The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ნადირობის შემდეგ

ნადირობის შემდეგ

გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,

დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.

და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,

ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი.

თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები

და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:

ირმების,

ჯიხვების,

არჩვების,

დათვების

სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.

და როცა მთვარემ ტყეზე გადიარა,

სასმური ასწია ლევან დადიანმა:

კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,

გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!

კურთხეულ იყოს! აღმოხდათ თავადებს,

ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს!

და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა:

ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,

ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?!

მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა.

ღამეში თვალების გადაბრიალებით

ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.

ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა.

(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):

ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,

, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!

გულჩვილი ყოფილხართ ლეჩხუმის თავადი,

ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,

ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,

მაგ ირმის გეერდით რომ ქისონი ტახია.

თქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა

თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.

ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში

თვალები ვეება გარეულ კამეჩის.

და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი

წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.

წყვდიადში თვალების გადაბრიალებით

რიგ-რიგად ჰყვებოდნენ შავნაბდიანები:

პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,

პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!

სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ჰყვებოდნენ,

რომელმა მათგანმა რა მოჰკლა, რა ბედზე.

ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ

და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.

ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი

ცოცხლობდეს,

შრომობდეს,

ომობდეს მთავარი!

ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ

ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,

და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე,

ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით

თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი

ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.

1940

უშტი და უშქარი - ძვ. მილიონი, ბევრზე ბევრი, უთვალავი, უანგარიშო.

ქისონი თაგვისფერი, რუხი, მუქ-ნაცრისფერი.