The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მთას

მთა

ნეტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი,

ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი,

და დგეხარ შენთვის, დიდებული, თავისუფალი,

არავის მონა, არც არავის ბატონ-უფალი!

დგეხარ დღიდანვე გაჩენისა და კვლავც იდგები;

ვერას გაკლებენ ათასობით მიმქროლი წლები:

მოდგმა მოდგმას სცვლის შენს გარშემო და ერი ერსა;

შენ კი, რაც იყავ, იგივე ხარ, არ იცვლი ფერსა!

დილას მზის სხივნი ყველაზე წინ შენ გეხვევიან,

ათას ფრად მბრჭყვინავ ძვირფას თვლებად ზედ გებნევიან

და საღამოსაც, რა გვირგვინად დაგედგმებიან,

კვლავ ყველაზედვე უფრო გვიან გეთხოვებიან!

შენთვის ერთია, ავდარია, თუ არის დარი,

მყუდროებაა, თუ ზუზუნებს და კვნესისს ქარი;

დღეა მშფოთავი, თუ ღამეა, მშვიდი და წყნარი;

მზე დაგქათქათებს, თუ დაგნათის მთვარე, ნარნარი!

როცა დარია, შორს, შორს სჩანხარ, გაბრწყინვებული,

ზღაპრულ, გამჭვირვალ, ლურჯ პირბადე აფარებული;

როცა ავდარი, - შავის ნისლით ხარ შებურვილი,

თითქო ცოდნისაც, გარს რა ხდება, არ გაქვს სურვილი!

დე, წვიმდეს, თოვდეს!.. დე, ელავდეს, ქუხდეს, გრგვინავდეს,

მთელი ქვეყანა შიშისაგან ძრწოდეს, გმინავდეს

და ცა წალეკვას იმუქროდეს, განრისხებული,

შენ ყურს არ უგდებ, - დგეხარ ისე დამშვიდებული!..

ნეტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი,

ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი,

ნეტა შენ, მთაო, დიდებულო, თავისუფალო,

არავის მონავ, არც არავის ბატონ-უფალო!

1907 წ.