The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


აღარც ნატვრა და აღარც იმედია!..

* * * (აღარც ნატვრა და აღარც იმედია!... )

აღარც ნატვრა და აღარც იმედია!..
ყველა წარხდა... ვაი, ესრედ შთომილსა!
ვაი იმას, ვისაც ჩემებრ სცემია
გულს ისარი უიმედო ტრფობისა!..
ახ, რად გნახე შენ ჩემს საუბედუროდ?
რამან შეგქმნა ეგრე სავსე სიკეთით?
ეჰა, გულო, ერთხელ დაწყნარებულო,
ერთხელ მკვდარო, რაღად აღზდექი მკვდრეთით?
მე მისი ვარ, ის კი არ არის ჩემი,
ის სხვას ასმევს ნეკტარს ნეტარებისას;
სხვას თავს ევლის, სხვას შეჰხარის, სხვას ეტრფის,
მე კი ვწყევლი დღეს ჩემის გაჩენისას.
სად წარვიდე, ვის შევჩივლო, ვის ვუთხრა?
ვინ განმიღებს დახშულს კარსა ბედისას?

ვინა ჰკურნებს უკურნებელსა სენსა
სამუდამოდ წაწყმედილ იმედისას?

1877 წ.

  ნაბეჭდი:

ჟურ. “ივერია”, 1879, № 9 - 10, გვ. 119 (B); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 184 (A); სიტყვიერების თეორია, შედგენილი არხიმანდრიტის კირიონისა და გრ. ყიფშიძის მიერ, ტფილისი, 1898, გვ. 584 (C); ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილ[1]გამოცემული ს. გორგაძის მიერ. თბილისი, 1907, გვ. 39 (D).

სათაური:

აღარც ნატვრა და იმედი B.

თარიღი:

1878 (სარჩევში - 1877) A; 1877 B. 8 აღსდექი]A აღდექი B, აღსდეგი C .