The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მიხა დალაქი

მიხა დალაქ

ეს ორი სიტყვა უერთმანეთოდ ვერ წარმოედგინათ ს. წიოდას მცხოვრებლებს: მიხა უდალაქოდ და დალაქი უმიხოდ, სრულებით ვერ გამოსახავდა იმ პაწაწკინტელა არსებას, რომელიც ს. წიოდას დალაქი იყო; ეს იმიტომ, რომ ამ სოფელში მიხას სხვასაც ეძახოდნენ. მაგრამ მათში დალაქი გარდა მიხა დალაქისა-კი არავინ არ იყო. და თუ ოდესმე მოგიხდებოდათ წიოდელთან ამ მიხაზე ლაპარაკი, უეჭველად მიხასთვის დალაქიც უნდა დაგერთოთ, თუ არ გინდოდათ თქვენი ლაპარაკი გაუგებარი ყოფილიყო.

მაშინ, და მხოლოდ მაშინ დაასურათხატებდით წიოდელის წინ, როგორც წინათ მოგახსენეთ, ამ პატარა ერთ მუჭა არსებას, მისის პატარა თავ-პირით, ჩაცვივნულის ლოყებით, მარცხენა თვალის ზევითა უწამწამო დახორცმეტებულ ქუთუთოთი და მარჯვენა თვალით, რომლითაც მიხა თითქოს ყოველთვის ვიღაცას დასცინოდა, პაჭუა ცხვირით, მუდამ დაწკეპილ ულვაშებით, მარადის გაპარსულ ნიკაპით, ტანთან შეხამებული მხრებით, რომელნიც მუდამ უკან გადაზნექილი ეჭირა, რათა გმირული გამომეტყველება ჰქონოდა. დიაღ, მხოლოდ მაშინ მიხვდებოდა წიოდელი გლეხი, რომ თქვენ ელაპარაკებით იმ მიხა დალაქზე, რომელიც პრტყელის თასმით ქამარზე ჩამოკიდებულის ჩანთა-მანთით, ბეჯითად ამოსხმულის ქალამნებით, შავ ახალუხში კოპწიად გამოწყობილი დაიარებოდა.

დაიარება ვამბობ, მაგრამ ტარება ათასნაირია: დაიარება ისე კი არა, როგორც ყოველი უბრალო მომაკვდავი წიოდელი, სრულებითაც არა! დაიარება ისე, როგორც მიხა დალაქს შეჰფერის, მარცხენა ხელით ჩანთაზე დოინჯი გაუკეთებია, მარჯვენათი ულვაშებს ისუფთავებს, თავი მაღლა უჭირავს, მხრები უკან გადაუშლია და მიდის დარბაისლურის ნაბიჯით თავმომწონედ. მითამ რად არ უნდა მოსწონდეს თავი? უბრალო ვინმე-კი არ გეგონოთ მიხა! ის წიოდელებისთვის დალაქიც არის და ექიმიც, ბატონიცა და პატრონიც, ყმაცა და ბრძანებელიც. უნდა ნახოთ, მკითხველო, თქვენის ბედნიერის თვალით მიხა დალაქი ზაფხულობით, როდესაც მთელი წიოდა კალოებზეა გასული და შინ გარდა უძლურ ბებრებისა და ახალის პატარძლებისა აღარავინ დარჩომილა. უნდა ნახოთ და მაშინ თქვენც დამეთანხმებით, რომ მართლა მიხა დალაქი ყმაც არის და ბრძანებელიც მთელის სოფლისა. ეს სხვა დროს დინჯად, დარბაისლურად მოსიარულე კაცი ამ დროს სწორედ ცეცხლია! ტრიალებს, როგორც ჯარა, გადასდის ხვითქი, მაგრამ მაინც დარბის და ხუსხუსებს. იქ პატარძალს ჯორს უკაზმავს წყალზედ წასასვლელად, აქ ბებრუხუნას, ისედაც სისხლგამოფიტულს, ნეკის სისხლს ართმევს, იქ ბაღჩაში ბალახს უთიბამთ, აქ საფქვავს ატანენ წისქვილში და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ, ერთი სიტყვით, ოფლში სცურავს. სამაგიეროდ დიდი უფლებებიცა აქვს ჩვენს მიხა დალაქს მინიჭებული. საცა შევა, ისე განაგებს ამ სახლის თარო-კარცელს, როგორც თავის საკუთრებას; ვენახ-ბოსტნებში ისე დადის, თითქო მისი მამის ნაფუძვარი იყოს. ნეტა არ უნდა ხმა გასცეს ვინმემ! აგერ ინათა და მიხაც გამოჭიმულია დოინჯით მაღლა სერზე, იქიდან დასცქერის თავისს სამფლობელოს და ელოდება: აბა, საით დამიძახებენ, იქით მივაშურო. ისე ბჭყვიალებს ამ სერიდან მიხას გვერდზე ჩამოკიდებული ყბაამოჭრილი ტაბტი, რომ კაცს მეორე მზე ეგონებოდა, მხოლოდ ჩრდილოეთიდან ამოსული. პატარძლებმაც იციან ჩვეულებრივი მიხას სამეველო კოშკი და დიდხანს არ ალოდინებენ. მიიდებენ შუბლზედ ხელს და ეძახიან: “მამამთილოოო! აქ ჩამობძანდი, წუხელის ვირი მგელმა დაგვიგლიჯა და უწამლე რამე”. “ვაი, შენ ჩემო თავო”, წაიბუტბუტებს მიხა და ერთს წუთს დანიშნულს ადგილას გაჩნდება, გადმოალაგებს თავისს ჩანთა-მანთას, ამოშლის ჯიბიდან სააფთიაქოს და მერე წყნარად, თითქოს “საიდუმლოს” ასრულებსო, შეუდგება ოპერაციას. თან უჯავრდება, რატომ არ დამიძახეთ მგელი რომ მოგივარდათ, ერთი მეტაცნა იმისთვის ყურებში ხელიო. მაგრამ იმისთანა ბედნიერი წუთები, იმისთანა შემთხვევა მთელის თავისის დიდების გასაშლელად, როგორც მანდილოსანთა ბელადობაა (თვით მიხა ასე ეძახდა), სხვა არა იყო-რა მიხას სიცოცხლეში; ის კი არ გეგონოთ, ვითომც მიხა დალაქი მუქარის თითით, ან ამოღებულის ხმლით მიუძღოდა მანდილოსანთ მომდგარ მტერზე რისხვის დასაცემად. არა... ის მედიდურად, დარბაისლურის ნაბიჯით მიუძღვებოდა იღლიაში ბოღჩა ამოჩრილს პატარძლებს სოფლის ბოლოს ვენახებში ცერცვ-სამარხვ-ლობიოს მოსაკრებად; ბედნიერი იყო, ბედნიერი ამ დროს მიხა დალაქი! დღეს მას ჰქონდა ჩაბარებული მთელი სოფლის მანდილოსანთა პატიოსნება, დღეს იგი იყო გმირთა გმირი, რომელიც ვინიცობაა შემთხვევას მოეტანა, უნდა გაჰმკლავებოდა ამონკედილის სამართებლით მარტოდ... ვის? თვითონაც არ იცოდა ვის!

“მიხა დალაქს გაუმარჯოს”, აძლევენ სალამს გამვლელ-გამომვლელნი მანდილოსანთა ბელადს. მიხა ჯერ მარცხენა თვალის ქუთუთოს აათამაშებს სიამოვნების ნიშნად, მერე მარჯვენა თვალით გადაჰხედავს მათ ისეთნაირად, თითქოს ეუბნება: “ჰა, ცოტა განზედ დამცილდით, ხომ ჰხედავთ ვის მოუძღვები - თორემ...” ბოლოს ჩაახველებს და დაატანს ზედ თავ-გაზვიადებული: “გაგიმარჯოს”. დღეობა-ქორწილებში რომ გენახათ, ხომ სწორედ დიაგორის მდგომარეობაში იყო. მიწაზე ფეხს არ დააკარებინებდნენ ახალგაზდა ბიჭები, სულ ხელიდან ხელში გადაჰყვანდათ ობოლი მარგალიტივით. მღვდლის მერე სუფრაზე ალაგი იმას ეჭირა. მღვდლის მერე კერძს მას მიართმევდნენ, ძალიან დაახლოვებული და შეხუმრებულიც იყო მიხა დალაქი მღვდელთან, აბა მას აქეთ რამდენი ხანია და წიოდლებს ეხლაც ახსოვთ, ერთხელ აღდგომის დღეს რომ ასე უთხრა მღვდელს: “ნეტა, მამაო, ი ხენწიფე იმპერატორმა იმითანა უქაზი-კი გამოცეს, რომა ღვდელებმა დღეის ამას იქით თავი და წვერი უნდა იკრიჭონო”. “მერე შენ რა?” - ჰკითხა მღვდელმა. “ისა მამაო, რომ, - მიუგო მიხა დალაქმა, - ეს თქვენ რომ სხვასა ჰკრეჭამთ, ერთი მეც მენახა თქვენი ნაკრეჭის გემო”. დაჰკრა ხალხმა ტაში და დაიწყო ხარხარი.

მარტო ლხინსა და წვრილმანს საქმეში-კი არ იღებდა მიხა მონაწილეობას. არა ის ჭირშიაც ყველას მამიდა იყო და ყველას ჭირისუფალი. აგერ სოფლის სასაფლაო მოფენილია ხალხით და თვით საფლავები ტაბლებით. მიხა დალაქიც აქ გახლავთ. ხან ერთს საფლავთან მივა, დაიზუზუნებს, ხან მეორესთან, თანაც ლურჯი ხელსახოცით თვალებს იწმენდავს... არ-კი გეგონოთ, ვითომ ფლიდობით მოსდიოდეს ეს მიხას. არა, მიხა დალაქი და ფლიდობა!?. მართალია უნდოდა დაენახვებინა ტაბლის პატრონისათვის: “ჰა მეც აქა ვარ, გარიგებაში ჩემს წილს ნუ დამაკლებთო”, მაგრამ ისიც სწორია, რომ მიხა დალაქს მართლაც გული შესტკივოდა მიცვალებულისადმი. ზაფხულში, როდესაც კაცის ჭაჭანება არ იყო წიოდაში, სიცოცხლითვე გამოტირებული ბებრუხანები დაუმარხავნი დარჩებოდნენ, თუ მიხა დალაქი არ იქნებოდა; იგი მეწისქვილე ბეროს შემწეობით გასთხრიდა ყოვლად-წმიდის ფერდაში საფლავს, შეუკვეთდა კუბოს, მოიწვევდა მღვდელს და დიდის თავში ცემით, მოთქმით და მოძახილით მიაბარებდა მიცვალებულს შავს მიწას. მეწისქვილე ბეროსთან ძმად იყო გაფიცული. პატარაობაში, როდესაც ჯერ ისევ კოჭაობას თამაშობდა, ბეროსა და იმას მოეწონათ ერთმანეთი და “წამწამი დანაყეს” ძმობის ნიშნად. მას აქეთ არ უღალატნიათ ერთმანეთისათვის. სულითა და გულით უყვარდა მიხას ბერო და ბეროს მიხა დალაქი. ერთს დღეს რომ არ ჩასულიყო მიხა წისქვილში, ბერო მას საყვედურით აავსებდა: “რა არის კაცო-და, დამივიწყე და, აღარ მამხედე-და, იქნება ვკვდებოდი და არ უნდა მომხედო?”.. “სადა მაქვს მოცლა, მე და ჩემმა ღმერთმა, რომ თავბრუ მეხვევა საქმისაგან: იქით მიდექ, აქეთ მოდექ, იქ წადი, აქ წამოდი და მეტი დღეც აღარ არი, ხო იცი, ერთი სოფელია და მე” - უპასუხებდა მიხა ფქვილისაგან ჯანიანად გათეთრებულ ბეროს. მერე დასხდებოდნენ წისქვილ წინ, მოიგონებდნენ თავიანთ წარსულს, გამოიტირებდნენ თავიანთს ჯეელ ბიჭობას, აქედან გადავიდოდნენ იმაზე, თუ ამ წელს კალოობა როდის გათავდება, რამდენი ქორწილი იქნება ამ შემოდგომაზე იმათ სოფელში, რამდენი დასამარხი ეყოლებათ ამ ზაფხულს; მეტადრე ამ უკანასკნელში თავის დღეში არ მოტყუვდებოდნენ. სულ თითებზე ჩამოგითვლიდნენ, რამდენს, ან ვის ბებერს აქვს სიკვდილის დრო. აქ მიხას რაღაც მოაგონდებოდა და ცრემლებით აევსებოდა თვალები. “ჰე, დაგელოცა ღმერთო სამართალი, ასის წლის ბებრები ცოცხლები არიან და ჩემი თინანი კი გვირგვინ ქვეშ გამომაცალე”. იტყოდა ამას და მოჰყვებოდა ქვითინს. განა სატირელი არა ჰქონდა? მისი თინანი, მისი მშვენიერი თინანი ბეროს ნათლიდედა! ამოუჯდებოდა ბეროსაც გული და სლუყ-სლუყებდა. დიაღ, მიხას ერთს დროში მეუღლე ჰყვანდა და სიკვდილმა “გვირგვინ ქვეშ გამოაცალა”, თუმცა ამაში სტყუოდა მიხა დალაქი; გვირგვინს ქვეშ-კი არა, სწორედ თხუთმეტი წელიწადი ეწეოდა გურგენიანთ თინანი ხეტელაანთ მიხასთან უღელს; მაგრამ ყველაფრის გაზვიადება უყვარდა მიხას. ეხლაც ისე არ გადაივლის ყველა-წმიდის ფერდაზედ, რომ არ ჩასძახოს თინანის საფლავს: “ადამიანო, რად დამაობლე, რად დამისხი ცეცხლზედ წყალიო”. ეჰ ნეტა იმ დროს, როდესაც მიხა დალაქი თინანის შეჰღირღიტებდა. რა ბიჭი იყო მაშინ, რა ბიჭი თავზე, მამალს ბუზს არ ისობდა. კოხტა, ახლა როგორი კოხტა! ხანდისხან დარდიმანდობაში თავს სდებდა, თუმცა ღვთის წინაშე მიხას დარდიმანდობისა არა ეტყობოდა-რა. “ბევრი გოგოსთვის ამიტოკებია გული”, ეხლაც იტყოდა ხოლმე მიხა დალაქი ჯეელ ბიჭებში. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, ხოლო ის კი ვიცი, რომ გოგოები მიხას “გირვანქას” ეძახოდნენ მეტ სახელად და ხანდისხან ფანტაზიით მორთულს თავგადასავალს რომ მოჰყვებოდა ჯეელებში, უცებ მოაგონდებოდა ეს გულსაკლავი სიტყვა “გირვანქა”, გასწყვეტდა ლაპარაკს და ალმური აედინებოდა სახეზედ, თითქოს ქურდობაში დაიჭირესო. ამ უკანასკნელს დროს მიხას კვლავ აუფუნდრუკდა გული. ტატალაანთ სოფიოს შერთვა მოინდომა. ბერო მაჭანკალი იყო. საქმე საქმეზედ იყო მიმდგარი, მაგრამ... მაგრამ, ჰე, ნეტავი ეს კი არ მოაგონდებოდეს და! ეხლაც სირცხვილით იწვის. მთელი სოფელი აყაყანდა, ქალები საცა-კი დაინახავდნენ მიხას, რომ არ გაეცინათ, არ შეიძლებოდა და ბიჭებმა შაირიც-კი გამოუთქვეს და წიოდას დარბაისელნი ყურში ასმენდნენ. “გაგიჟდა, სამოცი წლის კაცი ცოლს ირთამსო”. ერთი სიტყვით, ძალიან აწყენინა მიხას სოფელმა, თუმცა განზრახვაზე ხელი ააღებინეს, მაგრამ მთელი ორი თვე გულხელდაკრებილი, იმისთანა მწუხარე სახით დადიოდა, რომ თითქოს შეურთავს ორმოც-და-ათის წლის ტატალაანთ სოფიო, ახლა მოუკვდა და იმას გლოვობსო. “ჰე, თუნდა შამერთო, მე ის თინათინობას ვერ მიზამდაო”, დაატანდა ხოლმე მიხა, როდესაც თავის სიყრმის მეგობარს ბეროსთან ერთად გამოიტირებდა კარგა ხანია გარდაცვალებულს თინანის. მერე ხმელის პურით და ცივი წყლით გაიგრილებდნენ გულს და გამოემშვიდებოდნენ ერთმანეთს. ნახევარ საათის შემდეგ ამოჰყოფდა მიხა თავს ისევ წიოდაში. ასე და ამგვარად მიგოგავდა მისი ცხოვრება. ბედნიერი იყო მიხა დალაქი, იგი მთელს წიოდას უყვარდა და ბედნიერი იყო წიოდა, იგი მიხა დალაქს უყვარდა. მაგრამ ერთს ზამთარს მთელს წიოდას თავზარი დაეცა. აღარ ჰყვანდათ მიხა დალაქი! იგი საუკუნოდ გამოემშვიდობა წიოდას და თავის თინანისთან წავიდა წიაღსა შინა აბრაამისასა. აი როგორ მოხდა ეს ამბავი: შობის წინა დღეებში მიხა როგორღაც ხაზმუზიანობდა, ამბობდა, მჭვალი მადგაო. წიოდელებს, ცოტა არ იყოს, არა სჯეროდათ, რადგანაც მიხამ ხანდახან განებივრება იცოდა. ყველანი ბედნიერის დღის მოლოდინში იყვნენ, ემზადებოდნენ, მხიარულად შეჰგებებოდნენ შობას. ამ ფაცაფუცში იგი არავის გაჰხსენებია. თურმე ამ დროს საწყალი მიხა-კი თავისს პატარა ქოხში, რომელიც სოფელზე ცოტა მოშორებით იდგა, სიკვდილს ებრძოდა, და როდესაც ბერომ კარები შეაჭრიალა, რათა თავისი მეგობარი ხვალისათვის გოჭის თავზე დაჰპატიჟოს, რა წარმოუდგა მის თვალებს! მიხას ფეხები თავთან მიუტანია, მოკრუნჩხულა ჭიტი გორგალივით და განუტევებია სული. ბერომ კარგა ხანი უცადა გაშტერებული. მერმე ხელი შეახო და ისეთი დაიღრიალა, რომ ქოხის ჭერმა ზანზალი დაიწყო. ერთს წუთს მთელს წიოდაში ელვასავით გავარდა ხმა: “მიხა დალაქი აღარა გვყავსო!” რიგისა გამოდიოდა მიხას სახლიდან, რიგისა შედიოდა, რათა მისი ობოლი გვამისთვის ცრემლი დაეფრქვიათ. ბერო კი ერთს წუთსაც არ მოჰშორებია მიცვალებულს. პირველი ჭირისუფალი ის იყო უნათესავო მიხასი და მას მიუტირებდნენ ხოლმე. დამარხეს მიხა სოფლის ხარჯზე. ან ვინ რას დაიშურებდა მისთვის; თავისი დღენი წიოდელების სამსახურში დალია მან უსასყიდლოდ, დამარხეს იგი თინანის გვერდზე. ეს ბერომ მოიწადინა. გულუბრყვილო ბერომ, რომელმაც უკანასკნელად ჩასძახა საყვარელ მეგობარს საფლავში: “გრცხვენოდეს, მიხავ, რომ არ შემატყობინე, როცა ჰკვდებოდიო”. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხვა შენი, მიხა დალაქო. მე ამას ოცის წლის ამბავს მოგახსენებთ. დიაღ, მას აქეთ ოცი წელიწადი გავიდა, მაგრამ წიოდელებს ჯერაც არ დაჰვიწყებიათ საყვარელი მიხა დალაქი. ეხლაც მანდილოსნები ისე არ ახსენებენ მას, რომ არ დაიზუზუნონ ნახევარ სიმღერის ნახევარ ტირილის ხმაზე, ისე, როგორც ძველ მკვდრებზედ ტირიან ხოლმე. მამაკაცნიც, რომელთაც კარგა ხანია მოუმთელდათ ნიკაპზე მიხას სამართებლის ღრმად გატანილი კვალი, ხშირად იგონებენ მას სინანულით და ზედაც დაატანენ: “ჰე, იმისთანა დალაქი “ჰეჩ-და-ოლმასო! ”

1895 წ.