The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ძველი ტყე

ძველი ტყე

ქარიშხალია! წვიმს, ელავს, გრგვინავს

და გარს ყველაფერს მუსრავს გრიგალი;

მეფობს წყვდიადი, ხარობს სიკვდილი,

რომ ჩინებული ხვდა მოსავალი!

მაგრამ კვდებიან მხოლოდ ფოთოლნი,

უწყალოდ რომ გლეჯს და აბნევს ქარი,

თვით ძველი ტყე კი კვლავ ცოცხალია

და დგას კვლავ მტკიცედ შეუპოვარი!

მის ათას წლობით არსებობის დროს

მის თავს ბევრ გრიგალს გადაუვლია,

მაგრამ არა თუ ვერ შეუმუსრავს,

ფერიც კი ოდნავ ვერ შეუცვლია!

და საქართველოც ხომ ძველი ტყეა

და ფოთოლნი კი, ძირს რომ სცვივიან,

მისი შვილები, მის სადიდებლად

დღეს რომ გმირულად იხოცებიან!

ცოცხლობს ძველი ტყე და კვლავ იცოცხლებს,

არის, იქნება საქართველოცა:

ვით განვლილ შავ დროთ ვერ დაუკლიათ,

ვერას დააკლებს ეს მწარე დროცა!...

1915 წ.