილი, როდესაც გენო წამოწოლილიყო დივანზე და ზარმაცად ათვალიერებდა გაზეთს; თან ამთქნარებდა, თუმცა თავით უჯდა მშვენიერი ცოლი, რომელიც ნაზად ხელს უსვამდა შავად მბზინავ თმაზე და ეალერსებოდა. გენომ ხმაზე იცნო მეგობარი და წამოვარდა ზეზე.

- მამაშენი გიბარებს, კაცო! დღეს ადრიანად ბიჭი გამომიგზავნა, მთხოვა მივსულიყავი, - ამ სიტყვებით ოთახში შემოვიდა ილარიონი და ჩაჯდა სავარძელში. გენო და სიდონია სმენად გადაიქცნენ.

- ჩქარა თქვი! - შესძახა გენომ, როდესაც დაინახა, ილარიონმა გასწყვიტა ლაპარაკი, სერთუკის ჯიბეში ხელი ჩაიყო და დაიწყო პაპიროსის ძებნა.

- დამაცა! სული მომაბრუნებინე! რა მოუთმენლობა გმართებს? რასაკვირველია, მე მაშინვე წავედი. მამაშენი ლოგინში დამხვდა, - განაგრძო ილარიონმა, ჩაიდო პირში პაპიროსი და ახლა წუმწუმა გაუხდა მოსაძებნი.

- რა დაგემართა, კაცო, რას ჩერდები? მალე სთქვი-და! - შესძახა ისევ მოუთმენლად გენომ, წამოდგა ზეზე და დაიწყო ოთახში წინ და უკან სიარული.

- დამინახა თუ არა მამაშენმა, - განაგრძო ილარიონმა აუჩქარებლად, - თვალები მილულა და დასუსტებულის ხმით წარმოსთქვა:

- ილარიონ, შვილო! შემომხედე რა დღეში ვარ! ავადმყოფი, უპატრონო. უთხარი, გეთაყვა, ი ჩემ შვილს თავის უნახავს ნუ მომკლავს. რაც იყო, იყო, მადლობა ღმერთსა!..

გენოს შიშისგან თვალები გაუგანიერდა. მიუახლოვდა ილარიონს, ხელი დაადო ბეჭებზე და დაკვირვებით მიაჩერდა.

- ილარიონ, ნუ თუ ჩემის მიზეზით უნდა დაემართოს რამე?.. ილარიონმა გაიღიმა.

- დაემართება და დაემართოს, რა! როდემდის უნდა იყვეს? შენ რა შუაში ხარ მერე?

- როგორ თუ რა შუაში ვარ? ელდაზე კაცს ყველაფერი მოუვა.

- კარგი, დამშვიდდი! მგონი, მამაშენი იგონებს კიდევაც, რომ შეგირიგოს. წამო, ნუ აგვიანებ!

- ნეტაი მართლა აგრე იყვეს! - წამოიძახა სიხარულით გენომ და მსწრაფლ ქუდს ხელი დაავლო.

- სადილად ნუ მომიცდი, სიდონი! იქნება დამიგვიანდეს, - მოსძახა ცოლს და ხელი წაავლო ამხანაგს.

სიდონია გულხელდაკრეფილი განაგრძობდა დივანზე ჯდომას. ნაღვლიანად თვალი გააყოლა გენოს და, როდესაც ამან კარი გაიხურა, მძიმედ ამოიოხრა და მიიფარა თვალებზე მთრთოლვარე ხელები.

- მართლა რომ მოკვდეს ელდაზე ის მოხუცებული, ეს ხომ სულ სიდონიას ბრალი იქნება?.. გენომ ხომ შეიძაგა, საუკუნოდ საყვედურში ჩააგდო?

ამ გახსენებაზე სიდონიას ჟრუანტელმა დაურა სხეულში. მეტად მძიმე წუთები დამდგარიყვნენ. ყველაფერი შავ ღრუბლებში იბურებოდა.

- სად არის ბედნიერება? - წუთს გაუელვა თავში სიდონიას და თვალები გაუფართოვდნენ, განუსაზღვრელი შიში გამოკრთა მათში.

არა! ეს მოკლე ხნისაა. ყველა ამას მალე ბოლო მოეღება. მამა შეურიგდება, გენოც დამშვიდდება და დაუბრუნდება სიდონიას. შავ ფიქრებს მოჰყვნენ ეს საიმედო მოსაზრებანიც. სიდონიამ ცოტათი შვება იგრძნო. სადილი მოითხოვა და დაიწყო უგუნებოდ ჭამა.

რავდენისამე ხნის შემდეგ ოთახის კარი უცებ გაიღო. გენო გატკრციალებულის სახით შემოვარდა და, რომ დაინახა დივანზე მიძინებული, ფერწაული სიდონია, შედგა, ფეხაკრეფით მიუახლოვდა და გაჩერდა მის წინ. სიდონია დამშვიდებით სუნთქავდა, მაგრამ ეტყობოდა, ბევრ მტანჯველ ფიქრებით დაქანცულიყო. მეტად მშვენიერი იყო ამ წუთებში; გენომ რავდენჯერმე კმაყოფილებით გადისვა თმაზე ხელი, განაგრძო ცქერა, თუმცა მის თვალებში აღარ იხატებოდა წინანდელი გრძნობა. ქალი შეინძრა.

- სიდონი! - მოესმა ფრთხილი ძახილი.

სიდონიამ გაახილა თვალები და, რა დაინახა ოთახში გენო, საჩქაროდ წამოვარდა ზეზე.

- მოხვედი? გელოდი და ლოდინში ჩამძინებია... რას იტყვი? - წარმოსთქვა ამან და თან გაფითრდა.

- მამაჩემმა შემირიგა, სიდონი!

- თვითონ როგორ-ღაა? - იკითხა კვალად შეშინებულმა სიდონიამ.

- ჩემს ბედზე მართლა ავად გამხდარიყო, შეშინებოდა და გული მოებრუნებინა; შევედი თუ არა, ღიმილით ხელი გამომიწოდა და მკითხა:

- გენო, მარტო ხარ? რა უყავ შენი ცოლიო? - მე ხელზე ვაკოცე და ვთხოვე ეპატიებინა. მამამ დამლოცა და ბოდიში მოიხადა, რომ საზღვარი დაჰკარგა და თვითონაც არ იცოდა, რასა შვრებოდა. მთხოვა მიგიყვანო და დავივიწყოთ, რაც უსიამოვნობა მოგვაყენა. მეც საჩქაროდ მოვიწვიე ექიმი, რომელმაც გაშინჯა და მითხრა ძარღვები მოშლია, სისხლი თავში ავარდნია და საჭიროა დამშვიდებული ცხოვრება და ხელის შეწყობაო. მამაჩემმა პურის ჭამაც არ გამათავებინა, გამომგზავნა მალე მიგიყვანო, თორემ ისევ ცუდად გავხდებიო. ასი თუმანი მომცა შენ და შენმა ცოლმა მოიხმარეთ საჭიროებისთვისო. შენ რას იტყვი, სიდონი? -დაუმატა გენომ.

- რა უნდა ვთქვა, გენაცვალე? როგორც მამაშენს უნდა, ისე მოვიქცეთ, - მიუგო სიდონიამ და დამშვიდდა, რაკი მოხუცი საშიშოდ არ იყო ავად.

- მაშ წავიდეთ რაღა! - შესძახა გენომ და ზარი დარეკა, რომ ანგარიში მოეთხოვა.

სიდონია ღელავდა. წამოდგა, შეუდგა ბარგის ჩალაგებას, თანაც რაღაც განუსაზღვრელ შიშისაგან მთელის სხეულით თრთოდა.

- ღმერთო დამიფარე! - იმეორებდა გულში და მძიმედ სუნთქავდა. მეორეს მხრივ კი უნდოდა, მალე მოღებოდა ამ წამებას ბოლო და დამშვიდებულიყო.

II

საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც მშვენიერ სახლთან გაჩერდა ეტლი. წუთს დერეფნის კარი გაიღო და გამოჩნდა ფრაკში გამოწყობილი მსახური, მას მოჰყვა მეორე და დაიწყეს ეტლიდგან ბარგის ლაგება. გენომ უშველა ეტლიდგან გადმოსვლა სიდონიას, რომელიც თითქმის გონებას კარგავდა, მუხლები ეკეცებოდნენ. აიარა კიბის რავდენიმე საფეხური, რომელიც მოფენილი იყო ძვირფასი ხალიჩებით.

- შეჩერდი, სიდონი! - უთხრა ცოლს გენომ, როცა მოისმა ფეხის ხმა.

ყოჩაღად იყავ, მამა მოდის! - წასჩურჩულა კვლავ გენომ. ჯერ არ გაეთავებინა ეს სიტყვები, მათ წინ გამოჩნდა მაღალი ტანის, წელში მოხრილი მოხუცი, სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილი, ხელში ხატი ეჭირა. მისი სახე ყვითლად იყურებოდა, დაბუშტული თვალები უსიტყვოდაც ამტკიცებდნენ, ჯანმრთელი არ უნდა ყოფილიყო.

მოხუცი იღიმებოდა, დაკვირვებით მისჩერებოდა ქალს.

- ღმერთმა გაგაბედნიეროთ, შვილებო! - წარმოსთქვა მოუცმა, ხატი მიუტანა ჯერ გენოს და მერე რძალს და ამთხვევინა, შემდეგ გადასცა გენოს. თვითონ კი გულში ჩაიკრა ორივე ცოლ-ქმარი. მოხუცებული აღელვებული იყო და თვალცრემლიანი რაღასაც უხმოდ-ღა ჩიფჩიფებდა. შემდეგ, როგორც იყო, თავი შეიმაგრა, მკლავი გაუწოდა სიდონიას, რომელიც ძლივს-ღა ადგამდა ნაბიჯს. გარშემო სიდიადე და სიმდიდრე აფრთხობდა, თავგზას უკარგავდა.

სიდონიას უნდოდა თვალები დაეხუჭა და ისე დარჩენილიყო რავდენსამე ხანსა, ეგებ ცოტათი დაესვენა. თან თავს ძალას ატანდა, გონება მოეკრიფა, მზად ყოფილიყო ჯეროვან პასუხისთვის, რაც, უეჭველია, მალე დასჭირდებოდა მამამთილის შეკითხვებზე.

მოხუცებული წაუძღვა შვილს და რძალს პირდაპირ სასადილო ოთახში. იქ ძვირფასი საჭმელები აჭრელებდნენ სუფრას. შამპანური ღვინის ბოთლები და ჭიქები დაეჭირათ მოსამსახურეთ, ერთ ადგილს გამოჭიმულიყვნენ და ელოდნენ ბრძანებას. მოხუცებული დაჯდა სუფრის თაში, რძალსა და შვილს შუა. ღიმილით უყურებდა სიდონიას; ეტყობოდა, სტკბებოდა მის მშვენიერებით და აღარ უკვირდა გენოს მხრივ ასეთი ურჩობა.

- აჰა, შვილო, დოვლათით სავსე ოჯახი! ეხლა შენ იცი, როგორც გაუძღვები! - ამ სიტყვებით მოუბრუნდა რძალს:

- მე ეხლა მოხუცებული ვარ, დამშვიდებული ცხოვრება მჭირდება, ორი დღის სიცოცხლე დამრჩენია და იმედი მაქვს, ტკბილად გამატარებინებთ უკანასკნელ წუთებს. გულში ნუ ჩაიხვევ იმ უსიამოვნებას, რომელიც მოგაყენე, ნუ გამამტყუნებ, შვილო! ყოველი მშობელი უფრთხილდება თავის შვილს და იფარავს განსაცდელისგან. შენ არ მენახე, არ გიცნობდი, მე კი მინდოდა, გენოს ჩემი არჩეული ცოლი მოეყვანა, მაგრამ ბედმა უკეთ მოაწყო, - მოხუცებული ლაპარაკის დროს ისევ ღელავდა. სიდონიას თვალები ძირს დაეშვა და მორჩილებით უსმენდა, თან ხანდისხან თვალს გააპარებდა და სინჯავდა ოთახის მოწყობილებას, რომელსაც განცვიფრებაში მოჰყავდა. ადარებდა თავის და პაპის სამ ღარიბ, პატარა ოთახს, მათზე უფრო უღარიბესს ანანოს ჭდეულს და ამ დიდებულ სასახლეს. მეტად განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან. სიდონიას ბედს ღონივრად მოექნია ფრთა, გადატრიალებულიყო და გადაეფრინა საზღაპრო ქვეყანაში.

გენო ჩვეულებრივად ისევ გათამამებულიყო და თავს კმაყოფილად გრძნობდა. ჭიქებში აშუშხუნდა შამპანური, რომლითაც ძლივს ტუჩები დაისველა სიდონიამ.

მალე ვახშამსაც ბოლო მოეღო. მოხუცი სუსტად იყო და მოსვენება ესაჭიროებოდა საათმა დაჰკრა ათი და მოხუციც წამოდგა.

- უკაცრავად, ჩემო რძალო, თუ ეხლა თავს დაგანებებ! რა ვქნა? არ შემიძლიან, თუ არ დავიძინე; დღეს თქვენის გულისთვის ავდექი ლოგინიდგან, თორე არ შემეძლო. - სიდონიამ ხელი მიაშველა მოხუცებულს და მიაცილა ოთახის კარამდის, სადაც იმან გაუღიმა, დაიხარა, აკოცა ხელზე და გასწია საწოლისკენ.

სიდონიამ შვებით ამოისუნთქა, როდესაც გენოსთან დარჩა. თანდათან დამშვიდდა და უფრო დაკვირვებით დაუწყო თვალიერება ყველაფერს; ცდილობდა შეეფერებინა ახალი სანახავი, სიხამე არავის შეემჩნია.

გენომ დაიწყო ოთახში სიარული. მოსამსახურეები სუფრას ალაგებდნენ.

- სიდონი, ჩვენც მოვნახოთ ჩვენი ოთახი, - უთხრა გენომ. სიდონიას იამა, აქედგან მალე გავიდოდა და საჩქაროდ გაჰყვა ქმარს. ქალი დაქანცული იყო, მოსვენებას მისცა თავი.

მეორე დღეს ჩვეულებრივზე გვიან გაეღვიძა. გენო ოთახში აღარ იყო. სარკმელში შემომდგარი მზე სხივებით დასთამაშებდა უიმისოდაც გაკრიალებულ საწოლს და საჩქაროდ წამოვარდა, დაიწყო ჩაცმა. ოთახში მარტო უსაჭიროესი საგნები იყვნენ, მაგრამ თვითეული მათგანი ძვირფასად ღირდა. თუნდ ის უზარმაზარი სარკე, რომელშიაც იხატებოდა მთელი ოთახი და თვით სიდონიაც. მოხდენილი მარმარილოს პირსაბანი და ძვირფასი საწოლები. ყველა ეს ეუცხოვებოდა, დღემდის არა ჰქონია და დღესაც თავისი თავი სტუმრად მოსული ეჩვენა ამ სახლში: გული უმძიმდებოდა და ჩქარობდა ოთახიდგან გამოსვლას. დიდხანს არ მოუნდა პირის ბანას, გამოვიდა გენოს სამუშაო ოთახში, გაიარა კიდევ ოთხი-ხუთი ოთახი, ერთი მეორის მჯობნი მშვენიერებით; ქალი წუხანდელივით აღარ იბუზებოდა. ამაყად აეღო მაღლა თავი და უღიმოდა მოსამსახურეებს, რომელნიც მოწიწებით მოსჩერებოდნენ.

ქალი შევიდა სასადილო ოთახში, სადაც მაგიდაზე სამოვარი ჩუხჩუხებდა და, როგორც ეტყობოდა, ელოდა დიასახლისს, რომელიც შეუდგა თავის მოვალეობის ასრულებას.

პატარა ხანს უკან მამა და გენოც გამოვიდნენ მოხუცის ოთახიდგან. მამამთილმა ხელზე აკოცა რძალს და დაიჭირა თავისი ადგილი.

ჩაის შემდეგ მამამთილმა დაატარა მთელი სახლი, მისცა განკარგულება, აუხსნა თავისი წესი და ჩვეულება ოჯახში და სთხოვა შვილებს, არ შეეცვალათ. სიდონიაც დღითი-დღე შეეჩვია ახალ მდგომარეობას; მთელი დღეები ფეხზე იდგა, ადვილი არ იყო ამოდენა ოჯახის გაძღოლა. მოხუცი მოიხიბლა რძლის ქცევით; სიდონიაც ცდილობდა მამამთილისთვის ხელი შეეწყო, საღამოობით მთელ საათებს ატარებდა მის ოთახში, უკითხავდა სხვადასხვა წიგნებს, უამბობდა საყურადღებო შემთხვევებს, ანუგეშებდა ავადმყოფობის შესახებ და მალე სიდონია გახდა საერთო საყვარელი მთელ სახლში. მამამთილმა სახსოვრად მრავალი ძვირფასი ნივთი აჩუქა, სიდონიაც გამოეწყო ყველაფრით, დაშრიალებდა ძვირფასი ტანისამოსით და ყველა მნახველს ატყვევებდა.

მოხუცებულს მოთხოვნილებად გადაექცა დღეში ორჯერ გაესეირნა ეტლით ქალაქის ქუჩებში რძალთან ერთად; მთელი ქალაქი ყურადღებას აქცევდა ამათ და სიდონიას მშვენიერება სალაპარაკოდ გამხდარიყო.

სიდონიას თანდათან ნაკლებად უხდებოდა გენოსთან დარჩენა. მარტო დილით თუ მოასწრობდა მასთა ყოფნას. დანარჩენ დროს ვერც კი ხედავდა. ის, როგორც ეუბნებოდა, საქმეების გამო დადიოდა გარეთ. სიდონიამ მალე იგრძნო ერთფერობა თავის ოჯახისა, ღრმად იხედებოდა ცხოვრებაში, აკვირდებოდა მოხუც მამამთილს, რომელიც ნახევრად გონება-გამოლეული, თითქმის დადამბლავებული, კიდევ თხოულობდა ყველა მისი მონა-მორჩილი გამხდარიყო, გაერთოთ და მის სურვილების თანახმად მოქცეულიყვნენ.

მოხუცი ხშირად მოუყვებოდა ხოლმე რძალს თავის წარსულ ცხოვრებიდგან იმისთანა შემთხვევებს, რომელნიც ამტკიცებდნენ მის მსუბუქ ზნეობას. სიდონია ხანდახან კიდევაც ამჩნევდა, თვალები როგორ მაცდურად უცინოდნენ, ტუჩებით უხეიროდ ეღიმებოდა და დამჭკნარი სახე მეტად უსიამოვნო შეხედულობას იღებდა, ბებრის ფერაობა დღითი-დღე სამძიმო შეიქნა; მოხუცს ეშინოდა მარტოდ დარჩენისა და რძალს არ იშორებდა. სიდონიაც ნებაუნებლიედ უნდა დამორჩილებოდა მას. გენო კმაყოფილი იყო, როდესაც ხედავდა ცოლის ასეთს მორჩილებას მამამთილისადმი.

როდესაც მოხუცს ჩაეძინებოდა, სიდონია გამოვიდოდა სასტუმრო ოთახში, ჩაჯდებოდა სავარძელში და გარინდებული იყურებოდა.

ოქროთი მოვარაყებული კედლები, სხვადასხვა ფერ ხავერდგაკრული სკამები, დიდრონი ბრჭყვიალა ჭაღები და სარკეები უძრავად მოსჩერებოდნენ. სიდონია გრძნობდა მოწყენილობას, ეს სიმდიდრე მას აღარ ახალისებდა.

- ნეტაი იმდენი რა საქმეები აქვს გენოს, რომ სახლში აღარ ჩერდება?

- ქონებას მოვლა და პატრონობა უნდა, ქალო! - ეუბნებოდა, როდესაც სიდონია ეკითხებოდა გარეთ სიარულის მიზეზს.

- რასა სწერ, გენო? - ჰკითხა ერთხელ სიდონიამ, როდესაც დაინახა ქმარი სამწერლო მაგიდათან. წინ დაედო რვეული, შუბლზე ხელები მიებჯინა და რაღაც ფიქრებში შესულიყო. გენო გამოერკვა, როდესაც სიდონიას ხელი შეეხო, მოიხედა, შეხედა ქალს,რომელიც ჩააჩერდა თვალებში. სიდონიას მოეჩვენა, რომ ეს თვალები უყურებდნენ ცივად...

- ეხლა ხომ მოიშორე ყველა შემაწუხებელი გარემოებები, გენო, შენ კი მაინც მოწყენილი ხარ, - უთხრა სიდონიამ.

გენო მოტრიალდა, გადაწვა სავარძელში. სიდონია უფრო ახლო მივიდა.

- მე შენ აღარ გიყვარვარ, გენო? - დაიჩურჩულა ქალმა და კვალად ხელი შეახო.

- რაზე მატყობ?.. - ჰკითხა ღიმილით გენომ.

- წინანდებურად აღარ მეალერსები.

- წინანდებურად?!. - ფიქრიანად გაიმეორა გენომ და თმებზე ხელი გადაისვა.

- წინათ სხვა იყო, ჩემო სიდონი, და ეხლა სხვაა.

- როგორ?..

- წინათ მეშინოდა, ხელიდგან არ გამცლოდი, მწყუროდა, ჩემი გახდარიყავი და ამ სურვილით იყო მთელი არსება მოცული, ეხლა კი... გრძნობა უფრო დამშვიდებულია... - უპასუხა ალერსით გენომ.

- ოხ, არა, გენო, მე ეგ დამშვიდება არ მაკმაყოფილებს... მე მინდა ისევ ის წინანდელი გენო იყვე, როგორიც იყავი ქორწინების წინა დღეებში... მე მინდა ეს თვალები იმ მწვავე ნაპერწკლებს სე აბნევდნენ, როგორც მაშინ, - ამბობდა ლოყებ-შეწითლებული, გრძნობით აღფთოვანებული სიდონია და თან უკოცნიდა გენოს სახეს.

- ბავშვი ხომ არა ხარ, სიდონი?.. შეუძლებელია, ეხლა მთელი ოჯახი კისერზე მაწევს და ათასი საქმეები მაწუხებენ. არ მესმის, ამაზე მეტი კიდევ რა გინდა?.. მიიხედ-მოიხედე, ნუ თუ გაკლია რამ?..

- შენი ალერსი, გენო, შენთან ყოფნა! თავს მოწყენითა ვგრძნობ უშენოდ. ეს დიდებული სახლი მაშინებს... - ქალი ნაღვლიანის ღიმილით ჩაჯდა სავარძელში, მაგრამ ისევ მალე წამოდგა, მოხვია ქმარს მკლავები და თავით მიენდო მკერდზე.

გენოც ხელით ეფერებოდა და შუბლზე ჰკოცნიდა. სიდონიას წუთს ჩამოშორდნენ ეჭვები, დარწმუნდა, რომ გენო კვლავინდებურად ამისი იყო და, თუ ერთმანეთს ხშირად ვერ ხედავდნენ, მართლაც ეს სულ ოჯახის წვრილმან, ყოველდღიურ მოვალეობების ბრალი იყო და უამისოდაც არ შეიძლებოდა ყოფნა...

გენოზედ იმოქმედა სიდონიას ჩივილმა, უკმაყოფილებამ, რომ მარტოდ რჩებოდა და აღარ იწევდა გარეთ; ცდილობდა, მეტი ხანი სახლში დარჩენილიყო, მაგრამ სწყინდებოდა და არ იცოდა თავი რითი გაერთო. წიგნების კითხვა არ უყვარდა; ხანდახან ერთად გასეირნება თუ გამოიყვანდა ხოლმე მოწყენიდგან. გენო აგონებდა სიდონიას, რომ უნდა უეჭველად წასულიყვნენ სადარბაზოდ ზოგიერთ მახლობელ ოჯახებში, მაგრამ ამასთანავე ამჯობინა აგარაკიდგან დაბრუნების შემდეგ შეესრულებინათ ეს სურვილი.

- ნუ გავყვებით უცხო ხალხს, სიდონი, მოსვენებას აღარ მოგვცემენ, ზოგი ფულს დაგვესესხება, ზოგი, ვინ იცის რა ეშმაკობით არ შემოგვეჩვევა. ხალხი წახდა და ადამიანი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყვეს. რაც საჭიროა ჩვენთვის სხვა ვინმე? დოვლათით სავსე ოჯახი, ერთმანეთის სიყვარული, ნუ თუ კიდევ გარეშე ვისმესთვის უნდა მოვიცალოთ?

ბედნიერი იყო სიდონია, როდესაც შეესმოდა ქმრის მომაჯადოელი სიტყვები. მზად იყო მარადჟამს დაჟინებით მოესმინა ერთი და იგივე და არც მოსწყინდებოდა. ამ სიტყვებით მოხიბლული გახალისდა. ოჯახს, საყვარელ ქმარს და მოხუცებულ მამამთილს თავს ევლებოდა.

III

შეუმჩნევლად გარბოდნენ დღეები. გაზაფხული გაილია, ზაფხულის მწვავმა სიცხემ მოაძებნინა ქალაქის მცხოვრებთ გრილი ადგილები. გენოს მშვენიერი სახლი აყვავებული ბაღით, რომელშიაც შადრევანი სჩქეფდა და სველი ნამით სულს უბრუნებდა გარშემო მცენარეთ, ვეღარავის იცავდა სიცხისგან. მეტადრე მოხუცებული შეწუხდა და სისუსტე-მორეული ეხვეწებოდა შვილს, მალე გაეყვანათ შემაღონებელ ქალაქიდგან. თუმცა გენოს დიდი ხანია ელოდა საუცხვო აგარაკი ბორჯომში, მაგრამ ამათ არჩიეს წასულიყვნენ მყუდრო ადგილას, სადაც ვერაფერი ვერ დაურღვევდათ მშვიდობიან ცხოვრებას.

- არ მომწონს ბორჯომი, ისევ ის შემავიწროებელი ქალაქია, სადაც ადამიანი მოკლებულია თავისუფლებას და იქანცება საზოგადოების სულელურ წესების ასრულებაში. წავიდეთ ჩვენს პატარა სოფელში, სადაც მარტო ჩვენ ვიქნებით ბატონები, როგორც გვინდა ისე ვიცხოვრებთ და ვისარგებლებთ წმინდა ჰაერით. ბორჯომი კი თავისის ვიწრო ხეობით სულსა ხუთავს, - ეუბნებოდა გენო სიდონიას, როდესაც ისხდნენ სასადილო ოთახში და არჩევდნენ, თუ სად გაეტარებინათ ზაფხული. სიდონიასთვის სულერთი იყო, სადაც უნდა წასულიყო, მეტადრე, რაკი გენოსაც მოსწონდა მყუდრო ცხოვრება, ესეც სიამოვნებით ეთანხმებოდა ქმარს. ამათ აღარ დაუგვიანიათ და შეუდგნენ ბარგის ჩალაგებას. ახალი დიასახლისი კმაყოფილებით და აღტაცებით ემზადებოდა თავისს ახალ სამფლობელოში წასვლას.

- მთელი სოფელი ჩვენია, თვალგადუწვდენელი მინდვრები, მათით მოსარგებლე ხალხი, ყველა თვალწარბში შემოგვყურებს და ელის ჩვენს ბრძანებას, - ამბობდა გენო.

სიდონიას გაახსენდა თავისი სოფელი, სადაც აღზრდილიყო, მაგრამ საკუთარი არა ჰქონდა რა და იქ კი ყველაფერი იმისი იქნებოდა. სოფელი სოფელსა ჰგავს. უეჭველია, იქ ყოფნა ბევრ ნაცნობ ადგილს მოაგონებს და სიდონიაც წინდაწინ ტკბებოდა იმ წარმოდგენით, თუ ფრთა-გაშლილი, როგორ თავისუფლად იფრიალებდა ისევ ბუნების ახლო და საყვარელ გლეხკაცობასაც მეგობრულ თანაგრძნობას გაუწევდა.

რაც უფრო ახლოვდებოდა წასვლის დღე, მით სიდონიას მოუსვენრობა ეტყობოდა; მოხუციც მოთმინებას ჰკარგავდა.

გათენდა წასვლის დღეც. თიბათვის პირველი რიცხვები იყო; ჰაერი გამშრალიყო, - მძიმე და მწვავე კაცს სუნთქვას უძნელებდა.

- მადლობა ღმერთს, გვეშველა! - წარმოსთქვა მოხუცმა და გაჭირვებით ავიდა ეტლში ჩასაჯდომათ. მას მიჰყვნენ გენო და სიდონია, უსწორებდნენ ადგილს, რაც შეიძლებოდა, მოხერხებით მოეთავსებინათ, რადგან ამათ სოფლამდის კარგა გზა იყო სასიარულო და, რასაკვირველია, საგრძნობი იქნებოდა ჯანგამოლეულ არსებისთვის.

გაგრიალდნენ ეტლები, ოთხ-ოთხ ცხენ-შებმულნი, ერთი ბატონებისა და მეორეც მოახლე-მოსამსახურეებით და საჭირო წვრილმან ნივთებით. პაწაწინა ზარები წკარუნობდნენ განუწყვეტლად და ახალისებდნენ ცხენებს. რაც უფრო წინ მიიწევდნენ ეტლები, თვლები თითქო ეშხში მოდიოდნენ ზარების ხმაზე და მიქროდნენ.

სიდონია თვალს არ აშორებდა ახალ ადგილებს; ცხადად ატყობდა, რა მაღლა მიიწევდნენ და ქალაქი თანდათან რჩებოდა ძირს. ავიდნენ სულ ზევით. სიდონიას თვალწინ ეშლებოდა როგორც ხელის გულზე მთელი ქალაქი, ცხარე მზეს ბუღში გაეხვია და შენობების გავარვარებული რკინის სახურავები მაყურებელს თვალსა სჭრიდნენ, ზევით-ზევით მიმქროლავნი მგზავრები კი მსუბუქად, შვებით სუნთქავდნენ.

გზაში ბარე ორგან მოუხდათ დასვენება და მარტო საღამოს, მზის დასვლაზე მიატანეს თავიანთ ბუნებით უხვად შემკულ სოფელს, რომლის გვერდით მყოფი ტყე გზავნიდა სასიამოვნო სიგრილეს.

სიდონიას მოლოდინი არ გაუცრუვდა, გარშემო ადგილები მიემსგავსებოდნენ სამშობლო სოფელს. ისევ ის შენობანი, ისევ ის ბაღები და სევდიანად გამომყურე, ღარიბად ჩაცმული გლეხები. მარტო ხის ორსართულიანი შენობა თავისებურობით, სიახლე-გემოვნებით განსხვავდებოდა და მედიდურად იყურებოდა გარშემო. გაჩერდა თუ არა ეტლი, ეზოში გამოჩნდა ხანში შესული, ფაქიზად ჩაცმული ჭაღარა სესიკა, რომელმაც მდაბლად ქუდი მოუხადა ბატონებს. დედაკაცები სახლის აივანზე ფუსფუსებდნენ.

სიდონია შევიდა სახლში და გაოცებით დაიწყო აქეთ-იქით ცქერა. საჭირო ავეჯით მოწყობილი სახლი კვალად უღვიძებდა უცხოობა-კრძალვას, მაგრამ აქაც მალე შეეჩვია ახალ მდგომარეობას და დაიწყო განკარგულების მიცემა. ქალი მეტად კმაყოფილი იყო; ამან წუთს მოიარა თავისი საზაფხულო სამფლობელო. ეზოში ბლომად ირეოდა წვრილფეხი. ფეხშიშველა ბავშვები მიყუჟულები იდგნენ და დარცხვენილ-შეშინებულები გამოჰყურებდნენ ბატონებს.

სიდონიას ალერსმა მალე ჩამოაშორა მათ შიში და გათამამდნენ.

სიდონია მეტად დაიღალა მგზავრობისგან, მაგრამ დასვენებას ვერ ახერხებდა, რადგან მოხუცი ითხოვდა დროზე მოეწყოთ ამისი ოთახი. მეორე დღეს, ადგა თუ არა, დილის ნიავმა შემოჰბერა სახეზე სიდონიას და შუბლი გაუგრილა. გადაეყუდა მოაჯირს, დაუწყო სოფელს თვალიერება. შუა აივნიდგან განიერი კიბე ჩადიოდა ძირს, სადაც მშვენიერი გაშლილი მწვანე მინდორი მომხიბვლელად ბიბინებდა. მინდორს შუაზე სჭრიდა ვიწრო გზა, მიდიოდა კარგა მანძილზე და თავდებოდა იქ, სადაც კლდიდგან მარმარილოს აუზში მაჯის სიმსხოდ გადმოქუხდა წყარო. ეზო კარგა მანძილზე გაჭიმულიყო. მარტო ერთ ადგილს, იქვე წყაროსთან, მოსჩანდა რავდენიმე ძველი, თითქმის ნახევრად დანგრეული ორი შენობა. გვერდზე მოგრეხილი კალო-საბძელი უშნოდ იყურებოდა. დანარჩენი მცხოვრებნი კი წასულიყვნენ შორს და მჭიდროდ ზედი-ზედ მიყრილიყვნენ ერთ ადგილზე. ვიწრო ბილიკები ძლივსა ყოფდნენ მათ ერთმანეთისაგან, უკან კი იწყებოდა ხშირი მუხის ტყე.

მეორე მხარეს, სივრცეს თვალი ვერ უწვდებოდა, ცის დასავალი თავდებოდა გვირგვინოსან დათოვლილ მთებით, რომელთა მზის სხივები თავს ევლებოდნენ; თეთრი, მსუბუქი ღრუბლები ძირ-ძირს ეშვებოდნენ, ეკონებოდნენ დედამიწას. შემდეგ სივრცეში დნებოდნენ.

სიდონიას გარშემო გაისმოდა სასიამოვნო შრიალი, ბუნების მწყობრი ხმაურობა ატყვევებდა ქალაქისგან გაბრუებულ ადამიანს. სიდონია აღტაცებული იყურებოდა, მხოლოდ ხანდახან გაოცებაც დაეტყობოდა, როდესაც დაინახავდა გავლილ დაღონებულ გლეხს, მას თავი ძირს დაეხარა, უთანაზიაროდ ეპყრობოდა გარშემო მდებარე სამხატვრო ბუნებას, თითქო მისთვის არა არსებობდა რა.

- როგორ მოგწონს ჩვენი კარმიდამო, სიდონი? - მოესმა ამ დროს ქალს. სიდონიამ მოიხედა; გენო აივანზე ამოსულიყო და ესეც თითქო გაეტაცა მშვენიერ სანახაობას.

- ქება აღარ უნდა, მეტად კარგი ადგილი ყოფილა. ეს ამოდენა ეზო მართლაც რომ საუცხოვოა!

- წყაროსთან გაშენებული ქოხმახები რომ არ უშლიდნენ თვალს, უფრო კარგი იქნებოდა. ის ადგილიც უნდა უსათუოდ წელს დავაცალიერო და ზოგი მაშინ უყურე, სიდონი, ამ ეზოს თვალის წარმტაც სანახაობას.

- როგორ? - ქალმა გაოცებით შეხედა ქმარს. ეს ვერ მიმხვდარიყო გენოს ლაპარაკს.

- ეგ გლეხებიც უნდა ავყარო. მესამე წელიწადია ამ საქმეს შევდგომივარ; რაც მამაჩემმა თავისი მამულის მოვლა მე გადმომცა, ვცდილობ ეს ეზო გავანთავისუფლო, რადგან გადავწყვიტე ზაფხულობით აქ ყოფნა და ჯერ კიდევ ვერ დამიბოლავებია საქმე. წელს კი უკანასკნელი ვადაა, უსათუოდ, თუ ნებით არა, ძალით მაინც გავათავებ. რა ვქნა, რომ ვერაფერი ვერ შევასმინე მაგ მამა... - თქვა ლანძღვით გაგულისებულმა გენომ.

- მერე სად უნდა წავიდნენ? - თან უკმაყოფილოდ და თან თანაგრძნობით წარმოსთქვა სიდონიამ.

- მაგიერ მიწას ვაძლევ სხვა ადგილს, აი, იქით, სადაც სხვა გლეხები სახლობენ. კანონით მაგათ ნება არა აქვთ მებატონეს კრიჭაში უდგნენ; როდესაც მებატონეს ძველიდგანვე აქვს სადმე მოსახლეობა, შეუძლიან ორმოცდაათ საჟენზე მყოფი შენობები აანგრევინოს გლეხებს და სხვაგან გადაატანინოს. აგერა, სამზარეულოს იქით რო ორი ოთახია, ეგ იყო წინანდელი ჩვენი სადგომი და მამაჩემიც მანდ ჩამოხტებოდა ხოლმე, როდესაც მოდიოდა. ეს კი მე ავაშენე ამ სამი წლის წინათ, რაკი გადავწყვიტე ზაფხულობით აქ ცხოვრება. აქამდის არც მამაჩემს და არც მე არ გვეცალა სააქაოდ; მოურავი გვეყენა იმ ოთახებში და გლეხებიც იმიტომ თავისუფლად ცხოვრობდნენ ასე ახლო. ეხლა კი შეუძლებელია მაგათი ასე ყოფნა, რადგანაც თვითონაც უნდა შევიწროვდნენ და ჩვენც შეგვავიწროვონ. მეტად აფუჭებენ მაგ მშვენიერ ადგილს. მერე რამოდენა ფული ჩავაბნიე ამ წყაროს გაკეთებაში! უეჭველად წრეულს უნდა მოვრჩე მაგათ საქმეს, - დაუმატა გენომ და მოტრიალდა. აივანზე იდგა დიდი დურბინდი, საიდგანაც უყვარდა მოხუცებულს ცქერა. გენომ დააბრუნა ბურღი და დაუდევარის სტვენით შეაჩერდა დამაახლოვებელ შუშას.

სიდონიას არ იამა გლეხებზე ასეთი ლაპარაკი, მაგრამ "მაგიერ მიწებს მივცემო" როდესაც გაახსენდა ქმრის სიტყვები, ცოტა არა, მოლბა. სიდონია დაკვირვებით მიაჩერდა იმ ადგილს, სადაც, გენოს აზრით, მართლა უხერხულად იყვნენ ჩასახლებული გლეხები და თითქო ამისი გონება ეთანხმებოდა ქმარს, თუმცა გული მაინც წინააღმდეგს ეუბნებოდა.

- მაგიერს მისცემს და ისინიც უფრო მოსვენებით იქნებიან, - დაიმშვიდა ბოლოს გული სიდონიამ და ერთხელ კიდევ კმაყოფილებით შემოავლო თვალი ეზოს.

- სიდონი, მოდი აქ!.. შენ ხომ ჯერ არ დაგინახავს ეს სურათი! - მოსძახა ამ დროს გენომ.

სიდონია მივიდა და დაიჭირა ქმრის ადგილი დურბინდის წინ. ქალი კარგა ხანს სტკბებოდა მხატვრულ სურათებით და მის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა.

IV

ორი დღის შემდეგ სიდონიამ რიგზე მოაწყო ოჯახში ყოველივე: მოსამსახურეებს თავთავიანთი საქმე მიუჩინა და განაგრძეს ყველამ მყუდრო, მშვიდობიანი ცხოვრება. მოხუცი გამოცოცხლდა, ჩვეულებად დასდო, ყოველ დილა-საღამოს რძალთან ან შვილთან ერთად გაესეირნა წმინდა ჰაერზე. სიდონია უზომო სიამოვნებას გრძნობდა მეტადრე მაშინ, როდესაც ქმართან ხელი-ხელ გაყრილნი მიდიოდნენ წყაროსთან, ან გაჰყვებოდნენ რომელსამე მინდორს. სოფელში სხვა მებატონე არ იყო და გენოსაც ამაყად აეღო მაღლა თავი და ათვალიერებდა თავის სამფლობელოს.

- რა მშვენიერი ბავშვია! - შესძახა სიდონიამ ერთხელ, როდესაც ესენი მიუახლოვდნენ წყაროს ახლო მდგარ ქოხმახებს.

დედაკაცები ცოცხებს უსვამდნენ კალოს, ბავშვებიც მათ შველოდნენ, მაგრამ დაინახეს თუ არა ბატონები, ქალებმა ცოცხები დაჰყარეს და სახლში შევიდნენ, ბავშვები კი აბუზულები დარჩნენ. ამ დროს მეორე მხრივ გამოჩნდა გლეხი. მხარზე გაედო ცელი. ამანაც გადასჭრა გზა. გვერდი აუხვია მიმავალთ, თითქო არ უნდოდა პირისპირ შეჰყროდა და შორიდგან მოიხადა ქუდი, თვალებით კი დედამიწას დასჩერებოდა.

გენო არც კი უყურებდა, მაგრამ სიდონიას თვალს შეუმჩნეველი არა რჩებოდა რა. გაუარეს აგრეთვე სხვა გლეხებმაც; ყველგან განმეორდა ისევ მიმალვ-მიჩქმალვა, უგულო, უფრო ვალდებული, ვინემ ნებაყოფლობით სალამი. ორი კვირა იყო, რაც ესენი მოვიდნენ ამ სოფელში და სოფლის არც ერთი გლეხი, არც ერთი დედაკაცი არ მოჰკარებიათ. სამუშაოდ, ფასად თუ დაუძახებდნენ ვინმეს, ისიც გასამრჯელოს ერთი-ორად წნდაწინ თხოულობდა და ჩქარობდა საქმეს მალე მორჩენოდა და შინ დროზე წასულიყო. სიდონიას უკვირდა სოფლელების ასეთი ქცევა და ვერ მიმხვდარიყო, რას ნიშნავდა ეს? ქალს კვლავ გაახსენდა სამშობლო სოფელი, სადაც მუდამ გარს ეხვეოდნენ ქეთევანს და ნატალიას გლეხები და ხშირად, არამც თუ სიტყვა-პასუხითა სცემდნენ პატივს, საქმესაც უფასოდ უკეთებდნენ, თუმცა არა რჩებოდნენ დაუჯილდოებელნი. აქ კი რაღაც შიში, კრძალვა და ველურობა იხატებოდა ყველას სახეზე. სიდონია ამგვარ შეხვედრას არ ელოდა; ეგონა, მოვიდოდნენ თუ არა, მთელი სოფელი გარს შემოეხვეოდა და ურთიერთ შორის მეგობრულ კავშირს დაიჭერდნენ.

"როგორ? სიდონია სოფელში იყვეს და გლეხებთან საერთო არა ჰქონდეს რა მაშინ, როდესაც თავს იმათ შვილადა გრძნობს და დღეს მათის წყალობით არის გაბედნიერებული? არა! ამისთანა ველურობას ბოლო უნდა მოეღოს! აქაურობა უნდა გამოფხიზლდეს, თორემ უამისოდ აქ ცხოვრება წამება იქნება!" ფიქრობდა სიდონია და ელოდა დროს და შემთხვევას, თავისი განზრახვა შეესრულებინა.

სიდონიას, რამდენადაც წმინდა ჰაერი ხიბლავდა, იმდენად ხალხის მდგომარეობა აწუხებდა. ქმარს არ უმხელდა, ეშინოდა ვაი თუ შემცდარიყო. ალბათ ჯერ არ გაეცნო აქაური წეს-ჩვეულობა და ყველაფერს ადგილობრივ ხასიათს აწერდა.

- ხალხი ყველგან ერთნაირი არ არი, იმისთვის თუ იქცევიან ასე, რომ დახამებულნი არიან მებატონეებს, მიმსვლელ-მომსვლელს და დიდი ხნის განმავლობაში თავისი თავის მეტს ვერავის ხედავენ! დღემდის გენოს და მისი მამის გარდა მებატონე არავინა ჰყავდათ და ესენიც ვერ შესძლებდნენ მათ შემოჩვევას. დღეს კი სულ სხვაა! სიდონია ბევრჯერ მარტოდაც გაისეირნებდა ხოლმე იმ განზრახვით, იქნება ერთ-ერთ მანდილოსანს მაინც გამოლაპარაკებოდა, მაგრამ ამასაც უკმეხად ხვდებოდნენ და სახეს არიდებდნენ.

- მართლაც საკვირველი ხალხი ყოფილა! - იმეორებდა სიდონია გულში და შინ დაღონებული ბრუნდებოდა.

- მოგიცლია, ჩემო კარგო, და მაგაზე ფიქრობ! - უთხრა ერთხელ დაუდევრად გენომ, როდესაც სიდონიამ გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებანი.

- რა ხალხია?.. რა ადამიანები არიან, მაგათ ქცევას ყური ათხოვოს კაცმა? რეგვნები და ბრიყვები! რაც უფრო გულკეთილად მოეპყრობი, უფრო თავზე გასხდებიან, გიტოლდებიან! აი ამ ეზოს ხომ ხედავ, - სულ მაგათ ეჭირათ და მიწების გამიჯვნის დროს ავყარე შარშანწინ. დიდი გაჭირება დამადგა, სანამ ჩავაგონებდი თავიანთ სარგებლობას და ან კანონის ძალით შევასრულებდი ჩემ გადაწყვეტილებას. ზოგმა სენატამდისაც კი მატარა. დიდძალი ფული დამეხარჯა, - უთხრა გენომ სიდონიას ერთ საღამოს, როდესაც ისხდნენ აივანზე და ჩაის მიირთმევდნენ. მოხუცებული ცოტა შეუძლოთ იყო და ოთახიდან არ გამოდიოდა.

- აქ მაგათ ყველაფერი ჰქონდათ: ბოსტნები, ბოსლები და კალოები... ამ აივანზე ჯდომა შეუძლებელი იყო: ქარი ბზეს პირში გვაყრიდა და თვალებს გვივსებდა. ასე ვავიწროებდით ერთმანეთს, ვიდრე აქედან არ გადავასახლე.

- მერე მათი ნამუშევარი, გენო? - თანაგრძნობით იკითხა სიდონიამ.

- სამაგიეროდ საუკეთესო მიწები მივეცი. გარდა ამისა მოვალე ვიყავ ჩემის ხარჯით გადამეტანა აქედგან და ახლად ამეშენებინა ყველა ის შენობა, რაც კი ჰქონდათ. რადგან დრო არა მქონდა, მეც ვარჩიე და ფულად მივეცი როგორც შენობის გადატანის საღირალი, ისე ბაღ-ბოსტნების საფასური. მოგებულები ეგენი უფრო არიან. მე თვალის იერისა და სილამაზისათვის მოვიქმედე ეს და მაგათ კი სარგებლობა ნახეს, დაუახლოვდნენ თავიანთ საყანეებს, რომლებიც ერთ საზღვრებში მოვუთავსე. სანამ ვადა არ გასულა, ერთი ესენიც უნდა ავაბარგო, ან ნებით, ან ძალით. ამდენმა საგლეხო საქმეთა საკრებულოში და მომრიგებელ შუამავლებთან თრევამ ილაჯი გასწყვიტა. ეხლა ერთმანეთთან ჩამოშორებულები ვართ ჩვენ და გლეხები: მარტო ღალის აწერის დროს თუ შევხვდებით ერთმანეთს; აღებით ჩემი ჩაჩნები იღებენ. ეს ჩვენი მოურავიც ახდენს საქმეს, უნდა ეგეც გავაგდო. ილარიონს მივწერე, თავი დაანებოს სამსახურს და მოვიდეს; მინდა მოურავად ჩავაყენო. ის უფრო ერთგულად გაირჯება, სესიკა კი იმათა ჰკერძავს, რადგანაც თვითონაც აქაურია.

- საკვირველია! ჩვენ სოფელში მაგისთანა შემთხვევები და უსიამოვნება ერთმანეთში სულ არ ყოფილა, - დაილაპარაკა ქალმა ფრთხილად, რომ ქმრისთვის არ ეწყეინებინა, რადგან ატყობდა, ამ საგანზე ლაპარაკის ჩამოგდება გენოს აღელვებდა და უგუნებოდ ხდიდა. თვით სიდონიასთვისაც ჯერ გაურკვეველი იყო ამნაირი დამოკიდებულება მებატონეებსა და გლეხებს შორის და ეშინოდა, უცოდინარობით და გამოუცდელობით უფრო არ წაეხდინა საქმე.

- ალბათ შეგნებულები ყოფილან, თორემ ამათთვის ვის რაღა დაუშავებია? თუ ამიყრია, წინადაცა ვთქვი, მაგიერი ერთი-ორად მიმიცია, გადასახლებაში კიდევ ხარჯი არ გასვლიათ და ბორჯი. ფული ფულად მივეცი ყველას და ტყიდან საჭირო მასალა კიდევ სხვა იყო.

- გაიხსენე, გენო, ამაგი, ადგილის სიყვარული? ოხ, ძნელი დასათმობია ეს!.. ფასი არ დაედება! - შესძახა ნაღვლიანის ღიმილით სიდონიამ.

გენო წამოდგა ზეზე და დაიწყო უკმაყოფილოდ სიარული. თმაზე მალ-მალ ხელს ისვამდა. უნდოდა ეთქვა რამ, მაგრამ თითქო თქმასაც ვერ ახერხებდ და აღელვებული უმატებდა სიარულს.

- ბევრნაირად ვეცადე ჩვენ შორისაც ყოფილიყო კარგი დამოკიდებულობა. მაგრამ არ მოხერხდა. დრო თავისას აიღებს, სიდონი, და მას წინ ვეღარა დაუდგება რა.

- მაშ რაღათ გიკვირს, გენო, რომ უკმაყოფილონი არიან? რაც უნდა იყვეს, წარსულმა შრომამ უქმად ჩაუარათ და ხელახლა იწყებენ ყველაფერს. დრო და შრომა დიდი განძია ადამიანისათვის, მეტადრე გლეხისთვის, ფულით ვერ აინაზღაურებენ ამაგს.

გენომ მხრები შეიშმუშნა, გამობრუნდა ცოლისაკენ, ჩაიწყო ჯიბეებში ხელები და დაკვირვებით მიაჩერდა. სიდონიას ლოყები შესწითლებოდნენ, ალერსით მისჩერებოდა ქმარს.

- მოდი, სიდონი, თავი დავანებოთ ამ საგანზე ლაპარაკს! ეს საგანი მეტად რთულია და უსიამოვნო კამათს გამოიწვევს ჩვენს შორის. ამ საკითხის გადაწყვეტა მე მომანდე. შენ ჯერ ახლად მოსული ხარ და შეიძლება შესცდე. შენი სოფლის ხალხი ნუ მოგყავს მაგალითად; ისინი სხვანაირები ყოფილან და მერწმუნე ამათ სულ სხვა თვალით უნდა შეხედვა.

ქალი გაჩუმდა.

“მაშ, ნურას იტყვის ამ საგანზე მაშინ, როდესაც დამოკიდებულობა ასე გამწვავებულა და ერთმანეთის შორის სიძულვილი აღძრულა?!. როგორ გასძლოს სიდონიამ, რომ ხმა არ ამოიღოს?” ამ გაფიქრებაზე სიდონიამ თავი აიღო მაღლა.

- ძალიან კარგი, გენო, მაგრამ როდემდის უნდა იყვეთ ასე?.. ეს მაინც მითხარი?

- სანამ არ გათავდება გადასახლება, - მოკლედ და უგულოდ უპასუხა გენომ და კვალად ფიქრიანად განაგრძო სიარული.

გენო მართალს ეუბნებოდა. ამ საგანზე მსჯელობა უნდა შეეწყვიტა სიდონიას, რადგან გენო სათუთად ეპყრობოდა მის გრძნობას, უყვარდა ცოლი და არ უნდოდა უბრალო რამეზე უსიამოვნება მოსვლოდათ. ასე ფიქრობდა სიდონია. თვალწინ დაიყენა თავისი წარსული, შევიწროებული, განადგურებული მდგომარეობა, რომელშიაც ნახა გენომ. არ მიხედა ამ დამცირებას, დააფასა და სამეგობროდ ხელი გაუწოდა, გამოიყვანა წყვდიადიდგან. ნუ თუ ამის შემდეგ არ უნდა დაუჯეროს და თავს არ შემოევლოს? სიდონიამ ამ გახსენებახე მორჩილად თავი დახარა ძირს.

V

ჯერ კიდევ ბინდ-ბუნდი იყო, სასახლესთან გაჩერდა ცხენოსანი.

- რათ დაიგვიანე? - ამ სიტყვებით გენო ჩაეგება კიბეზე ილარიონს.

- სანამ ჩემს საქმეს მოვრჩებოდი, - ცოტა დრო უნდოდა? - უთხრა ილარიონმა და მათრახით გაიბერტყა გამტვერიანებული ჩექმები.

- მოხელეობას თავი დაანებე და მოხვედი რაღა?

- შენ რომ კაცს ჩააცივდები, განა საშველს მისცემ? ღიმილით უპასუხა ილარიონმა.

- შე კაი კაცო, მე აქ შენისთანა ერთგული ოქროდ მიღირს და შენ კი იქ რაღაც ხუთი თუმნის გულისთვის უნდა იწვალო დახშულ ოთახში? მიიხედ-მოიხედე მაინც, რა ადგილი აგირჩიე საცხოვრებლად... რა ჰაერია, რა თავისუფლება!.. - ამბობდა აღტაცებული გენო.

- ვხედავ. - ამ ლაპარაკით ამხანაგები ავიდნენ აივანზე, სადაც ხალათით იჯდა მოხუცი და სიდონიაც მის გვერდით ჭიქებსა სწმენდავდა ჩაისთვის.

ილარიონი მიესალმა მოხუცს და შემდეგ გამობრუნდა სიდონიასკენ.

- ეს გახლავთ ჩვენი ახალი მოურავი, გთხოვთ იცნობდეთ! - წარმოთქვა გენომ და ხელი გააწვდინა ილარიონისკენ; სიდონიამ გაუცინა და ხელი ჩამოართვა ახლად მოსულს.

- კეთილი! - ჩაილაპარაკა მოხუცმა და ხარბად მოხვრიპა ცხელი ჩაი.

- მართლა, კნეინა, ეს არის ეხლა სოფელს რომ მოვატანე, ურმით მომავალ ქალს წამოვეწიე; როდესაც მივუახლვდი, ვიცანი თქვენთან ნამყოფი კატო. ურემმაც აქეთ შემოუხვია. მგონი, ისიც თქვენთან უნდა მოდიოდეს.

- მართლა? - შესძახა სახე-გაბრწყინვებულმა სიდონიამ და სიხარულისგან თვალებმა გაუელვეს.

- დიახ, საცაა უნდა გაჩნდეს! - დაუმატა ილარიონმა და კვალად მობრუნდა გენოსკენ, რომელზედაც არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია კატოს სტუმრობის ამბავს. ეტყობოდა, გართული იყო საქმეებზე ფიქრით და მოუთმენლად ელოდა გაეზიარებინა ილარიონისვის თავისი აზრები.

- ხვალიდგანვე უნდა შეუდგე საქმეს, ილარიონ! - უთხრა გენომ, როდესაც ესენი მიუსხდნენ მაგიდას ჩაის დასალევად.

- ხვალვე დავიაროთ სოფელი და მამულსაც ჩაგაბარებ. ჩემი ჩაჩნები, თუმცა ეხლა ოსებში მყვანან გაგზავნილები ღალის ასაწერად, დღეს თუ ხვალ გაჩნდებიან. ეგ სესიკაც უნდა დავითხოვო. ერთის სიტყვით ჩვენს საქმეში აქაური გლეხები არ ჩარიო, თორე ჩვენი დამშვიდება არას დროს არ იქნება. დაბინავდი ამ სახლში, მოგიჩენ ჩაჩნებს და იყავი სრული გამგე ჩემის ადგილ-მამულისა.

- აბა, მაშ რისთვის გამოიყვანე სამსახურიდგან? - წარმოსთქვა ილარიონმა და კმაყოფილებით თვალი მოავლო შენობას. გულში უზომო კმაყოფილებას გრძნობდა, რომ ასეთი ბედი ეწია. უბრალო, უმნიშვნელო წვრილი მოხელე ხდებოდა თითქმის მემამულედ, ოღონდაც რომ მემამულედ, რადგან გენო აქ ამას ხელს არ შეუშლიდა არაფერში. შემოსავალიც ხომ წინდაწინ ჰქონდა გაგებული და გულში სიამაყეს გრძნობდა.

- მაშ აქაური არავინა გყავს მოსამსახურედ? - იკითხა ამან და მოიხედა. მოახლე გოგო დუნია გამოსულიყო აივანზე და ბატონებიდგან მოშორებით გადაჰყურებდა სივრცეს. როგორც ეტყობოდა, ყური აქეთა ჰქონდა. მისი ეშხიანი მოხდენილი სახე შეუმჩნეველი არ დარჩა ილარიონს და გაეღიმა.

- გეუბნები-მეთქი, სახლში შესაშვები არ არიან და არც თვითონ გვეკარებიან. აქ ვისაც ხედავ, სულ ქალაქიდგან მოვიყვანე. განა ვეღარა სცნობ? მგონი, ყველა ესენი გინახვანან? - დაუმატა გენომ და თვითონაც გაიხედა მოახლისკენ.

ამ დროს მოსამსახურე ბიჭს ახალი მოწველილი რძე მოჰქონდა.

- დუნია, მოდი ეს ოთახში შეიტანე! - დაუძახა სიდონიამ მოახლეს, რომელიც გაწითლებულის ლოყებით თვალებ ძირს დაშვებული, მოვიდა ქალბატონთან და ჩამოართვა ცარიელი ჭიქები. ილარიონმა თვალი უყო გენოს, რომელმაც არ შეიმჩნია და განაგრძო:

გლეხებიდგან მარტო სესიკა მყავდა აქ ჩაყენებული ცოლშვილით და სახლს დარაჯობდა, თან მოურაობდა, მაგრამ მალე შევატყე ცუღლუტობა. ეხლა, რაკი შენ აქ იქნები, რიღასთვის მინდა? საქმეს უფრო არევს. ხვალვე დავითხოვ; ჩემი ორი ჩაჩანი ათ მოსამსახურეს უდრის. ისინი გეყოფა ხელქვეითებად. - სიდონია მონაწილეობას არ იღებდა გენოსა და ილარიონის ლაპარაკში; მალ-მალ მოუსვენრად იხედებოდა გზისაკენ; თვალი მიეშტერებინა სივრცისთვის; ელოდა მოუთმენლად თავის მეგობარ კატოს. კატო კი მაინც არსად სჩანდა.

"უსათუოდ ილარიონს შეეშალა და უცხო დედაკაცი კატოს მიამგვანა". ამ ფიქრით დამშვიდდა სიდონია და ლოდინსაც თავი დაანება.

გენო არ ისვენებდა, ილარიონი დაჰყავდა ეზოში, უჩვენებდა ყოველივეს და განუწყვეტლად გატაცებით ელაპარაკებოდა.

- შენ იცი, ილარიონ, თუ რა წესებზე მოაწყობ საქმეს! ნათლიმამობას არ გაჰყვე. მაგრა დაუდექი ყველას. ნებით თუ ძალით ჩააგონე მაგ მამა-ოხრებს, რომ ადგილიდგან გამეცალონ! სხვები მოვხარე წელში და ეგ ღინტლიანი ზაქარა კი ვერ გავტეხეთ ვერც მე, ვერც მომრიგებელმა შუამავალმა, ვერც საკრებულომ და ვერც სენატმა. აუღია სარივით თავი და იქიდგან მუშტებს ატურტურებს.

- რას გახდები მერე? მაგ საქმეს სხვაფრივ უნდა მოვლა, - უპასუხა ფიქრიანად ილარიონმა.

- რაღა სხვაფრივ, კაცო? ხვეწნა, თხოვნა, ბრძანება, კანონი და ყველაფერი ზედ შევალიე, მაგრამ მაინც დროს მაკარგვინებს.

- ვეცდები, მალე გათავდეს ეგ საქმე.

მეორე დღეს გენო უფრო ადრე ადგა, მოიხმო სესიკა და უბრძანა ცხენები დაემზადებინა ამათთვის. სესიკა მიხვედრილი იყო, რომ მის ამ სახლში ყოფნას მალე ბოლო მოეღებოდა და დაღონებული იყურებოდა. ხანდახან თვალებში გამოუკრთებოდა ხოლმე საყვედური.

- დამითხოვოს! ქვეყანა დიდია, ულუკმაპუროდ არ დავრჩები, - უპასუხა მოსამსახურეს, რომელმაც ჩუმად შეატყობინა გენოს და ილარიონის შორის ლაპარაკი.

- როცა მაგ ახალმა მოურავმა ჩემზე მეტი გაუკეთოს და ან სოფელი მოუმადლიეროს, - ამ ულვაშებს მოვიპარსავ. დღემდის კიდევ მე ვიკავებდი სოფელს და ზოგი ეხლა ნახოს, რაც იქნება! მე კი შორს დავრჩები, ვაი მაგის დედასა!.. ჩემი წყალობით ბევრი ოინები შერჩენია! მე არ ვყოფილიყავი, დიდი ხანია დედას უტირებდნენ!.. კიდევაც ეშინოდეს თავის ჩრდილისა! კოკა წყალზე გატყდება! - ამბობდა მუქარით და თავის ქნევით სესიკა. ამიტომაც აღარ გაჰკვირვებია, როდესაც მეორე დღეს გენომ გამოუცხადა, რომ თავისუფალი იყო და შეეძლო სხვა ადგილი მოეძებნა.

- არა, შენი ჭირიმე, მე ეხლა აღარსად გამოვდგები, შინ წავალ და ისევ გუთანს ჩავეჭიდები, - უპასუხა თავდახრით მოურავმა და გამოვიდა კარზე.

- კნეინა, ვიღაც სოფლელი ქალია, თქვენი ნახვა უნდა. მეუბნება წადი, მოახსენე, კატოა და თქვენა გკითხულობს-თქო, - უთხრა სიდონიას დუნიამ, რომელიც თითქო ვერ ბედავდა ქალბატონისთვის თვალი გაემართა, იდგა კარებთან და უცდიდა პასუხს. სიდონია თუმცა პირს იბანდა, მაგრამ გაიგონა თუ არა კატოს სახელი, მსწრაფლ გამოუბრუნდა გოგოს.

- დუნია, გეთაყვა, წადი და აქ შემოიყვანე! - შესძახა მოუთმენლად.

- ციცოჯან!

- კატო!

გაისმა ერთხმად ორივეს აღტაცებული ხმა, როდესაც კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა ლამაზი, თავდახურული ქალი. სიდონია მოეხვია და კარგახანს კოცნიდნენ ერთმანეთს.

- კითხვა აღარ გინდა, ერთი-ორად დამშვენებულხარ, გენაცვალე! - წარმოსთქვა კატომ და მიაჩერდა ციცოს.

- აგერ დაჯექ, კატო! - სიდონიამ საჩქაროდ სავარძელი მიუწია; კატო მორიდებით და დარცხვენით ჩამოჯდა სავარძლის ნაპირას, თითქო ეხათრებოდა მშვენიერი ძვირფასი ფარჩის შეხება.

- როდის მოხვედი?

- გუშინ.

- წუხელის სად იყავ?

- ჩემი ქმრის დეიდაშვილია აქ გამოთხოვილი, იმისი მძიმე ავადმყოფობის ამბავი მოგვივიდა და ჩემი დედამთილი დაებარებინათ; რაკი მარტოხელა იყო და პატრონი არავინა ჰყავდა, ჩემმა დედამთილმაც ვერ შეიძლო წამოსვლა და თავის მაგივრად მე გამომგზავნა.

- გუშინ ჩემი ქმრის ამხანაგი მოვიდა და მითხრა შენზე, გზაში ვნახე ჩვენსკენ მომავალიო, მეც წუხელისვე გელოდი.

- თუ არ გაჭირება, ამ დროს ოჯახიდგან ვინ გამოვა, ჩემო კარგო? ვინ გამომიშვებდა, პირდაპირ შენთან წამოვსულიყავი? ეხლაც ჩემი პაწია ბიჭი ბებიას მივუგდე და ისე ჰარიჰარად გამოვწიე. მეშინოდა, ამ საწყალ გოგოს არა დამართოდა რა.

- რითია ავათ?

- რა ვიცი ქა!.. ლოგინობაზე გაციებულა, სიცხეს აძლევს და არის ისე საცოდავად. ქმარიც შინ არა ჰყავს, შავ ქვაზე წასულა და წყლის დამლევინებელი არავინ უჩანს. ეხლაც მეზობლის გოგო მივუჩინე და ისე წამოვედი. სულ ერთი არ არის, გენაცვალე, ხომ გნახე და მეტი რაღა გინდა? - დაუმატა ღიმილით კატომ, თანაც დაუწყო ოთახს თვალიერება.

- სანამ აქა ხარ, ყოველ დღე მოდი ხოლმე, ჩემო კატო, ჯერ ხომ დარჩები? - ჰკითხა სიდონიამ.

- სანამ ფეხზე არ დავაყენებ მაგ გოგოს, რაღას წავალ. დედაჩემმა მოგიკითხა, მთელმა სოფელმა შენთან სალამი გამომატანა სულ შენ ხსენებაში არიან და სიყვარულით გიგონებენ.

- როსტომიანი, კატო?

- რა უჭირთ? კნეინა ქალთან წაბძანდა, მგონი იმასაც ყმაწვილი გახდომია ავათა. მოსვლას აპირებდა და ვეღარ წამოსულა.

- ჩემი თითიკა?

- თითიკაც თავის შვილთან წავიდა და იმისი ამბავი აღარა ვიცი რა. უეჭველია კარგად იქნება, თორემ გავიგებდით. - როდესაც გული იჯერეს დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა ლაპარაკით, სიდონიამ საწოლ ოთახიდგან გამოიყვანა კატო, დაატარა მთელი სახლი და ყველაფერი უჩვენა.

- დედოფალი ხარ! - გაიძახოდა გაოცებული კატო.

- ამ დიდებას ერთი ვაჟიშვილი რომ მოჰყვეს, ასლი კარგად იქნება შენი საქმე. ხომ არას აპირებ? - კატო შეაჩერდა სიდონიას, რომელიც გაწითლდა და თვალები ძირს დახარა. ხმა რომ არ გაიღო კატო მიხვდა, სიდონია ამ მხრივაც უიმედო არ იყო და იამა.

გენო და ილარიონი სახლში არა სჩანდნენ. სიდონია და კატო ისხდნენ აივანზე თავისუფლად და განაგრძობდნენ გულითად ბაასს.

VI

- სამგლე გოჭი რომ ატყდება და უხეიროდ დაიწყებს ჭყვიტინს, სანამ ნადირი პირს არ წაავლებს, სწორედ აგრე შვრება ე ოჯახდასაქცევი ჩვენი ახალგაზდა ბატონი! - წარმოსთქვა ჭაღარაშერთულმა ბესომ და პირიდგან ჩიბუხის ბოლი გამოუშვა.

- მა, კაცო, რო აღარა დგება ე მუდრეგი თავის ქერქში! წელიწადი ისე როგორ გავა, რომ ნაირ-ნაირი მუხრუჭები არ მოიგონოს.

- გაიგეთ თავისთანა მაწანწალა ამხანაგი რომ დაუყენებია მოურავათ და საწყალი სესიკა გამოუგდია?

- მა, ეჰ! მართალია, არც მაგისი მამა იყო წმინდა წყლისა, ისიც არ გვაკლებდა შევიწროებას, მაგრამ ე სამი წელიწადი, რაი შვილს დაუთმო მამულების მოვლა და თვითონ აღარაფერში არ ერევა, უფრო დავიჯაბნენით. აქამდის მარტო კალოობაზე თუ მოგვადგებოდნენ ჩანახით ხელში სულთამხუთავი მოურავი კბილებ კრეჭია ჩაჩნებით და დანარჩენი დრო მოსვენებით ვიყავით, მაგრამ რაი მაგი შვილმა გასატიელებელი სახლი გამოჭიმა და აქ ჩამოთესლდა, საშველს აღარ გვაძლევს.

- ოჰ, ჩემი ლეჩაქით დაჯდეს იმი ლამაზი ცოლი, როგორც იმან ი მშვენიერ გამართულ სამოსახლოდგან პირდაბანილები გამოგვიყვანა; მოგვიყარა გროშები და ტრიალ მინდორზე გაგვიყენა. ისე გაცარიელდეს ის დოვლათისგან!.. დაგვნავსა, გენაცვალეთ! მას აქეთ სული ვეღარ მოვიდგით.

- მაშ, შენ აყრა-დაყრა ადვილი გეგონა? ქვა რომ ადგილიდგან დაიძვრის, ჩემო დაო, ისიც კი გასუბუქდება, თორემ ადამიანი რა გასაკვირველია, რომ გაწყალდეს!..

- ჰო და ჰო, რას მოგვდგომია ე ოჯახქორი, თითქო ჩვენს იქით გზა არა ჰქონდეს. მთელი დუნია მაგისია, ოხრად დარჩენია!

- წერა რომ აიტანს, ის არის! ერთ დღეს დავბადებულვარ და ერთ დღეს მოვკვდები, მაგი სალავათი კი დაიქცა!.. ლამის მთელი სოფელი ბოზხანად გადააქციოს, მაგი შიშით ვეღარც ცოლი გამოგვიშვია კარზე და ვეღარც შვილი. როდემდის უნდა ვიყვეთ ასე გაჭირებაში? ერთხელაც იქნება აბობოქრებული გული გასკდება და გაგიჟებული კაცი თავზე ხელს აიღებს!

ასეთი ლაპარაკი ისმოდა კვირა ნაწირვებს ეკლესიის ეზოში, სადაც თავი მოეყარა ხალხს. შიგადაშიგ დედაკაცებიც ერივნენ. მათ შორის კატოც მიმჯდარიყო კედელთან. გულზე ხელები დაეკრიფა და ნაღვლიანად ისმენდა აღელვებული ხალხის მდურვას გენოს მიმართ.

- სულით ხორცამდის გავიყიდები, საციმბიროთ თავს გავიხდი და მაგის ჯიბრზე არ დავიძვრი ადგილიდგან. გუშინ ახალმა მოურავმა დამიბარა, მოქარგული ენით დამიწყო რჩევა-დარიგება. ჩემს გულში კი არ იხედებოდა იმ დროს, თუ რა ხდებოდა... იმან რა იცის, თუ როგორ ძვირფასად მიღირს ის ერთი ბოხჩა ადგილი, მისი ყოველი კენჭი და გოროხი!.. მართალია, კანოლი მაგათკენ არის, მაგრამ მალე გამოვაბრუნებ ჩემკენ; ტყუილად კი არ მეუბნება ი დალოცვილი ადუკანტი: გამაგრდი, ზაქარა, არ მოტყუვდეო! ამ ერთი კვირის წინათ კაი ხუთმეტი მანეთი გამომართვა და მითხრა:

- ისეთ არძას დაგიწერ ხელმწიფესთან, რო პირიქით, მაგათ გაუხდეთ სახვეწარიო! - გაიძახოდა ახალგაზდა ზაქარა.

- ისემც დაურჩება იმას თავი! მე კი არ გამცარცვა აბა მაგ მოტყუებით იმ სახლკარ ამოსაწყვეტმა და გადასახლება მაინც არ ამცდა... - სთქვა ხანში შესულმა გლეხმა.

- იძახიან, ბატონყმობა გადავარდა, კაცი თავისუფალი გახდაო. კაცო, ე საშველი კი არსად არის-და! ეს კისერი კი ვეღარ დავაღწიეთ მაგათ უღელს და! მგონი, არც ჩვენი შვილები ეღირსებიან, - განაგრძობდა გაფითრებული ზაქარა, რომელსაც თვალები რაღაც ბოროტებით და ამასთანავე განწირულებით უბრწყინავდნენ.

- ცოლი შეირთო და გაამრავლებს თავისთანა უწმინდურებს, - დაუმატა ერთმა მანდილოსანმა.

- აბა მაშ ეშმაკი თავის ქოხს დაანგრევს?

ამის გაგონებაზე კატოს სახე შეუწითლდა და მოხედა მოლაპარაკეს.

- ცოლი რა შუაშია, შე ქალო! იმისი ცოლი ღვთის ნათლულია, ანგელოზია, ჩვენი ბატონიშვილია! ისეთი იყო, ჩემი მიტრას სიცოცხლემა, რომ დღესაც მთელი სოფელი მოსტირის უკან, მაგისი წყენა არავის მოაგონდება.

- ეჰ, შენცა, ძაღლის ბატკანი ვის უნახავს! არც ეგ იქნება წმინდა წყლისა.

- უი, უი, არც მაგათი კარგი მინდა, დედავ და თვალო, არც ავი, ეგენი ისეთი სისხლისა არიან, რომ ერთი უნდა შესწვა, მეორე ზედ წაუსვა! - რას ჰქვიან მაგათში კარგი? - ხალხი თანდათან ღელავდა.

- მინდორზე საძოვრად ვერა გაგვიშვია რა, არც ძროხა, არც ღორი, რომ მაგისმა ურჯულო თათარმა ბაჟი არ გადაგვახდეინოს.

- მაგას თათარი შვრება და არა ბატონი! - შენიშნა კატომ.

- თათარი ვისგან არის მერე მოსეული? ეგ თუ კაი კაცია, რისთვის უნდა ეგ ენგიჩრები? ხომ არ ეშინიან? ძაან მოტყუებულია. სატრაბახო მაშინ იქნებოდა მაგისთვის, რომ მარტოდმარტო ყველას თვალში უვარდებოდეს და ღამე უშიშრად ეძინოს, თორემ ძალას ძალა მოზდევს, ბრძოლას ბრძოლა და უსამართლობას მაგიერის გადახდა! კაცის სული თავისუფალია, ზევით-ზევით იწევს და, რაც წინ გადეღობება, უეჭველია, ერთხელაც იქნება მოიცილებს თავიდგან.

კატოს მარტო დღეს არ ეყურებოდა გენოზე ასეთი მსჯელობა. რაც ამ სოფელში მოსულა, ყოველ მხრივ მუდამ ყურში ესმოდა მისი წყევლა-კრულვა.

- გენაცვალეთ, რა ყოფილა მაგისთანა, რომ ასე მოუმყრალებია მთელი სოფელი? - ფიქრობდა კატო და გული უკვდებოდა, რომ ასეთის აზრით იყვნენ ამის ციცოს ქმარზე.

- თუ ასეთია, ცოლს რაღა კარგს დააყრის? ნუ თუ ბედნიერი იქნება ციცო იმ კაცის ხელში? - ხშირად ასეთ ფიქრებში გაუთენებია მთელი ღამეები კატოს, მაგრამ მეორე დღეს რომ მისულა სიდონიასთან და შეუხედნია მის გაღიმებულ, კმაყოფილ სახისთვის, ცოტათი გული დამშვიდებია.

- გამიგონია, კაცი შიგნიდგან არი ჭრელი და გველი კი გარედგანაო. იქნება, გარეშესთვის არ ვარგა გენო, მაგრამ ცოლ-შვილისთვის კი კარგი იყვეს. თუ ასეა, კიდევ მადლობა ღმერთსა! - ასე იმშვიდებდა გულს კატო და მაინც აკვირდებოდა გენოს ყოველ საქციელს, რომ დარწმუნებულიყო თვითონაც და გამოეცნო, რამდენად მართალი იყო სოფლის აზრი.

- იქნება, გაბოროტება თვალებს უბრმავებთ და რწყილი აქლემათ მოსჩვენებიათ! დალოცვილები ისინიც მეტის-მეტს თხოულობენ. ვის შეუძლიან ამდენი ღარიბის გამდიდრება, თუ თვითონაც არ ითავებენ, თავიანთ ცხოვრებას ხელს არ შეუწყობენ? ზღვა კოვზით დაილევაო. ხომ არ უნდათ, გენომ თავისი საცხოვრებელი დაურიგოს მათ და თვითონ ისე დარჩეს! ეს ჯერ არავის უქნია და გენო რა მაგალითია, უსათუოდ ასე მოიქცეს? - ფიქრობდა კატო მეორე დილას სიდონიასკენ მიმავალი. სიდონია იჯდა აივანზე და საკერავ მანქანას აგრიალებდა. გენო და ილარიონი სანადიროდ წასულიყვნენ გაუთენებლივ; მოხუცს ჯერ კიდევ ეძინა და მარტოდ დარჩენილი სიდონია მოუთმენლად ელოდა კატოს.

მოვიდა თუ არა კატო, სიდონიამ მანქანა შეაჩერა, დაიდო მუხლებზე საკერავი და იწყო ხელით კერვა; კატომაც გამოართვა ხელსაქმე. ეს მალე გაშინაურდა სიდონიას სახლში და აღარა გრძნობდა მოკრძალებას. მოსამსახურეები თავაზიანად ექცეოდნენ, რაკი ხედავდნენ ქალბატონის მასთან გატოლებას... მარტო დუნია არ უყურებდა კარგის თვალით; ცხადად ეტყობოდა, რომ სწყინდა კატოს ასეთი დაახლოება ბატონებთან, თუმცა კი სიტყვით არას ამხელდა, თავი მორიდებით ეჭირა როგორც კატოსთან, ისე ქალბატონთან. მეტ დროს თავის ოთახში ატარებდა, ვიდრე ქალბატონი თვითონ არ დაუძახებდა.

დუნია ერიდებოდა აგრეთვე მზარეულ და სხვა მოსამსახურე ბიჭებს, ამაყად უყურებდა, მათზე კიდევაც ბრძანებლობდა.

სიდონიას ძალიან მოსწონდა დუნიას ასეთი ქცევა და ხშირად გამოხატავდა ხოლმე ამ კმაყოფილებას ქმართან, რომელიც საჩქაროდ გააწყვეტინებდა ამ საგანზე ლაპარაკს და შესცვლიდა ბაასს.

- მე ამისთანა თავდაჭერილი გოგო არ მინახავს! - უთხრა სიდონიამ კატოს დუნიაზე, რომელმაც ამ დროს გამოიარა ოთახში შესასვლელად.

- არ არის მეტიჩარა, თავისი ადგილი იცის და ამასთანავე სამსახურში შეუდარებელია, - განაგრძობდა აღტაცებით. - მერე სილამაზე აკლია თუ! ჩვენ ნესტორას ბევრჯერ შევამჩნიე, აპირებდა მაგასთან გათამაშებას, მაგრამ იმისი არშიყობა ახლოც არ მიიკარა.

- როცა თვითონ პატიოსანია ქალი, ვინ რას გაუბედავს?..

- ამასთანავე საშინელი ჩუმი, სულ ჩაფიქრებული დადის. ბევრჯერ გამოვლაპარაკებივარ. მიფრთხის და უნდა მალე გაინთავისუფლოს ჩემგან თავი. ამ ორი დღის წინათ კი გამომიტყდა, რომ დანიშნულია, ეხლა წერილიც მოსვლია საქმროსგან.

- მაგისთვის ყოფილა თავშენახული, რაკი ერთი უყვარს, მეორეს რიღასთვის შეხედავს?

- ალბათ, აგრეა! - სიდონია და კატო კვალად ჩაჩუმდნენ.

- შენი ავადმყოფი როგორ-ღაა, კატო? - ჰკითხა სიდონიამ კარგახანს შემდეგ.

- გადურჩა სიკვდილს, დღეს კიდევაც ავაყენე ლოგინიდგან, თუმცა ჯერ კიდევ სუსტად არის. წასვლა მინდოდა, მაგრამ არ მიშვებს... მეცოდება... დავრჩები კიდევ ცოტა ხანს, სანამ სულ არ მოჯობინდება. სახლის ჯავრიცა მაქვს. ვინ იცის ეხლა იქ რა ამბავია?

- უეჭველია კარგად არიან, თორემ შეგატყობინებდნენ. ჯერ ნუ წახვალ, კატო, ცოტა კიდევ მოიცადე!

- ვნახოთ!

მეგობრებმა განაგრძეს კერვა.

- დიდი ხანია მინდოდა მეკითხა შენთვის და სულ მავიწყდებოდა, - დაიწყო ისევ სიდონიამ, - უსათუოდ გეცოდინება, რათ არიან აქაურები ისე დამფრთხალნი, რომ კაცს დაინახავენ თუ არა, ნადირსავით განზე გაურბიან და სახეზე შემოხედვა ეზარებათ? რამდენჯერა ვცადე, დედაკაცებს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ცხადად შევატყე რაღაც უკმეხობა და ფარული უსიამოვნება. გახსოვს, ჩვენ სოფელში რა ერთობა და სიყვარული გვქონდა?

კატოს სახეზე ჩრდილმა გადურბინა, თავი დაიღო ძირს, თითქო უნდა კარგად დააკვირდეს ნაკერსო.

- ჯერ თუ არ გიცნობენ და იმიტომ ვერ მოუბედნიათ! - წარმოსთქვა მან კარგა სიჩუმის შემდეგ.

- მაგნაირად ვერც გამიცნობენ! არა, კატო, გაუბედაობა არ უნდა იყვეს მიზეზი, აქ სხვა რაღაცაა, - დაუმატა ფიქრიანად სიდონიამ.

- ასეთი დამოკიდებულობა კი ძალიან ძნელია მისთვის, ვისაც აქ მოუხდება ცხოვრება და მეტადრე ჩემთვის ხომ აუტანელია! - განაგრძო ამან.

- იქნება, სწყინთ რამე თქვენგან? გლეხკაცისთვის ცოტაა საკმარისი. როგორც მალე მოიგებ იმის გულს, ისეც მალე ჩამოიშორებ.

- მგონი, მე მათთვის არა მიწყეინებია რა...

- შენ კი არა, მაგრამ... როგორც ყური მოვკარი, შენ ქმარს ძალიან ემდურებიან.

- რაიო, გეთაყვა? - სიდონია სმენად გადაიქცა.

- ძალიან გვავიწროებს, ჩაჩნები ჩაგვიყენა და იმათგან მოსვენება აღარა გვაქვსო. ტყიდან ერთი ჩხირი ისე ვერ გამოგვიტანია, უღმერთოდ არ გადაგვახდევინონო. ბევრჯერ მათრახითაც მოგვდგებიან და ჭაღარა დარბაისელ მოხუცებულებს ბეჭებს გვიჭრელებენო. საქონელი ბაკებში გვიბია, იმათის შიშით იალაღზე ვერ გამოგვიშვია, მაშინვე ხანჯალს აძგერებენო. შარშან ზაქარა ბეიაშვილისთვის შვიდთუმნიანი ხარი დაუჩეხიათ მარტო იმის გულისთვის, რომ თივის ბულულზე მისულა. ერთი მუჭა გამოუგლეჯია. ყველა ეს, ჩემო კარგო, ადვილი ასატანი არ არის ისედაც გაწალებულ ხალხისთვის. შენი მამამთილი სამსახურში ყოფილა და აქ სასიარულოდ ვერ იცლიდა თურმე, მოურავიც ნებანებისად მისდევდა მათ; ახლა კი უცბად დაინახეს თავზე წამომდგარი სასტიკი მებატონე, რომელსაც თან მოჰყვა აყრა, გადასახლება; ყველა ეს მოთმინებას უკარგავს მათ. იშ! ნეტაი გენომ სიამტკბილობით გაუთავოს საქმე და! შენ დაგიჯერებს, ურჩიე ხოლმე მშვიდობიანობა... სიყვარულს და ერთობას რა სჯობიან, გენაცვალე? - დაუმატა კატომ და ჩაჩუმდა.

სიდონიაც განაგრძობდა ჩუმად ყოფნას, თან სახეზე გამოუთქმელი ნაღველი ეხატებოდა. ამას აოცებდა, ვერ დაეჯერა გენოს ასეთი სისასტიკე.

- "ისინი ჩემზე მოგებულები არიან... მიწები ერთი-ორად მივეცი, გადასახლებისათვის საჭირო ხარჯი ფულად ჩავუთვალე... მე იმათ არაფერში არ ვავიწროებ"... - გაახსენდა ქმრის უკანასკნელი სიტყვები. ამნაირად, თითქო გენოც მართალი იყო, მაგრამ ეს ჩაჩნების ოინები წინააღმდეგს ამტკიცებდნენ.

სიდონიას გულს უბრაზებდა ყველა ეს ამბები და აღარ იცოდა როგორ გამოეხატა თავისი უკმაყოფილება.

- დარწმუნებული ვარ, კატო, გენომ არ იცის ჩაჩნების მაგნაირი ქცევა, თორემ როგორ გააბედვინებს, ხალხი აგრე შეავიწროვონ? მე ყველაფერს შევატყობინებ გენოს, რომ ამ უმსგავსობას მალე ბოლო მოეღოს! ოხ, ღმერთო! - შესძახა სიდონიამ ზიზღით და გვერდზე გაიხედა.

- აგრე ჰქენ... უთხარი, გენაცვალე, თორემ ამნაირი ყოფნა არ შეიძლება. ისინიც ერთი ბრმა-ყრუ ხალხია, ვინ იცის, სიბრიყვემ და სირეგვნემ სადამდის მიიყვანოს თავზე ხელაღებული კაცი?

ამ სიტყვების გაგონებაზე სიდონიას შიში დაეტყო. თვალები ფართოდ გაახილა და მიაჩერდა კატოს, რომელიც აგრეთვე მოწყენილი გაჰყურებდა სივრცეს.

VII

ილარიონმა რავდენჯერმე შეჰყარა ხალხი. ორჯერ მაინც მოაგონა ზაქარას აყრილიყო, მაგრამ ამისი სიტყვა ჰაერში იფანტებოდა, თუმცა ამავე დროს ილარიონი არწმუნება გენოს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად გათავდებოდა. სიდონიამაც რავდენჯერმე სთხოვა გენოს, ჩაჩნები დაეთხოვა, აუწერა მათი საქციელი, მაგრამ გენომ დაამშვიდა, რომ ყველა ეს მოგონილი ჭორი იყო, - ჩინჩხვრების კრეფა გლეხების მხრივ, რომ ჩაჩნები ვერაფერს იმისთანას ვერ გაბედავდნენ და ამასთანავე კვალად სთხოვა სიდონიას, შემდეგში არ გარეულიყო ამ საქმეში. გენო მიხვდა, რომ სიდონიასთვის ყველაფერი კატოს ჩაეგონებინა, რომელიც მიდი-მოდიოდა ამათსა და გლეხებს შორის და არ ეამა მისი ჩაჩხირვა, თუმცა სიდონიას ხათრით ვერ ამხელდა უკმაყოფილებას კატოს მიმართ.

- აქედან წასვლამდის ბევრი დრო აღარ არის, ჯანაბას მაგისი თავი, ეგდოს! - ფიქრობდა გენო და თან კატოს ხშირად სიარული არ ასვენებდა; მისი ლამაზი, ეშხიანი სახე კიდევაც მაცდურად სდევნიდა.

- გეთაყვა, კატო ყური უგდე ამ მურაბას, ტაშტი მალ-მალ შეანძრიე ხოლმე, სანავთედანაც ალი არ ამოუშვა! თავს დავიბან და ემ საათში მოვალ, ცხლი წყალი მელის, - უთხრა ერთხელ სიდონიამ კატოს, რომელიც ის იყო მოვიდა. სიდონია გამოვიდა ოთახიდან. საბანაოდ მოწყობილი ოთახი კარგა მოშორებით იყო ეზოში და დუნია ბოხჩით ხელში უკან მიჰყვებოდა ქალბატონს, თან ალმაცერად უყურებდა გენოს, რომელიც ჩაფიქრებული მარტოდ დადიოდა აივანზე.

- გენო წუთს შეჩერდა. მიმოიხედა, სარკმლიდან თვალი მოჰკრა კატოს, რომელიც მარტოდ იდგა და მურაბას ხარშავდა. გენოს გაეღიმა.

- ნესტორა! - შესძახა ბიჭს, რომელმაც ის იყო ამოირბინა კიბე, რომ ოთახში შეეტანა დასუფთავებული ჭურჭელი. ბატონის დაძახებაზე ბიჭი გაჩერდა მორჩილებით.

- ვენახში ჩაირბინე და ილარიონს უთხარი სანადიროდ მოემზადე-თქო.

- ეხლავე, ბატონო! - უპასუხა ნესტორამ და აივანზე დადგმულ მაგიდაზე დააწყო ჭურჭელი, რათა დროზე აესრულებინა ბატონის ბრძანება.

გენო ისევ მარტოდ დარჩა და ეხლა კი გასწია ოთახისკენ.

კატო ზურგშექცეული იდგა და თავისთვის ღიღინებდა. მაგრამ ქალმა უცბად იგრძნო რაღაც უხერხულობა. მოტრიალდა და შეხედა გენოს, რომელიც გაჩერებულიყო ერთ ადგილს, სახე შეშლოდა, თმა აბურძგნოდა, ხელები მიეტანა ულვაშებთან და რაც ძალი და ღონე ჰქონდა იგრეხდა; თვალები ვნებით ავსებოდა, პირუტყვულ სურვილებით გამსჭვალული დასცქეროდა კატოს ყოველ ნაკვთს. გენო ღელავდა, მთელის სხეულით თრთოდა. ამან დაინახა თუ არა თავისკენ მიბრუნებული ქალი, ტუჩები გაეხსნა, დაიწყო ხელებით ნიშნება, თან რაღასაც ჩურჩულებდა. კატოს ამის დანახვაზე თავზარი დაეცა, გაფითრდა, გენომ მსწრაფლ წაიღო ჯიბისკენ ხელი, ამოიღო თუმნიანი ქაღალდის ფული, დამუჭა ხელში და თამამად წამოვიდა ქალისკენ.

- შენი თვალების ჭირიმე! - დაიჩურჩულა კვალად ვედრებით და მკლავები გაშალა მოსახვევნელად, თანაც ხელის თითებში ფულს მაცდურად აშრიალებდა.

კატომ განწირულებით მიიხედ-მოიხედა. ოთახში არავინ იყო. არც აივანზე მოსჩანდა ვინმე, მაგრამ მაინც არ დაჰკარგა გონება; მსწრაფლ გაიქნია ცხელ მურაბაში ამოვლებული კოვზი და შემოჰკრა ტუჩებში გენოს, რომელსაც საშინლად ემწვავა და კვნესით უკან დაიწია.

- იქით, სინიდისგაწყვეტილო! ემ საათში მთელ სოფელს თავს დაგახვევ! - შესძახა კატომ ზიზღით.

- იქნება, გგონია, ღარიბი ვარ და ნამუსს გროშებში გავყიდი! იქით, შე გათახსირებულო!

გენო შეკრთა, როდესაც დაინახა გააფთრებული ქალი და შეშინებული კარში გავარდა. კატომ კი, როდესაც მოიშორა ეს მხეცი, წუთს ღონე დაჰკარგა, დაეშვა სკამზე და დაიწყო ქვითინი. ეხლა იცნო, ვინც იყო გენო. გაიგო, ვის ხელშიაც ჩავარდნილიყო ციცო, რომელსაც სიყვარულისგან თვალები ახვევოდა და ვერას ხედავდა.

კატოს დღემდის არა სჯეროდა სოფლის ლაპარაკი, მაგრამ დღეს კი დარწმუნდა, რომ ყველაფერი მართალი იყო, რასაც ამბობდნენ გენოზე. ვერ შერიგებოდა აზრს, რომ მშვენიერ სიდონიას ქმარი კიდევ სხვა ქალს, და მეტადრე მის მეგობარს, ასე თავისუფლად შეხედავდა, შეურაცხყოფდა.

- ციცო, შე უბედურო! - შესძახა განწირულებით კატომ და მეგობრის უბედურობის მნახველს კვალად წასკდა ქვითინი.

კატოს უნდოდა, ეხლავე გავარდნილიყო ამ უწმინდურ სახლიდგან, მაგრამ ენანებოდა ციცოს მოშორება, მეტადრე ეხლა, როდესაც ხედავდა, ეს შეხვედრა უკანასკნელი იყო მისთვის, კვალად ამ ოჯახში კატოს აღარ მოესვლებოდა.

- უთხრას ციცოს? მერე? ხომ დაუკარგა სულის მშვიდობა? ის მოტყუებულია, არა იცის რა და, დაე, დარჩეს ბოლომდის მოტყუებული. მძიმედაც არის და ელდისგან შეიძლება რამე დაემართოს! გენაცვალეთ, მე რომ ასე მომექცა, როგორ დავიჯერო, სხვასთან პირნათლად იყვეს, თუნდ ამ დუნიასთან, ან სხვასთან? ოხ, ცხოვრებავ! ნუ თუ აქაც მოელის საბრალო ციცოს წამება?!

არა! უნდა უთხრას ყველაფერი, სთხოვოს, თავი დაანებოს საზიზღარ ქმარს. წაჰყვეს ისევ იმათ ჭდეულში და ამ დიდებას ნაცარში გახუხული პური არჩიოს.

კატომ თვალწინ დაიყენა ციცოს მთელი ცხოვრება და ჩაფიქრდა, მაგრამ ციცო ეჩვენა სულ სხვა არსებად. მას აღარ შეუძლიან უქმროდ ცხოვრება! უყვარს, სჯერა, რომ უმანკოა და, თუ შეიტყო ნამდვილი, ცოცხალი ვეღარ გადარჩება.

კატომ კვალად მიიხედ-მოიხედა. ეს სახლი აღარ ეჩვენა წინანდებურად დიდებული. მოენატრა თავისი ტკბილი ქოხი, მშრომელი, მოსიყვარულე და ზნეობით ფაქიზი მუშა ქმარი, პაწაწა მიტრა და მზად იყო, ეხლავე გაქცეულიყო მათკენ.

მაგრამ როგორ მოახერხოს, რომ სიდონიამ ვერ გაიგოს? წუთს კატოს რაღაც აზრმა გაურბინა თავში და ცოტათი დამშვიდდა, შეიკრიბა ძალა და ჩამოჯდა სკამზე. აღარ ტიროდა. მრისხანედ იხედებოდა კარებისკენ, თითქო კიდევ ელოდა უსიამოვნო მასპინძელს, რომელიც სადღაც გამქრალიყო, მაგრამ აგერა თვალი მოჰკრა აივანზე ამოსულ სიდონიას, რომელიც მოეშურებოდა ოთახისკენ. კატო საჩქაროდ წამოვარდა ზეზე, მიბრუნდა ტახტისკენ და დაუწყო მურაბას კოვზით რევა.

მეც მოვრჩი, კატო, ჩემს საქმეს. შენა? მურაბა ხომ არ გადმოვიდა? - უზრუნველად ჰკითხა სიდონიამ შემოსვლის უმალ.

კატომ სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა. ტუჩები უთრთოდნენ ვეღარ შეეხედა სიდონიასთვის; ეშინოდა საშინელი საიდუმლო არ გამჟღავნებოდა...

- კატო, რას გაჩუმებულხარ? ხომ არ დაგეწვა? - გაიმეორა კვალად სიდონიამ და ღიმილით მიუახლოვდა.

კატო არ იძროდა. სიდონიამ გაოცებით წაავლო ნიკაპზე ხელი და თავისკენ მიაბრუნა მეგობრის სახე.

- გიტირნია? რა ამბავია? - შესძახა შეშინებულმა სიდონიამ.

კატომ რომ შეხედა სიდონიას წრფელ ლამაზ სახეს, უფრო მეტად აუჩუყდა გული. ანგარიშ-მიუცემლად წამოვარდა ზეზე და მოეხვია.

- ჩემო მშვენიერო! ჩემო ძვირფასო! ოხ, ღმერთო ჩემო! - გაიძახოდა სასოწარკვეთილებით და უკოცნიდა სახეს, თითქო სთხოვდა რაღაც მიტევებას.

სიდონია გაფითრდა და ჩამოჯდა სკამზე.

- ნუ მაწვალებ, კატო! მითხარი რა მოხდა? ნახევარ საათის წინათ შენ მხიარულ გუნებაზე დაგტოვე ამ ოთახში და ეხლა ასე უეცრად რა დაგემართა?

- მშვიდობით, ჩემო ძვირფასო, მშვიდობით! ჩვენ ერთმანეთს ვეღარა ვნახავთ დიდხანს! - სიტყვებს ძლივს იგონებდა კატო.

- რატომ? აკი დამპირდი ქალაქში გეწვევიო? წასვლასაც ჯერ რომ არ აპირებდი?

- ეს არის ახლა შევიტყე... რომ... ჩემი ქმარი თურმე მძიმე ავადმყოფია... ეხლა აქ იყო ჩემი მაზლის წულის ბიჭი და მიბარებენ. ამ საღამოსვე უნდა წავიდე, გენაცვალე... - ძლივს გაათავა კატომ.

- მერე რა ვუყოთ, რომ ავად არის?.. ადამიანი ყოველთვის ერთნაირად კი არ იქნება... ნუ შეშინდები, ღვთით კარგად გახდება. - ეუბნებოდა თანაგრძნობით სიდონია და გულში კი სწუხდა კატოს გულისთვის.

- მაშ, მშვიდობით, ციცოჯან! ღმერთმა ყოველთვის გამაგონოს შენი კმაყოფილი, ბედნიერი ცხოვრება, ვაჟი შეგძენოდეს, - უთხრა კატომ და წამოდგა ზეზე.

- აღარ იშლი, მიდიხარ? ჰკითხა ნაღვლიანად სიდონიამ.

- რაღას გავუჩერდები?

- პატარა ხანს დამიცადე! - სიდონია შევიდა საწოლ ოთახში, მაგრამ დიდხანს არ დაუგვიანია. რაც მარტოდ იყო კატო, ცრემლებით იბანებოდა.

- ჩემს სახსოვრად გქონდეს! - უთხრა სიდონიამ და კატოს გადასცა გულის ძვირფასი ქინძისთავი. ესენი გადაეხვივნენ ერთმანეთს სიდონიას უნდოდა გარეთ გაჰყოლოდა, მაგრამ კატომ შეაყენა.

- არა, არა, კარზე ნუ გამოხვალ! სიგრილეა და ნაბანევი მალე გაცივდები.

- მალე შემატყობინე შენი ამბავი... ქალაქში გელი, არ დამივიწყო! - ამ სიტყვებით სიდონიამ მიაცილა კატო კარებამდის.

სიდონია დარჩა მარტოდ და მოიწყინა, ამას თვალიდგან არ შორდებოდა დარდისაგან გონება-დაკარგული კატო.

- დილა მშვიდობისა! - მოესმა ცოტა ხნის შემდეგ. ოთახში შემოვიდა ილარიონი, რომელიც დაკვირვებით მიაჩერდა ქალს.

- ოხ, ილარიონ! ძალიან ჩაგაბა საქმეში გენომ, რომ თვალით ვეღარა გხედავ, - უთხრა ღიმილით ფიქრებიდგან გამორკვეულმა სიდონიამ.

- დიახ, ვენახში ვიყავი, მუშებს ღობეს ვამაგრებინებ.

- გენო სადღაა? - კვალად იკითხა დამშვიდებით სიდონიამ და დაიწყო კერვა.

- ისიც იქ არის ჩემთან, - მიუგო ილარიონმა და მიიხედ-მოიხედა. გაუკვირდა, რომ კატო აქ აღარ იყო. სიდონიასაც ვერას ამჩნევდა.

- აბა ნახეთ, როგორი მურაბა მომიხარშა ჩემმა კატომ. საცოდავს არც კი დააცადეს გემოთი მაინც ენახა, საჩქაროდ გაიტაცეს; ქმრის ავადმყოფობა მოსვლია, - დაუმატა ნაღვლიანა ქალმა და ლამბაქზე დაასხა ჯერ კიდევ ცხელი მურაბა.

მურაბის დანახვაზე ილარიონს ტუჩებზე სიცილი მოუვიდა. მოაგონდა გენო, ტუჩებ-დათუთქული, შეშფოთებული როგორ მოვარდა ამასთან და შესჩივლა თავისი წინდაუხედავი ქცევა. გაიხსენა მისი შეშინებული სახე, მოუსვენრობა, როგორ ეხვეწებოდა, წასულიყო და შეეტყო, თუ რა შედეგი გამოეღო მის თავშეუკავებლობას; იცოდა რამე სიდონიამ, ან კატო ისევ ქ იყო, თუ არა?

ილარიონი დარწმუნდა, რომ კატოს არა გაემხილა რა სიდონიასთვის და იამა, რომ მეგობარი გადურჩა გასაჭირს.

ილარიონმა მადლობით თავი დაუკრა დიასახლისს, მივიდა მაგიდასთან, რათა აესრულებინა მისი თხოვნა და გაესინჯა ახალგაკეთებული მურაბის ღირსება.

- საუცხოვოა, კნეინა! სწორედ საუცხოვოა! - აღტაცებით გაიძახოდა, თან კოვზს კოვზზე იდებდა პირში.

ილარიონი დიდხანს აღარ გაჩერებულა აქ. მოიგონა კვალად საქმე, რომ ჩქარა დაემშვიდებინა გენო, რომელიც გულის ძგერით ელოდა ვენახში.

მართლაც ერთი საათის შემდეგ გენო ამოვიდა სახლში დარცხვენილი.

- ეგ რა დაგმართვია, გენო, ტუჩებზე? რარიგად გაგსიებია? - შესძახა შეშინებულმა სიდონიამ და ახლო მივიდა ქმართან. გენომ ძირს დაუშვა თვალები.

- ოხ სიდონი, ვერ წარმოიდგენ, რარიგად მეწვის და მაწუხებს!.. - წარმოსთქვა მან და ხელი ოდნავ მიიდო აბუდგულ ტუჩებზე.

- რისგან მოგივიდა?

- ეშმაკად სკას გავუარე და ვერ შევნიშნე, ფუტკარს ეყარა და ერთმა მეტად მწვავედ მიკბინა.

სიდონია მსწრაფლ გამობრუნდა, უჯრიდან ამოიღო ფოლადის დანა, მიუტანა გენოს ტუჩებთან.

- ეს უებარია, გენოჯან, ფუტკრის ნაკბენისთვის, აბა მოიტა წაგისვა!

მეტი ღონე არ იყო, გენო უნდა დამორჩილებოდა ცოლს.

სიდონია თუმცა ფრთხილად უსვამდა ცივ დანას, მაგრამ გენოს მაინც აწუხებდა დამწვარე ხელის შეხება და იმანჭებოდა.

- არა გიშავს რა, მალე გაგივლის! - უთხრა ცოლმა და აკოცა ქმარს ნატკენ ადგილზე.

VIII

გავიდა ზაფხული. სოფელმა ელფერი შეიცვალა, მიმზიდველობა ჩამოშორდა და მოწყენა აგრძნობინა ყველას.

გენო და სიდონიაც შეუდგნენ ქალაქისკენ წასასვლელად მზადებას. სიდონია კვალად მხიარული, ერთი-ორად იორკეცებდა კმაყოფილებას, როდესაც თვალწინ იყენებდა თავის ახალ მდგომარეობას, რომ რავდენიმე თვის შემდეგ გახდებოდა დედა და თავს შემოევლებოდა ძვირფას ქმარშვილს.

ილარიონმა და გენომ გლეხების აყრა ისევ საგაზაფხულოდ გადასდეს, რადგან ეხლა დაგვიანებული იყო. მომავალი ზამთარი მეტად მძიმე იქნებოდა ახლად ბინააშლილ გლეხისთვის და თანაგრძნობით, კაცთმოყვარეობით აღვსილნი, ვერ იმეტებდნენ საბრალოებს, გაზაფხულზე კი უეჭველად უნდა შეესრულებინათ თავიანთი განზრახვა.

ილარიონმა გენო ცოლით და მამით მშვიდობით გაისტუმრა სოფლიდგან და თვითონ კი გაშალა ფრთები თავის ახალ სამფლობელოში.

- ეჰ, შვილო, ისევ ქალაქი, თორემ სოფელმა არა მიშველა რა! - წარმოსთქვა დაღონებით მოხუცმა, როდესაც დაბრუნდნენ თავიანთ საზამთრო სახლში. მოხუცი უჩიოდა მუხლების ტკივილს და ნებაუნებლიედ უნდა ჩაწოლილიყო ლოგინში. თუმცა სიდონიას მობეზრებული ჰქონდა მამამთილთან ერთსა და იმავე საგანზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ასრულებდა თავის მოვალეობას.

- არა, მამა, თქვენ ეხლა უკეთ ბძანდებით. გზამ თუ დაგანჯღრიათ, რაც მალე გაივლის, თორემ სხვაფრივ სოფელს ტყუილად ემდურებით, რადგან ფერზე მოხვედით და მოსუქდით, - ეუბნებოდა სიდონია მოხუცს, რომელიც დაიმედებული, რომ არა დაუშავდებოდა რა, უღიმოდა რძალს.

- ოხ, ნეტაი ამას გადვურჩე, ღონეზე მოვიდე, მერე მე ვიცი, სეთი ნადიმები გავმართო, მთელი ქალაქი მოვიწვიო და ვაჩვენო ყველას შენი მშვენიერება. ჯერ იმათი თავი არა მაქვს, სანამ ასე ვარ. - დასუსტებულის ხმით ამბობდა მოხუცი.

სიდონია თავს უხერხულადა გრძნობდა ხოლმე, როდესაც დაუწყებდნენ პირში ქებას და ცდილობდა ლაპარაკის საგანი შეეცვალა.

ესენი მალე დალაგდნენ და განაგრძეს ჩვეულებრივი ცხოვრება.

ერთხელ სიდონია იჯდა სასტუმრო ოთახში, აბრეშუმის ფერადის ძაფებით ქარგავდა ხავერდზე, თანაც დაბალის ხმით ღიღინებდა. ყოველ ნემსის ამოგდებაზე საქმეს წინ სწევდა და სამხატვრო ნაქარგის დანახვაზე ნეტარებასა გრძნობდა.

- რა მშვენიერი იქნება ჩემი გენოს სამუშაო ოთახისთვის! ისე გავათავებ, რომ ვერც კი გაიგებს. რარიგად იამება, უცებ რომ შეხედავს!

ამ წარმოდგენით სიდონია ნეტარებდა. ამ დროს დერეფნიდგან მოისმა ელექტრონის ზარის წკრიალი. სიდონიამ ყური არ ათხოვა. მაინც განაგრძობდა ტკბილ ოცნებაში ყოფნას. ვერც კი შეამჩნია, მოსამსახურემ როგორ გააღო კარი.

- ქალბატონი შინ არის? - მოისმა ნაზი, ნაცნობი ხმა. ეს ხმა ოდესღაც შესმენია სიდონიას და გაოცებით აიღო მაღლა თავი.

- ციცოჯან? მოისმა აღტაცებული ძახილი. სიდონია წამოვარდა ზეზე და გაოცებით მიაჩერდა მაღალ, ცისფერ თვალება ქალს.

- ელენე! ნუ თუ ეს შენა ხარ? - წამოიძახა გახარებულმა სიდონიამ და გადაეხვია სტუმარს.

- რარიგად გამოცვლილხარ? სხვაგან სადმე რომ მენახე, ვეღარც კი გიცნობდი. დადედაკაცებულხარ, მე კი ბავშვი დაგტოვე, - დაუმატა ელენემ, როდესაც ჩაჯდა სავარძელში.

ელენეც ძალიან გამოცვლილიყო, უფრო დასრულებულიყო. სახეს წინანდელი სინორჩე ჩამოშორებოდა. მაგიერად, მიეღო მეტი ზრუნვის და დაფიქრების გამოხატულება.

- ჩამოვედით თუ არა ქალაქში, სულ შენსკენ მქონდა თვალი და ყური, მოგელოდი დღე-დღე. სხვა, როგორი კმაყოფილი ხარ? - ჰკითხა ელენემ და ღიმილით თვალი მოავლო დიდებულად მოწყობილ ოთახს.

- დიდი ბედნიერი ვარ, ელენე. შენა?

- მეც სრული ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ცოტა ავადმყოფობას არ დავეჯაბნე, თუმცა ეხლა კი, ღვთით კარგადა ვარ. გადავწყვიტე ეს ზამთარი გავატარო აქ, ქალაქში. იმედი მაქვს, ხშირად ერთად ვიქნებით ხოლმე, არა, ჩემო კარგო?

- მაგაზე სასიამოვნოს რაღას მეტყვი? სხვა, ელენეჯან, თქვენები როგორ არიან? ლევანი სად არის? - წარმოსთქვა სიდონიამ და ალერსით ხელი ხელს დაჰკრა.

- კარგად არიან. ლევანი დროებით რუსეთში გაგზავნეს სამსახურის გამო. ხომ გაიცანი აქაური საზოგადოება?

- ჯერ ვერა. სულ ვაპირებთ მე და გენო და ვერ მოგვიხერხებია. თანაც ზედ ემატება ჩემი მდგომარეობა, თუ ამან არ დამიშალა... - აქ სიდონიამ წასჩურჩულა ელენეს, რომელმაც კვალად გაუღიმა.

- შენ ჯერ არაფერიც არ გეტყობა.

- მაინც და მაინც აგრერიგად არ ვსაჭიროებთ ბევრი ნაცნობების აკვიატებას. ისედაც ცოტა დროა, ოჯახის მოვალეობა დიდი ყოფილა! - სთქვა სიდონიამ.

- ოღონდაც! მაგრამ მაინც საჭიროა, ციცოჯან, რავდენიმე ოჯახთან ერთობა რო იქონიო. საზოგადოებაშიაც ხანდისხან გახვიდე. უამისოდ მეტად უკანა რჩება ადამიანი როგორც აზრებით, ისე ჩვეულებებით და შემდეგ, როდესაც შემთხვევით ვარდება უცხო საზოგადოებაში, თავს ველურადა გრძნობს. მეტადრე შენთვის ხომ დიდად სასარგებლოა გახვიდ-გამოხვიდე, უიმისოდაც სულ ჩაკეტილი იყავი და ეხლა მაინც გაიცნობ ცხოვრებას თავისი სხვადასხვა შთაბეჭდილებებით. წარმოიდგინე, არა მჯერა, რომ შენ ის პატარა გოგონა ხარ, რომელიც მობაკუნდებოდი ხოლმე ჩემთან სოფელში, - წარმოსთქვა ელენემ და დაუწყო ხელსაქმეს სინჯვა. ელენემ და სიდონიამ დაწვრილებით მოიგონეს წარსული, გადმოვიდნენ აწმყოში და აღარა დარჩათ რა გაუჩხრეკავ-გაუშინჯავი.

- შენი ქმარი სად არის? - ბოლოს ჰკითხა ელენემ, როდესაც სიდონიამ შეიყვანა სასადილო ოთახში ყავის დასალევად.

- ეს არის ეხლა გავიდა. სოფლიდგან მოურავი ჩამოუვიდა და ერთად წავიდნენ საგლეხო საქმეთა საკრებულოში. გლეხებთან აწეწილ-დაწეწილი აქვს საქმე და უნდა როგორმე გაუთავოს. წარმოიდგინე, ელენე, თავი მომანატრა... მოდი სადილად დარჩი, გენოც მოვა და გაეხარდება, რომ გნახავს.

- ეხლა ვერა, ჩემო ციცო, და კვლავ კი მთელის დღით გეწვევი ბიძია როგორ-ღაა? არ შეიძლება ვნახო? - სიდონიამ შეგზავნა მოსამსახურე, რომელმაც შეატყობინა, რომ მოხუცებულს ის იყო ჩასძინებოდა.

- თავი დაანებეთ, ნუ შეაწუხებთ! შემდეგისთვის დარჩეს, - ხელი აუქნია ელენემ და წამოდგა წასასვლელად.

- აბა, ციცოჯან, არ დამიგვიანო ნახვა, №-ის ქუჩაა, 25 ნომერი. არ დაგავიწყდეს. მე მინდა ამ ზამთარს შევივსო დიდი ხნის დანაკლისი, მეტადრე თეატრებისთვის სული მიმდის; მარტო სიარულიც მეზარება და მე და შენ ვივლით ხოლმე, განა?

- ძალიან კარგი! - სიდონიამ მეგობარი მიაცილა კარებამდის და, როდესაც ეტლი გაგრიალდა, წინანდელზე უფრო კმაყოფილი დაუბრუნდა თავის საქმეს. გენოსაც აღარ დაუგვიანია. გაიგონა თუ არა სიდონიამ ქმრის ფეხის ხმა, ხელსაქმე მიმალა და წინ მიეგება.

- აბა გამოიცანი, გენოჯან, ვინ იყო აქ? ბევრი გიცადა, რომ არ მოხვედი, წავიდა იმ იმედით, რომ მე და შენ მალე ვნახავთ.

გენოს ცნობის მოყვარეობა გაეღვიძა.

- ვინ უნდა ყოფილიყო?

- ელენე ჩამოსულა საზამთროდ ქალაქში და ეს არის ეხლა გავიდა აქედგან.

- მართლა? მერე უსადილოდ რათ გაუშვი? - დაუდევრად ჰკითხა გენომ.

- ბარემ ვეხვეწე, მაგრამ არ დადგა, კვლავისთვის იყვესო.

გენოს რაღაც მოღალულობა ეტყობოდა, თითქო ჩქარობდა მალე შეეწყვიტა სიდონიას უზრუნველი, კმაყოფილი ლაპარაკი, მაგრამ ქალი მაინც განაგრძობდა. გენო ჩაჯდა სავარძელში და ფიქრებში შევიდა. რაც უფრო დრო მიდიოდა, მოუსვენრობა ეტყობოდა, თითქო ისევ სადღაც მიისწრაფოდა. მოითხოვა ჩვეულებრივზე ადრე სადილი და ჯერ არც კი გაეთავებინა, რომ წამოვარდა ზეზე.

- სიდონი, მე და ილარიონი უნდა უეჭველად მივიდეთ ოთხ საათზე ვექილთან გლეხების საქმეზე. მეტად დამტანჯეს იმ საძაგლებმა!.. უნდა კიდევ მოველაპარაკო, რომ ან ავად გათავდეს საქმე, ან კარგად. საღამოს ჩაისთვის თუ დავიგვიანო, ნუ მომიცდი! - წარმოსთქვა, როდესაც საათმა დაჰკრა სამი.

- გენოჯან! შენი ჭირიმე, ეცადე მშვიდობიანად გაათავო საქმე. უსიამოვნობას ერიდე. ღმერთმანი, არა ღირს ის ადგილი მაგდენ თავში ცემად და მწუხარებად! - უთხრა თანაგრძნობით სიდონიამ, როდესაც გენო მიდიოდა.

- უეჭველად! როგორც კი მოხერხდება! - მოსძახა გენომ და საჩქაროდ გავიდა. სიდონია კარგა ხანს ქარგავდა. შემდეგ, როდესაც დაიღალა, გვერდზე მისდო ხელსაქმე და შევიდა ფიქრებში... კარგახანს ოცნებობდა და დროც შეუმჩნევლად მიდიოდა, ბინდდებოდა... მოსამსახურემ სამოვარიც შემოარბენინა სასადილო ოთახში. სიდონიამ გასწია ჩაის გასაკეთებლად, რომ მოხუცისთვის შეეგზავნა... გენო არსადა სჩანდა, სიდონიამ მოიწყინა და შევიდა მამამთილთან, უნდოდა როგორმე დრო წაეღო, მაგრამ მოხუცი ვერ იყო ლაპარაკის ქეიფზე და ძალას ჩაის სმას ატანდა... სიდონია კვალად გამოვიდა სასტუმრო ოთახში; ვეღარ ეპოვნა მყუდრო კუთხე. მარტოობა ისევ თავს აბეზრებდა. დაიწყო ოთახში წინ და უკან სიარული. შემდეგ ისევ აიღო ხელსაქმე, ისევ შევიდა ფიქრებში.

ელენე და ეს ერთად ივლიან საზოგადოებაში, როცა გენოს არ ეცლება.

- ვინ რად გვინდა, სიდონი? ჩვენა გვაქვს შეძლება, გვიყვარს ერთმანეთი და სხვა რაღაა საჭირო? ვიზრუნოთ მომავალ შვილებისთვის! - ჩაესმოდა ყურში ქმრის ტკბილი სიტყვები.

სიდონიას გონება ისვენებდა ამ გახსენებით. კვალად წამოდგა ზეზე და გასწია ჩაის დასალევად... ჩაის შემდეგ სიდონია შეუდგა საოჯახო საქმეებს, რომ დრო გაეყრუებინა, ვეღარ ეგრძნო მისი ხანგრძლივობა და თვითონაც გართულიყო... დაღამდა, ოთახებში ლამპები გააჩაღეს... სიდონია მოუსვენრად იხედებოდა აქეთ-იქით და ელოდა გენოს... საათმა დაჰკრა ათი...

- ნეტა რად დაიგვიანა ასე გენომ? - გაუელვა თავში.

ნუ თუ მთელი ეს ხანი ვექილთან არის? ან იქნება, ნაცნობები შეხვდნენ და იმათ აჰყვა? გენოს კი ჩვეულებადა ჰქონდა თერთმეტ საათზე დაძინება... ერთი საათი კიდევ და უეჭველია გაჩნდება! სიდონიამ გულს იმედი მისცა და დაიწყო ლოდინი...

ძინ! ძინ! - გაისმოდა დრო და დრო საათის რეკა. სიდონიას კი ეჭირა ხელში წიგნი და ცდილობდა ეპოვნა მასში საყურადღებო წასაკითხი, მაგრამ ამაოდ, ეს არჩევდა მარტო ასოებს, შინაარსი კი შორს გაურბოდა გონებას.

ძინ! ძინ!.. - არ ჩერდებოდა საათი, სიდონიას ეხლა კი გულმა ვეღარ გაუძლო, გადაწვა სავარძელში, სული განაბა, სმენად გადაიქცა. თვითეული ფაჩუნი, ეტლების ხმაურობა ჟრუანტელსა ჰგვრიდა და ყურს აცქვეტინებდა. ეს ვერ ამჩნევდა, თუ მოსამსახურეები როგორ გაოცებით იყურებოდნენ, როდესაც შემოდიოდნენ ოთახში, თითქო უნდოდათ ეკითხათ, როგორ მოქცეულიყვნენ, დაეცადნათ ბატონისთვის, თუ დაწოლილიყვნენ, მაგრამ ვერ ბედავდნენ. შემდეგში მათაც მიაწყნარეს ფეხი.

- ეხლა კი მოვიდ! - შესძახებდა სიდონია და ლოყები შეუწითლდებოდნენ... მაგრამ არა! ისევ და ისევ დუმილი შემოხვევოდა გარშემო, სიდონია სმენით მოიღალა. დრო კი მიდიოდა, საათმა ორი დაჰკრა.

- ნეტაი, თუ ამაღამ დარჩებოდა სადმე, რატომ არ მითხრა? არას დროს არ მიმალავს ხოლმე არაფერს. აკი მითხრა, ჩაიზე ნუ დამიცდიო და, თუ კიდევ დაიგვიანებდა, იმასაც ხომ მეტყოდა? გენო მარტო არ არის, ილარიონი თანა ჰყავს და რა უნდა გაუჭირდეს?

სიდონია შევიდა საწოლ ოთახში, მოსამსახურეებს უბრძანა დაწოლილიყვნენ. თვითონ მოიხვია შალი და თავი მისდო ბალიშებზე, მაგრამ მაინც ხშირად წამოიწევდა ხოლმე და კარგა ხანს ყურს უგდებდა რაღაც ფეხის ხმას. ქალი დასუსტდა და მიეძინა ამ გულის გადამლევ ლოდინში. მალე რაღამაც წაჰკრა ქიმუნჯი. უცბად გაახილა თვალები, გადახედა გენოს ლოგინს და რომ ისევ ცარიელი დაინახა, საჩქაროდ წამოვარდა ზეზე, დაიწყო თვალების ფშვნეტა. გული ძალზე უძგერდა, კიდევაც უღონდებოდა. გამოვიდა ისევ სასტუმრო ოთახში, რომლის სარკმლები ქუჩას გადაჰყურებდნენ. გააღო ერთ-ერთი მათგანი და შემოუშვა წმინდა ჰაერი, რაღაც შვება იგრძნო, დაეყრდნო სარკმლის ბაქანს, მიაჩერდა ქუჩას, სადაც სიჩუმე იყო და მარტო ხანდისხან დაუსტვენდა ღამის დარაჯი, ან და ათასში ერთხელ გამოირბენდა საიდანმე დაგვიანებული ეტლი. სიდონიას ეშინოდა, ვეღარ შორდებოდა სარკმელს და უნდოდა მთელი თავისი გრძნობა, თვალები დაეტოვებინა ამ ქვების მოკირწყლულ სავალზე, მაგრამ როდესაც თვალის ძარღვები დაეღალებოდნენ, ხშირად მიიდებდა შუბლზე ხელს და დარჩებოდა ასე რავდენსამე ხანს. ამას ეშინოდა საათის ნახვა, იცოდა გათენებას ბევრი აღარა უკლდა რა.

- ვინ იცის, ეხლა რა გაჭირვებაშია გენო! იქნება სადმე ბაღში წავიდნენ ის და ილარიონი, ფული შეაგულეს. ილარიონი ჩამოაცილეს ამხანაგებმა, გენო მარტოდ გამოისტუმრეს სახლისკენ, გზაში დახვდნენ ავაზაკები... ამბობენ ამას წინათ ვიღაც კვალწმინდად დაკარგულაო... ღმერთო! - შესძახა სიდონიამ და თავში ავარდა სისხლი იმ წარმოდგენით, რომ გენო ცოცხალი აღარ იყო და ეს კი აქ იჯდა.

არა! სიცოცხლე რაღად უნდა? წავა, ეტლში ჩაჯდება, მოძებნის ქუჩებში, პოლიციას შეატყობინებს. სიდონიამ კვალად დაიწყო ქუჩისკენ ცქერა. უცბად შემოესმა ეტლის გრიალი.

- ის არის! - შესძახა და უფრო გადაიწია ფანჯარაში, ეტლმაც გამოიქროლა, მაგრამ მასში ისხდნენ უცხო ქალი და კაცი. სიდონიას ეხლაც უმტყუნა იმედმა.

- ვკითხავ, იქნება იციან ამათ!.. იქნება შეხვდნენ სადმე, ან იქნება კიდევაც დაინახეს, როდესაც იმას... ოოხ! - სიდონიამ თავი მიახეთქა კედელს და დარჩა ისე გაწბილებული.

- რომ წავიდეს და ის ამ დროს აქ მოვიდეს, სახლში რომ არა მნახოს, ეწყინება, შერცხვება კიდეც მთელ ქალაქში. ათას რამეს მოუგონებენ, ვინც დაინახავს... ან სად წავიდეს? ქალაქი დიდია, ქუჩები მრავალი!

სიდონია სასოწარკვეთილებით ხელებს იმტვრევდა და მთელს სხეულში გრძნობდა ტკივილებს. სმენაც დაეხშო. გაირინდა, თვალები უაზროდ-ღა იყურებოდნენ ფართედ. უკვე გათენებული იყო და ქუჩებიდგან თანდათან ხმაურობა მატულობდა. სიდონია კი არ იძვროდა ადგილიდგან.

ძლივს გაჩერდა ეტლი სახლის კარებთან, კარი გაიღო და... შემოვიდა გენო, მაგრამ როდესაც დაინახა კედელთან მიყუჟული გაფითრებული სიდონია, შეკრთა.

- სიდონი! - შესძანა გენომ.

სიდონია მარტო ეხლა დარწმუნდა, რომ მოჩვენება არ იყო. დაიკივლა და მოშვებული დაეშვა ქმრის მკლავებზე. გენო ნასვამი იყო, ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მაინც შეიმაგრა ქალი.

სიდონიამ ოდნავ გაახილა თვალები. შეხედა გენოს, რომლის თვალები ამღვრევით იყურებოდნენ. სახე წამოსწითლებოდა, პირიდგან ღვინის სუნი ამოსდიოდა. გენოს უჩვეულო სანახაობამ წუთს გონება დაუბრუნა ქალს, შეშფოთებული შეაჩერდა.

- გენო! ნუ თუ შენა ხარ? - შესძახა სასოწარკვეთილებით და თვალებზე ხელები აიფარა.

გენომ შემოიყვანა საწოლ ოთახში. თვითონ ხმაამოუღებლად მიეგდო გაუხდელი და წამს ხვრინვა ამოუშვა. სიდონია ჩამოჯდა საწოლზე. ქვითინი დაიწყო.

IX

მეორე დღეს გენო და სიდონია ცუდ გუნებაზე იყვნენ. გავლილი ღამე სწორედ ჯოჯოხეთი იყო სიდონიასთვის. ცოტა კიდევ რომ დასცლოდა, იქნება, ჭკუაზედაც შეშლილიყო, მაგრამ კიდევ კარგ დროს მოეშველა გენო და იხსნა წამებისგან.

- ჰმ! მოეშველა? მერე რა სახით მოეშველა? ნასვამი, ნახევრად გონება-წართმეული. - სიდონიას მეტად ეჯავრებოდა ლოთი ადამიანი და ნუ თუ ეს საზიზღარი ჩვეულება უნდა დაინახოს თავის გენოში?! არა! ამას ვერ შეურიგდება!

- სიდონი, მაპატიე! მე შენთან დამნაშავე ვარ... წუხელის ყმაწვილები შემხვდნენ და აღარ მომეშვნენ, ბაღში წამიყვანეს. იქ ვახშამი ვჭამეთ, ღვინო ცოტა მეტი მომივიდა და, მგონი, გაწყეინე! მაპატიე, ჩემო კარგო! მერწმუნე, რომ მე თვითონ ვწუხვარ ეხლა! - შეევედრა გენო, როდესაც გამოიძინა.

სიდონია მაინც ებუტებოდა კარგა ხანს, მაგრამ გენოს მუდარ-ხვეწნამ, აღთქმამ, რომ შემდეგში აღარ ნახავდა ამ გარემოებაში, ნელ-ნელა გული მოუბრუნა. გენომ გადაწყვიტა სრულიად მოესპო სიდონიას გულში მდურვა და კიდევაც გამოძებნა ღონისძიება, მაგრამ დღეისთვის აღარა იქნებოდა რა, რადგან ორივ ცოლ-ქმარნი მეტად მოქანცულები იყვნენ...

- სიდონი დღეს თორმეტ საათისთვის გამოეწყე საუკეთესო ტანისამოსში, მინდა წაგიყვანო ყველა ჩვენს ნათესავებთან სადარბაზოდ. ელენესთან მაინც ხომ უნდა შევიდეთ და რაკი ჩაცმულები ვიქნებით, ბარემ სხვებიცა ვნახოთ. საღამოზე კი თეატრში წავიდეთ და ელენეც თავის ქმრით წავიყვანოთ, - უთხრა ცოლს გენომ შემდეგ კვირას.

სიდონიას იამა გენოს მხრივ ასეთი ზრუნვა. ამას დიდი ხანია სწყუროდა თეატრის ნახვა და ჯერჯერობით კი ვერ ახერხებდა. ახალი პირების გაცნობის სურვილიც დიდ ცნობისმოყვარეობას უღვიძებდა, თავმოყვარეობას უკმაყოფილებდა. სიდონიამ კიდევაც გაჰკიცხა თავისი თავი, რომ ისე სასტიკად მოექცა გენოს; გადააჭარბა, რადგან მაინც და მაინც არაფერი არა მომხდარიყო რა. რა ვუყოთ, რომ ხანდისხან ტოლებში იქეიფოს და ღვინოც მეტი მოუვიდეს? ქვეყანა ასეა და რაღა გენოსთვის უნდა იყვეს მიუტევებელი ცოდო? - ფიქრობდა სიდონია.

აკი დაჰპირდა გენო, ღვინოს აღარ დავლევო... ბოდიშიც მოიხადა. გენოს ძალიან უყვარს სიდონია და ეს კი რაღაც ეჭვებს უშვებს თავში. ტყუილად იტანჯება და საყვარელ არსებასაც აწვალებს.

სიდონია გულის ძგერით მოელოდა გენოს, რომელიც ეტლის დასაკვეთად წავიდა.

აი სიდონია დგას დიდ სარკის წინ კმაყოფილის სახით, დუნია გარს დასტრიალებს და კაბას უსწორებს. სიდონიას გულზე და ყურებში ბრწყინავენ ბრილიანტის პეპელები, რომელნიც თითქო ლამიან გაფრენას. საყურეები შუქს აყენებენ ისედაც მშვენიერ ბროლ კისერს, ყელზე შემოჰკონებიან რავდენიმე ძაფი მარგალიტებისა, ბაც სოსან ფარჩის კაბას გააქვს შრიალი, ძვირფას მოსართავებით გაწყობილი ჰაეროვნადა ხდის ქალს და გაშლილი გრძელი ბოლო დედოფლის შეხედულებას აძლევს. სიდონია გაოცებით უყურებს სარკიდან გამომზირალ ტურფა არსებას და უკვირს.

- ნუ თუ ეს ციცოა? ის ციცო, რომელიც სოფელში უბინაოდ, უპატრონოდ ტყე-ტყე დასტიროდა, შესჩიოდა ბუნებას, სთხოვდა შველას? ნუ თუ ეს ის, ამ რავდენისამე დღის წინათ წამებული, სიდონიაა, რომელიც ლამობდა სარკმლიდგან გადავარდნას? რა არის ცხოვრება?

სიდონია განაგრძობდა სარკის წინ ამაყად დგომას და კმაყოფილის ღიმილით იყურებოდა.

- სიდონია, აბა მომხედე! - მოესმა ამ დროს.

სიდონია გამობრუნდა გენოსკენ, რომელიც მოსულიყო და აპირებდა ჩაცმას. გენომ რომ დაინახა სრულებით გამოცვლილი სიდონია, სიამოვნებით გული აუძგერდა.

- იცი, სიდონი, შენ დღეს თვით მშვენიერების ღმერთი ხარ! - უთხრა ქმარმა. ქალმა გაიღიმა.

- ნუ თუ მართლა აგრე მოგწონვარ, გენო?.. სხვა რაღა მინდა?

- იფ! - მოისმა ამ დროს უკანიდგან. ოთახში შემოფრატუნდა მოხუცი და, რა დაინახა რძალი იმ სახით, გაშტერდა, თითქო მოეჩვენა, რომ შესცდა. ეს ის სიდონია არ იყო, რომელიც დღემდის ოთახებში დადიოდა გასაღებებით, არამედ ეს იყო ის დიდებული ქალი, რომლის წინაც ყოველსავე მორჩილად თავი უნდა მოეხარა. მოხუცმა გაიხსენა წარსული დღენი, გაიჭიმა წელში, მიუახლოვდა სიდონიას და ხელი გაუწოდა.

- ნება მიბოძეთ, თქვენთან ერთი პირი ვალსი შემოვუარო! - წარმოსთქვა მან.

სიდონიამ გაოცებით შეხედა მოხუცს, ეგონა ეხუმრებოდა; მაგრამ არა, მოხუცის მიმქრალებულ თვალებში ბრწყინავდა რაღაც ცეცხლი. სიდონიამ ხელი გაუწოდა მამამთილს, მაგრამ რავდენისამე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მოხუცი წაბარბაცდა და გენოს რომ არ მიეშველებინა ხელი, იატაკზე გაიშხლართებოდა. ეხლა კი იგრძნო მოხუცმა, ყველაფერი გათავებულიყო, უნდა უძლურებას შერიგებოდა და უკან აღარ მიეხედა. გულიდგან ამოხდა მძიმე კვნესა, ჩაჯდა სავარძელში, მაგრამ ამასთანავე მაინც განაგრძობდა შორიდგან აღტაცებით ცქერას, ვიდრე რძალი და შვილი არ გავიდნენ ოთახიდგან.

სიდონიას და გენოს მიაქროლებდა ეტლი. კოფოზე, მეეტლის გვერდით, ამაყად იჯდა ჩერქეზულად გამოწყობილი მოსამსახურე; დოინჯშემოყრილი მალ-მალ იყურებოდა ბატონებისკენ, სად გვიბრძანებენ გაჩერებასო.

- მარჯვნივ! ოცდა ხუთ ნომერთან! - შესძახა ამაყად გენომ და მეეტლემაც შეაყენა ცხენები. მოსამსახურემ დარეკა ზარი. კარი მალე გაიღო. სიდონიამ და გენომ გასწიეს დაუკითხავად. ესენი თამამად მიდიოდნენ ელენესთან. დერეფანში შევიდნენ თუ არა, შემოესმათ სასტუმრო ოთახიდგან მხიარული სიცილი და ლაპარაკი. გენო და სიდონია დარწმუნდნენ, ელენეს სტუმრები ჰყავდა. სიდონიას კაბამ გაიშრიალა დარბაზში, წუთს ლაპარაკი შეწყდა.

- ძლივს! - მოისმა თან საყვედურითა და თან სიამოვნებით აღვსილი ხმა ელენესი, რომელიც მოეგება სადღესასწაულოდ მორთული, მაგრამ სიდონიას ჩაცმულობასთან ეს აღარაფრადა სჩანდა. ელენეს ქმარი ჩამოსვლოდა, ორი პატარა ცქვიტი გოგონა დახტოდნენ დედ-მამის ახლო, მაგრამ როდესაც დაინახეს სიდონია, შედგნენ და გაოცებით დაუწყეს ყურება.

- რა მშვენიერი ბავშვები არიან! - წარმოსთქვა სიდონიამ, ცოტა არა შემკრთალმა, როდესაც დაინახა მისკენ ცნობის მოყვარეობით მიმართული თვალები სტუმრებისა. თავისი უხერხულობა რომ როგორმე ჩაეტარებინა, დაიხარა ბავშვებისკენ საკოცნელად. ელენემ თავისი სტუმრები გააცნო სიდონიას.

- არ გეკადრება, ყმაწვილო, აქამდის რომ არ გვაჩვენე ჩვენი რძალი! -წარმოსთქვა ერთმა გამხდარმა, შუახნის ქალმა, რომელიც გაკავებულივით იჯდა ერთ ადგილს, მდიდრულად მორთული. წვრილი მოხაზულობა სახისა და მთელი იერი სწორედ რომ განცვიფრებითი ნიშანს წარმოადგენდა. თან ცალის ხელით პაპიროსს ეწეოდა და ცალით კი ნაზად მიირთმევდა ფაიფურის კოხტა ფინჯნით გემრიელ შოკოლადს. ეს დაკვირვებით და თანაც ცოტა არა მედიდურად უყურებდა სიდონიას, რომელიც მხიარულად ელაპარაკებოდა ელენეს.

- მეტი დრო არ გახლდათ, თორემ უფრო ადრე ვნახავდით ჩვენს მახლობლებს. როდესაც პირველად ჩამოვედით ქალაქში, უკვე ყველანი დაფანტულიყვნენ სააგარაკოდ, ეხლა დავბრუნდით სოფლიდგან და მამაჩემის შეუძლებლობამ შეგვაჩერა, - თავი იმართლა გენომ.

- იმედია ეხლა მაინც გვნახავთ, - დასძინა კნეინამ და ღიმილით გადახედა სიდონიას.

აქ იყვნენ კიდევ ორი, სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილი ყმაწვილები, რომელნიც ულვაშებს ძალზე იგრეხდნენ: ცდილობდნენ სიდონიას ყურადღება მიექციათ.

სიდონიამ გაიგო, ეს გამხდარი კნეინა პირველი ქალი იყო ქალაქში და თანაც გამოჩენილი ქველმოქმედი. ისე არ გაკეთდებოდა არცერთი შესანიშნავი წვეულობა და ბალი, ეს არ მიეწვიათ დიასახლისად. კნეინა გრძნობდა თავის უპირატესობას და თავი მაღლა ეჭირა. დარბაზში იყვნენ აგრეთვე ორი-სამი ახალგაზდა ქალები; ესენი უზრუნველად ელაპარაკებოდნენ ყმაწვილ კაცებს.

ელენეს სახლში გამეფებულიყო რაღაც სიმარტივე, თავისუფლება და ყველას თავიდგან აშორებდა უხერხულობას. სიდონიაც მალე გათამამდა. გენო კი მოუსვენრად იჯდა, თითქო უნდოდა მალე გაქცეულიყო ამ შეუსაბამო საზოგადოებიდგან, მალ-მალ შეხედავდა ცოლს, ხანდახან თვალითაც ანიშნებდა, ამდგარიყო. სადონიაც მიუხვდა და მალე წამოდგა ზეზე.

- ჩვენ ამაღამ თეატრში ვიქნებით და თქვენც მოდით უსათუოდ!.. აი ლოჟის ნომერი, - უთხრა გენომ ელენეს და მის ქმარს, როდესაც უკანასკნელნი გამოჰყვნენ დერეფანში. ამათ მადლობით ჩამოართვეს ხელი და აღუთქვეს, რომ უსათუოდ მივიდოდნენ. სტუმრები კი ფეხს არ იცვლიდნენ ადგილიდგან და ამაყის შეხედულობით აცილებდნენ სიდონიას, თუმცა ცხადი იყო, გულში ეხარბებოდათ მისი მშვენიერება.

სიდონია და გენო კიდევ იყვნენ რავდენსამე ოჯახში, ყველგან რაღაც ძალდატანება და გაზვიადება სუფევდა, სიფუქსავატე აზრებისა: მთელი ლაპარაკი აშენებული იყო ვისიმე ქება-გაკიცხვაზე, ან თეატრებზე, მსახიობებზე, რომელნიც ჯერ არ ენახა სიდონიას და ამიტომ მეტად უძნელდებოდა ბაასი.

- ჩემმა ქმარმა მშვენიერი მანიაკი მომიტანა საზღვარგარეთიდან! სულ ბრილიანტებია შიგა და შიგ იაგუნდებჩატანებული! სამას-ოთხასი თუმანი ღირს. - წარმოსთქვა თავმოწონებით ცნობილ მკურნალის მეუღლემ, როდესაც სიდონია და გენო ეწვივნენ. ქალი ახალგაზდა იყო და ლამაზი.

- ოხ, ჩემი ლადო მეტად პატივსა მცემს. მთელ დღეებს სულ საავადმყოფოში ათენ-აღამებს, ირჯება, ფულებს იღებს და სულ კი იმისთვის, რომ მე დამაკმაყოფილოს, არა დამაკლდეს რა! - დაუმატა მან და დაკვირვებით, ამასთანავე დაცინვით მიაჩერდა სიდონიას ყელსაბამს.

- თქვენ მგონი პირველადა ხართ ქალაქში? - განაგრძო წინდაუხედავად დიასახლისმა. ეს საკითხი მწვავედ მოხვდა სიდონიას გულს, მაგრამ არ შეიმჩნია.

- თითქმის... გარემოებას ნება არ მოუცია, რომ ჩამოვსულიყავი... - უპასუხა მან და ხელსახოცი მოისვა გაწითლებულ ლოყებზე.

- ბევრი არა დაუკარგავს რა! - შენიშნა გენომ, რომელსაც ეწყინა ქალის ასეთი უაზრო საქციელი. ამან დიდიხანია იცოდა დიასახლისის თავგასვლა, მაგრამ თვითონ ლადო ყველასგან პატივცემული იყო თავის სათნო და კაცობრიულ სიყვარულის გამო. გარდა ამისა ახლო ნათესავიც იყო და გენო თავს მოვალედ სთვლიდა, მოსულიყვნენ ამათთანაც.

- მართალს ამბობთ! მომწყინდა ეს ჩვენი ქალაქი... მეტისმეტი ველურობაა აქ... ზაფხულს მოუთმენლად ველი ხოლმე, რმ ჩქარა წავიდეთ მე და ლადო რომელსამე საზღვარგარეთის წყლებზე.

სიდონია და გენო ნებაუნებურად უღიმოდნენ ამ ტრაბახა ქალს და არ იცოდნენ, რა პასუხი მიეცათ...

- იმედია არ დაგვივიწყებთ! ლადო ავადმყოფთან წაიყვანეს, როცა მოვა და გაიგებს თქვენს აქ ყოფნას, ძალიან იამება! - უთხრა დიასახლისმა, როდესაც სტუმრები ადგნენ წასასვლელად. სიდონიამ შვებით ამოისუნთქა, როდესაც გამოვიდა კოხტა, გემოვნებით მორთულ სახლიდგან.

გენო მეტად კმაყოფილი იყო, რომ სიდონიაზე ვერ ახდენდა კარგ შთაბეჭდილებას ახალ ნათესავების გაცნობა.

- აკი გითხარი, ჩემო კარგო, არა ღირს ვისიმე აკვიატება-მეთქი! ეხლა ხომ ნახე, რაც არიან აქაურები! ვინც ვნახეთ, ყველა მაგათთან მაინც კიდევ ნათესავობით ვართ დაკავშირებულები და მეტი ღონე არ არის, ხანდისხან უნდა შევხვდეთ, უცხოებთან კი, მერწმუნე, არა ღირს არსად წასვლა.

- ოხ, რა სიცარიელეა! - შესძახა შეძრწუნებით სიდონიამ და თითქო დასცხაო, საჩქაროდ დაიწყო ხელსახოცის ქნევა პირის სახესთან. ესწრაფებოდა დროზე სახლში დაბრუნებულიყო, მოეშორებინა ეს ზიზილ-პიპილები და გაფარფარებულ კაბაში შვებით ამოესუნთქა.

- რისთვის წავედით? განა ღირდა ტანისამოსის ჩაცმად? - ამბობდა სიდონია.

- რატომ, ჩვენი ვალი მოვიშორეთ.

გენომ და სადონიამ თუმცა იცოდნენ, გამხდარი კნეინა სახლში არ დახვდებოდათ, მაინც შეიარეს მის სახლში და დასტოვეს სადარბაზო ბარათები. ამითი გათავდა დღევანდელი დარბაზობა.

რამდენადაც დილის დარბაზობამ გული წაუხდინა სიდონიას, ამდენად საღამომ თავის არსებობა დაავიწყა. თვალწინ ეშლებოდა უცხო-უცხო სანახავი, ყურში შეესმოდა მუსიკის მელოდიური ჰანგები, მათზე აყოლებული სულის დამატკბობელი სიმღერა. სიდონია იჯდა ლოჟაში ელენეს გვერდით, თვალებზე დურბინდი მიეფარებინა და გაფაციცებით თვალს ადევნებდა ყოველივეს, რაც კი სცენაზე ხედობდა.

მაყურებლებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, თუმცა მათ შორის ბევრს მოემართნა დურბინდი სიდონიასკენ. სიდონია ხედავდა სცენას, ისმენდა ტკბილს, სულის ჩამდგმელ სიტყვებს, ესმოდა კვნესა, ვედრება, სასოწარკვეთილება უიმედოდ შეყვარებულისა. ესმოდა სასტიკი, შეუბრალებელი მოტყუება, გაკიცხვა, ფეხით გაქელვა წრფელის თავშეწირულის სიყვარულისა! ხედავდა სიმართლის განდევნას და სისაძაგლის მეფობას... რა ღაღადისი და მოთქმა გრიალებდა, კვნესოდა უზარმაზარ დარბაზში. სიდონიას გული აუჩუყდა, ნაღველით ევსებოდა... სამწუხაროდ, დრო და დრო შეწყდებოდნენ ეს ტკბილი საუცხოვო მოჩვენებანი და მათ ნაცვლად ეშვებოდა უსულო უგრძნობელი ფარდა. დარბაზი ელექტრონით ჩაღდებოდა, მოისმოდა ხალხის ჟრიამული, სიდონიასაც ნებაუნებლიედ უნდა მიექცია მათთვის ყურადღება. მორთული ქალები, ყმაწვილი კაცები ეტრფოდნენ ერთმანეთს, თან პირს იგემრიელებდნენ ტკბილეულობით. მუსიკაც გრიალებდა, სიდონია გრძნობდა, რომ მარტო დღეიდგან ცოცხლობდა, დღემდის ის უმნიშვნელო არსება იყო. რავდენს რასმეს იყო მოკლებული და არ იცოდა! დღეს კი ყველა ეს მიიღო გენოს წყალობით, იმ გენოსი, რომელიც გუშინ გაკიცხა უბრალო საქციელის გამო და თავს უბედურად გრძნობდა. სიდონია გაოცებით უყურებდა ელენეს, ეტყობოდა მის გულს ასე ღრმად არა სწვდებოდა ეს მომხიბვლელი მუსიკა; ან შეჩვეული იყო, სიდონიასთვის კი ყველა ეს ახალი სანახავი დამათრობელი იყო.

ელენე რავდენჯერმე გავიდა ნაცნობების ლოჟებში. მისი ქმარი იდგა ფოეში და ნაცნობებს რაღაცას გატაცებით ელაპარაკებოდა. სიდონია და გენო კი ფეხს არ იცვლიდნენ ლოჟიდგან. გენოს დაღონება ეტყობოდა. წინანდელზე მეტად მიტეტკილიყო, უკმაყოფილოდ იყურებოდა და დრო და დრო მოუსვენრად გადისვამდა ხოლმე ხელს შუბლზე. გარეშე ხალხი კი განაგრძობდა ხმამაღლა ლაპარაკს, სიცილ-კისკისს....

სიდონიამ ბევრს მოაშორა თვალი, როდესაც ისინი გაშტერებით მოსჩერებოდნენ; ბევრმა ახალგაზდამ და მეტადრე ელენესთან ნამყოფმა ყმაწვილმა კაცებმა ხმლების ჩხაკუნით გამოიარეს ლოჟისკენ და თავი დაუკრეს; გენო ხედავდა, მთელი საზოგადოება მოხიბლულიყო სიდონიას ნახვით. ამან წინდაწინვე იცოდა, ასე იქნებოდა და თავმოყვარეობა უკმაყოფილდებოდა, მაგრამ ამ ჟამად კი სულ სხვას გრძნობდა. თვითეული ყურადღება, მიქცეული სიდონიას მიმართ, გენოს გულს ლახვარივით ესობოდა. ხანდახან დაკვირვებით მიაჩერდებოდა სიდონიას, რწმუნდებოდა, რომ მართლადაც შესანიშნავი ლამაზი იყო და თავპირში სისხლი უვარდებოდა. გენო სკამზე ვეღარ ჩერდებოდა, ცმუტავდა, ჩქარობდა დროზე გათავებულიყო წარმოდგენა. აიხადა ფარდა, ჩამოვარდა დუმილი, მაყურებლები გაწამდნენ. სცენაზე განაგრძეს მომხიბვლელი სიმღერა.

გამოჩენილი მომღერალი, რომელიც მსმენელებს თავისი ხმით ატყვევებდა, თანდათან ეშხში შედიოდა. გენო მიაჩერდა ამას და ეხლა კი სულ მთლიანად გადირია... სწორედ! დიახ! ეს ცხადად ხედავდა სინამდვილეს! მხედველობა არ ატყუებდა და მზად იყო გადავარდნილიყო ლოჟიდგან, ყელში სცემოდა თავმომწონე მომღერალს, რომელიც თვალს არ აშორებდა სიდონიას.

- სიდონი! - სუსტი ხმით წარმოსთვვა გენომ და გაფითრებული მიეყუდა სკამის ზურგს.

სიდონიამ და ელენემ მოიშორეს დურბინდები და მობრუნდნენ გენოსკენ.

- გენო! რა დაგემართა?.. - საჩქაროდ შესძახეს ქალებმა.

- ავადა ვარ! არ შემიძლიან... სახლში წავიდეთ! - გაძნელებით დაუმატა გენომ. სიდონია შეკრთა, შეშინდა. ელენე და მისი ქმარიც შეწუხდნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ.

- საკვირველია! აკი წამოსვლის დროს კარგად იყავი, გენო?! - მიატანა გაოცებით ცოლმა.

- თუ დამცხა... გული მიღონდება. შინ წავიდეთ, თორემ გონება მეკარგება... - სიდონიას წუთს დაავიწყდა ყოველი მიღებული სიამოვნება და საჩქაროდ წამოდგა ზეზე, მოჰკიდა ხელი ქმარს და გამოვიდნენ ლოჟიდგან.

გზაზე გენო კვნესოდა, გმინავდა, სიდონია აჩქარებდა მეეტლეს. სახლში მივიდნენ თუ არა, სიდონიამ მაშინვე მიაღებინა დასამშვიდებელი წამალი და ლოგინში ჩააწვინა.

გენომ იგრძნო თუ არა თავი სახლში, ნელ-ნელა მოვიდა გონებაზე და გამოფხიზლდა. სიდონიამ მადლობა შესწირა ღმერთს, რომ ასე ადვილად გაიარა გენოს უქეიფობამ და თვითონაც ჩაწვა ლოგინში, მაგრამ ახალი შთაბეჭდილებანი გარს მოეჯარნენ, ყურში განუწყვეტლად შეესმოდა მომხიბლავი სიმღერა.

X

დრომ განვლო. გენო და სიდონია ჩვეულებრივ განაგრძობდნენ მყუდრო ცხოვრებას. მოხუცი თანდათან უძლურდებოდა, გენოც მეტ დროს გარეთ ატარებდა. ხშირად ღამეებსაც სხვაგან ათენებდა. სიდონია კი ოჯახში ერთგულად ტრიალებდა და ასრულებდა თავის მოვალეობას. დადგა ზამთარი. ათასგვარ გასართობების განცხადებებით ავსილიყვნენ გაზეთები. რომელნიც იწვევდნენ მსურველთ, მაგრამ გენო და სიდონია თითქო არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ. თუმცა სიდონიას ბევრჯერ მონატრებია ერთხელ კიდევ თვალი მოეკრა თეატრისთვის, მაგრამ გამხელას ვერა ბედავდა, ეშინოდა, გენო კვალად ავად არ გამხდარიყო.

მაგრამ ერთხელ თვითონ გენომ გამოუცხადა სიდონიას, რომ ამ ცოტა ხანში ქალაქში მოელიან ვიღაც დიდებულ პირს და იმის პატივსაცემად ბალს მართავს საზოგადოება.

- ნუ გამოვაკლდებით ამისთანა შემთხვევებს, სიდონი! მტერს თვალში ნაცარი შევაყაროთ, გულზე გავხეთქოთ! შენთვის საჭიროა ახალი კაბის შეკერვა.

სიდონია სიამოვნებით დაეთანხმა გენოს ამ წინადადებაზე და შეუდგა სამზადისს.

- მერწმუნეთ, კნეინა, ისეთი კაბა შეგიკეროთ, მთელ ქალაქს თქვენზე დარჩეს თვალი, - ეუბნებოდა მკერავი ქალი სიდონიას და წინ უწყობდა სხვადასხვა ნახატებს. სიდონიაც გულმოდგინებით არჩევდა.

- აი ეს მგონი კარგი იქნება! - წარმოსთქვა ქალმა და ერთ-ერთ ნახატს ხელი დაადო. მკერავმა გაიღიმა.

- მშვენიერი გემოვნება გქონიათ, კნეინა! მართლადაც საუცხოვო იქნება! ოქროსფერი ხავერდი, გაწყობილი სირაქლემას თეთრის ფრთებით.

- ფრთები იმავე ფერისა იყვეს, - შენიშნა სიდონიამ.

- შეუდარებელი იქნებით! - წარმოსთქვა კვალად აღტაცებულმა მკერავმა და დაკვირვებით შეხედა.

- მე თქვენ თვალწინ მიდგეხართ ამ ტანისამოსში და ვსტკბები ცქერით, - შესძახა ამან.

სიდონიამ მორცხვად გაიღიმა. თუმცა ბევრს ევაჭრა ფასზე, მაგრამ მკერავმა იცოდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე და ფასს არ დაუკლო. გენომ აღუთქვა, მიეცა რაც ითხოვა, ოღონდ შესანიშნავი რამ შეეკერა. სიდონიას ბევრჯერ მოუხდა ამ კაბის გაშინჯვა და ყოველთვის კმაყოფილი ბრუნდებოდა სახლში.

კარგა ლოდინის შემდეგ სანატრელი დღეც დადგა. მთელი ქალაქი ემზადებოდა; ემზადებოდნენ გენო და სიდონიაც. სიდონია და გენო უზარმაზარ დარბაზში გაჩნდნენ. სადაც დახვდათ კნეინა №-ი, რომელიც დიასახლისობდა. მან დაინახა თუ არა სიდონია, ღიმილით წამოვიდა მისკენ. იცოდა რომ ის არავის იცნობდა და თავს მოვალედ თვლიდა გაეცნო მისთვის ყველა შესანიშნავი პირები. მოვიდა ელენეც, მკურნალის ცოლიც, მაგრამ სიდონიასთან აღარავნა სჩანდა, ყველა იჩაგრებოდა. დარბაზში ისმოდა ჟრიამული, გრიალი, ტურფა, კეკლუცი ქალები ერთი-მეორის ჯიბრზე თავს აწონებდნენ ყმაწვილ კაცებს, რომელნიც ბლომად შეკრებილიყვნენ. მობრძანდა საპატიო სტუმარიც. ის ყველას თავაზიანად უღიმოდა და სალამს აძლევდა, თუმცა ამასთანავე არა კარგავდა მედიდურობას. აგერა დიასახლისმა გააჩერა სიდონიას წინ.

- კნეინა ბაზიანისა! - წარმოსთქვა და დაკვირვებით შეაჩერდა სტუმარს, რომელმაც, დაინახა თუ არა მშვენიერი ქალი, თითქო მორჩილებით, მის წინ თავი დახარა და ცხადად შეატყო აღტაცება.

- ძალიან სასიამოვნოა! - წარმოსთქვა და ღიმილით ფეხი-ფეხს შემოჰკრა. სიდონია მიესალმა.

- ესეც ამათი მეუღლე, თავადი ბაზიანი, - დაუმატ დიასახლისმა და აჩვენა გენოზე, რომელიც ფრაკში გამოწყობილი გვერდით ამოსდგომოდა ცოლს. სტუმარმა გენოს ცივად შეხედა, ხელი ჩამოართვა და კვლავ სიდონიასაკენ მობრუნდა. დიასახლისი მიხვდა, სტუმარს სიდონიას ახლოს უნდოდა ყოფნა და თვითონაც ფეხი არ მოიცვალა.

წუთს გაისმა მუსიკის გრიალი და მოცეკვავენი აიშალნენ. მთელი დარბაზის ყურადღება მიქცეულიყო საპატიო პირისკენ, რომელიც გამოელაპარაკა სიდონიას. ქალი უჩვევი იყო ამისთანა პირებთან შეხვედრას და წითლდებოდა. ხშირად თვალებს ძირსა ხრიდა. რამდენიმე უბრალო ცეკვის შემდეგ გაისმა კადრილისთვის მიწვევა.

- ნება მიბოძეთ თქვენთან კადრილი ვითამაშო! - უთხრა სტუმარმა სიდონიას, რომელიც სიამოვნებით დაეთანხმა. ამ ამბავმა ხომ მთელი დარბაზი გააოცა და ერთი-ორად აამაღლა სიდონია ყველას თვალში. თვით ამისი საყვარელი ერთგული ელენე მიმჯდარიყო კუთხეში თავის ნაცნობებთან და ხანდახან უნებურის შურით გამოხედავდა ხოლმე საღამოს დედოფალს, რომელსაც ოდესმე ცეკვა-თამაშს ასწავლიდა და ანგარიშმიუცემლად თითქო ამზადებდა ამ საღამოსთვის.

სიდონიას მეტად შვენოდა დიდებულ სტუმართან გვერდით დგომა. ქალის შესანიშნავი ტანი და საგანგებო მიხვრა-მოხვრა თითქო ეფერებოდა სტუმრის მედიდურობას.

გენო იდგა ერთ ადგილას და იყურებოდა პირდაპირ. სტუმარმა ის თითქმის არაფრად ჩათვალა მაშინ, როდესაც მისი ცოლი აარჩია. ეს ხომ თავხედობაა მისგან!.. გენო შეჰყურებდა გაშტერებით სიდონიას და ეჩვენებოდა, რომ თვითონ წასულიყო ძირს, ნიადაგი გამოსცლოდა ფეხიდგან. სიდონია კი მიუწდომელ საფეხურზე შემდგარიყო და დამცინავის ღიმილით შემოჰყურებდა, თითქო უსიტყვოდ ეუბნებოდა:

- გენო, ჩვენს შორის საერთო არა არის რა და ჩამოდექი, ნუ მეღობები გზაზეო. - გენოს ამ წარმოდგენით ჟრუანტელი უვლიდა სხეულში. სტუმარი კი განაგრძობდა ბაასს თავის ახალ ნაცნობ ქალთან. სიდონია მარაოთი იგრილებდა გაწითლებულ სახეს და პასუხს აძლევდა.

- მშვენიერებაა! იშვიათად მინახავს ასეთი ქალი! - ეუბნებოდა აღტაცებული სტუმარი დიასახლისს. გენო თვალს არ აშორებდა ცოლს და იმათ, ვინც კი მიუახლოვდებოდა. გენომ შენიშნა ქალის სახეს მეტისმეტი კმაყოფილება.

- აღარც კი ვახსოვარ! - გაიფიქრა ამან. - ცეკვავს, არშიყობს. და მე კი აღარა მკითხავს, ოხ, ქალები!.. ვერაფრით ვერ დააკმაყოფილებ მათ! სკმარისია შემთხვევა, რომ ზურგი გიჩვენონ და დაგივიწყონ, როგორც შარშანდელი თოვლი... რა იყო წინათ და დღეს რა დიდებაშია ჩემის წყალობით. მაგრამ მაინც არ ახსოვს!

სიბრაზემ მოიცვა გენოს არსება, ქოჩორი აებურძგა და აიბუზა.

- უნდა გათავდეს! კმარა! ხომ გამოსცადა, რაც არის და ვინც არის! საკვირველია, თითქო ყველანი ჯიბრს უწევენ. რას ჩააცივდნენ სიდონიას, რომ გარს შემოხვევიან მაშინ, როდესაც ამდენი მშვენიერი ქალია მოსული და ვედრებით შესჩერებიან, რომ ყურადღება მიაქციონ! სტუმარიც სიდონიას გარდა არავის კადრულობს. ნუ თუ მართლა ასეთი ღირსეულია სიდონია? მაშ რისთვის შეირთო გენომ, თუ ასე არ არის? ოღონდაც, რომ ღირსეულია, მაგრამ... - აქ გონება აერია გენოს... - ღირსეულია მარტო გენოსთვის, არსებობს მარტო გენოსთვის... სხვას რა საქმე აქვს მასთან?..

გენოს კვალად თვალწინ წარმოუდგა, - საპატიო პირი მოდის მათთან სადარბაზოდ, უნიშნავს სიდონიას ფარულად შესახვედრ ადგილებს, სიდონიაც გარბის მისკენ, უკან აღარ იხედება, გენოს თავს ანებებს.

რიღასთვისაა საჭირო, როდესაც უფრო შესაფერი იშოვა? გენო ჰკარგავს სიდონიას, ჰკარგავს საკუთრებას, რომელთანაც არავის ხელი არ მიუწვდება და კანონით ამისი მონაა,ნივთია!..

გენომ ხელი იტაცა თმაში, წადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი, უნდოდა მივარდნოდა სიდონიას, ხელი მოეკიდა და ძალით გამოეთრია, მაგრამ შედგა. აქეთ-იქით ცქერა ისე დაიწყო, თითქო ვიღაცას ეძებდა. გათავდა კადრილი. სიდონიამ მოიხედა ქმრისკენ და შეკრთა, როდესაც დაინახა მისი თითქმის შეშლილი, გაფითრებული სახე.

- ღმერთო ჩემო! ნუ თუ გენო ისევ ავად გახდა? - გაიფიქრა სიდონიამ და წამოვარდა ზეზე.

- გენო? ავა ხომ არა ხარ? - ჰკითხა საჩქაროდ, როდესაც მოვიდა მასთან.

- სახლში წავიდეთ! - უკმეხად უპასუხა გენომ და თვალები იატაკს დააჩერა.

- წავიდეთ! - მორჩილებით დაეთანხმა ცოლი. მიხვდა, რომ გენოს არსებაში რაღაც საშინელი რამ ხდებოდა.

- სადღა მიდიხარ? - მოსძახა საჩქაროდ ისევ გენომ, როდესაც დაინახა გამოტრიალებული სიდონია.

- კნეინას უნდა გამოვეთხოვო...

- საჭირო არ არის! - უბრძანა ეხლა კი ათრთოლებულის ხმით გენომ.

- აბა წავიდეთ! - დაუმატა და გაემართა დარბაზის კარებისკენ. სიდონია მიჰყვებოდა გაოცებული. დარბაზში განაგრძობდა მუსიკა გრიალს.

გზაზე გენოს ხმა არ გაუცია სიდონიასთვის. მიყუჟულიყო ეტლის ერთ მხარეს.

მოვიდნენ სახლში. სიდონიამ ხმა-ამოუღებლად გასწია საწოლ ოთახისკენ, გენოც უკან დაედევნა; ამას უფრო აბრაზებდა სიდონიას სიჩუმე. სიდონიამ გაიხადა კაბა და დასდო სკამზე. გადიცვა ხალათი, ჩამოჯდა საწოლზე და მიაჩერდა ერთ ადგილს. ვერ მოეაზრა, თუ რად იყო ასე უკმაყოფილო გენო. გენო კი ხმა-ამაუღებლად ოთახში დადიოდა წინ და უკან, თითქო უნდოდა რიღასიც თქმა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა.

სიდონია ხედავდა, რომ გენო არ ხუმრობდა და მისი არსება შიშმა მოიცვა.

- რათა ხარ, გენო, აგრე? - შეეკითხა ნაღვლიანის და თან ძალდატანებულის ღიმილით ქმარს.

- ჰმ! კიდევაც მეკითხები? - შესძახა გენომ და მთელმა მისმა არსებამ დაიწყო თრთოლა.

- ჰო-და რა დავაშავე? - კვალად გაისმა მორჩილი ხმა ქალისა.

- კარგია შენმა მზემ! - გენომ გადისვა თმაზე ხელი და სირბილს უმატა, - თქვენ, ქალები, ყველანი უნამუსოები ხართ; მზათა ხართ პირველსავე შემთხვევაში უღალატოთ ქმარს. ეს დიდი სიმდაბლეა სულისა! - დაუმატა გენომ.

- სცდები, გენო! ცილს ნუ მწამებ... მე დიდი კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, მითხარი რაში იხატება ჩემი ღალატი?

- თუნდ იმაში, რომ შენ არ გაკმაყოფილებს ქმართან ყოფნა, ოჯახში ჯდომა, სულ გარეთ გიჭირავს თვალი, ბალები და თეატრები გენატრება და სახლში კი გინდა ღვთის ანაბარად დასტოვო საწყალი მოხუცი ავადმყოფი მამა.

- გრცხვენოდეს, გენო, მაგ სიტყვებისა!.. როდის გთხოვე წამიყვანე-მეთქი, ან თეატრში, ან ბალში? როგორც პირველად, ისე ეხლაც შენი სურვილი იყო. აბა კვლავ როდის გამიმხელია, ან მამაშენისთვის როდის რა დამიკლია?

გენო თანდათან თავს ვეღარ იჭერდა, სიბრაზე საზღვარს ჰკარგავდა, როდესაც ითვალისწინებდა იმ დიდებული სტუმრის აღტაცებას, ბოლოს გენომ თმაში ხელი წაივლო და გააჟრჟოლა.

- გენო!.. - შესძახა სიდონიამ ვედრებით და ხელები გაუწვდინა.

- იქით, უნამუსოვ! - შესძახა გენომ, მიირბინა მაგიდასთან და აიღო ხელში მაკრატელი.

- ჰა, ისეირნე! იარშიყე! იხტუნე!.. - გაიძახოდა ხვნეშით გაგიჟებული გენო და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მაკრატელს უჭერდა თითებს და აჩხაკუნებდა. ძვირფასი კაბა ნაკუწებად იჭრებოდა და იფანტებოდა იატაკზე.

- ჰა, ესეც შენ! - ძლივს-ღა ხრიალებდა გენო...

სიდონიამ სუსტად დაიკვნესა, მიიფარა თვალებზე ხელები. გენო, თითქო გული იჯერაო კაბის დაკუწვით, გაბრუნდა ლოგინისკენ, მიეგდო და ბალიშებში თავი ჩამალა.

სიდონიას უნდოდა გამოვარდნილიყო ოთახიდან, მაგრამ განძრევას ვერ ბედავდა. გაახსენდა გენოს უცბად ავად გახდომა თეატრში და დარწმუნდა, რომ მაშინაც მოგონილი იყო. სიდონიას თვალწინ უდგა გენო საშინელის ეჭვებით.

- ოხ, ღმერთო! - კვნესოდა გულში სიდონია და თანაც მდუმარებდა. მთელი ღამე ცოლ-ქმარმა წამებაში გაატარეს.

მეორე დღეს გენო თითქო უფრო დამშვიდებულიყო. მის სახეს მოშორებოდა საშინელი გამომეტყველება. სიდონია კი სასოწარკვეთილი განაგრძობდა ლოგინში წოლას. გენომ შეხედა ცოლს და როდესაც დაინახა მისი დატანჯული სახე, ვეღარ მოითმინა, მოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა.

- სიდონი! - წარმოსთქვა მორჩილებით და ვედრებით შეხედა სიდონიას. ქალმა ხმა არ გაიღო.

- სიდონი, მაპატიე! მე თვითონაც არ ვიცი გუშინ რა ჩავიდინე, გავგიჟდი, თავი ხელთ აღარა მქონდა... ყველა ეს კი შენის სიყვარულით მომივიდა. მაპატიე, რაც გაწყეინე! - გენომ ხელი გაუწვდინა ცოლს.

- იქით, გენო, იქით, ახლო ნუღარ მოდიხარ! შენგან მოყენებული შეურაცხყაფა ეხლა გონებას მიკარგავს. რამ მიგიყვანა იმ საშინელ მდგომარეობამდის? - წარმოსთქვა ქალმა საყვედურით.

- ეჭვიანობამ, ჩემო კარგო!.. ვეღარ მოვითმინე, როდესაც ქვეყანა შენ შემოგტრფოდა; შიშმა ამიტანა, მეგონა, აი ეხლა, ამ საათში წამართმევენ ჩემ სიდონიას-მეთქი. თვალთ დამიბნელდა, გონება ამერია.

- ნუ თუ შენთვის სასიამოვნო იქნებოდა, რომ სადმე კუთხეში უყურადღებოდ ვგდებულიყავი და არავის არაფრად მივეღე? თუ ეს იყო, რიღასთვის წამიყვანე? ნუ თუ ის პატივისცემა, რომლითაც მიმიღო საზოგადოებამ, შენთვის თავმოსაწონებელი არ იყო, შენს თავმოყვარეობას არ აკმაყოფილებდა? იქნება გეგონა, რაკი ყურადღება მომაქციეს, მეც თავს გავიმსუბუქებდი და არშიყობას მოვყვებოდი? არა! თუ ასე ფიქრობ, ძალიან სცდები!.. ჩემს ზნეობას არავისთვის არ შევლახავ; არავის არ გავაქელვინებ მას იმისთვის კი არა, რომ შენ არ გიღალატო, თვით ჩემი თავისთვის, რადგან უზნეო ადამიანი ტალახია, რომელსაც ფეხი უნდა აექციოს, - ამბობდა სიდონია, რომელიც უფრო თავის თავს ელაპარაკებოდა, ვიდრე გენოს. გენო დაემხო მუხლებზე, გამოართვა ხელი, მხურვალედ დაეკონა.

- სიდონი, მაპატიე! გეხვეწები!.. გევედრები!.. გუშინდელ ამბებს ნუღარ გამიხსენებ, ისევ ვიტანჯები. გაფიცებ იმ სიყვარულს, რომელიც ჩვენს შორის მჭიდროდ არის და გვაბედნიერებს, თუ იმ კაბის დაჭრას სწუხარ, ხვალ უკეთესს შეგიკერავ.

სიდონიამ მწარედ გაიღიმა.

- კმარა, გენო! გულუხვად ნუ იხარჯები. ჩემი შეწუხება კაბის დაჭრა არაა. მე ვწუხვარ ჩემს დამცირებას, შეურაცხყოფას და არა ნაჭრების დაკუწვას. ის შენი იყო და, რაც გინდოდა იმას უზამდი...

- შენც ჩემი ხარ, ჩემი!.. ვერავის დაგანებებ! - დაჟინებით ეუბნებოდა გენო და თანაც ქვითინებდა მის წინ დამხობილი.

სიდონია შემკრთალი წამოვარდა ზეზე.

- გენო! ადექი! - შესძახა ქალმა და ხელი შეახო.

სიდონია დაღონებული იყურებოდა, თუმცა ცდილობდა, გაეღიმა. გენომ შეხედა ცოლს და, რა დაინახა მისი სათნო სახე, კვალად ხელები გაუწვდინა.

- მაპატიე, სიდონი!.. არა, შენს სახეს არ ეტყობა პატიება.

- დრო მომე, გონებაზე მოვიდე... ის, რაც გუშინ მოხდა, ადვილი დასავიწყი არ არის.

გენო დაკმაყოფილდა ცოლის პასუხით და წამოდგა ზეზე.

სიდონიას ჩამოშორდა უზრუნველობა, თავს ბედნიერად აღარა სთვლიდა; დარწმუნდა, რომ გენოს მძიმე ხასიათი ჰქონდა და სიდონიასაც სჭირდებოდა მოთმინება და მორჩილება მთელი თავისი სიცოცხლე. თითქო კიდევაც იამებოდა ხოლმე ხანდისხან მარტოდ რომ რჩებოდა. მაგრამ, რომ გაიფიქრებდა გენოს ეჭვიანობა სიყვარულის გამო იყო წარმომდგარი, თითქო ეს საქციელი მის გულში მსუბუქდებოდა.

- გენოს ვუყვარვარ! მაშ მეც, მეტი ღონე არ არი, უნდა მოვერიდო მისთანა შემთხვევებს, რომელნიც აღუძრავენ ეჭვებს.

სიდონიამ გადაწყვიტა, არასდროს აღარ წაჰყოლოდა არსად და სულ შინ ყოფილიყო, მაგრამ გენო ცდილობდა ესიამოვნებინა სიდონიასთვის და ხშირად სთხოვდა, წასულიყო გასასეირნებლად, ეპატიჟებოდა თეატრში, მაგრამ სიდონია აღარ უჯერებდა ა რჩებოდა სახლში.

XI

დრო კი ყურს არ უგდებდა არავის, შეუმჩნევლად მიდიოდა. სიდონია და გენო გარეგნად თითქო კმაყოფილები მოსჩანდნენ. მეტადრე სიდონია თანდათან უფრო მოფიქრებით შეჰყურებდა აწმყოს და მუდამ ჟამს ზრუნავდა ნორჩ არსებისთვის, რომელიც ხშირადა ჰფეთქდა მის გულთან. ნელ-ნელა ჩამოშორდა ყველას. ელენესთანაც კი შესწყვიტა სიარული, რადგან გარემოება ყოველ მხრივ ხელს უშლიდა. ცდილობდა, მარტოდ დარჩენილიყო, ეფიქრნა თავის მომავალზე. გენო მეტად კმაყოფილი იყო, რომ სიდონია აღარსად იწევდა. ხანდახან ცოლ-ქმარნი ერთად გამოვიდოდნენ გასასეირნებლად, ისიც ხანმოკლედ, რადგან გენო ყოველთვის იპოვიდა მიზეზს, მალე დაბრუნებულიყო სახლში.

ერთხელ სიდონიას საყიდლები მოუგროვდა და მკერავ ქალთანაც უნდა შესულიყო. არც ეხლა შორდებოდა გენო და გვერდით მისდევდა. მან ამოიღო საათი, დახედა და შეჩერდა.

- სიდონი, ეხლა სად წახვალ? - ჰკითხა.

- მკერავ ქალთან, კაბა მივეცი გადასაკეთებლად და მინდა ვნახო.

- დაიგვიანებ?

- არ ვიცი, იქნება მომიგვიანდეს. რა იყო?

- არაფერი, კარგი დღეა და რაში გეჩქარება შინ დაბრუნება? მოდი, სიდონი, იქ დამიცადე, სანამ მოვიდოდე. საგლეხო საქმეთა საკრებულოში საჭირო საქმე მაქვს, შევირბენ სანამ შენც შენს საქმეებს მორჩებოდე, მერე შემოგივლი და ერთად წავიდეთ საყიდლებისთვის. კარგი? - ჰკითხა გენომ და შუბლ ქვეშ გამოხედა ცოლს.

- კარგი, - დაუდევრად უპაუხა სიდონიამ და გასწია წინ. გენო კი ჩაჯდა ეტლში და გაგრიალდა. სიდონია ჩაფიქრებული მიდიოდა. ანგარიშობდა, თუ რამდენი დაუჯდებოდა კაბის გადაკეთება.

- კარგია, მაგრამ ეყოფა კი ის ფული, რომელიც თან წამოიღო?

სიდონიამ ჯიბეში ხელი ჩაიყო და შეკრთა: ჯიბე ცარიელი დახვდა.

- ნუ თუ დავკარგე? - გაიფიქრა ქალმა და მისი არსება უსიამოვნებამ მოიცვა. დაიწყო აქეთ-იქით ყურება, თითქო ეძებდა რაღასაც.

- უსათუოდ ბალიშზე დამრჩა საფულე. მახსოვს, ისა და ცხვირსახოცი ერთად ავიღე წამოსაღებად, - ფიქრობდა ქალი.

დუნიას და ნესტორას შეეძლოთ ესარგებლათ ამ შემთხვევით, მეტადრე ნესტორას, თორემ დუნიასგან ნაკლებად მოელოდა ასეთ ქცევას, რადგან ბევრჯერ გამოუცდია და ყოველთვის პატიოსანი და უანგარო დარჩენილა.

- უფულოდ რო მივდივარ, რა გავარიგო? - წარმოსთქვა სიდონიამ და უკლო სიარულს.

- სანამ გენო მოვა ჩემ წასაყვანად, კიდევაც მოვასწრობ შინიდგან ხელმეორედ დაბრუნებას. - სიდონიამ გადასწყვიტა შეესრულებინა განზრახვა და გამოტრიალდა.

ეს აჩქარებით მიდიოდა შინისკენ და მალე მივიდა. ზარი აღარ დარეკა, ეზოდან მოიარა და გასწია პირდაპირ ოთახებისაკენ. შეიარა ოთახები, ყველგან სრული სიჩუმე სუფევდა, არც ნესტორა, არც დუნია, არავინ არა სჩანდა; მარტო სამზარეულოდან მოისმოდა დანების კაკუნი და ხანდახან სარკმელში გამოჩნდებოდა უმტვერო თეთრი ქუდი მზარეულისა, რომელიც მოუსვენრად ფუსფუსებდა ცეცხლის წინ.

- ოთახების კარები ღიაა და სახლში კი არავინ არის! სად წასულან დუნია და ნესტორა? - გაოცებით ფიქრობდა სიდონია და მიდიოდა წინ.

დუნიას უბრძანა ფეხი არ მოეცვალა, სანამ არ დაბრუნდებოდა, მერე კი თვითონვე გაისტუმრებდა თავის დანიშნულთან, მაგრამ ეტყობა აღარ მოუცდია. იმ სულელმა თავი კი არ გაიუბედუროს და წინდაწინვე არა შეიმთხვიოს რა? ალბათ, ჩემ დაუკითხავად ხვდება! რა ბრმაა სიყვარული! ნესტორა რაღა იქნა? ის სადღაა?

ამ ფიქრებით ქალი შეუმჩნევლად მიადგა თავის ოთახის კარს.

ჩუ! უცბად გაიგონა ხმა-დაბალი ლაპარაკი, უნებურად შეჩერდა და ყური მიუგდო. სმენამ არ უღალატა. ხმა იცნო. ჩურჩულებდა გენო, მისი მესაუბრე კი... სიდონია გაფითრდა, საფეთქელზე მიიდო ხელები, თითქო გრძნობდა, გონებას ჰკარგავდა. ქალს ცხადად ესმოდა შემდეგი ლაპარაკი:

- რა ვუყოთ, ჩემო ძვირფასო? - მადლობა ღმერთსა, ათასი საშუალებაა! ჯერ ეცადე, მოსპო და, თუ არ იქნა, ე საბავშვო თავშესაფარი ხომ აქ არის? მე თვითონ გადავიხდი ფულს, მაგრამ ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრები. ნუ სწუხარ, ჩემო ლამაზო! - მოისმა ვნებით აღვსილი ხმა გენოსი და ამ სიტყვებს თან მოჰყვა მხურვალე კოცნა.

- კნეინამ რომ გამიგოს, ხომ დავიღუპე! - წარმოსთქვა განაზებით ქალმა.

- ვერაფერსაც ვერ გაიგებს. ძალიან მოხერხებითაც მოვიგონეთ, რომ დანიშნული გყავს და მასთან მიდიხარ ხოლმე. პირიქით ხელს გიმართავს და თავის ტანისამოსითა გრთავს, რომ, რაც შეიძლება, დაშვენებული იყვე და მოეწონო დანიშნულს. ის კი არა თუ, ეს დანიშნული მე ვარ და ჩემთან შესახვედრად გგზავნის მორთულ-მოკაზმულს სასტუმროში. თუ გაიგებს მაგ შენს მდგომარეობას, მაშინაც არა უშავს რა. ჩვენ შეგვიძლიან საქმროს მოვახვიოთ კისერზე. რამდენი ხანია მე და შენ ასე ვართ და იმას კი აზრში არა მოსდის რა.

სიდონიას არსება ზიზღით აივსო. მზად იყო, შევარდნილიყო ოთახში, მაგრამ რაღაც ძალამ შეაყენა. ან რა უნდა ეთქვათ ამათ ერთმანეთისთვის იმაზე მეტი, რასაც ამბობდნენ თვით წუთები?

სიდონიასთვის სულ უეცრად გაირღვა დედამიწა, შიგ ჩავარდა, დიდებული სახლი, დამბლა მოხუცი, საზიზღარი გენო ჯოჯოხეთის ტარტაროზებად გარდაიქცნენ. ამის წინ უცბად აშენდა თვალუწვდენელი კედელი და სიდონია ვეღარაფერს ხედავდა. დააპირა უკანვე გამობრუნება, მაგრამ მუხლები აღარ ნებდებოდნენ, უცახცახებდნენ. თვითონაც შეეშინდა, აქვე არა მოსვლოდა რა, თავს ძალა დაატანა და ნელ-ნელა გამოვიდა გარეთ. სიდონიას სული უგუბდებოდა, თავში ანთება მოსდიოდა. სად წასულიყო ისეთს ადგილს, რომ ამათ აღარ შეხვედროდა? წუთს სიდონიამ გასწია საბანაო ოთახისკენ, შევიდა, ჩაიკეტა კარი. ღონე-მიხდილი დაეშვა სკამზე, გაფითრებული მიაჩერდა მარმარილოს იატაკს და დარჩა ისე, გატანჯული.

- რა მოხდა? სად იყო სიდონია? ვისთან? ნუ თუ დღემდის თვალაბმული იყო? სიდონიას გაახსენდა ქორწინების შემდეგ პირველი ღამე და თვალწინ დაეხატა პირუტყვი გენო. მაშინ აპატია, ეგონა უყვარდა და მისთვის საზღვარიც დაეკარგა. მოაგონდა თეატრი, ბალი და კვალად წინ დაუდგა პირუტყვი გენო. ვის ევლებოდა თავს დღემდის სიდონია? ვის შესწირა თავისი არსებობა და არარად იქცა? სად არის ის სანატრელი, ძვირფასი არსება, რომლითაც სულდგმულობდა, რომელსაც თავი მსხვერპლად მიუტანა? ნუ თუ ყველა ეს მარტო ოცნება იყო, საპნის ბუშტი, რომელიც ათასფერ ზოლებად გაიფანტა მზის სხივებში და დარჩა საშინელი სინამდვილე?!

კოცნიდა იმ სახეს, ეხებოდა იმ სხეულს, რომელიც სხვისი საზიარო გამხდარიყო.

სიდონიას ტანში გააზრიალა. მარტო ეხლა გაითვალისწინა ყველა ის, რასაც წინათ მნიშვნელობას არ აძლევდა და დღეს კი გენოს ისე ცხოვლად ახასიათებდნენ.

მისი მუდამჟამს გარეთ სირბილი, დუნიას თანდათან მომეტებული კადნიერება, სიდონიასთან გატოლება, რომელსაც დღემდის არ იმჩნევდა და გენოს გათამამება.

- მძიმედ არის!.. მოელის გენოსგან შვილის ყოლას?! ნუ თუ ნება არა აქვს დუნიას, მართლადაც გაუტოლდეს სიდონიას და სახლიდგანაც გამოაგდოს? გენოს ალერსი, რომელსაც აღმერთებდა სიდონია, დღეს იხარჯებოდა მოახლის წინ, წარმოთქმული იმავე გრძნობით და მოწიწებით!.. გარეთ რაღას შვრება გენო?.. თუნდ იმ ღამეს რა ჩაიდინა, როდესაც ისე გატანჯული ელოდა გათენებამდის და შემდეგ კი ხელში შერჩა გალექებული, გონება-დაკარგული? თუნდ თავის განზე დაჭერა რიგიან ხალხთან! სიძულვილი ყოველის სიკეთისა, განათლებისა! ეჭვიანობა! შევიწროება! ტყვედ ჩაკეტვა! მთელის სოფლის სიძულვილი გენოსადმი! მათი განადგურება! ვინ და ან რა არის გენო?.. ოხ, ღმერთო ჩემო! - დაიკვნესა სიდონიამ, დააჭდო ხელი-ხელს, ამართა ზევით თვალები და შესძახა განწირულებით:

- ვის მივმართო?.. რა ღონე გამოვძებნო?..

უნდოდა გაქცეულიყო ამ წუთსვე შორს, თუნდ თავის საყვარელ სოფელში. გაახსენდა დაკარგული სახლი, ანანოს ჭდეული; მოაგონდა მთელი თავისი სოფელი და გულმა კვნესა დაუწყო. სიდონიამ თავისი თავი წარმოიდგინა ისევ იმ სოფელში დაბრუნებული, მაგრამ სოფელმა ვეღარ იცნო, აღარ მიიღო სიდონია. სოფლელნი კიცხავდნენ, რომ მოშორებოდა ქმარს, ოჯახს. დიდედას და პაპას საფლავებიც გაყინულ გალეჩებულნი უთანაზიაროდ შემოჰყურებდნენ. ცოლქმრობის დაგმობა ადვილი არ იყო, ვინ თანაუგრძნობდა სიდონიას?.. ნუ თუ ისევ კატო, რომელიც ისე უეცრად წავიდა, მოშორდა და ნაღვლიანად რავდენჯერმე გაუმეორა:

- ღმერთსა ვთხოვ, ყოველთვის მესმოდეს შენი ბედნიერად ყოფნაო! რას ნიშნავდნენ თუნდ ეს სიტყვები? თითქო კატოც ეჭვში იყო სიდონიას ბედნიერებაზე! მოაგონდა კატოს ტირილი, გენოს აბუშტული ტუჩები და მოუსვენარი ქცევა. მოაგონდა დუნიას ბუზღუნი კატოს მიმართ. ნუ თუ კატომაც იცოდა რამე? არა, აქაც რაღაც საიდუმლო იფარებოდა და სიდონიამ კი არ იცოდა. სიდონია დარჩა ისევ ობლად. რა იქნება ხვალ? ზეგ?

სიდონიას გონება დაუმძიმდა.

- შეჩერდი, სიცოცხლევ! მოისვენე, ტანჯულო სულო!.. - გაუელვა თავში აზრმა, საჩქაროდ წამოვარდა ზეზე, მაგრამ ამ დროს გარედგანაც მოისმა რაღაც ხმაურობა და ისევ ღონემიხდილი დაეშვა სკამზე.

- დუნია, მე მალე მოვალ. რამდენი ხანია ქალბატონი მელის; მკერავ ქალთან უნდა წავიდე, - ამ სიტყვებით გამოიარა ოთახი გენომ და გასწია საჩქაროდ. სიდონიას გულზე მოეშვა. გენო სახლში აღარ იყო. - დუნიაც გავიდა სამზარეულოში და დაიწყო ფუსფუსი. სიდონია ცოტათი გამხნევდა, მაგრამ მისი თვალები მაინც განწირულებით, უიმედოთ იყურებოდნენ.

- არა! უნდა გათავდეს! - შესძახა კვალად. გამოვიდა საბანაო ოთახიდან და წავიდა პირდაპირ სამუშაო ოთახისკენ, სადაც კედლის განჯინაში წამლები ჰქონდათ შენახული. ოთახში იდგა სიდონიას ხელსაქმის ყუთი და სამწერლო მაგიდა, რომლის ზემოდგან გადმოიყურებოდა დიდ ჩარჩოში ჩასმული დიდედა ლეჩაქ-გადაგდებული. მას ხელი ხელზე დაედო და მოსჩერებოდა დაკვირვებით სიდონიას. ამ სურათის დანახვაზე უფრო მოუნდა მოშორებოდა წუთისოფელს და გაქცეულიყო ძვირფას არსებასთან.

- დიდედა! - შესძახა და გაუწვდინა ხელები. დაემხო ძირს. კარგა ხანს ტიროდა.

- შენთან მოვდივარ, შენთან! აი ეხლავ!

სიდონიას მოეჩვენა, თითქო დიდედამ ხელებიც გამოუწოდა. უცებ წამოვარდა ზეზე და გააღო განჯინა. წუთს ხელში მოხვდა შუშით წამალი, რომელიც მსწრაფლ გამოიღო. სიდონიას ხელები უცახცახებდნენ. ჩაეშვა სავარძელში მაგიდის წინ და მთრთოლვარე თითები მოუჭირა შუშას. ამ დროს ქალს მწვავად წაჰკრა გულთან რაღამაც. ხელები უფრო აუცახცახდნენ. გულის კოვზთან გაინძრა მფეთქავი ცოცხალი არსება და მთელ სხეულს რაღაც მწვავი ტკივილი აგრძნობინა.

სიდონია შეკრთა, წინანდელზე მეტად გაფითრდა; ამას გაახსენდა, რომ საშინელი შემცოდე ხდებოდა უმანკო არსების წინ, რომელსაც ძალით სიცოცხლეს უსპობდა, მაშინ როდესაც ეს პაწია აპირებდა ახალ სიცოცხლეს და სიდონია კი უქადოდა გაქრობასა. არსება კვალად შეინძრა, სიდონიას შუშა ხელიდან გაუვარდა და გონება-მიხდილი მიესვენა სავარძელში.

რავდენსამე წამს თვალებ-მილულული იყო, მაგრამ მალე ისევ იწყო გონებაზე მოსვლა. გაახილა თვალები, მიიხედ-მოიხედა და შეკრთა, როდესაც დარწმუნდა, რომ ხედავდა სინათლეს და სიცოცხლეს განაგრძობდა.

ნუ თუ არ შეწყდა ყოველივე? ნუ თუ ისევ უნდა ეწამოს? სიდონია მიაჩერდა წამლის დამტვრეულ შუშას, რომლის ნამსხვრევები ეყარა იატაკზე.

- ღმერთო ჩემო! - დაიკვნესა და ხელები მიიფარა თვალებზე...

ამ დროს მფეთქავი არსება კი თავის თავს აგონებდა და განაგრძობდა ქიმუნჯების ცემას, თითქო უნდა გამოაფხიზლოს და თავისკენ მიიქციოს მისი ყურადღებაო.

- ვინ სთქვა, რომ სიდონია ცოცხალია? სიდონიამ შესწყვიტა არსებობა, სიდონია აღარ არის. ამ ჟამად გაფითრებულ და გონება-დაკარგულ არსებაში მოსჩანს მარტო მომავალი დედა, რომელიც მოვალეა სიცოცხლე მიანიჭოს თავის უდანაშაულო შვილს. დანარჩენი ყოველივე გაჰქრა და დაიმარხა. გენო აღარ არსებობს და არცა ღირს მისი არსებობა სიდონიასთვის. სიდონია ამ ოჯახში დარჩება მარტო შვილის აღმზრდელად. ეს მოვალეა ასე მოიქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შემცოდე გახდება!

ქალმა თითქო შვება იგრძნო ამ გახსენებით. მოიკრიფა ღონე და წამოიწია. სცადა ზეზე წამომდგარიყო, მაგრამ სისუსტემ სძლია და ისევ დაეშვა სავარძელში.

- თავი მოიკლას, მოსპოს ყოველი იმედი მომავლისა ამ ოჯახში და დასტოვოს გენო ფრთა-გაშლილი თავისის გარყვნილობით? მერე რას ინაღვლებს? რა გამოვა? განა სულერთი არ არის გენოსთვის სიდონია, დუნია, თუნდ დუქნიდან გამოსული ღვინით გალექებული დედაკაცი? ქალს უსაზღვრო ზიზღი გამოეხატა სახეზე და თანაც დამცინავი ღიმილი აღუჩნდა, როდესაც გაახსენდა, თუ რა მოტყუებული იყო დღემდის და აღტაცებული თავს ევლებოდა გენოს.

- არა! შორს, სისუსტევ! ბრძოლა! ბრძოლა სამართლისა და ზნეობისთვის, მისწრაფება თავისუფლებისკენ! სიცოცხლე წმინდა მოვალეობისთვის და არა უდროოდ უძრავად დება საფლავში ჭიაღუის შესაჭმელად! არა, სიდონია იცოცხლებს დღეიდგან და მთელ თავის ძალ-ღონეს, აზრებს, გრძნობას, სურვილს შეალევს პაწია არსების აღზრდას. სიდონია დღეიდანვე ცალკე მოაწყობს თავისთვის ოთახს, სადაც ხელს მიჰყოფს მეცადინეობას, რომ თვითონაც მოემზადოს ახალ დანიშნულებისათვის! სიდონიას გული ძალზე უძგერდა ძალდატანებისგან. სივრცეს გაფითრებული მისჩერებოდა, ტუჩები მაგრა მოეკუმა.

რა სახით შეხვედროდა გენოს? ეთქვა რამ მისთვის, თუ გაჩუმებულიყო? კარგა ხნის წვალების შემდეგ გადასწყვიტა, არა გაემხილა რა, რადგან მასთან მომეტებული ლაპარაკი და ისიც ამ საგანზე მეტისმეტი დამცირება იქნებოდა სიდონიასთვის!

სიდონია წამოდგა. გააღო სარკმელი. წამლის შუშაც გადისროლა შორს, თვითონ კი ლასლასით გამოვიდა სასტუმრო ოთახში, დივანზე წამოწვა, გულხელი დაიკრიფა და კვალად მიეცა ფიქრებს. საშინელი ბრძოლა ემჩნეოდა დასუსტებულ სხეულთან. ცხადად ეტყობოდა, რომ თავს ძალას ატანდა ღონის მოსაკრეფად, მაგრამ გული ისევ ეურჩებოდა და თვალები ცრემლებით უსველდებოდა. იცოდა რომ საცაა უნდა გაჩენილიყო გენო და, როდესაც წარმოიდგენდა მასთან შეხვედრას, გამოუთქმელად იტანჯებოდა.

- სიდონი! რა ფერზე ხარ? რა დაგმართვია? - შესძახა ამ დროს გენომ, რომელიც შემოვარდა ოთახში, შეშფოთებული და შეშინებულის თვალებით მიაჩერდა ცოლს. სიდონია შეინძრა ამ ხმის გაგონებაზე და თავი მოიბრუნა გენოსკენ. დაკვირვებით და ნაღვლიანად მიაჩერდა გენოს, თითქო უნდა გაიგოს, ვინ არის ეს უცნაური არსებაო? გენომ ვერ გაუძლო სიდონიას ასეთს უჩვეულო ყურებას და თვალები ძირს დაუშვა.

- ავათა ხარ? - კვალად დაეკითხა გენო, რომელსაც ცოტა არა გულში ხინჯადა ჰქონდა, როდესაც სიდონია არ დახვდა დანიშნულ ადგილზე. მკერავმა ქალმაც უთხრა, კნეინა დღეს თვალითაც არ მინახავსო და აქ სახლშიაც ასეთს ცვლილებას ხედავდა. ცხადი იყო, რაღაც უჩვეულო მომხდარიყო და გენოს ვერ მოესვენა.

- ნუ თუ იცის რამე? - ფიქრობდა გულში და ეჩქარებოდა ყველაფერი მალე შეეტყო.

- სიდონი, რატომ არას იტყვი? - შესძახა გენომ მოუთმენლად. მის ხმაში თითქო ბრძანებაც გამოიხატა.

ქალი გააოცა ამ კილომ და კვალად გადმოხედა ქმარს. სახეზე ეხატებოდა გაოცება და დაცინვა.

- ვერა ვარ კარგა... მკერავთან რომ მივდიოდი, გზაზე საშინელი სისუსტე ვიგრძენი და უკან გამოვბრუნდი, - ოდნავ დაიჩურჩულა ქალმა.

- კაცი რატომ არ გამომიგზავნე? ხომ იცოდი, გიცდიდი? - საჩქაროდ მიატანა გენომ და კვალად ხარბად მიაჩერდა.

- ჩემი თავის მეტი ყველა დამავიწყდა. ვჩქარობდი, გონს დროზე მოვსულიყავი და პირდაპირ სამუშაო ოთახში შევედი, - დაუმატა ქალმა და სახე იქით გაიბრუნა.

- გტკივა რამე?..

- არა, გენო! ძალიან დავიღალე. ჩემი მდგომარეობა თხოულობს დასვენებას. აღარ შემიძლიან მამიშენის ყურის გდება. გთხოვ სხვა ვინმე მიუჩინო და მე კი გამანთავისუფლო. მე მინდა ჩემი სამუშაო ოთახი მოვაწყო საწოლად. რადგან სრული დასვენებაა ჩემთვის საჭირო. ასე უნდა მოვახერხო მომავალი ბავშვის გულისთვის. გარდა ამისა ოჯახი თხოულობს გულმოდგინე ყურის მგდებელს, მე კი ჩემი მდგომარეობა ნებას არ მაძლევს და გირჩევ ვინმე გამოცდილი ქალი მოიწვიო, რომ ყოველისფერს თვალი ადევნოს. შენც ხშირად საქმეების გამო სახლში არა ხარ და მეც აღარა შემიძლიან რა. ყველა ეს შემაწუხებელია როგორც შენთვის, ისე ჩემთვისაც. როდესაც სხვა იქნება ვინმე, მაშინ ორივენი დავისვენებთ და ჩვენს მოვალეობას უფრო კარგად შევასრულებთ, - წარმოსთქვა მტკიცედ სიდონიამ და კვალად გადმოიხედა გენოსკენ.

გენო არ მოელოდა სიდონიასგან ასეთ პასუხს და თავისი ბრძანებითი კილო შესცვალა ისევ ალერსად. ეჭვი არ უნდოდა, სიდონია უკმაყოფილო იყო რაღაზედაც და ჩაკითხვისაც ეშინოდა, რომ ამათი დამოკიდებულობა უფრო მეტად არ გამწვავებულიყო. არჩია, ისევ თავი მიენებებინა და დაეტოვებინა ის თავისის საიდუმლოებით; მიეცა სრული თავისუფლება ამ მართლადაც დაქანცულ, სახეშეშლილ, დაავადმყოფებულ ქალისთვის, რომელიც სახარბიელოს აღარას წარმოადგენდა გენოსთვის.

- როგორც გინდოდეს! - მორჩილებით უპასუხა გენომ; კიდევ უნდოდა რიღასიც თქმა, მაგრამ შემოსულმა ნესტორამ გააწყვეტინა.

- ბატონო, ილარიონი გიახლათ, - სთქვა ბიჭმა. გენოს ძალიან იამა, რომ თავს ახწევდა ამ მძიმე წუთებს და საჩქაროდ გავიდა კარში. სიდონია კი განაგრძობდა დივანზე წოლას; თვალს არ აშორებდა გაბრუნებულ გენოს, რომელსაც უყურებდა თან ზიზღითა და თან სიბრალულით.

XII

სიდონიას სამუშაო ოთახს სრულიად სხვა ელფერი დასდებოდა. ხშირად მოხდებოდა ხოლმე, რომ მთელი დღეები კარგამოკეტილი იყო, მაგრამ დღეს კი გარდაქცეულიყო მიმზიდველ მყუდრო კუთხედ. სარკმლებზე ჩამოფარებული მუქი ფარდები არ უშვებდნენ მომეტებულ სინათლეს, რათა არ შეეწუხებინათ ლოგინობისგან დასუსტებული თვალები სიდონიასი. ეს გაფითრებულ-გამხდარი, სახე-მოღალული იჯა სავარძელში, მუხლებზე საბანი მოეხვია და მალ-მალ მზრუნველობით იხედებოდა გვერდით მდგარ პატარა საწოლისკენ, რომელშიაც იწვა ქორფა არსება და დამშვიდებით სუნთქავდა. ყოველი მისი განძრევა, ხმის ამოღება აშფოთებდა სიდონიას და ცდილობდა მთელი თავისი ყურადღება-მხედველობა შვილისთვის შეელია.

დღეს მეათე დღე იყო, რაც სიდონია გადარჩენილიყო სიკვდილისგან და ტკბებოდა პაწია ბიჭით, რომელიც შეადგენდა მის ერთადერთ მაცოცხლებელ იმედს. გენო არსადა სჩანდა. სიდონია კმაყოფილი იყო, რომ თავს თავისუფლად გრძნობდა, აღარ ახსოვდა გენო, რომელიც სარგებლობდა შემთხვევით და თითქმის სულ გარეთ ათენ-აღამებდა.

სიდონიას და გენოს შორის შეწყდა ყოველი კავშირი, რომლის შეერთებას სრულიადაც არა ფიქრობდა გენო და არც ეცალა მისთვის. ამან შეუსრულა სიდონიას სურვილი, დაიქირავა გამოცდილი ქალი, ჩააბარა ოჯახის მართვა-გამგეობა. დუნიაც თავიდგან მოიშორა, რადგან ახლად მოსული ქალი აკმაყოფილებდა მის ყოველნაირ მოთხოვნილებას და არც ოჯახი საჭიროებდა მეტ მეთვალყურეს.

სიდონია, ვიდრე ლოგინად ჩაწვებოდა, მალ-მალ დადიოდა ელენესთან, რომელმაც უკვე იცოდა ამისი უბედურება და მასთან ლაპარაკით რაღაც შვებას გრძნობდა.

- დიდი ხანია ვიცოდი, ჩემო სიდონი, რომ გენო კარგი არ იყო. არც მიამა, როდესაც გამაგებინეს, შენ იმას მისთხოვდი, მაგრამ რას ვიზამდი? ვიფიქრე, იქნება ცოლ-შვილში სხვა ხასიათები დაიჭიროს-მეთქი, მაგრამ, როდესაც დაგინახე მისგან შევიწროებული, დავრწმუნდი, რომ კუზიანს მარტო სამარე გაასწორებს. შენ რას დაეძებ? როგორიც უნდა, ისეთი იყვეს! გულში დარდს ნუ ჩაუშვებ! იცხოვრე, როგორც გინდა! შეძლება გაქვს, შვილი გეყოლება და ისე მიიღე, ვითომც სულ არ გყოლია ქმარი. ხასიათის სიმტკიცეა შენთვის საჭირო, სხვა არაფერი! - ეუბნებოდა ელენე, როდესაც სიდონია დაიწყებდა ბედზე ჩივილს.

სიდონია თითქო უჯერებდა მეგობარს და ახალის ძალ-ღონით შეჭურვილი ბრუნდებოდა სახლში გარემოებასთან საბრძოლველად. დღითი-დღე თავს სტუმარსავითა გრძნობდა ქმრის ოჯახში, არაფერში აღარ ერეოდა. მოხუცებულსაც მარტო ხანდისხან ინახულებდა, რადგან მისი დადამბლავებული შეხედულობა და ჟინიანობა გულს უწვრილებდა. სიდონია ჩაწვა ლოგინად. გენო არ დასწრებია მშობიარობაზე, წინა დღით ილარიონთან ერთად წასულიყო სადღაც. ელენემ არ შეამჩნევინა მეგობარს მარტოობა, უპატრონობა და გულმოდგინეობით უვლიდა. დღე ისე არ გავიდოდა, ორჯერ მაინც არ მოსულიყო ავადმყოფის დასათვალიერებლად. სიდონია მადლობით უყურებდა ამ კეთილ არსებას და თავს მაინც ბედნიერადა გრძნობდა შვილის შეძენით. გენოც დაბრუნდა. დახვდა პაწაწა არსება, რომელსაც მიუალერსა მამამ, მაგრამ სრულიად არ ეტყობოდა დედისებური აღტაცება და თავდავიწყება. დიდი ხანია რაც მას მოელოდა და თითქო წინდაწინ კიდევაც შესჩვეოდა.

გენო ცდილობდა სიდონიას არა დაჰკლებოდა რა ავადმყოფობის დროს და, როგორც კი შეატყო მომჯობინება, აღარ დაახანა, გასწია სოფლისაკენ, სადაც გლეხების აყრა აღსრულებაში უნდა მოეყვანა. სიდონიას გული აღარ უძგერდა შიშით და მზრუნველობით: ამისთვის სულ ერთი იყო, სადაც უნდა წასულიყო გენო; დიდი ხანია იმ აზრს შერიგებოდა, მაგრამ როდესაც გაიხსენებდა გლეხების შევიწროებას, მოაგონდებოდა საყვარელი სამშობლო სოფელი, გული დაუწყებდა თანაგრძნობით ტკივილს.

- ვერ წარმოიდგენ, ელენე, რარიგად შემძაგდა ეს სახლი! ასე მგონია, ციხეში ვარ-მეთქი დაპატიმრებული. რა სიამოვნებით გავიდოდი აქედან ჩემის ბავშვით, რომ მოხერხდებოდეს!.. - წარმოსთქვა ერთხელ სუსტი ხმით სიდონიამ და შეხედა მეგობარს.

- სად წახვალ, ჩემო კარგო? ან კი სახლი რა შუაშია, როდესაც საზოგადოდ თვითონ ხალხი არ ვარგა! არა, არა, სიდონი, აქვე უნდა დარჩე და აღზარდო შენი ბიჭუნა.

- მეც მაგისთვის ვცოცხალვარ, მაგრამ ჯანზე სუსტადა ვარ, ელენე! ვაი თუ ვერ შევძლო. ყველანი თავს მაბეზრებენ, ვისაც კი აქა ვხედავ. თუნდ ეს გუშინდელი შემოსული ქალი, რომელიც მეტის მეტად თამამდება და გული ვერ ითმენს ამდენს უსიამოვნბას.

- თავს ხელი შეუწყე და სისუსტე გაგივლის. როგორც კი მოღონიერდე, გირჩევ გაჰყარო აქედგან მავნე პირები.

სიდონიამ მწარედ გაიღიმა.

- ჰმ! მერე ვინ არის მაზე მომეტებული მავნე, როგორც თვითონ ამ სახლის საძირკველი? - წარმოსთქვა ნაღვლიანად.

- სცდები, სიდონი, საძირკველი ამ სახლისა აი ეს არის, - უპასუხა ელენემ და მიუთითა ბავშვისკენ.

- გენო აწმყოა, წარსულ, წამხდარ სისხლისგან შექმნილი მუწუკი. ეს ბავშვი კი მომავალია და შენ უნდა აღზარდო უმანკო და ჭეშმარიტი ადამიანი.

სიდონიას კმაყოფილება მოეფინა სახეზე, გამობრუნდა და დაეწოდა ბავშვს, რომ ხელში აეყვანა. ელენემ მოუყვანა ქორფა და მუხლებზე დაუწვინა. ბავშვი ძალიანა ჰგავდა დედას და სიდონია მეტისმეტი ბედნიერი იყო. სიფრთხილით ნაზად ეხებოდა ხელით მის ლოყებს, როდესაც პაწია ტუჩებს ჩაეთრიათ პირში მშობლის ტკბილი ძუძუ და ნებივრად სწოვდა, დრო და დრო ისვენებდა და თანაც კმაყოფილი ხრუტუნებდა.

შვილის შემყურე სიდონიას ხშირად ავიწყდებოდა წარსული. სულდგმულობდა აწმყოთი და ნაზად უღიმოდა მომავალს.

თანდათან მართლადაც მოღონიერდა სიდონია. დაიწყო ოთახებში სიარული; ელენეს ხშირ-ხშირად მოჰქონდა სხვადასხვა წიგნები ბავშვის აღზრდის შესახებ და, სანამ სუსტად იყო თითონ უკითხავდა, მაგრამ შემდეგში სიდონიამ თვითონვე მიჰყო ხელი კითხვას. აღარ ეშვებოდა სასარგებლო ცოდნის შეძენას.

ამასობაში დღე დღეს მისდევდა, ქალი ღონეს იკრეფდა და მისი სახე ფერხორცით ივსებოდა; ელოდა მოხერხებულ დროს თავისი მშობლიური მოვალეობა კიდევ უფრო გაეფართოვებინა ოჯახში.

ერთხელ იჯდა თავის ოთახში. ტკბილად ნანას უმღერდა პატარას, რომ ფრთხილად გაიღო კარი და გამოჩნდა ნესტორა, რომელსაც სახე დაღონებული ჰქონდა, თითქო სიტყვის თქმასაც ვეღარ ბედავდა.

- რა გინდა, ნესტორ? - ჰკითხა სიდონიამ, როდესაც შეატყო ბიჭს გაუბედაობა.

- ქალბატონო, ილარიონი გახლავთ და... - აქ ენა დაება ნესტორას, ვეღარ მოახერხა გაგრძელება.

- რა ვუყოთ მერე? - დაუდევრად წარმოსთქვა სიდონიამ.

- თქვენი ნახვა უნდა, საჭირო საქმე აქვს...

- ჩემთან რა საქმე უნდა ჰქონდეს? ბატონიც მობრძანდა? - დაუმატა გულგრალად ქალმა.

- არა.

- კარგი, ბავშვს დავაძინებ და გამოვალ.

ბიჭი გაბრუნდა საჩქაროდ. სიდონიას კი არ ეჩქარებოდა; კიდევ დიდხანს ევლებოდა თავს პატარას და, როდესაც დარწმუნდა, ღრმა ძილში შესულიყო, მოუყენა მომვლელი დედაკაცი, თვითონ გამოვიდა სასტუმრო ოთახში, სადაც სავარძელში ჩამჯდარი ილარიონი თავით დანდობოდა ხელებს და რაღაცას დასჩერებოდა ძირს.

- ილარიონ, შენა? - წარმოსთქვა ძალდატანებულის ღიმილით სიდონიამ, როდესაც სტუმარი ზეზე წამოდგა.

- რა ამბავი? - დაუმატა ქალმა და ჩაჯდა სავარძელში.

სიდონიას არც ილარიონი უჯდა თვალში, როგორც თანამოაზრე გენოსი, მაგრამ ნებაუნებლიედ, როგორც გარეშე პირისთვის, მოვალე იყო ჯეროვანი პატივი ეცა.

- საიდან მოდიხარ? - ჰკითხა ქალმა, როდესაც ნახა ილარიონს ხმის ამოღება ეძნელებოდა და ხელის თითებს მალ-მალ იმტვრევდა, თვალებს ისე ატრიალებდა, თითქო ეძებს ვისმესო.

- სოფლიდან გიახლებით, - როგორც იყო წაილუღლუღა ილარიონმა და კვალად დააჩერდა იატაკს.

- რა ჰქენით გლეხების შესახებ?

- ავყარეთ, მაგრამ რომ არ აგვეყარა კი სჯობდა, მეტად ძვირად დაგვისვეს. -სიდონიას გულმა მძლავრად გაიძგერა. ეს სიტყვები მას უსიამოვნოდ მოხვდნენ.

- რად გეგონათ ადვილი? რა ჰქნეს იმ უბედურებმა? ფულით მაინც აინაზღაურეს ამაგი?..

ილარიონმა შუბლქვეშ გამოხედა ქალს უკმაყოფილოდ, რადგან იცოდა, რომ ეს გლეხებს ესარჩლებოდა.

- ნუ იბრალებთ იმ... ოხ, ისინი... დასანანები არ არიან... უნდა ყველა სათითაოდ ჩამოახრჩოს კაცმა! მგონი, აგრეც იქნება.

- როგორ? რა მოხდა? - შესძახა ეხლა კი შეშინებულმა ქალმა. სიწითლემ აჰკრა ლოყებში და თვალი თვალში გაუყარა ილარიონს.

- იმაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა? - წაიბუზღუნა ილარიონმა, ამოიოხრა და გვერდზე გაიხედა, თითქო მალავს თვალების მეტყველებასო.

- რა?.. რა იყო?

- გენო დასჭრეს!..

- გენო დასჭრეს?! - შესძახა სიდონიამ და გაფითრებულმა თმებში ხელები წაივლო.

- გამხნევდით, კნეინა! თქვენ მარტო არა ხართ. თქვენ ხელზე ქორფა ბავშვია, რომელსაც, შეიძლება, ავნოს თქვენმა მწუხარებამ... იქ კი... იქ, იმას ვეღარაფერს... - ჯერ სიტყვა არ დაეთავებინა ილარიონს, რომ გაისმა საშინელი კივილი სიდონიასი და შემდეგ ქვითინი. ქვითინი გაისმა აგრეთვე მეორე ოთახშიაც, სადაც მოხუცი, ელდანაცემი საშინელ უბედურებისგან, სტიროდა უდროოდ დაკარგულ შვილს.

ილარიონს არ დაემალა მისთვის, რაც მომხდარიყო; მოხუციც ბალიშზე მისვენებული ცრემლებს აფრქვევდა და რა შეესმა რძლის ტირილი, მის მწუხარებას ფართო გზა მიეცა და დასუსტებულმა გულმა ქვითინით პასუხი გასცა. შემზარავი წუთები დადგნენ.

გენო დასჭრეს?! მოჰკლეს?! გლეხებმა მოუკლეს სიდონიას ქმარი, მისი შვილის მამა?.. მოჰკლეს ის გენო, რომელსაც ოდესმე თავს ევლებოდა სიდონია და მერე კი შეიძაგა?.. გენომ ობლად დასტოვა პატარა, სიდონია ძაძებით შემოსა და ჩამოეცალა სამუდამოდ?..

- ოოხ! - დაიკვნესა სიდონიამ მწარედ და გაწამდა.

- თავს სიმხნევე მიეცით, კნეინა! იმას იქ პატრონობა უნდა... უნდა წამობრძანდეთ და, თუ აგრე იწუხებთ, ვერც კი შესძლებთ მგზავრობას. ოოხ, იმათი... ეს რა მოგვივიდა!.. რა რიგად მოგვასწრეს!.. როდესაც ღამე მოვდიოდით აქეთ, ტყიდან გამოვარდნილმა ტყვიამ სამუდამოდ მოგვაშორა... - ამ სიტყვებს აყრუებდა ქალის ქვითინი.

- გვიშველეთ, ბატონი შეწუხდა! - შემოიძახა ამ დროს შეშინებულმა ნესტორამ.

ილარიონი წამოვარდა და გასწია მოხუცის ოთახისკენ, სადაც მართლაც გულშეღონებული მოხუცი უძრავად იყო.

- ექიმი! ექიმი! - დაიძახა ილარიონმა და ნესტორიც გავარდა კარზე.

სიდონია კი იჯდა ერთ ადგილს მილურსმულსავით და ტიროდა. სიდონიას თუმცა გენო აღარ უყვარდა, მაგრამ სასიკვდილოდ მაინც ვერ გაემეტა.

- ქალბატონო, ბავშვს ძუძუ მიეცით, ვეღარ დავაჩუმე! - მოისმა ამ დროს დედაკაცის ხმა, მას მოჰყავდა ჩაბჟირებული პატარა.

სიდონიამ, თითქო პირველში ვერ გაიგონაო, ხმა არ გასცა დედაკაცს. მან მაინც მოიყვანა და ჩაუგორა კალთაში. სიდონიამ იგრძნო თუ არა ბავშვის შეხება, წუთს შეჩერდა, ცრემლების ფრქვევით დააჩერდა ქორფას, რომელიც თითქო მფარველობას სთხოვდა დედას. ქალს რაღაც შიში გამოეხატა სახეზე. საჩქაროდ მოხვია ბავშვს მკლავები და მაგრა მიიკრა გულზე. ბავშვი გაინაბა და მიყუჩდა.

ტირილისგან დაქანცულმა სიდონიამ ზურგი მიჰყუდა სავარძელს, მაგრამ დიდხანს ვერ შესძლო ისე ყოფნა და სანუგეშებლად თავი დასდო ბავშვის გულზე.

ილარიონი მალე გამოვიდა ოთახიდგან. სიდონიამ სასოწარკვეთილებით შეხედა მას და უსიტყვოდ დაეკითხა მოხუცის მდგომარეობაზე.

- უბედურობას უბედურობა მოსდევს!.. საბრალო უკანასკნელ წუთებშია! - წარმოსთქვა ამან, ხელები უიმედოდ ჩაიქნია.

სიდონიამ ისევ დაიკვნესა და სანუგეშოდ კვალად თავი დაუშვა ქორფას თბილ სხეულზე...