The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჭავჭავაზე ნინოს (ადრეული ბარათი)
ჭავჭავაძე ნინოს

ჭავჭავაზე ნინოს (ადრეული ბარათი)

[1857 წელი, ყვარელი].

...ვაპირობ წასვლას რუსეთში, მარამ, შენმა გაზდამ, ისე მეძნელება დატევება ამ ჩვენ ყვარლისა, ნამეტნავათ ამ ჩვენს სახლისა, სადაც ყოველი ნაწილი ალაგისა მომაგონებს ხოლმე ჩემს დაუდევნელ ყმაწვილობის დროს, სადაცა ყოველი ხე არის ძვირფასი ჩემთვის სასიამოვნო მოგონები[თა]. ერთის სიტყვით, ვესალმები ყოველს ფერს, რაც არის ჩემის გულიდამ დაუვიწყარი და მივდივარ ერთს უცხო ქვეყანას, სადაც ერთი ტკბილი ნათესავური სიტყვა, სავსე სიყვარულითა, ეღირება ჩემთვის ნეტარებათ, სადაც უბედურობაში არვინ მეყოლება ნუგეშმცემელი და სიამოვნებაში ჩემთან მოხარული. მარამ ყოველი ჩემებრივი, რომელსაც მომავალ დროს შავ ღრუბელში აღუპრწყინდება ბედნიერების ვარსკვლავი და რომელსაც სურს შეეყაროს იმ ბედის ვარსკვლავს, ყოველთვის ტკბილს მდგმოიარობას დაუტევებს და სიმწარით განვლის გზას მისთვის, რომ უფრო უტკბილესად შეხვდეს თვის ბედნიერებას. შენ თითონ იცი, ვარდსა წინ მოუძღვის ეკალი. ვისაც სურს ვარდის მოწყვეტა, არ უნდა შიშობდეს ეკლისაგან...

(ხელმოუწერელია)

 

ჭავჭავაძე ნინოს („ადრეული ბარათი“.)

ხელნაწერი: ავტოგრაფი M 17614.

ნაბეჭდი: ი. ჭავჭავაძე, წერილები, ი. ბოცვაძის რედაქციით. სოხუმი. 1949, გვ. 11; თსკ, X, 1961, გვ. 7.

თარიღი: [1857]. ყვარელი.

ხელმოწერა: არა აქვს.

წერილი ნაკლული და დაუმთავრებელია, შავადაა ნაწერი, პირობითად დათარიღებულია 1857 წლით, რამდენადაც მასში ასახულია პოეტის განწყობილებები პეტერბურგში სასაწავლებლად გამგზავრების წინ. ეს განცდები ილიამ დიდი მხატვრული ოსტატობით გადმოსცა ლექსში „ყვარლის მთებს“.

პ. ინგოროყვას აზრით, ამ წერილის ადრესატია პოეტის უფროსი და, ნინო ჭავჭავაძე-აბხაზი. არგუმენტი, რომელიც მოყვანილია მის მიერ („ნინო ახლო მეგობრობით იყო დაკავშირებული თავის უმცროს დასთან. ნინო დიდის ყურადღებით ეპყრობოდა ილიას სალიტერატურო მოღვაწეობას“ – იხ. თსკ, პ. ინგოროყვას რედაქტორობით, ტ. X, გვ. 471-472) ვერ ადასტურებს ამ ვარაუდს, რადგან ილიას ასეთივე დიდი მეგობრობა აკავშირებდა ოჯახის სხვა წევრებთანაც. ჩვენ ვიზიარებთ ი. ბოცვაძის მოსაზრებას, რომ აღნიშნულ წერილს ეწოდოს „ადრეული ბარათი“.