The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მწყემსი გაგნა

მწყემსი გაგნა

ჰიი... ჰეე... ჰი... ჰეე...

მიუსტვენს გაგნა აღმართ-აღმართ და მიერეკება თავის სამწყემსოს: კუდვარდა ხარს, კოჭლ ცხვარს და წვერცანცარა თხას.

დაჭრელებულ კომბალს ხან მხარზედ გადაიდებს, ხან ჩირგვებს უბარტყუნებს.

- ჰა-ჰაი, შე სამგლევ, შენა. - დასჭყივლებს ხანდახან და თან ყურს უგდებს თავის ხმას, - აცა, ისე ვჭყივი, როგორც დიდმა მწყემსებმა იციან, თუ არაო. მაგრამ ხმაზედ კარგად ატყობდნენ ცხვარიც, თხაც და კუდვარდაც, რომ უკან მოსდევდა პარკუჭუნა გაგნა, რომელიც მთელი ზამთარი კომბალს აჭრელებდა. გუდას წარამარა აიკიდებდა ზურგზედ და გამოეჭიმებოდა ბოსელში: “მზად იყავით, სითბო ჩავარდება თუ არა, საბალახოზედ უნდა გაგრეკოთ, ასე სთქვა პაპამაო”.

და, აი, დადგა ეს დროც. დათბა. თოვლი აიღო. მინდორს, ქედებს, მწვანე ფერმა დაჰკრა, ბალახმა ზევით ამოიხედა. ტყეს ნეკერში წყალი ჩაუდგა, ერთი სიტყვით, გაჩნდა გაგნას სამწყსოსთვის სასუსნავი.

მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა გასაჭირი გაგნას. ამ სერის გადაღმა, სადაც ახლა თავისი სამწყსო მიუდიოდა და რომელიც სულ ახლო მანძილიდან მათ სოფელს თავზედ დასცქეროდა, ჯერ გაგნას არ გადაეხედნა, არ ყოფილიყო სერს იქით მხარეს, არ იცნობდა იქაურობას. მხოლოდ სერის აქეთ მხარეს, სოფლისაკენ, გაზაფხულობით და ზაფხულობით ჰკრეფდა იას, მაყვალს, მარწყვს და ჩიტის ბუდეებს ეძებდა.

მაგრამ ესეც არაფერია გაგნასთვის, ეგ არის, ის წვერცანცარა თხა არ უგონებს, გარბის ყველაზედ წინ, ხან რომელ ბუჩქს ამოეფარება, ხან რომელს. კუდვარდაც არაფრად აგდებს, მიდის ზანტად, მიიზლაზნება თავის ნებაზედ, ხანდახან შედგება და მიიხედავს უკან კუდის ქნევით, თითქოს რაღაც უნდა უთხრას გაგნასაო, კოჭლმა ცხვარმა ხომ მთლად გაუჭირა საქმე, ოფლში გასწურა, ცალ ფეხს ძლივს მიათრევს, ლამის წაიქცეს, გაგნა ხან უკანიდან აწვება, ხან რქებით მიათრევს.

როგორც იყო, ავიდნენ სერზედ; თხამ პირველმა ადგა ნაბიჯი მის მწვერვალზე; იმას მიჰყვა კუდვარდა და შემდეგ აკოჭლდა ცხვარიც. მაგრამ გაგნა კი მთლად პირდაღებული დარჩა; ცა ძალიან შორს იყო მისგან, ხელით კი არა, ათიათასი კიბითაც კი ვერ შესწვდებოდა, შორიდან კი ისე ეჩვენებოდა, თითქოს ცა ზედ სერზედ იყო გადაგუმბათებული, ავალ თუ არა იქ, ადვილად შევწვდები ხელითაო. სერს იქით ხშირი ბუჩქები ერთმანეთში გაბმულიყო, მათ შუა პატარ-პატარა კალოსავით დარჩენილ მინდვრიანებზედ ბალახი ბიბინებდა. ცოტა ქვევით წყაროს ჩხრიალი მოისმოდა. მოუსვენარი შაშვი ხან ერთ ბუჩქში ჩაფრინდებოდა სტვენით, ხან მეორეში. ჩხიკვს ერთი ვაი-ვაგლახი გაჰქონდა, თითქოს იმას დარჩენია იქაურობაო. სავარცხელა ოფოფი მიწას ჩიჩქნიდა ნისკარტით. ჩიტი-ჩიორა ერთმანეთში ირეოდა.

სამწყსო გაიშალა. თხამ ნეკერს მიაშურა, კოჭლი ცხვარი იქვე გაგნას გარშემო ხინხილით უვლიდა და სძოვდა მწვანე ბალახს, დინჯი კუდვარდა კი ფშვენით მისდევდა ერთ კვალს ძოვნითვე.

გაგნამ ახლა თავიანთ სოფელს გადაჰხედა, აგერ მათი უბანი, მათი სახლიც. პაპა ყუდროზედ ზის, მეზობლიანთ ბუთხუზა ეზოში თავის პატარა ურემს დააგორებს. გაგნა გაიჭიმა, ჯოხი ცალი ხელით განზედ გაიტანა, მეორეთი დოინჯი შემოიყარა.

- დედი... დედიი... რა ღრიალაა და! - აჯავრებს გაგნა გუნებაში ბუთხუზას. - სამწყემსოდ კი არა, წყაროზედაც კი ვერ წასულა ჭიჭილით, რომ წყალი მოიტანოს. აბა, თუ ბიჭია, აქ ამოვიდეს, აი! - წაიფუჩუნა გაგნამ, მერე მოიხსნა გუდა და გადაწვა გულაღმა.

- ჰიი-ჰეეე-ჰიი-ჰეე, - უსტვენს გაგნა სამწყსოს და თან ოცნებობს, მათი თხა როგორ მოიგებს ციკანს, გაიზრდება - გახდება თხა, ისიც ციკანს მოიგებს, ცხვარი - ბატკანს და გაუმრავლდება სამწყსო. ზაფხულობით მთაში გარეკავს, ზამთრობით ბარში ეყოლება. პაპას რო ერთხელ მთაში დათვი შეჰხეჩებოდა! შიგ გულში ვახალე თოფიო! რაო, მე კი შემეშინდება თუ! ამ კომბლით შუა გადავუჩეხავ თავს. ჰიი... ჰეე... - ჰიი... ჰეეე... ძოვეთ, ძოვეთ ჩემო ბეკეკებო!

ცოტა არ იყოს, გაგნასაც მოშივდა. ხუმრობაა, პატარა მანძილი კი არ გამოიარა! მეორეც, ეს მწყემსის წესია, მინდორში პური უნდა ჭამოს, გამოტეხა გუდიდან პური და დაწოლილი შეექცა.

- უჰ, დედავ! როგორ გარბიან ცაში ღრუბლები და, - მიაჩერდა გაგნა ახლა ღრუბლებს. - ხან სახლებს აშენებენ, ხან ერთმანეთს ეჩხუბებიან. ბიჭოს! ერთი სულ მთლად ჩემს კოჭლ ცხვარს დაემსგავსა, თავიც რო იმას მიუგავს, ძლივს მიხანხალებს. ერთი, ორი, სამი, - სთვლის გაგნა ღრუბლებს, - ჰეი, ჰეი, რამდენია და... ნეტა ერთი კი ჩემი იყოს. - ნატრობს გაგნა.

- მი-ი-ი... მი-ი-ის - მოესმა ამ დროს უცებ საიდანღაც ციკნის ხმა და ზეზედ წამოიჭრა. ან რა დროს ღრუბლები-ღა იყო, როდესაც თხას ციკანი მოუგია!

- მი-ი-ი, მი-ი-ი... - კიდევ გამეორდა კიკინი.

- ის არი, ის! ციკანია, ნამდვილად ციკანია! - დარწმუნდა გაგნა და ბუჩქებისაკენ გადაეშვა. ჩაირბინა ქვევით. მიათვალ-მოათვალიერა, მაგრამ ციკანი კი არა, თხაც არსად არა სჩანდა.

- მი-ი-ი... მი-ი-ი-შუ! მი-ი-ი-შუ! მი-ი-ი-შე!

- რა ვქნა, ციკანი თუ კიკინებს, ეს “შუ” რაღასია? - ფიქრობს გაგნა.

- კაჭ-კაჭ.. ოფ-ოფ!

- ეჰე, კაჭკაჭმაც რო მახარა! უეჭველად ციკანია, უეჭველად!

- ოფ-ოფ - მიაუ - ოფ-ოფ - მიაუ!

- რა ვქნა, რატო ან ოფოფი არსად სჩანს, ან კატა. მერე კატას რაღა უნდა აქ? იქნებ ჩვენი ფისო გამომყვა? - ეკითხება თავის თავს განცვიფრებული გაგნა და ერთი ბუჩქიდან მეორესთან გადადის, ხან ქვეშიდან შეხედავს, ხან ზევიდან აცეცებს თვალებს.

- მი-ი-ი... მი-ი-ი! - მოესმა კიდევ ციკნის ხმა გაგნას.

- საიდან კიკინებს ის ოხერი, ისა! - ჯავრობს გაგნა და ძლივს-ძლიობით მიარღვევს ბარდებს. ხან ეკალი ედება, ხან მაყვალი სწევს უკან, მაგრამ გაგნა მაინც მისდევს ციკანს. თითქოს მის წინ, იქვე, ბუჩქებში, უნდა იყოს; მივა, მიათვალ-მოათვალიერებს, მაგრამ ციკანი მაინც არსად არა სჩანს.

- მი-ი-ი! მი-ი-აფ! აფ! აფ!

- რაო, “აფ - აფ - აფო! ” ძაღლიც იყეფება!

ახლა კი ჟრუანტელმა დაუარა გაგნას. იქვე, მის ახლო, საიდანღაც ძაღლი იყეფება! ვინ იცის, იქნებ ცოფიანიც არის, ჰა? გაგნას მუხლები აუკანკალდა, თვალები ისე გამოეჭყიტა, კინაღამ ქუთუთოებიდან გადმოუვარდა.

- მი-ი-ი - აფ! მი-ი-ი - აფ!

- ვაიმე! ცოფიანი ძაღლი! - ახლა კი უეჭველად დარწმუნდა გაგნა და ღრიალით გაქანდა სერის წვერისაკენ.

- ჰაჰაი, პაპავ, ჰაი-ჰაეე... მიშველეთ, ცოფიანი ძაღლი გამომიდგა და თხამაც ციკანი მოიგო! - ღრიალებს გაგნა სერიდან, რაც ძალი და ღონე აქვს, თავიანთი სახლის გასწვრივ და თან ცრემლები მოსდის თვალებში. პაპასთვის კი ზარბაზანი რომ დაგეცალათ ყურის ძირში, იმასაც ვერ გაიგონებდა, არამც გაგნას ხმა გაეგონა.

- ჰაჰაი, პა...

- რა გაღრიალებს, ბიჭო, რა იყო? - შეეხმაურა ამ დროს ვიღაც ახლოდან და გაგნას პირი გაღებული დარჩა.

ბუჩქებიდან მათმა მეზობელმა ივანემ ამოჰყო თავი.

- მიშველე, ძიავ, აგერ იქ, - გაიშვირა ქვევით ხელი, - აგერ იქ თხამ ციკანი მოიგო და მის ძებნაში ის ოხერი ცოფიანი ძაღლი გამომიდგა.

- სად, აბა, სად არის ციკანი, ან ცოფიანი ძაღლი სად იყო? -კიდევ შეეკითხა ივანე, მიუახლოვდა გაგნას და გაიხედა იქით, საითკენაც თითს უშვერდა.

- აგერ, ძიავ, აგერ იქ, დიდი ბარდები რო მოსჩანს, - გაიშვირა კიდევ გაგნამ ცალი ხელი ბარდებისაკენ და მეორეთი ნამტირალევი თვალები ჩამოიწმინდა.

- აბა წამოდი! - უთხრა ივანემ და გაეშურა გაგნას ნაჩვენები ბარდებისაკენ, თანაც წალდი, რომელიც ფიჩხის დასაჭრელად წამოეღო, გამოიძრო წელიდან და ხელში მოიმარჯვა... “ვინ იცის, იქნებ მართლაც ცოფიანი ძაღლიაო, ” - გაიფიქრა გუნებაში ივანემ.

ორივენი ბუჩქებში შევიდნენ, მიათვალ-მოათვალიერეს იქაურობა, მაგრამ არსად არ სჩანდა არც ციკანი და არც ცოფიანი ძაღლი.

- მი-ი-ი - აფ! მი-ი-ი - აფ!

- აი შენ და დარდუბალა! - მიაძახა ივანემ ჩხიკვს, რომელიც ბუჩქებიდან ხან ციკანს აჯავრებდა, ხან ძაღლს. - ბიჭო, ეს ხო ჩხიკვი კიკინებს და ჰყეფს, რის ციკანი, რის ძაღლი?!

- ჩხიკვი?!

- ჰოო, ჩხიკვი, ჯაფარა, გესმის თუ არა?! იმან იცის ხოლმე, იმ ოხერმა, რასაც გინდა, იმას გააჯავრებს: ციკანს, თხას, ძაღლს, კატას, ოფოფს და, ვინ იცის, კიდევ რას არა. აგერ, აგერ, ვერ ხედავ, სად იქნევს ბოლოს ის ეშმაკი, ისა! - გაუშვირა ივანემ თითი გაგნას მაღლა ხისაკენ.

იქ, მართლაც, ერთ ტოტზედ ჯაფარა მოუსვენრად ტრიალებდა, ხან ციკანივით კიკინებდა და ხან ძაღლივით იყეფებოდა.

- არა, ჩხიკვმა როგორ შეგაშინა, ჰა, შე მშიშარავ, შენა? - დასცინა რამდენჯერმე ივანემ თავჩაღუნულ გაგნას და გასწია ფიჩხის მოსაჭრელად.

დარჩა მარტო გაგნა, მართალია, გული დაუმშვიდდა, მაგრამ ივანესთან კი შერცხვა. ნეტა უბნის ბიჭებს მაინც არ უთხრას ძია ივანემ ჩემი ამბავიო, - ნატრობს გულში გაგნა და თან ჯაფარას ემუქრება ასეთი შერცხვენისათვის.

ჯაფარა-კი, თითქოს ჯიბრზედ, შორიდან ისევ ისე ხან ციკანივით კიკინებდა, ხან ძაღლივით იყეფებოდა, თითქოს დასცინოდა გაგნა მწყემსის გულადობას.

1911 წ.