The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ლადო მესხიშვილი

ლადო მესხიშვილი

ეს იყო ზამთრის ღამე მოსკოვში. ერთი თვით ადრე, სანამ რევოლუცია დაიწყებოდა 1917 წელს, ქართველების კოლონიამ გადაწყვიტა ლადო მესხიშვილისათვის გაემართა ბანკეტი; მუსხელიშვილი იმ ჟამად მოსკოვში იყო და კინო-თეატრებისათვის თამაშობდა.

მხოლოდ სამშობლოდან მოცილებულ ახალგაზრდობას და რევოლუციის აფეთქების თავშეკავებულ მოლოდინს შეეძლო დაებადა ისეთი ენთუზიაზმი, რომელიც მაშინ იყო.

შესაძლებელია, არასდროს ასე არ შეციებოდეს საწყალ თომას, როგორც ამ ღამეს“, ასე მივმართავდი მე ლადო მესხიშვილს სიტყვით. პირველივე სიტყვები იწვევენ არტისტში ცრემლებს და მეც ვცდილობდი სიტყვა მალე გამეთავებინა... მე იმ ღამეს მომაგონდა მორის ბარესის სიტყვა, რომ მან აკადემიაში შესცვალა ხოზე მარია ერედია და აკადემიის ტრადიციით უნდა ეთქვა საქებარი სიტყვა ერედიაზე. ბარესმა ერედია შეადარა მეფე ლირს, რომელმაც თანასწორად გაუყო თავისი მეფური ნიჭი ორ თავის სიძეს - ფრანგ პოეტებს: ანრი დე რენიეს და პიერ ლუისს (ორივეს ცოლად ჰყავ ქალიშვილები ხოზე მარია ერედიასი). ლადო მესხიშვილმაც, როგორც მართლა მეფე ლირმა, თანასწორად გაუყო თავისი ნიჭი ორ თავის ქალიშვილს: ნინა ვარიას. უკანასკნელის გასტროლები ამასწინათ დამთავრდა თბილისში დიდი გამარჯვებით და ლადო მესხიშვილის დღევანდელი მოგონებაც მისი ბრალია. მაგრამ სულ სხვაა ნიჭი გაუყოფელი, მონოლითი, ისეთი როგორც ლადო მესხიშვილი იყო. ასეთ გენიებს ბადებს ხალხი თავისი შემოქმედების დაწყების დროს, ეს არის პირველი სიყვარული - ამიტომ უნაზესი და უშუალო.

ლადო მესხიშვილი ერთი ფარავდა არტისტის სახელს - ეს არის უდიდესი დამსახურება. მთელი ჩვენი თაობა, რომელიც განაგებს დღეს ქართულ ხელოვნებას, მომსწრეა ლადო მესხიშვილის შემოქმედების ზენიტისა: თეატრის წარმოდგენა აქედან იწყება.

და მართლაც, ლადო მესხიშვილს ჰქონდა არტისტობის რადიუსი მსოფლიოზე გამართული, ახლა თვითონ ღმერთმაც რომ ითამაშოს: კინი, ედგარი, აკოსტა, გრაკხი... მაინც წარუხოცელია პირველი შთაბეჭდილება... ეს არის დაღი, რომელიც არასდროს არ წაიშლება.

ლადო მესხიშვილი, მართალია, ხნით არ იყო უფროსი ქართული სცენის სვეტებისა, როგორც . აბაშიძე და სხვა, მაგრამ ხერხემალი მან გაამაგრა. და ამიტომ არის, რომ ის შეკირულია ქართულ თეატრს; ამასთან ერთად, მისი არტისტობა ორგანულად ენათესავება ქართული მსახიობის ბუნებას: აწეული პათოსი, ტემპერამენტი და წვა. ალგებრული ფორმულები, კაბილისტიკა და რეჟისორის მაგია ქართულ თეატრს არასდროს არ დაემყნება: არ შეიძლება მისი დაურვება ისე, როგორც არ მოთვინიერდება ორბი ან არწივი.

როგორც ყოველ დიდბუნებოვან არტისტს, მასაც სიკვდილი სხვანაირი ჰქონდა. ის პირდაპირ ჩამოვიდა მოსკოვიდან ტფილისში, რომ აქ მომკვდარიყო... ამ სიკვდილის საბედისწერო ნიშანს გრძნობდა ყველა, ვინც ნახა ლადო მესხიშვილი ქიმერიონში“ გამართულ ბანკეტზე. უშუალო სიკვდილი უფრო იწვევს ცხოველ მოგონებას. მორიგი 5 ნომერი ბარიკადისა”, რომელიც 1921 წლის თებერვალში უნდა გამოსულიყო, აწყობილი დარჩა სტამბაში. მთელი ნომერი ლადო მესხიშვილისადმი იყო მიძღვნილი. დღესაც თითქმის მესამე წლის თავია. ქართულ საზოგადოებას დღეს ლადო მესხიშვილის ქალიშვილი აგონებს ძვირფას მამას. ამ კეთილშობილ დაწყებაში მთელი საქართველო შეუერთდება მას.

ერთი რუსი მწერალი ამბობს: უკანასკნელ დროს გოეთე დადიოდა როგორც ძეგლი საკუთარი თავისა (как памятник самому себе).

ასეთი იყვნენ ყველა ჩვენი რჩეული პოეტები არტისტები: აკაკი, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია და განსაკუთრებით ლადო მესხიშვილი.

მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ მადლიერი საქართველო თავისთავს სცემს პატივს ლადო მესხიშვილის ძეგლის აგებით. ოპერის ბაღის მეორე ნაწილში აკაკისთან ერთად იქნება ლადო მესხიშვილის ძეგლი.

ეს იქნება დაფასება მისი ნიჭის და ეს იქნება აგრეთვე ძეგლი ქართველი ხალხისა, რომლის ულამაზესი შვილები იყვნენ: აკაკი წერეთელი და ლადო მესხიშვილი...

შემდეგი და განსაკუთრებული სიტყვა ეკუთვნის მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს...

1923 .