The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
აღმართ-აღმართ

აღმართ-აღმართ

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,

სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,

სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული;

იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,

ჩანგმაც თვისი მე იმები დამიწყო.

ხმა სიმართლი შეუპოვრად გაისმა,

(აწ იგი ხმა ვერ ისმინოს გაისმა).

ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე,

ვსთქვი: ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!

და ვიფიქრე ჩემი სატრფო სად არი?

ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?

გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონბდა!

გამიკვირდა! ვსთქვი: მტერს როგორ მონბდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი

ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!

მივაძახე: ჭინჭარში ნუ ვარდები!..

ნუ გგონია იქ ია და ვარდე!

შეიბრალე თავი შენი, იცოდე!

მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!

არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,

და დამასო საუკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,

თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?

ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!

დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,

ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!

დაივიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის!

ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!

1876 .