The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ამ შენს სახეს

* * * (ამ შენს სახეს)

ამ შენს სახეს როცა ვუცქერ,
მაგონდება ყასაბ ღაღო,
რით ვერ გასძეღ ღორის ჭამით,
ღორმუცელავ, ყურუმსაღო!

[1890 – 900-იანი წლები]

 

ხელნაწერი:

ავტოგრაფი, დაცული ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში.

ეს სახუმარო ლექსი ილიას მიერ წარწერილი ნ. ხიზანიშვილის ფოტოპორტრეტზე, რომელიც ამჟამად ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმშია ექსპონირებული.

ლექსი პირველად დაიბეჭდა 1937 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველ ტომში, სათაურით - “ნიკო ხიზანიშვილს” (გვ. 684). ლექსის პირი, გამოსაქვეყნებლად, პ. ინგოროყვასათვის ი. გრიშაშვილს გადაუცია. ნაბეჭდი თანხვდება ავტოგრაფს (გარდა ერთი შემთხვევისა: ავტოგრაფშია “შენ”, ნებეჭდში - “შენს”).

ლექსს ვათარიღებთ ნ. ხიზანიშვილის ფოტოპორტრეტის მიხედვით, რომელიც მიახლოებით 1890-1900-იან წლებში უნდა იყოს გადაღებული.

ნიკო ხიზანიშვილი (1851-1906 წწ) - ცნობილი ხალხოსანი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, ისტორიკოსი, იურისტი. თანამშრომლობდა “იმდეში”, “დროებაში”, “ივერიაში” და სხვ. წერდა ფსევდონიმებით “ურბნელი”, “PIebs”. მისი მეუღლე იყო გამოჩენილი ქართველი მსახიობი (შემდეგში საქართველოს სსრ სახალხო არტისტი) ელისაბედ ჩერქეზიშვილი.

ნ. ხიზანიშვილს ახლომეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან და შეხუმრებულიც იყო მასთან. ილია სხვას არ აპატიებდა, ნ. ხიზანიშვილისაგან კი არ სწყინდა სიყვამოსწრებული ხუმრობაო, წერდა ი. მანსვეტაშვილი (იხ. მისი “მოგონებანი”, 1936 წ., გვ. 133). ეს სახუმარო გამქირდავი ექსპრომტიც ილიამ თავის მეგობარს, ჩანს, მისი ენაკვიმატობის საპასუხოდ მიუძღვნა.

თედო სახოკიას მოგონებებში აღწერილია ნ. ხიზანიშვილთან დაკავშირებული რამდენიმე შემთხვევა, რომელთაგან თითოეული ადვილი შესაძლებელია ილიას ამ ექსპრომტის უშუალო საბაბი გამხდარიყო. ერთხელ, ილია ჭავჭავაძესთან სტუმრად ყოფნისას, ვახშამზე, ნ. ხიზანიშვილი, რომლის “ჭამა-სმა ყველას საარაკოდ ჰქონდა..., შეპარულა ი ლია ჭავჭავაძის სამზარეულოში, დაუნახავს დაბრაწული გოჭი..., მოსჯდომია და მანამდე უჭამია, სანამ ცარიელი ძვლებიღა დარჩებოდა. გოჭის შემოტანა რომ დაუგვიანებია მზარეულს, თვითონ ილ. ჭავჭავაძე გამოსულა და მზარეულთან შესულა გოჭის ამბის გასაგებად, დახვედრია დარცხვენილი ნიკო ხიზანიშვილი და ცარიელი ძვლები გოჭისა. რა თქმა უნდა, ყველაფერი საერთო სიცილით გათავებულა (თ. სახოკია , ჩემი საუკუნის ადამიანები, თბილისი, 1984, გვ. 29).