The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ციხეში

ციხეშ

ირაჟრაჟა. ახმაურდა ქალაქი, ქუჩებში ხალხი სანთლებით ხელში მიდი-მოდიოდა, ზარები სამრეკლოებიდან დასძახოდნენ ქალაქს. “ქრისტე აღსდგა”! “ჭეშმარიტად”! - გაისმოდა ყოველ კუთხეში. ყველანი ერთმანეთს ულოცავდნენ დიდებულ დღესასწაულს! ყველას პირზედ რაღაც სიხარულის ღიმილი უკრთოდა, ბედნიერებას გაეშალა ფრთა და მას აჰყოლოდა დედამიწაც. ჯალათი და მსხვერპლი მხოლოდ ერთს გრძნობას გაეტაცნა, გრძნობას რაღაც სათნოებისას, სიყვარულისას, სიძულვილი სადღაც გულის სიღრმეში მიმალულიყო და დილის განთიადზედ ძმობა და ერთობა დაჰქროდა, მას დაჰხაროდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მას უგალობდა ხალხის გული, მისკენ მიფრინავდა სული და მოტყუებული ოცნება...

- მაშ ასე?!.. - ჩაილაპარაკა თავისთვის რკინის ფანჯარაზე მიყრდნობილმა ტუსაღმა და ფიქრებიდან გამორკვეულმა სატუსაღოს მესამე სართულიდან გადახედა მის წინ გადაშლილს ქალაქს.

- მაშ აღსდგა ქრისტე?! - გაიმეორა მან კიდევ და მიხედა კარებთან მდგომ დარაჯს.

მისი შავი თვალები გაელვარდნენ, შავგვრემან სანდომიან სახეზე სიმწრის ღიმილმა გაუთამაშა, ხელები ძალაუნებურად მოეხვივნენ სარკმლის რკინებს და გაისმა მგრგვინავი ხმა ციხის მიყრუებულ ჰაერში.

- ქრისტე აღსდგაო, ძმებო! - შესძახა მან თავის მეზობელ მოძმეებს, - ქრისტე აღსდგაო! ვერა ხედავთ, როგორ ლიტანიობს ხალხი! ვერა ხედავთ, როგორ შეჰხარიან სიმართლის აღდგენას, ბოროტების დათრგუნვას, ძმობა-ერთობის გამეფებას, ცრემლების გაქრობას, სიხარულს, სიყვარულს! დაუგდეთ ყური ზარების გრგვინვას, თვით ჰაერსაც კი ატყობინებენ ქვეყნის ბედნიერებას! ვაშა, ვაშა, ქრისტიანებო! მაგრამ დახედეთ თქვენს ბორკილებს, შეხედეთ თქვენს კარებზედ აყუდებულ დარაჯს, სულშეხუთულ თავისუფლებას, სისხლში ამოსვრილს! დაუგდეთ ყური თქვენს ქვითინს, მოიგონეთ თქვენკენ გამოწვდილი ხელები დედ-მამისა, შვილებისა, სატრფოსი, ძმებისა! გადახედეთ შიმშილს, როგორ იცინის ოცნებით გატაცებულ ხალხის ჟრიამულზედ. გადახედეთ, როგორ უჟღარუნებს ბორკილი ამ წუთით გატაცებულ ხალხზედ! გადახედეთ მძინარე ლომს - თავისუფლებას, - როგორ დასჩხავის მას თავზედ ყვავ-ყორანი. აჰა, ეს ჯვარიც, ეს ჩვენი ციხეც, რამდენია ჩვენში ბარაბა, რამდენისათვის აღმართულა ჯვარი და კიდევ რამდენს მოელის! მაშ აღსდგა ქრისტე? სტყუის ზარი, სტყუის სამრეკლო!

ოცნებაა ხალხის ლიტანია, სტყუიან ზარები! - დაიძახა მან უკანასკნელად და მოჰხარა სარკმლის რკინები.

- შესდექ! - შეუყვირა დარაჯმა და ტყვიით განგმირულმა გულმა მაინც კიდევ ამოიკვნესა:

- სტყუიან ზარები!..

მხოლოდ მჩქეფარე სისხლმა გასცა უბედურს პასუხი...

1905 წ.