The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ყვარლის მთებს

ყვარლის მთებს

სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით გაუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...
იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,
იგი არ იყო ძვრა გულისა, ფრთხალი და მხდალი.
მე თრთოლით ვჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზე თქვენსა სიმაღლეს
და შევნატრიდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;
სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავდნენ შიშით სრბოლასა,
სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლასა,
სადა წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,
თქვენ თავთან ოყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, -
იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ყრმობის სიმარტივითა,
ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.
ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა
ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.
როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
ვით ას მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი, -
ვითა ფოთოლი, ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმოწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენ შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი.
როს ყმაწვილური მწუხარება ჩემს ყმაწვილურს გულს
სჩაგრავდა ხოლმე, თქვენ წინ ვღვრიდი ჩემ ცრემლთ ნაკადულს,
თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...
და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა
ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..


რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემ ყმაწვილ ყრმობის,
და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,
მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა,
და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!
ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,
ყოველი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს...
აგერ თქვენც ქრებით თანდათანა... თქვენსა მწვერვალსა
ძლივს ვარჩევ... წუთიც!.. მხოლოდღა ვსჭვრეტ ციაგსა ცასა.
ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს
და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..
თქვენი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას
აღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..~


მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...
უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდან თქვენ ჩემი სული,
და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქასა გული.


1857-სა წელსა, 15-სა აპრილსა,
ს. კარდანახი.
 

  ხელნაწერი:

U: ავტოგრაფი, კრებული № 108, გვ. 25 (B).

ნაბეჭდი:

თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, І, 1892, გვ 5 (А).

თარიღი:

1857 А; 1857-სა წელსა, 15-სა აპრილსა, ს. კარდანახი B.

«ყვარლის მთებს» ილია ჭავჭავაძის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ გამოქვეყნდა (А). ამ წყაროში ლექსის 21-ე სტრიქონი ასეა დაბეჭდილი: «ვით ას მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი». ასე იკითხება ციტირებული სტრიქონი ავტოგრაფშიც (B); ამავე სახით დაიბეჭდა ეს სტრიქონი 1914 წელსაც - ი. ჭავჭავაძის თხზულებათა მიხ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში, - როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ლექსის პირველი ვარიანტის ტექსტშიც. 1925-1951 წწ. გამოცემებში კი ეს სტრიქონი პირვანდელი სახით მხოლოდ ვარიანტულ ტექსტშია დატოვებული, ხოლო ძირითად ტექსტში სიტყვები «ვით ას» გამომცემლობის მიერ შეცვლილია სიტყვით «ვითარ» («ვითარ მრისხანე დაჭრილ ლომთა»...). სიტყვა «ვითარ» დამკვიდრდა აღნიშნული ლექსის შემდგომ პუბლიკაციებშიც.

რადგან ილიასეულია «ვით ას» (და არა «ვითარ»), ამიტომ წინამდებარე ტომში, ლექსის 21-ე სტრიქონში კვლავ ეს სიტყვები აღვადგინეთ.

ავტოგრაფის შედარებამ ძირითად ტექსტთან ასეთი ვარიანტული სხვაობა მოგვცა:

35. 1 განებებთ თავსა] თავსა განებებ B. 2 მაგრამ] მარამ B; ვერ მივცემ მე დავიწყებასა] დავიწყებას ვერ მივანებებ B. 3 გაუყრელად] თუმც აჩრდილათ B. 5-6 მახსოვს... ჟორჟოლასა] მახსოვს ჯერ ყრმობას, უზრუნველათ თქვენ დიდ სივრცეში დავინთქებოდი ნორჩის სულით, ვით ზღვის სიღრმეში B. 7 - 8 იგი არ იყო... ფრთხალი და მხდალი - B. 9 მე თრთოლით] თრთოლითა B 10 შევნატრიდი] შევნატრდი მე B. 13 ქარავანი] გრძელ ქარავანი 3. 16 თქვენს საშინელ] თქვენსა მძვიფრსა B. 18 ძლიერსა]ძრიელსა B.

36. 3 თავმოწონება] ამპარტავნება B. 4 მომწონს თავი, მეგობრებო] ვამპარტავნობ, ჰეი, მთებო B. 5 ბუნებისა თქვენის ვარ შვილი] თქვენ ბუნების მძლავრის ვარ შვილი B. 6 გაზრდილი] აღზრდილი B. სჩაგრავდა ხოლმე] ააშფოთებდა B თქვენ] თქვენს B. 11 საოცნებელთ... წამთა] გასაოცართ... წამსთა B. 12 ჩემს სიკვდილამდე] ჩემს სიკვდილამდინ B. 14. თქვენთან] თქვენგან B; ვალი ამ წუთის-სოფლის] მთებო, სიმუხთლე სოფლის B. 15 მომავლის] უწყალო B. 16. მომთხოვდა] მამთხოვდა B. 17 ჩემის ცხენის] აწ ჩემ ცხენის B. 18 გკარგავს] B გკარგამს B. 19 ჰქრებით... მწვერვალსა] ქრებით... მწერვალსა B. 20 მხოლოდღა] ხოლოდღა АB. 21 ამაოდ ვებრძვი მანძილსა და] სრულათ ამაოთ ველტვი, ვებრძვი B. 22 მოუსვენრად] მოუსვენლათ B. 23 მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას] მწვერვალნი ჩვეულებრივ მშვენივრათა ცას B. 25 ჩემნო] მთებო B; თავსა] მე თავსა B. 26 - 28 უცხოეთიდამ... სიყვარულით] და უცხო ხალხში გავაღვიძებ თქვენს მოგონებას, და კვლავ შორ ქვეყნით გაგიღიმებსთ თქვენ ჩემი სული, და მეც დამიწყობს ძველებურათ B.

«ყვარლის მთებს» 19 წლის ილიას სოფ. კრადანახში დაუწერია, სადაც იგი, პეტერბურგში სასწავლებლად გამგზავრების წინ, ალბათ სტუმრად იმყოფებოდა თავის უფროს დასთან, ნინოსთან (ნინო ჭავჭავაძე გთხოვების შემდეგ -1951 წლიდან - სოფ. კარდანახში ცხოვრობდა, მეუღლის - ნიკოლოზ აბხაზის მამულში).

მანამდე კი აი, რას სწერდა ილია თავის დას: «...ვაპირობ წასვლას რუსეთში, მაგრამ, შენმა გარდამ, ისე მეძნელება დატევება ამ ჩვენ ყვარლისა, ნამეტნავათ ამ ჩვენ სახლისა, სადაც ყოველი ნაწილი ალაგისა მომაგონებს ხოლმე ჩემს დაუდევნელ ყმაწვილობის დროს, სადაცა ყოველი ხე არის ძვირფასი ჩემთვის სასიამოვნო მოგონებები[თა]. ერთის სიტყვით, ვესალმები ყოველს ფერს, რაჲც არის ჩემის გულიდამ დაუვიწყარი, და მივდივარ ერთს უცხო ქვეყანას, სადაც ერთი ტკბილი ნათესავური სიტყვა, სავსე სიყვარულითა, ეღირება ჩემთვის ნეტარებათ, სადაც უბედურობაში არავინ მეყოლება ნუგეშმცემელი და სიამოვნებაში ჩემთან მოხარული. მაგრამ ყოველი ჩემებრი, რომელსაც მომავალ დროჲს შავ ღრუბელში აღუბრწყინდება ბედნიერების ვარსკვლავი და რომელსაც სურს შეეყაროს იმ ბედის ვარსკვლავს, ყოველთვის ტკბილს მდგომარეობას დაუტევებს და სიმწარით განვლის გზას მისთვის, რომ უფრო უტკბილესად შეხვდეს თავის ბედნიერებას. შენ თვითონ იცი, ვარდსა წინ მოუძღვის ეკალი, ვისაც სურს ვარდის მოწყვეტა, არ უნდა შიშობდეს ეკლისგან»... (ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, 1961, გვ. 7). რადგან ლექსის პირველ და მეორე ვარიანტს შორის არ არის რედაქციული სხვაობა, «ყვარლის მთებს» დავათარიღეთ პირველი ვარიანტის მიხედვით: «1857-სა წელსა, 15-სა აპრილსა, ს. კარდანახი».

ასევეა დათარიღებული ლექსი ი. ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაშიც, - «1857 წ., 15 აპრილი, სოფ. კარდანახი» (სარჩევში); 1925-1951 წლების გამოცემებში კი ასეთი დათარიღება («15 აპრილი, 1857 წ., კარდანახი») აქვს მხოლოდ ლექსის პირველ ვარიანტს (B), რომელიც ცალკე, ვარიანტების განყოფილებაშია დაბეჭდილი, ხოლო მეორე ვარიანტს (ძირითად ტექსტს) თარიღად უზის «1857 წ.»