The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ჯორ -ზაქარა

ჯორ-აქარა

(ბატონყმობის წინ და შემდეგ)

I

- მაშ ვერა ბედავ, ჩემო პეტრე, კვარხეთში ქალის გათხოვებასა?.. შენ ტყუილად გვწუნობ ჩვენ, კვარხელებსა.

- ღმერთი გაუწყრეს, ჩემ-თავადა, დამწუნებელსა, მაგრამ ხომ გითხარი, მეშინიან, ძმაო, თქვენი ბატონისა... რად დავაჯიჯგნინო ჩემი გოგო იმ გულმურდალს თქვენს ბატონსა... არა, ძმავ. მე შვილი მაგისთვის არ გამიზდია! - უთხრა პეტრე ჯიღაურმა მაჭანკლად მოსულს სოსეს.

სოსემ თავი ჩაჰკიდა; დარბაზში შუაცეცხლი ენთო, სინათლე ცეცხლისა დაციმციმებდა სოსეს ჩაფიქრებულბს სახეზე; სოსეს ლუკმა პირში გაუჩერდა, ყელი აღარ უშვებდა დაბლა, ჩაშტერებოდა ცეცხლს, თითქო სურს იმის ალსა და ნაკვერჩხლებში ამოიკითხოს მიზეზი თავის ბოღმებისაო.

- აჰა, ჩემო სოსე, გადუსვი ე ჯამით მაჭარი, ცოტა შევჭიჭინდეთ, თორემ ბოღმამ ლამის მეც წამიღოს.

- ოჰიმე, რა სიცოცხლეა ჩვენი სიცოცხლე, რა!!. რად გაგვაჩინა გამჩენელმა... ის არა სჯობდა, ისევ პირუტყვ-მხეცებად ვყოფილიყავით! მშურს, როცა ვუცქერი, რომ ისინი ხარობენ თავის შვილებითა, ხელს არავინ უშლის, არავისი მურდალი ხელი მათ ნამუსს არ ეხება... ჩვენა ვართ მხოლოდ დაწყევლილები; ჩვენ გავჩენილვართ მხოლოდ ბატონების ლუკმადა, ნამუსი გაგვიწყეს! - სთქვა თავჩაქინდრულმა სოსემ და ბოღმამორეული ხარბად დაეწაფა მაჭრის სავსე ჯამსა. გამოწაფა, გადმოატრიალა ჯამი და ენით ტუჩ-ულვაში ჩაიწუწნა, - ასე მტერი დაგეცალოს, ჩემო პეტრე, დააყოლა სოსემ და ჯამი გადააწოდა.

- ჩვენს მტერს რა დასცლის!.. გაიხედე რამდენი ახალგაზდაა ამ ჩვენ სოფელში უცოლოდ დარჩენილი, რამდენი ქალია გაუთხოვარი!.. კაცს ქალი ვერ უთხოვნია ბატონის შიშითა... პირველი ღამე კანონით ჩემიაო... წადი და შენ სამართალი და კანონი სთხოვე...

- კანონიც მაგითი დაწერილია და სამართალიცა, - დაურთო შეჭიჭინებულმა სოსემ და პირს ღიმი მოადგა. - ჰაი, ნეტა ერთი დღე მეცა მქნა ბატონი, ვაჩვენებდი ი დიდ ქალბატონს სეირს..

- ხა, ხა, ხა! - გადაიხარხარა პეტრემ, - ჰაი თუ, ჰაი თუ... მაგრამ ვინ მოგვცა ეგ ბედი. აი ჩემი შვილი სულ გაიძახის, ბატონყმობა საცაა გადავარდებაო. ჩემ ცოლს მაშინ მოვიყვანო...

- რომელი შვილი?

- აი ჩემი ზაქარია! ისეთი გოგო ვუთხოვე ახალსოფელში, როგორც მარწყვი, იმის ნახვას არა სჯობიან რა, მაგრამ, ძმაო, ჩემი ბატონის შიშით ვერ მომიყვანია... აივლის და ჩამომივლის: პეტრე, რატომ რძალი არ მოგყავსო! მეც ვეუბნევი: ,, რა ვქნა, შენი ჭირიმე ბატონო, შავ და უკუღმა ის დღე, როცა ჩემმა ზაქრომ იქორწინა ი ახალშენელ ქალზე. ჭირკოტიანი გამოდგა და რა ოხრად მინდა, ი რო სახლში მოვიყვანო-მეთქი”...,, ჰაი, შენ დიდი კუდიანი ხარო, მეუბნევა ბატონი მუდამა, ალბათ ლამაზი იქნება და მიმალამო, სად წამიხვალ, როდემდის დამიმალამო”...

- ახლა, პეტრე, კარგი, ვთქვათ ბატონყმობა გადავარდა, როგორ გგონია, კარგი იქნება, ან როგორ უნდა გადავარდეს...

- რა ვიცი, როგორ იქნება და რა იქნება...

ამ დროს დერეფნის კარმა ჭრიალი მოიღო; მაჭრით შეხურებულმა მობაასებმა ყურები ცქვიტეს, პეტრე მიხვდა, უთუოდ ზაქარა დაბრუნდა მოყვრებიდან, თორემ სოფელს სძინავს და ამ დროს ვინ მოვიდოდა ძაღლების შიშითაო.

- რომელი ხართ შინა. ერთი მკვარი გამომისინათეთ.

პეტრემ იცნო შვილის ხმა, გაფიცხებულ მკვარს წალდის ყუით თავი დაუჩეჩქვა, მიადო ნაკვერჩხლებს, დაუბერა და მკვარი სანთელივით აენთო.

შემოვიდა ზაქარა დარბაზში; ის შარვალში იჯდა, ჩოხა შემოკაპიწებული ჰქონდა, მხარ-იღლივ საპირისწამლე, წინ ხანჯალი, წელში დამბაჩა და მარჯვენა ხელში თოფი, რომელიც ჯოხივით დაიბჯინა და გაჩერდა ცეცხლის პირსა.

- ძაან დავგვიანდი; მინდორმა შემიქცია ნადირობით, ერთი მელა გამოვასალმე წუთისოფელსა და ორი კურდღელი; ვენაცვალე ჩემს ჯეირანას, სწორედ ქორივით აიყონა სამივენი...

- აი, შვილო, ეს სოსე ხმიადაშვილია, ჩამცივებია ი ქალი მიათხოვე ჩემს სახლისკაცსა, კაი ოჯახიშვილიაო... მაგრამ რა ვქნა, ერთი ახორმაზი ბატონი ჰყავთ, სვავივით გაუმაძღარი; ვერც ვერავის გაათხოვებენ, ვერც ვერავის რძლად მოიყვანენ იმის შიშითა... რა ვქნა, სიბერემდე ნამუსიანად მიცხოვრია და ეხლა სიბერის დროს საეშმაკოდ რად გავიხადო სული.

- ფიქრი არ არის, მამაჩემო! ეხლა მე გადავსწყვიტე, ნადირის მაგივრად ბატონზე ვინადირო... რა არის ჩემი სიცოცხლე! ორი წელიწადია, ცოლი შევირთე, შვილიც გამიჩნდა და ჯერ ჩემის სახლის ჭერს არ გაუცინია!.. ეხლა მე გადავსწყვიტე, დღეისწორებში მომყავს ჩემი ცოლი, ქორწილი უნდა გადავიხადო, მოვიდეს ჩემი ბატონი ესტატე და, თუ ბიჭია, გაბედოს რამე. აი ეს ჩემი სიათა გასცემს პასუხსა... მოიყვანე შენც, სოსე, ჩვენი სასიძო... თაფლო, გამოდი აქეთ... აი ჩემი დაი, კაი გოგონაა, თუ ჩვენი სასიძოც კაი ბიჭია, ფიქრი არ არის ბატონისა... ჩემი სიათა იმასაც ეყოფა.

- ბიჭო-შვილო, ეს ერთი თვეა მე შენ ვეღარ გცნობ... რა წერას აუტანიხარ... დაგიჭერენ, შვილო, კოსტროში გაგატარებენ და მერე იმ ოხერ ციმბირში გიტუცამენ თავსა.

- უნამუსოდ სიკვდილს ყველაფერი სჯობიან. ერთხელ ამოსასვლელი სული უნდა ერთხელ ამოვიდეს...

- ე ოხერი ბატონყმობა რო გადავარდება, მაშინაც ასე იქნება?.. აქეთ-იქით დადიხარ, შეიტყობდი რასმესა, - ჩაეკითხა სოსე ზაქარასა და ისეთნაირად ჩააშტერდა თვალებში, თითქო შიგ უნდა ჩაუძვრესო.

- ჰმ... არც იმისაგან იქნება ხეირი, თორემ ეს დღე ნიშანი იყოს, ეს ცხვირი მომჭერით, თუ ხეირი იქნება რამე...

- მაშ ასე უნდა ვეწვალოთ ჩვენი დღენი?!. - ერთად წამოიძახეს პეტრემ და სოსემ.

- ვინც ჩვენ გვაწვალებს, ჩვენც ვაწვალოთ: მომკლამს, მოვკლამ; გულის საყვარელს მომგლეჯს გულიდან, მეც ამოვგლეჯ...

- მერე, ადამიანო, ის ოხერი კოსტრაი, ი ოხერი ციმბირი!..

- ხა, ხა, ხა! - გადაიხარხარა გულიანად ზაქარამ და ტაში შემოჰკრა, - თქვე დალოცვილი შვილებო, ეხლა სულ მუდამ კოსტრაში არა ვართ? ციმბირი არა გგონია, რო მუდამ ტყე-ღრეში ვმალავთ დედაკაცებსა? ერთხელ გავლა სჯობია ბეწვი ხიდზე, ათასჯერ კანკალსა...

- რას ამბობ, კაცო! - ერთხმად შესძახეს სოსემ და პეტრემა.

- ჰო, ზიარების მადლმა, მართალს ვამბობ... ი ხვალინდელი მზის თვალის მადლმა!.. ახლაც არ დაიჯერებთ!

პეტრეს პირი ღია დარჩა და ლუკმა პირში გაუშეშდა, სოსე ქანდაკებად დარჩა: მაჭრის ჯამი გაშვერილი, თვალები გაჭყეტილი და მარცხენა ხელის მაჩვენებელი თითი წაკაკული.

- ნწა-არა! ეგრე არ შეიძლება, ნუ იცი ე ახირებაი შენა... ტყუილად კი არ დაგარქვა სოფელმა ჯორ-ზაქარაი: რასაც აიხირებ გაქირ ჯორივითა, უკან აღარ დაიხევ, - უთხრა მამამ. - მე ისევ ესეთი წვალება მირჩევნია ი ოხერ კოსტრას და ციმბირსა... ჰეჰეი! მე რომ კოსტრაში გატარებული კაცი მინახავს!!. დედა, დედა!.. ღმერთმა ნურავის აჩვენოს... ხორცის ნაფლეთები სულ ცაში ადიოდა, კანსა და ბისტს რო კოსტრო დაჰკრეს...

- ი კოსტროში ერთხელ მოკვდება კაცი, ჩვენ კი ჩვენი დღენი სულ სიკვდილში ვართ, სულ ვკვდებით და ვკვდებით, სულ ერთთავად სიკვდილს ვუცქერით... საწყალი კაცის ხარს, ხომ იცი, კისერი მოღლეტილი აქვს მუდამ უღლის ტარებითა, ჩვენც ისე ვართ...

- ბატონყმობა რო უნდა გადავარდესო... გლუხარიჩს ჩამოუტანია რუსეთიდან ამბავი, რომაო უნდა ბატონებმა ყმები გაააზატონო, ისინი თავისთვის იქნებიან, ჩვენ ჩვენთვისაო... თურმე გლუხარიჩს კიდევაც გაუაზატებია თავისი ყმებიო**.

- ბაკში რომ საქონელს დავამწყვდევთ, ისიც თავისუფლად დადის ბაკში, ეხახუნება ბაკის კედლებს, ერთმანეთს ებუჩავებიან; ჩვენ ერთი ბაკიდან გამოგვიშვებენ და მეორე ბაკში შეგვამწყვდევენ... ის კი დაგვავიწყდა, ჩვენმა ბატონმა ესტატემ რო გვითხრა: ლაპარაკობენ, ბატონყმობა გადავარდება, მაგრამ მამული კი ჩვენი იქნებაო... ეხლა რამდენსაც დავერევით, იმდენსა ვხნავთ, მერე თუ ბატონმა არ მოიპრიანა, ერთს კვალსაც არ მოგახვნევინებს... არა, თვალი სხვანაირად მითამაშებს, გული სხვაფრივ შემომკვნესის.

- შენ ქრიტეც ვერ დაგაჯერებს. ქრიტეი! - წყრომით უთხრა მამამ... - სოსე, დალიე: ეს ღმერთმა გაუმარჯოს შენს მაჭანკლობასა, ისეთი გოგო მოგცეთ, როგორც მარწყვი, როგორც მოწყვეტილი ვარსკვლავი.

- ჩვენი ბიჭი რაღა გგონია რა, ისეთია, როგორც მერცხალი.

ამ დროს ვიღაცას ძაღლები მოედვნენ, დარბაზის ბანზე შემოაგდეს და ყეფით ძალზე მისდიეს.

- ნადირის ყეფა არ არის... სწორედ ვიღაც გაჭირვებული კაცი მოგვადგა... ადე, შვილო, ძაღლებმა არა აწყენინონ რა, სტუმარი ღვთისაა, თუნდ მტერიც იყოს, შემოიყვა, ღვთის მოწყალება ყველა გვაქვს...

მინამ ზაქარა ადგებოდა, ბანში ჩამოჰკიდა ვიღამაც თავი და ჩამოიძახა:

- პეტრე ჯიღაურო, შინა ხარ?

- რომელი ხარ, კაცო!.. დერეფნისკენ მოიარე...

- ძაღლებმა ალყა შემომარტყეს და ფაცური ვერ მიქნია... მე და ნაცვალი ვართ, კარის-კარს დავდივართ...

- ნინიკა, შენაა?.. რა იყო, კაცო?

- ოჯახი რომ დაექცეს ჩვენი დიამბეგის იასაულებსა, - ჩამოიძახა გზირმა ნინიკამ. - ყველა ბატონის კაცებს გამოუცხადეთ, რომელიცა რომაო ამ თვის რვაშიო... ნაცვალო, რა თვეა ეხლა?..

- გიორგობისთვე.

- ჰო, გიორგობისთვის რვაში ყველა ბატონის კაცები უმეტნაკლებოდ გორში გამოცხადდნენ ნაჩალნიკთანაო, უნდა რვაში გამოუცხადონ ხემწიფის ბრძანებაო... ბატონყმობის გადავარდნაო.

- ოჰო-ჰო! ბა, ბა-აა! - გააბეს ქვემოდან პეტრემ და სოსემ, - მაშ შენ და ნაცვალს სამახარობლო გერგებათ... შემოდით, ერთი მაჭრით ჩაისველეთ პირი.

- მაშ არა და ოქროებით ამომიტენ პირსა! - ჩასძახა ნინიკამ.

პეტრეს ოჯახში ჟრიამული ჩამოვარდა, პეტრეს ჯალაბიც გამოძვრა დარბაზის კუთხიდან, თავი წამოყო პეტრეს გოგომაც. ყველას სახე გაუსხივიანდა. დანაოჭებული სახიდან დარდი გადაეყარათ. რაღაც სიამეს გრძნობდნენ, მაგრამ რა იყო ეს სიამე, ამისი გულიდან გარეთ გამოტანა ვერ შეიძლეს.

მხოლოდ ჯორ-ზაქარა შეუცვლელად დარჩა: იმის სახეს არც სიამე, არც წყენა არ დასჩენია.

II

თუმცა შემოდგომის სუსხიანი დილა იყო, მაგრამ უქარო იყო, მყუდრო, მზემ ნელ-ნელა მოახურა არე-მარე; აქა-იქ ხეებს კიდევ ჰქონდათ შერჩენილი ფოთლები, სოფლის ბეღურა ჩიტები ამ ფოთლებს დახვევიყვნენ, პროწიალობდნენ, ხტოდნენ, ჟივჟივებდნენ და თან მზეზე თბებოდნენ. აბუზული პირუტყვი საქონელი მყუდრო ადგილებს ამოჰფარებოდა, მზეზე თბებოდნენ და ილოკავდნენ გვერდებსა. აქა-იქ ხალხიც გამოვიდა საბძლებიდან რუსულ ფარაჯებში გახვეულნი და ლეკურ ნაბადწამოსხმულნი. უფრო მეტმა ხალხმა მოიყარა თავი დუქნებთან, რომელიც შიგ შუა სოფელში იყო გაშენებული. ჩავარდა ხმაურობა, სიცილ-კისკისი, ერთი დუქნიდან მეორესკენ გადასვლა. ხალხი ჯგუფ-ჯგუფად დასდევდა ერთს კაცსა; ეს კაცი ხან ერთ ალაგას მიჰყავდათ, ხან მეორესკენ; ბოლოს ერთი დუქნის წინ შეჯგუფდნენ ყველანი: პატარა ბიჭები ჯგუფში ძვრებოდნენ; ასე გასინჯე, სოფლის დედაკაცებიც კი გამოსულიყვნენ სეირანზე. პირები თავშლის წვერებით წაეკრათ, ხელები უბეში ეწყოთ და ცნობისმოყვარეობით გაიცქირებოდნენ იქითკენ, სადაც რაღაც იყო შეჯგუფული და ვიღაცას ლაპარაკს ყურს უგდებდნენ. ამ ხალხში მეტი წილი გლეხობა იყო, ერივნენ შიგადაშიგ აზნაურებიც, ხოლო ბრწყინვალეთაგან კი არც ერთი. ბოლოს ხმაურობა ნელ-ნელა დაწყნარდა, ჩიტებმაც შესწყვიტეს ჟრიამული, მიყუჩებულ ბუნებაში ისმოდა მხოლოდ ერთის კაცის ბოხის ხმით ლაპარაკი; ამ კაცს ხალხიდან კითხვას კითხვაზე აძლევდნენ და ისიც მკვირცხლად აძლევდა პასუხსა.

ეს კაცი იყო ჯორ-ზაქარა, რომელიც სხვათა შორის დაესწრო გორში ბატონყმობის გადავარდნის ამბავსა*.

- ტევა აღარ იყო გორში, - დაიწყო ჯორ-ზაქარამა, - ჯერ მარტოკა იმდენი ქორ-მეძებრები იყო ბატონებისა, რო ის ეყოფოდა; ეხლა ბატონების ცხენების მხლებლები; ყველა კუთხიდან ნიაღვარივით მოსკდა ხალხი: ქალი, კაცი, გოგო, ბიჭი. რა ვიცი, რა მილეთის ხალხი არ იყო. დაიარეს მთელი გორი იასაულებმა და ცხვრის ფარასავით მიგვრეკეს რუსების მეიდანზე, აი სალდათებს რომ ათამაშებენ ხოლმე, იქა. ბატონებიც ცხენდაცხენ მოვიდნენ, ზოგი დამწუხარებული, ზოგი გახარებული, - “რას ამბობ, კაცო! ქეციან ყმებში ეხლა კაი ლამაზ-ლამაზ ოქროებს ჩამიჩხრიალებენ ჯიბეში, ფული არ მირჩევნიან წილიან-წირპლიან კაცებსა”, ამბობდა ერთი თავადი...

- ჰეიჰე... კაცო! მაშ ჩვენ გვყიდიან, - წამოიძახა ერთმა და გააწყვეტინა ლაპარაკი ზაქარასა...

- დამაცა, კაცო, მე ყველაფერი გავიგე ი გორშია, - დაიწყო ჯორ-ზაქარამ. - ხემწიფეს უფიქრია, ქვიშაზე უმრავლესია ე თავად აზნაურობაო, ყმები რო ჩამოვართვა, დამესევიან და სულ შემჭამენო; მოდი არც მწვადს დავწვავ, არც შამფურსაო. თითო სულზე ფული გადაუწყვეტია; ფულს რო დავპირდებიო, სულ ელეთ-მელეთი მოუვათო. ეხლა თურმე ყველას, ვისაც კი ყმა ჰყოლია, ყველას ფულს მისცემენ... ჰო, იმას ვამბობდი, ზოგი კი ძალიან დაღონებული იყო. ერთმა თავადმა, რო გადახედა რაზმად დაწყობილს მოედანზე გლეხობასა, მწარე სიცილით სთქვა:,, ჰაი რა დრო დაგვიდგა! ჩემს ნაყმევს ხელს ვერ შეუბრუნებ, კვლავინდებურად დანაშაულისათვის კბილებს ვერ ჩავამტვრევ, ბოსელში ვერ გამოვამწყვდევ, ჯურღმულში სულს ვერ ამოვხდიო. ეს ისევ ჩვენი ძმების საქმეაო. სულ გლუხარიჩის ბრალია თურმე... აბა, თავადიშვილი ხემწიფის წინააღმდეგი რო გახდება, ციმბირში თავს ამოაყოფინებენ და მერე ისევ დატრიალდება, რა ხეირს მოიტანს ისაო... გლუხარი პირველი ბუნტოვჩიკი კაცი იყო და ხემწიფემ იმას გაუგონაო”... ,,მერე იმ დალოცვილმა ხემწიფემ, - უთხრა მეორემ,- რატომ ჩვენს მამა მზეს არ ჰკითხა, ყაბულს იყვნენ თავადები თუ არა*”. ბოლოს ხალხმა უცებ დაიძახა: მოდიან, მოდიანო... მოვიდნენ ვიღაცა კაცები, სულ ოქროთი მოქარგულ-მოვარაყებულ ტანისამოსითა; მოედანზე, შუა ალაგას ამაღლებული ადგილი იყო, იმაზე ავიდნენ; დეკანოზმა ლოცვა გადაიხადა... აბა ისიც კი ყოფილა ლომ-კაცი, ის დეკანოზი; რა გითხრა, ძმაო, სწორედ კაცნახევარი სიმაღლე აქვს, ამასთან წამოსადეგობა. რო გაათავა, მერე გაშალა ქაღალდი, წაიკითხა და ისე წაიკითხა ამ მამაცხონებულის შვილმა, რომ ადამიანს ერთი სიტყვა არ გამოეპარებოდა: ჩვენ რუსეთის მავანმა და მავანმა ხემწიფემაო... ესეო და ესეო, დღეის უკან...

- ჰეი ვენაცვალე რუსის ხემწიფესა და! - წამოიყვირა ხალხმა, ქუდები მოიხადეს, პირჯვრის წერა მორთეს.

- ბატონი თავისთვის იქნება, - განაგრძო ზაქარამ, - ყმა თავისთვინაო; ვეღარცა სცემს, ვეღარც დააგირავებს, ვეღარც გაჰყიდის და ვეღარც ნამუსს შეურცხვენსო...

- ეგრე წაიკითხა იმ დეკანოზმა? სწორედ ეგრე წაიკითხა? -- ჩაეკითხნენ აქეთ-იქიდან...

- არა, კაცო, იმან წაიკითხა, რომაო, ხემწიფემ ბრძანაო: მე, შენ ხარ ჩემი ბატონი, ბატონყმობა გადამიგდიაო... მერე სწავლული ხალხი, ი ოქრომკერდიანები ლაპარაკობდნენ, კანონები დაიბეჭდაო, რომ ვეღარც სცემსო, ვეღარც ნამუსს შეურცხვენსო; ერთი სიტყვითა მთა და ბარი გასწორდაო, - მწარედ სთქვა უკანასკნელი სიტყვები ზაქარამა.

- ეხლა მაშა, ზაქარო, ვეღარც გვამუშავებენ, ვეღარც ბეგარას გამოგვართმევენ, ტყეში და ველში თავისუფლად ვივლით, ვეღარც ღალა-კულუხს წაგვართმევენ, არა? - ჩაეკითხა მოხუცი კაცი, რომელიც ნიკაპით ყავარჯენზე იყო დაყრდნობილი და დაფიქრებით ლაპარაკობდა, თითქო არა სჯერა გლეხობის განთავისუფლება ბატონის ბრჭყალებისაგანაო.

- კაცო, შენ რაღას ამბობ?.. რაკი ხემწიფეს უბრძანებია, ვენაცვალე იმის მადლსა და ძალსა, მერე ისიც რუსთ ხემწიფესა... მერე იცი რა არის რუსის ხემწიფე? მთელი ალი-ოსმალო სულ ააწიოკა, ფეხებქვეშ გაიფრთხო... ჰო, რაკი იმას უბრძანებია, რომაო ნუღარ სცემთო, ნუ გაყიდითო, ნუ გააძევებთო, კიდევ რაო, ზაქარო?.. ჰო ერთის სიტყვით, ბატონი და ყმა გათანაბრდესო, მაშინ ბატონი ვეღარაფერს ვეღარ შეეხება... ჰაი, მომეცა ღვთის წყალობა, ჩემი ვენახი დღეის შემდეგ ავაყვავო და ნაფუძარი გავაპატივო! - სთქვა ერთმა თავმომწონე გლეხმა.

- მაგისი კი რა მოგახსენო; მამულის თაობაზე ხეირიანად ვერა გავიგე რა, - სთქვა ჩაფიქრებით ზაქარამა, - სულ ბატონს დავდევდი ფეხდაფეხა; საცა კი ლაპარაკი იყო, ყველგან სულგანაბული ვუგდებდი ყურსა, მაგრამ მამულისა ვერა გავიგე რა. სწორედ ეგა მწვამს გულსა; ყველაფერი სთქვეს და ე მამულისა კი კრინტი არ იყო. გზაზე გადაველაპარაკე ჩემს ბატონს ესტატესა, ერთი ისეთი გადმომიბღვირა, რომ ენა მუცელში ჩამივარდა; ვიფიქრე, ამ ბატონყმობის გადავარდნისას გულის ბუხარი ჩემზე არ იყაროს-მეთქი. “დედითქვენის თიებსაო, ახლა ჩემ ზვრებსა და ნაფუზრებსაც თქვენ მოგცემენო. შიმშილით რომ დაწყდებოდეთ, ერთ კვალს არ მოგახვნევინებთო. ჯერ ერთი ფულები ჩავიჩხრიალო ჯიბეშიო; თქვენი თავი, მარტო გატლეკილი თავი გამოისყიდა, ჩვენგან ხემწიფემაო”... აი ხალხნო, აქ არის ის ფონი, რომელიც არჩობს... მერე კიდევ მამასახლისებს, სუდიებს თქვენ აირჩევთ და თქვენ საქმეებს თქვენ თითონ გაასამართლებთო...

- ნწარა! მამულიც ჩვენი იქნება, კაცო! მარა ცარიელა გატლეკილ თავს რას ვაქნევ.

- მარა ი დალოცვილი ხემწიფე რად აძლევს ფულებსა! იმიტომ რომ მამულიც ჩვენი იქნება, ესე იგი რომელიცა რომ ჩვენ გვიჭირამს დღესა და საღალო-საკულუხოდ ვმუშაობთ, - ჩაერია ლაპარაკში სოფლის ნაცვალი.

- სულ ერთი-ორი კვირის საქმეა ე ბატონყმობის გადავარდნა, და ჯერ საქმე ისევ ძველებურ ყაიდაზეა, ჯერ ისევ ბატონყმობაა... ჩემი ბატონი ესტატე ისევ ძველებურად გაჰკივის და იცემება. გუშინ ხაბაზს სულ ყბები შემოამტვრია, პური უღვივარი მოგსვლიაო... მოვიცდით, ვნახამთ, - დაათავა ზაქარამა.

- შენ როგორღაც არ გეჯერება! კაი ბოლო არ უნდა პქონდეს ამ საქმესა...

- კაი კი ექნება, მაგრა ბატონყმობა კი ისევ იქნება... მე გული სულ სხვას მეუბნება.

- იიი, მაგას რო ყური უგდო, სულ გადაირევით, - წარმოსთქვა ნაცვალმა: - რასაც აიჟინებს, გადათქმა აღარ შეიძლება მაგისი... ტყუილად არ გეძახიან ჯორ-ზაქარას...

- მა, კაცო!.. ხემწიფემ ბრძანაო, ამბობს... და კი აღარა სჯერა-რა ხემწიფისა. რაკი ბრძანა, გათავდა - სულ ჩვენია...

- მოიცადეთ, ვნახოთ, - კვლავ ჩაფიქრებით სთქვა ზაქარამ და გაშორდა ხალხსა.

III

მთელ სოფელ ტორტლაში პეტრე ჯიღაურის ოჯახი ქებულიყო დოვლათით, პურ-მარილით და შეძლებითაც. ერთადერთი ჯიღაურების ოჯახი იყო საეკლესიო გლეხი, მაგრამ პეტრეს პაპამ ჩააგდო ეს სახლი აქაურ ბატონის ხელში. შეუყვარდა ბატონიანთ ლამაზი გოგო ვაშლა და თავი მოიკლა, მინამ შეირთავდა; ბატონმაც იმ პირობით მიათხოვა, თუ იმისი ოჯახი, იმას ეყმობოდა. სიყვარულმა თავისი გაიტანა და ჯიღაურის ოჯახი, მხოლოდ ეს ერთი კომლი, ყმად გადიქცა, დანარჩენი ჯიღაურები კი საეკლესიო გლეხებად ითვლებოდნენ ბატონყმობის დროსაც, მაგრამ რაკი ერთს სოფელში ცხოვრობდნენ ყმა-გლეხებთან, იმათაც ხშირად გამოუცდიათ აქაური ბატონის სუსხი და მუქარა.

ჯიღაურებს ძალიან კარგი მამული ჰქონდათ და ბლომადაც ეჭირათ; საკუთარი ეკლესიაც ჰქონდათ თავიანთ უბანში; საბოსტნე ადგილები, კარგი შემუშავებული ვენახები... თვით პეტრე ჯიღაურსაც ჰქონდა კარგი მამული და კარგადაც შემუშავებული; ოჯახშიაც ხალხი მრავლად იყო; ზაქარას გარდა სამი ვაჟიშვილი კიდევ ჰყავდა, საკუთარი გუთნეული, უხვად წველა-დღვება, წვრილფეხა საქონელი და ორმოში პური გამოულეველი.

ასე შეხვდა ეს ოჯახი ბატონყმობის გადავარდნას.

ჯორ-ზაქარა მართალი, პირდაპირი და ამასთანავე ერთობ ჯიუტი და ხასიათმოუტეხილი იყო, რომ იტყვიან - ,,თავის ნება კაციო”; თუ თავისი გული არ ეტყოდა, ისე საქმეს არ დაიჭერდა. ბატონყმობის გადავარდნისას ჯორ-ზაქარამ ისედაც თავისუფლების მოყვარემ, მინდორ-ველის თავისუფალმა შვილმა, უფრო ღონივრად ამოისუნთქა, ხელები გაეხსნა, თავისი სახლის ჭერიც გააცინა ცოლ-შვილის მოყვანითა; ოჯახი უფრო მოკეთდა, ხელის ძალა მოეცა, გაღონიერდა ზნეობითა.

ბატონის აურ-ზაურიანობასაც ცოტა ყუჩი მოსტყდა, ცოტა შეტკბა ბატონი, თუმცა გული მისი ბოროტებისაგან გაწმენდილი არ იყო, ღვარძლს და სიძულვილს ჯერ კიდევ ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები ბატონის გულსა და ღვიძლში.

ახალგაზრდა ბატონიშვილები მაინც კიდევ დაიარებოდნენ სოფლად, დააქროლებდნენ ცხენებსა და უწრუწუნებდნენ ქორებსა, მაგრამ გლეხებმა, რაკი იგემეს თავისუფლების სიტკბოება, აღარ დაუთმეს ბატონიშვილებს და ბევრჯერ გაუსახრიათ კიდეც ურჩი და გალაზღანდარებული ბრწყინვალეთა ძენი.

ერთი ჩვეულება იყო ბატონობის დროს; იშვიათი იყო ისეთი ბატონი, რომელიც მისდევდა საქონლის მოშენებას, ჯოგების ყოლასა, შინაური ფრინველების გამრავლებასა, ან კი რად უნდოდა: მთელის სოფლის საქონელი, თუ ჯოგი, ფრინველი იმის საკუთრებას შეადგენდა; როგორც უნდოდა, ისე ცხოვრობდა. მაგალითად: აი ეწვია ბატონს სტუმარი ვინმე, თუნდ დიამბეგი, მაზრის უფროსი; გამოვიდოდა მოურავი ბიჭებით, დაერევოდა სოფლის ძროხა-ხბორებსა, ბატ-ინდაურებს, ერთის სატყვით, რაც მოეწონებოდა, დაიჭერდა და მიჰქონდა ბატონის სახლში. აი ეს ჩვეულება ისევ დარჩა კარგა ხანს კიდევ სოფ. ტორტლაში. მთელი სოფ. ტორტლა, ჯიღაურების ოჯახის გარდა, ბატონისა იყო; ტორტლას კიდევ ორი პატარა სოფელი ეკრა დასავლეთ და ჩრდილოეთის მხრივ, ეს სოფლებიც იმავე ბატონისა იყო. თვით ბატონი შუა ტორტლაში იდგა, იდგა მეფურად, ძვირფასად მოწყობილ სახლ-კარში.

ბატონყმობა გადავარდა, ხალხს საკომლო მამული მიუზომეს, ზოგან მიუსაჯეს მეოთხედი, ზოგან მეტ-ნაკლები. ტორტლაში კი სულ სარწყავი და ნაფუძარი ადგილები იყო, ამიტომ მეოთხედი გადაუწყვიტეს. ისეთი უდიერი გამოდგა აქაური ბატონი, რომ ვენახის მოსავალზედაც კი მეოთხედს ართმევდა: კიტრზე, ვენახის ლობიოზე და სიმინდზე, მწვანილზე, ხილზე ხომ, რასაკვირველია, გლეხს არ შეეძლო ერთი ხიჩატელი რამ მოეგლიჯა ვენახში, მინამ ბატონის მოურავი სოსიკა პურიჭამიაშვილი არ ჩამოივლიდა სოფელში და არ დასწერდა მეოთხედსა. ეს სოსიკა ისეთი წყეული იყო, რომ სოფელ ტორტლას დღესაც ახსოვს იმისი ბოროტი სახელი.

ბატონყმობის გადავარდნის შემდეგაც სოსიკა მოურავი დათარეშობდა სოფლის პირუტყვ საქონელზე: დახოცდა ინდაურებს, ქათმებს, დაიჭერდა კაი ლამაზ გათამამებულ და გალაღებულს, ღიჭით გასუქებულს კვებულა - ხბოსა და მოემზადებოდა ბატონის სახლში ძველებურად სტუმრების დასახვედრად. სოფელი არ უთმობდა ადრინდებულად: გამოცვივდებოდნენ ქალები, მეხრე ბიჭები და გაჩნდებოდა ერთი ჩხუბი, თავ-პირის ჩეხა-მტვრევა.

- სოსიკა, ბატონყმობა გადავარდა; ბატონი ჩამოგვეხსნა და ახლა შენ, ჩვენი სისხლი და ხორცი, მოგვევლინე ბატონად და ამაწიოკებლად სოფლისა. ჩამოეხსენ სოფელს, ნუ აწიოკებ, თორემ იაფად არ დაგისვამ მე ამასა... რას მიყურებ? მე ჯორ-ზაქარას მეძახიან... მე ისე ამოგამტვრევ მაგ ცხვირ-პირსა, რომ სთქვა, ეს რას გადავეყარეო.

- მაშ ეს ულვაში ამიწიე და შიგ ჩამაფურთხე, თუ მე შენ უნარი არ გიყო! - დაემუქრა თავის მხრივაც სოსიკა.

- ძრიელ ნუ იკვეხამ თავსა. ბურთი და მოედანი გამოაჩენს ვაჟკაცობასა! - მწარე ღიმილით წარმოსთქვა ჯორ-ზაქარამ.

მალე, ძალიან მალე შეხვდნენ ერთმანეთს ჯორ-ზაქარა და სოსიკა. ბატონს ბლომად ეწვივნენ სტუმრები, სხვათა შორის, ძველი ნადიამბეგარი. დიდი პურმარილის კაცი და ქებული სოფელში სიტყვაწყლიანობითა იასე რამანი*.

დატრიალდა ბატონი, დაპროწიალდა სოსიკა. ჯორ-ზაქარას გულზე რაღაცამ უკბინა: ამოდენა ზღვა სტუმრებს, რომლებიც, ვინ იცის, რამდენს დღეს დარჩებიანო, მთელი სოფლის ხბო-გოჭები და ქათამ-ინდაურები მოუნდებაო.

- ბიჭებო, დღეს მე გული მეუბნევა, სოსიკა მოურავი ჩამოუვლის სოფელს დავლისათვის და მარჯვედ იყავით, სახრეები მოიმარჯვეთ, მე თქვენი სხვა არა მინდარა რა, როცა დავკრა და წავაქციო, მაშინ მომეშველენით და იმის ბიჭებს ნუ გაახარებთ ჩემზედა.

აი აღრიალდა სოსიკა, დაერია სოფელსა. ისმის აქეთ-იქიდან დედაკაცების წყევლა-ქოქვა, ლანძღვა-გინება. გადმოდგა დარბაზის ბანზე ჯორ-ზაქარა. სოსიკას იქნება ამ დღეს აზრადაც არ ჰქონდა ჯორ-ზაქარას დაწიოკება, მაგრამ რაკი ბანზე დაინახა, გაახსენდა იმისი მუქარა და გაქანდა ზაქარას კარ-მიდამოსაკენ.

- რასაც მიზამ, შევიტყობ? - დაიწყო თავის ქნევით სოსიკამ და თვალები სისხლით დაეგუდა.

- მე კი უკან დაბრუნებას გირჩევ, - უთხრა დინჯად, აუჩქარებლივ ზაქარამ.

- ღორის ტილი ფეხზე დაისვი, თავზე აგაცოცდებაო, სწორედ შენზეა ნათქვამი... წამოუარეთ, ბიჭებო, ემა კვებულასა! - დასჭყივლა სოსიკამა...

ის-ის იყო გაშალეს ბიჭებმა ხელები, სოსიკამ სახრე დაატრიალა და შემოურბინეს ზაქარას ხბორებსა. მაშინ ზაქარა, ეს დინჯი ზაქარა, ფრინველად იქცა, თითქო ფრთები შეესხაო და ბოხის ხმით დასჭყივლა:

- თითონ შენ ღორის ტილო! შენ ხარ ჩვენის სისხლით გაუმაძღარი, ცხენის წურბელასავით გაბერილი სისხლითა, მე შენ დაგცლი მაგ სისხლისაგან. - თქმა იმისი და ჯოხის დარტყმა ერთი იყო: სოსიკას დაჰკრა თავში კომბალი ისე მძლავრად, რომ ის კალმახივით გადატრიალდა ჰაერში და ზღართანი მოსძვრა მიწაზე, წამოიწია ერთი ხელობა, მაგრამ აქ ანაზდეულად გაჩნდნენ ზაქარას ძმები სახრეებით და გველივით გააჭრელეს სოსიკა მოურავი.

როცა ის ჭილობზე დასვენებული კვნესა-გმინვით გაატარეს, სოფლის გოგო-ბიჭების მხიარულებას საზღვარი არა ჰქონდა.

- აი, იხაროს იმისმა მარჯვენამ, ვინც ეგ სიყმე დაგიშავა! - ამბობდნენ მანდილოსნები...

- ვენაცვალე იმის მარჯვენას, ვინც ამოგაშხამა ჩვენი დარბევა-აკლებაი! - დასძინეს ბერიკაცებმა.

- ქა, გაიგეთ ვის მიუბეჟნია?.. ჯიღაურიანთ ჯორ-ზაქარასა. მივიდა ნამგალი და დახვდა ქვაო!.. ჩვენსავით არავის დაებრიყვინება ზაქარაი!.. უი იმის მარჯვენამ იხაროს ცასა და ქვეყანაზე, გაიხაროს თავის ცოლ-შვილზედა! - იძახოდა ხალხი და იმათ სიხარულს და კიჟინას დასასრული არა ჰქონდა.

გაწყრა თავადი ესტატე, გაწყრა, ისე გაწყრა, რომ სულ ცოფები ჰყარა პირიდან და ისეთი ჩიბუხი დაამტვრია ბალკონზე კოწიაწითა, რომ ფასდაუდებელი. ამან უფრო გაამწვავა: თურმე ის ჩიბუხი ბარიათინსკის ცოლის ნაჩუქარი ყოფილიყო. სტუმრებიც ძალიან შეწუხდნენ.

- მომგვარეთ აა, მომგვარეთ ის წყეულ-შეჩვენებული ზაქარა ჯიღაური! მაშ მე კაცი აღარა ვყოფილვარ!.. ციმბირს წავალ და მაგას კი არ შევარჩენ! - ყვიროდა თავადი ესტატე.

- კნიაზო ესტატე! ,,წარვიდენ დრონი, ნაქებნი მტკბარად, მარად და მარად!” - სიცილით უთხრა იასე რამანიჩმა. - შე დალოცვილო, მე რომ სოფელში შევიდოდი დიამბეგობის დროს, ძაღლებიც კი ყეფვას შესწყვეტდნენ, ისეთს შიშის ზარს შევიტანდი ხოლმე. ეხლა კი წილიან გლეხებს გვერდით მოვისვამ-ხოლმე და გულით ცივცივ ღვინოს ერთად შევექცევით. ჩემო ესტატე, ხელი ხელსა ჰბანს, ეხლა უერთმანეთოდ არ ვარგივართ; რაც იყო, წავიდა, წინა ნაფეხურს უკანა ჰშლის.

- შენში აზნაურის სისხლი ტრიალებს, ჩემში თავადიშვილის; შენ ბევრით არ განირჩევი გლეხკაცისაგან; მე კი სულ სხვა ვარ, ჩემი სისხლი იმას ვერ მოითმენს, რასაც შენი და გლეხისა.

- მე კი მიყივლია, მამლისა არ იყოს, და დანარჩენი შენ იცი, იყავნ ნება შენი! - უთხრა დაცინვით იასე რამანიჩმა.

დიდ ხანს იბობოქრა ესტატემ. ვერ მოისვენა, არ გაუგონა არც კნეინა ქეთევანის მუდარასა. ,,მამგვარეთ და მამგვარეთ, ზაქარა!” სულ ამას გაიძახოდა.

მოვიდა მოციქულად გაგზავნილი კაცი და მოახსენა:

- ზაქარამ ასე მოგახსენათ: მე მოსასვლელი რა მაქვს ბატონთანაო, იმისი მოურავი მეკობრესავით დამეცა, მეც პასუხი გავეციო. სახლს ბატონყმობის დროსაც ვერავინ მიკლებდა და ეხლა ვის ავაკლებინებო... ასე კი მოგახსენათ.

- ძაღლი ძაღლის ძვალს გასტეხს განა!.. რატომ ძალაზე არ დაუდექი, შე წუწკის შვილო! - დაუშტიალა ბალკონიდან ესტატემა.

- შე დალოცვილო, გინდა ჩემთვინაც სოსიკას დღე დაეყენებინა!.. ჯორ-ზაქარას ტყის დათვები ვერას აკლებენ და იმასთან ჭიდაობა სად შემიძლიან! - უთხრა მოციქულად გაგზავნილმა.

- მაშ მე დავეჭიდები! ან მე უნდა ვიყო ამ სოფელში, ან ეგ ჯორ-ზაქარაი... მაშ ულვაში ნუ მსხმია, თუ არ შევასრულო ეს ჩემი მუქარა.

- აბა შენგან არ მიკვირს, რომ თავს უყადრებ გუშინდელ ყმასა, - უთხრა ლმობიერად ესტატეს თანამეცხედრე ქეთევანმა. - შენ მაინც ბატონი ხარ და გლეხს თავი არ უნდა გაუყადრო: სცემ? კანონი დაგსჯის. აბა, შენ გენაცვალე რად უნდა ჩაიგდო თავი ამისთანა ყოფაში, რად უნდა ვათქმევინოთ სოფელს, რომ ბატონს აღარაფერი მნიშვნელობა და ძალა აღარა აქვსო. თუ ჯორ-ზაქარას გაუმკლავდები, სწორედ ასე იფიქრებს სოფელი, სოფელს კი ამისთანა აზრი არ უნდა ჩავადებინოთ თავში, თორემ ჩვენ აქ არ გვედგომინება.

- შე დალოცვილო, - უთხრეს აქეთ-იქიდან სტუმრებმა. - სუდი და პალატა შენ ხელთ არის, სულ შენი მოკეთეები სხედან, მოუდე რამ მიზეზი და აქედან ააბარგვინე მაგისთანა მოწინააღმდეგე კაცი. მაგისთვის რად იბოროტებ თავსა. მაგისი სული ხომ შენ ხელშია, მამულში ნუ გაუშვებ, სული ამოჰხადე და თვითონ მოვა შენთან, ძაღლის ლეკვივით მოგელაქუცება და ფეხებზე ლოკვას დაგიწყებს.

დამშვიდდა გარეგნად ბატონი, მაგრამ სისხლი ისევ ბობოქრობდა და შურს ეძიებდა.

ჯორ-ზაქარა იმ დღეს ხალხის თვალში ერთიორად გაიზარდა, ამაღლდა, სიყვარული და პატივი დაიმსახურა. პირველი მაგალითი იყო, რომ ბატონის კაცს სოფელში ხელი შეახეს და როგორ შეახეს? სიკვდილის პირზე მიაგდეს ბატონის დაახლოვებული კაცი, მისი მარჯვენა ხელი. ჯორ-ზაქარამ კარგად იცოდა, რომ ეს ამბავი მუქთად არ ჩაუვლიდა, მაგრამ არ ეშინოდა, გული სალი კლდესავით მაგარი ჰქონდა. ამისათვის სოფელმა შეიყვარა, უიმისოდ არავითარ საქმეს არ დაადგებოდა, უთუოდ ამისათვის უნდა ეკითხნათ დარიგება. სიკვდილი იყო, თუ სიცოცხლე, ჭირ-ვარამი თუ მხიარულება, გაჭირვება თუ დალხენა, სოფლის შეწუხება ვისგანმე, მიმართავდნენ ჯორ-ზაქარას და ის ისე სარისტიანად მომართავდა საქმეს, რომ ყველა გაოცებაში მოჰყავდა. სოფელმაც დააჯილდოვა: დიდის ხვეწნა-მუდარის შემდეგ ჯორ-ზაქარა მამასახლისად აირჩია სოფელმა. ორჯერ გადაადებინა ზაქარას არჩევა თავადმა ესტატემ. მაგრამ სოფელმა თავისი გაიტანა და თავისი საყვარელი ზაქარა გაამამასახლისა.

IV

ტორტლის მებატონის სახლ-კარი, როგორც ვთქვით, შუა სოფელში იყო. წინ დიდი მინდორი ჰქონდა დატოვებული. მერე მისდევდა ვიღასიც ნავენახარი და შემდეგ იწყობოდა ზაქარა ჯიღაურის სახლ-კარბინადრობა, ისე რომ ახლო მეზობელი ესტატე მარუშიძისა იყო ზაქარა. ვერც პირუტყვი, ვერც ადამიანი ესტატე მარუშიძის სახლის წინ მდებარე მოედანს ვერ ასცდებოდა.

სოფელ ტორტლას შუაზე ჰყოფდა დიდი რუ, გამომდინარე მდინარე ლიახვიდან. ეს რუ გამოდიოდა მარუშიძის სასლიდან და ჩამოდიოდა ზაქარას ბაღ-ვენახს გვერდითა. ჯიღაურების ოჯახმა ეს რუ კარგად გამოიყენა: გაჰყო ორად, ერთი ნაწილი ეკლესიის გვერდით გაიყვანა, ზედ წისქვილი გამოჭიმა და მეორე ნახევარი ისევ ძველ კალაპოტში მიდიოდა; ისე მოაწყო ზაქარამ ამ რუს ორივე ტოტი, რომ ქვემოთ მდებარე მოსახლეებს წყალი არ აკლდებოდა.

ესტატე მარუშიძემ უბრძანა ბიჭებს და ერთ ღამეს სახლიდან სხვა გზით გადაახევა რუ და მოუწყვიტა ზაქარას წყალი; მაშინვე გაცვივდნენ ჯიღაურები, და წყალი ისევ გადმოაგდეს. შეიქნა მიხლა-მოხლა: აქეთ ჯიღაურები, იქით თავადი ესტატე მარუშიძის მოურავი სოსიკა; ბევრჯერ ამოასველეს რუში სოსიკა, დაუჩეჩქვეს ცხვირ-პირი.

მთელი სოფელი ყალყს დადგა. მარტო ზაქარა ჯიღაურს არ მოსდიოდა ზარალი, მთელ უბანს აკლდებოდა წყალი, თუ რუ სხვა გზით წავიდოდა.

ზაქარა ჯიღაურმა, როგორც მამასახლისმა, აარჩია მარჯვე ბიჭები და ღამღამობით მიუჩინა რუს ყარაულადა და ბატონ ესტატეს მოახსენა:

- უხსოვარ დროიდან, იმ დროიდან, როდესაც, ვინ იცის, არც შენი გვარი იყო სოფელ ტორტლაში, არც ჩემი, ეს რუ ასე მოდის; ამას ამტკიცებს რიყე, რომელიც რუს დაუდვია ქვეშა. შენ ეხლა გინდა წყალი აღმა ააბრუნო და მთელი სოფელი ამოარჩო. ჩემთან შურისა და მტრობისათვის მთელს სოფელს უნდა ამოხადო სული. თუ ბატონყმობისას ეს რუ თავის სადინარით მოდიოდა, ეხლა უფრო ივლის; კანონია და სამართალი; წადი და თუ ეხლანდელი კანონი იტყვის, ტორტლის რუ აღმა წაიყვანეთო, მაშინ ბატონი ბრძანდებით.

- მამული ჩემია, ამ რუს სათავე ჩემ მამულშია, მთელი რუ ჩემ მამულზე გამოდის; რაკი მამული ჩემია, მაშ წყალიც ჩემია: მინდა მოგცემთ, მინდა არა,- სთქვა ამაყად და თავისა და თითის ქნევით თავადმა ესტატემ, კაბის სახელო კისერზე შესტყოცნა და ახალოხის ყოში გადიწია, თითქო საბრძოლველად ემზადებაო.

- მამული შენია, მაგრამ წყალი ღვთისაა, ქვეყნისაა... გაბრუნდი, ბატონო, შენსა მზესა, სისხლს ნუ გვაძლევ!!. - შუბლშეკვრით უთხრა ზაქარამ და ჯოხი მაგრა დააბაკუნა მიწაზე.

- მე შენ გასწავლი ჭკუასა მაგ ახირებული ლაპარაკისათვის, - გადუბრიალა თვალები ესტატემ.

- თუ ჭკუას მასწავლი, დიდი მადლობელი ვიქნები, - უთხრა ზაქარამ, ქუდი მოუხადა და მდაბლად დაუკრა თავი ესტატესა - მაგრამ მე კი არა, თუ სოფელს წყალს წაართმევ, მაშინ სისხლი დაიღვრება და მიზეზი შენ იქნები.

- ააა, მამასახლისი და მაგისთანა ლაპარაკი?! აქ შენ ხალხს აქეზებ განა? მაშ კარგი! მაშ კარგი!..

- ხალხო, რა ცხვრის ფარასავით გაშტერებულხართ! მე მართმევს მარტო წყალსა თუ თქვენცა?

- შენ ართმევ ხალხსა წყალსა, შენა! - დასჭყივლა სოსიკამ, - შენ რომ ამ სოფელში ამოვარდები, ყველა მოისვენებს.

- ხალხნო, მართლა ასეა?! მაშ მე ვარ თქვენი დამღუპავი?.. თუ ასეა, მე შემიწირავს თავი: ჩემ სახლ-კარბინადრობას სოფლის ბოლოს გადავიტან ხვალვე, ოღონდ თქვენ ჩემი გულისათვის უწყლოდ ნუ დარჩებით.

- ვაი, შენ ჩემო თავო! როგორ თუ აიყრები! ვინც კაცია და ბუზს აგიფრენს! - იგრიალა ხალხმა და მიიწია სოსიკასკენ, რომელიც ბზობის ყვავივით სადღაც გაჰქრა.

- ზაქარა, ხალხს ნუ აქეზებ, მამასახლისის ჯაჭვისა გერიდებოდეს! - უთხრა ხმამაღლა ესტატემ და გვერდშებრუნებით გადახედა ზაქარას.

- ჰა, ეს მამასახლისის მედალი და ჯაჭვი, შენმა ბიძაშვილმა ჩამომკიდა და უკანვე წაიღეთ, მე ძალიანაც არ მეპიტნავება მამასახლისობა! - გაიკრა ზაქარამ ჯაჭვს ხელი, ჯაჭვი გაგლიჯა და მენდლიანად ფეხებქვეშ შეუგდო თავად ესტატესა.

ესტატემ ახლა კი იკადრა გაბრუნება, ნელის ნაბიჯით შეიარა სახლისკენა, მალ-მალე დგებოდა გზაზე. ღელავდა, თითქო მოტრიალება უნდა ხალხისკენო. გრძნობდა თუ არა დანაშაულს, ძნელი გამოსაცნობია; იქნება კიდეც გრძნობდა, მაგრამ ხალხთან პირის შერცხვენა არ უნდოდა, არ უნდოდა სახელი გასტეხიყო. ეტყობოდა, თავის კნეინის დარიგებას დაადგა, ეს კი იყო, რომ მეორე დღეს წყალი თავისუფლად მოჩუხჩუხებდა თავის ძველ კალაპოტში.

მუცელს აქორებ - ქორიაო, აღორებ - ღორიაო, ნათქვამია. თავადმა ესტატემ არა თუ მარტო თავისი მუცელი ააქორა და ააღორა, თავისი ქვენა გრძნობანიც კი ააქორ-ააღორა; მოინდომა ისევ ისე პარპაში, როგორც ბატონყმობის დროს. სხვა ხერხს მიმართა ზაქარას დასამცირებლად და მისი ოჯახის შესალახავად. ზურგი მაგარი ჰქონდა და როგორ გაუჭირდებოდა ზაქარას დამარცხება: ერთი ბიძაშვილი მაზრის უფროსი იყო, მეორე - მომრიგებელი შუამავალი, სიძე - ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე, ათასგან ჰქონდა ქსელები გაბმული.

- სოსიკა, მაგ ზაქარას ჯავრს ნუ შემაჭმევ... დღე ხომ სახლში არა გდია, ყველანი მინდორ-ველად არიან: მერე ეხლა ანეულობაა, გუთანზე ყრიან, სახლში პეტრეს ცოლი და ბავშვები თუღა არიან; მინდა ერთი როგორმე ზაქარას ცოლი ვიგდო ხელში; დიდი ხანია ჯავრი მჭირს, ძალიან სანდომიანია; რომ მოვიგონებ, სულ ნერწყვი მომდის პირში, ერთი როგორმე მოვიგდოთ ხელში. დავიჯერო, არსად არ გადის? - ჩაეკითხა ესტატე ერთგულ სოსიკასა.

- მალე მტერი მოგიკვდეს და მეც მომიკვდეს, მალე მე იმას შეგახვედრო, აი ხვალვე, უნდა მეოთხედები დავწერო ხილისა... ჰო!.. ეს კარგად მომაგონდა, ამ საქმეში დიდი გამოცვეთილია ჩვენი დალაქი ხოხელა, დიდი გაიძვერაა, ყველას ოჯახში დაძვრება... ზაქარას ვენახი კარ-წინა აქვს, ზაქარას მარინეს გადავატყუებინებ ვენახში... ჰმ, რას ვამბობ! რამ გამამაყრუა!.. მარინეს ხომ ამ ზაფხულს სულ ვენახში ვაშლის ქვეშ უდგია აკვანი და იქვე ხელსაქმობს...

- აბა მაშ კარგა ყოფილა საქმე!.. ერთი იმას ჩემებური თილისმა მოუსვა, - სთქვა ესტატემ.

- რა თილისმა უნდა? ბატონო, გლეხი ქალი ცხვარია, რო დაგინახავს, სულ ცახცახს დაიწყებს, ენა ჩაუვარდება, იქვე შევათრევ ვაზებში და... - ამ დროს თვალი მოჰკრა დალაქ ხოხელას და ხელი დაუქნია. - აქეთ იარე, აქეთ!

ხოხელა მოიჭრა.

- ჩემო ხოხელ, რას დაცანცალებ, შე კუდიანო, შენა!..

- რა უშავს-რა, შენი ჭირიმე, ბატონო, საცა ლამაზი ქალი და გოგოა, ამას არ ასცდება, ყელამდე დაცურავს შიგა. - ეშმაკურად და თვალის ჩაკვრით წარმოსთქვა სოსიკამ.

- რატომაც არა, ქვრივი კაცია, უნდა დროება გაატაროს, - სიცილით უთხრა თავადმა ესტატემ.

- აი, ბატონს ვენაცვალე!. ბატონს ვებრალები, მოურავს კი შურს, - სთქვა დალაქმა ხოხელამ.

- ჰოდა, ჩემო ხოხელ, ჩვენც უნდა წილი დაგვიდო!..

- შე დალოცვილო, მანდაც ხომ მეოთხედი არ გინდათ! - სიცილით უთხრა ხოხელამ და თან თვალ-წარბში დაუწყო ცქერა, ბატონი ხომ არ გავანაწყენეო.

- ამოგაგდოს ღმერთმა! ეგ კარგი მითხარ!.. სწორე გითხრა, ზაქარას მარინეს სამეოთხედოდ არ დავიწუნებდი.

- ოჰოჰო! - პირის წლაკუნით სთქვა დალაქმა, - უნდა მოგახსენოთ, რომ სწორედ თარაქამული ძროხაა; ორი შვილის დედა რომ მაგითანა ლამაზია, მკვრივხორცაა, გასათხოვარი რა იქნებოდა. იმ ოჯახდაქცეულს ლოყები სულ ზედ ასკდება, გულ-მკერდი და გავა, უნდა მოგახსენო, კარგ გათამამებულ დეკეულსაც არ ექნება იმისთანა... აჰ, იმისი დაძმუძვნა რა მადლია... მაგრამ ისეთი ქოფაკი ძაღლი ადგია თავსა, რომ იმის შიშით ვინ მიუდგება! - წარმოსთქვა დალაქმა.

- მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია... ჩემო ხოხელ, არც მე დავიწუნებდი იმ ქოფაკის ცოლსა...

- რას სწუხარ, ბატონო, ხვალვე გაჩვენებ, - თავგამოდებით უთხრა ხოხელამ.

- რა ძნელია, შე დალოცვილო! - გაუადვილა დალაქმა. - ბატონი ხარ, ის ყმაა; რა ძალა აქვს! ვენახში მიბრძანდი! მეც იქ გავჩნდები; პეტრეს ცოლს მაინც უნდა წურბლები მოვუტანო... ამას მოვიმიზეზებ, მე იმას შევიქცევ, თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ.

სამთა კავშირი დაისკვნა...

V

ზაფხულია, მკათათვის თვეა, სოფელი მინდორ-ველად არის გაკრეფილი, სოფელი დარჩენია ქალებს, ბავშვებს, ბებერ ძაღლებს და ამაყ მამლებს...

მინდორ-ველიდან მოისმის ჰოპუნას ხმა: ყანას მკიან; ტკბილი ოროველაა, ანეულს ხნავენ.

ზაქარას სახლის წინ ნიგვზის ხის ქვეშ ჭილობის ნაგლეჯზე წევს და ძილს მისცემია პეტრეს მოხუცებული ჯალაბი, მარინეს დედამთილი; იქვე ახლო სძინავს იმისავით ბებერ ჭრელას; ძილისგან მოთენთილა, ხანდისხან დუნედ ამოიფხანს ფეხით გვერდებს, ხან კბილებით მოიჩიჩქნის მკერდს, რომ მკბენარი მოიშოროს. იქვე ორ-სამ ნაბიჯს იქით ღობეა გავლებული და ზაქარას ვენახი იწყება. შესავალში სდგას უზარმაზარი ხართუთა, ვენახს შუაში ხეივანი აქვს, აქეთ-იქით ხეხილი. ხართუთას ქვეშ დაცუნცულებს ოთხი-ხუთის წლის თმახუჭუჭა შაგვრემანი ბიჭი, დასდევს პეპლებს, ბუზებს და დატრიალებს ბალახებში. იქვე ჭილობზე ზის მარინე, ზაქარას ცოლი ქალი ლამაზი, მხნე შეხედულობისა; წინ უდგია აკვანი, ცალის ფეხის ორი თითით აკვნის საგოგავი უჭირავს და არწევს ბავშვსა; ხელთ უჭირავს თითისტარი, საჩეჩელზე გაწმენდილს მატყლს ართავს, თითისტარი პროწიალობს, ბზუის. მარინე არხეინად და უდარდელად არის. ხანდისხან თვალს ავლებს პატარა გიგლას, რომ შორს არ წავიდეს და არამ დაჰკბინ-დასუსხოს.

უცბად ღობემ ლაწუნი მოიღო, მარინემ ყელი მოიღერა და თვალი მიავლ-მოავლო; გიგლას გაშლილი ხელები ჰაერში დარჩა; ჭრელამ კაკალ ქვეშ შეიზმუკუნა.

კვლავ ლაწუნი მოიღო ღობემ. მარინე წამოფრინდა, თავშალი ჩამოიშალა, ნიკაპთან ანაზდეულად შეიკრა და სარტყელში ჩაკრული კაბაც ჩამოიშალა.

უცნაური სანახაობა წარმოუდგა თვალ წინ. მის წინ გაჩნდა დალაქი ხოხელა სადალაქო იარაღით და დოქით, რომელშიაც წურბლები უსხდა.

- ნათლი-ჯალაბს ვახლავარ! შენს დედამთილს წურბლებს დავპირდი...

- სახლის გზა დაგვიწყებიათ!!. ვენახზე ღობე რომ არ გადმოგემტერია, განა არ შეიძლებოდა, - უთხრა უკმეხად მარინემ.

დალაქი წავიდა განგებ მარინეს დედამთილთან. მარინემ ვერც კი მოასწრო ჭილობზე დაჯდომა, რომ გაჩნდნენ ბატონი და მისი სოსიკა.

მარინე აენთო, სახეზე ალმურმა აჰკრა, თმა აებურძგლა, ყალყს შეუდგა. თვალებიდან წითელი წინწკლები სცვივოდა, რომელნიც საპნის ბუშტებივით პროწიალობდნენ მის თვალების წინ.

- ხილის მეოთხედისათვის მოვედით... საკალოე მსხალი ძალზე შემოსულა, - უთხრა სოსიკამ.

- ჩემი კაცი შინ არ გახლავს*, ეს მისი საქმეა, - უპასუხა მკვახედ მარინემ, გულხელი დაიკრიფა და ღაზლშემოხვეული თითისტარი მარცხენა იღლიას ამოიფარა.

- მე დავბერტყავ მსხალს და შენ გაჰყავ, - უთხრა ალერსით თავადმა, ახლო მიიწია და კისერგადაგდებით სახეში შეაშტერდა.

ბატონს უხვად მოადგა ნერწყვი ვნება-ღელვისა, თავი ვეღარ შეიკავა და ნიკაპში მაგრა მოჰკიდა თითები მარინესა.

- იქით, შე უსირცხვილო! - და ისე მაგრა ამოუქნია ხელი, რომ ბატონი ძალაუნებურად უკან შესდგა და თითები ჰაერში შერჩა... დასტაცა აკვანს ხელი, გიგლა წინ გაიმძღვარა და გააშურა ვენახიდან. მაგრამ სოსიკა დასწვდა უკნიდან, შემოატრიალა. ბატონმა იდროვა და თავ-პირი დაულოშნა მარინეს კოცნითა.

მარინემ იბრძოლა ძუ-ვეფხვივით, დაავიწყდა აკვანიც და გიგლაც, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიწია, დააფრინდა კბილებით, გაუძვრა ბატონს ხელიდან; ბატონს შერჩა ხელში მარტო მარინეს მანდილი.

მარინეს დალალ-კავები აებურძგლა, სახე გაუმრისხანდა, თვალები სისხლით აევსო და გააბა კივილი.

სოფელი ცარიელია. კივილზე მხოლოდ ინდაურებმა მისცეს ბანი და სოფლის პატარა წვრილფეხობამ.

მარინემ მოიმარჯვა საბრძოლველად თითისტარი, კვლავ წავიდა აივანისკენ, რომელშიც ბავშვი ჩხაოდა.

ქვენა-გრძნობით აბობოქრებულმა ბატონმა და მოურავმა განიზრახეს მარინეს ვაზებისაკენ გათრევა. აი ორივემ მიიზიდეს. ამ დროს მარინემ გამეტებით და მძლავრად დასცა სოსიკას გულში თითისტარი და შიგ მიამტვრია; ნამუსის შერჩენა არჩია შვილებსა: მივარდა ვენახის კარებს, გავარდა გარეთ ყვირილით, კაკლის ქვეშ მუხლმოკეცილი დაეცა და მეტის მღელვარებით გულს შემოეყარა...

VI

კვირა დღეა... სოფელი ტორტლა თავმოყრილია ეკლესიის მოედანზე. ხალხი ერთმანეთს არ აცლის ლაპარაკსა, ხმამაღალი ლაპარაკი და მითქმა-მოთქმაა. ქალებს ცალკე ჯგუფი შეუდგენიათ, ესენიც ცხარედ ბაასობენ. ქალსაც და კაცსაც გაცხარებული მსჯელობა აქვთ ზაქარას ოჯახის შეურაცხყოფის გამო.

- ჯერ კიდევ ბატონყმობის კუდი არ არის გასწორებული, მაინც გვხვდება ეს კუდი და გვსუსხავს კვლავინდებურად; დიდხანს არ გასწორდება; სწორედ ძაღლის კუდია, თუ გინდ კალაპოტშიაც ჩასდო, არ გასწორდება; სანამ ძირში არ გასწყვეტთ... ხელის შეშვება არ ვარგა, თორემ ბატონობას ბოლო არ მოეღება, ბოლო... მე იმისთვის კი არ ვამბობ, რო გული მეწვის და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა მოინდომეს. სულაც არა! თუ კი მე, რომელიც კრიჭაში ვუდგევარ ბატონსა და მის სისხლიგუდა მოურავსა, ასე მიშვრებიან, რას უზმენ საწყალს, უილაჯოს, ან ობოლ ოჯახსა, - ასე ამბობდა გაცხარებული ზაქარა ჯიღაური.

- ოღონდაც, ოღონდაც! - გაიხმაურა ხალხმა.

- კანონის წინაშე გავერთიანდით, გვეგონა მთა და ბარი გასწორდაო, მაგრამ ფუჭი გამოდგა ჩვენი იმედი: მამული ბატონს დარჩა; უმამულოდ კი ფრთა შეკვეცილს ქათამს ვგევართ, რომელიც, ისეც ფრენას გადაჩვეული, ღობეზედაც ვერ შეფრინდება... ჯანი გავარდეს, ამ უმამულობასაც როდისმე მოუვლით; სოფელი განიერია, მივდგებ-მოვდგებით, მაგრამ ნამუსს როგორ მოვუაროთ, როგორ დავიცვათ მყრალი მგლებისაგან, აი ეს არის საფიქრებელი! - განაგრძო ზაქარამ. - ბატონყმობის დროს ვინ რას გვკითხავდა: ჩვენი ქალები იმათი იყო... მაგრამ ახლა?.. კანონის წინაშე ერთნი ხართო, ეგენი კი, ე ბატონ-მოურავები, თავისას არ იშლიან. სოფელმა თუ თავი არ გაიმაგრა, ნამუსი გაწყვება სოფელში, სირცხვილს ვჭამთ და ჩვენი სოფელი თითით საჩვენებელი გახდება...

- ოღონდაც, ოღონდაც! - დაჰკრა კვერი ზაქარას სიტყვებს ხალხმა... - უნდა ავლაგმოთ ეგენი, უნდა ავლაგმოთ: წამოაყენეთ ჯერ ის ჩვენი გამყიდველი დალაქი ხოხელა! მოიყვანეთ აქ, უნდა დღესვე გავასამართლოთ ჩვენის სამართლითა! - ყვიროდა ხალხი და ბობოქრობდა.

- ჩავქოლოთ, ჩავქოლოთ ის შეჩვენებული ხოხელა! - ამბობდა ერთი.

- სახლი თავზე დავაქციოთ, სახლი! - ყვიროდა მეორე.

- არა, საქვეყნოდ ლაფი დავასხათ, გამოვწყვიტოთ ჩვენში, ავიძულოთ ჭირიანივით, დეე ტყე-ტყე იაროს მგლებთან და დათვებთან. ერთხელ სიკვდილი მაგისთვის ჯილდო იქნება; ეგ უნდა ნელ-ნელა კვდეს, სიკვდილი მუდამ თვალწინ უდგეს; იკვნესოს, გაილიოს, გაიხვეწოს ძაფივით სიკვდილის ლოდინში, - ამბობდა მესამე.

- მარტო დალაქს კი არა, სოსიკასაც არ აწყენს ლაფის დასხმა! - გაიხმაურეს ქალებმა. - ის არის ქვეყნის დამქცევი და ამომგდები. იმისი გაბრიყვებული იქნებოდა ეგ უბედური, ქარაფშუტა ხოხელაი.

- სოსიკას მე მოვურიგდები, ის მე დამანებეთ! - წარმოსთქვა ზაქარამ ულვაშის გრეხითა.

ხალხის მსჯავრი სწრაფი და მკვეთრია: შუადღის ჟამს რუს პირას ხალხს გაეკეთებინა ლაფი შემდგარი სხვადასხვა უწმინდურებისაგან. მზე საშუადღეოზე იდგა და ძალზე იკბინებოდა. ხალხს დიდი წრე გაეკეთებინა. შუა რუში იდგა წელამდე გატიტვლებული ხოხელა დალაქი, ხელები უკან ჰქონდა გაკრული, იდგა თავშიშველა, ხალხისაგან შეჩვენებული და განრისხული; ადამიანის სახე აღარ ედო, თვალები დაეხუჭა, თავი ჩაექინდრა და გულში ჯოჯოხეთის ცეცხლი უტრიალებდა. ეტყობოდა, პირი უშრებოდა, ენას მალ-მალ ტუჩებზე ივლებდა დასასველებლად, მაგრამ ენასაც სისველე აღარ ჰქონდა... როგორც იყო, თავს ძალა დაატანა და წამოილუღლუღა:

- მაპატივეთ, ხალხო, მაპატივეთ! დანაშაული ვარ! - მუხლებზე დაეცა წყალში, თავი ჩაჰკიდა და ცრემლი ნაკადულსავით გადმოსკდა თვალთაგან და ჩაერთო რუში. რუმაც კი არ მიიკარა ეს ცრემლი სინანულისა, ზეთივით მოიგდო ზედაპირზე და ნაპირისკენ გაასრიალა.

მაგრამ ხალხი ულმობელია, როცა მის წმიდათა წმიდას შელახავს ვინმე. აი სათითაოდ დაასხა ყველამ ნიჩბებით ლაფი დალაქ ხოხელასა. გათავდა თამაშობა. ხოხელას ნება მისცეს წასულიყო სახლში. ტალახში ამოვლებული დარეტიანებული ამოვიდა რუდან და მთვრალი კაცივით ტორტმანით გასწია სახლისაკენ.

ხალხი სდუმდა; კრინტი აღარავის დაუძრავს; მინამ მიეფარებოდა ხოხელა თვალთაგან, იმის გზას შესცქეროდა; მერე ნელ-ნელა უსიტყვოდ დაიშალა და სახლში წავიდა.

რასაკვირველია, ბატონმაც გაიგო ეს ამბავი. მისი სოსიკა ალეწილი იყო, გული ეწვოდა, თითქო ღველფი ჩაუყრიათო - ორნაირი ცეცხლი ეკიდა იმის გულსა: შიშისა და შურისძიებისა.

ბატონიც ვერ იყო ქეიფზე. რაც უნდა იყოს, სხვა დრო დადგა. ვინც გაიგებს, რას იტყვისო, ამბობდა გულში თავადი ესტატე, მაგრამ რა ექნა, ჩვეულებამ, სისხლხორცში გამჯდარმა ჩვეულებამ, თავისი ქნა და თავის კვალზე წაიყვანა.

კნეინა ქეთევანიც ცეცხლის ალში ატარებდა თავის ქმარსა. როცა მარტონი იყვნენ, მალ-მალ აგონებდა ამ ამბავსა, ამრეზილი ადგა ქმარსა, ბუტიაობა შეეჩვიათ და მთელი დღე გაბღვერილები იყვნენ. როცა სტუმარი გაჩნდებოდა ვინმე, თავად ესტატესათვის დღეობა დადგებოდა ხოლმე. მაშინ ცოლ-ქმარნი, რომ არ ეგრძნობინებინათ სტუმრებისათვის, ბუტიაობას იქით გადასდებდნენ და შეექნებოდათ მხიარულება.

- შენ ისეთი საქმე ჩაიდინე, რომ ჩვენ სოფელში აღარ გვედგომება, ჩემო ესტატე. ეხლა ხომ ფული ბლომადა გვაქვს, ჩავიდეთ ქალაქში და იქ ვიცხოვროთ; სოფელს სოსიკაც გაუძღვება. გეუბნებოდი, სოფელს თავს ნუ გაუყადრებ-მეთქი, მაგრამ შენ შენი არ დაიშალე. გლეხკაცი გულჩახვეულია. იმას წყლული გვიან გაუმთელდება; თუ გაუმთელდება, წყლულისაგან ტკივილები ისევ ახსოვს, გულზე აქვს დაჭდეული. ახლა რამდენი ჭდე აქვს გულზე ტკივილებისა და მწუხარებისა! ამას ვინ დასთვლის... ავიკრათ ბარგი და ქალაქში გადავსახლდეთ; რაც უნდა იყოს, სულ დიდკაცობაში ვიქნებით და ამ ტეტიების ცქერას მოვრჩებით. ზაფხულობით ჩამოვალთ სოფლად გასართობად და ჰაერის გამოსაცვლელად. ხალხი გულიდან გადიყრის ჩვენს სიძულვილსა. ხომ მოგეხსენება, როგორც თვალი შორს, ისე გულიც შორსაო, თორემ თუ ჩვენ სოფელს ჩავაცივდებით, კარგი არ იქნება. მაინც ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ სოფელში? მუშაობას და მურეხ საქმეს მიჩვეულნი არა ვართ. იდიდოს ხემწიფე იმპერატორი, თითო სულზე ოცდახუთი მანეთი გადაგვიკვეთა; მამულები რაც მისაზმონი იყო, მიუზმონეთ ჩვენს ნაყმევებსა, დანარჩენი მამული ხელუხლებელია; როგორც ჩვენ გვენებოს, ისე გავცეთ; ჩამოვიყვანოთ ჩვენი მთიდან ოსები და სულ იმათ მივცეთ იჯარითა... მერე ვიცხოვროთ ხემწიფურად... მეორეც ესა, შვილებისთვისაც კარგია ქალაქში ცხოვრება, იქვე სასწავლებლებია... სოფელს ჩვენი ერთგული სოსიკაც ეყოფა. სოსიკა არ იქნება, მაგის ფერი სხვა იქნება, მაგისთანა ძაღლებს ქვეყანაზე რა დალევს.

კნეინა ქეთევანის აზრი ჭკუაში მოუვიდა თავად ესტატესა. დაასკვნა ქალაქში გადასახლება.

დადგა სოსიკას ბატონობის დღე.

VII

თავადი ესტატე მარუშიძე დიდი მამულის პატრონი იყო, ყმაც ბევრი ჰყავდა; გლეხებს საკომლო მოუზომეს; ზოგს ერგო ათი დღიური, ზოგს ნაკლები. ზაქარა ჯიღაურის ოჯახს ათი დღიური ერგო დებულებითა (უსტავნი გრამოტითა). არ ეყო ხალხს საკომლოდ მიზომილი მამული (ნადელი). ისინი ძალაუნებურად გადიოდნენ ნაბატონევის მამულში; ერთმანეთის ჯიბრზე უმატებდნეს ღალა-კულუხსა, ოღონდ კარგი მამულები ეგდოთ ხელში; მოქრთამეობა, მოურავის მოსყიდვა, მლიქვნელობა, გაიძვერობა, ძღვენები და პატიჟი მოურავისა, მოურავის დანათლიება სანატრელი გახდა.

ჯიღაურების ოჯახი სულ სხვა მდგომარეობაში იყო. თუმცა ზაქარა ნაყმევი იყო, მაგრამ საეკლესიო მამული ჰქონდა თითქმის სამოც დღიურამდე, ამისი საბუთიც ჰქონდა; თვით ის ნაფუძარი, რომელიც კარწინ ჰქონდა, საეკლესიო იყო. ამიტომ ზაქარას ნაბატონართან და იმის მოურავთან სახვეწარი არა ჰქონდა რა.

გავიდა ხანი და ჟამი იმის შემდეგ, როცა თავადმა ესტატემ შეურაცხყოფა მიაყენა იმის ოჯახსა. ზაქარას თუმცა გულიდან გადაყრილი არა ჰქონდა სოსიკას ჯავრი, მაგრამ მაინც თავის საქმეს დამშვიდებით შეუდგა; პეტრე ისევ ყოჩაღად იყო და გუთნისდებობდა ოჯახში; ზაქარას ძმები წამოიზარდნენ, ორი კიდეც დაქორწილდა; ოჯახი ძაან დააწინაურეს; ყოველწლივ ღვინოსა და პურს ბლომად ჰყიდდნენ; სოფელში სუფთად გამოდიოდნენ. გლეხობის კვალობაზე პირველი ოჯახი იყო ტორტლაში. ფუფუნებდა და ხარობდა ოჯახი.

ბუნებაშიაც ხშირია ასეთი ფუფუნება და მხიარულება: ცა ლაჟვარდოვანი; იგი კიდით კიდემდე მოკრიალებულია; მზე ეტრფიალება ცას და ქვეყანას, ანათებს, ათბობს, სხივებით ეთამაშება, თავს ევლება ცას და ქვეყანას; ყველა სულდგმული ხარობს, აღტაცებაშია ბუნების სილამაზე-სიმშვენიერით.

აი ოდნავ იჩინა თავი მთის მწვერვალებზე თეთრმა ნისლმა; გრილმა სიომ დაუბერა; ნელ-ნელა თეთრი ქულა ნისლები შექუჩდნენ, ფერი იცვალეს, დალეგავდნენ, დევებივით წამოიყუყნენ მთებზე, მოიცვეს მთა და ბარი, მოგრაგნეს მთლად ლაჟვარდოვანი ცა...

ჩამობნელდა, იჭექა, გამოჰკრთა ელვა და კლაკვნით წავიდა ცის სივრცეში; ჭექა-ქუხილმა ჰაერი შეარყია, შეაზანზარა; თავზარი დასცა მხიარულს ცხოველებს; ჰაერის რყევას მოჰყვა ღაპაღუპით მსხვილი წვიმა. ყველა გულხეთქებით გარბის ბუნაგისკენ. ადამიანი ელვა-ჭექისაგან შეშინებული პირჯვარს იწერს და შესთხოვს წმ. ელიას მშვიდობასა და შეწყნარებასა...

ერთს წამს შეირყა ბუნების მხიარულება... ერთს წამს შეწუხდა ცხოველი არსება... შეეხუთა გული ერთს წამს ადამიანსაც... ყოველი ცვლილება ასე არყევს და აწუხებს ადამიანსა...

ზაქარა ჯიღაურის ოჯახის გარშემოც ნისლი მიადგა, გაიზარდა, მეხად იქცა და ანაზდეულად თავს დაატყდა.

შუადღე გადახრილია... პეტრეს კარწინ ნაფუძარში გუთანი უბია... გუთნისდედა მეხრეებით სამხარს შეექცევიან ნიგვზის ხის ძირში, დღის მეხრეებს გუთნეული რუს პირად საძოვრად ჰყავთ. ზაქარა, რომელიც კარებზე საბარო ურემს ამზადებდა, მოუჯდა მამას და მეხრეებს და ესეც სამხარს ტკბილად შეუდგა.

აგერ დღის მეხრეებმა გუთნეული ნიგვზის ხესთან მორეკეს, ახლა ამათ ისამხრეს... გუთანი კვლავ შეიბა... გაჩაღდა ოროველა, დასვენებულმა გუთნეულმა ხალისიანად გასჭიმა ჭაპანი. ოროველა გაიბა: გუთნეულმა სახრე აღარ დაირტყა... აი გავიდა გუთანი ბოლოს, შემოტრიალდა პეტრე გუთნით მეორე კვალისაკენ, კვლავ აუბა გუთანი.

ამ დროს ორღობიდან გამოვიდა თავად ესტატეს ცნობილი მოურავი სოსიკა ორის შეიარაღებული ოსითა. მოვიდა გულადად გუთნისდედასთან და თამამად უთხრა:

- ბატონისაგან მომივიდა ბრძანება, რომ ამ მამულს ხელი არ შეახო, შენ საკომლოდ (ნადელად) ათი დღიური გაქვს მოცემული, დანარჩენი ბატონისაა; ის არ გიშვებს სხვა მამულში; ვისაც უნდა გამოართვას და ჩემს მამულში კი დღეიდან ფეხს ნუღარ დასდგამსო...

პეტრეს ეს ამბავი სიცილად არ ეყო. ზაქარამ, რომელიც ამ დროს კაკლის ხის ქვეშ საბარო ურმის თვლებს ჰკვერცხავდა ხელეჩოთი, თავი მაღლა აიღერა, მარცხენა ხელი ქამარში გაივლო, მარჯვენა მხარზე ხელეჩო გაიღო და დაუწყო ცქერა.

- გააჭიმინეთ ჭაპანი, ბიჭებო, რას გაშტერდით... გაუჯავრდით წინა ხარებსა.

- აუშვი-მეთქი, გეუბნები... ნაბძანები მაქვს! - გადაუდგა სოსიკა წინ გუთნეულსა.

ზაქარა ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა, თვალი ჩაუკრა ძმებსა და ღამის მეხრეებსა, მივიდა მამასთან, გამოართვა გუთანი და დასძახა:

- აბა, ბიჭებო, გაუჯავრდით!..

- სისხლს ნუ იძლევი, ზაქარო! - შემოსჭყივლა სოსიკამ.

- თითონ შენ ნუ იძლევი სისხლსა!.. ეს მიწა და სხვა ამისთანები ჩემი საკუთრებაა, საეკლესიოა, მე იგი საბუთებით მიჭირავს... შენ თითონ იცი, რომ ბატონყმობის დროსაც გვჭერია, მაშინ არავინ შეხებია და ეხლა ვის რა ნება აქვს?

- წადი და იჩივლე, რაზე მაკვდები!.. აუშვი გუთანი, თორემ ვეტყვი ბიჭებსა და კარგა გავასახვრინებ შენს თავსა.

- გეუბნევი, ამ მიწის საბუთები მაქვს-მეთქი. თქვენ თითონ იჩივლეთ, მე საჩივარი რა მაქვს... მე საბუთს სასამართლოს წარვუდგენ...

ბიჭებმა შეუტიეს გუთნეულსა; წინა ხარებმა გაჰკრეს ჭაპანსა და სოსიკა მიწაზე გაანარცხეს. წამოფორთხდა, იძრო ხანჯალი და უნდა დაეცა ხარისათვის, მაგრამ ღამის მეხრემ გაუქნია სახრე, გაარტყა მაგრა შიგ ჩონჩხში და ხანჯალი გააგდებინა. ამავე დროს ზაქარამ უშვა გუთანს ხელი და მძლავრად დაჰკრა ხელეჩოს ყუა სოსიკას მხლებელს, რომელმაც ჩაიჩოქა, დარეტიანდა და წამოდგომა ვეღარ მოახერხა. მეორე მხლებელმა იერიში ვეღარ მიიტანა, გადგა განზე და თავის თავის დაცვას შეუდგა. მეტი ღონე აღარ იყო, უნდა დამორჩილებულიყო სოსიკა ბედსა.

ერთი კვირის შემდეგ მოვიდა ქალაქიდან მომრიგებელი მოსამართლე, ღვიძლი ბიძაშვილი თავად ესტატე მარუშიძისა და გამოუცხადა ზაქარა ჯიღაურსა:

- შენი ოჯახი ესტატეს ნაყმევია; თქვენს ოჯახს კანონითა და სამართლით მიეცა ათი დღიური, დებულებაში, უსტავნი გრამოტაში ასე გიწერია... დანარჩენი მამული ბატონისაა; უნდა მოგახვნევინებს, უნდა არა, ეს სრული იმისი ნებაა. ეს ნაფუძარი უსტავნი გრამოტაში ხომ არ გიწერია?.. - ჩაეკითხა მომრიგებელი მოსამართლე.

- არ მიწერია...

- ჰოო, გაცოცხლა ღმერთმა! რაც არ გიწერია, შენი არ არი, ბატონისაა. ხელმწიფე ვერ წაართმევს და შენ როგორ უნდა წაართვა.

- ეს მამული საეკლესიოა; ესტატეს ყმა გახდა პაპაჩემი, მაგრამ იმას საეკლესიო მამულებიც შერჩა, როგორც სხვა ჯიღაურებსა. ჩვენ ამისი საბუთები გვაქვს.

- მაშ წარმოადგინე საბუთი.

- უკაცრავად კი გახლავართ, ბატონო, მაგრამ ვერ წარმოგიდგენთ... ესტატემ მიჩივლოს და სასამართლოს წარვუდგენ...

- როგორ თუ ვერ წარმომიდგენ? მაშ მე არ მენდობი, მე მოსამართლე არა ვარ?.. ეს საქმე საკუთარი ჩემი საქმეა, მე მეკითხვის ბატონყმის არიგება და შენ კი...

- ანწუხზედაც რომ დამაგოთ, აიმ ხეზე რომ ჩამომახრჩოთ, მე იმ საბუთს თქვენ ვერ ჩაგიგდებთ ხელში... თქვენ იმისი ღვიძლი ბიძაშვილი ხართ... არ დამინდობთ, იმ საბუთს გამიქრობთ და ამ მამულს ხელიდან გამომაცლით... რომ ეს მამული ბატონისა ყოფილიყო, უსათუოდ ნადელში მოვიყოლიებდი. ეს მამული რო წამერთოს, უნდა სული ამომეხუთოს, სახლიდან გამოსასვლელი გზა აღარ მექნება; მაშინ მერცხალივით უნდა ბანიდან ავფრინდ-ჩამოვფრინდეთ...

- მე განაჩენს შევადგენ, რომ არ მემორჩილები, წარვუდგენ სადაც ჯერ არს და შენ ციხეში ამოგაყოფინებ თავსა.

- ციმბირშიაც მზად ვარ წავიდე სიმართლისათვის.

- მაინც მე გირჩევ, შეაყენე ამ მამულის ხვნა-თესვა... სამართალი გაარჩევს საქმეს და ვისაც იგი აკუთვნებს, ის მოუვლის...

- ეგ სამართალი და ეგ ბატონი: წავიდეს, იჩივლოს და თუ აკუთვნებენ, დავინახავ, - უთხრა მტკიცედ ზაქარამა.

- შენთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა სწორედ... შენ რასაც გეუბნებიან, უნდა გაიგონო... დაჰკათ, ბიჭებო, ამ მამაძაღლსა, ამას! - დააბდღვრიალა თვალები მომრიგებელმა მოსამართლემ, თავადმა ვარდენ მარუშიძემ, თვით მიიწია ზაქარაზე და სილა გაჰკრა; ამ დროს წაეშველნენ იასაულები, სოსიკა ბიჭებით და დააყარეს ზაქარას მათრახი და ჯოხები.

რას იზამდა: ათი ერთს სცემდა, დევიც რომ ყოფილიყო, ვერ შესძლებდა წინააღმდეგობასა, თუმცაღა თითონაც ვისაც მოასწრო კეთილი არ დააყარა.

- აღარ გაბედო ამ მამულში შესვლა... მამასახლისს გამოუცხადებ, რომ ხელი არ ახლო... მე შენი საბუთებისა არა ვიცი რა... სოსიკა! თუ ეს მიწა კიდევ მოუხნავს... ეს ნახნავიც შენ დააფარცხვინე ესტატესათვის... ვეტყვი ესტატეს და ვაი შენს დღესა!..

- ეგრე კი მიბრძანეთ და ვაჩვენებ მე მაგას სეირსა... მთელი სამი სოფელი ბატონისაა, ახლა ე ჯიღაურებიც ბატონობენ, ჩვენ საეკლესიო გლეხები ვართო... ჰაი, მე ი ბატონისა ვიყვე, ყველა ჯიღაურებს ავაბარგვინებ აქედანა...

- გლეხს ვინ მისცა საკუთრება, - დაიწყო ვარდენ მარუშიძემ, - ღმერთს ვედრება შესწირეთ, რომ ხელმწიფემ საკომლო გიწყალობათ... შენ კიდევ სხვასაც ეპოტინები...

ზაქარა თითქო ქვად იქცა, ხმას აღარ იღებდა. ის სხვა ფიქრებმა გაიტაცეს; აღარ გრძნობდა ტკივილებსაც; სისხლი ღვარად ჩამოსდიოდა შუბლიდგან; სისხლის ღვარმა მკერდზე წითელი ზოლი გაავლო და პერანგსა და შალვარ შუა დაგუბდა... გარს ეხვეოდნენ ცოლი, დედა, ბავშვები...

პეტრემ და სხვა ამისმა შვილებმა ზაქარას მარცხი გვიან შეიტყვეს; მოიჭრნენ ისინიც...

ზაქარა მიიყვანეს კაკლის ქვეშ, დასვეს ჭილობზე. ცოლმა მოჰბანა სისხლი, იარები მოუწმინდა და ერბოში მოშუშული ბამბებით შეუხვია. ზაქარას ერთიც არ დაუკვნესია, კრინტი არ დაუძრავს. ცოლის და მშობლების ლაპარაკი არ ესმოდა..

- რა ვქნა, ეს რა მომივიდა!.. შვილო ზაქარო! შენ გენაცვალოს დედა, ხმა ამოიღე!.. აი ჩაუგდოს ენა ჩემმა სასო ღვთისმშობელმა სოსიკა მოურავსა და იმ ტურა მოსამართლესა!. შვილო მარინე!. გაირბინე დალაქიანთ მოსოსთან, ერთი შეშინებულისა შეულოცოს... სწორედ ენა ჩაუვარდა და რაღა ვქნა! -ოხრავდა და იკაწრიდა ზაქარას დედა სახესა; მარინე უხვად აბნევდა ცრემლებსა, ხოლო მამა პეტრე და ძმები გულხელდაკრეფილნი და მწარედ დაძმარებულნი შესცქეროდნენ გაყრუმუნჯებულ ზაქარასა.

ზაქარას სახეზე ნისლი გადაეყარა; თვალებზე ხელი მოისვა და წამოვარდა.

- თოფი!.. ჩემი თოფი!.. ოოჰ!.. კაცის სისხლში უნდა გავისვარო ხელი!.. უნდა სისხლით მოვრწყო ეს ნაფუძარი... - დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტად ლაპარაკი...

- ნუუ, შვილო, ნუუ!.. უწინამც დღე დალევიათ შენს მტრებსა. იმათის გულისათვისა რად უნდა გაიხადო, შვილო, თავი საციმბიროთა, - ეუბნებოდა დედა და დამჭკნარს ძუძუებში იყოფდა შვილის ხელებსა.

- კარგი, კარგი!.. ერთი წყაროსთან მიმიყვანეთ...

გავლამ სისხლი აამოძრავა, წყაროს ცივმა წყალმა გული გაუგრილა, გამოაფხიზლა.

მთელი ტორტლა საღამო ჟამზე პეტრე ჯიღაურის კარ-მიდამოზე გაჩნდა: ყველა კითხულობდა იმის ამბავსა, ყველა ნუგეშს სცემდა, ზოგი მასხარაობდა, რომ ზაქარა ხალისზე მოეყვანათ.

- წყალი აიმღვრა!.. ეს ამბავი მუქთად არ ჩაივლის... სოფელში დიდი ცოდო დატრიალდება: მაგ საწყალ ზაქარას მოუკლავს არ გაუშვებენ, მერე ჩაიგდებენ საწყლის ოჯახს ხელში და სულ დაანიავებენ, - ლაპარაკობდა გზადაგზა ზაქარას მეზობელი.

- ვინ ვის მოჰკლავს, კაცმა არ იცის... ზაქარა ჯიღაურს ნუ ეხუმრებით. მთელ ხეობაში კაცი არა სჯობიან, თავმომწონე კაცია, - უპასუხა მეორემ.

- რაღაც კი დატრიალდება და! - კვლავ სთქვა მოხუცმა.

- მართალია!.. ეს საქმე უბრალოდ არ ჩაივლის, - დაეთანხმნენ მოხუცს სხვები.

VIII

ზაქარა ჯიღაურს სასამართლოებში სიარულით გამოუღამდა: თითქმის ყოველ თვე დაათრევდნენ გორის მომრიგებელ თუ ტფილისის ოლქის სასამართლოებში. თუმცა მომრიგებელმა უარი უთხრა ესტატე მარუშიძეს და როგორც ის ნაფუძარი, ისე - სხვა მამულები, რომელიც კი საეკლესიო საბუთით ეჭირა ზაქარას და სხვა ჯიღაურების ოჯახსა, მიუსაჯა ზაქარას და მის სახლიკაცებს საბუთის ძალით, მაგრამ ესტატეს რა გააჩერებდა: საქმე გადიტანა ოლქის სასამართლოში. აქ კი საბუთი სადღაც გაჰქრა. ათასნაირად ატრიალა საქმე ნათესავების შემწეობით და ზაქარას ოჯახს სულ ტყავი გააძრო ,,სუდებში” თრევითა და უბრალო ხარჯითა.

ზაქარაც მოუთმენელი და ჯიუტი იყო, არას უთმობდა, ხშილად ლანძღავდა ბატონს და წელიწადში ამის გამო ორჯერ-სამჯერ იჯდა ციხეში. გამოიცვალა ჯორ-ზაქარა, სახეზე შეიშალა, ოჯახი წელში გატყდა, ნელ-ნელა ვალებში ჩაჯდა. წყეულმა ადვოკატებმა ხომ ბატონზე უარესად ამოწოვეს ტვინი; გაურიგდებოდნენ, გამოართმევდნენ ნახევარს ხელფასისას წინდაწინ, რაღაც უბრალო ქაღალდს დაუწერდნენ; მერე ერთი ორი თვის შემდეგ ეუბნებოდნენ: ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებთო; ჯერ ერთი იმიტომ რომ ესტატე მარუშიძე მძლავრი კაცია, მაზრის თავად-აზნაურობის წინამძღვარია, ოლქის სასამართლოში და პალატაში ნათესავები, მოკეთეები და კეთილის მყოფელები ჰყავს, ჩვენ ხელს ვერ მოვკიდებთო.

ეწვალა, ეტანჯა ასე წოწიალითა და სიარულითა. სასამართლომ მამული თავად ესტატეს მიუსაჯა. როცა უკანასკნელად წააგო და განაჩენი გამოუცხადეს, ზაქარამ თავი ვეღარ შეიმაგრა, ცრემლი მოადგა და ნაკადულივით გადმოსკდა თვალთაგან და უთხრა მოსამართლეებს:

- თქვე დალოცვილებო! საბუთი დამიკარგეთ, მაგრამ ადგილობრივად მაინც გასინჯავდით იმ მამულსა. დაწყივ-დაბადებიდან ჩვენი ოჯახი იმ ნაფუძრის პირს ცხოვრობს, უიმისოდ ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლიან. როცა ეკლესიას ის მამული მოუცია ჩვენი ოჯახისათვის და იქვე დაუსახლებია, ის ჰქონია სახეში, რომ უმამულოდ ცხოვრება არ შეიძლებოდა და სწორედ იმიტომაც მიუცია ეკლესიასა. თქვე დალოცვილებო, მერცხალი არა ვართ, ბანიდან ავფრინდ-ჩავფრინდეთ სახლში, ბუზი არა ვართ, კედელს მივეკრათ და ისე ვიცხოვროთ უსახლკაროთა, სად წავიდე, როგორ შეველიო მაგისთანა მამულსა? ავიყარო იქიდან, სხვაგან გადავიდე? მერე სად მაქვს შეძლება, რომ ახლად მოვეწყო კუდამდი ტყავგამძვრალი. ღმერთო! ამისთანა სამართალი გაგონილა!!.

- სამართალს ჩვენსას უკადრისად ნუ ეხები, თორემ ამა და ამ კანონის ძალით ციხეში იქნები ჩასმული, - უთხრა ერთმა მოსამართლეთაგანმა.

- რაღას ვაქნევ ჩემს თავსა: მე ციხეში ყოფნა და იქ სიკვდილი მირჩევნია, ასე გათახსირებასა და სულის წუხილსა...

წაართვეს ზაქარას მამული... მაგრამ ერთი ღონე კიდევ სცადა: მიმართა უმართებულეს სენატს ქაღალდითა, რომელიც ვიღაც მადლიანმა კაცმა დაუწერა...

ამ ქაღალდისა ეიმედებოდა; გადაწყვიტა სისხლი დაეღვარა მამულში, შიგ მომკვდარიყო ბარემ და მერე თუნდაც წაერთმიათ, არ ინაღვლიდა.

ზაქარა სოფლად აღარ გამოდიოდა; გულხელდაკრეფილი იდგა კარებზე თითქმის მთელი საათობით გაჩერებული, ჩაფიქრებული; ფიქრს დაჰყავდა იგი თავის ყოვლადშემძლებელ ფრთებით ათასგან - ხან აიყვანდა ცად, ხან ჩააფრენდა ქვესკნელში, ხან ტკბილად გაუღიმებდა, ზოგჯერ კი ჯოჯოხეთის ცეცხლს დაუნთებდა-ხოლმე გულ-მკერდში. ყოველივე ეს მის სახეზე იხატებოდა, მის სახეს დაღს ასვამდა.

- რაღაა ჩემი სიცოცხლე! - იფიქრა ზაქარამ - აგერ ორმოც წელს გადავაბიჯე, ბატონყმობის გადავარდნიდან აქამომდე ამ მამულის გამო ერთი ნათელი დღე არ მინახავს; მოვდივარ და მოვიწვ-მოვიდაგვი. ერთი კევრი არ მოტრიალებულა ჩემს თავზე, წისქვილს არ დაუტრიალნია, თორემ სხვა ყოველივე გადამხდა. აი სულიღა შემრჩა, ცარიელი სული და ესეც მუდამ წუხილშია, მუდამ ქენჯნაშია... უნდა ჩამოვიცალო გზიდან ეგ წყეულები, უნდა ჩამოვიცალო... ერთადერთი გზაღა დამრჩენია; სისხლით, ადამიანის სისხლით უნდა შევისვარო ჩემი მარჯვენა. ამოდენა ხნით კაჩხაზე ჩამოკიდებული ჩემი სიათა უნდა ავახმიანო.

ერთ ღამეს გაიმზადა ყველაფერი; დუმა, საშალე, საპირიწამლე, სხვადასხვანაირი კაჟი. გატყდა ღამე... სახლში ყველას სძინავს... ჩამოიღო დაჟანგებული სიათა; მოუშალა ჩახმახი; გადუმა ლულა, ჩახმახი გაწმინდა ნაცრით, გამოწმინდა ლულა, დაასხა ჩახმახი, შეურჩია ისეთი კაჟი, რომელიც ნაპერწკლებს უხვად სცემდა: სცადა რამდენჯერმე, ფალია მარჯვედ ჰფეთქავდა, არც ერთხელ არ აუწვავს. წვრილ-წვრილად გაასორსოლავა ტყვიები, დასჭრა საფანტად, ჩაალაგა საპირიწამლეში. მეორე დილით თოფი მზის გულზე ჩამოჰკიდა, რომ დუმა გასჯდომოდა, ჟანგი მზეს მოეჭამა. ერთი კიდევ გასწმინდა შალითა და ნაცრითა და ისევ დაჰკიდა - გარეთ ბოძის ყბაზე.

ყველას ეუცხოვა ეს ამბავი. აქამდე ზაქარას ხელეჩოსა და გუთნისთვის ხელი არ უშვია, მთელი სოფლის ურმის ამსხმელი ის იყო, ქებული გუთნისდედა, სოფლის მოკეთე, ეხლა კი ყველას თავი დაანება და სახლში ჩაიკეტა.

- კაცო, ზაქრო! ე თოფი რას გამოგიმზევებია? - ეკითხებოდნენ მეზობლები.

- ძველი ხელობა, მონადირობა უნდა დავიწყო! - ისიც დინჯად უპასუხებდა; - რაღა დამრჩენია რა? მამული ადგილი წამართვეს. ვივლი მინდორ-ველად, ტყე-ღრედ. მგელს მოვკლავ, მელას თუ დათვს, ტყავს ბაზარში გავიტან, სხვა ნანადირევს ოჯახში მოვიხმარ.

- მგონი, კიდეც გადაეჩვიე სროლასა?... მაინც რამდენი ხანია, რაც აღარ გისროლია თოფი? - ჩაეკითხა ერთხელ მეზობელი.

- აბა, როგორ გითხრა? - უპასუხა ზაქარამ. - ბატონყმობის შემდეგ ერთი ოთხი წელიწადი კიდევ დავეხირებოდი სანადიროდ, კიდევ ჩვეულება თავისას არ იშლიდა. მაშინ ოცდაორის წლის ბიჭი ვიყავი... ჰო, ესე ოცდაორი წელიწადიც უნდა იყოს... თუ მეტი არა, ნაკლები მაინც არ იქნება. ეხლა უნდა გავიხსენო.. ერთი ორჯერ-სამჯერ რომ გავისვრი, ისევ დამიტრიალდება სიმარჯვე თვალისა და მკლავისა, თუმცა მკლავი ისე მტკიცე აღარა მაქვს, მაგრამ თვალი უფრო მიჭრის თითქო... ამითი მაინც გავაყოლიებ დარდიან გულსა... - სთქვა ზაქარამ.

თავადი ესტატე მარუშიძე ამ დროს მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. ქალაქში ყოფნის დროს ძალიან გამოიქნა, სამშობლოსა და ხალხის სიყვარულზე მაღლა ყვიროდა, თუმცა ორივე ფეხით სთელავდა ხალხსა, სულს ართმევდა, მაგრამ თბილ ოთახში ესეც ტაშს უკრავდა სხვა მაღლა მყვირალებს მამულის და ხალხის კეთილდღეობაზე. თავადი ესტატე ხშირად მღეროდა ,,მრავალ-ჟამიერს”, ,,ყანწით ვსვამ ღვინოს, თქვენ სადღეგრძელოს და გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს”; ან კიდევ: ,,მე შენი მომწონს შავი თვალები, შენ გენაცვალნენ რუსის ქალები”, მაგრამ ღვინო ერჩივნა საქართველოსა და, იქნება, რუსის ქალები მართლა არ უყვარდა, მაგრამ რუსის ჩინოსნების წინ კი ძლიერ უყვარდა წაკაკვა და მლიქვნელობა.

დიახ, თავადმა ესტატემ წინამძღოლობის დროს უფრო მაღლა დაიწყო ყვირილი საქართველოსა და ერზე, სულ კორიანტელი ააყენა; იაფფასიანი ჩვენი მწერლები - ლიტერატორები ესტატეს ტაშს უკრავდნენ და იმის სტვირზე თამაშობდნენ. ამ მხრივაც ესტატემ ზურგი გაიმაგრა, ყველას თვალში ნაცარი ჩააყარა, დააბრმავა. ამავე დროს იგი რომ თავის გლეხებს აწიოკებდა, ის კანონივრად მიაჩნდათ იმის მწერალ მეგობრებსა, ხოლო ტეტია გლეხის გმინვა და ტანჯვა მოგონილ ამბად.

სოსიკა მოურავი ამ დროს დიდი კაცი გახდა: თავზე კალმუხის ჩატეხილი ქუდი ეხურა, კვირა-უქმით ,,ენიანი” კაბით დადიოდა და ისე სადაგ დღეში მუდამ ჩექმაში და მოკლე ქართული შავი შალის ჩოხით გამოწყობილი. იმის ქამარ-ხანჯალს, მასრა-ყაწიმებს, საუცხოოდ დასევადებულს, ფასი არ ედო. სამოურაოში რო წავიდოდა, შორიახლო მისდევდა ბიჭი ცხენითა; თითონაც, რა საკვირველია, სანაქებო ცხენზე იჯდა. იმ დროს ბატონიც იყო სოსიკა, პატრონიც და ერთიც კიდევ ზედმეტი რაღაცა. ეხლა თავადი ესტატეც და ხალხიც სოსიკას აღარ ეძახდნენ, ეხლა ის ყველასათვის ,,იოსებ პაატიჩი” გახდა, და ვაი იმის დედას, ვისაც სოფელში წამოსცდებოდა ,,სოსიკა”, სულ მათრახით გააჭრელებდა ხოლმე და თან დააყოლებდა: ,,შე მამაძაღლო, მე შენი რა სოსიკა ვარ, ჰა!!.”

ყველა სოფელში სოსიკას, აწინდელ ,,იოსებ პაატიჩს”, თითო მსუქანი ნათლიმამა ჰყავდა; ამ ნათლიმამებთან ჩამოხტებოდა ხოლმე; აქ მოჰქონდათ ძღვნები: ცივ-ცივი ღვინო სველი ხელადებით, ცივად მოხარშული დედლები და ჩახრაკულ-ჩაბრაწული ვარიები. სოსიკა გასუქდა წიფელნაჭამ ღორივითა, კისერი მორგვივით ჩამოურგვალდა. მუდამ ხალისიანად იყო, უდარდელად, და ილაგებდა ჯიბეში ფულებსა, ბეღელ-ორმოებში ხორბალსა, სდუღდა და გადმოსდიოდა. თავად ესტატეზე ნაკლები შეძლება არა ჰქონდა... იმასავით გიმნაზიაში ზრდიდა შვილებსა. ჩაცმა დახურვით, შეხედულებით, თავად ესტატეს და “იოსებ პაატიჩის” შვილები არც კი განირჩეოდნენ.

თავად ესტატეს და მის კნეინას თავი მწვანე კიტრივით მოჰქონდათ, რომ სოსიკა, რომელიც ერთს დროს ღორის ტილივით დაძვრებოდა, ეხლა ისე გასუქდა, თავს მოექცა ყველა გლეხს და ,,იოსებ პაატიჩად” გახდა. აბა, მეტი სამშობლოს და ერის სიყვარული უნდო და კიდევ თავად ესტატეს!.. ერთი კაცი გააბედნიერა. სოფელს თავზე წამოასვა, თავისთან ისვამდა სუფრაზე და სტუმრებთან - ,,იოსებ პაატიჩს” უწოდებდა. სრული ბედნიერება თავადისა თუ გნებავთ ეს იყო.

სოსიკაც აფასებდა ბატონის სიყვარულსა: ტყავიდან ძვრებოდა, ოღონდ კი ბატონისათვის ესიამოვნებინა, შეემატნა რამე იმის ქონებისთვის, გაემდიდრებინა იმისი სახლი. რაკი თითონაც გემო გაიგო სიმდიდრისა, თითონაც ფეხი ჩადგა ბატონობაში, რაკი ისე დააყენა ყველგან საქმე, ,,ბატონ მოურავს ვახლავართ, ბატონი მოურავი ადღეგრძელა ღმერთმა” - სულ ეს ესმოდა გლეხებისაგან, უფრო და უფრო უმატა მხნეობას, გლეხების ყვლეფასა. შებრალება და შეწყნარება ვისიმე, ტკბილად დაძმურად მოპყრობა, ქვრივ-ობლის გაკითხვა იმის დროშაზე არ ეწერა, მხოლოდ, როგორც ზემოთაც ვთქვით, თითო სოფელში თითო კაცი ჰყავდა გააზატებული, ნათლიმამად მოკიდებული, რომ მყუდრო ბინა ჰქონიყო. ეს ნათლიმამაც იმ სოფელში ერთ რამეს ნიშნავდა: სოფელი ეფერებოდა და ხანდისხან ხიდად ხმარობდა მოურავთან საქმის გასაკეთებლად.

თავად ესტატე მარუშიძეს ამ ბოროტ სოსიკას წყალობით მთელს მაზრაში, მაზრაში-მეთქი, მთელს გუბერნიაში, კაცი აღარ სჯობდა შეძლებითა. ორი-სამი წლის ნამკალი, თორმეტ-ცამეტი ძირი ბჯა პურის ძნისა მუდამ იდგა იმის კალო-საბძლის წინა. ახალი ძნა რჩებოდა, ძველი ილეწებოდა სალეწი მანქანებითა. თავად ესტატეს საქონელი: ხარ-კამეჩი, ჯიშიანი ძროხები, იმისი ხეხილის ფერმა განთქმული იყო მთელს მაზრაში.

ფუფუნებდა, სდუღდა და გადმოდიოდა თავადი ესტატეს ოჯახი... ფუფუნებდა, სდუღდა და გადმოდიოდა ,,იოსებ პაატიჩის” ბოროტი სოსიკას ოჯახიც...

მაგრამ არა ნაკლებ ფუფუნებდა სოფლის გულში შური, მტრობა და სიძულვილი ესტატესა და სოსიკასადმი. ბოღმა-ვარამმა, ჭირმა და ვაებამ აავსო სოფლის გული, იწყო დუღილი სოფლის გულმა და ფიალა მოთმინებისა აავსო.

IX

ათას რვაას სამოცდაათსა და ოთხმოციან წლებში სოფელ-სოფელ გამოჩნდებოდნენ ხოლმე თითო-ოროლა ,,ერთობის” მქადაგებელნი; სთესავდნენ ,,თესლსა კეთილსა”, თესლსა ,,ერთობისასა”. ხალხის გული სალი კლდესავით შეხვდა ამ ერთობის მთესველებსა, არ იკარებდა თვისთ მოყვასთა სიტყვებს ადას დევნიდა კიდეცა, მაგრამ თითო-ოროლა ისეთიც იყო სოფლად, ვის გულსაც ღრმად ჩასწვდა კეთილი სიტყვა ,,ერთობა “ მქადაგებლებისა, იპოვა ამ ზოგიერთების გულში კეთილი ნიადაგი, ღრმად გაიდგა ფესვი; იზარდა იგი, იზარდა და შტო გამოიღო. ეს შტო ერთის გულიდან მეორეზე გადაიმყნო და ნელ-ნელა ხალხის გული ერთობის ბაღად - წალკოტად გადაიქცა: იხარა, იფეთქა ხალხის გულში “ერთობის” ძალამ, ხელი ხელს მისცეს, პირი პირს, გული გულს შეაჭედეს და თამამად შესძახეს:

- გაუმარჯოს ერთობას, თავისუფლებას!.. სოფელი რად უნდა ემორჩილებოდეს ერთსა, ერთი ათასის ბატონი რად უნდა იყოს? თავისუფლება საერთოა, ყველას უნდა ათბობდეს იმისი სხივები, სიყვარული საერთოა, ყველა თანაბრად უნდა გვიყვარდეს: მიწა ყველასია, თითო-ოროლას ჩაუგდია ხელში და მთელ ხალხს ტვინსა სწოვენო.

მოედო ნელ-ნელა სოფელს ასეთი აზრები. სოფელ ტორტლაში დიდი ხანია ამ აზრების წარმომადგენელი ჯორ-ზაქარა იყო; ჯერ ბუნდად ჰქონდა წარმოდგენილი ყველა ეს ღვთიური აზრები, მაგრამ ნელ-ნელა გაუჯდა; ცხოვრებამ, ტანჯვა-ვაებამ, თავადმა ესტატემ და მისმა სოსიკამ სისხლსა და ტვინში გაუთქვიფეს ზაქარას ეს აზრები.

- მუსრი ჩვენს სისხლის მწოველებსა, მუსრი!-იმეორებდა ზაქარა გულში და ხალხს კი ჯერ-ჯერობით ვერ უმხელდა. - ხალხი სიტყვით მოგვყვება, მაგრამ სიტყვას საქმედ ვერ გადააქცევს და საქმე წახდებაო, - ამბობდა ცხოვრებისაგან გამობრძმედებული ზაქარა. - მაგალითებია საჭირო. უნდა დაუმტკიცო, რომ ბატონი ესტატე და მისი მოურავი სოსიკა ისე საშიშარი არ არიან, როგორც ხალხსა ჰგონიათო. - გადასწყვიტა, გასტეხიყო ერთ-ორს თავის თანამოაზრე გლეხსა და ისე დაეწყო ბატონების გამუსვრა.

რაც დღე გადიოდა, სოფელი უკან-უკან მიდიოდა, ღარიბ-ღატაკდებოდა: ვისიც ოჯახში ხალხი მრავლად იყო, იმას კიდევ არა უშავდარა; ვინც მარტოხელი, იმისი საქმე მთლად დაღუპული იყო: სული გაუთავისუფლდა ხალხს ხორცი კი ბატონს დარჩა; სულის ძალა ჯანის სიმრთელეზეა დამყარებული; თუ ხორცი უძლურია, სულიც უძალოა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხალხის სულიც ბრჭყალებში ჩაიჭირეს და მისი სულის თავისუფლება გალიაში ჩამწყვდეულ ბულბულის ყოფაში ჩავარდა. ყოველ მხრივ შეეზღუდა თავისუფლება; საითაც კი გაიწევდა, მაგარ კედელს აწყდებოდა, როგორც გალიაში ჩიტი-ბულბული.

ბატონებმაც გააბეს ჯაჭვი მონობისა, ხალხის შეწუხებისა და ქენჯნისა. ამათ ტაშს უკრავდნენ იაფფასიანი მწერლებიც, რომლებიც მსუნაგი ძაღლივით დაეძებდნენ იმათ სუფრაზე გდებასა, ბოლოში მაინც ,,ბერი ქედანივითა”.

ზაქარას ოჯახი სრულიად დაინგრა, გაღარიბდა სასამართლოებში თრევითა; ის ნაფუძარი, რომელსაც ზაქარამ თავისი სიყმაწვილე, თავისი ოჯახის კეთილდღეობა შესწირა, ეგდო უპატრონოდ, მოხვნის ნება არა ჰქონდა და არც ბატონი მისი ესტატე ხმარობდა. ავი ძაღლივით არც თითონ სჭამდა, არც სხვას აჭმევდა. მარტო ზაქარა არ დაიღუპა, მთლად მის საგვარეულოს, საეკლესიო გლეხებს წაეკიდა და იმათაც წაართვა მამული.

- ფიალა მოთმინებისა აივსო, - უთხრა ერთხელ ზაქარამ თავის მოაზრეებსა, - უნდა გზიდან ჩამოვიცალოთ ბატონი ესტატე და მოურავი სოსიკა. თქვენ ნუ გეშინიანთ, მე ვკისრულობ, მხოლოდ თქვენ ნუ მომაკლებთ თქვენს მეგობრობას, თქვენს სიყვარულსა. სოფელი სულით დაცემულია; მე მესმის, იმათი გული სავსეა ბრაზითა, ჯავრის ამოყრა სწყურიან, მაგრამ ძალა არ შესწევს. ის, რაც მე უნდა შევასრულო, ხალხს შეადრკობს, შეაშინებს. მაშინვე პირში და ხელში მიაჩეჩებენ დამნაშავესა. მე არც ამისი მეშინიან, სოფლის ჭირის სანაცვლო ვიყო, მაგრამ არ მინდა ხელში ჩაუვარდე მტერსა იმ დრომდე, მინამ არ შევასრულებ ჩემი გულის წადილსა, მინამ სრულიად არ გავუკაფავ სოფელს გზასა...

- მაგას ჩვენ მოვახერხებთ, - უთხრეს ამხანაგებმა.

- თქვენ მარჯვედ იყავით, დარაჯად გაუხდით შემდრკალს სოფელსა და მე გზიდან ჩამოვაცლი მტარვალებსა... მაშ, ბიჭებო: დედა შერთვია ცოლად, ვინც ერთმანეთს უღალატოს!..

- დედამც შერთვია ცოლადა! - მკვირცხლად და ერთად მიარტყეს პირში ზაქარას ამხანაგებმა.

ამ წამიდან ზაქარას ბუნება სრულიად გადაუბრუნდა; მშვიდი ზაქარა, გუთნისდედა ზაქარა, გამოვიდა ახალ ასპარეზზედ: განიზრახა სოფლის განთავისუფლება მტარვალებისაგან. ზაქარა ამ წამიდან გავიდა სოფლიდან: დღე ტყე-ღრე დადიოდა, ათასში ერთხელ ღამე მოვიდოდა სოფლად; სადაც დაუღამდებოდა, იქვე უთენდებოდა.

დიდხანს ებრძოდა თავსა: გავისვარო კაცის სისხლში ხელი, თუ არა? ყოფნა მტარვალებისა, თუ არყოფნა? სახესაც დააჩნდა სულის ღელვა. ზაქარა ჩამოთხელდა, ხორცი დაჰყარა, ნელ-ნელა შეაჩვია გული თავის ჭკუა-გონების გარდაწყვეტილებას და ბოლოს ჟამმაც დაჰკრა.

- რომ დამიცდეს, რომ ჩემმა თოფმა ფალია აიწვას, მაშინ წახდება საქმე; სოსიკა ბიჭებით იქნება, შემომეხვევიან, მომკლავენ და სოფელს მთლად აიკლებენ... ასჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო, ნათქვამია... უნდა იარაღი გამოვცვალო, ახალი თოფი ვიშოვნო; სოფელში ბევრია... - ფიქრობდა ზაქარა, არიგებდა თავის თავს და აფრთხილებდა.

X

შუა ზაფხულია, კალოობაა გახშირებული. ურემი ურემზე მოდის ბატონისას ღალები; სოსიკა გაფაციცებით დარბის სოფელში; იმისი ყვირილი თავზარს სცემს სოფელსა. თავად ესტატეს სახლში მუდამ სტუმრიანობაა, ღრეობაა, ყველა მონატური იყო იმის სახლში ყოფნასა.

- რა პურ-მარილის კაცია!.. იშვიათი კაცია, შენმა მზემ, იშვიათი!.. მოკვდება ესტატე და ძველებური ადამიანი მოისპობა, მხოლოდ ზღაპრად დარჩება ქართული პურმარილობა, ძველი ქართველი თავადიშვილის ოჯახის ძლიერება... ეხლანდელი თაობა რის მაქნისია? ღმერთი აღარა სწამთ, ხემწიფე და მღვდელი... აი თვით ჩვენი შვილები ამას ლაპარაკობენ და რა გავამტყუნო მღვდლის და გლეხუჭა ბიჭები... - ასე ამბობდნენ ხოლმე ესტატეს პურ-მარილით მოყირჭებული სტუმრები.

სოსიკა მოურავმა სოფელში რაკი მოისაქმიანა, ახლა მთისაკენ გაემზადა. მთაც ზანზარებდა იმის შიშით; მთის სოფლები გულის ფანცქალით უცდიდნენ სოსიკას; ვის დაატყდებოდა მისი ძლიერი მეხი - ყველა ამას ფიქრობდა.

მტრედის ფრად ირიჟრაჟა... სოსიკა ორი ბიჭით, შეიარაღებული, გაემგზავრა მთისკენ რამდენიმე დღითა. მთა იყო, რაც იყო: ყველი, ერბო, მატყლი, საბალახე ცხვარი, ძროხა, თუ სხვა პირუტვი - სულ იქიდან მოჰქონდა და მოუდიოდა... სოსიკას გზა ტყე-ტყე მიდიოდა; ჯონჯლის ტყეს გზის პირი ისე ჰქონდა შეკრული და გადაქოლგავებული, რომ მზე ვერ ატანდა თავის სხივებს მიწამდე. სხივები ფოთლებზე დაფარფატებდნენ და თუ ნიავი ფოთლებს შეარხევდა, მხოლოდ მაშინ თუ ჩაანათებდნენ ძირამდე სხივები.

ზაქარაც ამ ტყეში ელოდა თავის მსხვერპლსა. ერთ ალაგას გზა ხევიდან სერზე ადიოდა, სერზე მხოლოდ თითო-თითოდ შეეძლო ცხენიანს მგზავრს გავლა; პირისპირ რომ შეხვედრიყვნენ, საძნელო იყო ერთმანეთის აქცევა; ამიტომ სერზე ამოსულს მოსახვევისკენ უნდა ხმა მიეცა მომავალი მგზავრისათვის, რომ შეელოდნა მოსახვევთან. აქ კი ასახვევი გზა იწყებოდა. ამ მოსახვევთან მთა მთას უერთდებოდა და იმ ალაგას, სადაც ერთდებოდნენ, თვით ბუნებისაგან კარი იყო დატოვებული სარკმელივით, რომელსაც ხალხი “გადაკვეთილს” ეძახის დღესაც. ეს ხვრელი აქეთ-იქიდან ტყით იყო მიბურული. გზა შედიოდა შიგ. მიადგება თუ არა კაცი ამ სარკმელს, ,,გარდაკვეთილს”, საოცარი სანახავი წარმოუდგება: გაჰყოფ თავს სარკმელში, თვალს ხვდება დიდებული მთები, მყინვარი თავის თეთრი ჩადრითა, ზღვედ დაწყობილი მთები, სავსე საბალახოდ მორეკილი ცხვრის ფარებითა. “გადაკვეთილიდან” იწყება საშინელი დაღმართი, კაცი უნდა ცხენს ჩამოუხტეს, რომ დაბლა ჩავიდეს; ,,გარდაკვეთილიდან” დაღმართისკენ ტყეც თავდება, იწყება ხავერდისავით ბალახი, მშვენიერ სუნოვანი.

აი ამ ,,გარდაკვეთილთან” იმ მხრივ, საითაც მოდიოდა სოსიკა მოურავი ბიჭებით, ტყიან, მიბურულს ადგილას საფარი გაეკეთებინა ზაქარას. აქ უცდიდა იგი მტარვალსა. ზაქარამ გამოიანგარიშა, როგორც კარგმა სარდალმა: თუ დამიცდა თოფი ნიშანში, შემფთხვალი მსხვერპლის ცხენი გაფრთხება და მოსახვევს იქით თვით გადავარდება კლდეზე, თუ მტერთან შეჯახება მომიხდა, “გარდაკვეთილში” სარკმელში გავალ და იქით ჩავუსაფრდებიო. იქით ჩასაფრება უფრო საიმედო იყო, მაგრამ ზაქარას პირისპირ უნდოდა შეხეჩება.

სოსიკა ღიღინით მოდიოდა ტყე-ტყე ვიწრო გზით: უკან ორი ბიჭი მოსდევდა თითო-თითოდ, შორიახლო. მოღიღინებდა და თან მათრახს ხის ტოტებს სცემდა და ფოთლებს აყრევინებდა.

ზაქარას გულმა საათივით ჩამოჰკრა და სული ყელში მიებჯინა.

- შესდეგ! - დაუძახა მტკიცე ხმით სოსიკასა. - ან შენ, ან მე!.. პირისპირ შეგვყარა ღმერთმა.

სოსიკა შესდგა, ტორტმანი იწყო, დაიბნა, თითქო ხმა ჩაუწყდა.

- დაემზადე, თუ ბიჭი ხარ!.. ნუ იყოვნი, ერთად ვესროლოთ ერთმანეთსა... სოფელში მამაცო, ლაჩარო მთად!..

სოსიკამ ფათური დაიწყო თოფისა, რომელიც ბუდეში უჯდა და ლაჯს ქვეშ უნაგირზე ჰქონდა გაკრული: ვერ მოახერხა გამოღება... “

- არიქა, ბიჭებო!.. მიშვ...

აღარ აცადა ზაქარას თოფმა სიტყვის დასრულება, იჭექა თოფმა. სოსიკა ცხენზე შეტორტმანდა, უზანგებზე დაეკიდა. ცხენი გაფრთხა და გაიტაცა; სისხლი და ტვინი მახლობელ ხეს შეასხა.

ბიჭები აირივნენ, ვერ მიაგნეს, ვინ მოჰკლა ამისთანა ყრუ და უხვედრს ადგილას სოსიკა მოურავი. ძალიან არ შეწუხებულან, საწუხრად მხოლოდ ის შეექმნათ, რომ რას გვეტყვის ბატონი, ჯავრს ხომ ჩვენზე იყრისო. როგორ წაგივიდათ ხელიდან მკვლელიო.

გოგრაგამოფიტული სოსიკა წამოიღეს ცხენზე დაკრული.

გავიდა ,,გარდაკვეთილში” ზაქარა, დაეშვა თავდაღმართზე და მინამ ბიჭები სოფელში ჩავიდოდნენ და სოსიკას მოიტანდნენ ბატონთან, ზაქარა უკვე ჩავიდა ტორტლაში და გაუზიარა ამხანაგებს თავისი ამბავი.

XI

როცა ჩაირბინა ზაქარამ დაღმართი, ძირს დახვდა მშვენიერი წყარო; ხარბად დაეწაფა კალოს ხარივით, გაძღა, მერე ხელ-პირი გაიგრილა და ხეობით წამოვიდა სახლისაკენ.

- კარგად ვქენ, თუ ცუდად, რომ მოურავი გამოვასალმე წუთისოფელსა? ადამიანის სისხლის დაქცევა ცოდვაა, დიდი ცოდვაა!.. ქრისტიანმა კაცმა არ უნდა ჩაიდინოს!.. ცოლ-შვილმა რა დააშავა? - იფიქრა ამ საკითხზე დიდხან მომავალმა გზადაგზა. იდუმალად ეკითხებოდა თავის თავს მკვლელობის გამო. ჭკუა-გონება სრულიად კვერს უკრავდა ზაქარასა: შენმა ძმამ სოფლის სისხლს რომ წოვნა დაუწყოს, ბედშავი მოძმე არ დაინდოს, იმისი ჭირი ლხინად მიაჩნდეს, ლხინი კი ჭირად, მოსპე, მოჰკალი და მისი სისხლით შეისყიდე სისხლი ათასთა, უდანაშაულოდ დაღუპულთა იმისი ხელითა. სტიროდა დღე მუდამ სოფელი სოსიკას ბატონობისაგან და კიდევაც დიდხანს იტირებს, იტირონ ახლა მისმა ოჯახმა და თავადმა ესტატემ.

გულსაც ყური მიუგდო ზაქარამ; გულმა მხოლოდ ერთხელ ჩამოჰკრა ზაქარას მაშინ, როდესაც სოსიკას თოფი გაუღერა სასროლად. გული არ უშლიდა ზაქარას, წინ არ ეღობებოდა, მხოლოდ გააფრთხილა: მსხვერპლი ხელიდან არ წაგივიდესო. ეხლაღა, როცა მსხვერპლმა ზაქარას წინ ხეს მიასხა ბოროტი ტვინი, გული იოტის ოდენადაც არ შეჰკვნესდა ზაქარას. არ ამხელდა და არა ჰქეჯნიდა იმასა. ამიტომ ზაქარა ერთობ არხეინად მოდიოდა სახლისაკენ. მოკლე გზით მოსჭრა გძელი სავალი და ჯერ გუთნის გამოშვების დრო არც კი იყო, რომ სახლში გაჩნდა. თავის სიათას ჭდე გაუკეთა და თავის ალაგას ჩამოჰკიდა.

ზაქარა თუმცა ერთობ დაღლილი იყო, მაგრამ შინ არ გაჩერდა, გაიარა სოფელში, დაენახვა სოფელსა, ასე გასინჯე, ბედად ბატონი ესტატეც კი წინ შეეხეჩა. ზაქარას თანამოაზრეები, მასთან გაფიცული მეზობლები შეხვდნენ, გაუზიარა ამათ სოსიკას მოკვლა.

- სოფელი მაგრაა, ნუ გეშინიან, ზაქარო, ნუ! როგორც ერთი კაცი, ისეა მთელი სოფელი. თუ ჩვენ სოფელს შესდეს პირად იმის სიკვდილი, ყველა ცულებს ავისხავთ და მთლად ბატონის სახლს ძირს დავუშვებთ.

- სოფელს ბევრი რამ და დიდი რამ შეუძლიან!.. დიდი ხანია გვეუბნებოდნენ ერთობის კაცები, მაგრამ არ გავუგონეთ... ერთხელ კიდევაც სცემეს საწყლებსა: ხემწიფემ ძლივს ბატონყმობა გადააგდო, და თქვენ კი იმის წინააღმდეგს ლაპარაკობთო, ასე ეუბნებოდა სოფელი იმ ჩვენ მოკეთეებსა. ეხლა სანამ კუდამდე ტყავი არ გაგვძვრა, სანამ სული არ შეგვიწუხდა, ხმა არ ამოვიღეთ. კაცო, სოფელს რა გაუძლებს, რა... დეე, დაგვხოცონ, დეე გვარბიონ, გვაწამონ, ერთი მაინც დარჩება სოფელში მძევლად. აი ეს მძევალი ისეთს ყლორტებს ამოიხეთქს, მძლავრ ყლორტებს სისხლით გაპოხიერებულ ნიადაგიდგან, რომ იმისი მოსპობა არაფრით აღარ შეეძლებათ...

ზაქარა ამხანაგებით სოფლის დუქანთან მივიდნენ, ჩასხდნენ კარწინ და მოსავალზე დაიწყეს ლაპარაკი.

- მოსავალი, ძმაო, სოსიკამა და ბატონმა გაიხარონ... შეხე ი ბატონის შარშანდელ ბჯებსა. როგორ გაჭიმულან... ი დასაქცევი სოსიკა ხომ ყველის გუდასავით არის გატენილი, ყელამდე ცურავს დოვლათში, - გამოელაპარაკა ტორტლელი გლეხივე... - არც მე მაკლებენ გადასახადსა; მალი-მალ შემოთვლის სოსიკა: ესა და ეს გამოგზავნე, მეც ვუგზავნი და მომცემი ვინ არის...

- დედა ვაცხონე მაგათი და მამა! რატომ უარესსაც არ გვიშვრებიან! - დაიწყო ზაქარამა; - სოფელი ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხოო; ჩვენ ყველანი ყურწაყრუებულნი ვართ: გვცემენ, ხმას არ ვიღებთ, პირში გვაფურთხებენ, ულვაშს გვირცხვენენ, გვაწიოკებენ და ჩვენ გავყრუებულვართ, ხმას არ ვიღებთ. აბა სოფელი დაირხეს, შეინძრეს, ხმა ამოიღოს, სიმართლე მოთხოვოს, თუ ყველა ეს შეწუხება არ მოისპოს, წყალივით არ გადავარდეს...

მზე ჩაესვენა. საღამოს სიომ დაჰკრა არემარესა. მინდვრიდან დაიძრა ნახირი; ბღავილით მოადგნენ ძროხები სოფელსა, იმათ ბანს აძლევდნენ ლოდინით მოქანცული ხბორები; ღორებმა მიაშურეს სასუნალ ბაკებსა. პირუტყვმა საქონელმა აახმაურა სოფელი; გამოცვივდნენ დერეფნიდან მანდილოსნები, ზოგი მოერეკება ხბორებს, ზოგი ძროხას, რომ ხბომ არ მოუწოვოს, ზოგი ღორებს ერეკება საღორისკენ.

მოისმა დუქნის ზემოდან, შარა გზაზე ბავშვების ჟრიამული. მოდის ურემი, უკან მოსდევს ორი ცხენოსანი; ურემს გარს შემორტყმიან სოფლის გოგო-ბიჭები; ასდევნებიან დიდრონებიც; სინჯავენ ურემში მწოლარეს.

ჩავარდა სოფელში ხმა, სოსიკა მოურავი მოუკლავთო. შეიქნა ალიაქოთი. ურემი აღარ სჩანდა, ხალხი ჭილყვავივით დაედო. ყველა ნატრობდა გაეგო, რომლის მადლიანმა მარჯვენამ მოუსპო სოფლისჭამიას დღეო.

ზაქარას ულვაშებში ეცინებოდა; მის თანამოაზრეებს კი გულში ეცინებოდათ.

სოსიკას მხლებლები უჯავრდებოდნენ ხალხსა, ერეკებოდნენ ურმიდან, მაგრამ ხალხი აჩერებდა უსულო სოსიკასა. ზოგი თითსა ჰკრავდა სახეში და სინჯავდა, ზოგი მუჯლუგუნს გვერდში; არა სჯეროდათ, თუ ის ბაიყუში კაცი მკვდარი იყო.

ურემი გააჩერეს დუქნის ქვემოთ, საყდრის მოედანთან. სოსიკას ერთი მხლებელი დაწინაურდა ბატონის შესატყობინებლად. თავადი ესტატე თავშიშველა გარბოდა, თან მისდევდა კნეინა თავ-მანდილის სწორებითა.

მოიჭრნენ ურემთან წეწვა-გლეჯით სოსიკას ცოლ-შვილი. ჩავარდა ესტატეს და სოსიკას ოჯახში ალიაქოთი, წივილ-კივილი.

სოფელი გულდამშვიდებით შესცქეროდა იმათ წივილ-კივილსა. “ახლა თქვენ სცადეთ, როგორია მწუხარება - ვაება, სხვის სისხლის და ტვინის წოვნაო”, ამბობდა მთლად სოფელი და თითქო სტკბებოდა იმათი მწუხარებითა.

აქამდე თავად ესტატეს და სოსიკას ოჯახს მწუხარება არ ენახათ, სულ ფუფუნებასა და განცხრომაში იყვნენ. ამ ამბავმა თავზარი დასცა, ფიქრები ათასგან გაუფრინდათ.

- გაიხარეთ, გაიხარეთ, ხალხნო! ხომ მოუღეთ ბოლო ამ ჩემს ერთგულს კაცსა!.. ნახავთ თქვენს სეირსა!..

- ჩვენ რა, მერე! უალაგო ალაგას, მთაში ვიღამაც ეგ მოჰკლა, ჩვენ რა პასუხის მგებელნი ვართ, - დაიწყო ერთმა ზაქარას თანამოაზრემ... - მთელი დუნია მომყრალებული ჰყავდა და მაშ რა ეგონა...

- ოჰი, ჩემი კაბითაც დამჯდარა ამისი სიყმის მომსპობი! - დაიწყო სოსიკას ცოლმა და თან სახეს იკაწრავდა.

- რამდენი ოჯახია მისგან შავი კაბით დამჯდარი, ვინ მოსთვლის! - წამოიძახეს აქეთ-იქიდგან.

- ჰეი, ძალიან მარჯვედ არ უსროლია ი მარჯვენანაკურთხსა, იმასა. ბიჭმა თქვა, შიგ მარჯვენა საფეთქელშია ტყვია ნაკრავიო, ნატამალი ტვინი აღარ დარჩა თავში, სუ ხეს შეესხაო... მერე სად დახვედრია და!. აი გარდაკვეთილთანა... იქ ძე ხორციელი ადამიანი ვერ ნახავდა... ყორნებისა და არწივების მეტი სხვა არა მოიპოვებარა. ჰაი, თუ ყორნები ფერხულ დააბამდნენ სოსიკას სისხლთან და კენკვას დაუწყებდნენ იმის ტვინსა, - დაიწყო ერთმა პირწყლიანმა გლეხმა.

- მაგის ლაპარაკის დრო არ არის, - დაიწყო ზაქარამ. - ეხლა სოფელს მისდგებიან, ეგზეკუციას ჩაგვიყენებენ. სოფელმა უნდა თავი გამოიდოს, გვეყო ამდენი მორჩილობა, ამდენი სიჩუმე, ამდენი ლაჩრობა. ყველა უნდა ერთის პირობით შევიკრათ. უნდა გავერთიანდეთ, მთელი სოფელი, როგორც ერთი კაცი, ერთ პირზე უნდა დავდგეთ: შეგვაწუხებენ, შევაწუხოთ, დაგვკვრენ, დავკრათ, მოგვკლავენ, მოვკლათ... ვაჩვენოთ ჩვენც ქვეყანას, რომ კაცნი ვართ და ქუდი გვხურავს, რომ არც ასე ადვილია ჩვენი დაბრიყვება, როგორც ჰგონიათ. აი მე სოფლის ჭირის სანაცვლო ვიქნები... თქვენი გულისათვის თავს არ დავიზოგავ; გავიფიცნეთ აი აქ ყველანი, რომ ერთმანეთს არ ვუღალატებთ. ის ღმერთმა გაატიალოს, დაანიავოს, ვინც უღალატოს ერთობასა!

- ამინ! - დასძახა მთლად საყდრის მოედანზე მდგომმა ხალხმა.

- დაარისხეთ, ბიჭებო! ვინც უღალატოს ერთმანეთს, ქრისტე გაუწყრეს, იმისი რისხვა იყოს იმის თავზე!

სამჯერ ჩამოჰკრეს საყდრის ზარი, დაარისხეს, კვლავ დაიძახეს: “ამინ” და დაიშალნენ.

XII

სოფელმა ტორტლამ და მთლად თავად ესტატეს საყმომ მოისვენა სოსიკას მოურავობისაგან; თითქო თავისუფლად ამოისუნთქა, მაგრამ დიდხან არ გასტანა ამ ქარის ამოღებამა. ბატონმა ესტატემ გაიჩინა მთელი რაზმი ჩაჩნებისა, რომელნიც თავითფეხამდე იარაღით იყვნენ შელესილნი, ერთი ზარბაზანი არა ჰქონდათ, თორემ სხვა არა აკლდათრა. ერთი სოსიკას ნაცვლად გაჩნდა სოფლად ერთი დუჟინი სოსიკა. თვით ბატონი ესტატე დაბინავდა სოფლად და ქალაქში ცხოვრებას დაანება თავი. ან რაღას გააკეთებდა ქალაქად: ორი შვილი უკვე სტუდენტი ჰყავდა, სოსიკას შვილიც ათავებდა აგერ გიმნაზიასა და ისიც სტუდენტთა სიაში გამოიჭიმებოდა. ახლა უჯობდა სოფლად ცხოვრება, რომ სოსიკას დაწყობილი საქმეები არამც თუ ჩაშლილიყო, არამედ უფრო მეტი სიმტკიცე მისცემიყო. დღე მუდამ მუხრუჭს უჭერდა სოფელსა თავადი ესტატე, რომ წესრიგს არ გაჰქცეოდა, რომელიც დამყარებული იყო ტორტლაში და მთლად თავადის მამულ-დედულში. ამ მუხრუჭს ხალხის ტოკვა მოჰყვა, ურჩობა, ბატონის შეურაცხყოფა; შური და მტრობა იზრდებოდა და ბოლოს ღელვად იქცა. ჩაჩნები შეუბრალებლად ხოცავდნენ სოფლის პირუტყვ-საქონელსა; მუდამ გამოულეველი ჰქონდათ ხორცი; როგორც საყასპოს კარზე, ისე იმათ ბინის კარზე მუდამ ფეხშო-ფეხშო ხორცი იყო გამოკიდებული. მაგრამ რამდენსაც ჩაჩნები მოჰკლავდნენ, ნახავდნენ მეორე დღეს, რომ ბატონის რომელიმე ძვირფასი ძროხა, ან ცხენი ეგდო სადმე გამოფაშული და სამგლედ დაგდებული. თავადი ესტატე სულ ტუჩებს იკბენდა, ჩუმათ ხორცებს იგლეჯდა ტანზე, მატულობდა იმისი სიძულვილი სოფლისადმი და განსაკუთრებით ზაქარასა და იმის ამხანაგებისადმი. კარგად იცოდა, საიდან მომდინარეობდა მის წინააღმდეგ ტალღა. ჩაჩნებიც სულ ალესილი და თვალებში სისხლმორეულნი დააქროლებდნენ ცხენებს სოფელ-სოფელ, სისხლი სწყუროდათ, მაგრამ ხალხი ისე იყო გაწვრთნილი, რომ ცხად მიზეზს არ აძლევდა სისხლის წყურვილის მოკვლისათვის. გადასწყვიტეს ჯერჯერობით იდუმლად მოქმედება.

თავადმა ესტატემაც გადასწყვიტა ზაქარას და იმისი ერთი მუჭა თანამოაზრეების განადგურება... “რაკი იმ საზიზღარ ჯორ-ზაქარას ჩამოვიცლი გზიდან, სოფელი შეჩერდება, შედრკება; გლეხი ნადირივით, ბავშვივით მიჰყვება ყველასა. ბავშვს კი ვინც დააშინებს, იმას სცემს პატივსა. შიში შეიქმს სიყვარულსა, უთქვამთ ძველებსა. ასე ფიქრობდა თავადი ესტატე და გულში აწყობდა სხვადასხვა გეგმას, რომ ზაქარა მოეკლა და სოფელი ცალ ხელში მაგრად ჩაეჭირა.

მაგრამ მოსტყუვდა ანგარიშში. ზაქარამაც პატარა რაზმი დაამზადა სოფელში, რომელიც სისხლისგუდა ჩაჩნებს არ ჩამოუვარდებოდა. ამ პატარა რაზმმა, სულ ზაქარათი ცხრა კაცმა, ჯერჯერობით ცხადლივ არ დაიწყეს ბრძოლა. ზაქარას აზრი ის იყო, ყოველ დარბევაზე ბატონ ესტატესა და მის ჩაჩნებისათვის ჩუმად გაეცათ პასუხი. გაჩნდა ორსავე მხრივ დევნა. აღარ ხუმრობდნენ ჩაჩნები: ცხადლივ თუ მალვით იკლებდნენ სოფელს და შვილისადარ პირუტყვ საქონელს უხოცავდნენ, ნათესში ცხენებს აბამდნენ: ხშირად შიგ შუა ვენახში ჩაუბამდნენ ცხენებს, რომლებიც იქაურობას სულ ნაცარტუტას ადენდნენ.

არ ეძინა ზაქარას რაზმსაც. ერთს საღამოს, როცა ჩაჩნები ძილ-ღვიძილში იყვნენ, მიიყვანა ზაქარამ რაზმი ბატონის ზვარში. გადასწყვიტეს, ერთად უნდა გავარდნილიყო ცხრა-ცხრა ტყვია და ჩაჩნების ცხენები დაეხოცნათ; ჯერ კაცის სისხლის დაქცევა არ უნდოდათ. იცოდნენ ესეც, რომ ჩაჩნები მაშინ არიან ყოჩაღნი, როცა მსხვერპლს პირისპირს უიარაღოს ჰხედავენ; საფარიდან ნასროლი ტყვია იმათ სულ თავგზას დაუბნევდა. ესეც იცოდნენ, რომ ისინი ისე სწრაფად ღამე იერიშს ვერ მიიტანდნენ და რაზმი ნელ-ნელა აუჩქარებლივ უკან დაიწევდა სამშვიდობო გზისაკენ. იცოდა ზაქარამ, რომ ამას ზეკუცია მოჰყვებოდა, მაგრამ ცდა აღარ შეიძლებოდა და გამოსაშვები სისხლი უნდა გამოშვებულიყო.

- აბა, ბიჭებო, ფეხაკრეფით იყავით! - უთხრა ზაქარამ, როცა ბინაზე მოიყვანა თავისი რაზმი, - გულმაგრობაა ყველაზე დიდი ვაჟკაცი... ერთად უნდა გავარდეს და ნიშანს მოხვდეს ცხრავე თოფი, მაშინვე ცხრავე მსწრაფლად გამზადდეს და მეორე ცხრავე ვისროლოთ...

შუაღამე გაწურული იყო; ბატონის გრძელ საბძელთან არხეინად ახრამუნებდნენ ჩაჩნების ცხენები თივასა; თვით ჩაჩნები ბინაზე იყვნენ და ის იყო პირველ ძილს მიეცნენ. ბატონ ესტატეს სასახლეში კი ჯერ ისევ ღვიძილში იყვნენ. ის გულგაღეღილი დადიოდა ბალკონზე და კრიალოსანს ათამაშებდა; საზოგადოდ სიწყნარე იყო ბატონის ოჯახში, თავადი ესტატე, ვინ იცის, ამ დროს რა ფიქრებში იყო. იქნება მეფე ნერონივით ნატრობდა, ნეტა ერთის შემოქნევით, ერთის ხმლით გავაყრევინებდე მთელს ტორტლას თავებსაო, ან არა და ნეტა ერთ დღეს ყველა კელაპტრებივით ამენთოს და ვტკბებოდე იმათის წვითა და ხრაკვითაო. გასაკვირველი არ არის, თუ ასეთი ფიქრები დააფრენდნენ იმას აღმა-დაღმა. ამ დროს ესტატეს ძაღლმა რაღაც ალღო აიღო და ბალკონიდან ზვრის მხარისაკენ ზმუკუნით გაირბინა; ესტატემ შეატყო ძაღლს და ნელ-ნელ გაჰყვა თანა.

სწორედ ამ დროს იგრიალა თოფებმა. ესტატეს მუხლთ მოჰკვეთა და ძლივს შეეთრია ოთახში. ძაღლმა ასტეხა ყეფა. ცხენები ზოგი უსულოდ დაეშვა, ზოგმა დაწყვიტა თოკები და გაფრთხა. აირივნენ გამოღვიძებული ბიჭები. ერთი ცხრა ტყვიაც დააყოლეს არეულ ბიჭებს, და ნელ-ნელა დაიწიეს უკან; ხელახლავ ჩააწყეს თოფებში ტყვია და სამშვიდობოს გამოვიდნენ.

სოფელს არ გაჰკვირვებია თოფის ხმა, არავინ არ გამოიხედა ხმაურობაზე. ზაქარას რაზმი დაბინავდა. ესტატემ მწარე ღამე გაათენა. ჩაჩნები კბილებს იმტვრევდნენ სიბრაზითა. ცხენებს არ სჩიოდნენ, სირცხვილი სჭამეს სისხლით და უდიერებით ქებულმა ჩაჩნებმა: ცხენები დაუხოცეს, ორი ამხანაგი დაუჭრეს და მესამე სიკვდილის პირზე დაუტოვეს. დანარჩენებმა იარაღი აისხეს და მთელი ღამე ჩასაფრებულები ისხდნენ.

ესტატემ დილა-რიჟრაჟზე სტუდენტი შვილი ორის ჩაჩნით თავის საკუთარის ეტლით აფრინა ქალაქისაკენ მაზრის უფროსთან.

XIII

ხალხის ღელვა, აბობოქრება ზღვის ღელვასა და აბობოქრებასა ჰგავს, არა თუ მიაგავს, ნამდვილად ჰგავს. ხშირად ზღვის შუა გულში იწყობა დუღილი, არევ-დარევა; ზედაპირი მაშინ ჭმუჭვნას შეიქმს; ცოტა რამ სიო, მცირე ქარი და ზედაპირი ზღვისა სრულიად შეიცვლება; ძირიდან მონაწოლი ტალღები აქოთდებიან, იქცევიან მთებად, გარბიან ღრიალით და ეხეთქებიან ნაპირსა. სარკესავით წმინდა წყალი ზღვისა, რომელშიაც რამდენიმე ადლის სიღრმეზე ადამიანის თვალი არჩევს საგნებსა, ღელვის დროს ნაცარტუტასავით ხდება, შავდება, ჭუჭყიანება, ზედაპირზე მოიგდებს, როგორც წყალი ზეთს, ყოველნაირს ჭუჭყს, ქაფსა. დაუნდობელია აბობოქრებული და აზვირთებული ზღვა: ანგრევს და ანადგურებს ყოველივეს, რაც კი მას იმ დროს წინ გადაეღობება; დიდრონს გემებს ნაფოტივით ათამაშებს და შურდულის ქვასავით ისვრის ნაპირისკენ და ვაი იმ გემს, რომელსაც კლდის ნაპირს მიახეთქებს! ლუკმა-ლუკმად აქცევს და ანაჭუჭებს.

ხალხის გულშიც მოგროვილია ათასი დარდი და ვარამი, ყველა უსამართლობა ეჭდევა იმას გულზე. ხშირად აბობოქრდება, იწყებს მისი გული ღელვას, სახეზე იბეჭდება; იჭმუჭნება კაცის სახე, სწუხდება გულის ღელვისა გამო. აღარ ეტევა მის გულში უსამართლობა, მიყენებული ბატონისა, მღვდლისა, მოხელისა და ათასი სხვა მტარვალისაგან, რომელნიც მთავრობამ კისერში წურბელასავით დაასხა. აი ამ დროს, როგორც ზღვაში სიო, მცირე ქარი, შემდეგ ქარიშხლად ქცეული, საჭიროა მცირე რამ სიტყვა, სიტყვა კეთილი, სიტყვა ერთობისა და საბოლოო ნუგეშისა, სიტყვა, რომელიც ხალხს თვალს აუხელს, გააცნობს აწმყო ცხოვრებასა, უჩვენებს გზას მონობიდან თავის დახსნისა, გააკაფვინებს ეკლიან გზას, რომ თუ თითონ უეკლოდ ვერ გაივლის, მომავალს მოდგმას მაინც შეაძლებინოს უეკლოდ სიარული.

ასე დუღდა ჩვენი ქართველის გულშიც ბოღმა, უსამართლობისაგან დაგუბებული. მოაწვა იგი ხალხის გულს. აი აგრე იხრჩობოდა იგი ამ უსამართლობისაგან, რომ გაუჩნდნენ ხალხს მოციქულნი ერთობისა. ამათ დაჰკრეს კვერი ხალხის გულს, გადმოსკდა ბოღმა გულიდან. იწყო ხალხმა ღელვა, ბობოქრობა, გაისმა კიდითი კიდემდე:

“მიწა და თავისუფლება!..”

“მიწა იმისია, ვინც მუშაობს, ვინც ოფლს აწვიმებს შიგა. ხალხმა თითონ უნდა უპატრონოს თავის თავსა; კმარა, რაც ხანი ედგა უღელი და ათასი გადიები და ძიძები, მამინაცვალ-დედინაცვლები ხედნიდნენ იმას, სიცოცხლეს უმწარებდნენ, ხორცსა გლეჯდნენ ცხელის შანთებით და ცოცხლივ დღისით, მზისით სჭამდნენ იმას გაუმაძღარი სვავები”.

ხალხმა იხრიალა სოფელ ტორტლაშიაც. გამოცხადდა აქაც სრული თავისუფლება; სოფელს განაგებდა თვით სოფელი, მისგან რჩეულნი.

აი ჯორ-ზაქარა და მისი მოაზრენი განაგებენ სოფელსა. უკვე ხანში შესული ზაქარა გაყმაწვილდა, ახალი ძალა შეემატა მის სულსა, იგი აღფრთოვანდა.

თავადი ესტატეც აბობოქრდა, მაგრამ ეხლა ის ცალად დარჩა, აქნამდე ძლიერკლანჭებიანი უკლანჭო ლომს დაემგვანა. მაინც იხტიბარს არ იტეხდა. ეგონა, ეს-ეს იყო ზეკუციით სული ამოვართვი და როგორ გაბედავენ რამესო, მაგრამ ის ზეკუცია იყო, რომ ერთობის მოციქულებს ხელი შეუწყო და ხალხის მუწუკი მალე გამორწყო.

ახლა უფრო საშინელება განიზრახა თავადმა ესტატემ; გამოსთხოვა მთავრობას ყაზახ-რუსები, რომ მათის შემწეობით ხალხი აელაგმა, დაწყობილი ღელვა შეეყენებინა.

სოფელმა შეიტყო ეს ამბავი. მსწრაფლ შეიყარა საყდრის მოედანზე.

- დღეს პირი პირს მისცეს მებატონემ და მღვდელმა, ვაჭარმა და მოხელემ, ყველა ჩვენზე ამხედრდება. იმათ ზურგი მაგარი აქვთ ჯარითა: ჯარი, რომელიც ჩვენი შვილებისაგან არის შემდგარი, იმათ ეხმარება, განსაკუთრებით ყაზახები. რა არის დღეს ყაზახი? ძველად თავისუფლების მოყვარე, თავდადებული იმისათვის, თავგანწირული თავის მოძმისვის, დღეს იგი, ყაზახი, განხორციელებული ტარტაროზია, წყეული სულია, რომელიც ისე დალევს ადამიანის სისხლს, როგორც წმიდა ზიარებასა, ისე დაჰკლავს ბავშვს, უსუსურ ბავშვს აკვანში, როგორც კრავსა. იგი მხეცია, არაკაცია, კაცთა გარეგანია. აი ამისი იმედი აქვს მთავრობასა, აი მაშინვე იმათ მიმართავენ ხოლმე თავადები, მღვდლები და ათასი წურბელა და სისხლისმსმელი სოფლისა. რამ გარდაჰქმნა ძველად თავის უფლების მწყურვალი ყაზახი დღეს სისხლისმსმელად? თვით მთავრობამ: დაასახლა მდიდარ ადგილებში, მისცა უხვად მიწა, იმდენი, რამდენსაც დაერევა კაცი; გაააზატა ყოვლიფრისაგან, მხოლოდ ჯარისკაცად უნდა გამოვიდნენ; აქაც მეტი პატივისცემა აქვთ, ვინემ სხვა ჯარისკაცებს; “შენ მიერთგულე და აი, რაც გინდა, წაიღეო”. ერთადერთი გლეხი, რომელიც უზრუნველად ცხოვრობს მთელ ამოდენა რუსეთის სახელმწიფოში, ყაზახია; ერთადერთი გლეხი, რომელსაც მთელ ამოდენა რუსეთში კუჭი არ ეწვის შიმშილით, ყაზახია. ვისი ბრალია მისი ასეთი ყოფა-ცხოვრება? მთავრობისა. ყაზახიც მადლს უხდის. მადლიც არის და მადლიც. ბოროტს ბოროტით უხდის მადლს, სისხლის მსმელს უმანკოთა სისხლით უკლავს წყურვილსა. აი ამათთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე, - დაიწყო ერთმა ერთობის მოციქულმა. - დიდი შეწუხება მოგველის, დიდი ბრძოლა... მაგრამ თუ არ ვიბრძოლებთ, არავინ არას მოგვცემს. დაწყივ-დაბადებიდან ჩვენ დაბეჩავებული ვიყავით, გვხედნიდნენ, გვჭამდნენ, სისხლს ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად გვწოვდნენ. ჩვენ ეხლა უსულო საგანს წარმოვადგენთ, ცარიელს უსისხლო ლეშსა. ისედაც მკვდარი ვართ, მაშ გავინძრეთ და დიდებით მოვკვდეთ. ბოროტება იმის ბოროტებაა, რომ სიმართლე არა სწამს; ნათელი სიმართლისა სწვამს იმასა, თვალებს უბრმავებს. ნუ შეგეშინდება ძალისა, თოფისა, ყაზახის მათრახის, მისი უდიერობისა. თვით ქრისტეს, რომელმაც თვისში განახორციელა ღვთაებრივი სიმართლე, ერთობა, სიყვარული და თავისუფლება, თვით ქრისტე, ეს განხორციელებული სიყვარული ყველასადმი, ჰგვემეს, სცემეს, გაამათრახეს და ბოლოს ჯვარს აცვეს... აი ამ წამსაც რომ აქ იყვეს იგი, განხორციელებული სიმართლე - ქრისტე, რომელსაც ცისმარე დღე საყდრებში ხელგაპყრობილნი ემუდარებიან, შესთხოვენ ათას სიკეთესა თავისა თვისისთვის მხოლოდ, და შესთხოვენ ხალხის მყვლეფელნი, ხალხის სულის ამომხდელნი, თვით იმ ქრისტეს-მეთქი ჯვარს აცმენ, გაამათრახებენ ის წყეულნი, ის მუდამ ჟამს იმის სახელის მახსენებელნი!.. მაშ ვიყვიროთ კიდითი კიდემდე: მიწა და თავისუფლება!.. გათანასწორება, გაერთიანება ყველასი!..

- ხალხნო, - დაიწყო ჯორ-ზაქარამა, - მე აგერ სიბერე მეთქმის; ჩემი დღენი თქვენთან გავატარე; მარტოდ მარტო ვიბრძოდი ბატონებთან, მოხელეებთან; ბევრი მწარე დღენი ვნახე; ბევრჯერ ვხეხე ციხის, სატუსაღოს კედლები. სამართალი ვერსად ვპოვე; ალერსიანი სიტყვა ვერსად გავიგონე; ყველასაგან გლეხია დაჩაგრული. ის დაბალი ღობეა და ყველა ზედ გადადის, ამტვრევს იმას, სწიხლავს. ყველას ჩვენ ვაცხოვრებთ: თავადს, მღვდელს, მოხელეს, ვაჭარს, თვით იმ ჯარს, რომელიც ჩვენ დასაწიოკებლად ჰყავთ გამოყვანილი; ჩვენ ერთს დღეს ხარჯი რომ არ გავიღოთ, ამ წუწკ ქვეყანას ღერძი გამოეყრება, ჩაინგრევა ის ტახტი, რთმელზედაც, ტკბილად განისვენებს ჩვენგან განებივრებული დიდკაცობა... შევინძრეთ, შევირყეთ ერთად და შევარყიოთ იმ განცხრომილების ცხოვრება, გავუმწაროთ წუთისოფელი, მართალია, დიდი განსაცდელი მოგველის: წვა-დაგვა, დარბევა-დაქცევა ნამუსის შერცხვენა, ხოცვა-ჟლეტა; ეს არასდროს არა გვკლებია, მაგრამ არ გავმწყდარვართ. მძევალი მაინც დარჩენილა და კვლავ ყლორტი ამოუტანია... ძალას ძალა ვუფაროთ; ხალხს რა გაუმაგრდება, თუ მთელი ხალხი გადიბმის ჯაჭვით, პირს მისცემს ერთმანეთს და ერთგულად შეებმის გაბატონებულ ბოროტებასა... შევისხათ ჩვენც იარაღი, აღვიჭურვოთ, ვისაც რითი შეგვეძლოს და მტერს მედგრად შევხვდეთ: მომყევით, ძმებო, მომყევით!.. მე ცუდის გზით არ მივლია, არც თქვენ გატარებთ... დღეიდან ვსპობთ ყოველივე კავშირს ბატონებთან, მღვდლებთან, მოხელეებთან; დღეიდან სოფელი ტორტლა თავისუფალი ქვეყანაა. ის თვით განაგებს თავის საქმეებსა... ძალა ერთობაშია. თუ ერთად ვიქნებით, ერთ პირზე ვიდგებით, ისე დაიმსხვრევა ძალა მთავრობისა, როგორც კიდეზე მიხეთქებული გემი...

- ყველაზე საშიშია, - დაიწყო ერთობის მოციქულმა ქალმა, ქალთა მდგომარეობა. ყაზახობა ნამუსს ხდის დედაკაცებსა... ამიტომ ყველა ქალმა, ყველა ოჯახის დედამ უნდა მამაკაცებს მივბაძოთ. დროებით უნდა გადავდოთ თითისტარი და ნემსი; აკვანიც მივდგათ გვერდზე, მოვიკრიფოთ სულის ძალა; თუ იარაღით ვერა, ბასრის ფრჩხილებით შევებრძოლოთ უსამართლობას, ბოროტებას. სისხლი სისხლით უნდა მოიბანოს, სისხლს სისხლი მოსდევს, მსხვერპლს მსხვერპლი. გარდავაქციოთ სახლი, კარი, ბაღ-ვენახი და თვით ეს ჩვენი გულის ფიცარი ციხე -სიმაგრედ, სალ კლდეთა. დეე, მოვიდნენ ჩვენზე ბნელი ძალებით იერიშითა, ნუ შევუდრკებით: ბნელს სინათლისა ეშინიან; ქურდი, ავაზაკი, ყველანაირი მტარვალი სინათლეს გაურბის; მივიტანოთ ჩვენც სიბნელეზე იერიში, ვიდინოთ მკერდიდან სისხლი თავისუფლებისათვის. მტარვალი მხდალია, ხალხი კი მძლავრი, სავსე ზნეობით, სათნოებით და ქვეყნისადმი სიკეთითა. ხალხი ცხრათავიანი დევია. რა გაუმაგრდება იმას, თუ მოინდომა, თუ გაიწია და დაამტვრია უღელ-ტაბიკი მონობისა!..

ერთობის მოციქულთა მადლიანი სიტყვა მოეფინა სოფლითი-სოფლათ. ხალხი აზვირთდა, აბობოქრდა. ადგა ქარიშხალი და დაუწყო მტვრევა აქა-იქა შეყუჟულს გემებსა. მოიკუნტნენ გემთა პატრონნი, აღძრეს ტკბილად ბაგენი, იწყეს ღიღინი “ახალ მოდაზე” მაგრამ ნემსკავმა თევზი ვეღარ დაიჭირა: ტკბილ სიტყვებში რამდენი ბალღამი ერია, “ახალ მოდაზე” ღიღინში რა გესლი იყო ჩართული, სოფელი მიხვდა და აღარ მოტყუვდა.

XIV

ახალმა სიომ მოძრაობამ ხალხისამ თანდათან იმატა; აქნამდე დაბრმავებული თვალი აუხილა ხალხსა, უცნაური სანახაობა ანახვა, გული და გონება გაუნათლა და გაუნათა მოძრაობამ, ერთობის ხმამ, თავისუფლების დროშის ფრიალმა.

ერთი ხანი სოფელი ტორტლა და ყველა მის გარემო მდებარე სოფლები სამოთხედ გადაიქცა; დაემკვიდრა ის სასუფეველი ღვთისა, ის სასუფეველი სიმართლის, სიყვარულისა და ძმობისა, ერთობის და სათნოებისა, რომელიც ქრისტემ ცით ქვეყნად ჩამოიტანა, როგორც ამირანმა ცეცხლი, რომლის დამყარებას კაცთაშორის თავი შესწირა და ჯვარს ეცვა.

აღარ იყო სოფლად ქურდობა, ავაზაკობა. ცილისწამება, მრუშობა, ერთმანეთზე საჩივარი, კიცხვა-დაცინვა, გაუკითხაობა ურთიერთისა; აღარ აწუხებდა ამ სოფლებს მამასახლისი და გზირი, მღვდელი და ბერი, მთავარი და მედავითნე, იასაული და ყაზახი, ბატონი და მისი მოურავი.

მთელ ამ სოფელს თავისუფლების სხივი დაადგა თავზე შარავანდედად, გულს სიყვარულისა და ძმობა-ერთობის სხივი სვეტად ჩაადგა. ყველა წყნარად და, მშვიდად მუშაობდა. შემოვიდა, დამწიფდა მინდვრის და ბაღ-ვენახის მოსავალი. სოფლად რთვლობაა.

თუ სოფელში სამოთხე დამყარდა, ურთიერთის სიყვარულით გაიმსჭვალა ყველა, თავად ესტატეს სულსა და გულში ჯოჯოხეთის ალი ტრიალებდა. მის სულში და გულში დაისადგურა ტარტაროზობამა, ბოროტმა სულმა. მას ხელს უმართავდნენ შვილები, მეზობელი მებატონეები. თავად ესტატეს რთვლობის დროს ხალხმა გამოუცხადა: ,,იმდენს ღალა-კულუხს ვეღარ მოგცემთ, რაც გვიძლევია; არსად მთელ საქართველოში ვენახის მოსავალზე, ლობიოზე კიტრზე, ნესვზე, სხვადასხვა ხილზე ღალას არ იღებენ, თქვენ კი თითო კვალი ხახვისა და კართოფილის ღალასაც კი გვართმევთ, ხახვის ფოჩს თავისუფლად ვერ მოვგლეჯთ პურის შესატანებლად. დღეის შემდეგ ხელს ნუღარ ახლებ ვენახის მოსავალს, გარდა კულუხისა, და ამასაც მეათედს მოგცემთ, სახნავ-სათესიდანაც მეათედი მიირთვი. არ დაყაბულდები და სულაც არასფერს მოგცემთ. ნებაყოფლობით გავათავოთ საქმეო...

თავადმა ესტატემ შორს დაიჭირა; “ერთს მუჭასაც არ დავიკლებ, ერთს მუჭასაო”, შემოუთვალა.

- შენ ნუ გველაპარაკები, - შეუთვალა სოფელმა ბატონსა, - გამოგვიგზავნე შენი შვილები, ახალგაზრდები არიან, სტუდენტები, ქვეყნიერობის ავ-კარგი უეჭველია გაცნობილი ექნებათ; მოვიდნენ, იმათ მოველაპარაკებით: კმარა, რაც სისხლი დაიღვარა; ეყოფა ხალხს ამდენი ტანჯვა-ვაების გამოვლა. ღმერთი მოიახლოვეთ, მოვრიგდეთ და დავზავდეთო.

სოფელი მართლაც ბევრჯერ იწვევდა, ეხმაურებოდა ესტატეს ორს შვილსა, უმაღლესის სასწავლებლის სტუდენტებსა, მაგრამ ისინი არ ეკარებოდნენ სოფელსა.

- მე თქვენ ყაზახებს გამოგიგზავნით მოსალაპარაკებლად, - შემოუთვალა ბატონმა ესტატემ მამასახლისის პირითა. - ვიღაც წუნკალეებს უნდათ საუკუნოებით ჩემი კუთვნილი მიწა-წყალი წამართონ. ვის შეუძლიან სისხლითა და ოფლით ნაშოვარი, მეფეებისაგან ბოძებული სიგელ-გუჯრებითა, ვინმემ წამართოს. თვით რუსთ ხელმწიფემ ვერ გაბედა მამულის წართმევა და გლეხუჭები ვინ ოხრები ყრიან, რომ წამართვანო.

- მამასახლისო, მამულის დათმობა როგორ შეიძლება! არც მამაჩვენი იზამს იმას, რომ შეუძლებელი და ხელმოკლე გლეხი დაახრჩოს, შეღავათი არ მისცეს, ღალა-კულუხი არ აპატიოს. მიწა ჩვენიაო. მიწა და თავისუფლებაო: მიწა იმისია, ვინც შრომობსო, რომ ყვირიან - ეს სულ ტყუილია. მიწა იმისია, ვინც თავდაპირველად სისხლით იშოვა იგი. არც ერთი თავადი და აზნაური არ არის, რომლის ოჯახს რამდენიმე შვილი არ შეეწიროს მსხვერპლად მამულისათვის, საქართველოსათვის. თავად-აზნაურობა სისხლსა ღვრიდა თავის ქვეყნის და სარწმუნოების დასაცავად მგლებივით მოსეულს მტრებისგან, - დაიწყო მჭევრმეტყველურად ესტატეს შვილმა სტუდენტმა არჩილმა; - აი ამ სისხლის ნაცვლად მეფე ასაჩუქრებდა თავადაზნაურობას მამულებითა, ყმითა, ღირსებითა.

- მაშ, ბატონო, მაშ!.. ეგ სულ მართალია. თქვენ რომ არ იყოთ, თავი არ მომიკვდება, სოფელში ძაღლსაც არ შემოესვლება, არა თუ კაცსა, - უთხრა ცბიერებით მამასახლისმა.

- ახლა, შე დალოცვილის შვილო, - წამოუმხარდამხარდა არჩილს შინა მოსამსახურე და უთხრა: - განა მარტო თქვენა ღვრიდით სისხლს! ჩვენ სადღა ვიყავით? აი სწორედ ჩვენა ვღვრიდით მაშინაც სისხლსა, ჩვენ ვიცავდით ქვეყანასაც და სარწმუნოებასაც, მაგრამ სახელი თქვენ დაგრჩათ, სახრავი ჩვენა... აი ეხლაც სისხლის ოფლს ვაწვიმებთ, წელებზე ფეხს ვიდგამთ, მოსავალი მოგვყავს, თქვენ მიგაქვთ, ჩვენ მშრალზე ვრჩებით თევზივით და მშიერი კუჭით დავწოწავთ ქვეყნად...

- დახე, დახე, ამ... წუწკის შვილსა, ამასა! - შემოუტია ესტატემ, - სულ კბილებს ამოგამტვრევ...

- ვერც ამომამტვრევ და ვერც ვერაფერი! ამომამტვრიო რა, შენი მჭადით ხომ არა ვარ გაზრდილი. შენ ხარ ჩემით გამოზრდილი და გაბერილი, და არა მე! - უთხრა რიხიანად ბიჭმა და ცალი ხელი ქამარში ჩაირჭო.

- სახლში მყოლია მტერი, სახლში!.. წადი ჩემი სახლიდან. წადი!..

- მე დღეს ისედაც მივდიოდი, შენი დასტური არ მინდა, - უთხრა ბიჭმა და განშორდა ბატონის სახლსა.

- აი წადი და ელაპარაკე ამათა, - სთქვა არჩილმა, - ჩემ თავში არ ვარჩევდი, სულ გვერდზე მიჯდა ფაიტონში ხელგადახვეული და დახე რეები სთქვა!

- არა, ყაზახი მაგათ, ყაზახი!.. - დაიღრიალა ესტატემ.

XV

თავადი მარუშიძის სახლი არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენდა: აგერ წელიწადი გავიდა, რაც სოფლად დაბინავდა, და ამოდენა სტუმარი ჯერ არ ყოფილა იმის სახლში: აივანზე, კარმიდამოზე, ბაღებში ფუსფუსით ირეოდნენ. ძმა ძმისთვისაო და ამ დღისათვისაო, ნათქვამია. გაჭირების დღისთვის შეჰყარა მთელი მდიდარი და გავლენიანი ნათესაობა: ბიძაშვილი შუამავალი, სიძე ოლქის სასამ -ართლოს, თუ პალატის წევრი, ამისი შვილები - მომრიგებელი მოსამართლენი, ახლა ამათი მხლებელი წვრილ-წვრილი ჩინოსანნი: მაზრის უფროსი ბოქაულებით, კაზაკების ოფიცრები და ერთი ასეულიც კაზაკი. დიდი ხმაურობა, მითქმა-მოთქმა, ხან სიცილ-ხარხარი, ხან მუქარა გამოისმოდა ესტატეს კარ-მიდამოდან. ყველა ეს ხალხი სოფელ ტორტლის დასაზავებლად იყო მოსული.

- არ გაგონილა, ყმაწვილებო, ასეთი საქმე: იდიდოს იმისი სახელი-ხელმწიფე იმპერატორმა გამოგვართვა ყმა, ჩამოგვაშორა, კანონის წინაშე ყველანი ერთნი გაგვხადა; ქვეყნის ოდენა კანონები გამოიცა, ყველა ამ კანონებს უნდა ემორჩილებოდეს. იმპერატორმა რომ ჩამოგვაშორა ყმა, სამაგიეროდ მამული დაგვიტოვა ჩვენ საკუთრებად, ყმასაც მოუზომა საკომლო, რომელიც იმის საკუთრებად დარჩება, როცა გამოსყიდვას შეიძლებს. აჰა, ჩემო ძმაო, გამოისყიდე და ღმერთმა მოგახმაროს. ჩემსას რად მართმევ? - ასე ჩიოდა თავადი ესტატე სტუმრებთან. - ეს არ მაკმარეს: საუკეთესო ერთგული კაცი მომიკლეს, ჩემი სოსიკა, ის დიდებული მოურავი, თავიანთივე გლეხი, თავიანთივე ღვიძლი შვილი, დამიწიოკეს ბიჭები-ჩაჩნები: ცხენები დაუხოცეს, ერთი მომიკლეს, ორი დღესაც სავსაობენ, ძლივს გადაურჩნენ სიკვდილსა. ამითი სოფელს ჩემი შეშინება უნდა, მაგრამ ჩემს გვარს შიში არ უწერია თავის დროშაზე, თავის საგვარეულო სიგელში! ჩემ წინაპრებს ვაჟკაცობისათვის აქვთ ბოძებული ეს მამული. ეხლა კი სოფელი მეუბნევა: აიკრიფე ბარგი და მიბრძანდიო: მიწა ჩვენიაო. ჰაიდა-ჰაა!.. რა კარგია და!.. კარგია შენმა მზემ, მეც ვიტყვი: დუნია სულ ჩემია, მიბძანდით ყველანი-მეთქი... ამ თქმას საფუძვლად კანონი უნდა ედოს. ყვირილით რა იქნება...

- მართალს ლაპარაკობ, ჩემო ესტატე, - უთხრა თავადმა პეტრემ, ცოლის ძმამ, მაგრამ დრო მიდის, ცხოვრებაც იცვლება, რთულდება, კანონებიც ამისდაგვარად ნელ-ნელა თანდათან იცვლება, ცოტა რამ ჩვენც უნდა დავუკლოთ გლეხებსა, ცოტა რამეს ისინიც დაიკლებენ და მოვრიგდებით. აურზაურით არა გამოვა რა; როგორც ცხვირი პირისაგან არ მოიჭრება და თუ მოიჭრება, ადამიანი დასახიჩრდება, ისე გლეხი და თავადი ვერ ჩამოშორდებიან ერთმანეთსა, ესე იგი უერთმანეთოდ ცხოვრება იმათი სიმახინჯე იქნება. ჩვენ ისტორიის მსვლელობას ვერ შევაყენებთ; ის თვით მოიტანს, რის მოტანაც საჭიროა...

- ჰოო ვაცხონე შენი დედა-მამა! - გააწყვეტინა ესტატემ. - მეც სწორედ მანდა ვარ!.. კაცო, შვილო, ძმაო! რად უსწრებ ისტორიასა? ყველა იმას, რასაც შენ თხოულობ, დრო მოიტანს. მოთმინება იქონიე. როგორც ყმობიდან გაგანთავისუფლა იმ სულგანათლებულმა ხელმწიფე იმპერატორმა, ისე კიდევ მამულს მოგცემს, გამოგისყიდის მამულსა და შენ შენთვის იქნები, მე ჩემთვის... არაო, შენ უნდა ამოსწყდე, ქვეყნის პირისაგან აიგავოო და მე უნდა ვიპარპაშოო... სად გაგონილა ამისთანა ამბავი... აბა ერთი ქვეყანა დამისახელე, რომ მთა და ბარი გასწორებული იყოს; მდიდარ-ღარიბი, მამულიანი და უმამულო, გლეხი და თავად-აზნაურობა არ იყოს? - ცხარობდა და კითხვას კითხვაზე იძლეოდა თავადი ესტატე.

- ჰოდა! კიდეც ეს მიმართულება, წინამასწარობა გლეხებისა და მუშების უნდა აილაგმოს, ჩადგეს ძველს კალაპოტში, და რასაც დრო მოიტანს და მთავრობა თვით დაინახავს თავის დროზე საჭიროდ, ისე გაწესრიგდეს მაგათი ცხოვრება. ყველა რიგიანი კაცი. მთავრობისა და ხალხის გულშემტკივარი, ამას უნდა ეცადოს. ეხლა ჩვენ ყველა სოფელი უნდა გავმარგლოთ; დავიჭიროთ მოთავე კაცები, რომელნიც სოფელს რე -ვენ, და ცივ ქვეყნებში ამოვუყოთ თავი, ციხეებში გავგზავნოთ. ჩვენი მისსია, ჩვენი დანიშნულება ეს არის - სთქვა კაზაკ-ოფიცერმა. - რასაც ვერ შესძლებს კანონი, იმას მათრახი შესძლებს! - დაიქნია მძლავრად მათრახი და ჰაერს ზუზუნი შეაქნევინა.

ესტატეს სახე გაუბრწყინდა, კრიალოსანი რამდენჯერმე სიამოვნებით შეაპროწიალა და ყარაულ-სალდათივით ამაყად დაიწყო აივანზე ბოლთა. კნეინა მისი ხომ სიამოვნებით კინაღამ სულ ერთიანად დადნა. ამათი სტუდენტებიც არ ჩამორჩნენ დედ-მამას, აქეთ - იქით შემოუდგნენ ოფიცერს, მკლავი-მკლავში გაუყარეს და ტკბილად მოახსენეს:

- თქვენზეა, გაბრიელ ევტევიჩ, დამყარებული ჩვენი იმედი და ნუგეში.

- თქვენ მაგის დარდი ნუ გაქვთ: როგორც ქორი, ისე ავკრებ, ავმარცვლავ სოფლიდან ყველა, “ბუნტოვჩიკსა”.

სადილობა მოტანებულიყო; სახლიდან ისმოდა ჭურჭლის რახარუხი; სამზარეულოდან სხვადასხვა საჭმლის სუნი ტრიალებდა და მადას უღვიძებდა სტუმრებსა. იმ დროისთვის თავადმა ესტატემ რამდენიმე ქვევრს მოშვლიპა თავი, სადილობამდე დააჭაშნიკეს ღვინოები. სტაქანი ჭაშნიკისა უწინ ძვირფას სტუმრებთან მიჰქონდათ, ხოლო ძვირფასი სტუმარი ოფიცერი იყო, რომელიც წესიერების დამცველს იარაღს მათრახს არ იშორებდა და მაჯაზე ჰქონდა ჩამოკიდებული, როგორც ძვირფასი რამ ნივთი.

- ნუ გედარდება, ჩემო კნიაზო! სადილს უკან ერთიან ბოლოს მოვუღებთ თქვენს საქმესა. რა ძალა აქვს გლეხსა! იმისი სული ჩვენს ხელშია. თითო-ოროლა კაცი ურევს სოფელსა. თქვენ ისინი გვაჩვენეთ, დავიჭერთ, ჯერ კარგა გავამათრახებთ, რომ სამუდამოდ ახსოვდეთ, და მერე ციხეში ამოვაყოფინებთ თავსა. თქვენ, რასაკვირველია, იცით ვინც არიან? - ჰკითხა მაზრის უფროსმა.

- რას ბრძანებთ, როგორ არ ვიცით, სულ თითებზე ჩამოგითვლით. ან რად გვინდა ჩამოთვლა. ერთი კაცია აქ, სულ ის მირევს სოფელსა; ის რომ წავიყვანოთ, მორჩა და გათავდა! სოფელი კრინტს ვეღარ დასძრავს... ეს ამრევია ზაქარა ჯიღაური, რომელსაც მეტსახელად, როგორც ჯიუტს და შეუპოვარს, ჯორ-ზაქარას ეძახიან. აი ეს კაცი მოვაშოროთ სოფელ ტორტლის საზოგადოებას და ყველანი მოვისვენებთ, - უთხრა ესტატემ.

სადილზე დიდი მხიარულობა ჩამოვარდა: სიცილი, კისკისი, სადღეგრძელოები, სხვადასხვა მრავალ-ჟამიერები. მოურავები და ჩაჩნები შერბოდ-გარბოდნენ სახლში, ეზიდებოდნენ საჭმელს, ცივცივს ღვინოებს.

სოფელი ამ დროს მთლად მინდვრად იყო, იცოდა კი სოფელმა, რომ ყაზახები მოვიდოდნენ. ბატონთან დიდი წვეულება, ღრეობა, და თათბირი იყო. სოფელი თავის საქმეს აკეთებდა ჩუმად, წყნარად. მინდვრიდან მოისმოდა “ჰოპუნას” ძახილი, კიჟინა მომკლებისა, ტკბილი გუთნური “ოროველა”.

სოფელი შრომობდა. ქვეყნის პატრონნი ქეიფობდნენ.

სოფელს შრომის ოფლი ჩამოსდიოდა გულ-მკერდზე; შუბლიდან წურწურით ჩადიოდა ოფლის წვიმა ყანაში, ხნულში.

ესტატეს სახლში კი ხარხარი იყო. ღვინით შეხურებულს და შეოფლიანებულს შუბლს სტუმრები ნელსაცხებელში დასველებულის ხაიათის ხელსახოცებით იწმენდნენ.

სტუმრების კიჟინას გალიაში დამწყვდეული იადონები დასჭიკჭიკებდნენ; შეხურებული სტუმრების ყურს არ ესმოდა ჩიტების კვნესა-გოდება, რომელსაც ისინი სიმღერაში ხატავდნენ და თან ეხეთქებოდნენ გალიის კედლებსა.

მინდვრად მუშებს ხშირ-ხშირად გადუვლიდნენ თავზე ჩხავილით ჭილყვავები; კირკიტები ჩამოჰკირკიტებდნენ ზემოდან ყანებს, ხელებში ჩამოსცქეროდნენ მუშებს და ამოფრინდებოდა თუ არა კალია, ან გამოსრიალდებოდა ხვლიკი, მაშინვე დაექანებოდნენ და პროწიალ-პროწიალით მიჰქონდათ ჰაერში. ხანდისხან ტოროლა ამოფრინდებოდა ბამბი-ქულას ბუჩქიდან, წავიდოდა ისარივით ჰაერში გალობით და ახარებდა ეს თავისუფალი ბუნების შვილი ოფლში გაწურულ მუშის გულსა. მუშა ერთ წამს შედგებოდა, შეხედავდა თავისუფალ ფრინველს და მადლობას უხდიდა გამჩენელს, რომ ათასში ერთხელ მაინც ესალმუნება რამე იმის გულსა, შეიტანს გულში სიამოვნებას და ერთს წუთსაც არის დაავიწყებს ჭირს და ვაებას.

აიშალა ესტატეს სახლში სტუმრობა. შეჟინჟღილებული სტუმრები გამოიშალნენ აივანზე; ჩრდილებში გაიშალა ნარდი, ქაღალდის სათამაშო სტოლები; ყვითელ ოქროებს სტოლზე სრიალი გაუდიოდა.

მაზრის უფროსს განკარგულების მიცემა არ დაავიწყდა, აფრინა ჩაფრები მამასახლისთან.

მამასახლისი ისაკა ტეტუნაშვილი სულ ცუნცულით მოიყვანეს.

- ამ წუთში, აღარც აცივო, აღარც აცხელო, წაიყვა ჩაფრები და ზაქარა ჯიღაური და ყველა ისინი, ვინც სოფელს რევენ, აქ მომგვარე. გესმის? - გადმოხედა გვერდზე მაზრის უფროსმა და თან ქაღალდს ატყაპუნებდა სტოლზე.

- მინდვრად გახლავან, შენი ჭირიმე, აი აგერ გუთნის გამოშვებაა, საცაა მოვლენ და გაახლებ.

მაზრის უფროსს და ჟაზახის ოფიცერს ქართული არ ესმოდათ, თარჯიმანი უთარგმნიდა.

- მე გიბრძანებ, ამ წუთში აქ გააჩინე - მეთქი.

- მანამ შევაგროვებდე, აქა-იქ დაფანტულნი არიან, მოვლენ სოფელში და გაახლებ.

- ააა, ჯიუტობ კიდეც! ჩემს ბრძანებას არ ასრულებ?..

- მოითმინეთ! - მკლავი დაუჭირა ოფიცერმა მაზრის უფროსს... - მაგას ამას ჩავაყლაპებ... ბიჭებო, მათრახი მაგას!.. მხოლოდ რბილ ალაგას.

მგლებივით გამოცვივდნენ ყაზახები. მათრახმა ზუზუნი იწყო. მამასახლისი ისაკა სიმწვავისაგან ხტოდა და სულ ასკიკუკას უვლიდა.

სტუმრები იცინოდნენ. ესტატე ხარობდა.

- კიდევ, კიდევ!.. ჩლიქებში, ჩლიქებში!.. ჰო, ეგრე, ეგრე!..- ეუბნებოდა ოფიცერი, რომელსაც მაგრა ჰქონდა ჩაბღუჯული სათამაშო ქაღალდი ხელში.

- წავალ, ბატონო, წავალ! - გაიძახოდა ისაკა.

ისაკა ხვითქში გაცურდა, ძალა გამოელია და ჯოხის ბჯენით ლასლასით წავიდა. თან გაჰყვნენ სოფელში ჩაფრები და სანამ ესტატეს სახლს მოეფარებოდნენ, ისაკას მუჯლუგუნებს სცემდნენ.

XVI

შუაგული კალოობაა!.. დათარეშობენ, როგორც მტრის ბანაკში, ყაზახები, დაათრევენ თან ისაკა მამასახლისს და აგროვებენ ღალას. ავსებით აივსო თავადი ესტატეს პურის ბეღლები, კვლავ გაიჭიმა იმის საბძელ-კალოს პირზე ბჯები. ესტატე ცას ეწევა სიხარულითა, ნიშნს უგებს სოფელსა. სოფელი კი გაყრუმუნჯებულია, თითქო მთელს ტორტლის სოფლის საზოგადოებაში ხალხის მაჯის ცემა შესდგაო; ძალას აღმართი ახვნევინა თავადმა ესტატემ: ყაზახები ცემა-ტყეპით ართმევდნენ ღალას; არ ინახებოდა სოფელში არც ერთი ადამიანის სული, რომ დასახიჩრებული არ ყოფილიყოს ყაზახის მათრახისაგან. განსაკუთრებული იერიში მიჰქონდათ ზაქარა ჯიღაურის და მთლად ჯიღაურების ოჯახებზე. ზაქარას დარბაზის ბანი მთლად მოუნგრიეს, ბოსელი ჩაუქციეს, ვენახი აუოხრეს ყაზახის ცხენების შიგ ჩაბმითა. ქალები ხომ ვერა ჩნდებოდნენ; ბოლოს ეს ხერხი იხმარეს: ყმაწვილი ქალები გახიზნეს მეზობელ სოფლებში ნათესავებთან, ნათელმირონებთან, კეთილ მეზობლებთან; დარჩნენ ხნიერი დედაკაცები და ისინიც ღამე ჯიხურებში იმალებოდნენ და დღე, დილაადრიან, ქმარ-შვილებს მისდევდნენ მინდორ-ველად, კალოზე ერთად მუშაობდნენ.

- მე დღეიდან ხალხისა აღარ მეშინიან! - კვეხულობდა თავადი ესტატე, რადგან ძალა შესწევდა საქადილოდ. - მერმისიდან სულ პატარ-პატარა “კაზაკები” მოედებიან სოფლად. იმათი შერეული სისხლი გასწმენდს გლეხების ღვარძლსა და ტორტლა თავის დროზე აივსება ყაზახის ჩამომავალთა სისხლითა. სრულად გადავქმნი მე ტორტლელებსა.

თუმცა ასე კვეხულობდა, მაგრამ მაინც გულში შიში ჰქონდა და უყაზახოდ ვერ დადიოდა; იმისი შვილები ხომ სულ ყაზახების უფროსთან (ოფიცერთან) ერთად დასეირნობდნენ ხან ცხენებით, ხან ეტლითა; უკან შეიარაღებული და თოფებგაწვდენილი ყაზახ რუსები მისდევდნენ. ყოველ საღამოს იყო ერთი ჟრიამული, სიცილ-კისკისი ესტატეს აივანზე. სტუმრებიც არ აკლდა; ახლომახლო მეზობელი მემამულეები აქ იყრიდნენ თავს, ესტატეს ჭერქვეშ პოულობდნენ მყუდრო ბინას და შენატროდნენ. ესტატეც გულღიად უხვდებოდა და თან აგრძნობინებდა:

- ჰაი, თქვე ლაჩრებო! ჰხედავთ, როგორ დავარჯულე ჩემი სოფლები. როგორ აღვადგინე ისევ ძველი წესწყობილება! თქვენც ასე მოიქეცით!

მაგრამ არც იმდენი ყაზახი იყო, რომ ყველა სოფელში ერთი ასეული გაეგზავნათ და არც იმდენი გაბედულობა და გავლენა ჰქონდათ მთავრობასთან, რომ იმათაც გამოეთხოვნათ მცველად ყაზახები.

ესტატეს ოჯახმა გული გულის ალაგას დაიდო... სოფელი კი ჩუმად ღელავდა, კვლავ გროვდებოდა იმის გულში ბოღმა-ვარამი და ლამობდა ამოხეთქვასა.

აი შუაღამე გაიწონა... სოფლის ბოლოს, სამების ეკლესიის ეზოში, რომელიც გარშემორტყმულია დიდრონ ცაცხვებით და რცხილებით, ხალხს ზიმზიმი გაუდის.

- მოთმინების ფიალა აივსო, ამხანაგებო, - დაიწყო აწ მოხუცებულმა ჯორ-ზაქარამ, - წელში გაგვწყვიტეს, მამულ-დედული გაგვიოხრეს, ნაშრომ-ნაჭირნახულევი წაგვართვეს. კვლავ ივსება ესტატეს ოჯახი ჩვენის ნაშრომ ნაჭირნახულევით და ჩვენი, ისეც დაცარიელებული ოჯახი, მთლად გამოიფიტა, გამოიფშუტა. ხომ გინახავთ ობობისგან გამოფშუტული ბუზი!.. რომ ნახავ, ბუზია როგორც ბუზი, მაგრამ თითები რომ გაუსვა, ბურნუთივით გახდება. ჩვენც ესე გამოგვფიტეს ყაზახებმა ესტატეს წყალობითა. ჩვენ გავძვალტყავდით, ღმერთმანი, არ ვხუმრობ, და ვინმე მკლავღონიერმა რომ მოგვიჭიროს ხელები, ბურნუთივით მოვიფშვნიტებით... თითქო ერთობა ჩაქრა ჩვენში, იმისი ძალა აღარ გვასულდგმულებს. ნუთუ ყაზახთა ძალამ ჩააქრო ჩვენში ერთობის ძალა! ძალას ძალა უნდა ვუფაროთ, ნუ დავქალაჩუნდებით... ბარემ ერთს დღეს დავიხოცნეთ, უცბად მოვისპოთ სიცოცხლე, ასე წვეთ-წვეთად დაწრეტას სისხლიდანა...

- “გასწიე, ბერო მინდიავ, მუხლი მოიბი მგლისაო, გაიყოლიე უმცროსნი, ვისაც თავი აქვს ცდისაო”, - შესძახეს ჯორ-ზაქარასა ახალგაზრდა გლეხებმა.

- მე, ამხანაგებო, მოვხუცდი, სისხლში ხელს ნუღარ გამასვრევინებთ...

- შენ წინ გაგვიძეხ, შენი გამოცდილებით გვასულდგმულე და ჩვენ ვიცით, რასაც ვიზავთ.

- უნდა თავზედ დავანგრიოთ სახლ-კარი... სულ ერთიანად გადავბუგოთ მისი ძნები: ნურც ჩვენ და ნურც იმას! - აყვირდა ხალხი.

- წყნარად, ამხანაგებო, წყნარად, ნუ ახმაურდებით!.. უნდა მოვსპოთ, ძირიანად ამოვაგდოთ ესტატეს სახლ-კარი. ჩვენ იმის წინაშე დანაშაულნი არა ვართ. ჩვენ ვსთხოვეთ მორიგება, შეთანხმება ღალა-კულუხზე, იმან არ ინება და ძველი გზით დაიწყო სიარული, უფრო ტყავი გაგვაძრო. ეს არაფერი: ნამუსი შეგვიგინა, კვეხულობს, რომ ჩვენს ქალებს ნამუსს ახდის და “პატარა ყაზახებს” გაამრავლებს...

- სიკვდილი, სიკვდილი!.. ცეცხლი, ცეცხლი!.. - გაისმა ერთხმად მთელ კრებაში და არემარემ ხმა გამოსცა, ყოველივემ ირგვლივ გაიმეორა: - სიკვდილი, ცეცხლი!!.

გადასწყდა!.. სიკვდილს და ცეცხლს თხოულობდა ხალხი! - სიკვდილს და ცეცხლს თხოულობდა მთელი არემარე, ბანს აძლევდა ხალხის გულს, ტაშს უკრავდა და ამხნევებდა...

ტკბილია სისხლით ნაშოვნი თავისუფლება.

XVII

თავადმა ესტატემ ჩაჩნებისა და ყაზახების წყალობით ძალიან გაიმაგრა მამული; რამდენიმე ჩაჩან-ყაზახი ეყენა ფერმაში; ეს ფერმა ჰქონდა სამ ვერსზე სოფლიდან, თავის სახლიდან; ფერმა იქნებოდა ასე ორმოცი მძლავრი დღიური, ირგვლივ შემოვლებული მაღალის ქაცვის ეკლის ღობითა; ფერმაში ხილის ბაღი ცალკე იყო, შვეიცარული ძროხების ბინა ცალკე, სხვადასხვა ჯიშის ღორებისა, ქათმებისა და სხვა ორფეხა ცხოველებისა ცალკე. ჰყავდა ყველა ეს, ხარობდა, მხიარულობდა იმათით. არც სოფელს, არც ვისმე სხვა თავისსავე მსგავს მეზობელს არ გაუჩინა არც თავისი ძროხის ჯიში, არც ღორისა და არც სხვა ცხოველებისა. მხოლოდ მარტოდმარტო თვით სტკბებოდა; ბოლოს ყაზახ-ოფიცრებს თუ უფეშქაშებდა-ხოლმე გოჭს, წიწილებს და ხანდისხან ხბოსაცა.

ყოველ საღამოს თვით და კნეინა მისი ეტლით, შვილები, ოფიცრები და უკან ყაზახ-რუსები იორღა ცხენებით ჩაისეირნებდნენ ფერმაში; იქ დიდებულად მომზადებული საღამოს საუზმე დაუხვდებოდათ, იქეიფებდნენ და როცა გულს მოიჯერებდნენ სიამოვნებით, ბრუნდებოდნენ ისევ სასახლეში (ასე ეძახდა სოფელი ესტატეს სახლ-კარსა). სოფლის კვნესა ესტატეს ოჯახისთვის ლხინი იყო, ხოლო სოფლის ლხინი კვნესას შეჰყრიდა ხოლმე მთელ ესტატეს ოჯახსა.

- რატომ არ იძლევი ღალასა? - ჰკითხა აივანიდან გადმომდგარმა ესტატემ გლეხს, როდესაც ის თავპირდასისხლიანებული მოიყვანეს ყაზახებმა.

- აი ეს ცარიელი ნაგვემ-ნაცემი თავიღა შემრჩენია, თუ გამოსადეგია რაშიმე, სისხლიღა შემრჩა ცოტა რამ ძარღვებში, აი დალიეთ! - უთხრა გაბოროტებულმა გლეხმა.

- თქვენ მაინც თქვენს სიჯიუტესა და ბოროტებას არ იშლით... რომ პოპოქივით გასკდებოდე, უნდა მამცე; შენ რომ გაპატიო, სხვაც მამთხოვს. ყველას სად ვაპატიო, მე ცხოვრება არ მინდა! - უთხრა ცალ დოინჯ შემოყრილმა ესტატემ, რომელიც მეორე ხელით ქარვის კრიალოსანს აპროწიალებდა.

- ბატონო, შენ ღმერთმა მოგცეს, სდუღ და გადმოდიხარ, რაღა ჩემისთანა კაცის გაგლეჯა გინდა.

- მაშ მე შენ გგლეჯავ, ჰა, გგლეჯავ! - პირში ხელები ჩააქანა ესტატემ ნაწამებ გლეხსა და თვალები გადაუბრიალა.

ყაზახებმა, რომლებიც თვალ-წარბში შესცქეროდნენ ესტატესა, შენიშნეს რა ბატონის წყრომა, მოუბრდნდნენ გლეხსა, მათრახები მოუღერეს. გლეხმა წარბიც არ შეხარა.

- სჯობია, უბრძანო ამ კაციჭამიებს, რომ შენ ფეხთ წინაშე ბარემ მომკლან და მომაშორონ წუთისოფელსა! - უთხრა ხელგაპყრობით გლეხმა.

- ეგრე დაიტანჯები, სანამ იჯიუტებ... წადი, იშოვე, ისესხე და ისე გადაიხადე... მომიტანე და გაპატივებ, ისევ უკან მოგცემ, დაგიბრუნებ. ხალხს უნდა დავანახვო, რომ მე ყველას ვართმევ ღალასა და არავის არ შევაწევ.

- ისესხე!.. ვის ვესესხო, რომ ყველა ჩემს ტაფაში იწვის...

- კიდევ?.. - შეუტია ესტატემ და თვალები ისე გადააბრიალა, რომ ყაზახებმა შეაზუზუნეს ჰაერში მათრახები და უწყალოდ დაუშინეს გლეხსა.

საბრალო ჩაიკეცა, გული წაუვიდა და გულშეწუხებულს მაინც არ ეშვებოდნენ ქორივით ყაზახები. ამჟამად მხოლოდ ოფიცერმა გამოიჩინა ლმობიერება და დაშოშმინებით უთხრა ყაზახებსა:

- ეყოფა, ძმებო! მოსულიერდეს და თუ საჭირო იქნება, კიდევ იხმარეთ გამომაფხიზლებელი საშუალება. გლეხს ძაღლის ხორცი აქვს, აგრე ადვილად არ მოკვდება.

გლეხმა სოსემ როდის-როდის მოითქვა სული, მოცნობილდა და ფორთხით წამოდგა.

- წადი, დღეს ეგ გეყოფა და არ მოიტან ღალასა, ხვალ სხვა იქნება! - უთხრა ოფიცერმა.

გლეხკაცი ფარფატით გაუდგა გზასა.

თავადმა ესტატემ დინჯად დაიწყო აივანზე სიარული. არ ეტყობოდა, თუ გლეხის ტანჯვამ იმის სულს რამე კვალი დაამჩნია, პირიქით თითქო კმაყოფილება იხატებოდა იმის სახეზე, რომ ხასიათი გამოიჩინა, გული გაიკლდევა და აჩვენა გლეხს სოსეს, რომ იმან უთუოდ უნდა მოუტანოს ღალა, თუნდა სიცოცხლედ დაუჯდებოდეს.

- მაგათ ჯიშს მე კარგად ვიცნობ, - უთხრა ყაზახ ოფიცერს თავადმა ესტატემ. - რამდენსაც სცემ, უფრო თავს მოიკატუნებს, უფრო თავს შეგაბრალებს, რა არის, გული მოიბრუნო იმისაკენ და აპატიო დანაშაული.

- უნდა მოგახსენო კი, რომ ძალიან ამტანი ყოფილა ქართველი გლეხი, ჩვენებურს რუსის გლეხს არ ჩამოუვარდება. ვირი რა არის, ვირი ვერ აიტანს ამოდენა ცემასა... სცემ, სცემ, მაგრამ ის მაინც თავისას გაიძახის... ოჰ, რომ შემეძლოს და ერთის მათრახის შემოქნევით ყველას თავებს წავწყვეტდე! - კბილების კრჭიალით დაიწყო ოფიცერმა.

- ყმაწვილო, მაგათ რა გააწყობს ქვეყანაზედ? ერთ ბაღლინჯოს მოჰკლავ, აგერ მეორე გამოცოცდება. მაგათ კაცი ვერ გააწყობს სწორედ, ბაღლინჯოს ჯიშისანი არიან: მყრალი, საძაგელი და ერთობ ჯიშიანი გამრავლებ-მოშენებაში. მაგათ რა გააწყობს, შავი ჭირის მეტი! - ბრძანა თავადმა ესტატემ.

- ოჰ, ჩემ ხელთ რომ იყოს, შევუშვებდი სოფლად შავს ჭირსა, რომ ბარემ სულ გაწყდნენ და ჩვენც მოვრჩეთ ამდენს დავიდარაბასა! - სთქვა აღელვებით ოფიცერმა, - თორემ რასა ჰგავს ჩვენი ყოფა: მთელი დღე მათრახის ტრიალი, ცემა-ტყეპა; ჯერ ნახევარ დუჟინი მათრახი დამიგლეჯნია მაგათ ზურგზედა... - მკლავები აღარ მერჩის, სწორედ მომწყინდა მათრახრს ტრიალი... ოჰ, თავადო, რა კარგად სთქვი: შავი ჭირი, შავი ჭირი!!. ოჰ, სადა ხარ, შავო ჭირო, სად! - ამბობდა გონებააღერღილი ოფიცერი.

- ყველა ეგ კარგია, მაგრამ გლეხობას გაწყვეტა კი არ უნდა, - ჩაერია ლაპარაკში სტუდენტი, შვილი ესტატესი. - გლეხი რომ გაწყვეს პირისაგან ქვეყნისა, მაშინ აღარც სახელმწიფო იქნება; იგი ფუძეა, რომელზედაც სდგას სახელმწიფო; მოსპე ხალხი, სახელმწიფოს მკვებავი, მისი ჩარხის მტრიალებელი, მოისპობა თვით სახელმწიფოცა. ჩვენი სანეტარო ის არის, რომ ხალხი ხალხადვე დარჩეს, მაგრამ ჩადგეს, ანუ ჩაყენებული იქნას ისეთს კალაპოტში, რომ იგი ისევ მკვებავი იყოს სახელმწიფოსი, მთავრობისა, მისი მოხელეებისა, ბატონებისა, სხვათა და სხვათა. რასაკვირველია, უნდა მიეცეს მამულიც იმდენი, რომ ეყოს თვითონაც და იმყოფინოს იმ ხარჯებისათვის, რომელსაც მისგან სახელმწიფო ითხოვს... მთავრობა გამოუყიდის მამულებსა... მაშინ მოისპობა ხალხის, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, გლეხობის ყვირილი: მიწა და თავისუფლებაო!.. მიწა დიდი ხნიდან საკუთრებაა მემამულეებისა, სახელმწიფოსი, ეკლესიისა. საკუთრებას ვერავინ შეეხება, იგი მესაკუთრისაა. მესაკუთრეს შეუძლიან შეღავათი მისცეს მისი საკუთრებით მოსარგებლესა - ეს მისი ნებაა, მაგრამ ძალას ვერავინ დაატანს, ასე და ასე მოიქეციო. გლეხს ვინ მისცა უფლება მოითხოვოს, ბატონის მამული ჩემიაო. აი აქ უნდა აილაგმოს გლეხის სურვილი და კალაპოტი გაუკეთდეს, აქ უნდა ჩაიგდოს დიდი სამანი, რომლის იქით გადასვლა აღარ უნდა შეეძლოს. თორემ კარგია, შენმა მზემ, ვისიც არ მინდა საკუთრებას წავსწვდე. ეს ჩემია-მეთქი. ასე თუ დავიწყეთ, სახელმწიფო დაინგრევა... გლეხმა დაიხსნას მამული, ჩვენც ხელი მოვუმართოთ, და იგიც მესაკუთრე გახდება თავის დროზე: მერე კიდევ საგლეხო ბანკისაგან იყიდის მამულებსა, წავა და ღმერთი უშველის.

- ჰოო, სწორედ ჩვენც მანდა ვართ, - ერთხმად კვერი დაუკრეს თავადმა ესტატემ და ყაზახ ოფიცერმა; - რაც მართალია, მართალია! თუ არა და მოჰყოლიან: მიწა ჩვენიაო!!. არა, შე ყურუმსაღო, როდის იყო შენი, ჰა! - დაუმატა გაცხარებით ესტატემა. - მე გაყურებინებთ სეირსა და გაჩვენებთ, ვისიც არის!..

XVIII

გაიხრწნა მთლად სოფელი ტორტლა; სოფლად ჰაერში მხოლოდ მათრახის ზუზუნიღა გაისმოდა; ხალხს მხოლოდ მათრახის ზუზუნი უდგა ყურში.

ხალხი საშინელმა უკიდურესმა მოძრაობამ, მთავრობისა და ბატონების გულქვაობამ, სიკერპემ უმაღლეს უკიდურესობამდე მიიყვანა: იგიც გაგულქვავდა, გაკერპდა, ულმობელზე ულმობელი გახდა.

დაიმშა სოფელი, საზრდოს მოპოება უნდა; შიმშილი ყველაზე დიდი ავაზაკია; დამშეულმა ხალხმა ბატონების ორმოებს მიმართა; გაჩნდა ქურდობა, ავაზაკობა; მშრომელი, მშვიდობიანი ხალხი ავაზაკთა ბრბოთ გადაიქცა.

დაუზოგველად იხოცებოდა ხალხი, არც ყაზახ-სტრაჟნიკებს ადგათ კარგი დღე.

უარესად წაუჭირეს სოფელს თოკი ყელში; ხალხს ხრიტინიღა გაუდიოდა.

- ერიჰა, ძმებო! ესე დალაჩრება არ ივარგებს, მითქვამს და ვამბობ: ბოროტებას ბოროტებით უნდა ვეომოთ, მოვსპოთ ჩვენი მომსპობი, მოგვიკლან, მოვკლათ, აღარავისი დანდობა აღარ შეიძლება. - დაიწყო ჯორ-ზაქარამ ხალხის იდუმალ კრებაზე. - ჩვენს ხორცსა სჭამენ, ჩვენც უნდა დავიწყოთ ჩვენი მტრების ჭამა: მე, ამ დღეს უკვე თეთრწვერა კაცი, ვისაც შევხვდები, არ დავინდობ; შამფურზე შევწვავ და შევჭამ, ცოცხალს დავმარხავ, ღორივით გამოვფაშვავ. დღეიდან დანდობა აღარ შეიძლება, აღარ!..

- აღარ შეიძლება, აღარ! - იგრიალა ხალხმა.

- მაშ შეუდგეთ საქმეს!.. მაგრამ ვინც ჩვენს საიდუმლოებას გასცემს, იმას ძაღლივით სიკვდილი უწერია, ჩამოხრჩობა, ჩაქვავება! - წარმოსთქვა მრისხანედ ჯორ-ზაქარამა.

- თავად ესტატედან უნდა დავიწყოთ, ის უნდა გამოვასალმოთ წუთისოფელსა, ის არის თავდაპირველი მიზეზი ჩვენის განადგურებ-განიავებისა, - დაადგინა კრებამ. - ამინ, ამინ! - დაიგუგუნა კრებამ.

არც მოწინააღმდეგე მხარეს ეძინა: გაფრთხილებული იყო, ციხე-სიმაგრეებს ამზადებდა, ადგენდა მოწინააღმდეგეთა სიებსა, ზოგს იჭერდნენ, ზოგს ხოცავდნენ.

გაზაფხულია; ბუნება ახლდება, ახალის სამოსით იმოსება; ყველა ხარობს, რაც კია მიწად თუ ცად: ჭია-ღუამ გაიღვიძა მიწაში, გაყინული სისხლი გაუთბა, თავის სოროს ბანი ახადა, ამოღონღილდა ზემოთ, გვერდები გაუთბა, ცხოველმყოფელმა ჰაერმა გუნება შეუცვალა და ჩაება ჭია-ღუაც საერთო სამხიარულო ფერხულში...

- ნეტავ შენ, ჭია-ღუავ! შენ, მშრომელო ჭიანჭველავ!.. შენ, ბზუილა ფუტკარო! შენ, ბეღურა ჩიტო!.. შენ, ვარდის ჩიტო, გაზაფხულის შემამკობელო!.. მხოლოდ თქვენ სტკბებით თავისუფლებით! მხოლოდ თქვენშია ხელშეუხებლობა პიროვნებისა, თავისუფლება სიტყვისა, დატკბობა ერთობითა და სიყვარულითა... მართალია, თქვენც გყავთ მტერი, მაგრამ მტერი ერთ ორს თუ გამოაკლებს თქვენში, მეტს ვერა. დიდი უმრავლესობა კი თქვენი ისევ თავისუფლებას ელტვის, სტკბება იმით, ხარობს და მთელი ბუნების ბატონ - პატრონია... ვაი ჩვენდა!... მეტყველს ხალხს ყოველივე უფლება ჩამორთმეული აქვს და პირუტყვად იქცა!.. ვაი ჩვენდა!.. შემოგნატრით, მინდორ-ველის შვილნო, თქვენს თავისუფლად ჭიკჭიკ-ფრენასა! - ასე ფიქრობდა სოფელი.

დიახ, გაზაფხულია!.. აღსდგა ყველა ახალის ცხოვრებისათვის. მხოლოდ ადამიანიღაა ჩამრჩვალი ძველს ჭაობში, ხავსი აქვს მოკიდებული მის სულსა და გულსა.

აყვავდა მთლად ბუნება, გაიფოთლა მცენარეულობა, აღსდგა, გაფუფუნდა მცენარეთა სამეფო!..

პირუტყვიც ხარობს ბუნების აღდგომით... მწვანით მოსილს ველზე კოწიაწობენ, ხტიან, ბუჩაობენ ხბორები, ბატკნები, გოჭები სიამოვნებით შესცქერიან აღტაცებასა და დიდის სიამოვნების ნიშნად ძროხები ზმუკუნებენ, ბატები სისინებენ. ბუნების განახლებამ, გაზაფხულმა, მისმა ცხოველმყოფელმა სიო-ჰაერმა ყველანი აღადგინა, განაახლა, სისხლში სიცოცხლის ახალმა ძალამ ჩუხჩუხი დაიწყო. ბუნების აღდგომას ყველა “დიდება მაღალთა შინას” უგალობს...

აი დღეს, თუ ხვალ, ეკლესიაც იგალობებს: “აღსდგა ქრისტე და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო”!.. ეკლესიამაც ბუნების აღდგომას შეუფარდა აღდგომა ქრისტესი და დღესასწაულად მიუჩინა გაზაფხული...

ქრისტემ განაახლა კაცთა ცხოვრება; აღადგინა კაცი ახალის ცხოვრებისათვის; შემოაცალა ადამიანის სულს ძველი ქერქი, ძველი ჭუჭყი, ათას წლობით მობეგებული ხავსი. ახალი სული ჩაუდგა, ახალი სამოსლით შემოსა და რომ დაემყარებინა ქვეყნად ეს ახალი ცხოვრება, რომელსაც იესო ტკბილი უწოდებდა “სასუფეველსა”, იტვირთა ყოველივე შეურაცხყოფა, ჯვარზე ავიდა და წამება ტანჯვით დალია ჯვარზე მილურსმულმა იესომ თავისი სიცოცხლე. ამ სიკვდილით დასთრგუნა სიკვდილი ხალხისა და აღადგინა ახალის ცხოვრებისათვის.

ეს აღდგომა, ეს გაზაფხული სულის ძლიერთა ამა სოფლისათა არ იწამეს, ზამთარი დაუყენეს და იესო ტკბილი მუდამ ჯვარზედ ჰყავთ გაკრული...

XIX

აღდგომაა!!. სოფელს დამშეულს, მშიერ-მწყურვალს სოფელს ტორტლას რა ეაღდგომება!.. მაგრამ ხალხის გული მაინც ნუგეშობს ქრისტეს აღდგომითა. სული რაღაც ახალს მოელის, რიღაცის იმედი აქვს.

სოფელმა ტორტლამ მოიკრიფა სულის ძალა, მიდგა-მოდგა, რომ ქრისტეს აღდგომას პირნათლად შეხვედროდა. დედაბრები ხეხვენ, წმენდენ ჯამ-ჭურჭელსა, ქვაბ-ქოთნებსა, ჰგვიან და ასუფთავებენ კარ-მიდამოს. მეხრე ბიჭები დადიან ვენახებში, ენდროს სთხრიან კვერცხების შესაღებად. აქა-იქ ამღერდნენ. მეჭონეებმაც ჩააწკრიალეს “ჭონა”, მაგრამ ხალხის ის აღტაცება, ის ტკბილი მოლოდინი, რომლითაც წინათ ღარიბი ხალხი შეეგებებოდა-ხოლმე “ქრისტე აღსდგასა”, აღარ ემჩნეოდა სოფელსა, მხოლოდ ბჟუტავდა, ოდნავ ციალებდა ხალხის სახეზე მოლოდინი ქრისტეს აღდგომისა.

დიდი სამზადისი იყო თავად ესტატეს სახლში. ძალიან გაიჭიმა თავადი. აბა როგორ არ უნდა გაჭიმულიყო და არ დაენახვებინა ძვირფას სტუმრებისათვის - ყაზახ-რუსებისა და მის უფროსისათვის თავისი გულუხვობა, დიდებული მასპინძლობა. თავადის დიდი ეზო აივსო ბატკნებითა; ძუძუს გოჭები სიმსუქნით დატიკნულიყვნენ და ძლივსღა დაბაჯბაჯებდნენ. უშობელი ხომ მორთულ პატარძალსა ჰგავდა; ჩვილი ხბორები ერთთავად რძეზე იყვნენ მიშვებულნი. თავადის ოჯახი თუმცა კანტიკუნტად ინახავდა მარხვასა, მაგრამ მაინც სულის კაწკაწით მოელოდა გამხსნილებასა, განსაკუთრებით თავადის “კნეინა”, რომელიც მხოლოდ თევზეულით იმხსნილებდა და ხორცზე კბილს არ ადგამდა. “ადამიანი მოხუცებაში ვარ და ხორცის ლეშისათვის სული როგორ წავიწყმიდოო”, ამბობდა ხოლმე კნეინა. თავადი ესტატე მუდამ ასე გამოეხმაურებოდა-ხოლმე:

- ბარემღა სული გიკაწკაწებს, მაგრამ რაკი ერთი თქვი, სიტყვა არ უნდა გასტეხო.

- კაცები ხართ მხოლოდ სულწასულები, არც ღმერთი გწამთ და არც ხატი; არ გინდათ სუფთად შეეგებოთ ქრისტეს აღდგომის დღესა, - ეტყოდა-ხოლმე კნეინა სახუმაროდ აღერღილ ქმარსა.

ამით თავდებოდა ამათი კინკლაობა.

თავად ესტატეს თუმცა ახალ დროში ედგა ფეხი, მაგრამ მაინც ძველი ყაიდის კაცი იყო; პირის პატივი ძლიერ უყვარდა და მადის გასაღვიძებლად სულ ეზოში დაუდიოდა საკლავი წვრილფეხი, სოფლად ნადავლი, თუ საბალახეში ანაყვანი.

- გაბრიელ ევტევიჩ, სწორედ თერთმეტ საათზე უნდა გავიხსნილოთ აღდგომა, - უთხრა ტუჩების ტლაშუნით თავადმა ყაზახ-ოფიცერსა.

- როგორ იქნება, ჯერ ლიტანია უნდა გათავდეს და მერე შეიძლება... უკურთხ სუფრაზე ხომ ვერ დავჯდებით, - უთხრა ცოტა არ იყოს უსიამოვნოდ კნეინამა.

- მართალია, ჩვენ, რუსები, უკურთხად არა ვჭამთ-ხოლმე აღდგომის პურსა.

- რა არის ადამიანი! ყველა მხეცზე დაუნდობელია! რავდენი წვრილფეხა უნდა გამოასალმოს წუთისოფელსა... ოჰ, იმათი ბღავილი, ჭყვიტინი, ზმუკუნი, ფრთხიალი! როცა დანას დააჭერენ ყელში, ან გულში ჩასცემენ, მე გული წუხილს დამიწყებს-ხოლმე, ავძაგძაგდები-ხოლმე იმათი საცოდაობისაგან! - წარმოსთქვა კნეინამ და სახემ მთლად თამაში და თრთოლვა დაუწყო შეწუხებისაგან.

- მართლა და შესაბრალისია! - სთქვა ოფიცერმა. - რას ვემართლებით პირუტყვსა... მე რომ პირუტყვთა მფარველ საზოგადოებისა ვიყო, სასტიკად ავკრძალავდი პირუტყვების ხოცვასა. რავდენი პირუტყვია, რომ ადამიანის უმჯობესია.

- ოღონდაც რომ არ ის, - სთქვა კნეინამ.

- აკი ძველად კიდევაც ფასი ჰქონდა პირუტყვსა, - სთქვა ესტატემ და დოინჯი შემოიყარა. - წარმოიდგინეთ, აი ერთი ისტორიული ამბავი: აი, ის პატარა სოფელი, თეროვანი, უღელ კამეჩად უყიდნია პაპაჩემის მამას ნოშრევანსა. თავად რატისა და ბიბილასი იყო თურმე. თავად ნოშრევანს უღელი ასეთი კამეჩი ჰყავდა, რომ მთელ დუნიაზე ბადალი არ იყო. ფერით ყორანა, რქებით ჩანგალა, ახოვნებით, ძალოვნებით და სიფიცხით უბადლონი იყვნენ თურმე. გადაეკიდნენ თავად ნოშრევანს, უნდა დაგვითმო და უნდა დაგვითმოო. რას იზამდა? რატი და ბიბილა სახელოვანი თავადები იყვნენ, უარი არ გაეწყობოდა, მისცა და სოფელი თეროვანი გამოართვა ოცი კომლი გლეხითა. ჯერ ეხლა რა არას გლეხი და მერე მაშინ ჩალის ფასი არა ჰქონდა... უფრო კარგა გითხრა: ეს სულ ახლო ამბავია. განსვენებულმა მამაჩემმა უღელ მწევარში ექვსი კომლი გლეხი მისცა თავად ვარდენ ჭიმიაშვილს. მაგრამ უნდა გითხრა, რომ სწორედ კალმით ნახატები იყვნენ. აი ჩემი მწევრები სულ იმათი ჯიშისაა... წარბა, წარბა! - დაუწრუწუნა ესტატემ. მწევარი წარბა მოიჭრა ბატონთან და ძაღლურად მიუალერსა... - აი, გაბრიელ ევტევიჩ! რა ლამაზია! ძველი დრო რომ იყოს, არც ათი კომლი დაიშურება ამისთანა ძაღლში. ეხლაც, რომ შეიძლებოდეს, ამისთანა ძაღლში, თუნდ სხვა კარგ პირუტყვში, დიდი სიამოვნებით მივცემდი ზაქარა ჯიღაურის სახლობასა და მთლად ჯიღაურებსა.

- მშვენიერია, მშვენიერი! - სთქვა ოფიცერმა, ხელი გადუსვა თავზე სუფთად მოვლილ-დაწმენდილ წარბასა.

- თუ მოგწონს, ამის ჯიშის ლეკვებს მოგართმევ დედალ-მამალსა!

- ძალიან კარგი, მაგრამ სად წავიყვანო? მთელი დღეები აქეთ-იქით წოწიალში ვართ...

- შეგინახავ, ბატონო, შეგინახავ!.. თქვენ მთხოვეთ რამე და შესრულება ადვილია... თუ გნებავთ მთლად ჯიღაურებსაც მოგართმევთ, - უთხრა სიცილით და ვითომ ოხუნჯობით თავადმა ესტატემ. - ისეთი ლამაზი გოგოები ჰყავთ იმ ჯიღაურებსა, რომ როგორც მწყრები. - სთქვა ესტატემ და სიამოვნების ნიშნად თითები კოცნით ჩაიწუწნა.

- გოგოებისა კი რა მოგახსენოთ, იმათ კი არ დავიწუნებდი, სწორედ მოგახსენო, - სთქვა ოფიცერმა, თვალები სისხლით აევსო და მსუნაგი ძაღლივით დაიწყო პროწიალი.

- აი ნააღდგომევს ვინადიროთ იმათზე.

- ურიგო არ იქნება, შენმა მზემ.

- გავუსიოთ ყაზახები და მწყრებივით ვიჭიროთ ლამაზ-ლამაზი გოგოები.

- სად გახლავან მერე? - ჩაერია ლაპარაკში კნეინა. - თქვენ ყურზე გძინავთ, მთელი სოფლის ქალი სულ გახიზნულია-თურმე.

- ნუთუ მართლა?! - გაოცებით სთქვა ესტატემ და ოფიცერს გადახედა.

- ვიპოვნით, მივაგნებთ! - სთქვა არხეინად ოფიცერმა და გადიხარხარა. - ვხუმრობთ, კნეინა, ვხუმრობთ!... ცუდაობისაგან გულს ვაყოლებთ; თავი შეგვაბეზრა ერთფერობამ: ქეიფი და ქაღალდის თამაში, მათრახი და გლეხის ზურგი, ჭირივით მომბეზრდა ასეთი საქმე.

- მართლა რომ მოსაწყენია! მაგრამ რას იზამს კაცი, რომ ვერ გავტეხეთ მაინც ხალხი.

- ჯიუტია, როგორც ჯორი, - სთქვა ოფიცერმა; - ცემა არას შვრება: ჩეხვა, ხოცვა, ხოცვა და ჩეხვა, სისხლი!!. მინამ ნადირი სისხლს არ დაინახავს, არ შედრკება, არ გაიფანტება. გლეხიც ასეა...

- ნადირს რა უშავს; ბატონო! იმასთან ან თოფი გაგივა, ან ხანჯალი, ამათთან კი არაფერი, - დაურთო ესტატემ.

ვინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა ამ ქვეყნის გულშემატკივართა ბაასი, რომ ერთს ახალ ამბავს არ შეეცვალა კილო იმათის ლაპარაკისა.

ესტატეს შვილმა, სტუდენტმა არჩილმა, და მისმა მოურავმა ჩაჩანმა ისმაილამ თქარათქურით შემოარბენინეს ეზოში ეტლი; არჩილი გადმოხტა და საჩქაროდ აირბინა სახლში; ისმაილამ უყივლა სხვა ჩაჩნებსა, ყველანი შეიყარნენ, გადუკრა თვალი ისმაილამ, ყველა იარაღში ჩაჯდა.

არჩილი მირბოდა კიბეზე, თან ხელსახოცით შუბლს და თავს იწმენდდა. თავადი ესტატე, მისი კნეინა ქეთევანი და გაბრიელ ევტევიჩი მისცვივდნენ კიბის ამოსავალთან.

- რას გადაფითრებულხართ? - სამივემ ერთხმივ მიაძახეს არჩილსა, რომელიც თეთრი სერთუკის ღილებს იხსნიდა და თან ფშვინავდა დაღალულობისაგან.

- ფერმაში დაგვეცნენ წითელი რაზმელები, საუკეთესო ძროხები და დიდი მოზდოკური ბუღა მომიკლეს. მე და ისმაილამ, როგორც იყო, გამოვასწარით. მოგვაყოლეს ზუზუნით ტყვიები, არც ისმაილა ჩამორჩა, ჩვენც ვისროდით... უეჭველია აიკლებდნენ იქაურობასა... ეს კი ხუმრობა აღარ არის... დათმობა აღარ შეიძლება... ვიცი, ვინც არიან ეს ვაჟბატონები... ერთი ზაქარა ჯიღაურის ბიჭია ნასლდათარი... ცუდ აღდგომას გავუთენებ მე იმათა... ისმაილ, დაამზადე ბიჭები!

- ნუ გენაცვალოს დედა! ნუ შვილო. შენ ნუ!.. აი ბიჭები გაუსიოთ... აი გაბრიელ ევტევიჩი აქ არ არის? - უთხრა დედამ და გულში მიიხუტა არჩილი...

- დათმობა აღარ შეიძლება!.. მე ძმასავით ვექცევოდი, ვისაც არა მგონია ხელს გადავხვევდი, იმათთან ვჭამდი, ვსვამდი, არა ვზიზღობდი იმათთან ყოფნასა და ასე კი მიყვეს...

- დაგვაცა ჩვენ, ყმაწვილო კაცო! მეცნიერების სწავლა და ცოდნა შენი საქმეა, გლეხების დამშვიდება და დარბევა ჩვენი... ამაღამ საეჭვო სახლებს შემოვივლი და ყველას გავთოკავ... ეი, მზად იყავით საღამოსთვისა, მზად! - დაუყვირა ოფიცერმა ყაზახებს და მათრახით მძლავრად შეარხია ჰაერი, რომელმაც ზუზუნი იწყო.

კაზახებში ჩოჩქოლი ჩავარდა, ჟრიამუელი შეუდგათ, სახეზე ღიმი ააჩნდათ და ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა გაურბინათ: ერთი კვირაა კაცის სისხლი არ დაუქცევიათ, ადამიანის ხორცი არ უღეჭნიათ. ამ ბრძანებამ ფრთები შეასხა, მადა გაუღვიძა და სულის კაწკაწით ელოდნენ განავარდებას სოფლად საღალოდ და საჟლეტად.

XX

შუა აპრილი იყო 1906 წლისა; გაზაფხული სამეუფეო ტახტზე იჯდა; ბუნება ხარობდა: ბალახი სასიამოდ ბიბინებდა, ბრჭყვიალებდა, ნამი ათასფრად ღვიოდა და უფრო ალამაზებდა ნორჩს მცენარეულობასა. ფრინველთა ჭიკჭიკ-სტვენას საზღვარი არა ჰქონდა. დასრიალებდნენ ჰაერში მერცხლები, ეზიდებოდნენ ჩალაბულასა და ბუდეებს სდგამდნენ. გაზაფხულის მკბენარა მზე კონა-კონად აფრქვევდა ქვეყანაზე თავის სხივებსა, სიცოცხლის ნექტარს აწვეთებდა ყველას. მცენარეულობა ანაზდეულად იზრდებოდა, კეკლუცად იღერებდა შტოებს, თითქო მადლი უნდა გადაუხადოს თავის მაცოცხლებელ მზესაო. ყველა შესტრფის მას: მცენარე, ჭია-ღუა, ფრინველნი, გაჭირვებული მუშა, ძონძებში გამოხვეული მათხოვარი; შესტრფის ყველა იმიტომ, რომ ერთნაირად ათბობს ყველას, ერთნაირად სწვავს, ერთნაირად უგზავნის ყველას სხივებსა. იგი მეფეა ცისა და, როგორც მეფე, ერთნაირად უგზავნის ყველას თვისს უხვს მოწყალებას. იგი ცისაა და ცა ხომ ყველაზეა გადაფარებული.

ცისქვეშეთში კი სულ სხვა იყო იმ დღესა... სოფელი ტორტლა ბუნების ფერხულში არ ება, იგი გაყრუმუნჯებული იყო, მშვენიერება ბუნებისა სასიამოდ არ უტოკებდა გულსა; ტორტლაში სიცოცხლე შეწყვეტილიყო, ტორტლას მაჯა აღარ უცემდა; ძაღლის ყეფა, მამლის ყოყლოჩინაობაც კი არ ისმოდა და არ არღვევდა სოფლის ყრუმუნჯობასა.

ჯორ-ზაქარას კაკლის ხის ქვეშ რამდენიმე ტორტლელი შეკრებილიყო, ზოგი ჯოხზე იყო დაბჯენილი, ზოგი სახრეს აპროწიალებდა; ჯორ-ზაქარა კაკლის ძირას ქვაზე იჯდა, ხელში ჩეკი ეჭირა, მიწას სჩიჩქნიდა, რაღაც ხაზებს ავლებდა. ხმა-კრინტს არავინ სძრავდა. მათი სახის გამომეტყველება მოწმე იყო იმისი, რომ ისინი რაღაც ღრმა, მოუნელებელ მწუხარებას შეეპყრო. უცნაური სიჩუმის დარღვევა არავისა სურდა. ყველა დაუსრულებელ ფიქრს მისცემოდა. ეტყობოდა, სოფელ ტორტლას რაღაც ახალი უბედურება დაატყდა თავსა და ხალხის გული შებოჭა, განსაცდელსა და საგონებელში ჩააგდო.

ფოხოლა ყვავი კაკლის კენწეროში ბუდეს ხლართავდა, მამალს მოჰქონდა კლერტები, დედალი დურგლობას ეწეოდა. ერთ ხანად მამალი მხიარულად მივიდა და დიდის ხმით დაიჩხავლა: ყვაა!

- აი ოხრობა შენი!.. შენღა გვაკლიხარ გულის გასახეთქათა! - შეუკურთხა ვიღაცამ მუშაობით გაძეძევებულს ყვავსა.

კვლავ სიჩუმე; კვლავ ნაღვლიანობა, კვლავ გულჩათუთქული ყოფნა კაკალ ქვეშ მყოფთა...

ამ დროს ვენახის კარმა გამოიჭრიალა, გამოჩნდა მანდილოსანი, შემოკარწახებული კაბის კალთები აევსო ჭინჭრითა და სხვა მხალეულობითა. მანდილოსანი შესდგა, დაბეჩავებულად მდგარი ტორტლელები რომ შეამჩნია.

- ლეჩაქებს თქვენ მოგახვევთ და დღეიდან მამაკაცობას ჩვენ ვიკისრებთ, - რიხიანად უთხრა მანდილოსანმა. - რას ჩაგიქინდრიათ თავები ჭირიანი ინდაურებივითა! განსაცდელი კარზე მოგდგომიათ; თქვენ ცოლ-შვილს ნამუსის ახდას უპირობენ. ესღა შეგვანარჩუნა ღმერთმა და ამასაც ხელიდან გამოგლეჯას ემუქრებიან. სოფელი გაატყავეს, საწყალმა სოსემ მათრახ ქვეშ დალია სული... იცით, რომ სოსე მოკვდა! იცით, რომ იმისი ცოლ-შვილი წყალში გადასაყრელად დარჩა... ოიი! იმის კაბითაც დამჯდარა ესტატეს ცოლი! ჰო-და-ჰო!!.

- ვიცით, მარინე, ვიცით!.. ჩვენც მაგ ამბავმა ჩაგვყარა საგონებელში, ვფიქრობთ და თავი გერ გაგვირთმევია.

მარინე ჯორ-ზაქარას ჯალაბი იყო, მთელი ტორტლის გოგოების აღმზრდელი და მასწავლებელი, ერთადერთი მცოდნე წიგნისა, წერა-კითხვისა; სოფლის გოგოებს ის ასწავლიდა ანაბანასა, ყველას უყვარდა, ყველა მოწიწებით ეპყრობოდა და “დედა მარინეს” ეძახდა.

- დიდი ლარი და ხაზი არ უნდა ჩვენს საქმესა. დღეს სოსე მოჰკლეს მათრახ ქვეშ, ხვალ მეორეს სახლის ბანს დააქცევენ თავზედა, ზეგ თოფით მესამეს დახვრეტენ. ჩვენს სიტყვას და ვედრებას გასავალი არა აქვს. სოფელმა თვით უნდა იზრუნოს თავისთვისა. დღეს შევყრი ტორტლელ მანდილოსნებსა, ჩვენ, ჩვენის სუსტი ძალით გავუმკლავდებით ძუ ლომებივით და ნამუსს დავიცავთ ჩვენი ოჯახებისას. სიკვდილი რით არ სჯობიან ჩვენის შვილების ნამუსის ახდის ცქერასა.

ჯორ-ზაქარა წამოდგა, გამოერკვია, სხვებიც შეიშმუშნენ, სიცოცხლის ნატამალი აღჩნდა მათში.

- მეც მაგაზე ვარ გაბოროტებული. ხსნა არსაით არის. სამართალს და სიმართლეს ვერ ვპოულობთ და ვერც ვიპოვით. ჩვენის სამართლით უნდა ვეძიოთ სიმართლე... ყველა აღვსდგეთ: ქალი და კაცი, დიდი და პატარა, გავიფიცნეთ სამების საყდარში სოსეს საფლავთან, რომ არავის არ შევარჩენთ ჩვენს უწყალოდ გაქელვასა... წავიდეთ, ხალხო! - დაიძახა ჯორ-ზაქარამა და ჩეკის ტრიალით გაუძღვა ამხანაგებსა.

სისხლმა ჩქეფა დაუწყო ყველას, ყველამ ანაზდეულად მძაფრი სახე მიიღო, ხალხს აუქოთქოთდა სული და გული და სტიქიონად იქცა.

XXI

სოსე ინაური იქნება ყაზახების მათრახებს გადარჩენიყო, ესტატეს ახალი მოურავი ვანო ქებაძე რომ არ გადაჰყრიყო. აქაოდა, რად მეურჩეო, მათრახებით გაჭრელებულს სოსეს ვანო ქებაძემ კიდევ დაურთო მათრახი და წიხლი, გვერდები ჩაამტვრია ქუსლიანი წაღებითა.

სოფელი ტორტლა მთლად ააღელვა ამ ყოვლად საწყალი, ღარიბ-ღატაკი და უდანაშაულო გლეხის სიკვდილმა, სიკვდილმა წამებითმა, სიკვდილმა ძალადობისამ.

ჯერ სოსეს სახლ-კარბინადრობის სანახაობა აუკვნესებდა ადამიანს გულსა და მისი სახლობის ხილვა ხომ სრულიად შხამავდა ადამიანის სულსა და გულსა...

მინამ ზედ არ წაადგებოდა კაცი, ვერ შეატყობდა, თუ ამ სოროში სულიერი ადამიანი იდგა. ამ სოროს ვიწრო შესავალი ჰქონდა; აქედან შეხვიდოდი ოთხკუთხიან პატარა მიწურ ჯურღმულში, სადაც უკუნო სიბნელე გამეფებულიყო: მინამ კარგად არ მოაშინაურებდი თვალსა, ჯურღმულში ვერაფერს ვერ გაარჩევდი. ერთ კუთხეში იყო ბუხარი, გარდიგარდმო ქვაბის საკიდელი იყო გაჩხირული, იქვე ეგდო პატარა ყურიანი ქვაბი, გაშავებული, გამურული, ჩაჟანგებული. მეორე კუთხეში იდგა ნეხვით გალესილი გოგროხი, რომელიც საფქვილეც იყო, სახორბლეცა. ბუხრის გვერდზე იდგა სასთუმლიანი ტახტი და ერთი რუსული ფარაჯა. თახჩაზე დამხობილი იყო ორი ჯამი, ქოთანი და ერთი პირამომტვრეული ციცხვი.

სოროს პირდაპირ იდგა ძველი, მიღრეცილ-მოღრეცილ ბოძებზე შემდგარი სასიმინდე ძარი, რომელშიაც აქა-იქ მხოლოდ ცარიელი ნაქუჩებიღა იყო გამოჩრილი. სასიმინდეს გვერდით ჩაურბოდა პატარა რუ. ღორებს მის გარშემო წუმპეები გაეჩინათ და შიგ ტკბილად განისვენებდნენ, რასაც მათი წყნარი ხრუტუნი ასაბუთებდა.

სოსემ ვნების ორშაბათ დილით დალია სული. მისმა ჯალაბმა თინამ თავის შვილის სოლოს პირით ამცნო სოფელსა. მამის სიკვდილს მხოლოდ სოლო გრძნობდა და მისი დამწვარი დედა თინია. სოლო უკვე მეხრე ბიჭი იყო, გუთანზე იჯდა და წელიწადში ერთს ანეულს აძლევდნენ და ერთს დღიურს კიდევ გაზაფხულისას. სოლომ იგრძნო, რომ რაღაც ჩასწყდა, ეგდო ძარს ქვეშ და ჩაჰბღუოდა მიწასა.

სოფელი დატრიალდა, ყველას მიჰქონდა შესაწირავი. პავლე კახნიაშვილი, სოფლის დურგალი და ხურო, დილითვე მივიდა, მუხის ფიცრები მიიტანა და ხელეჩოთი მუყაითად სთლიდა და კუბოს ამზადებდა. მისი ხელეჩოს კაკუნი შორს გაისმოდა; პავლეს შუბლიდან კუბოს ფიცრებს ოფლი ეღვენთებოდა და ფოლაქებად აჩნდებოდა ზედა.

- ეეჰ, ღმერთმა გაცხონოს, სოსე, ღმერთმა!.. ვის რათ უნდოდა შენი სიკვდილი, ვისა, შე საწყალო, უენო ადამიანო?!! ვის რა შეშურდა შენი!.. ვაჰი, სოფელო!! - სთლიდა პავლე ფიცრებსა და თან ასე ჩაჰლაპარაკებდა.

სოსეს ექვსი წლის გოგო კი სრულიად ვერა გრძნობდა მამის სიკვდილსა: თმა ქაჯივით გაბურძგნოდა, ფეხები და კანჭები შერუჯოდა და ზედ წუმპეს ტალახი შემხმარიყო. ხელეჩოს კაკაკუკზე მელა-გოგოს ჩვილი, უმანკო გული აუტოკდა, პირით “ჩივთი-უთო” დაუკრა და ძირს ქვეშ კოხტად ლეკური ჩამოუარა. მისი პაწია ძმა ზაქრო სწორედ გოჭსა ჰგაგდა: მთლად წუმპეში იყო ჩურჩხელასავით ამოვლებული, ტანზე ჭუჭყისაგან შეჭმულ-გალესილი პერანგის ნახევი ეცვა, ცხვირზე ბოტოტები ჩამოსდიოდა, ვიღაცასაგან მოცემულს ფეტვის მჭადსა ღუღნიდა და ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად...

- ღუღნე, ღუღნე, პაწიავ, ფეტვის მჭადი!.. იცეკვე, იცეკვე, პაწია მელო... ჩაბღუვლე, ჩაბღუვლე, პაწია სოლო, მიწასა!.. თქვენც ოდესმე გაიგებთ სოფლის მუხანათობას. - ჩაილაპარაკა პავლემ... პავლე კი აკაკუნებს ხელეჩოს, მუყაითად უმზადებს მეზობელს საუკუნო სამყოფელსა. ძლივს ეღირსება სოსეს ახალი, მყუდრო ბინა. ტანჯვა-ვაება მოეხსნება ზურგიდან.

XXII

სოფელმა შემოსა სოსეს ცოლ-შვილი, სამების ეკლესიის ცაცხვ ქვეშ გაამზადა სოსეს მოსახსენებელი სადილი. ვის რაც გააჩნდა, ცაცხვთან მოჰქონდა: ჯამ-ჭურჭელი, დოქებით ღვინო, ხახვი, ღოლო; ლობიოს და მუხუდოს დიდი ქოთნები მიადგეს ცეცხლსა. ჯორ-ზაქარას ცოლი მარინე თონეს თონეზე ახურებდა და ნამცხვარს ამზადებდა.

ზარმა მწუხარედ გაიზრიალა, სოსე ჩასჭედეს პავლეს გამოკუთხულ კუბოში. ცოლი წიოკობით მისდევს მიცვალებულს. სოლო-ბიჭი დიდი ხმით ბღუის. მელოს და ზაქროს გულმაც კი იგრძნო რაღაც გამოუთქმელი ბოღმა. მელო ძარის ბოძს მიჰყუდებოდა, ზაქროს თავი მიედო მელოსთვის და ორივენი იმდუღრებოდნენ. ხანდისხან ბავშვური სიცელქე მოუვლიდათ და აკვიატებულ ბუზს დასაჭერად მიმართავდნენ, ღიმი ააჩნდებოდათ ტუჩებზე, მაგრამ ეს წუთიერი ღიმი მალე ითუთქებოდა.

- ნუ ტირით, შვილებო, ნუ! მამა ისევ დაბრუნდება, დედა-შვილობამა, - ატყუებდა მარინე, რომელმაც პავლე კახნიაშვილს კარზე გამოაყრევინა ტახტი და სოსეს მაზარა.

- ტირილი, მარინე, შვებაა; ნუ უშლი, ნუ! დეე, იტირონ მაგ საცოდავებმა, - უთხრა პავლემ; - თუ სხვას ვერ მოულბობენ გულსა, თითონ ხომ მაინც ეშეღავათებათ.

ამ დროს ესტატე მარუშიძის სახლის აივნიდან სიცილ-ხარხარის ხმა მოისმოდა, საუზმეს შეექცეოდნენ. გაბრიელ ევტევიჩი რაღასაც მღეროდა, ცალკე არჩილიც რაღაც რომანსს დამღეროღა ფორტოპიანოზე.

ესტატე დიდს ჩიბუხს აბოლებდა და თავის ცოლის ძმას პეტრე ერკემლიძეს შორს მდგომ კაკლის ხეზე უთითებდა.

- აი ის ჩემსაში დგას, ვერას გზით ვერ ვიხსენ ზაქარა ჯიღაურის ხელიდან. პირველი ადგილია ეგ ადგილი მთელს ტორტლაში. ხვალ მინდა ღობე გავუვლო ზედ კარწინ და აი ის კაკლის ხეც შიგ დავატოვინო.

ზარის სამგლოვიარო ზრიალმა ლაპარაკი შეუცვალა.

- ეს რა ამბავია, მოურავო? - შეეკითხა ესტატე.

- სოსე ინაურს ასვენებენ.

- ჰაა! ჩაკვდა? ეგრე მოუვა ყველა ურჩსა.

- თქვენი რისხვა ყველას უწევს, ჩემო ბატონო! - უპასუხა მოურავმა ვანო ქებაძემ.

- ახლა ჯერი ჯორ-ზაქარაზე მიდგა.

- მინამ ეგ სოფელშია, შენი კვნესამე, ბატონო, სოფელი არ დაწყნარდება, მუდამ ყალყზე იდგება. თქვენი რისხვა არა მაქვს ი სოსეც მაგის გაბრიყვებული იყო, მაგან იმსხვერპლა.

- ხვალიდანვე, ხვალიდანვე, ჩემო მოურავო... ოღონც შენ და ეს ჩემი ჩაჩნები ყოჩაღად იყავით, რომ ერთი მაგასაც ზურგზე ბოლი ავადინოთ. ვნახოთ. მაგათი ერთობა რას მიზამს.

- რა ამბავია, ამოდენა ხალხი ვის მოსდევს? - გაოცებით იკითხა ოფიცერმა გაბრიელ ევტევიჩმა.

- სოფელი მარხავს სოსე ინაურსა; დიდი აურზაურია სოფელში, - დაიწყო მოურავმა, - მე მემუქრებიან: ცოცხლივ დავმარხავთ მოურავსაო; სოსეს მკვლელებს არ გავახარებთო. აი მინამ არა ჭამონრა, მინამ მე მიზამდნენ რასმესა. თქვენ კარგად მყვანდეთ, თორემ მალე მტერი მოგიკვდეთ, მალე მე ი ჯორ-ზაქარა მოვტეხო და თქვენ წინ ქედი მოვახრევინო.

- მე კი ვიტყვი, საქმეს ნუ გაამწვავებთ. აი, მე ამ ხალხის ყრილობაზე ვამჩნევ, რომ რაღაც მზადდება. თუ მდაბიო ხალხი აზვირთდა, სტიქიონად იქცევა და ყოველივეს წალეკავს! - ჩაერია ლაპარაკში ესტატეს შვილი არჩილი.

- შენ სულ ი ოხერა წიგნები გალაპარაკებს, ჩვენ კი როგორც გვიწირავს, ისევ ისე ვწირავთ. გლეხი უნდა მუჭაში გვეჭიროს, შიგ უნდა მოახრჩო. თუ შვება მიეცი, თავზე დაგაჯდება... ეგ ჩვენ ვიცით... შენ გზიდამ ჩამომეცალე... წადი, იმსახურე ხელმწიფის სამსახურში, აქაურობა კი მე და მოურავს მოგვანებე.

- სწორედ დემონსტრაციაა ეს, სწორედ! - გაიძახოდა ყაზახის ოფიცერი. - თქვენ ეი, მოდით აქ, - უბრძანა ყაზახებსა. - წადით სასაფლაოზე და თუ ვინიცობაა შეატყოთ რამე, მაშინვე მათრახი და თუ საჭირო გახდეს-იარაღიც.

- მაგ გაფრთხილებას კი არა უშავს რა, - სთქვა არჩილმა.

- არა, შვილო, - ჩაერია ლაპარაკში კნეინა; - დაე იტირონ და დამარხონ მიცვალებული ისე, როგორც იმათ უნდათ. თუ რამეს ჩაიდენენ, მერეც გავუსწორდებით.

XXIII

- თავადი ესტატე დროთი სარგებლობს, სოფელს სულის ამოხუთვას ემუქრება. აი მეც გამიღობეს კარ-მიდამო, საუკუნოებით რომ სჭერიათ ჩემს მამა-პაპასა, სიკვდილს თურმე მიპირობს ვანო მოურავი, ჩვენივე სისხლი და ხორცი. ჩვენივე გლეხი, ღორად ქცეული, - დაიწყო ჯორ-ზაქარამა.

- დაყოვნება აღარ შეიძლება, ჩვენც უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და უნარი, - ჩაერია ლაპარაკში მარინე.

- რითი, ნათლიავ ჩემო, რითი? ძალაც იმათ ხელშია და სამართალიცა! - მწუხარებით ჩაილაპარაკა ერთმა მხცოვანმა გლეხმა.

- მაშ ავიყარნეთ აქედან, ავიყარნეთ! არ ავიყრებით და ნამუსს შეგვიგინებენ, ქალიშვილებს გაგვიუპატიურებენ; ცემით სულს ამოგვხდიან. აი გავიფიცნეთ ამ წამებული სოსეს საფლავის წინაშე, რომ ბატონს არაფერს არ მოუთმენთ, სიმართლის ხმას ღმერთამდის მაინც მივაწვდენთ, - მტკიცედ დაიწყო მარინემ. - როგორ თუ ძალა იმათ ხელშია? ჩვენცა გვაქვს იარაღი: დედის გული, ვიხმაროთ ფრჩხილები, კბილები, ქვა და გუნდა, ბარი, თოხი, ხელი, ფეხი, - წარმოსთქვა მტკიცედ მარინემ, კალთა ჩაიკრა სარტყელში და ქორივით შემოავლო თვალი ხალხსა.

ხალხი აზრიალდა; დედაკაცი იწვევდა საბრძოლად. ეს არ მომხდარა მის დღეში: დედაკაცი შვილს ზრდიდა, მამულს გმირს უმზადებდა. მამაკაცი კი, დედის რძესთან გმირობაში აღზრდილი, თავს იცავდა, იცავდა მამულ-დედულსა და დედასთან პირშავად არ გამოდიოდა. ახლა კი მამაკაცი დალაჩრდა, ქალის მანდილი დაიხურა და დედაკაცმა ვაჟკაცობა იწყო. ხალხმა, სოსეს საფლავის წინაშე თავჩაკიდებულმა, იგრძნო საყვედური მარინესი.

- არა, მარინე! - იგრიალა ხალხმა. - ვფიცავთ წამებული მეზობლის საფლავსა, რომ არავის შევარჩენთ ჩვენს დაბრიყვებასა!

- ამინი ვთქვათ, ხალხნო! - გულდინჯად წარმოსთქვა ჯორ-ზაქარამ, ქუდი მოიხადა და საფლავთან დაიჩოქა.

- ამინ, ამინ! - შესძახა ხალხმა და ყველამ დაიჩოქა.

- წმიდაო სამებაო; შენ იყავ მოწმად ამ გაფიცვისა, - ხელგაპყრობით მიმართა სამების საყდარს მარინემ და დედათა სქესმა ყველამ სასოებით ხელი განაპყრო.

XXIV

- თქვე დალოცვილო, ბუზი ხომ არა ვარ, კედელს მივაჯდე. მერცხალი ხომ არა ვარ, ბანიდან ჩავფრინდ-ამოვფრინდე!... რად მხუთავ სულსა... მიწყივ-დაბადებიდან გუშინდლამდე ჩემს კარმიდამოს და ზედ მოდგმულს ნაფუძარს არავინ შეხებია... ცოცხლობდნენ, იყვნენ თქვენი პაპანი, მამანი, ჩემს კარ-მიდამოსა და ნაფუძარზე ხელი არავის წაუტანებია. თქვენ რაღათ ინებეთ წართმევა? - დინჯად და დალაგებით დაუწყო ლაპარაკი ძირიდან აივანზე მდგომს თავადს ესტატეს ჯორ-ზაქარამა.

ზაქარა ჯიღაური ჩეკზე იყო დაბჯენილი, თავშიშველა და ისე ზდილობიანად ელაპარაკებოდა.

თავადი ესტატე აივანზე იდგა, ხელში კრიალოსანს აპროწიალებდა. ბიჭი გძელი ჩიბუხით განზე იდგა და ელოდა, როდის ინებებდა ბატონი ჩიბუხსა. ზაქარას ლაპარაკზე თავად ესტატეს ხან ეღიმებოდა და ხან სახეზე ალმური აჩნდებოდა.

- მე მამა-პაპას რას დავდევ, - დაიწყო ესტატემ, - მე ეს ვიცი მტკიცედ, რომ გლეხი ბატონისა იყო სულითაც და ხორცითაც, მას საკუთრება არა ჰქონდა; შენ კი მიგითვისებია სამი-ოთხი დღის ნაფუძარი და უშველებელი კარ-მიდამო.

- ჩვენი გვარი საეკლესიო ყმა გახლდათ, - დაიწყო ისევ აუჩქარებლივ ზაქარამა, - ჩვენ ქათალიკოზის სიგელი გვაქვს, ჩვენი წინაპარი მღვდელი ყოფილა და ქათალიკოზს ეგ ადგილი უბოძებია; ის სიგელი მთავრობისაგან განხილულია; ალბათ თქვენმა წინაპრებმა იცოდნენ ქათალიკოზის სიგელი და არ ეხებოდნენ დღეს თქვენგან წართმეულს მამულსა; ნუ ინებებთ, ბატონო, უსამართლობასა; სამოსამართლოთ ნუ გამიხდით საქმესა, თქვენსა მზესა და თქვენის ცოლ-შვილის დღეგრძელობასა! - უთხრა თავაზიანად ზაქარამა.

- მამა გიცხონდა, ყურებზე ხახვი არ დამაჭრა!.. - უთხრა მკვახედ ესტატემ, ბიჭს ჩიბუხი გამოართვა და ღელვით წრუპვნა დაუწყო ჩიბუხსა.

- მამა რომ მიცხონდეს, ძალიან მესიამოვნება, ყურებზე ხახვის დაჭრისა კი რა მოგახსენო. თქვენი ბრძანება იმასა ჰგავს: არას მამცემ, ყბასაც მამტეხო... ნუ ინებებთ, ბატონო! როგორც სიამტკბილობით ერთმანეთში მამა-პაპას უცხოვრიათ, ისევ ისე ვიცხოვროთ... იცოდეთ, ბატონო, მე მუქარას არ შევუშინდები; ყურებზე ხახვს თუ დამაჭრის ვინმე, იქნებ მე უარესი ჩავიდინო... პირიდან ლუკმას არავის გამოვაცლევინებ.

- ხა, ხა, ხა! - გადიხარხარა თავადმა ესტატემ. - დახე, დახე! ეს ღორის ტილი რაებს მიბედავს. შენ თუ გგონია, ყაზახ რუსები ამ სააღდგომოდ რომ წავიდნენ, მით მე ძალა გამომელია? ჩემი მოურავი?! ჩემი ჩაჩნები?!. დაგისევ და, მამაჩემი არ წამიწყდება, ისე გავაგუდინებ შენ თავს, რომ გაძახო: ვაი, დედა ჩემს დაველიეო! - ისე მაღლა დაიძახა ეს სიტყვები ესტატემ, რომ კნეინას გული გაუფთხა და შვილი არჩილი აივანზე გამოვარდა პირის წმენდითა.

- რა ამბავია, რა ამ ბავია? - ჩაეკითხნენ ესტატეს ცოლ-შვილი.

- ჰმ, რა ამბავია?!. მამული ჩემიაო, ბრძანებს, რად გამიღობე და რად მართმევო.

- უი, დამიდგა თვალები! - მიიდო ორი თითი ტუჩებზე კნეინამ და წყრომით წარმოსთქვა: - საკუთრება გლეხს ვინ მისცა, ქა! მამულიც ჩვენია და შენც ჩვენი ხარ.

- არა, გლეხს საკუთრება როდისმე ჰქონიყო, შენს ლაპარაკს კადევ ფასი ექნებოდა, - დაიწყო არჩილ მარუშიძემ. - მაგრამ რაკი გლეხს არასდროს საკუთრება არა ჰქონია, მამული ბატონისაა...

- მე მოვახსენე ბატონსა, რომ მამული ეკლესიას უბოძებია ჩემი წინაპრისთვისა, ამისი სიგელი მაქვს... თქვენ ყმაწვილი კაცი ბრძანდებით, ნუ ინებებთ ჩემს აწიოკებასა, სისხლს ნუ დამაქცევინებთ.

- რაო, რაო? წამოყელყელდა აივანზე არჩილი, ხელებით დაებჯინა და შუბლშეკვრით გადასძახა: - იმუქრები კიდეც?!. ჩემს მამულს ისაკუთრებ და სისხლის დაქცევას მიქადნი?!. ნუ მეხუმრები!!. გასწი აქედან, გასწი!.. თორემ წითელ კვერცხივით შეგიღებავ მაგ გველაძუა თავ-პირსა.

- ჩიტსაც ვერ ამიფრენ, ჩიტსა! - უთხრა ზაქარამ დინჯად, დაუჩქარებლივ. - მართალია შენს ხელში ძალადობაა, მაგრამ ჩემს ხელში სიმართლეა; სიმართლისათვის უკან არ დამიწევია, ეს ჭაღარაშერეული ზაქარა უკან არც ეხლა დაიწევს.

- მოურავო, ჩაჩნები!!. პანღურის ცემით გააგდეთ აქედან, ნუ აპილწვინებთ ჩემს მიდამოს მაგის წანკლიანს ენასა.

ზაქარამ ქუდი დაიხურა, შეიშმუშნა მხოლოდ და ადგილიდან არ დაიძრა. ჩაცვივდნენ მოურავი და ერთი ჩაჩანი. როგორც კი გაშალეს ხელი და მათრახი უნდა ეშხუილნათ ზაქარასთვის, მან ანაზდეულად დაჰკრა მძლავრად ჩეკი მკლავში ჯერ ერთსა და მერე მეორესა. ორთავეს მაჯები დაუდუნა და ნელის ნაბიჯით წავიდა. დაადევნეს სხვა ბიჭები. ზაქარამ ჩოხის ქვეშ მიმალული ხანჯალი იძრო, აალაპლაპა მზეზე და მაღალის ხმით შესძახა:

- თქვენ ღმერთს აპატივეთ, ამ წითელ პარასკევს სისხლში ხელს ნუ გამასვრევინებთ!

ბიჭები შედრკნენ. იცნობდნენ ზაქარას, მის გულადობას, შეუპოვრობას, იცოდნენ, რომ თითონაც მოკვდებოდა და დამცემთაც იმსხვერპლებდა.

- მაცალე, მაცალე და როცა შენ სხვის სისხლში ხელი გაგასვრევინო, მე არჩილს ნუღარ დამიძახებ... ჩემში მარუშიძის ძველი სისხლი ტრიალებს.

- მობძანდით და დაგიხვდებით! - მიაძახა ჯორ-ზაქარამა.

XXV

დიდ შაბათს თავად ესტატეს მიუვიდა ამბავი, რომ ჯორ-ზაქარამ შემოაგლიჯა თავის კარ-მიდამოს და ნაფუძარს მისი ბრძანებით შემოვლილი ღობე, რომ სოფელი მთლად ღელავს და ვინ იცის, რა ბოლო ექნება ბატონისა და გლეხების უსიამოვნებასაო.

თავადის შვილი არჩილ მარუშიძე დიდი მომხრე იყო საკუთრებისა. ერთს გოჯს მიწას არ დაუთმობდა არავის, თუ დარწმუნებული იყო, რომ იგი მის საკუთრებას შეადგენდა. დარწმუნებული იყო, რომ ჯორ-ზაქარას კარ-მიდამო, დიდი კაკლის ხე მისი სახლის წინ და ზედმოდებული ნაფუძარი თავად ესტატესი იყო, რადგან გლეხი ბატონის საკუთრება იყო, როგორც უბრალო რამ ნივთი, მთავრობამ იგი გაათავისუფლა და საზრდოდ მიუგდო თითო-ოროლა დღიური მიწა, ისიც თავის დროზე გამოსასყიდი. მარუშიძენი სრულიადაც არ უწევდნენ ანგარიშს იმ გარემოებას, რომ ჯორ-ზაქარა ჯიღაურის ოჯახს ის მამული ჰქონია მიკუთვნილი ძველად საეკლესიო უწყებისაგან.

ახალგაზრდა არჩილი აღიჭურვა საკუთრების უფლების დასაცავად და გადასწყვიტა, თუნდ სიცოცხლედაც დასჯდომიყო, წაერთმია უკანვე მამული და ისევ შემოერაგვა. წაიყვანა ჩაჩნები, მოურავი, თვით შეიარაღდა რევოლვერით და ეწვია განრისხებული ზაქარას ოჯახსა.

ამ დღეს მთელი სოფელი შინ იყო თითქმის, ემზადებოდა ბრწყინვალე აღდგომის დახვედრასა; ყველა ოჯახის წინ გამოფენილი იყო სარეცხი, ყველა დიასახლისი ჰგვიდა და ასუფთავებდა კარმიდამოს, რეცხდა ჯამ-ჭურჭელსა, ხეხდა ქვაბებსა. სოფლის გოგო-ბიჭები გულის ფანცქალით მოელოდნენ დაღამებასა, რომ აღდგომა დილას, ლიტონიის დროს, ახალი რამ ჩაეცვათ: ვის ახალი წუღა- ჩუსტი, ვის კაბა, ვის ახალუხი. ყველას სიხარულის კანკალი მოსდიოდა.

ჯორ-ზაქარა ქალაქად წასულიყო საჭირო საქმისთვის. სახლში იყვნენ მისი ცოლი, შვილები და ძმები.

მოულოდნელი იყო ზაქარას ოჯახისათვის არჩილის თავდაცემა, მაგრამ მარინე არ შედრკა; მაზლები და შვილები ვენახში რაღასაც საქმიანობდნენ.

არჩილმა მისვლისვე უმალ, პირველმა უჩვენა მაგალითი მხლებლებს: აიღო მარგილი და თავის ადგილას დაარჭო. მხლებლებიც შეუდგნენ ღობის აღდგენას, ხოლო ორი ჩაჩანი თოფებზე დაყუდებულნი დარაჯობას ეწეოდნენ.

მარინე სახლის წინ იდგა და გამშრალ სარეცხს აგროვებდა.

- ბატონო, რად ღებულობთ მძლავრობას, - დინჯად უთხრა მარინემ არჩილ მარუშიძეს, - უფროსი შინ არ არის, საცაა გაჩნდება ქალაქიდან. მოითმინეთ, იქნება სიამტკბილობით გავათავოთ საქმე.

- რა დედაკაცის საქმეა ჩარევა... თითქო არ იცოდეს თავის ქმრის სიჯიუტე... მე მსურს აღვადგინო ჩემი საკუთრება. არავის ვალაპარაკებ.

- ძალიან კარგად ვილაპარაკებ-და დოინჯშემოყრილმა მარინემ წინ წამოიწია. - ნუ შვრები, მოურავო, თორემ სისხლი დაიქცევა! - შეჰკივლა ახლა კი გულზე მოსულმა მარინემ.

- იქით, დედაკაცო! რა შენი საქმეა.

დაიძრა უცბად სოფელში ხმა, ზაქარას ოჯახს დაეცა თავს ბატონის შვილი არჩილი და აკლებას ლამობსო; მოზღვავდა მთელი სოფელი. გამოცვივდნენ ვენახიდან ზაქარას ძმები და ვაჟიშვილები, გადაეღობნენ წინ. შეიქნა ჩოჩქოლი, მიწევ-მოწევა, ღორღალი.

- მიწა ჩვენია!! - იგრიალა ხალხმა. - ჩვენ ვამუშავებთ, ჩვენ ვაწვიმებთ ოფლსა, ოფლით ვანაყოფიერებთ და ოფლითვე ვკრებავთ მოსავალსა.

შედრკნენ არჩილი და მისი მხლებლები, მაგრამ შედრკომა თავადმა იუკადრისა, შეჰყვირა მხლებლებს:

- მოიმარჯვეთ იარაღი! მე ვაჩვენებ ამ ღორებს სეირსა; რაც ჩემია, ჩემი უნდა იყოს, რაც მაგათი, მაგათი იყოს, მე არავის საკუთრებას არ ვეპოტინები. - არჩილმა იძრო რევოლვერი და ჰაერში შეათამაშა: - აი, ამითი გულს გაუხვრეტ, ვინც ჩემს საკუთრებას ხელს შეახებს!

ამ დროს მარინე და მისი შვილი ეცნენ თავადს არჩილს რევოლვერის წასართმევად.

- აბა, ბიჭებო, თოფი!..

დაიგრიალა წყვილმა თოფმა და მარინე და მისი უფროსი შვილი უსულოდ დაეცნენ მიწაზე.

გლეხის “შავი” სისხლი რუდ წადგა ხალხის თვალწინ, წითელი ზოლი გაავლო მიწას, ჩაეხვია მას გულში და შეუერთდა იმ ოფლს, რომელიც ნაწვიმი იყო იმავე მიწაზე.

XXVI

ხალხში რწმუნებაა: აღდგომის გარიჟრაჟზე ცაზე, მზის ამოსვლის ალაგას, ნორჩი ბატკანი გაჩნდება, ხტის, თამაშობს, მზის ამოსვლას შეჰხარისო. ეს ბატკანი, ბატკანი უმანკო, ქრისტეს აღდგომას გვახარებსო.

ბევრჯერ ჩემი ყურით გამიგონთა სოფლის გოგო-ბიჭებისაგან:

- აიგერ, აიგერ! მზის გარშემო, ღრუბელში ბატკანი როგორ ხტის და ეთამაშება მზის სხივებსაო.

ისე მძლავრია ხალხში ასეთი რწმენა, რომ ეს რწმენა მართლაც მოაჩვენებს ხოლმე იმ საგანს, რომლის დანახვა იმათ სწამთ.

მაგრამ იმ აღდგომა დილით, როცა ზაქარას სახლში ორი მსხვერპლი აჯამობისა და გულქვაობისა ესვენა, გარიჟრაჟისათვის არავის სცალოდა შეეხედნა აღდგომის ბატკნის დასანახავად. მთელი სოფელი აღდგომა დღეს მგლოვიარედ შეხვდა. შურისძიებით იყო შემსჭვალული.

აღდგობის ზარი დარეკეს!..

მღვდელი სალიტანიოდ ემზადებოდა ღვთისმშობლის ეკლესიაში, რომელიც თავად ესტატე მარუშიძის მეზობლად იდგა. მთელი სახლობა თავად ესტატესი ხელში ჯვარგაპყრობილ მღვდელს მოსდევდა.

- ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა! - შესძახა მღვდელმა.

ამ დროს ჯორ-ზაქარას და მისი უმცროსი შვილის თოფებმა იჭექეს.

თავადი ესტატე და მისი ძე არჩილი მიწას გაერთხნენ. დაიქცა “ალისფერი” სისხლი თავადებისა.

- სტყუი, მამაო, ჯერ ხალხისათვის ქრისტე არ აღმდგარა, მაგრამ მწამს, იგი ოდესმე აღსდგება და მოგვანიჭებს ჩვენ სასუფეველსა.

მჭექარედ წარმოსთქვა ჯორ-ზაქარამ, წასდგა ხალხის წინ და დაეყრდნო თვისს ერთგულს სიათასა.

ხალხი სდუმდა, მაგრამ გული კი მისი ქოთქოთობდა.

ცაზე აღდგომის ბატკანმა თამაში დაიწყო და მზის შუქებში ჩაყურჭუმავებული გაცისარტყელდა.

კოსტრო გადამახინჯებული რუსული სიტყვაა. რუსულად ასეა: "Сквозь строй" (სკვოზ სტროი). ბატონყმობის დროს კაცის მკვლელებს დააკრავდნენ დროგზე. აქეთ-იქით დაამწკრივებდენ სალდათებს, რომლებსაც "როზგის" ჯოხები ეჭირათ ხელში, დროგზე დაკრულს კაცს ჩაატარებდნენ სალდათებს შუა და აქეთ-იქიდან სცემდნენ უდიერად ტიტველა ტანზე. ბევრს "როზგ" ქვეშა ხდებოდა სული.

კანი და ბისტი ბატონყმობის დროს გამოჩენილი თულები იყვნენ ქართლში, ბატონის ავობის გამო გაცვივნული მთა-ბარად.

** გლუხარიჩს ქართლში გ. ერისთავს, ჩვენს გამოჩენილ დრამატურგს ეძახდნენ. ამბობენ, გ. ე - მა ბატონყმობის გადავარდნამდე გაანთავისუფლა ყმები, რის გამო მთლად ერისთავები და ქართლის თავადები აუყაყანდნენო.

* ქ. გორში მანიფესტი ბატონყმობის გადავარდნის შესახებ გამოცხადდა 8 ნოემბერს 1864 წელსა.

* მამა-მზე ერქვა ქართველ თავადს პოლკოვნიკ გიორგი ივანეს-ძეს ერისთავს, გავლენიან თავადს და დიდი ყმა-მამულის პატრონსა.

* იასე რამანიჩი გვარად ფავლენიშვილი, ნადიამბეგარი. გვარით არავინ იცნობდა, მხოლოდ ახსენებდნენ "იასე რამანიჩი" და ყველა მიხვდებოდა, ვისზე იყო ლაპარაკი.

* "ჩემი კაცი" - ასე ეძახის გლეხის ცოლი თავის ქმარსა.