The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ლოცვა

ლოცვა

ოდეს დემონი ურწმუნოების,
უკუთქმისა და მაცდუროების
საწამლავით თვის სავსეს თასს მაცდურს
წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, -
ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა ტრიალს,
ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს,
და უკეთუ არს შესაძლებელი,
მე განმარიდენ იგი სასმელი!
მარამ თუ, ღმერთო, შენ ღვთაებას სურს,
რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს,
განჰქრენ შენ ხმასთან სურვილნი ჩემნი
და იყავ ნება, უფალო, შენი!

28 აგვისტოს, 1858-სა წელსა,
ს. ტიარლევო.

  ლოცვა («ოდეს დემონი»...) (

ხელნაწერი : M:

ვტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 9. ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 22)