The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დაე, თუნდ მოვკვდე

* * *  (დაე, თუნდ მოვკვდე)

დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან,
მარამ კი ისე რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან, გულწრფელობითა და სიმართლითა
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
- იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში,
შენ გიცოცხლია, როგრც უნდოდა!
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში -
ამაოდ ჩვენთვთის არ ხმაურობდა.

1858-სა წელსა, 17-ს ნოემბერს,
ს. პეტერბურღი.

  ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ 6.

თარიღი:

1858-სა წელსა, 19-ს ნოემბერს, ს. პეტერბურღი. ტექსტი იბეჭდება ავტოგრაფის მიხედვით.

ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 24), დათარიღებულია 1858 წ. 19 სექტემბრით (სარჩევში). ტექსტი თანხვდება ავტოგრაფს (გარდა ერთი შემთხვევისა, რომელიც, ჩანს, კორექტურული მიზეზითაა გამოწვეული: ლექსის მესამე სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «ვინცა», დაბეჭდილია «ვინც»). 1925-1951 წლების გამოცემებში ილიასეულ ტექსტში ორიოდე გრამატიკული სწორებაა შეტანილი (ავტოგრაფისეული «შაყვარებულმან» შეცვლილია ფორმით - «შეყვარებულმან», «ჩამამძახოს» - «ჩამომძახოს», «ამაოთ» - «ამაოდ»). სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ეს სწორებანი გატარებულია ჩვენს გამოცემაშიც.

ავტოგრაფი ჯვარედინად გადახაზულია მელნით.