The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


უცხოეთში

უცხოეთში

მთვარე მიცურავს დინჯადა ცაზედ
და თვის მკრთალ სხივთა ჰყრის ქვეყანაზედ;
მძინარ სოფელსა კამარა ცისა
თვის სიმშვიდითა არ უფრთხობს ძილსა.
ყოველი ჰჩუმობს გარშამო ჩემსა,
სძინავთ ნიავთა, სძინავთ ფოთლებსა,
ყველა ტკბილ ძილში ბედითა სტკბება,
ყველას მშვიდობა გარს ეფინება, -
და მხოლოდ ჩემი, ურვით მოკლული,
შემომტირის მე მწუხარედ გული...
მისთვის ხომ არა, რომ ვსჭერეტ სხვა ზეცას,
სხვათა უფერულთ ვარსკვლავთა დენას?
თუ მოაგონდა, რომ ერთხელ მეცა
ეგრედ დამცქერდა სამშობლოს ზეცა,

ზეცა სულ სხვაფრად გაბრწყინებული
და სულ სხვარიგად დამშვიდებული.

23-სა ივლისს, 1858-სა წელსა,
სოფ. ტიარლევო.

 

ხელნაწერი: M: ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 8 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. №

108, გვ. 9 (С)

ნაბეჭდი:

თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 20 (А).

სათაური: მთვარეს BC.

თარიღი:

1858 А; 1858 -სა წელსა, 23-სა ივნისს, სოფ. ტიარლევო С. 23-სა ივლისს, 1858 წელსა, სოფელი ტიარლევო B.

ავტოგრაფებიდანBუფროადრინდელია,ნასწორება,Cკითეთრიადა უახლოვდება А ტექსტს.

1 მთვარე მიცურავს დინჯად] მთვარევ! გჭვრეტ მშვიდათ მიცურავ BC. 2 თვის] შენ BC; ჰყრის] ჰყრი BC. 3 მძინარ სოფელსა] და მძინარ სოფელს BC. 6 სძინავთ ნიავთა] სძინავს ნიავსა B. 7 სტკბება] სტკება B. 8 გარს ეფინება] ეალერსება BC. 8-

9 სტრიქონებს შორის («ყველას მშვიდობა»... «და მხოლოდ»...] B-ში ფანქრით არის ჩამატებული: «ყოველი ჩემს გარს მიყრუებულა, ისე საოცრად მიდუმებულა, თითქო», გადახაზულია. 9 მხოლოდ] ხოლოთ BC. 10 მწუხარედ] მწუხარეთ BC. 13 B-ში «თუ მოაგონდა»-ს ნაცვლად ჯერ ეწერა: «მისთვის ხომ

არა», გადახაზულია. 14. ეგრედ] ეგრეთ BC. 15 სულ სხვაფრად გაბრწყინებული] სულ სხვაფრათ გაბრწყინვებული С; სხვა რიგათ დამშვიდებული B. 16 და სულ სხვარიგად დამშვიდებული] ზეცა სულ სხვა ფრათ გაბრწყინვებული B.

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (1914) ამ ლექსის ორი ვარიანტი (А და C) დამოუკიდებელ ლექსებად არის დაბეჭდილი, - სათაურით «მთვარეს» (გვ. 16, ჩვენი C ვარიანტი) და სათაურით

«უცხოეთში» (გვ. 32, ჩვენი А ტექსტი). იმავე გამოცემის სარედექციო შენიშვნებში (გვ.V ) ნათქვამია: ლექსი «მთვარეს» პირველად ქვეყნდებაო, მაგრამ რომ ამ ლექსის ბოლო ვარიანტს ეწოდება «უცხოეთში», რომელიც პირველად 1892 წელს გამოქვეყნდა, არ არის აღნიშნული; იქვე სარედაქციო შენიშვნებში მითითებულია, რომ «მთვარეს» გვხვდება ორ ხელნაწერში (დასახელებულია B და C ავტოგრაფები), და რომ «რიცხვი დაწერისა ამ ორს ხელთნაწერში განსხვავდება»; გამოცემა C ავტოგრაფის დათარიღებას უჭერს მხარს და, შესაბამისად, ლექსის დაწერის თარიღად (სარჩევში, გვ I.) 1858 წლის ივნისია მითითებული, ხოლო «უცხოეთში» დათარიღებულია (სარჩევში, გვ. II) 1858 წლით, - დაწერის თვის, რიცხვის და ადგილის მითითების გარეშე.

ვინაიდან C ავტოგრაფი B-ზე გვიანდელია - და, მაშასადამე, ნაკლებად სანდო დათარიღების მხრივ, - ლექსს ვათარიღებთ B ავტოგრაფის მიხედვით.