The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
დემეტრეს სახლობა

დემეტრეს სახლობა

I

გულზე თეფში

ისეთი უჟმური დილა იყო, რომ გარეთ ძაღლი არ გაიგდებოდა, ხან წვიმდა, ხან თოვლს ურევდა, ხან უცნაურად დაჰბერავდა ზენა ქარი და ცაზე ღრუბლებს სულ გადმოატრიალებდა და აურ-დაურევდა ხოლმე. ტალახითა და ლაფით აივსო ოღრო-ჩოღრო ქუჩები ქალაქისა. დახურულ ბაზარში ისეთი ლიჭყი იდგა, რომ ადამიანი ფეხს ვერ იკიდებდა. დილის ათი საათი იქნებოდა, რომ ორმა მარჯვე ბიჭმა ბაზარ-ბაზარ ჩამოიარეს, ხელში სპილენძის თეფშები ეჭირათ და ფულს აგროვებდნენ; ერთი თეფში თითქმის თავშედგმული იყო შავი ფულითა. აქა-იქ გამოსჩანდა თეთრი ფულიცა. ყველა მედუქნე სიამოვნებით აძლევდა თითო-ოროლა გროშსა; წყნარად, მოკრძალებით და მოფარებით სდებდნენ გროშებს, თითქოს ამგვარი საქციელით ქრისტეს მცნების აღსრულება უნდათო: “ისე გაეცი მოწყალება, რომ მარცხენამან შენმა არა იცოდეს, რას შვრება მარჯვენაო”. დასდებდნენ რა მოწყალებას, ყველა ზედ დაურთავდა ხოლმე:

- ღმერთმა აცხონოს! კარგი სათნო და უწყინარი კაცი იყოო...

თეფშოსნებიც ძალიან ირჯებოდნენ, გამვლელსა და გამომვლელს არ ასვენებდნენ.

- თითო-ოროლა გროშს ნუ დაგვიჭერთ, ღმერთი სამაგიეროს გადაგიხდით. საწყალი კაცი გარდაიცვალა და იმისთვის ვაგროვებთ; სამადლობელი საქმეა, ღვთის მადლმა! - ეუბნებოდნენ ყველას მგროველები.

- ვისთვის აგროვებთ, ბიჭო? ვინ მოკვდა? ტუსაღისათვის ხომ არა? - იკითხა ერთმა თავადიშვილმა, რომელსაც ბიჭებმა თეფში წაუშვირეს მოწყალებისათვის.

- საწყალმა ხარაზ დემეტრემ თქვენი ჭირი წაიღო, აი რო ფინაჩობდა, იმანა! ყოვლად უმოწყალო გახლდათ, წვრილშვილი დარჩა და ცოლი.

- ჰო, ღმერთმა აცხონოს! ალალი და უწყინარი კაცი იყო; მაგისთანა კაცს ღმერთი არ დაჰკარგამს, - წარმოსთქვა თავადიშვილმა და თეფშზე მანეთიანი დასდო.

- აი ღმერთმა დაჰკარგოს და ამოაგდოს ყაზარას ოჯახი, როგორც იმან საცოდავი კაცი მოიდნო, - უთხრეს თეფშოსნებმა და ქვევით ჩაიარეს.

ამ ფულს აგროვებდნენ დემეტრე ხარაზის დასამარხავად.

დემეტრე ძალიან ნავალი კაცი იყო. ჯერ ისევ რვა-ცხრა წლისა არ იქნებოდა, რომ ძმებმა ქალაქ გორში ხარაზს მიაბარეს შეგირდად; სახლშიაც ემსახურებოდა და დუქანშიც. ამ დღე კბილით ჯღანს ეწეოდა და ფინაჩობდა; ორი წელიწადი იყო გორში აღასთან: პატარა დემეტრეს სულ ცეცხლის ალში ატარებდნენ; მუდამ დაგლეჯილ-დაფლეთილი დადიოდა; საცოდავს ვირივით ამუშავებდნენ და ვირივითვე სცემდნენ, მაგრამ თავმოყვარეობის ნიშნად ვირიც ტლინკებს გაისვრის ხოლმე: ერთხელ აღამ ჩვეულებრივზე გარდამეტებით გაამათრახა ჩვენი დემეტრე; იმანაც დაჰკრა ფეხი, შემოდგომაზე ხელის ურმებს გაჰყვა და ტფილისის ქალაქში ამოჰყო თავი კი.

ტფილისში დემეტრე ჯერ ხელზე მოსამსახურობდა; ბოლოს ქალაქის ბიჭებში გაეჩვია და გაკინტოვდა, გაიმართა კარგი ლაზათიანი თაბახი და ქუჩა-ქუჩა დაარბეინებდა სხვადასხვა ხილსა, ყველსა, თევზეულსა, მწვანილსა. რასაც კვირიდან კვირამდე იშოვნიდა, კვირა დღეს ძმაბიჭებ კინტოებთან შესჭამდა ხოლმე ვერის და ორთაჭალის ბაღებში. კინტო-ბიჭებს ძლიერ უყვარდათ. თუ დემეტრეს იმათთვის არა შურდა რა, არცა რას ისინი იშურებდნენ. დემეტრე ძმაბიჭისათვის ანთებულს საკირეში გადავარდებოდა.

ერთხელ დემეტრემ სანაძლეოზედ, როცა გაჩაღებული სმა და ქეიფი ჰქონდათ ვერის ბაღში, ღვინისაგან ტვინი შეუხურდათ და ენა სატიკტიკოდ და სამასხაროდ აეხსნათ, ხანჯლის შვილით ნეკი წინა სახსარში მოიჭრა და წარბიც არ შეუხრია. მოჭრილი ნეკის წვერი სტაქანში ჩააგდო, ზედ კახური დააყოლა და სთქვა თურმე: “ეს ღმერთმა იმ ძმაკაცს გაუმარჯოს, რომელიც ძმაბიჭისათვის შემწვარ ხოხობს კი არ შესჭამს, ანწუხზედ აეგებაო”!

ძალიან ჯიუტი ბიჭი იყო. მაინც ძმაბიჭისათვის სამუდამოდ გამოეთხოვა ქალაქსა; იგი იძულებული იყო თავის მარჩენალი თაბახისათვისაც და ძმაბიჭებისათვისაც თავი დაენებებინა. დემეტრეს ყველაზე ძლიერ უყვარდა ერთი კინტო, რომელიც ქალაქის “ბუნტში” რეულიყო და პოლიცია დაეძებდა. ერთხელ, როგორც იყო ვერის ბაღში მიიკვლიეს კინტოს კვალი და დაეცნენ. დემეტრე მუშტიკრივში ძალიან განთქმული იყო. ამხანაგები იმის მუშტს ფილთაქვას ეძახდნენ, რამდენი დესეტნიკიც კი მისწვდა კინტო-ბიჭს დასაჭერად, იმდენს დემეტრე ძირს დასცემდა, ერთს წამს სულ ზღვესავით დააწყო ყველანი; მოხდა ალიაქოთი: კინტოებმა ბებუთები იძრეს, წესის დამცველთ - დამბაჩები და შეიბნენ; შემჩნეულმა კინტომ თავს უშველა; დემეტრეს მარცხენა ხელი შიგ ჩონჩხში გაუხვრიტეს ტყვიით, მაგრამ მაინც ხელთ ვერ იგდეს. ის იყო და ის, წამოვიდა დემეტრე სოფლად.

ვნახოთ, ერთს დილას დემეტრე, ქალაქურის კინტოურის ტანისამოსით კოხტად მორთულ-მოკაზმული, გაჩნდა თავის სოფელში. დემეტრე ძალიან ტანშედგმული ბიჭი იყო, კინტოურ ტანისამოსში ლერწამივით ირხეოდა; სახეც ძალიან მარილიანი და სანდომიანი ჰქონდა. სოფლის გასათხოვარი გოგოები გიჟდებოდნენ დემეტრესათვის; იმის შნოიანად დაბზენილ წვერ-ულვაშის ცქერით ვერა ძღებოდნენ; მერე მაშინ, როცა დღესასწაულ დღეს გამართამდა ართურმას და ჩალიჩსა, გაიკეცავდა უკან ქამარში ჩოხის კალთებს და შველივით დახტოდა, მაშინ იმის ჭვრეტით ვერა ძღებოდნენ, ბერიკაცებიც კი წამოდგებოდნენ, ამათაც აუფანცქალდებოდათ დემეტრეს სიმარდის ცქერით გული და სიამოვნებით უცქეროდნენ. მაგრამ დემეტრეს სოფლად ყოფნას დიდი დღე არა ჰქონდა: დიდხანს არ შერჩა კოხტა ტანისამოსი, მალე შემოაცვდა და ყურები ჩამოყარა. ნეტარება კაცს რომ სამუდამოდ შერჩეს, სიკვდილს ვიღა ინაღვლისო, ნათქვამია. დემეტრე სოფლის მუშაობას გადაჩვეული იყო. სოფელში მუდამ ნაბატონრებთან იყო, ემსახურებოდა იმათ და აქეთ-იქით დასდევდა. ეს უქმად ლაყუნიც მოსწყინდა. ბოლოს შეირთო მეზობლის ლამაზი გოგონა. მაშინ დემეტრე უკვე დავაჟკაცებული იყო.

- ჩვენს სოფელს დემეტრემ თვალი გამოსთხარა ნენეს შერთვითაო, - ამბობდნენ სოფლელები, - მაგისთანა მადლიანი და პირსამსე გოგონა ამ ახლო-მახლო სოფლებში არ მოიძებნებაო.

- თითონაც კაი მოხდენილი ბიჭია, ტყუილი არ არის, - ამბობდნენ ზოგნი.

- არის, მართალია, მაგრამ სოფლური მუშაობა აღარ ეხერხება, სოფლის ყამი და ყადრი აღარ იცის, ბატონებთან და ქალაქში კინტოებში თრევით ხელში რას დაიჭერდა.

- ეჰ, სოფელი განიერია, დარჩება, მხოლოდ მიდგომ-მოდგომა უნდა.

ასე სჯიდნენ მეზობლები დემეტრეზე.

ცოლი რომ შეირთო, მაშინ კი ჩავარდა დემეტრე საგონებელში, იფიქრა, იწვრილა და ისევ ქალაქ ადგილას მიატანა, დაიჭირა ერთი უხეირო ფიცრის ოთახი და ფინაჩობა დაიწყო. მოჰქონდათ ძველი ჯღანები და დემეტრე, როგორც იყო, აკონკებდა და თითო-ოროლა გროშს რჩებოდა. თანდათან გაიკვეთა ხარაზობა და კერვაში გაიმართა. აქაც მალე გაითქვა კაიკაცობის სახელი. ფინაჩობით რას გახდებოდა, მოისურვა შეემატებინა ცოტა რამ შეშუტი დუქნისათვის, მაგრამ იმდენი ღონეც არ ჰქონდა. როგორც იყო, იშოვნა ვალად ყაზარა მიკირტუმოვისაგან ხუთი თუმანი ფული, მაგრამ რაც მოიტანა, ისიც სულ ყაზარას სარგებელსა და “ნეუსტოიკებს” უნდებოდა. ჩაიფლო ლაფში და ვეღარ ამოვიდა. რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მხნეობას უმატა, ძველებურს კოხტაობასა და ქეიფს თავი დაანება. ცოლიც ძალიან მხნე და გამრჯელი გამოდგა. ცოლშვილიც ჩამოიყვანა, გარეთ-უბანში ერთ-ოთახიანი სახლი დაიჭირა და იქ დაბინავდა. ნენე ორს დიდს უბანს ქალაქისას უცხობდა პურსა და ურეცხავდა სარეცხს. ხელი და პირი აღარ ერჩეოდა საწყალს ჯაფისაგან. ქმარზე მეტი იმას შემოჰქონდა სახლში. ქმარი ბინდისას მიდიოდა შინ, ცოლი კი კარგა დახშირბინდებისას. ხან ორი დღეც გავიდოდა, რომ დემეტრე თავის ფინაჩობით ერთს შავ გროშსაც ვერ იშოვნიდა ხოლმე, დაღალულ-დაწყვეტილი, თვალებამოღამებული, მშიერის მუცლით მოვიდოდა თავის საწყალ ქოხში და აქ არ შეიძლებოდა, რომ ცოლს თბილი პური არ დაეხვედრებინა.

- სული შემიწუხა, სული მაგ ღვთის-რისხვა ყაზარამა, - სთქვა ერთხელ დაღონებულმა და მწარედ შეწუხებულმა დემეტრემ, - ცარიელი სულიღა მაქვს და ლამის ისიც ამომხადოს. ახლა “ლისტი” აუღია და რაც მაბადია სულს აქეთ, იმასაც წამართმევენ. ბევრჯერ მამივა აზრად, რომ ავიღო და ეს ქამარი მივცე და მოვიშორო თავიდამ, მაგრამ მენანება ეს წყეული, სიყმით მონაგარია, თავივით მიყვარს, ჩემის ცხოვრების იმედიც ეს არის და ჩემი სამარხიცა; როგორ გავშორდე ამას... თუ ცოცხალი თავი დავახწიე ყაზარას, უნდა ისევ ჩავიქალაქო, თორემ აქ კაცი ვერ გავხდები. ეს ოხერი, რა ამოსაწყვეტი ქალაქი ყოფილა, სამი დღეა სადგისი არ ამიღია და ნემსი არ ამომიგდია...

- რაც ქვეყანასა, ის ჩვენა, - ანუგეშა ვითომ ცოლმა.

- რაც ქვეყანას, ის ჩვენაო?! ნწარა! რაც ქვეყანას, ის ჩვენ არა და!.. მაშ ურია ყაზარაც ჩვენსავით ცხოვრობს რაღა! ჩემისთანებისათვის სისხლი გამოუწოვია და გასივებულა! ერთი იმის ლაპარაკი ნახეთ და! თითქოს მუცლიდამ ლაპარაკობსო. ღმერთო! ერთი იმისი სიტყვა სწორედ ღვთის რისხვაა! ღვთისა! რაღაც უცნაურად ლაპარაკობს, თითქო ყველა იმისი სიტყვა პირიდამ ენის წვერს კი არ მოსდევს, თითქო პირდაპირ ჭიპიდამ ბუხბუხით გამოდისო!.. ვაჰმე! ერთი ამ უკანასკნელად ნეტამც იმის სისხლში გამასვრევინა ხელი!..- ეს უკანასკნელი სიტყვები მთვრალივით წაილუღლუღა, თითქო გულში ჩაიკლა ნადუღი სულისა, გულის წუხილი ჩააქრო, ჩაჰკლა ძალაუნებურად, რომ თავისი საცოდავი ცოლისათვის არ ეგრძნობინებინა. სმენამახვილმა ნენემ ყური მოჰკრა ქმრის უკანასკნელ სიტყვებს და მსწრაფლ ჩაეკითხა:

- გენაცვა, დემეტრე, რას ამბობ? სისხლიო?!. ნუ, ნუ, შენი ჭირიმე! ალბათ ასე გვეწერა ღვთისაგან; კაცს რასაც შუბლზედ დააწერს ღმერთი, ის აღარ ამოიშლება... დავრჩებით, როგორც იქნება.

- ჰაი დედასა! - დაიწყო ისევ დემეტრემ გულმდუღარედ, თითქო ცოლის სიტყვებს ყურადღებაც არ მიაქციაო; - ფულსა და პატივს დაჩვეულის კაცის ყოფა რა ძნელია - და!.. ქალაქში ბზესავით მქონდა ფული, აქ კი ყაზარას ჩაუვარდი ხელში, ვაჰმე! - ჩაიკვნესა დემეტრემ და მიიმტვრ-მოიმტვრია თითები. ერთი ეუბნებოდა გული, წასულიყო ისევ ქალაქში, მაგრამ რომ წარმოიდგენდა ცოლს, ორს შვილს, დადუმდებოდა და სახე დაეტანჯებოდა ხოლმე. მოსდრიკა გარემოებამ, მოაკვდინა დემეტრეს სული და გული. იქნამდე გაუჭირდა, რომ ხანდისხან თავში ელვასავით გაურბენდა უბედური, შემზარავი აზრი: გაეყიდნა ნამუსი საცოდავი ნენესი, მაგრამ წარმოიდგენდა თუ არა ამ საზარლობას, სირცხვილის ცეცხლი მთლად სწვამდა და აჟრჟოლებდა. ეს უბედური აზრი ნენესაც წარმოუდგებოდა ხოლმე.

დემეტრე სიღარიბემ მოსტეხა, უდროოდ მოაბერა; მშვენიერი ვაჟკაცური სახე გაუჭკნა, თვალები ჩაეფერფლა; ზამთრობით ცივ დუქანში ჯდომით დაქარიანდა, მუხლები ოთხმოცი წლის ბებერივით დაჰქონდა; ცივს ზამთარში იმის დუქანს მხოლოდ მაყალი ათბობდა, რომელსაც სულ რამდენიმე ნახშირი ეღვია; ხან ერთ ლოყას დაადებდა ზედ, ხან მეორეს, ხან ცხვირის წვერს მიუშვერდა. როცა ნახშირი შემოაკლდებოდა, ჩინჩხვარს, ან ბურბუშელას დააყრიდა მაყალზე და იმაზე თბებოდა; ხელები ნაცარში რევით სულ დაეწვა და დაუბებრდა. თუ საქმე რამე გაუჩნდებოდა, სიცივე-ტეხვრაში ათს საათამდე რჩებოდა, თან განუშორებლივ ჰყვანდა თავისი ბიჭი-შვილი, რომელიც ზღარბსავით მოიკუნტებოდა მაყალთან, მთლად, ბუსუსაშვებული გაბრაზებული ძაღლივით. ბევრჯერ დასთვლემდა საბრალო ილოს და თავიან-ფეხებიანად მაყალში ვარდებოდა: ტანისამოსის კონკები მთლად გამომწვარი ჰქონდა. როცა მამა ილოს სახლში გაგზავნიდა სადილის მოსატანად, ისეთ ეკალს აუშვებდა სიცივით სახეზე, თითქო ზღარბიაო. ბაბანითა და თათქანით მიჩანჩალებდა გარეთუბნისაკენ, სიმწარისაგან გზად მიბზუკუნებდა, ვითომ სიმღერასაც ამბობდა და მიაჩლატუნებდა მამის შეჯღანილს ჩუსტებს.

ერთს საღამოს ხარაზ დემეტრე ჩვეულებრივზე გვიან მივიდა სახლში. დაგვიანების მიზეზი ის იყო, რომ დღესასწაულის მოახლოვების გამო უწინდელზე ბევრი საფინაჩო იშოვნა და რადგანაც კვირაძალდებოდა კიდეცა, ამიტომ უთუოდ უნდა მორჩენილიყო, რომ ფული აეღო.

გარეთ მკაცრი ზამთარი იდგა; ყინვა გაბატონებულიყო. დემეტრეს დუქანში ყოველ მხრივ ტეხვრა ქარი შეზუზუნებდა, თითქოს ის ვეღარ გრძნობდა, ისე იყო გართული; ქარი ჩამქრალ მაყალს აბორთალებდა და დემეტრე ნაცრისაგან მთლად შეფერფლილი იყო; მუხლებით მაგრა ეჭირა ჩუსტი, კბილებში გასანთლული ძაფი და, რაც კი შეეძლო, მარდად უტარებდა სადგისს გამხმარ ტყავსა.

ქარი ღმუის, ზუზუნებს, ქვითინებს, რეკს დემეტრეს დუქნის კარს, თითქო შინ შემოსვლას სთხოვსო. დემეტრეს არ ესმის ქარის კვნესა-ქვითინი, ეძალება საქმეს, მაგრამ ძალამ უკლო, ხელის სიმარდემ უღალატა. მთელი დღის მუშაობამ და სიცივემ სინსილა გამოაცალა; ხელებმა ურჩობა დაუწყო და სადგისს ვეღარ ხმარობს, ძილიც ზედ მოესწრო. მარჯვენა ხელში სადგისი, მარცხენაში ჯაგრის გამწვეტებული ძაფი, წინ ჩამქრალი მაყალი, რომელშიაც ნელთბილი ნაცრის მეტი აღარ იყო რა - ამ სურათს წარმოადგენდა იმ ჟამად დემეტრეს ყოფა. ხანდისხან წასთვლემდა, აქნევდა, აქნევდა თავსა, ძილი თავისას გაიტანდა, დასძლევდა თავი და ხელებსა და ცხვირპირს ერთად ჩაჰყოფდა მაყალში. გამოერკვეოდა, ცოტა ხანს თავს შეიმაგრებდა და კვალად მიმართავდა სადგისს; ისევ თავის ქინდვრა, ისევ მაყალში წავარდნა. ბოლოს დემეტრემ თვალის ქუთუთო ზემოდან დააგო სადგისზე, ემწვავა და პატარა სკამიდან უკან გადავარდა. სიმწარისაგან ღაპა-ღუპით წამოვიდა ცრემლები; სისხლმა ცხლად ჩაუარა ლოყაზე, ყინვამ მსწრაფლ ნიკაპს მიაყინა და ყინულის მარგალიტად დაკონწიალდა.

სწორედ ამ დროს შემოვიდა ყაზარა დიდის ჯოხით, უცნაურის ღიპით, უცნაურად ხვნეშოდა და ბუზბუზებდა, თან მოჰყვა გასალახანებული ვექილი, რომელიც გაკრეჭილს კვიცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის შვილსა. ორი სულთამხუთავი თავს წაადგა შეწუხებულს კაცსა.

- რა ვქნა, დემეტრეჯან, ძმაო, მე მეტი მოთმენა აღარ შემიძლიან. ეხლა გიცხადებ, რო ხვალ დილით მოვალ და, რაც რამე გაქვს, აგიწერამ; მოდი და ამ პატიოსანი კაცის თანდასწრებით მომირიგდი. ზოგი ეხლა იყოს, ზოგი მერე. თავნი სულ ხუთი თუმანი არ იყო? ორ თუმნად მაგ შენს ქამარს ავიღებ. სხვა დარჩეს; რა ვქნა, შეგაძლებინებ. ჩემის შვილების მზემ, შენის ხათრით და საცოდაობით ორ თუმნად ვიღებ, თორემ რად მინდა, მე ფული მამიცია, ფული მინდა.

- რაო? ყაზარ, ავაზაკობაც დაიწყე? ღამე მოდიხართ და თავს მესხმით? რაო, გამქცევი ვარ? ჩემგან განა ხუთი თუმანი ვერ აინაზღაურე? რა გინდა? სულიც გინდა ამომართვა? ჰა, მოდი, უბრძანე მაგ შენს ანგელოზს რაღა, ეს საწყალი სულიც ამომხადოს!!.

- შენ როგორ აურზაურს ლაპარაკობ, კანონია და სამართალი; კანონსა და სამართალს მიუცია, უნდა გადაიხადო; აბა, ვნახამთ, ხვალ შემოგხსნით თუ არა მაგ ქამარსა!

- მე თქვენ მუქარით ვერ შემაშინებთ, - უთხრა გულმაგრად დემეტრემ, რომელიც ცალს ხელს წამისწამ თვალზე იფარებდა. -უსიკვდილოდ ქამარს ვერავინ შემხსნის, დამანებეთ თავი. აი კაცს თვალი გამომთხრია, მინდა შინ წავიდე; ხვალ, რაც გინდათ ჰქენით.

- მეორე თვალსაც მოგთხრი და ისე გადაგახდევინებ, განა მე რიყეზე ამიკრეფნია ფულები?

- ყაზარ, სისხლს ნუ მაძლემ!..

გულქვა ყაზარა თავს არ ანებებდა. ელოდა: მოლბება და მომირიგდებაო. ჩამოვარდა სიჩუმე, დემეტრეს ცეცხლი მოეკიდა; ძველებურად კინტოურად აუდუღდა გული, მოიკრიფა ძალა სულისა, გაშალა მკლავი და ყაზარა კოლოტივით გააგორა დუქნის კარებთან. როცა გაკრეჭილი ადვოკატს წასწვდა, მაშინ დემეტრემ აიხსნა წელიდან ქამარი, გადიხვია ხელზე და ისეთის ძალით დაარტყა, რომ იკადრა სინიდისით მოვაჭრემ კარზედ გაბრძანება. ყაზარა მუქარითა და ბუზღუნით წავიდა; დემეტრემ დუქანი აუგდო საჩქაროდ და აღელვებული წამოვიდა სახლისკენ.

დემეტრეს ცოლი ნენე ქმრის ფიქრში იყო. ფიქრობდა, ერთი კვირაა, აგერ სახლში აღარა შემოუტანიარა, ერთი თბილი პურიც კი ვერ მივაწოდე ჩემს ქმარ-შვილსა. ოთხი დედალი მყამს, ხვალ ერთს ილუას გავატან, გავყიდი, რომ ერთი პარკი ნახშირი ვუყიდო იმ საცოდავს კაცსაო. ამ დროს კვნესით კარი დააკაკუნა კაცმაც. დემეტრე ერთობ შეწუხებული და ალეწილი იყო; თვალი ისე არ აწუხებდა, როგორც სულთამხუთავი ყაზარა და მისი ანგელოზი, რომელნიც ხვალ მოვლენ და აიკლებენ ცოლიან-შვილიანად. შემოდგა თუ არა ფეხი დემეტრემ, მაშინვე ტახტზე მიეგდო. საწყალი ნენე აქეთ ეცა, იქით ეცა, დატრიალდა ქოხში, ვითომ რამე ღონე უნდა ეღონა ქმრისთვის, მაგრამ საითაც კი მიდგა, ხელცარიელი დარჩა, გამწარებული დაბროტიალებდა, მაგრამ ამაოდ, ხელს არა ხვდებოდა; ბოლოს წაიძრო თავიდან თავშალი და თვალი აუხვია.

გოგო-ბიჭი ტახტზე დაყრილიყვნენ, ძაღლის ლეკვებსავით ყელი-ყელს გადაეჭდიათ, ძალზედ ჩახუტებულიყვნენ და კატებივით ხრუტუნობდნენ. დემეტრე ბავშვების ფეხთით წამოიბარკლა. ნენე ჩაჯდა ღუმელთან, შეუკეთა ბურბუშელა, შეუბერა. ბუხრის რაფაზე იდგა პატარა ჭრაქი - ლამპარი, რომლის შუშა ღუმელის კომლისაგან გაყვითლებულიყო, ოდნავ ბჟუტავდა, იმის შუქს ძალა არ ჰქონდა და თითქო თანაუგრძნობდა პატრონების ყოფაცხოვრებასა. ნენეს ჰყავდა დედა-კატუნა, რომელიც სულ კაბის ბოლოზედ ეკოწიალა; ადგებოდა და კატაც აბრასავით თან აჰყვებოდა; ნენე გადაათხლეშდა ძირსა და გაჯავრებით იტყოდა:

- შე, გულმკვდარო! რაღა შენ მინდიხარ გულგაწრიოკებულს ადამიანსა.

ღუმელთან მჯდომარე ნენემ ორივ ხელით თავი დაიჭირა და მწარე ფიქრებს მიეცა: როგორ მოაგვაროს ისე ცხოვრება, რომ შიმშილის გამო სამარცხვინო ყოფაში არ ჩაცვივდნენ. ბავშვები პატარები ჰყავს; ამისი კაცი ასე ჯან-მოკლედ შეიქნა, უნდა ისევ თითონ დადგეს მოჯამაგირედ; ყმაწვილი ქალია; შრომა და ჯაფის ატანა შეუძლიან, ქმარიც თითო-ოროლა გროშს იშოვნის; მაშინ უკეთ წავა საქმე; მერე შვილებიც მოესწრებიან, იმისი ილო ხელობას დაადგება; საქმე გამოსწორდება.

მწარე ფიქრები ნენეს ტკბილ ოცნებად შეეცვალა; ერთს წამს ყველაფერი იგემა; სახე გაუნათდა, გაუბრწყინდა, ბინდი გადაეყარა, სიამოვნების ნიშნად მხრები აიწია, თავისი დედა-კატუნიასავით აიფხორა და სიამოვნებით მიავლ-მოავლო სახლს თვალი; მიმოავლო თვალი საცოდავად მიყრილს ქმარ-შვილს და ოცნება ჩაეფუშა; ამას ზედ მოჰყვა ქმრის სიტყვები:

- ხვალ ჩვენი სულთამხუთავი მოვა. ამ საღამოს იყო დუქანში ყაზარა და ქამარი მთხოვა, ორ თუმნად ავიღებ, დანარჩენს დაგაცლიო; მე გავბოროტდი, სისხლი ამიდუღდა, კარგა გავტყიპე და ისე გავისტუმრე თავისი ანგელოზით; ეს მაინც გამყვეს სიკვდილის დროს სანუგეშებლად.

ნენემ წელი ვეღარ აიტანა.

- მაშ რა ვქნათ? -- ჩაეკითხა საცოდავად ცოლი.

- მაშ რა ვქნათ?! რას შვრება ცხვარი, ყასაბი რომ ყელში დანას დააბჯენს ხოლმე, - უთხრა ცხოვრებისაგან გამოცდილმა და გათელილმა ქმარმა.

- მაშ უნდა დაგვარჩოს, სულიც ამოგვართვას?!.

- უნდა-მეთქი, ადამიანო! მა რითი იხსნი თავს ყაზარასაგან.

ამ ამბის შემდეგ დემეტრემ დიდხანს ვეღარ იცოცხლა. როცა მოკვდა, იმ დილით სასამართლოს მოსამსახურე ბიჭმა ორი უწყება მიიტანა დემეტრეს სახლში: ყაზარა და იმისი “ანგელოზი” უჩიოდნენ დემეტრეს მოქმედებით შეურაცხყოფისათვის. უწყების დარდი ვიღას ჰქონდა.

ასე გაატარა დემეტრემ დღენი თვისნი ამ ბინდისგვარ სოფელში და ერთს დროს თავმომწონე ბიჭს, ქალაქის კინტოს, დღეს გულზედ თეფში დაადგეს და ისე მიაბარეს მიწასა.

II

პატარა მთხოვრები

დილიდან მოკიდებული საღამომდის ქუჩა-ქუჩა დაძრწოდა ორი ბავშვი; წინ ჯიბის მსგავსად ეკიდათ ვეებერთელა თოფრები და დაატლაკუნებდნენ; გამვლელსა და გამომვლელს მათგან მოსვენება არა ჰქონდათ. კვირა-უქმე დღეობით სასწორის მოედნიდან ვერ იშორებდნენ. იპარავდნენ ვაშლსა, მსხალსა, კართოფილსა და სხვ., თუ ისე არ უწყალობებდნენ. ეს ორი მაწანწალა მთხოვრები იყვნენ ძმა და და; ძმას ერქვა ილო და დას თინა; გოგო ძალიან ეშმაკი და ცელქი იყო, მუდამ ფეხშიშველა დადიოდა, გაცვეთილი კაბის ქვედა ტანი ფარა-ფარად ჰქონდა ნაქცევი; ზედ გამხმარი გოროხები ეკიდა და ამ ფარა-ფარად ნაქცევ კაბიდან ატურტლული გაზები შავად უჩანდა. ფანჯარასთან აიტუზებოდა და იქნამდე ილაქლაქებდა, მინამ მოწყალებას არ მიიღებდა სახლის პატრონისაგან; კეტი რომ დაგემტვრიათ ზედ, ნაბიჯს არ გადასდგავდა ფანჯრიდან, ისე მოისაწყლებდა თავს, რომ ადამიანს გულს დაუთუთქავდა; მხოლოღ თვალებში შეატყობდი, რომ ერთობ გასალახანებული, გაეშმაკებული და ქუჩის ბიჭებისაგან გალირფული იყო. ძმა კი ასეთი არ იყო. თუ დაი არ დაარიგებდა და ვისთანმე არ მიგზავნიდა, ის თავისით ვერ გაბედავდა; საბრალო ილო ძლივს დაბაჯბაჯებდა ქუჩაში; ძნელიც იყო იმისთვის სიარული; ცალ ფეხზე ეცვა დიდი კაცის ფეხის მოღრეცილი წაღა, რომელსაც ხარაზული ქუსლი ზემოთ ჰქონდა მოქცეული და დოლაბივით ეყარა ფეხში; მეორე ფეხზე ეცვა ძირგავარდნილი ჩუსტი, რომელსაც ძირის მაგიერად ედო მსხვილი ღაზლის წინდის ფარატინი და წითელი მჩვრით ფეხის ზურგზედ შეკრული; ფარატინი ძაღლის ენასავით წაშვერილი იყო და სიარულის დროს წკაპა-წკუპი გაჰქონდა.

ეს და-ძმა დემეტრე ხარაზის შვილები იყვნენ. გოგო თინა ამ დროს თითქმის თორმეტ-ცამეტი წლისა იყო; ილო ბიჭი კი შვიდი-რვა წლისა. იმ უბნიდან, სადაც ისინი იდგნენ, დედა შორს უბნებს უნიშნავდა სათხოვნელად. პატარა მთხოვრები უფრო ბაზარ-ბაზარ და დუქან-დუქან დაწანწალებდნენ სათხოვნელად. დუქნებში წანწალმა და თრევამ უდაღოდ არ გაუშვა მთხოვრები; ისინი დღითიდღე სალახანავდებოდნენ; გოგო ხომ სულ გაურცხვდა, გალირფდა. ბაზრის ბიჭების ჩქმეტით დალილავებული ჰქონდა თინას მკლავები და გვერდები. ბაზაზის შეგირდების ბილწსა და უსირცხვილო ლაპარაკსა გოგომ ყური ისე შეაჩვია, ისე შეითვისა, რომ, როცა თავისებური ალერსით არ გამოელაპარაკებოდნენ, თვით მისცემდა ხოლმე საბაბს, აესარსალებინათ ენა და უწმაწურს საგნებზე ჩამოეგდოთ ლაპარაკი; ამ დროს არ შეიძლებოდა არ დაეტყუვნა რამე ურცხვ მოარშიყეთათვის. პატარა ბიჭს ხომ დღე-მუდამ მაიმუნობას ათამაშებდნენ ხოლმე, შეიჩვიეს ბაზარში და როცა იმის დას დასცინოდნენ და ჩქმეტით გვერდებს აჭამდნენ, ილოს, რომელსაც მეტ სახელად თუნია დაარქვეს, ერთი ვინმე შაქრის ნატეხს გადმოუგდებდა და ხმამაღლა ეტყოდა:

- აბა, თუნია, მაიმუნივით შეხტი და დაიძახე: “შიშლოჯან!”

თუნიაც შეხტებოდა, დაიჭერდა შაქარს ხელში და უმსგავსად, ბაიყუშივით გაიძახოდა: “შიშლოჯან”. ბაზარი ხარხარებდა და ერთობოდა.

მეორედგან ვაშლს გადმოუგდებდნენ.

- აბა, თუნია, სწორე გაიარე მაგ შენი “საპოგებითა” და ეს ვაშლი შენი იყოს. აბა, ჰა!.. ჰაი... შე წუწკის შვილო, როგორ დადიხარ ჰაა?.. - ჩაარტყავდნენ თავში და დახეული რუსული ქუდი, რომელსაც კიზიროკი ორად ჰქონდა გაყოფილი, ყურებზე ჩამოეფხატებოდა ხოლმე. აწვალებდნენ, სტანჯავდნენ და როცა მოიკლავდნენ სურვილს ადამიანის ღირსებისა და ბუნების შელახვისას, მაშინ ძლივს მისცემდნენ დაპირებულს ქრთამსა. ამასაც არა სჯერდებოდნენ. როცა ცუდი დარი იყო და დახურულ ბაზარში ბაზაზები უმუშტრობით ჭირიან ინდაურებივით თავებს ჰქინდრავდნენ მაშინ უნდა გეყურებინათ ამათის მასხრობისათვის: გახდიდნენ დას ვითომ მგლად, ძმას ძაღლად, გამოუყენებდნენ ერთმანეთს და შესდგებოდა წიოკობა. ერთხელ ძმა მგლად გახადეს და ქამრით დაიჭირეს, გადუგდეს თუნიას შაქრის ნატეხები და რუსული პურის ყუა; თუნია მართლა მგელივით დაეტაკა; გაუშვეს ძაღლი თინა, ეცა ძმას და ამოიდო ქვეშ; ამას ზედ მიჰყვნენ ბაზრის შეგირდები და შეიქმნა ზედახორა და ძლივს ცოცხალმკვდარმა მგელმა-თუნიამ თავი დააღწია ამ ვაიუშველებელსა.

საღამოთი ჩვენი მთხოვრები დატენილის თოფრებით მიდიოდნენ დედასთან; წამოჰყრიდნენ თოფრებიდან ნაშოვნს; რა არ იყო შიგ ალუფხული: ხახვი, ნიორი, დამპალი ხილი, პურის ნახორხლები, ხორცის ნაჭრები, ძვლები და სხვა ამგვარები. მათხოვრობის გარდა ქურდობასაც მიჰყვეს ხელი; დღისით კუდიანი თინა დაათვალიერებდა ბაყალთა სარდაფებსა, სადაც სხვადასხვა ხილი, სიმინდი, ლობიო, მუხუდო და ამგვარები ჰქონდათ შენახული. ღამე რომ გატყდებოდა, გაიპარებოდა, წაიღებდა კავიან შამფურსა და ხილის ჯაგნებს გამოალაგებდა ხოლმე. თინამ ძმაც აიყოლია, იშოვნა თოკი და ერთს საღამოს შინ აღარ დაბრუნდა. რომ იდროვა, მიიყუჟა ერთს სარდაფთან.

- ილუავ, წელზე თოკს მოგაბამ, ჩაძვერ, ღრმა არ არის, და რაც მოგხვდეს, ჩაყარე თოფრაში. - შეუჩნდა ამ სარდაფს და სულ გააჩანაგა. ჩიოდნენ, ჰკვირობდნენ, ვის და როგორ გააქვსო.

ქურდობას თანდათან უმატეს. აი, თინამ კიდევ შეიგულა მოსაპარი ნივთები. ბნელი ღამეა; ქუჩაში ჩამიჩუმი არ ისმის; ხანდისხან შუაბაზრის ასასი თუ არღვევს სიჩუმეს; პატარა ქურდები მივიდნენ დანიშნულ ალაგას. თინამ ილო ჩაუშვა ფანჯრიდან, რომელსაც წინწინ მიკრული ფიცრები ამოაცალეს; თოკი ვერ დაუწვდინა; ილო ჰაერში ფართხალებდა; თინამ ვეღარ შეიმაგრა და ილომ ძირს ბარტყანი მოიღო, შექმნა ღმუილი და ვაი-დედას ძახილი.

- სუ, შე პირშავო, თორემ მოგკალ! არავინ გაიგონოს შენი ღმუილი, თორემ ხორცებს დაგაგლეჯ, - ჩასჩიჩინებდა ზემოდან თინა ჩამქრალის ხმით. - აჰაა თოკი, ხელი მოავლე.—ილო ბნელაში ბროტიალებდა, ეპოტინებოდა ჩაშვერილს თოკსა, მაგრამ ამაოდ, ღონემიხდილი დაეცა ძირს და მორთო ღრიალი. თინაც ძიელ შეწუხდა; მიეკრა სარდაფის ფანჯარას და ანუგეშებდა საბრალო ძმასა; ერთხანად როგორც იყო გააჩუმებდა, მაგრამ ხელახლა მოჰყვებოდა თავში ცემასა და ტირილსა. ამასობაში ფანჯარასთან ატუზულს თინას წამოადგნენ თავს პოლიციის მოხელენი ხიშტიანი ჯარისკაცებით. გააცივ-გააცხელა თინა, მოიკუნტა, მოიკუნტა, როგორც ზღარბი, მიწას დაეკრა; პოლიციელები მოკვდნენ, გაწყდნენ და ხმა ვერ ამოაღებინეს; ბოლოს ყურადღება ათხოვეს სარდაფში ხმაურობას; მიხვდნენ, რომ უთუოდ საქურდლად მოსულანო; პატარა მთხოვარა ქურდებს სტაცეს ხელი; ის ღამე საპყრობილის ნაგვიანს ოთახში გაათევინეს. უნდა გენახათ მეორე დღეს დილით ქალაქელების სეირი და თამაში; ფუტკარივით დაედვნენ ზედ, როცა თინა და ილო, თუნიად წოდებული, ხიშტიანებმა პოლიციისკენ გაატარეს.

III

ნენე ყაზარასთან გადადის მოჯამაგირედ

ნენე სრულიად შესცვალა ქმრის სიკვდილმა და უფრო შვილების ყოფა-მდგომარეობამ; იმათი გარეწრობა, გადასხვავება, იმათი ქურდობა დედას ხორცს უდნობდა; დაებნა თავგზა ჯერ ისევ ახალგაზრდა დედაკაცსა, შვილებს გარეთ აღარ უშვებდა; ისევ თითონ დატრიალდა; ხან აქეთ გარბოდა პურის საცხობად, ხან იქით - სარეცხის დასარეცხად. მაგრამ ამითი მხოლოდ ლუკმას შოულობდა, ცარიელ ლუკმას! სხვა? ყაზარას ვალისთვის რაღა ექნა? აი ეს იყო ნენეს დარდი და ვარამი, ეს იყო მისი საგონებელი. მოჯამაგირედ დავდგე ვისთანმე? ფიქრობდა იგი... უნდა დადგეს, მეტი ღონე რომ არ არის. მაგრამ... აი ეს “მაგრამ” იყო მისი თავში საცემი; მივიდოდა თუ არა ამ “მაგრამამდის”, სულ გადაერეოდა აზრები და გაჩერდებოდა; ვისთან დავდგე? ვისთან მივიყვანო შვილები? ვინ იტვირთებს ჩემ თინას? ილოს ხელობაზე მივცემ, მაგრამ თინა? ვისთან დავტოვო, ვის ვანდო? ვანდო და ვაი თუ სამუდამოდ ნამუსახდილი მომიგდონ. მერე? ფიქრობდა საცოდავი.

ჯერ ქმარი დაუმარხავი ჰყვანდა, საფლავი ჯერ კიდევ სველ-სველი იყო და ნენეს მოსვენებას არ აძლევდა ხალხი; ათას ჭორებს უგონებდნენ. როცა სამუშაოდან მოდიოდა ხოლმე შინისაკენ და დუქნებისაკენ მოუხდებოდა გამოვლა, ქუჩის პაჟარნები ცუდს ლექსებს აგონებდნენ, თითქმის ზედ წაეგლასუნებოდნენ, უსირცხვილოდ აეტორღიალებოდნენ ხოლმე, უფრო იმიტომ, იცოდნენ ღარიბია და შესცდებაო, ნენე თოფნაკრავ ნადირივით აუქცევდა გზას უსირცხვილო პაჟარნებს, სირცხვილის ოფლს დაასხავდა, თვალთ დაუბნელდებოდა და ღელვისაგან მთვრალივით აურევდა ხოლმე ფეხსა. კარგად იცოდა ქალაქის ხალხის უსინდისობის ამბავი, მერე იმ ქალაქის ხალხისა, სადაც ცხოვრობდა და სადაც ხალხი განთქმულია ძველადვე თავისი მატრაბაზობით, ჭორიკანობით, და ბაზრის ხალხი უსირცხვილო და წრესგასული ქცევითა.

ყაზარამ შეუჩინა ნენეს ერთი ბებერი დედაკაცი, რომელიც ურჩევდა ყაზარას მოჯამაგირედ დასდგომოდა და ამგვარად გადაეხადნა იმისი ვალი. მარტივი სული ნენესი როგორ მიხვდებოდა ყაზარას განზრახვას. ბებერი ხშირად შეპრაკუნდებოდა ხოლმე ნენესას; ნენეც შეეჩვია იმ აზრს, რომ ყაზარასთან გადასულიყო; უფრო იმიტომ დახარბდა, რომ თინაც თავისთან ეყოლებოდა, თავის თვალწინ, გაუფრთხილდებოდა და იქნება როგორმე დაებინავებინა.

ერთხელ საღამოთი ბებერი მაჭანკალი მივიდა ნენესთან და წაიყვანა ყაზარასთან მოსალაპარაკებლად; მაშინ ყაზარა ქვრივად იყო; ჰყვანდა ორი უმსგავსი, დახვლიკული, გასათხოვრად მომზადებული ქალიშვილი და ერთიც ვაჟი; ყაზარა ახალუხა იყო და სწორედ კოლოტსა ჰგვანდა; ცხვირი ნამდვილად ღორის გოჭს მიუგვანდა, თვალები მთლად ქონის ბადეში ჰქონდა გაბმული.

- ჰო, რა ჰქენ? მოხვედი ჩემს ჭკუაზე? ჩემო ნენე, ვალს გადახდა უნდა. მა რა ეგონა იმ მამაცხონებულს შენს ქმარსა! ქამარი რომ ვთხოვე, მოეცა, ეხლა სამი თუმანიღა ემართებოდა.

- რა ვქნა, აღა-ბატონო, ქამარიც რომ მოეცა ქმარი უმარხი დამრჩებოდა; იმ შავს დღეს ქამარი იყო ჩვენი ნუგეში; ზოგს ხალხი შეგვეწია, ზოგი ქამრის ფული და დავმარხე, როგორც იყო. ორიოდ გროში დამრჩა კიდევ, იმას სულს ხომ ვერ დავუმძიმებ, მღვდელი მყავს გასასტუმრებელი; ჯერ თითქმის დაუმარხავი მყავს ის უბედურის შვილი.

- ვა, მე რა ვქნა? მე ხომ არ მომიკლამს? ადამიანო, ჩემი ფულისა რა გადასახადია! იცი, რა წვა-დაგვით მიშოვნია მე ქონება? მე შენზედ ღარიბი ვიყავ. მაგრამ აი დღეს მეფე ვარ. უწინ ბაზარში ვერ გავივლიდი ხოლმე: “ქეციანი ყაზუა მოდისო”, იძახოდნენ. ეხლა კი ისინი, ვინც ქეციან ყაზუას მეძახოდნენ, ყაზარ სტეფანიჩს მეძახიან. ქუჩაში ხომ სალამს ვერვის დავასწრობ ხოლმე. ვირიც არ მყვანდა, სულ ზურგით დამქონდა სავაჭრო სოფელ-სოფელ. რაც მე ცემა-ტყეპა მქონია სოფლის ქედანა გლეხებისაგან, ვინ დასთვლის. ერთხელ კნიაზებმა გვერდაზე ყუთი დამიგორეს და სულ ლუკმა-ლუკმა მიქციეს. რა მექნა? მოვითმინე; პირიქით სულ ჭირი მოვჭამე. ბოლოს იქნამდე მივიდა საქმე, რომ ქათმებსა და კვერცხებს ისევ იმ კნიაზებზე ვასაღებდი; ჩემი ყუთი ერთი ათად ავინაზღაურე. ცარიელი პურის ჭამითა და ცარიელი წყლის სმითა ილაჯი იყო წაღებული, მაგრამ ვითმენდი. რიგიან ხალხში ერთს წუთს ვერ გავჩერდებოდი სირცხვილითა; შიმშილისაგან მუცელი სულ ისე მიყვიროდა, როგორც ჭალის მგელსა. კაპიკი კაპიკზე დამიდვია, ფული შემიდგენია, გამისესხებია; რამდენი დამწვია, ახლა შენ იანგარიშე. ერთმა გიჟმა კნიაზმა აშა მკრა ას თუმანზე... მეც თავის დროზე კაი ვაჟკაცი ბიჭი ვიყავ; შემხვდა ხარაზხანაში და მითხრა, მე შენი არა მმართებს-რაო... ყური დამიგდე, რა მომივიდა... ვა, როგორ თუ არა გმართებს-მეთქი, მისამარ მამეცი-მეთქი, თორემ...

- კარგია, ყაზარო, გაუთავე საქმე ნენესა, - ჩაერია ბებერი, - რა დროს მაგისთანეების ლაპარაკია.

- მოიცა, დედიჯან! მინდა გავაგებინო საქმე და!.. მისამარ მომეცი-მეთქი, თორემ მე ყაზარა სტეპანიჩს მეძახიან-მეთქი. რას მიზამო? შემომიტია... მე გულადად ვიყავ. კნიაზი უიარაღოდ იყო... სულს ამოგართმევ-მეთქი, სულსა! შენი სული ჩემს ხელშია-მეთქი... ვა, იცი, რა ჰქნა იმ კნიაზმა? უცბად ფეხიდამ გაიძრო მაღალყელიანი წაღა და ერთი თუ ორი ყაზარას ყბასა და კისერში. აი, შემომხედე, ორი კბილი მამაგდებინა... მერე მე რა ვქენ? თავი დავანებე? არა, მე დავულბი, მუხლებზე მოვეხვიე, ჭირი მოვჭამე, ჭირი! ის ასი თუმანიც გავისაღე და ერთი ნაჭერი კარგი მამულიც დამრჩა მისი ტირიფონაში! აი როგორ მოუველ ოხტში იმ კნიაზსა! ეს იცი, რა დროს იყო, იცი? როცა ქეციან ყაზუას კი აღარ მეძახდნენ, ყაზარ სტეპანიჩსა, - და გაგრძელებით სთქვა ყაზარამ ეს სიტყვები. - ფულის შოვნას ბევრი ავი მოსდემს, მაგრამ მოთმინება უნდა, მოთმინება!..

-- რისთვის და ვისთვის ლაპარაკობ, აღა-ბატონო, მაგდენსა! მე რისთვისაც მოვსულვარ, იმისი მიბრძანეთ რამე.

- შენ ქმარსა ჰმართებს ჩემი ხუთი თუმანი თავნი; ახლა ორი წელიწადია სარგებელი არ ვიცი, თუმანში ათს შაურს იყო გარიგებული ის ცხონებული. თვეში, აი! არ დაგავიწყდეს კი... ჯერ ექვს თუმანს სარგებელი შვრება, ახლა თავნი და...

- აღა-ბატონო, მითხარით, რა გინდათ?

- ის მინდა გავიგო, რითი გადაიხდი... ეს ბარბარე დედაკაცი გეტყოდა, რათაც დაგიბარე - შენ ჩემთან იცხოვრე... დედაკაცად, რაღა! წელიწადში ოცდახუთს მანეთს მოგცემ, ჩაგაცმემ, დაგხურამ, კარგს გაჭმევ, კარგს გაცმევ, ჩემი მარმარას სულის მზემა... მერე შენ შენთვის და მე ჩემთვის... როცა ყავლს გაათავებ, რაღას დაგიჭერ... ჰო, აბა, ნენე, იფიქრე; ისე შეგინახამ, როგორც ჩემი მარმარა, იმის სულის მზემა... მე ვინა მყავს, რომ საქმეს მოერიდო...

ნენე ჩაფიქრდა... გადასწყვიტა, მოჯამაგირედ დაუდგეს და ისე გადიხადოს ყაზარას ვალი. ყაზარას უკანასკნელმა სიტყვებმა ნენეს გული მოულბეს, დარწმუნდა, რომ ყაზარა ისეთი საშიში არა ყოფილა, როგორც ფიქრობდა... “ესეც ადამიანი არის, მგელი ხომ არა, გული აქვს; რაც უნდა იყოს, შეწუხებული ადამიანი შეებრალება; იქნება ჩემი საქმე ხეირად წავიდეს. ბიჭი ხომ შეგირდად მივაბარე; გოგოს ჩემთან ვიყოლიებ და, როგორც იქნება, გავათხოვებ”, ასე ტკბილად ფიქრობდა ნენე.

ნენე გარეთუბნიდან აიბარგა და გადმოსახლდა მოჯამაგირედ ყაზარ სტეფანიჩის სახლში. აქედან დაიწყო ახალი ხანა ნენეს ცხოვრებისა. ნენეს მეზობლები ერთმანეთს ეცნენ, - გაიგეს თუ არა იმისი ყაზარასთან გადასვლა, არ ეპიტნავათ, არ მოეწონათ საბრალო ახალგაზრდა ქვრივის ასეთი გადაწყვეტილება.

- უიმე, გენაცვალეთ, ამ დედაკაცმა რა ჰქნა ესა, - ამბობდა ერთი: - არც იწვრილა, არც იკითხა და ისე გადავიდა იმ ქოფაკის სახლში! ის ხომ ქრისტიანი სული არ არის, ეშმაკისაგან არის შეკრული და დაწყევლილი; არც ნათესაობა სწამს, არც თვისი და ტომი.

- ის კუდიანი ბარბარაც რაკი შეუჩნდა, ეშმაკსაც შეაცდენდა, - დაურთო მეორე მეზობელმა. - რა საჭიროა, სწორედ ხასად დაუჯდა ყაზარასა. ის ქოფაკი, ისა, რაღა დროს იმისი ესეებია, კაცი სამარისაკენ იყურება, გასათხოვარი ქალები სახლში უსხედან და ამისთანა საქმეებს კი მისდემს.

- რა ექნა საწყალ ნენესა, თქვე დალოცვილებო! ერთი იცით და მეორე აღარა; მაშ რითი გადაეხადნა იმოდენა ფული. ძალა აღმართსა ჰხნავსო... მაშ რა ექნა, ქა!.. ისეთი დაკრძალული ადამიანია ნენეი, ჩემი შვილების მზემა და ლხენამა, რომ ამ უბანში ორი არ მოიძებნება; ნამუსიანი და კარგი ქალია, - ჩაერია ლაპარაკში ახლა სხვა მეზობელი. - ყაზარასთანაები იმას ბუზსაც ვერ აუფრენენ; ვისთანაც გასვლია თავისი მიქარვები, ნენესთან ვერ გაუვა.

ნენეს კეთილმა მეზობელმა ყველას ენა მუცელში ჩაუგდო, და შესწყვიტეს იმაზე სჯა და ლაპარაკი.

IV

ნამუსიანი სიღარიბე, თუ უნამუსო სიმდიდრე?

თუმცა ყაზარამ ბევრი რამ გვიამბო თავის თავზე, თითქმის გაგვაცნო თავისი ვინაობა, მაგრამ ბევრი იპლუტა და დამალა. ჩვენი ყაზარა ერთობ გამოცვეთილი კაცია და რამდენსამე სიტყვას ვიტყვი იმისი ცხოვრების დასასურათებლად: ადრინდელი “ქეციანი ყაზუა”, აწინდელი “ყაზარ სტეფანიჩი”, ნასოვდაგრალია; კევიდან დაიწყო მისი ვაჭრობა. როგორც იყო, გაიჩინა ერთი ულაყი ვირი და იმითი დაჰქონდა სოფელ-სოფელ საწვრილმანო: სოფლის ბიჭებისგან მოსვენება არა ჰქონდა; დაუშენდნენ ქვებს ვირზედ აკიდებულს საწვრილმანოს ყუთებსა და გაჰქონდათ რახი-რუხი; თუ ვინიცობაა სიტყვას შეუბრუნებდა კვიმატ ბავშვებს, მაშინ ბავშვები ჭიანჭველას გორასავით დაედებოდნენ, ტლოკებს სულ სახრით აუწვამდნენ. ზოგი ყურზე დაეკიდებოდა, ზოგი ცხვირზე და მთლად კიბოსავით აწითლებულს გაისტუმრებდნენ ხოლმე. უფრო იმიტომ ემტერებოდნენ, რომ ურიასა ჰგვანდა, ურიასავით ღიჯინებდა, ურიასავით უყვარდა ქალებში ჯდომა, რომელთ წინ გაშლიდა საწვრილმანოსა და გაუთავებლად ეჭიჭინებოდა. თუმცა სოფლად ასე აბუებული ჰყავდათ “ქეციანი ყაზუა”, მაგრამ ის თავისას არ იშლიდა; იგი, როგორც ერთი რამე დამშეული ნადირი, ჩუმად და აუჩქარებლივ მისდევდა ნიშანში ამოღებულს შეძენის გზასა. ყაზარა სოფლად აგროვებდა დიდძალ კვერცხსა, ვარიებსა, დედლებსა და სხვა შინაურ ფრინველებსა; წაიღებდა ყველა ამ ნაშოვნს, საწვრილმანოზე გადაცვლილსა, და ქალაქ ადგილას მოგებით ჰყიდდა; დაავსებდა ხელმეორედ ყუთებს და კიდევ გამოსწევდა სოფლისაკენ, რომელიც ნელ-ნელა ზრდიდა თავისის სისხლ-ხორცით “ქეციან ყაზუას”, რომ გამხდარიყო “ყაზარ სტეფანიჩად”. კარგად გაიწაფა ყაზუა კვერცხებისა და ფრინველის ყიდვაში, თავი შეისწავლა თუ არა, ოც წლამდის სულ ასე ეთრია და ეთრია. ბოლოს ცოტა ზევით აცოცდა, ერთს კიბეზე შედგა ფეხი და “ქეციანი ყაზუა” ახლა ყაზარად გადაიქცა იმიტომ, რომ ბაზაზის დუქანი გაიკეთა. აქაც სარისტამ არ უღალატა: ისეთს მივარდნილ უბანში გაიმართა დუქანი, სადაც სულ მდაბიო ხალხი ცხოვრობდა და ბაზარზე შორს იყვნენ. ამ დღე ქალებით იყო სავსე იმის დუქანი; მეზობლის გოგოებს ლილიფარას არ ულევდა; ყველა ალერსით ექცეოდა, ყველა საალერსო სიტყვას ეუბნებოდა:

- ყაზარო, ყაზარო! შენსა მზესა, ესა და ეს გამოგზავნე.

- ყმაწვილო, რა კარგი ბუზიკის დაკვრა იცი!

სულ ასე ელაპარაკებოდნენ. მართლა, დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ როცა ვირით სოფელ-სოფელ დადიოდა, თან განუშორებლად ბუზიკა დაჰქონდა, მუდამ უკრავდა გზა და გზა და ისე გაიმართა, რომ საცა ქორწილი, ან ლხინი იყო, ყაზარაც იქ იყო გამოჭიმული. მაშინ, როდესაც ბაზაზის დუქანი გაიმართა, ხომ ისეთი დახელოვნებული იყო, რომ დუქნის კარებიდან აღარა შორდებოდნენ; სალდათებისაგან ხომ თავპირი ჰქონდა მოჭმული; დაბინდდებოდა თუ არა, მოიჭრებოდნენ სალდათები და ბუზიკის ჭყვიტინს საზღვარი აღარა ჰქონდა. ყოველ დილით ერთს დიდს თაბახს ლილიფარის ნაფცქვენს აჰკრეფდა ხოლმე დუქნის კარებიდან; დღე და ღამე ერთს მომცრო ტომარას ასაღებდა ამ სალდათებზე. სალდათებისაგან ერთი-ორი რუსულიც ისწავლა და თანდათან უფრო გამოიქნა და გამოიცვითა. ვნახოთ, სულ ოთხს წელიწადს არ გაევლო ბაზაზობის შემდეგ, რომ ყაზარამ მაკარიაში ამოჰყო თავი; დაბრუნდა, დუქანს გაუმატა. დაბრუნდა თუ არა, ყაზარა ანაზდად “ყაზარ სტეფანიჩად” გადაიქცა. როგორ სიამოვნებდა, რაგვარად უცმუკავდა გული, როცა ვაჭრები, რომელთაც ის ადრევ კვერცხებსა და ვარიებს მიჰყიდდა ხოლმე, დღეს ხელს გაუშვერდნენ და მოიკითხავდნენ ასე:

- ოო, ყაზარ სტეპანიჩს ვახლავართ! სხვა, როგორი ვაჭრობა გაქვს?

ყაზარა ახლა სუფთად დადიოდა; კვირაში ორჯერ პირს იპარსავდა სადალაქოში კი აღარა, პარიკმახერთან. მაღაზიას ზედ წარწერა გაუკეთა რუსულად და ქართულად, მაგრამ ტერტერამ დაიბარა, მაგრა შესტუქსა და დაუბარა:

- ვაჰ, ყაზარ სტეფანიჩ, ეგ რა საქნელია, რაც გიქნია?

- რას მიბრძანებთ, ტერტერჯან?

- იმასა, შვილო, რომ ღმერთს შენთვის შნო მოუცია, მაგრამ შენ გვარს ნუ დაივიწყებ, შენ ჰაიასტანელი ხარ; მაღაზიაზე შენი გვარი სწორე არ გიწერია; დააწერე, თუ მაღაზია მიკირტიანცისაა და არა მიკირტუმაშვილისა, ან მიკირტუმოვისა.

ყაზარა ახლა კი მიხვდა, ვინც იყო და რაც იყო; დღეიდან მართლმორწმუნე ჰაოსანი შეიქმნა. აქა-იქ ოჯახებში ლაპარაკიც დაიწყეს ყაზარაზე; ისე ლოტო არ გათავდებოდა, რომ დედებს იმაზე არ ჩამოეგდოთ ლაპარაკი და ქალები არ შეეღირებინათ.

ყაზარ სტეფანიჩი მეორეთაც წავიდა მაკარიას, ბლომად მოიტანა სავაჭრო საქონელი, დიდს ქუჩაზე გამოსჭიმა მაღაზია; ორი წლის შემდეგ გაკოტრდა და ბლომად ამოიდო ფული. თავპირი მოაჭამეს მაჭანკლებმა, აი ეს შეირთე, აი ესაო, მაგრამ იმის გაუმაძღარს სულს ფული სწყუროდა. გაეცალა პატარა ხანს სამშობლო ქალაქს და ჩავიდა ტფილისში. აქ ერთს დიდ ვაჭარს ამხანაგად შეეყარა; დიდი ქარვასლა სავსე ჰქონდათ მაკარიიდან მოტანილი საქონლითა. ერთს მშვენიერს დღეს ყაზარამ, ამხანაგის რჩევით, გადასწვა საქონელი და ქარვასლაც ზედ მიაყოლა, პოლიციამ ბევრი იწვრილა, იძია, მაგრამ ვეღარას გახდნენ. ამგვარად ყაზარამ დიდძალი ფული იგდო ხელში. ეხლა კი დიდი კაცი გახდა, ევროპიულად ჩაიცვა, წვერი ახალმოდურად დაიყენა, ერთის სიტყვით: “ანგლიცკომუ ბრუკუმ ნა ნოღუმ ნადელსია, ზოლოტომუ ცეპოჩკუმ ნა კარმან პოვისილსია”. გახდა კაცი რაღა! კაცი ფულიანი, რომელსაც ჩვენს დროში დიდი ყადრი და ყამი აქვს. ახლა კი ცოლი შეირთო, ჯოჯო, მაგრამ დიდი ფულიან-მზითვიანი.

ყაზარ სტეფანიჩი ძიელ გასალახანავდა წოწვასა და თრევაში; გარყვნილი კაცის სახელი ჰქონდა დავარდნილი; მთელს ქალაქში თითით საჩვენებელი იყო, როგორც ავხორცი ადამიანი, მაგრამ ფულის გამო კი ყველგან მიღებული. რას არ ამბობდნენ ქალაქში ყაზარაზე? ვითომ ნათესაობა არ სწამსო; თვით ღვიძლ-ნათესავებს არ ინდობსო; სახლი და ბანი მოქცეული აქვთ იმისგან ზოგიერთ ქვრივებსაო. იმ დროს, რომელსაც ჩვენი ამბავი შეეხება, ყაზარ სტეფანიჩ მიკირტუმიანცი თითქმის სამოც წელშია მიღწეული, მუცელს ძლივს დაათრევს მაკე ღორივითა, თმა უცნაურად გასთეთრებია, მაგრამ თავისას არ იშლის; სისხლის გუდა ბუნება მისი მაინც ჰყარდა და სულ გარყვნილობის მორევში ტრიალებდა. ამ ხანშიაც, თუ თვალსაჩინო ქალს დაინახავდა ქუჩაზე, უსათუოდ გაეკიდებოდა, დაუწყებდა დევნას, ცქერას, სიტყვას გადუგდებდა, ბევრჯერ გალანძღულა, ბევრჯერ თავს ლაფი დაასხეს. მაგრამ იმისათვის არაფერი იყო, იმას ეს სანთელ-საკმლად მიაჩნდა. აი ამისთანა კაცს ჩაუვარდა ხელში ნენეს ბედი და მთლად დემეტრეს სახლობისა. ნენეს ეგონა, ერთგულად ვემსახურები, ვალიდან თავს დავიხწევ და ღმერთი მიშველისო.

პირველ ხანებში ყაზარა ძალიან ტკბილად ექცეოდა ნენესა; შვილები დაუმოსა, ილო ხელობაზე ებარა და კვირა-უქმობით ისიც მოვიდოდა და ყაზარას ალერსს ისიც ეღირსებოდა ხოლმე. ნენეც ლაზათიანად გამოდიოდა; რასაც შოულობდა და პოულობდა, თინა გოგოს უნახავდა; სასიძოც ამოირჩია: ყაზარას მებაღე. ყაზარამ ნენეს ხუმრობა დაუწყო, მალი-მალ თავში ხელს წაძოჰკრამდა ალერსით, ლოყაზე ხელს აუცაცუნებდა. თან ფულს აჩუქებდა, გოგოს შეუკერე რამეო. დიდ ხანს არ გაუვლია, რაც ყაზარას დედაკაცად დაუდგა, რომ ნენეს მაინც ბედმა უმუხთლა. ყაზარამ თანდითან საზიზღარი ხუმრობა დაუწყო. ნენეს გულზე ცეცხლი მოეკიდა, შეუდგა ბჭობა-რჩევასა, გულმა სულთან ბრძოლა დაუწყო; ორი უცნაური ხმა ჩასჩიჩინებდა ბედკრულს ნენესა: გაუნამუსოვდეს, თუ არა? თუ გაუნამუსოვდება, ყაზარა ქალბატონივით აცხოვრებს, კარგად ჩააცმევს, დაახურავს, მის შვილებს პატრონად გაუჩნდება; თინას კარგად დააბინავებს. მაგრამ რომ გაუნამუსოვდეს, მზეს რაღა თვალით და როგორღა შეხედოს? რას იტყვის ქვეყანა? ხომ იმის შვილებს თავი მოეჭრებათ და ყველასაგან თითით საჩვენებელი გახდებიან? ხომ ნაძრახი დედის შვილები უნდა დაუძახონ? ფიქრობდა, რა სჯობიან: ნამუსიანი სიღარიბე, თუ უნამუსო სიმდიდრე და ფუფუნება? სად ჰქონდა ნენეს ჭკუა-გონების იმდენი ძალ-ღონე, რომ ასეთი მძიმე საკითხი გადაეწყვიტა. მაგრამ საცა კაცს ჭკუა ვერ გაუჭრის ხოლმე, იქ გული ჭკუა-გონების ალაგს იჭერს, და რასაც იგი უცაბედად წასჩურჩულებს, კაციც უგონებს და ხშირად დაუჯდება ხოლმე გულის ნარჩევ-ნაბჭობი. ნენეც დაემორჩილა გულის რჩევა-ბჭობას და მტკიცედ გადასწყვიტა და ამჯობინა ნამუსიანი სიღარიბე უნამუსო სიმდიდრეს, უნამუსობით მოპოვებულ ცხოვრებასა და სიცოცხლეს.

V

ციხეში

ის-ის იყო ცისკარმა გააციცინათელავა აღმოსავლეთი; ტყიან მთიდან ამოეყო მას ლამაზი, ელვარე თავი. ხის ფოთლებს, რომლებსაც განთიადის ნიავი აცელქებდა, ზედ დაჰკანკალებდნენ სხივნი ცისკრისანი, ზედ დაცელქობდნენ. ფოთლები ერთმანეთს განთიადს ულოცავდნენ და სხივი, ზედ დაბნეული ათასფეროვნად პრიალებდა. ღამე თანდათან დღედ იწურებოდა. ამოჰყო თუ არა ცისკარმა ყური, მინდვრის მამალმა, ღამის მეხრის ნუგეშმა ტოროლამ, ბამბა-ქულას ბუჩქიდან მაშინვე დაიფრთხიალა, თავისი მხიარული გალობა “ტრრრ” შესძახა, არე-მარე შეამკო ტკბილის ჭიკჭიკით და მძინარს, მიბინარებულს ბუნებაში სიცოცხლე დაატრიალა. ცისკარმა ამოიმაღლა და თავისი წმინდა, ანკარა, ნარნარი სხივები მიაყენა და მიჰფინა დახავსებულ კედლებს ქალაქის ციხისას, სადაც ის იყო ციხის ჭოტმა, დაინახა რა სინათლე, შესწყვიტა თავისი გულსაკლავი და ბაიყუშური ბაიათი. წმინდაა ეს ციხე, შეღებილი მამულის ერთგულთა ძეთა უმანკო სისხლითა, უმანკოთი, როგორც სხივნი ცისკრისა. დღეს მას, მის ბერ კედლებს, მის ჭაღარას, რომელსაც ჩვენ ხავსს ვეძახით, ეალერსება, სიყვარულით ეკონება მხოლოდ მნათობთა სხივი. მრავალ მოწამე ციხე დაღონებული გადმოჰყურებს ძირს ქალაქსა; მისი ხავსიანი კედლები თითქო ჩამოჰქვითინებენ ძირს, დაბლა, ადამიანთა სადგურს - ქალაქსა. ციხიდან ცისკრის სხივებით ნარნარად განათებულს ქალაქისათვის რომ გადმოგეხედნათ, იტყოდით: აი, სწორედ ეს იგი სამოთხეა, რომელიც ვითომ პირველ კაცს უბოძა საცხოვრებლად უზენაესმაო. სამხრეთით მდინარე, დასავლეთით მდინარე, ჩრდილოეთით კვლავ მდინარე და თვით ქალაქის გული, დასერილი პატარ-პატარა ნაკადულებითა; თვით ქალაქი, ე.ი. სახლები, გახვეული, მთლად შთანთქმული ბაღ-ვენახებში, რომელიც წარმოადგენს ერთს ობოლს წალკოტსა. დიახ, ამ ქალაქს შუა, მაღლა გორაზედ, ამართულია ციხე, რომელიც მთელს გორას რკალივით გარე შემორტყმია, რომელიც მცველი და მფარველი იყო ჩაგრულის ერისა, მოწმე ბევრის ავისა და კარგისა, რომლის კედლები შეღებილია მამულის ერთგულთა შვილთა წმინდა სისხლითა. ძირს კი გაჭიმულია ქალაქი, სავსე ბოროტებითა, ურთიერთისადმი ადამიანთა შურითა, სადაც ძმა ძმას ბადეს უგებს, ჰყიდის, ჰქეჯნის მის სულსა და გულსა, სადაც თითქოს ყველას ხელთ აუღია ყასბის დანა და დაუნდობლად ჰღადრავს ყელსა უმცროსთა ძმათა.

ძველად ციხე და ქალაქი, რომელიც მას ფრთის ქვეშა ჰქონდა ამოფარებული, ერთი აზრით იყვნენ გამსჭვალულნი, ერთს აზრს ემსახურებოდნენ მუყაითად; ძველად თვით ქალაქიც, თვითეული მისი მცხოვრებელიც თითონაც ციხე იყვნენ, და ეს ციხე-კაცი მხოლოდ გაჭირვების დროს მიმართავდა ხოლმე სამწეოდ თავისს უფროს ძმას, გორაზედ ამაყად ამართულს ციხესა. დღეს კი სულ სხვა სურათს ვხედავთ: ციხე დაძმარებულა, დაღონებულა, შუბლი შეუკრავს, მწარედ მისტირის ძველს დიდებასა. დღეს მას შეჰკედლებიან ფრინველნი ცისანი, რომელნიც მას ჭიკჭიკ-გალობით ართობენ; დღეს მას მხოლოდ მნათობთა წმინდა სხივნი ეალერსებიან. ხანდისხან ჯაფისაგან დაქანცული და პატრონისგან მოძულებული გამხდარ-გამსჭვალი ვირი, ან ცხენი თუ შეეკედლება ხოლმე და იმის მოედანზე ამოსული წმინდა ბალახით სულს მოითქვამს. კოკების ტარებისაგან ზურგგადაღლეტილი ვირი დღე და ღამ სძოვს ციხის შიგნით, მოედანზე, ბალახს და გაამაყებული მით, რომ ტკბილი ბინა იშოვნა, აღტაცებაში მოვა ხოლმე, გრძნობით გადმოჰყროყინებს ქალაქელებს და მით ატყობინებს, რომ მხოლოდ მე, პირუტყვ ვირს, მეწვის გული ბერის ციხისთვის, თქვენსავით არ გავგულქვავებულვარო.

ცისკარმა კარგა შემოიმაღლა, სხივებს უხვად აბნევდა ციხის კედლებზე და მისს ხავსს ათასფრად აღუდღუდებდა. ბუნებაში ხმაურობა გახშირდა. ამ დროს ციხის გვერდზედ, შესავალი კარების პირდაპირ, დიდის სიჩქარით მოდიოდა ვიღაცა შავოსანი, მოდიოდა, მაგრამ ხშირად მუხლი ეკეცებოდა. იქნება თითონაც არ იცოდა, რათ მოდიოდა ასე სისწრაფით, რათ მოფორთხამდა ციხის კიბეზედ. ციხის კარს რომ მოადგა, შეჩერდა, ქარი ამოიღო; პატარა მოედნიდან, რომელიც ციხის კარს წინ უდევს, გადმოხედა ქალაქსა, რომლის ბაღ-ვენახებში დაბნეული იყო სხივი ცისკრისა და აქა-იქ ხეებში ჭრაქივით ბჟუტავდა. ძირს მძიმედ მიიზლაზნებოდა მტკვარი, რომელსაც დაჰკონებოდა დილის ბურუსი. მტკვარს ჩამოსცქეროდა გორიჯვრის ეკლესია, რომლის გუმბათს ოდნავ ელამუნებოდა თეთრი ღრუბელი, თითქოს სურს წმინდა ტაძარი შეისვას ფრთებზე და ზეცად აღიყვანოსო.

ღელავდა შავოსანი... ციხის კედელს მიანარცხა რაღაც იარაღი, რომელმაც ცეცხლი გაჰყარა, წკრიალი მოიღო და შავოსანი თავისკენ მიახედა, მაგრამ მსწრაფლად მობრუნდა, მიაქცია მხარი წმინდა გიორგი გორიჯვრისას, დაემხო პირქვე, დიდხანს ჩაჰკვნესოდა, ჩაჰბუტბუტებდა, ჰკოცნიდა და რაღაცას ჩასთხოვდა დედამიწასა. ბოლოს მოისმა ქვითინი, რომელიც გამხეცებული პირუტყვის ბღუილს უფრო ჰგავდა, ვინემ ქვითინსა; ამოისკვნა გული და დაალტო დახავსებული კედელი ციხისა მისმა მდუღარე და წყაროსავით მომდინარე სისხლის ცრემლებმა. გული რომ მოიჯერა, წამოდგა. სინათლეს ემატნა, ბინდი ღამისა თითქმის სულ მილეულიყო; ცივი ზეკარა გამოზუზუნებდა ციხის კარებიდან; წითელი შუქი მისდგომიყო კედლებსა; ფრინველნი აშლილიყვნენ და საამურად ფარფატებდნენ. შავოსანი რეტდასხმული ეცა ცულს, რომელიც წეღან ისე წყრომით მოისროლა, საჩქაროდ შევარდა ციხეში და მთვრალივით ფარფატით გასწია კედელ-კედელ ციხის აღმოსავლეთისაკენ... დღის სიცხადისა შეეშინდა, შეკრთა, შეჰზარა. რაღაც აწუხებდა და სწვავდა საბრალოსა, როგორც იყო მიატანა ციხის ეკლესიას, მუხლი მოეკვეთა და ჩაიკეცა. გულმა უცნაურად შემოჰკრა; შავოსანი წავიდ-წამოვიდა ქანაობით და თავი სიპ კლდეს მიარტყა, რომელიც საყდრის შესავალ კარებს დირედ ედო. შავოსანი გრძნობდა სიკვდილს, იგი წინ აეტუზა, მაგრამ გაჭირვებულს გაჭირვებაში ყოველივე ხელს უცარავს: სიკვდილმაც უმუხთლა და ზურგი შეაქცია. დაავლო ცულს ხელი, მაგრა ჩაბღუჯა, თითქო ჰსურს მისი გაწურვაო, მიწას დაარტყა და პირი შიგ ჩაუსვა.

- არა, მე დანაშაული არა ვარ! ღმერთი ხედავს და წმინდა გიორგი გორიჯვრისა ჩემს სიმართლესა! მე სხვა არა მინდა რა; მე მსურს მხოლოდ ღმერთთან მართალი ვიყო და ჩემს სინიდისთან წმინდა - გადახედა ცულს და წარმოსთქვა: -- მე შენ ტყუილად გიწყრები, უსამართლოდ გეკიდები; შენ დაიცვი დღეს ჩემი ნამუსი, შენ გაუნაჭყე თავი ცხრათავიან გველეშაპსა, რომელიც ჩემს ერთადერთ სასურველსა და საყვარელს საკუთრებას შეეხო, შეეხო ჩემს ნამუსსა, ნამუსსა-მეთქი, ჩემი შვილის ნამუსსა!!. მაგრამ სულ ერთია, ისიც ჩემია, ჩემი სისხლია, ჩემი!!. დაავლო ისევ ცულს ხელი, გულში მიიხუტა, მიიცქნაფა და ზედ დაანდო გახურებული თავი.

ფრინველები უკვე მთლად აიშალნენ ციხიში ბუდეებიდან, ყვავებმა შექმნეს ჩხავილი, გადააფრინდ-გადმოაფრინდნენ შავოსანს, თავს დაჰფარფატებდნენ და ჩახრანტალებდნენ. შავოსანს გულმა ძგერა, სულმა კვნესა დაუწყო; მის გარშემო ყველა ხარობს, კოწიაწობს, ბუნებას ეალერსება, შესტრფის; შავოსანი კი ოხრავს, მის სულსა და გულში ჯოჯოხეთის ალი ტრიალებს. იგი კვალად დაემხო საყდრის კარებთან სიპს კლდეზედ, ჩაჰქვითინა და დააფრქვია ცხარე ცრემლები... უეცრად წამოვარდა და საშინელის ხმით წამოიყვირა:

- ვაიმე, შვილებო!.. მართლა, შვილები!!. ვაი თქვენს დედასა!.. - წაივლო ორივ ხელი თავში და ციხიდან გამოქანდა.

იმ დროს, როდესაც შავოსანმა ასე საშინლად დაიყვირა და გამოეშურა ციხიდან, სწორედ მაშინ მთელი ქალაქი ფეხზე იდგა: გარბოდნენ და გამორბოდნენ, უკანა წინას მისდევდა და მიიძახოდა:

- რა ამბავია, რა ამბავია?..

- ყაზარ სტეფანიჩისათვის შიგ ძირში მოუთლიათ თავი, - ამბობდნენ მოწინავენი და გარბოდნენ ყაზარას სახლისაკენ.

VI

საპყრობილეში

ერთ პატარა საპყრობილის ოთახში, ცარიელ ტახტზედ მოკუნტულიყო დემეტრეს ცოლი ნენე; პირი თავშლის წვერებით გაეკრა, იცინდლებოდა და ჩუმად ღვრიდა იატაკზე ცრემლებსა. კარებში პატარა სარკმელი იყო გამოჭრილი; სარკმელთან იდგა ხიშტიანი ყარაული და მისჩერებოდა ნენესა. ნენე არავის არ ხედავდა, არასა გრძნობდა; მისი გონება დაფრინავდა შორ-შორს, ათას ადგილას გადაჰყავ-გადმოჰყავდა, აქანავებდა, აბურთავებდა საცოდავს, როგორც აღელვებული ზღვა ნავსა. საპყრობილის ოთახში მარტო ნენეს ლეში იდო; წამს შვილებს გადაავლებდა თვალსა, ვითომ მიიკრავდა გულში, სამუდამოდ ესალმებოდა; წამს ყაზარას წარმოიდგენდა, წარმოიდგენდა იმ სისხლის გუბეს, რომელშიც თავმოჭრილი ყაზარა ფართხალებდა ქათამივითა; შეეზარებოდა ის საშინელი სურათი, გული წვას დაუწყებდა; ახლა წარმოიდგენდა თავის ბოლოს, რომ იგი უნდა სამუდამოდ გამოსალმებოდა შვილებს, ქვეყანას, სიცოცხლეს. სიცოცხლის მოკლება არა სტანჯავდა, არ აწუხებდა; ნენეს ეწუხებოდა შვილები, ის იყო თავი და ბოლო იმისი წუხილისა. წარმოიდგენდა თუ არა შვილებს უპატრონოდ, ობლად დატოვებულებსა, წაიდუდუნებდა ხოლმე:

- რა ვქნა?.. იკურთხოს შენი სახელი, ღმერთო მაღალო! ალბათ ასე მეწერა.

ნენე კვლავ გაება ღრმა ფიქრებში; აღარას გრძნობდა... ამ დროს იმის ოთახის კარმა ჩხაკანი მოიღო, კლიტე ააცალეს და კარი შემოაღეს. შევიდა ზედამხედველი საპყრობილისა ორის ხიშტიანი ყარაულით და უთხრა, გამოსულიყო. ნენე ზუზუნებდა და თავს აქანავებდა. ზედამხედველს ეგონა, ჩვენ ამ დედაკაცმა ჩალადაც არ ჩაგვაგდოო, დასტაცა იღლიებში ხელი და ტახტიდან გადმოიყვანა. ნენემ საშინლად დაიწივლა და ფეთიანივით მიაწყდ-მოაწყდა კედლებსა. ცნობაზე მოიყვანეს და გამოუცხადეს, გამომძიებელი გიბარებსო. ნენე ნელ-ნელა დაწყნარდა. ჩაიყენეს ყარაულებმა შუაში და გაიყვანეს საპყრობილის კანცელარიაში, სადაც გამომძიებელი მოსულიყო საქმის ვითარების გასაგებად. ციხეში პყრობილნი ფანჯრებს მიეკვრნენ, ერთმანეთს ზურგზე ასხდებოდნენ, რომ დაენახათ ის საკვირველი დედაკაცი, რომელმაც ყაზარ სტეფანიჩი ამ წუთისოფელს გამოასალმა.

ნენემ მოიკრიფა სულის ძალა, ჩამოიხსნა გაკრული პირი, წყნარად და დალაგებით უამბო გამომძიებელს თავისი ვინაობა და ყაზარას მოკვლის ამბავი და მიზეზი.

- მე გახლავართ ნენე, დემეტრე ასკილაძის ჯალაბი, ორი შვილი მყავს... ოოჰ, დედა მოგიკვდეთ. დედა, შვილებო!!. მე სულ ვიქნები ჩემის ანგარიშით ოცდათოთხმეტის, თუ ოცდათხუთმეტის წლისა; როცა მივთხოვდი დემეტრესა... შავ და უკუღმა ის დღე, ჩემთვის კარგი არა მოიტანა რა...

- შენ ისა სთქვი, რაც საქმეს შეეხება, ნუ გადაუხვევ, - უთხრა გამომძიებელმა.

- დედაშვილობასა... თუ დედად არ მიწამებ, დაძმობასა, - შესთხოვა ნენემ, - მათქმევინე ყველაფერი, ენას ნუ შემიკრამ. ყველაფერი დავკარგე ამ ქვეყანაზე; ჩემთვის მზე აღარ მზეობს და მთვარე აღარ მთვარეობს; სიცოცხლე გაარმებული მაქვს; უკანასკნელადღა ვლაპარაკობ... ვინ იცის, ხვალ მე დამღუპონ... ყველა ჩემი სიმართლე ხელის გულსავით უნდა გადაგიშალო და შიგ ჩაგახედო.

- ჰო, კარგი! აგრე იყოს; სთქვი რაც გინდა!

- იმას მოგახსენებდი, მე დემეტრეს ჯალაბი გახლავართ.. დაიღუპა, დაიღუპა მთელი დემეტრეს სახლობაი... რაც აქ ჩამოვედით, ყაზარასაგან ვალი აიღო; ამბობდა, ცოტა რამეს შევმატებ დუქანსა და იოლად წავიღებ ჩემ საქმესაო. მაგრამ უბედური ადამიანის საქმე სულ უკუღმა ტრიალებს: რასაც მოჰკიდა ხელი, ყველგან წაუხდა საქმე; ყაზარას სარგებელს ვერ ასდიოდა, რაც შემოსდიოდა, დარდმა და ვარამმა თან გადიტანა. ყაზარამ თავი არ დაანება ვალსა. შემიტყუა სახლში, ვითომ მოჯამაგირედ, ტკბილის, ცბიერის სიტყვით მამთინთლა, ჩემი გული მოინადირა: მივყევ მეც ხეტივითა, მეგონა, ეს არის ღმერთმა ეხლა კი წაღმა დაატრიალა ჩემი საქმე-მეთქი. თურმე იმ ბოროტ ადამიანს იმ იუდის კერძს...

- ქალო, მაგრე ნუ ლაპარაკობ მიცვალებულზე...

- ბატონო, გული მეწვის; ძუძუები დამაჭრა იმ წყეულმა, ნამუსი დამიმხო, სული შემიგინა. ბატონო!.. ოჰ, ღმერთო! შენ მიეც მაგიერი... თურმე გულში იმას სხვა ედო, თურმე იმისი სული ამყრალებული ყოფილიყო... შემომიჩნდა. დამინებია ათასი მანქანებითა, ჩაცივებითა, ქრთამებითა: შევცოდე ღმერთსა, ბატონო! ჩამქოლეთ, ჩამქოლეთ!.. ნამუსი ამხადა, სინიდისი წამიწყმინდა; სამუდამოდ დამაკარგვინა ჩემი უბედური დემეტრე, დამაშორა იმის სულსა... რაღა თვალით შევეყარო იმ გრძელ სოფელსა...

- თუ შენი ნებაც იყო, რაღათ მოჰკალი?

- მოიცა, შენი მუხლების ჭირიმე, მათქმევინე ბოლომდისა... ჩემის მარჯვენით გამომიყვანია და გამომიზდია შვილები; ბევრჯერ დაწყლულებულის ხელებით მირეცხნია სარეცხი; ბევრჯერ სიცხიანი ჩავკიდებულვარ თონეში და ისე კვნესა-ოხვრით გამომიცხვია პური; იქამდის გამიჭირდა, რომ შვილები დათხოულობდნენ, კინაღამ გამიავაზაკდნენ. ვიფიქრე, ჩემს თავს შევწირამ, მტლედ დავედები შვილებსა და დავიხსნი შიმშილისგან-მეთქი. ასეც ჩავიდინე - დავდექ ყაზარასთან იმის ვალის გადასაწყვეტად; მომხიბლა... აკი მოგახსენეთ... ნამუსი შემირცხვინა... ვარჩიე უნამუსო სიცოცხლეს ნამუსიანი სიღარიბე, მაგრამ თავი ვერ დავიჭირე; მაცდური იმის მაცდურია, რომ ჩემისთანა უბედური კლდეზე გადასჩეხოს... ესეც მოვითმინე შვილებისათვის... სანთელი არ უნდა გამექრო ჩემი უბედური ქმრისათვის, მაგრამ ყაზარამ არ იკმარა... ნუ მათქმევინებ, ნუ მათქმევინებ, ბატონო, თქვენს ლხენასა!..

- არა უშავს რა, დაწყნარდი; თქვი, იქნება შეღავათი რამე მიეცეს მაგ თქმით შენს საქმესა.

- ყაზარა შეეხო ჩემი ნორჩი თინას ნამუსსაცა!.. - აქ ნენემ თავი ვეღარ შეიმაგრა, აცახცახდა, ხელები დამუჭა, ხორცს იგლეჯდა და მწარედ იღიმებოდა - ჩიტი რა არის, ჩიტი! ქვეყანას შეჰყრის, ქვეყანას აატირებს, თუ იმის შვილებს შეეხება ვინმე, ძაღლი თავის ძუძუთა ლეკვს ზედ დააკვდება და არავის კი ანებებს. პირუტყვი ამას შვრება და მე რაღა უნდა მექნა, რა? მიბრძანეთ ერთი.

-- ჰო, აბა, თქვი, თქვი!

- უი, დედასა, შვილო!.. როდესაც გავიგონე თინას ხმაურობა... კუხნის ოთახში მიწვა დედამკვდარი!.. გავვარდი ნადირივითა და ვეფხვივით დავაცხრი ყაზარასა... მის ურცხვ სანახაობას ვერ აგიწერ... დავტრიალდი ოთახში, ცული მომხვდა ხელში, დავავლე ხელი და განვაშორე უნამუსო სული ყაზარასა... შვილი გადავარჩინე! და აი მე, რაც გინდათ, მიყავით...