The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
პირსისხლიანო ყორანო

პირსისხლიანო ყორანო

- პირსისხლიანო ყორანო,
დუშმანო ოხერ-მკვდრებისა,
საიდან მოხვალ? მიამბე
ამბავი საფლავებისა.

- გეტყვი, გიამბობ: იქ ვიყავ,
სად მტკვარს არაგვი ეხვევა,
ალაზანს გული უგმინავს,
რიონი ჭალებს ერხევა.

კაი რამ არის ქვეყანა,
ედემზე უკეთესია,
კაეშნის ბულბული მღერის,
სევდის ვარდები სთესია.

იქ იალბუზის მკერდიდან
წყარო რამ ჟვენავს ტინისა: -
ამბობენ, ვითომც ცრემლია
უწინდელ გმირთა-გმირისა.

დღისით მზე ხიშტზე თამაშობს,
ღამე - კოცონი ანთია,
ალში შეხვეულ სოფლებსა
სისხლის ტბა გაუნათია!..

- პირსისხლიანო ყორანო,
დუშმანო ოხერ-მკვდრებისა,
ეგ ხომ ჩემია სამშობლო,
სისხლიც ჩემ მოძმეებისა!

- თვალებს გიქებენ საკორტნათ,
ჰკვდები ციმბირის ველზედა...
შენი სამშობლოც ჩემია,
ბუდეს ვსდგამ იმის მკერდზედა!...

ეს ჩამომყეფა ყორანმა,
გული წაიღო ნაღველმა...
მუქარაც ვერ ვსთქვი - სამშობლოს
მხდალი შვილების მნახველმა...

1911 წ.