The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ღამე

ღამე

როცა ყაყანი ქვეყანისა სრულად მიწყდება

და აღარ ისმის ბოროტების ხმა მოსაწყენი,
როს მძინარს სოფელს კამარა ცის ზედ გარდეშლება, -
სამხრეთის ღამევ, მაშინ მიყვარს ყურება შენი!

[1857 – 1861 წწ.]

 

ხელნაწერი:

U: ავტოგრაფი, №106.

ტექსტი ნაწერია შავი მელნით. ლექსის მე-2 სტრიქონში, ნაცვლად სიტყვისა «ბოროტების», ჯერ ეწერა: «ბრიყვთ კაცების», - გადახაზულია.

ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში, რომელშიც ლექსი პირველად დაიბეჭდა, - სარედაქციო შენიშვნების განყოფილებაში (გვ.XXV), - ნაცვლად ავტოგრაფისეული სიტყვისა «სრულად» დაბეჭდილია «სრულიად».

მითითებულ გამოცემაში ლექსი დათარიღებული არ არის.

«ღამე» ავტოგრაფში დუთარიღებელია, მაგრამ, როგორც პ. ინგოროყვა აღნიშნავს, ავტოგრაფი ამ ლექსისა «წერის ხასიათის მიხედვით ეკუთვნის ილიას სტუდენტობის დროს - 1857-1861 წწ.» (იხ. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. I, 1951, გვ. 410, 436).

მართალია, ტექსტის დათარიღება მხოლოდ ხელნაწერის მიხედვით ნაკლებ სარწმუნოა, მაგრამ ვითვალისწინებთ რა ლექსის შინაარსს, ხასიათს, მის მხატვრულ თავისებურებებს, - დამკვიდრებული ტრადიციისამებრ ლექსს პირობითად ვათარიღებთ 1857-1861 წლებით.