The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები

ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბერძენიშვილი თეა, ხერხეულიძე მაია, მელაძე ნინო, კანდელაკი ეკა, ლაბარტყავა ნინო, აფთარაშვილი ია
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: © ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი სრულიად არაა აუცილებელი ასახავდეს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს. იბეჭდება გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ფინანსური დახმარებით. © საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი 2010 წინამდებარე დოკუმენტი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა. სტანდარტები შემუშავდა ფსიქოლოგების, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მომუშავე სპეციალისტების და ექიმი პედიატრებისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ. დოკუმენტმა გაიარა ქართველი და უცხოელი ექსპერტების, დარგის სპეციალისტების ექსპერტიზა. სტანდარტების ასაკობრივი ვალიდაცია ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 3 და 6 წლის ასაკის ბავშვებზე. სტანდარტების შექმნის და მისი განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონების სკოლამდელი აღზრდის და განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებმა, მშობლებმა, პედიატრებმა და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პირებმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის იმ პირებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სტანდარტების დოკუმენტის შექმნასა და საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში სამუშაო ჯგუფი: სიმონ ჯანაშია; ნატო ფანჩულიძე; ნინო ალელიშვილი; მთავარი ექსპერტები: ლინ კაგანი; პია ბრიტო; თამარ გაგოშიძე; მარინა ფალავანდიშვილი; ლილი მექვაბიშვილი; დარეჯან კახიანი; ნათელა იმედაძე; მანანა მელიქიშვილი; ნანა საპანაძე; სიმონ ჯანაშია; ნანა ყავლაშვილი. რედაქტორები: სალომე ომიაძე; მარინა მიქაშავიძე; რუსუდან მარგიშვილი; თამარ ღონღაძე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი მადლობას უხდის გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას საქართველოში გაწეული ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისათვის. მადლობას ვუხდით ფონდის ბავშვთა დაცვის/განათლების ოფიცერს ქალბატონ მაია ყუფარაძეს სტანდარტების შემუშავებასა და გამოცემაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს მასშტაბით იმ საჯარო სააღმზრდელო დაწესებულებებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სტანდარტების ასაკობრივ ვალიდაციაში. თებერვალი, 2010



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ადრეულ ასაკში ბავშვისადმი სათანადო დამოკიდებულება და სწავლების ხელშეწყობა მომავალში მის პიროვნებად ჩამოყალიბების და ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური და ემოციური მდგომარეობის ფორმირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

თქვენს წინაშეა ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები, სადაც გაერთიანებულია ინფორმაცია იმის შესახებ, განვითარების რა დონეს უნდა აღწევდეს ბავშვი დაბადებიდან სკოლაში წასვლამდე, რა უნარ-ჩვევებსა და ცოდნას უნდა ფლობდეს იგი. სტანდარტებში ჩამოყალიბებულია ბავშვის განვითარების მაჩვენებლები კონკრეტულ ასაკთან მიმართებაში და წარმოადგენს სასურველ მოლოდინსა და შედეგებს, რომელთა მიღწევა შესაძლებელია ბავშვის მშობლების, მეურვეებისა და მასწავლებლების ერთიანი ძალისხმევით.

სტანდარტები ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. მის შექმნაში მონაწილეობდნენ ექიმი-პედიატრები, ფსიქოლოგები და პრაქტიკოსი პედაგოგები. სტანდარტების შექმნა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს იმ საქმეში, რომლის განხორციელებასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ისახავს მიზნად სკოლამდელი განათლების მომსახურების გასაუმჯობესებლად დონორ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.

სტანდარტების დოკუმენტი გახლავთ დამხმარე სახელმძღვანელო მასალა ადრეული ასაკის და სკოლამდელი ბავშვის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის. სტანდარტები დაეხმარება მათ უკეთ გაანცობიერონ ბავშვის განვითარების ინდივიდუალურობა, დაგეგმონ და განახორციელონ საქმიანობები, რომლებიც ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, მის სკოლისა და მომავალი ცხოვრებისათვის მზაობას დაეხმარება.

წინამდებარე მასალა სარეკომენდაციო ხასიათისაა და იმედი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, პირებსა და პროფესიონალებს (მათ ვინც დაინტერესებულია ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების საკითხებით). სტანდარტები დაეხმარება სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებს სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
რულანდ მონაში

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ადრეული ასაკი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ფიზიკურ, გონებრივ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაში. შესაბამისად ამ ასაკში მიღებული გამოცდილება დიდ გავლენას ახდენს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პროცესსა და მიღწევებზე. ბავშვის სრულფასოვანი და მრავალმხრივი განვითარებისათვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს, მშობლების, სასწავლო დაწესებულებებისა და თემის ერთობლივი მონდომებისა და ძალისხმევით.

1994 წელს ბავშვთა უფლებების დეკლარაციის რატიფიცირებით საქართველომ დაადასტურა, რომ აღიარებს ყოველი ბავშვის უფლებას ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვის პრინციპებს ეხმიანება და საზოგადოების ფართო წრისთვის არის შექმნილი. სტანდარტებს საფუძვლად უდევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 ნოემბრის №958 ბრძანებით დამტკიცებული სკოლამდელი განათლების ეროვნული მიზნები.

ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლისა და განვითარების სტანდარტების მთავარი დანიშნულებაა საფუძველი ჩაუყაროს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიურ განვითარებას; ხელი შეუწყოს მოზარდის ჯანმრთელობის განმტკიცებას და მის სასკოლო მზაობას. ამ დოკუმენტის ძირითადი სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ იგი შედეგზეა ორიენტირებული: ჯერ განსაზღვრულია შედეგი, რომელსაც გვინდა რომ მიაღწიოს ბავშვმა და შემდეგ ისახება ამ შედეგის მისაღწევი გზა. სტანდარტის ამგვარი სტრუქტურა ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომისა და საგანმანათლებლო პროგრამის მისი საჭიროებების მიხედვით ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა. აღმზრდელს შეუძლია იხელმძღვანელოს სტანდარტით, დააკვირდეს ბავშვს და შეურჩიოს ის აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.

სტანდარტების საფუძველზე შესაძლებელია შეიქმნას მშობელთა საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვის აღზრდისა და განვითარების შესახებ, რომლებიც პოპულარულ ენაზე გააცნობს მეურვეებს (აღმზრდელებსა და მშობლებს) ბავშვის განვითარების თავისებურებებს და ამ მიმართულებით კონკრეტულ რჩევებსაც შესთავაზებს. აგრეთვე შესაძლებელია, სტანდარტების დოკუმენტი საფუძვლად დაედოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამას და მასწავლებელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს. სტანდარტების გამოყენება შეუძლიათ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს პროფესიონალებსაც.

3 სტანდარტების სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები

▲ზევით დაბრუნება


დოკუმენტში ბავშვის განვითარება პირობითად ხუთ სფეროდ არის დაყოფილი: ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება, შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, მეტყველების განვითარება და სოციალურ-ემოციური განვითარება.

ყოველი „სფერო“ „ქვესფეროებს“ მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, „მიმართულებებს“ აერთიანებს. თითოეულ „მიმართულებაში“ განსაზღვრულია „შედეგები“. „შედეგი“ არის ბავშვის განვითარებაში დასახული კონკრეტული მიზანი. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვის განვითარების მიზნები უცვლელია. მიზნის მიღწევაზე ზრუნვა გრძელდება ზოგადი განათლების მიღების ბოლო ეტაპამდე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც უნარ-ჩვევების, ასევე დამოკიდებულებებისა და ღირებულებების განვითარებისათვის საფუძვლის ჩაყრა ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს. ამდენად, სტანდარტებში განსაზღვრული „შედეგები“ დაბადებიდან 6 წლამდე არ იცვლება. იმისათვის, რომ კონკრეტულ ასაკში ვიცოდეთ, რა უნდა კეთდებოდეს თითოეული „შედეგის“ მისაღწევად, თითოეული შედეგისათვის განსაზღვრულია „ინდიკატორები“. სწორედ „ინდიკატორი“ არის შედეგის მიღწევის მაჩვენებელი და ასაკის მიხედვით განვითარების დონის შესაბამისად იცვლება. „ინდიკატორები“ არის მკაფიო, ნათლად აღწერს ბავშვის ქცევას, რომელიც აღმზრდელმა ან მშობელმა ადვილად უნდა შეიცნოს და შემდგომში მასზე შესძლოს დაკვირვება.

მაგ: შედეგი I : ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობისას წარსულს, აწმყოსა და მომავალს

ინდიკატორი 3-დან 5 წლამდე: იყენებს დროსთან დაკავშირებულ სიტყვებს (მაგ., დღე/ღამე, გუშინ/დღეს).

ინდიკატორი 5-დან 6 წლამდე: ადეკვატურად იყენებს დროის აღმნიშვნელ სიტყვებს: გუშინ, დღეს, ხვალ; სწორად პასუხობს კითხვაზე, როგორი ამინდი იყო გუშინ.

ყოველ შედეგს ინდიკატორების გარდა თან ახლავს „რჩევები მეურვეთათვის“, რომლებიც აღმზრდელებსა და მშობლებს სთავაზობს იმ აქტივობებს, რომლებიც დაეხმარება ბავშვს დასახული შედეგის მიღწევაში. „რჩევები მეურვეთათვის“ ზოგადი ხასიათისაა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. „მეურვეში“ იგულისხმება ის ადამიანი, რომელიც ზრუნავს ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე, ეს შეიძლება იყოს როგორც მშობელი, ოჯახის სხვა წევრი, ასევე

საბავშვო ბაღის მასწავლებელი ან აღმზრდელი.

რჩევები მეურვეთათვის

ესაუბრეთ ბავშვს იმის შესახებ, თუ რა მოხდება მომავალში ან/და რა მოხდა წარსულში (მაგ., „ამ დილით საუზმეზე რა ჭამე?“, ან „ხვალ სადილისათვის რა მოგიმზადო?“)

არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე ასაკისათვის არ არის მითითებული ინდიკატორი, მაგ.:

შედეგი III:

ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას

ინდიკატორები

0-6 თვე
6-12 თვე

▪ ამჩნევს ადამიანებს შორის არსებულ მარტივ განმასხვავებელ ნიშნებს (მაგ.: ამჟღავნებს ინტერესს ადამიანის მიმართ, რომელიც ატარებს სათვალეს ან განსაკუთრებული ბრწყინვალების მქონე სამკაულს)

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ასაკში მოცემული შედეგის განვითარების დამადასტურებელი მაჩვენებელი არ ვლინდება, ანუ - 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვი ვერ აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმისა და დანიშნულების მიხედვით, მაგრამ იმისათვის, რომ ეს უნარი განუვითარდეს, მას უნდა ჰქონდეს სხვადასხვაგვარი სათამაშო, რაც მითითებულია რჩევაში.

ასევე არის შემთხვევა, როდესაც შედეგის ქვეშ კონკრეტულ ასაკში შეტანილია ინდიკატორი, რომელიც ამ უნარის განვითარებისათვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მაგ.: 6-დან 12 თვემდე ბავშვი სხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების ცოდნას ვერ გამოამჟღავნებს, მაგრამ დამოკიდებულების განვითარებას თავისი მოსამზადებელი ეტაპები აქვს: იწყება მარტივი თვალსაჩინო განსხვავების შემჩნევით (მაგ. სათვალის ტარება), ამას მოჰყვება თვალსაჩინო, მაგრამ უფრო რთული განსხვავების შემჩნევა და მიღება (მაგ. სხვა ენაზე საუბარი), ამგვარი განსხვავებების შემჩნევასა და მიღებას კი უკვე ეფუძნება პატივისცემა.

პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა სტანდარტების შექმნის პროცესში

  • თითოეული ბავშვი თავისებურად სწავლობს და ვითარდება, რადგან ყოველ ბავშვს აქვს სწავლის ინდივიდუალური სტილი და განსხვავებული უნარები;

  • ბავშვი სწავლობს გარემოს აქტიური შემეცნებისა და უსაფრთხო გარემოში (რომელშიც ცხოვრობს, სწავლობს, თამაშობს) საკუთარი აღმოჩენების გზით;

  • ბავშვი სწავლობს მოზრდილებთან და თანატოლებთან ურთიერთობის დროს;

  • ბავშვი ახალს სწავლობს წარსულში შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რასაც საფუძველი ეყრება ბავშვის სხვა ბავშვებთან თამაშისა და მათთან სოციალური ურთიერთობების დროს;

  • ბავშვები სწავლის პროცესში საუკეთესო შედეგებს აღწევენ მაშინ, როდესაც ჯანმრთელნი და სრულფასოვნად ნაკვებნი არიან;

  • ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა მაშინ ეუფლება, როდესაც მას ყოველდღიური საქმიანობისას არჩევანის უფლება არ ეზღუდება;

  • ბავშვის უპირველესი აღმზრდელები და მასწავლებლები ბავშვის ოჯახის წევრები არიან.

სტანდარტების გამოყენების გზები:

  • დოკუმენტი შეიძლება საფუძვლად დაედოს ადრეული ასაკის ბავშვზე ზრუნვისა და აღზრდის სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, ერთიანი, ინტეგრირებული სისტემის შექმნას;

  • სტანდარტების შინაარსი დაეხმარება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მშობელების, ბავშვის აღზრდისა და ბავშვის განვითარების პროგრამებზე;

  • სტანდარტების დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესისათვის აუცილებელი გარემოს ორგანიზებასა და მოწყობისათვის, რომელიც პასუხობს ბავშვის მრავალმხრივი განვითარების მოთხოვნებს;

  • სტანდარტების დოკუმენტი არის სახელმძღვანელო საშუალება მასწავლებლების, მშობლებისა და აღმზრდელებისათვის, რათა მათ შეუქმნან ბავშვებს შესაფერისი სასწავლო და სააღმზრდელო გარემო;

  • დოკუმენტში მოცემულია რჩევები მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, რათა მათ კონკრეტული აქტივობით ხელი შეუწყონ ბავშვის უნარების განვითარებას. დოკუმენტში მოყვანილია მარტივი თამაშები და მითითებები, რომელთა გამოყენებით უფროსებს საშუალება მიეცემათ მიზანმიმართულად იმუშაონ ბავშვის თითოეული შედეგის მისაღწევად;

  • მასწავლებლებს შეეძლებათ დაგეგმონ სასწავლო პროცესი და მიუსადაგონ სასწავლო აქტივობები სტანდარტების დოკუმენტში ჩამოყალიბებულ მიზნებსა და ბავშვის განვითარების შედეგებს;

  • სტანდარტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების შედგენისა და დანერგვის პროცესში;

  • სტანდარტების დოკუმენტი სახელმძღვანელო ხასიათისაა და მისი გამოყენება შესაძლებელია სასწავლო და სააღმზრდელო ფორმალურ და, ასევე, არაფორმალურ გარემოში. სტანდარტებში ჩამოყალიბებული ინფორმაცია დაეხმარება მშობლებს, მასწავლებლებსა და აღმზრდელებს, რომ მათ უკეთ წარმართონ ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესი.

სტანდარტების გამოყენება დაუშვებელია:

  • სტანდარტების გამოყენება დაუშვებელია ბავშვის ფიზიკური თუ გონებრივი უნარების სამედიცინო ან მეცნიერული შეფასებისათვის. სტანდარტებში ჩამოყალიბებული ინფორმაციის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისათვის „იარლიყის“ მინიჭების მიზნით ან ბავშვების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი სწავლების შემდეგ საფეხურზე გადაყვანის შეფერხების მიზნით;

  • დაუშვებელია სტანდარტების დოკუმენტში ასახული მოლოდინებისა და სურვილების ნორმატივად გამოყენება, როდესაც ვაფასებთ ბავშვის განვითარებასა და მიღწევებს სწავლაში. სტანდარტში მითითებული ვადები მხოლოდ საორიენტაციო ხასიათისაა და არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს კონკრეტულ ასაკში უნდა შეეძლოს ამა თუ იმ ინდიკატორის ჩვენება (ითვლება, რომ სტანდარტებში მოცემული ინდიკატორების ჩვენება შეუძლია ბავშვების 40-60%-ს). მეორე მხრივ, მითითებული ვადები ხელს უწყობს მშობელსა და მასწავლებელს, რომ მხედველობაში იქონიონ ბავშვის გავითარების ყველა სფერო და დაეხმარონ ბავშვს მრავალმხრივ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები შეიძლება ერთ ინდიკატორს განსხვავებულ დროში აღწევდნენ, უფრო მოგვიანებით, ვიდრე ეს მითითებულია სტანდარტების დოკუმენტში. განსაკუთებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები კი, ალბათ ზოგიერთ ინდიკატორს უფრო ადრე მიაღწევენ, ვიდრე სხვა დანარჩენი ბავშვები.

  • წინამდებარე დოკუმენტი არ წარმოადგენს ბავშვის განვითარების ნიშნების ნაკრებს, ეს არის დამხმარე საშუალება სწავლა-აღზრდის პროცესის წარმართვისათვის. თუ ბავშვი მიეკუთვნება განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა კატეგორიას, მისთვის ექიმების, ფსიქოლოგების, პედაგოგებისა და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით უნდა შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელშიც აისახება სტანდარტით განსაზღვრული ყველა სფერო, მაგრამ წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ბავშვისათვის შემუშავებული ინდიკატორები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის განვითარებას.

4 სწავლისა და განვითარების სფეროების მოკლე მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


4.1 სფერო - ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში ადამიანის სხეული მუდმივად და მნიშვნელოვნად იცვლება. ეს ცვლილებები გამოიხატება არა მხოლოდ ბავშვის სიმაღლეში ზრდასა და სხულის მასის მატებაში, არამედ მისი აღნაგობისა და პროპორციების ცვლილებებში, კოორდინაციის უნარისა და მოძრაობის დახვეწაში.

ბავშვის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მისი ადეკვატური ზრდისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ქვემოთ წარმოდგენილ სფეროში ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება გაერთიანებულია შემდეგი ქვესფეროები:

  • მოტორული განვითარება;

  • ფიზიკური განვითარება;

  • ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

მოტორული განვითარება არის ბავშვის უნარი, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ, ანუ უხეშ და წვრილ, ანუ დახვეწილ მოტორიკასა და სენსომოტორულ, ანუ მგრძნობელობით-მოძრაობით უნარებს.

  • მსხვილი მოტორიკა (უხეში მოტორიკა) არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს კიდურები და მსხვილი კუნთები, რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თავის დაჭერას, ჯდომას, სიარულს, სირბილსა და სხვა.

  • წვრილი მოტორიკა (ნატიფი მოტორიკა) არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს წვრილი, თხელი კუნთები (მაჯისა და თითების მომხრელი და გამშლელი კუნთები და თვალის სწორი და ირიბი კუნთები, რომლებიც განსაზღვრავენ მხედველობის მიმართულებას), რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თვალი გააყოლოს საგნებს, მოეჭიდოს სათამაშოს და სხვა.

  • სენსომოტორული (მგრძნობელობით-მოძრაობითი) ჩვევები გამოხატავს ბავშვის უნარს, გრძნობათა ორგანოების (მხედველობის, ყნოსვის, სმენის, გემოვნების, შეხების) გამოყენებით შეასრულოს გარკვეული მოძრაობები, შეძლოს კოორდინირება და გარემოს აღქმა თუ შეცნობა. სენსორულ-მოტორული განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ასპექტია თვალისა და ხელის კოორდინაცია.

ბავშვის მოტორული განვითარება 3 ძირითად კანონზომიერებას ეფუძნება:

  • მოძრაობის უნარის განვითარება, რომელიც იწყება ზემოდან ქვევით, ანუ თავიდან ფეხებისაკენ (კრანიოკაუდალური მიმართულება). ჯერ იწყება მზერის ფიქსაცია, შემდეგ - თვალის კოორდინირებული მოძრაობა, თავის დაჭერა, მერე - ზედა კიდურების, ტანისა და ბოლოს ქვედა კიდურების მოძრაობა.

  • მოძრაობითი უნარების განვითარება მიმდინარეობს ცენტრიდან პერიფერიისაკენ ანუ განშტოებებისაკენ (პროქსიმოდისტალური). თავდაპირველად იხვეწება იმ კუნთების მოძრაობა, რომლებიც სხეულის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. ამდენად, ადამიანი ჯერ სწავლობს თავის დაჭერას და შემდეგ ვითარდება ხელის ტაცების მოძრაობა.

  • მსხვილი (უხეში) და წვრილი (ნატიფი) მოტორიკის პროგრესირებადი, მზარდი განვითარება გულისხმობს არაკოორდინირებული, მარტივი მოძრაობების თანდათანობით სპეციფიკური და რთული მოძრაობებით შეცვლას.

ფიზიკური განვითარება ზრდის დინამიკური პროცესია, რომელიც დამოკიდებულია, ერთი მხრივ გენეტიკურ, ხოლო, მეორე მხრივ, გარემო ფაქტორებზე. ზრდის დინამიკური პროცესი გულისხმობს სხეულის მასის, სიგრძის, თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობების მატებას, სხეულის ცალკეული ნაწილის პროპორციების ჩამოყალიბებასა და ბავშვის ორგანიზმის ბიოლოგიურ მომწიფებას.

მართალია, ბავშვის ფიზიკური ჩვევები და უნარები გარკვეული კანონზომიერებით ვითარდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და განვითარების ტემპიც ინდივიდუალური აქვს. მაგალითად, ბავშვების მცირე ნაწილმა შეიძლება საერთოდ გამოტოვოს „ცოცვის“ ეტაპი და პირდაპირ დგომასა და სიარულზე გადავიდეს.

ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია პირადი ჰიგიენისა და მოვლის საბაზისო უნარ-ჩვევების ცოდნაზე. კარგი ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა განაპირობებს ბავშვის ენერგიულობას, ძალას, ამტანობასა და მოქნილობას. ეს საშუალებას აძლევს ბავშვს, ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობაში, გამოხატოს ინტერესი, მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში.

უსაფრთხოება ფიზიკური კეთილდღეობის სრულყოფილების მნიშვნელოვანი ასპექტია. უსაფრთხოებისათვის აუცილებელია ორი პირობის შესრულება. ესენია:

  • ბავშვის დაცვა ზიანის მომტანი სხვადასხვა ნივთიერებისა და სიტუაციის ზემოქმედებისაგან;

  • ბავშვისათვის იმის სწავლება, თუ როგორ მოერიდოს სახიფათო ნივთს და როგორ აიცილოს თავიდან სხვადასხვა საშიში სიტუაცია.

ამ უნარების განვითარებისათვის ბავშვმა უნდა ისწავლოს უსაფრთხოების წესები და რეგულაციები, ანუ მოძრაობების წარმართვა. უნდა იცოდეს, როდის და როგორ ითხოვოს დახმარება და გაიაზროს, რომ არსებობს ზღვარი უსაფრთხოებასა და საშიშროებას შორის.

ძირითადი სტრატეგიები:

მშობლებმა და მომვლელებმა ხელი უნდა შეუწყონ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ ზრდასა და განვითარებას, რათა მან გამოავლინოს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახისა და გარემოს თავისებურებებისა თუ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად.

ფიზიკური კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და მოტორული განვითარების ხელშეწყობისათვის ყველა ბავშვთან, დაბადებიდან სკოლაში შესვლამდე, საჭიროა შემდეგი სტრატეგიების გამოყენება:

  • აუცილებელი, ყველასათვის დადგენილი და მისაღები სამედიცინო მომსახურება და ვაქცინაციის უზრუნველყოფა;

  • ადეკვატური, ასაკის შესაბამისი კვება;

  • განვითარების სტიმულაცია, ანუ ხელშეწყობა და წახალისება;

  • სხვადასხვა თამაშისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;

  • ადეკვატური, შესაბამისი გარემო პირობების შექმნა შინ და გარეთ;

  • ბავშვის სათამაშო გარემოში უსაფრთხოების პრინციპების დაცვა;

  • სიტყვიერი, მხედველობითი და ფიზიკური მინიშნებების გამოყენება, რათა ბავშვი მიხვდეს, რა უნდა გააკეთოს;

  • ბავშვის სურვილების გათვალისწინება და მისი აზრებისა და ემოციის პატივისცემა.

სფერო - ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება

ქვესფერო

შედეგი

მოტორული
განვითარება

მსხვილი მოტორიკა

▪ ბავშვს შეუძლია სხეულის
მოძრაობის კონტროლი,
მიზანმიმართული,
კოორდინირებული მოძრაობა და
წონასწორობის შენარჩუნება

მოტორული
განვითარება

ნატიფი მოტორიკა

▪ ბავშვს შეუძლია სხეულის
წვრილი კუნთების კონტროლი
და კოორდინირებული
მოქმედება

მოტორული
განვითარება

სენსორულმოტორული
განვითარება

▪ ბავშვი გრძნობათა ორგანოებს
(მხედველობას, სმენას, შეხებას,
გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს
საკუთარი მოძრაობის
გასაკონტროლებლად

ფიზიკური
განვითარება

ფიზიკური აქტივობა

▪ ბავშვი ერთვება სხვადასხვა
ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს
მოძრაობის უნარ-ჩვევებსა და
ფიზიკურ თვისებებს.

ჯანმრთელობა და
უსაფრთხოება

პირადი ჰიგიენა და
თავის მოვლის უნარ
ჩვევები

▪ ბავშვი ავლენს პირადი
ჰიგიენისა და
თვითმომსახურების უნარ
ჩვევებს.
▪ ბავშვი ეჩვევა ჯანსაღ კვებას,
ივითარებს სწორად კვების
ჩვევას

ჯანმრთელობა და
უსაფრთხოება

უსაფრთხოება

▪ ბავშვს შეუძლია სახიფათო
ნივთებისგან გარიდება, საშიში
სიტუაციების თავიდან აცილება
და ესმის უსაფრთხოების წესები.

4.2 სფერო - შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

▲ზევით დაბრუნება


შემეცნება არის ცოდნის მიღების პროცესი, წარმოდგენების შექმნა სამყაროს მოვლენების, მათი თანაარსებობისა და თანმიმდევრობის შესახებ. შემეცნებით განვითარებას ეტაპობრიობა ახასიათებს, კერძოდ, განვითარების ყოველი შემდგომი ეტაპი ეფუძნება წინა ეტაპზე მიღებულ გამოცდილებას.

შემეცნებითი უნარების, შესაძლებლობის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების პირველი წლები. ბავშვს ცოდნის შეძენასთან ერთად უვითარდება ის ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც ამ ცოდნას იძენს. ადამიანს სამყაროს შესახებ წარმოდგენა ადრეული ასაკიდანვე ექმნება, დასაწყისში ეს გამოიხატება მხოლოდ ხმაზე ან მხედველობით გამღიზიანებელზე რეაქციით, თანდათან შემეცნებითი პროცესები ვითარდება, ადამიანი აღიქვამს, იმახსოვრებს გარე სინამდვილეს, წარმოიდგენს და აანალიზებს მას.

შემეცნებით განვითარებას საციცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება როგორც ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის, ასევე წარმატების მისაღწევად. შემეცნებითი განვითარებისათვის საჭიროა, ბავშვს განუვითარდეს რაოდენობრივი წარმოდგენები, ჩასწვდეს მოვლენებს შორის სივრცით, დროით და მიზეზშედეგობრივ კავშირებს.

ცოდნის თვალსაზრისით ბავშვი იღებს ინფორმაციას როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სამყაროს შესახებ ადამიანებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებით. ასევე მნიშვნელოვანია, ჩართული იყოს შემოქმედებით პროცესებში და ჰქოდეს თვითგამოხატვის მრავალფეროვანი საშუალება. ყოველივე ეს ხელს უწყობს, რომ ბავშვს შეექმნას წარმოდგენა ადამიანის სპეციფიკურ მახასიათებლებზე, შემომოქმედებაზე, ზოგადად კულტურაზე და სოციალურ მახასიათებლებზე -ოჯახზე, საზოგადოებაზე.

შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა აერთიანებს ოთხ ქვესფეროს:

  • ესთეტიკა და კულტურა

  • ბუნება და ტექნოლოგია

  • რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

  • მოვლენებს შორის მიმართებების წვდომა.

ესთეტიკა და კულტურა მოიცავს ბავშვის უნარს გამოხატოს და წარმოადგინოს საკუთარი თავი, მისი შინაგანი სამყარო მუსიკის, ცეკვის, ხატვისა და სხვა ვიზუალური და გამომსახველობითი ხელოვნების საშუალებით. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ბავშვის მიერ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების სწორ აღქმას, გაგებასა და დაფასებას.

ამ ქვესფეროში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორია ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმა სხვებთან მიმართებით, მისი წარმოდგენა იმ სოციალურ გარემოზე, რომელშიც იზრდება. აქ იგულისხმება გათვითცნობიერებულობა ოჯახის, საზოგადოებისა და კულტურის თვალსაზრისით. ეს ქვესფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • შემოქმედების აღქმა და გაგება

  • შემოქმედებითი თვითგამოხატვა

  • ოჯახი, საზოგადოება და კულტურა.

ბუნება და ტექნოლოგია გულისხმობს ბავშვის უნარს გაიგოს, შეიმეცნოს ფიზიკური გარემო, დააკვირდეს, გამოიკვლიოს, ჩაატაროს ექსპერიმენტები იმ პროცესებზე, რომლებსაც თვალსაჩინო შედეგი მოსდევს. გარემოს შესახებ ცოდნის შეძენით ბავშვი ინფორმაციას იღებს, მაგ., დედამიწის და ცოცხალი ბუნების შესახებ. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება ბავშვს ეხმარება გამოსცადოს და გამოიყენოს მიღებული ცოდნა ასაკის შესაბამის პრაქტიკაში, ექსპერიმენტის დროს. ეს ქვესფერო მოიცავს შემდეგი უნარების განვითარებას:

რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება მოიცავს ანგარიშს, გაზომვას და კანონზომიერებების დადგენას. ყველა ამ უნარს მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს იმისათვის, რომ ბავშვს შეეძლოს იმ მათემატიკური საკითხების გადაჭრა, რომელიც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეს. ეს ქვესფერო მოიცავს:

  • ანგარიშს;

  • გაზომვას;

  • კანონზომიერების დადგენას.

მოვლენებს შორის მიმართებების წვდომა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. დროითი მიმართებები გულისხმობს - როდის ხდება კონკრეტული მოვლენა? - წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში. ასევე მოვლენათა თანმიმდევრობას, ხანგრძლივობასა და თანხვედრას. სივრცითი მიმართებები გულისხმობს - საგანთა მდებარეობის აღქმას - სად მდებარეობს კონკრეტული საგანი? ჩემს ზევით, ქვევით და ა.შ. საგანთა ურთიერთგანლაგების აღქმასა და წარმოდგენას. მიზეზეზშედეგობრიობა გულისხმობს - საგნების ან მოვლენების დაკავშირებას ერთმანეთთან, იმის გარკვევას, თუ რა იწვევს ცვლილებას, რა ზემოქმედება განაპირობებს მას.

ძირითადი სტრატეგიები:

ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია. თითოეული მათგანი ვითარდება და სწავლობს სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დონეზე. ქვემოთ მოცემული სტრატეგიები უნდა გამოიყენებოდეს ყველა ბავშვისათვის, რათა ხელი შევუწყოთ მათი შემეცნებითი უნარების განვითარებას.

  • შეუქმენით ისეთი გარემო, სადაც შემოქმედებითობა, ორიგინალურობა და მრავალფეროვნება იქნება დაფასებული.

  • მიეცით საშუალება და შეუქმენით საკუთარი იდეების, გრძნობების, ემოციების სხვადასხვა საშუალებებით გამოხატვის პირობები.

  • გამოყავით დრო, რათა შეისწავლოთ თითოეული ბავშვის ყოველდღიური გამოცდილება როგორც სახლში, ასევე მის გარეთ.

  • გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და გააფართოვეთ ბავშვის წარმოდგენები, შეხედულებები, გამოცდილება სამყაროს შესახებ.

  • თქვენი სწავლების მეთოდები და მექანიზმები უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

სფერო - შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

ქვესფერო

შედეგი

ესთეტიკა და
კულტურა

შემოქმედების
აღქმა და გაგება

▪ ბავშვს შეუძლია აღიქვას და
სიამოვნება მიიღოს ხელოვნების
ნაწარმოებისაგან

ესთეტიკა და
კულტურა

შემოქმედებითი
თვითგამოხატვა

▪ ბავშვი ავლენს შემოქმედებით
უნარებს

ესთეტიკა და
კულტურა

ოჯახი, საზოგადობა
და კულტურა

▪ ბავშვი გამოხატავს ინტერესს
ოჯახური ტრადიციების მიმართ
▪ ბავშვი ამჟღავნებს, რომ
გათვითცნობიერებულია
სამოქალაქო საკითხებში
▪ ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და
სხვა ქვეყნების კულტურის და
ტრადიციების ცოდნას,
პატივისცემას

ბუნება და
ტექნოლოგიები

ბუნება

▪ ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნების
შესახებ
▪ ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნებისა
და ადამიანების
ურთიერთდამოკიდებულების
შესახებ

ბუნება და
ტექნოლოგიები

ტექნოლოგია

▪ ბავშვი იყენებს ტექნიკას
შესაბამისი დანიშნულებით

რაოდენობრივი
წარმოდგენების
განვითარება

რიცხვები და
ანგარიში

▪ ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნას
და შეუძლია დათვლა

რაოდენობრივი
წარმოდგენების
განვითარება

გაზომვა

▪ ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს
მოსაზრებას საგანთა ზომაზე,
მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა
და წონაზე

რაოდენობრივი
წარმოდგენების
განვითარება

კანონზომიერების
დადგენა

▪.ბავშვი აჯგუფებს საგნებს ზომის,
ფორმისა და დანიშნულების
მიხედვით

მოვლენებს შორის
მიმართებების წვდომა

დრო

▪ ბავშვს შეუძლია საკუთარი
სხეულის/გარემოს ობიექტების
მდებარეობის აღქმა და საგნებს
შორის სივრცითი მიმართებების
დადგენა

მოვლენებს შორის
მიმართებების
წვდომა

სივრცე

ბავშვს ესმის/სწვდება
მიზეზშედეგობრივ კავშირებს

მოვლენებს
შორის
მიმართებების
წვდომა

მიზეზ-
შედეგობრიობა

4.3 სფერო - სწავლისადმი მიდგომა

▲ზევით დაბრუნება


ადამიანს სამყაროს მიმართ დაბადებიდანვე აქტიური შემეცნებითი დამოკიდებულება აქვს.

ბავშვის ცნობისმოყვარეობა პირველივე თვეებიდან იჩენს თავს და ვითარდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. სწავლისადმი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სფეროა სასკოლო მზაობისათვის. ბოლო წლებში მეცნიერები და პედაგოგები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ სფეროს კვლევასა და განვითარებას.

სწავლისადმი მიდგომა აერთიანებს სწავლისადმი დამოკიდებულებასა და სასწავლო უნარ-ჩვევებს. ამიტომ, სწავლისადმი მიდგომა მჭიდროდ უკავშირდება როგორც შემეცნებით, ასევე სოციალურემოციურ სფეროს. სწავლისადმი დამოკიდებულება მოიცავს მოტივაციურ ასპექტებს, რომლებიც ხსნის რატომ და რისთვის სწავლობს ბავშვი, ხოლო სასწავლო უნარ-ჩვევები კი მოიცავს შემეცნებით ასპექტებს, რომლებიც ხსნის, თუ როგორ სწავლობს ბავშვი. ამ პრინციპზე დაყრდნობით სწავლისადმი მიდგომაში გამოვყავით ორი ქვესფერო: მოტივაცია და სასწავლო უნარები.

მოტივაცია არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. ის აძლევს ბიძგს მოქმედებას. სწავლის მოტივაცია განაპირობებს მოსწავლის ჩართვას სწავლის პროცესში. მოტივაცია თავის მხრივ მოიცავს:

  • ცნობისმოყვარეობას და ინტერესს, რომელიც გამოხატავს ბავშვის ცნობისწადილით აღსავსე დამოკიდებულებას, ახალი ინფორმაციის მოპოვების, ახალი გამოცდილების შეძენისა და სწავლის სურვილს.

  • ინიციატივას და დამოუკიდებლობას, რომელიც გამოხატავს ბავშვის მზაობას ჩაერთოს მოქმედებაში, ნებაყოფლობით, თავისი სურვილით მიიღოს მონაწილეობა სასწავლო აქტივობებში, გამოიჩინოს გამბედაობა სიახლის ათვისებაში.

სასწავლო უნარები გულისხმობს ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების გზასა და სტილს. სასწავლო უნარები მოიცავს:

  • ყურადღების კონცენტრაციას, რომელიც გამოხატავს ბავშვის უნარს მიმართოს ყურადღება საქმიანობაზე და ბოლომდე შეინარჩუნოს იგი, არ გადაერთოს სხვა საკითხზე მის წინაშე დასმული ამოცანის შესრულებამდე.

  • შემოქმედებითობასა და გამომგონებლობას, რომელიც გამოხატავს ბავშვის უნარს, გაიღრმაოს არსებული ცოდნა, გამოიყენოს წარმოსახვა და გონებაში გარდაქმნას ფორმები და სახეები, რომლებსაც იმ მომენტში რეალურად ვერ ხედავს.

  • პრობლემის გადაჭრას, რომელიც გამოხატავს ბავშვის უნარს გაუმკლავდეს რთულ სიტუაციას, მოძებნოს გამოსავალი და რამდენიმე ხერხით სცადოს პრობლემის გადაჭრა.

  • აზრის გამოხატვასა და რეალობასთან კავშირს, რომელიც ემსახურება ბავშვის ეტაპობრივ მომზადებას სიმბოლოების გამოყენებისა და გაგებისათვის. განზოგადების უნარის განვითარებას.

  • გააზრებას და ინტერპრეტაციას, რომელიც გამოხატავს მოსწავლის უნარს, ისწავლოს გამოცდილებაზე დაყრდნობით - გაიგოს, აითვისოს ინფორმაცია და გამოიყენოს გამოცდილება იმისათვის, რომ წინასწარ მოიაზროს, დაგეგმოს მომავალი მოქმედება.

  • კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევას, რომელიც გამოხატავს ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების პროცესებს, საშუალებებს. ბავშვი ამ ასაკში სამყაროს შესახებ ინფორმაციას ძირითადად ობიექტებთან უშუალო კონტაქტით, მოსინჯვით, ცდისა და შეცდომის მეთოდით იღებს. იკვლევს ობიექტებს, მასალებსა და მათ მახასიათებლებს, აღმოაჩენს ცვალებადობასა და განმეორებადობას, მსგავსებასა და განსხვავებას. სვამს შეკითხვებს, როგორ და რატომ მოქმედებენ საგნები ამგვარად.

ძირითადი სტრატეგიები

თითოეულ ბავშვს ახასიათებს განვითარების ინდივიდუალური ტემპი და უპირატესი, ანუ მისთვის ყველაზე ახლობელი, გამორჩეული სფერო, ასევე სწავლის სტილი და ინფორმაციის მიღების უპირატესი, უფრო მეტად განვითარებული არხი (მხედველობითი, სმენითი, მოტორული) აქვს. უფროსმა უნდა გაითვალისწინოს ეს მრავალფეროვნება და ერთი მხრივ, გაუადვილოს ბავშვს ინფორმაციის მიღება, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს მას, თანდათანობით აითვისოს სწავლის სხვადასხვა ხერხები.

  • დაუთმეთ დრო თითოეული ბავშვის ყოველდღიური გამოცდილების შესწავლას სახლში, საზოგადოებაში;

  • შეუქმენით ინფორმაციის სხვადასხვა გზით მიღების საშუალება, რათა ბიძგი მიეცეს მათ განვითარებას! აამოქმედებინეთ ხუთივე შეგრძნება ( მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა, გემო);

  • მიეცით მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალება, რათა ხელი შეუწყოთ შემოქმედებითობის განვითარებას და წინ აღუდგეთ სტერეოტიპების ჩამოყალიბებას;

  • გულისხმიერებით მოეკიდეთ ბავშვის შემეცნებით ინტერესებს, გაეცით კორექტული პასუხი მის შეკითხვებს, დააკმაყოფლეთ მისი ინტერესები;

  • ეთამაშეთ და ესაუბრეთ ბავშვს ყოველდღე, რათა ხელი შეუწყოთ და წაახალისოთ მის მიერ გარემოს შემეცნება! მიეცით დრო, რათა დაუფიქრდეს მოვლენებს, ობიექტებს და შეძლოს აღმოჩენის გზით სწავლა;

  • გაუმარტივეთ რთული, კომპლექსური ამოცანა, დაყავით შედარებით მცირე, მარტივ ნაწილებად და განუსაზღვრეთ ამ ამოცანის გადასაჭრელად დასახული ნაბიჯების თანმიმდევრობა;

  • დღის განმავლობაში ჩართეთ ბავშვი მრავალფეროვან მოქმედებებში, რათა შეუნარჩუნოთ მაღალი მოტივაცია და ინტერესი.

სფერო - სწავლისადმი მიდგომა

ქვესფერო

შედეგი

მოტივაცია

ცნობისმოყვარეობა
და ინტერესი

▪ ბავშვი გამოხატავს ინტერესს და
ავლენს ცნობისმოყვარეობას
სიახლის მიმართ

მოტივაცია

ინიციატივა და
დამოუკიდებლობა

▪ ბავშვი ავლენს ინიციატივასა და
დამოუკიდებლობას.

სასწავლო უნარები

ყურადღების
კონცენტრაცია

▪ ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და
შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ
ამოცანაზე მაშინაც, როდესაც
აწყდება პრობლემას

სასწავლო უნარები

შემოქმედებითობა
და
გამომგონებლობა

▪ ბავშვი შემოქმედებითად და
გამომგონებლურად უდგება
ყოველდღიურ საქმიანობას

სასწავლო უნარები

პრობლემის
გადაჭრა

▪ ბავშვი ეძებს პრობლემის
გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს

სასწავლო უნარები

აზრის გამოხატვა
და რეალობასთან
კავშირი

▪ ბავშვი წარმოადგენს საგნებს
სიმბოლოების მეშვეობით
▪ ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას
რეალობისაგან

სასწავლო უნარები

გააზრება და
ინტერპრეტაცია

ბავშვს შეუძლია ისწავლოს
საკუთარ გამოცდილებაზე
დაყრდნობით

სასწავლო უნარები

კრიტიკული
აზროვნება და
კვლევა

▪ ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს
მსგავსებას და განსხვავებას, აფასებს
მოვლენებს
▪ ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას
დაკვირვების, ცდისა და შეცდომის
მეთოდით იღებს.

4.4 სფერო - მეტყველების განვითარება

▲ზევით დაბრუნება


მეტყველება, ენა და აზროვნება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ენა აზრის გამოხატვის საშუალებაა. ენას თავისი კანონები აქვს, რომელიც საერთოა ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანებისათვის. რა განსხვავებაა ენასა და მეტყველებას შორის? მეტყველება ამოქმედებული ენაა, რომელსაც კონკრეტული ადამიანი სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად იყენებს. ასხვავებენ წერითსა და ზეპირ მეტყველებას. მეტყველების განვითარება კომპლექსური პროცესია, რომელიც დაბადებიდან იწყება ზეპირი მეტყველების განვითარებით. ადამიანის მეტყველების პირველი ნიშანია ღუღუნი, რომელიც თანდათან ხანგრძლივდება, ემოციურ ელფერს იძენს და ტიტინში, შემდეგ კი სიტყვების წარმოთქმაში გადაიზრდება. წერით მეტყველებას ბავშვი სასკოლო ასაკში ეუფლება, თუმცა ადრეულ ასაკში ბავშვს ესაჭიროება წერითი მეტყველების ასათვისებლად მომზადება, წინაწერითი (გრაფიკული) უნარებისა და კითხვითი საბაზისო უნარების განვითარება. სფეროში - მეტყველების განვითარება - გაერთიანებულია ორი ქვესფერო: მეტყველება და წიგნიერება.

მეტყველება გულისხმობს ზეპირ მეტყველებას, ბავშვის უნარს, ერთი მხრივ, გამოთქვას თავისი შეხედულებები, ფიქრები, მეორე მხრივ, მოისმინოს და აღიქვას გარშემომყოფების ნათქვამი. ზეპირ მეტყველება მოცავს: რეცეპციულ მეტყველებას (რა ესმის), ექსპრესიულ მეტყველებას (რისი თქმა შეუძლია) და პრაგმატულ განვითარებას (რა სიტუაციაში და როგორ იყენებს ენის ცოდნას). გამოიყოფა მეტყველების სხვადასხვა ტიპები:

  • რეცეპციული მეტყველება გულისხმობს მოსმენასა და მოსმენილის გაგების უნარს. ბავშვი მიუთითებს დასახელებულ საგანზე ან ასრულებს დასახელებულ მოქმედებას (უთითებს სად არის თოჯინა, სადა აქვს ცხვირი; თხოვნაზე, დაუკრას ტაში, უკრავს ტაშს), ასე იწყება რეცეპციული მეტყველების უნარის განვითარება. შემდგომში ბავშვის ლექსიკური მარაგი იზრდება, ესმის მეტი სიტყვის მნიშვნელობა, უვითარდება რთული გრამატიკული სტრუქტურისა და ვრცელი ტექსტის გაგების უნარი.

  • პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება მოიცავს ბავშვის უნარს სიტყვიერად გამოხატოს სხვადასხვა შინაარსი. ბავშვი იწყებს ღუღუნს, ტიტინს, სიტყვების, ფრაზების წარმოთქმას. თანდათან ბავშვი სულ უფრო მეტ სიტყვას იყენებს საუბრის დროს, აგებს რთულ გრამტიკულ და სინტაქსურ კონსტრუქციებს, ეუფლება გაბმულ მეტყველებას.

  • პრაგმატული განვითარება გულისხმობს დიალოგის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას, გასაგები კომუნიკაციისა და თხრობის უნარის გამომუშავებას. რა მიზნით და რა სიტუაციაში იყენებს ენას ბავშვი? პრაგმატული განვითარება იწყება მოთხოვნილებისა და სურვილის გამოხატვით და სრულდება წარმატებული კომუნიკაციით. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ვერბალური და არავერბალური, ვერბალური კომუნიკაცია მოიცავს შინაარსის სიტყვიერ გამოხატულებას, ხოლო არავერბალური კი - ჟესტიკულაციას - სახის გამომეტყველებას, სხეულის მოძრაობას, ინტონაციასა და სხვა არასიტყვიერ მახასიათებლებს. წარმატებული ურთიერთობის დროს მოსაუბრე სათქმელის ჩამოყალიბებისას ითვალისწინებს მსმენელის ინტერესებს და იმ სიტუაციას, რომელშიც მიმდინარეობს მათი ურთიერთობა. თავის მხრივ, მსმენელი ცდილობს ჩასწვდეს არა მარტო სიტყვების მნიშვნელობას, საუბრის თემას, არამედ მოსაუბის მიზანიც ამოიცნოს.

წიგნიერება გულისხმობს წერითი მეტყველების დაუფლებისათვის მომზადებას, წერა-კითხვის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ბავშვის გათვითცნობიერებას იმ საკითხებში, თუ როგორ და რა მიზნით გამოიყენება ნაბეჭდი მასალა. აღნიშნული ქვესფერო აერთიანებს წერისა და კითხვის მიმართულებას:

  • კითხვის მიმართულება ემსახურება იმ საბაზისო უნარების განვითარებას, რომლებიც ხელს უწყობს შემდგომში კითხვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას (მაგ.: მეტყველების ნაკადში ბგერებისა და სიტყვების გამორჩევის (ფონოლოგიური) უნარები, ნაბეჭდ მასალასთან მოპყრობის ჩვევა). კითხვის დროს ადამიანი იღებს ინფორმაციას სხვადასხვა დანიშნულების ტექსტებიდან. როდესაც ბავშვს მხატვრულ ლიტერატურას უკითხავენ, უნდა შეეძლოს ესთეტიკური სიამოვნების განცდა; როდესაც საგანმანათლებლო ტექსტებს აცნობენ, შემეცნებითი ინფორმაციის მიღება უნდა შეძლოს, ხოლო, თუ წერილობით ინსტრუქციას გააცნობენ, ამ უკანასკნელის შესაბამისად მოქმედება უნდა შეძლოს.

  • წერის მიმართულება ემსახურება წინაწერითი (გრაფიკული) უნარების განვითარებას: ხელით ზუსტი მოძრაობების შესრულებას, იმის გათავისებას, რომ ნაწერი სიტყვებისაგან შედგება და რაღაცას აუცილებლად აღნიშნავს.

ძირითადი სტრატეგიები:

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ბავშვს განვითარების ინდივიდუალური ტემპი ახასიათებს. ყველა ბავშვი საჭიროებს სიყვარულს, მზრუნველობასა და განვითარების ხელშეწყობას. მეტყველების, კომუნიკაციისა და წიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის ყველა ბავშვთან დაბადებიდან სკოლაში შესვლამდე საჭიროა შემდეგი სტრატეგიების გამოყენება:

  • ბავშვის საუბრისა და ურთიერთობის წახალისება. ხშირი საუბარი და ურთიერთობა ბავშვთან. საუბრისას სახის გამომეტყველების, ჟესტების, ინტონაციის გამოყენება და მარტივი და გამართული ენით საუბარი;

  • ურთიერთობის დადებითი მაგალითის მიცემა, კომუნიკაციის ძირითადი სოციალური ნორმების დაცვა;

  • ნატიფი მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა სპეციალურ გასაფერადებელთა გაფერადებით, ხატვით, ძერწვით, მოზაიკის აწყობით და სხვ.;

  • წიგნიერების (კითხვის, წერის) დადებითი მაგალითის მიცემა. დასურათებული წიგნების დათვალიერება, წიგნების წაკითხვა, ბავშვთან თამაში დასურათებული კუბურებით, რომლებზეც ნახატთან ერთად შესაბამისი ასოა გამოხატული;

  • უზრუნველყოფა იმ მასალითა და სათამაშოებით (სახატავი საშუალებებით, პლასტილინით, წიგნებით, გასაფერადებლებით, ასაწყობებითა და სხვ.), რომლებიც ხელს უწყობს წერისა და კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას;

  • იმ ოჯახებში, რომლებშიც ქართული მეორე ენაა, მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებმა ხელი შეუწყონ იმ მარტივი ქართული სიტყვების სწავლებას, რომლებიც ყოველდღიურ ურთიერთობაში გამოიყენება.

სფერო - სწავლისადმი მიდგომა

ქვესფერო

შედეგი

მეტყველება

მოსმენა და
ზეპირი მეტყველება

▪ ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის
მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული
მეტყველება)
▪ ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას
თავისი აზრებისა და გრძნობების
გამოსახატავად, საუბრობს გამართულად
(პროდუქტიული, ექსპრესიული
მეტყველება)
▪ ბავშვი იყენებს ზეპირ მეტყველებას
სხვადასხვა მიზნისათვის (პრაგმატული
განვითარება)
▪ არაქართველი ბავშვი იყენებს ქართულ
ენას სხვადასხვა მიზნით

წიგნიერება

კითხვა

▪ ბავშვს აქვს უნარი სამეტყველო ნაკადში
გამოჰყოს ბგერები და სიტყვები
(ფონოლოგია)
▪ ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი
მასალის მიმართ და ესმის მისი
სიმბოლური მნიშვნელობა
▪ ბავშვს ესმის, რომ ნაბეჭდ მასალას
სხვადასხვა დანიშნულება აქვს და
განსხვავებული მიზნებით გამოიყენება
▪ ბავშვი ამჟღავნებს ნაბეჭდი მასალის
აღქმის უნარს

წიგნიერება

წერა

▪ ბავშვი იწყებს წერის უნარის
განვითარებას
▪ ბავშვი წერის უნარებს სხვადასხვა
მიზნისათვის იყენებს

4.5 სფერო - სოციალურ-ემოციური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის შემეცნების (აზროვნების, კოგნიციის) განვითარებასთან ერთად ხდება სოციალური უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარებაც. სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებასა და ადამიანებთან ურთიერთობას. სოციალური განვითარება განაპირობებს ბავშვის უნარს დაამყაროს ურთიერთობა გარემოსთან და გარშემომყოფებთან. ემოციური განვითარება განაპირობებს ბავშვის უნარს, შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და სათანადოდ რეაგირება.

ბავშვი, როგორც სოციალური არსება, ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებს ადამიანებთან ურთიერთობის სურვილს. ის აკვირდება უფროსს, რომელიც უვლის, ყურს უგდებს, ცდილობს შეეხოს, უღიმის. გამოხატავს სიხარულს, როცა ახლობელ ადამიანს ხედავს და იწყენს, როცა ის მიდის. წინასასკოლო ასაკში ბავშვებს უკვე მრავალფეროვანი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან. ისინი მეგობრობენ, ჩხუბობენ, რიგდებიან, სწყინთ, ეჭვიანობენ და ასევე ეხმარებიან ერთმანეთს. ბავშვები ამ ურთიერთობებს ძალიან მძაფრად განიცდიან და განსხვავებული გრძნობები ეუფლებათ. ამ ასაკში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვის შემდგომ ურთიერთობებზე და დამოკიდებულებებზე სამყაროს მიმართ. ამიტომ, ამ სფეროს განვითარებას კრიტიკული როლი ენიჭება ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

სოციალურ-ემოციური სფერო თავის მხრივ მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • თვითიდენტობა (მე-კონცეფცია) - ეს არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ: ვინ ვარ მე? რომელ ჯგუფს ვაკუთვნებ ჩემს თავს? ბავშვი მიაკუთვნებს საკუთარ თავს გარკვეულ სქესს, ეროვნებას და ა.შ.

  • თვითშეფასება - ეს არის ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, როგორ აფასებს საკუთარ თავსა და ქცევას - დადებითად თუ უარყოფითად, აგრეთვე საკუთარი თავის რწმენასა და იმედს, რომ წარმატებული იქნება ამა თუ იმ საქმიანობაში ან სხვებთან ურთიერთობის დროს.

  • თვითმართვა, რაც გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ქცევებისა და ემოციების მართვის უნარს, რაც მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუების და მარცხის გადატანას, ნებისყოფის გამომუშავებას რეგულარული საქმიანობითა და წესების დაცვით.

  • თვითგამოხატვა, რაც გულისხმობს ადამიანის უნარს სწორად გაიგოს საკუთარი განცდები და სათანადოდ გამოხატოს საკუთარი თავი, დამოკიდებულებები და გრძნობები.

  • ურთიერთობა - ეს არის ადამიანებს ან ჯგუფებს შორის კავშირის დამყარების პროცესი, რომელიც რთული და მრავალმხრივია. ბავშვი ჯერ იწყებს უფროსთან ურთიერთობას და შემდეგ ვითარდება ურთიერთობა თანატოლებთან.

  • ადაპტაციური სოციალური ქცევა, რაც გულისხმობს ბავშვის უნარს შეეგუოს იმ ადამიანებს, რომლებთანაც უწევს ურთიერთობა და იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფება. ერთი მხრივ, გამოამჟღავნოს ნდობა, გასაგებად და თავდაჯერებულად გამოხატოს თავისი სურვილები და განცდები და, მეორე მხრივ, გაუგოს სხვას. ეს ასპექტი მჭიდროდაა დაკავშირებული როლური უნარ-ჩვევების განვითარებასთან, რაც გულისხმობს მოვლენათა სოციალური კონტექსტის სხვადასხვა პერსპექტივიდან, სხვადასხვა პოზიციიდან დანახვისა და შეფასების უნარს. სხვისი როლის გათავისების უნარის უქონლობა ბავშვს ხელს უშლის დაინახოს მოვლენები სხვა ადამიანის თვალთახედვიდან, თანაუგრძნოს სხვა ადამიანს. ასაკობრივ ზრდასთან ერთად ბავშვს ეს უნარი უვითარდება, რაც სხვების მიმართ კეთილგანწყობასა და სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში მჟღავნდება.

ძირითადი სტრატეგიები:

ყველა ბავშვი საჭიროებს სიყვარულსა და მზრუნველობას. ამასთანავე, აუცილებელია გარემოსთან ჯანსაღი ურთიერთობის უნარის განვითარებაში დახმარება, გრძნობების მართვისთვის დადებითი მაგალითის მიცემა.

  • დაეხმარეთ ბავშვს საკუთარი თავის შეცნობაში ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით;

  • შეაქეთ და პოზიტიური განწყობა შეუქმენით ბავშვს სწავლისა და შემეცნების პროცესში;

  • აჩვენეთ დადებითი მაგალითი ემოციების მართვისას, ამასთანავე, წაახალისეთ ბავშვის გულწრფელი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან;

  • იყავით თანამიმდევრული და ზომიერად მკაცრი. შეაჩვიეთ ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას და დაანახვეთ ამის აუცილებლობა;

  • მიაქციეთ ყურადღება ბავშვის დამოკიდებულებას განსხვავებული ადამიანებისა და მოვლენების მიმართ, წაახალისეთ განსხვავების მიმართ შემწყნარებლობა;

  • აჩვენეთ დადებითი მაგალითი კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისას. ნუ იქნებით აგრესიული და უსამართლო, განსაკუთრებით, ბავშვის თანდასწრებით. გახსოვდეთ, რომ ბავშვი წაბაძვით სწავლობს და თქვენი დადებითი მაგალითი ძალზედ მნიშვნელოვანია.

სფერო - სწავლისადმი მიდგომა

ქვესფერო

შედეგი

ემოციური
განვითარება

თვითიდენტობა (მე
კონცეფცია) და
თვითშეფასება

▪ ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს
სხვებისგან გამოცალკევებულად
▪ ბავშვი გამოხატავს, რომ იცნობს
საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა
და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს
და რა შეუძლია)
▪ ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს
სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას,
სამშობლოს)
▪ ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი
შესაძლებლობების რწმენას და ამაყობს
საკუთარი მიღწევებით

ემოციური
განვითარება

თვითმართვა და
თვითგამოხატვა

▪ ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული
აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის
საჭირო მოქმედებები
▪ ბავშვი მართავს თავის გრძნობებს და იმპულსებს
▪ ბავშვი შესაბამისად გამოხატავს
ემოციებს.

სოციალური
განვითარება

ურთიერთობა
უფროსებთან

▪ ბავშვი ენდობა და ადვილად ამყარებს
ურთიერთობას ნაცნობ უფროსებთან
▪ საჭიროების შემთხვევაში, ბავშვი
ითხოვს, მიმართავს უფროსის
დახმარებას.

სოციალური
განვითარება

ურთიერთობა
თანატოლებთან

▪ ბავშვი ამჟღავნებს კეთილგანწყობას თანატოლების მიმართ და ურთიერთობს მათთან

▪ ბავშვი ავლენს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრის უნარს.

სოციალური
განვითარება

ადაპტაციური სოციალური ქცევა

▪ ბავშვი ამჟღავნებს ნდობას და ავლენს,
რომ თავს გრძნობს დაცულად
▪ ბავშვი გაიაზრებს ქცევას და მის
შედეგს
▪ ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა
და ყოველდღიური საქმიანობის
ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას
▪ გაგებით ეკიდება და პატივისცემას
გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე
ნიშნით განსხვავებულულთა მიმართ

5 0-დან 1 წლამდე

▲ზევით დაბრუნება


5.1 სფერო - ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


5.1.1 ქვესფერო - მოტორული განვითარება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მსხვილი მოტორიკა

შედეგი I : ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

ინდიკატორები

0-6 თვე

  • უჭირავს თავი ვერტიკალურ პოზიციაში.

  • მუცელზე წოლისას თავს და გულმკერდს ზევით სწევს, ეყრდნობა მტევნებს.

  • ბრუნდება მუცლიდან ზურგზე და პირიქით.

6-12 თვე

  • ზის დამოუკიდებლად.

  • მუხლებზე და მტევნებზე დაყრდნობით აკეთებს მოძრაობებს სხეულის გადაადგილების გარეშე.

  • ცოცავს ხელებსა და მუხლებზე.

  • დგას დამოუკიდებლად.

  • დადის დახმარებით ან საყრდენზე ხელმოკიდებული.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ხშირად აიყვანეთ ბავშვი ხელში და დაიკავეთ ვერტიკალურ პოზიციაში!
▪ დააწვინეთ მუცელზე და ესაუბრეთ ან გაართეთ სათამაშოთი, რათა ასწიოს თავი!
▪ სათამაშოთი დააინტერესეთ და წაახალისეთ, რომ გადაბრუნდეს!
▪ აჩვენეთ სათამაშო სხვადასხვა მხრიდან, რათა თავი მიაბრუნოს სხვადასხვა
მიმართულებით!
▪ ბავშვი ხშირად დასვით საყრდენის გამოყენებით!
▪ უზრუნველყავით უსაფრთხო გარემო, რომ ბავშვი იყოს ფიზიკურად აქტიური (მაგ.:
დაუფინეთ ხალიჩა, რომ ზედ იცოცოს, დაუდეთ ბალიში, რომ აცოცდეს, დაუდგით
სკამი, რომ ხელი მოჰკიდოს და ადგეს და სხვ.)!

ნატიფი მოტორიკა

შედეგი I: ბავშვს შეუძლია სხეულის წვრილი კუნთების კონტროლი და კოორდინირებული მოქმედება

ინდიკატორები

0-6 თვე

  • ხელი მიაქვს პირისკენ.

  • ცდილობს ორი ხელით დაიჭიროს სათამაშო, ბოთლი, ძუძუ.

  • სათამაშო და სხვა საგანი მიაქვს პირისკენ.

6-12 თვე

  • ხელს სტაცებს და გადააქვს სათამაშო ხელიდან ხელში.

  • ურტყამს ორივე ხელში დაჭერილ სათამაშოებს ერთმანეთს.

  • იღებს საგანს ყუთიდან.

  • ფურცლავს წიგნს (ბევრ ფურცელს ერთად).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ხელი შეუწყვეთ ბავშვს, რომ გაიწიოს და მისწვდეს სათამაშოს - ჩამოუკიდეთ სათამაშო მისაწვდომ მანძილზე ან მიაწოდეთ!
▪ მიეცით უსაფრთხო სათამაშო ხელში; დააკვირდით, მიაქვს თუ არა პირისკენ!
▪ მიეცით საშუალება, რომ ხელი სტაცოს სხვადასხვა ფორმისა და მასალის საგანს!
▪ დააკავებინეთ ორივე ხელში სათამაშო და აჩვენეთ, როგორ შეიძლება მათი ერთამენთზე დარტყმა!
▪ ეთამაშეთ ბავშვს ხელის თამაშები („ლოლია-ბოლია“, „ყვავო, ყვავო, ყვანჩალა“ და სხვ.)!
▪ მიეცით ბავშვს ხელში საკვები პროდუქტები (მაგალითად, პური)!
▪ მიეცით ბავშვს საბავშვო წიგნი და მისი გადაფურცვლის საშუალება!
▪ მიეცით ბავშვს სათამაშო და აჩვენეთ, როგორ გადაიტანოს მეორე ხელში და როგორ
ამოიღოს ყუთიდან!

სენსორულ-მოტორული განვითრება

შედეგი I: ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად

ინდიკატორები

0-6 თვე

  • აბრუნებს თავს სინათლისა და ხმაურის მიმართულებით.

  • აფიქსირებს მზერას ახლოს და შორს მდებარე საგნებზე.

  • ცდილობს გადაბრუნდეს და მისწვდეს საგანს.

  • სწავლობს სამყაროს პირისა და ხელების საშუალებით (პირში იდებს და „სინჯავს“ ყველა საგანს).

6-12 თვე

  • მანიპულირებს საგნებით, ანუ ანაცვლებს საგნებს, გადააქვს ხელიდან ხელში.

  • სხვადასხვა მოძრაობით ცდილობს მისწვდეს საგანს და ჩერდება ამ საგნის შესასწავლად (მაგ.: ცოცვის დროს, თუ შენიშნა საგანი, ჩერდება, ათვალიერებს და სინჯავს მას).

  • ეძებს მის თვალწინ დამალულ საგანს (მაგ.: ბავშვი პოულობს თოჯინას, რომელიც მის თვალწინ დამალეს).

  • მუსიკას ჰყვება სხეულის მოძრაობებით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ უზრუნველყავით ყველა იმ წესის შესრულება, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობაზე
ზრუნვას და ზედამხედველობას გულისხმობს. მიიყვანეთ ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ბავშვს მხედველობასა და სმენას სისტემატურად შეუფასებენ!
▪ მოახდინეთ გრძნობათა ორგანოების სტიმულაცია, „გაუღვიძეთ“ გრძნობათა ორგანოები, წააქეზეთ აქტივობისკენ (აჩვენეთ სხვადასხვა საგანი, მოასმენინეთ მუსიკა, ესაუბრეთ)!
▪ დაიცავით ბავშვი ძლიერი ხმაურისა და სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისაგან!
▪ დაუდეთ სათამაშო მოშორებით, რათა გადაბრუნებით მისწვდეს მას!
▪ მიეცით ბავშვს უსაფრთხო, ასაკის შესაბამისი საგნები და სათამაშოები (არ გამოიყენოთ მცირე დეტალებისაგან შემდგარი, მჭრელი, წვეტიანი, ადვილად მსხვრევადი საგნები), არ გამოიყენოთ ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილი სათამაშოები!
▪ დღის განმავლობაში მიეცით იატაკზე ცოცვის საშუალება, რათა შეისწავლოს გარემო, მოათავსეთ ახალი საგანი იატაკზე და დააკვირდით მის რეაქციას (შეისწავლის თუ არა)!
▪ მიეცით სხვადასხვა ზომის, ფერის, სუნისა და მასალის სათამაშოები, რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემენ!
▪ თამაშისას დაანახვეთ სათამაშო და შემდეგ დაუმალეთ იგი ისე, რომ მისი ნაწილი მაინც ჩანდეს, რათა პატარამ მოახერხოს მისი მოძებნა!
▪ ყუთში, უჯრაში ჩააწყობინეთ და ამოაღებინეთ საგნები!

5.1.2 ქვესფერო - ფიზიკური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ფიზიკური აქტივობა

შედეგი I: ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს

ნდიკატორები

0-6 თვე

  • აქტიურად ამოძრავებს ხელებსა და ფეხებს.

  • ცდილობს ახალი მოძრაობების დაუფლებას (გადაბრუნებას, წამოჯდომას, საგნის ხელში დაჭერას და სხვ.).

6-12 თვე

  • ასრულებს ახალ მოძრაობებს (ჯდება, ცოცავს, დგას, დადის, სათამაშოს ყუთში დებს და სხვ.).

  • აქტიურად ერთვება ახალ თამაშში და გამოხატავს სიხარულს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით სხვადასხვა ზომის, ფერისა და მასალის სათამაშოები!
▪ გამოხატეთ აღტაცება მის მიერ ახალი მოძრაობის შესრულებისას და წაახალისეთ იგი!
▪ ეთამაშეთ ბავშვს ყოველდღე როგორც სახლში, ისე გარეთ!
▪ გაიზიარეთ ბავშვის სიხარული თამაშის დროს!
▪ მიეცით საშუალება, იმოძრაოს დამოუკიდებლად უსაფრთხო გარემოში, რათა
შეიცნოს იგი!

5.1.3 ქვესფერო - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

▲ზევით დაბრუნება


პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები

შედეგი I: ბავშვი ავლენს პირადი ჰიგიენისა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ძუძუსკენ ან ბოთლისკენ ხელის გაწვდით მიანიშნებს, რომ შია.

  • გამოხატავს კამყოფილებას ბანაობის დროს.

6-12 თვე

  • სწევს ხელს, როდესაც უფროსი აცმევს მაისურს.

  • ეხმარება უფროსს ჭიქის დაჭერაში, ჭამს თითებით.

  • იხდის წინდებს.

  • გამოხატავს, ანიშნებს ტირილით და/ან სახის მიმიკის შეცვლით, რომ ჩასველებულია და საჭიროებს გამოცვლას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ უპასუხეთ ბავშვის საჭიროებას დროულად და ადეკვატურად (თუ შია, აჭამეთ; თუ სველია, გამოუცვალეთ)!
▪ დაიცავით უსაფრთხოების წესები (არ დატოვოთ ბავშვი უმეთვლყურეოდ გამოსაცვლელ მაგიდაზე, არ მოათავსოთ მაგიდის სანათი ახლოს, შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა, ბანაობისას შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა, დაუფინეთ საფენი, რომ არ გასრიალდეს და სხვ.)!
▪ ესაუბრეთ ბავშვს ყოველდღიური აქტივობის (დაბანის, ჩაცმის) დროს!
▪ ბანაობისას მიეცით თამაშის საშუალება!
▪ შეაჩვიეთ ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების შესრულებას (მაგ.: ხელის დაბანას ჭამის წინ, სახლში დაბრუნებისას და სხვა)!
▪ წაახალისეთ ბავშვის მოძრაობა ჩაცმა-გახდის დროს (მომეცი ხელი, გაუყარე ფეხი და სხვ.)!

უსაფრთხოება

შედეგი I: ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისგან გარიდება, საშიში სიტუაციების თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები

ინდიკატორები

0-6 თვე

  • ცნობს ძირითად მეურვეს.

6-12 თვე

  • ასხვავებს ნაცნობ და უცნობ სახეებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეუქმენით უსაფრთხო გარემო. ზიანის მომტანი ნივთები, მათ შორის მედიკამენტები, მოათავსეთ ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილას! მანქანით მგზავრობისას გამოიყენეთ უსაფრთხოების სავარძელი!
▪ ზიანის მომტანი ნივთის მიმართ ან სახიფათო სიტუაციის დროს გამოხატეთ აკრძალვა სიტყვითა და სახის გამომეტყველებით (მაგ.: მიიყვანეთ ოთახში გამათბობელთან და სახის გამომეტყველებით, ჟესტით ანიშნეთ და უთხარით, რომ ცხელია)!

5.2 სფერო - შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

▲ზევით დაბრუნება


5.2.1 ქვესფერო - ესთეტიკა და კულტურა

▲ზევით დაბრუნება


შემოქმედების აღქმა და გაგება

შედეგი I: ბავშვს შეუძლია აღიქვას და სიამოვნება მიიღოს ხელოვნების ნაწარმოებისაგან

ნდიკატორები

0-6 თვე

  • აფიქსირებს მზერას სინათლეზე, მკვეთრი ფერის სათამაშოებზე.

  • მშვიდდება წყნარი, სასიამოვნო მუსიკის მოსმენისას.

  • აკვირდება კონტრასტული, მკვეთრად განსხვავებული ფერის სათამაშოს.

  • აკვირდება ლამაზ სურათებს, ფოტოებს, სარკეში საკუთარ გამოსახულებას.

6-12 თვე

  • რეაგირებს მელოდიის მოსმენისას შეძახილებითა და სხეულის მოძრაობით, აქტიურად გამოხატავს ემოციებს.

  • ინტერესდება ცეკვით (ადევნებს თვალს და ცდილობს აჰყვეს სხვის ცეკვას).

  • სინჯავს სხვადასხვა ფაქტურის, მასალის ზედაპირს. მოსინჯავს საგნებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვანაირი ზედაპირი.

  • იღიმება და იცინის უფროსთან თამაშის დროს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ელაპარაკეთ ბავშვს სხვადასხავა ინტონაციით!
▪ უმღრეთ და მოასმენინეთ მხიარული, მარტივი მუსიკალური ნაწარმოებები!
▪ ეთამაშეთ რბილი სათამაშოებით და თოჯინებით, განასახიერეთ ცხოველები, ნაცნობი ადამიანები!
▪ ბავშვის მხედველობის არეში მოათავსეთ მკვეთრი ფერებით შესრულებული ნახატი ან სათამაშო!

შემოქმედებითი თვითგამოხატვა

შედეგი I: ბავშვი ავლენს შემოქმედებით უნარებს

ნდიკატორები

0-6 თვე

  • სხვადასხვა ემოციური მდგომარეობისას განსხვავებული ინტონაციით ღუღუნებს და გამოსცემს ხმებს.

6-12 თვე

  • ცდილობს აჰყვეს სიმღერას, მუსიკას.

  • ცდილობს სხვადასხვა საგნით, სხვადასხვა ხერხით ხმების გამოცემას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დღის განმავლობაში მოასმენინეთ სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები, დაუკვირდით რომელი უფრო მოსწონს და სიამოვნებს!
▪ გამოხატეთ ემოცია მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას ან წიგნის კითხვისას!
▪ ხშირად უმღერეთ საკუთარ შვილს, მაგ., ძილის წინ იავნანა, დილით - სახალისო სიმღერა.
▪ აზიარეთ ბავშვი სხვადასხვაგვარ მუსიკას (მაგ.: მოასმენინეთ კლასიკური და ხალხური მელოდიები)!

ოჯახი, საზოგადოება და კულტურა

შედეგი I : გამოხატავს ინტერესს ოჯახური ტრადიციების მიმართ.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • იღიმება, როდესაც ხედავს თავის ძირითად მომვლელს, მას, ვის ხელშიც იზრდება.

6-12 თვე

  • სიამოვნებს ოჯახის წევრების საზოგადოებაში ყოფნა (იღიმება, იქცევა თავდაჯერებულად).

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ გაიცნოს ოჯახის წევრები, გაიგოს მათი სახელები და ისიც, ვინ რას აკეთებს, რას საქმიანობს ოჯახში!
▪ მიეცით ოჯახურ დღესასწაულებზე დასწრების საშუალება, ნუ მოაქცევთ იზოლაციაში!

შედეგი II: ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას

ინდიკატორები

0-6 თვე

6-12 თვე

  • ამჩნევს ადამიანებს შორის არსებულ მარტივ განმასხვავებელ ნიშნებს (მაგ.: ამჟღავნებს ინტერესს ადამიანის მიმართ, რომელიც ატარებს სათვალეს ან განსაკუთრებული ბრწყინვალების მქონე სამკაულს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ეთამაშეთ ბავშვს სხვადასხვა სათამაშოთი!
▪ ბავშვის თანდასწრებით პატივისცემით მოეპყარით როგორც უმცროსი, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებს

5.2.2 ქვესფერო - ბუნება და ტექნოლოგიები

▲ზევით დაბრუნება


ბუნება

შედეგი I: ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნების შესახებ

ნდიკატორები

0-6 თვე

  • გამოხატავს ემოციას ბუნებაში ყოფნის დროს (მაგ.: ყვავილების დანახვისას, ნიავის დაბერვისას, თოვლის მოსვლისას).

6-12 თვე

  • ხელით იწევს ყვავილებისაკენ, ფოთლებისაკენ.

  • ყურადღებას აქცევს ჭექა-ქუხილს, წვიმას.

  • ინტერესდება ყვავილებით, ცხოველებით, ფრინველებით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ხშირად გაიყვანეთ ბავშვი ბუნებაში!
▪ ესაუბრეთ ბავშვს ბუნებაზე და გააცანით ბუნების მოვლენები (წვიმა, თოვლი, ქარი და სხვ.)!
▪ მიეცით მაგალითი (ნაგავი უნდა ჩაიყაროს სანაგვე ყუთში; წვიმის დროს საჭიროა ქოლგა, საწვიმარი და სხვ.).

ტექნოლოგია

შედეგი I: ბავშვი იყენებს ტექნიკას შესაბამისი დანიშნულებით

ნდიკატორები

0-6 თვე

6-12 თვე

  • იჩენს დაინტერესებას მანქანების და ელექტრონული მოწყობილობების მიმართ (მაგ.: ტელეფონის, მობილური ტელეფონის ღილაკებს აჭერს ხელს, ცნობს დისტანციური მართვის მოწყობილობას და ა.შ.).

  • სიამოვნებით იყენებს სათამაშო ნივთებს (სათამაშო ტელეფონს).

  • სიამოვნებით უსმენს მაგნიტოფონით ან რადიოთი გაჟღერებულ მუსიკას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დარწმუნდით, რომ ელექტრონული მოწყობილობები უსაფრთხო და ბავშვებისაგან სათანადოდ დაცულ ადგილასაა მოთავსებული!
▪ იქონიეთ ბავშვისათვის სათამაშოები, რომლებიც მოზრდილის ტექნიკას ჰგავს, სათამაშო ტელეფონი, კომპიუტერის კლავიატურა და სხვ.)!

5.2.3 ქვესფერო - რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

▲ზევით დაბრუნება


რიცხვები და ანგარიში

შედეგი I: ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნას და შეუძლია დათვლა

ნდიკატორები

0-6 თვე

6-12 თვე

  • აჩვენებს თითებით ან ასახელებს თავის ასაკს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ელაპარაკეთ ჭამის დროს (ერთი კოვზი! ორი კოვზი! დაუთვალეთ კოვზები!)!
▪ ეთამაშეთ „ლოლია-ბოლია“ (გადათვალეთ თითები)!
▪ წიგნის კითხვისას გაამახვილეთ ყურადღება თვლაზე (ერთი ბურთი აქ გვაქვს, მოდი კიდევ ერთი მოვძებნოთ! აი, უკვე ორი ბურთი აქვს ნიკას ... )!

გაზომვა

შედეგი I: ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს მოსაზრებას საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე.

ინდიკატორები

0-6 თვე

6-12 თვე

  • თამაშობს სხვადასხვა ზომისა და ფორმის სათამაშოებით (დიდი და პატარა საჟღარუნოთი).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ეთამაშეთ სხვადასხვა ზომის სათამაშოებით, თან აუხსენით და ელაპარაკეთ იმაზე, რასაც აკეთებთ!
▪ შეუწყვეთ ხელი, რათა ბავშვმა აღიქვას მოცულობა ანუ მიხვდეს, რა მოცულობისაა რომელიმე საგანი (მოდი ახლა გადმოვყაროთ ყუთიდან სათამაშოები! ახლა ისევ ჩავალაგოთ! ყველა ჩაეტია?)!
▪ ერთდროულად ბავშვს ნუ მისცემთ ბევრ სათამაშოს, ეს მას აბნევეს! იქონიეთ მრავალფეროვანი სათამაშოები და იმისათვის, რომ მოყირჭების გრძნობა არ გაუჩნდეს,

კანონზომიერების დადგენა

შედეგი I: ბავშვი აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმის, ფერისა და დანიშნულების მიხედვით

ნდიკატორები

0-6 თვე

6-12 თვე

რჩევები მეურვეთათვის

▪ უზრუნველყავით ბავშვი სხვადასხვა ფორმის, ფერის, ზომის სათამაშოებით!

5.2.4 ქვესფერო - მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

▲ზევით დაბრუნება


დრო

შედეგი I: ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობის დროს წარსულს, აწმყოსა და მომავალს

ინდიკატორები

0-6 თვე

  • ემორჩილება ყოველდღიურ, განმეორებად მოქმედებებს - უფროსის დახმარებით იცავს კვებისა და ძილის რეჟიმს.

6-12 თვე

  • ბავშვი ხვდება, თუ როდის იწყება და მთავრდება ესა თუ ის მოქმედება (მაგ.: ტაშს უკრავს მუსიკის დამთავრებისას).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ესაუბრეთ ბავშვს ყოველდღიურობის შესახებ, დაასახელეთ მოვლენათა თანმიმდევრობა, რა ხდება პირველად, შემდეგ!
▪ აღწერეთ მიმდინარე მოქმედებები, დაასახელეთ მოქმედება, აღნიშნეთ დასაწყისი და დასასრული და მოქმედებების თანმიმდევრობა (მაგ.: დილით ვისაუზმოთ, მერე გავიდეთ სასეირნოდ, სეირნობის შემდეგ სახლში ვბრუნდებით და ა. შ.)!
▪ საუბრისას გამოიყენეთ დროის აღმნიშვნელი სიტყვები: დაღამდა, გათენდა!

სივრცე

შედეგი I: ბავშვს შეუძლია საკუთარი სხეულის/გარემოს ობიექტების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ცნობს მისთვის ჩვეულ ადგილებს (ოთახს, სახლს).

  • გამოხატავს სიხარულს, როდესაც ნაცნობ გარემოშია.

6-12 თვე

  • იცის, სად არის შენახული საყვარელი სათამაშო და საჭმელი.

  • ითხოვს სასეირნოდ გაყვანას („ატა-ატა“).

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა შეისწავლოს გარემო, ელაპარაკეთ სეირნობისას გარემოში ნანახი საინტერესო ფაქტების შესახებ!
▪ მიეცით სხვადასხვა გარემოს შემეცნების საშუალება (ეს იქნება ეზოში, ბაღში, მაღაზიაში, სტუმრად და სხვ.)!

მიზეზშედეგობრიობა

შედეგი I: ბავშვს ესმის/სწვდება მიზეზშედეგობრივ კავშირებს

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ანჯღრევს სათამაშოს და ურტყამს ჟღარუნას, რადგან სიამოვნებს მათ მიერ გამოცემული ხმის გაგონება.

  • იწყებს ისეთი საგნების ძებნას, რომლებიც ნაწილობრივ მოფარებულია მისი მხედველობის არეს (იმ შემთხვევაში, თუ ამ საგნით ეთამაშებოდნენ მის დამალვამდე).

6-12 თვე

  • ეძებს დამალულ საგნებს (იმ შემთხვევაში, თუ ამ საგნით ეთამაშებოდნენ მის დამალვამდე).

  • აჭერს ხელს ტელევიზორის ან დისტანციური მართვის პულტის ღილაკს, მუსიკალურ სათამაშოს და იცის, რა მოჰყვება ამას.

  • მრავალჯერ იმეორებს ქმედებას, რათა მიიღოს შედეგი.

  • ეძებს ან იყურება დავარდნილი საგნისაკენ.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიაწოდეთ ბავშვს სათამაშო, დააინტერესეთ, შემდეგ ზურგს უკან დაუმალეთ და შეეცადეთ ჩართოთ მისი მოძებნის პროცესში! მიაწოდეთ საჟღარუნო, რომელიც გამოსცემს ხმას, ეთამაშეთ ბავშვს. გაიმეორეთ ქმედება რამდენჯერმე, რომ ბავშვმა აღიქვას სათამაშო, როგორც ხმის გამოცემის საშუალება!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება შეისწავლოს სხვადასხვა მოწყობილობა (საყოფაცხოვრებო ნივთები, ტელევიზორის პულტი, ტელეფონი), მაგრამ იყავით ყურადღებით, არ დატოვოთ ბავშვი უმეთვალყურეოდ!
▪ უზრუნველყავით ბავშვი სათამაშოებით, რომლებიც მიზეზშედეგობრიობის აღქმაში დაეხმარება ბავშვს (მაგ.: მიეცით სათამაშო კოლოფი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმის ხვრელები და ისეთი ფორმის კუბები, რომელთა მოთავსება შესაძლებელია კოლოფის ხვრელებში)!

5.3 სფერო - სწავლისადმი მიდგომა

▲ზევით დაბრუნება


5.3.1 ქვესფერო - მოტივაცია

▲ზევით დაბრუნება


ცნობისმოყვარეობა და ინტერესი

შედეგი 1: ბავშვი გამოხატავს ინტერესს და ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • რეაგირებს ახალ ხმებზე და ბგერებზე მიყურადებით, თავის მობრუნებით, კიდურების მოძრაობით.

  • რეაგირებს ახალ სახეებზე დაკვირვებით ან ქცევის შეცვლით.

  • ჩდილობს, გამოსცეს სხვადასხვაგვარი ხმები, ღუღუნებს.

  • ამჟღავნებს ინტერესს სათამაშოებისა და სხვა საგნების მიმართ.

6-12 თვე

  • იყენებს შეგრძნების სხვადასხვა ორგანოებს გარემოს შესასწავლად და და ასათვისებლად.

  • ცდილობს, შეისწავლოს საგნები სხვადასხვა მხრიდან (ათვალიერებს საგნებს).

  • ჩდილობს, სხვადასხვა მანიპულაციებით შეისწავლოს საგნები (ისვრის, აგორებს, ურტყამს ერთმანეთს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით მაგალითი, გამოხატეთ დადებითი ემოცია ახალი ადამიანების გამოჩენისას!
▪ დაეხმარეთ იმ ბავშვებს, რომლებიც ვერ ბედავენ ახალი საგნებით და სათამაშოებით თამაშს. აჩვენეთ როგორ მოქმედებს სათამაშო, მიეცით განმარტება (მაგ.: „ამ ღილაკს თითს რომ დააჭერ, მუსიკა ჩაირთვება“)!
▪ იქონიეთ ბავშვისათვის სხვადასხვა მასალის, ფორმისა და ხმოვანების მქონე საგნები!
▪ დაასახელეთ საგანი, რომელსაც იყენებთ, დაასახელეთ რა მოსმედებას ასრულებთ!
▪ ხშირად წაუკითხეთ წიგნები!
▪ ყოველდღიურად გამოყავით დრო ბავშვთან სათამაშოდ!

ინიციატივა და დამოუკიდებლობა

შედეგი 1: ბავშვი ავლენს ინიციატივას და დამოუკიდებლობას

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ბავშვი ცდილობს, მისწვდეს და ხელი მოჰკიდოს სხვადასხვა საგნებს.

6-12 თვე

  • ცდილობს დაჯდეს სხვისი დახმარების გარეშე.

  • ცდილობს დამოუკიდებლად აითვისოს გარემო (მაგ.: მიცოცავს მისთვის საინტერესო ობიექტისაკენ).

  • ცდილობს დადგეს სხვისი დახმარების გარეშე, საყრდენად იყენებს სხვადასხვა საგნებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეუქმენით ბავშვს უსაფრთხო გარემო, რომ მან შეძლოს თავისუფლად მოქმედება, გადაადგილება!
▪ მიეცით ბავშვს უფლება იმოქმედოს დამოუკიდებლად, დაუშვას შეცდომა, გამოსცადოს საკუთარი თავი! დაეხმარეთ, რომ დაინახოს საკუთარი მოქმედების შედეგი!
▪ პერიოდულად შესთავაზეთ ბავშვს ახალი სათამაშო, რათა გამოიწვიოთ მისი ინტერესი!

5.3.2 ქვესფერო - სასწავლო უნარები

▲ზევით დაბრუნება


ყურადღების კონცენტრაცია

შედეგი 1: ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ამახვილებს ყურადღებას ძირითად მომვლელზე, თვალებში უყურებს.

  • ყურადღებას ამახვილებს ობიექტებზე, ცდილობს მისწვდეს, დააკვირდეს, ხელი სტაცოს.

6-12 თვე

  • სინჯავს სათამაშოს, ჟღარუნას ან აკვირდება სახეს 1-2 წუთის განმავლობაში.

  • მოკლე პერიოდის განმავლობაში ყურადღებით უსმენს უფროსს, რომელიც უკითხავს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ინდივიდუალურად ითამაშეთ ბავშვს ყოველდღე!
▪ ხელი შეუწყვეთ ბავშვს, რომ ითამაშოს სხვის გვერდით!
▪ მიუჩინეთ ბავშვს უსაფრთხო ადგილი, რომ თამაშისას არავინ შეუშალოს ხელი, არ გააწყვეტინოს მოქმედება!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ აღმოაჩინოს ობიექტის სხვადასხვა ნაწილები (მაგალითად, ის, რომ სახეს აქვს თვალები, სათამაშოს - ნაწილები)!

შემოქმედებითობა და გამომგონებლობა

შედეგი 1: ბავშვი შემოქმედებითად და გამომგონებლურად უდგება ყოველდღიურ საქმიანობას.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • პირში იდებს, ანჯღრევს, ეპოტინება და ხელით სინჯავს საგნებს.

6-12 თვე

  • აჯახუნებს, ისვრის ან აგდებს საგნებს.

  • იმეორებს მოქმედებას, რომელიც ნანახი აქვს (მაგ., ცდილობს ერთმანეთზე დადოს კუბები, მას შემდეგ, რაც ნახავს, რომ სხვა აწყობს კუბებს ერთი მეორეზე).

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეურჩიეთ ბავშვს მრავალფეროვანი სათამაშოები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან ფერებით, ფორმებით, მასალითა და ხმებით!
▪ ეთამაშეთ ბავშვს ყოველდღე!
▪ რეგულარულად შეუცვალეთ ბავშვს სათამაშოები, მასალები და საგნები!.

პრობლემის გადაჭრა

შედეგი 1: ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ცდილობს, მოუხმოს მომვლელს პრობლემის გადასაჭრელად, როდესაც თვითონ ვერ ახერხებს ამის გაკეთებას (მაგ., ტირის, თუ ვერ მისწვდა სათამაშოს და მშვიდდება, თუ მას მიაწოდებენ).

6-12 თვე

  • დასწვდება სათამაშოს, როდესაც ის გაგორდება.

  • ეძებს სათამაშოს, რომელიც ახლახან მოეფარა თვალს (მაგ.: ეძებს თოჯინას, რომელსაც ნაწილობრივ აფარია საბანი).

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოეხმაურეთ, როდესაც ბავშვი ითხოვს დახმარებას!
▪ გამოხატეთ სიხარული, როდესაც ბავშვი ახალი საგნებით ინტერესდება!
▪ დაუმალეთ სათამაშო (მთლიანად არ უნდა იყოს მოფარებული თვალს), რომ იპოვოს!

აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი

შედეგი 1: ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით

ნდიკატორები

0-6 თვე

  • საგნის მხედველობის არეში მოქცევისა თუ თვალსაწიერიდან დაკარგვისას გამოხატავს ემოციას.

6-12 თვე

  • ავლენს საგნების მუდმივობის შეგრძნებას (ხვდება, რომ ადამიანები და საგნები, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ჩანან, მაინც არსებობენ).

  • ეძებს და პოულობს საგანს, რომელიც დაუმალეს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ეთამაშეთ ბავშვს თამაშები - ჭიტა, დამალობანა!

შედეგი 2: ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან.

ნდიკატორები

0-6 თვე

6-12 თვე

რჩევები მეურვეთათვის

▪ ეთამაშეთ ბავშვს როლური თამაშები ( განასახიერებინეთ ძაღლი, კატა; გამოაცემინეთ ამ ცხოველებისათვის დამახასიათებელი ხმიანობა და სხვ.)!
▪ ელაპარაკეთ სხვდასხვა ინტონაციით, შეუსაბემეთ გამოსახატავ ემოციებს.
▪ აჩვენეთ ცხოველების სურათები და მოასმენინეთ, როგორ ხმას გამოსცემს ესა თუ ის ცხოველი!

გააზრება და ინტერპრეტაცია

შედეგი 1: ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით

ნდიკატორები

0-6 თვე

  • აყოლებს თვალს ადამიანებს და საგნებს, როდესაც ისინი მოძრაობენ.

  • იცის, როგორ მოიქცეს იმისათვის, რომ მიიღოს გარკვეული პასუხი.

6-12 თვე

  • თამაშობს ძირითად მეურვესთან ისეთ თამაშებს, რომლებიც მოითხოვს მოქმედების განმეორებას.

  • ამოწმებს, აქვთ თუ არა ერთმანეთის მსგავს სათამაშოებს მსგავსი მახასიათებლები (მაგ., ანჯღრევს რბილ სათამაშოს ისევე, როგორც ჟღარუნას, რათა გაიგონოს ხმა).

  • ავლენს, რომ იცნო სათამაშო ან თამაში, რომლითაც დაკავებული იყო წინა დღეს, გამოხატავს აღფრთოვანებას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ინდივიდუალურად ეთამაშეთ ბავშვს ყოველდღე!
▪ იქონიეთ სათამაშოები, რომლებიც განსხვავებულ რეაგირებას, ქმედებას მოითხოვს!
▪ დააფიქსირეთ და აღნიშნეთ ისეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვი ცდილობს, გამოიყენოს ცოდნა ახალ სიტუაციაში!
▪ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ გამოსცადოს ერთი და იგივე მოქმედება სხვადასხვა საგნებსა და სათამაშოებზე (მაგ., ანჯღრიოს ჟღარუნა, რბილი სათამაშო, ზარი)!

კრიტიკული აზროვნება და კვლევა

შედეგი 1: ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებას და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს

ინდიკატორები

0-6 თვე

  • ანჯღრევს ისეთ სათამაშოს, რომელიც ხმას არ გამოსცემს და ელოდება ხმიანობას.

6-12 თვე

  • იყენებს ხუთივე შეგრძნებას სხვადასხვა ობიექტებზე, საგნებზე დასაკვირვებლად.

  • იყენებს სათამაშოებს დანიშნულებისამებრ, მაგ., თითს ან ხელს აჭერს სათამაშოს ღილაკს, რომელიც ხმას გამოსცემს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ იქონიეთ სხვადასხვა სათამაშო და ხელი შეუწყვეთ, რომ ბავშვს მათ მიმართ ინტერესი გაუჩნდეს.
▪ ხელი შეუწყვეთ, რომ ბავშვმა საგნები დანიშნულებისამებრ გამოიყენოს (მაგ., დასვით მაგიდასთან, დაუდეთ კოვზი და ჯამი, თან აუხსენით მათი დანიშნულება)!
▪ აჩვენეთ ის თანმიმდევრობა, რაც საჭიროა მიზნის მისაღწევად, მაგ., იმისთვის, რომ ჭიქა აივსოს წყლით, ჯერ უნდა მოვუშვათ ონკანი.

შედეგი 2: ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით იღებს.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ცნობს ძირითად მომვლელს.

6-12 თვე

  • აკვირდება მოვლენებსა და შეისწავლის საგნებს სხვადასხვა გზით (პირში იდებს, ანჯღრევს, ისვრის).

  • შეუძლია ხმებისა და ჟესტების მიბაძვა და გამეორება (უკრავს ტაშს, ტიტინებს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ უზრუნველყავით ბავშვი სათამაშოებითა და უსაფრთხო საგნებით, რომლებიც საჭიროა შემეცნებისათვის!
▪ დაასახელეთ საგნებისა და მოვლენების თვალსაჩინო მახასიათებლები (მაგ.: „ბურთი მრგვალია, ჟღარუნა ხმას გამოსცემს, ხოლო სათამაშო კურდღელი რბილია და გრძელი ყურები აქვს“)!
▪ გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვის მიერ გარემოს აღქმასა და შემეცნებას (მაგ. ასეირნეთ, ელაპარაკეთ, აუხსენით)!

5.4 სფერო - მეტყველების განვითარება

▲ზევით დაბრუნება


5.4.1 ქვესფერო - მეტყველება

▲ზევით დაბრუნება


მოსმენა და ზეპირი მეტყველება

შედეგი I: ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული მეტყველება)

ინდიკატორები

0-6 თვე

  • აბრუნებს თავს ხმის მიმართულებით.

  • ყურადღებას აქცევს მოსაუბრეს, იღიმება ან იცინის, როცა უფროსი ესაუბრება.

  • ცნობს დედის (ძირითადი მეურვის) ხმას.

6-12 თვე

  • პასუხობს მზერის ფიქსაციით ხშირად გამოყენებულ სიტყვას (მაგ..: როცა ესმის სიტყვა „დედა“, უყურებს დედას; „დათუნიას“ გაგონებისას მზერას მიაპყრობს სათამაშო დათუნიას).

  • მოსაუბრის მარტივ სიტყვიერ მოთხოვნას პასუხობს მოქმედებით (უკრავს ტაშს, აქნევს ხელს, აწვდის სათამაშოს).

  • ჩერდება, როდესაც აკრძალვის მიზნით ეუბნებიან „არას“.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ხშირად ესაუბრეთ ბავშვს!
▪ წარმოთქვით ცალკეული მარცვლები და ბგერები!
▪ ხშირად უმღერეთ, მოასმენინეთ მუსიკა!
▪ ასწავლეთ, რომ სიტყვას აქვს მნიშვნელობა ( მიუთითეთ, დაასახელეთ საგანები, მაგ.: „აი დედა“. განახორციელეთ და თან დაასახელეთ მოქმედებები, მაგ.: „ტაში დავუკრათ!“ - უთხარით და დაუკარით ტაში)!
▪ წაუკითხეთ ლექსები, ესაუბრეთ მარტივი ფრაზებით, გამოხატული არტიკულაციით, ადეკვატური ინტონაციითა და სახის გამომეტყველებით!
▪ ეთამაშეთ თამაშები, რომლებიც მოითხოვს მითითებას (მაგ.: „სად არის ცხვირი?“)!

შედეგი II: ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად, საუბრობს გამართულად (პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება).

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ღუღუნებს.

  • ჟესტებით გვატყობინებს თავის სურვილს (მაგ.: მაღლა სწევს ხელებს, რითაც გვატყობინებს, რომ უნდა აყვანა).

  • გამოსცემს ბგერებს ურთიერთობისათვის (ტირის სხვადასხვა ხმით).

  • ხმამაღლა იცინის.

6-12 თვე

  • იწყებს უფროსის მიერ წარმოთქმული ბგერებისა და მარცვლების გამეორებას.

  • ტიტინებს, იწყებს მარცვლების წარმოთქმას („და-და“, „ბა-ბა“ და სხვ.).

  • იყენებს ბგერათმიმდევრობას სიტყვის მნიშვნელობის გამოსახატავად (მაგ.: „ნტა“ - წყლისა და წყურვილის აღსანიშნავად).

  • უხარია, როცა ესმის ნაცნობი სიტყვები.

  • „ელაპარაკება“ სათამაშოს.

  • ცდილობს პირველი სიტყვების წარმოთქმას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ხშირად ესაუბრეთ, სწორად და მკაფიოდ გამოთქვით სიტყვები, გამოიყენეთ მარტივი ენა!
▪ ბავშვთან საუბრისას გამოიყენეთ ჟესტები, ეცადეთ საუბარი იყოს ემოციური ელფერის მქონე!
▪ გამოიყენეთ სათამაშოები, სხვადასხვა საგნები და დასურათებული წიგნები ახალი სიტყვების გასაცნობად!
▪ სათამაშოების დახმარებით განასახიერეთ სხვადასხვა მოქმედება („თოჯინა ზის, მოდი დავსვათ დათვი!“)!
▪ წარმოთქვით მარტივი მარცვლები, სიტყვები და ხშირად გაიმეორეთ!
▪ ხშირად უმღერეთ!
▪ ეთამაშეთ! თამაშის დროს გაიმეორეთ ბავშვის მიერ წარმოთქმული მარცვლები!
▪ ბავშვთან საუბრისას არ დაამახინჯოთ სიტყვები, ილაპარაკეთ გამართულად!

შედეგი III: ბავშვი იყენებს ზეპირ მეტყველებას სხვადასხვა მიზნისათვის (პრაგმატული განვითარება).

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ღუღუნებს და ყურადღების მისაქცევად გამოსცემს სხვადასხვა ბგერას.

  • ღუღუნებს და წარმოთქვამს ბგერებს უფროსის ლაპარაკის საპასუხოდ.

  • აპყრობს ყურადღებას იმ საგანს, რომელსაც უფროსი უყურებს.

6-12 თვე

  • ურთიერთობისას იყენებს ჟესტებს, სახის გამომეტყველებას, ბგერებს.

  • გამოცემული ბგერების შეცვლით ცდილობს გააგებინოს უფროსს, თუ რა სურს.

  • ცდილობს სხვის მიერ წარმოთქმული ბგერების გამეორებას.

  • ახალი ბგერების წარმოთქმისას გამოხატავს სიხარულს.

  • იხედება, როდესაც სახელით მიმართავენ (ზოგ შემთხვევაში).

  • ცდილობს დაიცვას რიგითობა და წარმოთქვას ბგერები შესაფერის დროს (უსმენს უფროსის მიერ წარმოთქმულ ბგერებს და შემდეგ იწყებს ტიტინს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ხშირად ესაუბრეთ და ეთამაშეთ ბავშვს!
▪ გაიმეორეთ ბავშვის მიერ წარმოთქმული ბგერები და გადააქციეთ ეს თამაშად!
▪ ყოველთვის მიეცით დადებითი მაგალითი, საუბრის დროს თავად დაიცავით რიგითობა!
▪ ხშირად ეკონტაქტეთ! ჩართეთ ურთიერთობაში!

5.4.2 ქვესფერო - წიგნიერება

▲ზევით დაბრუნება


კითხვა

შედეგი I: ბავშვს აქვს უნარი სამეტყველო ნაკადში გამოჰყოს ბგერები და სიტყვები (ფონოლოგია).

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ცდილობს წარმოთქვას ცალკეული ბგერები და მარცვლები.

6-12 თვე

  • იწყებს ბგერებს შორის განსხავავების აღქმას და სხვადასხვაგვარად რეაგირებს განსხვავებულ ხმებზე.

  • ცდილობს წარმოთქვას ბგერები და მარცვლები ისე, რომ მიამსგავსოს უფროსის მიერ წარმოთქმულ ბგერებსა და მარცვლებს, ჰბაძავს სხვადასხვა ბგერას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გარკვევით წარმოთქვით და გაიმეორეთ ბავშვის მიერ წარმოთქმული მარცვლები!
▪ ხშირად წაუკითხეთ წიგნები, უმღერეთ!
▪ თამაშისას გამოიყენეთ რიტმული თამაშები (მაგ.: დოლზე დარტყმა, სიმღერისას თითების რიტმული თამაში და სხვ.)

შედეგი II: ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • უყურებს წიგნებს, როგორც საგნებს.

6-12 თვე

  • ყურადღებას აქცევს წიგნში არსებულ ფერად ილუსტრაციებს.

  • „იკვლევს“ წიგნებს (ხელით ეხება, გემოს უსინჯავს, ცდილობს გადაშალოს უფროსის დახმარებით, დახიოს).

  • მცირე ხნით გამოხატავს ინტერესს და სიხარულს, როდესაც უკითხავენ და ათვალიერებინებენ წიგნს.

  • განსაკუთრებით უხარია რომელიმე ნაცნობი ზღაპრის, ლექსის მოსმენა.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ყოველდღიურად უკითხეთ ბავშვს წიგნები, მოუყევით მოკლე მოთხრობები!
▪ დაათვალიერებინეთ ფერადი ილუსტრაციები!
▪ შეეცადეთ პატარას ჰქონდეს სხვადასხვა მასალის საბავშვო წიგნები, რათა შეისწავლოს (მაგ.: მუყაოს, ნაჭრის წიგნები, ინტერაქტიული წიგნები, რომელთა ილუსტრაციები მოძრაობს ან გამოსცემს ხმას და სხვ.)!

შედეგი III: ბავშვს ესმის, რომ ნაბეჭდ მასალას სხვადასხვა დანიშნულება აქვს და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება

ინდიკატორები

0-6 თვე

6-12 თვე

  • უფროსის დახმარებით ათვალიერებს წიგნებს მოძრავი და ხმოვანი ილუსტრაციებით. ახერხებს ინტერაქტიული წიგნით სარგებლობას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაათვალიერებინეთ ფერადი ილუსტრაციები!
▪ ათამაშეთ პატარა სხვადასხვა მასალის საბავშვო წიგნებით, ჟურნალებითა და გაზეთებით!

წერა

შედეგი I: ბავშვი იწყებს წერის უნარის განვითარებას

ნდიკატორები

0-6 თვე

  • თვალს აყოლებს მოძრავ საგანს.

6-12 თვე

  • აკვირდება ფურცელზე ნახატს.

  • ცდილობს დაიჭიროს დიდი ზომის კოვზი ხელისგულით მუჭში.

რჩევები მეურვეთათვის

▪ აჩვენეთ სხვადასხვა სურათი, ნახატი!
▪ ბავშვს თუ სურვილი გაუჩნდა, წაახალისეთ, რომ გამოიყენოს ფანქარი გასართობად!
▪ დაუხატეთ!

შედეგი II: ბავშვი წერის უნარებს სხვადასხვა მიზნებისათვის იყენებს

ნდიკატორები

0-6 თვე

6-12 თვე

  • იჭერს ხელში მსხვილ ფანქარს და თამაშობს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ხშირად დაუხატეთ ბავშვს, დაასახელეთ რას ხატავთ!
▪ უზრუნველყავით პატარა სხვადასხვა, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, სახატავი მასალით!

5.5 სფერო - სოციალურ-ემოციური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


5.5.1 ქვესფერო - ემოციური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)

შედეგი 1: ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს სხვებისგან გამოცალკევებულად.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • შეისწავლის საკუთარ სხეულს (აკვირდება საკუთარ ხელებს, სწვდება ფეხის თითებს).

  • შეისწავლის ძრითადი მეურვის სახეს.

  • კვების დროს აკვირდება დედის სახეს.

6-12 თვე

  • იწყებს თავისი ხმისა და სხეულის ნაწილების აღქმას.

  • ხმოვანი ნიშნებით გვაგრძნობინებს და მიგვთითებს გამოსახულებაზე სარკეში.

  • პასუხობს სხეულის მოძრაობით, სახის გამომეტყველებით, ან ხმით, როდესაც ესმის საკუთარი სახელი.

  • აგებინებს თავის მოთხოვნებს სხვებს.

  • კვების დროს ცდილობს დაიჭიროს კოვზი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოყავით თავისუფალი დრო და ეს დრო მთლიანად ბავშვს დაუთმეთ!
▪ ურთიერთობის დროს ბავშვს მიმართეთ სახელით!
▪ მიეცით საშუალება, დაათვალიეროს საკუთარი თავი არამტვრევად სარკეში!
▪ მიეცით ბავშვს დრო, რათა შეძლოს საკუთარი თავის დაწყნარება, როდესაც ის ტირის!
▪ მიეცით დრო, რომ მიიღოს სიამოვნება მოქმედებისაგან (თამაშისაგან)!
▪ დაუკვირდით ბავშვის მოქმედებებს — თუ ამჟღავნებს თამაშის სურვილს, აჰყევით; თუ მშვიდად ყოფნა ურჩევნია, ხელი შეუწყვეთ!

შედეგი II: ბავშვი გამოხატავს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის, როგორია, რა სურს და რა შეუძლია).

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ცნობს ყოველდღიურ ნივთებს - სათამაშოს, ბოთლს, საბანს.

  • ტირის სხვადასხვა ხმით, იმის მიხედვით, თუ რა აწუხებს.

  • ტირის ძირითადად მაშინ, როდესაც მომვლელი გადის ოთახიდან.

6-12 თვე

  • თამაშობს ერთი საგნით უფრო ხშირად, ვიდრე დანარჩენებით.

  • სურვილის გამოსახატავად მიუთითებს ან მიიწევს არჩეული საგნისაკენ ან ადამიანებისაკენ.

  • დაჟინებით გამოსცემს ერთსა და იმავე ხმას და ერთი და იმავე მოძრაობით იწევს რაღაცისკენ. ამას აკეთებს იმისათვის, რომ მიაღწიოს მიზანს.

  • ასრულებს ელემენტარულ თხოვნას (ტაშით აჰყვება სიმღერას, ჰბაძავს ძაღლს).

  • გულისყურით იკვლევს გარემოს, თამაშობს მეურვესთან ერთად.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიაქციეთ ყურადღება ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნებს!
▪ ეთამაშეთ ბავშვს, დაამყარეთ მხედველობითი კონტაქტი. გრძნობდეს, რომ თვალყურს ადევნებთ, რომ თქვენი ყურადღების ცენტრშია. ესაუბრეთ, მიმართეთ ჟესტებს!
▪ ჩართეთ ბავშვი ოჯახის ცხოვრებაში (ნუ მოაქცევთ იზოლაციაში, დაასწარით ოჯახურ დღესასწაულს)!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება აირჩიოს სათამაშო და თამაში!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება დამოუკიდებლად შეიცნოს გარემო და თვითონ გააკეთოს აღმოჩენები!
▪ ესაუბრეთ ბავშვს სხეულის ნაწილების და მათი ფუნქციების შესახებ!
▪ იყავით ყურადღებით და წაახალისეთ ბავშვი, როდესაც ის უსიტყვო მინიშნებით გამოხატავს თავის სურვილებს!
▪ დაახასიათეთ, აღწერეთ ბავშვის სხეულის ნაწილები!
▪ შეურჩიეთ ბავშვს ისეთი სათამაშოები, რომლებიც განაწყობს მას თამაშისათვის!

შედეგი 3: ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს).

ინდიკატორები

0-6 თვე

  • ცნობს პირველ მომვლელს, გამოხატავს სიხარულს მის დანახვაზე, სტრესულ სიტუაციაში მიიწევს მისკენ.

6-12 თვე

  • ცნობს ოჯახის წევრებს (მაგ., მიუთითებს უფროს დაზე, როდესაც ეკითხებიან: სად არის შენი და?).

  • ცნობს სათამაშო მოედანს, ეზოს. თავდაჯერებულად გამოიყურება ამ ადგილებში, იმეორებს ჩვეულ ქცევას.

  • ავლენს სითბოს და მიჯაჭვულობას პირველი მეურვის მიმართ.

  • განასხვავებს უცხო პირებს ნაცნობებისაგან, ნაცნობი პირებისა და საგნების დანახვაზე გამოხატავს სიხარულს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაუთმეთ საკმარისი დრო ბავშვთან თამაშს, ამასთან, ესაუბრეთ გარკვევით, მარტივი ფრაზებით!
▪ ახსენეთ ოჯახის წევრები, მათი სახელები, როდესაც ისინი ბავშვის მხედველობის არეში ხვდებიან (მაგ., ნახე, ვინ მოვიდა, შენი ძმა გიორგი!)!
▪ ასევე, დაასახელეთ ნაცნობი ნივთები და გარემო (მაგ., როდესაც სეირნობიდან ბრუნდებით, უთხარით: აი, უკვე მოვედით, ეს ჩვენი სახლია!)!
▪ ერთგვარად მიაღებინეთ მონაწილეობა ოჯახურ დღესასწაულებში!
▪ ატარეთ ხელში აყვანილი, რათა აღმოაჩინოს საგნები შინ თუ გარეთ!

შედეგი 4: ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ამაყობს საკუთარი მიღწევებით.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • გამოსცემს ერთსა და იმავე ხმას ან იმეორებს ჟესტს, რომელიც ეფექტურია (მაგ., განმეორებით არხევს სათამაშოს, როცა აღმოაჩენს, რომ ის ხმას გამოსცემს).

  • გამოხატავს სიხარულს იმის ნიშნად, რომ საწადელს მიაღწია. მაგ., იღიმება, როცა სწვდება სასურველ სათამაშოს.

6-12 თვე

  • შეიცნობს გარემოს ძირითადი მეურვის დახმარებით და ბედავს მის გარეშე მოქმედებასაც.

  • უყურებს მეურვეს, როდესაც თავს ართმევს ახალ ამოცანას (მაგ., დგას დამოუკიდებლად ან დადის).

  • ეცვლება გამომეტყველება ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისას, როცა რაიმე ამოცანის გადაჭრას ცდილობს.

  • აძლევს სხვებს სათამაშოებს და საგნებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ იყავით ბავშვის გვერდით, რათა შეძლოთ მისი წახალისება საჭიროების შემთხვევაში!
▪ შექმენით უსაფრთხო გარემო, რათა წარმატებით შეასრულოს სათანადო საქმიანობა!
▪ როდესაც ბავშვი გარკვეულ მოქმედებას შეასრულებს, გამოხატეთ კმაყოფილება ტაშით, ღიმილით ან სიტყვიერად: „ყოჩაღ! შენ ეს გააკეთე“!

თვითმართვა და თვითგამოხატვა

შედეგი 1: ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები

ინდიკატორები

0-6 თვე

  • მეურვის დახმარებით უყალიბდება ძილის, სიფხიზლისა და კვების თანმიმდევრული ციკლი (მაგ., გამოხატავს უკმაყოფილებას ძილის დარღვევის შემთხვევაში).

  • ჩართულია რამდენიმე რეგულარულ აქტივობაში (მაგ., უმღერის ან ედუდუნება საკუთარ თავს ძილის წინ).

6-12 თვე

  • ასრულებს მარტივ მოქმედებებს (მაგ., ეხმარება ჩაცმის დროს).

  • ელოდება და წინასწარ ემზადება სასურველი ქმედებისათვის (მაგ., ეზოში გასვლის დროს ხელებს იწვდის მეურვისაკენ, რომ ხელში აიყვანოს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ყოველთვის იყავით ბავშვთან ახლოს, რადგან თქვენ მას ხშირად დასჭირდებით! ყოველთვის აგრძნობინეთ, რომ ხართ მგრძნობიარე და მზრუნველი მის მიმართ!
▪ დააწესეთ რეჟიმი - ჭამის, ძილის, გამოცვლისა და სხვა რეგულარული აქტივობისათვის! ამავდროულად, იყავით გულისხმიერი ბავშვის მოთხოვნილებების მიმართ!
▪ იყავით თანმიმდევრული ბავშვთან ურთიერთობისას!
▪ დააწესეთ თანმიმდევრული, გასაგები და ბავშვისათვის ადვილად შესასრულებელი წესები!
▪ ნებისმიერი საქმიანობის წინ მიეცით ბავშვს მკაფიო და მარტივი სიტყვიერი ინსტრუქცია!
▪ თუ ბავშვი ტირის ან რაიმეს აშავებს, გადაიტანეთ მისი ყურადღება სხვა რამეზე!

შედეგი 2: ბავშვი მართავს თავის გრძნობებსა და იმპულსებს.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ხმის ან მოძრაობების საშუალებით ბავშვი გვაცნობებს თავისი მოთხოვნილების შესახებ, როდესაც შია ან დამშვიდება სურს.

  • თავს იწყნარებს, ირთობს სატყუარათი ან თითებით, ეღუღუნება საკუთარ თავს, ეხუტება და ეფერება რბილ სათამაშოს, საბნის კუთხეს.

6-12 თვე

  • დასამშვიდებლად მიმართავს უფროსს, ეძებს გზებს ყურადღების მისაპყრობად.

  • წყვეტს ტირილს, როდესაც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

  • ბევრს ხმაურობს, ხმამაღლა იცინის, სიამოვნებს თავისი ხმის გაგონება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოეხმაურეთ ბავშვის სიგნალებს (მინიშნებებს), როდესაც ის ითხოვს დახმარებას!
▪ იქონიეთ ბავშვისათვის დამამშვიდებელი საგნები: რბილი სათამაშოები, გადასაფარებელი (პლედი)!
▪ დარჩით ბავშვის გვერდით, როდესაც შფოთავს ან რაღაცის გამო გაღიზიანებული და შეწუხებულია! დაეხმარეთ მას დამშვიდებაში!
▪ მართეთ საკუთარი გრძნობები და იმპულსები! ბავშვის თანდასწრებით ისე გამოხატეთ თქვენი ემოციები, რომ არ შეეშინდეს და არ დაითრგუნოს!
▪ მიეცით საშუალება, რომ სრულად გამოხატოს თავისი გრძნობები
▪ შეამოწმეთ ბავშვის გარემო - არის თუ არა სათანადო სიმყუდროვე, სინათლე და ტემპერატურა, ხომ არ არის ზედმეტი ხმაური!

შედეგი 3: ბავშვი შესაბამისად გამოხატავს ემოციებს.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ტირის, რათა გამოხატოს ემოცია და დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება.

  • იღიმება, როდესაც ხედავს ნაცნობ სახეს.

  • ჰბაძავს სხვა ბავშვებს (მაგ., ტირის, როდესაც სხვა ბავშვები ტირიან).

  • ისეთივე გამომეტყველებას იღებს და ისეთსავე ემოციას გამოხატავს, როგორსაც უფროსის სახეზე კითხულობს.

6-12 თვე

  • გამოხატავს ემოციებს თამაშისას.

  • იღიმება ან იცინის, კეთილგანწყობას პასუხობს ღიმილით, სიცილით, ხელის ქნევით.

  • იღუშება, როდესაც რაღაც აწუხებს ან არ შეუძლია თავი გაართვას ამოცანას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ იცოდეთ, რომ ბავშვი ტირის, რათა გამოხატოს ესა თუ ის განცდა, გაარკვიეთ რა აწუხებს და მოეპყარით შესაბამისად!
▪ ბავშვს შეძლებისდაგვარად სწრაფად გაუწიეთ დახმარება, როდესაც ტირის, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს!
▪ გააცნობიერეთ, რომ გარე ფაქტორები - ხმაური, სინათლე, ტემპერატურა - შეიძლება იყოს სტრესის მიზეზი!
▪ უჩვენეთ ემოციის შესაბამისი გამომეტყველება!
▪ გამოეხმაურეთ ბავშვს, როდესაც იგი სტრესს განიცდის, იყავით მის გვერდით და ფრთხილად დაეხმარეთ განცდების დაძლევაში!.
▪ მოვლის პროცესში (ჭამის, გამოცვლის და ა.შ. დროს) მოეფერეთ და უთხარით სასიამოვნო სიტყვები!
▪ აგრძნობინეთ, რომ სიხარულით ემსახურებით და უსრულებთ მოთხოვნებს! შეარჩიეთ სახის შესაბამისი გამომეტყველება, ხმა და სიტყვები!
▪ თუ სტრესის მიზეზი არ არსებობს, გადაატანინეთ ყურადღება რაიმე სასიამოვნოზე და ეფექტურ, დადებით გამღიზიანებელზე!

5.5.2 ქვესფერო - სოციალური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ურთიერთობა უფროსებთან

შედეგი 1: ბავშვი ენდობა და ადვილად ამყარებს ურთიერთობას ნაცნობ უფროსებთან

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ადვილად წყნარდება, როდესაც ანუგეშებს ნაცნობი უფროსი.

  • უღიმის ძირითად მეურვეს.

  • ამჟღავნებს მიჯაჭვულობას, ამჯობინებს იყოს ძირითად მეურვესთან, ვიდრე სხვებთან.

  • როდესაც ესმის, რომ მეურვე ეძახის, თავს მისკენ აბრუნებს.

  • ამყარებს და ინარჩუნებს ურთიერთობას მეურვესთან.

6-12 თვე

  • ჰბაძავს ნაცნობი უფროსების მიმიკასა და ხმას (ხელს იქნევს დამშვიდობების ნიშნად, გზავნის ჰაეროვან კოცნას).

  • გამოხატავს სიყვარულს უფროსების მიმართ, სახის გამომეტყველებით, სხეულის მოძრაობით, ცდილობს გამოიწვიოს, დაამყაროს ურთიერთობები.

  • შეიცნობს გარემოს მეურვის მხადაჭერითა და ხელმძღვანელობით. ეთამაშება უფროსს სათამაშოებით.

  • არჩევს ნაცნობ და უცნობ უფროსებს, სხვადასხვაგვარად რეაგირებს მათზე: ურჩევნია ნაცნობმა მოუაროს და დააწყნაროს, ვიდრე უცნობმა.

  • მარტო დარჩენილი ბავშვი ტირილით გამოხატავს წყენას, უკმაყოფილებას და ეძახის მეურვეს.

  • ღიზიანდება, როცა უწევს ძირითად მეურვესთან განშორება, მაგ., როცა დედა მიდის სამსახურში.

რჩევები მეურვეთათვის

▪ აიყვანეთ ხელში, ჩაეხუტეთ და გაუცინეთ ბავშვს!
▪ ხშირად ესაუბრეთ და უმღერეთ (მაგ., ძილის წინ, გამოცვლის დროს)!
▪ ეთამაშეთ „ჭიტა“!
▪ დაამშვიდეთ და მიეცით საშუალება იყოს თავდაჯერებული, როდესაც მას ამის მოთხოვნილება გაუჩნდება!
▪ გამოეხმაურეთ - უპასუხეთ ბავშვის სიგნალებსა და აქტიურობას!
▪ დაათვალიერეთ წიგნები ერთად!
▪ შეეცადეთ ბავშვმა თავი დაცულად იგრძნოს, როცა გარშემო უცნობი უფროსები არიან!
▪ არასოდეს დასაჯოთ ფიზიკურად, გულისწყრომა მშვიდად, მიმიკითა და სიტყვით გამოხატეთ!
▪ შეუმსუბუქეთ განშორება, როცა დედა მიდის სამსახურში, გადაატანინეთ ყურადღება სასიამოვნო გასართობზე!

შედეგი 2: საჭიროების შემთხვევაში, ბავშვი ითხოვს, მიმართავს უფროსის დახმარებას

ნდიკატორები

0-6 თვე

  • ტირის, ხმით მიანიშნებს ან იყენებს სხეულის მოძრაობას, რათა აგრძნობინოს მეურვეს, რომ სჭირდება დახმარება, დამშვიდება ან ყურადღება.

6-12 თვე

  • ამოწმებს მომვლელის რეაქციას მის ქცევაზე, მაგალითად, ტირის იმიტომ, რომ მომვლელმა უპასუხოს.

  • აკვირდება უფროსს, რათა გაარკვიოს, რომელი ქცევაა მისაღები და რომელი - მიუღებელი.

  • ცდილობს, რომ მიიღოს უფროსის დახმარება, როცა სჭირდება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მოვლის დროს მიმართეთ ბავშვს თბილი სიტყვებით, მოეფერეთ, ჩაეხუტეთ!
▪ გამოეხმაურეთ ბავშვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის ვერ შეძლებს მოქმედების შესრულებას თქვენი დახმარების გარეშე! ნუ დაეხმარებით, თუკი მას შეუძლია თავად გააკეთოს რამე!
▪ დაიცავით აკრძალვები და განმარტეთ აკრძალვის საფუძველი. ნუ დაუშვებთ გამონაკლისს, როდესაც ბავშვი ითხოვს იმას, რაც აკრძალული აქვს და ნუ აუკრძალავთ იმას, რის უფლებასაც სხვა დროს აძლევდით!
▪ აღმოუჩინეთ დახმარება და ანუგეშეთ, როდესაც ბავშვი სტრესულ მდგომარეობაშია!
▪ აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ მას და რომ ასევეა განწყობილი მის მიმართ ყველა გარშემო მყოფი!
▪ მიეცით საშუალება, რომ იმყოფებოდეს უფროსების ნდობით აღსავსე გარემოცვაში!
▪ დარჩით ბავშვის მახლობლად, რათა, საჭიროების შემთხვევაში, შესთავაზოთ დახმარება!
▪ წაახალისეთ ბავშვი და აღნიშნეთ მისი მცირე მიღწევები!

ურთიერთობა თანატოლებთან

შედეგი 1: ბავშვი ამჟღავნებს კეთილგანწყობას თანატოლების მიმართ და ურთიერთობს მათთან.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • უღიმის მეურვეს.

  • უნებურად ეღიმება სხვა ბავშვის დანახვაზე.

6-12 თვე

  • ამჟღავნებს, რომ სიამოვნებს სხვა ბავშვებთან ურთიერთობა (ხელის გაწვდენით, სხეულის მოძრაობით, ხმოვანი სიგნალებით,).

  • აკვირდება და ჰბაძავს სხვა ბავშვების მოქმედებას, ცდილობს სხვა ბავშვების, და-ძმების მსგავსად მოიქცეს.

  • ცდილობს სხვა ბავშვს გამოართვას სათამაშო.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ბავშვის ხმას, ტირილსა და მიმიკას გამოეხმაურეთ, სიტყვიერად მოეფერეთ და დაუყვავეთ! დაამშვიდეთ დადებითი ფრაზებით, რომლებიც არ შეიცავს უარყოფით ნაწილაკებს (მაგ., „ნუ ტირი“-ს ნაცვლად - „დამშვიდდი!“)!
▪ ურთიერთობის დროს თამაშით მიბაძეთ ბავშვს!
▪ უწოდეთ სახელი ბავშვის გრძნობებს!
▪ მიეცით საშუალება, რომ ითამაშოს სხვა ბავშვების გვერდით, ამით ის ურთიერთობას ისწავლის!
▪ აგრძნობინეთ, რომ პატივს სცემთ მას და მის გარშემო ვინც არის, ყველას!
▪ ეთამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც მოითხოვს გარკვეული წესის შესრულებას, მოცდას, რიგის დაცვას (მაგ.: „ჭ-იტა, ჭი-ტა“)!
▪ ბავშვი ქცევას უფროსების მიბაძვით სწავლობს, ყოველთვის დადებითი მაგალითი მიეცით!

შედეგი 2: ბავშვი ავლენს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრის უნარს.

ნდიკატორები

0-6 თვე

6-12 თვე

  • იპყრობს უფროსის ყურადღებას.

  • გასაგებს ხდის, რა სჭირდება.

  • ოჯახურ უსიამოვნებაზე გაღიზიანებით პასუხობს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოეხმაურეთ ბავშვის სიგნალებსა და ხმას!
▪ სტრესის დროს დაუყვავეთ, მოუარეთ ბავშვს!
▪ უჩვენეთ კონფლიქტის მართვის მაგალითი - გამართეთ მოლაპარაკება სხვასთან!
▪ მიეცით შესაძლებლობა, რომ ითამაშოს სხვა ბავშვებთან!
▪ მიეცით დადებითი მაგალითი!

ადაპტაციური სოციალური ქცევა

შედეგი 1: ბავშვი ამჟღავნებს ნდობას და ავლენს, რომ თავს გრძნობს დაცულად.

ნდიკატორები

0-6 თვე

  • უღიმის სხვა ბავშვებს და უფროსებს.

  • გამოხატავს თანხმობასა და კმაყოფილებას, როდესაც ნაცნობი ბავშვების ან უფროსების საზოგადოებაში იმყოფება.

  • ართმევს ძირითად მეურვეს სათამაშოს, იღიმება და გადააქვს ხელიდან ხელში.

6-12 თვე

  • ძირითად მეურვესთან ერთად თამაშობს.

  • უცხო გარემოში ილტვის ძირითადი მეურვისაკენ.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოამჟღავნეთ კეთილგანწყობა ბავშვის მიმართ!
▪ გამოამჟღავნეთ მისი შესაძლებლობების რწმენა (მიეცით დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, დააფასეთ მისი მიღწევები)!
▪ გამოამჟღავნეთ ნდობა და კეთილგანწყობა ბავშვის გარემომცველი საზოგადოების მიმართ!
▪ ითამაშეთ ბავშვთან ერთად სხვების გვერდით სათამაშო მოედანზე ან ეზოში!

შედეგი 2: ბავშვი გაიაზრებს ქცევას და მის შედეგს.

ინდიკატორები

0-6 თვე

6-12 თვე

  • უფროსის გარკვეული მოქმედებიდან გამომდინარე ხვდება, როგორ უნდა მოიქცეს; იცის, რის გაკეთებას ელიან მისგან (მაგ: როდესაც მომვლელი აწვენს ლოგინში, ხვდება, რომ უნდა დაიძინოს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ერთნაირად შესაფერისად გამოეხმაურეთ ბავშვის ქცევას, მსგავსი სიტყვებით, ინტონაციითა და მოქმედებით!
▪ შეუქმენით და შეინარჩუნეთ სტაბილური, მშვიდი, ნაკლებად ცვალებადი გარემო (ერთნაირი, არაცვალებადი ყოველდღიურობა და ერთნაირი რეაქციები მის ქცევაზე)!
▪ ითამაშეთ მასთან ერთად თამაში, რომელიც მოითხოვს რიგითობის დაცვას!

შედეგი 3: ბავშვი ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას

ინდიკატორები

0-6 თვე

  • აქტიურად აკვირდება გარემოს.

6-12 თვე

  • ქცევის ცვლილებით ამჟღავნებს, რომ ამჩნევს ახალ გარემოს.

  • აღმოაჩენს და შეისწავლის ახალ გარემოებებს მეურვის დახმარებით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით საშუალება ბავშვს, რომ იმყოფებოდეს უსაფრთხო, მაგრამ სხვადასხვა სახის გარემოში, რათა აღმოაჩინოს ცვლილება!
▪ გაამხნევეთ და დააწყნარეთ ბავშვი ახალ გარემოში, დარჩით მის სიახლოვეს ისე, რომ ბავშვმაც იცოდეს, რომ იქვე ხართ!
▪ წინასწარ ესაუბრეთ ბავშვს გარემოს მოსალოდნელ ცვლილებებზე!
▪ მიეცით საკმარისი დრო ბავშვს ცვლილებასთან შესაგუებლად და წინასწარ გააფრთხილეთ!

შედეგი: ბავშვი გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულულთა მიმართ

ინდიკატორები

0-6 თვე

  • უყურებს და აკვირდება მოზრდილებს და სხვა ბავშვებს.

  • იღიმება, როდესაც ხედავს მოღიმარ სახეს.

6-12 თვე

  • იწევს იმისკენ, ვინც ტირის ან შეწუხებულია.

  • სწავლობს მცენარეებს, ყვავილებსა და სხვა ცოცხალ არსებებს სხვადასხვა შეგრძნებების გააქტიურებითა და დახმარებით.

  • შესაბამისად რეაგირებს სიტყვებზე - „ცოდვაა, მოეფერე!“.

  • ამჟღავნებს ინტერესს ცხოველებისა და ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების მიმართ.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოეხმაურეთ ბავშვის ხმას და ტირილს სწრაფად, გულისხმიერად და მშვიდად!
▪ გამოამჟღავნეთ თანაგრძნობა ბავშვის მიმართ, როდესაც რაღაც აწუხებს და აფორიაქებს!
▪ დაეხმარეთ და დარჩით ბავშვის გვერდით სტრესულ სიტუაციაში!
▪ უწოდეთ სახელები გრძნობებსა და განცდებს!
▪ უჩვენეთ ემპათიური მაგალითი, ანუ გამოხატეთ თანაგრძნობა სხვების მიმართ, (მაგ., სიბრალული გამოხატეთ მშიერი და დაშავებული ცხოველების მიმართ)!
▪ მიეცით სარკე და შეუქმენით შესაძლებლობა, რომ დააკვირდეს ემოციების ცვალებადობას სახეზე, რომელიც გამომეტყველების მეშვეობით გამოიხატება (მაგ., უთხარით: აბა, მაჩვენე, როგორ ტირი! როგორ იცინი!)!
▪ მიეცით შესაძლებლობა ბავშვს, რომ დააკვირდეს ცხოველს უსაფრთხო გარემოში!

6 1-დან 3 წლამდე

▲ზევით დაბრუნება


6.1 სფერო - ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


6.1.1 ქვესფერო - მოტორული განვითარება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მსხვილი მოტორიკა

შედეგი I : ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

ინდიკატორები

1-2 წელი

  • დადის დამოუკიდებლად.

  • შეუძლია ტახტზე აცოცება.

  • შეუძლია ბურთის გაგორება.

  • ხელს ჰკრავს ღია კარს, სათამაშო ურიკას.

  • იწყებს კიბეზე ასვლას დახმარებით.

  • ცდილობს ადგილზე ხტომას.

  • შეუძლია ჩაიცუცქოს და ადგეს.

2-3 წელი

  • ინარჩუნებს წონასწორობას დახრისა და სირბილის დროს.

  • სიარულის დროს თან დააქვს სათამაშო.

  • აგდებს ბურთს თავს ზემოთ და ინარჩუნებს წონასწორობას.

  • დადის უკუსვლით.

  • დგება ცალ ფეხზე დამოუკიდებლად ერთი წამის განმავლობაში.

  • შეუძლია ფეხის წვერებზე სიარული თამაშის მიზნით.

  • ადის კიბეზე ფეხის მონაცვლეობით, უფროსის ან კიბის მოაჯირის დახმარებით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს სიარულის საშუალება, წაახალისეთ მისი მოძრაობითი აქტივობა სხვადასხვა სათამაშოთი, როგორც შინ, ისე გარეთ!
▪ მიეცით ისეთი სათამაშოები, რომლებსაც შეიძლება ხელი ჰკრას, გააგოროს, დაიჭიროს ან ხელი მოუჭიროს!
▪ მიეცით ბავშვს სავარძელზე, დივანზე აძრომის საშუალება!
▪ დაუდეთ სათამაშო ისე, რომ დასჭირდეს გადაადგილება, მოძრაობა მის ასაღებად (მაგ.: შეძვრეს მაგიდის ქვეშ)!
▪ წაახალისეთ ბავშვი გადმოგიგდოთ ბურთი თავს ზემოდან!
▪ თამაშის დროს მონაცვლეობით დააყენეთ ცალ ფეხზე!
▪ ათამაშეთ და ამღერეთ ბავშვი ისე, რომ მან იმავე დროს დაუკრას ტაში, დააბაკუნოს ფეხები

ნატიფი მოტორიკა

შედეგი I: ბავშვს შეუძლია სხეულის წვრილი კუნთების კონტროლი და კოორდინირებული მოქმედება

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ცდილობს ორივე ხელით დაიკავოს დიდი ბურთი.

  • საგნებს აწყობს დიდ ყუთში.

  • აგებს კოშკს 3-4 კუბით.

  • კოვზით იკვებება, შეიძლება დაღვაროს საკვები.

  • იჭერს ფანქარს და ცდილობს დაჯღაბნოს ფურცელზე ან რაიმე სხვა ზედაპირზე.

2-3 წელი

  • შეუძლია სათამაშოს ზედაპირზე ამოჭრილ ადგილებს შეუსაბამოს შესაბამისი ფორმის ნაწილები და სწორად მოარგოს (მაგ.: მრგვალ ჭრილში ათავსებს სფეროს; სამკუთხედში - სამკუთხედს და სხვ.).

  • აგებს კოშკს დაახლოებით 10 კუბით.

  • შეუძლია წიგნის გადაფურცვლა (სათითაო ფურცლის გადაშლა).

  • იჭერს ფანქარს და ცდილობს დახატოს წრე და ჰორიზონტალური ხაზები.

  • შეუძლია პლასტილინის დამუშავება (წაგრძელებული და მრგვალი ფორმის მიცემა).

  • შეუძლია გამოჭრილი აპლიკაციის ნიმუშების ფლანელოგრაფის ეკრანზე განლაგება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შესთავაზეთ ისეთი თამაში, რომელიც მოითხოვს თითების მონაწილეობას (მაგ., ბოთლს მოხადოს და დაახუროს თავი; ითამაშოს „ლოლია-ბოლია“, „აფრინდა-აფრინდა“; დაუკრას სათამაშო პიანინოზე და სხვ.)!
▪ მიეცით პატარა საგნებით თამაშის საშუალება, მაგრამ არ დატოვოთ უყურადღებოდ, რომ პირში არ ჩაიდოს და არ გადასცდეს!
▪ დაათვალიერებინეთ წიგნები!
▪ მიეცით საშუალება დახატოს, თქვენ თვითონ დაუხატეთ, რათა შეძლოს გადმოხატვა და ფორმის გამეორება!
▪ მიეცით სხვადასხვა სახატავი, საძერწი მასალა!
▪ დაეხმარეთ ბავშვს აპლიკაციის ნიმუშები განალაგოს ფლანელოგრაფის ეკრანზე ან ფურცელზე კომპოზიციის მიხედვით (მაგ.: ლეკვები თამაშობენ ბურთს, თვითმფრინავები დაფრინავენ და სხვ.)!

სენსორულ-მოტორული განვითრება

შედეგი I: ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობისა თუ მოქმედებების გასაკონტროლებლად

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ეხება, სინჯავს და შეიცნობს სხვადასხვა ზედაპირისა და მასალის საგანს.

  • მოზრდილის მიბაძვით ასრულებს სხვადასხვა მოძრაობას (მაგ.:ცეკვავს).

  • სწავლობს უცნობ გარემოს (მიდის ჯერ ერთ, მერე მეორე საგანთან), ცოცავს, იხრება, ქანაობს.

  • ჭამის დროს ახერხებს კოვზის პირთან მიტანას.

2-3 წელი

  • შეუძლია კოორდინირებული გადაადგილება სივრცეში დაბრკოლებების

  • გადალახვით (შემოუვლის მაგიდას ან რაიმე სხვა საგანს, თუ ეს საგანი მას გზაზე ეღობება).

  • შეუძლია ცხოველების იმიტირება ხმითა და მოძრაობით.

  • ისვრის ბურთს თავს ზევით და ცდილობს არ მოხვდეს თავში.

  • აწყობს 2-3-ნაწილიან თავსატეხს (ფაზელს).

  • შესაბამისად რეაგირებს დაძახებაზე.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით სხვადასხვა ზომის, ფერისა და მასალის საგნები და ესაუბრეთ საგნის ფორმებზე, ფერებზე!
▪ მიბაძეთ სხვადასხვა ცხოველის ხმიანობას და დაუსახელეთ ბავშვს ისინი (მაგ.: „აი, ძაღლი ასე ყეფს: „ავ, ავ...“)!
▪ მიეცით გარემოს შეცნობის საშუალება და ამასთან გაითვალისწინეთ შეუქმნათ უსაფრთხო გარემო!
▪ წაახალისეთ მისი თამაში და მოძრაობა!
▪ ეთამაშეთ სხვადასხვა თამაში, რომელიც მოითხოვს მოძრაობის მიბაძვას (მაგ.: იცეკვეთ ერთად)!
▪ გაასინჯეთ სხვადასხვა სახის საკვები!
▪ მიეცით სხვადასხვა მასალის სათამაშოები და საგნები, რომ განუვითარდეს შეხების გრძნობა!
▪ მიეცით საშუალება დაყნოსოს სხვადასხვა საგნები: ყვავილი, სუნამო, საკვები!
▪ მიეცით ხელში ყუთი და მეორე ხელით ჩააწყობინეთ სათამაშოები/კუბები!
▪ ათამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც მოითხოვს სხვადასხვა გრძნობის ორგანოების ჩართვას (მაგ., ჩრდილებით თამაში, ქვიშითა და წყლით თამაში - „პასკა-პასკა, გამოდი!“ და სხვ.)

6.1.2 ქვესფერო - ფიზიკური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ფიზიკური აქტივობა

შედეგი I: ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს

ინდიკატორები

1-2 წელი

  • შინ თუ გარეთ ხალისით მონაწილეობს თამაშებში, რომლებიც მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას;

  • შეუძლია ვარჯიში (მარტივი მოძრაობებით) 3-5 წუთის განმავლობაში.

2-3 წელი

  • დარბის ეზოში ან სახლში თავისუფლად.

  • შუძლია ვარჯიში 5-10 წუთის განმავლობაში.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით თამაშის საშუალება როგორც შინ, ისე გარეთ; მიეცით მარტივი ინსტრუქციები (მაგ.: „მიირბინე იმ ხესთან!“)!
▪ ეთამაშეთ მოძრავი თამაშები!
▪ ასწავლეთ მარტივი ვარჯიში და ერთად ივარჯიშეთ (მაგ.: ხელები მაღლა, დაბლა და ა.შ.)!
▪ ისეირნეთ ბავშვთან ერთად, რომ გაეცნოს გარემოს!
▪ მიეცით ფიზიკური აქტივობის საკუთარი მაგალითი

6.1.3 ქვესფერო - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

▲ზევით დაბრუნება


პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები

შედეგი I: ბავშვი ავლენს პირადი ჰიგიენისა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ეხმარება უფროსს, რომელიც მას აცმევს (იხურავს ქუდს, უყრის ხელს ან ფეხს ტანსაცმელში და სხვა).

  • ეხმარება უფროსს, როდესაც იგი მას აჭმევს (სვამს ჭიქიდან, იყენებს კოვზს, უჭირავს მუჭში).

  • იბანს და იმშრალებს ხელს უფროსის დახმარებით.

  • ძილის დროს მიდის საწოლთან.

  • ეუბნება უფროსს, როდესაც სწყურია ან დაღლილია.

2-3 წელი

  • დამოუკიდებლად შეუძლია გაიხადოს მაისური, პერანგი, რომელიც წინა მხარეს იხსნება და უღილო შარვალი.

  • იხოცავს ცხვირს უფროსის დახმარებით.

  • შეუძლია გაიხადოს და ჩაიცვას ტანსაცმელი; ჩაიცვას უთასმო ფეხსაცმელი.

  • უფროსის დახმარებით სარგებლოს ქოთნით (იცის, სად არის ქოთანი და საჭიროების შემთხვევაში თვითონ იყენებს მას, შემდეგ ეძახის მშობელს ან მომვლელს).

  • ცდილობს გაიხეხოს კბილები უფროსის დახმარებით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დღის რეჟიმში ჩართეთ ჰიგიენური ჩვევები - ხელის დაბანა ჭამამდე და ჭამის შემდეგ, კბილების გახეხვა და სხვა. ავარჯიშეთ ბავშვი ამ ჩვევების დასამკვიდრებლად!
▪ კვების დროს მიეცით დამოუკიდებლად ჭამის საშულება!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რათა ჩაერთოს თავის მოვლის პროცესში (ორი თქვენ მიერ შეთავაზებული ტანსაცმლიდან აირჩიოს ერთ-ერთი და სხვ.)!
▪ მიეცით პირადი ჰიგიენის საკუთარი მაგალითი!

შედეგი 2: ბავშვი ეჩვევა ჯანსაღ კვებას, ივითარებს სწორად კვების ჩვევას.

ინდიკატორები

1-2 წელი

2-3 წელი

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაუწესეთ კვების გარკვეული რეჟიმი!
▪ შესთავაზეთ სხვადასხვა საკვები (ყურადღება გაამახვილეთ, რომ პროდუქტი იყოს ახალი და სასარგებლო)!
▪ წაახალისეთ დამოუკიდებელი კვება!
▪ ასწავლეთ ჭამისას მაგიდასთან მოქცევის აუცილებელი წესები (მაგ: უნდა იჯდეს, სანამ არ დაამთავრებს კვებას)!
▪ ესაუბრეთ სხადასხვა სახეობის საკვებზე!
▪ დაეხმარეთ, რომ გაარჩიოს სხვადასხვა საკვები (ხილი, ბოსტნეული)!

უსაფრთხოება

შედეგი I: ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისგან გარიდება, საშიში სიტუაციების თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები

ინდიკატორები

1-2 წელი

  • 1.ესმის „არას“ მნიშვნელობა, თუმცა ყოველთვის არ ემორჩილება აკრძალვას.

  • პასუხობს მოზრდილის გაფრთხილებას საშიშროების შესახებ სიტყვიერად, სახის გამომეტყველებით (მაგ.: იწევს უკან სიტყვაზე „ცხელია!“).

2-3 წელი

  • ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნებისას ატყობინებს უფროსს.

  • თავიდან იცილებს საფრთხეს (არ ჰკიდებს ხელს გახურებულ ზედაპირს, დანას).

  • ითვალისწინებს უსაფრთხოების წესებს (ხელს ჰკიდებს მშობელს ქუჩაზე გადასვლის დროს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ საუბრეთ ბავშვს ისეთ ნივთებზე, რომლებმაც შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეუქმნან!
▪ შეაქეთ ბავშვი, როდესაც ის იცავს უსაფრთხოების წესებს!
▪ სიტყვით და სახის გამომეტყველებით გამოხატეთ აკრძალვა ზიანის მომტანი ნივთის შეხებასთან ან სახიფათო სიტუაციასთან დაკავშირებით (უთხარით, რომ არ შეეხოს ცხელ საგანს)!
▪ აუხსენით ბავშვს და წაახალისეთ იგი, მიმართოს უფროსს, თუ რამის ეშინია ან გრძნობს საფრთხეს!
▪ აუხსენით უსაფრთხოების მარტივი წესები (მაგ.: ყოველთვის უნდა მომკიდო ხელი, როდესაც ქუჩაზე გადავდივართ)!

6.2 სფერო - შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

▲ზევით დაბრუნება


6.2.1 ქვესფერო - ესთეტიკა და კულტურა

▲ზევით დაბრუნება


შემოქმედების აღქმა და გაგება

შედეგი I: ბავშვს შეუძლია აღიქვას და სიამოვნება მიიღოს ხელოვნების ნაწარმოებისაგან

ნდიკატორები

1-2 წელი

  • ბავშვი გამოხატავს ინტერესს იმის მიმართ, რასაც ხედავს, ესმის, ან ეხება.

  • უპირატესობას ანიჭებს ნაცნობი სიმღერებისა და რიტმის მოსმენას.

  • გამოხატავს სიამოვნებას, როცა უყურებს სხვების მიერ შესრულებულ ცეკვას, დრამატულ წარმოდგენას, ისმენს სიმღერას; ამ დროს აყოლებს ხმას ან მოძრაობას.

  • ამჟღავნებს ინტერესს სხვადასხვა სახატავი მასალის მიმართ, მაგ.: სინჯავს, ამოწმებს როგორ ხატავს ფანქარი.

  • სიამოვნებითა და ინტერესით ათვალიერებს წიგნებს, ილუსტრაციებს.

2-3 წელი

  • აკვირდება და ბაძავს თამაშს, სიმღერას, რიტმულ მოძრაობას.

  • ილუსტრირებული წიგნის დათვალიერებისას სვამს შეკითხვებს.

  • ცნობს საყვარელ მულტფილმებს ან ზღაპრის გმირებს.

  • სვამს შეკითხვებს, რათა გაიგოს იმის მნიშვნელობა, რასაც ხედავს, ესმის და ეხება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ აზიარეთ ბავშვი მრავალგვარ მუსიკას (მაგ.: მოასმენინეთ კლასიკური და ხალხური მელოდიები)!
▪ გამოხატეთ, რომ მოგწონთ მუსიკა და მუსიკალურ აქტივობებში მონაწილეობა (მაგ.: იმღერეთ ხმამაღლა ბავშვის თანდასწრებით)!
▪ იმღერეთ ბავშვთან ერთად!
▪ სეირნობის დროს გაამახვილებინეთ ყურადღება, აღწერეთ საგანთა ფერი და ფორმები!
▪ აღუწერეთ ნახატები ან ლამაზი ხედები!
▪ შეეცადეთ ბავშვი სარგებლობდეს და იყენებდეს სხვადასხვა სამუშაო მასალას (მაგ.: დიდი ზომის ფანქრებს, ფლომასტერებს, თითებით საღებავებს), მარტივ მუსიკალურ ინსტრუმენტებს (მაგ.: მუსიკალურ სამკუთხედს, სალამურს, საჩხარუნოს, დოლს, ჯოხებს რიტმიკისათვის)!
▪ წიგნის წაკითხვისას გამოიყენეთ შინაარსის შესაბამისი მუსიკალური გაფორმება (მაგ.:თუ ზღაპრის პერსონაჟი გოლიათია - დასარტყამი ინსტრუმენტები გამოიყენეთ, პეპლისათვის - ფლეიტა, სალამური; სასურველია ბავშვებმა მიიღონ ამაში მონაწილეობა)!
▪ ასწავლეთ ბავშვებს, როგორ დააკავშირონ ერთმანეთთან მუსიკალური ხმოვანება და მოძრაობა (მაგ.: ხმამაღალი მუსიკის თანხლებით დიდი ამპლიტუდის მოძრაობები გააკეთებინეთ, ხმადაბალის შემთხვევაში - პატარა ამპლიტუდის მოძრაობები)!
▪ გაითამაშეთ ბავშვთან ერთად ხელზე ჩამოსაცმელი თოჯინებით სპექტაკლი!
▪ ბავშვთან ერთად დაამზადეთ მარტივი სახის სათამაშოები, თოჯინები ან საკრავები, მაგ., დოლი!
▪ დაუხატეთ ნაცნობი საგნები, ერთად დაათვალიერეთ ილუსტრირებული წიგნები!

შემოქმედებითი თვითგამოხატვა

შედეგი I : ბავშვი ავლენს შემოქმედებით უნარებს

ნდიკატორები

1-2 წელი

  • იმახსოვრებს სიმღერაში ხშირად გამეორებულ სიტყვებს.

  • ცდილობს იმოძრაოს სხვადასხვანაირად, მუსიკასთან ერთად ან მის გარეშე.

  • სიამოვნებს ახალი ბგერების გამოცემა ინსტრუმენტით, საგნებით ან საკუთარი ხმით.

2-3 წელი

  • სიამოვნებით ასრულებს სიმღერას (სოლო შესრულებით) მცირე აუდიტორიის წინაშე (ოჯახის წევრების გარემოცვაში) ინსტრუმენტის ან მეორე ადამიანის ხმის თანხლებით.

  • ასრულებს როლური თამაშის მარტივ ელემენტებს (წარმოიდგენს, ვითომ სცენაზეა და იყენებს მიკროფონს).

  • იყენებს სხვადასხვა მასალას ტაქტილური (შეხებითი) გამოცდილებისა და კვლევისათვის (მაგ.: საღებავს, წებოს, 3-განზომილებიან მასალებს).

  • ჯღაბნის (ხატავს მარტივი მონასმებით. ბავშვი ნამუშევარში გულისხმობს გარკვეულ ობიექტს, თუმცა ნახატი არ ჰგავს ამ ობიექტს.).

  • ბაძავს რამდენიმე ცხოველის, საგნის ხმას ან მოძრაობას (დახტის კურდღელივით, კიკინებს თხასავით).

რჩევები მეურვეთათვის

▪ აჩვენეთ შემოქმედებითი მუშაობისათვის საჭირო მასალები, აუხსენით მათი მნიშვნელობა და შექმენით ამ მასალებისათვის და მათი გამოყენებისათვის საჭირო პირობები!
▪ გააცანით ბავშვს სხვადასხვა შემოქმედებითი მასალა: გუაში, აკვარელი, თიხა, პლასტილინი და სხვ.!
▪ იქონიეთ მარტივი მუსიკალური ინსტრუმენტები (მაგ.:დაირა, სამკუთხედი, სალამური, ფლეიტა, დაფდაფი და ჯოხები რიტმიკისათვის)!
▪ აღუწერეთ ბავშვს გარემო, რომელშიც იმყოფება და ის მოქმედებები, რომელთა შესრულების პროცესშიც ჩართულია!
▪ უმღერეთ და იმღერეთ მასთან ერთად (მაგ.: სახლში საქმიანობისას ან ტრანსპორტის მოლოდინში)!
▪ გამოხატეთ აღფრთოვანება ბავშვის შემოქმედებით მუშაობასა და მის ქმნილებებთან დაკავშირებით!
▪ გამოფინეთ ბავშვის ნამუშევარი ისე, რომ მისი სახელი იყოს აღნიშნული!
▪ აჩვენეთ ხელოვნების ნაწარმოების შეფასების პირადი მაგალითი, დაუკარით ტაში, გადაუხადეთ მადლობა!

ოჯახი, საზოგადოება და კულტურა

შედეგი I: გამოხატავს ინტერესს ოჯახური ტრადიციების მიმართ.

ნდიკატორები

1-2 წელი

  • მონაწილეობს ოჯახურ დღესასწაულებში (დაბადების დღეებში, რელიგიურ და სამოქალაქო დღესასწაულებში, მაგ., სახალხო სეირნობაში ან აღლუმში).

  • იცის ოჯახის წევრების სახელები.

  • ამჩნევს ოჯახის წევრებს შორის არსებულ მარტივ განმასხვავებელ ასაკობრივ ნიშნებს. იცის ვინ არის ოჯახის უფროსი წევრი (ბებია, ბაბუა).

2-3 წელი

  • მონაწილეობს საოჯახო დღესასწაულების სამზადისში.

  • ამჟღავნებს პატივისცემას ოჯახის უფროსი წევრების მიმართ (უჯერებს ბებიას).

  • იცის ოჯახში როგორ არის ფუნქციები განაწილებული ანუ ვინ რას აკეთებს, რას საქმიანობს (მაგ.: „დედა საჭმელს აკეთებს და მამა ეხმარება“).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ასწავლეთ ბავშვს ოჯახის წევრების სახელები, ფუნქციები, ესაუბრეთ ნათესაური ურთიერთობების შესახებ!
▪ დაეხმარეთ ბავშვს გაიგოს, რომ შეიძლება ერთი და იმავე ადამიანს სხადასხვანარიად მიმართავდნენ (მაგ.: „ნინო დედას სახელია“)!
▪ წაახალისეთ ოჯახის წევრები, ესაუბრონ ბავშვებს ოჯახის წარსულზე, ისტორიაზე!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს და გაითავისოს ოჯახის წევრების როლები (მაგ.: ქალისა და მამაკაცის. ამისათვის კი საჭიროა ტანსაცმლის დიდი არჩევანი)!
▪ ბავშვის თვალის სიმაღლეზე გამოფინეთ საოჯახო ფოტოსურათები!
▪ მიეცით უფლება მონაწილეობა მიიღოს საოჯახო დღესასწაულების სამზადისში!

შედეგი II: ბავშვი ამჟღავნებს, რომ გათვითცნობიერებულია სამოქალაქო საკითხებში

ნდიკატორები

1-2 წელი

  • ასრულებს მარტივ მითითებებს და წესებს (საგარეო ფეხსაცმელს იხდის და იცვამს საშინაოს, როდესაც შინ ბრუნდება; ხელს იბანს ჭამის წინ; არ გადადის ქუჩაზე უფროსის გარეშე).

2-3 წელი

  • იცავს რამდენიმე მარტივ წესს.

  • ცნობს სახელმწიფო დროშასა და სახელმწიფო ჰიმნს.

  • ცნობს მისთვის ნაცნობი პროფესიების წარმომადგენლებს (ექიმს, მასწავლებელს, პოლიციელს, მძღოლს).

  • იცის, რომ საყიდლებისათვის და სხვა მომსახურებისათვის საჭიროა ფული.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაუკითხეთ წიგნები და ესაუბრეთ ბავშვებს სხვადასხვა პროფესიაზე!
▪ ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა ისეთი ფორმით, რომ არ გამოიყენოთ აკრძალვები („შეწყვიტე სირბილის“ ნაცვლად თქვით: „მაჩვენე, როგორ დადიხარ ნელა!“)!
▪ მიეცით მარტივად შესასრულებელი მითითებები!
▪ თამაშის დროს გამოიყენეთ სახელმწიფო სიმბოლიკა (დროშა, ჰიმნი)!
▪ წაიყვანეთ ბავშვი საყიდლებზე და წინასწარ შეუთანხმდით რის ყიდვას აპირებთ და ასეთნაირად ჩართეთ ამ პროცესში!

შედეგი III: ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას

ინდიკატორები

1-2 წელი

  • შეუძლია დაასახელოს ოჯახის რომელ წევრს ეკუთვნის ესა თუ ის ნივთი.

2-3 წელი

  • ბავშვმა იცის, რომ ადამიანები შეიძლება მისი მშობლიური ენისაგან განსხვავებულ, უცხო ენაზე საუბრობდნენ, შეუძლია ერთი უცხო ენის დასახელება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ თამაშის დროს აჩვენეთ სხვადასხვა ერების კულტურისათვის დამახასიათებელი სუვენირები და დაასახელეთ, რომელ კულტურას ეკუთვნის ეს საგანი (ეს ქუდი ქართულია)!
▪ წაუკითხეთ და უამბეთ როგორც ქართული, ასევე სხვა ქვეყნების ზღაპრები და მითები!
▪ აჩვენეთ წიგნები და ილუსტრაციები, რომლებშიც ასახულია როგორც ქართული, ასევე სხვა ქვეყნების კულტურულ-ტრადიციული მახასიათებლები (ტანსაცმელი, საკვები)!
▪ მოასმენინეთ ქართული ეროვნული მუსიკა, აჩვენეთ ცეკვები!
▪ იქონიეთ სათამაშოები და სხვა საგნები, რომლებიც სხვადასხვა კულტურისთვისაა დამახასიათებელი!

6.2.2 ქვესფერო - ბუნება და ტექნოლოგიები

▲ზევით დაბრუნება


უნება

შედეგი I : ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნების შესახებ

ნდიკატორები

1-2 წელი

  • აკვირდება ცოცხალ არსებებს ბუნებაში (მაგ.: აკვირდება, ხელში იყვანს ჭიაყელას, ცდილობს დაიჭიროს ჭიანჭველა).

  • აკვირდება მზეს და ღრუბლებს.

  • ყნოსავს ყვავილს, წყვეტს ფოთოლს.

2-3 წელი

  • სიამოვნებით თამაშობს წყალში და ქვიშაში.

  • სვამს მარტივ შეკითხვებს ამინდის შესახებ (მაგ.: მზეზე, წვიმაზე, თოვლზე).

  • შეუძლია ბუნებაში არსებული საგნების იდენტიფიცირება და დასახელება. მაგ.: წყალი, ლოდი, ქვა, ქვიშა.

  • იჩენს ცნობისმოყვარეობას და სვამს შეკითხვებს ბუნების მოვლენების შესახებ (მაგ.: „რატომ მოდის წვიმა?“).

  • აქვს წარმოდგენა მარტივ ბუნებრივ კანონზომიერებებზე (მაგ.: იმისათვის, რომ მცენარე გაიზარდოს, მას ესაჭიროება წყალი).

რჩევები მეურვეთათვის

▪ იმღერეთ სიმღერები და წაიკითხეთ წიგნები ბავშვთან ერთად, რომლებშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ იცვლებიან და იზრდებიან ცხოველები, მცენარეები!
▪ წაიყვანეთ ბავშვი ისეთ ადგილებში, სადაც იგი დააკვირდება და უშუალო შეხება ექნება ცოცხალ ბუნებასთან: ცხოველებთან, მცენარეებთან (მაგ.: ზოოპარკში, ბოტანიკურ ბაღში, სოფელში)!
▪ გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა და ესაუბრეთ ბავშვს ბუნებისა და მეცნიერების შესახებ (მაგ.: როგორ იცვლება ბუნება)!
▪ შეუქმენით ბავშვს უსაფრთხო გარემო, რათა დააკვირდეს ცხოველებსა და მწერებს!
▪ გაასეირნეთ ბავშვი, ისაუბრეთ, თუ რას ხედავთ თქვენ გარშემო!
▪ წაუკითხეთ წიგნები დედამიწაზე და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე!
▪ შეუქმენით უსაფრთხო გარემო და მიეცით საშუალება ითამაშოს წყალში, ქვიშაში!
▪ ფოტოების, ალბომების, პლაკატების საშუალებით გააცანით ბუნება!

შედეგი II: ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნებისა და ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

ნდიკატორები

1-2 წელი

  • იცის საკუთარ სახლში სად არის ნაგვის ყუთი და სად უნდა ჩაყაროს ნაგავი.

2-3 წელი

  • შეუძლია დახმარების გაწევა ყოველდღიურ მარტივ საქმიანობებში როგორც სახლში, ასევე საბავშვო ბაღში.

  • სწორად აღიქვამს და რეაგირებს ბუნებრივი გარემოს მახასიათებლებზე (მაგ.: ამბობს: „ნახე, რა ვიპოვე?!“ და კენჭზე ან ყვავილზე მიუთითებს).

  • ბუნებაში მოპოვებულ საგნებს იყენებს თამაშში (მაგ.: ტორტს აკეთებს ტალახისაგან, სახლს - ჩხირებისაგან, ბალიშს - ფოთლებისაგან).

  • იცის, რომ ადამიანები და ცხოველები განსხვავებულ პირობებში ცხოვრობენ.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ესაუბრეთ ბავშვს მის გარემო სამყაროზე და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს ბუნების დასაცავად!
▪ შეეცადეთ ბავშვის ყოველი დღის რაღაც ნაწილი დატვირთული იყოს გარემოზე ზრუნვით (მაგ.: დააწესეთ მორიგეობა მცენარეების მოსარწყავად, მოაწყვეთ სპეციალური ადგილები ჩიტებისათვის საკენკის დასაყრელად და ა.შ.)!
▪ შეგიძლიათ ისარგებლოთ მეორეული გამოყენების მასალით, რაც ასევე ხელს შეუწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას (მაგ.: პლასტმასის ერთჯერადი თეფშებით, კოვზებით, ჭიქებით, ტუალეტის ქაღალდის მუყაოს რგოლებით და ა.შ.)!
▪ ბავშვთან ერთად სეირნობისას თან ატარეთ პარკი, რომელშიც ჩაყრით კამფეტის ქაღალდს, გამოყენებულ ტარას და ჩააგდეთ უახლოეს ნაგვის ყუთში!

ტექნოლოგია

შედეგი I: ბავშვი იყენებს ტექნიკას შესაბამისი დანიშნულებით

ინდიკატორები

1-2 წელი

  • იცის, თუ რას და სად უნდა დააჭიროს თითი მექანიკური სათამაშოს ასამუშავებლად.

  • შეუძლია აანთოს ან ჩააქროს შუქი, როდესაც სთხოვთ.

2-3 წელი

  • შეუძლია კასეტის და კომპაქტდისკის გამოყენება (მაგ.: ჩაწერილი ზღაპრის მოსასმენად, მხოლოდ უფროსის დახმარებით).

  • იცის ტელევიზორის ჩამრთველი და გამომრთველი სპეციალური ღილაკის დანიშნულება და შეუძლია მისი შესაბამისი გამოყენება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დააწესეთ მეთვალყურეობა და შეზღუდვის გარკვეული ფორმა ბავშვის მიერ ტელევიზორისა და კომპიუტერის გამოყენებასთან დაკავშირებით!
▪ ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება გადაცემები ბავშვის ასაკს და რა დროს ატარებს იგი ტელევიზორთან თუ კომპიუტერთან!

6.2.3 ქვესფერო - რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

▲ზევით დაბრუნება


რიცხვები და ანგარიში

შედეგი I: ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნას და შეუძლია დათვლა

ნდიკატორები

1-2 წელი

  • განასხვავებს ცნება-ტერმინებს „ერთი“ - „ბევრი“.

  • თვლის დროს უფროსის დახმარებით ცდილობს თითების გამოყენებას.

2-3 წელი

  • იყენებს „უფრო მეტის“ ცნებას.

  • ითვლის საგნებს უფროსთან ერთად.

  • იმეორებს იმ ლექსებსა და სიმღერებს, რომლებიც თვლას ეხება.

  • ითვლის 5-მდე.

  • ცნობს და ასახელებს ზოგიერთ ციფრს (მაგ.: უყურებს 2-ს და ამბობს ორი).

  • ესმის ცნებები - ყველა, არც ერთი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაითვალეთ ხმამაღლა საგნები ბავშვის თანდასწრებით!
▪ ესაუბრეთ ბავშვს „მეტია“ და „ნაკლებია“ ცნებებით!
▪ გამოიყენეთ რაოდენობრივი ცნებები ყოველდღიურობაში (მაგ.: „ეს ერთი კოვზი, ეს - ორი...“)!
▪ უმღერეთ და უკითხეთ წიგნები რიცხვებსა და თვლაზე!
▪ იქონიეთ ბავშვისთვის ისეთი მასალები, რომლებიც, ერთი მხრივ, რიცხვებს აღნიშნავს (მაგნიტური და ხის ციფრები, პლაკატები) და, მეორე მხრივ, დათვლის საშუალებას აძლევს ბავშვს (მაგ., ბუნებრივი მასალა: კენჭები, გირჩები, ნიჟარები და სხვ.)!

გაზომვა

შედეგი I: ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს მოსაზრებას საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე

ინდიკატორები

1-2 წელი

  • შეუძლია მოთხოვნის მიხედვით ამოირჩიოს ორ ერთნაირ საგანს შორის უფრო დიდი ან პატარა.

  • შეუძლია ერთი კუბურა დაადგას მეორეს.

2-3 წელი

  • ავსებს და ცლის ჭურჭელს ( მაგ.: წყლით ან ქვიშით).

  • შეუძლია უფროსის დახმარებით ერთი მახასიათებლის მიხედვით დაყოს საგნები ორ ჯგუფად (მაგ.: ერთნაირი მანქანები დაყოს ორ ჯგუფად: დიდ და პატარა მანქანებად).

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით საშუალება ბავშვს, რომ ხშირად აავსოს ჭურჭელი სითხით ან ქვიშით, შემდეგ დაცალოს, რათა აღიქვას და შეაფასოს მოცულობა!
▪ ბავშვთან საუბრისას აღწერეთ ადამიანების, სათამაშოებისა და საგნების ზომა, მოცულობა, წონა და სიმაღლე!
▪ უზრუნველყავით ბავშვი ისეთი სათამაშოებით, რომელთაც აქვთ ზრდადი ზომები (მაგ.: პირამიდა, სხვადასხვა ზომის ჩამოსაცმელი რგოლები, ერთი ფორმის, მაგრამ სხვადასხვა ზომის ჭიქები, ჯამები და სხვა)!
▪ დაეხმარეთ და თან ასწავლეთ ბავშვს დაალაგოს კუბები, სათამაშოები ან საგნები ზომის მიხედვით: პატარიდან დიდამდე ან გრძელიდან მოკლემდე!
▪ დაასახელეთ, აღწერეთ საგნები ზომის მიხედვით (აბა, მომაწოდე დიდი ბურთი!)!

კანონზომიერების დადგენა

შედეგი I: ბავშვი აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმის, ფერისა და დანიშნულების მიხედვით

ინდიკატორები

1-2 წელი

  • საგანთა გროვიდან ამოარჩევს საგნებს ერთი მახასიათებლით (მაგ.: „მომეცი ყვითელი თეფში!“).

  • შეუძლია, მინიმუმ, ერთი ფერის ამოცნობა, დასახელება.

  • დისკოს ფორმის დაფაზე ამოჭრილ ადგილებს ცდილობს ორგანზომილებიანი ფორმები (მაგ.: წრე, კვადრატი, სამკუთხედი) მოარგოს, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებს.

2-3 წელი

  • აგროვებს ნივთებს საერთო მახასითებლების მიხედვით (მაგ.: წითელი კუბები, ყვითელი ფოთლები).

  • აწყობს სამ- ან ოთხნაწილიან პირამიდას..

  • დისკოს ფორმის დაფაზე ამოჭრილ ადგილებს არგებს და ჭრილში სვამს მარტივ, ორგანზომილებიან ფორმებს (მაგ.: წრეს, კვადრატს, სამკუთხედს).

  • ცდილობს დახატოს წრე ან ფანქრით გაავლოს ხაზი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ათამაშეთ ისეთი თამაშები, რომელთა დროსაც ბავშვს საგანთა ფერის, ფორმის, ზომის დასახელება ან დასახელებულის ამორჩევა მოუწევს!
▪ იმღერეთ სიმღერები და წაუკითხეთ წიგნები, რომლებშიც ხდება ფერების, ფორმებისა და საგნების დასახელება, აღწერა მსგავსების მიხედვით!
▪ იქონიეთ ბავშვისთვის ერთი სახის საგნები, რომლებიც განსხვავდება ფერითა და ზომით (მაგ.: კუბურები, ფანქრები და სხვა)!
▪ იქონიეთ ბავშვისათვის სხვადასხვა ტიპის პირამიდები, შესთავაზეთ მათი აწყობა!
▪ უზრუნველყავით ისეთი სათამაშოებით, რომლებიც დაკავშირებულია ფორმებთან (მაგ.: კუბურები, პლასტილინი, ასაწყობი თავსატეხი (პუზზლე)!
▪ გაამახვილებინეთ ყურადღება წიგნის ილუსტრაციაში მოცემულ ფორმებზე!
▪ წაახალისეთ ბავშვი, ყურადღება მიაქციოს და დააკვირდეს ფორმებს ყოველდღიური აქტივობებისას (მაგ.: „სად ხედავ წრეს?“)!

6.2.4 ქვესფერო - მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

▲ზევით დაბრუნება


დრო

შედეგი I: ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობის დროს წარსულს, აწმყოსა და მომავალს

ინდიკატორები

1-2 წელი

  • შეუძლია გაიხსენოს ინფორმაცია ახლო წარსულიდან, ახლახან დასრულებული მოქმედება (მაგ.: როცა ეკითხებიან, ვინ დააკაკუნა კარზე წეღან, მიუთითებს ადამიანზე, რომელმაც ეს გააკეთა).

  • ბავშვმა უკვე იცის რეჟიმი (მაგ.: როდესაც აღმზრდელი ამბობს: „სადილის შემდეგ ეზოში გავალთ“, მისთვის უკვე ნათელია, რომ ჭამის დამთავრების შემდეგ ეზოში გასასვლელად უნდა გაემზადოს).

2-3 წელი

  • ერთმანეთთან აკავშირებს ძველ და ახალ მოვლენებს.

  • ხმარობს დროსთან დაკავშირებულ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „დღეს“, „გუშინ“...

რჩევები მეურვეთათვის

▪ ხშირად ესაუბრეთ ბავშვს, თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, რა იქნება მეორე ნაბიჯი და ა.შ.!
▪ როდესაც ბავშვთან საუბრობთ სხვადასხვა მოვლენაზე, ყოველდღიურობაზე, გამოიყენეთ დროის აღმნიშვნელი ძირითადი სიტყვები: ხვალ, დღეს, გვიან, ახლა (მაგ.: „დღეს შენთან გია მოვა სათამაშოდ“)!
▪ ხშირად დაათვალიერეთ ფოტოალბომები, უყურეთ ოჯახის ვიდეოჩანაწერებს და ეს ყველაფერი გამოიყენეთ იმისათვის, რომ ესაუბროთ ბავშვს, თუ რა იყო ადრე და რა იქნება შემდეგში!
▪ მოუყევით ამბები წარსულიდან! დასაწყისშივე გაუსვით ხაზი დროის ფაქტორს( მაგ.: „დიდი ხნის წინ ...“)!
▪ ესაუბრეთ ბავშვს და დაეხმარეთ აღიდგინოს, თუ როგორი იყო, მაგ.: მისი გუშინდელი დღე ან საღამო!
▪ დაათვალიერეთ ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია თვითონ ბავშვი!

სივრცე

შედეგი I: ბავშვს შეუძლია საკუთარი სხეულის, მის გარემოში არსებული საგნების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ბავშვი თამაშისას ცდილობს სივრცითი მიმართებების დაუფლებას (გაუცნობიერებელი, ინსტინქტური). მაგ.: თამაშისას ცდილობს ჩაძვრეს და ჩაიმალოს მუყაოს ყუთში ან გაძვრეს გვირაბში.

  • იცის, შეუძლია მიაგნოს, სად არის ბინაში სამზარეულო, აბაზანა.

2-3 წელი

  • უვითარდება წარმოდგენები საკუთარი სხეულის და მისი ზომების შესახებ.

  • სწავლობს და ხვდება ისეთ ფიზიკურ მიმართებებს, როგორიცაა „ახლოს“ და „შორს“. „ზემოთ“ და „ქვემოთ“, „შიგნით“ და „გარეთ“.

  • ცნობს იმ ადგილებს, რომლებიც მანქანით, ავტობუსით გადაადგილებისას გაუვლია და უნახავს.

  • გამოხატავს ინტერესს ისეთი საგნების მიმართ, როგორიცაა გლობუსი, რუკა, გამადიდებელი მინა ანუ ლუპა და ა.შ.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა გაეცნოს, გამოიკვლიოს სამყარო მის გარშემო!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება გაეცნოს, გამოსცადოს სხვადასხვა ფიზიკური მდგომარეობა (მაგ.: აიყვანეთ ხელში მაღლა, შემოისვით კისერზე)!
▪ ბავშვთან საუბრისას ხშირად გამოიყენეთ სიტყვები, რომლებიც ადგილმდებარეობას გამოხატავს (მაგ.:სთხოვეთ ბავშვს აიღოს და მოგიტანოთ წიგნი, რომელიც მაგიდაზე დევს)!
▪ ეთამაშეთ ბავშვს ისეთი თამაშები, რომ შექმნათ მოგზაურობასთან დაკავშირებული სიტუაციები (მაგ.: გაემგზავრეთ ბავშვთან ერთად ავტობუსით ან თვითმფრინავით! გამოიყენეთ სხვადასხვა ქვეყნის, ადგილის სურათები, რუკები და, რაც მთავარია, გამოიყენეთ თქვენი, განსაკუთრებით კი - ბავშვის ფანტაზია)!
▪ დასვით შეკითხვები იმაზე, რასაც ბავშვი ხედავს თავის გარშემო და უპასუხეთ ამ შეკითხვებს ბავშვთან ერთად მსჯელობით, საუბრით!
▪ ხმამაღლა წაიკითხეთ წიგნები სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებზე და ისაუბრეთ მათ განსხვავებულ ბუნებაზე, კვებაზე, საცხოვრებელ პირობებზე, ტრადიციებზე!
▪ ესაუბრეთ და გააცანით ბავშვს მისთვის უცნობი გეოგრაფიული ადგილები და გამოიყენეთ სურათები წიგნებიდან და ჟურნალებიდან!
▪ ფეხით გაისეირნეთ ბავშვთან ერთად და აჩვენეთ ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ნიშნები (მაგ.: ქუჩის დასახელება)!

მიზეზშედეგობრიობა

შედეგი I: ბავშვს ესმის, სწვდება მიზეზშედეგობრივ კავშირებს ინდიკატორები

1-2 წელი

  • შეუძლია რამდენჯერმე გაიმეოროს ქცევა, მოძრაობა სასურველი შედეგის მისაღწეევად.

  • სხვადასხვანაირად მოქმედებს საგანზე (მაგ.: კუბით აბრახუნებს მაგიდაზე, ამავე დროს ცდილობს მოძებნოს საიდან იხსნება იგი და ა.შ).

  • შეუძლია ლოგიკურად დაკავშირებული მოქმედებების გამეორება, მაგ., ბანს და ამშრალებს თოჯინას.

2-3 წელი

  • იწყებს ორი მოვლენის დაკავშირებას ( მაგ.: დაბნელდა იმიტომ , რომ მზე ჩავიდა).

  • ინტერესდება და სვამს შეკითხვებს სხვების მოქმედებასთან დაკავშირებით, რათა დაინახოს საბოლოო შედეგი, მაგ., ითხოვს ხელში აყვანას, რომ დაინახოს როგორ იხარშება კარტოფილი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ აჩვენეთ და აუხსენით საგნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება (მაგ.: „როდესაც ამ საცობს ამოვაძრობ, აბაზანა წყლისაგან დაიცლება“)!
▪ მიეცით ბავშვს მასალა და ცდის ჩატარების საშუალება, რათა დაინახოს მიზეზშედეგობრივი კავშირი!
▪ ჩართეთ ოჯახურ საქმიანობაში, მიეცით ფქვილი და წყალი, რომ მოზილოს ცომი. მიეცით საშუალება დაინახოს მასალების ურთიერთქმედება (მაგ.: ფქვილისა და წყლის შერევით ცომს მიიღებს)!

6.3 სფერო - სწავლისადმი მიდგომა

▲ზევით დაბრუნება


6.3.1 ქვესფერო - მოტივაცია

▲ზევით დაბრუნება


ცნობისმოყვარეობა და ინტერესი

შედეგი I: ბავშვი გამოხატავს ინტერესს და ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ ინდიკატორები

1-2 წელი

  • უშუალოდ შეისწავლის გარემოს, რათა დაადგინოს, რა ობიექტებისაგან შედგება იგი (აკვირდება საგნებს ოთახში, ცდილობს ხელით შეეხოს, მოსინჯოს).

  • ამჟღავნებს ინტერესს ახალი აქტივობების მიმართ.

  • აქვს გამორჩეულად საყვარელი სათამაშო. ინტერესდება და სვამს შეკითხვებს მისთვის უცხო ადამიანებისა და საგნების შესახებ (ვინ არის ეს, რა არის ეს?).

  • იჩენს ინტერესს სათამაშოს შემადგენელი ნაწილების მიმართ.

2-3 წელი

  • სვამს კითხვებს ადამიანების მოქმედების შესახებ (მაგ., როცა ხედავს, რომ ბაბუ რეცხავს მანქანას, კითხულობს: რას აკეთებს ბაბუ?).

  • სვამს შეკითხვებს : „რატომ?“ „სად“?

  • უპირატესობას ანიჭებს ერთ რომელიმე მოქმედებას (მაგ.: კუბებით თამაშს, ბურთის გაგორებას, ხატვას და სხვ.).

  • გამოხატავს ინტერესს და ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საოჯახო საქმეებში.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაიყვანეთ ბავშვი სასეირნოდ და ესაუბრეთ გარემომცველ სამყაროზე!
▪ ბავშვთან ერთად ხმამაღლა გამოხატეთ გაოცება, როცა გინდათ რაიმეს მიზეზის გაგება (მაგ., ნეტა რატომ მოხდა ასე?)!
▪ შეეცადეთ, ბავშვის გარემო იყოს უსაფრთხო და მიმზიდველი, რათა მას გაუჩნდეს მისი შესწავლის სურვილი!
▪ ბავშვთან ურთიერთობისას დაუსვით მას მარტივი შეკითხვები, ხოლო მის მიერ დასმულ კითხვებს გაეცით გასაგები პასუხი!
▪ იქონიეთ ბავშვისთვის სხვადასხვა სახის სათამაშოები!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ შეთხზას რაიმე ამბავი!
▪ აღწერეთ, ახალი ადგილი და დაასახელეთ რას ხედავთ თქვენ გარშემო (რა საგნებია, რას აკეთებენ ადამიანები)!

ინიციატივა და დამოუკიდებლობა

შედეგი 1: ბავშვი ავლენს ინიციატივასა და დამოუკიდებლობას ინდიკატორები

1-2 წელი

  • იწყებს ახალი მოქმედებების ათვისებას.

  • საგნებით სარგებლობისას სხვადასხვა ხერხს მიმართავს (მაგ.: ადრე თუ პირში იდებდა სათამაშოს, ახლა ათვალიერებს და თამაშობს).

  • ახალ გარემოში მოხვედრისას, ცდილობს გარკვევას, სად იმყოფება. დაკვირვებით ათვალიერებს გარემოს და ცდილობს შეიცნოს იგი.

2-3 წელი

  • ცდილობს იზრუნოს საკუთარ თავზე, დამოუკიდებლად ჭამოს, ჩაიცვას.

  • არის თამაშის წამომწყები.

  • გამოთქვამს თავის აზრს, რის გაკეთება სურს (მაგ., ამბობს, სასეირნოდ წავიდეთ! დავხატოთ! და ა.შ.).

  • უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ სათამაშოს, წიგნს და თამაშს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს როგორც მარტომ, ისე სხვებთან ერთად!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ განახორციელოს, რის გაკეთებაც სურს (დახატოს, ითამაშოს, ისეირნოს)!
▪ შეეცადეთ გადაჭრათ ახალი ამოცანები ბავშვთან ერთად, განუმარტეთ, რა არის ამისათვის საჭირო!
▪ მიეცით ბავშვს საკმარისი დრო , რომ გააკეთოს არჩევანი!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ თავი იგრძნოს დაცულად, ჩათვალოს, რომ შეუძლია გონივრული რისკის გაწევა და ახალ საქმეში თავის მოსინჯვა!
▪ თქვენ თვითონ გამოიჩინეთ ინიციატივა და აჩვენეთ მაგალითი!
▪ მიეცით ბავშვს უფლება, იყოს აქტივობის ინიციატორი და წარმმართველი!
▪ აჩვენეთ მაგალითი და მის მიერ წამოწყებულ თამაშში დაიცავით თამაშის წესები!

6.3.2 ქვესფერო - სასწავლო უნარები

▲ზევით დაბრუნება


ყურადღების კონცენტრაცია

შედეგი I: ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას

ნდიკატორები

1-2 წელი

  • აგრძელებს ამოცანაზე მუშაობას დროის გარკვეულ მონაკვეთში. მაგ: ცდილობს ააშენოს კუბებით რაიმე 3-5 წუთის განმავლობაში.

  • ავსებს და ცლის სათამაშოების ყუთს მრავალჯერ.

  • ახსოვს, სად ინახება ხშირად გამოყენებული სათამაშოები.

2-3 წელი

  • დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ჩართულია თავის მიერვე არჩეულ საქმიანობაში.

  • მშვიდ ატმოსფეროში ხშირ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე უსმენს მცირე ზომის მოთხრობას.

  • დაჟინებით მოითხოვს მის მიერ წამოწყებული საქმიანობის დამთავრებას.

  • ითხოვს ერთი და იმავე ზღაპრის, ამბის ხშირად მოყოლას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს დრო, რათა დაასრულოს მოქმედება და დატკბეს შედეგით!
▪ გამოეხმაურეთ ბავშვს, როცა ითხოვს დახმარებას!
▪ ესაუბრეთ ბავშვს მისი ნამოქმედარის შესახებ, გამოიყენეთ ღია შეკითხვები (მაგ., რა გააკეთე? როგორ გააკეთე ეს? კიდევ ამიხსენი და ა.შ.)!
▪ შექმენით ისეთი გარემო, რომ ბავშვს ყურადღება არ გაეფანტოს (მაგ.: კითხვის დროს ნუ გექნებათ ჩართული ტელევიზორი)!

შემოქმედებითობა და გამომგონებლობა

შედეგი 1: ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას უდგება შემოქმედებითად და გამომგონებლურად

ნდიკატორები

1-2 წელი

  • ამჟღავნებს იმის ცოდნას, რომ ზოგიერთი საქმის შესასრულებლად საჭიროა ორი საგნის ერთდროულად ამოქმედება. მაგ. მოაქვს აქანდაზი, როცა უფროსი გვის.

  • იწყებს საგნების განსხვავებულად და შემოქმედებითად გამოყენებას (მაგ.ცლის სათამაშოების ყუთს, გადმოაბრუნებს და ზედ აშენებს კოშკს).

2-3 წელი

  • იყენებს საგნებს განსხვავებულად და შემოქმედებითად (მაგ.: ჯოხს იყენებს როგორც ცხენს, ან თოფს და ა.შ.).

  • ცდილობს მოქნილად და გონივრულად მიუდგეს ამოცანას, მის გადასაჭრელად ცვლის მოქმედების ხერხს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ უჩვენეთ როგორც ნაცნობი, ასევე მისთვის ჯერ კიდევ უცნობი სასწავლო მასალის გამოყენების განსხვავებული გზები (მაგ.: გამოძერწეთ მასთან ერთად პლასტილინის ფიგურები)!
▪ გამოუყავით ბავშვს სხვადასხვა მასალა (საღებავი, პლასტილინი და ა.შ) და ადგილი, სადაც ის შეძლებს ამ მასალებით მოქმედებას!
▪ მიეცით უფლება, ითამაშოს უსაფრთხო საყოფაცხოვრებო საგნებით, მაგ., ქვაბში ჩაყაროს სათამაშოები!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ იოცნებოს!
▪ მიეცით უფლება, მოიფიქროს და განახორციელოს სხვადასხვა თამაშები ( მაგ. მოიფიქროს, რას გამოიყენებს საჭედ, როცა მანქანობანას ითამაშებს)!
▪ მიეცით ბავშვს დრო და უფლება, რომ იყოს უშუალო, ლაღი, დაუშვას შეცდომა და დაისვაროს (მაგ: ნუ წაართმევთ კოვზს, როდესაც ცდილობს შეჭამოს და ხედავთ, რომ ისვრება)!
▪ დაუსვით ღია შეკითხვები, რათა დაამყაროთ ურთიერთობა და წაახალისოთ დიალოგი!
▪ დაუსვით კითხვები „რატომ?“ და „რა მოხდება, თუ ... ?“, რათა იპოვოს გონივრული პასუხი!

პრობლემის გადაჭრა

შედეგი I: ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს.

ნდიკატორები

1-2 წელი

  • ზოგიერთ შემთხვევაში არასტანდარტულად იყენებს საგნებს, როგორც დამხმარე საშუალებას (მაგ.: სათამაშოების ერთი ოთახიდან მეორეში გადასატანად იყენებს ყუთს, საკვების მისაღებად იყენებს კოვზს, მაგალითად, სახლობანას თამაშის დროს ჩანგლის მაგივრად სახაზავს ხმარობს).

  • უხმობს უფროსს და მიუთითებს პრობლემურ საგანზე, რომლის გამოც სირთულეს აწყდება.

2-3 წელი

  • პრობლემის გადაჭრას ცდილობს დამოუკიდებლად; მაგ: მოაქვს სკამი, რათა მისწვდეს სათამაშოს.

  • სხვადასხვა გზით (ცდისა და შეცდომის მეთოდით) ცდილობს პრობლემის გადაჭრას; წარუმატებლობის შემთხვევაში, ითხოვს დახმარებას.

  • პრობლემის გადასაჭრელად იყენებს მინიმუმ ორ განსხვავებულ სტრატეგიას (მაგ.: კონსტრუქტორით თამაშის დროს ჯერ ცდილობს ორი ნაწილი მოარგოს ერთმანეთს - უცვლის მათ მდებარეობას, შემდეგ ცვლის ერთ ნაწილს და კვლავ ცდილობს, მოარგოს ერთი ძველი და ერთი ახალი ნაწილი ერთმანეთს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოხატეთ სიხარული, წაახალისეთ ბავშვი, როდესაც იგი მანიპულირებს საგნებით, ანუ ხელით საკმაოდ რთულ მოქმედებებს ასრულებს!
▪ აჩვენეთ ბავშვს, რომ საგნები შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვიყენოთ!
▪ წაახალისეთ ბავშვი - დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემები!
▪ ათამაშეთ ისეთი თამაშები, რომელთა მეშვეობით ბავშვი მიხვდება, რომ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს (მოათავსეთ სასურველი სათამაშო ისეთ ადგილას, რომ მისი მოპოვება შესაძლებელი იყოს სხვადასხვა გზით. მაგ.: მოიტანოს პატარა სკამი, რათა მისწვდეს მისთვის მაღლა დადებულ თოჯინას)!
▪ პრობლემის გადაჭრისას ესაუბრეთ ბავშვს, დაანახვეთ შესაძალო გადაწყვეტილებების სხვადასხვა ვარიანტი!

აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი

შედეგი I: ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით ინდიკატორები

1-2 წელი

  • ცნობს ადამიანებს, ცხოველებსა და საგნებს ფოტოებზე, სურათებზე.

  • ცდილობს იპოვოს ის საგნები, რომლებიც იქვე, ახლოსაა დამალული.

2-3 წელი

  • შეუძლია წარმოადგინოს ადამიანის, საგნის, ცხოველის რომელიმე ძირითადი მახასიათებელი. მაშინაც კი, თუ განსასახიერებელ ობიექტს ვერ ხედავს (მაგ., აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ძაღლს და ყეფს).

  • ცდილობს ახალი დანიშნულება მოუძებნოს ძველ, ნაცნობ საგნებს (როცა თოჯინას უმზადებს საჭმელს, დასაჭრელად დანის ნაცვლად იყენებს ფანქარს).

  • ხატავს და თან ასახელებს, რა დახატა, განმარტავს, რა რას ნიშნავს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ აჩვენეთ ბავშვს, თუ როგორ ხდება საგნის სიმბოლური გამოყენება წარმოსახვითი თამაშებით (მაგ., „დალიეთ“ სათამაშო ჭიქიდან)!
▪ ეთამაშეთ ბავშვს ისეთი თამაშები, რომელთა მეშვეობითაც ის აღმოაჩენს, რომ საგნები, რომლებსაც ვერ ხედავს, მაინც არსებობს (მაგ. ეთამაშეთ დამალობანა)!

შედეგი II: ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან ინდიკატორები

1-2 წელი

  • შეუძლია ცხოველების ხმის იმიტაცია (ყეფს ძაღლივით, კნავის კატასავით).

  • იწყებს წარმოსახვით თამაშს. მაგ., აჭმევს თოჯინას, არწევს ხელში და ა.შ.).

2-3 წელი

  • მსახიობზე, კოსტიუმირებულ ადამიანებზე, ისეთი რეაქცია აქვს, თითქოს ისინი ნამდვილად იმ პერსონაჟებს წარმოადგენენ, რომლებსაც განასახიერებენ.

  • შეუძლია როლების და სიტუაციების გათამაშება ისე, რომ ხმა, მეტყველება, ქცევა ერთმანეთის შესაბამისი იყოს (მაგ.: როცა განასახიერებს ჩვილ ბავშვს, დახოხავს და აღუ-აღუს გაიძახის).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ასწავლეთ, თუ როგორ ხმას გამოსცემს ესა თუ ის ცხოველი, ფრინველი (კატა, მამალი, ცხვარი და ა.შ.)!
▪ წაუკითხეთ ზღაპრები და მოასმენინეთ ისეთი სიმღერები, რომელთა სიუჟეტი ფანტაზიაზეა აგებული!
▪ ჩაერთეთ ბავშვთან ერთად წარმოსახვით თამაშებში და შეუწყვეთ ხელი მის განვითარებას ამ მიმართულებით!
▪ გააქარწყლეთ ბავშვის იმედგაცრუება, რომელიც გამოწვეულია ფანტაზიასა და რეალობას შორის განსხვავებით!

გააზრება და ინტერპრეტაცია

შედეგი I: ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ასევე სხვაზე დაკვირვებით

ნდიკატორები

1-2 წელი

  • ხვდება, რომ ქცევა დაკავშირებულია რაიმე მოვლენასთან (მაგ: როცა დედა აცმევს ქურთუკს, ეს ნიშნავს, რომ გარეთ უნდა გაიყვანონ).

  • ხვდება, რომ ის, რაც დღეს ხდება, მეორდება, ანუ სხვა დროსაც მომხდარა (მაგ.: ჭამის წინ ხელების დაბანა).

  • ითხოვს წიგნის წაკითხვას.

2-3 წელი

  • შეუძლია საგნის ჩანაცვლება მსგავსით (მაგალითად, ქვაბის თავსახურს იყენებს, როგორც მანქანის საჭეს).

  • შეუძლია მოქმედების ჩანაცვლება (მაგ., ეს არ გამომივიდა, სამაგიეროდ, ეს გავაკეთე).

რჩევები მეურვეთათვის

▪ იფიქრეთ ხმამაღლა, გაუზიარეთ თქვენი აზრები ბავშვს!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ გაგიზიაროთ თავისი აზრები სამყაროს შესახებ!
▪ იქონიეთ ბავშვისათვის ისეთი მასალა, რომელიც ფუნქციურად მსგავსია, მაგრამ შესაძლებელია სხვადასხვანაირი შედეგის მიღება (მაგ.: ფლომასტერები, საღებავები)!
▪ ესუბრეთ უახლოეს წარსულში მომხდარ მოვლენებზე, გაუმახვილეთ საინტერესო მომენტებზე ყურადღება.

კრიტიკული აზროვნება და კვლევა

შედეგი I: ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებასა და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს

ნდიკატორები

1-2 წელი

  • ესმის ნაცნობი საგნების დანიშნულება (მაგ.: კოვზს იღებს ჯამიდან და დებს).

  • იყენებს საგანს ან ადამიანს, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებას (მაგ: ითხოვს, ხელში აიყვანონ, რათა მისწვდეს სასურველ საგანს).

2-3 წელი

  • აკვირდება და უფროსის დახმარებით მანიპულირებს საგნებით, რათა შეძლოს მსგავსებისა და განსხვავების შემჩნევა.

  • ცდისა და შეცდომის მეთოდით პოულობს მისთვის საინტრესო ობიექტის გამოყენების გზას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ აჩვენეთ, რა და რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ საგანს!
▪ მიეცით ისეთი საგნები, რომლებიც ბავშვში გამოკვლევის, აღმოჩენის სურვილს აღძრავს. სასურველია სხვადასხვა შეგრძნებების ჩართვა (მაგ., კვერცხის გატეხვა და შიგთავსის აღმოჩენა)!
▪ გადით ბავშვთან ერთად ბუნებაში და მიეცით შესაძლებლობა, დააკვირდეს მოვლენებს, საგნებს. აჩვენეთ, როგორი სახალისო და საინტერესოა სხვადასხვა საგნების პოვნა და მათზე დაკვირვება!
▪ მიეცით სხვადასხვა მასალა, რათა მიიღოს ამ შეგრძნებებზე დამყარებული, სენსორული გამოცდილება (მაგ.: თიხა, პლასტილინი, მუყაოს ფიგურები)!
▪ წაახალისეთ ბავშვი, დააკვირდეს, შეისწავლოს საგნები დეტალურად! დაუსვით შეკითხვები, რომლებიც მის აზროვნებას შეუწყობს ხელს (მაგ.: „როგორ მოძრაობს სათამაშო მანქანა?“)

შედეგი II: ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით იღებს.

ნდიკატორები

1-2 წელი

  • ადევნებს თვალს სხვების ქცევას.

  • ცდილობს იმ ქცევის, ჟესტიკულაციის თუ ლაპარაკის მიბაძვას, რომელიც მან ახლო წარსულში სხვაგან ნახა.

  • ამჩნევს განსხვავებას და მსგავსებას ოჯახის წევრების ყოველდღიურ საქმიანობაში.

2-3 წელი

  • განასხვავებს საგნებს ერთი მთავარი ნიშნის მიხედვით.

  • ერთი სახის სათამაშოების გროვიდან შეუძლია ამოარჩიოს დასახელებული მახასიათებლის მქონე საგანი (მაგ.: ბურთებს შორის ამოარჩევს წითელ ბურთს).

  • შეუძლია შეამჩნიოს და თქვას, რით განსხვავდება საგნები ერთმანეთისაგან (მაგ.: „ეს ბურთი უფრო დიდია“).

  • აკვირდება და ამჩნევს მსგავსებას ერთნაირი დანიშნულების საგნებს შორის (ამ ორივე კაბას მოკლე სახელო აქვს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ საკუთარ გარემოშიც დააკვირდეს საგნებს, მოვლენებს (მაგ.: აჩვენეთ, რამდენი ფერია მის ოთახში)!
▪ ესაუბრეთ ბავშვს საგნების, ობიექტების მსგავსება-განსხვავებაზე ზომის, ფორმის, ფერის მიხედვით (მაგ.: ბავშვთან ერთად გამოიკვლიეთ, თუ რით განსხვავდება ერთი მცენარე მეორისაგან; როგორი ფოთლები აქვს, როგორი ყვავილები)!
▪ სთხოვეთ ბავშვს, გიპასუხოთ, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, იმსჯელეთ მასთან ერთად (მაგ., საკვებზე, წელიწადის დროებზე)!

6.4 სფერო - მეტყველების განვითარება

▲ზევით დაბრუნება


6.4.1 ქვესფერო - მეტყველება

▲ზევით დაბრუნება


მოსმენა და ზეპირი მეტყველება

შედეგი I: ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული მეტყველება)

ინდიკატორები

1-2 წელი

  • მიუთითებს სხეულის ერთ ნაწილზე მაინც, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა სხეულის ამ ნაწილის დასახელება (მაგ.: ხელი, ცხვირი).

  • ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სიტყვებზე.

  • ადეკვატურად რეაგირებს მარტივ მოთხოვნებზე (ასრულებს ერთსაფეხურიან ინსტრუქციას, მაგ.: „აიღე თოჯინა!“).

  • ესმის 50-80 სიტყვის მნიშვნელობა (მაგ., მიანიშნებს ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა თუ სურათებზე).

  • ინტერესით უსმენს მოკლე ამბავს.

2-3 წელი

  • სიტყვიერად პასუხობს მარტივ შეკითხვებს.

  • ასრულებს ორსაფეხურიან ინსტრუქციას, რომელშიც მოქმედებები შეიძლება არ უკავშირდებოდეს ერთმანეთს (მაგ.: „თუ შეიძლება, აალაგე შენი სათამაშოები და მერე ჩაიცვი ფეხსაცმელი!”).

  • ითხოვს და სიამოვნებით უსმენს მოკლე ზღაპრებს, მოთხრობებს, რომლებსაც უყვებიან.

  • ესმის რამდენიმე ასეული სიტყვის მნიშვნელობა.

  • მიუთითებს სხეულის მინიმუმ 6 ნაწილზე, განასხვავებს მინიმუმ სამ ფერს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ იხმარეთ სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში (მაგ.: ეს პეპელაა, პეპელა მოფრინდა, პეპელა ჭრელია)!
▪ აიყოლიეთ ისეთ სახელდებით თამაშებში, როგორიცაა, მაგ.: „სადა გაქვს ცხვირი?“ ან: „აბა, ცხვირი მაჩვენე!“ „სად არის ბურთი?“ წაახალისეთ ბავშვი, რომ გაჩვენოთ მისთვის ნაცნობი საგნები, რომელთა სახელებიც იცის (სიტყვებთან ერთად ნუ გამოიყენებთ ჟესტებს!)!
▪ ყოველი ახალი მასალის ან საგნის დასახელებისას თითოეულის სახელი ხმამაღლა და გარკვევით წარმოთქვით!
▪ ჩართეთ ისეთ აქტივობებში, რომლებიც მოითხოვს მარტივი დავალებების შესრულებას, მაგ.: „მომეცი ბურთი!“ ან „ბალიში სკამზე დადე!“ და ა.შ.!
▪ სხვადასხვა საგანი, სათამაშოები რიგრიგობით მიეცით და ჰკითხეთ: „რა არის ეს?“ (პასუხის მიუხედავად, მიეცით საშუალება ცოტა ხანს ითამაშოს ამ საგნით)!
▪ გამოიყენეთ ფოტოები, წიგნები და სხვა საგნები, რათა ბავშვს ასწავლოთ ან შეათვისებინოთ ახალი სიტყვები!

შედეგი II: ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (ექსპრესიული, პროდუქტიული მეტყველება)

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ურთიერთობას ამყარებს სიტყვების გარეშე - სხეულის მოძრაობით, სახის გამომეტყველებით (მიმიკით).

  • შეუძლია წარმოთქვას 5-20 მარტივი სიტყვა.

  • იყენებს მარტივ სიტყვებსა და ჟესტებს ერთდროულად.

  • იყენებს უარყოფით შესიტყვებებს (მაგ.: „არ მინდა!“).

  • შეუძლია დააკავშიროს ორი სიტყვა ერთმანეთთან.

2-3 წელი

  • აწარმოებს, იგონებს ახალ სიტყვებს, იმ მნიშვნელობების გამოსახატავად, რომელთა აღმნიშვნელებიც არ იცის (მაგ.: „კოვზით ურევს“ ნაცვლად ამბობს - „ანკოვზიალებს“, ადექის ნაცვლად - „აჯექი“).

  • თავისუფლად იყენებს სხვადასხვა საშუალებას - როგორც სიტყვებს, ასევე ჟესტებს - თავისი განცდების, არჩევანის, სურვილის გამოსახატავად.

  • იყენებს მეტყველებას იმისათვის, რომ მიიღოს პასუხი კითხვებზე: რატომ? სად? როდის? იყენებს საგნის, მოქმედების, მდგომარეობის აღმნიშვნელ სიტყვებს.

  • იყენებს საგნის ზომის, ფერის, კუთვნილების, დანიშნულების აღმნიშვნელ სიტყვებს (დიდი, წითელი, ჩემი, სატვირთო მანქანა).

  • ცდილობს წინადადებაში სიტყვები შესაბამისი ფორმით იხმაროს, იყენებს ბრუნვის, პირისა და რიცხვის ნიშნებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი გამოიყენოს ახალი სიტყვები, თუკი ის ამას ცდილობს!
▪ შეეცადეთ განავრცოთ ბავშვის მარტივი გამონათქვამი. მაგ., ბავშვი ამბობს: „ბობო“, თქვენ პასუხობთ: „აი ბოთლი! რძე გინდა?“ ან ათქმევინებთ: „რძე მინდა“!
▪ ათამაშეთ ბავშვი! შესთავაზეთ იმიტაციური თამაშები. მაგ.: „როგორ ყეფს ძაღლი? როგორ კნავის კატა? რა ხმას გამოსცემს მატარებელი? და ა.შ.!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება იმღეროს მარტივი, რიტმული სიმღერები, რომლებშიც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იქნება გამოყენებული. სასურველია, მელოდიას რიტმულად ტაშიც ააყოლოთ ბავშვთან ერთად!
▪ შეეცადეთ ბავშვის მეტყველება თანმიმდევრულად განავითაროთ მასთან მუდმივად საუბრით, ურთიერთობით და წიგნების კითხვით!
▪ ყოველდღიური საქმიანობის დროს წინასწარ დაასახელეთ მოქმედებები, რომლებსაც ასრულებთ, მაგ.: ჯერ ხელები დავიბანოთ, მერე გავიმშრალოთ... და ა.შ.!
▪ შეეცადეთ, რომ ბავშვთან საუბარი მისთვის სასიამოვნო და სახალისო იყოს!
▪ ელაპარაკეთ ბავშვს გრამატიკულად გამართული სრული წინადადებებით!
▪ შეეცადეთ ბავშვთან საუბარი წარმართოთ ისე, რომ მისი პასუხი, სულ ცოტა, ორი სიტყვისაგან შედგებოდეს!
▪ თამაშში შეეცადეთ გამოიყენოთ პირის ნაცვალსახელები. მაგ., სთხოვეთ ბავშვს დაუკრას ტაში, შემდეგ ჰკითხეთ: „ვინ დაუკრა ტაში?“ „შენ დაუკარი ტაში?“ და ა.შ.!

შედეგი III: ბავშვი იყენებს ზეპირ მეტყველებას სხვადასხვა მიზნისათვის (პრაგმატული განვითარება)

ნდიკატორები

1-2 წელი

  • ურთიერთობისათვის იყენებს არასიტყვიერ საშუალებებს: სახის გამომეტყველებას (მიმიკას), და სხეულის მოძრაობას (ჟესტებს) მოთხოვნებისა და გრძნობების გამოსახატავად (მაგ.: შეიძლება მოგეხვიოთ ფეხზე სიარულისას ან მოგკიდოთ ხელი, მიგიყვანოთ კართან, როდესაც უნდა სასეირნოდ წასვლა, მოულოდნელად ჩაგეხუტოთ).

  • იყენებს სიტყვებს ურთიერთობისათვის.

  • ცვლის ინტონაციას სხვადასხვა აზრის გამოსახატავად.

  • ყურადღებას აქცევს იმას, ვინც ლაპარაკობს.

2-3 წელი

  • თამაშის დროს თავისთვის ლაპარაკობს, ასახელებს იმას, რასაც ხედავს ან აკეთებს აწმყოში.

  • გვიზიარებს გარე სამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებას.

  • აღწერს იმას, რაც აღიქვა წარსულში. მოვლენის აღწერის დროს ჩამოთვლის იმ ერთეულებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, ქრონოლოგიის დაცვის გარეშე.

  • საუბრობს უმრავლესობისათვის გასაგებ ენაზე.

  • იცავს ჯგუფში დადგენილ მიმართვის წესებს. იყენებს მიმართვის თავაზიან ფორმებს: „თუ შეიძლება“, „გმადლობთ“.

  • შეუძლია მოსაუბრის განზრახვის გაგება (მაგ., თუ დედა ამბობს - „ფანქარი მჭირდება“, მიდის ფანქრის მოსატანად).

  • ჯგუფში ურთიერთობისას შეუძლია იმის გამომჟღავნება, რომ კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს მორიგეობით (მონაცვლეობით) საუბარი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მოასმენინეთ ბავშვს აუდიოკასეტაზე ჩაწერილი მოთხრობები და ლექსები!
▪ ხშირად მოუყევით ზღაპრები და უმღერეთ სიმღერები!
▪ თამაშის დროს გამოიყენეთ მარიონეტი ან სხვა თოჯინა და მას „მოაყოლეთ“ ამბავი!
▪ ყოველდღიური საქმიანობისას ბავშვს ელაპარაკეთ (მაგ.: როდესაც აჭმევთ, აბანავებთ, აცმევთ და ა.შ.)!
▪ გამოძებნეთ დრო, ესაუბროთ ბავშვს მისთვის სახალისო და საინტერესო თემაზე!
▪ გამოიყენეთ ისეთი თამაშები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვის ჩართვას ჯგუფურ საუბარში! მაგ.: დასვით ბავშვები წრიულად და იკითხეთ: ვის აცვია ზოლებიანი სვიტერი? ვისა აქვს ცისფერი თვალები? ასეთ დროს ბავშვი სწავლობს დაკვირვებას და, გარდა ამისა, ეს ზრდის მის ინტერესსა და ჩართულობას. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ბავშვებმა ისაუბრონ მონაცვლეობით და მოუსმინონ ერთმანეთს!
▪ გაათამაშებინეთ ისეთი თამაშები, სადაც ორი მონაწილე ესაუბრება ერთმანეთს, მაგ.: მაღაზიაში - გამყიდველი და მყიდველი, საავადმყოფოში - ექიმი და პაციენტი და ა.შ.!
▪ ბავშვთან და სხვა უფროსებთან საუბრისას მიეცით კარგი მსმენელისა და მოსაუბრის მაგალითი!

შედეგი IIIა: არაქართველი ბავშვი იყენებს ქართულ ენას სხვადასხვა მიზნისათვის

ნდიკატორები

1-2 წელი

2-3 წელი

  • ესმის 2-3 მარტივი სიტყვის მნიშვნელობა.

  • წარმოთქვამს მეტყველებაში ხშირად გამოყენებულ რამდენიმე სიტყვას.

  • ინტერესით ისმენს, როდესაც უკითხავენ ილუსტრირებულ წიგნს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ასწავლეთ ბავშვს ნიადაგსახმარი ქართული (მარტივი) სიტყვები!
▪ წაუკითხეთ ილუსტრირებული წიგნი, მიუთითეთ ნახატებზე და დაასახელეთ მათზე გამოსახული საგნები!
▪ ხშირად ამყოფეთ ბავშვი იმ გარემოში, სადაც ქართულად ლაპარაკობენ!
▪ თამაშის დროს მოასმენინეთ ქართული სიმღერები!

6.4.2 ქვესფერო - წიგნიერება

▲ზევით დაბრუნება


კითხვა

შედეგი I: ბავშვს აქვს უნარი სამეტყველო ნაკადში გამოჰყოს ბგერები და სიტყვები (ფონოლოგია)

ნდიკატორები

1-2 წელი

  • მიმართავს გარკვეულ ხერხს, რათა გაიმარტივოს სიტყვების წარმოთქმა (მაგ: პირველ მარცვალს იმეორებს-„დადე“-ს ნაცვლად ამბობს „დადა“-ს; მარცვალს ცვლის და „ლამაზი“-ს ნაცვლად ამბობს მისთვის უფრო მარტივ ვარიანტს - „ვაზაზი“.

  • შეუძლია ბოლო სიტყვით დაასრულოს მისთვის ნაცნობი ლექსები.

  • შეუძლია უფროსის დახმარებით ტაშით აჰყვეს მარტივ რიტმს.

2-3 წელი

  • უფრო მეტ სიტყვას წარმოთქვამს სწორად.

  • სხვა ბავშვებთან ერთად ან მარტო მონაწილეობს სიმღერების შესრულებაში.

  • შეუძლია ტემპისა და სიჩქარის იმიტაცია. მაგ.: ტაშის დაკვრა ჩქარა, ტაშის დაკვრა ნელა ან პირიქით - ჯერ ჩქარა, შემდეგ ნელა.

  • მღერის სიმღერებს, ამბობს ლექსებს, მონაწილეობს თამაშებში, რომლებიც ენის ბგერების ჟღერადობასა და რიტმიკასთან არის დაკავშირებული (მაგ.: უფროსის დახმარებით სიმღერას ტაშს აყოლებს ან ტაშს უკრავს მაშინ, როდესაც ამას სიმღერის შინაარსი მოითხოვს).

  • იმეორებს ფრაზებს მისთვის ნაცნობი ლექსებიდან, ხოლო მოკლე, ერთსტროფიანი ლექსი შეუძლია დაიზეპიროს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოიყენეთ რიტმული მელოდიები, სიმღერები და მათი სიტყვები შეცვალეთ ბავშვის სახელითა და სხვა მისთვის კარგად ნაცნობი ადამიანების სახელებით!
▪ გაამახვილეთ ბავშვის ყურადღება ბგერებსა და სიტყვებზე, მაგ.: მაღაზიაში შეარჩიეთ ორი სხვადასხვა სახეობის ხილი, რომელთა სახელი ერთი და იმავე ასოთი იწყება: ბალი და ბანანი!
▪ წაუკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებშიც ყურადღება გამახვილებული იქნება ბგერებზე!
▪ წაუკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებშიც ერთი და იგივე სიტყვა ხშირად მეორდება ან რამდენიმე სიტყვა ერთმანეთს ერითმება!

შედეგი II: ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა.

ნდიკატორები

1-2 წელი

  • ბავშვი სიამოვნებით ისმენს, როცა უკითხავენ მოკლე ზღაპრებსა და მოთხრობებს სურათებისა თუ სხვა ილუსტრაციების ჩვენებით, ან სამაგიდო თეატრის პერსონაჟებისა თუ სათამაშოების თანხლებით.

  • ბავშვი ამჟღავნებს ინტერესს წიგნის მიმართ (მაგ.: წიგნს თან დააატარებს, ფურცლავს, გვერდებს ათვალიერებს და ა.შ.).

  • ცდილობს სწორად დაიჭიროს წიგნი.

  • ჰბაძავს უფროსს წიგნის წაკითხვაში.

  • წიგნი წასაკითხად მიაქვს უფროსებთან (ანუ ინიციატივას თვითონ იჩენს).

2-3 წელი

  • როდესაც წიგნს უკითხავენ, სიამოვნებას გამოხატავს და ნაცნობ სიტყვებს ხმამაღლა იმეორებს.

  • შეუძლია გადაფურცლოს თითო-თითო გვერდი.

  • იცის, რომ წიგნი მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება, თითს აყოლებს, როცა ვითომ კითხულობს.

  • აქვს გამორჩეული, საყვარელი წიგნები.

  • სვამს შეკითხვებს პერსონაჟების შესახებ.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ყოველდღიურად დაისვით ბავშვი მუხლებზე და წაუკითხეთ ლექსები, სიმღერები და ისეთი წიგნები, რომლებშიც სიტყვები ხშირად მეორდება!
▪ მიაჩვიეთ ბავშვი წიგნის სწორად დაჭერას და გვერდების გადაფურცვლას!
▪ ითამაშეთ და ავარჯიშეთ ბავშვი სიტყვების წარმოთქმა-დამახსოვრებაში!
▪ შექმენით, გამოიგონეთ რიტმული სიმღერები, რომლებშიც ბავშვისა და სხვა, მისთვის ნაცნობი ადამიანების ან, მაგალითად, ცხოველების სახელები იქნება გამოყენებული!
▪ მიეცით ბავშვს სხვადასხვა მასალის (სქელი მუყაოს, ნაჭრის) წიგნები, რათა უფროსებისგან დამოუკიდებლად გაეცნოს მათ!
▪ ყოველდღიურად, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, უკითხეთ თემატურად მრავალფეროვანი წიგნები!
▪ წიგნის კითხვისას ბავშვს აუცილებლად გაუმახვილეთ ყურადღება გარეკანზე, წაუკითხეთ სათაური და წიგნის ავტორის სახელი და გვარი!
▪ აჩვენეთ სწორად კითხვის მაგალითი; წიგნის კითხვისას ტექსტს თითი გააყოლეთ!
▪ აჩვენეთ წიგნისადმი თქვენი დამოკიდებულება, გამოხატეთ ინტერესი და კითხვით მიღებული სიამოვნება!

შედეგი III: ბავშვს ესმის, რომ ნაბეჭდ მასალას სხვადასხვა დანიშნულება აქვს და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება

ნდიკატორები

1-2 წელი

  • მიუთითებს წიგნში ნაცნობ საგნებსა და პერსონაჟებზე.

2-3 წელი

  • ბავშვი სიამოვნებით ათვალიერებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ წიგნებს (მაგ.: წიგნებს ცხოველებზე, ფრინველებზე, ტრანსპორტზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, პროფესიებზე).

  • ცნობს ისეთ ნიშნებს, სიმბოლოებს, რომლებიც მას გარემოში ხვდება (მაგ.: სიტყვებს - ღიაა, დაკეტილია).

  • განასხვავებს სხვადასხვა ბეჭდვით გამოცემას. (მაგ.: გაზეთს, წიგნს).

  • იხსენებს სხვადასხვა პერსონაჟსა და მოქმედებას ნაცნობი წიგნებიდან.

რჩევები მეურვეთათვის

▪ თვალსაჩინო და ბავშვისათვის ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსეთ სხვადასხვა ბეჭდური გამოცემა, მაგ.: ჟურნალი, გაზეთი, ტელეფონების წიგნი, სამზარეულოს წიგნი და სხვ.!
▪ გაზეთის ან ჟურნალის კითხვისას ბავშვს გაამახვილებინეთ ყურადღება ფოტოებზე, დააკავშირებინეთ ისინი ტექსტთან!
▪ გააცანით ბავშვს სხვადასხვა ბეჭდური გამოცემა (მაგ.: მოსაწვევი, ფულის ერთეული, ბროშურა), ესაუბრეთ მათს დანიშნულებაზე; დაანახვეთ მსგავსება და განსხვავება მათ შორის და ა.შ.!
▪ გარეთ, ქუჩაში სეირნობისას ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ სხვადასხვა ნიშანზე, სიმბოლოზე (მაგ.: შუქნიშანსა და მის დანიშნულებაზე, გადასასვლელზე გავლებული თეთრი ზოლების დანიშნულებაზე, მაღაზიასა და აბრაზე შესაბამისი წარწერით და ა.შ.)!

შედეგი IV: ბავშვი ამჟღავნებს ნაბეჭდი მასალის აღქმის უნარს ინდიკატორები:

1-2 წელი

  • განასხვავებს სურათსა და ნაწერს ერთმანეთისგან.

  • ხვდება, რომ სურათი და სიტყვები ავსებს ერთმანეთს.

2-3 წელი

  • სურათის აღსაწერად იყენებს სიტყვებს.

  • როდესაც მისთვის ნაცნობ წიგნს ვუკითხავთ, შეუძლია წინასწარ თქვას, თუ რა მოხდება შემდეგ.

  • რეაგირებს წიგნში მოცემულ სხვადასხვა ემოციურ გამოსახულებაზე (მაგ: მიუთითებს მხიარულ

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაუკითხეთ ბავშვს ისეთი წიგნები, რომლებშიც მოცემული იქნება მარტივი სიუჟეტი!
▪ კითხვისას მიუთითეთ შესაბამის ილუსტრაციაზე და ბავშვიც წაახალისეთ იგივე გაიმეოროს!
▪ აჩვენეთ, როგორ დაიჭიროს და გადაფურცლოს წიგნი!

ჭერა

შედეგი I: ბავშვი იწყებს წერის უნარის განვითარებას

ნდიკატორები

1-2 წელი

  • თითების საღებავით აკეთებს აღნიშვნებს ქაღალდზე.

  • იჭერს ფანქარს მუშტში და ცდილობს ჯღაბნას.

  • უნებლიე მონახაზებს აკეთებს ფანქრით, ფუნჯით.

  • იღებს საგანს ცერა და საჩვენებლი თითების მარწუხისებურად მოჭერით.

2-3 წელი

  • აკეთებს მარტივ მონახაზებს მიზანმიმართულად, ვითომ წერს.

  • ხატვისას იყენებს მთელ ხელს (მაჯას, მკლავს).

  • ასათაურებს საკუთარ ნამუშევარს ( ყვება, თუ რას ნიშნავს მისი ნამუშევარი).

  • ცდილობს გააფერადოს კონტურებით მოცემული ფიგურა ან ნახატი (გასაფერადებლები).

  • ცდილობს სწორად დაიჭიროს ხელში სქელი ფანქარი საჩვენებელი და ცერა თითით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შესთავაზეთ სახატავი და საწერი მასალის დიდი არჩევანი, მაგ.: ფანქარი, ცარცი, საღებავი, ქაღალდი, თითის საღებავები!
▪ გამოაკარით სურათები და პლაკატები წარწერებით!
▪ დაუწერეთ ბავშვს მისი სახელი და თან დამარცვლეთ!
▪ აჩვენეთ წერის მაგალითი. მაგ.: როცა საყიდლების სიას ადგენთ, ან წერილს წერთ!
▪ სთხოვეთ ბავშვს დაასათაუროს საკუთარი ნამუშევარი ან აგიხსნათ, თუ რისი გადმოცემა სურდა!
▪ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა დახატოს, თან მოუსმინეთ რას ყვება და პარალელურად ჩაიწერეთ!
▪ წააწერეთ ბავშვის კომენტარები მის ნამუშევარს!

შედეგი II: ბავშვი წერით უნარებს სხვადასხვა მიზნებისათვის იყენებს ინდიკატორები

1-2 წელი

  • აკეთებს უნებლიე მონახაზებს, ნიშნულებს და

  • აჩვენებს სხვებს.

  • •თითებით აკეთებს აღნიშვნებს ფურცელზე, სილაში, ცომში.

  • აინტერესებს გამოიყენოს სხვადასხვა საწერი მასალა (მაგ.: ფანქარი, ფლომასტერი, ფუნჯი, საღებავი).

2-3 წელი

  • ავლებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს.

  • ხატავს და აჩვენებს თავის ნამუშევარს სხვებს.

  • თამაშობს პლასტეილინით, ძერწავს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ უჩვენეთ ხატვისა და წერის მაგალითები (წერილის დაწერა, საყიდლების ნუსხა და სხვ.) და ესაუბრეთ იმაზე, რასაც აკეთებთ!
▪ უზრუნველყავით სხვადასხვა მასალით (თითების საღებავებით, ცარცით, ფლომასტერებით, ფანქრებით)!
▪ ეთამაშეთ სილაში, თოვლში! აჩვენეთ, რომ მათზე შეიძლება სხვადასხვა აღნიშვნის გაკეთება!
▪ წაუკითხეთ წიგნები, ქუჩაში აჩვენეთ ნიშნები, აბრები!

6.5 სფერო - სოციალურ-ემოციური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


6.5.1 ქვესფერო - ემოციური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)

შედეგი I: ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს სხვებისგან გამოცალკევებულად

ინდიკატორები

1-2 წელი

  • მიუთითებს საკუთარი სხეულის ნაწილებზე, როდესაც ეკითხებიან (მაგ.: სადა გაქვს ცხვირი? მაჩვენე შენი ყური!).

  • ცნობს და ეძახის საკუთარ თავს სარკეში.

  • ირთობს საკუთარ თავს მცირე ხნით, 10-15 წუთით.

  • გვაგრძნობინებს, რომ იცის - სხვები უყურებენ (იმეორებს ან ჰბაძავს რაღაც მოქმედებებს, როდესაც იცის, რომ სხვები უყურებენ).

  • რეაგირებს, როდესაც მიმართავენ სახელით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს გარკვეული არჩევანის საშუალება (მაგ., სამი შეთავაზებული თამაშიდან აირჩიოს ერთ-ერთი)!
▪ შეუქმენით ბავშვს უსაფრთხო გარემო, რათა თავისუფლად იმოქმედოს და არ დაგჭირდეთ ბევრი შენიშვნის მიცემა, როგორიცაა - არ გაგიტყდეს, არ ახვიდე, გადმოვარდები!
▪ წაახალისეთ ბავშვი, გაართოს საკუთარი თავი თქვენი ჩარევის გარეშე! მაგალითად: ააგოს კუბურებით კოშკი.

შედეგი II: ბავშვი ამჟღავნებს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია)

ინდიკატორები

1-2 წელი

  • შეკითხვებზე მარტივი პასუხის გაცემით გვატყობინებს საკუთარ არჩევანს. გვეუბნება „კის“ ან „არას“ (მაგ., გააკეთებ ამას? შეიძლება ეს ავიღო? გინდა ეს შევინახოთ?).

  • იმეორებს მოქმედებას, რათა მიიღოს პასუხი უფროსისაგან.

2-3 წელი

  • აკეთებს არჩევანს, რა ტანსაცმელი ჩაიცვას, რა ითამაშოს.

  • აქვს გამორჩეულად საყვარელი წიგნი, სათამაშო, მოქმედება და საკვები.

  • ჰყავს გამორჩეული თანატოლები, რომლებთანაც უყვარს თამაში.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს ლიმიტირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა (ორი ან სამი ობიექტიდან ერთ-ერთის არჩევა)!
▪ გამოხატეთ თქვენი დადებითი განწყობა ბავშვის უნარებისა და სურვილების მიმართ (მაგ., შენ მართლა მოგწონს ამ ფანქრებით ხატვა? ეს ნახატი კარგად გამოგივიდა!)!
▪ შექმენით უსაფრთხო გარემო, რათა ბავშვს შეეძლოს მისი დამოუკიდებლად შეცნობა!
▪ გაიზიარეთ, მიიღეთ და დააფასეთ ბავშვის მიღწევები და აღმოჩენები!
▪ ესაუბრეთ ბავშვს მის გამორჩეულ სურვილებზე, ჩვევებსა და უნარებზე!

შედეგი III: ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს, საზოგადოებას)

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ასახელებს ოჯახის წევრებს (პასუხობს კითხვაზე: რა ჰქვია ბებიას?).

  • ცდილობს თავისი სათამაშოები ჩაყაროს ყუთში.

  • იცის ოჯახის წევრების - მინიმუმ ორის - სახელი და შეუძლია მიმართოს.

2-3 წელი

  • ასახელებს საკუთარ გვარს.

  • ცნობს იმ ადგილებს, სადაც ხშირად ხვდება.

  • ცნობს და განსხვავებულად ექცევა ნაცნობ თანატოლებს.

  • ცდილობს „მიეხმაროს“ უფროსს ალაგებაში.

  • სათამაშოებსა და თოჯინებს უახლოესი ადამიანების (ოჯახის წევრების, მეგობრების) სახელებს არქმევს.

  • აკუთვნებს თავის თავს ოჯახს.

  • თავის თავს მიაკუთვნებს გოგონებს ან ბიჭებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გააცანით ბავშვს ის ადგილი (ქალაქი, დაბა, სოფელი), სადაც ცხოვრობს!
▪ მიეცით საშუალება, ითამაშოს სხვა ბავშვებთან!
▪ წაახალისეთ, რომ ჩაერთოს მარტივ საოჯახო საქმიანობაში!
▪ შექმენით იმის პირობები, რომ თავად მოაწესრიგოს საკუთარი სათამაშოები!
▪ გააცანით ბავშვს ის ჯგუფები, რომელთა წევრიც ის არის (ოჯახი, ბაღი, საზოგადოება)!
▪ გაუზიარეთ ბავშვს თქვენი ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (უამბეთ ისტორიული ამბები, გააცანით ფოლკლორი, მუსიკა, წიგნები)!
▪ ესაუბრეთ ბავშვს ოჯახური ტრადიციების შესახებ!
▪ მოიპატიჟეთ სხვა ოჯახები მათი კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად!

შედეგი IV: ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ამაყობს საკუთარი მიღწევებით.

ინდიკატორები

1-2 წელი

  • მოქმედებს ისე, თითქოს შეუძლია გაუმკლავდეს ახალ ამოცანას ან აქტივობას (მაგ.: ცდილობს დაგავოს იატაკი უფროსებისათვის განკუთვნილი ცოცხით).

  • უყურებს უფროსს ახალი აქტივობის განხორციელებისას და იღიმება წარმატების შემთხვევაში.

  • იყენებს სიტყვებს: „მე“, „ჩემი“, „ვიცი“, „მე თვითონ“.

  • იღიმება, როცა ასრულებს იმას, რითიც ამაყობს.

2-3 წელი

  • ცდილობს იზრუნოს საკუთარ თავზე.

  • აღიარებს საკუთარ მიღწევებს. გამოხატავს სიხარულს.

  • აჩვენებს შესრულებულ ნამუშევარს მომვლელს (ნახატს, აშენებულ კოშკს), რომლისგანაც მოელის წარმატების აღიარებას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, ჩაერთოს ახალ საქმიანობაში და აითვისოს ახალი მოქმედება!
▪ მიეცით ბავშვს წარმატების განცდის, სიხარულის გამოხატვის საშუალება და ამასთან, მიეცით უფლება, გაიმეოროს უკვე ათვისებული მოქმედებები!
▪ უზრუნველყავით ბავშვი ახალი მასალებით და დაუსახეთ ახალი მიზანი, რათა სირთულის დაძლევით მიღებული სიამოვნება განიცადოს!
▪ შექმენით უსაფრთხო გარემო, რათა ბავშვმა აითვისოს ახალი ქმედებები!
▪ დატკბით ბავშვთან ერთად მისი მიღწევებით და აღმოჩენებით!

თვითმართვა და თვითგამოხატვა

შედეგი I: ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ემორჩილება უფროსის მარტივ მითითებას (წაიღე, მოიტანე, მომეცი, დადე ...).

  • უმეტეს შემთხვევაში ცვლის ქცევას უფროსის მოთხოვნის მიხედვით.

2-3 წელი

  • შეხსენებისა და დახმარების შემთხვევაში, ითვალისწინებს და ასრულებს მარტივ წესებს და ყოვლედღიურ, ოჯახურ საქმიანობებს (მაგ., იბანს ხელს და ჯდება მაგიდასთან წახემსების დროს, ეხმარება უფროსს სუფრის ალაგებაში ან სხვა საქმიანობებში).

  • ითვალისწინებს და იცავს მარტივ წესებს, შეხსენების შემთხვევაში.

  • ხვდება, თუ რა შედეგი მოჰყვება წესების დარღვევას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ააგეთ, შეადგინეთ ქცევის წესები ბავშვის მოთხოვნილებების გათვალისწინებით!
▪ აღნიშნეთ, დააფასეთ და შეუქეთ მისაღები საქციელი, გასაგებად განუმარტეთ - რის გაკეთებაა აკრძალული და რატომ!
▪ დააბალანსეთ შეზღუდვები, რომ მისცეთ ბავშვს შესაბამისი მრავალგვარი არჩევანის შესაძლებლობა!
▪ აკრძალვებისათვის მოიშველიეთ თვალსაჩინოება წესების ასახსნელად და შესახსენებლად.
▪ არასოდეს დასაჯოთ ფიზიკურად, გულისწყრომა მშვიდად, დამაჯერებელი ტონით, სიტყვიერად გამოხატეთ.

შედეგი II: ბავშვი მართავს თავის გრძნობებსა და იმპულსებს

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ეძებს მზრუნველის მხარდაჭერას და ყურადღებას, როდესაც ძლიერი ემოციები იპყრობს.

2-3 წელი

  • ასახელებს რამდენიმე გრძნობას, როგორიცაა: სიხარული, წყენა, შიში.

  • იწყებს იმპულსების კონტროლს (მაგალითად: ამბობს - „არა“, როდესაც უწვდიან აკრძალულ ნივთებს. ცდილობს თავი შეიკავოს და ფეხი არ დაადგას იატაკზე დაგდებულ წიგნს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ამოიცანით და უწოდეთ შესაბამისი სახელი ბავშვის გრძნობებსა და ქცევებს!
▪ გამოიყენეთ კითხვები და შესაბამისი პასუხები ბავშვის თვითკონტროლის სამართავად!
▪ მიეხმარეთ ბავშვს, რომ აღმოაჩინოს ემოციების მართვის საკუთარი გზა (შესთავაზეთ რამდენიმე გამოსავალი: განრიდება-განმარტოება, ყურადღების გადატანა, სიტუაციაში გარკვევა და ა.შ.)!
▪ ფრთხილად ჩაერიეთ, როდესაც ბავშვს აქვს სირთულეები იმპულსების რეგულირებისას (შეინარჩუნეთ სიმშვიდე, როდესაც ის თავშეუკავებლად იქცევა და ისე იმოქმედეთ)!

შედეგი III: ბავშვი შესაბამისად გამოხატავს ემოციებს (ღიად გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს)

ინდიკატორები

1-2 წელი

  • გამოხატავს ემოციებს, განცდებს ნაცნობი ადამიანების, ცხოველების ან საგნების მიმართ.

  • აღიქვამს სხვის მიერ გამოხატულ სხვადასხვა ემოციას (სიხარულს, შიშს, მოწყენილობას).

  • სიტყვიერად მიმართავს უფროსს ყურადღების მისაპყრობად.

2-3 წელი

  • განასხვავებს თავის განცდებს - სიხარულს, სევდას.

  • სწორად აღიქვამს საკუთარ ემოციებს და იცის, რომ ჩვეულებრივია, ნორმალურია ის, რომ ზოგჯერ მოწყენილობას გრძნობს, ზოგჯერ - სიხარულს და ზოგჯერ ბრაზდება.

  • ამჩნევს და ასახელებს სხვების ემოციებს (სიხარულს, შიშს, მოწყენილობას.).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ყურადღებითა და ინტერესით უსმინეთ და დააკვირდით, რას ამბობს და როგორ იქცევა ბავშვი, რომ გაიგოთ უფრო მეტი მისი მდგომარეობის შესახებ!
▪ მიეცით უფლება ბავშვს, რომ გამოხატოს სხავადასხვა ემოცია!
▪ გამოიყენეთ ემოციების, განცდების აღმნიშვნელი სიტყვები, რათა ასწავლოთ ბავშვს თავისი შეგრძნებების დაკავშირება შესაბამის სახელწოდებებთან!
▪ გაამხნევეთ, მხარში ამოუდექით და დააწყნარეთ ბავშვი, როდესაც მას ეშინია.
▪ გამოხატეთ, არ დამალოთ თქვენი ემოციები!
▪ ესაუბრეთ ბავშვს განცდების შეახებ!
▪ გაგებით მოეკიდეთ იმას, რომ შეიძლება ბავშვს მეტი დახმარება დასჭირდეს გრძნობების გამოხატვისას და განცდებზე საუბრისას!

6.5.2 ქვესფერო - სოციალური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ურთიერთობა უფროსებთან

შედეგი I: ბავშვი ენდობა და ადვილად ამყარებს ურთიერთობას ნაცნობ უფროსებთან

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ბავშვი ამყარებს გამორჩეულ ურთიერთობას ძირითადი მეურვის გარდა კიდევ ერთ უფროსთან, რომელიც რეგულარულად ურთიერთობს მასთან და ეს ურთიერთობა ჰარმონიულია.

  • ავლენს უსაფრთხოების შეგრძნებას ახლობელ უფროსებთან, ეძებს მათ, როდესაც ეშინია ან დაწყნარება სურს.

  • ეხმაურება უფროსის სიტყვიერ მისალმებას, შეგებებას.

  • იმეორებს უფროსის ქცევას - „ატარებს მანქანას“, „აჭმევს თოჯინას“.

2-3 წელი

  • ჰბაძავს უფროსის ქცევას (წიგნს „კითხულობს“ იმ უფროსთან ერთად, რომელიც უკითხავს).

  • უსვამს შეკითხვებს.

  • სათამაშოდ იწვევს უფროსს, არის თამაშის ინიციატორი, წამომწყები.

  • ესაუბრება უფროსს ახლახან დასრულებული საქმიანობის შესახებ.

  • ცდილობს ისე მოიქცეს, რომ უფროსს ასიმაოვნოს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოეხმაურეთ ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ საჭიროებებს თანმიმდევრულად, გარკვეული წესის დაცვით (ლოგიკურად და ერთსა და იმავე სიტუაციაში ერთნაირად)!
▪ უპასუხეთ, როდესაც ბავშვი სიტყვიერად ან უსიტყვოდ მოგმართავთ!
▪ იყავით ბავშვის მიმართ გულისხმიერი, გესმოდეთ მისი და მიიღეთ იგი ისეთი, როგორიც არის!
▪ ყურადღებით და ინტერესით მოისმინეთ, რას გეუბნებათ ბავშვი და განავრცეთ მისი შეტყობინება (ამოიცანით მისი სურვილი, შეასრულეთ, თუ მიზანშეწონილად მიიჩნევთ)!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ გაუმკლავდეს განცდებსა და სტრესს!
▪ მიეცით საშუალება ბავშვს, რომ იმყოფებოდეს უცნობი უფროსების საზოგადოებაში!
▪ დაარწმუნეთ, რომ შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს!

შედეგი II: საჭიროების შემთხვევაში ბავშვი ითხოვს, მიმართავს უფროსის დახმარებას

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ცდილობს მიიღოს უფროსის დახმარება მოთხოვნის საპასუხოდ (მაშინ, როდესაც თავად ითხოვს).

  • პოზიტიურად, კეთილგანწყობით პასუხობს და იღებს უფროსის დახმარებას.

2-3 წელი

  • პერიოდულად ამოწმებს მეურვის მზადყოფნას დახმარებისათვის, როდესაც დამოუკიდებლად ან თანატოლებთან ერთად თამაშობს, რათა თავდაჯერებულად იგრძნოს თავი.

  • იწყებს მოქმედებას მომვლელის რჩევით (მაგ., ემორჩილება უფროსის შეთავაზებას - ჩაალაგოს სათამაშოები ყუთში).

  • ემორჩილება უსაფრთხოების წესებს და უფროსის დახმარებით ასრულებს მათ.

  • იცის, როდის უნდა ითხოვოს უფროსის დახმარება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ პოზიტიურად, დადებითი განწყობით გამოეხმაურეთ ბავშვის შეკითხვასა და თხოვნას, როდესაც იგი ითხოვს დახმარებას!
▪ დააწესეთ შესაბამისი და თანმიმდევრული შეზღუდვები!
▪ წაახალისეთ ბავშვის შესაბამისი ქცევა!
▪ მიჰყევით, დაემორჩილეთ ბავშვის მინიშნებებსა და შესთავაზეთ დახმარება, როცა ეს საჭიროა!

ურთიერთობა თანატოლებთან

შედეგი I: ბავშვი ამჟღავნებს კეთილგანწყობას თანატოლების მიმართ და ურთიერთობს მათთან

ინდიკატორები

1-2 წელი

  • სხვა ბავშვების დანახვისას ამჟღავნებს ინტერესს მათ მიმართ, ცდილობს მიუახლოვდეს და შეეხოს.

  • უხარია, როდესაც იმყოფება სხვა ბავშვების საზოგადოებაში.

  • გარკვეული ხანი თამაშობს სხვა ბავშვების გვერდით.

1-3 წელი

  • ეხალისება სხვა ბავშვის გვერდით თამაში.

  • ზოგჯერ განცალკევდება უფროსისაგან იმისათვის, რომ ითამაშოს მეგობართან ერთად.

  • თამაშის დროს ბუნებრივად და თავისთავად ამჟღავნებს კეთილგანწყობას ნაცნობი ბავშვების მიმართ.

  • ამჟღავნებს ცნობისმოყვარეობას, როდესაც სხვა ბავშვი ნაწყენია ან რამეს არასწორად აკეთებს.

  • თამაშის დროს უფროსის დახმარებით იცავს რიგითობას.

  • თამაშის დროს უფროსის დახმარებით გამოართმევს და თვითონაც აძლევს სათამაშოებს თანატოლებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ბავშვის თამაშსა და ურთიერთობას დაუთმეთ დრო და იყავით კეთილგანწყობილი!
▪ ესაუბრეთ ბავშვს განცდების შესახებ!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება, რომ რეგულარულად ითამაშოს სხვა ბავშვებთან ერთად ისე, რომ გაუჩნდეს ერთი-ორი ნაცნობი თანატოლი!
▪ იქონიეთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც მოითხოვს ორ და მეტ მოთამაშეს!
▪ დაეხმარეთ ბავშვს თამაშის დროს და ისაუბრეთ წარმოსახვით მეგობრებზე!
▪ ითანამშრომლეთ ბავშვთან თამაშის დროს!
▪ ესაუბრეთ ბავშვს ურთიერთობის შესახებ თამაშის დროს!
▪ წაახალისეთ რიგითობის დაცვა, როდესაც თქვენ ეთამაშებით!
▪ წაახალისეთ სათამაშოების თხოვება-გაზიარება, როდესაც თქვენ ეთამაშებით!

შედეგი II: ბავშვი ავლენს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრის უნარს.

ინდიკატორები

1-2 წელი

  • გამოკვეთს, რას ანიჭებს უპირატესობას და რა აქვს განზრახული შეკითხვებზე „კი-არა“ პასუხების მეშვეობით.

2-3 წელი

  • განაცხადებს უფლებას საკუთრებაზე - ამბობს: „ჩემია!“.

  • სათამაშოების გამო წარმოქმნილი დავის დროს, ემორჩილება უფროსების ჩარევას, რაც დავის, უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოგვარებას გულისხმობს.

  • უფროსის დახმარებით ურთიერთობს სხვა ბავშვებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ყურადღებით მოუსმინეთ და პატივისცემით გამოეხმაურეთ ბავშვის მოთხოვნებსა და საჭიროებებს!
▪ იმსჯელეთ ბავშვთან ქცევის შედეგებზე, რათა მან გაიგოს, რატომ არის საჭირო დათმობა და მოლაპარაკება!
▪ ესაუბრეთ ბავშვს წესებზე, აკრძალვებსა და არჩევანის შესაძლებლობაზე!
▪ დაეხმარეთ ბავშვს ქცევის მისაღები ვარიანტის არჩევაში!
▪ გააგებინეთ ბავშვს და მისი თანდასწრებით სხვებსაც თქვენი განცდებისა და განზრახვების შესახებ!
▪ ასწავლეთ ბავშვს, რომ თავი აარიდოს აგრესიულ ქცევებს (ძიძგილაობას, ენამწარეობას, დაცინვას)!
▪ შეაქეთ შეთანხმებულად მოთამაშე ბავშვები, რათა საკუთარი თავის პატივისცემა გაუჩნდეთ.
▪ პატარების კინკლაობაში მხოლოდ მაშინ ჩაერთეთ, თუკი ის ძალიან გამწვავდება, ბავშვები ცოტა ხნით დააცილეთ ერთმანეთს, შემდეგ კი ისევ ერთად დატოვეთ სათამაშოდ.

ადაპტაციურ-სოციალური ქცევა

შედეგი I: ბავშვი ამჟღავნებს ნდობას და ავლენს, რომ თავს გრძნობს დაცულად.

ინდიკატორები

1-2 წელი

  • მშვიდად თამაშობს სათამაშო მოედანზე ნაცნობი უფროსის თანდასწრებითა და დახმარებით უცხო ბავშვების გვერდით.

2-3 წელი

  • უერთდება მოთამაშე ბავშვების ჯგუფს.

  • უფროსის დახმარებით იწყებს რიგითობის დაცვას და განაწილებას.

  • იცავს ჯგუფური მოქმედების მარტივ წესებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოხატეთ პატივისცემა ბავშვის მიმართ!
▪ მიეცით საშუალება ბავშვს, რომ ეთამაშოს თანატოლებს!
▪ ესაუბრეთ ბავშვს წესების დაცვის უპირატესობებზე (აუხსენით, რომ წესების დაცვით მოქმედებისა და თამაშის დროს შედეგი უკეთესი იქნება)!
▪ წაუკითხეთ ისეთი შინაარსის ისტორიები, რომლებშიც ადამიანები ერთმანეთის მიმართ ნდობას ამჟღავნებენ და ამართლებენ კიდეც.
▪ შეეცადეთ აუსრულოთ დანაპირები, არ გაუცრუოთ იმედი.
▪ წაახალისეთ ბავშვი, როდესაც იგი ავლენს თვითდაჯერებულობას ახალ გარემოში.

შედეგი II: გაიაზრებს ქცევას და მის შედეგს

ინდიკატორები

1-2 წელი

  • იცის, რომ შეუძლია ითამაშოს ნებადართული ნივთებით, მაგრამ თუ აკრძალულ ნივთს აიღებს, უფროსი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.

  • იწყებს იმის გააზრებას, რომ ზოგიერთი ნივთი მას ეკუთვნის, ზოგიერთი - სხვას. სათამაშოზე შეუძლია თქვას „ჩემია“, შეუძლია შეასრულოს მითითება: „მოიტანე ბებოს სათვალე!“.

2-3 წელი

  • ითვალისწინებს სპეციფიკური ქცევის შედეგებს, მაგრამ შეიძლება არ ესმის, რატომ იწვევს ეს ქცევა ამ შედეგს.

  • იცის, რომ ცუდ ქცევას მოჰყვება ნეგატიური პასუხი, უარყოფითი რეაქცია უფროსისაგან.

  • სხვის სათამაშოს უბრუნებს პატრონს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ითამაშეთ ბავშვთან ის თამაშები, რომლებშიც გამოიკვეთება ესა თუ ის ქცევა და მისი შედეგები!
▪ წაუკითხეთ ის წიგნები, რომლებშიც ჩანს პერსონაჟების რეაქცია ერთმანეთის საქციელზე (მაგ.: „სამი გოჭი“)!
▪ ესაუბრეთ ბავშვს იმის შესახებ, თუ როგორი გრძნობები ან განცდები შეიძლება დაეუფლოს სხვას მისი ქცევის შედეგად!
▪ შეაქეთ ბავშვის ყველა კარგი საქციელი!

შედეგი III: ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას

ნდიკატორები

1-2 წელი

  • შორდება ძირითად მეურვეს, როდესაც იმყოფება სახლის გარეთ, მაგრამ ნაცნობ გარემოში.

  • თავს თავისუფლად გრძნობს უცხო გარემოში, როდესაც მის გვერდით ნაცნობი უფროსი იმყოფება, ცდილობს მისი თანდასწრებით შეიცნოს ახალი და უცნობი გარემო.

2-3 წელი

  • სვამს კითხვებს გარემოს შესახებ ან იქცევა განსხვავებულად, როცა ახალ გარემოში ხვდება.

  • ამჟღავნებს, რომ მარტივად და მშვიდად იცვლის ადგილს ნაცნობ უფროსთან ერთად (ეს იქნება სახლი, ეკლესია, მანქანა, მაღაზია თუ სათამაშო მოედანი).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ეცადეთ შეუქმნათ ბავშვს სტაბილური, ნაკლებად ცვალებადი გარემო, სადაც არსებობს მოსალოდნელი ქმედებების ერთნაირი თანმიმდევრობა. დაიცავით დღის რეჟიმი!
▪ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი შეიძლება თავს უჩვეულოდ გრძნობდეს, როდესაც მისი ყოველდღიურად მიმდინარე მოვლენების რიგი იცვლება და დაამშვიდეთ იგი!
▪ მოამზადეთ ბავშვი ცვლილებისათვის, იმისათვის, რომ ბავშვს არ გაუჭირდეს ახალ გარემოსთან შეგუება, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ესაუბრეთ!
▪ მოიფიქრეთ ბავშვისთვის განსაკუთრებული „ჯადოსნური“ ობიექტები ან მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ და გაუიოლებენ ბავშვს გარემოებათა ცვლილებასთან შეგუებას (მაგალითად: ვითომ ჯადოსნური ჯოხის დახმარებით მოხდა რაღაცის შეცვლა)!
▪ გააცანით ბავშვს განსხვავებული გარემო, რომელშიც შედის განსხვავებული კულტურა და რელიგია!

შედეგი IV: გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულთა მიმართ.

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ამჟღავნებს თანაგრძნობას და-ძმების მიმართ, ცდილობს მიეფეროს, როდესაც ხედავს, რომ რომელიმე ცუდ ხასიათზეა.

2-3 წელი

  • იმიტაციური თამაშის დროს ამჟღავნებს თანაგრძნობას (მაგ.: აწყნარებს თოჯინას, რომელიც ვითომ ტირის).

  • ასახელებს საკუთარსა და სხვის ემოციებს (სიხარულს, წყენას, შიშს).

  • გამოთქვამს, რას შეიძლება გრძნობდეს სხვა ბავშვი (მაგალითად: ანა ცუდ ხასიათზეა იმიტომ, რომ დედამისი ავადაა.).

  • გამოხატავს ინტერესს და აღფრთოვანებას ცხოველებისა და სხვა ცოცხალი არსებების მიმართ (მაგ.: უყრის საკენკს ჩიტებს, რწყავს ყვავილს და სხვ.).

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოხატეთ სათანადო რეაქცია დანაკარგისას, ტკივილისას და დაშავებისას!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ განივითაროს სხვისი გრძნობების, იდეებისა და მოქმედებების გაგების უნარი!
▪ აუხსენით ბავშვს, რომ ემოციების გამოხატვა ბუნებრივია და ამაში ცუდი არაფერია!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, გაიგოს საკუთარი განცდები, იმსჯელოს სკუთარ გრძნობებზე, გაგიზიაროთ, დაასახელოს ემოციები!
▪ მიეცით საშუალება, რომ ამოიცნოს სხვისი გრძნობები! გამოიყენეთ სურათები, პლაკატები და სარკე!
▪ მიეცით საშუალება, რომ როლურ თამაშში გაითამაშოს მარტივი თემები და სცენები, რომლებიც მთლიანი სპექტაკლის ნაწილი შეიძლება იყოს!
▪ იქონიეთ ბავშვისთვის სხვადასხვა გამომეტყველების მქონე თოჯინები ან ნახატები (მხიარული, მოწყენილი, სასაცილო)!
▪ მიეცით თანაგრძნობისა და ზრუნვის მაგალითი ცხოველებისა და მცენარეების მიმართ!

7 3-დან 5 წლამდე

▲ზევით დაბრუნება


7.1 სფერო - ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


7.1.1 ქვესფერო - მოტორული განვითარება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მსხვილი მოტორიკა

შედეგი I : ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

ინდიკატორები

  • ფეხს ურტყამს ბურთს.

  • ისვრის და იჭერს დიდი ზომის ბურთს.

  • ძვრება საგნების ქვეშ და სათამაშო გვირაბში.

  • ადის კიბეებზე დამოუკიდებლად, ფეხის მონაცვლეობით.

  • ხტუნაობს და დგას ცალ ფეხზე 5 წამს, ახტება პატარა საგანს.

  • ხტუნაობისას ანაცვლებს ფეხს (ხან ერთ ფეხზე ხტება, ხან - მეორეზე).

  • ატარებს 3-თვლიან ველოსიპედს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის საშუალება!
▪ ჩართეთ სწრაფი სიარულისა და სირბილის შეჯიბრებაში!
▪ ითამაშეთ თამაში, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა მოძრაობას, მაგ.: განასახიერებინეთ სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის მოძრაობები!
▪ ეთამაშეთ ბურთით (დაარტყმევინეთ ფეხი და ხელი)!
▪ შეაჯიბრეთ უკუსვლაში!
▪ ჩართეთ ისეთ თამაშში, რომელიც მოითხოვს მონაცვლეობით სხვადასხვა ფეხზე ხტუნვას!

ნატიფი მოტორიკა

შედეგი I: ბავშვს შეუძლია სხეულის წვრილი კუნთების კონტროლი და კოორდინირებული მოქმედება

ნდიკატორები

  • ჭამის დროს თავისუფლად იყენებს კოვზსა და ჩანგალს.

  • აწყობს მარტივ სურათს ან 8-10 ნაწილისაგან შემდგარ ფაზელსა და მოზაიკას.

  • ნიმუშის მიხედვით შეუძლია კუბურებით აშენება.

  • ხატავს ფანქრით, ძერწავს, იხატავს გეომეტრიულ ფიგურებს (3 წლის ასკში - წრეს, 4 წლისა - ოთხკუთხედს).

  • იკრავს დიდ ღილს და ელვას.

  • ასხამს წყალს ჭიქაში დოქიდან ისე, რომ არ დაღვაროს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით კუბებით თამაშის საშულება!
▪ მიეცით ფანქრებითა და ცარცით ხატვის საშუალება!
▪ უზრუნველყავით სხვადასხვა სახის სახატავი და საძერწი საშულებებით და მიეცით სრული თავისუფლება გამოხატოს თავისი ფანტაზია, წარმოსახვა!
▪ მიეცით დამოუკიდებლად ჭამის საშულება!
▪ ხელი შეუწყვეთ ისეთ თამაშებს, რომლებიც ავითარებს ხელის მოძრაობას (მაგ., ათამაშეთ წყლითა და ქვიშით; მიეცით თოჯინა, რომელსაც გახდის და ჩააცმევს ტანსაცმელს და სხვა)!
▪ ააწყობინეთ მარტივი „ფაზელი“!
▪ შესთავაზეთ ბავშვს მარტივი აპლიკაციების შექმნა!

სენსორულ-მოტორული განვითარება

შედეგი I: ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად

ინდიკატორები

  • შესაბამისად რეაგირებს ხმოვან სიგნალებზე (ზარის დარეკვაზე მირბის კარებისკენ).

  • თამაშობს წყლითა და ქვიშით.

  • უსმენს მუსიკას და ცდილობს იმოძრაოს მის რიტმში.

  • შეუძლია ითამაშოს ხელზე ჩამოსაცმელი თოჯინებით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ აცეკვეთ ბავშვი თქვენთან ერთად!
▪ შესთავაზეთ ზეპირსიტყვიერი თამაშები, რომლებიც მოითხოვს სხეულის მოძრაობას (მაგ.: „ერთი, ორი, სამი - მაჩვენე ფიგურა“ და სხვ.)!
▪ შეუქმენით უსაფრთხო გარემო და შესთავაზეთ მოძრავი თმაშები (მიეცით საშულება იტრიალოს, ისრიალოს, ირბინოს და სხვ.)!

7.1.2 ქვესფერო - ფიზიკური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ფიზიკური აქტივობა

შედეგი I: ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს

ინდიკატორები

  • ატარებს ბორბლიან ველოსიპედს, მინიმუმ 3 მეტრის მანძილზე.

  • მოკლე მანძილზე ატარებს მსუბუქ საგნებს.

  • სიხარულით მონაწილეობს სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში (დარბის, დაცოცავს, დახტის).

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოუმუშავეთ ახალი ჩვევები თამაშისა და ფიზიკური აქტივობისათვის!
▪ ჩართეთ ბავშვი ჯგუფურ თამაშებში (ბავშვებთან ან ოჯახთან ერთად გაისეირნოს; ითამაშოს დაჭერობანა, დამალობანა და სხვ.) და აქციეთ ეს თამაშები სახალისოდ!
▪ მსუბუქი საგნები გადაატანინეთ მოკლე მანძილზე!
▪ ათამაშეთ სხვადასხვა გარემოში სხვა ბავშვებთან ერთად!

7.1.3 ქვესფერო - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

▲ზევით დაბრუნება


პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები

შედეგი I: ბავშვი ავლენს პირადი ჰიგიენისა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს

ინდიკატორები

  • იცვამს დამოუკიდებლად მცირედი დახმარებით.

  • იბანს და იმშრალებს ხელს უფროსის უმნიშვნელო დახმარებით.

  • იხოცავს ცხვირს დამოუკიდებლად.

  • სვამს წყალს ჭიქიდან დამოუკიდებლად.

  • ცნობს ჰიგიენის საშულებებს (საპონს, კბილის ჯაგრისს, შამპუნს, პირსახოცს).

  • სარგებლობს ტუალეტით დამოუკიდებლად .

  • იხეხავს კბილებს დამოუკიდებლად.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დღის რეჟიმში შეიტანეთ და წაახალისეთ ჰიგიენური ჩვევები - ხელის დაბანა ჭამამდე და ჭამის შემდეგ, კბილების გახეხვა და სხვ. ავარჯიშეთ ბავშვი ამ ჩვევების დასამკვიდრებლად!
▪ კვების დროს მიეცით დამოუკიდებლად ჭამის საშუალება!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რათა ჩაერთოს თავის მოვლის პროცესში!
▪ ესაუბრეთ თავის მოვლის წესებზე!
▪ ასწავლეთ საკუთარი ნივთების მოვლა (მაგ.: ქურთუკის ჩამოკიდება, ფეხსაცმლის შენახვა და სხვ.)!

შედეგი II: ბავშვი ეჩვევა ჯანსაღ კვებას, ივითარებს სწორად კვების ჩვევას. ინდიკატორები

  • შეუძლია საკვების მიწოდება და თეფშზე თავისთვის საკმარისი ულუფის გადმოღება.

  • გასხვავებს ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს (იცის, რომ არ უნდა ჭამოს ბევრი ტკბილეული ).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ჩართეთ საკვები პროდუქტების ყიდვის პროცესში!
▪ ესაუბრეთ ბავშვს, თუ რომელი საკვებია სასარგებლო, სად იზრდება ხილი და ბოსტნეული და სხვა!
▪ წაახალისეთ და შეაქეთ, როდესაც დამოუკიდებლად ჭამს!
▪ წაახალისეთ ბავშვი თავად გადმოიღოს საკვები თეფშზე!

უსაფრთხოება

შედეგი I: ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისაგან გარიდება, საშიში სიტუაციების თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები

ინდიკატორები

  • იცის თავისი მისამართი და დაკარგვის შემთხვევაში მისი ცოდნის აუცილებლობა.

  • მოთხოვნილებებს თვითონ იკმაყოფილებს ან ატყობინებს უფროსს (როცა სწყურია - ითხოვს წყალს; თუ სცივა - იფარებს გადახდილ საბანს).

  • ატყობინებს ბავშვებს და უფროსებს, როდესაც საფრთხეს გრძნობს (მაგ.: „ნუ ისვრი ქვას!“, „ბაჩა ქვას ისვრის!“...).

  • ქუჩაზე გადასვლისას თვითონაც იყურება ორივე მხარეს.

  • იცავს უსაფრთხოების ძირითად წესებს უფროსის დახმარებით (მაგ., უცნობებთან ურთიერთობისას, ქუჩაზე გადასვლისას და სხვ.).

  • იცის, რომ უფროსის გარეშე არ უნდა აიღოს წამლები.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეუქმენით უსაფრთხო გარემო თამაშისა და კვლევისათვის!
▪ ასწავლეთ უსაფრთხოების წესები თამაშით (მაგ., როგორ გადავიდეს ქუჩაზე; ველოსიპედის ტარებისას რატომ უნდა დაიხუროს ჩაფხუტი)!
▪ უზრუნველყავით უსაფრთხოებისათვის საჭირო აღჭურვილობით (მაგ., ჩაფხუტით)!
▪ აუხსენით ბავშვს უსაფრთხოების წესები, რომლებიც უკავშირდება საყოფაცხოვრებო ტექნიკას (მაგ.: გამათბობელს, გაზქურას, უთოს და სხვ).

7.2 სფერო - შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

▲ზევით დაბრუნება


7.2.1 ქვესფერო - ესთეტიკა და კულტურა

▲ზევით დაბრუნება


შემოქმედების აღქმა და გაგება

შედეგი I: ბავშვს შეუძლია აღიქვას და სიამოვნება მიიღოს ხელოვნების ნაწარმოებისაგან

ინდიკატორები

  • სიამოვნებით უსმენს მუსიკას, ათვალიერებს ნახატებს და სვამს კითხვებს ხელოვნების ქმნილებებზე, ნახატებზე, სიმღერებზე, აინტერესებს შინაარსი.

  • უზიარებს შთაბეჭდილებებს სხვა ადამიანებს ხელოვნების იმ სხვადასხვა ფორმის შესახებ, რომლებსაც თავის გარემოში ხვდება (დედა, ნახე რა ლამაზია! - ამბობს და თან მიუთითებს ნახატზე; რა კარგი მუსიკაა!).

  • აკვირდება ნახატს და შეუძლია მარტივად აღწეროს, რა ხატია ან რა არის

  • გამოსახული (მაგ.: რა არის დახატული სურათზე? - გოგონა, მთები, ყვავილები და ა.შ).

  • ყურადღებით უსმენს და უყურებს საბავშვო წარმოდგენასა თუ თოჯინურ სპექტაკლს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შესთავაზეთ ყოველდღიური მუსიკალური აქტივობები, თამაშები, რომელთა დროსაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტი, სიმღერები! ყურადღება გაამახვილეთ მათს ჟღერადობაზე, ხმოვანებაზე, რიტმზე!
▪ აჩვენეთ ცნობილი ხელოვანის ნამუშევრები! გამოიყენეთ ბეჭდური გამოცემები: პლაკატები, ნახატები და წიგნები! ყურადღება გაამახვილეთ ფერებზე, მასალაზე, ტექნიკაზე! წაიყვანეთ გალერეებში, გამოფენებზე!
▪ მოასმენინეთ მუსიკალური ჩანაწერები, ატარეთ ხალხური ცეკვისა და სიმღერის, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე! ასევე დაასწარით საბავშვო წარმოდგენებს სხვადასხვა თეატრში: თოჯინების, საბავშვო, მარიონეტების, მუსიკისა და დრამის, პანტომიმის, ოპერისა და ბალეტის და სხვ.!
▪ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა ნახოს, თუ როგორ ქმნის ახალ ნაწარმოებს ხელოვანი!

შემოქმედებითი თვითგამოხატვა

შედეგი I: ბავშვი ავლენს შემოქმედებით უნარებს

ინდიკატორები

  • მონაწილეობს ჯგუფურ მუსიკალურ აქტივობაში (როგორიცაა: სიმღერა, სიმღერისათვის სხეულის მოძრაობის აყოლება, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა).

  • თავისუფლად მონაწილეობს თეატრალიზებულ თამაშებში. მაგ.: შეუძლია ნაცნობი საგნების წარმოდგენა მოძრაობით ან პოზით (პანტომიმა), მარტივი სიუჟეტის გათამაშება.

  • იმეორებს ერთი სახის მოქმედებას მრავალჯერ (მაგ.: მთელ ფურცელს ფარავს ერთი ფერით ან ერთნაირი ფორმებით, მაგ., წრეებით).

  • ქმნის სქემატურ ნახატებს და ხშირ შემთხვევაში ეს ნახატი ჰგავს ნაგულისხმევ საგანს, ამასთან, დიდი რაოდენობით იყენებს სხვადასხვა ფერს.

  • იწყებს მარტივი ფორმების გამოძერწვას პლასტილინით ან თიხით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მოიწონეთ და დადებითი აზრი გამოთქვით ბავშვის თითოეულ ნამუშევარზე!
▪ თვალსაჩინო ადგილას გამოფინეთ ბავშვის ნამუშევარი და წააწერეთ მისი სახელი!
▪ დაათვალიერებინეთ ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშების ამსახველი წიგნები და ფოტოები!
▪ ყოველდღიურად შეუქმენით შემოქმედებითი აქტივობის შესაძლებლობა: აუცილებლად იქონიეთ წყლის და სხვა სახის საღებავები, ქაღალდი (სხვადასხვა სახის და ფერის), მაკრატელი, წებო, სხვადასხვა სისქის ფანქრები, თიხა, პლასტილინი და სხვა!
▪ ჩართეთ ბავშვი მრავალგვარ მუსიკალურ აქტივობაში (ესენია: სიმღერა, რიტმიკა, ცეკვა, დრამატული თამაში, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა)!
▪ იქონიეთ სხვასხვა საგანი, რომლებიც გამოგადგებათ დრამატული თამაშის რეკვიზიტად!
▪ მუსიკის ფონზე ახატვინეთ თავისუფალი თემები, ასევე ამუშავეთ თიხაზე!

ოჯახი, საზოგადოება და კულტურა

შედეგი I: გამოხატავს ინტერესს ოჯახური ტრადიციების მიმართ.

ინდიკატორები

  • მონაწილეობს საოჯახო დღესასწაულების დაგეგმვაში.

  • თავისი ინიციატივით ეხმარება უფროსებს.

  • ზრუნავს და ეხმარება თავის უმცროს და-ძმას.

  • იცის საკუთარი ოჯახის ისტორია (ცნობს ოჯახის წევრებს სურათზე, იცის მათი პროფესიები, ხატავს ოჯახურ პორტრეტებს).

  • თეატრალიზებული თამაშის დროს წარმოადგენს სხვადასხვა ოჯახურ ტრადიციას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ესაუბრეთ ბავშვს თავისი, მეგობრის ან მოთხრობის პერსონაჟის ოჯახების შესახებ!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ მონაწილეობა მიიღოს ოჯახურ ზეიმებში!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება, რომ გაითამაშოს ოჯახური სცენა, სხვადასხვა როლი!
▪ ესაუბრეთ ბავშვს თავისი ოჯახის წევრების, ნათესავების, ტრადიციების, რელიგიისა და კულტურის შესახებ!
▪ მიეცით საშუალება მონაწილეობა მიიღოს საოჯახო დღესასწაულების დაგეგმვაში!

შედეგი II: ბავშვი ამჟღავნებს, რომ გათვითცნობიერებულია სამოქალაქო საკითხებში

ინდიკატორები

  • იცის რომ სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა წესი მოქმედებს (თეატრში, საბავშვო ბაღში, ოჯახში და სხვა).

  • ცდილობს იმღეროს სახელმწიფო ჰიმნი.

  • ასახელებს მოქმედი პრეზიდენტის სახელს.

  • წარმოსახვით თამაშებში ასახიერებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანს (მძღოლს, ექიმს, მასწავლებელს, პოლიციელს, გამყიდველს).

  • იცის, რომ უფროსები შესრულებული სამუშაოსათვის იღებენ გასამრჯელოს და ამის საშუალებით ყიდულობენ სხვადასხვა ნივთს ან სარგებლობენ გარკვეული მომსახურებით.

  • შეუძლია ფულის ერთეულის დასახელება (ლარის, თეთრის).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ეთამაშეთ ისეთი როლური თამაში, რომელიც სხვადასხვა პროფესიის განსახიერების საშუალებას მისცემს!
▪ მოამარაგეთ ბავშვები ისეთი სათამაშო საგნებით, რომლებსაც გამოიყენებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა როლური თამაშებისათვის, მაგ., ექიმის, მასწავლებლის, ბანკის თანამშრომლის, მღებავის, მეღვინის და ა.შ. საჭირო ნივთებით და ა. შ.!
▪ ჩაერთეთ ბავშვთან თამაშში, გამოიყენეთ ფული და მისი ერთეულის დასახელება, აუხსენით საგნების დაახლოებითი ღირებულება და გაითამაშეთ სხვადასხვა ვარიანტი (ყიდვა-გაყიდვა, გადაცვლა...)!

შედეგი III: ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას

ნდიკატორები

  • ყვება ეროვნულ ხალხურ ზღაპრებს.

  • ცნობს ეროვნულ მუსიკას, ცეკვას, საკვებს, ტანსაცმელს.

  • მონაწილეობს ეროვნულ-ტრადიციულ დღესასწაულებში (რთველში, ჩურჩხელების ამოვლებაში).

  • სვამს შეკითხვებს სხვა ბავშვების ეთნიკური და კულტურული წარმომავლობის შესახებ.

  • ყურადღებით ისმენს სხვა ერების ლეგენდებს, ზღაპრებს, სიმღერებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მოიფიქრეთ ისეთი თამაშები, რომლებიც ეროვნულ და სხვა ქვეყნების ტრადიციებს ეხება (ახალი წლის შეხვედრა)!
▪ იქონიეთ როგორც ქართული, ასევე სხვა კულტურებისათვის დამახასიათებელი სათამაშოები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ტანსაცმელი!
▪ წაიყვანეთ ექსკურსიაზე, აჩვენეთ სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები!
▪ წაუკითხეთ და უამბეთ როგორც ქართული, ასევე სხვა ქვეყნების ზღაპრები და მითები!

7.2.2 ქვესფერო - ბუნება და ტექნოლოგიები

▲ზევით დაბრუნება


ბუნება

შედეგი I: ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნების შესახებ

ინდიკატორები

  • შეუძლია მარტივად მოყვეს, თუ როგორ იზრდება და იცვლება, მაგ., მცენარე, ცხოველი.

  • შეუძლია განასხვაოს ე.წ. ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, მათ თავისებურებებზე დაყრდნობით (მაგ.: სუნთქავს, მოძრაობს, იზრდება).

  • შეუძლია შინაური და გარეული ცხოველების, ფრინველების დასახელება; ხილის, ბოსტნეულის ჩამოთვლა; მცენარეების ან ცხოველების შედარება თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით (მაგ.: ნაძვის წიწვებისა და ჭადრის ფოთლების შედარება, მათ შორის განსხვავების დანახვა და მითითება).

  • სვამს შეკითხვებს ცხოველების, მცენარეების ზრდისა და ცვლილებების შესახებ (მაგ., რატომ გაყვითლდა ხეზე ფოთოლი?).

  • შესაბამისი სიტყვების გამოყენებით შეუძლია ისაუბროს წელიწადის დროებზე და აღწეროს მათთვის დამახასიათებელი ამინდი (მაგ.: მზიანი, წვიმიანი, თოვლიანი).

  • აინტერესებს ბუნებაში არსებული ისეთი საგნები, როგორიცაა: ქვა, ქვიშა, წყალი და ა.შ. თამაშობს ხშირად, შეისწავლის მათ თავისებურებებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, ისაუბროს თავისი დაკვირვებების შესახებ, მაგ., დედამიწის შესახებ!
▪ ისაუბრეთ, იმსჯელეთ ბავშვთან ერთად ზოგადად გარემოზე!
▪ დაეხმარეთ ბავშვს გააკეთოს ჰერბარიუმი (შეინახოს საგანგებოდ გამხმარი მცენარეები), შეაგროვოს კენჭები, ნიჟარები და სხვ.!
▪ მოაწყვეთ ექსკურსიები და წაიყვანეთ ბავშვი ისეთ მუზეუმებში, სადაც ბუნების სამყაროა მთავარი თემა (მაგ.: პლანეტარიუმში, ზოოპარკში, ბოტანიკურ ბაღში)!
▪ წაახალისეთ ბავშვი გამოიყენოს თავისი ხუთივე შეგრძნება და უფრო მეტი გაიგოს გარე სამყაროზე (მაგ.: დასუნოს ახლად დაკრეფილი ბალახი, დააკვირდეს პატარა მწერებს, ხელით გასინჯოს გირჩის გლუვი ზედაპირი და ა.შ.)!
▪ შეუქმენით ბავშვს იმის პირობები, რომ მონაწილეობა მიიღოს, მაგ., მცენარის მოვლაში!

შედეგი II: ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნებისა და ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

ინდიკატორები

  • ცნობს და ყურადღებას აქცევს იმ საგნებსა და მოვლენებს, რომლებიც გარემოს აბინძურებს ან აზიანებს (მაგ.: კვამლს, ნაგვად დაყრილ მინის ტარას, პლასტიკატს). ემორჩილება უფროსის იმ მითითებებს, რომელიც გარემოს უფრთხილდება.

  • განასხვავებს ადამიანის ქმედებებიდან რომელი არის გარემოსათვის უსაფრთხო და რომელი საფრთხის შემცველი (მაგ., ნაგვის დაყრა აზიანებს მცენარეებს; მოვლა ხელს უწყობს ზრდას).

  • მონაწილეობს რაიმე მოწყობილობის ან მასალის წვიმისაგან ან ბუნების სხვა მოვლენისაგან დაცვაში.

  • ცნობს თავის ჩვეულ გარემოს (მაგ.: საკუთარ სახლსა და სხვა ნაცნობ ადგილებს ცნობს მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით).

  • ამჟღავნებს, რომ იცის, რა კავშირია სხვადასხვა საგნებს შორის (მაგ.: ძროხა გვაძლევს რძეს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაავალეთ ბავშვს, რომ საკუთარი ოთახი ან კუთხე ჰქონდეს სუფთად და მოწესრიგებულად!
▪ იმსჯელეთ ბავშვთან ერთად ნაგვის, მისი დახარისხების მნიშვნელობაზე და მის შესაძლო მეორად გამოყენებაზე (მაგ.: შესაძლებელია ლამაზი ფორმის ბოთლის სურვილისამებრ გაფერადება და ოჯახში დეკორაციად გამოყენება)!
▪ იმსჯელეთ ბავშვთან ერთად, რა მოხდებოდა სპეციალური ნაგავსაყრელები რომ არ არსებობდეს და ყველა ქუჩაში ყრიდეს ნაგავს. მოიყვანეთ სხვა მსგავსი მაგალითები, რომლებიც ეკოლოგიასთან იქნება დაკავშირებული!
▪ ეთამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც საშუალებას მისცემს ბავშვს განასხვაოს ბუნების მიმართ ადამიანის პოზიტიური და ნეგატიური ქმედებები.

ტექნოლოგია (ტექნიკის გამოყენება)

შედეგი I: ბავშვი იყენებს ტექნიკას შესაბამისი დანიშნულებით

ინდიკატორები

  • საუბრობს ტელეფონზე ახლობელ ადამიანებთან.

  • იყენებს ტელევიზორს, მუსიკალურ ცენტრს ელემენტარულ დონეზე (ჩართვა-გამორთვა, ხმის აწევ-დაწევა).

  • აქრობს შუქს, თუ ოთახში არავინ არის.

რჩევები მეურვეთათვის

▪ აჩვენეთ, აუხსენით ბავშვს, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის ელექტრონული მოწყობილობა, მაგრამ აუცილებლად განუმარტეთ, რომ მათი გამოყენება მხოლოდ უფროსებთან ერთად შეიძლება!
▪ დააწესეთ მეთვალყურეობა და შეზღუდვა ბავშვის მიერ ტელევიზორის ყურებასთან დაკავშირებით!
▪ მიეცით ტექნიკის უსაფრთხო გამოყენების მაგალითი!
▪ მიეცით მაგალითი - დაზოგვით გამოიყენეთ ენერგომატარებლები!

7.2.3 ქვესფერო - რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

▲ზევით დაბრუნება


რიცხვები და ანგარიში

შედეგი I: ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნას და შეუძლია დათვლა

ინდიკატორები

  • ასახელებს ციფრებს 10-მდე. იყენებს რიცხვებს და თვლას ყოველდღიურ ცხოვრებაში (მასწავლებელთან ერთად ითვლის ბავშვებს, რომელთაც ასწიეს ხელი).

  • შეუძლია სხვადასხვა საგნის შედარება (მაგ.: ესმის, რას ნიშნავს ყველა, არც ერთი, ბევრი, ცოტა, ტოლი).

  • იყენებს რიცხვებს და თვლას ყოველღიურ ცხოვრებაში, ითვლის ბურთების რაოდენობას ყუთში.

  • იცის, რომ რიცხვი აღნიშნავს რაოდენობას (მაგ.: იღებს სამ ვაშლს ყუთიდან).

  • განასხვავებს ასოებს ციფრებისაგან.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დალაგების დროს დაახარისხებინეთ სათამაშოები, მაგ., ყველა თოჯინა დავაწყოთ თაროზე, ყველა მანქანა მოვათავსოთ ყუთში!
▪ გამოიყენეთ რაოდენობრივი ცნებები ყოველდღიურობაში (მაგ.: ჰკითხეთ ბავშვს, უნდა თუ არა ნამცხვრის კიდევ ერთი ნაჭერი)!
▪ დააწყვილეთ საგნები ყოველდღიური აქტივობისას (მაგ.: „ერთი ბავშვი მიიღებს ერთ კანფეტს”)!
▪ უზრუნველყავით ბავშვი ისეთი სათამაშოებით, საგნებით, მასალებით, რომლებიც მათემატიკური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება!
▪ ხმამაღლა იანგარიშეთ (მაგ.: კანფეტის რაოდენობა, ფანქრების რაოდენობა კოლოფში)!
▪ ათამაშეთ ბარათებით და ისეთი სამაგიდო თამაშებით, რომელთა დროსაც თვლაა საჭირო!
▪ მიეცით დავალებები, რომლებიც თვლასთან ერთად მოითხოვს სხვადასხვა შეგრძნებების გააქტიურებას, ისეთებისას, როგორებიცაა შეხება, სმენა, სხვადასხვა მოძრაობები (ამოიღე სამი კენჭი ტოპრაკიდან; დათვალე ტაშს რამდენჯერ შემოვკრავ; რამდენჯერაც დავუსტვენ, იმდენჯერ ჩაიბუქნე)!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ დაითვალოს საგნები ყოველდღიური აქტივობისას!

გაზომვა

შედეგი I: ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს მოსაზრებას საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე

ინდიკატორები

  • შესაბამისად იყენებს ზომის აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ.: დიდი კენჭი, პატარა კენჭი).

  • ადარებს სხვადასხვა საგნის ზომებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება (მაგ. აწყობს სხვადასხვა ადამიანის ფეხსაცმელს გვერდიგვერდ იმის სანახავად, თუ რომელია გრძელი).

  • საგანთა მიწოდებული წყვილიდან ახდენს დიდი ან პატარა, მძიმე ან მსუბუქი, გრძელი ან მოკლე საგნების დასახელებას და აფასებს ზომას (მაგ.: „მე უკვე ვწვდები ყვითელ თაროს“).

  • შეუძლია მიუსადაგოს საგნები ერთმანეთს (მაგ.: მისალოცი ბარათი და კონვერტი).

რჩევები მეურვეთათვის

▪ უზრუნველყავით ქვიშისა და წყლის თამაშებით ისე, რომ ბავშვს ჰქონდეს ჩასხმის, გადმოსხმის, ავსების, აწონის და დაცლის შესაძლებლობა!
▪ მიეცით ბავშვს გაზომვის შესაძლებლობა (მაგ.: მზარეულობის დროს, მაღაზიაში)!
▪ თვალი ადევნეთ და აღნიშნეთ ბავშვის წონაში და სიმაღლეში ზრდა და ცვლილებები განიხილეთ მასთან ერთად!
▪ წაახალისეთ ბავშვი გაზომოს პირობითი საზომების გამოყენებით (მაგ.: ნაბიჯებით, თითებით)!
▪ მიეცით საშუალება ითამაშოს ქვიშით, წყლით!

კანონზომიერების დადგენა

შედეგი I: ბავშვი აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმის ფერისა და დანიშნულების მიხედვით

ინდიკატორები

  • შეუძლია ობიექტი მიაკუთვნოს რომელიმე კატეგორიას (მაგ.: ძაღლები, კატები, და ძროხები ცხოველებია).

  • შეუძლია პირამიდის აწყობა (საუბარია სხვადასხვა ზომის ერთნაირ ფიგურებზე, რომელთა თანმიმდევრული დაწყობით იგება პირამიდა).

  • შეუძლია ნიმუშით სარგებლობა - ხატვის ან ძერწვის დროს (მაგ., წრის ან ოთხკუთხედის გადახატვა; ბურთის ან ჩურჩხელის გამოძერწვა).

  • ასახელებს და ცნობს წრეს, ოთხკუთხედს, სამკუთხედს.

  • აკვირდება კუბურას, ბურთს და ხვდება, რომ ერთი უფრო ადვილად გორავს, ვიდრე მეორე.

  • გამოარჩევს არაგეომეტრიულ ფორმებს ბუნებაში (მაგ. ღრუბელი არ ჰგავს არც სამკუთხედს, არც კვადრატს და ა.შ.)

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი შეამჩნიოს ბუნებაში კანონზომიერება (მაგ.: ფოთლის ფორმები და სახეები)!
▪ დააწყვილებინეთ და დააჯგუფებინეთ საგნები რომელიმე ერთი მახასიათებლის - დანიშნულების, ფერის, ფორმის, ზომისა და სხვ. მიხედვით (მაგ.: დანიშნულების მიხედვით - სამზარეულოს ნაკრები: ქვაბი, თეფში, ტაფა და სხვ.)!
▪ დაასახელებინეთ საგანთა ფერი და ფორმა, ასევე ჩამოათვლევინეთ ერთი ფერის ან მსგავსი ფორმის საგნები!
▪ ესაუბრეთ ფორმის მახასიათებლებზე, როდესაც ბავშვი თამაშობს ამა თუ იმ ფორმის საგნით (მაგ.: წრის შემთხვევაში - ის მრგვალია, არა აქვს კუთხეები)!
▪ წაახალისეთ ბავშვი მოძებნოს ფორმები გარემოში (მაგ.: შუქნიშანი, ფანჯარა)!
▪ გამოიყენეთ ზუსტი და შესაბამისი სიტყვები და ცნებები იმისათვის, რომ ბავშვს ფორმის გაგების უნარი განუვითარდეს!
▪ შესთავაზეთ ნიმუშის მიხედვით მარტივი ფორმის შექმნა!

7.2.4 ქვესფერო - მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

▲ზევით დაბრუნება


რო

შედეგი I: ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობის დროს წარსულს, აწმყოსა და მომავალს

ინდიკატორები

  • შეუძლია თანამიმდევრულად მოყვეს, თუ როგორ მიმდინარეობდა რაიმე მარტივი ამბავი ან მოვლენა.

  • მეტყველებაში იყენებს დროსთან დაკავშირებულ სიტყვებს (მაგ.: დღე და ღამე, დილა, საღამო).

  • ბავშვი იყენებს ისეთ ფრაზებს, რომლებიც მიუთითებს წარსულის შესახებ მის ცოდნაზე (მაგ.: „მე რომ პატარა ბაია (ანუ ჩვილი) ვიყავი...“).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ესაუბრეთ ბავშვს იმის შესახებ, თუ რა მოხდება მომავალში, ანდა, რა მოხდა წარსულში (მაგ.: „ამ დილით საუზმეზე რა ჭამე?“ ან „ხვალ სადილისთვის რა მოგიმზადო?“)!
▪ სასურველია, ოჯახის წევრებმა ბავშვის თანდასწრებით ისაუბრონ ოჯახის ისტორიაზე, მის წარსულსა და აწმყოზე!
▪ დაითვალეთ დღეები რაიმე მოვლენასთან დაკავშირებით და ორიენტირად გამოიყენეთ კონკრეტული მოვლენა (მაგ.: აიღეთ ბავშვის დაბადების დღე საბოლოო წერტილად და ყოველდღე ითვალეთ რამდენი დარჩა; გამოიყენეთ კედლის კალენდარი)!
▪ აღწერეთ მოქმედებები (მაგ. გუშინ საუზმეზე იყო ბრინჯის ფაფა, დღეს გვაქვს წიწიბურა. გუშინ ღრუბლიანი ამინდი იყო, დღეს მზე ანათებს)!

ივრცე

შედეგი I: ბავშვს შეუძლია საკუთარი თავის თუ გარემოს ობიექტების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა

ინდიკატორები

  • თამაშის დროს ცდილობს გაიმეოროს არსებული რეალობა. (მაგ.: ქვიშისაგან აკეთებს მთას და მასზე გზა გაჰყავს).

  • იცის, თუ რომელი საგანი რომელ ადგილას უნდა განთავსდეს დანიშნულების მიხედვით (მაგ.: გაზქურა - სამზარეულოში, საწოლი - საძინებელში, ხე - პარკში).

  • საუბარში იყენებს ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: „ახლოს“; „შორს“; „ზემოთ“; „ქვემოთ“; „გვერდით“.

  • იცის იმ ქალაქისა თუ სოფლის სახელი, სადაც ცხოვრობს.

  • იცის, რომ გზებს თავიანთი საგზაო ნიშნები და სახელები აქვთ და სახლებს კი - ნომრები.

  • შეუძლია ფურცელზე ორიენტირება (ასრულებს ინსტრუქციას: დახატე ზემოთ მზე, გვერდით - ღრუბელი და ქვემოთ - ბალახი).

რჩევები მეურვეთათვის

▪ როდესაც მანქანით, ავტობუსით გადაადგილდებით, გამოიყენეთ შესაბამისი მიმართულების აღმნიშვნელი სიტყვები (მაგ.: „შემდეგი ქუჩის გადაკვეთისას მარჯვნივ გავუხვევთ“)!
▪ ესაუბრეთ ბავშვს იმაზე, თუ სად იყო, სად იმოგზაურა (მაგ.: ექსკურსის, საზაფხულო არდადეგების, შაბათ-კვირის შესახებ)!
▪ გამოიყენეთ გლობუსი, რუკა ბავშვთან ერთად! აჩვენეთ ოკეანეები და კონტინენტები (ხმელეთი და წყალი)!
▪ გაასეირნეთ ბავშვი (ბავშვები) მეზობელ ქუჩებზე, ერთად ჩაინიშნეთ საგზაო ნიშნები, გეოგრაფიული თავისებურებები (მაგ.: გზის მიმართულების ნიშანი, ქუჩის სახელი, აღმართი ან დაღმართი გზაზე)!
▪ ათამაშეთ ისეთი თამაშები, რომელთა დროსაც გამოყენებული იქნება სიტყვები: მარჯვნივ, მარცხნივ, პირველი, ბოლო, დიდი, პატარა, ზევით, ქვევით!
▪ გაუმყარეთ მიმართულება ორიენტირით (მაგ., მოუხვიე მარჯვნივ, ფანჯრისკენ; იმოძრავე წინ, გიორგისკენ)!
▪ ხატვის დროს მიეცით დავალება დახატოს ფურცლის ზედა ან ქვედა ნაწილში, მარჯვნივ ან მარცხნივ!

მიზეზშედეგობრიობა

შედეგი I: ბავშვს ესმის, სწვდება მიზეზშედეგობრივ კავშირებს

ინდიკატორები

  • შეუძლია იმ საგნების ამოცნობა და განსაზღვრა, რომელთა ზეგავლენა სხვა საგნებზე თვალსაჩინოა (მაგ.: „ლურჯი საღებავის წყალში შერევით წყალმა ლურჯი ფერი მიიღო“).

  • შეუძლია ივარაუდოს რაიმე ქცევასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგი (მაგ.: ღამე, როდესაც შუქს ჩავაქრობ, დაბნელდება).

  • სვამს შეკითხვას „რატომ?“, რითიც ცდილობს გაარკვიოს, გაიგოს, თუ რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა, ან რა აკავშირებს მას ამა თუ იმ მოვლენასთან (მაგ.: „ამას როცა ვაკეთებ, ეს რატომ ხდება?“).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ბავშვთან ერთად ითამაშეთ და გამოიყენეთ ისეთი განსხვავებული მასალა, რომლის დახმარებითაც თვალსაჩინო იქნება ცვლილება (მაგ.: ფქვილის და წყლის შერევით ცომს მივიღებთ)!
▪ წაახალისეთ ბავშვი, ჩაატაროს ექსპერიმენტები ისეთი მასალით, რომლის გამოყენებით თავისი ცდის შედეგს დაინახავს (მაგ.: კვერცხის ათქვეფით დაინახავს, თუ როგორ ერევა ერთმანეთს კვერცხის გული და ცილა)!
▪ აუხსენით, აღუწერეთ ბავშვს მთელი პროცესი, თუ როგორ იცვლებიან საგნები, ობიექტები, როგორ გადადიან ერთი მდგომარეობიდან მეორეში (მაგ.: რძე როგორ იქცევა კარაქად, ხოლო რამდენიმე პროდუქტის შერევით როგორ ცხვება ტორტი, ან წყალი როგორ გადაიქცევა ყინულად). სასურველია, ეს თვალსაჩინოდ, პრაქტიკული განხორციელების გზით ხდებოდეს!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს დამოუკიდებლად და თავისით აღმოაჩინოს დამოკიდებულება საგნებს შორის!

7.3 სფერო - სწავლისადმი მიდგომა

▲ზევით დაბრუნება


7.3.1 ქვესფერო - მოტივაცია

▲ზევით დაბრუნება


ცნობისმოყვარეობა და ინტერესი

შედეგი I: ბავშვი გამოხატავს ინტერესს და ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ

ინდიკატორები

  • სვამს შეკითხვებს, რათა მიიღოს ინფორმაცია მოვლენების შესახებ და გაიგოს, როგორაა მოწყობილი სამყარო, ანუ ითხოვს ამა თუ იმ მოვლენის გასაგებად ახსნას (მაგ: რატომ ანათებს მზე?).

  • ინტერესდება, ატარებს „ექსპერიმენტებს“, რათა თვითონ გაერკვეს ზოგიერთი მოვლენისა და საგნის არსში, ცდილობს მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას და ამისათვის სხვადასხვა ხერხს იყენებს.

  • გამოკვეთს იმ სფეროს, რომელიც განსაკუთრებით აინტერესებს (მაგ.: დინოზავრებს, სატვირთო მანქანებს, შინაურ ცხოველებს და ა.შ.).

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს დრო და საშუალება, რომ აითვისოს მოქმედებებისა და მასალების განსხვავებული ტიპები, მიეცით სხვადასხვა მასალის სათმაშოები და ეთამაშეთ განსხვავებული თამაშები!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ იპოვოს პასუხი თავის შეკითხვებზე, შეეცადეთ ერთად „აღმოაჩინოთ ახალი“ (მაინტერესებს, როგორ შეიძლება ეს გამოვიდეს? რას ფიქრობ ამაზე?)!
▪ დასაინტერესებლად თავად დაუსვით ბავშვს შეკითხვები!
▪ დააკვირდით, გამოარკვიეთ და ხელი შეუწყვეთ ბავშვის ინტერესების განვითარებას!

ინიციატივა და დამოუკიდებლობა

შედეგი I: ბავშვი ავლენს ინიციატივასა და დამოუკიდებლობას

ინდიკატორები

  • უერთდება უკვე დაწყებულ თამაშს და ეძებს საკუთარ როლს (ადგილს).

  • თამაშის დროს შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს როლი.

  • შეხსენების ან თხოვნის გარეშე, თვითონ სთავაზობს უფროსს დახმარებას ყოველდღიურ საქმიანობაში (მაგიდის ალაგებასა თუ ოთახის დალაგებაში).

  • მოიპოვებს მასალას თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად (მაგ.: აპლიკაციის გასაკეთებლად ეძებს ფერად ფურცლებს).

  • შემოთავაზებული მასალიდან დამოუკიდებლად ირჩევს, რომელი გამოიყენოს (მაგ., პასტელებით ხატოს, თუ ფანქრებით).

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს უფლება, რომ დამოუკიდებლად მოუაროს საკუთარ თავს, ან დაასრულოს მოქმედება (მაგ.: დილით ჩაიცვას მაისური, ჩაიცვას ფეხზე წინდა)!
▪ მიეცით უფლება და წაახალისეთ, რომ დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი!
▪ მიეცით ბავშვს უფლება, რომ ჩაერთოს ყოველდღიურ ოჯახურ საქმიანობაში (მაგ.: საუზმის დროს კარადიდან თვითონ აიღოს კოვზი)!
▪ დაეხმარეთ ბავშვს გააცნობიეროს, რომ გონივრული რისკის გაწევა კარგია (მაგ.: ხეზე აძრომა შეიძლება, თუ დარწმუნდება, რომ ტოტი, რომელსაც ფეხს ადგამს ან ხელს ჰკიდებს, გაუძლებს მის სიმძიმეს)!
▪ ხელი შეუწყვეთ ჯგუფურ თამაშებს, რომელთა დროსაც ბავშვი ამჟღავნებს ინიციატივას და დამოუკიდებელობას.

7.3.2 ქვესფერო - სასწავლო უნარები

▲ზევით დაბრუნება


ყურადღების კონცენტრაცია

შედეგი I: ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას.

ინდიკატორები

  • აგრძელებს საქმიანობას 5-15 წუთის განმავლობაში; უბრუნდება დაწყებულ საქმიანობას, რომელიც შეაწყვეტინეს (მაგ. კუბებით შენებას ან ხატვას).

  • აგრძელებს მცდელობას, რათა შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება და გადაჭრას ამოცანა წარუმატებლობის შემთხვევაშიც.

  • ჭამის დროს მეტწილად ზის მშვიდად, არ ცელქობს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეეცადეთ დაამშვიდოთ ბავშვი, როდესაც ჩნდება პრობლემები, ესაუბრეთ მას იმის შესახებ, როგორ შეიძლება გადალახოს წინააღმდეგობა!
▪ იყავით ახლომახლო და კრიტიკის გარეშე უპასუხეთ ბავშვს, როდესაც ის მოგმართავთ წარმოქმნილი პრობლემის გამო!
▪ დადებითად შეაფასეთ ბავშვის სიბეჯითე!
▪ ეთამაშეთ ყურადღების განმავითარებელი თამაშები, მაგ., „აფრინდა, აფრინდა“!

შემოქმედებითობა და გამომგონებლობა

შედეგი I: ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას უდგება შემოქმედებითად და გამომგონებლურად

ინდიკატორები

  • იყენებს ფანტაზიას, იგონებს ახალ თამაშებს, თამაშის დროს იყენებს ახალ შინაარსებს.

  • თხზავს სიმღერას, ამბავს, სიტყვებს.

  • თამაშობს წარმოსახვით თამაშებს - სახლობანას, მაღაზიობანას და ა.შ.

  • სხვადასხვა საგნების კომბინაციით ქმნის რაღაც ახალს (მაგ., აწყობს კარავს მაგიდის ქვეშ ზეწრისა და გადასაფარებლის გამოყენებით).

რჩევები მეურვეთათვის

▪ შექმენით ისეთი უსაფრთხო გარემო, რომ ბავშვმა გამოიყენოს თავისი ფანტაზია და ჩაატაროს ექსპერიმენტები!
▪ დაუსვით ბავშვს ისეთი ღია შეკითხვები, რომლებიც შემოქმედებით აზროვნებას უწყობს ხელს (მაგ.: რას გეუბნება ფანჯრის რაფაზე დასკუპებული ჩიტუნა? რატომ აცვია შენს თოჯინას ასე თბილად? სად მიდიხარ ამ სათამაშო მანქანით?)!
▪ შესთავაზეთ ისეთი ამოცანა, რომლის გადასაჭრელად სხვადასხვა გზა არსებობს და არა - ერთადერთი (მაგ., ააშენოს კოშკი მის მიერვე მოფიქრებული სტრუქტურით)!
▪ სთხოვეთ, მოიგონოს განსხვავებული დასასრული ზღაპრისათვის!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ მოიფიქროს რაიმეს გაკეთება და სთხოვეთ სხვადასხვანაირად განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი!
▪ ხელი შეუწყვეთ, რომ გეგმებისა და ყოველდღიურობის ცვლილებას შეხვდეს თავისუფლად, წინასწარ ესაუბრეთ მომავალ გეგმებსა და შესაძლო ცვლილებებზე!

პრობლემის გადაჭრა

შედეგი I: ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს

ინდიკატორები

  • პრობლემის გადასაჭრელად თანატოლების ან უფროსებისგან ითხოვს დახმარებას.

  • პრობლემის გადასაჭრელად ეძებს სხვადასხვა გზას და საბოლოოდ ირჩევს ერთს.

  • შეუძლია ქცევის შეცვლა ახალი ინფორმაციის და გამოცდილების შესაბამისად (მაგ., ბლოკებით კოშკის აგებისას ცვლის სტრუქტურას, როდესაც ხედავს, რომ ენგრევა).

  • წყვეტს ამოცანას, აწყობს 10-12-ნაწილიან კონსტრუქტორს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს ისეთი დავალებები, შეკითხვები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს იფიქროს და გადაჭრას პრობლემა!
▪ რაიმე საკითხის განხილვისას, აჩვენეთ ბავშვს, რომ არსებობს ამ საკითხის მოგვარების რამდენიმე გზა!
▪ როდესაც ბავშვი რაიმე პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს, დაეხმარეთ მას, მასთან ერთად გაიარეთ მთელი პროცესი!

აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი

შედეგი I: ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით

ინდიკატორები

  • შეუძლია იმ საგნის ან პიროვნების დაწვრილებით აღწერა, რომელსაც იმ მომენტში ვერ ხედავს (მაგ., ბავშვი აღწერს, რომ ძაღლი, რომელსაც ჰქვია ჯერი, არის შავი და ყეფს. აქვე იგი ხელებით აჩვენებს, თუ რა ზომისაა ჯერი).

  • როლურ თამაშებში სათამაშოს იყენებს როგორც ნამდვილ, რეალურ საგანს (მაგ.: საუბრობს სათამაშო ტელეფონით, როგორც ნამდვილით).

  • შეუძლია წარმოადგინოს საგნები, ობიექტები, ნახატების, სამგანზომილებიანი კონსტრუქციების საშუალებით.

  • შეუძლია ახსნას თავისი ნახატის შინაარსი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს მრავალფეროვანი მასალა, რომელიც ხელს შეუწყობს როლურ თამაშებში მის ჩართვას და აზროვნებას განუვითარებს!
▪ მიეცით ბავშვს ისეთი დავალებები, როგორიცაა ადამიანის, ცხოველის, სხვადასხვა საგნების დახატვა!
▪ მოუყევით ბავშვს ამბები, ზღაპრები და სთხოვეთ, რომ მოსმენილი წარმოიდგინოს, მოგითხროთ ან დახატოს!

შედეგი II: ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან

ინდიკატორები

  • შეუძლია ჩაერთოს უფრო კომპლექსურ წარმოსახვით თამაშებში (მაგ., რაღაც კონკრეტულ თემაზე აგებულ თამაშში, რომელშიც მრავალი მონაწილეა და განსხვავებული სიტუაციები თამაშდება).

  • აინტერესებს ზღაპრისა და ფილმის გმირები რეალურები (ნამდვილნი) არიან თუ არა.

  • შეუძლია დააკავშიროს ზღაპრის ან ფილმის გმირები რეალურ ადამიანებთან.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაუჯექით ბავშვს და ესაუბრეთ მის სიზმრებზე, ფანტაზიებზე!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, განასხვაოს რეალური, ნამდვილი ადამიანები მულტფილმის, ზღაპრის პერსონაჟებისაგან!
▪ წაახალისეთ და დაეხმარეთ ბავშვს, განივითაროს წარმოსახვა სხვადასხვა თამაშებით.

გააზრება და ინტერპრეტაცია

შედეგი I: ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით

ინდიკატორები

  • საუბრის დროს იხსენებს იმ რეალურ მოვლენებს, რომლებიც წარსულში მოხდა, მაგ., ბავშვი იხსენებს ნივთის მფლობელს, როცა ხედავს ამ ნივთს.

  • ფიქრობს ხმამაღლა და მსჯელობს მიმდინარე სიტუაციის, მოვლენის შესახებ.

  • ცდილობს პრობლემის გადამუშავებას წარმოსახვაში.

  • სანამ დაიწყებს პრობლემის მოგვარებას, ცდისა და შეცდომის მეთოდით ცდილობს წინასწარ გაიაზროს მოქმედება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ესაუბრეთ ბავშვს იმის შესახებ, თუ რა ნახა, გააკეთა ან მოისმინა!
▪ მიეცით ბავშვს დრო, რომ გადაამუშაოს გამოცდილება!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ გაიხსენოს წარსულის მოვლენები ფოტოების ან იმ ნივთის მეშვეობით, რომლებიც ამ მოვლენას უკავშირდება!
▪ დაუსვით ისეთი ღია შეკითხვები, რომელთა პასუხები ამა თუ იმ ქმედების მოსალოდნელი შედეგის გააზრებას მოითხოვს (მაგ.: რა მოხდება, თუ...? როგორ აპირებ ამის გაკეთებას?)!

კრიტიკული აზროვნება და კვლევა

შედეგი I: ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებასა და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს

ინდიკატორები

  • აკვირდება ბუნების მოვლენებს (მაგ., სვამს კითხვას: რატომ წვიმს?).

  • სწორად აღიქვამს და განასხვავებს ხუთივე შეგრძნებას: გემოს, შეხებას, ყნოსვას, სმენას, მხედველობას (მაგ.: ხედავს, რომ შაქარი არის თეთრი, შეიგრძნობს, რომ მას ტკბილი გემო აქვს და სხვ.).

  • იყენებს სტანდარტულ იარაღს გარემოს გამოსაკვლევად (მაგ.: გამადიდებელ შუშას (ლუპას), მაგნიტს და სხვ.).

  • აკვირდება უფროსების ცდებს და აღწერს თავის დაკვირვებას (მაგ., მასწავლებელმა შეურია ორი ფერის საღებავი, ბავშვი ამბობს: „ყვითლისა და ლურჯის შერევით მივიღებთ მწვანეს“).

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეუქმენით ბავშვს იმის პირობები, რომ საკუთარი შეგრძნებების გამოყენებით გაიგოს, შეიმეცნოს მეტი!
▪ წაახალისეთ ბავშვი, თავისი დაკვირვებების შემდეგ სიტყვიერად გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები!
▪ წაახალისეთ ბავშვი, ჩანახატებში ასახოს საკუთარი დაკვირვების შემდეგები!
▪ წაახალისეთ ბავშვი, ყოველდღიურად მიმართოს ექსპერიმენტებს, ითამაშოს საყოფაცხოვრებო ნივთებით (მაგ.: აურიოს ერთმანეთში წყალი და ფქვილი)!

შედეგი II: ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით იღებს.

ინდიკატორები

  • შეუძლია მსგავსებისა და განსხვავების შემჩნევა, აღნიშვნა (მაგ.: საგანთა გროვიდან მსგავსი ფერის საგნების ამორჩევა ან ერთი ფერის საგნების დასახელება).

  • უფროსის დახმარებით ადარებს სხვადასხვა გამოცდილებას (მაგ.: შეუძლია გაიხსენოს და შეადაროს, თუ როგორ ითამაშა ორ სხვადასხვა მეგობართან ერთად სხვადასხვა დროს).

  • ადარებს ზღაპრის მოვლენებს ან მოთხრობის პერსონაჟებს ერთმანეთს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ ყურადღება მიაქციოს ობიექტების განსხვავებულობას და მსგავსებას (მაგ., სხვადასხვა სახის ავტომანქანებისას, რომლებიც გზაზე გვხვდება)!
▪ წაუკითხეთ წიგნი და შემდეგ ისაუბრეთ, თუ რა მსგავსება და განსხვავებაა პერსონაჟებს შორის!
▪ შესაბამისი კითხვების დასმით, დაეხმარეთ ბავშვს, განაზოგადოს მოვლენები (მაგ., კიდევ სად გამოდგებოდა ეს?)!
▪ მიეცით ბავშვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ კარგად გაიაზროს საგნებსა და მოვლენებს შორის კავშირები.

7.4 სფერო - მეტყველება, წიგნიერება, კომუნიკაცია

▲ზევით დაბრუნება


7.4.1 ქვესფერო - მეტყველება

▲ზევით დაბრუნება


მოსმენა და ზეპირი მეტყველება

შედეგი I: ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული მეტყველება)

ინდიკატორები

  • სწორად აკავშირებს ზედსართავს შესაბამის ერთეულთან (მაგ.: როდესაც ესმის სიტყვა „მაღალი“ - მიუთითებს მაღალ შენობაზე).

  • თავისუფლად შეუძლია შეტყობინების გადაცემა.

  • სვამს კითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.

  • ესმის სივრცითი მიმართებების გამომხატველი სიტყვებისა და თანდებულების (შიგნით, გარეთ, ზემოდან, ქვეშ) მნიშვნელობა.

  • ესმის 1500-ზე მეტი სიტყვის მნიშვნელობა.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაუსვით ბავშვს დამატებითი შეკითხვები, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად გაიგო უფროსის განმარტებები!
▪ ეთამაშეთ ისეთი თამაშები, როგორიცაა „რას ხედავ?“ გამოთქვით თითოეული სიტყვა ხმამაღლა, გარკვევით!
▪ ათამაშეთ ისეთი თამაშები, რომლის დროსაც ბავშვი საგანს თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ადგილმდებარეობას შეუცვლის (მაგ.: „დადე ბურთი მაგიდაზე, მაგიდის გვერდით, ქვეშ!“ და ა.შ.)!
▪ უკითხეთ წიგნი ყოველდღიურად და ყოველი ახალი სიტყვა აუხსენით, განუმარტეთ!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რათა მოგისმინოთ!

შედეგი II: ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას ,თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება)

ნდიკატორები

  • ყოველდღიურად მდიდრდება მისი სიტყვათა მარაგი.

  • იყენებს ისეთ სიტყვებს, რომლებიც გამოხატავს ემოციებს (მაგ.: შიშს, სიხარულს). შეუძლია შესაბამისი მიმიკის გამოყენება.

  • იყენებს განსაზღვრების და გარემოების აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ.: „ჩქარა გაიქცა“ ან „კარგი მოთამაშე“).

  • მეტყველებს მარტივი და მარტივი გავრცობილი წინადადებებით.

  • დამოუკიდებელად სვამს შეკითხვებს ინფორმაციის მისაღებად/დასაზუსტებლად.

  • სწორად იყენებს ქვემდებარის ბრუნვას, ათანხმებს არსებითსა და ზედსართავ სახელებს ბრუნვასა და რიცხვში.

  • მოყოლის დროს შეუძლია რამდენიმე წინადადება დააკავშიროს ერთმანეთთან.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, გამოიყენოს ახალი სიტყვები. მაგ.: სთხოვეთ შეადგინოს წინადადება ახალი სიტყვის გამოყენებით და საუბარში ჩართვის პარალელურად აუხსენით სიტყვების მნიშვნელობა!
▪ სთხოვეთ ბავშვს აღწეროს მოვლენები, ობიექტები (თუ საჭიროება მოითხოვს, დაეხმარეთ)!
▪ მეტყველების განვითარებისათვის ასწავლეთ ბავშვს ახალი ლექსები, სიმღერები და ა.შ.!
▪ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, დასმულ შეკითხვაზე სრული პასუხი გაგცეთ (სრული წინადადებით)!
▪ გამოიყენეთ უსიტყვო სურათებიანი წიგნი და სთხოვეთ ბავშვს, მოიფიქროს, შეთხზას რაღაც ამბავი, ისტორია თითოეულ ნახატზე!
▪ წიგნის კითხვისას გაამახვილებინეთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ ვითარდება ტექსტი: სიტყვა - წინადადება - აბზაცი!
▪ დღის რომელიმე მონაკვეთში დააწესეთ ე.წ. „საუბრის დრო“, როდესაც თქვენ და ბავშვი (ან ბავშვები) ისაუბრებთ მნიშვნელოვან, ღირებულ, საინტერესო საკითხებზე, გაცვლით ინფორმაციას!
▪ შეკითხვის დასმის შემდეგ ბავშვებს მიეცით დრო პასუხისათვის, რადგან არიან ისეთებიც, რომელთაც შედარებით მეტი დრო სჭირდებათ ჩასწვდნენ შეკითხვის არსს და პასუხისათვის დაალაგონ წინადადება!

შედეგი III: ბავშვი იყენებს ზეპირ მეტყველებას სხვადასხვა მიზნისათვის (პრაგმატული განვითარება)

ინდიკატორები

  • თავისუფლად შეუძლია შეტყობინების გადაცემა.

  • ბავშვს შეუძლია მოკლე გამოგონილი ისტორია ან წარსულში მომხდარი ამბავი მოყვეს უფროსის დახმარებით.

  • იმისათვის, რომ პასუხი მიიღოს, სვამს კითხვებს: რატომ? როდის? როგორ?

  • ზღაპრიდან, მოთხრობიდან გამოყოფს და იმეორებს მისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე ფრაგმენტს.

  • ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს, სანამ ის არ დაამთავრებს სათქმელს.

  • სწორად აღიქვამს არასიტყვიერ ნიშნებს: სახის გამომეტყველებასა და ჟესტებს (მაგ.: მოსაუბრეს სახეზე აწერია უკმაყოფილება, სიამაყე).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, ისაუბროს მის გარშემო უახლოეს დროში მომხდარ მოვლენაზე. დაეხმარეთ მარტივი შეკითხვებით!
▪ დაუსვით ბავშვს ისეთი შეკითხვები, რითიც დაეხმარებით მას, აღწეროს რაიმე მოვლენა და თან წაახალისეთ!
▪ ყოველდღიურად გამოყავით დრო იმისათვის, რომ დაჯდეთ ბავშვთან ერთად და მოაყოლოთ რაიმე ამბავი, ესაუბრეთ ბავშვს მის გარშემო მომხდარ ყოველდღიურ მოვლენებზე. მაგ.: დღეს მზიანი ამინდია, დღეს წვიმს, თოვლია, ქარია, და ა.შ.!
▪ წაახალისეთ ბავშვი შექმნას, გამოიგონოს ამბავი, ისტორია და თან შეეცადეთ ჩაიწეროთ მისი მონათხრობი!
▪ მოუსმინეთ ბავშვს და მიეცით დრო პასუხისათვის!
▪ შესთავაზეთ ბავშვს „ტელეფონობანას“ თამაში. გაუწიეთ მას დახმარება, ესაუბროს და მოუსმინოს მეორე პირს (მაგ.: თქვენ)!
▪ აჩვენეთ ბავშვს აქტიური მოსმენის მაგალითი: თავად მოუსმინეთ მას ყურადღებით და დააზუსტეთ, სწორად გაიგეთ თუ არა, რას გულისხმობდა იგი!
▪ გაათამაშებინეთ თამაშები 2-3 ბავშვის მონაწილეობით, რომელთა დროსაც მოუწევთ ისე მოქცევა თუ საუბარი, როგორც ეს საზოგადოებაშია მიღებული. შემდგომ კი მთელ ჯგუფთან ერთად იმსჯელეთ (სასურველია, სხვადასხვა სახალისო კოსტიუმის, ნიღბების გამოყენებაც)!
▪ ესაუბრეთ სხვა ქვეყნების განსხვავებულ ან მსგავს ტრადიციებზე (ან მოიწვიეთ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი)!

შედეგი IIIა: არაქართველი ბავშვი იყენებს ქართულ ენას სხვადასხვა მიზნისათვის

ინდიკატორები

  • ასრულებს მარტივ, ერთსაფეხურიან ინსტრუქციას.

  • უსმენს სიმღერას და ცდილობს გაიმეოროს დაბოლოებები.

  • აინეტერესებს საგნების ქართული დასახელება და მშობლიურ ენაზე სვამს მარტივ კითხვებს მათ შესახებ.

  • უფროსის დახმარებით და ჟესტების გამოყენებით შეუძლია ურთიერთობის დამყარება ყოველდღიური საქმიანობის დროს.

  • ეთამაშება ქართველ თანატოლებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ყოველდღიური საქმიანობის დროს ესაუბრეთ ბავშვს ქართულად (მაგ.: „აიღე კოვზი!“)!
▪ დაუსვით კითხვა: „როგორ იქნება ეს ქართულად?“!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს ქართველ თანატოლებთან!
▪ წაუკითხეთ მოკლე ილუსტრირებული მოთხრობები, ლექსები!

7.4.2 ქვესფერო - წიგნიერება

▲ზევით დაბრუნება


კითხვა

შედეგი I: ბავშვს აქვს უნარი სამეტყველო ნაკადში გამოყოს ბგერები და სიტყვები (ფონოლოგია)

ინდიკატორები

  • განასხვავებს მსგავსი ჟღერადობის მქონე სიტყვებს (მაგ.: სკამი და სამი).

  • შეუძლია უფროსის დახმარებით სიტყვის პირველი მარცვლის დასახელება (მაგ.: სიტყვა „დათვი“ იწყება „და“-თი და ა.შ.).

  • ასახელებს სიტყვას, რომელიც იწყება თქვენ მიერ შეთავაზებული ასო-ბგერით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ რიტმული სიმღერების მოსმენისას დაავალეთ ბავშვს გამოარჩიოს ის სიტყვები, რომლებიც ერთმანეთს ერითმება!
▪ შექმენით, გამოიგონეთ მარტივი სასაცილო, სახუმარო სიმღერები და ამ პროცესში ბავშვებიც ჩართეთ!
▪ ბავშვთან ერთად იმღერეთ ისეთი სიმღერა, რომლის სიტყვები ერითმება ერთმანეთს!
▪ გამოტოვეთ ზოგიერთი სიტყვა და მათ ნაცვლად ტაში ან პაუზა ჩასვით, ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვების, ბგერების ან რიტმისათვის ბავშვის ყურადღების მისაქცევად!

შედეგი II: ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა

ინდიკატორები

  • წარმოსახვითი თამაშისას იყენებს წიგნებს, ვითომ თავის „შვილს ზღაპარს უკითხავს“.

  • იმახსოვრებს ფრაზებს საყვარელი წიგნებიდან.

  • როდესაც სთხოვენ, გამოარჩიოს რომელია მისი საყვარელი საგანი/სათამაშო, ხშირ შემთხვევაში ირჩევს წიგნს.

  • ასახელებს, „კითხულობს“ თავისი საყვარელი წიგნის სათაურს.

  • შეუძლია გამოთქვას საკუთარი აზრი, მოთხრობის რომელი ნაწილი მოეწონა და რომელი - არა.

  • ცნობს ისეთ ნიშნებსა და სიმბოლოებს, რომლებიც ყოველდღიურად გვხვდება (მაგ.: წარწერას - „ღიაა“).

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ თამაშის დროს გამოიყენოს თავისი საყვარელი მოთხრობის ან ზღაპრის პერსონაჟებით დასურათებული წიგნი!
▪ შეადგინეთ და აკინძეთ ბავშვთან ერთად სურათებიანი წიგნი!
▪ წიგნით რომ დაინტერესდეს, წაიყვანეთ ბავშვი ბიბლიოთეკაში, წიგნების მაღაზიაში!
▪ ყოველდღიურად მიეცით ბავშვს იმის შესაძლებლობა, რომ დროის გარკვეული მონაკვეთი წიგნებთან მშვიდად გაატაროს!

შედეგი III: ბავშვს ესმის, რომ ბეჭდურ გამოცემებს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება

ინდიკატორები

  • დამოუკიდებლად ათვალიერებს წიგნებს, ჟურნალებსა და სხვა ბეჭდურ გამოცემებს.

  • შეუძლია სხვადასხვა ნიშანი და სიმბოლო აღიქვას, როგორც ინფორმაციის წყარო (მაგ.: იცის, რას ნიშნავს საზოგადოებრივ ტუალეტებში ქალების ტუალეტის კარზე „ქ“ და მამაკაცებისაზე - „მ“ აღნიშვნები).

  • წარმოსახვითი თამაშის დროს, თამაშობს „მასწავლებლობანას“, ასწავლის კითხვას ბავშვებს; „მზარეულობანას“ თამაშის დროს იყენებს რეცეპტების კრებულს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ და დაიხმარეთ ბავშვი, მაგ.: გამოიყენეთ სამზარეულოს წიგნი, იხელმძღვანელეთ რეცეპტით და შეასრულეთ შემოთავაზებული მითითებები!
▪ წაახალისეთ ბავშვი დაგეხმაროთ რაიმე საგნის აწყობაში ინსტრუქციის გამოყენებით (მაგ.: მიქსერის, ხორცსაკეპი მანქანის)!
▪ გააცანით სხვადასხვა ტექსტის წაკითხვის წესი (მაგ.: უჩვენეთ, რომ გაზეთსა და ჟურნალში ტექსტი ზემოდან ქვემოთ, სვეტებად იკითხება)! გამოიყენეთ ფლომასტერი და მონიშნეთ მნიშვნელოვანი მონაკვეთი!

შედეგი IV: ბავშვი ამჟღავნებს ნაბეჭდი მასალის აღქმის უნარს

ინდიკატორები:

  • შეუძლია განსაზღვროს, თუ რომელი პერსონაჟია ზღაპრის მთავარი გმირი.

  • შეუძლია გამოიგონოს, შეცვალოს ზღაპრის დაბოლოება.

  • ასათაურებს თავის ნახატებს მარტივი მონასმებით (ასოებს მიმსგავსებული ხაზებითა და რკალებით - შტრიხებით).

  • ზეპირი მეტყველებისას იყენებს სიმბოლოებსა და ნახატებს, როგორც თვალსაჩინოებას.

  • აცნობიერებს, რომ წიგნის წაკითხვისას ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვები უკავშირდება ნაბეჭდ ტექსტს.

  • შეუძლია განასხვაოს ერთმანეთისაგან ასოები და რიცხვები.

  • ცნობს რამდენიმე ასოს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს ასაწყობი ანბანით (პაზელით, მუყაოს ან ხის გამოჭრილი ასოებით)!
▪ წაუკითხეთ სპეციალურად ანბანის თემაზე შექმნილი წიგნები!
▪ წიგნის წაკითხვის შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს უფროსების დახმარებით
▪ გაითამაშონ ის, რაც მოისმინეს!
▪ წაახალისეთ ბავშვი, ითამაშოს მაგნიტური ასოებით: ხმამაღლა დაასახელოს ისინი, ასოების კომბინაციით შეადგინოს საკუთარი სახელი და ა.შ. (ამ დროს შესაძლებელია მაცივრის ზედაპირის გამოყენება)!
▪ შეაქეთ და წაახალისეთ ბავშვის მცდელობა, გამოიყვანოს ასოები (თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით მისი ნამუშევარი)!
▪ ათამაშეთ ჯგუფური თამაში: თითოეულ ბავშვს მიეცით ანბანის ერთი გამოჭრილი ასო და ხმამაღლა დაასახელეთ ისინი, ან ერთმანეთთან კომბინაციით შეადგენინეთ მარტივი სიტყვები (მაგ.: ერთმანეთის სახელები)!

ჭერა

შედეგი I: ბავშვი იწყებს წერის უნარის განვითარებას

ინდიკატორები

  • იცის, როგორ დაიჭიროს და მოიხმაროს ესა თუ ის საწერი საშუალება.

  • ხატვისას/წერისას იღებს მისთვის მოხერხებულ, კომფორტულ პოზას.

  • დამოუკიდებლად შეუძლია წერტილებით მარტივი კონტურის გამოსახვა.

  • შეუძლია ძირითადი გეომეტიული ფიგურების (წრის, ოთხკუთხედის) დახატვა.

  • თამაშისას იყენებს ე.წ. წარმოსახვით წერას.

  • შეუძლია საკუთარი სახელის მიმსგავსება ნიმუშისათვის.

  • შეუძლია განასხვაოს ნაბეჭდი და ნაწერი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს საშუალება გიკარნახოთ ტექსტი, ჩაიწერეთ და შემდეგ წაუკითხეთ ზუსტად ის, რაც გიკარნახათ!
▪ წაახალისეთ, შეაქეთ ბავშვის მცდელობა, რომ დაწეროს!
▪ სთხოვეთ ბავშვს „ხელი მოაწეროს“ თავის ნახატს!
▪ მიეცით ბავშვს მასალა და სთხოვეთ საგანგებოდ შექმნას ნამუშევარი რომელიმე დღესასწაულისათვის (მაგ.: გააკეთებინეთ მისალოცი ბარათი)!
▪ მიეცით ბავშვს ორნამენტები და ავარჯიშეთ ასლის გაკეთებაში (დაიწყეთ მარტივით და თანდათან გაართულეთ)!
▪ ავარჯიშეთ ბავშვი ჰორიზონტალურად ან შვეულად განლაგებული წერტილების შეერთებაში ისე, რომ სწორი ხაზი გამოუვიდეს! წერტილების შეერთებით გააკეთებინეთ ტეხილი, კლაკნილი ხაზი ან სხვა ფორმა!

შედეგი II: ბავშვი წერის უნარებს სხვადასხვა მიზნებისათვის იყენებს

ინდიკატორები

  • ცდილობს გაიმეოროს, გადაიხატოს სიმბოლოები, რომლებიც შეხვედრია და ახსოვს.

  • ხმამაღლა გამოთქვამს საკუთარ იდეებს, აზრებს და ამის ჩაწერას სთხოვს უფროსებს.

  • უფროსებს სთხოვს წააწერონ მის მიერ შესრულებულ ნამუშევარს.

  • უფროსს სთხოვს დაუწეროს სიტყვები (მაგ.: აჩვენოს, როგორ იწერება მისი სახელი).

რჩევები მეურვეთათვის

▪ მოიგონეთ ისეთი თამაში, რომლის დროსაც წერა დაგჭირდებათ (მაგ.: თამაში - „მაღაზიობანა“ - მაღაზიაში „არსებულ“ ყველა პროდუქტს გაუკეთეთ წარწერა)!
▪ სთხოვეთ ბავშვს ხმამაღლა მოყვეს მისთვის სასურველი ზღაპარი, ზუსტად ჩაიწერეთ და შემდეგ წაუკითხეთ!
▪ გადახედეთ ფოსტას (მაგ.: წერილებს, ჟურნალს, გაზეთს) ბავშვთან ერთად და უამბეთ სხვადასხვა ნაბეჭდი მასალის შესახებ!

7.5 სფერო - სოციალურ-ემოციური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


7.5.1 ქვესფერო - ემოციური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


თვითიდენტობა (მე-კონცეფცია) და თვითშეფასება

შედეგი I: ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს სხვებისაგან გამოცალკევებულად

ინდიკატორები

  • მოიხსენიებს საკუთარ თავს სახელითა და გვარით.

  • ირჩევს ინდივიდუალურ აქტივობას (მაგალითად, ხატავს ან თავსატეხს აწყობს.)

  • თამაშისას განსხვავებული საგნების ან არსებების განსახიერებას ცდილობს (სახლობანას თამაშისას - დედაა,შვილია, მძღოლია, ძაღლია და ა.შ.).

  • ახასიათებს საკუთარ თავს როგორც მთლიან პიროვნებას, რომელსაც აქვს აზრები, სხეული და შეგრძნებები.

  • აღწერს ოჯახს და ესმის, რომ მისი წევრები გარკვეულ ერთობას ქმნიან.

რჩევები მეურვეთათვის

▪ როდესაც ბავშვი დაასრულებს რაღაც მოქმედებას, მოუწონეთ და შეაქეთ!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ მან თავი გამოსცადოს, ანუ სათანადოდ და საფუძვლიანად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრისას!
▪ მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთების საშუალება!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, გააცნობიეროს ადამიანებს შორის არსებული კავშირები (რას ნიშნავს და ვინ არის ძმა, დეიდა, ბიძაშვილი)!
▪ შეუქმენით ბავშვს უსაფრთხო გარემო თამაშისათვის, მიეცით დამოუკიდებელი თამაშის საშუალება.

შედეგი II: ბავშვი ამჟღავნებს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია)

ნდიკატორები

  • გამოთქვამს თავის სურვილს და ასახელებს არჩევანს.

  • ატარებს ექსპერიმენტს, ანუ ცდის და ამოწმებს საკუთარ თავს, შესწევს თუ არა უნარი ახალი მოქმედებების განსახორციელებლად, ასევე იქცევა შეზღუდვების მიმართ, აინტერესებს და ცდილობს გაარკვიოს, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი.

  • არჩევს დამოკიდებულებას „მომწონს - არ მომწონს“ და შეუძლია ახსნას - რატომ, ანუ ახსნას მიზეზი.

  • აღწერს საკუთარ ძირითად ფიზიკურ მახასიათებლებს (გარეგნობას).

  • აფასებს საკუთარ მდგომარეობას და შეუძლია სიტყვიერად გამოთქვას (მაგ., მშია, მეძინება).

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეუწყვეთ ხელი იმას, რომ ბავშვმა მრავალმხრივი გამოცდილება შეიძინოს და მიეცით საშუალება, გაეცნოს მრავალფეროვან მასალას, რათა თავად აღმოაჩინოს, თუ რა შეუძლია და რა მოსწონს!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, განივითაროს საკუთარი ხასიათის გაგების, წვდომის უნარი!
▪ მიეცით საშუალება, რომ გააკეთოს არჩევანი!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ განივითაროს საკუთარი მდგომარეობის გაგების, გააზრების უნარი (დაუსვით შეკითხვები საკუთარ თავში გასარკვევად, შემაწუხებელი ფაქტორების, მიზეზის ამოსაცნობად).

შედეგი III: ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას,

სამშობლოს, საზოგადოებას)

ინდიკატორები

  • თავის თავს აკუთვნებს ოჯახს, ამბობს: „ჩემი ოჯახი“.

  • როლურ თამაშებში ხშირად ასახიერებს ოჯახის სხვადასხვა წევრს (მაგ.: დედას, მამას, და-ძმას).

  • ხატავს ოჯახურ პორტრეტს.

  • ამჩნევს, ვინ არ ესწრება ყოველდღიური ყოფის ამსახველ ამა თუ იმ მოვლენას (მაგ., საუზმობისას ამჩნევს, რომ მამა არ ზის მაგიდასთან).

  • იცის, ვინ არიან მისი მეზობლები, ბაღელები.

  • იცის საკუთარი წარმომავლობა; ან: იცის, ვინ არის წარმოშობით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ აჩვენეთ ოჯახური მხარდაჭერისა და თანაგრძნობის პოზიტიური მაგალითი!
▪ მიეცით უფლება, რომ ჩაერთოს მარტივ საოჯახო საქმიანობაში, იზრუნოს ოჯახის წევრებზე!
▪ მიეცით საშუალება, რომ თავი იგრძნოს ჯგუფის სრულფასოვან წევრად, თანატოლებთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება და დააწესოს წესები!
▪ წაახალისეთ ბავშვი შექმნას წიგნი „ყველაფერი ჩემ შესახებ“ სურათებით, ნახატებით, ჩანაწერებით (მისი მოყოლილი და თქვენ მიერ ჩაწერილი)!
▪ მხარი დაუჭირეთ ბავშვს, რომ თანდათან შეძლოს საკუთარი ქვეყნისა და ერის კულტურასთან თავის გაიგივება, გაიაზროს, რომ ისიც ამ კულტურის ნაწილია!

შედეგი IV: ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ამაყობს საკუთარი მიღწევებით

ინდიკატორები

  • სთხოვს სხვებს, გაეცნონ მის შემოქმედებას (მაგ., სთხოვს ნახონ მისი ნახატი).

  • გამოხატავს აღფრთოვანებას უნარ-ჩვევის დაუფლების გამო (მაგ., ამბობს: „უკვე შემიძლია მე თვითონ ვიქანაო საქანელაზე!“).

  • ამჟღავნებს, რომ იცნობს თავის შესაძლებლობებს (მაგ.: ამბობს: „მე შემიძლია სასრიალოს წვერზე ავცოცდე“).

  • გამოხატავს საკუთარ აზრსა და მოლოდინს.

  • აქტიურად „ფანტაზიორობს“, ზოგჯერ ვერ განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან (მაგ., „მე გუშინ დათვი დავიჭირე“).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები!
▪ მიეცით ბავშვს საკმარისი დრო თამაშის, აღმოჩენისა და ექსპერიმენტისთვის, ცდების ჩატარებისთვის!
▪ მიეცით საშუალება განიცადოს ახალი ამოცანის შესრულებით გამოწვეული წარმატება!
▪ ხშირად შეაქეთ ბავშვი!

ემოციური განვითარება; თვითმართვა და თვითგამოხატვა

შედეგი I: ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები

ინდიკატორები

  • მონაწილეობს მარტივ საქმიანობებსა და მოქმედებებში დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილით (მაგ., წახემსების შემდეგ ეხმარება უფროსს მაგიდის ალაგებაში).

  • იცავს მარტივ წესებს შეხსენების გარეშე (მაგ., იბანს ხელს ჭამის წინ).

  • ავლენს მასალების მიზნობრივად, ფაქიზად და ცივილიზებულად გამოყენების მზარდ უნარს; იჩენს მეტ სიფრთხილეს, კარგად ესმის საგნების დანიშნულება და იცის მათი გამოყენება (მაგ., არ ერთობა წიგნის დახევით).

  • დღის განრიგში ცვლილებები არ აფრთხობს და ამის გამო არ ჭირვეულობს.

  • იცის რა იქნება შემდეგ, რადგან დღის განრიგი მეორდება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაუწესეთ ბავშვს დღის განრიგი და დაიცავით! ყოველდღიური აქტივობები შეასრულებინეთ ზუსტი თანმიმდევრობით!
▪ მომაზადეთ ბავშვი ყოველ აქტივობაზე გადასასვლელად!
▪ მოამზადეთ ბავშვი დღის განრიგში მოსალოდნელი ცვლილებისათვის!
▪ იქონიეთ ვიზუალური სიმბოლოები (ნახატები, ნიშნები) წესებისა და შაბლონური, ერთი და იმავე სახის მოქმედებებისათვის!
▪ შეადგინეთ წესების ჩამონათვალი პოზიტიური და მოკლე გამონათქვამების სახით (სასურველია, ფრაზა არ შეიცავდეს უარყოფით ნაწილაკებს)!

შედეგი II: ბავშვი მართავს თავის გრძნობებსა და იმპულსებს

ინდიკატორები

  • კონსტრუქციულად გამოხატავს ძლიერ ემოციებს.

  • ასახელებს საკუთარ ემოციებს (მაგალითად: „მე დღეს კარგ ხასიათზე ვარ“) და ცდილობს გააკონტროლოს საკუთარი თავი უფროსის მცირე დახმარებით.

  • ძლიერი განცდების შემდეგ ცდილობს დაწყნარდეს და იღებს უფროსის დახმარებას (მაგალითად: როდესაც გაბრაზებულია, მიდის წყნარ ადგილას ან მოაქვს საყვარელი წიგნი წასაკითხად).

  • ჯგუფური საქმიანობის დროს ელოდება თავის რიგს (იცავს რიგითობას, ამჟღავნებს მოთმინებას).

  • უფროსის მიერ ორგანიზებულ თამაშში იცავს წესებს და ელოდება თავის რიგს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მხარი დაუჭირეთ ბავშვს ძლიერი განცდების გამოხატვისა და რეგულაციის დროს!
▪ როცა ბავშვს სჭირდება დახმარება ემოციების რეგულაციაში, შესთავაზეთ რჩევა!
▪ თამაშის ან სხვა მოქმედების დროს დააწესეთ რიგი და აუხსენით, რომ თითოეული ბავშვის ჯერი დადგება!
▪ განიხილეთ წყენა ბავშვთან ერთად მას შემდეგ, რაც ეს უკვე ჩავლილია და ბავშვი დაწყნარებულია!
▪ სახელი დაარქვით თქვენს გრძნობებს, როდესაც ბავშვს ესაუბრებით!
▪ მიეცით მაგალითი, საკუთარი ემოციები მართეთ ადეკვატურად!

შედეგი III: ბავშვი შესაბამისად გამოხატავს სხვადასხვა ემოციას (ღიად გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს).

ინდიკატორები

  • ასახელებს და საუბრობს საკუთარი გრძნობებისა და განცდების შეახებ.

  • იყენებს წარმოსახვით თამაშს იმისათვის, რომ სწორად გაიგოს სხვისი განცდები და შესაბამისად გამოეხმაუროს.

  • სახის გამომეტყველება შეესაბამება მის მსჯელობასა და გამოხატულ ემოციებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შექმენით იმგვარი სიტუაციები, რომ ბავშვმა შეძლოს გაიგოს და ისაუბროს საკუთარსა და სხვის ემოციებზე!
▪ გამოხატეთ ემოცია, როდესაც ესაუბრებით იმის შესახებ, თუ რას განიცდით!
▪ როდესაც წიგნს უკითხავთ, ბავშვთან ერთად იმსჯელეთ პერსონაჟთა ხასიათებისა და განცდების შესახებ!
▪ გაითვალისწინეთ კულტურული და გენდერული თავისებურებები განცდების გამოხატვის თვალსაზრისით და თავი შეიკავეთ სტერეოტიპებისაგან, მყარი დადგენილი შეხედულებების აღნიშვნისაგან (მაგალითად: ბიჭმა არ უნდა იტიროს!»)!
▪ ეცადეთ თქვენი მიმიკა შეესაბამებოდეს ემოციას, რომელსაც გამოხატავთ.

7.5.2 ქვესფერო - სოციალური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


სოციალური განვითარება; ურთიერთობა უფროსებთან

შედეგი I: ბავშვი ენდობა და ადვილად ამყარებს ურთიერთობას ნაცნობ უფროსებთან

ინდიკატორები

  • ცდილობს განცალკევდეს, მოშორდეს მისთვის ახლობელ უფროსებს ძლიერი შფოთვის გამომჟღავნების გარეშე.

  • აძლევს საშუალებას უფროსს, რომ დაეხმაროს დავალების შესრულებაში.

  • მისთვის ახლობელი უფროსების მიმართ ამჟღავნებს სიყვარულს.

  • საკუთარი ინიციატივით სთავაზობს უფროსს, რომ ეს უკანასკნელი დაეხმაროს მას.

  • ამბობს რას განიცდის უფროსების მიმართ (მაგ., მე მიყვარს ბებო).

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეარჩიეთ პოზიტიური ქცევა და დადებითი გამონათქვამები, როდესაც გარკვეული ხნით შორდებით ბავშვს!
▪ წაახალისეთ ბავშვი, როდესაც შესაბამისად ექცევა და პატივს სცემს უფროსებს!
▪ შენიშნეთ და ხაზი გაუსვით ბავშვის მოსაწონ ქცევას უფროსების მიმართ!
▪ აგრძნობინეთ ბავშვს, რომ შეუძლია თქვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს!
▪ როდესაც პატარა ცდილობს დაგეხმაროთ რამე საქმიანობაში, მაგ., სახლის დალაგებაში, აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი დახმარება.

შედეგი II: საჭიროების შემთხვევაში ბავშვი ითხოვს, მიმართავს უფროსის დახმარებას

ინდიკატორები

  • ინფორმაციის მისაღებად ხშირად უსვამს კითხვებს უფროსს.

  • ემორჩილება უფროსის მითითებებს.

  • უფროსის ყურადღებას ამახვილებს პრობლემურ სიტუაციაზე.

  • იღებს რჩევებს ნაცნობი უფროსისაგან.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დააწესეთ დრო, როდესაც ბავშვს შეეძლება გაგიზიაროთ დღის განმავლობაში მიღებული გამოცდილება (მაგ., ძილის წინ ან სადილის შემდეგ)!
▪ ნათლად განუმარტეთ მითითებები, რას მოელით მისგან!
▪ აღიარეთ და დააფასეთ ბავშვის მიღწევები!
▪ ნდობით მოეკიდეთ ბავშვის არჩევანს, როდესაც ის ცდილობს გადაჭრას პრობლემა (ეს კარგი არჩევანია, მაგრამ ახლა არ გამოვა)!

სოციალური განვითარება; ურთიერთობა თანატოლებთან

შედეგი I: ბავშვი ამჟღავნებს კეთილგანწყობას თანატოლების მიმართ და ურთიერთობს მათთან

ინდიკატორები

  • ამჟღავნებს, რომ სიამოვნებს სხვა ბავშვებთან თამაში.

  • არის სხვა ბავშვებთან ერთობლივი მოქმედების ინიციატორი, წამომწყები.

  • ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას ერთ ბავშვთან მაინც.

  • უფროსის დახმარებით შეუძლია თანატოლებისათვის სათამაშოებისა და სხვა საგნების განაწილება, გაყოფა.

  • იცავს თამაშის წესებს (მაგ., რიგითობას თამაშის დროს).

  • უფროსის დახმარებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა ბავშვებთან ერთად.

  • შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრში.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ესაუბრეთ ბავშვს იმგვარად, რომ მოუწიოს საკუთარი მოსაზრების გამოთქმაც და სხვისი მოსმენაც!
▪ მიეცით საშუალება ბავშვს, რომ ჩაერთოს თანატოლებთან ერთად სხვადასხვა სახის მოქმედებაში ( მაგ., თეატრალიზებულ თამაშში, თავისუფალ თამაშში, ცეკვაში და ა.შ)!
▪ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთეთ ოჯახის სხვა წევრებთან და თვითონ ბავშვთან ერთად, ერთობლივად იმოქმედეთ!
▪ აღნიშნეთ და წაახალისეთ ბავშვის ერთობლივი საქმიანობის სურვილი და მცდელობა!
▪ მიეცით საშუალება, რომ გაუნაწილოს მასალები, სათამაშოები ან სხვა ნივთები ბავშვებს!
▪ წაუკითხეთ მოთხრობები ან მოიგონეთ თოჯინური სპექტაკლი, რომლის დროსაც მონაწილეები იცავენ რიგს, უნაწილებენ ერთმანეთს რამეს და ერთობლივად საქმიანობენ!
▪ შეაქეთ შეთანხმებულად მოთამაშე ბავშვები!

შედეგი II: ბავშვი ავლენს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრის უნარს.

ინდიკატორები

  • პოზიტიურად ეპყრობა სხვა ბავშვებს.

  • უფროსის დახმარებით უნაწილებს მასალებს, სათხოვებლად იმეტებს და უცვლის სხვადასხვა ნივთსა თუ სათამაშოს თანატოლებს, თამაშის დროს იცავს რიგითობას.

  • იყენებს მარტივ და განსხვავებულ სტრატეგიებს პრობლემის გადასაჭრელად (მაგ.: ითხოვს უფროსის დახმარებას, როდესაც მას არ რთავენ ნებას ითამაშოს ან ხელს უშლიან თამაშში).

  • უფროსის დახმარებით აწარმოებს, მართავს მოლაპარაკებას სხვა ბავშვებთან პრობლემის გადასაჭრელად.

  • შეუძლია საკუთარი პოზიციის ახსნა.

რჩევები მეურვეთათვის

▪ კონფლიქტის გადასაჭრელად ბავშვს მიეცით რჩევები (მაგ., თუ დავიცავთ რიგს, მაშინ ყველა შეძლებს თამაშს)!
▪ ხაზი გაუსვით, რა ზეგავლენა აქვს ბავშვის ქცევას დანარჩენებზე!
▪ ეთამაშეთ წესების დაცვით!
▪ სანამ ჩაერევით, მიეცით ბავშვს დრო, რომ დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემა!
▪ წაუკითხეთ მოთხრობა ან აჩვენეთ თოჯინური სპექტაკლი, რომლის მონაწილე გმირები კონფლიქტს აგვარებენ!
▪ იყავით იმ ბავშვის მიმართ საგანგებოდ სათუთი და ყურადღებიანი, რომელსაც შეიძლება უფრო მეტი დახმარება დასჭირდეს მოლაპარაკების დროს (მაგ., ბავშვი მეტყველებს შეფერხებით)!
▪ პატარების კინკლაობაში მხოლოდ მაშინ ჩაერთეთ, თუ ძალიან გამწვავდება სიტუაცია, ბავშვები ცოტა ხნით დააცილეთ ერთმანეთს და შემდეგ ისევ ერთად დატოვეთ სათამაშოდ.

სოციალური განვითარება; ადაპტაციურ-სოციალური ქცევა

შედეგი I: ბავშვი ამჟღავნებს ნდობას და ავლენს, რომ თავს გრძნობს დაცულად.

ინდიკატორები

  • ერთვება ჯგუფურ თამაშებში, ასრულებს სხვადასხვა როლს (ლიდერის ან რიგითი მონაწილის).

  • შეუძლია რამდენიმე ახლობელ ადამიანს გაუზიაროს თავისი განცდები (მაგ., კითხვაზე, რატომ ზიხარ ასე მობუზული, შეუძლია უპასუხოს: ირაკლიმ მითხრა - შენი დედა აღარ მოვა, აქ დაგტოვებსო).

  • სიახლის მიმართ გამოხატავს ინტერესს, სვამს კითხვებს, ცდილობს გამოსცადოს საკუთარი თავი ახალ საქმეში.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით საშუალება ჩაერთოს ჯგუფურ თამაშებში, რომლის დროსაც სხვადასხვა როლის შესრულება მოუწევს!
▪ შეუქმენით ნდობით აღსავსე გარემო, რათა შეეძლოს გამოხატოს, თუკი რამ აწუხებს!
▪ აგრძნობინეთ, რომ გჯერათ მისი შესაძლებლობების!
▪ აჩვენეთ მაგალითი, როგორ მოიქცეს, როდესაც რაღაც სიახლესთან შეხება ელის!
▪ მიეცით უფლება, რომ წამოიწყოს და წარმართოს თამაში!
▪ ბავშვი ქცევას უფროსის მიბაძვით სწავლობს, ამიტომ ყოველთვის დადებითი მაგალითი უჩვ ენეთ!
▪ იყავით თანმიმდევრული და ოჯახის სხვა წევრებთან შეთანხმებული: დღეს რასაც უკრძალავთ, აკრძალული უნდა იყოს ხვალაც, რასაც ერთი უშლის, მეორემაც უნდა დაუშალოს, რათა ბავშვი არ დაიბნეს!
▪ არ შეპირდეთ ისეთ წახალისებას, რისი შესრულებაც შეიძლება ვერ შეძლოთ. ყოველთვის შეუსრულეთ დანაპირები!

შედეგი II: გაიაზრებს ქცევას და მის შედეგებს

ინდიკატორები

  • ავლენს, რომ მისთვის გასაგებია კავშირი ორ მოქმედებას შორის.

  • აღწერს შემთხვევას, როდესაც მისი ქცევა საფუძვლად უდევს, განაპირობებს სხვის საქციელსა და ემოციას (მაგ.: ლუკას ეწყინა, როდესაც მე უარი ვუთხარი დაჭერობანას თამაშზე).

  • აღწერს (აღნიშნავს და ყვება) სხვა ბავშვის კარგ საქციელს.

  • მოითხოვს, რომ სხვებმაც დაიცვან წესი (მაგ., დედამ დადოს სათამაშო ჩვეულ ადგილას).

  • გულწრფელად პასუხობს შეკითხვებზე, არ ცდილობს უფროსის მოტყუებას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, რათა იმსჯელოს და დაუკავშიროს სხვათა ქცევები ერთმანეთს (მაგ., როდესაც პატარას შია, ტირის.)!
▪ შეაქეთ და მოუწონეთ საქციელი, როდესაც გამოხატავს თანაგრძნობას სხვის მიმართ!
▪ ათამაშეთ ისეთი თეატრალიზებული თამაში, როდესაც მას სხვისი მდგომარეობის გათავისება მოუწევს და დაუკვირდება სხვის ცხოვრებაში მომხდარ ამბებს ან განჭვრეტს მოსალოდნელ პრობლემებს (ეს შეიძლება სხვათა კულტურული თავისებურებების აღქმასა და შეცნობასაც ეხებოდეს)!
▪ შეადგენინეთ ბავშვს სცენარი - „თუ ... მაშინ ...“ - რომლის დახმარებითაც შეძლებს ერთი კონკრეტული მოქმედება დაუკავშიროს მოსალოდნელ შედეგს (თუ მე კარგად მოვიქცევი, მაშინ სასეირნოდ წავალთ. თუ კარგად შევჭამ, მაშინ დიდი გავიზრდები. თუ სათამაშოებს მივალაგებ, მაშინ მამიკო საყვარელ წიგნს წამიკითხავს და ა. შ.)!

შედეგი III: ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას

ინდიკატორები

  • შეუძლია შეუერთდეს სხვადასხვა თამაშით დაკავებულ ბავშვების ჯგუფს.

  • უფროსის ხელმძღვანელობით უმტკივნეულოდ გადადის ერთი მოქმედებიდან მეორეზე, იქცევა გარემოების შესაბამისად.

  • უსადაგებს ქცევას სხვადასხვა გარემოს (ბავშვი იქცევა იმის მიხედვით, თუ სად იმყოფება - სახლში, სათამაშო მოედანზე თუ ბაღში.)

რჩევები მეურვეთათვის

▪ გააკეთეთ შესაფერისი აღნიშვნები და შეახსენეთ ბავშვებს, როდის არის დაგეგმილი ცვლილებები დღის განრიგში!
▪ უხელმძღვანელეთ ან უჩვენეთ მისაღები ქცევის მაგალითი სხვადასხვა გარემოში!
▪ ჩართეთ ბავშვი იმ მოქმედებებში, რომლებიც ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლას მიანიშნებს (მაგ., ზარის დარეკვა, განსაკუთრებული სიმღერის შესრულება და ა.შ.)!
▪ წაუკითხეთ წიგნები, რომლებშიც აღწერილია ერთი მდგომარეობიდან, მოქმედებიდან მეორეზე გადასვლა!

შედეგი IV: გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულულთა მიმართ.

ინდიკატორები

  • ამჩნევს და ყურადღებით აკვირდება სხვა ბავშვის ემოციებს.

  • მოთხრობის გმირებზე საუბრისას, შეუძლია დაასახელოს მათი განცდები.

  • უფროსის დახმარებით ცდილობს დააწყნაროს თანატოლი, რომელიც ნაწყენია ან ცუდად არის.

  • წარმოსახვითი თამაშის დროს გამოხატავს განცდებს.

  • არ დასცინის იმას, ვინც რაიმე ნიშნით განსხვავებულია.

  • თამაშში რთავს განსხვავებული სქესის, წარმომავლობისა და შესაძლებლობის ბავშვს.

  • ზრუნავს, რომ არ განადგურდეს მცენარე, ყვავილი და სხვა ცოცხალი არსება. მათ კეთილად, ყურადღებითა და მზრუნველობით ეპყრობა.

რჩევები მეურვეთათვის

▪ უჩვენეთ მეგობრული ქცევის, კეთილგანწყობის მაგალითი, როდესაც უსმენთ და პასუხობთ ბავშვის კომენტარებსა და მსჯელობას!
▪ წაუკითხეთ მოთხრობები და აუხსენით, რატომ იქცევიან მოთხრობის გმირები ამგვარად!
▪ დაასახელეთ და ახსენით გრძნობების გამომწვევი მიზეზები (მაგ., შენ ნაწყენი ხარ იმიტომ, რომ..)!
▪ უჩვენეთ მაგალითი - თავად გამოხატეთ აღფრთოვანება!
▪ წაუკითხეთ წიგნები ამგვარი განსხვავებულობის შესახებ!
▪ ერთად წარმოიდგინეთ რას „გრძნობენ“ და „განიცდიან“ ცხოველები და მცენარეები!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს მშვიდობიან ცხოველებთან უფროსის მეთვალყურეობით!
▪ დაეხმარეთ ბავშვს იმის გაგებაში, რომ ერთ ადამიანს განსხვავებული როლების თამაში შეუძლია!

8 5-დან 6 წლამდე

▲ზევით დაბრუნება


8.1 სფერო - ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


8.1.1 ქვესფერო - მოტორული განვითარება

▲ზევით დაბრუნება


მსხვილი მოტორიკა

შედეგი I: ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

ინდიკატორები

  • სწორ ხაზზე (შეიძლება იყოს ფიცარი ან დახაზული ხაზი) მოძრაობისას ინარჩუნებს წონასწორობას.

  • დიდი ზომის ბურთს ურტყამს ფეხს და აძლევს სასურველ მიმართულებას.

  • ინარჩუნებს წონასწორობას ბრუნვის, ტრიალის დროს.

  • შეუძლია ცალ ფეხზე დგომა 30 წამის განმავლობაში და მეტხანს.

  • შეუძლია ჩამოხტეს დაბალი სიმაღლიდან.

  • კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის დროს უჭირავს სათამაშო ერთ ან ორივე ხელში.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ჩართეთ ისეთ აქტივობაში, რომელიც ხელს უწყობს მსხვილი კუნთების განვითარებას (ასწავლეთ სპორტული თამაშების ელემენტები, ცეკვა, ველოსიპედის ტარება და სხვა)!
▪ მოიფიქრეთ თამაში - ესტაფეტა, რომლის დროსაც უნდა დაიჭიროს ბურთი, ირბინოს, გადაახტეს ან გვერდი აუაროს წინაღობას და სხვ.!
▪ ჩართეთ ბავშვი ოჯახურ საქმიანობაში, დააკისრეთ მზარდი პასუხისმგებლობა (მაგ.: ნაგვის გატანა, ფოთლების მოგროვება ან დაგვა და სხვ.)!
▪ ჩართეთ ისეთ აქტივობაში, რომელსაც სპორტული ინვენტარის გამოყენება სჭირდება!

ნატიფი მოტორიკა

შედეგი I: ბავშვს შეუძლია სხეულის წვრილი კუნთების კონტროლი და კოორდინირებული მოქმედება

ინდიკატორები

  • პლასტილინისა და თიხისაგან აკეთებს მარტივ ფიგურებს (მაგ.: ადამიანს, ყვავილსა და ქოთანს და სხვ).

  • აგებს მცირე ზომის მძივს ძაფზე.

  • შეუძლია სპეციალური მაკრატლით ქაღალდისაგან მარტივი ფიგურების გამოჭრა, აპლიკაციის გაკეთება.

  • იხატავს გეომეტრიულ ფიგურას (მაგ.: სამკუთხედს, კვადრატს).

  • ქაღალდისაგან აკეთებს მარტივ საგნებს (მაგ.: თვითმფრინავს).

  • შეუძლია საკუთარი სახელის დაწერა და რამდენიმე ასოს და ციფრის გადმოწერა (5 ასოსი და ციფრისა).

  • დახმარებით იკრავს ფეხსაცმლის თასმას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შესთავაზეთ ბავშვს ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს წვრილი კუნთების განვითარებას (ხატვა, ძერწვა, ქაღალდის დაწებება, აპლიკაციების შექმნა, ლოტოს თამაში, ქაღალდის დაჭრა, გაფერადება, ქაღალდისაგან საგნების გაკეთება, ბურთის დარტყმა იატაკზე და ხელით დაჭერა)!
▪ შესთავაზეთ ბავშვს პლასტილინი და თიხა და ასწავლეთ ამ მასალით მუშაობა!
▪ ეთამაშეთ საბავშვო ლოტო!
▪ მიეცით ფეხსაცმლისა თუ ტანსაცმლის დამოუკიდებლად გახდა-ჩაცმის საშუალება!
▪ მიეცით საშუალება დამოუკიდებლად შეიკრას თასმები!

სენსორულ-მოტორული განვითრება

შედეგი I: ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად

ინდიკატორები

  • იჭერს დიდი ზომის ბურთს, რომელიც ესროლეს 3 მეტრის მანძილიდან.

  • მოსწონს აქტიური თამაშები, რომელთაც აქვთ თავიანთი წესები (მაგ.: დახუჭობანა, დაჭერობანა და ა.შ.).

  • მოაქვს წყალი ჭიქით ისე, რომ არ დაეღვაროს.

  • თამაშის დროს მუსიკალურ და ხმოვან ნიშნებზე ადეკვატურად, შესაბამისად რეაგირებს - ჩერდება ან აგრძელებს მოძრაობას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გაითამაშეთ თოჯინური სპექტაკლი!
▪ თამაშის დროს მიეცით ინსტრუქცია და ეცადეთ, ბავშვმა შეასრულოს იგი!
▪ ეთამაშეთ აქტიური თამაშები!
▪ ეთამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც მოითხოვს ხმოვან სიგნალებზე მოძრაობის შეჩერებას ან შეცვლას (მაგ.: მუსიკის თანხლებით სკამების გარშემო სირბილი, მუსიკის შეჩერებისას კი ადგილის დაკავება და სხვა)!

8.1.2 ქვესფერო - ფიზიკური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ფიზიკური აქტივობა

შედეგი I: ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს

ინდიკატორები

  • იმეორებს და სწავლობს ახალ მოქმედებას.

  • ყოველდღიურად მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობებში (ცეკვავს, თამაშობს სპორტულ თამაშებს - ,,ლახტს“, „წრეში ბურთს“ და სხვ.).

  • ფიზიკურ აქტივობაში ერთვება მინიმუმ 30 წუთით დღეში.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ჩართეთ ფიზიკურ აქტივობაში, ისეთ საშინაო საქმიანობაში, როგორიცაა მტვრის გაწმენდა, იატაკის დაგვა, სათამაშოების დალაგება, ეზოსა და ბაღის მოწესრიგება, ყვავილების მორწყვა!
▪ შესთავაზეთ თამაშები, მაგალითად, ესტაფეტა, რომელიც მოითხოვს სიმაღლიდან გადმოხტომასა და სიგრძეზე ხტომას!
▪ ასწავლეთ ახალ-ახალი აქტივობა - სიგრძეზე თუ სიმაღლეზე ხტომა, ასკინკილა და სხვ.!
▪ დღის რეჟიმში ჩართეთ 30-45-წუთიანი ფიზიკური აქტივობა!

8.1.3 ქვესფერო - ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

▲ზევით დაბრუნება


პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები

შედეგი I: ბავშვი ავლენს პირადი ჰიგიენისა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს

ინდიკატორები

  • დამოუკიდებლად იბანს ხელს ჭამამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, დაბანისას არ ისველებს ტანსაცმელს.

  • იცვამს და იხდის დამოუკიდებლად.

  • ამინდის მიხედვით არჩევს ტანსაცმელს.

  • თუ მაგიდაზე სითხე ან საღებავი დაეღვარა, წმენდს.

  • ცემინებისა და ხველების დროს ცხვირსახოცს ან ხელს იფარებს.

  • უფროსის დახმარებით ივარცხნის თმას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეარჩევინეთ კბილის ჯაგრისი!
▪ ისე დაუწყვეთ საპონი, ჯაგრისი, პირსახოცი და კბილის პასტა, რომ თვითონ მისწვდეს მათ!
▪ დააინტერესეთ თავის მოვლის ჩვევებით!
▪ მიეცით მაგალითი და მარტივი ინსტრუქცია, როგორ მოუაროს თავის თავს!
▪ მიეცით დრო, რათა დამოუკიდებლად შეასრულოს გარკვეული აქტივობა!
▪ ასწავლეთ და შემდეგ მიეცით საშუალება, დაუკვირდეს და პირადი გამოცდილებით თქვას, რატომ არის მნიშვნელოვანი პირადი ჰიგიენა

შედეგი II: ბავშვი ეჩვევა ჯანსაღ კვებას, ივითარებს სწორად კვების ჩვევას

ინდიკატორები

  • ასახელებს, რა სარგებლობა მოაქვს კვების ძირითად პროდუქტებს (მაგ.: რძე კარგია ძვლების ზრდისათვის).

  • შეუძლია ჩამოთვალოს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტები.

  • ირჩევს საღ საკვებს, თუ აქვს არჩევანი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ჩართეთ ბავშვი საკვების ყიდვის პროცესში, როდესაც ირჩევთ, რა იყიდოთ!
▪ ესაუბრეთ ბავშვს სხვადასხვა საკვების სასარგებლო თვისებებზე!
▪ ჩართეთ ბავშვი ბოსტნეულისა და სხვა მცენარეების დარგვისა თუ მორწყვის პროცესში!
▪ ჩართეთ ბავშვი საკვების მომზადების პროცესში!

უსაფრთხოება

შედეგი I: ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისაგან გარიდება, საშიში სიტუაციების თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები

ინდიკატორები

  • ესმის შუქნიშნის ფერების მნიშვნელობა.

  • ესმის, რომ ზოგიერთი ქმედება საშიში და საზიანოა (მაგ., მოწევა, დალევა და სხვ.).

  • როლური თამაშის დროს ახდენს უსაფრთხოების ჩვევების დემონსტრირებას.

  • იცის, როგორ გამოიყენოს საგნები უსაფრთხოდ.

  • იცის, როგორ ითხოვოს დახმარება (მაგ., როგორ და რა შემთხვევაში გამოიძახოს პატრული, სასწრაფო დახმარება, სახანძრო).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ასწავლეთ უსაფრთხოების წესები თამაშით (მაგ.: გაათამაშებინეთ და გამოაძახებინეთ მეხანძრეები, გამოიძახოს სასწრაფო)!
▪ ასწავლეთ ქუჩაში მოძრაობის წესები!
▪ ბავშვის სათამაშო გარემოში უზრუნველყავით უსაფრთხოების პრინციპების დაცვა!
▪ უზრუნველყავით ბავშვი უსაფრთხოების აღჭურვილობით (მაგ.: ჩაფხუტით)!
▪ მიეცით ბავშვს ჯანსაღი ცხოვრების მაგალითი!

8.2 სფერო - შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

▲ზევით დაბრუნება


8.2.1 ქვესფერო - ესთეტიკა და კულტურა

▲ზევით დაბრუნება


შემოქმედების აღქმა და გაგება

შედეგი I: ბავშვს შეუძლია აღიქვას და სიამოვნება მიიღოს ხელოვნების ნაწარმოებისგან

ინდიკატორები

  • ცნობს და ასხელებს ხელოვნების ფორმებს და იცის რა მასალისაგან არის შექმნილი (ნახატი, ქანდაკება, ლიტერატურა, მუსიკა).

  • გამოხატავს აღტაცებას, როდესაც ნახატი, ქანდაკება, ფილმის სიუჟეტი ახსენებს ადამიანებს, ობიექტებს ან მოვლენებს საკუთარი ცხოვრებიდან.

  • კომენტარს უკეთებს სხვა ბავშვების შემოქმედებას, ამჩნევს დეტალებს. სვამს კითხვებს ნამუშევარში გამოხატული მოქმედებისა და გამოყენებული მასალის შესახებ (რა დახატე, რითი დახატე?).

  • სიტყვიერად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ხელოვნების ნიმუშების მიმართ („ეს სევდიანი ნახატია“, „ამ მუსიკამ კარგ ხასიათზე დამაყენა“ და ა.შ.).

რჩევები მეურვეთათვის

▪ გააცანით ბავშვს ის მსოფლიო მუსიკალური გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა კულტურის მრავალფეროვნებას ასახავს (სიმღერა, ცეკვა)!
▪ მოასმენინეთ და ასწავლეთ ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები! შეადარეთ სხვა კულტურის ხალხური ხელოვნების ნიმუშებს!
▪ გაასეირნეთ ბავშვი ხელოვნების მუზეუმებში, დაასწარით სახალხო დღესასწაულებს და წაახალისეთ ბავშვი, გაჩვენოთ რომელი ნამუშევარი მოსწონს, იმსჯელეთ - რატომ!
▪ ესაუბრეთ მიღებულ შთაბეჭდილებებზე წარმოდგენის ან ხელოვნების ნიმუშის ნახვის შემდეგ!
▪ მიეცით საშუალება, გაეცნოს სხვადასხვა მუსიკალურ სტილს, მუსიკას (მოუსმინოს სხვადასხვა სტილის მუსიკას, დაუკრას რომელიმე ინსტრუმენტზე)!

შემოქმედებითი თვითგამოხატვა

შედეგი I : ბავშვი იყენებს შემოქმედებით უნარებს აზრების, გრძნოებებისა და ცოდნის გამოსახატავად

ინდიკატორები

  • შეუძლია რიტმის შექმნა დასარტყამი ინსტრუმენტებით და ხმოვანების სიძლიერის შეცვლა:

  • ჩქარა - ნელა; ხმამაღლა - ხმადაბლა.

  • შეუძლია იმღეროს ნაცნობი მელოდია.

  • მონაწილეობს როლურ თამაშებში, შეუძლია როლის განსახიერება, შეუძლია გაითამაშოს სხვადასხვა მოვლენა საკუთარი ცხოვრებიდან (ახლო წარსულიდან) ან ამა თუ იმ ამბიდან.

  • შეუძლია დახატოს რთული სქემატური ნახატი - ადამიანის ფიგურა, მრავალი დეტალით.

  • შეუძლია იხელმძღვანელოს ნიმუშით (გადმოხატოს უცნობი ფორმა, გაიმეოროს მელოდია, რიტმი).

  • ნახატში ემოციების გამოსახატავად იყენებს ფერებს.

  • ძერწავს რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარ ფიგურებს პლასტილინით ან თიხით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოფინეთ ბავშვის მიერ შექმნილი სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები, შემოქმედებითი პროექტები!
▪ წაიყვანეთ ბავშვი ხელოვნების მუზეუმში სხვისი შემოქმედების სანახავად! სცადეთ, გაუზიაროთ ერთმანეთს აზრები და შთაბეჭდილებები ხელოვნების შესახებ!
▪ წაახალისეთ ბავშვი, გადმოსცეს ნახატით თავისი განწყობა (მაგ.: თავის დაბადების დღის შემდეგ; ძილის შემდეგ; გასეირნების შემდეგ)!
▪ გააცანით ბავშვს უფრო რთული მუსიკალური ინსტრუმენტები (მაგ.: გიტარა, პიანინო)! დაუკარით, მოასმენინეთ, თუ როგორ ჟღერს ესა თუ ის მელოდია; თუ საშუალება გაქვთ, იგივე მოასმენინეთ აუდიოკასეტაზე ჩაწერილი, მაგ.: ორკესტრის თანხლებით! მიეცით საშუალება თვითონაც ჰქონდეს შეხება ინსტრუმენტთან!
▪ მოასმენინეთ სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები, მხიარული, სევდიანი და ა.შ.!
▪ შესთავაზეთ ბავშვებს მოთხრობის წაკითხვის შედეგად მიღებული შთაბაეჭდილებები გადმოსცენ ნახატით, პანტომიმით, სიტყვიერად, მუსიკალურად!

ოჯახი საზოგადოება და კულტურა

შედეგი I : ბავშვი ამჟღავნებს, რომ გათვითცნობიერებულია ოჯახურ ტრადიციებში

ინდიკატორები

  • თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს ოჯახში და იმედი აქვს, რომ მოუსმენენ, გაიზიარებენ.

  • აქტიურად მონაწილეობს ოჯახური დღესასწაულების სამზადისში (დაბადების დღის).

  • შეუძლია მოუთხროს თავისი ოჯახის ისტორია თანატოლებს, პასუხი გასცეს შეკითხვებს (მაგ., მოყვეს, მამაჩემი პოლიციელია, ჩემი ბაბუაც პოლიციელი იყო).

  • ბავშვმა იცის და შეუძლია თქვას, რა განსხვავება და რა მსგავსებაა მის ოჯახსა და მისი მეგობრის ოჯახს შორის.

  • შეუძლია ჩამოთვალოს ნათესავები, ოჯახის უშუალო წევრების გარდა სხვა ნათესავები - დეიდა, ბიძა, მამიდა, დეიდაშვილი, ბიძაშვილი და ა.შ. დაასახელოს, რა კავშირია მათ შორის (მაგ.: „ჩემი დეიდა დედაჩემის დაა“).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი მონაწილეობა მიიღოს ოჯახურ დღესასწაულებში (წაიყვანეთ ქორწილში, ნათლობაში, გააცანით ნათესავები და აუხსენით თქვენი ნათესაური კავშირები)!
▪ მოუყვანეთ მაგალითი და აუხსენით, რომ ოჯახები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შემადგენლობით, რაოდენობით, ცხოვრების სტილით, ტრადიციებით, რელიგიითა და სხვა ნიშნებით!
▪ დაეხმარეთ ბავშვს გაერკვეს, რა ურთიერთდამოკიდებულება არსებობს ოჯახის წევრებს შორის და ვის რა როლი ან ფუნქცია აკისრია (მაგ.: ბავშვთან ერთად გააკეთეთ ოჯახის გენეალოგიური ხე)!
▪ წაიყვანეთ ბავშვი სტუმრად სხვა ოჯახების გასაცნობად!
▪ მიეცით საშუალება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი და დაგეგმოს საკუთარი დაბადების დღე!

შედეგი II : ბავშვი ამჟღავნებს, რომ გათვითცნობიერებულია სამოქალაქო საკითხებში

ინდიკატორები

  • მონაწილეობას იღებს წესების შემუშავებაში და შეუძლია ახსნას წესების დაცვის აუცილებლობა (მაგ. ჯგუფში ქცევის წესები).

  • ცნობს სახელმწიფო გერბს.

  • ჯგუფური არჩევანის გაკეთებისას შეუძლია ხმის მიცემით დააფიქსიროს თავისი პოზიცია (მაგ.: კენჭი ვუყაროთ, რომელი თამაში ვითამაშოთ).

  • უფროსების სურვილითა და დახმარებით მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში.

  • მსჯელობს საკუთარ ძირითად უფლებებსა და მოვალეობებზე.

  • საუბრობს, მსჯელობს იმაზე, თუ ვინ უნდა გამოვიდეს, როდესაც გაიზრდება და რატომ გააკეთა ეს არჩევანი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მეცით ბავშვს საშუალება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრის გზით!
▪ წაიყვანეთ ბავშვი არჩევნებზე თქვენთან ერთად!
▪ იმსჯელეთ ბავშვთან ერთად, რა მნიშვნელობა აქვს წესების დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში!
▪ დაასწარით ბავშვი საქველმოქმედო ღონისძიებებს!
▪ შეაგროვებინეთ სათამაშოები და ტანსაცმელი საქველმოქმედო მიზნებისათვის!

შედეგი III: ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას.

ინდიკატორები

  • ყვება ეროვნულ ხალხურ ზღაპრებს.

  • ცნობს ეროვნულ მუსიკას, ცეკვას, საკვებს, ტანსაცმელს.

  • მონაწილეობს ეროვნულ-ტრადიციულ დღესასწაულებში (რთველში, ჩურჩხელების ამოვლებაში).

  • სვამს შეკითხვებს სხვა ბავშვების ეთნიკური და კულტურული წარმომავლობის შესახებ.

  • ყურადღებით ისმენს სხვა ერების ლეგენდებს, ზღაპრებს, სიმღერებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მოიფიქრეთ ისეთი თამაშები, რომლებიც ეროვნულ და სხვა ქვეყნების ტრადიციებს ეხება (ახალი წლის შეხვედრა)!
▪ იქონიეთ როგორც ქართული, ასევე სხვა კულტურებისათვის დამახასიათებელი სათამაშოები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ტანსაცმელი!
▪ წაიყვანეთ ექსკურსიაზე, აჩვენეთ სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები!
▪ წაუკითხეთ და უამბეთ როგორც ქართული, ასევე სხვა ქვეყნების ზღაპრები და მითები!

8.2.2 ქვესფერო - ბუნება და ტექნოლოგიები

▲ზევით დაბრუნება


ბუნება

შედეგი I: ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნების შესახებ

ინდიკატორები

  • აკვირდება და აღწერს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, განვითარების ციკლს და სხვ. (მაგ.: თესლი - ღერო - ფოთოლი - ნაყოფი და ა.შ.).

  • უფროსის დახმარებით აღწერს ცხოველებს, მცენარეებსა და გარემოს შორის ურთიერთდამოკიდებულებას.

  • უფროსის დახმარებით უვლის შინაურ ცხოველებს, მცენარეებს.

  • იცის და სწორად შეუძლია განასხვაოს სხვადასხვა სახის ლანდშაფტი (მაგ.: მთა, ბორცვი, გორაკი, ზღვა, მდინარე, ნაკადული).

  • იცის, რა ცვლილებები ხდება ბუნებაში წლის განმავლობაში და რა არის მათთვის დამახასიათებელი. ცნობს წელიწადის დროებს. იცის მათი სახელები (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი იფიქროს, ხმამაღლა ისაუბროს, თუ როგორ ვითარდება, იცვლება ბუნება!
▪ წაუკითხეთ ისეთი წიგნები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ იზრდება, ვითარდება ცოცხალი ბუნება, იცვლება არაცოცხალი ბუნება, საერთოდ, ყველაფერი ამ თემასთან დაკავშირებით!
▪ დათესეთ ან დარგეთ ბავშვთან ერთად რომელიმე მცენარე და ერთად დააკვირდით, აღწერეთ მისი გაზრდა-განვითარება!
▪ დააკვირდით და გამოიკვლიეთ ბავშვთან ერთად მიწა, დაახასიათეთ როგორია იგი: ფხვიერი, კლდოვანი, თიხოვანი და ა.შ. (მაგ.:დაამუშავებინეთ მიწა საბავშვო ნიჩბებით, დააკვირდით ქვებს, ქვიშას, რა ცხოვრობს მიწაში, ჩაატარეთ ექსპერიმენტები: აზომეთ,აწონეთ და სხვა)!
▪ ყოველდღიურად დაახასიათეთ და აღნიშნეთ ბავშვთან ერთად ამინდი და მასთან დაკავშირებული სავარაუდო ცვლილებები (მაგ.: შექმენით ყოველდღიური გრაფიკი, გამოიყენეთ მზის, წვიმის, თოვლის, ღრუბლის აღმნიშვნელი სიმბოლოები და დილით ბავშვებთან ერთად იმუშავეთ ამაზე)!

შედეგი II: ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნებისა და ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

ინდიკატორები

  • უფროსებთან ერთად შეუძლია განსაზღვროს, ბუნების დასახმარებელი ღონისძიებები (მაგ., იცის, რომ სადაც ტყე გაკაფულია, იქ ახალი ხეები უნდა დავრგოთ).

  • იცის, თუ როგორ უნდა მოუფრთხილდეს ბუნებას, გარემოს და ამას ყოველდღიურობაში ახორციელებს (მაგ.: ქუჩაში ნაგავს ურნაში ყრის, წყალს მოშვებულს არ ტოვებს, ხეს ტოტს არ სტეხს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაიყვანეთ ბავშვი პარკში, დაათვალიერეთ გარემო. ისაუბრეთ იმაზე, თუ უადგილოდ ყრია რამე; იმსჯელეთ, რა გააკეთეს არასწორად ადამიანებმა, რისი გამოსწორება და შეცვლა შეიძლება; თუ უნდა არსებობდეს რაიმე წესები ამასთან დაკაშირებით და ა.შ.!
▪ სახლში, ჯგუფში შექმენით მორიგეობის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ბავშვი ყოველდღიურად ჩართული იქნება ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა დალაგება, მიხმარება, რაღაცაზე ზრუნვა (მაგ.: სათამაშოების ალაგება, სუფრის გაწყობაში დახმარება, სახატავი მასალის დალაგებაში დახმარება, მცენარისათვის წყლის დასხმა)!

თექნოლოგია

შედეგი I: ბავშვი იყენებს ტექნიკას შესაბამისი დანიშნულებით

ინდიკატორები

  • სვამს კითხვებს იმ სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებასა და საყოფაცხოვრებო მოწყობილობაზე თუ სხვა, რომლებიც ადამიანს ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში (მაგ.:როგორ გადაადგილდებოდნენ, როდესაც არ იყო მანქანები).

  • უფროსის დახმარებით იწყებს იმ ტექნიკური საშუალებების გაცნობას, რომლებიც მის ირგვლივაა (უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით დღეში ნახევარი საათი).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ, მიუთითეთ ბავშვს იფიქროს, თუ რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ტექნიკურ საშუალებას, რა სარგებლობა ან ზიანი მოაქვს მას ადამიანებისათვის, გარემოსათვის!
▪ ტექნიკის რომელიმე საშუალების გამოყენებისას ბავშვთან ერთად წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი მიზანი (მაგ.: გამოიყენეთ კომპიუტერი ამინდის პროგნოზის გასაგებად)!
▪ აჩვენეთ, როგორ გამოიყენება მარტივი მექანიკური მოწყობილობები, მაგ., გატეხეთ თხილი სატეხით!

8.2.3 ქვესფერო - რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

▲ზევით დაბრუნება


რიცხვები და ანგარიში

შედეგი I: ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნას და შეუძლია დათვლა

ინდიკატორები

  • დამოუკიდებლად ითვლის 21-მდე.

  • შეუძლია რიცხვის გამოყენება რიგითობის აღსანიშნავად (ზეიმზე პირველი გამოდის მარიკა, მეორე ლევანი; წამყვანის შემდეგ გამოდის ნინო და მღერის).

  • ესმის, რომ დათვლის დროს ბოლო რიცხვი წარმოადგენს საგნების მთელ რაოდენობას.

  • ასრულებს მათემატიკურ გარდაქმნებს (მიმატება-გამოკლებას 10-ის ფარგლებში) ყოველდღიურ აქტივობაში სათამაშოებისა და მონეტების გამოყენებით (მაგ.: „მე მივეცი გიას ერთი კუბურა. მას ახლა ორი აქვს“).

  • შეუძლია გამოთქვას ვარაუდი რაოდენობასთან დაკავშირებით (მაგ.: „მე ვფიქრობ, რომ იმ ჯამში 5 ბურთულაა“).

რჩევები მეურვეთათვის

▪ შესთავაზეთ ბავშვს, შეაფასოს, რამდენი საგანი აქვს ან რამდენს ხედავს და შემდეგ ხმამაღლა დაითვალოს!
▪ დაუსვით ბავშვს მათემატიკასთან დაკავშირებული კითხვები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება (მაგ.: „ამ კალათაში ორი ვაშლია, ჩავდოთ კიდევ ორ ვაშლი , რამდენი იქნება?“)!
▪ აჩვენეთ ბავშვს ის საგნები, რომლებიც რიცხვებთანაა დაკავშირებული (მაგ.: საათი, სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი გზატკეცილზე, თერმომეტრი და ა.შ.)!

აზომვა

შედეგი I : ბავშვი აღიქვამს და აფასებს ზომას, მოცულობას, სიმაღლეს, სიგრძესა და წონას

ინდიკატორები

  • მზარეულობის დროს შეუძლია აწონოს ინგრედიენტები (ამა თუ იმ კერძისათვის საჭირო პროდუქტების ნაერთი, მასალა) უფროსის დახმარებით.

  • ესმის, რომ რაოდენობა რჩება იგივე, მიუხედავად ობიექტის ფორმის ცვლილებისა.

  • შეუძლია საგანთა რაოდენობრივი შედარება პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით (მაგ., სწორად ხმარობს ტერმინებს ტოლია, არ არის ტოლი, მეტია, ნაკლებია).

  • განსაზღვრავს, რამდენი ნაბიჯია საჭირო ოთახის გასავლელად.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეუქმენით ბავშვს პირობები, რომ გამოიყენოს ნაცნობი საზომი საშუალებები!
▪ ათამაშეთ თამაშები, რომელთა დროსაც გამოიყენება გაზომვა, აწონა (მაგ.: „რომელია უფრო მძიმე?“ „რომელია გრძელი?“)!
▪ იმისათვის, რომ ზომის მიხედვით შედარება შეძლოს, მიეცით საშუალება დაადოს ერთმანეთს საგნები, შემდეგ უკვე შეადაროს თვალის ზომით!

კანონზომიერების დადგენა

შედეგი I : ბავშვი აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმისა და დანიშნულების მიხედვით

ინდიკატორები

  • შეუძლია საგნების დაჯგუფება ერთი თვალსაჩინო ნიშნით (მაგ.:აჯგუფებს მწვანე, თეთრსა და წითელ ფანქრებს).

  • შეუძლია გაიმეოროს და განავრცოს გარკვეული წესით მოცემული თანმიმდევრობა (მაგ.: გაიმეოროს ორი მოქმედების თანმიმდევრობა, ორი ტაში - ორი ბაკუნი, გააგრძელოს თანმიმდევრობა: წითელი ბურთი - ლურჯი, წითელი - ლურჯი, შეავსოს ნახატი).

  • ალაგებს ფორმებს პატარიდან დიდამდე და პირიქით, დიდიდან პატარამდე (მაგ.: ალაგებს სამ წრეს ზომის მიხედვით).

  • ასახელებს მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე), იცის მათი ელემენტარული მახასიათებლები (მაგ.: ოთხკუთხედს ოთხი კუთხე, ოთხი წვერო აქვს; წრე მრგვალია).

  • შეუძლია დახატოს კვადრატი, სამკუთხედი.

  • შეუძლია იპოვოს სურათზე მითითებული ფორმა (მაგ.: სურათზე ხატია მაღაზია, ბავშვმა უნდა მოძებნოს, ხუთი ვაშლი, ოთხი სამკუთხედი და ა.შ.).

  • შეუძლია დანაწევრებული ფორმის ნაწილებით რაიმე ფიგურის შექმნა (მაგ.: ნაწილებისაგან ადამიანის ფიგურის შექმნა, სამკუთხედებით სხვა გეომეტრიული ფიგურის შექმნა).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი დაალაგოს საგნების ნაკრები სხვადასხვა ჯგუფებად სხვადასხვა წესის მიხედვით!
▪ დაავალეთ შემოქმედებითი პროექტების განხორციელება, რომლებშიც გამოიყენება ფორმები (მაგ.: „შენ შეგიძლია ააშენო სახლი ოთხკუთხედის თავზე სამკუთხედის დადგმით“)!
▪ ათამაშეთ თამაშები, რომლის დროსაც მას მოუწევს ფორმების აღწერა და ამოცნობა, დეტალებზე ყურადრების გამახვილება!
▪ უზრუნველყავით ბავშვი ისეთი მასალებით, რომლებიც შეიძლება ახალი ფორმების შესაქმნელად გამოიყენოს!
▪ მიეცით რაიმე თანამიმდევრობის (ორელემენტიანი, ორნაწილიანი) ნიმუში, რომელსაც გაიმეორებს და გააგრძელებს. ეს შეიძლება განხორციელდეს მოძრაობაში, შემოქმედებითი საქმიანობისას და ა. შ.!

8.2.4 ქვესფერო - მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

▲ზევით დაბრუნება


რო

შედეგი I: ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობის დროს წარსულს, აწმყოსა და მომავალს

ინდიკატორები

  • შეუძლია გადმოსცეს საკმაოდ რთული ამბავი, ისტორია სწორი თანამიმდევრობით (მაგ.: ისტორია, რომელიც რამდენიმე მოქმედებისაგან შედგება და რამდენიმე პერსონაჟი ჰყავს).

  • შეუძლია წელიწადის დროებისა და კვირის დღეების დასახელება.

  • საკუთარ გეგმებზე საუბრისას იყენებს ზმნას მომავალ დროში.

  • ადეკვატურად იყენებს დროის აღმნიშვნელ სიტყვებს - გუშინ, დღეს, ხვალ; სწორად პასუხობს კითხვაზე, როგორი ამინდი იყო გუშინ.

  • აქვს წარმოდგენა იმაზე, რომ წარსულში ადამიანები განსხვავებულად ცხოვრობდნენ, ვიდრე დღეს (იცის, რომ იყო დრო, როდესაც კომპიუტერი, მანქანა, ტელევიზორი არ არსებობდა).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ დახატოს ის, რაც შეუძლია გაიხსენოს პირადი, ოჯახური ცხოვრებიდან!
▪ გააკეთებინეთ ბავშვს თავისი პირველი 5 წლის „სიცოცხლის ხაზი“ (მაგ.: პირველი 2 წელი დედიკოსთან ერთად იყო სახლში, მერე 1 წელი - ძიძასთან, 3 წლიდან ბაღშია...)!
▪ წაუკითხეთ ბავშვს ისეთი წიგნები, რომელთა სიუჟეტი ისტორიულ ამბებზეა აგებული!
▪ ბავშვთან ერთად თვალი გადაავლეთ იმ მასალას, ფაქტებს, რომლებიც მისთვის თვალსაჩინოს გახდის დროის განმავლობაში მომხდარ ცვლილებას (მაგ.: ბავშვის ფოტოები)!
▪ მიეცით ბავშვს საშუალება, გაეცნოს ისეთ საგნებს, რომელთა დახმარებითაც დროის სწორ აღქმას ისწავლის, ესენია: საათი, კალენდარი (მაგ.: ისაუბრეთ ყოველდღიურად და გამოიყენეთ კალენდარი თვის, კვირის დღეების გასაცნობად)!

ივრცე

შედეგი I: ბავშვს შეუძლია საკუთარი თავის, გარემოში არსებული ობიექტების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა

ინდიკატორები

  • არჩევს მარჯვენას და მარცხენას საკუთარი სხეულის ნაწილებზე.

  • საუბარში იყენებს ადგილმდებარეობის აღმნიშვნელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ახლოს“; „შორს“; „წინ“; „უკან“.

  • შეუძლია აგიხსნათ, მიგასწავლოთ გზა (მაგ.: თავისი სახლისკენ: „ჩემი სახლი არის საცურაო აუზთან“).

  • იცის, თუ რომელ ქუჩაზე ცხოვრობს, რა ჰქვია მის ქალაქს თუ სოფელს, რა ჰქვია მის ქვეყანას და ა.შ.

  • ვითარდება მისი წარმოდგენები იმაზე, რაც მისი სოფლისა თუ ქალაქისათვისაა

  • დამახასიათებელი (მაგ.: ტელევიზორში წყალდიდობის ნახვის შემდეგ ამბობს: „ჩვენთან ასეთი რამე არ ხდება“).

  • იცის სხვა ქვეყნების არსებობის შესახებ.

  • შეუძლია ლაბირინთში გზის გაკვლევა.

რჩევები მეურვეთათვის


▪ წაახალისეთ და მიეცით საჭირო მასალა ბავშვს იმისათვის, რომ შექმნას და წარმოადგინოს თავისი უშუალო გარემო (მაგ.: ხის სათამაშო ბლოკებით ააგოს სახლი და თავისი სამეზობლო: მაღაზია, პარკი (თუ არის) და სხვ. შეიძლება ასევე შექმნას საკუთარი საკლასო ოთახი)!
▪ წაახალისეთ და დაეხმარეთ დახატოს, მაგ.: თავისი სახლისა და სამეზობლოს მარტივი რუკა ან გეგმა!
▪ დაეხმარეთ ბავშვს დახატოს თავისი სახლი შემოგარენით, ქალაქი ან სოფელი, სადაც ის ცხოვრობს!
▪ გამოიყენეთ გლობუსი, რუკა ბავშვთან ერთად! აჩვენეთ ოკეანეები და კონტინენტები (ხმელეთი და წყალი)!
▪ ეთამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც მოითხოვს მარტივი ინსტრუქციების შესრულებას მარჯვენა-მარცხენას გათვალისწინებით (მაგ.: ვარჯიშის დროს ასწიე მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელით დოინჯი გააკეთე, ან, მაგალითად, ხატვის დროს: დახატე სახლი, მარჯვნივ - ხე, მარცხნივ - ყვავილი და ა.შ.)!
▪ შეასრულებინეთ ისეთი დავალებები, რომლებიც მოითხოვს ფურცელზე ორიენტაციას, გააფერადებინეთ ფიგურები; გააკვლევინეთ ლაბირინთში გზა!
▪ აღაწერინეთ სურათი, რისთვისაც მოუწევს სივრცითი მიმართებების გამოყენება, მაგ., კურდღელი გალიაშია, ბიჭი სკამის უკან დგას და ა.შ.

მიზეზშედეგობრიობა

შედეგი I : ბავშვს ესმის, სწვდება მიზეზშედეგობრივ კავშირებს

ინდიკატორები

  • შეუძლია ივარაუდოს რაიმე ქცევასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგი (მაგ.: ღამე, როდესაც შუქს ჩავაქრობ, დაბნელდება).

  • შეუძლია ისეთი ცდის (ექსპერიმენტის) ჩატარება, რომლითაც ნათლად ჩანს ობიექტი ერთი სახის მდგომარეობიდან მეორეში როგორ გადადის (მაგ.: წყლით სავსე ჭურჭელი საყინულეში იყინება, ხოლო გამოღებისას ოთახის ტემპერატურაზე თბება და ლღვება, თოვლის ფიფქი ხელზე დნება).

  • შეუძლია განსაზღვროს, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, თუ რამდენად განსხვავებული შედეგი შეიძლება მიიღოს (მაგ.: ყვითელი და წითელი ფერის შერევით ნარინჯისფერი მიიღება, ხოლო ყვითელი და ლურჯის შერევით - მწვანე).

  • შეუძლია განსაზღვროს საგნის (ობიექტის) რომელი ელემენტები (ნაწილები) იწვევს ამა თუ იმ ეფექტს (მაგ.: დახურული ყუთში ლობიოს მარცვლები ჩხრიალებს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომელთა დროსაც ობიექტებს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებს დააკვირდება (მაგ.: თესლის დათესვა და მის გაზრდაგანვითარებაზე დაკვირვება, ცილის ათქვეფა და სხვ.)!
▪ ისაუბრეთ ბავშვთან ყოველი კონკრეტული შემთხვევის მიზეზშედეგობრივ კავშირებზე (მაგ.: დააკვირდით და გამოიკვლიეთ, თუ როგორ იზრდება მცენარე: ღერო, ფოთოლი, კოკორი, ყვავილი და ა.შ.)!
▪ ესაუბრეთ ბავშვს იმ ეტაპებზე (საფეხურებზე), რომლებიც უნდა გაიაროს ამა თუ იმ შედეგის მისაღწევად (მაგ.: ერთად დაადგინეთ ის საფეხურები, რომლებიც ტორტის გამოცხობისათვის (საბოლოო შედეგისათვის) არის საჭირო)!
▪ მიაწოდეთ ბავშვს ცდებისათვის (ექსპერიმენტებისათვის) ისეთი მასალა, რომელიც ამავე დროს სხვა ქვეყნების კულტურას წარმოადგენს (მაგ.: დაამზადებინეთ „მარაკასები“ - საჩხარუნოები, შიგნით ჩასაყრელად კი გამოიყენეთ სხვადასხვა მასალა. მაგ.: მარცვლები, ან ბურღულეული, ან მძივის ბურთულები და დააკვირდით მათ განსხვავებულ ხმას, ჟღერადობას)!

8.3 სფერო - სწავლისადმი მიდგომა

▲ზევით დაბრუნება


8.3.1 ქვესფერო - მოტივაცია

▲ზევით დაბრუნება


ცნობისმოყვარეობა და ინტერესი

შედეგი I: ბავშვი გამოხატავს ინტერესს და ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ

ინდიკატორები

  • ხალისით დადის სასეირნოდ, ახალი ადგილების გასაცნობად.

  • უფროსის დახმარებით ეძებს ახალ ინფორმაციას მის მიერვე გამორჩეული ინტერესის სფეროსთან დაკავშირებით.

  • მონაწილეობს ახალი ღონისძიებებისა და მიმდინარე მოვლენების განხილვაში (მაგ., რატომ მოხდა ეს?).

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად იპოვოს კითხვაზე პასუხი!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, გაიგოს როგორ შეიძლება სხვადასხვა სახის რესურსების გამოყენება კითხვაზე პასუხის მოსაპოვებლად!
▪ გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესის სფერო, როდესაც სთავაზობთ კუბურებს, ფილმებს ან გასეირნებას!
▪ ატარეთ ბავშვი სტუმრად, სხვა გასართობ ადგილებში - გამოფენაზე, კინოში, მუზეუმში და ა.შ.!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ შეთხზას დამაჯერებელი, რეალობასთან მიახლოებული ამბები!

ინიციატივა და დამოუკიდებლობა

შედეგი I: ბავშვი ავლენს ინიციატივასა და დამოუკიდებლობას

ინდიკატორები

  • შეუძლია დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება. დამოუკიდებლად ირჩევს საქმიანობას (მაგ., ისეთ თამაშს, რომელიც უკავშირდება მისი გამორჩეული ინტერესების სფეროს).

  • არჩეულ საქმიანობას დამოუკიდებლად ართმევს თავს.

  • გეგმავს მარტივ საქმიანობას და ასრულებს გეგმას უფროსის მცირე დახმარებით.

  • მიჰყავს საუბარი თავისთვის საინტერესო მიმართულებით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად იმუშაოს!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ მისდიოს თავისი ინტერესის სფეროს!
▪ შეაქეთ და წაახალისეთ ბავშვი, როცა იგი ცდილობს დამოუკიდებლად იმუშაოს!

8.3.2 ქვესფერო - სასწავლო უნარები

▲ზევით დაბრუნება


ყურადღების კონცენტრაცია

შედეგი I: ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას

ინდიკატორები

  • ინარჩუნებს ინტერესს ჩანაფიქრის ან საქმიანობის მიმართ, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს საქმეს, მიუხედავად ხელისშემშელელი ფაქტორებისა.

  • ისახავს მიზანს და დამოუკიდებლად ცდილობს მის განხორციელებას წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით.

  • ჯგუფური აქტივობის დროს ყურადღებას ამახვილებს იმ ობიექტზე ან ადამიანზე, რომელიც იმ მომენტში მთელი ჯგუფის ყურადღების ცენტრშია.

  • გაგებით ეკიდება წინააღმდეგობებს და აგრძელებს მუშაობას იმედგაცრუების გარეშე (მაგ., როცა ეღვრება წყალი, გადაწმენდს დაღვრილს და ხელახლა დაისხამს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ დაისახოს მიზანი და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს!
▪ მოიფიქრეთ ისეთი პროექტები, რომლებიც ხანგრძლივ მუშაობას მოითხოვს (მაგ., დათესვა, მოვლა, ზრდაზე დაკვირვება)!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ისეთი საქმის კეთებისას, რომელიც გრძელდება ერთ დღეზე მეტ ხანს (მაგ.: ერთი კვირის მანძილზე თუთიყუშების კვება)!
▪ შესთავაზეთ ბავშვებს ისეთი ჯგუფური თამაშები, რომლებიც ყურადღების მეტად მობილიზებას მოითხოვს და მეხსიერებას ავითარებს ( მაგ.: წარმოიდგინონ, რომ ხილბოსტნეულის მაღაზიაში არიან. პირველი ასახელებს ხილის სახეობას, მეორე უსმენს, იმეორებს მის ნათქვამს და ამატებს თავისას და ა.შ.)!

შემოქმედებითობა და გამომგონებლობა

შედეგი I: ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას უდგება შემოქმედებითად და გამომგონებლურად;

ინდიკატორები

  • იგონებს წესებს ჯგუფური თამაშისთვის.

  • თამაშობს როლურ თამაშს (მაგ: გაითამაშებენ სამი გოჭის ამბავს) ან სიმბოლურ თამაშს (მაგ: ექიმობანას ან ძაღლობანას).

  • ჩანაფიქრის განხორციელებისას იყენებს სხვა დანარჩენი ბავშვებისაგან განსხვავებულ ხერხს (მაგ., ქმნის კუბების განსხვავებულ სტრუქტურას ან ნახატს).

  • ცვლის ნაცნობ მოთხრობას, გმირების ან მოქმედებების დამატებით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ეთამაშეთ ბავშვს ისეთი თამაში, რომელიც მას განუვითარებს ფანტაზიას (მაგ., დაუსვით კითხვა: შენ რომ ბაყაყი იყო, რას იფიქრებდი წვიმაზე?)!
▪ დაუსვით ღია შეკითხვები ვარაუდების გამოსათქმელად, რათა შედგეს ურთიერთობა და დიალოგი ბავშვთან (მაგ.: როგორ ფიქრობ, რატომ მოიწყინა ქოთანში ჩარგულმა ყვავილმა? როგორ მოიქცევი?)!
▪ მიეცით საშუალება, ჩაერთოს სხვადასხვა სახის შემოქმედებით საქმიანობაში - იცეკვოს, ხატოს, ჟესტ-მიმიკით გამოხატოს თავისი ემოცია და აზრი, შეთხზას ლექსები და ზღაპრები!

პრობლემის გადაჭრა

შედეგი I: ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს;

ინდიკატორები

  • სვამს შეკითხვებს და ელოდება პასუხს, რათა გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა.

  • მუშაობს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად პრობლემის გადაჭრაზე და გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას.

  • ხვდება, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხზე, საგანზე მუშაობა მისთვის შეიძლება რთული იყოს (მაგ., „ეს ფაზლი - ბევრ პატარა ფირფიტად ან კუბად დანაწევრებული სურათი - ძნელად ასაწყობი იქნება“).

  • წყვეტს ამოცანას, აწყობს 8-12-ნაწილიან კონსტრუქტორს.

  • იყენებს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ერთზე მეტ გზას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს მარტივი ამოცანები და წაახალისეთ, მიიღოს გადაწყვეტილება და გადაჭრას პრობლემა!
▪ ესაუბრეთ ბავშვს სხვადასხვა გადაწყვეტილების სასარგებლო და უარყოფით მხარეებზე და დაეხმარეთ, წაახალისეთ, მიიღოს გადაწყვეტილება!
▪ წაახალისეთ ბავშვი, პრობლემის გადასაჭრელად სხვებთან ერთად იმოქმედოს!

აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი

შედეგი I: ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით;

ინდიკატორები

  • ცნობს ნახატ სიმბოლოებს, რომლებიც გადმოსცემენ ადგილის დანიშნულებას (მაგ: გადასასვლელის, მიწისქვეშა გადასასვლელის, მედ. პუნქტის, საპირფარეშოს აღმნიშვნელ სიმბოლოებს).

  • თხრობის დროს იშველიებს საგნებს, სურათებს, სიმბოლოებს მეტი თვალსაჩინოებისათვის (მაგ. როდესაც რაღაცას აღწერს).

  • იყენებს განსხვავებულ საგნებს, როგორც სიმბოლოებს, როლური თამაშის დროს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, ჩაერთოს სიმბოლურ ან როლურ თამაშებში!
▪ ყოველდღიური საქმიანობისას მიუთითეთ, მიანიშნეთ არსებულ სიმბოლურ გამოსახულებებზე (მაგ., ჯგუფის სამუშაო ოთახში)!
▪ ესაუბრეთ, თუ რა ინფორმაციას იძლევა ესა თუ ის სიმბოლური გამოსახულება (მაგ., აჩვენეთ მისთვის უცხო, უცნობი საგზაო ნიშნები და ჰკითხეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს)!

შედეგი II: ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან

ინდიკატორები

  • შეუძლია დაასახელოს ის მომენტი, როცა ფანტაზია ჩართულია რეალობაში (მაგ., „მე მხოლოდ ვთამაშობდი“, - ამბობს ბავშვი, როდესაც რაღაც წარმოსახვით თამაშშია ჩართული).

  • შეუძლია ახსნას, გმირები, პერსონაჟები, საგნები, ადგილები, რომლებსაც წიგნებში, ტელევიზორში თუ კომპიუტერის ეკრანზე ხედავს, რატომ შეიძლება იყვნენ არარეალურები.

რჩევები მეურვეთათვის
▪ მიეცით ბავშვს წარმოსახვის განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა (მაგ.: მოუყევით რაიმე ამბავი, ზღაპარი და მიეცით საშუალება ამბის ბოლო, დასასრული შეცვალოს ან თვითონ შეთხზას)!
▪ დაახატვინეთ ზღაპრული სამყარო, არარსებული ცხოველი, ზღაპრული ჩიტი და ა.შ.!

გააზრება და ინტერპრეტაცია

შედეგი I: ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით;

ინდიკატორები

  • იმახსოვრებს და აღწერს წარსულში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებსა და საინტერესო ამბებს.

  • ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია, რათა გაერკვეს მომავალში მოსალოდნელ მოვლენებში.

  • ჩანაფიქრის განხორციელებისას იყენებს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს.

  • გეგმავს ღონისძიებებს და მიზნის დასახვისას ითვალისწინებს გამოცდილებას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს საშუალება, სხვადასხვა მეთოდით გამოხატოს თავისი აზრები!
▪ წაახალსეთ ბავშვი, რომ უკვე მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, დაგეგმოს ახალი მოქმედება!
▪ მიეცით საშუალება, რომ დაუფიქრდეს, როგორ სწავლობს!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ თავისი გამოცდილება გაუზიაროს სხვებს!

კრიტიკული აზროვნება და კვლევა

შედეგი I: ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებასა და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს

ინდიკატორები

  • აკვირდება ობიექტს ან მოვლენას, იკვლევს და სვამს შეკითხვებს ახალი ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

  • იყენებს მარტივ იარაღს, ხელსაწყოებსა და მოწყობილობებს, რათა გაიფართოვოს თვალსაწიერი და მოაგროვოს ფაქტები.

  • ცნობს, აღწერს და ადარებს საგნებს, ობიექტებს მათი თვალსაჩინო მახასიათებლების მიხედვით.

  • შეუძლია საკმაოდ დამაჯერებელი, აზრიანი ახსნა ამა თუ იმ საკითხისა, უფროსის დახმარების გარეშე (მაგ., ამბობს, რომ ბურთზე ვერ დადებს კუბს, რადგან ბურთი მრგვალია და გაგორდება).

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაუსვით ბავშვს შემდეგი სახის კითხვები: „თუ ... მაშინ?“ (მაგ.: „თუ ჭიქაში წყალს ჩავასხამ და მაცივარში შევინახავ, მაშინ რა მოხდება?“)!
▪ ჩაატარეთ ბავშვთან ერთად მარტივი ცდები (მაგ.: რომელი საგნები იძირება წყალში და რომელი - არა, და რატომ?)!
▪ ესაუბრეთ ბავშვს და წაახალისეთ იგი, რომ იქონიოს საკუთარი ვარაუდი ამა თუ იმ მოვლენის, მაგ., ბუნების მოვლენების შესახებ!

შედეგი II: ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით იღებს

ინდიკატორები

  • აჯგუფებს საგნებს ერთზე მეტი წინასწარ აღებული თვალსაჩინო მახასიათებლის მიხედვით (მაგ., მოცემულია სხვადასხვა ფერის ფანქრები და ფლომასტერები, ბავშვი, მოთხოვნის მიხედვით, აჯგუფებს წითელი ფერის ფანქრებს ერთ მხარეს და ასევე წითელი ფერის ფლომასტერებს - მეორე მხარეს).

  • აჯგუფებს ფრინველებს, ცხოველებსა და ა.შ. ერთი მთავარი ნიშნის, სახეობის მიხედვით.

  • აღწერს სხვადასხვასვა დღეს მომხდარ მოვლენებს „შედარებითი“ სიტყვების გამოყენებით (მაგ., დღეს „უფრო მეტი ვიარეთ, ვიდრე გუშინ“).

  • ადარებს თავის გამოცდილებას თანატოლისას და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას.

  • შეუძლია ახსნას არჩევანის საფუძველი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ისეთი როლური თამაშები, რომელთა საშუალებითაც ბავშვს მოუწევს სხვისი როლის გათავისება და ივარაუდებს, მოიაზრებს სხვის პერსპექტივას!
▪ ესაუბრეთ ბავშვს იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში!
▪ თამაშისას, საუბრისას შეუქმენით ბავშვს ისეთი პირობები, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს, შემდეგ კი მასთან ერთად ისაუბრეთ სხვადასხვა შესაძლო გადაწყვეტილებაზე (მაგ., ასეთი ინსტრუქციით: მოდი ავაშენოთ სახლი და გამოვიყენოთ მხოლოდ ის საგნები, რომლებსაც აქ, ოთახში ხედავ. დავალების შესრულების შემდეგ ისაუბრეთ სხვა შესაძლო ვარიანტებზე)!
▪ ესაუბრეთ ბავშვს და ჰკითხეთ, თუ რატომ გააკეთა ესა თუ ის არჩევანი (მაგ., თამაშის დაწყების წინ მიეცით საშუალება, რამდენიმე შეთავაზებული თამაშიდან აარჩიოს ერთ-ერთი, შემდეგ კი ჰკითხეთ, თუ რამ განაპირობა მისი ეს არჩევანი)!
▪ თამაშის დროს ყურადღება გაამახვილებინეთ საგანთა და მოვლენათა განსხვავებულობაზე (უმჯობესია ერთი დომინანტური ნიშნის შერჩევა)!

8.4 სფერო - მეტყველების განვითარება

▲ზევით დაბრუნება


8.4.1 ქვესფერო - მეტყველება

▲ზევით დაბრუნება


მოსმენა და ზეპირი მეტყველება

შედეგი I: ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული მეტყველება)

ინდიკატორები

  • შეუძლია განასხვაოს რეალური და გამოგონილი სიტყვები.

  • სწორად ესმის ისეთი ტექნიკური და სპეციალური სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც მის გარემოში ხშირად იხმარება (მაგ.: პედიატრი ბავშვის ექიმია).

  • შეუძლია საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების (არსებითი და ზედსართავი სახელების, დროისა და სივრცითი მიმართებების აღმნიშვნელი ზმნიზედების, მაგ., დღე -ღამე; მაღალი - დაბალი; ზევით - ქვევით) დასახელება.

  • სვამს კითხვებს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.

  • ინტერესით უსმენს ზღაპრებს, მოთხრობებს, შეუძლია განასახიეროს ის, რაც მოისმინა.

რჩევები მეურვეთათვის

▪ საუბრის დროს შიგადაშიგ გამოიყენეთ რთული სიტყვები და აუხსენით ბავშვს მათი მნიშვნელობა!
▪ წაახალისეთ ბავშვი ყურადღება მიაქციოს ახალ სიტყვებს, სთხოვეთ თქვას, რა მოისმინა!
▪ შეაქეთ ბავშვი, როდესაც შეამჩნევთ, რომ გამოხატავს ინტერესს ან საუბრისას იყენებს ახალ სიტყვებს!
▪ ესაუბრეთ ბავშვს იმაზე, თუ რას აკეთებს, რას ხედავს, რა ესმის!
▪ უფრო რთული სიტყვების გამოიყენებით განავრცეთ და გააღრმავეთ ის თემა ან აზრი, რომლის შესახებაც ბავშვი ლაპარაკობს!

შედეგი II: ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (ექსპრესიული, პროდუქტიული მეტყველება)

ინდიკატორები

  • ცდილობს გამოიყენოს ახლად ნასწავლი სიტყვები კონტექსტის შესაბამისად.

  • სვამს კითხვებს ისეთ აბსტრაქტულ სიტყვებთან დაკავშირებით, როგორებიცაა მეგობრობა, ბავშვობა, სიყვარული.

  • შეუძლია მოკლე ამბის თანმიმდევრულად, ქრონოლოგიურად მოყოლა.

  • შეუძლია განზოგადება, მაგალითად, კითხვაზე - „რა არის კოვზი, დანა, თეფში, ჭიქა?“ - ყველა ეთად პასუხობს - „ჭურჭელი“ ან „ის, რაც ჭამის დროს გვჭირდება“.

  • იყენებს რთულ წინადადებებს, ხმარობს მაქვემდებარებელ კავშირებს: რომ, თუ, რომელიც, რადგან.

  • იყენებს როგორც დროისა და ადგილის ზმნიზედებს, ასევე ზმნისწინებს სივრცითი და დროითი მიმართებების გამოსახატავად.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გააცანით ბავშვს მეტყველების სხვადასხვა ფორმა (მაგ.: ლექსი, მოთხრობა, ხუმრობა)!
▪ ათამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებშიც ახალი სიტყვები იქნება გამოყენებული!
▪ წაახალისეთ ბავშვი ითამაშოს სიტყვებით ისე, რომ რითმა შექმნას (გარითმოს)!
▪ დააკავშირებინეთ ბავშვს აბსტრაქტული ცნებები თავის ყოველდღიურობასთან (მაგ.: „მეგობრობა“ მიუსადაგეთ მის ქცევასა და სხვების მიმართ დამოკიდებულებას)!
▪ დაათვალიერებინეთ სურათები, სთხოვეთ აღწეროს!
▪ როდესაც ბავშვი საუბრის დროს შეცდომას უშვებს, გაიმეორეთ იგივე სწორი ფორმით!
▪ შესთავაზეთ ისეთი თამაშები, რომლებიც ბავშვისაგან მოითხოვს იმის მიხვედრას, თუ რომელია სწორი ფრაზა/წინადადება (მაგ.: „რომელია სწორი - ჩიტი დიდი ცისფერი გაფრინდა თუ დიდი ცისფერი ჩიტი გაფრინდა?“)!
▪ მოუსმინეთ ბავშვის მოყოლილ ისტორიებს, შეაქეთ და წაახალისეთ!
▪ შეადგენინეთ მოცემული სიტყვებით წინადადება!

შედეგი III: ბავშვი იყენებს ზეპირ მეტყველებას სხვადასხვა მიზნისათვის (პრაგმატული განვითარება)

ინდიკატორები

  • შეუძლია თავისი სიტყვებით გადმოსცეს მარტივი ისტორია და მოვლენა თანმიმდევრულად აღწეროს.

  • უსმენს სხვებს და მონაწილეობას იღებს ჯგუფურ საუბარში.

  • იცის ელემენტარული ეტიკეტით რა მოეთხოვება: შეუძლია მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მილოცვა.

  • სიტუაციის შესაბამისად იყენებს მიმართვის თავაზიან შინაურულ ფორმებს (მაგ.: სხვადასხვანაირად მიმართავს მეგობრებს და უფროსებს).

  • სხვადასხვა სიტუაციაში სათანადოდ იცვლის ხმასა და ინტონაციას (მაგ.: როცა ჩვილ ბავშვს სძინავს, ჩურჩულით საუბრობს).

  • კმაყოფილებას ჰგვრის ამბების შეთხზვა.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ბავშვთან საუბრისას შეეცადეთ გამოხატოთ მისგან განსხვავებული აზრი, მიეცით მას საკუთარი არგუმენტების ჩამოყალიბებისა და გამოთქმის საშუალება (ისაუბრეთ მეცნიერების რომელიმე დარგის, მაგალითად, ასტრონომიის შესახებ)!
▪ მოუყევით ისტორია განსხვავებული კულტურების შესახებ და გამოყავით ისეთი საკითხები, რომლებმაც შეიძლება დააინტერესოს ბავშვი!
▪ აჩვენეთ ეტიკეტის დაცვის მაგალითი და შეაქეთ, როდესაც ზრდილობიანად იქცევა!
▪ გამოიყენეთ თავისუფალი დრო ბავშვთან სასაუბროდ. სასურველია, რომ ამ საუბარში სხვა ბავშვები ან ოჯახის წევრებიც ჩართოთ (მაგ.: ისაუბრეთ დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე)!
▪ ვმიეცით ბავშვს შესაძლებლობა, მოყვეს ზღაპარი ან საკუთარი სიტყვებით მოგითხროთ რაიმე მოვლენის შესახებ!
▪ მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა და დრო იმისათვის, რომ მოუსმინონ მოთხრობებს, ზღაპრებს და შემდეგ - განიხილონ, იმსჯელონ, ისაუბრონ!
▪ შესთავაზეთ სიტყვებით თამაში (მაგ.: კალამბური, გამოცანები)!
▪ ჩართეთ ბავშვი ისეთ თამაშებსა და საუბრებში, რომელთა დროსაც იგი ურთიერთობის გარკვეულ გამოცდილებას მიიღებს (მაგ.: გაათამაშებინეთ როლური თამაშები - „მაღაზიობანა“, „ექიმობანა“, „დაბადების დღე“)!

შედეგი III: არაქართველი ბავშვი იყენებს ქართულ ენას სხვადასხვა მიზნისათვის

ინდიკატორები

  • ასრულებს 2-3-საფეხურიან ინსტრუქციას.

  • ცდილობს დაიმახსოვროს ახალი სიტყვები და გაარკვიოს მათი მნიშვნელობები.

  • უსმენს მოკლე ამბავს და შეუძლია ორი-სამი წინადადებით შინაარსის გადმოცემა.

  • მონაწილეობს როლურ თამაშში.

  • ინტერესდება და სვამს შეკითხვებს ქართული ანბანის შესახებ.

  • შეუძლია საკუთარ თავზე ინფორმაციის მოწოდება (მაგ.: „მე ვარ იურა, ვცხოვრობ თბილისში“, და ა.შ.).

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეეცადეთ ბავშვი საუბარში ჩააბათ!
▪ მიეცით საშუალება, რომ გადმოსცეს რაიმე ამბავი რამდენიმე წინადადებით!
▪ სთხოვეთ აღწეროს სურათი ან ობიექტი!
▪ წაუკითხეთ, მოასმენინეთ ისტორიები, ზღაპრები!
▪ ასწავლეთ სიმღერები!
▪ აჩვენეთ ქართული ანბანი!
▪ მიეცით საშუალება გამოთქვას თავისი აზრი მოსმენილისა და ნანახის შესახებ!

8.4.2 ქვესფერო - წიგნიერება

▲ზევით დაბრუნება


კითხვა

შედეგი I: ბავშვს აქვს უნარი სამეტყველო ნაკადში გამოყოს ბგერები და სიტყვები (ფონოლოგია)

ინდიკატორები

  • სწორად წარმოთქვამს საშუალო სიგრძის იმ სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც იცის.

  • შეუძლია გამოყოს, დაასახელოს სიტყვის პირველი ბგერა.

  • შეუძლია მარცვლების გაერთიანება ერთ მთლიან სიტყვად (მაგ.: „თი-ვა“ - რა სიტყვაა? - „თივა“).

  • შეუძლია მოსმენისას სამეტყველო ნაკადში გამოარჩიოს წინასწარ მითითებული სიტყვა (მაგ., შემოჰკრას ტაში, როდესაც გაიგონებს სიტყვას - „სკამი“).

  • თამაშის დროს ბავშვს შეუძლია დამარცვლით გაითვალოს (სწორად დამარცვლოს გათვლა).

რჩევები მეურვეთათვის

▪ გარკვევით ესაუბრეთ ბავშვს!
▪ როდესაც ბავშვს ახალ სიტყვას აცნობთ, მისი ყურადღება შეაჩერეთ სიტყვის თითოეულ მნიშვნელოვან დეტალზე!
▪ შესთავაზეთ თამაშები, რომელთა დროსაც ბავშვი მარტივ მარცვლებს ერთმანეთთან დააკავშირებს და სიტყვას მთლიანად წარმოთქვამს (მაგ.: ი-ა; ია! ) ან გააგრძელებს თქვენ მიერ დაწყებულ სიტყვას (მაგ.: თქვენ ამბობთ ი-ს და ბავშვი აგრძელებს ...რემი)!

შედეგი II: ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა.

ნდიკატორები

  • ინტერესდება ისეთი სიტყვებით, რომლებიც მას ხშირად ხვდება გარემოში (მაგ.: წარწერით საკვების ყუთზე, იმ გაზეთის ან ჟურნალის სათაურით, რომელსაც ხშირად ხედავს) და ცდილობს ამოიკითხოს.

  • ცნობს საყვარელი წიგნის პესონაჟებს მულტფილმში ან ფილმში.

  • თუ ზღაპრის კითხვა წინადღეს შეწყდა, მის გაგრძელებასა და დასრულებას ითხოვს.

  • აინტერესებს კავშირი რეალობასა და წიგნში წაკითხულ შინაარსს შორის, სვამს შეკითხვებს.

  • რომელიღაც წიგნი განსაკუთრებით უყვარს და ჰყავს საყვარელი პერსონაჟი.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წასაკითხად ამოარჩიეთ ისეთი წიგნები, რომელთა შინაარსის დაკავშირება ადვილი იქნება ბავშვის ცხოვრებასთან! დაეხმარეთ მას ამ კავშირის დანახვაში (მაგ.: როცა უკითხავთ წიგნს „საჩუქარი დედას“, ჰკითხეთ, თვითონ რას აჩუქებდა დედას)!
▪ აჩვენეთ, რომ წიგნები ინფორმაციას შეიცავს (მაგ.: ჩაიხედეთ ტელეფონების ბლოკნოტში, სანამ ნომერს აკრეფდეთ)!
▪ ჰკითხეთ ბავშვს აზრი სხვადასხვა წიგნის, პერსონაჟის შესახებ!
▪ დაუწერეთ პატარა სახუმარო, სასაცილო წერილები და დაუდეთ საწოლზე, სათამაშოებზე, შემდეგ კი ერთად წაიკითხეთ!
▪ წაახალისეთ, შეაქეთ ბავშვი, როდესაც ის ინტერესდება წიგნით ან სხვა წერილობითი ინფორმაციით!

შედეგი III: ბავშვს ესმის, რომ ბეჭდურ გამოცემებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება

ინდიკატორები

  • იცის, რომ ყოველ ბეჭდურ გამოცემას თავისი დანიშნულება აქვს (შეუძლია წიგნის გარეკანისა და ილუსტრაციების მიხედვით განსაზღვროს, წიგნი საბავშვოა, თუ დიდებისათვისაა განკუთვნილი).

  • შეუძლია ზღაპრის, ისტორიის მოყოლა. იმახსოვრებს პერსონაჟებსა და მოვლენის მნიშვნელოვან დეტალებს.

  • ზღაპრებს, მოთხრობებს ადარებს თავის გარემოს, რეალობას.

  • ცდილობს წაიკითხოს მაღაზიის აბრა, ქუჩის სახელწოდება.

  • უფროსის დახმარებით სარგებლობს თამაშის ინსტრუქციით (მაგ.: ასაწყობი სათამაშოს ინსტუქციით).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი მოგიყვეთ უახლოეს დროში მოსმენილის ან წაკითხულის შინაარსი!
▪ გამოიყენეთ ბეჭდვითი გამოცემები ყოველდღიურ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. (მაგ.: კითხვაზე, თუ რა უნდა ჩაიცვას ბავშვმა დღეს, პასუხის გასაცემად წაიკითხეთ ამინდის პროგნოზი გაზეთში)!
▪ სანამ ახალი სათმაშოთი თამაშს დაიწყებს, წაუკითხეთ ინსტრუქცია და გამოიყენეთ იგი თამაშის დროს!

შედეგი IV: ბავშვი ამჟღავნებს ნაბეჭდი მასალის აღქმის უნარს

ინდიკატორები:

  • შეუძლია მიუთითოს წიგნის სათაურზე იმ შემთხვევაში, თუ ყდაზე მოცემული სხვა წარწერებისაგან განსხვავებით, სათაური გამოკვეთილად- სხვა ფერის ან სხვა ზომის ასოებით არის წარმოდგენილი.

  • ცნობს ანბანში შემავალი ასოების ნაწილს.

  • სვამს კითხვებს და მსჯელობს თანატოლებთან იმ ამბავზე, რომელიც წაუკითხეს.

  • ცნობს დაწერილ საკუთარ სახელს, ხშირად ნახმარ რამდენიმე სიტყვას, წარწერას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ აჩვენეთ ბავშვს წიგნის გარეკანი, დაათვალიერებინეთ მისი ილუსტრირებული გვერდები და სთხოვეთ გამოთქვას ვარაუდი, თუ რაზეა დაწერილი წიგნი!
▪ წაკითხულის მოსმენის შემდეგ სთხოვეთ დახატოს მისთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი ან გმირი!
▪ წაიკითხეთ წიგნის რაღაც ნაწილი და შემდეგ სთხოვეთ ბავშვს ივარაუდოს, როგორი იქნება დასასრული!
▪ შეარჩიეთ მარტივი მოთხრობები და ამბები მიზეზშედეგობრივი მოვლენების ასახსნელად, მიეცით ბავშვს გარკვეული დრო, რომ მათი ადეკვატურად აღქმა შეძლოს!
▪ როდესაც ბავშვს უკითხავთ, მეტყველებისას გამოიყენეთ ბუნებრივი პაუზა, რათა მიუთითოთ სასვენ ნიშნებზე (მაგ., უთხარით: „მოდი დავამთავრებ ამ წინადადების წაკითხვას და კითხვაზე მერე გიპასუხებ!“)! წინადადების ბოლოს მიუთითეთ წერტილზე, როგორც წინადადების დამამთავრებელ ნიშანზე!
▪ ესაუბრეთ ბავშვს წიგნით სარგებლობაზე (მაგ., განუმარტეთ: რატომ აქვს წიგნს ყდა, რა წერია ყდაზე ან პირველ გვერდზე)! აჩვენეთ სათაური!
▪ შეადგინეთ და აკინძეთ წიგნი ბავშვთან ერთად! ამ დროს კიდევ ერთხელ მიუთითეთ წიგნის სხვადასხვა ნაწილზე!
▪ შეაქეთ ბავშვი, თუ იგი წიგნით სწორად სარგებლოს (მაგ.: წიგნის გარეკანზე ეძებს წიგნის სათაურს)!

წერა

შედეგი I: ბავშვი იწყებს წერის უნარის განვითარებას

ინდიკატორები

  • ნახატის შესაქმნელად იყენებს ყველაფერს, რაც კი ამისთვის გამოადგება (მაგ.: ფუნჯს, ფანქარს, საწერ-კალამს, ფლომასტერს).

  • შეუძლია ძირითადი გეომეტიული ფიგურების (სამკუთხედის, კვადრატის) დახატვა.

  • შეუძლია მეტყველებაში ხშირად გამოყენებული ზოგიერთი მარტივი სიტყვის, მაგალითად, საკუთარი სახელის, წერა.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეუქმენით წერისათვის სასიამოვნო და კომფორტული გარემო! მოუმზადეთ მაგიდა ან გლუვზედაპირიანი დაფა, შესთავაზეთ სხვადასხვანაირი ფანქარი, კალამი, ფლომასტერი, ქაღალდის ფურცლები ან რვეული!
▪ წაახალისეთ ბავშვი თქვენთან ერთად ჩაებას ისეთ საქმიანობაში, რომელშიც აუცილებლად იქნება ჩართული წერა (მაგ.: გააკეთეთ ექსკურსიის ამსახველი ალბომი, რომლის ყოველ ფოტოს შესაბამის წარწერას დაურთავთ)!
▪ გაამახვილეთ ყურადღება ყოველი ასოს მოხაზულობაზე, წაახალისეთ ბავშვი, რომ თითოეული ასო მიამსგავსოს მისთვის ნაცნობ ფორმებსა და საგნებს!
▪ გადაახატვინეთ ასოს დეტალების მსგავსი ნიმუშები, რათა შეძლოს მატრივი ფორმის გამეორება!

შედეგი II: ბავშვი წერის უნარს სხვადასხვა მიზნებისათვის იყენებს

ინდიკატორები

  • თამაშის დროს ჰბაძავს სხვადასხვა წერით მოქმედებას.

  • ინტერესით ერთვება უფროსების წერით აქტივობაში (მაგ.: კარნახობს მშობელს, რაც სურს, რომ უყიდონ მაღაზიაში; წერს თავის სახელს მისალოცზე).

  • ნახატებსა და სურათებს ურთავს მოკლე, მარტივ წარწერას (მაგ.: აწერს საკუთარ სახელს).

  • ცდილობს ასოების გამოყვანას; რაღაც იდეის, აზრის გამოსახატავად ცდილობს ამ ასოებს სასურველი ფორმა მისცეს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაავალეთ ბავშვს დახატოს ნახატი რაიმე თემაზე, სთხოვეთ განმარტოს საკუთარი ჩანაფიქრი და ჩაიწერეთ მისი ნაკარნახები!
▪ ბავშვთან ერთად შექმენით წიგნი, რომელშიც, გარდა ტექსტისა, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამოჭრილი ნახატები და ფოტოებიც იქნება!
▪ ბავშვთან ერთად შექმენით საგანთა ერთობლიობის გამომხატველი, განმაზოგადებელი წარწერები (მაგ.: ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, სამზარეულოს ნაკრები)!
▪ ჩართეთ ბავშვი როლურ თამაშში, რომლის დროსაც დასჭირდება რაღაცის (საყიდლების სიის, ფასების და სხვ.) დაწერა!

8.5 სფერო - სოციალურ-ემოციური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


8.5.1 ქვესფერო - ემოციური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


თვითიდენტობა (მე-კონცეფცია) და თვითშეფასება

შედეგი I: ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს სხვებისაგან გამოცალკევებულად

ინდიკატორები

  • საკუთარი თავის შესახებ სხვებს უზიარებს ინფორმაციას.

  • საკუთარი მონაცემებიდან იცის აუცილებელი ცნობები: მისამართი, ტელეფონის ნომერი.

  • ამჟღავნებს ინიციატივას სხვადასხვა საქმიანობის დროს.

  • მუშაობს დამოუკიდებლად და ამით იღებს სიამოვნებას.

  • იღებს პასუხისმგებლობას და ბოლომდე ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას (მაგ., ეხმარება სხვებს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეუქმენით პირობა გადმოგცეთ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ სხვადასხვა საშუალებით: ამბის მოყოლით, სცენის გათამაშებით, ნახატით!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ თამამად გამოხატოს დამოუკიდებლობა!

შედეგი II: ბავშვი ამჟღავნებს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია).

ინდიკატორები

  • აღწერს საკუთარ თავს რამდენიმე ფიზიკური და ქცევითი მახასიათებლის მიხედვით.

  • აღწერს საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს გარკვეულ სფეროში (მაგალითად: მე კარგი მხატვარი ვარ).

  • შეუძლია თამაშის შემოთავაზება და ორგანიზება (მაგ., ორგანიზებას უწევს დაჭერობანას თამაშს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ გამოამჟღავნოს და განახორციელოს საკუთარი სურვილები!
▪ ესაუბრეთ ბავშვს საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების შესახებ!
▪ დაუსვით მას შეკითხვები: რისი კეთება გიყვარს? სად გიყვარს ყველაზე მეტად სიარული?
▪ დაეხმარეთ ბავშვს საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებასა და აღწერაში, დაუსვით შეკითხვები!
▪ აუხსენით, როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც ესა თუ ის პრობლემა აწუხებს (მაგ., თუ დაღლილია სირბილით, მშვიდი თამაშით დაკავდეს; თუ დიდხანს მოუხდა ტელევიზორთან ჯდომა და ეკრანის ყურება, თვალები დაასვენოს)!

შედეგი III: ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს, საზოგადოებას)

ინდიკატორები

  • მარტივად ყვება თავისი ოჯახის შესახებ (მაგ., როდესაც ჯგუფში საუბრობენ უმცროს და-ძმებზე, ამბობს, დედაჩემი ჩემს დას ბანაობის შემდეგ ქუდს ახურავს).

  • შეუძლია მოყვეს ბაღის შესახებ (მაგ., ჩვენს ოთახს ყვითელი კარი აქვს, შეუძლია აჩვენოს სტუმარს ან ახლად შემოერთებულ ბავშვს: „ჩვენი ჯგუფის საკიდები აქედან იწყება“).

  • იცის საკუთარი წარმომავლობის შესახებ, პატივს სცემს საკუთარ კულტურასა და რწმენას (მაგ., ელენე სტუმრად იყო დეიდასთან სხვა ქვეყანაში, სადაც დეიდამ ბევრი რამ დაათვალიერებინა. ელენე ამბობს: ძალიან ლამაზიაო, მაგრამ მე ყველაზე მეტად ჩემი სახლი მიყვარს).

  • სვამს შეკითხვებს სხვა ბავშვის ოჯახის, ეროვნების, ენისა და კულტურის შესახებ, ინტერესით ისმენს განსხვავებული კულტურის შესახებ ინფორმაციას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ გამოყავით დრო, მიეცით საშუალება და წაახალისეთ ბავშვი, რომ ისაუბროს საკუთარი ოჯახის შესახებ!
▪ გამოყავით დრო და მიეცით ბავშვს საშულება, რომ ისაუბროს ბაღში მომხდარი ამბების შესახებ!
▪ მიეცით უფლება, რომ დააწესოს ან გადააკეთოს თამაშის წესები!
▪ აჩვენეთ მაგალითი, თავად გამოხატეთ პატივისცემა საკუთარი კულტურისა და რწმენის მიმართ!
▪ წაუკითხეთ ზღაპრები, პატარა ისტორიული მოთხრობები, რითაც ბავშვი უკეთ შეისწავლის საკუთარი ქვეყნის კულტურას!
▪ ესაუბრეთ ბავშვს სხვა კულტურის შესახებ!
▪ აჩვენეთ კონკრეტული მაგალითი ინტერესის გამოვლინებისა, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაგივარდებათ (მაგ., ამინდზე საუბრისას, თუ არის თქვენ ირგვლივ სხვა ენაზე მოსაუბრე ბავშვი, სთხოვეთ გითხრათ, როგორ ჟღერს მის ენაზე მზე, წვიმა)!

შედეგი IV: ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და ამაყობს საკუთარი მიღწევებით

ინდიკატორები

  • ხალისით ერთვება ახალ საქმიანობასა და სიტუაციაში.

  • გამოხატავს სიხარულს ნამუშევრის დასრულებისას და იმავეს მოელის სხვებისგანაც.

  • მცირე დაკვირვების შემდეგ, უერთდება იმ ჯგუფს, რომელშიც იგი მიღებული იქნება.

რჩევები მეურვეთათვი

▪ შეუქმენით ბავშვს რთული, გამომწვევი სიტუაცია მისი შესაძლებლობების გამოსავლენად (მაგ., მოიტანე ჭიქა წყალი ისე, რომ არ დაგეღვაროს; შეარიგე შენი მეგობრები, რომლებმაც თოჯინის გამო იჩხუბეს)!
▪ მიეცით ბავშვს ყოველდღიური სამუშაო და აღნიშნეთ ცხრილში ყოველი ეტაპის შესრულება!
▪ გამოხატეთ რწმენა ბავშვის მიმართ, შეაქეთ, როდესაც იგი დასკვნას ან არჩევანს აკეთებს!
▪ აჩვენეთ, რომ გჯერათ მისი! მიეცით საშუალება თავად გააკეთოს დასკვნა და არჩევანი!

თვითმართვა და თვითგამოხატვა

შედეგი I: ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები.

ინდიკატორები

  • დამოუკიდებლად ერთვება ყოველდღიურ საქმიანობაში - ასრულებს საოჯახო საქმეს.

  • იცავს წესებს სხვადასხვა გარემოში (მაგ., დაუწევს ხმას, როდესაც თეატრში, კონცერტზე, ბიბლიოთეკაში შედის).

  • მიუსადაგებს წესებს ახალ სიტუაციას.

  • სხვას უხსნის ბაღში ან ოჯახში არსებულ წესებს.

  • ახსოვს ძირითადი წესები, მაგრამ სჭირდება შეხსენება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ შეადგინეთ კვირის განრიგი ბავშვთან ერთად, გახაზეთ ის ღონისძიებები, რომლებიც განსხვავდება ყოველდღიური, განმეორებადი მოქმედებებისაგან!
▪ შეეცადეთ დღის განრიგი იყოს თვალსაჩინო!
▪ ნათლად აუხსენით წესები, ყოველდღიურისაქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები და დასაშვები ქცევის ვარიანტები!
▪ ესაუბრეთ ბავშვს წესების არსებობის დადებით შედეგებზე!
▪ მიეცით წესების დაცვის მაგალითი!

შედეგი II: ბავშვი მართავს თავის გრძნობებსა და იმპულსებს

ინდიკატორები

  • იმშვიდებს თავს და აკონტროლებს გრძნობების გამოხატვას უფროსის დახმარებით (მაგალითად: გამოხატავს ბრაზს ან წყენას ჩხუბის გარეშე).

  • მიილტვის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ.

  • სხვადასხვა გარემოში სხვადასხვაგვარად იქცევა.

რჩევები მეურვეთათვის

▪ განიხილეთ ბავშვთან ერთად, თუ როგორი განსხვავებული საშუალებებით შეიძლება სხვადასხვა გარემოში იმპულსებისა და ემოციების გამოხატვა!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ სხვა ბავშვებთან ერთად დამოუკიდებლად მოაგვაროს კონფლიქტი, მაგრამ ადევნეთ თვალი მათ უსაფრთხოებას!
▪ უხელმძღვანელეთ ჯგუფურ დისკუსიას პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტის მოგვარების შესახებ!

შედეგი III: ბავშვი შესაბამისად გამოხატავს სხვადასხვა ემოციას (ღიად გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს)

ინდიკატორები

  • გამოხატავს განცდებს თამაშის დროს.

  • უზიარებს თავის შიშს ან მღელვარებას მშობლებს, მომვლელსა თუ სხვა უფროსს.

  • სევდიანია, როდესაც ვინმე გარდაიცვლება ან სხვა რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი.

  • ადეკვატურად გამოხატავს გრძნობებს, ტირის როდესაც ნაწყენია.

  • შესაბამის გრძნობებს ავლენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებთან და წიგნებში აღწერილ ამბებთან დაკავშირებით.

რჩევები მეურვეთათვის

▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ გაუზიაროს და ესაუბროს უფროსებს და მშობლებს თავისი განცდების შესახებ!
▪ პოზიტიურად გამოეხმაურეთ ბავშვს, როდესაც ემოციას შესაბამისად გამოხატავს!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ გამოხატოს თავისი განცდები, როდესაც სხვებს ეთამაშება, ისმენს მოთხრობას ან რაიმე როლს განასახიერებს!

8.5.2 ქვესფერო - სოციალური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ურთიერთობა უფროსებთან

შედეგი I: ბავშვი ენდობა და ადვილად ამყარებს ურთიერთობას ნაცნობ უფროსებთან

ინდიკატორები

  • ადვილად ურთიერთობს ნაცნობ უფროსებთან (ექიმთან, მეზობელთან, მაღაზიის გამყიდველთან, ავტობუსის მძღოლთან).

  • გამოხატავს, რომ იცნობს, ენდობა და კეთილგანწყობილია უფროსების უმეტესობის, ასევე, მეურვისა და მასწავლებლის მიმართ.

  • უზიარებს თავის გულისტკივილს უფროსს.

  • თავაზიანია უფროსებთან ურთიერთობისას.

  • პატივისცემით ეპყრობა უფროსებს (არ აწყვეტინებთ საუბარს).

რჩევები მეურვეთათვის

▪ ესაუბრეთ ბავშვს მისი განცდების შესახებ!
▪ მხარი დაუჭირეთ, აგრძნობინეთ, რომ გესმით მისი განცდები!
▪ აუხსენით, რატომ არის მნიშვნელოვანი უფორსების მიმართ პატივისცემა! აღუწერეთ შესაბამისი სიტუაციები!
▪ იქონიეთ ბავშვთან სხვადასხვა სახის ურთიერთობა - ითანამშრომლეთ, მიეცით რჩევა და მიეცით უფლება თავადაც გირჩიოთ რამე!
▪ აგრძნობინეთ, რომ აფასებთ მის რჩევას, ეს მას სტიმულს მისცემს!

შედეგი II: საჭიროების შემთხვევაში ბავშვი ითხოვს, მიმართავს უფროსის დახმარებას

ნდიკატორები

  • ცნობს და აღიარებს უფროსის გამოცდილების მნიშვნელობას.

  • ესმის, როდის უნდა მიმართოს უფროსს რჩევისათვის.

  • ითვალისწინებს უფროსის გადაწყვეტილებასა და რჩევას.

რჩევები მეურვეთათვის

▪ როდესაც ბავშვი მოითხოვს დახმარებს, რათა დაძლიოს პრობლემა, შესთავაზეთ რჩევა!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემა!
▪ მიეცით უფლება და საშუალება, რომ დაუშვას შეცდომები და განუმარტეთ, როგორ შეიძლება შეცდომებზე სწავლა!
▪ უპასუხეთ ბავშვის შეკითხვებს, რომლებიც თქვენს გამოცდილებას ეხება!

ურთიერთობა თანატოლებთან

შედეგი I: ბავშვი ამჟღავნებს კეთილგანწყობას თანატოლების მიმართ და ურთიერთობს მათთან

ინდიკატორები

  • ამჟღავნებს სოციალურ მხარდაჭერას სხვების მიმართ.

  • იჩენს მიმტევებლობას მეგობრების მიმართ.

  • ითვალისწინებს მეგობრის სურვილს თამაშის დროს.

  • ჰყავს მეგობრები სხვადასხვა ადგილას (შეიძლება იყვნენ მეზობლები, ბაღის ჯგუფელები და ა.შ.) და ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას ორ ან მეტ თანატოლთან.

  • უნაწილებს სათამაშოებს და სხვა მასალებს ბავშვებს და მათთან ერთად საერთო საქმიანობაშია ჩაბმული.

  • ახორციელებს ჩანაფიქრს სხვა ბავშვებთან ერთად, ინაწილებს როლებს, ლიდერობს, ანუ თავის თავზე იღებს საორგანიზაციო საკითხებს და წარმართავს პროცესს. შეიძლება ეს იყოს თამაში, თეატრალიზებული წარმოდგენა, ვარჯიში თუ სხვა.

  • ირჩევს მეგობრებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით საშუალება ბავშვს, რომ საერთო საქმიანობით დაკავდეს მცირე ჯგუფში, რომლის თითოეულ წევრ ბავშვს აქვს განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ დაეხმაროს სხვა ბავშვს!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ გაითვალისწინოს სხვისი მდგომარეობა, თეატრალიზებული თამაშის დროს შესთავაზეთ სხვადასხვა როლი!
▪ ხელი შეუწყვეთ რიგითობის დაცვას თამაშისა და სხვა საქმიანობის დროს!
▪ იმსჯელეთ იმაზე, თუ რამდენად საინტერესოა, როდესაც ადამიანები ერთად საქმიანობენ (მაგ., ზღაპრის ინსცენირებისას უკეთესია ჯგუფთან ერთად განასახიერო ჩანაფიქრი. რომელი უფრო საინტერესო იქნება, როდესაც ჯგუფი წარმოადგენს „ფიფქიას და შვიდ ჯუჯას“ თუ მარტო ერთი ბავშვი? თან, ყველა თავისებურად წარმოიდგენს თავის როლს და მრავალფეროვნება საინტერესოს გახდის თამაშს.)!
▪ თამაშის დროს აკონტროლეთ, დაიცავით შეთანხმებული ვადა და ამგვარად დაეხმარეთ ბავშვს დაიცვას რიგითობა!

შედეგი III: ბავშვი ავლენს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრის უნარს.

ინდიკატორები

  • კონფლიქტის მოსაგვარებლად იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას, ცდის სხვადასხვა გზას და საშუალებას (მაგ., პრობლემის გადაჭრის მცდელობის დროს ჯერ იყენებს სიტყვებს, შემდეგ ითხოვს დახმარებას);

  • მოლაპარაკების დროს ცდილობს სხვა ბავშვებთან ერთად დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემა, თუ საჭიროა, შემდგომ მიმართავს უფროსს დახმარებისთვის.

  • მოლაპარაკების დროს მსჯელობს სხვა ბავშვთან წესების შესახებ, რათა უკეთესად იქნეს გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები (მაგ.: „ჯერ მე გამოვიყენებ ამ ფანქარს და მერე შენ მოგცემ“);

  • შეუძლია დათმობა და სხვისი კომპრომისის დანახვაც, ანუ ხვდება, რომ სხვაც უთმობს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ უხელმძღვანელეთ ბავშვს კონფლიქტის მოგვარების დროს!
▪ აჩვენეთ შესაბამისი ქცევის მაგალითები!
▪ იმსჯელეთ ბავშვთან იმის შესახებ, თუ როგორ გაუმკლავდა იგი რთულ სიტუაციას!
▪ წაახალისეთ ბავშვის მცდელობა და აღნიშნეთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ პრობლემას მოაგვარებს (მაგ., ჰკითხეთ: „როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პრობლემის გადასაჭრელად?“)!
▪ ბავშვთან ერთად იმსჯელეთ და ეძებეთ გამოსავლის სხვადასხვა გზა!

ადაპტაციური სოციალური ქცევა

შედეგი I: თავს გრძნობს უსაფრთხოდ და დაცულად, გამოხატავს თავდაჯერებულობას, ნდობას, შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება

ინდიკატორები

  • ადვილად უერთდება უკვე მიმდინარე ჯგუფურ აქტივობას.

  • იგონებს და ახორციელებს აქტივობებს, რომლებშიც ერთზე მეტი ბავშვი მონაწილეობს.

  • მშვიდად უსმენს სხვის საუბარს, მოქმედებს თავისუფლად, ადეკვატურად გამოხატავს სათქმელს, როდესაც თავად ექცევა ყურადღების ცენტრში.

  • სიახლის მიმართ გამოხატავს ინტერესს, სვამს კითხვებს, ცდილობს მოსინჯოს და შეასრულოს ახალი მოქმედება.

რჩევები მეურვეთათვის

▪ ბავშვს მიეცით უფლება, რომ წამოაყენოს იდეები ჯგუფური განხილვის დროს!
▪ მიეცით შეცდომის დაშვების უფლება, ნუ გააკრიტიკებთ უსაფუძვლოდ!
▪ გამოხატეთ დადებითი განწყობა, რომ გესმით მისი და იღებთ მის აზრს თუ შესრულებულ საქმეს სათანადოდ!
▪ დააფასეთ თითოეული ბავშვის ინდივიდუალობა, ნუ შეადარებთ ბავშვის მიღწევებს სხვისას!

შედეგი II: გაიაზრებს ქცევას და მის შედეგს

ინდიკატორები

  • შეუძლია საქციელის შეფასება, რა არის სწორი და რა - არასწორი. (მაგ., ვინმეს ცემა არასწორია! ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ ყველას ერგო ნამცხვარი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეორე ნაჭერი ნამცხვრის აღება!).

  • შეუძლია ახსნას სხვისი ქცევა (მაგ.: კურდღელი დაიმალა იმიტომ, რომ მგლის შეეშინდა).

  • განმარტავს თავის რეაქციას სხვის საქციელზე (მაგ.: „ანა ცუდად მოიქცა, ამიტომ არ ჩავეხუტე“);

  • ხვდება, რა საპასუხო რეაქციას გამოიწვევს მისი ან სხვისი ქცევა.უნებართვოდ არ იღებს სხვის ნივთებს.

რჩევები მეურვეთათვის

▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ განსაზღვროს, როგორი შედეგი მოჰყვება ქცევას - დადებითი თუ უარყოფითი!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ გაითვალისწინოს სხვისი პერსპექტივა, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას!
▪ მიეცით ბავშვებს დრო, რომ ისაუბრონ, განიხილონ სხვადასხვა პოზიცია და შემდეგ მიიღონ „საუკეთესო“ გადაწყვეტილება!
▪ აუხსენით, რას ნიშნავს მისაღები საქციელი, შეაქეთ ბავშვის მისაღები საქციელი, დაიცავით აკრძალვები!
▪ წაუკითხეთ წიგნები, ესაუბრეთ პერსონაჟებზე!

შედეგი III: ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას

ინდიკატორები

  • ითვალისწინებს, რომ განსხვავებულ გარემოში განსხვავებული მოვლენები უნდა მოხდეს.

  • შეუძლია დღის განმავლობაში აიტანოს გარკვეული რაოდენობის გარემოებათა ცვლილება.

  • ითვალისწინებს გარემოებათა ცვლილებებს, რისი საჭიროება შეიძლება მოჰყვეს (მაგ.: „ჯერ პარკში მივდივართ, მერე - აუზზე, ე.ი., საცურაო კოსტიუმი დამჭირდება“).

რჩევები მეურვეთათვის

▪ მოამზადეთ ბავშვი სკოლაში შესასვლელად სხვადასხვა მოქმედებით: აჩვენეთ საკლასო ოთახი, გააცანით მასწავლებელი, ჩასვით სასკოლო ავტობუსში და ა.შ.!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ იფიქროს და მზად იყოს განსხვავებული კულტურული და სხვა აქამდე მისთვის უჩვეულო მოვლენების აღსაქმელად!
▪ სთხოვეთ ბავშვს, რომ აღწეროს და დახატოს სხვადასხვა ადგილი იმ ადგილების ჩათვლით, საიდანაც არის წარმოშობით!
▪ შესთავაზეთ ისეთი მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ცვლილებებთან (მაგ.: ექსკურსიაზე წასვლა, მოგზაურობა)!

შედეგი IV: გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულულთა მიმართ

ინდიკატორები

  • ესმის რას გრძნობენ სხვები.

  • იჩენს ინიციატივას, რომ დაეხმაროს და დაამშვიდოს თანატოლი სიტყვიერად და მოქმედებით (ანა მოწყენილი იყო, ამიტომ ჩავეხუტე).

  • გამოხატავს აღფრთოვანებას განსაკუთრებული მოვლენებისა და წარმატებული ადამიანების მიმართ.

  • შეუძლია თავისი გეგმები მოარგოს სხვის მოთხოვნილებებს.

  • ეცოდება დაშავებული ან მკვდარი ცხოველი.

  • პატივისცემით ეპყრობა ბუნებასა და ცოცხალ არსებებს.

  • თავისუფლად თამაშობს განსხვავებული სქესის, წარმომავლობისა და შესაძლებლობის ბავშვთან.

რჩევები მეურვეთათვის

▪ მიეცით ბავშვს საშუალება გაგიზიაროთ თავისი განცდები და იმსჯელოს მათ შესახებ!
▪ დაეხმარეთ ბავშვს, რომ შეძლოს სხვისი დახმარება და სხვისი პერსპექტივის მხედველობაში მიღება!
▪ წაახალისეთ ბავშვი, რომ დახატოს სურათი, რომელზეც მისი მეგობარი ბედნიერია, არ არის სევდიანი და განმარტოებული!
▪ იმსჯელეთ ბავშვთან, რატომ იქცევიან ან რეაგირებენ მოთხრობის გმირები ისე, როგორც ნაწარმოებშია და არა სხვაგვარად! მხედველობაში მიიღეთ კულტურული განსხვავებები!