The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
თვით ჩემი მუზაც

***

თვით ჩემი მუზაც ვეღარ იცლის,
რომ სთქვას სხვა რამე,
არა გშორდება, არ გცილდება
არც დღე, არც ღამე.

წავა საითმე და თან მიაქვს იგივე ფიქრი,
ღელავს - შენც მასთან ასდევ ტალღებს, შენც მასთან მიჰქრი!

თუ გაიტაცა ის ერთ წუთით
მთის ლეგა ნისლმა,
ან მწუხრის სიმი იმის გულში
სევდათ გაისმა;
ან მხიარულობს,
წინწკლებს ისვრის ჭიქა ქარვისა,
მის წინ ირხევა ტკბილ დუდუკზე
ტანი ალვისა;

ოხ, არ გეგონოს ჩანგი ამ წუთს უმღერდეს იმათ,
არა, ისა თრთის, ის შენთვის თრთის მაინც იმ ჟამად;

მაგრამ მტარვალად გადვიქცევი,
ბორკილს დავგრეხავ,
არ დავინანებ, არ დავინდობ
ჩანგს გადავტეხავ;

და ავუკრძალავ თავხედ მუზას შენს გზას, შენს სახელს.
თუ წამოსცდება მყის ტუჩებზე დავაფარებ ხელს!
აბა რას აქნევ ცხოვრებისგან მითელ-მოთელილს:

სულს
გრძნობას
ლტოლვას,
აღტყინებას,
ფიქრსა და
წადილს?!

მითხარ, ვის უნდა, ვის რათ უნდა დაჭრილი გული,
ვინ მოუკრიფოს მკერდის ბუჩქზე მას თაიგული!

მე ფერფლიღა ვარ ცეცხლზე დამწვარ სალამურისა:
მე გმინვაღა ვარ - მშველის გმინვა განგმირულისა:
მე ვარ ორბის ფრთა მოტეხილი, მოდუნებული,
მე ვარ ვარდის ძირს მიგდებული მკვდარი ბულბული:

მიტომ ვუკრძალავ თავხედ მუზას
შენს გახსენებას,
ამიტომ ჩანგსაც, რომ გიმღეროს -
არ ვაძლევ ნებას!

და მხოლოდ ერთხელ... ეს იქნება უკანასკნელი
სულს ამოჰყვება სიკვდილის წუთს შენი სახელი!

1915 წ.