The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გუთნის დედა

გუთნის დედა

"გადი-გამოდი, გუთანო,
ღირღიტავ, ბანი უთხარო".
ერთს ბედ-ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ,
წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ.
ერთგულად ვჭიმოთ ჭაპანი ჩვენი,
უსიხარულოდ დავლიოთ დღენი,
ბელტი ბელტზედა გადმოვაწვინოთ
და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ.
ნუ დამიღონდი!.. შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი:
მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით,
რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით;
შენებრ მეც მელის მიწა, ვით მსხვერპლსა,
სიკვდილის შემდეგ დასავიწყელსა.
შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი?!..
ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება...
რად მინდა ხმალი, თუნდ იყოს მჭრელი,
თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება?
აბა, რას გვარგებს ჩვენ ის გუთანი,
რომე აჩეჩოს მარტო მიწანი
და არ მოსთხრიდეს ძირით იმ ბალახს,
რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას

მე ჩემის ჭირის, ჩემის წუხილის,
ჩემის კაცობის გულის დუღილის
სიტყვანი გულში მებადებიან,
მაგრამ გულშივე უხმოდ ჰკვდებიან.
შენ ვერ გაიგებ მეტყველის ტანჯვას,
როცა სიტყვასა მართალს გულში ჰკლავს!...
აქ მენდე, ლაბავ, ჩემი უღელი
შენს უღელზედა უფროა ძნელი.
მაშ რა გაღონებს?.. გასწი ჭაპანსა
და გაიტანე გუთანი ბოლოს,
ნუ უღალატებ ძველს ამხანაგსა,
ის შენ აცხოვრე, მან შენ გაცხოვროს!..


1858-სა წელსა, 4-სა ივნისს,
ს.-პეტერბურღი. 

  ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. №17501, გვ. 13 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. №108, გვ.42 (С).

ნაბეჭდი:

ჟურნ. («საქართველოს მოამბე», 1863, №6, გვ. 30 (D); ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, ს. პეტერბურღი, 1864, გვ. 80 (E); დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი თ. ილია ჭავჭავაძისა, ზ. ჭიჭინაძის გამ., ტფილისი, 1882, გვ. 18 (F); ჩანგი, შედგენილი ვ. აბაშიძისა, ტფილისი, 1889, გვ. 128 (G); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 135 (А); სოინარი, შეკრებილი კ. ოცხანელის მიერ, ოზურგეთი, 1894, გვ. 38 (H); ლექსები ილია ჭავჭავაძისა, მაღ. «ცოდნის» გამოცემა, ტფილისი, 1904 წ., გვ. 39 (I); ქართველი მწერლები, წ. I, შედგენილი ივ. გომელაურის მიერ, ტფილისი, 1906, გვ. 136 (J); რჩეული ლექსები ილია ჭავჭავაძისა, წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 80, გვ. 15; იგივე გამოცემა, №81, ტფილისი, 1907, გვ. 25; ჩვენი მწერლობა, I, მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 51 (K).

თარიღი:

1858-სა წელ. 4 ივნისს, ს. პეტერბურღი B; 1858-სა წ., 4-სა ივნისს, ს. პეტერბურღი С; 15 დეკემბერს, 1858 წ. F; 1863 АGK.

ხელნაწერი: *** D; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) GH.

ეპიგრაფი: - BС.

ნაბეჭდ წყაროებს შორის უმნიშვნელო სხვაობაა:

50. 1 ერთს] ერთ DE. 5 ბელტი ბელტზედა] ბელტო ბელტოზედ D; გადმოვაწვინოთ] გადავაწვინოთ G. 9 დავყურებ] დავჰყურებ E. 14 შეგშურდება] შაგშურდება D. 18 რომ] რომა E.

51. 1 მოსთხრიდეს] მოჰსთხრიდეს DE. 11 გასწი] გაჰსწი DE.

ავტოგრაფები კი საგრძნობ ვარიანტულ სხვაობას იძლევა ძირითად (А) ტექსტთან. რადგანაც ამ ავტოგრაფებიდან პირველი (B) უფრო დაცილებულია А- ს, ამიტომ მას ქვემოთ მთლიანად ვბეჭდავთ; ხოლო შემდეგ ვუდარებთ მეორე (С) ავტოგრაფს, რომელიც უმნიშვნელოდ განსხვავდება B-სგან.

 

გუთნის დედაB: გავჭიმოთ, ლაბავ, ჩვენი ჭაპანი,
მხვედრათ გვრგებია მიწანი შავნი;
ბელტო ბელტოზედ გადმოვაწვინოთ
და ჩვენი ოფლი მიწას ვაწვიმოთ.
    ნუ სწუხარ, ლაბავ, შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი.
მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით
მისთვის, რომ ზეცა წამართვეს ძალით.
ნუ სწუხარ, ლაბავ, შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი.
მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით
მისთვის, რომ ზეცა წამართვეს ძალით.
    ნუ სწუხარ, ლაბავ, შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი.
მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით
მისთვის, რომ ზეცა წამართვეს ძალით.
რათ მინდა, მითხარ, იგი გუთანი,
რომე აჩეჩოს მარტო მიწანი
და არ მოსთხრიდეს ძირით იმ ბალახს,
რაიც დაუშლის ნათესს აღმოსვლას?..
 
  ჩემისა ურვის, ჩემის წუხილის,
ჩემ კაცობრობის დადრგუნვილ სულის
სიტყვანი ვით გულს მებადებიან,
ისევ იქ შიშით უხმოთ კვდებიან.
 
  შენ ვერ გაიგებ მეტყველის ტანჯვას,
როს მართალს სიტყვას გულში უხმოთ ჰკლამს.
აქ მენდე, ლაბავ, ჩემი უღელი
შენს უღელზედა უფროა ძნელი.
 
 
მაშ რა გაღონებს? გასწი ჭაპანსა,
ნუ მიღალატებ ძველს ამხანაგსა,
მე შენა გშველი, შენ მე მიშველე,
გავსწიოთ ჭაპანს, ვიდრე გაწყდება
ან ვიდრე ჩვენთვისც მზე გაბრწყინდება.
     
    «ნუ მიღალატებ»... - ამ სტრიქონის შემდეგ გადახაზულია «ორთავ ვმსახურებთ მიწასა შავსა».

С შემდეგ სხვაობას იძლევა B-სთან შედარებით:

13 შენ ხარ პირუტყვი, მე ვარ მეტყველი] შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი С. 14 შაგშურდება] შეგშურდება С. 18 მარტო] ხოლოთ С. 22 კაცობრობის] კაცობრიულ С. 24 იქ შიშით უხმოთ] იმავე სიღრმეს С. ბოლო სტროფის ნაცვლად წერია:

მაშ რა გაღონებს? გასწი ჭაპანსა,

ნუ მიღალატებ ძველს ამხანაკსა.

С-ში ლექსი ამ სტრიქონებით მთავრდება.

რადგანაც ავტოგრაფებსა და ნაბეჭდებს შორის არ არის რედაქციული სხვაობა, ამიტომ შესაძლებლად მიგვაჩნია ლექსი დავათარიღოთ BС წყაროების მიხედვით; ვიცავთ С-ს დათარიღების სტილს.

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსის (А ვარიანტის) დაწერის თარიღად მითითებულია (სარჩევში, გვ. I): «1858წ., 4 აპრილი, პეტერბურგი», ხოლო პირველი ვარიანტის თარიღად (სარჩევში, გვ. V) – «1858 წ., 7 აპრილი».

1925-1951 წლების გამოცემებში «გუთნისდედა» (ძირითადი ტექსტი, - А) დათარიღებულია 1858 წლის 4 ივნისით და იქვე ამ დათარიღების შემდეგ აღნიშნულია, რომ ეს არის ლექსის პირველი ვარიანტის თარიღი, ბოლო ვარიანტი კი, რომელიც ძირითად ტექსტად არის დაბეჭდილი, 1863 წელს განეკუთვნება. კერძოდ, 1925 წლის გმოცემაში ძირითად ტექსტს თარიღად მიწერილი აქვს: «4 ივნისი, 1858 წ. პეტერბურგი (1863 წ.)», სქოლიოში კი განმარტებულია: «ამ ლექსის პირვანდელი ვარიანტი დაწერილი 4 ივნისს 1958 წლისა, ხოლო აქ მოთავსებული ბოლო რედაქცია თარიღდება 1863 წლით» (იხ. მითითებული გამოცემა, გვ. 34); 1951 წლის გამოცემაში აღნიშნული განმარტება აღარ არის მოცემული და ლექსის დათარიღება ასეთი სახითაა წარმოდგენილი: «4 ივნისი, 1858 წ. პეტერბურგი. (ბოლო რედაქცია 1863 წ.)».