The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ია

ია

გაზაფხულის მოციქულო,
პირლამაზო ჩემო ია,
ნამის სატრფოვ, სიყვარულო,
თვალ-ჟუჟუნა პაწაწია;

რათ მოგწყვიტეს, მოგაშორეს
შენს სამშობლოს გულ-მოქარგულს,
ძაძა რისთვის მოახვიეს
კოკორ-გაშლილს შენს სიყვარულს?

“ეჰ, ნუ მკითხავ...” - მიპასუხა
მე სტუმარმა უცაბედმა,
ის ჩემს ციხის ფანჯარაზე
მოწიწებით დადვა მტრედმა:

“ეჰ, ნუ მკითხავ, ჰკითხე ბორკილს,
შენს ხელებზე გაბმულ ჯაჭვსა,
ჰკითხე კლიტეს - შენს კისერზე
და ცხოვრების ქარიშხალსა;

დიახ, ჰკითხე...” მაგრამ იას
შეეცვალა უცებ ფერი
და ფანჯარის რკინის ჩარჩოს
ზედ დააკვდა მშვენიერი.

1910 წ.