The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ღვინია გადაიჩეხა

ღვინია გადაიჩეხა

(საახალწლო იმედები)

I

- ნიკო, ხვალ ძლიერ ფრთხილად უნდა იარო, თორემ ამ საშინელ გაყინულზე, თუ ერთი ფეხი გაუსხლტა საქონელს, ის არის და ისა, ცოცხალსაც ვერ ააყენებ.

- ოჰ, და! მე და ჩემმა ღმერთმა მართალს ამბობს ნენეი, - დაუმატა რძლის სიტყვებს მოხუცებულმა გოგიამ, რომელიც რკინის ფეჩის წინ იყო მიცუცქული და ხელებს ითბობდა. - აგერ სამოცდაათი წლის კაცი დავბერდი და თითქმის არ მახსოვს, რომ მოვსწრებოდე ამისთანა ყინვას ჩვენს ქვეყანაში. ჩემს ბიჭობაში კი გამიგონია, 1800 წელს მტკვარი ისე გაიყინა, რომ ორი კვირა ხალხი ზედ გადიოდ-გამოდიოდაო.

- ეხლაც აგრე არ არი? იმ დღეს რომ ქალაქში ვიყავი, მტკვრის პატარა ტოტზე აბდა-უბდას დაყირაობდნენ ,,პოვოსკები”. პატარა ბიჭები ისე დასრიალებდნენ კუკიის ხიდის ქვეშ, აი დასწყევლოს ღმერთმა, ისე დასრიალებდნენ, რომ გეგონებოდა დაფრინავენო: არც იქცეოდნენ ის ოჯახ-ქორები, არც ირყეოდნენ, გეგონებოდა ფეხებში ეშმაკები შესხდომიათო, - დაუმატა ნინიკამ.

- რა ძლიერ გაგკვირვებია ყინულზე სრიალი, ჩვენებურები კი არ დასრიალებენ ხოლმე ციგებითა? ისე დავსრიალებთ, ისე, რომ რეტი დაგვეხვევა ხოლმე. - ლაპარაკში ჩაერია ათი წლის მიხა, მამას ძველს მაზარაში გახვეული და თავზედ რაღაცა ჭუჭყიან ძონძწაკრული.

- მამილო! ხვალ ქალაქში რომ ჩახვიდე, საახალწლოდ ,,ბაშმაკები” მიყიდე! ამოდენა გოგო ვარ და ჯერ ფეხსაცმელი არა მღირსებია.

- მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე! ამოდენა, ვინ იცის, რვა წლისა მარტო ღვინობისთვეში შესრულდები. ნეტა იმდენი ფული აიღოს ერთ პატარა ურემ შეშაში, რომ საახალწლოდ ორიოდე ფუთი ფქვილი მოგვიტანოს და პირის გასახსნელად ხუთიოდ გირვანქა ხორცი! შობა დღესაც ცარიელ ლობიოზედ გადავიარეთ.

- მართალს ამბობ, ნენე, უხორცობა ამისთანა დიდ ბედნიერ დღეს როგორ შეიძლება! ნახევარ თუნგი არაყიც კი მომეტებული არ იქნება, მე და ჩემმა ღმერთმა! მეტადრე ამისთანა ყინვაში, - დამქაში დაუკრა გოგიამ რძალს.

- ბატონო, ეგ ხომ კარგი იქნება და კარგი, მაგრამ თქვენ პერანგს გული პირი სულ ჩამოგლეჯილი აქვს და არყის ფასით რომ ერთი არშინი ლურჯი ტერნო მოგიტანოს ნინიკამ, მე მგონია, ის კი ემჯობინება.

- მე, ძალო! ე, ოხერი ქალამნები სულ შემომეგლიჯა, ფეხები ლამის დამაძროს, მაშ ქალამნები არ მინდა?

- შენა, დედაკაცო, შენთვის რატომ არაფერს მაბარებ? - დაცინვით უთხრა ნინიკამ ცოლსა. - ისე ლაპარაკობთ, თქვე დალოცვილებო, თითქოს ჩემი დავარდნილი ხარების მაგივრად, ლომა კამეჩები მებას და სიფრიფანად ჩალაგებულ შეშის მაგივრად დატვირთული ურემი მიმქონდეს! ჩვენი სოფლის ურემ შეშას რიგიანი ხომ არავინ იყიდის, ჩვენ ის შემოგვევაჭრება, ვისაც ჩვენსავით ხუთი გროში ორას თუმნად უღირს. აი საგურამოს ურმები, აბა ურმები ისინია! ამ დიდ ზამთარში თითო ურემი თორმეტ მანეთად იყიდება. ჩვენი ურემი, რაც უნდა გაჭირდეს, განა არ იცით, რომ ოთხს მანეთს არ გადააჭარბებს. ქალაქელმა დედაკაცებმა იციან: ,,ქა, დიღმური ურემი და ხუთი მანეთი?! ხუთი მანეთი მქონდეს, მცხეთურს ვიყიდი, დიღმური ურემი რა საკადრისია! რა უთხრა გაჭირვებას თორემ, მაგისი ფასი ექვსი აბაზია, ექვსი აბაზიც კი მეტია!” ის კი არ იციან იმ დალოცვილებმა, რომ, მართლა რომ გაჭირვებას რა უთხრა, თორემ დიღმელს თითო ღერი შეშა თითო სისხლის წვეთად უღირს! საიდან სად უნდა მოვიტანოთ, რამოდონა შალბაში უნდა გადვიხადოთ და ექვსი აბაზიო! ექვსი აბაზი კი არა, რაც მე ამის მოტანაზედ ტანჯვა გავწიე, თითო ღერი ექვსი მანეთი უნდა ღირდეს. გუშინ ტყეში ხარები რომ დამიცვივდნენ, ურემი ამ დაღმართზედ სულ მხრით ვზიდე; ორჯერ-სამჯერ ისე მოვსხლტი ყინულზედ, მეგონა, ეს არის დამრჩა ცოლ-შვილი გატიალებული-მეთქი! ექვსი აბაზი! თითო ღერი, ყინულზედ დაკრული, რის ვაი-ვაგლახით ავაძრე და მერე რამდენ ხანს ვაფხიკე ყინულები, რომ საქონლისთვის ტყუილად ყინული არ მეტარებინებინა.

- კიდევ მაგ ყინვის იმედი მაქვს და! - უპასუხა ნენემ ქმარსა. - ამისთანა ვაგლახ ზამთარში ხუთ მანეთს როგორ არ მოგცემენ და ხუთ მანეთად ბევრი რამე მოგვივა საახალწლოდ.

- ნეტა ეგრე იყოს, დედაკაცო, და მაშინ ერთ წითელ თავშალსაც შენ მოგიტან.

- უი ქა, წითელი ხელცახოცი უნდა მოვიხვიო სამი შვილის დედამა! წითელი კი არა და თუ კარგ ლურჯ თავშალს ამომიტან, ურიგო არ იქნება, სხვა რომ არა იყოს რა, ახალ წელიწადს ახალი მაინც დამეკვებება.

- მართლა, ბიჭო, - უთხრა მორცხვად თავჩაღუნულმა გოგიამ შვილსა: - თუ მომეტებული გქონდეს ორიოდ შაური, ნუ დაზოგავ, შენ გაზრდას, და ცოტა-ოდენი თუთუნი მიყიდე. აგერ ორი კვირაა, რაც ჩიბუხი არ გამიბოლებია და ლამის გავგიჟდე, პურზე მომეტებულად მომშივა ხოლმე, ი ტიელი!

- დედა, დედა, თაფლი, ნიგოზი! ახალ წელიწადს გოზინაყი არ გვინდა? - კაბას სწევდა პატარა ფეფე დედას და საცოდავად ეღრიჯებოდა ნენეს.

- კარგი, კარგი, კმარა! რაც მოვა შეშის ფასად, ღმერთმა ხომ იცის, ჩემთვის არას შევინახავ. მოიტა, დედაკაცო, ლუკმა შევჭამო, გაუთენებლივ უნდა გავიდე, რომ ხვალ საღამოზედ თვალნათლივ ამოვბრუნდე, ახალ წლის ღამეს კარში ხომ არ გავათენებ?

II

ქალაქი დიდ ალიაქოთშია. დიდი და პატარა, დატვირთული სხვადასხვა ტკბილეულობით, ხორაგით თუ საახალწლო მორთულობით, მიეშურება შინისკენ. შეშის მოედანზედაც გაცხარებული ვაჭრობაა. ყოველ კაცს ახალ-წელიწადს სხვა სიუხვესთან უნდა რომ სახლიც თბილი ჰქონდეს. მოვაჭრენი უფრო ღარიბები არიან; მდიდრებს ზამთრის საგზალი დიდი ხანია დამზადებული აქვთ, ღარიბებმა კი სხვა დროს რომ სიცივე აიტანოს, ამ დღეს არ შეიძლება: - მტერი, მოყვარე მოუვა, - თავს ხომ ვერ შეირცხვენს და სიცივით გვერდებს არ გამოუყინავს!

- პოჟალუიტე, პოჟალუიტე! - რუსულ ჯიღჯიყით იწვევენ რუსს, ქართველს, თუ სომეხს მხერხავი იმერლები. - ეტა გრაბოვი, ეი ბოღ, ჩისტი გრაბოვი, სუდარინია, ნე ტარგუი, კაკ ბოღ, ოსემ რუბლი სტოიტ, დაი, ბედნი ჩალავეკ! ნუ, დაი, ნე ტარგუი! - მიეცი, კაცო, მიეცი, მეტი რაღა გინდა, შე ოხერო, ოქრო ხომ არ არის ეგ შენი ჭყინტლი შეშა, მიეცი-მეთქი. - ახლა შეშის პატრონს მოუბრუნდებიან მხერხავები და ბევრჯერ თავშიაც წაუთაქებენ, თუ გამყიდველი ბეჩავია და თავის დაცვა არ შეუძლიან.

დილის ათი საათია. საშინელი ყინვაა. სუსხისაგან წელში ოთხად მოხრილან გამვლელ-გამომვლელნი. მოედანი მთლად გაჭედილია შეშის ურმებით, ტევა არ არის, თუმცა პოლიციელი ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ რაც შეიძლება კედლისაკენ მჭიდროდ მიაყენოს ურმები. ურმები თანდათან მოდიან და მოდიან. პოლიცია ქუჩიდან მიერეკება ურმებს. მოედნის ზედამხედველი აქა-იქ დალასლასებს, თვალ-ყურს ადევნებს, რომ გაყიდული შეშა არ გამოეპაროს და ქალაქის იჯარა, ურემზედ ორი შაური, არ ასცდეს. ადრე მოსული მეურმეები ხტიან სიცივისაგან, ხელებს იორთქლებენ, ეღრიჯებიან მყიდველებს, ჩალას უდებენ პირში თავ-ჩაღუნულ და ყინვისაგან აბურძგნულს საქონელს.

თორმეტი საათია. თუმცა ბევრი იყიდება შეშა, მაგრამ მაინც მოედანზე ალაგი აღარ არის და პოლიციელი ახალ მოსულებს ქვემოდ, მტკვრის პირას ისტუმრებს. ქუჩაში, დიდი პოვოსკები მთლად იჭერენ ვერის ხიდის ჩასავალ ვიწრო ქუჩას.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩვენი ნინიკა მოედნის თავში. ურმის თავზედ ბრძენსავით დინჯად ზის პატარა მიხა თავისს ძველ მაზარაში გახვეული და თავზედ პაპის ცხვრის ტყავის ქუდჩამოფხატული. ნინიკა კი მხარდამხარ მისდევს ურემს და უღლის თავს უჭერს თავის შიმშილისაგან დაოსებულს ხარებს. იმისი ურემი სასაცილოა თავისი სიპატარავით. მოკლე, ვიწრო, მაგრამ მაღალი და თხელი, ბავშვის სათამაშოსა ჰგავს. შეშა მხოლოდ ორპირად უწყვია რიგზედ. შეშა შეშაზედ, ლამაზ კოშკივით არის აშენებული; გარედან ხმელები აქვს შემორიგებული და შიგნიდან ნედლი და დაკლაკნილ შეშებით არის ამოვსებული. და ეს სიფრიფანა შენობა რომ არ გადმოწვეს, არ შეირყეს, მსხვილის საბლით ათასგვარად არის გადასალტული.

ნინიკა სცდილობს შეშის მოედანზედ გაჩერდეს, სადმე მიიკუნჭოს. პოლიციელი უყვირის, ხელსა სწევს, ქვევით, წყლის პირისაკენ უთითებს.

- შენი ჭირიმე, აქ სადმე გავჩერდები, იქ ვერ ჩავლენ ჩემი ხარები და თუ ჩავლენ ვეღარ ამოიტანენ, დავარდნილები არიან, მთელი ზამთარი უღლიდგან არ გამოშვებულან, ნახევარზე მშივრები ჰყრიან, - საცოდავად შეღიჯინებდა ნინიკა პოლიციელს.

- არ შეიძლება, წადი, თორემ კისერში წაგკრავ, წადი!

- კაცო, ხომ გეუბნები, დავარდნილი ხარები მყავს-მეთქი. იმ ყინულზედ როგორ ჩაიტანენ, დაიმსხვრევიან და ჩემს ცოდვაში ჩასდგები!

- წადი, წადი, წადი! - და პოლიციელმა, რომელსაც ნინიკასი ერთი სიტყვაც არ ესმოდა, დაუშინა ხმლის ყუა ხარებს.

მეტი გზა არ იყო, ნინიკა ჩაუძღვა ხარებს მთლად ყინულით გასიპულ დაღმართზე. თან საშინელი ბოღმა ახრჩობდა, იცოდა რომ ბინდამდის ვეღარ ეღირსებოდა შეშის გაყიდვას და სიბრაზით თითქმის ტიროდა.

- ოჰ, თქვენი რჯული, თქვენი! უღმერთოებო! ახალ-წელიწად ღამე ბოგანოსავით ქალაქის გომში უნდა გავატარო, ცოლ-შვილი ჩემს გზის ცქერაში უნდა გამოღამდეს! რა დიდი ალაგი ჩემს ურემს მოუნდებოდა! ერთი ორი შაური მქონოდა, ჩუმად ხელში ჩამედო, ამას ხომ არ მიზამდა. ამ ფიქრებში გართული ნინიკა გულისხმიერებით ვეღარ ადევნებდა თვალს თავისს ხარებს; ერთს ამათგანს ფეხი გახეთქილ ყინულში ჩაუვარდა, მეორე ფეხი წაუსხლტა და ორთავე წინა ფეხით გაილასტა. ვიწროდ აკოკოლავებული შეშა საჩქაროდ გადიხარა გვერდზე და მსუბუქი ურემიც თან გადაიტანა.

ერთ წამზე ურემს დუნდგო ხალხი დაედო და სეირს შეჰყურებდნენ. ნინიკა გაშრა, ენა ჩაუვარდა, მოძრაობა შეეკრა; ის გაშტერებული დასცქეროდა თავის ღვინიას საშინლად გაფართხულ ფეხებს და იმის ტანჯვით სავსე თვალებს. გადაბრუნებულმა ურემმა და მაყურებელმა ხალხმა გზა შეუკრეს სხვა მიმავალ ურმებს. ,,დესეტნიკები” გაცეცხლდნენ და ნინიკას დაეტაკნენ. ,,კაცო, კაცო! აიღე ურემი, გზა გაწმინდე, ვერა ჰხედავ, ურმები მოდიან”.

ნინიკა უძრავად იდგა, ღვინიას თვალებში ჩასცქეროდა. საქონლის უსიტყვო, საზარელი ტანჯვა უსიტყვოდვე იბეჭდებოდა იმის პატიოსანს სახეზედ და კაცს გულს უკლავდა. ნინიკას გვერდზე პატარა მიხა საზარლად ქვითინებდა.

- კაცო! არ გესმის, არ გესმის? - და მოთმინებიდგან გამოსულმა პოლიციელმა წაუთაქა თავში, წაარტყა კისერში გაშტერებულ მეურმეს. ნინიკა გონს მოვიდა, ჩოხის კალთით მოიწმინდა მარცხენა თვალიდგან ჩამოგორებული მსხვილი ცრემლი და ღვინიას აპეურები შეაგლიჯა. ხარი უღონოდ გვერდზე გადავარდა და ორივე წინა ფეხები მჩვრებივით დაეკიდა.

- ბიჭო, შეშაში ორი აბაზი მოგცე?

- ორი აბაზი, შე ოხერო, ღმერთი არა გყავს, ბზე ხომ არ არის!

- ოთხი აბაზი მოგცე, ძმაო-ჯან, - ვითომ წაჩხუბებულმა, მაგრამ ნამდვილად კი პირშეკრულმა ჩარჩებმა დაუწყეს ნინიკას გაჭირვების დროს ვაჭრობა.

- ოთხი აბაზი?.. არა, შეშას არ ვყიდი, ისე მინდა გადავყარო, - ამოოხვრით სთქვა ნინიკამ და ურემს ცლა დაუწყო.

- მაშ რა გინდა, შე ცხონებულო! გინდა შენი ერთი მუჭა შეშა რვა მანეთად გაჰყიდო? - აჰა, მანეთი მოგცე! ახლა პოვოსკა უნდა ამას, რომ აქედგან ბინამდის გადავიტანო და! შენი ფეხებდაგლეჯილი მოზვერი ურემში ხომ აღარ შეებმება! აჰა, ერთი მანეთი! აიღე-მეთქი, გეუბნები, ჭკუას ნუ ჰკარგავ.

- არა. გამიშვი, თუ ღმერთი გწამს! გეუბნები არ გავყიდი-მეთქი.

- სულელი! არა ვყიდიო! მაშ მწნილად გინდა ბებიაშენს ჩაუდო?

- მამეშვი-მეთქი, კაცო, რას ჩამაცივდი. ყელში სისხლი მომდის, აქ ცოდოს არას შემამთხვიო.

- ვა, ცოდოს რას, მამა გიცხონდა, რევოლვერი არ დამახალო! ასეთსა გდრუზავ მაგ გოგრაში, რომ თვალებიდგან სულ მაშხალები წამოყარო!

ნინიკამ ერთი კი გადახედა გალირფებულ ვაჭარს და ხმაგაკმენდილმა ურემს ცლა დაუწყო.

რიყის ერთ კუნჭულზედ ოდნავ მსუნთქავი ღვინია შესდო.

- კაცო, ყელი გამოსჭერ, მანამ ცოცხალია, უსულოდ რადა ჰკლავ? - ეუბნებოდნენ აქეთ-იქიდგან ნინიკას. მაგრამ იმან ყურიც არავის ათხოვა.

ყელი გამოსჭრას ღვინიას და მერე ვინ? ნინიკამ? და განა ეს შესაძლოა? განა ღვინია ნინიკასთვის მარტო საქონელი იყო და სხვა არაფერი? არა. ღვინია იყო მისი იმედი, იმისი მარჯვენა ხელი და განა მარჯვენას მოიჭრის ვინმე, თუნდ ის მარჯვენა სამუშაოდაც აღარ ვარგოდეს?

III

ნინიკას ოჯახი სოფელში ახალ-წლის სამზადისში იყო და ქალაქიდგან მონატანის იმედით მხიარულობდა. ნენემ დარბაზი ისე დააკრიალა, ისე დაასუფთავა, რომ გალიპულ მიწაზედ ერბო აიკრიფებოდა. ქოთნები, ჯამები, ქვაბები სულ ნაცარტუტით დარეცხა და თაროზე დაალაგა. ქმარ-შვილისა და მამამთილის ძველ-ძულები უსაპნოდ დარეცხა და რკინის ღუმელთან მიჰფინა დასაშრობად. გიგოლამ გასასყიდი შეშის გადანარჩენი კუნძები წვრილად დააპო და სახლში შემოზიდა. ღუმელს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უმარჯვებდა: - ,,დაყინულები მოვლენ ი ბიჭები და, თუ სახლი თბილად არ დაუხვდათ, დაიხოცებიანო”.

შებინდდა, ნენემ შვილები დააძინა და, ქმრის მოსვლამდის, რომ თავი როგორმე შეეყოლებინა, მეზობლებთან საბაასოდ და საახალწლო სამზადისის დასათვალიერებლად გადავიდა. გოგია ღუმელთან ჩიბუხს სწმენდდა და თამბაქოს მოლოდინში სიამოვნებით იღიმებოდა. ცეცხლის გუზგუზზედ ჩაფიქრდა. ბევრი რამ ავი და კარგი გაახსენდა თავისის წარსულის ცხოვრებისა. ბევრჯერ ამ მოგონების დროს პირს ღიმი მოუვიდოდა და ბევრჯერ გულიანად ამოიკვნესებდა. ბოლოს დაღალულობამ დასძლია და ისე ღუმელთან წაკუნტულს ჩაეძინა. თუ ფხიზლივ შავი ფიქრებიც გაივლიდნენ ხოლმე იმის სახეზედ, ეხლა სიზმრად მხოლოდ ბედნიერება და მხოლოდ ბედნიერება დაესიზმრა. გოგიამ ნახა, რომ ვითომ ნინიკას პატარა “დიღმურის” მაგივრად, დიდ რკინასავით გამოჭედილ თელის ურემში ორი ლომა კამეჩი ება და თითონ ნინია კოფოზედ მორთულ, მოკაზმული არხეინად იჯდა: ნახა, რომ ნინიამ შუა ცეცხლით გაჩაღებულ დარბაზში შემოიტანა პირამდის გატენილი ხურჯინი, მთელ თავისს ჯალაბს სიხარული მოჰფინა: პატარა ფეფეს წითელი ჩუსტები, ნენეს ჭრელი შალის კაბა, მიხას ქუდი და ქალამნები, საღვინით თაფლი, ტიკით არაყი, გოგიასთვის დასტადასტა თამბაქო კერას წინ დიდ გორასავით დაგროვილი იყო და პატრონები ცეკვითა და ღრიანცელით გარს უვლიდნენ. თითონ გოგია საახალწლო ტაბლით, წმინდა სანთლებანთებული, კარებში იდგა და თავისის ოჯახის ბედნიერებით ხარობდა.

უცებ სანთლები ჩაქრნენ, ხონჩა ხელიდგან გაუვარდა და გოგიამ თვალები გააჭყიტა. შანდორინის ჭრაქის პატრუქი ოდნავ ბჟუტავდა და საზარელის ნავთის სუნი იდგა მთელს სახლში. რკინის ღუმელი ჩამქრალი იყო და სიცივისაგან მთლად აძაგძაგებდა საწყალ მოხუცს.

- არ გესმის, კაცო! რამ გამოგაყრუა? კარში გამო, დაგვეხმარე, ე ოხერი ხარი გადმოვიღოთ ურმიდან.

- ხარი... ი... ი... რას ამბობ, ნინიკო? ხარიო?

- ჰო, მამავ, ღვინია გადაგვეჩეხა ყინულზედ! - შეჰბღავლა ნინიკამ მამას და მთელის დღით შეკავებული ჯავრი და ვარამი დედაკაცურის ქვითინით და მდუღარებით ეხლა გადმოანთხია.

- ღვინია დაჩეხილა, ღვინია დაჩეხილა, ჩვენი ღვინია! - ზარივით გაისმა ყინვისაგან მოკრიალებულს ჰაერში გოგიას ოჯახის გოდება და ძველ წელიწადთან ერთად მისწყდა შეუნიშნავად ჟამთა ვითარებაში...