The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
კაკანათი

კაკანათ

დიდი ხვეწნის შემდეგ ბიძამ ლადას კაკანათი გაუკეთა, მშვენიერი, გათლილი, ძუაგაბმული კაკანათი.

ეს მოხდა საღამოთი, ბიძია რომ სამუშაოდან დაბრუნდა და ლადამაც უვნებლად დაახვედრა სამი ცხვარი, რომელსაც იგი უვლიდა.

დიახ, დღეს ლადამ მიიღო ქება, როგორც სამაგალითო მწყემსმა და აგრეთვე კაკანათიც. ახლა ის იჯდა ბუხართან სხვებთან ერთად და შეექცეოდა ლობიოს შეჭამანდს. კალთაზედ ედვა ახლად შეძენილი იარაღი და გვერდით სამწყემსო კომბალი. მის უმცროს დას პაწია მარიკელას, ცოტა არ იყო სწყინდა, რომ დაასაჩუქრეს მხოლოდ ლადა; მაგრამ იმის შემდეგ, რაც ძმამ პირობა მისცა, რომ ერთად ინადირებენ და ნანადირევსაც სწორედ გაიყოფენ, მარიკელა დაკმაყოფილდა, და, თუმცა ვერა ბედავდა ლადასთვის კაკანათი გამოერთმია, მაინც შორიდან ალერსით უყურებდა და ნახევარსაც თავის საკუთრებად სთვლიდა.

ხანდახან ხელსაც წაავლებდა ხოლმე კაკანათის გადაგრეხილ ძუას, რასაკვირველია, ლადას ნებართვით. ახლა საქმე იმაში იყო. როდის გათენდებოდა, რომ შესდგომოდნენ თავის საქმეს.

ორივე მონადირეს მოუთმენლობა ეტყობოდა. მათ თვალწინ ეხატებოდათ სანეტარო სურათი: დაგებული კაკანათი და შიგ გაბმული ჩიტი.

გათენდა დილაც. ლადამ პირველად თვალები კედელს შეაჭყიტა, რომელზედაც ჩამოკიდებული იყო კაკანათი, მისი ბიძის კაჟიანი თოფის გვერდით. არც მარიკელა ჩამორჩა ლადას და ორივემ საჩქაროდ ჩაიცვეს ტანთ.

ლადამ ჩვეულებრივ გამოუშვა ბოსელიდან თვისი სამწყემსო სამი ცხვარი, ჩაიდვა ყაბალახში ნახევარი პური და კაკანათით ხელში გაუდგა გზას. მას უკან გაჰყვა მარიკელაც. მიეშურებოდნენ კალოზედ, სადაც ბლომად ეყარა საქონლის პატივი და მონარჩენი ბზე, რომელზედაც ბლომად სხდებოდნენ ბეღურები.

ნახევარი საათის შემდეგ ორივე მონადირე შეუდგა საქმეს: საქონლის პატივზედ დააგეს კაკანათი, თვითონ-კი მიიმალნენ საბძელში და გულის ფანცქალით ელოდნენ სტუმრებს.

- წივ! წივ! - ისმოდა აქეთ-იქიდან ჩიტების წივწივი.

მაგრამ ფრთხილი ბეღურები ჯერ ვერა ბედავდნენ დამსხდარიყვნენ იმ ადგილს, სადაც ის-ის იყო ორ-ორი მონადირე რაღაცას ფუსფუსებდა.

- ფრრ... - გადმოფრინდა ღობიდან პირველად მამალი ბეღურა, რომელიც ბელადად ითვლებოდა თავის ამხანაგებში, დაეშვა პატივზედ გადაშლილ ბზეზედ, რამდენჯერმე მარდად შეთამაშდა ფეხებზედ, მიიხედ-მოიხედა აქეთ-იქით და, დარწმუნდა რა, რომ ახლო არავინა სჩანდა, წივწივით მოიწვია ამხანაგებიც.

მაგრამ ერთბაშად ყველამ ვერ გაბედა: ჯერ რამდენიმე მამალი ბეღურა დაეშვა მის გვერდით, მათ მოჰყვნენ სხვები და, ბოლოს, ყველა ერთად გადმოეშვა ღობიდან ძირს მათთვის გაშლილ სუფრაზედ.

ლადა და მარიკელა გულის ფანცქალით გამოიყურებოდნენ საბძლიდან, თვალს არ აშორებდნენ კაკანათს და ტუჩებზედ ხელების დადებით ერთმანეთს აფრთხილებდნენ - ხმა არ ამოიღოო, თუმცა ვერც ერთი ვერ ითმენდა არ წაეჩურჩულა რამე, როდესაც რომელიმე ჩიტი მიუახლოვდებოდა კაკანათს.

აგერ ერთმა მათგანმა უკვე სულ ახლოს აუარ-ჩაუარა კაკანათზედ გაკეთებულ პურის მარცვალს; მიუახლოვდა მეორეც.

მონადირეებმა სუნთქვაც-კი შეაჩერეს, თუმცა გული ძალზედ უცემდა ორივეს.

- კაპ! - გაისმა უცებ და კაკანათში კისერგაყოფილმა ბეღურამ დაიწყო ფრთხიალი.

- წივ! წივ! წივ! - წრიპინით აიშალნენ დანარჩენნი, შესხდნენ ისევ ღობეზე და იქიდან მიაჩერდნენ თავის საცოდავ ამხანაგს. ისინი თითქო თვალებით ეკითხებოდნენ ერთმანეთს, რა მოუვიდა და რა დაემართა მათს ამხანაგს, მაგრამ ახლო მისვლას ვერცერთი ვერა ბედავდა.

ლადა და მარიკელა-კი კაკანათს უკვე ხელში ატრიალებდნენ და ცდილობდნენ უვნებლად გამოეყვანათ იქიდან ბეღურა.

როგორც იყო, გაანთავისუფლეს საცოდავი; მაგრამ ვაი ამ თავისუფლებას! ბეღურა კისერს აქეთ-იქით აგდებდა, თვალებს აპარპალებდა, ფრთხიალებდა, იტანჯებოდა... ერთი წუთის შემდეგ უკანასკნელად გადაატრიალა კიდევ თვალები და გაშეშებული, მკვდარი ჩიტიღა შერჩათ ჩვენს მონადირეებს ხელში. წივ! წივ! - დაიფრთხიალეს დანარჩენმა ბეღურებმა ღობეზედ. უკანასკნელად გამოესალმნენ თავის საცოდავ ამხანაგს, წყევლა და კრულვა შეუთვალეს პატარა მონადირეებს და გადაფრინდნენ მეორე კალოზედ.

ლადა და მარიკელა სრულებით არ მოელოდნენ ამას.

მათ წინ ახლა იდვა გაშეშებული, უსიცოცხლო ჩიტი!

ორივენი დაღონებულნი დასცქეროდენ ფრინველს...

კაკანათი რაღაც ბოროტ იარაღად მოეჩვენათ.

- მოკვდა! - წარმოსთქვა ცრემლმორეულმა მარიკელამ.

- საძაგელი ყოფილა კაკანათი, - დაუმატა გულმტკივნეულად ლადამ.

ბალღები დამნაშავესავით იდგნენ უსიცოცხლო ჩიტის წინ.

1907 წ.