The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გაბზარული გული

გაბზარული გული

პირველი კარი

I

... იყო და არა იყო რა, აბა, ღვთის უკეთესი ვინ იქნებოდა! იყო ერთი უხვი, ძლიერი თავადი თავის ყმითა და მიწა-წყლით. იმისი სახელი განთქმული იყო მთელ სამეფოში. და მეფეც ძალიან აფასებდა იმის კეთილ-ზნეობას და სიუხვეს; ნამეტნავად იმის ყმების გალაღებას და კმაყოფილებას.

ყოველ-დღე მეფის კარს აუარებელი ხალხი მიდიოდა საჩივრით, თუ თხოვნით. მეფეც ყოველ-დღე ისმენდა იმათ საჩივარს გულისყურით, ასამართლებდა, ასაჩუქრებდა და ისე ისტუმრებდა. მაგრამ მეფეს ჩვეულებად ჰქონდა: როცა მთხოვნელი, ან მომჩივანი წარუდგებოდა, უეჭველად ჰკითხავდა: “ვისი ყმა ხარ?” ერთხელაც არ უხსენებია ამოდენა ხალხს კაციას სახელი. დანარჩენი თავადების ყმა თითქმის ყოველთვის ათობით და ოცობით მოდიოდა.

- ეს რა ამბავია, რომ კაციას ყმა ერთიც არ მინახავს ჩემს კარს, და სხვებისას კი ვერ ავდივარ?!.. - შეეკითხა მეფე მთხოვნელთ და მომჩივრებს.

- იკურთხოს შენი სახელი, დიდებულო მეფევ!. - უპასუხეს ერთ-ხმად... - კაციას ყმები, დიდებულო მეფევ, ჩვენ ბატონებზე უკეთ ცხოვრობენ და ვიღას უნდა შეჩივლონ თავიანთი ბედნიერება?!.

მეფე ჩაფიქრდა. ცოტა სიჩუმის შემდეგ კიდევ შეეკითხა:

- კარგი... თუ კი მაგრეა, აქნობამდის თითო-ოროლა მოდიოდა მომჩივარი... ამ ბოლო დროს კი თქვენი რიცხვი მატულობს. რისთვის მოხდა ეს ასე?.. წინათ კარგები იყვნენ თქვენი ბატონები, და ახლა რამ გააუკუღმართავა?!.

- იკურთხოს შენი სახელი, დიდებულო მეფევ! წინათაც ისეთები იყვნენ, მაგრამ წინათ კაცია იხიზნებდა დევნილთ. აუარებელი ხალხი შეეხიზნა. ამისათვის შენ არ გაწუხებდნენ... დღეს კი, რაც თავისუფალი მიწა-წყალი ჰქონდა კაციას, სულ შეხიზნულებს უბოძა... არც ერთი ხიზანი იმის მიწა-წყლიდან აღარ გამოსულა, ყველა ეყმო. ახლა ერთი ხიზანიც აღარა ჰყავს და იმასთან ახლად მისულს მარტო რამდენიმე დღით იხიზნებს.

- რაც მიწა-წყალი მქონდა, ყველა ყმებს უჭირავს, თავისუფალი მიწა აღარა მაქვს, მოგცე. მაშ შენ სტუმარი ხარ. მესტუმრე, და გაგაცილებ უშიშარ ჩემ მეზობელ თავადამდის.. - ხომ მოგეხსენება, დიდებულო მეფევ, სტუმრობა დიდი ხნით არ შეიძლება ჩვენისთანა ხალხისათვის?!. ხიზნობასაც ვთაკილობთ, რადგანაც ისევ ის სტუმრობაა, რადგანაც ბატონი მიწა-წყალს გვაძლევს უსასყიდლოდ. ამიტომ ეყმნენ ხიზნები კაციას და იმის ოჯახისთვის იკისრეს დამოკიდებულება...

- ხიზანი მეტის-მეტად მორცხვი და მოხათრებული სტუმარია!.. - გააწყვეტინა მეფემ სიტყვა... - ხიზანი, თუ კი იმას რითიმე გაუმასპინძლდი, ცდილობს თავის შრომით შეინახოს თავი და მასპინძელი არ შეაწუხოს, მასპინძელს არა ავნოს რა...

- ჰო და, დიდებულო მეფევ, ამისთვის ეყმნენ კაციას, რომ სტუმრობა ხანგრძლივი არ გამოსულიყო. დღეს კი იმათ ყმობამ სხვებს ხელ-ფეხი შეუკრა და აღარ იციან, საით წავიდნენ, რადგანაც კაციას თავისი ყმების შეწუხება არ უნდა. ამისთვის არის, რომ ახლა შენ გაწუხებთ ჩვენი ჩივილით. სხვა თავადებთან კი ვერ მივსულვართ, რადგანაც ერთი მეორეზე უარესია...

II

კაცია ბატონი მარტო ამით არ იყო განთქმული; მარტო ეს ქება არა სმენია მეფეს კაციაზე... უფრო თავის ასულით იყო განთქმული...

კაციას ჰყავდა მზეთუნახავი ასული ეთერი. იმის სახელი მთელ სამეფოს ბატონებში იყო განთქმული, თუმცა კი იმის მნახველი არავინ იყო...

...“კაციას ასული ეთერი!.. კაციას ასული ეთერი!” სულ ამას გაიძახოდნენ სამეფოს საცოლო ბატონიშვილები და, თუ ეთერი ცოლად არ გაყვებოდა, ნახვით მაინც ენახათ. ეთერის ცოლად შერთვა კი ყველას ეწადა და ამისათვის ყოველ-დღე მთხოვნელი მთხოვნელზე მოდიოდა. ან კი რატომ არ მოუვიდოდნენ მთხოვნელნი?!

ეთერის სილამაზე, თუმცა მნახველი არავინ იყო, აუწერელი იყო, და იმის მამის ქონება კი ყველასათვის სანუკვარი იყო, რადგანაც კაციას ძე არ ჰყავდა და სიძე იქნებოდა იმის მამულის პატრონი.

მიწა-წყლით და ყმით კაციას სამეფოში თუ პირველი ადგილი არ ეჭირა, მეორე მაინც ეჭირებოდა...

კაცია ვერა ბედავდა თავის ასულის დაუკითხავად რაიმე გადაჭრილი პასუხი მიეცა. თავის ასულის სურვილი მონა იყო და, აბა, უიმისოდ როგორ დაიჭერდა საქმეს...

ერთხელ მამამ უთხრა თავის ასულს:

- შვილო, კარგა მოღერებული ხარ... დრო არის იფიქრო შენს ბედზე და...

- მამავ, დიდიხანია ვფიქრობ და ველი ჩემს ბედს ამ კოშკში...

- ჩემო ნუგეშო, მაშ ამოგირჩევ მრავალ მთხოვნელთაგან ღირსეულს და გამოგიგზავნი აქ!.. - სიხარულით წამოიძახა მამამ და გადაკოცნა თავის ასული...

- არა, მამავ, გამომიგზავნე ყველა მთხოვნელი, და თვითონ ამოვარჩევ ჩემ საქმროს...

- შვილო, ვაი თუ შესცდე, და მაშინ რაღა ვქნა?!.

- არა, მამავ, თუ შევცდი, მაშინ მონელება ჩემთვის ადვილი იქნება. შენი შეცდომა კი ჩემთვის მოუნელებელი იქნება. მოუნელებელ ქვად ჩამერჭობა სხეულში, და შენი სიყვარულიც შეიბღალება...

- არა, შვილო, არა!.. შენ ნებას ავასრულებ.

- აგრე, მამავ... - უპასუხა ასულმა და გამოემშვიდობა.

და, აჰა, თითქოს ყოველ-დღე უგზავნიდა თავის ასულს მთხოვნელს. ბევრი ისეთი ახალგაზრდა გამოაბრუნა, რომ მამასაც კი ჯავრი მოუვიდა...

მიიღებდა თუ არა მთხოვნელს, მაშინვე ყურთ ერთი და იგივე სიტყვები შემოესმოდა: “ოხ, მშვენიერებავ, ცის კიდემდის შენი სიმშვენიერის ხმა მიწვდა, და მართალიც ყოფილა... შენ”...

- მერე რა გნებავს?! - სიტყვას უეცრივ აწყვეტინებდა მზეთუნახავი.

- შენი მონობა, შენი ყმობა!.. მიბრძანე და, აი, მუხლს ვიდრეკ შენს წინ...

- მძულს მონა!.. - ცივად უპასუხებდა და გატრიალდებოდა.

გაწბილებული ნანაჯოგიანად გადაიკარგებოდა ხოლმე და რამდენიმე თვის განმავლობაში თვალით აღარავის ეჩვენებოდა...

რა სურდა ეთერს, რო ეგრე უმოწყალოდ ექცეოდა მთხოვნელებს?!. ამან კაცია სადარდელში ჩააგდო, მაგრამ ვერ უმხელდა. თუ მამა ვერას მიუხვდა, აბა, სხვა ვინ რას მიუხვდებოდა, რადგანაც ეთერი თავის გულის თქმას არავის ანდობდა, გარდა მთვარისა, ისიც იმ დროს, როდესაც სოფელი მთლად ძილს მიეცემოდა. მაშინ გამოაღებდა თავის კოშკის სარკმელს და მთვარეს მიმართავდა ნაღვლიანად: “ჰოი, მთვარევ, ჩემო ერთგულო, ყურთ-უჩურჩულე ჩემი სახელი, თუ ის სხვაზე ვისმეზე ფიქრობს... გააბი შენი სხივების ქსელი ჩემსა და იმის შორის, რომ ამოძრავდეს იმისი გული ჩემთვის ისე, როგორც ჩემი ძგერს იმისთვის!.. ოჰ, მთვარევ, თუ კი ვეღირსე ჩემს წადილს და ოდესმე დედოფალი გავხდი... მთვარევ, ჩემო ერთგულო, მაშინ შენ გემონები მთელ სამეფოთი”...

ასე მოსთქვამდა ხოლმე ეთერი სიმღერით და თმაგაშლილი, თითქმის დასაძინებლად გამზადებული მთვარეს ემუდარებოდა...

რო გაეგოთ იმის გულისთქმა. მაშინ იმდენი მთხოვნელი კი აღარ მოუვიდოდა. ჩქარა მოახერხებდნენ მეფის ძის მოსყიდვას და აათვალისწუნებინებდნენ. თითონ მამასაც რო გაეგო, აღშფოთდებოდა და შეემუდარებოდა, გულიდან ამოეღო ეს წადილი, მაგრამ არავის ეყურებოდა, რადგანაც მხოლოდ მთვარეს ანდობდა და ისიც იმისთანა დროს, როდესაც მთელ სოფელს ეძინა...

III

... სწორედ ეთერის კოშკის პირდაპირ ერთი საოქრომჭედლო იყო, რომელშიაც ერთი მოხუცებული ოქრომჭედელი მუშაობდა თავის შეგირდით. მოხუცი დილით მოვიდოდა, მუშაობდა, და საღამოთი სახლში მიდიოდა. საოქრომჭედლოში კი იმის შეგირდი რჩებოდა. მეტის-მეტად კეთილი კაცი იყო ოქრომჭედელი და ამისთვის ძალიან კარგად ექცეოდა თავის შეგირდს. თითონ შვილი არ ჰყავდა და თავის საოქრომჭედლოს შეგირდს უმზადებდა. უხაროდა ოქრომჭედელს, სიხარულით ცას ეწეოდა, რომ ასეთი კარგი შეგირდი გამოადგა, და ამით ამაყობდა. არ შემარცხვენსო, - ხშირად ეუბნებოდა თავის ცოლს და მეზობლებს. ახლავე მჯობნის ხელობაში და შემდეგ უფრო დახელოვნდება ჩემი მახარე და ჩვენ ხელობას ძირს არ დაუშვებსო!..

მართლაც გულმოდგინედ მუშაობდა მახარე... სულ იმის ფიქრში იყო, თუ როგორ გამოეყვანა თავის ოსტატისაგან ნაჩვენები ნიმუში. ხშირად, ძალიან ხშირად ოსტატზე უკეთესად დაამუშავებდა ხოლმე სხვა და სხვა ნივთებს... და, აი, ამისთვის აღტაცებით იხსენიებდა ოსტატი თავის შეგირდს!..

როდესაც კი ოსტატი თავის სახლში წავიდოდა, მახარე უფრო გულმოდგინედ მუშაობდა. წმინდა სამუშაოს თავს ანებებდა, რადგანაც ძნელი იყო მკრთალ სინათლეზე მუშაობა. ამ დროს ის ლითონების გადადნობ-გადმოდნობას, მორგვალებას, გამოწკეპას, ან კიდევ სხვა რამ საქმეს იჩენდა, მეორე დღისთვის წმიდა სამუშაოსთვის მასალის შემზადებით...

ასე მუშაობდა მახარე საოქრომჭედლოში, როცა გონს ჩავარდა და თავის ხელობას შეგნებულად შეხედა. ისე გაერთობოდა ხოლმე მახარე, რომ ხშირად მამლის ყივილიც კი თავს ატყდებოდა. მაშინ კი საჩქაროდ წვებოდა, რომ დილით ადრე გაეღვიძნა და წმინდა სამუშაოსთვის ხელი მოეკიდნა...

ერთ საღამოს, როდესაც სოფელს უკვე ეძინა, ასე გართულს მახარეს შემოესმა ნაზი ხმა. ყურები აცქვიტა და სმენად გადაიქცა... სულ მოულოდნელი იყო მისთვის ამ დროს ეს ხმა. განცვიფრებულს სამუშაო მიავიწყდა, საბერველი მოუდუნდა, გადნობაზე მიმდგარი, გავარვარებული და მოელვარე ლითონი თან-და-თან უმაგრდებოდა, და ცეცხლიც ფერფლის ლეჩაქით ებურებოდა... და აგერ ლითონი სულ გაცივდა. ქურაში ცეცხლმა ცხრა-კეცი ფერფლის ლეჩაქი თბილ საბნად წაიხურა... მიიძინა...

მახარეს ხელი მაინც არ მოძრაობდა... იჯდა მარახე, სმენად გარდაქმნილი და უნებურად მთელის არსებით მიილტოდა ხმისაკენ, რომელიც ხან მედგრად ეფრქვევოდა თავს და ხან-კი ნაზად, ტკბილად ეგუგუნებოდა და ესალმუნებოდა...

უნებურად ფეხაკრეფით, მოკრძალებით, თითქოს ეშინოდა... თითქოს კი არა, მართლაც შეგნებულად ეშინოდა თავის მოძრაობისა, ხმაურობით არ ჩაგლიჯოს ეს ნაზი ბადე ციური ხმისა...

გავიდა მოწიწებით საოქრომჭედლოს დერეფანში და...

ამ დროს ხმა მისუსტდა. კოშკის სარკმელში ბროლისაგან ნაკვეთ ქანდაკებას ოდნავ თვალი მოჰკრა, რადგანაც სარკმელი დაიხურა... და ხმაც მისწყდა...

მახარე საშინლად ააღელვა ამ გარემოებამ. ის წამიერი ნეტარება ნაღველად შეეცვალა, და თავის თავს სასტიკად დაუწყო ყვედრება. ეგონა გარედ რომ არ გასულიყო, ის ხმა არ შეწყდებოდა... დაძმარებული შევიდა საოქრომჭედლოში და მთვარის შუქზე ქურა თვალებში წაეჩხირა. ლითონს ხელი წამოავლო და იატაკზე გადაახეთქა. ლითონმა თავისებური ხმა გამოიღო...

ეს გარემოება მახარეს ყურადღებას არასდროს არ მიიქცევდა, მაგრამ ახლა-კი ხმით მოჯადოებულისა მიიქცია. უცნაურ ხმად ეჩვენა ეს რაღაც წკრიალი იმ ხმასთან შედარებით, რომელიც ჯერ ისევ ყურში უტრიალებდა. მახარემ ლითონი აიღო და ხან წკიპურტის დარტყმით, ხან ქვის და ჩაქუჩის დაკვრით და ხან კიდევ ისევ იატაკზე გადაგდებით ლითონს ახმაურებდა და ადარებდა ყურებში ჩარჩენილ ხმას...

უკვირდა მახარეს, რომ ლითონსაც ხმა ჰქონდა... თითქოს წინათ არასოდეს არ სმენიაო, ისე კვირობდა.

აკაკუნებდა მახარე და ენატრებოდა, იმ ხმას დამგვანებოდა. ერთი ლითონიდგან მეორეზე გადადიოდა და ეძებდა მსგავს ხმას...

IV

დილით მოვიდა ოქრომჭედელი და განცვიფრდა, როდესაც მახარეს შეხედა და იქაურობა სულ არეული იყო. კიდევაც შეეშინდა ოქრომჭედელს, ჭკუა ხომ არ აერიაო, ისეთი საშინელი გამომეტყველება ჰქონდა მახარეს.

- რას ეძებ, შვილო?! - სიყვარულით შეეკითხა ოქრომჭედელი მახარეს და ნაზად მხარზე ხელი დაადო.

- ხმას, ოსტატო, ხმას!..

შეეშინდა ოქრომჭედელს. ამ პასუხმა სულ დაარწმუნა, რომ მახარეს თავზე რაღაც ამბავია. ალერსიანად ხელი მოხვია მახარეს და ხმის კანკალით უთხრა:

- შვილო, უთუოდ მთელ ღამეს არ გეძინა... დაღლილობა გეტყობა!.. წამოდი, დაიძინე და... მე დავალაგებ აქაურობას.

მახარე გამოერკვა ამ სიტყვებზე. მიიხედ-მოიხედა და შეკრთა, როცა დაინახა იქაურობა... თაროებიდან სულ იატაკზე გაებნია სხვა და სხვა ძვირფასი ნივთეულობა, არც ერთი ნივთი თავის ადგილზე აღარ იდო.

სირცხვილისგან დაიწვა მახარე. თავი ჩაღუნა და რაღასაც ლუღლუღებდა...

- ნურა გენაღვლება რა, შვილო, ნურა!.. - უფრო ალერსიანად უთხრა ოქრომჭედელმა მახარეს და თითქმის ძალად წაიყვანა ტახტისკენ...

გაუხარდა ოქრომჭედელს მახარეს გონს მოსვლა. ახლა საშინლად შეებრალა. ეგონა, ღამე ავი სული რამ მოელანდა, ან დაეცა, რომ ასეთი დაუხვდა, და ჩქარა გონს მოსვლას არ მოელოდა... “მადლობა ღმერთს, ჩქარა გამოერკვაო!..” უსიტყვოდ ღმერთს მადლობა შესწირა და კიდევ უფრო დაჟინებით ურჩევდა მიწოლას...

- დავწვები, ოსტატო, დავწვები!.. მაგრამ ჯერ ავალაგებ და...

- თავად ავალაგებ, შვილო, შენ ნურა გედარდება რა!..

უძილობამ თავისი ქნა: მიწვა თუ არა, მაშინვე ჩაეძინა...

კარგად მოსამხრებული იყო, როდესაც მახარეს გამოეღვიძა. ჯერ გონს ვერ მოვიდა. ეგონა, ოსტატის მოსვლა ვერ გავიგე, ისე ჩამძინებიაო. დილა ეგონა. “თავის დღეში ესეთი არა დამმართნია რა, და ახლა რაღა ღმერთი გამიწყრაო”, გაიფიქრა და საჩქაროდ წამოდგა...

ოქრომჭედელი თავჩაღუნული მუშაობდა, შენიშნა თავის შეგირდის მოძრაობა, მაგრამ არ შეხედა. ვითომ არ შეუმჩნევიაო, ისე მუშაობდა. უნდოდა - მოეფიქრა თითონ შეგირდს და გონს მოსულიყო...

ასეც მოხდა. შეგირდი წამოდგა თუ არა, მაშინვე ოქრომჭედლისკენ წავიდა, რომ ბოდიში მოეხადნა. მაგრამ ერთი ნაბიჯის წადგმაზედვე ყველაფერი მოაგონდა. მაშინვე ცივი წყალი შეისხა თავპირზე და გარდაწყვეტილი აზრით მივიდა ოქრომჭედელთან.

- ოსტატო, წუხელის...

- არა უშავს რა, შვილო, ნურა გენაღვლება რა! შენ წლოვანებაში სხვებს უარესი ემართებათ! - გააწყვეტინა ალერსით სიტყვა ოქრომჭედელმა.

- არა, ოსტატო... რწმენით უპასუხა შეგირდმა: - ჩემ წლოვანებაში უნდა გამოიჩინოს ადამიანმა უნარი მოფიქრებისა და დაკვირვებისა, თორემ სიბერის დროს გვიანღა იქნება...

ოქრომჭედელს ჭკუაში დაუჯდა შეგირდის სიტყვები და უთხრა:

- შვილო, განაგრძე!

- წუხელის გიჟივით მოვიქეცი, და აი, მთელი დღე გავაცდინე იმის მიზეზით...

- მადლობა ღმერთს, გამოერკვიე, თორემ დილას, შვილო, შემეშინდა... - სიხარულით წამოიძახა ოქრომჭედელმა.

უნდოდა შეჰკითხებოდა, თუ რამ ააღელვა ღამე ის, მაგრამ აღარა ჰკითხა გაიფიქრა: ვაი თუ ჩემმა შეკითხვამ ამის საიდუმლოს კარი ამოულესოს, და მაშინ ჩემთვის სულ გაუგებარი დარჩება ამისი საიდუმლოო...

ჭკვიანი და გამოცდილი იყო ოქრომჭედელი...

V

“არა... არა!.. არ შემიძლიან შორიდან ყურისგდება!.. უეჭველად უნდა ვნახო!..” - წამოიძახა მახარემ, როდესაც იმ ღამესაც, იმავე დროს შემოესმა ის ნაზი ხმა... და ქურდულად გარედ გავიდა.

თუმცა მახარემ გარდასწყვიტა, მუყაითად ემუშავნა ამ ღამეს და ყურადღება აღარ მიექცია, თუ კიდევ განმეორდებოდა ის ხმა, მაგრამ პირველ გაგონებაზედვე მკლავი მოუდუნდა და სმენად გარდაიქცა.

მხოლოდ ერთმა სურვილმა-ღა შეიპყრო მახარე: რაც შეიძლება მალე ნახოს ამ ნაზი ხმის ბუდე... სხვა ყველაფერი მიავიწყდა...

...გავიდა თუ არა, ფეხაკრეფით დაუპირდაპირდა კოშკის სარკმელს, საიდანაც გამოჩუხჩუხებდა ეს ხმა, და მთლად მოდუნდა... ბოძს მიეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.

ბადრი მთვარე დაქათქათებდა არეს. პირდაპირ მთვარისკენ ხელთარქმნილი ბროლის მკლავები აღეპყრა და მოსთქვამდა თავის ვედრებას ეთერი.

ვედრების სიტყვები არ ესმოდა მახარეს, მაგრამ ხმა კი, იმის მხურვალე შინაარსი თავის ძლიერის გრძნობით და სინაზით ძვალსა და რბილში უჯდებოდა.

თუმცა ეთერის მთვარის შუქზე მოძრაობას, სახისა და სხეულის მოხაზულობას გარკვევით ვერ ამჩნევდა მახარე, მაგრამ ეს გარემოება ხომ უფრო საოცნებოდ ხდიდა თითქმის პერანგის ამარა, თმაგაშლილ ეთერს...

მოჯადოვებული მახარე იდგა დერეფნის ჩრდილში, და თავში რა არ უტრიალებდა!..

ახლა ის მომჯადოვებელი ხმა უსაზღვროდ აღიზიანებდა მახარეს, როდესაც ამ ხმის პატრონ ეთერს, ბროლისაგან ნაკვეთს, სარკმელში მოღაღადეს ხედავდა.

ქალმა დაასრულა თავის ძილისპირი მთვარისადმი და მიიმალა...

წამს მახარე თითქოს გაქრა... აღარ არსებობდა... აღარც მთვარე აშუქებდა...

მახარე გამოერკვა და...

ბევრი რამ გაუგონია ეთერის სილამაზეზე... ბევრჯელ უსურვია - თვალი მაინც მოვკრა, მაგრამ ის ხომ მზით უნახავი იყო. ახლა კი, აი, თურმე მთვარით სანახავი ყოფილა და მერე რა ყოფილა!...

ჭაბუკი აიწვა და გულჩაწყვეტით ხელი ჩაიქნია...

ზლაზვნით შევიდა საოქრომჭედლოში და მოუჯდა ქურას. უსურვილოდ საბერველი დაუბერა და დაიწყო ლითონების დადნობა...

“მიუწვდომელია ვიღაც ხელოსნისთვის ეს სიმშვენიერე, თუმცა ვინც უნდა იყოს, მახარეზე ძლიერად არავის ეყვარება ის... ის”... - ფიქრობდა მახარე ამ დროს და თან ეთერის მოძრაობა, მთლად ის, თავის ხმით, გავარვარებულ ქურის ალში ელმასნებოდა...

VI

მამლის ყივილს ჩაასწრო. გარდაწყვეტილის აზრით მიწვა და მაგრად დაიძინა...

მეორე დილით ოსტატს ჩვეულებრივის მუშაობით დაუხვდა და ერთმანეთში სრულებით არ მოუგონიათ იმ ღამის ამბავი.

მთელ დღეს ჩვეულებრივ მუშაობდნენ ოქრომჭედელი და მახარე. ერთად ისადილეს. საღამომდის ერთად იყვნენ ოქრომჭედელი და იმისი შეგირდი. ოქრომჭედელს არავითარი ცვლილება არა შეუნიშნავს რა, გარდა მომეტებული დაფიქრებისა. მაგრამ ოქრომჭედელმა ამის შესახებ კრინტიც არ დასძრა.

საღამოთი გამოემშვიდობა მახარეს და სახლში წავიდა...

- ქა, ჩვენმა შვილობილმა ხელცარიელები კი არ დაგვტოვოს, კაცო!.. ცოტა ფხიზლად მოვექცეთ, - წამოიძახა ოქრომჭედლის ცოლმა, როდესაც მოუსმინა თავის მეუღლეს მახარეს შესახებ...

- რას მეუბნები, ადამიანო, მაგის გაფიქრებაც კი ცოდვაა!.. მე კი მგონია, ახლა ის მომწიფდა და კარგ ნაყოფს რამეს გამოიღებს. გუშინდელმა იმისმა საქციელმა, ცოტა არ იყოს, შემაშინა. მაგრამ დღეს კი გუშინდელი საქციელი მიხსნის იმის დღევანდელ ჩაფიქრებულ მოქმედებას... ის ლითონებში რაღაცას ეძებს!... თუ რას ეძებს, ამას ჩქარა დავინახავთ, თუ არ მოტყუვდა მახარე...

- შენ უკეთ იცი, მაგრამ რასაც უნდა ეძებდეს, მოძებნოს, და ჩვენ კი მშრალზე არ დავრჩეთ... მხოლოდ ამას გეუბნები...

ოქრომჭედელმა უკმაყოფილოდ შეიკრა შუბლი, მაგრამ ცოლს აღარ გასცა პასუხი და დასაძინებლად მოემზადა.

ოქრომჭედელი მიუხვდა მახარეს. ამ დღეს მახარე დინჯად მუშაობდა ჩაფიქრებული, მაგრამ თავის ხელის მოძრაობით კვერის ხმარებაში გამოჭედვის დროს სულ ამხელდა თავის სულისკვეთებას.

წინა ღამეს გადასწყვიტა: “თუ ეთერის ხმა დავისაკუთრე, თითონ ვეღარსად წამივაო”...

ეს ისე გაუჯდა მახარეს ძვალსა და რბილში, რომ ჭეშმარიტებად მიაჩნდა. იქნება ქურის ალმა და ლითონმა შთააგონა ეს, რადგანაც ალსაც და ლითონსაც თავის ნებაზე ამოძრავებდა. ამ ძლიერის რწმენით ჩაიძინა და ამავე ძლიერი რწმენით გაიღვიძა. ახლა უკვე გარდაწყვეტილი ჰქონდა: თუ ეთერის დამორჩილება მინდა, უნდა ჯერ იმის ხმა დავიმორჩილო და ჩავაქსოვო ლითონში და შემდეგ კი თავისთავად თითონ ეთერიც ჩემ ხელთ იქნებაო”...

სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ოსტატს ასე მშვიდად დაუხვდა... ჩაფიქრებული სხვა და სხვა ლითონებში მუშაობის დროს ეთერის ხმას ეძებდა, რომელიც ასე მკაფიოდ, განუწყვეტლივ, თითქოს იდუმლად, უმღერდა. ლითონის ყოველ ხმაურობას ადარებდა იდუმალ ხმას, კიდევ სცდიდა მეტ-ნაკლებლივი ხელის მოძრაობით და ღრმად უკვირდებოდა იმის ხმის კრინვას... თუ კი ეთერის ხმას რაიმე ლითონის კრინვა მოაგონებდა, ის მეტის და მეტის გულმოდგინებით სცდიდა სხვა და სხვა ხელის ძალით და სისწრაფის მოძრაობით...

ამ დღის მუშაობით სრულებით კმაყოფილი დარჩა მახარე, რადგანაც რამდენიმე ლითონის კრინვაში ეთერის ხმის ოდნავი მსგავსება ჰპოვა...

როდესაც ოსტატი გამოემშვიდობა და მარტოკა დარჩა, მახარემ სწრაფად ხელი მოჰკიდა შემჩნეულ ლითონებს და დაუწყო ცდა. გულმოდგინედ მუშაობდა: ხან ცალ-ცალკე, ხან შეერთებულად სცდიდა, მაგრამ სრულ მზგავსებას ვერა პოულობდა...

მთვარეც ამოვიდა ამ დროს, და ეთერის კოშკის სარკმელიც გაიღო, საიდანაც სანეტარო ხმა ეთერისა მთვარისადმი მოისმა: “ოჰ, მთვარევ, მთვარევ, ჩემო მეუფევ, შენ გაბარებ ჩემ გულის სურვილს!..”

მახარე მსწრაფლად დერეფანში გავარდა, ბოძს აეფარა და იქიდან ადევნებდა თვალყურს ნეტარ ქანდაკების ხმის და სხეულის რხევას.

მოჯადოებული მახარე დიდხანს იდგა ისე და მხოლოდ თავის ქანდაკების მოძრაობით სტკბებოდა. იმისთვის არ არსებობდა არც მთვარე, არც საოქრომჭედლო და არც თუ დედამიწა...

ქანდაკება გადმოეკიდა სარკმელს... მკერდი მთლად სარკმლის გარედ ჰქონდა შიშველი, ბროლად ნათალი მკლავები მთვარისკენ მიპყრობილი...

“...ჩემო ღვთაებავ, მეფის წულს უთხარ... იმის სურვილით თავბრუ მეხვევა... ბევრ ვაჟკაცთ უარის თქმითა გული ჩავუკალ... შენ გელი... გელი, ჩემო საუნჯევ!.. ასე უთხარი, ასე ასწავლე, ჩემო უფალო...”

ახ!..” წამოიკვნესა მახარემ ამ სიტყვების გაგონებაზე და...

- მაშ მეფის წული ესურვება?!. მე კი... მე მაინც ვაღმერთებ და ვეძებ... ვეძებ... რას?!.”

ღრმად ჩაფიქრდა.

ეთერი კი გუგუნებდა და მთვარეს ევედრებოდა, რათა დახმარებოდა, მეფის წული გადმოებირებინა ამისკენ, რადგანაც მთვარე იმის და ყველასიც მესაიდუმლე არის და როგორც მოისურვებს, ისე შეაკავშირებს ქალსა და ვაჟს...

“...არა!.. - წაიბუტბუტა მახარემ, როდესაც მოაგონდა წინა ღამის გადაწყვეტილება, - ისე მოხდება, როგორც მე მინდა”...

და კიდევ ღრმად ჩაფიქრდა...

მთვარე მაცდურ სხივებს გარშემო აბნევდა და ყველას იმედს აძლევდა... აღფრთოვანებული ეთერი უფრო მეტად უმატებდა სხეულისა და ხმის მოძრაობას...

მახარე კი, ღრმად ჩაფიქრებული, ცდილობდა გამოეცნო, თუ ეთერის ხმას როგორ დაჰპატრონებოდა და ლითონებში ჩაექსოვა... მაშინ... მახარეს რწმენით... ეთერიც იმისი იქნებოდა...

ახედა მომღერალ ეთერს და... ახ... ახლა კი მივხვდიო!..” ნისლი მოშორდა იმის შუბლს, აღტაცებით მიაპყრო თვალები ეთერის ბაგეს... უფრო გონების თვალით ხედავდა, ვიდრე ნამდვილით ეთერის ბაგის მოძრაობას, და ამის ბაგეც, თითქოს სარკედ გარდიქცაო, უხმოდ ამოძრავდა. თან მარჯვენა ხელს თავის ენის მოძრაობას აყოლებდა...

თვალი არ დაუხამხამებია, ისე უმზერდა ეთერის ბაგეს და ამოძრავებდა თავის ბაგესაც ისე, როგორც ის. თან მარჯვენა ხელსაც აყოლებდა.

როდესაც ეთერმა უკანასკნელად აღგზნებულად წამოიმღერა:

“შენ ხარ უფალი, ჰოი, მთვარევ, ჩემი სულის და გულის და იმისაც... გევედრები. შეგვაერთე... შეგვა...ერ...თეე...”- და სარკმელი დახურა, მახარეს ბაგე გაეყინა და ხელიც შეუდგა უკანასკნელ მოძრაობაზე...

ასე მთლად გაყინული უმოძრაოდ იდგა, და გონება კი საშინელის სისწრაფით მუშაობდა...

დიდ ხანს იდგა ასე მახარე გაყინულად... შემდეგ ბაგე აატოკა. ხელიც აამოძრავა და ეთერის სიმღერის დროს ამოძრავებული ბაგე და ხელი სისწორით ისევ ისე უხმოდ აამოძრავა, თითქოს ეთერი ისევ სარკმელთან მღეროდა და მთვარეს ევედრებოდაო...

რაკი დაასრულა მახარემ უნაკლულოდ გამეორება ბაგისა და ხელის მოძრაობისა, აღტაცებით შევარდა სამჭედლოში და შეუდგა მედგარ მუშაობას...

ახლა უკვე მიხვდა: თუ უნდა ლითონმაც ისეთი ხმა გამოიღოს, როგორიც ადამიანს აქვს, ადამიანის გაღებულ ბაგის სახე უნდა მისცეს და შიგ ენასავით ლითონივე უნდა დასრიალობდეს...

უმთავრესი შებოჭა და სიამოვნებით მიწვა, რათა ძილში მოეპოვებინა ძალა წვრილმანების შესამუშავებლად...

უძილობით ძალიან დაიქანცა და ახლა, რაკი ერთი გარდაწყვეტილება მიიღო, დამშვიდდა, სწრაფად ღრმა, გამასიცოცხლებელმა ძილმა შეიპყრო...

VII

მახარე გულმოდგინედ მუშაობდა. ოქრომჭედელმა თითქმის დაამშვიდა თავისი ცოლი, რომ მახარე ისეთს არას ჩაიდენს, რომ ისინი აზარალოს. გული მაინც სხვას ეუბნებოდა ოქრომჭედლის ცოლს და უსიტყვოდ საიდანღაც გულის სიღრმიდან თვალის გამომეტყველებით აფრთხილებდა თავის ქმარს...

მახარე კი დღე და ღამ წვრილმანებს ირკვევდა, თუ როგორ მოემწყვდია ეთერის ხმა ლითონებში... უმთავრესი მოევლინა და ახლა წვრილმანებმა, თითონ უმთავრესის გამოსახვამ გაართულა საქმე, რადგანაც ლითონი კვერს და ცეცხლს ემორჩილებოდა, მაგრამ ყველას თავისი ხმა ჰქონდა, რანაირი სახეც უნდა მიეცა ცალკე ლითონისთვის.

წვრილმანის აღსრულება, შემუშავება უფრო ძნელი გამოდგა. მაგრამ მახარეს დაუღალავმა გონების მუშაობამ და მუდმივ ლითონების წრთობამ ესეც სძლია...

დიდი შრომის შემდეგ შეიმუშავა სახე ბაგისა და ლითონის დადნობით ჩამოასხა ბაგე ადამიანისა, მხოლოდ ენას... ენას ვერ აბამდა და ხელით ახმაურებდა...

ერთი კვირის შემდეგ ესეც სძლია... თიხისგან გააკეთა ისეთი ფუღურო ბაგე, რომელშიაც ჩაისხმებოდა ლითონი და, შემდეგ გაციებისა, შეიძლებოდა თიხის დამტვრევით თიხის ბაგის მაგივრად ლითონის ბაგე მიეღო... შუაში ენის ჩამოსაკიდიც იყო...

მახარე იმ დროსაც კი მუშაობდა, როდესაც ეთერი ემუდარებოდა მთვარეს. ახლა მახარე გარედ აღარ გამოდიოდა, და ამ დროს იმისი შრომა გონებისა, თუ ხელისა უფრო ორკეცდებოდა.

ბევრი დაბრკოლება გადაეღობა წინ. ერთი ლითონისგან ჩამოასხა ბაგე, ენაც ჩამოაბა, მაგრამ ერთი გარემოება დაავიწყდა: ყუნწის გაკეთება. დაიჭერდა ხელში თუ არა და ენას აამოძრავებდა, ლითონს ხმა სულ ეხლიჩებოდა და, ეთერის ხმას კი არა, თავისასაც კი სრულებით აღარ ემზგავსებოდა... ამითაც გული არ გასტეხია. უფრო მეტის გულ-მოდგინებით შეუდგა მუშაობას... შეიმუშავა ახალი ბაგე თიხისა, უფრო მოზრდილი, ყუნწიც გაუკეთა, პირველმა ცდამ დაარწმუნა, რომ ეთერის ხმა ერთ ლითონში ვერ მოემწყვდეოდა... ვერ ჩაედნობოდა... და ამისთვის აიღო მახარემ სხვა და სხვა ლითონი, რომლებშიაც კი ჰპოვებდა ეთერის რთული ხმის ნაწილებს, და ისე შეაზავა, როგორც მოესმოდა იმის ყურს... ლითონის მეტ-ნაწილს იღებდა, რომელშიაც ეთერის ხმა მეტად გამოიხატეოდა, ხოლო ნაკლებს იმ ლითონს, რომლისაც ეთერის ხმაში ნაკლებად მოისმოდა...

ოთხი თუ ხუთი ლითონი მეტ-ნაკლებობით აიღო და ერთ ღამეს, როდესაც ოქრომჭედელი სახლში წავიდა, დადნობას შეუდგა... ჯერ მაგარი, ძნელად სადნობის ლითონის კერძი ჩადო დასადნობად ქოთანში... იმან რო დნობა დაიწყო, მიუმატა კერძი უფრო ადვილად დასადნობისა და ასე თანდათანობით აღებული ლითონები ერთ მასალად აქცია...

დიდი ხანია, ეთერმა თავის ჩვეულებრივი გოდება მთვარისადმი გაათავა...

მახარეს არც კი შეუმჩნევია ეს გარემოება...

დიდი ხანია, რაც პირველად მამლებმა იყივლეს...

არც ეს გაუგია მახარეს...

ხშირი მამლის ყივილი რომ გაჩაღდა, მხოლოდ მაშინ გასწორდა წელში და სახეგაბრწყინებულმა გადაჰხედა თავის ქნარს...

იმითაც უფრო კმაყოფილი დარჩა, რადგანაც თიხის ბაგემ თავის ყუნწით დაიტია მდნარი ლითონები და შევსებას არ დააკლდა... ესაც დიდი გამარჯვება იყო მახარესი... ასე მეტ-ნაკლებობის წინდაწინვე გამოზომვა მასალისა სახის ტეულობის მიხედვით...

მახარემ გამოაღო კარი და დერეფანში გავიდა. იმისი პირველი გონმოსული ადამიანის თვალის სხივი ეთერის კოშკის სარკმელს ეკვეთა...

ვერც კი შეამჩნია ცის მომშვენიერება... ბუნების გამოღვიძება... და ადამიანთა ამოძრავება...

- მახარე, გეტყობა, კარგად გამოგიძინია, რომ ეგრე დამშვიდებული სახე გაქვს!.. - შემოესმა ოქრომჭედლის ხმა მახარეს...

მახარემ მოიხედა და მართლაც ოქრომჭედელი წინ ედგა.

მხოლოდ ახლა შეამჩნია გათენებაც, გამვლელ-გამომვლელიც და...

- არა, ჩემო მამავ (მამას ეძახდა მიმართვის დროს მახარე ოქრომჭედელს), წუხელის ერთ წუთსაც არ წამილულავს თვალი, ვმუშაობდი...

- ოქრომჭედელი გაშტერდა... თვალი ააყოლ-ჩააყოლა თავის ახარეს... თავის შეგირდს... თითქოს ის არის... და ის არ არის... ვეღარ იცნო... ხმა, კილო ლაპარაკისა თითქოს მახარესია, მაგრამ მახარესი... იმ შეგირდი მახარესი, რომელიც გუშინ საოქრომჭედლოში დასტოვა? იმისი არ არის!..

“ამ ერთ ღამეს ასე გამოცვლა?!. - კვირობდა ოქრომჭედელი... - ეს ახლა შეგირდი კი არა, ჩემი ოსტატის კილო და... არა”...

- მახარე, მართლა არა გძინებია? - შეეკითხა ოქრომჭედელი, განცვიფრებისგან რო გამოერკვია...

- განა როდესმე სიცრუე შეგიმჩნევია, ჩემო საყვარელო მამავ?!. - კითხვითვე უპასუხა მახარემ...

ოქრომჭედელი ახლა კი დარწმუნდა თავის გულუბრყვილობაში, თუ აქნობამდის ვერ ამჩნევდა ცვლილებას თავის შეგირდში...

- ვწუხვარ, ჩემო მახარე, რომ აქნობამდის არ შემიმჩნევია შენი ზრდა... თითქოს ამ ერთ ღამეს გაზრდილხარ კი არა, დავაჟკაცებულხარ. ისე მეჩვენები...

- არა, მამავ, წუხანდელი ღამე ჩემ ხნოვანებას მხოლოდ ერთი ღამით მიემატა... რაც შეეხება დავაჟკაცებას, ამაზე კი არ ვიცი, რა გითხრა... ვგონებ, მართალი ხარ... ის არა ვარ, რაც გუშინ ვიყავი. ამ ღამემ გუშინდელი მახარე და დღევანდელი ძალიან დააშორა...

- ჰოო, მაშ არ მოვტყუებულვარ, ჩემო მახარევ!.. - წამოიძახა ოქრომჭედელმა და განაგრძო: - დღევანდლამდის შეგირდი მყვანდა, ასე ვფიქრობდი, დღეს, კი გამობრძმედილი ოქრომჭედელი მყავს ამხანაგად. ახლა, ჩემო მახარევ, უნდა იშოვო შეგირდი და... - გული აუჩუყდა, და ცრემლებით თვალები აევსო... - შვილო, შენ უნდა უხელმძღვანელო ამ საოქრომჭედლოს... მო, შვილო, გულში ჩაგიკრა და დაგლოცო, - წაილუღლუღა და ხელები გაუწოდა...

- მამავ! - გულ-აჩუყებითვე წამოიძახა მახარემ... - ოდნავ წატორტმანდა და მოდუნებული გულში ჩაეკრა ოქრომჭედელს და...

რამდენიმე ღამის თევამ, განუწყვეტელმა მუშაობამ და მღელვარებამ თავის გავლენა იქონიეს მახარეს გაკაჟებულ სხეულზედაც... ნამეტნავად ოქრომჭედლის ლმობიერმა სიტყვებმა გაკვეთეს იმისი დაჭიმული ძარღვები და უეცრივ მოეშვა...

გაფითრებული მახარე ძლივას შეიყვანა საოქრომჭედლოში ოქრომჭედელმა და საწოლზე დასვა...

წყლის შეპკურების შემდეგ მახარე გამოერკვა, საშინელი დაქანცულობა იგრძნო და მიწვა...

- მამავ, მაპატიე ჩემი ასეთი მდგომარეობა... - უთუოდ დავიღალე... - ძლივას ლაპარაკობდა მახარე...

- ნუ სწუხარ, შვილო, ვიცი, რაც შენს თავს არის...

- მერე ყველაფერს გიამბობ... ახლა კი... ახლა... კი... ახ... ლა... ეხ... - მიეხუჭა თვალები, და ღრმად სუნთქვა დაიწყო მახარემ...

ოქრომჭედელი დიდხანს იდგა მახარეს თავით და ისმენდა მახარეს მშვიდ სუნთქვას... “საწყალი მახარე, ვინ იცის, რამდენი ღამე ათია... - ფიქრობდა ამავ დროს - მაგრამ... პირველად როდის შევნიშნე?!. ჰო, თითქმის თვეა, ანგრეული საოქრომჭედლო რო დამიხვდა... მას შემდეგ”... მიიხედ-მოიხედა და საოქრომჭედლო აათვალიერ-ჩამოათვალიერა... “დამიძველდა საოქრომჭედლო... - განაგრძო უსიტყვოდ ფიქრი... - დროა გაახლებისა... ახლა მახარე იზრუნებს... მე კი”... კიდევ მიათვალიერა და თვალი მოჰკრა რაღაც ხუფს, თუ რას...

ფეხ-აკრეფით მივიდა და ხელი შეახო. უნდოდა აეღო, გაესინჯა, მაგრამ ხელი დაეწო. ზევიდან დაუწყო შინჯვა... ვერ გაიგო, თუ რა არის...

ცოტა ტრიალის შემდეგ, იფიქრა: უკვერო სამუშაოს გავაკეთებ რასმე, რომ მახარე არ გავაღვიძოვო”, და ახადა ნივთების და ლითონების ყუთს თავი, რათა ამოეღო სამუშაო, მაგრამ რას ხედავს?!.

ოქრომჭედელი განცვიფრდა, ლითონები თითქმის სულ აღარ იყო ზანდუკში და გაკეთებულ ნივთებისა კიდევ - ნახევარი...

VIII

... ოქრომჭედლის ცოლმა სადილი მოუტანა ქმარს და მახარეს, მერე სამხარი, მაგრამ მახარეს ისევ გაუნძრევლად ეძინა. ოქრომჭედელი კი ჩაფიქრებული ერთ სამკაულს დასცქეროდა და უაზროდ ატრიალებდა... როგორც მახარეს სადილისა არა გაუგია რა, ისე ოქრომჭედელმა ხელი არ ახლო სადილს, და როდესაც ცოლმა სამხრობისას გაკვირვებით წამოიძახა: “სამხარი მოგიტანეთ და თქვენ სადილისთვისაც ხელი არ გიხლიათო”!... ოქრომჭედელმა ტუჩებზე ხელი მიიფარა და წაუსისინა:

- სუ... სუს... მახარეს ძლივას ჩაეძინა... უქეიფოდ არის!..

- უი, დამიდგეს თვალი!.. - წამოძახა ოქრომჭედლის ცოლმა და მახარეს საწოლისაკენ წასვლა დააპირა, მაგრამ ქმარმა კაბის კალთა დაუჭირა და წასჩურჩულა:

- აკი გეუბნები, ძლივას ჩაიძინა!.. ნუღარ ხმაურობ არ გააღვიძო... სამხარი უკან წაიღე და სადილი კი - ვახშმად დაგვიგდე...

ცოლმა წაიწუწუნ-წამოიწუწუნა, გამოჰკრა სამხარი და დაღონებული, ფეხაკრეფით შინისაკენ წავიდა...

ოქრომჭედელი კი ისევ ღრმა ფიქრს მიეცა...

“რვა გაზაფხულის ბალღი ავიყვანე მახარე... ათმა განვლო უკვე და ჯერ არც ერთი ურჩობა არ მახსოვს... ჩემ დაუკითხავად, ჩემ ურჩევლად არა გაუკეთებია რა და... ახლა კი, აგერ ერთი თვე იწურება კიდევაც... ეს ბალღი რაღაცას ცოდვილობს და აქნობამდის არა მკითხა რა”...

ფიქრობდა ოქრომჭედელი და გონს ვერ მოსულიყო, თუ მახარეს რა დაემართა...

მართალია, მახარე დილას შეჰპირდა - ყველაფერს გეტყვიო და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ეს ხომ ის არ არის, როდესაც წინადვე გაუზიარებდა აზრს, ამასაც მოეწონებოდა და ორივე თითქმის შემოქმედები იყვნენ... ორივე სიამაყით იძახდნენ: “ეს ჩვენ გავაკეთეთ!..” რამდენჯერ ყოფილა ეს ასე: აი, თუნდ ის სამკაული, რომელსაც განუწყვეტლივ ხელში ატრიალებს... ეს მთლად მახარეს მოგონილია, მაგრამ მახარემ წინდაწინვე გაუზიარა თავის აზრი, ოქრომჭედელმა მოუწონა, ორივე სიხალისით შეუდგნენ აზრის განხორციელებას. რასაკვირველია, მახარე ასრულებდა; ოქრომჭედელიც გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს... ისიც ხშირად შენიშვნებს აძლევდა... იღებდა მონაწილეობას და... ბოლოს გაკეთებული ნივთი ორივეს შემოქმედებითი საკუთრება იყო...

პირველი სამკაული მაშინვე ბატონმა თავის ქალისთვის შეიძინა, და რაკი იმის ქალს ამკობდა და მთხოვნელნი ბევრნი მოსდიოდნენ და ხედავდნენ, მაშინვე უკვეთავდნენ ოქრომჭედელს შინაურებისთვის...

ახლა ვეღარც კი ასდიოდნენ კეთებას... მახარე მუშაობდა გულმოდგინეთ, ოქრომჭედელიც კი მუშაობდა შემდეგში, უფრო ჩონჩხზე...

ეს იყო საყურე...

მახარეს ძალიან უყვარდა ბუნება... და ცდილობდა ყოველგვარი სამკაული მიემსგავსებინა...

ერთ გაზაფხულს საყურეს აკეთებდა. საყურე ტლანქი ნიმუშისა იყო. აკეთებდა ისე, როგორც მიღებული იყო... ოქრომჭედელი კი ქალს ელაპარაკებოდა, რომელიც სწორედ საყურისათვის შემოსულიყო.

- ამ წუთს არა გვაქვს და, თუ მერე შემოივლი, მზად გვექნება!..

- როდისღა მერე?.. - შეეკითხა ქალი... - დღეს მინდოდა!...

- მახარე, საღამოსათვის იქნება?!.

მახარემ აიხედა და თვალ-წინ წარმოუდგა ლამაზი ქალი, რომელმაც ოქრომჭედლის შეკითხვაზე მოიხედა. მხარზე პატარა პეპელა ეჯდა ქალს და, აი, სწორედ იმან უფრო აუმუშავა გონება. უეცრივ გაუელვა თავში: “ეს პეპელა რო ყურის ბიბილოზე ეჯდეს, რანაირად დაამშვენებდა!!.” და მაშინვე პეპელისფერ ლითონს ხელი მოჰკიდა და თავის განაფიქრის განხორციელებას უნდოდა შესდგომოდა...

- მახარე, გაიგონე, რა გკითხე?! - ხელმეორედ დაეკითხა ოსტატი...

- როგორ არა, მამავ, ეს უკვე მზადაა, ემ წუთს გავათავებ, მაგრამ, თუ ხვალ საღამოთი გამოივლის, მაშინ დავუმზადებ ძალიან ლამაზ საყურეს.

- არა, გეთაყვა, ეგ ახლავე დამიმზადე, თორემ ხვალ საღამოთი აღარ მეცლება. დღეს ჩვენებიანთ შროშანას ქორწილი აქვს და...

- მაშ ახლავე!.. - სინანულით წამოიძახა მახარემ და სულ რამდენსამე წუთში დაუმზადა ტლანქი საყურეები...

ქალს მხარზე ისევ ის პეპელა ეჯდა და ნაზად არხევდა ფრთებს. მახარე ადგა, მიუახლოვდა ქალს და ჩუმად ხელი წაატანა პეპელას.

ვერც ქალმა და ვერც პეპელამ ასეთი მოქმედება მახარესი ვერ შეამჩნიეს. ორივენი, ჯერ პეპელა და მერე ქალი, სახტად დარჩნენ, როდესაც მახარემ პეპელას ფრთები დაუჭირა და სწრაფად ყურის ბიბილოზე უეცრობით პეპელის ხშირად ამოძრავებული ფეხები მიადო... ქალიც მთელი თავის სხეულით ატოკდა და შეჰკივლა:

- უი, ეს რას ემსგავსება?!.

ოქრომჭედელმაც გაკვირვებით შეხედა მახარეს, თუმცა კი არ იცოდა, თუ საქმე რაში იყო.

- აბა, მამავ, შენ თითონ სცადე, არ მოუხდებოდა ამ პეპელის მსგავსი საყურე?!

ახლა კი მიჰხვდა ქალიც და ოქრომჭედელიც, თუ მახარემ რა განზრახვით ჩაიდინა ეს... მარტო პეპელა ვერას მიხვდა და ხშირად ამოძრავებდა ფეხებს...

- ახლა პეპელეები ამიბი ყურს!.. - კისკასით წამოიძახა ქალმა - ემაგეების ასხმა რო მდომებოდა, აქ კი აღარ მოვიდოდი!.. - ჩაიდო ჯიბეში საყურეები და გამოემშვიდობა ორივეს.

მახარემ ნაღვლიანის სახით ნაზად პეპელა ისევ დაასვა, მაგრამ პეპელა სწრაფად შეფრთხიალდა და მოშორდა ქალის მხარს, თითქოს იწყინა ქალის სიტყვებიო და დერეფანში გასრიალდა... მახარეს მარტო მადლობის ნიშნად ორ თითზე ფრთის ნაზი ფერფლი დაუტოვა.

როდესაც ქალი გავიდა, მახარემ დაწვრილებით გაუზიარა თავისი ფიქრი ოქრომჭედელს... ისიც დაფიქრდა, ჩაუკვირდა და აღტაცებაში მოვიდა...

მაშინვე მახარე დასვა, თავს დაადგა და შეუდგნენ ორივე მუშაობას... არ შეუსვენიათ, ვიდრე თავიანთი განზრახვა ოდნავად სისრულეში არ მოიყვანეს. ეს ნასადილევს იყო. სამხარი რომ მოუტანეს, დასხდნენ, სიამოვნებით ისამხრეს, თან ისევ იმ მუშაობაზე - პეპელა-საყურეზე ლაპარაკობდნენ:

- მართლა, რა კარგი იქნება: ქალი ლაპარაკობს, საყურე ირხევა და პეპელის ფრთების ოდნავ რხევას ემსგავსება. - ამბობს ოქრომჭედელი...

- ემსგავსება კი არა, თითქოს ცოცხალი პეპელა ქალის ბიბილოს დაჰკონებია და ეალერსებაო!..

- მართალს ამბობ, ჩემო მახარე, მართალს!.. ძალიან კარგი რამ იქნება, თუ კი ცოცხალ პეპელას დავამსგავსეთ...

სულიერი განცდა ოქრომჭედლისა ისეთივე იყო, როგორიც მახარესი, ორივენი განიცდიდნენ შემოქმედთა კმაყოფილებას.

მართლაც მეორე დღეს პეპელა-საყურე რომ გაათავეს, და კარგიც გამოვიდა, იმათ სიამოვნებას საზღვარი არა ჰქონდა. სიამოვნება უფრო გაუორკეცდათ, როცა ბატონმა ნახა და მაშინვე თავის ქალისთვის იყიდა...

მერე რამდენი მოდიოდა და სთხოვდა პეპელა-საყურეს! გაკეთებას ვეღარც კი ასდიოდნენ. ორივე გულმოდგინედ მუშაობდა...

განა მარტო პეპელა-საყურე იყო?!. რამდენი სხვა რამ სამკაული გააუმჯობესეს მახარემ და ოქრომჭედელმა!..

მაგრამ უფრო საუკუნოებით დარჩა ქინძისთავი პირველწოდებითი სახელით... მაშინ დაერქვა სახელად ქინძის თავი და დღესაც ისევ ქინძის თავს ხმარობენ...

ბატონმა შეუკვეთა ოქრომჭედელს თავის ქალისთვის ოქროს სამკაული შუბლ-საკრავის დასამაგრებლად თავიანი მამალი ნემსი (უყუნწო თავიანი). მახარემ მეორე დღეს ჩვეულებრივი მამალი ნემსი უსახო თავით სადილობამდის დაამზადა და გადადო... სადილად ლობიო მოუვიდათ... თან სანელიც მოაყოლეს... როცა აიღო სანელი და უნდოდა მოეყარა, ხელში რაღაც მაგარი მოხვდა... ფრთხილად მოაყარა სანელი, და მაგარი კი თითებ შუა შეინარჩუნა... დახედა და მაშინვე მიხვდა, თუ რა იყო. რამდენი უნახავს, ახალი, ჯერ გაუხმობელი... მაშინვე წარმოუდგა თვალწინ ნაზად დახრილი ორივე მხრიდან ოდნავად შეზნექილი გუნდა... ახლა, თუმცა გამხმარი იყო, მაგრამ ხაზები და მოყვანილობა მთლად შერჩენოდა...

- რას დასცქერი აგრე დაჟინებით? - დაეკითხა ოქრომჭედელი მახარეს...

- სანელში ბებერი ქინძიც ჩაუხმიათ, ისე რომ ქინძის თავი შიგ ჩაჰყოლია. - უპასუხა და ქინძის ყვავილის გული გადააწოდა...

ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღიათ. ისადილეს გემრიელად და მოსანელებელი ტკბილი საუბარი დაიწყეს...

- ახლა კი, ჩემო მახარე, გავუთავოთ ბატონს მამალი ნემსი, თორემ მალე მოვა წასაღებად.

- გავათავე კიდევაც, მამავ!.. - და მამალი ნემსი ხელში აიღო...

თითქოს, როცა აკეთებდა, მოსწონდა... მუყაითად მუშაობდა, რათა ლამაზად გამოეყვანა... ახლა კი ტლანქად ეჩვენა...

- გავაკეთე, მაგრამ... რაღაც არ მომწონს...

ოქრომჭედელმა ჩამოართვა და სინჯვა დაუწყო.

- რათა, შვილო, ძალიან ლამაზად არის გაკეთებული!.. ბატონი მადლობასაც გეტყვის.

მახარეს უეცრივ თვალები გაუბრწყინდა, წამოდგა ზეზე და...

- მადლობას გვეტყვის, რასაკვირველია, მაგრამ უკეთესი რომ მივაწოდოთ, მაშინ ათჯერ მადლობელი დაგვრჩება!.. ჩვენ შეგვიძლიან უკეთესი მივცეთ, მამავ!..

- როგორ, შვილო?!

- აი, მამავ, ამ ნემსის თავის მაგივრად რო წეღან ქინძის თავი გაჩვენე. ისეთი გავაკეთოთ და ცოტათი თავი გადმოვხაროთ, რომ გული პირდაპირ გიცქეროდეს, მაშინ ძალიან ლამაზი იქნება...

ოქრომჭედელი ჩაფიქრდა... აწონ-დაწონა და ჭკუაში დაუჯდა...

- მართალს ამბობ, ჩემო მახარე!.. მაგრამ თავის დროზე ეს ჩავაბაროთ... ახალს როცა გავაკეთებთ, ვაჩვენოთ... თუ მოეწონება, მერწმუნე, სიხარულით აიღებს...

IX

...ოქრომჭედელი იჯდა თავის ადგილას და ყოველივე ეს თვალწინ გადაეშალა... თითქმის ამ დროს ოქრომჭედელი განიცდიდა ისევ იმ სიამოვნებას ახლაც, ამ მოგონების დროს, როგორსაც წინათ... მაგრამ, როდესაც მოგონებამ ძალაუნებურად დღევანდელ დღემდის მოიყვანა, უფრო მწვავედ ეჩვენა მახარეს საქციელი, ვიდრე დილას... ეს უკვე მზის ჩასვლის დროს იყო, და აჭრელებულ ცას, თითქოს იწვისო, ცეცხლის ალი გადაჰკროდა დასავლეთისკენ.

მახარემ ამ დროს გამოიღვიძა... თვალების ფშვნეტით წამოჯდა და თვალის გახელისთანავე დაინახა ოქრომჭედელი...

- უჰ, რა ჩამძინებია, შენი მოსვლაც კი ვერ გავიგე, მამავ! - წამოიძახა დარცხვენით მახარემ, წყლით სავსე ჩაფუკას ხელი დაავლო და დერეფანში გავიდა პირის დასაბანად.

ზამთარ-ზაფხულ ჩვეულებად ჰქონდა დერეფანში პირის ბანვა...

გავიდა თუ არა, ოქრომჭედელს უეცრივ მოესმა შეშინებული ხმა მახარესი:

- მამავ, ვგიჟდები, თუ რაა ჩემს თავს!?

ოქრომჭედელი მაშინვე დერეფანში გავიდა და დაინახა: მახარეს ხელიდან ჩაფუკა გავარდნოდა და შეშინებული თვალებით ჩამავალ მზეს შესცქეროდა...

- რა დაგემართა, შვილო?! - თანაგრძნობით შეეკითხა მახარეს და მხარზე ხელი დაადო.

მახარე მთლად თრთოდა.

- ხედავ მზესა!..

- როგორ არა, შვილო!

- განა იქიდან ამოდის მზე?!

- იქიდან ამოდის კი არა, ჩადის, შვილო!.. ახლა მზის ჩასვლაა!..

- როგორ?.. ახ, ახლა ყველაფერი მაგონდება!.. - შუბლზე ხელი გადისო და ჩაიცინა... - მე კი მეგონა: მზეს უკუღმა სიარული დაუწყია-მეთქი...

მახარემ ჩაფუკა აიღო და იქავე საოქრომჭედლოს ახლოს წყაროსკენ პირი ქნა. პირი წყაროსთანვე დაიბანა და სავსე ჩაფუკით მხიარულად დაბრუნდა საოქრომჭედლოში, რომლის დერეფანში, სადაც დასტოვა ოქრომჭედელი, იქვე ღრმა ჩაფიქრებული იდგა...

- მამავ, ახლა ყველაფერი შემიძლიან გულ-ახლიდად გიამბო!.. - მხიარულად მივიდა მახარე ოქრომჭედელთან და ალერსით ხელი მოჰხვია...

- აი, შევიდეთ საოქრომჭედლოში და ყველაფერს გიამბობ.

ოქრომჭედელი ხმის ამოუღებლივ, ისევ ისე სევდიანი გაუძღვა წინ, და ორივენი საოქრომჭედლოში შევიდნენ.

ოქრომჭედელი თავის ადგილას დაჯდა; მახარე კი პირდაპირ თავის ნაწარმოებთან მივიდა და ხელი დაადო... თუმცა ცხელი არ იყო, მაგრამ მახარემ ცივი წყაროს წყალი ჩაფუკით დაასხა... ცოტა ხნის შემდეგ ოდნავ ორთქლმა შებურა ბაგე...

მახარე მივიდა ოქრომჭედელთან და გვერდით მოუჯდა. ოქრომჭედელი თვალს არ აშორებდა...

- აგერ იმ თიხის ბაგეში მოვათავსე ჩვენი ლითონები...

- რა ბაგე, ვისი ბაგე!?. იქ რაღაც ხუფია...

- რა ვქნა, მამავ, სხვანაირ ბაგეში ვერ მოვათავსე იმ ქალის ხმა!..

- ვინ ქალისა?! უზარმაზარი ქალი ყოფილა ის ვიღაც არის, თუ მაგოდენა ბაგე აქვს...

- მამავ, როგორც გეტყობა ნაწყენი ხარ და ამისთვის დაცინვით გინდა სამაგიერო მომიწყო ჩემი დანაშაულობისთვის...

ოქრომჭედელი შეკრთა. მოაგონდა დილანდელი მახარეს გამომეტყველება... შეეშინდა, ისევ დილანდელი სახე არ მიიღოს და თავი შეგირდად არ აგრძნობინოს... ახლა კი მახარე ისევ ისეთი მახარე ელაპარაკებოდა, როგორიც გუშინ... გუშინ-წინ და...

სწრფად კილო შეიცვალა.

- მიამბე ჯერ დალაგებით და მაშინ სხვა იქნება, თორემ ნაწყვეტი ლაპარაკით ვერა გამომირკვევია რა...

- ახლავე, მამავ!.. - და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, თუ როგორ დაებადა აზრი ლითონებში ქალის ხმის ჩაქსოვისა, და ან რამ აიძულა ღამ-ღამობით ემუშავნა...

ოქრომჭედელი თვალს ვეღარ აშორებდა მახარეს და აღტაცებაში მოდიოდა, რომ მახარე იმის თვალ-წინ დილანდელი მახარე იჯდა...

წამოდგა ოქრომჭედელი. მახარეც ადგა. ხელი გაუწოდა მახარეს ოქრომჭედელმა და აღტაცებით უთხრა:

- მომე ხელი!.. ეგ მარჯვენა დამილოცნია, რომელსაც ამდენი რამ გაუკეთებია!.. ხომ იცოდი, მახარე, რომ ყოველთვის გეხმარებოდი... მარტო ეს მაწუხებს: ეს შენი ნამუშავარი რად დამიმალე და თავიდანვე არ მაცნობე?! იქნება დაგხმარებოდი რაშიმე... ახლა კი...

მახარე დაიბნა. ეს პირველად იყო, როდესაც ოქრომჭედელი ხელს უწვდიდა მახარეს, როგორც თანასწორს. მოწიწებით ჩაჰკიდა ხელი გამოწვდილ ხელს და უკანასკნელი სიტყვები რომ გაიგონა, უკვე გაბედულად მოუჭირა ხელი ხელს.

- ვერ გაგიზიარე, მამავ, მხოლოდ უდროობის გამო... ღამ-ღამობით ხდებოდა ყოველივე ეს, და შენ კი ამ დროს აქ არ იყავი, და მეორე დღეს ნაამბობს ვერ განიცდიდი... იქნება ხელიც შეგეშალა, რადგანაც ხმა არ გსმენია... ის ხმა, რომლის შებოჭვასაც ვცდილობდი, უნებურის რჩევით რომელიმე ლითონის ხმაურობისა. მეთხოვა, ღამე გეთია და... ეს ხომ შეუძლებელი იყო...

- რატომ, შვილო, რო გეთქო...

- როგორ, მამავ, განა გავჭედავდი ემაგისთანას?!. არა და არა!..

მთლად დაკმაყოფილებული ოქრომჭედელი სვენებ-სვენებით შესცქეროდა მახარეს...

მახარე კი ამ დროს უფრო დინჯდებოდა და გრძნობდა ზრდას...

- ეგრე, მამავ, თუ ნებას მომცემ, ახლა ჩემ ქნარს მივხედავ... იქნება დროა, გავაშიშვლო, გაჩვენო ხოლოდ-შობილად ბატონის ასულის ბაგე და გაგაგონო, თუ კი მართლა მოვახერხე შებოჭვა იმისი ხმისა...

- ახლა მაგაზე უკეთესს ვერას ჩაიდენ...

მახარემ გადაატრიალ-გადმოატრიალა ლითონით სავსე თიხის ბაგე, ჩაიხედა შიგ და, რა დარწმუნდა თიხის უჟონობაში, ფრთხილად იწყო იმის შემომტვრევა, და მოპრიალე რთული ლითონი თან და თან შიშვლდებოდა... მთლად შემოამტვრია თიხის გარსი და თბილი ლითონის ბაგე სწრაფად გაარბენინა წყაროსაკენ და შიგ ჩადო...

ოქრომჭედელიც უკან გაჰყვა და თვალს არ აშორებდა...

მახარემ რამოდენიმე წუთის შემდეგ ამოიღო ბაგე და საოქრომჭედლოში შეიტანა. დადო თავის ლოგინზე და თავის საბნით წაბურა...

რად ჩაიდინა ეს?!. რო ეკითხნა ოქრომჭედელს, რომელიც უკან დასდევდა, ვერ უპასუხებდა...

ოქრომჭედელი არ ეკითხებოდა. მხოლოდ გაფაციცებით თვალყურს ადევნებდა...

მახარემ წაბურვის შემდეგ, ისევ გააშიშვლა ლითონის ბაგე... ჩამოაბა ენა, ყუნწში გრეხილი გაუყარა და კაჩხაზე ჩამოჰკიდა...

უკვე შეღამდა. დრო იყო ოქრომჭედლის წასვლისა.

ამ დროს ყოველთვის ვახშმობდა შინ... მაგრამ ის შინ წასვლას არ ჩქარობდა და მოუთმენლად ელოდა შემდეგს.

- ახლა კი, მამავ, უნდა გამოვცადო ჩემი ქმნილება... მაგრამ არ მინდა ამ დროს სხვა ვინმემ გაიგონოს შებოჭილი ხმა... მხოლოდ ჯერ-ჯერობით!.. - და კარები მიხურა...

ნაზად, ძალიან ნაზად შეახო ენა ფსკერს და ხელის მოძრაობა გაიმეორა წინა დღეებისა... მოისმოდა ნაზი... ჩუმი, შორიდან მომავალი ხმა. მახარე ამ ხმით გაცოცხლდა... ვეღარ იცნობდა კაცი...

უეცრივ შეწყვიტა ხელის მოძრაობა და აღტაცებით წამოიძახა:

- იცი, მამავ, არ მოველოდი, თუ ასე შევაზავებდი ლითონებს, რომ იმის რთული ხმა შემებოჭნა: ამაღამ შევამოწმებ, როცა ის სარკმელთან მთვარეს შეევედრება, მაშინ კი...

- ამაღამ მეც შენთანა ვარ, შვილო!

- როგორ, მამავ, ეს რომ მცოდნოდა, ხომ პირველ ღამესვე გთხოვდი!.. მაგრამ დედა-ნარგიზა რას იტყვის?!. ხომ...

- არა, შვილო, ახლავე წავალ და დედა-ნარგიზას ვეტყვი, რომ ამაღამ გვიანობამდის არ მივალ და ჩქარა მოვალ. ხომ ბატონის ქალი მხოლოდ სოფლის მიძინებისას იწყებს თავის ვედრებას?! მაშ ბევრი დრო გვაქვს. ერთად წავიდეთ და იქ ვივახშმოთ...

ესა პირველად იყო, რო ოქრომჭედელმა, როგორც თანასწორი, ვახშმად სახლში მიიწვია...

- მამავ, განა შემიძლიან შენთან... - ვეღარ დაათავა, რადგანაც ყელში მომდგარმა მღელვარებამ ხმა ჩაუკმინდა და თვალები კი ცრემლით აუვსო...

- შვილო, მახარე, ახლა შენ ისე უნდა მოიქცე, როგორც ოქრომჭედელი... სრული უფლება გაქვს გაიჩინო შენი სახლ-კარი და... მაგრამ ჩემი სახლ-კარი და ეს საოქრომჭედლოც მე და ნარგიზას გადაწყვეტილი გვაქვს შენ დაგისაკუთროთ...

- მამავ!.. - მეტი ვეღარა თქვა რა მახარემ და ხელი კოცნით და ცრემლებით დაუსველა...

საოქრომჭედლოს კარი გამოიკეტეს და გაჩუმებულები გაუდგნენ გზას...

X

მახარე... ეს განყენებული სახელი და ადამიანი იყო ამ ძლიერი და მშვიდობიანი ბატონის საბატონოში... არავის ახსოვდა იმის მშობლების სახელი და გვარი... მარტო ოქრომჭედელმა და იმისმა ცოლმა ნარგიზამ იცოდა, რომ ამ ათი შემოდგომის წინად რომელიღაც მებატონეს გამოქცეოდა მამა, ცოლი და შვილი შემოსახიზნებლად და საყმობლადაც... მაგრამ მამა მახარესი საზღვარზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა... შეწუხებული დედა მახარესი თავის შვილით მოადგა კარს... უხვად დაუხვდა ოქრომჭედელი ძვირფას სტუმრებს (სტუმარი ყოველთვის ძვირფასი იყო) და ჩქარა შეიხიზნა. მაგრამ მახარეს დედა მოსვლის უმალ ლოგინად ჩავარდა... ჩქარა გონება დაკარგა და ერთი კვირის შემდეგ სააქაოსაც გამოესალმა და საიქიოს დაემკვიდრა...

მახარე დედის გვერდს არ მოშორებია ამ უკანასკნელ დღეებში... როცა მიწა მიაყარეს, მაშინაც კინაღამ საფლავში ჩაუვარდათ, რომ დედის გვერდით ყოფილიყო...

ამრიგად შერჩა მახარე ხელთ ოქრომჭედელს და იმის ცოლ - ნარგიზას...

უშვილო ნარგიზა ვერ შეეგუა მახარეს, რადგანაც არ იცოდა როგორ მოევლო... ორმოცდაათ შემოდგომას გადაბიჯებულ დედაკაცს ახლად დედობის დაწყება გაუძნელდა და ამისთვის ქმარს ურჩია, მახარე საოქრომჭედლოში მოეთავსებინა და თან ხელობაც ესწავლებინა...

საოქრომჭედლოში ამ დროს ჰყვანდა უკვე გაწვრთნილი ხელოსანი და მახარე იმას მიუჩინა... თითონ ყოველ დღე მოდიოდა საოქრომჭედლოში და მახარეს ზრდას თვალყურს ადევნებდა... რვა შემოდგომის მახარე (ეს ცნობა მახარეს დედისგან ჰქონდა მიღებული) დაბინავდა საოქრომჭედლოში, და იმის შემდეგ ფეხი არ შეუდგამს ოქრომჭედლის სახლში...

დედა-მამა ძალიან კარგად ახსოვდა. თუ რამ ალერსი და სიყვარული განუცდია, მხოლოდ მშობლებისაგან, და იმათ შემდეგ კი... გულის კარი დაეხურა.

მართალია, ოქრომჭედელი, იმისი ცოლი ნარგიზა და საოქრომჭედლოს ხელოსანი სიყვარულით ექცეოდნენ, მაგრამ ის არ იყო, რაც დედის, ან მამის გაჯავრებაც კი... გაჯავრებაშიაც კი სიტყვით გამოუთქმელი სიყვარულის სიო ეწნოდა და გულს ულბობდა... და ალერსი ხომ... უბრალო დედის ხელის შეხებაც კი აგრძნობინებდა მშობლის სიყვარულს...

როცა კი მოცლილი ჩაფიქრდებოდა, მაშინვე ოცნებას ეძლეოდა და წარსულ-განცდილი მომავლის ქსელში ახვევდა... გამოფხიზლება კი სიმწვავით აგრძნობინებდა, რომ ის წარსულია და აღარ დაბრუნდება, რომ სამუდამოდ უნდა გამოსთხოვებოდა...

თითქმის თვალ-ცრემლიანი, მაშინვე საქმეს გაიჩენდა და გულს აყოლებდა... უფრო ხშირად დედის უკანასკნელი წამები აგონდებოდა... დედის უგონო თვალები, მაგრამ მახარესკენ მიპყრობილი... იმისი ხელის სავსავი, თითქოს ეძებსო, და რომ შეახებდა მახარეს ლოყებს, ოჰ, რა სიძლიერით აფრქვევდა იმაზე ალერსს... სიყვარულს... სიცოცხლეს!..

რაც დრო გადიოდა და საქმე კისერზე აწვებოდა უფრო იშვიათად ეძლეოდა ამ მოგონებას... როცა ხელოსანი ოთხი შემოდგომის შემდეგ წავიდა, საოქრომჭედლო მთლად კისერზე დააწვა მახარეს, მაშინ ხომ სულ დრო აღარა ჰქონდა ტკბილ მოგონება-ოცნებას მისცემოდა და განეცადა თავის სიტკბო-სიმწარით... მხოლოდ თანდათან უფრო მეტად გრძნობდა ალერსის სიმშილს... სიყვარულისას...

მაგრამ ეს გამოურკვეველი იყო მახარეში... გული დახურული ჰქონდა, მაგრამ შიოდა კი...

მხოლოდ ახლა გააღო გულის კარი, როცა ოქრომჭედელთან ერთად მიდიოდა სავახშმოდ, და თავისდა უნებურად ცრემლებით ჩამობანა თავის სახე... მკაფიოდ თვალწინ წარმოუდგა დედა... მომაკვდავი... ხელების მოფათურე, და იმისი უკანასკნელი ცივი ტუჩების, ვითა სიკვდილის, შეხება, მაგრამ იმისმა ტუჩებმა თუმცა ცივებმა, მაინც თრთოლვით სიყვარული, სიცოცხლე უანდერძეს...

გული ისე მიენელა, მიეფერფლა, რომ წაქცევაზე იყო, როცა ოქრომჭედელმა თავის ეზოს კარი შეაღო, მაგრამ ნების საშინელმა სიძლიერემ გაფანტა მოგონება, სინამდვილეს სასტიკად ჩაებღაუჭა და თითქმის დამშვიდებული, თვალმშრალი ნარგიზას მიესალმა და ალერსით მოიკითხა...

XI

ოქრომჭედელი და მახარე ერთად სულ-განაბულები იდგნენ საოქრომჭედლოს დერეფანში და ელოდნენ მთვარის ამოსვლას. მახარეს გვერდითვე იდგა სამი ლატნისგან გამაგრებული კაჩხა და ზედ მახარეს ქმნილი ბაგე ეკიდა...

ახლა ოქრომჭედელი უფრო მოუთმენელი იყო, ვიდრე მახარე...

ჯერ ვახშმის დროსვე ოქრომჭედელი ძალიან მოუთმენლობას იჩენდა...

ვახშამი ძალიან საჩქაროდ იყო, რადგანაც ამ ვახშმის დროს მეზობლების თანდასწრებით მახარე დალოცა, მიულოცა ოქრომჭედლობა და კიდევაც, რაკი მოხუცებულობა ნებას აღარ აძლევს კიდევ განაგრძოს იქ მუშაობა, მთლად პასუხისმგებლობა მახარეს გადასცა...

გულ-აჩუყებული ლაპარაკობდა ოქრომჭედელი; სხვებსაც გული აუჩუყდა; ნარგიზამ ხომ ცრემლები აფრქვია... რის გამო?! ეს ძნელი გამოსაცნობი იყო.

მახარემაც ძლივას მოახერხა საპასუხოდ რამდენიმე სიტყვის წალუღლუღება... ღვინომ თუ ოქრომჭედელის სიტყვებმა ააღელვა, ვერ გამოერკვია...

- მამავ, ვფიცავ ჩემ მშობლებს, ჩემ გამჩენს... შენს მამობას და ნარგიზას დედობას, არ გავამტყუნო შენი ნდობა!..

მეტი ვეღარა მოახერხა რა...

ყველანი ჩაფიქრდნენ...

- შვილი არა მყავს, - დაიწყო ამის შემდეგ ოქრომჭედელმა, - შვილივით ვზარდე მახარე და, აი, მეზობლებო, თქვენ წინ ვამბობ: მახარე ჩემი შვილია და ნარგიზაც ჩემი აზრისაა... ჯერ მაშინვე ვიშვილეთ, როცა უბედური შემოხიზნული დედა გარდაეცვალა მახარეს... ახლა კი საჯაროდ ვაცხადებთ...

ოქრომჭედელმა აკოცა მახარეს; ნარგიზამ მკერდი გაიხსნა, მახარემ ძუძუს თავი პირში ჩაიდო, და შემდეგ ნარგიზამ გულში ჩაიკრა მახარე; და ალერსით, თითქოს თავის პატარა შვილი უწევსო, ქოჩორი აუბურძგნა...

- აბა, შვილო მახარე, ახლა კი დრო არის!.. - აჩქარებდა ოქრომჭედელი.

- არა, მამავ, ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს... მთვარე ახლა იგვიანებს და...

მოვახშმე მეზობლებმაც დალოცეს მახარე, ოქრომჭედელს და იმის ცოლს ნარგიზას მიულოცეს სანატრელი შვილი, და გამოეღამემშვიდობნენ...

- კაცო, რაზე მიფანტე სტუმრები, სად მიეჩქარები?!. - ცოტა წყრომის კილოთი შეეკითხა ნარგიზა ქმარს, როცა მეზობლები წავიდნენ.

- საოქრომჭედლოში მივეჩქარებით, ნარგიზ!..

- როდის ერთხელ წასულხარ ვახშმის შემდეგ საოქრომჭედლოში, რო დღეს მოინდომე!.. მერე როცა ჩვენი ნაშვილები მახარე პირველად ჩვენთან ვახშმობს... ვგონებ ამ ღამის გათენება სილხინით უნდა შევხვედროდით!.. - ცოტაოდნივ წყენით უთხრა ნარგიზამ ქმარს და ალერსით გადახედა მახარეს.

- არა, საყვარელო დედავ, მამას ტყუილად ბრალსა სდებთ!.. - სიყვარულით უპასუხა ნარგიზას მახარემ: - მამა მხოლოდ ჩემი თხოვნით მოდის საოქრომჭედლოში უდრო-უდროდ; მაგრამ მიზეზი დიდია და ამის გამო უარი არ მითხრა... - ოქრომჭედლის მაგივრად უპასუხა მახარემ ნარგიზას... - მაგრამ საჩქარო მაინც არა გვაქვს რა... მხოლოდ მთვარის ამოსვლისას უნდა იქ ვიყვნეთ...

- ჰო და, თუ კი მაგრეა, ახლა მთვარე სავახშმოდ არის ჩასული და ძალიან გვიან ამოდის... მაშ, რათ გაფანტე სტუმრები?! ხომ იცი, მეზობლები არიან და ეწყინებათ... ეგრე იტყოდი, რომ მთვარის ამოსვლისთვის გაქვთ საქმე, და ისენიც იმ დროისთვის წავიდოდნენ, თორემ...

- თორემ... - გააწყვეტინა სიტყვა ნარგიზას ოქრომჭედელმა... - თორემ კი არა... მაშინ უფრო ნაწყენები დარჩებოდნენ... ხომ იცი, რაც მეტს დალევენ, მით უფრო დიდხანს უნდათ სხდომა... მზის შეხვედრა... შენ თითონ გინდოდა გათენება და...

- იჰ, რაც გინდა, ისა ჰქმენ, შენი ლაპარაკის თავი არა მაქვს... აკი გეუბნება მახარე, საჩქარო არ არისო!..

- დედი, დედი, საჩქარო არ არის მთვარის ამოსვლამდის, მაგრამ იმ დროისთვის ძალიან საჩქაროა... უეჭველად იქ უნდა ვიყვნეთ... მაპატიე, დედი, თუ დროებით მამა მოგტაცე: გეფიცები, ჩქარა მევე მოვიყვან...

- შვილო, მახარე, დარწმუნებული ვარ აგრე იქმნება, მაგრამ ამან რო ისე სასწრაფოთ გაფანტა მეზობლები, ის მაფიქრებს...

- განა, საყვარელო დედავ, ამ სულ უმნიშვნელო გარემოებამ მაგრე უნდა აგაღელვოს?!. დარწმუნებული ვარ, ხვალ ისევე მეზობლურად შეხვდებით, როგორც დღეს და გუშინ...

- მახარე, დროა, წავიდეთ!.. - შეაწყვეტინა გაჯავრებულის კილოთი ოქრომჭედელმა...

- წავიდეთ!...

XII

მთვარის ამოსვლას მარტო ოქრომჭედელი და მახარე არ ელოდნენ... ელოდა აგრეთვე სარკმლის გვერდით მჯდომარე ეთერიც... იცოდა ეთერმა მთვარის ამოსვლის დაგვიანება, მაგრამ, აბა როგორ დაიძინებდა, რო მთვარისთვის არ გადაეცა თავისი გულნადები, არ შევედრებოდა და თაყვანი არ ეცა მთვარისათვის... ახლა ხომ მთვარე ჩქარა ათი დღით გამოესალმება. და მაშინ მყუდროება-სურვილიც არ ექნება ესეთი... რამდენ ხანს მოუნდება ლოდინი ასეთ იშვიათ შემთხვევას...

ჩუმად, შეუმჩნევლად, თითქო კატა ჩიტს ეპარებაო, ამოვიდა მთვარე; თავისი ცივი, მაგრამ თავის სიცივით და უელვარობით ძლიერად მომხიბლავი სხივები კოშკის სარკმელს აფრქვია...

წამიც არ დაგვიანებია ეთერს. დიდი ხანია, ეთერი ამ წამს უცდიდა... მაშინვე სარკმელი გამოაღო და როგორც სატრფოს, ისე მიესალმა:

“ჩემო მთვარევ!.. ჩემო ნუგეშო, მო, მიამბე...

...შეწყდა უეცრივ ქალის ხმა. ეთერს პირი ღია დარჩა... ვეღარ დაათავა თავის გოდება...

მახარემაც შესწყვიტა თავის ხელის მოძრაობა... აღელვებისაგან გაფითრდა და ხმას ვეღარ იღებდა. იმაზე აღელვებული ოქრომჭედელი იყო...

ეთერი შეკრთა, როდესაც თავის ხმასთან ერთად მოესმა მეორე იმისი ხმა...

რა იყო ეს?! იმის ხმის ჰაიჰო”, თუ ქაჯი ემანჭებოდა... წამს კანკალმაც აიტანა...

მახარე და ოქრომჭედელი ააღელვა ეთერისა და “ბაგის” ხმის უცნაურობამდის მსგავსებამ...

მთვარე კი ისევ თავის ძლიერი ცივი სხივების ფრქვევით ეალერსებოდა ეთერს და ამშვიდებდა.

მართლაც დამშვიდდა ეთერი. უფრო მეტი ნდობით გაუწოდა ბროლად კვეთილი მკლავები, რის დანახვამ მახარე შეაჟრჟოლა, და შემოსძახა ეთერმა:

“არ შობილა ჯერ...”

მახარემაც ეთერის ხმის მიხედვით ძლიერად აახმაურა “ბაგე”.

მაცდურიი... ვაიიჰ!...” - მოისმა ეთერის თითქმის კივილი...

მახარეს ხელმაც “ბაგეს” გამოაძახებინა უკანასკნელი ხმა ეთერისა და ისევ ისე უცნაურად მისწყდა “ბაგის” ხმაც, როგორც ეთერისა...

უცნაურ კივილზე გამოიღვიძეს სოფლის ძაღლებმა და არე-მარე აახმაურეს. ამავე კივილმა გამოაღვიძა ეთერის გადიაც, რომელსაც ეთერის გვერდით ოთახში ეძინა, და გულ-გახეთქილი შემოვარდა ეთერის ოთახში. ყურში ეთერის კივილი ედგა...

ოქრომჭედელი და მახარე გაფითრებულები იდგნენ. არ იცოდნენ, თუ რა ექმნათ, როგორ დახმარებოდნენ ეთერს, რომლის მკლავები და თავი უძრავად გადმოკიდული იყო... კოშკი ძალიან მაღალი იყო...

- უი, დამიდგეს თვალები, ამას რას ვხედავ?!. - შემოესმათ ამ დროს კივილი...

- შვილო, მახარე, ახლა კი სახლში წავალ... იმას უშველიან... ბატონი ახლავე ეთერთან გაჩნდება და უპატრონებს... თუ ხვალ რამ მოკითხვა იყოს, ყველაფერი ვუამბოთ... ნურას დავმალავთ!...

- დასამალი რა გვაქვს!..

ჯერ ოქრომჭედელი არ წასულიყო, რო ეთერი ძლიერმა მკლავებმა ასწიეს და სარკმელს მოაშორეს. სარკმელი კი მაშინვე დაიხურა.

ოქრომჭედელი გამოემშვიდობა მახარეს. მეტი აღარა უთქვამს რა, მაგრამ სათქმელი ბევრი ჰქონდა... შინ მიმავალს გულში ჩაენერგა და სულ აუნგრია... აუწეწა გული...

კიცხავდა თავის თავს, რომ არ დაუშალა მახარეს ეს საქციელი... “იქნება მოუვიდეს რამ ეთერს და... ხომ სულ ეს არის პასუხისმგებელი... რას აჰყვა ბალღივით ბალღის ოცნებას და... ოჰ, მთვარევ, შენ გვიშველე... შენ ხომ მოწმე ხარ, ჩვენ ცუდი არა გაგვივლია რა გულში... მაგრამ ჩემ თავზე გეუბნები, გულთამხილავო, მახარეზე არას ვამბობ... იქმნება იმას რამ ჰქონდა გულში... არა.... არა მგონია!...” - და ხელები აღაპყრო მთვარისკენ...

მთვარემ ნაზად ჩამოღიმა... გული დაუმალამოვა, - ქალი უვნებელი დარჩებაო...

“თუ მაგრე მოხდება, მაშინ ხომ უკეთესი... იქნება მაშინ უფრო კარგი იყოს!..” - ამ ნუგეშით შეაღო კარი და მთლად დამშვიდებულმა ჩქარა ღრმა ძილს მისცა თავი...

XIII

სულ სხვა გუნებაზე დადგა მახარე ოქრომჭედლის წასვლის შემდეგ. დიდხანს უძრავად იდგა. გონს ვერ მოსულიყო, თუ ასეთ ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეთერზე... ან კი რად უნდა მოეხდინა, როცა “ბაგის” ხმა ძალიან გვანდა, გვანდა კი არა... შორიდან ეთერის ხმა იყო... და, მაშასადამე, ეთერს არც კი უნდა ეგრძნო ეს ხმა... მაშ რა მოხდა?... არა... არა... ეთერის ხმას და “ბაგის” ხმას ერთმანეთისაგან ვერ გაარჩევდი... ეს ხომ ოქრომჭედელმაც სცნო?!. მაშ... მაშ...” - თავს იმტვრევდა მახარე და ვერ გამოეცნო, თუ რად მოხდა ეს...

მახარეს ძლიერ ეჭვი შეეპარა “ბაგის” ხმის მზგავსებაში და საშინელმა სურვილმა შეიპყრო, - შეემოწმებინა ახლავე ეს ხმა... ეთერის ხმა ხომ უტყუვრად ყოველ წამს ყურში უდგას...

სწრაფად ხელი წაავლო ბაგის ენას და ოდნავის ხელის მოძრაობით ნაზად აახმაურა “ბაგე...”

სარკმელი გაიღო, და სამმა შიშით ათრთოლებულმა არსებამ თავი გადმოყო...

როდესაც ეთერი გონს მოვიდა და მამას და გადიას უამბო თავის თავ-გადასავალი, ცოტა ეჭვის თვალით შეხედეს ეთერის სიტყვებს...

ეთერი კი ეფიცებოდა იმათ, რომ ქვევიდან ვიღაც მეორე ეთერი ხმას აყოლებდა... უთუოდ წყეული ამედევნა და რაღა მეშველება, აღარ მომშორდებაო...

- რას ამბობ, შვილო, რა წყეული?!. შენთან რა ხელი აქვს?!.

- თავს ზარი დამცა იმ ხმამა!.. გონება დავკარგე...

- ეგ ჩვენც კარგად ვიცით, რადგანაც ძლივას მოგაბრუნეთ; მაგრამ რამ დაგაკარგვინა?.. აი, რას გეკითხებით...

- ხმამ, მამავ, ხმამ!.. მეორე ხმამ...

- ეე, შვილო?!

- დილაზე ჩვენ მებატე ჯეირანას მოვიყვან და შევალოცვინოთ... ძალიანა სჭრის იმისი...

- გაჩუმდით!.. - უეცრივ აკანკალებით გააჩუმა გადია და მამა...

- ყური დაუგდეთ... გესმით!.. მეორე მე! მღერის...

ეთერის მამამ და გადიამ სული განაბეს და მართლადაც გარედან ოდნავი, ნაზი, შორეული ეთერის ხმა მოისმოდა...

ამ სიჩუმის დროს ხმა უფრო დაუახლოვდათ, მკაფიოდ შემოესმათ და სამივეს თავზე თმა აუბურძგნა... შიშის ზარმა შეიპყრო სამივე...

ეთერის მამას ენა მუცელში ჩაუვარდა... უნდოდა ეთქვა რამ, მაგრამ ენა არ ემორჩილებოდა... მთელი ტანით ტოკავდა, მხრებს იშმუშნიდა და...

ხმა კი უფრო ირკვეოდა და უცნაურად ემზგავსებოდა ეთერის ხმას... სიმღერის კილოს.

- ეთერ... აქა... ხარ?!. - ძლივას წაილუღლუღა მამამ და შეხედა ეთერს...

ეთერი ხელ-მეორედ გულის წასვლაზე იყო... სწორედ ამ გარემოებამ აძლევინა მამას განეფანტა შიში და ეთერს მიშველებოდა... ძლიერად მკლავში ხელი წაავლო და მკაფიოდ... გარკვევით შესძახა:

- ნუ გეშინიან, შვილო, აქა ვარ!..

გარკვეულმა ხმამ სამივე გონს მოიყვანა და სამივე თითქოს შეადუღა ერთმანეთსო... შუაში ბატონი და აქეთ-იქიდან კი ეთერი და გადია ამოუდგნენ...

ბატონი მივიდა სარკმელთან... თუმცა შიში ბოჭავდა, მაგრამ უცნაურობას გამორკვევა უნდოდა...

რასაკვირველია, ეთერი და გადია უკან არ ჩამორჩნენ და უნებურად მივიდნენ სარკმელთან...

ბატონმა სარკმელი გააღო... ეთერის ხმა უფრო მკაფიოდ შემოიჭრა და თავს ზარი დასცა სამივეს, მაგრამ ერთმანეთის სიახლოვემ იხსნა განსაცდელისგან...

ეს არ იკმარეს... როგორც პეპელა სანთლის შუქს ეძგერება ხოლმე, თუმცა იქ ცეცხლი მოელის, ისე ამათ სულ უნებურად თავები გადაჰყვეს...

- მამავ, ხომ გჯერა, მეორე ეთერი გარედ მღეროდა-მეთქი?! - მოისმა აკანკალებული ხმა ეთერისა, და მაშინვე “ბაგის” ხმა შესწყდა...

აღტაცებულმა მახარემ სარკმელს შეხედა, და სულ მთლად გაეფანტა ეჭვი...

თვით ეთერი ემოწმება: “მეორე ეთერი გარედ მღეროდა”-... თუ თავის ყურის სმენა ატყუებდა, ახლა ეთერიც ხომ არ სცდება...

უმზერდა სამ თავს, სარკმელში გადმოკიდებულს, და სამივე მხოლოდ ერთში გამოიხატებოდა...

ეს ეთერის თავი იყო იმის თვალის მხედველობა...

- შვილო, ახლა წავალ, შევაიარაღებ კარის-კაცებს და მოვნახავთ იმ მეორე ეთერს...

- არა, მამავ!.. - შეშინებულმა ეთერმა წამოიძახა... - ამაღამ უშენოდ ვერ დავრჩები!...

მახარე დერეფანში იდგა. მთვარე არ აშუქებდა დერეფანს და ამისთვის უხილავი იყო სარკმელიდან გადმომცქირალთათვის...

- მგონი, საოქრომჭედლოდან მოისმოდა ხმა!.. - წამოიძახა გადიამ...

- მეც ეგრე მგონია! ... - დაუმატა ეთერმა.

- მით უკეთესი!.. - სთქვა ბატონმა... - უფრო ადვილად მოგიყვან იმ შენ ეთერს...

XIV

როდის აქეთია, სარკმელი დაიხურა... ხშირი მამლის ყივილიც დაიწყო, მაგრამ მახარე ისევ დერეფანში იდგა და სარკმელს შესცქეროდა... იმ სარკმლის იქით ეგულებოდა ეთერი... ეთერი, იმის ოცნების ხატი...

მხოლოდ იმ ღამეს იგრძნო მახარემ, თუ რისთვის უნდოდა ლითონში ეთერის ხმის ჩაბოჭვა... ეთერის მთლად ჩაბოჭვა სდომებია და... ის კი ხმას გამოეკიდა... შებოჭა... იქნება უნებურად ხმას აედევნა, ეგონა, ხმის შებოჭვით თვით ხმის პატრონსაც დაეპატრონებოდა, მაგრამ ამ ღამემ დაუმტკიცა, რომ ნამდვილი ეთერი კოშკშია და აქ - მხოლოდ იმის ოცნების ეთერი და ლითონში ჩაქნილი იმისი ხმა.

როცა ეთერმა შეამოწმა ხმის მზგავსება, მახარე აღტაებაში მოვიდა და ბაგეს აკოცა თავდავიწყებით... მაგრამ ღამის თევის შემდეგ დარწმუნდა თავის შეცდომაში... თურმე ეთერი მთლად თავის შემადგენლობით სდომნებია, და არა ხმა... ეს მუშაობაც კი მხოლოდ ეთერის სიყვარულის ნაყოფი ყოფილა...

მხოლოდ ახლა იგრძნო სიმწვავე სიყვარულისა და ამაოება თავის ოცნებისა... ეთერი?!. ეს ხომ იმისთვის მიუწდომელი არსებაა... ვინ ვიღაც საოქრომჭედლოს ხელოსანი და ეპოტინება დიდებულ ბატონის ასულს!.. აღგზნებული კოცონი სწორ-მოსაზრებისა თანდათანობით იფერფლებოდა... ფერფლი თანდათან კაჟდებოდა და გავარვარებულ კოცონს ჰბოჭავდა, მაგრამ კი ვერ აქრობდა სიყვარულს.

როცა მამლებმა ყივილს მოუხშირეს, მახარე თავისდა უნებურად მივიდა კოშკთან, სარკმლის პირდაპირ დაემხო და აქვითინდა. სტიროდა თავის ბედს, თავის სიბეჩავეს... თავის უნუგეშო სიყვარულს და სწყევლიდა იმ წუთს, როდესაც ეთერი სარკმელში იხილა...

მთლად მოქანცული განთიადისას წარმოსდგა და საოქრომჭედლოში შევიდა. დერეფნიდან “ბაგეც” შეიტანა...

სულ უარარაობას გრძნობდა მახარე... ერთადერთი სურვილი... სიყვარული ბედმა არგუნა და ესეც უმწეო... მხოლოდ ცივი ლითონი მისცა ხელთ ბედმა...

- ბედი რა მასხარა და სასტიკი ყოფილა!.. - წამოიძახა მახარემ და ბაგეს გადახედა...

ბაგე უგრძნობლად იდო იქვე მის გვერდით... იმის სულს და გულს არას ეუბნებოდა. ხელიც კი შეახო, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, რო სცდება, მაგრამ სიცივის მეტი ვერა იგრძნო რა... ნატამალი სითბოც კი ვერა...

- არის ვინმე საოქრომჭედლოში?!. გარედ გამოდი!.. - შემოესმა დერეფნიდან ვიღაცის ხმა...

კარი ღია იყო... უკვე კარგად გათენებულიყო... მახარემ იგრძნო, ვისგანაც იქნებოდა გამოგზავნილი დერეფანში მდგომი კაცი, მაგრამ თითქოს არა იცის რაო და არც გუნებაზე იყო ადგილიდან დაძრულიყო.

- არ გეყურებათ, ვინ არის საოქრომჭედლოში?.. - განმეორდა დერეფანში...

- კარი ღიაა, თუ რამ საქმე გაქვს, შემოდი!... - უპასუხა ახლა კი მახარემ...

მახარე უეცრივ ფეხზე წამოდგა, როცა იმის თვალწინ ბატონი გამოიჭიმა...

- ბატონო... რას მიბრძანებ?!

- ოქრომჭედელი სად არის?..

- ჯერ არ გხლებიათ... შინ გახლავსთ!..

- წუხელის აქ არავინა ყოფილა?!.

- წუხელის?! - გაკვირვებით შეეკითხა მახარე... - მე ყოველღამ აქა მძინავს, სხვაგან არსად...

- მაშ, შვილო მახარე, აქა გძინავს ხოლმე?!. - დაეკითხა ბატონი გაკვირვებით და ტახტზე ჩამოჯდა...

- სულ!.. რაც ოქრომჭედელთანა ვარ. დღე და ღამე საოქრომჭედლოს არა ვშორდები...

- მე კი მეგონა, აქ ღამეობით არავინ არის-მეთქი... - წაილაპარაკა თავისთვის ბატონმა და ჩაფიქრდა.

- უთუოდ ღამ-ღამობით მაგრა გძინავს... ახალგაზრდა ხარ... - ცოტა ფიქრის შემდეგ წაილაპარაკა ბატონმა...

- მოხდება ხოლმე, მკვდარივითა მძინავს, ხან კი მთელ ღამეს არა მძინავს. - წყნარად უპასუხა მახარემ.

- რა მიზეზით?! - შეეკითხა ბატონი, თითქოს მახარეს უძილობის მიზეზის გამოსაძიებლად მოვიდაო...

- მახარემ თვალები დააჭყიტა... ყოველ წუთს ელოდა წუხანდელი ამბის შესახებ შეკითხვას, და ბატონი კი აქეთ-იქით უხვევს... ახლა კი ამ კითხვამ გააოცა... წამს გაიფიქრა, ყველაფერი დაემალა, მაგრამ მეორე წამს კი სულ წინააღმდეგ აზრს დაადგა...

- რა მოგახსენო, ბატონო... ყოველ უძილო ღამეს თავისი მიზეზი ჰქონდა უთუოდ, რის მოგონებაც ახლა ძნელია...

- წუხელის უთუოდ მაგრა გეძინა?!

- წუხელის... წუხელის... ნეტავი მკვდარივით მძინებიყო და...

- როგორ?!. შენც შიშის ზარმა შეგიპყრო, როგორც ჩვენ?!. შენც გაიგონე?.. - წამოდგა ზეზე ბატონი უეცრივ და მხარზე ხელი დაადო მახარეს.

მახარე გონს მოვიდა... იგრძნო თავის სისულელე. კინაღამ თავის გულისნადები გაუმხილა...

- არა, ბატონო, შიშის ზარს არ შეუპყრივარ და არც რამ სამაგისო მომხდარა რა წუხელის...

- მაშ, ჩემო კარგო, მაგრა გძინებია, თორემ მაგრე არ ილაპარაკებდი...

- გარწმუნებთ, წუხელის თვალი არ მომიხუჭავს, ისე, როგორც შენ...

- რა იცი, რო არ მეძინა?!.

- წუხელის რამდენჯერმე გნახე...

- სად?!.

- ჯერ პირველად, როცა გულ-წასული შენი ქალი სარკმელს მოაშორე, მერე სარკმელთანვე შენ ქალთან ერთად და კიდევ სხვა ვიღაც იყო მესამე თქვენთან და უბნობდით ვიღაცის დაჭერას...

ბატონი მთლად შიშმა შეიპყრო... უარესი ამოცანა დაუდგა თვალწინ, როდესაც მახარე წარსულ სურათს უშლიდა... მახარემ ყოველივე ეს ნახა და კი არ შეშინდა, სხვა არა მოესმა რა...

- შვილო მახარე, რატომ ბატონს არ აუხსნი ყველაფერს?! - მოესმათ ორთავეს ოქრომჭედლის ხმა, რომელიც იმათ შეუმჩნევლად საოქრომჭედლოში შემოვიდა...

- მამავ, ვცდილობ ყველაფერი ვუამბო...

- მაშ შენც იცი რამ წუხანდელის ამბავისა?! - განცვიფრებული შეეკითხა ბატონი ოქრომჭედელს...

- დაბრძანდი, ბატონო, დამშვიდდი და ყველაფერს გიამბობ... აქ საშიშო არა არის რა...

- თუ ღმერთი გწამს, მიამბე, თორემ გონება მერყევა... იქ კიდევ ჩემ ქალს... - ანიშნა თავის ქალის კოშკზე...

- დამშვიდდი, ბატონო, აქ გონების შესარყევი არა არის რა...

- მაშ შენც გაიგონე მეორე ეთერის ხმა?!.

- აკი მოგახსენებთ, აქ გონების შესარყევი არა არის რა... გავიგონე... გავკვირდი და აღტაცებაში მოველი, მაგრამ შედეგმა ძალიან შემაწუხა... მერე კი დავმშვიდდი და კარგადაც მეძინა...

- მაშ მიამბე... მიამბე... ვერა გამიგია რა...

- ბატონო, დამნაშავე მე ვარ შენი ქალის წინაშე, სხვა არავინ... - წამოიძახა მახარემ... - არ მეგონა, თუ ჩემი საქციელი ისეთ შედეგს მოიტანდა, თორემ არ გავბედავდი... ახლაც ვერ გამიგია, რატომ გონება დაკარგა, როცა იმის ხმას იმისივე ხმის მსგავსი ხმა აჰყვა?!

- მარტო ეგ იყო, ბატონო!.. - დაუმატა ოქრომჭედელმა.

- და ეგ საკმარისი არ არის, რომ კაცმა გონება დაკარგოს?!. - წამოიყვირა ბატონმა... - მაგრამ ვინ, როგორ დაემსგავსა ჩემი ქალის ხმას?!.

- აი, ეს!.. - მიუთითა “ბაგეზე” მახარემ...

- ეგ?!. - გაკვირვებით წამოიძახა ბატონმა... - მაგან დასცა თავ-ზარი ჩემ ქალს და შემდეგ მეც შიშის ზარმა შემიპყრო?!...

თან და თან ბატონისთვის უფრო გაუგებარი ხდებოდა ყოველივე ეს... უფრო ადვილად შეურიგდებოდა, რომ ეთქვათ: მოვიდა ვიღაც ეთერის მზგავსი და იმის ხმით დაიწყო სიმღერა... ეთერს ხმა ააყოლაო... ეს უფრო შესაძლებლად მიაჩნდა, ვიდრე რაღაც ამბავი ლითონისა, რომელზედაც მიუთითეს ოქრომჭედელმა და იმის შეგირდმა...

- ეს სულ მახარეს ოინებია... - დაიწყო ოქრომჭედელმა და მოკლედ უამბო ბატონს, თუ მახარემ როგორ მოამწყვდია ეთერის ხმა ლითონში...

ბატონმა მოინდომა მოსმენა ახლავე, მაგრამ მახარემ უარი უთხრა, რადგან ხალხმა იწყო დენა და “სულ მოგვეხვევიან, თუ კი “ბაგის” ხმა გაიგონესო” ...

- მხოლოდ ჩემთვის მოვამწყვდიე შენი ქალის ხმა ლითონში და არა სხვებისთვისო.... - დაუმატა მახარემ...

XV

მოუთმენლად ელოდა ბატონი და მისი ქალი სოფლის მიძინებას. მახარემ აღუთქვა თავის “ბაგის” ამღერება მხოლოდ მაშინ. მთვარის ამოსვლასაც აღარ მოუცდიდა, თუ კი ეთერიც იმღერებდა...

რასაკვირველია, ეთერი კოშკიდან არ ჩამოვიდოდა... ის და გადია სარკმელთან იდგებოდა. ეთერი იმღერებდა. და მახარეც “ბაგეს” - უკეთ ვსთქვათ - “შიშის ზარს”, როგორც ბატონი დაჟინებით იმეორებდა, აახმაურებდა. ამ დროს ბატონიც საოქრომჭედლოში იქნებოდა, რათა თვალით ეხილნა და ყურით ესმინა, თუ “შიშის ზარი” როგორ ახმაურდებოდა და ეთერის ხმას როგორ დაემზგავსებოდა...

მახარეც, ეტყობოდა, რაღაც მოლოდინში იყო... მართალია, მუშაობდა, მაგრამ მუშაობის დროს ოცნება სწრაფად იმის გონებას საამო ბადეში ხვევდა და მიაქანებდა საარაკო სამყოფისკენ... დილას თუ სასოწარკვეთილებას მიეცა, როცა ხელთ ცივი ლითონი შერჩა, ახლა ეს ლითონი თითქოს ხორცს ისხამდა და ეთერის სახეს იღებდა...

რამდენი არაკი მოუსმენია ბავშვობისას, სადაც მეფის ასულნიც კი მწყემსს, მებატეს მისდევდნენ... თუნდ დედამ რომ უკანასკნელად უამბო, ხომ დიდი მზგავსებაა...

“მწყემსი ყოველ ღამ თავის გულს სალამურს ანდობდა... თურმე კოშკში ბატონის ასული ყურს უგდებდა... ვეღარ გაუძლო მომხიბლავ სალამურის ხმას, გამოვიდა გარედ... გაეშურა სალამურის ხმისკენ... ახლო ეჩვენა სალამურის დამკვრელი, მაგრამ თურმე მთის წვერზე უკრავდა მწყემსი... ფეხშიშველა, ნაზი არსება დაიქანცა... მწყემსს ვერ მისწვდა სასო-წარკვეთილი. რაც შეეძლო, მოუწოდა მწყემსს... ქალის ნაზმა, სასო-წარკვეთილმა ხმამ მთა-ღრე გაკვეთა და მწყემსს ყურში ჩაეწვეთა... თითქოს ამ ხმას ეძებდა. ამისთვის უკვნესდა გული და სალამურსაც ასე აკვნესებდა... სწრაფად მოსწყდა თავის ადგილს და დაეშო მთიდან...

“ქალს მოესმა ქვების ხრიალი, იმედი მოეცა და იწვევდა თავისკენ... როცა დაუახლოვდა ფეხის ხმაურობა, შეშინდა ქალი და იკივლა... სწორედ დროზე მოვიდა მწყემსი, თორემ შიშისგან გული წაუვიდოდა... ნადირი ეგონა.

“- ნუ გეშინიან... ნუ!..

“- ვინაა?!..

- ვისაც უხმობდი!..

- მაშ რატომ სალამურის ხმა არა გდევს თან?!..

“რამდენიმე ნაბიჯი კიდევ წარმოსდგა მწყემსმა და სახტად დარჩა... ხმა ვეღარ ამოიღო, ისეთი მშვენიერება ედგა თვალწინ...

- დედოფალო... ჩემო მეფევ!.. მიმსახურე... - წაილუღლუღა მწყემსმა...

- მეშინიან!.. - წამოიძახა ქალმა და ქვითინი მორთო...

“მწყემსი მიუახლოვდა და კიდევ შეევედრა:

- მიმსახურე, ბატონიშვილო!.. საიდან მოხველ აქ ამ ღრეებში?!. უკან წაგიყვან...

- არა, არა!.. სალამურის ხმამ გამომიწვია აქით... მაგრამ ვეღარ მივაღწიე იმის სამეფოს... დავიღალე... იქ მინდა, მაგრამ აღარ მესმის ხმა...

- მე ვუკრავდი სალამურს!.. - მოწიწებით უპასუხა მწყემსმა...

- თუ შენ უკრავდი, მაშ რისთვის მეშინიან შენი?!.

- არ ვიცი!.. - დაბნევით უპასუხა მწყემსმა, და გულს რაღაც ჩასწყდა... - იქ შენი ხმა რო შემომესმა, საშველად გამოვეშურე... - მაშინ სალამური ვიღას მოაგონდებოდა, როცა ჰპოვა ის... რასაც ეძებდა... მაგრამ...

- თუ შენ უკრავდი, - გააწყვეტინა ქალმა სიტყვა, - ისევ დაუკარ და გავემგზავროთ შენ სამეფოსკენ...

- ჩემი სამეფო - ძირ-ბალახოვანი მთის წვერია და ჭერი კი - ცა-ვარსკვლოვანი...

“- დაუკარ... დაუკარ, თუ შენ ისა ხარ!..

“მწყემსმა სალამური ამოიღო და ააკვნესა... ქალი აკანკალდა და წამოიძახა:

- ჩქარა წავიდეთ შენს სამეფოში!.. უკან დაბრუნება არ ძალ-მიძს!..

- წავიდეთ, ჩემო ყველავ!..

“- ფეხები აღარ მემორჩილებიან!.. - კვნესით წამოიძახა ქალმა...

“- ოო... მხარზე შეგისომ და ისე აგიყვან ჩემ ბინამდის... თანაც სამხიარულოდ ავამღერებ ჩემ სალამურს!..

- ოხ, ნეტარებავ!.. მაგას ხომ სიზმარშიაც ვერ ვნახავდი, ჩემო ყველავ!.. - წამოიძახა ქალმა თავის მხრივ...

“მწყემსი სულ დადნა ამ ხმაზე... სწრაფად შეისვა მხრებზე და სალამურს ჩაჰბერა...

“აახმაურა სალამური სამხიარულოდ... გასაგიჟებელ სამხიარულოდ, რადგანაც გიჟივით ბედნიერი იყო თავის ტვირთით... ეს იყო ხმა ნეტარებისა... განა როდისმე ესიზმრებოდა, რომ ამისთანა ბედნიერება ერგებოდა?!. არა... არა და ათასჯერ არა!.. ეს მეხივით უეცრივ თავს დაატყდა და აკი ამისთვის ასე მედგრად შეუდგა აღმართს და თან სალამურს სამხიარულოდ ახმაურებს, რასაც სიხარულით არე-მარე ბანს აძლევს...

“ქალი?!. ქალი ხომ ნეტარების ბადეშია გახვეული და მიდის ზევით საარაკო სამყოფისკენ და სიამოვნების ნიშნად ხშირ-ხშირად ხელებს ალერსით მწყემსს ლოყებზე უსვამს და შიშველი ფეხებით უნებურად გვერდებში უღიტინებს...”

ოქრომჭედელმა რამდენჯერმე გადმოხედა სიყვარულით და ჩაიცინა... ფიქრობდა, მიუხვდა მახარეს ოცნების საგანს... და არ სწყვეტდა იმის ოცნების ქსელს...

მახარეს კი ერთი სიტყვაც არ დავიწყებია დედის არაკიდან: “უახლოვდება მწყემსი მთის წვერს. სუსტდება, მაგრამ სალამურის კილოს არ სცვლის... ქალიც თავის ალერსს არ უკლებს... ავიდა მწყემსი მთის წვერზე, თავის სამფლობელოში შევიდა და მყის ქალი ძირს დაუშვა...

- დავიღალე!.. - წარმოსთქვა მწყემსმა და სიყვარულით თავი ქალის მუხლებზე მიდო...

- დაისვენე, ჩემო ყველავ, ჩემი მუხლი ბალიშად იხმარე!.. გიყარაულებ და ამავე დროს შენ სამფლობელოს დავათვალიერებ!” - ალერსით ჩასჩურჩულა ქალმა და ალერსიანად ბროლის თითები ხუჭუჭა თმაში სავარცხლად ჩაუყარა...

“და ოცნებას მისცა თავი... გამოერკვია მხოლოდ ძაღლის საშინელ, შემზარავ ყმუილზე... მერე რა გამორკვევა იყო?!. ძაღლი უვლიდა გარს და შემზარავის ხმით ყმუოდა... ტიროდა! მწყემსი უძრავად გაშეშებული იდო იმის წინ; იმისი თავი ლოდივით აწვებოდა მუხლებზე...

“რა მოუვიდა ქალს, არაკი აღარას ამბობსო” - ასე დაათავა იმისმა დედამ ეს არაკი... - მხოლოდ ამბობენო, - დაუმატა დედამ: - ძაღლმა ასწავლა მწყემსის დამარხვა... ქვევით მთის მწვერვალის კალთაზე მუხა სდგას, იმის ტოტებ ქვეშ საფლავი ორივემ ამოუთხარეს და საუკუნოდ იქ მოასვენესო... დღესაც იმ მუხის ქვეშ პატარა ბოკერია ბალახით შემოსილი, თუ ზაფხულობით მიხვალ, რომელშიაც განისვენებს მწყემსი, როგორც ამბობენ...

“ქალისა და ძაღლის თავ-გადასავალზე აღარას ამბობენ, გარდა იმისა, რომ საქონელი ბარში ჩალალეს პატრონებმა, თავიანთი საქონელი მიიღეს, და ქალი და ძაღლი კი ისევ მთისკენ გაემგზავრენო...

უკანასკნელმა სიტყვებმა ტანში ჟრუანტელი მოჰგვარეს მახარეს და წამოიძახა:

- ნუთუ ჩემი და ეთერის ბედიც ეგეთი იქნება?!.

- რა იყო, შვილო მახარე, რაზე შეშფოთდი? - დაეკითხა ოქრომჭედელი...

ახლა კი მთლად გამოერკვა მახარე და სიმშვიდე იგრძნო.

- რა ვიცი, მამავ. რაღაც არაკი მომაგონდა და იმან შემაშფოთა... ცუდად თავდება...

- არაკი მისთვის არის, რომ ისე არ გათავდეს, როგორც ცხოვრებაში ხდება...

- რა ვიცი, მამავ, ხანდისხან ცხოვრებაში ესეთი რამ ხდება, რაც არაკებშიაც არ მოიპოვება...

- მართალს ამბობ, შვილო, განა ლითონში ქალის ხმის გამოქნა არაკებშია ნაამბობი?!.

- არა, მამავ, ეგ სრულებით აზრად არ მომსვლია... სხვა რაღაზედაც ვფიქრობდი, რაც აღარ მახსოვს... არ ვიცი, რად... ახლა კი ძალიან მშიან... თუ მეძინება ვერა გამიგია რა!..

- გეძინება, შვილო, და კიდევაც გშიან... მაშ ჯერ ჭამე და შემდეგ დაიძინე...

მახარე სწორედ ისე მოიქცა...

XVI

ხმაურობა მისწყდა. ოქრომჭედელმა ნარგიზას შეუთვალა დაგვიანება და მახარესთან ერთად ელოდა ბატონის მოსვლას. “შიშის ზარი” უკვე გარედ გამოიტანა მახარემ და გონების ხმით იმეორებდა ეთერის კილოს...

სარკმელი გაიღო და იქედან ბატონის ხმა მოისმა:

- მახარე, გეყურება, რას გეუბნები?!.

- მეყურება, თუმცა კი ვერ გხედავ!.. ბნელა!..

- მარტოკა ხარ, თუ ოქრომჭედელიც მანდ არის?

- მეც აქა ვარ, ბატონო... - უპასუხა მახარეს მაგივრად ოქრომჭედელმა.

- ეთერი უჩემოთ ღია სარკმელთან ვერ დადგება... - დაიწყო ბატონმა: - ეშინიან... არ სჯერა, რო ავსული არ ემანჭება... ამისათვის ჯერ-ჯერობით აქ დავრჩები... მერე მანდ ჩამოვალ და ვნახავ... დღე გაბედული იყო ჩემი ეთერი... ახლა კი კანკალებს შიშით!..

- თუ ნებას მომცემ და კარებს მაჩვენებ, მანდ ამოვიტან და შენი ქალი თითონ ნახავს რო აქ საშიშო არა არის რა!.. - უნებურად წამოიძახა მახარემ, და წამს იმედი მიეცა ეთერის პირის-პირ ხილვისა... გული კიდევაც სიამით გადაეფერფლა...

- არა, ეგ არ შეიძლება!.. - ცოტა სიჩუმის შემდეგ უპასუხა ბატონმა...

მახარე ჩანელდა. ოქრომჭედელიც თითქოს ნაწყენი დარჩა...

- მაშ, აბა, დაიწყე!.. - მოესმა ზევიდან ბატონის ხმა...

მახარე უნძრევლად იდგა. ოქრომჭედელიც მახარეს არას ეუბნებოდა.

- რატომ არ აახმაურებ შენს “შიშის ზარს”?..

- დილას აკი მოგახსენე, თუ შენი ქალი იმღერებს-მეთქი!..

- თუ კი წუხელის გარიჟრაჟებისას უჩემ-ქალოდ ამღერებდი შენს “შიშის ზარს”, რატომ ახლა კი არ შეგიძლიან?!.

- წუხელის მახსოვდა კილო. ახლა კი დამავიწყდა!.. - გაჯიუტდა მახარე.

ძალიან კარგად ახსოვდა. ან კი როგორ დაავიწყდებოდა ეთერის კილო, როდესაც სიყვარულის ცეცხლით, სურვილის ცეცხლით იყო ამოჭრილი იმის გონებაში, ყურში... სმენაში...

ოქრომჭედელს თუმცა ბატონის წყენა არ უნდოდა, მაინც მახარეს პასუხი სამართლიანად მიაჩნდა. ამისთვის ის არ ჩაერია ლაპარაკში და არ ურჩია მახარეს - აეხმაურებინა თავისი “ბაგე”. ოქრომჭედელმა კარგად იცოდა, მახარე გულწრფელ პასუხს არ აძლევდა ბატონს...

რაკი მახარეს ასეთი პასუხი მიიღეს, ეთერმა სხვა ხერხს მიმართა... გადია წინ წააყენა, გვერდს ამოუდგა, ჩუმად უმღერდა კილოს და იმას კი ავალებდა - ხმამაღლივ ემღერა.

ამღერდა გადიაც...

- გააჩუმე, ბატონო, მანდ ვიღაც მღერის, თუ ჩხავის, თორემ შენი “შიშის ზარი” გასკდება!..

- ხა, ხა, ხა!.. - გულიანად გადიხარხარა ბატონმა... - ეთერ, - დაუმატა ხარხარს ბატონმა: - ვერ მოვატყუებთ, უნდა იმღერო!...

სხვა დროს გაბედული ეთერი დაიბნა.

მახარემ იგრძნო ეთერის კრთომა და შეებრალა... გაბედულად მოჰკიდა ხელი “შიშის ზარის” ენას და წუხანდელი ეთერის გაბედული... ძლიერი მთვარისადმი მიმართვის ხმა ამოაღებინა “შიშის ზარს” და... შემდეგ მთლად მიაყოლა ეთერის ხმის მოძრაობა გულის წასვლამდის...

ძლიერი, თავზარდამცემი იყო ეს ხმა ზევით... კოშკში... ეთერს გული წაუვიდოდა, რომ მამა და გადია გვერდით არ ჰყოლოდა. სამაგიეროდ, ბატონი და გადია დაიბნენ... ვეღარ გაეგოთ რა... თითქოს ეთერი გვერდით ედგათ... გარედან კი ეთერის უკანასკნელი კივილი შემოესმათ... უნდა მიჰშველებოდნენ, გაქცეულიყვნენ ეთერის კივილზე გარედ, მაგრამ ეთერი მათ შუა იდგა უვნებელი!..

- ხომ გაიგონე, ბატონო, შენი ქალის ხმა?!. - შემოესმათ ქვევიდან მახარეს სიტყვები... - ნუ იმღერებს შენი ქალი... როცა მინდა, ვამღერებ ჩემ ლითონის ეთერს...

- ცრუობს, მამავ, ცრუობს!.. - ხმის კანკალით წაილაპარაკა ეთერმა... - ავი სული მემანჭება, იმასაც ესმის იმის ხმა და გვატყუებს, ვითომც ის ახმაურებს თავის ლითონს!!. გევედრები, ახლავე იქ ჩადი, შენი თვალით ნახე და, თუ მართლა ლითონი მბაძავს, მაშინვე გამოართვი და აქ მომიტანე... ჰოო, მამავ!.. ახლა აღარ მეშინიან... იქიდან ხმა მომეცი და...

- კარგი, შვილო!.. - უპასუხა მამამ და გულში ჩაიკრა...

- მახარე, ჯერ არ დაიძინო, ახლავე მანდ გავჩნდები!.. - გადასძახა შემდეგ მახარეს...

- ადრე ძილს ჩვეული არა ვარ!.. - უპასუხა მახარემ...

- მამავ!.. - მერე მიუბრუნდა მახარე ოქრომჭედელს: - მაპატივე, რო ასე ვიქცევი და ასე გაბედულად ველაპარაკები ბატონს.

- რად იბოდიშები, შვილო!.. გადაჭარბებულად არ ელაპარაკები ბატონს. ხელოსანი უბატონოა. მარტო ზრდილობით უნდა ველაპარაკებოდეთ ბატონსაც და ყმას... შენ კი უზრდელად არ დალაპარაკებიხარ ბატონს...

- მე კი მეგონა, გაბედული ლაპარაკი ბატონთან არ შეიძლებოდა...

- სიმართლის თქმა მეფესაც პირში ეთქმის ყველასათვის და მით უმეტესად ხელოსნისთვის, რომელიც თავისუფალია...

- ჰო, მართალს ამბობს, შვილო მახარე, ოქრომჭედელი ხელოსანი თავისუფალია... - დაილაპარაკა ბატონმა, რომელმაც ოქრომჭედლის უკანასკნელ სიტყვებს ყური მოჰკრა, როდესაც საოქრომჭედლოს დერეფანს მოუახლოვდა და: - ხელოსანი თავისუფალი რო არ იყოს, მაშინ ხელოსანიც აღარ გვეყოლებოდა. ძალით ვერ გააკეთებინებ მას, რაც იმას უნდა თავისთვის...

- შვილო, ეთერ, უკვე აქა ვარ და... მახარე, აბა, ახლა ჩემ თვალწინ აახმაურე შენი “შიშის ზარი”, თორემ ჩემ ქალს ჰგონია, - სწორედ გითხრა, მეც ვეთანხმები, - ლითონს ადამიანის ხმის გამოღება არ შეუძლიანო...

მახარემ ნაღვლიანად შეხედა სარკმელს. თურმე მთვარეს უკვე მიეფრქვია თავისი ცივი სხივები სარკმლისთვის და იქ... ეთერი უკვე გამოკვეთილი იყო... სწრაფად თავში გაუელვა: “იქნებ ეთერმა თავისი ხმა ააყოლოს, თუ კი მე ავახმაურებ “ბაგესო”...

გაფიქრება და “ბაგის” ახმაურება ერთი იყო...

მახარემ აახმაურა უკანასკნელი დროის კილოთი კი არა, პირვანდელის, როდესაც ეთერის ხმაში მოისმოდა სულის კვეთება და მუდარება...

მართლაც ეთერი მთვარის შუქით და “შიშის ზარის” ხმით აღგზნებული აჰყვა ჯერ გაუბედავი ხმით... მერე კი პირველობა ხელთ იგდო, და ასე შეხმატკბილებულმა დაამთავრა თავისი გოდება...

ოქრომჭედელი და ბატონი ამ დროს - საოქრომჭედლოში, და ზევით კოშკში კიდევ - გადია განცვიფრებისაგან პირ-ღიები იდგნენ და ეშინოდათ თავიანთ სუნთქვითაც არ შეეშალათ ხელი ამ შეწყობილ ხმისთვის...

- უჰ!.. - სიამოვნებით ამოისუნთქა ბატონმა, როცა გოდება დასრულდა, - ეგ, შვილო, “შიშის ზარი კი არა, “საამო ზარი” ყოფილა... ამისთანა სიამოვნება ჯერ ჩემ სიცოცხლეში არ გამომიცდია...

- მართალსა ბრძანებ, ბატონო, მეც ამაზე უკეთესი არა მინახავს რა... ვმადლობ უფალსა, ეს ჩემ საოქრომჭედლოში გამოიჭედა და მერე ჩემმა ნაშვილებმა გამოჰჭედა...

- საქებურია, საქებური შენი მახარე!..

მახარე კი ყურსაც არ უგდებდა. იმისი თვალი და გონება კოშკის სარკმელს არ შორდებოდა, რომელშიაც გამოკვეთილიყო ეთერი... მართალია, ეთერის სიმშვენიერის გარკვევა ამ სიშორეზე მთვარიან ღამეს ყოვლად შეუძლებელი იყო, მაგრამ მახარეს გონების თვალი მკაფიოდ ხედავდა ბროლისაგან ნათალ ყბა-ყურს, ყელ-მკერდს, მხარ-მკლავს და მის უფსკრულად ქცეულ თვალებს თავის მეტყველ წყარო-ვარდად გაფურჩქნილ ბაგითა...

- ბრწყინვალე მომავალი მოგელის, შვილო მახარე, ბრწყინვალე!.. - აღტაცებით მიუბრუნდა ბატონი მახარეს და ხელი მხარზე დაადო...

ხელის შეხებამ მახარე გამოაფხიზლა, და ბატონს აბნევით შეხედა. ეგონა, სიზმარში იყო, და ახლა გამოეღვიძაო:

- რას მიბრძანებ?! - შეეკითხა უაზროთ მახარე...

- რა უნდა გიბრძანო, შვილო... წეღან არ ვამბობდით მე და ოქრომჭედელი: ხელოსანი ბატონის ბრძანების გარეშეა... მარტო ის უნდა გკითხოთ შენ და შენ ოსტატ მამისას, თუ რა ფასსა მთხოვთ მაგ “საამო ზარში” თორემ, აგერ, ჩემი ქალი მოუთმენლად მიმელის... დამავალა: თუ მართლა ლითონი ხმაურობს, მომიტანეო...

მახარემ ოქრომჭედელს შეხედა და ფერი ეცვალა... ეშინოდა ისეთი არა ეთქვა რა, რის წინააღმდეგ თქმა არაფრისა შეეძლო, და გულს მოგლეჯდნენ... ოქრომჭედელიც გაჩუმებული იდგა და მახარეს ელოდა...

რაკი ბატონმა პასუხი ვერ მიიღო, მიუბრუნდა ოქრომჭედელს და უთხრა:

- მამისავ, როგორც უფროსს, შენ გეკითხები: რას აფასებ?..

მახარე აკანკალდა, თითქოს გააცივაო.

- რა უნდა დავაფასო?!. წუხელის ყველაფერი ჩემ შვილობილს ჩავაბარე; მე აღარა მეკითხება რა... ახლა მახარემ იცის. ყველაფერი მაგას ეკითხება... მით უფრო, მაგ ნივთის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიმიღია...

- მამავ! - აღტაცებით წამოიყვირა მახარემ და მხურვალედ გულში ჩაიკრა...

- მამავ!.. - ზევიდანაც ჩამოსძახა ეთერმა...

- შვილო ეთერ, ახლავე!.. - უპასუხა ბატონმა თავის ქალს...

ეთერის ხმაზე მახარე მყის მოსწყდა მამისას მკერდს და ბატონს უთხრა:

- ეს, რასაც შენ “შიშის ზარს”, ხან “საამო ზარს” სახელად არქმევ, თუმცა მე... - უეცრივ შესდგა, რადგანაც ოქრომჭედელთან ლაპარაკი მოაგონდა, როდესაც იმან მასხარად აიგდო, როცა მახარემ “ბაგე” უწოდა თავის ქმნილებას... გონებაში ყოველთვის წინ უძღოდა ამ სახელს “ეთერის”, მაგრამ არც ერთხელ არ წამოსცდენია...

ახლა კინაღამ წამოსცდა...

- მაშ შენ რაღას არქმევ? - შეეკითხა ბატონი, რაკი მახარე შესდგა: - რატომ არ ამბობ?!

- “ბაგეს” არქმევს!.. - ჩაერია ოქრომჭედელი ლაპარაკში...

- ხა... ხა... ხა!.. ძალიან წააგავს მოყვანილობით ბაგეს!.. - გულიანად გადიხარხარა ბატონმა: - კარგი კიდევ “ეთერის ბაგე” არ დაარქვა. თორემ ვიფიქრებდი: მახარეს ჩემი ქალი ძალიან მახინჯად მოსჩვენებია-მეთქი...

შიგ გულში მოხვდა ბატონის სიტყვები... მაშინვე მიუბრუნდა ბატონს და თავის გამართლება დაიწყო...

- მხოლოდ ხმის გამოსაცემად ვამბობდი... აი, ამას ენად ვგულისხმობდი, აგერ ზევით კიდევ - საკლიტულს, რაზედაც ენა ჩამოკიდებულია, და ეს კიდევ ტუჩებად... ლითონს რო თავისთავად მოძრაობა შეეძლოს, მაშინ უთუოდ ბაგის სახეს მიიღებდა, მაგრამ...

- კარგი, კარგი, შვილო, რაც გინდა დაარქვი, ახლა კი მიპასუხე: რა ფასია შენი...

- ზარისა!.. - სწრაფად დაუმატა მახარემ...

- ჰო, ზარისა?!.

- ფასდაუდებელია... ამ წუთს მაინც, - უპასუხა მახარემ...

- როგორ?! ჩემი ქალის ხმა მოამწყვდიე და მაგას მეუბნები, არ მოგცემო?!

- მართალს უბნობ!.. გასაყიდად არ მომიმწყვდევია შენი ქალის ხმა.

- პატრონსაც აღარ უბრუნებ?! - ცოტა წყრომით შეეკითხა ბატონი...

- პატრონისთვის არა გამომირთმევია რა.

- როგორ, ხმა ქურდულად მოამწყვდიე - და ახლა იძახი: არა გამომირთმევია რაო?! - უკვე გარისხებული შეეკითხა ბატონი...

- ქურდულად?!. გამიგონე, ბატონო, ეგ ბრალი... რო გამექურდნა შენი ქალი, მაშინ შენ ქალს ის აღარ ექმნებოდა, რასაც მე წამოვიღებდი... მაგრამ შენ მოწმე იყავი, რომ შენ ქალს თავისი ხმა თავისთან აქვს... მაშ... - აღელვებით შეეკითხა ბატონს: - რა საბუთით მაგრე მლანძღავ?!. აი, ეს “ზარი” შიშისა, თუ საამოსი აქ არის... ამოიღე შენი ქალის ხმა და წაიღე... ლითონი ხომ ჩვენია და ჩვენივე დარჩება... მამავ, - მიმართა მერე ოქრომჭედელს: ეს ლითონი, მგონი ნაქურდალი არ არის?!

- შვილო მახარე, დამშვიდდი!.. - ალერსით უთხრა ოქრომჭედელმა, თუმც ბატონს ამ დროს უკმაყოფილოდ გადახედა... - აქ ცოტა გაუგებრობა მოხდა... ბატონმა ისე ვერა სთქვა...

- ჰო... ჰო... ეგრეა, მამისავ... ქურდობაზე სრულებით არ მიფიქრნია... ამაღამ დამშვიდდი და დილაზე მოვილაპარაკოთ... ღამე მშვიდობისათ!

მეორე კარი

I

მეფის შვილი ნადირა იმ წლოვანებისა იყო, როდესაც ჭაბუკი სატრფოს დაეძებს. მხევალნი კი მრავალნი იყვნენ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა გული არ წაჰსტაცა...

ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე მეფეს იმის ქვეშევრდომი ბატონიშვილები, შემდეგ მეფეც იწვევდა თავისთან ბატონიშვილებს ცოლ-შვილით. თითონ სეფე-წულიც ეწვეოდა ხოლმე იმათ ხან მარტოკა, ხან კიდევ თავის ერთად-ერთი დით - მარეხათი... მაშინ ხომ მთელი ქალთა კონა შეიკვროდა იმათ გარშემო, მაგრამ არა და არა!.. გული ვერავის შეუთვისა.

მეფეს ძალიან უნდოდა ნადირას ამოერჩია ვინმე, შეერთო ცოლი და ტახტი გადაეცა თავის შვილისთვის. გადაწყვეტილი ჰქონდა: ცოლის შერთვის დროს ტახტიც გადაეცა, დაელოცნა და თითონ კი მოესვენა... რასაკვირველია, შვილის მოქმედებას თვალყურს ადევნებდა, გაჭირვების დროს სამეფოს მართვაში დაეხმარებოდა, მაგრამ ეს სხვა იქნებოდა, ვიდრე დღე-მუდამ სამეფოსათვის ზრუნვა... დღენი სიბერისა უდარდელად უნდოდა გაეტარებინა...

მეფეს საშინლად უყვარდა მეურნეობა, ნამეტნავად მეხილეობა... მზად იყო ამისათვის ყველაფერი შეეწირა, რასაკვირველია, გარდა, მოვალეობისა, რომ თავის ხელით ჩაერგო ხეხილი, თვალყური ედევნებინა იმის ზრდა-დახილებისათვის... ზოგჯერ სადილსაც კი ივიწყებდა ბაღში მუშაობის დროს...

მაგრამ ხშირად არ ჰქონდა ასეთი ბედნიერი დრო...

ამისათვის ასე ეჩქარებოდა ნადირას გამეფებას და ხშირად ამ საგანზე ებაასებოდა.

ერთხელ ასეთი ბაასის დროს ნადირამ უთხრა მამას:

- მამავ, მეც მინდა შენი ნება ავასრულო, მაგრამ რა ვქნა, რომ საცოლო ვერ მომიძებნია?!. უცოლოდ ტახტზე ასვლა, არც შენ გინდა, და არც მე. და მაშინ სულ ვეღარ შევირთავ ისეთ ცოლს, როგორიც მინდა.

- რა მოგივიდა, შვილო, რომ ამოდენა ქალებში ერთსაც ვერ შეეგუე?!.

- რა ვიცი, მამავ!.. იქნებ მიზეზი მარეხა იყოს?!.

- როგორ?.. - ცოტა გაკვირვებით დაეკითხა მეფე.

- ყოველ ქალს მარეხს ვადარებ და ვერც ერთი იმისთანა ლამაზი, ვერც ერთი იმისთანა სინაზისა ვერ ვპოვე... მარეხი კი ყოველთვის მეუბნება: “ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი ხომ არ იქცევა ქალად, რომ შენ დარად გახდეს... ვფიცავ მთვარეს, ჩვენში ყველა ლამაზია, ვინც კი გვინახავს... და სეფე-წულს შეშვენისო...”

- მართალი უთქვამს, შვილო!

- არა, მამავ, სადაც ვყოფილვარ, და ან ჩვენთან მოსულან. ჩემი ტოლ-ამხანაგები სულ ერთსა და იმავე სახელს გაიძახიან: “ეთერი... ეთერიო”...

- მართალს ამბობ, შვილო, მეც ბევრი რამ მსმენია იმ ქალზე კარგი და იმის მამაზე ხომ უფრო კარგი... მებატონეებისაგან კი არა, ყმებისაგან... მებატონეები კი ლანძღვით იხსენიებენ იმის მამას: “ხალხი გაგვირყვნაო”...

- მით უკეთესი, მინდა ეთერიც ვნახო; თუ ისიც არ მომეწონა, მაშინ თვალ-ხუჭელა თითს დავადებ, როდესაც გარს შემომეხვევიან, და ის იქნება ჩემი ცოლი...

- კარგი, მაგრამ როგორ ჰნახავ?.. ეთერის მამა, აღარც კი მახსოვს, როდის იყო; ახლა მოვიწვიო, ეგონება მჭიროდეს... შენ წახვიდე, მით უფრო უხერხულია... მომჩივარი რომ იყოს ვინმე იმაზე, მაშინ დღესვე შიკრიკს ვაფრენდი, მაგრამ ჯერ იმაზე არავის უჩივლია...

- მეც ვფიქრობდი, მამავ, მაგაზე... და, აი, რა მოვიფიქრე: ვერც მოვიწვევთ, ვერც მე წავალ და მით უმეტესად - შენ და მარეხი. ამის გარეშე ერთი გზაა... მე წავალ, როგორც მეფის კარისკაცი, და შემთხვევით ვითომ იმის საბატონოში მოვყევი... რასაკვირველია, ისინი მე ვერ მიცნობენ... ბევრ რასმე მოვჩმახავ როგორც კარისკაცი; იმის მიხედვით, მომეწონება, თუ არა ეთერი... თუ მომეწონა, ვეცდები მამა-შვილი აქ მოგიყვანო... შენც დახვდები გულ-ღიად და, როცა გამოვეცხადები შენ შვილად, მაშინ ხომ სულ ერთია, ის ჩემი ცოლი იქნება...

- შვილო, ახლა კი სრულის სულის სიმშვიდით ტახტს ჩაგაბარებ, რადგანაც შენი მოსაზრება დამჯდარი ჭკუის მოსაზრებაა... ჰქმენ მაგრე!.. - სიხარულით უთხრა მეფემ და შვილს შუბლში აკოცა...

II

დიდხანს ელოდა ეთერი მამას... ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა “ზარის” ხმამ... - თითქმის თავდავიწყებამდის მივიდა, და თავის გულის ნადები სიმღერაში ჩააქსოვა... - როცა გაათავა გოდება, მოუთმენლად ელოდა მამის დაბრუნებას, რომელსაც უნდა ამოეტანა ის... “ზარი”... თავ-ზარი ... უნდა ეხილნა, ხელი შეეხო და შემდეგ თვითონვე ამეტყველებულიყო და აემეტყველებინა ისიც... მაშინ ვინ გაუძლებდა მის მომხიბლაობას?!. სეფე-წული იმის წინ მუხლს მოიხრიდა, და დედოფლად იქცეოდა... ეს ხომ იმისი ოცნება იყო!!. დედოფლობა, ან - არარაობა!..

“რაკი ის... ჰო, “შიშის ზარი” ხელთ მექნება... - ფიქრობდა ეთერი: - მეფეს ვესტუმრებით და იქ ავმეტყველდებით ერთად... სეფე-წული გადირევა, თავზარს დავცემ და ხვეწნასაც დამიწყებს... ჯერ გავნაზდები... და როცა თითონ მეფე მობრძანდება, მითხოვს თავის შვილისთვის, მაშინ...

და მიეცა ოცნებას, თუ ის როგორ მოიქცევა, როცა დედოფალი იქნება, სამეფოს გამგე... ის განაგებს სამეფოს ისე, როგორც უნდა... იმისი სურვილი ძირსდაუშვებელი იქნება... ჩიტის რძეც რომ მოითხოვოს, ისიც კი მაშინვე გაჩნდება...

“ავაშენებ წალკოტს... შიგ ირმის ჯოგს მოვაშინაურებ და სულ დიდებულ ბატონიშვილებს ვამწყემსინებ...

მამის ფეხის ხმამ შეაწყვეტინა ოცნება. მაშინვე მამას მიჰვარდა და დაეკითხა:

- მამავ, მოიტანე, ჩქარა მაჩვენე ის რაღაც?!

- არ იძლევა, შვილო!..

- როგორ თუ არ იძლევა?! - მამისათვის ჯერ უცნობი ხმით წამოიძახა ეთერმა, - ვიღაც ღატაკი ხელოსანი უარს გეუბნება შენ... დიდებულ კაცს!!.

- ოქროც შევაძლიე, შეფასება ვსთხოვე, მაგრამ მიპასუხა: “ფასდაუდებელიაო”!..

- და იმ წამს თავი არ გააგდებინე?..

- ეთერ, - გაკვირვებით შეეკითხა მამა... - რას ნიშნავს ეგ თავის გაგდებინება?!.

- კიდევაც იმისთვის გეუბნებიან უარს, მამავ, რო თავის გაგდებინება არ გესმის!..

- ეთერ, ვერა გცნობ, შვილო, ეს რა კილოა?!..

- მით უარესი, მამავ!.. ის რაღაც არის, ჩემ ხელთ უნდა იყოს, რადაც უნდა დაგვიჯდეს... ნებას არავის მივცემ ჩემი ხმა სათამაშოდ გახადოს... ჩემი ხმა ჩემთან უნდა იყოს...

- სწორედ ეგ მეც ვუთხარი... ქურდიც კი დავუძახე...

- მერე რა გითხრა?..

- რასაც ვისაც მოვპარავ, მაშინ დამკარგავს აღარ ექნებაო... მაგრამ შენი ქალის ხმა ხომ ისევ შენ ქალთან არისო...

- ოჰ, ღმერთო, რა ავაზაკი ყოფილა!.. და ამისთანა ავაზაკებს კიდევ ალაპარაკებ?!. ხვალვე უბრძანე: ჩამოართვან სულ ყველაფერი და თითონ იმას კი ორმოში უკრან თავი!..

- ეთერ, შვილო, შენგან მაგის თქმას არ მოველოდი!..

- შენ თვითონ რამდენჯერ მითხარი, სხვა ბატონები აწიოკებენ თავის ყმებს... და შენ კი შენი ყმისაგან ვერ გიყიდნია!..

- ეთერ, მერე რა კარგ საქმეს აკეთებენ ისინი, რო აწიოკებენ?! და მერე მახარე ყმა არაა... ხელოსანი თავისუფალია!..

- არ ვიცი, ის ვიღაც ოხერი მახარე თავისუფალია თუ არა!.. ეს კი კარგად ვიცი, შენ მიწა-წყალზე ცხოვრობს და შენვე გეურჩება... მამავ, უნდა უეჭველად ის... ის რაღაც არის, ჩემი იყოს... გთხოვ, გევედრები!..

- კარგი, შვილო, კიდევ შევეცდები, დილა ადრიანათ ვნახავ და ყოველივე საშუალებას ვიხმარ, გამოვართვა... მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თუ ხვალ ვერ მოვახერხე, თვითონვე ხვეწნას დაგვიწყებს შევიძინოთ. ხელოსანმა თავისი გაკეთებული ნივთი თუ არ გაყიდა, ვერ იცხოვრებს!..

- მაგრამ, მამავ, ჩქარა მინდა!..

- მარტო მაგაშია განსხვავება, რამდენად ჩქარა მოხდება ეს... ვეცდები კია...

- სრულებით სასიამოვნო არაა, სხვას მიჰყიდოს...

- ვის უნდა მიჰყიდოს!..

- ვის და, ცოტა მთხოვნელები მოდიან?.. თუ გაიგეს, ჩემი ხმა იმ “შიშის ზარშია” გამომწყვდეული...

- მართალს ამბობ, შვილო, - ცოტა შემკრთალმა უპასუხა... - უეჭველად ვეცდები როგორმე დავიყოლიო და ჩქარა გამოვართვა...

III

კაცია ბატონს სამეფოს აღმოსავლეთი მიდამოები ეჭირა და ამისთვის განაპირა მხარედ ითვლებოდა. კარგა დაშორებული იყო მეფის სამფლობელოზე. შუაში რამდენიმე საბატონო იყო. და მგზავრი ფეხს ვერ აუქცევდა ამ საბატონოებს, თუ იმისკენ მიმავალი იყო, ან იმისგან მეფისკენ.

მართალია, კაცია და იმისი ქალი ეთერი პირად ვერ იცნობდნენ სეფის-წულ ნადირას, მაგრამ მათ შუა მყოფი მებატონეები ხომ თითქმის ყველა იცნობდა. და ნადირა, როცა მამამ გზა დაულოცა, საგონებელში ჩავარდა, თუ როგორ აეხვია იმათთვის, ან თუ ეს შეუძლებელი იყო, რა მოეჩმახა, რომ თავისი განზრახვა არ გამოემჟღავნებინა...

ცოტა მოფიქრების შემდეგ მოაგონდა თავის ერთგული მონადირე ირემა და მაშინვე მოიხმო.

- ჩემო ირემავ, ყოფილხარ ოდესმე კაციას საბატონოში?!.

- როგორ არა, დიდებულო სეფე-წულო, ხშირად ვყოფილვარ იმის საბატონოში. ძალიან პურ-მარილიანი კაცია და ყმებისთვის თავდადებული... იმის მომდურავს ადამიანის შვილს ვერ იპოვი...

- ეგ ძალიან კარგი!.. - გააწყვეტინა სიტყვა სეფე-წულმა ირემას... - შეგეძლება ისე მატარო, და კაციას სამფლობელოში მიმიყვანო, რომ გზაში სხვა მებატონეები არ შეგვხვდნენ?..

- ძნელი იქნება, თუ შარა-გზით ვიარეთ...

- სხვა გზა კი არ მოიპოვება?!.

- როგორ არა, მაგრამ ცხენისთვის ცოტა ძნელი სასიარულო იქნება...

- სიძნელეზე ნუ დარდობ!..

- მაშინ წინ არა უდგას რა... მწყემსების მეტი და ნადირისა ჩვენ არავინ შეგვხვდება...

- კეთილი. ხვალ დილით ადრიანრად გავემგზავრნეთ...

- კეთილი...

- გაფრთხილებ კი, ხვალიდან მე სეფე-წული არა ვარ... ვინმე მებატონე, და არა სეფე-წული... ნამეტნავად, კაციას შინა-ყმებთან ფრთხილად იყავი. მარტო კაციამ თუ გკითხა ჩემზე რამ, მხოლოდ იმას უთხარი, რომ მე მეფის კარისკაცი ვარ... მეფის სურვილი ასეთია, რადგანაც საიდუმლოდ მომანდო საქმის გამოძიება... იმაზე ერთმა მებატონემ საჩივარი შემოიტანა. რაკი...

- უთუოდ ტყუილად ედავება ის ვიღაც...

- მეფეც მაგრე ფიქრობს, და ამისთვის მე მომანდო, რაკი სხვას არ ენდობა... კაცია მე არ მიცნობს, არც სადმე ვუნახივარ... ეს ძალიან აადვილებს მეფის დავალებას... მეფის ნებითვე მხოლოდ შენ გეუბნები ამას, რადგანაც მეფეს შენზე მოვახსენე, ჩემი ერთგულია და სანდოც-მეთქი...

- სეფე-წულო!.. განა ღირსი ვარ მაგ ნდობისა?!.

- ეგ ხომ შენ უფრო კარგად უნდა იცოდე!..

- მაშ ხვალ დილა-ადრიანად?!.

- ჰო, ჩემო ირემავ, ახლავე შედი საჯინიბოში და უთხარი ჩემი სახელით, ორი ბედაური დაგვიმზადონ... მერე სამზარეულოში და იქაც ეტყვი, საგძალი დაგვიმზადონ...

- იმდენს რას წავიღებთ, დიდებულო სეფე-წულო, რომ სამ დღეს გვეყოს... მით უფრო, ჩვენ ვითომ სანადიროდ ვართ წასულები...

- მართალს ამბობ, ირემავ, - მაშ მარტო ღვინო და პური წავიღოთ... დანარჩენისათვის ზრუნვა შენ იკისრე...

- წეღან მოგახსენე: გზაში მარტო მწყემსები და ნადირი შეგვხვდება-მეთქი. მწყემსებთან ყველა ხორაგს ვიშოვით, გარდა ღვინისა, და თუ შემთხვევით ნადირის ხორცსაც მივუმატებთ, მაშინ ხომ ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს... ჩვენ ხომ მართლა სანადიროდ არ მივდივართ... უნდა ჩქარა ვიაროთ, თორემ გზა დიდია... თუ რიგიანად ვიარეთ, მხოლოდ მესამე დღეს სადილობისას კაციასთან ვიქნებით.

- მაშ მარტო ღვინო წავიღოთ. მართალს ამბობ, ჩემო ირემავ, ეგრე იყოს!..

ირემა გამოეღამემშვიდობა სეფე-წულს. სეფე-წული კი ეთერზე ფიქრმა გაიტაცა...

ეთერი არ ენახა. ეთერი. აგერ ეს რამოდენა ხანია, სანატრელად გაუხდა, ხშირად, როცა მარტოკა რჩებოდა თბილ მთვარიან ღამეს, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა და ამ ფიქრში ეთერი ეხატებოდა აუწერელ სილამაზისა, მომჯადოებელ ქმნილებად. იქნება, ამაში დამნაშავენი იმისი ტოლ-ამხანაგები იყვნენ, რომლებიც გულწრფელად უამბობდნენ თავიანთ გაწბილებას?!. ხომ ყოველთვის ეთერისაგან უკუგდებული მთხოვნელი მეფეს ესტუმრებოდა და სეფე-წულს უამბობდა თავის თავ-გადასავალს... “არც თუ მაგრე სახარბიელოა... ძალიან თავგამოდებულია...” დაუმატებდა ხოლმე ზოგიერთი მათგანი... სეფე-წული კი გულიანათ იცინოდა... იცინოდნენ იმასთან ერთად გაწბილებულებიც...

როცა ისენი შორდებოდნენ, მაშინ სულ სხვა გუნებაზე დგებოდა. ენატრებოდა ეთერის ნახვა... ფიქრობდა, თუ როგორ ენახა ეთერი... ამ ფიქრმა ისე შეიპყრო, რომ გარეშემო სხვას ვეღარავის ამჩნევდა, იქნება ეთერზე უფრო ლამაზს...

ეთერი იმისთვის იყო მომხიბვლელი, რომ უხილავი იყო... იმაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, აქებდნენ... აძაგებდნენ... მაგრამ ყველა მაძაგებელი და მაქებარი თურმე მთხოვნელი იყო, როგორც სეფე-წული ირკვევდა... ყველა ესენი ეთერისაგან უარყოფილნი იყვნენ... აი, ეს აორკეცებდა იმის სურვილს და თვალს უბლანდავდა...

სხვა ქალები კი მშობლებთან ერთად ხშირი სტუმრები იყვნენ. ის იმათ შორის ტრიალებდა და ადარებდა იმისივე ოცნების ქმნილ ეთერს და არც ერთზე გული არ მისდიოდა... რასაკვირველია, ოცნების ქმნილს ვერც ერთი ხორციელი ვერ შეედრებოდა.

თითქმის განთიადისას ოდნავ მიელულა, რომ ირემა უკვე კარს მოადგა ორი ბედაურით...

IV

ეს მესამე დღეა, რაც ბატონი მახარეს ევაჭრება და ვერას გამხდარა. მახარე ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს აძლევს: “ფასდაუდებელიაო”.

ოქრომჭედელსაც აკვირვებს, თუ მახარე რის იმედით არ აძლევს ბატონს... საკმარი ლითონი აღარ დარჩათ, რომ გასასყიდ-გასაცვლელი ნივთები დაამზადონ და ამით ჯერჯერობით ხელი მოინაცვლონ. ერთხელ კიდევაც ურჩია ოქრომჭედელმა მახარეს:

- შვილო, მიეცი ბატონს, თორემ, ვაი თუ მერე ვინანოთ!..

- საყვარელო მამავ, - უპასუხა მახარემ, - მირჩევნია ეს ბაგე ისევ ლითონებად დავანაწილო, ვიდრე ჯერჯერობით გავშორდე... თუ შენი ნებაა, მიეცი, მამავ, მე კი თანხმობას ნუ მათქმევინებ...

- არა, შვილო, უშენოთ რისამე გაცემას ვერ ვიკისრებ ახლა, მით უმეტეს, მაგ ქმნილებისას...

და ამის შემდეგ ხმა არ ამოუღია ოქრომჭედელს. ბატონსაც ესეთივე პასუხი უთხრა ოქრომჭედელმა, და იმანაც თავი მიანება ამის შემდეგ. ახლა მხოლოდ მახარე-ღა ევაჭრება...

ბატონი პირველ დღესვე ისე გაჯავრდა, რომ გადასწყვიტა აღარ შეჰვაჭრებოდა, მაგრამ ეთერი აღარ უსვენებდა...

აი, მესამე დღეს კიდევ მოვიდა ბატონი; გამოიხმო გარედ მახარე და შარა-გზისკენ, სწორედ კოშკის პირდაპირ, გაიყოლია...

- შვილო, მახარე, ის მაინც მითხარი, რა მიზეზით?!. მაშ რისთვის გააკეთე “შიშის ზარი”, თუ კი არ გაყიდი... ან არ გადასცვლიდი?!.

- ბატონო, ეს მხოლოდ ჩემთვის გავაკეთე... ხმა ისეთი მომხიბლავი იყო, რომ მინდოდა მაშინვე გამომემწყვდია რაშიმე, რომ მუდამ ჩემთან ყოფილიყო; და აი, მოვახერხე ეს... ახლა კი შენ მეუბნები, მომეციო... მერე მე რაღა დამრჩება?!. შენ შენი ქალი გყავს თავის ხმით. მე კი მხოლოდ შენი ქალის ხმის მზგავსი ხმა... - ცოტა არ იყოს, გულ-ახდილად მოუვიდა მახარეს და ამის გამო იმის კილოსაც ნაღვლიანობა დაეტყო.

თითქოს უნდოდა ეთქვა: “შენი ქალი მიყვარს... ის მე არ მიკადრებს... შევძელ იმის მომჯადოებელი ხმის ოდნავ მიბაძვა... სახსოვრად, სანუგეშებლად ეს მინდა მქონდეს, და ამის ხელიდან გამოცლაც გინდათო”...

ბატონი ოდნავ მიუხვდა და ჩაფიქრდა...

უეცრივ ორივემ იქით მიიხედეს, საიდანაც აჩქარებული ცხენების ფეხის ხმა ამ დროს მოისმა, და ორივემ დაინახა იმათკენ მომავალი ორი მხედარი... ცხენები მთლად ქაფში ცურავდნენ.

ბატონი და მახარე გზის პირისკენ მიდგნენ. მხედარნიც მოუახლოვდნენ და მიემშვიდობნენ...

- გეთაყვათ, ბატონი კაცია შინ იქნება, თუ არა?!

- მიბრძანეთ, თქვენი მორჩილი მონა კაცია თქვენ წინა სდგას!..

- ახ! წამოიძახა ერთმა მხედარმა და სწრაფად გადმოხტა ცხენიდან და აღვირის ტოტები მეორეს გადაუგდო, რომელმაც მიბაძა პირველის მოძრაობას და თითქმის პირველი მიწას დაეშო.

- უკაცრავად, ბატონო კაცია. ასე კადნიერად რომ მოგმართეთ!!!

- რას მიბრძანებთ, ბატონო, შუბლზე ხომ არ გვაწერია, ვინა ვართ... შენ კი ძალიან ზრდილობიანად შემოგვეკითხე... მაგრე ზრდილობიანათ მეფეც არ შემოგვეკითხებოდა...

- რასა ბრძანებთ, ბატონო კაცია, მეფის კარისკაცი ვარ და მხოლოდ იმისგან ვისწავლე ზრდილობა.

- მეც მაგას მოგახსენებთ, მეფეც ვერ შემოგვეკითხებოდა-მეთქი. ახლა ვხედავ, თუ მაგრე ზრდილობიანად რად შემომეკითხე; მეფის კარისკაცი რომ არ ყოფილიყავი, ვერ მოახერხებდი. მაგრამ რა დროს მაგაზე ლაპარაკია, წამობრძანდით... თქვენი ცხენები მოწმობენ, ძალიან დაღლილები იქნებით...

- მართალს ამბობ, ბატონო კაცია, ეს მესამე დღეა, რაც უგზო-უკვლოდ მთა-ღრეს მოვედენით და დავეძებთ ფარშევანგს... გვინდა ვიპოვოთ...

- განა მეფეს გაუფრინდა ფარშევანგი?!.

- არა, ბატონო, მეფეს კი არა, ერთ მებატონეს, რომელსაც მეფე ძალიან პატივსა სცემს და უყვარს კიდევაც. იმის ფარშევანგის შესახებ მოვიდა ცნობა და მეფემ მაშინვე გვიბრძანა: მოუნახე ფარშევანგი და ჩააბარეო...

- ბედნიერი ყოფილა ის მებატონე, რომ მისთვის აგრე ზრუნავს მეფე!..

- ნუ გშურთ, ბატონო, მეფე ყველასთვის ზრუნავს... იქნება შენ უფრო უყვარდე მეფეს...

- მაინც ფარშევანგისა რა გაიგეთ?..

- რას გავიგებდით!.. ტყუილად ვიხეტიალეთ და შენ საბატონოში რომ გადმოველით შარა-გზაზე, გვითხრეს:

“ფარშევანგს გაფრენა სრულებით არ უფიქრნია და მშვიდობით იმყოფება ბატონის კოშკშიაო” ...

- ხა, ხა, ხა!.. - გულიანად გადიხარხარა კაციამ, - მაშ სულ ტყუილად მოგიხდა სამ დღეს ტყე-ღრეს სიარული?!

- სულ!.. მერე რა გულის ფანცქალით ყურს ვუგდებდით იქნმნება საიდანმე შემოგვესმას ფარშევანგის ხმაო...

- ვგრძნობ, რანაირად უნდა აგფანცქალებოდა გული...

ამ ბაასით გაიარეს შარა-გზა, სასახლის გალავანში შევიდნენ და სასახლის კარს მიადგნენ... მიიპატიჟა კაციამ სტუმარი და ახლა-ღა მოჰკრა თვალი, რომ ირემა ფეხ-და-ფეხ მისდევდა იმათ და თან ორ ცხენს მიიყოლებდა.

- ვეჟო, ეს კი სულ გადამავიწყდა... - საჩქაროდ უბრძანა ცხენები ჩამოერთმიათ, დაებინავებიათ ცხენები და იმისთვისაც ბინა ეჩვენებინათ... - კარგა გაუმასპინძლდით მაგასო!.. - დაუმატა ბატონმა.

V

როცა ბატონმა მახარე გამოიყვანა გარედ და კოშკის პირდაპირ შარა-გზაზე დაუწყო ლაპარაკი, ეთერი ამ დროს მალვით გამოიცქირებოდა და უნდოდა ბაასის დროს გამოეცნო მახარესი და მამის სახის გამომეტყველებით შედეგი. ისე მოუთმენლად ელოდა “შიშის ზარის” შეძენას, რომ მამის დაბრუნებას ვეღარ უცდიდა გულგრილად... მით უფრო, მამამ უთხრა: “დღეს უკანასკნელად შევეკითხები ბალღს. თუ დღესაც ვერას გავხდი, ჩემო ეთერ, უარს ვამბობ იმასთან ვაჭრობაზე” ...

აი, ამისთვის ამოეფარა სარკმლის პირას და თვალყურს ადევნებდა იმათ. დღეს პირველად ნახა მახარე... ღმერთო, რანაირად არა ჰგავს იმათ, რომლებიც მოდიან და თხოულობენ ეთერს!.. ამის მსგავსი არა უნახვს რა!.. ნამეტნავად როცა იმის მამას რაღაცას ეუბნებოდა, ოჰ, რანაირი ძლიერი სახის და თვალის გამომეტყველება ჰქონდა?!. აკი იმისი მამაც ჩაფიქრდა!.. “ნეტა რა უთხრა ისეთი?!” გაიფიქრა ეთერმა...

რა საშინლად ეწყინა, როდესაც ორი მხედარი წინ აეფარა და მახარეს ვეღარ ხედავდა...

“ეს ვიღაცა ახალი მთხოვნელი მოვიდა!..” გაიფიქრა ეთერმა და მაშინვე გადასწყვიტა: “უნახავად გავისტუმრებ... მერე რას ჰგავს... გაუთლელ მორგვს” ... მერე რა ესიამოვნა, როცა იმისი მამა და ის ვიღაც თვალს მოშორდნენ და იმის თვალ წინ მხოლოდ მახარე იდგა ნაღვლიანი და იმათკენ გაიცქირებოდა... შემდეგ დაინახა, როგორ ამოიოხრა, თითქმის გული თან ამოაყოლა ამ ოხვრას და თვალები იმის სარკმელს მიაპყრო... ჟრუანტელმა აიტანა ეთერი... ტანი შეუსველდა... რა ძლიერი გამომეტყველება ჰქონდა მახარეს თვალებს, რომ ეთერს მუხლები ჩაუკეცა...

- შვილო ეთერ, რატომ მაგრე ჩამჯდარხარ?!. - შეეკითხა მამა, როცა ეთერთან შემოვიდა და ასეთი სურათი დაინახა...

ეთერმა ძლივს გონება მოიკრიფა... ზლაზვნით წადგა და მამას ნაღვლიანი თვალებით შეეკითხა:

- მამავ, რა გითხრა?..

- ვინ?

- ახალმა ოქრომჭედელმა!

- შვილო, როგორც გითხარ, იმას აღარ შევევაჭრები... მგონია, სულელს შეჰყვარებიხარ და ის შენი ხმა თავისთვის გაუკეთებია!..

- ეგ შეუძლებელია! განა არ იცის, ჩვენ შორის რა დიდი განსხვავებაა?!.

- რომ იცის, აკი იმისთვის შენ ხმას იჭერს და ამწყვდევს რაღაც “ზარში”... მაგრამ ამას თავი დავანებოთ... დრო მივსცეთ მახარეს და თითონვე მოგიტანს და შემოგვეხვეწება იმის ნახევარ ფასშიც, რასაც ახლა ვაძლევთ... მამისამ მითხრა, სამუშაო ლითონი თითქმის აღარ დარჩენიათ... ახლა კი სასიამოვნო ამბავი უნდა გითხრა: ეს არის გვეწვია...

- ვიღაც კიდევ ჩემი მთხოვნელი?!. იმედია მეფის შვილი არ არის...

- ოჰ, შვილო, შენ ძალიან მაღლა ასწიე... მერე კიდევ მთხოვნელი არ არის, როგორც ეტყობა, ცოლიანი უნდა იყვეს...

- მაშ ვინ არის?...

- მეფის კარისკაცი...

- რისთვის მოსულა?!.

- შემთხვევით... მეფეს გაუგზავნია გაშინაურებულ ფარშევანგის საძებნელად, რომელიც ვიღაც მეფის საყვარელ ბატონისათვის გაუფრთხვიათ, და ბევრი ხეტიალის შემდეგ საჩემოში შემოსულა... ხვალვე უკან წასვლას აპირობს...

- მერე ფარშევანგი უპოვია?..

- არა, რადგანაც ფარშევანგს გაფრენა არც კი უფიქრია... საჩემოში რომ გადმოსულა, მაშინ გაუგია... ახლა დღეს ჩვენთან დარჩენას აპირობს და დილაზე კი წავა...

- მერე მე რა?!. მგონი, რაღაც მოჭორებულია ეგ ამბავი... მოუგონია, მხოლოდ იმისთვის, რო მნახოს და, თუ მოვეწონე, მითხოვოს...

- შვილო, როდის აქეთ არის, ეგეთი ბრძენი გაჰხდი?!. აკი გითხარი, ცოლიანი უნდა იყოს-მეთქი... მერე ზედ ეტყობა, რო მართლა ღრე-ტყეში უვლიათ საძებნელად...

- მართლა კი მეფის კარისკაცია?!

- ეგეც ეტყობა... ეგრე ზრდილობიანი და თავაზიანი სხვა არ იქნება, თუ არ მეფის კარისკაცი...

- მაშ კარგი!.. ვეცდები თავაზიანობაში არ ჩამოვრჩე...

- მაშ წავიდეთ, შვილო, სადილობაა... მერე ნამგზავრია...

- ახლავე მოვალ, მამავ, სადილი ხომ მზად არის?

- ჩემო კარგო, მზადაა.

- მაშ კარგი...

ეთერმა გაისწორა ტანისამოსი, როცა მამა გავიდა ოთახიდან, მახარესგან გაკეთებული ქინძის თავი გაიკეთა და წავიდა დარბაზისკენ, სადაც სტუმარი იყო...

ეთერი შევიდა თუ არა, სტუმარი ფეხზე წამოიჭრა. წამს დაიბნა... ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ეთერის სიმშვენიერემ...

ეთერი მიემშვიდობა:

- კეთილი იყოს შენი მობრძანება, ბატონო!..

- ოხ, დედოფალო!.. - წამოიძახა სეფე-წულმა, როდესაც ეთერის მიმშვიდობებაზე გონს მოვიდა.

- ოჰ, ბატონო, შეგცდა!.. დედოფლის წინ არ სდგეხარ... გეტყობა, სასახლეში დაჩვეულხარ ეგრე მიგებებას!..

- იქნება ენამ მიყივლა!.. - ხუმრობაზე გადავიდა სეფე-წული. შეეშინდა, არ გამომამჟღავნონო...

- ენის ყივილი მამლის ყივილს წააგავს... ხშირად უდრო-უდროდ ყივის, რაც განთიადს არ მოასწავებს...

- ერიჰა, ჩემო კარგო, - წამოიძახა კაცია ბატონმა: - მშიერ კაცს ყივილით არ კვებავენ!..

- ბოდიშს ვიხდი, ბატონო, - მიმართა ეთერმა სტუმარს: - მამა მართალს ამბობს... მობრძანდით!.. - და წინ გაუძღვა...

სეფე-წული უკან მიჰყვა, აღტაცებული ეთერის სხეულის რხევით, თან ჯავრი მოსდიოდა, რომ ეთერის სამოსი ისე ანაოჭებული იყო, რაც იმის ნაკვთების მოძრაობას ფარავდა...

სადილად რა გინდათ, სულო და გულო, რომ არ მოეტანათ... დიდ ხანს გაგრძელდა სადილი. სეფე-წული და ეთერი ერთმანეთს უფრო გაუთამამდნენ... ნამეტნავად ეთერი დაწვრილებით ჰკითხავდა მეფის ცხოვრებაზე: როდის წვება, როდის სადილობს, როდის მეფობსო და ბევრ სხვა რამეზე ეკითხებოდა. ბოლოს გაკვრით ჰკითხა სეფე-წულზე, თუ ის როგორიაო და ან რას აპირობსო...

- რა უნდა დააპიროს?... მეფემ უთხრა: შვილო, ჩქარა ცოლი შეირთე, რომ ტახტი დაგილოცოვო...

- მერე რატომ არ შეირთავს ცოლს?.. - ცოტა შემკრთალის კილოთი შეეკითხა ეთერი... - ან, იქნება უკვე შერჩეული ჰყავს და მართლაც ჩქარა შეირთავს!...

ეთერი გულის ფანცქალით მოელოდა პასუხს, მაგრამ ცდილობდა სახის გამომეტყველებას არ გამოემჟღავნებინა იმისი სულისკვეთება...

- არა მგონია, ჰყვანდეს ამორჩეული, რადგანაც ამის წინათ ქალთა კონა გარს ეხვეოდა, და როცა ეს კონა გაიფანტა, წამოიძახა - არც ერთ იმათგანს არ უდგება ჩემი გულიო...

- მერე შენთან სთქვა ეგ მაგ ლექსით?..

- როგორც ახლა მე შენ წინ ვამბობ...

- უჰ, რა წუნია ყოფილა!.. - სიცილით წამოიძახა ეთერმა და იმედი მოეცა... ამავე დროს “შიშის ზარი” წარმოუდგა თვალწინ და იმის გამკეთებელი მახარე თავის ნაღვლიანის თვალებით.

“შიშის ზარის” შეძენის საშინელმა სურვილმა შეიპყრო, თითქოს იმის გადედოფლება მხოლოდ ამ ნივთის წყალობით შეიძლებოდაო... “თუ კი ის ჩემ ხელთ არ იქნება, რა უპირატესობა მექნება სხვა ქალების წინ, თუ კი ისეთი წუნიააო...”

- წუნია კი არა, - ცოტა სიჩუმის შემდეგ წარმოსთქვა სეფე-წულმა, - ბედს ელის... და იმედია ბედიც მალე კარს მიადგება...

- რატომ გგონია?!.

- ბატონო კაცია, მეფე თქვენზე ცოტათი გამწყრალია!.. - თითქოს ეთერის შეკითხვა ვერ გაიგონაო, ბატონ კაციას გამოელაპარაკა.

- ჩემზე?!. - გაკვირვებით შეეკითხა კაცია.

ეთერიც სმენად გარდაიქცა, და ფერი ეცვალა.

- დიახ, დიახ შენზე... სწორედ წინა დღეს გვქონდა შენზე ლაპარაკი და...

- რაზე მოვგონებივარ?!. ღვთის მადლით, არ ვაწუხებ, კარს არ ვუტალახიანებ... ვცხოვრობ ჩემთვის, რომ მეფე არ შევაწუხო-მეთქი და, რა მესმის: გიწყრებაო!.. უთუოდ ცუდი ენა ამოძრავებულა ჩემ წინააღმდეგ მეფის წინაშე.

- დამშვიდდი, კაცია ბატონო, არავის ცუდი ენა არ ამოძრავებულა შენ წინააღმდეგ. პირიქით, ყოველთვის შენზე კარგი ხმები მოდის და, აი, სწორედ ესა სწყინს მეფეს და ამბობს: ერთად-ერთი კარგი მებატონე მყავს და სწორედ ის ერთხელაც არ მეწვევა, რომ გული გადავაყოლოო...

- მართალს ამბობს ბატონი...

- ნადირა მქვიან!..

- მგონი სეფე-წულსაც ნადირა ჰქვიან.

- სეხნიები გახლავართ!

- მართალს ამბობს ბატონი ნადირა-მეთქი, მამავ!.. რაც თავი მახსოვს, ერთხელაც არა ხლებიხარ მეფეს... აი, ადექ და ხვალვე გაემგზავრე მეფისკენ და ბოდიში მოიხადე...

- მეფესთან არ მივდიოდი, რომ არ შემეწუხებინა, და თურმე ეს დანაშაულად მეთვლება... მაშ, თუ ეგრეა, ეთერის თქმისა არ იყოს, ხვალვე გავემგზავრები...

- ძალიან აჩქარებული იქნება მარტო შენი გამგზავრება, ბატონო კაცია!.. მეფეს, უეჭველია, ძალიან გაუხარდება. მაგრამ ამავე დროს ეწყინება კიდევაც...

- რისთვის?

ეთერმა აღარ იცოდა, რა გაეფიქრნა...

- უთუოდ არც კი იცი, ბატონო კაცია, რომ მეფეს ჰყავს საყვარელი ასული მარეხი, რომელიც სულთამხუთავივით თავს ადგას და უეჭველად სტუმარს ერთსა და იმავეს ჰკითხავს, რასაკვირველია, სტუმარი თუ ხნიერია: “ასული გყავს?.. მაშ რატომ არ მოიყვანე?!. შენ კარგი მამა არა ყოფილხარ... მეფევ, ამ კაცს სახლში ნუღარ შემოუშვებ”...

- უჰ, რა ავი რამ ყოფილა?! - წამოიძახა ეთერმა...

- არა, ავი კი არა, ძალიან გულკეთილია და გულკეთილობით მოსდის ეს... კარგად ვიცი იმისი ხასიათი... იმასა ჰგონია, ქალებს განგებ შინ ამწყვდევენ და არსად არ მიჰყავთო...

- მაშ, შვილო ეთერ, შენც წამოსვლა მოგიხდება!..

- ჯერ ვერას გეტყვი... ვშიშობ, სხვანაირად არ იფიქრონ...

- რას მიბრძანებ, ბატონო. ვის შეუძლიან სხვანაირად ფიქრი...

- სასახლეში მარეხის და მეფის მეტი რო არავინ იყოს, მაშინ სიხარულით დავთანხმდებოდი წასვლას, მაგრამ იქ სეფე-წულიც არის, რომელიც როგორც შენა სთქვი, საცოლეს ძებნაშიაო... - დამშვიდებით წარმოსთქვა ეთერმა: - ვაი თუ სთქვას: ქალთა კონას ერთი ქალიც მიემატა, რომელსაც სახელად ეთერი ჰქვიანო და ისიც იძულებული ვიყავ გამებნიაო!.. არასდროს... ამისთანა საქმეს არ ვიკისრებ...

სეფე-წული წამს შეწუხდა. იფიქრა, საქმე წავაგეო... ისე ვერ მოვახერხე, როგორც მინდოდაო, და ახლა ერთად-ერთი გზა დარჩენოდა: გამოემჟღავნებინა თავისი თავი და ეთერი ცოლად ეთხოვნა... მაგრამ, გაიფიქრა, რო უარი მითხრასო!.. შეკრთა... უეცრივ თავში გაუელვა ერთმა მოსაზრებამ და სწრაფად წარმოსთქვა:

- ტყუილად გეფიქრებათ ეგ... სეფე-წული, თუ შენ არ მოისურვებ, არ გეჩვენება... ამის თავდები მე ვიქნები. მე კი ნება მექნება დრო-გამოშვებით შენ და მარეხთან შემოვიდე, ან კიდევ სადილობის დროს თქვენთან ვისადილო?!

- ოოო, რასაკვირველია, თუ წასვლა გადავწყვიტე!

- რაღა გიშლის ხელს?!

- ბევრი რამ!...

ეთერი ოცნებამ გაიტაცა... “შიშის ზარი” ხელთ უჭირავს... ერთად მღერიან... სეფე-წულს ესმის ეს მღერა... იმას აკრძალული აქვს ეთერის ნახვა... ვეღარ ითმენს... შემოვარდება და იმის წინ ემხობა... “აღარ შემიძლიან... გევედრები, მომხიბვლელო, დედოფლად გაჰდე”...

სეფე-წული შესცქეროდა ეთერის აღგზნებულ სახეს და თითქმის ეთერის ოცნების გამართლება მოიწადინა... მაგრამ თავი შეიმაგრა და ოდნავ წაილუღლუღა:

- რა მშვენიერებაა!..

გამოერკვა ეთერი... “შიშის ზარი” თვალწინ დაუგდა... მახარეც თავის თვალებით... ტანში ჟრუანტელმა დაურბინა...

- მაინც ამ წამს ვერ გადავსწყვეტ წასვლას... დილაზე იქნება გითხრათ...

- შვილო ეთერ, რაღა დილაზე, ახლავე მითხარ და სამზადისს შევუდგები...

- მართალს ბრძანებს ბატონი კაცია, დილაზე ერთად წავალთ...

- არ შემიძლიან... მხოლოდ დილაზე გეტყვით, თუ როდის შემეძლება...

- მაშ შენ პასუხს მოვუცდი, თუმცა გადაწყვეტილი მქონდა დილაზე მამლის ყივილისას წავსულიყავი...

- ეგ შენი ნებაა... ახლა კი, მაპატიეთ, და დილამდის გამოგემშვიდობებით...

- იმედია, დილაზე “ჰო” იქნება პასუხად...

- შეიძლება...

VI

“შიშის ზარი” და “დედოფლობა” ისე გადაიხლართნენ ერთმანეთში ეთერის გონებაში, რომ ვეღარ ითმენდა ბოლომდის განეგრძო სტუმართან ბაასი... აკი მაინც ვერ შესძლო და გამოემშვიდობა... თავში ერთი აზრი უტრიალებდა: სეფე-წული წუნიაა... ეთერი ხელ-ცარიელი ვერას გააწყობდა... მაშასადამე, ხელთ უნდა ჰქონდეს ისეთი თილისმა, რომელიც სეფე-წულს ქედს მოახრევინებს”, ამ თილისმას კი “შიშის ზარში” ხედავდა. მაგრამ როგორ შეიძინოს?!.

- რადაც უნდა დაუჯდეს, შეძენა აუცილებელია, თუ კი დედოფლობა უნდა... დედოფლობა კი... უჰ... სიგიჟემდის მიდის...

მამამ ვერა გააწყო რა, და ახლა თითონ უნდა შეეცადოს...

ეთერი გამოემშვიდობა თუ არა, თავის კოშკს მიაშურა, რომ თავის ოთახში მოეფიქრნა, რა გზას დასდგომოდა... შევიდა თუ არა კოშკში, მაშინვე ფარულმა კარმა მიიპყრო მისი თვალი; კოშკის ძირის სართულის კედელში იყო შეუმჩნევლად დატანებული... ამ კარის არსებობა არავინ იცოდა, გარდა კაცია ბატონისა, ეთერისა და გადიისა...

ამ კარით სარგებლობდნენ კაციას წინაპრები, როდესაც მტერი გარს შემოერტყმოდა და ლამობდა აღებას, რადგანაც ეგონა, ციხეში წყალი არ ექნებოდათ, რაკი ციხის წყაროს სათავეს ჩაშლიდენ და წყალს მოუწყვეტდნენ... მაგრამ ამაოდ... ციხეში უწყლობით არავინ შეწუხებულა. ეს კარი ფარავდა გვირაბს, რომელსაც მდინარის მიუვალ ნაპირამდის გაჰყავდა კაცი... აქედან შემოჰქონდათ წყალი და სხვა სანოვაგეც. ხშირად ამ გზითვე მეომარნი გადიოდნენ; ღამე უეცრივ თავს ესხმოდნენ და გულ-გახეთქილი მტერი, თუ კი ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა, უგზო-უკვლოდ გარბოდა.

მდინარის ისეთ ნაპირას გადიოდა, სადაც გარეშე ადამიანის ფეხი ვერ მოხვდებოდა და ვერც მიუდგებოდა ვერც დღე, და ვერც ღამე... ცოტა ქვევით კიდის პატარა ველზე განმარტოვებით ვერხვი მედიდურად იყო ამართული და გაიცქირებოდა ქვევით, თითქოს თვალყურს ადევნებს მხიარულად მჩქეფავ მომღერალ მდინარეს...

რამდენჯერ ეთერი და გადია გვირაბით გამოდიოდნენ მდინარის პირას, ბანაობდნენ მდინარეში და შემდეგ ამ ვერხვის ქვეშ სიცხეში მოუსვენიათ...

მდინარის ნაპირი და ვერხვი გვირაბის ახლოს იყო, მაგრამ კოშკიდან რამდენიმე გორაკი უნდა გადევლო, ადამიანი რომ მდინარის პირას მისულიყო... აქედან კი ოდნავ მოსჩანდა ვერხვი, რომელსაც არავინ ყურადღებას არ მიაქცევდა, რადგანაც ის აქედან მთაზე შეფენილ ტყეს უერთდებოდა, და ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ ვერხვს დაუჭერია წარმტაცი მიდამო...

არც ადვილი იყო იმ ვერხვამდის მისვლა... კიბე-კიბე კლდეზე უნდა ბობღით ასულიყავი, რომ გენახა ის მიდამო...

და არც არავინ ადიოდა იქ, და ვერხვზე წარმოდგენაც არ ჰქონიათ...

სწორედ ეს ობლად მდგომი ვერხვი წარმოუდგა ეთერს, როდესაც გვირაბის კარი დაინახა და მაშინვე ყველაფერი გაითვალისწინა... “ეთერმა ამაღამ მახარე თავის “შიშის ზარით” უნდა ინახულოს იმ ვერხვის ძირას”... სხვაგან შეუძლებელია...

კაცია ბატონს არ დასჭირებია ამ ხვრელით სარგებლობა, რაც მამის შემდეგ საბატონოს ბრძანებელი გახდა, სამაგიეროდ, ეთერი და გადია თითქმის ყოველდღე სარგებლობდნენ ზაფხულობით და მთელი საათობით მდინარეში ბანაობდნენ...

ეთერმა მაშინვე მახარესთან გაგზავნა გადია და დაავალა, ყველაფერი საიდუმლოდ ეთქვა: “მთვარის ამოსვლისას მდინარის პირას იდგეს თავისი “შიშის ზარით” და მაშინ ეთერი თითონ გასწავლის, როგორ მიხვიდე იმასთანო” ...

გადიამ ჩქარა შეუსრულა წადილი ეთერს... ყველაფერი მახარეს შეატყობინა და შემდეგ კი ეთერისავე განკარგულებით საუცხოვო ნამცხვარი და სამწვადე გვირაბით ვერხვის ქვეშ დააწყეს... გაიტანეს კიდევ დოქებით შესანიშნავი ღვინო... ეთერი თანდათან თავის განზრახვის ბადეში ებმოდა, ფრთებს ისხამდა, სადღაც, ჯერ სულ უხილავ სამეფოსკენ მიექანებოდა... წამს სახეზე სიამოვნების ალმური უკრთოდა, წამს კი შიშისა და კრძალვისა...

- გადია, ამაღამ, არ ვიცი, რა მომელის... ამას კი გადაწყვეტით გეტყვი: ის “შიშის ზარი” ჩემი უნდა იყოს და იქნება კიდევაც!..

- იცი, ჩემო კარგო ეთერ, რას გეტყვი?..

- როგორ არ ვიცი!.. “მაკვირვებს შენი საქციელი... გირჩევ ყველაფერს თავი მიანებოვო!..” არა, ჩემო გადი?!. - შეეკითხა ეთერი და გადიკისკისა...

- სწორედ მაგას გირჩევ... მერწმუნე, თავი რომ მიანებო, ის ემჯობინება!..

- არა, ჩემო გადი, შენი რჩევა თავს არ მომდის... მარტო ამას გთხოვ: ცოტა ბანგი მიშოვო... არა მგონია, დამჭირდეს, მაგრამ ყოველივე შემთხვევისათვის კარგია ხელთ მქონდეს.

- ეთერ, განა უმაგისობა არ იქნება?!.

- აკი გეუბნები, ყოველივე შემთხვევისათვის-მეთქი!..

- კარგი, მაგრამ არა სჯობია, ისევ ბატონი მამა მოელაპარაკოს და...

- ახლა უკვე გვიან არის... წეღან ეგ უნდა გერჩია, ვიდრე მახარეს მოელაპარაკებოდი... ახლა რასაც გთხოვ, ის უნდა აასრულო...

- ეთერ, არ მეგონა წეღან...

- ნურც ახლა გეგონება... ვეცდები ოქრო-ვერცხლით შევიძინო... შევაძლევ. თან წავიღებ. ვგონებ დავითანხმო... მხოლოდ მაშინ ჩავურევ ღვინოში... ოდნავ რომ მიეძინება, “შიშის ზარს” წამოვიღებ... მამამ მითხრა, მძიმე არ არისო, ოქრო-ვერცხლს კი ჯიბეში დავუტოვებ...

- თუ მაგრე მოიქცევი, მაშინ შეიძლება...

- შენ კი ჩემ დაბრუნებამდის, თუ მამამ, ვინიცობაა, მიკითხა, უთხარი: სძინავს-თქო!..

- უეჭველად!..

VII

მახარე გამოურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდა, როცა გადიამ ცალკე გაიხმო და ეთერის სურვილი გაუცხადა... ვერ წარმოედგინა, თუ ეთერი მარტოდ-მარტო პირისპირ შეხვდებოდა მახარეს და იმღერებდა... ეს ძილის დროსაც არ ესიზმრებოდა, თუმცა სიზმარი ყოვლად შემძლებელია: კუტს ფეხს აადგმევინებს, ბრმას თვალს აუხელს და მუნჯის ენას აამეტყველებს...

“მაგრამ ეს ხომ სიზმარი არ არის?!” - გაიფიქრა მახარემ და თვალები მოიფშვნიტა...

არა, არა სძინავს... ჯერ ხომ არ დაუძინია, რაც ბატონი “ბაგეს” სთხოვდა, და უარი უთხრა... მერე ვიღაცეები ცხენებით მოვიდნენ... ბატონი და ისინი გალავანში შევიდნენ... ის კი საოქრომჭედლოში დაბრუნდა... მამასთან ერთად ისადილა... მერე სამხარიც ერთად ჭამეს... არ დაუძინია... და, აი, ეთერის გადია ელაპარაკა... ეთერის სურვილი გადასცა...

“...ეთერი ჩემთან ერთად მდინარის პირას და”... ვეღარა დაუმატა რა, რადგანაც ეს დაუჯერებელი იყო.

მაინც გუნებაში ოდნავად ემზადებოდა იქ წასასვლელად, თავის ქმნილ “ბაგეს” რამდენჯერმე გადაჰხედა და უნებურად წამოიძახა:

“ნუ თუ, ჩემო ბაგევ, გაიმარჯვე?!.

- რაო, შვილო მახარე?!.

- არა მითქვამს რა...

- როგორ არა, “ნუ თუ, ჩემო ბაგევ, გაიმარჯვეო!..” მკაფიოდ მომესმა შენი სიტყვები...

- ეგ სიტყვები ჩემი ნაფიქრებია, მაგრამ არ მეგონა, თუ სიტყვებში გამოვხატე... მეგონა, გავიფიქრე...

- არა, ხმამაღლივა სთქვი, თორემ, აბა, როგორ შემოგეკითხებოდი...

- რა ვიცი, ბატონი ისე ჩამომციებია, რომ აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე?!. აგერ, წეღან რომ აქედან გამიხმო, ბატონის ასულის გადია იყო... ისიც ჩამაცივდა ბატონის ასულის მხრივ...

- ჩემი აზრი იცი, შვილო, და კიდევ გიმეორებ: სჯობია მისცე... და თუ კი მაგრე გენატრება მაგისი ეგრე ყოფნა, შენ ხელთ არ არის?!. იმოდენა საფასურს გაძლევს ბატონი, რომ ხუთი მაგისთანა შეგიძლიან გაიკეთო...

- მართალს ამბობ, მამავ!.. ამაღამ კიდევ ვიფიქრებ...

ამ დასკვნით გათავდა მახარესა და ოქრომჭედლის საუბარი... ცოტა კიდევ იმუშავეს და კიდევაც შემოაღამდათ...

ოქრომჭედელი შინ წავიდა და მახარე თავის აღელვებულ გონება-გულით საოქრომჭედლოში დასტოვა...

“ეს ღამე რას გიქადის მახარე?!” რამდენჯერმე დაეკითხა მახარე თავის თავს, როცა მარტოდ დარჩა, და კოშკის სარკმელს თვალი მიაპყრო.

ძნელი გამოსაცნობი იყო მახარესათვის, თუ ეს ღამე რას უმზადებდა...

იცოდა მხოლოდ, რომ ეთერმა დაიბარა მდინარის პირას... ეთერის ეს სურვილი იმისთვის კანონი იყო. უეჭველად წავა, მაგრამ შემდეგ რა იქნება, რა მოხდება?!. ეს საკითხი უღრღნიდა ტვინს, და პასუხი კი ვერ მიეცა.

წამს წარმოუდგებოდა თვალწინ ეთერი, ბროლისგან გამოკვეთილი ეთერი, რომელიც იმის “ბაგეს” ხელს ავლებს და მიაქვს... მახარე სდგას და ხმა ვერ ამოუღია... იმას უკან მისდევს იმისი გულიც: ფუღურო მახარე, უგულო მახარე რჩება მდინარის პირას... ადგილიდან ვეღარ იძვრის... წამს კიდევ სულ საოცნებო ბადეში ეხვევა და ეთერთან ერთად დანავარდობს კიდით კიდემდის, და ეთერის ხმა და “ბაგისა” აუწყებენ ქვეყანას მახარეს ნეტარებას...

თან მახარე სარკმელს თვალს არ აშორებს. იქ სანუგეშო არა მოსჩანს რა... ერთხელაც არ გაიღო სარკმელი... ეს რის ნიშანია?!.

“თუ კი მე, - ფიქრობს მახარე, - თვალს ვერ ვაშორებ იმის სარკმელს... მინდა ნიშანი რამ მივიღო, ნუ თუ ეთერს, თუ კი ჩემი ნახვა უნდა, სურვილი არ აქვს გაიგოს, თუ მე რას ვაკეთებ?!.

მახარე თავის სულისკვეთების მიხედვით ზომავდა ეთერის გრძნობას, აზრს და ამისთვის გაუგებარი იყო... მერე სრულებით გამოუცდელი და გულუბრყვილო... ვერ წარმოედგინა მახარეს სხვა გარემოება...

ეთერიც გამოუცდელი იყო, ისაც ისეთივე ახალგაზრდა, როგორც მახარე და ამისთვის ვერ წარმოედგინა, თუ მახარე ასე ეწვალებოდა...

ეთერს ერთი აზრი ასულდგმულებდა: “შიშის ზარი” ჩაეგდო ხელში და ამით სეფე-წულზე ძლიერი შთაბეჭდილება მოეხდინა, რათა გადედოფლებულიყო...

მახარე კი სულ სხვა აზრისა იყო ამ შემთხვევაში...

“...რაკი ეთერმა შეხვედრა მთხოვა, მაშასადამე, პირად მე ვუნდივარო”, და ამის გამო ჯავრობდა და ვერ აეხსნა ასეთი დაუდევრობა ეთერისა...

ეთერი და მახარე ესწრაფოდნენ ერთმანეთის შეხვედრას სულ სხვადასხვა მიზნით. ეთერი აჩქარებდა გადიას ყველაფერი რიგზე დაეწყო და მოემზადებინა მახარეს შესახვედრად; მახარე კიდევ - ცას, რათა, რაკი სარკმლიდან არავითარი ნიშანი ვერ მიეღო, ჩქარა ამოეშო მთვარე...

VIII

სჩქეფს, ქუხს მდინარე... არე-მარე ბანს აძლევს... იდუმლად მოსთქვამს თავის მრავალ-წლოვანების ამბავს... გულწრფელად, გულღიად გეუბნება თავის წარსულს, არ მალავს არც ერთ თავის განვლილ ცხოვრების ნაბიჯს... აგერ გეუბნება, როგორ მთის გულიდან წვეთად გამოიცრემლა, შემდეგ როგორ იქცა ცრემლი ნაკადულად. ახმაურდა, როგორ აგეთივე ცრემლ-ნაკადულები ერთმანეთს შეხვდნენ, შეერთდნენ და ძლიერი ძარღვი ჩაქსელეს, ჩახრამეს, სძლიეს თანდათანობით წინ ჩაჩხირულ ბექობებს და ახლა ლაღის გზით მიექანებიან სიმღერით... იმასაც კი მოგვითხრობენ, თუ დრო-გამოშვებით როგორ ამღვრევენ და დახშობას უპირებენ იმათ შემოსული ღვარები, სულს უმწარებენ და სუნთქვას უხუთავენ, მაგრამ ყოველთვის ანკარა ცრემლი როგორ გამარჯვებული გამოდის და შემოსულს სწმენდავს და ქვევით ისტუმრებს...

მახარეს ეს მოთხრობა ამ წამს არ ესმის. ის მხოლოდ ეთერით არის შებოჭილი და იმაზე ოცნებობს. ის, დიდი ხანია, მდინარის პირას მოვიდა, ერთ ნარიყალ კუნძზე ჩამოჯდა, თავის ქმნილება “ბაგე” გვერდით მოიდვა და მთვარის ამოსვლის ლოდინში იყო...

რა ნელის ნაბიჯით მიდის დრო?! კუს ფეხი მობმია... მახარე ჯერ ათვალიერებდა არე-მარეს. ბნელოდა, მაგრამ თვალი უჭრიდა, მიდამოს მოხაზულობა მკვეთრად თავის სიდიადით ეკუმშებოდა თვალ წინ... ცდილობდა ამოეცნო, თუ ეთერი მიდამოს რომელ ნაკეციდან ამოქანდაკდებოდა... ან, იქნება, ეთერი მთვარეს ამოჰყვეს?!

“ჰო... ჰო... ჰო!..” ემოწმებოდა მდინარე. “ჰო, მთვარეს ამოჰყვება, თორემ სხვანაირად როგორ გაჩნდება ეთერი აქ!..” გაიფიქრა მახარემაც... და მიიხედა სამხრეთისკენ...

ცას ცოტა შუქი შეჰპარვოდა. ამის დამნახველს შეკუმშული გული ოდნავ მოეფონა. სულ რამოდენიმე წუთიც და სამხრეთის მთის მწვერვალს მთვარე მნათობ გვირგვინად თავს მოექცა...

- ააა უუუ!.. - შემოესმა მახარეს სულ წინააღმდეგ მხრიდან ნაცნობი ხმა.

გული აუკანკალდა, კანკალით ფეხზე წამოიჭრა და ჩრდილოეთისკენ პირი იბრუნა...

რას ხედავს?!

კლდის ნაპრალის პირას ამართულა თეთრი სამოსით ვინმე ასული... მთვარე ეალერსება ასულს. ასული კიდევ - მთვარეს... აგერ ასულმა მკლავები მთვარისკენ გაიშვირა, ოდნავ წინ წამოიხარა, თითქოს მთვარესთან შესაერთებლად გასრიალებას აპირებსო. მახარეს ფერი კიდევაც ეცვალა.

- მადლობას გწირავ, ჰოი, მნათობო, რაკი ჩემი გოდება შეისმინე და სურვილი ჩემი იმას აცნობე!.. - შემოსძახა ზევით ასულმა.

მახარე ჯერ ვერ გამოერკვია. ნაცნობი ხმა იყო, მაგრამ კილო კი, ნაღვლიანის მაგივრად, რაღაც დიდებული... თითქოს მხიარული... მახარე ჩრდილში იდგა და ამისთვის ზემოდან ვერ ხედავდა ასული.

მახარემ ხმა მკაფიოდ გაარკვია... ის ეთერისა იყო... აიღო თავისი “ბაგე” და ხმა შეუწყო, როცა ეთერმა მეორე მუხლი დაიწყო:

“დღეს აქ ველოდი, გადიას ვავალე...”

ახმაურდა “ბაგეც” მახარეს ხელში და...

- ხა, ხა, ხა, ხა!.. - გადიხარხარა ეთერმა, რაკი თავის მეორე ხმა აედევნა, და წამოიძახა საჩქაროდ: - მახარე რას დამალულხარ, თავი იჩინე!.. ახლა ვეღარ დამემალები, გიპოვე!.. კლდის ძირას ჩრდილს შეფარვიხარ... ამოდი ჩემთან!..

- მშვენიერო მოჩვენებავ, კი არ გემალები, გეძებ, მაგრამ როგორ მოგიახლოვდე, არ ვიცი... კოშკში შემოსვლა უფრო ადვილი იყო, ვიდრე მაგ სალ კლდეზე! - და მიუახლოვდა კლდეს.

- ხა, ხა, ხა, ხა!.. - გადიკასკასა ეთერმა... - აქ ამოსვლა, ძალიან ადვილია, თუ კი მოინდომებ და ხელმარცხნივ ბილიკს შემოჰყვები...

- თუ ვიპოვე ბილიკი...

- მონახე და იპოვი!..

მახარე მიბობღავდა ზევით... ეთერი წინ ჩამოეგება და მერე კი უფრო მარდად დაიწყო სვლა... ეთერი წინ მიუძღოდა და გზას აჩვენებდა...

მოაგონდა უეცრივ მწყემსის ამბავი და სიმწრის ოფლმა შუბლი შეუსველა... “იქმნება მეც იქ... ზევით სამარე ვპოვო?!” წამს გაიფიქრა მახარემ... მაგრამ იმავე წამს მოაგონდა, რომ მახარე მისდევს მხოლოდ ქალს და არც სალამურს უკრავს.

IX

მახარე განცვიფრებისაგან პირღია დარჩა, როდესაც ზევით ავიდნენ და ვერხვს შეხედა. ასეთი მშვენიერი ადგილი თავის სიცოცხლეში არ ენახა... არ იცოდა, რა ეთქვა.

- მახარე, ეს ჩემი სამეფოა!.. აქ მე დედოფალი ვარ და შენ კი სტუმარი...

- დედოფალო, ნება მომეცი შენ ფეხის ნადგომს ვეამბორო!.. წამოიწახა მახარემ და დაიმუხლა.

ეთერი შეკრთა, მაგრამ ჩქარა შეურიგდა ასეთ პატივისცემას... “ხომ ჩქარა დედოფალი ვიქნებიო”, უნებურად გაიფიქრა და ფეხი ასწია...

მახარე ხარბად დაეკონა ნაფეხურ მოლს და აღარ ინძრეოდა, თითქოს დააკვდაო.

- მახარე, გეყოფა თაყვანის ცემა! ახლა ამაღამ ერთად უნდა ვივახშმოთ და ვიმღეროთ... აი სუფრა უკვე მზად არის.

მახარე სწრაფად წამოვარდა ფეხზე და გაფითრებით შეეკითხა:

- მაპატიებ, თუ არა, შენი ხმა ძირს დამრჩა?.. ახლავე ამოვიტან!..

- “შიშის ზარი?..” - შეეკითხა ეთერი.

- ჰო, “შიშის ზარი”. ყველაფერი დამავიწყა მისმა მოწოდებამ: “აქ ამოდიო”.

ეთერი საშინლად განრისხდა, და თავი შეიმაგრა და წყნარად უთხრა:

- დავიწყების გასწორება შეიძლება... მარტო იმდენ ხანს ვერ ვიქნებით ერთად, რამდენიც შესაძლებელი იყო... მაშ მოიტანე... ახლა მარტოკა ვიქნები, ვიდრე მოიტან...

- ამ წუთს აქ გავჩნდები, - წამოიძახა მახარემ...

- ფრთხილად კი!..

ეთერი დაღონდა, თითონაც არ იცოდა, თუ რა იყო ამის მიზეზი... ან რისთვის გააფრთხილა?!. ხომ იმ აზრით მიიპატიჟა მახარე, რომ “შიშის ზარი” გამოერთვა და შემდეგში აღარ შეხვედროდა მახარეს. კისერი რო მოეტეხნა მახარეს, უფრო კარგი იქნებოდა... ჩავიდოდა თითონ და წაიღებდა “შიშის ზარს” უდავიდარაბოთ.

მაშ რისთვის გააფრთხილა?! იქნებ იმისთვის, რომ თითონ “შიშის ზარზე” წარმოდგენა არა ჰქონდა და ვერ იპოვიდა...

ეთერს თავში აერია სულ წინააღმდეგი აზრები და კლდის პირას ჩაიკეცა... თან დილანდელი მახარეს თვალებიც წარმოუდგა წინ. ვერა გამოერკვია რა... თან გაფაციცებით თვალყურს ადევნებდა მახარეს ყოველ მოძრაობას და ფეხის ხმას...

აგერ მახარე ძირს ჩავიდა... რიყე გადირბინა. პირდაპირ კლდის ძირას მივიდა... აღარა ჩანს, რადგანაც ჩრდილში... კიდევ გამოჩნდა... რაღაც მოაქვს... რიყე გამოირბინა და შეუდგა კლდეს... გულმა ფანცქალი დაუწყო... ოდნავ ტანიც შეუნოტიანდა... თითქოს სატრფოს ელისო... მოუთმენლობა ეტყობა... წამი საათად ეჩვენება... ვეღარ ითმენს და წინ ეგებება...

- მახარე, მარტოკას მომწყინდა!.. რად დაიგვიანე?!.

მახარე, ამოვიდა თუ არა, ეთერის ასეთ შეგებებაზე წამს შესდგა... მკერდი საშინლად აუდიოდ-ჩაუდიოდა, სუნთქვა მძიმე ჰქონდა.

შემდეგ “შიშის ზარი” გადასცა... ეს ახსოვდა კარგად...

შემდეგ დაახსომდა კიდევ, მუხლები როგორ ჩაეკეცა... თავში კიდევ გაუელვა მწყემსის არაკმა და გონება დაკარგა.

ეთერი დაემხო მახარეს... ბევრს ეალერსა... თმა ხუჭუჭი თავის ბროლის თითებით უვარცხნა... უყივლებდა მახარეს... მაგრამ ამაოდ... მახარე უგრძნობლად ეგდო... ბოლოს ეთერი გონს მოვიდა, მოისაზრა წყალი ეხმარებინა და ამ საშუალებას მიმართა. ვერხვის იქით, სულ რამდენიმე ნაბიჯზე მდინარის ჩაბარუხის სათავე იყო, სადაც ეთერი ზაფხულობით ბანაობდა გადიასთან ერთად; ბუერის ფოთლით მოიტანა წყალი, სახე ნაზად უპკურა... პკურება რამდენჯერმე გაუმეორა, და სწორედ სასწაული მოახდინა...

მახარემ თვალი გაახილა... ჯერ ვერავის და ვერც არაფერს ხედავდა... მძიმედ, ღრმად ამოისუნთქა და მხოლოდ ახლა დაინახა მომღიმარი ეთერი...

ეთერს საშინლად გაუხარდა მახარეს გამობრუნება. რა გრძნობა ამოქმედებდა ეთერს. ეს ვერ გამოერკვია... “შიშის ზარი” ხომ ახლა იმის ხელთ იქნებოდა?!. ან იქნებ ეშინოდა მახარეს სიკვდილის, მხოლოდ იმისთვის, რომ მახარე ვეღარ ასწავლიდა “შიშის ზარის” მოხმარებას?!. ან იქნებ უფრო სხვა მოსაზრება რამ აიძულებდა შებრძოლებოდა სიკვდილს, მახარე იმის კლანჭებიდან გამოეგლიჯა?!.

- ... ... ბედშავო, რა ღორივით დაგდებულხარ?! - უთხრა თავის თავს მახარემ და საჩქაროდ ტანი აიმართა. - მაპატიე, დედოფალო, ჩემი ასეთი სიბრიყვე!.. - მიმართა მოწიწებით მახარემ შემდეგ ეთერს...

- ბრალი არა გედების რა... მიპატიებია, თუმცა საპატიებელი არა მაქვს რა... ჩემ სამეფოში, ხომ ხედავ, ერთი შენა ხარ ჩემი ქვეშევრდომი და მეშინოდა შენაც არ დამკარგოდი... ახლა კი, აგერ იმ მნათობს მადლსა ვწირავ, რომ სააქაოსკენ პირი გაქნევინა...

- ლაჩარი ვყოფილვარ, დედოფალო, ლაჩარი!.. ჩემ თავს ვერ ვაპატიებ!..

- დავანებოთ თავი ბოდიშ-პატიებას და მო, პური ვჭამოთ და ღვინო ვსვათ. შენ სტუმარი ხარ, მე მასპინძელი... აი, ხომ ხედავ, ვახშმად გადიამ რა დაგვიმზადა... - მიიპატიჟა სუფრისკენ, რომელიც ვერხვის ქვეშ იყო გაშლილი.

- დედოფალო, ვახშმად მე მიწვევ?!. - განცვიფრებით შეეკითხა მახარე, და სწრაფად გონების თვალ წინ გადაეფურცლა მწყემსის არაკი...

“იქნებ მე უფრო ბედნიერი ვიყო მწყემსზე... ვარ კიდევაც... ის მოკვდა და მე კი ისევ ცოცხალი ვარ...” გაიფიქრა და შემდეგ ეთერს მიმართა:

- იყოს ნება შენი, დედოფალო!..

- ძლივსა სთქვი სასიამოვნო სიტყვა!.. - უპასუხა ეთერმა და გვერდით მოისვა...

X

ეთერი და მახარე ერთი წლოვანებისა იყვნენ, მაგრამ იმათ შორის დიდი განსხვავება იყო გონების მხრივ... ლაღად აღზრდილი ეთერი გაცილებით მაღლა იდგა მახარეზე და თითქმის ხელმძღვანელი გამოვიდა ამ ღამეს...

ერთი ესეც იყო, რომ ეთერი განსაზღვრული მიზნით შეხვდა მახარეს. მახარე კი, გატაცებული თავის გრძნობით, ყურ-მოჭრილ მონასებ ემორჩილებოდა ეთერს...

მაგრამ ამ ღამეს ეთერსაც შეეშალა ნახტომი. ეთერი თუმცა განსაზღვრული მიზნით იყო გამოსული, მაგრამ თავის თავის სიმტკიცე ვერ გამოზომა. ეს უთუოდ ახალგაზრდობის მიზეზით...

ეთერი ვახშმობის დროს მახარეს ძალას ატანდა ღვინო ესვა... როგორც ყურ-მოჭრილი მონა ისიცა სვამდა და გაბედულობაც ემატებოდა... ისე მონურად აღარ ელაპარაკებოდა, როგორც პირველში...

როცა ეთერმა სიმღერა მოისურვა, მახარე უკვე გაბედულად მოქმედებდა... იმან სწრაფად აიღო “შიშის ზარი” და ეთერს მიმართა:

- ჩემო ყველავ, ერთად დავიწყოთ!..

ამ სიტყვებს, სიკვდილითაც რო დამუქრებოდნენ, ვერ წარმოათქმევინებდნენ სხვა დროს. მაგრამ ახლა, გათამამებული ეთერის ქცევით, ვის დაერიდებოდა, ან მოეკრძალებოდა!.. ეთერი პირისპირ ედგა...

ეთერი ვერ მიხვდა მახარეს სილაღეს და აღტაცებით შეეკითხა.

- რა კარგი სიტყვაა!.. ვინ გასწავლა?..

- შენ!..

- როგორ?

- ისე!

- მაშ ვიმღეროთ!..

- ვიმღეროთ... მე მზადა ვარ!

ეთერმა დაიწყო აღგზნებული სიმღერა... სულ სხვა... კილო სრულებით არ ჰგვანდა იმ კილოს, რომელსაც მახარე კრძალვით უსმენდა. ეს კილო უფრო წარმტაცი და ვნების ამშლელი იყო, ვიდრე წინანდელი კილო. ეთერმა უეცრივ შეწყვიტა სიმღერა და განრისხებული შეეკითხა:

- მახარე რაღას დაგიმუნჯებია შენი “შიშის ზარი?!.”

- განაგრძე, განაგრძე ეთერ. ჩქარა ჩემი “შიშის ზარიც” - უფრო შენი ხმა - აგედევნება... რამდენიმე მუხლი იმღერე, და როცა გაიმეორებ, უკვე მოგყვება ხმა...

- კარგი, გაემზადე... ვიწყებ მეორედ...

- მზადა ვარ!..

შემოსძახა ეთერმა, და მახარემაც უკვე შეთვისებულად აახმაურა “ბაგე”. კილო სხვა იყო, მაგრამ ხმა ისევ ის იყო... რაკი მახარემ კილო დაიხსომა, ადვილი იყო იმისთვის ასდევნებოდა ეთერის სიმღერას...

მართლადაც საუცხოვოდ იყო შეთანხმება ხმებისა...

- მახარე!.. ეს შენი სადღეგრძელო იყოს!.. - უეცრივ შესწყვიტა სიმღერა და ფიალა ღვინით აიღო...

- ღირსი არა ვარ!..

- ეე... შენ კიდევ კუდს იქნევ!.. - უკმაყოფილოდ წამოიძახა ეთერმა და ფიალა გამოცალა...

- ეთერ?!.

- შენს ყველას... შენს დედოფალს სურს შეივსო ფიალა, მადლობა გადაუხადო, და შემდეგ შენი “შიშის ზარი” ხელთ მისცე და ასწავლო, როგორ მოიხმაროს...

- მზადა ვარ ყოველივე ეგ შევასრულო!..

- მაშ ახლავე შეასრულე!..

მახარემ სავსე ფიალა გამოცალა, “შიშის ზარი” ეთერის გვერდით მიიტანა და უთხრა:

- აი, ენა... ამას ხელი წაავლე და შენი ხმის მოძრაობის მიხედვით ენა გარს შეახე იმ სიძლიერით, რა სიძლიერითაც შენი ხმა იქნება.

შეასრულა დარიგება, მაგრამ სრულებით რაღაც უშნო ხმაურობა გამოუვიდა ეთერს...

- ნუ თუ შენ თან უნდა მყვანდე, რომ ეს “შიშის ზარი” ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენო?!. - უნებურად წამოიძახა და სასოწარკვეთილებას მიეცა...

- ჩემო დედოფალო, მაგას რას ბრძანებ?!. ემაგის მოხმარება უჩემოდ ძალიან ადვილია. ხელი არა გაქვს მიჩვეული მხოლოდ, ხელის მიჩვევა კი ძალიან ადვილია.

- იქნება შენთვის?!

- ყველასათვის... აი, ახლა, თუ ნებას მომცემ, შენ ხელს ავაყოლებ და ნახავ, რო ძალიან ადვილია...

- ოოო... ნებას გაძლევ კი არა, გთხოვ!.. - შეემუდარა ეთერი...

მახარემ “შიშის ზარის” ენა ხელთ მისცა, თითონ კი ეთერის ხელს თავისი ხელი ბუდედ მოუქცია და...

- ეთერ, ჩქარა დაიწყე სიმღერა!.. - შეევედრა მახარე.

პირველად შეეხო მახარე ეთერის ხელს და ეს შეხება საშინელი მწვავე და თავბრუდამსხმელი გამოდგა...

ეთერმა ხმის კანკალით დაიწყო სიმღერა... იმასაც ეტყობა რაღაც ცვლილება... ხმა კრთის... “შიშის ზარის” ხმაცა კრთის...

მახარემ ვეღარ გაუძლო... ხელი უშვა და ფეხზე წამოდგა...

- დედოფალო, ახლა მიხვდი, როგორ უნდა მოიხმარო?.. - უთხრა ჭირის ოფლისგან დანოტიავებულმა...

- მგონი, მივხვდი!. აბა გავიმეორებ უშენოთ... - და დაიწყო სიმღერა.

ჯერ ცოტათი გაუბედავად ააყოლა ხმა “ბაგისა”... ხმას სწყვეტდა და ხელის მოძრაობას უცდიდა, შემდეგ, რაკი გაიგო საიდუმლოება, აამოძრავა თავისი ბაგე და ააყოლა მწყობრად “შიშის ზარის” ენაც. საუცხოვოდ ახმაურდნენ ორივენი... მახარე აღტაცებაში მოვიდა... ათამაშდა და შეხტა მაღლა, ვერხვის ქვედა ტოტს სტაცა ორივე ხელი და თვალის დახამხამებაზე ზედ წამოსკუპდა...

ეთერმა თვალი შეასწრო იმის მოძრაობას და სიმღერით შეეკითხა:

- მახარე, მახარე, რამ აგაღელვა, რამ გაიძულა მაღლა აფრენა?

- შენმა სიმშვენემ... შენმა ხმამ!.. - ჩამოსძახა ზევიდან მახარემ...

ეთერმა ხელი უშვა ზარის ენას და გულიანად გადიკასკასა...

- მახარე, ჩემმა ხმამ მთოვარს არ მიგაკრას!.. - კისკისით დაუმატა.

- არა, ახლა შენკენ მიზიდავს!.. - და მთრთოლვარე ძირს, ეთერის გვერდით, გაჩნდა.

- ეთერ, არ ვიცი, რა მემართება?!. - ხმის კანკალით წამოიძახა მახარემ და იმის გვერდით ჩაიკეცა: - მინდა სულ ვმოძრაობდე... წამს კი ძარღვებში ვიშლები... მთლად ვდამბლავდები!.. აი, ამ წამს ოდნავად ხელის აწევის არაქათი აღარა მაქვს...

მახარე შეეცადა ხელი მაღლა აეწია, მაგრამ ვერ შესძლო... მოდუნებული ხელი ისევ კალთაში ჩაუვარდა...

- აი ფიალა, ღვინო შესვი და მოღონიერდები... - ეთერმა სავსე ფიალა პირთან მიუტანა და, რომ უფრო მარჯვედ დაელია, მეორე ხელი მახარეს ნიკაპს შეახო...

მახარეს ჟრუანტელმა დაუარა ტანში. სხეული ისევ გაუმაგრდა, გაუნძრევლად ფიალა გამოცალა.

- ოო, ეთერ, თილისმიანი ყოფილხარ!.. შენმა შეხებამ მთლად გამკურნა... - წამოიძახა მახარემ და მკლავში ხელი გაბედულად წაავლო...

ეთერი შეკრთა... მკლავი აეწო, და ტანი სინოტივემ შესხურა...

- ღვინომ, მახარე, ღვინომ!.. - წაილუღლუღა ეთერმა...

- არა, ეთერ, ღვინოსაც ვერ დავლევდი, რომ შენი ხელი არ შემხებოდა...

ეთერი ჩქარა გამოერკვა...

- მახარე! - დამშვიდებით უთხრა ეთერმა, - ახლა დრო არის, წავიდე... ხვალ ამავ დროს, როგორც დღეს, აქ გიპოვი...

- როგორ! ნეტარების კარამდის მიმიყვანე და ახლა მიხშობ?..

- ხვალ, მახარე, ხვალ ამ დროს...

- ეთერ!.. ჩემო ყველავ, არ მეგონა, თუ ასე ძლიერად შევიბოჭებოდი!.. - და მძლავრად მიიზიდა თავისკენ.

- მახარე...

- ეთერ!.. - მიიზიდა კიდევ თავისკენ და ტუჩი ტუჩს შეუწება.

ეთერი მოიშალა, დაკარგა წინააღმდეგობის უნარი. წამს მომწიფდა, მომწიფებულ ხილივით მოსწყდა და ძირს დაეცა.

ორივე ერთი სიახალგაზრდავის გრძნობით შეპყრობილი მიეცა წამს თავ-დავიწყებას და მათ გარეშე აღარა არსებობდა რა...

ხმაურობდა-ღა ჩაბარუხი?!. მთვარე მნათობდა-ღა?!.

ამათ აღარა ესმოდათ რა და არც რა ემხედველებოდათ... მხოლოდ გრძნობდნენ ერთმანეთის... გაერთიანებას და ამით უმაღლეს სიამოვნებას...

წამს ესაც მიყუჩდა... მიფერფლდა... იმათ თავში აღარავითარი მოსაზრება ან გულში გრძნობა რამ აღარ არსებობდა... ჩააკვდნენ ერთმანეთს.

ცხოვრებაში გაუთავებელი არა არის რა, ისინიც გამოერკვნენ და სულ სხვა და სხვა აზრი დაებადათ...

პირველად ეთერი გამოერკვა... შეწითლდა. მოაგონდა თავისი განზრახვა და მთვარეს პირი მოარიდა...

მახარე კი ნეტარების მორევში გაცურდა... ეთერს გადახედა, უკვდავების წყაროდ მოეჩვენა და კვლავ ხელი გადაავლო დასაწაფებლად...

- კმარა, მახარე, თორემ თავს დაგვათენდება!.. - ცოტა სასტიკად უთხრა ეთერმა... და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა ალერსით: - მახარე, ხვალ იმავე დროს აქ გელი... ახლა კი წადი...

- ეთერ, ჩემო ყველავ, მოჩვენება ხომ არა ხარ?!.

- აჰ, რა სულელი ხარ!.. - გადიკასკასა ეთერმა...

- აჰ, რა სულელი ხარ!.. - წარიტაცა ხევმა და მთის მწვერვალებამდის აიტაცა...

წარიტაცა აგრეთვე ჩაბარუხმა და ბარისკენ გააქცია.

XI

სეფე-წული გამოემშვიდობა თუ არა ეთერს, თავის ქერქში ვეღარ ჩავარდა, ისე ძლიერად აუფორიაქა სული ეთერმა... თუ ვერ მოვახერხე ამ გზით გაწვევა, უეჭველად გამოვუტყდები და ვითხოვო, ფიქრობდა სეფე-წული, და გარეშე ამისას ყურს აღარას უგდებდა. ვახშამი ისე ჭამეს კაციამ და სეფე-წულმა, რომ ორი-სამი შეკითხვა-პასუხის მეტი არა სმენია რა...

როცა კაცია გამოეღამემშვიდობა და ძილისთვის ოთახი მიუჩინა, მაშინღა გამოერკვა და ჰკითხა:

- უკაცრავად კი ვარ, ბატონო კაცია, ამ ოთახიდან როგორ უნდა, თუ ვინიცობაა ჩემი ცხენის დათვალიერება მომინდა, გავიდე და საჯინიბო ვიპოვო?..

- შენ ცხენისას ნურას იფიქრებ!.. ნაბრძანები მაქვს: ისე მოუარონ, როგორც თავიანთ თვალის ჩინს!..

- დარწმუნებული ვარ, ეგრეც იქნება, მაგრამ “ჩვეულება რჯულთ უმტკიცესიაო”, გვეუბნება ჩვენი მამა-პაპა... ჩვეულებად მაქვს, უეჭველად დავათვალიერო ხოლმე.

- მართალს ამბობ, ჩემო ნადირავ! - უპასუხა კაციამ და ასწავლა, თუ სასახლიდან როგორ გავიდოდა გარედ გალავანში, ანიშნა საჯინიბო და ისაც კი უთხრა, თუ ვინიცობაა გალავნის გარედ გასვლა დასჭირდა, უმარცვლო ურდულის კარიც აჩვენა...

სეფე-წულს არ შეეძლო გამომწყვდეულიყო ოთახში, როდესაც არ ეძინებოდა. ნამეტნავად ახლა, როგორ დაეძინებოდა, როდესაც მთელი იმისი არსება ეთერმა შებოჭა. იმის გარეშე სხვა აღარა არსებობდა რა. მხოლოდ ეთერი ეჩვენებოდა, ამისთვის გარედ მიიწევდა... კაცია დასაძინებლად წავიდა თუ არა, სულ რამდენიმე წუთის შემდეგ სეფე-წული გალავანში გამოვიდა და, ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ, ჩაუფიქრდა თავის მდგომარეობას...

რა მდგომარეობაში ჩავაგდე ჩემი თავი, - ფიქრობდა სეფე-წული, - ჩემი სიცრუვით?! ხვალ რომ უარი სთქვას წამოსვლაზე, მაშინ, კიდევაც რომ გამოვუტყდე, ხომ იფიქრებს: მატყუარა ვარ?!. მეტყვის: “წადი იქ, საიდანაც მოსულხარო”... ვაი, სირცხვილო?! რა გამოასწორებს ამ გარემოებას?!. ვგონებ, ერთად ერთი გზა დამრჩენია, დილაზე ადრე გავემგზავრო შინისკენ და იქიდან შიკრიკი გამოვაგზავნინო მამას დასაპატიჟებლადო... ამ გადაწყვეტილებას დაადგა, თავი მაღლა აიღო და სამხრეთისკენ გაიხედა... მომხიბლავი სურათი წარმოუდგა თვალწინ...

მთვარე გვირგვინად დასდგომოდა მთას და არე-მარეს ნაზ სინათლის ქსელში ხვევდა...

ისე წარმტაცი იყო ეს სურათი, რო წამს გაეფანტა ნაღვლიანი ფიქრები და საოცნებო ფიქრებმა წარიტაცეს...

რასაკვირველია, ამ ოცნების გვირგვინი ეთერი იყო.

მთვარე ეთერად მოეჩვენა. თავის თავი კი - მთად... სხივები კი... ეს ეთერის სული იყო და მთელ იმის სამეფოს სიამეს ჰფენდა...

ისე გაიტაცა ამ ოცნებამ, რომ დაავიწყდა თავის განზრახვა: ენახა ირემა და განკარგულება მიეცა, დილა-ადრიანად ცხენები დაემზადებინა...

გალავნის შუა დიდი კაკალი იდგა... იმის ტოტები, ფართოდ გაშლილი, იწვევდნენ თავისკენ, ვერც სეფე-წული გაუმკლავდა ამ სურვილს, და დაემონავა. სეფე-წული კაკლის ქვეშ მთვარის შუქისგან ახალიჩებულ მდელოზე წამოწვა და უფრო ფართოდ მისცა თავი ოცნებას...

ღმერთო, რა სახე არ მიიღო ეთერმა?!. იმასთან ერთად ცა და ქვეყანა მოიარა სეფე-წულმა, ზღვა და ხმელეთი განვლეს ერთად...

ეთერი ხან შიშველად, ვითა მთოვარე შუქის მფრქვეველად ეჩვენებოდა, ხან კიდევ თავის გზის მნათობად, თავისი თავი კი ბრმად... ეთერი ხელს აძლევს და ბეწვის ხიდზე გაჰყავს... ამ დროს ეშინიან, არ გაწყდეს ბეწვის ხიდი და უფსკრულში არ ჩატყორცნოს... გადიან მშვიდობიანად... უხარიან...

იმისავე გვერდით, სადაც წამოწვა, შორიდან მილით გამოყვანილი წყარო გადმოჩუხჩუხებდა და იმის ოცნებას ახმატკბილებდა. სეფე-წულის ოცნება ათასფეროვანდებოდა, ეხვეოდა საამო ბადეში და უკვე ეთერი დედოფალია, სამეფო ტახტზე ერთად სხედან, მთელი ერი თაყვანსა სცემს... შენატრის ბედნიერებას. ესენი კი მეფურად უხვად ურიგებენ მოწყალებას ყველას... აფრქვევენ სიყვარულს, ვითა მთოვარე სხივებს... კმაყოფილი ერი, აღტაცებაში მოსული, ვაშას უყივის და დღეგრძელობას უსურვებს...

- “მეფე-დედოფალი დაიღალა!..” - მოესმის ჩურჩული ერისა... - “წავიდეთ, მოისვენონ”...

უხილავად შემოეცალა ერი... აღარავინ არის... ეთერი კრძალვით იჩენს მკერდს... მკერდის დანახვაზე სეფე-წულს ცეცხლი ეკიდება, მაგრამ ითმენს... არ ეხმარება... არ ჰფცქვნის სამოსისაგან ეთერს, რათა არ დააფრთხოს და სამუდამოდ არ დაკარგოს...

აგერ ეთერმა მთლად მკერდი მკლავებიანად გაიშიშვლა და სთქვა:

- “ახლა წყაროს წყალით დაბანვა სიცოცხლე იქნება”...

- “ღმერთო... სიზმარია, თუ ცხადია?!” - წამოიძახა სეფე-წულმა და თვალებდაჭყეტილი ზე წამოიჭრა...

- “უი!” - იკივლა ეთერმა და წელი აიმართა...

ცრემლებად ეფინებოდა იმის ბროლად ნაკვეთ მკერდს წყაროს წყალი...

რაკი შენიშნა მცქერალი, სწრაფად მშველივით მეორე მხარეს ამოეფარა და შეიმოსა მკერდი.

- ვფიცავ ღვთაებას, ვერა გამიგია-რა!.. - წამოიძახა სასოწარკვეთილებით სეფე-წულმა.

- გაუგებარი აქ არა არის რა... - მშვიდად წარმოსდგა ეთერი უკვე შემოსილი. - ჩვეულებად მაქვს რიჟრაჟისას ამ წყაროზე პირის ბანვა... ამ დროს ჯერ კიდევ ყველას სძინავს და ამის გამო უშიშრად ვიბან ხოლმე... დღესაც ჩვეულებას არ ვუღალატე... მაგრამ შენ როგორ გაჩნდი ამ დროს აქ?!. აქ გეძინა, თუ?!.

სეფე-წული აწითლდა... წამს დაიბნა, მაგრამ ჩქარა გამოერკვა და წარმოსთქვა:

- “თუ” სულ მეტია... ნავახშმევს ცხენი მინდოდა დამეთვალიერებინა, მაგრამ გალავანში რომ გამოველ, მთვარეც ამოდიოდა... ისეთი ლამაზი სურათი იყო, თვალი ვეღარ მოვაშორე და ამ წყაროს გვერდით წამოვწექ... მინდოდა დიდხანს დავმტკბარიყავ ამ სურათით... უთუოდ ჩამძინებია, რომ ისიც ვერ გავიგე თუ როგორ მოხვედი აქ, თორემ წინადვე გამოგეხმაურებოდი... უნებურად გავხდი ღირსი ისეთი მშვენიერების ხილვისა...

ეთერი აწითლდა...

- უნდა დაივიწყო ეს... - მკაცრად უთხრა ეთერმა...

- მხოლოდ ერთის პირობით, თუ თანახმა ხარ მეფესთან გამომგზავრებაზე...

- რომ არ ვიყო, რას იზამ?!.

- სეფე-წულს ვუამბობ ამ სურათს...

- ჰა, ჰა, ჰა!.. - გადიკისკისა, ეთერმა, - მერე რა გინდა მაგითი სთქვა?!. განა ჩემთვის სულ ერთი არ არის, უამბობ, თუ არა?!. განა გუშინ არ გითხარი: თუ გადავსწყვიტე წამოსვლა, მხოლოდ იმ პირობით, რომ სეფე-წული არ მეჩვენოს?!.

სეფე-წულს ალმური მოედვა... ბოლოს, სიჩუმის შემდეგ, დაუმატა:

- მართალს ამბობ, დედოფალო!..

- კიდევ “დედოფალო”?! - წყრომით წამოიძახა ეთერმა და გატრიალდა წასასვლელად...

მოაგონდა წუხანდელი გატაცება ამ სიტყვით... მთლად თვალწინ წარმოუდგა წუხანდელი სურათი და...

აღარ უნდოდა მოგონება... კიდევ “დედოფალი”...

- ბოდიშს ვიხდი, ეთერ. როგორც გეტყობა, დედოფლობა ძალიან გძულს... აღარ მოგიხსენიებ მაგ წოდებით...

უფრო გაუასკეცდა ჟინი სეფე-წულს და გადასწყვიტა ყოველივე საშუალება იხმაროს, რათა ეთერი თავისად იგულოს...

- შინ მიხვალ... არას მეუბნები გადაწყვეტილს... გელოდო, თუ ახლავე გავემგზავრო მეფისკენ?.. ისეც დავიგვიანე...

ეთერი შესდგა... წამს ჩაფიქრდა... ჩასაფიქრებელიც ჰქონდა... ყოველ ღამ მთვარეს ემუდარებოდა - სეფე-წულს შეხვედროდა... დედოფალი გამხდარიყო, ახლა შემთხვევა ეძლევა და...

- იმ პირობით, რომელიც წუხელის გითხარი, მზადა ვარ...

- წუხელისავე გითხარი მაგ პირობის შესრულება.

- მაშ წამოვალ!.. მხოლოდ დღეს არავის არ უნდა უთხრა, შენს მხლებელსაც კი... ამაღამ ისეთ დროს უნდა გავიდეთ, რომ არავინა გვნახოს... აქ არავინ არ უნდა იცოდეს, თუ სად მივდივართ.

- ჩემი მხრივ ყოველივე შესრულებული იქნება, თუ კი შინაურები არ გაავრცელებენ...

- მაგისი ფიქრი ნუ გექნება! მამაჩემსაც ნუ ეტყვი, თუ თანახმა ვარ. თითონ მოველაპარაკები...

- იქნებ ისეთი გზებით გინდა სიარული, რომ არავინა გნახოს და არ გიცნოს?

- სწორედ მაგნაირი მგზავრობა მინდა...

- მაშ თუ ეგრე გინდა, ურმით მგზავრობა არ შეიძლება.

- ურმით მგზავრობა არც მიფიქრია...

XII

კაცია ბატონი მთლად გაკვირვებული დარჩა, როცა ეთერი მივიდა და გამოუცხადა:

- მამავ, წავიდეთ მეფესთან სტუმრად. მაგრამ ისე კი უნდა გავიდეთ აქედან, რომ არავინ იცოდეს, თუ სად მივდივართ. მერე ისეთ დროს უნდა გავიდეთ, როცა ყველას ეძინება...

მამამ აათვალიერ-ჩაათვალიერა ეთერი და ვეღარ იცნო. იმის თვალ-წინ იდგა გამობრძმედილი ადამიანი და არა გასათხოვარი უდარდელი ასული, როგორსაც გუშინ გაჰშორდა. “ერთ ღამეს?!” გაიფიქრა კაციამ და უფრო დააკვირდა ეთერს...

- ვიცი, რადაც მაგრე განცვიფრებით მაცქერდები, - წყნარად წარმოსთქვა ეთერმა... - და გეუბნები, ეს ასე უნდა მოხდეს... რადგანაც არა მსურს ჩემზე აქაურებმა ილაპარაკონ: “წავიდა მეფესთან, სეფე-წულმა დაიწუნა და უკანვე მოვიდაო”... ეს გესმის, მამავ!..

- შვილო, შენ ხომ იმისთვის არ მიხვალ?..

- სწორედ მაგისთვის არა მსურს ჩემზე ილაპარაკონ... თუ გაიგეს, უეჭველად ილაპარაკებენ. პირზე კლიტეს ვერავის დაადებ.

- შენი ყმა ვარ, მიმსახურე!.. - სიცილით უთხრა კაციამ და ხელები ძირს დაუშვა...

- მაშ, აი, ჩემო მამავ, როცა სოფელი მიიძინებს, და მთვარე ამოაშუქებს, ჩვენ გავემგზავრებით. ამისთვის სამი ცხენი მზად უნდა იყოს: შენთვის, ჩემთვის და გადიასთვის...

- განა გადიაც უნდა წავიყვანოთ?!.

- უეჭველად... მხოლოდ გადიას ვენდობი... ის მომივლის იქ...

- დაიცა, რატომ ცხენებით გინდა სიარული?! ეს ხომ ძალიან დაგღალავს?!

- იმავე მოსაზრებით, რა მოსაზრებაც მაიძულებს მალვით აქედან გასვლას...

- ვფიცავ შენი მშობელის ხსოვნას, ვერა გამიგია რა! მაგრამ მიმსახურე... ველი სხვა განკარგულებას... ურემი ხომ უნდა სანოვაგისთვის?!.. მეფემდის შორი გზაა...

- თუ კი ურემი იქნება, მაშინ ხომ მეც ურმით ვიმოგზაურებდი?!. იმისთანა გზით ვივლით, რომლითაც ურმით მგზავრობა არ შეიძლება... ამისთვის სანოვაგისთვის ორი ცხენი და ორი მხლებელი კმარა... მხოლოდ მხლებლებს უნდა უთხრა - მზად იყვნენ დანიშნულ დროისთვის, მეტი არაფერი...

- ყველაფერი შესრულებული იქნება, მაგრამ წინამძღოლი ვინ იქნება მაგნაირი გზით მგზავრობისა...

- მაგისი ნუ გეფიქრება რა!.. ნადირა იქნება წინამძღოლი... იმ გზით წაგვიყვანს, რა გზითაც თითონ მოვიდა.

- მაშ ნადირამ უკვე იცის გადაწყვეტილება?!.

- იცის და ისიც მზად არის შეასრულოს ყოველივე ჩემი განკარგულება...

- მაშ ეგრე... ყველაფერი მზად იქნება დანიშნულ დროისთვის...

მართლაც დანიშნულ დროს ყველაფერი მზად იყო და სულ უჩუმრად გაემგზავრნენ... ძე-ხორციელმა არ იცოდა, თუ სად მიდიოდნენ. თან მხლებლები ბევრსა ფიქრობდნენ, მაგრამ ვერა გაეგოთ რა. წინ სეფე-წული მიუძღოდა კაციათი, და დანარჩენები კი უჩუმრად მისდევდნენ...

მთვარე ამოვიდა. ჩაბარუხს უკვე მიუახლოვდნენ.

- ეს ადგილი ძალიან საშიშოა!.. - წასჩურჩულა ირემამ ნადირას...

- რისთვის?.. - იმავე ხმით შეეკითხა ნადირა.

- წუხელის არ მეძინებოდა... გალავან გარედ გამოველ და... - დაიწყო იმავე ხმით ირემამ... - აქეთ გამოვიარე... მთვარე უკვე კარგა ამოსული იყო. მივუახლოვდი ამ მდინარეს თუ არა, შემომესმა რაღაცა ხმაურობა...

- ახლაც ხმაურობს ჩაბარუხი...

- არა, ჩაბარუხის ხმაურობას გარდა კიდევ სხვა ხმაურობა, რომლის აღწერა არ შემიძლიან... უნდა გაიგონო, რომ წარმოდგენა გქონდეს...

- მერე?

- მერე, სეფე-წულო, ალების ბუქნაობა ვიხილე. თმა ყალყზე ამიდგა. ქუდი გადამივარდა... სწრაფად ქუდს ხელი დავტაცე და მოვკურცხლე... ასეთი შიში ჩემ დღეში არ მიჭამია!

- უთუოდ ახლაც შიშის ზარი გიტანს...

- მარათლს უბნობ, სეფე-წულო!.. სჯობს, ჩქარა გავიაროთ ეს ადგილი...

ამ დროს ეთერს და გადიას რაღაც უცნაურობა დაეტყო. ცხენებს შეუტიეს. საჩქაროდ მდინარე გაარღვიეს და მეორე ნაპირს მოექცნენ... იქაც არ შეუყენებიათ ცხენები, ისევ აჩქარებით მიერეკებოდნენ...

- უთუოდ იმათაც იციან, რომ ეს ადგილი საშიშოა, თორემ რად გააჩქარებდნენ ცხენებს?!. - ნიავივით წასჩურჩულა ირემამ სეფე-წულს...

- ჩვენც უნდა ავაჩქაროთ!.. - უპასუხა სეფე-წულმა და სწრაფად ეთერის გვერდით გაჩნდა. იმას კაცია და ირემა მიჰყვნენ...

ეთერმა, რაკი კარგა გასცდა ჩაბარუხს, მალვით უკან მოიხედა და დაინახა კლდის ნაპრალის პირას ქანდაკებასავით ამოკვეთილი მახარე...

ღაწვები აეწვა და...

მესამე კარი

I

“მახარე!..” “მახარე!..” - ხშირად იხმობდა თავის თავს მახარე, ეთერს განშორდა თუ არა, და მდინარის პირს ვეღარ შორდებოდა. თუ რა უნდა ეთქვა თავის თავისთვის, რად იწვევდა, ვერ გეტყოდათ... ან კი ფიქრობდა რასმე?!.

არა და არა. ახლა ის გახვეული იყო მხოლოდ გრძნობის ქსელში, როდესაც აზრი არ მუშაობს, და თუ რამ ენის მოძრაობა, ან კიდევ სხეულისა ხდება, მხოლოდ უნებურად, უაზროდ.

აი, სწორედ ამ დონემდის იყო მახარე მისული...

ერთხელ კიდევაც ისე გადიხარხარა, რომ ჩაბარუხის ხმაურს შეეჯიბრა... თითქოს კიდევაც ცდილობდა თავის ხარხარით ჩაბარუხის ხმაური ჩაეხშო... მერე კიდევაც იკივლა და ამ სიჩუმეში ხევი ხუთ მუხლად გამოეხმაურა...

კარგია კიდევ, მოწმედ არავინ იყო, თორემ გიჟად ჩასთვლიდა...

აგერ, ახლა იდუმალის ღიმილით ცას თვალები მიაპყრო და თან ტანისამოსის ხდა დაიწყო... ჩქარა მთლად გაშიშვლდა...

წამს ასე იდგა გაშიშვლებული... თითქოს არე-მარეს არ ამჩნევსო!.. ნელ-ნელა ტანმა რხევა დაიწყო... ფეხებიც აამოძრავა... აათამაშა...

თანდათან გააძლიერა ტანის რხევა, ფეხების თამაში და...

უეცრივ მოსწყდა და გვერდით მორევში გადაეშო.

წამს ჩაიმალა მახარე მორევში, მეორე წამს კი გამოჩნდა და ფრუტუნით და ხელების ფლასუნით ნაპირას გამოვიდა...

- ღმერთო, ეს რა ამბავია ჩემს თავს!.. - წამოიძახა მახარემ და აქეთ-იქით მიიხედა...

ახლა კი აუმუშავდა გონება. თავს ძალა დაატანა - მოეგონებინა თუ აქ ასე შიშველი წყალში როგორ გაჩნდა, მაგრამ ვერა და ვერ მოიგონა...

“ნუ თუ კლდიდან გადმოვარდიო, ან კიდევ... იმან...” მაგრამ ამ დროს ტანისამოსს ფეხი წამოჰკრა და აღარ დაამთავრა თავისი ეჭვი...

საჩქაროდ ჩაიცვა ტანთ... განთიადი მოტანებული იყო. ცოტათი კიდევაც შესცივდა. ტანი აუკანკალდა... მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა, თავს ძალას ატანდა, მოეგონებინა ყველაფერი... კარგად ახსოვდა კლდეზე ასვლა, ეთერის ნახვა... იმასთან ვახშმობა. პირველი კოცნაც კი მოაგონდა და ტანში ჟრუანტელმა დაურბინა, გული გადაეფინა, ისე ესიამოვნა...

მაგრამ შემდეგ რა მოხდა?!. ჩაეკითხა თავის თავს და პასუხი კი ვერ მიიღო...

“არა, უნდა კლდეზე ავიდე და ყველაფერი გავიგო!”... გადაჭრით წარმოსთქვა და სწრაფად კლდეს მიაშურა... “იქნება ეთერი ჯერ იქ იყოსო”, დაუმატა, მაგრამ სასწრაფოდ აწითლდა და გაიფიქრა: “თუ იქ არის, ხომ დამინახავდა შიშველს და ახლა როგორღა ვეჩვენოვო...”

ამ აზრის შემდეგ კლდეზე ასვლა ნელი ნაბიჯით დაიწყო. ფიქრობდა: “ჩუმად მივათვალიერებ; ეთერი თუ იქ არის, მაშინ... მაშინ”... ფიქრობდა, და ვერ მოეფიქრებინა, თუ რას იტყოდა, ან როგორ მოიქცეოდა...

ამ ფიქრით ავიდა კიდევაც ზევით და უეცრივ მოაგონდა ეთერის ნათქვამი სიტყვები: “ხვალ მთვარის ამოსვლისას აქვე ვიყოთო...” და გაუხარდა... უსაზღვროდ გაუხარდა, მაგრამ ისიც მოაგონდა, რომ ეთერმა თითქმის ძალით გამოისტუმრა და ფეხი შეუდგა...

“ხომ მითხრა, მთვარის ამოსვლისას აქვე შევხვდეთო, და რაღას ახლავე ვეჩრებიო”, გაიფიქრა და მაშინვე უკან დაბრუნდა.

საჩქაროდ ჩამოირბინა კლდე და საოქრომჭედლოსკენ გაეშურა.

მხოლოდ ახლა მოაგონდა საოქრომჭედლო, მამისა და ნარგიზა, მოაგონდა თავისი ქმნილიც, რომელიც ეთერს უსასყიდლოდ გადასცა და...

“როგორ თუ უსასყიდლოდ?!. - წყრომით შეუტია თავის თავს. - განა ეთერთან ყოფნა, ეთერის გვერდით ჯდომა, იმისი კოცნა დაუფასებელი სასყიდელი არ არის?!.”

“ხა... ხა... ხა... ხა!..” - საიდანღაც წამოესკუპა გზაზე პატარა მახარე, შეგირდი მახარე და ხარხარი დააყარა თავს დიდ მახარეს. - ვისია ის, რაც შენ ისე ადვილად უბოძე ეთერს?!.”

- ჩემი!.. - მოკლედ უპასუხა ხელოსანმა მახარემ...

- შენიი?! - გაკვირვებით და დაცინვით შეეკითხა პატარა მახარე... საოქრომჭედლოც შენი იქნება, რომელშიაც ლითონის რამდენიმე მისხალიც აღარ მოიპოვება...

- ჩემია, მაშ!.. და ნახავ, საოქრომჭედლო სავსე იქნება ლითონებით...

- ჩქარა წადი, თორემ ვაი თუ სხვა პატრონი მივიდეს და...

- სუუ, კარგი!.. - წამოიძახა მახარემ და რისხვით შეხედა პატარას.

II

მამისა ოქრომჭედელი დილაადრიანად ჩამოვიდა საოქრომჭედლოში... ნახა, კარები გარედან იყო გადარაზული...

“უთუოდ მდინარისკენ წავიდოდა მახარეო”, რაკი წყაროსთან არ მოჩანდა, გაიფიქრა და გულდამშვიდებით კარები გააღო და იქვე ჩამოჯდა.

წინათაც ოქრომჭედელს კარები ასე დახვედრია, მაგრამ მაშინ ზაფხული იყო. მახარე სისხამ დილით მდინარისკენ გარბოდა საბანაოდ. იბანავებდა, ოქრომჭედელის ჩამოსვლას ხანდახან მოასწრობდა, და ხან კი ოქრომჭედელი, როცა მახარე ბრუნდებოდა, იქ უხვდებოდა... მაშინ ორივენი მხიარულად მუშაობას ერთად იწყებდნენ.

ახლა კი ოქრომჭედელს ცოტათი ეუცხოვა. ჯერ ერთი, ამ ბოლო დროს მახარე გართული იყო “ზარის” მუშაობით და ბანაობა არც ერთხელ არ მოგონებია, მეორე კიდევ, ახლა შემოდგომას ფეხი წამოეყო, და ბანაობისთვის ცოტა დაგვიანებული იყო, რადგანაც დილაობით კარგად ციოდა. ასე უეცრად, ამოდენა დროის უბანაობის შემდეგ, საშიში იყო.

“კი არ გაცივდეს ი ბალღი!..” გულმტკივნეულობით ხმამაღლივ წამოიძახა ოქრომჭედელმა.

ამ დროს აჩრდილივით თავს წამოადგა პირ-აბურული მანდილოსანი, და მოსვლისთანავე წამოიძახა:

- მახარე აქ არის?!.

- არა!.. უთუოდ მდინარეზე წავიდა საბანაოდ.

- კარგია, მარტოკა შენა გნახე!.. - სთქვა და სწრაფად სავსე ქისა ხელში გადასცა.

- ეს რაა?!. - შეეკითხა ოქრომჭედელი მანდილოსანს.

- თვალ-მარგალიტი... ჩემი გაზრდილი გიგზავნის. მახარეს კი არ უთხრა. ნუ გაამჟღავნებ!..

- ვერა გამიგია რა!..

- ამას რა გაგება უნდა?!. მახარემ თავისი “ზარი” ჩემს გაზრდილს უსასყიდლოდ უძღვნა... იმას ვერ მისცა სასყიდელი, რადგანაც არ აიღებდა. ახლა შენ გამოგიგზავნა, რომ იყიდო სამაგიერო ლითონები, და მახარემ მუშაობა შესძლოს...

- ახლა კი მესმის!.. მაგრამ...

- მეჩქარება!.. მახარემ არ უნდა მნახოს!..

გატრიალდა ამ სიტყვებით და სასახლისკენ გაეშურა.

ოქრომჭედელმა თვალი გააყოლა. შევიდა გალავანში და ამ დროს პირველი მზის სხივი კოშკს ეცა და სარკმელი ააბჭყვრიალა. მახარეც ამ დროს საოქრომჭედლოს დერეფანში შემოვიდა და მიესალმა ოქრომჭედელს...

ოქრომჭედელი შეკრთა. ქისა უბეში ჩაიდო და ისე შეხედა.

მახარეს სველი თმა რო დაინახა, უთხრა:

- შვილო, ახლა დრო არ არის ბანაობისა. რამდენი ხანია, არ გიბანავნია და...

- მე ვიბანავე?! - განცვიფრებით შეეკითხა, მაგრამ სწრაფად მოაგონდა, რომ მორევში იყო და დაუმატა: - მეც არ ვიცი, როგორ ჩავვარდი მორევში...

- რას ამბობ, შვილო, როგორ ჩაჰვარდებოდი, როცა ტანისამოსი მშრალი გაქვს?! რაღაც არაკს მიამბობ...

- მართალს ამბობ, მამავ, ჩემ თავს რაღაც არაკი მეორდება... - სიცილით უთხრა მახარემ და შუბლი მოიწმინდა...

- მიამბე, შვილო, რა იყო შენ თავს?!. გეტყობა აღელვება... უთუოდ.

- ცოტათი დრო მომეცი, მამავ, და მერე თითონ საქმე გამოაჩენს რაც იყო და არის ჩემ თავს.

- შენი ნება იყოს, შვილო!..

- აი, მაგისთვის მიყვარხარ, მამავ, რო კრიჭაში არ ჩამიდგები ხოლმე, როგორც ჩემი პატარა მახარე...

- ვინ შენი პატარა მახარე, შვილო, რას ბოდავ?!.

- ხახახახაა!.. - გულიანად გადიხარხარა მახარემ და დაუმატა: - მართალი ხარ, მამავ, ვბოდავ... ვბოდავ!..

- შვილო, როგორც გატყობ, ღამე გიტეხია!.. შევიდეთ საოქრომჭედლოში... მე მივალაგ-მოვალაგებ, ცოტას ვიმუშავებ... შენ კი ჩაწექ ლოგინში და თვალი მოატყუე...

- გულთმისანი ყოფილხარ, მამავ... ღამე გავტეხე, მაგრამ კი არ მეძინება... მინდა...

- სუუ, ჩემო მახარე, წამოწექი და მერე ვნახოთ...

- კარგი, მამავ, მაგრამ, ვეჭვობ, დამეძინოს...

- არ დაგეძინება, და სხეული მაინც დაისვენებს...

ამ ლაპარაკით შევიდნენ საოქრომჭედლოში. მახარე ლოგინზე მიწვა, ოქრომჭედელი კი მიუჯდა მაგიდას და რაღაც ჩხირკედელაობა დაიწყო, რადგანაც იქ სამუშაო თითქმის არა ჰქონდა რა...

- რას აკეთებ, მამავ?!.

- ბევრს არაფერს... შენს ქინძის თავებს ვსინჯავ... იქნება რამე გავაკეთო...

- მამავ... მამავ... ჩქარა... შენ აღარ უნდა იმუშაო... მე... ჩქარა ავავსებ...

- დაიძინე, შვილო, იმედი მაქვს აავსებ საოქრომჭედლოს...

- საოქრომჭედლოსსს... სასა... სახლე... ოქროს... ზო...

ღრმად ჩაეძინა მახარეს...

თუმცა ეგონა მახარეს არ მეძინებაო, მაგრამ თავი ბალიშზე მიდვა თუ არა, მაშინვე თვალები მიელულა და გონება აერია...

III

- ნარგიზა, აბა, აქ მოდი და ნახე!.. კი არ შეჰკივლო და მახარე არ გააღვიძო?! - მიიხმო თავისთან ოქრომჭედელმა, როცა ნარგიზამ შუადღისას სადილი ჩამოუტანა და ჩვეულ ადგილს დადგა საჭმელი.

- რა დროს ეგეებია, კაცო, ადე, პური ჭამე, თორემ გაგიცივდება...

- არა, არ გეხუმრები, ადამიანო, მოდი-მეთქი!..

ნარგიზა მივიდა ქმართან და უეცრივ იკივლა:

- უი!.. კაცო, ეგ ვინ გაგიცარცვავს?!.

- სუუ!.. აკი გითხარი: კი არ იკივლო-მეთქი... - წასჩურჩულა ოქრომჭედელმა და ნარგიზას ტუჩებზე ხელი მიაფარა.

ნარგიზამ კი თითონ თავისი ხელები თვალებზე მიიფარა და წაიბუტბუტა.

- კი არ დავბრმავდე!..

- ეს, ჩემო ნარგიზ, ჩვენმა შვილობილმა მახარემ შეგვძინა...

- როგორ, კაცო?!.

- როგორა და თავის ხელობით!.. ოსტატობით... ამოდენა თვალ-მარგალიტი სოფელს დაიოკებს, თორემ ჩვენ ხომ სულ თავზე საყრელი გვექნება ყველაფერი. ეხლა, ჩემო ნარგიზავ, უნდა კარგა ეცადო და...

- რას უნდა ვეცადო?!.

- რასა და მახარეს კარგი საცოლე ავუჩინოთ.

- უიმე, შენ შემოგევლოს თავს შენი ნარგიზა, ვინ უნდა ამოვაჩინო მაგის საკადრისი? თუ კი მაგოდენა სარჩოს უნარი აქვს, მაგას ენაცვალოს ჩემი თავი, აბა მე როგორ ავუჩენ საცოლეს?!. ბატონის ქალი თუ ეკადრება, თორემ აბა, სხვა ვის დავასახელებ.

ოქრომჭედელი ცოლის სიტყვაზე ღრმად ჩაფიქრდა...

- მართალს ამბობ, ჩემო ნარგიზავ, მაგრამ სიტყვა არასდროს არ ჩამოუგდო... მეორე აი რასა გთხოვ: ნურც ამ თვალ-მარგალიტზე ეტყვი რასმე.

- რატომა, ქაა?!.

- მან არ იცის, თუ ჩვენ ეს მაგის შრომაში მივიღეთ.

- ვერა გამიგია რა?!.

- ეგ არ აიღებდა ამ განძს, თუ პირდაპირ მაგას გადასცემდნენ. ამისათვის მე გამომიგზავნეს და დამავალეს: “მახარეს სამუშაო არ დააკლოვო”.

- ვინ?

- ვინა და ბატონის ქალმა!

- ენამ ხო არ მიყივლა, ქა, წეღან. მაგრამ, გაიგე, მეფისგან კაცი მოსვლია ჩვენ ბატონს და იპატიჟებსო. სეფე-წულს ეთერის შერთვა უნდაო...

- გუშინ კი ვიღაც მხედარი მოვიდა ბატონთან, და ის კი არ ვიცი, ვინ იყო.

- მაშ მართალი ყოფილა; დილას ეთერის გადიას თავის დისწულისათვის ეთქვა: “ბატონს და გამზრდელს მეფე იწვევსო, და ისინიც ამაღამ წავლენო...”

- ღმერთმა აბედნიეროს!.. - წამოიძახა ოქრომჭედელმა გულწრფელად.

- კიდევ ეთქვა: ჩემი გაზრდილი იქაურობას სულ მოაჯადოებს, ისეთი რამ მიაქვს თანაო... ნეტა ისეთი რა უნდა წაიღოს ეთერმა?!.

ოქრომჭედელმა მახარეს გადახედა, რომელიც ისე იწვა, როგორც დილას, თავი მწარედ გაიქნია და შემდეგ ნარგიზას უთხრა:

- კმარა, ახლა ვისადილებ, შენ კი, რაც მე გიამბე, მახარეს არ გაუმეორო.

- უი, დამიდგეს თვალები, სულ გაცივდებოდა.

- არა უშავს რა!.. ამისათვის თვალებს ნუ იყენებ...

ამ სიტყვებით ოქრომჭდელი სადილის ჭამას შეუდგა.

ნარგიზამ კი ამ დროს, როგორც ჩვეულება ჰქონდა, საოქრომჭედლო მორწყო და ჩამოგავა და ნაგავი გარედ გაიტანა...

სადილის შემდეგ ოქრომჭედელი ვითომ სამუშაოს შეუდგა, რაღაცას ჩხირკედელაობდა მხოლოდ იმისთვის, რომ ნარგიზასთან აღარ ელაპარაკნა და სახლში გაესტუმრებინა.

მართლადაც ნარგიზამ ჩქარა ჭურჭელს ხელი წამოავლო და წასვლისას წაიბუტბუტა:

- მახარეს კერძი იქა დგას!

- კარგიო! - უპასუხა ოქრომჭედელმა, მაშინვე ხელის ფათურს ხელი ანება და ჩაფიქრდა.

“...რას მოასწავებს ეს?!. ამოდენა თვალ-მარგალიტი... მახარე ასე გადარეული... ღამის გატეხვა... ბანაობა... სად?!. ეთერი... გადია... სეფე-წული... მეფე... დედოფლობა...” ჭიანჭველებივით აუფუსფუსდნენ ტვინში ეს ამოდენა გაგონილი და ნახული, თავ-თავის ადგილას მოითხოვდნენ, მაგრამ ოქრომჭედელს ვერ მოეხერხებინა ეჩვენებინა თავისი ბინა... ამისთვის ორჯერ-სამჯერ საოქრომჭედლოდანაც გავიდა, დიდხანს უმზერდა კოშკს, გალავანს, ეგონა იქ რასმე ამოიკითხავდა, მაგრამ არა.

მოიქანცა ოქრომჭედელი... მოსაღამოვდა კიდევაც. მახარეს ჯერ კიდევ ეძინა. უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ თავის განზრახვა უკუაგდო.

“სჯობს დროს მივანდოვო”, უკანასკნელად ეს გაიფიქრა და დამშვიდდა.

ახლა უკვე გადაწყვეტილ აზრს დაადგა: გამოძიება მოესპო. მახარესთვის არა ეკითხნა რა, და არც სხვისთვის.

“საიდუმლო არ დაიმალება. ამის გამომჟღავნებელი დრო არისო”.

დამშვიდებული ოქრომჭედელი ელოდება მახარეს გაღვიძებას, რომ შინ წავიდეს.

IV

...უკვე კარგა შებინდებული იყო, როცა მახარე ელდანაკრავივით ზე წამოიჭრა და თვალების ფშვნეტა დაიწყო. წამს ვერ მოიფიქრა, თუ სად იყო.

ოქრომჭედელმა, რაკი მახარეს მოძრაობა შენიშნა, ხმა მიაშველა და დაეხმარა გამორკვევაში.

- შვილო მახარე, შინ მივდივარ და ახლა შენ უპატრონე საოქრომჭედლოს...

- უჰ, მამავ, რამოდენა მძინებია?!.

- მა რა იქნებოდა, შვილო, ღამის ნათევს მთელ დღეს გეძინებოდა.

თუმცა ოქრომჭედელმა გადასწყვიტა არა ეკითხნა რა, მაგრამ თავის-და უნებურად ისე ელაპარაკებოდა, რომ გამოკითხვას ემსგავსებოდა. უთუოდ ოქრომჭედლის ბუნება ეგეთი იყო.

- იქნებ ამაღამაც ვათიო! - უნებურად უპასუხა მახარემ და ამით საიდუმლო თითქმის გასცა.

- თუ ათევ, შვილო, ხვალაც დღე დაიძინებ!.. - ღიმილით უთხრა ოქრომჭედელმა და შემდეგ დაუმატა:

- ღამე მშვიდობისა!.. შენი სადილ-ვახშამი მანდ არის.

ოქრომჭედელი თითქმის მიხვდა, რომ ეთერი და მახარე ერთად ყოფილან და ამაღამაც ერთად ყოფნას აპირებენ... და ცოტა დაკმაყოფილებული შინ წავიდა.

მახარე კი წყაროზე პირის დასაბანად გაქანდა, სწრაფად შეიბანა და იქვე ქანდაკებად გადაიქცა: ეთერის სარკმელს შესცქეროდა და წინა ღამეს ამბავს იგონებდა.

ახლა კი სულ ყველაფერი თავის სიგრძე-სიგანით და სიღრმით თვალ წინ გადაეშალა და მთლად მოაჯადოვა, შებოჭა თავის ნაზი ქსელებით და ნეტარების მორევში შეითრია...

დიდხანს, დიდხანს ყურყუმალაობდა მახარე შიგ და, თითქოს მეორდება ის ღამეო, თავის უსაზღვრო სიამით განიცდიდა ამ წამსაც... აგერ ეთერი სადედოფლოდან ძირს ისტუმრებს, თითქმის ძალით აგდებს და უკანასკნელად კოცნის... “მთვარის ამოსვლისას აქვე იყავიო!..” მკაფიოდ შემოესმა ეთერის სიტყვები და გამოერკვა...

იგრძნო საშინელი ძალა თავის სხეულში. ძარღვები ღვედებად დაჭიმა და ლომსაც კი ნეტარებით გაუმკლავდებოდა, რო ამ წამს წინ სდგომოდა; დაჭიმული მკლავების კუნთები მოაფონა და სიამით წამოიძახა:

- ახ, რა კარგია!..

“ჰაჰა, ჰაჰა, ჰაჰაჰა, ჰაა!..” - გარკვევით ჩაეწვეთა ყურში დაბალი ნიავსავით მფრინავი დაცინვითი ხარხარი...

თითქოს წყაროს მილმა წყალთან ერთად გადმოანთხია ეს უსიამოვნო ხარხარიო...

მახარე წამს შეკრთა... გაფითრდა... მაგრამ ეს წამით იყო. მეორე წამს კი ძლიერად მოავლო ხელი წყაროს მილს და შესძახა მეხად:

- ვინ გაბედა ჩემ ბედნიერებას დასცინოს?!. გამოდი!..

პასუხად მხოლოთ წყაროს წყლის ნაზი ხმაურობა ეგალობებოდა...

დაწყნარდა მახარე, დამშვიდდა, წყაროს ხმაურობის მეტი არა მოესმა რა და საოქრომჭედლოსაკენ წამოვიდა.

ახლაღა იგრძნო სიმშილი... მერე რა სიმშილი! შევიდა თუ არა საოქრომჭედლოში, მაშინვე ნაზად ღველფი გადაქექა, ნაკვერჩხლები ამოაჩინა, ჩინჩხვარი დაყარა და გააჩაღა ცეცხლი. რამდენიმე ხმელი ნაჭერი შეშა გუზგუზებდა ბუხარში, საოქრომჭედლოს აშუქებდა. ჭრაქიც აღარ აანთო მახარემ. ისე კარგად იყო გასინათლებული საოქრომჭედლო...

თავის წილ სადილ-სამხარ-ვახშამს, იქვე შენახულს, მოუჯდა, სულ ერთიანად გულიანად შეექცა...

- ასე გემრიელად, მგონი, ჩემ დღეში არ მიჭამია პურიო!.. - წამოიძახა მახარემ, როცა წყალი დალია და ახლად გადაშლილი წვერ-ულვაში ჩამოიწმინდა...

V

როდის გადმორაზა საოქრომჭედლოს კარი, კიდევაც დაავიწყდა მახარეს. მთელ საუკუნედ ეჩვენება. დაჩქარდა მახარე, რათა ეთერისათვის სადედოფლოზე მიესწრო, იმაზე ადრე იქ ყოფილიყო, მიმალულიყო კლდის ძირას და ენახა ეთერისა და მთვარის ერთად ამოსვლა...

ჩაბარუხი დიდიხანია თავის თავგადასავალს უამბობს მახარეს... პირველში თუ დიდის გულმოდგინებით უსმენდა, ახლა სულ ყურს აღარ უგდებს.

რაში ეპრიანებოდა ჩაბარუხის თავგადასავალი! თუ პირველში დიდის გულმოდგინებით ყურს უგდებდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ეგონა, ეთერის შესახებ რამე წამოსცდებაო, მაგრამ ის თავისას იმეორებდა და ეთერზე კი, თითქოს ის არც კი არსებობსო, ხმას არ იღებდა. არე-მარეს ბევრჯელ შეეკითხა ეთერზე, მაგრამ მხოლოდ წუხანდელ ამბავს იმეორებდნენ, სხვას არასფერს... არც ხე, არც ველი კრინტსაც არა სძრავდნენ... საშინელი მესაიდუმლოენი იყვნენ... მხოლოდ ერთ წამს ხემ წამოიშრიალა და წასჩურჩულა ყურში: ეთერი წუხანდელივით ღამეებს ხშირად ატარებსო...

- სუ!.. - წამოიყვირა მახარემ და სწრაფად წამოიჭრა ფეხზე.

უნდოდა ხელი მოევლო იმის ძირისთვის და ფესვიანად ამოეძრო, მაგრამ თავი შეიმაგრა და ისევ მიჯდა კლდის ძირას. ის ხომ დამალული იყო და ეთერის ამოჩენას, ამოსვლას ელოდა. მახარეს შეტევამ გასჭრა და ხე მიჩუმდა. იმის ფოთლები უხმოდღა თრთოდნენ.

მახარე ხეს უმზერდა, იმის ფოთლებს, ტოტებს თვალის ისრებს უყრიდა და ელოდა, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია...

ახლა თვალის ისარი სტყორცნა კლდის ნაპრალის კიდეს და შეეკითხა... მაგრამ იმანაც თავის თავგადასავალზე დაუწყო ამბავი. ზედ ნაპრალის პირას რაღაც ციხის ნანგრევი იყო. აი, იმის ამბავს მოუთხრობდა. ეთერის შესახებ კი სდუმდა. მარტო წუხანდელი ამბავი აგონდებოდა. იმას დაწვრილებით უამბობდა...

- ეთერი??.

- ეთერი... ეთერსაც... - და გაჩუმდა კლდე.

როგორც კატა მოგეპარებათ და სულ მოულოდნელად, სულ უჩუმრად თავს წამოგადგებათ და წამოგკნავლებსთ: “მიაუუ!..”ო, ისე მთვარემ თავისი ცივი, უხილავი სხივებით გააშუქა არე-მარე.

მახარე შეკრთა, თვალები დაჭყიტა და კლდის ნაპრალისკენ ოდნავად წაიხარა. ეგონა, ეთერის ამოსვლა გამომეპარაო...

მაგრამ ეთერი არა სჩანდა. მიავლო თვალი სადედოფლოს, ვერც იქ იხილა...

“იქნება ისიც ჩემსავით სადმე ციხის კუთხეში მიიმალა, რაკი მომელოდაო”, გაიფიქრა და მაშინვე სწრაფად კლდის ნაპრალის ციხის ნანგრევებს მიაშურა.

სულ გადაჩხრიკა ყველა კუთხე შიგნით და გარედ, ვერსად ჰპოვა. შემდეგ ავიდა იმ მაღლობზე, სადაც წუხელის ეთერი იდგა და მიათვალიერა არე-მარე იმ იმედით, რომ უეჭველია, მთვარის შუქის სივრცეში სადმე იშობებოდა ეთერიო...

და, აი, ქვევით თვალი მოჰკრა რამდენსამე მხედარს.

- უჰ, - წამოიძახა მახარემ: - ეს რაა?!. ეთერის მაგივრად ამდენი ცხენოსანი?..

უნდოდა თვალი მოეშორებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა...

თითქოს სხვაგან ძებნა არ შეიძლებოდაო, გული ძალას ატანდა ამას!..

მახარეც დააცქერდა.

აგერ ორი მხედარი დაწინაურდა...

სწრაფად გაარღვიეს მდინარე... ერთმა მათგანმა კიდეც შემოხედა მახარეს... უცნაური ტანისამოსით იყვნენ ესენი...

იმათ მიჰყვა ორი მხედარი სხვა... მერე კიდევ სხვები...

და ჩქარა ყველა მხედრები იმის თვალს მიეფარნენ.

მახარე იმათ კვალს თვალს ვერ აშორებდა. გული ნებას არ აძლევდა... იმათ კვალს აედევნა მახარეს გული...

გულს ძალა დაატანა კარგახნის შემდეგ და ისევ სადედოფლოს თვალიერება დაუწყო. თან ყოველ ნაბიჯზე ყური მახვილად ეჭირა, ეგონა, ეთერის თუ ხმა-არა, მოძრაობა მაინც შემომესმისო.

მაგრამ არც ერთი და არც მეორე იმის ყურს არ სმენია. მხოლოდ ვერხვის ქვეშ ახალ სუფრას წააწყდა.

VI

გამხნევდა მახარე. “სუფრას რად გააწყობინებდა, თუ კი მოსვლა არ სდომნოდა”, ფიქრობდა მახარე და თან სუფრას ათვალიერებდა, ეგონა, ახლა ან ერთ მხარეს მოუჯდება ეთერი, ან კიდევ, მეორესაო, და თან ცდილობდა გამოეცნო, თუ რომელს მხარეს მოუჯდებოდა...

- მე დავასწრო... - წამოიძახა მახარემ და სუფრას აღმოსავლეთით მოუჯდა... აქედან უფრო კარგად დავინახავ ეთერს... - დაუმატა და აჩქარებით არე-მარეს თვალი მოავლო...

მახარე ყოველ წუთს მოელოდა ეთერის მოსვლას. თვალის ძაფებს ძალას ატანდა და სწრაფად ირგვლივ ატრიალებდა თვალებს.

დაიქანცა, თვალები მილულა და მოწყვეტილი ფიქრობდა: “უთუოდ ახლა მომეპარება, თვალებზე ხელს მომიჭერს და შემეკითხება: გამოიცან, ვინა ვარო?” და სიამის ჟრუანტელი ტანში უვლიდა. მაგრამ ყოველ გაფაჩუნებაზე თვალებს ახელდა და ირგვლივ ატრიალებდა...

- ეხ, მახარევ, ვერ ყოფილხარ მომთმენი!.. - საყვედურით ეუბნებოდა თავის თავს და ისევ თვალებს მილულავდა.

- უთუოდ ახლა უნდოდა მომპარვოდა, და შენ კი შენი მოუთმენლობით დააფრთხე... იჯექ გაუნძრევლად... დაიწყნარე გული...

მაგრამ ასეთი რჩევა არ შველოდა.

სწრაფად გული აუტოკდებოდა ყოველივე ხმაურობაზე და თვალების ძაფებს ისევ დაჭიმავდა...

- იქნება ეთერი იმისათვის არ ჩნდება, რომ მთვარის ამოსვლას არ მოუცადე, როგორც მითხრა, და უფრო ადრე ამოველ სადედოფლოში?!. უთუოდ შემნიშნა და...

გაფიქრების უმალ მახარე წამოხტა და დაეშო ქვევით... იქ პირდაპირ კლდის ძირიდან დაუწყო ცქერა ზევით კლდის ნაპირს, სადაც წინა ღამეს ეთერი იდგა...

დიდხანს უმზირა, დიდხანს, მაგრამ რაკი ეთერი არ გამოჩნდა, ისევ აირბინა.

კიდევ მოუთმენლობა უსაყვედურა თავის თავს და უკანვე დაბრუნდა...

რამდენჯერმე აირბინ-ჩამოირბინა, საშინლად მოიქანცა, როცა უკანასკნელად უკვე განთიადისას ავიდა ზევით, ვეღარ სუნთქავდა, გული საგულედან გადმოვარდნას ლამობდა, ძლივას მილასლასდა სუფრამდის და მოწყვეტით მიეგდო იმის გვერდით.

ახლა მახარე უხალისოდ ეგდო, განძრევაც ეზარებოდა, არ ამჩნევდა არავითარ ხმაურობას, მარტო თავის გულის ბაგაბუგი ეყურებოდა და რაღაც შუილი...

უკვე მოშუადღევებულიყო, როცა მახარე წამოდგა. ეძინა, თუ გულწასული იყო, ვერ გამოერკვია. თუ ეძინა, ასეთი უსიზმრო ძილი არასდროს არ ჰქონია. ერთხელაც არ სძინებია, რომ სიზმარი არ ჰქონოდა. ახლა კი...

- მაშ აქ არავინ მოსულა!.. - გულის ტკენით წამოიძახა მახარემ, როცა ხელ-უხლებელ სუფრას თვალი გადაავლო, და ჩაფიქრდა...

- ღმერთო! - წამოიძახა ცოტა ფიქრის შემდეგ მახარემ. - იქნება ავად გახდა. მე კი აქ რაღაც ღობე-ყორეს ვედები... ავრბივარ-ჩავრბივარ და...

“მაგრამ, რას ვამბობ, - გაიფიქრა მახარემ: - თუ ავად გახდა, რატომ არ მაცნობა... გადიაც ხომ მასთან ერთად არ გახდა ავად?!. ვინ იცის... იქნება ორივეს რამე დაემართათ...”

წამოდგა მაშინვე მახარე და სუფრას ლმობიერად მიაპყრო თვალები:

“ეთერ, ეთერ!.. სუფრა კი დაამზადე... გინდოდა ერთად გვესვა, მაგრამ ვეღარ მოხველი... აი, შენი ნაზი სული ეტყობა დოქს, თასს, საჭმელს...”

უეცრივ მუხლზე დავარდა და კოცნა დაუწყო სათითაოდ ყველაფერს...

- შენც... შენც... შენც ხომ ხელი გახლო... შენც...! - პურსაც ემთხვია.

აიღო ხელში პური, რაზედაც რამდენიმე ჭიანჭველა დაცოცავდა, მოაშორა, აკოცა და შუაზე გადატეხა.

არ გრძნობდა სიმშილს... მაინც ლუკმა პირში ჩაიდო, რომ ეთერის სიახლოვე უფრო მეტად ეგრძნო. ამავე განზრახვით სხვა სანოვაგესაც ხელი მიჰყო და ჩქარა გულიანად შექცევა დაიწყო, თურმე ძალიანაც მოშივნოდა...

ვერც კი შეიტყო, თუ როგორ მოაოხრა სუფრა და დოქიც გამოსცალა...

მახარე უკვე უკეთეს გუნებაზე დადგა და გაიფიქრა:

- ამაღამ უეჭელად მოვა ეთერიო!.. ახლა კი შინ წავალ და სწორედ მთვარის ამოსვლისას იქ დავდგები, საცა პირველ ღამეს ვიდექიო...

შინ წასვლამდის მოუნდა ეთერის სადედოფლოს მოჩხრეკა... ხომ ჯერ დღისით აქ არ ყოფილა.

სწორედ მჩხრეკავის თვალი მიავლო... კლდის ნაპრალის პირას ნაცნობი ციხის ნანგრევი დაინახა... მივიდა და აქედან გადიხედა: აღმოსავლეთისაკენ ჩაბარუხი ჩაქუხდა სწორედ ამ მდელოს ნაპრალიდან. სამხრეთისკენ ჩაბარუხი მთებს შუა მიექანებოდა და სულ ერთ მუხლად ჩანდა, ჯვარედინად კი მთებ შუა სასოფლო შარა-გზა მიდიოდა, რომლითაც თითონ მოვიდა ჩაბარუხამდის... ეს სულ მოკლედ მოსჩანდა, რადგანაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მთების ქიმები სჭრიდნენ. დასავლეთით მხოლოდ გონების თვალით დაინახა მდელოსკენ ამოსასვლელი ბილიკი, რადგანაც სულ შეუმჩნეველი იყო უბრალო თვალისთვის. მახარე ვერასდროს ვერ მოიფიქრებდა რომ აქ ამოსვლა შეიძლებოდა, თუ ეთერი არ ასწავლიდა... ეთერის კოშკის ეს ადგილი ალესილი და ხეებით დაფარული იყო.

ნანგრევ ციხეს მოშორდა და აღმოსავლეთით კლდის კონცხზე აბობღდა. ეს კონცხი ფარავდა ჩაბარუხს.

კონცხის წვერიდან მხოლოდ ჩაბარუხის ნაპირი დაინახა, საიდანაც მდინარე თავდაუჭერლივ ქვევით რუხ-რუხით ჩადიოდა და ბანდა სალ კლდეს. ზევით ჩრდილოეთისკენ სწრაფად თვალს ეფარებოდა და სადღაც იკარგებოდა...

მახარე ახლა ჩრდილოეთისკენ ჩავიდა... იქ შეფენილი ტყე იყო. ვერხვიდან დასავლეთის და აღმოსავლეთის მთები ჩრდილოეთისკენ ტყით შემოსილ მკერდს წარმოადგენდა და ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ორი მთა ძუძუებად წამობურცული სადღაც შორს, მიუვალ ადგილას ერთდებოდნენ...

შევიდა თუ არა ტყის პირში, უეცრივ შესდგა, რადგანაც თვალს გადაეშალა ანკარა სარკესავით უძრავი მორევი, რომელსაც რამდენიმე ათი წყრთა სიგანე ჰქონდა, სიგრძე კი არ უჩანდა.

მახარეს ისე მოეწონა ეს დაფარული უმანკო მორევი, რომ მაშინვე გაიძრო ტანისამოსი და შიგ შეცურდა. ზევით მიდიოდა მახარე. მორევი ღრმა არ იყო. დაყურყუმელავდა თუ არა, მაშინვე ფეხზე დადგა და წყალი მხოლოდ მკერდამდის შესწვდა... ფეხდაფეხ აჰყვა ზევით. თანდათან სიღრმე აკლდებოდა. მახარემ უეცრივ დასავლეთისკენ შენიშნა რაღაც გვირაბი... შეეცადა ასულიყო, მაგრამ ყოვლად შეუძლებელი გახდა... აჰყვა მდინარეს ზევით... უკვე მუხლამდის-ღა ფარავდა. კალაპოტი თანდათან ვიწროვდებოდა და თან ზევიდან წყლის შუილი მოისმოდა.

ჩქარა ჩაბარუხის მეორე მუხლს წააწყდა.

გადმოსჩქეფდა ჩაბარუხი ერთი სამოცი წყრთის სიმაღლიდან. ორსავ მხრივ კი ჩამოლესილი კლდეები ჰქონდა.

მახარე გამოტრიალდა უკან. მით უმეტეს, რომ სიცივე იგრძნო, და აჩქარებულის ნაბიჯით წამოვიდა. გვირაბის კარი დაბრუნებისას მკაფიოდ ჩნდა, და აგრეთვე ოდნავ მოჰკრა თვალი, გვირაბის პირას ქვევით მიმავალ ბილიკის დასაწყისს...

უფრო გამოაჩქარა ფეხი და ჩქარა შეიმოსა. მახარე თავის-და უნებურად ეძებდა ეთერის კვალს. არ ფიქრობდა ამაზე, მაგრამ უნებური გრძნობა აიძულებდა გაეგო, თუ ეთერი ამ მდელოზე ისე უჩინრად როგორ გამოჩნდა.

ჩაიცვა თუ არა ტანისამოსი, მაშინვე გვირაბის ბილიკის ძებნას შეუდგა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ იმ გვირაბს აქეთ ექნებოდა გზა...

ბუჩქებით მიმალულ მშვენიერ ბილიკს ჩქარა წააწყდა. მარტო ბუნების ხელი არ ეტყობოდა ამ ბილიკს, ადამიანისაც... მახარე ჩქარა გვირაბის პირს მიადგა. შეიხედა შიგ და დაინახა, რომ იქვე ქალის თავმანდილი ეგდო.

მაშინვე ხელში აიღო და, თითქოს თითონ ეთერი შეეფეთაო, აღარ იცოდა რა ექნა: ხან გულში იკრავდა, ხან კოცნიდა, ხან კიდევ უბეში იჭუჭკავდა...

- ახლა კი ვიცი, საიდანაც მოდიხარ, ჩემო დედოფალო, ვიცი და გთხოვ, ნუ გამიწყრები!.. ნუ გამიწყრები აგრეთვე, რომ შენ საბანაოში მეც ჩავიყურყუმელავე... არ ვიცოდი, თორემ... - აღარ დაათავა, რადგანაც შემოესმა რაღაც ხმაურობა.

მახარე სწრაფად მიიმალა ბუჩქებში და გატვრინდა...

VII

სისხამ დილას ერთ მთის კალთაზე დიდ მუხის ძირას ისხდნენ ეთერი, კაცია და სეფე-წული. წინ სუფრა ჰქონდათ გაშლილი. გადიაც იქავე ახლოს იჯდა და იმასაც ხორაგი ეწყო. ცოტა მოშორებით, ტყის პირას, მშვენიერი ცეცხლი გუზგუზებდა და მხლებლები თხილის წამწვეტებულ ტოტებზე წამოცმულ ირმის ხორცს ნაკვერჩხლებზე აშხრიალებდნენ. ხაშლამად მოხარშული ირმის ხორცი წინ ბევრი ეწყოთ, კარგადაც შეექცეოდნენ, მაგრამ მწვადის სუნი ცხვირის ნესტოებს უღიტინებდა და ძლიერ მადას უღვიძებდა მგზავრებს, თუმცა არც ერთი იმათგანი უმადობას უიმისოდაც ვერ იჩივლებდა.

აგერ ერთი მხლებელი მოარბენინებს უკვე ორ თხილის ტოტს და ერთს კაციას გადასცემს და მეორეს კიდევ სეფე-წულს. ისენი სწრაფად სთლიან, ლავაშები ლბებიან წვნისაგან. სეფე-წული ეთერს აწვდის. კაცია კი - გადიას. მწვადი ჩქარა დნება იმათ ხელებსა და პირში. მორბის კიდევ მწვადებით ახლა მეორე მხლებელი.

თავსმდგომი ირემა ფიალებს ავსებს ღვინით და აწვდის ჯერ ეთერს, შემდეგ კაციას, შემდეგ კიდევ სეფე-წულს. რამდენიმე ფიალა პატარა ხონჩაზე ეწყო. შეავსებდა ფიალებს და შემდეგ ჩამოურიგებდა.

ეთერი თუმცა არა სვამდა, მხოლოდ ტუჩებს გაისველებდა ხოლმე და წინ დაიდგამდა, რომ მეორედ ირემას არ მოეწოდებინა. მაგრამ ირემა მაშინვე აცლიდა ფიალას და ხონჩაზე სდგამდა. პირველად ეთერი კიდევაც წინაღუდგა...

- იდგეს აქ ეს ფიალა, მეტი არ მინდა! ხომ ხედავ, ისევ-ისე სავსეაო?!.

- არა, დედოფალო - წამოესარჩლა სეფე-წული ირემას. - “ჩვეულება რჯულთ უმტკიცესია!” ჩვენ ეგეთი ჩვეულება გვაქვს...

ეთერიც აღარ ეწინააღმდეგებოდა, სავსე ფიალას ისევ უკან უბრუნებდა ირემას...

ჩვეულება კი არა... სეფე-წული დამთვრალი იყო ეთერის ნდომით და რაკი ეს სურვილი ვერაფრით მოეკლა, ირემა დაარიგა, რომ ეთერის ფიალა იმისთვის მოეწოდებინა მეორე ჩამორიგებაზე და იმისი კიდევ ეთერისთვის. ამით სეფე-წული ოდნავად ჟინს იკლავდა. თითქოს კოცნისო, ფიალას ისე ეწაფებოდა, როდესაც ეთერის ფიალა იმის ხელში გადადიოდა...

პირველ დღის ერთად მოგზაურობის უმალ სეფე-წულმა გადასწყვიტა: “მივიყვან თუ არა სასახლეში, იმავე დღეს ვიქორწილებ მეტი მოთმენა აღარ შემიძლიანო”.

და ეს იყო იმის მიზეზი, რომ სეფე-წული საშინლად აჩქარებდა მგზავრებს...

იმართლებდა თავს იმითი, რომ მეფე გამიწყრება, თუ თავის დროზე ფარშავანგის ამბავს არ შევატყობინებო...

მოიქანცნენ მგზავრები... ეთერი, შებინდდებოდა თუ არა და ბინას ამოირჩევდნენ, მაშინვე მკვდარივით მიეგდებოდა, ღრმად ჩაიძინებდა. სხვებსაც ესევე ემართებოდათ...

მხოლოდ სეფე-წული ფხიზლობდა. ოდნავად თვალის მოტყუებაც კი კმაროდა, რომ ისევ ძალ-ღონით სავსე გზას გასდგომოდა. ჩვეული იყო ნადირობას და ტყე-ღრეს ლხენით სიარულს, არც ირემა ჩამორჩებოდა სეფე-წულს, მაგრამ ირემას არა ადარდებდა რა და ამისათვის კარგა ისვენებდა. მაგრამ სეფე-წულს ყოველთვის აასწრებდა, გააჩაღებდა ტალკვესით ცეცხლს და დააღვიძებდა მხლებლებს, რომლებიც ვერ მიხვედრილიყვნენ, თუ ასე ადრე რად აყენებდნენ.

გაამზადებდნენ თუ არა საუზმეს, მაშინვე სეფე-წული ხმაურობას დაიწყებდა. კაციას გააღვიძებდა და ის კიდევ ქალებს...

როცა სიცხე შეაწუხებდათ, მაშინ ცოტათი შეისვენებდნენ, შენაყრდებოდნენ და ისევ ჩქარა მიდიოდნენ...

ირემა და სეფე-წული ხოცდნენ ნადირს. ფრინველს... ან კიდევ მწყემსების ბინას რომ მივიდოდნენ, რძით, მაწვნით, ხბოს ხორცით იკვებებოდნენ... არც ცხვარი და ბატკანი აკლდათ, ამ მგზავრობაში იმათ ახალი ხორცი არ შემოჰკლებიათ...

ეთერი მგზავრობის დროს ერთ წუთსაც არ ეკუთვნოდა თავის თავს, რომ იმას ან წარსულზე ეფიქრნა, ან მომავალზე, ან კიდევ გადიასთვის ჩვეულებისამებრ გული გადაეშალა...

დღეს კი სეფე-წული არ აჩქარებდა... თუმცა ადრიანად დააღვიძა, მაგრამ საუზმეს ძალიან მძიმედ შეექცეოდნენ... მხოლოდ მხლებლები ჩქარობდნენ ჩვეულებრივ და მწვადები ზედი-ზედ მიჰქონდათ...

- ცოტა მოიცადეთ, მწვადები ცეცხლს შორი-ახლო დაუწყეთ... თქვენ კიდევ ისაუზმეთ... - უბრძანა სეფე-წულმა, როდესაც ეთერის ფიალა იმას ერგო...

- ეს შენი სადღეგრძელო იყოს, დედოფალო...

- კიდევ დედოფალო!.. - ღიმილით უთხრა ეთერმა...

- უკაცრავად, რაღაც მემართება და სულ დედოფალს გიწოდებ... შენი სადღეგრძელო იყოს... სურვილები ბევრი მაქვს, მაგრამ ვერ ვამჟღავნებ...

- რა გიშლის?...

- თევზივით პირი წყლით სავსე მაქვს...

- არა მგონია, წყალში იმყოფებოდე!..

- უჰ, სულ ჩაყურყუმელავებული ვარ და როცა მივალთ მეფესთან, მაშინ შეიტყობ, ახლა კი ბატონ კაციასთან გადავდივარ ფიალით.

- ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი მეფე თავის წულით, შენც დღეგრძელობა მოგცეს და ჩემს ეთერსაც!..

დაილოცა კაცია, და ფიალა იმანაც გამოცალა...

- ბატონო ნადირ, როგორც გეტყობა, დღეს ცოტა სულს ამოგვათქმევინებ, შენი სადღეგრძელო იყოს!.. - ბოლოს წარმოსთქვა ეთერმა.

- მართალს ბრძანებ, ბატონის ასულო, ახლა აღარ ვჩქარობ, რადგანაც უკვე ახლოს ვართ მეფესთან და მენანება, რომ უნდა დროებით მოგშორდეთ...

- როგორ?!.

- მეფეს უეცრივ ხომ ვერ წაგაყენებთ თავს?!. უნდა ვაცნობო, რომ სტუმრად მობრძანდებით, და მერე სეფე-წულიც გავაფრთხილო. ხომ პირობა გვაქვს: სეფე-წული არ უნდა გეჩვენოს...

ახლა-ღა მოვიდნენ გონს ეთერიც და კაციაც, რა სახით წარუდგებიან მეფეს...

ორივენი აიწვნენ... ასეთი სტუმრობა არ შეშვენოდათ დიდ ბატონს კაციას და იმის ასულს ეთერს...

- იცი, ბატონო ნადირ, ჩვენ როგორღაც გაგვამასხარავეს!.. - ცოტა წყრომით სთქვა კაციამ და ეთერს გადახედა...

- როგორ?! - დაეკითხა ამ სიტყვებით ფერწასული სეფე-წული.

- როგორა და რას ემსგავსება ეს, როგორც ჩვენ მივდივართ?!.

- მამავ, ჩვენ ხომ უგზო-უკვლოდ ვიარეთ. ნადირობით მოვდივართ და, მაშასადამე, ჩვენი ასეთი სახით შემთხვევით სტუმრობა სრულებით არას გვავალებს...

მამაზე ადრე გონს მოვიდა ეთერი და გამოსავალი გზა ჰპოვა.

- მგონი, ბატონი ნადირაც დაგვეთანხმება, რომ შემთხვევითი სტუმრობაა!..

- ოჰ, დედოფალო!.. არა, არა, ბატონის ასულო, შენ სწორედ ბრძენი ხარ და სწორედაც მოისაზრე... ეს შემთხვევითი სტუმრობაა და ამაზე თქვენ ვერავინ დაგზრახავს... ამისთვის მივეშურები მეფეს ვაუწყო ეს... თქვენ აქ კარგად დაისვენებთ, დილაზე კი თქვენთან გავჩნდები...

VIII

როცა ნადირამ და ირემამ ცხენებით გაჰკრეს და მიეფარნენ, ახლაღა შენიშნეს იმათ თვალწინ მდებარე თვალუწვდენელი მიდამო... ის იყო, მაშინ ტყორცნა პირველი ისარი ქვეყნის მნათობმა და მთლად გააცოცხლა არე-მარე, ააფერადა და დიდებული, დიადი სანახაობა გადაეშალათ თვალ წინ...

არც ეთერს, არც კაციას და, მით უმეტეს, გადიას ასეთი სიმშვენიერე არაოდეს უნახავთ... მარჯვნივ და მარცხნივ შორი-შორს ერთმანეთისაგან მთები, შუაში დაუსრულებელი მინდვრები, რომელსაც მიაპობდა დიდი ზლაზნია მდინარე. არც კი ეტყობოდა, მიდიოდა თუ არა, ისე ნელი იყო იმისი დენა. დაუსრულებელი მინდვრები მთებსაც კვეცავდნენ და სადღაც შორს... შორს ცას უერთდებოდნენ, და ამ შეერთებიდან იშვებოდა ახლა მნათობი... თითქოს მზე მოცურავს ზღვაში და აქეთ-იქით აფრქვევს ათასად აფერადებულ ზღვის წინწკლებსაო...

აგერ მზე კარგად ამოცურდა... უკვე საგნებმა თავისი სახე მიიღეს... ახლა მკაფიოდ მოჩანან სოფლები, მარჯვნივ მთის გრეხილზე შეფენილი თავის ვენახებით, გზები და მინდვრად კიდევ ყვითლად, ოქროსფრად მოდებულ ნამკლებით. მდინარის მარცხენა ნაპირსაც ვიწრო მინდვრები ნამკლებად მოსჩანდა, უფრო კი ტყით შემოსილი მთები და ვენახები აქა-იქ გაბნევით... მდინარე მოლაპლაპებდა და სადღაც შორს იკარგებოდა... თვალი ვერ არჩევდა და ზღვად იმჩნევდა...

- რა ყოფილა მეფის ე დალოცვილი სამფლობელო!.. - გულუბრყვილოდ წამოიძახა გადიამ...

- განა, გადი, ჩემ დამტვრეულ საბატონოს არა ჰგავს?!.

- რას მიბრძანებ, ბატონო, შენი საბატონო ძალიან კარგია, მაგრამ ესეც კარგი ყოფილა!.. - შეეცადა გაექარწყლებინა თავის უნებური წამოძახილი, რადგანაც ეგონა, ბატონს ეწყინაო...

- ნუ, ჩემო გადი, ნუ აქარწყლებ შენ სიტყვებს. ეს მთელი სამეფოს თვალია. მეფე ტყუილად კი არ ევლება თავს... და დარაჯობს.

ეთერი კი ხმაგაკმენდილი უმზერდა ამ დიად სურათს. არც კი გაუგონია მათი ლაპარაკი...

კაცია დააცქერდა ეთერს. გული გადაეშალა ეთერის სიმშვენიერით... სიამაყე იგრძნო, რომ ასეთი სიმშვენიერე მისი ასული იყო და ნაზად ხელი შეახო.

- ჩემო ეთერ, როგორ მოგწონს ბატონ მეფის სამფლობელო?!. - ნაზად შეეკითხა.

- ჰა?!. ოჰ, მამავ, შენა ხარ?!.

- მოგწონს, შვილო მეფის სამფლობელო?!.

- ამბობ - მეფისააო?!. მე კი მეგონა, ჩემი იყო!..

- რას ბოდავ, შვილო?!.

- არ ვიცი!.. ისე გაბნეული ვიყავი ამ სანახაობაში და ისე ამერია გონება, რომ ჩემი სამეფო მეგონა...

- რა შენი სამეფო, შვილო?!.

- ჰო, მამავ, რა მიუხვედრელი გახდი!.. გეუბნები საბანაოზე...

- ჰოო!..

- ჰო და მე იქ მეგონა ჩემი თავი და...

- ეჰ, მამავ, რატომ მახარეც არ წამოვიყვანეთ?!. ის აქ დიდ ხმებს იპოვიდა და...

- რას ბოდავ, შვილო?!. იმისთვის ხომ არ გინდა მახარეს აქ ყოფნა, რომ გეყიდნა რაღაც “ზარი?”

- მამავ, ზარი აქა გვაქვს!..

- როგორ?

ეთერი სულ გამოირკვა ამ კითხვაზე... მამის კილომ გამოაფხიზლა და განათებული გონებით მტკიცედ უპასუხა...

- მახარემ შემომთავაზა ჩემი ხმა...

- მერე არა მიეცი რა?!. ხომ დაღუპე ის საწყალი ოქრომჭედელი.

- გადი, ოქრომჭედელს გადაეცი ქისა?!. - პასუხის მაგივრად შეეკითხა გადიას ეთერი.

- როგორ არა, ჩემო მშვენიერო!.. - უპასუხა გადიამ...

- მერე ქისაში რა იყო? - დაეკითხა კაცია...

- თვალ-მარგალიტი... ჩემი თვალ-მარგალიტი...

- სულ მიეცი, რაც თვალ-მარგალიტი გქონდა?..

- დედისეულს გარდა, სულ!..

- კარგი სასყიდელი მიგიცია... სიკვდილამდის უზრუნველია მამისა და ნარგიზა, თუ იმან კიდევ არა მოიგონა რა და აგრე ბედოვლათად არ გაასაჩუქრა, როგორც შენ შემოგთავაზა. ხომ შეიძლებოდა არა მიგეცა რა და მაშინ...

- მამავ, როგორ შეიძლებოდა?!.

- რატომ თითონ მახარეს არ მიეცი?!.

- არ მიიღებდა!

- მეც მანდა ვარ. შენ იცი, რომ ნივთები მამისასი იყო და კარგია თუ იმას გაუგზავნე. დღეის შემდეგ მახარე თითონ არის ოქრომჭედელი. მამისა შენი თვალ-მარგალიტით ლითონებს შეიძენს, ეს ყველაფერი მახარეს ექნება ხელთ... გუშინ შენი ხმა მოეწონა, დღეს სხვისა ცხვირი მოეწონება, ხვალ სხვისა თვალი, ზეგ კიდევ ყური და...

- რას ამბობ, მამავ?! - თითქმის წამოიკივლა ეთერმა.

ეთერს ელდად ეცა ამის სიტყვები: მახარეს “დღეს სხვისა ცხვირი, ხვალ...” და სხვა... “ნუ თუ მახარეს მოეწონოს სხვისა ცხვირი, სხვისა თვალი, ან ყური და...” გაიფიქრა და დასკვნა ხმამაღლივ წამოიძახა:

- მახარეს, მამავ, ეგ არ დაემართება!.. ის სხვისა ყურს, თვალს და ცხვირს ვერ გააკეთებს...

- რატომ გგონია, შვილო?.. თუ კი ყველაზე ძნელი შესძლო და შენი ხმა ლითონში გამოამწყვდია, თვალისა და ცხვირის გამოსახვა უფრო ადვილი არ უნდა იყოს მახარესთანა ადამიანისთვის?! აბა შენი ქინძის თავი ამოიძრე და დახედე, მაშინ ნახავ, შეუძლიან რისამე გამოსახვა მახარეს, თუ არა?.. მამისამ მითხრა, ქინძის თავი მახარეს გაკეთებულიაო...

- მამავ, მახარეს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ თითონ არ მოინდომებს სხვისა ცხვირის ან თვალის გამოხატვას!..

- ჩემო ეთერ, მახარე, ეტყობა, ოცნების ახალგაზრდა... კაცია... ოცნების კაცებს კი ვერაფერს მიუხვდები... აბა, ვის მოუვიდოდა თავში, თუ არა მახარეს, რომ ქინძის თავი სამკაულად გაეხადნა... თუ კი ქინძი სათაყვანებლად გაიხადა, რატომ თვალი ლამაზი ქალისა არ გაუხდება სათაყვანებლად...

- მერე?..

- მერე ისა, რომ შეუყვარდება ვისიმე თვალი, გააკეთებს, როგორც შენი ხმა შეუყვარდა და ლითონში გამოამწყვდია, და უთავაზებს... ყველა შენსავით ვერ მოიქცევა...

- ოცნება რა შუაშია, როცა თავის ოცნებას ახორციელებს და...

- იმის ოცნება სიყვარულია და, აი, სწორედ ეს ფუჭად ჩაუვლის და გააღატაკებს!..

ეთერს უნდოდა ეპასუხნა, მაგრამ თავი შეიმაგრა...

ისე სასწრაფოდ მოხდა ყოველივე ეთერისათვის, რომ ვერ გამორკვეულიყო, ანგარიში ვერ მიეცა თავის თავისთვის, თუ ახლა რა ასულდგმულებდა... თუ მახარეზე ამგვარმა ბაასმა რად ააღელვა ესე და რად მიავიწყა თავისი პირვანდელი ოცნება, რომელსაც მთვარეს ანდობდა... ამავე ოცნებამ მახარეს შეჰყარა, და, როცა კარებში იდგა, ახლა სრულებით აღარ იტაცებდა...

IX

რაღაც ხმაურობაზე დამფრთხალი მახარე ბუჩქებში მიმალული, გულის ფანცქალით დიდხანს ელოდა; ეგონა ეთერი გამოჩნდებაო, მაგრამ ხმაურობა მაშინვე მისწყდა და აღარც გამეორებულა... გამოვიდა ბილიკზე და ქვევით დაეშო.

მივიდა ვერხვის ქვეშ. ჩაჯდა და ვერხვის ძირს ზურგი მიაყუდა... თითქოს რაღაცას ფიქრობდა, მაგრამ მოუსვენრობა ეტყობოდა, ერთი აზრის დაჭერაც ვერ შესძლო, რომ ბოლომდის მიჰყოლოდა... ხან ეთერთან გატარებულ ღამეს ჩაებღაუჭებოდა, ხან უიმისოდ გატარებულს, ხან “ზარის” შექმნის დროს, ხან კიდევ აწმყოს.

- “ეთერი ავად ხომ არ არისო...”

ამ ფიქრმა ძალა დაატანა. მაშინვე ზეზე წამოდგა.

დახედა სუფრას. წამს ჩაფიქრდა. წამის ფიქრის შემდეგ ყოველივე ეს აალაგა, გამოკრა ბოღჩად, ღვინის დოქიც აიღო და გადაწყვეტილის აზრით გვირაბს მიაშურა.

გვირაბი სინათლიანი იყო. სანათურები ჰქონდა დატანებული. მახარე მაინც ფრთხილად მიდიოდა და აქეთ-იქით იცქირებოდა. “არავის წავაწყდეო”, ფიქრობდა. მით უმეტესად უნდა გაფრთხილებულიყო, რომ არ იცოდა გვირაბის დასაწყისი. ეს კი ბოლოდან მიდიოდა...

კარგა სიარულის შემდეგ მიადგა კარებს, რომელიც ხელის შეხების უმალ გაიღო, და უეცრივ კიბეს წააწყდა. კიბესთანვე იყო დიდი კარები. მიაწვა... მერე გამოსწია... მაგრამ ვერა გააწყო რა.

შეფიქრიანდა მახარე... “სადა ვარო...” დაეკითხა თავის თავს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო...

ფეხაკრეფით აჰყვა მახარე კიბეებს... კიბეებმა კი მიიყვანეს ოთახის ოდნავ ღია კარებთან...

გული აუტოკდა. შედგა კარების ახლოს და ფიქრი დაიწყო, თუ რა მოემოქმედნა: უკან დაბრუნებულიყო, თუ...

“ერთი თვალით მაინც შევიხედავ შიგ და... ვნახავ, თუ შიგ რაა?!”

მაშინვე დაიწყო ოდნავად ღია კარებიდან ჭვრეტა მაგრამ სიბნელის მეტი იმის თვალს არა ჰხვდებოდა რა... რაკი გადასწყვიტა ნახვა, ახლა უკვე გაბედულად დაიწყო მოძრაობა. მეტად გამოაღო კარი, მაგრამ სიწყნარით კი, რომ არ ახმაურებულიყო, და მიხვდა, თუ რად იყო იმის თვალ წინ სიბნელე. შიგნიდან შესავალი სქლად ქსოვილ ორი ფარდით იყო აფარებული, რომლის ნაპირები შუაში ერთი მეორეს ეფინებოდა...

მოსწყინდა მახარეს ასეთი კეკე-მალულობით სიარული და სწრაფად ორ ფარდის შუა შეიჭრა და წამს პირი ღია დარჩა...

კარგა დიდი ოთახი მორთული იყო მშვენიერი ხალებით, ჭერი, იატაკი, კედლები სულ ხალებით იყო მოფენილი... ერთ კედლის გვერდით მიდგმული ტახტი ხომ საუცხოვო ოქრო-ქსოვილებით და ბალიშებით იყო მოწყობილი...

მახარე ჩქარა გონს მოვიდა. გადადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი. ფეხი ხალის სიმსუქნეში ეფლობოდა...

- რა მომკლავდა, ასეთ ფუფუნებაში რომ ვიყოვო! - წამოიძახა და ერთს სარკმელთან მივიდა...

გადიხედა და ნახა გალავნის შუა მომწყვდეული სასახლე თავის მოწყობილობით... გალავნის შუა კაკლის ხე... მზე კარგად გადახრილიყო დასავლეთისაკენ... მახარე გამოტრიალდა და ახლა მეორე მოპირდაპირე სარკმელთან მივიდა, გადიხედა და მიხვდა, სად იყო, ვინც იყო და რა მოვალეობაც ჰქონდა.

სხეული აუთრთოლდა... გულის ცემა შეუდგა... და კედელს მიეყრდნო...

მახარემ სარკმლიდან დაინახა მამისას საოქრომჭედლო... დერეფნის წინ ქვაზე ჩამომჯდარი ღრმად ჩაფიქრებული მამისა და მიხვდა, სადაც იყო...

სწორედ ამ სარკმლიდან მოესმა პირველად მომჯადოებელი ხმა ეთერისა, ამ სარკმელმა გამოაჩინა ბროლად გამოკვეთილი ეთერის მკლავები...

სწრაფად გონების თვალწინ გაურბინა ეთერის “ბაგის” შექმნამ თავის შედეგებით და...

- მაშ სად არის ეთერი?! - წაილუღლუღა მახარემ და მიიხედ-მოიხედა...

ეთერის სურნელობით იყო სავსე ეს ოთახი, და თითონ ეთერი კი არა სჩანდა...

მახარემ გადახედა კიდევ საოქრომჭედლოს... კიდევაც დააპირა სარკმელი გამოეღო და ეყივლნა ოქრმჭედლისთვის, მაგრამ თავი შეიმაგრა... დიდ კადნიერებად ეჩვენა ამის ჩადენა...

უარეს კადნიერებად ეჩვენა იმის მიერ ეთერის ოთახში შესვლა... სწრაფად მივიდა ტახტთან, ეამბორა, იქვე თავისი ბოხჩა დადო და გარედ გამოვიდა ოთახიდან...

საჩქაროდ ჩაირბინა კიბე, ფარული კარი გაიარა, მიხურა და გვირაბში ჩაიფლო.

მახარეს ახლა ერთი სურვილი ჰქონდა: ჩქარა მისულიყო ოქრომჭედელთან და მოლაპარაკებოდა, გული გადაეშალა...

უკანასკნელად თვალი გადაავლო “სადედოფლოს”, და ქვევით დაეშო. ჩამოვიდა თუ არა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა შარაგზისკენ, წინ შეეხეჩა ბატონ კაციას მოურავი.

- ოჰ, მახარე, სად ყოფილხარ!!. მამისა ძალიან სწუხს!..

- რათა სწუხს, სად დავიკარგებოდი?! - ცოტა დარცხვენით უპასუხა...

- მართლა, მახარე, რისთვის გაამწყრალე ბატონი?.. წუხელის მთვარის ამოსვლისას რო ვისტუმრებდი, მაშინაც კი წამომძახა: “ერთი ვნახავ მახარე რას მოიგებს, რომ გაყიდვაზე უარს ამბობსო!..” რა არ მიჰყიდე?..

- რის მიყიდვაც არ შეიძლებოდა!.. მთვარის ამოსვლისას სად უნდა წასულიყო ბატონი?!.

- მეფის კაცი რო იყო თავის მხლებლებით, იმათთან ერთად წავიდნენ. უთუოდ, მეფეს ესტუმრებიან.

- ბატონი კაცია?!.

- ჰო, თავის ქალით!.. გადიაც კი თან წაიყვანა ეთერმა.

მახარეს სუნთქვა შეუდგა. ცივმა ოფლმა შებურა, გული დაეძაგრა, უეცრივ მოსწყდა, რიყის ქვას დაეცა და მოკლედ გაჟღრიალდა ისე, როგორც ის ლითონის ფირფიტას ძირს ისროდა და აჟღრიალებდა...

ახლა სწრაფად მოაგონდა ყოველივე ზაფხულის ხანა, ეთერის ვედრება: “ჩემო ღვთაებავ, მეფის-წულს უთხარ... იმის სურვილით თავბრუ მეხვევა... ბევრ ვაჟკაცთ უარის თქმით გული ჩავუკალ... შენ გელი... გელი, ჩემო საუნჯევ!..” მაშინაც კი წამოაკვნესა მახარე ამ სიტყვების გაგონებამ და ახლა ხომ თვალები აუხილა...

“მაშ” ...

- მახარე, რა დაგემართა?..

- არაფერი!.. - ძლივს წამოიძახა ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ... - სულ თვალთმაქცობა ყოფილა!.. - ჩაილუღლუღა თავისთვის მახარემ...

- რა თვალთმაქცობა?!.

- გულის კისკასი, თვალთა ისარი, ტუჩთა გადაშლა!..

- მახარე, მგონი ბოდავ, ალი ხომ არ გეჩვენება?!. ამ მდინარემ იცის... აქ ბუდეა ალებისა. ღამე აქ არსად დარჩე...

- დავრჩი და კიდევაც მეჩვენა!..

- საწყალო მახარე, მგონი, შენი საქმე ცუდად არის... მამისას მოველაპარაკები...

- მე თვითონაც მოველაპარაკები... თუ გინდა, შენც... შენი ნებაა... - ეუბნებოდა და თან ფიქრობდა:

“როდის მომშორდებაო”.

მაგრამ მოურავი მოშორებას არ ფიქრობდა.

- მახარე, მანდით რათ მიდიხარ?!.

- საქმე მაქვს, ახლავე დავბრუნდები.

მოურავმა თავი გაიქნ-გამოიქნია და სოფლისკენ გაემგზავრა...

რაკი მახარემ თავი მარტოდ იგრძნო, მაშინვე გზის პირას, ხის ქვეშ ჩაჯდა და მოიფიქრა თავის გარემოება...

შავ ღრუბლებით შეიმოსა იმის ცა. რა გზას უნდა დასდგომოდა, რომ ცა მოეწმინდა, არ იცოდა. იქნება მართლა ალის მსხვერპლი გახდა?!. მაგრამ არა!.. ეთერი იგრძნო... ის, მაშ, ალად ქცეულია. ან ალი განხორციელებულა ეთერში, თორემ ასე მოღორება ადამიანისა როგორ შეიძლებაო!.. მამისას ხომ ვერ ვეჩვენები... რა ვუპასუხო, როდესაც გავცარცვე, და ახლა სამუშაო ლითონებიც აღარ მოიპოვება საოქრომჭედლოში?!.

მკერდი აეწო... იგრძნო საშინელი წვა. ჩაიყო ხელი უბეში და ამოიღო ძვირფასი მანდილი ეთერისა... წამს თავში გაუელვა აზრმა - “დაეხია და გაეცამტვერებინა”, მაგრამ მეორე წამს მოიფიქრა: “შეიძლება ამან რამე უშველოს და მამისა გაჭირვებისაგან დაიხსნასო”...

მოუვიდა თავში ეს თუ არა, მაშინვე გადასწყვიტა: მიეტანა იმ ღამეს საოქრომჭედლოში და სალითონოში ჩაედო.

“როგორც უნდა, მოიხმაროსო”, გაიფიქრა და ასეც მოიქცა. შუაღამისას საოქრომჭედლოში შეიტანა ეთერის თავმანდილი, გადარაზა ისევ საოქრომჭედლო და...

ამ ღამემ ჩანთქა მახარე. იმის მნახველი მამისამ ვეღარავინ იხილა...

X

სულ სამი საათის სავალი იყო მეფის სასახლემდის იმ ადგილიდან, სადაც სეფე-წულმა ეთერი დასტოვა. ცხენებით კი ერთ საათში მივიდნენ სასახლეში და მაშინვე მამა-მეფე ინახულა...

- არც ის მოგწონებია, შვილო, როგორცა ჩანს?!.

- მაგას ნუ მეტყვი, მამავ, მომეწონა კი არა, მეტიც დამემართა.

- როგორ, შვილო?..

- ხვალ თუ არ ვიქორწილე, ვეღარ ვიცოცხლებ... მეტის მოთმენა აღარ შემიძლიან.

მეფემ ააყოლ-ჩამოაყოლა გაკვირვებული თვალები შვილს... “ხომ არ გადარეულაო”, გაიფიქრა და წყნარად უთხრა:

- მოხარული ვარ, შვილო, რომ ძლივას იპოვე შენი შესაფერი საცოლე... მო, გადამეხვიე... მინდა გულში ჩაგიკრა, მაგრამ ხვალვე ქორწილობაზე კი ხელი უნდა აიღო.

- რა მიზეზით, მამავ?.. - ღიმილით დაეკითხა სეფე-წული და მხურვალედ გადაეხვია.

- მიზეზი ბევრია: ჯერ ერთი, შენი სატრფო ცხრა მთას იქით არის...

- მეორე?.. - დაეკითხა სეფე-წული, როცა მეფე გაჩუმდა და აღარ განაგრძო მიზეზების ჩამოთვლა...

- უმთავრესი ეგ არის, შვილო; თუ შენი საცოლე ფრთებს შეისხავს, მაშინ კი... მერე ამბობ, დიდებული ქორწილი უნდა გადავიხადოვო... დიდებულ ქორწილს დიდებულად მომზადება უნდა... უნდა ყველა მოიწვიო და ამას კი ისევ ის ფრთები უნდა. მესამეც, მოფრენილთა დახვედრას და გამასპინძლებას ისევ დრო უნდა, ან კიდევ მფრენავივით ხელი და ფეხი... მიპასუხე და მერე გეტყვი, ხვალ შეიძლება, თუ არა.

სეფე-წული სულ იღიმებოდა ამ მიზეზების ჩამოთვლაზე... ამ გარემოებამ, ცოტა არ იყოს, მეფე შეაფიქრიანა და დაინანა კიდევაც რომ დასთანხმდა და კაციასთან თითონ ნადირა, თავის მემკვიდრე გაგზავნა. ერჩივნა თავმოყვარეობისათვის ეძლია და მოპატიჟე გაეგზავნა კაციასთვის...

- ახლა მე გიპასუხებ, მამავ, - დაიწყო ნადირამ, რაკი მამას დაღვრემილობა შეატყო, - პირველი შენი მიზეზი უკვე დაძლეულია და მიზეზად არ გამოდგება, რადგანაც ეთერი და იმისი მამა კაცია ცხრა მთას იქით კი არა, და ჩვენ შუა აი ეს პატარა გორაკი და ველია...

- როგორ?.. განა გადმოსახედში არიან?!.

- სწორედ იქ, მუხის ქვეშ... და მე მხოლოდ მახარობლად წამოველ, რადგანაც არ მინდოდა ჩემი ბედნიერება სხვას ეხარებინა შენთვის ...

- ვეჟო, თუ კი მაგრეა საქმე, მაშინ სხვა მიზეზების დაძლევას შევძლებთ!.. მო კიდევ ჩაგიკრა გულში და ტახტიც გადმოგილოცო...

- არა, მამავ, მხოლოდ ხვალ, როცა ეთერი ჩემი იქნება. დღეს იმან არა იცის რა... მე, როგორც წასვლისას გითხარ, მეფის კარისკაცად გამოვაცხადე თავი. ძლივს დავიყოლიე წამოსულიყვნენ... ნამეტნავად ეთერს არ უნდოდა წამოსვლა, რადგანაც ჩემზე ბევრი ცუდი ხმა მისვლია. ვითომც ისეთ ხმას ვავრცელებ, რომ ქალები სტუმრად იმისთვის მოდიან, რომ თავი მომაწონონ და შევირთო ცოლად. მე კი წუნია პატარძალივით ყველას ვისტუმრებ...

- მართალი უთქვამს, შვილო!.. ჭკვიანი გოგონა ყოფილა...

- აი, სწორედ ამისთვის, რომ ჭკვიანი გოგონაა, დავპირდი, რომ იმაზედაც არ იფიქრონ: “დაწუნებული უკან გამოისტუმრესო...”

- შენ მაშინვე ითხოვე და გამოუტყდი, ვინცა ხარ?..

- არა, მამავ, ეგ არ ჩავიდინე, რადგანაც უკვე თითონ შემეშინდა, არ დამიწუნოს და უარით არ გამომისტუმროს... მერე კიდევ იქნება არ დაეჯერებინათ, რადგანაც, ჯერ ერთი ვუთხარ და მერე მეორე - რო მეთქვა... ხვალ კი, როცა შენ დალოცავ, სულ სხვა იქნება... მანამდის კი, ეთერს უნდა ვეგონო ისევ კარის-კაცი. მხოლოდ ამ პირობით წამოვიდა, რომ სეფე-წული იმის სტუმრობის დროს შინ არ იქნება.

- ეჰე, მართლა ამაყი ყოფილა, ნამდვილი სადედოფლო, თუ სილამაზეც აქვს...

- მამავ, ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავია! ჩემ საყვარელ დაია მარეხს არ ჩამოუვარდება...

- იქნება უკეთესია...

- არა მგონია!..

მეფეს ესიამოვნა, რომ იმის საყვარელ მარეხზე უკეთესი არ არის.

- მაშ ასე, მამავ, ვიდრე შენ არ დამლოცავ, არც კაციამ, არც ეთერმა და არც იმისმა გადიამ არ უნდა იცოდნენ, თუ სეფე-წული ვარ. მარეხიც უნდა გავაფრთხილო, ყველანი სასახლეში და მოწვეულნიც.

- ეგ ადვილია, შვილო, მაგრამ კაცია და თითონ ეთერი რას იფიქრებენ, რას იტყვიან, როცა ყველაფერი გამომჟღავნდება?!

- რა უნდა სთქვან, როცა ეთერი დედოფალი იქნება და იმისი მამა კიდევ დედოფლის მამა?!.

მეფე ჩაფიქრდა. მოაგონდა თავის წარსული... თავის სათაყვანებელი ცოლი, რომელმაც დედოფლობა არად ჩააგდო, როდესაც მარეხი დაბადა, და ვიღაც მეჯინიბე შეიყვარა... აკი ამ მეჯინიბის მსხვერპლი გახდა... დაივიწყა შვილები და უკვალოდ სადღაც გადიკარგა... რამოდენა ცდა დასჭირდა მეფეს, რომ ეს მიეფარებინა შვილებისა და ქვეშევრდომთა თვალთაგან...

ამას როგორ გამოუცხადებდა ახლა შვილს, ან ეჭვს შეატანინებდა, რომ დედოფლობა ისეთი თილისმა არ იყო.

- ახლა ყველაფერი იცი, მამავ, და იმედია, ყველაფერი ასე იქნება...

- შენი ბრძანება შესრულებული იქნება...

- მამავ, ბრძანებელი შენ ხარ!..

- არა, შვილო, ძლივს მოვესწარ ამ დროს, როცა შემიძლიან ბრძანებლობა გადმოგცე, და ახლა გინდა უკანვე დამიბრუნო?!. არა, შვილო, ბრძანებლობა ჩემთვის დიდი ტვირთი იყო... ახლა შენ იტვირთე...

- ხვალამდის მაინც, მამავ, ვიცი, გინდა ტვირთი ზურგიდან მოიხსნა, და, აჰა, მეც ვცდილობ ჩემი ზურგი მოგაშველო... მაგრამ ხვალამდის. მე კიდევ უკანვე უნდა დავბრუნდე ამაღამ, მაყრიონი წავიყვანო. მთელ ღამეს კი ვუდარაჯო ჩემ ეთერს და დილაზე შესაფერისად დავბრუნდე. ტახტრევანი უნდა წავიღო ეთერისთვის.

XI

უკვე ჭამეს ვახშამი გადმოსახედზე დატოვებულებმა, მხლებლებმა მაშინვე დაიძინეს... კაცია ბატონიც მიეცა ძილს... არ სძინავთ ჯერ ეთერს და გადიას...

თუმცა გადიას ეძინება, მაგრამ ეთერი არ აძინებს მალი-მალ შეკითხვით.

- დაიძინე, ჩემო თვალის ჩინო, - ემუდარებოდა გადია ეთერს... - დარწმუნებული იყავი, ჩემო გვრიტო, ნადირა დაპირებას შეასრულებს და დილაზე გაუთენებლივ თავს დაგვადგება... უძილობა შეგეტყობა სახეზე, და აბა, როგორ წაუდგები მეფეს...

- ჩემო გადი, ეგ სრულებით არ მადარდებს!..

- მაშ რა გადარდებს... შენი ოცნება... ეს დღე იყო, და, ახლა მეუბნები: ეგ სრულებით არ მადარდებსო!.. მაშ რა გადარდებს, ჩემო კარგო?!. მითხარი... დღეს სულ გატყობ, რაღაც გაწუხებს... ბარემ მიამბე და...

- მეც არ ვიცი, გადი, რა მადარედებს!.. მხოლოდ ერთი ვიცი, როგორ წავიდეთ შინ... უკან დაბრუნება მინდა... ამაღამვე რო დავბრუნდეთ შინ, ოჰ, რა კარგი იქნებოდა.

- გენაცვა, მაგას რას მეუბნები?!.

- არ ვიცი, გადი, არა ვიცი რა... სურვილი მაქვს შინ დაბრუნების... ვიშ!.. - უეცრივ წამოიძახა ეთერმა.

- ხედავ?!. - და ხელით გადასახედის წინ ალაგ-ალაგ ველზე გაჩაღებულ ცეცხლზე უჩვენა...

- თუ რამ დღეობაა!.. - დაუმატა ეთერმა და ისევ ჩაჯდა.

ცეცხლების გარშემო ხალხი მოძრაობდა. ჩქარა სიმღერაც შემოესმათ...

მეტად წარმტაცი იყო ეს სურათი. ეთერს თვალი აღარ მოუშორებია...

- ამ დროს არ ვიცი, რა დღეობა უნდა იყოს?.. - წამოიძახა გადიამ და, რაკი ეთერმა პასუხი არ მისცა, მიწვა...

ჩქარა ჩაეძინა გადიას. ეთერი კი, გატაცებული ამ სურათზე აშენებულ სურათებით, არას ამჩნევდა...

მთელ დღეს გამოურკვეველ მდგომარეობაში იყო, აწუხებდა რაღაც, მაგრამ ვერ გამოერკვია, თუ რა?!. უკმაყოფილო იყო თავის თავად და კი ვერ გაეგო, თუ რად?!. მოუსვენრობა ყოველ იმის მოძრაობას ეტყობოდა. წამს მივიდოდა დასკვნამდის, ეამბნა გადიასთვის, როგორც წინად იცოდა, მაგრამ მეორე წამს სულ სხვა აზრი გაურბენდა თავში, და ისევ შეაყენებდა... იმის გონებაში მახარე და სეფე-წული იბრძოდნენ... თუ ერთ წამს სეფე-წული გაიმარჯვებდა, მეორე წამს - მახარე...

სრულებით მარტოკა რო ყოფილიყო, იქნება გარდაწყვეტილ დასკვნამდის მისულიყო, მერე კიდევ შინ... მაგრამ მთელ დღეს მამა, გადია და მხლებლები ერთ წუთს არ მოშორებიან...

კიდევაც დააპირა განმარტოვება შუადღისას, ტყეს მიაშურა, მაგრამ უკან მამა, გადია და ერთი მხლებელი აედევნენ...

- საშიშია ტყეში მარტოკას შესვლა!.. - უპასუხა კაცია ბატონმა, როცა ეთერმა უკმაყოფილობა გამოაცხადა...

და მართალი იყო ეთერი როცა გადიას უპასუხა: მეც არ ვიცი, გადი, რა მადარდებსო...

მხოლოდ ახლა, როდესაც აქა-იქ გადასახედის წინ გაჩაღებული ცეცხლი მოჩანდა და არავინ აწუხებდა, თავი ოცნებას მისცა...

ოცნება კი... მახარეზე შორს არ მიდიოდა... სულ უკლებლივ მოაგონდა მახარესთან გატარებული დრო... ტანში ჟრუანტელმა დაუარა და მიწვა... მოაგონდა ისიც, თუ როგორ თავის ხელით სუფრა გაშალა მეორე დღეს ვერხვის ქვეშ... ვახშამი მოამზადა, რომ მახარეს ეთერის მოსვლის იმედი ჰქონოდა და...

- ღმერთო, რა საზიზღარი ვყოფილვარ!.. - წამოიკვნესა ეთერმა...

“ეს ხომ მახარეს თვალის ასახვევად ჩავიდინე, რომ გზა და კვალი ამერია!.. მახარე!.. მახარე!..”

“-რისთვის მომიწოდე, რა გინდა?..

“- როგორ თუ რა მინდა?!.

“- მიმატოვე და...

“- არა... არა... მიგატოვე კი არა... ვახშამი დაგიმზადე!.. და, გეფიცები, მეც არ ვიცი, რად დამიგვიანდა...

“- არ იცი?!. რათა სტყუი?!.

“-ვსტყუი?!.

“- ჰო!.. თუ არა სტყუი, მაშ რა არის?.. გული შენსკენ მომირბოდა... მთვარის ამოსვლისას კლდის პირას გადმოვეკიდე შენ კი...

“- მართალს ამბობ, მახარე, მართალს, მომიტაცეს მეფის მხლებლებმა და გემუდარები: დამიხსენ!..”

- შვილო, ეთერ, ადექ!.. დროა... ნადირა უკვე აქ არის და გელის...

- ეეხ, მამავ, წავიდეს უკანვე ნადირა, ჩვენ კი შინ დავბრუნდეთ...

- როგორ, ეთერ, მეფეს შენთვის ტახტრევანი გამოუგზავნია და ახლა ამბობ - შინ წავიდეთო?!.

ეთერი წამოდგა... მიიხედ-მოიხედა და გონს მოვიდა... გამოერკვა... ახლა დრო არ იყო სიზმარისთვის ანგარიში გაეწია... მახარეს მაგივრად ნადირა დაინახა და სულთამხუთველად ეჩვენა. მაგრამ, ხედავთ, უნდა დამორჩილებულიყო, როგორც სულთამხუთველს...

სწრაფი საუზმის შემდეგ ეთერი და გადია ტახტრევანში მოათავსეს, ნადირაც ცხენით ერთ მხარეს ამოუდგა და კაცია კიდევ მეორე მხარეს...

დაბლობში რომ ჩავიდნენ, იწყეს სიმღერა...

ეთერი ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო, თუ იმის თავს რა იყო. იჯდა გაჩუმებული და ისმენდა მგზავრულ სიმღერებს...

როცა შემოესმა მაყრული სიმღერა: “მოვდივართ, მოგვიხარიან, მოგვყავს ხოხობი დედალიო...” მაშინ კი შეკრთა ეთერი და დაეკითხა გადიას:

- გადია, ეს რა ამბავია ჩემ თავს?!.

- რა ამბავი უნდა იყოს, დედოფლად მიყევხარ!..

- ეს ხომ შეუძლებელია! სეფე-წულს არ ვუნახივარ და... მგონი სხვისა სიმღერა უნდა იყოს... სხვა ვინმე მიჰყავთ საქორწილოდ...

მეფე წინ მიეგება... მარეხმა ტახტრევანიდან გადმოიყვანა ეთერი და შეიპატიჟა სასახლეში.

კაციაც გონს ვერ მოსულიყო თუ ასეთი ყურადღებით რად მოექცა მეფე, როცა ეთერი მეფემ მარეხის მფლობელობის ქვეშ სასახლეში გაისტუმრა, კაციას მკლავში ხელი წაავლო და სასიყვარულო კილოთი მიმართა “ჩემო კაციავ, არ მეგონა, რომ ასეთი განძის პატრონი იყავი?!.”

კაცია ვერ მიხვდა მეფის აზრს და შეეკითხა:

- დიდებულო მეფევ, მყავს მრავალი ყმა... მომდურავი არ არის ჩემი ყმა... სხვა განძი კი არა მაქვს რა...

- კმარა... კმარა... - შეაწყვეტინა სიტყვა მეფემ...

XII

უზარმაზარი სასახლის ეზო სულ სხვადასხვა დიდრონი ხეებით იყო შემკული. ხეებსა და ხეებს შუა გზები მარმარილოთი იყო ფენილი.

დიდი მხიარულება ტრიალებდა დღეს ამ ეზოში. თითქმის ყველა ხის ძირას სუფრა იყო გაშლილი, და რას მოინატრიდი, სულო და გულო, რომ აქ არ ყოფილიყოს... “ჩიტის რძესაც” კი იპოვიდი სუფრაზე, და, აბა, სხვა ამაზე მეტი რა იქნებოდა იშვიათი?!.

აუარებელი ქალი და კაცი, ამ დღისთვის მოწვეული, ყველა თავის ადგილას იჯდა და ყველა ერთად ეძლეოდა საზოგადო სიმხიარულეს... ყველგან ერთი სული და ერთი გული ეტყობოდა, თუმცა ყოველ ხის ქვეშ ცალკე სუფრა იყო გაშლილი...

ეზოს დამამშვენებელ დიდი კაკლის ხის ქვეშ პირველი სუფრა იყო გაშლილი. იქ მეფე, კაცია, ეთერი, მარეხი, სეფე-წული ნადირა და რჩეულნი ისხდნენ...

და, აი, ეს სუფრა აერთიანებდა ყველა იქ მყოფთ... ყველას თვალის და გულის ძაფი ამ სუფრას უერთდებოდა და ექსოვოდა, და აქედან ისრუტავდა სიმხიარულეს... ან თუ თვითონ რამ მიუვიდოდა სასიამო, აქით გზავნიდა და ეს კი ყველას აწვდიდა...

სიმღერა, სიცილი, სადღეგრძელო ერთი მეორეს მისდევდა...

ეთერსაც დაუბრუნდა თავისი გაბედულობა, სიმხიარულე. დაითვრა ამოდენა პატივისცემით და დაიწყო თითონაც ბაასში მონაწილეობის მიღება; იმისი მოსწრებული კითხვა-პასუხები სწრაფად ყველას ხვედრად ხვდებოდა...

მარტო ერთი-ღა აფიქრებდა... სეფე-წული სად უნდა ყოფილიყოს?!. “ნუ თუ ისე წავალ, რომ სეფე-წულს ვერ ვნახავო...” მხოლოდ იმისთვის კი წამოვიდა აქ... პირველმა თავის ოცნებამ გაიტაცა ახლა ეთერი და შეაცურა უფრო ღრმად...

- შვილო, ეთერ, შენ კი არ იმღერებ?!. აი, მარეხი რა მშვენივრად მღერის...

- მარეხს მშვენიერი ხმა ჰქონია!.. - წამოიძახა ეთერმა, როცა მარეხმა სიმღერა დაასრულა...

მეფემ აღტაცებით შეხედა მარეხს და ეთერის პასუხად წარმოსთქვა:

- მარეხი ჩემი იადონია!..

- ოჰ, მამავ, ნუ გამაწითლებ!..

მართლა წამოწითლდა მარეხი... კარგა გადახრილი მზე კაკლის ხის ხშირ ფოთლებს არღვევდა და აფენდა იქ მსხდომთ თავის სხივებს... მარეხის ნაზი ლოყების გაშუქებული ნაწილები წამს პარტახტებად იქცა...

ეთერს გული გადაეფერფლა... მარეხი მეტად ნაზი და ლამაზი იყო... გონების თვალით შეადარა თავისი თავი მარეხს და...

- ეთერ, რატომ ჩაფიქრდი?!. - შეეკითხა სეფე-წული: - მამამ გთხოვა სიმღერა... ველით!..

- ჰო, შვილო შენი ხმაც აიყოლე!.. - უთხრა მამამ...

ეთერი სწრაფად გონს მოვიდა. გაუბრწყინდა თვალები, ბაგე ღიმად გაეპო და გადიას გადახედა, რომელიც იმის ზურგს უკან იჯდა და ხან თმას უსწორებდა, და ხან კიდევ მოძრაობის დროს შენაოჭებულ კაბას...

გადია მიხვდა ეთერის სურვილს და სწრაფად სასახლისკენ გატრიალდა...

- სულსწრაფი ყოფილხარ, ბა-ნო ნადირ, ცოტა მოითმინე.

- ოჰ, ეთერ, თუნდ სულ მოთმინებად გარდვიქცევი, ოღონდ შენი სიმღერა გავიგონო...

- ეს რას ნიშნავს, ბატონო ნადირ?..

- ყველაფერს... - და გადიხარხარა...

მეფემაც ბანი მისცა ნადირას და ამათ კიდევ ყველამ...

ყველამ იცოდა განზრახი თვალთმაქცობა. არ იცოდნენ მხოლოდ კაციამ, ეთერმა და გადიამ. ეთერი ამ წამს ყველას სადედოფლოდ მიაჩნდა და მხიარულობდა დედოფლის ასეთ გარემოებით... თითონ სეფე-წული, მეფე, მარეხი და ამათთან ყველა სიამოვნებდა ეთერის გულუბრყვილობით.

ვერც თუ კაცია მოსულიყო გონს... ბევრი რამ ეუცხოვებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა მეფის შეწუხებას თავის გამოკითხვით... ჯერ ერთი, რომ ამ ნადიმის დროს არც კი უხსენებიათ სეფე-წული. მართალია, ნადირა დაჰპირდა ეთერს: “სეფე-წული არ გეჩვენებაო”, მაგრამ ხსენებაზე კრინტი არ დაძრულა... ესენი არც-კი ახსენებდნენ...

ეთერისთვის კი სულ ერთი იყო. ეთერმა ნადირას სიტყვა ჩამოართვა, ვიდრე მახარეს შეხვდებოდა. ახლა ნანობდა, რად ჩამოვართვი სიტყვაო... “მენახა მაინცო” ფიქრობდა ეთერი... “დედოფლობა სრულებით აღარ მასულდგმულებს” ... მხოლოდ სურვილი ჰქონდა ენახა სეფე-წული... მეტი არაფერი.

ნადირა რომ იმ სუფრაზე არ ყოფილიყო, დიდი ხანია, ჰკითხავდა მარეხს, მაგრამ ნადირასი რცხვენოდა...

გადიამ მოიტანა რაღაც სუზანში გახვეული.

ეთერს სახე აუფერადდა... სწრაფად სუზნის სუფრა გადახსნა, გადიას დააჭერინა ხელში, თითონ მარჯვენა ხელი ენას წაავლო და გაიფიქრა: “ახლა კი ხვრელშიც რო იყვეს დამალული სეფე-წული, აქ გაჩნდებაო!..”

მაგრამ რისთვის?.. ხომ ეთერს ამ წამს სეფე-წულის ხილვა იმისთვის არ უნდა რისთვისაც თავის ქალწულობის დროს იხმობდა და მთვარეს ემუდარებოდა?.. მაშ... ან რა უნდა ემღერა?!. “შიშის ზარმა” გაახსენა თავდავიწყების ღამე... ამაყად ასწია თავი, ჩამავალ მზეს, რომელიც ფოთლებს არღვევდა და უგზავნიდა სხივებს, მიაპყრო თვალი და მედგრად ამეტყველდა და აამეტყველა “შიშის ზარი”:

“მხოლოდ ერთხელ, ერთის წამით შენთან ვიყავ, შენ გეგუე, და ის წამი ნეტარებად მექნება ნაზ ქსოვილით შემოსილი!..”

წამს არე-მარე განცვიფრებაში მოვიდა... პირი ღია დარჩა ყველას და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მღეროდა მხოლდ ეთერი და თან მისდევდა მისი მეორე ხმა... მხოლოდ კაცია და გადია იღიმებოდნენ ასეთ შთაბეჭდილებით...

სეფე-წული ჩქარა გამოერკვა. აუძგერდა გული და, ის იყო, უნდა წაეგლიჯნა ხელიდან რაღაც ჯადო და ეტყორცნა შორს, რადგანაც იგრძნო, ეთერის გული სადღაც მიფრინავდა და შორდებოდა...

- ეთერ!.. - წამოიძახა მარეხმა და ეთერს მკლავი დაუჭირა: - გეთაყვა, შენ დაჩუმდი და მხოლო ეგ ამღერე... შენ ხმას ჰგავს, მაგრამ თითქოს სხვა მღერისო, სხვა სული უდგასო.

ეთერმა შეწყვიტა მღერა... ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა... სხეული გაუნთავისუფლდა მოჯადოვებისაგან...

სეფე-წული მაშინვე მივიდა ეთერთან. გადიას ხელიდან წაგლიჯა “შიშის ზარი” და მიმართა თავის დას:

- ჩემო დაო მარეხ, ამის სულის ძებნას შენ შეუდექ და დაეპატრონე, შენი იყოს და ეთერი კი თავის ხმით და სულით - ჩემი!.. მეფე-მამავ, დაგვლოცე!..

უკანასკნელ სიტყვებთან ერთად სეფე-წულმა “შიშის ზარი” მიწოდების მაგივრად გადააგდო მარეხისკენ...

“შიშის ზარი” ცერად დაეცა მარმარილოს ქვას და ეთერის ტკბილი ხმის მაგივრად ჟღრიალი გამოიღო და მიჩუმდა...

- აჰ!.. - თითქმის ყველამ ერთად წამოიძახა ამ ჟღრიალზე, გარდა სეფე-წულისა.

სეფე-წულს კიდევაც გაუხარდა ასეთი დამარცხება იმ ქაჯისა...

ეთერი იქვე წაიქცეოდა ამ ხმაზე, რომ ნადირას მარცხენა ხელი არ მიეშველებინა და არ მიესვენებინა თავის მკერდზე... თავმანდილი მოხსნა და მკლავზე გადაიგდო.

მარეხი და გადია კი მაშინვე დასწვდნენ და ორივემ ერთად აიღეს “შიშის ზარი”...

მეფე მიუხვდა შვილის წადილს... წამოდგა... იმის წინ წინათვე გამზადებულს სუზნით წაფარებულ გვირგვინებს ხელი წაავლო და ხმამაღლივ დაიძახა:

- სმენა იყოს და გაგონება!..

ყველა ფეხზე წამოდგა.

- დღეის შემდეგ თქვენი მეფე იქნება ნადირა, ჩემი წული, და აი, ჩემი გვირგვინით იმის თავს ვამკობ. დავიღალე... დასვენება მჭირდება... და, აი, ეს კიდევ ჩვენი საყვარელი კაციას ასული თქვენი დედოფალია და იმის თავსაც ჩემი მეუღლის გვირგვინით ვამკობ.

თითქმის ტირილით წამოიძახა და ორთავეს თავი გვირგვინით შეამკო.

ეთერი გარინდებული მისვენებოდა ნადირას მკერდს და სრულებით არა გაეგებოდა რა... არ უგრძვნია არც გვირგვინი, არც მამის მილოცვა...

- გენაცვა ეთერ, - შეემუდარა მარეხი, რომელსაც “შიშის ზარი” ხელში აეღო და ისე ეჭირა, როგორც გადიას, - აბა კიდევ ხელი შეახე!..

ეთერმა ხელი ენას მოსდო და შემოჰკრა... ნაზი ხმის მაგივრად რაღაც ჟღრიალი გამოიღო...

ამ ხმაზე შეთრთოლდა, ტანი შეუსველდა, ყურებში წაეშრიალა და გონება დაკარგა.

მარეხი კი ამ ხმაზე ერთი წამოკივლების შემდეგ გულწასული მამას მიესვენა... “შიშის ზარი” ხელიდან გავარდა, და ისევ ის ჟღრიალი გამოიღო...

მეოთხე კარი

I

ყველა ქორწილში მყოფი მებატონე კაცია ბატონს შურის თვალით შესცქერის... იმის ქალი ეთერი ახლა დედოფალია. შურთ ყველას: იმათაც, ვისაც გასათხოვარი ჰყავს და სადედოფლოდ ამზადებდა, და იმათაც, ვისაც საცოლე ვაჟი ჰყვანდა და კაცია ბატონის ქალის რძლობა უნდოდა, რადგანაც იმის საბატონო დიდ განძეულად ითვლებოდა...

ახლა კი ასე უცნაურად, მოულოდნელად ყველას პირში ჩალა გამოევლო...

- დიდი თვალთმაქცი ყოფილა კაცია!.. - პირველ შეხმაურებაზედვე სხვა მებატონენი წამოიძახოდნენ... - თითქოს თავისთვის იჯდა, სასახლეს არ ეკარებოდა და მარტო თავის ყმასა და მამულზე ფიქრობდა... ახლა კი ირკვევა, თუ რა ხვრელით, სასახლისკენ მიისწრაფოდა...

ჩვენ კი ნაწლევზე ფეხს ვიდგამდით და... - უმატებდნენ შორიდან მეორე, მესამე დღეს მოსული სტუმრები...

ცხრა დღეს გაგრძელდა ქორწილი მეფე-ნადირასი, და თითქმის სამეფოს ყველა მებატონე დაესწრო. ზოგი მეცხრე დღეს-ღა მოვიდა რადგანაც მოპატიჟე სიშორის გამო გვიან მივიდა...

მართალია, დედოფალი პირველ დღესვე ცუდად გახდა, იმასთან ერთად მარეხიც... ცოტა ამან დაარღვია სიმხიარულე, მაგრამ ჩქარა ორივე მოსულიერდა და სიმხიარულე ისევ გაგრძელდა...

- მეფის ასულო მარეხ, ნურა გეფიქრება რა მაგ ზარისა!.. - განგებ მიმართა მარეხს კაცია ბატონმა. ამით თავის ქალსაც დაამშვიდებდა... - მაგის გამკეთებელი უფრო მალე გაამრთელებს, ვიდრე პირველად გააკეთა და ისევ ისე ნაზად აახმაურებს...

- ნება მომეცი, დიდებულო მეფევ, გავგზავნო ვინმე ჩემ საბატონოში და ვაცნობო ჩემი ესეთი ბედნიერება!.. - მიმართა შემდეგ მეფეს...

- დღეის შემდეგ, ჩემო მძახალო, ჩვენი მეფე - ჩემი შვილია და დედოფალი კიდევ - შენი ქალი ეთერი!.. იმათ მიმართე!..

- მაპატიე, ჩემო საყვარელო სიმამრო, ეგ ჩემი ბედნიერება მე უნდა მეცნობებინა შენი ყმებისთვის. მაგრამ დამავიწყდა, ისე ვიყავ მოცული და შებოჭილი ჩემი ბედნიერებით!.. ახლავე გავგზავნი სასწრაფოდ ჩემ ერთგულს, შენს ნაცრობს ირემას... ყველაზე ადრე ის მივა... ამ წამსვე გავგზავნი...

- ირემას დამიძახეთ... - მიუბრუნდა შემდეგ მეფე-ნადირა მსახურთ...

- ირემა!..

- ირემა!..

- ირემა!..

გადადიოდა მსახურთა ხმა ერთი მეორისგან.

- ამ წამს აქ იყო!..

- ამ წამს აქ იყო!..

- ამ წამს აქ იყო!..

- მოისმის პასუხად, მაგრამ ირემას გზა და კვალი დაიკარგა...

“სად გაქრა ირემა”... ყველა ეკითხება, ყველას თვალწინ უდგას... აქ ტრიალებდა... მხიარულობდა. იხედებიან... თვალებს აცეცებენ, რომ მეფის ბრძანება შეასრულონ, მაგრამ მიწამ უყო პირი, თუ ცამ უეცრივ ჩაყლაპა...

კარგა ხნის შემდეგ მეფე-ნადირას მოახსენეს, რომ ირემა ვერ იპოვეს... მეფეს არ ესიამოვნა ერთგული ყმის ასე უცნაურობა, მაგრამ არავის შეამჩნევინა თავის უსიამოვნება...

- ნუღარ ეძებთ ირემას!.. - ბრძანა მეფე-ნადირამ... - გამიგეთ ახლავე, ვინ იცის კაცია ბატონის საბატონო და ამ წამს აქ გაჩნდეს!..

- ვინ არ იცის კაცია ბატონის საბატონო?!. - თითქმის ერთხმად უპასუხეს იქ მდგომ მხლებლებმა: - გვიბრძანეთ!..

- მაშ თუ აგრეა, ვეფხვავ, შენ წახვალ საბატონოში და აუწყე ჩემი და ეთერის ბედნიერება... და რჩეული ყმები კაციასი აქ გვეახლნენ...

- არა, სიძე-მეფევ, აქ ნურც ერთ ყმას ნუ დავიბარებთ... - ჩაერია კაცია ბატონი... - მოიყვანე მხოლოდ ოქრომჭედლის შაგირდი მახარე... ჩემი ყმები, უეჭველია, თავიანთ ნებით გამოგზავნიან ვისმე მოსალოცავად... მახარე კი უეჭველად აქ მოიყვანე... ის ცოტა ჯიუტია!.. აი, აქ დაგვჭირდება მეფის ბრძანება, ის გაამრთელებს ამას... - მიიშვირა ხელი გაბზარული ზარისკენ და მარეხს შეხედა...

ეთერს გული გადაექანა... მარეხს თვალები გაუბრწყინდა... მეფე-ნადირას კი ფერი ეცვალა... “ხომ ეს განგებ ქვაფენილზე დავანარცხე... - წამს გაიფიქრა... - რომ გამეტეხა და ახლა ისევ”... მაგრამ ეთერს შეხედა და დამშვიდდა... ეთერი ამ დროს ნადირას შესცქეროდა ლმობიერად და ნატრობდა: “ნეტავი მახარე არ მოვიდეს, თორემ რა პირით შევხედავო”... თავის სასარგებლოდ ახსნა ნადირა-მეფემ... ეთერი კი ემუდარებოდა მეფე-ნადირას: შენი სახელით ძალას ნუ დაატან მახარეს - აქ მოვიდესო...

მეფე-ნადირას კიდევაც შერცხვა - ვიღაც ოქრომჭედლის შაგირდზე ეჭვი მივიტანეო...

- უთხარ, მეფე გიბრძანებს და უნდა წამოხვიდე-თქო...

ეთერი წელში აიმართა და მედგარი სახე მიიღო...

- ჩემ მოურავს კი ეტყვი: ცხრა დღეს და ცხრა ღამეს ჩემ სახლში უხვი მასპინძლობა არ შესწყდეს... გამვლელ-გამომვლელიც არ გაუშვას მიუპატიჟებელი... - დაუმატა კაცია ბატონმა.

II

... ეთერი ჯერაც ვერ გამორკვეულიყო, თუ ასე უეცრივ რამდენიმე ამბავი თავს დაატყდა... მახარეს “ზარი” მოსტაცა... მერე ეს ნადირა... თურმე ეს სეფე-წული ყოფილა... ის უკვე დედოფალი ყოფილა, როდესაც ამის გულისთვის ზარის ხელში ჩაგდებას აპირებდა, რომ სეფე-წული მოეხიბლა... “უზაროდაც” თურმე მოხიბლული ჰყოლია ეთერს, და ეს კი არ იცოდა... “იქნება მაშინ” ... - გაიფიქრა ეთერმა, - როდესაც ოთახი შეიკეტა და თავი ბალიშზე მიდო. - “მაშინ რა?!.” - უეცრივ დაეკითხა თავის თავს ეთერი და იმის ტანი სიამის ალმა აწო... მახარე და ნეტარება ერთად აერია, ერთ ქსოვილად ჩაენასკვა, და ამით წაიბურა დაღლილ-დაქანცული სხეული...

მეორე დილას დასვენებული სხეულით და გონებით უფრო საღად შეხედა გარემოებას... ახლა უკვე უტყუარი ამბავია იმის გადედოფლება. ეს მოხდა უცბად და ასეც უნდა მომხდარიყო. “განა ტყუილ-უბრალოდ ევედრებოდა თავის ღვთაებას, რომ ასე არ მომხდარიყოს?..” მაგრამ ეს მახარე რაღად გამოენასკვა?!.

აი, ახლა თვითონ მეფემ დაიბარა მახარე. ის უეჭველად მოვა, მეფის სიტყვას ვერ გადაუვა, უნდა თუ არ უნდა ნახვა. ასე ჩქარა არ მოელოდა იმის ნახვას... თითონაც ფიქრობდა: “როცა დედოფალი გავხდები, მაშინ ჩემ გვერდით ვიყოლიებ მახარესაო”, მაგრამ ასე ჩქარა ხომ არ მოიწვევდა?!.

ჩვეულებად იყო: მეფე-დედოფალი, ვიდრე ქორწილი არ გათავდებოდა, და-ძმურად იქცეოდნენ...

ეთერიც ამ ცხრა დღის განმავლობაში თავისთვის იძინებდა, როგორც შინ, თავის კოშკში და გვერდით მეორე ოთახში იმის მფარველად გადია წვებოდა...

ჯერ დღეც მახარეს სახე არ შორდებოდა... მით უფრო, რომ მარეხი ხშირად ეკითხებოდა მახარეზე, იმის ქნარზე, თუ როგორ მოხდა, რომ მაგრე დაამსგავსა ეთერის ხმას...

ეთერი ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს აძლევდა: არ ვიციო. მაგრამ მარეხი მაინც კიდევ და კიდევ ჰკითხავდა...

ეთერი ყველასგან დღის განმავლობაში დიდს პატივისცემაში იყო... გულწრფელი იყო ეს თუ პირფერული - ძნელი გამოსაცნობი იყო, მაგრამ დიდი მეფე და ნადირა მეფე რომ გულწრფელად თავს ევლებოდნენ, ეს კი უტყუარი იყო.

მხოლოდ ეთერი ამას ყურადღებას არ აქცევდა და ერთ დონეზე იქცეოდა... ყველანი თანაბრად მიაჩნდა და განსხვავებას არ აძლევდა...

თითქოს მახარეც ავიწყდებოდა, როცა მარეხი არას ჰკითხავდა...

ღამე კი... მთლად მახარესგან მოქსოვილ ბადეში ეხვეოდა და იმისი გაბზარულის ზარის, რომელიც ეხლა მარეხის ოთახში ინახებოდა, ხმა ესმოდა და ეს ხმა ძილშიაც ჰყვებოდა.

ერთხელაც არ მოგონებია თავისი ქმარი მეფე-ნადირა ამ ცხრა ღამეს.

ქორწილის მერვე დღეს მეფე-ნადირამ მოიგონა ირემა, როცა მარეხი შეეკითხა: კაციას საბატონო შორია, რომ იქ გაგზავნილმა კაცმა დაიგვიანაო?..

- ირემა რო წასულიყო, აქნობამდის აქ გაჩნდებოდა!!. მართლა, - მერე მიუბრუნდა მახლობლებს და შეეკითხა: - ირემა ჯერ კიდევ არ გამოჩენილა?

- იმის შემდეგ არავის გვინახავსო... - უპასუხეს ერთხმად.

- საკვირველია ღმერთმანი!.. - ჩაილაპარაკა მეფე-ნადირამ: - რა დაემართა ი კაცს?!. უნდა მოსძებნოთ და ან მკვდარი, და ან ცოცხალი აქ მომიყვანოთ.

- აი რვა დღეა ვეძებთ და ვერ გვიპოვია! - უპასუხა ერთმა მხლებელთაგანმა.

- ტყე-ღრე უნდა მიმოვლოთ და ან მკვდარი, და ან ცოცხალი ირემა მომიყვანოთ, ან მომიტანოთ!.. - მრისხანე ბრძანება გასცა ნადირა-მეფემ.

ძალიან უყვარდა მეფე ნადირას ირემა და ახლა თავის თავზე გაჯავრდა კიდევაც, რომ ასე გადაავიწყდა, მაგრამ გასამართლებელი საბუთი ჰქონდა, რადგანაც ეხლა თავის თავიც კი დავიწყებული ჰქონდა. სულ ეთერისთვის ზრუნავდა და იმას შესცქეროდა თვალსა და წარბში და ცდილობდა, თუ რით ესიამოვნებინა და რით არა...

ეთერს კი მარტო ერთი-ღა აზრი უტრიალებდა თავში: თუ მახარეს როგორ შეხედავს, როცა ის გამოცხადდება აქ, ამ ქორწილის დროს, და რას ეტყვის. მეფე-ნადირას ფიანდაზად დაგებას არც-კი ამჩნევდა. ეს თითქოს ასეც უნდა ყოფილიყოსო, ისე იქცეოდა...

გათავდა ქორწილი მეათე დღეს. სტუმრები მოღლილ-მოქანცულნი დიდათ დაჯილდოვებულნი თავიანთ საბატონოებში გაეშურნენ...

მეფე-დედოფალი მიიწვიეს თავიანთას...

სწორედ ამ დროს გაქაფებულ ცხენით შემოიჭრა ეზოში ვეფხვა... სწრაფად ცხენიდან ჩამოხტა და მივიდა მეფესთან.

- რა ამბავია, ვეფხვა?!. - ჰკითხა მეფე-ნადირამ: - ხომ შეასრულე დავალება?!.

- მშვიდობა, დიდებულო მეფევ! ყველაფერი შევასრულე... კაცია ბატონის ეზოში დიდი დღესასწაულია... მთელ საბატონოს მხიარულება მოედვა... სწრაფად ყველგან, საცა კი სოფელი შემხვდა და ვუთხარი, დიდი თუ პატარა სიხარულმა შეიპყრო და მაშინვე კაციას სახლისკენ გაეშურნენ... სასახლეში ხომ, ენით გამოუთქმელია, რა ალიაქოთი ასტეხეს... მაშინვე ამოირჩიეს დარბაისელნი და აქეთ გამოგზავნეს საჩუქრებით მოსალოცად...

ეთერი, კაცია და მარეხი აქვე იყვნენ და სიამით უსმენდნენ ვეფხვას და ელოდნენ, მეორე დავალებაზე რას იტყოდა...

- მე ბევრი მთხოვეს დავრჩენილიყავ იქ და იმათთან ერთად მეღდესასწაულნა ბედნიერება, მაგრამ აქეთ გამოვეშურე მომეხსენებინა, რომ ოქრომჭედლის შეგირდი მახარე თვალით აღარავის უნახავს იმის შემდეგ, რაც ბატონი კაცია თავის ქალით აქით გამომგზავრებულა... მარტო მოურავი ამბობს, რომ მეორე დღეს საღამოს პირას ჩაბარუხთან ვნახეო... - დაუმატა ცოტა სიჩუმის შემდეგ ვეფხვამ.

- ესეც მეორე ირემა!.. - წამოიძახა მეფე-ნადირამ... - ეს რაღაც უცნაურობაა!..

კაცია დაღონდა... ეთერი შეფიქრიანდა და მარეხი კი სასოწარკვეთილებას მიეცა...

- რატომ თითონ ოქრომჭედელი არ წამოიყვანე?!. - შეეკითხა კაცია ბატონი ცოტა სიჩუმის შემდეგ...

- ის თვითონ მოვა... სურვილი გამოაცხადა რჩეულებთან ერთად აქ გეახლოს და მოგილოცოს...

III

ნადირა-მეფე სული-მწარეთ მოელოდა ამ მეათე დღის დაღამებას, რომ ეთერთან ერთად ღამე გაეტარებინა მაგრამ, დახე უიღბლობას, ეთერი უეცრივ ავად გახდა და თავის ოთახში კარი შეიკეტა. მხოლოდ რამდენიმე წუთით თუ შევიდოდა მეფე-ნადირა, რომელიც მიალერსებასაც ვერა ბედავდა, რადგანაც ეთერს მუდმივ გვერდით გადია ეჯდა...

სწუხდა მთელი სასახლე მეფე-ნადირასთან ერთად. კაცია ბატონი ხომ სულ ირეოდა... მალი-მალ შედიოდა ეთერთან, მაგრამ იქიდან არავითარი სასიამოვნო ამბავი არ გამოჰქონდა...

მხოლოდ ყოფილი მეფე ანუგეშებდა ნადირას და კაცია ბატონს, თუმცა იმის საყვარელი მარეხიც კარჩაკეტილი იყო და არავის ინახულებდა...

თუმცა კაციამ რამდენჯერმე გადია გამოიხმო, როდესაც ეთერს ჩაეძინებოდა, და შეეკითხა, თუ ეთერს რა დაემართაო, მაგრამ გადიასაგან ვერა გაიგეს რა...

მკითხავები და მკურნალები კი ხან რას ეტყოდნენ და ხან რას, და ათასნაირად შეულოცავდნენ და ბალახ-ბულახს უდუღებდნენ... რაც, რასაკვირველია, ეთერს შეღავათს არ აძლევდა...

ეთერი კი მართლადაც ავად იყო... იმას არა სტკიოდა რა... სხეული არას ეუბნებოდა და არ ანიშნებდა ტკივილის ადგილს, მაგრამ მთლად კი მოდუნებული, ლოგინში გადასვენებული იწვა კი არა, იდო... განძრევის სურვილიც არ ჰქონდა... არც თუ რისამე... თავიც არ ემორჩილებოდა... უსიცოცხლოდ გამომცქერალი თვალები არავის არას ეუბნებოდა... რას აჭმევდნენ, ან რას ასმევდნენ, იმასაც არ გრძნობდა... მთელ დღეს რომ არა ეჭმიათ რა, ის არ მოითხოვდა, რადგანაც არ გრძნობდა არც სიმშილს და არც წყურვილს...

მარტო ერთხელ ოდნავად გაიღიმა, როდესაც მარეხმა თავის თავს ძალა დაატანა, ძლივს ღონღილით შევიდა რძალთან... ეთერი გაშტერებით უმზერდა მარეხს... მარეხმა ხელი შეახო და ჰკითხა:

- ჩემო კარგო, იქნება “ზარი” გინდა შემოგიგზავნო?!.

აი, სწორედ ხელის შეხებაზე და ამ კითხვაზე ოდნავად გაეღიმა ეთერს და თავი გაიქნია, რითაც “არა” ანიშნა...

ეთერი ყველასაც ცნობდა, შეკითხვა ესმოდა, მაგრამ ხმის ამოღება და ლაპარაკის სურვილი არ კი ჰქონდა. მხოლოდ თავის გაქნევ-გამოქნევით უპასუხებდა...

მარეხი და ეთერი ერთ დროს გახდნენ ავად. ეს იყო მაშინ, როცა ვეფხვა დაბრუნდა კაციას საბატონოდან და იქაური ამბავი მოახსენა მეფეს... ეთერი და მარეხი იქვე იყვნენ და ყველაფერი შეიტყვეს... მახარეს დაკარგვამ მარეხი საშინლად ააღელვა, აათრთოლა, გული აუკანკალა... ეთერი კი წარბ-შეუხრელი იდგა...

მარეხი მაშინვე თავის ოთახისკენ გაეშურა... ეთერი კი იდგა იქ, ემშვიდობებოდა სტუმრებს... დაჰყო იქ, ვიდრე უკანასკნელი სტუმარი არ გაემგზავრა და მხოლოდ მაშინ ალერსით გამოეთხოვა დიდ მეფეს, მამას და ნადირა-მეფეს, რომელთაც მიაცილეს სადედოფლო ოთახის კარამდის... იქ კი მიესვენა გადიას მხარს და ძლივას შევიდა ოთახში, ჩაწვა ლოგინში გადიას დახმარებით და...

თუ ეთერს ამ მდგომარეობაში არა აღელვებდა-რა და არა რაიმე სურვილი ჰქონდა, სამაგიეროდ მარეხს გარკვეული აზრი შეედგინა და იმან თავის აღელვების მიზეზიც კარგად იცოდა...

როცა ეთერს შეევედრა და სთხოვა: “შენ ნუ მღერი, მხოლოდ ეგ აახმაურეო” და “ზარზე” (ახლა ღრევის შემდეგ მხოლოდ “ზარს”-ღა ხმარობდნენ) მიუთითა, მაშინვე იცოდა, რასაც ეძებდა. ის მოჯადოვდა “ზარის” ხმით და იმის შემოქმედით... შემოქმედი კი “ზარის” ხმაში იყო ჩაქნილი... ამისთვის შეევედრა, რომ ეთერის ხმას ის არ დაეჩრდილოს და ამოეცნო იმის სული და ამით გაჟღენთილიყო. მაგრამ აგერ ნადირა მოუახლოვდა ეთერს, თაყვანი სცა მას და “ზარი” კი ამას უთავაზა, მაგრამ ისე უცნაურად მიაწოდა, რომ ხელის მოვლება ვერ მოასწრო, ლოფენილს დაეცა და გაიბზარა. წამს გონება დაეკარგა, და როცა გონს მოვიდა, კაცია ბატონის განკარგულება შემოესმა: “ამ ზარის გამკეთებელი აქ მოვიდესო”. გამხიარულდა... მაგრამ ვეფხვას მოტანილმა ამბავმა შემუსრა ეთერი და ლოგინად ჩააგდო...

ყველა ამას იგონებდა მარეხი და ბორგავდა. “ნუ თუ ეს აღარ მეღირსება, რომ ამის ხმა გავიგონოვო”... თან ფიქრობდა მარეხი და უმწეოდ უმზერდა იმისავე გვერდით მდებარე გაბზარულ ზარს...

მერე მოაგონდა ეთერი... იმის ავადმყოფობაზე ბევრს ელაპარაკებოდნენ... როგორც იყო, წამოდგა... ამავე დროს მოაგონდა ვეფხვას სიტყვები: “ოქრომჭედელიც მოვაო” და გამხნევდა... “იქნება გაამრთელოსო”, გაიფიქრა და ეთერის სანახავად წავიდა...

ეთერი რომ ასე დახვდა და დასთანხმდა ზარი იმასთან დარჩენილიყო, ამ გარემოებამ უფრო გაამხნევა, და ჩქარა ჩვეულებრივს ცხოვრებას ხელი მიჰყო... ამავე დროს სულიმწარედ მოელოდა ოქრომჭედლის მოსვლას... იმედი ჰქონდა, ის გაამრთელებდა ზარს, თავის ხმას გამოაღებინებდა; იმის სულს შეიხმატკბილებდა მარეხი და მეტიც არა უნდოდა რა...

IV

სწორედ მეოცე დღეს, ქორწილის პირველი დღიდან რო ვიანგარიშოთ, კაციას ბატონის ორმოცამდის ყმა ოცი დატვირთულ ურმით სასახლის კარს მოადგა... იმათ შორის ოქრომჭედელიც იყო...

თუმცა დიდი მეფე, მეფე-ნადირა და კაცია ბატონი დიდად შეწუხებულები იყვნენ დედოფლის ავადმყოფობით, მაინც ასეთი სტუმრების ნახვა ძლიერ ესიამოვნათ.

ნადირა-მეფემ გასცა ბრძანება ხელმეორედ გადაეხადათ ქორწილი. ხელად ამ ათი დღის წინად ალაგებული სუფრა იმავე ადგილას გაიშალა, და გაჩნდა შესანიშნავი მრავალ ყმათა სიმხიარულე... დარბაისლური სადღეგრძელოები, დარბაისლური შეჯიბრება სიმღერებისა მოსულთა და იქაურთა ყმათა... გალაღებული ყმები კაციასი ერთ სიმღერას მეორეზე უკეთესს ამბობდნენ, რომელიც ხან ჩქეფდა და ქუხდა, როგორც ჩაბარუხი, ხან კიდევ ნაზად მორაკრაკებდა იმათი ხმა, ვითა წმინდა ანკარა... არც თუ ადგილობრივი ყმები უვარდებოდნენ. მოსულთა შემდეგ ახლა ისინი იწყებდნენ სიმღერას ჯერ დაბალის ხმით, ოდნავის ხმით, თითქოს თავიანთ მდინარის ჩუმ ბუტბუტს უნდა დაამსგავსონ თავიანთი ხმა, თანდათან აძლიერებდნენ და ბოლოს კი ისე ძლიერად დასძახებდნენ, თითქოს ეს ზღვა სივრცე, როგორადაც ეთერს მოეჩვენა გადასახედ ქედიდან, თავიანთ ხმით უნდათ გაავსონ, გაჟღინთონო...

მარეხიც იქ იჯდა მამის გვერდით და აღტაცებაში მოდიოდა კაცია ბატონის ყმების სიმღერებით... თავიანთებური ხშირად სმენია და ყური კარგად ჰქონდა შეჩვეული... და ფიქრობდა “აი, ზარის გამკეთებელს რა ხმები ჩაუქნია შიგ!.. რა ძლიერი ადამიანი ყოფილა, რომ ხელშეუხებელი ხმები ხელში დაუჭერია და შიგ ჩაუქნია... იმის-და უნებურად, თუ ნებით თავისი სულის ხმაც შიგ ჩაურთავს, რომელსაც ოდნავ ყური მოვკარი, როდესაც ეთერი ამღერებდა... ნეტამც ვეღირსო იმის ხმის გაგონებას... იმის დანახვას და მეტი არა მინდა რაო”!..

უეცრივ მარეხს თავში ელვასავით აზრმა გაუკვესა: “ეთერი იქნება, იმიტომ არის ავად, რო ის დაკარგა ჩემი ძმის ვერაგულის მოქმედებით!!. ხომ ნახული ეყოლება ეთერს მახარე, რადგანაც იმას გამოართვეს ზარი?!. “ჰო!.. ჰო!..” სწრაფად ფიქრობდა მარეხი: “ეს ასე უნდა იყოს”!.. და თანდათან შუბლი ეჭმუხვნოდა, რადგანაც ეთერი თანდათან ებრალებოდა...

“შეუძლებელია”, გულის ტკენით წამოიძახა უსიტყვოდ: “რომ ქალმა ისეთი ძლიერი ადამიანი ნახოს და არ ემონოს”!..

მარეხი თითქმის დარწმუნდა, რომ ეთერს მახარე უყვარს, და ავადაც ამ მიზეზით არის... გადასწყვიტა დაეხმაროს რითაც კი შეიძლება, და თავისი სულისკვეთება სრულებით დაავიწყდა...

V

ეთერს თუმცა მოახსენეს იმის ყმების მოსვლა და იმათთან ერთად ოქრომჭედლისაც, მაგრამ არა გაუგია რა. მერე თითონ კაცია და მეფე-ნადირა შემოვიდნენ. ეთერმა ჩვეულებრივ შეხედა, იცნო ისინი, მაგრამ იმათი ნათქვამი არა გაიგონა რა...

გინდა ოქრომჭედლის ნახვა მაინცაო?!. როცა ჩაეკითხნენ, ეთერმა თავი გაიქნია...

გაიქნია თავი მხოლოდ იმისთვის რომ წასულიყვნენ... იმათი სიტყვები კი არ შესმენია.

გადია აცრემლდა... აღარ შეეძლო თავის გაზდილის ასეთი ყოფისათვის ეცქირნა და თავის ოთახში გავიდა, რათა გული ტირილით მოეოხებინა...

ეთერს უბრწყინდება თვალები, ელვარება ემატება. სხეული უმოძრავდება, ღონე ემატება და...

“სიზმარია ეს, თუ ცხადია”?!. პირველად აუმოძრავდა გონებაც... ესმის სამშობლოს ხმები... იქაური სიმღერები... იყუჩეს ამ ხმებმა... მერე სხვა ხმები, სხვა სიმღერები... მომჯადოვებელი სიმღერები!.. ეს უცნობია, მაგრამ ძლიერი, დამმონავებელი... “ხომ არ ვგიჟდები”?!. - წამოიკივლა და წამოჯდა...

- რა დაგემართა, ჩემო მშვენიერო?! - გულგახეთქილი ეთერის ხმაზე შემოვარდა გადია და მოეხვია.

- გადი, მითხარ, რაა ჩემ თავს?!. შენც გეყურება სიმღერები?!

- ყრუ არა ვარ, ჩემო მშვენიერო... რასაკვირველია, მეყურება.

- მაშ ამიხსენი, რა ამბავია?!.

- რამდენჯერმე მოგახსენეს ჩვენ საბატონოდან მოსალოცად მოსულების შესახებ... მამაშენიც იყო და შენი მეუღლე მეფეც და გვითხრეს: “ოქრომჭედელი აქ არის, შენი ნახვა უნდა და ხომ არ ისურვებ მიღებასო”... შენ უარი უთხარი...

ეთერს თანდათან შუბლი ეჭმუხნებოდა, უნდოდა მოეგონებინა, მაგრამ არა აგონდებოდა რა...

მერე გაბრწყინვებულის თვალებით შეეკითხა გადიას:

- მაშ ოქრომჭედელი აქ არის?!.

- აკი გითხარ!..

- მაშ ეხლავე დამიძახე!..

გადია მაშინვე გახარებული გარედ გავიდა, კარი გააღო და წინ მარეხს შეეჯახა, რომელსაც გაბზარული ზარი ხელში ეჭირა.

- ეთერი როგორ არის?

- მარეხ, შენა ხარ?.. - გამოეხმაურა ეთერი ოთახიდან და მიიპატიჟა.

მარეხი სიხარულით ცას დაეწია, რომ ეთერის ხმა გაიგონა, და სწრაფად იქ გაჩნდა.

ნაზად გადაეხვია მარეხი ეთერს...

- რა მიხარიან, ჩემო მშვენიერო რძალო, რო მოგიხედნია, ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ...

ეთერს გაეღიმა და ზარს თვალი გადაავლო, რომელიც მარეხმა წინ დაუდგა.

- განა ოქრომჭედელმა უკვე გაამრთელა?!.

- არა, ჯერ არც კი უნახავს...

- მაშ რად მოიტანე?!.

- შენია ხომ ეს?!

- არა... ჩემმა ქმარმა შენ შემოგთავზა და იმისი სიტყვა გარდაუვალია...

- გინდაც რომ არ მივიღო?!

- არ ძალგიძს!..

- ეთერ, რა არაკით მელაპარაკები?!

- მარეხ, მეც ვერ გამიგია, თუ რად მოიტანე ეს აქ?!

- ჰო, ახლა კი მივხვდი!.. გენაცვა, ეთერ, მაპატიე!.. მართლა, რა სულელი ვარ... სულელი რომ არ ვიყო, გაბზარულ ზარს რად მოგიტანდი!.. მესმის, ჯერ გაემთელებინა და შემდეგ მომეტანა, მაშინ სულ სხვა იქნებოდა, თორემ...

- მარეხ, მაშინაც კი...

სიტყვა შეაწყვეტინეს. ამ დროს შემოვიდა მეფე-ნადირა გახარებული, კაცია და იმათ მოსდევდა ოქრომჭედელი... ოქრომჭედელს ეტყობოდა, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერ გატეხილიყო...

- მიხარიან, დედოფალო, და მადლობას ვწირავ ზეარსთ, რომ პირი სიცოცხლისკენ გიბრუნეს... - აღტაცებით მიეალერსა მეფე-ნადირა...

- მადლობა, მეფევ, მომღერალთ უძღვენ. იმათმა სიმღერამ ამიმოძრავა გონება... ოქრომჭედელს ვხედავ... როგორა ხარ?!. ნარგიზა როგორ არის?..

- ღმერთს მადლობასა ვწირავ, მშვიდობით გხედავ, დედოფალო, თორემ გული მამიკვდა, როცა შენი უქეიფობა მითხრეს...

- ეს უთუოდ დავიღალე, თორემ რა უნდა დამმართოდა?!. მგზავრობა, მერე მოულოდნელი ცვლილება და ცხრა დღის ქორწილი... მეფე-ნადირა ძალიან ეცადა გაჭიანურებას... ახლა უთუოდ დავისვენე და მეც გონს მოვედი, მოვღონიერდი...

- რამდენი დღეა რაც გაუნძრევლად ვწევარ?.. - უეცრივ შეეკითხა გადიას.

- ეს მეთერთმეტე დღე არის!.. - თითქმის ყველამ ერთხმად უპასუხა, გარდა ოქრმოჭედლისა...

- ჰო და ვგონებ, თერთმეტი დღის დასვენების შემდეგ, რაც უნდა დაღლილი იყოს ადამიანი, მოღონიერდება... ზედაც ეს სიმღერები... ვის არ გამოაცოცხლებენ?!.

გაკვირვებით ისმენდნენ იქ მყოფნი... “ეთერი სრულ სიმართლეს ამბობს და რატომ აქნობამდის არც ერთს თავში არ მოუვიდა, რომ მართლაც დაღლილობისგან წაერთვა ძალა”, ფიქრობდნენ ისინი, - “და ჩვენ კი ყოველ დღე მოსვენებას არ ვაძლევდით, ვითომ და მზრუნველობის მიზეზით”...

მხოლოდ ოქრომჭედელი სულ სხვას ფიქრობდა და თვალით ემუდარებოდა: “მითხარ... მითხარ... მახარე სად არის?..”

ეთერმაც მიაპყრო ოქრომჭედელს თვალები და შეეკითხა: “მითხარ... მითხარ მახარეს ამბავიო?..”

მარეხი შეინძრა... უნდოდა ამდგარიყო და წასულიყო, რადგანაც ეთერი მართალს ამბობდა, და ეს კი თავის დახმარებას უპირებდა... მაგრამ ეთერმა სწრაფად მარეხს ხელი წაავლო, რომ ადგილიდან არ დაძრულიყო და ოქრომჭედელს, თუმცა თვალით ისევ მახარეს ამბავს ეკითხებოდა, სიტყვით მიმართა:

- ძვირფასო ოქრომჭედელო, ჩემი მული მარეხი ძლიერ შეწუხდა, როცა ჩემმა მეუფემ ეს ზარი საჩუქრად მიართვა ჩვენ შეუღლების ნიშნად, მაგრამ ამ დროს ლოფინს დაეცა და გაიბზარა...

- იქნება... - დაიწყო ოქრომჭედელმა... - მაგრამ ეთერმა თითქოს იცოდა, რასაც იტყოდა ოქრომჭედელი, ისე შეაკვესა თვალები, რომ მაშინვე გაჩუმდა...

- ახლა მარეხის დასამშვიდებლად, გთხოვ, გაამთელო ეს ზარი და, ხომ იცი, როგორი სასყიდელი გამოგიგზავნე გადიას ხელით ამ ზარისა?!.

- დაილოცოს შენი სახელი, დედოფალო! როგორ არ ვიცი?!. მთელი ქისა!

- ჰო და... ახალ თუ გაამთელებ, მაშინ დედოფლურად... ახლა დედოფალი ვარ... დაგასაჩუქრებ უკეთესად.

- არა მგონია, დედოფალო, შევძლო მაგის გამთელება... ჩემი შვილობილი რომ აქ იყოს...

შესდგა ცოტა ხანს ოქრომჭედელი და თვალებში ჩააცქერდა ეთერს, თითქოს იქ უნდა ამოეკითხა მახარეს ამბავი...

- შენი შვილობილი რომ აქ იყოს, მაშინ შენც არ მოგმართავდით ამ თხოვნით!.. ვიცით, შენმა შვილობილმა გააკეთა, ეს რამდენჯერმე მითქვამს მამაჩემისთვის, მაშ რატომ შენი შვილობილი არ წამოიყვანე, თუ კი ასე საძნელო იყო შენთვის, ხომ მეფემ ბრძანება გამოსცა?!.

- ჩემი შვილობილი არ ვიცი, სად არის...

- შენ შვილობილს ხომ შენ ასწავლე ხელობა!!. მგონია შენც შეგეძლება... მაშ წაიღე ეს ზარი და გაამრთელე... ზარი ჩემთან იქნება... ახლა, ცოტა არ იყოს, დავიღალე... შენც უთუოდ დაღლილი ხარ... დაისვენე... ბინას ჩემი მეუფე მიგიჩენს... როცა კი მოისურვებ, ყოველ წამს შეგეძლება ჩემთან მოსვლა და ზარის წაღება. თუ რამ იარაღი და მასალები დაგჭირდეს, ისიც მაშინ მითხარ, და მაშინვე შენ ხელთ იქნება...

ეთერმა ყველას გზა მოუჭრა სალაპარაკოდ. “დავიღალეო” სთქვა და, მაშასადამე, დასვენება უნდოდა, თუ დასვენებას არ დააცლიდნენ, მაშინ შეიძლება ის დამართნოდა, რაც აქნობამდის დაემართა, - ისევ ისე ლოგინად ჩავარდნილიყო. პირველად მეფე-ნადირამ აიკრიფა ფეხი, იმას მიჰყვა კაცია, ოქრომჭედელი და მარეხი. მარეხმა გადაკოცნა თავის რძალი და უთხრა:

- მაპატიე, ჩემო ეთერ, ამ ბოლო დროს სულ სხვანაირად ვფიქრობდი... მეგონა, შენი ავადმყოფობის მიზეზი სულ სხვა იყო... ახლა კი დავრწმუნდი, რომ შენ რაც სთქვი, სულ მართალია... ჩემ ძმასაც კი ვკიცხავდი...

- რათა?!.

- მოტყუებით რომ მოგიყვანა და შენ-და უნებურად თავს მანდილი მოგხადა...

ეთერი აწითლდა... რომ დაეფარა თავის აღელვება, აკოცა და სწრაფად ბალიშს მიაფარა სახე...

VI

ოქრომჭედელი გამოვიდა თუ არა ეთერის ოთახიდან და მოსასვენებელი ბინა მიუჩინეს, მაშინვე მეფეს და კაციას მიმართა:

- სჯობს, ახლავე ი “ზარი” გამოვიტანო და გავსინჯო, შევძლებ თუ არა გამრთელებას...

- რასა ჩქარობ, ჩემო ოქრომჭედელო, მოესწრები! - უთხრა კაციამ.

- მერე, ვაი თუ უდრო-უდროვოდ იყოს!..

- მართალს ამბობს ოქრომჭედელი!.. - წამოიძახა მარეხმა, რომელიც ამ საუბრის დროს მოვიდა და ყურს უგდებდა: - ეთერს ჯერ არ სძინავს, ახლავე რომ გამოიტანოს, ემჯობინება... ეთერიც აღარ მოელოდინება ოქრომჭედელს და უფრო მშვიდად დაისვენებს ამის შემდეგ, და თითონ ოქრომჭედელიც...

- მარეხი ყოველთვის მართალია!.. თითონაც უფრო ჩქარა იხილავს გამთელებულ “ზარს”!.. - მოუჭრა სიტყვა მეფე-ნადირამ.

- ოჰ, ნადირ, გინდა გამაჯავრო, მაგრამ, ხომ ხედავ, არ ვჯავრობ?!.

- ჩემო დაო მარეხ, განა არ იცი, რომ შენი სიამოვნების მეტი არა მინდა რა?!.

- როგორ არ ვიცი, აკი ისე სიამოვნებით მომაწოდე “ზარი”, რომ ლოფინზე დაეცა და გაიბზარა?!

ამ ხუმრობა-ბაასით დაუბრუნდნენ სუფრას მარეხი, მეფე-ნადირა და კაცია. ოქრომჭედელი კი მაშინვე ეთერისკენ წავიდა...

- რა ნაირად მიხარიან, ჩემო მშვენიერო დედოფალო, რომ პირი სააქაოსკენ ჰქმენ!.. - წამოიძახა გადიამ, როცა მარეხი გავიდა ოთახიდან და ეთერი ისევ მომხიარულდა...

- ეჰ, გადი, ცუდად ჰქენ, რომ იმდენი წამომაყენე თავს!.. ოქრომჭედლის ნახვა მინდოდა და შენ კი...

- რა ვქნა, ჩემო მშვენიერო, უხილავად ვერ მივიდოდი ოქრომჭედელთან, რადგანაც უჩინ-მაჩინის ქუდი არა მაქვს, - შეაწყვეტინა გადიამ საყვედური ეთერს და დაუმატა: - უპირველესად ისენი შემომეგებნენ, მკითხეს შენზე, მეც ვუთხარი სასიამოვნო ამბავი... ფრიად გაუხარდათ და მაშინვე აქეთ გამოეშურნენ, თან ოქრომჭედელიც წამოიყვანეს.

- მართალი ხარ, გადი, გაგეხუმრე მხოლოდ... სხვანაირად არ მოხერხდებოდა ოქრომჭედლის მოყვანა ამ დროს. ჩემივე ბრალია... ახლა, ცოტა არ იყოს, გამოვასწორე ჩემი შეცდომა. ახლა, მგონია, ოქრომჭედელი ისევ ჩქარა მოვა აქ... შევატყვე, იმას უფრო უნდოდა ჩემი ნახვა, ვიდრე მე... იქნება შენმა ჩემთან ყოფნამ ისევ ისე დაამუნჯოს როგორც იმათთან იყო, და ამისთვის გადი გარედ და ცოტა ხანს დაუცადე... თუ დაინახო ოქრომჭედელი, აქით მოდიოდეს, მაშინვე შემოდი. კარი ღია კი დასტოვე...

- იყოს ნება შენი!.. უპასუხა გადიამ მოკლედ და გავიდა...

სულ არ გასულა რამდენიმე წუთი, რომ გადია უკანვე შემობრუნდა და დაიძახა:

- გულთმისანი ყოფილხარ, ჩემო მშვენიერო, ოქრომჭედელი მოდის!..

- მაშ შედი შენ ოთახში და არ გამოხვიდე, ვიდრე არ დაგიძახო...

ოქრომჭედელს ეთერის ოთახის კარი ღია რომ დახვდა, მოურიდებლივ შევიდა. ამავე დროს ეთერმაც ხმა მიაწვდინა, რაკი ფეხის ხმა შემოესმა...

- ვიცოდი, ჩქარა მოხვიდოდი და ამისთვის კარი ღია დავაგდებინე რომ კარებს წინ არ გეტრიალნა და დრო არ დაგეკარგნა...

- ჩემო დედოფალო, - აღელვებით წამოიძახა ოქრომჭედელმა, როგორც შეეძლო აჩქარებით მივიდა ეთერის სარეცელთან და მუხლზე დაეცა: - თუ ემაგის გამთელების იმედით მომელოდი, ახლავე სჯობია გულ-ახდილად გითხრა: ტყუილი იმედი გქონია!..

- არა, არა, ჩემო უტკბესო ოქრომჭედელო, ამისთვის არ მოგელოდი. კარგად ვიცი, რომ ამის გამთელება შენ არ შეგიძლიან... ამას მხოლოდ ის გაამთელებს, შენგან მხოლოდ იმის შესახებ ამბის შეტყობას მოველი...

- როგორ?!

- ჯერ დაჯექი, მუხლზე ნუ სდგეხარ, და მერე გეტყვი, როგორ.

ოქრომჭედელი იქვე სარეცელთან მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა...

- აი, ახლა მიამბე, თუ მახარე როგორ არის და სად არის?!.

- დედოფალო, სწორედ მაგ ამბის შესატყობად მოვეშურებოდა შენკენ და შენ მკითხავ მაგას?!.

- ოქრომჭედელო, სთქვი სისწორით, ნუ მატყუებ!.. მახარე ხომ იმისთვის დაიმალა, რომ მეფის ბრძანება არ შეესრულებინა და აქით არ წამოსულიყო? ერთის მხრივ კარგაც ქმნა!.. ოქრომჭედელო, დაგავალებდა რამეს, მითხარ... მითხარ...

ოქრომჭედელი განცვიფრებული შეჰყურებდა ეთერს და ხმის ამოღებას ვეღარ ახერხებდა... “მცდის, თუ რა არისო”?!. ფიქრობდა ის ამავე დროს...

- რად შემომცქერი მაგრე, რატომ არას მეტყვი!!.

- დედოფალო, ენა აღარ მემორჩილება, ისე გამაცვიფრა შენმა ნათქვამმა!..

- მაშ გამოვიცან, განა?!.

- არა, დედოფალო, და კიდევ არა!..

- ნუ მაჯავრებ, ოქრომჭედელო!..

- ნუ გამირისხდები, დედოფლო, და ნება მიბოძე, ორი სიტყვა მოგახსენო!...

- გინდ ასი, მხოლოდ იმაზე და მხოლოდ მართალი.

- ჩემი ნათქვამი მხოლოდ იმას შეეხება და მხოლოდ სიმართლე იქნება...

- მაშ ჩქარა დაიწყე...

- ჩვეულებისამებრ ერთ დილას საოქრომჭედლოში შეველი... არც მახარე და არც ენდე ეგ, - “ზარზე” მიიშვირა ხელი, - არ დამხვდა, გამიკვირდა... გამოვედი და დერეფანში დავჯექი და ველოდი მახარეს მოსვლას... ამ დროს მოდის შენი გადია და სავსე ქისას მაწვდის და მეუბნება, რომ მახარესათვის კი არაფერი მეთქვა რა და ამისი ლითონები მეყიდნა...

- ეგ ხომ მეც კარგად ვიცი!.. - მოუთმენლად შეაწყვეტინა სიტყვა ეთერმა.

- ბოდიშს ვიხდი, დედოფალო, და სწორედ მეც ამისათვის მოგახსენებ, რომ მოგაგონო ყველაფერი...

- კარგი, განაგრძე უბოდიშოდ...

- ჰო და იმას მოგახსენებდი, რომ მივხვდი, თუ მახარე სად იყო. და თავისი “ზარი”, ვის გადასცა უსასყიდლოდ... სულ არ გასულა რამდენიმე წუთი, რომ მახარეც მოვიდა და, ღმერთო, რას ჰგვანდა?!.

- რას?!

- თითქოს ფრთები გამოსხმოდა, ისე იქცეოდა... კი არ დადიოდა, დაფრინავდა... კი არ ლაპარაკობდა, მღეროდა... ეტყობოდა ზეცას ეალერსებოდა და დედამიწისა არა გაეგებოდა რა... როგორც იყო, დავაძინე... მთელ დღეს ეძინა გაუნძრევლად... მხოლოდ შებინდებისას გამოეღვიძა.

ეთერი გაბრწყინებული თვალებით უსმენდა უკანასკნელ სიტყვებს, და თითონაც თითქოს ზეცას გაფრინდაო ისე შემსუბუქდა და სარეცელი დაავიწყდა... მახარეს მთელი დღის ძილის ამბავი არც კი შემოსმია... ის დანავარდობდა თავის “სადედოფლოში” მახარესთან ერთად და თავის აუზში ბანაობდა გადიასთან ერთად კი არა, მახარესთან...

გამოერკვა მხოლოდ მაშინ როცა ოქრომჭედელმა ამბავი შეწყვიტა, რადგანაც შეატყო რომ ის სრულებით ყურს აღარ უგდებდა იმის ამბავს...

- განაგრძე, განაგრძე, ჩემო ოქრომჭედელო!

ოქრომჭედელი ჩაფიქრდა. მერე განაგრძო:

- შებინდებისას რომ გამოეღვიძა...

- ვის გამოეღვიძა?!. განა ეძინა?!.

- აკი მოგახსენე, დედოფლო, ძლივს დავაძინე-მეთქი და მთელ დღეს გაუნძრევლად ეძინა...

- ჰო, მართლა!.. მერე?!.

- მერე, როცა გამოიღვიძა, მე შინ წაველ, რადგანაც უკვე შებინდებული იყო და ის საოქრომჭედლოში დავტოვე... ამის შემდეგ ის თვალით აღარ მინახავს...

- ახ!.. - წამოიკვნესა ეთერმა და ბალიშს მიესვენა.

- დედოფალო, რა იყო? - გულგახეთქილი ოქრომჭედელი ზეზე წამოდგა...

- დაჯექ, დაჯექ და განაგრძე! - უთხრა ეთერმა და თავი ისევ ასწია...

- მეორე დღეს დილით, როცა ჩამოველ საოქრომჭედლოში, კარი ისევ გადარაზული დამხვდა... იმ დღეს მახარე არ მოსულა, თუმცა კარგა შეღამებამდის ველოდი, მესამე დღეს კი გავაღე კარი თუ არა და, მაშინვე თვალთ მეცა, აი, ეს!.. - ოქრომჭედელმა უბიდან ამოიღო ხელსახოცი, გახსნა და იმის დედისეული თავმანდილი ამოაჩინა...

- აი, ეს ისე თვალსაჩინო ადგილას იდო, რომ შემსვლელი მაშინვე დაინახავდა...

ეთერი გაფითრდა... ენა დაება...

- არ ვიცი, რა განზრახვით დადო ამის მომტანმა. ვფიქრობ, მახარე იქნებოდა ამის მომტანი... იქნება სხვაა? შენ გეცოდინება... რა განზრახვით დადეს საოქრომჭედლოში, ვინ უნდა იყვეს ამის მომტანი, არ ვიცი, მაგრამ პირად გადავწყვიტე, უკანვე დაგიბრუნო... ინებე!..

ეთერმა ჩამოართვა თავმანდილი და გაფითრებული მიესვენა ბალიშზე...

- ველოდი მთელ დღეს... დაღამდა... შეშინებული ნარგიზა ჩამოვიდა. იმ ღამეს საოქრომჭედლოში დავრჩით... არ მოვიდა... მეორე დღეს დილით გავიგეთ მოურავისგან, რომ მახარე მზის ჩასვლისას ჩაბარუხის ნაპირას ყოფილა... მერე კი ამის მნახველი ვეღარავინ ვნახეთ...

ეთერი გარინდებული იწვა... ხმას არ იღებდა...

- ეგ მანდილი, - განაგრძო ოქრომჭედელმა, - მაშინვე დავმალე... ნარგიზასაც არ ვაჩვენე... აქედან რომ მახარობელი მოვიდა შენი ბედნიერებისა, მაშინვე ავედევნე ჩვენებს, რომ ეგ დამებრუნებინა და...

- გმადლობ, ძვირფასო ოქრომჭედელო, ვიცი კიდევ, რის გაგებაც გინდოდა, მაგრამ, ვფიცავ ზენას, მეც მენატრება იმის ამბის გაგება, აი თუნდა ამ თავმანდილის შესახებ, თუ როგორ ჩაუვარდა ხელში, მაგრამ არა ვიცი რა!..

- დედოფალო, ის ნაშვილებია და... ნუ დამიმალავ!.. - თვალცრემლიანი შეემუდარა ოქრომჭედელი...

- აკი გითხარ, გეფიცები ზენას, არა ვიცი რა!

თითონაც გული აუჩუყდა, და თვალთ ცრემლი მოერია, მაგრამ თავი შეიმაგრა და ცრემლებს ნება არ მისცა.

- გჯერაა?!.

- მჯერა, დედოფალო!.. - ხმის კანკალით უპასუხა ოქრომჭედელმა.

- მაშ თუ გჯერა, ახლა ეს უნდა წაიღო...

- რისთვის?!.

- თუნდაც იმისთვის, რომ გაამართლო მიზეზი ჩემ ოთახში შემოსვლისა!

- მართალს ბრძანებ!.. - დაავლო ზარს ხელი და გარედ გასასვლელად დაემზადა.

- ოქრომჭედელო, უნდა მაგას რამ უყო, რომ ხმა გამოსცეს... იქნება ძველებური არა, მაგრამ მაინც ხმა, თორემ რაღაცნაირად ჟღრიალებს...

- ვეცდები, დედოფალო!..

VII

- ჩემო მშვენიერო, ყველაფერი გავიგონე, ყველაფერი... ე დედისეული თავმანდილი იმის საოქრომჭედლოში როგორ გაჩნდა?! - წამოიძახა გადიამ, როდესაც ოქრომჭედელი ზარით ოთახიდან გავიდა, და მეორე ოთახიდან გამოვარდა...

- არც ერთი სიტყვა არ გამომპარვია თქვენი ნალაპარაკევიდან...

- გადიავ... გადიავ!.. - სასოწარვეთილებით წამოიკვნესა ეთერმა. და ცრემლები ნაკადულად წამოაფრქვია...

- გენაცვალოს ჩემი თავი, ჩემო უტკბესო ეთერ, თვალებს ნუ ითხრი!.. - ალერსით ხელი მოხვია ეთერს და გულზე მიისვენა...

ეთერს ჯერ ოქრომჭედელთან საუბრის დროს რამდენჯერმე გული ამოუჯდა, ყელს მიებჯინა, მაგრამ საშინელის ნებაყოფლობით თავი შეიმაგრა, ცრემლებს დენის ნება არ მისცა... კარგად იცოდა ეთერმა, რომ ცრემლებთან ერთად გულიც გაეხსნება, ყოველივეს ცხადყოფს იმისთვის იქ ჩამარხულ საიდუმლოებას... ახლა კი ვეღარ შესძლო თავის შემაგრება. მით უმეტესად, რომ ახლა იმას ეალერსებოდა გადია...

ალერსზე ეთერს გული უფრო ამოუჯდა, უფრო ახმაურდა ის და თავისდა უნებურად, ცრემლის ნაკადს გულის ნადებსაც აყოლებდა...

- ჩემო გადი... - ქვითინით ემუდარებოდა ეთერი. - მიშველე რამ!.. ლამის, დავიხრჩო...

- თავს შემოგევლოს შენი გადია, ჩემო ლამაზო, მითხარი, რა გაწუხებს, და ცა და დედამიწას შევძრავ და შენ კი გიშველი...

- გადი, მახარე უნდა მოსძებნო და...

- უი, გენაცვალოს გადია, მაგას ნუ გამაგონებ!.. ღმერთმა იმის კლანჭებიდან გამოგგლიჯა, ამისთანა ბედს ჩაგაგდო და შენ კიდევ იმ ავ სულს დაეძებ!..

- ღმერთმა კი არა, ჩემი თავი თვით მე დავღუპე!.. რაღასაც ვეძებდი, მიველტვოდი და, რაც ხელთ მქონდა, რაც ჩემი იყო, ისიც დავკარგე... რაღაც მეგონა დედოფლობა, ამას მიველტვოდი... ამისმა ფიქრმა დამაკარგვინა ბედნიერება... მინდა უკანვე დავიბრუნო!.. წავიდეთ აქედან, ვიდრე გვიან არ არის...

- სად, ჩემო ორთავ თვალის სინათლევ? შენ შენს სახლში ხარ... ნუ გავიწყდება, რომ დედოფალი ხარ, და შენი მეუღლე კიდევ - მეფე-ნადირა... თუ გაბზარული ზარის დაბრუნება გინდა, დაანებე თავი ამას... იქნება ოქრომჭედელმა გაამთელოს, მაშინ მარეხს მიეცი, როგორც შენმა მეუღლემ შესთავაზა...

ეთერი ცოტა გარინდებული უსმენდა გადიას, რომელიც ამავე დროს ალერსით იმის თმაში ჩაყრილ თითებს ამოძრავებდა...

- გადი, ვერ მიმიხვდი, ვერა!.. გაბზარული ზარი სრულებით არ მეპიტნავება, როცა თვით ჩემი გული გაიბზარა...

- გენაცვალოს შენი გადია!.. - გაკვირვებით ჩაეკითხა გადია... - თუ გაბზარული ზარი არ გეპიტნავება, მაშ რა?!. თითქოს მხოლოდ იმის შეძენისთვის ყოველგვარი საშუალება მიიღე?!.

- მაშინ, გადი მაშინ!.. - ახლა კი ვხედავ, რომ უმთავრესი გამომეპარა... ახლა უმთავრესმა ჩემი გული გაბზარა და... - აუვარდა საშინელი ტირილი...

გადიას კიდევაც შეეშინდა. ხან რას ეუბნებოდა, და ხან რას...

თითქმის გულ-მკერდი სულ დაულბო გადიას... ეთერი თანდათან დამშვიდდა... გადიას ალერსმა გამოიწვია ეს ცრემლის ნაკადული და იმისმავე ალერსმა შეწყვიტა... სამაგიეროდ ეთერის გულის-კარი ყურამდის გააღო, და იქ ჩამარხული საიდუმლო გადიას თვალ-წინ გადიშალა...

გადია დაიბნა ამის ხილვით... შეშინდა. ტანის თახთახი აუვარდა, და თვალებდაჭყეტილი ეთერს შეჰყურებდა...

- ჩემო ტკბილო გადი, ხომ ხედავ, უკვე მახარეს ცოლი ვარ და როგორ შემიძლია ახლა ნადირასი ვიყვე?!.

გადია ხორცს იწიწკნიდა, და მაინც გონს ვერ მოსულიყო... თავის თავს კიცხავდა და ლაფს ისხამდა, რომ იმ ღამეს მარტონი დასტოვა და...

- უჰ!.. - სასოწარკვეთილებით ამოიქშინა და ეთერს თვალი მოაშორა...

თითქოს ამ ამოქშინვამ ამოწმინდა იმის გული, გონებას გადაკრული ბადე გადააცალაო, ისე გამოერკვა გადია და ეთერს ისევ სიყვარულით შეხედა...

- ჩემო მშვენიერო, ღმერთმა თითონ მოგცა გამოსავალი გზა: მახარე გადაიკარგა, ეგ ზარი გაიბზარა, და მეფემ კიდევ გაგადედოფლა...

- გადი, სწორედ ეგ მტანჯავს!..

- სწორედ ამაში უნდა ეძიო ხსნა... დახსნილიც ხარ, ჩემო ლამაზო!.. ღმერთმა თითონ გიხსნა იმ ავი სულისაგან, რომელიც მახარეს სახით მოგევლინა... უთუოდ დაბადების უმალ აგედევნა ავი სული, ბევრს გდარაჯობდა და, აი, რანაირად მოგაჯადოვა... მაგრამ, შენმა მფარველმა ღამის მნათობმა გიხსნა... ისე მოგაჯადოვა, რომ იმ... იმ მახარეს დანებდი... ამით უფალმა გონება აუბნია... ზარი თან გამოგატანა და ამით ხელ-ფეხი შეიკრა... შენ რომ არ დანებებულიყავი, ზარს არ გამოგატანდა და დღესაც იქ კოშკში იჯდებოდი უნუგეშოდ...

- რას ამბობ, გადი?!.

- იმას, ჩემო მშვენიერო, რომ დღეს შენ დედოფლად ხარ და რაც მოხდა იმ ღამეს, ყველაფერი ისევ უნდა ყრუდ გულში ჩაიმარხო... მეც, რაც გავიგონე, ჩემ გულში მექნება ჩამარხული, და საფლავში თან ჩავიტან...

- მე ვცდილობ იმ ღამის დაბრუნებას და შენ კი, გადი, რას მეუბნები...

- რამაც განვლო, ვეღარ დააბრუნებ!.. რომ განვლო, და დიდხანს არ გასტანა ამან, უნდა გახარებდეს... გახსოვს, პირველად რომ შემოგესმა შენი ხმა, რანაირად შეგეშინდა?!. რათა? იმიტომ რომ ის წყეულის ხელთქმნილი იყო... კეთილი სული არ შეგაშინებდა... მაშინვე ვამბობდით: ავი სული გვემანჭება... ავი სული რომ არ ყოფილიყო მახარე, აბა, ლითონში როგორ გამოამწყვდევდა შენ ხმას?.. ვის გაუგონია, ლითონი მღეროდ-გალობდესო?!.

- გადი, ნუ ამბობ მაგას!..

- რატომ, გენაცვალოს შენი გადია?!. ხომ არავის ახსოვს, არც იციან, როგორ გაჩნდა მახარე... საიდან მოვიდა... ვისი შვილი... ვიცით მხოლოთ, რომ ოქრომჭედელმა ვიღაც დედაკაცი შეიხიზნა, რომელსაც თან ახლდა ბავშვი...

- განა ეგ საკმარსი არ არის, გადი, რომ მახარე ადამიანია და არა ავი სული...

- საქმემ ხომ გვაჩვენა, რომ საკმარისი არ არის... ეს მხოლოდ თვალის ასახვევლად ყოფილა. მერე სწორედ შენი ხნისაა... აკი, გითხარ, დაბადებიდანვე ავი სული აგდევნებია და კიდევ კარგი, ეგრე მოიშორე თავიდან... ახლა ის გადიკარგა... ვეღარ გავნებს... ზარიც გაიბზარა... - და ჩემი გულიც!.. - წამოიკვნესა ეთერმა...

- ჩემო მშვენიერო, შენ გულს დრო გაამთელებს, და იმ ზარს კი, მგონი, უფრო გაბზარავს, თუ სულ არ დაამშხვრია და არ გააცამტვერა...

- ეგ ბოლო ხომ ყველას მოგველის!..

- ყველას მოგველის. მაგრამ მანამდის კი ჩვენ ვიცოცხლებთ, ვისიამოვნებთ, და ის კი უხმარებლად ეგდება.

- გადი, გაბზარული გულით, არა მგონია, ვისიამოვნო რამ!..

- დრო საუკეთესო მალამოა გულისა, მანამდის კი, ჩემო უტკბესო, გამიგონე და ნადირას ცოლობა უნდა ახლავე გაუწიო...

- გაჩუმდი, გადი, მაგას ნუღარ მეტყვი!..

- ჩემო მშვენიერო, გაჩუმებით საქმეს წავახდენთ... ვაი თუ...

- გადი, გეხვეწები!..

- ვაი თუ დაგვიანებამ საქმე სულ გააფუჭოს და სიჯიუტემ მამაშენს და ჩვენც თავზე ლაფი დაგვასხას...

- მაგას რას მეუბნები, გადი?!.

- შეიძლება, იმ წყეულისგან ფეხ-მძიმედ შეიქნა და მაშინ... თუ ახლავე ცოლობა არ გაუწიე, ვაი თუ შენი საიდუმლო ყველასათვის ცხადი შეიქნეს, რითაც ავი სული გაიხარებს...

- ვაჰმე!.. - წამოიკივლა ეთერმა და გონება დაკარგა...

VIII

ოქრომჭედელმა მეორე დილით შეუტანა ეთერს ზარი... მთელი ღამე იმუშავა, და როგორც შეეძლო, გააკეთა. აიღო რკინა, გამოწკეპლა სოლად და გაბზარულში ჩაატარა... ცეცხლის საშუალებით გამოკვერა და ამ სახით გამთელებული შეიტანა ეთერთან... უხაროდა კიდევაც ოქრომჭედელს, რომ ასე მოაგვარა...

ეთერმა მაშინვე მარეხს შეატყობინა ეს სასიხარულო ამბავი, რომელიც იმ წამსვე მოვიდა... იმას დიდი მეფე, ნადირა-მეფე და კაცია შემოჰყვნენ და ზარს სინჯვა დაუწყეს. გასინჯვის დროს ზარს გამოკვერილი ადგილი ეტყობოდა, მაგრამ მთელის შთაბეჭდილებას კი ახდენდა.

ფრიად გაუხარდათ მეფეებს, მარეხს და კაციას და ულოცავდნენ ოქრომჭედელს გამარჯვებას...

- ეს შენი ნამოქმედარია და ტყუილად მახარეს მიაწერე, თორემ, აბა, ი შენი შეგირდი როგორ მოახერხებდა!.. - დაუმატა კაციამ თავის მხრივ და ოქრომჭედელს მხარზე ხელი დაადო.

- გეფიცები ზენას, ბატონო, ეგ მახარეს დამუშავებულია!.. მონაწილეობა მე არ მიმიღია... ახლა კი, არ ვიცი, იმისგანვე მქონდა გაგონილი, თუ ეს ჩემით მოვიფიქრე, რკინა და ცეცხლი ვიხმარე და ისე გავამთელე.

მარტო ეთერი იჯდა ლოგინში გაჩუმებული და ამ სიხარულში მონაწილეობას არ იღებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ზარის შემქმნელი მახარე იყო და მხოლდ ის თუ გაამთელებდა, თუ კიდევ არსებობს... საეჭვოდ მიაჩნდა ზარის გამთელება... “უთუოდ ისე გაამთელა ოქრომჭედელმა ეს ზარი, როგორც ჩემმა გადიამ ჩემი გულიო”, ფიქრობდა ამ დროს და მხოლოდ მარეხის ხელის შეხებამ გამოარკვია...

- გენაცვა, ჩემო ეთერ, ჩემო დედოფალო, აბა, აამღერე ეგ!..

ეთერმა მწარედ გაიღიმა. ამ ღიმით ენა შეაბა ზარს, გადაის დააჭერინა და თითონ კი ხელი აამოძრავა და...

მარეხმა უეცრი იკივლა და გულწასული წაიპირქვავა. გადიას ხელიდან ზარი გავარდა, კანკალმა აიტანა. დიდ მეფეს, კაციას და ოქრომჭედელს კინაღამ სიდამბლე მოუვიდათ. მეფე-ნადირა ეთერს მივარდა და აკანკალებულის ხმით შეეკითხა, რომელსაც ღიმი არ შესცვლია:

- ჩემო მშვენიერო, ხომ...

- ჩემო მეუფევ, მარეხს მიხედეთ... - და მარეხზე ანიშნა, რომელიც გულწასული წაპირქვავებული იყო...

მხოლოდ ახლა შენიშნა ყველამ, თუ რა მდგომარეობაში იყო მარეხი, და მაშინვე იმას მივარდნენ...

- გარედ, გარედ ჰაერზე!.. გადი, შენ რაღას კანკალებ... მიეხმარე... ძმარი მოატანინე და... - ეთერი უკარნახებდა იქ მყოფთ და ისინიც სასტიკად ემორჩილებოდნენ იმის განკარგულებას...

- შენ კი აქ დარჩი, ოქრომჭედელო!..

მარეხი გარედ გაიტანეს... ოქრომჭედელი კი იქ დარჩა...

- მაპატიე, დედოფალო, არ მოველოდი ამას, მეც კინაღამ დამბლად ჩავვარდი, ისე შემზარა მაგისმა ხმამ.

- ენა აქ რად დასტოვე?! შენ რომ გეცადნა, მაშინ ეს არ მოხდებოდა, რაც ახლა აქ ვნახეთ...

- ჩემო დედოფალო, აკი გემუდარები...

- მუდარებისთვის არ გეუბნები... - გააწყვეტინა სიტყვა ეთერმა... - გუშინვე აკი გითხარი: მარეხის სანუგეშებლად გთხოვ წაიღო... არ მეგონა თუ ასე გულმოდგინებას გამოიჩენდი...

- დედოფალო, გემუდარები!..

- მუდარებას თავი დაანებე-მეთქი, აკი გეუბნები... ახლა უკანვე უნდა წაიღო, შენ მიერ ჩარჭობილი სოლი ისევ მოაშორე მახარეს ქნარს, თორემ მაგის ხმა სამარის ხმას ემსგავსება... თითქოს კუბოს თავს ლოდებს აყრიანო, ისეთი ხმა გამოიღო...

- სწორედ მაგ ხმამ კინაღამ დამადამბლავა, დედოფალო და მაკვირვებს, შენ როგორ გაუძელ და მაგრე მხნედ როგორ გამოგვარკვიე ყველანი?!.

- უარესს მოველოდი და იმისთვის!.. - მოკლედ უპასუხა ეთერმა.

- ამაზე უარესი რაღა იქნებოდა?!.

- ჩემო ეთერ... - შემოვიდა ამ დროს მეფე-ნადირა და ეთერთან სიყვარულით მივიდა: - მარეხი გონს მოვიდა და თავის ოთახში წაიყვანეს... შენი გადიაც იქ წაიყვანა მარეხმა... გადიას მიესვენა მარეხი და ისე წავიდა... თუ რამ გინდა, მითხარ, გენაცვა, გადიობას მე გაგიწევ!..

- ჩემო მეფევ, - მწარის ღიმილით მიუბრუნდა მეფე-ნადირას: - გადიას შველა დიდ ხანია აღარა მჭირდება და ამისთვის შენი მოშველებაც მეტია ამ წამს. ახლავე მარეხთან წადი და მეც ჩქარა იქ მოვალ.

- როგორ... მაშ შენ უკვე კარგად გახდი?!.

- გუშინ აკი გითხარი მიზეზი ჩემი ავადმყოფობისა... დღეის შემდეგ მიბრძანე, ჩემო მეუფევ, რაც მოისურვო!.. - იმავე ღიმილით უთხრა ეთერმა...

- ოჰ, დედოფალო, შენ ხარ ჩემი მბრძანებელი, ჩემო...

უნდოდა გადახვევნოდა, მაგრამ ისეთი თვალით შეხედა ეთერმა რომ მეფე მაშინვე ცივ-წყალში ამოვლებულსავით შეთრთოლდა... მოწიწებითი ღიმილით ოდნავ რაღაც წაილუღლუღა და მაშინვე გარედ გავიდა.

ოქრომჭედელი განცვიფრდა ამ სურათით და თითონაც ათრთოლდა... ზარს ხელი წამოავლო და წასვლა დააპირა.

- ოქრომჭედელო, ვგონებ, ისევ ჟღარუნის გაგონება სჯობია, ვიდრე სამარის-კარის ხმისა... ეცადე, გინდა სხვა ადგილასაც გაიბზაროს, შენი სოლი ამოიღო.

- ვეცდები, ჩემო დედოფალო!..

მეხუთე კარი

I

უცნაურად მოეჩვენა ნადირა-მეფეს ირემას დაკარგვა. რამდენიმე კვირის ძებნის შემდეგ სულ გამოიგლოვეს ირემა...

ერთმაც ვერა თქვა, თუ ირემამ პირი საით ქნა, თუმცა ის ყველას თვალწინ ედგა, ყველგან ის ტრიალებდა, რადგანაც რიგის მიმცემი ის იყო...

“ასე უცნაურად და უკვალოდ დაკარგვა ქათმისაც არ შეიძლება, და ირემას რაღა მოუვიდაო?!.” კვირობდნენ პირველ დროს, და ერთი-მეორეზე უცნაურად აზავებდნენ იმის დაკარგვას...

ზოგი ამბობდა, ირემა ალებმა მოიტაცეს და ნახეს, თუ როგორ მიარბენინებდნენ, მაგრამ ალები დღისით არავის იტაცებენ და ამისთვის ჩქარა უარყვეს ეს ხმა. ზოგი კიდევ - დედა-მიწამ პირი ქნა, ირემა შიგ ჩავარდა, და შემდეგ ისევ პირი შეიკრაო... როცა ჰკითხავდნენ: სად... როდის... ვინ ნახა?!. ვერას ამბობდნენ...

და კიდევ ბევრ სხვა რამე უცნაურს ამბობდნენ...

ასე იყო, თუ ისე, ირემა ისე მიიმალა, რომ იმისი მნახველი არავინ გამოჩნდა...

ნამდვილად კი ასე მოხდა: ირემა ეთერის ახლოს იდგა და მხლებლებს განკარგულებას აძლევდა სუფრის შესახებ. იმან ვერც კი შენიშნა, თუ გადიამ ზარი როგორ მოუტანა ეთერს, ვერც ის შენიშნა, თუ ეთერმა როგორ მიიბრუნა პირი ჩამავალ მზისკენ, და როცა ეთერი უეცრივ ამღერდა და ზარიც აახმაურა, აი, მაშინ ირემას ის ღამე ჩაბარუხის პირას წარმოუდგა თვალწინ თავისი მაშინდელის სიძლიერით, კინაღამ დამბლად ჩავარდა უეცრობით, ფერმიხდილმა მაშინვე მაშინდებურად არჩია მოშორება და სწრაფად კანკალით გაურბინა ყველას თვალწინ...

ირემას ასეთ საქციელს ყველა ყურადღებას მიაქცევდა სხვა დროს, მაგრამ ახლა ყველა შებოჭილი იყო უცნაურ ორხმოვანობით...

ამისთვის იყო, რომ ყველას, ვინც კი იცნობდა იმას და ვის წინაც ასე უცნაურის სისწრაფით გაიარა, მეხსიერებაში მხოლოდ მარტო იმის სახე აღებეჭდა და მეტი არაფერი... თითქოს ყველას წინ იდგა... ყველა ერთსა და იმასავე გაიძახოდა: “ამ წამს აქ იყო... თვალ-წინ მედგა”!.. როცა ის მოიკითხა მეფე-ნადირამ...

ირემა კი მაშინვე თავის სახლში შევიდა, მშვილდ-ისარი აიღო და ირმის სიმკვირცხლით ტყეს მოედო.

ტყუილად კი არ ერქვა ირემა, უწინ სახელს არქმევდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი რაიმე განსაკუთრებულ თვისებას გამოიჩენდა... ეს საყოველთაო სახელი იყო... შინაურები, რასაკვირველია, თავის სახელს უწოდებდნენ შვილებს, მაგრამ ბოლოს ის სახელი შერჩებოდა, რომელსაც მეზობლები თვისებაზე დამყარებულ სახელს უწოდებდნენ. ირემასაც დედამ დედის ნუგეში უწოდა, მაგრამ დედის ნუგეშობა იმას არასდროს არ გამოუჩენია. მეზობლები მხოლოდ მაშინ შეურიგდებოდნენ მშობლების სახელწოდებას, თუ მართლა სახელწოდებულნი გაამართლებდნენ შინაარსს... მანამდის კი ბალღო... გოგო... ბიჭო...-ს უწოდებდნენ...

როცა ბალღი, ბიჭი და გოგო განსაკუთრებულ თვისებას არ იჩენდნენ და არც მშობლების სახელწოდებას ამართლებდნენ, რჩებოდნენ სიკვდილამდის მეზობლებში “ბალღის, გოგოს და ბიჭის“ სახელით...

ირემამ წამოიძახა მაშინ: “ამ სახლს უბედურება მოელისო” და გადასწყვიტა აღარ დაბრუნებულიყო. მოედო ტყეს და ველურად ცხოვრობდა.

პანტა-მაჟალო შემოსული იყო, და ამიტომ ადვილი იყო იმისთვის საზრდოს შოვნა ტყეში. მწყემსებს პირველ ხანში ერიდებოდა: კარგად იცოდა, მეფე-ნადირა მოაძებნინებდა, და მძებნელები კი პირველად მწყემსებს შეეკითხებოდნენ... ამისთვის იყო, ასე უგზო-უკვლოდ დადიოდა ირემა, და ხან აღმა იზამდა პირს, და ხან დაღმა. ცდილობდა კი მეფის სასახლეს, რაც შეიძლებოდა, დაშორებოდა, რადგანაც ის წყეული ხმა არ შორდებოდა, რომელიც, იმის აზრით, უბედურობას უქადოდა მთელ სამეფოს... ხშირად... ხშირად ისე მკაფიოდ შემოესმოდა როცა იძინებდა, რომ ძილი უკრთებოდა და ტანის თრთოლვა აუვარდებოდა. ან კიდევ ჭამის დროს... თუ იმის გონება რითიმე გართული არ იყო, ის ხმა ყოველთვის სდევნიდა...

მეექვსე დღე იქნებოდა, რაც ის გამოიქცა, დაღალული შუადღის დროს ერთ დიდ მუხის ძირას წამოწვა და თვალის მოტყუებისათვის მოემზადა...

ამ დროს შემოესმა თავზარ-დამცემი ნადირის ღრიალი, რამაც რამდენჯერმე ჩაიმუხლა და ბოლოს ოდნავ ხრიალად და კვნესადღა მოისმოდა...

ირემა ფეხზე წამოიჭრა, მშვილდ-ისარი მოიმარჯვა და ხმაზე გაეშურა...

შორიდან ჩქარა დაინახა, ერთ განმარტოებით პატარა ველის შუა მდგომ პანტის ქვეშ რაღაც მოძრაობდა. ირემა მაშინვე ფარულად ტყე-ტყე მიეპარა. ისრის სროლაზე რომ მივიდა და დააპირა სროლა, ამ დროს წამოდგა ვინმე ჭაბუკი, ხელის თითები დაიზილა, თითქოს დაკვრუნჩხოდესო, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა, დაინახა იქვე ახლოს ლოდი... თითქოს ამას ეძებდაო, მაშინვე იქით წავიდა. მშვიდად აიღო ლოდი, მიიტანა პანტის ქვეშ და იქ მგდებს შიგ თავში დაახალა... - ქვეშ მგდებმა ფეხები მაღლა აიშვირა, დაჭიმა, რამდენჯერმე ჰაერში გაასავსავა და შემდეგ მოლეშით გვერდზე დაეშო...

II

ირემა გაფაციცებით თვალს ადევნებდა ამ სურათს და გონს ვერ მოდიოდა, თუ რა მოხდა, ვიდრე ფეხები არ დაინახა. მაშინ კი მიხვდა, რომ იმ ვიღაც ჭაბუკმა უიარაღოდ დაადუნა დათვი და ახლა თავში ლოდის დარტყმით მოკლა... განცვიფრებული ირემა მივიდა ჭაბუკთან, რომელიც დათვის მოკვლის უმალ ჩაჯდა იმის ლეშის გვერდით და ხარბად პანტის ჭამა დაიწყო...

- უგულო ადამიანი ყოფილხარ, უგულო!.. - დაიწყო ირემამ მისვლისთანავე.

- ძალიან გემრიელი პანტაა; თუ გშიან, დაჯექი და შეექეცი... მეტით ვერ გაგიმასპინძლდები...

ირემამ თვალები დააჭყიტა. იმის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, რომ ჭაბუკი ასე გულ-გრილად შეხვდა და თავის გმირობაზე არა თქვა-რა... მაინც ჩაჯდა იმის გვერდით. - მართლადაც უხვად იყო გაშლილი მწიფე პანტა. ჭამა დაუწყო, თან თვალს არ აშორებდა ჭაბუკს, რომელიც შეუყენებლივ პანტას შეექცეოდა და ირემას სრულებით არ ამჩნევდა...

- უგულო ყოფილხარ, ძმობილო, უგულო!..

ცოტა სიჩუმის შემდეგ წამოიძახა ისევ ირემამ და შემდეგ შეეკითხა:

- შენი სახელი?!.

- ჩემი სახელი... - ცოტა სიჩუმის შემდეგ სთქვა ჭაბუკმა, - ჩემი სახელი აკი იცი, რაღას მეკითხები?!.

- როგორ?!. რო ვიცოდე, ხომ აღარა გკითხავდი...

- ორჯერ დამიძახე “უგულო”-ვო და კიდევ მეკითხები?..

- განა უგულო გქვიან?!.

- ჰო!.. - უპასუხა ჭაბუკმა და ახლა-ღა შეხედა ირემას...

ირემა ლამაზი, წარმოსადეგი, მოხდენილი ვაჟკაცი იყო, და ჭაბუკს მოეწონა... თითქოს უნახავს კიდევაც სადმეო, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ირემამ...

- ნუ თუ მართლა უგულო გქვიან?!

- ჰო, რისთვის გაიკვირვე ეგრე?!. თუ კი შენ პირველ შეხვედრაზევე უგულო მიწოდე, რატომ სხვები კი მაგასვე არ მიწოდებდნენ!..

- შენი სახელი?!. - ცოტა სიჩუმის შემდეგ შეეკითხა ჭაბუკი...

- ჩემი სახელი... - დაიბნა ირემა... - ჩემი სახელის თქმა არ მინდოდა, მაგრამ შენ გეტყვი, - გადაჭრით უთხრა ცოტა ყოყმანის შემდეგ ირემამ: - ირემა მქვიან!..

- ირემა?.. სიცრუეს ამბობ, თორემ დათვის ჩხავილზე აქ კი არ გაჩნდებოდი, ცხრა მთას იქით გადიკარგებოდი...

- ხა... ხა... ხა!.. - მადიანად გადიხარხარა ირემამ...

- შენ ან ლომა გერქმევა, და ან კიდევ ვეფხვა!...

- ჰუ, რა კარგი რამ მოიგონე!.. დღეის შემდეგ ლომა მქვიან... წარმოიდგინე, ვფიქრობდი სახელის გამოცვლას და, თუ რა სახელი დამერქვა, იმაზე კი არ მიფიქრია...

- ცხოვრებამ ბევრი რამ უცნაურობა იცის... რამ გაიძულა სახელის გამოცვლა?!.

- ირემა სიმარდისთვის მქვიან... მართალს გეუბნები... ვამაყობ კიდევაც ჩემი სახელით, მაგრამ დღეს იძულებული ვარ სახელი გამოვიცვალო... გამოქცეული ვარ და ვიმალები. არ მინდა ნაცნობებს შევხვდე... ჯერ დათვს მოუაროთ და შემდეგ ყველაფერს გიამბობ...

- დათვს რა მოვლა უნდა... - შეეკითხა ჭაბუკი.

- გატყობ, ჩემო კარგო, მონადირე არა ხარ, თორემ მაგას არა მკითხავდი.

- მართალს ამბობ, ჩემ დღეში არ მინადირნია...

- ჰო და ახლა მე მოვუვლი ამ დათვს, და მწვადებს ავაშიშხინებ. მაშინ ჩემ თავგადასავალს გიამბობ; მანამდისინ კი შენ მიამბე, ე დათვი უიარაღომ როგორ მოკალი, ან როგორ შეგეფეთა?

ამ სიტყვის უმალ ამოიღო დანა და დათვს გატყავება დაუწყო...

- სულ უბრალოდ!.. - დაიწყო ჭაბუკმა, თან პანტას შეექცეოდა. - როგორცა ხედავ, გზად ამ დაბერტყილ პანტის ქვეშ მოველ, გამიხარდა... მშიოდა კიდევაც. მაშინვე ჩავცუცქდი და ხარბად პანტის ჭამა დავიწყე... მესმის რაღაც ღრიღინი, ტოტების ლაწუნი და ფოთლების შრიალი... სწრაფად წამოვდექ და ახედვა ზევით ვერ მოვასწარი, რომ ჩემ წინ ზღართანი გასძვრა დათვს... ჯერ ვერც კი ვიცანი, თუ დათვი იყო, ისე ბურთივით დაეცა ჩემ წინ. კარგია კიდევ თავზე არ დამეცა... როცა თავი და ფეხები გამოეკვეთა ამ ბურთს, მაშინ მივხვდი რომ დათვი იყო... შენ ამბობ - უიარაღომავო, მაგრამ უიარაღო არა ვარ, ღვთისგან ბოძებული იარაღი თან დამაქვს...

ირემამ შეწყვიტა დათვის გატყავება და ხარბად დაეწაფა თვალით და გონებით ჭაბუკს.

- თავი, ხელი და ფეხი იმისთვისა გვაქვს ბოძებული, რომ გაჭირვებაში გამოვიყენოთ... გაუჭირვებლობაშიც ამით ვსარგებლობთ... არ ვიცი, დათვი რას აპირებდა, როცა თავი და ფეხები გამოაჩინა: გაქცევას, თუ ჩემთან შებრძოლებას. მე კი სწორედ ზურგზე მოვექეც, იმავე სისწრაფით ფეხები ბარძაყებ შუა გაუტარე, ხელები კი იღლიებს შუა... გავჩაჩხე. უთუოდ ვერ მოისაზრა, თუ რა მინდოდა, თორემ ფეხებს გაიბორძიკებდა და მაშინ, შეიძლება, ისე ადვილად პირქვე ვეღარ დამემხო... ასე იყო, თუ ისე, პირქვე, საჩქაროდ დავამხე. მაგრამ, აი, ამის შემდეგ დაიწყო ძლიერი ბრძოლა... დათვი ცდილობდა მძლავრად - და მერე რა მძლავრად! - ფეხები ისევ თავის დონეზე მოეყვანა!.. მეც ჩემი ძალით ამის წინააღმდეგ ვებრძოდი, მაგრამ ხელ-ფეხი მიბუჟდებოდა... თავისუფალი ერთი ხელი მაინც მინდოდა მქონოდა და, აი, ამას ვცდილობდი. როგორც იყო, მარჯვენა თათი თავზე გადავუტარე, მარცხენა ხელი მარცხენა იღლიის ქვეშიდან ამოვაცურე და მარჯვენა თათის თავს მაგრად ჩავჭიდე. ახლა ერთი ხელით წინა ფეხები მეჭირა და მეორე მარჯვენა კი თავისუფალი მქონდა. დათვს კი თავიც ისე ჰქონდა გაშეშებული, რომ კბილებს ვერ მიიშველიებდა. რაკი მარჯვენა ხელი გავინთავისუფლე, სწრაფად მომაგონდა, თუ ამისთანა შემთხვევაში, გინდაც დათვს ქვეშ ედო, მონადირეები...

- სანაშენო მოუნახე?!. - ჰკითხა ირემამ და მთლად სმენად გადაიქცა.

- ჰო! - უპასუხა ჭაბუკმა... - მართლაც ხვადი გამოდგა და...

- ხვადი რომ არ გამომდგარიყო?! - გააწყვეტინა ირემამ ისევ სიტყვა.

- ხვადი რომ არ გამომდგარიყო, მაშინ რა გაეწყობოდა, ყანყრატოს მივმართავდი და, სანამ არ გავგუდავდი, ხელს არ გავუშვებდი. მაგრამ ღვთის მადლით, ხვადი გამოდგა და ამისთვის სულ ჩქარა დავიმორჩილე. სანაშენოს ხელი მოვუჭირე თუ არა, მაშინვე დაიღრიალა, მერე კრუტუნი მუხლობრივ დაიწყო და ხმაც ჩქარა გაკმინდა. შევატყე, რო გონება დაკარგა. მაშინვე თავი გავინთავისუფლე და ვაპირებდი სადმე მიმალვას, რომ არ ვენახე, გონს როცა მოვიდოდა. პანტაზე ასვლაც კი დავაპირე, დარწმუნებული ვიყავი, ძებნას არ დამიწყებდა და გაიცქეოდა ისე, რომ თავის დღეში ამ პანტას აღარ მოეკარებოდა, მაგრამ აქვე ე ლოდი დავინახე და გადავწყვიტე კიდევაც მოკვლა.

- ამ დროს გიცქეროდი და ვნახე, ლოდი როგორ დაარტყი.

- ნახე და მეც აღარას გეტყვი. მაგრამ ეგ ისევ გაუტყავებელია, მე მგონი შენი მწვადები...

- ირემა მოგიკვდეს, თუ ახლავე არ ავაშიშხინო... შენმა ნაამბობმა ისე გამიტაცა, რომ დამავიწყდა...

- მე კი უფრო მომამშია და ამისთვის ისევ პანტას მივმართავ...

- არა... არა... აკი გეუბნები, ახლავე იქნება-მეთქი!.. - წამოიძახა ირემამ და აჩქარებით დათვის გატყავება დაიწყო.

III

გარდა მშვილდ-ისარისა, ირემას ყოველივე იარაღი, რაც კი მაშინ მოეპოვებოდა, ყველაფერი ტანზე ასხმული ჰქონდა მეფის კარზედაც კი. განა მარტო ირემას?!. ყველას თან ჰქონდა სათული, სატევარი, წალდუნა და სხვა...

ამისთვის გაუკვირდა ირემას, რომ ჭაბუკს, როგორც იმან უწოდა, “უგულოს” უბრალო ხელის დანაც არ ჰქონდა თან. როცა გაიგო, რომ ტალკვესიც არა აქვს, მაშინ კი პირი დააღო განცვიფრებისგან. “ტყეს როგორ მოედო ასე უიარაღოთო”, ფიქრობდა ირემა.

ირემამ თავის სასახელოდ, მართლაც, ჩქარა გაატყავა დათვი, აკაფა სათულით, პანტის ტოტებზე ჩამოჰკიდა, ამოაჭრა სუკები და ცეცხლიც ჩქარა გააჩინა... მართალია ისაც, რომ ჭაბუკიც მიეშველა შეშის მოტანაში და ჭამაში ხომ მხურვალე მონაწილეობა მიიღო.

როცა კარგად მოინაყრეს, ირემამ დაიწყო...

- რასაც დაგპირდი, ავასრულებ. ახლა შემიძლია გიამბო, რამ მაიძულა ტყეში გამოჭრა, ან სახელის გამოცვლა რამ მაიძულა. დღეის შემდეგ “ლომა” მქვიან. ჩემზე ბევრით ახალგაზრდა ხარ, მაგრამ გული როგორღაც შემომივარდა და მინდა გიამბო ყველაფერი.

და უამბო თავის თავგადასავალი დაწყებული სეფე-წულის გამგზავრებიდან კაცია ბატონისკენ და ჭაბუკთან თავის შეხვედრამდის...

ჭაბუკი გულმოდგინედ უსმენდა და ცდილობდა მღელვარება დაემალა. ნამეტნავად როცა ირემამ უამბო “ჩაბარუხის” ამბავი. ირემას რომ ცოტა დაკვირვების უნარი გამოეჩინა, უეჭველად შენიშნავდა, რომ ჭაბუკი აწითლდა, მერე დაცინვის ღიმად გაეპო ტუჩები როცა თავის თავზე სთქვა: “თმა ყალყზე ამიდგა და გამოვიქეციო” და...

- ლომა ლომობს, მაგრამ ალებთან კი ირმად იქცევა ხოლმე?!. - წამოიძახა თავის-და უნებურად ჭაბუკმა.

ამ წამოძახილმაც კი ვერ გამოარკვია ირემა. ის გულმოდგინედ უამბობდა და ასე დააბოლავა:

- ახლა შენი ჯერია. უნდა შენც მიამბო შენი თავგადასავალი...

ჭაბუკი ჩაფიქრდა, სახე მოექუშა... მწარედ ამოიხვნეშა და წარმოსთქვა:

- რა გიამბო, ჩემო ირემავ?!.

- ირემას ნუღარ მეძახი, ლომა დამიძახე!..

- კარგი... რა უნდა გიამბო, ჩემო ლომავ, როცა ჩემ ცხოვრებაში ისეთი არა ყოფილა რა, რაც მაგრე მდიდარი ყოფილიყოს, როგორც შენი... მე არც მეფის კარზე ვყოფილვარ, და არც ბატონისა... ერთი ობოლი... ობლობაში აღზრდილი... კარგი არა მინახავს რა... მხოლოდ ერთი ის იყო კარგი, რომ თავისუფალი ვიყავი.

- როგორ?..

- ვინც მე ამიყვანა შეგირდად, ხელოსანი არის, ხელოსანი კი...

- ჰო, ხელოსანი თავისუფალია მეფის კარზედაც კი!.. - წამოიძახა ირემამ, - მაგრამ რაში ადგებათ ეგ თავისუფლება: როცა უნდა მეფეს, გააძევებს თავის სამეფოდან, თუ ისე არ მოიქცა ხელოსანი, როგორც იმას უნდა?!.

- ისაც კარგია, ჩემო ლომავ, რომ ძალად ვერას წაართმევს, და ვერც არას გააკეთებინებს როგორც ყმებს...

- ეგ კი მართალია!..

- ჰო და ამით ვიყავი ბედნიერი!.. იმითაც ვიყავი ბედნიერი, რომ ჩემი მამობილი ძალიან ლმობიერად მექცეოდა... მე კი ის თითქმის ცალიერზე დავსვი. და, აი, ჩემი თავგადასავლი, სხვა არაფერი...

- როგორ?

- სულ უბრალოდ... ჩემ ცხოვრებაში ალი ჩაერია... ქალის სახით მომევლინა... შემიყვარდა... როცა ვსთქვი: ახლა კი ჩემია-მეთქი, სწორედ მაშინ წამივიდა ხელიდან და მიმემალა...

- მერე შენი მამობილი რა შუაშია?!.

- იმის ქონება სულ იმას გავატანე...

- უგულოვ, მართლა უგულო ყოფილხარ!.. ალებთან საქმის დაჭერა, მერე ლმობიერ მამობილის ქონების ასე გათავაზება სწორედ უგულოს შეუძლია!..

- მე აკი ამისთვის გამოვცილდი მამობილს და ტყეში დავეხეტები, ჯერ ერთი - ვიპოვო ის ალი, და შემდეგ მამობილს დავუბრუნო თავისი ასკეცად...

ირემამ გაკვირვებით თვალები მიაპყრო ჭაბუკს და ასე გაშტერებით შესცქეროდა...

ჭაბუკმა შეასწრო თვალი იმის გაკვირვებას და შეეკითხა:

- რატომ ეგრე გაკვირვებით შემომცქერი?!

- გაკვირვებით როგორ არ შემოგხედო, როდესაც ალის ძებნას შესდგომიხარ! ალს როგორ იპოვი?!.

- ამ ტყემ მასწავლა, როგორც ვიპოვი და, უფრო უკეთესი, როგორც დავიმორჩილებ... მაგრამ ამას თავი დავანებოთ და ერთი ეს მითხარი: სეფე-წული ჭკვიანია?!.

- აბა, რა გითხრა?!. - გაკვირვებით დაეკითხა ირემა და ცოტა სიჩუმის შემდეგ დაიწყო: - სეფე-წული გიბრძანებს - შენ უნდა შეასრულო ბრძანება. ჭკვიანურია ეს ბრძანება, თუ არა, ამის გამხილველი არავინ არის... მგონი, ჭკვიანი არ უნდა იყოს, რომ კაციასთან წავიდა და ისე ფარულად იმისი ქალი მოიყვანა, როცა შეეძლო დაებარებინა, და მაშინვე კაცია თავის ქალით იმის წინ გაჩნდებოდა...

- კაციას ქალი გზაში როგორ ექცეოდა?!.

- აკი გითხარ, ყურადღებას სრულებით არ აქცევდა. ესეც თავის ბრალია, რადგანაც იცრუა და უთხრა: მეფის კარის მხლებელი ვარო და მეც ამიკრძალა სეფე-წული დამეძახნა... არც კაციამ და არც იმისმა ქალმა არ იცოდა, თუ ის სეფე-წული იყო... როცა მე გამოვიქეცი, მაშინაც არ იცოდნენ...

ჭაბუკს მწარედ მოეკუმშა გული, და კვნესა დაუწყო... “განა იმისი მთვარისადმი ვედრება, რომ”... გაიფიქრა, მაგრამ სასწრაფოდ შეჭმუხვნილი შუბლი მაგრა ხელის გასმა-გამოსმით შეისწორა და შესწყვიტა ფიქრი...

- ღონიერია სეფე-წული?..

- ღონისა რა გითხრა?!. არსად გამომიცდია და კაი ცხენოსნობა რომ იცის, ეს კი უტყუარია. იმაში ბადალი არა ჰყავს...

- როგორ?..

- როგორ და ისე! ის რო ცხენს გააჭენებს, იმის გვერდით მიყოლას ვერავინ შესძლებს ხოლმე...

- იქნება ეგ იმის ცხენის ბრალია?!. უთუოდ ის ყველაზე უკეთეს ცხენზე ჯდება.

- ეგეც მართალია. აი, რაც მართალია, მართლია!.. ის ყოველთვის საუკეთესო ცხენზე ჯდება. იმის ცხენები რაშებსა ჰგვანან. რატომ აქნობამდის არ მომივიდა თავში, რომ იმ ცხენზე მეც ისე თავისუფლად ვიჯდებოდი, როგორც ის... უგულობასთან ერთად, ჩემო უგულოვ, ჭკვიანიც ყოფილხარ... ღმერთმანი, ძალიან მომწონხარ და მოდი, დავძმობილდეთ!..

- ნუ ივიწყებ, ჩემო ლომავ, შენ ალებს გაურბიხარ და მე კი ვეძებ...

ირემა ცოტათი შეფიქრიანდა. მერე კი გულიანად გადიხარხარა...

- შენთან ერთად ალებიც ვერას დამაკლებენ... - ხარხარითვე დაუმატა და შემდეგ დამშვიდებულმა განაგრძო:

- არა, ჩემო ძმობილო, რაც უნდა სთქვა, ახლა ბედმა ჩვენ ერთმანეთს შეგვყარა და ვეღარა გაგვაშორებს რა...

- ჩემთვის უკეთესი. ამ ტყეში უგზო-უკვლოდ დავეხეტები. შენ კი, გეტყობა, კარგად იცი გზა და კვალი, როგორც მონადირემ...

ირემა სიხარულით ფეხზე წამოდგა. ამოიღო დანა, რომლითაც დათვი გაატყავა. და მაშინვე მარცხენა მაჯაში წვერი იტაკა, მერე ჭაბუკის მარცხენა ხელი აიღო, იმასაც დანის წვერი უტაკა. როდესაც ორივეს სისხლის წვეთები გამოუჩნდათ, ირემამ თავისი მარცხენა ხელი ჭაბუკის ხელს დაადო ისე კი, რომ ორივეს სისხლის წვეთი ერთმანეთს შეუერთდა. ორივემ მძლავრად მარჯვენა ხელი მარცხენა მაჯას მოუჭირეს და მარცხენეები ერთიერთმანეთს მიაწებეს. ცოტა ხნის შემდე გააშორეს ხელები და ერთიერთმანეთი გადაჰკოცნეს...

სისხლი რაკი შეურიეს, თითქოს ერთი მშობლისანი იყვნენო. ეს უკვე ძმობის აღთქმა იყო, და კოცნა კი - უბრალო ძმური ალერსი...

- ძმაო უგულოვ, ახლა ჩვენ...

- ირემავ...

- ძმაო, აკი გთხოვე - ლომა დამიძახე-მეთქი!..

- აქ ხომ ჩვენ მარტონი ვართ და ყურს არავინ გვიგდებს!.. მაშ რად უნდა შევიცვალოთ სახელები. შენ ირემა გქვიან და მე კიდევ მახარე...

- მახარე?!. ოჰ, რა სამართლიანად დაურქმევიათ ეგ სახელი!!.

- არა მგონია, ჯერ ჩემგან გახარებული არავინ მინახავს...

- თუ არ გინახავს, აი ახლა შენ თვალ-წინ სდგას. შენი შეხვედრა ჩემთვის სიხარულია. შენამდის კი დაკარგული მეგონა ჩემი თავი...

- დიდი გასახარი არ არის ჩემთან შეხვედრა, რადაგანც ამ ტყეში უგზო-უკვლოდ, როგორც გითხარ, დავეხეტები. თუ ამ ტყიდან გასვლის იმედს ჩემზე ამყარებ, სიმართლის გამომჟღავნება სჯობია, იმედი ნუ გაქვს...

- ჩემო მახარე, - მოელვარე თვალებით შესძახა ირემამ, - მაგას რას მეუბნები?!. კარგად ვხედავ, რომ ამ ტყისა არა იცი რა თორემ უიარაღო როგორ შემოხვიდოდი. აი, სწორედ ამისთვის მინდა ამ ტყიდან გაგიყვანო უვნებლად თავის დროზე და მეც არა მევნოს რა. ჯერ კი აქ, პანტის ძირას ქოხი გავიკეთოთ, ბინა დავიდოთ და შემდეგ ღვინობისთვის გასულს ქვევით მწყემსებს მივეკედლოთ ბარში.

IV

პანტის ქვეშ მართლაც ჩქარა კარგი შესაფერი ქოხი გაიკეთეს და შეუშფოთებლივ სცხოვრობდნენ... მახარემ თავისთვისაც გაიკეთა მშვილდ-ისარი და ორივემ ჩქარა ნადირობა დაიწყეს...

აღმოსავლეთით ველები და ბოკერები ხშირი ჰქონდა ამ ტყეს. ამისთვის იყო, რომ მწყემსები აქა-იქა იყვნენ გაბნეულნი თავიანთი ბინებით. ირემა ჯერ-ჯერობით უფრთხოდა ბინებს და ცდილობდა სულ დასავლეთით ევლო სადაც ტყე უფრო ხშირი იყო. ბინაც აკი იქ დაიდო, სადაც ეგულებოდა, მწყემსები არ მოვიდოდნენ. რაკი საქონლისა და მწყემსების ფეხი აქ არ ხვდებოდა, ნადირიც უფრო ხვდებოდათ... უმიზეზოდ არ ჰკლავდნენ ნადირს. თუ კი პანტაზე ჩამოკიდებული ეგულებოდათ რომელიმე ნადირის ხორცი, სტკბებოდნენ ტყეში ხეტიალით და შეფეთებულ ირემს სიამოვნებით შესცქეროდნენ. მერე ამინდიც ხელს უწყობდა. მშვენიერი თბილი მზე, რომელიც კი არ სწვავდა, სხეულს უღიტინებდა, იმის სხივები შიგ შედიოდნენ და სამოქმედოდ იწვევდნენ. აკი ესენიც მუდამ მოძრაობაში იყვნენ. ერთხელ ბინას ძალიან დაშორდნენ. ისე გაიტაცა მოძრაობის სურვილმა ორივე, რომ ვერც კი გაიგეს, რა შორს წავიდნენ. როცა შიმშილმა თავისი სიტყვა სთქვა, მაშინვე გამოტრიალდნენ. ბინისკენ წასვლა დააპირეს, რადგანაც ბინაზე მშვენიერი ირმის ხორცი ჰქონდათ. სწორედ ამ დროს თვალი მოჰკრეს მშვენივრად დამკვრახებულ კრიკინას...

- კრიკინით ცოტა კუჭი მოვიმაგროთ, თორემ ძალიან მოგვშივა, სანამ ბინამდის მივალთ! - წამოიძახა მახარემ და კრიკინასაკენ გაეშურა.

- ძალიან კარგი იქნება!.. - უპასუხა ირემამ და ისიც იქითვე გაეშურა.

ჩქარა ორივემ ხარბად დაუწყო ჭამა. როცა ოდნავ კუჭი მოიმაგრეს, ბაასიც კი გააბა ირემამ...

- ახ, რა კარგია ახლა სოფელში!.. გაცხარებული რთველია.

მეფე და ერი, ქალი და კაცი, დიდი და პატარა, ყველა მოძრაობს, სიხარულით მუშაობს და...

... ახლა მეფე-დედოფალს რა ყოფა ექნებათ?!.

- აკი ამბობდი, მეფეს ცოლი აღარა ჰყავსო!...

- ახლა მეფედ უთუოდ ნადირა იქნება, დიდი მეფე სულ იმას ეხვეწებოდა, ჩქარა იქორწინე, რომ მეფობა გადაგილოცო და დავისვენოო... რასაკვირველია, დიდი მეფეც იღებს მონაწილეობას, მაგრამ ნადირამ მართლა ის ალებიანი შეირთო. ძალიან მხიარულებაში იქნებიან...

მახარეს ხმა აღარ ამოუღია. წარმოიდგინა ეთერი დღისით, ამ მზის ნაზ სხივებში გახვეული, და ტანში ჟრუანტელმა დაურბინა. მერე ტვინში შეუთამაშა და შუბლი შეუნესტიანდა... წამს გაშტერებული იდგა და აღარა ეყურებოდა რა, თუმცა ირემას ლაპარაკი არ შეუწყვეტია.

- წავიდეთ, ძმობილო, ახლა კი დროა!.. - კარგა სიჩუმის შემდეგ წამოიძახა და ბინისკენ გაემართა.

ირემაც იმის ფეხს აჰყვა. მიდიოდნენ ორივენი გაჩუმებულები და ერთმანეთის ფიქრს არ არღვევდნენ.

მახარე ჯერაც ვერ გამორკვეულიყო, თუ რისთვის დაეხეტება ასე ნადირივით. წამს თალ-წინ წარმოუდგა იმედის გაცრუება, რამაც ტყეში გამოაგდო, მაგრამ ხომ იცოდა, რომ ეთერი სხვას ეტრფოდა და ენატრებოდა. რამდენჯერმე გაუგონია იმის მუდარა მთვარისადმი, როდესაც ის თავის გულს უგზავნიდა სეფე-წულს... ხომ ეს კარგად იცოდა?.. “მაშ... - ფიქრობდა მახარე... - რითაც მინდოდა დამეტყვევებინა, ვერ გამიმართლდა... მართალია, ეთერი ერთ ღამეს ჩემი მეგონა, მაგრამ, როგორცა ჩანს, მხოლოდ თვალთმაქცობა იყო იმის მხრივ... იმას დატყუება სდომებია, რომ თავის საწადელისთვის მიეღწია. და აკი კიდევაც დამტყუვნა...

“რითი მოაჯადოვა ეთერი სეფე-წულმა?! ხომ არც კი ენახა?!. სახელმა... ირემა ამბობს: ცხენოსნობა კარგი იცისო, ნადირობაო” ... ნუ თუ, მარტო ამან?!. ქალის გული გამოუცნობია!.. თუ მართლა ნადირობა და ცხენოსნობა მომგებია, უეჭველათ ამ ზამთარს მეჯოგეებთან* დავრჩები და შევისწავლი ცხენოსნობას... მაგრამ...

- ეი, ძმობლო, საითღა მისდიხარ, ვერა ხედავ ჩვენ ბინას?! - უეცრივ მხარზე ხელი წაავლო ირემამ და შეაყენა მახარე, რომელიც გართული ფიქრებით, განაგრძობდა წინსვლას...

მახარემ მიიხედ-მოიხედა, ირემას დააშტერდა და წამოიძახა:

- ირემავ, უეჭველად ძალის მოპოვება უნდა, რომ უფლებაც ხელში გვქონდეს, უამისოდ ვერას გახდები...

- რეებს ბოდავ, ძმობილო?!. - გაკვირვებით შეეკითხა ირემა.

- მართლა და რეებს ვბოდავ, - სიცილით წამოიძახა მახარემ, როდესაც გონს მოვიდა და დაუმატა:

- უთუოდ სიმშილმა გამაბრუა და ბოდვა დამაწყეინა...

- ეხლავე კუჭს მოვიმაგრებთ.

V

ასე ცხოვრობდნენ მახარე და ირემა ტყეში, ვიდრე თოვლმა არ დაფარა არე-მარე. მახარე ისე დავაჟკაცდა და ისეთი ბრგე გახდა, რომ მამისაც კი ვეღარ იცნობდა, ახლა რომ ენახა. მუდმივმა მოძრაობამ სრულებით შეუცვალა ელფერი.

საქონელი სულ ბარში ჩალაგდა და ზამთრის საძოვრებს მოედო. ცხვარი და ცხენის ჯოგი ყველაზე ადრე წავიდა მთის საძოვრებიდან. ახლა ჯერი მიდგა მეღორეებზე. მარტო ახლა ამორეკეს მეღორეებმა ტყეში ღორი. საზამთროდ აუარებელი საზრდო იყო ღორებისთვის ტყეში. მიდამო მთლად მოფენილი იყო რკოთი და წიფლის თესლით.

ღორების ჭყვიტინი შემოესმათ თუ არა, ირემამ უთხრა მახარეს:

- ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ აქ და შემდეგ კი ქვევით ბარში ჩავიდეთ. დარწმუნებული ვარ, აღარავინ მეძებს და თამამად შეგვიძლია მწყემსებთან ერთად ბინა დავდოთ...

- მეჯოგეებთან!..

- ვისთანაც უნდა იყოს! - უპასუხა ირემამ და ცეცხლი გააჩაღა მწვადებისთვის.

რაც ეთერი დაკარგა და ტყეში გამოიჭრა, მახარეს გონებას სულ ერთი და იგივე კითხვა არ შორდებოდა: “რითი დაიმსახურა სეფე-წულმა ეთერის სიყვარულიო?!.” იმას ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, ვითომ სეფე-წული უნდა ყოფილოყოს ყოველის მხრივ შემკული, თორემ ეთერი იმას არ აირჩევდაო... “მაშ მარტო ხელოსნობა, რისამე შემოქმედება არა კმარა სიყვარულის დამსახურებისათვის”, - ფიქრობდა მახარე და ირემას ხშირად, ვითომც ისე, სეფე-წულის ღირსებაზე ჰკითხავდა... მაგრამ მახარე დარწმუნდა ირემას პასუხიდან, რომ არც ისე შემკობილი იყო სეფე-წული, როგორც ეგონა. თითონ ცდილობდა დაწინაურებულიყო, სრული ყოფილიყო. სხეულს ავარჯიშებდა მედგრად. აკი კიდევაც სრულებით შეიცვალა. ეს მახარე გამხდარ შეგირდ მახარეს აღარა ჰგვანდა. ნადირობაში უკვე ირემას გაუსწრო. მშვილდ-ისრების კეთებაში ხომ ირემასთან შედარებით საჩქაროდ ოსტატის ადგილი დაიჭირა, რამაც ირემა სულ გააკვირვა და დაუმონავა. მშვილდს უფრო ძლიერი ლარი აუბა. ღარი გაუკეთა ისრისთვის, თითონ ისარი კი უფრო მძიმე ხისა გამოსჭრა. შედეგი ამისა ჩქარა ნახეს. პირველ ნადირობისასვე ამნაირ მშვილდ-ისრით სწორედ იმ ადგილას მოარტყა ისარი, რა ადგილსაც ნადირს დაუმიზნა, და ნადირი იქვე ჩააჩოქა, ისე ღრმად ეტაკა ისარი...

ირემას პასუხებმა დაარწმუნეს მახარე, რომ სეფე-წული საუკეთესო ცხენოსანი იყო. ამისთვის მახარემ მოინდომა მეჯოგეებთან ყოფნა, რომ ცხენოსნობა ეცადნა...

ირემამ უკვე მწვადები დააშიშხინა, რომ ამ დროს თავს წამოადგათ მშვილდ-ისრით შეიარაღებული შუახნის ვაჟკაცი, რომელსაც უკან დასაპალნებული ცხენით ახალგაზრდა ვაჟი მოსდევდა.

ირემა მწვადებით და მახარე კიდევ თავის ფიქრებით ისე იყვნენ გართულები, რომ ვერ შენიშნეს, თუ როგორ მოვიდნენ, ვიდრე შუახნის კაცმა არ წამოიძახა:

- აქა მშვიდობა!..

  • მშვიდობა მოგცეს ღმერთმა! - უნებურად უპასუხა ორივემ და განცვიფრებით შეხედეს ახალ მოსულებს.

წამს გონს ვერ მოვიდნენ ირემა და მახარე. მაგრამ ირემამ იცნო მეღორეთ-უხუცესი. მაშინვე მიხვდა და მიიპატიჟა...

- კეთილი იყოს შენი მოსვლა! ჩანს, ბარშიაც თოვლი მოსულა, ტყისკენ ამოგიწევია და აქ ბინის დადებას აპირობ...

- განა შენც ეგევე არ ჩაგიდენია!..

- არა, ბიძიავ, ჩვენ ახლა ამ რამდენიმე დღის შემდე აქედან დავიძვრებით!.. - უპასუხა ირემამ და შემდეგ მახარეს შეეკითხა:

- არა, უგულოვ?!.

მახარე მიხვდა რისთვისაც შეეკითხა ირემა და მოკლედ უპასუხა:

- ჰო, ჩემო ლომავ!..

ახლად მოსულისთვის ახლა გამოირკვა, რომ ესენი ბინის შემცილებლები არ იყვნენ, და ამისთვის სახე გაუბრწყინდა. თორემ ამან ამ ზაფხულსვე დაათვალიერა ტყე; ნახა, რომ მუხას და წიფელს მშვენივრად ასხია, დაბინავებაც კი ამ პანტის ქვეშ ირჩია მაშინვე, რადგანაც შუა ტყეშია... წყალიც ახლო აქვს ამ პანტას. ღორი საითაც უნდა გაერეკათ, საღამოთი ამ პანტაზე ახლო ადგილს ვერ იპოვიდი...

როცა ამ პანტის ქვეშ ვიღაცეები დაინახა, განრისხდა, ჩხუბის ატეხასაც აპირებდა, თუმცა ჯერ მიესალმა.

ახლა კი გამხიარულდა, რაკი მოცილეები არ აღმოჩნდნენ, და ბიჭს განკარგულება მისცა:

- მოხადე ე ცხენს და არაყი ამოიღე!..

მერე გადახედა ნახევრად გატყავებულ ჩასუქებულ ხარირემს და წამოიძახა:

- ოი, ოი, რაზე ბუგავთ ამ მშვენიერ ირმის ხორცს ცეცხლში!.. მეღორისთვის ხორცის ყველა წვეთი ოქროდ ღირს... თქვენ კი აგრე უდივრად მშვენიერი ნაჭრები წამოგიცვავთ ჩხირებზე და მთლად სიპოხიერეც ცეცხლში იბუგება... უთუოდ მეფისა ან რომელიმე ბატონის მოსამსახურენი ხართ?!.

ირემა აწითლდა.

მახარემ მაშინვე უპასუხა:

- მეფე თვალით არ გვინახვს... ბატონებთან კიდევ ჩვენ არავითარი საქმე არა გვაქვს... ჩვენ მონადირეები ვართ და ერთ ადგილიდან მეორეზე გადავდივართ.

- თქვენც იმათ გზას დასდგომიხართ!.. დაზოგვა არ გცოდნიათ... ახლავე გასწავლით.

სთქვა თუ არა, მაშინვე ტყავი გაიხადა, ამოიძრო ქამარში გარჭობილი ქარქაშიდან სათული და ირმის ხორცს კაფვა დაუწყო... მშვენიერი მსუქანი სხეული ირმისა ითლებოდა ულმობლად ძვლებიანად იმის ხელით პატარა ნაჭრებად.

- ახლავე მოვლენ ჩვენებიც, ქვაბებს მოიტანენ და... - ბუტბუტებდა ამ მუშაობის დროს მეღორეთ-უხუცესი...

მართლაც არ გასულა დიდი დრო, რომ თავს წამოადგა რამდენიმე დასაპალნებულ ვირებით კარგა დატლუებული ახალგაზრდები იგეთივე ტყავებით, როგორიც ეცო უხუცესს...

ამათ რა ნახეს ირმის ხორცის ნაჭრები, თვალები აენთოთ სიამოვნებით. “აქა მშვიდობა” თქვეს თუ არა, მაშინვე ვირები გაანთავისუფლეს, შესაფერი ქვაბი საჩქაროდ მოამზადეს. ისეთივე სიჩქარით ლოდები მოიტანეს, შორი-შორს დააწყეს, შუაში ცეცხლი გააჩაღეს უგანკარგულებრივ და დაჭრილი ხორცი, ჯერ კი ცალკე გადაწყობილი ქონი, ჩაყარეს... მერე შემოდგეს ქვაბი ცეცხლზე და ხუფი დააფარეს. ირემა და მახარე თვალს ადევნებდნენ...

- ჩქარა იქნება!.. - წამოიძახა მეღორეთ-უხუცესმა... და შემდეგ ერთს, რომელიც ყველაზე უმცროსი იყო, უთხრა:

- აბა, დედისავ, აგერ ი ბუწკნარის იქით ამ ზაფხულს ხშირი შვინდი ვნახე, - გაიქე და, თუ ტოტებზე შერჩენია რამ, მოიტანე.

მაშინვე იქით გაქანდა დედისა და სულ მოკლე დროს მთელი კონა შვინდის ტოტებისა მოიტანა. ტოტები გაკუნწლული იყო შემხმარ შვინდით, ჯერ ზამთარს თავისი გავლენა ვერ მოეხდინა და ისევ ზედ იყო...

- უჰ, რამდენი შერჩენია! - წამოიძახა მეღორეთ-უხუცესმა, - ნახევარი საკმარისია ქვაბში ჩაყაროთ, დანარჩენი კი შეინახეთ... მერე, დედისავ, ძალიან ცუდი ჩაიდინე, რომ ასე ჩამოგილეწია შვინდი... ხვალ ყველანი წავიდეთ, ტოტებს კი ნუ მოვამტვრევთ, შვინდი მოვკრიფოთ და შევინახოთ. ამ ზამთარს გამოგვადგება...

VI

მახარესთვის ცხოვრების ეს მხარე სულ უცნობი იყო და ამისთვის ის გაფაციცებით თვალყურს ადევნებდა მეღორეთ-უხუცესის მოქმედებას და სიტყვებს. ირემაც აგრეთვე იქცეოდა... იმას ხელში შერჩა თავისი შემწვარი მწვადები და არც კი მოგონებია, რომ ამას შეჭმა უნდოდა...

- აბა, ახლა, ლომავ, ე შენი გამოფიტული მწვადები მოგვაწოდე და, სანამ მომზადდება სადილი, შევნაყრდეთ...

ირემამ ახლაღა მოისაზრა, რომ თხილის ტოტებზე წამოცმული მწვადები ხელთ ეჭირა...

- აბა, დედისავ, არაყი მოაწოდე ჩვენს სტუმრებს...

მახარე სწრაფად აენთო და წამოიძახა:

- სტუმრები თქვენ ხართ და არა ჩვენ!..

- მართალს ამბობ, უგულოვ, თუმცა გული ჩქარა მოგივიდა, მაგრამ გავიწყდება: ჩვენ ამ ზამთარს აქა ვრჩებით, თქვენ კი ორი-სამი დღის შემდეგ წასვლას აპირებთ... - ტკბილი ღიმილით უთხრა მეღორეთ-უხუცესმა და იმავე კილოთი განაგრძო: - მაშ დღეის შემდეგ თქვენთვის ზრუნვა, როგორც მასპინძლებს, მოგვანდეთ. ჩვენ დიდი მადლობელი ვართ, რომ მაგრე დაგვხვდით. მაშ ამის სამადლობელოდ თქვენთვის დღეის შემდეგ ვიზრუნებთ...

ასეთმა კილომ მახარე სულ დაარბილა, და მოღუშული სახე გაეშალა.

ამ დროს დედისამ გოზაური* მოუტანა და პატარა ყანწი გადასცა.

- დედისავ, დედისავ, პური და მარილიც მოაყოლე... ხომ ხედავ, პური არა ჩანს, მაშ რაღა თქმა გინდა?!

დარცხვენილი დედისა სწრაფად გატრიალდა...

- ეს ღმერთმა ადღეგრძელოს სტუმარ-მასპინძელი... - დაიწყო მეღორეთ-უხუცესმა, როცა დედისამ პური მოიტანა, მახარემ კიდევ მწვადების ნაჭრები ზედ წააძრო, თხილის ტოტები გაანთავისუფლა... - უძლიეროს მკლავი და ქონება ულეველი, საქონელი უმრავლოს და მინდორ-ტყეში კიდევ სანადირო ნადირი...

- ეგრე იყოს!.. - უპასუხეს ერთხმად.

ყანწი მძიმედ გამოცალა, მეღორეთ-უხუცესმა, სახე სიამოვნებით დაიჭმახა და ძლივს წამოსთქვა:

- ძალიან ცხარეა!.. ჭაჭის წინწანაქარია. განგებ ტყეში წამოსაღებად მქონდა დაგლესილი, ვინახავდი, და მართლაც, კარგად შენახულა!.. - ულვაშები ჩამოიწმინდა, პურის ლუკმა პირში ჩაიდო და ერთი ნაჭერი მწვადიც მიაყოლა...

ჭაჭით ყანწი ისევ შეავსო და მახარეს გაუწოდა.

მახარემ ჩამოართვა ყანწი.

- რაღაც აკლია ამ მწვადს!.. - წამოიძახა მეღორეთ-უხუცესმა, როცა დაღეჭილი ლუკმა ჩაყლაპა და ჩაიგემოვა...

- დედისავ... დედისავ!.. ჩქარა მარილიც მოგვაწოდე, თორემ...

- ჩვენ სულ უმარილოსა ვჭამთ!.. - წამოიძახა ირემამ...

- ღვთის მადლით, ლომავ, ჩვენ მონადირეები არა ვართ!.. მარილის გემო კარგად ვიცით...

ირემას უნდა ეთქვა: “ჩვენც კარგად ვიცითო”, მაგრამ ჩაიცოხნა და ამის მაგივრად წამოსთქვა:

- ჰო, მონადირეს არ შეუძლიან სამყოფი სანოვაგე თან ატაროს...

- შენ რაღას დასცქერი მა არაყს, არ დალევ?!. - მიმართა მეღორეთ-უხუცესმა მახარეს...

მახარე მართლაც დასცქეროდა ყანწს და თან უსმენდა ლაპარაკს.

როცა მეღორეთ-უხუცესმა მოაგონა, რომ არაყს დალევა უნდა, მაშინვე ყანწი პირთან მიიტანა და ოდნავ წაილუღლუღა:

- ასრულდეს შენი ნათქვამი!.. - და საჩქაროდ გამოცალა ყანწი...

მახარეს სუნთქვა შეუდგა, თვალები დაეჭყიტა და გამოცლილი ყანწით ხელი ჩამოუვარდა... წამს ისე დარჩა, ვიდრე ჩაფორიაქება სითხისა ძირამდე ჩავიდოდა, მერე კი მოეშვა. სიამე იგრძნო თვალები გაუბრწყინდა...

მეღორეთ-უხუცესი თვალს არ აშორებდა, როცა მახარე არაყსა სვამდა, და იმის შემდეგ ხელი ჩამოუვარდა. იღიმებოდა...

როცა მახარეს თვალები გაუბრწყინდა, შეეკითხა:

- როგორია?!

- ცეცხლწყალა!..

- ცეცხლწყალა!.. ოჰ, რა ნამდვილი სიტყვა სთქვი!!. ნამდვილია. რატომ ეგ სახელი თავში არ მომივიდა?!. - გაიძახოდა მეღორეთ-უხუცესი და ალერსით შესცქეროდა მახარეს...

მახარემ ყანწი გადააწოდა და ისეც მადააშლილს წინწანაქარის შემდეგ უფრო მადა აეშალა... დედისამაც ამ დროს მარილი წინ დაუყარა და მახარე დამშეულ მგელივით წაესია. მართლაც, ახლა იგრძნო მარილის მნიშვნელობა...

ირემამაც გადაჰკრა ყანწი. იმანაც იგრძნო სიმწვავე და სინელი და წარმოსთქვა:

მართლაც ცეცხლწყალა ყოფილა!..

- უგულოვ, დარჩი ჩვენთან... ჩემ შემდეგ უთუოდ შენ გახდები მეღორეთ-უხუცესი!.. - შეევედრა მახარეს, მაგრამ მახარემ ყური მოიყრუა, თან გამალებით ანადგურებდა პურსა და მწვადს...

ამ დროს ღორი მოედო ჭყვიტინ-ღრუტუნით არე-მარეს. ყველა მეღორე თავს წამოადგა და სადილს მოელოდა; რასაკვირველია, ერთი ფარა ძაღლისაც.

ქვაბი უკვე ჩუხჩუხებდა, მეღორეთ-უხუცესი კი გაიძახოდა სიამით: “ცეცხლწყალა, ცეცხლწყალა”!..

VII

სამი დღის შემდეგ მახარემ და ირემამ წასვლა დააპირეს. მახარეს მეღორეებთან სავარჯიშო არა ჰქონდა რა. მართალია, სასიამოვნო იყო მეღორეთ-უხუცესის დარიგება და სადილის მომზადება. კინაღამ თითები ჩაიკვნიტა, ისე გემრიელი გამოდგა მეღორეთ-უხუცესისაგან მომზადებული სადილი... მეტს აქ ვეღარას ისწავლიდა.

წასვლის წინა ღამეს მეღორეთ-უხუცესმა მშვენიერი ბურვაკი დაუკლა ვახშმად და თავისებურად მოუმზადა. რასაკვირველია, ვახშმის წინ იმან “ცეცხლწყალა” ჩამოარიგა, მერე ღვინოც და კარგად შექეიფდნენ. უკვე კარგად შეღამდა, რომ მეღორეთ-უხუცესი, მახარე და ირემა ისევ ისხდნენ და ბაასობდნენ... დიდი ხანია მწყემსები ვახშმის შემდეგ ტყეში შევიდნენ ღორების საყარაულოდ. ირგვლივ ტყეში ღორები იყო მოთავსებული მყუდრო ადგილებში. იმათ ძილის ღრუტუნი და დრო-გამოშვებით გამოურკვეველი ძილის ჭყვიტინიც მოისმოდა. ამას ყოველთვის მოსდევდა რომელიმე ძაღლის ზანტი წამოყეფება, და აგრეთვე ზანტი მძინარე მწყემსის წამოძახილი: “ჰაი, ჰაი”!..

მთვარე ქათქათებს... ირგვლივ დათოვლილი ტყე მთვარის ჩრდილ-შუქზე დიდებულ, საოცნებო, ბჭყვრიალა, თვალ-მარგალიტებით შემკულ სასახლეებს მოამსგავსებდა... პანტის გარშემო კიდევ პატარა ველი, თუმცა აჭიჭყნილი იყო მწყემსების ფეხით, მაინც კარგა ადგილი იყო დარჩენილი უმანკოდ, და, აი, ეს ადგილი მთვარის შუქზე მოელვარებდა, ბრჭყვინავდა, თითქოს გულუხვს მძლავრის ხელით დაუზოგველად გადუსროლია ძვირფასი თვლები და აუალმასებია ეს მიდამოო. ხარბი თვალი აქ დაღლილობისგან სამუდამოდ დაიხუჭებოდა, რადგანაც ვერ აკრეფდა ყველა საუნჯეს...

მახარე გაიტაცა ამ სანახაობამ... დიდხანს უცქეროდა ტყის ერთ ადგილს. ყურს არ უგდებდა მობაასეებს...

რას ხედავს?!.

ეთერი გადმოწოლილა კოშკის სარკმელში თავის თლილი მკლავებით და იწვევს თავისკენ...

მახარე სწრაფად წამოდგა და იქით გაეშურა...

- აბა, ჩქარა დავიჭიროთ, თორემ დაიღუპება!.. - წამოიძახა მეღორეთ-უხუცესმა და მახარეს დაედევნა...

ირემა მაშინვე წამოდგა და სწრაფად მახარეს წინ გადუდგა...

მახარე შესდგა...

- საით მიემგზავრები, ძმობილო? - შეეკითხა ირემა.

მახარემ ირემას მხარს დახედა... იქ ეთერი აღარ იყო... გამოერკვა და უპასუხა:

- ისე, გავლა მინდოდა!..

ამ დროს მეღორეთ-უხუცესიც მოვიდა და უკან დაბრუნდნენ...

- ამას წინად გთხოვე, უგულოვ, ჩემთან დარჩი-მეთქი, მაგრამ ახლა გეუბნები: წადი... წადი... ამ წამსვე წადი, თორემ ცუდი შედეგი მოგელის. იმ წყეულს, შეგატყვე, ტყის დედოფალს თვალში ამოუღიხარ და უეჭველად დაგღუპავს... - უთხრა მეღორეთ-უხუცესმა, როდესაც ისევ ცეცხლს გარს შემოუსხდნენ...

- რა ტყის დედოფალი, რას ამბობ?!. გავლა მინდოდა მხოლოდ, სხვა არაფერი!.. - უპასუხა მახარემ და მუგუზლები წაჩინჩხრა.

წამს აკვამლდა ცეცხლი, სულ ჩქარა კვამლს მოელვარე აწოწიებული ენა ააელვა და სწრაფად ეს ენა მუგუზლებს მოელვარე გვირგვინად დაემხო... კვამლი სულ მიიმალა, და იქ მჯდომთ სახე აულაპლაპა...

- ტყის დედოფლისკენ კი არ წავალ; თუ წავედ როდისმე, ჩემი დედოფლისკენ წავალ!.. ვიცნობ ჩემ დედოფალს!..

მკვეთრი სახე მეღორეთ-უხუცესისა ცეცხლის ალზე უფრო გამომკვეთრდა... თვალები გაუელვდა, და ოდნავ მწუხარების ღიმი ბაგეზე გაუკრთა...

ჩქარა სახე სულ დაუმშვიდდა და წყნარის ხმით დაიწყო...

- გული შემომივარდა, ჩემო უგულოვ, შემიყვარდი, როგორც ჩემი შვილი და ამისათვის გაფრთხილებ... ტყის დედოფალთან ხუმრობა არ ვარგა... გულში ჩაგიკრავს თუ არა, მაშინვე გაგყინავს და წუთისოფელს გამოგასალმებს... ძალიან მაცდურია. ნამეტნავად მეღორეებს ემტერება... უთუოდ მეღორე ჰგონიხარ, რომ შენ ამოგირჩია... იმან იცის საუკეთესო ბიჭების ამორჩევა. თითქმის ყოველწლივ ხდება ხოლმე ეს, მაგრამ ჩვენ ფრთხილად ვართ: რა წამს ამოირჩევს რომელიმე მწყემსს, მაშინვე ამას ტყეს ვაშორებთ და ამით სიცოცხლეს ვუნახავთ. სხვანაირად ვერ გადურჩება ამ წყეულს...

- ყური დამიგდეთ, ახლა გიამბობთ ტყის დედოფლის ოინებს... - განაგრძო მეღორეთ-უხუცესმა... - თუ რა დაჰმართა ბიძაჩემს...

მახარემ და ირემამ ყურები ცქვიტეს და მთლად სმენად გადაიქცნენ...

VIII

“...ჩემ ბალღობისას ბიძაჩემი იყო მეღორედ... მეც ღორებში დავდევდი ხოლმე ბიძაჩემს... აი, სწორედ ამ დროს ღორები ტყეში ამოვლალეთ...

“ღვთისნიერი იყო მეღორეთ-უხუცესი. ბიძაჩემი ახალგაზრდა, წარმოსადეგი ვაჟკაცი, გამბედავი და უშიშარი... შენ რომ დაგინახე თავაღებით მიმავალი, მაშინვე ბიძაჩემი მომაგონდა... - მიმართა მახარეს ამ სიტყვებით და განაგრძო: - მეღორეთ-უხუცესმა მაშინვე გვიამბო ტყის დედოფლის ოინები და გაგვაფრთხილა... ნამეტნავად ბიძაჩემი ამ სიტყვებით: მგელავ, - მგელა ერქვა ბიძაჩემს, - ამ ზამთარს შენ უნდა უფრთხილდეო... შენზე უკეთესი ჩვენს შორის არავინ არის და ი წყეული, თუ ბრმა არ არის, შენ ამოგირჩევს... ამისთვის ნურც ნახულს აჰყვები და ნურც გაგონილსაო... თუ რამ დაინახო ან ძახილი გაიგონო, მაშინვე გამაღვიძეო...

“ბიძაჩემს ხელზე შეჩვეული ჰყავდა ერთი კერატი.* გვერდიდან არ შორდებოდა ბიძაჩემს. საცა ბიძაჩემი დაწვებოდა დასაძინებლად, ისიც იქ ფეხთით უწვებოდა და ტკბილ განცხრომას ეძლეოდა... უნდა ვსთქვა, კერატი ძაან გალაღებული იყო და დათვსაც კი შეებრძოლებოდა... მერე ისეთი ტანი ჰქონდა, რო კვებულა ზაქს მოგაგონებდათ... იმ ღამესვე თურმე მოეჩვენა ბიძაჩემს ტყის დედოფალი...

“...ყველას ჩაეძინა, - ასე დაიწყო მეორე დღეს ბიძაჩემმა, როცა გონს მოვიდა მთლად ნაკაწრი და ნათრევი - მე კი რაღაც არ მეძინებოდაო... გული რაღაცას მიჩქროლავდა და რაღაც არ მემორჩილებოდა... დიდხანს ვიბორგე და უეცრივ ვიღამაც დამიძახა: “მგელავო...” ისეთი ნაზი იყო ეს ხმა, რომ სულ გულღვიძლამდის ჩამივიდა... თვალის დახამხამებაზე წამოვჯექ და აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ვერავინ ვნახე... ცოტახანს ასე ვიჯექი. მინდოდა მივწოლილიყავ, მაგრამ რაღაცა ფეხზე მაყენებდა... თითქოს რაღაც ჩაუბამთ ჩემ სხეულში და წამოყენებას ვიღაცა ცდილობსო... მთვარე ამოსულიყო და ყველაფერი მოსჩანდა... აქნობამდის შორ არე-მარეს ვათვალიერებდი... ახლა კი წინ დავიხედე და სწორედ ჩემ ფეხთით ჩემ კერატს შევასწარ თვალი, რომელსაც გულიანად ეძინა... ამ დროს ჩემდა უნებურად წამოვდექი და რამდენიმე ნაბიჯი წინ წავსდგი... და რას ვხედავ?!. ერთ წიფლის ქვეშ სდგას მზითუნახავი ქალი, სულ ვერცხლის ქსოვილით შემოსილი და დედოფლურად შემკული თვალ-მარგალიტით... მიცქერის და მიცინის... თან ხელს, ბროლის ხელს, მიქნევს და თავისკენ მიწვევს. მეც გავეშურე მისკენ. მივდივარ გამალებული იმისკენ. ისიც იმავ მომხიბლავი ღიმილით და ბროლის ხელის ქნევით თანდათან საითკენღაც მიდის... მიდის... მიდის და მეც თან მივდევ... აგერ დაეშო რაღაც ხევში და იმის აჩრდილი გზის მაჩვენებლად ხევის პირას ამემართა... მივირბინე საჩქაროდ... აჩრდილი გაქრა. იმის ადგილას მე დავდექ და გადავიხედე... ღმერთო, რა სანახავი იყო... თავბრუ დამესხა, პატარა ხევის პირას ბროლის სასახლე. სარკმელები სულ ღია იყო. ერთ სარკმელთან ის დავინახე... მოესწრო კიდევაც გახდა და თავის სარეცელში ჩაწოლა... მერე რა სარეცელში!.. სულ ენთებოდა და იქიდან ბროლის მკლავებს მიწვდიდა და თავისკენ მიწვევდა ჩასახუტებლად... წამს შევდექი, თავში უეცრივ გამიელვა აზრმა: “ოჰ, რა ნეტარებას განვიცდი იმის მკერდზე!..” და მაშინვე ფეხი ავიღე გადასაფრენად, რათა ჩქარა ჩავხუტებულიყავ ნეტარებას, რომ ამ დროს ლაჯებ შუა რაღაც გაინძრა და ამგლიჯა დედამიწას... უკან გამაქანა, გატრიალდა, ხევისაკენ ზურგი მაქნევინა და დაეშო...

“ჯერ გონს ვერ მოვედი, თუ რა დამემართა... დავიხედე წინ და ჩემი კერატი ვიცანი... არ მეგონა, თუ კერატი ამედევნებოდა... ამისთვის შევშინდი... თმა ყალხზე ამიდგა... ეშმაკი ჩემ კერატად მომეჩვენა-მეთქი. მოვდუნდი, მოვილეშე და კერატიდან გადმოვვარდი... მაშინვე ისიც შესდგა და თავით მომექცა. მეშინოდა იმისკენ მიხედვა. ვგრძნობდი, ის იქ იდგა... ამ დროს დავინახე ჩემ პირდაპირ ხევის პირას, იმავე ადგილას, საიდანაც ხევში ჩაეშო, ის... ახლა უკვე პერანგის ამარა... ღმერთო, რა ლამაზი იყო!.. იმისი სხეული, ბროლის სხეული, თავის უსწორ-მასწორობით ისხივებოდა პერანგიდან... ბნედა მომგვარა... წამოვხტი მაშინვე, თითქოს ახლად დავიბადე და არც რამ შიში მიგრძვნიაო!.. დამავიწყდა ეშმაკი ჩემი კერატის სახით და გავქანდი დედოფლისაკენ... მაგრამ სწრაფად კერატი წინ გადამეღობა და ისე ძლიერად მკრა გვერდი, რომ იქვე გადვიჩეხე, თვალი მაინც არ მომიშორებია ჩემი დედოფლისთვის... ის ისევ იქ იდგა და უკვე ნაღვლიანის ღიმილით მაინც თავისკენ მიწვევდა... კერატი-კი წინ მედგა, ახლა გაალმასებული ეშვებით. გამიკვირდა კიდევაც, რომ ეშვები არ მოიხმარა და მარტო გვერდი მოიხმარა... აღარ მეშინოდა კერატის... ისევ წამოვდექი და დავაპირე წინ სვლა დედოფლისკენ, მაგრამ კერატმა ისე შემომაკვესა თვალები და ეშვები ისე გააკაპუნა, რომ ფეხის გადადგმა ვეღარ შევძელი. უეცრივ მოვიფიქრე, ზურგი მეჩვენებინა კერატისთვის... ასეც მოვიქეცი, ვიბრუნე ზურგი და სწრაფად გავიქეცი.... ვგრძნობდი, დედოფალი იქვე მელოდა... კერატისა კი არა მესმოდა რა... კარგა ხანს მივრბოდი და როცა ბუწკნარს წავაწყდი, მაშინ შევდექ და ვიბრუნე პირი... ჩემი დედოფალი მიახლოვდებოდა იმავე სახით... სწრაფად ხელები მისკენ გავიწოდე და მინდოდა გავქანებულიყავ, რომ ამ დროს კერატმა წაიღრუტუნა და... გაწვდილი ხელები ჩამომცვივდა... თვალთ დამიბნელდა... კერატი წინ იყო გაალმასებული... ყურთუკუღმა ნელ-ნელა წაველ... თვალს დედოფალს არ ვაშორებდი, რომელიც უფრო ნაღვლიანად მიწვევდა თავისკენ... ზურგი ბუწკნარს მივაბჯინე... მე მაინც უკან ვიხევდი... ზურგით ბუწკნარს მივარღვევდი... ვგრძნობდი საშინელ კაწრვას მაყვლისგან, მაგრამ მაინც უკან ვიხევდი, რომ კერატისგან მიმემალა თავი...

“კერატის სუნთქვაც აღარ ისმოდა... შევდექი...

“დედოფალს ადგილი ეცვალა, ჩემ დასანახავად სხვა ადგილი ამოერჩია... ის თავისკენ მიწვევდა... ჩაება ჩემი სხეულისთვის ძაფები და ისე მიზიდავდა... არ შემეძლო არ წავსულიყავი... ჩემი სხეული იმისკენ მიისწრაფვოდა...

“მეც მაშინვე ისევ იმისკენ წაველი... ბუწკნარიდან გამოვყავ თავი თუ არა, მაშინვე კერატმა ისე გამიკაპუნა ეშვები, რომ უკანვე წავძვერი... აქეთ ვეცი, იქით ვეცი, მაგრამ ვერას გავხდი... თურმე გაუვალ ბუწკნარში შევმძვრალიყავ... ერთად-ერთი გზა ისევ უკანვე გამოსასვლელი იყო...

“მეც ასე მოვიქეცი, მაგრამ მცველად ამ გზისა ისევ კერატი იყო... მოელვარე ეშვებით...

“ხელთ არა მქონდა რა, რომ შევბრძოლებოდი კერატს...

- არ ჰგვანებია უგულოს, თორემ... - უნებურად წამოიძახა ირემამ.

- როგორ?.. - შეეკითხა მეღორეთ-უხუცესი.

- ისე, რომ...

მაგრამ ამ დროს მახარემ ირემას ცერად შეხედა და ეს საკმარისი იყო, რომ ირემა გაჩუმებულიყო და აღარ განეგრძო...

- ლომამ ძალიან უდრო უდროს იცის შეკითხვა... განაგრძე... განაგრძე, უხუცესო!.. - შეეხუმრა მახარე მეღორეთ-უხუცესს, რაკი იმან ირემას გაჩუმებაზე ორივეს რაღაც უცნაურად გადახედა...

მეღორეთ-უხუცესი მაინც იმავე სახით ხან ერთს შეხედავდა, და ხან მეორეს, ამბის გაგრძელებას მაინც არ აპირობდა...

- მოუთმენლად მოველი შენი ამბის ბოლოს, უხუცესო... - მიმართა ცოტა სიჩუმის შემდეგ მახარემ... - შენ კი, ლომავ, კრინტი აღარ დასძრა, თორემ...

- ჰო!.. - თითქოს გამოერკვაო მეღორეთ-უხუცესი ამ მიმართვაზე... - რას ვამბობდი?!.

- ბიძაშენს ხელთ არა ჰქონდა რა?..

- ჰო!.. ბიძაჩემმა სთქვა: “ხელთ არა მქონდა რა, რომ კერატს შევბრძოლებოდი... ჩემი სული და გული დედოფალთან იყო, ისე მომხიბლავად მიწვევდა თავისკენა... მაგრამ მიახლოვებას კი ვერ ვახერხებდი, რადგანაც შუაში გაალმასებული ეშვები გვერჭოო...

“... რიჟრაჟამდის ასე ვიყავით... რიჟრაჟისას კი დედოფალი მიმემალა... მაშინვე იმ ადგილისკენ გავქანდი, სადაც ის იდგა, რადგანაც კერატი ახლა მუხების ქვეშ რკოს დაეძებდა და ღრუტუნებდა... შუაში ეშვებს აღარ გვიალმასებდა... მაგრამ ვეღარ ვიპოვე დედოფალი... ხევსაც გადავხედე, მაგრამ იქ სასახლე არ იყო... თოვლის ნამქერი იყო მიყრილი, სადაც დედოფლის სასახლე იდგა... გამოვტრიალდი გულჩაწყვეტილი და... ჩემი კერატი ღრუტუნით მეალერსება... შემეზიზღა... ფეხი ვკარი... წაიჭყვიტინა, მაგრამ ისევ ალერსით შემომღრუტუნაო”...

- იმავე დღეს ბიძაჩემი ცხონებულმა მეღორეთ-უხუცესმა შინ გაისტუმრა... კერატიც უკან აედევნა, მაგრამ ბიძაჩემმა ისე ჰკრა კომბალი გვერდში, რომ კინაღამ გვერდის ძვლები არ შეუმტვრევია, და შეევედრა მეღორეთ-უხუცესს: “გეთაყვა, ე კერატი არ გამომაყოლოვო!” კერატი დაიკარგა... რამდენი კაი ვაჟკაცი გაუფუჭებია იმ წყეულს!.. ზამთარი არ გავა, რომ რომელიმე ბიჭი არ გამოგვაკლდეს. თუ ნადირმა არ გააფუჭა, ბინის ახლო სადმე ნამქერში გაყინულს ვპოულობთ ხოლმე... ეს სულ ტყის დედოფლის ოინებია... კიდევ კარგი, ბიძაჩემი გადარჩა... მაგრამ რა გადარჩენა იყო?!. იმის შემდეგ აღარ გაუცინია... ქალი შესძულდა... ვერ უხსენებდნენ ცოლის შერთვას... ან კი ვინ მოეწონებოდა ი დედოფლის შემდეგ!.. სოფლიდან ისე გადავარდა, რომ უცოლშვილოდ ამოიფხვრა...

- ღმერთმა მტერსაც კი აშოროს იმისი ხილვა... - განაგრძო ცოტა სიჩუმის შემდეგ... - ხილვა კიდევ არაფერი. თუ გაიტყუა და თავისთან ჩაიგორა, მაშინ ცოცხალი აღარავინ გადურჩება... თურმე ისე ჩაიხუტებს, ისე დაეწაფება ვაჟკაცს, რომ ნეტარებით რაც კი რამ სიმხურვალე აქვს, სულ დედოფალს აძლევს და თითონ კი იყინება...

- არა სჯობდა, ბიძაშენს ეგ დამართნოდა, ვიდრე ისე გაუცინრად ამოფხვრილიყო?!. - წამოიძახა მახარემ და დააშტერდა მეღონეთ-უხუცესს...

მეღორეთ-უხუცესი ჩაფიქრდა... კარგა ხანს ასე ჩაფიქრებული იყო და შემდეგ წამოიძახა...

- იქნება!.. მაგრამ შენ და შენი ამხანაგი დილაზე ადრე წახვალთ. ბიჭს გამოგაყოლებთ და პირდაპირ მეჯოგეებთან მიგიყვანთ ისეთი გზით, რომ არც ერთი სოფელი არ შეგხვდებათ.

- მაგას ძალიან დაგვავალებ, - წამოიძახა ირემამ...

- თქვენც დამავალებთ, თუ ამაღამ უჩემოდ ფეხს არ მოიცვლით... ნამეტნავად შენ, უგულოვ!..

- ახლა ჩემო მეღორეთ-უხუცესო, ძალითაც რომ გამაგდო, ფეხს არ გავდგამ, თორემ ჩემი ნებით ხომ არსად წავალ!.. - ღიმილით უთხრა მახარემ და მაშინვე თავის სარეცელზე მიწვა, რომელიც ქოხში ტყავებისგან შესდგებოდა და ზევიდანაც ტყავები წაიხურა... ასევე მოიქცნენ დანარჩენებიც...

ირემას და მახარეს ჩქარა ჩაეძინათ, ხოლო მეღორეთ-უხუცესი ჯერ კიდევ ფხიზლობდა და ყურს უგდებდა მახარეს სუნთქვას...

როცა კი დარწმუნდა, რომ მახარეს მართლა ეძინა, მაშინ იმასაც ძილი მოერია...

მეექვსე კარი

I

გასაგიჟებელი დღე გამოვიდა ეს დღე გაზაფხულის პირას...სუსხიანი ზამთარი იყო... ძრწოდა ბუნება. ადამიანი ხომ შინიდან გარედ ცხვირს ვერ გამოჰყოფდა... თუ გამოჰყოფდა აუცილებელ საჭიროებისთვის, საცოდავი სანახავი იყო... ბედშავად გამოიცქირებოდა და ცდილობდა ჩქარა ისევ კერას დაბრუნებოდა...

მეფე-ნადირაც მაგ დღეში იყო... დიდმა მეფემ სამუდამოდ უარი სთქვა მეფობაზე, რაკი ტახტი თავის წულს გადასცა და ნადირას ხვეწნა, რომ ერთ წელიწადს კიდევ ემეფნა, არად მიიღო. თავის საყვარელ ბაღს შეეხიზნა, რომელშიც თავისთვის წინადვე პატარა სასახლე მოიმზადა...

- არა, შვილო, ერთ წელიწადს კი არა, ერთწუთსაც ვეღარ დავრჩები მეფედ... - უთხრა დიდმა მეფემ თავის წულს, როცა ის შეემუდარა და აუხსნა მიზეზი... - ეთერს სახლში არ გავუშვებდი, თუ კი შენზე მაგრე იმოქმედებდა იმის წასვლა...

- მამავ, უმაგისობა არ შეიძლებოდა!.. სამუდამოდ დავკარგავდი, რომ არ დავთანხმებულიყავ... ახლა კი, შემომფიცა, ერთი წლის შემდეგ შენი ვიქნები სამუდამოდო... ძალმომრეობა ვერ ვიხმარე... იმას კი ყოველი ჩემი მიახლოვება შიშის ზარს სცემდა... და ამ დროს აბა ცოლქმრობაზე ვინ იფიქრებდა?!.

- რაც უნდა სთქვა, შვილო, არ უნდა გაგეშო... ერთი წლის შემდეგ კი შენი იქნება?!.

- შემომფიცა!

- “შემომფიცა!.. შემომფიცა”!.. - გაჯავრებით გაიმეორა დიდმა მეფემ მეფე-ნადირას სიტყვა.. - ქორწინება შეფიცვა არ იყო?!.

- მამავა, მეც მოვაგონე ეგ, მაგრამ იცი, რა მიპასუხა?! “ჩემი ქორწინება მოტყუებით იყო... მაშინ სულ დავიბენიო... მე შენ გიცქერდი, როგორც კარის კაცს... პირობა მომეცი: “სეფე-წული სულ არ გეჩვენებაო” და ის კი არა, შენ ყოფილხარ სეფე-წული. და ისე მოტყუებით წამომიყვანეო”... სრული ჭეშმარიტება ამოდიოდა იმის ბაგიდან... მერე ი “ზარი” რომ გაიბზარა, თითქმის გულწასული მომესვენა გულს და, აი, მაშინ მოვხადე თავმანდილი და მკლავზე გადავიგდე... “გონს რომ ვყოფილიყავ მაშინ, თავმანდილის მოხდას არ დაგთანხმდებოდიო... მერე კი, როცა გამოვერკვიე, სიზმარში მეგონა ჩემი თავი და არა მესმოდა რაო”...

- მართლადაც, ის იმ დღის შემდეგ, - განაგრძო მეფე-ნადირამ: - თავის გონზე აღარ იყო. სულ ვერ ვცნობილობდი. ხომ ნახე, მამავ, იმ დღეს, რა მომხიბლავი იყო ეთერი, ვიდრე გამოვუცხადებდი ჩემ ვინაობას?!.

- მერეც, შვილო, მერეც!.. მერე უფრო ნამდვილი დედოფლის იერი ჰქონდა...

- დედოფლისა, მამავ, დედოფლისა, მაგრამ ჩემთან ცივისა... მხოლოდ ამისათვის დავთანხმდი ერთი წლით დაშორებას... ამ ერთი წლის განმავლობაში დაუფიქრდება, შეეჩვევა ჩემ ცოლობის აზრს და მოლხვება - მეთქი, მერე გადია გვერდით ჰყავს. ის დამპირდა: “ყოველ დღე შენ სახელს გავახსენებო”...

- იქნება, გადია უფრო რევდეს!..

- არა, მამავ, გადიამ ბევრჯერ დამიმტკიცა თავისი ჩემდამი ერთგულობა... ვერ წარმოიდგენ, რანაირად ტუქსავდა ეთერი გადიას, მაგრამ ის მაინც ამას არ ერიდებოდა... თუ რამე გაბედული ნაბიჯი გადავდგი, მხოლოდ გადიას დახმარებით... გადიას ძალიან უნდოდა, ერთ ღამეს მაინც დავრჩენილიყავ ეთერთან, მაგრამ აკი გითხარი, ვერ მოვახერხე... სულ ცოფი ერეოდა და გიჟდებოდა... - ხშირად, როცა კი მე შევიდოდი ეთერთან, რასმე მოიმიზეზებდა და მარტოკებს გვტოვებდა... ეთერი კი ცდილობდა არ გაეშვა, მაგრამ ის ყოველთვის ახერხებდა...

- როცა ეთერს დავთანხმდი ერთი წლით დავშორებოდი, და გადიამ ეს გაიგო, მაშინვე ტირილით ჩემთან შემოვარდა და საყვედურებით ამავსო...

- ღვთისნიერი ადამიანი ყოფილა, ვფიცავ უფალსა!.. - წამოიძახა უფროსმა მეფემ და ჩაფიქრდა...

- აკი გეუბნები, მამავ, ის არ მიღალატებს და ყოველთვის ცნობას მომაწვდის, თუ კი იქ ახლო სადმე ვიქნები, ისე კი, რომ ეთერმა არ იცოდეს... ამ ერთ წელიწადს ისევ შენ იმეფე და მე კი...

- ააარა, შვილო, მაგაზე კი ნურას უკაცრავად... - წამოიძახა დიდმა მეფემ და წამოდგა... - აკი გითხარ, ძლივას ჩამოვიხადე ეგ ტვირთი და ახლა ხელმეორედ ერთი წამითაც არ შემიძლიან ისევ ავიკიდო... მეყოფა. ოცდაათი წელიწადი ვზიდე... ახლა შენ ზიდე... მე კი...

- მამავ, მხოლოდ ერთ წელიწადს!.. - უკანასკნელად შეემუდარა ნადირ-მეფე... - მაშინ მარეხიც ისევ გამხიარულდება და...

- შვილო, ნადირ, მარეხსაც შენ ჩაუკალ გული... მეფე ახლა შენა ხარ... რაღაც ზარია, ისე რომ არ დაგენარცხებინა და რიგიანად შეგეთავაზნა, იქნება, არ გაბზარულიყო... იმის შემდეგ მარეხს პირზე ღიმი აღარ ასთამაშებია, თორემ გაცინებას ვინღა იტყვის... მეფე ხარ, გაამხიარულე ისიც... მოანახვინე ვიღაც მახარე ყოფილა, გაამთელებინე ზარი, და იმედი მაქვს, მარეხიც გამხიარულდება და, იქნება, ეთერიც იმ წამს იქ დაიბადოს... როცა ზარი გაიბზარა, შევამჩნიე, სწორედ მაშინ ორივემ გონება დაკარგეს... ახლა კი მშვიდობით იყავ... ჩემ სასახლეში მივალ სამუდამოდ და... მგონი მარეხიც ჩემთან გადმოსახლებას აპირებს...

- უკანასკნელი შენი პასუხი ეს არის?!.

- ეს არის!.. - სთქვა და მოშორდა ნადირ-მეფეს...

ასეთ პირობებში მოემწყვდა ნადირ-მეფე თავის მეფობის პირველ ზამთარს. დარჩა მარტოკა უეთეროდ, უმამოდ, უმარეხოდ, და უირემოდ... ირემა მაინც რომ ჰყოლოდა გვერდით, კიდევ არას ინაღვლიდა... იმას გაენდობოდა და თავის მაგივრად გაგზავნიდა ეთერის ამბების შესატყობად, მაგრამ ახლა რა ჰქნას?!. ვის გაენდოს?!.

- რამდენი ღამე უთევია ამ ზამთარს და სიგიჟემდის მისულა, მაგრამ ვერა მოეხერხებინა რა...

სამეფოზე ზრუნვა ხომ სულ გადაავიწყდა... კიდევ კარგი, სამართლისთვისაც არავის აუტალახებია კარი ამ სუსხიან ზამთარში... თორემ კაი სამართალსაც მიიღებდა მეფის სასახელოდ... სუსხიანმა ზამთარმა გაზაფხულის თვეებიც მოიაყოლია და დიდი ზარალი მისცა მწყემსებს... ბევრი გაყინა... საქონელი ხომ აუარებელი დაუზარალა... ნამეტნავად ცხვარი...

და, აი, გაზაფხულის მეორე თვის მიწურულში უეცრივ მოლხვა, პირველ დღესვე ახმაურდა არე-მარე, ყოველ ღელე-ხევში ჩხრიალი დაიწყო წყალმა... მცხოვრებთ თითქმის გამოეპარათ ეს პირველი დღე. ისე შეშინებულები იყვნენ ზამთრის სუსხით... იმ ღამეს გულიანად ეძინათ... სახლებშიაც შეატანა სითბომ და, როცა გამოეღვიძათ, იგრძნეს სითამამე, სხეულის ამოძრავება... ტანში გასწორდნენ და გარედ გამოიფინენ... აქ ხომ სახე გაეშალათ და მომღიმრებს სრულებით მიავიწყდათ საშინელი სუსხი... ყველა მხიარულობდა. კაცი, თუ ქალი, დიდი, თუ პატარა... შინაურ ფრინველმა ხომ მხიარული ქორწილი გააჩაღა.

მეფე ნადირასაც ეს დაემართა... სუსხიანი ზამთრის დღე-ღამეების წუხილი უეცრივ მიავიწყდა და ახლა მთლად იმედებით აივსო... დადიოდა თავის სასახლის წინ და სახე უცინოდა... ახლა ისე უიმედოდ არ ეჩვენებოდა ეთერის შორს ყოფნა. ეგონა, სწრაფად ფრთები შეესხმოდა, წამს იმასთან გაჩნდება და უხილავად ისევ უკან დაბრუნდებოდა...

ამ ოცნებაში იყო, რომ შემოესმა რაღაც ხმაურობა... წამს ყური ათხოვა. გამოერკვია და შენიშნა, რომ ხმაურობა უახლოვდება...

მეფე-ნადირას შეუწყდა ოცნების ძაფი და ჩქარა დაინახა: სასახლის წინ რამდენიმე უცხო ტომის, ტლანქად გამოკვეთილი კუნძებივით, ტყაპუჭებით, გრძელწვერა რამდენიმე ათეული...

იმათ დაინახეს თუ არა მეფე - ნადირა მაშინვე თავები მიწას ახალეს და შესძახეს:

- თქვენ უმაღლესობასთან ვართ გამოგზავნილი და, აი, ეს ძღვენიც თქვენი მეუღლისთვის არის!.. - მოწიწებით უთხრეს მეფეს, მაგრამ იმათ თვალში რაღაც მზაკვრობა გამოკრთოდა...

- ვისგან?.. - შეეკითხა მეფე-ნადირა განცვიფრებით...

- ჩვენი მეფისგან...

- ვინაა თქვენი მეფე?

- ჩრდილოეთისა!..

- ჰოო!.. მაგრამ ასე სწრაფად როგორ გაიგო ჩემი დაქორწინება, და ან ასე როგორ სწრაფად იარეთ, რომ მოასწარით ასეთი დიდი მანძილის გადმოლახვა ამ ზამთარში?!.

- ჩვენი მეფე სულ ახლოს არის. დავიპყარით მთელი ხმელეთი... ამ დროს შენი ქორწინების ხმაც მოესმა და ჩვენც გამოგვგზავნა საჩუქრებით.

II

უფროსმა მათგანმა უბრძანა დანარჩენებს მოეტანათ საჩუქრები, რაც სწრაფად შეასრულეს და ერთი დატვირთული ჯაგვა სასახლის წინ დააყენეს, რომელშიაც ოთხი ძლიერი ცხენი იყო შებმული და უკან კიდევ ცხრაკეც საბლით გამობმული რაში, რომელსაც ოთხი უზარმაზარი კაცი ჯაჭვებით ძლივს იმაგრებდა. შედგა თუ არა, ერთი ისეთი დაიჭიხვინა, რომ ზეცას ასწვდებოდა იმისი ჭიხვინი, და თვალებიდგან ცეცხლის ნაპერწკლები წამოყარა...

მეფე-ნადირას ამის დანახვაზე ფერი ეცვალა, დიდი მეფეც ამ ხმაზე ქლოშინით სწრაფად აქ დაიბადა და შვილს შეხვდა... უკან მოჰყვა ფერწასული მარეხიც...

რა ესენი, სწრაფად მთელი ქალაქი აქ დაიბადა და ყველა განცვიფრებული და შეშინებული გამოიცქირებოდა ამ ცეცხლისმფრქვეველ რაშის მნახველი...

მეფე-ნადირამ სასახლეში მიიწვია უფროსი, რომელმაც განკარგულება მოახდინა, შეეზიდათ საჩუქრები...

რა ძვირფასი ბეწვეული გადუშალა თვალ-წინ, რა თვალ-მარგალიტი და რა ოქრო და ვერცხლი... მარეხს თვალი ზედა რჩებოდა...

შიკრიკი მომხიბლავის ხმით ამკობდა თავის მბრძანებელს, როცა ალაგებდა ნივთებს და ცალი თვალით მარეხს უმზერდა...

- რაც შეეხება რაშს, ნება მიბოძეთ ცალკე მოგახსენოთ... - დაუმატა შიკრიკმა, როცა ამოლაგებას მორჩა და დაატყო, რომ საჩუქრებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება იქონიეს ყველაზე...

- აქ უცხო არავინ არის, სთქვი!.. - უპასუხა მეფე-ნადირამ...

- შეიძლება, მაგრამ ჩემმა მეფემ დამავალა საიდუმლოდ მოგახსენოთ!.. - სთქვა და მარეხს და უფროს მეფეს გადახედა...

ისინი მაშინვე გატრიალდნენ და დარბაზიდან გავიდნენ...

- მითხარი, რა დაგავალა შენმა მბრძანებელმა... ახლა მარტონი ვართ...

ჩამოვარდა წამით სიჩუმე... შიკრიკი შეფიქრიანდა... თითონვე იგრძნო უკმეხობა დავალებისა და ამისთვის ენა აღარ ემორჩილებოდა... მერე ხელი ჩაიქნია, უკმეხად წამოიძახა:

- თავი რა ბევრჯერ ვიმტვრიო, პირდაპირ გეტყვი: ჩემმა მეფემ შემოგითვალა: “ეს რაში გამიხედნინე და უკანვე გამომიგზავნეო და, თუ ვერ გახედნით მანდ, მაშინ შენი ცოლიც მაგ გაუხედნავ რაშს უნდა გამოაყოლოვო”...

მეფე-ნადირა ამ სიტყვებზე აენთო... წამს ხელები აუთამაშდა, მკლავებში ძარღვები დაეჭიმა, და, ის იყო, უნდა შიკრიკისთვის ყანყრატოში ეტაცა ხელი, რომ ამ დროს მეფე-ნადირას სახის ცვლილებით შეშინებულმა შიკრიკმა აკანკალებულის ხმით წამოიძახა:

- ვიცი, შენო უზენაესობავ, ძნელია დათმობა იმისთანა უზენაეს სინაზის და სიმშვენიერის, რომელიც ვიხილე... ამისთანა სიმშვენიერეს კაცი თავს ანაცვალებს, მაგრამ რატომ არ გნებავს შეეცადო გახედნას?.. იქნება, სულ...

- კმარა!.. - უკივლა მეფე-ნადირამ და გასვლა უბრძანა... - ხვალ მოხვალ აქ... მანამდის კი თავისუფალი ხარ, და ყველა თქვენგანი დაბინავებული იქნება... რაშს თქვენ უპატრონეთ ამაღამ.

- ვასრულებ შენს ბრძანებას, ჩემო მეფევ!.. - წამოიძახა შიკრიკმა და ყურთუკუღმა მოწიწებით დარბაზიდან გავიდა...

მეფე-ნადირა აღელვებული დარბოდა დარბაზში და არ იცოდა, რა გადაეწყვიტა... უეცრივ გაუელვეს გონებაში შიკრიკისგან წარმოთქმულმა სიტყვებმა: “ძნელია დათმობა იმისთანა”... ნუ თუ მარეხი იმ ბრიყვს ჩემი ცოლი ეგონა?!.

“სწორედ ასეა, თორემ ასე არ იტყოდა... ეთერი რომ ენახა, მაშინ რაღას იტყოდა?!. იქნება აღარც კი გაებედნა თქმა და ისე წასულიყო... მაგრამ რა დროს ამაზე ფიქრია?!. ასეთ უკმეხ წინადადებას უკმეხივე პასუხი უნდა შეეთვალოს, მაგრამ ჩრდილოეთის მეფე”...

ამ დროს შემოვიდა დიდი მეფე და, რა შვილი აღელვებული ნახა, შეეკითხა:

- რა მოგივიდა, შვილო?

- მამავ, მამავ, ვერ წარმოიდგენ, რა უკმეხი წინადადებით მომმართა ჩრდილოეთის მეფის შიკრიკმა!.. ის რაში გასახედნად გამოუგზავნია ჩემთან და მითვლის: “თუ ამ რაშს ვერ გახედნი მანდ, მაშინ შენი ცოლი უნდა გამომიგზავნოვო”...

- მერე, შენ რა უპასუხე?

- გავაგდე დარბაზიდან და ვუთხარ: “ხვალ მიიღებ პასუხს!” მინდა მოვიფიქრო, ისეთი რა პასუხი შევუთვალო, რომ იმასაც ისე აეწოს გული, როგორც მე ამეწო...

დიდი მეფე ჩაფიქრდა. მეფე-ნადირა კი განაგრძობდა წყრომას...

- ვერ უყურებ იმ... იმ... - უნდოდა ისეთი რამ სიტყვა ეთქვა ჩრდილოელ მეფის გასალანძღავად, მაგრამ შესაფერი სიტყვა ვერ მოენახა და იმეორებდა: “იმ... იმ”... - არა!.. - მიანება სიტყვის ძებნას თავი და განაგრძო: - ეთერი ჯერ მე ცოლად არ მიგრძვნია და ის კი, მითვლის, თუ ამას ვერ გაახედნინებ მანდო, შენი ცოლი უნდა გამომიგზავნოვო!.. კარგია, შენმა მზემ ასეთი პირობები?!. არა... ხვალვე ავაკაფინებ იმ რაშს, ჩავაწყობ იმისავე ჯაგვაში და შევუთვლი: “ასე ვხედნით შენისთანა მეფეების რაშებს!..”

გამოერკვია ამ დროს დიდი მეფე და შეეკითხა შვილს:

- რა გადასწყვიტე, შვილო?!.

- ხვალვე ავაკაფინებ რაშს და ისე გაუგზავნი...

- ნუ, შვილო, მაგას ნუ იზამ!.. არა, სჯობია მართლა შევეცადოთ გახედნას. იქნება, გავხედნოთ და ბოროტება თავიდან ავიცილოთ... თორემ შენი გადაწყვეტილება უეჭველად თავს დაგვატეხს ხალხის უაზრო ჟლეტას.... შარიანი და უკმეხი არიან ჩრდილოეთის მეფენი... სჯობია, შარს ერიდო... შენა გგონია, ეგ წინადადება შარის გულისთვის არაა მოგონილი, რომ...

- თუ მაგრეა, ის ყოველთვის მოგდებს შარს და... - გააწყვეტინა სიტყვა მეფე-ნადირამ... - არა სჯობია, ერთხელ და სამუდამოდ ავლაგმოთ, რომ...

- არა, შვილო, იმას მრავალრიცხოვანი სამეფო აქვს... კალიასავით შემოგვესევა, მაგრე უეცრად რომ გამოვიწვიოთ... გგონია, მარტო შენ შემოგითვალა ეგეთი საშარო წინადადება?.. არა... ბოროტი ადამიანი ყველასთან ბოროტია... უეჭველია, ის სხვა მეზობლებსაც შარს უდებს... სანამ ჩვენ ამ გზით ცოტათი ავიცდენთ იმის შემოსევას, სხვებს ამ დროს წაესისინება და მაშინ ჩვენც გავმაგრდებით... ბოროტი ადამიანი თავის ბოროტებაშივე ჩაიხრჩობა... ვეცადნეთ, როგორმე მოვიგერიოთ, ვიდრე ჩაიხრჩობოდეს...

- საყვარელო მამავ, კარგი, შევეცდებით გახედნას, მაგრამ რომ ვერ გავხედნოთ, ნუთუ ეთერი უნდა გავუგზავნოთ?!.

- ვინ გეუბნება, შვილო, მაგას... იმედი მაქვს ჩვენ სამეფოში გამოჩნდება ვინმე, რომელიც რაშს ზურგზე მოახტება და დაიწყებს ხედნას... თუ ვერ გახედნა და გადმოაგდო, იმედია, რაში უკან არ დაბრუნდება და აღარც დაებმის... გადიკარგება სადმე. ან უკანვე მიუვა პატრონს... შენ შეუთვლი: ერთი შეეცადა გახედნას, მაგრამ ვერ შესძლო... რაში, უეჭველია, უკან დაბრუნდა... გამოგზავნე, სხვა მრავალი მხედნავი მყავს. ბოლოს და ბოლოს მაგ რაშს უეჭველად გავახედნინებ-თქო... ვიდრე ესენი შენ პასუხს მიუტანენ და ის რასმეს მოიფიქრებს, იმედია, მანამდის იმას სხვა ჭირი აუტყდება და, შეიძლება, ჩვენთვის აღარ სცეხლოდეს...

მეფე-ნადირა ჩაფიქრდა ცოტა ხანს და შემდეგ უფრო დამშვიდებით წამოიძახა:

- მართალს ამბობ, მამავ, მართალს!.. სჯობია, დრო მოვიგოთ... მაგრამ არ ვიცი, ვინ გაბედავს იმაზე შეჯდომას... მგონია, ჩემზე კარგი გამხედნი არავინ იყოს, მაგრამ, სიმართლე გითხრა, მამავ, ვერ გავბედავ იმ ცეცხლზე შეჯდომას...

- იქნება, შვილო, ყველაზე უკეთესი მხედნავი იყო. მაგრამ ყველაზე გამბედავი კი არა...

- არც გაბედულება მაკლია, მაგრამ...

- მაინც, სჯობია, შვილო, მეჯოგეთ-უხუცესი დაიბარო, ის აქ არის. სწორედ გუშინ ამოვიდა საჯოგედან... შენ კი რომ გაბედო კიდევაც, არ გირჩევდი... რომ ვერ დაიმორჩილო რაში და გავნოს რამე, მაშინ ხომ იმ ბოროტს ვეღარ მოვშორდებით და აქ შემოგვეჭრება... მაშ, აფრინე ვინმე მეჯოგეთ-უხუცესთან...

მეფე-ნადირა გავიდა... დიდი მეფე მწუხარებამ შეიპყრო. სწრაფად დაეღარა სახე... შვილთან თავს იმაგრებდა და, როცა ნადირა გავიდა, მაშინ კი ვეღარ შეიმაგრა თავი და თითქმის თვალი აუცრემლიანდა... ბევრი რამ ავი ახსოვდა ჩრდილოეთის მეფისა... ბევრი დამცირება, მაგრამ ამას არ ეუბნებოდა თავის შვილს... უმალავდა... ასე თუ ისე, თავიდან იცდენდა იმის შემოსევას, და აჰა, ახლა კიდევ ეს უკმეხი შეურაცხყოფა შვილისა...

მარეხი შემოვიდა დარბაზში მამის წასაყვანად, რაკი ნადირა გარედ დაინახა... უკვე სამხრობა იყო... დაინახა რა, შეკრთა... ხმის ამოუღებლივ მივიდა მამასთან და ალერსით მხარზე ხელი დაადო... მაგრამ დიდმა მეფემ ვერც კი შენიშნა...

- მამავ, ვეფხვა თითონ მოვიდა. დაძახება აღარ მომინდა... - თქვა შემობრუნებულმა ნადირამ.

შემდეგ მარეხი შენიშნა და მიმართა იმას:

- მარეხ, მამა მოიკითხე?!.

მოაგონდა კიდევ შიკრიკის სიტყვები... “რას ჩამაცივდა ეს შიკრიკის სისულელე?!. წამს შეეკითხა უსიტყვოდ თავის გონებას მეფე-ნადირა...

დიდმა მეფემ სწრაფად გაშალა ნაოჭები შვილის ხმის გაგონებაზე და ახლაღა შენიშნა მარეხი... ტუჩები ღრმად გადაეშალა და:

- მომნახე, ჩემო ანგელოზო?!.

- ჰო, მამავ, სამხრობაა, მომშივდა!

- ახლავე, ჩემო კარგო!.. ცოტაოდენიღა დაგვრჩა...

- მაშ ჩავიდე?!..

- არა! შვილო ნადირ, ვგონებ მარეხის აქ ყოფნა ხელს არ შეგვიშლის მეჯოგეთ-უხუცესთან მოლაპარაკებას...

- არა!.. მე უკვე ვუთხარი და ძალიან იძნელა...

ვეფხვა შემოვიდა ამ დროს კრძალვით.

- აბა წინ წამოდექ, ჩემო ვეფხვავ!

- ვახლავარ დიდ მეფეს!

- ნახე ი რაში?!.

- როგორ არა, დილასვე! იმისმა ჭიხვინმა ქალაქში ვინღა დააყენა აქ მოუსვლელი?!.

- მაშ იმის გამხედნავი არავინ გეგულება მწყემსებში?!.

- გამხედნავი არ ვიცი, და გამბედავი კი ერთი მეგულება... ამ ზამთარს შემოგვეხიზნა ორი ვაჟკაცი - ლომა და უგულო... უგულომ არც ერთი ცხენი არ გაუშვა გაუხედნავი... რაც უფრო გიჟი ცხენი იყო, იმას ეტანებოდა... ახლა გაუხედნავი ჯოგში ცხენი აღარ მეგულება... მოახტებოდა ხოლმე უბელოდ და დაიკარგებოდა... მხოლოდ მეორე ან მესამე დღეს მოვიდოდა ცხენით უსაბელოდაც კი... იქნება იმან გაბედოს, მაგრამ ვეჭვობ... ეგ ცხენი რაღაც ღვთის რისხვაა...

- მაშ, აბა, აფრინე კაცი და ხვალ აქ იყვეს ის უგულო... - უბრძანა დიდმა მეფემ მეჯოგეთ-უხუცესს...

- ახლავ!.. - უპასუხა და გატრიალდა.

- ახლა კი ვისამხროთ, ჩემო მარეხ!.. ნადირაც ჩვენთან ისამხრებს...

- ოჰ, დიდის სიამოვნებით!..

- “უგულო”!.. პირველად მესმის ეს სახელი!.. - წამოიძახა მარეხმა...

III

მართალია, ეთერმა გამობრუნების შემდეგ გადიის ჩაგონებით გადაწყვიტა გაეწია ნამდვილი ცოლობა მეფე-ნადირასთვის; ამაში კიდევაც გამოუტყდა ნადირას, რამაც უმაღლესი სიხარული გამოიწვია იმაში. და ნადირას სულმა მწარედ დაიწყო შეღამების ლოდინი... ეთერი კი ჩვეულებრივად იქცეოდა, მარეხს ემსახურებოდა, ანუგეშებდა, რომ გამოჩნდება როდისმე ზარის გამმთელებელიო...

ეთერისთვის ეს დღე შეუმჩნევლად დაღამდა. მეფე-ნადირასთვის კი მთელ საუკუნოდ იქცა... სამაგიეროდ... რა მწვავე და აუტანელი გახდა ეს ღამე ეთერისთვის... რომ სცოდნოდა, თუ ასეთი ღამე დადგებოდა, ინატრებდა, რომ ის დღე არ დაღამებულიყო.

ნადირასაც რომ სცოდნოდა, არც ის მოისურვებდა იმ დღის დაღამებას...

იმ ღამისთვის დიდიხანია მომზადებული იყო მეფე-დედოფლის საძილო ოთახი, მაგრამ თვენახევარს ელოდა ახლადნაქორწილევთ...

დიდიხანია ეს ოთახი გულ-ჩათხრობილი იყო... რაც დედოფალი ნანე დიდი მეფის თვალს მიეფარა, იქ ფეხი არავის შეუდგამს... ელოდა... ელოდა, და, აი, ახალგაზრდებისთვის ძლივას მოამზადეს და ამათაც, აგერ თვენახევარი ალოდინეს...

ამ დღისთვის ხელმეორედ დაალაგეს ეს ოთახი გადიას ხელმძღვანელობით. დილიდან საღამოს ჩასვლამდის მზე ეალერსებოდა და უკანასკნელი სხივებიც კი აქ შემოასრიალა და ისე ჩავიდა, რომ დილაზე პირველი სხივი ისევ ამ ოთახისთვის ეძღვნა...

ნავახშმევს გადიამ შეიყვანა ამ ოთახში. მიეალერსა რამდენჯერმე, როცა ტანთ ხდიდა და, რაკი ლოგინში ჩააწვინა, “ღამე სიხარულისა” უსურვა და გავიდა...

ეთერი ცვილის სანთელის შუქზე ოდნავ ამჩნევდა ოთახის მოწყობილობას. რამდენჯერმე თვალი მიავლ-მოავლო... და, ის იყო, გადაბრუნებას აპირებდა და ჩაძინებას, რომ ამ დროს მეფე-ნადირამ კარი შეაღო და აღელვებული პირდაპირ საწოლისკენ გაეშურა...

კარის გაღების ხმაურობამ და ნადირ-მეფის მიახლოვებამ გამოაფხიზლა ეთერი და ახლაღა იგრძნო, რომ ის ტანთ გახდილია, და მეფე-ნადირა იმისკენ მოეშურება... ტანი აეწო ისე ძლიერად, როგორც კი შეიძლება უმანკო ქალს სირცხვილისაგან აეწოს, როცა შიშველს უცხო ვინმე თავს წაადგება...

- ნუ მოდიხარ... ნუ!.. - იკივლა ეთერმა და საბანში თავით-ფეხებამდის გახვევა დაიწყო...

- ხა... ხა... ხა!.. - ალერსით წაიხარხარა მეფე-ნადირამ და უფრო გაბედულად მივიდა ეთერთან...

იმისმა მორცხვობამ უფრო მოხიბლა მეფე-ნადირას გრძნობა და ვნებად გარდაექცა... ძლიერად ჩაავლო საბანს ხელი და სწრაფად ზევით ასწია... ეთერმა წამს იგრძნო, თითქოს რაღაცა ძალამ ზევით აიტაცაო და მეორე წამს კი ისევ ძირს ლოგინზე სწრაფად დაეცა, მხოლოდ უსაბნოდ, საცვლების ამარა...

ასეთმა ძალმომრეობამ ეთერს მორცხვობის კრთომა დააკარგვინა... ის წამოიჭრა ზე და მრისხანებთი თვალები დააკვესა...

სიყვარულმა, უმანკო ბავშვობამ, ტანჯვამა და მრისხანებამ არ იცის მორცხვობა.

სიყვარულით დაკავშირებულთ აზრადაც არ მოუვათ ერთმანეთის სიშიშვლის ხილვაზე თვალები დახუჭონ, ისე როგორც უმანკო ბავშვებს სქესობრიობის მიუხედავად შეუძლიანთ შიშვლებმა ერთ გუბეში იჭყუმპალაონ... და ამას ბუნებრივ მოვლენად სთვლიან. მხოლოდ გაჭირვება და მრისხანება დროებით ავიწყებს მორცხვობას...

ეთერს სწორედ ეს დაემართა... ანთებულ თვალებით, პერანგით, ოდნავ წაფერფლილ მთრთოლვარე სხეულით... ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავს ემზგავსებოდა...

მეფე-ნადირა შეკრთა... ნაბიჯი უკან გადადგა, საბანი ხელიდან გაუვარდა, და შეაშტერდა ეთერს...

- გადი აქედან!.. - უკივლა ეთერმა და ხელით კარები აჩვენა...

- ეთერ, გავიწყდება, ვის ეუბნები მაგას!.. - ხმის კანკალით უპასუხა მეფე-ნადირამ. ეტყობოდა, თავს იმაგრებდა... - ჩემ სასთუმალს ვერავინ მომაშორებს და, მით უმეტეს, ჩემი მეუღლე!..

- შენი მეუღლე, რომელიც მოტყუებით მოიყვანე და... სირცხვილი, სირცხვილი მეფისთვის!.. ის კიდევ თავს მეფეს უწოდებს, რომელიც ჩემი მამის სახლში მეფიცებოდა, სეფე-წულს არ გაჩვენებო!.. ეს!...

- ეთერ!.. - ბრაზმორეული მეფე-ნადირა მივარდა და მკლავში სწვდა... მძლავრად წამოიქნია და საწოლზე წამოაპირქვავა... ეთერმა წამს დაკარგა შებრძოლების უნარი... არ მოელოდა ამ ძალმომრეობას. სირცხვილმა ტანი აუწო... ელოდა უარეს შეურაცხყოფას და ფიქრობდა ამას როგორ დახვედროდა... გაუნძრევლად იწვა წამოპირქვავებული და ელოდა შემდეგს...

- ეთერ... ეთერ!.. - შემოესმა მოწიწებითი ხმა... - რად გეზიზღები ეგრე?!.

ეთერი ამ ხმაზე მაშინვე წამოდგა... უკვე გამარჯვებულად იგრძნო თავი. ხმის ამოუღებლივ თავის ტანისამოსი ჩაიცო და ნადირას შეხედა, რომელიც მოჯადოვებულივით იდგა და თვალს ადევნებდა ყოველ იმის მოძრაობას.

- მეფე-ნადირ, რა გინდა ჩემგან?.. - შეეკითხა წყნარად ეთერი...

- შენთან სიცოცხლე, შენთან სიკვდილი!..

- ეგ რომ გდომებოდეს, მაგრე არ მოიქცეოდი!..

- შენმა სიყვარულმა ჩამადენინა ეგ!..

- თუ გიყვარვარ, დამტოვე მარტოკა!..

- სწორედ მაგისთვის ვერ დაგტოვებ მარტოკას!.. კმარა, რაც მარტოკა იყავი!. ახლა კი ერთად უნდა ვიყვეთ...

- არ ძალმიძს ერთ წამსაც შენთან ერთად ვიყვე, წადი აქედან!..

- ეთერ, აქედან არსად წავალ!..

- მაშ მე წავალ!.. - წამოიძახა ეთერმა და კარებისაკენ გაიწია...

- ვერც შენ წახვალ აქედან! - შეუტია ახლა კი გაბრაზებულმა მეფე-ნადირამ და გზა გადუჭრა.

- აი, შენი და ჩემი სასთუმალი. ამაღამ და შემდეგ ღამეებსაც აქ ვიქნებით... დაწექი!.. - ამ სიტყვებით ხელი მძლავრად მოხვია, ლოგინთან მიიტანა და ზედ დაახეთქა...

- ურჯულოვ?.. - წამოიკივლა ეთერმა და მაშინვე ლოგინიდან ძირს ჩამოვარდა...

ასეთი შეურაცხყოფა მეფე-ნადირასათვის არავის მიუყენებია!.. წამს ბრაზისაგან თავბრუ დაესხა, წატორტმანდა კიდევაც და უეჭველად წაიქცეოდა, რომ იქავე კედელს არ მისვენებოდა...

ეთერს ამ გარემოებით უნდოდა ესარგებლნა და გარედ გასულიყო, მაგრამ მეფე-ნადირა გამოერკვია და, რა თვალი შეასწრო გარედ მიმავალ ეთერს, ვეფხვივით ერთი ნახტომით კარებში გაჩნდა...

ეთერმა უკან დაიხია... შეეშინდა, ისევ შეურაცხყოფა არ მომაყენოსო და ამისათვის წამოიძახა:

- ქალს ძაღლიც არ დაჰყეფს და შენ კი, მეფევ...

- კმარა ეთერ, გემუდარები!.. - აღარ დაათავებინა სიტყვა ეთერს მეფე-ნადირამ... - ვიცი, ცუდად მოგექეცი და ვნანობ... ჩვენი ღმერთი* მამა ღმერთის დაა და იმის მსგავსისაზე ძალმომრეობა ურჯულობაა, მაგრამ ეს სულ შენი სიყვარულით მომივიდა, გიმეორებ... გაძლევ მეფის სიტყვას, ეს აღარ მოხდება!.. მაგრამ შენი ან ჩემი ამ ოთახიდან ამაღამ გასვლა შეუძლებელია!..

- რა მიზეზით?..

- სამარცხვინოდ არ მინდა თავი ავიგდო... უნდა მთელმა სასახლემ შენზე და ჩემზე ილაპარაკოს, რომ ცოლი ოთახიდან გამოექცაო და... ეთერ, გაიგე, რას შვრები?

- მაშ რა ვქნა, როდესაც შენთან დაწოლა არ შემიძლია და ცოლობის გაწევა?.. - სასოწარკვეთილებით წამოიძახა ეთერმა...

- აი, აქედან მეორე ოთახში შევალ... აქედან დაკეტე, თუ გეშინიან... ამაღამ იქ ვიქნები, შენ კი დაწექი აქ და ხვალ დილით კარი გამიღე, ჯერ მე გავალ და შემდეგ შენ გამოდი გარედ, თუ მოისურვებ გარედ გასვლას...

- კარგი!..

- ახლა კი ამ კარის გასაღებს მე წავიღებ თან, რომ ჩემზე ადრე არ გახვიდე...

ეს დღე ამ პირობით დამთავრდა.

ორივემ პირნათლად შეასრულა პირობა, მაგრამ იმ ღამეს არც ერთ იმათგანს თვალი არ მოუხუჭავს...

დილით ეთერი ისე მოიქცა... ადრიანად გაუღო კარი და სთხოვა გასვლა... მეფე-ნადირა გავიდა ოთახიდან იმ წამსვე, რა წამსაც კარი გაიღო. იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს და არც ტანთ გაუხდია... არც თუ ეთერის სძინებია. იმასაც ტანთ არ გაუხდია... სული-მწარედ მოელოდა გათენებას, რომ გაესტუმრებინა მეფე-ნადირა გარედ...

გაისტუმრა თუ არა, მაშინვე ჩაკეტა კარი და მიწვა ლოგინზე...

მხოლოდ შუადღისას-ღა გამოეღვიძა ეთერს და გადია მოიკითხა.

საწოლი ოთახის კარი გაიღო თუ არა, მაშინვე გადია იქ დაიბადა, იმის გამოსვლის უმალ კარი დაიხურა... უნდოდა შესვლა, მაგრამ მეფემ შეაყენა...

- დედოფალს მთელ ღამეს არ სძინებია, მოისვენოს... ნუ შეაწუხებ!..

გადიამ შეხედა მეფე-ნადირას და შეატყო, რომ იმასაც არ სძინებია... სიამოვნებით ჩაიცინა და გატრიალდა...

IV

დილა-ადრიანად მეფე-ნადირა, დიდი მეფე, მეჯოგეთ-უხუცესი და თითქმის ქალაქის ყველა მცხოვრები: ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა ჩრდილოეთის მეფისაგან წამოგზავნილ რაშს შიშით შორიდან თვალ-ყურს ადევნებდნენ და თან მოუთმენლად მოელოდნენ უგულოს მოსვლას, რომლის მოსაყვანადაც წინა დღეს შიკრიკი გაიგზავნა...

მარეხიც მეფეებს შუა იდგა და ისიც სხვებივით ღელავდა და მოელოდა უგულოს...

ვინაა ეს უგულო, რომელსაც სირცხვილისაგან უნდა დაეხსნა და, იქნება, სხვა უარესისგანაც, მეფეებიც და ერიც... არავინ იცოდა იმის ვინაობა, გარდა იმისა, რაც მეჯოგეთ-უხუცესმა უამბო: “ზამთრის პირას მეჯოგეებს ორი ვიღაც უცნობი შემოგვეხიზნა... ერთს, რომელიც უფრო ახალგაზრდაა, უგულო ჰქვიან, მეორეს კიდევ ლომა, ორივე კაი ვაჟკაცები არიან; მაგრამ უგულო ჩვენ თვალწინ დავაჟკაცდა და ჯოგში არც ერთი გადარეული სამი წლის კვიცი გაუხედნავი არ დარჩაო”...

ამის მეტი სხვა არავინ იცოდა რა...

დღეს უფრო ცხარე მზე ამოდიოდა... მთელ ღამეს თბილოდა, რის გამოც არე-მარე ახმაურებული იყო, სულ რუებად ქცეულიყო... აქა-იქ ოდნავად-ღა მოსჩანდა თოვლის ნაგლეჯები...

რაშის დრო-გამოშვებით ჭიხვინი თუმცა შიშის ზარს სცემდა ყველას, მაგრამ უნუგეშობას არავინ გრძნობდა, რადგანაც მოელოდა უგულოს და ამისთვის იმის მოსვლის გზას ყველა თვალს ადევნებდა...

მართლაც, აგერ მდინარის პირას, რომელიც აღელვებულ ზღვასავით ტალღას ტალღაზე მიაგორებდა, გამოჩნდა მხედარი, რომელმაც თან და თან მოახლოვება დაიწყო. ყველას თვალი გაუბრწყინდა... მხედარი-კი მოაფრენდა ცხენს და იმის ფეხთა ანასხლეტი ტალახნარევი წყალი ცხენსაც და მხედარსაც წვიმასავით დასდიოდა... რა შენიშნა მეფეები და იმათ შუა მარეხი, რომლებიც სასახლის ეზოს კართან გამართულ ტახტზე იდგნენ, უბელო ცხენი სწრაფად შეაყენა, გადმოხტა, საბელი კისერზე გადაუგდო ცხენს, რომელიც თავით ფეხებამდის შეთხუპნილი იყო ტალახით გარდა იმ ადგილისა, რომელსაც მხედარი თავის სხეულით ფარავდა, მხედარმა სასწრაფოდ ცხენს ყურები დაუტაცა, მძლავრად დაუჭიმა, თვალები დაუსრისა, ამის შემდეგ რამდენჯერმე ორივე ხელი მძლავრად დაუსვა კისრიდან კუდამდის და, ის-ის იყო, ახლა უნდა კუდი დაეჭიმა, რომ მეჯოგეთ-უხუცესმა მიირბინა იმასთან და ხელი დაუჭირა.

- ცხენს სხვები მოუვლიან, შენ კი მეფეებს ეახელ და...

- დამაცა, კუდიც დავუჭიმო და შემდეგ სხვებმა ატარონ, მაშინ ვეახლები მეფეებს... - უპასუხა მახარემ და ცხენს კუდი მაგრად დაუჭიმა...

ცხენს ამ დროს ოხშივარი ისე ასდიოდა, რომ სულ შიგ გაეხვია.

მახარეც ისე იყო გათხუპნული, რომ მოელვარე თვალების მეტი არა უჩანდა-რა... მახარე ამას არ ამჩნევდა, მხოლოდ გრძნობდა, რომ რამდენიმე ათასი წყვილი თვალი იმას ისრებს ესროდა და იმათ შორის მარეხის წყვილიც...

როცა მახარე იმათ წინ წარსდგა და მარეხს შეხედა, გონება დაებნა... მეფე-ნადირა რამდენჯერმე შეეკითხა; შეეკითხა აგრეთვე დიდი მეფე, მაგრამ მახარეს არ გაუგონია იმათი შეკითხვა.

მარეხი ტანის კანკალმა აიტანა და მეფე-ნადირას მიმართა:

- ნადირ, ვერა ხედავ, დაღლილია და მთლად სველი!.. უბრძანე...

- მართლა, რატომ თავში არ მომივიდა ეგ?!. ახლავე წაიყვანეთ უგულო სასახლეში, სულ მთლად გაბანეთ, გაასუფთავეთ და საუკეთესო ტანისამოსი ჩააცვით... მიუჩინეთ ოთახი, რომ დაისვენოს და სამხრობას ჩემთან მოიყვანეთ...

V

მახარეს ეგონა, მეფე-ნადირას გვერდით ეთერი ედგა, მაგრამ გონს ვერ მოსულიყო, თუ მართლა ეს ის ეთერი იყო, რომელიც იმას უყვარდა...

მართალია, ეთერი დღის შუქზე არ უნახავს, მაგრამ გრძნობდა, რომ აქ რაღაც უცნაური ცვლილება მოხდა... იმის სხეული გრძნობდა, ეს ეთერი იმ ეთერს სრულებით არა გვანდა... თუმცა ეს ეთერი უფრო განაზებულა. უფრო დამშვენებულა... მაგრამ... ხმაც რომ გამოცვლია?! რამ გამოცვალა ასე ეთერი?

ეკითხებოდა თავის თავს და ვერ ხსნიდა.

სამხრობამდის სულ ეს კითხვა უტრიალებდა თავში... კითხვითაც ვერავისთვის ეკითხნა... ან კი როგორ გაბედავდა ამის კითხვას. დარწმუნებული იყო, რომ ეთერი დედოფლად გახდა ამ ცხრა თვის წინად, როცა იმას გაშორდა და ისე მოტყუებით “ზარი” გამოართვა... “ჩანს, დედოფლობას შეუცვლიაო”... მით უმეტესად, ეს უნდა ეფიქრნა, რომ თითონაც სრულებით გამოიცვალა ამ ცხრა თვის განმავლობაში. ამას გრძნობდა მახარე და ფიქრობდა: “ოქრომჭედელმაც რომ მნახოს, ვერ მიცნობს, თორემ შემთხვევით მნახველი ხომ სულ ვეღარ მიცნობსო”...

მართლადაც მახარე ახლა სულ სხვა იყო, რომ ამბობენ: “ვინ წლით იზრდება, ეს დღითაო”, სწორედ ეს დაემართა მახარეს. დღით იზრდებოდა და არა წლით... მარტო თვალის გამომეტყველება და ხმის ოდნავი მოძრაობა-ღა შერჩა ოქრომჭედლის შეგირდისა, თორემ გარეგნობით სრულ ვაჟკაცს, მერე თვალის წარმტაცს წარმოადგენდა...

დამშვიდებული იმ აზრით, რომ ეთერი ძალიან გამოცვლილა, თითონაც ძალიან გამოცვლილია, “მაშ ვერც ის მიცნობსო, თუ კი მე ვერ ვცნობილობ”... ამ ფიქრით სამხრობისას, როგორც მეფე-ნადირამ განკარგულება გასცა, გასუფთავებული და სულ ახლებში გამოწყობილი, რაც მარეხის განკარგულებით მახარეს მიუტანეს, მშვიდად წარსდგა მეფის წინ... იქ დიდი მეფეც იყო და მარეხიც...

თვალი ზედ დარჩა სამთავეს... ასეთ ვაჟკაცს ჯერ არ შეხვედროდა არც ერთი იმათგანი. მარეხი მოჯადოვდა ნამეტნავად მაშინ, როცა მახარემ თვალი თვალში გაუყარა და წამს ასე იდგა...

“...უთუოდ მახარეც ასეთი შეხედულებისა იქნებაო”... სწრაფად გაუელვა ამ აზრმა თავში.

ნადირა მეფე გამოერკვა ჩქარა და მიმართა:

- იცი, უგულოვ, რისთვის აგრე სწრაფად დაგიბარეთ...

- რაღაცას მეუბნებოდა გზირი ჩრდილოეთის რაშზე და კი არ ვიცი, ნამდვილათ რა საქმეა...

- ახლავე ყველაფერს გაიგებ... აბა წავიდეთ!.. ხომ სადილი სჭამე?!. ხომ არა დაგაკლეს-რა?!.

- ყველაფერი მრავლად იყო...

გამოვიდნენ სასახლიდან და საგანგებოდ მეფის ბრძანებით გამართულ ადგილას მიიყვანეს მახარე... ჩრდილოეთის რაში გამოეყვანათ ჯაგვაზედ დაბმული და წინ დაეყენებინათ... აქეთ-იქიდან ჩრდილოელი მცველები დარაზმულიყვნენ...

ჭამის დროსაც კი არ ასვენებდა მცველებს... სულ ბორგავდა და ფეხის ანასხლეტებს თავ-პირზე აყრიდა...

ხალხი არ დაშლილიყო... მახარეს დანახვამ ყველას სიამოვნების ღიმი გადუშალა. მაგრამ ეს წამიერი იყო, რადგანაც ამ დროს დაიჭიხვინა ჩრდილოეთის რაშმა და ყველას სასიამოვნო ღიმი მწუხარე აზრით შეეცვალათ: ვაი თუ ეს მშვენიერი ვაჟკაცი ამ წყეულმა წაახდინოსო...

მარეხი ხომ სულ დაიბნა და...

მეფე-ნადირა და დიდი მეფე შეკრთნენ... ორივემ ერთად მახარეს შეხედეს... მახარე წარბშეუხრელი იდგა...

- უგულოვ, ჩრდილოეთის მეფეს გამოუგზავნია ეს რაში გასახედნად, რადგანაც იქ ვერ უშოვნია გამხედნავი... მეჯოგეთ-უხუცესმა გვითხრა: “თუ გახედნის - უგულოვო, თორემ სხვა არავინ მეგულებაო”...

მახარე დააცქერდა რაშს... დიდხანს უცქეროდა და შემდეგ მეფეს მიმართა:

- მეფევ, რისთვის კისრულობ მაგის გახედნას?! გაუგზავნე უკანვე და ამით გაათავე...

- იცი, უგულოვ, - ცოტა სიჩუმის შემდეგ გულწრფლეად გამოუტყდა მეფე-ნადირა... - მითვლის, - წასჩურჩულა, - თუ ვერ გახედნი, შენი ცოლი, რომლის ქებაც მომივიდა, უნდა გამომიგზავნოვო...

მახარე აწითლდა და ოდნავად მარეხს გადახედა... გული აეწო...

- მეფევ, “ცდა ბედის მონახევრეაო”, ნათქვმია... მეც ვცდი... მხოლოდ, ეს ადგილი სრულებით შეუფერებელია გახედნისთვის... აქ ორღობეები ბევრია... ამისთანა რაშს თავისთავის დაშავებაც შეუძლიან და მხედრისაც... ორღობეების ბოლოში გაშლილი მინდორია... იქამდის ჩააყვანინე და იქ კი ვეცდები...

მეფემ მაშინვე განკარგულება მოახდინა, - რაში ორღობეების ბოლოს კარგა მოშორებით ჩაეყვანათ...

მეფე-ნადირას არ გამოეპარა მახარეს მარეხისკენ თვალის გადახრა, და გაიფიქრა. “ამასაც მარეხი ჩემი ცოლი ჰგონიაო”, როგორც ჩრდილოეთით მოსულებსაო... ჩაფიქრდა მეფე... მახარემ კიდევ გადახედა მარეხს, რომელიც აღტაცებით შესცქეროდა იმას, თვალი თვალს მოხვდა, ორივე აწითლდა და ორივემ თავი დახარა...

“ნუთუ ეთერმა მიცნოო?!” შეეკითხა თავის თავს და შემდეგ იმისკენ სრულებით აღარ მიუხედნია და მხოლდ ნიშს-ღა ადევნებდა თვალს.

მარეხი კი გამოურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდა... ვერ აეხსნა თავისი სიწითლე და მორცხვობა... ახლა სულ მორიდებით-ღა შეხედავდა ხოლმე მახარეს, რომ იმას აღარ შეენიშნა ასე ცხადი აღტაცება...

მეფე-ნადირა კი ცოტა ფიქრის შემდეგ გამოერკვა უეცრივ და კარგ გუნებაზე დადგა... ღიმილით გადახედა მარეხს, მერე მახარეს და სრულიად კმაყოფილმა თავის გადაწყვეტილებით გასცა ბრძანება, რომ ცხენები მოერთმიათ ორღობის ბოლომდის, რადგანაც ფეხით ჩასვლა ტალახის გამო არ შეიძლებოდა...

ხალხმა რომ გაიგო, რომ ორღობეების ბოლოში დაიწყებოდა რაშის ხედვნა, მოსწყდა და ტალღასავით ყველაფერი წალეკა... ღობე-ყორე აღარად მიაჩნდა და ვიდრე რაშს ორღობის ბოლოში ჩაიყვანდნენ, ის უკვე იქ იყო გაფენილი და საცქერლად გამზადებული... კიდევაც ჰკვირობდა, რომ ასე დაუგვიანდა რაშს აქნობამდის ჩამოსვლაო...

რაში კი შიშითა და კანკალით, დიდის კრძალვით მოჰყვანდათ... მერე რა, ვიწრო ორღობე იყო!.. ჩრდილოელნი, ფართო ველებს მიჩვეულნი, ამ ვიწრო ორღობეში თითქმის რაშის წიხლის პირდაპირ დგებოდნენ.

რაშის გამოჩენამ ორღობეების ბოლოს სიხარული და შიში გამოიწვია ხალხში. ერთმანეთს მიეჭუჭკა და ახლა მახარეს გამოჩენას გაფაციცებით ელოდა. აგერ გამოჩნდა. ორივე - მეფე და მარეხი - ცხენებით... ცოტა ხნის შემდეგ მახარე ცხენით გამოჩნდა, მეფეებს გვერდი აუქცია, ცხენი წინ გააქროლა და ხმამაღლივ დაიძახა:

- მეფევ, უბრძანე, რაში იქ მომიყვნონ, სადაც ცხენს შევაყენებ...

მეფემაც მაშინვე განკარგულება მოახდინა...

მახარე კარგა შორს ტრიალ მინდორში შესდგა...

რაკი აღნიშნა ადგილი, სადაც უნდა მიეყვანათ რაში, უკანვე დაბრუნდა ისევე ცხენის ქროლვით... მიაჭენა ცხენი მეფესთან და უთხრა...

- მეფევ, ხალხი გააფრთხილე, შეიძლება რაში პირველში იმათკენ გამოქანდეს... არ ვიცი, რა მოხდება, რადგანაც გახედნის დროს რაში სრულებით თავისუფალი იქნება საბლისაგან... აი, საბელი წელზე მაქვს შემორტყმული... მერე ვხმარობ საბელსა და სხვა სამკაულებს...

მეფე გაკვირდა, მაგრამ არა უპასუხა-რა... განკარგულება კი მოახდინა....

მახარემ ახლაღა შეხედა მარეხს... უნდოდა იმისი სახე ჩარჩენოდა, რადგანაც ძალიან

ძნელ, საშიშო საქმეს კისრულობდა...

მართალია, ეს ის ეთერი არ იყო, რომელიც იმის გულში იყო ამოჭრილი, მაგრამ მაინც ეთერი ეგონა, რომელიც...

გაბედულად რამდენიმე წამი უმზერდა, როდესაც მეფე-ნადირა განკარგულებას აძლევდა... მარეხმაც თვალი ვეღარ მოაშორა... გული გამოენასკვა და თვალთ წამოჟონა...

მახარემ ეს შენიშნა... სწრაფად ცხენი გაატრიალა და გაკურცხლა დანიშნულ ადგილისაკენ... ახლა რაკი ქალის თვალში სინოტიე დაინახა, ცა ქუდად აღარ მიაჩნდა და დედამიწა კიდევ - ქალამნად...

მარეხმა თვალი გააყოლა. წყვილი ცრემლი ღაწვებზე ჩამოუგორდა და სული ყელში მოებჯინა... უნდოდა დაეყვირნა:

”უგულოვ, შესდექ, ნუ ენდობი მაგ რაშს, თორემ გაგაფუჭებს!..” მაგრამ ვერ მოახერხა... გული მოეკუმშა, პირველ წყვილ ცრემლს ნაკადული მოჰყვა, და სუნთქვა გაუძნელდა... მამამ შენიშნა ეს და მზრუნველობით გამოჰკითხა, თუ რა ატირებდა...

მარეხი სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, რადგანაც ცრემლი აღრჩობდა და უმწეოდ ხელს მახარესკენ იშვერდა... დიდი მეფე მიუხვდა და დაეკითხა...

- გგონია გააფუჭებს?!.

თავი დაუქნია და ძლივს წამოილუღლუღა: “ჰო”!

- როგორც ეტყობა, ძლიერი ვაჟკაცია!.. ჩრდილოეთის რაში ვერ გააფუჭებს!.. - ანუგეშა მამამ...

მარეხი, ცოტა არ იყოს, ანუგეშა ამ სიტყვებმა და დამშვიდებით წარმოსთქვა:

- ცოდოა მაგისთანა ვაჟკაცის გაფუჭება!..

მახარე ამ დროს უკვე რაშის გვერდით იყო და ჩრდილოელთ განკარგულებას აძლევდა. იმან თავის ცხენი შორი-ახლოს დასტოვა... მივიდა რაშთან ახლოს, რომელიც ცოტათი დამშვიდებული ბალახს ძოვდა, საბელები დაუშინჯა და ნახა, რომ ერთი თვალის დახამხამება კმაროდა, რომ უეცრივ გაენთავისუფლებინა... საკმარისი იყო მხოლოდ როგორმე ჩაეხსნა... ფრთხილად მივიდა საყბეურამდის, ფრთხილად გაუხსნა საყბეური...

ჩრდილოელთ ჯავრი მოსდიოდათ... ნამეტნავად მაშინ, როცა საყბეურის გახსნა დაუწყო, რადგანაც იმის გახსნით რაში ყოველ წამს თავს გაინთავისუფლებდა და...

უნდოდათ ეყვირათ, მაგრამ მახარემ წინადვე ყველა ჩრდილოელთ ხელით ანიშნა, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ... რადგანაც ენა არ იცოდა იმათი, ასე მოიქცა... ესენიც ძალაუნებურად ჩუმად იდგნენ... ნაბრძანები ჰქონდათ უფროსისგან დამორჩილება...

რაკი ეს სიძნელე სძლია, ახლა წუთის საქმე-ღა იყო...

მართლაც ერთი თვალის დახამხამებაზე საბელები წაყარა ერთი ხელის გაქნევით და ამავე დროს რაშს ზურგზე მოახტა...

ეს ისე სწრაფად მოიმოქმედა უგულომ, რომ რაშმა ჯერ ვერც კი მოიფიქრა, თუ იმის თავს ეს რა მოხდა... თავი მაღლა აიღო, ყურები ცქვიტა და თვალები ისე დააბრიალა, რომ ჩრდილოელნი შეძრწუნდნენ და აქეთ-იქით მიიფანტნენ. ხოლო ჯაგვაზე მჯდომმა კი სწრაფად გარეკა ცხენები, და ამგვარად რაში თავის მხედრით მარტოკა დარჩა... რა იგრძნო თავი უსაბლოდ, სიამით სხეული შეათამაშა და ერთი ისეთი დაიჭიხვინა, რომ იმის ჭიხვინის ხმა ზეცას სწვდებოდა...

მეფეების და მარეხის ცხენებმა ფრუტუნი დაიწყეს, შიშით აკანკალდნენ, და ყურებ-დაცქვეტილებმა გასაქანის ძებნა დაიწყეს... ხალხი კი დაფრთხა და მწიფე პანტასავით, როცა ბერტყავენ, ისე დაიწყო უკან, ღობეების იქით ცვივნა... კეთილ-გონიერნი სირბილით მივიდნენ.

ხოლო ცნობის-მოყვარეთ გონებამ უსუსტა და ისე არ მოიქცნენ, როგორც პირველნი. იმათ ღობეები საფრად მიიღეს და იმის იქიდან ბარტყებივით თავები ამოეყოთ და ისე უმზერდნენ ოინს...

რაში კი ყალყზე შემდგარიყო და ცდილობდა მხედრის ჩამოგდებას... მახარეს ფაფარში მაგრა ხელი წაევლო და ფეხები რაშის გვერდებზე შემოეჭირა... ტკიპივით დაჰკროდა რაშს ზურგზე... რაკი ამ გზით ვერ მოიშორა მხედარი, ახლა სხვა მხრით შეეცადა. სწრაფად წინა ფეხები ძირს დაუშვა, თავი მედგრად წაიქნია და უკანა ფეხები მაღლა აისროლა... თითქოს მახარე მოელოდა რაშის იმ მოქმედებასო, მარცხენა ხელით ძუა დასტაცა სწორედ იმ დროს, როდესაც რაშმა წინა ფეხების ძირს დაშვება დააპირა... თუ ასე არ მოქცეულიყო მახარე, თვალის დახამხამებაზე ცხენის წინ გაიშხლართებოდა, მაგრამ მახარე ძუის წყალობით ისევ რაშის ზურგს შერჩა.

მარეხი გულის ფანცქალით უმზერდა ამ სურათს... წამს ფერი ეკარგებოდა და გულის სიმის შეწყვეტამდის მიდიოდა, და წამს კიდევ უბრუნდებოდა გულის სიმის სიძლიერე...

რა მარეხს?!. ყველას ეს ემართებოდა, ვინც კი ამ სურათს უყურებდა... მეფე-ნადირა სულ გიჟდებოდა... ცხენს მახარე რომ ჩამოეგდო, დამარცხებას ნიშნავდა და... შედეგზე ფიქრიც კი უძნელდებოდა...

მხოლოდ დიდი მეფე გულგრილად უმზერდა და თავის ასულს ამაგრებდა:

- შვილო, მარეხ, უგულო თავს არ წაიხდენს!.. ხედავ იმის მოძრაობას?!. ეტყობა, გამოცდილია, თორემ ეგრე თავხედურად ზურგზე არ მოექცეოდა უბელო რაშს...

- აკი გითხარ, გამოცდილია-მეთქი... - წასჩურჩულა მარეხს, როდესაც რაშმა უკანა ფეხები მაღალ აიქნია, და მახარე ისევ რაშის ზურგზე მოჩანდა...

რაშის ყოველგვარ ხერხმა უნაყოფოდ ჩაიარა. მხედარი ზურგიდან ვერ მოიცილა... ამ გარემოებამ საშინლად გაახელა... კიდევ მედგრად ერთი დაიჭიხვინა, თვალთაგან ბრდღვილები წამოაფრქვია და მოსწყდა ადგილს...

ყველა გაფაციცებით თვალს ადევნებდა... მიფრინავდა, თუ მიჭენავდა რაში, ამის ამომცნობი არავინ იყო... აგერ, რაში აღელვებულ მდინარის ამაღლებულ ნაპირს მიუახლოვდა... უმალ კონცხის მწვერვალს მოექცა და სწრაფად თავს გადაევლო...

რაშიც და მხედარიც თვალთ მოეფარნენ...

- უი!.. - იკივლა მარეხმა და ცხენიდან გადმოვარდებოდა, რომ მამა გვერდით არ ჰყოლოდა.

დიდმა მეფემ გულზე მიისვენა გულ-წასული მარეხი და მხლებლების საშუალებით შინ წაიღო უგონო...

მეფე-ნადირა კი შებინდებამდის ადგილიდან არ დაძრულა, და არც თუ სხვა ვინმე...

სული-მწარედ მოელოდა მახარეს, ან რაშის გამოჩენას, მაგრამ ამაოდ...

მხოლოდ მაშინ დაიშალა ხალხი, როცა თვალი ვეღარაფერს არჩევდა. მეფე-ნადირაც დაღონებული შინ დაბრუნდა და მაშინ-ღა იკითხა მარეხი...

მარეხი კარგად დახვდა... იმან უგულოს ამბავი იკითხა, მაგრამ სანუგეშო ვერა მიიღო-რა...

- საცოდავს, მდინარე დააღრჩობდა, და იმის ცოდო შენ მოგეკითხება საიქიოს!.. - წამოიძახა მარეხმა გულის ტკენით...

- რისთვის მომეკითხება, როდესაც თავის ნებით იკისრა რაშის გახედნა?!. - უპასუხა წყრომით მეფე-ნადირამ...

იმ ღამეს ქალაქს არა სძინებია, თუმცა ყველა თავის სახლში იყო დაწოლილი... სულ უგულო ეკერათ პირზე და გაშმაგებული რაში... თუ წასთვლემდა ვისმე, მაშინვე წინ ცეცხლისმფრქვეველი რაში გამოეჭიმებოდა, მაშინვე სწრაფად გაოფლიანებულ მთრთოლვარე სხეულით თვალებ-დაჭყეტილი წამოხტებოდა და გაქცევას დააპირებდა...

VI

დილაადრიან ჩრდილოეთის შიკრიკი თავს წამოადგა მეფე-ნადირას და დავა დაუწყო...

- გახედნის მაგიერ რაში მთლად გადაგვიღუპე... ახლა თუ შენ მეუღლეს თან არ გაგვატან, იცოდე, თავს დაგესხმებით და...

- რაში თუ დაღუპვას გადარჩა, შენ მეფემდის მივა. გზას არ დაკარგავს... თუ ერთი მხედნავი დამეღუპა, ახლა მეორე სცდის და, უეჭველია, თქვენი რაში გახედნილი იქნება... ახლა კი, თუ თქვენ მეფეს კეთილმეზობლობა უნდა, ამით დაკმაყოფილდება და რაშს ისევ გამოგზავნის... - ეს პასუხი გასცა ნადირ-მეფემ მამის ჩაგონებით. ჩრდილოელთ მეტად ყური აღარ ათხოვა.

მეტი რაღა რჩებოდათ ჩრდილოელთ, რომ წასასვლელად არ დამზადებულიყვნენ...

თუმცა მეფე-ნადირამ მამის რჩევით ასეთი პასუხი გასცა, მაგრამ გულში წინააღმდეგი იყო. თუ უგულო დაიღუპა, მაშინ სხვას ვიღას იპოვიდა... ხომ მეჯოგეთ-უხუცესმა გადაჭრით უთხრა - “უგულოზე მეტი არავინ მეგულებაო”. “მაშ რაღა გაჭიანურება უნდა... - ფიქრობდა ის... - არა სჯობია, ახლავე გავგზავნო მარეხი, რომელიც ჩემი ცოლი ჰგონიათ ჩრდილოელთ და იმ უგულოსაც კი ჩემი ცოლი ეგონა მარეხი... მაშ ვერაფერს გაიგებენ, თუკი მამა დავიყოლიე... მარეხი გასათხოვარია... ჩრდილოეთის მეფეზე უკეთეს ქმარს ვერ იშოვის... იმასაც ხომ ჩემი ცოლი ეგონება... ოჰ, რა მადლობელი ვარ ეთერისა, რომ წავიდა და ახლა აქ არ არის!..” თითქმის ხმამაღლივ წამოიძახა ნადირ-მეფემ...

მართლადაც, ძალიან უხაროდა, რომ ეთერი აქ არ იყო... პირველად, რაც ეთერი წავიდა, მისმა გულმა სიხარული იგრძნო და პირველად იმის გამო ღმერთს მადლობა შესწირა, თორემ სულ მუდამ სამდურავს უთვლიდა...

ჯერ ეს თავის გულისნადები მამისათვის არ გაუზიარებია, მაგრამ რაც ამ დასკვნას დაადგა, დამშვიდებული იყო... ეს დამშვიდება კი გუშინ იგრძნო, როდესაც მახარემ მარეხი, როგორც იმან შენიშნა, იმის ცოლად მიიღო... პირველად, როდესაც ჩრდილოელებმა ეს შეცდომა დაუშვეს, რაღაც ბუნდათ დაებადა თავში... ეს ბუნდოვნობა გუშინდლამდის ჰქონდა და გუშინ კი... ჩამოეყალიბა და სრულიად დამშვიდდა... ახლა რაშის გახედნას რა შედეგი მოჰყვებოდა, იმისთვის სულ ერთი იყო. ამიტომ ის სრულებით დამშვიდებული იყო, როცა სხვები მახარეს ხვედრით ძალიან შეწუხებულები... დილა ადრიანად თითქმის მთელი ქალაქი ისევ გამოფენილიყო და მდინარისკენ გაიცქირებოდა, თითქოს ის რაიმე ამბავს მოუტანდა...

მდინარე კი უფრო აზვირთებულიყო, რადგანაც ეს ღამეც ძალიან თბილი იყო და, თუ კი თოვლი სადმე იყო, სულ დამდნარიყო, და ხევ-ხუვები საშინლად ახმაურებულიყვნენ...

ცხრა-თვალა მზე კი სხივებს უხვად უგზავნიდა ატალახებულ დედამიწას და ოხშივარით ბურავდა არე-მარეს... თითქმის შუადღე მოტანებული იყო, მოქალაქეთ მოეწყინათ ლოდინი და თანდათან სახლებს უბრუნდებოდნენ... ჩრდილოელნი უკვე გაჯავრებულნი მოემზადნენ დასაბრუნებლად... მხოლოდ მეფე-ნადირამ შეაფერხა ისინი, რადგანაც სადილად მიიწვია... ძალიან მხიარული მასპინძელიც გამოდგა...

მხოლოდ მარეხი სულ ერთ ადგილას იდგა და თვალს არ აშორებდა მდინარეს... რამდენჯერ მოეჩვენა მდინარის პირას მხედარი?!. მაგრამ მოჩვენება ქრებოდა... იმედი და უიმედობა ერთმანეთში ათქვეფილიყო და უპირატესობა ვერც ერთს ვერ დაეჭირა... მარეხის გული არ სთმობდა, რომ იმისთანა ვაჟკაცი, როგორიც იყო მახარე, ასე უმნიშვნელოდ გაფუჭებულიყო... ხან კი გაიფიქრებდა: “უგულოს ყოფნა-არყოფნა ჩემთვის სულ ერთი არ არისო?!.” მაგრამ მაინც შებრუნება არ უნდოდა...

აგერ კიდევ გამოჩნდა მდინარის პირას რაღაც აჩრდილი... მარეხმა თვალებზე ხელი გადისო, თვალი ხომ კიდევ არ მატყუებსო, მაგრამ არა, მდინარის პირას ვიღაც მოსჩანდა თუმცა მკაფიოდ არა, რადგანაც დედამიწიდან ავარდნილი ოხშივარი ჰბურავდა...

ვიღაც იყო, კარგა ხანს ადგილობრივ რაღაცას ტრიალებდა... ცოტა ხნის შემდეგ სასახლისაკენ წამოვიდა... ეს იგრძნო მარეხმა, კი არ დაინახა... ჩქარა მარეხმა უკვე დაინახა, რომ ვიღაც მხედარი სასახლისაკენ მოდიოდა დინჯად, აუჩქარებლივ... შეუძლებელი იყო ეს უგულო ყოფილიყო, რადგანაც ის ცეცხლისმფრქვეველმა რაშმა გაიტაცა და მდინარეში გადაიტანა, და დღეს კი თითქოს ბედაურით ვიღაც მოდის ისე დინჯად... მაინც მარეხი სასახლეში შევარდა სიხარულით და მეფეებს უთხრა:

- მდინარის მხრიდან ვიღაც მოდის ბედაურით... იქნება უგულოს ამბავი რამ მოაქვსო!..

სადილი უკვე გაეთავებინათ და წამომდგარიყვნენ, როცა მარეხი შევიდა დარბაზში...

მაშინვე სუყველანი გარედ გამოვიდნენ და თავიანთ თვალებს არ დაუჯერეს... ეს ვიღაც უგულო იყო და ბედაური კი გუშინდელი ცეცხლისმფრქვეველი რაში... საბელით საცხვირე გაეკეთებინა უგულოს, ფეხები ჩამოეკიდნა და ისე წყნარის ნაბიჯით მოჰყავდა რაში...

ყველა წინ მიეგება... მარეხი ყველაზე წინ მიდიოდა... დაუახლოვდნენ ერთმანეთს თუ არა, მახარემ რაში შეაყენა, გადმოხტა და გავაზე ხელი გადაუსო... ისე გათამამებულიყო მახარე, რომ კუდიც კი გამოენასკვა...

ყველა სახტად დარჩა, როცა რაში ისეთ გარემოებაში ნახეს... ნამეტნავად ჩრდილოელნი...

- ახლა, მეფევ, ეს რაში ბალღისათვისაც საშიშო აღარ არის!.. - წარმოსთქვა მახარემ...

- კარგად ვხედავ, შვილო, - უთხრა დიდმა მეფემ და აღტაცებით გულში ჩაიკრა...

მახარე დაიბნა... არ მოელოდა ასეთ მიალერსებას... აწითლდა.

მარეხს ენა დაება... უნდოდა რაღაც საალერსო ეთქვა, მაგრამ ვერა მოახერხა რა და ისიც აწითლდა და თავი დახარა...

მხოლოდ მეფე-ნადირა ჩქარა გამოერკვა და გაკვირვებისაგან მახარეს მხარზე ხელი დაადო და:

- იცოდე, უგულოვ, დღეის შემდეგ ჩემ კარისკაცად გნიშნავ და ჩემი სასახლე დღე მუდამ შენთვის ღია იქნება...

- ეგ ჩემთვის დიდი წყალობაა, მეფევ, მაგრამ კარისკაცობა, ვეჭვობ, გავწიო, რადგანაც ერთი უბრალო ხელოსანი ვარ... მიჩვეული...

- როგორ?! - წამოიძახა მარეხმა და თვალებში ჩააშტერდა: - განა ხელოსანი ხარ?!.

მახარე დაიბნა, მაგრამ სწრაფად გონება მოიკრიბა და დაწყნარებით უპასუხა:

- ხელოსანი ვარ, მაშ რა... ჩემი ხელობაა ტყეში და ველში ხეტიალი, ცხენების ხედნა და ნადირის ხოცვა... ეს განა ხელობა არ არის?!. ამ ხელობის კაცი, ვაი თუ კარისკაცად ვერ გამოდგეს?!

- ნადირ, თქვენ ნასადილევი ხართ, - მიმართა მარეხმა ძმას, - უგულო კი, არა მგონია, მაძღარი იყოს... არც მე მისადილნია...

- ოჰ, მართალს ამბობ, ჩემო კარგო, “მაძღარი მშიერის ამხანაგი არ არისო”, ნათქვამია... ჯერ ვისადილოთ და შემდეგ ვიბაასოთ... ახლა კი ეს რაში მინდა ჩავაბარო პატრონს...

- მამავ, ჩვენ პატარა სასახლეში ვისადილებთ, ჩემ ოთახში... წამოიყვან უგულოს... მე კი მოვამზადებ ყველაფერს...

ამ სიტყვებით გატრიალდა მარეხი და პატარა სასახლისაკენ გაემგზავრა...

VII

... მარეხი ძალიან ეჭვობდა, რომ უგულო უბრალო მეჯოგე ყოფილიყო... იმისი თვალების გამომეტყველება სრულებით სხვას ამბობდა... მერე მისი ლაპარაკი და ხმის მოძრაობა სრულებით არ ემოწმებოდნენ იმას... ამას გრძნობდა მარეხი და კიდეც ეს იყო მიზეზი, რომ მარეხმა თავის ოთახში მოისურვა სადილობა მახარესთან ერთად... იქ სათვალჩინო ადგილას გაბზარული “ზარი” ედო, და შეუძლებელია, თუ კი რამ კავშირი ჰქონდა მახარეს ხელობასთან, ეს არ შეემჩნია... თუნდაც არ შეემჩნია, მაინც განგებ აჩვენებდა მარეხი... პირველ შეხედვაზედვე, პირველ იმის ხმის ამოღებაზე მარეხმა იგრძნო, რომ ეს უბრალო მეჯოგე არ იყო და რაღაც კავშირი ჰქონდა ზართან... მით უმეტესად გაიფიქრა მარეხმა ეს, რომ მახარეს ხმა ლაპარაკის დროს ისე საამოდ ფრთენდა, როგორც მაშინ, როცა ეთერმა ზარი აახმაურა... რაღაც მზგავსება იპოვა, და ამაში უნდა დარწმუნებულიყო...

როცა ორივე მეფემ მახარე შეიყვანა მარეხის ოთახში, იქ უკვე ყველაფერი მზად იყო... სუფრა უხვად იყო გაწყობილი. გარს მშვენიერი ბალიშები იყო შემოწყობილი...

მახარე სულ ახლებში გამოეწყოთ... იმის ტანისამოსი მეფის ტანისამოსს უდრიდა... ნადირ-მეფე რაშის გახედნამ ისე გაახარა, რომ მახარესათვის აღარას შურობდა... მართალია, ის უკვე დამშვიდებული იყო, გინდაც არ დაბრუნებულიყო მახარე, რადგანაც გადაწყვეტილი ჰქონდა, ეთერის მაგივრად მარეხი გაეგზავნა, მაგრამ მაინც ძალიან გაეხარდა რაშის გახედნა. რაც უნდა იყოს, მარეხი და იყო და...

დასიძება ჩრდილოეთის მეფისა სასიქადულოდაც მიაჩნდა, მაგრამ აქ მარეხი ცოტა უსიამოვნო გზით უნდა შეეთავაზნა... ეს კი, ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფის გრძნობას იწვევდა მეფე-ნადირაში...

რაკი ეს უსიამოვნობაც მოშორდა, ახლა იმის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა...

გახედნილი რაში ჩრდილოელთ ჩააბარა... გულწრფელად სთხოვა დარჩენილიყვნენ კიდევ რამდენიმე დღე, რომ ენახათ, თუ რა დღესასწაულს გადუხდიდა რაშის გამხედნავს... ესენიც დასთანხმდნენ...

- მეფეებო, თქვენთვის არა მომიმზადებია-რა!.. თქვენ უკვე ნასადილევი ხართ... მხოლოდ უგულოსთვის არის ეს სუფრა გაშლილი და... ჩემთვის!.. - დაუმატა სიცილით მარეხმა...

- ოჰო, ჩემო კარგო, - სიცილით უთხრა ნადირ-მეფემ... - გინდა, მარტო შენ გიამბოს რაშის გახედნის ამბავი!?. არა... ჩვენც გვინდა მოუსმინოთ უგულოს...

- ლაპარაკისთვის სრულებით არა მცხელა, ისე მშიან!.. მგონია, უგულოს უფრო ეშივება!..

- მართალს ბრძანებ, დედოფალო, ძალიან მშიან და მოუთმენლად მოველი, როდის მომაწვდი ლუკმა-პურს...

მახარემ პირველ შემოსვლაზედვე შენიშნა სუფრის ახლოს სამფეხზე დადებული თავისი ქმნილი... მოაგონდა მაშინვე მამისა და ნარგიზა... იმისგან გაძარცული, და კინაღამ იქვე არ დაეცა... ჭირის ოფლმა მთლად შეასველა, ყურებმა შუილი დაუწყო, და რომ მთლად თავის ნებისძალა არ მოეკრიფა, იქვე გულწასული გაიშხლართებოდა.

ოდნავ კედელს მიესვენა, როდესაც მარეხი და ნადირა ერთმანეთს ესიამტკბილებოდნენ, და შესძლო ისევ თავისი ძალა მოეკრიფნა... სწორედ კარგ დროზე წამოძახა მარეხმა, თორემ შეიძლებოდა სულ გამოემჟღავნებინა თავის გულისნადები...

- ოო, თუ მაგრეა, ნუღარ გვიანობთ და შეუდექით სადილობას... ჩვენც აქ თქვენთან ჩიბუხებს მოვწევთ...

- არა... არა!.. გინდათ, პირში ლუკმა დაგვითვალოთ?.. წადით!.. სადაც გინდათ, იქ მოსწიეთ ჩიბუხი და, როცა ჩვენც ვისადილებთ, მაშინ მოდით და უგულოც გვიამბობს რაშის გახედნის ამბავს... პირობას გაძლევთ, უგულოს რაშის შესახებ ერთ კითხვასაც არ მივცემ, და, მგონი, ესაც პირობას მოგცემთ, გინდათ შევეკითხო, უთქვენოდ პასუხს არ მომცემს... არა, უგულოვ?!.

- მართალს ამბობ, დედოფალო!.. როცა სიმშილს იკლავ, მაშინ ლაპარაკი შეუძლებელია... აი, საჭმელს რომ ვხედავ, პირს ნერწყვი მომდის და კუჭი მიკანკალებს...

- წავიდეთ, მამავ, თორემ, როგორც ეტყობათ, ჩვენც შეგვჭამენ, თუ აქ დავრჩით...

VIII

მარეხი სუფრას მოუჯდა და მახარეც მიიპატიჟა...

მახარეც და მარეხიც მართლაც მშივრები იყვნენ და გულიანად დაიწყეს ჭამა... ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის, ვიდრე კარგა არ შენაყრდნენ... მაშინ მარეხმა ფიალა გაავსო მშვენიერი ღვინით და წარმოსთქვა:

- უგულოვ, ეს შენი სადღეგრძელო იყოს!.. - მოსვა ცოტა და მახარეს გადააწოდა...

- დედოფალო, ეს საწამლავიც რო იყოს, მაინც გამოვცლი და შენსავით ტუჩებს არ დავისველებ... შენი სადღეგრძელო იყოს, შენზე უკეთესს ვის ვადღეგრძელებ!.. - უთხრა და თვალებში აღგზნებით ჩააცქერდა...

მარეხმა დაბლა ცქერა დაიწყო... მახარე კი ისევ აღგზნებით უმზერდა და ფიქრობდა: “თუ მიცნო მაშ მაგრე სხვანაირად რად მელაპარაკება?... ნუ თუ დაავიწყდა ის ღამე?.. მაგრამ იმ ღამის მხილებელი ხომ გვერდით უძევს და... მაშ ვერ მიცნო...” გულის ტკენით გაიფიქრა და უეცრივ ახლა სულ სხვა აზრმა გაუელვა... “მაშ მე ვერ მიცნო... სხვა ვგონივარ და მოვწონვარ... მეფესაც უგულოზე სცვლის, როგორც მე, მახარე, მეფეზე გამცვალა”...

ამ აზრმა საშინლად ააღელვა... ფიალა დაინახა და სახე მრისხანებით მოეცვა...

მარეხმა სავსე ფიალა დაინახა და სწრაფად სიცილით მიმართა:

- როგორ გეტყობა, საწამლავისა ძალიან გშინებია, რომ ტუჩებიც კი არ დაისველე!..

მახარეს უეცრივ სახის გამომეტყველება შეეცვალა ასეთ გულუბრყვილო სიტყვაზე, სწრაფად ფიალა ტუჩებთან მიიტანა და უეცრივ გამოსცალა...

- ესე მტერი დაგეცალოს!.. - წამოიძახა და ცარიელი ფიალა წინ დაუდგა...

ორივეს აზრი სულ ზარის გარშემო ტრიალებდა, და არც ერთ იმათგანს საერთო ენისათვის ვერ მიეგნო... ორივეს უნდოდა ჩამოეგდო ზარზე ლაპარაკი, მაგრამ ვერ ახერხებდა.

დაიწყეს ისევ ჭამა... თითო-ოროლა სიტყვას ერთმანეთს ესროდნენ...

- აბა, ახლა, უგულოვ, მიამბე, თუ როგორ მოახერხე რაშის გახედნა?!. ჩვენ კი გვეგონა, დაიღუპებოდი! - მიმართა ბოლოს მარეხმა მახარეს, რაკი ვერ მოახერხა ზარზე ლაპარაკის ჩამოგდება...

- ხომ მერე კიდევ გამეორება დამჭირდება?!.

- მაშ დავუძახებ...

- არა... არა... ჯერ ნუ!.. - შეემუდარა მახარე მარეხს...

ახლა იგრძნო, რომ შეიძლება შემდეგში ამისთანა პირისპირ ყოფნის შემთხვევა აღარ მექნესო და გაბედულად ჰკითხა...

- ეს რა არის?!. - და ზარზე ხელი მიიშვირა... - რამდენი ხანია შევცქერი... - დაუმატა მახარემ... - სუფრასთან ახლოს ძევს, მეგონა სადილობის დროს დაგვჭირდებოდა... მაგრამ ისე გავათავეთ სადილი, რომ არ მოგვიხმარია...

- ეს... ეს... ზარია!.. - უპასუხა მარეხმა და გულში კი გაიფიქრა: “უთუოდ კარგად იცი, რაც არის, მაგრამ განგებ მკითხეო”...

- ზარი?!. - გაკვირვებით ჰკითხა მახარემ...

- ჰო, ზარი!..

- მერე რის გამოსადეგია?!.

- რომ სუფრაზე ვამღეროთ!..

- ამღეროთ?!. მერე რატომ არ ამღერებ?!.

მარეხს გულწრფელად მოეღუშა სახე და ნაღვლიანის ხმით წარმოსთქვა:

- გაბზარულია!.. ხმა ჩახლეჩილი აქვს...

- როგორ თუ გაბზარული?!. - გულწრფელად გაიკვირვა მახარემ.

- აი, როგორ!.. - მარეხმა ზარი ყურით ხელში აიღო, ენა ამ მოძრაობაზე ზარის ნაპირს მოხვდა და უსიამოვნო ჟღრიალი მოიღო...

ამ ხმაზე მახარე გაფითრდა, და ხელების კანკალით მარეხს ჩამოართვა ზარი...

მახარემ გადაატრიალ-გადმოატრიალა ზარი და, რა ნახა ცალი მხარე თითქმის ყუნწამდის გაბზარული, გულის სიღრმიდან ამოსკდა კვნესა, და მარეხს საყვედურის სავსე თვალებით შეხედა...

თითონაც არ იცოდა მარეხმა რად დაიწყო თავის მართლება და თითქოს ბოდიშის მოხდა:

- ვფიცავ ღვთაებას, ჩემსა მზესა, სახელმწიფოში ვინც კი ხელოსანი გვეგულებოდა, ყველა მოვღალეთ და ვერ გავამთელებინეთ!..

მახარეს ამის მოსმენა არ უნდოდა... ისედაც კარგად ხედავდა, რომ ბევრ ხელს უწვალებია ზარი...

შეებრალა თავისი თავი და თავისი ოცნება, გატაცებული ძიება, ღამეების თევა!.. რა სინაზით... რა გრძნობით... აღფრთოვანებით მოელოდა ამის ხმის გაგონებას?!.

ახლა კი ეთერის წყალობით რა დამართნია იმის ქნარს?!.

კიდევ გადახედა მარეხს საყვედურით და ცივად გადააწოდა ზარი...

ამას კი აღარ მოელოდა მახარე, რომ იმის გრძნობას ასე აბუჩად აიგდებდა ეთერი და...

მარეხმა ჩამოართვა ზარი. ენა უფრო ძლიერად მოხვდა პირს, და უარესი ჟღარუნი გამოიღო... მახარეს ტანი აუჟრჟოლდა, და იმის გულის ხმაც ზარის ჟრიამულს შეუერთდა...

მეფეები ამ ოთახის ახლოს ისხდნენ და უგულოზე ბაასობდნენ, რომ ზარის ჟღრიალი მოესმათ და ორივე მეფეს ტუჩებზე ნაზი ღიმი გადაეფარა...

ესენი მაშინვე შევიდნენ მარეხის ოთახში სწორედ იმ დროს, როდესაც მახარე წამოდგა და ოთახიდან გასვლას აპირებდა...

- დაო მარეხ, უგულოს კარგად სცოდნია რაშების გახედნა, მაგრამ არა მგონია, გაბზარული ზარის გამთელებაც იცოდეს!..

მახარემ თვალები დააჭყიტა... თავის ყურს არ დაუჯერა და ხან ერთს, და ხან მეორეს თვალით შეეკითხა...

მარეხმა და დიდმა მეფემ ვერა გაიგეს რა, ხოლო ნადირ-მეფე კი იღიმებოდა...

- რაო, უგულოვ, არ გესიამოვნა, რომ მარეხი ჩემი დაა და არა ცოლი?!. - ცოტა სიჩუმის შემდეგ შეეკითხა ნადირ-მეფე...

მახარე გამოერკვა...

- ცოლია შენი ეს ქალი, თუ დაა, - ჩემთვის ორივე შემთხვევაში სათაყვანებელი დიასახლისია... ძალიან მადლობელი ვარ ასეთ გულ-უხვ მასპინძლობისათვის... - უპასუხა მახარემ და მარეხს თავი დაბლა დაუკრა...

მარეხი აწითლდა...

- ჩემი ქალის ავადმყოფობაა: ვინც უნდა მოვიდეს, მთხოვარი იქნება ის, თუ დიდებული, ყველას აქ უმასპინძლდება და სადილობის დროს უეჭველად გაბზარულ ზარზე უნდა ებაასოს და ჰკითხოს: “გამთელება ხომ არ შეგიძლიანო”?..

- ცილს ნუ სწამებ, დიდო მეფევ, შენ ქალს... მაგას ზარის შესახებ არა უთქვამს რა. პირიქით, მე ვკითხე და მხოლოდ ამის შემდეგ მომაწოდა გასაშინჯათ...

- ოო, ტყუილად ამართლებ, უგულოვ, ჩვენ კარგად ვიცნობთ მარეხს...

- ნადირ, სულ შენი ბრალია ამ ზარის გაბზარვა და კიდევაც დამცინი?!.

- ოჰო, მაბეზღებ კიდევაც?!. - სიცილით უთხრა ნადირ-მეფემ.

მახარე ახლა უფრო გამოურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდა... მარეხი, თუმცა ძალდატანებით, ეთერად ეგონა... მაშ ეთერი სადღაა?!. ან ეს ზარი მარეხს რადა აქვს?!. ვერა გაეგო რა, და, აი, სწორედ ამის გაგება განიზრახა, მაგრამ როგორ გაეგო ისე, რომ ეჭვი არავის მოსვლოდა?!.

- რო გაგეგონა ამ ზარის ხმა, სულ გადაირეოდი, უგულოვ!.. მაგრამ ახლა რაღა ხმა აქვს... სამწუხაროდ ჟღრიალებს... წეღან შეგატყვე, ამისმა ხმამ გუნება გაგიფუჭა... - ნაღვლიანად დაუმატა ეს უკანასკნელი სიტყვები მარეხმა...

მახარეს ნაღვლიანად გაეღიმა, და გულმომბალმა ალერსით უპასუხა მარეხს...

- კარგია, არ გავიგონე, თორემ გადარეული რას ვემსგავსებოდი?!.

ორივე მეფემ ხარხარი დაიწყო... მარეხი კი გაწითლდა და საყვედურის კილოთი მიმართა უგულოს:

- განა სამუდამოდ გადაირეოდი?!.

- ვხუმრობ, მეფის ასულო, ვხუმრობ!.. მაგრამ ერთი ეს მითხარი, რატომ იმასვე არ მიმართავ, ვინც ეს გააკეთა და ვისგანაც შეიძინე... უეჭველია, ყველაზე ადრე ის გაამთელებს, ვიდრე მოხეტიალე მათხოვრები, ან კიდევ დიდებულნი?! - დაეკითხა მახარე მარეხს.

ეს შეკითხვა მოულოდნელად მოუვიდა. ამ კითხვით თითქმის ყველაფერს გაიგებდა...

- ეჰ... - გულის ტკენით უპასუხა მარეხმა... - ეს ეთერმა მაჩუქა, როცა გაებზარა... ამის გამკეთებელს დიდი ხანია დავეძებთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ...

- ვინ ეთერმა?!.

- ჩემმა მეუღლემ... კაცია ბატონის ასულმა... - მარეხის მაგივრად უპასუხა ნადირ-მეფემ... - ეს ზარი ვიღაც შეგირდ მახარეს გაუკეთებია... ეთერს უყიდნია იმისგან... როცა შემთხვევით ჩემ ქორწილში გაიბზარა, გავგზავნეთ იმის მოსაყვანად, რადგანაც ჩემ დას მარეხს ძალიან ეწყინა ამის გაბზარვა... ზარში ეს დაეძებდა გამკეთებლის სულს... უნდოდა მოესმინა მარტო ზარის ხმა უეთეროდ, მაგრამ ამ დროს ძირს დავარდა... ქვას მოხვდა და გაიბზარა... გაბზარულმა კი ისე ჟღრიალი დაიწყო, რომ მარეხი ავადაც გახდა... კაცია ბატონმა მახარეს მოსაყვანად გაგზავნა გზირი, მაგრამ ის სადღაც გადაკარგულიყო... ოქრომჭედელიც აქ იყო, მახარეს ოსტატი, მაგრამ ვერა გააწყო რა... დედოფალი ეთერი გულკეთილი ქალია... მარეხის ასეთი მწუხარება რომ ნახა, აჩუქა და უთხრა, თუ ოდესმე მახარე სადმე გამოჩნდება, გავამთელებინებ და მაშინვე ეგ ზარიც და ის მახარეც შენი იქნებაო...

მახარე ისე იწოდა მეფე ნადირას სიტყვებზე, თითქოს მეფის ყოველ სიტყვის შემდეგ საშინელის სიძლიერით იფნის სახრეს ურტყამდნენ ზურგზედაო... მაგრამ იმავე დროს ნუგეშს ჰპოვებად მარეხის უმანკო სახის კრთომაში...

- კმარა!.. - წამოიძახა მარეხმა... - არა მსურს ჩემზე მაგდენი ილაპარაკო და... - აუვარდა ტირილი და გარედ გავარდა...

IX

ნარგიზა უშვილო იყო. პირველში ღმერთს მხურვალედ ემუდარებოდა, შვილი ჰყოლოდა... მაგრამ იმის მუდარა ამაოდ რჩებოდა... წელიწადი წელიწადს მისდევდა და ის მაინც უშვილოდ რჩებოდა... როცა კი იტყოდნენ, ამას და ამას ამ დღეზე შვილი უნდა ეყოლოსო, სიხარულის იმედით იმოსებოდა და მაშინვე იმისკენ გარბოდა... გვერდიდან არ შორდებოდა და ბებიას ეხმარებოდა... თუ მშობიარე ძალიან იტანჯებოდა, ნარგიზა სანუგეშოდ ეუბნებოდა: “შვილი ისეთი ბედნიერებაა... მე რომ შენ ადგილას ვიყვე, კი არ ვიყვირებდი, სულ ვიცინებდიო!..” ამას გულწრფელად ეუბნებოდა, და რომ შვილს ღირსებოდა, შეიძლება, მართლაც ტკივილების დროს კრინტიც არ დაეძრა... მაგრამ, იმის და სამწუხაროდ ვერ ეღირსა... მერე რა ალერსით და სიამით უვლიდა ახლადშობილს?.. ზედ დასტრიალებდა მფარველ სულივით და ნიავს არ აკარებდა... ბებიას აკვირვებდა ნარგიზას ასეთი საქციელი, მაგრამ უხაროდა, რომ ნარგიზა ასე დაუზარებლივ და სიყვარულით ასრულებდა იმის მოვალეობას... თითონ კი ამ დროს ისვენებდა განცხრომით... მერე სულ უსასყიდლოდ...

როცა კი ბებიას ვინმე დაუძახებდა, ის თავის მხრივ შეუთვლიდა ნარგიზას: “ესა და ეს ამაღამ მოილოგინებს და ხომ არ გესიამოვნება დასწრებაო?!.”

ეს საკმარისი იყო, რომ ნარგიზა სიხარულით მელოგინესთან ბებიაზე ადრე გაჩენილიყო...

დრო გადიოდა... ნარგიზა ხანში შევიდა... შვილის ყოლის იმედი დაკარგა, მაგრამ სიყვარული მშობიარეთადმი უფრო გაუცხოველდა...

წინადვე, ბებიის სიცოცხლის დროსვე, მშობიარენი ნარგიზას სთხოვდნენ ბებიაობა გაეწია, მაგრამ ნარგიზა უარს ეუბნებოდა და ბებიის მოწვევას ავალებდა... თითონაც უეჭველად ესწრებოდა... როცა ბებია გარდაიცვალა, მხოლოდ მაშინ დაიწყო მარტოდ მუშაობა... ისევ უსასყიდლოდ, მაგრამ მშობიარენი უფრო უხვად აჯილდოებდნენ სხვადასხვა სახით და გზით...

ნარგიზა უკვე სახელ-განთქმული ბებია იყო, როდესაც ეს ამბავი მოხდა...

როცა ნადირ-მეფემ მარეხი აატირა, სწორედ იმ წამს გადია ნარგიზასთან შევიდა და მიიპატიჟა ეთერთან...

- რა ვიცი, ჩემო ნარგიზ, ჯერ კი დრო არ არის, მაგრამ იქნება უდღეოდ დაებადოს... - დაუმატა გადიამ...

- უი, დამიდგეს თვალები!.. იმისთანა ქალს უდღეოდ როგორ დაებადებოდა?!. ღონით სავსეა... რატომ უნდა უდღეოდ დაებადოს?!. ”მაშ გამოდის, ორი თვით უფრო ადრე უნდა დაებადოს... უი, უი!.. ეთერი ისე სუსტი არ არის, რომ ეგ დაემართოს… ხომ ჯერ ორი თვე აკლია?!. სულ ნაანგარიშები მაქვს, როდის უნდა დაებადოს… მეფეს მხოლოდ შვიდი თვის წინად ეამბორა, მანამდის კი, როგორც შენ მიამბე, მგზავრობა, ქორწილი, მერე ეთერის ავადმყოფობა და... მხოლოდ ორ კვირას ცხოვრობდნენ, როგორც ცოლ-ქმარნი, და მერე აქეთ გამოემგზავრა დედოფალი...

გადიამ ტუჩები მოიკვნიტა... თურმე თითონვე გაუცია ეთერი...

- ჩემო ნარგიზ, მაინც ნახე, იქნება მცდება...

- ახალვე, შვილო, ახლავე... დედოფალს როგორ არ ვნახავ?!. მეფეს შეატყობინეთ?!.

- არა!.. დედოფალს არც უნდა შეატყობინოს, რადგანაც ასე ადრე მოუვიდა ტკივილები... იქნება მახინჯი დაებადოს და მაშინ, სჯობია, სულ არ ვაცნობოთო...

ნარგიზა სიხარულით გაჰყვა გადიას... ამას კი აღარ მოელოდა ნარგიზა, თუ ოდესმე დედოფალს მოალოგინებდა, სეფე-წულს პირველად ის ხელს შეახებდა...

ეთერი ხშირად იბარებდა ხოლმე ნარგიზას თავისთან და სხვადასხვა ამბებს ჰკითხავდა... ეთერს ესიამოვნებოდა იმის ნახვა... თითქოს ამით დაკარგულს უახლოვდებოდა... ნარგიზაც ხშირად მოდიოდა, თავის თავგადასავალს უამბობდა... ეთერი აღტაცებით უსმენდა ხოლმე, როცა ნარგიზა მახარეს დედის შემოხიზვნაზე უამბობდა, და შემდეგ თითონ მახარეზე, თუ იმან როგორ იშვილა მახარე და ბოლოს კი... ასე დაიკარგა...

ეთერი თავის მდგომარეობაზე სულ არას ეუბნებოდა... იმან კი შინ დაბრუნებისას იგრძნო, რაც მოელოდა... ჯერ არ სჯეროდა... მერე კი დღითი-დღე რწმუნდებოდა, თუ იმის თავს რაც იყო. მაშინ კი გადიას გამოუტყდა...

- ე მაგისი მეშინოდა, ჩემო კარგო, და აკი არ აგვცდა?!. მაგისთვის გემუდარებოდი, მეფესაც ვშველოდი, ძალა მაინც ეხმარა, იმასთან მარტოკას გტოვებდი ამისთვის... შენ კი მლანძღავდი, უკიდურესად მექცეოდი… მოღალატეს მიწოდებდი... აი, ახლა ხომ დარწმუნდი, რომ მე მართალი ვიყავი?!. ერთ ღამეს რომ დანებებოდი მეფეს, მაშინ თამამად გამოაცხადებდი, რა გარემოებაში იქნებოდი და მეფეც აღტაცებული დარჩებოდა... ახლა კი... ღმერთო... ღმერთო... თავში რა ქვა უნდა ვიცეთ, რომ ეს... იქნება ნარგიზა მოვიხმაროთ, რომ...

ეთერი უსმენდა გადიას “ვიშ-ვიშს” ღიმილით, ბოლოს ვეღარ მოითმინა და გულიანად გადიხარხარა...

- ხა... ხა... ხა!.. - ეთერის გულიანი კისკასი მოესმა გადიას და თვალები დაჭყეტილი დარჩა...

ეთერი კი გულიანად ხარხარებდა...

როცა ეთერი დამშვიდდა, მაშინ მხურვალედ გადაეხვია გადიას და ჩაჰკოცნა...

- ჩემო ძვირფასო გადი, მეფემ რომ იცოდეს, თუ რად ერთგულობდი, ხომ სამწვადესავით აგაცვამდა ხის ტოტზე და ისე შეგწვამდა... ახლა კი ჰგონია, იმის ერთგული ხარ, და კიდევაც დაგავალა თვალ-ყური მადევნო...

- დედოფალო, ვერა გამიგია-რა?!.

- გინდოდა, ჩემი და მახარეს შვილი მეფის შვილად გამოგეცხადებინა...

- სხვა გზა არ იყო, რაკი იმის ცოლი გახდი...

- ხომ ხედავ, სხვა გზაც არის... მე ვიქნები დედა მახარეს შვილისა და ეს ასეც იქნება.

- ეთერ... ეთერ... დაუკვირდი, რას ამბობ?!.

- ეს მარტო ჩვენ უნდა ვიცოდეთ და სხვამ არავინ... მამაჩემაც კი...

- ბოლოს ხომ მაინც უნდა კიდევ ვინმემ იცოდეს, რომელიც მიიღებს შენ შვილს?!.

- თუ კი ახლა ნარგიზას მოწვევა გინდოდა, მაშინაც ნარგიზა მიიღებს... უთუოდ იმისი იმედი გაქვს, რომ ეს დამარხული იქნება...

- იყოს ნება შენი...

- ჩემო გადი, ხომ ხედავ, აი, იქ რო გამოკრული ძევს... ის იმ ღამის სუფრაა და ჭურჭელი შიგ გამოკრული... ეგ სულ ვერხვის ქვეშ იყო... შენ გატანა გინდოდა... ნება არ მოგეცი... ეგ იმის ამოტანილია... მაშ, გვირაბისათვის მიუგნია... სხვა გზით ვერ ამოიტანდა აქ... ის მოვა ისევ... მაშინ კი...

- რომ არ მოვიდეს?!.

- თუ ცოცხალია, მოვა, და თუ მოკვდა, სანუგეშოდ იმის შვილი მეყოლება... მაშინ შენდა სასიხარულოდ შევასრულებ პირობას, რაც ნადირ-მეფეს დაუდევი... წელიწადი ჯერ შორს არის... გვირაბის კარი დაუკეტავი უნდა იყოს... მაშინ სიჩქარით დაუკეტავი დამრჩენია და ძალიან მიხარიან, რომ ეს ასე მოხდა. თუ ის მოვა, ამ გზით მოვა...

ამის შემდეგ მომხიარულდა ეთერი და უდარდელად, სიამით იტანდა თავის მდგომარეობას... გადია კი სულ კანკალებდა შიშით...

როცა დრო მოვიდა, ნარგიზაც მოიწვიეს და ეს ბუნების დიდი საიდუმლოება საიდუმლოდ ჩაატარეს...

ეთერი მთელ დღეს იტანჯებოდა და მხოლოდ შუა ღამისას განთავისუფლდა... ტკივილების დროს კრინტი არ დაუძრავს... ითმენდა...

ნარგიზას კიდევაც ეშინოდა, არა დაემართოს რაო, და ურჩევდა ეკივლნა... მაგრამ ეთერი ქვასავით ხმას არ იღებდა...

როცა ნარგიზამ მიიღო ბავშვი, ის უგრძნობლივ მიეგდო... დიდხანს იყო ასე, თუ ცოტა ხანს, ეს ეთერს არ უგრძვნია... გადია და ნარგიზა ბავშვის მოვლას მოუნდნენ და ეს კი თითქმის მიავიწყდათ... როცა ეთერისთვის მოიცალეს, მაშინ ეთერი უკვე ღრმა ძილში იყო...

წინა ღამის და ამ დღის ტანჯვამ თავისი იმოქმედა და ეთერი ისე მოიქანცა, რომ რა წამს კი მოეშვა ტანჯვა, მაშინვე ღრმად მიეძინა.

გადიას და ნარგიზას უნდა ვაჟიანობა ეხარებინათ, მაგრამ გაღვიძებამდის გადადეს!..

X

- მეფევ, ძალიან სასტიკად მოექეცი შენ დას...

- ოჰო, მფარველი გამოუჩნდი?!. კარგი!.. ერთი მითხარ, რის მაქნისია ეს, რომ გიჟივით თავს დასტრიალებს და თვალთაგან არ იშორებს?! - უპასუხა მეფე-ნადირამ და ზარზე ხელი მიიშვირა...

- აკი შენვე სთქვი, იმედი აქვს გამთელებისაო!..

- აქნობამდის არავინ გამოჩენილა... ან ვინ გამოჩნდება, როდესაც ამის გამკეთებელი დაიკარგა და...

- იქნება სხვამაც შესძლოს...

- თუ კი შესძლებდა, აქნობამდის გამოჩნდებოდა, რადგანაც ახლა ყველამ იცის მთელ სამეფოში, რომ მარეხი იმას ცოლად გაჰყვება...

- მერე შენ წინააღმდეგი არ იქნები?!

- წინააღმდეგი რათ ვიქები, როდესაც მამაჩემი მზად არის მთელი თავისი საუფლისწულო მამულები სულ მარეხს გადასცეს იმ ვიღაცის სასარგებლოდ... აი, ეს სასახლეც თავის საკარმიდამოთი მამას გადაწყვეტილი აქვს მარეხს შესთავაზოს, თუმცა ჩემთვის ძალიან უხერხული მომიჯნავე იქნება ვიღაც ხელოსანი, ჩემი დის ქმარი... აქ საოქრომჭედლოს გამიხსნის... მაგრამ ჩემთვის ერთის მხრივ ძალიან ხელსაყრელი იქნება, რადგანაც ჩემ ეთერს სამკაული უყვარს და, თუ რამ დასჭირდა, შორს წასვლა არ მოუნდება...

მახარეს ეთერის ხსენებაზე თავში სისხლი აუვარდა და წამოწითლდა... სწრაფად გაბზარულ ზარს ხელი წამოავლო და, ვითომ გულცივად, სინჯვა დაუწყო...

- რა, ხომ არ გინდა შეეცადო?! - შეეკითხა დიდი მეფე... - ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ კი დაგვისიძევდები...

მახარე ჩაფიქრდა. ატირებული მარეხი უეცრივ თვალ-წინ წარმოუდგა და გული მოეკუმშა... იმისი თვალები ლმობიერებით აივსო. უმანკო არსება შეებრალა, და ჟინმა მოუარა ამოეკოცნა სველი თვალები და ამ გზით ამოემშრალებინა...

მერე მახარეს სახე მოექუშა... ეტყობოდა, რაღაც სულიერი ბრძოლა ხდებოდა იმაში... ის მეფეებს აღარ ამჩნევდა და აღარც იმას გრძნობდა, რომ ხელში ზარი ეჭირა...

მეფეები შესცქეროდნენ და უკვირდათ იმის სახის ცვალებადობა...

მახარემ გადასწყვიტა ქედის მოუხრელობა... ეთერი თუმც უფრო ძლიერად უყვარდა, მაგრამ იმისგან ასეთ გაწბილებას ვერ შეურიგდებოდა და...

- დეე, თავის თვალით ნახოს, რომ უღირსი არ ვყოფილვარ! - წამოიძახა უსიტყვოდ და მარჯვენა ხელი, რომელშიაც ზარი ეჭირა, ამ გადაწყვეტილების ნიშნად მედგრად ჩაიქნია...

მოისმა გულშემზარავი ჟღრიალი და შემდეგ ნაწილობრივი წკრიალი... სახტად დარჩნენ მეფეები ამ სანახაობით... მახარე გამოერკვია ამ ჟღრიალ-წკრიალზე და...

ამ დროს ხმაურობაზე მარეხი შემოვარდა გულ-გახეთქილი და შეჰყვირა:

- რა მოხდა?!.

მახარე სწრაფად გადახტა მარეხისაკენ და ხელი შეაშველა და უთხრა:

- მეფის ასულო, ნუ გამიწყრები!.. ვეცდები, თუ მე არა, გიპოვო გამმთელებელი...

ისეთი ნაზი ხმით უთხრა მახარემ მარეხს, რომ ის სწრაფად გონს მოვიდა და სხეულში რაღაც სიამემ გაურბინა... კარგია, მახარემ ეს მოახერხა, თორემ მარეხი, თუ იქვე გულწასული არ დაეცემოდა, აფთარივით მაინც თავპირს გამოკაწრავდა მახარეს, როცა შუაზე გადაშლილი ზარი მარმარილოს იატაკზე დაინახა...

მეფეები ჯერ განცვიფრებულები დარჩნენ... მარეხის შემოსვლაზე ფერი ეცვალათ... შეეშინდათ, ვეღარ აიტანსო და, როცა დაინახეს, რომ მარეხმა ბოლოს მშვიდად უპასუხა: იმედი მაქვსო!.. ორივემ ხარხარი დაიწყო.

- უგულოს ეგონა, ზარსაც ისე სწრაფად გაამთელებდა როგორის სისწრაფითაც რაშს ზურგზე მოახტა!.. - თითქმის ორივემ ერთად წამოიძახა...

მახარემ კი ნამტვრევები სიყვარულით ააგროვა, სუზანი სთხოვა მარეხს, რომელმაც სწრაფად მოუტანა, შიგ გამოახვია და სთქვა:

- ახლავე შევეცდები, თუმცა იმედი არა მაქვს, თუ ნებას მომცემთ და ადგილს მიჩვენებთ, სად არის საოქრომჭედლო...

- ააარა... ჯერ ვერ გაგიშვებთ, ვიდრე რაშის გახედნის ამბავს არ გვიამბობ!.. - თითქმის ერთად უთხრა ორივე მეფემ მახარეს!..

- ჯერ გვიამბე და შემდეგ...

- რა გიამბოთ, როცა თქვენი თვალით ნახეთ ყველაფერი?!. მერე კი, როცა ორივე მდინარეში გადავვარდით და თვალთ მიგეფარენით... - დაიწყო მახარემ... - ზვირთებმა მოგვიტაცა... ამას არ მოველოდი, რომ რაში იმ კონცხიდან შიგ ზვირთებში გადაეშვებოდა... მეგონა, დაინახავდა თუ არა აზვირთებულ მდინარეს, მაშინვე გაუხვევდა საითმე, მაგრამ ის კი, როგორც ნახეთ, შიგ გადაეშო... როცა გონება მოვიკრიფე, დავინახე, რომ კარგა მოშორებით განივრად იშლებოდა მდინარე და მაშინვე განვიზრახე იქამდის ჯერ-ჯერობით არ მიმეშო. რადგანაც იქ შეიძლებოდა ისევ ნაპირზე გასულიყო და ვინ იცის, ისე ჩქარა ვერ დამემორჩილებინა, როგორც წყლის საშუალებით შეიძლებოდა... მაშინვე ზურგი გაუნთავისუფლე და ძუა ხელზე დავიხვიე. მდინარემ მომიტაცა და მძიმედ მაგრამ თანდათან რაშმა ცოტა პირი იბრუნა ჯერ ცერად ნაპირისკენ, მერე პირდაპირ და ცოტა ხნის შემდეგ სწრაფად ძალაუნებურად პირი აღმა ქნა... აი, მაშინ დაიწყო იმის ბრძოლა... ცდილობდა გაერღვია ზვირთები, მაგრამ ფრუტუნით, ფრთხიალით ვერას ხდებოდა... ჩემი სიმძიმით ნალოსავით კუდზე ვიყავი მობმული და იმასაც კი ვერ ახერხებდა, პირი ნაპირისკენ ექნა... თანდათან კი გაშლილ ადგილს ვუახლოვდებოდით... როცა შევატყვე, რომ რაში უკვე მოიქანცა და, თუ ცოტახანს კიდევ ასეთ ბრძოლაში ვამყოფე სულ დაიღუპება მეთქი, მაშინ მეც შევებრძოლე ზვირთებს... უკვე გაშლილ მდინარეში ვიყავით და ზვირთი ისე ძლიერი აღარ იყო... ჩქარა ძუის მაგივრად ფაფარი ჩავიგდე ხელში. კიდევ მდინარის დახმარებით ამ გზით პირი ცერად ვაქმნევინე და ბრძოლა შევუმსუბუქე. რაკი ოდნავი შვება იგრძნო და ნაპირი დაინახა, უკანასკნელი ძალა მოიკრიფა და ნაპირისაკენ მიაშურა... მეც მხარდამხარ მივდევდი და ხელის შეხებით ვამხნევებდი... აღარ მიწყრებოდა რაში. როცა ნაპირის ახლოს ფეხი მდინარის ძირს მოჰკიდა, უკანასკნელი ძალა მოიკრიფა და გაეშურა ნაპირისაკენ... მაგრამ წყალი ჯერ კიდევ მუცლამდის სწვდებოდა. რომ შესდგა, სხეულის თრთოლვა აუვარდა...

მაშინვე დავუზილე ზურგი, გვერდები, კუდი დავუჭიმე. გავაც გადავუზილე და მხოლოდ მაშინ წინ დავუდექი... თითქოს არაფერს ხედავსო, ისე იცქირებოდა გაშტერებული თვალებით... დაზელის შემდეგ ტანის თრთოლვა შეუდგა... ახლა ყურები დავუჭიმე, თვალის ქუთუთოები და ქუთუთოების გარშემო დავუსრისე და შემდეგ კისერი ჩავუზილე... ისევ წინ დავუდექი და ალერსით ნესტოები მოვუზილე... რაში თითქოს გამოერკვა... ლმობიერად შემომხედა... ძლიერად დაიჭიხვინა და ტუჩებით სახის ცმუცვნა დამიწყო...

ამას მოველოდი და ესეც მოხდა... რამდენი ცხენიც გამიხედნია, ყოველთვის ამით გათავებულა, და რაკი რაშის გახედნაც ამით გათავდა, მაშინვე წელიდან საბელი შევიხსენ... კისერზე შევაბი და საცხვირე გავუკეთე... სწრაფად ზურგზე მოვექეცი და დამორჩილებული რაში ჩემ ნებას ასრულებდა... აქით წამოსვლა უკვე გვიანღა იყო და ამისთვის მეჯოგეებთან წაველი...

რაში ძალიან კარგია და შევუყვარდი კიდევაც... ახლა მე რომ დამინახოს, ჭიხვინს მორთავს და სიხარულით ტუჩებით სხეულის ცმუცვნას დამიწყებს... წინად კი კბილებით დაგლეჯას მიპირებდა...

XI

როცა დიდის საჩუქრებით და გახედნილი რაშით ჩრდილოელნი გაისტუმრეს, მახარემ სუზანში გახვეული ზარის ნამტვრევების განგებ მომზადებულ საოქრომჭედლოში გადატანა უთხრა მეფეებს და მარეხს...

- როგორც დაგპირდით, უნდა ეს ზარი გავამთელო, მაგრამ ამისთვის დამჭირდება ჩემი ძმად-ნაფიცი მოვიყვანო... იმედი მაქვს დამთანხმდება... ახლა, როგორც მახსოვს, ის ხშირად იმეორებდა, რაღაც ხმებზე, ლითონზე... ტყეში შემხვდა... ძმად გავიფიცენით... ერთხელ კიდევაც სთქვა - ოქრმჭედლის შეგირდი ვარო. ვიმალები იმიტომა, რომ ჩემ მამობილს სულ გავუფლანგე, რაც კი რამ ჰქონდა, და ახლა სანამ სამაგიეროს არ ვიშოვი, ისე ვეღარ ვეჩვენებიო...

- მახარე ხომ არ ჰქვიან შენ ძმობილს?.. - იკითხა ნადირ-მეფემ...

- ლომა ჰქვიან... იქნება მახარეც ერქვას, არ ვიცი...

მარეხი კი სულ სხვას ფიქრობდა... “განგებ იგონებს, რომ თავიდან მომიშოროსო”, და დანაღვლიანდა...

მახარემ შეხედა მარეხს და, რა დაინახა იმისი დაღვრემილი სახე, უთხრა:

- მეფის ასულო, გაძლევ პირობას, ზარი ხუთ დღეში გამთელებული იქნება...

მახარეს ძალიან უნდოდა დედოფლის ნახვა... უკანასკნელ ზეიმებში მონაწილეობა არ მიუღია... არ იცოდა, თუ სად იყო. ვერც ეკითხნა. ეშინოდა თავისი თავი გამოემჟღავნებინა, რადგან მაშინ დედოფალს ისე თამამად ვეღარ ელაპარაკებოდა... უნდოდა ბოლომდის “უგულო” სახელად შერჩენოდა და ამისთვის არჩია, ირემა ამ საქმეში ჩაერია და იმისთვის მახარე ეწოდებინა... მაგრამ ესაც კარგად იცოდა, რომ ირემა მეფე-ნადირას ვერ ეჩვენებოდა, რადგანაც ის მაშინვე იცნობდა. ირემა ისე არ შეცვლილა, როგორც მახარე... ეს გარემოება ცოტათი ართულებდა საქმეს... მაგრამ ამისთვისაც გამოსასვლელი იპოვა. ირემას საოქრომჭედლოში ამყოფებდა დღე და ღამ და, როცა ზარს ხელმეორედ ჩამოასხამდა, მალვით გაისტუმრებდა... სხვა პირობით არც ირემა წამოჰყვებოდა...

სულ ხუთი დღე არ გასულა ამ ლაპარაკის შემდეგ, რომ ახლად ჩამოსხმული ზარი თავის პირვანდელ სახით და ხმით მახარემ მარეხს მიუტანა და უთხრა:

- მეფის ასულო, მიიღე ეს ზარი, რის გამთელებაც მე დამავალე...

- რის გამთელებაშიაც სხვა დაიხმარე განა, უგულოვ?!

- სამწუხაროდ!..უმისოდ შენ სურვილს ვერ შევასრულებდი...

- მერე სად არის ის?!.

- წავიდა... მხოლოდ ამ პირობით გამამყვა და იმუშავა...

- მერე სასყიდელი არ მიეცი?

- ჩემი ძმობა აქვს იმას ხელთ... მეტი სასყიდელი არ შემეძლო მიმეცა...

- თავის მამობილის ქონებას შენი ძმობა ხომ ვერ აუყენებს?!. შენ კი სთქვი: “გაფლანგულს რომ შეაგროვებს, მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება თავის მამობილსო!...”

- სწორედ მაგრე სთქვა.

- მაშ, ჩვენ მივცემდით, რომ გეჩვენებინა, და ჩქარა დაუბრუნდებოდა თავის მამობილს... აგერ მამაჩემი და ნადირაც მოდიან, ესენიც ამასვე გეტყვიან...

- რაო, რაო, შვილო?!. - შეეკითხა დიდი მეფე, როცა მარეხის ხმა გაიგონა...

- მამავ, აი, გამთელებული ზარი!..

- რას გვეუბნები?!. უკვე?!. - ორივე მეფე შეეკითხა თითქმის ერთ დროს...

- აბა, გაგვაგონეთ მაგისი ხმა...

- უგულოვ, მე არ ვიცი მაგისი მოხმარება... შენ თუ მასწავლი?!. - ეშმაკურად შეეკითხა მარეხი...

- ოო, დიდის სიამოვნებით!.. წუხელის იმან მასწავლა წასვლის წინ...

- უეჭველია, მაგრე იქნებოდა, თორემ რად გვინდოდა ზარი, თუ კი ვერ მოვიხმარდით... - სიცილითვე უთხრა მარეხმა...

მარეხი ამ ხუთი დღის განმავლობაში მალვით უგულოს ფეხის-ფეხად უკან-უკან დასდევდა. გული ნებას არ აძლევდა, რომ უგულო ისევ ის მახარე არ ყოფილიყოს, რომელმაც ეს ზარი გააკეთაო. და მართლაც თავის თვალით ნახა, რომ მახარე “უგულო” იყო და ის ვიღაც რომ მოიყვანა, ის კიდევ - ირემა... მარეხიც მახარესავით იძინებდა და ღამე კი ფხიზლობდა და საოქრომჭედლოს სანათურიდან შესცქეროდა... იქიდან კი კარგად ხედავდა, თუ მახარე როგორ მუშაობდა გაჩაღებულ ქურის შუქზე და ირემა კიდევ როგორ იმასავით თვალებდაჭყეტილი უცქეროდა... ირემას მუშაობა მხოლოდ ხანდისხან საბერვლის დარხევაში იყო... ისიც ხშირად ავიწყდებოდა...

მახარემ აამღერა ზარი!..

ორივე მეფე განცვიფრდა, ისე ემცნაურათ ხმა... მარეხი კი... აღტაცებულმა ზარი გულში ჩაიკრა და წამოიძახა...

- ისევ ის სული უდგია, ისევ ის!..

- უგულოვ, სწორედ თვალთმაქცი ყოფილხარ!.. - წამოიძახა ნადირ-მეფემ... - ახლა ვამაყობ კიდევაც, რომ...

- ეს ხომ სხვამ გაამთელა!.. - შეაწყვეტინა სიტყვა მახარემ...

- მერე სად არის ის “სხვა”?!.

- შენს მეტი ჩვენ სხვა არავინ გვინდა!.. - დაუმატა დიდმა მეფემ...

- ის “სხვა” ისევ წავიდა... მხოლოდ ჩემი თხოვნით გაამთელა...

- მერე სასყიდლად მხოლოდ ხელში თავისი ძმობა მიუცია უგულოს, როდესაც იმ სხვას მამობილის გაფლანგულ ქონების ანაზღაურება უნდა!.. - სიცილით დაუმატა მარეხმა...

მახარე შეკრთა... იგრძნო რომ უნებურად ბევრი მახე დაიგო და...

- მარეხ, რატომ არ მოაყვანინებ მაგ ზარის გამმთელებელს?!. აკი აღთქმა გაქვს დადებული: ცოლად გაჰყვე, ვინც ზარს გამიმთელებსო!..

- ძმაო ნადირ, მზათა ვარ აღთქმა შევასრულო, მაგრამ იმის აღთქმა არ დამიდვია, რომ ძალად შევართვევინო თავი!.. რაკი იმას არ ვუნდივარ, მაშინ მეც ხსნილი ვარ აღთქმისაგან... მე ხომ, აი, იმის სული ხელთ მიჭირავს!.. - დაუმატა და სიამოვნებით გადიკასკასა...

მახარემ თვალები დააჭყიტა, ისე განცვიფრდა: “ჩემი სული, გული, ჩემი”...

- ოო, ძალიან კარგად მოიქცა ის ვიღაც არის, რომ არ გვეჩვენა და მარეხი აღთქმისაგან ხსნილ ჰყო... უგულო რომ არ ყოფილიყო, მარეხიც გამთელებულ ზარს ვერ იხილავდა და იჯდებოდა აღთქმის თანახმად გაუთხოვარი... ახლა კი უგულოს წყალობით ორი განსაცდელი აგვშორდა... მაშ...

- არა, მამავ, ძალად თავზე ვერავის მოვეხვევი... ვიცი, რაც გინდა სთქვა... უგულომაც რომ უარი სთქვას, მაშინ ხომ...

- მეფის ასულო, თუ მიკადრებ... - ოდნავი ყოყმანის შემდეგ წაილუღლუღა მახარემ...

- გიკადრებ?!. უგულოვ, მომიახლოვდი... არა... არა... მე მოვალ!.. - და სწრაფად იმის გვერდით გაჩნდა...

XII

მეფე-ნადირამ მოისურვა მარეხის და უგულოს ქორწილის გადახდა, როცა ეთერი დაბრუნდებოდა... უიმისოდ ძნელი იყო სტუმრების მოწვევა... რა უნდა მოემიზეზებინა, რომ დედოფალი მარეხის ქორწილში მონაწილეობას რატომ არ იღებსო?!. ამაში დიდი მეფე და მარეხიც, თუმცა დიდის ყოყმანით, დასთანმხდა... ეს კი მხოლოდ შემოდგომას მოხდებოდა... მართალია, გაზაფხული უკვე თავდებოდა, სამაგიეროდ მთელი ზაფხული და შემოდგომის პირველი ნახევარი წინ ედოთ... მარეხისთვის ეს დიდი სასჯელი იყო, მაგრამ რა გაეწყობოდა, როცა მამას და ძმას ასე სურდათ...

მახარესთვის კი ცოტა გასახარებიც იყო, სასიამოვნოც... მანამდის თავის მამობილს და დედობილს ინახულებდა... ახლა უკვე შეეძლო ასკეცად აენაზღაურებინა მამობილისთვის ზარი, მეფეებმა ისე მდიდრულად დაასაჩუქრეს მახარე რაშის გახედნისთვის.

ერთი კვირის შემდეგ გამოემშვიდობა მეფეებს და მარეხს, ვითომც ტოლ-ამხანაგების სანახავად, და შეჰპირდა - დანიშნულ დროზე დავბრუნდებიო...

მარეხმა მალვით ბევრი იტირა, მაგრამ ამას არავის ამჩნევინებდა...

წასვლის დროს მეფეებმა გამოუტანეს კიდევ საჩუქრები ზარის გამთელებისათვის და სთხოვეს, გადაეცა იმ საცოდავ შეგირდისთვის, რომ “თავის მამობილის ქონების ანაზღაურება შესძლოსო”... უთხრეს და გადაკოცნეს...

თავის ძმობილს ირემას დანიშნულ ადგილას შეხვდა და ორივე შარაგზით კაცია ბატონის საბატონოსკენ გაემგზავრნენ...

ახლა ირემას სიცილად აღარ ჰყოფნიდა თავის საქციელი, რადგანაც თავის თვალით ნახა, რამაც დააფრთხო ჩაბარუხთან და შემდეგ კიდევ სასახლეში... ნახა, რომ გამკეთებელი მახარე ყოფილა, და აქ ალს არავითარი ადგილი არა აქვს. მაგრამ ერთი რამ აკვირვებდა მხოლოდ, თუ იმ ღამეს ქალთან ერთად ვინ იყო...

რამდენჯერმე შეეკითხა ირემა გზაში, მაგრამ მახარემ პასუხი არ გასცა...

- ირემავ, შენ რომ გაბედულება გქონოდა და შენი თავი ზარის გამამთელებლად გამოგეცხადებინა, როგორც გირჩევდი, ახლა მეფის სიძე იქნებოდი... მარეხს აღთქმა ჰქონია, - იმას გაჰყოლოდა ცოლად, ვინც ზარს გაამთელებდა...

- მახარე, ხომ სიცილად არ ეყოფოდათ, მე რომ ეგ ჩამედინა?!. ხომ მიცნობდნენ?!.

- მერე რა რომ გიცნობდნენ?! რაც ესენი აღარ გხედავდნენ, განა არ შეგეძლო შეგესწავლა ზარის ჩამოსხმა?..

- რომ ეთქვათ მეორის ჩამოსხმა!..

- მე შენთან არა ვარ?!.

ირემას ცოტა ეჭვი შეეპარა... მარეხი ცოლად ეძლეოდეს და სხვას სთავაზობდეს!.. ეს ძალიან ეუცხოვა და გაიფიქრა: “იქნება მცდის ჩემი ძმობილი და უნდა მათქმევინოსო” და ჩაუკვირდა ამ თავის ფიქრს...

რამდენიმე დღე ერთად მიდიოდნენ და ირემას ეს ფიქრი აწუხებდა...

“იქნება ჩემი გულის ზრახვა რითიმე გამოვამჟღავნე და ახლა ნამდვილად უნდა გაიგოსო?!.” ფიქრობდა ამას ირემა და თავის გულის ზრახვას უფრო ღრმად მარხავდა თავის გულში...

ეს ზრახვა კი... ირემას გულის შორეულ კუნჭულში იმალებოდა და, როცა იმისი გული მიყუჩებული იყო, მხოლოდ მაშინ გამოყოფდა ჯერ ოდნავ თათებს, ნაზად აუსვამდა, შეათბობდა და შემდეგ სულ მთლად გადაეფარებოდა და ჩაეხუტებოდა...

ბევრჯერ დამართნია ეს ჯერ მეჯოგეებთან ყოფნის დროს... მახარეს სიმამაცე ამუნჯებდა იმას და ჯერ იმაში მიბაძვას იწვევდა, მაგრამ მიბაძვით კინაღამ კისერი მოიტეხა... მერე კი... ჩაენასკვა ეს გულში და ვეღარაფრით გაედევნა...

ახლა კი, როცა მარეხი მახარეს დანიშნულად შეიქნა, ფრთა გაშალა იმის გულში ჯერ შეუმჩნეველმა, ახლა კი მწვავე შურმა... ცდილობდა აღმოეფხვრა გულიდან, მაგრამ ვერ ახერხებდა...

მარეხი იმის თვალ-წინ გაიზარდა... როცა მარეხი მოჩიტდა, შეიბუმბლა, ირემას ბევრჯერ უნატრია იმისი თავი და ეს ნატვრა ისევ გულში ჩაუკლავს, რადგანაც მიუწდომლად მიაჩნდა, და ახლა კი იმისავით უბრალოს - რა ვუყოთ, რო ოსტატია, - დანიშნულია?!.

სწორედ შუა დღე იყო, როდესაც ჩაბარუხის თავდაღმართს დაეშვნენ... მზე თუმცა ძალიან მწვავი იყო, მგზავრებს აგრე რიგად არ აცხუნებდა, რადგანაც გზა თითქმის ხის ტოტებით იყო დაფარული.

- აი, იქ ვიჯექი იმ ღამეს, როცა ზარის ხმა და ქალის სიმღერა შემომესმა... ქალი, უეჭველია, დედოფალი იქნებოდა, მაგრამ მეორე კაცის სახით ვიღა იქნებოდა ნეტავი?!. - ჩაილაპარაკა ამ დროს ირემამ.

მახარეს ემწვავა ეს სიტყვები და ცოტა სიჩუმის შემდეგ ამოოხვრით წამოიძახა:

- უთუოდ გადია იქნებოდა!..

- გადია?!.

- ჰო... - მოკლედ უპასუხა მახარემ და ჩაფიქრდა...

წამს თვალწინ წარმოუდგა ის წარმტაცი ღამე, და ისე გაიტაცა ამ სურათმა, რომ აღარა გაუგონია-რა, თუ ირემა რას ეუბნებოდა და ეკითხებოდა... ირემას კი პირი არ დაუყენებია...

მახარე მხოლოდ მაშინ-ღა მოვიდა გონს, როცა სულ მდინარის პირს მიადგნენ და კლდიდან გადმომჩქეფი ჩაბარუხის საამო წინწკლები სახეზე შეეპკურა... სახე მოიწმინდა... მწარედ გაეღიმა და მეორე ნაპირს ცხენი საჩქაროდ გააგდო. ირემაც მიჰყვა... აქ კი ჩამოხტა ცხენიდან და სადავე ირემას გადაუგდო...

- ძმაო ირემავ, გაიყოლიე ჩემი ცხენიც და საოქრომჭედლოსთან მომიცადე... მამობილი იქ იყოს, უთხარ, მეც ჩქარა მოვალ-თქო... მე კი ცოტა ტანს წავიბან... დიდი ხანია, ჩაბარუხში არ მიბანავნია... მიყვარს ჩაბარუხში ბანაობა...

XIII

ეთერს როგორც კი გამოეღვიძა, მაშინვე შვილი მოიკითხა... დახედა თუ არა, წამოიძახა: “თვალები სულ მამ...” და ჩაიკრა გულში...

- ჰო, სულ მეფისა აქვს!.. - დაამთავრა გადიამ...

- ჩემო გადი, ჩემ მახარეს თვალები ისე უგავს მეფისას, როგორც მტრედს - მგლისას... აბა, ნარგიზ, დახედე ამის თვალებს!.. ნუ თუ შენი შვილობილის თვალებს არ გაგონებს?!.

გადიამ გაიფიქრა: “უი, დამიდგეს თვალები, გადაირიაო!..”

ნარგიზა კი აწითლდა და მაინც დააშტერდა ჩვილის თვალებს...

- განა, ნარგიზ?!

- დედოფალო, ჩვილის თვალებს, ვის თვალებსაც გინდა, დაამზგავსებ!..

- ეჰ, ჩემო ნარგიზ, შენი შვილობილის თვალები არ გხსომებია!..

- დედოფალო, ერთხელაც არ შემიხედნია იმის თვალებისთვის, და, აბა, საიდან უნდა მახსოვდეს... აი, ჩემი კაცი კი... ნამდვილად გეტყოდა...

- ჰო, მამისას ძალიან უყვარს მახარე!.. ეგ კარგად ვიცი, და ვხედავ კიდევაც... ახალი საქრომჭედლო იმისთვის არ ააშენა, მაშ ვისთვის!..

- უყვარდა და ეგრე, ლამის არის, გადამერიოს კაცი... მთელ დღეს საოქრომჭედლოს წინა ზის და გზას გასცქერის... მოვა საღამოთი და გულ-დაწყვეტილი წამოიძახებს: “დღესაც არ მოვიდა ი საძაგელი ბიჭიო!” და მიეგდება ტახტზე. თითქოს მთელ დღეს მუშაობით მოქანცულაო...

- ჩემო ნარგიზ, მაშ ახარე, რომ შვილი-შვილი დაებადა... მაგრამ ეს კი ჩვენი საიდუმლო უნდა იყოს.

- დედოფალო!..

- მე ჯერ დედოფალი არა ვარ... ვარ მხოლოდ შენი შვილობილის შვილის დედა... მერე რა იქნება, არ ვიცი... აი, ამ ჩვილსაც მახარეს ვარქმევ...

- ჩემი კაცი გაგიჟდება!..

- არა უშავს რა...

მეორე დღეს, როცა ნარგიზა მივიდა, ეთერი მხიარულად დაუხვდა, თავის მახარეს ეალერსებოდა...

- დედოფალო, კინაღამ ჩემი კაცი გადამერია... ჯერ ენა ჩაუვარდა... შემეშინდა კიდევაც... მერე დაიჟინა: მაჩვენეთ ჩემი მახარეს შვილიო და აქით მოიწევდა... როგორც იყო, ძლივას დავარწმუნე, რომ ეს ჯერ-ჯერობით საიდუმლოა-მეთქი... დილაადრიანად საოქრომჭედლოსკენ გამოეშურა და მითხრა: “სხვა გზით მოველოდი მახარეს და იქით ვიცქირებოდიო... ახლა კი ვიცი, საით ვიცქიროვო!...”

- ნარგიზ, მამისა მახარეს თვალებს შორიდანაც კი იცნობს...

როცა ეთერი სულ გამორჩა და სიარულიც დაიწყო, ხშირად სარკმლიდან მამისას გადასცქეროდა, რომელსაც იმისკენ ჰქონდა თვალები მოპყრობილი, და დრო-გამოშვებით, როცა გამვლელ-გამომვლელი არ ჩანდა, ბავშვსაც დაანახვებდა... მამისა მაშინ თითონაც ბავშვად იქცეოდა ხოლმე და საოქრომჭედლოს წინ, თითქოს თავის მკლავებზე უწევს ბავშვიო, დაიწყებდა ხელების ნძრევას, ღიღინს და ალერსს. ეთერისთვის ეს გამალხობელი იყო... დნებოდა იმისი გული, როცა მამისა ასეთ სიყვარულს იჩენდა იმის შვილისადმი...

ახლა ხშირად ეთერის გასართობი ეს იყო... სარკმელს გააღებდა, მამისას დაანახვებდა თავის შვილს, ის კი ამ წუთებს ელოდა... სულ იმის სარკმელს უმზერდა... ნამეტნავად შუადღის დროს, როცა გზაზე არავინ მოჩანდა, შორიდან მამისას და პატარა მახარეს ალერსს ბოლო აღარ ჰქონდა...

მამისა დაოთხდა, ვითომ პატარა მახარე ზურგზე დაისო და ასე გაატარ-გამოატარა საოქრომჭედლოს წინ... ეთერიც ისე აყოლებდა სარკმელთან თავის შვილს, ვითომც ზურგზე ზის და თითონ გვერდით დასდევს, და თან იცინოდა მამისას საქციელით...

ამ თამაშით რომ გართულნი იყვნენ, უეცრივ თავს წამოადგა მამისას ირემა ორი ცხენით... ცოტას შეფერხდა კიდევაც, რადგანაც ვერა გაიგო-რა, თუ ეს მოხუცი კაცი რისთვის დადიოდა ოთხზე... ეთერმაც თვალი მოჰკრა ირემას და მაშინვე სარკმელს მოშორდა და ბავშვი გადასცა... თითონ კი მალვით ცქერა დაიწყო... ირემა რაღაც ემცნაურა... და ფიქრობდა, თუ სად ენახა ეს კაცი... უეცრივ მოაგონდა თავისი მგზავრობა... “ეს ხომ სულ თან გვდევდა... ნადირას ერთგული!..” შეაჟრჟოლა ამ მოგონებამ და ტანი შეუნესტიანდა.

- აქ რა უნდა?!. - წამოიძახა ეთერმა, - და... მერე მეორე ცხენით ვინღა იქნებოდა?!. ნუ თუ მეფე ნადირა?!

ამ აზრმა გააფთრა ეთერი და მოემზადა მედგრად დახვედრისთვის... სარკმელს მოშორდა და გადიას მეორე ოთახში გასვლა უთხრა... თითონ კი სიარული დაიწყო იმავე ოთახში... ცოტა ხნის შემდეგ გადასწყვიტა მამასთან ჩასვლა და იქ მიეღო მეფე შესაფერად და სამუდამოდ უარი ეთქვა ცოლობაზე, რადგანაც პირობა არ შეასრულა და დანიშნულ დროზე ადრე მოვიდა... მოიხვია თავმანდილი და კარი გამოაღო...

- მახარე!.. - შეკივლა ეთერმა და კარებთან მდგომ მახარეს გულზე უგონოდ მიესვენა...

მახარე დაიბნა... ძლივს-ღა მოასწრო ხელების შეშველება... უგონო ეთერი შემოიტანა ოთახში და ტახტზე დააწვინა... კივილზე გადია შემოვარდა ბავშვით და, რა დაინახა ვიღაც უცხო, შეკრთა...

მახარე, ბავშვის დანახვაზე უფრო დაიბნა და აღარ იცოდა, რა ექნა... მახარე სრულებით არ მოელოდა, რომ კოშკში ვინმე იქნებოდა. ეგონა მაშინდელივით შევიდოდა კიდევ შიგ, ცოტახანს იქნებოდა და შემდეგ იმავე გზით დაბრუნდებოდა. სასახლეში ვერავის ჰკითხა დედოფალზე, რადგანაც ეშინოდა თავის გამომჟღავნება. მარეხსაც კი ვერა ჰკითხა... მართალია, მარეხი დანიშნული იყო იმისი, უყვარდა კიდევაც, მაგრამ ეს სიყვარული რაღაც გამოურკვეველი იყო... მზად იყო სიცოცხლე შეეწირნა, მაგრამ მარეხი იმის გულში უფრო და-ძმურ სითბოს აჩაღებდა, ვიდრე ნამდვილ სიყვარულის ცეცხლის კოცონს... ერთხელ არ მოსვლია ჟინი აღგზნებული კოცნისაც კი... თუ სურვილი ჰქონდა ალერსისა, მხოლოდ თბილი, უანგარო ალერსისა...

ახლა კი ეთერის ხელის ხლებამ ალი მოსდო და სულ ატრუსა. ეთერის ხსენებაზეც კი ელვასავით სხეულში უვლიდა მწვავე გრძნობა... სწორედ ამ მიზეზით მარეხსაც ვერა ჰკითხა, რომ თავისი ვინაობა სახის გამომეტყველებით ეთერის ხსენებაზე არ გამოემჟღავნებინა... ყველაფერს მოიფიქრებდა, მაგრამ იმას კი ვერა თუ ეთერი ახლა თავის კოშკში იქნებოდა... ამ გარემოებამ და ეთერის შეხებამ სულ დააბნია, აწო, მაგრამ ბავშვის დანახვამ ცივი წყალი გადაასხა და გამოაფხიზლა...

“აი, რისთვის მოსულა ეთერი სამშობლოს... მოსალოგინებლად!..* რატომ ეს წინად თავში არ მომივიდა, იქ რო ვერ ვნახე დედოფალიო...” - გაიფიქრა მახარემ და გატრიალდა გასაქცევად...

- სიზმარია, თუ ცხადი?!. - წამოიძახა ამ დროს გონმოსულმა ეთერმა... - სად არის ჩემი მახარე?!.

მახარე შესდგა...

- ჩემო კეთილო, აი, შენი მახარე!.. - მიაწოდა ბავშვი გადიამ...

- არა... არა... ჩემი... - გადმოხედა და მახარეს ზურგი დაინახა... წამოვარდა მაშინვე და მახარეს მხარზე მაგრა დაებღაუჭა...

- როგორ, გული გამელია შენ ლოდინში და ახლა ზურგს მაჩვენებ?!.

- დედოფალო!..

- იქ, ვერხვის ქვეშ ვარ შენი დედოფალი!.. გახსოვს, მახარე?!.

- რომ არ მხსომებოდა, ახლა აქ არ ვიქნებოდი!..

- კარი ხომ ღია დაგხვდა?!. ვიცოდი, მაგ გზით მოხვიდოდი და ამისთვის აღარ დამიკეტნია... აი ის შენი ამოტანილი სუფრა და დოქი, შენ სახსოვრად, აქვეა...

- მაგრამ, დედოფალო, მაინც...

- აკი გეუბნები, დედოფალი იქა ვარ და აქ კი - შენი შვილის დედა...

- როგორ?!.

მხოლოდ ძლიერ გულწრფელ სიყვარულს შეუძლიან ისე ადვილად დარწმუნდეს. როგორც მახარე ეთერის სიტყვებმა დაარწმუნეს, რომ პატარა მახარე იმისი შვილია და მეფე-ნადირასთან ეთერს ცოლქმრული ცხოვრება არა ჰქონდა...

- ჩემო ყველავ, მაშ რად გამწირე იმ ღამეს?!.

- ნუღარ ვიფიქრებთ მაგაზე, ჩემო სანატრელო, ნუღარ... ახლა მარტო ერთმანეთის სიყვარულით ვიცხოვროთ!..

XIV

სასახლეში ნადირ-მეფე და მარეხი დღეებსა სთვლიდნენ, თუ როდის მოვიდოდა იმათი ბედნიერების დღე... რაც უფრო ახლოვდებოდა, მით უფრო გრძელდებოდა დღე... შემოდგომა დადგა. დარჩა კიდევ ერთი თვე ვადამდის...

მარეხი ზარს არ შორდებოდა... გაიტანდა ბაღში, ჩამოჰკიდებდა ხეზე და ჩრდილოში დაღიღინებდა სიმღერებს და თან ზარს ახმაურებდა.

მართალია, ზარის ხმა იმის ხმას არ გვანდა, უფრო უკეთესად გამოდიოდა. თითონ პირველს ამბობდა და ზარი კი მეორეს... ბანიც რომ ყოფილიყო, მაშინ ხომ სრული გამოვიდოდა... დროგამოშვებით მარეხი შესწყვეტდა სიმღერას, უნებურად ფიქრს მისცემდა თავს, და ფიქრი სულ იმის წინააღმდეგ იბადებოდა... ვერ მოეშორებინა თავიდან ერთი აზრი, რომელიც მალიმალ გაუელვებდა სწრაფად, მთელ იმის არსებას შეიპყრობდა და ტანს აუწვავდა.

ეს ფიქრი იყო მახარეს და ეთერის დამოკიდებულებაზე... მართალია, ეთერის ნალაპარაკევიდან ირკვეოდა, რომ მახარემ ზარი მიჰყიდა; მახარესაც, რაც იქ იყო, ერთხელაც არ უხსენებია ეთერი, მაგრამ მაინც ვერ წარმოედგინა, რომ მახარე ეთერის მნახველი, და ეთერი კიდევ მახარეს მნახველი ერთმანეთისადმი გულგრილნი დარჩენილიყვნენ... “ან მახარე რად ჩაურთავდა ზარში ეთერის ხმას, თუ?..” ვეღარ ათავებდა მარეხი დაბოლოვებას, რადგანაც იმისთვის შხამი იყო... მერე კიდევ, თუმცა დანიშნული იყო მახარე იმისი, მაგრამ ის მარეხს სულ რაღაც სულ სხვანაირად ექცეოდა, იმისი ნაზი ალერსი მარეხის ანთებულ გრძნობას ანელებდა და ფერფლავდა... იმაში მარეხი სამაგიეროს ვერ იწვევდა...

ასეთ ფიქრებში იყო გართული მარეხი, რომ ნადირობიდან დაბრუნებული ნადირ-მეფე თავს წამოადგა და, რა ნახა თავისი და ასე დაღონებული, ხუმრობით უთხრა:

- ეჰ, ჩემო დაო მარეხ, შენი უგულო უთუოდ გიორგულებს და აღარ დაგიბრუნდება!..

მარეხი შეჟრჟოლდა ამ ხმაზე... ვერ შენიშნა ნადირ-მეფეს მოსვლა, და იმისი ხუმრობა ისეთ ფიქრებით შებოჭილისათვის ყვავის ჩხავილს დაემსგავსა...

მარეხმა ძლივას მოიკრიფა გონება და უნდოდა უეცრივ ეპასუხნა ძმისთვის:

“თუ მე უგულო არ მომივა, შენც ეთერი არ მოგივაო”!..

მაგრამ სხვა სთქვა:

- თუ არ მომივა უგულო, იმის სული და გული ხელთა მაქვსო!.. - და ზარს შეეხო...

- ეგ ხომ უგულოსი არ არის?!.

- მეფევ, ჩრდილოეთიდან შიკრიკი კიდევ მოვიდა!..

ამ დროს თავს წამოადგა მსახური, და მარეხს საპასუხოდ გაპობილი ბაგე მოეკუმშა...

მეფე-ნადირა შეკრთა... ცოტა სიჩუმის შემდეგ მეფე-ნადირა და მარეხი ერთად გაემგზავრნენ...

სასახლის წინ ცხენზე იჯდა ნაცნობი შიკრიკი ჩრდილოეთისა, რომელსაც უგულოსაგან გახედნილი რაში, დატვირთული, სადავით ეჭირა.

- რისთვის გასჯილხართო, - ზრდილობიანად ჰკითხა მეფე-ნადირამ...

- ჩემი ბატონი, ჩემი მეფე, ძლიერ განრისხებულია, უკანვე გიგზავნის თავის რაშს და გითვლის:

“გასახედნად გამოგიგიგზავნე რაში... შენ კი ვირად გიქცევიაო... თუ ამ ვირით შენი ცოლი არ მოგიყვანია შენივე ფეხით ჩემთვის, მზად ვარ შემოვესიო შენ სამფოს და მთლად წავლეკოვო!..” მედიდურად უპასუხა შიკრიკმა და ეშმაკურად გადახედა მარეხს...

მეფე-ნადირა გაფითრდა... ხმა ჩაუწყდა სიბრაზით...

მარეხს ახლა ყველაფერი თვალ-წინ წარმოუდგა... უგულოს ცხენის გახედნა!.. მაშინაც თურმე ესევე მოთხოვნილება ყოფილა... ნადირას მკვახედ გადახედა და მრისხანედ წამოიძახა:

- როგორ, ასეთი წინადადებით მოდის შენთან და შენ კიდევ გაჩუმებული ხარ?!. უბრძანე ახლავე ამის დატუსაღება და სწრაფად დაგზავნე გზირები და ამცნონ ყველას ჩრდილოეთ თავხედობა!..

- ახ, უგულო რომ ახლა აქ იყოს!.. - წამოილუღლუღა ნადირ-მეფემ.

- ყველა აქ გაჩნდება, თუ კი აცნობებ... ეგ კი ახლავე დაატყვევე!.. უგულოსაც მისწვდება ეს ხმა...

XV

ახ, რა სიამით და სიხარულით ჩავიდნენ ეთერი და მახარე სადედოფლოში და რა თავდავიწყებას მიეცნენ იქ მახარეს მოსვლის მესამე დღეს!.. რა სინაზით და მხურვალებით ევლებოდნენ ერთმანეთს თავზე და ერთი მეორეს აღარ აცლიდა - დაგუბებული გრძნობა ძღვნად მიერთმია და შიგ გაებანა...

ბოლოს შეცურდნენ ერთად დედოფლის აუზში და წყალს შენატრობდნენ, რომ ერთმანეთის სხეულს წყალსავით ვერ ფარავდნენ...

სიშიშვლე იმათთვის არ არსებობდა. არ რცხვენოდათ ერთიმეორის სიშიშვლისა...

ეს იყო დასაწყისი იმათი ბედნიერებისა. და მახარე იდროვებდა თუ არა, მაშინვე სადედოფლოსკენ გასწევდა, სადაც ეთერი თავის პატარა მახარეთი და გადიით უხვდებოდა...

როცა ერთად პატარა მახარეს ალერსით ჟინს მოიკლავდნენ და აბანავებდნენ კიდევაც, გადიას პატარა მახარეთი კოშკში გაისტუმრებდნენ, და მაშინ იწყებოდა იმათი დაუსრულებელი სიამე... ერთმანეთი აღარ ეთმობოდათ განშორების წინ. განშორებას კი მახარეს საქმე თხოულობდა...

ეთერმა პირველ დღესვე კოშკიდან გაახედა და დაანახვა საოქრომჭედლო...

მახარე განცვიფრდა... სულ ვეღარ იცნო საოქრომჭედლო... სულ ახალი ლამაზი შენობა მოხვდა იმის თვალს... ირემა და მამისა იქ რო არ დაენახა, ეგონებოდა, რომ ახლა იქ სხვას ვისმე აუშენებიაო და მამისა კი...

მაგრამ ეთერმა განუმარტა, რომ მამისას მაშინვე ახალი შენობა ააშენებინა და იმის შემდეგ ყოველ დღე მოდის, ზის დერეფანში და შენ მოგელისო...

მახარეს ამ სიტყვაზე აუჩუყდა გული და ცრემლები მოადგა თვალს, მაგრამ თავი შეიმაგრა და ყრუდ წამოიძახა:

- მერე რით?!. თუ რამ ჰქონდა, სულ...

- ოო, ჩემო, ჩემო, რანაირი გგონივარ!.. ნუ თუ სამაგიეროს არას მივცემდი?!.

- იმ დროს...

აღარ დაათავებინა, რადგანაც მაგრად, მაგრად ჩაუკოცნა ეთერმა ტუჩები...

- რაც გაიგო რომ აქ კიდევ პატარა მახარე არის, იმის შემდეგ სულ აქეთ იცქირება და...

- ეთერ ჩემო...

- სთქვი!.. სთქვი!.. რა ვარ შენი?..

მახარე ჩაფიქრდა...

- სთქვი!..

- ეთერ, მთლად ჩემში ხარ და მე კიდევ შენში და ამითვის ვსთქვი “ჩემო”.

- ოოო, მახარე, რა კარგი ხარ!.. - და კიდევ აღგზნებით ჩაკოცნა...

მახარე ჩქარა გამოემშვიდობა ეთერს, რადგანაც ეგონა, რომ მამობილი ჩაბარუხზე ჩაეგებებოდა...

მართლაც ასე მოხდა. მალულ ბილიკს ჩავიდა თუ არა მდინარის პირას, მამისა და ირემაც მოვიდნენ და მახარე და მამისა ერთმანეთს გადაეხვივნენ...

- ოო, შვილო, რა მინდა გახარო!.. ჯერ წავიდეთ, პური ვჭამოთ. თორემ მშივრები იქნებით. დედაშენს შევუთვალე შენი მოსვლა და კიდევ სტუმრის...

- მამავ, ეს ჩემი ძმად-ნაფიცია და ისე უნდა მიიღოთ, როგორც მე...

- ჩემო კარგო, შენი თავი დაგვანატრულე და ახლა კი სამაგიეროდ სამკეცად გვახარებ... რა გქვიან, შვილო?

- ირემა!..

- მოდი, გადამეხვიე, ირემაც იგრევე დაიბუდებს ჩემ გულში, როგორც მახარემ დაიბუდა...

- ოო, შვილო მახარე, რას გახარებ?!.

მიდიოდნენ შინისკენ და მამისა ხშირად ლაპარაკის დროს ამას ჩაურთავდა...

მახარე არც კი ეკითხებოდა, რადგანაც იცოდა, თუ რას ახარებდა...

როცა საოქრომჭედლოსთან მივიდნენ, მახარემ განგებ ჰკითხა:

- მამავ, ეს ხომ არ უნდა გეხარებინა?!.

- ოო, ეს რა სახარობელია! ეს მხოლოდ შენთვის ავაშენე... უფრო კი ჩემთვის, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდეს... შენ უნდა იმუშაო, აიყვანო შეგირდები და მამისას საოქრომჭედლოში ამუშავო... ეს ჩემი საფლავის ქვა იქნება, როცა მოვკვდები... შენთვის. ოოო... სახარობელი სხვა არის!.. ეს დედიშენის და კიდევ ერთის საიდუმლოებაა.. თუ ისინი ნებას მომცემენ, მაშინ...

- პირობას გაძლევ, მამავ, შენ საოქრომჭედლოს, სანამ ცოცხალი ვარ, არ მოვშლი...

- ოო, თუ შენ პირობას მაძლევ, შენი შვილი უფრო მომცემს!..

მახარემ არა უპასუხა-რა...

XVI

ხშირად, ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს ეთერი და მახარე და ერთხელაც არ უფიქრნიათ იმაზე, თუ რითი დაბოლოვდებოდა ამათი დამოკიდებულება... ერთხელ მამისაც წაიყვანა სადედოფლოში, რადგანაც გადაეკიდა და მოსვენებას აღარ აძლევდა - ჩემი შვილის-შვილი ერთხელ მაინც ხელში ამაყვანინეო...

ოოო, რა სიცილი და კისკისი იდგა სადედოფლოში, როცა მამისამ პატარა მახარე ხელთ იგდო და ვერხვის ქვეშ აათამაშა?!. რას არ სჩადიოდა მამისა?!. მგელი, დათვი, მელა, ტურა, ვეფხვი და ან კიდევ ფრინველები სულ თვალ-წინ დაუხატა თავის მოძრაობით და ხმით...

- ახლა კი ბედნიერი ვარ!.. - წამოიძახა მამისამ და პატარა მახარე დედას გადასცა... - მაგრამ... - დაუმატა... - ასე მალვით ბატონის ასულო, როდემდის...

- ჩემო ოქრომჭედელო, ბატონის ასულს ნუღარ მიწოდებ... ახლა...

- ჰო, მართლა, მაპატიე! დედოფალი უნდა მეთქვა და...

- სუუ... ეგ უფრო უარესი!.. მახარეს ცოლი ვარ, და თუ მახარე შენი შვილია, მე - შენი რძალი... მაშ დღეის შემდეგ “რძალო ეთერ”, ან სულ ურძლოდ, ეთერობით მომმართე ხოლმე!..

- იყოს ნება შენი, შვილო ეთერ!..

- ოჰ, მამავ, აი, ეგრე სჯობია!.. - თითქმის ორივემ - ეთერმა და მახარემ ერთად წამოიძახა...

დიდად ნასიამოვნები წამოიყვანა მახარემ მამისა, რომელიც გზაში სულ ბავშვის ქებაში იყო და ზეცამდის აჰყვანდა... მხოლოდ საოქრომჭედლოში გაჩუმდა, რადგანაც იქ ირემა იყო, და იმასთან კი კრინტს არა სძრავდა ეთერზე და იმის შვილზე... არც მახარე ამჟღავნებდა ირემასთან...

ირემა კი თვალს ადევნებდა და თითქმის მიხვდა კიდევაც, თუ საქმე რაშიც იყო... ის პირველი ღამე მოაგონდა, როცა შეშინებული ჩაბარუხიდან გამოიქცა, და მეორე არსებად მახარე დააყენა...

ერთხელ კიდევაც შეეკითხა ირემა - გახსოვს, მახარე, ტყეში რომ მითხარი: “შენ ალებს გაურბი, და მე კი იმას ვეძებო”... წავიდეთ, ვიპოვოთ ი შენი ალი...

- ოო, ჩემო ირემავ, მე თურმე სხვაგან ვეძებდი, ის კი თავის ბუდეს დაბრუნებია და...

ირემამ ხმა აღარ ამოიღო და ხმის ამოუღებლივ მახარეს თვალი აღარ მოაშორა, რომელიც ამ დროს რაღაც სამკაულს ამზადებდა...

ახლა უკვე ცხადი იყო ირემასათვის, რომ ეთერი და მახარე იმ ღამეს ერთად იყვნენ... მაგრამ ვერა გაეგო-რა, თუ რა კავშირი ჰქონდათ. მაშ მარეხის დანიშვნა და საქორწილოდ მზადება რაღა იყო?! - ფიქრობდა ირემა ამას და... - “ეჰე, ორ ადგილას ბუდის გაკეთებას ხომ არ აპირობს?!” გაიფიქრა ირემამ, და შუბლი უკმაყოფილობით აენაოჭა...

- მახარე, - ცოტა სიჩუმის შემდეგ მიმართა ირემამ მახარეს... - აი, მესამე მთოვარი დაიბადა, რაც აქა ვარ, და შენი ხელობისა ვერა ვისწავლე რა... საბერვლის დაბერვის მეტს ვერას ვახერხებ... ვეჭვობ, ან კიდევ შემდეგში მოვახერხო რამ... გადავწყვიტე, ისევ ჩვენი მეჯოგეებისაკენ წავიდე... იქ უფრო შინაარსიანი ცხოვრება მქონდა...

მახარემ შესწყვიტა მუშაობა და ირემასთან მივიდა...

- ძმაო ირემავ, მეც ვხედავ, რომ აქ მოწყენითა ხარ... როცა აქეთ წამოგიყვანე, სრულებით არა ვფიქრობდი აქ დიდხანს დარჩენას... მინდოდა მენახა ჩემი მამობილი და დედობილი, მიმეცა იმათთვის ის, რაც მე დავაკელი, და ისევ ერთად დავდგომოდით ჩვენს გზას. მაგრამ აქ სულ შემეცვალა გარემოება... ამ გარემოებაში, მეგონა შენც ჩაგითრევდი და გასწავლიდი ცოტაოდენ რამეს, რაც გამოგადგებოდა, რადგანაც... - მაგრამ აღარ გაათავა.

რომ გაეთავებინა გულ-ახდით უნდა ყველაფერი ეთქვა, მაგრამ რომ ვერ შეესრულებინა ეს, მაშინ თავის ძმობილის წინ დამნაშავე გამოვიდოდა...

- მართალი ხარ... აქ უმოძრაოდ ყოფნა ძნელია... წადი და იცოდე, თუ რამ დაგჭირდეს, მზად იქნება შენი ძმობილი თავს შემოგევლოს... აგრეთვე თუ მე დამჭირდა რამ, გაცნობებ და, იმედია, შენც მაგრე მოიქცევი...

- მახარე... განა ჩემში ეჭვის შეტანა შეიძლება?!. მარეხთან ხომ არას დამაბარებ?!.

- მარეხთან?!. ირემავ, ნახავ მეფეს და მარეხს?!

- იმათ არა, მაგრამ მეჯოგეებმა ხომ იციან, რომ ერთად წამოველით... ისინი უეჭველად მკითხავენ “უგულოს” ამბავს... მეჯოგეებიდან კიდევ მეფის სასახლემდინაც მივა შენი ამბავი...

- ჰო, მართალს ამბობ... უთხარ: უგულო, აქეთ რომ მოვდიოდით, ცხენმა გაიტაცა და უფსკრულში ორივე - ცხენიც და უგულოც - ჩაიღუპა-თქო...

- რას მეუბნები?!.

- სწორედ მაგრე უთხარ... სასახლეში აღარ დავბრუნდები...

ირემამ ცერად შეხედა, მაგრამ აღარა უთხრა-რა...

XVII

კაცია ბატონი ეთერის დაჟინებამ სახლში წასვლაზე ჯერ დაადარდიანა და უკმაყოფილებას უცხადებდა თავის ასულს, მერე კი, როცა ჩაუფიქრდა გარემოებას, კიდევაც გაუხარდა... კაცია ჩვეული არ იყო სასახლის ჩვეულებებს და ამის გამო თავისთავს თავის ქერქში არა გრძნობდა... როცა ეთერი თავის გარემოებაში ჩააყენა, იგრძნო, რომ ეთერიც ვერ იტანს ამ ჩვეულებებს და ამისთვის მიილტვის შინისკენო...

რაკი დაბრუნდნენ შინ, მაშინ იგრძნო, რა დიდებული ყოფილა თავის კერა. თავის კარ-მიდამო, სადაც თავისუფლად შეუძლიან ადამიანს ამოსუნთქვა და სხვას არ შესცქერის... წინათ ამას არ აფასებდა... ახლა კი თითქმის სულ ამას ეუბნებოდა ყველას...

როცა მახარე დაბრუნდა და ნახა, მაშინვე ეს უთხრა:

- დაუბრუნდი, განა, მახარე, ისევ შენ მამობილს? სხვაგან უთუოდ უეკლო მაყვალი გეგონა, და თურმე კი უფრო ქარაფიანია, ვიდრე შინ... თუმცა სხვაგან ძალიან დავაჟკაცებულხარ... ბედნიერებას სხვაგან ვეძებთ, და თურმე კი ცხვირ წინ გვიძევს!..

- მართალსა ბრძანებ, ბატონო, მართალს!.. ბედნიერებას სხვაგან ვეძებდი და აქ კი ყოფილა... - უპასუხა მხურვალედ მახარემ...

- ახლა აღარ გაიქცევი და შენ მამობილს აღარ დააძმარებ, თორემ...

- ოო, ახლა აღარსად წავა ჩემი მახარე... აი, ახალი საოქრომჭედლო შენის წყალობით...

- ჩემით კი არა, ეთერის, ისეთი სასყიდელი...

- ისაც შენია, ჩემო ბატონო, - განაგრძო მამისამ... - და ამისთვის გეუბნები, შენის წყალობით-მეთქი...

კაცია ბატონი თითქმის გაახალგაზრდავდა, რაც გული დაიმშვიდა და მთხოვნელები აღარ აწუხებდნენ...

ერთად-ერთი რამ აწუხებდა, რომ ეთერი შეიძლება კიდევ დანიშნულ დროს შემდეგაც ვერ შეეჩვიოს სასახლის წეს-წყობილებასო...

კაცია ბატონი ამითა ხსნიდა ეთერის დაჟინებას, სახლისკენ წამოსვლას, და სწყევლიდა იმ წამს, როცა ნადირ-მეფე ესტუმრა და ისე გულუბრყვილოდ ორივე მამა-შვილი სასახლისკენ გაიტყუილა...

“ზესიძედ რომ შემოგვეყვანა ვინმე, მაშინ ეთერიც შინ იქნებოდა და ჩვენ ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდაო”...

მაგრამ რაც დრო გადიოდა, და მისი ცხოვრება ისევ ძველებურად იწყებოდა, თითქმის ავიწყდებოდა მეფის სასახლეში თავისი ყოფნაც კი... იქნება ათასში ერთხელ რომელიმე მებატონე შეაწუხებდა თავის გაჭირვებით და დახმარებას სთხოვდა...

ასე გადიოდა იმისი დღეები მშვიდად, აუშფოთებლივ, რომ გაოფლიანებული ცხენით მეფის გზირი შემოდგომის კარს შეეჭრა კაციას:

- ქუდზე კაცს თხოულობს მეფე... ჩრდილოელთ მეფე შემოიჭრა და მთელ სამეფოს წალეკვას უპირებს!.. თუ უგულო აქ მოიპოვება, იმასაც იბარებს მეფე!..

დიდად შეაწუხა კაცია ბატონი ამ ხმამ... ჯერ ახალგაზრდობაშიც მშვიდობისმოყვარე, ახლა ხომ სულ დააძმარა კაცია ამ ამბავმა... მაგრამ რა გაეწყობოდა!!! კარს გაჭირვება მოსდგომოდა და მტერს მტრულად უნდა შეგებებოდა... მაშინვე თავის მხრივ თავის საბატონოში თავისი გზირი კომლეურად დაატარა და შეუთვალა: ვისაც გული ერჩის და მკლავი უჭრის, გამოვიდეს, რადგანაც მტერი კარს მოგვდგომიაო!..

კაციას ყმებში თურმე ყველას გულიცა და მკლავიც მჭრელი ყოფილა. ოჯახში ქუდოსანი აღარ დარჩა... მოხუცებულნი და მცირეწლოვანიც კი გამოცხადდნენ კაციას სასახლეში და ემუდარებოდნენ მტერზე წაყვანას...

კაცია ბატონს გული აუტოკდა, ასეთი ერთსულობა რომ დაინახა, და შეემუდარა მცირეწლოვანთ და მოხუცებულებს ოჯახს დაბრუნებოდნენ და კერა არ გაეცივებინათ, ვიდრე გამარჯვებული მეომრები უკან დაბრუნდებოდნენ...

თუმცა გულნატკენებმა, მაინც მყისვე შეასრულეს კაციას თხოვნა...

მესამე დღეს ყველა შეიარაღებლნი კაცია ბატონის ეზოში იყვნენ და ისიც ათვალიერებდა.

მეფის გზირიც ახლოს იდგა ამ დროს. ეს მესამე დღეა, რაც მეომარნი თავს იყრიან კაცია ბატონის ეზოში... კაცია ბატონი ნაპირის ბატონი იყო. ვისთანაც გზირი უნდა უკანასკნელად მისულიყო. გზა და გზა ყველას შეატყობინა, ყველგან უგულოსაც კითხულობდა, როგორც მეფემ დააბარა, მაგრამ ყველგან ეუბნებოდნენ: “მაგისთანა სახელის კაცი არ გვინახვსო”... კაცია ბატონისაგანაც ეგევე პასუხი მიიღო... ჯავრი მოუვიდა, რომ იმას არ ხვდა წილად უგულოს ამბის შეტყობინება, არამედ სხვა გზირებს, რომლებიც სხვა მხარისკენ იყვნენ დაგზავნილები... მაინც ისიც ყველას ათვალიერებდა...

როცა კაცია ბატონმა თავის ეზოში შეგროვილი მეომრები შეათვალიერა, შეღონდა...

“ვაი თუ ამ გულადთ ჩემი სიბერით ვერ ვუწინამძღვრო და რაიმე ხიფათი შევამთხვიო”, - გაიფიქრა და გამოსავალ გზას ძებნა დაუწყო...

სწორედ ამ დროს წარსდგა მახარე კაცია ბატონის წინ და მოახსენა:

- ბატონო, მეც ნუ გამომწირავ მეომრებში და წამიყვანე...

- შენც, ჩემო მახარე?!. მართალია, კაი ვაჟკაცი ხარ, მაგრამ ოცნების კაცი ხარ, ჩაქუჩიც კარგად გიჭრის, მაგრამ, ვაი თუ ისარმა და სატევარმა...

- უგულოვ, ჩქარა შეჯექ რაშზე და მეფისკენ წადი!.. - მყისვე მიმართა გზირმა.

- რასა ბოდავ?!. - თითქმის ერთად შეეკითხნენ კაცია ბატონი და მახარე...

- ვბოდავ?!. მოხარშული რომ მოეტანა უგულო, მაშინაც ვიცნობდი, და ცოცხალს ვეღარ ვიცნობ?!.

- ვინ უგულო, რას ამბობ?! - უკვე მრისხანედ შეეკითხა კაცია ბატონი.

- უთუოდ მიმამსგავსე ვისმე!.. - მოკლედ მოუჭრა მახარემ...

- შენი გახედნილი რაშით მე გამომგზავნა დიდმა მეფემ... კიდევაც მეშინოდა შევმჯდარიყავი, მაგრამ რომ შევჯექი, მერე კი გავიფიქრე: უგულოს გახედნილი რაში საშიში აღარ არის-მეთქი და მოვკურცხლე... დამავალა, საცა შეგხვდეს, რაში იმას გადაეცი და აქეთ სასწრაფოდ გამოეშუროსო...

- გცდება, ძმობილო, გცდება! - უპასუხა მახარემ და შემდეგ კაცია ბატონს მიმართა... - იქნება სატევარმა და ისარმა გამიჭრას!..

- მცდება?!. სასახლეში რამდენჯერ გნახე?!. იქნება რაშს არ შესცდეს... - ბუტბუტებდა გზირი და სადღაც მიიმალა...

- მერე მამისას რაღა პასუხს აძლევ?!.

- მამისა ორივე ხელით ზენას ლოცვა-კურთხევას შესთხოვს, ჩემო ბატონო კაცია.

- თუ კი აგრეა, ზენამ გაკურთხოს!.. მოემზადე მახარე და დილაზე ადრიანად გზას გავუდგეთ...

ამ დროს მეომართა შორის ჩოჩქოლი შესდგა... ყველამ ყურადღება იქით მიაპყრო... ჩქარა გამოჩნდა გზირი, რომელიც ცხენით მოარღვევდა მეომრებს, რის გამოც უკმაყოფილებას იწვევდა მეომართა შორის... მოვიდა თუ არა მახარეს ახლოს, ჩამოხტა და თავი მიანება ცხენს... ცხენი დააშტერდა მახარეს... ძლიერად დაიჭიხვინა და თავი მაღლა ასწია. თან თვალები დააკვესა... მახარემ უნებურად ხელი ასწია და იმის ნესტოებს შეეხო...

ცხენი მაშინვე მოტკბა... სიამოვნებით ოდნავ წაიფრუტუნა, ფეხები და კუდი აათამაშა და ტუჩებით იმის ხელს, მერე სახეს ცმუცვნა დაუწყო...

- ახლაც არ გჯერავთ?!. - მედიდურად წამოიძახა გზირმა... - ეი, უგულოვ, მაგასაც ხომ უარს ვერ ეტყვი?!.

მახარე მართლაც დამუნჯდა... ცხენი კი აფორიაქდა... შექნა ჭიხვინი, ყალყზე შესდგა... თითქოს რაღაც მოაგონდაო და...

მახარე იძულებული გახდა სადავესთვის ხელი ეტაცნა, თვალის დახამხამებაზე ზურგზე მოაჯდა და...

- წინ დაგიხვდებით... გამოეშურენით კი...

ესღა მოასწრო ეთქვა... რაკი ცხენმა შესაფერი მხედარი ნახა, ძველებურად აენთო, ათამაშდა ადგილობრივ, რადგანაც სადავეს არ უშვებდა მახარე და მძლავრად იზიდავდა... მეომრები ტალღად ერთ მხარეს მიაწყდნენ და გზა გასხნეს... მაშინ კი მახარემ სადავე მიუშვა, და ცხენიც ადგილიდან მოსწყდა...

- ახლაც არ გჯერათ, რომ ეგ უგულოა?!. - შემოესმა კაციას ამ დროს გზირის სიტყვები...

XVIII

ნადირ-მეფემ მარეხის დასამშვიდებლად განკარგულება მოახდინა შიკრიკის დატუსაღების და გზირების დაგზავნის შესახებ, მაგრამ ჯერ არავინ ასრულებდა. იმ ღამეს დიდ მეფესთან საიდუმლო რჩევა ჰქონდა... დიდ მეფეს ძალიან ეწყინა ნადირ-მეფის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს წყრომა არ აგრძნობინა და თითქოს დასთანხმდა კიდეც: მეორე დღეს დიდის ამბით წაეყვანათ მარეხი, ვითომც დედოფალი ჩრდილოთ მეფისთვის...

დიდმა მეფემ, როდესაც ნადირ-მეფე დასაძინებლად გაისტუმრა, ცოტახან იშფოთა ნადირ-მეფის თავხედურ გადაწყვეტილების გამო, შევიდა მარეხთან და უბრძანა:

- ახლავე მოემზადე გასახიზნავად...

- განა უბრძოლველად უნდა გავიდეთ?!. ხომ გზირები დაგზავნა?!.

- სანამ ყველა შეგროვდება, მარტონი ვიქნებით. მტერი კი ახლოს არის... დააჩქარე... ახლავე გასახიზნად ცხენებს დავამზადებინებ...

დიდმა მეფემ გზირები დაგზავნა ყველა მებატონეებთან და ვეფხვა კი რაშით კაციასაკენ აფრინა და დაავალა: “რაკი კაციამდის ბევრი მებატონეა, ყველას აცნობე და უგულოც იკითხეო, და თუ შეგხვდეს, ეგ რაში იმას გადაეციო” ... და გასახიზნავად დაამზადებინა ცხენები. აღსრულებას თითონ ადევნებდა თვალყურს...

“რაკი დილაზე მარეხს არ ნახავს ნადირა, - ფიქრობდა დიდი მეფე, - ძალაუნებურად საბრძოლველად შეემზადება და შინაყმებს საომრად იხმობს, და ვიდრე მებატონეები მოვლენ, მტერს დროებით მაინც მოიგერიებს”... ამასთანავე ერთს დაავალა, რომ ნადირ-მეფისთვის დილაზე მოეხსენებინა: “მებატონეებთან გზირები გაგზავნილია და ჩქარა ისინი თავს მოიყრიანო”...

ნადირ-მეფე არხეინად იყო... არ ჩქარობდა ადრე ადგომას. როცა ადგა და სასახლე დაცარიელებული ნახა, დაიბნა... მეტი ვეღარა მოიფიქრა-რა, რომ თითონაც ცხენს მოახტა და რამდენიმე მხლებლებით ტყეს შეაფარა თავი...

დარჩა სამეფო უპატრონოდ...

XIX

იგრძნო რა რაშმა შესაფერი მხედარი, გაკაჟდა... რასაც სხვა ცხენი ერთ დღეს გაივლიდა, ის საათში მიდიოდა და თითქმის ერთი კვირის სავალი ორ დღეს განვლო... წამს თუ შეისვენებდა, რომ რაშს ფერდი ამოეღო და ოდნავად მოეწიწკნა რამ, თორემ სულ მიდიოდა... უპირველეს ყოვლისა მახარემ ირემა მონახა... იცოდა მეჯოგეების ბინა ამ დროს და ამისთვის იქით გაეშურა...

მეჯოგეებს ძალიან გაუხარდათ მახარეს ნახვა. ირემა ხომ სულ აღელდა და აღარ იცოდა, როგორ გამოეაშკარავებინა თავისი სიხარული...

- ლომავ, აქეთ რა ამბავია? - მოკლედ ჰკითხა მახარემ...

- შენი მტერი, რაც აქეთ ამბავია!.. ლომას მაგივრად უპასუხა მეღორეთ-უხუცესმა და უამბო, თუ რაც ამბავია...

თურმე მეფეების მიმალვამ ხალხში შიშის ზარი დაბადა და ისიც დაიბნა... ზოგმა ტყეს მიაშურა, და ზოგმა კიდევ ველს... ყველამ თავს უშველა... ვისაც იმედი გვქონდა, რომ რკინის გული ჰქონდა, ისიც კი მიიმალა, ცვილის გული აღმოაჩნდა... ახლა თავისუფლად შემოესია მტერი, დაისაკუთრა სასახლე და მიდამოები, და ჩვენც ველოდით ტყეში იმათ შემოსევას. მაგრამ რაკი შენ მოხველი, იმედი მოგვეცა... ვგონებ მტერს გავდევნით...

- ნუ გეშინიათ, ძმებო, აუარებელი მეომარი მოდის... თქვენ ფხა გამოიჩინეთ და მტერს მტრულად დაუხვდით... ლომავ, შენ ყველა გიცნობს ტყეებში და ველად გაბნეულნი, აიხადე ახლა პირბადე და მოიხმე ყველანი საომრად და აცნობე ყველას, რომ მეომრები მოდიან... ეს ირემაა, ამ ერთი წლის წინათ დაიკარგა...

- მოიცა... მოიცა... ირემა... - და დააცქერდა ირემას მეჯოგეთ-უხუცესი... - გამოცხადებული ირემაა... რამდენჯერ მინახვს სეფე-წულთან ერთად!.. თვალები ისე როგორ დამიბრმავდა, რომ აქნობამდის სულ ვიღაც ლომა მეგონე?!

- ჰო და, ირემავ, ახლა კი საჩქაროდ წადი და ყველა მოიხმე, ვისაც კი საბრძოლველად გული ერჩის, რომ ქვეყანა მონობისაგან დავიხსნათ!..

- ოო, ახლა კი გული ამიტოკდა და, გეფიცები ზენას, მეც წამოვალ საბრძოლველად... - აღტაცებით წამოიძახა მეჯოგეთ-უხუცესმა...

- მაშ ეგრე, ირემავ!.. შეაგროვო თუ არა მეომრები, მაშინვე აქ მოდი და მერე განვსაჯოთ, როგორ მოვიქცეთ...

- ირემავ, გვითხარ, მაინც, მაშინ რათ დაიმალე... მერე რა გაფაციციებით გეძებდნენ?!.

- ოო, ახლა მივეშურები სწრაფად შევასრულო ჩემი ძმად-ნაფიცის განკარგულება... ეგევე გიამბობსთ, რადაც...

- სულ უბრალოდ... - მოკლედ გადასცა მახარემ მიზეზი, თუ რად დაიმალა ირემა... - დედოფალი ალად მიიღო და ეგონა, ეს ოჯახი დაიღუპებაო, და, თითონაც რომ ამ დაღუპვას არ მიჰყოლოდა, არჩია გაცქევა!..

- მართლა უფიქრია!.. - წამოიძახა მეჯოგეთ-უხუცესმა... - სასახლეში ყველამ იცის, რომ დედოფალს ნადირ-მეფისთვის ცოლობა არ გაუწევია... ამას ბალღიც კი ამბობს, და მერე მართლა იმის უბედურება მაშინ დაიწყო...

მახარე აღტაცებით ისმენდა ამ სიტყვებს, ეთერის სიტყვები მტკიცდებოდა... თუ რამ სადმე კუნჭულში ეჭვის სიო მოძრაობდა, მეღორეთ-უხუცესის სიტყვებმა ისიც დაახშო და ეჭვის მაგივრად მხოლოდ სიყვარულის ალი ჩაეშო...

- ირემავ, ველად გასვლაც არ დაგავიწყდეს!..

- ჩემო მახარევ, სწრაფად შემოვირბენ ტყე-ველ-მინდორს!.. - უპასუხა და სწრაფად მოსწყდა ადგილს...

ირემამ მართლაც ორ დღეს შესძლო ის, რასაც სხვა მთელ კვირას მოუნდებოდა...

აქა-იქ გაბნეული ვაჟკაცნი მეჯოგეების ბინაზე გროვდებოდნენ და ჩქარა დიდძალი მეომარი მოგროვდა. გამხნევებულნი მაშველით მზად იყვნენ ცეცხლში გადაცვივნულიყვნენ...

მახარემ, რაკი ასეთი სული შეამჩნია, ირემა ცალკე იხმო და უთხრა:

- ჩემო ძმაო, ამათ წინამძღვრად შენ იყავ. გზები კარგად იცი და მალვით ჩრდილოელთ უკან დაბრუნების გზა გადუჭერ... ვეცადნეთ ამბის მიმტანიც აღარ გაუშვათ... ახლავე გაემგზავრენით, თორემ დაიგვიანებთ... დღეს თუ ხვალ მეომრები მოვლენ და შევუტევთ... მინდა ამბის მიმტანიც არ გადარჩეს...

XX

მზე იცინოდა... შემოდგომის მზემ მერე რა თბილი, გამამხნევებელი სიცილი იცის!.. არც ერთი იმის სხივი, სიცილით ნატყორცნი, უშედეგოდ არ იკარგებოდა, სასახლის წინ შეგროვილ ხალხს სხეულში საამოდ უვლიდა... იმის სხივი ირემასაც ხვდებოდა და უფრო ძლიერად აღიზიანებდა იმის ოცნებას და ფრთებს უფერავდა... ის კი მოუთხრობდა ხალხს ომის ამბავს... “მე მოვუყარე ტყე-ველად გაბნეულ მეომრებს თავი... წავიყვანე ის მეომრები და ზურგით მოვექეცით... ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, დღეს თქვენ აქ ასე სიხარულით მოცულნი არ იქნებოდით... ჩვენმა მეომრებმა ერთიც არ გაუშვა მთას იქით და აქითაც არ გადმოუშვა... ჩვენ რო არ ვყოფილიყავით, ყველას განადგურება მოელოდათ”...

- გაუმარჯოს ირემას. - ყვიროდა იმისი მეომრები...

- რა ტანჯვით და გველებივით ხევ-ხუვებში ვძვრებოდით!.. - განაგრძო ირემამ თავისი ამბავი... - ასეთ ტანჯვას ვერავინ გაუძლებდა... ჩვენ კი შევძელით და აი...

ამ დროს გამოჩნდა ნადირ-მეფე თავის მხლებლებით და წინ წასდგა...

- ირემავ!.. - წამოიძახა ნადირ-მეფემ.

- ხალხო, აი თქვენს წინ სდგას ის, ვინც გაჭირვების დროს მიგატოვათ და თავის თავს უშველა... თქვენ კი მტერს მიგცათ პირში... ახლა თქვენ იცით, რა სასჯელსაც მიაყენებთ... - უთხრა ხალხს ირემამ.

მეფე-ნადირა ათრთოლდა ამ სიტყვებზე...

- ჩავქოლოთ!.. - მოისმა ირემას მხლებლებისაგან ერთიანი ხმა...

- ჩავქოლოთ!.. ჩავქოლოთ!.. - ახმაურდა ირემას მხარე...

უეცრივ ქვამ გაიზუზუნა და ნადირ-მეფეს საფეთქელში მოხვდა... ის მაშინვე დედამიწაზე დაემხო...

- რაკი დაიწყეთ, დაათავეთ!.. - დაიძახა ირემამ, - ჩაქოლეთ!..

მახარე ხის ძირას იდგა და უსმენდა ირემას... გონს ვერ მოსულიყო, თუ რას ამბობდა... რა იყო იმის გამარჯვება, ან კიდევ იმისი ასეთი ხალხის წინ დამსახურება... “იქნება მართლაც ისეთი რამ ჩაიდინაო”, ფიქრობდა, როდესაც ირემა თავის ღვაწლს აზვიადებდა და მწარედ იღიმებოდა... მაგრამ მწარე ღიმი სწრაფად აღშფოთების ნასკვებმა შეიპყრეს, როდესაც მეფე-ნადირა დაემხო და ირემამ წამოიძახა: “ჩაქოლეთო!...”

სწრაფად წინ წავიდა და მეფის გვერდით გაჩნდა...

- რას შვრებით, უგუნურებო?! - მრისხანედ დაიყვირა უგულომ...

- ეგაც მიაყოლეთ, ვერ ხედავთ, როგორ ესარჩლება თქვენს დამღუპველს... - პასუხად მიაძახა ირემამ...

მაგრამ ყველას გაწვდილი ქვა ხელთ შერჩა... მახარემ ნადირ-მეფეს ხელი სტაცა, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო...

მახარემ შეხედა ირემას... ირემამ თვალი თვალში გაუყარა და წამოიძახა:

- უნდა გიხაროდეს!.. ეგაც ჩემი წყალობაა!..

- გაუმარჯოს ირემას, გაუმარჯოს!.. - ყვიროდნენ ამ დროს ირემას მეომარნი.

წამს მახარე მზად იყო მოეხრჩო ირემა, მაგრამ სწრაფად გონს მოვიდა, გული მოეკუმშა და...

სწრაფად გატრიალდა და მეომრებს შეეფარა...

მაშინ კი აქნობამდის მუდმივ მშრალ თვალებს ჩაბარუხის მსგავსად ცრემლი გადმოსკდა და მისმა გულმა ჟრიალი გამოიღო, როგორც გაბზარულმა ზარმა, როდესაც ის უნებურად სტყორცნა...

- შვილო მახარე, - ალერსით მხარზე ხელი დაადო კაცია ბატონმა, მახარე რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახა.

- მამავ!.. - სასოწარკვეთილებით წამოიძახა მახარემ და გულზე მიესვენა...

- წავიდეთ აქედან, შვილო, ახლა ყველაფერი ვიცი და...

- მამავ, მამავ!.. - ქვითინებდა მახარე... - ძმად-ნაფიცმა ხალხის მოღალატედ გამომაცხადა!..

ჩაბარუხი - წყალვარდნილის სახელია ადგილობრივ. უთუოდ ორი სიტყვისაგან შესდგება: ჩაბანვა და რუხრუხი (ჰბანს ზევიდან რუხრუხით).

ძველად ქალს თუ თავმანდილს მოხსნიდა და მკლავზე გადიგდებდა ვაჟკაცი, ეს შეუღლებას ნიშნავდა. ავტორი.

ზოგ ადგილას ტყის ვენახს “ბაბილოსაც” ეძახიან. ავტორი.

* * მეჯოგეებს - განსაკუთრებით ცხენების მწყემსებს ეძახიან არაგვის ხეობაში. ავტორი.

* გოზაური - დიდი თიხის ჭურჭელია, რომელსაც ტუჩი აქვს წამოშვერილი, რომ ცოტ-ცოტად შეიძლებოდეს დასხმა. ავტორი.

* კერატი - მამალი ღორია, სანაშენოდ გაშვებული. ავტორი.

* მთვარეს გულისხმობს. ავტორი.

* იმ დროს პირველი შვილი უეჭველად ქალს უნდა თავის მშობლების სახლში დაებადნა. ეს ყველასათვის სავალდებულო იყო. ავტორი.