The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მას აქეთ, რაკი

* * *  (მას აქეთ, რაკი)

მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.
დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, — მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშვრება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.
მაგრამ მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში, კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!..

6 აგვისტო, 1861 წ.
ს. ყვარელი.

 

ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ, № 17501, გვ. 106-107 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 153 (C).

ნაბეჭდი:

ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 2, გვ. 190 (D); ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი,1864, გვ. 84 (E); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძის ა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 35 (F); თზულებანი ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 129 (A); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 120 (G); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხმიანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ. ტფილისი, 1892, გვ. 577; ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-4, ბათომი, 1900, გვ. 140 (H); ლექსები ილია ჭავჭავაძის ა, მაღ. “ცოდნის” გამოცემა, ტფილისი, 1904, გვ. 30 (I);  ილია ჭავჭავაძის რჩეული ლექსები, წ.კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80, 1907, გვ. 15 (J); იგივე გამოცემა, № 81, გვ. 23 (K); ჩვენი მწერლობა, 1. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 38 (L).

სათაური:

მას აქეთ, რაკი შენდამი ვჰსცან მე სიყვარული D; მამულს IJ; მას აქეთ, რაკი K; მას აქედ, რაკი L.

თარიღი:

1861 AL; 6 აგვისტო, 1861, ს. ყვარელი C; 6 აგვისტოს 1861 წ. DEF; - B.

ხელმოწერა:

*** DE; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) GH.

B ავტოგრაფი შავია, შავი მელნით ნაწერი, ძლიერ ნასწორები.

C შედარებით სუფთაა, მაგრამ ისიც ნასწორებია.

B - ში ლექსს წინა უძღვის მისი თავდაპირველი ტექსტი, რომელიც ავტორს მთლიანად გადაუხაზავს. ვბეჭდავთ მას ქვემოთ:

მას აქეთ, რაკი შენდამი ვჰსცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო! გამიკრთა მე ძილი და შვება.
შენსა კვნესასა მე ყურს უგდებ სულგანაბული,
და მეც თვითონ ვჰკვნეს და ეს არის ჩემი ცხოვრება!
ფიქრნი, გრძნობანი მომეწამლნეს იმ საწამლავით.
რომელითაც შენა, ჰოი მამულო, მოწამლული ხარ,
ფიქრი ფიქრზედა გროვდებიან დაუყოვნებლად,
გრძნობა გრძნობაზედ მოდის, იძვრის და დუღს ჩემს გულში...

ამას მოსდევს სრული ტექსტი. რომელიც ნასწორებია.

1 აქეთ] აქედ AF; ვცან] ვჰსცან BCDE. 3 ვუგდებ] უგდებ B. 4 ღამე თენდება ეგრედ ჩემი] ღამე თენდება ჩემი ეგრეთ B; ჩემი ღამე ეგრედ თენდება J; ეგრედ] ეგრეთ C. 5-6 სტრიქონების (დაჟინებითა... ჩემს გულში) ნაცვლად B-ში ჯერ ეწერა:

ფიქრი ფიქრზედა გროვდებიან მწუხარებითა,

 

გრძნობა გრძნობაზედ მოდის, იძვრის და დუღს ჩემს გულში, - გადახაზულია. 5 დაჟინებითა] დაჟინებული B. 6 გრძნობაზედ] გრძნობაზე J. 7 და მე არ... ეგრედ] მაგრამ არ დვრტვინავ და არც ვჩივი, რომ ეგრე B; C-ში ჯერ ეწერა: “და მე არ დვრტვინავ და არ ვჩივი, რომ ეგრეთ შრება”, - გადახაზულია; ეგრედ] ეგრე EF; ჰშვრება] შრება BC; შრვება EL; ჰშვება* A. 8 ნაცვლად სიტყვებისა “ჩემი ცხოვრება” B[1]ში ჯერ ეწერა: “ტანჯვის ცეცხლითა”, გადახაზულია, II სტროფის (“დაჟინებითა”...) შემდეგ B-ში ჯერ ეწერა: “მე ისა მტანჯამს, რომ ბევრი რამ არის ჩემს გულში, ვით [საწამლავი], ისეც მკვლელი და სამწუხარო, ამდენ ხალხში კაცი არ არის”, - გადახაზულია. შემდეგ კვლავ წერია:

* ეს ფორმა, რომელიც წყაროებში დიდი ნაირფეროვნებით გამოირჩევა, სადავოა (იხ. ლ. მინაშვილი , ილია ჭავჭავაძის ლირიკა, თბ., 1977, გვ. 88-90).

მაგრამ მე ის მკლამს, როგორც მკაცრი მტრისა ისარი,
რომ რაც გულში მაქვს სალხენარი და სამწუხარო,
ჩემს ქვეყანაში ამდენ ხალხში კაცი არ არის,
რომ ჩემი ფიქრი ვანდო, გრძნობა განუზიარო,

ესეც გადახაზულია. 9, 10 მხოლოდ] მარტო B, ხოლოთ C. 10 არის] არის C; სავალალო] სატირალი C; ის არის მხოლოდ სავალაო] მარტო ის არის სატირალი B. 11 ამდენ] ამდგენ BCD; განვუზიარო] განუზიარო CJ.

ლექსს ვათარღებთ C ავტოგრაფის მიხედვით.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი 1860 წლის 6 აგვისტოთაა დათარიღებული (სარჩევში, გვ. 11)