The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა

ჭავჭავაძე ილია

წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე

ჭავჭავაძე ილია

ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა

როცა გაგვახსენდება კაზლოვი და მისი პოეზია, თუკი არის პოეზია მის დაძალებულ ცრემლიან ლექსებში, როცა გაგვახსენდება, მაშინვე ენაზედ მოგვადგებიან ჩვენ სასიქადულო რუსთაველის სიტყვები, მხოლოდ ჩვენებურად კი დავიწყობთ ხოლმე:

„კაზლოვის ლექსი ცოტაა, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალუძს სრულქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა;

ვამსგავსე შვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა, –

და დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს* ხოცვა ნადირთა მცირეთა“.

ეს ლექსები, თუ არ ამაღლებენ კაზლოვს, სრულიად არ ამცირებენ: კაზლოვის ნიჭი სწორეთ იმ ყრმა მონადირეების შვილდია, რომელიც ტოროლის და ჩიტის მეტს ვერას განჰგმირავს. თუმცა ზოგიერთნი რუსნი ჰხედვენ კაზლოვში რაღაც პატარა ტალანტსა, მაგრამ ჩვენ სრულიად არაფერს არა ვხედავთ; და თუ ვხედავთ, პატარას კი არა, ძალიან უპატარესსა, ბეწვის ოდენას, ისიც იმისთვის, რომ ორიოდე ლექსი აქვს, მართლა-და ცოტა სიამოვნებით წასაკითხავნი და გრძნობით გამთბარნი. აი ის ლექსები, რომელნიც ჩვენ საუკეთესოდ მიგვაჩნია: «Вечерний звон», რომელიც ერთ დროს დიდ პატივში იყო, ასე რომ ყოველ რუსის ცოტაოდენ განათლებულს ხალხში მღეროდენ ხოლმე; «На погребение Английского генерала Сира Джона Мура», ესეც თავისი არ არის, ნათარგმნია; მაგრამ კარგი თარგმანიც სასარგებლოა; «Роман Дездемоны», შექსპირიდგან თარგმნილია. ამათ გარდა, იქნება ორი თუ სამი ლექსი კიდევ გვაჩვენოთ მთელ კაზლოვის თხზულებაში სასიამოვნონი, თორემ დანარჩენ ლექსებში, სუყველგან თითქმის, დაძალებული, ე.ი. ძალად მოყვანილი გრძნობაა. ძალად მოყვანილი ცრემლი სასაცილოა, საზიზღარი და არა სამწუხარო დასანახავად.

კაზლოვი იყო კარამზინის სხოლის მწერალი. არამც თუ მარტო თავის ლექსებს კაზლოვმა შეჰყარა ჭირი იმ წირპლიან სხოლისა, არამედ სხვადასხვა პოეტებსაც, რომელთაცა ჰსთარგმნიდა და რომელთაცა სულ არ ჰსცვიოდათ ძალად გაჭიმულ პაწაწინა გრძნობის უმარილო ცრემლი კარამზინსავით და მის მიმყოლ კაზლოვისავით. მიიღეთ შრომა, გადაშალეთ კაზლოვის გაბერილი წიგნი და ყურადღებით განიხილეთ ლექსები ანდრე შენიესი, ფრანციის პოეტისა; ძლივსღა იცნობთ კაზლოვის ლექსებში იმ შენიეს, რომელმაც წარსულ საუკუნეში თითქმის პირველად დაანახვა ფრანციას, და მის გამო ევროპიასაც, ჭეშმარიტი, ნამდვილი პლასტიკა საბერძნეთის მშვენიერებისა, და ამით, თუ არ დასცა ზარი, შეარყია მაინც თვის საფუძველში ცრუკლასიკური მიმართულება ფრანციის ლიტერატურისა. კაზლოვის თარგმანში ისე ცხადად არ ისმის ის ნაზი და წრფელი სიტკბოება მშვენიერებისა, ის უმანკო, უცოდვილო და ნამდვილი ბგერა გულისა, ის ქროლა პოეზიისა, რომლითაც ანდრე შენიე ჯადოსავით მოჰხიბლავს ხოლმე კაცსა. მაგრამ ანდრე შენიეს ლექსები კაზლოვის თარგმანში ისე ბევრნი არ არიან და არც ისე უფერულნი, როგორც სახელოვანი მიცკევიჩის „ყირიმის სონეტები“. ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი, – რარიგ უსულდგმულო, უსურნელო ყვავილებად შეიცვალნენ კაზლოვის თარგმანში! არამც თუ კაზლოვმა [არ] – შეარჩინა მიცკევიჩის სონეტებს ფორმა სონეტისა, არამედ არ შეარჩინა თითქმის არც ის მშვენიერნი სურათნი, რომელშიაც ისე ნათლად გამოეხატვნენ წუთის გრძნობანი იმ სახელოვან პოლშელ პოეტს. დასარწმუნებლად შეადარეთ თარგმანი კაზლოვისა უფ. ლუგოვსკის იმავ სონეტების თარგმანთანა, რომელიც გამოიცა ოდესაში 1859 წელსა, როგორც გვახსოვს. თუმც არც უფ. ლუგოვსკის თარგმანია ძალიან მოსაწონი და საქებელი, მაგრამ მაინც ეს უფრო განუზომლად უკეთესია კაზლოვის თარგმანზედა. ამათ გარდა, სხვა ბევრი პოეტები ალაგ-ალაგ გადმოთარგმნილი ჰყავს, და სხვათა შორის ლორდი ბაირონიცა. ბაირონი უთარგმნია კაზლოვს ნაწყვეტ-ნაწყვეტად და ერთი მთელი პოემაც ამისი, წოდებული «Абидосская Невеста», მაგრამ სად არის კაზლოვის თარგმნაში ის მეხი სიტყვა, ის საკვირველი ძლიერი სული ბაირონის გენიისა!

ბაირონმა ბევრი ტალანტები გაიტაცა: არა პოეტს თითქმის არ დაუბადნია მბაძავნი იმოდენა, რამოდენაც დაჰბადა ბაირონმა ევროპაში და ნამეტნავად რუსეთში, თუმცა კი სატანის სხოლის თავადად უხმობდნენ თანამედროვენი ბაირონსა. რასაკვირველია, მისი მბაძავნი ზოგნი სულ უნიჭონი იყვნენ, ზოგნი კი კარგა დიდ ტალანტებისანი, რომელთათანაც კაზლოვი ბუზად გამოჩნდება. თითონ პუშკინიც მთელ თავის გენიით ვერ გადურჩა ემაგ ჭირსა; მთელი ერთი პერიოდი პუშკინის წერისა, „კავკაზიის ტყვიდგან“ დაწყობილი „ევგენი ონეგინამდინ“, და თვით „ევგენი ონეგინიც“, თითქმის იყო ბაირონის გავლენის ქვეშა. ლერმონტოვიც ჰბაძავდა ბაირონსა; მთელ მის პოემას ეტყობა, როგორც ზემოხსენებულს პერიოდს პუშკინისას, ბეჭედი მომხიბლავ ბაირონის გენიისა, თუმცა კი ლერმონტოვი, როგორ მბაძავი ბაირონისა, მაღლა დგას თვით პუშკინზედაც. აი ეს უპირატესნი ვარსკვლავები რუსის ლიტერატურისა და, ამათ გარდა, რამდენი სხვა პაწაწკინტელა პოეტები იყვნენ ბაირონის გავლენის ქვეშა!.. ეს საზოგადო ჭირი იმ დროებისა ჩვენ კაზლოვსაც შეეყარა. მართლა-და კაზლოვი არადროს არ ყოფილა თავისუფალი მწერალი. ის არამც თუ იყო მარტო ბაირონის გავლენის ქვეშა, არამედ ბრმადა ჰბაძავდა, ასე რომ თავის საკუთარს ლექსებში ბაირონის თითქმის სიტყვებს, სურათებსა ჰხმარობდა. გაშინჯეთ, მაგალითად, მეცხრე გვერდი კაზლოვისა «Чернец»-ისა, ჩაიკითხეთ ცამეტი სტრიქონი და შეადარეთ ბაირონის „მანფრედის“ სიტყვებთანა, როცა იგი ელაპარაკება წყლის ფეიასა. როგორც «Чернец», ისე «Наталия Долгорукая» – ეს ორივ პოემა კაზლოვისა – ბაირონის გავლენისანი არიან; ამ პოემებზედ ეტყობათ, რომ კაზლოვი ცდილა ბაირონის გმირებისავით რიღაცის გამოხატვასა, მაგრამ სად შეეძლო კაზლოვის პაწაწა ნიჭსა შთაებერნა კაზლოვის გმირებისათვის ის მორჭმული, მოუდრეკელი სული ბაირონის ხასიათებისა! განა მარტო სიბნელე მოთხრობისა, მწუხარება, წყევლა და აი! უი! ოხ! უხ! და ამაზედ უფრო უძლიერესნი შორისდებულნი შეჰქმნიან ბაირონსა? ბაირონის გმირები კაზლოვის ბერისავით არ კნავიან და ჩივიან, რათა ნუგეში სცეს ვინმე; ისინი ისეთ აგებულებისანი არიან, რომ თავის ტანჯვების წვაში, ეჭვის ღრღვნაში, თავის სულის წყურვილში ჰხედვენ უკვდავების ღირსს ცხოვრებასა, ისინი არ შეეკედლებიან მონასტრის კედლებსა მოსასვენებლად, იმათ სულ მოძრაობა უნდათ; ისინი არ მირბიან გულის გაუთავებელ წყულულთა მოსარჩენად კაცთან, არამედ თავიანთთავე გულის სიღრმეში და სულის უკვდავებაში ეძებენ სასოწარკვეთილების წამალსა. ბაირონის ნაცვლად, რომელსაცა ცრემლის მაგიერ მდუღარე ტყვია ჰსცვივა თვალთაგან და კალმის მაგიერ ხელთ ეპყრა მეხი, იმ ბაირონის ნაცვლად, კაზლოვი შეიქმნა ერთ კარამზინის სხოლის მტირალ და ღრეჭია აშუღადა. მაგრამ ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ერთ დროს კაზლოვი მიიზიდავდა რუსებსა. მისმა «Чернец»-მა დაუგდო ხმა შუათანა მწერლისა რუსეთში; ეგ საზოგადოების მიღება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მწერალი ტალანტიანია; აი, მაგალითად, ჩვენში, ქართველებში, დიდი მწერლის ხმა აქვს დაგდებული ჩახრუხაძესა, მაგრამ არამც თუ დიდი, პატარაც არა ბძანდება ის კურთხეული. მისი თამარის ქება მთელ მოთხრობის ოდენაა, ზედშესრულით დაიწყობა და თითქმის ზედშესრულით თავდება. რა ვაი-ვაგლახით და კისრის მტვრევით მოგოგამს დავარდნილ ცხენსავით მისი ოცმარცვლოვანი ტყვიასავით მძიმე ლექსები!.. არც აზრი, არც სურათი, არც მშვენიერება, არც ჭკუა, არც გული, არაფრისთანა არაფერი, გარდა ზედშესრულების რახარუხისა! აბა ეხლა ნახეთ, რა სახელი აქვს ჩვენში! სადაც რუსთაველს, მაგ თითქმის გენიასა, ახსენებენ, იქ, გინდათ თუ არა, წამოაკუნკულებენ ჩახრუხაძესაც,: რომელსაც, გვგონია, ფიქრადაც არა ჰქონია ამისთანა დიდების იმედი. ეგ რად გინდათ, აიღეთ რუსეთში ხერასკოვი, სუმაროკოვი და სხვა მათებრ გაბერილები თავიდან ფეხამდინ უნიჭობითა, რამდენ მკითხველსა და ტაშისმკვრელსა შოულობდნენ გაუნათლებელ რუსეთშია! ეხლა რად უნდა გვიკვირდეს, რომ კაზლოვსაცა ერთ დროს ჰყვანდა მკითხველიც და მაქებარიც. ამას კაცური სიტყვა მაინც ჰქონდა, რო სხვა არაფერი იყოს. ჩვენ გვინდა ამით ვსთქვათ, რო მაშინ რუსეთის საზოგადოება არ იყო ისე ესტეტიკურად გახსნილი და განვითარებული, როგორც პუშკინის შემდეგ და ნამეტნავად ეხლა; იმათთვის ძალიან საკმაყოფილონი იყვნენ ის სენტიმენტალური, ყალბი გრძნობიანი, მტირალა და წირპლიანი მწერლები, რომლების თავი და თავი, პირველადი ბაირახტარი იყო თვით სახელოვანი კარამზინი. ამის „უბედურ ლიზას“, რომელიც გადმოთარგმნილი იყო ქართულზედ და დაბეჭდილი ჩვენ „ცისკარში“, კითხულობდნენ თვით პუშკინის დროსაც, თუმცა ეხლა კარგ რუსსა სატანჯავად მიაჩნია მისი წაკითხვა. სწორედ ამისთანა მხვედრი ჰქონდათ კაზლოვის პოემებსაც, თუმცა ესენი მაღლა დგანან კარამზინის „უბედურ ლიზაზედ“. კაზლოვის მოსათმენი ენა, შუათანა, შეუკვეცავი რითმა, ზოგიერთგან გრძნობიანი სიტყვა და უფრო ის ბნელი და მწუხარე საგანი მის «Чернец»-ისა და «Наталия Долгорукая»-ისა არ იყვნენ უკანასკნელნი მიზეზნი, რომ მაშინ რუსები მაგ პოემებს კითხულობდნენ. კაზლოვის „შეშლილის“ ქება კი ჩვენ არსად შეგვიტყვია, და თუ უქია ვისმეს, უთუოთ კაზლოვის თხზულების გამომცემს უქია. იმ გამომცემს, რასაკვირველია, სხვა, შიგნიტიკური, მისატევებელი მიზეზი ექნებოდა ქებისა, რადგანაც მარტივნი ამა ქვეყნისანი მალე დაიტაცებდნენ გამოცემულ წიგნსა და მით გაახარებდნენ გამომცემის მგლოვიარე ჯიბესა. ამას გარდა, ჩვენ ვფიქრობთ კიდეც, რომ სწორეთ იმ გამოცემის სიტყვებს უმოქმედნია, რომ თ. რევაზ შალვას ძეს ერისთავს აუღია ეგ უშვერი და გამოუსადეგი პოემა ქართულს ენაზედ გადმოსაღებელად, თორემ თქვენვე გაშინჯეთ, ჩვენო მკითხველო, რა საჭიროა ეხლა ან ჩვენ ლიტერატურისათვის, ან ხალხისათვის სენტიმენტალურ სხოლის მწერლების გაცნობა? რამდენიმე წლის წინათ უ[ფ]. სარდიონ ალექსი-მესხიშვილმა გადმოთარგმნა სენტიმენტალურ სხოლის მწერალი მარმონტელი და ეხლა იმავე სხოლის მწერალი კაზლოვი გადუთარგმნია თავად ერისთავს. იქნება ფიქრობენ, რომ ჩვენი ლიტერატურა არ აღზდგება, თუ არ განიმეორა თავის განვითარებაში წარსულ დროთა სიცრუე და ცთომილება?! თუ ამას ფიქრობენ, მაშ ისტორიას აღარა აქვს თავისი დიდი მნიშვნელობა. ისტორია იმითია დიდი, რომ გვაჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას, მასთანავე გვასწავლის ჭკვასა, როგორ უნდა მოვიქცეთ. წინა კაცსა უკან მომდევარი იმისთვის უყურებს, რომ, ვინიცობაა, წინამ ფეხი წამოჰკრას და ყირაზე გადაიაროს, უკანამ ნახოს და იმ გზას შორს მოუაროს. მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ. რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, – ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ.

მართლა-და საკვირველია! თუ კაცს რუსულიდგან თარგმნა უნდა რისამე, პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი როგორ უნდა დაავიწყდეს და მივარდეს წირპლიანს კაზლოვსა, მერე ნეტავ იმის ცუდ პოემებში უცუდესი მაინც არ ამოერჩივა თავად ერისთავს. ეს „შეშლილი“ – მართლა რომ შეშლილი – რა სათარგმნელია? მაგრამ ერთის მხრით თავად ერისთავს კარგი უნებებია, რომ ღონის გასაშინჯავად და გამოსაცდელად კაზლოვი ამოურჩევია. ეხლა თვითვე, გვგონია, დარწმუნდნენ, რომ არამც თუ პუშკინის და ლერმონტოვის თარგმნა შეეძლოს, არამედ კაზლოვისაცა და სხვათა უფრო მდარეთა რითმების მბეჭველთა პოეტთა, რომელნიც რუსეთში ქვიშაზედ უმრავლესნი არიან. დიახ, ძალიან კარგად მოქცეულა თავადი ერისთავი, რომ პუშკინის და ლერმონტოვისათვის ხელი არ უხლია, თორემ ამათი ქმნულებაც ისე წაეხდინა, როგორც წაუხდენია კაზლოვის „შეშლილი“, სწორედ ღვთის გმობა იქნებოდა.

ეხლა მივუბრუნდეთ და მოკლედ განვიხილოთ თვითონ კაზლოვის პოემა „შეშლილი“, რა წითელი კოჭი ბძანდება რუსულს ენაზედ, მერე ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ თარგმანს; მაგრამ, ჩემო მკითხველო, ჩვენ სტატიაში ნუ ელოდებით ესტეტიკურ კრიტიკასა; ვინ ჩვენ და ვინ ესტეტიკური კრიტიკა! ჩვენ ერთი უბრალო სიკვდილის შვილი ვართ, სად შეგვიძლიან? და თუნდ დიდი, დიდი ბობოლაც რომ ვიყოთ და შეგვეძლოს, ამ „შეშლილში“ მცირედი საზრდოც არ არის ესტეტიკურ კრიტიკისათვის. ეგ პოემა არის ჩვენ „ეო-მეოსავით“ რაღაცა უბრალოდ აღსრულებული, რაღაც ბნელი სუჟეტი. აქ ისმის რაღაც უიმედო სიყვარულის ტანჯვა, რაღაც უგემური ჩივილი, კვნესა და ოხვრა რუსის გოგოსი, როგორც კაზლოვი ანბობს. ტანჯვა და რაღაც ჩივილის მზგავსად კნავილი არც ტანჯვასა ჰგავს, არც ჩივილსა; აქ არ ისმის ის გულის განმგმირავი კვნესა მოტყუებულ გულისა, აქ არა ჩანს ის უნებური სიუგუნურე მარტივ სოფლის გოგოს სიყვარულისა, რომლის მუხთლობამაც შეშალა ჭკვიდამ იგი. მერე რა მოგახსენოთ! ის გოგო რუსის მუჟიკისა რომ სრულიად შეშლილი არ არი, თუმცა კაზლოვი გვეფიცება, რომ შეშლილიაო; ძალიან კარგ გონებაზე გახლავსთ, კარგად ლაპარაკობს, კარგადა ჰსჯის. მართალია, ლაპარაკში თვალები ერევა და სახე ეშლება, მაგრამ განა მარტო თვალების და სახის ამღვრევაში სჩანს ადამიანის შეშლილობა ჭკვიდამა? აბა შექსპირის ოფელია აიღეთ, ან კოროლი ლირი და გაშინჯეთ! იქ, თუმცა შექსპირი არ ანბობს, რომ ჭკვიდამ შეშლილები არიანო, მაგრამ მიაყოლეთ გონება იმათ სიტყვებს და მაშინვე გაიგებთ შესაბრალებელს შეშლილ ადამიანის სულის მდგომარეობას; იქ წინასიტყვაობა საჭირო არ არის, რომ შეშლილიაო, საქმიდამა ჩანს ყველაფერი; სიტყვა არის პირდაპირი გამომთქმელი სულის მდგომარეობისა. აბა კაზლოვის პოემიდამ ამოფხიკეთ ზედშესრული „შეშლილი“ და მერე გაშინჯეთ სიტყვები შეშლილისა, თუ ჭკვიანად არ გეჩვენოთ. თუმცა „შეშლილს“ ქვეშ აწერია რუსული მოთხრობაო, მაგრამ ამ მოთხრობაში მარტო ენა, ზარი, მარხილი და იემშჩიკი თუ არის რუსული, თორემ სხვა არაფერი. ქართველმა ბევრიც რომ იკითხოს, არამც თუ ეს საშინელი თარგმანი თავად ერისთავისა, არამედ ათიათასჯერ უკეთესი, მაინც იქნება არა გამოვიდეს რა: ათიათასჯერ არაფერი მაინც არაფერია; ბევრიც რომ წაიკითხოთ, მაინც ქართველი ვერ გაიცნობს ფრჩხილის ოდენასაც რუსის სოფლის გოგოსა, იმიტომ რომ ეს შეშლილი გოგო, თუმცა კაზლოვი ანბობს რუსისაო, მაგრამ რუსის სარაფანიც არ აცვია ზედა; ეგ რაღაც ურუსო რუსია, კაზლოვის ფანტაზიის შვილი, და არა რუსის ცხოვრებისა. მაგას ვინ ჩივის, რომ პოემის გმირი არ არის რუსი, ერთი ბეწო დრამმატიზმი და ხელოვნება მაინც იყოს.

ეს გძელი შესავალი იმიტომ გავუკეთეთ ჩვენ სტატიასა, რომ, თუ ვინიცობაა, „ცისკრის“ მკითხველი ბევრს რასმე ელოდდა თავად ერისთავის „შეშლილის“ თარგმანისაგან და ვერა ჰპოვა, მაგის მიზეზი თითონ კაზლოვი იყო; მეორე იმისთვის, რომ გვეცნობებინა ჩვენ მკითხველთათვის, რომ მთელი კაზლოვიც რომ გადმოეთარგმნა ვისმეს, არა თავად ერისთავსავით უხერხოდ, არამედ უფრო ბევრად უკეთესად, მაინც არაფერი არ გამოვიდოდა, უსარგებლო შრომა იქნებოდა, იმიტომ რომ კაზლოვის ლექსები თვით რუსეთში ჩაჰბარდნენ პატრონს და ქართველებს რათ გვინდა?

ეხლა მივუბრუნდეთ თარგმანსა. თავად ერისთავის „შეშლილის“ თარგმანი როგორც ხელოვნება არ შეიძლება განიხილოს კაცმა, რადგანაც თვით ნამდვილი უხელოვნოა. თუ სათავე მღვრივეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა. თუ ჩვენ გვკითხავს ვინმე, ჰგავს თუ არა კაზლოვის „შეშლილს“ თავად ერისთავის „შეშლილი“, ჩვენ მივუგებთ, რომ სრულიად არა. კაზლოვის „შეშლილი“, რაც უნდა ცუდი იყოს, მაინც თუ კაცმა იკისრა მისი გადმოთარგმნა, გულმოდგინედ და მზგავსად უნდა გადმოეთარგმნა და არა ისე უწყალოდ გაეფუჭებინა, როგორც თავად ერისთავს გაუფუჭებია. მისი თარგმანი ასეთი რამ არის, რომ შთამომავლობას უნდა გადაჰსცეს კაცმა, რათა გამოუთქმელ სიცუდის მაგალითად სახეში ჰქონდეთ მომავალს მწერლებს. თარგმანი – როგორც თარგმანი ხომ არ ვარგა, ენა უფრო უვარგისი აქვს თავად ერისთავს. ჩვენ გულდაჯერებით ვუწინასწარმეტყველებთ თავად ერისთავს, რომ დრო მოვა, როცა მის თარგმანის ლექსებითა დაჰსჯიან წარმართთა, როგორც დიდ ეკატერინეს დროს ტრედიაკოვსკის ლექსებითა ჰსჯიდნენ. როცა ვკითხულობდით თარგმნილ „შეშლილსა“, სწორეთ უნდა მოგახსენოთ, ხან გვეცინებოდა და ხან გვეწუხებოდა, რომ ეგრედ უენო ენად ვნახეთ ჩვენი საყვარელი ენა, ის ენა, რომელზედაც დაიღიღინა ჩვენმა უკვდავმა რუსთაველმა თავისი უკვდავი „ვეფხის-ტყაოსანი“, ის ენა, რომელზედაც დაიგალობა თავისი ღვთიური სიმღერები თავად ალექსანდრე ჭავჭავაძემ, ის ენა, რომელზედაც თავად ნ. ბარათაშვილმა, მაგ უდროოდ დამარხულმა ჩვენმა იმედმა, ღარმონიულად და ნაღვლიანად დაიმღერა „ქართლის ბედი“ და თავის მართლა-და ზეგარდამო შთაგონებული წვრილი ლექსები!.. გვიკვირს, კაცმა როგორ უნდა გამოიმეტოს თავის დედ-მამის ენა ისე, როგორც თავად ერისთავს გამოუმეტნია! სწორედ უნდა მოგახსენოთ, ამისთანა წერაში არამც თუ იყოს ენის სიყვარული, არამედ ენის სრული უპატიობაა და სიძულვილი, რომ არა გვყვანდნენ რუსთაველი, ალ. ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, კიდევ ჰო! რომ გვყვანან, რატომ არა ვსწავლობთ იმათ მშვენიერს ლექსებში მშვენიერს ენას? დაუდევნელები ვართ ქართველები და კიდეც ეგ მოგვიღებს ბოლოს, თუ ჩვენ საუბედუროდ არ გავსწორდებით როდისმე. არა, არა, ღმერთმა დაგვიფაროს თავად ერისთავის თარგმანისავით თარგმანის წაკითხვასა. იმისთანა ცოდვა ძნელად ექნება კაცსა, რომ ეგ სასჯელი მისი შესაფერი იყოს. თუმცა უწინაც „ცისკარში“ შეგვხვედრია ქართულს სტატიაში რაღაც გარმიანული სიტყვები, მაგ. ზადაჩა, ოსტროვები, ლინიები, მაგრამ ეს სიტყვები ისე სასაცილონი იყვნენ თავის უშვერობითა, როგორც თვით მატემატიკური სტატია იყო სასაცილო ჟურნალში თავის განუზომელ ღრმა აზრითა. ჩვენ გვიკვირს, უფ. რედაქტორი როგორ ჰბეჭდავს „შეშლილსავით“ და უფრო შეშლილ „ზადაჩებსავით“ გამოუსადეგ სტატიებსა? მაგრამ უ[ფ]. კერესელიძე გასამტყუნარი არ არი. აბა ნუ დაჰბეჭდავს და ჰნახამს, რამდენი ხელისმომწერი მოაკლდება გულნატკენ ვიღაც „მოზადაჩების“ მეცადინეობით. თუ ხელისმომწერი არ ეყოლება ჟურნალსა, როგორ იცოცხლებს იგი? ეგრედ ჯოჯოხეთში არის ხოლმე ყოველი რედაქტორი, რომლის ჟურნალსაც საკუთარი კაპიტალი, ანუ თანხა არა აქვს. გინდა თუ არა, უნდა დამოკიდებული იყო იმ კაცებზედ, რომელნიც წინდაუხედავად, უთავბოლოდ, რაც მოხვდებათ და როგორ მოხვდებათ, ჰბღაჯნიან, რადგანაც იმედი აქვსთ, რომ საბრალო „ცისკარი“, მათგან ფულით დავალებული, ნებით თუ არა ნებით, ალაგს მისცემს თავის ფურცლებში იმათ გამოუსადეგ სტატიასა. რად უნდა ვემდუროდეთ უ[ფ] რედაქტორს, რომ ჟურნალი არ უვარგა? აბა რა თანხები გავუმართეთ, რომ თავისუფლად ამოერჩია სტატიები და არ ჰშინებოდა წყენისა, როცა იძულებული იქნებოდა ჩაებარებინა უკანვე გამოსადეგ პატრონისათვის მისი გამოუსადეგი სტატია. კიდევ, მადლობა ღმერთს, რომ „ცისკარი“ მაგ ყოფაშია, ორიოდე თავად ალ. ჭავჭავაძის, თავად ნ. ბარათაშვილის და გრ. ორბელიანის ლექსებთან მაინც გაგვაცნო, რომ სხვა არა იყოს რა. სხვა ახალი პროზაიკები და მოლექსეები, ზოგიერთის გარდა, ღმერთმა შეინახოს. პუშკინისა არ იყოს, ამათი ცოდვები ისე მალე დაივიწყის, როგორც იმათი ლექსები დაბეჭდვის უმალვე დაივიწყებიან ხოლმე. მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ახალ რითმების მორახუნებლებს არავის ისეთი ენა არა ჰქონია, როგორც თავად ერისთავს აქვს; აი, მაგალითებრ, ყველაზედ უმდარესი მწერალი უ[ფ]. ბერიევი, რომელიც გუთნისდედას აძინებს ხოლმე და ანუგეშებს, რომ ძილზედ უკეთესი არა არის ქვეყანაშიო, – ის კი არ აგონდება უფ. ბერიევს, რომ სულ მაგ ტკბილმა მამაპაპურმა ძილმა დაგვღუპა ჩვენ, – აი, უფ. ბერიევი, თუმც პოეზიაზედ უკაცრაოდ ბძანდება, მაგრამ ენა მაინც უვარგა, თუმც კი ესეც გამოაპარებს ამგვარ კონსტრუქციას, რითმის ტრფიალებისა გამო: „ფეხი გავიქნიე ხელი“ – ფეხი და ხელი გავიქნიეს მაგიერად; მაგრამ ერთი ალილო ღვდელსაც წასცდებაო, ნათქვამია. ჩვენ მთარგმნელის თავად ერისთავის ენა კი სწორედ ნაღველას გაუხეთქავს კაცს; ძალიან მოთმინება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ „შეშლილი“ თავიდან ბოლომდი წაიკითხოს. ვისაც არ წაგიკითხავს „შეშლილი“, ჩვენ, ვითარცა კაცთმოყვარენი, არ გირჩევთ წაკითხვასა: პირველი, რომ უწყალოდ დაიტანჯებით, მეორე, რომ ჩვენ გაგვამართლებთ და ეგ, იქნება, თავად ერისთავს ეწყინოს. – ასეთნაირად ჭრიჭინებენ თავად ერისთავის ლექსები, როგორც გაუსაპნავი საპალნის ურმის თვლები, ასეთ ჟრჟოლას დაგმართებთ, რომ „ჟამი მოგივათ გაციებისა“, თავად რაფ. ერისთავისა არ იყოს. ნამეტნავად ნაზ აგებულების ქალს მოარიდეთ ეგ თარგმანი, თორემ ჭლექად ჩავარდება. როგორ მოგწონთ ეს რახარუხიანი ღარმონია ამ გაუგებარ ლექსებისა:

„დედავ ბუნებავ! მშვენიერებით

შენ ყოველგან ხარ თავისუფლებით;

თუ გინდ რომ იყო საშიშროებით,

მაინცა ჰსუნთქავ ღვთაებრიობით!“

აქ ორ პირველ სტრიქონში სწორედ იმისთანა კონსტრუქციაა, როგორც ზემოხსენებულ მაგალითში „ხელი გავიქნიე ფეხი“ და სწორედ იმისთანაც აუარებელი სიღრმეა ცარიელობისა. თუნდ ეგ არ იყოს, სულ ერთად გაშინჯეთ, მკითხველო, რა მწყობრი ხმოვანი ბრახაბრუხია რითმებისა! სად ალ. ჭავჭავაძე და ნ. ბარათაშვილი და სად „შეშლილის“ მთარგმნელი!

ანუ ესა:

„ესე ყოველი სახელოვნება

არს საიდუმლო აღსაარება**

რომელსა ერთი ერთისა სულით

ყველასა მართავს ერთისა ძალით

ამა ქვეყნისა მშვენიერებას

და აგრეთვეცა საშიშროებას

ზღვათა და ცათა, ქვეყნიერებას –

რომელსაც უწოდთ ერთსა ღვთაებას“ და სხვანი.

ამ რვა გარმიანულ ლექსში რაღაც ღრმა აზრი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი სუსტი გონება ვერ მიწვდება და ვგონებთ, თვით უ[ფ.] მთარგმნელსაც არ ესმის, აქ რა არის. თუნდ რომ აზრიც იყოს, ამგვარი გამოთქმა მისი კაცს გულს გაუხეთქავს. აი, უბრალო სიტყვების და რითმების რახარუხი! ამას იქით, ვისაც არ უწერია ლექსი, თავად რ. ბარათაშვილისა არ იყოს, მართლა უნდა უხაროდეთ, რომ ლექსებს არა სწერენ, თორემ ამისთანა ორიოდე ლექსი რომ წაჰსცდენოდა ვისმეს, აპოლონი, როგორც მარსიაზსა, ფეხებიდამ თავამდი ტყავს ააძრობდა და პირდაპირ ტრედიაკოვსკისთან ახტუნებდა ფერხულში. აი, კიდევ სამაგალითო განსახოვნება აზრისა:

„ეგრეთ ჩაფლული ოცნებაშია“ და სხვანი.

კია ტლაპო ყოფილა, თქვენმა მზემ! აბა, თქვენი ჭირიმე, ოცნება რა ტლაპოა, რომ ჩაფლობა შეიძლებოდეს! დანთქმული ეთქო, კიდევ ჰო, ტლაპო მაინც არ მოაგონდებოდა კაცსა და გაახსენდებოდა ან ზღვა, ანუ სხვა წყალი რამე, რომელზედაც მაინც კიდევ ათასჯერ ფაქიზია ოცნება.

„მეც დავინახე ცა, როგორ სისხლი,

ზღვებრივ ღელვიდა, ღრუბლიდგან ცეცხლი,

თითქო ცა ღრუბლად გადაქცეული

დანთქმას გვიპირებს...“ და სხვანი.

აბა, მოდი და ამ უთავბოლოდ აშენებულ სიტყვის ყორეში პოეზიის ვარდი მონახე! ჭინჭარიც არ არის, თორემ ვარდს ვინა ჩივის? „ღრუბლიდგან ცეცხლი“! პირველი, რომ ქართული ენა ბძანებს, რომ ღრუბლიდგან ცეცხლი უნდა იყოსო, მეორე – გონება გვეუბნება, რომ თუ ქვემდებარეა, ზმნაც აქვე უნდა იყოსო. „ღრუბლიდგან ცეცხლს“ სადაა ზმნა? თუ „ღელვიდა“ არის „ღრუბლიდგან ცეცხლის“ ზმნა, ნიშანი რაღად უზის განყოფისა? მაგრამ, თუ ნიშნებს გავყევით ჩვენ, ათასი სხვა შეცდომებია ნიშნის ხმარების შესახები. ვინ ამოსწერს სუყველასა?

„თოვლიან მინდორს, ახლორეს ტყესა,

ზედ დაჰნათოდენ ბნელსა ხევებსა,

ყურთუკის მსგავსად ჭირხლი ჰრტოებსა

გარემორტყმოდა ფიჭვის ხეებსა...“ და სხვ.

თუ აქ გაიგება რამე, ხელს მოვიჭრით! აქ რომ აზრის გაგება უნდოდეს კაცს, უნდა თავ-თავის ალაგს დასვას გადარეული რითმის გულისათვის სიტყვები. აი, აქ როგორი სიტყვის მოწყობილობაა, ანუ კონსტრუქცია: „ხელი გავიქნიე ფეხი“. იქნება ჩვენ „შეშლილის“ მთარგმნელს ჰგონია, რომ „ხელი და ფეხი გავიქნიე“ და „ხელი გავიქნიე ფეხი“ ერთი და იგივე იყოს? არა, ერთნი არ არიან. ამ ორ მაგალითში, მართალია, ერთი და იგივე სიტყვებია, მაგრამ ის სიტყვები ერთგან თავის ალაგს არიან, მაგ. „ფეხი და ხელი გავიქნიე“ და მეორეში კი არა, იმისთვისაც „ფეხი და ხელი გავიქნიე“ მეც მესმის და თქვენც და „ხელი გავიქნიე ფეხი“ არც თქვენ გესმით, არც მე.

„ჩემი ცხენები როგორც შეშლილნი“ და სხვანი.

ჭკვიდამ ხომ არა? ძალიან ახალი ანბავი იქნებოდა, მართლა დასაბეჭდი. სწორედ უნდა თქოს კაცმა, რომ ეს IV მუხლი, თუ თავი, კაზლოვს ლამაზად აქვს გამოყვანილი, ასე რომ მთელ კაზლოვის თხზულებაში ძნელად იპოვნით ამისთანას. აბა ეხლა გაშინჯეთ თავად ერისთავის თარგმანი, რა საცოდაობაა! თუ კაზლოვი შეგძულდეთ, ჩვენო მკითხველო, თავისი ბრალი ისე არ იქნება, როგორც მის უწყალო მთარგმნელისა. თუმცა კაზლოვი, მართალია, იმისთანა მწერალია, რომ არაფერი დაეწერა, რუსეთს იმითი არა დააკლდებოდა რა, და რადგანაც დაუწერია, იმითიც არა მოჰმატებია რა, მაგრამ, რაც უნდა იყოს, მაინც შებრალება უნდოდა და არა ეგრეთ გაწირვა.

„ძველი საყდარი, ვგონებ, ფიცრისა

დგას, საფლავები გარემო მისსა,

ძველ კარის ბჭეში კანდელი ბჟუტავს...“ და სხვ.

კიდევ ქვემდებარეა და ზმნა ოცნებაებში ჩაფლულა და ჩაჰბარებია პატრონსა: „საფლავები გარემოს მისსა“ უზმნოდ ბძანდება. არა, არა. ეგრედ წერას ვერ აიტანს კაცი; ასე ჰგონია კაცსა, ახალმოსწავლეს გარმიანელს უცოდვილებია კალამი ენის გასავარჯიშებლად და არა ჟურნალში დასაბეჭდავად. უზმნოდ არა ენა, ფრინველის ენის მეტი, არ იხმარება და უფრო ჩვენი დალოცვილი ენა; რუსეთში თუმცა ზოგიერთგან არსებითი ზმნა არ იხმარება, მაგრამ ქართული რუსული ხომ არ არი? ქართულში ყოველთვის ზმნა უნდა, – ეგ მეორე კლასის მოწაფემაც იცის.

„ძველ კარის-ბჭეში კანდელი ბჟუტავს,

მის სიახლოვეს ვიღაცა სუნთქავს...“ და სხვ.

გესმისთ, მკითხველო? მთარგმნელი ამა პოემისა (თუნდ თვით დამწერი კაზლოვი, სულ ერთია), ზის მარხილში, ნაბადში შეხვეული და მიაქროლებს, „ზარი წკრიალებს“, „მარხილი ჭყრიალებს“, როგორც თავადი ერისთავი გვარწმუნებს, გზის იქიდამ მდინარის პირზედ ერთი ფიცრის საყდარია, იმ საყდრის ბჭეში კანდელია, იმ კანდელის ახლო ვიღაც სუნთქავს და ის სუნთქვა ესმის მარხილში მიმაქროლებელს, ნაბადში შეხვეულს „ზარის წკრიალში“ და „მარხილის ჭყრიალში“!!! აგანგალა-განგალა, გამოუცვნია! კაი ყურები არ უნდა ჰქონდეს იმ კაცს, რომელსაც ის სუნთქვა გააგებინა თავად ერისთავმა?! გვიხარიან, ტელეგრაფები აღარ მოუნდება საქართველოს, თუ მაგისთანა ყურების პატრონები ჰსცხოვრებენ, რომ ისე ლამაზად შორიდამ ესმისთ ვიღაცის სუნთქვა. გამოიყვანეთ ის ბედნიერი კაცი, დააყენეთ მოედანზედ და დააგდებინეთ ყური; ქვეყანაზედ რა ანბავია, ის მოედნიდამ ყველაფერს გაიგებს. მერე თითონ ის ვიღაცა საშინელი მსუნთქავიც კარგი ცხრათავიანი მდევი უნდა ყოფილიყო, რომ ისე ესუნთქა, რომ გზაზედ მიმაქროლებელს მარხილითა ზარის წკრიალში და მარხილის ჭყრიალში გაეგო. არა, თავადო ერისთავო! ბევრიც რომ გვიფიცოთ, რომ ეგ მართალია, მაინც შეუძლებელს არ დაგიჯერებთ და თქვენც, არა გვგონია, მაგის დამტკიცება მოინდომოთ. ეს უშესაბამო, შეუძლებელი სუნთქვის გაგება კაზლოვისა ნუ გგონიათ, ჩვენო მკითხველო, ეგ თავად ერისთავის მოგონილი გახლავსთ პოემის გასამშვენიერებლად. კარგად უხერხნია! თავად ერისთავს უხმარია ეს უშესაბამობა იმისთვის, რომ სიტყვაზედ „ბჟუტავს“ რითმა ვერ მოუწყვია, ამისდა გამო გაუფიქრია: „მოდი, მივუწერ „ვიღაცა სუნთქავს“, რითმა ხომ გამოვა, უაზრო იქნება [თუ] აზრიანი, ღვთის მადლით, მოდავე არავინ მეყოლება; არავის არა ჰყოლია და მე რა ღმერთი გამიწყრება“! ჩვენ კი მოულოდნელად გამოგიჩნდით, თავადო ერისთავო!

„თეთრი მკერდი, ბუნებით ქმნული“.

ესრე ნაწყვეტ-ნაწყვეტად რომ ვიღებთ ლექსებს თავად ერისთავისას, ნუ გეგონოთ, რომ ძალადა ვშვრებოდეთ, რათა დავუკარგოთ აზრი. არა, ამოწერა გვეზარება. თქვენვე შიგ ჩართვით წაიკითხეთ და მაშინ უფრო უაზროდ გეჩვენებათ ეგ ლექსები. „ბუნებით ქმნული“ რომ არ დაემატნა უ[ფ.] მთარგმნელსა, პირველი – რომ რითმა არ გამოვიდოდა, მეორე – რომ მკითხველი იფიქრებდა, არაბუნებითი ქმნული მკერდიც არისო. პირველზედ თუ გაგიფიქრიათ, მართალი ხართ, უ[ფ.] მთარგმნელო, მეორეზედ კი, უკაცრავოდ არ ვიყოთ, შემცდარხართ. მაგარს არავინ არ იფიქრებდა. – აი, რითმის გულისათვის ორი სიტყვა სულ გამოუსადეგნი ჩაგიტანიათ, განა მარტო ამ ზემოხსენებულს ლექსებში, ბევრგან სხვაგანაცა. განა რითმა რომ არ იყოს, პოეზიაც არ იქნება? აბა, აიღეთ ურითმო ლექსები თავად გრ. ორბელიანისა, თუნდ ბოლონდელი ოქტომბრის „ცისკრის“ „ო... დარდები“; აბა, ყურადღებით წაიკითხეთ, რა პოეზიაა მაგ ურითმო ლექსშია! თვალწინ წამოგიდგებათ ის ჩათუქესანი თბილისის ქართველი, რომლის ნატვრა და სამოთხე კახური ღვინოა, სიყვარული და ორთაჭალის ბაღები. აბა, ნახეთ ის ქართველი პაჟარნი, ნაბადწამოსხმული, ლოთურად ჩითმერდინით ყელზედ, როგორ გულმოდგინედ შეჰყურებს თავის საყვარლის ფანჯრებს. ვინც კი დაუშლის, აღრინდება და ეუბნება: „მოდი, ამ ვირს ეშხზედ ელაპარაკე!“ რამდენი ნამდვილობა და ჭეშმარიტებაა მის წმინდა ქართულ პოეტიკურ დარდებში, კვნესაში და ნატვრაში! პოეზია განსახოვნებაა ჭეშმარიტების, ცხოვრებისა და არა ჯაჭვი უთავბოლოდ გადაბმულ რითმების. არა, როგორც ვხედავთ, თქვენ ძალიან სულწასულად გყვარებიათ რითმების რახარუხი, იმისთვის შეგიწირავთ აზრიც, ფიქრიც, ის ცოტაოდენი გულის სითბოც, რომელიც ალაგ და ალაგ ჩანან ორიგინალშია. სულ ხელაღებით მოგითხრიათ კაზლოვი.

„იმ მშვენიერსა, თოვლებრივ თეთრსა,

ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენ მის შუბლსა...“ და სხვანი.

ჩვენ მივხვდით, რის თქმაც გინდათ თქვენა, – იმ მშვენიერ, თოვლებრივ თეთრსა შუბლსა ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენო, მაგრამ ისევ ის გაუთავებელი „ხელი გავიქნიე ფეხი“ გამოგივიდათ. ათასი კიდევ სხვა ამისთანა მაშრიყ-მაღრიბულ ენის კონსტრუქცია აქვს თავად ერისთავს თითქმის ყოველგან, მაგრამ ჩვენ აღარ ამოვსწერთ.

„გაჰსწი, გაჰკურცხლე! იმის ანბავი

შენ მომიტანე, რომ სატრფო თავი

ჩემზედ რას ჰფიქრობს...“ და სხვანი.

სასაცილოა, რომ რითმის ტრფიალების გამო კაცმა სთქვას: „სატრფოს თავი ჩემზედ რას ფიქრობსო“. თავი იფიქრებდა, თუ იფიქრებდა, ფეხები ხომ არა?! რაღა თქმა უნდა მაგას? როგორც ვხედავ, თავადი ერისთავი ფეხებსაც კი აფიქრებინებდა, რომ რითმას მოეთხოვნა. მერე პოეტი, რა ლაპარაკობს შეშლილზედ, ათავებს ეგრე მშვენივრად:

„...გულს აწუხებენ

ძველი საყდარი, ის საფლავები,

თითქოს ბნელაში დგებიან მკვდრები,

დაყრუებული ის არემარე

საშიშარია ეგრეთი ღამე,

ჩემ ფიქრთ აღელვებს ეს მოსაუბრე...“ და სხვ.

წადი და ეძებე, ვინ მოსაუბრე? დაყრუებული ღამე, თუ ის არემარე? აი ამათ კი სწორედ უზმნო ენა აქვთ, თუ ეგენი არიან მოსაუბრეთა.

„არა, რა მესმის გაუგებრადა...“

გაუგებრად ვის რა ესმის, რომ თქვენ გაგეგოთ? სულ ამაო ჩივილია, მაგრამ თუ მარხილით მიმაქროლებელმა ზარის წკრიალში და მარხილის ჭყრიალში გაიგო ის სახელოვანი ზემოხსენებული სუნთქვა საყდრიდამ, თქვენ, გვიკვირს, გაუგებრად რატომ არ გაგიგიათ?

„თითებითა თვლის კიდეცა თვეებს“ და სხვანი.

ახალი თვლა შამოუღიათ საქართველოში – თითებითა და არა ჭკვითა. ჩვენ მარტო ის ვიცით, რომ თითებზედ შეიძლება თვლა და არა თითებითა.

„ვხედავ საოცართ მე სანახავთა,

თითქოს რაღასაც მოჩვენებათა;

იქნება არის მხოლოდ ოცნება,

მაგრამ ბუნება თვით რომ იცვლება!” და სხვ.

ამ ორ პირველ სტრიქონში კიდევ იგივე „ფეხი გავიქნიე ხელია“. ჩვენ ამისთვის კი არ ამოვწერეთ ეს ლექსი, რომ ეს გვეჩვენებინა, არამედ იმისთვის, რომ უალაგო ალაგს „მაგრამ“ კუნტია; მაგრამ ეგ ისეთი პატარა შეცოდებაა სხვა ახოვან შეცოდებაებთან, რომ თითქმის ღირსებად მიეწერება თავად ერისთავს და არა ცოდვად.

აი, ამ ქვემო-მოხსენებულ ლექსში გაშინჯეთ, რა აუარებელი ტანჯვაა გამოთქმული და იქავე ცოტაოდენი ნუგეში, რომელიც ჰსურვებია შეშლილსა და არ მოსცემია, მაგალითად:

„დილით, თუ ღამე ვფიქრობ მასზედა,

ცრემლი არ მშრება არც ერთ თვალზედა“ და სხვ.

ერთ-ერთ თვალზედ მაინც შეშრობოდა, რა უღვთოობაა! მითამ რა ნუგეშია, რომ ერთ-ერთ თვალზედ შეშრეს, მეორიდამ კი ჰსცვიოდეს ცრემლი?

„მის საშინელსა ჩემსა ტანჯვასა“ და სხვ.

ეს რა არის, ნეტავი გვითხრათ? თუ ის საშინელი ტანჯვა მისია, თქვენი რაღად იქნება, თავადო ერისთავო, და თუ თქვენია, იმისი რაღად იქნება? მაგრამ მაინც კიდევ დაძმურად გაგიყვიათ: სახელი არსებითი თქვენ აგიღიათ და იმ არსებითი სახელის ზედშესრული შეშლილისათვის დაგითმიათ. კიდევ კარგი, რომ ხელცარიელი არ დაგიგდიათ.

„ბნელი ტუტუნი...“ და სხვანი.

მითამ ნათელი ტუტუნიც არის ქვეყანაში, არა გვგონია!

„იცი რა მითხრა, ღამე მთვარეში...“ და სხვ.

 

ეს სულ ახალი გამოჩენაა ასტრონომიაში! რომელ ტელესკოპით დაუნახავს თავად ერისთავს ღამე მთვარეში?

 

„ან სვინიდისის მე ყვედრებაში

რისთვის ჩავარდი ვფიქრობ ჩემ თავში...“ და სხვანი.

რა ჩაუვარდა საწყალს შეშლილს თავშია, რომ ეგრე ჩივის? არაფერი არ ჩაჰვარდნია თავში, მხოლოდ თავად ერისთავს ვერ მოუხმარია ზმნა. პირველი პირი ამ ზმნისა ჩავვარდი არის და არა ჩავარდი. თუნდ რომ ეგრე იყოს, რომ „მე ყვედრებაში რისთვის ჩავვარდი ვფიქრობ ჩემ თავში“ რაღა არის? რატომ „ვფიქრობ“ ამის წინ ნიშანი არა ზის? მერე „ვფიქრობ ჩემ თავში“ რაღა სათქმელია? ვინ არ იცის, რომ ფეხებში ფიქრობა არ შეიძლება? მაგრამ ვინ იცის? თუ ღამე მთვარეშია, რატომ ფიქრობა ფეხებში არ იქნება!.. და სხვანი და სხვანი, ჩვენო კეთილო მკითხველო!

თავიდამ იქამდი, სადამდინაც მე წავიკითხე ეს „შეშლილი“, სულ ამისთანა შეცდომებია, მაგრამ ჩვენ სულ ყველა იგი რომ ამოგვეწერა, ხელახლად დაბეჭვდა მოუნდებოდა თითქმის. ის არ ეყოფა ამ საშინელს თარგმანს, რომ ერთხელ ეღირსა დაბეჭდვა, რომ მეორედაც არ დაბეჭდილიყო? ჩვენც თითონ ისე დავიღალენით, დავიქანცენით, დავყრუვდით რითმების უთავბოლო რახარუხით, რომ ვერ შევძელით „შეშლილის“ ბოლომდი წაკითხვა. სწორედ მეოცდამეერთეს თავის, თუ მუხლის, მეხუთე სტირქონზედ შევდექით! კიდევ ბარაქალა ჩვენს ბიჭობას, რომ იქამდი მივსულვართ!..

ეს რაცა ვსთქვით ჩვენა, მგონია სამყოფი იყოს, თითონ მკითხველი დაგვემოწმოს, რომ სწორედ მიწასთან გაუსწორებია ისეც არც ძალიან მაღლა მდგომარე კაზლოვი. საწყალი კაზლოვი! იფიქრებდა, რომ იმისი „შეშლილი“, რომელზედაც იქნება უტირნია, რომ ესრეთი სასაცილო იქნებოდა თავად ერისთავის თარგმანში? მართლა, რომ კაზლოვის „შეშლილი“ სრულად შეშლილა ქართულს ენაზედ; ერთი ბეწო შებრალება და სიყვარული არა ჰქონია იმის მთარგმნელს – არც იმისი, რაც უთარგმნია, არც თავისვე ამორჩეულ პოეტისა, არც ხელოვნებისა, არც თავის მშობლიურ ენისა. მარტო ჩანს, რომ საკვირვლად ჰყვარებია თავად ერისთავს რითმების რახარუხი.

მთელს თავის თარგმანში თავად ერისთავს აქვს ექვსი სტრიქონი ლექსი ისეთი ლამაზი და მსუბუქი, რომ ჩვენ არც კი გვჯერა, რომ იმისი დაწერილი იყოს. აი, ის ლექსები, რარიგად ჰხატვენ შეშლილის მდგომარეობას:

„ხან მიიხედავს, ხან მოიხედავს,

გარემოს ჩვენსა საფლავთ შეხედავს...

ამოიოხრებს, იწყებს ლოცვასა...

ხან ათრთოლდება, შეხედავს ცასა,

შეშინებული მე მომეკვრება

და ხან უეცრად კრეჭას მოჰყვება...“

აი აქ ჩანს ენაც, მხატვრობაც, აზრიც და ის სურათი, რომლის წარმოდგენაც ცხადად შეიძლება. ეს ლექსები ისე შვენიან დანარჩენ ლექსებში, როგორც ვარდი ჭინჭრებში. სწორედ უნდა ვსთქვათ, რომ ეს ლექსები ისეთი ლამაზები არიან, რომ ჩვენ გვიკვირს, ამისთანა ლექსები როგორ შეჰსძლო იმან, ვინც, მაგალითებრ, ეს დასწერა:

„ესე ყოველი სახელოვნება

არს საიდუმლოს აღსაარება,

რომელ არს ერთი ერთისა სულით

ყველასა მართავს ერთისა ძალით

ამა ქვეყნისა მშვენიერებას

და ეგრეთვეცა საშიშროებას

ზღვათა და ცათა, ქვეყნიერებას –

რომელსაც უწოდთ ერთსა ღვთაებას!“ და სხვანი.

ეხლა, როცა გვინდა კალამი თავის ალაგას დავსდვათ, ფიქრად მოგვივიდა: იქნება თავად ერისთავმა გვიწყინოს ეს პირმოუფერებელი სტატია. არა გვგონია. ჩვენ ყველანი ქართულ ენის ხმარებაში ცოდვილნი ვართ და ჩვენება ურთიერთის ცოდვებისა არ იქნება მომატებული. მაშ, როგორ უნდა გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება? ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს... აბა, ის იქნება ნამდვილი და საქებარი მამულისმოყვარე, და არა ის, ვინც მეტსიმეტად დამჟავებულ სიყვარულისა გამო, ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების ღვიარება ნახევარი გასწორებაა. თუნდ რომ იწყინოს თავად რ. შ. ერისთავმა ჩვენი პირმოუფერებელი სტატია, რა ვუყოთ? მისი ნებაა! სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა სამღთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. იქნება ჩვენც ამ სტატიაში ბევრი შევსცოდეთ ჩვენს საყვარელს ენასა, მაგრამ ჩვენ არა ვხედავთ. მაგის განხილვა მკითხველის ნებაა. ჩვენის მხრით ამას კი ვიტყვით, რომ ჩვენი ქართული ენა ისე გვიყვარს, რომ ჯერ ვეცდებით, რომ მის წინააღმდეგად არ მოვიქცეთ და, თუ ღმერთი გაგვიწყრება და უხერხოდ მოგვივა რამე, მის შენიშვნას სიხარულით და მადლობით მივიღებთ.

დასასრულ, თუ მკითხველი ეყოლება ჩვენ სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ: იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა. რა ვუყოთ? როგორიც მღვდელია, ისეთიც ერიაო, ანბობს ქართული ანდაზა. როგორიც პოემა იყო ნათარგმნი, იმისთანაც, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, განმხილავიც შეჰხვდა. ჩვენ ჩვენის ენის დამცირებამ დაგვაწერინა ეს სტატია, თორემ ჩვენ ვინა და კალამი ვინა?

1860 წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა.

_______________

* უ̂, უ̂ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ეს ასოები სულ არ გვიხმარია ჩვენ სტატიაში; თუ, ვინიცობაა, ეს ენის წინააღმდეგად მიაჩნდეს ვისმეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავსცეთ პასუხი და გამოუცხადოთ, რა მიზეზითაც არა ვხმარობთ.

** აქ აღსარებაშია მოუმატნია, რადგანაც სილაბი არ გამოდიოდა, მაგრამ ეს პოეტიკური სილაღეა, მიეტევება! 

 

ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმანზედა

ხელნაწერი: ასლი, U №217, გვ. 154-170; ასლი U 1052, გვ. 1-20.

ნაბეჭდი: ჟურნ. „ცისკარი“, 1861, № 4, გვ. 557-594.

თარიღი: 1861 წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა.

ხელმოწერა: თ. ილ. ჭავჭავაძე.

წერილის ავტოგრაფი არ შემონახულა, ზემოთ მითითებული ორივე ხელნაწერი თითქმის სიტყვასიტყვით არის გადაწერილი ჟურნ. „ცისკრიდან“. №217 ხელნაწერ კრებულში სათაურშია – „კოზლოვითგან“ და, საერთოდ, „იდგან“-ის მაგიერ ყველგან იკითხება „ითგან“, აქვე პირველ გვერდზე არ არის სქოლიო. ხოლო №1052 ხელნაწერში წერილის სათაურისეული „თარგმნაზედა“ შეცვლილია სიტყვით „თარგმანზედა“.

ჟურნ. „ცისკრის“ 1861 წლის აპრილის ნომერში, სადაც „ორიოდე სიტყვ“ პირველად დაიბეჭდა, წერილი, ცხადია შეცდომითაა დათარიღებული 1861 წლის 5 ნოემბრით (ნაცვლად 1860 წლის 5 ნოემბრისა). ჩვენ ეს კორექტურული შეცდომა გავასწორეთ და ტექსტს ბოლოში მივუწერეთ ავტორისეული თარიღი: „1860 წელსა, ნოემბერის 5-სა დღესა“ (ეს შეცდომა გასწორებულია ილია ჭავჭავაძის ნაწერების 1925-1929 წლების გამოცემაშიც, მაგრამ შემდეგ, ილიას თხზულებათა 1951-1961 წლების გამოცემაში „ორიოდე სიტყვა“ კვლავ 1861 წლით არის დათარიღებული).

ცნობილია, რომ ეს წერილი ილია ჭავჭავაძემ სტუდენტობისას, პეტერბურგში ყოფნის დროს დაწერა და იქიდან გამოუგზავნა „ცისკრის“ რედაქციას.

„ორიოდე სიტყვამ“, ილიას პირველმა კრიტიკულმა წერილმა, რომელმაც თერგდალეულთა ლიტერატურული მანიფესტის როლი შეასრულა, ქართველ მოღვაწეთა უფროსი თაობის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და სათავე დაუდო ორი თაობის მძაფრ ლიტერატურულ-მსოფლმხედველობრივ პოლემიკას – ე.წ. „მამათა“ და „შვილთა ბრძოლას“. „ცისკრის“ მომდევნო ნომერშივე (№5) ილიას წინააღმდეგ სამი წერილი დაიბეჭდა: ბარბარე ჯორჯაძის „თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ“, რევაზ ერისთავის „პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა“ და გიორგი ბარათოვის (ბარათაშვილის) „წერილი რედაკტორთან“ (ამ წერილის ბეჭდვა „ცისკრის“ №6-ში დასრულდა), რომლებშიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული „ორიოდე სიტყვაში“ განვითარებული შეხედულებები.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულში „ორიოდე სიტყვა“ პირველად 1909 წელს დაიბეჭდა. – იხ. ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, ქ. შ. წერა-კითხვის გამავრც. საზოგ. გამოცემა №97, ტფილისი, 1909.

მითითებულ გამოცემაში წერილის სათაური შეცდომით იყო დაბეჭდილი: „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვის მიერ „შეშლილის“ თარგმანზედა“. მას შემდეგ ეს შეცდომა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ყველა გამოცემაში მეორდება (გასწორდა მხოლოდ ერთი სიტყვა: თარგმანზედა – თარგმნაზედა)15 და სამეცნიერო ლიტერატურაშიც, როგორც წესი, წერილი ამ მცდარი სათაურით მოიხსენიება. წინამდებარე ტომში წერილის ილიასეული სათაურია აღდგენილი.

ილია ჭავჭავაძის ენობრივი ნორმების გათვალისწინებით პირველნაბეჭდის ტექსტში შევასწორეთ შემდეგი ფორმები:

11. 14 მონადირეების] მონადირების. 13. 25 ბუზად] ბუზათ, 34 ბრმადა] ბრმათა. 14. 30 აშუღადა] აშუღათა. 15. 11 ფიქრადაც] ფიქრათაც. 16. 29 შევსდგებით] შევზდგებით. 29 წავსდგამთ] წავზდგამთ. 17 3 გასაშინჯავად] გასაშინჯავათ; გამოსაცდელად] გამოსაცდელათ. 8 კარგად] კარგათ. 11 სწორედ] სწორეთ. 13. მივუბრუნდეთ] მიუბრუნდეთ. 15 შევუდგეთ] შეუდგეთ. 32 კარგად] კარგათ; კარგადა] კარგათა. 18. 9 ჭკვიანად] ჭკვიანათ. 23 გავუკეთეთ] გაუკეთეთ. 33 მივუბრუნდეთ] მიუბრუნდეთ. 19. 4 მივუგებთ] მიუგებთ. 13 ვუწინასწარმეტყველებთ] უწინასაწარმეტყველებთ. 29 სიძულვილი] სიძულილი. 20. 23 გავუმართეთ] გაუმართეთ. 29 მოლექსეები] მოლექსები. 21. 9 გაუხეთქავს] გაუხეთქამს. 19 ჭლექად] ჭლექათ. 25. 22 ძალადა] ძალათა. 23 დავუკარგოთ] დაუკარგოთ. 29. 8 მეორედაც] მეორეთაც. 30. 15 დავსდვათ] დავზდვათ; ფიქრად] ფიქრათ. 27 ვუყოთ] უყოთ. 29 ვუპატრონეთ] უპატრონეთ. 31 დავუთმობდით] დაუთმობდით. 31. 9 ვუყოთ] უყოთ.

12. 16 ...კარამზინის სხოლის... – იგულისხმება რუსული სანტიმენტალიზმი, რომლის მამამთავარიც იყო ნ. მ. კარამზინი (1766-1826 წწ.).

12. 21 ...გადაშალეთ კაზლოვის გაბერილი წიგნი და ყურადღებით განიხილეთ ლექსები ანდრე შენიესი... – ილიას მხედველობაში აქვს ივ. კოზლოვის თხზულებათა სრული, 1828 წ. გამოცემა.

15. 2 ...მისი თამარის ქება მთელი მოთხრობის ოდენაა... – იგულისხმება XII საუკ. ქართველი პოეტის ჩახრუხაძის სახოტბო პოემა „თამარიანი“.

22. 16 ...აპოლონი, როგორც მარსიაზსა, ფეხებიდამ თავამდი ტყავს ააძრობდა... – იგულისხმება ბერძნული მითოლოგიური გმირი აპოლონი, რომელმაც ტყავი გააძრო მის მეტოქეს მუსიკაში – მარსიოსს (მარსიაზს).

26. 1 ...აიღეთ ურითმო ლექსები თავად გრ. ორბელიანისა, თუნდ ბოლონდელი ოქტომბრის „ცისკრის“ „ო... დარდები“; აბა ყურადღებით წაიკითხეთ, რა პოეზიაა მაგ ურითმო ლექსშია! – იგულისხმება გრ. ორბელიანის ლექსი „დიმიტრი ონიკაშვილის დარდები“, დაწერილი 1860 წ. (გამოქვეყნდა იმავე წელს ჟურნ. „ცისკრის“ ოქტომბრის ნომერში, – №10).

_______________

15. აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის ნაწერების სრული კრებულის IV ტომს (1927 წ.) დაერთვის „ტექსტის შესწორება“, სადაც ვკითხულობთ: ”მე-3 გვერდის მე-3 სტრიქონში დაბეჭდილია: „კაზლოვის მიერ „შეშლილის“ თარგმანზედა“ (თანახმად წ. კ. საზოგადოების გამოცემისა, 1909 წლ.). ეს ადგილი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად: „კაზლოვიდგან“ შეშლილის თარგმნაზედა“ (ამრიგად იყო დაბეჭდილი პირველად „ცისკარში“ 1861 წ. №4)“.

მიუხედავად ამ „შესწორებისა“, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა შემდეგ გამოცემებში „ორიოდე სიტყვა“ ისევ ამ მცდარი სათაურითაა („კაზლოვის მიერ „შეშლილის...“) დაბეჭდილი.